ლენინიდან – აზიზიემდე, სერგოდან – მიშამდე… (გამოხმაურება ვ. მაღლაფერიძის ბლოგზე – “ახალი ოსმალეთი, აზიზიეს მეჩეთი და გზაჯვარედინი”)
Posted: 2012/03/11 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: აზიზიეს მეჩეთი, ვასილ მაღლაფერიძე, მიხეილ სააკაშვილი, ნეოოსმანიზმი, ოსმალეთის იმპერია, რუსეთის იმპერია, www.kalmasoba.com %(count)s კომენტარიუაღრესად დროული და ზუსტი სტატია გამოაქვეყნა ვასილ მაღლაფერიძემ – «ახალი ოსმალეთი, აზიზიეს მეჩეთი და გზაჯვარედინი».
როცა ვესაუბრები ჩემს აჭარელ მეგობრებს, რომლებიც ძალიან დათრგუნულნი არიან აჭარაში თურქების მოძალებით, თურქებისთვის სასათბურე პირობების შექმნით და ისიც ხომ არავისთვის აღარაა დაფარული, როგორ იზრდება მთიან აჭარაში თურქების მიერ დაფინანსებული რელიგიური სკოლების, ხოლო ბათუმსა და ქობულეთში – თურქი „ინვესტორების“ იმედად მომრავლებული საუნა-ბორდელების რიცხვი, ბოღმა მიპყრობს იმის შეგნებაზე, რომ ასლან აბაშიძის უვარგისი რეჟიმი უფრო საშინელი რეჟიმით შეიცვალა … ახლა კიდე ეს აზიზიეს მეჩეთის, როგორც თურქეთის იმპერიის აჭარაში ბატონობის სიმბოლოს, აღმართვა…
ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსული იმპერიის კლანჭებიდან თავის დაღწევის ერთ–ერთ მაშველ რგოლად მეც თურქეთი მესახებოდა, იმაზეც ვფიქრობდი, რომ სულ რაღაც 20 წელიწადში ეკონომიკურ აღმავლობის გზაზე მდგარი თურქეთის მიძინებული იმპერიული ამბიციები, მზარდი აპეტიტი და პოსტსაბჭოთა სივრცეში თურქულენოვან ხალხებში ცენტრიდანული ტენდენციების ცენტრისკენულით ცვლილება საკმაოდ საშიშ ტენდენციებს დაუდებდა სათავეს. სამწუხაროდ, ეს ტენდენციები გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა, რასაც აქვს თავისი როგორც გლობალური მიზეზები, ასევე – შიდათურქულ პოლიტიკურ–ეკონომიკურიც, მაგრამ, ასევე, ჩვენდა სავალალოდ, ყველაზე მწვავე და სამარცხვინო – შიდაქართულ–ნაცმოძრაობული…
იმ “მსოფლიო რანგის” პოლიტიკანების (თავხელიძე, მასხარაშვილი, გაბაშვილი, წიკლაური…) საყურადღებოდ, რომელთაც მსოფლიოში ერთადერთ და განუმეორებელ საფრთხედ მხოლოდ რუსეთის იმპერია მიაჩნიათ, მინდა, უბრალოდ შემოგთავაზოთ იმ ტერიტორიების რუკა, რომელიც თურქულენოვანი ხალხებით არის დასახლებული. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვასილ მაღლაფერიძის სტატიაში საკმაოდ ნათლად წარმოჩენილი პოლიტიკური დოქტრინა – ტურგუთ ოზალის და რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ განვითარებული ნეოოსმანურ–ანატოლიური „კულტურული“ ერთობა – საკმაოდ ელეგანტური სატყუარია და თუ ზემოთდასახელებული ქართველი პოლიტიკანები ამას ვერ ამჩნევენ, ეს არაფერს ამტკიცებს, ან – თუ ამტკიცებს, მხოლოდ ამ პოლიტიკანების მწირ ჰორიზონტს და ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს აბსოლუტურად დისკრედიტირებულ საგარეო პოლიტიკას (თუ ამას საერთოდ პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს).
ეს კი ამ ხალხთა ჩამონათვალია: თურქები, კვიპროსელი თურქები, აზერები, ყაზახები, ყირგიზები, ბაშკირები, კაშკაი, გაგაუზები, იაკუტები, ყირიმელი თათრები, ჩუვაშები, ყარაკალპაკები, ყარაჩაეველები, ნოღაელები… ამ ხალხთა რაოდენობა 170-175 მილიონია, ხოლო ევროპაში განსახლებული თურქული დიასპორისა და ბოსნიელ, ალბანელ თუ კოსოველ მუსულმანთა ჩათვლით, რომლებსაც თურქეთთან სულ უფრო მზარდი პოლიტიკურ–ეკონომიკური კავშირები აკავშირებთ, 200 მილიონიც არ არის ზღვარი. დაბოლოს, ჩრდილო აფრიკასა და არაბეთში დაწყებული რევოლუციური პროცესების განვითარების სულ უფრო აშკარა ბენეფიციარად სწორედ თურქეთი ისახება… იმ დროს, როცა რუსეთის გაძლიერების მთავარი მტერი მკვეთრად უარყოფითი დემოგრაფიული ვექტორია, თურქეთის და ნეოოსმანური კულტურულ–სოციალური თანამეგობრობის სილუეტში ეს ვექტორი მკვეთრად დადებითია… აი, ამაზე უნდა ფიქრობდნენ დღეს ქართველი პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, მათ შორის თითო–ოროლა ნიჭიერი თუ გამოერევა, მაგალითად თორნიკე გორდაძე, სერგი კაპანაძე.. და ისინიც, ნაცმოძრაობის მიერ დაკრულ დუდუკზე ცეკვავენ…
ახლა კი იმ შიდა ფაქტორის შესახებ, რატომ იქცა თურქეთი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლის უკანასკნელ იმედად და ნავსაყუდელად.
1) სააკაშვილი გამწარებით ეძებს კრედიტორებს.
ამერიკა და ევროპა გამორიცხულია. მათი მხრიდან მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიიღოს, 10-50 მილიონი დოლარია. მიშას კი არჩევნების მოსაგებად, ლაზიკის მსგავსი მეგაფანტაზიების განსახორციელებლად და საბიუჯეტო ხვრელების სასწრაფოდ „დასალარტკად“, სულ ცოტა, ნახევარი მილიარდი სჭირდება! ჩინეთმა უარი უთხრა… ისრაელის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად „ოპერაფრენდ-მეგაბიზნესმენ“ კეზერაშვილის შარავანდისა, ისრაელის საქმიან წრეებში მისი რეპუტაცია და მისდამი ნდობა, როგორც ირანთან იარაღით ვაჭრობის საეჭვო მონაწილის მიმართ, ძალიან დაბალ ნიშნულზეა, ხოლო ფუქსის და ფრენკელის საქმის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რენომე საბოლოოდ მოთხრილია. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი „მადლობა“ განაცხადეს „შეწყალებულმა“ პატიმრებმა და ებრაელმა პოლიტიკოსებმა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მათ მიმართ ტიპიური სახელმწიფო ტერორი და შანტაჟი გამოიყენა. არაბ ინვესტორებზეც ადრინდელი იმედებიც არ გამართლდა – სააკაშვილის ბებიის არაბეთში ჩასვლამ ვერ გამოიღო ის მაგიური შედეგი, რასაც შვილიშვილი იმედოვნებდა… არაბები პასიურობენ…
მხოლოდ სამი შანსი აქვს – სომხეთი (მაგრამ ეკლესიების გადაცემის დაპირებაზე მათ “უტრომ – სტულია, ვეჩერომ – დენგი”-ო:), აზერბაიჯანი – მიშა ჰპირდება ტერიტორიულ დათმობებს, რომელთა ნაწილი უკვე ასრულებულია, ხოლო ახლახანს გაცხადებული იდეა – ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთობლივ განაცხადზე იმის რისკს ზრდის, რომ აზერბაიჯანი მისთვის ამ აბსოლუტურად არამომგებიან ტანდემზე მხოლოდ საქართველოს მხრიდან სერიოზული ტერიტორიული დათმობების ხარჯზე თუ წამოვა. დაბოლოს – თურქეთი. ყველაზე უფრო მდიდარი და დაინტერესებული „ინვესტორი“. მით უფრო, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს, სააკაშვილის მართლაც გაღლეტილი რეჟიმისათვის ფინანსური დახმარების სამაგიეროდ, ტერიტორიული დათმობების მიღების სურვილი ექნებათ, რაც საქართველოში მიშას და ნაცმოძრაობის რეიტინგს საბოლოოდ დაასამარებს. ხოლო თურქების ინტერესი უფრო შორს მიდის და სავსებით შეიძლება, რომ ხირდაპირ და ხისტად ტერიტორია კი არ მოითხოვონ, არამედ ლაზიკის მშენებლობა დააფინანსონ – იმ შემთხვევაში, თუ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება და ლაზიკის ძირითადი მოსახლეობა იქ კომპაქტურად ჩასახლებული თურქი მესხებით შეივსება. სააკაშვილი კი ერთდროულად 5(!) კურდღელს დაიჭერს, ქალაქსაც ააშენებს, ევროსაბჭოს ვალდებულებასაც შეუსრულებს, აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან ლტოლვილების და რეპატრიანტების ასეულათასიან ცოცხალ ფარს აღმართავს, მილიარდსაც ჩაიჯიბავს და… ოშკსაც აღადგენს, რომელიც არც მას, არც – რურუას, და არც არავის ნაცმოძრაობაში ასი წელი არ გაახსენდებოდათ, პოლიტიკურ-ეკონომიკური გაჭირვება რომ არა…
2) სააკაშვილი ეძებს ადგილს, სადაც ფულს უსაფრთხოდ დააბანდებს. არც ისეთ არეკილია, რომ საერთოდ არ ფიქრობდეს წასვლაზე. ამერიკის და ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა – ბენ ალის, მუბარაქის და კადაფის ანგარიშების დაყადაღებამ სერიოზულად ჩააფიქრა. კორეაში და კუბაში ეგ არ წავა. აქაც ორი ვარიანტი რჩება -არაბეთი (მაგრამ იქაური მკაცრი ფუნდამენტალისტური წესები არ უნდა ხიბლავდეს) და ისევ – თურქეთი.
3) სააკაშვილი ეძებს დახმარებას – არა მარტო პოლიტიკურს, არამედ – სამხედროსაც. არაა გამორიცხული, რომ თუ არჩევნები წააგო, თურქეთს ჯარი სთხოვოს. და მართალია, ძნელად წარმომიდგენია, რომ თურქეთი ასეთ ავანტიურაზე წავიდეს, მაგრამ გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავ, რომ ერთი 5,000-იანი კონტიგენტი გამოუგზავნონ აჭარაში გასამაგრებლად (და მერე იქედან მოსამაგრებლად?) საიდან ასეთი გიჟური ნაბიჯის მოლოდინი, რომელსაც ამერიკა მხარს არ დაუჭერს?! ამაზე ვასილ მაღლაფერიძის სტატიის შემდეგ დავფიქრდი, სადაც რუსეთსა და თურქეთს შორის სერიოზულად დამთბარ-დამტკბარ ურთიერთობაზე მახვილდება ყურადღება… მართლაც, თუ გავითვალისწინებთ იმ ძაააალზე ზომიერ კრიტიკას, რომლითაც თურქეთი საქართველოში რუსების შემოჭრას შეხვდა და მხოლოდ იმაზე მინიშნებას, რომ მასაც შეეძლო – არც მეტი არც ნაკლები – ჯარების აჭრაში შეყვანა, დიდხანს ყოყმანს ნატოს ხომალდების საქართველოსკენ გამოტარებაზე დასტურის საკითხში, ასევე Black Sea Force-ში თურქულ-რუსულ სამხედრო თანამშრომლობას, სერიოზულ კოლაბორაციას ენერგეტიკულ პროექტებში, – არაა გამორიცხული, ახლა 2008 წლის აგვისტოს უკუ-ვარიანტი გათამაშდეს! ჩათვალეთ, რომ აჭარაში თურქი იანიჩარების გამოჩენა, არსებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, რუსეთსაც ძალიან უნდა აწყობდეს – იმწამსვე შემოიყვანს ჯარს სამეგრელოში!..
4) ორივე ახლადგამოჩეკილი ქართული სამხედრო მანქანა სინამდვილეში ნორმალურ დონეზე შესრულებული ერზაცია – „ლაზიკა“ – ამერიკული M113-ისა, რომელსაც უკვე 20 წელია, თურქები და პაკისტანელები მასიურად აწარმოებენ, ხოლო „დიდგორი“ – თურქული „ოტოკარ-კობრა“-სი. სავარაუდოდ, ეს TAM-სა და „დელტაში“ დაპროექტებული კი არა, თურქეთში აწყობილი მანქანები უნდა იყოს – ან ნახაზები და დეტალები გამოგვიგზავნეს თურქებმა… არაა გამორიცხული, რომ ეს ამერიკასთან იყოს შეთანხმებული, ან – არც იყოს…
5) დაბოლოს – სააკაშვილი ისევე არ არის დასავლური აზროვნების და დასავლური ღირებულებების მატარებელი ადამიანი, როგორც სტალინი არ იყო რელიგიური და ლენინი – დემოკრატი. როგორც ეკზიუპერი ამბობდა, „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“… ბავშვობაში კი სააკაშვილს ზრდიდნენ რუსეთის კგბ-ს ოფიცერი ბიძა და თურქეთზე და ყველაფერ თურქულზე შეყვარებული დედა! ამიტომ არის მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად “მომზადებული” რუსულ და თურქულ იმპერიულ აზროვნებაში, ამიტომ ახერხებს ასე კარგად ერთი ნავიდან მეორეში გადახტომას, მთავარია, რომ ამ ნავში მისთვის გამზადებული საპრეზიდენტო სკამი, მილიარდებით სავსე ჩემოდანი და ლამაზი ფატმან-ხათუნები დახვდნენ…
საქართველოს ხშირად ჰყოლია “გამოჩენილი” ადამიანები, რომელიც „გამოჩენას“ და თვითდამკვიდრებას სხვა იმპერიების მსახურების ხარჯზე ახერხებდნენ – როგორც წესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს მიწების და ქართველი ხალხის ცინიკური გაყიდვის ხარჯზე… ხანდახან ასეთ ადამიანებს ძეგლებს საქართველოშიც უდგამდნენ… როგორც წესი – ეს ძეგლები დიდხანს არ ძლებდა… მიუხედავად იმისა, რომელ კონკრეტულ იმპერიას მსახურებდნენ გამოჩენილი “მანქურთები”…
სერგო ორჯონიკიძე – რუსეთის იმპერიის ერთგული ქართველი მანქურთი
„უბედური შემთხვევა – აღმაშფოთებელი ფაქტი“
Posted: 2012/03/07 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიციური ძალადობა, სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის პოლიცია %(count)s კომენტარი2012 წლის 5 მარტს საქართველოს ნეობოლშევიკური ხელისუფლების ხერხემალმა და ერთადერთმა მარადიულმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხაშურის რაიონული პოლიციის შენობაში მოქალაქე სოლომონ (სოსო) ქიმერიძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს „უბედური შემთხვევა“ და „აღმაშფოთებელი ფაქტი“ უწოდა და მსგავსი ფაქტების მომავალში აღმოსაფხვრელად სპეციალური ღონისძიებები დასახა – კერძოდ, სადამკვირებლო ვიდეოკამერების გამართული მუშაობა (თურმე პოლიციის გამჭვირვალე შენობებში შიგნით რა ხდება, ამას არავინ აკონტროლებს!), პოლიციის შენობებში მოყვანილი „სტუმრის სტატუსის“ მქონე პირების უსაფრთხოების დაცვის საგანგებო წესების შემუშავება, ბადრაგირების წესების გამკაცრება და შესრულების კონტროლი და მომავალში პოლიციის შენობაში მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე პოლიციის განყოფილების უფროსთა პერსონალური პასუხისმგებლობის შემოღება ბრძანა!..
მოკლედ, აღშფოთდა ვანო!..
ოღონდ, მომავალშიო… არც იფიქროთ, რომ ახლავე ორგანიზაციულ ზომებს გავატარებ და ვინმეს ფაქტზე პასუხს ვაგებინებო! ანუ, ეს აღშფოთება მომავალ განუსაზღვრელ დროში, ანუ როგორც ჩვენი პოლიგლოტი მარშალი იტყოდა – future indefinite time-ში გადაიტანა…
მაგრამ მერე რაღაც მოხდა და ეს განუსაზღვრელი indefinite უკვე 24 საათში დადგა: 6 მარტს იმავე შსს-მ (დაფარული, მაგრამ ღრმა მწუხარებით) ხაშურის პოლიციის უფროსის, ვინმე გიორგი ხარჩილაძის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გვამცნო…
რა მოხდა?
რატომ დაიხია უკან ჩვენმა მარშალმა და მისმა გახევებულმა ხერხემალმა?
მათ ხომ გორის სპრინტის შემდეგ უკან არ დაუხევიათ?
ისინი ხომ საქართველოს მოქალაქეების ცემას, წამებას, უკანონო დაკავებას, დაშინებას, მკვლელობას, მკვლელობის დაფარვას, მკვლელების ხელისდაფარებას, დანაშაულის ჩაფარცხვას – არასოდეს ერიდებიან?
კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ, რაც მოხდა… 45 წლის სოლომონ ქიმერიძე სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველად რამდენიმე წლის წინ ჯართის ქურდობის ბრალდებით გაასამართლა და დააპატიმრა, ციხიდან ოფიციალურად დაწესებული გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ქიმერიძე რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში არ შესულა, თუმცა სოზარ სუბარის განცხადებით, „პირდაპირ გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას არსებული რეჟიმის მიმართ, ამიტომ ნაციონალებმა მოინდომეს მისი დაშინება და გაჩუმება!“ მე არ მაქვს არავითარი საფუძველი ვამტკიცო, რომ ეს სწორედ ასე იყო და გამიზნულ მკვლელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, თუ მინისტრ მერაბიშვილისთვისაც კი ეს აღმაშფოთებელი ფაქტი წინასწარ დაიგეგმა, მაშინ მისი განხორციელების დღე ძალიან ნიშანდობილივი ჩანს – 2012 წლის 28 თებერვალი. დღე, როდესაც ქართველი ხალხის ნერონმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნას აპირებს სწორედ რომ განუსაზღვრელად (ისევ indefinite time), რომ ყველაფერს გააკეთებს ნაციონალური მოძრაობის გასამარჯვებლად, რომ გუდიანი დეიდები და ბიძიები მას ვერ მოიპარავენ, რომ ნებისმიერ კრიტიკოს ოპოზიციონერს ტალახში ჩაწვენას და გვერდების დაზელვას ჰპირდება, რომ რადგან მას 15 წლის მოზარდი კრიმინალად და ხულიგნად მიაჩნია, ამას სასამართლოს ჩატარებამდეც ხმამაღლა იტყვის და რომ ჰყავს კრისტალურად გაღლეტილი მინისტრები, რომლებიც მამების აშენებულ სახლებს ერთ აგურსაც ვერ ამატებენ, და რომ ამ სახლებში ბათქაში ცვივა და … ის დაავიწყდა, ოღონდ აეხსნა, რატომ აქვს დედამისს ასე სერიოზული წილები უამრავ სასწავლო დაწესებულებასა, შენობებში, სასადილოებსა და მამულებში, როგორ გამდიდრდნენ კეზერაშვილი და არველაძე, როგორ შეიძინა მისმა კლასელმა „რუსთავი2“, და ხმა არ ამოუღია არც სოლომონ ქიმერიძის იმ დღეს მომხდარ უბედურ შემთხვევაზე – გამჭვირვალე პოლიციის რეფორმირებული კიბიდან გადმოვარდნის აღმაშფოთებელ ფაქტზე… როგორც გახსოვთ, პრეზიდენტმა პარლამენტში იმ დღეს თავისი ლუსტრაცია იმით დააგვირგვინა, რომ let’s move away-2 მოაწყო და ადამიანს, რომელსაც „კლოუნი“ ეძახა, ისე გაექცა, რომ კურდღლის მოწონებული!..
რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას დღეს იმიტომ დასჭირდა ამ ორი, ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული ფაქტის – მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო სტრიპტიზის და სოლომონ ქიმერიძის პოლიციაში აუხსნელ გარემოებებში სიკვდილის – ერთმანეთისგან დაშორება, რომ ერთი მათგანის აღმაშფოთებლობაზე ლაპარაკით მეორე მათგანის, როგორც ქართველი ერის კიდევ ერთ დიად გამარჯვებაზე და ნაციონალური მოძრაობის დემოკრატიულ ბუნებაზე – მოგვითითონ…
28 თებერვალს პოლიციელები სოსო ქიმერიძის სახლში დაახლოებით დილის 11 საათზე მივიდნენ და იგი პოლიციაში წაიყვანეს. შსს-ის მიერ გავრცელებულ პირველ განცხადებაში (პრაიმ-ტაიმი, GHN.ge, ჟურნალი „ტაბულა“) პირდაპირ არის ხაზგასმული „ბინის ქურდობაში ბრალდებული… ადრე ნასამართლევი“… ასე რომ ხელისუფლება და მისი ვაგლახ-რეფორმირებული, გარედან ვითომგამჭვირვალე და შიგნიდან სრულიად გაუმჭვირვალე პოლიცია თავიდანვე შეეცადა საზოგადოებისათვის ჩაენერგა სტერეოტიპი – „ქურდი, ნასამართლევი, რეციდივისტი…“
თუმცა საინტერესოა, რომ ხაშურის პოლიციაში, სადაც ქიმერიძე უკვე 11:30-ზე მიიყვანეს, იგი არ გაუტარებიათ არც ბრალდებულად, არც ეჭვმიტანილად, არც მოწმედ! მასზე არ არსებობს არავითარი იურიდიული დოკუმენტი, სახალო დამცველის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული დოკუმენტების არარსებობის პირობებში, პოლიციელებს, ფაქტიურად, მისი დაკითხვის უფლებაც კი არ ჰქონდათ! სწორედ ამ სერიოზული პროცედურული დარღვევბის გამო შსს-მ შეცვალა თავისი პირვანდელი განცხადბა (ბრალდებული!) და ხერხემალი მერაბიშვილი იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ქიმერიძე პოლიციის შენობაში „სტუმრის სტატუსით“ იმყოფებოდა!
განსაცვიფრებელი არ არის?
პოლიციამ წაიყვანა სახლიდან კაცი, რომელიც შსს პირველ განცხადებაში ქურდობაში ბრალდებულად იყო მოხსენიებული, ხოლო შემდეგ მინისტრი აცხადებს – ეგ ჩვენი სტუმარი იყოო!!
საინტერესოა, რას აკეთებდა სტუმრის სტატუსით მყოფი სოლომონ ქიმერიძე 11:30-დან 17:30-მდე ხაშურის პოლიციის შენობაში, როდესაც მისი სიკვდილი დადგა? ამ 6-საათიანი მონაკვეთის განმავლობაში ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქიმერიძეს 10 წუთით პოლიციის უფროსი ესაუბრა. და რა ხდებოდა 5 საათისა და 50 წუთის განმავლობაში? სტუმარ-მასპინძლობის როგორ ადათ-წესებს მისდევდნენ რეფორმირებული პოლიციის ჩინოსნები?
17:30-ზე, როგორც პროკურატურის განმარტებაშია მოცემული, 3 სართულიდან კიბით ჩამოყვანისას ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და პირველი სართულის იატაკზე დავარდნის შემდეგ მიიღო სხეულის მძიემ დაზიანება, რის გამოც საავადმყოფოში 23:40-ზე გარდაიცვალა!
რატომ იყო ქიმერიძე მესამე სართულზე, თუ პოლიციაში დაკითხვის ოთახები პირველ სართულზეა?
რატომ ხდებოდა ქიმერიძის ჩამოყვანა ისე, როგორც ეს შსს და პროკურატურის მიერ იქნა განმარტებული – რომ წინ მოდიოდა პოლიციელი და მას უკან მოჰყვებოდა ქიმერიძე? ჰქონდა თუ არა მას დადებული ხელბორკილი? „სტუმრის სტატუსი“, სავარაუდოდ, სწორედ ამისთვის არის მოგონილი, რომ ილაპარაკონ, ქიმერიძე ხელბორკილის გარეშე მოდიოდა, ამიტომ არც იყო აუცილებელი, რომ მას გვერდიდან და უკნიდან გამცილებელი პოლიციელი ჰყოლოდაო.
აი, რას ამბობს სოზარ სუბარი, რომლის წყალობით მოხერხდა გარდაცვლილის გვამისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიზის (გარეგანი დათვალიერების) ჩატარება – “სამედიცინო დათვალიერება ჩაატარა ბრწყინვალე სპეციალისტმა, ბატონმა ალეკო გეჯაძემ და გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. გარდაცვლილს აქვს დაზიანებები, რაც ვერ გაჩნდებოდა თავისუფალი ვარდნის რეჟიმში თუ სადმე კიბეებზე არ დაეცა – იქ ისეთი სტრუქტურაა, რომ კიბეზე ვერ დაეცემოდა – თუ გადავარდა, პირდაპირ ძირს დაეცემოდა. ქიმერიძეს გახეთქილი აქვს წარბი, გატეხილი აქვს ცხვირი და მოტეხილი აქვს ფეხი. დავუშვათ, ფეხი მოტყდა, თუ ეს ადამიანი ფეხზე დაეცა, ხოლო წაქცევისას დაარტყა შუბლი, ამ შემთხვევაში ცხვირი ვერ გაუსკდებოდა, ხოლო თუ ცხვირით დაეცა, მაშინ წარბი არ უნდა იყოს გახეთქილი. ეს ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს,. კერძოდ: სავარაუდოდ, ვიღაცამ მას ხელი დაარტყა ცხვირში ან წარბში, რასაც მოჰყვა ქიმერიძის გადავარდნა. გადავარდნილი რომ არის, ამაში ეჭვი არ შემეპარა. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, თუ საქმეში ვინმე არ არის გარეული – ანუ ადამიანი, რომელმაც ხელი ჰკრა, უბიძგა ან დაარტყა. უამრავი დეტალი და გარემოებაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან”.
მაგრამ, კიდეც რომ დავუშვათ, რომ 17:30ზე ქიმერიძე კიბის უჯრედიდან გადმოვარდა, გაუგებარია შემდეგი:
– როგორ მოხდა, რომ ქალაქის ცენტრში პოლიციის გამჭვირვალე შენობაში კიბიდან ადამიანის გადმოვარდნის ფაქტი ვერავინ გაიგო? შენობის ახლო-მახლო ხომ ამ დროს მრავალი ადამიანი იქნებოდა და თუ ვერ დაინახავდნენ, ბენებრივად ატეხილ ჩოჩქოლს ხომ მაინც დააფიქსირებდნენ?
– როგორ და როდის მოხდა კიბიდან გადმოვარდნილი ქიმერიძის ტრანსპორტირება საავადმყოფოში?
– რატომ არ ჩატარდა ადგილზე ელემენტარული მოკვლევითი სამუშაოები? რატომ არ გვაჩვენეს არც ერთი ფოტო შემთხვევის ადგილიდან? პოლიცია, რომელიც სიკვდილის ადგილის დათვალიერებისას ვალდებულია ნივთმტკიცებები მოაგროვოს, საკუთარ შენობაში რატომ იყო დილეტანტურად უმოქმედო? (სავარაუდოდ, მომავალში შსს პრესს-ატაშე ექს ჟურნალისტი უტიაშვილ-კვესიტაძისა გვამის მდებარეობის ცარცით გაკეთებულ ნახაზების ფოტოებსაც „აღმოაჩენს“ – ალბათ ისევე დაგვიანებით, როგორც ეს 2008 წლის 7 აგვისტოს როკის გვირაბშუ გამავალი რუსული ტანკების დამაფიქსირებელი საუბრის ჩანაწერების „მოძიებისას“ მოხდა)
– რატომ არ გააგებინეს ოჯახს ქიმერიძის ტრავმის შესახებ იმ 6 საათის განმავლობაში, როდესაც იგი საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რატომ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ჩააყენეს ახლობლები საქმის კურსში? ხომ არ ჰქონდა ადგილი ქიმერიძის მხრიდან რაიმე ინფორმაციის შესაძლო გაჟღერების აღკვეთას?
მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ამ შემზარავი ფაქტის მოხდენის შემდეგ იყო ის სიბეჯითე და ორგანიზებულობა, რაც ჩვენმა სახელოვანმა პოლიციამ და ნაცმოძრაობის მანქურთმა ზონდერბრიგადებმა გამოამჟღავნეს გვამის გადამალვასა, ოჯახის დაშინებასა და ოჯახში საზოგადოების წევრების და ჟურნალისტების არდაშვებაში! ხოლო ჩვენმა ცნობილმა ურნალისტებმა – სიმართლის დამალვასა და სიცრუის ტირაჟირებაში!.
ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ როგორც რეი ბრედბერის ცნობილ რომანში „451 ფარენჰეიტით“ სახეშეცვლილი მეხანძრეების ფუნქცია ხანძრისგან დაცვა კი არ არის, არამედ – კაცობრობის საგანძურიდან შემთხვევით შემორჩენილი უკანასკნელი წიგნების დაუღალავი და ბოლომდე განადგურება, ასევე მერაბიშვილის პოლიციის მთავარი ფუნქცია არა – დანაშაულის გამოძიება, არამედ საზარელი დანაშაულის კვალის დაფარვაა! პოლიცია იქცა დანაშაულის ჩადენის ადგილად, პოლიციელები კი – ზოგი პოტენციურ მკვლელებად, ხოლო სხვები – კვალის ჩამფარცხველებად…
ვანო მერაბიშვილი მართალია – სახეზეა უბედური შემთხვევა და აღმაშფოთებელი ფაქტი.
უფრო სწორედ, სახეზეა აღმაშფოთებელი ფაქტების მთელი კასკადი:
– ზურაბ ჟვანიას მკვლელობა (გაყალბება და დაფარვა)
– ლევან სამხარაულის მკვლელობა (და გაყალბება)
– ბუტა რობაქიძის მკვლელობა (და გაყალბების მცდელობა)
– ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა (და გაყალბება)
– სანდრო გირგვლიანის მოტაცება, უკანონო დაპატიმრება მკვლელობა (დამალვა და გაყალბება)
– როინ შავაძის მკვლელობა (და გაყალბება)
– გია კრიალაშვილის მკვლელობა (და გაყალბება)
– გიორგი გამცემლიძის მკვლელობა (და გაყალბების მცდელობა)
– ცინდელიანის, ცალანის, ფხაკაძის, თელიას, ჩაფიძის, კიზირიას, ბენდელიანის, ბაბუხადიას, ბერძენიშვილის, კოკაიას, ფხალაძის, კარაკოსიანის, ხოსიტაშვილის, კვეზერელის, ჩარჩხანიას და სხვა მრავალთა მკვლელობები…
და სახეზეა ძალიან დიდი უბედური შემთხვევა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურებაც და ჩვენი მომავლის ყველაზე დიდი საფრთხეც! :(((
სიხარულის ქუჩის სინანული
Posted: 2012/03/01 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: გია ცაგარეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, საპარლამენტო მოსმენა, ქრისტიან-დემოკრატები, ჯონდი დატოვე კომენტარისააკაშვილის გაქცევა პარლამენტის დარბაზიდან
2012 წლის 28 თებერვალი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორიაში საეტაპო დღედ შევა, რამდენადაც ამ დღეს ბევრი რამ გაირკვა, ბევრ რამეს პასუხი გაეცა – ან პირდაპირ, ან ირიბად. ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ პასუხის არგაცემა გახდა საკმაოდ ცხადი პასუხი იმ კითხვებზე, რასაც ქართული და საერთაშორისო საზოგადოება ბოლო 5 თვის განმავლობაში სულ უფრო მზარდი ინტერესით და მოუთმენლად სვამდა.
საქართველოს მმართველი პოლიტიკური ელიტა სწორედ 28 თებერვალს საბოლოოდ შევიდა იმავე ფაზაში, რომელშიც ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ იმყოფებოდა 2002-2003 წლებში, როდესაც მზარდი ეკონომიური რეცესიისა და პოლიტიკური ეროზიის ფონზე მმართველი პარტია სწრაფად კარგავდა პოპულარობას ხალხში, სულ უფრო ჩანდა მისი პროგრესირებადი დისტანცირება დასავლელი მოკავშირეებისგან (პირველ რიგში – აშშ-ის ადმინისტრაციისაგან), დემოკრატიული ღირებულებების უკვე არაფარულად იგნორირება და ავტოკრატიულ-დიქტატორული მეთოდებისადმი მზარდი ნოსტალგია.
რა გვიჩვენა 28 თებერვლის დებატებმა:
- მიხეილ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში ნებით არ აირჩევს ვაშინგტონის გზას. მას არასოდეს არაფერი საერთო არ ჰქონდა ჯორჯ ვაშინგტონთან და ეს, უბრალოდ, იყო ამერიკის ადმინისტრაციის ილუზია, რომ ადამიანი, რომელსაც სერიოზული კრიმინალური ცოდვები დააგროვა და მომხვეჭელობის და ძალაუფლებრივი მანიით არის შეპყრობილი, როდესმე წამით მაინც დაუშვებს ამ პერსპექტივას – „ჯორჯ ვაშინგტონის გზით ხომ არ წავსულიყავი, ჰააა?“ მისთვის ჯორჯ ვაშინგტონობის ერთადერთი მისაღები ვარიანტი არის ჯორჯ ვაშინგტონის რაიმე ძვირადღირებული ნიღბის შეძენა – მაგალითად კიდევ 5-10 დასავლური პიარ-ჯგუფის დაქირავება და მათთვის ათეულ მილიონობით დოლარის გადახდა სპეციალური კამპანიისათვის – „მიხეილ სააკაშვილი – ჯორჯ ვაშინგტონზეც კი უფრო მაგარი ვაშინგტონი!“
- მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ მისი ყველაზე უფრო ფანტასტიური უნარიც კი – დაბოლების და დემაგოგიის უნარი უკვე სერიოზულად შელანძღულია. ეს გამოსვლა იყო ყველაზე სუსტი, რაც კი მას პარლამენტში ჰქონია – არავითარი სიახლე, თუ არ ჩავთვლით რუსეთთან უვიზო რეჟიმის წინადადებას, მას არ წამოუყენებია (მაგალითად, მესამე ახალშობობილზე 1000 ლარის ვაუჩერი – ხალხისთვის მივიწყებული ძველი დაპირება იყო – ადრე იგი ამას სოციალურად დაუცველებს ჰპირდებოდა და მათაც არ აუსრულა და აბა ყველას შეუსრულებს?), 5-6-ჯერ სერიოზულად დაება ენა, გამოსვლის დასაწყისში იყო დაახლოებით 10-15 წუთი, როდესაც ტექსტს ძალიან უნიათოდ კითხულობდა და ეკრანს თვალს ვერ აცილებდა, შემდგომშიც ხშირად ხდებოდა, რომ ვერ კითხულობდა, ერთი დაფიდან მეორეზე გაურბოდა თვალი და ბოლოს იძულებული ხდებოდა, კათედრაზე დამაგრებულ მესამე „შპარგალკას“ მიბრუნებოდა. ამაში თითქოს არაფერია გასაკვირი, მიშა კოლინ ფერტის გმირს ჯერ კიდევ ბევრად სჯობდა, მაგრამ ლაპარაკი ხომ სააკაშვილის ნიჭის კვინტესენცია იყო ყოველთვის! ახლა კი ეს კვინტესენცია უბრალო ძმრის ესენციაზეც ვერ ქაჩავდა, წყალგარეული იყო… ამის ადექვატური იყო ბაქრაძის მხრიდან წამოსული (ტელეკამერებმა დააფიქსირეს, როგორ იწყებდა #1-ის მხარდასაჭერ ტაშის „ტალღას“ #2!) და დარბაზიდან უნიათოდ მხარდაჭერილი ტაშიც, რომელიც ქარიზმატული ლიდერის ცეცხლით მოხიბლულთა „იაჰუუ“-ს აღარ ჰგავდა, უფრო – მოვალეობის მოსახდელად გაღებულ მოწყალებას.
- მიხეილ სააკაშვილის სერიოზული ნაკლი ყოველთვის იყო დებატები. კრიტიკაზე სრულფასოვანი პასუხების მოსაფიქრებლად მას ყოველთვის გარკვეულ დრო სჭირდებოდა. ამიტომ იყო მხოლოდ ჩაწყობილი თოქ შოუების უგვირგვინო მეფე. 28 თებერვალმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის ლუსტრაცია, ვისი კითხვები და პათეტიკა იყო სააკაშვილისთვის წინასწარ ცნობილი, და ვისმა სიტყვებმა დააკარგვინა მას მოთმინება. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ 28 თებერვალი მხოლოდ სააკაშვილის ლუსტრაცია არ ყოფილა.
- სააკაშვილის პარლამენტის დარბაზიდან გაქცევა ისტორიული იყო. განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ მისი წინამორბედი ამ დარბაზიდან ერთმა კაცმა კი არა, მთელმა ჯგრომაც ვერ გააქცია და აშკარად დაცვამ გაათრია. მაგრამ თუ ადრე გასაგები იყო, რატომ გაექცა მიშა 2008 წ. იანვარში მოპარული ინაგურაციის დღეს ტრიბუნიდან მისკენ მიმავალ ხალხის მასას, რატომ იმალებოდა 2009 წლის განმავლობაში, თუ ნაწილობრივ მაინც შეიძლებოდა თვითმფრინავის ხმაზე მისი პანიკური let’s move away „პლეტი“, ნამდვილად ძნელი ასახსნელი იყო პარლამენტის დარბაზიდან მისი გაქცევა ჯონდი ბაღათურიას გამოსვლაზე! და არ ვიცი, რამდენად დარჩება ისტორიაში ჯონდი, როგორც კაცი, რომელმაც პრეზიდენტი გააქცია, მაგრამ უდავოა, რომ სააკაშვილის დანახვაზე ნამდვილად ყველას გაუჩნდება ასოციაცია – „პრეზიდენტი, რომელიც ჯონდიმ გააქცია…“ არც კი ვიცი, ამის მერე როგორ უნდა რომ ლიდერად დარჩეს – თუნდაც, თავისი ბანდის ლიდერად… სადაც ჯონდის ვერ გაუძლო, ხომ წარმოგიდგენიათ, თინა ხიდაშელის, დავით უსუფაშვილის, ლევან და დავით ბერძენიშვილების, თეა წულუკიანის, და სხვა უფრო გამოცდილი პოლიტიკოსების კრიტიკაზე რა მოუვა?!
- თუმცა სააკაშვილი იმდენად ჯონდი ბაღათურიამ ან გია ცაგარეიშვილმა კი არ გააქციეს. ეს უფრო საკუთარი თავისგან გაქცევა იყო, საკუთარი ცოდვებისგან, საკუთარი მამაძაღლობებისგან გაქცევა (რასაც რა თქმა უნდა, სერიოზულად შერყეული ფსიქო-ემოციური სტატუსიც ემატება). სააკაშვილმა ჯიგრით იგრძნო, რომ იმ დღეს იგი ზუსტად იგივე როლში აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე შევარდნაძე. შევარდნაძის უსამართლობა მიშას უსამართლობამ გადახურა, შევარდნაძის კლანის სასახლეები მიშას კლანის სასახლეების ფონზე გაფერმკრთალდა, შევარდნაძის აუსრულებელი დაპირებები მიზერია მიშას აუსრულებელი დაპირებების ფონზე, და ის ჩამონათვალი, თუ რამდენი რამ გადასცა საჩუქრად თავისი განკარგულებებით სააკაშვილმა დედამისს, მამამისს, თავის ძმებს, თავის და ბიძამისის მეგობრებს, თავის მინისტრებს და მათ საძმაკაცოებს – ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება დასავლელი პარტნიორებისათვის და სამართალდამცველი ორგანოებისათვის. ამ მასალების შესწავლის შემდეგ ალბათ 2003-2012 წლის პერიოდიც სერიოზულად გადაიხედება და ისიც გამოაშკარავდება, როგორ “აღმოფხვრა“ კორუფცია ახალგაზრდა «western-minded» პრეზიდენტმა… უფრო სწორედ, სხვებისთვის როგორ აღმოფხვრა და თავად როგორ გაუკეთა „პრივატიზაცია“ კორუფციას მიშამ…
- პრეზიდენტის ლექსიკამ, რომელიც აქამდეც საოცრად არაადექვატური იყო, იმ დღეს საერთოდ აუტანელ დონეს მიაღწია! ყველასთვის აშკარა უნდა გამხდარიყო, რა მასშტაბის და რა ჩამოსხმის „დემოკრატია“ მიხეილ სააკაშვილი – „ფარჩაკი“, “კლოუინი”, „ტალახში მოგორავე“, „სულელი“, „ბრიყვი“, – აი, მისი ეპითეტები ოპონენტების მიმართ. თუმცა ამას კიდე გაუძლებდა სააკაშვილის არანორმატიულ ლექსიკას შეჩვეული დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ როგორ უნდა აიხსნას უდანაშაულობის პრეზუმფციის უკვე მერამდენე დარღევა და 15 წლის მოზარდისათვის „კრიმინალის“ და „ხულიგნის“ იარლიყების უაპელაციოდ მიკერება? ან ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციონერ დეპუტატს პირდაპირ დაემუქრა მამამისის კლინიკაში მანდატურების თანხლებით გაგზავნით, ხარისხიან ტალახის აბაზანაში მოთავსებით და კარგი დაზელვით!? არც შევარდნაძეს უნდა მოფონოდა გულზე მისი მინისტრების სასახლეების ფოტოების აფრიალება, მაგრამ საპარლამენტო ეტიკეტზე ხელი არ აუღია და ძველი ბიჭის „ბაზარი“ და ტერმინოლოგია საბრძოლო ფარად არ აურჩევია… რა თქმა უნდა, მომავალი საფრთხის წინაშე შეფიქრიანებულმა უმრავლესობამ ექს-მაგარი მიშას მხრიდან ოპონენტების დამამცირებელი ამ სლენგის გამოყენებით შემფრთხალი გული მოიოხა, იკაიფა და ხუმრობაში გაატარა, მაგრამ არცერთი დემოკრატიული სტანდარტით ეს „ხუმრობად“ ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, როცა ჩვენ გვახსოვს დეპუტატ გელაშვილზე ნიღბიანი პირების თავდასხმის და საზარელი ცემის დღემდე გამოუძიებელი ფაქტი, და ის უამრავი ძალადობა, რასაც მიხეილ სააკაშვილის ზონდერბრიგადები ოპოზიციის წინააღმდეგ გამუდმებით მიმართავენ. ამას ემატება 26 მაისის არნახული მასშტაბის და სისასტიკის სადამსჯელო ოპერაცია და ბოლო შემაზრზენი ფაქტი – ხაშურის პოლიციის შენობაში დილით მოწმედ მიყვანილი, ხოლო ნაშუადღევს სასტიკად ნაცემი და მოკლული სოსო ქიმერიძე, რომელიც მხოლოდ იმით „გამოირჩევა“ პოლიციის შენობებში ბოლო წლებში ნაწამებ ადამიანთა საეჭვო გარდაცვალებებისაგან, რომ მასზე პოლიციის დასკვნაში ჩაიწერა აბსოლუტურად დაუჯერებელი რამ – „გარდაიცვალა პოლიციის შენობაში მეორე სართულიდან გადმოვარდნის გამო (სავარაუდო – თვითმკვლელობა)“! ამით დასრულდა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი გატყუპისცალება შევარდნაძის რეჟიმთან: როგორც კახა თარგამაძის პოლიციის მრავალსართულიანი შენობებიდან „ხტებოდნენ“ ადრე დაკავებულები, ახლა ასევე „ხტებიან“ მერაბიშვილის საამაყოდ გამჭვირვალე შენობებიდან! ისტორია სრულად გამეორდა, და თუ თავიდან მას მომხვეჭელობის, ნუვორიშული და კლანური ჰედონიზმის ფარსის ელემენტები „ამშვენებდა“, მერე ქუჩაში ჩახოცილების ტრაგიზმს ახლა უკვე – შენობებიდან მფრინავი გვამების ტრაგიზმიც დაემატა! და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არც კი ცდილობდა, რომ რომელიმე ბრალდებაზე პასუხის იმიტაცია მაინც გაეცა, ჯიუტად თვალს არ უსწორებს ისტორიის სარკეს, სადაც მისთვის შევარდნაძის ბედი სულ მალე სანატრელი შეიძლება გახდეს.
- მაგრამ ყველაზე საინტერესო პრეზიდენტის გაქცევა კი არა, მისი დაბრუნება იყო. უფრო სწორედ ის, თუ ვინ ურჩია მას უკან დაბრუნება. ფაქტია, რომ სააკაშვილის ნება რომ ყოფილიყო, იგი უკან არ დაბრუნდებოდა. მას უფრო აწყობდა „ცილისწამებით შეურაცხყოფილი“ ეთამაშა და არ დაბრუნებულიყო ამ „ტალახში მოგორავე“ „ფარჩაკებთან“; ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მანდატურები და მამამისი (მაინც როგორ უცებ გაიქცა მამიკოსთან, დედიკოს ბიჭი?) ამ „ბრიყვებს“ ტალახში გვერდებს არ დაუზელდნენ და „ფანტაზიებს არ გამოურეცხავდნენ! მაგრამ, ეტყობა, ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ ჰყავს ისეთ(ებ)იც, ვინც ცხადად დაინახა ასეთი move away-ს კატასტროფულობა და სააკაშვილი საკმაოდ მალე მოაბრუნა აქ, სადაც უნდა იდგეს კიდეც დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ერთგული ლიდერი… თუ, რა თქმა უნდა, იგი ფასადურად დემოკრატიული, ხოლო შინაგანად, – აზიურ-ნეობოლშევიკური ტიპის დესპოტი არ არის. და სწორედ ეს, მიშას და ნაცმოძრაობის სხვა აქტიურ ფიგურებს შორის შიდაპარტიული გარჩევები, იქცა იმად, რაც 28 თებერვლის, როგორც სერიოზული რუბიკონის განცდას აძლიერებს.
- ყველას კარგად გვახსოვს, ბეიკერთან და ბუშთან გაციებული ურთიერთობის ფონზე, როგორ მოუხშირა ედუარდ შევარდნაძემ ბათუმში ასლან აბაშიძესთან ვიზიტებს, რომელთა საერთო რაოდენობამ ბოლოს 22-ს მიაღწია. გვახსოვს „ორი ბაბუს“ აღლუმები და თვითჰიპნოზის სეანსები, რომელთაც იგივე დანიშნულება ჰქონდათ ედუარდისათვის, რაც ყვითელ ავტობუსებს და საზეიმო გახსნებს – მიშასთვის. ყველას გვახსოვს, როგორ აშკარა ხდებოდა დასავლეთისაგან დისტანცირების და ავტოკრატიულ-დიქტატორული სიმპათიების პარალელური გაჩენა, უკვე ღიად ხდებოდა იმის დემონსტრირება, რომ დასავლეთს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ, რომ ამერიკელები ზედმეტად ნერვიულობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე საქართველოში, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა… გადახედეთ ობამასთან შეხვედრის შემდეგ ბოკერიას და პრეზიდენტის ტექსტებს, პარლამენტში ნაცმოძრაობის გამოსვლებს და ზუსტად იგივე ნოტებს უკვე სააკაშვილის და მისი წრის რიტორიკაშიც აღმოაჩენთ – „ვერავითარი გუდიანი ბიძიები და დეიდები მე ვერ წამიყვანენ“, „რჩევები კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მივიღოთ“, „საქართველო სუვერენული ქვეყანაა“. ამას დაემატა პოსტლუჟკოვურ მოსკოვში შევიწროებული ზურაბ წერეთლის საზეიმოდ გვერდში ამოყენება, რუსი ტურისტებისადმი მოჭარბებული ნოსტალგია, ძალოვანი მინისტრების ხშირ-ხშირი ვიზიტები მინსკში, ერევანში, ბაქოში … ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ფსევდოდემოკრატიული პლუტოკრატები ღიად მოახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათთვის სწორედ ლუკაშენკო, სარგსიანი, ალიევი… და იქნებ – აჰმადინეჯადიც… არიან ყველაზე მისაბაძი ლიდერები, და ძალიან ეცდებიან იმის დადასტურებას, რომ ბიძია ვალოდიასაც აქვს ამ საპატიო სიაში მოხვედრის შანსი… ეს ძალიან ლოგიკურია – მას მერე, რაც სააკაშვილმა ღიად უარი თქვა ვაშინგტონის გზაზე და პუტინის (“სუვერენული დემოკრატიის”) გზა აირჩია, სავასებით ლოგოკიკურია, რომ მიშაც ისევე გაიქცევა ვალოდიასთან, როგორც ედუარდი დარბოდა ასლანთან – ავტოკრატიული ძალისა და დიდების ეიფორიის შესასუნთქად. მიშაც ისევე აპატიებს ვალოდიას საქართველოს სუვერენიტეტის ჩაწიხვლას, როგორც ედუარდი ხუჭავდა თავს ასლანის მხრიდან აშკარა სეპარატიზმზე და იზოლაციონიზმზე, მიშას და პუტინს ხომ ძალიან ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან – დამოკიდებულება მედიასთან, სასამართლოსთან, პარლამენტთან, არჩევნებთან, ადამიანის უფლებებთან, საპატიმროებთან… სად – მიშა და სად – ჯორჯ ვაშინგტონი?!. აი, პუტინი, ან სულაც – ლეონიდ ბრეჟნევი კი ძალიანაც გამოდგება მისაბაძ პიროვნებად, განსაკუთრებით, როცა მიშაც ლიონიასავით ასაკში შევა და ქალების სიყვარულს მედლების სიყვარული ჩაანაცვლებს.
- ერთადერთი განსხვავება 2012-სა და 2003 შორის ისაა, რომ 2001-დან მოქალაქეთა კავშირს გამოეყო ენერგიულ ახალგაზრდათა ჯგუფი, რომელთაგან ერთმა სიმთვრალეში მაინც გაბედა და ედუარდზე რაღაცეები ილაპარაკა ამერიკელების გასაგონად… ამას მერე სერიოზული განხეთქილებაც მოჰყვა… ახალგაზრდებმა ამერიკელებთან საერთო ენა გამოახეს, “კმარა” შექმნეს და გუშინდელ გვარდიას ადგილის დათმობა მოთხოვეს… მაშინ ყველაფერი ასეც მოხდა, სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკურად უკვე სტაგნაციის ფაზაში მყოფ, კორუფციის და უსამართლობის ჭაობში ჩაფლულ “მოქალაქეთა კავშირს” დროზე გამოეყო შორსმჭვრტელ, სუპერამბიციურ, ენერგიულ ახალგაზრდათა ჯგუფი, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წარმავალ პარტიაზე ენერგიული შეტევა მიიტანა და ხალხში პოპულარობა მოიპოვა… დღეს სააკაშვილის ახალგაზრდა ასაკი და მიშას უკვე მოფამფალებული ქარიზმის აჩრდილი არის ის ფაქტორები, რაც არ აძლევს საშუალებას ნაცმოძრაობის იმ ლიდერებს, რომლებმაც მიშა დარბაზში შეაბრუნეს, რომ დროზე და საბოლოოდ გაემიჯნონ იმ ლიდერს, რომელიც „ყოველთვის მართალი“ კი არაა, არამედ უკვე მათ ყელზე მობმულ ლოდად ქცეულა და მალე ისე საბოლოოდ ჩაიყოლებს პოლიტიკურ სასაფლაოზე, როგორც ეს ადრეც მომხდარა დამოუკიდებელი საქართველოს ახლო წარსულში, სადაც ლიდერები და პარტიები ერთ მოკლე წრეზე ტრიალებენ – ნაციონალური გმირობიდან და >90%-იანი მხარდაჭერიდან – ავტორიტეტის და ფასეულობების სრულ კარგვამდე და ისტორიულ ანიჰილაციამდე…
არადა, ისიც ხომ აშკარაა, რომ თუ დააგვიანებ დისტანცირებას, ან პირიქით, უდროო დროს შეახტები ისტორიულ წარსულში თავშეუკავებლად მიგრიალე შემადგენლობას, მერე გვიანღა იქნება თავში ხელის ცემა?! და სწორედ ეს დროზე გასაკეთებელი, თუმცა ძალიან მძიმე არჩევანი არის იმის ობიექტური მიზეზი, რომ უკვე გუგლის რუკაზე დატანილ, სააკაშვილის მინისტრების იმ ბედნიერ ნავსაყუდელში, რომელსაც ასეთი ოპტიმისტური სახელი აქვს – „სიხარულის ქუჩა“, სულ უფრო მზარდი გაურკვევლობა, შეშფოთება და სინანული სუფევს… როგორც ძველები ამბობდნენ: მარჯვნივ წახვალ – ინანებ… მარცხნივ წახვალ – ინანებ… და თუ ერთ ადგილზე დარჩები, სინანული მაშინაც შეიძლება არ აგცდეს… ხოლო სწორ პროგნოზს ვერც ლელა კაკულია და არც amindi.ge არ იძლევა… მაჭკატ!..
სიხარულის ქუჩა (მიშას ხელისუფლების სიხარულის ნავსაყუდელი)
===================================================================
P.S. ამ წერილზე მუშაობის დროს, ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ მიხეილ სააკაშვილს 2005 წელს მიღებული აქვს „ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის“ პრიზი „კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის“.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ის, რომ სააკაშვილი დღესაც ამ პრიზის მფლობელია, არის დემოკრატიის, კანონიერების და მართლწესრიგის სერიოზული თავსლაფის დასხმა და როგორც ქართულმა, ასე საერთაშორისო ორგანიზაციებმა დასაბუთებული წერილი უნდა მოამზადონ ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის მიმართ, სადაც სათანადო ინფორმაციას მიაწოდებენ ამერიკელ კოლეგებს იმ წარმოუდგენელი რეგრესის შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 2005-2012 წლებში გაიარა.