ჭეშმარიტების მომენტამდე სულ ცოტა დარჩა. NOღაიდელი – NO!


თაკო კაკაბაძემ შესანიშნავი წერილი დაწერა ისეთი პროვოკაციული სათაურით, რომ გაუწითლებლად ვერ მოგახსენებთ. აგერ ბატონო ლინკი:
http://www.facebook.com/profile.php?id=1842766094#!/note.php?note_id=329627369495&id=1748659764&ref=mf
—————————————————————————————————

ეს კი ქ-ნ თაკოს წერილზე ჩემი პოსტ(ებ)ია, რომელიც შევაჯამე და ნოუთად შევკერე.

1) ალბათ არ გვინდა დრამატიზირება. უარესიც მოგვსვლია!

ვინმეს გეგონათ, რომ მიშა ლანგრით მოართმევდა ირაკლის გამარჯვებას?
მე პირადად მიკვირდა, რომ დღემდე სერიოზული კომპრომატი (გარდა ნიუ-იორკის ციყვებისა) არ იყო ნასროლი მისკენ. სწორად გათვალეს, რომ იმ ბრაიან უაითმორის სტატიის მერე რეალ ტვ-ის დამიზნება ალასანიაზე კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

2) არ არის ცუდი კარგის გარეშე! ნეტ ხუდა ბეზ დაბრა!

აბა გავიხსენოთ, „ნოღაიდელით დასვრა“ – ეს ხომ იგივე ვარიანტია, რასაც შევარდნაძე და სააკაშვილი მუდმივად ათამაშებდნენ! „პრორუსული ოპოზიცია“! მთავრობაა თურმე მარტო “დასავლური ღირებულებების დამცველი”!
ამიტომ ჩვენ თუ ამ განზომილებაში გადავიყვანთ საქმეს, რომ ოპოზიციის მხოლოდ ნაწილია გასვრილი (ძალიან კარგი თუ ისინიც არა!) და დანარჩენი მტკიცედ ვდგავართ უნოღაიდელობის პოზიციაზე, დღევანდელი წარმატები შეიძლება მალე დაკარგოს ხელისუფლებამ!
ჩვენი ამოცანაა – დროზე მივახვედროთ ალასანია, რომ სადაც უნდა იქ წავიდეს და დადგეს, მაგრამ თუ ნოღაიდელის გვერდზე დადგება – მაშინ “პრაშაი-დასვიდანიე” აქვს ნათქვამი თავის პოლიტიკურ კარიერაზე და სჯობს მართლა ციყვებს დაუბრუნდეს!

თუ ვერ დავარწმუნეთ, მაშინ ალასანიაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ დროებით და გავიკვირთოთ “ლიბერალის” გამჭრიახობა, რომელმაც მასზე სტატია ასე დაასათაურა – “ლიდერი, რომელიც ვერ გახდა ლიდერი” (როგორ მომეშალა მაშინ ნერვები…)

3) რატომ წავიდა ალასანია ალიანსისაგან?

მეგობრებო, მოდით ნუ ვიმარჩიელებთ ამაზე!
– თრგუნავდნენ, რაიმეს დაპირდნენ, თუ უკვე თავად “არ უნდა ეს ფინიში”… ნუ დავიწყებთ მარჩიელობას ლელა კაკულიასავით…

მოდით, დაველოდოთ, თავად რას იტყვის.

მწარე ფაქტი არის ერთი – წასვლა.
თან ასეთი წასვლა.
თან ამ დროს წასვლა – ძალიან ძნელი გასამართლებელია.
მაგრამ თუ იგი გაიმართლებს დამაჯერებლად თავს, დარწმუნებული ვართ, მალე უნდა მოგვიბრუნდეს გული… მე პირადად – მხოლოდ გამიხარდება!

მე პირადად ნამდვილად არ მემეტება ალასანია პოლიტიკიდან ჩამოსაწერად, რადგან მას ბევრი რამ ისეთი აქვს, რაც ძალიან ღირებულია ჩვენი არსებული მდგომარებოს გათვალისწინებით – თუნდაც მისი გაწონასწორებულობა (როგორ მოგვენატრა გაწონასწორებული ლიდერი ბოლო 6 წელიწადში), ასევე – უშიშროებაში სამსახური, ნიუ-იორკის კორიდორების გამოცდილება, ის, რომ დასავლელი ლიდერები მას თვლიან მომავალი ლიდერის საკმაოდ მისაღებ ვარიანტად, და ასევ (!) ის, რომ მოქმედი პოლიტიკოსებიდან მას ყველაზე უკეთესი შანსი აქვს, რომ აფხაზებთან (და ალბათ ოსებთანაც) დიალოგი დაიწყოს.
დაველოდოთ – კვანძის გახსნამდე ალბათ 2-3 დღე რჩება.

4) ლევან გაჩეჩილაძე – მე მგონი, ბოლო ოცწლეულის საქართველოს ისტორიაში მეორე არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც – საკმაოდ მოულოდნელად!! – ამდენი შანსი მიეცა და ყველა სუფთად წააგო! მე ძალიან არ მეთმობა ლევანი პოლიტიკური სცენიდან ჩამოსაყვანად, მაგრამ მგონი უნდა ითქვას გატეხილად: enough is enough! როცა ამდენს ლაპარაკობ ერთ ჯარისკაცად დარჩენის ვარიანტზე, იქნებ ერთხელ მაინც ვნახოთ, რა მოხდება, თუ ამ ერთ ჯარისკაცად დარჩები მხოლოდ!
—–
Nino Shanidze: მიშას ვიტანთ პრეზიდენტად და გრეჩიხებმა სისხლი რომ არ დაღვარეს, ვერ გვიპატიებია…
——–
მიპატიებია, ქ-ნო ნინო და მადლობაც მომიხსენიებია, მაგრამ არის ძალიან ბევრი კითხვები, რომლებსაც როდესმე უნდა გაეცეს პასუხი, რადგან ეს ბატონი პრეზიდენტი ძალიან კარგად იყენებს ლევანის სისუსტეების ცოდნას და ლევანი ძალიან ბევრჯერ დაგვპირდა, რომ მეტად არ მოტყუვდებოდა… ასეთ პირობებში მინიმუმ ისაა საჭირო, რომ ცოტა აქტიურობას მოუკლო, ავანსცენიდან კულისებში გადაინაცვლო და საკუთარი ერთ დროს “მეგობარი” ცოტა უკეთ შეისწავლო, რომ მართლა 34-ედ არ მოგატყუოს! თორემ ძაან ძვირად გვიჯდება ეს გულწრფელის ფარისევლისგან მოტყუებები… და სტილი ხომ!… აღარ ვილაპარაკებ.

ერთ რამეს ვიტყვი, რაც მჯერა.
თქვენ გინდათ გაიზაირეთ და გინდათ არა – 2008 წლის არჩევნებზე დავით უსუფაშვილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, გაცილებით ნაკლები ხმები შეიძლებოდა მიეღო თბილისში, მაგრამ გაცილებით მეტი შანსი იყო, რომ უცხოელი დამკვირვებლები ასე წინდაწინვე არ იქნებოდნენ – „დედა, რა კაი არჩევნები იყო!“ – განწყობილებაზე!

5) ტაქტიკა:
ნოღაიდელს – არა!
პრაიმერს – არა!

თუმცა არის ერთი პატარა დათმობა ნოღაიდელისათვის. დათმობა კი არა, სამართლიანობა მოითხოვს ამას.

თუ სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდება, იყოს მასში სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან ერთად შეტანილი ნოღაიდელის გვარიც! ვიცოდეთ, რა რეიტინგი აქვს ბატონ „ხელებისდამტვრევს“.

მთავარია, ნოღაიდელი არ იყოს ერთიან ოპოზიციურ შტაბში, არ გეგმავდეს სოციოლოგიურ კვლევებს და ქირაობდეს ჩამტარებლებს, არ ხარჯავდეს თავის ფულებს ოპოზიციის სარეკლამოდ და კვლევის დასაფინანსებლად.
თუ მაინცდამაინც მაესტროს უყიდოს აპარატურა. მე მაგალითად, ისიც უფრო მიზანშეწონილი მგონია, რომ კი არ უყიდოს, ასესხოს ფული „მაესტროს“. მაგრამ ეს თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად მისაღებია…

კი ბატონო, იყო ალასანია კუკავას, დავითაშვილის და გაჩეჩილაძის მხრებზე მდგომი.
დარწმუნებული ვარ იმ ორი პირობის დაცვის შემთხვევაში იგი დარჩება ალიანსის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად. დიდი შანსია ამას დაემატოს სალომეს ზურაბიშვილის მხარდაჭერა და ალბათ ფორუმის და ლეიბორისტების (შალიკომ თუ გამიგო, მესვრის 🙂 ჩუმი მხარდაჭერაც!

არავითარი გარჩევები იმის (დროებით მაინც) – ვინ რისი ღირსია!

ხალხო, გველეშაპი გველოდება მხართეძოზე წამოწოლილი – ჩვენი სისხლით, ოფლით და ფულით გამაძღარი და მომავალშიც ჩვენი მარადიულად დამონების მსურველი!

და მოდით არ გვინდა ზედმეტი მოუთმენლობა და აგრესიულობა… დავწყნარდეთ და მიშას საქმეს ჩვენით ნუ გავაკეთებთ.

რაც შეეხება ბატონ ნოღაიდელს, მას შეუძლია იბრძოლოს იმისთვის, რომ საქართველოში მიშა აღარ ბატონობდეს. თუ იკითხავს, მე რა ხეირი, თუ მე არ გამიკარებთო – პასუხი ასეთი მექნებოდა – ა ნე ნადო ბილო ს პუწინიმ ლობზატსია! თანაც ეგრე ნაღდად არაა – მოგება ის იქნება, რომ მიშას გარეშე საქართველოში გადედგომებათ, ხოლო მიშას (გამარჯვებული მიშას ხელში – რაც თქვენ მაგას ლაჩარი, უტვინო და მფორთხავი უწოდეთ – არა!)

ხოლო თუ იმას ბრძანებს ბატონი ზურაბი, – მიშასი სულ არ მეშინია, თითსაც ვერ დამაკარებს, ეგ ლაჩარიო…

მაშინ ის გამოვა, რასაც აზდაკი ამბობს:

“ახლა კი ყველასთვის ნათელი გახდა, ვინ არის ამ ბიჭის ნამდვილი … მამა!”

ჩტო ი ტრებოვალოს დაკაზაწ!

როგორც ბატონი ჭაბუა ბრძანებს: „ჭკუით ქართველებო, ჭკუით!“


რით სჯობიან ზურაბ ნოღაიდელს სააკაშვილის სხვა ექს-მინისტრები?


 

რით სჯობია ზურა ნოღაიდელს:
ა) ნინო ბურჯანაძე
1) ჯერ ერთი, ბოდიში მოიხადა 7 ნოემბერზე!

2) მერე მეორე, მართალია იქნებ გამოსაჩენად, მაგრამ მაინც ჩამოსვლით და იმ ზაზაზა-სგან დაკოცნილი კასკიანების დაშლით! მაშინ, რომცა ნოღაიდელი იმ საღამოს მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას…

3) და რაც მთავარია, განსხვავებით ნოღაიდელისაგან არ არის გასვრილი დამპყრობელი რუსეთის მონარქთან ჩახუტებით, მადლობის თქმით, და სიტყვის არ დაძვრით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და იმაზეც, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც რუსეთმა გააკეთა და თანაც ედინაია რასიასთან იგივე ტიპის ხელშეკრულების დადებით, როგორც აქვს იანუკოვიჩის რეგიონების პარტიას!
——-

რით სჯობია ზურა ნოღაიდელს –
ბ) ირაკლი ოქრუაშვილი
1) 7 ნოემბერში მონაწილეობა არ მიუღია

2) საკმაოდ სერიოზულად მოახდინა სააკაშვილის რეჟიმის დელეგიტიმაცია თავისი გამოსვლით

3) იგივე რაც ბურჯანაძეზე – რუსეთთან დამოკიდებულებით

თუმცა, მე პირადად ვისურვებდი, რომ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მოცილების შემდეგ მოხდეს აქ დასახელებული სამივე პირის გასამართლებაც (ეთიკური სასამართლო იქნება მხოლოდ, თუ სისხლის სამართლის – ეს მერე გადაწყდება, როცა საზოგადოება კითხვებს დასვამ და პოტენციური ბრალეულობა გამოჩნდება). რა თქმა უნდა, ეს წესიერი სასამართლოს პირობებში უნდა მოხდეს და არა კუბლამართლოს მიერ!

—–
გ) სალომე ზურაბიშვილი და გოგა ხაინდრავა – ეგ ხალხი მეტ-ნაკლებად დროზე მიხვდნენ, ვის გვერდით აღმოჩნდნენ და წამოვიდნენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
—–
დ) ნიკა გვარამია, ალექსანდრე ლომაია, გეგა მგალობლიშვილი, ვასილ სიხარულიძე, გიორგი არველაძე, ეკა შარაშენიძე და სხვა ვარსკვლავბიჭუნები და ბარბიგოგონები…
– ნაღდად არაფრით! დღესაც რომ ჰკითხო, იტყვიან, მიშა 21-ს საუკუნის აღმაშენებელი და ჯეფერსონიაო! ეს ხალხი დროებით თვლის ჩამოლაბარანტებულად და სიზმრად ისევ ხედავს თავს იმპერატორის გვერდით!

ე) იულონ გაგოშიძე – ეგ კაცი, ვერც იმას მიხვდა, რატომ მოიყვანეს და ვერც იმას, რატომ წაიყვანეს. დოსტოევსკის “ბიძიას სიზმარს” მაგონებდა (ფილმში მარტინსონი თამაშობდა მაგ როლს საკმაოდ სიმპათიურად)


აქა ამბავი საკვირველი თეას მარტვილობისა (ია ანთაძის ბლოგიდან “ზღვისრეთის მბრძანებელი”)


პროლოგის ნაცვლად: ქალბატონ თეა თუთბერიძის ანონსმა “სიმართლის დროში” ეს კარგა ხნის წინანდელი ლირიულ-ისტორიული ჩანახატი გამახსენა
——————————————————————————————————————

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი 25.10.2009 21:39

თავისუფლებისთვის დამაშვრალმა და სამშობლოსათვის მარტვილმა ქალმა განსწავლულმა – თეა თუთაბერის ასულმა, ისმინა რა მისდა მიმართ უშვერი სიტყვანი კაცთაგან და ქალთაგან, ოტებულმა და ცრემლდენილმა მიმართა ხერხემლის მეოთხე მალას – მრისხანე პროკურატორს ივერიისა, რამეთუ მათი ძალითა და მანქანებითა გამოეძიათ და მიეგნოთ პირწიგნაკზე ყველაფრის ღირსი თეას მიმართ მაგინებელთა ჰაი-პიებისათვის და დადგენილთა მაგინებელთა მიმართ დაედგინათ 90-მთვარიანი მივლინებაი აბანოსა ვირისა შინათ.

ასე რომ, ჰოი დედანო და მამანო, რომელთა აგინეთ და აკრიტიკეთ თეაი იგი.

ახლა დაჰკოცნეთ მუნ ოჯახნი თქვენი და განემზადენით პროკურატორის რისხვის სახილვად!

რამეთუ ივერია თავისუფალ ქვეყანად იწოდება მავანთა მიერ და არავის შერჩება თეას ჰყვედრება!
ხოლო მასსა შერჩება ხახვივით – პატრიარქისა ავად გინება, რამეთუ ივერიასა მართავს ბნელი ძალა, რომელიც აღმართსაც ჰხნავს და ჩვენს ნამუსსაც და რწმენასაც…

ახლა კი გითხრავთ ისევ, რაიცა მითქომს, მაგრამ არაი ისმინეთ – იგინი კლიპნი სატანისანი, თეას მიერ განსროლილნი ქსელსა შინა, იყო ოდენ საცთური, ოდენ მახეი და ხაფანგი. პირადად უსტარჰყო თეამან მან ხერხემალი ივერიისა და მიეახლა თავად მეფესა ჩვენსა, რომელ არს არქიფო სეთური – ღამესა მას ახუთმეტსა ღვინობისთვეს.

და ჰრქუა თეამან:
– მოვედ, რაითა დავდო თავი ზვარაკად ნთავისუფლების ჰინსტიტუტის და თქვენი სახელის გადასარჩენად. არად-რა მიღირს სახელი ჩემი მრავალნაფურთხი და ჩემი ცოდნა სიბნელით გაბრწყინებული. მოვედ, რაითა წამოვაგნო იგინი, რომელთაც რწმენენ, ჩემსა უკეთურსა ხიბლსა და ნპროვოკაციასა, რამეთუ იგინი მაგინებდენ მე – და მე გავბრწყინდე, რამეთუ იგინი მწიხლავდენ მე – და მე მარტვილვიყო, რამეთუ მათ დამგმონ – და მე ვიმარჯვო.
და რამეთუ იქმნეს ზრიალი და შუბთა ცემა ჩემსა გუამსა ზედა და ამით გადაიფაროს ყოველნი საქმენი თქვენგან ქმნილნი.
და განბრწყინდეს ხერხემალი ნაცვლად ივერიისა!

და იამათ მათ ხერხემალსა და მის თვინიერ მეფესა ესე მიხვედრილობაი თუთაბერის დიაცისა და დაუტევეს მრავალნი სიკეთენი და ოქრონი მრავალთა საპალნეთა უტვირთეს. და ესეცა უთხრეს:
– საყვარელო დაო ჩუენო!
გაგინებდეთ ჩუენ ბილწითა სიტყვითა, მაგრამ გულნი ჩუენნი გლოცავდნენ.

არცა დაუეჭვდე, თეაო, რომ შენ ხარ დაი ჩუენი საყვარელი და მარტვილი ჩუენი შავგვრემანი.
მოვლენ დროი, როცა განიხარო და შევერთდეთ ჩვენ კვლავ. ითმინე და დაგიფასდება. კულავაც მოვა დროი განყალბებისა საკვირველისა და არჩევანი ხალხისა იავარ-იქმნება. და ფეშქაში შენი იქმნება მწიგნობართუხუცესობა და წიგნთამპყრობელობა, რისაცა ყოველთვის ნატრულ იყავ…

ა-მონ!


სააკაშვილის პარადოქსული სვლა (ტალის რეპერტუარიდან)


პროლოგი
————–
უკანასკნელ დღეებში სავსებით მოულოდნელად გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის კიდევ ერთი კანდიდატი თბილისი მერობის პოსტზე ლევან გაჩეჩილაძე შეიძლება გახდეს. ამ საკითხს იანეთში ია ანთაძის ბლოგზე ძალიან საინტერესო განხილვა მიეძღვნა: “ნოღაიდელის ხელმოწერიდან ალასანიას დილემამდე” http://www.tavisupleba.org/content/blog/1962827.html?page=2#relatedInfoContainer

მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ, ლევან გაჩეჩილაძის შესაძლო მერობის საკითხი პირველად სწორედ … მიხეილ სააკაშვილმა გაახმოვანა! შსს გამჭვირვალე შენობაში ოპოზიციასთან პირველ სამახსოვრო შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტმა ფორუმს რეიტინგი, ხოლო ლევანს თბილისელებში პოპულარობა შეუქო…

ზოგჯერ ახალი კარგად დავიწყებული ძველია… ჩემი ქვემოთმოყვანილი მოსაზრებები საკმაოდ გამოუშუშარი თეორიაა, მაგრამ იქნებ ეს ჩემთვისაა გამოუშუშარი და თეორია, ხოლო ბატონი მიხეილი და მისი ხერხემალი იქნებ დიდი ხანია ამაზე ფიქრობენ და ნოღაიდელის გამბიტის მიტელშპილიც სწორედ ეს უნდა ყოფილიყო?

მადლობელი ვიქნები, თუ თქვენს ხედვას, კრიტიკას და არგუმენტებს გამიზიარებთ

პატივისცემით,
სოლომონ თერნალელი
——————————————————————————————————–

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი 21.02.2010 10:23

ერთი პროვოკაციული კითხვა მაქვს:

როგორ გგონიათ, თუ ოპოზიციის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დარჩება, მიხეილ სააკაშვილს (და ვანო მერაბიშვილსაც! Sic!) არ ექნება ცდუნება, რომ სწორედ ლევან გაჩეჩილაძე იხილოს მერის პოსტზე და არა – გიგი უგულავა?

—————————————————————————————————————–

ავტორი: ია ანთაძე
21.02.2010 19:02
მესმის, რომ გაჩეჩილაძე ხელისუფლებისთვის უკეთესი კანდიდატია, ვიდრე – ალასანია. მაგრამ რატომ არის გაჩეჩილაძე მათთვის უკეთესი, ვიდრე – უგულავა – არ ვიცი. იქნებ, აგვიხსნათ, რას გულისხმობთ? მით უმეტეს, რომ “სათადარიგო” კანდიდატად გიორგი ჭანტურია მიაჩნია ყველას.

———————————————————————————————–

გააჩნია, ვისთვის – ია!

თავისუფლების ინსტიტუტისთვის და „კულტურიუგენდული“ მიშალიგენციისთვისაც უგულავა არ იქნება ცუდი ვარიანტი და წესით – წარმოუდგენლად უკეთესიც, ვიდრე გაჩეჩილაძე. ხომ წარმოგიდგენიათ, გია როინიშვილი და თეა თუთბერიძე რა აღფრთოვანებული იქნებიან გრეჩიხის არჩევით! ასევე როგორ შოკს მოჰგვრის ეს ალტერნატივა მიშავიზიების ურნალისტებს!

მაგრამ მე ჩემს კომენტარში ხაზგასმით აღვნიშნე ვისთვის მიმაჩნდა ლევან გაჩეჩილაძის მერობა მისაღებ ვარიანტად.

კონკრეტულად – მიშასთვის და ვანოსთვის!

რაც შეეხება ადეიშვილს, საერთოდ მავიწყდება ხანდახან, რომ ეს კაცი არსებობს და საკმაოდ ანგარიშგასაწევია… მაგრამ მის შესახებ იმდენივე ვიცი, რაც გერმანიის მთავარ პროკურორზე…

რატომ აქვთ გარკვეული ალერგია მიშას და ვანოს უგულავას არჩევაზე – ადვილი გასაგებია… ამით ფაქტიურად უგულავა გზას იკაფავს პრეზიდენტობისაკენ და ხალხის თვალში აშკარად უკან სწევს სააკაშვილს, რომლისგანაც განსხავებით არაადექვატური არ ეთქმის და თავისი პუტინითან ამასწინანდელი „ნიუსვიქური“ ფლირტით იმის დემონსტრირებაც მოახდინა, რომ რუსეთიც არ თვლის მას პერსონა ნონ გრატად და პოლიტიკურ გვამად. ასე რომ ყოფილიყო, მედვედევი ან პუტინი ამ ინტერვიუს მეორე დღესვე მოაყოლებდნენ „- წავიდეს, ერთი, ვის დაკარგვიაო…“ 

არ მოაყოლეს!..

მაგრამ რატომ უნდა ერჩივნოთ სააკაშვილს და მერაბიშვილს ლევან გაჩეჩილაძე ბუნჩულა და ყველაფერზე მზადმყოფნ ვითომოპოზიციონერს -გიორგი ჭანტურიას?

პირველი მიზეზი ძალიან სერიოზულია და პირდაპირ უკავშრდება იმ ფაქტს, რატომ ატარებს საერთოდ მიხეილ სააკაშვილი ამ არჩევნებს.

ხომ ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას ეს არჩევნები საშინლად არ უნდათ. არც შემოდგომაზე და არც – გაზაფხულზე.
მათი ოცნებები, რომ კრიზისი დამთავრდებოდა, ხალხს მათი მიქარვები დაავიწყდებოდა და ობამა-სარკოზი-ბრაუნი-მერკელიც ისევ გულში ჩაიკრავდნენ – აბსოლუტურად გაცამტვერდა! აშკარაა, რომ 2010 წელი ისეთივე ან უარესიც კი იქნება, როგორც 2009 იყო!

ერთადერთი მიზეზი, რატომაც მიშა ამ არჩევნებს ატარებს, არის უცხოეთის სერიოზული ზეწოლა.
უცხოეთს უნდა, რომ მან დანაპირები შეასრულოს და 2009 წლის გრანდიოზული მასშტაბის აქციების შემდეგ იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ სულ ცოტა 30% მაინც ჰყავს მხარდამჭერი… უნდოდათ, რომ 50% ყოფილიყო, მაგრამ აქ კუბლაშვილმა და ფსევდოოპოზიციამ „იმარჯვეს“. (სხვათაშორის, ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რამდენად პროდუქტიული იქნება კუბლაშვილის ეს ვირეშმაკობა! ტყუილი მანამაა კარგი, სანამ გაშიფრავენ. როცა გაშიფრავენ, მერე რეპუტაციის დანაკარგი შეიძლება გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ტყუილით მიღებული „სარგებელი“).

და წარმოიდგინეთ, რა ფანტასტიურად მომგებიანი იქნება სააკაშვილის და მერაბიშვილის პოზიცია, თუ არჩევნების გამარჯვებული… ლევან გაჩეჩილაძე გახდა!

მოსალოდნელია, რომ ამ ფაქტით ხელისუფლება მოახდენს მრავალ უბანზე, რაიონსა და რეგიონში მასობრივი გაყალბებების ნიველირებას.

– აჰა, ბატონო! მეტი რა გინდათ?! სააკაშვილის საპრეზიდენტო ოპონენტმა მერის არჩევნებში გაიმარჯვა! აი, სადამდე მიდის ჩვენი დემოკრატიის შუქურვარსკვლავობა!.. რითი ვართ დასავლურ დემოკრატიებზე ნაკლები?

დამეთანხმეთ, რომ ასეთი შედეგი დამკვირვებლებსაც შეაცბუნებთ… და მათ საბრალდებო დასკვნებს – სხვა მნიშვნელოვან გაყალბებებზე – რიხს და ჟურნალისტურ სკანდალურ პეწს დაუკარგავს!

მაგრამ არ იფიქროთ, რომ ესაა მთავარი ამ სცენარში – „ლევანი იმარჯვებს!“

მთავარი ისაა, რომ ამით ოპოზიციას აცლიან ძალიან სერიოზულ კოზირს არჩევნების მეორე დღეს ჭექა-ქუხილის გამართვისთვის. (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფრაზის ხმარება სერიოზული შეცდომა იყო უცნობის მხრიდან. ამ წინადადებას, ისევე როგორც ფრაზას “მკვდარ ქალაქზე” მიშავიზიები მთელი სამი თვე არ მოგვაშორებენ! კონტექსტით – “ჩვენ პატიოსანი არჩევნებისთვის პატიოსნად ვემზადებით, ისინი კი …!”)

ვაღიაროთ! მე, პირადად, არ მჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნებს არ გააყალბებს. ასევე ვფიქრობ, რომ მეც და ჩემნაირი აქამდე ცხვრები ამას უკვე აღარ შეეგუებიან. რადგან აგვისტოს ომმა აშკარად აჩვენა, რომ ჩვენი შეგუების ფასი შეიძლება ჩვენი ოჯახების არა – კარგად ყოფნა, არამედ – საერთოდ არსებობაც კი – გახდეს!

და უცებ – ასეთი შედეგი – ქალაქის მერი ოპოზიციონერია!

რას ვშვებით?
თბილისელები ვულოცავთ ერთმანეთს და კმაყოფილი მივდივართ სახლში… სანამ ნელ-ნელა არ მივხვდებით, რომ ამ ფაქტის ფონზე ხელისუფლებამ ქვეყნის 99%-ში არჩევნები ჩვეულებისამებრ გააყალბა და მასიურ საპროტესტო გამოსვლებს სწორედ ამ მარტივი – მხედრის – შეწირვით დააღწია თავი დ პარტიაც მოიგო.

როდესაც არ არსებობს ნაციონალური მასშტაბის ტელევიზია, თუ თბილისში ყველაფერი წყნარად ჩაივლის – ცალ-ცალკე რეგიონალური პრესის იმედად მყოფი რაიონები ვერც კი გაიგებენ, რა მასობრივ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. და თუ ხალხი და დამკვირვებლები ოპოზიციის პირველი სერიოზული საარჩევნო გამარჯვების შამპანურით აღნიშვნას დაუთმობენ დროს, ხელისუფლება წყნარად გაიფორმებს იმას, რომ ეს გამარჯვება ოპოზიციისთვის პირველიც იქნება და – უკანასკნელიც!

რატომ?

1) ჯერ ერთი, ლევან გაჩეჩილაძე ვერ იქნება კარგი მერი! მე მგონი, მას ეს თავადაც კარგად ესმის და მისი ყოყმანი იმით იყო განპირობებული, რომ მას რეალურად სულაც არ უნდოდა ეს პოსტი.
როდესაც პრეზიდენტად მოდიოდა და იძახდა, მოვდივარ, რომ პრეზიდენტობა გავაუქმოო, ამით ამერიკელებს კი საგონებელში აგდებდა, მაგრამ ჩვენთვის ეს არც ისე დაუჯერებელი იყო. მაგრამ იგივეს თქმა მერობაზე ძალიან არალოგიკური იქნება!

2) რომ ხელისუფლება სულაც არ აპირებს ქალაქის ოპოზიციონერ მერს, და მით უფრო, ლევან გაჩეჩილაძეს რეალური ბერკეტები მისცეს. მას გადასცემენ სიმბოლოებს – კაბინეტს, მანქანას, ბიუჯეტის შედგენის უფლებას, კონტროლს კომუნალურ სამსახურებზე და (ნაწილობრივ) ქალაქის ჯანდაცვასა და განათლებაზე. მაგრამ…

უკვე იმ დღიდან, თუ კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დასახელდება, და თუ მიშა და ვანო ამ „ოპერაცია Ы“-ზე შეთანხმდებიან, ჩვენი ძვირფასი საკანონმდებლო „მიასორუბკა“ მაშინვე დაიწყებს მერის უფლებების ისეთ ძირეულ შეკვეცას, რომ შეიძლება მის პრეროგატივად ვიცე-მერის დანიშვნაც კი აღარ დარჩეს და რეალური ბერკეტები სწორედ ვიცე-მერზე და/ან საკრებულოზე გადანაწილდეს!

სხვა ნეგატიური ეფექტებიც ბევრი იქნება:
3) ოპოზიციური ერთობა კიდევ უფრო მიუღწეველი გახდება… „ლევანმა თავისი საქმე გაინაღდა და ჩვენ გადგვაგდო!“ – ეს გახდება ფორმულა ყველა მხრიდან. რაც ყოველთვის მოსალოდნელია, როცა მოძრაობის თუ პარტიის ლიდერი რეალურად ამ მოძრაობას და პარტიას არ ეკუთვნის და ეს ხელოვნური, დროით გამოუცდელი ერთობაა.
4) მომავალში თბილისში ყოველ წარუმატებლობას ნაცმოძრაობა სწორედ ლევან გაჩეჩილაძეს შეახოცავს.
5) ლევან გაჩეჩილაძის უცხოელებთან კოორდინირებული მუშაობა ვერ აეწყობა ისე, რომ მათ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენის მაქინაციებზე თვალის ახელა უფრო მეტად მოუნდეთ, ვიდრე – 2008 წელს.
6) ალასანიას რეიტინგი ნამდვილად სერიოზულად დაზარალდება, როგორც „ლიდერისა, რომელიც ვერ გახდა ლიდერი“. ხოლო მასთან ერთად ასევე დაზარალდება რესპუბლიკელების და მემარჯვენეების, ანუ ყველაზე მეტად ასე თუ ისე ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების, იმიჯი. რაც იმის წინაპირობას შექმნის, რომ 2012-2013 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ნაცმოძრაობის რეალური ალტერნატივა მხოლოდ ორი იქნება – ლეიბორისტები და ეროვნული ფორუმი. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ არც ერთს და არც მეორეს, არ ექნება დასავლეთის ძალიან აქტიური მხარდაჭერა, რაც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით აუცილებელია საქართველოს სათავეში მოსვლის ამბიციის და/ან მოსული პარტიისათვის, მოგვწონს ჩვენს ეს, თუ – არა!

ასე რომ, მე მგონი, არც ისე დასაწუნი ვარიანტი უნდა იყოს – ხელისუფლებისთვის – ლევან გაჩეჩილაძის მერად გახდომა.

და წესით, მიუღებელი უნდა იყოს – თავად ლევან გაჩეჩილაძისთვის… ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის…


ერთი პრეზიდენტის “აღმოჩენები”:


ყველაზე დიდი შეცდომა – ირაკლი ოქრუაშვილი!

ყველაზე დიდი მტერი – ბადრი პატარკაციშვილი!

ყველაზე დიდი ქურდი – ზურაბ ნოღაიდელი!

ყველაზე მაფიოზური კლანის წარმომადგენელი – ნინო ბურჯანაძე!

ყველაზე მპარავი ბიზნესმენები – კიბარ ხალვაში, გოჩა ძასოხოვი!

ყველაზე გარეწარი გუბერნატორი – მიხეილ ქარელი!

ყველაზე ცუდი მინისტრი – სალომე ზურაბიშვილი!

ყველაზე ძველბიჭური მინისტრი – გოგა ხაინდრავა!

ყველაზე ცუდი ელჩი – ეროსი კიწმარიშვილი!

ყველაზე ცუდი დიპლომატი – ირაკლი ალასანია!

ყველაზე ცუდი მეგობარი – ლევან გაჩეჩილაძე!

ყველაზე ცუდი მეგობარი (ქურდებიდან) – ტარიელ ონიანი!

ყველაზე მტრული ტელეარხი – მაგათ რა ჩამოთვლის!..

———-

ყველაზე დასტოინი მეგობარი – სარკო (“მისტრალამდე”)

ყველაზე დასტოინი ოპონენტი – გიორგი თარგამაძე

ყველაზე დასტოინი ძებნილი – გია ჭანტურია (სენიორ)

ყველაზე დასტოინი ხელოვანი – გია ჭანტურია (ჯუნიორ)

ყველაზე დასტოინი პოეტი – სერგი კაკალაშვილი

ყველაზე დასტოინი და კონსტრუქციული პოლიტიკოსი – გია თორთლაძე (“პადოშ გიმალაისკი”)

ყველაზე დასტოინი ჟურნალისტი – შორენა ბეგაშვილი

ყველაზე მისაბაძი პიროვნება (რომელი საათია, კლიმ?)  – შარლ დე გოლი, დავით აღმაშენებელი, თომას ჯეფერსონი, ილია ჭავჭავაძე, მუსტაფა ქემალ ათათურქი, ლუდვიგ II ბავარიელი, ბარონ კარლ ფრიდრიხ იერონიმ ფონ მიუნჰაუზენი, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში (საპრეზიდენტო ვადის დამთავრებამდე!)


მიმდინარე მომენტის შესახებ :) – 20.02.10


არ მახსოვს, ბლოგზე გავაკეთე თუ არა ამის მინიშნება, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია დაბეჯითებით ვითხოვ, რომ ალიანსს მოეხერხებინა გაჩეჩილაძის ჯერაც არსებული პოტენციალის გამოყენება და მოლაპარაკებების საშუალებით მოეხდინა იმის თავიდან აცილება, რომ ლევან გაჩეჩილაძე არჩევნებზე წასვლის ცდუნებისაგან ეხსნათ. მით უფრო, რომ ეს ცდუნება ხელისუფლებიდან მომავალი ძალიან სერიოზული შეთავაზებებით არის გამყარებული. ასე რომ ამ მხრივ შემიძლია სინანულით ვთქვა, რომ მაინც დამატებით დროში თამაში გვიხდება.

ასევე დიდი ხნის წინ (2009 წ. 5 ოქტომბერს) თქვენი მონა-მორჩილის ფანტასმაგორიული მოლოდინები გამსახურდიების ოჯახის მომავალ ცუდ პერსპექტივებზე იანეთის ბლოგის მონაწილეთა უმრავლესობამ ცუდი სიზმრის შედეგად ჩათვალა და ძალიან იხალისეს… არა მგონია, რომ დღევანდელი მდგომარეობა, როცა ოჯახის ერთი წევრი ნეკროტერორიზმით დაკავდა, ხოლო მეორეს ხელისუფლება ცოცხალი თავით არ უშვებს ციხიდან, მაშინ როცა დანარჩენი ორი წევრიდან ერთი ფეისბუკის გვერდებზე ყვავილების და გულების დაგზავნა-მიღებითაა დაკავებული, ხოლო მეორე რუსეთის დედაქალაქში ყოფილი გებეშნიკებიდან ელის გებეშნიკებისგან მოკლული მამამისის სიკვდილის საიდუმლოების ახსნას – ძალიან შორს იყოს იმ ჟრუანტელისმომგვრელი მოლოდინებისაგან, რამაც მაშინ შემწყნარებლური ღიმილი გამოწივია… თუ ვინმე მხოლოდ გვამის არსებობას ჩათვლის ჩემი ეჭვების გამართლებად, მინდა ვუთხრა, რომ თუ ხელისუფლებას დაჭირდა (არჩევნების მოსაგებად დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურად მდგომარეობის დასაძაბად) – ესეც არ გაუჭირდება, ალბათ… და არაა გამორიცხული, სწორედაც რომ ბოლო – მიმხრობილი – დუეტიდან.

რაც შეეხება ნოღაიდელს – ქართულ ბოლო ხანების ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ორმაგი აგენტი, რომელიც ასე გაშიფრული ყოფილიყოს. ბატონი ნოღაიდელი არის მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო დესპანი პუტინის ხელისუფლებასთან. (ისევე როგორც გიორგი თარგამაძე არის მისი ფარული დესპანი დასავლეთთან…)

“გვიშველეთ, თორემ ასლანი რუსეთს მოიყვანს!” – ვაღიარებ, რომ ამ დევიზით სერიოზული გაბრუება პირადად მაქვს გამოცდილი…

და ნაწილობრივ, სწორედ ამიტომაც აღარ ვაპირებ გადავყლაპო ანკესზე უკვე მიშას მიერ წამოგებული ლოზუნგი: “გვიშველეთ, თორემ ნოღაიდელი რუსებს მოიყვანს!”

ასლან აბაშიძეს მართლაც ჰქონდა რეალური პლაცდარმიც, ძალაუფლებაც, ფინანსებიც და “ბექგრაუნდიც” იმისთვის, რაზეც შევარდნაძე ვიშვიშებდა. ზურაბ ნოღაიდელს კი ამ ჩამონათვლიდან მხოლოდ ფინანსები თუ აქვს და რეალურად მხოლოდ ვაშინგტონელი პოლიტიკოსების დაფრთხობის და გვერდით დამდგარი ოპოზიციონერების კარგად ამოსვრის მამაშვილური ფუნქცია ეკისრება.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენის სწორი პოზიცია უნდა იყოს შემდეგი:
– ნოღაიდელისაგან სუფთად დისტანცირება;
– დასავლეთზე ორიენტირებული ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრის ჩამოყალიბება;
– საჭიროების შემთხვევაში არა პრაიმერის, არამედ დახურული კონსულტაციების ჩატარება მხოლოდ ერთ საკითხზე – ვინ შეიძლება იყოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოზარ სუბარის ნაცვლად (რომელიც თავად ამბობს უარს ამ პოსტზე ერთობის მიღწევის ფასად) .
– რამდენადაც ირაკლი ალასანიას ამ ეტაპზე რეიტინიგული ოპოზიციური ალტერნატივა არ გააჩნია, ყველა, ვინც საქმით (და არა სიტყვით) ებრძვის მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმს – სწორედ ალასანიას გვერდით უნდა დაუდგეს (პირველ რიგში ეს ეხება ფორუმს და „დაიცავი საქართველოს“), ხოლო ვისაც მერის თანამდებობა იმ ჩიტად არ მიაჩნია, რომლის გულისთვისაც ბდღვნა ღირს – მით უფრო მხარი უნდა დაუჭირონ ალასანიას (თუნდაც თავისი ამომრჩევლების პასიურად ამ არჩევანზე ორიენტირებით).
საქმე იმაშია, რომ თუ იმარჯვებს უგულავა, კვდება დემოკრატია! სააკაშვილის მომაკვდავი რეჟიმი შეიცვლება უგულავას უფრო ფერხორციანი რეჟიმით, რომელიც საბოლოოდ მოიშორებს დასავლური ღირებულებების მძიმე ტვირთს და კუნტრუშით გაექანება პუტინის ღირებულებებისაკენ (აბა, „ნიუსუიქის“ სტატია რა იყო, თუ არა – ნიადაგის მოსინჯვა და რუსულ დათვთან ფლირტაობა!)

დაბოლოს ბატონ კახა კუკავას და ბატონ კობა დავითაშვილს მათ კითხვაზე, რატომ გახდა ნოღაიდელი მიუღებელი ახლა, თუ მისაღები იყო რამდენიმე თვის წინ?
მარტივად ვუპასუხებ – ნოღაიდელი პუტინს ხვდება და ამ შეხვედრებს და პუტინის ედინაია როსიასთან ხელმოწერილ მემორანდუმებს საკართველოს შიდა პოლიტიკის პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს… ქართული ნაცმოძრაობა და ავტორიტარი მმართველი ამოგვივიდა ყელში და ნოღაიდელი ახლა ნაცმოძრაობის რუსული „ექვივალენტითა“ და რუსეთის დიქტატორით აპირებს ჩვენს “მოხიბვლას”.

თუ ზვიად ძიძიგურისთვის, კახა კუკავასათვის და კობა დავითაშვილისათვის ეს საკმარისი არგუმენტი არაა, მაშინ თქვენი ადგილი მართლაც ნოღაიდელის გვერდით ყოფილა, ბატონებო! მე კი პირადად ჩემი თავი ნოღაიდელის გვერდით დასადგომად არც ადრე მემეტებოდა, და მით უფრო – არც ახლა!

რუსეთთან მოლაპარაკება კარგია, მაგრამ არჩევნების მოგებამდე „ედინაია რასიასთან“ ხელშეკრულების გაფორმებას ძალიან ფინთი სუნი სდის მართლაც… ანუ, ამ ღირებულებებს ვირჩევთ ბატონო ზურაბ? ესაა (პუტინია) პიკასოს ბიჭი? ამით ერთობა პიკასო?

დაბოლოს, სავსებით ვეთანხმები ფიქრია ჩიხრაძეს – სააკაშვილი სწორედ იმიტომ „უთმენს“ ნოღაიდელს აურაცხელ პირად შეურაცხყოფებს, რომ ეს სწორედაც რომ სააკაშვილის (და თავისუფლების ინსტიტუტის) დადგმული სცენარია! სწორედ სააკაშვილს აწყობს მთელი ოპოზიციის ნოღაიდელიზაცია, რათა შემდეგ დემოკრატიულ ქვეყნებს მთელი ოპოზიციის “გამყიდველურ ხასიათზე” და “რუსეთის მე-5 კოლონობაზე” ელაპარაკოს! სწორედ ამიტომაა, რომ ალიანსის მცდელობა რუსთავი2-ისთვის ნიღაიდელის გზის მიუღებლობაზე P.S.-ში ინტერვიუ მიეცათ, რუსთავი2-მა  ერთ ყურში ისე გაატარა, რომ მეორეში შესასვლელი გზა არ გაუხსნია!

თქვენ წარმოგიდგენიათ, რა სიამოვნებით და მრავალჯერადად გადაღეჭავდნენ და დაატრიალებდნენ ნაცტელევიზიები ოპოზიციაში ნებისმიერი სხვა ტიპის გათიშვის აღმოჩენის ფაქტებს!

„ნოღაიდელი გადაარჩენს სააკაშვილს!“ – აი, ბატონი მიხეილის ახალი იმედი…

თუმცა, როგორც ჩემს წინა ნოუთებში დავწერე, არის ვარიანტი, როცა უიმედო პაიკი ნოღაიდელი არამცთუ დედოფლად, იქნებ მეფედაც კი გავიდეს… მაგრამ ჯერ საქმე მიტელშპილამდეც არ მისულა… ამაზე – მოგვიანებით…


2010 წლის 9 თებერვალი – დავით აღმაშენებლის ხსენების დღე – ფიქრები ვახო კომახიძეზე


ვახო კომახიძე: ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხივნალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების აგრესია ჩემი მისამართით. თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით, რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს.
———————————–

 

საშინელებაა!

აი, ჩვენი ნაქები დემოკრატია!

აი, ჩვენი სომოსა! აი, ჩვენი შუქურა! აი, ჩვენი პროგრესული ლიდერი! აი, ჩვენი რეფორმატორი!

აი, ბატონებო – 2008 წლის აგვისტოს ორდღიანი გამარჯვებული ომის საამაყო შედეგები (3):

1) რუსეთს ნიღაბი ჩამოვაგლიჯეთ!

2) მთავრობა არ ჩამოიშალა!

3) ალანა გაგლოევას ბებია დროულად და უვნებლად გამოვიყვანეთ ცხინვალიდან!

არაა ეს გაუგონარი გამარჯვება – „ძლევაი საკვირველი“???

დიდება მიშა დ’აღმაშენებელს!

 

სახელისუფლებო არხები რას ამბობენ?

ზეიმი აქვთ?..

დონაძეს დარჩება ეს ქვეყანა?

ცოტნე დადიანის ქვეყანა დარჩება აფთარ გურგენა დონაძეს და მის ტურებს?

 

ვახო კომახიძე რომ დატოვებს ქვეყანას და გურგენა დონაძეს დარჩება ბურთი და მოედანი, ის ქვეყანა არის დასახური და ზედ უნდა დააწერონ – “გასულია დემოკრატიის ზონიდან. პასუხი მოსთხოვეთ შუქურა მიშას!”

 

როგორ იყო, რომ ამბობდა ფაჩიკოს გარმონის წინ ამაყად მდგარი, არ გაბედოს ვინმემ და ჟურნალისტი არ დააშინოსო??..ჩემთან გექნებათ საქმეო?!!

 

– თქვენთან გვაქვს საქმე, ამხანაგო მიხეილ!

ისევ ამტკიცებთ, რომ დემოკრატიას აშენებთ?

აღარც ფიცი გვწამს თქვენი და ამ „კუდმა“ სულ გაგვაკვირვა და გაგვაგიჟა!

 

 

ახლა კი კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ამ ნიჭიერი და მამაცი ჟურნალისტის წერილი.

წერილი კაცისა, რომელიც ებრძოდა შევარდნაძის ხელისუფლებას და რომელიც შევარდნაძის დროს საშინლად სცემეს, მაგრამ სამშობლოდან არ გაუგდიათ, ხოლო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა, რომელიც სწორედ ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვის ბაირაღებით მოვიდა ხელისუფლებაში – ქვეყნიდან წასვლა აიძულა ოჯახთან ერთად. აიძულა იმიტომ, რომ ვახო კომახიძე მთავრობის ცენდრუკით და უტვინობით დაწყებულ და წაგებულ ომზე, ბედის ანაბრად მიტოვებულ ლტოლვილებზე და მტრის ხელში ჩატოვებულ ბავშვებზე სიმართლის თქმას შეეცადა! 

აი, ასე მოულოცა დავითობა დღე ლაჩარმა მიხეილ დ’აღმაშენებელმა ვახტანგ კომახიძეს, მის ოჯახს და სრულიად საქართველოს!

გავიხსენოთ პასტორ ნიიმიოლერის სიტყვები – გაჩუმების სავალალო შედეგებზე ნაციზმის პირობებში

ყველას გვაიძულებენ, წასვლას, ხალხო! ყველას – თუ არ გავინძერით და ეს მახრჩობელები და წურბელები არ მოვიშორეთ!

 

————————————–

 

 

მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს

09.02.2010

„მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ.
მუქარა მოჰყვა ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან და ქალბატონ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში ვიზიტს, სადაც მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ზეწოლა დაიწყო სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ წარმოებული ღია კამპანიით, რასაც მოჰყვა ქუჩაში დახვედრა და ხელისუფლების სახელით მკაცრი მუქარა.
დევნა და თვალთვალი იქამდე მივიდა, რომ თბილისიდან ჟენევაში გამომგზავრებისას, თბილისის აეროპორტში გამთენიის 4 საათზე „გაცილება“ მომიწყო კუდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ, მისი ყველაზე ცნობილი სახეების მონაწილეობით.
იმის გამო, რომ დევნის საქმე დეტალურად იქნება შესწავლილი და გამოძიებული, უფრო დეტალური ინფორმაციის და მტკიცებულებების საჯარო გამჟღავნებისგან თავს ვიკავებ.
დოკუმენტური ფილმი, რომლის გამოც განხორციელდა მუქარა, ასახავს ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და ვფიქრობ, ეს ინფორმაცია უაღრესად საინტერესოა საქართველოს საზოგადოებისთვის. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მტკივნეული საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგალითად ის, რომ ომამდე ორი დღით ადრე 6 აგვისტოს სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის ხელისუფლებას უთანხმებდა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის ალანა გაგლოევას ბებიის ცხინვალიდან ევაკუაციის საკითხს, როცა, სრულიად დაუცველი ქართული მოსახლეობა ხელში შეატოვა რუსეთის არმიას, თუ ჩემს ხელთ არსებულმა რაიმე სხვა ინფორმაციამ აღძრა ხელისუფლების აგრესია ჩემი მისამართით. თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით, რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს.

და ბოლოს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლებლობებზე ჩემი ცოდნა და წარმოდგენა მაიძულებდა თავშესაფრის მოთხოვნით და ამ განცხადებით შემექმნა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. ამასთან ერთად, დღევანდელი საკომუნიკაციო შესაძლებლობების გამოყენებით, ყველაფერს გავაკეთებ, იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს დადგეს ის დრო, როცა საქართველო აღარ იქნება განდევნილი ადამიანების სამშობლო“.