საკანონმდებლო ჭრა-კერვის მაგისტრები ვარდისფერ საქართველოში
Posted: 2011/12/27 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, საკანონმდებლო ინიციატივები 2 Comments„რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“
(ნეტარი ავგუსტინე)
ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, ორი მოსმენით უკვე მიღებულია და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე საბოლოოდ დამტკიცდება.
ამ ინიციატივების გაჟღერებას ექსპერტების საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები მოჰყვა, რადგან ამ წესების დანერგვა კიდევ უფრო ზრდის იმ ფინანსურ დისბალანსს, რაც სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის ბოლო 8 წელია, არსებობს, აწესებს ან ზრდის იურიდიულ პასუხისმგებლობას საარჩევნო დარღვევებზე, თან ისეთი ბუნდოვანი ფორმით, რაც სასამართლოს (და რეალობაში – პროკურატურას) ორმაგი ინტერპრეტაციისა და კანონის მთელი სიმკაცრის მხოლოდ ხელისუფლების მოწინააღდეგეების მიმართ გამოყენების საშუალებას აძლევს, და რეალურად დაფინანსების გარეშე ტოვებს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მაგრამ მე უფრო შორს წავიდოდი და ასე ვიტყვი, ამ საკანონმდებლო ინიციატივებით მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მმართველმა ბანდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი ძალიან შორს არიან იმისგან, რასაც დემოკრატია ჰქვია და უკვე გადაკვეთეს უკანარდაბრუნების ის წერტილი, რაც ერთპარტიულ დიქტატურად იწოდება. ის, რომ ამ დიქტატურაში მათ ფასადს შეულამაზებენ სხვადასხვა ჯიშის (უჯიშო!) სატელიტური ჯიბის პარტიები, საქმის არსს არ ცვლის.
საქართველოს დღევანდელი ვაი-ხელისუფლების modus vivendi ცნობილია: „მე! მხოლოდ მე! და ყოველთვის მხოლოდ მე! არავინ ჩემს გარდა! არაფერი ჩემს გარდა! და არასოდეს ჩემს გარდა!“
მიხეილ სააკაშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილებებით (რეალურად კი კანონმდებლობის პრინციპების ცინიკური ჭრა-კერვით საკუთარ ტანზე და სურვილებზე მოსარგებად) ეუბნება მთელ მსოფლიოს: „აქა ვზივარ და თუ სადმე გადავჯდები, მხოლოდ იქ, სადაც კიდევ უფრო მეტი უფლებები მექნება მე, და არავითარი უფლებები – იმათ, ვინც მე ხელზე არ მეამბორება.“
======================================
განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები:
კანონპროექტის თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალებათ.
ხოლო ფიზიკურ პირს წელიწადში საერთო ჯამში მაქსიმუმ 60 ათასი ლარის მიცემის უფლება ექნება.
მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებში.
თუ ეს ყველაფერი სადმე ფინეთში, ან ჩეხეთში მოხდებოდა, ამას შეიძლება დიდად არ შეეცვალა პოლიტიკურ ძალთა წონასწორობა. თუ რინგზე ორივე მოწინააღმდეგე ხელთათმანებს იცვამს, ეს ცუდი არაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფერი ამ ხელთათმანებს წინასწარ ამოწმებს, რადგან შეიძლება ერთ მათგანს შიგ კასტეტი ჰქონდეს ჩაკერებული. ჩვენთან კი ხომ გვახსოვს, ვინ არის კასტეტის დიდი მოყვარული?! და იმაში ეჭვი გეპარებათ, რომ საქართველოში „რეფერი“ (სასამართლო/პროკურატურა/პოლიცია/სახელისუფლებო მედია) თავად დაიწყებს ხელისუფლების ხელთათმანში კასტეტის დროულად ჩაკერებას?
ქვეყანაში, სადაც პროკურატურამ ერთი წლის განმავლობაში საპროცესო გარიგებების მეშვეობით 112 მილიონი ლარი ამოიღო და სადაც რამდენიმე ათეული ათასი პრობაციონერია, ვინმეს ეჭვი უნდა ეპარებოდეს, რომელ პარტიას დააფინანსებენ შედარებით შეძლებული ფიზიკური პირები, რომელთაც მალე ათასი მოგონილი საბაბით პროკურატურაში დაიბარებენ?
ქვეყანაში, სადაც ცნობილი პროფესორი და პატიოსანი ადამიანი, ბიზნესმენი ომარ ქუცნაშვილი ხელისუფლებამ რამდენიმე წლით ციხეში მხოლოდ იმიტომ გამოკეტა, რომ მან გაბედა და წინასაარჩევნო სამთავრობო რეკეტის დამორჩილებაზე უარი განაცხადა, ვინმეს – ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოს, Human Rights Watch-ს, Freedom House-ს, Transparency International-ს, USAID-ს, Millenium Challenge Corportation-ს, ამერიკელ თუ ევროპელ დიპლომატებს, დაბოლოს – ვენეციის კომისიის შეშფოთებულ წევრებს – ეჭვი ეპარებათ, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს გაუჭირდება წინ აღუდგეს მოძალადე მმართველი პარტიის და მისი მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების მოთხოვნას საარჩევნო ხარკის გადახდაზე?
და იმ ქვეყანაში, სადაც გატყავებული და მთლიანად ხელისუფლებიდან „დაკრიშული“ ბიზნესი ბოლო წლების განმავლობაში 100%-ით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ ჯიბის პარტიებს აფინანსებს, ვინმეს ეჭვი შეაქვს, ვის მისცემენ ბანკები სესხს?
ჩემი დასკვნა – დღეს საქართველოში იურიდიული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის სრულ აკრძალვას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფინანსური ორგანიზაციების თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება, რომ ახალმა ოპოზიციურმა ძალამ ლეგალური ფინანსები ვერ მოიპოვოს. სამაგიეროდ, ნაცმოძრაობის დამფინანსებელ ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს უკვე ჩამოართვეს პირობა ( მამა უცხონდათ და რას გაბედავდნენ), რომ ისინი, ახლა უკვე როგორც ფიზიკური პირები, დააფინანსებენ მმართველ პარტიას და (ზოგ შემთხვევაში) – მის სატელიტებსაც.
———————————————————————————–
კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი შეზღუდვებით, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ რომ მოამზადოს რაღაც დასკვნა და ეს დასკვნა პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ იგივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც პოლიტიკური პარტიის მიმართ წესდება.
ანუ, რაიმე საკითხზე მომზადებული დასკვნის რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიერ „გამოყენების ფაქტის“ დადასტურების შემთხვევაში, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეღარ დააფინანსებენ იურიდიული პირები, ისინი ვეღარ აიღებენ გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან!! ეს მუხლი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ გაბედონ და არ დადონ დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევების შედეგები, სადაც მმართველ პარტიას არ ექნება აბსოლუტური ლიდერის და ერის სათაყვანებელი პარტიის სტატუსი!
ასევე, ეს შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსთან ან – პოლიტიკოსის ოჯახის წევრთანაც კი, რაიმე ფორმით არის დაკავშირებული. რაც მთავარია, ეს მუხლები იმდენად ბუნდოვანია, რომ ხელისუფლებას ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს.
რას ნიშნავს „რაიმე ფორმით არის კავშირში პოლიტიკოსის ოჯახის წევრთან“? თუ მაგალითად პირი არის მშობელი, რომლის ბავშვი თინა ხიდაშელის ბავშვთან ერთად სკოლაში სწავლობს, ამ მშობელს რაიმე ფორმით უკვე კავშირი აქვს პოლიტიკოსის ოჯახის წევრთან? და თუ ამ პირმა რაიმე პოლიტიკური ხასიათის სტატია ან კვლევა გამოაქვეყნა, მას შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმა მოუწიოს? მაგრამ იგივე, რა თქმა უნდა, არაფრით მოხდება, თუ თამარა ჩერგოლეიშვილის „ტაბულა“ რომელიმე არასამთავრობო გრანტს აიღებს! მაშინ ვის გაახსენდება, რომ ქალბატონი თამარა „გარკვეული ფორმით კავშირშია“ გარკვეულ პოლიტიკოსებთან და თავად არის “გარკვეული პოლიტიკოსის” თანამეცხედრე?! და ისე, ვინ ჩაითვლება „ოჯახის წევრად“? (აკო მინაშვილის სუპერაქტიური სიდედრი, ალბათ, არა!)
აღნიშნული ცვლილებები, რომლებიც (დავანებოთ თავი იმ სამიოდე საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველ პარლამენტარს, ვისაც იმაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა დაუგროვდათ, ვიდრე ფრანკლინი, ჯეფერსონი, რობესპიერი და მარატი ერთად ინატრებდნენ) რეალობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რუხი კარდინლის და მისი თანამშრომლების უძილო ღამეების შედეგია (ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის დღიდან იუსტიციის სამინისტრო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული), ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება: – ხელისუფლებამ საბოლოოდ მოაშთოს NGO-ების ის ერთადერთი სექტორი, რომელსაც, დიდი სურვილისა და ათობით პროსამთავრობო „არასამთავრობოების“ წარმატებული ინკუბაციის მიუხედავად, ვერ აკონტროლებს. განსაკუთრებით კი , – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ჰუმან რაითსის“ და გაეროს საქართველოს ოფისები და მათთან მოთანამშრომლე ენჯეოები, სამოქალაქო კვლევების ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ასევე ის ახალი ორგანიზაციები და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრები, რაც შეიძლებოდა აღმოცენებულიყო არჩევნების წინ. რომ დააშინოს და უხელფასობის, უმუშევრობის, უიმედობის განცდა შეუქმნას ყველა იმ ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ხელისუფლების ფეხისნაბანი წყლით არ აპირებს სახის დაბანას. სწორედ ამას ემსახურება რეალურად ეს ინიციატივები, თორემ გიგი უგულავას და დავით კირკიტაძის ძმაკაც კოკი იონათამიშვილის მიერ გამოჩეკილ „ახალი თაობა – ახალ ინიციატივას“ და ალიკა რონდელის ენეჯეო-ს რომ არავინ დაუთვლის ნაციონალური პოლიტიკოსებისთვის მიწოდებული დასკვნების სიმრავლეს, ან რომ ლევან თარხნიშვილის მეუღლის ხელიხელსაგოგმანები „ბი-სი-ჯი“, და ან სააკაშვილის ყოვლადწმინდა Greenberg-Queenlan-Rossner არ მოჰყვებიან სახელისუფლებო ინკვიზიციის ბრჭყალებში, ეს ვინმეს ეეჭვება? ნუ, შეიძლება ვენეციის კომისიის წევრებს ეეჭვებოდეთ… ისიც, ალბათ, მაშინ, თუ ისინი საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ შორიდან – სან მარკოს გუმბათიდან აკვირდებიან!
————————————————————————————-
პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკო-ს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს.
თითქოს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რომელი სამთავრობო ცერბერი იქნება დაგეშილი ოპოზიციის წინააღმდეგ, და მაინც ყოვლისშემძლე კონტროლის პალატა გაცილებით მრისხანედ ჟღერს. ისე, დღემდე მას სწორედაც რომ ხელისუფლების, და არა პარტიების, შემოწმება ევალებოდა და მაინც არასოდეს შეუწუხებია თავი იმ მრავალი მილიონის გადამოწმებით, რაც სახელისუფლებო სტრუქტურების ბიუჯეტიდან ნაცმოძრაობის საარჩევნო მიზნების მისაღწევად იხარჯებოდა. არც ის გაურკვევია, დეკლარირებული შემოწირულობების გარდა, კიდევ რამდენი და საიდან იხარჯებოდა, რატომ ხდებოდა საარჩევნო წლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტის არაკონტროლირებადი ზრდა. არც იმ საკითხით დაინტერესებულა, რატომ და როგორ იფარებოდა სხვადასხვა ტელევიზიების ხარჯები ბიუჯეტიდან. ახლა კი კონტროლის პალატამ ახალი დირექტივა მიიღო და რატომღაც არ მჯერა, რომ თავის მსახვრალ მზერას ნაციონალური მოძრაობის აქტივებს მიაპყრობს და არა მხოლოდ – „ქართული ოცნებისა“. ალბათ, უპრიანი იქნება ამ ორგანოს სახელი გადაერქვას და „ოპოზიციის გაკონტროლების პალატა“ ეწოდოს. კიდევ უფრო ზუსტად – “არაკონტროლირებადი ოპოზიციის გაკონტროლების პალატა”!
———————————————————————————–
პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა. ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან.
ალბათ გახსოვთ ასეთი დიდი მეცნიერი – კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. ამ დიდმა მეც-ხნიერმა თავი დასდო, მეორე თავდადებულთან – თენგიზ შარმანაშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის ისეთ ძირეულ ცვლილებაზე, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ყოვლისშემძლე პრეზიდენტი მომავალში გერმანიის პრეზიდენტივით დეკორატიულ ფიგურად იქცევა, ხოლო საქართველოს ტექნიკური (და საფერფლეების სამიზნე!) პრემიერ-მინისტრი – უძლევამოსილეს პერსონად! რა თქმა უნდა, იმის იმედი არც უნდა ჰქონოდათ ჩვენს მეც-ნივრებს, რომ მათი შრომის შედეგს პრეზიდენტი დააფასებდა – კაცს (ანუ მის თანამდებობას) ხომ ყველანაირი შიგანი და ატრიბუტი გამოაცალეს! ხოლო მომავალში პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, ეს ხომ აბსოლუტურად უცნობია ჩვენს სინამდვილეში :)), რომ იმის მადლიერების იმედზე ყოფილიყვნენ! ასე რომ, ამ შეხმატკბილებულ და უანგარო წყვილს მათი დაუღალავი შრომის საფასურად არამცთუ – „პარკერის“ კალამი, არც – იების თაიგული და არც ტვიქსის „ტკბილი წყვილი“ რგებიათ, სხვა მატერიალურ ფასეულობებზე რომ არ ვთქვათ რამე… ეს კი იყო, ერთმა აშშ საელჩოს ყოფილი შენობა გაირტყა ოფისად და მრავალათასლარიანი სამარადისო ხელფასი – თავისთვის და თავისი ოფისის ბედნიერი თანამშრომლებისათვის, მეორე კიდე – მოძმე სომხეთში გაუშვეს ელჩად ჭაპანსაწყვეტად… მაგრამ, აბა, ეს რა მოსატანია… თან, ორივე ეს გადაწყვეტილება ხომ პრეზიდენტმა გააფორმა და ის, როგორც მოგახსენეთ, ძალიან გაღიზიანებული იყო ამ დუეტის საქმიანობით – „უფლებებს უზღუდავენ ჩემს მემკვიდრესო“, იძახდა, მაგრამ რას იზამდა, ვარდისფრადდემოკრატიულ და ზეციურ საქართველოში ხომ პრეზიდენტი მუდმივად უფლებრივად დაჩაგრულია! :))
იყო, რა თქმა უნდა, სხვა დასამახსოვრებელი ფაქტები – როგორ დაფარა უცებ ერთმა პატრიოტმა ალპინისტმა მარადიული კრედიტები და როგორ გადაარჩინა თავისი იარაღის კოლექცია, როგორ იქცა ხუთი ენჯეოშნიკი 5 სახელ-ოვან მინისტრად (აქედან ორი – მეტად საეჭვო არჩევნების შედეგების ეგზიტ-პოლებით სწორად „გამოცნობისათვის“), როგორი კოსმიური სიჩქარით იწრთობოდა სახელისუფლებო პირების ცოლების, მამების, ბიძების და სიდედრ-სიმამრების ბიზნესი – (სხვების) კორუფციასთან დაუზოგავი ბრძოლის ქარცეცხლიან წლებში, ისიც, როგორი ფანტასტიური ვილები და კონდოები აიშენეს მოკლე ხანში ჩვენმა ანტიკორუფციონერმა რევოლუციონერებმა საკუთარი რევოლუციური ღვაწლის დასაფასებლად და უკვდასაყოფად… მაგრამ რაც მართალი – მართალია, შოკოლადის „ბამბანერკა“, „კანიაკი“ და „დუხი“ აღარავის აუღია და ვინაც აიღო, კიდეც ახეხენეს ვირის აბანო – მთელი მსოფლიოს დასაბრმავებლად!
ტაში [სხვების] კორუფციასთან მებრძოლ ჩვენს სახელოვან ელიტას!! მით უფრო ტაში, რომ ეს გამოძიებული და დასჯილი არ არის! რა ფენომენალური ხელოვნებაა სხვის ჯიბეში უკანონო გროშების ჩხრეკის, როცა საკუთარი მილიონები და მილიარდები მზეზე ბრწყინავს!
———————————————————
პარტიის წევრის მიერ საწევროს სახით გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1200 ლარს. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს, რაც 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, დაახლოებით, 53 მილიონი ლარის ტოლია. ამის ზემოთ მიღებული თანხა კი ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს. საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად კი დამატებით წინასწარი განაცხადის გაკეთება იქნება აუცილებელი.
ეს მუხლი განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია!
ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტის 16% (ანუ 1 მილიარდ დოლარზე მეტი!) „სხვა ხარჯებად“ არის გაწერილი, სადაც თავდაცვის სამინისტროს ისე მიუმატეს ერთ დღეში ასი მილიონი, რომ არც არავის უკითხავს და არც არავინ უპასუხებდა, „რაში?“, „რატომ?“ და „როგორ?“, და სადაც დიდი ეჭვი არსებობს, რომ ხელისუფლების საარჩევნო ხარჯები სწორედ ამ გასაიდუმლოებული მილიარდის დიდი ნაწილი იქნება, თუ რომელიმე პარტია (დასაბუთებული ეჭვი მაქვს, რომ ნაცმოძრაობა) თავისი მრავალრიცხვოვანი ფიზიკური პირების (და მათზე ფიზიკური, ქიმიური, მედიკამენტური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების) მეშვეობით მოახერხებს და 54 მილიონ ლარსაც კი მოაგროვებს, წარმოგიდგენიათ, როგორი ყიჟინა და ჟრიამული ატყდება, როცა კასტეტმოყვარული და შუბლშეუხრელი პეტო ცისკარიშვილი მოოქროვილ ლანგარზე დააწყობს იმ ზედმეტ მილიონს და ქვეყნის ბიუჯეტის გაუმჭვირვალე სკივრში საზეიმოდ ჩააჩხრიალებს?! ამას რომ წარმოვიდგენ, სიხარულის კურცხალი მდის, სულ მთლად გადარეული ვარ!!!
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებების პოზიციების გასამყარებლად ვენეციის კომისიის იმ დასკვნას იშველიებს, რომელიც ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ხელისუფლებამ პროექტში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც ვენეციის კომისიამ დასკვნა მიიღო. ამიტომაც ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ ეს ახალი ცვლილებები არის თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება, ძნელი სათქმელია. არადა, კანონპროექტში პირველი მოსმენის წინ შეტანილი ცვლილებებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ერთ-ერთი ასეთი ცვლილება ეხება იმას, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ასევე გავრცელდება იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
ანუ, თუ ვინმემ განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა, ის და მისი ოჯახის წევრები უკვე ოფიციალურად ჩაითვლებიან (ნაცმოძრაობის ქურუმების მხრიდან) „პერსონა ნონ გრატებად“ – მათ არც გრანტებს მისცემენ და შეიძლება ბავშვები არც სახელისუფლებო ნაძვის ხეზე დაუშვან. აბა, ვინ გაიგონა, ხელისუფლება იმ ბავშვებს ჩუქნიდეს კამფეტებს, ვისი მშობლებიც ოპოზიციონერებია?!
ძალიან მაინტერესებს, ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემომტანი პირის აზრით, ეს შეზღუდვები თუ გავრცელდება პროსახელისუფლებო პერსონებთან, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძესთან, გია ჭანტურიასთან ან გია ნოდიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებზე, მაგალითად მძღოლებზე, რეფერენტებზე, მდივნებზე?.. თუ ვერც წარმოუდგენიათ ამ კანონინიციატორებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღარ იყვნენ ხელისუფლებაში და ამ გაზონისმჭრელმა კანონებმა მათ თავებზე გადაიაროს? თუმცა, ამას როგორ წარმოიდგენენ? გაწყდა ხალხი წელში ამდენი ღამისთევით სწორედ იმიტომ, რომ ეს – მთავრობაში ვინმე სხვისი მოსვლა – არასოდეს განხორციელდეს საქართველოში!
————————————————————————–
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, ადმინისტრაციული სახდელების დადება, დამატებით გამოიწვევს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას.
კანონპროექტში ისიც არის ნათქვამი, რომ პარტიებს ფულადი სახსრების დაპირებასთან ერთად მომსახურების დაპირებაც ეკრძალებათ. კერძოდ, აკრძალული ქმედებების ჩამონათვალს დაემატა მოქალაქეების დაინტერესება მომსახურების მიწოდებით ან მომსახურების დაპირებით.
კანონპროექტში მითითებულია, რომ მომსახურებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ დაპირებაზე, რომელიც საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას უკავშირდება. ანუ მთავრობას შეუძლია დაჰპირდეს მოსახლეობას დასაქმებას, ხოლო ოპოზიციურ კანდიდატებს ეს მოსყიდვად ჩაეთვლებათ!
—————————————-
ასე რომ, გიგი უგულავას არ ეკრძალება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენიდან უკვე რამდენიმე კვირაში სატრანსპორტო ბარათებზე 5-ლარიანი ვაუჩერების დარიგება, რამაც თბილისის ბიუჯეტში დაახლოებით 5-მილიონიანი მოულოდნელი ხარჯი გააჩინა.
ასე რომ, პრეზიდენტს არ ეკრძალება მიწის მფლობელებისათვის 30-ლარიანი ბიზნეს ვაუჩერების დაპირება, რაც სავარაუდოდ სახელმწიფო ბიუჯეტში 24 მილიონი ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი იქნება და რაც აბსოლუტური მარაზმია, რადგან ადამიანებს, რომელთაც რამდენიმე ათასი კვადრატული მიწის დამუშავება უწევთ, 30 ლარი აბსოლუტურად ვერავითარ ხელშესახებ დახმარებას ვერ გაუწევს ბიზნესის კუთხით, და ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო მოქრთამვაა.
ასე რომ, საკანონმდებლო ინიციატივა ხელს აფარებს პრეზიდენტს, რომელიც ამ დღეებში დაჰპირდა 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომ სახელმწიფო მათ უფასოდ ჩაუსვამთ კბილებს! თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივით შთაგონებულ ამ პროექტს, რომელსაც სააკაშვილის მიერ „გაღიმებული საქართველო“ ეწოდა, წარმოუდგენელი წინასაარჩევნი აფიორის სუნი უსდის. სავარაუდოდ, საქართველოში 800,000 პენსიონერია, ხოლო 50 წელს გადაცილებულთა რაოდენობა 1 მილიონზე ბევრად მეტია! მაშინაც კი, თუ მათთვის კბილების ჩასმის საშუალო თანხად მხოლოდ 100 ლარს ავიღებთ (რაც მხოლოდ 2 კბილის ჩასმის ფასია), გამოდის რომ სახელმწიფომ ამ პროგრამაზე სულ ცოტა, ნახევარი მილიარდი ლარი უნდა დახარჯოს! და ეს ლაპარაკია იმ ქვეყანაზე, სადაც მილიონნახევარი უმწეოა, და სადაც დაპირებული 100 დოლარიანი პენსია უკვე მესამე წელია იგვიანებს! თანაც ამ პროგრამის განხორციელება ალბათ მთელი სტომატოლოგიური არმიის დასაქმების პირობებშიც კი, რამდენიმე წელს გაიწელება. ანუ, ამის არც რესურსი არ არსებობს. სავარუდოდ, არჩევნების წინ მხოლოდ რამდენიმე ათეული პენსიონერის ჩასმული კბილები იქნება ის დიდი ბლეფი, რასაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობა კომუნიზმივით აუხდენელ საპნის ბუშტად გაგვიბერავს და საარჩევნო უბნებზე ხუთიანის შემოხაზვას დაუკავშირებს ამ ილუზიების „რეალობად“ ქცევას, ხოლო არჩევნების მოგების შემთხვევაში ისევე დაივიწყებს, როგორც „ერთიან და გამთლიანებულ საქართველოს“, „აფხაზეთი ჩემი სახლია!“-ს, „სახლებში ღირსეულ დაბრუნებას უახლოეს წელიწადში“, საქართველოს სიღარიბის გარეშე!“, საყოველთაო დასაქმებას, 100-დოლარიან პენსიას, საყოველთაო 5-ლარიან დაზღვევას, 100 ახალ საავადმყოფოს და ბევრ სხვა ზღაპრებს, რომელიც წინასაარჩევნო ღუმელებში იმიტომ ცხვება, რომ მერე ნაცმოძრაობის უძირო სარდაფში საუკუნოდ დავიწყებულ ხმიადად იქცეს…
და ეს გულუხვი და ბლეფი განცხადებები – თურმე წინასაარჩევნო მოსყიდვა არ არის!
——————————————————–
ცვლილებები იქნება შეტანილი „სისხლის სამართლის კოდექსშიც“.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა.
ასევე, აკრძალულია უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით. ეს ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
აქვე შევნიშნავ, რომ ამ – უკვე დიდი ხანია მოქმედი – კანონების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილიც, გიგი უგულავაც, გუბერნატორებიც, მინისტრებიც და გამგებლებიც სწორედ არჩევნების წინ მასიურად ტელევიზორების, ინდაურების, ავეჯის, კომპიუტერების და სხვა საქონლის დარიგებით იყვნენ დაკავებულნი, საარჩევნო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა სახურავების გადახურვის, ლიფტების რემონტის და განსაკუთრებით – სახლმმართველობის თავმჯდომარეთა სახელფასო დაფინანსება, ამ უკანასკნელებთან ეწყობოდა შეხვედრები რესტორნებში და სხვადასხვა ხასიათის გასართობი ღონის- და ღვინის-ძიებები… არავის, არცერთ პროკურორს, კონტროლის პალატის არცერთ რიგით თუ ხელმძღვანელ პირს, საამაყო რეფორმირებული პოლიციის არცერთ კორადო კატანის და, რაც მთავარია, თავად ჩვენი კონსტიტუციის ბურჯს, გარანტს და, შეთავსებით, მთავარ თერძს – არ გასჩენიათ იმის სურვილი, რომ ეს კანონმდებლობაში დაფიქსირებული თავისუფლების აღკვეთა, ერთი-ორჯერ – დემონსტრაციულად მაინც, გამოეყენებინათ!
———————————————————–
ცვლილებების პროექტით კი, პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება. აგრეთვე, პარტიას ეკრძალება მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით. თუ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებდა, კანონპროექტით, ასეთი ქმედებები პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად, ნებისმიერ დროს ჩაეთვლება.
გარდა ამისა, მკაცრდება სასჯელის ზომაც და თუ აქამდე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის სასჯელი ერთწლიანი პატიმრობა იყო, კანონპროექტით სასჯელი 3 წლამდე იზრდება, თუმცა, ჩნდება ჯარიმის ალტერნატივაც. ხოლო იურიდიულ პირებს ამ ქმედებებისთვის ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრებათ. კანონპროექტში მითითებულია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება პარტიის კამპანიის აქსესუარების – მაისურების, კეპების, ქუდების, დროშების და სხვა მსგავსი ნივთების – გადაცემა.
ამასთან, მკაცრდება სანქციები პარტიის მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღებისთვისაც. აქამდე მოქმედი კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემწორულობის მიღებაზე დაწესებული იყო 1000-დან 5,0000 ლარამდე ჯარიმა. აღნიშნული ნორმა უქმდება და მის მაგივრად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს ახალი მუხლი ემატება. ახალი მუხლი კანონპროექტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს გაჩნდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტში ჩაიწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღება ან დამალვა გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.
ასევე, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისათვის აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განხორციელება გამოიწვევს აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას, შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.
აღნიშნული პასუხისმგებლობები შეიძლება პირს დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. მაშინ, როდესაც საარჩევნო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ 2 წელია.
მხოლოდ ერთ კატასტროფულ და აბსურდულ შესაძლებლობას განვიხილავ, რაც ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს. ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ სერიოზულად აფინანსებს მრავალი გაჭირვებული ადამიანის უცხოეთში მკურნალობის ხარჯებს – განსაკუთრებით – სიმსივნეებით და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობისას! და რა გამოდის, ახლა ასეთი დაფინანსების გამო როგორც მას, ასევე თავად ამ დაფინანსების მიმღებ პირს 3 წლით პატიმრობის საფრთხე დაემქურება! ეს ამორალური ხელისუფლება, რომელიც პრეზიდენტის ფავორტიკის კაბაზე ასეულ ათასობით დოლარს, ქანდაკებებზე – მილიონებს, ხოლო სასახლეზე – მილიარდს ხარჯავს, და რომელსაც არ ახსენდება და თავისი ჰედონიზმის დაკმაყოფილების შემდეგ “არ რჩება” სახსრები ამ ადამიანთა მკურნალობაზე, ახლა ივანიშვილს მორალურ დილემას უყენებს – ან დაანებებ პოლიტიკოსობას თავს, ან მე არ მოგცემ მორალურ ფუფუნებას, რომ ქველმოქმედი იყო და ხალხს დაეხმარო! ხოლო ავადმყოფებს ეუბნება – ან დაიხოცეთ, ან დაგიჭირავთ ჩემი ოპონენტის ფულის აღებისათვის! ხალხი, ვინც ასეთი მახე მოიფიქრა, რას იმსახურებს, გეკითხებით მე თქვენ!.. 😦
ისედაც გრძელ სტატიაში აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას, რაც აშკარაა: უსამართლო ქვეყანაში, სადაც ყველა კანონი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოსაყენებლად იწერება და სასამართლო მხოლოდ ხელისუფლების მონოპოლიის გამამტკიცებელ უსამართლობის სანოტარო კანტორად ქცეულა, ეს ცვლილებებიც, რომლებიც, პოლიტიკაში არჩევნებზე ორიენტირებული ძლიერი ოპონენტის გაჩენის შემდეგ მიიღო შეფუცხუნებულმა და ფერნაცვალმა ნაცმოძრაობამ, არის იმის კლასიკური ნიმუში, რასაც ფრანკოსეული ორმაგი სტანდარტების პირობებში საკანონმდებლო ნორმების გამკაცრება ისახავს მიზნად – „ლიბერალიზმი – ჩემი ერთგული ლაქიებისათვის, კანონის მთელი სიმკაცრე – ჩემი ოპონენტებისათვის.“
————————————————————————————–
ბოლოთქმა: შევარდნაძის დროს უნივერსიტეტებს ავტონომია ებოძათ და რექტორის არჩევნებზე განათლების ან დარგობრივი სამინისტრო აღარ აგზავნიდა თავის ემისარს, რომელსაც პროფესორთათვის უზენაესი გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა. ეს ფუნქცია უნივერსიტეტების თუ ე.წ. რექტორის საბჭოებს გადაეცათ. მაშინ, შევარდნაძის დროის გაქნილმა კორუმპირებულმა ფუნქციონერებმა, თავიანთი რექტორობა რომ სამუდამოდ ექციათ, სასწავლო დაწესებულებების მათ მიერვე შედგენილ დებულებებში დაიწყეს იმის ჩაწერა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო რექტორი და ამ პირობებს საკუთარ მონაცემებს ერთი-ერთზე არგებდნენ. მაგალითად, ერთ უნივერსიტეტში დებულებაში ეწერა, რომ რექტორი უნდა ყოფილიყო კათედრის გამგე მინიმუმ 12 წლის საპროფესორო სტაჟით (რადგან რექტორს ჰქონდა ამდენი, ხოლო მთავარ კონკურენტს – მხოლოდ 10 წელი), მეორეგან – რომ უნდა ყოფილიყო უცხოეთის მინიმუმ ორი აკადემიის საპატიო წევრი!.. სხვაგან – რომ უნდა ემუშავა აღნიშნულ დაწესებულებაში მინიმუმ 20 წელი!.. ერთმა ენამახვილმა პროფესორმა თქვა თავის რექტორზე, ბარემ ჩაწეროს ამ დალოცვილმა დებულებაში, რომ რექტორი 190 სმ-ზე დაბალი არ უნდა იყოს და სახეზე ხალი უნდა ჰქონდესო!
სხვათაშორის, სააკაშვილის „რეფორმატორობა“ იმაშიც გამომჟღავნდა, რომ მან ისევ ზევიდან დაიწყო სარექტორო კანდიდატების დანიშვნა, რომლის გამხელა ძველებურად დარგობრივი მზე-მინისტრების პრეროგატივად იქცა, რითაც „დემოკრატიის შუქურამ“ განათლებაში კომუნისტური ვერტიკალი აღადგინა.
ხოლო მმართველი პარტია, საკუთარი მმართველობის განსამტკიცებლად, ახლა უკვე იმაზე მიდის, რომ სხვების არჩევის შანსი ნულამდე დაჰყავს. თუ სერიოზული კონკურენტი ფინანსურად ძლიერია, ალბათ კონსტიტუციაში გარკვეული დროით ჩაიწერება, რომ კანდიდატს რაღაც რაოდენობაზე მეტი ქონება არ უნდა ჰქონდეს. ხოლო თუ – პირიქით – ღარიბი იქნება, მაშინ მინიმალურ ქონებრივ ცენზს დააწესებენ საკმაოდ მაღალ დონეზე. როცა საქართველოში ახალდაბრუნებულ ადამიანზე მიდგა საქმე, ადგილზე მაცხოვრებლობის ცენზი შემოიღეს. თუ პირიქით, ოპონენტ კანდიდატს საქართველოს მხოლოდ ერთ ქალაქში ექნა მთელი ცხოვრება გატარებული, მაშინ ამას ჩაწერენ დაწუნების კრიტერიუმად! და კონსტიტუციას ხომ რამდენჯერაც უნდათ ისე ცვლიან! რეფერენდუმი იყო ჩატარებული 2003 წელს, რომ პარლამენტართა ოდენობა 150-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო და – „ეგ რეფერენდუმი სავალდებულო არააო!“, რამდენიმე თვე ენა გაიქაფეს უმრავლესობის საკანონმდებლო თერძებმა, ხოლო როცა, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, წამში შეატრიალეს კეხი და – „რატომ უნდა შეგვეცვალა ხალხის მიერ დადგენილი ნორმაო?!“, ისე უტიფრად გამოაცხადეს, თართის და ორაგულის „არჩევის“ უბადლო დიდოსტატ ლუარსაბ თათქარიძესაც შეშურდებოდა…
უკანასკნელი საკანონმდებლო ინიციატივები, ცვლილებები საარჩევნო კანონში, მიტინგების და მანიფესტაციების შესახებ რეგულირებებში, ახალი და გააფთრებული შეტევები მედიის თავისუფლებაზე – უკვე ჟურნალ-გაზეთების გავრცელების არნახული შეზღუდვებით და დაბლოკვით, დაბოლოს, თავად ხელისუფლებიდან გამოსული ინფორმაცია (ადრე – არაგაცხადებული და ამჟამად უკვე – ხელისუფლების მოჟღურტულე მახარობლის – თამაზ დიასამიძის პირით) ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა არჩევნების შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოტანა. ჩემი ინფორმაციით თარიღიც უკვე შერჩეულია (იხ. სტატია – „5/5 და გემი მიცურავს“ https://solomonternaleli.wordpress.com/2011/12/17)
საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია უკვე იქცა პირწავარდნილ ავაზაკთა ბანდად, რომლის ერთადერთ მიზნად ახლა იმის საკანონმდებლო განმტკიცება ქცეულა, რომ არავინ მოახერხოს მათი ხელისუფლებაში ყოფნის ფუფუნების ხელყოფა. ქვეყანაში, სადაც არ არის სამართალი, სადაც სამართალს ადეიშვილის პროკურატურა, კუბლაშვილის სასამართლო, მერაბიშვილის პოლიცია, უგულავას/მერაბიშვილის/არველაძის/ჭანტურიას მედია, სააკაშვილის ხელისმლოკავი „ესენივინარიან?“ პოლიტჭიაყელა კანონმდებლები ჰქმნიან, ვშიშობ, ეს უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დემოკრატიის ყველანაირ ფასადზეც კი უარის თქმა და საბოლოდ ავტოკრატიის დამყარება გადაწყვიტა. „სინგაპურიზაცია სრული ტემპით!“ – აი, ევროკავშირზე ყასიდად ორიენტირებული ნეობოლშევიკების ლოზუნგი, რომელსაც მალე სახალხოდ გამოაცხადებენ.
ნუთუ ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენი წინაპრების ძვლებს, ჩვენს ენას, რწმენას და მამულს, და ჩვენს ოცნებას თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოზე ამ „საკანონმდებლო ზინგერების“ ამორალურ და უპრინციპო ნაკრებს დავუთმობთ, რომელთაც ქვეყანა – ნინიას ბაღი, სააკაშვილი – ნინია, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია და კანონები – მათ მიერ მუდმივად თავის თავზე მოსარგებად უნიჭოდ გადასაკეთებელი შარვალ-კოსტუმი ჰგონიათ?!
ყველანი, ვისაც მონობა და მონათმფლობელობა არ გვსურს, უნდა გავერთიანდეთ!!!
თუ იქ, სადაც ათასი კაცის შეკრება გაუგონარი მიღწევა იყო, ახლა 100,000 კაცი გამოდის, დავიჯერო, ჩვენ ავიტანთ ჩვენი არჩევნის მერამდენე უკვე გაყალბებას და სახლში დავრჩებით? უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის! მთელი მსოფლიო ნახავს, ვის უნდა პატიოსანი არჩევნები და ვის – არჩევნების მოპარვა! და განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, დღეს მმართველი კლანის საერთაშორისო რეიტინგი 0-ის ტოლია და აბსოლუტურ ნულამდეც დავა, თუ ისინი არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან.
ადამიანმა, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი ისტორიული დოკუმენტის – ამერიკის კონსტიტუციის – შექმნაში მიიღო მონაწილეობა და რომელიც კანონის უზენაესობის რეალური დამცველი იყო (და რომელსაც პრორუსულ პოლიტიკოსობას, ალბათ, ვერ დააბრალებენ), ძალიან სერიოზული ლოზუნგი დაგვიტოვა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ:
(ავტორი მადლობას უხდის ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს, რომლის presage.tv-ზე გამოქვეყნებული წერილის მასალები საკანონმდებლო ინიციატივებზე – ტექსტში Italic-ით – გამოყენებული იქნა სტატიის მომზადებისას)
ჰაველი და მიშა
Posted: 2011/12/25 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ვაცლავ ჰაველი, ვლადიმერ პუტინი, მიხეილ სააკაშვილი, სამოქალაქო საზოგადოება 5 Commentsროდესაც ვაცლავ ჰაველის დასაფლავების კადრები ვნახე, ყველაზე უფრო უცნაურ მომენტად ჩავთვალე კუბოსთან წარბებშეჭმუხნული და სახეგაქვავებული მიხეილ სააკაშვილის ფიგურა (0:36-0:38).
წარმოვიდგინე, რა განცდები ექნებოდა, ალბათ, ერიხ ჰონეკერს, სახაროვის დასაფლავებას რომ დასწრებოდა, ან ალექსანდრე ლუკაშენკოს – მაჰათმა განდის მემორიალთან.
პრაღაში არ ჩასულა რუსეთის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი. მხოლოდ სახალხო დამცველი ვლადიმერ ლუკინი ჩავიდა, როგორც კერძო პირი. და მართალი გითხრათ, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია გაცილებით უფრო გულწრფელი მგონია, ვიდრე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა.
ვაცლავ ჰაველი იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა კომუნიზმის და საბჭოთა სოციალისტური ბანაკის დანგრევაში. და ამ მხრივ, გასაგებია, რატომ არ მიაგეს მას პატივი პუტინმა და მედვედევმა და რატომ ჩაქანდა პრაღაში მიხეილ სააკაშვილი.
მაგრამ ვაცლავ ჰაველი, განსხვავებით მრავალი სხვა ანტიკომუნისტი დისიდენტისაგან (და მათ შორის – ალექსანდრ სოლჟენიცინისა და ზვიად გამსახურდიასაგანაც) მსოფლიო ისტორიაში დარჩება, როგორც ადამიანი, რომელმაც არანაკლები როლი შეასრულა სამოქალაქო საზოგადოების როლის გაცნობიერებაში და სწორედ ასეთი საზოგადოების განვითარებისთვის ბევრი რამ მსხვერპლად გაიღო თავისი სამშობლოს ტერიტორიული ერთიანობისა თუ, განსაკუთრებით, საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების „სიმაგრის“ დათმობის ხარჯზე. და ამ მომენტის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი სჯობდა ისევე სახლში დატეულიყო, როგორც ვლადიმერ პუტინი დაეტია, რადგან ისინი – მიშა და ვოვა – ფრონტის ხაზის სწორედაც რომ მეორე მხარეს ერთად არიან – როგორც სამოქალაქო საზოგადოების დათრგუნვის, განადგურების, სამოქალაქო უფლებების განუხრელი შელახვის და საზოგადოებრივი ინსტიტუტების რღვევის პიონერები და ლიდერები. რაც არ უნდა დიდი წუხილი გამოთქვას მიხეილ სააკაშვილმა და რაც არ უნდა სამარადისო კაეშნის ნიღაბი მოარგოს თავის არსებას, მას არასოდეს არავინ განიხილავს ვაცლავ ჰაველის იდეურ მემკვიდრედ, რადგან მოჩვენებითი სევდის რამდენიმე წუთი და ჰაველის მიმართ უხვად დაღვრილი დითირამბები, ან წმინდა გიორგის ორდენი ვერ გადაწონის 7 ნოემბერს, 6 მაისს, 26 მაისს, დანგრეულ სასამართლო სისტემას, მონოპოლიზირებულ და გაბახებულ მედიას, პოლიტიზირებულ პოლიციას, დატერორებულ ბიზნესს, ხისტად ცენტრალიზებულ სახელისუფლებო ვერტიკალს და იმ დაუსრულებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც მხოლოდ ერთს ემსახურება – საკუთარი პერსონის და საკუთარი პარტიის სამარადისო მონოპოლიის გამტკიცებას და სამოქალაქო საზოგადოების ყლორტების დასაბამშივე უმოწყალოდ განადგურებას…
რამდენიმე ციტატა ვაცლავ ჰაველის ბრწყინვალე გამოსვლიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ჰაველი სხვაა, მიშა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი“.
=================================================
ჰაველის სიტყვა “ვაცლავ ჰაველის სახელობის სამოქალაქო საზოგადოების სიმპოზიუმზე”
(მაკალესტერის კოლეჯი, მინეაპოლისი/სენტ პოლი, ამერიკის შეერთებული შტატები, 1999 წლის 26 აპრილი)
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარება… ძალიან რთული პროცესია – არა მარტო ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, … არამედ იმის გამოც, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ან გულგრილია სამოქალაქო საზოგადოების აღდგენის იდეის მიმართ, ან ეწინააღმდეგება კიდეც მას. როგორც კი იგდებენ ხელში ძალაუფლებას, მაშინვე ითავისებენ სახელმწიფოს ზოგად სურვილს, არაფერი დათმოს იქიდან, რაც მოუპოვებია. პარადოქსია, მაგრამ დღეს საკმაოდ ბევრი დემოკრატი თუ ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი იცავს სახელმწიფოს გადამეტებულ ძალაუფლებას, რაც კომუნისტური ეპოქის გადმონაშთია.
კონსერვატიზმს არაფერი აქვს საერთო იდეოლოგიასთან. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს იდეოლოგიური გამართლება უპოვოს საკუთარ სურვილს, არ დაუშვას სახელმწიფო ძალაუფლების შემცირება, ისინი, ჩვეულებრივ, ასეთ რამეს ამბობენ: `ხალხმა ჩვენ აგვირჩია; მათი სურვილი იყო, რომ ჩვენ გვემართა სახელმწიფო. ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი იერიშია წარმომადგენლობით დემოკრატიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაზე. რესურსების სოციალური გადანაწილება სახელმწიფოს მოვალეობაა და ეს ფუნქცია არ უნდა დაეკისროს სხვებს. პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბების და მხარდაჭერის ნებისმიერი მცდელობა, რაც პოლიტიკურად ცენტრიდან არ კონტროლდება, საპარლამენტო დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენების ტოლფასია.
სამოქალაქო საზოგადოება წარმოშობს ჭეშმარიტ პლურალიზმს, ხოლო პლურალიზმი, ბადებს რა კონკურენციას, ქმნის ხარისხს. ამ მხრივ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკას შორის მსგავსებაა. რაც უფრო მრავალფეროვანი და დამოუკიდებელია ფართო მასებიდან წამოსული, ყველა სფეროში მოქმედი ინიციატივები, მით უფრო დიდია შანსი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამოვლინდეს ამ ინიციატივებს შორის საუკეთესო. მინდობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებისა თუ ცენტრალური პოლიტიკური ორგანოების უნარზე, მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის უკეთესი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ნიშნავს, რომ ძალაუფლება და ჭეშმარიტება გააიგივო ერთმანეთთან. ჩვენ ვიცით, ან უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა შედეგი მოჰყვება მსგავს დამოკიდებულებას. ეს რეგრესია.
რაც უფრო მრავალფეროვანი და წარმატებულია სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო მყარია შიდა პოლიტიკური სიტუაცია. ეს გასაგებიც არის. სამოქალაქო საზოგადოება იცავს მოქალაქეებს პოლიტიკური ძალაუფლების შიგნით მომხდარი ცვლილებების ზემოქმედებისგან. შედარებით დაბალ დონეებზე ის ისრუტავს ასეთი ცვლილებების შედეგებს, გადაამუშავებს მათ და აწესრიგებს კიდეც. ამ გზით ის ამსუბუქებს პოლიტიკურ ცვლილებებს ან იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები არ იყოს საბედისწერო. მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები არ უნდა აღიქმებოდეს ქარიშხლად, რომელიც ყველაფერს მიწასთან ასწორებს. მაგრამ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის საკმარისად განვითარებული, პოლიტიკურ ცენტრში აღმოცენებული ყველა პრობლემა მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ილექება, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები აღწევს ხელისუფლებამდე და ამიტომ მას (ხელისუფლებას) ისეთი საკითხების გადაწყვეტა უხდება, რომელთა მოგვარება სხვა შემთხვევაში არ მოუწევდა – და ეს იმ პრობლემების მოგვარების ხარჯზე ხდება, რომლებიც სწორედ რომ ხელისუფლების გადასაჭრელია, ვინაიდან ის არის მათზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება არა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსისგან დამცავი საუკეთესო საშუალებაა, არამედ ავტორიტარული ძალების აღზევებისგანაც გვაზღვევს – ეს ძალები ყოველთვის მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც საზოგადოებაში რაიმე ძვრები ხდება ან საზოგადოება თავს დაუცველად გრძნობს. რაც უფრო მეტი ძალაუფლება უპყრია ხელთ ცენტრალურ ხელისუფლებას, მით უფრო ხელსაყრელი პირობები ექმნება ასეთ ძალებს იმისათვის, რომ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარონ.“
გამოსვლის სრული ტექსტი:
http://tolerantoba.ge/index.php?news_id=110
Submitted on 2011/12/25 at 13:45
gio dsjdni@mail.ru 188.129.168.45 ეს პოსტი მარაზმია და მეტი არაფერი. დაბოღმილი ადამიანის პოსტია. რაო, სამსახურიდან გაგიშვეს თუ ვინმე გყავდა დამნაშავე და დაიჭირეს?? ————————————————- გიო, თქვენ ხომ წარმოდგენა არ გაქვთ, რომ შეიძლება არც ერთი იყოს, არც მეორე და ადამიანი მაინც თქვენსავით სააკაშვილით მოხიბლული არ იყოს! თქვენ იმსახურებთ სააკაშვილის მსგავს დიქტატორს, მე – არა. დაბოღმილი თუ ვარ, მხოლოდ იმით, ქვეყანა და ხალხი რა დღეშია. და ყველა ის ადამიანი, ვინც უსამართლოდ დაიჭირეს, ჩემიანად მიმაჩნია – მაგრამ თქვენთვის ეს შეგრძნება უცნობი იქნება. თქვენ, ეტყობა, ძაან გალაღებული ბრძანდებით მიშას ხელში, ანდა საახალწლო ბიჟუტერია ყველანაირ უსამართლობას და ძალადობას წონის თქვენს ნორჩ, მაგრამ გაქვავებულ ცნობიერებაში! (სოლომონი) ———————————————————————————- IP: 178.134.137.41, 178-134-137-41.dsl.utg.ge E-mail: vasogab@posta.ge Whois: http://whois.arin.net/rest/ip/178.134.137.41 Jan 1, 2012, 10:23 ჶუ, ბლინ! რამ წამაკითხა ეს სირობა ამ ახალ წელს… ————————————————————————————- პასუხი: ბატონო ვასილ, მთელი 8 წელია, მართლაც რომ სირობების ტაშის კვრაში გაქვთ გატარებული და ეტყობა, ცნობიერება დაგებნიდათ, ან სიმართლეზე ალერგია გეწყებათ … და ისე, მე დაგაძალეთ წაკითხვა? ჩაგერთოთ ტელევიზორი და გეყურებინათ თქვენი ბელადი ბავშვების მოფერებით ჰიტლერივით როგორ ცდილობს საკუთარი რეიტინგის ლაფიდან ამოქაჩვას. მაგრამ ეტყობა, ცდუნდით იმის გასაგებად, რა საერთო მოვუნახე ვაცლავ ჰაველს და მიშა სააკაშვილს! არადა, თქვენგან განსხვავებით, მე არ მიმტყუნა ობიექტურობის გრძნობამ და ერთი საერთო ნაღდად ვნახე! გისურვებთ, 2012 წელს მიშმადიდებლობიდან თავისუფალ აზროვნებაში დაბრუნებულიყავით და საკუთარი სამშობლო შეგყვარებოდეთ და არა – სამშობლოს გამტყავებელი ვერანა აფერისტები. (სოლომონი) |
5/5 – და გემი მიცურავს…
Posted: 2011/12/17 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა 2 Commentsყველაფერი დალაგდა და პაზლის არეული ელემენტებმა ერთმანეთი მონახეს.
რაც მთავარია, საბოლოოდ შეთანხმდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღი – 5 მაისი!
სარეკლამო ბანერებზე იქნება წითლად დახატული 5/5!
მერე რა, რომ შაბათია! ჩვენთვის ყველა დღე ხომ შაბათია!
არა, იყო მსჯელობები და სხვა ვარიანტებიც. ყველაზე ეგზოტიკური ვარიანტი იყო 14 ოქტომბერი (რაც, ფორმალურად მაინც, საარჩევნო პროცესის დაგეგმილ ვადებში – შემოდგომაზე – ჩატარებას გულისხმობდა), როცა მოქალაქეთა ნაწილი ეკლესიებში წავიდოდა, დიდი ნაწილი – მცხეთაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი – საარჩევნო უბნებზე… მაგრამ ეს თარიღი საკმაოდ მალევე დაიწუნეს.
შედარებით დიდხანს და უფრო სერიოზულად განიხილებოდა 5 აგვისტოს ვარიანტი. კვირა დღეა… მოსახლეობის დიდი ნაწილი დიდი ხანია დასასვენებლად იქნება გახეკილი სოფლებში, მთაში თუ ზღვაზე. ამ თარიღის მომხრეები გეგმავდნენ, ჰიდრომეტცენტრის მეშვეობით გავრცელებულიყო ცნობა, რომ 5 აგვისტოს მზეზე მაგნიტური ქარიშხალი, რადიაციული ფონის უპრეცედენტო გაზრდა, და სხვა რაიმე კატაკლიზმები იქნებოდა მოსალოდნელი, და მოსახლეობას, განსაკუთრებით, – პენსიონერებს, მოუწოდებდნენ სახლებში დარჩენილიყვნენ…
მაგრამ, საბოლოოდ მაინც 5/5-მა აჯობა. და აი, რატომ:
– ჯერ ერთი, ერთი კი არა, ორი ხუთიანია!!
– მეორეც, 2 მაისს ორმაისობა ჩატარდება ქუთაისში, გაიხსნება პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის საყვარელი შადრევანი, რაც არჩევნების წინ ”ნაცმოძრაობის და ხალხის ერთობის” ამაღლებულ ფონს შექმნის.
– მესამეც, უკვე 3 მაისიდან პოლიციის დღესთან (6 მაისი) დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაიწყება პოლიციის აღლუმის მოსამზადებელი წვრთნები, რაც მოსახლეობისათვის ძალის დემონსტრირების ლეგალური საბაბი იქნება.
– დაბოლოს, ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ მიშა სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის და რომ მრავალჯერ გამეორებული 26 მაისიდან საქართველოს ახალი პარლამენტის ქუთაისში მუშაობის დაწყება შემთხვევითი ფრაზა არ იყო…
მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც შეირჩა 5 მაისი, სულ სხვაა.
სააკაშვილი მიხვდა (ძალიან ბევრჯერ გაუმეორეს და სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა მიმხვდარიყო), რომ არავინ არ აპირებს მის მიერ სერიოზული კონკურენტის გზიდან უკანონოდ ჩამოცილების მცდელობაზე თვალის დახუჭვას. ის, რომ ქეთრინ ეშტონიც და ობამას ადმინისტრაციაც ყურადღებით ადევნებენ თვალს, მოხდება თუ არა ბიძინა ივანიშვილისათვის აბსოლუტურად პოლიტიკური მოტივით წართმეული მოქალაქეობის დაბრუნება, ეჭვს არ იწვევს. რაოდენ არ უნდა ჯიუტობდეს მიშა, მას მაინც მოუწევს ამ ნაბიჯზე წასვლა, რაც სამთავრობო ფილოსოფოსმა გია ნოდიამაც კი თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად შეცდომად ჩაუთვალა მის სასიქადულო ხელისუფლებას. ის ერთადერთი ფრაზა, როცა პრეზიდენტმა ივანიშვილი ახსენა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში – ”ივანიშვილი ჩვენთვის კარგია – ფორმაში ყოფნას გვაიძულებს!”, უკვე უკანდახევის აღიარებაა – სხვანაირად წარმოუდგენელი ცინიზმია კონკურენტის ასეთ ”სარგებელზე” საუბარი, თუ მას, ყურით მოთრეული მიზეზით, პოლიტიკურ რინგზე არ უშვებ…
მაგრამ მიშა შეეცდება, რომ მოქალაქეობის განმეორებით მინიჭება (ესეც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ სწორედ განმეორებით მოწყალების მოღება და არა – საკუთარი შეცდომის აღიარება) ისე მოხდეს, რომ ივანიშვილს არ ეყოს დრო პარტიის სტრუქტურების და ნორმალური სარეკლამო კომპანიის ჩასატარებლად. ამიტომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც სააკაშვილი არჩევნების ვადას დანიშნავს, ის გამოაცხადებს, რომ მიმდინარეობს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხის იურიდიული პროცედურების დაზუსტება, მაგრამ თავად აქტის გამოცემას მხოლოდ მარტში, ან სულაც – აპრილში მოაწერს ხელს.
არჩევნების გადმოტანის მიზეზი (უფრო სწორად – საბაბი) მეორე თავსატეხია, რაზეც ნაცმოძრაობის ტვინებში თათბირი და ძიება გრძელდება. ისე, ყურადღება მიაქციეთ ჩანგალთსარდალ ბაქრაძის მიერ გახმაურებულ ვითომ უმნიშვნელო განცხადებას – 2012 წელს რუსეთი ომს ვეღარ დაიწყებს, ძალიან ბევრი ფული ჩადო ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობაშიო!!! – ეს ოლიმპიადის იმედად ყოფნა რამეს ხომ არ გაგონებთ ახლო წარსულიდან?!!!… მე პირადად, ძალიან ცუდად მაგონებს იმ ოლიმპიურ სიმშვიდეს, რომლითაც დიდი სოფლების აღებას გვამცნობდა ჩვენი მაკე-დონელი…
გადაწყდა ისიც, რომ საგარეო ვექტორი უმნიშვნელოვანეს მიმართულებად უნდა იქცეს… თუმცა აქ ჯერ კიდევ გაურკვევლობაა. ადეიშვილი და ბოკერია თვლიან, რომ უცხოელ დიპლომატებთან მუშაობის ტვირთი სწორედ ბოკერიაზე უნდა გადავიდეს, მაგრამ სააკაშვილი ამას ვერ ეგუება. მას არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი საერთაშორისო დიდების მზე ჩაესვენა. ამიტომ ჯერ კიდევ ცდილობს, რომ მეორეხარისხოვანი ვიზიტებით, სხვადასხვა კონფერენციებზე გამოსვლებით და საქართველოს ფანტასმაგორიული წარმატებების მოყირჭებული, გაცვეთილი ფრაზების კანონადით, დასავლელი ლიდერებისთვის ხელის ჩამორთმევის და მიღებებზე ფოტოების გადაღების ფორმით ისევ აღიდგინოს ძველი შარავანდედი… ამიტომაც ეცდება, რომ მხოლოდ ბაქრაძეს და ვაშაძეს (როგორც დედოფლადგასვლის ამბავში დასაჭურისებულ პაიკებს) ანდოს საგარეო ვიზიტები და განცხადებები – აკი დღეს კიდეც გაუმხილა დიდხანს რუსეთის მოქალაქემ და პარალელურად ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მთელ მსოფლიოს ის, რისი აღიარებაც სააკაშვილს კატასტროფულად „რცხვენია“ – რომ თურმე მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ აქვს გეგმაში პრემიერ-მინისტრობა! ძალიან მაინტერესებს მსოფლიოში იმ ლიდერის ან ანალიტიკოსის აღმოჩენა, რომელსაც სჯერა, რომ სააკაშვილი თავის გეგმებს სწორედ ვაშაძეს ანდობს! ვლადიმერ სოკორი, სერგეი ილარიონოვი, რაფაელ გლუქსმანი და სხვა ანგაჟირებული ფიგურები არ მაქვს მხედველობაში – ეგენი, რა თქმა უნდა, დაუჯერებენ ვაშაძეს და საერთოდ მაგათ მაგ განცხადებამდეც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ სააკაშვილი თავის რეპუტაციას პუტინის იმიტირებით არ შებღალავდა! ნეტარ არიან „მორწმუნენი“…
საშინაო მიმართულებაც დალაგდა – მართალია, ოპოზიციურად მონათლული აგენტ ენვერ-2-ის, ანუ ეროსი-2-ის, დეზავუირება გახდა საჭირო, მაგრამ რამდენადაც ხელისუფლებამ სატელიტიდან „მაესტროს“ გათიშვა მოახერხა, „მაესტროს“ მფლობელებსა და ჟურნალისტებს ნერვები სერიოზულად მოუშალა, „მაესტროსათვის“ ლიცენზიის ჩამორთმევის წინაპირობა შექმნა და ამ არეულობაში გურიაTV-ც გადასანსლა,… როგორც ჩვენი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ამბობს, ეს გამართლებული შეწირვა იყო…
საშინაო პიარის მთავარი მიმართულება ჯანდაცვა გახდა! არცერთი დღე საავადმყოფოს გაუხსნელად! ზოგჯერ დღეში ორი საავადმყოფოც კი იხსნება! ვინ მუშაობს იქ, ვინ მკურნალობს, როგორი ფასებია?.. – ამას არავინ კითხულობს. საერთოდ საავადმყოფოების გახსნა ისეთ აჟიოტაჟის, თაყვანისცემის და ბელადის წინაშე მეტანიობის ფონზე მიდის, რომ ივანოვის „явление Христа народу“ მონაგონია!
ახალი სავადმყოფოები + ახალი აღმაშენებელი + ახალი ბათუმი + ლაზიკა/ევრიკა = გოელრო-ს! ანუ =სტაბილურობის ოაზისს კრიზისით დანთქმულ და გაუბედურებულ მთელ მსოფლიოში!
ინვესტორებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით და მოგროვდით საქართველოს საზღვრებთან, სადაც ბადემომარჯვებული გილაური და თვალებაჟუჟუნებული ვერა დაგხვდებიან! პირველი მერცხალიც, სააკაშვილის მთავრობასთან თავისი სახელით წარმატებულად მოვაჭრე დონალდიც, დღე-დღეზე უნდა ჩამოვიდეს! ცოტა ფეხს კი ითრევს, მაზანდას იწევს ბ-ნი ტრამპი…
გარდა დამშეული მოსახლეობის 30-ლარიანი ვაუჩერებით მოსყიდვის მრავალნაცადი ხერხისა (რაზეც 24 მილიონი ლარი დაიხარჯება – თითქოსდა, ბიზნესის წახალისების საფუძვლით), უფრო სერიოზული გეგმებიც დაიგეგმა და ხორციელდება.
მაგალითად, საგარეო მხარდაჭერის (კერძოდ, ობამას ადმინისტრაციის მოწყალების) მოსაპოვებლად – ავღანეთში მოხდება პენტაგონის ჩანაცვლება ქართული საჯარისო შენაერთებით! წარმოგიდგენიათ – ობამას ჯარები გაჰყავს რეგიონიდან, ხოლო მიშა – ქართულ შენაერთებს ზრდის! ხომ ვიცოდით, რომ ავღანეთს ვერც რუსეთი და ვერც ამერიკა ვერ ააშენებდნენენ საბოლოოდ – აგერ, მაინც ჩვენს იმედად დარჩნენ ავღანელები! ოღონდ სკამზე დატოვონ და მეძუძურ დედებს არ გააგზავნის სააკაშვილი საომრად?! გააგზავნის! ეგეც გამართლებულ შეწირვად ჩაითვლება ბოკერიას მხრიდან!
ლაზიკას აშენებაც იქ ჩასასახლებელი თურქი-მესხების დასაბრუნებლად თურქეთისაგან მიღებული მილიარდებით იგეგმება – საკაშვილი თან 2012 წლისათვის ევროსაბჭოსათვის თურქი-მესხების დაბრუნების დაპირებას შეასრულებს, თან ერდოღანს თურქეთის საზღვრიდან 100 კილომეტრში რამდენიმე ასეულ ათასს თურქ მესხს რომ დაუსახლებს, როგორი მადლობელი იქნება ერდოღანიც და მთელი თურქეთიც, ხომ წარმოგიდგენიათ?! აქამდე აჭარის დაბრუნებაზე ოცნებობდნენ და ხელებს იფშვნეტდნენ – დღეს უკვე ფოთზეც თამამად შეუძლიათ იოცნებონ!.. არ გჯერათ, რომ მიშა ამას იზამს? და რატომ არ გჯერათ? თავად არ თქვა, იქ ძირითადად ლტოლვილები უნდა დავასახლოო? და როდესმე დააზუსტა – რომელი ლტოლვილები? თავად არ თქვა, ინვესტიციები უცხოეთიდან იქნება მოზიდულიო? – და როდესმე დააზუსტა, საიდან და რომელი ინვესტიციები? ამ საშინელი კრიზისის ჟამს ვინ იყო, რომ სხვა ქვეყანაში ნახევარმილიონიანი ქალაქის მშენებლობას აფინანსებდა? ასტანა დაუფინანსა ყაზახეთს უზბეკეთმა, თუ ბრაზილია – ბრაზილიას არგენტინამ?
რადგან ქართული ჯარი ერაყსა და ავღანეთს დაიცავს, ამიტომ საქართველოში სავალდებულო ერთწლიანი გაწვევის მასშტაბები გაიზრდება და მალე ერთწლიანი გაწვევა ორწლიანით შეიცვლება!
საახალწლოდ ხელისუფლებამ ახალი 1000-1000 ლარიანი ბეგარა დააწესა – ყველა სავალუტო ჯიხური, აფთიაქი და მარკეტი ამ ბეგარას გადაიხდიან, რაც დროულად ჩაეშვება ჯერარგამოცხადებული არჩევნების ყულაბაში! ახალი წლის შემდეგ კი არჩევნების დაფინანსებას ლამის საერთოდ აკრძალავენ, რომ მხოლოდ თავად იხეირონ და სხვებს ხელფეხი შეუკრან!
მუშავდება უფრო თამამი და ადრე თითქოს წარმოუდგენელი პროექტებიც – მაგალითად მთავრობა აპირებს (ინტერესთა კონფლიქტის სავსებით გამართლებული მიზეზით) სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე 2012 წელს ჩამოართვას მათ მიერვე აშენებული დ სააკაშვილის მიერ ზარზეიმით გახსნილი საავადმყოფოები!.. და… – უცხოელ ინვესტორებს მიჰყიდოს! თუმცა ეს ღონისძიება არჩევნების შემდეგ იგეგმება და უფრო სერიოზულად მისი შერბილებული ვარიანტი განიხილება, რომ ნაცმოძრაობის მარჩენალ ქართულ სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებს 50%-ზე ნაკლები წილი მფლობელობაში დაუტოვონ და მხოლოდ საკონტროლო პაკეტები გაჰყიდონ უცხოელებზე…
და გემი მიცურავს!
მერე რა, რომ ყუმბარებით დაფლეთილ ხომალდზე წყალი უკვე ლამის კიჩომდეა, კაპიტანი გონზე აღარაა, მეზღვაურები იხრჩობიან, გემბანზე ხანძარი მძვინვარებს და მაშველ ნავებში მხოლოდ ბობოლების ოჯახების ადგილია!.. მთავარია – ორკესტრი ისევ უკრავს, შამპანურიც იღვრება, ჰიმნიც ისმის, ხალხიც მღერის წაგებულ/მოგებულ ომზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, რომელთა დაბრუნებასთან ყველაზე ახლოს სწორედ ეხლა ვართ… და ეკრანზეც გადის ლამაზი ფილმი – ლამაზ ქალაქებზე, ლამაზ შადრევნებზე და ლამაზ მომავალზე, რომელიც სწორედ ამ ხელისუფლებამ მოიგონა, დაწერა, დადგა და… თავადვე დაასამარა…
P.S. თუმცა, არის ორი „თუმცა“
ა) 2003 წლის დასაწყისშიც მსგავსი გამარჯვების გეგმები ჰქონდათ მოქალაქეთა კავშირის მესვეურებსაც, მაგრამ ის მოხდა, რასაც არავინ ელოდა – ყველაფრის მსურველმა მთავრობამ ბრიშტი მიიღო და რაც მთავარია, უცხოეთმა არ „გაუპრავა“ ერთგულ შევარდნაძეს არჩევნები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს სააკაშვილის საერთაშორისო რეიტინგი შევარდნაძის 2003 წლის საერთაშორისო რეიტინგს აღემატება, რაც უფრო დიდხანს ეგონებათ ასე – მით უკეთესი!..
ბ) 2011 წლის წლის დასაწყისში არაბული ქვეყნების დესპოტებსაც ხელებს უკოცნიდნენ, „ქვეყნის იმედს“ უძახდნენ და ყიჟინით მოსდევდნენ ასეულები, მაგრამ მერე აღმოჩნდნენ, რომ ამ ასეულების ენთუზიაზმს ათასეულები და მილიონები არ იზიარებდნენ და ეს ამბავი კიდევ უფრო უარესად დამთავრდა…
სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ კიდეც რომ მოიგოს, მაინც წააგებენ.
და რაც უფრო გვიან წააგებენ, მით უფრო საზარელი იქნება ეს წაგება… უბედურება იმაშია, რომ „უმაღლესი მხედართმთავრის“ დანგრეული ფსიქიკა უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება… ადრე დედა იყო უკანასკნელი ტრანქვილიზატორი… ახლა უკვე ესეც აღარ ჭრის…
შუქუროვანი ტერორიზმი
Posted: 2011/12/03 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, ებრაელი ბიზნესმენები, ზეევ ფრენკელი, მიხეილ სააკაშვილი, რონი ფუქსი, საპროცესო გარიგება, ტერორიზმი, ქურდული გარჩევა 2 Comments
კაცობრიობამ, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში გამოიმუშავა ადამიანთა, სოციალური ჯგუფების და სახელმწიფოების ურთიერთშორის დავების მოგვარების სხვადასხვა მეთოდები. ყველაზე ადრეულ (და ამიტომ ველურ) ფორმად ომი ითვლება, ხოლო ყველაზე ცივილიზებულად და დემოკრატიულად – დემოკრატიული სასამართლო.
თუმცა დღემდე მსოფლიოში დავების გარჩევის ბევრი სხვა ფორმაც არსებობს. არის შემთხვევები, როდესაც მოდავეები ერთმანეთს მკლავს უწევენ, სირბილში ეჯიბრებიან, ან სულაც – წყევლიან და ელოდებიან – ვისი წყევლა უფრო ადრე უწევს კონკურენტს.
საქართველოში ახლო წარსულში ძალიან გავრცელებული მეთოდი იყო ქურდული გარჩევა. მოდავე მხარეებს რომელიმე ჯილა ქურდი მიჰყავდათ და ისიც კარგი მოსამართლესავით არჩევდა საქმეს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა. თუმცა „კასაცია“ – უფრო მაღალი რანგის ქურდის ჩართვით – ხანდახან მაინც ხდებოდა ხოლმე. არ იყო გამორიცხული, საქმეში კონკურენტი მხარეები საკუთარი ქურდებით მოსულიყვნენ და მაშინ პროცესი საკმაოდ დრამატულად ვითარდებოდა, რადგან თითოეული ქურდი უკვე არა მარტო საქმის შედეგს, არამედ თავის რეპუტაციასაც დებდა სასწორზე. ზოგჯერ ასეთი გარჩევები სისხლიანი შედეგით მთავრდებოდა და შემდეგ უკვე სპეციალური ქურდული „უზენაესი საბჭოს“ შეხვედრა ხდებოდა საჭირო არა საქმის, არამედ ქურდებში მტყუან-მართლის და ძალის გადამეტების დასადგენად…
რა თქმა უნდა, ქურდული გარჩევები არასამართლებრივი და კორუმპირებული საზოგადოების ხატება იყო და როდესაც სააკაშვილმა ამ სისტემას ბოლო მოუღო, ეს დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ვაღიარეთ ყველამ. მაგრამ, საუბედუროდ, სააკაშვილმა ერთი უკანონო და მახინჯი სისტემა მეორე – არანაკლებ მახინჯი და უკანონო სისტემით შეცვალა.
დღეს საქართველოში მოდური გახდა ე.წ. საპროცესო გარიგება, როდესაც კანონიერი ქურდის როლს პროკურატურა თამაშობს. იგი იმდენად იმით კი არ არის დაკავებული, რომ ბრალდებულის ბრალი დაამტკიცოს, (ხშირ შემთხვევებში ეს ბრალი აბსოლუტურად ყალბი საბუთებითაა შეთითხნილი), როგორც იმით, რომ დაშინებული და ზოგჯერ სპეციალური დავალების მქონე სახაზინო ადვოკატების მეშვეობით დაარწმუნოს ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები, რომ მათ უარი თქვან პროცესზე, აშინებენ რა საოცრად მძიმე საპროცესო კოდექსით და სასჯელის კატასტროფულად მძიმე მუხლებით, და გაუფორმოს მათ საპროცესო შეთანხმება! საპროცესო შეთანხმება იქცა თანამედროვე საქართველოს უსამართლო სასამართლოს უაღრესად მანკიერ მხარედ, რომელიც დაკავებულია არა სიმართლის დადგენით, არამედ იმის გაზომვით, რისი გადახდის საშუალება აქვს ბრალდებამისჯილს და მაქსიმალურად გაატყავოს იგი – ფაქტიურად აყიდინოს მას თავისი თავისუფლება! სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რატომ ხდება საქართველოში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ისე იშვიათად – 0.04-0.06%-ში, ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად „გავასწარით“ სტალინის სსრკ-ს და ჰიტლერის გერმანიას! სწორედ იმიტომ, რომ ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ მას შანსი არა აქვს, რომ კოდექსი საშინლად მძიმეა, რომ ადვოკატი ფაქტიურად პროკურატურის სურვილების გადმომცემია და მისგან დაცვას არ უნდა ელოდოს… დამეთანხმეთ, რომ ქურდულ სასამართლოშიც კი ასეთი 99.9%-იანი ცალმხრივობა არავის ჰქონდა – თავად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიც კი ვერ იგებდნენ სადავო გარჩევებს ასეთი ფანტასტიური სიხშირით…
მაგრამ არის საქმის გარჩევის კიდევ უფრო უარესი მეთოდი – ტერორიზმი. მას მიმართავენ სხვადასხვა რანგის ყაჩაღები – მაგალითად სომალელი პირატები, ალ-კაიდა, ჰესბოლა… თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოც შეიძლება სერიოზულ ტერორისტულ აქტებს გეგმავდეს და ახორციელებდეს, რის ყველაზე ცნობილ მაგალითად თეირანში ამერიკის საელჩოს ცნობილი შტურმი და ამერიკელი დიპლომატების მძევლად აყვანა ითვლება, რაშიც სავარაუდოდ, ირანის დღევანდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადიც მონაწილეობდა. სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაგეგმა და განახორციელა მისი პოლიტიკური ოპონენტის, კბგ-ს ყოფილი ოფიცრის ლიტვინენკოს მკვლელობა რადიაქტიური პოლონიუმით. ეჭვს არ იწვევს, რომ 1988 წელს შოტლანდიაში, ლოკერბის თავზე ავიაკომპანია PanAm-ის თვითმფრინავის აფეთქების ოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტის მუამარ კადაფის უშუალო მითითებით, ..
ახლა კი საქართველოში დავბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ “გადაჭრა” საქართველოს ხელისუფლებამ ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსის და ზეევ ფრენკელის საქმე.
1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა.
1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა „საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია“, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო. შესაბამისად, ისრაელელი ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევეს. ამის შემდეგ კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო არბიტრაჟში.
ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს ლონდონში. საარბიტრაჟო სასამართლომ კი ბიზნესმენთა სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა 2010 წელს და საქართველოს ხელისუფლებას 98 აშშ მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობის თავდაპირველი კონტრაქტი რონი ფუქსის კომპანიასთან კაბალური იყო და სავარაუდოდ – ან აბსოლუტური უმეცრებით, ან, უფრო მეტად – კორუფციული სქემით იყო მოტივირებული. ამდენად, ჯერ კიდევ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ სააკაშვილის მთავრობას წესით თავად უნდა ეზრუნათ, რომ ეს იურიდიული კაზუსი მოეგვარებინათ – ან მოლაპარაკების გზით – გარკვეული კომპენსაციის გადახდით, რაც ნამდვილად არ იქნებოდა 110 მილიონი დოლარი, ან – შემხვედრი საჩივრის შეტანით. ნებისმიერი დემოკრატიული და კანონის პატივისმცემელი ხელისუფლება სწორედ ამ გზით წავიდოდა… მაგრამ არა – სააკაშვილის მთავრობა. და ეს არც არის გასაკვირი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა მაინც, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ხელისუფლება არც დემოკრატიულია და არც – კანონიერი!
მიხელ სააკაშვილის მთავრობამ, ჩემი აზრით, თავიდანვე საკმაოდ ორიგინალური სქემა მოიფიქრა, რომელსაც მძევლების აყვანის და შემდგომი განთავისუფლებისთვის დივიდენდების მიღების კომპონენტებით ზოგი რამ საერთო აქვს ირანულ ოპერაციასთან.
მას შემდეგ, რაც ქართულ მხარეს 2010 წელს ასტრონომიული თანხის გადახდა დაევალა, სახელმწიფომ თავად სცადა კომპენსაციაზე საუბრის დაწყება, მაგრამ ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალამოცემული რონი ფუქსი და მისი ადვოკატი ზეევ ფრენკელი უკვე აღარ იყვნენ მხოლოდ კომპენსაციის მსურველები…
მაშინ საქართველოს ერთდროს დემოკრატიის შუქურად წოდებულმა პრეზიდენტმა (რომლის გარეშე საქართველოში შადრევანიც კი არ კეთდება და ძეგლიც არ იდგმება) – ქართული პროკურატურის მეთოდების, ზურაბ ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით ფრთაშესხმულმა – გადაწყვიტა, რომ ისრაელის მოქალაქეების მიმართაც ისევე შეიძლება ტერორისტული მეთოდების გამოყენება, როგორც საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ და შემდეგი გეგმა იქნა შემუშავებული (აღნიშნული გეგმა, ჩემი მორიგი მოდელირებაა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იტყოდა – ძალიან მიახლოებული რეალობასთან):
- უშიშროების სამინისტროს ოპერატიული მუშაკი ავთანდილ ხარაიძე დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. ქვეყანაში, სადაც პურის ცხობა საკმარისია ეკონომიკის მინისტრობისთვის, კარგი ოჯახიშვილობა – კულტურის მინისტრობისთვის, და ძლივსდამთავრებული საშუალო სკოლის დიპლომი – სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრობისათვის, ასეთი საკადრო სვლა სრულიად შეუმჩნევლად დარჩა, გარკვეულ დრომდე მაინც…
- აღნიშნული ოპერატივნიკი, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ქსივით აღჭურვილი, გაგზავნილ იქნა სტამბულში ფუქსსა და ფრენკელთან მოლაპარაკებების გასამართვად. მოლაპარაკებებმა გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, ბ-ნმა ხარაიძემ ამჯერად საოცარი გულუხვობა გამოიჩინა და მხოლოდ ის თხოვა ისრაელ ბიზნესმენებს, ჩვენ რომ ეგ თქვენი კუთვნილი 110 მილიონი დოლარი გადავიხადოთ, იქნებ ებრაელებისთვის ეგზომ საყვარელ ქვეყანაში, ტურიზმის მექად რომ გადაქცეულა, რამდენიმე მილიონი მაინც დატოვოთო…
- ფუქსმა და ფრენკელმა აღფრთოვანებულებმა განაცხადეს, 7 მილიონ დოლარს სიამოვნებით ჩავდებთ საქართველოს ეკონომიკაში, თუ ჩვენს შორის გარიგება შედგებაო… სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა ფატალური საფრთხის შემცველი ფუქსის და ფრენკელისთვის. კრიჟანგობა რომ გამოეჩინათ და ეთქვათ – ნურას უკაცრავადო, ერთ ცენტსაც არ გავიღებთო – ქართული ციხის ეგზოტიკას ასცდებოდნენ…
- აღ ნიშნული სიტყვების ფონოგრამით აღჭურვილმა ოპერატიულმა-მინისტრმა სთხოვა პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოში ჩამოეტყუებინათ ფუქსი და ფრენკელი. ეტყობა, პრემიერ-მინისტრის წერილი სწორედ იმიტომ დასჭირდათ, რომ ებრაელ ბიზნესმენებს სიფრთხილის ნატამალი არ გასჩენოდათ.
- პრემიერ-მინისტრის მოპატიჟების წერილის მქონე ბიზნესმენებს – უკვე მალე ნანატრი თანხის მიღების მოლოდინით აჟიტირებულებს, სასტუმროში, მოლაპარაკებებზე მოულოდნელად შემოჭრილი გამოჩენილი კუდის და სოდის თანამშრომლების დანახვის შემდეგაც კი, როცა მათ უკვე მათი უფლებების საქართველოში არაფრისმთქმელ სტანდარტულ ფრაზებს უკითხავდნენ, ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე და არ ჯეროდათ, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ ტიპური მახე დაუგო და 100 მილიონის მაგიერ ქართული ციხე ელოდათ.
- ციხეში გატარებული 13 თვის, ღორის ხორცის მენიუს და წამლების მიუწოდებლობის პირობებში განვითარებული ინფარქტის ფონზე ფუქსი და ფრენკელი დარწმუნდნენ (მიშამ და მისმა იუსტიციიის და სასჯელაღსრულების სისტემამ დაარწმუნეს!), რომ 7 წლით ქართული ციხის თავიდან აცილებისთვის ლამის უკვე დაკანონებული 110 მილიონი დოლარი (ან დიდი ნაწილი მაინც) უნდა დაეთმოთ.
- ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ფუქსი და ფრენკელი მიიღებენ არა 110 მილიონს, არამედ ამ თანხის მხოლოდ 1/3-ს, ხოლო საქართველოს მთავრობა დაიტოვებს 70 მილიონ დოლარს.
- ფაქტიურად, ფუქსმა და ფრენკელმა გადაიხადეს ყველაზე დიდი გადასახადი საპროცესო გარიგებისათვის – 2010 წელს საქართველოს პროკურატურამ 14,000 ბრალდებულისაგან მთლიანობაში 112 მილიონი ლარი ამოიღო , ხოლო მხოლოდ ამ ერთი „ოქროს გარიგებით“ – ამაზე მეტი თანხა!
- სააკაშვილისმ პრესს-სპიკერმა ამაყად განაცხადა, რომ ეს ჰუმანური აქტი, რომელიც განპირობებული იყო ჩვენი ჰუმანისტი პრეზიდენტის მიერ დამნაშავეთა ასაკისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის ამავდროულად საქართველოს ეკონომიკის დიდი გამარჯვება! აქვე ამაყად იყო გაცხადებული, რომ [ლამის ერთწლიანი პაუზის შემდეგ] საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე ეწვევა უახლოეს ერთ კვირაში ისრაელს ოფიციალური ვიზიტით!
გამოდის, რომ საქართველომ – საქართველოს მოქალაქეებმა – მაინც წააგეს ის 110 მილიონი დოლარი, რადგან იმ 70 მილიონს, რასაც ვითომ საქართველოს ბიუჯეტში უნდა ველოდოთ, სინამდვილეში მმართველი პარტია მომავალი არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებს! გულახდილად გეტყვით, მეც და საქართველოს ბევრ ნორმალურ მოქალაქესაც ამ პერსპექტივას, ალბათ გვერჩივნა, ისევ ფუქსი და ფრენკელი გაგვემდიდრებინა, რადგან თუ გაიმარჯვა სააკაშვილმა(დაგვიფაროს ღმერთმა ამისგან!), ის ყოველ წელს მილიარდობით დოლარს წააგლეჯს საქართველოს ხალხს!
მივმართავ ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს შემდეგი კითხვით – თქვენ არ ემორჩილებით ტერორისტების მოთხოვნებს, როგორ გგონიათ, დემოკრატიის ექსშუქურა ტერორისტისათვის გადახდილი 70 მილიონი დოლარი მის მადას არ გაზრდის? გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოიგონა მეთოდი, რომლის მეშვეობით იგი მომავალშიც მოახერხებს თქვენი მოქალაქეების დატერორებას.
და კიდევ, ბატონ ფუქსს და ბ-ნ ფრენკელს მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მწარე დღეებისათვის, რაც მათ საქართველოში გაატარეს, მივულოცო განთავისუფლება და სერიოზული თანხის მიღება, და მინდა ვუთხრა, რომ ამ მათთვის უკვე დასრულებული პატიმრობისთვის მათი „შემწყალებლის“ მადლობელი კი არ უნდა იყონ, არამედ მისი პოლიტიკური ოპონენტის – ბატონ ბიძინა ივანიშვილის! რომ არა ივანიშვილის, როგორც ძლიერი და პოპულარული ფიგურის გამოჩენა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, და თვითგადარჩენის გამძაფრებული ინსტიქტი, მიხეილ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ შეარჩენდა მათ იმ 30 მილიონ დოლარს და კიდევ მრავალ ახალ წელს შეახვედრებდა ქართული საახალწლო ფეირვერკის მაცქერალთ – თუ მათი საკნების გისოსებიანი სარკმელებში ავლაბრის ცა ჩანდა…
P.S. ძაან მაგარი იქნება, ისრაელმა ვაშაძე რომ აიყვანოს მძევლად და 70 მილიონი დოლარი მოგვთხოვოს!
არ გადაიხდის მიშა!
ვაშაძეში?
700 ლარსაც არ გადაიხდის, ნიძლავს დავდებ! 🙂
—————————————-
(მომზადდა თ. კუპრეიშვილის სტატიის მასალების გამოყენებით – “70 მილიონად შეწყალებული ბიზნესმენები” http://netgazeti.ge/GE/82/News/7257/.htm )
საქვეყნოდ ცნობილი ალპინისტები
Posted: 2011/12/01 Filed under: ინტერმეცცო | Tags: ალპინიზმი, რეიდი დატოვე კომენტარიEdmund Hillary, ახალი ზელანდია
ცნობილი მთამსვლელი, მოგზაური და ფილანტროპი, რომელმაც პირველად მსოფლიოში 1953 წ. შერპ თენზინგ ნორგეისთან ერთად მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი (ჰიმალაები) დაიპყრო. შემდეგში მან დაიპყრო ჰიმალაების კიდევ 10 მაღალი მწვერვალი, იმოგზაურა სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე და დაარსა შერპი ხალხის დახმარების ”ჰიმალაების ფონდი”. ჟურნალმა ”თაიმმა” იგი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გამოჩენილ ადამიანთა სიაში შეიყვანა. მისი სახე გამოსახულია ახალზელანდიურ 5-დოლარიან ბანკნოტზე.
Reinhold Messner, იტალია
”ჯადოქარი”, ”ცოცხალი ლეგენდა”, – მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ალპინისტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს მსოფლიოს 14-ვე რვაათასმეტრიანი მწვერვალი. პირველი მთამსვლელი, რომელმაც დაიპყრო ევერესტი დამატებით ჟანგბადის გარეშე. ნანგა პარბატის (ჰიმალაები) ასვლის დროს დაეღუპა ძმა, გიუნტერ მესნერი და თავად ტერფის თითების ამპუტაცია დასჭირდა, მაგრამ ალპინიზმი არ მიუტოვებია. გახსნა მესნერის მთის მუზეუმი, რომლის დირექტორიც თვითონაა.
Jerzy Kukuczka, პოლონეთი
მსოფლიოში მეორე ალპინისტი, რომელმაც 14-ვე რვაათასმეტრიანი მწვერვალი დაიპყრო, თანაც – ყველაზე მოკლე ინტერვალში, 11 – ახალი მარშრუტით, 4 – სწრაფი ასვლით ზამთარში და 1 – სოლო. ტრაგიკულად დაიღუპა 1989 წელს ლჰოცეს სამხრეთ მარშრუტზე.
Hermann Buhl, ავსტრია
ერთ-ერთი იმ ალპინისტთაგანი, რომელთაც უკვე ახალგაზრდა ასაკში სუპერადამიანის სახელი შეარქვეს. 1953 წ. მან პირველმა მარტომ დაიპყრო 8,000-იანი პიკი – ნანგა პარბატი (ჰიმალაები), ხოლო 1957 წელს – ჯგუფურად მეორე 8,000-იანი მწვერვალი ბროუდ პიკი. წარმატებით გამხნევებული ბულმა მეგობართან ერთად გააგრძელა ექსპედიცია და შეეცადა დაულაშქრავი მწვერვალის – ჩოგოლიზას (ბრაიდ პიკის) დაპყრობას, მაგრამ ტრაგიკულად დაიღუპა.
Marc Francis Twight, აშშ
ექსტრემალური ალპინიზმის ფუძემდებელი და სახელმძღვანელოს ავტორი.
Ricardo Cassin, იტალია
რამდენიმე დღემდე საუკეთესო მარშრუტის ავტორი, მათ შორის ნორს ფეისზე 6 სხვადასხვა დიდი მარშრუტისა. 1975 წელს განახორციელა წარმოუდგენლად რთული ასვლა ლჰოცეზე (ჰიმალაები) სამხრეთის მარშრუტით. მის მიერ დაარსებული კომპანია დღემდე აწარმოებს ალპინისტურ მოწყობილობებს.
Gerlinde Kaltenbrunner, ავსტრია
სადღეისოდ საუკეთესო ქალი ალპინისტი, რომელსაც უკვე დაპყრობილი აქვს 9 რვაათასმეტრიანი მწვერვალი და აქვს შანსი (ჯერ მხოლოდ 41 წლისაა) დაიპყროს თოთხმეტივე.
ქართველი პოლიტალპინისტები
Gia Tortladze, საქართველო
Mr. PadoshA, ”ჯომოლუნგმას ძირი” – კაცი-ლეგენდა, რომელმაც დაიპყრო ევერესტიც და საქართველოს პარლამენტიც. მართალია, ორივე შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, თუ რამდენად კანონიერი იყო მეთოდები, რომლითაც მან ეს დაპყრობები განახორციელა, მაგრამ უმწიკვლო საკრედიტო ისტორიის წყალობით საქართველოს მიხ. სააკაშვილის სახელობის დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელს, ლიდერს და ერთადერთ წევრს ეს დიდად არ ანაღვლებს, რადგან პატრიოტული აქტის ფუძემდებელია და ბიძინა ივანიშვილისგან იმით განსხვავდება, რომ პოლიტიკაში ბიზნესიდან კი არ მოსულა, პირდაპირ ევერესტიდან ისკუპა.
Erosi Kitsmarishvili, საქართველო
ლეგენდარული ავანტიურისტი, რომელმაც სამედიცინო განათლებაზე უარი თქვა და ავანტიურებში გადაეშვა. დააარსა დამოუკიდებელი ტელევიზია რუსთავი-2, რომლის მეშვეობითაც მოახდინა მსოფლიოში ცნობილი კანცელარიის პიკის დაყრობა და იქედან ავეჯის საზეიმო გადმოყრა. შემდეგ ეს ტელევიზია ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად გამოაცხადა” და სწორედ მისი მეშვეობით ეს ხალხი პირწმინდად დაამარცხებინა საკუთარ შერპს – მიშზინგ მაღლეის. შემდეგ კი ამავე შერპის ბატონობის დასრულების ლოზუნგით სათავეში ჩაუდგა იისფერი ყურძნის პარტიას და 8000 ერთმეტრიანი ბორცვის დაპყრობით დაგეგმა ”ზილების” რევოლუცია, რომელიც საკუთარი მონაწილეობა უამინდობის და არასაფრენი ამინდის გამო ბოლო მომენტში გააუქმა. 2011 წ. 30 ნოემბერს ე.კ.-მ საკუთარი დაცვისა და და მაღლეის პატრულის დახმარებით (მადლობა პატრულს!) განახორციელა ფანტასტიური რეიდერული დაპყრობა, იერიში მიიტანა რა მსოფლიოში ყველაზე მიუდგომელ მაესტროს ღობეზე (აკვრით) და მიაღწია ე.წ. ღლონტის დონეს, სადაც დაიდო ბანაკი და ბივუაკში გაათენა ღამე.
მთელი მსოფლიოს ალპინისტები გულმხურვალედ ახსენებენ ეროს-დიდს მათი პროფესიული სტანდარტების კრიმინალურ-რეიდერულ სექტორში აქტიური დანერგვისათვის.
ამ სულისშემძვრელი რეიდ-ალპინიზმის ისტორიული კადრები:
http://www.youtube.com/watch?v=OV0Q25IPO0o