ნდობა ჩვენი არსობისა


არჩევნებიდან – არჩევნებამდე

მოვიდა არჩევნები – ჩვენი ცხოვრების უკვე ჩვეული მოვლენა.
ჩვეული, თუმცა ჯერ მაინც ვერ შეჩვეული… არაგაცნობიერებული… ბევრისათვის – ჯერაც ზედმეტი… ზოგისათვის – ჯერაც – ოციოდ ლარის, თუ მომავალში კოორდინატორობის იმედით „გასხივოსნებული“ პროცესი…
არჩევნები – დრო, როცა ნებისმიერი მთავრობა უფრო ნერვიულობს და უფრო გულუხვი ხდება. არჩევნები, როცა ნებისმიერ ოპოზიციას, თუნდაც სრულიად უმაქნისს, მცონარას და უკეთურსაც კი – ბედნიერი ხილვები თუ ზმანებები უშლის საღერღელს… არჩევნები, – დრო, როდესაც პესიმიზმი და ოპტიმიზმი რიგრიგობით ეჯახება ჩვენი ოჯახის ნაპირს…
როდესმე, როცა რომელიმე მეისტორიე ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ძალიან მტკივნეულ პროცესს უფრო მეტი ობიექტურობით და ნაკლები ემოციურობით აღწერს, დარწმუნებული ვარ, ყველას მიეგება საკუთარი წილი პატივი თუ საყვედური, დიდება თუ განქიქება, სახელი თუ სირცხვილი, ტაში თუ ლაფი… და ასე მგონია, რომ მომავალ თაობებს უფრო სწორად ექნებათ გაცნობიერებული, თუ რაოდენ მძიმე დანაშაულია ადამიანებისათვის არჩევნის წართმევა და არჩევნების გაყალბება.
თუ არ არის არჩევნები, ეს მონობის გზაა. როცა ვინმე ადამიანებს თავისუფალ არჩევანს უყალბებს ან – სულაც ართმევს, მას სწორედ ამ ადამიანების დამონება სურს, რაოდენ „კეთილშობილი“ ფრაზებით არ უნდა ფარავდეს იგი თავის ამ მიზანს.
რა თქმა უნდა, დემოკრატია ბედნიერების გარანტია არ არის. მეორეს მხრივ, ყველაზე საშინელი დიქტატურის პირობებშიც კი არამარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი ერებიც კი, ხანდახან დაუფარავ ბედნიერებას გამოხატავენ ხოლმე… თუმცა ეს ზოგჯერ გულწრფელი კი არა, მოდელირებული ემოციაა.
===================================

პოსტოქტომბრული პარადოქსი
2012 წლის 1 ოტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ (რომელიც არც მშვიდი იყო, არც – თავისუფალი, და არც – თანასწორი, მაგრამ ხალხის ნებას გაცილებით უკეთ გამოხატავდა, ვიდრე რამდენიმე წინა არჩევნები) და 2013 წლის 27 ოქტომბრის (უფრო მშვიდი და გაცილებით ნორმალური) არჩევნების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ახლა ისევ სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა.

არ ვიცი, რამდენად სერიოზულ ბარომეტრად გამოდგება ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციის“ ინტერაქტიული გამოკითხვა, მაგრამ ხელაღებით უარსაყოფი არ მგონია იყოს, რომ მონაწილეთა ლამის 85% თავის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უარყოფს, ხოლო მთავრობას – მხოლოდ 25% ენდობა. არც NDI-ის ლუის ნავაროს და მისი ფავორიტი CRRC-ის ყბადაღებული კვლევებია „გელაპის“ თანაზომადი, მაგრამ უკეთესის არქონის პირობებში მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელი აქაც 39-42% შორის მერყეობს, თუმცა კი 3-4-ჯერ მაინც ასწრებს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის რეიტინგს.
ის, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია საჭიროდ არ თვლიან ობიექტური, მიუკერძოებელი და ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ სოციოლოგიური გამოკითხვის აუცილებლობას, მაფიქრებინებს იმას, რომ სარკის დაკიდებას და შიგ ხშირად ჩახედვას ყველა ერიდება – გასაგები მიზეზების გამო.
მაგრამ პრობლემა არა იმდენად სოციოლოგიური გამოკითხვების და ობიექტურობის გამჭვირვალედ დაფიქსირების სურვილის თვალშისაცემი დეფიციტია, როგორც ის საყოველთაო გაურკვევლობა, რაც ჩემს ირგვლივ – ჩემს ნაცნობებში და ახლობლებში იგრძნობა. ფეისბუქზე გამოკითხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ პირადი საუბრების შედეგად ნაცნობების დაახლოებით ნახევარზე მეტი ჩემს კითხვას უკან მიბრუნებს და ასე მპასუხობს – „არ ვიცი“… „ვერ გადავწყვიტე“… „ძალიან დაბნეული ვარ“… „კი ვაპირებ, რომ მივცე ხმა (და ასახელებენ პარტიას ან კანდიდატს), მაგრამ მერე რომ დავფიქრდები, მგონი, არ ღირს“…

უცნაურიცაა ეს… და – ერთდროულად და პარადოქსულად – გასაგებიც.
საქმე იმაშია, რომ სახელისუფლებო გუნდი, ერთი მხრივ, მთელი რიგი პარამეტრებით შეუდარებლად სჯობნის თავის მთავარ დეკლარირებულ ოპონენტს (წინა ხელისუფლებას) – „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა, ძალოვანი უწყებები აღარ არის პოლიტიზირებული და არ გამოიყენება ოპოზიციის დათრგუნვის და ანგარიშსწორების იარაღად, ბიზნესს მოეხსნა წნეხი, ციხეებში შეწყდა წამება და უკეთესი მდგომარეობაა პატიმრების უფლებების დაცვის მხრივ, განსაკუთრებით – ჯანმრთელობის დაცვის მხრივ, არჩევნებზე ნაწილობრივ მაინც აღდგა ნაციონალების მიერ გაუქმებული 50%-იანი ბარიერი, გაუმჯობესდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განსაკუთრებით, – ქირურგიული ოპერაციების საფასურის დაფარვის კუთხით, უფასო გახდა საბავშვო ბაღები, შედარებით მოითქვა სული სოფელმა, გაუმჯობესდა აგრარული პროდუქციის გასაღება (ძირითადად, – რუსეთის ბაზრის გახსნის ხარჯზე), იგრძნობა მეტი ინტერესი აგრარული ბიზნესის თუ ეკონომიკის სხვა სექტორების გააქტივების მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ა.შ.

ამავდროულად, ისიც რეალობაა, რომ მთელი რიგი დაპირებები – პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა (დამნაშავეების დასჯა , უდანაშაულოთა რეაბილიტაცია, წართმეული ქონებების დაბრუნება…) უმუშევრობის დაძლევა, საწარმოების ამოქმედება, განათლების და მეცნიერების ხელშეწყობის გაუმჯობესება, საწვავზე ფასების შემცირება, ეკოლოგიის და ქალაქდაგეგმარების მიხედვა, ხელფასების და პენსიების რეალურად მიახლოება საარსებო კალათის რეალურ დონესთან… – ჯერ კიდევ ძალიან შორსაა შესრულებისაგან.
ყველაზე სავალალო კი არის იმ ტენდენციების გამოკვეთა, რომ ყოფილი ხელისუფლების მთელი რიგი შეცდომები, გადაცდომები, და დანაშაულებიც კი, არ არის აღმოფხვრილი, და რაც უარესია, – არ იგრძნობა, რომ ამ მხრივ ხელისუფლება სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობას იაზრებდეს.
ეს იქნება მოსმენების შესახებ კანონის, თუ ადვოკატების უფლებების გაზრდის ინიციატივების გადავადება, ხელისუფლების დაუსაბუთებელი ხარჯების პრევენციის ქმედითი ნაბიჯების, დაუსაბუთებელი პრემიების თუ ძვირადღირებული საგნებისთვის გამოყოფილი თანხების მოწესრიგების, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის, კლანურობის და ნეპოტიზმის პრევენციის ზომების დაგვიანება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვილებებისას ისეთ რეფორმატორულ ნაბიჯებზე უარის თქმა, რასაც ოპოზიციაში ყოფნისას თავადვე აუცილებლად აცხადებდნენ, წინა ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ძირითადი უფლებების დარღვევაში შემჩნეული კადრების „გადმობარება“ და „შერგება“, და სულ ბოლო „ინოვაცია“ – ის რომ ოპოზიციის უკვე პარტიულ სიებში მყოფი ადამიანები უარს ამბობენ არჩევნებში მოანწილეობაზე და სიებს ტოვებენ, რაც ამ პარტიების დისკვალიფიკაციის საფუძველი შეიძლება გახდეს… ამ საეჭვო ნაბიჯებს თუ უმოქმედობას ემატება ასევე ის პიარის სფეროშიც გამოჩენილი მოუქნელობა, უნიათობა და უგერგილობა, რაც წინა ხელისუფლების მზაკვრობაში გამოწვრთნილ და იდეოლოგიური ომისა და დემაგოგიის დიდოსტატებს საშუალებას აძლევს უტიფრად იმასლაათონ, რომ ქვეყანაში, თურმე, ყველაფერი ისევ ისე დარჩა, და რომ მათი ვალია, დააბრუნონ „აღმშენებლობა“, „პროგრესი“ და „იმედი“. ამ უნიათობისა და ძალოვან სტრუქტურებში კადრების არასწორი შერჩევის შედეგია ისიც, როგორ ბრავადულად ყელყელაობენ დემაგოგი ნაცმოყვარულები ნეპოტიზმის, ფუფუნების სიყვარულის, მერაბიშვილის უფლებების დარღვევის ყოველი კონკრეტული შემთხვევით. ერთიცაა, ცოდვა გამხელილი ჯობს – ირმა ნადირაშვილის, გია ბარამიძის თუ ოთო კახიძის ხელისუფლებისადმი ბრალდებებში ხშირად მიუღებელი სწორედ ამ პიროვნებების ოდიოზურობა და მათი ყოფილი modus Vivendi-ა, თორემ არც ნათესავების სიების გამო ცილისწამებისათვის სარჩელი შეუტანია ვინმეს, და ისიც ვერავინ აგვიხსნა, ქრონიკულად ბოლო ეტაპზე მყოფი ჟვანიას სიკვდილის საქმე რატომ ქრონიკულად არ იხსნება და რატომ არავინ იბარებს დაკითხვაზე გულში მჯიღის ამაყად მცემ, უცოდველობის ნიმბით შემოსილ გიორგი ბარამიძეს.

ყოველივე ამის გამო შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია, როცა ჩოგმბჯენში მყოფი (და ბევრის მოლოდინით, ქართული ნიურნბერგის პროცესის ღირსეული კანდიდატი) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არამცთუ თავის დაცვას ცდილობს, არამედ ძალიანაც უტევს „ქართულ ოცნებას“, რომელიც თანდათან კარგავს ხალხის ნდობას – ერთი იმით, რომ ვერ ახერხებს ათასობით ძველ დანაშაულთა დროულ და ეფექტურ გამოძიებას, უსამართლო განჩინებების გადახედვას, რაც აჩენს კითხვებს – „თუ არავის სჯიან, აბა, მაშინ რა იყო ეს ამდენი დანაშაული – უსაფუძვლო ეჭვი? თუ ისე სუსტები არიან, რომ ბრალის დამტკიცება არ შეუძლიათ?“… ხოლო მეორეს მხრივ, საუკეთესო თავდაცვად გამოყენებული ნაცმოძრაობის მხრიდან წარმოებული თავდასხმები და ბრალდებები აჩენს ეჭვს და ნიჰილიზმის ნიადაგს – „ნუთუ ესენიც ისეთები არიან?“

მწარედ კომიკურია სიტუაცია, როცა გივი თარგამაძე, რომელიც სულის ამოხდით გვემუქრებოდა და რომლის დაპირებებში 2008 წლის ომის წინ ჟანგიანი ტანკების მქონე რუსული არმიის როსტოვამდე დევნა შედიოდა – ახლა ახალ მთავრობას ბრალს სდებს ადამიანის უფლებების დარღვევებში, პოლიტიკას და თავდაცვით სტრატეგიას უწუნებს, როცა ყოფილი ზონდერები – დღეს ადვოკატების და უფლებადამცველების ქურქომოსხმულები დაუდეგრად ამხელენ ხელისუფლებას მოწმეებზე ზეწოლასა თუ მათი დაცვის მყოფების უფლებების ნებისმიერ დარღვევაში, როცა მოსმენების ინიციატორი და ფარული მოსმენების შედეგად გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებებით მოაპელირე გენპროკურორი დღეს ამ მავნე პრაქტიკის დასაგმობად წყალგარეულ ბოდიშს მხოლოდ იმიტომ იხდის, რომ მყისვე შეტევაზე გადმოვიდეს და დაგმოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები.

სულ უფრო მეტი ადამიანი იჯერებს, რომ ეს უაზროდ გაწელილი ცუგცვანგი იმდენად ნაციონალური მოძრაობის მითიური სიძლიერის დამსახურება კი არაა, როგორც „ქართული ოცნების“ უკვე გამჭვირვალე სურვილისა, რომ ასეთი უკეთური და ათას ცოდვებში ეჭვმიტანილი ოპოზიციის ყოლით მარადიული უპირატესობა მოიპოვოს, როგორც იმ ხიბლდაკარგულმა ლამაზმანმა, რომელიც საკუთარი მომხიბვლელობის გახანგრძლივების იოლ გზად ფონად სიმახინჯის გამოყენება აქცია… რაც ხატოვნადაა გადმოცემული გურულ ფრაზაში – „მის ვარესს ჯობია!“
თუ ეს ეჭვი სინამდვილესთან ახლოსაა, ისმება კითხვა, მაშინ „ქართული ოცნებისათვის“ ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნების გარანტიად ამ „სწორუპოვრად ვარესის“ მარადიული შენარჩუნება ხომ არ გვევლინება?

===============================

ჩემი არჩევანი
ვფიქრობ, მომავალი არჩევნები წინა ორისაგან განსხვავებით, ამოამრჩეველთა უფრო დაბალი აქტივობით იქნება განსხვავებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ამომარჩევლის დაბნეულობა მგონია.

ბევრი ადამიანი სვამს კითხვას – “რა უნდა ვქნათ?” „ვის მივცეთ ხმა?“
ძნელია არამცთუ სხვის მიერ დასმულ ასეთ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი რჩევის გაცემა, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი იმ პრინციპების ჩამოყალიბება, რომელიც სწორ არჩევნამდე მიგვიყვანს.

შევეცდები, საკუთარ პრინციპებზე მაქსიმალურად გულწრფელად გითხრათ. და არჩევანი თავად გააკეთეთ.

1) მიუხედავად იმისა, რომ მომავალში დასაშვებად და საკმაოდ მისაღებად მიმაჩნია ქართული პოლიტიკის ფარვატერში რამდენიმე საგარეო ვექტორის სრულფასოვანი კონკურენცია, მაგრამ სადღეისოდ ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ ჩემი მხრიდან იმ ძალების და კანდიდატების მხარდაჭერას, რომლებიც იმედს რუსულ ვექტორზე და კერძოდ ვლადიმერ პუტინზე აკეთებენ. მიმაჩნია, რომ რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით ეს არის სახელმწიფო, რომელიც სრულიად რეტროგრადულია და აბსოლუტურად ემიჯნება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მიღებული ნორმების დაცვას, აპირებს რუსული იმპერიის აღდგენას და ქართული სახელმწიფოს მოხრჩობას. აფხაზეთში და ოსეთში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების ხსოვნა, ჩვენი გაუბედურებული და გადახნული ნასოფლარები და სასაფლაოები, ნამდვილად არ მომცემს იმის უფლებას, რომ პრორუს პოლიტიკოსებს დავეხმარო იმ გეგმის ასრულებაში, რომ პუტინმა მთელი საქართველო ისევ რუსულ იმპერიაში შეათრიოს და ამაყად განაცხადოს, რომ მთელი ის პოლიტიკა – გათიშვის და ბატონობის 200-წლეულიც და, განსაკუთრებით, – ბოლო 25-წლეული, – სწორი იყო. სწორი იყო აფხაზეთის მოგლეჯაც, ცხინვალის ომიც, შინაომების პროვოცირებაც… რადგან თუ ჩვენ ყოველგვარი გარანტიების თუ ტერიტორიების დაბრუნების გარეშე რუსეთს ამას ყველაფერს მივუტევებთ, მაშინ მართლა ღირსები ვიქნებით, რომ ჟირინოვსკის და ზატულინის მსგავსი შოვინისტები მასხრად გვიგდებდნენ და ჩვენს მეფისნაცვლებად მობრუნდნენ… და თუ ეს ასე მოხდა (დაგვიფაროს ღმერთმა!) ნურავის ექნება იმედი, რომ რუსეთი ან ენას შეგვინარჩუნებს, ან – კულტურას! ამ შეცდომებს აღარ გაიმეორებს და არაა გამორიცხული, აფხაზეთში გამოცდილი მაჰაჯირობა და სხვა ერების აქ ჩამოსახლება გაცილებით ქმედითად გამოიყენოს.

2) არ ვაპირებ, ხმა მივცე იმ პოლიტიკოსებს, ვინც წლების და ათწლეულების განმავლობაში კორუფციისა და ხალხის გატყავების სათავეებთან იდგა. სავლედან პავლემდე სავალი გზა კი ყველასთვის ხსნილია, ოღონდ, მისი გავლა გულწრფელი აღიარებით და ჭეშმარიტი მონანიებით იწყება. აი, ამას კი ვერ ვატყობ მავანთ.

3) წინამდებარე არჩევნები ადგილობრივი არჩევნებია და ყველაზე გამართლებული მგონია გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ ადამიანებს მივცეთ ხმა! – არა იმათ, ვინც რომელიმე სახელოვან პარტიას ეკუთვნის, არა იმათ, ვინც რომელიმე ლიდერმა მოგვიყვანა და სამაგალითოდ დაგვისახა, არამედ იმას, ვინც ჩვენთვის ნაცნობია თავისი საქმით, თავისი პატიოსნებით, თავისი გულწრფელობით, თავისი განათლებით, თავისი მოკრძალებით, თავისი ადამიანობით!..

გავრცელებული ფრაზაა – პოლიტიკა ბინძური საქმეაო!
უნდა ვცადოთ, რაღაც დოზით მაინც ამ ბინძურ საქმეში პატიოსანი ხალხის მოყვანა! ისინი ხომ ისევე გამორჩეულნი იქნებიან ამ სიბინძურის კასრში, როგორც ნათელი კელაპტარი – უკუნეთში, როგორც თვალი პატიოსანი – ნახშირის გორაზე…
ალბათ ვინმე შემეპასუხება – ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო! მართალია, და მაინც, ყველა სოფელში თუ სახლის ჭერქვეშ არის სწორედ ერთი მერცხალი, რომელიც სხვებზე ადრე მოფრინდება ხოლმე. ვინ იცის, ჩვენმა მცდელობამ, რომ ერთი-ორი დიმიტრი გელოვანი სიცოცხლეშივე მოვნახოთ, აღმოვაჩინოთ და გამოვაჩინოთ, იქამდე მიგვიყვანოს, რომ მერე სხვებიც გამოჩნდნენ ქვეყანაში… და მაშინ პოლიტიკურ პარტიებიც მიხვდებიან, რომ ვინმე ახალი, მაგრამ უსახური არ უნდა მოიყვანონ, ანაც – ვინმე ისეთი, ვინც შორიდან ბრწყინავს ხოლმე და ახლოდან ხვდები, რომ ოქრო კი არა, ოქროსფერი უსაქმურია…

მმართველ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, მხარდაჭერას მართლაც იმსახურებენ. მე პირადად, თბილისის მერობის ყველა დანარჩენ კანდიდატზე ნამდვილად უკეთესი მგონია დავით ნარმანია. უნაკლო ადამიანი არაა, მაგრამ ვფიქრობ, იმაზე გაცილებით კარგი მერი იქნება, ვიდრე დღემდე გვყოლია დამოუკიდებლობის პერიოდში – საქმიანიცაა, პატიოსანიც, განათლებულიც და პოპულიზმისგანაც საკმარისად დისტანცირებულია. ასევე ძალიან მომწონს გულიკო ზუმბაძე – საქმიანი, პატიოსანი და პრინციპული ადამიანი
თბილისის საკრებულოში, რომელიც მედგრად დაუპირისპირდა არა მარტო „ძირძველ“, არამედ – ფერნაცვალ ნაციონალებსაც, თბილისელების ინტერესის დასაცავად…
და მაინც, არის ერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ეს სტატია არ მიმეძღვნა არც დავით ნარმანიასთვის (მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელსაც მომწონდა მინისტრობის კანდიდატად და ახლაც მხარს ვუჭერ) და არც ქ-ნ გულიკოსათვის (რომლის საკრებულოში საქმიანობა ნამდვილად სამაგალითოდ მიმაჩნია), არც იმ ზოგიერთი სხვა ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანისათვის, რომლებიც სხვა პოლიტიკურ ძალებში აღმოჩნდნენ გაერთიანებული (მაგ. გიორგი საჯაია – ნინო ბურჯანაძის ბლოკში).

მიზეზი მარტივია.
გავიმეორებ – მინდა, ამჯერად იმ ადამიანებზე გავაკეთო აქცენტი, ვინც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს! განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ არც საპრეზიდენტო არჩევნებია და არც – საპარლამენტო, როცა გინდა-არგინდა, ხშირად ისეთ ადამიანს უნდა მისცე ხმა, რომელიც მხოლოდ ტელეეკრანებზე თუ გინახავს…
ასე მგონია, რომ მოვიდა დრო, უბრალო ადამიანებმა, პოლიტიკაში დღემდე არმყოფმა ადამიანებმა აქტიურად დაიწყონ პოლიტიკაში (ადგილობრივ დონეზე მაინც!) ჩაბმა – არ დაელოდნონ იმ დროს, როცა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი იკადრებს და თავისი ფერუმარულგახუნებული პოლიტიკური იმიჯის გამოსაცოცხლებლად და მოწყალედ მიიპატიჟებს მათ თავის გუნდში. ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ პატიოსანმა ადამიანებმა თავისი პატიოსნება და იმიჯი არ დააყენონ ჩრდილში.
მეორე პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიას თავისი კანონები აქვს. და დისციპლინარული კოდექსი მოითხოვს, რომ პარტიის ყველა წევრი ზემოთ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა დაექვემდებაროს. ეს პრინციპი ზოგჯერ გამართლებულია (ძირითადად – საგარეო საქმეების და სტრატეგიული საკითხების განხილვისას), მაგრამ თუ საქმე შენს რეგიონში ასაშენებელ ჰესს, ან რაიმე მავნე წარმოებას ეხება, თუ ტყის გაჩეხვა ან ტბის დაშრობაა ზემოდან წამოსული დირექტივა, ვის უფრო ენდობა მოსახლეობა ამ საკითხის სამართლიანად და მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვეტაში – იმ ადამიანს, რომელიც პატიოსანი, მაგრამ მაინც პარტიის ერთგული ჯარისკაცია, თუ იმას, – ვისი მთავარი და ერთადერთი პრიორიტეტი მისი თანამოქალაქეების და თანაუბნელების, მისი უშუალო ამომრჩევლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა?
აქვე დავძენ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს მოითხოვს კანდიდატებისაგან, ვიდრე მხოლოდ მათი საქმიანი თვისებები თუ პრინციპულობაა. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ადრეც და ახლაც დასახელებულთა 80-90% მაინც მოკლებულია ასეთ გამოცდილებას?! ამიტომ, თუ ადამიანი აპირებს პოლიტიკურ საქმიანობაში ძალების მოსინჯვას, სწორედ ადგილობრივი არჩევნები (მერია, გამგეობები, საკრებულოები…) არის საუკეთესო დრო და ასპარეზი.
=================

ადამიანები, რომელთაც ვენდობით

აი, ორი ადამიანი, რომელიც მე ასეთი უპარტიო – „ადამიანური არჩევნის“ ნიმუშად წარმომიდგენია:

თამაზ მაყაშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი, გორის მერობის კანდიდატი, (#17 საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერთიანობის დარბაზი“)
თამაზ მაყაშვილი-ოჯახი
თამაზ მაყაშვილს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ვიცნობ სოციალური ქსელიდან. ვიცნობ მასაც და მის მეუღლესაც. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ახლოს იცნობენ ამ ოჯახს, მათ შესანიშნავ 4 ვაჟიშვილს და იციან, როგორი ადამიანია ფიზიკოსი თამაზ მაყაშვილი. ეროვნულ მოძრაობაში 1989 წლიდან ჩაება. 2004 წლამდე იყო ედპ-ს წევრი, რომელიც თავისი სურვილით დატოვა. 2009-2013 წლებში იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ (ირაკლი ალასანიას) გორის ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით 2012 წელს შეიქმნა გორის „საზოგადოებრივი დარბაზი“, – ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია გორის სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი. სხვათა შორის, ამჟამად არჩევნებში მისი კონკურენტებიც ამ დარბაზის წევრები არიან – რადგან ეს ორგანიზაცია წამყვან როლს თამაშობს აქტიური, არაინერტული ადამიანების გაერთიანებაში. ასე რომ კარგა ხანია, ბ-ნი თამაზი საჯარო ფიგურაა და აქვს საიმისო გამოცდილება, რომ აქტიურად ჩართოს გორის საზოგადოება ქალაქის აღმშენებლობაში და პოლიტიკის განსაზღვრაში.
2009 წლის 8 აპრილს (9 აპრილს დაგეგმილი დიდი მიტინგის წინადღით) თამაზ მაყაშვილი – ახლადშექმნილი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიციელებმა მოძრაობის წესების დარღვევის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს .
აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, თამაზ მაყაშვილს შემდგომშიც არასოდეს დაუხუჭავს თვალი ხელისუფლების არასწორ ქმედებაზე. 2011 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ სცადა, ბ-ნი თამაზის პოლიტიკური ნეიტრალიზაცია მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლით მოეხდინა, და მისი მეუღლის – ია ბჟალავას – უფროსს, გორის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორს მარინა მახარაშვილს დაავალეს ქ-ნი იას სამსახურიდან განთავისუფლება. ქ-ნ იას მიმართ გაღიზიანებას, ქმრის დასჯის სურვილის გარდა, ისიც ამძაფრებდა, რომ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იგი გორის საარჩევნო კომისიის წევრი იყო და უბანზე ოპოზიციური პარტიისათვის ხმების დაკლების მცდელობის შეეწინააღმდეგა. მე-9 სკოლის დირექტორმა პოლიტიკური დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, რაც უკვე მასვე დაუჯდა სამსახურის ფასად – სკოლაში ფინანსური ინსპექცია მიავლინეს და აღმოჩენილი ხარვეზების მომიზეზებით მ. მახარაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს. ხოლო ახალმა დირექტორმა – ე. ხაჩიძემ – წინამორბედის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით – უსიტყვოდ შეასრულა ხელისუფლების დავალება და სერტიფიცირებული პედაგოგი (რაც იმ დროს გორში დიდი იშვიათობა იყო) ია ბჟალავა 2012 წლის იანვარში სამსახურიდან უმიზეზოდ (სამუშაო კონტრაქტის დასრულების საბაბით, რაც სინამდვილეში არ არსებობდა – კონტრაქტის ვადა არ იყო დასრულებული!) გაანთავისუფლა. ქ-ნმა იამ რამდენჯერმე სცადა უკანონო გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ მისმა საჩივრებმა ნაყოფი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოიღო. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ია ბჟალავა სამსახურში აღადგინა.

თამაზ მაყაშვილი ყოველთვის კორექტულად, მაგრამ პრინციპულად გამოდიოდა უსამართლობის და არასწორი ქმედების წინააღდეგ, მათ შორის მაშინაც, თუ ასეთი ქმედებები შიდაპარტიულ ხასიათს ატარებდა. ამავდროულად, ჩემი გორელი მეგობრებისაგან ვიცი, რომ ბ-ნი თამაზი, მიუხედავად მისი პრინციპულობისა, არაა კონფლიქტური პიროვნება და დაპირისპირებაზე მხოლოდ მაშინ მიდის, თუ დიალოგის და კონსენსუსის ალბათობა და შანსი ამოწურულია.

თამაზ მაყაშვილმა გადაწყვიტა არა როგორც პარტიულ დეპუტატს, არამედ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელს მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. მართლაც კარგი იქნება, რომ სადმე შეიქმნას პრეცედენტი – მრავალჯერ გახუნებული პარტიულ კანდიდატურების ფონზე საზოგადოებამ არა პარტიას, არამედ დამოუკიდებელ, ანუ – მხოლოდ ამომრჩეველზე დამოკიდებულ ადამიანს მიცეს ხმა, რომლის უკან არ დგას პოლიტიკური პარტია თუ ცენტრალური ხელისუფლება. ასეთი ადამიანი ხომ მხოლოდ საკუთარ მოსახლეობასთან იქნება ანგარიშვალდებული და არა პარტიასთან/ხელისუფლებასთან, რომელსაც შესაძლებელია სულაც სხვა პოლიტიკის განხორცილებება უნდოდეს საქართველოს მასშტაბით და ამ რეგიონის ხარჯზე მოინდომოს სხვა რეგიონის უპირატესი განვითარება. სახელისუფლებო კანდიდატი ზემოდან ასეთ მცდელობას, სავარაუდოდ, წინ ვერ ან არ აღუდგება.
თამაზ მაყაშვილის მსგავსი დამოუკიდებელი საჯარო ფიგურის მერად არჩევა გახდებოდა ჭეშმარიტი თვითმმართველობის და ჭეშმარიტად ევროპული არჩევნის საქმით რეალიზაცია, რაც ხალხს მისცემს რეალურ შანსს, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. რომ მოსახლეობამაც იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი ქალაქის ბედზე და მარად არ ელოდოს თბილისიდან მოსულ გადაწყვეტილებებს. ბატონი თამაზი ნამდვილად არ არის პოპულისტი და თავის დაპირებებში ისეთი გულუხვი არაა, როგორც ზოგიერთი ოპონენტები. სამაგიეროდ, ნებისმიერი მისი დაპირება – განსაკუთრებით ქალაქის ახალგაზრდობისთვის განათლების, აქტიური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის, გარემოვაჭრეებისათვის ადამიანური სამუშაო პირობების შექმნის და ამავდროულად მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის, ლტოლვილების და გაჭირვებულების დახმარების უფრო ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად – ხანგრძლივი ფიქრის, ამ ადამიანებთან მრავალი შეხვედრის, მათი ტკივილის გათავისების შედეგია. და თუ თამაზ მაყაშვილი უდროოდ და უსაზღვროდ არ არიგებს დაპირებებს, ეს მისი საქმისკაცობით და საკუთარი სიტყვის ფასის ცოდნით აიხსნება. იგი პოპულიზმით და ზღვარგადასული რეკლამებით არ აპირებს გორელების გულის მოგებას, მას დაპირებებით გაბერილი გორი კი არ სჭირდება, არამედ მზადაა გორს თავისი სიტყვისკაცობით და ენერგიით დაეხმაროს, და გამარჯვების შემთხვევაში სწორედ გორელებთან ერთად გადაწყვიტოს, რა და როგორ დახარჯოს, რაზე გააკეთოს ეკონომია და რას მიანიჭოს პრიორიტეტი.

ალეკო ელისაშვილი – #42 – საბურთალოს დამოუკიდებელი კანდიდატი

ALEKO - PLAKATI

აბა, ამ ადამიანზე რა უნდა ვთქვა?
უფრო სწორედ, რა უნდა გითხრათ მე – საბურთალოზე 10-წლიანი ცხოვრების სტაჟის მქონე დაბადებით ქუთაისელმა, თქვენ – საბურთალოელი ალეკო ელისაშვილის ამომრჩევლებს?

ალბათ, იმით უნდა დავიწყო, რომ ამ არჩევნებში ნამდვილად გამიმართლა!
გამიმართლა, რომ ასეთი დეპუტატობის კანდიდატი მყავს და არავითარი ეჭვი იმაში, ვის უნდა მივცე ხმა, წამითაც არ გამივლია, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მასაც არ ვიცნობ (მაგრამ ასე მგონია, რომ ბევრ ჩემს ნაცნობზე კარგად, იმდენად გულწრფელია ალეკო).

ალეკო არის ადამიანი, რომელიც დაბადებულია იმისათვის, რომ თბილისს ემსახუროს! დიდი ხანია, იგი ამას ისედაც აკეთებს ძალიან უანგაროდ და ლამაზად. მაგრამ იგი ჭირდება სწორედ თბილისის საკრებულოს – არა იმიტომ, რომ საკრებულოში უფრო მეტად მოინდომებს, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. ისევე როგორც ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დაბლოკოს ის საშინელებები და მარაზმი, რაც თბილისში ბოლო ხანებია უხვად ხდებოდა და დღემდე ხდება! რომ ქალაქს სული დაუბრუნოს, სახე დაუბრუნოს და ისტორიული თბილისის ლამაზ სახეზე გადადღაბნილი მახინჯი ნაჯღაბნი და ზიზილ-პიპილო ჯინჯილები მოაშოროს…

მეტიც, ალეკო იმიტომ სჭირდება თბილისის საკრებულოს, რომ მჯერა, იგი იქნება საუკეთესო ეტალონი იმისა, როგორი უნდა იყოს ქალაქის დეპუტატი, და მის გვერდზე მყოფ კოლეგებს ძალიან გაუჭირდებათ, არამცთუ – ხელი შეუშალონ, არამედ უბრალოდ – მხარი არ აუბან ალეკოს. რადგან ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ, და გავარჩევთ შავს და თეთრს. ამდენად, ასე მგონია, რომ ალეკო ელისაშვილი საკრებულოს გაადამიანურებას და თბილისის სამსახურში მყოფი ადამიანების გუნდის (ან – ბირთვის მაინც) ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ბევრი რამ აქვს კარგი თვისება ალეკოს – პირში მთქმელია ბოლომდე! საოცრად დაუღლელია! უამრავი საქმის კეთებას ასწრებს! ძალიან სასარგებლო მოძრაობას – თბილისის ჰამქარს ჩაუყარა საფუძველი და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა ძველი თბილისის თვითმყოფადობის ხელუხლებლად შესანარჩუნებლად და ამ წადილში ჭეშმარიტი სიყვარული და თანადგომაც მოიპოვა. ფანტასტიური წიგნი უძღვნა თბილისს, რომელიც სიყვარულის წიგნია ნამდვილად! ზრდილობიანი ადამიანია, მაგრამ უკან არ დაიხევს…

ძალიან ახალგაზრდააო, – ვიღაცამ მითხრა. და უცებ გამახსენდა, რომ წინა ხელისუფლებაში – განსაკუთრებით, და ახლაც, ნამეტანი ახალგაზრდა ხალხის მოზღვავებას რამდენი უარყოფითი მოჰყვა… როგორ გავიმსჭვალეთ ეჭვით ახალგაზრდობის, – როგორც დაუღვინებლობის, აცუნდრუკების, ხეშტეობის, უკმეხობის, მედიდურობის, გულცივობის, ზედაპირულობის, დაუფიქრებლობის, თუ უცოდინრობის შესაძლო რისკ-ფაქტორების „თაიგულის“ მიმართ!

მაგრამ ალეკო სულ სხვაა! და ალეკოსნაირი დაფიქრებული, გულშემატკივარი, და ჭკვიანი ახალგაზრდები რომ მეტი გვყავდეს, ნამდვილად უფროსი თაობის არცერთი ადამიანი არ იქნებოდა ამის წინააღმდეგი. ის ხომ ისეთია, როგორ შვილსაც, როგორ ძმასაც და როგორ მამასაც ყველა ინატრებს – მართალი, შეუდრეკელი, და უაღრესად ადამიანური და თბილი.
ფეისბუქზე მის გვერდს რომ გადავავლე თვალი, ერთი სურვილი ყველაზე ხშირად დავაფიქსირე მისი მომხრეებისაგან გამოთქმული – „ნეტავ ბევრი ალეკოსნაირი გვყავდეს!“, „ნეტავ ჩვენთანაც ალეკო იყრიდეს კენჭს!“… ვიხუმრე კიდეც – დეპუტატის კლონირების სურვილის მანია გვემუქრება მეთქი. სინამდვილეში კი ძალიან კარგია, თუ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში ალეკო და სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები გაჩნდებიან, როგორც პოლიტიკოსის ახალი ეტალონი. ახალი modus Vivendi… მერე, იმედია, თანდათან გაქრება შავი ფრაზა იმაზე, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და იქ მხოლოდ ბინძურ ადამიანებს თუ ესაქმებათ…
კიდევ ორი რამ, რასაც არ შემიძლია, არ შევეხო – ომში იყო ალეკო რეზერვისტად და მისი დღიურები, რომელიც შარშან „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა, საოცარი ნაზავია ომის საწინააღმდეგო და სამშობლოს სიყვარულის უმძაფრესი ემოციებისა. და ძალიან გამიხარდა იმის მოსმენა, როგორ ახასიათებს ალეკოს ქართველი სამხედრო, მისი თანამებრძოლი! მართლაც ძალიან ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ ყოველგვარი გამოცდილების და მომზადების გარეშე უცებ ჯოჯოხეთში აღმოჩნდე, ნახო ასეთი უბადრუკი უთაობა, ლამის ღალატი, და მაინც არ დაკარგო სულის სიმტკიცე და ისე იქცეოდე, რომ პროფესიონალი მებრძოლის გაოცება და პატივისცემაც დაიმსახურო!

დაბოლოს, არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო, – ალეკო ჟურნალისტია. საოცარ რამეს ვიტყვი – იმედი მაქვს, მისი ეს პროფესია მალე, დროებით მაინც დასრულდება. ნუ შეცბუნდებით – ამას რომ ვამბობ, ესეიგი, არჩევნებში გამარჯვებას ვუსურვებ (მაშინ ვეღარ იჟურნალისტებს 🙂 .
მაგრამ მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ გარდა ავტორიტეტების მიმართ ყალბი პიეტეტის არქონისა, გარდა იმ პირდაპირობისა, რომელსაც იგი ყოველთვის იჩენდა პოლიტიკოსების მიმართ, და რაც უდავოდ იმის საფუძველია, რომ იგი ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აქტივისტია, ხალხის ხმაა და არა – ვინმეს ხმა, ან – რომელიმე პარტიის ხმა, ალეკოს ქართულ ჟურნალისტიკაში იშვიათ გამონაკლისად ქცეული ერთი დიდებული თვისებაც გააჩნია – მას შეუძლია ადამიანს მოუსმინოს, და აზრის გამოთქმა აცალოს!
ეს თვისება პოლიტიკაშიც ფასდაუდებელი იქნება…
=====================

ბოლოთქმა:
ჩემი პირველი ბლოგი – სიმონ დოლიძის ფსევდონიმით – 2008 წლის 21 მაისის არჩევნების წინ დაიწერა, როგორც მწარე გაფრთხილება.
მას შემდეგ არცერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რომ ბლოგი არ დამეწერა, რადგან მჯერა, რომ სწორი და სამართლიანი არჩევნების გარეშე ვერ ვისწავლით დემოკრატიას და ვერ გავაუმჯობესებთ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანების და გუნდის პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამ ორი პიროვნების გარდა კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მონდომებული არიან თავისი პატიოსნებით და საქმიანობით და პირველ რიგში, თავისი დამოუკიდებლობით ხალხს ემსახურონ და არა – ხალხი იმსახურონ. მაგალითად, როგორც გავიგე, ჩემს მშობლიურ ქუთაისშიც არის საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი – ალეკოს მსგავსად #42-ით რომ იყრის კენჭს – ნათია გუდავა.
წარმატებას ვუსურვებ მათ, რადგან ასე მჯერა, რომ სერიოზული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი კანდიდატის წარმატება საქართველოს წარმატება იქნება – რეალური დამოკიდებლობისაკენ რთულ ბილიკზე სიარულში. რამეთუ სწორედ ხელისუფლების მაკონტროლებელი და მთავრობისათვის პასუხის მომთხოვი საზოგადოება და ხალხის მიმართ პასუხისმგებელი ხელისუფლება – არის ქვეყნის დემოკრატიისა და მასზე დაფუძნებული კეთილდღეობის მთავარი საფუძველი.


ევრ-აზიული ღიმილი


PUTIN-XI

სანამ შანხაიში პუტინის გენიალური პოლიტიკური ნაბიჯით მოხიბლულები იმის განსჯას დაიწყებდეთ, როგორ ჩაფლავდა ამერიკის და ევროპის სანქციები რუსეთის მიმართ, და როგორ მშვენივრად გამოძვრა რუსეთი – ევროპაზე, როგორც გაზის ერთადერთ სერიოზულ მყიდველზე დამოკიდებულებიდან, ჯერ შეიცადეთ…

ნამდვილად, 400 მილიარდი დოლარი ქუჩაში არ ჰყრია!

დიახ, ნამდვილად, რუსეთს/გაზპრომს ახლა აქვს დივერსიფიცირებული ბაზარი გაზის გასაყიდად და შედარებით უფრო მშვიდად შეუძლია იძინოს…

ნამდვილად, პუტინისთვის სერიოზული მარცხი იქნებოდა ჩინეთიდან ხელცარიელი დაბრუნება და თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ ჩინეთმა მშვენივრად, სულ ღიმილ-ღიმილით გადაუგრიხა ხელები რუსეთს და სასურველი 400-450 დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 350 დოლარად შეიძინა 1000 კუბომეტრი გაზი, მაგრამ სულ არობას ეს ნამდვილად სჯობს!

მაგრამ ისევე, როგორც თერაპიაში მკურნალობა მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა შედეგს და ფასს მანამდე არსებულ სხვა წამალს/მეთოდს ადარებ, ბიზნესშიც აბსოლუტური ციფრები ხშირად მცდარ შეხედულებას გვიქმნის. ყველაფერი ფარდობითია და სწორედ შედარება იძლევა ზუსტ პასუხს იმაზე, სადაა რეალური მოგება და სად – ბლეფს ქვეშ შეფარული მოდელირებული ღიმილი.

უფრო დაბალი ფასი ჩინეთს, ვიდრე ევროპას?
რუსეთმა 2013 წელს ევროპას მიჰყიდა 152 მილიარდი კუბომეტრი გაზი. გარდა ამისა, რუსეთმა თურქეთს მიჰყიდა კიდევ 10 მილიარდამდე კუბომეტრი.

ასე რომ, ორიდან ერთი გამოდის – თუ რუსეთმა ჩინეთს მართლა 350 დოლარად დაუდო კონტრაქტი ყოველ 1000 კუბომეტრზე, მაშინ იგი მხოლოდ 38 მილიარდი კუბომეტრს მიჰყიდის ჩინეთს წლიურად, ან… ან იქნებ ფასი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე 350 დოლარი?

აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს რუსული გაზის ფასი ევროპისათვის საშუალოდ 400 დოლარი იყო, ხოლოდ 2013 წელს გაზპრომი იძულებული გახდა ფასი 370 დოლარამდე დაეწია. გამოდის, ფაქტიურად, რუსეთი ჩინეთს უფრო იაფად აძლევს გაზს, ვიდრე ევროპა ყიდულობდა 2013 წელს. http://uk.reuters.com/article/2012/12/18/gazprom-europe-idUKL5E8NI1VY20121218

მაგრამ მარტო ეს არაა მნიშვნელოვანი…

გაცილებით უფრო ნაკლები მოცულობა, ვიდრე ევროპას?

თუ ფასი 350 დოლარია, როგორც ზემოთ ვთქვით (უფრო სწორედ, ბიბისი-მ იანგარიშა და თქვა, და რა უფლება მაქვს, არ ვენდო – http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/05/140521_russia_china_gas_contract.shtml) მაშინ, გამოდის, რომ წლიურად ჩინეთი ”გაზპრომისაგან” 38 მილიარდ კუბომეტრ გაზს მიიღებს. თუ რეალური ფასი, მოხდა სასწაული და – უფრო მეტია (რაზეც რუსი ექსპერტები მინიშნებას აკეთებენ), მაშინ – რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლები გამოდის!

მაგრამ თუ რუსეთმა 2013 წელს 162 მილიარდი კუბომეტრი გაყიდა და ახლა ჩინეთისგან მხოლოდ 38 მილიარდ კუბომეტრზე აქვს კონტრაქტი, გამოდის, რომ მან კიდევ 124 მილიარდი კუბომეტრის მყიდველი უნდა მოძებნოს!
ჰოდა, გასაგებია, რომ თურქეთი, და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა – ბულგარეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი (რომელთაც ალტერნატიულ წყაროებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ) – სავარაუდოდ, იგივე მოცულობებს შეუკვეთენ გაზპრომს, რასაც 2013 წელს. მაგრამ ხომ აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპელმა პარტნიორებმა უკვე იციან, რომ ერთადერთმა რეალურმა მყოდველმა გასაყიდი მოცულობის მმესამედიც კი ვერ აითვისა, რომ გაზპრომი უკვე ცუდ მდგომარეობაშია?! სავსებით გასაგებია, რატომ არ უნდა რუსეთს გაამხილოს – არც ჩინეთთან შეთანხმებული ფასი, და სიამოვნებით დამალავდა მოცულობებსაც! რადგან აშკარა ხდება ყველასთვის, რომ ახლა გაზპრომისთვის ხელის გადაწრიახება და მასთან ”პანიეჟენიეზე” თამაში საკმაოდ იოლია. სულ არ გამიკვირდება, გერმანელებმა და ფრანგებმა, სულაც 300-დოლარიან ფასზე რომ დაიწყონ ”ბაზარი”, რომელიც ახლა უკვე სულაც არ იქნება ”რიჟა”… თუ არადა, პუტინმა ახლა კიდევ სადმე უნდა იშოვოს სასწრაფოდ ახალი კლიენტები

ვადები!
მაგრამ ყველაზე საინტერესო ვადებია!

ეს ყველაფერი, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თურმე მხოლოდ 2018 წლიდან დაიწყება! ანუ გამოდის, რომ 2015, 2016 და 2017 წელს პუტინს გასაყიდი აქვს ისევ ის წლიურად მინიმუმ 150 მილიარდი კუბომეტრი გაზი! ჰოდა, ევროპის ქვეყნებს კი სჭირდებათ ეს გაზი, მაგრამ თუ ადრე ძირითადად მხოლოდ ისინი ნერვიულობდნენ, ამერიკამ რომც მოგვაწოდოს ფიქალის გაზი, ეს 2-3 წელი ვერაფრით მოხერხდებაო, ახლა გამოდის, რომ 3-4 წელი რუსეთსაც არ ჰყავს მყიდველი!

და რატომ არ ხერხდება ნეტა 2018 წლამდე ჩინეთისთვის გაზის მიწოდების დაწყება?
მიზეზი ორია:
ა) ან ჩინეთმა აგრძნობინა რუსეთს, 2018 წლამდე მშვენივრად მაქვს ენერგეტიკული სათბობი მომარაგებული (სულ ახლახანს დადეს ძალიან დიდი კონტრაქტი ნახშირზე!) და თუ ძაან გინდა, რომ რამე ვიყიდო, კიდე უფრო დაბლა ჩამოდი ფასი, სანამ მთლად ოხრად არ დაგრჩენია ეგ საოხრეო,
ან
ბ) ინფრასტრუქტურა – მილსადენები არ არსებობს.
მთავარი მიზეზი მართლაც მეორეა. პრინციპში, რუსეთი და ჩინეთი დიდი ხანია საუბრობენ გაზის მიწოდებაზე და მაქსიმალური ციფრიც 38 მილიარდი კუბომეტრი იყო და ყველაზე ადრეული ვადაც – 2018 წელი, რადგან ლამის 3 წელი მაინცაა საჭირო, სანამ რუსეთი დასავლეთ ციმბირიდან ვლადივოსტოკამდე ახალ გაზსადენს გაიყვანს! მომავალში რუსეთი და ჩინეთი აპირებენ კონტრაქტის მოცულობა 60 მილიარდამდე გაზრადონ, მაგრამ ეს, სავარაუდოდ – კიდევ 3-4 წლის საქმეა, მინიმუმ…
ახალი გაზსადენის გაყვანა კი ძალიან დიდი ხარჯი და ძალიან დიდი საქმეა. და თუ ამოდენა საქმეს შეეჭიდები ადამიანი, გიჟი უნდა იყო, რომ ამ დროს დასავლეთ საზღვართან ომი გქონდეს ატეხილი და სანქციებით ირთულებდე ინვესატიციურ კლიმატს.

დასკვნა:
პუტინმა უდავოდ მიაღწია წარმატებას, რომ ხელცარიელი არ ჩამოვიდა შანხაიდან! მისთვის ეს საშინელი მარცხი იქნებოდა და არაა გამორიცხული, რომ ჩინეთთან კოტრაქტში რეალურად გაზის ფასი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე 350 დოლარი!
პუტინისთვის ეს კონტრაქტი ნამდვილად მხსნელი რგოლია, მაგრამ ის ნამდვილად არ წყვეტს მის ყველა პრობლემებს. მეტიც, 2015-2017 წლებისათვის მას სასწრაფოდ სჭირდება ახალი გასაღების ბაზრების მოძიება.
ახლა, როცა ევროკავშირმა და ამერიკამ იციან, რომ პუტინის ყვეაზე რთული წლები სწორედ 2015-2017-ია, სწორედ ახლა აქვთ შანსი, რომ მაქსიმალური ეფექტით განახორციელონ კოორდინირებული სანქციები და მაქსიმალური კოორდინაციით მოახერხონ ის, რომ ამ სამ წელიწადში რუსულ გაზზე დამოკიდებულება მინიმუმამდე შეამცირონ.
მაშინ რეალურია მდგოამრეობა, რომ 2015-2017 წწ. რუსეთს უფრო მეტად ენდომება გაზის გაყიდვა, ვიდრე ეს აქამდე იყო (როცა გაცილებით ძლიერ დაინტერესებული მხარე სწორედ ევროპა იყო), ხოლო 2018 წლისთვის ევროპის მოთხოვნილება რუსულ გაზზე (სასურველი მოცულობა), სავარაუდოდ იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე რუსეთისთვის გასაყიდად აუცილებელი გაზის რაოდენობა.
ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ პუტინი იღიმებოდეს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ღიმილის უკან სერიოზული ძალისხმევა და დაძაბულობაა…


აქა ამბავი მაესტროელი ვახო სანაიას მიჭირხვნის მცდელობისა


ვახო სანაიას რეპორტაჟი

პროლოგი:
20 მაისი, 15:05
როდის იყო ვახო სანაიას ის გადაცემა, ასე სერიოზულად რომ ააღელვა მთავრობა?
მინდა ვნახო, რადგან ასაღელვებელი დღეს ნამდვილად ბევრია, მათ შორის კიტოვანის მოწოდებები პარლამენტის დაშლის საჭიროებაზე, რასაც კიტოვანზე უფრო პოპულარული პიროვნებებიც აძლევენ ბანს. ასევე ის, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემაში კითხვაზე ”ენდობით თუ არა მთავრობას?”, მხოლოდ 25%-მა დაადასტურა ასეთი ნდობა. აღარ ვამბობ არაფერს იმ სრულიად გაუმართლებელ და ფანტასმაგორიულ ხელფასებზე, რასაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წინა ხელისუფლების მიერ მოვლენილი კადრები დღესაც ამაყად იღებენ…

ჰოდა, მაინტერესებს, ამ ყველაფრის ფონზე, ასეთი რა თქვა ვახო სანაიამ, რომ ასე უეცრად მიიპყრო ხელისუფლების ყურადღება და ლამის მთავარ საფრთხედ შეფასდა.
================================
ვნახე „ვახო სანაიას რეპორტაჟი“ („იმედზე“ 18.05.14)

მოკლე რეზიუმე – სანაიას გადაცემა შეიძლება იყო მიკერძოებული, ალბათ, არ იყო მისი საუკეთესო გადაცემა, შეიძლებოდა ცოტა მეტი ელაპარაკა იმაზე, რა გაკეთდა ახალი ხელისუფლების მიერ … ან – იმაზე მაინც, რაც ვერ გაკეთდა, თუ რა ობიექტური პრობლემები იყო ამ მხრივ, შეიძლებოდა გაეკეთებინა ცოტა მეტი შედარება იმასთან, რა კეთდებოდა ამ მხრივ სააკაშვილის დროს, და ა.შ., და ა.შ…

მაგრამ, მოდით შევთანხმდეთ – ეს არის საავტორო გადაცემა და ავტორს უფლება აქვს გააკეთოს მისეული ანალიზი და შეფასებები.

ხელისუფლების მხრიდან პრობლემა მის გადაცემაზე შეიძლება და უნდა იყოს არა ის, რატომ დასვა მან ასეთი აქცენტები და რატომ ფიქრობს იგი იმას, რასაც ფიქრობს, არამედ ის, რამდენად სწორი იყო ის ფაქტები, რაც მან მოიყვანა გადაცემაში… აი, ამ მხრივ, მგონი, ბევრი სადავო არაფერია. მართალია, არა მგონია, რომ საუკეთესო ფაქტობრივი მასალა იყო რუსთავი2-ის საიდუმლო ჩანაწერები, რადგან ჯერ ერთი, მათი წარმომავლობა გამოძიების საგანია და თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავი2-მა ძალიან შერჩევით მოგვაწოდა სწორედ ის ფრაგმენტები, რაც მათ (ჩათვალეთ, რომ – ნაცმოძრაობის!) ნარატივს წაადგება, და ასე რომ ეს ნაწილი განსაკუთრებით ტენდენციურად მომეჩვენა. ასევე სათუოა ნავაროსეული რეიტინგების რეალობა და სპეციალურად ხომ არ იყო ჩაწყობილი ირაკლი ალასანიას მცირედი წინსწრება ღარიბაშვილის რეიტინგზე. ნავაროსეულ (CRRC-ის!) გამოკითხვებში – სადაც თბილისის მერობის #2 კანდიდატად „მწვანე“ გია გაჩეჩილაძეა, იმ ფონზე, რომ ლორთქიფანიძე საერთოდ კითხვარში არ შეუყვანიათ, ძალიანაც შეიძლება გონივრული ეჭვი გვეპარებოდეს, რამდენად მწვანეების ლიდერს გამოუცხადეს გამოკითხულებმა მხარდაჭერა, თუ „უცნობში“ აერიათ…
მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების რეაქცია ვახო სანაიას ამ რეპორტაჟზე იყო გაუმართლებლად მკვეთრი.

თქვენს მონა-მორჩილსაც და ბევრ სხვასაც გაცილებით გაგვიიოლდებოდა ვახო სანაიას გადაცემაში დაშვებული შეცდომების, უზუსტობების თუ მიკერძოების დადგენა თუ ანალიზი, რომ არა მთავრობიდან ეს მყისიერი საარტილერიო ზალპი, რომელიც სკკპ ცკ-ს და იმავე სააკაშვილის პრაქტიკას გვაგონებს მედიის გასახედნად. და ალბათ, მხოლოდ საპირისპირო შედეგს მოიტანს. მით უფრო, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამ “ზალპის” მთავარ მიზეზად გადაცემის ბოლო ნაწილს და ნეპოტიზმში ბრალდებებს ჩათვლის…

მე მგონი, დროა ხელისუფლება მიხვდეს, რომ თუ უნდათ, მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე ჟურნალისტებმა ილაპარაკონ, უნდა მოაწყონ ბრიფინგები – ყოველკვირეული ბრიფინგები, რაც ჯერ კიდევ შევარდნაძის მინისტრების დროს (ჯანდაცვის სამინისტროში მაინც) ჩვეულ პრაქტიკა იყო. და იქ მოჰყვნენ, რა გააკეთეს, რას აკეთებენ, როგორი წინსვლა აქვთ… რა თქმა უნდა, მოუწევთ პასუხის გაცემა საკმაოდ მკვეთრ კითხვებზეც, მაგრამ მაინც ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ხალხს დაანახო, რა კეთდება!.. გამოაქვეყნონ სტატისტიკური მასალები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებმა ჩაატარონ გასვლები ადგილებზე, უზრუნველყონ შეხვედრები სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარებთან… ოღონდ წინასწარ იმის სწავლების და დაზეპირების გარეშე, კომპიუტერით დასაჩუქრებულმა ბავშვებმა ვის უნდა გადაუხადონ მადლობა, როგორც ეს შაშკინის დროს იყო…

არის ნამდვილად პოზიტივი იმაში, რამდენმა ადამიანმა შეძლო მთავრობის დახმარებით ადრე საოცნებო ოპერაციის დაფინანსება, რამდენად უფრო მეტია დახნილ-დათესილი სავარგულები, რამდენი ადამიანი აპირებს ქალაქიდან სოფელს დაუბრუნდეს, წამოიწყოს ფერმერული საქმიანობა, ჩაყაროს ვაზი, თუ დარგოს ხეხილი… დღეს ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა იმედი, რომ იაფი კრედიტი და მთავრობის მხარდაჭერა რეალობად იქცევა და მათ ოცნებას შრომით მოპოვებული კეთილდღეობის შესახებ ასრულების შანსი გაუჩნდა… დიახ, ძალიან იშვიათად წერენ ჟურნალისტები პოზიტიურ ამბებზე, რადგან ნეგატივს და სკანდალს მეტი “გამავლობა” აქვს საზოგადოებაში… მით უფრო მაშინ, როცა მართლა არაფერი დატყობია უმუშევრობას, და როცა არარეალური აღმოჩნდა ან მონოპოლიების დამარცხების სწრაფი მოლოდინი და ან ბენზინის გაიაფება… მაგრამ ამას “გახედვნა” არ უშველის. ხალხის მხრიდან შეძახილი უფრო გამოიღებს შედეგს, ვიდრე ზემოდან დატუქსვა… საჭიროა ჟურნალისტსაც ჰქონდეს ხელისუფლების ნდობა, ხოლო მთავრობის პრეს-სამდივნოს განცხადებები “მაესტროს” გადაცემის შესახებ ისევე კონტრპროდუქტიულია ამ მხრივ, როგორც იყო სკკპ ცეკას დადგენილებები გაზეთ “იზვესტიის” შესახებ – ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე…

ხელისუფლებას დღეს ბევრი პრობლემა აქვს. მაგრამ მისი მთავარი პრობლემა არის ის შეცდომები, რომელსაც იგი უშვებს, მათ შორის საკადრო პოლიტიკაში, ხელფასების და პრემიების (ვერ)კონტროლში, და ხალხის, მათ შორის – ერთდროს გულანთებული მხარდამჭერების – თანადგომის იოლად განიავებაში… სამართლიანობის დამყარებაში გაცემული დაპირებების მივიწყებას რომ ამაზე რამე მკაფიო განაცხადის გაკეთება მაინც სჯობდა, ამაზე აღარაფერს ვამბობ…

ცუდია, თუ ამას ვერ ხვდებიან… ყველასთვის ცუდია! ჩვენთვისაც, მათთვისაც, „მაესტროსთვისაც“ და- ვახო სანაიასთვისაც. რადგან როცა მთავარ პრობლემად ვახო სანაიას გადაცემას ჩათვლი, ამ დროს ძალიან სერიოზული პრობლემები უეჭველად გვერდზე დაგრჩება…
==========================

ეპილოგი:
(20.05.14 23:15)

სადღაც შორს, ახლა ერთი მოკრძალებული და რიცკიანი კაცი ზის და რუქას ჩასცქერის.

ეს რუკა მისი აქილევსის ქუსლია.

შეგრენის ტყავივით დაპატარავებულ სამეფოს პატარა ნახევარკუნძული შესძინა და მეოთხე რომი ელანდება უკვე. ამ რომისათვის გადამწყვეტი ბრძოლა სულ მალე მოუწევს, მაგრამ ნაპოლეონისგან განსხვავებით იმდენს ხვდება, რომ ერთ ბრძოლას არ უნდა გადააყოლოს ყველაფერი. ამიტომ ძალიან ითოკავს თავს, რომ უკვე პირში ჩადებული მსუყე ლუკმა დროზე ადრე არ გადასცდეს და არ დაახრჩოს…

და მაინც, ამ პირველ ლუკმაზე მეტად მეორე ადარდებს… მეორე, რომელიც ნაწილ-ნაწილ უკვე დაღეჭილი ჰქონდა, მაგრამ ახლა ვეღარ იცლის მის საბოლოდ დასაქუცმაცებლად…

თუმცა ერთი იმედი აქვს – იქაური ხალხის იმედი, იქაური ხალხის რწმენის იმედი, იქაური ხალხის სიბრმავის იმედი, იქაური ხალხის ბედნიერ-ერობის იმედი და იმის იმედი, რომ იმ ქვეყანაში მის მრავალ ემისარზე და მოულოდნელ მოკავშირეებზე მეტად სწორედ უბრალო ადამიანებმა, ერთმანეთის გაუტანლობის, პირველკაცობის დაუძლეველი სურვილის და ამპარტავანი მიამიტობის წყალობით გაუწიონ უდიდესი დახმარება – რადგან, ემისრებისაგან და მტერ-პარტნიორებისაგან განსხვავებით, შეიძლება სრულიად უანგაროდაც და გაუთვითცნობიერებლადაც ითამაშონ სწორედ ის თამაში, რომელშიც მოგებული მხოლოდ ის იქნება – ერთი მოკრძალებული და რიცკიანი კაცი, რომელიც არც კი დააბოყინებს ამ ნანატრი ლუკმის გადაყლაპვისას…

putin-time