ნატიფი სიდამპლე
Posted: 2015/09/17 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: გიგი უგულავა, დანაელთა ძღვენი, საკონსტიტუციო სასამართლო, წინასწარი პატიმრობა დატოვე კომენტარიროდესაც სიდამპლეს უხეშად აკეთებენ, იგი იოლად ჩანს, ზედაპირზედ ძევს, თვალში გეცემა, საზიზღრად ყარს და და უარყოფით ემოციებს იწვევს. ასეთი სიდამპლე მარტო სიდამპლე კი არაა, არამედ გონჯიცაა, რადგან ყურადღებას იპყრობს და დაგმობის მომენტალურ სურვილს აღძრავს. უხეში და ზედაპირული სიდამპლე ძალიან წამგებიანია…
მაგრამ სულ სხვაა ნატიფი სიდამპლე! – ორიგინალურად შეფუთული კომბოსტოსავით მრავალფენიან ფურცლებში, უნაზესი დეზოდორებით სიმყრალეგანეიტრალებული და უძვირფასესი სუნამოებითა და ნელსაცხებლებით გაკეთილშობილებული. მიჩუმათებული და სილაწაყრილი. დევს ასეთი სიდამპლე მიმალულად, ან – სულაც ამაყად, და თავმომწონე ტროას ცხენივით თავისა ჟამს ელოდება.
ჟამი კი მაშინ მოდის, როცა სიდამპლის ავტორი, მშობელი და მიმჩუმათებელი, ერთ მშვენიერ დღეს, ვითომდაც შემთხვევით ფეხს წამოკრავს ამ ფუთას და ვითომცდა შემთხვევით დაინტერესდება, – “ვაიმე, ეს რა არის?.. ნუთუ ეს მართლა ისაა, რაც მე მგონია?.. ნუთუ ამ სილამაზეში საშინელი ჭუჭყი იმალება?.. ვინ ქნა ეს, ვინ მოიგონა?.. ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია?.. ვისია ეს ლპობის კვინტესენცია?!.”
საქმე იმაშია, რომ ფეხის წამოკვრა მაშინ კი არ ხდება, როდესაც ეს ავტორთა ავტორობას და განზრახვებს გამოამჟღავნებდა! არა, სანამ მათ მიჰყავთ სტოსი, სიდამპლე სწორედაც რომ ნატიფი წახნაგებითაა მზისკენ მიმართული და ბრილიანტივით ელავს, ან – ძალიან ოსტატურად მიჩქმალულია, რომ ყურადღება არ მიიქციოს. არა, სწორედ მაშინ ხდება სიდამპლის იდენტიფიკაცია, როცა ეს ნაკვეთი უკვე სრულიად წინასწარგანზრახულად გასხვისებულია და მასზე სხვა აგებს უკვე პასუხს. სწორედ ამ დროს ხდება სიდამპლის ავტორის მიერ მის მიერვე წინასწარ დაფლული ნეხვის „აღმოჩენა“ და „სააშკარაოზე გამოტანა“. ამას მოჰყვება კვნესა და აღშფოთება: – “დედააა, ეს რა უქნიათ!.. შეხედე, როგორ დაუმალიათ!.. შეხედე როგორ მიუჩუმათებიათ!!!.. აი, აი, აი!.. ოი, ოი, ოი!…”
ვინ იცის, რამდენი ასეთი ტურფა სიდამპლეა კიდევ ჩვენს ირგვლივ დაფლული! კიდევ რამდენ აღმოჩენას გვიმზადებს მათი მშობელ-დამმალველი!
ამიტომ, როდესაც ვინმე რამე ტერიტორიას, ტახტს თუ კანონს შემოგთავაზებს, ლამის მუქთად დაგითმობს, ფრთხილად უნდა იყო, – რა იცი, რა ნაღმზე გიდგას ფეხი…
ალბათ ამაზე ამბობენ რუსები – „свинью подложили“…
და ვირგილიუსიც გვაფრთხილებს, – Timeo Danaos et dona ferentes – „უფრთხილდით დანაელთ, მაშინაც კი, თუ ძღვენი მოაქვთ!“
===
დღეს ცოტას თუ გაახსენდა, რომ ის კანონი და ის ნორმა, რომელიც თურმე არ ვარგოდა და არაკონსტიტუციურია, სწორედ იმ ძვირფასების მოგონილია, დაკანონებულია და ღრმად ჩაფლულია, დღეს რომ “გაიგეს” და უსამართლობისაგან ძალიან ჯიგარი ეწვით…
სიკვდილით მხსნელი
Posted: 2015/09/07 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: აილან ქურთი, ანგელა მერკელი, ლტოლვილთა კრიზისი, სირიელი ლტოლვილები დატოვე კომენტარიგენიოსის სიტყვები იმის შესახებ, რომ არცერთი იდეა არ ღირს ბავშვის ცრემლის ფასად, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა ბავშვების მიმართ სისასტიკეს ვაწყდებით. უფრო სწორედ, როცა ეს სისასტიკე თვალებში ფაქტად შემოგვაფურთხებს და გვაგრძნობინებს, რომ ჩვენი სათნოება და სიკეთე სინამდვილეში თვალთმაქცობა და წაყრუება ყოფილა…
რამდენიმე დღის წინ თურქეთში, ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის სირიელი ქურთი ბავშვის აილანის ცხედრის ფოტოებმა ყველა შეგვძრა. რა სამწუხაროა, რომ ასეთი საშინელების გარეშე ვერც ჩვენ ვხვდებით ომისგან ლტოლვილთა გამოუვალი ტრაგიზმის სიმძაფრეს და ვერც – პოლიტიკოსები.
თუმცა პატარა აილანმა თავისი სიცოცხლის ფასად შეძლო წარმოუდგენელი რამ – მან ჩვენი სინდისი ისე გამოაღვიძა, რომ ევროპის წამყვანმა პოლიტიკოსებმა იგრძნეს, რომ უმოქმედობა ადამიანურობის წინაშე დანაშაული იქნებოდა. რამდენიმე დღით ადრე ავსტრიაში საშინელ ტანჯვაში სულამოხდილი, ტრაილერში გამოკეტილი ლტოლვილების მასიურმა სიკვდილმა პირველი ბიძგი მისცა ამ გამოღვიძებას, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ სამუდამოდ დაძინებული პატარა აილანის ქვიშაში ჩაფლულმა სახემ, ამოტრიალებულმა ხელისგულებმა და ფეხუცებმა მოახდინეს სასწაული … 😦
და სასწაული მოხდა – ავსტრიამ და გერმანიამ საზღვრები გახსნეს. ბუდაპეშტის სადგურში ჯერაც ბლოკირებული ლტოლვილების ჯარი რკინიგზის მაგიერ ავსტოსტრადებით მიიწევს ავსტრიის საზღვრისაკენ, „დედა მერკელი“ მათთვის ანგელოზად იქცა. 800,000 ლტოლვილის მიღება, თანაც არცთუ საუკეთესო ეკონომიური მდგომარეობის დროს, მართლაც, მძიმე და მამაცური გადაწყვეტილებაა და არ ვიცი, რამ იმოქმედა ამ უდავოდ ნიჭიერი პოლიტიკოსის ნაბიჯზე – სწორედ გათვალა, რომ ახლა გერმანელი ხალხის ეკონომიურ მდგომარეობაზე ზედმეტად ზრუნვას თავად გერმანელი ხალხი არ აპატიებდა და მკრეხელობად ჩაუთვლიდა, თუ იმან, რომ ქალია და მასზეც, მიუხედავად პოლიტიკაში გატარებული ათწლეულებისა, სილაში ჩაფლული პატარას სხეულის ხილვა და მისი მშობლების ტრაგედიის გაცნობიერება სულ სხვა – გამანადგურებელი – ძალის არგუმენტია…
სირიელ ქურთებს აქამდე ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი პიროვნება სალადინი ჰყავდათ – ძლევამოსილი მხედართმთვარი, სასტიკი გენიოსი და დახვეწილი პოლიტიკოსი, რომელმაც მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში ლამის ერთადერთმა შეძლო ჯვაროსანთა ლაშქრის დამარცხება. სალადინს დამასკოში მავზოლეუმი აუგეს მისმა მადლიერმა შთამომავლებმა.
ასე მგონია, აილან ქურთი, სამი წლის პატარა – სალადინზე უფრო დიდი გმირია, რადგან ის შეძლო, რაც სალადინსაც არ გაუკეთებია: მილიონამდე თავის თანამემამულეს გადარჩენის შანსი მისცა, მთელ მსოფლიოს კი – გამოღვიძების და ადამიანობასთან დაბრუნებისა…
P.S. კიდევ ერთი უცნაური იმედის სხივი ამ უმწარეს ტრაგედიაში, დააკვირდით ამ თურქ ოფიცერს, რომელსაც ბედმა პატარა აილანის ცხედრის ქვიშიდან აღებისა და ტარების ტვირთი არგუნა ხვედრად. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა იგი იმ წუთებში… შეიძლება, ამ კადრებმა რამე ახალი ეტაპს დაუდოს სათავე, როცა ამ ორი, ზოგჯერ ძლიერ დაპირისპირებული, ხალხის წარმომადგენლები უფრო გაგებით მოეკიდებიან ერთმანეთის ტრაგედიებს, უფრო ნაკლებ გაიმეტებენ ერთმანეთს…