“სოლომონის ფიქრები” წიგნის მაღაზიებში (მისამართები)


yda
მეგობრებო,

მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ თქვენი მონა-მორჩილის წიგნის – “სოლომონის ფიქრები” შეძენა დღეიდან შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:

თბილისი:

„წიგნის სახლი“
პეკინის 31 (ტელ: 2 31 30 97)
აბაშიძის 22 (ტელ: 2 22 02 76)
თარხნიშვილის 2 (ტელ: 2 22 51 33)

„პარნასი“
ი. ჭავჭავაძის გამზ.22 (ტელ: 2 25 02 55)
ლესელიძის 33 (ტელ: 2 98 90 64)

„ბიბლუსი“
ვაჟა – ფშაველას 47 (ტელ: 570 900096)
„თბილისი ცენტრალი“, მე-3 სართული (ტელ: 570 900086)
აკ. წერეთლის გამზ. 49/51

“წიგნის სახლი ბახტრიონზე” – ბახტრიონის ქ. 11ბ (ტელ: 2 33 28 18)
=======
ბათუმი:
„ბიბლუსი“: მემედ აბაშიძის 62 (ტელ: 570 908915)
„წიგნის სახლი“: გამსახურდიას 18 (ტელ: 599 55 25 63)
პრეს-კაფე: მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2/1 (ტელ: 27 79 52)

======
ქუთაისი :
„ბიბლუსი“: თამარ მეფის 34 (ტელ: 570 908933)

“ბიბლუსის” დანარჩენ მაღაზიებში ჯერჯერობით შეტანილი იქნება წიგნის მხოლოდ თითო-თითო ეგზემპლარი. გთხოვთ, წინასწარ ტელეფონით გადაამოწმოთ.

წიგნის ფასი – 14 ლარი.

დიდი მადლობა დასახელებული ორგანიზაციებს მენეჯერებს წიგნის დისტრიბუციაში დახმარებისათვის!

პატივისცემით, სოლომონ თერნალელი

P.S. გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს იმ მეგობრებს, ვისაც შეიძლება ჰქონდეს წიგნის შეძენის სურვილი.


ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლი


freedom af anonymity

ახლა უნდა ვთქვა ზოგი რამ, რის თქმასაც არ ვაპირებდი, მაგრამ მართლა დამღლელია ამდენი შეძახილი – ააა, თურმე გეშინოდა! ააა, თურმე, არ იყავი ცოტნე დადიანი!.. – ვითომ მე ან როდესმე გმირობის პრეტენზია გამოვთქვი, ან, ვითომ, როდესმე ის ვუთხარი რომელიმე ურნალისტს, მიშას რატომ არ ებრძვი ხმალამოღებული-მეთქი!
მე მხოლოდ ის არ მინდოდა, რომ სიმართლის მაგიერ სიცრუე შემოესაღებინათ, და თან ამ სიცრუეში 10-ჯერ და ასჯერ მეტი ფული აეღოთ, ვიდრე პატიოსანი ჟურნალისტები სიმწრით მოპოვებულ სიმართლეში იღებდნენ! თუნდაც დღეს, მზადა ვარ ნებისმიერ მათგანს ბოდიში მოვუხადო და შერიგების ხელი გავუწოდო, თუ იმას მაინც აღიარებენ, რომ იმიტომ გვაბოლებდნენ, რომ წნეხის ქვეშ იყვნენ! რომ არ უნდოდათ მშიერი ოჯახების ხილვა! ამბობენ ამასო, -დღეს მითხრა დიანა ტრაპაიძემ. ვინ ამბობს, დიანა? რამე გამომრჩა? ვინც ამბობს და ნაბიჯებსაც დგამს – ვახო სანაია იქნება თუ ეკა ხოფერია, მე მათ მიმართ არავითარი წყენა არ მაქვს და ვახოს თავად ვთხოვე დამეგობრება და უკვე დიდი ხანია, ფეისბუქზე ვმეგობრობთ და სხვებსაც დავუმეგობრდები… ოღონდ იმას ნუ მოგვიყვებიან, რომ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარ კითხვებჩაწერილი ინტერვიუები, საუზმეები, და ანბანის კოშკზე აფორთხებები სამოქალაქო გმირობის ეტალონი იყო…

ანონიმურობას კიდევ ერთი ხიბლი აქვს, რაც არაა დასამალი – ჩვენ, ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას, არ შეგვიძლია, ჯერ მაინც, ჩვენს კოლეგას პირში ვუთხრათ მისი ნაკლი. ცუდ ტონად, უზრდელობად ითვლება ეს! ცხოვრებაში ბევრი ინტრიგანი მინახავს, რომელიც მთელი სიცოცხლე ძირს უთხრის სხვებს და პირში კი არამცთუ სიმართლეს ვერ ეუბნება, არამედ სულაც დითირამბებს უმღერის. ჩვენ ეს უნდა ვისწავლოთ! ნებისმიერი ეთიკის საფუძველი სწორედ კორპორატიული ეთიკაა! ინჟინერს სწორედ ინჟინერმა უნდა მიუთითოს ნაკლზე, ექიმს – ექიმმა და ჟურნალისტს – ჟურნალისტმა. თუ ჩვენ ქოხიდან ნაგვის გატანის შიშით ვიცხოვრებთ, ნაგავში დავიხრჩობით! და მერე ხდება ის, რომ ცუდი ინჟინრის აგებულ და ჩანგრეულ ხიდზე შეიძლება ადამიანები დაიღუპონ, ცუდი ექიმის ნამკურნალები პაციენტი საავადმყოფოში მოულოდნელად იღუპება და მერე ნათესავები ლინჩის წესით ანგარიშსწორებისთვის ემზადებიან… ყველაფერს კი სჯობდა ამ უმეცარი ექიმების, ჟურნალისტების თუ ინჟინრების გამოსწორება პირში ძრახვის მეთოდით, – თანდათანობოთ გვეცადა – ჯერ შენიშვნით, მერე ჯარიმით, მერე – ლიცენზიის შეჩერებით და ბოლოს – სამსახურის დატოვებით. ამით ხომ დიდ ტრაგედიას – ადამიანის დაღუპვას გადავრჩებოდით. საქართველოში კორპორატიული ეთიკის ყლორტები აქა-იქ არსებობს, მაგრამ – ძალიან სუსტი, და ხშირად სხვათა გაღიზიანებას იწვევს, როგორც არამკითხემოამბეობა. არადა, ბოლოს თუ დაღუპული ჩვენი ახლობელია (არ მითხრათ, ურნალისტის ენით დაკოდილი არ არსებობსო – მარტო საწყალი ბუტა რობაქიძის კადრების გაუფრთხილებლად ტელევიზიით ჩვენება იყო სამაგალითო), მერე ძალიან მწარედ ვხვდებით, რა სისულელეა უმეცართა თუ უზნეოთა წაქეზებაც და თუნდაც, ხელის დაფარება… ეს პირადად გამოვცადე, როდესაც ახლო ნათესავი საავადმყოფოში გარდაიცვალა…

არ ვიცი, მოსკოვში და შვედეთში გატარებული წლების გამო, თუ ბაბუაჩემის პიროვნული თვისებების გამო, რომელიც ასევე ექიმი იყო, და უაღრესად პირდაპირი (ხშირად – კონფლიქტურობამდე პირდაპირი) ადამიანი – შემიძლია დავიტრაბახო, რომ სხვებზე ოდნავ მეტად – საშუალოსტატისტიკურ ქართველთან შედარებით მაინც – მაქვს ეს თვისებები, რომ ადამიანს პირში ვუთხრა, მაგრამ ეს ჩემი უპირატესობა გაზაფხულის თოვლივით დნება, თუ ვადარებ იმავე უნარ-ჩვევებს ჩემ შვედ, დანიელ, ამერიკელ თუ, თუნდაც, რუს კოლეგებთან.(ექიმებზე მაქვს ლაპარაკი და არა ექიმ-პოლიტიკოსებზე :).

როდესაც ანონომი ვიყავი, ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს, შევძლებდი თუ არა, იგივე სიმკვეთრით საუბარს ჩემთვის ნაცნობ ხალხზე, თუნდაც დემოკრატიულ საქართველოში, სადაც შიშის ფაქტორი აღარ იქნებოდა, და პასუხი ყოველთვის ყოყმანი იყო. ალბათ, დღეს გაცილებით მეტად შემიძლია ეს, ვიდრე 4 წლის წინ, რადგან უკანდასახევი გზა თავად მოვიჭერი. უცნაურად ჟღერს, მაგრამ სოლომონ თერნალელობა სერიოზულ მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს ზვიად კირტავას! და ამაშია ანონომურობის პარადოქსული ხიბლი ვირტუალური სიმულაკრის ნაჭუჭიდან გამოსვლის შემდეგ.

და იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ზოგჯერ მილაპარაკებია ახლობელ ხალხთან „იანეთში“ და რომელიც ჯერ არ მინდოდა, რომ გამეხსნა, მაგრამ მართლა ძნელია ასეთი მძიმე ბრალდებების მოსმენა და „ჭრელო პეპელას“ როლში აღმოჩენა, როცა ჯერ იყო და, 4 წელი სულ იმას მიძახოდნენ, – „რატომ გარეთ არ გამოდიხარო?“ და ახლა კი მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მთავარი კითხვა ის ყოფილა, – „რატომ ახლაც იქ არ დარჩი, სადაც იყავი?“ – ისე საინტერესოა, სანამდე უნდა დავრჩენილიყავი? ბედნიერი საქართველოს მშენებლობის ბოლო აგურის საზეიმო დადებამდე?

ჩემი სოლომონთერნალელობისა ჟამს, ძალიან ბევრ ადამიანს ვეგონე, რომ მე ნაციონალების რიგებში მყოფი სინდისგაღვიძებული ადამიანი ვიყავი, რომელსაც არც ის შეეძლო, რომ გამიჯნოდა მშობელ მონსტრს და არც ის უნდოდა, რომ ამ მონსტრის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, და რომელიც სოლომონის ხელით სისტემის რღვევას შიგნიდან აჩქარებდა. შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს იმავე იანეთში ეპარებოდა ეჭვი, რომ მე მერაბიშვილის დაახლოებული პირი ვიყავი (თავად მერაბიშვილი რომ არ ვიყავი, ამას ჩემი სტილი და ფოლოლოგიური უნარ-ჩვევები ამტკიცებდა :), მინიმუმ ერთი ადამიანს, პირიქით, მერაბიშვილის კი არა, – ადეიშვილის „კამანდიდან“ ვეგონე… აქ ისიცაა გასახსენებელი, რომ 2009 წელს გავრცელდა ხმა, თითქოს ადეიშვილი ურჩევდა სააკაშვილს არ გაეყალბებინა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, დროებით დაეთმო ხელისუფლება (ან -მინიმუმ საკონსტიტუციო უმრალესობა პარლამენტში) და ოპოზიციის დაქსაქსულობის და პოლიტიკური მმართველობის სფეროში სისუსტის, ასევე ფინანსური ინსტრუმენტების და საგარეო კავშირების გამოყენებით, 4 წლის შემდეგ (ან – ვადამდეც) თეთრ რაშზე ამხედრებული დაბრუნებულიყო!“ სწორედ დღეს მქონდა შეხვედრა უცხოელ პოლიტოლოგთან, რომელმაც გამიმხილა, რომ კავკასიის შესახებ წონიანი ექსპერტი ჩემი ბლოგის გაცნობის შემდეგ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე გიგა ბოკერია ვიყავი!
როგორ გგონიათ, ამ ეჭვებში, რომელიც დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ხელისუფლებაშიც შეიძლებოდა გავრცელებულიყო, არ იყო ჩემი ანონომური ბლოგის კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორი? როდესაც ბლოგზე “5/5 და გემი მიცურავს!..” დავდე, უცხოელმა დიპლომატმა ჩემს ფეისბუქელ მეგობარს გაუმხილა, მართლაც განიხილება ხელისუფლებაში 5 მაისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაო, თუმცა ჩემი ჰიპოთეზა მხოლოდ თოერიული ანალიზის შედეგი იყო და არა ნაცმოძრაობიდან გამოტანილი ინფორმაცია … როგორ ფიქრობთ, სწორედ მსგავსი ეჭვის დათესვით არ დაანგრია ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს, როცა მუდამ ლაპარაკობდა მერაბიშვილის კარგ მენეჯერულ უნარზე და მასთან კარგ ურთიერთობებზე, ხოლო არჩევნების წინ დასკვნით შეკრებაზე მადლობაც კი გამოუცხადა „კიდევ ერთ ადამიანს“, რომელიც არ დაასახელა!
მე შორს ვარ იმისგან, რომ შტირლიცობა დავიბრალო. და გულახდილად ვამბობ, თავგანწმირავ გმირად თავი ვერასოდეს წარმომედგინა, ყოველთვის უფრო ჭკუის და ანალიზის იმედად ვიყავი, ვიდრე მოქნეული მკლავის. ამიტომ მხიბლავდა თერაპია, სადაც შეგიძლია ცოტა მეტხანს დაფიქრდე და აწონ-დაწონო, და არა ქირურგია ან გადაუდებელი მედიცინა, სადაც წამებში უნდა იმოქმედო და ზოგჯერ – ავტომატურადაც.
ვთვლი, რომ ისე ვემსახურე ჩემ სამშობლოს, როგორც ეს შემეძლო – ცდა არ დამიკლია! კიდევ ყოველდღიურ 18-საათიან მსახურებას ვერ გავუძლებ და მინდა ეს ოთხწლიანი სუპერმარათონი, რომელიც ფანტასტიური ნერვული და გონებრივი დაძაბულობის ფასად დამიჯდა, ცოტა ხნით მაინც შევანელო… ცოტა ხნით მეტი დრო გავატარო შვილებთან და მეუღლესთან, მოხუც მშობლებთან, წავიკითხო წიგნები, რომლებიც ბევრი დამრჩა წაუკითხავი, გავაკეთო ჩემი საქმე, სადაც კარგად ვიცი, რა შემიძლია რომ გავაკეთო და ბევრი გასაკეთებელიც და პერსპექტივაც ახლა კარგია…
სხვა რა გითხრათ, რაც აქამდე არ მითქვამს…
– ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ, გამოდით, თქვენი ჭირიმე! 🙂


წინასიტყვაობა უნიღბოდ


solomon3a

დამთავრდა სოლომონ თერნალელის ინკოგნიტობის ხანა.

2013 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით ოთხწელიწადნახევრიანი ინკოგნიტო რეჟიმი დასრულდა და მწერალთა სახლში ჩემს ფეისბუქელ მეგობრებს გამოვეცხადე ჩემი ნამდვილი სახელით – მე ვარ ზვიად კირტავა, ექიმი, 54 წლის, დაბადებული ქუთაისში. “თერნალელი” კი უკავშირდება ჩემი დიდედის სოფელს – გვიშტიბს, რომელიც სოფელ თერნალთან ერთად ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს ქმნის.

მინდა მათ, ვისაც წიგნი “სოლომონის ფიქრები” (2008-2013) არ შეუძენია, შემოგთავაზოთ ამ წიგნის წინასიტყვაობა, რომელშიც მოკლედ არის გადმოცემული სოლომონ თერნალელის ისტორია.

უღრმეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა ჩემს ნაწერებს და რაღაც საერთოს ნახულობდა იმასთან, რასაც თავად ფიქრობდა და გრძნობდა, რაც მათაც ტკიოდათ და უხაროდათ, და რომლებიც ხშირად მიზიარებდნენ თავიან ემოციებს და მადლიერებას, რაც ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერა და სტიმული იყო იმ მძიმე წლებში, როცა, სამწუხაროდ, – სიცრუე, ფარისევლობა, უსამართლობა და ძალადობა იყო ხელისფლების ოთხი ქვაკუთხედი.
yda

==================================================

 

წინასიტყვაობა

 

სალამი!

 

არასოდეს ვყოფილვარ არც პოლიტოლოგი, არც – ჟურნალისტი.

თუმცა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მივხვდი, რომ პოლიტიკისაგან ჩვეულებრივი მოქალაქის შორს დგომა უნდა დამთავრდეს, როცა უზნეო პოლიტიკოსების წყალობით, ომი მოდის შენს ქვეყანაში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენი საზოგადოების მუდმივი შეცდომა არის, თითქოს, ზედმეტი პოლიტიზება, რომელიც მეყსეულად მთავრდება, როგორც კი ახალ „მესიას“ აღმოვაჩენთ. ასე მოხდა 2003 წელსაც, როდესაც რაღაც აუხსნელი სიამაყე დაგვეუფლა იმის გამო, როგორ უსისხლოდ და დემოკრატიულად მოვახდინეთ ვარდების რევოლუცია, როგორი განათლებული, პროდასავლური და დემოკრატი გუნდი მოვიდა ქვეყნის სათავეში. მერე კი სახლებში წავედით და მშვიდად დავიძინეთ, რომ გაგვეღვიძა მაშინ, როცა საქართველო მსოფლიოს წარმატებულ სახელმწიფოთა ავანგარდში იქნებოდა. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს არ ეძინა და 2-3 წელიწადში ძალაუფლების ისეთი უზურპაცია მოახდინა, ედუარდ შევარდნაძეს რომ არ დასიზმრებია. ასე რომ, 2006-2007 წლებში იმ სახელმწიფოში გავიღვიძეთ, რომელიც უკვე კლასიკური „ცხოველების ფერმა“ იყო და „1984“-დან უფრო საზარელი 1937-საკენ მიექანებოდა…

 

2008 წლის მაისის არჩევნების წინ „სიმონ დოლიძის“ ფსევდონიმით დავწერე ჩემი პირველი სტატია „ნაცმოძრაობა – ნეობოლშევიზმი ქართულად“, რომელიც ანა დოლიძის ბლოგზე განვათავსე.

 

სოლომონ თერნალელი 2009 წელს „დაიბადა“.

იმ წელს, აპრილში რადიო „თავისუფლების“ ვებ-გვერდი შეიცვალა. საიტის ძველი ვერსია  მიტოვებული რომ ვნახე, რადიო „თავისუფლების“ ქართულ ბიუროში დავრეკე და შევჩივლე, ეს რას ჰგავს-მეთქი. მითხრეს, ახალი ვებ-გვერდი გავაკეთეთ და ახლა ბლოგებსაც ვათავსებთო. ვნახე და ძალიან მომეწონა  „თავისუფლების“ განახლებული ვებ-გვერდი, განსაკუთრებით კი –  ია ანთაძის პოლიტიკური ბლოგი. ჯერ ვკითხულობდი მხოლოდ, მალე კი გავბედე და კომენტარების წერაც დავიწყე.

ბლოგზე შეიქმნა ოციოდე აქტიური კომენტატორისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც, ბლოგის ავტორის მსგავსად, საოცარი ენთუზიაზმით და პროდუქტიულობით გამოირჩეოდა. ია ყველას ბლოგერებს გვეძახდა და არა კომენტატორებს. რადიო „თავისუფლების“ ეს ბლოგი, რომელსაც „იანეთი“ შევარქვით და ლოგოც მოვუძებნეთ, იმჟამად იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის გაცვლის ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. 2009 წლის ივნისიდან იამ მოიფიქრა რუბრიკა „ინტერაქტიული დიალოგი“, სადაც ბლოგის მონაწილეები წინასწარანონსირებული სტუმრისათვის კითხვებს ვიფიქრებდით, რასაც მერე სტუმართან იას 10-წუთიანი რადიოინტერვიუ და ვებ-გვერდზე პასუხები მოჰყვებოდა. წლების განმავლობაში „იანეთის“ საკმაოდ მძიმე ორრაუნდიანი ინტერაქტივი ბევრმა პოლიტიკოსმა თუ ცნობილმა სახემ გამოსცადა თავის ტყავზე, თუმცა ნაცმოძრაობის ლიდერები არ გვანებივრებდნენ. ია ანთაძის ყოველი ახალი სტატია თუ ინტერაქტიული დიალოგი აქტიური განხილვის თემად იქცეოდა ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში. „იანეთის“  მნახველთა აქტივობა ისეთი იყო, რომ CNN-ის თუ  BBC-ის ბლოგებს შეშურდებოდათ. ზოგჯერ  ბლოგის მნახველთა რაოდენობა კვირაში 6,000-ს აჭარბებდა.

 

გამიმართლა, რომ სკოლაში ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი – ქ-ნი ელიკო ნუცუბიძე მყავდა, ხოლო იას ბლოგი ნამდვილი ჟურნალისტური „ასპირანტურა“ გამოდგა, სადაც ლოზუნგი “Per Aspera ad Astram!” პირდაპირი მნიშვნელობით მოქმედებდა. ბლოგის ტემპერატურა ძალზე მაღალი იყო და დისკუსიები – უაღრესად შემტევი და დაუნდობელი. ყოველთვის ვცდილობდი, ფარად და მახვილად იუმორი გამომეყენებინა. და არასოდეს მეთქვა ის, რისიც მართლა არ მჯეროდა.

 

2009 წლის ბოლოს დავწერე ამ „ასპირანტურის“ „საკანდიდატო დისერტაცია“  თემაზე: ჰავლაბრის ტურფები: ჟურნალისტები და ურნალისტები, ანუ  –  მათზე, ვინც გატყდა და გაიყიდა, რომელიც დავით მჭედლიძის media.ge-ზე განთავსდა ახალი წლის წინ. მერე კი სხვაგანაც გადაიბეჭდა. ამ ძალიან მოცულობითი და გარკვეულწილად აგრესიული ბლოგის დაწერაზე მიბიძგა იმის დანახვამ, რომ სააკაშვილის რეჟიმი თანაბრად ეყრდნობოდა როგორც რეპრესიულ ძალოვან აპარატს, ასევე თავისი გებელსური პროპაგანდის მაღალანაზღაურებულ (ჟ)ურნალისტებს და (ს)ექსპერტებს. იმასაც მივხვდი, რომ რომ სწორედ ამ ინტელექტუალურ ელიტაზე იყო მნიშვნელოვნად დამოკიდებული სააკაშვილის „წარმატებული პოტიომკინის სოფლის“ იმიჯის სიმყარე და იმასაც, რომ კორპორაციული „ტაქტის“ გამო, ეს ციხე შიგნიდან კიდევ დიდხანს არ გატყდებოდა. სტატიას დავით გურამიშვილის სიტყვები წავუმძღვარე – „აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო? ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო? მაშინ ბევრმა არ მომიწონა ჟურნალისტებისადმი ჭარბი ცინიზმი, მაგრამ წლები რომ გავიდა და სააკაშვილის სისტემის დეჰუმანიზაციამ ახალ „მწვერვალებს“ მიაღწია, მგონი, უკვე ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ ჭირის დამალვა ვერაფერი მკურნალობაა…

 

2010 წლიდან ფეისბუქზეც გავაქტიურდი და მალე 2500 მეგობრამდე შევიძინე. სხვათა შორის, ბლოგები და ფეისბუქის პოსტები გამიზნულად განსხვავებულ სტილში იწერებოდა. სტატუსები, ძირითადად, მსუბუქი შინაარსის და სალაღობო ფორმის იყო, რომ ფეისბუქზე მეგობრებს მძიმე ფიქრები გაგვექარვებინა. ზოგი იმასაც ფიქრობდა, რომ „სოლომონ თერნალელების“ მთელი გუნდი მუშაობდა სოციალურ ქსელში, რადგან იყო პერიოდები, როცა მართლა ძალიან ბევრს ვწერდი, დღეში ზოგჯერ 12-14 სააათი „ვმუშაობდი“… იმასაც ლამის არავინ იჯერებდა, რომ ამდენს აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვსაქმიანობდი. გავრცელდა ჭორები იმაზე, ვინ ვიყავი სინამდვილეში. ერთი მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ნაცმოძრაობის აგენტი ვიყავი, ხოლო, მეორე მხრივ, რამდენიმე ათეული ცნობილი ოპოზიციონერი პიროვნება თუ პუბლიცისტი იყო „ეჭვმიტანილი“ სოლომონ თერნალელობაში, ზოგიერთი ისეთი სახელოვანი და სასიქადულო ადამიანი, რომ ნამდვილად მეამაყება. ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ჩემ მაგიერ ვინმეს მწარე სიტყვა მისვლია… მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ იქ არ მეძებდნენ, სადაც სინამდვილეში ვიყავი – ჩვეულებრივ ადამიანებში. ცოტამ თუ დაიჯერა, რომ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე შეიძლება დიდი ხნით, უანგაროდ და მიზანსწრაფულად დაუპირისპირდეს სისტემას, თუ ხედავს, რომ ეს სისტემა მისი ოჯახის, შვილების, ქვეყნის და სულის მოსპობას ცდილობს, ყველაფერ იმის მოსპობას, რაც მისთვის ძვირფასია. არადა, ნამდვილად არ მინდოდა, სხვაგან გადავხვეწილიყავი…

 

სამწუხაროდ, რაც უფრო შავად მიდიოდა ქვეყნის და ნაცმოძრაობის „წარმატების“ საქმეები, მით უფრო არატოლერანტულნი ხდებოდნენ სააკაშვილი და მისი პროპაგანდისტები განსხვავებული აზრის მიმართ. „იანეთში“ სტაჟიანი მიშისტების და მათი „ტროლების“ მასირებული დესტრუქციული შემოსევები სულ უფრო აძნელებდა ნაყოფიერი დისკუსიების გამართვას. 2010 წელს საკუთარი ბლოგიც წამოვიწყე http://solomonternaleli.wordpress.ge, რაც ძალიან დროული აღმოჩნდა. ბლოგის დევიზად ავირჩიე მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვები: „თუ არ იქნა სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა!“ მართალია, იმ დროს ჩემს ყველა სტატიას ფეისბუქზე ვდებდი, მაგრამ 2011 წლის სექტემბერში მოულოდნელად ფეისბუქის ჩემი პირველი ანგარიში Solomoon Ternali დაიხურა. ადმინისტრატორის წერილით გავიგე, რომ ჩემზე საჩივრები შევიდა – რომ  რეალური პიროვნება არ ვიყავი და სანამ ჩემს პირადობის მოწმობის ასლს არ გადავუგზავნიდი, ჩემი ანგარიში დახურული იქნებოდა. გასაგები იყო, საიდან და ვისგან მოდიოდა ეს საჩივრები. ამის შემდეგ რამდენიმე თვე მხოლოდ ვორდპრესის ბლოგზე ვანთავსებდი სტატიებს, სადაც მნახველთა რაოდენობამ კატასტროფულად იმატა. თუ ადრე თვეში მხოლოდ 500-1500 მნახველი ჰყავდა ჩემს ბლოგს (რადგან უმრავლესობა ფეისბუქზე ნახულობდა), ოქტომბერში დაფიქსირებული ნახვების რაოდენობამ უკვე 10,000-ს მიაღწია და შემდეგ, 20 თვის განმავლობაში, არასოდეს ყოფილა 5,000-ზე ნაკლები. რამდენიმე სტატიას კი („ცუგცვანგის პირას“, „ლევანმაისურაძეობის მოკრძალებული ხიბლი“ და სხვ.) უკვე პირველივე დღეს 3,000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ათზე მეტი სტატია ინგლისურადაც დავწერე ან ვთარგმნე, ზოგიერთი მათგანი ცნობილი პოლიტიკოსების მიმართ (ჯონ ბასი, უილიამ ბარნსი, ჰილარი კლინტონი) ღია წერილები იყო.

 

ეს იყო ძალიან მძიმე წლები. პერიოდი, როცა აქა-იქ დაბადებული იმედი – 2009 წლის 100-დღიანი აქციებისა და 26 მაისის, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების, რვიანის თუ ექვსიანის ნდობა – ზედიზედ იმსხვრეოდა და სულ უფრო გაუტიფრებული რეჟიმი სულ უფრო მეტად უჭერდა საზოგადოებას მარწუხებს… რამდენი ბრწყინვალე ადამიანი წავიდა ისე, რომ ვერ მოესწრო საქართველოში „ციხის დემოკრატიის“ დასასრულს – რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეები, ვახუშტი კოტეტიშვილი, ბიძინა კვერნაძე, კახა კაციტაძე, ნიკო ორველაშვილი, ლევან მიქელაძე… ძალიან ძნელი იყო ამ დროს ფეისბუქზე იუმორით და ახლობლების მხარდაჭერით ოპტიმიზმის შენარჩუნება…

 

როგორღაც მოვახერხეთ და გადავრჩით, არ მიგვატოვა ბედმა… ყველანაირად რომ გაიმაგრეს ქაჯებმა ციხე, სწორედ მაშინ გამოუჩნდა ქვეყანას ლიდერი და მაშვრალი…

 

2012 წლიდან დავბრუნდი ფეისბუქზე, ახლა უკვე როგორც Simon Dolidze და ოქტომბრის არჩევნების წინ ამ სახელთან გავაერთიანე სოლომონ თერნალელის სახელიც. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღეები, როცა თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში… – „ქართული ოცნების“ მიტინგებზე ყველგან მასობრივად იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც უკვე გრძნობდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმი მალე დამთავრდებოდა! ასეც მოხდა…

 

მეხუთე წელიწადი გადის, რაც მე სოლომონ თერნალელის, თუ „ნატვრის ხიდან“ ძვირფასი ეროსის ბუმბულას ნიღაბს ვატარებ. ამ ლამის 1600 დღე-ღამის განმავლობაში, დამიწერია 280-ზე მეტი წერილი („პოსტი“), რომელიც 205,000-ჯერ უნახავთ მკითხველებს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან… ამას ერთვის ფეისბუქზე, გაზეთ „ქართულ ოცნებაში“ და ინტერნეტ მედიაში (www.For.ge) ამავე სტატიების მნახველთა, ალბათ, არანაკლები რაოდენობა…

 

შეიცვალა მთავრობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 70 წელი აპირებდა ქვეყნის მართვას და საქართველოს სინგაპურიზაციას, დღეს სულს ღაფავს. დაემხო მითი მიხეილ სააკაშვილის შეუდარებელ დემოკრატობაზე და ნაცმოძრაობის პროგრესულობაზე. მთელმა მსოფლიომ გაიგო ცოცხებით „მართვის“ ნაცმოძური მეთოდიკის შესახებ. და, ალბათ, კიდევ მეტს გაიგებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა და მასთან კოჰაბიტაციაც დასრულდება.

 

მე კი ჯერაც ისევ ორმაგ ცხოვრებას ვეწევი – მყავს ათასობით ფრენდი და მიმდევარი, რომლებიც სახეზე და პირადად არ მიცნობენ… და, მეორე მხრივ, მყავს გაცილებით ნაკლები მეგობარი და ნაცნობი, რომლებიც მიცნობენ, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ, ვინ ვიყავი ბოლო 5 წლის განმავლობაში და რა იყო ჩემი მთავარი საქმიანობა…

 

გადავწყვიტე, ჩემი ფიქრების მცირე ნაწილი – ორმოციოდე სტატია – წიგნად გამომეცა. ყველა მათგანი ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ განსაკუთრებით – „ჰავლაბრის ტურფები“ და „ჟამი სინანულისა“, რადგან ვფიქრობ, მხოლოდ ორი ძნელად შესაერთებელი რამ გადა­გვარჩენს – სამართალი და შერიგება.

 

იმედი მაქვს, მალე გამოვალ დღის სინათლეზე.

 

და მალე გნახავთ.

 

 

პატივისცემით და სიყვარულით,

 

სოლომონ თერნალელი

თბილისი, 2013 წლის სექტემბერი

 


პოსტდრაკონული მოთხრობა – ზღაპრად


… ჰოდა, ბოროტი დრაკონი რომ გაეცალა წყაროსთვალს, მის მერე იმატა სოფელში გადარჩენილი მზეთუნახავი ქალიშვილების რიცხვმა… წყალი რომ მინდვრებს მიუშვეს, ხვავი და ბარაქაც გამრავლდა, ხალხს დარდი გაუქარვდა, შიში აღარ აღვიძებდათ ღამით, ღიმილმა დაამარცხა უილაჯობა და ნაღველი!.. სწავლობდნენ, შრომობდნენ, ქორწინდებოდნენ, ხეს რგავდნენ, ვაზს უვლიდნენ, ბავშვებს ზრდიდნენ, ჩვეულებრივ ჭაპანს ეწეოდნენ და ჩვეულებრივად მიდიოდნენ წუთისოფლიდან…

ერთი ეს იყო მხოლოდ დანაკლისი – ადრე, გველეშაპის სანახავად უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა ამ სოფელში, იღებდნენ ფილმებს, იწერებოდა რეპორტაჟები გადასანსლულ გოგონებზე და დასახიჩრებულ თუ ცეცხლით დამწვარ ვაჟკაცებზე, მთელ ქვეყანას პირზე ეკერა ამ სოფლის სახელი… ყველა ახალი ამბავი ადრე სწორედ აქედან იწყებოდა… “ახალი ამბები კეთდება აქ!” – ეწერა წყაროს წინ დადგმულ სათვალთვალო ქოხზე…

და აი, ეს ყოველკვირეული მსხვერპლშეწირვის და მარადიული თავგანწირვის ეგზოტიური “ივენთები” რომ გაქრა, სოფლის ინტერესიც დაჰკარგა მსოფლიომ… საშინელებებს მოწყურებული ტურისტებიც აღარ ჩამოდიოდნენ, აგვისტო აგვისტოს მისდევდა და ფილმი აღარ გადაუღიათ, “ეკონომისტი” და “ვაშინგტონ პოსტიც” აღარ ახსენებდნენ ამ უეცრად გამოჩვეულებრივ და წყნარ სოფელს ჰედლაინებში…

ცხოვრება გახდა მშვიდი, უპრობლემო და მოსაწყენი…

🙂