ბოლოს შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი…
Posted: 2011/05/31 Filed under: Uncategorized | Tags: 2011 წლის 26 მაისი, ბურჯანაძე, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა კვინტრაძე, საპროტესტო მოძრაობა, საქართველო, სიკვდილი, სპეცნაზი, ჯალათები დატოვე კომენტარიმამა: ვაი მე, შვილო!..
შვილი: მამა!
მამა: ვაი მე, უბედურს… ვაი მე, ორჯერ მკვდარს!.. და ვაი დედაშენს, შვილო, რომ ჩემზე მეტად უნდა იტანჯოს, უბედური ეგა…
შვილი: როდის აღარ მეტკინება, მამა?
მამა: იყუჩე, შვილო. მალე დაისვენებ… ვაი მე, გაძაღლებულს, რომ შენს ადგილზე არ ვიყავი! ვაი მე, ჩაძაღლებულს, რომ ადრე არ ჩავძაღლდი და ამ დღეს მოვესწარი!.. ვაი მე, თავსლაფდასხმულს, რომ წინ ვერ გადაგეფარე! ვაი მე, ბრმას, რომ ეს სატანები დროზე ვერ ამოვიცანი და ვერ აგარიდე! ვაი მე, საცოდავს, რომ მეგონა, ღმერთი დაგიცავდა!
შვილი: დედა რას შვება, მამი?
მამა: უბედური დედაშენი… როგორ ეგონა, რომ ტკბილი სიბერე ექნებოდა!.. უბედური… რატომ გადაურჩა ოპერაციას?!. ხომ დაგხვდებოდა ახლა აქ და მოგეფერებოდა ისე, მე რომ ვერ შევძლებ, ჩემო ბიჭო… ჩემო პატარავ!.. თავსაც ვერ მოიკლავს ეგ საცოდავი და როგორ უნდა იცოცხლოს აწი? რა დავუშავეთ ვინმეს, რომ ეს გვიქნეს? რა ცოდვა გვქონდა, შვილო, რომ ასე გაწამეს და გაგიმეტეს?..
შვილი: მამი, როგორ ცხელოდა იქ, თითქოს ცეცხლი მეკიდა… ჯერ არ ვიყავი მკვდარი… არ… ვერ ვხვდები, ახლა კი ვარ მკვდარი?
მამა: მკვდარი ხარ, მამა მოგიკვდეს, შვილო!.. თუმცა მოგიკვდი, უკვე!!! ესღა შევძელი, მე ლაჩარმა და უბადრუკმა, ესღა შევძელი, რომ შენი კუბოს აწევას და სახლიდან გატანას აქ გამოვექეცი!..
შვილი: ბნელა, მამა.. თუ მე ვეღარ ვხედავ ვერაფერს?..
მამა: ბნელა, შვილო! ბნელა!.. სამი დღეა, ბნელა და სატანები ზეიმობენ შენი და შენნაირების დახოცვას და ხალხზე გამარჯვებას! მღერიან და თავს იწონებენ დაღვრილი სისხლით, ეშმაკის მსახურები…
შვილი: როგორ მწყურია, მამა… თითქოს ცეცხლი გადამეყლაპოს, ისე ვიწვი… გარედან და შიგნიდან…
მამა: ვაი მე, ქვად გადაქცეულს, რომ სისხლიც აღარ გამომივა ვენებიდან, რომ ჩემი სისხლით მაინც გაგისველო ტუჩები… როგორ მიყვარდი, შვილო… და რამდენი ხანია არ მოგფერებივარ ისე, როგორც მინდოდა! როგორ შორიდან მზერით გეფერებოდი და იმედი მქონდა, რომ შვილიშვილებზე მაინც ვიჯერებდი გულს მონატრებული ალერსით… რა შტერი ვიყავი, რომ არ გკოცნიდი ხშირად და თავზე ხელის გადასმას გაკმარებდი – ბიჭს არ სჭირდება ზედმეტი მოფერება-თქო… როგორ ბოროტად გადამიხადა განგებამ ჩემი სიბრიყვე… სადღა იქნება შვილიშვილები? და შენც სად იქნებო, შვილო?.. ჩემო პატარავ…
შვილი: მცივა, მამა. ჯერ სულ ვიწვოდი და ახლა შემცივდა…
მამა: კარგია შვილო… მალე დაისვენებ, ჩემო სიცოცხლევ და ჩემო სიკვდილო!.. როგორ ჩამაკვდი ხელში კინაღამ ერთხელ, ბავშვობაში რომ სახურავიდან გადმოხტი და მარგილს დაეცი… როგორ ამოუსუნთქავად მიგარბენინებდი აღმართზე… გულზე მყავდი მიკრული და შენს სისხლს ვგრძნობდი, მუცელთან როგორ მისველებდა პერანგს. როგორ ვთხოვდი ღმერთს, – ოღონდ ახლა გადამირჩინე, ოღონდ ახლა გადამირჩინე-მეთქი!.. როგორ ვირბინე, არ ვიცი… რატომ ორივე არ მოვკვდით მაშინ, თუ მაინც ეს გვეწერა, ჩვენ უბედურებს?!..მაშინ იმ აღმართზე და მერეც, საოპერაციოს წინ რომ ვკანკალებდი, ხომ უკვე შეგუებული ვიყავი იმას, რომ არ გადარჩებოდი!.. რატომ მაშინ წამართვა სიკვდილმა შენი თავი, შვილო, როცა ამას ვერ წარმოვიდგენდი?!. ვაი მე, ბებერ უტვინოს, როგორ არ წამოგყევი იმ ღამით… როგორ დაგიჯერე, – შენი ადგილი იქ არ არისო, რომ მითხარი!! კაცი იყავი, შვილო და კაცურად წახვედი… ვაი მე, ქალაჩუნას, რომ ფანჯარაში ვიყურებოდი ორი დღე და ტელეფონს დავცქეროდი წამდაუწუმ, ახლა დარეკავს ჩემი ოქრო ბიჭი და მეტყვის – ”როგორ ხარ, მამა?” … რატომ არ წამოვედი, მე აბდალი… შენგან ჩუმად ხომ შემეძლო წამოსვლა, შორიდან რომ დავმდგარიყავი და შენთვის მეყურებინა!.. ჩემი ადგილი იყო, სწორედ ჩემი, იქ! და აქაც სწორედ ჩემი ადგილია!!! შენ აქ რა გინდა, შვილო? ვინ იცხოვრებს შენი ცხოვრებით? ვინ მოეფერება შენს საყვარელ გოგოს? ვინ გაუჩენს შვილს, შენი რომ უნდა ყოფილიყო? ვინ იქნება შენს ადგილზე და რა იქნება ეს ქვეყანა, უშენოდ, შვილო! იმ ღამითაც რომ შენს გვერდზე ვყოფილიყავი, იქნებ მე მომკვდარიყავი და შენ გადარჩენილიყავი, შვილო! იქნებ შევხვეწნოდი შენს ჯალათებს, მე მომკალით და მე დამაგდეთ-მეთქი ხელებშეკრული!… მაგათ ხომ პრემიას მაინც აძლევენ, იმის მიუხედავად, ახალგაზრდას სცემენ, თუ მოხუცს? ან იქნებ ერთისთვის მაინც ამომეგლიჯა კბილებით გული და შენ ამ დროს გაქცეულიყავ… თუმცა გული მაგათ სად ჰქონდათ, შვილო…
შვილი: თითქოს ტკივილმა მიკლო, მამა… შენი ხმა… აღარ მესმის ისე…
მამა: აააააააააააააააააააა!
მამა: წყეულიმც იყავ, ჩემი ბიჭის მკვლელო! ღმერთო, ძლიერო… დაადგინე ცოდვილი მასზედა და ეშმაკი დადევინ – მარჯუენით მისდა. იყვნენ დღენი მისნი მცირე და გასაგებელნი მისნი სხვამან მიიღონ. იყავნ შვილნი მისნი ობოლ და ცოლი მისი ქვრივ… აღიძრნედ და გარდაიცვალნენ შვილნი…
შვილი: არ გინდა, მამა!.. ხელი მომეცი!.. სად ხარ, მამა?..
2011 წლის 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღე
Posted: 2011/05/29 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ალასანია, არასაპარლამენტო ოპოზიცია, არჩევნები, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე ლევანი, დემოკრატია და პლუტოკრატია, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნეობოლშევიზმი, ოქრუაშვილი, პოლიცია, საპროტესტო მოძრაობა, უცხოური ორგანიზაციები, ქართული პარტია %(count)s კომენტარი
”რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე – თუ არა ავაზაკთა ბანდა”?
(ნეტარი ავგუსტინე)
2011 წლის 26 მაისს, არ ვიცი სხვამ რა, მაგრამ მე ბევრი გაკვეთილი მივიღე.
მართალია, ძალიან მოულოდნელი მხოლოდ არამზადათა ბანდის მიერ განხორციელებული აგრესიის მასშტაბი და სისასტიკე იყო, და სხვა ყველაფერი კი საკმაოდ დეჟავიუს ჰგავდა, მაგრამ მაინც ერთია თეორიული ცოდნა და მეორე – როცა ყველაფერს პრაქტიკაში განხორციელებულს ნახავ.
სულ სხვაა კომპიუტერის ეკრანზე ნანახი ომი, და საკუთარი თვალით ნანახი დახოცილთა გვამები. სულ სხვაა სატანის აღწერა ბიბლიაში, და საკუთარი თვალით ნანახი მანქურთი, რომელიც ამ სატანის მიერ დაპირებული 1000 ლარის მიღების სურვილით ახურვებული გულმოდგინედ ურტყამს დასისხლიანებულ მოხუცებს და შიშისგან აქეთ-იქეთ მორბენალ ბავშვს.
არასოდეს ამოვა ჩემი ცნობიერებიდან ორი ხატება – 1) მგლოვიარე, მაგრამ ამაყი ულამაზესი ქართველი გოგონასი 1989 წლის 9 აპრილს, რომლის შავ-თეთრი ფოტო იური მეჩითოვმა შემოგვინახა დროშით ხელში მანქანის უკან.
და
2) შინდისფერპერანგიანი ახალგაზრდა, საშუალო ტანის კულულებიანი ქართველი ბიჭი 2011 წლის 26 მაისის ღამეს, რუსთაველის კინოთეატრში შემოყვანილ დასისხლიანებულ ხელებშეკრულ ქართველ ტყვეებს, მათ შორის მოხუცებს, უკნიდან რომ მოსდევს და გამეტებით თავში ურტყამს… და ისევ… და ისევ… უკვე სხვას… და ისევ გამეტებით… და ისევ…
… და ამ ლამაზ შინდისფერპერანგიან იუდას თავზე კახური ქუდი ახურავს!
(2011 წლის ვიდეოკოლაჟი -” პალიტრა ტვ”)
გაკვეთილი I: ვინ არის აგრესორი? 1989 წლის 9 აპრილიდან – 2011 წ. 26 მაისამდე
როცა ვინმე ქართულ სისხლს გამიზნულად ღვრის, ქართველი ხალხის დარბევა ”თამაშად და უჩანს მღერად”, თუ ქართველი ხალხის ალყაში მოქცევა, სისხლის დაღვრა და დაშინება მოფიქრებული და დადგმული სცენარით ხდება, ჩემი აზრით, აბსოლუტურადაც არ არის უკეთესი, როცა ამას ე.წ. ქართველები და ე.წ. ქართული ხელისუფლება ახორციელებს.
რაც არ უნდა რუსის ჯარი იდგეს 40 კილომეტრში, როცა ქართველი (! თუ ?) ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის დამარცხებას ზეიმობს (! თუ ?) და ათასნაირი რეალური თუ შეთითხნილი მიზეზებით ცდილობს თავისი არაადამიანური სისასტიკის გამართლებას, აბსოლუტურად არ მირჩევნია, როცა ეს მოზეიმე ავხორცი რუსი იგორ როდიონოვი კი არ არის, არამედ – ქართველი სააკაშვილი და მერაბიშვილია.
პირიქით, მე თუ მკითხავთ – სჯობდა, როცა რუსის ჯარები და სატრაპები გვარბევდნენ 1989 წელს!!!
რატომ? შევეცდები აგიხსნათ:
– როცა უცხო აგრესორი ჯარი არბევს ადგილობრივ მოსახლეობას, მაშინ აგრესორი იდეურად ყოველთვის პოტენციურად დამარცხებულია, რადგან თავისი სისასტიკით იგი ამ მოსახლეობას ერთიან მუშტად კრავს და მათ აგრესორისადმი საშინელ ზიზღს უნერგავს. იბადება წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში თუნდაც გაცილებით ძლიერ აგრესორს ბოლოს მაინც ამარცხებს და სდევნის თავისი სამშობლოდან. მაგალითები – ნაპოლეონის და ჰიტლერის კატასტროფა რუსეთში, ინგლისის განდევნა ინდოეთიდან/პაკისტანიდან, ამერიკის მარცხი ვიეტნამში, საბჭოთა კავშირის – ავღანეთში და – მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკის განთავისუფლება ინგლისის, საფრანგეთის და პორტუგალიის კოლონიური რეჟიმებისაგან და სხვ.
– მაგრამ როცა აგრესორი საკუთარი მოძალადე ხელისუფლება და მის მიერ კაციჭამიებად გამოზრდილი მანქურთებია, ეს ერის უცილობელი მარცხის საწინდარია. ერი კი არ ერთიანდება, არამედ იხლიჩება და ამ დროს დაბადებული ორმხრივი სიძულვილი თაობისთვის კატასტროფულია (ამას რომ ვწერ, დამნაშავე რეჟიმის მიმართ საკუთარ სიძულვილსაც ვგულისხმობ, რომელიც 2006 წლიდან თანდათან კიბოს მეტასტაზივით მოედო ჩემს ცნობიერებას), რადგან თუნდაც ის სატრაპები და მანქურთები, თუნდაც ის არაკაცები, რომელიც ქართველი მოხუცების ცემით ნაშოვნი პრემიებით და ჯიპებით აპირებენ ცხოვრებაში ლელოს გატანას, ისინიც ხომ ჩვენი ჯიშის იყვნენ ერთ დროს, მათაც (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ალბათ უკითხავდა ბავშვობაში დედა ”შვლის ნუკრის ნაამბობს” და ”იავნანამ რა ჰქმნა”-ს? მათაც ხომ უნახავთ მულტფილმები ”მტრობა” და ”წუნა და წრუწუნა”? მათაც ხომ ასმევდნენ, სავარაუდოდ, რუსთველზე ლაღიძის წყლებს და აჰყავდათ მამადავითზე (ნუ, იმათ გარდა, ვინც აკაკის საფლავს საჩხერეში ეძებს…)?..
და რა მოხდა? როგორ მივიღეთ ეს მაქციები – კახურქუდიანი მამისმკვლელები და დედისმაგინებლები? რა გვეშველება? ან ესენი გაჰყიდიან ყველაფერს ქართულს და ყველა ქართველს ლტოლვილად აქცევენ… ან როგორ უნდა მოხდეს ამ ტვინ- და ნამუსატროფირებულების მოქცევა ადამიანებად? სად არის ჩვენი 20 წლის ”დამოუკიდებლობა”? ვისი დამოუკიდებლობის დღეა და რისი სისხლმორეცხილი აღლუმია ეს? საქართველოს დამოუკიდებლობაა? – თუ საქართველოს გამყიდველთა და დამაქცევართა კანონისგან და სინდისისგან დამოუკიდებლობის სატანისტური ზეიმია, და, როგორც ბესო კურტანიძემ მოსწრებულად თქვა – ”ძაღლუმი”!?
======
– როდიონოვმა ერთჯერ დაარბია თბილისი. ამათ – უკვე მეოთხეჯერ (7 ნოემბერი, 6 მაისი, 15 ივნისი, 26 მაისი!) ვინ იცის კიდევ რას იზამენ? მადა ჭამაში მოდისო და პირსისხლიანი დამნაშავე რეჟიმის სისასტიკის და სისხლისღვრის მასშტაბები და ხალხის დაშინების სულ უფრო შეუნიღბავი მცდელობები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ისევე როგორც იმის ”მიგნებები”, თუ როგორ გააფორმონ ყველაფერი ისე, რომ დასავლური ღირებულებების და სამშობლოს დაცვის კრავის ქურქში გაეხვიონ და ყველაფერი დაღუპულებს დააბრალონ.
– როდიონოვის ჯარს არ ჰქონია ისეთი რიცხვობრივი უპირატესობა მომიტინგეებზე, როგორც მერაბიშვილის სპეცნაზს. დაუზუსტებელი მონაცემებით (გთხოვთ, ვინაც იცით, შემისწოროთ) 1989 წელს მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 1.5-2-ჯერ აღემატებოდა დარბევაში მონაწილე რუსული სპეცნაზის და მედესანტეების რაოდენობას. მაშინ, როც 2011 წლის 26 მაისის ღამეს ქართული სპეცნაზის რაოდენობა დაახლოებით 2.5-3-ჯერ სჭარბობდა მომიტინგეებს.
– რუსეთის მიერ 9 აპრილს დახოცილების ცხედრები რუს გენერალს არ დაუმალავს ოჯახებისაგან და არც ერთი უგზოუკვლოდ დაკარგული არ იყო აღრიცხული უკვე 11 აპრილისათვის. მაშინ, როცა აშკარაა, რომ ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ხელებშეკრული ცხედრები მაღაზიის თავზე ვერ ახტებოდნენ და ”დენის დარტყმით” ვერ გარდაიცვლებოდნენ (თუ ეს დენის კვალი პოლიციის სამმართველოში ჩატარებული სპეცდამუშავების შედეგი არ იყო). მიტინგის დარბევიდან მე-4 დღესაც კი ათობით ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია. ის, რომ დაღუპულთა და სასტიკად ნაცემ დაკავებულთა ოჯახების უმრავლესობა უარს ამბობს ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, მხოლოდ იმის შედეგია, რომ შინგან საქმეთა ე.წ. “გამჭვირვალე სამინისტრო”, სავარაუდოდ, მთელ თავის ენერგიას იმაზე ხარჯავს, როგორ დააშინონ დაღუპულთა ოჯახები, რომ იმათ ლამის გრიპით გარდაცვლილებად დაიტირონ შვილები (არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ისევე არ მისცემენ ცხედრებს ოჯახებს ეს ნეოფაშისტები და ნეობოლშევიკები, როგორც თბილისის, ბუდაპეშტის და პრაღის მასიური დახვრეტების შემდეგ არ მიუციათ სკკპ-ს და ნკვდ-ს ბრძანებით, რათა ვერავის დაედგინა, სინამდვილეში რამდენი დახოცეს)… სამაგიეროდ, თავიანთ გარდაცვლილებს, როგორც ეროვნულ გმირებს, ისე კრძალავენ – რუსეთთან ომის გმირებს არ ღირსებიათ ისეთი სახელი და საზეიმო დაკრძალვა, როგორც 26 მაისს დაღუპულ (ღმერთმა მიუტევოს და აცხონოს) პოლიციელს.
– როდიონოვის ჯარს არ შემოურტყია ალყა 9 აპრილის მომიტინგეებისათვის! ეს არის ფაქტი! 1989 წელს, ის რომ დარბევის საზარელი შედეგი მნიშვნელოვანწილად მაშინაც მომიტინგეთა ალყაში მოქცევის შედეგი იყო, რომელთაც გაქცევის საშუალება არ მიეცათ, მათივე შეცდომა იყო, რადგან რუსთაველის გამზირი, სობჩაკის კომისიის დასკვნის თანახმად, ყველა მხრიდან სწორედ მიტინგის მონაწილეებმა გადაკეტეს მანქანებით, ავტობუსებით და ტროლეიბუსებით.
საუბედუროდ, 2011 წელს სწორედ შსს სპეცნაზის მიერ აბსოლუტურ ალყაში მოქცეული მომიტინგეების არა დაშლის, არამედ – დამსჯელობითი ოპერაციის მიზანი და შედეგი ის იყო, რომ არცერთი მონაწილე ვერ გადარჩენილიყო ცემის და დასჯის გარეშე. ეს იყო ტიპიური სამხედრო ალყაში მოქცევის და დატყვევების ოპერაცია – საქართველოს ”ძლევამოსილი” ხერხემალპოლიცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ამიტომ დავეთანხმები რა ჟურნალ ”ლიბერალში” ნინო ბექიშვილის ბრწყინვალე სტატიას სათაურად – ”ნუ მაშინებთ რუსეთით!”, სწორედ ამ არგუმენტს დავამატებ მის დასკვნებს, რომ რუსეთი უკვე აქ არის!
ვანო მერაბიშვილი არის დღევანდელი იგორ როდიონოვი და მისი სპეცნაზი არის ქართველ ხალხის სისხლის სუნზე დაგეშილი მე-8 პოლკის სრული ”უფლებამემკვიდრე”.
რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ნინო ბურჯანაძე და კიდეც რომ დაეგეგმა შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, ეს არ ამართლებს ხელისუფლების მიერ იმ მეთოდებს – დამიზნებით რეზინის ტყვიების გამოყენებას, ასაკოვანი და აშკარად არამებრძოლი მოქალაქეების ალაყაშემორტყმას, მასიურ დაპატიმრებას, სასტიკად ცემას, ხელებშეკრულებზე და ძირს დაწვენილებზე ხელკეტების თავში რტყმევას და შემდეგ პოლიციის განყოფილებებში წაყვანას, სადაც აღნიშნული ცემა და წამება ახალი სისასტიკით გაგრძელდა. ის, რომ ჩიტაძის, იაშვილის და სხვა ახლომდებარე ქუჩებზე ხალხს მასიურად დასდევდნენ, ეზოებში უვარდებოდნენ და ძირს დაწვენილებს საშინლად ურტყამდნენ, არაფერი არ იყო გარდა იმისა, რომ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ ეს მათი – მანქურთების – ქვეყანაა და ჩვენ აქ მხოლოდ მანამდე და იმდენ ხანს ვიცხოვრებთ, როგორც ისინი მოისურვებენ და ნებას დაგვრთავენ…
ეს ნამდვილად იყო საქართველოს არალეგიტიმური, გაყალბებით მოსული და რუსეთისთვის მთელი ქვეყნის მიმყიდველი, ქართველთყლაპია ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ დაგეგმილი, დეტალურად მომზადებული და საშინელი სისასტიკით განხორციელებული ტერორისტული აქტი. ის, რომ ნინო ბურჯანაძის და მისი შვილის საუბრების ჩანაწერები მხოლოდ აქციის სასტიკი დარბევის შემდეგ გამოაქყვეყნეს და არა მანამდე, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას აქციის მშვიდობიანად დაშლა სულაც არ აწყობდა, თორემ ამ ჩანაწერების დროულად მოსმენის შემთხვევაში ხომ ხალხის დიდი ნაწილი თავისით აღარ მივიდოდა იქ, სადაც მათ შესაწირი პაიკების როლი ჰქონდათ თურმე განსაზღვრული! ასევე, როდესაც 12 საათს უსაზღვრავ აქციის დაშლის ულტიმატუმად და უკვე 15 წუთში ფართოდ გაშლილ სადამსჯელო ოპერაციას იწყებ – გაზის, რეზინის ტყვიების და ხელჯოხების თავში რტყმევის და ალყაში მოქცეული ადამიანების სპეცრამზელთა ჯგუფების მიერ ფეხებით ცემის გამოყენებით, ეს ხომ მხოლოდ იმის დასტურია, რომ ამ ადამიანთა სამაგალითოდ დასჯა იყო დაგეგმილი და არა – მათი დაშლა და განდევნა დაკავებული ტერიტორიიდან. უკანდახევის და გაფანტვისთვის საკმარისი დროის არმიცემა ხომ სობჩაკის კომისიის დასკვნაშიც როდიონოვის სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთ იმ ინდიკატორად ჩაითვალა, რომ შავრაზმელი გენერლის გეგმებში არა მიტინგის დაშლა, არამედ – სადამსჯელო ოპერაცია შედიოდა. მაშინ, როგორც მახსოვს, როდიონოვმა თავი იმით იმართლა, რომ მოსალოდნელი 300-500 კაცის ნაცვლად იმ ღამეს 10,000-მდე მომიტინგე დამხვდა და სწრაფი ”გამაოგნებელი” შედეგის მიღწევა გვინდოდაო!
და ახლა? ახლა, როცა საშინელ წვიმაში მომიტინგეთა რაოდენობა ნამდვილად იმაზე ნაკლები იყო, რასაც ალბათ გენერალი ალიხანოვ-მერაბიშვილი ელოდა და როცა თითოეულ მომიტინგეზე 2-3 სპეცნაზელი მოდიოდა, ახლაც გაოგნების და შოკში ჩაგდების აუცილებლობა არსებობდა, როცა 15 წუთში ხალხის მასიური რტყმევა და ახლო მანძილიდან თავში დამიზნებით რეზინის ტყვიებით ნადირობა დაიწყეს?
და ვერავინ ვერაფრით დამაჯერებს რომ ეს საშინელება საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის ზეიმი იყო!
პირიქით, ჩემთვის 2011 წლის 26 მაისს საქართველომ და ქართველმა ხალხმა ისევ დაკარგეს დამოუკიდებლობა! ამჟამად ეს დამოუკიდებლობა მოძალადე, გამყიდველი და მშიშარა ხელისუფლების მიერ იქნა უზურპირებული! დღეს საქართველოში ახვრების და მათი ლაქიების და ნაბოზვრების დამოუკიდებლობაა – სამართლისგან და სიმართლისგან დამოუკიდებლობა.
გაკვეთილი II: ნინო ბურჯანაძე – არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი…
ნინო ბურჯანაძე როდესღაც ნიჭიერ პოლიტიკოსად მიმაჩნდა, მაგრამ არასოდეს მომწონდა. როგორც იმ კუთხის შვილს, საიდანაც ქალბატონი ნინო არის, საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მაქვს მისი მამის, ბატონი ანზორ ბურჯანაძის კარიერული საფეხურების შესახებ და მიმაჩნდა, რომ ასეთი კორუმპირებული მამის პატრონი დემოკრატიის ბურჯად რომ ქცეულიყო, ამას მარტო განათლება და ინგლისურის ცოდნა და ქართველი მარგარეტ ტეტჩერის იმიჯის მორგება არ უშველიდა, ჯერ მამის კარიერულ მეთოდებს და მის სიმდიდრეს უნდა გამიჯნოდა. ნინო ბურჯანაძეს ეს არასდროს გაუკეთებია. ნინო ბურჯანაძე ედგა გვერდში მიხეილ სააკაშვილს, როცა მან 7 ნოემბერი მოაწყო. ნინო ბურჯანაძემ გაუპრავა მიხეილ სააკაშვილს 5 იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები. მხოლოდ მაშინ მოხდა ნინო ბურჯანაძის გამოფხიზლება და ავტორიტარიზმისგან გამიჯვნა, როცა მიხეილ სააკაშვილმა გოიმივით გადააგდო ქ-ნი ნინო და პარლამენტში სერიოზული ფრაქციის შექმნის შანსი – სკანდალის ფასადაც კი არ მისცა.
და მაშინაც კი ნინო ბურჯანაძე არ წასულა ღია დაპირისპირებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაბარგდა, წყენა თითქოს გადაყლაპა და მწარე კუპრს ერთ ლარად ნაჩუქარი წყნეთის აგარაკი თაფლივით დააყოლა ყელის ჩასაკოკლოზინებლად. უბრალოდ, ვერ მიხვდა, რომ ის ერთლარიანი აგარაკი სწორედაც რომ ძალიან ეშმაკურად გადაგდებული ანკესი იყო, რომელსაც პოლიტიკის ზვიგენი ბურჯანაძე პატარა ქორჭილასავით წამოეგო. და სწორედ ამ ნაბიჯით დაკარგა მან ჩემს თვალში ნიჭიერი პოლიტიკოსის იმიჯი. პოლიტიკოს ბურჯანაძეს მამის კვალზე მოცეკვავე მომხვეჭელმა იმ დღევანდელი კვერცხის მოსურნე ქალბატონმა გადასძლია, რომლის მიდრეკილებამ მარგალიტებისა და ძვირფასი სამოსისადმი ძალიან ცუდი სამსახური გაუწია და პოლიტიკოსის მახვილი მზერა დაუბინდა. მის მერე ისიც გამოჩნდა, რომ ნინო ბურჯანაძეს არც პოლიტიკურ მეკავშირეებთან დიალოგის აწყობა შეუძლია და მიუხედავად თავისი მრავალი ლაქისა, მათ სერიოზულ ჩამორეცხვაზე და მონანიებაზე კი არ დაუწყია ფიქრი, არამედ მსუბუქი მობოდიშების ფონზე ისევ პირველი ვიოლინოს თამაში მოინდომა. არადა, ბურჯანაძეს რომ ჭკუა ეხმარა და დროებით უკანა პლანზე გადასულიყო მოკრძალებით, მხოლოდ მოიგებდა და სერიოზულ ქულებს დააგროვებდა. მაგრამ მას ისე ეჩქარება საპრეზიდენტო სასახლეში შეგრიალება და საქართველოს სახელით დავოსში და ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება, რომ ორი კურდღლის – დასავლური დემოკრატიული იმიჯის და პუტინთან ურთიერთობის დალაგების – მდევარმა ერთიც ვეღარ დაიჭირა.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სახალხო კრების იდეა საკმაოდ ელეგანტურად გამოუვიდა ქ-ნ ნინოს.
ნონა გაფრინდაშვილის, გოგი ქავთარაძის და ლუკა კურტანიძის პოპულარულ სახელებს ამოფარებულმა, მან სცადა ”მათ შორის მეც”-ს კარტის გათამაშება, მაგრამ ისევ წინასაახალწლო სულსწრაფობამ – შირმის უკან დამალული მეუღლის ”აღიარებებმა”, საბუთის ჩვენების დაპირებამ და მერე მაგიდის ქვევიდან ორივე ცოლ-ქმრის გამოსვლამ – საბუთი ვანოს და მიშას აქვთო! იმდენად ”ასავალ-დასავლის” მითიურად სიმართლისმოყვარე ჯაბა ხუბუას იმიჯი კი არ დაანგრია, როგორც სერიოზული ეჭვი გააჩინა იმაში, რატომ უნდა ეთამაშა ანზორ ბიწაძეს ეს აშკარად წაგებული პარტია, რომლის ერთადერთი მოგებული მხარე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყვნენ. რატომ უნდა მოეკიდებინა პოტენციურ მტრად ნინო ბურჯანაძეს ის ძირითადი და ლამის ერთადერთი პოტენციური პოლიტიკურ მოკავშირე, რომელიც ქართული პარტიის სახით მისთვის არსებობდა? ოქრუაშვილის სიტყვებმა გააღიზიანა? ოქრუაშვილის პოლიტიკურ ”ხოდებს” აჰყვა? – კავკასიელი რკინის ლედი? ოქრუაშვილმა თუ მწარედ დაარტყა, რატომ ლევან გაჩეჩილაძეს დაუბრუნა ხურდა? მოკლედ, ოჯახის ერთი წევრის დიდ პოლიტიკაში მოყვანა (ბიწაძის მანამდელი კარიერა ბიუროკორატიულ-პოლიციურ ზეაღსვლად კი ითვლება, მაგრამ რეალურად დიდ პოლიტიკასთან მას კავშირი არ ჰქონია, თუ მის სამსახურიდან წამოსვლას არ ჩავთვლით) ძალიან წარუმატებული იყო. ხოლო ოჯახის მეორე წევრის შემოყვანა – გრუს ოფიცრების და მსხვერპლის მისაღებადობის ეგვიპტურ სტანდარტებზე ახალგაზრდულ-ცინიკური მსჯელობებით – საერთოდ კატასტროფა აღმოჩნდა. და ჩემი აზრით, ჩვენ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური აგონიის მომსწრენი ვართ. ნინო ბურჯანაძემ დაამტკიცა, რომ კარგი მეუღლე და დედაა, მაგრამ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როცა ნონა გაფრინდაშვილი და ათასგზის შეგულიანებული უბრალო ხალხი გასაჭირში მიატოვა და მხოლოდ საკუთარი შვილის წასაყვანად მოსულ მანქანას გადაუდგა. მას რომ პოლიტიკოსის ალღო არ ღალატობდეს, ჯერ კიდევ 25-ში გამწვავებაზე არ უნდა წასულიყო, როცა ხედავდა, რომ 3-ჯერ უფრო მეტი ოდენობის სპეცნაზმა ხარცის საკეპ ალყაში მოაქცია მის მიერ მიშას წასაყვანად მოყვანილი მოუმზადებელი ხალხი (დაახლეობით ნახევარი – ასაკოვანი ადამიანები) და ახლა მაინც იმას უნდა აკეთებდეს, რომ თავად ითხოვდეს დაპატიმრებული ხალხის გვერდით საკუთარ სასამართლოსაც, რადგან მათ ხომ მხოლოდ მისი და მისი ვაჟის ჩანაწერების წყალობით ასამართლებს ეს ყველაფრის გამყალბებელი ხელისუფლება.
ასე რომ, ნინო ბურჯანაძემ მგონი საბოლოდ გვაჩვენა, ის ბევრით არაფრით არის მიშა სააკაშვილზე უკეთესი (თუმცა უფრო გამბედავი კია და ვანო მერაბიშვილზე უკეთესი ალბათ მაინც იქნება), და საკუთარი ტყავის გადარჩენისას ყოველთვის დაავიწყდება მის იმედად მოსული ხალხი. რომ ისეთივე სიხარულით გვაუწყებს სააკაშვილისთვის მორიგ ნიღბის ჩამოხსნის ”გამარჯვებაზე”, როგორც მიშა გვახარებდა ომში წაგების კომპენსაციას რუსეთისთვის ნიღბის ჩამოხდით. რომ კარგი მეუღლე და გმირი დედაა, მაგრამ არა – გმირი პოლიტიკოსი. და რომ ისიც ისევე ადვილად გადააგდეს ძლევამოსილმა რუსმა მფარველებმა, როგორც მიშა გადააგდო აშშ რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიფმა. მთავარი მისი ნაკლი კი პოლიტიკური სულსწრაფობაა და ამ სულსწრაფობის და ამბიციის დასაკმაყოფილებლად ხალხის პაიკებად გამოყენების მაკიაველურ-მიხეილური ბექგრაუნდი…
გაკვეთილი III: ყველაფერი ოქრო არაა… და პლატინა – მით უფრო!
26 მაისის წმ. ბართლომეს ღამეში და მის წინა მოვლენებში თითქოს პირდაპირ მონაწილეობა არ მიუღია ბოლო წლების ქართული პოლიტიკის ყველაზე ქარიზმატულ-რევოლუციურ, მაგრამ ბოლოში უკანდამხევ ლიდერს!
არადა, იგი ჯერ აფხაზეთის დაბრუნებას გვპირდებოდა, მერე – ახალი წლის ღამის ცხინვალში შეხვედრას, მერე – რუსებს ნათლავდა ფეკალიების დამლევად, მერე – მიშას უახლოეს მომავალში გაქცევას ვარაუდობდა და მეორე დღეს აღიარებით ჩვენებებს იძლეოდა და თავად გარბოდა. მერე ომახიანად გვპირდებოდა, რომ დაბრუნდებოდა და დაამთავრებდა ამ დანაშავე კრიმინალურ რეჟიმს და … ბოლო მომენტში გეგმას ცვლიდა, – სხვების აზრის გათვალისწინებით… მერე ისევ გვპირდებოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო დადგა, და რომ ვანო მერაბიშვილს მოუწევდა 25-ში სერიოზული გამოცდის ჩაბარება და … ბოლო მომენტში ისევ უარს ამბობდა – ისევ გულჩაწყვეტილი იმით, რომ სხვებმა არ მოუწონეს და პარიზში დარჩენისკენ მოუწოდეს…
ახლა, რა უპრიანია ჩემგან – ჩირგვებში დამალული, სხვის სახელს ამოფარებული საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის მოსურნე მხდლისაგან – დიდი სარდლის და სტრატეგის კრიტიკა, მაგრამ ვერ ვხვდები, როცა ირაკლი ოქრუაშვილი ომახიან განცხადებებს აკეთებს, წინა ომახიანი განცხადებების შემდეგ მომხდარი ”ჰაიები” რატომ ავიწყდება?
რატომ ჰგონია, რომ ჩვენ მხოლოდ მისი დაპირებები გაგვახსენდება და არა ამ დაპირებების და ანონსების გამსკდარი საპნის ბუშტები?
ვინ ექაჩებოდა იმის სათქმელად, რომ 25-ში საქართველოში იქნებოდა და სააკაშვილს აღლუმს არ ჩაატარებინებდა, თუ სულ რაღაც 48 საათში მერე ამ ანონსის გაუქმების თუნდაც მინიმალური შანსი არსებობდა?
რატომ არ შეიძლება, რომ ამდენი ”ჰოპ”!” ”ჰოპ”-ის ძახილის ნაცვლად ერთხელ ჩუმად გადახტეს, ოღონდ ისე, რომ გაკვირვებისგან და აღტაცებისგან სუნთქვა შეეკრას ხალხს?
რატომ აღაგზნებს მატადორივით გულგამგმირავი შეძახილებით და წითელი ცხვირსახოცის ფრიალით პუბლიკას მაშინ, როცა მშვენივრად იცის, რომ სცენაზე ათობით და ასობით ტორეადორი ხარს კი არ დაუმიზნებს მახვილს, არამედ სწორედ მას?
გასტელოა? გასტელოს რომ წინ დღეს გაზეთებში არ გამოუქვეყნებია, ხვალ მესერშმიტების ტარანს ვაპირებო?
ვერ ხვდება, რომ სწორედ იმ მიშას ემსგავსება თავისი ბაქი-ბუქით, სულ რომ რუსეთს ”ამარცხებს” და სულ რომ თავად არის დამარცხებული?
ყველაფერი ზემოთთქმული ნაკლები მასშტაბით, მაგრამ ასევე ეხება ეროსი კიწმარიშვილს და ირაკლი ბათიაშვილს… არ სჯობს, ბატონებო, ნაკლები იბაქიბუქოთ და ნაკლები დაჰპირდეთ ხალხს?!
ხოლო თუ ხალხის შეგულიანება გინდათ, უნდა გახსოვდეთ, რომ მოლოტოვის კოქტეილის გამუდმებითი ხსენების მერე მარტო ”ტრაინოი ადეკალონით” ან ”შიპრით” დაპკურებული არ უნდა გამოხვიდეთ ავანსცენაზე!
და ალბათ ცოტას თუ სჯერა, რომ ჯერ ხალხის გადამრჩენელია გმირი, ვინც მერე 15 საათს სახურავზე ატარებს, თანაც – იმ სახურავზე, რომლის წინ ამ დროს მერამდენედ ფერუმარილზე მოსული მმართველი შენს ლაჩრობაზე ლაპარაკობს. შე კაცო, ლი ჰარვი ოსვალდობაზე თავს იქნებ არ დებ მორალური პრინციპების გამო (ისე, რავალი ”კენედი” დგას შენ წინ, არ დაგავიწყდეს!), მაგრამ ერთი გეკო მაინც აგეტანა და ტავარიშ საახოვივით გაგემწარებინა ტავარიშჩ სააკოვი, რომ ცოტა ხნით ”სპასიბო, ია პეშკომ პასტაიუ” ეძახებინა ე.წ. ოფიციალურ ვიზიტებზე?!
გაკვეთილი IV: ისევ წიწიბურას [ნაწილობრივი] სარგებლის შესახებ!
მიუხედავად ჩემს მიმართ მრავალჯერ გამოთქმული ეჭვისა, უნდა ვაღიარო, არც წიწიბურას, როგორც საკვების, დიდი ტრფიალი ვარ და არც გრეჩიხასი, როგორც პოლიტიკოსის! არ მიმიცია ხმა ლევან გაჩეჩილაძისთვის და დღემდე მჯერა, რომ ის 5:4-ზე მოგება ლევანს (ისე, რომ თავად არ იცოდა!) სწორედ რომ ხელისუფლების სატელიტებმა ჩაუწყვეს და რომ ეს არა, უსუფაშვილს უფრო შეიძლება ჰქონოდა დასავლეთის მხარდაჭერა გაყალბების შემთხვევების შესაძლო გამოძიებაში.
თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ თბილისში გაჩეჩილაძის მსგავს შედეგს უსუფაშვილი, სამწუხაროდ, ვერ დადებდა, რასაც ქართველთა უმრავლესობის სავალალო ქარიზმოფილობა განაპირობებს. ზვიადიც ამიტომ გვყავდა, ედუარდიც, მიშაც, და – ლევანიც ამიტომ შეიძლებოდა გვყოლოდა, რომ არა – ბოლნის-მარნეულ-წალკა-ახალქალაქის საამომრჩევლო სამთავრობო ”ოქროს” საბადოები…
არც მიმიცია ხმა ლევანისთვის-მეთქი! მაგრამ არ გადაირიოთ – მიშასთვის, 2008 წელს, ხმა, რა თქმა უნდა, არ მიმიცია! დავით გამყრელიძეს დავუჭირე მხარი.
მაგრამ არის ერთი სერიოზული ”მაგრამ”! – რამდენადაც გაჩეჩილაძე, როგორც პოლიტიკოსი, ჩემთვის მოსაწონი სულაც არაა (პრეზიდენტის როლში მით უფრო, თორემ ასანიძის, ნაყოფიების და პადოშების მთელ ”ესენი ვინ არიან?” ბატალიონს რომ აჯობებდა პარლამენტში, ეჭვი არ მეპარება), იმდენად მისი და მისი ძმის – როგორც ადამიანების, როგორც გულწრფელი ხალხის, როგორც კაცური კაცების – მჯერა და მათი მხარდამჭერი ვარ! არავის იმდენი არ მოხვედრია ამ ბოლო სამი წლის საპროტესტო მიტინგებზე – რამდენიც ამ ორ ადამიანს! მათ შორის – ჩემს მაგივრადაც, და ვთვლი, რომ მეც და სხვებიც მათი კაცობის წინაშე ვალში ვართ. კი, ისინიც არიან ჩვენს წინაშე ვალში – ბევრი რამ ვერ გათვალეს, ბევრი რამ არ გამოუვიდათ, ბევრი რამ მათი სიჯიუტის გამო გაფუჭდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ადამიანურად ეს ძმები მომწონს და თუ როდესმე მიტინგზე გავრისკავ წასვლას არა იდეის და პარტიის, არამედ ვინმეს მხარდასაჭერად და მოქალაქეობრივი ვალის დასაბრუნებლად – სწორედ მათი…
ეეჰ, თინა ხიდაშელის ან გიორგი მარგველაშვილის მსგავსი მრჩეველი რომ ჰყავდეს, ჯორჯ ბუშს მაინც აჯობებდა ლევანი პრეზიდენტობაში! ოღონდ აქ და დღეს – არა… ერთხელ, ამერიკაში… J)
გაკვეთილი V: ზომიერების ნაგვიანევი და მოკრძალებული ხიბლი
დასამალი არაა, ბოლო 10 წელია, რესპუბლიკელების მხარდამჭერი ვარ. წინა ადგილობრივ არჩევნებშიც სწორედ მათი მხარდაჭერის გამო ვიყავი, ძირითადად, ალიანსის აქტიური პროპაგანდისტი, რასაც ბევრი მეგობარი დღემდე პოლიტიკურ შეცდომად მითვლის. ვაღიარებ, ალასანიას უნიათო ფინიშმა (რომელსაც მხოლოდ იპოლიტესეული ”არ მინდა ე ფინიში!”-ს ლუღლუღი-ღა აკლდა) და განსაკუთრებით – უგულავასათვის გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვების მილოცვის სისწრაფემ (ვაითუ, ვინმემ არ დამასწროს კონსტრუქციულობაშიო!) გამაოგნა და ძალიან გამაღიზიანა.
მართალია, მუდამ არჩევნებით გამარჯვების და არა – ქუჩის აქციების მომხრე ვიყავი, უნდა ვაღიარო, რომ ამ მთავრობის დამარცხების შესაძლებლობად ამჟამად მხოლოდ ყველანაირი გზის – მათ შორის საარჩევნო და საპროტესტოს – კოორდინირებული გამოყენება მიმაჩნია.
სულ ამას ვცდილობდი დამესაბუთებინა, და მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ ამიხსნა, რა არის ამის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტი, მაინც არც ერთი და არც მეორე მხრიდან რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა – პირიქით, ამ საოცრად დაძაბულ სიტუაციაში იმ ორმა ადამიანმა, რომელთაც განხვავებული თვისებების გამო უაღრესად დიდ პატივს ვცემ – სოზარ სუბარმა და დავით უსუფაშვილმა ერთმანეთს ტელეეთერში დაცხეს და მიხეილ სააკაშვილს ლამის ისეთივე საჩუქარი გაუკეთეს, როგორც ადრე – ბურჯანაძეების და გაჩეჩილაძეების ოჯახებმა…
ჰოდა, როცა სახალხო კრების და ქართული პარტიის გამოცხადებული აქციების წინ რესპუბლიკელებმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდეს – აქციებზე არ მიხვიდეთო, სახტად დავრჩი და ბურჯანაძის და კიწმარიშვილის შტაბების საეჭვოდ ზეოპტმისტური ”მიშას დედას ვუტირებთ” – ”მიშა წავა! – ”მიშა 25-ში დამთავრდება!”” პათოსის დაუჯერებლობის მიუხედავად (200 ათასი კაცი მოსვლაზე არ წასულა და ახლა რატომ წავიდოდა ნეტა? – თუ არა პუტინის მიერ ერთი ადგილით ჩამოსაკიდებელი კავის დემონსტრირებისა) მაინც გული გამიტყდა, რომ ასეთი აშკარა შტრეიკბრეხერობის სუნი აუვიდა ჩემი ფავორიტი პარტიის ლოზუნგს.
მაგრამ ახლა, როცა ბურჯანაძის ესკორტმა ფორსაჟის კლასი აჩვენა, როცა ოქრუაშვილს ”აუკრძალეს” რისკზე წამოსვლა (ვინაა მისი ამკრძალავი, მაინტერესებს), და როცა ვანოს კაციჭამია ვირთხების ხელში დატოვებული საცოდავი ხალხისგან ლამის ფარში გააკეთეს, რვიანის და რესპუბლიკელების მოწოდებები, რაოდენ შტრეიკბრეხერულად არ უნდა მოგვჩვენებოდა თავიდან, საკმაოდ დადებითი კონტექსტით აღიქმება – როგორც საკუთარი მხარდამჭერების სოცოცხლის და ჯანმრთელობის გაფრთხილების და მათდამი პასუხისმგებლური დამოკიდებულების გამოვლენა. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ბოლო დღეებში ფეისბუქზე ჩატარებული გამოიკითხვის შედეგად – ”ვის მისცემდით ხმას, დღეს რომ არჩევნები იყოს?” სწორედ რვიანის პოლიტიკური პარტიები საოცარ შედეგს – 58%-ს აჩვენებენ, ხოლო რესპუბლიკელები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად არამცთუ 4%-იან ბარიერს ასცდნენ, არამედ მესამე ადგილზეც არიან.
აი, ამგამოკითხვის (1062 ხმის მაგალითზე) შედეგები:
გაერთიანებული ნაციონალურ მოძრაობა – 33,3%,
თავისუფალი დემოკრატები – 30,9%
რესპუბლიკელები – 11.2%
ქრისტიან-დემოკრატები – 5,4%
ახალი მემარჯვენეები – 4,9%
ეროვნული ფორუმი – 4,8%
ლეიბორისტული პარტია – 3,7%,
სახალხო კრება – 3,7%
ქართული პარტია – 1,5%
ეროვნული საბჭო – 0,7%
რა თქმა უნდა, ამ ფეისბუქ-გამოკითხვას შემთხვევითი არჩევნის წესების დაცვით ჩატარებული სოციალური გამოკითხვის პრეტენზია და დამაჯერებლობა ვერ ექნება და ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამომხატველი უფროა, მაგრამ თუ ლევან ყურუმსაღ თარხნიშვილის საოჯახო ”ბი-სი-ჯი”-ს, და მიშას მიერ მრავალჯერ ხელმოვერცხლილი გრინბერგ-ქვინლან-როსნერის მიერ დახატულ შედეგებზე უფრო ნაკლებ ობიექტური იყოს – პრეზიდენტს ვფიცავ! 🙂
მაგრამ მაინც იმას ვფიქრობ, რომ რვიანის მოლოდინი, როგორც სახალხო ფენების მხრიდან არჩევნების მხარდასაჭერი აქტივობების, ასევე – საზღვარგარეთის მხრიდან სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმზე ზეწოლის მასშტაბების თაობაზე აშკარად გადაჭარბებულია, და რომ ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოხატვაზე რუსული სცენარის და რუსული ბუას აპრობირებული შტამპების გამოყენებით და ხალხის სამაგალითო დამსჯელობითი ოპერაციით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კი თავად კი არ აღესრულება იოლად, არამედ – შეეცდება მთელი საქართველო დახოცოს და არსად წავიდეს!
ხელისუფლება, რომელიც სახლის სახურავზე დაგდებული ხელებშეკრული გვამების დენის სადენებთან შეხებით გარდაცვალებას უტიფრად და ”ექსპერტულად” ამტკიცებს, რომელიც იფიცება, რომ გადატრიალება მზადდებოდა და ჩანაწერებს დებს, მაგრამ ამ ”გადატრიალების” ორგანიზატორებს ალბათ იმიტომ არ იჭერს, რომ მისი ეს ”საბუთები” ტუფტაა და მხოლოდ უცხოეთისთვის შემდეგი გზავნილების – ”ნახეთ, ხალხო, რუსები როგორ გვებრძვიან მოღალატეების ხელით!” და ”ცოტა შეიძლება გადავამეტეთ, მაგრამ სახელმწიფოს გადასარჩენად ვიბრძოდით!” გაგზავნის ფუნქციას და საცოდავი ხალხის მიმართ სადამსჯელო ოპერაციის რუსეთიდან მართული შეთქმულების განადგურებად დახატვის მცდელობას წარმოადგენს… რამდენად ”წარმატებული” – სულ რაღაც ორ-სამ დღეში გამოჩნდება… ეს ხელისუფლება სამართლიანი საარჩევნო გარემოს ისეთ ცვლილებაზე დათანხმდება, რომელიც მის დიდი ხნის გაბითურებას ლეგიტიმაციას მისცემს? მეტი არაა ჩემი მტერი!
ვშიშობ, ალიანსს, რესპუბლიკელებს და რვიანის სხვა წევრებს ისევ მოუწევთ იმაში დარწმუნება, რომ დემოკრატიულ უფლებების დაცვა “მხოლოდ ფრიდომ ჰაუსის”, “ჰუმან რაითს უოტჩის” და “ტრანსპარენსი ინტერნეშენალის” ფუნქციებია, ხოლო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ ელჩი გადამწყვეტ მომენტში მაინც ავღანეთში მიშას მიერ საზარბაზნე და სანაღმე ხორცად გაგზავნილი ქართველი ახალგაზრდების რაოდენობით ”დაშთაბეჭდილებულები”, მხოლოდ ზომიერად შეშფოთდებიან და ელეგანტურად მოუწოდებენ ნაშუქურალ ნეობოლშევიკებს, რომ ძალადობაში ზომიერების ფარგლები დაიცვან და გამოიძიონ… დააზუსტონ… არ დაუშვან… დაიცვან … და ა.შ, და ა.შ. და ა.შ.
ღმერთმა ჰქნას, რომ ვცდებოდე!
გაკვეთილი VI: პოლიცია აგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ...
მიშა ეყრდნობა სამ ვეშაპს – საკუთარი და მისი პარტიის დემოკრატიულობის მითს, რუსეთის ბუას (და ოპოზიციის მხოლოდ პრორუსულობის მითს) და ხელიდან გამოკვებილ და გესტაპოდ ქცეულ პოლიციას…
არის მეოთხე საყრდენიც, რომელიც მიშას ძალიან უნდა, რომ მუდმივ პილარად აქციოს – ეს არის ეკლესია და რწმენა. რას არ ცდილობს გიულიევიჩი – ტრადიციულ ღირებულებების დამცველობაზე თავს დებს, ბუჩქებში აღარ ეპატიჟება თინეიჯერებს, ყველაზე ცოდვილი ვარო – განაცხადა ბედნიერი ღიმილით პირდამშვენებულმა ”ოჯახის მამამ” და ომის გამსხმელმა… და, რაც მთავარია, ფულს და ჯიპებს არ აკლებს ეკლესიის მსახურთ… ის კი არადა, შვილივით ნაზარდი ბოკერია და თუთბერიძეც კი დატუქსა დროებით (მერე რა, რომ ყასიდად) – პატრიარქისადმი დაპირისპირებისადმი.
მაგრამ არ უმართლებს მიშიკოს.
მაინც ვერ ახერხებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი მისი სიტყვების გამახმაურებელი რუპორი იყოს – დიდი ხანი არ არის, რაც პატრიარქმა ძალოვნებს მოუწოდა, ქართველზე ხელი არ აღმართოთო და ამის მერე მერაბიშვილი მხოლოდ იმათ იყვანს სპეცრაზმში, ვინც ათეისტური სულისკვეთების დემონსტრირებას ახდენს.
ხოლო თავად პატრიარქი ამ მოწოდების შემდეგ აუხსნელი ”გრიპით” საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოულოდნელად მარადი თოდუას კლინიკაში აღმოჩნდა (სადაც გრიპიანებს არასოდეს აწვენენ!). თუმცა პატრიარქი მალე მოვიდა ცნობიერებაზე და როცა მიხვდა, სადაც იყო, გაოცებულმა იკითხა – აქ რა მინდაო! ეტყობა, კარგად იცის, ნებისმიერი ხელისუფლების ნების როგორი უსიტყვო აღმსრულებლის სამფლობელოში იყო მოხვედრილი! და სასწრაფოდ მოითხოვა გაწერა, რამაც ძალიან დააბნია “ბედის ნებიერი პერიც” და “წმინდა რუსუდანიც”.
ამიტომ, ახლა, როცა ქართველი ხალხის სისხლით მორწყული რუსთაველი მოაპრიალეს და სუხიშვილების ხორუმის და ბადურაშვილის კნავილის მოსასმენად მოემზადდნენ, სააკაშვილისთვის ყველაზე დიდი სილა, არა თურმე ”მის მიერ გაუქმებული” ხორუმის ჩაშლა იყო (აბა, რა ჯანდაბად უნდოდა იქ ჯარისკაცის ფორმიანი მოცეკვავეები? – რა, ჯარისკაცები აკლდა?) არამედ, – სწორედ პატრიარქის დემონსტრაციულად არგამოცხადება … ურწმუნო მიშა საკმაოდ ცრუმორწმუნეა და კარგად ახსოვს, რომ შევარდნაძის კუთვნილი ჩაის გადაყლურწვა სწორედ მაშინ მოახერხა, როცა ”ევენთს” პატრიარქი არ დაესწრო! თუ ამას კიდევ მისდამი დიპკორპუსის სულ უფრო თვალშისაცემი ეჭვიანობა დაემატება, მიშას ტახტი უკვე სამფეხა როიალს კი არა, არამედ ორთვლიან ველოსიპედს დაემსგავსება და ეს რა არასტაბილური კონსტრუქციაა, მით უფრო მიშას მსგავსი კომპლექციის პიროვნების მოჯდომის შემთხვევაში, ეს ხომ გრძელმა და სქელმა კარგად იცის, ერთხელ ხომ მოიტეხა უკვე ხელი …
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ის განცხადება – ქართულ პოლიციასაც იგივე 87% ენდობა, რაც ეკლესიასო!!!
ამით მიშამ პატრიარქს მესიჯი გაუგზავნა, თუ გაჯიუტდებით, ქართული ეკლესია ჩემთვის სულაც არაა რაიმე წმინდა და ქვეყანა ხომ, სახატე კი არა, ერთი გასაყიდად შესაფუთი ანტიკვარული ვეშჩიაო! თუ თქვენ არ გინდათ ჩემს სამსახურში ჩადგეთ, აგერ ვანოს ხალხს და იდეოლოგიას გამოვაცხადებ ახალი საქართველოს ახალ ნაცრელიგიადო!
– სიგიჟე გგონიათ?! კი ბატონო, სიგიჟეა!
– გგონიათ, ვერ გაბედავს?! ცდებით!
ვის გვეგონა 5 წლის წინ, რომ ხალხის სისიხლისმსმელი დამრბევი გახდებოდა? რომ დაღუპული გმირების მემორიალს ააფეთქებდა და დაღვრილი უმანკო სისხლის ადგილზე პარლამენტის გადატანას ბრძანებდა? რომ პარლამენტს მხოლოდ ქუთაისში დაუდებდა ბინას, რომ თბილისში პარლამენტის შენობას გაყიდიდა? რომ საძოვრებს და ნაკვეთებს წაართმევდა ხალხს და უცხოელებს მიჰყიდდა? რომ წაგებული ომის მოგებით იტრაბახებდა? რომ ამ წაგებული ომის მერე ამერიკის პრეზიდენტის თვალისდასაყენებელ სასახლეს აიშენებდა, ხოლო ლტოლვილებს უდაბნოში და ნესტით დამპალ ადგილებში პუტინის მაგალითის გამეორებით – დახურული “სკატავოზებით” გადაასახლებდა?
პოლიციის გამჭვირვალე შენობები ხომ მისწრებაა რიტუალური სამსახურისთვის!
ვაზისუბნის და გლდანის პირამიდული ”სათბურები” ხომ საერთოდ მასონური კულტის სიმბოლოებია.
პოლიციაზე ხომ წელიწადში ორი ჰიმნი იწერება და ყველა ქართველი ბავშვი პოლიციელობის/მანდატურობის ოცნებით უნდათ გაზარდონ!
სადაც სკოლაში მანდატურები ჩარგეს ჩითილებივით, რა იქნება გასაკვირი იმაში, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობებში ან მათ ირგვლივ, ადგილობრივი მოსახლეობის მორეკვის და რადიოფიცირების პირობებში დილას და საღამოს ხერხემალ-მესა ჩატარდეს და საგანგებო პოლიცკაპელანები შეირჩნენ განსაკუთრებით სათნო გარეგნობის კაკოიათაბაგარებისგან?
არასოდეს გიგრძვნიათ ”მიშაღვთიური მადლი”, როცა ეკა ზღულაძე ნარნარად გვიყვებოდა, როგორ პატიოსნად მიჰქონდათ მოვალეობის პირნათლად შესრულების მუხტით დატენილ პოლიციელებს ბედნიერ მოქალაქეებთან საჯარიმო ტალონები რუსულ-ქართული 5-დღიანი ომის დღეებში? ან, როცა იგივე ზღულაძის ბანოვანი გვაწყნარებდა, ნუ გეშინით, ტანკმა ორჭოსანთან გადაუხვიაო, არ გინდოდათ, ”ალილუია, ალილუია!” გეძახათ?
და რა – იმედით დატენილი ხუჭუჭთმიანი კეთილმოუბარი შოთა უტიაშვილი განა ცუდი აბატი ”პრავო” იქნებოდა? როგორ პათეტიურად წაიკითხავდა ქადაგებას ოპოზიციონერობის დამღუპველ სამსალაზე და რეზინის და პლასტიკური ტყვიის მოხვედრის და სულისგადამრჩენელი სიბრმავის ამამაღლებელ და განმწმენდელ თვისებებზე?!
”ნეტავ რა უნდა ბენს? [სეთურს]?
რა ენატრება ბენს? [სეთურს]?
რა და – ლამაზი [რწმენა] ენატრება ბენს[სეთურს]!”
”მამამან ჩუენმან, მომძღვნელმან პურისა ჩუენისა, რომელ არს მიშიკო, ვანიკო, გიგილო, ზურიკო, გიგა, გივი, პალიკო და ვერონიკა, იცოცხლონ მარად…”
პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ!
უფალო, შეგვიწყალენ!
გაკვეთილი VII: ”კუზიანს სამარე გაასწორებს, კუზიანებს – სასაფლაო” (სიმონ დოლიძე)
მესაფლავე ჯერ არ ჩანს?.. ეგ არაფერი… როცა მომენტი დგება, მესაფლავეც დროულად მოდის…
რაც მთავარია, რატომღაც მგონია, რომ იმის მიუხედავად, დაიბარებს თუ არა, დიდი აღმაშენებელის მსგავსად, გრძელი დაღმაშენებელი – ანდერძად, ქართველები მის საფლავს არც მისვლას დააკლებენ და არც გულზე ფეხის დადგმას… სხვა ქმედებებზე რომ არაფერი ვთქვათ…
უბედურება იმაშია, რომ მიშას გამარჯვებაც და მიშას დამარცხებაც უკვე ძალიან ნაკლები შანსია, ისე მოხდეს, რომ ამან საქართველო და ქართველი ხალხი კიდევ 20 წლით უკან არ დააბრუნოს ისტორიის ქარტეხილების ხელახლა გასავლელად. ერთადერთი, რატომაც მგონია, რომ მაინც აჯობებს ეს მიშას და ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ მოხდეს, ისაა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რაც აქ დარჩება, უკვე ისეთივე ”საქართველო”, იყოს, როგორც სინგაპური არის მკვიდრ მალაელთა ”სამშობლო”! :((