ბედნიერების დღე


დაღამდა. დაიძინა ქალაქმა.

დაიძინა, როგორც ვალმოხდილმა, მშრომელმა ადამიანმა.

დაიძინა, როგორც დაღლილმა – განცდებით დატვირთულმა, ნერვიულობით გათანგულმა, ადრენალინით აფეთქებულმა, ბედნიერებისგან აღრიალებულმა, დიდხანს ნანატრი და ათასშიერთხელ მოსული ზეიმით აკანკალებულმა და მერე ემოციებისგან გამოლაყებულმა, სახეზე ლაღღიმილშეყინულმა და წამიერი ექსტაზით დროებით ნეტარმა და სასოების კალთაში ჩაგორებულმა არსებამ.

დღეს ჩვენ მოვიგეთ!

დღეს ჩვენ მოვიგეთ ფეხბურთი!

დღეს ჩვენ – ქართველებმა – მოვიგეთ თამაში, რომელშიც მსოფლიოში მეცხრე ნაკრებს – ხორვატიას დავუპირისპირდით.

ჩვენ… ჩვენ კი არა – ჩვენმა ნაკრებმა, რომელთა შორის ბევრი ტრავმის, ხოლო ზოგი ვიზის პრობლემების (!) გამო არ თამაშობდა… ნაკრებმა, რომელსაც ყველანაირი ტოპმიოლერების და კუპერების მერე თითქოს შანსი არ ჰქონდა (არადა კარგები იყვნენ ტოპმიოლერიც და კუპერიც, მაგრამ ვერ მოერგნენ ამ ჩვენს ნაკრებს…) ახლა ჩვენებურის, ჩვენი ხალხის შვილის – თემურ ქეცბაიას სიბრძნის და პროფესიონალიზმის და სწორედ რომ გუნდთან მორგების წყალობით ითამაშა კარგად – ჯერ ისე არა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ უკვე ისე, რომ არ შეგრცხვებოდა… და რაც მთავარია – ბ-ო-ლ-ო-მ-დ-ე…. სისხლის და ოფლის ბოლო წვეთამდე, ბოლო წამამდე, და მოიგო სწორედ ამ ჟინით და დაუღლელობით, მოიგო იმით, რაც ხშირად ფატალურად არ გვყოფნის ხოლმე, მოიგო რწმენით – რომ შეგიძლია, მოიგო დაჟინებით, რომ ვალდებული ხარ, მოიგო ნებისყოფით, რომ უნდა გააკეთო და მოიგო სიყვარულით – თავისი ხალხის, თავისი ჩაგრული ქვეყნის, თავისი მეგობრების, თავისი შვილის, მეუღლის, მშობლების და ყველა იმ ადამიანის სიყვარულით, ვინც მათ გააბედნიერეს და ვისი გულიც ისე მოიგეს, როგორც სხვებმა -მათმა მამებმა ადრე – იმ, ჟამთასვლით ლამის მინავლული, 13 მაისის ბედნიერ, წვიმიან ღამეს!

რა ძლიერი რამეა გამარჯვება! როგორ ავმაღლდით, როგორ დაგვავიწყდა გაჭირვება, ტკივილი, ცრემლი, დამცირება, უსახსრობა, სინანული და ავადმყოფობა… როგორ დაგვედო მალამოდ ამ ბიჭების შემართება და ადრე ბორკილებით დამძიმებულებმა როგორ მსუბუქად ვიგრძენით თავი ბეჭზე ლურჯი ფრინველის ბუმბულის  შეხებისთანავე…

ჩვენ გავიმარჯვეთ! დღეს ყველა ჩვენ – ვართ გამარჯვებული!.. დღეს ჩვენ ვართ ამაყნი… დღეს ჩვენ დავამარცხეთ უბედობა და დამარცხება და დღეს ჩვენ აღვსდექით უსასობიდან – ბედნიერებამდე.

—————

მაგრამ არა ყველამ…

როცა ყველა ჩვენ ვღრიალებდით ხმისდაკარგვამდე, როცა ვხტუნავდით ბავშვებივით, როცა გვიყვარდა ყველა ირგვლივ, როცა ფეხით ვივლიდით არამცთუ მარჯანიშვილის მეტრომდე, არამედ სულაც გლდანამდე ან მცხეთამდეც კი… როცა ყველა ჩვენ ვიყავით გაბედნიერებულნი…

ერთ ოჯახში სიხარული ან არ იყო, ან იყო – ცრემლიანი.

ოჯახში, სადაც უნდა ეზეიმათ ძალიან… ბევრ ჩვენთაგანზე მეტად რომ უნდა გაეხარებინათ ამ ნანატრი გამარჯვებით, ბევრ ჩვენგანზე მეტად რომ სტკიოდათ და ეამაყებოდათ ყოველთვის ქართული ფეხბურთი …

იმ ოჯახში ახლა, როცა ჩვენ თბილ ლოგინებს უნდა მივცეთ ნერვიულობისგან დაწყვეტილი  სხეული … სწორედ იმ ოჯახში – ცარიელია ერთი ლოგინი… ცარიელია ერთი სკამი… ცარიელია ამ ოჯახის სული, რადგან ამ ოჯახს მისი სიხარული – ჩვენი სიხარული – ჩვენთვის სიხარულის მომტანი (და რამდენჯერ, თანაც!!!) კაცი – შვილი და მამა – ამოაგლიჯეს და 6 წლით ციხეში გაამწესეს… სწორედ ახლა… სამი დღის წინ…

სწორედ იმათ, ვინც ლოჟაში ტურებივით შეპარულები და მარტოდ მყოფნი ლირფ თვალებს აცეცებდნენ აქეთ-იქეთ იმ ზღვა ხალხში… სწორედ იმათ, რომელთაც ამ ხალხის ბედნიერებისთვის ხელი არ შეუშველებიათ… პირიქით, სულაც!..

გიორგი დემეტრაძე – ძალიან ჩუმი და მორიდებული, ძალიან ჩვენი… კაცი, რომელმაც 56-ჯერ ჩაიცვა საქართველოს ნაკრების ფორმა, 12 გოლი გაიტანა, თბილისის დინამოს გარდა უთამაშია ფეიენორდში, რეალ სოსიედადში,  მაკაბში, მოსკოვის ლოკომოტივში, მეტალურგში, ალანიაში…უკრაინის ჩემპიონი გახდა კიევის დინამოს შემადგენლობაში… რამდენი სიხარული გვაჩუქა ამ ადამიანმა…

და დღეს, როცა ჩვენ ბედნიერება გვაჩუქეს უკვე სხვებმა – კანკავამ, მარცვალაძემ, კობიაშვილმა, კალაძემ… განა შეიძლება ჩვენ ვიყოთ ბედნიერები, როცა გიორგი დემეტრაძე საქართველოს ავაზაკმა მთავრობამ ციხეში სწორედ 3 დღის წინ 6 წლით გამოამწყვდია?!

ნეტარი ავგუსტინე ამბობს – ”რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?”  და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს უსამართლო მთავრობა ავაზაკთა ბანდაა! და მადლობა ღმერთს, რომ ამას უკვე მთელი მსოფლიო ხვდება!

განა ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ გიორგი დემეტრაძე ამ უზნეო და გარეწარი ხელისუფლების მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პრეზიდენტისადმი შენიშვნის მიმცემი მისი მეგობრის – კახი კალაძის დასასჯელად დასაჯეს? განა ვინმემ არ იცით, რომ იმ ”მაზავშიკების” მთავარი უსტაბაში, რომელთა შორის ყოფნა გიორგი დემეტრაძეს ბრალდება, არამცთუ დაჭერილი არ არის, არამედ საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან? განა ამაზე მეტი ავაზაკობა იქნება, როცა შენს ”მაზავშიკს” ადეპუტატებ, ხოლო ხალხის საყვარელ ადამიანს, ხალხის გამაბედნიერებელ პიროვნებას, მარტო იმიტომ, რომ ის შენი კრიმინალური მაფიის წევრი არ არის, ამ ”მაზავშჩიკობის” ბრალდებით 6 წლით ციხეში სვამ? სააკაშვილის ციხეში 6 წელი ეს ხომ ლამის სასიკვდილო განაჩენია 35 წლის ახალგაზრდა კაცისთვის…

და ჩვენ – გამარჯვებისკენ გაფაციცებით მიყურადებულებს, ზეიმის თრობის თასის დაცლის მოწადინებულებს, იმის შნო არ მოგვამადლა გამჩენმა, რომ იმ ომის ”გმირი” ტროიკისთვის – 2 გუბერნატორი რუსგენერალთ მძღოლისთვის და 1 მხედართმთავარ სპრინტერისთვის – სახეში სილად გაგვეწნა სტადიონზე დაძახებული ”დე-მე-ტრა-ძე!”… აქა-იქ – კი იყო, მაგრამ ეს სკანდირება არ იყო…

რატომ ვართ ასეთები? რატომ გვავიწყდება მაშინვე, რომ სხვას გამხმარი მჭადი ენატრება, როცა ჩვენს მწვადს და ბლომანჟეს დავინახავთ?.. როგორ მოხდა, რომ ასე შევირგეთ ეს გამარჯვება (თითქოს ჩვენ რამე გავაკეთეთ ამისთვის) და დავივიწყეთ კაცი, რომელმაც ადრე მრავალი ასეთი გამარჯვება გვაჩუქა?.. განა მარტო კახი კალაძის ძმა და მეგობარია გიორგი დემეტრაძე? განა ჩვენი ძმა და მეგობარი არ იყო დემე? განა მარტო კახი უნდა წერდეს საპორტესტო წერილებს?

რას გვეტყვიან მისი შვილები? თუ ჩვენ (მე!) ისევე მოვითმენთ მის 6 წლის საპყრობილეს, როგორც აქამდე გადაგვიყლაპია (მეც!) ამ ნეობოლშევიკების მიერ მოყენებული ბევრი სხვა სიმწარე და დამცირება, დედის რძესავით შეგვერგება ვითომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება?

რა ვართ ჩვენ – ერი თუ ცხვრების ფარა, რომელიც მხოლოდ ჩუმად შეჰყურებს, როგორ მიათრევენ ერთ მათგანს სასაკლაოზე… ნუთუ ამ დროს ბოგაზე დაყრილი თივა, ახალი შოუ-კონცერტი, ან ახალი ”მაფიის ღამე” (გეგონება, ისედაც მაფიის არ იყოს დღეც, თვეც და წლებიც!)  საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ისევე სიამოვნებით ავბღავლდეთ, როგორც რომის კოლიზეუმში სხვა მონების სიკვდილის სანახაობით დამთვრალი მონები?

ჩამმწარდა ეს სიხარული…

და მინდა, რომ თქვენც ჩაგმწარდეთ…

რადგან არაფერია იმაზე უზნეობა, როგორც სხვის უბედურებაზე შალახო და არაფერია იმაზე დიდი სიბრმავე, როგორც სხვისი გატყავების დროს განცდილი სიხარული, რომ ეს ჩვენ არ ვართ…

ჯერჯერობით… არ ვართ… ჯერჯერობით…

—————–

დაღამდა. დაიძინა ქალაქმა.

დაიძინა, როგორც ვალმოხდილმა, მშრომელმა ადამიანმა.

დაიძინა, როგორც დაღლილმა – განცდებით დატვირთულმა, ნერვიულობით გათანგულმა, ადრენალინით აფეთქებულმა, ბედნიერებისგან აღრიალებულმა, დიდხანს ნანატრი და ათასში ერთხელ მოსული ზეიმით აკანკალებულმა და მერე ემოციებისგან გამოლაყებულმა, სახეზე ლაღღიმილშეყინულმა და წამიერი ექსტაზით დროებით ნეტარმა და სასოების კალთაში ჩაგორებულმა არსებამ.

ქუჩაში ხანდახან პატრულის მანქანა ახრიალებს და აკაკუნებს და მოითხოვს – ”გააჩერეთ მანქანა!..”

დღეს ჩვენ მოვიგეთ!

დღეს ჩვენ მოვიგეთ ფეხბურთი!

მაგრამ დღეს ჩვენ წავაგეთ ადამიანობა… დღეს ჩვენ გვქონდა შანსი სოლიდარობა გამოგვეხატა, მაგრამ ეტყობა, ამ მხრივ ჩვენი ნიჭი უდროოდ წასულების ტრადიციულ სადღეგრძელოს ვერ ცდება (დემე 100 წელი ჯანმრთელად ამყოფოს ღმერთმა!)… არადა დროულია, უსამართლოდ დაჭერილების სადღეგრძელო მაინც შემოვიღოთ, თუ მეტზე ვეღარ ვვარგივართ…

 

(ამას ყველაფერს პირველ რიგში საკუთარ თავს ვეუბნები, და მადლობა იმას, ვინც ამაოდ ცდილობდა სტადიონზე ”დემეტრაძის” ძახილით ხალხის სოლიდარულ ერად გადაქცევას… მათ საკუთარი ღირსება მაინც გადაარჩინეს!)


საარჩევნო ცვლილებების მოთხოვნა თუ პროტესტი? – ერთიც და მეორეც! კოორდინირებულად!


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმართული ოპოზიციური 8-იანის და ხელისუფლების მოლაპარაკებები შეჩერდა… ჩიხში შევიდა და ალბათ ან ჩაიშალა, ან ისეთ ჩოგბჯენში გადავა, რომ აჯობებს ჩაიშალოს…

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/3537080.html

 

აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მათ არამცთუ ბიომეტრიული პასპორტების გამოყენების მცდელობა მიაჩნიათ მიუღებლად (რადგან გამომჟღავნდება, რომ ამომრჩეველთა ყალბი სიები ლამის 1 მილიონითაა ”გაბერილი”!), არამედ უარი თქვეს 2010 წელს  მოსახლეობის მორიგი აღწერის ჩატარებაზეც – რომელიც ასევე შეიცავდა იმის ხიფათს, რომ დაფიქსირდებოდა ქვეყანაში არსებული მოსახლეობის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე წინა აღწერაზე 10 წლის წინ. და საერთოდ შეცვალეს კანონი, რომელიც დემოგრაფიული აღწერის ჩატარებას ყოველ 10 წელიწადში სავალდებულოდ აწესებდა: აქაოდა – ფულის უქონლობის გამოო! ეს არის მარაზმი! ხელისუფლება, რომელიც მილიონებს საეჭვო ღირებულებების პროექტებში ხარჯავს, ხოლო ასობით მილიონს ისე ხარჯავს საპრეზიდენტო ფონდიდან, რომ არავის ანგარიშს არ აბარებს, უცებ ასე მგრძნობიარე ხდება 5-20 მილიონი ლარის ხარჯვაზე! ასევე გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ დათმოს მაჟორიტარების არჩევნის (თუ ნაცმოძრაობის მიერ დანიშვნის!) პრინციპი.

საერთოდ, ასე მგონია, რომ ხელისუფლებას აწყობს ქუჩის გამოსვლების პროვოცირება, რადგან ამ ასპარეზზე უფრო მაგრად მიაჩნია თავი, ვიდრე სამართლიან არჩევნებში… მაგრამ ვაითუ გაუცუდდეთ ანგარიში… თუმცა ერთი რამ აშკარაა, რომ ბოლო დროს დაიწყო საეჭვო რეპუტაციის ხალხის ”მივლინება” ზოგიერთ პარტიაში, რაც მე პირადად ამ პარტიების რეიტინგისთვის ძალიან სახიფათოდ მიმაჩნია.

ხელისუფლების გათვლა არის შემდეგი, მათ უნდათ მოახდინონ დაპირისპირების პროვოცირება, შემდეგ დაიჭირონ ოპოზიციური სპექტრის ლიდერები და გამოაცხადონ სასწრაფო რიგგარეშე არჩევნები ძველი საარჩევნო კოდექსით და დააყენონ რვიანის პარტიები ძალიან ცუდი არჩევნის წინაშე – ”ან ისევ დარჩით პარლამენტის გარეთ, ან მოდით და ითამაშეთ ჩვენი წესებით და დაჯერდით საცოდავ 20-25%-ს პარლამენტში”!

მე მიმაჩნია, რომ ამ კოდექსით არჩევნებზე წასვლა სიგიჟეა და ერის ღალატი. მე პირადად აბსოლუტურად ლუსტრირებულად ჩავთვლი ყველა პადოშას,რომელიც არსებული კოდექსით და სიებით არჩევნებზე წავა!

საჭიროა კოორდინირება საარჩევნო და საპროტესტო ოპოზიციურ ძალებს შორის! ისინი ისევე შეწყობილად, მაგრამ განსხვავებულად უნდა მოქმედებდნენ, როგორც ავიაცია და არტილერია! ეს მაჯლაჯუნა მთავრობა უნდა დამთავრდეს! ან კარგად – არჩევნებით და მათი პოლიტიკური შანსის მომავალში შენარჩუნებით! ან ცუდად – რევოლუციით და მათი ისტორიის სანაგვეზე მოსროლით – აქედან გამომდინარე ყველა შედეგით! მე პირველი მირჩევნია, და მათაც ამისკენ მოვუწოდებ, მაგრამ მიშას, ეტყობა, კადაფის როლი ხიბლავს – მცველი ქალწულებით გარშემორტყმული…


მოსალოდნელი უბედურება


იაპონელ ხალხს დაატყდა უბედურება… საშინელი, შემაძრწუნებელი, გამაოგნებელი ტრაგედია…

ვუყურებ ამ კადრებს და მიჭირს იმის წარმოდგენა, რა ხდება იქ ადგილზე. – სათამაშოებივით აცურებული უშველებელი გემები, სახლები და მანქანები, ნაფოტებივით მიმოყრილი გადამცემი ხაზების ბოძები და დიდი ხეები… სტიქია, რომელიც ატომურ ელექტროსადგურებს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ანგრევს, წყლის ქვეშ დამარხული სოფლები და ქალაქები, გაუჩინარებული მატარებლები და … ხალხი… ათობით… ასობით… ათასობით… ალბათ, ათეულათასობით… თუ მეტი არა…

იაპონელთათვის დასაბამიდან მიწისძვრა ის უჩინარი მონსტრი გამხდარა, რომელიც ყოველთვის მათ სახლში ცხოვრობს და ერთადერთი გზა მის მოულოდნელ გამძვინვარებასთან გამკლავებისა, არის იმის ცოდნა რა შეიძლება დაუპირისპირო.  იაპონიის ათობით მთავრობები დიდი ხანია ამზადებენ ქვეყანას და ხალხს ამ უბედურებისთვის… შენობების კონსტრუქციები და მასალები იხვეწება, ყოველწლიურად ტარდება ნაციონალურ მასშტაბის ერთიანი სავალდებულო წვრთნები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მიწიძვრას, რომელშიც დაწყებითი კლასების ბავშვებიც მონაწილეობენ. დეტალურად არის გაწერილი და განაწილებული ევაკუაციის გეგმები, სარეზერვო და სამეოქალაქო თავდაცვის სამსახურები, საინფორმაციო ქსელის ალტერნატივები და ა.შ…

შედეგი არის.

1923 წლის 1 სექტემბერს კანტოს დიდი დამანგრეველი მიწისძვრა რიხტერის შკალით 8.3 მაგნიტუდის იყო. ტოკიოსთან და იოკოჰამასთან ეპიცენტრის სიახლოვის გამო იგი კატასტროფული მსხვერპლით დასრულდა – 142,000 გარდაცვლილი და უგზოუკვლოდ დაკარგული. მსხვერპლის მთავარი მიზეზი იყო მეგაპოლისში შუადღეზე, ლანჩის დროს და საკმაოდ ცხელ ამინდში წარმოქმნილი ათასობით ხანძრის კერა, რომელსაც დაემატა მიწისძვრის შემდეგ გრიგალისმაგვარი ქარი, რამაც მთელი ტოკიო 48 საათით უშველებელ ალმოდებულ ჯოჯოხეთად აქცია. ერთ-ერთ ყოფილ სამხედრო ტანსაცმლის საწყობში, რომელსაც სახლებდანგრეულმა ხალხმა მიაშურა, ხანძარს ერთდროულად 38,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა! ამის შემდეგ იაპონიაში დაახლოებით მსგავსი სიმძლავრის 20-მდე მიწისძვრა მოხდა, მაგრამ ასეთი მასიური  მსხვერპლი არ ყოფილა. 60-იან წლებში იაპონიის მთავრობამ 1 სექტემბერი კატასტროფისათვის მზადყოფნის ეროვნულ დღედ გამოაცხადა.

1995 წლის 17 იანვარს კობეს (ჰანშინის დიდი) მიწისძვრა ნაკლები ძალის (6.8-7.3 მაგნიტუდის) იყო, მაგრამ რამდენადაც ისევ დიდ ქალაქთან ახლოს მოხდა, მსხვერპლი 6,300-ზე მეტი იყო. ეპიცენტრში დაინგრა შენობათა დაახლოებით 20% და დიდი რაოდენობით სატრანსპორტო ხიდები (მათ შორის – სარკინიგზო ხიდები). იაპონიის მთავრობა მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, რადგან განსხვავებით კალიფორნიის მსგავსი მასშტაბის მიწისძვრებისაგან, მსხვერპლიც და ნგრევაც უდაოდ უფრო დიდი იყო, რამდენიმე სერიოზული მიზეზის გამო: მრავალსართულიანი სახლები ძალიან ახლოს იდგა ერთმანეთთან და დომინოს ექფეტით ბევრი მათგანი ახლომდებარე მეზობელმა გადმოწოლილმა შენობამ დაანგრია. ასევე ხიდებს საყრდენებთან არ ჰქონდა რეზინის ბალიშები, რომელიც ამორტიზატორის როლს ასრულებს. არ არსებობდა წყლის და საკვების ავარიული მიწოდების კარგად გათვლილი გეგმა…  ყველა ეს ცვლილება ამერიკელებმა 60-80-იან წლებში მოახდინეს, ხოლო იაპონელები დროს ჩამორჩნენ და სერიოზული ფასი გადაიხადეს – როგორც ხალხის დანაკარგის, ისე – ეკონომიკური ზარალის მხრივ -კობეს მიწისძვრა დღემდე რჩებოდა გინესის რეკორდსმენად, როგორც ყველაზე ძვირი კატასტროფა – 102 მილიარდი დოლარი! სწორედ კობეს მიწისძვრა იქცა იაპონიის მთავრობის სერიოზულ გამომღვიძებლად: შეიცვალა მშენებლობის ნორმები, გარემონტდა და გადაკეთდა ძალიან ბევრი ხიდი. 17 იანვარი გამოცხადდა კატასტროფის პროფილაქტიკის და მოხალისეობის ეროვნულ დღედ, ხოლო 15-21 იანვარი – კატასტროფის პროფილაქტიკისა და მოხალისეობის ეროვნულ კვირეულად. ამის შემდეგ სამთავრობო ღონისძიებების გარდა,  იაპონიის ანტიკატასტროფულ ღონისძიებებში სერიოზულ ადგილს სწორედ სამოქალაქო სექტორის აქტიური და კოორდინირებული მუშაობა იკავებს. შედეგმაც არ დააყოვნა. 1998 წლიდან დღემდე იაპონიაში 13 მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო კობეს მიწისძვრაზე ოდნავ უფრო სუსტი, ხოლო დანარჩენები – მსგავსი ან მეტი სიმძლავრისა, მიუხედავად ამისა, 13-ვეს მხოლოდ უმნიშვნელო მსხვერპლი (0-40 დაღუპული) და ნგრევა მოჰყვა.

და ახლა – ეს უბედურება, 2011 წ. 11 მარტის სენდაის მიწისძვრა და ცუნამი, რომელიც იაპონიაში აღიარებულია, როგორც ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი შეიძლება 100-ზე მეტი არ იყოს, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის მთავარი დამანგრეველი ფაქტორი მას მოყოლილი ცუნამი იყო… რამდენადაც ეპიცენტრი სანაპიროდან მხოლოდ 140 კილომეტრში იყო, ხოლო ცუნამის გავრცელების სიჩქარე თვითმფრინავის სიჩქარეს უტოლდება (500-1000 კმ/სთ) ადვილი გამოსათვლელია, რომ ოკეანისპირა მოსახლეობას მიწისძვრის შემდეგომი გაფრთხილებიდან  მხოლოდ ათიოდე წუთი ჰქონდა, რომ საშიში ზონა დაეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ კოშმარულ ვიდეოკადრებზე ადამიანები თითქმის არ ჩანან, გასაგებია, რომ ყველა ამას ვერ მოასწრებდა… ახლავე შეიძლება ითქვას, რომ სანაპირო ზოლში ცუნამის საწინააღმდეგო და ტალღისმჭრელ კონსტრუქციებზე დაფიქრება იქნება საჭირო და ატომური ელექტროსადგურების ოკეანესთან ასე ახლოს განლაგებაც გაუმართლებელი რისკის შემცველია.

მაგრამ არის რამდენიმე სოციალური ასპექტი, რომელიც ჩემთვის უფრო საყურადღებოა, ვიდრე სუფთა ტექნიკური საკითხები.

მიწისძვრის დროს მთელია იაპონია – ხალხი, მთავრობა, ჯარი, მაშველები, პოლიცია და ისევ საზოგადოება – მოხალისეები – ერთად დგანან. იაპონიის მთავრობა განზემდგარი არ უყურებს ამ ტრაგედიას და უშუალოდ ადგილზე ეცნობა მოვლენებს. მიუხედავად განმეორებითი სერიოზული ბიძგების არსებობისა, და იმისიც, რომ ისინი საკმაოდ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, არაა შენიშნული მთავრობის წევრების მასიური მიგრაცია ქვეყნიდან. ხალხიც შესაბამისად არაა პანიკაში, მიწისძვრის დღესვე ყველა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ იაპონელთა მობილიზება, თავის ხელში აყვანის პოტენციალი და საზოგადოებაში შეშფოთების კი, მაგრამ პანიკის – არარსებობა იყო ყველაზე გამაოგნებელი – თავად იმ საშინელ კადრებზე მეტად.      

ძალიან მეცოდება ის ხალხი, ვინც დაიღუპა და იმათზეც შემტკივა გული, ვინც საკუთარი თავისთვის რისკის ფასად ჩადიან კატასტროფის ადგილებში, როგორც მოხალისეები… ხოლო ზოგი, როგორც მოხალისეც და საკუთარი ნათესავების მონახვის იმედითაც. წარმოუდგენლად შოკისმომგვრელი უნდა იყოს ადგილზე ამის ნახვა – როგორ გადაიარა ოკეანის ათმეტრიანმა ტალღამ და წალეკა მთელი ქალაქები… რამდენი სათამაშო, ბავშვის ფეხსაცმელი და სხვა სანუკვარი ნივთი არის აზელილი ამ კოშმარულ ნაგავსაყრელში, რამდენი გამქრალი ადამიანის უკანასკნელი სუნთქვა…  გამიჭირდა იმ კადრების ნახვა, როგორ გამოჰყავთ მაშველებს ხელში ატატებული ბავშვები და მოხუცები… როგორ უტყვი და ცრელმგამშრალია მათი თვალები… სწორედ ეს სიჩუმე მკლავდა და მოწიწებას იწვევდა ჩემში. ვუყურებ ამ ხალხს და ვხვდები მათ დიდ შინაგან სიმდიდრეს, რომელსაც თაობები საუკუნეებია გადასცემენ  ერთმანეთს…

და უცებ გამახსენდა ასევე უტყვი და დრამატული თვალები – ბავშვის და მოხუცის, რომელიც ოთხი დღის წინ ვნახე… ოღონდ ქართველების…

”სერგო გოთორანი (სერგო გოთვერანი)” -ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ირაკლი ფანიაშვილის ბრწყინვალე ნამუშევარი, რომელიც ვებ-გვერდზე www.kalmasoba.com განათავსა ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ – მადლობა მას. მადლობა ყველას – შვეიცარიის დახმარების სააგენტოს, პირველ რიგში და ფილმის ავტორებს და მსახიობებს ამ ბრწყინვალე ნამუშევრისთვის, რომელმაც მე პირადად იტალიური ნეორეალიზმის შედევრები გამახსენა…

ვიცი, ბევრი დამიწუნებს იაპონიის ტრაგედიასთან ამ პარალელს!

ვიცი, ”ტაბულელი” სნობების ტუჩაბზუების არამოკრძალებული ხიბლი:

-”ამას” ხომ სხვანაირად არ შეუძლია?

– ”მოვიდა და დამძიმდა ჰაერი…”, 

– ”საიდან – სად?”…

– ”იმის მაგიერ, რომ იაპონელებს უთანაგრძნოს…”

აი, დარდი…

რამდენი გაქსუებული ლიბერტარიანელი ”ბიზნესმენი”, რომელიც წაგებული ომის მერე თავდაცვის მინისტრიდან უცხო ქვეყნის მილიონერად იქცევა და მონოპოლიზირებული ლატარეებით ლტოლვილებისაგან ამოქაჩული ფულით მინისტრების ცოლების ჟურნალებს აფინანსებს… რამდენი პოლიციელის ცოლი თავისი ქმრის მიერ მოკლულის ქვრივისათვის ახეულ ტელევიზიაში ფეხშიშველა სატანტალო სტუდიას გახსნის და იქედან თავის ქმარს სიყვარულის მესიჯებს უგზავნის სახალხო ფორმატში… და რამდენი ურნალისტი ან (ს)ექსპერტი ხალხს ჭკუას არიგებს და ”ანათლებს”, რომ არსად ისეთი გონიერი და ეთიკური, ხალხზე და სოფლის მეურნეობაზე მზრუნველი და მოდერნიზებული მთავრობა არ ჰყავს, როგორც ჩვენს გაბრწყნებულ ნიუ-ვასიუკიში… მოკლედ, იმღერეთ, სამოთხის კომშებო, ”ლაივში” აცანცარეთ თქვენი ქვენა ”ინტელექტი”…

მე ჩემსას მაინც ვიტყვი: – არის საერთო!

საერთო არის ის დიდი ტრავმა, რაც იაპონელებმა ერთ დღეს მიიღეს და ჩვენ უკვე 20 წელია, გვგუდავს… საერთო არის ის დეპრესია, რასაც ადამიანი გრძნობს, როცა ხედავს, რომ ყველა მხრიდან უბედურებამ ყელში ხელი მოუჭირა და გუშინდელი მოყვარე (იქ – ზღვა, აქ – სამშობლო) დღეს განადგურებით გემუქრება… საერთო არის ის უბრალო ხალხი, რომელიც ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე დგას, გინდა – განმუხურში და გინდა – ფუჯიშიმას ატომურ ელექტროსადგურის სიახლოვეს… საერთო არის ადამიანთა სევდა, როცა შენი ახლობელი ამქვეყნიდან მოულოდნელად მიდის და ვერ ხვდები, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ასე… საერთო არის ბავშვის ტკივილი, რომელსაც ის მონტონურად ჰყვება და იმის განცდა, რომ ეს ტკივილი მას სამუდამოდ გაჰყვება… 

და არის განსხვავებაც!..

განსხვავება არის იმაში, როგორ ერთად დგას იაპონელი ხალხი და როგორ გახლეჩილი არის ქართული საზოგადოება!..

განსხვავება არის იმაში, რომ იაპონიის მთავრობას ერთი წუთით არ მოსდის აზრად ხალხს დაემალოს, უცხოელი პიარ-კომპანიების მოყაროს ქვეყანაში და მილიონები უხადოს, რომ კარგი იმიჯი გაიკეთოს…

განსხვავება არის იმაში, რომ წაგებული ომის შემდეგ ჩვენი მთავრობა ხელფასებს იზრდის, საკუთარი მშობლების სოციალურ ბენეფიტებზე ზრუნავს და მრავალმილიონიან (ხოლო პრეზიდენტი – მილიარდიან) სასახლეს იშენებს.

იაპონიაში მთავრობას ასეთი მასშტაბის ტრაგედია არ სჭირდება ხალხის გასაერთიანებლად და არ ოცნებობს, ნეტა ერთი მიწისძვრა მოხდეს, რომ რეიტინგი ამოვქაჩოო!..

განსხვავება არის იმაში, რომ იაპონიის მთავრობა არ აპირებს საზეიმო შოუ ჩაატაროს ქუჩაში ერთად დგომით და მთელ მსოფლიოს ”პაკაზუხურად” დაანახოს ”ერთიანობა”! ან – ”ბარაკ! ბარაკ!” აყვირებინოს ხალხს მთავარ მოედანზე, წინასწარ ყვირილ-ვარჯიშის ჩატარებით…

განსხვავება არის იმაში, რომ იაპონელი ხალხი კონცერტს კი არ ატარებს, სანამ სადმე შეიძლება ხალხი იღუპებოდეს, არამედ სწორედ იქეთ მიიჩქარის უბედურებაში ჩავარდნილთა საშველად და პოლიტიკოსები არ ყვირიან – ”აბა, კამერა დამიმიზნეთ – ნახოს ყველამ, რომ სენდაიში მივდივარ!”

და არის კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე სერიოზული განსხვავება…

თუ მოხდა მოუხდენელი და წარმოუდგენელი სასწაული და… დღევანდელი დღიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რომელიმე ხელისუფლებასთან ორგაზმულად გადაჭდობილმა იაპონურმა ნაციონალურმა ტელეარხმა ხალხის ჭკუაზე მოსაყვანად და ”დასატესტად” აჩვენა მიწისძვრის და ცუნამის მოდელირებული კადრები – როგორ ინგრევა ქალაქები, იწვის ნავთობტერმინალები, ფეთქდება ატომური ელექტროსადგური, როგორ მოაქვს ოკეანის მრავალკილომეტრიან ტალღის კედელს ნგრევა, რომელიც ჩუმად შემოდის იაპონიის მიწაზე… როგორ დაფრინავს ტრაგედიის ზევით სამთავრობო ვერტმფრენი, როგორ აგროვებენ მაშველებს მთელ მსოფლიოში, როგორ ეცემა ტოკიოს ბირჟა და როგორ დგანან იაპონელები პურის და ბრინჯის გრძელ რიგებში… როგორ გარბის ოპოზიცია და აფორმებს მოღალატეობრივ პაქტს ჩინეთის საელჩოში და თხოვს ჩინეთის მთავრობას, დაიკავონ იაპონიის საზღვაო დაცვის ობიექტები და ამერიკის ჯარების მიერ მიტოვებული ოკინავას სამხედრო ბაზა… დიქტორი კი შეშფოთებული ”ფეისით” კითხულობს ახალი ამბების საინფორმაციო სამსახურის ტექსტს:

 – ”ამ წუთებში ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ იაპონიის სამეფო ოჯახის წევრები ცუნამმა შთანთქა,  ხოლო პრემიერ-მინისტრი 30-სართულიანი სასტუმროს ჩამონგრევისას ნამნგრევებში მოჰყვა… მისი მობილური ტელეფონი ზარებს არ პასუხობს… ჩვენ თქვენთან ერთად ვრჩებით… იმ იმედით, რომ იაპონელი ხალხს ვერც სტიქია და ვერც პოლიტიკანების ღალატი ვერ დაამარცხებს…”

თუ აჩვენა ეს ყველაფერი გაუფრთხილებლად… აჩვენა იმიტომ, რომ ეს, როგორც ”გადარჩენილი” პრემიერ-მინისტრი მერე იტყვის – ”ძალიან მიახლოებული იყო რეალობასთან! ეს მართლაც შეიძლება მოხდეს!! ყოველ წუთს ჩვენ ამ საფრთხის წინაშე ვდგევართ!”…

არ ვიცი, თქვენ რას იტყვით, მაგრამ მე ასე მგონია, რომ თუ ეს ასე მოხდა, მაშინ თავისი მოთმინებით და ზრდილობით ცნობილი იაპონელები გვერდზე გადადებენ ამ უნარ-ჩვევებს და ტოშირო მიფუნესა და ტაკეში კიტანოს გმირების მსგავსად ან მარტო, ან ათასობით სხვა იაპონელთან ერთად ჭკუას მოუტრიალებენ ამ  მოდელირებული ქრონიკის ნამუსგარეცხილ ურნალისტებს და (ს)ექსპერტებს, ხოლო მერე თავისი ერთიანობით და პუნქტუალობით, ეტიკეტით და ზრდილობით ცნობილ იაპონიაში მთავრობის რეზიდენციისკენაც დაიძრებიან ერთი-ორი არაეთიკური არაფორმალური ქრონიკის ისტორიაში ჩასაწერად…

რადგან თუ ხალხთან არ დგეხარ, თუ ხალხი მხოლოდ სისხლის და ფულის მოსაწოვად გინდა, მხოლოდ როგორც საზარბაზნე ხორცი და არჩევნებზე საყიდი და დასაშინებელი ცხვრის ფარა… მაშინ ამ ხალხსაც სრული უფლება აქვს ისე მოგექცეს, როგორც – მგელს, დამპყრობს და მოძალადეს… და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეროვნული კუთვნილება ერის დაჩმორების და გათახსირების საფუძველს იძლევა…

თუმცა მე ხომ იაპონიაზე ვლაპარაკობ…

სადაც მთავრობას და მინისტრებს არ ჭირდებათ იმის ძახილი, რომ უნდა გადადგნენ…

და სადაც სულ ერთი წლის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავიც კი მოიკლა, როგორც ამბობენ, იმიტომ, რომ იაპონელი ხალხის თვალში ნდობის დაკარგვა მისთვის აუტანელი ტვირთი აღმოჩნდა… დავიჯერო, კვეზერელზე უფრო მეტად ჰქონდა ნდობა დაკარგული? 😦

ამიტომ, როცა იაპონიის ტრაგედიას ვუყურებ, ძალიან მიჭირს ამ კადრების ყურება… მაგრამ უფრო მეტად იმის დაჯერება მიჭირს, რომ იაპონელი ხალხი და მის მიერ არჩეული მთავრობა ვერ მოახერხებენ ამ უმძიმესი კრიზისის დაძლევას.

ხოლო როცა ჩვენს ნაცოვიზიებს შევავლებ თვალს, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ისინი და მე ერთი ხალხის, ერთი ქვეყნის, შვილები ვართ! და იმის დაჯერებაც, რომ ამ მთავრობის არჩამოშლა სწორედ იმ მომთმენი ხალხის დამსახურებაა, რომელსაც ისინი სისხლს წოვენ და სარჩოს ართმევენ…  

სანამ ისინი მოდელირებული ქრონიკით გვკვებავენ და სანამ ჩვენს ამას ვიტანთ, ჩვენ ყოველთვის იაპონელებზე უფრო მძიმე დღეში ვიქნებით, რადგან მათ წარმატების უფრო მეტი შანსი აქვთ, როგორც თვალახილულებს, არაყრუ-მუნჯებს და როგორც რეალურ დემოკრატიას, და არა – გატრამპებულ შოუს…

ნახეთ ეს ორი სურათი… ერთი ბავშვი, რომელსაც მისი მთავრობა შველის გაჭირვებაში, და მეორე, რომელსაც მისი მთავრობა დამწვარზე მდუღარეს ასხამს…  

და ნახეთ ”სერგო გოთორანი”, ადამიანებო…


სომხური კარტი დონ კორლეონეს კალოდაში


 

გთხოვთ, გაეცნოთ ნინო თარხნიშვილის სტატიას რადიო ”თავისუფლების” ვებ-გვერდზე:

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2336123.html

სტატიაში მოყვანილია ანტისომხური ხასიათის ქსენოფობიური გამონათქვამები რამდენიმე ინტერნეტ რესურსზე. კერძოდ, ITV.ge-სა და presa.ge-ზე.

==================

ციტატა:

როგორც თბილისელ სომეხთა ასამბლეაში აცხადებენ, გაურკვეველი წარმომავლობის ბლოგერების მიერ გაგზავნილ პეტიციებსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ატვირთულ ჰიმნებს სომეხი ხალხის რეპუტაცია არ უნდა ეწირებოდეს.

ეს არის მარგინალთა ჯგუფი, რომლებიც ჰიმნებისა და გერბების შექმნით ერთობა და სწორედ ამიტომ ნამდვილად არ ღირს მსგავს არასერიოზულ ქმედებებზე აურზაურის ატეხა, მიაჩნია ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს და ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაზე მეტად საფიქრალი ის სულისკვეთებაა, რითაც მედიაში გავრცელებული მასალებია გაჟღენთილი:

”სულისკვეთებაში ვგულისხმობ აღტაცებას, ასე ვთქვათ, პატრიოტიზმით, რომელიც ხანდახან (ოღონდ არა ჟურნალისტების ხელში) ”ზოოლოგიურ პატრიოტიზმად” იქცევა ხოლმე. ვგულისხმობ იმ კომენტარებს, რაც ახლავს პრესა.გე-ზე გამოქვეყნებულ მასალას. იქ პირდაპირ ფაშისტური რიტორიკაა დაფიქსირებული, რასაც ამბობდა ჰიტლერი ებრაელებზე, ზუსტად ანალოგიურ რაღაცას წერენ მომხარებლები, რომ სომხების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. გასაგებია, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ ინტერნეტსაიტებს იმისათვის ჰყავთ ადმინისტრატორები, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ფრაზებისაგან გაიფილტროს”, – ამბობს დავით პაიჭაძე.

თბილისელ სომეხთა ასამბლეის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ინტერნეტ-ტელევიზია ITV.ge-დან სიუჟეტი, სახელწოდებით ”ჯავახეთი – დანაღმული რეგიონი” და მას მოყოლებული კომენტარები მოიხსნა. რაც შეეხება პრესა.გე-ს, იქ დაინტერესებულ მკითხველს ახლაც შეუძლია, მაგალითად, ასეთი კომენტარის წაკითხვა: ”ყველა სომეხს ურთიერთობის დროს უნდა ანიშნო, რომ სომეხია (!!!!!!), რომ თავის თავს ბევრი უფლება არ მისცეს(!!!).”

 

 

ჩემი კომენტარი:

არავინ დაინტერესდა ვისი რესურსია პრესა.გე? მრისხანე და მწუხარე სახის რაინდი დავით პაიჭაძე არ და ვერ დაინტერესდა ამ, თითქოს და აბსოლუტურად ლოგიკური, კითხვით?

 

ვინ ფლობს დღეს პრესა.გე-ს და ITV.ge-ს?

 

ეს ხომ გიორგი კაპანაძეა, droni.ge-ს და რეალ-ტივის ”კრეატიული” ურნალისტი, – გურამ დონაძის და შსს-ს კრეატურა და ლადო ვარძელაშვილის ხელიდან გამოკვებილი აბსოლუტურად უპრინციპო და არაეთიკური სუბიექტი, რომელმაც ისე იცის ჟურნალისტიკა, როგორც ხათუნა კალმახელიძემ – ადამიანის უფლებები და ეთიკა!

გასაგებია, რომ ამ ქსენოფობიურმა გეიზერმა შემთხვევით არ ხდება!

გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის სომხური კარტის გათამაშებას ამზადებს!

როდესაც ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობა დაიწყება, ვანო მერაბიშვილი ჯავახეთში კოცონს ააგიზგიზებს.

ეს შედის რუსეთის ინტერესებშიც! კიდევ ერთხელ დადასტურდება რუსეთის და სააკაშვილ-მერაბიშვილის ინტერესთა თანხვედრა საქართველოს დასამარებაში.

ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და სააკაშვილის რეჟიმის ამ პროვოკაციულ ”რეიხსტაგის დაწვას” მათი ლუსტრაციით უნდა ვუპასუხოთ!

ყველას გააგებინეთ: პრესა.გე და ITV.ge უკვე  ხუთი თვეა, რაც სამთავრობო რესურსი გახდა და მიხეილ სააკაშვილის დაახლოებული შარანგიების კლანი (მამა – ლორენცო, შვილები – გია და მერაბ) ფლობს, ხოლო მერაბიშვილის და გურგენ დონაძის მიერ გამოზრდილი პოლიციელ-ურნალისტი გიორგი კაპანაძე არის ამ ჰოლდინგის დირექტორი!

წავიდეს ახლა შუბლშეჭმუხნული მწუხარე სახის რაინდი დავით პაიჭაძე და არკვიოს, რატომ არ ხდება ამ საიტების ადმინისტრატორის მიერ ქსენოფობიური და რასისტული გამონათქვამების წაშლა!

იმიტომ, რომ ამ რესურსის ადმინისტრატორს აბსოლუტურად საწინააღმდეგო ზადანიე აქვს მისი მაფიოზი ბოსებისგან, ბატონო დავით! მააააშ!

——

P.S. ნოემბრამდე პრესა.გე  ITV.ge საკმაოდ საინტერესო და ობიექტური რესურსები იყო. მერე, როდესაც ხელისუფლებიდან უპრეცედენტო ორწლიანი ზეწოლის შემდეგ ადრე ხელისუფლებასთან დაახლოებული მამია სანადირაძე იძულებული გახდა კავკაზუს ონლაინი და მის მიერ დააარსებული ეს ორი ინტერნეტრესურსიც გაეყიდა, ისინი ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა და აბსოლუტურად პროპაგანდისტულ რესურსად იქცა! დირექტორად გიორგი კაპანაძის მოსვლა უკვე ისეთი სიგნალის იყო, როგორც იმედზე გიორგი არველაძის აბობღება. ეს მედია რესურსები დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც შექმნეს ალტერნატიული ინტერნეტგაზეთი presage.tv     

 

P.P.S. სტატიაში გამოყენებულია სურათი, რომელიც ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე პროფილურ ფოტოდ არის განთავსებული


ვის ენატრება და სად არის საბჭოთა წარსული (ღია წერილი ქ-ნ სანდრა ფალავანდიშვილს და სხვა მიშათდამცველებს)


ფეისბუქზე ერთმა ქალბატონმა, რომელსაც, ქ-ნი სანდრა (:))) ჰქვია,
სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ჩემი კრიტიკის გამო, საბჭოთა წარსულის ნოსტალგიაში დამდო ბრალი…

აი, ჩემი მოკრძალებული პასუხი ქალბატონ სანდრას და სხვა მიშათდამცველებს:

———————————————
ვერ მივიღებ მაგ ბრალდებას, ქალბატონო სანდრა.
თქვენგან, სააკაშვილის და ნაცმოძრაობის დამცველისაგან, – მით უფრო…

საბჭოთა წარსული თქვენ უკვე გაქვთ – ქალბატონო სანდრა! სწორედ დღეს, სწორედ აქ, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის სახით.

1) თქვენ გაქვთ ერთპარტიული სისტემა! 80%-ს პარლამენტში ფლობს ერთი პოლიტიკური პარტია, მასვე ღიად ემორჩილება დარჩენილ 20%-დან ნახევარი საპარლამენტო ფრაქციები. ეს პარტია აკონტროლებს ყველა რაიონულ საკრებულოს, ყველა მერი მისია, ყველა მინისტრი და ყველა გუბერნატორი!

2) თქვენ გაქვთ ერთპარტიული ხელისუფლების სახელისუფლო პოლიტ-ტელევიზიები, სადაც ოპოზიციურ აზრს არ აჭაჭანებენ და ყველა ტოქ-შოუს წამყვანი პოლიტიზირებულია – მათი ოჯახური კუთვნილების და პარტიული “ნასტროის” გამო! არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური ეროვნული მასშტაბის ტელევიზია. და არ არსებობს სწორედ ნაცმოძრაობის მიერ მათი დანგრევისა და მითვისების გამო. ოპოზიციური აზრის გამომხატველ ორივე ტელევიზიას მუდმივად ავიწროებენ და საკაბელოების დაკეტვით არ აძლევენ რეგიონებში გასვლისა და ნორმალური მაუწყებლობის საშუალებას. სახელისუფლო მედია არის სწორედ “პრავდა“/”იზვესტიას” თარგზე აჭრილი პროპაგანდისტული მანქანა, სადაც მუდამ მთავრობის “ოსანა” ისმის.

3) თქვენ გაქვთ ყველაზე დისკრიმინაციული და უსამართლო სასამართლო! სწორედ საბჭოთა თარგზე გამოჭრილი – “ნულოვანი ტოლერანტულობით” და გამამართლებელი განაჩენების უბადრუკი რაოდენობით <0.1%! ვიშინსკის დროსაც კი ეს მაჩვენებელი 7-15% იყო! გაგახსენოთ, რომ 65 წლის მამაკაცი 35 ლარიანი ფიცრის ქურდობისთვის 1-წლიან სასჯელს იხდის? 25 წლის ახალგაზრდა ერთი გოჭის მოპარვისთვის – 9 წელს?! მაშინ, როცა 120 მილიონი ლარის მითვისებაზე დაპატიმრებული გენო მალაზონია მერე ისე ჩუმად გაანთავისუფლეს, რომ ვერც კი გავიგეთ, რა მიუსაჯეს, ან რამდენი გადაიხადა! მაშინ, როცა გიორგი გამცემლიძის მკვლელ პოლიციელს 2 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს! ხოლო სანდრო გირგვლიანის სადისტურად მკვლელი პოლიციელები 3 წლის პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს. ან საერთოდ რა სასამართლოზეა ლაპარაკი ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ მან გასცა ეჭვმიტანილი ოჯახის ლიკვიდაციის ბრძანება, მოუწოდებს სამართლადამცავებს ნულოვანი ტოლერანტულობისა და ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაციისაკენ, და სასამართლომდე ტელევიზორში იძლევა განჩინებებს, ვინ არის დამნაშავე/კრიმინალი, იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ არავითარი კრიმინალური წარსული არ არსებობს, ხოლო საქმე არასოდეს აღძრულა!

4) თქვენ გაქვთ ასბოლუტურად პოლიტიზირებული პოლიცია, რომელიც სახალხოდ ყვირის “მიშა! მიშა!”, რომელიც უკანონოდ იყენებს რეზინის ტყვიებს, უკანონოდ არბევს ომის ვეტერანების მშვიდობიან აქციას და ურტყამს ჟურნალისტებს და ქალებს! ხოლო ამისთვის მხოლოდ დისციპლინარულ სასჯელს იღებს. ისიც – ერთეულ შემთხვევებში!

5) თქვენ გაქვთ პოლიტიზირებული და ნახევრადგასამხედროებული განათლების სისტემა, ასევე აჭრილი საბჭოთა თარგებზე, რომლის სათავეში დგას ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული დირექტორი და პოლიციის მიერ მოვლენილი მანდატური, სადაც მასწავლებლებს ანთავისუფლებენ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნის მიხედვით და აიძულებენ არჩევნების დროს მოსწავლეთა მშობლებზე ზეწოლის განხორციელებას. და სადაც მასწავლებლების პროფკავშირის თავმჯდომარედ გაყალბებული არჩევნებით მოდის კოკობზიკა მატრაკვეცა,რომელსაც არჩევნების დროს სააკაშვილზე სარეკლამო ლექსების დეკლამტორობისა და ნაცმოძრაობის წითელი 5-იანების ფრიალის წყალობით ერგო ეს ადგილი!

6) თქვენ გაქვთ საბჭოთა ტიპის ბიზნესი, მაფიოზურ-ბრეჟნევულ-შევარდანძული კლანური ”დაკრიშვით”. თქვენს სისტემაში ქალაქის მერი ანაწილებს ტენდერებს საკუთარ სამახლობლოში.

7) თქვენ გაქვთ საბჭოთა არჩევნების სისტემა – გაყალბებული სიებით და გამყალბებლების არმიით. აყვანილი უმაღლეს დონეზე – საარჩევნო ძალადობრივ სქემებში პატიმრების და ნარკომანების ოჯახის წევრების გამოყენებით!

8)თქვენ გაქვთ ძალაუფლების არდანაწილების საბჭოთა მოდელი, როცა სასამართლო ემორჩილება პროკურატურას, პარლამენტი არის პარტიის სანოტარო კანტორა, ბიუჯეტის ხარჯვა და საპრეზიდენტო ფონდების განაწილება ხალხისაგან აბსოლუტურად დაფარულად ხდება, ხოლო მთავრობა ფორმირება გენერალური მდივნის პირადი სიმპათიების და მიდრეკილებების, კლანური კუთვნილების, და არა – პროფესიონალიზმის, მიხედვით. როცა „მერიტოკრატიის“ ძირითადი ნიშანი ჟუჟუნა თვალები ან პრეზიდენტის დეიდაშვილობა გამხდარა.

ამიტომ, ქალბატონო სანდრა, მე ნუ მაბრალებთ „საბჭოთა ნოსტალგიას“, როცა ყველაფერი საბჭოთა და ბოლშევიკური თქვენ უკვე გაქვთ – პარტაიგენოსე მიშას წყალობით.

და, მგონი, ძალიანაც მოგწონთ, ეს – მოდერნიზებული ნეობოლშევიზმი!


როგორ გავუშვათ ხელისუფლება-5


ჩვენი საშველი არ იქნება, სანამ პრიორიტეტებს არ დავალაგებთ.

დაგიჩემებიათ – ”ახალი ოპოზიცია გვინდა, ახალი სახეები”!!!

ვინ შობს ამ ახალ ოპოზიციას? ან ანსამბლი ”სახე” ხომ არ მოგვეყვანა?

ვინმე გინახავთ ამ ბოლო დროს პოლიტიკურად ორსული?? ასე, – მე-7 თვეში?? და თან რომ ეტყობა – ტილ ულენშპიგელი, განდი და ჩე გევარა ერთად რომ ჰყავს იქ, კედელზე ფეხებმოჭერილი?

კიდეც რომ მოხდეს სასწაული და როგორც ლიბიელებმა (თფუი ეშმაკს) – ვიომეთ, როგორ გგონიათ, მერე ამ ქვეყანას ვინ ჩაიბარებს სამართავად?

ნგრევა რომ შეუძლია, ის ხალხი რომ შენებაში არ ვარგა, ესეც ხომ ვიცით (1990-91-დან)…

მოკლედ მე ჩემი მითქვამს:

1.მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი (და არა მარტო მიშა!!!) უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას! სასამართლოთი – კარგი იქნება! (ზესტაფონი იქნებოდა კარგი ნიურნბერგი!), მაგრამ მე პირადად მაგათ გაქცევაზეც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუ ეს უსისხლოდ მოხდება! თორემ ახლა რომ ლიბიაში ვინმემ კადაფის ცოცხლად გაშვებაზე თანხმობა განაცხადოს, იმას ალბათ პირველს დაკიდებენ, (კადაფი ჯერ კიდევ მაგრადაა)…

2. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადაგდება უნდა მოხდეს იმ ოპოზიციით, რაც არის და იმ ხალხით, რაც ვართ! წერტ. (უ-ს გარეშე:)

3. ამ ამოცანისათვის ოპოზიციის ორმა ფრთამ – სააარჩევნომ და საპროტესტომ უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად (!!!). საპროტესტო მართავს გაშლილ პროტესტებს მთელს ქვეყანაში და კედელთან აყუდებს მთავრობას, ხოლო საარჩევნო უძახის მთავრობას, – დამმორჩილდი, თუ არ გინდა მაგნებმა მიგქისტონ, მოდი აგერ და მოაწერე ხელი, რომ წესიერ არჩევნებზე წამოხვალო!

4. ხალხი აირჩევს იმას, ვინც ბოლომდე და პატიოსნად შეასრულებს თავის ამოცანას, მაგრამ უფრო მეტად ალბათ იმას, ვისი გზითაც მოგვშორდება ეს რეჟიმი. ყველა ვარიანტში, მეორე ფრთაც მოგებული იქნება, რადგან ხალხი და ქვეყანა გადარჩება და ისინიც შეძლებენ ამ ნორმალური გარემოს და ნორმალური სასამართლოს, მედიის და ბიზნესის პირობებში ნორმალურად არსებობას და განვითარებას. მეტიც, თუ დამიჯერებთ, დიდი შანსია, რომ უფრო იმას გაუმართლოს ვინც ჯგუფში მეორე ადგილზე გავა… გამგები გაიგებს, რატომაც 🙂
5. იმისთვის, რომ ნორმალურად მივიდეთ გამარჯვებამდე, რამდენიმე პირობაა აუცილებლად შესასრულებელი:
ა) არცერთი ფრთა მეორის მეთოდებზე არ იძახის – ”მიუღებელია!” ”გამყიდველები” და ა.შ.
ბ) უნდა მოხდეს შეთანხმება იმაზე, რა პირობებში შეიძლება, რომ საარჩევნო ფრთა შეუერთდეს საპროტესტოს, და – პირიქით!

გ) უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი მცდელობა, რომ პროცესებში იქნა შემოყვანილი რუსეთი! ის პოლიტიკოსები, ვინც რუსული კარტის გათამაშებას ცდილობენ და რუსეთის მმართველ პირებთან თანამშრომლობენ, ალბათ, უნდა გამოირიცხონ ერთიანი საპროტესტო პროცესებიდან, დროებით (არჩევნების ჩატარებამდე) მაინც, ისევე როგორც ის პირები და პარტუკანები, რომელთა პროსახელისუფლებო ბუნება აშკარაა (მაგალითად, მაია ორჯონიკიძე რომ ჰყავს პარტიის სახედ – მიშას მთავარი ნამუსმომხცავი!).
თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ დამარცხების რეალური საფრთხის დამნახავი ხელისუფლება წავა, ამ, თითქოსდა წარმოუდგენელ, გარიგებაზე და სულაც მოიპატიჟებს რუსებს თბილისში, ხოლო თავად კი ”დევნილობაში მთავრობის” სტატუსით დაკმაყოფილდება, სადმე ლონდონში, ან სულაც ბებიას საყვარელ დუბაიში! ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ყოველი ქართველის სიცოცხლის ლაიტმოტივი უნდა გახდეს ასეთი რენეგატი ხელისუფლების წევრების მონახვა, მართლმსაჯულებამდე მიყვანა და აღსრულება.

დ) ოპოზიციის ნებისმიერი მხარე უნდა აცნობიერებდეს, რომ ნებისმიერი კულუარული გარიგებები ხელისუფლებასთან ზუსტად იგივე შედეგის მომტანი იქნება ქართველი ხალხის მხრიდან მათდამი დამოკიდებულებაში, როგორც პუნქტ 5გ-ში არის აღწერილი.

ე) უნდა მოხდეს აღნიშნული პოზიციის თანმიმდევრულად და კატეგორიულად გაცხადება უცხოური ორგანიზაციების, დიპკორპუსის და საერთაშორისო მედია საშუალებების მიმართ.

ბიომეტრიული პასპორტები საშუალებას მოგვცემს ამოვაგდოთ ყალბი და გაბერილი სიებიდან ასეულ ათასობით უცხოეთში მყოფი და მკვდარი სული.
გარდა ამისა, ვინც ხმას მისცემს, მისცემს მხოლოდ ერთხელ – თავის უბანზე. ეს ორმაგად მომკავდინებელი დარტყმა იქნება ნაციონალურ მოძრაობისათვის – ჯერ ერთი ისინი დაკარგავენ ძალიან დიდი ოდენობით ვირტუალურ ხმებს. და თანაც გამოაშკარავდება, რომ ქვეყანაში ამომრჩეველი არ არის 3.7 მილიონი! არამედ მხოლოდ 2,7 მილიონია, უკეთეს შემთხვევაში!
ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა არის შემდეგი:

1) არავითარ შემთხვევაში არ დახარჯონ საბიუჯეტო ფული ბიომეტრიულ პასპორტებზე.
მათ უნდათ ხალხს გადაახდევინონ ის 20-25 ლარი ბიომეტრიულ პასპორტზე და ასტეხონ ხმაური, რომ ოპოზიციამ წაართვა ხალხს ეს ფული!
ეს უსინდისოთა კასტა, რომელიც უკვე 8 წელია ყოველ წელს მილიარდობით ფულს იდებს ჯიბეში ხალხის გადასახადებიდან და ხალხის სახელით აღებული კრედიტებიდან, ახლა წუწურაქობს 60 მილიონ დოლარზე!

2) ისინი ეცდებიან თავად იგდონ ხელში უცხოურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების ბერკეტები და იმდენად უხეიროდ წარმართონ ეს მოლაპარაკებები, რომ უცხოურმა ორგანიზაციებმა უარი თქვან ბიომეტრიული პასპორტიზაციის დაფინანსებაზე. წესით, ეს ასე არც უნდა მოხდეს და ამ მოლაპარაკებებში სწორედაც რომ ოპოზიციური რვიანის მონაწილეები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართული.

3) ნაცმოძრაობის მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა არის რეგიონები!. თბილისში მათ შეიძლება დათმონ ბიომეტრიული პასპორტების საკითხში, რათა უცხოეთთან საჩვენებელი და სათქმელი ჰქონდეთ – ხომ ხედავთ, როგორი კონსტრუქციულები ვართო! ბოლო არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობა იმის იმედად არის, რომ ისევ ძალიან აქტიურად დააშინებებ და სახლებში დარჩენას აიძულებენ ოპოზიციის მომხრეებს, ხოლო საკუთარ მომხრეებს, პირიქით — ფულის, ნარკოტიკების, შაქრის და დაპირებების დარიგებით მაქსიმალურად მობილიზაციას გაუწევენ.

4) სამაგიეროდ, ისინი ეცდებიან, თბილისში შემცირებული მკვდარი სულები რაიონებში ამოქაჩონ და მერე თავი იმართლონ, დედაქლაქში მართლა ”შემცირებულა” ამომრჩეველი, სამაგიეროდ – რაიონებში წასულა მილიონამდე კაციო! D:D:D. ალბათ სააკაშვილის სოფლის მეურნეობისაკენ მოწოდებას მიაწერენ ამ ძირეულ გარდატეხას!

ძნელია, ყველაფერს მიხვდე, რასაც მიხეილ მაჭავარიანის, ხათუნა გოგორიშვილის და პავლე კუბლაშვილის გამყალბებელი ტვინები მოხარშავს, მაგრამ 8 წელი ცოტა დრო არაა, რომ უკვე მივხვდეთ მათ ზოგიერთ შესაძლო ნაბიჯს მაინც!


თავს არ მოიკლავს ქართველი, არა…


ჩვენი საზოგადოება არის თვითმკვლელობის და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის (შესაძლო რევოლუციის) მძიმე არჩევნის ზღვარზე.

საქართველოს ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთის იმპერია!

მაგრამ ქართველი ხალხის ყველაზე ახლო და პირველი მტერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. რომელმაც ისე დაასუსტა და გახლიჩა ქართული საზოგადოება, რომ გარდა უკვე დაკარგული ტერიტორიებისა, ყოველდღე იზრდება რისკი, რომ ქვეყნის სრულ დანაწევრება და ტერიტორიების მითვისება მოხდება არა მარტო რუსეთის, არამედ – სხვა მეზობლების მიერაც. 

ნაცურ რეჟიმს, განსხვავებით პუტინისგან, არ დასჭირდა მაინცდამაინც წელში შევარდნა და ნიღბის იძულებითი ახდა. თავისით ჩამოიხსნა ნიღაბი და თავისი უტიფარი, მოძალადე და ერის მოძულე სახე მთელი ”ეშხით” დაგვანახა.

ჯერ გააჩუმა და დაანგრია თავისუფალი მედია…

მერე ტანზე ხალათივით მოირგო კონსტიტუცია… პარლამენტი აქცია პირისფარეშად და საკუთარი უკანონო გადაწყვეტილების დამამტკიცებელ სანოტარო კანტორად, რომელსაც არასდროს უჩნდება სურვილი ხალხის ინტერესები დაიცვას…

მერე შეცვალა: მოსამართლეები – ლაქიებით, პროკურორები – მგელძაღლებით, ადვოკატები – მაჭანკლებით, სასამართლო – საყასბოთი…

სადაც წაასწრო, დაუნდობლად დახოცა ახალგაზრდები და თავმომწონედ მჯიღი ირტყა მკერდში – ნახეთ, რა მაგარი ვარო!.. ”ქვეყანა, რომელიც შედგა”, იდიოტი პოლიტიკანის მიერ საზოგადოების უსამართლო ცემის და დამცირების, დამოუკიდებელი არხის დარბევის ეს გამართლება იქცა საბოლოო წყალგამყოფად მანამდე დეკლარირებულ დემოკრატიულ სამოთხესა და მის შემდეგ სულ უფრო ნათლად გამოკვეთილ ავტოკრატიული რეჟიმის ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურების ესტაფეტას შორის.  

სააკაშვილის რეჟიმმა დაანგრია უნივერსიტეტები, ხელები ააწევინა პროფესორებს და გამოყარა, მოსპო მეცნიერება, განათლება ხელში ჩაუგდო ჯერ გამოლოტოტრონებულ, გადირექტორებულ ტურებს, ხოლო შემდეგ, – სახელდახელოდ გამოწურთნილ მანდა-ტურებს, რომლებმაც შარიკოვობაში და მანქურთობაში აჯობეს ასე-თუ ისე დიპლომირებულ დირექტორებს და ახლა ნელ-ნელა ანაცვლებენ კიდეც…

ყველას წაართვეს ბიზნესები, ჯერ – დიდი, მერე – საშუალო, მერე ბუტკებიც (და თავისი ბუტკები ჩადგეს -მილიონერების ბუტკები!)… მალე, ქალაქში ”ლატოკებით” სიგარეტის, ხაჭაპურის და მზესუმზირის გაყიდვასაც, ალბათ, უგულავას მიერ დანიშნული სუბიექტები დაიწყებენ… რომ არავის, გარდა მათი მონებისა, ჰქოდეს არსებობის და გადარჩენის უფლება

ხალხი გამოყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან – ჯერ, ლტოლვილები ”ივერიიდან”, მერე – ვისაც კარგ ადგილზე ჰქონდა სახლი, მერე – ვისაც კარგ ადგილზე ჰქონდა თავშესაფარი, მერე – ლტოლვილები საერთოდ თბილისიდან და ქალაქებიდან, რომ ”მიშსამოთხეში” ჩამოსულ ტურისტს ქვეყნის რეალური სახე არ დაენახა … მალე, ალბათ, მოვა იმათი გატყავების დროც, ვისაც უბრალოდ ჭერი აქვს… სადმე… რანაირიმე… 

მთავრობის წევრებმა იყიდეს მარშრუტკები და ბორდელები, მთავრობის წევრების და ძალოვნების ცოლებმა იყიდეს ტელევიზიები, მოდა და ჟურნალები. პრეზიდენტის დედა არის სპრუტ-უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ცოლი – მისის ჯანდაცვა. პრეზიდენტის ფავორიტკები არიან მინისტრები და მინისტრობის გზა პირდაპირ გადიდის გოგოს კალთამადლიანობაზე და  ბიჭის პირმოთნეობაზე, რასაც პლუტოკრატებმა ”მერიტოკრატია” შეარქვეს …

ამ ყველაფერს იცავს პოლიტიკური პოლიცია – ეს-ესი (სოდი) და გესტაპო (კუდი),  რომელსაც ”კონსტიტუციური უსაფრთხოების” კი არა, დაფრთხობის და დაჩმორების დეპარტამენტი (”დდდდ” ანუ ”4დ”) უნდა ერქვას… ეს მოძალადე ძალოვნების ბერიასეული მეთოდებით შექმნილი ურჩხული ყველგან გვისმენს და გვიდარაჯებს, ურტყამს ქალებს და ვეტერანებს, ნაცისტური მეთოდებით ყრის საცხოვრებლიდან და დახურული ვაგონებით ახდენს ლტოლვილების გადასახლებას…

ქვეყანა დაშალეს და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს. და აცუნდრუკებით და სიბეცით ხაფანგშიშემხტარებმა ომი წააგეს… წააგეს მასთან და ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს სწორედ მას, ვისგანაც, ვითომდა, გვიცავენ და გვპირდებიან, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაგვიცავენ (ჩვენს სისხლის წვეთებზე და ლიტრებზეა ლაპარაკი, თორემ საკუთარს ძაანაც უფრთხილდებიან!)…

ხალხი იმ ზომამდე გაამწარეს, რომ თუ ადამიანი მხოლოდ საზღვარგარეთ გაქცევაზე ფიქრობს და არა – თვითმკვლელობაზე, ეს უკვე უკეთესი ვარიანტია…

იმდენჯერ მოგვატყუეს და იმდენჯერ მოისყიდეს დაბეჩავებული ადამიანები არჩევნებზე 10 და 20-ლარად, რომ არჩევნების უკვე არავის სჯერა. ”არჩევნები”, ”დემოკრატია” და ”თავისუფლება” აბსოლუტურად ცარიელ და დამცინავ სიტყვებად აქცია მიშამ. ”არჩევნები”, როცა მიხეილ მაჭავარიანის და პალიკო კუბლაშვილის მიერ ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი და რამდენიმე (ადეიშვილის, ვაშაძის, ხარატიშვილის და ბილოს – მერაბიშვილის) დონეზე – სუპერგაყალბებული… არჩევნები, რომლის გაყალბებაში მობილიზებულია სახლმმართველობების მდედრიონი და მძევლებად ქცეული პატიმრების და ნარკომანების დატერორებული ოჯახები…

”დემოკრატია”, სადაც არც სასამართლო, არც პოლიცია, არც მედია – არ იცავს ადამიანს… პირიქით, აშინებს, ატყავებს, დღედაღამ უსმენს, ატყუებს და მუდამ შოკში და სიბნელეში ამყოფებს…

”თავისუფლება”? სულით მონების, ფლიდების და გაიძვერების ”თავისუფლება”, რომ თავი მოიწონონ თავისი მონობით, ფლიდობით და გაიძვერობით მიღწეული ჯიპებით და ზიზლ-პიპილოებით… სისხლიანი რევოლუციის ჩრდილში ეგვიპტური ვოიაჟებით და ”სამოთხის ვაშლობით” თუ ქლიავობით…

გზები, რომელიც დააგეს (მალე, მაგრამ უხარისხოდ და გაცილებით ძვირად, ვიდრე რეალურად დაჯდებოდა)… სახლები, რომლებიც ლტოლვილებს აუშენეს (გარედან რომ მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან – ბალახამოსული და ნესტიანი – ბინადარს)… შადრევენები, რომლებიც ზამთარშიც მთელი დატვირთვით მუშაობენ ჩვენი ჯიბეებიდან გადახდილი ფულით… შენობები, რომელთაც გარედან მინის საფარველი ააკრეს, რომ ისევ გარედან მნახველი მონუსხოს, ხოლო შიგნით არსებული სიდუხჭირე, ნაგავი და დანგრეული ინფრასტრუქტურა დაფაროს… პოტიომკინის თარგზე აშენებული ქვეყანა, რომელიც ყასიდად თითქოს იმავე პოტიომკინის დატოვებულ მსგავს ქვეყანას უპირისპირდება, სინამდვილეში კი ყველაფერს სწორედ ამ იმპერიის მიბაძვით აკეთებს…

გამოსავალი თითქოს არ არის…

ყველამ იცის, რომ მიშა არის მონსტრი – ნაცმოძრაობის წურბელა ისე დაგვსევია, რომ შანსს არ გვიტოვებს… ყველაფერი მათია…

ერთი ჩემი ნაცნობს დედის წამლისთვის ფული სჭირდება. წამლები მიშასია! პირდაპირ – არა, მაგრამ დღეს რომ წამლები საქართველოში 100-300%ით უფრო ძვირია, ვიდრე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და დაახლოებით 20-50%-ით უფრო ძვირი, ვიდრე ამსტერდამში და ჩიკაგოში, ეს ვისი დამსახურებაა? მიშასი და ნაცმოძრაობის! რადგან მათ ჯერ შექმნეს ეს სამთავიანი გველეშაპი-კარტელი და მერე თან ათეულ მილიონობით საარჩევნო ხარკი დაუწესეს, რომელსაც ეს კომპანიები რითი ამოიღებენ? – სწორედ მაღალი ფასით… გარდა ამისა, საავადმყოფოებიც ამ მონსტრებს აჩუქეს, რომ მათ არა მარტო მაღალი ფასებით გვწოვონ სისხლი, არამედ თავიანთი დამპალი და უვარგისი წამლები ძალისძალადაც შემოგვასაღონ! ხელისუფლება ტაშს უკრავს – თავად ხომ არ მკურნალობენ აქ! ქალაქის მერი ვენაში ამშობიარებს ცოლს და საბერძნეთში იკეთებს მენისკის ოპერაციას! სულ ფეხებზე არ ჰკიდია, აქაურ ჯანდაცვაში რა ხდება?.. რა უნდა ქნას ჩემმა ნაცნობმა? ან დედა უნდა გაიმეტოს, ან სახლი გაყიდოს, ან ამ დამპალი რეჟიმის სამსახურში ჩადგეს და პატიოსნებაზე და ადამიანობაზე უარი თქვას… იქცეს სწორედ ისეთ მანქურთად, ვისაც ებრძვის მუხლჩაუხრელად…

მეორე ჩემს ნაცნობს 4000 ლარის ვალის გამო მალე სახლს გაუყიდიან… მაღაზია ჰქონდა მის ცოლს, ერთ დღეს საგადასახადო მიადგა და აბსოლუტურად უმიზეზოდ მაღაზია დაულუქა. მხოლოდ მაშინ ახსნეს ლუქი, როცა ამ ქალმა ”ბრალეულობა” აღიარა და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ამის შემდეგ წელში ვეღარ გაიმართნენ და სახლი დააგირავეს. ბიზნესი მაინც ვერ გადაარჩინეს. ახლა მალე შეიძლება უბინაოდაც დარჩნენ.

მესამე ნაცნობი კაცი ოჯახიანად დღე-დღე დეპორტს ელოდება საბერძნეთიდან. არადა, ამ რეადმისიის ხელშეკრულების დადებამდე იქ გაჰქონდა თავი და მშობლებსაც უგზავნიდა ყოველთვიურად 200-300 ევროს. რომ ჩამოვლენ, მშობლებს უნდა შეეხიზნონ პატარა ბინაში, რადგან წასვლისას თავისი ბინა გაყიდეს, რომ ვიზა მიეღოთ და სალონიკში ბინა ექირავებინათ.

თუ სადმე რამეს იყიდი, მიშას და ნაცმოძრაობას აძლიერებ!

ბენზინს რომ ისხამ – მიშასია… ვითომ მარტო ”ვისოლი”? ”სოკარშიც” აქვს მიშას ძმას სერიოზული წილი და თან ყველა კომპანიას რომ ფანტასტიურად მაღალი ფასი აქვს დაწესებული ბენზინზე (ბექა კემულარიას მიერ ჩატარებული ანგარიშით – საშუალოდ 40 თეთრით მეტი, ვიდრე უნდა ღირდეს 1 ლ ბენზინი). ეს განსხვავება სწორედ ნაცმოძრაობის ურჩხულის გამოსაკვებადაა… ადრე წყალთან ჯდებოდა ურჩხული, ახლა – ბენზინის შლანგთან… რაც მეტს ჩავასხამთ ბენზინს, მით მეტად გავაძლიერებთ დრაკონს და მით უფრო მეტ ზონდერს, პოლიციელს, გესტაპოელს და მანდატურს დაიქირავებს რეჟიმი, მეტ რეზინის ტყვიას და ცრემლსადენ გაზს იყიდის ჩვენს დასამორჩილებლად.

დენიც მიშასი და ნაცმოძრაობისაა. თუ საზღვარგარეთ ჩვენი ელექტროენერგია 2 ცენტად (დაახლოებით 3.5 თეთრად) იყიდება, ხოლო ჩვენთვის – 17, 5 თეთრად, როგორ ფიქრობთ, ვის აპეტიტს ხმარდება ეს კოლოსალური (500%-იანი) განსხვავება?

განადგურებულმა და მომსპარმა სოფლის მეურნეობამ ქვეყანა ნებისმიერი იმ საკვები პროდუქტის იმპორტიორად აქცია, რომელსაც სულ რაღაც 5-8 წლის წინ ქვეყანა ჯერ კიდევ საკმარისს აწარმოებდა. თან ეს პროდუქტი ხშირად მოწამლული და გენმოდიფიცირებულია (იხ. სტუდია ”მონიტორის” ფილმები და თქვენი მონა-მორჩილის სტატია ”გენოციდი ბედნიერების სახელით”). გარემო რომ დაბინძურებულია და მოწამლული, ამაზე სდუმან და გვიმალავენ.

საკვები პროდუქტიც მიშასია და ნაცმოძრაობის. ნანა ლეჟავას ფილმმა მშვენივრად დაგვანახა, ვინ დგას სახელდახელოდ მთელ ქალაქში მისივე განკარგულების საწინააღმდეგოდ ჩაბუტკებული ”ნუგეშის” უკან… პიარშჩიკი – მერი უგულავა, მფლობელი – დეპუტატი გეგენავა და მისი ამფსონები… ეს ახლადმოვლენილი ”ნუგეშმაისტერები” დღეს ყველა მაღაზიას უძვირებენ მონოპოლიზირებული კვების პროდუქტების შესაყიდ ფასებს, რათა ჩვენ სხვაგან კი არა, სწორედ ”ნუგეშში” ვიყიდოთ ყველაფერი, 2-5 თეთრით იაფად. სამაგიეროდ, როცა ყველა მცირე ზომის სასურსათო მაღაზიას და ბაზრობებსაც დაძირავენ, და კიდევ მრავალ ათას ოჯახურ ბიზნესს დაანგრევენ, ”ნუგეშის” მილიონერი მეპატრონეები უკვე უკონკურენტო ბაზრის სრულ ბატონ-პატრონებად იქცევიან და მილიარდერები გახდებიან, ხოლო ამ თანხების დიდ ნაწილს ნაცმოძრაობის აფთრებს ჩაახეთქებენ მათი ამოუყორავი მუცლების ამოსაყორად…

ნაცმოძრაობის და პირადად გიგი უგულავასია ”სითი-პარკი”. საკმარისია, სადმე 10 წუთით გააჩეროთ მანქანა და მისი მოტაცება ისე ოპერატიულად ხდება, რომ ვფიქრობ, ”სითი-პარკი”  რომ მოსკოვში გადაესროლათ, მათი მოტაცებული პუტინ-მედვედევი უკვე ორთაჭალაში იჯდებოდნენ! 70 ლარის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ხვდები, რომ კიდევ უფრო გაამყარე რეჟიმი… სამართალი არ არსებობს აქაც. სადაც თქვენს მანქანას წაიყვანენ,იქ ნაცმოძრაობის წევრებს ჯარიმის გარეშე ერთი ზარით დაუბრუნებენ, თავად გამიგია ერთი მოტრაბახე ”გაბრწყინებულისაგან”…

მიშა და ნაცმოძრაობა ყველა გზას გვიჭრიან… წყალზე და დასუფთავებაზე ხომ გაზარდეს გადასახადი, მალე გაზზეც გაზრდიან. ბენზინი უეჭველად გაძვირდება… არაა გამორიცხული, ისევ შემოიღონ ერთხელ ნაცადი ისტორიული უბნების გადასახადი და ბოლოს – ჰაერზეც დაგვიწესებენ მოსაკრებელს… არ გეხუმრებით… რაც მეტად გაუჭირდებათ, ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ტრეფიკინგის ჩათვლით…

გჯერათ, რომ მერაბიშვილი მართლაც 2700 ლარზე ცხოვრობს? მაშ ვინ აკონტროლებს ნარკობიზნესს, ტონობით ნარკოტიკის ტრანზიტს, რომელსაც საქართველოში ვერასდროს იჭერენ (137 გ ყოფილა თურმე მათი ”პროფესიონალიზმის” მწვერვალი), ხოლო უკრაინაში და თურქეთში საქართველოდან გასულს – ცენტნერობით! არ გაგიგიათ, რამდენ ასეულ ადამიანს სპეციალურად იჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ მერე საპროცესო გარიგებთ აახიონ ათასები და ასეთი ”ნოვატორული” ხერხით აავსონ ქვეყნის დაცარიელებული ხაზინა, რომელიც მერე ისევ ამ ბობოლების თვალუწვდენელ ხელფასებსა და პრემიებში იხარჯება!..

მინისტრები, რომელთა ხელფასი და რეგულარული პრემია თურმე ასობით პენსიონერის შემოსავალს აჭარბებს! – აი, სააკაშვილის რეჟიმის გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა…  

რეჟიმს მოსახლეობისათვის და ბიზნესისათვის შეწერილი და წართმეული ფულით კი (გარდა თავისი ჰედონისტური მადისა) მხოლოდ ერთი ძირითადი საპატივცემულო ორგანოს დაპურება სურს  – პოლიციის! და ყველა იმ ადამიანს, პენსიონერს, გაჭირვებულს, ინვალიდს და ლტოლვილს, რომელსაც იმდენი ფული არ გააჩნია, რომ მისი გატყავებით სულ ცოტა ერთი პოლიციელის/კუდელის/სოდელის/ზონდერის გაბედნიერება იქნეს შესაძლებელი, ნაცმოძრაობა მუქთამჭამელად განიხილავს და ყველანაირად ცდილობს, რომ ამ ქვეყნიდან გაისტუმროს – ან გარეთ, ან – მიწაში… სამაგიეროდ – მიწა ფულიანი ბურებისთვის უნდათ, რომლებიც მათ ხმასაც მისცემენ და მანქურთების გამოსაკვებ ფულსაც…

ქართველი ერი დღეს გაბრიელის დღეშია, ცნობილ კინოფილმ ”ლონდრეში” უილაჯობისაგან ყულფში თავის გაყოფა რომ გადაუწყვეტია  და  გაქსუებული წურბელები რომ აქეზებენ, – მიდი, რაღას უცდი? თუ ქურდობა, კაცის კვლა და მრუშობა არ შეგიძლია, შენი ადგილი სწორედაც რომ ზეცაშიაო!.. საყვარელი გოგო კი ეხვეწება, – არ დაუჯერო! გატყუებენ, გაბრიელ, გატყუებენო…  

გაბრიელს სხვა აღვიძებს სწორედ იმ მომენტში, როცა სკამს ფეხი უნდა გაჰკრას…

არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რამდენად არაქრისტიანულია და მძიმე ცოდვაა თვითმკვლელობა… არ ვარ მე ისეთი ქრისტიანი, სხვას ნატაციები ვუკითხო…

მეტსაც ვიტყვი, გინდათ მკრეხელობად ჩამომართვით, და გინდათ, სასოწარკვეთად (მოდერნული საზოგადოების მკვლევარი ფილოსოფოსი გიგა ზედანია არის მაგის დიდოსტატი – მთავრობის არამოტრფიალეებში სასოწარკვეთის შემჩნევისა) – დღეს მიტევების დღეა და უფრო იშვიათად, ვიდრე ადრე, მაგრამ აქა-იქ ვნახე ჩემი მეგობრების ქრისტიანული თხოვნა – მომიტევეთ, თუ რამე გაწყენინეთო!

ვინც ნაციონალური მოძრაობის ღია თუ ფარულ სამსახურში დგას და ქართველი ხალხის სისხლი წოვით აუწყვია ”ლაივში” გრიალი, არავის არაფერს არ გთხოვთ და არც ვინანიებ, თუ ვინმეს რამეს ნერვებს გიშლით! მიტევების თხოვნას კი არა, დახმარების ხელის გამოწვდენასაც არ ვიფიქრებ თქვენდამი, სანამ ისე დაბეჩავებულებს არ გნახავთ,როგორც თქვენ ხალხი დააბეჩავეთ!

არ ხართ თქვენ ის სუბიექტები, ვისაც ჩვენ პატიება უნდა გთხოვოთ! ძალიანაც – პირიქით!..

და არც თავის მოკვლას ვაპირებ…

არ ვაპირებ იქამდე მოცდას, რომ ჩემიანები და ჩემნაირები შიმშილით და უსახლკაროდ იღუპებოდნენ.

ბრძოლას ვაპირებ – ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის.

იმისთვის, რომ სადაც მე მიცხოვრია, და ჩემს წინაპრებს, ის ქვეყანა, ქალაქები და სოფლები თქვენისთანა მედროვე ქვეყნისგამყიდველებმა მართლა ბურისტანად არ აქციონ… რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ ჰქონდეთ გასაქცევი თქვენებრ უსინდისო მძარცველების და მათი გამოკვებილი მანქურთების გამოისობით…

ძალიან მშვიდობიანი ადამიანი ვარ და 2010 წ. მაისში ძალიან ვეხვეწე ყველას – არ გვინდა არაფერი,  არჩევნების მეტი მეთქი… ბევრი დამცინოდა მერე ჩემი გულუბრყვილობის გამო…

თქვენ ხომ არჩევნებზე ლაპარაკი მხოლოდ დროის მოსაგებად და ხალხის გასაბითურებლად გინდათ…

ასე რომ ჩემი და ჩემისთანების ”გარადიკალება” თქვენი დამსახურებაა…

აგერ მოვა 9-10 მარტიც და ვიცი, რასაც იზამთ, პალიკოების ჯილაგო…  გამოჩნდება კიდევ ერთხელ, რომ საარჩევნო გარემოზე ან ნებისმიერ თემაზე თქვენთან მოლაპარაკება წყლის ნაყვაა…

გაგეცინებათ ალბათ, ბრძოლას რომ ვიქადნები, ჩემი ანონიმური ავატარის პატრონი…

კი ბატონო, იცინეთ… იცინეთ, სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვთ… ნურც იმას დაიჯერებთ, რომ ჩემსავით ბევრი გრძნობს და არ ვიქნები მარტო…

მარტო, იქნებ, თქვენ დარჩეთ მუბარაქივით…

ისე, ჩალაგებული თუ არ გაქვთ ნაძარცვი, არ იქნება ცუდი აზრი… მუბარაქის შვილმა 97 ჩემოდანი კი ჩაატენა თვითმფრინავში, მაგრამ იმდენი დარჩენია კიდევ, თურმე, საცოდავს!..

”არ მარადის ეშვათ – მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!”…