მიშა ვოლდემორტი და ხალხთმოყვარეობის აპოთეოზი, ანუ გამოპავლეების ცრუმოსურნეები
Posted: 2012/10/25 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბიძინა ივანიშვილი, დემოკრატია და პლუტოკრატია, ვოლდემორტი, მიშას დაპირებები, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნეობოლშევიზმი, ნიურნბერგის პროცესი, ობოზიცია, უმრავლესობა, ქართული ოცნება 2 Comments„დიახ, ჩვენ ჯადოქრები ვართ და კიდევ ბევრ სასწაულს ელოდეთ!“ – ექიდნურად გაიღიმა ლორდმა ვოლდემორტმა და კიბეებზე გაუჩინარდა. გაიჩინარდა, რათა დუბაიდან და სინგაპურის ფორუმებიდან მოგვევლინოს და ფურცლებზე დაბეჭდილი რეიტინგების ფრიალით მოგვაჯადოოს, გრძნეულმა…
მისი გაოპოზიციონერებული გუნდი კი მათ მიერ 300 მილიონად დაუმთავრებელ ქაჯთა გამჭვირვალე სასახლეში გამაგრდა. იმ ერთადერთ დარბაზში, სადაც ჯერ წვიმა არ ჩამოდის და ვირთხებიც არ დარბიან. და მედგრად იშიშვლა ხმალი სამართლის და ჩაგრულთა დასაცავად:
– როდის მოუმატებს მთავრობა ხელფასებს?
– როდის მოხდება პენსიების მომატება?
– როდის გაიაფდება გაზი, დენი და წყალი?
– როდის გაიაფდება საბანკო კრედიტის განაკვეთი?
– როდის გაიხსნება რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქტებისათვის?
– როდის დაუკანონდებათ ლტოლვილებს საცხოვრებელი ფართები?
„როდის?“ „რამდენი?“ „როგორ?“ – ისმოდა რისხვიანი შეკითხვები უმცირესობად ქცეული ახალხანს უმრავლესობისაგან.
მათი შეკითხვები, მათი იერსახე, მათი პათოსი სავსე იყო შემართებით – ქართველი ხალხის, ჩაგრულების, ლტოლვილების, გაჭირვებულების, უილაჯოების, დედების, ბავშვების, ავადმყოფების, ბიზნესმენების, უმუშევრების – ყველას სახელით და ყველას ინტერესების დასაცავად ბრდღვინავდა და თვალებიდან რისხვას აკვესებდა ნაცმოძრაობა!
ისინი არ მისცემენ უფლებას!.. ისინი ყოველთვის დაიცავენ!.. ისინი არ დაუშვებენ ქართველი ხალხის ფუნდამენტალური ინტერესების შელახვას!..
ისინი არ დაუშვებენ ზეწოლას!.. ისინი მიმართავენ მთელ მსოფლიოს იმაზე, რა საშინელებებს აპირებს „ქართული ოცნება“! როგორ აპირებს, რომ პარლამენტში შექმნას კონსტიტუციური უმრავლესობა! ეს ხომ დაუშვებელია?!
– „ქართველი ხალხის სახელით!“ გამოდიოდნენ გოკა და ბოცო, ჩიორა და კაკო, გოგა და გოგი…
იყო ერთი ჟრიამული, რისხვათცვენა და ვოქსპოპულისტობა…
წესით და რიგით, ქართველი ხალხი ტაშით უნდა დახვედროდა პარლამენტის შენობასთან მათი ბედნიერებისათვის დამაშვრალ რაინდებს… წესით და რიგით დღესვე უნდა დაწყებულიყო ტელევიზიებში აღშფოთებულ ტელემაყურებელთა და ფეისბუქში გადარეულ ინტერნეტმომხმარებელთა დარაზმვა გოგი ოჩიაურის, გოკა გაბაშვილის, ნუგზარ წიკლაურის და გოგა ხაჩიძის ირგვლივ! უნდა მომხდარიყო შეშფოთებული აქტივისტების მიერ ფეისბუქზე ჯგუფის რეგისტრაცია ლოზუნგით – „მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადაყენებას!“ მერე რა, რომ ივანიშვილის მთავრობა ჯერ არც დამტკიცებულა, მთავარია, რომ გული გულობდეს – რაც მალე მოვითხოვთ, მით უკეთესი!
მეტი კონკრეტიკაა საჭირო! „ვადები, ვადები, ვადები – ჩქარა!“ „მოვითხოვთ, ხალხის სახელით!..“ „სადაა დაპირებული ინვესტიციები?“ „საიდან ეს არარეალური დაპირებები!“„ერთი წამით არ მოვასვენებთ! ჩვენ გვეჩქარება!…“ და ბოლოს საერთოდ ფანტასმაგორიული – „როგორ თუ წელიწადნახევარში წახვალთ? სად წახვალთ?!“
ნაცმოძრაობა არც დაუშვებს, და არც გაუშვებს!
ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ჩამოლაბორანტებული უმცირესობა რისხვით და მკვეთრი შეკითხვებით თავს დაატყდა სწორედ იმ კანდიდატს, ვინც მათმა სათაყვანებელმა ვოლდემორტმა წარადგინა. სრულიად სამართლიანად დაწერა ფეისბუქზე ბ-ნმა ირაკლი შავიშვილმა – მარტო ამიტომ დასაფასებელია პირველი ოქტომბერიო! წარმოიდგინეთ, მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესმე და რამეში ნაცმოძრაობის დეპუტაციას გაუწევია წინააღმდეგობა თავისი ფიურერისათვის?
ა-რ-ა-ს-ო-დ-ე-ს!
დღეს კი მისი დასახელებული კანდიდატი დაიწუნეს და ისიც კი გაბედეს და თქვეს – ამ კაცს ხმას არ მივცემთო!
ბუნტია „კოსტა კონკორდიაზე“, მაჭკატ!
მაგრამ ვინ არიან ეს სამართლის და დამაშვრალთა დასაცავად ხმალამოღებულთა შეუპოვარი ჯგუფი?
ეს, შემთხვევით, ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში უსამართლობის და უზენობის პარპაში დაუშვა მთელი 9 წელი?
ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში 35-ლარიანი უპატრონოდ დაგდებული ფიცრის მოპარვისთვის 65 წლის ლტოლვილს 1 წლით ციხეში უშვებდა, ხოლო თავად ათობით და ასობით მილიონის ხე-ტყეს იპრავდა, ქვეყნის სტრატეგიულ სიმდიდრეებს „უპრაგონოდ“ ჰყიდდა და 1 ლარად აჩუქებდა? ვინც საკუთარი ქონება მილიარდებამდეც კი გაზარდა?
ეს ის ხალხი ხომ არაა, ლტოლვილებს პოლიციის ძალით რტყმევით რომ ყრიდა მრავალწლიანი საცხოვრებელი ადგილებიდან და კუნგის ტიპის დახურული ავტოფურგონებით საცხოვრებლად შეუფერებელ გეტოებსა და რეზერვაციებში ეზიდებოდა?
ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც ყველა ბიზნესი გათელა და ქვეშ მოიგდო, მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ნორმად აქცია, ვინც საბანკო კრედიტის განაკვეთი ევროპაში უმაღლეს დონეზე ასწია, ხოლო საცხოვრებელი მინიმუმის დონეს მუდამ ხელოვნურად ამცირებდა და აყალბებდა! ვინც ერთ დღეში ბიზნესის დაფუძნების გაპიარებით ნახევარ ღამეში ბიზნესის ახევის მათეული პრაქტიკა მიჩქმალა?
ეს ის ხალხი ხომ არ ლაპარაკობს ზეწოლებსა და გადაბირების მცდელობებზე (და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ლაპარაკობს!) ვინც პოლიტიკური პოლიციისა და ზონდერბრიგადების გამოყენებით ასობით და ათასობით ადამიანზე რომ ძალადობდა ხანგრძლივად? ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდა საჯარო სამსახურებში და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამსახურიდან?
ეს ის ხალხი ხომ არ ახსენებს სიტყვა „სამართალს“, რომელთა მიერ სამართალი ყველა დონეზე შეგინებული და გაუპატიურებული იქნა?
ეს ის ხალხია – ახლა რომ „მერყევი ფსიქიკის“ ბრალდებებს უსაფუძვლოდ ისვრიან, – ვინც მართლაც და ფეთქებადი ფსიქიკის ლიდერს დითირამბებს უმღეროდა ცხრა წელი?
ეს ის ხალხია, ვინაც 2008 წლისთვის დაპირებული 100 დოლარიანი პენსია დღემდე არ შეასრულა, ახლა რომ წამდაუწუმ ჰკითხულობს – 220 ლარს როდის გახდის პენსიებს ივანიშვილიო?
ეს ის კაბინეტი ხომ არ არის, რომლის წევრები სადისტობას, ჯალათობას, კრიმინალებთან მეგობრობას და უზნეობას – დემოკრატიის შუქურვარსკვლავობას და კეკლუცხათუნობას რომ უთავსებდა?
დაბოლოს, ეს ის პოლიტიკური ძალა არ არის, რომელთა მინისტრები სამარცხვინოდ „მოტყდნენ“ ქვეყნიდან და ახლა ეპისტოლარულ-ფეისბუქურად გვეკონტაქტებიან და გვარწმუნებენ – არასოდეს არ მიგატოვებთოD:D:D? ეს ის ხალხი ხომ არაა, ვითომდა, პრეზიდენტთან შესახვედრად წასული, მძღოლს რომ მობილურს უტოვებდა მანქანაში და თავად აეროპორტიდან ფრანკფურტში ტყდებოდა ოჯახთან ერთად? ეს ხომ ის ლიდერებია, რომლებიც გაიქცნენ, რადგან, სავარაუდოდ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ, როგორც კრიმინალებს და მაფიის ბოსებს?
და ისე, ნამეტანი ხომ არ მომდის, რომ ამ ავაზაკთა ბანდას „ხალხს“ ვუძახი? უფრო უპრიანი არ იქნება ან – “ფლიდები”, ან – “ვერაგები”, ან -„ახვრები“, ან – „თუქსუსები“?.. აი აქ კი მჭირდება დახმარება, იმის გასარკვევად, ჩამოთვლილთაგან რომელი ტერმინი უფრო სწორია მათთან მიმართებაში.
ჩამოუმცირესობებული ნეობოლშევიკების ტაქტიკა სრულიად აშკარაა:
- რაც შეიძლება ადრე – ახალი მთავრობის მიერ ძალაუფლების აღებამდე (და განსაკუთრებით, სასამართლოებსა და პროკურატურაში ცვლილებების მოხდენამდე) – მოახდინონ საზოგადოებაში ნიჰილიზმის და ეჭვის დათესვა იმის თაობაზე, რამდენად მოახერხებს ივანიშვილის მთავრობა [წინა ხელისუფლების მიერ კატასტროფულად ჩასვრილი საქმეების გამოსწორებას და] სხვადასხვა სფეროებში ხალხისთვის გაუმჯობებსების რეალურად მოხდენას. ეს განსაკუთრებით ეჩქარებათ მანამ, სანამ უკვე ოფიციალურად გამოაშკარავდება მათ მიერ ხაზინის კატასტროფულ მდგომარეობაში დატოვება. უკვე არის ინფორმაცია, რომ ნაცვლად მერაბიშვილის მიერ გაცხადებული 2 მილიარდისა, ხაზინაში მხოლოდ 200 მილიონია!
- ყველანაირად მოახდინონ იმის იმიტაცია, რომ ჩაგრული პოლიტიკური ძალა არიან! რომ არიან დემოკრატიის მებაირახტრეები, რომელთაც გამარჯვებული უმრავლესობა საშინლად და უკანონოდ ჩაგრავს!
- როდესაც უახლოეს ხანებში დაიწყება იმის სრულმასშტაბიანი გამოაშკარავება, რა დონის და როგორი მასშტაბური კრიმინალი აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც სასამართლოებში არა ათობით, არამედ – ათასობით საჩივარი შევა, როცა ყველასთვის (მათ შორის – დასავლელი ლიდერებისთვისაც) ცხადი გახდება, როგორი ძალადობის ხარჯზე არსებობდა ეს ვარდისფერი გულაგი, ეს ყველაფერი შერაცხონ მათ პოლიტიკურ დევნად და დასავლური დემოკრატიებისაგან და ანგაჟირებული მხარდამჭერებისაგან (ვილფრედ მარტენსი, კარლ ბილდტი, დონალდ ტრამპი და სხვები) მოითხოვონ მფარველობა!
- დარაზმონ ყველა ის ძალა, რომელთა მოთხოვნილებებს თავად მრავალ წელს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ, მასიური საბოტაჟის და გამოსვლების ორგანიზებისათვის. ამის განსაკუთრებით თვალნათელი მაგალითებია დევნილთა მიერ შენობებში შეჭრის, მიტაცების და უკანონოდ დასაკუთრების კატასტროფულად გახშირებული ფაქტები. იქამდე მივიდა საქმე, რომ დევნილები უკვე იმ ორგანიზაციების შენობებსაც იტაცებენ, რომლებიც ნორმალურად ფუნქციონირებენ, ან რომლებიც სხვა დევნილებისთვის არის დაკანონებული. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ მიმტაცებელთა შორის არიან აბსოლუტურად გაურკვეველი „ბექგრაუნდის“ მქონე პირები, რომლებიც არ არიან ლტოლვილები ანდა არც უარყოფენ, რომ მათ უკვე აქვთ დაკანონებული საცხოვრებელი, მაგრამ „სურთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გაფართოება“ !!! აშკარა, რომ ეს არის კოორდინირებული ქმედება, რომლის უკან მაცმოძრაობის ინტერესები აშკარად იკვეთება – ეს არის ქვეყანაში უკანონო მდგომარეობის და ანარქიის შექმნა, რომ მოსახლეობას ნაცმოძრაობის მიერ გარანტირებული „წესრიგი“ მოენატროს!
- მოახერხონ ადგილობრივ თვითმმართველობებში და გამგეობებში, მერების და გუბერნატორებისათვის პრეზიდენტის მიერ სასწრაფოდ გადასროლილი სახსრების და ქონების ხარჯზე რეგიონალური „ვანდეის“ ჩამოყალიბება და საბოტაჟის და პროპაგანდის მეშვეობით საფუძვლის მომზადება 2013 წლის აპრილის თვეში პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დაშლისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში რევანშისთვის.
„ნაცმოძრაობის მთავარი შეცდომა იყო, რომ ნაცმოძრაობა ზედმეტად დემოკრატიული იყო!“ – იძახის ზომბირებული ექსპერტი გია ნოდია. თურმე, „დემაგოგია, ზოგადად, პოლიტიკოსთა წესია“ და „ არ ღირს შევაჯიბროთ, ვისი დემაგოგია უფრო დემაგოგიურია“. „ზედმეტად დემოკრატიულად“ მიიჩნევს იგი იმას, რაც ხდებოდა სასამართლოებში, პროკურატურაში, ციხეებში, სკოლებში… როცა ეკითხებიან კონკრეტულ – უკვე გამოვლენილ – დანაშაულებებზე, მხრებს იჩეჩავს, რომ არ იცის… ეჩქარება ბატონ გიას დემოგოგიური გამოსვლების ციკლის ჩამთავრება. ზუსტად ისე, როგორც ეჩქარებათ ბარამიძეს და გაბაშვილს, წიკლაურს და ბობოხიძეს, კუბლაშვილებს (სასამართლოს რეიტინგით მოტრაბახე ბ-ნ კონსტანტინეს!) და ოჩიაურებს (მსოფლიო ბანკის რეიტინგებით მოტრაბახე ბ-ნ გოგის)… როცა ასობით და ათასობით სასამართლო პროცესი დაიწყება და ყველასთვის აშკარა გახდება, თურმე რა საშინელება იფარებოდა ვარდისფერი ფასადის მიღმა, მერე ხომ უკვე ძალიან გაძნელდება „მე რა ვიცოდი?“-ს ტიპის „ნაივური“ მხრების აჩეჩვა?! ქართული ავტობანები, იუსტიციის სასახლეები და ნეონის ნათურები ხომ მანამდეა თვალისმომჭრელი, სანამ ციხეებში არსებულ ძალადობას გაეცნობი?!
P.S. ახლა კი, წარმოიდგინეთ ასეთი მოდელირებული სურათი –
1949 წლის გერმანია.
კონრად ადენაუერის მთავრობის დამტკიცების წინ ბუნდესტაგის ტრიბუნაზე რიგრიგობით ადიან იოზეფ გებელსი, ჰაინრიხ ჰიმლერი, ჰერმან ჰერინგი, იოაკიმ ფონ რიბენტროპი, ჰაინრიხ მიულერი… თავად ფიურერიც (როგორც ოპოზიციის ლიდერი!) და ფოლადისებური ხმით ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ კანცლერობის კანდიდატს:
– რას გააკეთებთ გერმანელი ხალხის ბედნიერებისათვის?
– როდის დაიბრუნებთ პრუსიას და ელზასს?
– როდის აღადგენთ დანგრეულ მრეწველობას?
– როდისთვის მოახერხებთ გერმანული საფინანსო სისტემის სტაბილიზაციას?
– როდის გახდება მინიმალური პენსია 1000 მარკა?
– როდის დატოვებენ უცხო ქვეყნების ჯარები გერმანულ მიწებს?
ხოლო სესიის შემდეგ გებელსი ამაყად გაიძახის ჟურნალისტების მიკროფონების წინ:
– ჩვენ არ დავუშვებთ გერმანელი ხალხის მოტყუებას! ადენაუერს არ გაუვა პროპაგანდისტული ხრიკები! ჩვენ სიმართლეს მოვითხოვთ!
ჰიმლერიც ასევე ამაყად იძლევა ინტერვიუს:
– გერმანელი ხალხი ყოველთვის იყო ტოლერანტულობის ნიმუში და ჩვენ არ მივცემთ უფლებას ახალ უმრავლესობას, ფეხქვეშ გათელოს პოლონელი თუ რუსი ტყვეების უფლებები, მოვითხოვთ მათთვის სამართლიან სამუშაო კონტრაქტებს, თანაბარ ანაზღაურებას და უმუშევრობის დახმარებას!
ხოლო გესტაპოს შეფი მიულერი სულაც ებრაელების და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე წარმოთქვამს მგზნებარე სიტყვას!
თვალისდაუხამხამებლად!
რამეს ხომ არ გაგონებთ ეს „მოდელირებული წარსული“?
იმის კვალობაზე, როგორ სულ უფრო გულისშემძვრელი ფაქტები ხდება ნათელი იმ მასობრივ ძალადობაზე, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ძალამ მასობრივი ტერორის ლაბორატორიად ქცეულ საქართველოში დანერგა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესი აუცილებელია. და სამართლიანობის აღდგენის ეს პროცესი თავად საქართველომ უნდა ჩაატაროს. ვფიქრობ, დიდი შანსი არსებობს, რომ ამან ისევე დაუდოს საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს, სამართლიანობის, საზოგადოების და ეკონომიკის აღორძინებას, როგორც ეს 50-იანი წლების გერმანიაში მოხდა.
WITHOUT JUSTICE, THERE CAN BE NO PEACE!
გერმანული იდეალიზმი და იმერული რაციონალიზმი
Posted: 2012/10/08 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი, გაყალბება, გერმანული იდეალიზმი, იმერული რაციონალიზმი, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიცია 4 Commentsიმ დროში როდესაც მე გავიზარდე, საქართველოს ახალგაზრდობის უმრავლესობა ამ ახალგაზრდობას სტუდენტობაში ატარებდა (ზოგი – მამიკოების პარტბილეთების, ზოგი – ოლღა ბებიას ფაქიზოების წყალობით) და ამ სტუდენტობის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო ისეთი ფუნდამენტალური მეცნიერება, როგორიცაა ფილოსოფია. მართალია, საბჭოთა კავშირში ამ ფუნდამენტალური მეცნიერების გაოხრებულ ერზაც-ფორმას, მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიას ასწავლიდნენ, მაგრამ ლექტორები მაინც იძულებულნი იყვნენ, ან – ზოგიერთი იშვიათი მათგანი, მართლაც – მოწადინებულნი, ფილოსოფიის საფუძვლების ახსნისას ჩვენთვის მეცნიერულად მოეწოდებინათ ის მარადიული ჭეშმარიტებები და ტვინის და სულის საკვები, რასაც ქართველთა უმრავლესობა, საკმაოდ არამეცნიერულ კონტექსტში და ალტერაციებით მაშინ მხოლოდ სუფრაზე თუ ეზიარებოდა და დღეს – ზიარებისას. ამიტომ ჩემი თაობის ხალხს სპინოზას, კანტის და ჰეგელის სახელები რაღაცას ეუბნება, თუმცა სამწუხაროდ, უხშირესად – მხოლოდ რაღაცას…
მაგრამ თუ სათაურის წაკითხვის შემდეგ ვინმე ჩემგან – ფილოსოფიის დილეტანტისაგან – ფიხტეს, შელინგის ან ჰეგელის ნააზრევის ინტერპრეტაციებს, ანალიზს ან თუნდაც თქვენთვის გაზიარებას ელოდება, მინდა გაგაწბილოთ. მე სულ სხვა დროის და ტიპის გერმანულ იდეალიზმს მინდა შევეხო და არა „სულის ფენომენოლოგიას“.
“გერმანულ იდეალიზმად” ამ სტატიაში მე მოვნათლე გერმანიაში მაცხოვრებელი ან იქ განათლებამიღებული ქართველი ინტელექტუალების მოსაზრებები, რომლებიც ქართულ არჩევნებს დასავლური სტანდარტებით უდგებიან. მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა და, კერძოდ, ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგზე გამოქვეყნებული მასალებით მრავალჯერ მოგვრილი აღფრთოვანებისა, უნდა ვაღიარო, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოში საარჩევნო პროცესებისა და შედეგებისადმი არის ისეთი იდეალისატური, რომ მეტი არ შეიძლება! რა თქმა უნდა, მხოლოდ გერმანიაზე არ ვრცელდება ეს ქართული არჩევნებისადმი იდეალისტური მიდგომები. შეიძლება ითქვას, რომ ეს შუაშიზმის მოგვიანებითი ეტაპი, ან შეიძლება ნაცმოძრაობისათვის საოცნებო კატა ლეოპოლდის სამშვიდობო დევიზის გაპიარების ადრეული ფაზა იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ აზრების ზოგიერთ გამახმაურებელთა სურვილები სრულიად უანგარო იყოს, ისევე როგორც ცალკეულ შემთხვევებში ანგარების გამორიცხვაც არ იქნება ალბათ სწორი…
აი, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გასული „პოლიტმეტრი“, სადაც ზაალ ანდრონიკაშვილის და ლევან გიგინეიშვილის ძალიან საინტერესო მოსაზრებებში ჩემთვის პირადად ცხადი გახდა, რომ ორივე ავტორის ძალიან სწორი და როგორც ინგლისელები იტყოდნენ thoughtful პოზიციის მიუხედავად, ბ-ნი ზაალის აზრები, ერთ რაკურსში მაინც, იდეალიზმის ძალიან მსუყე პორციას შეიცავს.
1:02:07- 1:24:36. (განსაკუთრებით 1:17:31-დან)
ზაალ ანდრონიკაშვილი: „ვუყურებდი, როგორ ლაპარაკობდნენ ტელევიზიით ორივე საარჩევნო ბლოკის ლიდერები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებზე – ვიღაც ჯღანაზე და ვინი პუხაზე, და ერთმანეთზე კომპრომატებს აქვეყნებენ მაშინ, როცა საჭიროა პროგრამებზე გველაპარაკონ. ეს არის აბსურდი, სისულელე და დროის (მათ შორის ტელევიზიის და ამომრჩევლის დროის) უსარგებლო ფლანგვა! სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ამომრჩეველი არის ყვითელი, მაშინ როცა მე მიმაჩნია, რომ კომპრომატების გროვება და გამოქვეყნება საარჩევნო კამპანიის დროს არის არც რელევანტური და არც – რაიმე სარგებლის მომტანი“.
მაგრამ არის კი ე.წ. პროგრამა და ამ პროგრამის დეტალები ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?
ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ჩვენ (და ბატონმა ზაალმაც!) ვიცით ნაცმოძრაობის სიტყვის და საქმის ტოტალური აცდენის შესახებ, აქვს კი ჩვენთვის რაიმე, თუნდაც მიზერული მნიშვნელობა, რას გვეტყვის, როგორ „ნანას“ გვიმღერებს და რა ზღაპრებს მოგვიყვება ნაციონალური მოძრაობა?
როგორც საკმაოდ დელიკატურად მოგიგოთ თქვენივე კოლეგამ, ბატონო ზაალ, რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ საქართველოში (და არა ჰეგელის მშობლიურ დღევანდელ შტუტგარტში!) არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპონენტებმა სოფლის მეურნეობის პროგრამების ან საგადასახადო პოლიტიკის შედარებითი ანალიზით მოგვხიბლონ? იმ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც (როგორც ახლა, უკვე პოსტ-ფაქტუმ ვიცით!) ნაციონალური მოძრაობა თან თავის გამჭვირვალე პატიოსნებაზე და დემოკრატიის განუხრელ დაცვაზე მასიურად გვაბოლებდა და თან ზონდერებს მიმაგრებულ სპეცნაზს საარჩევნო უბნებზე შეჭრის სპეცოპერაციის გეგმა „ბარბაროსას“, ხოლო პრობაციონერთა და პატიმართა ოჯახებს კარუსელების განრიგების ურიგებდა? ამ „ინოვაციურმა“ საარჩევნო მეთოდოლოგიამ ხომ მხოლოდ იმიტომ ვერ მოიტანა სააკაშვილისთვის სასურველი შედეგი, რომ ჩვენი ხალხი აღმოჩნდა არა მარტო ბრძენი და ხეებზე ფოთლის მარადიულად დამზოგველი, არამედ ერთდროულად – მოქალაქეობრივად საკმაოდ მობილიზებულიც და უდრეკი თავისი არჩევნის დაცვაში! როგორ გგონიათ, ჩვენს ამომრჩევლებს რომ ამ არჩევნებზე არ გაეგოთ ის, რაც გაიგეს თუნდაც ძალიან შეზღუდულად ხელმისაწვდომი – ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიებით („მაესტრო“ და ტვ-9), რამდენიმე ბეჭდვითი თუ ელექტრონული საშუალებების (ipn.ge, „კვირის პალიტრა“) და რეგიონული ჟურნალისტების (კახეთის და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრების, „ნეტგაზეთის“, TSPress-ის და „გურია ნიუს“-ის და მრავალთა სხვათა) თავგანწირული მუშაობით, როგორ გგონიათ, დადგებოდა ეს შედეგი, რაც დადგა? თუ იქნებ ივანიშვილისაგან სასწრაფოდ გადაწერილი სოციალურად მომხიბვლელი ლოზუნგების მაქსიმალური ტირაჟირებით და გაპიარებით სახელოვან ნაცმოძრაობას ისევ ის შედეგი დაედო და ამაყადაც ნიშნი მოეგო, – „ჩვენი პროგრამა უკეთესი იყო, ოლოლო თქვენო!“
დიახ, ჩვენ დღეს მართლაც ვირჩევთ ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ როგორ უნდა განვირჩიოთ (გადავირჩიოთ) ძალიან დაბალი მორალური დონის მქონე ნაციონალური მოძრაობა ძალიან მაღალ დონეზე? მაშინ, როცა ციხის სკანდალის შემდეგ ბაჩა ახალაია და კალმახელიძე მხოლოდ გადადგნენ და საკმაოდ მსუყე ბონუსები, უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს პრეზიდენტისაგან, შეიძლება, რომ ჩვენ მაღალ დონეზე ვირჩევდეთ და მეტოქის მიმართ კომპრომატების გამოყენებაზე ისევე აზიზად უარი ვთქვათ, როგორც ამას სკანდინავიის ქვეყნებში აკეთებენ? (ისე, იქაც დაზღვეული არავინაა!)
მაგრამ აი, დამთავრდა არჩევნები. მთელი მსოფლიოს გასაოცრად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. გამწარებული ტანზე იხევს კაბებს სააკაშვილისაგან ძალიან მსუყედ ნაკვები იულია ლატინინა, გამწარებული ვილფრედ მარტენსი ბელგიიდან ანათემას გვითვლის – თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას დაამყარებს, მისთვის ნატოს კარი დაიხურებაო (!), ერთდღიანი შოკის შემდეგ ნაცმოძრაობამ უცებ ისკუპა თავის პრეზიდენტიან-გუბერნატორებიან-გამგეობებიან-პოლიციან-სასამართლოებიან-ურნალისტებიანად ოპოზიციის იმუნიტეტიან მაშველ ნავში და ახლა იქედან არხეინად იმუქრება, კიდეც გაბედავენ და 6 თვეში სამოთხეს არ დაამყარებს “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რომ ყველაფერს ვაკვირდებით და გაგაკონტროლებთო! ბაქრაძე და ბოკერია – როგორც ხალხის ინტერესების სადარაჯოზე მდგარი „ვოჩდოგები“! პრეზიდენტი, რომელიც თან პრეზიდენტია და თან ოპოზიციონერია! თან ერთ დღეს აცხადებს, – ვიცი, ეგენი ქვეყანას დაღუპავენო, მეორე დღეს კი ფლიდად იცინის – ნეტა ეგენი ქვეყანას ააყვავებდნენ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაო!
ახლა კი მეორე ვიდეორგოლი. უკვე არჩევნების შემდეგ ჩაწერილი:
ლაშა ბაქრაძე გადაცემა „კვირის არგუმენტებში“ (13:07-დან):
ლაშა ბაქრაძე: „ის რომ, მაგალითად, ზღაპრებს რომ ჰყვებოდნენ აეროპორტიდან ვიღაც გარბის, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, როგორც ჩანს. კეზერაშვილმა შეისყიდა „რუსთავი2“-ის და „მზის“ წილები. ე.ი. პროპაგანდის ინსტრუმენტებით და მეთოდებით ბრძოლა გაგრძელდება.
(14:09-დან): საერთოდ ერთი დიდი პლიუსი, რაც ეხლა მოხდა, ის რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს, ორივე პარტია თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი პარლამენტში. ეს იძლევა შანსს, რომ პარლამენტი გახდება ის ადგილი, სადაც დაიწყება დებატები, სადაც დაიწყება დიალოგი, და ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვევით, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც საკითხები წყდება. ერთმანეთზე დამოკიდებული ვიქნებით. ადამიანებიც უფრო კარგად გაიგებენ, რას ნიშნავს დემოკრატია. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, არის დიდი შანსი, რომ საზოგადოებამ მეტი კონტროლი დაუწესოს ყველა პროცესებს, არ მივანდოთ პოლიტკოსებს, მუდმივად ლუპის ქვეშ იყოს ყველაფერი, რაც ხდება, ამისათვის, რაც მეტი საჯაროობა იქნება, მეტად შეგვეძლება.“
მაგრამ საინტერესოა ის, რომ ბატონი ლაშა არაფერს ამბობს, რა მოხდება მაშინ, თუ ნაციონალების დაპირება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს არ შეუშლიან მთავრობის ჩამოყალიბებაში, სინამდვილეში არ ახდება! განა ცოტა გვინახავს კედელთან მიმწყვდეული სააკაშვილისაგან ისეთი დაპირებები (საზოგადოებრივი არხის კონტროლი… ძალოვან უწყებებში მინისტროს მოადგილის დანიშვნა ოპოზიციის რიგებიდან და სხვა…), რომლებიც მერე – პრეზიდენტზე პრესის შემცირების პარალელურად – ტექნიკურად აორთქლებულა? დაპირებები არაფერს ნიშნავს… უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც არჩევნების წაგების შემდეგ პოლიციიდან და კუდი-დან დოკუმენტაციის გატანით და დაწვით არის დაკავებული, რომლის აღიარებული ჯალათები – ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, „მასტერა“ დგებუაძე და სხვები – ნამდვილად გაიქცნენ, რადგან სხვანაირად ნაცმოძრაობას მათ გასამართლებაზე თანხმობის გაცემა მოუწევდა. რომლის მიერ არჩევნები დემოკრატიულად კი არ ჩატარდა, არამედ ვაიძულეთ და ვერ გააყალბეს… როგორ შეიძლება გვეგონოს, რომ კრიმინალებთან და კრიმინალების მრავალწლიან მფარველებთან და “გამპრავებლებთან” ჩვენ ნორმალური (პირმოთნე) დიალოგი და დისკუსიები გვჭირდება? როგორ შეიძლება ასეთ ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, რომ კარგია, როცა „ორივე ძალა პარლამენტში თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი“? ხომ გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა, არჩევნები რომ მართლაც სამართლიანად და ნორმალურად ჩატარებულიყო, – 40%-ს კი არა, ალბათ ამის ნახევარს თუ მიიღებდა?! ნუთუ ბატონი ლაშა მართლაც მოხიბლულია, რომ პარლამენტში მოხვდა როლანდ ახალაია, რომლის შტაბის უფროსი სწორედაც რომ მეგის ქარდავა იყო, ხოლო შვილების საგმირო საქმეები კი რამდენ ტომს დაიტევს, ღმერთმა იცის? ნუთუ მისაღებია იმ ტიპის განცხადებები, რასაც როლანდ ახალაია თავისი ოპონენტის შესახებ აკეთებს, რომ ალასანაის თურმე ბოროტება „გენში უზის“ (ამას ამბობს კრიმინალში ეჭვმიტანილი და აშშ სახ. დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ორი პირის მამა იმ ადამიანზე, რომლის მამა საქართველოს ეროვნული გმირია!) ნუთუ სასიხარულოა ის, რომ აბსოლუტურად გაყალბებულ ხაშურის ოლქში დღემდე ის ადამიანი არის გამოცხადებული მოგებულ მაჟორიტარად, რომელსაც ხელს ადებენ, რომ ის თავის თანაქალაქელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და და დამკვირვებლებს იარაღს ადებდა და საარჩევნო დოკუმენტაციის გატაცების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა? ნუთუ, ის კადრები (1:18:23-დან), რომელიც იგივე „კვირის არგუმენტების“ გადაცემაში აჩვენეს, არ ცხადყოფს, ნაცუმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ჯერ კიდევ მოქმედი როგორი მასიური გაყალბების ფასად არის მიღწეული ის საბედნიერო „ლამის თანაბრობა პარლამენტში“, რაც ბატონ ლაშას იდეალისტურ აღფრთოვანებას იწვევს? ნუთუ ის ფაქტი, რომ ახალქალაქში საარჩევნო უბანზე უკანონოდ მყოფმა ადამიანმა არა მარტო კამერა დაუმტვრია სტუდია GNS-ის ოპერატორს, არამედ შემდეგ კამერის წინვე განაცხადა, უნდა მომეკლა კიდეცო, და რომ 70-ვე უბანზე დარღვევები იმ მასშტაბის იყო (დეპუტატის მიერ მოწყობილი ხელჩართული ჩხუბების ჩათვლით), რომ წესით, არჩევნები გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს, – ნუთუ ეს ყველაფერი იმის შეგრძნებას არ არღვევს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ახლა ამაში დამსახურებულ პარტნიორ ნაცმოძრაობას შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ და მათი “კეთილი ზრახვების” უნდა ვიწამოთ?
არ გაუყალბებიათ??? უბრალოდ, არ მივეცით ყველგან გაყალბების საშუალება, თორემ შერცხვებოდათ?!
აი, ერთი ფაქტი და ერთი ინფორმაცია იმის მაგალითად, თუ როგორ აპირებს საქართველოს ჩამოოპოზიციონერებული პრეზიდენტი და მას დაქვემდებარებული სტრუქტურები „თანამშრომლობას“:
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წ. 5 ოქტომბრის N 924 ბრძანებულებით, სახელმწიფო ქონებაზე კონტროლი დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა –მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მართვა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაულოცა.
ბრძანებულებით ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც რამდენიმე დღეში ახალი კადრებით დაკომპლექტდება, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე ხელი აღარ მიუწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის, ასევე – ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა ხარჯებს ახალი მთავრობა ვეღარ გააკონტროლებს. ასევე, პრეზიდენტის უშუალო კონტროლს ექვემდებარება საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების გახორციელება.
ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებით გავრცელდა დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, რომ რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებების ხარჯი პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა გაიღო. 5 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებმა მსგავს ქმედებებს უკვე კანონიერი სახე მისცა.
გრეტა ციცავა:
გუშინ ვიყავი რუსთავში და იმ სუპერმარკეტს ვესტუმრე, რომელიც ტვ “იმედის” ინფორმაციით,თითქოს დააყაჩაღეს. მოკლედ გაგიჟდა ქალბატონი – გამყიდველი და მითხრა: შვილო, 2 დღეა ხალხი გახარებული შემოდის აქ და უკეთესი ამბავი ვერ მითხარიო, რა დამაყაჩაღეს რის დამაყაჩაღესო!.. კი გამომისტუმრა “იმედ+გაცრუებული“…
http://www.facebook.com/nato.gabunia.90/posts/513888908639743#!/gretatsitsava/posts/3267370142899
საბოტაჟი რომ ნელ-ნელა ძალას იკრებს, ეს აშკარაა, სააკაშვილი კი ყასიდად ესაუბრა კამერების წინ ზოდელავას და ზღულაძეს და დაავალა, არცერთმა პოლიციელმა არ თქვას უარი თავისი მოვალეობის შესრულებაზეო, მაგრამ ეგ კამერების წინ, და აბა ესეც ნახეთ
ნინო დუმბაძე:
ყველამ წაიკითხეთ და გაავრცელეთ!!!
აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე შანტაჟით და მუქარით, ყოფილ პატიმრებს, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს, აიძულებს ოქტომბრის გამავლობაში, განსაკუთრებით თვის ბოლოს დაიწყონ მოქალაქეების ძარცვა და ბანდიტიზმი ქალაქში. ეუბნება მათ, რომ ექვს თვეში ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და აქვთ ამისი გეგმა. მთელი საქართველოს მაშტაბით იგივე ხდება, მოგმართავთ ყველას იყავით განსაკუთრებულად ფრთხილად. მივმართავ ქართული ოცნებას იყავით ყურადღებით სანამ ესენი აკონტროლებენ ძალოვნებს და თვითმართველობებს არაფერი არ არის დამთავრებული. ეს ინფორმაცია ძალიან სარწმუნოა და ამას ამბობს ათობით ყოფილი პატიმარი, რომლებიც არ აპირებენ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობას. მიაქციეთ ყურადღება ამ საქმეს განსაკუთრებით ჟურნალისტებმა!!!!!!
აი, რას ამბობს ფეისბუქზე შალვა რამიშვილი ნაცმოძრაობის გეგმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება:
ნაც მოძის გეგმა მარტივია:
1. განწმენდა ბნელი წარსული მქონე პირებისაგან (ახალაიები და მისი ბანდა, ზონდერების უფროსები)
2. მაქსიმალური კონსოლიდირება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის სახით
3. საკუთარი მაჟორიტარების შენარჩუნებისთავის ბრძოლა
4. მედია რესურსების გადაწყობა და მათგან საინფორმაციო-დივერსიული ძალის შექმნა.
5. მატერიალური რესურსების მობილიზება, გადაწყობა, დალაგება, გადამალვა
6. ადგილებზე (ქალაქებსა თუ სოფლებში) ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლა
7. სხვა და სხვა სახის საბოტაჟის მოწყობა, რომელიც ახალ ხელისუფლებას პრობემებს შეუქმნის.
8. ივანიშვილისთვის ცეცხლი გახსნა ყველა ამ მიმართულებიდან 6 თვის შემდეგ, როცა მიშას პარლამენტის დათხოვნა შეეძლება.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მე ძალიან უცნაურად მიმაჩნია, რომ დღესაც კი ბატონ ლაშა ბაქრაძეს მეტი არაფერი აწუხებს, თუ არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯერარდასახელებულ მთავრობაში ბევრი მისთვის მიუღებელი ადამიანია და რომ ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ არ ახდენს თავისი საკადრო გადაწყვეტილებების ქართველი ხალხისათვის წინასწარ გაცნობას და ამას ასე კულუარულად აკეთებს, რომ მეტი გახსნილობა და ხალხთან მოთათბირება იყო საჭირო…
ძალიან უცნაური მგონია ის, როგორ ლაპარაკობს ასეთი დარწმუნებით ლაშა ბაქრაძე ლამის სასირცხვილო კანდიდატებზე, რომლებიც ჯერ ოფიციალურად არავის დაუსახელებია. მე პირადად 3 სხვადასხვა ექსკლუზიური ვერსია მოვისმინე და სამივე განსხვავებული იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული საერთოც იყო მათ შორის. ასევე უცნაურია, ქვეყანაში, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მის მიერ მართული სამივე ტელევიზია მთლიანად საგანგებო მდგომარეობაში გადაიყვანა და საინფორმაციო ცეცხლის გახსნა დაავალა, სადაც ყოველდღე იფრქვევა ათასი დეზინფორმაცია იმაზე, როგორ ხვდება ბიძინა ივანიშვილი ქურდებს, როგორ საშინლად იძარცვება უკვე მაღაზიები და როგორ გაიზარდა კრიმინალური სტატისტიკა, ხოლო ამის ფონზე ყოველდღიურად რეჟიმის ერთგული კრიმინალები „პაჩკა-პაჩკა“ გარბიან ქვეყნიდან, ხოლო დარჩენილთა დიდი ნაწილი სამუშაო დღეს სხვადასხვა ტყეებსა და ტბის ნაპირებზე დოკუმენტების დაწვაში ატარებს, დავიჯერო, იმის დრო გვაქვს, რომ მოსახლეობასთან მშვიდი და აუღელვებელი კონსულტაციები ვმართოთ და ოცამდე მინისტრი ნება-ნება ვარჩიოთ?
ყველაზე მეტად კი ერთი რამ არ მომწონს ბატონი ლაშას იდეალიზმში – რაღაც ვერ ვიხსენებ, მას როდესმე ნაცმოძრაობის მიერ მთავრობაში დატრიალებულ კარუსელებზე, ან – მდგარდად გამოცხადებული მინისტრების უნარ-ჩვევებსა და მათი შერჩევის კრიტრიუმებზე კითხვები დაესვას…
რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ კარგია მეტი გამჭვირვალობა, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სამოქალაქო კონტროლი! მაგრამ იქნებ ჯერ ის მოგვეთხოვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გამომჟღავნებულ საარჩევნო გაყალბებზე მაინც პასუხი აგებინოს გამყალბებლებს (და თან არა ისე, როგორც ციხის წამების ორგანიზატორებს, რომელთაგან მთავარი ჯალათები უკვე ან საზღვარგარეთ გააცუნცულეს, ან ევრორემონტით მოწყობილი ლუქსებში გაამწესეს და ცივ ნიავს არ აკლებენ, როგორც ადრე გირგვლიანის მკვლელებს. გამონაკლისი მხოლოდ ის ორი პირია, ვინც ვიდეოები გადაიღო და გაავრცელა, მათი ბედი უცნობია!) და თავი დაანებოს პრეზიდენტის ხელით საკანონმდებლო თარეშს!
მე პირადად, როგორც იმერელ კაცს, რეალიზმი მიყვარს. და არ გამიკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილიც რეალიზმით იხელმძღვანელებს და არა ბატონი ლაშასათვის მისაღები იდეალიზმით. თან ბოლო წლებში ეს ნაცმოძური იდეალიზმი და ფასადური გაპლასტმასება ისე ამომივიდა ყელში, რომ ლამის სასიქადულო გერმანული იდეალიზმიც კი გადამიყვარდეს.
არაფერი ჯერ მოგებული არ არის!
ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის მხოლოდ აქამდე ყველაზე უმნიშვნელო დაწესებულება – პარლამენტი (სააკაშვილის ხელში – სანოტარო ბიურო!) წააგო, და იქაც კი უნდა ისეთი გაყალბებული რეალობა შეინარჩუნოს, რომ არაფერი არ დათმოს. აღარაფერს ვამბობს ისეთ მძლავრ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა სუპერუფლებებით შეჭურვილი პრეზიდენტი, უსამართლო სასამართლოები, სადაც ნებისმიერი შავით თეთრზე ნაწერი საქმე მაინც უსამართლოდ ტრიალდება, პოლიცია, პროკურატურა, ნაციონალური მედია, – ეს ყველაფერი ამ თავმოკატუნებული “ოპოზიციის” ხელშია, რომელსაც მე ვფიქრობ, ცოტა სხვა სახელი – “ობოზიცია” უფრო მოუხდებოდა – ტერმინოლოგიური აღრევის გამოსარიცხად! 🙂
ამიტომ, პირველ რიგში:
ა) მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს, ყველა გაყალბებულ უბანსა და ოლქში ხმების დაცვა და სასამართლო დავებში ყველა არსებული დოკუმენტის გამოყენება! არცერთი ადგილი არ უნდა დავთმოთ იმ ყალბი დაპირებების სანაცვლოდ, რომ თურმე გაკონსტრუქციებული ნაცმოძრაობა ყველაფერში ხელს შეუწყობს აქამდე ოპოზიციას და მალე კი მთავრობას! ეს არის ბლეფი, რომელსაც მხოლოდ იდეალისტების იჯერებენ, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, პალიკო კუბლაშვილი და გოკა გაბაშვილი უმწიკვლო თუ არა, სამართლიან პარტნიორებად მიაჩნიათ! ნაციონალური მოძრაობის მუქარები (ბაქრაძის და ბოკერიას მიერ გაჟღერებული), რომ ისინი კრიზისზე წავლენ, ამჟამად ძირითადად ბლეფია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი გაყალბებული მანდატი შეიხვილოფონ! აი, თუ გაუვიდათ, მერე კი ნამდვილად წავლენ დაპირისპირებაზეც და კრიზისზეც! როგორ წარმოდგიგენიათ, ნაცმოძრაობა თეა წულუკიანს, ან – თინა ხიდაშელს, იუსტიციის მინისტრად უშფოთველად და უდრტვინველად დაამტკიცებს?
ბ) სასწრაფოდ უნდა მომზადდეს სასამართლო რეფორმა დაჩქარებული წესით. ამაში უნდა ჩავრთოთ მსოფლიოს სხვა ანალოგიური გამოცდილების მქონე ექსპერტები. სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები სამართალს ვერ აღასრულებენ, ხოლო სამართლის აღსრულების გარეშე ქვეყნის გამოსწორება ვერ დაიწყება!
გ) სასწრაფოდ უნდა გადატყდეს წელში გებელსურ-პროპაგანდისტული მედიის ბატონობა ადამიანების გონებასა და ცნობიერებაზე. პარლამენტის პრიველივე სხდომაზე უნდა დავიწყოთ მედიის ახალი კანონის მიღება, რომელიც გაქსუებულ ცრუტელევიზების დაფინანსების წყაროებს აშკარას გახდის. ამის პარალელურად უნდა მოიხსნას უკანონო და დარკონული შეზღუდვები სატელიტურ თუ საკაბელო ტელემაუწყებლობაში რომელიმე ტელევიზიის ჩართვაზე. Must Carry – Forever!
დ) უნდა დაიწყოს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის როტაცია – ყველა ელჩი უნდა იყოს გამოწვეული (მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნით) და უნდა აღმოიფხვრას მანკიერი პრაქტიკა, როცა ელჩებად ხელისუფლებსის ახლობლები, უმეცრები და სულაც უზრდელი ხეპრეები ინიშნებოდნენ!
კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისათვის, რომ იდეალიზმის ფუფუნება მივცეთ თავს! რა თქმა უნდა, სამოქალაქო კონტროლი აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ ახლა ვინც მოვიდა, ამათზე კონტროლს ვაწესებთ და ადრე ვინც იყო, იმათ საქმეებს არ ვიძიებთ.
კუჭის კანონიდან – ჯოკერის კანონამდე
Posted: 2012/10/02 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: არჩევნები, არჩევნების შედეგები, ბიძინა ივანიშვილი, გაყალბება, დემოკრატია და პლუტოკრატია, ეგზიტ-პოლები, ზურაბ ხარატიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, საარჩევნო გარემო, ქართული ოცნება, ცესკო დატოვე კომენტარიჩემო მეგობრებო, საქართველოს თავდადებულო მოქალაქეებო! გუშინ თავისუფალო ხალხო!
მადლობა მინდა გითხრათ და თავი დაბლა დავხარო!
როგორც წინა ხელისუფლების ერთ დროს პრემიერი და აწ-დამწვარი ბანკირი იტყოდა: „მისმა უდიდებულესობა ხალხმა ილაპარაკა და ჩვენ შევისმინეთ!“
ჩვენ კი შევისმინეთ, მაგრამ ნინიას ბაღის – დემოკრატიად გამსაღებელ ავაზაკთა ბანდას შესმენამდე ძალიან ბევრი უკლია და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლა არ დამთავრებულა, უბრალოდ – გადამწყვეტ ფაზში შედის!
ჯერ მიმდევრობით.
როგორც სათნოდ სალათისფერმა და უბიწოდ თეთრმა ცესკომ აგვისახა რეალობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,197,000 ამომრჩეველმა, რაც თუ უაღრესად პატიოსან ასდუკ-ის ქურუმს – ასევე გამწვანებულ (პირდაპირ ხალიფატია, ნუ!) მამუკა კაციტაძეს დავუჯერებთ (მე – პას!) საქართველოს ამომრჩეველთა 3,613,851-იანი არმიის 60,7%!
მაგრამ ეს იყო პირველი რამ, რაც ცესკომ გვაჭამა! სცადა, რომ ეჭმია დაღლილი და ბედნიერებით დამთვრალი ხალხისათვის, მაგრამ გაბრაზებულზე უეცრად გადაგვივლის ბახუსი და სრული სერიოზულობით მინდა ვუთხრა მათემატიკოს ზურა ხარატიშვილს – არ ჩვენ ვართ ოროსნები, ბიძავ!
საქმე იმაშია, რომ საქართველოში ნამდვილად არ არის 3,6 მლნ ამომრჩეველი! არ ვიცი, ამდენი საერთოდ ადამიანი თუ ცხოვრობს დღეს საქართველოში. როგორც ამასწინ ბლოგისთვის („საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი, დასაკარგავი?“) მოვიძიე, საერთაშორისო ორგანიზაციების (UN, IOM, WB) მონაცემებით, საქართელოდან მიგრანტთა რაოდენობამ 2012 წელს უკვე 1,16-1.2 მლნ-ს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ სწორედ იმიტომ არ ჩაატარა 2010 წელს ჩასატარებელი მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა, რომ ქვეყანაში დარჩენილ და მიგრანტ მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი არ გამოჩენილიყო, თორემ ლაზიკის მაშენებელ ხელისუფლებას და მსოფლიოში რამის მე-16 ადგილზე გამოჭიმულ ეკონომიკას ფულის არქონა დააშინებდა? ამასვე ემსახურებოდა ზურაბ თარხნიშვილის და გრიგოლ ვაშაძის უდიდესი ტყუილი იმაზე, რომ თურმე საზღვარგარეთ (თუნდაც რუსეთის გარეშე!) მხოლო 42,163 ქართველი ამომრჩეველი ყოფილა!.
სიმართლე კი იმაშია, რომ ქართველ ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყანაში, ყველა ნორმალური და მიუმხრობელი გათვლით 3 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო სავსებით რეალურია, რომ სულაც 2,5 მილიონი იყოს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ნახეთ გუშინ საარჩევნო უბნებზე ხელჯოხებით და ყავარჯნებით მოსული მოხუცები, ინვალიდის კალიასკით მოქანებული ინვალიდები და ვეტერანები, ადამიანები, რომელთაც ალბათ სულ რაღაც ერთი თვის წინ შეუსრულდათ 18 წელი და უკვე ცნობისმოყვარედ და ამაყად მოჰყვებოდნენ თავიანთ მშობლებს და ბაბუა-ბებიებს, ვინც ნახეთ არა მარტო რიგები, არამედ ისიც, როგორ მთელი საქართველო, მოხუც-ახალგაზრდიანად და ჯანმრთელ-ავადმყოფიანად იდგა უდრტვინველად ამ რიგებში, იცით, რომ ჩვენ ბახტრიონზე მძიმე ბრძოლა მოვიგეთ და უკლებლივ ყველა, ვისაც სული ედგა ან ძლივს მაინც ეჭირა, ყველა იქ ვიყავით, რადგან ჩვენს უკან საქართველო იყო!
ანუ, ამომრჩეველთა აქტივობა არა 60,7% იყო, არამედ ჩემი საფუძვლიანი და ძალიან გონივრული ეჭვით – 73%-დან -88%-ს შორის მერყეობდა!
ახლა გავიხსენოთ საზღვარგარეთ მყოფი ის, მინიმუმ, 700,000 ამომრჩეველი, რომელიც უსინდისოდ გამოთიშეს არჩევნებიდან ამ ქართველთყლაპიებმა! საზღვარგარეთ კი არცერთ უბანზე ქართულ ოცნებას არ წაუგია: პარიზი – 60%, ნიუ-იორკი – 73%, ლონდონი – 75%, ბერლინი – 77%! გაამრავლეთ ეს პოტენციურ 700 ათას ამომრჩეველზე და მიხვდებით, რომ სავარაუდოდ ნახევარი მილიონი ხმა „კულტურულმა“ ვაშაძემ და მათემატიკოსმა ხარატიშვილმა უცხოეთიდან მოგვპარეს!
მოდით, ახლა ის გავიხსენოთ, რომ ყველა უბანზე 10-20%-ით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი მიიტანეს! ამ დროს, ბიულეტენთა რაოდენობა კანონით არ შეიძლება იყოს უბანზე სიაში არსებულ ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლები! ლოგიკით, პირიქით, ოდნავ მეტიც კი უნდა იყოს, რომ თუ ბიულეტენი შემთხვევით გაფუჭდება, უბნის თავმჯდომარეს ოლქსა და ცესკოში შიკრიკების გაგზავნა არ დაჭირდეს!
ხარატიშვილმა განაცხადა – ეს იმიტომ, რომ ხომ იყო სპეცუბნები და გადასატანი ყუთები, ამიტომ ძირითად საარჩევნო უბნებს ბიულეტენები პროპორციულად მოაკლდაო! დიდი ბოდიში, ჩვენო პითაგორავ თუ იბნ-სინავ, მაგრამ რამდენია სპეცუბნებზე რეგისტრირებული? არა მგონია, ძალოვნების რაოდენობა 100,000-ს აღმატებოდეს! + 24,000 პატიმარი + იმ დღეს გადასატანი ყუთის მოსურნე, დავუშვათ, – 50,000. ეს კი სულ 175,000 ბიულეტენია მაქსიმუმ. რაც სულ 4,8%-ს შეადგენს და არა – 10%-ს ან – 20%-ს!!!
გარკვეულწილად, ცესკოს საქციელში ლოგიკა არის!
ეს ის ლოგიკაა, რომ სინამდვილეში ვაშაძემ, კაციტაძემ, ხარატიშვილმა და მიშამ ხომ იციან, რომ ასდუკის მიერ „გაპრავებულ“ სიაში უცხოეთში მყოფი ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანია ჩაწერილი! ისიც, ხომ იციან, რომ მათი 95% იმ დღეს ვერ ჩამოვიდოდა სამშობლოში ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო! ჰოდა, მოაკლეს ამ დედუქციის დედა-ოსტატებმა ეს ხალხი და უბნებზე ბიულეტენები, სინამდვილეში, სწორედაც რომ მეტობით დაარიგეს! ამას ის ადასტურებს, რომ უბანზე ბიულეტენის დაკლების ფაქტი, მგონი, არ ყოფილა. ანუ სიაში კი იყო მეტი, მაგრამ ის მეტი არ მისულა მარტივი მიზეზის გამო – ვერც მივიდოდა, საზღვარგარეთაა! ამ ლოგიკით ჩემი დასკვნები დასტურდება – რომ ქვეყანაში 3,6 მლნ ამომრჩეველი ის ბლეფია, რომელსაც ცესკო, როცა უნდა სიმართლედ გვატენის, ხოლო როცა უნდათ, მშვენივრად იყენებენ სათავისოდ!
მაგრამ სინამდვილეში ამ გამყალბებლების (ბატონო ზურაბ, როგორც ვხედავ, მათემატიკოსები უფრო უკეთესი გამყალბებლები შეიძლება იყონ ხოლმე, სიყალბეზე იმუნიტეტი კი მათემატიკოსობაში არ ყრია) ნამდვილი მიზანი სულ სხვაა! ის დაბეჭდილი და სადღაც აორთქლებული ბიულეტენები, სავარაუდოდ 500 – 700 ათასი (!) არის ის მასალა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად ყალბდებოდა! სწორედ ამისთვის აგროვებდნენ მთელი წლები მასწავლებლები – მშობლების და საჯარო სამსახურის უფროსები – მოზრდილთა პირადობის მოწმობების ასლებს. პირადობის მოწმობის და მოქალაქეთა ხელმოწერის ნიმუშების ასლები აქვთ ყველა სადაზღვევო კომპანიაშიც, რომელნიც უპირობოდ და შეკითხვის გარეშე გადასცემდნენ ცესკოს ამ ფასდაუდებელ (და კონფიდენციალურ!) ბაზას, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქის მონაცემებია!
მაშინ, როცა ჩვენ ნაადრევად ვზეიმობთ, ნაცმოძრაობის სტრატეგების – მიხეილ მაჭავარიანის და ხათუნა გოგორიშვილის – მიერ დაქირავებულ კალიგრაფთა და ხელმოწერის გამყალბებელთა ათეულები და ოცეულები სავარაუდოდ სადღაც, რომელიმე სკოლის ან უნივერსიტეტის ოთახებში სხედან და ძალიან კონფიდენციალურ სამუშაოს ატარებენ – ასობით ადამიანის ხელმოწერებს აყალბებენ, რომ მერე უბნის ოქმები ამ ახალი საარჩევნო ყუთების ნაჩალიჩარ „შიგთავსს“ მიარგონ! იტყვით, უბნის ოქმის გაყალბება ძალიან ძნელიაო? „ძნელი“ შეუძლებელს არ ნიშნავს!
იტყვით, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?
არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი ფანტაზია ხომ თქვენი შემოქმედების ნაყოფია, საყვარელო ნაცმოძელებო?!!! ეს თქვენი განმუხურის და ხურჩის სპექტაკლების ნაყოფია, ეს თქვენი „მოდელირებული ქრონიკის“ ნაყოფია, ეს თქვენი ლაზიკის და ანაკლიის მირაჟების და გარედან გიპსოკარდონით და ბიაზით „შემოსილი“ შენობების ნაყოფია, ეს ლაფანყურის სისხლიანი დადგმული ტრაგედიის ნაყოფია! ეს არის სწორედ ხათუნა გოგორიშვილის, მიხეილ მაჭავარიანის, პალიკო კუბლაშვილის, ცრემლებამდე აღშოფთებული გოკა გაბაშვილის, კასტეტიანი „რაინდის“ პეტო ცისკარიშვილის, ყველაფრის გამპრავებელი ტუტუცის თეა თუთბერიძის, ტალანტი ურნალისტის – თამარა ჩერგოლეიშვილის, „უმანკოდ თვალებგაფართოებული“ ჩიორა თაქთაქიშვილის და მათი მთავარი ყალბისმქნელი სარდლის – მიხეილ სააკაშვილის მრავალწლიანი „მოღვაწეობის“ ნაყოფი!
არ მჯერა თქვენი, თქვე ოღრაშებო!
რამდენი დაგვიჯერებია, იმდენი მოგიტყუებივართ! რამდენჯერ არ დავიჯერე, იმდენჯერ ზუსტად მართალი აღმოვჩნდი, თქვე სუპერსიაფანდებო!
მაგრამ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც უფლებას მაძლევს ვამტკიცო, რომ ყველა ჩემი ეჭვი საფუძვლიანი და ლეგიტიმურია! – თქვენს მიერ უკვე გამოჩენილ ოქმებში ძალიან საინტერესოა, რომ ერთსადაიმავე უბანზე ხშირად ორ-ორი ბეჭედი ფიქსირდება, რაც კანონით დაუშვებელია! ეს ორი ბეჭედი სპეციალურად იმისთვისაა, რომ მერე ერთი – რომელიც საუბნო კომისიის ორიგინალურ ოქმებზე იქნება, ყალბად გამოაცხადოთ, ხოლო მეორე, რომელიც თქვენს მიერ ღამით შეთითხნილ ოქმებს დაამშვენებს – სწორუპოვრად და ლეგიტიმურად!
ძალიან ბევრ რამეზე კი გიფიქრიათ, ჩვენი სიყალბის გაუსებო და მიკი მაუსებო!
მაგრამ როგორც იტყვიან – и мы тоже не лыком шиты! – თქვენი გაკვეთილების წყალობით, ჩვენო „განმანათლებლებო“!
მიხეილ სააკაშვილის ღამეული გამოჩენა და „აღიარება“ სინამდვილეში მხოლოდ იმის აღიარება იყო, რომ მან ისე ვერ გაიმარჯვა, როგორც უნდოდა – 70%-ით!, თორემ ეს არ იყო დამარცხების აღიარება. ამ ფლიდობის გროსმეისტერს, ხვლიკის არ იყოს, კუდის შეტოვების ფანტასტიური უნარი აქვს! და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არაერთხელ მომსვლია, არის ის, თუ ან მისი ნიანგის ცრემლების გამო შემცოდებია ან როდესმე დროზე ადრე ჩამითვლია, რომ წააგო და ამას შეეგუა!
ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა ძალიან აშკარაა:
1) ყველანაირად ცდილობენ, რომ დღეს საღამოს ეუთოს მიერ დანიშნულ წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებამდე კრავებად და ანგელოზებად მოგვაჩვენონ თავი! მათიუ მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ეუთოს ODIHR-მა და სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დაწერონ, რომ „არჩევნები, მიუხედავად მრავალი გადაცდომისა და დარღვევისა, მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტებს!“ თუ ამ დასკვნას მოიპოვებენ, რასაც წინასწარი განცხადებით აშშ ადმინისტრაციაც უცვლელად გაიზიარებს, მერე ნაცმოძელ ყალბისმქნელებს რამდენიმეთვიანი ვადა ექნება, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება და ამ რამდენიმე თვეში ისინი მრავალ საზიზღრობებს მოაწყობენ, განსაკუთრებით ხმის დათვლაში და თუ საჭირო გახდა – განმეორებით არჩევნებში (მაგალითად, ხაშურის ოლქში, სადაც მიშას ტაქტიკამ უმტყუნა, გელაშვილის მიმართ ბოღმა ვერ მოთოკა და თავისი აფთრის სიფათი სრულად გამოავლინა!)
2) ზემოთხსენებული გამო დღეს საღამომდე, ხარატიშვილის კომისია ეცდება, რომ ყველა იმ უბნის პირველად დათვლით, სადაც ნაცმოს უპირატესობა აქვს, მართალია შეინარჩუნოს ქართული ოცნების 50%-ზე მეტი მაჩვენებელი, მაგრამ სულ უფრო მიუახლოვოს 50%-ს ნაცმოს ციფრი. ნახეთ როგორ იცვლება დინამიკა, როგორ თანდათან მცირდება სხვაობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის – 56-39(17%), 57-41(16%), 54-42(12%), 53.3-41.6(11.7%)-ზე!
3) ამავდროულად ხდება მასიური გაყალბება ყველა იმ უბნის პირველად დოკუმენტაციაში, სადაც ნაცმოძელებს იმედი აქვთ, რომ გაყალბება გაუვათ! არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან, მათთან ერთად იბრძვიან ნამუსგარეცხილი და საბოლოოდ ლუსტრირებული ლეიბორისტები, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები! მათ ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ახლა, როგორც ჭეშმარიტი კოლაბორაციონისტები, საკუთარ მეტ-ნაკლებად „უზრუნველ“ მომავალს ისევ ნაცმოს გამარჯვებაში ხედავენ! ქრისტიან-დემოკრატებს ჯერ კიდე არ დაუკარგავთ იმედი, რომპატარკაციშვილის გაყიდვის და „იმედის“ ჩაბარების ღვაწლს მიშა არ დაუკარგავთ და ბოლო მომენტში სანუკვარ 5%-მდე აქაჩავს ხარატიშვილი! ეს მართლაც არაა გამორიცხული, თუ ნაციონალების მიმართ კრიტიკა და გამოსვლები სერიოზულად დაემუქრება არჩევნების გაყალბების მათეულ სქემას და ისინი, საკუთარ უცოდველობას ქდმ-ს უეცრად მაღალი პროცენტით ახსნიან!
4) თუ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია (სხვები არ ვიცი, რას იზამენ, სავარაუდოდ IRI ასევე მიშასთვის მისაღებ დასკვნას დადებს, NDI – არა მგონია!) დღეს იმ დასკვნას დადებს, რაც მიშას მანქურთებს ხელებს გაუხსნის – ტერორი ახალი ძალით არის მოსალოდნელი! ხაშური მერე შეიძლება ყველგან განმეორდეს!
5) დააკვირდით ყველა იმ უბნებს, სადაც ეგზიტპოლით „ქართული ოცნება“ შთამბეჭდავად იგებდა: ყველგან იდება მხოლოდ რამდენიმე უბანი (თუმცა პრობლემა არ იყო, უკვე მთელი ოლქიც დაედოთ იქ, სადაც მოსახლეობა მცირერიცხვოვანია!), რომელშიც ეგზიტპოლის შედეგების გაბათილებას ცდილობენ – მარტვილში მურთაზ ხურცილავა, რომელსაც ეგზიტპოლში 82%-მდე ჰქონდა, თურმე აგებს 20 წლიან მარადიულ მაჟორიტარ, კორუფციის სიმბოლო ნაული ჯანაშიასთან! აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიას სულ უფრო გაუარესებულ მაჩვენებელზე ახალაიების ბანდის მთავარ სათარეშოში! არსებობს მინიმიუმ ერთი საუბნო ოქმი ზუგდიდში, სადაც გაყალბება აშკარაა: უბანზე ალასანიას აქვს მიღებული 83 ხმა, ხოლო როლანდ ახალაიას – მხოლოდ 15, რომელსაც მერე წინ, უკვე გადახაზულ უჯრაში მსხვილად მიწერილი 3-იანი 315-ად აქცევს!
განსაკუთრებული წნეხი მიდის გარდაბნის ოლქზე (სადაც მამუკა არეშიძის დაძირვის ბრძანება აქვს ხარატიშვილს, რადგან არეშიძემ ლაფანყურის შემზარავი დანაშაულის დეტალები ძალიან კარგად გაშიფრა!), ახმეტაში ( სადაც ცისკარიშვილისთვი ზვიადაურთან წაგება, ნაცმოს აზრით – არ უნდა დაუშვან), თეთრიწყარო (სადაც ბეჟუაშვილის დახარჯულმა ფულებმა მართლაც გამოიღო რაღაც შედეგი, მაგრამ თუ სამართლიანობა იზეიმებს, მან უნდა წააგოს), ტყიბულზე, სადაც პალიკო კუბლაშვილის გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარს ნაცმოძრაობა, წყალტუბო, სადაც წარმოუდგენლად განსხვავებული ციფრებია წარმოდგენილი ცესკოდან, რომ ნაცმოძრაობის ძველმა ბიჭმა კაკოია ბობოხიძემ პაატა ზაქარეიშვილს მოუგოს, რომელსაც ხელისუფლება ორგანულად ვერ იტანს აფხაზეთის საკითხში ხელისუფლების მრავალი უსინდისობის გამოაშკარავების გამო, ჩხოროწყუ – ლევან იზორიას მიმართ შსს-ს განსაკუთრებული აქტივობა ახასიათებს…
მოკლედ, მგონი, ნაადრევი იყო ის ზეიმი! ახლა საჭიროა თითოეული გაყალბებული ოქმის იურიდიულად დასაბუთება! საჭიროა იმ ფოტოგადაღებების შედარება იმასთან რამდენი ხმაა იმ უბანზე დაფიქსირებული, საჭიროა ართოდ გაპიარებული ფეისკონტროლის კომპიტერული პროგრამის მიერ რაიმე რეალური და კარუსელის დადასტურება, დაბოლოს საჭიროა ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი!
თუ ის ტენდენცია და მაჟორიტარების ის ხმები, რაც ახლა იდება და სულ უფრო ძლიერდება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, შენარჩუნდება, მაშინ გამოვა, რომ ქართულ ოცნებას არამცთუ 2/3, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი ვერ ექნება პარლამენტში და მხოლოდ 65-70 მანდატს თუ მიიღებს, ანუ ნაცმოძრაობა უფრო ახლოს შეიძლება იყოს 2/3-დან 80-85 ხმით!
და თუ ვინმეს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მასალები აქვს, სისულელე იყო მოცდა და ყოყმანი! უნდა გვეჩვენებინა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა, რასთან და ვისთან აქვთ საქმე! და სისულელე იყო თვალის დახუჭვა იმ ასობით ნაცკოორდინატორის მიმართ, რომლებიც მთელი დღე აქტიურად აშინბდნენ უბანზე ძალით მოჰყავთა დაშინებული ამომრჩევლები! საჭირო იყო თითოეული მათგანის დაფიქსირება, და არჩევნების პორტალზე ამ იუდების სურათების დადება, სწორედ მათი წყალობით შეიძლება ქართველი ხალხი ისევ მოტყუებული დარჩეს!
მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა კუჭის კანონი – ისევ ის ბითური და მამაძაღლია, როგორიც იყო!
და ასევე დაგვიდასტურა ჯოკერის კანონი – გასახიშტი უნდა გაიხიშტოს და შესატენს უნდა შეეტენოს! A la guerre com a la guerre!
როდესაც შენს ათასობით დამკვირვებელს მისთვის ოფიციალურად გაცემულ ბეჯს სპეციალურად არ აძლევენ, როცა უბნებზე დაკვირვების საშუალება და გადაღება შეზღუდულია, როცა დამკვირვებელ ქალბატონს ბეისბოლის ბიტით ფეხებს უმტვრევენ, როცა ათობით მანქურთი 9 შვილის მამას – დამკვირვებელ მღვდელს ურტყამს, როცა სპეცნაზი ყუთებს იპარავს, და რეზინის ტყვიებს ესვრის მოსახლეობას, როცა მამაოს მშვიდობიანი პროტესტისათვის იარაღს ადებენ, და როცა არჩევნების წინა პერიოდში დარღვევის და უთანაბრობის ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როცა მთავარ კონკურენტს მოქალაქეობა წაართვეს და არ მისცეს, როცა მილიონობით ლარი უკანონოდ წაგლიჯეს და თავისი ბინძური კამპანია აფინანსეს, როცა ათასობით ადამიანს უკანონოდ და პოლიტიკური საფუძვლით ყადაღა დაადეს, როცა იმ ციხის ვიდეოებით გვანახეს, რა გველოდება, თუ მათი ნების და სურვილის წინააღმდეგ წავალთ, როცა ლაფანყურში სისხლიანი ტრაგედია მოაწყვეს, როცა მილიონზე მეტ სამშობლოდან წასდულ ადამიანს ფაქტიურად მოქალაქეობა აჰყარეს და უუფლებოდ დატოვეს, როცა ძალადობდნენ ქალებზე და ბავშვებზე, როცა იგონებდნენ აბსურდულ ფაბრიკაციებს, როცა ხან რუსის დამქაშები ვიყავით თურმე და ხან – კანონიერი ქურდების ნატრულნი, როცა არცერთი ბანერი არ გვაღირსეს, როცა მხოლოდ 60 დღით დაუშვეს თავისუფალი მედია, რომ ისევ გებელსის პროპაგანდაში და გაფერადებულ “ცხოველების ფერმაში” შეგვაბრუნონ ისვე, როცა ადამიანები დაიჭირეს და დააშინეს სატელიტური თეფშების დამონტაჟების გამო, როცა ურნალისტების გარდა – ურნალისტების ზონდერბრიგადებიც შექმნეს, როცა ყველაფერი იკადრეს, რაც საქართველოში არასდროს არავის უკადრია – არ შეიძლება! არ შეიძლება ადამიანის სახის მქონე ამ ცოცხიან სადისტებს ეს “გამარჯვება” გავუპრავოთ და შევარჩინოთ!
თუ არ გინდათ, რომ ხალხის ენთუზიაზმი ნიჰილიზმად იქცეს (უკვე მერამდენედ) – ეს პირველი დღიდან ბოლო წუთამდე გაყალბებული არჩევნები ქართველი ხალხის საზიზღარ მტერს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – არ უნდა მოვაგებინოთ!
ხომ ვიცით, რომ ეს უბრალოდ წაგება კი არ იქნება, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამუდამო გაპრემიერება!
ხომ ვიცით, როგორ სისხლში ჩაგვახრჩობს ეს მოლოქი, რომელსაც აქამდეც არ აკლდა ჩვენი სისხლი! როგორ დაანგრევს საქართველოსაც და ქართულ ოცნებასაც!
ბატონო ბიძინა, ველით თქვენს გადაწყვეტილებას!