ოქროს ძაფი – ლანა ღოღობერიძისგან


Lana

ამ კვირაში ტელეიმედზე თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ შემოგვთავაზა ინტერვიუ ლანა ღოღობერიძესთან. და გამახსენდა ჩემი თავისთვის მიცემული პირობა – რომ ლანას ბოლო ფილმზე უნდა დამეწერა. ის რაც პრემიერის შემდეგ ვიგრძენი და ის რაც ყოფიერების მონოტონურმა რუტინამ მიმავიწყა…

დეკემბერში ბევრს გვქონდა ბედნიერება გვენახა ქალბატონ ლანას ახალი ფილმი „ოქროს ძაფი“. ერთდროულად მძიმე და იმედიანი, დამაფიქრებელი და ამაღელვებელი, ტრაგიკულ წარსულს რომ გვახსენებს და ამ ტრაგიკული წარსულის ჭრილობების მალამოსაც რომ გვთავაზობს – ადამიანურ ურთიერთობებს – სწორედ იმ ადამიანებს შორის, ერთმანეთს რომ საკმაო ტკივილი მიაყენეს და რაღაც მომენტში, იქნებ ბედი დაუმახინჯეს კიდეც… გვაფიქრებს იმაზე, რა ცუდია მონსტრი სისტემის ჭანჭიკობა და იდეოლოგიური მანქურთიზმის ტყვეობაში მოხვედრა, და იმაზეც, რომ გამოსავალი აქაც არსებობს, თუ ადამიანს, რომლის აზრები არ მოგწონდა და ამის გამო ბლოკავდი, მაინც ნიჭიერ ადამიანად მიიჩნევდი და არა ხალხის მტრად, თუ როდესმე მაინც მიხვდები, როგორ დააშავე, რომ გააშავე და ფრთები დაუმტვრიე, და არა მარტო მიხვდები ამას, არამედ მოახერხებ, რომ შენი ძველი ცოდვები გამოისყიდო და ისე გაამთელო თითქოსდა და უიმედოდ დაბზარული სული, როგორც იაპონელები ამთელებენ ძვირფას გატეხილ ჭურჭულს – ოქროს ძაფით… და ეს ოქროს ძაფი, სწორედ ადამიანური ურთიერთობებია…

რეჟისორის და სცენარის ავტორის (ქალბატონი ზაირა არსენიშვილის) პირადი ტრაგედიები არ იძლევა იმის საბაბს, რომ ვიეჭვოთ, თითქოსდა მათ პრინციპები აკლდათ, თითქოს მათი ეს ნუთუ-და მიმტევებლური დამოკიდებულება სასტიკი რეჟიმისადმი, რომელმაც ბასრი ცელით დაუნდობლად მოცელა  მილიონობით ადამიანი, და ზოგჯერ მათი საფლავებიც კი არ დაგვიტოვა, აძლევს მათ საშუალებას თქვან ფილმის ლეიტმოტივად აღებული ფრაზა: რომ ადამიანური ურთიერთობებია უმთავრესი და არა ე.წ. პრინციპები. აბსურდია ეს ეჭვი, ლანა ღოღობერიძე (და ზაირა არსენიშვილი!) ვერასდროს აპატიებდნენ სისხლიან რეჟიმს და მის „შემოქმედებს“ მათ ნამოქმედარს. მთავარი სხვაა, რომ არა მარტო მათ – ბავშვობაში თავზედაცემული ტრაგედიით, არამედ ლანას დედამ და მისი თაობის იმ მრავალმა ადამიანმა, ვინც მრავალწლიანი საშინელი გადასახლებებიდან დაბრუნდა – შეძლეს თითქოსდა შეუძლებელი, – ისინი არ განადგურდნენ, ისინი არ გაბოროტდნენ, ისინი არ იქცნენ სახლში ჩაკეტილ, დეპრესიის მსხვერპლ მარტოსულებად, მათ მოახერხეს საკუთარი ტალანტის გამოყენება, ადამიანებთან თანაშემოქმედება, სულაც ახალი პროფესიების ათვისება… იმიტომ, რომ საშინელმა სისტემამ ვერ ჩაკლა მათში მთავარი – ადამიანისადმი რწმენა, ადამიანური ურთიერთობების სურვილი და ამან გადაარჩინათ კიდეც. რადგან ადამიანი კვდება, როცა ურთიერთობებს მარტოსულობას ამჯობინებს, ხოლო ადამიანური ურთიერთობები, ეს სწორედ ისაა, რაც ყველა წამალზე უკეთ ებრძვის დეპრესიასაც, ინსულტსაც და ალცჰეიმერის დაავადებასაც კი… ადამიანური ურთიერთობები აჩერებს სიბერესაც, და ასაკი ვერ ძლევს სიყვარულს… სიყვარული კი – თუნდაც ასეთი უცნაური დისტანციური, სატელეფონო რომანი – ისეთივე ცოცხალი, ფერადი, და ზოგჯერ გადარეული, თუ სასაცილოც კი, შეიძლება იყოს ხაშიშესულ ასაკშიც. თითქმის ისეთივე, როგორც ფილმის ხანშიშესული გმირების თვალწინ, იტალიური ეზოს მოპირდაპირე ლამის სცენაზე – ახალგაზრდა ოჯახში, სადაც პრობლემები არანაკლებია, ხოლო იმის გარანტია, რომ ისინიც ისე ძლიერები არიან და დაამარცხებენ პრობლემებს, როგორც ეს რევოლუცია-შიმშილ-ტერორ-ომ-ტერორ-შიმშილ-ომ…- გამოვლილმა თაობებმა შეძლეს, სამწუხაროდ არ არის… თუმცა იმედი არის, ბებოების იმედი – შვილიშვილის თაობა და ისევ ის, რომ ადამიანური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ მომკვდარა…

მაგრამ რა გვჭირს – დაპირისპირება, შუღლი, გააფთრება, არმიღება, მტრად გამოცხადება – რატომ გვღრღნის ახლა ასე ძალუმად, კითხულობს რეჟისორი თავის ფილმშიც და თამარ ცაგარეიშვილის გადაცემაშიც და მართლაც, რა გვემართება? ნუთუ „ჩვენივე თავის ყუდნების“ საუკუნოობით ნანატრი ოცნება მხოლოდ ოცნებად იყო სანუკვარი და პრაქტიკაში კი ჩვენს ერთურთზე გადამტერებას დაუდო სათავე? ნუთუ მგელკაცასავით ალაგესთან დადარაჯებული მტრის მუდმივი სიახლოვეც არაა საკმარისი იმის მისახვედრად, რომ ჩვენი გადარჩენა იმაშია, თუ ერთმანეთთან რაიმე ახლობლობას ვიპოვით და ნელ-ნელა დავიწყებთ (უფრო ჭკვიანები – უფრო პირველად!) ადამიანური ურთიერთობების ოქროს ძაფით დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზევე ძმათამკვლელი ომის ცოდვებით დამსხვრეული საზოგადოების ამჟამად მაინც გამთელებას? ნუთუ ჩვენი ეს საოცარი თვისება, მამარდაშვილის თვალით დანახული „მხიარული ტრაგიზმი“ გაქრა და ნიჰილიზმის და საბოლოოდ ერთურთ-განადგურების აგონიამდე მივალთ?

ფილმში უამრავი ციტატაა ჩათესილი – სწორედ იმ ხელოვანთაგან, ვინაც სისტემის მსახვრალი ხელი იგემა და ისევ იმ ლეიტმოტივისკენ მიმართული, თუ როგორ გადაურჩე განადგურებას – ადამიანური ურთიერთობებით. და ფილმი, როგორც პრემიერაზე თავად ლანამ თქვა, ეძღვნება იმ სამ დიდებულ შემოქმედს, ვისთვისაც ის გედის სიმღერა აღმოჩნდა გარდაცვლების შემდეგ ხელახლა აღმოჩენილ ზაირა არსენიშვილს, მაესტრო გია ყანჩელს, და გურანდა გაბუნიას, რომელიც საოცრად დამაჯერებლად თამაშობს და მისი გმირის მიმართ თავდაპირველად გაჩენილ ამბივალენტობას ბოლოში დამსახურებულ თანაგრძნობად აქცევს. სრულიად ბრწყინვალეა ნანა ჯორჯაძის თამაში და მისი დისტანციური დუეტი მოხუცებულ და სავარძელს მიჯაჭვულ ზურა ყიფშიძესთან. საერთოდ, ზურა ყიფშიძის დაბრუნება, მგონი, მდინარეში მეორედ და წარმატებულად შესვლაა რეჟისორისთვის – იგივე მსახიობი ლამის 50 წლის შემდეგ – მისი პირველი “როცა აყვავდა ნუში”-დან ამ მეორე, პირად პრიზმაში გატარებულ ინტერვიუმდე ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხებზე…

ფილმის შემდეგ დარბაზში იყო ტაში და დამძიმებული ფიქრი ადამიანებისა, რომელთაგან ბევრი ამ ბოლო წლებში პოლიტიკური მდინარის სხვადასხვა მხარეს იყვნენ და იქნებიან ალბათ კიდეც და რომელთაც კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რა იყო ჩვენი დიდებული რეჟისორის 27-წლიანი პაუზის შემდეგ ამ (თანამედროვე სტანდარტებით, ერთგვარად Adagio და non-action) ფილმის გაკვეთილი… სწორედ იმ დროს, როცა ყოველ საღამოს სხვადასხვა ტელევიზიით (ქანცგაწყვეტილი ცხენების დოღს – არადა,) იმიჯგახუნებული ცნობადი სახეების კრივს გვანახებენ, სადაც გონებადამჯდარი და არგუმენტირებული კამათი უხშირესად წესებგარეშე ბრძოლას, კივილისა და შეურაცხყოფის რაუნდებს ჩაუნაცვლებია… როცა 15 წლის უბედური ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ შეძრწუნებულ საზოგადოებაში, ტრაგედიის გამო ჩუმი ერთიანობისა და ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, ისევ ორი მიმართულებით ტალახის სროლაა და იმის დადგენაზეა შეჯიბრი, სკოლამ უფრო დააშავა, თუ პოლიციამ და გამომძიებელმა… როცა კვირა ისე არ გავა, ოჯახური ძალადობის ახალ საშინელ შემთხვევას არ დავეწაფოთ დაზაფრულები… როცა ათეულათასობით ჩვენი თანამოქალაქე (ძირითადად – ქალები!) უცხოეთში გადახვეწილა ოჯახების გადასარჩენად… ხოლო ჩვენი ბავშვების სულ უფრო მზარდი მასა ეფლობა ინტერნეტ-დამოკიდებულების, ინტერნეტ-კაზინოების და სისასტიკის ტირაჟირებით გამორჩეულ ონლაინ-თამაშებისა და იმ სერიალების მორევში, რომელთა რიტმიკა სულაც არ არის ადაჟიოსავით ნელი და სადაც მსხვერპლის თვლის ავტომატური სისტემები ზუსტად მოგახსენებენ, რამდენი ათასი ადამიანი განადგურდა ბოლო სეზონის ბოლო სერიაში…   სწორედ ამ დროს გვმართებს ერთმანეთის ჩარეცხვაზე თვითგამანადგურებელი ინსტიქტების მოთოკვა, და ადამიანური ურთიერთობების ოქროს ძაფით საზოგადოების თანდათან გამთლიანებაზე ფიქრის დაწყება…

მადლობა ქალბატონ ლანას, თავისი თაობის და ოჯახის პირადი ტრაგედიიდან არა მარტო საშინელება რომ გამოიტანა დასკვნად და გაკვეთილად, არამედ გადარჩენის ფორმულაც რომ მოგვცა წამლად… წინასწარ მადლობა იმ ხალხს, ვინც ამ გაკვეთილის სწავლას მოინდომებს და დარბაზიდან გამოსული არ დაივიწყებს… თორემ, სხვანაირად, რა ვართ ჩვენ, რომ ისტორიამ ვერ გაგვწიროს, თუ თავად ვიქნებით მცონარენი, ემპათიისაგან დაცარიელებულები და დაცალკევებულები? ვინ მოგვივლის და გაგვიყვანს სამშვიდობოზე, თუ მუდამ სხვის იმედად დავრჩით და ერთმანეთს მხარი არ მივეცით?

ოქროს ძაფი-3ქალი