პანაშვიდი ქალაქის ცენტრში


panasvidi

დღეს პანაშვიდზე ვიყავი… არა, არავინ გარდაცვლილა… მაგრამ როცა “ბავშვთა სამყაროსთან” მივედი, მართლა პანაშვიდს ჰგავდა იქაურობა… გარეთ, შორიდან დაინტერესებული ხალხი, მერე უფრო ვიწრო წრე, სადაც ალალად დაღვრემილები იდგნენ, უფრო ცენტრში კი ისინი, ვისაც დანა პირს არ უხსნიდა და ვისთანაც, წესით უნდა მისულიყავი და მიგესამძიმრებინა, რომ არა საკუთარი უღონობის განცდა.

შუაში კი გაშავებული, დანახშირებული გვამი ესვენა – „ბავშვთა სამყაროს“ გვამი…

ბავშვთა სამყარო ჩვენს ქალაქში დინოზავრივით დარჩა – ძველი, სოციალისტური ეპოქის მონუმენტურ ძეგლად, თავისი მონოლითური კონსტრუქციით… და შიგ რომ შეხვიდოდი, იყო კიდეც იმ ძველი დროების ძეგლი – ძველებურად გამოწყობილი, უხშირესად – საკმაოდ ასაკოვანი – გამყიდვლებით, შარფები და თავშლები რომ ჰქონდათ მოხურული ზამთარში და ჩუსტებით დადიოდნენ მარმარილოს იატაკზე, მიჰქონდათ ერთმანეთთან ძველებურ “მინუტკებში” მოხარშული ყავა, ან – ცელოფნებში გახვეული ხაჭაპური, ჯერ კიდევ შემორჩენილი ძველებური თურქული გამათბობლებით, ძველებური დახლებით, და იმ საქონლით, რომელთაგან ზოგი ძნელად თუ იშოვება სადმე სხვაგან – ძაფები, ღილები, ქსოვილები „ზმეიკები“, სხვადასხვა ზომის და ფერის ზონრები და „ტისონკები“, ბავშვის და საწოლის იაფფასიანი თეთრეული, პლასტმასის ნივთები, ბევრნაირი ავეჯი… და “ოქროს ბირჟა” – ოქრო და სამკაული – ძირითადად, ვიღაცის ნაქონი, ვიღაცის ბინიდან გამოტანილი…

და მაინც, ეს ძველი “მონსტრი” ძალიან ადამიანური იყო შიგნიდან – უამრავი ადამიანისთვის ის იყო მათ ცხოვრებაში ბოლოს შემორჩენილი სამსახური, არა მარტო თავისა და ოჯახის რჩენის საშუალება, არამედ, სამუშაო და სოციალური ურთიერთობის ადგილი… ამ 25 წლის მანძილზე საქართველოში ბევრი საწარმო, ფაბრიკა და ქარხანა გაპარტახდა, გაიყიდა და გაქრა… თითზე ჩამოსათვლელია ისეთები, რომლებიც წარმატებულ საწარმოებად იქცნენ, მაგრამ როგორც წესი, იქაც იმის მეათედი ადამიანი თუ მუშაობს, რაც ადრე – არაფერი გასაკვირი არაა, წარმოება სულ უფრო ავტომატიზებული ხდება…  ხოლო აქ, „ბავშვთა სამყაროში“, თითქოს ქართული „ბაბილონის გოდოლი“ აშენდა, სადაც სხვა დიდი არაფერი შენდებოდ, იმედების გარდა… ხშირად ილუზიები იყო ეს იმედები, მაგრამ ამ ილუზიებით ათასობით ადამიანი ახერხებდა ცხოვრებას, თავის გატანას და დეპრესიის დაძლევას. და რაც მთავარია, ამ ბაბილონის ჩვენეულ გოდოლში ადამიანები  ერთმანეთს უგებდნენ, მიუხედავად ენების სიჭრელისა…

 

ახლა კი ეს იმედები შავად ხრჩოლავს და შიშმა დაისადგურა ამ ადამიანთა  ოჯახებში… მათ უმრავლესობას ხომ კრედიტები აქვს აღებული და დღეს სამსახურის დაკარგვას, ვაითუ, ხვალ საცხოვრისის დაკარგვაც მოჰყვეს… ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ძალიან ბევრს სჯერა – რომ ეს ხანძარი შემთხვევითი არ იყო, რომ მათი უბედურება სხვისი ხელის მოთბობისთვის მოხდა… ვერც გაამტყუნებ – ძალიან ბევრჯერ მომხდარა ჩვენს უახლეს წარსულში მსგავსი რამ… 😦

 

ხელისუფლების ვალია, დაეხმაროს ამ ადამიანებს. პირველ რიგში, კვალიფიციური გამოძიების ჩატარებით, რომ თუ მართლა ვინმეს ტვინში მოიხარშა ასეთი სცენარი, მათ მთელი სიმკაცრით პასუხი აგონ. ასევე საჭიროა მაქსიმალურად დახმარება, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ სადმე მსგავსი სამუშაო ადგილის მონახვა – ან გადასახადები შეუმცირონ, ან ბანკის კრედიტის ვადის გაგრძელებით… ჩვენი ვალიცაა ამ ადამიანებისთვის თანაგრძნობის გამოხატვა, ვისაც რა შეგვიძლია, იმით დახმარება… და ძალიან ცუდი იქნება, თუ ხელისუფლების მხრიდან უკვე წამოსულ პოზიტიურ ნაბიჯებს სხვათა მხრიდან შურის გამოხატვა მოჰყვება…

P.S.

ამ საღამოს გავიგე, რომ ჩვენ ახლობელს, რომელიც ოქროს ბირჟაზე მუშაობდა, სეიფში შენახული მისი ნავთები უკლებლივ უნახავს და დაუბრუნებია… და კიდობანში უკვე მიუციათ კიდეც მისთვის სამუშაო ადგილი…  მართალია, დახლზე რაც ჰქონდა, ის დაკარგულია, მაგრამ ეს ძალიან ძვირფასი ნივთები არ იყოო, არ ჩივის… ღმერთმა ქნას, სხვებსაც ასე გაეხაროთ…

გაჭირვებისგან და ბედის უკუღმართობისაგან არავინაა დაცული… და არაფერი არ გვამახსოვრდება ისე, როგორც ის, ვინაც სწორედ ასეთ მძიმე მომენტში გამოგვიწვდის დახმარების ხელს…

ოღონდ ერთიცაა, მწარე გაკვეთილიდან დასკვნაც უნდა გამოიტანოს ყველამ – ქონება რომ გაქვს, იმას დაზღვევა უნდა! დავიმახსოვროთ ერთხელ და სამუდამოდ! და მარტო სხვის და ხელისუფლების იმედად ნუ იქნებით!


„ყოველმან ჩემმან მკოცნელმან…“ – ვინ დაგვიცავს გრიპისგან?


flu-rules-red

…გრიპი სულ უფრო საშიში დაავადება ხდება. ამის მიზეზი ისიცაა, რომ კაცობრიობამ ზოგიერთი სხვა საშიში დაავადების წინააღმდეგ გარკვეული პროფილაქტიკა და უფრო ეფექტური მკურნალობა გამონახა, გრიპისთვის კი ჯერ ვერ მოიცალა. ისიც, რომ ბოლო წლებში გრიპის სულ უფრო საშიში და ლეტალური შტამები გავრცელდა. ისეთ მდიდარ და მაღალი დონის სამედიცინო დახმარების მქონე ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, წელიწადში საშუალოდ 30 000-35 000 ადამიანი იღუპება გრიპისაგან, და გარდაცვლილთა უდიდესი ნაწილი მოხუცებულებზე მოდის. ბილ გეიტსის ფონდმა ახლახან განაცხადა, რომ უახლოეს ათწლეულში სწორედ გრიპის დამანგრეველი ეპიდემიები შეიძლება იქცეს კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის მთავარ საფრთხედ. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერებიც, რომელთა ჯანმრთელობა თითქოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა, არ არიან დაცული გრიპის ინფექციის რისკისაგან…

 

ამ ბლოგის დაწერა ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, როდესაც თავად გადავიტანე გრიპი. მერე ეს მოსაზრებები ამ სფეროს ექსპერტს, ჩემს საყვარელ პედაგოგს და უფროს მეგობარს გავუზიარე, გაეღიმა და მითხრა, – ზვიად, ჩვენი საზოგადოება ძნელად ამბობს უარს ტრადიციებზე, ხომ გაგიგონია, „მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო, კოცნაზე უარის თქმას მეხუმრებიო?“… თუმცა, მაინც დაწერეო…

ჰოდა, მეც დავწერე. საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა ფეისბუქზე ჩემი მეგობრის ახლობელი 36 წლის კაცი, სავარაუდოდ, ვირუსული პნევმონიით დაიღუპა… ახლა უკვე მსგავსი 5 შემთხვევაა. გუშინ თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი ბობ უოლში, რომელმაც საქართველოში 25 წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო ინვესტიცია განახორციელა. ბატონი უოლში რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა საქართველოს და ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ მისივე მოთხოვნით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადააფრინეს…

სრულად ეს ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ “ლიბერალის” ვებ-გვერდზე 

http://liberali.ge/articles/view/27116/yovelman-chemman-mkotsnelman–vin-dagvitsavs-gripisgan