წარმატებები, ია მას!
Posted: 2015/05/31 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: "არტანუჯი", "პირველად იყო... ლაქა", ბლოგი, ია ანთაძე, იანეთი, ჟურნალისტები და კონფორმისტები, ჟურნალისტური ეთიკის საბჭო, რადიო "თავისუფლება" დატოვე კომენტარიდღეს ია ანთაძის წიგნის „პირველად იყო… ლაქა“ პრეზენტაცია იყო ექსპო ჯორჯიაში.
წიგნი შევიძინე, იას ძვირფასი ავტოგრაფიც მივიღე, თუმცა წიგნი ჯერ არ წამიკითხავს…
არის იქ ადრეული პერიოდის ბლოგები და სტატიები, რომლებიც არ ვიცი და უეჭველად წავიკითხავ, აი, 2009 წლის შემდეგ კი ალბათ არაფერი ყოფილა, რაც გამომრჩენოდა…
სრულიად გადაუჭარბებლად და ალალად შემიძლია ვთქვა, რომ ია ანთაძე მიმაჩნია ეტალონურ ფენომენად ქართულ ჟურნალისტიკაში.
იას ტელეინტერვიუები და სტატიები მახსოვს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან. ყოველთვის მაოცებდა ის სიწრფელე და სიღრმე, რაც მის ნაფიქრალში ჩანდა. მერე კიდევ უფრო გაოცებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ია განათლებით ჟურნალისტი არცაა და მავანი კრიტიკოსები ხშირად ამას წამოაძახებენ ხოლმე. მე კი მგონია, რომ იას შემთხვევაში ამან პოზიტიური როლი ითამაშა.
რადგან ია, პირველ რიგში, – მასწავლებელია!
და ბევრმა იმ ადამიანმა, ვინც მისი ბლოგის აქტიური თანაშემოქმედები ვიყავით “იანეთზე”, ჩვენთვის და ქვეყნისთვის მძიმე 2009-12 წლებში, მისი უნივერსიტეტი დავამთავრეთ! უნივერსიტეტი, სადაც პირადი მაგალითით ხდებოდა სწავლა, დაახლოებით ისეთი მეთოდით, ამერიკელები მედიცინაში რომ იყენებენ და PBL – Problem Based Learning – ჰქვია, როცა უმწიფარ სტუდენტს ჯერ წლობით კი არ ასწავლი თეორიას, არამედ პირველივე კურსიდან პრაქტიკული პრობლემების შუაგულ ცეცხლში შეაგდებ, და სწორედ ასე ასწავლი თეორიასაც, პრაქტიკასაც და მიზნის მიღწევასაც… გაცილებით რთულია, მაგრამ წარმოუდგენლად უფრო ეფექტური!
იას თითოეული სტატიის გარჩევა ხდებოდა რადიო „თავისუფლების“ მის ბლოგზე, სივრცეში, რომელსაც ჩვენ “იანეთი” დავარქვით, და სადაც ბლოგის ავტორი და იანეთის დიასახლისი ჩვენ გვეძახდა „ბლოგერებს“. ამით მან, როგორც გამოცდილმა მენტორმა, სპეციალურად დროზე ადრე, ავანსად დაგვახურა მაგისტრის ქუდი და მონომახის ქუდის მსგავსად მისი ტარების პასუხისმგებლობაც შეუმჩნევლად აგვკიდა. გამართული ქართულით წერის, მყარი არგუმენტაციის, კონტრარგუმენტირების, კამათის ეთიკის, მედიის სტანდარტების შესწავლა ხდებოდა ყოველდღიურ დისპუტებში ისე შეუმჩნევლად, ბავშვებს რომ თამაშ-თამაშში ასწავლი გამრავლების ტაბულას… ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა ეს მეთოდი, ძალიან ეფექტური…
და თან, ამერიკელი მედიკოსების პრობლემებისაგან განსხვავებით, ჩვენი პრობლემები, გორკის „ჩემი უნივერსიტეტების“ ანალოგიურად, ხომ ძალიან რეალური პრობლემები იყო – ჩვენ ვწერდით, იმიტომ რომ უსამართლო და ყალბი ცხოვრება გვტკიოდა, და გადავრჩით მნიშვნელოვანწილად იმიტომაც, რომ ვწერდით! და ერთმანეთს ხელიხელჩაჭიდებულები ერთმანეთის იმედი ვიყავით… იამ აღნიშნა პრეზენტაციაზე, რომ იმ დროს „იანეთის“ ბირთვის საკმაო ნაწილი ანონომურ სახელებს იყო ამოფარებული, რადგან თან ჩვენი პრინციპები არ გვეთმობოდა, თან ქვეყნის უფსკრულისკენ ვარდნას ვგრძნობდით, და თან იყო მთელი რიგი ვალდებულებები ახლობელი ადამიანების მიმართ, რომლებიც, რეალობების გათვალისწინებით, რისკზე წასვლისაგან თავშეკავებას გვაიძულებდა… დღეს ჩვენ აღარ ვართ ანონიმები, და ზოგიერთი ჩვენთაგანი უფრო წარმატებულებიც ვართ და იმედი მაქვს, რომ იანეთის გამოცდილება და პრინციპების ერთგულება წარმატების საწინადარი გახდება მათთვისაც, ვინც ჯერ მხოლოდ უფრო უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს შექმნით არის მოგებული…
ზურა ვარდიაშვილი, ირაკლი აბსანძე, ზვიად თხელიძე, მანანა იაშვილი, ლაშა ზარგინავა, ირაკლი შავიშვილი, ირაკლი როგავა, ოჩი კონცელიძე, თორნიკე თევზაძე, ირმა ირემაშვილი, აზა კოპალიანი, თემურ მიმინოშვილი, მიშა გოგინაშვილი, ნინო გოგიჩაიშვილი, გიორგი ხარაშვილი… და ამ სტრიქონების ავტორი, მაშინ სოლომონ თერნალელად ცნობილი – აი, იანეთის მხოლოდ ნაწილი… რა თქმა უნდა, ყველა არ მახსენდება… და ზოგიერთის გახსენება კი სულ არაა სასიამოვნო, რამეთუ გახლეჩილი ქვეყნის შუამდინარის მეორე ნაპირზე იდგნენ და კბილებით იცავდნენ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გაუმართლებლად მიგვაჩნდა… თუმცა მათი მადლობელიც ვარ – დემაგოგიასთან ბრძოლის ხელოვნებას ია ხომ ვერ გვაწავლიდა ისე ლაზათიანად, რომ არა მათი ფენომენალური დემაგოგია… განსაკუთრებით, კავკასიოლოგისა, რომელიც ნამდვილად ღირსეული მეფისტოფელი იყო, მრავალგანზომილებიანი და მრავალსახიანი… 🙂
ია კიდევ იმით იყო საუკეთესო მასწავლებელი, რომ თავადაც სწავლობდა… მასწავლებელი, რომელიც სწავლას წყვეტს, ამით მასწავლებლობასაც ემშვიდობება… ფაქტიურად – ნებისმიერ სფეროში თვითგანათლების შეწყვეტა სწრაფი პროფესიული დაისის საწინდარია. და სწორედ ამით არის ია გამორჩეულად კარგი ჟურნალისტი – საკუთარი თავის სრულყოფის მუდმივი სურვილის განხორციელებით…
იას არასდროს გამოუყენებია, ჩემგან გასხვავებით, ნიღაბი… ის არასდროს წასულა მატერიალური დაინტერესების გამო პროფესიულად უფრო საინტერესოდან ნაკლებ საინტერესო ასპარეზზე… სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში ურნალისტების ზეობა იყო, მან მოახერხა არა მარტო მავნე სენისაგან განრიდება, მაგალითის მიცემაც სხვებისათვის (ამ მხრივ ჩემთვის საკუთარი ბლოგის წერის სტიმული გახდა იას სტატია, „ვინც არ გატყდა და არ გაიყიდა“), და ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს შექმნა, რომელსაც ყველანაირად აბუჩად იგდებდნენ სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგები და კარის ჟურნალისტები… და როგორც კი შექმნა ეს საბჭო, მაშინვე დატოვა, რომ საკუთარი გავლენისაგან გაეთავისუფლებინა ეს პირმშო… იამ ყველაზე კარგად იცის, რას საშიშროებაა ხელმწიფის ნავში ჩაჯდომა და როგორ არ უნდა გახდე ბეჭდის მრძანებელი და მონა… და ამიტომაც ნებისმიერი ხელისუფლება მას თავისიანად არასოდეს თვლის, და თან მას ყოველთვის ანგარიშს უწევს…
წიგნზე იამ ასეთი მოძღვნა წამიწერა – „ამ წიგნის ინსპირატორს“ – ასეა, დიდი კონსპირატორიდან ახლა უკვე ინსპირატორი გავხდი :). მას შემდეგ, რაც საკუთარი წიგნი დავბეჭდე, თანაც იას და გია გორგოძის რედაქტორობით, (ისე, რომ ჯერ კიდევ არეცერთი მათგანი პირადად არ მიცნობდა), სულ ამას ვეუბნებოდი იას, რომ მასაც უნდა გამოეცა თავისი ბლოგები. და ძალიან გამიხარდა, რომ ბოლოს, მისი კახური სიჯიუტის მიუხედავად, ეს ასეც მოხდა!.. 🙂 თუმცა, მნიშვნელოვანწილად, იას ნების საწინააღმდეგოდ – მადლობა გამომცემლობა „არტანუჯს“, რომელმაც ეს მძიმე პრობლემა – იას დაყოლება – გადაჭრა და წიგნმა დღის სინათლე იხილა.
ამ ბლოგის დღესვე დაწერა კიდევ უფრო იმან გადამაწყვეტინა, რომ დღეს ჩემს ფეისბუქის გვერდზე იას „მედროვე“ უძახა ერთმა კაცმა, რასაც პასუხი იქვეც გავეცი და მაინც არ მეყო ის პასუხი. ია ანთაძეზე ნაკლებად მედროვე ადამიანი ხომ, მე პირადად, ირგვლივ, ლამის არც გამიგია! ვისაც ასეთი ჭორებისა და ინსინუაციების სჯერა, შეუძლიათ იას შემოსავლებით დაინტერესდნენ. საქართველოს სინამდვილეში ჩვენ გვყავს ჟურნალისტური პროფესიის ვარსკვლავები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, როგორც წესი, ხუთნიშნა ციფრებით გამოხატება, იას, მგონი, ოთხნიშნა ციფრებიც არ დამუქრებია არასოდეს 🙂 და არა იმიტომ, რომ არ იმსახურებს…
რა თქმა უნდა, ია ანთაძე, შეიძლება ცდებოდეს, შეიძლება მისი რომელიმე ბლოგი არ იყოს ისე წარმატებული, როგორც სხვები… და მაინც, ჩემი აზრით, მას აქვს დახვეწილი პოლიტიკური ალღო, დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტი, და მშვენივრად იცის, რა არის ქართული ჟურნალისტიკის ნაკლი და სიდუხჭირე… ამის მაგალითია მისი ბოლო, ჩემი აზრით – ძალიან წარმატებული, პროდუქტი – გადაცემათა ციკლი „მედიასტანდარტი“, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის სარკული ასახვის მშვენიერი მცდელობაა და სწრაფად გახდა პოპულარული. და აქაც, იამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საკუთარ პირად რეიტინგისთვის არ მუშაობს – მან გადაცემის ყოველ ციკლზე ახალ-ახალი წამყვანები, მართლაც ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები მოიწვია და მათ ანდო სრულად საკმაოდ სერიოზული პროექტის წარმართვა, რადგან კარგად იცის, რომ სწორედ ესაა სწორი მიდგომა, და არა ის, რასაც საქართველოში მუდამ ვხედავთ, – საკუთარი თავის ტირაჟირება და მარად შეუცვლელად წარმოჩენა!..
ამიტომ, ასე გამიხარდა მე დღევანდელი დღე, როდესაც იას ნიჭის მხოლოდ თაყვანისმცემელებს კი არა, ფართო საზოგადოებასაც მიეცა საშუალება, რომ წიგნად თავმოყრილს გაეცნოს მის მრავალწლიან პოლიტიკურ ჟურნალისტიკას. თუმცა ვფიქრობ, რომ ია ანთაძის, როგორც ძალიან კარგი მასწავლებლის და სამაგალითო ჟურნალისტის მთავარი სარბიელი მაინც განათლების სფერო უნდა იყოს – სწორედ მან და მისნაირმა მაღალი სტანდარტის პატიოსანმა პროფესიონალებმა უნდა ასწავლონ მომავალ ქართველ ჟურნალისტებს. ია ხომ ორივე თავის პროფესიას ბრწყინვალედ ფლობს და თან – უყვარს საკუთარი გამოცდილების – არა მარტო წარმატებების, არამედ მარცხის – გაზიარებაც… და არასოდეს ეცდება, თავისი სტუდენტებისაგან იაანთაძეები გამოძერწოს, რადგან მათ თავიდანვე ყველაზე მთავარს ასწავლის ხოლმე – საკუთარი ინდივიდუალური აზრის პატივისცემას და იმ საზოგადოების პატივისცემას, რომელსაც შენი აზრი კი უნდა მიაწოდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოატყუო და შეცდომაში არ უნდა შეიყვანო…
– წარმატებები, ია მას!
თავისუფალი ზონა – ”ნაცლანდია”
Posted: 2015/05/06 Filed under: ინტერმეცცო | Tags: თავისუფალი ზონა, ნაცლანდია, ნაცმოძრაობა, რუსთავი2 დატოვე კომენტარიხომ არსებობს თავისუფალი ეკონომიკური ზონები?
ჰოდა, ალბათ, შეიძლებოდა შეგვექმნა “სინდისისაგან და სამართლისაგან თავისუფალი ზონა – ნაცლანდია” – სადაც მცირე ტერიტორიაზე სრული მასშტაბით აღდგენილი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ყველა “პრელესტები” – ადეიშვილის პროკურატურ-პრობაციული სამართლით, ახალაიას ციხეებით, მერაბიშვილის ზონდერულ-ნულოვანი ტოლერანტობით და კუბლაშვილის სასამართლოთი.
ნაცლანდიის ბედნიერი და ნებაყოფლობითი მაცხოვრებლები თავად გადაიხდიდნენ ამ ყველაფრის ფასს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ზონა იქნებოდა თვითდაფინანსებაზე და უფლება ექნებოდა თავისი შემოსავლებით გაეხსნა, რამდენიც ზონის დიქტატორს ენდომებოდა, იმდენი შადრევანი, ნებისმიერ დროს ჩამოეყვანათ კუტუნიო, ხოლო ნაცლანდიის მოქალაქეებს ეჩუქებინათ ზონის ხელმძღვანელობისათვის ნებისმიერი თავისი ქონება, ნებისმიერ ნოტარიუსთან ღამის ნებისმიერ დროს გადაფორმებით! მათ ასევე ექნებოდათ “მოდელირებული ქრონიკის” მუდმივ რეჟიმში ყურების უზომო სიამოვნება და მაღლის განდიდებისა და მიმთხვევის შეუზღუდავი ბედნიერება…
ერთი დაზუსტება – ნაცლანდიაში შესვლა თავისუფალი იქნებოდა, გამოსვლა – მხოლოდ 9 წლის შემდეგ (გადარჩენილებისათვის)…
მე მგონი, ამით ყველა მოგებული იქნებოდა – ზონის ბინადრებიც, და ზონელებისაგან და ზონდერებისაგან დასვენებულებიც…