ბოტნეტგეიტი
Posted: 2012/11/19 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბიძინა ივანიშვილი, დაჭერები, იმპიჩმენტი, კავკაზუს ონლაინი, კიბერ დანაშაული, კომპიუტერული ვირუსი, მამია სანადირაძე, მიხეილ სააკაშვილი, ქართული ბოტნეტი, ქართული ოცნება დატოვე კომენტარიპროლოგი
————
1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთმა ამერიკელმა კოლეგამ მირჩია, ყურადღებით წამეკითხა 19 სექტემბერს „ვაშინგტონ პოსტის“ ბლოგზე განთავსებული დევიდ ინგატიუსის სტატია „საქართველოს სკანდალური საარჩევნო ისტორია“ http://www.washingtonpost.com/opinions/david-ignatius-georgias-rowdy-election-campaign/2012/09/19/596ef5ac-01b0-11e2-b257-e1c2b3548a4a_story.html
მართალი გითხრათ, იმ დღეებში იმდენი ძალიან საინტერესო, სკანდალური, თუ სერიოზული ანალიტიკური სტატია იწერებოდა დასავლეთის პრესაში (მაიკლ ჩეჩირეს, მარკ ადომანისის, ჯუდი ბაჰრაჩის, სილვია შტოიბერის, ლინკოლნ მითჩელის და განსაკუთრებით, ჩარლზ ფერბენქსის – http://www.theatlantic.com/international/archive/2012/09/georgias-prison-rape-scandal-and-what-it-says-about-the-rose-revolution/262720/), და თან სწორედ ამ დღეებში დაიწყო ციხეებში პატიმრების წამების სკანდალური მასალების გამოქვეყნება, ასე რომ თავიდან იგნატიუსის სტატია განსაკუთრებულად საყურადღებოდ ვერ ჩავთვალე. აქ ხომ ლაპარაკი იმაზე იყო, რაც საქართველოში ყველამ ისედაც მშვენივრად ვიცოდით – რომ („რომელიც „შედგა“, რამეთუ შეგვდგა!“) ახორციელებდა უკანონო მოსმენებს ძალიან მრავალი ადამიანის მიმართ და პირველ რიგში – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ! არასოდეს დამავიწყდება, როცა ია ანთაძემ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ჰკითხა, რამდენი მათგანი ფიქრობდა, რომ მისი მობილური ტელეფონი ისმინებოდა, 70%-ზე მეტმა უპასუხა, რომ სწორედ ასე ფიქრობდა! ყველას გვახსოვდა, როგორ რიგრიგობით აღმოაჩინეს წინა არჩევნების დროს ოპოზიციის ლიდერებმა მათ ოფისებში დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა და როგორ აბსოლუტურად რეაგირების და გამოძიების გარეშე დარჩა ეს შემთხვევები. ის, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდებოდა და სავარაუდოდ, მოახერხებდა კიდეც, თავისი მთავარი ოპონენტის – ბიძინა ივანიშვილის კომპიუტერებში შეეღწია, ეს ჩვენთვის დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენდა…
მაგრამ შემდეგ, ამერიკელმა კოლეგებმა ამიხსნეს, რომ სწორედ ეს – სატელეფონო მოსმენების და კომპიუტერული ქსელების მეშვეობით თვალთვალი – არის ძალიან მძიმე დანაშაული და სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ამაში მონაწილეობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სწორედ ის შეიძლებოდა გამხდარიყო ამერიკის ადმინისტრაციისათვის იმის სერიოზული მანიშნებელი, რომ მიშამ წითელი ხაზი გადაკვეთა. ამიტომ, ავდექი და არჩევნებამდე 3 დღით ადრე იგნატიუსის სტატია ქართული საზოგადოებისათვის ვთარგმნე.
https://solomonternaleli.wordpress.com/2012/09/27
ცოტა გაოცებული დავრჩი, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 3 დღეში სტატია 800-ზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა, თან ეს იმის ფონზე, რომ ამავე დროს იგი ძალიან პოპულარულ სერვერზე – foreignpress.ge-ზეც განთავსდა და იქ, ალბათ, კიდევ უფრო მეტი მკითხველი ეყოლებოდა.
აი, რამდენიმე ამონარიდი სტატიის თარგმანიდან:
„ქართულ პოლიტიკურ ბრძოლას საკმაოდ ახსოვს ბინძური ხრიკებში ბრალდებები ორივე მხარის მხრიდან, მაგრამ კიბერშეტევის გამოყენებამ ეს ბრძოლა ახალ, გაცილებით მაღალ [კიბერტერორიზმის!] საფეხურზე აიყვანა. ივანიშვილის მომხრეების მიხედვით, სპეციალისტებმა და გამომძიებლებმა იპოვეს 66 ტიპის ვირუსი და სპამი ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მრჩეველთა მიერ გამოყენებულ 5 კომპიუტერში. აქედან კი ვირუსები მოდებული იყო დაახლოებით 50 სხვა კომპიუტერზე.
ვირუსული პროგრამები საკმაოდ ჭკვიანურად იყო მოფიქრებული: მათ შეეძლოთ ჩაერთოთ კომპიუტერის კამერა და მიკროფონები, და მოეხდინათ ეკრანიდან „სკრინშოტების“ ჩაწერა ყოველ 10 წამში, რაც საშუალებას იძლეოდა ჩაწერილიყო მნიშვნელოვანი გასაღებები და კოდური სიტყვები, განუცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტს. კიბერშეტევა აშკარად გასცდა თავიდან დაინფიცირებულ ინდივიდუალურ კომპიუტერებს: გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების დაფიქსირება და გადაცემა, ასევე ვირუსების გავრცელება, და ეს მოწყობილობები იყო დაინსტალირებული რამდენიმე ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერის აპარატურაში. როგორც ქართულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ განაცხადა, ასეთი მაღალი დონის მოწყობილობის და მათი ასეთ წერტილებში გამოყენება იმის მტკიცებულებაა, რომ სწორედ „სახელმწიფო უშიშროების და დაზვერვის სამსახურები ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალის ოპერაციას“, ნათქვამია შეხვედრის ამსახველ დოკუმენტში.
==============================================================
და აი გავიდა სულ რაღაც თვენახევარი და ამ საქმის მიმართულებით რამდენიმე საინტერესო გარემოება გაირკვა.
ა.წ. 24 ოქტომბერს For.ge–ს ოფისში პრეს-კონფერენცია გამართა საქართველოში დაბრუნებულმა ბიზნესმენმა, ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანია კავკასუს ონლაინის დამფუძნებელმა მამია სანადირაძემ, რომელიც 2009 წლიდან ოჯახთან ერთად ემიგრაციაში ცხოვრობს. მან განაცხადა, რომ 2009 წელს მას კომპანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მერიიდან, კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომპანიიდან და სხვა უწყებებიდან მრავლრიცხვოვანი ზეწოლის და ფინანსური ჯარიმების გამო იძულებით დაათმობინეს.
ზეწოლის მრავალი ფაქტიდან, რომელიც სანადირაძემ 40-წუთიან პრეს-კონფერენციაზე მოიყვანა, ჩვენ შემდეგ ინფორმაციას გვინდა ხზაზი გავუსვათ.
სანადირაძის განცხადებით, “2009 წლის გაზაფხულზე „კავკასუს ონლაინში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვინმე ბორის მიტიჩაშვილი მივიდა და მოითხოვა, რომ „კავკასუსის“ ქსელში დაყენებულიყო აპარატი, რომელიც შსს-ს ყველა ელექტრონულ ფოსტაზე წვდომას მისცემდა და ყველა მიმოწერას დააკოპირებდა. ამაზე კომპანიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს. მამია სანადირაძე ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენელს ამაზე გაეცინა და უთხრა, – თქვენი კონკურენტები ამას დიდი სიამოვნებით აკეთებენ და თქვენ რატომ ამბობთო უარს.”
სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც სანადირაძეს კომპანია იძულებით დაათმობინეს, ახალმა მფლობელებმა შეასრულეს შსს მოთხოვნა და მას შემდეგ მათი კომპანიის წარმომადგენლების სახით ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბინების და ოფისების მოსამსახურებლად შსს-ს მიერ მივლინებული „თანამშრომლები“ შედიოდნენ და იქ მოსასმენ აპარატურას აყენებდნენ. როგორც სანადირაძე ამბობს, ამჟამად „კომპანიაში ძალიან ბევრი საეჭვო ადამიანია გაფორმებული, მათ შორის ე.წ. „ზონდერები“, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ა.შ.“.
ხოლო ბოლო კვირას შსს ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსანთა დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თანდათან ფარდა ეხდება იმ პროცესებს, რაც საქართველოს შიგანაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობდა. კერძოდ კი, – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მოსახლეობის ფართო ფენების და განსაკუთრებით, პოლიტიკური ოპონენტების და მათი მხარდამჭერების მიმართ კომპიუტერული თვალთვალის და კონტროლის სისტემურ გამოყენებას.
წინასწარი მონაცემებით უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაცმოძურმა ხელისუფლება, რომელმაც განვლილი 9 წლის მანძილზე ვერ მოახერხა შეექმნა ინოვიაციური კომპიუტერული პროგრამები განათლებაში, ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, სამაგიეროდ წინ წავიდა არა მარტო მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის და მათი ფინანსური შემოსავლების ელექტრონული გაკონტროლების მხრივ, არამედ იმ მხრივაც, თუ როგორ ეთვალთვალათ პოლიტიკური ოპონენტებისათვის. სავარაუდოდ, ამ მიზნისათვის იყენებდნენ კომპიუტერული პროგრამების ახალგაზრდა ჰაკერს, რომელიც 16 წლიდან კუდში მუშაობდა და დღეს, 19 წლის ასაკში უკვე კუდის სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობებს ასრულებდა.
რა თქმა უნდა, საბოლოოდ ამ პიროვნების და მისი უფროსების ბრალეულობას სასამართლო დაადგენს, მანამდე კი გვინდა ყურადღება მივაპყრო შემდეგ ფაქტს. მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპიუტერული ანტივირუსული პროგრამირების შვედური კომპანია ESET-ის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს 180-მდე ქვეყანაში თავის ძალიან ცნობილ ანტივირუსს NOD32-ს ჰყიდის, თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2011 წელს აღმოაჩინეს ტროიანის ტიპის ვირუსი და ეგრეთწოდებული რობოტული კომპიუტერული ქსელი – ბოტნეტი, რომელსაც ამ ქსელის უპირატესად საქართველოს მასშტაბის გამო, Win32/Georbot უწოდეს. კომპიუტერული ჯაშუშობის ამ პროგრამას საკმაოდ საინტერესო კომუნიკაციური მახასიათებლები ჰქონდა, რაც მოიცავდა დოკუმენტების და სერტიფიკატების მოპარვას, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გაკეთებას და ქსელში ინფორმაციის ძიებას. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მენეჯმენტის და კონტროლის ინფორმაციების განსახორციელებლად ეს ბოტნეტი საქართველოს სამთავრობო ვებ-გვერდს უკავშირდება! იმის გათვალისწინებით, რომ ბოტნეტის ქსელში ჩათრეული (დავირუსებული) კომპიუტერების 70%-ზე მეტი საქართველოშია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტოტალიტარული ქვეყნების გამოცდილების მსგავსად ეს არის ქართული ხელისუფლების მიერ საკუთარი მოქალაქეების თვალთვალის ეფექტური იარაღი. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ Win32/Georbot ბოტნეტი ვითარდება, უკვე 2012 წლის 20 მარტისათვის ესეტ-ის სპეციალისტებმა ახალი ვერსიები აღმოაჩინეს. რაც ალბათ, იმის შედეგია, რომ მათ მიერ ატეხილი განგაშის შემდეგ ვირუსის ავტორებმა ზომები მიიღეს, რომ ანტივირუსების მიერ მათი სკანირება გაძნელებულიყო.
http://www.eset.com/us/presscenter/press-releases/article/eset-uncovers-win32georbot/
როგორც პიერ-მარკ ბუროუ, ესეტის სადაზვერვო უსაფრთხოებს პროგრამის მენეჯერი ამბობს, სამთავრობო საიტზე ვირუსის მიმართვის გადაუდებელი პროგრამა არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფრის აქტიური მონაწილეა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე 2011 წელს ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, და როგორც იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის, ასევემ ე.წ. CERT სახელმწიფო ჯგუფს სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ. ამავდროულად, ესეტის ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად საკმაოდ ფართე ფუნქციონალური სპექტრისა (სკრინშოტები, ვიდეოგადაღება, ვირუსისგან მომდინარე საფრთხე მაღალი, DOS-შეტევის განხორციელება), საფრთხის სირთული დონე დაბალია. ექსპერტების აზრით, ეს რომ სამთავრობო მასშტაბის პროგრამა ყოფილიყო, იგი, ალბათ, უფრო სრულყოფილი იქნებოდა. თუმცა ესეტის სპეციალისტების აზრით, ეს პროგრამა უდავოდ ძალიან მრავალფეროვანი ჯაშუშობის მიზნითაა შექმნილი და სადღეისოდ, საკმოად უნიკალურ ამოცანებს ისახავს, კერძოდ, გარდა ვიდეო და აუდიოჩაწერისა, ისეთ ფაილებსაც კი ეძებს, რომელიც სამუშაო პანელიდან უკვე წაშლილია. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ საკმაოდ მალე ვირუსის ავტორებმა მისი ისეთი მოდიფიცირება მოახდინეს, რომ თანამედროვე ანტივირუსი მას ვერ იჭერს.
======================================================
ეპილოგი
——————–
ვისაც არ ახსოვს მინდა შევახსენო, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ციტადელად მიჩნეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, იმპიჩმენტის რეალური საფრთხის გამო, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. თუ კლინტონის და ენდრიუ ჯონსონის წინააღმდეგ ამერიკის კონგრესის ქვედა – წარმომადგენლობითმა პალატამ გამატყუნებელი ვერდიქტი არსებობდა და ისინი მხოლოდ ზედა პალატის – სენატის მამამართლებელმა გადაწყვეტილებამ გადაარჩინა, პრეზიდენტ ნიქსონის შემთხვევაში ჯერ ქვედა პალატასაც კი არ ემსჯელა, მაგრამ ბრალდება იმდენად სერიოზული იყო, რომ ნიქსონი არ დაელოდა მის თავზე დაკიდებული დამოკლეს ხმლის მოძრაობას და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.
დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო სააკაშვილს, არამედ ნაცმოძრაობის გაცილებით ნაკლებინფორმირებულ ლიდერებსაც უნდა ახსოვდეთ, რა იყო ნიქსონის წინააღმდეგ ეს ძალიან სერიოზული ბრალდება – პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საიდუმლო მოსმენების და ჯაშუშობის ორგანიზება, ასევე – უოტერგეიტის საქმის სამართლიანი გამოძიებისათვის ხელის შეშლა და ცრუ კვალზე დაყენება.
სააკაშვილს, მგონი, უმართლებს!
მას შეიძლება, იგივე მუხლი მივუყენოთ და იმავე ბრალდებით გადავაყენოთ, როგორც რიჩარდ ნიქსონი, რომელიც პოსტიდან გადადგომის შემდეგაც კი ამერიკის დიპლომატიის სერიოზულ ვარსკვლავად დარჩა. ბედის ირონიაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ორი ამერიკელი პრეზიდენტი უკვდავჰყო თბილისში: ჯორჯ ბუში, რომლის სახელი აეროპორტისაკენ მიმავალ ქუჩას დაარქვა და რონალდ რეიგანი, რომლის ძეგლი ისეთ ადგილზე დადგა, რომ რეიგანი მარად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს უცქერს. არადა, ლელა კაკულია რომ დაეხმარებინა, ალბათ ნიქსონის ძეგლი უფრო უპრიანი იქნებოდა…
ნიქსონის გადადგომის შემდეგ, უოტერგეიტის ცნობილ სკანდალზე ძალიან ბევრი დაიწერა. ოლივერ სტოუნმა გადაიღო ძალიან კარგი ფილმი „ნიქსონი“, რომელშიც მთავარი როლი ენტონი ჰოპკინსმა ითამაშა… დღემდე არ ცხრება დებატები იმაზე, რამდენად რეალური იყო იმის შანსი, რომ თუ ნიქსონი თავისით არ გადადგებოდა, მისი იმპიჩმენტი მომხდარიყო. ბევრი ამბობს, რომ პრეზიდენტს არაფერში სჭირდებოდა პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა და რომ მას უკეთესი შანსები ჰქონდა, ვიდრე ჯიმი კარტერს… ამბობენ, რომ მედიამ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მსხვერპლად აქცია პოლიტიკოსი, რომლის ბრალი დამტკიცებული ქრ იყო… ამბობენ, რომ პრეზიდენტს უბრალოდ, არ უნდა აეღო თავის თავზე პასუხისმგებლობა, და ყველაფერზე ხელები დაებანა – მეისრეებს და შემსრულებლებს დაიჭერდნენ, ხოლო ნიქსონს მაინც ექნებოდა შანსი გადარჩენილიყო…
მაგრამ პრეზიდენტი ნიქსონი ისევე არის ამერიკის სიმბოლო, როგორც პრეზიდენტი კენედი, პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, ხოლო უფრო ადრე – აბრამ ლინკოლნი და თომას ჯეფერსონი… არცერთი მათგანი არ იყო შეუცდომელი (და რატომღაც მგონია, რომ ამერიკას არც უყვარს შეუცდომლები, უფრო სწორედ – არ სჯერა, რომ ადამიანი, თუნდაც პრეზიდენტი, ან – მით უფრო – პრეზიდენტი, შეუცდომელი შეიძლება იყოს საერთოდ!) და მაინც ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტებში მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ნიქსონმა, სწორედ იმით, რომ დროულად იგრძნო, რომ ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭება ქვეყნისთვის კრიზისის, ხოლო მისთვის რეპუტაციის საბოლოოდ დაკარგვის შანსს შეიცავდა, გადადგა ეს მეტად მძიმე (და ამერიკის ისტორიაში დღემდე ერთადერთი!) ნაბიჯი, არ შეეცადა სხვებზე ბრალის გადაბრალებით ცდილიყო, მიეღწია სკამის შენარჩუნებისათვის და მისი მოწინააღმდეგეთა აღიარებითაც კი, თავისი გადადგომით შეინარჩუნა რეპუტაცია, რომელიც შემდგომშიც – თავისი ლამის 20-წლიანი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის დიპლომატიური მიღწევებით კიდევ უფრო გაამყარა.
==================================
ეპილოგი
————
მაგრამ ნიქსონი აცხონოს ღმერთმა და – ჩვენ რა გვეშველება?
ვიცით რა მიხეილ სააკაშვილის უნარ-ჩვევები, თითქმის გამოვრიცხავ, რომ იგი ნიქსონის მსგავსად გადადგება. მეტიც, ჩემთვის უეჭველია, რომ მიხეილ სააკაშვილის გეგმა ამ ეტაპზე ისაა, რომ ყველა საშუალებების – როგორც საბოტაჟის, ასევე ერთგული მედია საშუალებების და სერიოზული ფინანსური ბერკეტების და ლობისტების გამოყენებით იგი შეეცდება არ მისცეს ივანიშვილის მთავრობას ნორმალური მუშაობის საშუალება, მოახდინოს ადგილობრივ თვითმმართველობებსა, ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამთავრობო გადაწყვეტილებების ღია თუ ფარული წინააღმდეგობა, ხელი შეუშალოს საგარეო და სამხედრო პოლიტიკის და პრაქტიკის განხორციელებას, შეწყალების მექანიზმის გამოყენებით გაანეიტრალოს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი, მუდმივად დათესოს საზოგადოებაში ფრუსტრაცია და ეცადოს ორხელისუფლებიანობის რეჟიმის შენარჩუნება, იმისათვის, რომ 2013 წლის 1-დან 30 აპრილამდე პერიოდში განახორციელოს თავისი დაბრუნების ოცნება – პარლამენტის და მთავრობის ერთდროული დათხოვნით და მერაბიშვილის აღდგენილი კაბინეტისა და ცესკოს თავმჯდომარე ხარატიშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კუბლაშვილის, ასევე სპეცნაზის, ზონდერბრიგადების და სამხედრო შენაერთების დახმარებით მოახერხოს ის, რაც 1 ოქტომბერს ვერ მოახერხა- არჩევნების უფრო მასშტაბური გაყალბება და ძალაუფლებაში კვლავ მოსვლა.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ისაა, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს შეაქვს პროკურატურაში სარჩელი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. სააკაშვილის რეჯიმის ბურჯების მიმართ სულ უფრო მეტი სამხილის გამომზეურება ხდება, ხოლო ახალი წლიდან სასამართლოებში მოსალოდნელი მოსმენები სავარაუდოდ ყველას დაარწმუნებს, რა დონის პლუტოკრატია მეფობდა სააკაშვილის ფასადური დემოკრატიის აბრის ქვეშ.
სრულად ვიზიარებ ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის წინადადებას, რომ ქართული სახელმწიფოსათვის ძალიან კარგი იქნება, თუ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მოხელეები, იმის ნაცვლად რომ შორიდან გვმოძღვრონ, რომ მათთან თურმე მინისტრებს არ იჭერენ, რეალურად დაგვეხმარონ მიმდინარე სამქეების ძიებაში! მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი მილიარდი დოლარი და ევრო დაახარჯეს საქართველოს აშშ-მა და ევროპამ, ძალიანც უნდა ეთანხმებოდნენ იმის გამოძიებას, სად და რაში დაიხარჯა მათი გამდამხდელების მიერ გადახდილი და საქართველოში ჩადებული თანხები. ვისთვის დაიხარჯა ეს ფული – საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ ამ მოსახლეობის დაშინება-გატყავებაზე ორიენტირებული რეჟიმის ფანტაზიების განხორციელებაზე? არა მგონია, ასეთ გამოძიებაში ჩაბმაზე უარის თქმა სწორი იყოს დასავლეთის მხრიდან! გასაგებია, რომ ისინი წლების განმავლობაში სააკაშვილს პარტნიორად და საღადმოაზროვნე პოლიტიკოსად, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ მზეჭაბუკად განიხილავდნენ! ჰოდა, განა უპრიანი არ იქნება, რომ თავის ყოფილ პარტნიორს არა შორიდან დაუდგნენ მხარში, არამედ საკუთარი გამომძიებლები ჩააბან გამოძიებაში? განა ბევრად მოგებული არ იქნება ქართული საზოგადოებაც (მიხედავად იმისა, თუ ვისისტებზე ვლაპარაკობთ) , თუ ჟვანიას, აფრასიძეების, შარაძის, რობაქიძის, გირგვლიანის, გამცემლიძის, 26 მაისის და სხვა გახმაურებულ საქმეებში ამერიკის გფბ ან ინგლისის სკოტლენდ იარდის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას? როდესაც ამერიკის მთავრობას ამოდენა სახსრები აქვს დახარჯული ქართული ჯარის და საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე, განა საშური არაა, რომ თავად იყვნენ გამოძიების უშუალო მონაწილეები – რა, სად, როდის,და როგორ დაიხარჯა და გაკეთდა?
მიხეილ სააკაშვილს, თუ ნიქსონის მსგავსად პოლიტიკურ ოპონენტებზე თვალთვალის და მოსმენების ბრალდება წარედგინა, ორი გამოსავალი აქვს – ან ნიქსონივით გადადგეს, ან – ყველაფერი შსს მინისტრებს – მერაბიშვილს, შაშკინს და ახალაიას გადააბრალოს და ხელი დაიბანოს… თუმცა მაშინ ხომ ეს უკანასკნელნიც ხელსა დაიბანენ და მიშას წინააღდმეგ ისეთი ჩვენებები შეიძლება მისცენ, რომ გადადგომა სანატრელი გაუხდეს კონსტიტუციის გარანტ/თერძს?!
თუმცა არის კიდევ ერთი საინტერესო გამოსავალი, რომელიც არსებულ ვითარებაში ყველა მონაწილისათვის – ქართული საზოგადოება, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, ამერიკის და დასავლეთის ლიდერები – მისაღები უნდა იყოს (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა)
– თუ მიხეილ სააკაშვილი თავად შეიტანს პარლამენტში წინადადებას, რომ გასწორდეს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზი და მისი 5- წლიანი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ (2013 წლის 20 იანვრიდან!) ამოქმედდეს ის ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
– ასეთ შემთხვევაში პარლამენტს შესაძლებლობა ექნებოდა, თავისი განსაკუთრებული გადაწყვეტილებით, გამონაკლისის წესით, გაეგრძელებინა მიხეილ სააკაშვილისათვის საპრეზიდენტო უფლებამოსილება (ოღონდ უკვე ახალი – შეკვეცილი ფორმატით!) 2013 წლის ოქტომბრამდე, როდესაც ჩატარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.
– ქვეყნის უმაღლესი პირი, 2013 წლის 20 იანვრიდან გახდებოდა ბიძინა ივანიშვილი.
რა თქმა უნდა, ეს ფორმულა ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა შეიძლება არაბალნსირებულად ჩათვალონ, რომ ისინი ფაქტიურად არავითარ მოგებას არ იღებენ და ძალიან ბევრს თმობენ. თუმცა აპრილის რევანშის შესაძლებლობაზე ნებაყოფლობით უარის თქმის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ რეალური ოპოზიციის უფლებამოსილებას და არ გამოვრიცხავ, დღის წესრიგში დადგეს საპარლამენტო და საპრეზიდენტო ხელისუფლების წევრებისათვის პოლიტიკური გარანტიების საკითხიც. ჩემი აზრით, ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ სისხლის სამართლის წარმოება შეწყდება (ეს გამორიცხული უნდა იყოს!), მაგრამ შეიძლება სასჯელის აღსრულების მექანიზმების შესახებ მსჯელობა, მაგალითად, – უმრავლეს შემთხვევებში (გარდა მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისა) პირობითი სასჯელის, სასჯელის გადავადების, ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისა თუ (ნაკლები სიმძიმის დანაშაულის შემთხვევაში) – ფინანსური ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა.
თუ ნაციონალური მოძრაობა ასეთ ალტერნატივაზე უარს განაცხადებს, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას და მთავრობას ამ ალტერნატივის თავად განხორციელების შანსი ეკეტებათ. უბრალოდ, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სხვა ლეგალური მექანიზმების (რეფერენდუმი, იმპიჩმენტის მექანიზმი) ამოქმედება.
კითხვები მოტივირებულ და ჰიპერაქცენტირებულ ჟურნალისტს
Posted: 2012/11/17 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: აქცენტები, ბაჩო ახალაია, დაჭერები, ეკა კვესიტაძე, თეა წულუკიანი, შოთა უტიაშვილი 3 Comments
თავის გადაცემა “აქცენტებში” 2012 წ. 16 ნოემბერს უკვე დაუფარავად აქცენტირებულმა და მოტივირებულმა ეკა კვესიტაძე-უტიაშვილისამ ბრალი დასდო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომ მან თურმე ბაჩო ახალაიას უწოდა „მონსტრი“ და ამით დაარღვია უდანაშულობის პრეზუმფცია!
მინდა ვკითხო ობიექტური ჟურნალისტობის დედოფლობაზე პრეტენზიის მქონე ძვირფას ქ-ნ ეკას:
1) ჰქონდა თუ არა მას იმის განცდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არღვევდა უდანაშუალობის პრეზუმფციას, როცა ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ დღეებში პირდაპირ ეთერში ბრალი დასდო გენერალ კობა კობალაძეს სამშობლოს ღალატში და განაცხადა, რომ ასეთები, როგორიც კობალაძეა, ადრე იყვნენ დასაჭერი და მათ აქამდეც არ უნდა ებოგინათ საქართველოში?
2) მოუსმენია თუ არა ქ-ნ კვესიტაძეს პრეზიდენტის გამოსვლა, როცა მან 53-ე სკოლის 15 წლის მოსწავლეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უწოდა “ხულიგანი” და “კრიმინალი”? პრეზიდენტი პარლამენტში – “ხულიგანი” მოწაფის შესახებ
3) იცის თუ არა თუ არა ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაარღვია არა მარტო უდანაშუალობის პრეზუმფცია, არამედ უკვე სამართალაღსრულების ელემენტარულ პრინციპი, როცა კეისრის მსგავსად ერთპიროვნულად და სასამართლოს ვერდიქტის გარეშე გასცა აფრასიძეების განადგურების, და არა დაკავების ბრძანება! (რაც პირდაპირ ეთერში თავად აღიარა): – ციტატა:
“მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების ბრძანება და ამას ერთი წამითაც არ ვნანობ. ეს იყო ბანდა აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს. გამაგრებულები იყვნენ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მაღალ კოშკში და, ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვერტმფრენებიდან გახსნილ იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით. ეს კოშკები განადგურდა, მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება!” (ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, თბილისში სასტუმრო “რედისონის” გახსნის ცერემონიალზე თქვა).
4) როდესმე თუ გასჩენია სურვილი, ქ-ნ ეკა კვესიტაძეს, – ეკითხა ქვეყნის კონსტიტუტიციისა და ადამიანის უფლებების გარანტისათვის, რომელიმე ზემოთაღნიშნული ფაქტის შესახებ და/ან მოეთხოვა, როგორც დღეს ითხოვს თეა წულუკიანთან დაკავშირებით – აღნიშნული უმაღლესი ხელისუფლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?
5) თუ მოუსმენია მაღალ სტანდარტებზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ეკა ბერიძის 2012 წ. 09 ნოემბრის გადაცემაში, რა კონტექსტში იხმარა ქ-ნმა თეამ „მონსტრი“ ბაჩანა ახალაიასთან დაკავშირებით? ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ მოუსმენია ეს ჩანაწერი, თორემ, ალბათ, ვერ ექნებოდა ის პრეტენზიები, რაც ასე ხმამამღლა განაცხადა:
http://www.youtube.com/watch?v=Fma_8zhYlSE
წულუკიანი ამბობს (25:35) – „საზოგადოების თვალში ბაჩო ახალაია არის მონსტრი“.
მე მგონი, სავსებით გასაგებია, რომ მინისტრი აქ არა თავის პოზიციას აფიქსირებს ბაჩო ახალაიას შესახებ, არამედ აცხადებს იმას, თუ, მისი აზრით, რას ფიქრობს საზოგადოება ბაჩო ახალაიაზე.
რა თქმა უნდა, შეიძლება დავა იმაზეც, საზოგადოების რამდენ %-ს სავარაუდოდ მიაჩნია ბაჩო ახალაია მონსტრად და რამდენს -თეა თუთბერიძის (და ალბათ ქ-ნი ეკას) მსგავსად – ანგელოზად, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პირველთა რაოდენობა მეორეებთან შედარებით (ციხის ბუნტის, სახალხო დამცველის და აშშ სახ. დეპარტამენტის ანგარიშების, ლაფანყურის ოპერაციის, ციხეში პატიმრების გაუპატიურების და უკვე არსებული მრავალი ბრალდების გამო) გაცილებით მეტია. ყოველ შემთხვევაში, მთავარი ისაა, რომ თეა წულუკიანს არ უთქვამს, რომ მისი აზრით ბაჩო მონსტრია და ამდენად მის მიმართ ეკა კვესიტაძის პრეტენზია, ჩემი აზრით, უსაფუძვლოა. და საერთოდ – კარგს იზამდა ეგზომ ცნობილი ჟურნალისტი, სანამ ბრალდებებს დაარიგებდა, პირველწყაროს თუ გაეცნობდა, თორემ არცხვენს მის შემქებ ჯონ ბასსაც და ბიძინა ივანიშვილსაც.
დაბოლოს, ერთი რამ მინდა ვთქვა.
ბოლო ხანებში, მის მერე, რაც პროკურატურამ თავდაცვის და შს სამინისტროების მაღალჩინოსანთა საქმეების გამოძიება და დაკავებები დაიწყო, ქ-ნი ეკა ძალიან გაღიზიანებული ტრადიციულზე კიდევ მეტად ტენდენციური ჩანს. განსხვავებით იმ დღეებისაგან, როცა ციხეებში პატიმრების წამების გამო მოწყობილ მრავალათასიან მიტინგებზე სტუდენტების გვერდით იდგა და უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად პროსახელისუფლებო ჟურნალისტის ტრადიციულ იმიჯს “ამსხვრევდა”.
ადამიანურად მე მესმის ქ-ნ ეკასი, და მაინც, თუ ის ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მუდამ ცდილობდა გაეფანტა ის ეჭვი, რომ მის ოჯახურ მდგომარეობას მის ჟურნალისტურ მიუკერძოებლობაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლია (რაც მე ყოველთვის საეჭვოდ მიმაჩნდა გამომდინარე იმ მაღალი საფეხურიდან, რასაც მისი მეუღლე შსს იერარქიაში იკავებდა), კარგი იქნება, თუ ამას დღესაც შეეცდება, ან – თუ ვერ ახერხებს, – ამას გულახდილად აღიარებს მაინც…
სამართლის მოლოდინში
Posted: 2012/11/12 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ალ კაპონე, ახალაიას საქმე, ბაჩო ახალაია, ბრალდება, გენშტაბი, გიორგი კალანდაძე, კბილაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, პროცესი, წულუკიანი დატოვე კომენტარისაქართველო ყოველთვის იყო პარადოქსების ქვეყანა და ახლა – განსაკუთრებით.
რეჟიმი, რომელიც თავის თავს 50-70 წლიან ჰეგემონიას უწინასწარმეტყველებდა, მალე ჩვენ თვალწინ შეიძლება დაიშალოს.
ნაციონალურმა მოძრაობა, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნები ისე გამანადგურებლად მოიგო, რომ არცერთ რაიონში არ წაუგია, ახლა მაჟორიტარული ოლქებშიც კი დამარცხდა, ხოლო იმ ოლქებში, სადაც მაჟორიტარული არჩევნები დარღვევების გამო განმეორებით ჩატარდა, საერთოდ ფიასკო განიცადა. აშკრაა, რომ თუ დღეს საქართველოში ისევ ჩატარდება არჩევნები, ნაცმოძრაობის რეალური რეიტინგი 20%-ზე დაბალი იქნება.
გარდა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ აკონტროლებს მთავრობას და სამინიტროებს, თვით იმ კუნძულებზეც კი, სადაც მისი ჰეგემონია ფორმალურად არ დარღვეულა, კოროზია აშკარაა. პარლამენტში ნაცმოძრაობის სიით გასული 65 დელეგატიდან 6-მა დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნა. კიდევ 5 დეპუტატი თავს არიდებს პარლამენტში გამოცხადებას და თავისი განწყობების დაფიქსირებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტს მალე 3 მაჟორიტარი დეპუტატი (წულუკიანი, კალაძე, კბილაშვილი) დატოვებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ხმათა შეფარდება 82/65-ზე გახდა, ხოლო პარლამენტის 2/3 უკვე 98-ს შეადგენს. აბსოლუტურ უმრავლესობამდე დარჩენილი 16 ხმიდან „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციის 6 ხმის იმედი. ამდენად, პრეზიდენტის და უზენაესი სასამართლოდ თავ-რის იმპიჩმენტამდე, ისევე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, მხოლოდ 10 საჭირო ხმა არის დარჩენილი.
გარდა ამისა, ზოგიერთ რაიონში დაფიქსირდა საერთოდ ფანტასტიური ფაქტები – საკრებულოებსა და გამგეობებში ქართული ოცნების მხარეს გადადიან ნაცმოძრაობის აქტივისტები და ნელ-ნელა „გაოცნებება“ თვითმმართველობის დონეზეც შეიძლება მოხდეს. ხოლო საერთოდ ფანტასტიური რამ მოხდა ახლახანს სააკაშვილ-კუბლაშვილის სამკვიდროს ციტადელში – თბილისის საოლქო სასამართლოში, რომლის მოსამართლემ სააკაშვილის ერთ-ერთი დასაყრდენი, ყველაზე დიდი ღირსებებით შემკულ მინისტრად დასახელებული ბაჩანა ახალაია გირაოთი არ გაანთავისუფლა და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა… თანაც, ეს მოსამართლე, როგორც იმბობენ, ისეთთა რიგებიდანაა, სააკაშვილის რეჟიმს ადრე დედის დაპატიმრება რომ დაევალებინა, უყოყმანოდ აღასრულებდა ამას…
არადა, არჩევნების წაგების შემდეგაც კი, ნაცმოძრაობის საქმე მძიმედ კი, მაგრამ უიმედოდ არ ჩანდა. ნაცმოძი პრეზიდენტი, მას შემდეგაც კი, რაც ძალოვან მინისტრებზე ჭიდაობაზე უარი განაცხადა, სერიოზულ ძალებს ფლობდა – მთელი ქვეყნის თვითმმართველობა, თბილისის მერიისა და საკრებულოს ჩათვლით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კიდევ ორი ნაციონალური მასშტაბით მაუწყებელი ერთგული „დამოუკიდებელი“ ტელევიზია, თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსი, და, რაც მთავარია – უზენაესი სასამართლო და მოსამართლეთა მთელი კორპუსი, რომელთაც კიდევ კარგა ხანი არ უწევთ გადარჩევა… პრეზიდენტის ხელში ასევე რჩება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, როგორიცაა უმაღლესი მთავარსარდლობა (ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა?!) და შეწყალების ინსტიტუტი. ასევე 2013 წლის აპრილის 30 დღის განმავლობაში მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის დამოკლეს მახვილი.
მაგრამ პირველი სერიოზული ნაპრალი, რომელიც ნაცმოძრაობის, ჯერ კიდევ, თითქოსდა, მონოლითურ კედელს ძირში გაუჩნდა და ტექტონიკური რღვევა გამოიწვია, იყო სააკაშვილის რეჟიმის მთავარი ბურჯების ქვეყნიდან გაქცევა!
წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილს, რომელსაც არჩევნების შემდეგ, მართალია, წაგებულის, მაგრამ მაინც ლამის ისევ გაშუქურებული დემოკრატის დაფნის გვირგვინი ერგო, კიდევ შეიძლებოდა ჰქონოდა, როგორც დასავლური პოლიტიკოსების, ასევე – რიგი საერთაშორისო სტრუქტურების მხარდაჭერა, მაგრამ მისი იმიჯისთვის უმძიმესი იყო ქვეყნის იმ პოლიტიკური ელიტის გვარების შეხსენება, ვინც ქვეყნიდან გაიქცა – იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი (რომელზე იდგა სააკაშვილის „სამართალი“, ბიზნესების კონტროლი და ფარული სალარო, იუსტიციის და პროკურატურის მთელი სისტემა, და ასე ყბადაღებული და ლამის მსოფლიო მაშტაბის ინოვაცია – „იუსტიციის სახლები“), თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი (რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების და განათლების მინისტრი იყო), მისი მოადგილე დავით (დათა) ახალაია, და მისი უცნობილესი ძმა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულების ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია, საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა (რომელიც წესით, ციხეებში წამების საქმეზე დაკავებული უნდა ყოფილიყო), შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალჩინოსნები მეგის და ლევან ქარდავები, გურგენ დონაძე და სხვები… ქვეყნიდან გარკვეული დროით და გაურკვეველი მიმართულებით გასული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც.
სააკაშვილის ყოველი ცდა, რომ მხნე იერი შეენარჩუნებინა და საკუთარი მომხრეები გაემხნევებინა („ჩვენ ჯადოქრები ვართ და ჯერ კიდევ ბევრი რამ მოხდება“) სწორედ ამ პრობლემას ეჯახებოდა მყისიერად!
– რატომ უნდა გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან ყოფილი დიდჩინოსნები, თანაც ფაცხაფუცხით და ჩუმად, თუ მათ არაფერი ჰქონდათ დაშავებული?
– როგორ უნდა დაეჯერებინათ, თუნდაც ნაცმოძრაობის მომხრეებს, რომ 6 თვეში სააკაშვილი ისევ დაიბრუნებდა ქვეყნის მართვას, თუ მისი უერთგულესი კადრები ფაცხა-ფუცხით გარბოდნენ საქართველოდან?
– როგორ შეიძლება, ქვეყანა რუსეთთან დე იურე ომის მდგომარეობაში მყოფად მიგაჩნდეს და შენი თავდაცვის ექს-მინისტრი მიამიტურად იცინოდეს, მერე რა მოხდა, თუ ქვეყანა დავტოვე და ამერიკაში გადმოვბარგდიო?
მოკლედ, სააკაშვილი ალბათ ბევრს ცდილობდა და ეცდება, რომ ეს სამარცხვინო ლაქა ჩამოეშორებინა. გაქცეული და განდგომილი „თანამებრძოლის“ პრობლემის გადაჭრის ორი ტრადიციული გზა არსებობს: მისგან გამიჯვნა, რაც ახლა აშკარად ვერ გამოდგება, რადგან ისეთი ხალხი იყო გაქცეული, მიშას რომ მათზე ქებით და ტრაბახით ენა არ ეღლებოდა, თანაც ოქრუაშვილის ანალოგიური მაგალითისგან განსხვავებით, ამათზე ახლა რაღაც საქმეების გამომზეურებას,ალბათ, აზრი არ ექნებოდა – ხალხი (ქართველიც და უცხოელიც) იტყოდა, თუ ეგეთი საზიზღრები იყვნენ, რატომ მანამდე არ გვითხარი ეგ ყველაფერიო! მეორე გზა უფრო მომხიბლავად ჩანდა – ამ გაქცეულთა თანდათანობითი მობრუნება საქართველოში, ვითომც არაფერი ყოფილა! გადაიღალნენ, ბატონებო ამდენი პოლიტიკური ბატალიებით, წავიდნენ, თვალს წყალი დაალევინეს, დაისვენეს და დაბრუნდნენ – არ გარბიან, რა აქვთ გასაქცევი, ყველა კითხვას მშვიდად და დამაჯერებლად უპასუხებენო!
სავარუდოდ, სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, მისი ახლობლები რომ გარბოდნენ, მაგრამ მაშინ ვერ გაუბედა შეჩერება, რადგან თავად პრეზიდენტის იმუნიტეტი იცავს, ხოლო ამათ კი, მისი დურაქული ნაბიჯების გამო, საპარლამენტო მანდატიც კი ვერ ერგოთ (წარმომიდგენია, როგორ ირტყამენ თავში ხელს ნაცმოძრაობის ბონზები, რომელთაც პარლამენტის სიაში ადგილები მარიამ საჯაიას, ზურაბ ჯაფარიძეს, თინათინ ბოკუჩავას, სერგო რატიანს, ირმა ნადირაშვილს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, და სხვა „ახალ სახეებს“ დაუთმეს! თუ „ქართული ოცნება“ თავად ნაცმოძრაობის ტაქტიკას გაიმეორებდა და კბილის წილ კბილს დაუბრუნებდა, ადვილი მოსალოდნელი იყო, დღეს ყველა გაქცეული პირი ვირის აბანოში გვეხილა. ამიტომ სააკაშვილი მათ გაქცევას წინ ვერ აღუდგებოდა.
მაგრამ გავიდა ერთი თვე და მიშამ, სავარაუდოდ დაუწყო ხვეწნა (არ გამოვრიცხავ, მუქარაც დაიწყოს), რომ თანამებრძოლები დაბრუნებულიყვნენ. ლოგიკა ასეთი იყო – „სჯობს დაბრუნდეთ ახლა, თუ არ გინდათ, რომ ვეღარასოდეს დაბრუნდეთ!“
პირველი ამ მოწოდებას ბაჩო ახალაია დაეთანხმა. მართალი გითხრათ, არ მაქვს ზუსტი პასუხი იმაზე, რამ განაპირობა მისი ასეთი ნაბიჯი, მაგრამ შევეცდები, ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ:
- ბაჩო ახალაია, შაშკინისაგან და ადეიშვილისაგან განსხვავებით, არის ის პიროვნება, ვინც უცხოეთში ადვილად თავშესაფარს ვერ იშოვის. როგორც უკვე აღნიშნა ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ – პატიმრების არნახულ წამებასა და გაუპატიურების სისტემის დანერგვაზე თუნდაც ეჭვის არსებობა, და თანაც – იმის ფონზე, რომ ახალაიას სახელი 2007-2008 წლებში არა არტო საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში, არამედ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც ხვდებოდა ძალაუფლების გადამეტების და პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობის (ციხის ბუნტის) გამო, თითქმის გამორიცხავს იმის შანსს, რომ ახალაია ამერიკის და დასავლეთ ევროპის ლიდერებმა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის ღირსად ჩათვალონ. მეტიც, მას უბრალოდ ვიზის მიღების პრობლემაც კი შეიძლებოდა შექმნოდა, ხოლო ინტერპოლის ცირკულარში მოხვედრის შემთხვევაში, უეჭველად მისი საქართველოში დეპორტაციაც მოხდებოდა. სწორედ ამიტომ, ახალაიამ, მისივე დასტურით, არა ამერიკას ან დასავლეთ ევროპას, არამედ თურქეთს მიაშურა.
- ბაჩო ახალაიას მსგავსად, სავარაუდოდ, თურქეთს აირჩევდნენ ადგილსამყოფლად მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და წამებაში ეჭვმიტანილი სხვა პირებიც. მაგრამ მათგან განსხვავებით, ბაჩო და დათა ახალაიებს ერთი უზარმაზარი პრობლემა აქვთ – მათი სავარაუდო მონაწილეობა ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვასა და სისხლიან ფინალში. როგორც ჩეჩნების, ასევე ქისტების მხრიდან უკვე არაერთხელ გაიჟღერა (ბოლოს – გადაცემა ”პოლიტმეტრში” მექა ხანგოშვილმა გაახმაურა), რომ ბაჩო ახალაიას (ან – ორივე ძმას) არ ეპატიება ის, რაც მათ ამ ხალხის შვილებს გაუკეთეს. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩეჩნების ყველაზე დიდი დიასპორა სწორედ თურქეთშია. ამდენად, ახალაია, თურქეთში კიდევ უფრო დაუცველი იქნებოდა, ვიდრე თბილისში. თან თუ თბილისში მას ციხე ემუქრებოდა, თურქეთში – გაცილებით უარესი აღსასრული. ვფიქრობ, ეს საკმაოდ წონადი არგუმენტია, მით უფრო, თუ გავიხსენებთ იგივე მექა ხანგოშვილის მიერ მოყვანილ მაგალითს – რუსულ ციხეში ჩეჩენი გოგონას მოკვლისათვის 8 წლის გამტარებელ მაიორ ბუდანოვსაც კი ჩეჩნებმა ბრალი არ აპატიეს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე თვეში მოსკოვში ჩაცხრილეს.
- მიხეილ სააკაშვილის არგუმენტები, დათა ახალაიას დასაბრუნებლად რამდენიმე მიმართულებით საკმაოდ ლოგიკური იქნებოდა. მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლო კოტე კუბლაშვილის ხელშია, მიშა ალბათ დაჰპირდა ბაჩოს, რომ სასამართლო (თუ ქვედა დონეების არა, უზენაესი – მაინც) მას უეჭველად გაამართლებდა. ხოლო თუ ესეც ვერ მოხდებოდა, თავად პრეზიდენტი გამოიყენებდა უკვე გასამართლებული პატიმარ ახალაიას შეწყალების უზენაეს უფლებას! თან ასეთი შეწყალება ახალაიასთვის ინდულგენცია იქნებოდა – შემდგომში ქართული მართლმსაჯულება იმავე ბრალდებით მას ვეღარ გაასამართლებდა. ასე რომ, სააკაშვილის მიერ შეთვლილი ვერდიქტი საკმაოდ ჰგავდა იმას, რაც მუშნი ზარანდიამ დათა თუთაშხიას გამოუტანა – ბაჩო უნდა ჩამჯდარიყო 1-2 თვით და მერე „გასუფთავებული“ გამოვიდოდა, ან – სასამართლოს მიერ გამართლებული, ან – პრეზიდენტის მიერ შეწყალებული.
- სააკაშვილიც და ახალაიაც კარგად ხვდებიან, რომ მათ მანევრის მეტი შესაძლებლობა ახლა უფრო აქვთ, ვიდრე მომავალში. ბაჩო ახალაიას ჩამოსვლა უნდა ყოფილიყო სიგნალი ნაცმოძრაობის დაბნეული და შეშინებული მომხრეებისათვის – „ჩვენ აქა ვართ!“ თუ წინა პუნქტში აღწერილი სააკაშვილისეული გეგმა – „ბაჩო ჯდება მიდის სასამართლოში და გამოდის განბანილი და განწმენდილი!“ წარმატებით დასრულდება, მაშინ მით უფრო მოსალოდნელია, რომ შემდეგი „დაბრუნებული“ შაშკინი იქნება და შემდეგ, არაა გამორიცხული ადეიშვილმაც მოიკრიბოს სითამამე (თუმცა, მე, პირადად, ადეიშვილის დაბრუნება ყველაზე დაუჯერებლად მიმაჩნია). საქმე იმაშია, რომ თუ ნაციონალების ქურუმები პირადი მაგალითით თავიანთ მრევლს დროზე არ გაამხნევებენ, თვითმმართველობებში დაწყებული მაისურების შეცვლის პროცესი შეიძლება პარლამენტზეც გავრცელდეს. სააკაშვილის და ახალაიას ერთობლივი გეგმა სწორედ ის იყო, რომ არ დაეშვათ პარლამენტში ნაცმოძრაობის ზოგიერთი პოტენციურად მერყევი ელემენტის დაკარგვა – საქართველოს ქუჩებში თავისუფლად მოსეირნე ბაჩო ახალაია სწორედ ამის პრევენციის სერიოზული ფაქტორი უნდა გამხდარიყო. სააკაშვილის ზუსტი გზავნილი სწორედ ეს იქნებოდა – მანამ დამეხმარე, სანამ მე ჯერ კიდევ შემიძლია შენი გადარჩენაო. აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველდღე სააკაშვილის სისტემის მიერ მრავალი წლის განმავლობაში დათესილი შიშის ყინული სულ უფრო ლხვება და სულ უფრო მეტ ადამიანს შეაქვს სარჩელი ამ სისტემის მიერ ლამის კანონად ქცეულ უსამართლობათა გამოსწორებაზე. ასე რომ, რაც უფრო გვიან ჩამოვიდოდა ბაჩო, მით უფრო თავისუფალი ხალხი დახვდებოდა მას აქ, მით უფრო ნაკლები შანსი სისტემის აღორძინებისა, და მით უფრო მეტი მტკიცებულებები მისსავე წინააღმდეგ.
- ბაჩო ახალაიას დაბრუნების კიდევ ერთი მიზეზი იყო ის დასაყრდენი, რომელიც მას გააჩნია როგორც თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ არსებულ შუა რგოლის „ლიდერშიფში“, ასევე – სამეგრელოში, სავარაუდოდ 200-300 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფების სახით, რომელთა მიმართ ახალმა ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება ირაკლი ალასანიას პირით, რომ მათ შეუძლიათ ჩაერთონ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში. ასევე, თუ სწორია ის ვარაუდი, რომ ციხეებში მარაოსავით გარდამავალი პროტესტი სწორედ რომ ძველი ხელისუფლების, და პირადად – ახალაიას, ერთგული კადრების მიერ იმართება, გასაგებია, რომ ამ პროცესის ახლოდან კონტროლიც უფრო ეფექტური იქნებოდა. სხვათა შორის, ციხეებში პროტესტი დროებით შეჩერდა, რაც ორი აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზით შეიძლება აიხსნას – ა)საქართველოში ახალაიას დაბრუნებამ პატიმრებს გაახსენა, ვინ და რა შეიძლება იყოს სოზარ სუბარის და დღევანდელი სიტუაციის ალტერნატივა, ან ბ)ახლაიამ თავისი ერთგული კადრების მეშვეობით ამ პროცესში ტაიმ-აუტი აიღო.
- უკანასკნელი მოსაზრება უკავშირდება უკვე გამოთქმულ კიდევ ერთ ვარაუდს, რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნება ბაჩო ახალაიას მიერ საკუთარი თამაშის დაწყების მანიშნებელი იყოს, რომელიც სულაც არ არის შეთანხმებული არც მიხეილ სააკაშვილთან და არც – ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებთან. და რომელიც გულისხმობს ბაჩო ახალაიას ფარულ გარიგებას დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომ ახალაიამ შეიძლება მისცეს ჩვენებები ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების საწინააღმდეგოდ, თუ მას მაქსიმალურ სასჯელს აარიდებენ და ციხეში რამდენიმეწლიანი საპატიო ყოფნის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებით გამოუშვებენ. მე პირადად ეს ვერსია არასარწმუნოდ მეჩვენება. თუმცა შიშს დიდი თვალები აქვსო და შეიძლება, ჩეჩნების მხრიდან სისხლის აღების მუქარით შეფიქრიანებული ახალაია მართლაც არ იყოს წინააღმდეგი ციხეში რამდენიმეწლიანი იზოლირებისა და სრულიად გამიზნულად აიყვანა ადვოკატად „ქართული ოცნების“ წევრი. თუ ეს ვარაუდი სწორია (და მის სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს ბრალდების წაყენება შედარებით იოლი მუხლებით, სადაც მინიმალური სასჯელი შეიძლება მხოლოდ 5 წელი იყოს), მაშინ უახლოეს ხანებში საქართველოდან ყოფილ მაღალჩინოსანთა გაქცევის, ან გაქცევის მცდელობებს უნდა ველოდოთ. მაგრამ თუ ხვალ დილით ბაჩო ახალაიას ბრალდებას უკვე წამების მუხლით დაუმძიმებენ, მაშინ ჩემი ეჭვი, რომ ეს ვარიანტი ახლოს არაა რეალობასთან, გამართლდება. ოცნების წევრი ადვოკატიც, მგონი, ის ლაფსუსი იყო, რისგანაც რეალურ ცხოვრებაში არავინ არაა დაზღვეული, მათ შორის დახვეწილი ინტრიგანებიც… თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს სწორედაც რომ დახვეწილი ინტრიგა იყო – იმის დასაბრალებლად, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე დაშვებულ იქნა შეცდომები, რომელიც ადვოკატის პოლიტიკურ შეხედულებებ ს დაბრალდება.
- დაბოლოს, არ შეიძლება არ მივაგოთ სათანადო ბაჩო ახალაიას ერთ მხარეს – ის შეიძლება სადისტიც იყოს და ძალიან ვერაგიც, მაგრამ შეშინებული არ გვახსოვს. მისთვის, მისი მთავარსარდლისაგან განსხვავებით, ალბათ, გარკვეული აზარტი იყო ჯინსის ჯიბეებში ხელჩაწყობილად პროკურატურაში გამოცხადება. ეჭვი მაქვს, რომ ეს არა მარტო თეა თუთბერიძეზე მოახდენდა გავლენას, არამედ ნაცმოძების ენაჩავარდნილ ყოფილ მხარდამჭერებზე. თუ გვახსოვს, სწორედ ბაჩანა ახალაია იყო ის პიროვნება, რომლის მისამართითაც ივანიშვილმა ყოველგვარი რევერანსების გარეშე განაცხადა, რომ იგი იქნებოდა დაკავებული და სამართალში მიცემული. ამდენად, თავის ჩამოსვლით ახალაიამ სწორედაც რომ ნაპოლეონივით შემოთვალა – „ბიჭი ვარ და მოვდივარ, ბიჭები ხართ და დამხვდითო!“
================================================================
ახლა, როცა ბაჩო ახალაიას დაბრუნების შესაძლო მიზეზები მიმოვიხილეთ, იმასაც მინდა შევეხო, რამდენად მომზადებული დახვდა ახალი ხელისუფლება „წამოსულ ბიჭს“. გამოგიტყდებით, მიუხედავად, ზემოთ გაანალიზებული იმ ლოგიკური მიზეზებისა, ახალაიას ჩამოსვლამდე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო იმაზე ფიქრი, რომ იგი ამ ნაბიჯზე წავიდოდა.
ალბათ, არც პროკურატურა და შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებიც არ იყვნენ ამისთვის მზად.
ახლა უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – უპირატესობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს – ახალაიას მხარეზე აღმოჩნდა! როდესაც ვინმეს დაემუქრები, ყოველთვის უნდა გაზომილი გქონდეს, რამდენად მზად ხარ ამ მუქარის ასრულებისათვის. ახალაიამ კარგად გათვალა, რომ რამდენადაც ახალი ხელისუფლება მასზე ძალადობას არ აპირებდა, მისგან აღიარებითი ჩვენების იმედი არც უნდა ჰქონოდათ და მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა – აბა, თუ ბიჭი ხართ, დამიჭირეთო. რა თქმა უნდა, თითქოსდა პრობლემა არ იყო, ხელისუფლებას მწყობრად მოემზადებინა ახალაიას წინააღმდეგ ის ათობით საქმე, რის შესახებ განცხადება ან წინასწარი ინფორმაცია არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში ეს სწორედაც რომ პრობლემა იყო – რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქში თავისუფლად მოსეირნე ბაჩო ახალაია იქნებოდა მოსიარულე მტკიცებულება ახალი ხელისუფლების „უსუსურობის“, მისი ცინკური განცხადებები და ინტერვიუები იქნებოდა იმის დასტური, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სუსტია და თავის დანაპირებს („ახალაიას დავიჭერთ!“) ვერ ასრულებს. ამის შემხედავი დამოუკიდებელი მაჟორიტარები ისევ დაიწყებდნენ ნაციონალებისკენ გადახრას, და ყველა ძალოვან სტრუქტურაში სულ უფრო მეტი მოლოდინი გაჩნდებოდა იმის, რაზეც ჩუმად 2 ოქტომბრიდან ოცნებობენ ნაციონალები – „მიშა აპრილში ამ მთავრობას მოგვაცილებს!“
ასე რომ გაჩნდა სერიოზული დილემა – ახალ ხელისუფლებას არ უნდოდა ბაჩო ახალაია ისეთივე უკანონო მეთოდებით დაეჭირა, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა, მაგრამ იმასაც ვერ დაუშვებდა, რომ ახალაიას რამდენიმე თვის განმავლობაში თავისუფლად ებლატავა და ამით როგორც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იმედგაცრუება, ასევე – ყოფილი რეჟიმის მხარდამჭერ საბოტაჟორთა და რევანშისტთა გადიდგულება გამოეწვია.
გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს არ მოეწონა. ბაჩო ახალაიას ბრალი წაუყენეს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რომ მან დაამცირა, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს. იგივე ბრალი წარედგინათ გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ გიორგი კალანდაძეს და მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას.
და რატომ დარჩნენ უკმაყოფილონი ამით – საზოგადოების დიდი ნაწილი და მედია?
იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის შედეგი დაგვეტყო და მხოლოდ ისეთივე შოუს ველოდით, როგორც ეს სააკაშვილს ჩვეოდა? – ლოგინიდან მაისურ-ტრუსებიან კაცების და ღამისპერანგიანი ცოლების წამოყრის ნატურალისტური კადრებით? ან დაკავებიდან მეორე დღეს სხდომაზე მსახიობებად დაბარებული ბრალდებულების სცენური დაკავებებით სოსო თოფურიძის არტისტულ-დეკლამატორული უნარ-ჩვევების დემონსტრირების ფონზე? მაინცდამაინც ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები უნდა ამოეღო სპეცნაზს ახალაიას ბავშვის სათამაშოების ყუთიდან?
თუ იმიტომ დარჩნენ უკმაყოფილონი, რომ მონსტრად მონათლულ ახალაიას, რომლის კაიკაცობა ჯერ კიდევ 2006-2008 წლების სახალხო დამცველი ანგარიშებსა და იმავე პერიოდში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშია ნახსენები, და რომლის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ სახდეპის მაღალი რანგის წარმომადგენელმა თინა კეიდენაუმ აშშ მთავრობის მოსაზრება 2008 წელს სააკაშვილს გაუზიარა, ბრალი ასეთი „რბილი“ მუხლით წარედგინა?
ძალიან ხშირად გაიხსენეს ამ დღეებში ალ კაპონე. უფრო სწორედ – მისი დაპატიმრების მიზეზი – თუ რა საბუთით გაასაამართლეს – გადასახადების დაფარვა. ყველა კომენტარი ამ თემაზე (ძირითადად, ჟურნალისტების მხრიდან) ამ ფორმით კეთდებოდა – „მართალია, ცნობილია, რომ თავად ალ კაპონეც კი გადასახადების დაფარვის გამო დააპატიმრეს, და მაინც…“
ანუ, რა გამოდის?.. 1929 წელს გამოძიების აშშ აკრძალვათა ბიუროს (დღევანდელი ფედერალური გამოძიების ბიუროს) აგენტმა ელიოტ ნეშმა დაიწყო საქმის ძიება ალ კაპონეს წინააღმდეგ, და 2 წლიანი(!) ძიების შედეგად მხოლოდ ის მოახერხა, რომ ალ კაპონეს გადასახადების დაფარვა ამოუჩიჩქნა და ამერიკის #1 განგსტერი, რომლის შესახებ ძარცვის, ყაჩაღობის, მკვლელობის ათობით ეპიზოდები იყო ცნობილი მხოლოდ ამ მუხლით გაასამართლეს! რაღაც არ გამიგია, რომ ამერიკელებს რცხვენოდეთ ამის. პირიქით, ელიოტ ნეშზე და მის ორწლიან საგაზე ამერიკის ყველაზე საშიში დამნაშავის წინააღმდეგ ტელესერიალები და ბრაიან დე პალმას მშვენიერი ფილმი – „ხელშეუხებელნი“ გადაიღეს (კევინ კოსტნერის, რობერტ დე ნიროს და შონ კონერის მონაწილეობთ). ამერიკელებს 80 წლის წინ არ მოსვლიათ აზრად არც ის, რომ განსახვავებით სააკაშვილის კუდის და სოდისგან ალ კაპონეს სახლში იარაღი ჩაედოთ, ან იმდენი ერტყათ მისთვის, რომ შეთითხნილი „ენვერის“ ფიგურანტებივით ნებისმიერ ჩვენებაზე ხელი მოეწერინებინათ. და არც იმის მორიდებიათ, რომ „რბილი“ მუხლით ჩაეყუდებინათ მონსტრად ცნობილი ალ კაპონე.
და იმასაც ვერ ვხვდები, რატომ არის „რბილი“ უფლებამოსილების გადამეტების მუხლი, ან ადამიანის მოტაცების შეკვეთის მუხლი? რა, ჩვეულებრივი ამბავია, რომ თავდაცვის მინისტრი თავის კაბინეტში ჯარისკაცების ცემა-გინებას ხელმძღვანელობდეს ან პლაცზე მათ საჩვენებელ დასჯას უკვეთავდეს? თუ ასევე ჩვეულებრივია, როცა თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ადამიანს იტაცებენ, ძალადობენ, და მანქანას „აწერენ“? დაბოლოს, ეს ყველაფერი თუ ასე „რბილია“, მაშინ 5-12 წელი, რომელიც კანონშია ამ ქმედებების გამო სასჯელად არის განსაზღვრული, ასევე რბილი მოსახდელია?
მთავარმა პროკურორმა საკმაოდ ნათლად ახსნა „მაესტროს“ ტელეგადაცემა „პრეს პრესში“, რომ მათ წაუყენეს ბრალი იმ მუხლით, სადაც უფრო მალე მოიპოვეს მტკიცებულებები, უკვე ორ დღეში ახალაიას ბრალი დაუმძიმდა ადამიანის მოტაცების შეკვეთის და თავისუფლების აღკვეთის მუხლით, ხოლო სულ მალე ალბათ წამების მუხლის ბრალდებაც ამოტივტივდება. არაა გამორიცხული, რომ საქმეში აღმოჩნდეს იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდება, ადამიანების მოტაცება, მკვლელობა, ფინანსური მაქინაციები…
ასე რომ ვარიაციები თემაზე – ეს რა უბრალო რამეზე დაიჭირეს, ალბათ მალე განავლდება.
მეორე ბრალდება ნაციონალური ბანაკიდან – „როგორ გაბედეს ომის გმირების დაკავება?“
ეს საერთოდ მარაზმული განცხადებაა. ომის გმირობა არ არის ინდულგენცია არ წინა და არც გმირობის შემდგომი დანაშაულების მისატევებლად. მე არ გამოვრიცხავ, რომ როგორც სასჯელის შემსამსუბუქებელი გარემოება იგი შეიძლება ფიგურირებდეს, მაგრამ არა იმ ეტაპზე, როდესაც პირისათვის ბრალის წაყენება და დაკავება ხდება.
მესამე ბრალდება – როგორ შეიძლებოდა ასეთუ „საშინელი“ მეთოდებით ომის გმირების დაკავება. (ახალაიასთან მიმართებაში – „თავისი ფეხით მივიდა ჩვენებების მისაცემად, ამათ კი მოღალატურად დაიჭირეს!“).
ამაზე საერთოდ პასუხის გაცემაც კი არ მსურს, იმდენად ფანტასმაგორიულია ეს ბრალდება, განსაკუთრებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ან ვანო მერაბიშვილისაგან მოდის. ქუჩაში „ნულოვანი ტოლერანტულობის“ და ადგილზე ლიკვიდაციის მეთოდის დამნერგავებისაგან, აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტის ბრძანების გამცემებისაგან, გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის, როინ შავაძის, გია კრიალაშვილის და მრავალ სხვა პირთა ადგილზე უსამართლოდ ლიკვიდატორებისაგან ეს განცხადებები უკვე მარაზმის კვადრატია.
რას აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი?
იგი, იხტიბარგაუტეხლად მიდის ეჭვმიტანილთა ოჯახებში და მათ პირდება, რომ ყველაფერს იზამს „უდანაშაულოთა“ გასამართლებლად და შესაწყალებლად, ხოლო, როცა
კალანდაძეს გირაოთი უშვებენ, მას ისევ არწმუნებს, რომ სწორედ იგი უნდა იყოს გენერალური შტაბის უფროსი! (სხვათა შორის, როდესაც მათ საუბრის ამსახველ კადრებს ვუყურებდი, ისე აღვიქვი, რომ კალანდაძე უდიდესი სიამოვნებით უტყოდა უარს ამ თანამდებობაზე).
არა, ამ კაცს ელემენტარული იურიდიული ცოდნა გააჩნია? („ესაა პიკასოს ბიჭი? ამით ერთობა პიკასო?“)
შეიძლება, რომ ადამიანს, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს „თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით“ ეკავოს მაღალი თანამდებობა? და კერძოდ იყოს გენერალური შტაბის უფროსი? ანუ, ადამიანს, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მან სავარაუდოდ ჯარისკაცების მიმართ გამოიყენა მუქარა, მორალური და ფიზიკური ძალადობა, ამ ადამიანს ისევ ჩააბარო მთელი ჯარი?
ხომ აშკარა იყო, რომ პროკურატურა სააკაშვილის ამ დემონსტრაციულ, მაგრამ უდღეურ ნაბიჯს გააპროტესტებდა და კალანდაძის და შამათავას თანამდებობზე აღდგენას გააუქმებდა?! მართლაც, გიორგი კალანდაძემ მხოლოდ ერთი დღით დაიბრუნა გენერალური შტაბის უფროსობა, და თუ გაჩნდება სამხილები, რომ მან ეს ერთი დღე თავისი ბრალეულობის კვალის წასაშლელად ან პოტენციური მოწმეების დასაშინებლად გამოიყენა, ამით ხომ მისი ბრალი უფრო დამძიმდება?
ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები კი საერთოდ შეურაცხად მდგომარეობაში სრუი სერიოზულობით ამტკიცებენ, რომ კალანდაძის დაკავებით საქართველოს მიადგა წარმოუდგენელი ზარალი – იმის გამო, რომ ქვეყანას არ ჰყავს გენშტაბის უფროსი, გაუქმდა თბილისში დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა!
ვაა-ვა, ნანა! ვაა-ვა, ნანა!
ანუ ის სჯობდა, რომ კომიტეტის სხდომა არ გადადებულიყო, ხოლო გენშტაბის უფროსად ეჭვმიტანილი პიროვნება გვყოლოდა? ან იქნებ, ამ საქმის შესახებ ყველა ცნობა უნდა გაგვესაიუდუმლოებინა, არაფერი არ გვეთარგმნა ინგლისურად და ნატოსთვის მიგვეწერა ასეთი შინაარსის წერილი:
А в остальном прекрасная маркиза – все хорошо все хорошо
საერთოდ, ამ საქმეში გენერალი კალანდაძე სულ უფრო მეტად ეფლობა პოლიტიკური ბატალიების ჭაობში, სააკაშვილის გამო, რომელსაც გენერალი ჯოკერად უნდა გამოიყენოს. ჯერ იყო და ომის წაგებიდან 4 წლის განმავლობაში სააკაშვილმა მაიორი ბრიგადის გენერლად აქცია. მერე იყო და ჭანკოტაძის პერიოდში 29 წლის ახალგაზრდას დე-ფაქტო ქართული არმიის ხელმძღვანელობა (სინამდვილეში კი შემადგენლობის მოსმენა-დაშინება-ტერორი) დაავალეს. მერე იყო და, ალასანიას გამინისტრების შემდეგ, როცა საკმაოდ დიპლომატიური გადაწყვეტილება მოიძებნა, რომ კალანდაძე სასაწავლებლად წავიდოდა, ხოლო მისი მოადგილე კაპანაძე მის მოვალეობას შეასრულებდა, სააკაშვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა და ქართული ჯარი ორხელისუფლებიანობის ძალიან სერიოზული საფრთხის წინ დააყენა. ხოლო ახლა უკვე სასამართლოს მოლოდინში მყოფ კალანდაძეს პრეზიდენტი ისევ ჯიუტად არწმუნებს, რომ მას ვერავინ შეცვლის, და რომ სწორედ იგი უნდა დარჩეს გენშტაბის უფროსად…
სააკაშვილი ღია დაპირისპირებაზე მიდის. 12-14 ნოემბერს საქართველოს შიდა პოლიტიკური ფრონტი ბრიუსელში გადაინაცვლებს, სადაც ერთდროულად ოფიციალური ვიზიტით ჩადიან პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი… ნატოს კომიტეტში მოულოდნელი დებატებიც დაიწყო იმაზე, როდის უნდა ჩატარდეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.
http://argumentiru.com/politics/2012/11/213334?type=all#fulltext
მერი (სიქველი არაქველზე)
Posted: 2012/11/10 Filed under: ინტერმეცცო | Tags: მერი, უგულავა %(count)s კომენტარიკარში გაგდებდნენ იმ დილით, მერი!
მერი, იმ დილით მაგ თვალთა კვდომა,
კანცელარიის შენობის ჭერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებულსა და მოცახცახეს
გეჭირა ხელში ფურცელთ კრებული,
მაგრამ ქაღალდზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
სკამზე იჯექი, მერე წამოდექ,
ბოტოქსტუჩებით დაფქვი სათქმელი.
მაგრამ გაფიცვით გათანგულ მერთა
სხვა არის ლოცვა განსაკურნელი.
მესმოდა შენი დემაგოგია…
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს სხდომა იყო, თუ – ცოცხით გვემა?
ლიფტებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და DIVA-ს ჩეკებს ქარში კარგავდა…
იყო ობლობა და თავში ჩარტყმა,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
სხდომიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად გატარებდა? ხედვა გიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
„არმანი“ ტანზე შემოიხვიე,
თავი მიანდე ფიქრს შეუწყვეტელს…
აჰა! მერიაც! შენ გეპეისთან
ღონემიხდილი მიაწექ კედელს.
ასე მწუხარე იდექი დიდხანს
და შენს წინ შავი “მერსედესები”
აღმუილებდნენ ძრავებს ბნელხმიანს,
ვით ბედისწერის კატა-კლიზმები.
და შრიალებდა ტოტი საჯდომი
რაზე? – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ტრანში, რომელიც შენ არ გეღირსა, –
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: „უეცარი ჩემი იმედი
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა კომპრომატები,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვწურავდი რიყეზე ბადაგს?
ან პლეხანოვსა რად აღვადგენდი?
ვინ დააფასებს აწ ჩემსა ამაგს?“
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც გწყდებოდა გული,
და… შენ ატირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
იდეა – ბიძინა გიორგობიანისა, არანჟირება – სოლომონ თერნალელისა
09.11.2012
მკლავჭიდში დაკარგულები და შენ ტე-ს დილემა
Posted: 2012/11/03 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიძინა ივანიშვილი, ბრეხტი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამარ გურჩიანი, კავკასიური ცარცის წრე, მინისტრთა კაბინეტი, მკლავჭიდი, ნაცმოძრაობა, ომბუდსმენი, საზოგადოებრივი კონსენსუსი, სამოქალაქო საზოგადოება, სეჩუანელი კეთილი ადამიანი, ქართული ოცნება 2 Commentsუკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 3-4 წლიანი ინტერვალით მსოფლიო ყურადღების ველში ექცევა ხოლმე (1989-90, 1992-93, 1995, 1999, 2003, 2008, 2012). ამ პერიოდში იყო ყველაზე კატასტროფული დაცემის (1992-94, 2008) და ყველაზე იმედიანი წლები (1989-90, 2003-2005, 2012). მეცნიერული ძალის მტკიცებულებად ვერ გავასაღებ, მაგრამ ჩემი საახლობლოს კოჰორტის მიხედვით ოპტიმიზმის ინდექსი შემდგნაირად ცვალებადობდა:
ამჟამად, საზოგადოებაში არის მაღალი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ, ყველაფერი თუ არა, უმრავლეს სფეროებში საქმეები უკეთესობისაკენ წავა. და ყველაზე მეტ გაუმჯობესებას ველოდებით იმ სფეროში, სადაც ყველაზე დედანატირები იყო სიტუაცია – ეს არის სამართლის და სიმართლის დამკვიდრების სფერო.
და მართლაც, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს წინათ, ალბათ, საუკეთესო დამცველი ახლა ციხეების მინისტრია, რომ რამდენიმე ასეული პატიმრის განთავისუფლება ან რეჟიმის გაუმჯობესება, და ათასობით პრობაციონერისთვის სასჯელის გაუქმება უკვე დაიწყო და ციხეებში სამედიცინო სამსახურის სერიოზულად გამოსწორებაც იგეგმება, როცა უფლებადამცველების ციხეებში შესვლა აღარ არის აუხდენელი ოცნება, როცა ყოფილი პატიმარი დაჩი ცაგურია თავად გვიყვება ნანახს იმაზე, დღეს რა დღეში არიან პატიმრები (და მე პირადად, დაჩის სიტყვებს ძალიან ვენდობი!), შეიძლება ითქვას, რომ იქ, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო – საქართველოს გარედან გალამაზებულ და შიგნიდან გაუბედურებულ და საწამებლად გადაქცეულ ციხეებში – ხელშესახები უკეთესობა უკვე არის და ეს სფერო გამოსწორების გზაზეა!
ასევე, ამ მედლის მეორე მხარეც – ანუ ვის ასამართლებენ და როგორ ასამართლებენ, მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრების რეალისტურ მოლოდინშია. თეა წულუკიანის, თინა ხიდაშელის, არჩილ კბილაშვილის, სანდრო ბარამიძის, დავით ჯანდიერის და სხვათა მოქმედების დაწყებას და შედეგებს საზოგადოება ისეთივე დაძაბული მოუთმენლობით ელის, როგორც ადრე, ცნობილი მექსიკური სერიალის Богатые тоже плачут მორიგ სერიას…
მაგრამ რაც უფრო იზრდება სამშობლოდან გადახვეწილ და დასასვენებელ წასულ, მაგრამ შორიდან კიდევ უფრო გამძაფრებულად „სამშობლოს ბედზე მეოხ“ მინისტრთა რიგები, რაც უფრო რეალური ხდება იმის აღქმა, რამდენი რამაა მოპარული და გაყალბებული და, საერთო ჯამში, მართლაც თურმე რას გადავურჩით ამათ ხელში 1 ოქტომბრის ღამეს, მით უფრო უცნაური ხდება ის გავეშების მდგომარეობა, რამაც ქართული საზოგადოება მოიცვა, რომელიც სულ უფრო ისტერიულ ხასიათს იძენს და გონების დაბინდვას ემსგავსება.
==========================================
მადლობა ხალხს!
დღემდე, მგონი, არ მითქვამს და ახლა მაინც, ალბათ უნდა დავაფიქსირო, რომ სააკაშვილის მიზანთროპულ რეჟიმზე იმ მართლაც ისტორიულ გამარჯვებაში, რომელსაც სააკაშვილი ურცხვად ცდილობს თავის ანგარიშზე ჩაიწეროს, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან წყნარი და აუღელვებელი, თავის ძალებში დაჯერებული მენეჯერის სიზუსტით მოახერხა ზუსტად ერთ წელიწადში ის, რასაც ვერავინ ახერხებდა უკვე 6 წელია – საზოგადოების კონსოლიდაცია, დარაზმვა, საუკეთესო პარტნიორების ამორჩევა და მიზანმიმართულ და ეფექტურ გუნდად შეკვრა, რისკების გათვლა და მართვა, სწორი ორიენტირების და პრიორიტეტების დასახვა და ბეწვის ხიდზე გავლა.
2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნები სრული კრახით დამთავრდა და დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელიც გაყალბების სულ უფრო რაფინირებულ მეთოდებს ხმარობდა, ჯენტლმენური მეთოდებით და რბილი თავაზიანობით მოგება გამორიცხული იყო. პირადად ჩემი, და საზოგადოების უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია არა იმდენად გაყალბების soft-ტექნოლოგიებმა, არამედ იმ თავაზიანმა ქცევამ, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობამ „გამარჯვებული“ მოძალადის გამარჯვების აღიარებაში გამოიჩინა. განსაკუთრებით მწარე იყო 2008 წელს პირწმინდად მოგებული თბილისის პირწმინდად წაგება…
მალე ალიანსიც დაიშალა.
მე პირადად ჩავთვალე, რომ სააკაშვილის ნაცმოძრაობის დაშლის ერთადერთი გზა შიდა დაპირისპირება და რომელიმე ლიდერის მიერ სააკაშვილისთვის მოწყობილი მეტნაკლებად ხავერდოვანი პუტჩი თუ იქნებოდა.
ქვეყანა სრული კატასტროფისაკენ მიექანებოდა და ქვეყნის მმართველისთვის კი დაუსრულებელი იყო “ლხინი შავი ჭირის ჟამს”.
ივანიშვილის მოსვლამ იმედი გააცოცხლა.
და მისი ყველაზე სერიოზული მიღწევა იყო ის, რომ მან ხალხი დააჯერა იმაში, რომ სწორედ ხალხს შეეძლო გამარჯვება. მისი პირველივე სიტყვები –
„მე მოვედი, რომ თქვენთან ერთად გავიმარჯვო! არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ყველანი თანამებროძოლები ვართ! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მე მწამს, რომ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას!“ – იყო ის სიტყვები, რამაც ლამის დამბლადაცემულ საზოგადოება ფენიქსივით ფერფლიდან აღადგინა.
და მაინც, მიუხედავად მისი ამ მართლაც ფანტასტიური როლისა, გამარჯვებაში ლომის წილი არა – ბიძინა ივანიშვილს, არამედ ხალხს ეკუთვნის.
სწორედ იმედმოცემულმა ამ საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს აჩვენა თავისი სიძლიერე როგორც თავის მენეჯერს, ასევე – თავის წურბელებს. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი არჩევნები, რაც კი მინახავს. ადამიანები, – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თუ ისინი, ვინც პირველად მივიდნენ არჩევნებზე და ისინიც, ვინც შეიძლება უკანასკნელად მივიდნენ, მოდიოდნენ იმიტომ, რომ სხვანაირად აღარ შეეძლოთ. მათ უკან მათი სამშობლო იდგა, იდგნენ მათი გაყვლეფილი ოჯახები და მათი სულ უფრო უბადრუკი მომავლის პერსპექტივის მქონე შვილები.
2012 წლის 1 ოქტომბერი იყო საქართველოს სამოქალაქო ერთობის დღე. ეს იყო დღე, როცა სოფლელები და ქალაქელები, მოხუცები და ახალგაზრდები, პროფესორები და მუშები, ქალები და კაცები, სხვადასხვა კონფესიისა და ეროვნების პირები თუ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები მოდიოდნენ თავისუფალი არჩევნის დასაფიქსირებლად. და სწორედ ამ ადამიანებმა შიშველი ხელებით და სიმამაცით დაიცვეს თავიანთი არჩევანი ხაშურში, სიღნაღში, ყვარელში, დაანახეს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, რომელიც ღირსია თავად ირჩევდეს თავის ხელისუფლებას.
ერთმა გამოუბადრუკებულმა ფილოსოფოსმა იმ დღის შემდეგ თქვა – სამწუხაროდ, საქართველოში ფულმა გაიმარჯვა დემოკრატიაზეო! ეს იყო ამ აწუბადრუკი ფილოსოფოსის მორიგი დემაგოგიური ტყუილი – სწორედ იმ დღეს ბოლო ოცწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ საქართველოში ფულმა ვერ გაიმარჯვა დემოკრატიაზე. პირიქით, სამოქალაქო ერთობამ გაიმარჯვა პიარსა და უსამართლობაზე დაფუძნებულ დიქტატურაზე. ცუდია, როცა უბირი ადამიანი ტყუის, და საზიზღარი სანახავია, როგორ ტყუის ჭკვიანი ადამიანი.
======================================
გენიალური მწერლის ბერტოლდ ბრეხტის პიესაში, ჩვენი საყვარელი რეჟისორის ჩვენთვის საყვარელი სპექტაკლის აწგარდაცვლილი საყვარელი მსახიობის მიერ განსხეულებული გმირი ამბობს:
– ომი დამთავრდა! მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!!
დღეს რაც ხდება საქართველოში, სულ უფრო მეტად მაბრუნებს ამ მოწოდებასთან და ლამისაა, ვისურვო, რომ აზდაკის ეს გაფრთხილება სარეკლამო ჭრების ნაცვლად ჩასვას ტელევიზიამ, რომ იქნებ ცოტა გამოვერკვეთ…
ძალიან მიჭირს ქრონოლოგიურად აღვადგინო, რას რა მოჰყვა, უბრალოდ შევეცდები ჩამოვთვალო: პატიმრების გარკვეული ნაწილის პოლიტპატიმრებად აღიარების და გათავისუფლების მოთხოვნას ხელს არ აწერს არასამთავრობო ორგანიზაციათა მცირე ჯგუფი (საია, თავისუფალი არჩევნები და სხვა), რაც მოსახლეობის გაკვირვებას და გაღიზიანებას იწვევს; მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ უფრო მზარდი გააფთრებით გმობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ სამშობლოს ინტერესების გაყიდვაში ადანაშაულებს! საქმე არ ეხება არც აკო მინაშვილის სიდედრის და არც კოკი იონათამაშვილის ნაბარტყ ენჯეოებს! არამედ სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომელთა ორგანიზებული და დაუღალავი კამპანია „ეს შენ გეხება!“ იქცა Must Carry-ის დანერგვის, თუ საარჩევნო გარემოს მეტ-ნაკლებად გაჯანსაღების საწინდრად… მოსახლეობის ამ ნაწილის მიერ ხდება აბსოლუტური ტოლობის ნიშნის დასმა „თავისუფლების ინსტიტუტსა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის, არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე რეკომენდაციას უწევს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა, თუმცა ძალიან კვალიფიციურ იურისტს თამარ გურჩიანს, რომელიც ამ პერიოდში საზღვარგარეთ არის მისიით. საზოგადოების ანტი-ენჯეო ნაწილი სასწრაფო ტემპით იწყებს ხელმოწერების მოგროვებას დიმიტრი ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად იმავე პოსტზე. ყალიბდება მხარდამჭერთა ჯგუფები სხვა კანდიდატების – გელა ნიკოლეიშვილის და ლია მუხაშავრიას მხარდასაჭერად. ყველა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ რიგებში 100-ზე მეტი ორგანიზაციია გაერთიანებული. ყალიბდება სტერეოტიპი, რომ გურჩიანი ვითომდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე იქნება კონცენტრირებული, მეორეს მხრივ ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „მამათმავლობა კრიმინალად უნდა იყოს ჩათვლილი“. ამის ფონზე ლორთქიფანიძის მხარდამჭერთა ჯგუფი აცხადებს, რომ ჯერ 60,000, ხოლო მალე უკვე 75,000 ხელმოწერა აქვთ მოგროვილი. ხოლი ენჯეო ორგანიზაციები განმეორებით უგზავნიან ხელისუფლებას შეხსენებას, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ თამარ გურჩიანი სურთ იხილონ და სხვა არავინ… ეწყობა უამრავი ტოქ-შოუ და ხმაურიანი დებატები, სადაც კანდიდატების (განსაკუთრებით გურჩიანის და ლორთქიფანიძის) მონაწილეობა ცეცხლზე კიდევ უფრო მეტ ნავთს ასხამს. მდგომარეობა იძაბება ფეისბუქზეც, სადაც მოწინააღმდეგე ბანაკები ერთმანეთს ლამის ტერორისტულ ოპერაციებს უწყობენ…
ამის ფონზე მწვავდება დაპირისპირება სხვა ფრონტებზეც – ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ როცა სოზარ სუბარმა გამოთქვა ომბუდსმენად ნინა ხატისკაცის კანდიდატურის მხარდაჭერის პოზიცია, ეს იყო უხეში ჩარევა და კონსტიტუციის დარღვევა. სოზარზე, რომელიც ბოდიშს იხდის და ემიჯნება ომბუდსმენის არჩევის პროცესს, მიდის საკმაოდ სერიოზული შეტევები ყველა მხრიდან – პატიმრები, უფლებადამცველები მას ხან მოადგილეს უწუნებენ და ხან ციხის უფროსს აბურჯანიას. ჟურნალისტი შორენა მირცხულავა მთელი ფეისბუქის გასაგონად ხმამაღლა აცხადებს, რომ ფეისბუქმა პატიმრის უფლებები ფეხებზე დაიკიდა და მას ტელეფონი გაუთიშა (თუმცა იმის აღნიშვნა „ავიწყდება“, რომ საქმე მამამისს ეხებოდა თურმე)! ისმის სულ უფრო მკაცრი მოთხოვნები სოზარის გადაყენების აუცილებლობის შესახებ! ამავე დროს ის უფლებადამცველები, რომლებიც ციხეში იყვნენ, ამბობენ, რომ პატიმრები არ არიან ნაწამები, და რომ მართლაც ადგილი აქვს ციხის პატიმრების ნაწილის მხრიდან „პალაჟენიების“ დაბრუნების აშკარა მცდელობას… სოზარი ჯერ მოადგილეს ათავისუფლებს, შემდეგ – აბურჯანიას, რითაც საზოგადოებაში მინისტრზე გამარჯვების პრეცედენტს ქმნის.
შინაგან საქმეთა მინისტრს უწუნებენ სპეცნაზის უფროსის მოადგილედ არჩევას და ღარიბაშვილი ამ კანდიდატურას ცვლის.
აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ როცა გარკვეული კითხვები გაჩნდა ოჯახის წევრებთან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო, ბიძინა ივანიშვილის მიერ უკვე დასახელებულმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავად მოხსნა კანდიდატურა. როცა ლოტოლვილთა და გასახლების მინისტრს აღშფოთებულმა აგრესიული და არატოლერანტული გამოთქმები დაუწუნეს, მან განმარტებები გააკეთა და ბოდიში მოიხადა. ახლა კახა კალაძეს უწუნებენ სააკაშვილის დროინდელი იუსტიციის მინისტრის და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას და კალაძე ამბობს, რომ გია ქავთარაძე თავად გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს…
საზოგადოებისთვის გასაკვირი აღმოჩნდა განათლების მინისტრის მოადგილედ ნაციონალების დროს სკოლის საკმაოდ ოდიოზური დირექტორის მინისტრის მოადგილედ დაწინაურება. მაგრამ გავრცელდა ხმა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებისაგან განსხვავებით, მარგველაშვილი თურმე თავის გადაწყვეტილებებს არ ცვლის!
მე ყველაფერი ეს მკლავჭიდს მაგონებს!
არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ ვაჟკაცური სპორტის წინააღმდეგ და დღესაც მახსენდება, როგორი მოულოდნელი სიხარული განვიცადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როცა ქართველმა ფალავნებმა სპორტის ამ, ჩვენთვის საკმაოდ ახალ, სახეობაში მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ ერთდროული მკლავჭიდის სეანსი, რომელიც ალმოდებულ დარბაზში იმართება, დარბაზი, რომელიც სავსეა მკლავჭიდელ წყვილთა მაგიდებით, – გემის გემბანზეა, გემი კი 9 ბალიან შტორმშია მოყოლილი…
კარგია გამოღვიძება, კარგია, რომ ხალხი უკვე ყურადღებით აკვირდება მინისტრებს და მოადგილეებს, კარგია, რომ ციხეებთან აღამებენ და ათენებენ და მოთხოვნებს აყენებენ, კარგია, რომ ომბუდსმენის კანდიდატებს კითხვებს აძლევენ და ლაკმუსის ტესტებს უყენებენ… ყველაფერი ეს კარგია… პრინციპში კარგია…
მაგრამ ეს გავეშება არ მომწონს, მომკალით და… არ მომწონს, ის კატეგორიულობა და ყელში დასახრჩობად მიწოლა, რომლითაც ამ მასობრივ მკალვჭიდში დაკარგულები ერთმანეთს აწვებიან! სოზარისადმი კითხვები განა არ უნდა დაისვას, მაგრამ სოზარისადმი კითხვების დამსველები ახალაიებს რა კითხვებს უსვამდნენ? ადეიშვილის მიერ ოჯახის წევრების ბედით დატერორებულნი დღესაც რომ არაფერს ამბობენ ადეიშვილზე, სოზარზე მიწოლა რა პონტია? ხომ ვიცით, რომ სოზარს უნდა ვუთხრათ, თუ რამე შეეშალა და არაა ისეთი ადამიანი, რომ თავისას მიაწვეს და ჯიქურ დადგეს – აღიარებს, გადახედავს, შეცვლის… ყველაზე უფრო ის მაღიზიანებს, რომ ამ ცვლილებებს 100%-ით თავის მიმწოლობაზე მიითვლის უცებ ადეიშვილ-ახალაიების დროს ჩირგვში მჯდარი და ახლა სოზარ-ღარიბაშვილის პირობებში გაყარაჩოხელებული საზოგადოება და სოზარისთვის თი ირაკლისთვის მადლობის თქმაც კი დაავიწყდებათ…
და როცა ამ ენეჯეოებს ვაწვებით, გვახსენდება, რომ ასე თუ ისე, სწორედ ისინი, სწორედ საია და “სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “ჰუმან რაითსი” და მრავალი სხვები, ავად თუ კარგად, სუსტად თუ მაგრად, რაც მთავარია, ლამის განუწყვეტლივ, როგორც შეეძლოთ, ამხელდნენ სააკაშვილის რეჟიმს და იმ უსამართლობას, რაზეც ჩვენთაგან უდიდესი უმრავლესობა კრინტს ვერ ვძრავდით? რა ხდება, რომ გავიმარჯვეთ, ახლა არ მოგწონთ ჩუგოშვილი და ლომჯარია?
მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ლორთქიფანიძის აბსოლუტურ მიუღებლობაზე ლაპარაკობს ენჯეო სექტორი და თავის მხრივ ჯიქურ მოითხოვს ომბუდსმენის პოსტზე მხოლოდ საკუთარი კანდიდატის გაყვანას, რაც მათთვის 2X2=4 აქსიომა გამხდარა, ხომ არ ავიწყდება, რომ საზოგადოებისათვის ლორთქიფანიძის და ნიკოლაიშვილის პრაქტიკული საქმიანობა (ციხის ღობეებზე გადაძვრომის ჩათვლით) უფრო ცნობილიცაა და უფრო მომხიბვლელიც, ვიდრე მისთვის უცნობი გურჩიანის უნარ-ჩვევები. ნუთუ ჩვენ ჭკვიან ენჯეოეშნიკებს დაავიწყდათ ნიუტონის მესამე კანონი და ვერ ხვდებიან, რომ მათ სულ უფრო მეტ ხისტ ქმედებას ანალოგიური და უფრო მკვეთრი უკუქმედებითი სიხისტე მოჰყვება იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც უფრო ჭრელიცაა და თავისი გუშინდელი სიზარმაცე ახლა ახალი „გამოღვიძებით“ უნდა დააკომპენსიროს? ხომ არ აჯობებდა, თამარ გურჩიანს უფრო უკეთ აეხსნა, რატომ არ იყო ქვეყანაში მაშინ, როდესაც ქვეყანას მისნაირი შეუპოვარი უფლებადამცველი, მართლაც, თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავდა და ძალიან სჭირდებოდა? იქნებ სჯობდა, რომ ენჯეო სექტორს მეტი მოქნილობა გამოეჩინა და ჯერ საზოგადოების დარწმუნება ეცადა და მხოლოდ მერე – მოთხოვნების წაყენება ხელისუფლებისადმი? ან იქნებ, სულაც ორი კანდიდატი შეეთავაზებინათ ამ მოქნილობის დემონსტრირებისათვის? რაღაც „დაგეხმარე – დამინიშნეს“ ჰგავს ყველა მხრიდან სუფრის თავისკენ გადაქაჩვის ეს მცდელობები.
ნუთუ ვერ ხვდება საკმაო სტაჟის მქონე პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომ პირიდან გაფრენილი სიტყვის მოსაკლავად გულწრფელი ბოდიში უფრო უკეთესი ტყვია შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე სოციალურ ქსელებში და ლაივში ისეთი მომხრეების დარაზმვა, რომელთა მეთოდები და აგრესიულობა გარეგნულ ეფექტურობას კი მატებს მის კამპანიას, მაგრამ ნამდვილად არ მატებს სიმპათიას? პირადად გამოვცადე, რომ მის მომხრეთა კედელზე ჩემი კრიტიკული შენიშვნები გაქრა, ხოლო პირად ინბოქსში თითქმის ისეთივე „მოთხოვნები და დარწმუნებები“ მომივიდა, როგორც ნაციონალთა მხარდამჭერებისაგან მომდიოდა წლების განმავლობაში. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ნიუანსი დავაფიქსირე – ბატონი დიმიტრის მხარდამჭერები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ იგი იცავდა სექსუალური უმცირესობების უფლებებს. მაგრამ რატოღაც ამ ფაქტებზე ლაპარაკი ნაკლებადაა. შალვა რამიშვილმა, (რომლის დაპირისპირება ენჯეო სექტორის წარმომადგენლებისადმი ამ ორივე მხარის მიმართ ჩემს აღშფოთებას იწვევს) ამის ორი მაგალითი მოიყვანა – მათ შორის, ერთი – ვიღაც ყველასთვის ნაცნობი ტრანსვესისტი „სექსოს“ დაცვა დიმიტრი მიერ, და ბოლოში დაამატა, დიმიტრი კი იცავდა ამ ხალხს, მაგრამ თავად არ სურს ამაზე საუბარი, და მე მისი მესმისო… რა გამოვიდა? რომ ლორთქიფანიძე თავის ამ დამცველობით საქმიანობას მალავს?
მართალი გითხრათ, თავად არ მომწონს და მესმის, რომ საკმაოდ საკამათოა ის დასკვნა, სანამდეც მივედი, როცა ამ ომბუდსმენის არჩევნების უკვე აშკარად წრეგადასულ კამპანიას ვუყურებ, მაგრამ მგონია, რომ ან უნებლიედ – საყმაწვილო სენის გამო, ან ნებით – ანგარებითი თუ გარედან შეგულიანების გამო (და ეს „გარედან შეგულიანება“ – ძალიან მრავალსუბიექტიანი შეიძლება იყოს, ცალმხრივად ნუ გამიგებთ), ჩვენმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა რეალობის შეგრძნება დაკარგეს, და მზად არიან ბავშვი წყალს გადააყოლონ. ვეცდები, განვმარტო, რას ვგულისხმობ ამაში.
ჩემთვის ბავშვი – ყველაზე მაღალი ღირებულება – არ არის ომბუდსმენი!
საშინელ მკრეხელობად ჟღერს? კი ბატონო. არა მგონია ვცდებოდე, რომ მგონი, მხოლოდ 76 ქვეყანაში (ანუ მსოფლიოს 1/3-ში) არსებობს ომბუდსმენის პოსტი და იმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ომბუდსმენი არ არის, გაცილებით უკეთ იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, ვიდრე იმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ომბუდსმენი არსებობს! ასე რომ ომბუდსმენი პანაცეა არ არის.
მეტიც, ომბუდსმენი ზუსტად იმ ქვეყანაში და იმ ფორმაციაშია მნიშვნელოვანი, სადაც ადამიანის უფლებებს საშინლად ლახავენ და ფეხქვეშ თელავენ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ კარგი ომბუდსმენი ძალიან სჭირდებათ რუანდას, ზიმბაბვეს, ჩრდილოეთ კორეას და ირანს, თორემ ნორვეგიას და ისლანდიას ომბუდსმენი, მე რომ მკითხოთ, ნაკლებად სჭირდება (ვიცი, რომ ეს აზრი ენჯეო სექტორის მხრიდან შეიძლება მკრეხელობად შეფასდეს).
საქართველოსთვის ომბუდსმენი აუცილებელია! და საუკეთესო ომბუდსმენი საუკეთესო იქნებოდა! მაგრამ მოდით, სიმართლეს შევხედოთ, საქართველოსთვის საუკეთესო ომბუდსმენი სწორედ მაშინ იყო აუცილებელი, როცა საქართველოში მასიური ტერორი და უსამართლობა ბატონობდა! ამიტომ, როდესაც ენჯეო სექტორი და თავად თამარ გურჩიანი (უფლებადამცველობისათვი მართლაც ძალიან კვალიფიციური კანდიდატი!), ამბობს, რომ გიორგი ტუღუში თურმე კარგი ომბუდსმენი იყო და რომ მას თურმე მხოლოდ „ვოკალურობა“ აკლდა, მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ხალხის დღევანდელი დაჟინების რეალური მიზეზები მესმის! რადგან დღეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც მოვიდა, ასე მგონია, რომ გიორგი ტუღუშიც კი არაუშავს ომბუდსმენი იქნებოდა! მაშინ, როცა იგივე ტუღუში, ჩემი აზრით, არ იყო კარგი ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს რამდენიმე მიზეზის გამო:
ა) ვერ იქნებოდა კარგი ომბუდსმენი, იმიტომ რომ ზურაბ ადეიშვილის მეგობარი იყო და ამდენად არ იყო პირუთვნელი – თუ მის ანგარიშებს კრიტიკულად გადახედავთ, ნახავთ, რომ ყოველთვის პოლიციის და პენტიენციარული სისტემის (მერაბიშვილის ფრთის) ნაკლოვანებებს ააშკარავებდა მართლაც დაუნდობლად, მაშინ როცა სასამართლოს მხრიდან არსებული უსამართლობა, ის საოცარი ფაქტები, თუ რატომ იყო გამამართლებელ დასკვნათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლები – მისი ყურადღების მიღმა რჩებოდა. ეჭვი მაქვს – შეგნებულად!
ბ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, იმიტომ, რომ დასკვნებს რომ წერდა, მერე დარღვევების მიდევნება და მუდმივად ხელისუფლების გაღიზიანება, – შეხსენება, გახმაურება, და ქოხიდან ნაგვის გატანა – მისი სტილი არ იყო.
გ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, რადგან ხმარებიდან ამოიღო ტერმინები „წამება“ და „პოლიტპატიმარი“. – თან სწორედ იმ პერიოდში, როცა საქართველოში ეს მიდგომები ლამის პრაქტიკად იქცა.
დ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, რადგან როცა პატიმრები – 700-მდე ადამიანი გწერს, რომ მათ აწამებენ, და შენ ამის დადასტურების და გახმაურების მეთოდებს ვერ ნახულობ, ეს ერთი სისუსტეა, მაგრამ უარესი, როცა ციხეში მიდიხარ და წამებასა და დაშინებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში პატიმარს სწორედ მისი მწამებელი ჯალათების თანდასწრებით ეკითხები, თუ აწამებენ. და მერე ანგარიშში წერ – „კითხვაზე, თუ აწამებენ ან აშინებენ, პატიმარი უარყოფით პასუხს იძლევა“…
მაგრამ ჩემთვის – დღევანდელ მოცემულობაში უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს სამოქალაქო ერთობა.
მე მიმაჩნია, რომ სამოქალაქო ერთობა, რომელიც 1 ოქტომბერს გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს და ანალოგიურად, მოქალაქეებმაც ქარს არ უნდა გავატაროთ.
უკვე აღშფოთებული საზოგადოებისთვის მინდა განვაცხადო, რომ ამ სამოქალაქო ერთობის მიღწევის მიზანს არ ვუყურებ, როგორც ასოცირებულს საყოველთაო დუმილთან, ყველაფერზე თავის დაკვრასთან და შალვა რამიშვილის ცნობილ პროვოკაციულ კლიპში ასახულ „სტაბილურობასთან“. მაგრამ ასევე მიუღებლად მიმაჩნია, რომ მკლავჭიდი მოხრჩობად გადაიზარდოს. და რომ პატიმრების მშობლებმა, რომელბიც ადრე საკუთარი სისხლის და ხორცის სულაც მცირე ხნით გამოსაშვებად მეზობლებში საარჩევნოდ 100-100 ხმის მოსაგროვებლად თავის იმცირებდნენ და ჩვენი მომავლის გაყალბებაში მონაწილეობდნენ (ამაში მათ არ ვამტყუნებ!) დღეს გამარჯვებული პოზიციიდან ციხის ადმინისტრაციას პირობები უკარნახონ, ან ყველა პატიმრის სასწრაფოდ და უპირობოდ განთავისუფლების არარეალური ოცნებების დასაბუთება სცადონ.
ამიტომ, მე პირადად, საკმაოდ მოწყვლად და საკამათო გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ომბუდსმენის არჩევნებში ხმას იმ კანდიდატებს არ დავუჭერ, ვინც უკვე ნათელა აბაშვილივით გამოიჩინა თავი თოკმობმული მიშიკო აბაშვილის თავისკენ გადაქაჩვაში და ვისაც სამოქალაქო ერთობაში ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული გახლეჩის მოხდენა შეუძლიათ – არც თამარ გურჩიანს, რომელსაც არაფრით არ უნდა, რომ საზოგადოების უმრავლესობისათვის თავისი მიუღებლობა დაინახოს და ამის მიზეზი ჩემი აზრით, ისაა, რომ გურჩიანი მათთვის გეი-აღლუმების მხარდაჭერასთან ასოცირდება (და რატომ ხდება ასეთი ასოცირება, ეს თამარმა არა მარტო მოწინააღმდეგეებს უნდა ჰკითხოს, არამედ თავსაც და საკუთარ ხისტ ლექსიკასაც დააბრალოს, როდესაც მას არ უნდა ილაპარაკოს უფლებების დაცვის აუცილებლობის და განსახვავებულობის პროპაგანდის აუცილებლობას შორის შესაძლო კომპრომისზე) და – არც დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც არაფრით არ უნდა, თავის ქსენოფობიურ გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადოს და ამით საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი პერსონისადმი უკეთ განაწყოს. ასე მგონია, რომ დღეს ნებისმიერი ამ ორიდან ერთი კანდიდატის არჩევა საზოგადოებას ძალიან მკვეთრად გახლეჩს და ეს ისეთი ფასია, რომელიც მე არ მინდა გადავიხადო არცერთი ამ კანდიდატის ომბუდსმენობაში. მირჩევნია, ოდნავ ნაკლებ მებრძოლი კანდიდატი და ნაკლებ მხარდაჭერილი კანდიდატი გავიდეს და საზოგადოების არ ც ერთმა და არც მეორე ნაწილმა თავი დამარცხებულად არ იგრძნოს და მეორე ნაპირიდან გამარჯვებულთა ყიჟინაზე შურისძიების გრძნობა არ გაუჩნდეს… სამწუხაროდ, ჩემთვის დღეს ამ ორივე კანდიდატიდან ნებისმიერის წარმატება იმის შანსს უკავშირდება, რომ ამას ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს – ცენტრალური ხელისუფლების სერიოზულად დასასუსტებლად. და ეს – იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის აპრილში პრეზიდენტ-ვოლდემორტის ის მიერ პარლამენტის დათხოვნის შანსი ჯერ კიდევ არსებობს
ხოლო ნაციონალური მოძრაობა რომ გულხელდაკრეფილი არ ზის, და საბოტაჟს ამზადებს და ახორციელებს, ამაზე ბერვი მინიშნება თუ ლამის მტკიცებულება არსებობს:
– დევნილების კატასტროფულად გახშირებული შევარდნა სხვადასხვა საცხოვრებელი ფართის დასაკავებლად. დევმნილების მხრიდან უკვე გაიჟღერა ქალაქის მერიის რამდენიმე თანამშრომლის გვარმა, რომლებიც დევნილების შევარდნის პროცესს აგულიანებენ და კოორდინაციას უწევენ.
– რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ძალიან სერიოზული შემთხვევა სოფელ ნიგვზიანში, როცა წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა მუსულმანი და ქრისტიანი თემის თანაცხოვრებისა, უეცრად ძალიან ხისტ არატოლერანტობაში გადაიზარდა და იმწამსვე სცენაზე გაჩნდა რამდენიმე დღით გაუჩინარებული თვალებმოცინარი პრეზიდენტიც, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა, რომ მისი მმართველობის პირობებში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა (კიდეც გაბედავდნენ!) და ივანიშვილის მთავრობას მკაცრად მოთხოვა რეაგირება იმაზე, რაც, ჩემი აზრით, სწორედ პრეზიდენტის ფარული მცდელობების შედეგია;
– რუსთავის მე-16 ციხეში ბუნტის მცდელობა, რომელიც წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, უფრო მეტად ჰგავდა გარედან ინსპირირებულს;
– რეგიონებში ექიმების მასიური დათხოვნა, რომელიც სულ უფრო ახლოსაა სამედიცინო პერსნალის საყოველთაო გაფიცვასთან, და რომელიც ნამდვილად სადაზღვევო კომპანიის ინტერესებში, თითქოს, არ უნდა შედიოდეს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიის სიჯიუტე სასწრაფოდ მასიური დათხოვნები მოახდინოს, თავისი ალოგიკურობით ისევ ძველი ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ფარული შეკვეთით თუ აიხსნება.
– ფინანსების და ქონების მასირებული გადაქაჩვა ცენტრალური დაწესებულებებიდან პრეზიდენტის რწმუნებულების ჯიბეებში და ადგილობრივი თვითმართველოს იმ ორგანოებში, რომელსაც სააკაშვილი აკონტროლებს. თბილისის მერიის მიერ ადგილობრივ უსაფრთხოების სისტემის შექმნა და სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების მითვისების მცდელობა აღებულ ვალდებულებებზე უარის უტიფრად თქმით და თბილისელებში მასიური უკმაყოფილების ინიცირება, რომლიც მიმართვის მცდელობა ივანიშვილის მთავრობისკენ აშკარაა.
ამ პირობებში ჩემი გულწრფელი სურვილი ისაა, რომ საზოგადოება ერთი უკიდურესობიდან – ადრე ყველაფერზე სიჩუმიდან, მეორეში – ახლა ყველაფერზე გადარევაში, არ გადავიდეს.
პრობლემებზე რეაგირება იმის ექვივალენტური უნდა იყოს, რასაც საფრთხე წარმოადგენს, თორემ „ახალაიებით დამწვარი სუბარს სულს უბერავდაო“, ისე მოგვდის!
============================================
ბრეხტი ვახსენე და მისი მეორე გენიალური პიესა გამახსენდა – „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“. უნდა გამოვტყდე, არ მინახავს სტურუასეული დადგმა, მაგრამ მქონდა ბედნიერება ეს სპექტაკლი მენახა მოსკოვში, ლუბიმოვის ტაგანკის თეატრში (სამწუხაროდ, უკვე ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ). ვისაც არ ახსოვს, ფაბულას შევახსენებ – პიესის გმირი, სეჩუანელი კეთილი ქალი შენ ტე, ცდილობს დაეხმაროს სიდუხჭირისაგან და ათასგვარი უბედურებებისაგან უიმედობის ტყვეობაში მყოფ გაჭირვებულებს, მაგრამ ისინი მხოლოდ სარგებლობენ მოულოდნელად გამოჩენილი კეთილსმყოფელის სიკეთით, და სულ უფრო მეტს ითხოვენ მისგან, ხოლო თავად სულ უფრო მომხარებულურ უსაქმურობასა და განცხრომაში ეფლობიან. დაღლილი და თავად გაწამებული შენ ტე იძულებული ხდება, თავისი გამოგონილი ძმის – შუი ტას იერსახით მოევლინოს მასზე გაბატონებულ თანამობინადრეებს. დის აბსოლუტური ანტიპოდი – შუი ტა მკაცრი და მომთხოვნია, იგი ყველას რკინის ხელით და ნებისყოფით იმორჩილებს და მაყურებელი საოცარი დილემის წინაშე დგება ბუნებით კეთილ შენ ტესთან ერთად, რომელსაც არ უნდა, ცინიზმის და მრისხანების ნიღბის ტარება, მაგრამ მხოლოდ ამ ნიღბის დახმარებით შეუძლია, თავადაც გადარჩეს და საზოგადოებაც გადაარჩინოს და აიძულოს, მუქთახორობას და პარაზიტობას თავი ანებოს.
ამით დავამთავრებ იმის თქმას, რასაც 3-4 გვერდზე ვაპირებდი, და როგორც ლამის ყოველთვის, ისევ გრძლად გამომივიდა.
სწორედ ბრეხტის ეს ორი პიესა მახსენდება დღეს. საზოგადოების განთავისუფლების გზა მხოლოდ საზოგადოების გააქტიურებაზე გადის. მაგრამ საზოგადოების მშვიდობიანი გააქტიურება არანაკლებ რთული პროცესია, ვიდრე ომში თავგანწირვა. და როცა ვინმე გვეხმარება, ამან ჩვენი მოთხოვნილებების ჰიპერბოლიზაცია არ უნდა მოახდინოს. ყველას გვმართებს სიფხიზლე რეალური საფრთხეების მიმართ და საკუთარი ამბიციების რეალობასთან შეწონადობა. უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება – თანაცხოვრება, რომელიც არც მარტო დათმობით მიიღწევა, მაგრამ არც – მხოლოდ მომთხოვნელობით. სამოქალაქო ერთობა არის მრავალმხრივი კონსენსუსის ძალიან რთული და უსასრულო პროცესი…
შეცდომები დღეს ნამდვილად არის – კადრების შერჩევა და სისტემის ნოლიდან აწყობა საკმაოდ ძნელი პროცესია და დარწმუნებული ვარ, შეცდომების გარეშე ვერასდროს ვიარსებებთ. მთავარია, შეცდომების გამოსწორების სურვილი იყოს და საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რომ ყველაფერი ფარდობითია და შედარებაში ფასდება.
================================
რაც შეეხება ომბუდსმენობას – იქნებ სხვადასხვა სფეროებში აგვერჩია ერთდროულად სხვადასხვა ომბუდსმენი?
მგონი, უმრავლესობა თანხმდება, რომ თითოეულ კანდიდატს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები და იქნებ რამდენიმე მათგანი გვყოლოდა ერთდროულად? ამის გამოცდილება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, – მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, – არის. მერე დრო გვაჩვენებს, რომელი უფრო ეფექტური იყო – ძველი უნიტარული სისტემა, თუ ახალი – პოლიომბუდსმენობა. საბოლოო ჯამში, უკვე საქმეში გამოცდილი კანდიდატების შეფასებაც (თუ უნიტარულ მოდელზე დაბრუნება მოგვიწევს) უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბრავადულ-აგრესიული საარჩევნო კამპანიების შედარება…