რას ვუმადლი მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას (საშინაო დავალება ქ-ნ მარინე ჯაფარიძისაგან)


ცხოვრება (განსაკუთრებით – ჩვენი ცხოვრება, და მით უფრო, მას შემდეგ, რაც საქართველოში ვარდს გაეფურჩქნა კოკორი) რთულია…

 და ეს რთული ცხოვრება კიდევ უფრო გამირთულა ერთმა მეგობარმა (ყოველ შემთხვევაში, აქამდე გულწრფელად ვთვლიდი, რომ ქალბატონი მარინე ჯაფარიძე მეგობარი იყო), რომელმაც ასეთი (ჩემთვის ლამის სიზიფური) დავალება მომცა ხუთშაბათს, 25 მაისის 16:09-ზე:

——–

”სოლომონ, ნიჭიერი კაცი ხარ და დაწერე ერთი პოზიტიური წერილი დღევანდელობაზე.

ისე ნუ იზამ ახლა, აკრედიტაციის გარეშე-ში ნაკლი რომ არ აღმოაჩნდა უფროსს. რაღაც დადებითი უნდა მონახო.

ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. გამოცდაა ეს და თუ ჩააბარებ მაგარი იქნება, გთხოვ…..”

——–

 

ნიჩეგო სებე, ”გთხოვ”!!!!!!

”ნიჭიერი კაცი ხარო” – მომიქონა თავი :))

 

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მომივიდოდა, ამის წამკითხავს!

 

ტომ კრუზი რომ ჭერში თავდაღმა ჰკიდია Mission Impossible-ში, იმაზე უარესად ვიგრძენი თავი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ”ჭირსა შიგან გამაგრება ისრე უნდა ვით ქვითკირსა”

 

მოკლედ, რა მომწონს მე დღევანდელ, – მიშურ, საქართველოში!

—————-

 

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დავფიქრდი, არც ისე ცოტა რამ მომწონს (ვინც გადაწყვიტეთ, რომ გავპადოშდი, ცდებით, ბატონებო და ქალბატონებო).

 

მგონი, კარგი იქნება თუ ჩამოვთვლი და დავნომრავ. ეგება, მოხდეს სასწაული და 50-საც კი ავცდე!

 

1. მომწონს ქუჩებში გადასასვლელები. მომწონს. რომ კარგადაა დახაზული. თავიდან ვერ ვიტანდი, რაღაც კუნძულები რომ ააგეს და ყველგან წითელზოლიანი რკინის პალოები ჩაასვეს, მაგრამ ნამდვილად უფრო მოწესრიგდა მოძრაობა, ხანდახან უფრო შორს მიწევს წასვლა, მაგრამ უფრო უხიფათოა და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კუნძულებისაგან შევიწროებულ ქუჩებში მანქანების ნაკადიც კი უფრო მოწესრიგებული და უფრო სწრაფია. თუმცა არ მომწონს გმირთა მოედნის ესტაკადა, რომელმაც თითქოს კი განტვირთა ქვედა დონე, მაგრამ ზედა დონეზე ბევრი ვერაფერი შვილია და ვაკისკენ ასასვლელად სადგურიდან ხანდახან საცობი თამარ მეფის ხიდიდან რომ იწყება, საკმაოდ ნერვებისმომშლელია… მოედნის სიმბოლოზე – გიგანტოზავრის ასოს ფორმის მემორიალზე ხომ საერთოდ.

2. აქვე გავაგრძელებ სატრანსპორტი თემას – მომწონს შუქნიშნები. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ჩვენთან ასეთი შუქნიშნები რომ დაინერგა, ევროპაში ჯერ კიდევ იშვიათობაა! რაც კარგია, კარგია… თუმცა ცუდია, რომ ხანდახან შუქნიშნები დენის წასვლასთან ერთად ირთვება… აი, ეს კი უაღრესად იშვიათია ევროპაში

3. ახლახანს ავტობუსების გაჩერებებზე რომ საინფორმაციო ტაბლოები დადგეს და გაიგებ, რამდენი წუთი უნდა ელოდო შენს ავტობუსს, ესეც კარგია. თუმცა ეს რატომ დარჩა ვაკის ლოკალურ ბედნიერებად, ვერ ვხვდები

4. მომწონს ავტობუსებში მგზავრობის გადახდის ავტომატები. თუმცა ცუდია, რომ ხშირად  ხურდას ყლაპავს. ისიც კარგია, მეორე მგზავრობა რომ უფრო იაფია. მაგრამ პირველი მგზავრობა რომ გაძვირდა და კიდევ უფრო გაძვირდება ეს ვერაა უკვე კარგი. ხალხს ვერაფრით ვერ აუხსნეს, რომ ბილეთის აღება ავტობუსში ასვლისთანავეა საჭირო, რადგან ამის მიხედვით მერე სატრანსპორტო კომპანიამ უნდა მოახდინოს მარშრუტების გადაჯგუფება, სადაც ბევრი ბილეთის აღება ხდება, იქ დაამატოს/გაახშიროს და პირიქით…

5. მომწონს ე.წ. ავტობანი. თბილისიდან სამტრედიაშიც და ბათუმშიც უფრო მალე ჩავდივარ. მაგრამ არ მომწონს, რომ ამდენი წლის განმავლობაში ლაპარაკი გაცილებით მეტია და საქმე – ცოტა. თან არაფერი ვიცით, რამდენი ფული დაიხარჯა ამ გზების მშენებლობაზე, ხშირად გზების დაფინანსება ერთდროულად რამდენიმე პარალელური წყაროდან ხდება და ეტყობა, ამის წყალობით მსხვილი ფულის მოტეხვებიც ხდება. არ ტარდება ხარისხის კონტროლი, ხოლო გომბორის გზა, რომელიც ნაუცბათევად წვიმებში დააგეს, სრული კატასტროფაა – ფაქტიურად თავიდან არის გასაყვანი.

6. ახალი სამარშრუტო ტაქსები არ ”გამისინჯავს”, მაგრამ ჩემს ახლობლებს მოსწონთ – წლევანდელ პაპანაქება სიცხეში სულზე მისწრება იყოო, კომფორტული სკამებია და ფეხზე დადგომაც არაა შეუძლებელიო. თუმცა ყველა აპროტესტებს ფასს და აღშფოთებულია იმით, რომ მიუხედავად ღირსი ახვლედიანის დაფიცებისა, არა მარტო ეს ახალი მარშრუტკები გაძვირდა, არამედ ძველებიც, სადაც არავითარი კომფორტი არ არის! თანაც, როგორც გავიგე, ახალი ტაქსების მძღოლები ძალიან იშვითად რთავენ კონდიციონერს, რადგან თუ ბენზინი არ დავზოგეთ, მაღალი გადასახადის გამო აღარაფერი გვრჩებაო…

7. მომწონს რომ პოლიციელი, რეესტრის თანამშრომელი და მებაჟე ქრთამს აღარ მთხოვს, პასპორტს და ცნობას დროზე მაძლევენ, აეროპორტში რომ მოწესრიგებული ხალხი გამოწმებს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებს – ეს რა თქმა უნდა მომწონს. მაგრამ არ მომწონს რომ ყველა მომსახურება გაძვირდა და უაზრო ბაჟები შემოვიდა ქვეყანაში ნებისმიერი პირადი მოხმარების ნივთის შემოტანაზე! ნახევარი საქართველო საზღვარგარეთაა წასული და შინ თავისიანებს ხან ფულს უგზავნის და ხან გზავნილს, მთავრობა კი ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველოში დარჩენილებმა ყველაფერი მის მიერ დაკრიშულ მაღაზიებში ვიყიდოთ. რეესტრში რომ ნებისმიერ ცნობაზე ფულია გადასახდელი (თან არ გეგონოთ 1-2 ლარი იყოს!) არ მომწონს! რეესტრი რომ ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ არჩევნებში მკვდარი სულები და საერთოდ, მკვდარი კორპუსები და ფანტასტიურად მიწერილი ადამიანები არ იყოს – ეს საერთოდ იმდენად აღმაშფოთებელია, რომ აქამდე რაც დავწერე, ყველაფერს ფასს უკარგავს!

8. მომწონს, რომ ქვეყანაში წესრიგია. მანქანებს თითქმის აღარ იპარავენ, ადამიანის გატაცებებიც აღარ ხდება გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით, ტრანსპორტში სხვის საფულეებზე მონადირე ქურდების რაოდენობას შესამჩნევად შემცირდა, ისევე როგორც ეკონომიკური დანაშაული (თუმცა ეს ცალკე თემაა – ადრე ბევრი 1000-10,000 ლარიანი ფინანსური დანაშაული ხდებოდა, ახლა ცოტა და მრავალმილიონიანი!)…  მაგრამ ის, რომ პოლიცია პოლიტიკურ პოლიციად იქცა, ადამიანების დაშინება და დატერორება სწორედაც რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან მოდის, რომ ადამიანებს მათი ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით საფინანსო პოლიციაში იბარებენ და მოგონილი მიზეზებით ტყავს აძრობენ, 500-5000 ლარიან ჯარიმებს ხელოვნურად (ორსული ქალების და ბავშვების გამოყენებითაც კი!, ხოლო ახლა კერძო საფინანსო აგენტების დახმარებით) ჰკიდებენ წვრილ და საშუალო მოვაჭრეებს, ის რომ ხშირად ხდება ოჯახის წევრების მიმართ დაშინება, ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება, მოგონილი მიზეზებით ადმინისტრაციული ჯარიმის ან პატიმრობის ”აკიდება”, განსაკუთრებით – ოპოზიციონერების ან ბიზნესმენების მიმართ, ეს კატასტროფაა, ეს ამ სისტემის სრული ამორალობის და კრიმინალურობის ისეთი მაჩვენებელია, რომ სერიოზულად ვეჭვობ, არავითარი საფუძველი არაა ამტკიცონ, რომ დღეს საქართველო ნაკლებ კრიმინალური ან კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე შევარდნაძის დროს. უბრალოდ, საყოველთაო წვრილი კორუფცია მნიშვნელოვანდ შემცირდა, სამაგიეროდ განუზომლად   გაიზარდა მსხვილი და ელიტარული კორუფცია და დანაშაული.

9. ერთ იურიდიულ პირთან სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმება რომ შემცირდა და ტენდერები რომ ლამის აუცილებლობად იქცა ეს მომწონს, მაგრამ ტენდერებში სულ რომ ნაცმოძრაობის ლიდერების ნათესავები ან შესტიორკები რომ იმარჯვებენ, ვითომ ღირდა ამისთვის ტენდერების გამოგონება? ტენდერებისთვის ტენდერებამდე რამდენიმე დღით ადრე რესტორანში რომ 4 ასლარიან ფირმას აარსებენ და მთელი თბილისის სატრანსპორტო გადაზიდვებს ხელში იგდებენ, ესაა ”სამართლიანი შეჯიბრი”?

10. განათლების სისტემაში მომწონს, რომ ერთიანი გამოცდები დაინერგა და უმაღლეს სასწავლებლებში კორუფცია შემცირდა, თუმცა სახელმწიფო რომ მხოლოდ 1000-მდე სტუდენტს აფინანსებს, დაფინანსების მოციულობა რომ მუდმივად მცირდება და დაფინანსების მოსაპოვებლად მთავარი ყბადაღებული ”უნარ-ჩვევებია” და არა მაპროფილიბელი საგნები, ეს არ მომწონს.

11.  სკოლებში რომ შემცირდა დანაშაული,  და უფრო წესრიგია, ეს კარგია. მაგრამ ეს ყველაფერი სკოლის გასამხედროებით და გაპოლიციებით რომ ხდება, ეს არ მომწონს. მანდატურებს რომ ბავშვების, მშობლების, მასწავლებლების და დირექტორების მაკონტროლებელი შარიკოვების ფუნქცია დააკისრეს, ეს აღმაშფოთებელი საზიზღრობაა…

12.  მომწონს, თბილისი რომ დასუფთავდა, მოწესრიგდა და ლამაზდება, ბათუმი რომ შენდება და მშვენდება, მესტიას და სიღნაღს რომ მიხედეს… ქუთაისის ოპერაც მომწონს. მაგრამ არ მომწონს, ეს ყველაფერი რომ ერთი ქერქეტა კაცის გემოვნებით რომ კეთდება, ყოველგვარი სწორი არქიტექტურული დაგეგმარების და პროფესიონალიზმის გარეშე, ლანდშაფტის და ადრე არსებული არქიტეტურული ტრადიციების გათვალისწინების გარეშე, და ვშიშობ, ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშეც! ისიც არ მომწონს, რომ არავინ არ აკეთებს ანგარიშს, რა სახსრებით და რის ფასად შენდება ეს ყველაფერი. პრეზიდენტი რომ ბავშვობაში აუწყობელ ლეგოს თვითმფრინავიდან აწყობს, არ მომწონს. პატარებს მოსწონთ 3-თვიანი საშობაო ”ლუსტრაველი”, მე – ნაკლებად, რადგან როცა ამდენი გაჭირვებული გყავს და ხალხის დიდი ნაწილი თითოეულ ნათურაზე ეკონომიას აკეთებს, ასეთი თვალში ნაცრის შეყრა და დაუსრულებელი ფუფუნება გაუმართლებელია.

13.  ოპერას რომ დიდი ყურადღება ექცევა, მომწონს, მაგრამ ოპერა რომ პარლამენტის და მთავრობის წევრებისთვის გახდა მხოლოდ ხელმისაწვდომი – არა! თანაც ხელისუფლება ქართული ოპერისთვის იმის 10%-ს არ ხარჯავს, რასაც უცხოელი ვარსკვლავების ჩამოსაყვანად, ხოლო ეს კონცერტები მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის და საპიაროდ  არ ცდილობს რომ ხალხს ოპერა გააცნოს და შეაყვაროს. ოპერის შენობები რომ ააშენეს და გაარემონტეს, კარგია, მაგრამ ქუთაისის ოპერას რომ ვუყურებ, ვერ ვხვდები, ნერონის დროინდელ რომში ვარ, თუ – ვიქტორიას დროინდელ ლონდონში.

14.  ვერა ქობალიას გარეგნობა მომწონს, შინაარსი – არა.

15.  ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობა და მისი ხელმძღვანელიც მომწონს (ლამის ერთადერთი მთავრობიდან!), ტურიზმზე აქცენტირებაც არაა ცუდი, მაგრამ ის ყალბი სტატისტიკა და აბსოლუტურად უსაფუძვლო ენთუზიაზმი, რომ მალე 5 მილიონი ტურისტი გვეყოლება, არ მომწონს და ამის გამო არც მაია სიდამონიძე მომწონს ისე, როგორც შეიძლებოდა მომწონებოდა, თუ ამას შეეწინააღმდეგებოდა.

16.  კასრის ლუდის ხარისხი მომწონს, მაგრამ ”ნატახტარს” რომ სხვების ხარჯზე ქაჩავენ – არა!

17.  ზამთრის სპორტის სახეობებს რომ უფრო ყურადღება მიაქციეს – მომწონს, პრეზიდენტის ფიგურული სრიალი – არა.

18.  ინგლისურად რომ არის ფილმები ტელეარხებზე, მომწონს, მაგრამ დისკრიმინაციულად რომ ექცევიან იმ ხალხს, ვინც ინგლისური არ იცის და ვერც ისწავლის, არ მომწონს. არ აჯობებდა, 1-2 არხი გაეკეთებინათ, სადაც ყველა ფილმი და გადაცემა უცსო ენაზე გავიდოდა, სუბტიტრებით? თანაც ზოგი ფრანგულადაც იქნებოდა, ზოგიც – გერმანულად, ზოგიც – ესპანურად და ზოგიც – იტალიურად…არც იაპონური ფილმების ნახვა იქნებოდა ცუდი იაპონურ ენაზე – მათი ექსპრესიის სრულად აღსაქმელად… და რაც მთავარია, ძირითადი არხების ყურებისას მოხუცები არ გაწამდებოდნენ სუბტიტრების კითხვით…

19.  სასამართლოების შენობები მომწონს, შიგ რაც ხდება – საშინელებაა!

 

მგონი, სულ ესაა, რაც გამახსენდა.

ალბათ, ძალიან რომ მომექექა მეხსიერება, ერთი 5-10-ს კიდევ ამოვქექავდი, მაგრამ ფაქტია, რომ 100-მდე და, ალბათ, 50-მდეც კი, ვერ მივალ…

 

ისიც ფაქტია, რომ სუბიექტური და მიკერძოებული ვარ და ეკა ხერხეულიძეს რომ დაუსვან იგივე კითხვა, მეორედ მოსვლამდე არ გაჩერდება… ”პატრიოტული” Duracell არ მისცემს გაჩერების ნებას :)))

 

ქ-ნ მარინეს საშინაო დავალებას კი იმ ლექსით დავამთავრებ, რომელიც 2003 წელს მეგონა, რომ საბოლოოდ ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ, ჰოი, რა მწარედ ვცდებოდი, თურმე!

წაიკითხეთ ნაცმოძრაობის ლიდერთა და აპოლოგეტთა გამოსვლები და მიხვდებით, რომ რაც ამ ლექსში ირონიის საგანია, მათ სრული სერიოზულობით აქვს ტვინში ჩაბეჭდილი.

ამით ცხოვრობენ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით…

 

Прошла зима, настало лето.  

Спасибо партии за это!  

За то, что дым идет в трубе,  

Спасибо, партия, тебе!  

 

За то, что день сменил зарю,  

Я партию благодарю!  

За пятницей у нас суббота –  

Ведь это партии забота.  

 

А за субботой – выходной.  

Спасибо партии родной!  

Спасибо партии с народом  

За то, что дышим кислородом!  

 

У моей милой грудь бела –  

Все это партия дала.  

И хоть я с ней в кровати сплю,  

Тебя я, партия, люблю.

 

:))


მილოცვა მიხეილ სააკაშვილს (ირაკლი ჯაფარიძის უბრწყინვალესი წერილი)


ბატონო მიხეილ!

 

ვიცი, რომ ამ ფორუმს კითხულობთ.

 

თქვენ ხართ მატყუარა, კორუმპირებული და მოძალადე!

 

თქვენ არასოდეს შეგისრულებიათ არცერთი საარჩევნო დაპირება! არც ჩვეულებრივი დაპირება შეგისრულებიათ ოდესმე! საქართველოს არასოდეს ჰყოლია ასეთი კორუმპირებული და გაზულუქებული ხელისუფლება!

 

მე ერთი ჩვეულებრივი, რიგითი და წესიერი მოქალაქე ვარ. მე არ ვარ საფლავიდან ამოთხრილი ედპ-ს გურამ ჩახვაძე, არც კრედიტებგასტუმრებული გია თორთლაძე ვარ, არც უფრო დიდ ფულზე გაყიდული გიორგი თარგამაძე ვარ და ამიტომ გეტყვით:

 

ჯერ კიდევ 2003 წელს თქვენი უმთავრესი საარჩევნო დაპირება 1 წელიწადში მინიმალური პენსიის 100$-მდე გაზრდა იყო, ახლა 2011 წელია.

 

ჯერ კიდევ 2003 წელს თქვენ უარი თქვით კრწანისის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე და ჩვეულებრივ ოროთახიან ბინაში ცხოვრების, ეკონომ კლასით ფრენის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ოპელ ვექტრათი მგზავრობის პირობა დადეთ.

 

დღეს 2011 წელია და საქართველოს, მეტიც მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის პირველ პირებს, თითზე ჩამოსათვლელი დიქტატორების გარდა, არცერთ პრეზიდენტს არ უცხოვრია ისეთი ფუფუნებით, როგორითაც თქვენ ცხოვრობთ. არავის ჰქონია თქვენნაირი ძვირფასი სასახლე, არავის ჰყოლია თქვენზე ძვირფასი მანქანები და თვითმფრინავები. არავის უყიდია ბოინგი, რომლის ფასიც ასეულობით მილიონი დოლარით განისაზღვრება, არავის ჩამოუყვანია პირადი ბოინგით მსოფლიოს უძვირესი და უპოპულარულესი მასაჟისტი. არავის უმოგზაურია ამდენი, მათ შორის კოსტა-რიკაში თუ ჰონდურასში. საქართველოს არცერთი პრეზიდენტის ფონდი არ ყოფილა იმხელა და იმდენჯერ მეტი, რაც თქვენია, არცერთისა არ ყოფილა გასაიდუმლოებული, საეჭვო და გაუმჭვირვალე და არცერთიდან პირადი საჭიროებებისა და სურვილების (უფრო ფანტაზიების) დასაკმაყოფილებლად არ იხარჯებოდა ფული.

 

ჯერ კიდევ 2003 წელს თქვენ მთელი მინისტთა კაბინეტი გვერდში ამოიყენეთ და პირდაპირ ეთერში, სახალხოდ დადეთ პირობა, რომ თუ რომელიმე თქვენი მთავრობის წევრის ძმას, დედას, მამას, ცოლს, ბიძაშვილს, მეგობარს ან ახლო ნათესავს მოულოდნელად აღმოაჩნდებოდა ბიზნესის კეთების განსაკუთრებული ნიჭი, ისინი უმკაცრესად დაისჯებოდნენ.

 

დღეს 2011 წელია და დედათქვენს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და უძრავი ქონება ეკუთვნის, თქვენს ძმას უმსხვილესი ნავთობკომპანია და სადაზღვევო სააგენტო, ბიძათქვენს ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საბადო. თქვენს უახლოეს მეგობრებს, ძმებ ბეჟუაშვილებს ქვანახშირისა და მანგანუმის საბადოები, ცემენტის ქარხნები, გაზის გამანაწილებელი კომპანია.

 

ვანო მერაბიშვილის ოჯახს, მამას, ბიძას, ბიძაშვილს, ათეულობით უმსხვილესი და მონოპოლისტი კომპანია და რესტორანი ეკუთვნით, რატომღაც მისი მშობლიური სოფლის, ადიგენის რაიონის სოფელი უდეს მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით ვანო მერაბიშვილის ტოლებს, ფენომენალური ნიჭი აღმოაჩნდათ ბიზნესისა და ლამის თითო მათგანზე 3-4 უმსხვილესი დისტრიბუტორი კომპანიაა რეგისტრირებული.

 

თქვენს გმირს, ერეკლე კოდუას სასტუმრო და კაზინო საქართველო, მის დედას საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ბაზრობაზე უმსხვილესი წილები აქვს.

 

საქართველოში ჩატარებულ ყველა სახელმწიფო და გაუმჭვირვალე მსხვილ ტენდერში თქვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ტენდერამდე 1 კვირით ადრე დაარსებული და ახლობლებზე რეგისტრირებული შპს-ები იმარჯვებენ.

 

თქვენ ორი უმსხვილესი ტელევიზია ნამდვილ პატრონებს წაართვით, ისინი დღემდე დაუდგენელ და გასაიდუმლოებულ პიროვნებებს ეკუთვნით და ერთ-ერთი მათგანის შეფი თქვენი ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძეა.

 

თქვენს ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და მსოფლიო მასშტაბით ცნობილ იარაღით მოვაჭრე, კორუმპირებულ დავით კეზერაშვილს საქართველოში ლატარიის გაყიდვის მონოპოლიური უფლება მიეცით, თვალი დახუჭეთ მის მიერ ქართული ჯარის ხარჯზე გაკეთებულ მრავალმილიონიან “ატკატებზე”, მასვე ეკუთვნის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები, მაგალითად არტ-იქსი, რომელიც ნახევარ მილიონს ზემოთ ბიუჯეტის თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერს იგებს. თქვენი მინისტრების და პარლამენტარების მიერ აბსოლუტურად მონოპოლიზირებულია საკვები პროდუქტების ბიზნესი.

 

თქვენი ყველა მინისტრი და ყველა პარლამენტარი ფლობს მინიმუმ 2-ზე მეტ ფეშენებელურ სახლს დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში, საუკეთესო ვილებს ზღვისპირეთში, თბილისის შემოგარენში და ზამთრის კურორტებზე, ყველა მათგანს მინიმუმ 2 ახალი და ძვირფასი ავტომობილი ჰყავს, ყველა მათგანი მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე ისვენებენ.

 

თქვენ 2008 წელს ”საქართველოს სიღარიბის გარეშე” გვპირდებოდით და 50 000 ახალ სამუშაო ადგილს. დღეს 2011 წელია და თქვენივე ოფიციალური სტატისტიკით ყოველწლიურად კლებულობს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, თქვენივე ოფიციალური სტატისტიკით 4 მილიონიან ქვეყანაში 700 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი ცხოვრობს.

 

თქვენ დევნილ ადამიანებს 2008 წელს სოხუმსა და ცხინვალში დაბრუნებას შეჰპირდით.

დღეს 2011 წელია და მათი დიდი ნაწილი საქათმეებში ცხოვრობს, ნაწილს კი ყოველ დღე, უფრო სწორად ღამე, კომბლებით ჰყრიან წლობით ნაკოწიწებ და ნაფერები საცხოვრებლებიდან თქვენი მონა და სულგაყიდული ჯალათები.

თქვენ საკუთარი ხალხი ბევრჯერ გალახეთ, ბევრჯერ გალანძღეთ, ბევრჯერ შეაფურთხეთ მათ.

 

თქვენ მოსპეთ და გაანადგურეთ სასამართლო სისტემა და გადააქციეთ ის საკუთარი გესტაპოს შტამპის დამსმელ ორგანოდ.

 

არასოდეს საქართველოს ისეთი გაუნათლებელი თაობა არ ჰყოლია, როგორიც თქვენს მიერ ყელში დანაგამოსმული განათლების სისტემის გაზრდილები იქნებიან, იმიტომ, რომ მათ მასწავლებლების მაგივრად ოროსანი ზონდერ-მანდატურები ჰყავთ, დირექტორების მაგიერ – ლოტოტრონით არჩეული ნაც-მოძრაობის აგიტატორები და მინისტრის მაგივრად – ციხის უფროსი!

 

დღეს 2011 წელია და გილოცავთ ბატონო მიხეილ!

 

თქვენ ჯეკ პოტი მოიგეთ!

 

თქვენი ბავშვობის ყველა ოცნება ახდენილია!

 

ვისზეც ადრე მხოლოდ მასტურბირებდით, ყველა მოილოგინეთ.

 

რომელ მანქანაზე თუ თვითმფრინავზეც არ გაპიპინებინებდნენ, ყველას საჭესთან იჯექით.

 

რომელი ქვეყანაც თუ სასტუმროც ინტერნეტში ნანახი ფოტოებით მოგწონებიათ, ყველას საპრეზიდენტო ნომერში ბრძანდებოდით.

 

ვისაც ბავშვობაში უცემიხართ და დაუჩაგრიხართ, ყველა ციხეშია.

 

თქვენ ჯადოსნური ჯოხი გაქვთ, სადაც გაიქნევთ, შეგიძლიათ სკოლა – სასტუმროდ, სასტუმრო – სკოლად, მუზეუმი – შადრევნად, შადრევანი – მუზეუმად, თეთრი – შავად, შავი – თეთრად, ადამიანი – ფურთხად, ფურთხი ადამიანად აქციოთ.

 

ყველაფერი თქვენია, ყველაფერი გაგდით, ყველაფერს აკეთებთ, რაც გინდათ!

 

კარის მასხარას ძეგლს დაუდგამთ, დავით აღმაშენებელს მანქანების ბაზრობასთან გადაიტანთ.

 

რობერტ სტურუას სირად გამოაცხადებთ, სირებს – რობერტ სტურუებად.

 

ჩვენ მოღალატედ შეგვრაცხავთ, მოღალატეებს – პატრიოტად…

 

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო მიხეილ!

 

http://forum.ge/?f=29&showtopic=34281782&st=0


როგორი პრეზიდენტი მინდა


ფეისბუქზე შეიქმნა ჯგუფი – ”მე მინდა მყავდეს ქართველი პრეზიდენტი!”

 მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩემი ფრენდია იქ გაერთიანებული, ნამდვილად არ მომწონს ამ ჯგუფის სახელი!  ნაციონალების შემოგდებულ პროვოკაციას ჰგავს.

 მე მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს დალაგებული, სამართლიანი, არაკორუმპირებული, პატრიოტი  და დემოკრატი (არა ფსევდოდემოკრატი).

 მინდა, რომ ჟურნალისტებს იმის მიხედვით არ იცავდეს, ვინ მისი ურნალისტია და ვინ – არა. მინდა, რომ საერთოდ არ ჰყავდეს თვალებშიშეციცინებული ნანუკების, კოტრიკაძეების და მელაძეების კასტა.

მინდა, რომ ვაცლავ ჰაველს ჰგავდეს პრინციპებით და არა – პუტინს.

მინდა, რომ თავგანწირვის და პასუხისმგებლობის აღების შნო ჰქონდეს და არა მხოლოდ – ლაყაფის და სიცრუით დაბოლების.

მინდა, რომ კონსტიტუციის გარანტი იყოს და არა – კონსტიტუციის თავის ტანის თარგზე მომრგები თერძი.

მინდა, რომ პროვოკატორი და პროვოკატორების დამცავი არ იყოს.

მინდა, რომ თუ შეცდომებს დაუშვებს (უნაკლო ვერ იქნება), ამის აღიარების და გამოსწორების ძალა ჰქონდეს.

მინდა, რომ ფულის უმეტეს ნაწილს ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ხარჯავდეს და არა – იმ ილუზიის შექმნაში, რომ ადამიანების ცხოვრება უმჯობესდება.

მინდა, რომ კომპრომისზე მასთან მიდიოდეს, ვინც მართალია და არა მხოლოდ იმათთან – ვინც კედელზე ააყუდებს.

მინდა, რომ მინისტრებს და სხვა ჩინოვნიკებს მათი ნიჭის და საქმისადმი ერთგულების ნიშნით ნიშნავდეს და არა – ხელის ლოკვის პოტენციალის, თვალების ფერის ან ტანის პროპორციების მიხედვით.

მინდა, რომ ნიჭიერი ხალხის ფასი ესმოდეს, მიუხედავად იმისა, უჭერენ თუ არა ისინი მას მხარს. მინდა, რომ ჰუნვეიბინებს არ უსევდეს ნიჭიერ ხალხს. მინდა, რომ საერთოდ არ ზრდიდეს ჰუნვეიბინებს.

მინდა, რომ გაჭირვებულის ესმოდეს და ყალბად არ ტიროდეს კამერებთან იმ ხალხის ბედზე, ვისი გასახლება და გადასახლება აქვს უკვე დაგეგმილი!

მინდა, რომ ფულის მონა არ იყოს და ძალაუფლების – მანიაკი.

მინდა, რომ ადამიანი იყოს  და იცოდეს, რომ მისი პრეზიდენტობა წარმავალია და მისი ადამიანობა უნდა იყოს იმის საწინდარი, როგორი იქნება მისი ცხოვრება მისი პრეზიდენტობის შემდეგ.

და ისიც მინდა, რომ მაშინ აღარ ავირჩიოთ, როცა ხალხს ენდომება ეს და არა – როცა მას.

და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ჩემი სურვილი, რომ ის ქართველი იყოს!

და თუ თქვენ გგონიათ, რომ პრეზიდენტის ქართველობა მისი ყველა სხვა სიქველის ავტომატური გარანტია იქნება – ძალიან ცდებით. მე მგონი, რომ მთავარი სამართლიანობა და ადამიანობაა, რაც მიხეილ სააკაშვილს იმიტომ არ აკლია (თუ საერთოდ აქვს კი!), ის ქართველია თუ სომეხი. ფაქტი ისაა, რომ მას აკლია… ძალიან ბევრი აკლია იქამდე, რომ მე ის მომწონდეს, თუნდაც 101%-ით ქართველი იყოს!

  


Quo Vadis, Kartlos?


ია ანთაძის მიერ, როგორც ყოველთვის, ზუსტად იქნა დაჭერილი (ბლოგი – „გამოხედვა მომავლიდან“ http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24290252.html) ამ ბოლო დროის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი წერილის: ვასილ მაღლაფერიძის – „გამოხედვა წარსულიდან“  http://kalmasoba.com/analitika/509-gamokhedva-tsarsulidan.html  და დავით ზურაბიშვილის – „ფოტოგრაფების საქმე – პრეცედენტი, რომელიც შედგა“ http://7days.ge/index2.php?newsid=9558   – პოლიტიკური აქტუალობა.

საერთოდ, ჩვენი უბედურებაა, რომ ეს სამი ადამიანი, (ისევე, როგორც კიდევ მრავალი სხვა) რომელთაც პოლიტიკური ანალიზის განსხვავებული ხედვები, მაგრამ ბრწყინვალე უნარი გააჩნიათ, არამცთუ პარლამენტს გარეთ არიან, არამედ – ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიების ეთერიდანაც პრაქტიკულად ამოღებულნი. სწორედ ეს ფაქტი,  რომ ნიჭიერი ადამიანების ხმა ყოველნაირად იგნორირებულია რეჟიმის მიერ, და ლამის მხოლოდ გაქნილი მედროვეების ან სრული  შარიკოვების არენად ქცეულა პარლამენტიც და ტელევიზიებიც, არის თანამედროვე საქართველოს სრული უპერსპექტივობის ლამის გარანტია სააკაშვილის ხელისუფლების ხელში – არასოდეს არ მოხდება ნაცმოძრაობის ბატონობის პირობებში ის, რასაც კამათში საღი აზრის გამარჯვება ჰქვია. და ამიტომ მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის ვოლუნტარისტული, არაპროფესიონალური და ქვეყნისთვის საზიანო იქნება, იმ იშვიათ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ხელისუფლებას ასე არ სურდა…

მაგრამ დავბრუნდეთ ამ ორ სტატიას და იას შეკითხვას – რა უფრო მოსალოდნელია უახლოეს 2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებზე – ის, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი უსამართლო და არათავისუფალი არჩევნების გზით უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში მოგვევლინება დასავლეთის მხრიდან უმნიშვნელო შეშფოთების და ჩუმი მხარდაჭერის ფონზე (და გამართლდება ვასილ მაღლაფერიძის პროგნოზი)? თუ ის, რომ დასავლეთი, რომელიც უკვე კარგად ხედავს სააკაშვილის არადემოკრატიულობას და მისი „რეფორმების“ ფასადურობას, რეალურად შეეცდება და მიაღწევს მის პოლიტიკურ პენსიაზე გასვლას და ხელისუფლებაში პროდასავლური ძალის მოსვლას (ანუ გამართლდება  დავით ზურაბიშვილის პროგნოზი)?

და კიდევ – რა როლს ითამაშებს ამაში ყველაფერში ქართული საზოგადოება – ანუ, რა ვაკეთოთ ჩვენ?

სიმართლე გითხრათ, მე პირადად დღემდე გაორებული ვარ და არ მაქვს პასუხი იმაზე, რომელი პოზიცია არის ჩემთვის უფრო დამაჯერებელი. სადღაც შუაში ვდგევარ და ალბათ ამის გამოხატულება იყო ჩემი წერილი ამერიკის ელჩისადმი, სადაც ვეცადე იმედგაცრუებაც და ჯერ კიდევ შერჩენილი სულისმღაფავი, მაგრამ მაინც იმედი – გამეერთიანებინა.

გულით ვასილ მაღლაფერიძის პოზიციას ვიზიარებ და ვხვდები, რომ სტრატეგიულად ის პოლიტიკა, რასაც ქართველი მეფეები (ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ყველაზე ბრძენნი) საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ, რომ საჭიროა ლავირება რამდენიმე ძლიერ რეგიონულ ზესახელმწიფოს შორის და სტრატეგიული პარტნიორის არჩევა საკუთარი ინტერესების მაქსიმალური შენარჩუნების კუთხით, დღესაც აქტუალური რჩება.

ამავდროულად, გონება მკარნახობს, რომ ტაქტიკურად, დროებით მაინც, დავით ზურაბიშვილის პოზიცია, რომ დღეს პროამერიკულ ვექტორს ალტერნატივა არ გააჩნია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ ამერიკას დავანახოთ, რომ ეს ვექტორი მიშას და ნაცმოძრაობის გარეშეც შენარჩუნდება, შეიძლება უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ამჟამად ახალი სტრატეგიული მეკავშირის ძიება. მით უფრო, როცა ამ პოტენციურ მეკავშირეს სადღეისოდ საქართველოს ტერიტორია აქვს ანექსირებული და არავითარი იმედი არ არის, რომ თუნდაც ყველაზე პრორუსული ძალის მოსვლის შემთხვევაში, იგი ამ ფაქტის გაუქმებას და ტერიტორიების რეალურ დაბრუნებაზე და საქართველოს რეალურ სუვერენულ აღიარებაზე წამოვა.

რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ცუდი, რომ რეგიონში მესამე ძალაც არსებობდეს, მაგრამ ასეთი ძალა ან თავს არ იწუხებს აქტიური ჩარევით და ეს არც შეუძლია 1918 წლისგან განსხვავებით (ევროპა). ან – უაღრესად ოდიოზური და ფუნდამენტალისტურია (ირანი). ან – საკუთარი სკივრში ჩალაგებული ოცნებების ამოღება დაუწყია საქართველოს რეგიონების ნელი მისაკუთრების კუთხით და არაა გამორიცხული 10-20 წლის პერსპექტივაში რუსეთზე არანაკლებ საშიში გახდეს საქართველოსათვის  (თურქეთი. ამ ბოლო ვარაუდში პირველი დედა და მისი პირმშო არ დამეთანხმებიან, ვიცი, მაგრამ მათი აზრი ამ შემთხვევაში ჩემთვის ექსპერტული, ან მიუკერძოებელი მაინც, ვერ იქნება).

ჩვენი მდგომარეობის სირთულე იმაშია, რომ დღეს კარგი გამოსავალი არ არსებობს არავისთვის და როგორც ია ანთაძე ამბობს, არის სრული ჩიხის განცდა, როგორც – ხელისუფლებისათვის, ისე – ოპოზიციისათვის.

ხელისუფლებას, თუ იგი სააკაშვილის პრემიერობის ვერსიას აირჩევს, ფიასკო გარანტირებული აქვს.

იმიტომ, რომ სააკაშვილი არის აბსოლუტურად უპერსპექტივო ფიგურა.

პრობლემა არა მარტო იმაშია, რომ რუსეთმა როგორც პუტინის, ისე მედვედევის პირით განაცხადა, რომ ამ ადამიანს არასოდეს დაელაპარაკებიან და მშვენივრად იყენებენ ამ პოზიციას თავიანთი კატეგორიულობის გასამართლებლად. უფრო სერიოზული პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი საგარეო ფუნქციები ორი საკითხით ამოიწურება – 1)ვის რა მიყიდოს (სომხეთს – სამცხე და ეკლესიები, თურქეთს – აჭარა, აზერბაიჯანს – დავით-გარეჯი და სასაზღვრო სოფლები), რომ ეკონომიკური კრახისაკენ მიმავალი სიტუაცია ოდნავ მაინც გამოასწოროს და 2)ვის ინაგურაციას დაესწროს (ამ მხრივ, ძირითადად სამხრეთ ამერიკას წყალობს და იქაური პრეზიდენტებიც შეეჩვივნენ, რომ ევრაზიას მათ ინაგურაციებზე ყველაზე ექსტრავაგანტური პრეზიდენტი წარმოადგენს).

ადამიანი, რომელმაც, როგორც „გონივრული ეჭვი“ არსებობს,  ორი პრემიერ-მინისტრი მოიშორა  თავიდან საფერფლის ოსტატური ტყორცნით, უკვე კალიგულას მსგავს ორგიებს სახალხოდაც არ ერიდება და ნახევარ მინისტრთა კაბინეტს დაცვის თვალწინ უჟაპუნებს. ადამიანი, რომელიც სახალხოდ აღიარებს, რომ მისი საქმე ცალკეული ახალგაზრდული ბანაკების დიზაინი და მშენებლობები, ოპერების გაფორმება, ძეგლების გატანა და დაუმთავრებელი სასტუმროების პომპეზური გახსნაა, შეუძლებელია, რომ სერიოზულად (თუ გიორგი ასანიძეს, კობა ხაბაზს, შოთა მოლაშხიას და სხვა ვაჰ-პოლიტიკოსებს არ ჩავთვლით), თუნდაც საკუთარ გუნდში ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამომყვან პირად მიაჩნდეთ! ადამიანი, რომელზეც არსებობს ავტორიტეტული დასკვნა, რომ მან ავანტურისტული გადაწყვეტილებით ომი დაიწყო და მოსაზრება, რომ არა მარტო საკუთარი ქვეყანა, არამედ ამერიკაც და ევროპაც უნდოდა ბირთვულ დაპირისპირებაში ჩაეთრია, პრეზიდენტი, რომელიც ყოველ შუადღეს საქართველოს არსებული ტურისტული პოტენციალის საპნის ბუშტების ბერვით იღვიძებს და ყოველ შუაღამეს ახალი შპიონომანიური სკანდალების გამოგონებით ამთავრებს, არ შეიძლება რეალურად სტაბილურობის მომტანი იყოს. მისი “სტაბილურობა” მთლიანად ემყარება ჟანდარმულ-პოლიციურ რეჟიმს და შიშის სინდრომს. მაგრამ იმ რესურსებით, რაც საქართველოს დღეს გააჩნია, გამორიცხულია, რომ პრემიერმა სააკაშვილმა ქვეყნის გადარჩენის რაიმე ალტერნატივა მონახოს. ერთადერთი გზა, რაც მას რჩება, ეს არის ქვეყნის ღიად, აუქციონზე გაყიდვა. ბურებმა და კულტურულმა ჩამოსახლებამ არ გაამართლა, ამიტომ მიშას ისღა დარჩენია, ტერიტორიები ზედ მაცხოვრებელი მოსახლეობით გაასხვისოს – ჩინეთზე, თურქეთზე, არაბებზე… ამ მხრივ სიმბოლური ნაბიჯი ალბათ რუსთაველზე პარლამენტის შენობის გაყიდვა იქნება. ხოლო როცა ეს ნაბიჯები მასშტაბური გახდება, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის (მაგალითად – რკინიგზის გაყიდვას) შედეგად ის მოჰყვება, რომ სააკაშვილის კარის ბიზნესმენები დაკარგავენ მათ გამგეობაში არსებულ ყველაზე მსუქან ნაჭრებს, გადაზიდვის შედარებით იაფ ფასებს და პრეფერენციულ რეჟიმებს. არა მგონია, ცეზარ ჩოჩელი, არჩილ გეგენავა, დინოზავრი ჭყონია, მამა ბოკერია, დედა ღაჭავა, ან თუნდაც გიგი უგულავა მშვიდად გრძნობდნენ თავს – სააკაშვილს სანამდე ეყოფა წვრილფეხა ბიზნესმენების საპროცესო გარიგებებით შემოსული მილიონები  და როდის გადავა მსხვილი საკბილოების გატყავებაზე, არავინ იცის.

ასე რომ, თუ ვასილ მაღლაფერიძის პროგნოზი სწორია, რომ ამერიკას მიშა, როგორც მათი სურვილების მონურად ამსრულებელი, ავღანეთში საზარბაზნე ხორცის უპრობლემოდ და ზეგეგმით მიმწოდებელი, საქართველოში ამერიკელი უმუშევრების ინგლისურის მასწავლებლის სტატუსით ჩამომყვანი, და რუსეთზე მიქსეული გამაღიზიანებელი (მაგალითად, ჩერქეზების გენოციდის ამბავში და ა.შ.) ძალიანაც აწყობს და მხოლოდ უმნიშვნელოდ შეშფოთდებიან, ხოლო საქმით კი არც არაფერს გააპროტესტებენ „პრემიერ პუტინ-2“-ის ქართულ რიმეიკზე, მაშინ დიდი შანსია, რომ საქართველოში დაიწყოს (სავარაუდოდ, 2013 წლის ეკონომიკური სიდუხჭირით და საპრეზიდენტო არჩევნებზე უგულავას ან ბაქრაძის კანდიდატურის დაყენებით გაცხელებული) საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც, ალბათ, უკვე მკვეთრად ანტიამერიკული და პრორუსული ხასიათიც შეიძლება ჰქონდეს.  ძალიან მეეჭვება, რომ ასეთ პირობებში რუსეთი დღევანდელ მოჩვენებით ინდიფემერე რა იქნება, ძნელია. არაა გამორიცხული, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შალვა ნათელაშვილი გახდეს, ხოლო რეალური ბერკეტები ჩრდილში წასულმა მერაბიშვილმა შეინარჩუნოს, რომელიც, ალბათ, ჩამოიხსნის ნიღაბს და უკვე ღიად მოახდენს თავისი პრორუსული შინაარსის დემონსტრირებას.

რაც შეეხება ზურაბიშვილის პროგნოზს.

რატომღაც, აქაც ვერ ვხედავ რეალურ და იოლ „ჰეფი ენდს“, რადგან ამერიკას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს ოპოზიციის მხარდაჭერის სურვილი (ანალოგიურად 2003 წლისა) – თუ დაინახავს, რომ ოპოზიციამ მოახერხა ხალხის დარაზმვა და ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ პროტესტი ისეთივე მასიურია, როგორც ეს ეგვიპტეში თუ ტუნისში იყო 2011 წელს, ან საქართველოში – 2007-09 წლებში. მხოლოდ მაშინ, და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ პროტესტის სათავეში არ იქნება ძალა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მოახერხებს, რომ პრორუსულად დაანახოს დასავლეთს, არის მოსალოდნელი, რომ გამეორდება ბეიკერის ფორმულა და ძირითადად მშვიდობიანი გადაცემა ამ ახალი ძალისათვის. რამდენადაც, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ მასიური საპროტესტო მოძრაობის შედეგად შეიძლება მოხდეს, მე გამოვრიცხავ ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობის რომელიმე „ახალი სახის“ მოსვლას ხელისუფლებაში (მაშინ ასეთი „ახალი სახე“ უკვე 2011 წელსვე უნდა გამოეყოს ნაცმოძრაობას და მის წინააღმდეგ ისეთივე ძლიერი კამპანია დაიწყოს, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2002 წლიდან) და ასევე ძალიან მეეჭვება, რომ ქრისტიან-დემოკრატები მოახერხებენ ამას. ასე რომ ექვსიანს, კერძოდ კი, ალასანიას, რესპუბლიკელებს და ფორუმს – თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მშვიდობისმტრედობის და ბუნჩულობის დამღუპველ გამოცდილებას გაითვალისწინებენ, შეიძლება რეალური შანსი გაუჩნდეთ. პრობლემა იმაშია, რომ თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტენ, ექვსიანმა დღეს გაცილებით მეტი უნდა აკეთოს, როგორც საგარეო, ასევე – განსაკუთრებით – საშინაო არენაზე მასიური პროტესტის ასაგორებლად. აქვთ თუ არა მათ ამის პოტენციალი, ეს შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს. მთავრობა, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არ იქნება და ეცდება, ექვსიანს კიდევ „ჩამოათალოს“ რომელიც წევრი ორგანიზაცია. თუმცა ექვსიანსაც აქვს შანსი, ზოგიერთი განსმდგომი პარტია, თავისი საპროტესტო მუხტის ამოქმედების წყალობით, შემოიმატოს. დღეს პოლიტიკური მომენტი ისეთია, რომ კაბინეტში ჯდომით პოლიტიკოსი ოპოზიციის კი არა, მხოლოდ ნაცმოძრაობის საქმეს თუ გააკეთებს.

ასე რომ მივედით მარტივ დასკვნამდე – პრორუსული იქნება, თუ პროამერიკული, საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა მხოლოდ აქტიური საპროტესტო გამოსვლების შედეგად შეიძლება მოხდეს. მიხეილ სააკაშვილმა მრავალჯერ დაამტკიცა, რომ თავისი ნებით ხელისუფლებას კი არა, ერთ თავისუფალ ტელეარხს არ დათმობს და მინისტრის ერთი მოადგილეც კი არ დანიშნა ოპოზიციონერი. მას მხოლოდ დემონსტრირებული ძალის (მათ შორის – საპროტესტო მიტინგების) ეშინია და ანგარიშს უწევს. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოინდომებს და რომელი – ამერიკა თუ რუსეთი, – სააკაშვილის სეთურობის დასასრული ძირითადად ხალხის აქტივობაზეა დამოკიდებული.  თუ ახლა გვეყოფა შნო და გამოვიჩენთ ფხას, მაშინ შანსი უფრო უკეთესი იქნება… ნუ ვიქნებით გაზულუქებულები და ვიძახებთ – “ადრე რომ გამოვედით – მერე რაო?”! საკუთარი თავის გადასარჩენად ან უნდა გაინძრე, ან… უნდა სუდარა გადაიფარო…

თუ ჩვენ უკვე მივხვდით – ლტოლვილებიც, უმუშევრად დატოვებულებიც, ექიმებიც, მასწავლებლებიც, ბიზნესმენებიც, ახალგაზრდებიც, პენსიონერებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ქართველებიც და არაქართველებიც, – რომ სააკაშვილის გზა არამცთუ ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს, არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის დამარცხების, გაცამტვერების და ლტოლვილობის გზა, რომ ეს არის საქართველოს გადაშენების გზა, მაშინ ჩვენ უნდა გვეყოს ძალა, რომ ქუჩაში გამოვიდეთ, თუნდაც იმის შიშის ფასად, რომ გვირტყამენ და დაგვიჭერენ.

ჩვენ  უნდა გავერთიანდეთ!

სააკაშვილი იგებს იმით, რომ ჩვენს შორის მოღალატეებს და შტრეიკბრეხერებს ნახულობს, რომელთაც ჩვენი ჯიბეებიდან ამოცლილი მილიონებიდან 300-300 ლარს უხდის, რათა ამ უტვინო და უნამუსო მოღალატეებმა თავისი შვილების და ჩვენი – ქვეყნის ღალატის ხარჯზე 2-3 თვე თავი გაიტანონ! უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის ნაცმოძრაობა 40,000 დაქირავებული აქტივისტის დაპურებას გეგმავს, რომ მათ ჩვენი არჩევანი გააყალბონ. ჩვენ უნდა გვეყოს ძალა, რომ მეტნი ვიყოთ (მინიმუმ 200,000 ადამიანი უნდა გავერთიანდეთ არჩევნების სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით!) და ამ მდედრიონს თუ მანქურთების ზონდერჯგუფებს დავუპირისპირდეთ. უნდა მივხვდეთ, რომ მათთვის მიცემული ფული, ეს ჩვენი პენსიები და ავადმყოფებისთვის მოკვეთილი პროგრამებია, და ჩვენთვის გაძვირებული წყალი, დენი და საბავშვო ბაღია!

3 მილიონ ადამიანს წაგვიჭირეს ყულფი, რომ 40,000 იუდა სამი თვით მოიმადლიერონ!

სხვა გამოსავალი არ არსებობს – თავისუფლებას არავინ მოგვიტანს ლანგარზე.

ლანგარზე პირიქით, მალე მოგვიტანენ ჰაერის გადასახდის ქვითარსაც და  ჩვენი სახლებიდან გამოსახლების ბრძანებასაც! დამერწმუნეთ, არ არის ეს დღე ძალიან შორს… აგერ, უკვე თურმე, მკვდრის მეოთხე დღეს დამარხვაზეც უნდათ გადასახადის დაწესება… ამათი ტვინგაცხელებული “კრეატიულობა” რომ არ მოიფიქრებს, ეგეთი გარეწრობა ხომ ძნელად…


ოვოთ,  ამით ჩვენ ამ მთავრობას მორიდებულად ვაქეზებთ – „მეტის ღირსიც ვართ!..“

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!“


”რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაული”


სამი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.

სამი წელი გავიდა ომიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გარდა ყველას ჰგონია, რომ საქართველომ წააგო.

სამი წელი გავიდა ომიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გარდა, ყველას ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლის და მხედართმთავრის სულელური ავანტურის და რუსულ ხაფანგში ოთხივე კიდურით შევარდნის შედეგი იყო.

სამი წელი გავიდა ომიდან, რომელშიც საქართველომ დაკარგა, მისი პრეზიდენტის და კონსტიტუციის გარანტის თქმით, „სულ რაღაც ორი რაიონი“, 150-ზე მეტი სოფელი, 500-ზე მეტი მოკლული, სამაგიეროდ მიიღო ათასამდე დაჭრილი, 40,000-მდე ახალი ლტოლვილი და, რაც მთავარია, 4,5 მილიარდი დოლარი!!! და განა ვინმეს მოუბრუნდება კიდევ ენა, რომ ენა შეუბრუნოს საქართველოს კონსტიტუციის გარანტს და შეეპასუხოს, რომ ეს გამარჯვება არ იყო? თქვენ ჭკუაზე ხართ? – სულ რაღაც 2 რაიონი და სამაგიეროდ – 4,5 მილიარდი დოლარი??? სადაც ორ რაიონში 4,5 მილიარდი იშოვა, ის კაცი დარჩენილ 68 რაიონს რამდენად „გააიმასქნებს“, წარმოგიდგენიათ?!!

სულ რაღაც 3 წელიწადში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა არნახული და არგაგონილი:

  • ·         ის 4,5 მილიარდი დოლარი ხომ შესანსლა და არც დაუბოყინებია, მერე ისიც მოახერხა, რომ საქართველოს საგარეო ვალი გააორმაგა! (ისე, ცოდვა გატეხილი ჯობს, იმ 4,5 მილიარდიდან 2,5 მილიარდი ვალი იყო, ჰოდა, აბა, რას ერჩით ამ კაცს…)
  • ·         40,000 ლტოლვილი 3 თვით თბილისში ჩაასახლა, ხოლო შემდეგ 100,000-ზე მეტი ლტოლვილის თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან გადასახლების გეგმა შეადგინა და ისე უნაკლოდ ანხორციელებს, რომ რუსებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც პირი დააღეს – ეთნოწმენდა ამას რომ ცოდნია, ისე უნდა – ბარემ თავიდანვე ამისთვის გვეცლია და ჩვენ შორიდან სერიალივით გვეყურებინაო!
  • ·         დაკარგულ ტერიტორიებს დაუმატა სოფლები და ტეორიტორიები რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებზე. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მიღწულით და ორი რაიონის დაკარგვით ხომ არ დაკმაყოფილდება?! ის ომი როგორც “მოიგო”, ახლა მშვიდობიანობის დროსაც განაგრძობებს სასაზღვრო “მოგებებს”. სასაზღვრო რაიონების მოსახლეობისაგან დაცარიელება ხაზინის დაცირიელების პროპორციულად მიმდინარეობს და ალბათ ხაზინის თუ არა, პირადი ჯიბეების შევსებას ემსახურება… გეგმები დიდია – თურქებს – აჭარა, აზერებს – გარეჯი, სომხებს – სამცხე… და ეკლესიებიც! განა მარტო ენა და მამული იყიდება, უკვე – სარწმუნოებაც!
  • ·         სასწრაფოდ დაასრულა გადაცემა, გადასცა ან მოამზადა გადასაცემად აგრესორისათვის აქამდე ჯერვერგადაცემული სტრატეგიული ობიექტები – ენგურჰესი, საქართველოს რკინიგზა, თბილისის წყალი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა… განსაკუთრებული სასათბურე პირობები შეუქმნა რუსულ “მადნეულს” და კიდევ მეტი – რუსულ მობილურ ოპერატორს „მობიტელს“ („ბილაინს“), რომელიც „ვიმპელკომის“ საკუთრებაა და აფხაზეთშიც და ოსეთშიც ახორციელებს მობილურ კავშირს;
  • ·          ჩაატარა ჟენევის შეხვედრები, სადაც უცვლელად აფიქსირებდა, რომ არავითარ დათმობაზე არ წავა. ჟენევის შეხვედრებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობების წევრების გულაობის პარალელურად სწრაფი ტემპებით მიდიოდა თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან აფხაზეთიდან და ოსეთიდან ლტოლვილების გადასახლება-გაფოცხოეწერების პროცესი.
  • ·         მაქსიმალურად გააძვირა ყველაფერი, რომ თავად არ მოეკლო არაფერი! წყალი, დასუფთავება, მუნიციპალური ტრანსპორტი, ხორცი, შაქარი, ბენზინი, ჯარიმები… – რათა საქართველოს მოსახლეობამ ფასების ევროპული დონით მაინც იგრძნოს, რომ სულ უფრო ახლოს ვართ ნანატრ ევროპასთან;
  • ·         ჩაკლა მცირე და საშუალო ბიზნესის ის დარჩენილი მცირეოდენი კერები, რომლითაც ჯერ კიდევ თავს ირჩენდა ხალხი – გარემოვაჭრეები, სამარშრუტე ტაქსების მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები, ბაზრობაზე მოვაჭრეები – შეუერთდნენ მსოფლიოში ”ყველაზე თავისუფალი ბიზნესის” (ბაბუ გიცხონდა!) იარლიყიანი ქვეყნის უმუშევართა არმიას, რომელსაც არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ არჩევნებზე თავისი ხმის და სინდისის გაყიდვის იმედად იყოს. ხოლო თუ მანამდე ვერ მიაღწევს, დროზე აიბარგოს „სინათლის ქალაქიდან“ და „ნიცა-კანიდან“ და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ევროპის დამლაგებელ-მომვლელთა მრავალმილიონიანი არმია შეავსოს;
  • ·         მოაწერა ხელი რეადმისიის ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომლის ძალითაც სწორედ იმ ევროპაში ემიგრანტთა უკან გადმოსახლების პროცესი დაიწყება. ეს იმისთვის სჭირდება, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა გაზარდოს და ადრე მომუშავე და ოჯახის მარჩენალი ხალხი და მათი ოჯახები უმუშევრებად და ისევ იმ დამშეულ საარჩევნო ფარად აქციოს, 10 ლარის დანახებით, 100-დოლარიანი პენსიის ცრუდაპირებით, ციხეში ჩასმის ან ნარკოტიკის ჩადების მუქარით რომ, რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს!
  • ·         ობამას შეხვდა!!!!!! ობამას შეხვდააააააააააა! ობამას ხელი ჩამოართვა და… 80 მეძავიც იქირავა ევროპელი პოლიტიკოსების თვალისდასაფსებად!!!
  • ·         ვერა?!! ვერიჩქა? ვერონიკა??! ვინმეს სადმე ჰყავს ესეთი [დღისით] “მდგრადი” მინისტრი, რომ დაალილავებ და მაინც ერთგულად შემოგციცინებს თვალებში??? ვერა გადაარჩენს ქართულ ეკონომიკას! გადაარჩენს ვერა?.. ვერა!..
  • ·         მონოპოლია გაუკეთა მონოპოლიებს – ლატარია, ბენზინი, მშენებლობა, ბანკები, ვაჭრობა, სურსათი, უნივერსიტეტები, სასტუმროები!!!! ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის დამაარსებელი (ისევე როგორც თბილისში კიდევ ორისა) მისი დედაა! ბათუმის „რედისონის“ მოწილე – მისი კლავიატურაზე მოკაკუნე რეკორდსმენი შვილი!!! რა ოჯახია! რა ტალანტი – ა, ტალანტი! რამდიდარი!!!
  • ·         ჩამოიყვანააააა, მარა რა ჩამოიყვანა! კუტუნიოებს გასცდა და მოაგროვა დიდებული კოლექცია – ბრაიან ადამსი (რუსების ფულით!), პლასიდო დომინგო, ანდრია ბოჩელი, სტინგი, ენრიკე და თავად შერონი!!! მოახდინა თბილისის შერონიზაცია და ბათუმის იგლესიასიზაცია! დიდმა ბასტარდმა დადგა ბლოკბასტერი! ნაყოფიას ნაყოფმა ეკრანზე ხომ მაინც მოგვაგებინა დიდი ომი და პუტინისგან თბილისში ჩამოსულმა შერონმა იტირა ისე მაგრად, რომ პრეზიდენტი ენძი გარსია თბილისიდან სასწრაფოდ პუტინთან წავიდა…
  • ·         ჟურნალისტიკა აქცია ჩერგოლისტიკად და ფიგოვი ლისტიკად! ჟურნალისტები აქცია პიარისტებად და პრესსმდივნებად, ცოლებად და ისე… ვინც არ ისურვა ლაქიობა და ბოზობა, დაუკეტა ყველა არხი და ბოლოს შპიონებადაც გამოაცხადა იმის გამო, რომ თურმე თბილისელი პენსიონერის ტელეფონის ნომერზე რეკავდნენ… „მოდელირებული ქრონიკა“ დადგა – მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დეგენერატული და ყველაზე დიდი სიაფანდობა! ამით ხალხს უთხრა, მაშინ ხომ მე ვჭამე ჰალსტუხი, ახლა თქვენ გიჩვენებთ, შეშინება როგორ უნდაო…
  • ·         და ამდენი ჯაშუშების დაჭერა?!!!! განა ვინმეს ოდესმე სადმე დაუჭერია დიდი ქვეყნის ამდენი ჯაშუში! განა ვინმეს აუხდენია დიდი ლოზუნგი – „ყოველ 3 კაცში ოთხი აგენტია!“? მარტო ამერიკის საელჩოს “ამფეთქებელი კოჭოია” რად ღირდა?! რად ღირდა ”იმედის” ეზოში მიმობნეული ტროტილიანი ”ტუშონკები” და ”ბამბანერკები”, 6 თვის მერე ფეხქვეშ რომ ააცალეს მარადმომღიმარე ნოდარიკო მელაძეს და მარადიულ ლაშა ხარაზიშვილს! რად ღირდა ”ენვერი” და იმის აღიარება, რომ ყოველი მესამე სამხედრო მფრინავი თურმე ჯაშუში იყო :((( და მუხროვანის „ბუნტის“ მოდელირება? ერთი კაცის „აღიარებებზე“ დამყარებული ფანტასმაგორია?.. ისედაც სისხლგამოცლილი ჯარის მთლად მოსპობა და სათავეში სადისტის დაყენება? კობა კობალაძის დაპატიმრება იარაღის ქონებისათვის? წინ დღეს მოკლული გია კრიალაშვილის გვამით დადგმული სისხლიანი სპექტაკლი?!..
  • ·         და ხალხზე ძალადობა? – ლტოლვილებზე, მოვაჭრეებზე, ინვალიდებზე, ექიმებზე, მძღოლებზე, მოსწავლეებზე… პოლიცია და სპეცნაზი ისევ ხალხზე დაგეშილ ძაღლებად აქცია… 26 მაისი… თავისუფლების დღის სისხლიანი აღლუმი, როცა სისხლიანი რუსთაველი ნაუცბათევად მორეცხეს საცეკვაოდ და მედლების დასაკიდებლად… ხალხზე მუდმივი, ყოველდღიური ძალადობა – დაგიჭერთ… გაგასახლებთ… სამსახურიდან გაგიშვებთ… შვილს დაგიჭერთ… სახლს დაგინგრევთ… ბიზნესს წაგართმევთ… 112 მილიონი ნაშოვნი წურბელების მიერ – საპროცესო გარიგებებით და ხალხის სისხლის წოვით…

=======================

3 წლის წინ ომი რომ დაიწყო, ცოლს ვუთხარი – დიდ უბედურებას გადაგვკიდა ამ ტვინთხელამ, მაგრამ ასე იქნება, თუ ისე, ერთი რამ მაინც იქნებ გამოვიდეს მცირე ნუგეშად-თქო – თუ გამოუვიდა ეს ავანტურა (ე.ი. მართლა ჩაუწყვია ეს ყველაფერი რუსებთან-მეთქი) – მაშინ უბედურება ის იქნება, რომ ამას ვეღარასოდეს ვერ მოვიცილებთ, დიდგორს გადაფარავენ ამის მოგებაზე ლაპარაკით მეთქი ნაცები და არჩევნები ალბათ სულ გაუქმდება, მაგრამ სამხრეთ ოსეთს მაინც ხომ დავიბრუნებთ-თქო… (თუმცა იმას კი ვფიქრობდი, ეტყობა – აფხაზეთში გაცვალა მეთქი)…

ხოლო თუ არც არაფერი ჩაუწყვია, ორ კვირაში რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენ და საშინელება იქნება, მაგრამ არა მგონია, ანექსია გაბედონ… ალბათ, მალევე უკან გაბრუნდებიან და ის მაინც ხომ იქნება ნუგეშად, რომ ამ ავანტურისტს მოგვაცილებენ მეთქი!!

შევცდი! ორივე უბედურება მოხდა – რუსეთმა ოსეთიც და აფხაზეთიც წაიღო და მიშას სავარძელიც ჩაცემენტდა :(((

მას მერე 3 წელი გავიდა და ქვეყანა სულ უფრო უკან მიდის… ოღონდ ეს უკანსვლა საზეიმო ალაფურშეტებით და ფეირვერკებითაა გასხივოსნებული! ალბათ, საბოლოოდ რომ ჩაიძირება ფელინის გემივით, ბათუმის პიაცაზე ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები იმღერებენ ვერდის „ნაბუკოს“…

ახლა ამდგარან და ყაყაჩოები დაუბნევიათ ამ ტაკიმასხარებს… ვითომ გლოვობენ… სინამდვილეში კი დაგვცინიან – ჩვენი უბედურებით გადაუწყვეტიათ საკუთარი ბედნიერების შენება… ზეიმობენ… აკი თქვა ერთმა აღზევებულმა – „რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაულიო“… რატო არ ეზეიმებათ?.. უკვე გამზადებული აქვთ საპარლამენტო არჩევნებში დამშეული ხალხის მოსასაყიდლად ხალხისგანვე ჯიბიდან ამოცლილი მილიონები…

მე არასოდეს მქონდა იმდენი რწმენა, რომ ახვრებისთვის, რომელთაც ადამიანის რტყმევის და დამცირების მეტი არაფერი იციან, ქრისტიანობის გამო ლოყები მეშვირა და მოყვასივით მყვარებოდა… ახლაც ასე მჯერა – ეს არაკაცები, რომლებმაც ხალხის უბედურებით მოიწყვეს ბედნიერი ბუდე, და ხალხის გარყვნით აპირებენ მუდამ ზეობას, უნდა გვძულდეს! არ შეიძლება მოძალადე გიყვარდეს და ეგუებოდე ძალადობას… ისინი არ არიან ჩვენი სისხლი და ხორცი… ისინი ჩვენს სისხლს და ხორცს გადაშენებით ემუქრებიან… კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიშოროთ ეს მაჯლაჯუნა…

 


მოქალაქეობის ”ბრწყინვალება და სიდუხჭირე” საქართველოში


”Civis Romanus Sum” – ”მე რომის მოქალაქე ვარ!”

– ამ სიტყვებს რომის იმპერიის ნებისმიერ კუთხეში გაიძახოდნენ ადამიანები იმის იმედით, რომ მათ უფლებებს პატივისცემით მოეპყრობოდნენ, ხოლო თუ მათ უფლებებს შელახავდნენ, ამის ჩამდენი დაისჯებოდა.
რომის მოქალაქეობა გულისხმობდა სერიოზულ პასუხისმგებლობებს (ანუ – სამოქალაქო უფლებებს) – ჯარში სამსახურს, გადასახადების გადახდას, არჩევნებში მონაწილეობას და არჩევის უფლებას. და ამავე დროს სერიოზულ მფარველობასაც იმპერიის მხრიდან (პირად უფლებებს) – ხოლო უპირველესი მათ შორის იყო – სამართლიანი სასამართლოს უფლება!
სადაც არ უნდა ყოფილიყო რომის მოქალაქე, ვისაც არ უნდა დაეპატიმრებინა იგი, და რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, მას ჰქონდა თავისუფალი სასამართლოს მოთხოვნის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქის უფლების დამრღვევი რომის კანონით უმკაცრესად გასამართლდებოდა.

რომის მოქალაქის სიკვდილით დასჯა ღალატისათვის შეიძლებოდა, მაგრამ ამ მუხლით მისი გასამართლება მხოლოდ რომში უნდა მომხდარიყო. პავლე მოციქული, როგორც ეს ზაზა შათირიშვილის ბოლო ინტერვიუშია აღნიშნული, პალესტინაში დააპატიმრეს და ღალატის ბრალდებით უნდოდათ სიკვდილით დაესაჯათ. პავლემ, რომელიც რომის იმპერიის ერთგულ დამცველად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, დაუყონებლივ განაცხადა – რომის მოქალაქე ვარ და მსურს კეისრის სასამართლომ რომში გამასამართლოსო! და მართლაც, ორი თვის განმავლობაში მიჰყავდათ ტუსაღი და რომში არა მარტო გაასამართლეს, არამედ გაამართლეს კიდეც.

სიცოცხლის უფლება არ იყო ისე მკაცრად გარანტირებული რომის მოქალაქისათვის, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება!
რომის თავისუფალ მოქალაქეს სასამართლოს გარდა ვერავინ შეუზღუდავდა მის თავისუფლებას – ვერც მაგისტრი, ვერც რომს დაქვემდებარებული სამეფოების და ტერიტორიების ადგილობრივი ტირანები, და ვერც მოვალეები, თუ მოქალაქის მიერ მოთხოვნილი სასამართლო მას გამამტყუნებელ განჩინებას არ მიიღებდა. ამიტომ, როგორც კი მის მიმართ უკანონო მოპყრობას წააწყდებოდა, რომის ნებისმიერი მოქალაქე მაშინვე ხმამაღლა გაჰყვიროდა ამ მაგიურ სიტყვებს – Civis Romanus Sum – და ამის გაგონებაზე ნებისმიერმა უზურპატორმა და მოძალადემ იცოდა, რომ მისი ძალადობის წინააღმდეგ ძლევამოსილი იმპერიის სამართალი იდგა.

სიცილიის კორუმპირებულ გუბერნატორ ვერესს, რომელმაც უცხოური გვარის მდიდარი ადამიანი თითქოსდა ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა და მისი ქონება მიისაკუთრა, ციცერონმა ბრალი დასდო უკანონობის აღსრულებაში და ძალადობაში მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ეს ადამიანი, როცა მას სახრჩობელისკენ მიათრევდნენ, მთელი ძალით გაჰყვიროდა – ”მე რომის მოქალაქე ვარ! მოვითხოვ სამართლიან სასამართლოსო!” როცა გაირკვა, რომ მოკლული მართლაც რომის მოქალაქე იყო, გუბერნატორი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯის შიშით იგი ქვეყნიდან გაიქცა.

მას მერე დიდი დრო გავიდა. რომის გარდა, იყვნენ და არიან იმპერიები, რომლებიც წინაც და დღესაც ახერხებდნენ თავისი მოქალაქეების უფლებების მსოფლიოში დაცვას. მაგ. 1850 წელს სწორედ იმ ლოზუნგის გამოყენებით დიდი ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრმა და იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა პალმერსტონმა ათენში გიბრალტარის მოქალაქე მდიდარი ებრაელის დონ პასიფიკოს სახლზე თავდასხმისათვის, რომელშიც საბერძნეთის მინისტრის შვილებიც მონაწილეობდნენ, საბერძნეთს საზღვაო ბლოკადა გამოუცხადა! 8 კვირიანი ბლოკადის შემდეგ საბერძნეთის მთავრობამ სერიოზული კომპენსაცია გადაუხადა დონ პასიფიკოს, რაზეც კმაყოფილმა პალმერსტონმა ბრიტანეთის პარლამენტში განაცხადა, ხომ დავუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ბრიტანეთის იმპერიის მოქალაქის მიმართ ხელშეუხებლობის რომაული პრინციპი Civis Romanus Sum დღესაც მოქმედებსო!

ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა დიდი იმპერიები, ასევე მტკივნეულად რეაგირებს მისი მოქალაქეების უფლებების შელახვაზე და ამერიკელები ამას კმაყოფილებით აღნიშნავენ. საკმაოდ პოპულარულ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ 1980 წლის არჩევნების პირწმინდად წაგება რონალდ რეიგანთან სწორედ ირანის მიერ აშშ-ის საელჩოს აღების და მძევლების აყვანაზე კარტერის ადმინისტრაციის უსუსური რეაქციას (მძევლების განსათავისუფლებელი ოპერაციის სრულ კრახს) უკავშირდებოდა. ირანელებმა მძევლები რეიგანის ინაგურაციიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს და აიათოლა ჰომეინიმ მთელ მსოფლიოს განუცხადა, ეს ჩვენ დავამარცხეთ ამერიკის პრეზიდენტი კარტერიო.
ასევე ალბათ არასოდეს აპატიებენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს მისი თანამოქალაქეები იმას, თუ როგორ დაუთმო მან კადაფის დაჟინებულ მოთხოვნებს და დიპლომატიური დივიდენდების მისაღწევად გაანთავისუფლა ლიბიელი ტერორისტი, რომელმაც 250 უდანაშაულო ადამიანი შოტლანდიური ლოკერბის თავზე ”პან ამერიკენის” თვითმფრინავში ააფეთქა.
ისრაელი იმპერია არაა, მაგრამ უმკაცრესად ეკიდება საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას მთელს მსოფლიოში. ამის მაგალითები მრავლადაა, როცა ისრაელი ლამის ომის დაწყებაზეც კი წასულა თავისი ერთადერთი მოქალაქის თავისუფლების თუ სიცოცხლის დასაცავად. და ალბათ ეს მაგალითები კიდევ უფრო გამდიდრდება – თუნდაც იმ ფასის დემონსტრირებით, რაც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადაიხადოს ისრაელი ბიზნესმენების უკანონო დაპატიმრების და უსამართლო სასამართლოს გამო.

ამავდროულად, ამ ქვეყნების სასამართლო სისტემა , რომელიც იდეალური ვერ არის და ვერც იქნება, მაინც აბსოლუტურ უმრავლესობაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებების დაცვას სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკთა თვითნებობებისაგან, მათ საკუთრების უფლებას, მათ ცხოვრებაში ჩაურევლობის უფლებას… ანუ, პიროვნული უფლებების პატივისცემის მოთხოვნა, რასაც ეს იმპერიები თავის მოქალაქეებთან მიმართებაში სხვა ქვეყნებს ავალდებულებენ, საშინაო გარემოშიც ანალოგიურად ვრცელდება.

==============

არიან სხვა ტიპის ქვეყნები, რომელთა ხელისუფალნიც, განსხვავებით ზემოთჩამოთვლილთაგან, მხოლოდ არჩევითად ახორციელებენ მოქალაქის უფლებების დაცვას – ქვეყნის გარეთ ისინი გააფთრებით იცავენ თავისი თანამემამულეების უფლებებს (განსაკუთრებით, თუ ეს ”თანამემამულეები” სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან – მაგალითად ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთსა, აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში), მაგრამ საშინაო ასპარეზზე თავად გვევლინებიან ამავე მოქალაქეების უფლებათა მასიური დარღვევების ავტორებად. ამის მაგალითები მრავლადაა – ”კურსკის” და ”კომსომოლეცის” ტრაგედიების გამოძიებისა და ”ნორდ-ოსტისა” თუ ბესლანის შტურმიდან – ანნა პოლიტკოვსკაიას, სერგეი მაგნიტსკის, პოლ ხლებნიკოვის, ეკატერინა ბაბურინას, მაგომედ ევლოევის და უფლებადამცველების მკვლელობებამდე და მიხეილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევის დაუსრულებელ პატიმრობამდე. რუსეთის კრედო განსხვავებულია რომაულისაგან და, ალბათ, ყველაზე უკეთ, ამ დევიზით გამოიხატება: “Бей своих, чтоб чужие боялись!” ზუსტად ანალოგიურია სხვა ტოტალიტარული რეჟიმების მიდგომებიც – ირანი, სირია, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, კამბოჯა, მიანმა, უზბეკეთი… მათი პატრიოტიზმი ტოტალიტარულია – ანუ მხოლოდ საგარეო სურნელი დაჰკრვს – როცა საკუთარი მოქალაქეების დაცვას მხოლოდ სხვა ქვეყნებისაგან ითხოვენ და საკმაოდ აგრესიულადაც. ხოლო საშინაო მომხმარებაში ტანკებით ასობით მოქალაქის დახოცვა, თუ რეჟიმისადმი არალოიალური ოჯახის წევრების ჯგუფური გაუპატიურებები – ”ნორმალური” საქციელია და ”პატრიოტიზმს ამაგრებს”!

=========

და მაინც, დიდხანს რომ არ ვიტირო სხვისი მკვდარი (სამართალს და სამართლიანობას ვგულისხმობ ზოგადად), მინდა იმ უნიკალურ შემთხვევას დავუბრუნდე, რასაც ”დემოკრატიული სინგაპური” და ”კავკასიის შვეიცარია” აქვს შერქმეული მისი უზურპატორისაგან . ესაა საქართველო – პარადოქსების ქვეყანა.

თუ პირველი ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში შეუძლიათ აცხადონ ამაყად თავისი მოქალაქეობა, ხოლო მეორე ჯგუფის ქვეყნების მოქალაქეებს – მხოლოდ საზღვარგარეთ, საქართველო ის უნიკალური შემთხვევაა, როცა, ამჟამად, ჩემი ღრმა რწმენით, მოქალაქემ თავისი მოქალაქეობა ყველგან და ყოველთვის უნდა დამალოს!

სანამ რეჟიმდაცველთა მხრიდან ქვების წვიმა არ წამოსულა და მამუკა არეშიძეზე უარესად არ ჩავუქოლივართ, შევეცდები ავხსნა ამ ჩემი უაღრესად ანტიპატრიოტული მოწოდების მიზეზი. (აქვე მინდა დავამატო, რომ ”მე ქართველი ვარ” დღემდე ამაყად ჟღერს, როგორც ქართველი ხალხის და ეროვნული კულტურის გამოხატულება და არა – ქართული სახელმწიფოსი)

რა დაცვას ჰპირდება საქართველოს მოქალაქეობა მის პატრონს საზღვარგარეთ? პრაქტიკულად ნულოვანს.
არამცთუ ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ კარგად გვახსოვს, რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ თავისი დიპლომატიც კი – გიგა მახარაძე – უყოყმანოდ გაუშვა ამერიკულ ციხეში, მაშინ როცა დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენების საშუალება ჰქონდა, რათა ამერიკის მთავრობის მიმართ ლოიალობა დაემტკიცებინა. ხოლო აბსოლიტურად სიმეტრიულ შემთხვევაში, როცა ბულგარელი დიპლომატის მანქანამ თბილისში ორი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, პირიქით, ყველაფერი გააკეთა, რომ დამნაშავე ჩუმად გაეპარებინა თბილისიდან.

საქართველოს მოქალაქის შევარდნაძის დროინდელი უუფლებობა სააკაშვილის ხელისუფლებამ კუბში აიყვანა!
ვინმეს გახსენდებათ შემთხვევა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ინტერესები აქტიურად დაიცვა? სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ დემონსტრაციულად ფეხზე დაიკიდა? თურქეთის ციხეებში გამომწყვედეული ქართველები, რომელთა საქმეების და ციხეში არაადამიანური ყოფის პირობები საქართველოს საერთოდ არ ადარდებს? მალააზიის მიერ ნარკოვაჭრობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენის მოლოდონში მყოფი ორი ქართველი ქალი, რომელთა საქმის შესახებ გრიგოლ ვაშაძე პერმანენტულად ვერ ახერხებდა მალააზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას? კადაფის რეჟიმის მიერ დატყვევებული გემის ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მხოლოდ მერე გაახსენდა საქართველოს, რაც მათ ტყვეობიდან თავისით გაქცევა მოახერხეს? უკრაინის მთავრობის მიერ უკანონო მოპყრობის არაერთი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ აეროპორტში უმიზეზოდ დეპორტს უკეთებდნენ და უკან აბრუნებდნენ?..

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობა გამეხებით ისვრის ბრალდებებს და მთელ მსოფლიოში ხმამაღლა ამხელს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დამრღვევს, ეს მაშინ, თუ ეს დამრღვევი რუსეთია.
ნება მიბოძეთ, ჩავთვალო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის მთავარი მისი მოქალაქეების უფლების დაცვა კი არ არის, არამედ რუსეთისთვის სილის გაწვნის შანსის არგაშვება და ძალიან ბედნიერია, როცა რუსეთი ამ შანსს საკმაოდ ხშირად აძლევს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რა უსუსურად ჩააფლავა საქართველომ ყველაზე სერიოზული შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიც დაეცვა და რუსეთიც სამაგალითოდ გაემათრახებინა, როდესაც თინა ბურჯალიანის მიერ ფართოდ რეკლამირებული საქართველო-რუსეთის საჩივარი ჰააგაში ”შეცდომით” სხვა სასამართლოში შეიტანა, მივხვდებით, რომ ამ ერთეულ შემთხვევებშიც კი, როცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად ხმის ამოღებას გადაწყვეტს, ის ამას ისე უნიათოდ და არაპროფესიონალურად აკეთებს, რომ ირონიის მეტს ვერაფერს იმკის…

მაგრამ დავბრუნდეთ საშინაო ასპარეზზე და იქნებ ნათელი გახდეს., რატომ ”ვერ” იცავს საქართველოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე… ბოლო-ბოლო, გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ ხოლმე საზღვარგარეთ თავისი სიმართლის და სამართლის დაცვა.,,

უბედურება იმაშია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიო ტერორისტებისგან, უცხოეთის უსამართლო სასამართლოებისაგან თუ კორუმპირებული პოლიციელებისაგან, ან თუნდაც – მტრული რეჟიმებისაგან გაცილებით იშვიათად ემუქრებათ საკუთარი უფლებების ამაზრზენი დარღვევა, ვიდრე თავად საქართველოს ხელისუფლებისაგან!

საქართველოს უბრალო მოქალაქეს (არ გაგიკვირდეთ, რომ საქართველოში თუ ვინმეს უფლებებია დაცული, სწორედ რომ ”ბრალიანი” მოქალაქეების) ემუქრება:

ა) 1 წელი ციხე – 35-ლარიანი ნახევრადდამპალი ფიცრის მოპარვისათვის
ბ) 8 წელი ციხე – 4 ცალი ავტოსაბურავის მოპარვისათვის
გ) 9 წელი ციხე – საშუალო ზომის გოჭის მოპარვისათვის…

მაგრამ დავანებოთ თავი იმ შემთხვევებს, როცა საქმე ქურდების მიმართ გამოტანილ სასჯელის უაზრო სიმკაცრეს ეხება…

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება:
– მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ადმინისტრაციული პატიმრობა (90 დღემდე) ნებისმიერ მცირე დარღვევაზე, რასაც თუნდაც მხოლოდ ერთი პოლიციელი ”დააფიქსირებს”, მიუხედავად იმისა, თუკი ათობით მოწმემ და ვიდეოკამერამაც კი სულ სხვა რამ დააფიქსირა;
– ის, რომ მის მიერ არჩეული ადვოკატი მას ვერ მონახავს, რადგან ძალოვანი სტრუქტურები პატიმრის ადვოკატთან დაუყონებლივი შეხვედრის უფლებას ყოველნაირად ზღუდავენ და მერე მას სახაზინო ადვოკატს მიუჩენენ, რომლის ერთადერთი ამოცანა ის იქნება, რომ აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოაწერინოს და საპროცესო შეთანხმების მასშტაბებზე იჩალიჩოს;
– განუსაზღვრელი მასშტაბის ჯარიმა, თუ მისი ბიზნესი ვიღაცას თვალში მოუვიდა, ან თუ უბრალოდ მისი რაიონის საგადასახადო ინსპექცია თვიურ გეგმას ვერ ასრულებს;
– დაპატიმრება და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუ შემთხვევით პოლიციის მაღალჩინოსნის საცოლის ან ცოლის ტელეფონზე გაუშვა ზარი;
– ნარკოტიკის ან იარაღის ჩადება და შესაბამისი მუხლით დაპატიმრება, ან დევნა-დაპადიეზდება, თუ იგი მთავრობის ნაცვლად ოპოზიციის მხარდაჭერას გადაწყვეტს, ან თუნდაც საკუთარი შრომითი უფლებების დაცვას შეეცდება საპროტესტო მიტინგის ორგანიზებით;
– დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, თუ იგი მიტინგზე მივა დროშით, ან ჩანთაში ექნება დეზოდორი თუ მინერალური წყლის ბოთლი, რომელიც ”კანონმა” შეიძლება თავდასხმის საგნად შერაცხოს;
– უსაზღვრო ძალადობა და დემონსტრაციული სისასტიკე პოლიციის მხრიდან, თუ პოლიცია მიტინგის დარღვევის ბრძანებას მიიღებს (რაც სულ არ არის ძნელი დღევანდელი საქართველოს პირობებში);
– პოლიციელის ტყვია, თუ პოლიციელის მოთხოვნით მანქანა არ გააჩერა, და კრიმინალის სახელი სიკვდილის შემდეგ, თუ პოლიციელმა თავის გამართლების მიზნით მისი გვამის გვერდით იარაღის დადება გადაწყვიტა;
– კანონიერი გზით შეძენილი ქონების კონფისკაცია, დანგრევა ან იძულებითი ჩუქება მთავრობისათვის, თუ ამ უკანასკნელს ასე მოუნდა; ეს ყველაფერი ნოტარიულად ღამის საათებში გადაფორმდება, რადგან საქართველოში უკანონო გარიგებების გასაფორმებლად ნოტარიუსები ღამით მუშაობენ;
– ბინძური პასკვილების და ვიდეოფილმების გადაღება (პოლიციის მაღალჩინოსნების, ან სულაც მინისტრების დაკვეთით და სცენარისტობით) და მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებით ტირაჟირება, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევებში – ჯაშუშის იარლიყიც, თუ მოქალაქემ რაიმე ისეთი ფაქტი დაინახა, გადაიღო ან გამოაქვეყნა, რაც ხელისუფლების ბინძურ და ამორალურ სახეს ამჟღავნებს; ასეთ დროს უკეთეს შემთხვევებში ემუქრება საპროცესო გარიგება, რომელიც იმის მუქარას შეიცავს, რომ თუ იგი როდესმე ამ საქმეზე ხმას ამოიღებს, მას დაუყონებლივ დააპატიმრებენ;
– სამუდამო პატიმრობა, თუ მან პოლიციელს ან პოლიციელის ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მიაყენა;
– თუ იგი ციხეში აღმოჩნდა, უკეთეს შემთხვევაში – შიმშილი და გაუსაძლის სივიწროვეში ყოფნა, ხოლო საკმაოდ ხშირად – ციხის ადმინისტრაციის მხრიდან წამება, ტუბერკულოზით ავადობა და ნაადრევად სიკვდილი;
– სამუშაოს დაკარგვა, თუ მან თავისი ლოიალობა ვერ დაუმტკიცა მმართველ რეჟიმს, ან ისედაც, თუ მმართველი რეჟიმი საკუთარი მოგების გაზრდას მისი სამუშაო ადგილის შემცირების ხარჯზე გადაწყვეტს;
– კიდევ ბევრი რამ დაემუქრება, რასაც ნაციონალური მოძრაობის უსინდისო მამები და დედები, ან მის მიერ გამოზრდილი ლეკვები მალე დამატებით მოიფიქრებენ, რათა საკუთარი კეთილდღეობა ჩვეულებრივი, უბრალო მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე გაზარდონ.

საქართველოში დღეს ოფიციალური სტატისტიკით 24,000 პატიმარია (არაოფიციალური მონაცემებით – 30,000-ზე მეტი). საქართველო, 100,000 მოსახლეზე პატიმართა ოდენობით მსოფლიოს ხუთეულში შედის. როგორც ზაზა შათირიშვილის ზემოთნახსენებ ინტერვიუში იყო აღნიშნული, ამდენივე პატიმარი იყო 1934-38 წლების პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში, სადაც 60 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. შესადარებლად ისიც შეიძლება ითქვას, რომ 2002 წელს საქართველოში 10,000-ზე ნაკლები პატიმარი იყო!

გარდა ამისა, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც პირობითი სასჯელი აქვთ მისჯილი, სავარაუდოდ 25,000-50,000-ია (ზუსტი სტატისტიკა მთავრობის მიერ იმალება!), ხოლო ახლახანს გამოქვეყნებული მონაცემებით მხოლოდ 2010 წელს საპროცესო გარიგებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 112 მილიონი ლარი შევიდა! საპროცესო გარიგებების მახინჯ პრაქტიკაზე საქართველოს ახლახანს მიუთითა ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების სფეროში თომას ჰამარბერგმა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი… ამ მითითებიდან ერთ კვირაში ხელისუფლებამ ”ფოტო-ჯაშუშების” სკანდალური საქმე სწორედ საპროცესო გარიგებით ”ჩაფარცხა”…

ცალკე აღნიშვნის ღირსია სახელმწიფოს მოპყრობა ლტოლვილების მიმართ. იმდენი უსამართლობა, უკანონობა და ზოგადად არაადამიანურობა დაფიქსირა საქართველოს ხელისუფლებამ ამ მრავალჭირგადატანილი ადამიანების მიმართ, რომ არა მგონია, მორალური უფლება ჰქონდეთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ რუსეთის მხრიდან ქართველი ლტოლვილების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე იალაპარაკონ და საჩივრები წერონ. როდესაც თავად ავეჯის გადასატანი უფანჯრო ”კუნგით” ამგზავრებ ქალებს და ბავშვებს 6-7 საათიანი მგზავრობით გადასახლების ადგილზე, არავითარი მორალური უფლება არ გაქვს, მტრული სახელმწიფოს მთავრობას შენი დევნილების ”სკოტოვოზებით” გამოყრაზე მიუთითო!.

და აი, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე – რატომ ვერ მოიგო ჰააგაში სასამართლო საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ!
იმიტომ, რომ იქ არ შეიტანა, სადაც უნდა შეეტანა სარჩელი!
და რატომ ვერ მიხვდა ქართული იურისპრუდენცია, რომელ სასამართლოში უნდა შეეტანათ სარჩელი? ნინო კალანდაძისგან კიდევ დავიჯერებდი ასეთ უმეცრებას, მაგრამ თინა ბურჯალიანი არ უნდა იყოს ასეთი დაბდური!!
საქმე იმაშია, რომ იქ რომ შეეტანათ, სადაც ჯერ არს, ის სასამართლო მარტო რუსეთის მიერ განხორციელებულ დარღვევებს კი არ განიხილავდა 2008 წელს ლტოლვილი მოსახლეობის მიმართ – არამედ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ უკანონობებსაც! ამიტომაც ”ქეც შეიტანეს” ჰააგაში და ”არც შეიტანეს” – ანუ იქ შეიტანეს, საიდანაც იცოდნენ, საქმის აღძვრაზე უარს მიიღებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, არც მათ პირშავობებს გამოიძიებდნენ!

ამით არის განპირობებული ჩემი ეს ანტიპატრიოტული მოწოდება – სანამ ეს მთავრობა ბოგინობს საქართველოში, აზრი არა აქვს იმის საჯაროდ განცხადებას, რომ საქართველოს მოქალაქეები ვართ – საზღვარგარეთ არც უფრო მოგვისმენენ, არც უფრო დაგვაფასებენ… პირიქით, შეიძლება დაგვცინონ, როგორც არშემდგარი ქვეყნის წარმომადგენელს, სადაც პირველი პირი ჰალსტუხჭამია ცრუპენტელა ავანტიურისტია, ხოლო მთავრობა – უსინდისო ყურუმსაღების ბანდა…
შინ ძახილს კიდევ მით უფრო არ აქვს აზრი, რადგან არავინ ისეთ კარგ სამიზნეს არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისათვის, როგორც საქართველოს მოქალაქე!
ხომ გახსოვთ, ვინ გადარჩა ფოტორეპორტიორების სკანდალის დროს ? – შაჰ აივაზოვი!
რატომ გადარჩა? – იმიტომ, რომ უცხოეთის სააგენტოს შტატიანი (sic!) თანამშრომელია! ხოლო თუ უცხოეთის მოქალაქე იქნებოდა, ვერც კი დააკავებდნენ საერთოდ!

შეცდომაა: ”საქართველოს სახელმწიფო შედგა!”
სწორია: ”საქართველოს სახელმწიფო შესდგა!”

ალბათ ყველასთვის გასაგებია, ვის შესდგა ეს სახელმწიფო – საქართველოს მოქალაქეებს.
და ისიც ადვილი მისახვედრია, რით შესდგა – პოლიციური სპეცნაზის ჩექმებით და უკანონო სასამართლო სისტემით.

სწორედ ეს რეჟიმია მთავარი წინააღმდეგობა იმისკენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეობის სარგებელი იგრძნონ!
ხოლო სანამ ეს არ მოხდება, საქართველო, როგორც ქვეყანა, ვერ შედგება.