აქა ამბავი მიშ-ვარ-დინ შუქურ-სულთანისა
Posted: 2010/07/31 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი %(count)s კომენტარი
ზაზაეთის სამეფოსა (სხვებნი „ზაზაზაეთსა“ უხმობდნენ სამეფოს მასსა) მოევლინა მპყრობლად საჭისა ყრმა უწვერული და დაუდეგარი, რომელსაც მიშ-ვარ-დინად იცნობდნენ და რომელსაცა მისმა ყონაღმა და ზღვისრეთის დიდმა მმართველმა – ბუშ-დარ-დინ II-მ – “შუქურ-სულთანი” უწოდა, ნამეტნავი აღფრთოვანებისა ჟამს. რაიცა სახელი შემორჩა სულთანს მაშინაც, როცა სამი გირვანქა ბასმა აღარ ჰყოფნიდა მისი შევერცხლილი კულულების საკვირაო ღებვებს…
ცხოვრობდა სულთანი ქალაქ ბითლისს, ავლ-ჰაბრის უძვირფასეს სასახლეში, რომელსაც ურიცხვი ურჩხული, სპილო და გრძნეული იცავდა და რომლისა ფსკერსა ქუეშე მოკუდინების და მიპყრობის წინასწარმეტყველებითა შეშფოთებულმა მიშ-ვარ-დინმა ათორმეტი საპალნიანი აქლემის გვერდისგვერდ დამტევი გვირაბი საიდუმლოდ გაათხრევინა, რამეთუ არავის არაი სცოდნოდა გვირაბის ხვრელთა ადგილი და გამოსავალნი. თუმცაღა იმას კი უბნობდნენ ბითლისის მკვიდრნი, რომ ყოველ კვირას ლამაზმანთა ჯგუფს ატარებდნენ გვირაბსა ამას შიგან სულთნის ძილის-ვაზირები, რაითა ომგადახდილის რისხვა და კაეშანი გაექარვებინა დიდ სულთანს და ლამაზმანებისთვის აღმოხდენილი კვნესით შეეშრო ბრძოლის ველზე დადენილი ცრემლი. ჰოდა, როცა ლამაზმანთა მათთა რიცხვმა ხუთასს მიაღწია, ქალაქში სახლი არ დარჩა, სადაც ბავშვმაც კი არ იცოდა გვირაბის იმის საიდუმლო ხვრელნი…
როცა გამეფდა და წინამორბედი – სულთანი ბეიაზ-ტილკი – ტახტიდან შეჩვენებით ააყენა, ხოლო მერე ლომთადარი ასლან-ბეიც ფასკუნჯშემჯდარი გააქცია ქათქათ-ბათომიდან, ხალხი მის სულს ფიცულობდა. მის სურათებს შაოსანი დედაკაცები კოცნიდნენ, მის სახელს ბიჭს და გოგოს განურჩევლად არქმევდნენ, მასზე ლეგენდებს თხზავდნენ, – როგორ ლაპარაკობდა ერთდროულად ათორმეტ ენაზე და აგრილებდა ერთ ღამეში ათორმეტ ასულს და ჩრდილოეთის სამეფოს მეფეს მისი და მისი ხერხემალ-ვაზირის შიშით ღამით ყვირილით შეღვიძება დასჩემდა, ოტებულს. გმირი იყო ახალგაზრდა სულთანი და ურყევად ბედნიერებისკენ მიაცურებდა ზაზაზაეთის მომავლის ხომალდს.
სწორედ მაშინ იყო, ზღვისრეთის დიდმა მბრძანებელმა როს დაადგა ფეხი ბითლისის მიწას და ზაზაზაეთს – აყვავება, ხოლო მიშ-ვარ-დინს – “შუქურ-სულთნობა” განუჭვრიტა. ხალხმა ირწმუნა, რომ არა იყო რა ცის კამარის ქვეშ არაფერი, რომელსაც გმირი სულთანი ვერ შესწვდებოდა… მაგრამ პარასკევი იყო ის დღე, ავაზის ავი დღე და ნეკზე ფრჩხილის მოჭრა ცუდად დასცადა მიშ-ვარ-დინმა…
მას მერე არ ეპუებოდა და არ უსმენდა არავის.
იმ დღის მერე ირწმუნა, რომ ღმერთი იყო თავად და ღმერთი კი – მისი მოციქული იყო ცაში. მაშინ გადაწყვიტა, რომ წინა სულთანზე უფრო დიდი მფრინავი ფასკუნჯი შეეკვეთა და მასზე ხშირად დაეკეტა გზები, ხოლო ხალხი ფეხებზე დაეკიდა, რითაც საკუთარ უძლეველობას განამტკიცებდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ ბრძენის რჩევის დაჯერება სიგიჟეა, ხოლო ბრძენთა და სწავლულთა ჩარეცხვა – ჩაუქი საქციელი. სწორედ მაშინ, ამ სიტყვების ჯერ კიდევ ლოცვად აღვლენამდე ირწმუნა, რომ ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა წინ, რადგან “მიშ-ვარ-დინი – მაგარია!”. ეს შეძახილი მერმის ჰიმნად და ლოცვად აქციეს და ემუძინი დღეში ექვსჯერ გასძახოდა მთელი ქალაქის დასაზაფრად.
გასულთნებიდან უმალ ჯერ მტრები და შორებელნი გაფცქვნა. მერმე ისინი, ვინც რჩევის მიცემის გამო მტრებად ჩათვალა. სულ უფრო დაუნდობელი ხდებოდა და ზონდერსპასპეტებს და მათ ჩაფრებს ავალებდა ამათუიმ ხალხის ცემასა და დაშინებას. ბოლოს საკუთარი მასწავლებელი მოაკვდინა და შვებით ამოისუნთქა, რადგან მასწავლებელმა ხომ ნაღდად იცოდა, რომ ჭკუით ჯერაც ყრმა იყო და მოქმედებით – უწვერული…
ირგვლივ ისეთი ხალხი შემოიკრიბა, რომელთაც არცა სიბრძნე გააჩნდათ და ნამუსი – კიდევ ნაკლები. მოიკრებდა გვერდით ამათთა და მთელი ქვეყნის გასაგებად ამირსპასალარს უხსნიდა, როგორ უნდა მოეგო ომი, მეჭურჭლეთუხუცესს – როგორ უნდა ემრავლა ოქრო და მარგალიტი, სოვდაგრებს – როგორ უნდა ევაჭრათ, გუთნისდედას – როგორ უნდა ეთესა, ბრძენთ და სწავლულთ – როგორ უნდა ესწავლათ და ვარსკვლავებისთვის ეცქირნათ, ხოლო ყადის – როგორ ექმნა სამართალი. ვინაც მდუმარედ თვალებში შესციცინებდა და მის ფერხთა მტვერს ჰკოცნიდა, იგინი ააყვავა და ფეხმარდი შავი ჯორები მრავლად უფეშქაშა, ხოლო ვინ არ იკადრა მლიქვნელობა და ფერხთა ლოკვა, ისინი განუტევა კარის მსახურებისგან და ულუკმაპუროდ აქცია. მისებრ უწვერული და განსაკუთრებით უმწიფარი ყრმები და ასულნი მოსწონდა ვაზირებად. აქებდა განუზომლად და ეგეთი სიტყვებით – “შეუდარებელი”, “უპირველესი”, “საუკეთესო”, “ბრწყინვალე”… იმათაც ეჯერის და სახლებში რომ მიდიოდნენ დღიურებში სწერდნენ – “დღეს სულთანმა ბრწყინვალე მიწოდა”… მერე ახალ სასახლის მშენებლობას იწყებდნენ და ცოლი მოჰყავდათ (ან – თხოვდებოდნენ). ასე გადიოდა ცხოვრება. თუ განრისხდებოდა სულთანი და განაგდებდა ვაზირობიდან – მერე სასწავლებლად მიდიოდნენ ზღვისრეთის ქვეყანას ან გულანშაროს… ცხოვრება მაინც გადიოდა…
ყველაფერი ოქროსი უნდა იყოსო და თავისი სასახლე ოქროთი დააცურვინა სულთანმა, ხოლო მშიერ ხალხს ოქროსფერი რახათ-ლუქუმი დაურიგეს რამადანზე სულთნის სახელით. ჯარი და მსტოვრები ამრავლა და ყველას ყურისმგდებელი მიუჩინა. ცრუ-ფილოსოფოსებს და ცრუ-ჟამთაღმწერლებს ზღაპრები დააწერინა და ხალხს ამა ზღაპრებს უკითხავდნენ სულთნის ურნალისტები, ქაჯნი და ალქაჯნი. მათი მოსმენა მსმენელთ თრიაქივით აბრუებდა და მართლა იჯერებდნენ ამ საოცარ ზღაპრებს. და აღარ იჯერებდნენ ცხადს. საკუთარ ვაზირებს საკუთარი ხარჭადყოფილნი ცოლებად დაუსვა და ქმრებზე მსტოვრობაში ლალი და იაგუნდი გაუჩინა. სკოლებშიც მსტოვრები და ჩაფრები ამრავლა. ხელოვანი ხალხი ან მოისყიდა, ან განუტევა კარისაგან და ჩრდილოეთის სამეფოს ჯაშუშებად შერაცხა.
ჯერ საკუთარ ხალხს ეომა და გამეტებით სცემა. ხალხმა რომ სიძულვილის სახე აჩვენა, მერე გარეშე მტერს ეომა ხალხის გულისმოსაგებად და შენძრეული შუქურობის დასამტკიცებლად.
ერთხელ იომა. მაგრამ ისე, რომ ქვეყანა წელში ვეღარ გაიმართა. სოფელი თხინვალა აიღო ერთი დღით და კინაღამ ბითლისის დატოვება მოუწია სამუდამოდ. ყველაფერი დათმო და ისეთ ფირმანზე დაუსვა ბეჭედი, რომელიც ვერცა გამოაჩინა. მაშინ დამთავრდა მისი შუქურობა და დაეწყო შიში ჩრდილოეთის მეფისგან შეპირებული დაკოდილობისა… ჯარი დაშალა და კარის ჯალათი სპასპეტად დანიშნა. ესე უბრძანა – ეგენი მტერთან საბრძოლველად აღარ წურთნო, მხოლოდ ხალხთან საბრძოლველ ჩაფრებად ამზადეო…
დიდძალი ოქრო დახარჯა – ათასებს ჰყიდულობდა, რომ მერე მათი გრძნეულებითა და ფლიდობით მილიონები მორჩილებაში ჰყოლოდა. თუმცა გრძნობდა, ოქრო თუ შემოელეოდა, საკუთარი ნაგაზებივე დაგლეჯდნენ, ირმის ხორცს დაჩვეულები. ერთი წელი პარიად იქცა, არავინ უძახოდა სტუმრად და არც არავინ ეწვეოდა ნადიმად და სანადიროდ, ან საქვეყნო საქმეზე. თრიაქს მიეძალა. გადასახადის ამკრებთ უბრძანა, ყოველი მათხოვრისგანაც კი აეღოთ ხარკი, ყოველი ქვრივ-ობოლი გაეყვანათ ბეგარაზე. მუქარა დაუწყო მოკავშირე მეფეებს, მომხედეთ, თორემ თქვენს მტრებს დავუმეგობრდები და თქვენს საიდუმლოს გავანდობო…
ახლობელთაგან აღარავის ენდობოდა, რადგან ახლა უკვე ისინი ჰყავდა მტრებად, ვინც გუშინ გვერდით ედგნენ. და გრძნობდა, რომ ვინც დღეს გვერდით ედგა, ზეგამდე მტრებად გაუხდებოდნენ ისინიც.
ნეკერჩხლის ქვეყანაში ნანახი ორი ლამაზი მხევალი ჩამოიყვანა და სულ მათ ქებაში და დიდებაში იყო – ნახეთ რა ლამაზები და ჭკუიანები არიან, ეგენი ააყვავებენ ჩვენს ქვეყანასო. ერთს მეჭურჭლეთუხუცესობა უბოძა – მაგან კარგი შეფუთვა იცისო და ჭურჭელი არ გაუტყდებაო. მეორე უცხოელ სტუმართა გართობის სპასალარად უნდოდა ეკურთხებინა. “სულთნის გაბრწყინების საწმერთულის ორდენი” დააწესა და ბოროტი ხმები ამბობდნენ, სწორედ მაგ მხევალთა საწმერთული ჰქონდა ნიმუშადო.
საოცარი ბედის გამონათება მოევლინა უცებ – ზღვისრეთის ახალი მბრძანებლის დიდვეზირი ეწვია, მერე სხვა მეფეების ვეზირებმაც იწყეს მოდინება. შემაქის შაჰიც ესტუმრა ბითლისს თავად და ნანატრ ოქროს დაჰპირდა, ოღონდ შენ გზები მომეციო და როცა გზაც ერთი გვექნება, გავერთიანდეთო. მომძლავრდა მიშ-ვარ-დინ სულთანი და ისევ დაიწყო ქსელთა ხლართვა – ოდინდელ მტრებს და უკეთურებად შერაცხულებს ეწვეოდა და განმარტოებით ეჩურჩულებოდა საიდუმლოდ. მთავარ მტერთანაც ეწადა შეხვედრა, დესპანს დესპანზე უგზავნიდა და ეხვეწებოდა, ოღონდ ფატვა მომიხსენ და დაადე ხელი, რას გინდა და ვის გინდა, – შენი ფეშქაში იყოსო… ბოროტად იცინოდა შაჰ-აბასი… “მოკვეთილი ხარო”, იმეორებდა გულისგასახეთქად…
და უცებ მიხვდა სულთანი, რა უნდა ექმნა. უხუცესნი შეჰყარა და უთხრა, კანონი დაწერეთ, რომ სულთანი ძალიან შემძლებელი და ყველაფრის პატრონი აღარ უნდა იყოსო. თვალი დააცეცეს უხუცესებმა, მაგრამ დაუღრინა – წადით და რაც გითხარით, ის აკეთეთო. ისე დასწერეთ, რომ ხალხი ირჩევს ვაზირთუხუცესს და იმისი იყო ძალა და სახელიო…
ერთმა გაჰბედა და შეჰკადრა, – “და მერე რომ, ვაითუ…”
უშვერი სიტყვებით აგინა – შე ღვთის გლახა, არ იცი, ამ ქვეყანაზე ყველა “რომ” და “ვაითუ” ლევანა-აღას მიერ წინასწარ რომ იწერებაო?!
მერე ვაზირები შეჰყარა და სულ მკვდარი და ცოცხალი ამოუღო სახალხოდ – “თქვე ცვედანებოო!”, უძახა მისგან დაკოდილებს. “- რატომ ხმას არ იღებთ და რატომ არ შემეპასუხებით, ტვინი და ღირსება თუ გაგაჩნიათო?” ამათ კიდევ ტვინი და ღირსება ვაზირობის პირველივე დღესვე ჰქონდათ ზარდახშაში ჩაკეტილი და ჩაბარებული და ხომ არ შეახსენებდნენ – აკი შენ ჩაგაბარეთო?!
მერე იძახა, – წავიდა დრო მახათის ყუერში გამყრელი უსაქმო კაცებისა და მოვიდა დრო ყუერის მახათში გამყრელი პატრიოტი სოვდაგრებისაო. წავიდა დრო სკამების გამათბობელი ბიუროკრატებისა და მოვიდა დრო სუფრაზე ჰალალად მოცეკვავე მდგრადად დამაგრილებელი ბანოვნებისო! თქვენი ხორცი და ჯილაგი რა ვთქვი, თქვე გაქსუებულო ყალთაბანდებო, მამულის დამაქცევარნო და ინვესტორებთან ლაციცის ვერ-შემძლებელნოვო! რატომ ის დღე არ დაიწვა, ამ დრანდულეტი ქვეყნის საჭესთან (ბარანკასთან) რომ დავჯექი, ტყუილად კი არ ამბობდა დიდი და ბრძენი აბუ-ახმატ იბნ-ბეი…
სავალალო საყურებელი და მოსასმენი იყო ესე ამბავი.
დაშინებული და მასზედ უფრო დაშინებულ ვაზირების შთაგონებით მაგინებელი სულთანი. ვინძლო, ამათი დაჩმორებით მაინც დავაჯერო ხალხი ჩემს ძალასა და სწორუპოვრობაშიო…
უღირსი და ცვედანი ვაზირები, ჩუმად რომ იტანდნენ სულთნისგან ამ საქვეყნო გინებას და ყუერთა ხსენებას, რამეთუ არცა ყუერნი შერჩენოდათ დადედლებულებს და მათი ზნეობისა და სიქველისა აბა როდის სჯეროდა ვინმეს? ლაჩრის ჩმორები, ქვეყნის მამებს რომ თამაშობდნენ დაზეპირებით…
==========================================
აქ წყდება ეს ფოლიანტი.
უცნობია მიშ-ვარ-დინ სულთნის შემდგომი თავგადასავალი.
ზაზაზაეთის მეჰისტორიეთ აღარ შემოუნახავთ მისი ხსენება.
მხოლოდ ქალაქიდან გასასვლელს, იქ სადაც დიდი მეფის ძეგლი დროებით იდგა, უპატრონო პოსტამენტზე ამოკვეთილია ბავშვის ხელით ერთ-დროს მაგიური ლოცვა – „მიშ-ვარ-დინი მაგარია!“…