8 წელი 8 აგვისტოდან


riolasha

 

გუშინ რვა აგვისტო იყო.

რვა წელი გავიდა იმ ტრაგიკული 2008 წლის რვა აგვისტოდან.

ყველა ეს განვლილი 8 წლისთავი იყო მწარე და მძიმე დღე ნებისმიერი ქართველისათვის – სულ უფრო მეტად ამოდის ბალახი ქართველთა ნასახლარებზე, რუსები ავლებენ მავთულხლართებს, იტაცებენ ქართველებს, აგრესორი სულ უფრო ხვეწს ტაქტიკას – ჰიბრიდულ ომს და მცოცავ აგრესიას იყენებს…

და მაინც, იყო რაღაც განსახვავებულიც წლევანდელ რვა აგვისტოს: ორი რამ – სასიხარულოც და გულისდამამძიმებელიც.

8 აგვისტოს საღამოს ვიხილეთ კარალეთელი ბიჭის – ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ოლიმპიადაზე. ეს ბრინჯაო ოქროს ტოლფასი იყოო – ბევრმა აღნიშნა. არ ვიცი… მგონი, გუშინ, ბევრ ჩვენგანს,  ბრინჯაოზე და ოქროზე მეტად ლაშას რუს იარცევთან მოგება გაგვიხარდა. ბოლო 30 წამში წარმოუდგენელი გარდატეხა, ლამის წაგებული ბრძოლის მოგება და ის ძალიან ემოციური ჟესტი – მიწაზე გართხმულ რუს მოჭიდავეს საქართველოს დროშა რომ დაანახა თავის კიმონოზე!..

ეს ხომ ის ლაშაა, რომელმაც 8 წლის წინ, მაშინ 16 წლის ბიჭმა გადამწვარი მშობლიური კარალეთიდან, ცეცხლისა და რუსების ტანკებისგან გამოქცეულმა ლამის მხოლოდ ჯვრის და კიმონოს წამოღება-ღა მოახერხა სახლიდან.

რა თქმა უნდა, იარცევი არ იყო იმ სამხედროთა შორის, კარალეთს და აჩაბეთს რომ წვავდნენ, ან გორს და სენაკს რომ ბომბავდნენ. და დარწმუნებული ვარ, ლაშა მტრად არ მოიაზრებს არც მას და არც სხვა რუს სპორტსმენებს. მაგრამ იარცევმაც და სხვა რუსებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქართველებს, განსაკუთრებით კი ლაშას ასაკის ბიჭებს და გოგოებს – ამ თაობას – არ დაავიწყდებათ საკუთარი გადამწვარი სახლ-კარი, ნაწამები გიორგი ანწუხელიძე, დახოცილი შინდისის გმირები,  აოხრებული და გადახნული სასაფლაოები, – რომ ამას ყველაფერს ვერ გადაფარავს დოსტოევსკი და ტურგენევი, რუსული ბალეტი და ჩაიკოვსკი.

=====

და უცებ, სწორედ იმ წუთებში, ათასობით ქართველი ბედნიერნი რომ ვუყურებდით გამარჯვებულ ლაშას, იმ ბიჭს, რომელიც მშობლიური კერიდან რუსის ჯარმა რომ აჰყარა 8 წლის წინ და რომელმაც – სისხლით კი არა, – ჯანით და სისხარტით, ღონით და თავდადებით რომ დაჯაბნა რუსი და ჩვენთვის ყველაზე უახლეს და მოუშუშებელ ეროვნული ტრაგედიის  მე-8 წლისთავზე მალამო რომ მოგვცხო, სწორედ  იმ წუთს, როცა ომში დაღუპული ჩვენი გმირების სულებიც ხარობდნენ ალბათ, უცებ …

უცებ ეკრანზე ჩნდება კოხტად ჩაცმული ქალბატონი, რომელსაც ყველა ვიცნობთ – ალბათ, უფრო მეტიც კი ვიცნობთ, ვიდრე ლაშა შავდათუაშვილს, რომელიც საქართველომ მხოლოდ 4 წლის წინ გაიცნო, ხოლო ამ ქალბატონს ვიცნობთ უკვე ლამის 30 წელია, ხოლო მე პირადად კი  მასთან ისიც მაკავშირებს, რომ ერთი სკოლა დავამთავრეთ… მხოლოდ 2 თუ 3 წლის ინტერვალით და ალბათ, იგივე მასწავლებლები გვასწავლიდნენ, იგივე მასწავლებლები გვასწავლიდნენ დიდგორის ომის ამბებსა და რაფიელ ერისთავის თუ ვაჟას ლექსებს…

ნინო

ჰოდა ეს ქალბატონი, თვალებში თვალს გვიყრის ათასობით (ან მილიონობით) ქართველს, რომელთაც რამდენიმე წუთის წინ გამარჯვების ყიჟინა აღმოგვხდა და ცივად გვაჭედებს ტვინში სარეკლამოდ გამიზნულ პოსტულატებს:

“საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება.

ჩვენი სამშობლო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი.

ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი უცხო სახელმწიფოს  ჯარი.

სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდება ქვეყნის გამთლიანების და ეკონომიკური აღორძინების გარანტია.  

ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გამბედაობა და პროფესიონალიზმი ჭირდება.

მხოლოდ მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს შეგვიძლია გავატაროთ ეროვნული, გონივრული  და გამბედავი პოლიტიკა. ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან და მოვაგვაროთ თითოეული თქვენგანის პრობლემები…”

 

და უცებ ეს ისეთი ცივი შხაპია, როგორც პატარა ბავშვს რომ უსმენ, ამაყად რომ ამბობს – „მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას…“ და უცებ …  „ვრემიას“ დიქტორები რომ ჩნდებიან შემთხვევით დარჩენილ ტელევიზორის ეკრანზე და იწყება  ორთავიანარწივიანი ჰიმნი:

„Славься, Отечество наше свободное,

Братских народов союз вековой…

 

სამწუხაროდ, ბევრი გულუბრყვილო ადამიანი გადაყლაპავს ამ სატყუარას.

მინდა მჯეროდეს, რომ ჩემს თანასკოლელ ქალბატონს, რომელსაც არც ცოდნა და არც უნარ-ჩვევები არ აკლია, ამჟამად საკუთარი თავის მოტყუებაც სურს ქვეცნობიერად. თორემ სხვანაირად გამოვა, რომ მხოლოდ ჩვენ გვატყუებს ანგარიშიანად.

მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ ამას ვერ ხვდება, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი სინამდვილეში საქართველოს ოფიციალურად დაბლოკვაა, ხელფეხშეკვრაა, მოძალადისათვის საკუთარი ერთგულების შეფიცვაა და მეტი არაფერი. რომ საქართველო, რომელიც უბლოკო სტატუსის ზებუნებრივ დაცვით პოტენციალს დაიჯერებს, ისევე მწარედ მოტყუვდება, როგორც უკრაინა, რომელმაც ბირთვული განიარაღებისას ბუდაპეშტის მემორანდუმის „ფიცი“ დაიჯერა. რომ ახლაც არაფერმა უშველა უკრაინას, რომელიც ნამდვილად არ ჰქონდა გაცხადებული ნატოსკენ მისწრაფება, და ძალიანაც უბლოკო სტატუსიანი იყო, მაგრამ ამით რა მოიგო? ყირიმი არ აახია ერთმორწმუნე და მოძმე ხალხის იმპერიამ, თუ მალოროსიის ჩაყლაპვაზე და უკრაინის გახლეჩვაზე თქვა უარი?

 

„ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი უცხო სახელმწიფოს  ჯარი.“-ო!

– გადავირიე და ესაა! და როდის არ უნდა იყოს? და რომ არის უკვე? ნუთუ არ იცის ამდენი რეგალიებით დამშვენებულმა ისტორიკოს-იურისტმა ქალმა და საერთაშორისო სამართლის მცოდნემ, რომ საქართველოში დიდი ხანია არის უცხო სახელმწიფოს ჯარი? ეს არ გაუგია? ჩვენ უნდა ვუთხრათ, – სად არის, როდიდან არის და რამდენი არის? თუ, იქნებ, ის დაკარგული ტერიტორიები აღარ მიაჩნია საქართველოს სახელმწიფოდ და ახლა იმის პირობა უნდა ჩვენგან, რომ საქართველოში არასოდეს სხვა მეორე სახელმწიფოს ჯარს არ დავპატიჟებთ, რომ ვინც უკვე არის, იმან არ იგრძნოს თავი უხერხულად და შმუშვნა არ დაეწყოს, ან ღაწვები არ შეეფაკლოს მორცხვად?

 

და რატომ პირდაპირ არ გვეუბნება იმას, საითკენაც მიჰყავს ეს თავისი სარეკლამო რგოლი? რომ საქართველოში, მისი აზრით არ უნდა იყოს არცერთო სხვა სახელმწიფოს ჯარი, თვინიერ რუსის ჯარისა! ალბათ, ის დღეც უნდა დავინახოთ, როცა რუსის ჯარის მთავარსარდალი საქართველოში არამცთუ სხვა ქვეყნის ჯარის ხილვას ჩათვლის დაუშვებლად და უკანონოდ, არამედ თავად საქართველოს ჯარის ხილვასაც, რადგან მათთვის ისიც ხომ სხვა სახელმწიფოს ჯარი იქნება??

 

“საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი”-ო!

– ვაიიი? და ეს ნეტა შეთანხმებულია იმ ქვეყნის მთავარსარდალთან, ვისი ჯარიც უკვე არის საქართველოს ტერიტორიაზე და ვინც ქალბატონ ნინოს აღშფოთებას არ იწვევს? ანუ, ის არც აგრესორია, არც ოკუპანტია, და არც ისე ცუდია, ალბათ, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ქ-ნი ნინო მას ცუდად არ მიიჩნევს, ან საერთოდ, არც იმჩნევს… ჰოდა, იქნებ ეს პატიოსანი კაცი სულაც არ არის უარს, რომ საქართველო გახდეს სამხედრო კავშირის წევრი, ოღონდ, იმ სამხედრო კავშირის არა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან სურდა… მე მგონი, ქალბატონ ნინოს მოუწევს ამ პოსტულატის უფრო დაზუსტება – “საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი, გარდა იმ სამხედრო კავშირისა, რომელსაც დიდი ძმა შექმნის და გვირჩევს”!

 

„სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდება ქვეყნის გამთლიანების და ეკონომიკური აღორძინების გარანტია“-ო!

– მართალია!! ეს გადაწყვეტილება „გააერთიანებს“ საქართველოს! როგორც იყო ზოგჯერ „ერთიანი“ საქართველო მონღოლთა ქვეშ, ან – ოტომანთა იმპერიის ქვეშ, ან – რუსეთის იმპერიის ქვეშ… რა შეიძლება იყოს ასეთ “ერთიანობაზე” უფრო სანატრელი  და სტაბილური?!

და როგორი ეკონომიკური აღმავლობის საწინდარი იქნება ეს, ესეც შეიძლება წარმოვიდგინოთ – ყველაფერი, თუ კი რამ წარმოება არსებობს საქართველოში – მაგთი იქნება თუ ჯეოსელი, რკინიგზა თუ აეროპორტი, ფოთის პორტი თუ ღვინის ქარხნები – მალე ეს ყველაფერი რუსული სახელმწიფო კომპანიების ხელში გადავა, როგორც არის კიდეც ეს ჩვენს მეზობელ ერთ სახელმწიფოში.

 

„ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გამბედაობა და პროფესიონალიზმი ჭირდება“-ო.

– მართალია, უნდა გაბედო და თვალებში შეხედო გიორგი ანწუხელიძის შვილებს და უთხრა, რომ საქართველოს არც სამხედრო კავშირი ჭირდება და ალბათ, არც სამხედროები ჭირდება. რადგან ის დიდი ძმა იქნება ქალბატონ ნინოს გამბედაობის მიზეზიც და საქართველოს „დამცველიც“.

 

„მხოლოდ მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს შეგვიძლია გავატაროთ ეროვნული, გონივრული  და გამბედავი პოლიტიკა“-ო…

და რამდენჯერ იყო ჩემი თანასკოლელი ქალბატონი და მისი გუნდი სახელმწიფოს სათავეში? და მაშინ როგორ პოლიტიკას ატარებდა?

და საერთოდ, მხოლოდ ერთი დაპირება მახსოვს მისგან ამ ბოლო ხანებში – დავიწყოთ რუსეთთან უპირობოდ მოლაპარაკებები და გარწმუნებთ,  რუსეთი მოგვცემს … უვიზო რეჟიმსო!!!

 

რუსეთთან უვიზო რეჟიმზე გავცვალოთ აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი?

რუსეთთან უვიზო რეჟიმით ვანუგეშოთ ასეულ ათასობით ლტოლვილი?

რუსეთთან უვიზო რეჟიმი იქნება ევროპასთან უვიზო რეჟიმის საპირწონე?

 

მაინტერესებს, რას გვპირდება რუსეთი, თუ საქართველო უბლოკო სტატუსს მიიღებს?

აფხაზეთის დაბრუნებას? – არა! (ამას ჩემი თანასკოლელიც კი ვერ ბედავს, თქვას, მიუხედავად გამბედაობისა)

ცხინვალის ოლქის დაბრუნებას? – არა!

ახალგორის რაიონის დაბრუნებას? – არა!

სოფელ პერევის დაბრუნებას ? -არა!

თავიანთ მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილების ღირსეულად დაბრუნებას? – არა!

საერთოდ, რამის დაბრუნებას???

ან, იქნებ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმას? – არა!

საერთოდ არაფერს არ გვპირდება!

 

გამოდის, ჩვენ უბლოკო სტატუსი უნდა განვაცხადოთ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოსკენ მისწრაფებაზე, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ევროკავშირთან ასოცირებაზე (ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სწორედ ამას გვაიძულებს ჩემი თანასკოლელისთვის მისაღები „არაოკუპანტი“ იმპერია!), ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის სურვილზე (აბა, გამოდის, უფროსი ძმა ჩამოგვრჩება და უხერხული გამოვა, ნაღდად!), ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, ალბათ, დამოუკიდებელ  ჯარზე და დამოუკიდებელ ეკონომიკაზე, ჩვენ  უნდა დავთანხმდეთ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას და „დამოუკიდებლობას“…

 

და ამის საფასურად რუსეთი … აღადგენს უვიზო რეჟიმს, გააგრძელებს იყიდოს ჩვენი ღვინო, ნელ-ნელა (ან ჩქარ-ჩქარა) მოაშთობს საქართველოს ტრიტორიაზე გამავალ მილსადენებს და ნელ-ნელა  (ან ჩქარ-ჩქარა) ჩაიგდებს ხელში მთელს ჩვენს ეკონომიკასაც. ალბათ, იმის უფლებას კი დაგვრთავს, რომ იმპერიის მთავარი გამრთობის სტატუსი გავიფორმოთ…

 

ხოლო ჩემი თანაკლასელი ქალბატონი წელიწადში ერთხელ შეხვდება პუტინს, სავარაუდოდ, – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებთან ერთად და ყოველ ჯერზე დაგვიბრუნდება იმის ურყევი რწმენით, რომ უბლოკო სტატუსი ისეთივე ბედნიერებაა საქართველოსთვის და ქართველებისათვის, როგორც მისი და მისი პოლიტიკური გუნდის „ეროვნული, გონივრული  და (ძალიან) გამბედავი პოლიტიკა“…

 

ისე კი, რას გადავეკიდე ქ-ნ ნინოს, ბოლო-ბოლო ქუთაისლობის და თანასკოლელობის ხათრით მაინც ხომ შეიძლებოდა დამეხუჭა თვალი მისი ლამაზი და გამბედავი პოსტულატების საეჭვო სიწრფელესა და სიმართლეზე…

მით უფრო, რომ ნინო ბურჯანაძეს ერთი რამ უნდა დავუფასოთ – ის, რასაც იგი პირდაპირ ამბობს, ბევრ სხვასაც აქვს გულში და ცდილობს, უფრო შეალამაზოს და შეფუთოს… განა იგივეს არ ამბობს თამაზ მეჭიაური და მისი გუნდი? ყველა ოკუპანტია – რუსეთიც და ამერიკაცო! (კიდე კარგი, მონღოლეთი და ინკებიც არ დაამატა სიას სისრულისთვის!), განა იგივეს კიდევ უფრო მძაფრად არ იძახიან მრეწველობით საქართველოს გადარჩენის დამპირებელთა პარტიის სტალინ-ნატრული ლიდერები? განა იგივე ნოტები არ ისმის პატრიოტთა ალიანსის “დაბალანსებული ურთიერთობების“ მოწოდებებში? განა იგივე იმედი არ ასაზრდოებს МГИМО-ს კურსდამთავრებულ შალვა ნათელაშვილს? და თურმე მედასავლეთეებით გარშემორტყმული პაატა ბურჭულაძეც თავს კვლავაც საბჭოთა ადამიანად გრძნობს (2012-ში მაინც ასე გრძნობდა!)  და ძალიან გული სტკივა, რომ ეს დიადი ქვეყანა დაიშალა და ჩვენს შვილებს სხვადასხვა ქვეყნებში უწევთ ცხოვრება…(http://izvestia.ru/news/519688)…   და ამ ადამიანებს ეს ყველაფერი შეფუთული აქვთ სარწმუნოების დაცვის, ეროვნულობის, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდისკენ მოწოდებების მართლაც სერიოზულ თემებში, მაგრამ ამ შემთხვევაში კი – მხოლოდ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენებულ ლოზუნგებში…

 

ჰოდა, სწორედ ეს – ქართულ პოლიტიკაში რუსეთის აგრესიიდან მე-8 წლისთავზე ასე მოძალებული “ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანი” აშკარა თუ ფარული რუსეთუმეები და მათი ღია თუ ლამაზად შეფუთულ-შეფარული  შეტევები საქართველოს ევროპულ არჩევანსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე,  არის 8 აგვისტოს მე-8 წლისთავზე ჩვენი გულდამძიმების მიზეზი…

რომ იყვნენ რამის მართლა შემცვლელები და რამის მართლა დამბრუნებლები – კი, ბატონო, მოვუსმენდი ეჭვით, მაგრამ მაინც მოვუსმენდი… მაგრამ, მგონი, ვხვდები, რისი დაბრუნების მსურველებიც არიან – საკუთარი სკამების, ალბათ … 😦