ამფეთქებლები და ნათელმხილველები
Posted: 2010/11/28 Filed under: განვრცობილი ფიქრები, ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან | Tags: აფეთქება, ლეიბორისტები, ტერორი, უგულავა, უშიშროება დატოვე კომენტარიწუხელ ღამით თბილისში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. მარჯანიშვილთან (ჯავახიშვილის ქუჩაზე), 01:40-ზე ლეიბორისტების პარტიის ცენტრალურ ოფისთან და მუხიანში, 03:00-ზე მოქ. პიტნავას კუთვნილ მაღაზია-სარდაფთან.
დღეს დილით, როგორც ინტერპრესნიუსმა გვამცნო, ვინმე მოქალაქ სანდუხაძემ ეს ორი აფეთქება ერთმანეთს დაუკავშირა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს ორივე აფეთქება ტროტილით უნდა მომხდარიყო.
ქვეყანაში, სადაც არსებობს შინაგან საქმეთა და უშიშროების მონსტრი სამინისტრო, აფეთქების სავარაუდო მიზეზებზე, ტროტილზე თუ არატროტილზე, მათ შორის კავშირზე განცხადებებს აკეთებს ბიუროკრატი (გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი, განათლებით ეკონომისტი სანდუხაძე), რომლის კომპეტენციაში ეს საკუთხები არც თანამდებობრივად და არც განათლების მხრივ არ შედის (მადლობა ია ანთაძის კომენტატორს, ბატონ ალექსანდრეს მუხიანიდან, რომელმაც სანდუხაძის CV მოიპოვა და ბლოგზეც განათავსა – www.tavisupleba.org).
რამეს ხომ არ გაგონებთ ეს აფეთქება?
უფრო სწორად, არა აფეთქება, არამედ კატასტროფის შემდეგ კატასტროფის ადგილზე სასწრაფოდ გაჩენილი სამეურნეო პირის მიერ ვითომ ღრმად “პროფესიონალური”, ხოლო სინამდვილეში სწორი ვერსიის მაგიერ ყალბ გზაზე დაყენებისთვის გამიზნული ვირეშმაკული კომენტარი?
მე მაგონებს.
ზუსტად ისევე, როგორც გიგი უგულავამ ჯიქიას ქუჩაზე რუსთავი2-ის კუთვნილი “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებზე თვალის შევლებისთანავე სასწრაფოდ და “ავტორიტეტულად” განაცხადა, აქ კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობდა და ეს რემონტი ამ ნგრევის მიზეზი ვერ იქნებოდაო, ახლაც ასევე მეყსეულია პატივცემულ ეკონომისტ-გამგებელ სანდუხაძის მიერ ტროტილის კავშირის ლამის სიზმრად ნათელხილვა! რაც ძალიან საინტერესოა, ვეჭვობ, რომ სანდუხაძე დილით ჯავახიშვილის ქუჩაზე საერთოდ ყოფილიყო და როგორ ამოიცნო მსგავსება და კავშირი, უცნაურია. ალბათ კოლეგა გამგებელმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან გაუზიარა თავისი ტროტილოლოგიური მოსაზრებები.
როგორც მაინც ძალიან მალე გაიშიფრა მაშინ უგულავას ექსპერტობის რეალური მიზეზი – “არტიქსის” და მისი დამფუძნებლების კეზერაშვილის ცოლის და ბოკერიას ცოლისდის უმწიკვლო რეპუტაციების დაცვის სურვილი, ისევე მალე გაიშიფრება სანდუხაძის დილაუთენია ექსპერტობის მიზეზებიც. თუმცა, ეს გაშიფვრა, რა თქმა უნდა, არ მოხდება ე.წ. სამართალდამცველების, ანუ სინამდვილეში – სიყალბედამცვლების მხრიდან.
მე კი მანამდე ერთ ჰიპოთეზას შემოგთავაზებთ.
დავუშვათ, რომ ეს იყო ლეიბორისტების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი.
მე შეგნებულად არ ვსმჯელობ იმაზე, ვის შეიძლება აწყობდა ასეთი აქტი, მაგრამ პირველი აფეთქება რომ ალბათ ლეიბორისტების ოფისის ნგრევას და მესიჯის გაგზავნას ისახავდა მიზნად, ამ ვერსიის რეალობას, მგონი თავად სამართალდამცველები ვერ უარყოფენ.
მაგრამ 01:40-ზე განხორციელებულ სამესიჯო აფეთქებას ტრაგიკული მსხვერპლი მოჰყვა!
დარწმუნებული ვარ ეს ამფეთქებელთა მიზნებში არ შედიოდა.
და თუ მანამდე მათ დიახაც სურდათ არა მარტო ლეობორისტებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის მესიჯის გაგზავნა, ახლა ალბათ მოუნდათ, პირიქით, ისეთი “კარწინკის” შექმნა, რომ ლეიბორისტების ოფისი აქ არც არაფერ შუაშია და უბრალოდ ვიღაც ტერორისტი დადის მთელ ქალაქში და რაღაც ობიექტებს გასართობად აფეთქებს.
ამ ვერსიის გასამყარებლად სწორედაც რომ მისწრებაა 03:00-ზე მომხდარი მეორე აფეთქება, სულ სხვაგან და უკვე არა პოლიტიკურ ობიექტზე, არამედ მაღაზიაზე დამიზნებით.
ეს ზუსტად იძლევა იმის საშუალებას, რომ დილით არა ე.წ. სამართალდამცველებმა, არამედ ვინმე ეკონომისტ-გამგებელმა ვითომ საზოგადოების აზრი გაახმოვანოს ამ ორ აფეთქებას შორის კავშირს შორის.
დარწმუნებული ვარ, სულ მალე მეორე დილეტანტი გაახმოვანებს აზრს, რომ აფეთქება რეალურად ამ მაღაზიის მფლობელის დაშინებას ისახავდა მიზნად და ისიც “დადასტურდება”, რომ მაღაზიის მფლობელს ჯავახიშვილზე უნდა ჩაევლო ღამის 2 საათზე და სწორედ მის განადგურებას ისახავდა მიზნად ლეიბორისტების ოფისთან “შემთხვევით” მომხდარი აფეთქება. ხოლო რადგან იქ ვერ ააფეთქეს, მერე მაღაზიაზე იყარეს ეჭვი.
ანდა, როგორც დროულად მიხვდა მიხეილ მაჭავარიანი, რომ ქართველი დეპუტატების მიერ ლისაბონის ნატოს სამიტის გარღვევის მერე პუტანკებთან გარღვევის ამბავი უეჭველად რუსეთის სპეცსამსახურების მოგონილი იქნებოდა და ეს ინგლისის მორნინგ სტარის სკკპ ცკ-ს მიერ დაფინანსებით ახსნა (თუმცა გაზეთი პორტუგალიური იყო და ინგლისურ გაზეთთან და სკკპ-სთან არაფერი აკავშირებდა), ახლაც ასევე დროულად მიხვდებიან, რომ თბილისში მდგომარეობის დაძაბვა სწორედაც რომ რუსეთის მიზეზით ხდებოდა, ხდება და მოხდება ყოველთვის.
საერთოდ შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანას უშიშროების სამსახური არ ჰყავდეს, რადგან წინასწარ ვიცით, რომ ნებისმიერ უბედურებას ჩვენთან მხოლოდ ერთი მომწყობი და განმახორციელებელი ეყოლება – რუსეთი. ასე რომ გამოსაცნობი არაფერია. ხოლო პრევენციას მაინც ვერავინ ახერხებს. აგერ 6 შპიონი მფრინავი მთელი ომის განმავლობაში შპიონობდა და მფრინავობდა, ენვერი კიდე დილით პლაჟზე გამოდიოდა და საპნის ბუშტებს უშვებდა.
ისე, ვინმეს ხომ არ გაგიჩნდათ კითხვა, ჩვენს ქვეყანაში რომელ ორგანიზაციას და ორგანიზაციის პირებს შეეძლოთ ასე ოპერატიულად – 1 საათის და 20 წუთის ინტერვალით – ორი სერიოზული ტერაქტი განეხორციელებინათ ერთმანეთისგან დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით? არავისზე არ გაქვთ ეჭვი?
ეჰ, ისევ ეკონომისტ სანდუხაძეს უნდა ვკითხო. თუ მითხრა, რომ რუსეთის სპეცმსამსახურებიო. მაშინ ნაღდად დავრწმუნდები მის ნატ-პინკერტონულ ტალანტში.
მით უფრო, რომ ბატონ სანდუხაძის ბიოგრაფიაში არის ერთი ჩანაწერი, რომელიც მაფიქრებინებს, რომ იგი პროფესიულად თუ არა, ქსელური-სოციალური კავშირების წყალობით მაინც მთლად დილეტანტი არ უნდა იყოს:
– 2007 წლის 1 თებერვლიდან [მუშაობდა] სსიპ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში” დირექტორის მოადგილედ.
ისევ წერილი… ისევ თხოვნა… ისევ ოპოზიციას…
Posted: 2010/11/25 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: არასაპარლამენტო ოპოზიცია, არჩევნები, ბურჯანაძე, დემოკრატია, თავისუფლება, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ოპოზიცია %(count)s კომენტარიმიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხერხდება ამ ხელისუფლების (ამ კრიმინალი და უსინდისო ხელისუფლების!) არჩევნების გზით დამარცხება, უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელმა აქციამ აჩვენა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ:
1. ნინო ბურჯანაძემ ვერ მოახერხა სახალხო პოლიტიკოსად ჩამოყალიბება (რაც წარმოუდგენელია კიდეც. მას შეუძლია იყოს ჭკვიანი პოლიტიკოსი, მაგრამ არა სახალხო). და თუ კარგად დაფიქრდება, წესით ხელი უნდა აიღოს პირველი ვიოლინოს პარტიაზე და იფიქროს, როგორ მოთოკოს თავისი ამბიციები. დათანხმდეს იმას, რომ უბრალოდ დარჩეს ოპოზიციური სპექტრის სერიოზულ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პირველ ლიდერად. ბურჯანაძის პროგრამა მაქსიმუმი ამჟამად უნდა იყოს მის მიერ დაშვებული შეცდომების და სააკაშვილის დანაშაულებებში მონაწილეობის სრული მონანიება და მომზადება იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური კარიერის ხელახლა დაწყება მთლად თავიდან არა, მაგრამ მნიშვნელოვნად ქვემოდან მოუწევს, და არა იმ ოლიმპიდან, სადაც იგი უკვე იყო.
2. ფორუმმა უნდა მოახერხოს გუბაზ სანიკიძის როლის ლიმიტირება. გუბაზ სანიკიძის მაქსიმალიზმი და ხშირად იმის მტკიცება, რომ ყველაფერი გათვლილია და გეგმა არის, მაშინ როცა მერე მტკიცდება, რომ გეგმა არ ყოფილა და გათვლა აცდენილი იყო, იმდენად თავად ბატონი გუბაზის იმიჯზე და პოპულარობაზე არ მოქმედებს (ვისაც იგი მოწონს, სწორედ მაქსიმალიზმის და მკვეთრი განცხადებების გამო და არა სწორი გათვლების და ზუსტი გეგმების გამო), რამდენადაც თავად ფორუმის – როგორც სერიოზული ძალის იმიჯზე. ფორუმმა 3 კვირის წინ არ იცოდა, რა უნდოდათ სახალხო კრების მონაწილეებს, მერე ერთი კვირის წინ უცებ ყველაფერი გაიგო და გაითავისა, და ახლა მიჭირს გავიგო, რისი გაგების საფუძველზე გახდნენ სახალხო კრების იდეის მხარდამჭერები.
3. დღევანდელი აქცია არ იყო წარუმატებელი.
ეს იყო იმის დადასტურება, რომ ხელისუფლების ქმედებებით სასოწარკვეთილი და აღშფოთებული ხალხის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ამ ხალხს ჭირდება სწორი გეგმის მიწოდება. დღევანდელი აქციის წარმატება იქნებოდა სწორედ ამის დაფიქსირება და ზედმეტი მოლოდინისგან ხალხის გაბრუების აცილება. ასევე სერიოზული შეცდომაა ჩამოყვანილი ხალხის ქუჩაში დატოვება იმის ბრაზით, რომ უფრო მეტი ხალხი არ მოვიდა.
ვინც მოვიდა, იმას რას ვერჩით, ბატონო პოლიტიკოსებო?
კარგია, რომ აქციის გაბუტული ლიდერები უკან მობრუნდნენ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, არ წასულიყვნენ.
ხელისუფლებისგან დაბეჩავებულ და შეურაცხყოფილ ხალხს ოპოზიციისგან დაყვავება და ადამიანური თანადგომა ჭირდება. ორივე მხარემ – საზოგადოებამ და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ დღეს დაუნდობელ მედროვეთა კლანის მოცილება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.
4. ეკონომიკური კრიზისი თავის საქმეს იზამს. ხალხს ჯერ გათბობის სეზონი არ დადგომია და ხელისუფლებამ უკვე ამდენი სადისტური დარტყმა მიაყენა. როცა ახალ წელს გაჩახჩახებული თბილისის ფონზე თბილისელების ძალიან დიდ ნაწილს გაუჭირდებათ თუნდაც ორიოდე დღით საკუთარ ოჯახში “მსოფლიოს #1 რეფორმატორი ქვეყნის” “ბედნიერი მოქალაქეების” იმიჯის შექმნა, მიტინგებზე გამომსვლელი სასოწარკვეთილი ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. ამ დროისთვის მაინც გაცილებით უფრო კარგი დაგეგმვა და გაცილებით უფრო სერიოზული მოთმინებაა საჭირო, მით უფრო, რომ ზამთარში ხანგრძლივი მიტინგები გამორიცხულია. საჭიროა სხვა ტაქტიკაზე გადასვლა – ხშირი და ხანმოკლე მიტინგები – შეიძლება გარკვეული პერიოდულობით, მაგალითად, – ყოველ პარასკევს 3 საათზე. მთავარია, ქართული სუფრისგან განსხვავებით ისინი არ იქცეს ერთიდაიმავე თანმიმდევრობის სადღეგრძელოების ოდნავ სახეცვლილ ვარიანტებად.
5. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლების წასვლა უფრო აქციების შედეგად წარმომიდგენია, ვიდრე საარჩევნო პროცესის დახვეწის შედეგად, უნდა ვაღიარო, დღეს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიების მიერ გამოვლენილი მუშაობის დაფიქრებული გეგმაც და მიღწეული შედეგებიც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე საპროტესტო ფლანგზე მიღწეული შედეგები ან იქ მიმდინარე მუშაობის გეგმების შესახებ წარმოდგენა. როგორც კრივში, ისე პოლიტიკაშიც, ხანდახან ზუსტი და საშუალო სიძლიერის დარტყმები უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთი გადამწყვეტი დარტყმისთვის ხელსაყრელი მომენტის ძებნაში მთელი დროის გატარება. ქართული პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი დაავადება არის ის, რომ ყველა მხედარმთავრობაზე ოცნებობს და არავის არ უნდა შეთანხმებული კოორდინირებული მუშაობის შესრულება – ფლანგების მომზადება იქნება ის, თუ შეთანხმებული უკანდახევის იმიტაცია. სწორედ ამჟამად შეიქმნა საუკეთესო სიტუაცია იმისთვის, რომ მოხდეს სინქრონული მუშაობით ამ რეჟიმის თანდათანაობითი (ან მყისიერი!) წარმატებული მოშორება.
ამისათვის საჭიროა, რომ მოხდეს ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპის გააზრება და ტვინში ჩაჭედვა:
6. მთავარია, რომ ან საარჩევნო კოდექსზე მომუშავე რვიანმა, ან საპროტესტო მუხტის გაძლიერების ფრთამ აღიარონ, რომ მთავარი მტრის – ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში არცერთი მათგანი არამცთუ მოგებული არ დარჩება, არამედ საერთოდ საქართველოში ვერ დარჩება! ნელ-ნელა მათ ყველას (და პირველ რიგში – ნინო ბურჯანაძეს დცა მის ოჯახს!) ქვეყნიდან განდევნიან ან ფიზიკურად გაანადგურებენ! (ეს ეხება გიორგი თარგამაძესაც, რომელსაც ისევე მშვენივრად გადააგდებს ეს რეჟიმი, როგორც ერთდროს მისთვის უაღრესად საჭირო და სასარგებლო ბადრი პატარკაციშვილი გადააგდო და გაანადგურა).
და რაც მთავარია, თუ ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ეს მთელი საქართველოს კრახი იქნება. მოხდება საქართველოს პოლიტიკური სინგაპურიზაცია (ეკონომიკურ სინგაპურიზაციას ერთი 20 წელი უნდა ვუცადოთ) – საქართველო დაიცლება ქართველი ხალხისაგან (მარტო ეთნიკურ ქართველებს არ ვგულისხმობ, არამედ საქართველოს ნორმალურ მოქალაქეებს, რომლებიც არც მაზოხისტები არიან, და არც სადისტები) და მათ ადგილზე ვიხილავთ ბურებს, ჩინელებს, ირანელებს, მასწავლებლებად დაპატიჟებულ გაურკვეველი ცოდნის და მისწრაფებების სუბიექტებს და ა.შ.
ამიტომ კი ნუ გაერთიანდებით, ბატონო ოპოზიციონერებო, არამედ იმოქმედეთ ისე, როგორც მოკავშირეები მოქმედებენ – აკეთეთ თქვენ თქვენი საქმე, ნუ მიაყენებთ შხამიან დარტყმებს ერთმანეთს, მოიფიქრეთ არა “გრანდიოზული”, არამედ გონივრული გეგმები და იცოდეთ, რომ ნებისმიერი ოპოზიციური მიმართულების წარმატება მეორე ოპოზიციური მხრის წარმატებაც იქნება, რადგან უზრუნველყოფს თავისუფალ და სწორ საარჩევნო კოდექსს და სამართლიანობას. ამის გარანტი ბევრჯერ ცხვირწამტვრეული საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსების დაუნდობელი ყურადღება და კონტროლი უნდა გახდეს!
საქართველოს სახელით და საქართველოს გადასარჩენად – სამშობლოში შვილების გაზრდის უფლების შესანარჩუნებლად – იმოქმედეთ ჭკვიანურად და არა ემოციით!
იმოქმედეთ იმაზე დაფიქრებით, რომ ეს შეიძლება თქვენი და ჩვენი ამ ჯერ კიდევ არსებული სამშობლოს ჯერ კიდევ ნახევრად თავისუფალი მოქალაქეების გადარჩენის უკანასკნელი შანსი იყოს!
და კიდევ, თუ შეატყობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მმართველი ვირთხები (ეგეთი სულ ალბათ 50-100 იქნება) ჩასაძირავი გემიდან გაქცევას აპირებენ, წაიღონ, რასაც მოერევიან.
ოღონდ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დაგვიტოვონ. თითოეული ქართველი, თუნდაც ის, ვინც ბოლო 7 წელი მიშას იმედად იყო და “მიშა მაგარიას” იძახოდა, ჩვენთვის ძვირფასია. თითქმის ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, გარდა სამშობლოს ღალატისა და უდანაშაულო კაცის განზრახ მკვლელობისა.
ჩვენ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელთაც დღეს საუბედუროდ მართავს და ხელმძღვანელობს კორუმპირებული და სულგაყიდული კრიმინალების ხროვა. მათ არ ერიდებათ ადამიანების მკვლელობა, მოსყიდვა, მოტყუება, დაშინება, დაყაჩაღება, საკუთრების წართმევა, გაძარცვა და დამცირება. მათ არ ერიდებათ ქვეყნის დაქუცმაცება, გასხვისება, გაყიდვა, უცხო ხალხის გადამთიელების მასიურად ჩამოსახლება, საკუთარი ბუნებრივი სიმდიდრეების გადაწვა, გაყიდვა, მითვისება და გავერანება. საკუთარი მოსახლეობის მიგრანტებად გადაქცევა, არჩევნების წინ დარიგებული სამათხოვრო გორშებით მოსყიდვა და დაპატიმრებით დაშინება, ქვეყნის ბეღლების და ხაზინის დაცარიელება და ციხეების ავსება, ქვეყნის პოლიციურ ციხედ გადაქცევა, ოღონდ – ზიზილ-პიპილოდ შეღებილ და ფსევდო-გამჭვირვალე ციხედ.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის მეთაური წაგებული ომის დარდს ჩვენს ხარჯზე დაქირავებული მასაჟისტის კბენებით იქარვებს, ხოლო მთავრობა – დიპლომატიურ “გარღვევას” – ჩვენს ხარჯზე დაქირავებული ბოზების სასტუმროში ჰარემული შერეკვით. ეს არის უკიდურესი მარაზმი და უკიდურესი ცინიზმი.
გვინდა ეს? გინდათ ეს? ვიმსახურებთ ამას? ნუთუ ამის წინააღმდეგ კოორდინირებულ თანაქმედებას ვერ მოახერხებთ, ისევ და ისევ თქვენი ამბიციების გამო?!
პასუხს მე არ გთხოვთ! თქვენი შვილები მოგთხოვენ, როდესმე.
მე ბოდიშს გიხდით!
Posted: 2010/11/12 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: ახალგაზრდობა, დემოკრატია და პლუტოკრატია, თავისუფლება, მონობა, საქართველო 5 Commentsეს წერილი გეძღვნებათ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა შვილებს!
თქვენ ჯერ ვერ მოგმართავთ წოდებით – «ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებს». რადგან იურიდიულად თქვენ ჯერ არ ხართ მოქალაქეები – ასაკის გამო.
მაგრამ თქვენ დღეს დგამთ პირველ ნაბიჯებს იმისკენ, რომ თქვენ მოქალაქეები გახდეთ! რომ საერთოდ გეღირსოთ მოქალაქეობა! რომ ეს ქვეყანა იყოს თანაბარი უფლებებით აღჭურვილი თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი, სამართლიანი ქვეყანა! ჩვენი უბედობის გამო ხდება ის, რომ სწორედ თქვენ, ახალგაზრდები, გამოუცდელები, მოუმზადებლები, ბევრ რამეში ჯერ გაუთვითცნობიერებლები – აღმოჩნდით სამოქალაქო უფლებების დასაცავად ბრძოლის წინა ხაზზე, იმ ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც თქვენ გიპირისპირდებათ გარეგნულად ზიზილ-პიპილო, მაგრამ შინაგანად მახინჯი და ძირმომპალი უასამართლო რეჟიმის ძალადობრივი მანქანა, რომელიც ყოველგვარი დანდობის გარეშე ცდილობს ყველაფრის და ყველას გადათელვას, დაშინებას, დაჩოქებას და ჩარეცხვას! ახლა თქვენი ჯერი დადგა!
მე ბოდიშს გიხდით!
მე ბოდიშს გიხდით ჩემი სახელით და თუ ამის უფლება მაქვს – თქვენი მამების და ბაბუების თაობის სახელით! იმის გამო, რომ თქვენ გიხდებათ ამ უსამართლობასთან დაპირისპირება შიშველი ხელებით. ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ თქვენთვის აგვერიდებინა ეს უთანასწორო ბრძოლა.
ჩვენ – ჩვენს თაობას – არ გვეყო ძალა, ჭკუა, შორსმჭვრეტელობა, სოლიდარობა და, რაც მთავარია – თავისუფლების და სამშობლოს რეალური სიყვარული, რომ თავი გაგვეწირა, მაგრამ გაგვეწირა ბრძნულად და არა უგუნურად, რომ არ შეგვშინებოდა, არ შეგვშინებოდა საქმით, რომ უკან არ დაგვეხია, უკან არ დაგვეხია უსამართლობასთან ჭიდილში, და დროზე შევჩერებულიყავით, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებისთვის პატივმოყვარეობის დათმობას ეხებოდა. ამიტომ ვართ დღეს იქ, სადაც ვართ – ნაგავში და წუმპეში, რომელსაც ეს მთავრობა ვარდის ფურცლებით და ოქროსფერი შადრევნებით ალამაზებს, სადაც ადამიანების განადგურება ადამიანების დამცირებამ შეცვალა, ხოლო ტერორისტული ხელისუფლება ტერორისტულ ხელისუფლებად დარჩა, უფრო ლამაზად მოლაპარაკე და უფრო უკეთესად მატყუარა ხელისუფლებად.
როდესაც თქვენი ხნის ვიყავი, ვცხოვრობდი ქვეყანაში, რომელიც ოფიციალურად აღიარებული მატყუარა, მოძალადე და მონსტრი იყო. სადაც ადამიანის ფასი ჭანჭიკის ფასი იყო, სადაც ოფიციალურად იკრძალებოდა საკუთარი აზრის გამოთქმა, სინდისის და რწმენის თავისუფლება, შეკრებების და მიტინგების თავისუფლება, იკრძალებოდა უცხოელებთან შეხვედრა და საუბარი, სახელმწიფოს და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ რაიმე კრიტიკული აზრის გამოთქმა, სადაც ადამიანების მოსმენა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების არარსებობა ისევე ნორმად ითვლებოდა, როგორც ახლობლების დასმენა – სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურად, ხოლო ფსიქიატრია ადამიანების დაშინების და რეჟიმის მიერ დამორჩილების ან გათელვის მანქანის ინსტრუმენტის როლს ასრულებდა. უმრავლესობას ბავშვობიდან გვასწავლიდნენ ოჯახებში, რომ სახელმწიფო სიცრეუზეა დამყარებული, რომ სახელმწიფოსთან უთანაბრო ჭიდილში გადარჩენის ერთადერთი შანსი მისი მოტყუებაა, თავის მოჩვენება ლოიალურად, მორჩილად და სინამდვილეში იმის კეთება, რაც ადამიანობაა და იმაზე უარის თქმა, რაც ჩათლახობაა. ანუ – რბილი წინააღმდეგობის ტაქტიკას.
უბედურება ისაა, რომ ახლა სულ უფრო მეტად ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ბოლო 6 წელია, ჩვენ უკან მივდივართ. კი არ მივდივართ – უკვე მივექანებით. უკან – ტოტალიტარული სახელმწიფოსაკენ. და ის, რისი უფლებაც ჩვენ გუშინ გვქონდა, დღეს უკვე არ გვაქვს, ხოლო თუ დღეს საკუთარ ოჯახში მაინც შეგვიძლია სიმართლის თქმა, ხვალ უკვე იქაც მოგვიგზავნიან მანდატურებს და მსტოვრებს, მოგვისმენენ და დაგვასმენენ – სახელმწიფოს სახელით, ბედნიერების სახელით, საქართველოს სახელით.
ჩემმა თაობამ ვერ მოახერხა ათწლეულობით სულში ჩანერგილი მონობის წვეთ-წვეთად გამოწურვა. ჩვენ გვეგონა, რომ თავისუფლები ვიყავით, მაგრამ არ ვართ. ჩვენ გვეგონა, რომ 9 აპრილმა გაგვანთავისუფლა, მაგრამ სამწუხაროდ – არა, რადგან არ არსებობს წამიერი განთავისუფლება, თუ მეორე დღეს ისევ იმ ცხოვრებით ვცხოვრობთ, ისევ იმ კორუფციულობის და უპასუხისმგებლობის ჭაობში ვეფლობით, თუ ისევ სხვის იმედზე, – ჯადოსნური განთავისუფლების იმედზე – ვრჩებით. ჩვენ გვგონია, რომ მოვა გმირი და გვიშველის, მაგრამ ვერავინ ვერ გვიშველის, სანამ ჩვენ არ ვუშველით საკუთარ თავს. ვერავინ მოგვანიჭებს თავისუფლებას, საკუთარი თავის გარდა. და რომ არ შეიძლება ადამიანს ღმერთი სწამდეს და სატანის მსახურებს უხრიდეს თავს. თავისუფლების მონიჭების პროცესი ყოველდღიური, უსასრულო პროცესია. ყოველდღე აბარებ ტესტს – რა გინდა – მონობა თუ თავისუფლება? რა გინდა, მაძღარი მონობა, თუ არაგარანტირებული სარჩო თავისუფლებაში? რაზე ხარ თანახმა, მაძღარ ბოზობაზე, თუ ნახევრადმშიერ, მაგრამ თავისუფალ ადამიანობაზე, როცა სხვაც პატივს გცემს და თავადაც – არა იმის გამო, ვისი რა ხარ (ვინმეს შვილი, თუ ვინმეს ცოლი) – არამედ იმიტომ, რომ თავისუფალი და ძლიერი ადამიანი ხარ, ძლიერი თავისუფლებით, პატიოსანი სხვისი თავისუფლების პატივისცემით და დაცული სამართლიანობით, კანონით – დაცული.
არ ვიცი, რამდენ თქვენგანს წაუკითხავს «ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან», ან ვარლამ შალამოვის მოთხრობები. არ ვიცი, რამდენი თქვენთაგანი ხვდება, რა სერიოზულ ბრძოლაში ჩაებით დღეს. არ ვიცი, რამდენს გესმით, რომ თქვენს წინააღმდეგ მონების და მანქურთების ორგანიზებული ბანდაა, რომელთაც ქვეყნის დაჩოქება, დანაწევრება და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა აქვთ მიზნად. რომელთა ოცნებაა, ყველა ნორმალური და მოაზროვნე ადამიანი ან იყიდონ, ან გააძევონ და აქ უტვინო ლაქიების და ჩამოსახლებული მხარდამჭერების სინგაპურული – არადემოკრატიული – საზოგადოება შექმნან
ეს არ არის ბრძოლა რვა გამოცდის ჩაბარება-არ ჩაბარებაზე. ეს არ არის ბრძოლა ატესტატზე ან უნივერსიტეტში მოხვედრაზე.
ეს არის ბრძოლა იმაზე, ვინ და როგორები იქნებით თქვენ ცხოვრებაში – თავისუფლები, რომლებსაც ამ თავისუფლებას ადვილად ვერ დაგათმობინებენ, თუ შეშინებულები (ჩვენი თაობის მსგავსად), რომლებსაც ნელ-ნელა (სინამდვილეში კი – ძალიან ჩქარა) ყველაფერს დაგათმობინებენ – უფლებას, რომ მიტინგებზე იკრიბებოდეთ; უფლებას, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა შეგეძლოთ; უფლებას, რომ მთავრობას აკრიტიკებდეთ; უფლებას, რომ ნამდვილ არჩევნებში მონაწილეობდეთ; უფლებას, რომ სამართლიანი სასამართლო გქონდეთ; უფლებას, რომ გქონდეთ ჯანმრთელობის დაცვის და განათლების საშუალება; უფლებას, რომ თავად ირჩევდეთ საკუთარ მომავალს; უფლებას, რომ იყოთ თავის-უფალი; უფლებას, რომ იყოთ მოქალაქეები… საკუთარი სამშობლოს მოქალაქეები, და არა ლტოლვილები სხვა ქვეყნების საემიგრაციო ბანაკებში, თუნდაც – მაძღარი ლტოლვილები…
მე არ მაქვს თქვენთვის მზა პასუხები – რა სჯობს და როგორ. მე ვიცი, რომ თუ ბრძოლას აირჩევთ, ეს არ იქნება ადვილი. პირიქით, ეს იქნება ძალიან ძნელი და ბევრი ტკივილი შეიძლება შეგხვდეთ. წარმატების ერთადერთი პირობა კი ის იქნება, თუ ერთად დადგებით, ერთმანეთს მხარს მისცემთ და ჭეშმარიტი სოლიდარობის ფასი გეცოდინებათ.
ხოლო თუ დაშლას აირჩევთ, ეს გაცილებით ადვილი იქნება ახლა და გაცილებით მძიმე – მერე, რადგან მერე უკვე ყველაფერს თქვენს მაგიერ გადაწყვეტენ, მერე თქვენი მომავალი სულ უფრო უკანმავალი გახდება და ერთ დღეს მიხვდებით, რომ მომავალი არც არის, რადგან მომავალი თავისუფალი ადამიანების ხვედრია, თქვენ კი ამაზე ჩვენსავით – წინა თაობებივით – უარი თქვით.
მცირე საყვედურიც მინდა გითხრათ – როდესაც პრეზიდენტი ბუჩქებში გასართობად გეპატიჟებოდათ, შაკირათი და ქულიოთი “გიმასპინძლდებოდათ”, 5-იანით დამშვენებულ მაისურებს გირიგებდათ, კოკა-კოლებით და მაკბურგერებით ანაზღაურებდა თქვენს მიერ ნაყვირებ «მიშა მაგარიას!» და იძახოდა, რომ სწორედ თქვენი გაგების იმედი აქვს «თავგასიებული» და «პახმელიაზე მყოფი» ოპოზიციის წინააღმდეგ, ხოლო თქვენთანატოლები ამაზე იცინიან და არ აინტერესებთ, როცა სხვებს «რეცხავენ» და ურტყამენ, ქონებას ართმევენ და ციხეებში ამწესებენ, ურტყამენ, ნარკოტიკებს უდებენ ჯიბეში და სამსახურებიდან აგდებენ, როცა არ ფიქრობთ, რომ ამათ რომ მოუვლიან, მერე თქვენი თაობის უფლებებსაც ფეხქვეშ გათელავენ, რომ კოკა-კოლა და ჰამბურგერი არ შეიძლება სხვისი ჩაგვრაზე თვალის დახუჭვის მიზეზი გახდეს, რომ ატრაქციონები და “ჯეობარები” ვერ იქნება ქვეყნის აღორძინების და გამთლიანების პირობა, რომ როცა უსწავლელობით და უსაქმურობით ფონს ადვილად გავლას გპირდებოდნენ, ეს ამბავიც ისევე ვირებად ტრანსფორმაციით დამთავრდებოდა, როგორც პინოქიოს და მისი ძმაკაცების «ბედნიერი ცხოვრება» დამთავრდა… რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს მშიშარა და უპასუხისმგებლო ადამიანი… და რომ ასეთი ადამიანის დანაპირები «ბედნიერების» მხოლოდ მათ შეიძლება სჯეროდეთ, რომელთაც ბედნიერება მხოლოდ მორთმეული უნდათ, ყოველგვარი პირადი შრომის, დროის, ენერგიის, თუ მსხვერპლის გარეშე…
თუმცა თქვენი შეცდომა გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენი შეცდომები და უმოქმედობა. საიდან დაინახავდით იმას, რასაც გაცილებით გამოცდილი ხალხი ვერ ხედავდა და არ უნდოდა, რომ დაეჯერებინათ. თქვენ გუშინ და გუშინწინ ბავშვები იყავით და ძალიან ძნელია ბავშვს საყვედური უთხრა, მატყუარა ადამიანის მხრიდან გამოწოდებულ ტკბილეულსკენ რატომ გაიშვირე ხელიო.
ჩვენ ვერ შევძელით თქვენთვის აგვერიდებინა ეს დღევანდელი დღე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ოპოზიციას და საზოგადოებას შორის ისეთი ხიდი გაგვედო და ბრძოლის ისეთი მეთოდი მოგვეძებნა, რომ ეს პირშავი, უტვინო და უსინდისო მთავრობა ქვეყნის ზურგზე მედიდურად მომჯდარ სისხლისმწოველ მაჯლაჯუნად არ ქცეულიყო.
ჩვენ ვერ ვივარგეთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ყველაფერი გამოვასწოროთ. დარწმუნებიული ვარ, რომ სულ მალე მოვა დრო, როცა ჩვენ ამ ურჩხულს დავანახებთ, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია გაერთიანება მონობის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მეექვსედის მფლობელი უმდიდრესი რესურსების ქვეყანა იყო იყო და პირველმა გაუშვა კოსმოსში რაკეტა, საბოლოო ჯამში მხოლოდ 70 წელი გაძლო, რადგან ვერ დააფასა ყველაზე მთავარი რესურსი – ადამიანები! და რადგან როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო – მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა – არ არსებობს ტყუილი, რომელიც მარადიულად გაძლებს (http://www.youtube.com/watch?v=130J-FdZDtY&feature=related) ხოლო ტყუილზე აშენებული საზოგადოება და ქვეყანა, რაც არ უნდა დიდი იყოს და მონოლითური ჩანდეს, სინამდვილეში მაინც გიგანტური, მაგრამ დაფეხვილი ხუხულაა და იშლება, რადგან მხოლოდ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება არის შემოქმედი, და ქვეყნის განვითარებისა და სიძლიერის პირობა. ჩვენი საცოდავი ქვეყანა უკვე დღეს ეკონომიურად დაკაბალებულია – 8 მილიარდი დოლარის ვალი გვაქვს და ეს ის ვალია, რომლითაც ჩვენი შერეკილი მთავრობა სასახლეებს, უადგილო ხიდებს მახინჯ ძეგლებს აშენებს, და რომელთა გადახდას თქვენ დაგაკისრებთ სულ მალე.
ჩვენგან განსხვავებით თქვენ შეიძლება არ დაგჭირდეთ წვეთ-წვეთად მონის გამოდევნა სხეულიდან და სულიდან. თქვენ შეგიძლიათ თავიდანვე გახდეთ თავისუფლები, თუ ამას ჩათვლით პრიორიტეტად და არ გაცვლით ზიზილ-პიპილოებიან “სამოთხეზე”, რომელსაც უღვთო ხალხი წამდაუწუმ გპირდებათ. არ იქნება ადვილი თქვენს ასაკში თავისუფლებისთვის ღწვის მძიმე გზაზე შედგომა, მაგრამ თუ თქვენ ამას ახლა არ ცდით, მერე დიდხანს მოგიწევთ მოცდა მეორე ცდამდე. და ამ დროის განმავლობაში თქვენ ვაითუ ისევე გაგიჯდეთ მონობა სულში, როგორც ჩვენ.
თქვენ ადამიანები ხართ! და ამ მთავრობას, რომელიც ცდილობს მთელი მსოფლიო მოატყუოს და თავი დემოკრატიულად აჩვენოს, ძალიან ეშინია თქვენი, რადგან კარგად იცის, რომ ბავშვებისთვის ყველაზე ძნელია იმის დამალვა, რომ მეფე შიშველია.
მე არ ვიცი, რით დაიმსახურეთ თქვენ, რომ თქვენთან შეხვედრის და დალაპარაკების ელემენტარული სურვილის გაჩენის გარეშე ამ მთავრობამ მაშინვე ოროსნების იარლიყი მოგაკერათ. დარმწუნებული ვარ, რომ თქვენ არ ხართ სწავლაში ან მხოლოდ ოროსნები, ან მხოლოდ ხუთოსნები. მაგრამ თქვენ დღეს საზოგადოებრივი უფლებებისთვის ბრძოლაში ხართ ისეთივე ხუთოსნები, როგორებიც იყვნენ თქვენი თანატოლები – თქვენი მამები და დედები 1979 წელს, როცა დედა-ენა დაიცვეს და 1989 წელს, როცა სამშობლო დაიცვეს.
მე ბოდიშს გიხდით, რომ მიუხედავად იმ ნათელი და ბედნიერი წამებისა, ჩვენ დიდხანს არ გაგვყვა თავისუფლებისთვის ბრძოლის კი არა, – თავისუფლად ცხოვრების დაუძლეველი სურვილი! რომ მოვტყუვდით, როცა ეს სიტყვაკაზმული კარიერისტების ხელისუფლება მოვიყვანეთ და უკონტროლოდ ვაჩუქეთ ჩვენი ქვეყნის ჩვენდა უკითხავად მართვის უფლება. მათ კი ჩვენ თანდათან გაგვრიყეს, ყველაფერი წაგვართვეს, ბოლოს პირიც აგვიკრეს და ახლა თქვენც უნდათ აგიკრან პირი. ყოველ ჩვენს მარცხზე, დუმილზე და უმოქმედობაზე, ყოველ ახალ უკანდახევაზე ისინი ურჩხულივით ძლიერდებიან, რადგან ჩვენი შიშია მათი ძლიერების წყარო და როგორც კი დაინახავენ, რომ არ გვეშინია, მაშინვე გამოჩნდება თავად როგორი მშიშარა ტურები არიან.
თავისუფლებას გისურვებთ!
და თქვენს მშობლებს მოგვეცით უფლება და პატივი, თქვენს გვერდზე დავდგეთ!
შიშველი ხუთოსანი
Posted: 2010/11/10 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, რუსეთი %(count)s კომენტარი
– „ჰიზ ჰაინესს, პრეზიდენტ ოფ ჯორჯია, – მისტერ მიკჰეილ სააკაშვილი!“
ჰუ იზ მრ. სააკაშვილი?
ბატონი სააკაშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უზადოდ ფლობს კრიზისებიდან გამოძვრომის და გადარჩენის ხელოვნებას და, ალბათ ამიტომ, არც ერიდება კრიზისული სიტუაციების შექმნას.
მეტიც, თუ იმას შევისწავლით – რას აკეთებს ამჟამად ბატონი მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი კრიზისებს სპეციალურად ქმნის. სავარაუდოდ, მან მშვენივრად იცის, რომ გაწონასწორებულ სიტუაციაში ქვეყნის და სიტუაციის მართვის ძალიან შეზღუდული ცოდნა და თანდათანობითი, მაგრამ მდგრადი წარმატების მიღწევის ლამის ნულოვანი გამოცდილება გააჩნია. და პირიქით, კრიზისებიდან იგი უფრო უკეთეს შედეგს იღებს, ვიდრე მისი მოწინააღმდეგეები. თუნდაც წაგებულმა ომმა პირადად მას გარკვეული დივიდენდები მოუტანა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა წაგებულის და ლამის წამებულის მანტია უკეთ მოირგო, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგეებმა შეძლეს პრეზიდენტის მიერ წასაგებად განწირული ომის – აბსოლუტურად ავანტურისტული და კატასტროფული ნაბიჯის და ამ ნაბიჯს მოყოლილი ტრაგედიის – გამოყენება მისი დამნაშავე ხელისუფლების გადასაყენებლად. ამან ბატონ მიხეილს ფრთები შეასხა და დაბადა ისტერიულ-ისტორიული ფორმულა – „დამარცხება – გამარჯვებაა!“ როდესაც ჩვენ ამ ფორმულის გაგება გვიჭირს, უნდა გავიჭირვოთ და დავინახოთ, რომ ბატონი მიხეილი არად აგდებს იმ „რაღაც ორი რაიონის“ დაკარგვას და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ლტოლვილად ქცევას, არც იმ დაღუპულ 500-ზე მეტ ადამიანს, რადგან პირადად მას ბევრი არაფერი დაუკარგავს! პირიქით, სწორედ მაგ დროს აიშენა არნახული მასშტაბის სასახლე, ჩაიტარა სამკურნალო მასაჟის კურსები, ბევრი იმოგზაურა ეგზოტიკურ ქვეყნებში, გაზარდა ქვეყანაში მისი რეჟიმისადმი მოლაქუცე პიროვნებების პროცენტული რაოდენობა, გასვრილი ხერხებით, მაგრამ „პირწმინდად მოიგო“ ადგილობრივი არჩევნები და აიმაღლა გრინბერ-ქვინლან-როსნერის და აი-ერ-აის რეიტინგები. სწორედ ამიტომ მასაც და მისი მთავრობის წევრებსაც (ვანო მერაბიშვილს, მაგალითად) გაცილებით მწარედ ახსოვთ 2007 წლის 7 ნოემბერი, როცა მათი ხელისუფლებაში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ვიდრე 2008 წლის 8 აგვისტო, როცა საქართველოს არსებობა კი იდგა კითხვის ქვეშ, მაგრამ არსებული მძიმე კრიზისის გამო შიდა ოპონენტებმაც და მსოფლიო საზოგადოებამაც მათ ფეხი არ დააჭირა და „ხელისუფლება არ ჩამოიშალა“ (მეორე ეგოისტურ-ისტერიულ-ისტორიული ფრაზა). გასაგებია, რომ ეს ბატონი ისე გრძნობს კრიზისებში თავს, როგორც თევზი წყალში და იხტიანდრული ინსტიქტით სულ არ იქნებოდა წინაღმდეგი, რომ ქვეყანა წყლით (კრიზისებით) იყოს დაფარული.
და მაინც რას აკეთებს ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ იგი კრიზისების გენერატორად იქცა?
1. მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსები ურჩევენ ბატონ მიხეილ სააკაშვილს არ გაამწვავოს და პირიქით, ოდნავ მაინც დაალაგოს უკიდურესად ნეგატიური ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი ამოცანაა, როცა ეს ხელისუფლება არ ცნობს ბატონ მიხეილს, პოლიტიკურ გვამად მიაჩნია იგი, ამბობს, რომ ურთიერთობა მაშინ დალაგდება, როცა სააკაშვილი აღარ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და რუსეთის დე-ფაქტო ლიდერსაც სულაც არ ეტყობა, რომ გაუარა მისი ერთი ადგილით დაკიდების სურვილმა. პრეზიდენტი სააკაშვილი, უცხოელ პოლიტიკოსთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ურთიერთობის სიმწვავის განელების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთს ასხამს:
– აცხადებს, რომ კავკასია ერთია, არ არსებობს ჩრდილო და სამხრეთ კავკასია და აღადგენს თბილისის, როგორც კავკასიის ცენტრის იდეას. გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეძლონ ჩრდილოკავკასიელებმა (ანუ ფაქტიურად ახდენს რუსეთის მოქალაქეებიდან კავკასიელების გამოყოფას და პრივილეგირებას); პარლამენტში იწყებს კავკასიის ხალხთა გენოციდის საკითხის შესწავლას. ანუ იწყებს ფართომასშტაბიან ინიციატივას „კავკასია რუსეთი არაა!“.
– უბრალოდ კი არ იჭერს რუს მზვერავებს, არამედ მათი გამოაშკარავებით გამოდის რუსეთში „მზვერავის დღეს“ და აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვა ცუდ დღეშია, საბოლოდ ჩაფლავდა და დროა, ქართველებთან გაიარონ ტრენინგები. და მაშინ, როცა ჯაშუშების დაკავების შემდეგ არც ისე დიდი დროა გასული და მაინცდამაინც არც დოკუმენტები გამოჩენილა მათ საქმიანობაზე (რუსთავი-2ის კინოფილმი დოკუმენტი კი არა, პიარია და სწორედაც რომ დოკუმენტების პიარით ჩანაცვლების სურვილზე მიუთითებს), უცებ იწყებს ლაპარაკს ჯაშუშების შესაძლო ექსტრადიციის თაობაზე, რაც იმის განცდას ქმნის, რომ სწორედ ექსტრადიცია და ამით მისაღები შესაძლო დივიდენდები უფრო აინტერესებს, ვიდრე რუსი ჯაშუშების მიერ მიყენებული ზარალის იდენტიფიცირება და საქმის სერიოზული გამოძიება.
– ხშირად ახსენებს პუტინს, რომ ის ყველაფერში ბაძავს, „მოყვარულ ავტოპილოტს“ უძახის და კითხულობს, – ნეტავ სანამ მე გავჩნდებოდი, ვის ბაძავდაო, „ხუმრობს“ მის და ბერლუსკონის ურთიერთობებზე…
2. ამწვავებს ურთიერთობებს დასავლელ ლიდერებთან. კერძოდ იმით, რომ ახდენს დემონსტრაციულ დაახლოებას ირანთან, აწესებს ამ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს, გვახარებს, რომ ათასობით ირანელი სტუმარი ჩამოვა უახლოეს ხანებში, ხსნის ირანის საკონსულოს ბათუმში, და რაც მთავარია, იწონებს ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამას და ამ პროგრამის საკითხებში ბრაზილიის და თურქეთის (დასავლურისაგან განსხვავებულ) მიდგომას. და ეს იმ ფონზე, როცა ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს და რუსეთიც კი იძულებულია ირანთან მრავალმილიარდიანი თანამშრომლობა შეკვეცოს. ამის ყველაფრის დემონსტრირებით, თანაც ამერიკის კონგრესის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარუმატებლობიდან რამდენიმე დღეში, სააკაშვილი ხელთათმანს ესვრის ობამას და ამაყად მიანიშნებს, რომ მისი პერსონისთვის დროის და ყურადღების არდათმობა ამერიკელ ლიდერს „ძვირად დაუჯდება“. ამავე კონტექსტში ჯდება ევროპელ ლიდერებისადმი (სარკოზი, ბერლუსკონი) ბოლო დროს გაკეთებული ცინიკური განცხადებები. ბატონი მიხეილი თავს თავის ტაფაში გრძნობს, ქილიკობს, ძველბიჭურადაც კი. მარტო მისი ის განცხადება რად ღირს, რომ ბერლუსკონის და პუტინს „ძალიან ახლო, ლამის ინტიმური ურთიერთობები აკავშირებთ“!
3. ამწვავებს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ეუთოს და მისი არჩევნების მონიტორინგის განყოფილების, ტრანსპარენსი ინტერნეშენალ, ჰუმან რაითს უოთჩ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების იგნორირება და იმის განცხადება, რომ „ჩვენ ყველას მოვუსმენთ, მაგრამ თავად ვიცით, რა სჯობს“ ხელისუფლების ახალ ტაქტიკად იქცა, რომელიც ფორმით ნამდვილად სჯობს შიდა ოპოზიციასთან მიმართებაში ღიად დეკლარირებულ ცინიკურ ლოზუნგს „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!“, მაგრამ შინაარსით დიდად განსხვავებულიც არ არის. უცხოური ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების ქმედებების გაშიფვრით მზარდი იმედგაცრუების ფონზე მეტწილად ქართული საზოგადოების მასიური გამოშტერების იარაღად იქცა ხელისუფლების დაკვეთით და ხელისუფლების კარის პიარშჩიკების მიერ ჩატარებული და ბოლო ხმაზე გახმაურებული გრანდიოზული გამოკითხვები (ნეტა რისთვის? არჩევნებამდე ხომ 2 წელია!) თავისი ფანტასტიკური შედეგებით – მთელი ქართველი ხალხი თურმე ერთადერთ იმედად და სასოდ მიიჩნევს ნაციონალურ მოძრაობას და მის გაცისკროვნებულ ლიდერს! დენ სიაო პინს არ ჰქონია ასეთი რეიტინგები, მგონი, – მაო ძე დუნს და კიმ ირ სენსაც! რა თქმა უნდა, ქართველ ადამიანს, ბოლო წლების უსამართლობის და მედიადაბრმავების შემყურეს, რომ ვიდეოკამერის ფონზე ჰკითხავ, – მიშა მოგწონს თუ არაო? გიჟი უნდა იყო და გადამთიელი, რომ 90%-ით „გარანტირებული პასუხი“ ვერ გამოიცნო.
4. ხელისუფლება კიდევ უფრო ამწვავებს და ცინიზმით ავსებს ქვეყნის შიგნით ოპოზიციასთან ურთიერთობებს. ახალი პოლიციის კანონი, რომლითაც პოლიციის „გონივრული ეჭვი“ ყოვლისშემძლე ხელკეტი ხდება ნებისმიერ ოპოზიციონერის და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქის წინააღმდეგ, ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის და პოლიტიზირებული პოლიციის პირობებში სააკაშვილის და ნაცმოძრაობის უვადო და ულიმიტო მმართველობის გარანტიაა. სასამართლოს, მედიის და ბიზნესის სრული კონტროლი და უსამართლობა. ოპოზიციონერების დაშინების და დაპატიმრებების ახალი ტალღა, რომელიც რეალობაში ყოველთვის მოჰყვება ახალი დემოკრატიული ტალღების სიტყვიერ გამოცხადებას, როგორც ძველი ოპონენტების – ეროვნული ფორუმის და ლეიბორისტების მიმართ, ასევე და განსაკუთრებით – ახლადშექმნილი ქართული პარტიის მიმართ, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში ამ პარტიის ხუთი წევრის მიმართ უპრეცედენტო დაშინების კამპანია იქნა განხორციელებული. თანაც ისეთი ცინიზმით, რომ ოთხასამდე ლარის დანაკლისი ერთ ნავთობკომპანიაში, სადაც ოპოზიციის ყველაზე უფრო უმწიკვლო ლიდერის ძმა მუშაობდა, „ათეულ მილიონობით ლარის“ ზარალად მოინათლა, რაც მისი ორი თვით წინასწარი დაპატიმრების აშკარად თეთრი ძაფებით ნაკერი საბაბი გახდა. ცინიზმის კიდევ უფრო შთამბეჭდავი მაგალითი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟისორული და აქტიორული ტალანტების გამოყენებით დადგმული ტელესპექტაკლი მისი მთავრობის ყველა დროის ყველაზე ოდიოზური წევრის ბატონი კახა ბენდუქიძის „თავისუფალ უნივერსიტეტში“, სადაც სტუდენტებთან შეხვედრა უცნაური ისტორიული „აღმოჩენების“ (რომ თემურ ლენგი თურმე წყალტუბოს აბაზანების მისაღებად იპყრობდა საქართველოს) და ნოვატორული ინოვაციების (დიზელის ეკონომიის და რუსეთის ეკონომიკისთვის დარტყმის მიყენების სურვილით მთავრობის ელექტრომობილებზე გადასმის „ხარჯ-ეფექტური და ეკოლოგიური“ იდეა) გარდა, ოპოზიციის მიმართ უტიფარი დაცინვის სესიად იქცა. ოპოზიციონერების მიმართ ნახმარი ეპითეტები, „თავგასიებული“ და „პახმელიაზე მყოფი“ იმის დემონსტრირებას ახდენდა, რამდენად „მაგარია მიშა“, ხოლო მის მიერ შემოთავაზებული ტესტი იმის თაობაზე, თუ რამდენად ოპერატიულად ახდენს ქართული მედია ოპოზიციური „სუბიექტ“ კუკავას დილის 8 საათიანი აზრების გახმოვანებას 15 საათზე, დემაგოგიის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს იმ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციისთვის ნაციონალურ მასშტაბის არხების ტელეეთერის დროის მხოლოდ 5-10% იხარჯება და მათი უმეტესობა – აზრების დამახინჯებული გადმოცემით ან დაუფარავი კრიტიკით არის „შევსებული“. აპოგეა იყო 2007 წლის 7 ნოემბრის ხალხზე სახელმწიფო ძალადობის „სანიმუშო ოპერაციად“ გამოცხადება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმის განცხადება, რომ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი ფსბ-ს გენერლებთან ერთად გეგმავდა 7 ნოემბრის გადატრიალებას და რომ ჩვენმა პოლიციამ იმ დღეს „ქვეყანა გადაარჩინა და მადლობის ღირსია“ (თუნდაც აკრძალული იარაღის გამოყენების და დამოუკიდებელი მედიის სამაგალითო დარბევის გამო!).
5. არჩევნებისწინა მურაბა- და თაფლწასმული დაპირებების შემდეგ საზოგადოების ლამის ნებისმიერი ფენის მკვეთრი და არნახული შევიწროება, დამცირება, დაშინება და უფლებრივი თუ ქონებრივი დისკრიმინაციის გამწვავება – ლტოლვილების არაადამიანური და დამამცირებელი გასახლება, გარემოვაჭრეების ასევე არაადამიანური აყრა (არჩევნების წინ მიცემული ინდულგენციების დაპირების შემდეგ), მონოპოლიზირებული პროდუქტების მკვეთრი გაძვირება, და განსაკუთრებით, ხორცის გადამუშავების საკუთარ ხელში მონოპოლიზებით ამ სფეროდან მრავალი კონკურენტის გაგდება, საავადმყოფოების მასიური გაყიდვა და პერსონალის შემცირება, ექიმების დაჭერები, უცხოელი ე.წ. „მასწავლებლების“ (სინამდვილეში – არაკვალიფიცირებული და არასერტიფიცირებული მოხალისეების, ზოგჯერ სულაც საეჭვო „ღირსებების“ მქონე პიროვნებების) მასიური ჩამოყვანა (საშუალოდ თითო მასწავლებელზე წელიწადში 10,000 ლარის ხარჯვით) და ამის ფონზე ადგილობრივი მასწავლებლების მასიური სამუშაოდან უმიზეზოდ დათხოვნა, მოსწავლეებისთვის ადრეგამოუცხადებელი საატესტატო გამოცდების მოულოდნელი დანიშვნა და „ოროსნების რევოლუციის“ შაშკინისგან იგნორირების ბრავადული დაპირება, ბიზნესისთვის ახლახანს შეპირებული პრეფერენციების „აორთქლება“ და საშუალო და უკვე წვრილ ბიზნესზე ფანტასმოგორიული მეთოდებით ზეწოლა და ბეგარის შეწერა, ყვითელი ავტობუსების მოულოდნელი გაუქმება და მგზავრების და მძღოლების ინტერესების პრობლემების ჩირად არ ჩაგდება, სამარშრუტო ხაზების მითვისების გეგმის დასახვა და სულ ახლახანს თავის მიერვე დასამარებული ტრამვაის უცებ „შეყვარება“, შედარებით შეძლებული ჯიპ/ვიპ-მფლობელების, კაზინოების მეპატრონეების და სხვა პოტენციური „თავისიანების“ გამოწურვაც… – ამით ხელისუფლება ყველას, უკვე ყველას გვეუბნება – „ფეხებზე მკიდიხართ, ყველას ჩაგრეცხავთ, ვინც აქამდე გადამირჩით!“ და საქართველოში ათეულათასობით ბურების ჩამოყვანის გეგმის გამხელით „გვაბედნიერებს“!
და რა არის ეს?
გარდა ამ უცნაური ქცევის ადამიანის გაცნობიერებულ/ქვეცნობიერი სურვილისა, რომ კრიზისი და აფექტები ჯობს შედარებით გაწონასწორებულ მმართველობას, რამე სხვა, ცოტათი მაინც რაციონალური ხომ არ იმალება – ამ ყველას და ყველაფრისადმი დაპირისპირებაში?
შევეცდები, ჩემი აზრი მოგახსენოთ.
ხელისუფლება (და აქ სულ არ ვგულისხმობ მხოლოდ ექსცენტრიულ პრეზიდენტს, არამედ მის ეგოცენტრულ, მაგრამ შედარებით პრაგმატულ გარემოცვასაც) ნერვიულობს!
მიუხედავად მთელი მისი „წარმატებებისა“! მიუხედავად „ბრწყინვალედ მოგებული“ ადგილობრივი არჩევნებისა, მიუხედავად „ბეჭებზე დადებული“ და ვერგაერთიანებული ოპოზიციისა, მიუხედავად ირანის, ბელორუსიის და უკრაინის მხრიდან მოულოდნელი დახმარებისა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაც მოირგეს და ბიზნესიც და ნაციონალური მედიაც ენაამოგლეჯილ მარიონეტებად აქციეს…
ყველაფერ ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ თავად ძალიან კარგად იცის მიშას „სიმაგრეც“ და თავისი რეალური „წონაც“, და ყველაზე კარგად ის იცის, რა მაგრად აქვს ბიუჯეტის შევსების საქმე. ინვესტიციების შემოსვლის ივლისში გამოცხადებული „შედეგი“ რომ ორ თვეში 100 მილიონი დოლარით „შემსუბუქდა“ და 140 მილიონი დოლარის „შემომტანი“ ეგვიპტე რომ ინვესტორი ქვეყნების სიიდან საერთოდ გაქრა, ანდა დიდი პომპეზურობით გაცხადებული „რაკია“-ს და „რაკიინის“ ინვესტიციები და საქართველოს მერვე საოცრება – ფოთის პორტი და მისი თეზ-ი რომ ოქროს თევზის მოტანილი სრასასახლესავით გაუჩინარდა და გასაყიდად იქნება მალე გამოტანილი, ამ „სარკის“ მოტყუება მსოფლიო ბანკის ადვილად თვალახვეული რეიტინგებით ვერ ხერხდება. ეგრე ბურატინოსაც „მაგარ და გარანტირებულ“ ბიზნესზე პატიჟებდნენ მელა ალისა და კატა ბაზილიო დურაქების ქვეყანაში! მანდაც ბიზნესის დაწყება ასევე ძალიან გაადვილებული იყო – მთავარი იყო კარგად ჩაგემარხა ოქროები და ცოტა მოგერწყო, დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო… მელიას და კატის ტექნიკის, რაც ჩვენში „შუაღამის ნოტარიუსების“ გააფთრებულ მუშაობაში გამოიხატება…
ნერვიულობას სხვა მიზეზიც აქვს და ეს შიდა და გარე ოპოზიციის გაერთიანებას უკავშირდება, თანაც ხელისუფლებისათვის ძალიან მგრძნობიარე საკითხში – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.
ძალიან ეცადა მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლისთვის დაემტკიცებინა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, საუკეთესო საარჩევნო კანონი მივიღეთ, საუკეთესო კაცი ავირჩიეთ ცესკოს თავმჯდომარედ, საუკეთესო დამკვირებლები გვყავდა უბნებზე, ღმერთი-რჯული, მხოლოდ ისაა მიზეზი, რომ ქართველებს არაფრით არ უნდათ სხვისი არჩევა, ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში ვერ იმარჯვებს ეს საცოდავი ოპოზიცია, თორემ მე ძალიანაც მინდაო, მაგრამ…
როგორც ხანდახან ხდება, „მეტის მეტი – რეტის რეტიო“, ისე მოუვიდა ჰიზ ჰაინესსს…
არავინ სერიოზულად არ დაიჯერა, რომ მიშა მართლა ასე მაგარია. ასეთი სიმაგრე ხომ იმათ ახასიათებთ – კიმ ჩენ ირს, ფიდელ კასტროს, და ლუკაშენკოს, ვინც დემოკრატიისგან ძალიან შორს იყო, არის და იქნება. ასე ზედიზედ და პოლიციური ერთგულებით ხომ ჩვენგან უცებშეყვარებულ ირანში თუ იგებენ არჩევნებს.
თუ ამერიკაში არ პატიობენ ობამას ჯანდაცვის მძიმე მდგომარეობას და უმუშევრობის ზრდას, საქართველო რა გახდა ასეთი, რომ ორივე ამ სფეროში მძიმე შედეგები ერის ლიდერის რეიტინგის „განუხრელ ზრდასთან“ ასოცირდება? არ მითხრათ, ომის ბრალიაო! კაცო, იმ კაცს ორი ომი აქვს ბოლო 10 წელია და იმას არ უთვლიან ანგარიშში და მიშას მიერ დაწყებული და ხუთ დღეში სამარცხვინოდ გასხმული ომი რა გახდა ასეთი, რომ ჩვენი პრეზიდენტის სამუდამო გამართლებად იქცა?
და ის რომ თქვა მეფე-ბატონმა, რა ვიცი, იქნებ კი ვიფიქრო პრემიერ-მინისტრობაზეო, ე მანდ შეეშალა, კრიზისების ტალე-ირანს! ვერ გათვალა, რომ თუ მსოფლიო ერთ რუსს, ერთ კუბელს, ერთ კორეელს და ერთ ვენესუელელს იტანს „მუდმივ ლიდერებად“, იმიტომ, რომ ისინი მსოფლიოს კმაყოფაზე არ არიან მუდმივად.
ამიტომ რატომღაც (ალბათ უკანასკნელად) მჯერა, რომ ამჯერად მაინც არ მიგვატოვებენ შუა გზაში ჩვენი ეს დეკლარირებული მეგობრები და იმაში მაინც დაგვეხმარებიან, რომ თუ პრეზიდენტის ერთგული სატრაპი კუბლაშვილი ისევ დაიწყებს ბაჩუკი ქარდავას და მისნაირების გამოყენებით რეალური ოპოზიციისთვის ხელის გადაწრიახების ნაცურ მოძრაობებს, ადგებიან და დაგვეთანხმებიან იმაში, რომ მეფე დიდი ხანია შიშველია და თან არც მაინცდამაინც შვარცნეგერია, რომ ჰოლივუდში მაინც გამოდგეს, ექსტრავაგანტურობაზე, ჩალურჯებულ თვალებზე და შეშუპებულ სახეზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება მისგანვე განსხვავებით!
ასე რომ, ბატონებო, მგონი, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ჩვენი ჰაინესის გამწარება/გამწვავება!
სწორედ ამ პოტენციურ საფრთხეს რომ ხედავს, რომ მართლა მოუწევს საარჩევნო კანონის და გარემოს გამოსწორება და ვერ იქნება თარხნიშვილის ფაქსის, ვანოს ხერხემლის თუ ხარატიშვილის სახლმმართველთა მდედრიონის იმედზე, სწორედ ეს განსაზღვრავს მის ძველბიჭურ ტირადებს „თავგასიებულ“ და „პახმელიურ“ ოპონენტებზე. არადა, როგორ გვაწონებდა და გვაბრალებდა თავს – ხუთოსანი გოგო ვარო! მთელი მისი ტერორი, დაშინებები და დაჭერები, და ეს შოუები ზურგსუკან მოხითხითე სტუდენტებით იმაზეა გათვლილი, რომ ადრესატები – ხალხიც და ოპოზიციური ლიდერებიც გაგიჟდნენ, მოლაპარაკებებს მიაფურთხონ და რევოლუციური სიტუაციაზე იფიქრონ, რომ მიშა ისევ ალაპარაკონ კგბ-ს ხელზე და ფსბ-ს ფეხზე. (ბატონი თემურ ალასანია ხომ კარგადაა ნეტავ და ხომ არ ასლოკინებს? ან მის მეგობარ გენერალ გენერალოვს – შპს „მადნეულის“ მეპატრონეს და რუსეთის აგრესიის დღეებში ბრაიან ადამსის ჩამოყვანით ჩვენი სულის იარების უზადო მომშუშებელს!)
ასე რომ, ჩვენს საზოგადოებას – ხალხსაც და განსაკუთრებით იმ ოპოზიციურ ლიდერებს, ვინც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მცდელობებს ზერელედ უყურებს, მინდა მოთმინება ვთხოვო უმორჩილესად – ნუ წამოეგებიან ბატონი მიხეილის და ბატონი ვანოს პროვოკაციებზე, რომლის ნაკადი სულ მალე გაათმაგდება. და იფიქრონ იმაზე, რომ თუ საარჩევნო გარემო (მოხდა სასწაული და!) სასიკეთოდ შეიცვალა, ისინიც მოგებულნი დარჩებიან პატიოსან არჩევნებში მონაწილეობის შანსის გაჩენით, ხოლო თუ ეს არ მოხდა (მე პირადად ვერ დამიჯერებია, რომ ბატონი სააკაშვილი პატიოსნად ითამაშებს, შულერის გამოსწორება შეუძლებელია), მაშინ მთავრობის გამო ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ სწორედ ამ პარტიებს მიეცემათ ასპარეზიც და კარტ-ბლანშიც.
ასე რომ, ჰიზ ჰაინესი კი არა… შაშა-კოლა და კოკა-კოლა!
– ბატონი მიხეილ სააკაშვილი – მაგარი ტიპი, ტო, ჩვენი ჯილა, დილიხორის მასტი, ვეჩნად გამხურებელი და დამჩმორებელი, ყველასთვის, მთელი ქვეყნისთვის ხურუშიანად ძუძუს ამხევი, სისხლის მომწოვი და ბესპრედელნათ გადამგდები, ომებში წაგებების და საკუთარი გასრიალებების ფეხებზე დამკიდებელი და იმენნა – ოპოებთან და გოიმ დემოკრატებთან დავერიეში შემსვლელი და გამაცუცურაკებელი, ვაბშემც მაგარი და უმაგრესი… ჩვენი ყველაფერზე წამსვლელი და ხელისმომწერი გოღა – ხუთოსანი ტიპი, რაა!..
ასე არ ჯობია, ბატონო მიხეილ?!
დიდებული რამეა სწორად მორგებული სტილი, კაი შემოტკეცილი მწვანე რეიტუზივითაა, კოხტად რომ გამოკვართავს პოლიტიკოსის ტალანტებს.