თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა


საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი აღვნიშნეთ წელს.

როდესაც ვფიქრობ ამ 25 წელზე, რომელმაც თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებას წარუშლელი კვალი დააჩნია, ასე მგონია, რომ პოლიტიკოსებით ერთდროს საკმაოდ მდიდარ ქართველებს (მეფეებს არ შევეხები) – ალექსანდრე ბაგრატიონიდან, სოლომონ ლიონიძიდან და სოლომონ დოდაშვილიდან დაწყებული, და ილია ჭავჭავაძით, ნიკო ნიკოლაძით, სპირიდონ კედიათი გაგრძელებული, მენშევიკების (ნიკოლოზ ჩხეიძე, კაკი წერეთელი, ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი და სხვ.) და ადრეული ბოლშევიკების (სტალინი, ალიოშა ჯაფარიძე, მამია ორახელაშვილი) შემდეგ აღარ ჰქონდათ ის, რაც მანამდე ახასიათებდა ქართულ პოლიტიკურ აზრს – პოლიტიკური აზროვნების, პოლიტიკური ფილოსოფიის სიჭარბე, როცა განსჯა, ფიქრი და პუბლიცისტიკა მეტ ადგილს და დროს იკავებდა, ვიდრე – წმინდა პოლიტიკური პროცესი და სამოქალაქო აქტივობა.

სტალინმა და მმართველობის მისეულმა რეპრესიულმა სტილმა პოლიტიკა, როგორც რუსეთში, ასევე – საქართველოში, აქცია მაკიაველიზმის და პოლიტიკური ინტრიგნობის, თუ უბრალოდ – პოლიტიკური კრიმინალის უალტერნატივო სფეროდ. სწორედ ამიტომ, თუ რუსული ცარიზმის დროს საქართველოში დროებით ჩაკლული პოლიტიკური აზროვნება მე-19 საუკუნის ბოლოდან საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა და ქართული დამოუკიდებლობის 3-წლიანი ვარსკვლავის გაბრწყინებით (მაგრამ, საუბედუროდ, სწრაფადვე ჩაქრობით) დაგვამახსოვრა თავი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების სახელმწიფო ტერორის შემდეგ პოლიტიკური აზროვნება სრულიად განადგურდა. პოლიტიკოსები ძირითადად დაერქვათ იმ პირებს, რომლებიც უბრალოდ სხვადასხვა კალიბრის დემაგოგები, აღმსრულებლები, ან – უარეს შემთხვევაში – ტირანები და სადისტები იყვნენ. და სწორედ ამიტომ, როგორც ხრუშჩოვის „ოტტეპელი“, ასევე გორბაჩევის „პერესტროიკა“ ძალზე ხანმოკლე გამოდგა გამყინვარების პერიოდის ყინულის დასადნობად და საქართველოში ახალი ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის დასამკვიდრებლად.

ამის გამო, სამწუხაროდ, საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს – დამოუკიდებლობის მოპოვების დროისთვისაც კი აშკარა იყო პოლიტიკური პარტიების სისუსტე და ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსების ნაკლებობა! მაშინდელ პოლიტიკურ სპექტრში წინა პლანზე იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც მიტინგებზე და მსვლელობებზე მომიტინგეთა ენერგეტიკული დამუხტვა და აღტყინება კი კარგად შეეძლოთ, მაგრამ რომელთაც ნაკლები დრო ჰქონდათ დახარჯული ქართული სახელმწიფოებრიობის არა – მოპოვების, არამედ – განვითარებისა და გაძლიერების საკითხებზე ფიქრსა თუ კამათში.

კითხვა იდგა მხოლოდ ასე: „როდის და როგორ მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა?“ ხოლო ის, თუ რას ვუზამდით შემდეგ ამ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, რა იქნებოდა ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური მდგენელი, თუ საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი, ვინ ვისთან ალიანსში და როგორ მოახერხებდა ახალგაზრდა, პატარა ქვეყნის ურთულესი გეოპოლიტიკური გეოგრაფიისა და ისტორიის გამოწვევებთან გამკლავებას – ეს კითხვები, პრაქტიკულად, არც კი ისმებოდა. არც არის გასაკვირი, რატომ. – ქართული დამოუკიდებლობის ყველაზე რადიკალ აპოლოგეტებსაც ხომ ამის მიღწევა არც კი ეჯერათ ახლო მომავლის ამბად…  შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ მართლაც სერიოზული მსხვერპლი გაიღო 1991 წლისთვის დამოუკიდებლობის მისაღწევად, მაგრამ სერიოზულად არ მომზადებულა ამ დამოუკიდებლობის შესახვედრად, რომელიც, დიდწილად მაინც, მოულოდნელად თავს დაგვეცა…

და პრობლემა ქვეყნის დამოუკიდებლობის რეალური განხორციელებისათვის არა მარტო პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების მოუმზადებლობა იყო (უნდა ითქვას, რომ სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ფონზე, ამ მხრივ საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით), არამედ, ის აჟიოტაჟური მოთხოვნილება ქარიზმატულ ლიდერებზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებობდა. ის „მოუთმენლობა გულისა“ და მესიის მარადიული მოლოდინი, რაც ქართულ პოლიტიკას ისეთ მითოლოგიურ-რელიგიური ნაზავის ელფერს სძენს დღემდე, ჯეიმს ფრეიზერის „ოქროს რტოს“ რომ შეშურდებოდა. რეალობაა ის, რომ უახლეს ქართულ ისტორიაში ქარიზმატული ენერგეტიკული ლიდერი, როგორც წესი ახერხებდა საზოგადოების დიდი უმრავლესობის უკეთ დარწმუნებას, ვიდრე – საფუძვლიანი ანალიზის მოყვარული რაციონალისტი მოაზროვნე პროფესიონალი. ქართულმა საზოგადოებამ (მისმა დიდმა ნაწილმა მაინც) გარიყა და არ მიიღო მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ქართველ ხალხს იმასვე ეუბნებოდა, რასაც ზოგადად ფიქრობდა, და არა – ტრადიციულ სადღეგრძელოებსა და დითირამბებს. ქართულმა საზოგადოებამ ამჯობინა უფრო რადიკალური და ეგზალტირებული ზვიად გამსახურდია – შედარებით უფრო მოზომილ და მორიდებულ მერაბ კოსტავას, ისევე როგორც – გაცილებით ხმაურიანი და ფუყე ირაკლი წერეთელი – მოაზროვნე პოლიტიკოსს ზურაბ ჭავჭავაძეს. დაბოლოს, სწორედ საქართველოში 2%-იც კი ვერ მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე აკაკი ბაქრაძემ, რომლის ფილოსოფიური აზროვნება, პატრიოტიზმი და პატიოსნება ათჯერ და ოცჯერ გადაფარა არა მარტო ედუარდ შევარდნაძის, არამედ ჯუმბერ პატიაშვილისთვის მიცემულმა ხმებმა…

აი ეს ვართ, ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტი – როგორი პოლიტიკური სპექტრი გვყავს და როგორი ამომრჩეველი.

ნიჰილიზმის საფუძველი ჯერ კიდევ არ გვაქვს (დამოუკიდებელი ქვეყნის გონივრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას ათწლეულები ჭირდება), მაგრამ – დასკვნების გაკეთება, დიდი ხანია, დროა…

==============================

 

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა მე-9 მოწვევის პარლამენტს აირჩევს.

და ამ მე-9 მოწვევის პარლამენტში შეიძლება არ აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც მე პირადად, თანამედროვე ქართული პოლიტიკის და განსაკუთრებით, პარლამენტარიზმის, ერთ-ერთ საუკეთესო ვარსკვლავად მიმაჩნია! შეიძლება, საუკეთესოც კი იყოს.

მისი მასწავლებლებისაგან გამიგია, რომ ის იყო ბრწყინვალე სტუდენტი და დადგა საუკეთესი იურისტი. მის პოლიტიკურ კარიერას ვაკვირდები დიდი ხანია და ვერ ვიხსენებ, მას რამე ისეთი გაეკეთებინოს, რაც მის რეპუტაციას და პატიოსნებას ჩრდილს მიაყენებდა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, რესპუბლიკური პარტიის ღირსეული მესაჭე იყო 2005-13 წლებში, ხოლო 2012 წლიდან – საქართველოს პარლამენტშია და პარლმენტის თავმჯდომარედაც აირჩიეს. მოკლედ, დავით უსუფაშვილზე მოგახსენებთ.

du-best

მას გააჩნია როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობის ბრწყინვალე გამოცდილება და უნარ-ჩვევები, ასევე მშვენივრად ართმევს თავს განსხვავებული პარტიების, ფრაქციების, კომიტეტების, ადამიანების საქმიანობის კოორდინაციას, კონფლიქტური სიტუაციების მართვას და პოლიტიკური დებატების პიროვნულ დაპირისპირებებში გადაზრდის პრევენციას, ისევე როგორც – სახელმწიფოთაშორისი კონტაქტების სწორად და ეფექტურად წარმართვას. ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტში ჩატარებული მრავალი მსოფლიო მასშტაბის კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებაში მისი შეტანილი წვლილითა და აქ თუ უცხოეთში უაღრესად აწონილ გამოსვლებში კარგად ჩანს უსუფაშვილის ორგანიზატორული ნიჭი და სტრატეგიული ხედვები. ბევრ ასპარეზზე მისი საერთაშორისო საქმიანობა ცდება წმინდა საპარლამენტო და საკანონმდებლო არეალს და იგი ახერხებს თავისი სერიოზული როლი შეასრულოს ქვეყნის განვითარების, ახალი ეკონომიკური მეგაპროექტების დასახვის, სამომავლო სტაბილურობის განვითარებასა და მიღწევაში. ვერ ვიტყვი, რომ იგი დაზღვეულია შეცდომებისაგან, მაგრამ მისი სწორი გადაწყვეტილებები განუზომლად უფრო მრავალია და მნიშვნელოვანი, ვიდრე შეცდომები, და რაც მთავარია, მას არ აქვს პრობლემა თავისი შეცდომები აღიაროს, და რაც მთავარია, არასოდეს გაურბის პასუხისმგებლობას. ეს კი პოლიტიკოსისთვის ერთ-ერთ უპირველეს ღირსებად მიმაჩნია.

ვიცი, არ მომიწონებს ასეთ დაუფარავ რეკლამას ბატონი დავითი.

ფაქტიურად, მან არც ისურვა თავის საარჩევნო კამპანიაში ჩემი ჩართვა. ბოლო ორი თვის განმავლობაში მას არ მოუცია ჩემთვის ისეთი სახის დავალება, რაც პირადად მისი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, თუ რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, იმიჯის გაძლიერებისთვის იქნებოდა გამიზნული… და ნამდვილად არ მგონია, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ არ მენდობა და ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

მაგრამ რაც არ უნდა მითხრას, სხვანაირად არ შემეძლო, რადგან ეს ჩემი წერილი არ არის დავით უსუფაშვილის კარიერაზე ზრუნვით განპირობებული. ასე მგონია, რომ ამ ჩემი წერილით მე უფრო საკუთარ უბანზეც, საბურთალოზეც, თბილისზეც და საქართველოზეც ვზრუნავ, რადგან ხმამაღლა ნათქვამად მოგეჩვენოთ, იქნებ, მაგრამ მჯერა, პარლამენტარი უსუფაშვილი უფრო სჭირდება დღეს საქართველოს პარლამენტსა და ქართულ პოლიტიკას, ვიდრე – პირიქით.

მისი საჯარო ლექციების მოსმენის და ახალგაზრდებთან ძალიან საინტერესო შეხვედრების მომსწრე, დარწმუნებული ვარ, დავით უსუფაშვილს შეუძლია იყოს ძალიან წარმატებული ლექტორი ან სულაც – რექტორი. ეჭვი არ მეპარება, რომ იგი იქნებოდა საუკეთესო იურისტი იურისპრუდენციის ნებისმიერ სფეროში… მაგრამ ასევე კარგად ვხედავ, რომ დღეს დავით უსუფაშვილი სწორედ ქართულ პოლიტიკას და სწორედ ქართულ პარლამენტს ჭირდება ჰაერივით – ჭირდება როგორც მისი ცოდნა, მისი პროფესიონალიზმი, დისპუტებისა და დებატების მისეული ხელოვნება, ასევე და არანაკლებ – მისი ტაქტი და სიდინჯე, კონფლიქტების მოგვარების და მეხანძრეობის მისი მართლაც ბრწყინვალე უნარი, პარტნიორებთან და ოპონენტებთან საუბრისა და დარწმუნების, განსაკუთრებით კი – კონსენსუსის მიღწევის მისეული ნიჭი… ეს ძალიან იშვიათი კომბინაციებია – არამცთუ საქართველოში, ზოგადად – ევროპაში თუ მსოფლიოში. და ჩვენ არ გვაქვს უფლება თუ ფუფუნება, ასეთი ძალიან საჭირო პოლიტიკოსი პარლამენტს გარეთ დავტოვოთ. მე ასე ვუყურებ ამ ამბავს და გეტყვით, რატომ ვხედავ ამ საფრთხეს…

ამ ყველაფერს რომ ვამბობ, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ დავით უსუფაშვილს ისევ პარლამენტის თავმჯდომარედ გავუწიო რეკომენდაცია. ჯერ ერთი, ეს მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტია, და თანაც, ვფიქრობ, მართლაც კარგი იქნება, თუ პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ეყოლება – პარლამენტისთვისაც და დავით უსუფაშვილისთვისაც ასე აჯობებს. დროებით მაინც!

რატომ გავკადნიერდი ასე და რატომ ვბედავ, რომ ქართველ ამომრჩეველს რჩევა მივცე?

უბრალოდ მგონია, რომ ოდნავ მაინც უფრო კარგად ვიცნობ უსუფაშვილს, ვიდრე საშუალოსტატისტიკური ქართველი ამომრჩეველი. და სამწუხაროდ, როგორც გამოუსწორებელი რეალისტი, კარგად ვხედავ იმის რეალურ შანსსაც, რომ საქართველოს მომავალ პარლამენტში ბევრი მშვენიერი, და ზოგი არცთუ სახარბიელო, კანდიდატის გვერდით – დავით უსუფაშვილი ვერ აღმოჩნდეს.

ბოლო თვის განმავლობაში მაოცებს, რომ ნაცნობები – იქნებიან ეს ჟურნალისტები, ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, სტუდენტები, დიასახლისები თუ სხვები – უბრალოდ ის ხალხი, ვისაც პოლიტიკა ასე თუ ისე ესმის და აინტერესებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამ ნეგატიურ შესაძლებლობას ვერ ხედავს. მათ დიდ უმრავლესობას ეს პოტენციური ვარიანტი, რომ დათო უსუფაშვილი ვერ აღმოჩნდეს საქართველოს პარლამენტში, რატომღაც არც კი მოსვლია თავში!

არადა, ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ. ჩვენი საარჩევნო სისტემა შესაძლებელს ხდის, რომ თუნდაც საკმაოდ პოპულარული ადამიანი არ აღმოჩნდეს პარლამენტში, თუ მისი პარტია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ხოლო თავად მაჟორიტარულ ოლქს (სადაც დაახლოებით 46-48 ათასი ადამიანი ცხოვრობს) ვერ მოიგებს.

ის, რომ რესპუბლიკური პარტია 5%-იან ბარიერს გადალახავს, შეუძლებელი არ არის, მაგრამ არც გარანტირებულია და მე არ მაქვს რაიმე ობიექტური მოცემულობა, რომელიც ჩემს აზრს შემაცვლევინებდა. 2008 წელს რესპუბლიკელების რეიტინგი იყო 3.8%. მე ვუშვებ, რომ კოალიციურ ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ეს ციფრი იქნებ უფრო მაღალი იყოს, მაგრამ რამდენად მაღალი, არავინ იცის. არ ვიცი, აქვს თუ არა ჩატარებული რაიმე შიდა კვლევა რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო საჯაროდ გახმაურებული კვლევები ან მანამდე იყო ჩატარებული, სანამ რესპუბლიკური პარტია არჩევნებში ცალკე მონაწილეობას გამოაცხადებდა, ან ამ განცხადებიდან ძალიან მალე (მაგ, 2016 წლის აპრილის NDI და IRI კვლევები). IPN.ge, For.ge  სხვა ინტერნეტ-პორტალებზე თუ საგაზეთო გამოკითხვებით რესპუბლიკელების მაჩვენებელი 2%-დან 9%-მდე მერყეობს, მაგრამ ეს სოციოლოგიურ გამოკითხვად ვერ ჩაითვლება. და საერთოდ, ბოლო წლების პრაქტიკა უფრო იმას ამტკიცებს, რომ საქართველოში გამოკითხვებისა თუ ეგზიტ-პოლების მხოლოდ 10-20% თუ ემთხვევა არჩევნების შედეგებს.

ამ წერილში არ ვაპირებ არც რესპუბლიკური პარტიის რეიტინგზე მსჯელობას და არც იმის განხილვას, როგორ აღიქმება საზოგადოებაში ეს (ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი) პარტია თუ მისი ცალკეული ლიდერების პოზიციები და განცხადებები. ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტია, ალბათ, ყველაზე არაპოპულისტი პარტიაა და ამიტომაც მას ჰყავს გულმხურვალე მხარდამჭერებიც, და უფრო მრავალრიცხვოვანი მკვეთრი მოწინააღმდეგეებიც.

იმას მინდა გავუსვა ხაზი (და ჩემი ნაცნობ-მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა მეთანხმება ამ შეფასებაში!), რომ დავით უსუფაშვილი არ არის არც მხოლოდ რესპუბლიკელი და არც მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. მისი პოლიტიკური წონა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსხვავებულია, ვიდრე ერთი, თუნდაც ძალიან ცნობილი და ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელისუფლებო კოალიციის წევრი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის წონა იქნებოდა – და ეს უკავშირდება როგორც მის პერსონალურ უნარ-ჩვევებს, (განსაკუთრებით, სიმშვიდეს, საკითხის შესახებ სხვათა აზრის მოსმენა-გათვალისწინების უნარს და კონსენსუსის მიღწევის გამორჩეულ ნიჭს), ასევე – მის პოლიტიკურ გამოცდილებას.

==========

რაც შეეხება საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქს, სადაც დავით უსუფაშვილი იყრის კენჭს (პეკინის ქუჩის დასაწყისი, შარტავას და გოთუას ქუჩები, ბახტრიონი, ალექსიძის ქუჩა – სპორტის სასახლის უკან არსებული აკადემქალაქის დასახლება), აქ გასამარჯვებლად სულ სხვა სახის მათემატიკა და ციფრები იქნება განმსაზღვრელი.

დღევანდელი საარჩევნო სისტემით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში დავით უსუფაშვილს გასამარჯვებლად ვერაფრით ეყოფა რესპუბლიკური პარტიის ყველა იქაური მხარდამჭერის ხმები, თუნდაც მათი მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში. ხოლო ის, რომ თბილისის მასშტაბით, თუ მთლიანად ქვეყანაში დათო უსუფაშვილს ძალიან ბევრი აფასებს და მხარს უჭერს, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს!.. ამიტომ ვუჭერ მე პირადად მხარს არა მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებას, არამედ – მრავალმანდატიანი მსხვილი (რეგიონული) მაჟორიტარული ოლქების შემოღებას. მაგრამ ეს მომავლის თემაა… ახლა კი დავით უსუფაშვილს მე-6 ოლქის იმ ამომრჩევლების ხმებიც ჭირდება გამარჯვებისათვის, რომლებიც თავს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლად არ მოიაზრებენ, მაგრამ დავით უსუფაშვილის, როგორც პოლიტიკოსის სარგებლის დანახვა შეუძლიათ.

მე-6 ოლქში უსუფაშვილის მთავარი კონკურენტები არიან ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნებიდან“, შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და სევდია უგრეხელიძე ნაცმოძრაობიდან. ნამდვილად გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მათი, ან სხვა კანდიდატების ამომრჩევლების ამათუიმ ფორმით დამუნათება. მინდა მივმართო საბურთალოს მე-6 ოლქის იმ ამომრჩევლებს, რომელთაც დღემდე არ გაუკეთებიათ არჩევანი და ჯერაც ფიქრობენ.

შეიძლება, თქვენთან ამ დღეებში, როგორც ეს 4 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე, სხვადასხვა კანდიდატები იყვნენ და დაგპირდნენ თქვენი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას – წყალი იქნება ეს, გათბობა, გზა, ლიფტი თუ სახურავი. მართალია, სრულიად ბუნებრივი იქნება, თუ თქვენ 8 ოქტომბერს არჩევანში ამ დაპირებასაც გაითვალისწინებთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ამჟამად პარლამენტს ვირჩევთ (და არა თვითმმართველობას, რომელსაც ზემოთჩამოთვლილი საკითხები ეხება!), და რომ პარლამენტში თქვენს რჩეულს ქვეყნისთვის უკეთესი კანონების წერა და კონსტიტუციის და სამართლის დახვეწა უნდა შეეძლოს, უნდა შეეძლოს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკისთვის სწორი ვექტორების დასახვა, უნდა აირჩიოს მთავრობა, რომელიც კვალიფიციური იქნება და რომელსაც მერე მის მიერ აღებულ ვალდებულებებზე პასუხს მოთხოვს, ისეთი პარლამენტარი, რომელიც იქნება კრიტიკული, მაგრამ არა – დესტრუქციული და დემაგოგი. და თან კარგია, თუ ეს იქნება ის ადამიანი, რომლის ასეთ უნარ-ჩვევებსა და ნიჭიერებაში მისი საქმიანი გამოცდილება იქნება თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი, და არა – მხოლოდ მისი დაპირებები, რადგან ზოგადად ხომ გვახსოვს, – „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!“

თუ თქვენ დღემდე არ გაგიკეთებიათ არჩევანი, დაფიქრდით იმაზე, რომ სწორედ თქვენზე, როგორც საბურთალოს მე-6 ოლქის ამომრჩეველზე, შეიძლება იყოს დამოკიდებული, მოხვდება თუ არა პარლამენტში დავით უსუფაშვილი, რომელიც, ჩემი აზრით, თავისი პროფესიული პოტენციალიდან და ადამიანური თვისებებიდან გამოდინარე, არამცთუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კი მგონია საქართველოს პარლამენტისათვის დღევანდელ ეტაპზე.

მინდა გთხოვოთ არა ჩემი შეხედულების ბრმად გაზიარება, არამედ, არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში იქნებ დაფიქრდეთ ამ საკითხზე, ჰკითხოთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, ნახოთ ინტერნეტში პარლამენტის თავმჯდომარის სატელევიზიო გამოსვლები, დებატები და ინტერვიუები, უკეთ გაიგოთ, – ვინ არის და რა სურს დავით უსუფაშვილს, როგორც პოლიტიკოსს და როგორც მოქალაქეს. და თუ თქვენი აზრი ამის შემდეგ ჩემსას დაემთხვევა, მხოლოდ მაშინ მე-6 ოლქში შემოხაზოთ მისი ნომერი – 6 – მაჟორიტარი კანდიდატების ბიულეტენში.

მე სამწუხაროდ, მოკლებული ვარ ამ შანსს, რადგან საბურთალოს მე-6 ოლქში არ ვცხოვრობ.

აი, ამიტომ დავწერე ეს წერილი და დავწერე დღეს – არჩევნებამდე ათი დღით ადრე, რომ საკმარისი დრო გქონდეთ იმისათვის, რომ გააზრებული არჩევანი თავად გააკეთოთ. არა – ემოციებზე და გრძნობებზე, არამედ – თქვენს მიერ მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციასა და პირად ანალიზზე დაფუძნებული.

მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დრო დამითმეთ და ჩემი წერილი ბოლომდე წაიკითხეთ.

 

პატივისცემით,

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი),

ექიმი, ბლოგერი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე


ფიქრები 2 სექტემბრის „ღია ეთერის“ შემდეგ


ღია ეთერი

თეა სიჭინავას ახალ გადაცემაში “ღია ეთერი”, IPN-ის “თვალსაზრისში” გამოქვეყნებული ჩემი ბლოგპოსტის – “არჩევანის ზღვარზე” გამო მიმიწვიეს. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროის გათვალისწინებით, რატომ გვყავს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი დიდი რაოდენობა – 34%?

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამჟამად ნამდვილად სხვა მიზეზის გამო გვყავს მრავლად, ვიდრე 2012 წელს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ხალხს ელემენტარულად ეშინოდა საკუთარი აზრის გამხელა, რადგან ხელისუფლების არმოწონებას სერიოზული ზეწოლა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ყველას გვახსოვს, სამსახურებიდან გაშვებული ადამიანები, მათ შორის მაია მიმინოშვილი, მისი ძმის ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო. ჩემს ერთ კოლეგას, ახალგაზრდა პროფესორ ქალს, მესამეჯერ რომ ჰკითხა უბნის კოორდინატორმა – ვის აძლევთ ხმასო და მესამეჯერ რომ უპასუხა, არ ვიცი, ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტიაო. კოორდინატორმა მკვახედ მიახალა – დროზე გადაწყვიტეთ, თქვენი შვილი ხომ წელს ამთავრებს სკოლას, და ვაითუ კარგი ნიშნები ვერ გაიტანოთო!

ახლა სხვა სიტუაციაა, შესაძლო რეპრესიის მიზეზით თავისი აზრის დაფარვის მიზეზი მოხსნილია, და ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ხშირად აკრიტიკებს, ზოგჯერ – საკმაოდ უხეში ფორმითაც.

რაც შეეხება ორ ლიდერ პოლიტიკურ სუბიექტს – წინა ხელისუფლების საქმეებმა მის რეიტინგს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ მის მხოლოდ ძალიან თავგამოდებულ მომხრეებს არ ერიდებათ მისდამი თავისი მხარდაჭერა დააფიქსირონ.

ახალმა ხელისუფლებამ, მართალია, სერიოზულ წარმატებას მიაღწია მედიის და სასამართლოს თავისუფლების, ბიზნესზე წნეხის მოხსნის, ინვესტიციების მოზიდვის, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე სწორი დასკვნების გამოტანის მხრივ, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში არ იყო ხელშემწყობი, ამიტომ ეკონომიკური ზრდა, მართალია, ჩვენს მეზობლებზე უკეთესია, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებზე ეს ჯერ კიდევ ნაკლებად აისახა. უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამები ნამდვილად ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული მოსახლეობის მიერ, მაგრამ წამლების ხელმისაწვდომობაც სერიოზულ პრობლემად რჩება გაჭირვებული ფენისათვის და უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაც მოითხოვს მართვის ხარვეზების გამოსწორებას. დაბოლოს, 2012 წელს გაცემული იყო ზოგიერთი ზედმეტად ოპტიმისტური დაპირებაც. ზოგს ძველი სახეების გამოჩენა არ მოეწონა გუნდში, ზოგს – არასამთავრობოთა სახეები და ახალგაზრდათა საკმაოდ მაღალი რაოდენობა. აი, ეს მგონია იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც არ არიან საბოლოოდ ჩამოყალიბებული თავის არჩევანში.

არიან პარტიები, რომელთა ლიდერები გამოცდილები კი არიან, მაგრამ ეს გამოცდილება არაა ერთმნიშვნელოვნად მომხიბვლელი. ისეთი პარტიები და ლიდერებიც საკმაოდ გვყავს, რომელთა პოპულიზმი, შეიძლება ყურს სალბუნად ეფინება, ხოლო მათი იუმორი მოსასმენად სახალისოა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ ქვეყნის მართვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ და მათი ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება სერიოზული პრობლემებით დასრულდეს.

ავანტურიზმიც და პოპულიზმიც გავრცელებულია და ძალიან სახიფათო საქართველოში, სადაც ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერაც გადამრჩენლის მოლოდინშია. ვინ არიან ავანტურისტები და პოპულისტები? – გავიხსენოთ, ვინ გაგვრია ყველაზე დიდ შარში – ესაა ავანტურიზმი. და ისიც გავიხსენოთ, ვინ არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მაგრამ უკან იხევს, როცა ხელისუფლება მის ხელთ უვარდება? – ეს არის პოპულისტი. მგონი, გარკვევით დავასახელე ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ისე რომ გვარი არ მიხსენებია 🙂

რაც შეეხება ახალ პარტიებს – ბურჭულაძის „ხელისუფლება ხალხისათვის“, „გირჩი“ და ვაშაძის, როგორც თავად თქვა, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ – მე მგონი, ჯერჯერობით მაინც მათი მოულოდნელი გაერთიანების ეფექტი ამ კონგლომერატს ხმებს უფრო მეტად დააკარგვინებს და ამომრჩეველიც დაიბნა. სხვათა შორის, JPM-GORBI-ის კვლევა მგონი, სწორედ იმ კვირას ჩატარდა, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა და კვლევაში ამ კოალიციის (თუ პარტიის) მიერ დაფიქსირებული დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ამ მოულოდნელობით აიხსნას. ისიც უეჭველია, რომ ბატონ პაატას როგორც პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისი, როგორც მომღერლის პროფესიონალიზმს და იგი ხანდახან ცოტა დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს…

იმასაც ვეთანხმები, რომ ამჟამინდელი არჩევევნების სირთულეს და ამომრჩევლის გადაუწყვეტელობას განაპირობებს რეალური შანსის მქონე პარტიათა შედარებით გაზრდილი რაოდენობა. როცა ვლაპარაკობთ პოლუსების რაოდენობაზე და არჩევანის სიადვილეზე, აქ ნამდვილად უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. ყველაზე ადვილი ერთპოლუსიანი არჩევანია – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 100% ძალიან გარკვეული და დარწმუნებულია თავის არჩევანში – თუნდაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე! 🙂

2012 წელს ორპოლუსიანი არჩევანიც არ აღმოჩნდა რთული. დარწმუნებული ვარ, რომ არა შიშის ფაქტორი, მაშინაც დიდი ხნით ადრე იცოდა ყველამ, ვისთვის უნდოდა ხმის მიცემა.

ამჟამად, ყველა გამოკვლევებით, არის 2 პარტია, ვინც ნამდვილად გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ალბათ კიდევ 2-3, რომელთაც  ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვთ (თუმცა – არაგარანტირებული!) და კიდევ 3-4, რომელთაც აქვთ შანსი, ზღვარი გადალახონ, მაგრამ ეს შანსი გარანტირებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახდენენ ისინი თავისი ერთგული ამომრჩევლის გარდა, მოყოყმანე 30-35% ამომრჩევლის მიმხრობას არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო თვის განმავლობაში.

საინტერესოა ის, რომ ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები – ახლა უკვე წინასწარ ვიცით, რომ მარტო პარლამენტს კი არ ვირჩევთ, არამედ, პარლამენტის მეშვეობით –  მთავრობასაც. 2012 წელს არ ვიცოდით, ეს გაირკვა არჩევნების შემდეგ, როცა ძალაში შევიდა ახალი – საპარლამენტო რესპუბლიკის – კონსტიტუციური მოდელი.

ამიტომ, ამომრჩევლის სიფრთხილე და ბოლომდე დაფიქრება, მე პირადად, არ მგონია ცუდი –  შეიძლება, ეს სიფრთხილე, ჩვენი ამომრჩევლის გამოცდილების (მათ შორის, მწარე გამოცდილების) მაჩვენებელიც იყოს. მით უფრო, რომ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს (მაგალითად, “ოცნებას” და რესპუბლიკურ პარტიას) თავისი პროგრამა ოფიციალურად ჯერაც არ წარმოუდგენია. ხოლო “გირჩმა” თუ წარმოადგინა, ახლა სერიოზულად დასაფიქრებელია, როგორი ჰიბრიდი იქნება “გირჩისა” და პაატა ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური პროგრამების სინთეზი? ნახევარი მილიონი შემწეობის მიმღებთა რიცხვის ერთ მილიონამდე გაზრდის ბურჭულაძისეული დაპირება ზურაბ ჯაფარიძის მიერ როგორ იქნება მხარდაჭერილი და “გაპრავებული”, ძალიან საინტერესოა.

პარტიათა საარჩევნო პროგრამები: ჩემი ოცნებაა, რომ საარჩევნო პროგრამის მიხედვით მივცე ხმა. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ საქართველოს რეალობა ჯერ კიდევ არ გვაძლევს ამის ფუფუნებას. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – პროგრამა უნდა იყოს დაწერილი არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, იმისათვის, რომ მათი შედარება და გარჩევა შეძლოს საზოგადოებამ – არა იმდენად უბრალო მოქალაქეებმა, არამედ – კონკურენტი პარტიის ეკონომისტებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა. და დებატები სწორედ ამ პროგრამის ნიუანსებზე უნდა იმართებოდეს. სხვათა შორის, ამის დრო ჯერ კიდევ არის და სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ დებატებს.

არის კიდევ ერთი მომენტი, როცა პროგრამა იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც მისი ავტორი. და ამ ავტორის წარსული საქმეები. რომ ავიღოთ, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ სულ ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ დაწერილი უნაკლო პროგრამა რომ შემოგვთავაზონ, უკვე ერთი დანახვა მიხეილ სააკაშვილისა, და იმის დანახვა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის და იქნება ამ პარტიის არსიც, გულიც და სინდისიც, რომ მათი სიის მეორე ნომერი იმიტომ არის იქ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ნდობით აღჭურვილი პირია, ყველაფერი ეს საკმარისია, რომ (ძველი) ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჩემთვის აზრს კარგავს. როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებშია” ნათქვამი – “ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები…” 😦

საქართველოს განვითარების ევროპული ვექტორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. თან ისე, რომ არც აქვთ რამე ალტერნატივა – რას მოგვცემს ეს ყბადაღებული „უბლოკო სტატუსი“! უცხო ქვეყნის ბაზები არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზეო! და რომ არის უკვე? რა ვუყოთ იმ უცხო ქვეყანას, დავპირდეთ, რომ მხოლოდ მისი ბაზები იქნება? აგრესორი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის აღქმა, სხვა ქვეყნების მხრიდან სათანადო გარანტიების გარეშე, როგორც ბატონმა გურამ ბერიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, ხომ იმას ნიშნავს, მობრძანდი და ბოლომდე დაგვიპყარიო? და მართლაც რომ წავიდეს საქართველო ამ „უბლოკო სტატუსზე“, რას გვპირდებიან ამის სანაცვლოდ? – რუსეთთან უვიზო მიმოსვლას? ამის ფასად აპირებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების დათმობას?

რაც შეეხება სხვა ასპექტებს – მე პირადად პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვაფასებ კვალიფიციურ რეალიზმს!ძალიან ვერიდები ისეთ დაპირებებს, რაც შორიდან ლამაზად ჩანს არარეალურია, და რომელთა შესრულება ან ბიუჯეტს დაანგრევს, ან მოსახლეობის ფენებს შორის დიდ დაპირისპირებას გააჩენს. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველა მეტ-ნაკლებად პოპულისტური დაპირება კვალიფიციური კრიტიკისა და საჯარო განსჯის საგანი უნდა გახდეს.

არის საარჩევნო დაპირებები, რაც ხალხისათვის მიმზიდველად ისმის. მაგალითად, პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის 10% თუ აღარ ენდობა, უნდა გადავირჩიოთ რეფერენდუმზეო! ნებისმიერი მოხელის ნდობის საკითხიც რეფერენდუმზე უნდა გადაწყდესო! აბა, რად გვინდა ეს საპარლამენტო არჩევნები და მთავრობა, თუ ყოველ კვირას ახალ-ახალ რეფერენდუმებს მოვაწყობთ? ასეთი საყოველთაო ანარქიით ხომ ეკონომიკას სრულად მოვშლით და დავბრუნდებით ანტიკური საბერძნეთის ქალაქების თვითმმართველობის ხანაში, როცა ყველა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმი ჩატარებულიყო! და ამას ვითომ გვაპატიებს ჩვენი ჩასაფრებული მეზობელი? არაკეთილსინდისიერი მოხელის გადასაყენებლად თუ გასასამართლებლად სხვა სამართლებრივი მექანიზმები უნდა იყოს, ბევრად მოხერხებული და იაფი, ვიდრე განუწყვეტელი რეფერენდუმებია… თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოლქის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, სანამ კანონმდებლობა არ შეცვლილა, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთს დამატებით არგუმენტს აძლევს, თითქოს საქართველო ეთანხმება, რომ ეს ანექსირებული ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილი აღარ არის.

ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ხმა მივცეთ იმ კანდიდატს, რომლის პატიოსნება, ცოდნა, პოლიტიკური რეპუტაცია და წარსული საქმიანობა მის კონკურენტები ანალოგიურ მაჩვენებლებს სჯობს!

და იმ პარტიას, რომელიც სხვებს შედარებით სჯობს პატიოსანი, საქმეში გამოცდილი პროფესიონალების რაოდენობით და ხარისხით.

ამჯერად ვერ დავეთანხმები ლევან ლორთქიფანიძეს, რომლის სამოქალაქო აქტიურობას და მრავალ მოსაზრებას პატივს ვცემ, მათ შორის შრომის კანონმდებლობის, სოციალური პროგრამების, განათლების და ეკოლოგიის საკითხების მნიშვნელობას! მაგრამ ეს მიდგომა – რადგან ჩემთვის საინტერესო საკითხები არ მესმის პარტიათა პროგრამებში, ან ძალიან ზერელედაა გაშუქებული, – ამიტომ საერთოდ არ მივცემ არავის ჩემს ხმასო?! ძალიან არასწორი მგონია ასეთი პოზიცია! ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპული ხალხი თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაკლებ პრინციპულები და სულაც უპრინციპოები გააკეთებენ იმ არჩევანს, რომლითაც მერე ყველას, მათ შორის ლევანსაც, მოგვიწევს ცხოვრება 4 წელი!

არაა აუცილებელი, დიმიტრი გელოვანის ძებნაში ისე დავიღალოთ, რომ ვეღარ გავაკეთოთ არჩევანი! მით უფრო, თუ ჩვენს უბანში, არ გვყავს, ან – აღარ გვყავს დიმიტრი გელოვანი.

მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი არჩევანი მაქსიმალურად ახლოს იყოს პატიოსანი პროფესიონალის სტანდარტთან, რომ ამ ჩვენი არჩევნით ჩვენი პოლიტიკოსების აღზრდაც შევძლოთ – თანდათან მოვახერხებთ ამას, თუ არჩევნებს არ გავაყალბებთ და არც გავაცდენთ და ისე მოვეკიდებით, როგორც ჩვენი სამოქალაქო ვალის მოხდის წესს! ჩვენთვის, ვისაც რევოლუციები არ გვინდოდა და არც ახლა გვინდა, სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის ის ინსტრუმენტი, რითაც ვცდილობთ, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ! ლევან ლორთქიფანიძის, მერაბ მეტრეველის და სხვათა აქტიური პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა მისასალმებელია, მაგრამ არჩევნებისაგან გაზედ დადგომა არასწორი იქნება!

ჩემს წინა ბლოგში ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ნათანის სიტყვები მოვიტანე იმის შესახებ, რომ ცუდ ხელისუფლებას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობსო. ამიტომ 8 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ იმ კანდიდატებს და იმ პარტიებს, ვინც ჩვენი აზრით და გონებით, უკეთესს მომავალს მოუტანს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას.

 

P.S. ამჯერად, შეგნებულად ავარიდე თავი გადაცემაში გაჟღერებულ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების განხილვას. ჯერ ერთი, აჯობებს, ამაზე ჯერ უფრო კვალიფიციურმა პირებმა გამოთქვან თავისი აზრი. თანაც, კვლევის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი და ალბათ, აჯობებს, უფრო სრულ პრეზენტაციას დაველოდოთ.

რაც შეეხება, ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობას და იმას, ვინ ატარებს და როგორ ატარებს – მოდით, ვნახოთ 2012 წლის ანალოგიური გამოკვლევები, როდესაც საბოლოო შედეგი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა იმისაგან, რასაც მაშინ ხელისუფლება სანდო კვლევებად აცხადებდა.. არაცმთუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე ჩატარებული კვლევები, არამედ თავად არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი არ აღმოჩნდა ზუსტი – გარდა “სამართლიანი არჩევნების” ხმის პარალელური დათვლისა, რომლის რობინჰუდისდარი სიზუსტე მართლაც შესაშური იყო!

2012 polls

2012 exit-polls


არჩევანის ზღვარზე (ქართველი ამომრჩევლის გაკვეთილები)


Bad-Officials-Are-Elected-By-Good-Citizens-Who-Do-Not-Vote.-»-George-Jean-Nathan

წელს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელი აღნიშნა.

ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოში მრავალი არჩევნები ჩატარდა – საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი (მათ შორის – მერების). იყო საკმაოდ კარგად ჩატარებული არჩევნებიც (მათ შორის – 1990 წლის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ფორმალურად ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მიღებამდე ჩატარდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი არჩევნები იყო) და, – სამწუხაროდ, უფრო ხშირად – ცუდად ჩატარებული არჩევნებიც (მათ შორის, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები), რომელთა ჩატარების მეთოდებმა და შედეგებმა სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურა.

და მაინც, მიუხედავად ამ, თითქოსდა, უკვე ხანგრძლივი გამოცდილებისა, და იმ სანუგეშო შედეგისა, რომ ბოლო სამ არჩევნებში  – 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში – საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების პოზიტიური შეფასება დაიმსახურა, ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის მიერ არჩევნის გაკეთება საკმაოდ მოულოდნელი, ემოციური, სპონტანური, თუ სულაც გაუაზრებელი ქმედებაა, რომელიც რაციონალური ანგარიშით ნაკლებად თუ შეიძლება აიხსნას, არამედ, უფრო – ქართული ფოლკლორის მარგალიტებით: „მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველსა“, „მე ხომ გულით ვიხედები, გული – ჩემი თვალებია“, „გულამოსკვნილი ვტიროდი, სადა ხარ, ჩემო სულიკო“, „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“…

მეც ერთი თქვენთაგანი ვარ. თავადაც ამ ქვეყნის შვილი და ჩვენი მძიმე უახლესი ისტორიის თანაზიარი, და, გარკვეულწილად, თანამონაწილე. მეც მიმიცია ხმა ზოგჯერ ისეთი კანდიდატისათვის, რომ მერე მწარედ იმედგაცრუებული დავრჩენილვარ. ჩემზეც მოუხდენია გავლენა იმას, რომ რომელიმე პოლიტიკოსი იმას გვპირდებოდა, რაც ჩემს ყურს საამოდ ესმოდა, თუმცა ძალიან საეჭვო კი ჩანდა… მეც მიმიცია უმრავლესობის წამხედურობით ხმა იმ ადამიანისთვის, ვინც არ მიმაჩნდა იმ მომენტში საუკეთესო კანდიდატად… თუმცა, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ყოველთვის ვცდილობდი, წარსული შეცდომების ანალიზზე მესწავლა.

ამჯერად გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გაკვეთილების სახით გაგიზიაროთ. მზა რეცეპტები არ გამაჩნია და არც შეუცდომლობის პრეტენზია მაქვს. ვიფიქროთ ერთად და იქნებ უფრო უკეთ მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი, რაც უკეთესი ხელისუფლების და უკეთესი მომავლის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება…

 

====

არჩევნები, როგორც მოსახლეობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების ფორმალიზებული აქტი რომელიმე ხელისუფლის ასარჩევად, საკმაოდ ძველი პროცესია – ძველ საბერძნეთსა თუ რომში, ისევე როგორც ძველ ინდოეთში, სხვადასხვა სახის არჩევნები იმართებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო სისტემატური ხასიათი არჩევნებს რომის რესპუბლიკაში ჰქონდა, სადაც მრავალი სხვადასხვა დონის მოხელე, მათ შორის უმაღლესი მოხელეებიც – კონსულები – სწორედ არჩევნებით ირჩეოდა. არჩევნებს ჰქონდა თავისი პროცედურა, განრიგი და წესდება.

არჩევნები წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. დაწყებული მე-17 საუკუნიდან, ევროპის სახელმწიფოთა სულ უფრო მეტ ნაწილში ძალას იკრებდა წარმომადგენლობითი ხელისუფლების იდეა, როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმაცია სწორედ ხალხის ნების სათანადო შესწავლით უნდა მომხდარიყო. ამან მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძველი მიიღო და შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროს დაყოფა  განვითარებული დემოკრატიის, შედარებითი დემოკრატიის და არადემოკრატიულ ქვეყნებად ყველაზე მეტად სწორედ არჩევნების ჩატარების წესს, პროცედურებს, მონაწილეობის თანაბრობას, სამართლიანობას და გამჭვირვალობას ეხება. პრაქტიკულად შეუძლებელია წარმოვიდგინოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც არჩევნები უსამართლოდ, სათანადო გამჭვირვალობის გარეშე და სერიოზული დარღვევებით ტარდება, ისევე როგორც ძალიან ძნელია მოვძებნოთ ისეთი შემთხვევა, რომ ლამის იდეალური არჩევნების ტრადიციის მქონე ქვეყანა არადემოკრატიული სასამართლო და სახელისუფლებო პრაქტიკის მიმდევარი იყოს.

და აქვე ხაზი მინდა გავუსვა ერთ სერიოზულ მომენტს:

არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ერთხელ ჩატარება მხოლოდ პრეცედენტია, ხოლო იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარებული დემოკრატიული საზოგადოების პრეტენზიას აკმაყოფილებდეს, ეს ყველაფერი სწორედ რომ ტრადიციად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და დამტკიცებული მრავალი არჩევნების განმავლობაში. ჩემი აზრით, საქართველოს ჯერ არ ჰქონია ზედიზედ ოთხი სამართლიანად ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა. ამიტომ, როდესაც ზემოთ ქართველი ამომრჩევლების გადაწყვეტილების მიღების უნარებზე მწარედ ვიხუმრე, სამწუხაროდ, ეს ჩვენი მწირი ისტორიული  გამოცდილების შედეგია – როგორი არჩევნების გამოცდილებაც გვაქვს, სწორედ ისეთი ამომრჩეველი გვყავს და ეს მანკიერი წრე რომ გავწყვიტოთ, მხოლოდ ხელისფლების მონდომება არ იქნება საკმარისი – თავად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და ძალიან მონდომებულები, რომ სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ! დემოკრატიის გაკვეთილები ისევე იწყება არჩევნების სწავლით, როგორც ენისა და ლიტერატურისა – ანბანით!

===

 

გაკვეთილი პირველი (მგონი, წესად უნდა დავრგოთ!) : არჩევნებზე უნდა წავიდეთ! არჩევნებზე ყოველთვის უნდა წავიდეთ. ყოველთვის, როცა არჩევნებზე არ წავალთ, ამით იმის შანსსაც ვზრდით, რომ ეს არჩევნები წესიერად არ ჩატარდეს, ან თუ წესიერად ჩატარდება, ისე არ დამთავრდეს, როგორც ჩვენ გვინდოდა.

ხშირად გამიგონია, რამდენჯერ ვიყავი და არაფერი შეიცვალაო.

ჯერ ერთი, ძირითადად მაშინ იყავით, როცა არჩევნები უარესად ტარდებოდა, როცა მასიურად იყო კარუსელები, როცა ხშირად იტაცებდნენ ყუთებს და ყრიდნენ ბიულეტენებს, როდესაც ათასობით ყალბი პირადობის მოწმობით ხდებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მაშინ ეს არ იყო არჩევნები. ამიტომ მაშინდელი იმედგაცრუება მომავალზეც არ უნდა გადავიტანოთ.

მეორეც – და რა იცით, რომ არაფერი შეიცვალა? იქნებ, რომ არ მისულიყავით, უფრო უარესიც კი ყოფილიყო?!

როგორც ამერიკელი ჟურნალისტი და კრიტიკოსი, ჯორჯ ნათანი ამბობდა: „ცუდი ხელისუფლება იმ კარგი მოქალაქეების არჩეულია, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან.“

მე პირადად ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან, ამით თავის სამშობლოს ზიანს აყენებენ თავიანთი სამოქალაქო პოზიციის მიჩუმათების ან ჩახშობის გამო. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სადღეგრძელოში არ უნდა ჩანდეს. სამშობლოს სიყვარულის ერთ-ერთი გამოხატულება ისიც უნდა იყოს, როგორ ცდილობ, რომ ამ სამშობლოს უკეთესი ხელისუფლება ჰყავდეს. თუ ეს არ გადარდებს, ან თუ ამისთვის არჩევნებზე წასვლა გეზარება, ესეიგი, არც შენი ოჯახის და შვილების მომავალი გადარდებს მაინცდამაინც. ამას კი, აბსურდის მეტს ვერაფერს დავარქმევ.

 

გაკვეთილი მეორე: აჯობებს, გადაწყვეტილება მივიღოთ არა არჩევნების დღეს, უბანზე შესვლის შემდეგ, არამედ მანამდე – თუნდაც 1-2 დღით ადრე. და ვეცადოთ, ეს გადაწყვეტილება არ იყოს ემოციონალური – არ ეყრდნობოდეს ასარჩევი პირის გარეგნობას, ვარცხნილობას ან პარტიის დროშის ფერს. არამედ იყოს გაცნობიერებული არჩევანი მის შემდეგ, რაც რაც შეიძლება მეტ კანდიდატზე რაც შეიძლება ობიექტურ ინფორმაციას მოვაგროვებთ. ადვილი არაა, მაგრამ შესაძლებელია…

 

გაკვეთილი მესამე: პოლიტიკოსებს ვირჩევთ იმათგან, ვინც გვყავს. გასაგებია, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, ლადო ასათიანმა ლექსიც უძღვნა ლამაზი ცოლის უკეთესის ნდომას, მაგრამ ვერც მაჰათმა განდი, ვერც მარგარეტ თეტჩერი, ვერც რონალდ რეიგანი და არც ბარაკ ობამა საქართველოში კენჭს ვერ იყრიან. არჩევნები არის შესაძლებლიდან უკეთესის (და არა – მსოფლიოში საუკეთესოს!) არჩევა. ამიტომ, ავირჩიოთ ის, ვინც სხვას სჯობს. და ამ ჩვენი არჩევანით, ახლაც და მომავალში, ვეცადოთ გავაგებინოთ პოლიტიკოსებს, როგორები გვინდა რომ იყვნენ! თუ ყოველთვის ჯიგარ პოლიტიკოსებს ავირჩევთ, გვექნება „ჯიგარი პოლიტიკა“ (და აგვეხევა კიდეც ჯიგარი), თუ ავირჩევთ პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხს არაფერზე აგებენ, გვექნება უპასუხისმგებლო ქვეყანა… დავიმახსოვროთ, უნდა ავირჩიოთ ის, ვინც სხვებს სჯობს! – ყველაფერი ფარდობითია და არჩევნები – განსაკუთრებით.

 

გაკვეთილი მეოთხე: რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვუყუროთ და ვუსმინოთ საარჩევნო რეკლამებს, (მეტიც, გირჩევთ კიდეც, რომ ყველა პარტიის სარეკლამო რგოლი ნახოთ), მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი პროდუქტის გასაყიდად დამზადებული სარეკლამო რგოლებია (ხშირად ამ საქმის პროფესიონალების და არა – თავად პოლიტიკოსების, შრომის ნაყოფი) და არავინ არ იძლება გარანტიას, რომ ან იქ მოყვანილი ინფორმაციაა სწორი, ან იქ მოცემული დაპირებების რეალურად შესრულების გარანტია არსებობს!

აქ ცოტა დიდხანს შევჩერდები, რადგან საქართველოში, სადაც ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში სკრუპულოზურად არ აკვირდებიან პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, და მხოლოდ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე უსვამენ თავს კითხვას – „ვის ვირჩევთ?“ რეკლამის შეცდომაში შემყვანი ეფექტი ძალიან დიდი შეიძლება იყოს.

ანეგდოტი: კაცი მოკვდა. იცდის, როდის ეტყვიან, სად გაამწესეს. მოვიდა ანგელოზი, საკმაოდ შეფიქრიანებული სახით, და ეუბნება – ძალიან უცნაური ამბავია შენს თავს – ღმერთმა ვერ გადაწყვიტაო –  ბევრი მამაძაღლობა გაქვს ჩადენილი და წესით, ჯოჯოხეთი შენთვის ზედგამოჭრილი უნდა იყოს, მაგრამ საკმაოდ ბევრი სიკეთეც მოგისწრია და ამიტომ ასეთი უცნაური რამ გვითხრა – ორივე აჩვენეთ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც და თავად აირჩიოსო! გახარებულმა კაცმა ხელები მოიფშვნიტა და – მანახეთ სამოთხეო! წაიყვანეს – საოცარი სილამაზეა ირგვლივ, ჩიტები გალობენ, ანგელოზები ფრენენ, ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, ნაკადულის ჩუხჩუხი და ჰარმონიული მუსიკა იღვრება… ძალიან მოეწონა კაცს, მაგრამ თქვა, – ამის შანსი მეორედ არ მექნება და მოდით, ბარემ, ჯოჯოხეთსაც ვნახავო!

ჯოჯოხეთი მიწისქვეშა მდებარე უშველებელი კაზინო-რესტორანია – ფულები, სათამაშო აპარატები, სტრიპტიზი, ჯაზი უკრავს, ვისკი მდინარეებად მოედინება, სცენაზე საოცარი შოუ მიდის, აქეთ კარტს თამაშობენ, იქეთ – რულეტკას… მოკლედ, დუღს იქაურობა. მოხიბლულმა კაცმა, ცოტა დარცხვენილმა თქვა, კარგი კი იყო სამოთხე, მაგრამ ცოტა მოსაწყენი მეჩვენა, აქ უფრო მხიარულებაა, აქ დავრჩებიო!

ეს როგორც კი თქვა, ოთხმა რქიანმა ეშმაკმა დაავლო ხელი და მიათრევენ მეორე ოთახში, სადაც უზარმაზარ კოცონზე უშველებელ ქვაბში კუპრი თუხთუხებს! აყვირდა შიშით გაგიჟებული კაცი – ეგ არ მინდა! მე ის მინდა, – კაზინო, სტრიპტიზი და ჯაზ-კონცერტი რომ იყო, ის ავირჩიე მეო!

  • ეგო, ჩვენი რეკლამა იყოვო!

 

როდესაც ვინმე ადამიანის მოწოდებას ისმენთ, იმაზე, რომ პენსიონერებს უნდა დავეხმაროთ, კარგად დაფიქრდით, რა იცით მისი ან მისი პარტიის მიერ პენსიონერების დახმარების შესახებ. მერე ეცადეთ, მარტივი მათემატიკით გაამრავლოთ ქვეყანაში არსებული პენსიონერების რაოდენობა იმ 300, თუ 500 ლარზე, რომელსაც ასე გულუხვად გპირდებიან და თუ ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი ან ნახევარი გამოგივათ ნაანგარიშები – დაფიქრდით იმაზე, რომ მსოფლიოს არცერთი მთავრობა ვერ და არ დახარჯავს პენსიებში მთელი ბიუჯეტის ასეთ დიდ ნაწილს. გამოდის, რომ ეს ან ლამაზი და შეუსრულებელი დაპირებაა მხოლოდ, რომელიც იმ პოლიტიკურმა ძალამა ჰაიჰარად წამოისროლა, ან უფრო უარესი – შეგნებული ტყუილი!

ახლა ეს გავარჩიოთ – რომელიმე პარტიის უფროსი ოქროს მთებს პირდება გაჭირვებულებს – სახელმწიფომ უნდა აარჩიოს რამდენიმე ათასი ყველაზე გაჭირვებული და მათ სახლიც უნდა აუშენოს და ისეთი შემწეობაც უნდა დაუნიშნოს, რომ უზრუნველად იცხოვრონო. წარმოგიდგენიათ, ასეთ მიწიერ სამოთხეში მოსახვედრად ჩატარებული კონკურსის შედეგები რა კაცთამკვლელ ომამდე მიიყვანს მოსახლეობას? და ვისაც ამ სამოთხემდე 1 ქულა დააკლდება… ის ხომ არ ყველაფრით კი აღარ ისარგებლებს, არამედ ამ ყველაფრის თანხის გადახდა სწორედ მისი შრომითაც უნდა მოხდეს… თან საინტერესოა, ეს პოლიტიკოსები, ახლა რომ ამ სიკეთეს პირდებიან ქვეყნის სახელით, ამას ხომ ჩვენი სახელით და ჩვენი ჯიბიდან პირდებიან ამ გაჭირვებულებს. კარგად მოიძიეთ, – თავად ვინ არიან ასეთი დაპირებების გულუხვად გამცემნი, და თუ აღმოჩნდება, რომ სადმე ძალიან ნოყიერ ადგილზე მუშაობით იშოვნეს საშვილიშვილო ქონება, ისიც გაარკვიეთ, ამ ქონებიდან დღემდე რა ნაწილი უწილადეს გაჭირვებულთ? ძაღლის თავი, იქნებ მანდ იქნეს დამარხული…

ერთი პარტიის ლიდერები გაიძახიან – არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი, ქვეყნის 10%-ის მოთხოვნითაც კი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგესო! მუდამ რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს, რომ თუ ვინმე აშავებს – მინისტრია თუ დეპუტატი, მაშინვე გადავაყენოთო!

მსოფლიოში მხოლოდ ერთი კაცი მეგულება, რომელსაც 10%-იც კი არ ჰყავს უკმაყოფილო მის ქვეყანაში – კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი (იცოცხლე-თქვა, ეყოლება, მაგრამ ვინ გაბედავს კრინტის დაძვრას!)… გამოდის, თურმე მარტო ის დარჩება ამ სქემით თავის ადგილზე. ისიც საინტერესოა, რომ ამ საყოველთაო რეფერენდუმობის იდეის მატარებლები პრაქტიკულად წარმომადგენლობთი ხელისუფლების იდეას ებრძვიან. და მაშინ თავად რაღას იყრიან კენჭს პარლამენტში? თუ ისეთი სრულქმნილები და ზეპროფესიონალები ჰგონიათ თავი, რომ მათ გადადგომას არავინ მოითხოვს? თუ იმაზე დავფიქრდებით, როგორ მუდმივ სტოპორში შევა ყოველდღე ვინმეს გადაყენების მოთხოვნით რეფერენდუმების იდეით შეპყრობილ-აჟიტირებული ქვეყანა (თანაც საქართველოში ვინმეს გადაყენების გაგონებაზე ხომ ათასობით ადამიანს დაუსაბუთებელი იმედი გაუჩნდება – მაგას რომ გადავაყენებთ, იქნებ მე დამნიშნონო!), ისე ხომ არაა საქმე, რომ ამ „გენიალური ჩანაფიქრის“ უკან რომელიმე „სტრატეგიული მოწინააღმდეგე“ ქვეყნის სტრატეგები დგანან?

მოკლედ, გაკვეთილი მეოთხე: რეკლამებს ძალიან კრიტიკულად ვუყუროთ და გვახსოვდეს, წამალი, რომელიც ყველაფერს არჩენს, სინამდვილეში სრული ტყუილია! და პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც დედამიწაზე სამოთხეს გპირდებათ, თანაც უფასოდ და მალე, არის ყველაზე გაქნილი მატყუარა, ან ყველაზე დიდი სულელი. არცერთის არჩევას არ გირჩევთ.

 

გაკვეთილი მეხუთე: კარგი იქნებოდა, საქართველოში საარჩევნო პროგრამების წერის და კითხვის კულტურა რომ არსებობდეს! მაგრამ სამწუხაროდ, ჯერაც არ არის! და ამ მხრივ, მომავალი არჩევნები ნამდვილად არ მგონია წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს, მგონი, პირიქით. რამდენიმე პარტიას აქვს საარჩევნო პროგრამა, მათ შორის ეკონომიკური პროგრამაც, რაც მისასალმებელი ფაქტია. პრობლემა იმაშია, რომ ამ ეკონომიკური პროგრამების საზოგადოების სამსჯავროზე წარდგენა წესით და რიგით საარჩევნო პროცესის დაწყებამდე უნდა მოხდეს, რომ მათი გარჩევა და კრიტიკული შეფასება მოესწროს. როგორც წესი, ეკონომიკური პროგრამები კვალიფიციური, პროფესიული შეფასების საგანი უნდა გახდეს, რადგან უბრალო ამომრჩევლისთვის მათი ავ-კარგის განსაზღვრა არც თუ ისე ადვილია. ამას წინათ ორი პარტიის ეკონომიკური პროგრამის შესახებ მესმოდა გარკვეული შექებები, მერე კი ამ პროგრამების კვალიფიციური შეფასება წავიკითხე და გამინელდა პოზიტივი.

 

გაკვეთილი მეექვსე: წარსული უნდა გავითვალისწინოთ და შევაფასოთ – ქმედებები სიტყვების მაგიერ! წარსულში დაფიქსირებული პატიოსნების და გულწრფელობის, პასუხისმგებლობის აღების შემთხვევებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჩემი გამოცდილებით და სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკის მიხედვითაც, ყოველთვის სჯობს ის პარტია, რომელიც ნაკლებს გვპირდება და მეტს აკეთებს, ვიდრე პირიქით. ხოლო პარტიები, რომელთაგანაც დაპირებების მეტი არაფერი გვახსოვს, სავარაუდოდ, არც მომავალში შეიცვლიან ზნეს.

პარტია, რომელიც ძალადობის ჩემპიონი იყო და დღეს არაძალადობას და შემრიგებლობას ქადაგებს, პარტია, რომელიც მედიას ახრჩობდა და დღეს მედიის დაცვის ჩემპიონობას ჩემობს, პარტია, რომელმაც სასამართლო უსამართლოდ აქცია და ახლა გახდა თემიდის ტრფიალი, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს იმ აქლემის ქურდს, რომელსაც თავისი დანაშაული ნემსის ქურდის მხილებით უნდა მიაფუჩეჩოს. დიახ, ხდება ხოლმე, რომ მებაჟე სავლე წმინდა პავლედ ქცეულა, მაგრამ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში რამდენი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული? მე პირადად, ვერ ვიჯერებ იმ ადამიანების კათარზისს, რომელთაც თავისი დანაშაული და შეცდომები არ უღიარებიათ და არ მოუნანიებიათ…

 

გაკვეთილი მეშვიდე: ერთი კაცის პარტიები ნაკლებ სანდო მგონია. საქართველო ასეთი პარტიებით მდიდარია და ზოგჯერ, ლიდერის ქარიზმატულობის გამო, ასეთი პარტიები საკმაოდ დიდხანსაც ძლებენ იმავე ერთკაციანობის რეჟიმში, რადგან შინაგანი წინააღმდეგობის პრობლემა არ აქვთ – ის ლიდერი უბრალოდ არ უშვებს სხვა თანაბარზომიერი ძალის ლიდერების გაჩენას პარტიაში. ასეთი პარტია განახლების ლამის ნულოვანი პოტენციალის მქონეა და შეცვლილ გარემოებებს ნაკლებად უღებს ალღოს. ამიტომ, მე პირადად, თავს ვიკავებ ხოლმე ასეთი პარტიების მხარდაჭერისაგან.

 

გაკვეთილი მერვე: ახლადგამომცხვარი პარტია ჯერ უნდა დაღვინდეს! სანამ მაჭარი დაღვინდება, ბევრი რამ შეიცვლება – საქართველოში შეიძლება სულ სხვა ხალხმა ჩაუყაროს საფუძველი პარტიას, ხოლო არჩევნებზე სულ სხვამ გამოიყვანოს. პარტიის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია და თავიდან მრავალ წინააღმდეგობას გადის, გუნდი უნდა მოითელოს, გუნდის წევრებს შორის ფუნქციები უნდა გადანაწილდეს, ინტერესთა კონფლიქტების მართვა და რისკების მენეჯმენტი ჩამოყალიბდეს, ვიღაცა წავიდეს, ვიღაცა მოვიდეს, ვიღაცეებმა ადგილები გაცვალონ, ტაქტიკა და სტრატეგია დაიხვეწოს, ისევე როგორც შინაპარტიული დისციპლინა და ორგანიზაციული პროცესი. ამას, როგორც წესი, რამდენიმე წელი მაინც სჭირდება, ხოლო ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით – რამდენიმე ათწლეულიც კი. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია იმდენად უკიდურესად კრიზისული და მძიმეა, ხოლო ძველი პარტიები იმდენად არამიმზიდველი, რომ არჩევანს მაინც ახლადშექმნილი პარტიის სასარგებლოდ ვაკეთებთ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ახალ პარტიაში სანდო კვალიფიკაციის და პატიოსანი ხალხიც არის და სრულიად უცნობებს და გამოუცდელებს არ ვანდობთ ქვეყნის მართვას.

 

გაკვეთილი მეცხრე (საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე): ქარიზმატული ლიდერებით მოხიბვლას, აჯობებს, ვერიდოთ. პარტიას და პოლიტიკოსს რომ ირჩევთ, ეს თითქმის იგივეა, თქვენ ბავშვს (სამშობლოს!) რომ მასწავლებელს ან ძიძას ურჩევთ, და კარგად დაფიქრდით, მასწავლებლის და ძიძის ქარიზმატულობა და ეშხია მთავარი, თუ – მისი ჭკუა, აზროვნება, პატიოსნება, გამოცდილება და ტაქტი? მართალია, ეს ყველაფერი შეიძლება სილამაზესთან და ქარიზმასთან ერთადაც იყოს, მაგრამ, ჩვეულებრივ, ამის შანსი არც ისე მაღალია, რადგან ვისაც ქარიზმა აქვს, ხშირად სწორედ ამით იოლად გადის ფონს და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებით ნაკლებად არის დაკავებული. ნიჭიერი, საქმის ერთგული, მცოდნე და პატიოსანი (კვაზიმოდოც კი!) გვერჩივნოს იმათ, ვისაც ქარიზმატულობის მეტი არაფერი ცხია…

 

გაკვეთილი მეათე: ახლა ისეთი რამ უნდა დავწერო, რაც არც სათქმელადაა ადვილი და მით უფრო – შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი მისი და მისი ოჯახისთვის სარგებლიდან იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებზე. მარტო მაგით ნუ გადავწყვეტთ. იმაზეც დავფიქრდეთ, თუ ამ კონკრეტული პარტიის ან დეპუტატისგან მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ოჯახი მოიგებს, ხოლო ქვეყანა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წააგებს – ჩვენი „მოგებაც“, საბოლოო ჯამში, ძალიან სათუო და ძალიან ხანმოკლე გამოვა. გასაგებია, რომ მარიხუანის მომხმარებელ ამომრჩევლისთვის დედის ნანასავით ისმის მავანი პოლიტიკოსის დაპირება მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ, მაგრამ ვაითუ ამ პოლიტიკოსის სხვა გეგმები არაფერს გვარგებს, შეიძლება ეს მხოლოდ იაფფასიანი, პოპულისტური ხრიკი იყოს – 4 წლის განმავლობაში სხვა არაფერი თუ არ მოხდა სასიკეთო, არა მგონია, ხელმისაწვდომი მარიხუანით სერიოზულად გაბედნიერდეს ხალხი…

 

გაკვეთილი მეთერთმეტე: ორი ტიპის ძლიერ პოლიტიკოსს უნდა ვერიდოთ – გამოკვეთილ პოპულისტს და აშკარა ავანტურისტს! სამწუხაროდ, თუ ადამიანს პოპულისტის და ავანტურისტის თვისებები საერთოდ არ აქვს, ის თანამედროვე პოლიტიკაში ძალიან იშვიათად თუ იმკვიდრებს თავს. ჩვენი უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტში ქართველებს გვყავდა ასეთი ადამიანები, რომლებიც, საუკეთესო პოლიტიკოსები უნდა ყოფილიყვნენ, ჩემი აზრით, რადგან ჭკვიანი და  პატრიოტები იყვნენ – მერაბ მამარდაშვილი, ზურაბ ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა აკაკი ბაქრაძე… ქართულმა საზოგადოებამ  ისინი გვერდზე (ან მეორე პლანზე) გასწია და სხვები ვარჩიეთ, ვინც ან პოპულიზმში, ან ავანტიურიზმში, ან – ორივეში ერთად, მათ სჯობდა… რა მოვიგეთ, ამაზე ახლა მაინც დავფიქრდეთ…

 

გაკვეთილი მეთორმეტე: როგორც წესი, ჩვენს შერეულ (მაჟორიტარულ-პროპორციულ) სისტემაში ადამიანთა უმრავლესობა მხარს ერთსადაიმავე პარტიას და მის წარმომადგენელს უჭერს მხარს – ან პარტია მოსწონს და მის კანდიდატსვე ირჩევს მაჟორიტარად, ანდაც – პირიქით – მისთვის კარგად ცნობილი მაჟორიტარის ხათრით პროპორციულ სიაშიც იმავე პარტიას შემოხაზავს. ასეთ საქციელში ცუდი არაფერია – თავადაც ასე გამიკეთებია საკმაოდ ხშირად. მაგრამ თუ რომელიმეში ეჭვი გეპარებათ, მაშინ მარტო დაწყვილების სიადვილის გამო ნუ მოიქცევით ასე – თუ მაჟორიტარია სანდო, მაგრამ პარტიაზე ეჭვი გეპარებათ, მაშინ პარტიულ სიაში სხვას დაუჭირეთ მხარი. და პირიქით, თუ თქვენთვის სასურველმა პარტიამ თქვენს ოლქში მოსაწონი მაჟორიტარი კანდიდატი ვერ შემოგთავაზათ, პარტიული არჩევანის გამო მაჟორიტარულს არმოსაწონ კანდიდატზე ნუ გააკეთებთ. სხვათა შორის, ასეთი მოქცევით, ცოტათი ვზრდით ხოლმე იმის შანსს, რომ ორიდან ერთი მაინც გაგვიმართლებს. თუმცა ისევ გავიმეორებ, თუ პარტიაც და მისი მაჟორიტარიც ორივე მოგწონთ, წყვილად არჩევა არ იქნება ცუდი არჩევანი.

=======

აი, ესაა, რაც ახლა მოვიფიქრე, როგორც ერთი ქართველი ამომრჩევლის 25 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გაკვეთილები. კიდევ ბევრ რამეზე შეიძლებოდა გვეფიქრა. ვიფიქროთ, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და იქნებ, ერთად მოვახერხოთ, ჩამოვაყალიბოთ არჩევნებზე ჩვენ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესები. გულს სრულიად ნუ გამოვთიშავთ, მაგრამ მაინც უფრო – ტვინით და აზრით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი.

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)

ექიმი/ბლოგერი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე

 

P.S. აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა  27.08.2016 “ინტერპრესნიუსის” ვებ-გვერდზე, – “თვალსაზრისის” სექციაში. ვებ-მისამართი : – http://www.interpressnews.ge/ge/thvalsazrisi/394173-archevanis-zghvarze.html