სკვო-ველიში რა გინდოდა?..
Posted: 2012/01/26 Filed under: ინტერმეცცო | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ობამა, სკვო-ველი დატოვე კომენტარიობამამ მიშა დაპატიჟა!
– რაზეო? იკითხავთ თქვენ…
– არ ვიცი მეთქი, გეტყვით.
ვხვდები, რაზეც, მაგრამ მოვიცდი ბარემ 30-მდე.
მიშამ დაადო თავი და შეხვედრამდე 5 დღით ადრე წავიდა! თან ვაშინგტონში კი არ წავიდა, კალიფორნიაში წავიდა!
არ თქვათ ახლა, ჰოლივუდი, სანსეტ ბულვარი, სილიკონ ველი, გოლდენ გეიტი და ალკატრასიო!.. ალკატრასი რათ უნდა ბიჭს, ისეთი ციხეები გვაქვს, ხათუნას მოწონებული! ხალხი სამსახურს თავს ანებებს და ციხეების რიგში დგება, რომ კომფორტს დაეწაფონ! ოღონდ მაგან გადაწყვიტოს და საკანიც და კოიკაც ასარჩევად ექნება!
“მიხეილ სააკაშვილი უკვე გაემგზავრა ამერიკაში!” – გვახარეს ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა 25 იანვარს – სააკაშვილის ინაგურაციის დღეს. დროებით შეწყდა სამშობიაროების გახსნის სპარტაკიადა… ზოგიერთმა მელოგინემ მოცდა გადაწყვიტა – რათა მერე დაიმსახუროს პრეზიდენტის უცნაური, მაგრამ უკვე ტრადიციული შექება – ”გმადლობთ, რომ დროულად გააჩინე ბავშვი!”
”ობამასთან შეხვედრამდე, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს BaseCamp კონფერენციაში, რომელიც კალიფორნიაში 27-30 იანვარს გაიმართება, და რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ინვესტორები და ბიზნესლიდერები დაესწრებიან. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის მიწვეული სტუმარია და მისი მოხსენება იქნება თემაზე ”ტირანიის ნგრევა და დემოკრატიის შენება – ვარდების რევოლუციის გაკვეთილები საქართველოში” – არ ისვენებენ ჟრიამულს ჟრიამულას (TM – Otar Chrdileli) ერთგული ”მიდიები და მოდიები”
აბა, რა გეგონათ?!
მაგ ჭკუაზე იყო მიშიკო, მორცხვად თავი დაეხარა და ობამას შეგონებები ესმინა!
ნურას უკაცრავად!
ჩავა და თავად ჩაუტარებს ამერიკელებს მასტერკლასს იმაზე, როგორ უნდა ტირანიის შენება და დემოკრატიის ნგრევა!
აი, როგორი სასტავი ესწრება ბეისკამპის შეხვედრას სკვო-ველიში (კალიფორნია) სადაც მიხეილ საკაშვილი კოცონის ირგვლივ წამოგორებულ ახალგაზრდებს მოუყვება ტირანიის წინააღმდეგ საკუთარ გმირულ ბრძოლებზე (ალბათ მოკბეჩილი ჰალსტუხიც იქნება ჩამოტარებით და შლიოპანციანი კვერცხები – ჩადგმით!)
http://plancast.com/p/8m9i/summit-basecamp
ხოლო აი, რისთვის წავიდა მიშა სკვო-ველიში – სწორედ ამ მომაჯადოებელ ატმოსფეროში უნდა მოიფიქროს ბიჭმა როგორ დააბოლოს ობამა!
http://www.squaw.com/the-village/trilogy-spa
ახლა კი ვნახოთ, რას წარმოადგენს ეს სქვო-ველი და გავარკვიოთ, რა უნდა აკეთოს პატარა სოფელში 5 დღე მსოფლიოს უდიდესმა და ყველაზე მოუსვენარმა (”ატროვებულს” იხმარდა ელპიტე ბებია!) ნპოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც ოქტომბერში ის არჩევნები აქვს მოსაგები, სადაც ჯერ თავისი ადგილი ვერ გაურკვევია და სწორედ 5 დღეში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერს ხვდება, რომელსაც რა უნდა უთხრას, ესეც ჯერ ვერ გაურკვევია…
Olympic Valley (commonly known as Squaw Valley) in the U.S. state of California is an unincorporated community located in Placer County northwest of Tahoe City along Highway 89 on the banks of the Truckee River near Lake Tahoe.
It is the home of the Squaw Valley Ski Resort, the site of the 1960 Winter Olympics. It is the smallest place in the world to ever host the Olympic Games.
ახლა ხომ ყველაფერი აშკარა გახდა, ხალხო?!
სავარაუდოდ, ბეისკამპ (”საბაზო ბანაკი”) კონფერენცია – ახლაგაზრდების ტუსოვკაა… ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგი ქაჩავს, ზოგი სუნთქავს. დღისით – ლუდი და ციგები, საღამოს – მასაჟები და ძინ-ძინი. ცეცხლის ირგვლივ წამოწოლილი ტიპები რაღაცეებს ჰყვებიან, ზოგი – სკოლაზე, ზოგი – ნაშაზე, ზოგი – ძერაზე და ზოგიც – ვერაზე!
მიშას უთქვამს – მე ტირანიაზე მოვყვებიო. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რას გააჭენებს და სად გაუბერამს!
მაგრამ მთლად უსაქმოდაც კი არ არის წასული!
ეს ამხელა ნახევარმილიონიანი ჭაობ-ქალაქი ლაზიკა რომ წამოიწყო, რომლის ასაშენებლად ინვესტორები უკვე, თურმე, ერთმანეთს ყელს ჭრიან, ამას ხომ სასწრაფოდ უნდა მსოფლიო მასშტაბის ფუნქცია!
ჰოდა, 2014 წლის ოლიმპიადა სოჭს უნდა წაართვას და ლაზიკაში უნდა ჩამოიტანს ჩვენმა პრომეთემ!
ამიტომ სწავლობს ოლიმპიური ველის გამოცდილებას და სერენადებს! აგერ ნახავთ, რა პროჟექტებით დაჭვირთული ჩამოვა!
ობამა არა, ოსანა! მიშას – ოსანა, რასაკვირველია!
2009 წელს – პამიდვრის ჩითილები ჩამოჰქონდა ბოდრუმიდან ცხრუკვეთში.
2012 წელს – ოლიმპიური სოფლის კონცეფცია და ნახაზები ჩამოაქვს სქვო ველიდან – ლაზიკაში!
არაა ეს პროგრესი?
გიგანტური პროგრესია!!!
================================
P.S. კარგი, ავლიპი მოკვდა, მაგრამ ნოშრევან კუჭუხიძეც აღარ გვყავს? თავისი აბი გლუკოზით და ბროწეულის ოყნებით?
საქართველოს ეკონომიკური სასწაული, ანუ „დუინგ ბიზნესს [დემნდ] იიზი!“
Posted: 2012/01/16 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: დასაქმება, ექსპორტ-იმპორტი, ინვესტიციები, კრედიტები, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნიკა გილაური, საგარეო ვალი, საქართველოს ეკონომიკა, უმუშევრობა, ჯინის ინდექსი დატოვე კომენტარისააკაშვილის გუნდის უსასრულო ეფექტურობის ერთ-ერთ მაჩვენებლად „პოლიციის არაკორუმპირებულობის“, „წარმოუდგენელი აღმშენებლობის“, „ენერგიული საგანმანათლებლო რეფორმის“, „სასამართლო სისტემის კარდინალური რეფორმის“, „სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმის“ გარდა ითვლება ე.წ. „ეკონომიკური სასწაული“. ამ “სასწაულის” მთავარ ინდიკატორებად მოჰყავთ ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საერთო და 1 სულ მოსახლეზე გათვლილი მაჩვენებლები, ლარის კურსის სიმყარე, საქართველოში ბიზნესის დაწყების სიიოლე, ახლადრეგისტრირებული ბიზნეს კომპანიების რიცხვის მაღალი მაჩვენებლები და სხვა. მართლაც ამ ყველაფრის თვალის გადავლება ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში ეკონომიკური ბუმია და ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების ლიდერია არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც.
მაგრამ, მოდით, ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ ამ „ეკონომიკური სასწაულის“ ციფრებს და ვნახოთ, რა დგას ხელისუფლების მიერ აფრიალებული და მრავალჯერ მედიაში შეკვეთილი და სარეკლამო სტატიებით გამყარებული პიარ-იმიჯის უკან… განსაკუთრებით, დავინტერესდეთ იმ ასპექტით, რა შეიცვალა თავად საქართველოს მოსახლეობისათვის, რომელიც წესით სწორედ ეკონომიკური რეფორმების გამო უნდა იყოს მთავრობის მადლიერი და ბედნიერი.
სხვათაშორის, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი ცოდნა აღნიშნულ სფეროში პროფესიონალების დონეზეა, მაგრამ მაინტერესებს, როგორ უპასუხებენ ჩემს მიერ დასმულ კითხვებსა და აქცენტებს სამთავრობო ექსპერტები.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ – Gross Domestic Product – GDP)
დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული ინდიკატორით – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტით. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის სხვა ექსპერტები, თუ თვითნაბადი პოლიტიკოსები (ნუგზარ წიკლაური, ეკ ხერხეულიძე და სხვები) ხშირად იმეორებენ, რომ ეს მაჩვენებელი 2003-წლიდან 2011 წლამდე მნიშვნელოვნად – თითქმის 3-ჯერ გაიზარდა! მართლაც, თუ ავიღებთ ქვეყნის საერთო მშპ-ს, ან – 1 სულზე მშპ-ს წლიურ მაჩვენებელს, 2003 წელთან შედარებით ორივე ეს მაჩვენებელი უკვე 2010 წელს 2,86-ჯერ, ხოლო 2011 წელს, სავარაუდოდ, 3.25-ჯერ არის გაზრდილი!
სლაიდი 1)
მაგრამ იგივე მაჩვენებლები, თუ ლარებში ვიანგარიშებთ, ზრდის შედარებით ნაკლებ კოეფიციენტს აჩვენებს და ეს იმას უკავშირდება, რომ 2003-2004 წლებში დოლარის საშუალო კურსი ლართან მიმართებაში 2.15-2 იყო, ხოლო შემდეგ ლარი გაცილებით „გამყარდა“ და კურსი 1,8-1,65 დონეზე იყო (ხოლო 2008 წელს საერთოდ 1,47-საც კი მიაღწია!). ამიტომ თუ ვიანგარიშებთ მშპ ზრდის კოეფიციენტს ლარებში, იგი დოლართან (ნომინალურ კურსთან) შედარებით დაახლოებით 20-30%-ით ნაკლებია და შესაბამისად 2010/2003 წლებისთვის – 2.39-ს და 2011/2003 წლებისთვის, სავარაუდოდ – 2.49-ს შეადგენს.
სლაიდი 2)
მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო გახდება ამ ზრდის დინამიკის ნახვა, თუ გამოვიყენებთ იმ მაჩვენებელს, რომელსაც მთლიანი შიდა პროდუქტის საერთაშორისო შეფასებისას უფრო სწორად თვლიან და რომელსაც GDP PPP (GDP Purchasing Power Parity) – ანუ მშპ-ის მსყიდველობითი ძალის შეწონასწორების მაჩვენებელი ჰქვია. საქმე იმაშია, რომ დოლარის მსყიდველობით ძალა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და ამიტომ ოფიციალურ სავალუტო კურსთან შედარებით მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია მომხმარებლის ფასების ინდექსი, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, რას ყიდულობს ერთი დოლარი ამ კონკრეტულ ქვეყანაში. და რაც უფრო განსხვავებულია ფასების დონე ამ კონკრეტულ ქვეყანასა და აშშ-ს შორის (თუ დოლარს ვიყენებთ მშპ დასაანგარიშებლად), მით უფრო მეტია GDP PPP ნომინალური კურსით ნაანგარიშებ მშპ-ზე. მაგალითად, 2010 წელს, როცა საქართველოს ნომინალური მშპ 11,67 მლრდ დოლარი იყო, GDP PPP გაცილებით მეტი – 22.44 მლრდ დოლარის ექვივალენტი იყო, ისევე როგორც ერთ სულ მოსახლეზე წლიური GDP PPP (დაახლოებით 4900 დოლარი) მნიშვნელოვნად აღემატებოდა 1 სულზე ნომინალურ GDP-ს, რომელიც 2010 წელს მხოლოდ 2630 დოლარი იყო.
თითქოსდა უცნაურია, რომ საქართველოს მარადამაყი ხელისუფლება, მშპ-ის სწორედ ნომინალური მაჩვენებლებით ფიგურირებს, და არა PPP მაჩვენებლით, რომელიც ლამის ორჯერ უფრო მეტია პირველზე. საქმე იმაშია, რომ ნიკა გილაური არსახარბიელო პრემიერ-მინისტრად შეიძლება მიმაჩნდეს, მაგრამ ცუდი ეკონომისტი ნამდვილად არ არის, და მშვენივრად ესმის, რომ საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა ნომინალური მაჩვენებლით უფრო ჯდება „სასწაულებრივში“. ვიდრე PPP მაჩვენებლის გამოყენებისას, რომელიც – სამომხმარებლო ფასების გაცილებით დაბალი დონის გამო, თურმე, 2003 წელს არც ისე ცუდი იყო (2011 წლის მაჩვენებელი ჯერ არ ვიცი):
სლაიდი 3)
მოკლედ იმავე 2003-2010 წლების პერიოდში, როცა საქართველოში 1 სულზე მოსული მშპ დოლარში 2,86-ჯერ გაიზარდა, ლარში ეს კოეფიციენტი 2,37 იყო, ხოლო მშპ-ის შეწონილი მაჩვენებლის GDP PPP გამოყენებით კი კიდევ უფრო ნაკლებ ზრდას – 1.86-ს ვაფიქსირებთ.
ინფლაცია და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი
რა თქმა უნდა, მშპ-ის ეს განსხვავება ინფლაციას უკავშირდება. თუ გადავხედავთ საქართველოში ინფლაციის წლიურ მაჩვენებლებს თუნდაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ციფრებიც კი (და მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იმისათვის, რომ ხელისუფლების მიერ მართული სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური ყველანაირ დაშვებულ და დაუშვებელ მეთოდებს მიმართავს, რომ ეს მაჩვენებელი, ისევე როგორ ნებისმიერი სხვა მათ მიერ დაანგარიშებული ინდექსი, ხელისუფლების პიარს მოარგოს და არა რეალობას), აშკარას ხდის, რომ 2005 წლიდან მოყოლებული საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ომისშემდგომ 2009 წელს, როდესაც მოსახლეობის მიერ სხვადასხვა გაზრდილი რისკებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო სერიოზულად შემცირდა ნებისმიერი სახის ხარჯები, რამაც სხვადასხვა მწარმოებლებს ფასების შემცირებისაკენ უბიძგა.
სლაიდი 4)
თუ ამ მაჩვენებლებს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ინფლაციის შედეგად 2010 წელს 2003 წელთან შედარებით ფულის მსყიდველობითი უნარი 62%-ით არის შემცირებული. ანუ, თუ რომელიმე პირი 2010 წელს 162 ლარ შემოსავალს იღებდა, ეს 2003 წლის ფასებით მხოლოდ 100 ლარის ექვივალენტია.
მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო უარესია, თუ ავიღებთ ფასების ზრდას კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე, რაც ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის გამიზნულად დანგრევისა და სასურსათო იმპორტზე ორიენტირებული სრულად მონოპოლიზირებული ეკონომიკის პირობებში 2008-2011 წლებში სურსათზე ფასების კიდევ უფრო მეტ მატებაში აისახება, ვიდრე უბრალოდ ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით შეიძლება იყოს.
მაგალითად ავიღოთ ხორცზე ფასების ზრდა, რასაც მსოფლიოში სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის გარდა საქართველოში გაცილ;ებით უფრო სერიოზული მიზეზი გააჩნია – ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ 2010-11 წლებში საქონლის სასაკლაოების მონოპოლიზაციის და თბილისში ხორცის შეტანის ხელოვნურად შეზღუდვის შედეგად ხორცის ფასების არნახული მომენტალური ზრდა, როცა 1-2 თვის განმავლობაშო 1 კგ დამუშავებული ხორცის ფასი 9-10 ლარიდან-დან ჯერ – 13 ლ, ხოლო 4-5 თვეში უკვე 16-17 ლარი გახდა. ამის გამო, თუ გავითვალისწინებთ რამდენი კგ ხორცის ყიდვა შეიძლება საქართველოში მშ-ის 1 თვის საშუალო რაოდენობით, 2003-2011 წლის დინამიკა სულ არ ჩანს ისეთ სასწაულად, როგორც ეს საქართველოს ხელისუფლებას სურს რომ წარმოაჩინოს. პრაქტიკულად, 2011 წელს მშპ-ის 1 სულზე მოსული საშუალო შემოსავლით საქართველოს მოქალაქეს ახლა 17%-ით ნაკლები ხორცის შეძენა შეუძლია, ვიდრე 2003 წელს.
სლაიდი 5)
გარდა მშპ-ისა, მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რითაც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამაყობს, ეს არის გაზრდილი პენსიები. და მართლაც, საქართველოში საშუალო პენსია 2003-2011 წლებში დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა! მაგრამ, თუ ზემოთხსენებულის მსგავსად, მოვახდენთ იმის გაანგარიშებას, თუ რამდენი კგ ხორცის ყიდვა შეეძლო ქართველო პენსიონერს 2003-2011 წლებში, სურათი კვლავ არასახრბიელო იქნება – ხორცის მსყიდველობითი უნარი რეფორმებამდელ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 1.35-ჯერ გაიზარდა. ხოლო იმ პერიოდში, როცა კომუნალური გადასახადების და ტრანსპორტის ღირებულების ზრდა ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას და განსაკუთრებით, მის ხელმოკლე ფენებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველი პენსიონერი 2011 წელს ნამდვილად ვერ იყიდდა უფრო მეტ ხორცს, ვიდრე 2003 წელს:
სლაიდი 6)
ქართველი პენსიონერების მძიმე ხვედრს 2011 წ. სპეციალური ანგარიში მიუძღვნა სტოკჰოლმში მდებარე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ომისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (IWPR), რომელმაც ანგარიში მრავლისმტყველად დაასათაურა – „გაყიდული“ ქართველი პენსიონერები (http://iwpr.net/report-news/georgian-pensioners-betrayed). ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ 2010 წელს 80-ლარიანი პენსიის მსყიდველობითი უნარი 2003 წლის ფასებით მხოლოდ 40-42 ლარი იქნებოდა და ის დიდი დაპირებები, რასაც სააკაშვილის მთავრობა პენსიონერებს აძლევდა, საპნის ბუშტივით გაქრა.
სურათი მსგავსი იქნება სხვა ძირითადი სასურსათო პროდუქტების (მაკარონი, ბურღული, ფქვილი, შაქარი), კომუნალური გადასახადების (დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება) ან სხვადასხვა სერვისის (ტრანსპორტი, ტელეფონები) გათვალისწინებით – მშპ-ს რეალურად ზრდის დიდ ნაწილს ფასების ზრდა აბათილებს და ჯამში საქართველოს მოსახლეობა ვერ გრძნობს იმ სიკეთეს, რასაც „ეკონომიკური ბუმი“ უნდა იძლეოდეს.
მიზეზი კი არის ის, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი, ისევე როგორც ნებისმიერი მატერიალური სიკეთე თუ სარგებელი, უთანაბროდ ნაწილდება. საქართველოს საზოგადოება ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერასოდეს დაიკვეხნიდა სოციალური თუ ეკონომიკური თანასწორობით და 2005 წლიდან ეს უთანასწორობა კიდევ უფრო გაღრმავდა.
ეკონომიკური უთანასწორობა – ჯინის ინდექსი
მსოფლიოში ეკონომიკური თანასწორობის მაჩვენებლად 1912 წლიდან გამოიყენება იტალიელი მეცნიერის კორადო ჯინის მიერ მოწოდებული ჯინის ინდექსი (Gini Index), რომელიც ვარიაციულ სიხშირეთა განაწილების თანასწორობას განსაზღვრავს და თავად მეცნიერის მიხედვით – 0-დან 1-მდე შეიძლება იყოს. თუმცა სადღერისოდ მას ხშირად პროცენტების მსგავსად ითვლიან (0-დან 100-მდე). თუ ჯინის ინდექსი 0-ის ტოლია, ეს იდეალური თანასწორობაა, როდესაც საზოგადოებაში ყველას შემოსავლები თანაბარია, ხოლო თუ ჯინის ინდექსი 1-ის (ანუ, თანამედროვე მიდგომით – 100-ის) ტოლია, ეს ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებაში მხოლოდ ერთი პიროვნება იღებს მთელ შემოსავალს, ხოლო სხვებს არაფერი ერგებათ. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია ჯინის ეკონომიკური ინდექსი, მით უფრო უთანასწოროდ ნაწილდება შემოსავლები ამ საზოგადოებაში და პირიქით – დაბალი ჯინის ინდექსის შემთხვევაში საზოგადოება თანასწორობისკენ მიისწრაფვის.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი ჯინის ინდექსი (<25) სკანდინავიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი) გააჩნიათ. შემდეგ ჯგუფში (25-29) შედიან კანადა, ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ხოლო ყველაზე უარესი მაჩვენებელი სამხრეთ აფრიკის (>60) და სამხრეთ ამერიკის (55-59) ქვეყნებშია. საქართველოში ჯინის ინდექსი 2002 წლამდე 36-39-ს შორის მერყეობდა, ხოლო მას შემდეგ 40-ზე მეტია და აჭარბებს ყაზახეთის (26.7), ბელორუსიის (27.2), უკრაინის (27.5), სომხეთის (30.9), ყირგიზეთის (33.4). აზერბაიჯანის (33.7), მოლდოვის (38), თუმცა მცირედ უსწრებს რუსეთის (43,7) და თურქეთის (41.2) მაჩვენებლებს. „ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის“ მიერ დაფინანსებული კვლევის ავტორების განცხადებით „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან“, ჯინის ინდექსი 40-ზე მეტი, ერთ სულზე შემოსავლების (მაგ. მშპ) დაბალ მაჩვენებელთან ერთად დამახასიათებელია ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის და იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ ქვეყნებში საშუალო კლასი პრაქტიკულად არ არსებობს. www.media.ge/node/42500 www.presage.tv/?m=bp&AID=6976 . მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში 2010 წელს ერთ სულზე GDP PPP 15612 დოლარს, ხოლო თურქეთში – 13577 დოლარს უდრიდა, მაშინ როცა საქართველოში 4882 დოლარი იყო, გასაგები ხდება, რომ თუნდაც შემოსავლების შედარებით უფრო უთანასწორო განაწილების პირობებში, დასახელებულ ქვეყნებში საშუალო კლასის ჩამოყალიბების შანსი 2-3-ჯერ მაღალია. საქართველოს ხელისუფლება ჯინის ინდექსის შესახებ ჯიუტად დუმს და 2008 წლის შემდეგ არც აქვეყნებს ამ მაჩვენებელს.
სხვათაშორის, საქართველოს ხელისუფლება საშუალო კლასის ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლას შეიძლება თავის ერთ-ერთ „მიღწევადაც“ თვლიდეს. ცნობილია, რომ საშუალო კლასი არის სწორედ ის ძალა, რომელსაც რეალური რეფორმების აუცილებლობა ძალიან კარგად ესმის და ასეთი რეფორმების მოთხოვნების მთავარი გენერატორია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუნდაც ისეთი პოლიტიკურად სტაგნაციური რეჟიმის პირობებში, როგორც რუსეთშია, სადაც სწორედ საშუალო ფენის 30%-მდე გაზრდის შემდეგ გამოჩნდა იმის რეალური შანსი, რომ ელიტარული კორუფციის და კლანურობის წინააღმდეგ ბრძოლა თითქოსდა გამქრალ პოლიტიკურ ბატალიებს კვლავ გააღვივებს. სააკაშვილის რეჟიმმა კი ეს დროზე „გათვალა“, და საშუალო ფენა პრაქტიკულად გააქრო, რითაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შანსი ძალიან შეამცირა, მაგრამ ასევე შეამცირა საკუთარი არაპოპულარული რეჟიმისათვის ეკონომიკურად ოდნავ მაინც შეძლებული პოლიტიკური ოპონენტის გაჩენის შანსიც. www.presa.ge/new/?m=politics&AID=11547
უცხოური ინვესტიციები
ხელისუფლების ეკონომიკური პოლტიკის მუდმივი სამიზნე პიდაპირი უცხოური ინვესტირების მოზიდვაა. თუმცა, უკანასკნელ ხანებში, როდესაც ინვესტიციებზეა ლაპარაკი, არ კეთდება ანალიზი იმ გამოცხადებული მეგაპროექტებისა, რომლებიც შემდეგ უკვალოდ აორთქლდა, როგორც მაგალითად ეგვიპტური კომპანია „ფრეშის“ მიერ ქუთაისში 12 საწარმოს ტექნოლოგიების გადმოტანის და 1.2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციების გამოცხადება 2009 წელს, არაბული კომპანია “რაკიინ”-ის მიერ თბილისსა და მის შემოგარენში მასშტაბური მშენებლობების პროექტების პრეზენტაცია, ფოთის პორტის აღმშენებლობა და სხვა… თუ ამ პიარ-კომპანიებს გავიხსენებთ, აშკარაა, რომ სადღეისოდ დეკლარირებული მილიონობით ინვესტიციებიც არ ჩანს უეჭველად, მით უფრო, რომ ხშირად ამ „ინვესტიციების“ უკან არავითარი ინვესტირება არ არის და საქმე მხოლოდ უძრავი ქონების იაფად ხელში ჩაგდებით შემოიფარგლება. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ხშირად ამ „უცხოური ინვესტიციების“ სახელით ქართული, და კერძოდ, ხელისუფლების ახლო წრეების ფული არის შეფუთული, რისი დეზავუირებაც, მაგალითად, მილიარდერ დონალდ ტრამპის მიერ მოხდა, როდესაც მან ფარდა ახადა საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ “ტრამპის მიერ საქართველოში შთამბეჭდავ ინვესტიციებს”, და ღიად განაცხადა, რომ სინამდვილეში სწორედ ქართული მხარე უხდის მას ტრამპის სახელის გამოყენებისათვის! ანუ, ვამბობთ „TRUMP“-ს და ვგულისხმობთ „ზარალას“! და მაინც, ყველა ამ სიაფანდობის მიუხედავად, ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს ქვეყნის შეგნით თუ გარეთ ვინმეს დარწმუნება, რომ მისი საინვესტიციო პოლიტიკა წარმატებულია. ამაზე ის ციფრებიც კი მეტყველებს, რომელსაც საქართველოს [დამოუკიდებლობის არმქონე და ძალზე საეჭვო რეპუტაციის] სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.
სლაიდი 7)
ექსპორტ-იმპორტი და უარყოფითი სალდოს ზრდა
საქართველოს ხელისუფლება ასევე ცდილობს არ გაამახვილოს ყურადღება ისეთ სერიოზულ პარამეტრზე, როგორიც საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდოა. სხვათაშორის, არცთუ ისე იშვიათად, ხელისუფლება ლაპარაკობს ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებზე, მაგრამ საუბარი მხოლოდ ცალკეული პერიოდის ციფრებით შემოიფარგლება, ხოლო დინამიკაში მაჩვენებლების ანალიზს პროსახელისუფლებო ექსპერტები ცდილობენ თავი აარიდონ:
სლაიდი 8)
როგორც ვხედავთ, ექსპორტის მზარდი ზრდის დინამიკა 2008 წელს დამთავრდა და მის შემდეგ 3 წელია საქართველოდან ექსპორტი უმნიშვნელოდ მერყეობს 2 მილიარდი დოლარის ირგვლივ, მაშინ როცა 2004-2008 წლებშივე იმპორტის აგრესიული ზრდის ფენომენი ომის გამო მხოლოდ 2009 წელს შეჩერდა დროებით, ხოლო შემდეგ ისევ თითქმის იმავე სწრაფი ტემპით ზრდა განაგრძო და 2011 წელს 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ისე, საინტერესოა ისიც, რა წარმოადგენს საქართველოდან ექსპორტის წამყვან კატეგორიებს. პირველ ადგილზე, რაც არ უნდა საკვირველი იყოს – ავტომობილებია (78 მლნ $), შემდეგ – თხილი და კაკალი ( 70 მლნ $), შავი ლითონების ჯართი (63, 6 მლნ $), სპილენძის მადნები (63 მლნ $), წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი…და მხოლოდ შემდეგ მოდის ის, რაც ადრე ტრადიციულად ქართული ექსპორტი იყო – სპირტიანი სასმელები – ღვინო და კონიაკი, მარგანეცი, აზოტოვანი სასუქები, მინერალური წყლები. წინა წლებთან შედარებით შემცირებულია ოქროს ექსპორტი. საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით საქართველოს მთავარი საექსპორტო კატეგორია არა იაპონური ან ამერიკული მანქანები უნდა იყოს, არამედ გადიების და მომვლელების ექსპორტი საბერძნეთსა და იტალიაში, ხოლო – მუშახელისა – რუსეთსა და უკრაინაში. ხოლო სერიოზულად თუ მივუდგებით, ამ სიაში ზრდის შესამჩნევი პოტენციალი მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს და მინერალურ წყალს აქვს, მაგრამ ახლო მომავალში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ექსპორტი აღდგება. ასე რომ, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება იმპორტირებულ სურსათზე, სავარაუდოდ არსებული ნეგატიური სავაჭრო სალდოს გამოსწორების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს.
მართლაც, სურათი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ სწორედ სავაჭრო დეფიციტს დავაკვირდებით. 2011 წელს საქართველომ ამ მაჩვენებელში ახალი ბარიერი „დაიპყრო“ – 4 მილიარდ დოლარს გადაამეტა. ასეთია ამჟამად იმ ქვეყნის უარყოფითი სალდო, რომლის იმპორტი ექსპორტს სამჯერ აჭარბებს.
სლაიდი 9)
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ღიმილით დაამშვიდა მოსახლეობა „- ეს არაფერი, ხალხო, ეგ 4- მილიარდიანი დეფიციტი ჩვენს მყარზე მყარ საფინანსო მდგომარეობას ვერ შეარყევს, რადგან ყველაფერი ძალიან კომფორტულად იფარებაო“, და სულ ხელის თითებზე ჩამოთვალა ის 4 კომფორტული ბურჯი, რასაც უარყოფითი სალდოს გასანეიტრალებელი პლატფორმა ეფუძნება. ამ ბურჯებში იყო ისეთი საყრდენებიც, როგორიცაა საქართველოს მთავრობის გრანტები და კრედიტები, და ასევე – ქართველ ემიგრანტთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები (ორივე – დაახლოებით 1-1 მილიარდი დოლარიაო)!
მიგრაციული პროცესები – საიდან ჩნდებიან საარჩევნოდ „მკვდარი სულები“
გრანტებსა და კრედიტებს კიდევ დავუბრუნდებით, ხოლო ჯერ ეკნომიკური
ემიგრანტების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე ვისაუბროთ. საერთოდ, არ ვიცი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფადგანვითარებად ეკონომიკად შერაცხული ქვეყნის პრემიერი რატომ უნდა იყოს საზღვარგარეთ წასული მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების იმედად?! ეს ხომ აბათილებს იმ მოჩვენებით ენთუზიაზმს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკვე 4 წელია საუბრობს საქართველოდან ემიგრაციის იმიგრაციით შეცვლაზე! – აბა, ემიგრანტების დიდი ნაწილი რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, მაშინ ხომ ეს 1 მილიარდიანი „ბურჯი“ უცებ გამოგვეცლება?!
თუმცა საქართველოს მსგავსად სხვა ქვეყნებშიც ხდება ემიგრანტების მიერ სერიოზული ფულადი გზავნილებით ქვეყნის ბიუჯეტის გაძლიერება. განსხვავება იმაშია, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი მშპ 7%-ს აჭარბებს, თანაც, საინტერესოა, რომ თანხის მიმღებთა ძალიან დიდ ნაწილს საბანკო ანგარიშიც კი არ გააჩნია და ამ თანხებიდან თითქმის არ ხდება თუნდაც ნაწილის ბიზნესში ინვესტირება. თუ 2000-2007 წლებში გადმორიცხული თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი საბინაო თუ საოფისე მშენებლობაში და ზოგჯერ – მცირე ბიზნესში იდებოდა, ახლა ეს თანხები, სწორედაც რომ, ოჯახების გადარჩენის ლამის ერთადერთი იმედია. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ 2007 წლამდე საქართველოში გადმორიცხვები უფრო მსხვილ თანხებად მოდიოდა – სავარაუდოდ, საშუალოდ წლიურად 2000-3000 დოლარის ტრანსფერი, ახლა, როცა ახლა გადმომრიცხველთა ოდენობის ზრდის პარალელურად ტრანსფერების მოცულობა შემცირდა – წლიურად საშუალოდ 800-1500 დოლარი თუ იქნება. ამ ყველაფერზე დარგის ექსპერტები ჩემზე კვალიფიციურად და უფრო დამაჯერებლად ისაუბრებდნენ, რომ არა სახელმწიფოს მიერ გასაიდუმლოებული და დამახინჯებული ციფრები, თუმცა ეს ტენდენციები სწორედ მათ მიერ გაჟღერდა ბოლო ხანებში:
www.radiotavisupleba.ge/content/article/24446981.html
რადგან ემიგრანტებზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა შევეხო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არაერთხელ გახმოვანებულ ვითომდა „სასიკეთო ტენდენციებს“.
ჯერ ერთი, როგორც კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრების (CRRC) მიერ დანიის დევნილთა ცენტრის დაკვეთით მომზადებულ 2007 წლის ანგარიშში იყო აღნიშნული, საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ნეგატიური დემოგრაფიული ტენდენციების მხრივ და 2050 წელს მოსალოდნელია მოსახლეობის 2007 წლის მაჩვენებლის 28%-ით შემცირება! ამ მხრივ საქართველოს უსწრებდნენ მხოლოდ გაიანა (-40%), ბულგარეთი (-36%), უკრაინა (-33%) და ოდნავ ჩამორჩებოდა რუსეთი (-24%). ანგარიშის ავტორებმა ასეთი ფრაზით ახსნეს 2007 წელს ქართველი საზოგადოების განწყობილება – „როგორც ემიგრაციიდან დაბრუნებულების, ასევე – ზოგადად საზოგადოების შეგრძნებაც ისეთია, რომ საქართველოდან ემიგრაცია არჩევანი კი არ არის, არამედ – აუცილებლობა“.
ამ დროს, თუ მიხეილ სააკაშვილს დავუჯერებთ, საქართველოში რე-იმიგრაცია განუხრელად იზრდება, და „ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განუხრელად მეტი ხალხი ბრუნდება, ვიდრე ქვეყნიდან მიდის“. ნოემბერში პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ თურმე საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში – საიდანაც ხალხი კი არ გარბის, არამედ ბრუნდება! თუმცა ამის რეალობა მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ საქართველოში უმუშევრობა შემცირდებოდა და რეალური შემოსავლების დონე მოიმატებდა, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მონაცემები მეტყველებს, 2010 წელსაც კი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა (4100 მთხოვნელი, მაშინ როცა სომხეთისთვის ეს მაჩვენებელი 4000 იყო, ხოლო აზერბაიჯანისთვის – 1900). კიდევ უფრო მაღალ მონაცემს აქვეყნებს გაეროს ლტოლვილთა კომისარი (UNHCR) – ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის 4700 ქართველი მთხოვნელი. მაგრამ ლეგალურად თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა ზღვაში წვეთია მიგრანტთა იმ ოდენობასთან შედარებით, ვინც არალეგალურ ემიგრაციას ამჯობინებს. საფრანგეთის, ლიტვის, თურქეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის მონაცემებითაც საქართველო ამ ქვეყნებში არალეგალური მიგრანტების რიცხვით ამჟამადაც ერთ-ერთი ლიდერის პოზიციებზეა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის ბოლოს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების რეადმისიის ხელშეკრულებას, პრობლემა მაინც სერიოზულია. საქმე იმაშია, რომ სამშობლოში დეპორტირებულ ქართველთა დიდი ნაწილი ამჯობინებს თავიდან დააგროვოს თანხები და ყველა საშუალებით კვლავ მიაღწიოს ევროკავშირის ან აშშ ვიზის მიღებას, ვიდრე დარჩეს სამშობლოში, სადაც მათ დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით მიზერული ანაზღაურების სამუშაოს შოვნაც კი უჭირთ. ასეთ დასკვნამდე მიდიან ის უცხოელი ექსპერტებიც, ვინც ამ პრობლემებს სწავლობს. http://www.eurasianet.org/node/62589
საქართველოს მთავრობა კი ოფიციალურ სტატისტიკას თავის სასარგებლოდ აყალბებს – ქვეყანაში დაბრუნებული ყოველი პირი, განსაკუთრებით, რეადმისიის/დეპორტირების შემთხვევა – საგანგებოდ აღირიცხება როგორც „სამშობლოში დაბრუნებული“, ხოლო ტურისტული ვიზებით ქვეყნიდან მასიური ემიგრაცია კი არ ფიქსირდება, იმ მიზეზით, რომ ეს ვითომ მხოლოდ „დროებითი გასვლაა“. ამ პოლიტიკით ხელისუფლება ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს:
ა) ამცირებს ქვეყნიდან დამანგრეველი ემიგრაციის რეალურ მაჩვენებლებს, რათა უტიფრად აცხადოს, რომ ქვეყანაში გაცილებით მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის;
ბ) ამომრჩეველთა სიისათვის ინახავს რეალურად ემიგრირებულ „მკვდარ სულებს“, რომლებიც ფასდაუდებელ როლს თამაშობენ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბების დროს.
რეალურად არ არსებობს ქვეყნიდან მიგრაციის რაიმე სანდო სტატისტიკა, რადგან თავად მიგრანტები არ არიან დაინტერესებულნი საკუთარი მიზნების და მდგომარეობის დეკლარირებით. ხოლო ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურები – სტატისტიკის სამსახური და სახალხო რეესტრი – მუდამ სერიოზული კვლევებისათვის საჭირო რესურსების ნაკლებობას იმიზეზებენ.
უმუშევრობა
უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში ვარდების რევოლუციამდეც (უხშირესად)და მის შემდეგ (ყოველთვის) ორნიშნა ციფრით განისაზღვრებოდა. საინტერესო მხოლოდ ის არის, რამდენად რეალურია ეს მაჩვენებელი, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის აქტიურ სამუშაო ძალის მიმართ დასაქმების მაჩვენებელს საკმაოდ უცნაური მეთოდიკით საზღვრავს.
ჯერ ერთი საკმაოდ საკამათოა ის, რომ 2003-2011 წლების პერიოდში საქართველოში აქტიური სამუშაო ძალის ოდენობა 2 მილიონი ადამიანით განისაზღვრება. ეს ურყევი ციფრი ისევე საკამათოა, როგორც ის, რომ საქართველოში მაშინაც 3.5 მილიონი ამომრჩეველი იყო, როცა მოსახლეობის ბოლო აღწერით 4,4 მილიონი ცხოვრობდა და თურმე ახლაც იმდენივეა, როცა სხვადასხვა მონაცემებით მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 3,3-3,7 მილიონზე მეტი აღარ უნდა იყოს!
მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის ციფრი, რომელიც დასაქმების ინდექსის განსაზღვრისას მრიცხველში იწერება – ანუ ვინ ითვლება საქართველოში “დასაქმებულად”.
თურმე, საქართველოში დასაქმებულია 15-ზე მეტი წლის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც:
ა) გამოკითხვამდე ბოლო 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (მერე რა თუ მანამდე 300 დღე არ მუშაობდა!). და ამ პირობას – მუშაობა – აკმაყოფილებს ნებისმიერი შემდეგი:
– თუნდაც 1 საათი მუშაობა (მთავარია ამაში ანაზღაურება ჰქონდეს, თუნდაც 1 ლარი!)
– შინამეურნეობაში ოჯახის სხვა წევრებს დახმარება(თუნდაც უსასყიდლოდ)
– სამსახურში გაფორმებულად ყოფნა (თუნდაც თუ სამსახურში არ უვლია და ხელფასს არ იღებს)
ბ) ან თვითდასაქმებულია, რომელიც:
– მუშაობს როგორც ინდივიდუალური მეწარმე
– მუშაობს შინამეურნეობაში – მაგალითად, სოფელში საკუთარ მიწის ნაკვეთზე, უვლის შინაურ ცხოველებს, და იღებს მატერიალურ ან ნატურით (!) ანაზღაურებას.
თუმცა არის ნიუანსები, რომელზეც სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური და მისი წარმართველი ნეტარი ნაცპარტია ჯიუტად სდუმან.
მაგალითად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების დაანგარიშების დროს მხედველობაში არ იღებენ საპენსიო ასაკის პირების შინამეურნეობაში დასაქმებას!
აფრიკის და აზიის ღარიბი ქვეყნებშიც კი უმუშევრობის დაანგარიშებისას არ თვლიან დასაქმებულად ადამიანს, რომელიც ფორმალურად სამუშაოზე დაქირავებულია, მაგრამ რომლის დღიური შემოსავალი 2 ევროზე ნაკლებია (ერთ სულზე). ანუ, რომ გადმოვიანგარიშოთ – თვეში 135 ლარზე ნაკლებია. თან ეს იმ ქვეყნებს ეხება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შეწონილი მაჩვენებელი (GDP PPP per capita) საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე (4900 დოლარი წელიწადში) გაცილებით ნაკლებია.
მარაზმია, დასაქმებულად ჩათვალო ადამიანი, რომელიც სოფელში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს უვლის და მხოლოდ იმდენი სარჩო რჩება, რომ ოჯახი გამოკვებოს. რომელიც არ ჰყიდის თავის შრომის პროდუქტს (არ აქვს იმდენი, რომ გაყიდოს) და მოგება კი არა, არსებობა და ზამთრისთვის შეშის შოვნა ნატვრად ქცევია.
[უფრო დაწვრილებით ამ ფანტასტიურ მეთოდიკაზე და მის მარგალიტებზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მონა-მორჩილის ბლოგი – „დასაქმება! დასაქმება! დასაქმება!“ https://solomonternaleli.wordpress.com/2011/11/20 ]
ასე რომ, თუ ამგვარად ვითომდასაქმებულთა რაოდენობას გამოვაკლებთ შინამეურნეობაში თვითდასაქმებულებს, რომელთაც პროდუქციის რეალიზიაცია არ უხდებათ, იმიტომ, რომ ეს პროდუქცია საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად სჭირდებათ, ან რომელთაც პროდუქციის რეალიზაციის შედეგად დღეში 1 სულზე 1 ევროზე მეტი, ან ოჯახზე – 2 ევროზე მეტი არა აქვთ, უმუშევართა რეალური რაოდენობა საქართველოში, სავარაუდოდ, 35%-55% ფარგლებში უნდა იყოს. ეს კი მსოფლიოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ოცეულში (იემენი, ავღანეთი – 35-35%, ღაზის სექტორი – 37.8%, კენია, სვაზილენდი, კოსოვო – 40-40%, მოზამბიკი, ტაჯიკეთი – 60-60%, თურქმენეთი – 70%, ნაურუ – 90%, ზიმბაბვე – 97%) ყოფნას ნიშნავს. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ ეს რეალობა დამალოს და ახერხებს კიდეც, განსხვავებით მაკედონიის (უმუშევრობა – 32%), ბოსნია-ჰერცოგოვინის (29.2%) და თუნდაც, ესპანეთისაგან (22%), რაც მარტივად იმით აიხსნება, რომ ამ ქვეყნების ხელისუფალთ თავში აზრად არ მოსდით შინამეურნეობაში მშობლების დამხმარე 15 წლის ბავშვები ან ქალაქში კორპუსის წინ შემოღობილი მომცრო ბოსტნიდან რამდენიმე კგ კარტოფილის მომწევი პენსიონერები დასაქმებულ ადამიანებად გააფორმონ და საკუთარი ქვეყანა ხორვატიაზე ან ლატვიაზე (ორივეგან უმუშევრობა 16.2%-ია), ან ლიტვასა და ესტონეთზე (დაახლოებით 14%!) უფრო დასაქმებულად გაასაღონ… ამ ციფრების გაცნობის შემდეგ – რომ თურმე საქართველოსა და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას შორის უმუშევრობის მაჩვენებლის განსხვავება მხოლოდ 0-2% თუ ყოფილა, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რამდენად არარეალურია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის დავარცხნილი ციფრები! მართლაც რომ სტატისტიკა ხანდახან იმისთვის უფრო შეიძლება გამოდგეს, რომ გაიგო, რამდენად უნდა ენდო ამ სტატისტიკის დამწერ პირებს და მათ დამრიგებლებს!
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქსტატის დირექტორის ინტერვიუს რადიო «თავისუფლებასთან» ლაიტმოტივად ეს სიტყვები წაუძღვა – ”სტატისტიკის სამსახურებისადმი ნდობა მაღალი არსად არ არის”! ანუ იცის კაცმა, რომ სამთავრობო ჯიბის სტატსამსახურს ელემენტარულად არავინ ენდობა და უნდა დაგვაჯეროს, რომ ყველგან ასეთივე უნდობლობაა და ასეთივე ჩალით არის დაფარული ყველა ქვეყანა! ტიპიური ნაცმოძრაობული თავისმართლების წესი – „მარტო ჩვენ კი არა, ყველა მიჰქარამს, ვაა!“ (ისე, ეს ზაზა ჭელიძე ყველაზე ნაკლებ დამნაშავეა ამ ოფიციალურ გაყალბებებში, მას ხომ ზევიდან აძლევენ დავალებებს – რა უნდა დაწეროს და როდის) www.radiotavisupleba.ge/content/article/24442845.html
„დუინგ ბიზნეს იიზი!“ –
საქართველოს ხელისუფლების სიამაყის კვინტესენციას მსოფლიო ბანკის სწორედ ეს ნომინაცია წარმოადგენს! მსოფლიოში ბიზნესის დაწყების სიიოლით საქართველო 2006 წლის შემდეგ მუდამ ამ ნომინაციის ლიდერთა შორის გვევლინება. ანუ საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან იოლია – სახლიდან გაუსვლელადაც კი შეიძლება და განსხვავებით შევარდნაძის პერიოდისაგან ბიზნესის დასაწყებად საჭირო იურიდიული თუ სხვა წინაპირობებიც თუ ბარიერები გაცილებით გაადვილებულია ან სულაც მოხსნილია! „დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი!“
მაგრამ მოდით, ასე დავსვათ კითხვა, კარგი, ვთქვათ და დაიწყო ბიზნესი, მერე მისი აწყობისათვის საჭირო პირობები – კონკურენტული ბიზნეს გარემო, ხელმისაწვდომი საბანკო კრედიტი, მოქნილი საგადასახადო სისტემა ან სულაც ბიზნესის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე არსებული საგადასახადო შეღავათები – რამდენად ასევე „იიზი“-ა? ხომ არ ხდება ისე, რომ ადვილად დაწყებული ბიზნესი ასევე ადვილად იხურება, ხოლო ზოგჯერ სულაც ადვილად გადაიყლაპება ხოლმე სახელმწიფოს ერთგული მონოპოლიური ზვიგენების მიერ?
საქართველოს სატატისტიკის სამსახური და ეკონომიკის სამინისტრო დიდი გულმოდგინებით გვამცნობენ (და შემდეგ ხშირ-ხშირად გვახსენებენ!) ხოლმე, რამდენი ახალი საწარმო და კომპანია გაიხსნა ამა თუ იმ პერიოდში. მაგრამ რატომღაც არავინ აქვეყნებს ინფორმაციას იმ საწარმოებზე, რომლებიც შესაბამის პერიოდში დაიხურა და გაკოტრდა!
მართალია, საქართველოში გაადვილებული კანონმდებლობის გამო ბიზნესმენებს არც აქვთ სტიმული, რომ წამგებიანი საწარმო დახურონ, და როგორც წესი, მხოლოდ ფუნქციონირების შეჩერება ხდება, მაგრამ იმის დათვლა ხომ მაინც ძალიან ადვილია საგადასახადო სამსახურებისათვის, რომელი საწარმო არის ფაქტიურად გაჩერებულ მდგომარეობაში! ამის ანგარიშგებაც არ ხდება. სავსებით გასაგები მიზეზების გამო – თუ, მაგალითად საანგარიშო პერიოდში 1000 ახალი საწარმო გაიხსნა, მაგრამ ამავდროულად 800 დაიხურა ან სულს ღაფავს, მართლაც ძნელი იქნება იმის ვარდისფერი „კარწინკის“ შექმნა, რომ საქართველოში „ეკონომიკური სასწაული“ გრძელდება!
ხოლო თუ ამას დავამატებთ იმ გაყვლეფილი და საპროცესო შეთანხმების გოლოგოთაზე ჯვარცმული ბიზნესმენების სიას, რომელთაც წარამატებული ბიზნესის დაწყების შემდეგ თავბედის წყევლა დაიწყეს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შეწერებისა და პროკურატურის მიერ უსაფუძვლო და შეთითხნილი ბრალდების წაყენების გამო ქვეყანას ხან აწყობილი ბიზნესები გადაუფორმეს, ანდა სულაც 112 მილიონი ლარი დაყაჭეს, თუ გავიხსენებთ სულაც თათა ვარდანაშვილის, ან ინგლისური კომპანია „თეიმზ სტილის“ მენეჯერის თავგადასავალს, აშკარა ხდება, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ საქართველოს „ზღაპრულ ინვესტიციურ გარემოზე“ შეთხზული ბლეფი საპნის ბუშტივით გასკდა. და საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე უფრო იოლი ამ ბიზნესის დაკარგვა ან მომენტალური „ახევაა“, რაც უცხოელ ბიზნესმენებს – გაქცევისაკენ, ხოლო ქართველებს – ბიზნესის მიხურვისაკენ უბიძგებს. საქართველოს მთავრობა კი ვერ ხვდება, რომ როცა მეწველ ძროხას დაკლავ, მერე თბილი რძის და ჭყინტი ყველის იმედი არარეალური ხდება…
www.liberali.ge/biznes-klimati-da-koruptsiis-sat
www.banksandfinance.ge/banks/243-investorebi.html
www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=11423&lang
საგარეო ვალი
ახლა კი რაც შეეხება საგარეო ვალს, რომლის განუხრელი ზრდა ბოლო წლებში უცხოელი ექსპერტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
საინტერესო ისაა, რომ მთავრობა, რომელიც მშპ-ს უპირატესად დოლარებში აქვეყნებს ხოლმე, საგარეო ვალზე უფრო ლარებში ლაპარაკობს. მიზეზი აქაც იგივეა, რაც მშპ შემთხვევაში, ოღონდ პირუკუ – ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებამ 2004-2006 წლების პერიოდში ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ საგარეო ვალის შემცირების დინამიკა უფრო შთამბეჭდავად სწორედაც რომ ლარში გამოსახვისას წარმოჩნდებოდა. ანუ, თუ 2006 წელს საგარეო ვალი დოლარში მხოლოდ 26%-ით შემცირდა, იგივე მაჩვენებლის ლარში შემცირება უკვე 40% იყო, რაც გრაფიკებზეც კარგად ჩანს.
სლაიდი 10)
სლაიდი 11)
სამწუხაროდ, 2007 წლიდან სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია შეუქცევადი გახდა და იგი 2006-2011 წლების პერიოდში ლარში 2.57-ჯერ, ხოლო დოლარში სულაც 2.69-ჯერ გაიზარდა.
აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზემოთაღნიშნული ციფრები მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების (მთავრობა + ეროვნული ბანკი) ვალს აღნიშნავს და საქართველოს სრული საგარეო ვალი 2-ჯერ უფრო მეტია – იგი 10.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე თითქმის 1,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა!
როდესაც უარყოფითი სავაჭრო სალდოს კომფორტულად დაფარვაზე გვესაუბრებოდა, პრემიერ-მინისტრ გილაურს არ დავიწყებია ეხსენებინა საქართველოს მთავრობის გრანტები და კრედიტები. საერთოდ, საქართველოს მთავრობა საკმაოდ კარგად ახდენს ამ ტერმინებით მანიპულირებას და ხშირად ცდილობს, რომ აღებული კრედიტებიც ისეთივე დამსახურებულ საჩუქრად მოგვაჩვენოს, როგორც საგრანტო დახმარება, არადა ამ ორს შორის სერიოზული განსხვავებაა.
გრანტი მართლაც რომ ნაჩუქარ თანხას წარმოადგენს, რომლის უკან დაბრუნებას საქართველოს მთავრობას გრანტის მომცემი ორგანიზაციები არ სთხოვენ. სამაგიეროდ, გრანტს ჩვეულებრივ, საკმაოდ სერიოზული შეზღუდვები და პირობები ახლავს ხოლმე – მას ვერ დახარჯავ შენი სურვილის მიხედვით – აუცილებელია, სწორედ იმ მიმართულებით და ოდენობით დახარჯო, როგორც წინასწარ შეთანხმებული გეგმით არის განსაზღვრული და გეგმიდან გადახვევის შემთხვევაც მხოლოდ ახალი შეთანხებით შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, გრანტის საკმაო ნაწილი ხშირად სწორედ იმ ქვეყნის წარმომადგენელი იურიდიული და ფიზიკური პირების შრომის ანაზღაურებაა, რომელიც გრანტს იძლევა. ანუ, როდესაც 1 მილიონიანი საგრანტო პროექტი თანხმდება, ხშირად იქ დაახლოებით 20-50% გრანტის გამცემი ქვეყნ(ებ)ის წარმომადგენელი იურიდიული ან ფიზიკური პირების მომსახურების საფასურია, კიდევ 20-30% – ზედნადები ხარჯები და მხოლოდ დარჩენილი 20-60% შეიძლება იყოს ის ხარჯები, რაც საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას, აპარატურის შეძენას ან ადგილობრივი ადამიანური რესურსების ანაზღაურებისათვის იხარჯება.
კრედიტი კი შედარებით უფრო თავისუფლად შეიძლება მოიხმაროს მიმღებმა ქვეყანამ თუ ორგანიზაციამ, თუმცა დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტებიც თითქმის ისევე დეტალურად შეიძლება იყოს გაწერილი, როგორც გრანტები, ამიტომ სააკაშვილის მთავრობა ბოლო ხანებში უპირატესობას აძლევდა სწორედ უფრო მაღალპროცენტიან თავისუფალი კრედიტების აღებას, რათა თავისი ხუშტურების დასაკმაყოფილებლად პრობლემები არ შექმნოდათ.
განსაკუთრებული გაღიზიანებას საქართველოს ხელისუფლებაში იწვევს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის დახმარების ე.წ. მეორე კომპაქტი, რომლის საქართველოსთვის მინიჭება 2010 წლის ბოლოს გამოცხადდა, მაგრამ ჯერ ერთი, სააკაშვილის ხელისუფლების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი პირველ გრანტზე (395 მილიონ დოლარზე) ბევრად ნაკლები აღმოჩნდა (სავარაუდოდ ჯერ 200 მილიონი სახელდებოდა, შემდეგ 150) და თანაც, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ამაყად ამცნო საზოგადოებას – გრანტი დაგვიმტკიცესო, აშშ ელჩმა საკმაოდ ოპერატიულად პირში ჩალა გამოავლო საქართველოს მთავრობას და განაცხადა, გრანტის საბოლოდ დამტკიცება ჯერაც არ მომხდარა, საქართველოს მხარის მიერ წარმოდგენილი პროექტები უნდა განვიხილოთო. ხოლო მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა აშშ მთავრობას 60 მილიონი დოლარი სთხოვა ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისათვის, სადაც 15% წილის მფლობელი დედამისი – პროფ. გიული ალასანიაა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ გრანტის გამოყოფის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით გადასდო.
თუ დააკვირდებით სახელმწიფო საგარეო ვალის ($) ზრდის დინამიკას, აშკარა ხდება, რომ ვალის განსაკუთრებული ზრდა 2007 და 2008 წლებზე მოდის. 2007 წ. საქართველოს საგარეო ვალი წინა წელთან შედარებით 980 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო 2008 წელს კი – საერთოდ ფანტასტიური ციფრით – 1,24 მლრდ. დოლარით! რა თქმა უნდა, 2008 წელს ვალის გაზრდა მნიშვნელოვანწილად აგვისტოს ომს უკავშირდება, მაგრამ არის რამდენიმე საინტერესო კითხვა:
- რატომ მოხდა 2007 წელს საგარეო ვალის ასეთი მკვეთრი ზრდა და რა პროგრამებში დაიხარჯა აღებული სავალუტო სახსრები? ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან 2006-2007 წწ-ში სახელმწიფო სტრატეგიაში ხაზგასმით ეწერა – „საგარეო საფინანსო ვალდებულებების შემცირება“. – რა განსაკუთრებული მიზეზებით და რომელი სპეციალური გადაწყვეტილებით მოხდა სახელმწიფო სტრატეგიიდან გადახვევა?
- 2008 წელს სრულიად მოულოდნელად აპრილში საქართველოს მთავრობამ აიღო ნახევარი მილიარდი ევრობონდის სესხი. მიუხედავად სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების და ექსპერტების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მრავალჯერ დასმული შეკითხვისა – „ომამდე 4 თვით ადრე რით იყო განპირობებული ასეთი საკმაოდ არასახარბიელო სესხის სასწრაფოდ აღება?“ ვერც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გურგენიძემ და ვერც მის შემცვლელად მოსულმა გილაურმა ვერ უპასუხეს დამაჯერებლად ამ კითხვას. საგარეო საფინანსო ინსტიტუტები გასაგებად თვლიან იმ ფაქტს, რომ ომის შემდეგ ამ თანხების დიდი ნაწილი გაზრდილი საფინანსო რისკების და მოულოდნელად წარმოქმნილი ფორსმაჟორული მოთხოვნილებების (დახმარების, სახელფასო და ინფრასტრუქტურული ხარჯების) დასაკმაყოფილებლად დაიხარჯა, მაგრამ ვერავინ ვერ ხსნის, წინასწარმეტყველების რა ასეთი ნიჭი აღმოაჩნდა ლადო გურგენიძეს, რომ 2008 წლის აპრილში 4 თვის შემდეგ აღმოცენებული ფორსმაჟორული სიტუაციების განჭვრეტა შეძლო!
- დაბოლოს, როგორ აიხსნება 2008 წლის ლარის კურსის ზეგამყარება 1$=1.47 ლ დონეზე?
მაგრამ თუ 2011 წელში დავბრუნდებით და საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდოს დაფარვის გილაურის “კომფორტული ოპტიმიზმის” ახსნას შევეცდებით, იძულებული გავხდებით, ვიფიქროთ, რომ პრემიერი ან ვერ ხედავს წინა წლებთან შედარებით საკრედიტო-საფინანსო სიტუაციის სერიოზულად დამძიმებულ სხვაობას, ან შეგნებულად ტყუის. რამდენადაც გილაური საკმაოდ ნორმალური ფინანსისტი მგონია, უფრო მეორე ვერსია მიმაჩნია სწორად.
საქმე იმაშია, რომ 2011 წლიდან საქართველოს საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრების ის ფაზა დაეწყო, როცა ყოველი შემდეგი წელი უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა. 2012 წელს 250 მილიონი დოლარი ძველი კრედიტების ძირი თანხა, ხოლო კიდევ 50-100 მილიონი დოლარი – პროცენტები იქნება გადასახდელი. ამ პერიოდში რაიმე ახალი კრედიტის აღების შანსი ძალიან ნაკლებია – ქვეყანა, რომელსაც ძველი ვალები არ გაუსტუმრებია და რომლის ვალი მისი მშპ-ს 38% (ზოგიერთი მონაცემით კი – სულაც 47%-ს) შეადგენს, კრედიტორთათვის საეჭვო კლიენტად მიიჩნევა (არადა, ხელისუფლების მართლაც ძალიან პოზიტიური მიღწევა 2003-2006 წლებში ამ მაჩვენებლის 60%-დან 18%-მდე შემცირება იყო!). 2011 წ. აზიის განვითარების ბანკს ხელისუფლებამ 500 მილიონი დოლარის კრედიტი სთხოვა და მხოლოდ 80 მილიონი დოლარი მიიღო, ისიც დიდი ხვეწნის შემდეგ და საკმაოდ არასახარბიელო პირობებით. მართალია, ხელისუფლებამ 2008 წლის ევრობონდების 2021 წლამდე გადავადებას მიაღწია, მაგრამ ამაშიც დიდად სასიხარულო არაფერია, რადგან ყოველი დამატებითი წელი ჩვენს ქვეყანას პროცენტის სახით კიდევ 35 მილიონი დოლარი უჯდება. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ „მიღწევით“ კიდევ 175 მილიონი დოლარი ვალი აჰკიდა მომავალ თაობებს – ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს…
აქვე იმასაც დავამატებ, რომ გარდა უცხოური კრედიტების მოზიდვის შემცირებული შანსისა, სულ უფრო იზრდება ევროპის ქვეყნების ეკონომიკური სიძნელეების გამო იქ მომუშავე ქართველ მიგრანტთა მიერ სამშობლოში გადმორიცხული თანხების (მეორე ბურჯის) მნიშვნელოვნად შემცირების რისკი.
დასკვნა:
- საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული პოზიტიური ეკონომიკური ცვლილებები ძირითადად 2004-2006 წლებს მიეკუთვნებოდა, ხოლო 2008 წლის შემდეგ ეკონომიკაში მიმდინარეობს ძირითადად ნეგატიური ხასიათის პროცესები, საგარეო ვალის და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მკვეთრი ზრდის სახით, რასაც მაღალი ინფლაციისა და უმუშევრობის ფონზე თან ახლავს საინვესტიციო კლიმატის გაუარესება. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ მოვლენებს ებრძვის პოზიტიური ეკონომიკური ზრდის პოტიომკინური სოფლების სურათის ხატვითა, სტატისტიკური მონაცემების დამალვით/გაყალბებით და „ტურიზმი გადაარჩენს საქართველოს!“ ტიპის რიტორიკულ-პროპაგანდისტული ფანფარონობით, რაც მოკლებულია გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას და ამ უკანასკნელის ჩანაცვლებას აბსოლუტური კრახისათვის განწირული ილუზიურ-იდეალისტური პროჟექტების („მეგაქალაქი ჭაობზე ლაზიკა“) სწრაფ-სწრაფი ცხობით ცდილობს.
- საქართველოს მთავრობამ გადაუხვია გადასახადების თანდათანობითი შემცირების სტრატეგიულ კურსს და მონოპოლისტურ-ოლიგარქიული ჯგუფების მიერ ფასების უკონტროლო ზრდისა და მოსახლეობის სასტიკი გატყავების მეთოდებით, ხოლო შემდეგ ამ ჯგუფებისაგან მიღებული „ატკატებით“ ცდილობს მრავალ ადგილზე გამსკდარი ეკონომიკური საბურავების „დალარტკვას“. ის მეთოდები, რომლითაც ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები ახდენენ ბიზნესის ტერორიზირებას და უკვე არა მარტო მსხვილი, არამედ საშუალო ბიზნესიდან თანხების მაქსიმალურად ამოქაჩვას, განწირულია მხოლოდ მოკლევადიანი შედეგისათვის და უპირველესი მიზეზია იმისა, რომ საქართველოში ბიზნესი სულს ღაფავს. როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა ეკონომისტმა განაცხადა,
– დღეს საქართველოში ყველაზე სტრატეგიული ბიზნეს-გადაწყვეტილება ასე ჟღერს: „ჯობს თავად წყნარად დავხურო ბიზნესი, ვიდრე ვინერვიულო იმაზე, რამდენს წამართმევენ, ან – რას მომისჯიან!“
3. საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი გამოსავლად რჩება ყველა ჯერ კიდევ დარჩენილი ობიექტის, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების უსწრაფესი (და ამდენად – არამომგებიანი) გაყიდვა და [მიუხედავად საბანკო პროცენტებისა] – საგარეო ვალების შემდგომი ზრდა. ორივე ეს კი გამოიწვევს საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტ გახლეჩას და ხელისუფლების მზარდ მარგინალიზაციას. სადღეისოდ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ახალშობილთა ჩათვლით – მინიმუმ 2,700 დოლარის ექვივალენტი საგარეო ვალი გააჩნია და ამ ხელისუფლების ხელში ამ ვალის შემცირების ზრდის შანსი 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ზრდისა – 99%! სულ რაღაც 15 წელიწადში ეს თანხა უკვე გაორმაგებული იქნება…
აი, ამას ეძახის საქართველოს ხელისუფლება «DOING BUSINESS EASY!» -ს.
– “მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები…” (რას იზამ, არჩევნებია…)
Posted: 2012/01/10 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: არჩევნები, ახალაიები, კარბელაშვილი, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაფიცი მსაჯულები, საარჩევნო დაპირებები, სომალელი მეკობრეები, ტყვე მეზღვაურები %(count)s კომენტარისომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურები განთავისუფლებულნი არიან!
ვულოცავ ამ ადამიანებს მათი ტანჯვის დასრულებას! მათ ოჯახებს ვუსურვებ ეს წელი ისევე ბედნიერი ყოფილიყოს მათთვის, როგორც დაებედათ!
ყველას გაგვიხარდა – მიშისტებსაც და ანტიმიშისტებსაც…
მაგრამ ერთი უცნაური კითხვა დამებადა – როგორ მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის მხრიდან ორი წლის განმავლობაში მეზღვაურების თემაზე სრული იგნორირება უაზრო განცხადებებს ცვლიდა, როგორც იქნა, ინება და იკადრა ჩარევა. და თან როგორი ჩარევა!!! – პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონს არ შორდება! აჭარის ლომი ვარშალომიძე სკაიპში ესაუბრება სასომიხდილ მაგრამ უკვე ბედნიერ მძევლებს! საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, მეზღვაურების საკითხზე შექმნილი (თურმე!) უწყებათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელი, მდგრადი ვერას მოადგილე – გიორგი კარბელაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, კენიასა და სომალიში იმყოფება და ადგილზე პირადად ხელმძღვანელობს განთავისუფლების პროცესს! (ლამის წამომცდა, სპეცოპერაციას-მეთქი! ისე, კი გავს კარბელაშვილი 007-ს (პირს ბროსნანს!) პროფილში… განსაკუთრებით, სათვალე თუ უფარავს დანისლულ მზერას!) 🙂
მერე ის გამახსენდა, ვაშაძე რომ 16 თვე არაფერს ამბობდა ამ თემაზე. ისიც, როგორც ცდილობდნენ ნაცოვიზიები ამ თემის დახურვას. ისიც, როგორ თანდათან იზრდებოდა გამოსასყიდის თანხა 1 მილიონიდან – 3-მდე (დღეს გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამდენია გამოსასყიდი გადახდილი, თუმცა ქართველებმა გადაიხადეს თუ თურქებმა არავინ იცის – იქ 3 თურქიც იყო)… და საინტერესოა, რატომ 3-ზე გადაიხადეს, როცა უფრო ნაკლებზე უარს – ამბობდნენ – ტერორისტებთან ლაპარაკი რა ჩვენი საქმეაო! (სარკოზიც არ ჩაერთო, ბედი არ გინდა?!)
მოკლედ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ საქართველოს მთავრობამ სერიოზულად შეიტრიალა კეხი და ეს, ალბათ, ისევე როგორც ყველაფერი ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში – მოახლოებულ არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობა გაჰუმანურდა!
ხელისუფლებას დაეწყო წინასაარჩევნო სახადი – თან თუ ადრე მხოლოდ ცხვირზე და ლოყებზე გამოაყრიდა მსუბუქად, ახლა მთელ ტანზეა აფორაჯებული და ციებ-ცხელებაც აქვს – ხან კანონის რეტროაქტიულობამდე აუწევს ცხელება და ააკანკალებს, ხან კბილების გაპრიალება-ჩასმის ციებაზე აწაკწაკებს მოფამფალებულ ეშვებს!
და ეს სახადიანი მაღალი თან წითელი ქუდითაა მოსული… და თან წითელი ხურჯინიდან იმისთანა მოულოდნელი საჩუქრები ამოაქვს, რომ მიმიქარავს წმინდა კლაუსიც და კაპიტანი კლოსიც!
ა, თქვენ დაჩირებული იგლესიასი!
ა, თქვენ კუტუნიო ჩურჩხელა!
ა, ბატონო, მთელი გარნიტური ზედა და ქვედა ყბა!
ა, აგერ 3-, 6- და 15 -ადგილიანი კერძო საავადმყოფოები, სადაც მუზეუმის სტუმრებივით შეხვალ და დაათვალიერებ! შეიძლება სურათიც გადაიღო რენტგენის აპარატთან ხელიხელგადახვეულმა!
ა, ჩემი დონდლო ხელის ჩამორთმევის უნიკალური შანსი!
ა, საშობაო ლიტურგია გარდაბნის მორწმუნეებთან და „Waikiki“-ის პარკში გახვეული გელათის თაფლი მეუფე კალისტრატესაგან!
ა, თქვენ ვენეციის კომისიისაგან მოწონებული მაიმუნობები და ხაბაზის გამომცხვარი საშობაო კონსტი/პროსტიტუცია!..
აგერ თქვენ თანამეცხედრე ჩერგოლეიშვილის მარჯვენა ხელის, ზურაბ ჯაფარიძის და სანდროია ბომჟის თანამეინახე მიშა თავხელიძის „სუფთა პოლიტიკა“ – 3-ჯერ „არიელშია“ გარეცხილი 100 გრადუსზე… ამაზე სუფთა ბერლუსკონის ზეწრები არ იქნება…
ჯერ სად ხართ… ეს სამომავლო სპეცხურჯინი კარგა ხნის წინ შეიკერა და მის ფსკერზე იმისთანა რამეებია ჩაწყობილი, საუკუნის წინ ჩაძირული „ტიტანიკი“ მონაგონია… ახლა, ეს 15 გატანჯული მეზღვაური რომ ჩამოვა, ჯერ ბათუმში გამართავს მიშიკო სამხედრო-აღლუმს, მერე – ფოთში, მერე ანაკლიაში და ბოლოს – ლაზიკაში! ლაზიკაში პირველ ქუჩას დაექმევა გმირი მეზღვაურების და მათი მხსნელი მიშა პაბედანოსეცის სახელი… მერე სათითაოდ მივა თითოეულის ოჯახში, გადასცემს საჩუქრებს – მაცივარი, ტელევიზორი, ტრაქტორი, მანქანა… და ცალ ლოყაზე ცრემლისდენის ხომ ფესიტვალი გვექნება ისეთი, ბასტერ კიტონს რომ შეშურდებოდა! მერე ეს ყველაფერი გაამრავლეთ სამზე (მინიმუმ სამჯერ ხომ გვაჩვენებენ ჩვენი ნაციონალური დაქლიავების ტელეარხები, მერე რამდენჯერ გაწევენ და გამოწევენ პროფილი და ნანუკა! რამდენჯერ მიიწვევენ ნიჭიერში და რამდენჯერ ინერვიულებენ მათი ცოლები, თავის უნახავ ქმრებს ნაცშორენას გვერდზე რომ იხილავენ… მოკლედ, ისეთი შოუ დაიდგმება, ისეთი, პუტინი რომ გულზე გასკდეს! – მაგას არ ეღირსოს არცერთი განთავისუფლებული რუსი მეზღვაური მარტამდე! და უკუნითი უკუნისამდეც!.. ჰოდა, ამას რომ დაინახავენ სომალელი პირატები, მერე ნახე შენ, მაგათი თავში ხელის ცემა – რა იეფად დაგვითმიაო! და ქართველი მეზღვაურების მაზანდა მოგადიშოს ტყვეთა ბაზარზე მაგრად აიწევს – მიმიქარავს გილად შალიტი!
ახლა სხვა აღმოჩენებზე და დროულად გახსნილ-გამოხსნილ საქმეებზე…
ერთი თვის წინ 1994 წელს მინასიანების ოჯახის 3 წევრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა პირველი ნათლობა მიიღო და მკვლელები გაასამართლა. მართალია, როგორც ბრალდების, ისე მომჩივანი მხარე განაჩენით უკმაყოფილო დარჩა, სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილი იყო კმაყოფილი, რომ კიდევ ერთი გალოჩკა – „ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“ შეუძლია თავის აქტივში ჩაიწეროს!
ამ დღეებში 2004 წელს მოკლული ორი ახალგაზრდის საქმეც გაიხსნა და მკვლელ ვასილ ხვედელიძეს მალე საკადრისი მიეზღვება. დარწმუნებული ვარ, აქავ ნაფიც მსაჯულებს გამოუშვებს რინგზე მიშ-თემიდა.
რა ნაფიცი მსაჯულები, რის ნაფიცი მსაჯულები?!
ამ «David Agmashenebeli 2.0»-მა კონსტიტუციაზე დაიფიცა – მედიას დავიცავ, სასამართლოს მიუკერძოებელს გავხდი, ბიზნესს ავაყვავებ და აფხაზეთს და სამაჩაბლოს, რომ დავიბრუნებ და დავიბრუნებო! და მის მერე იმ კონსტიტუციის ჭრაში და გადაკეთებაშია… თქვენ გჯერათ, რომ სადაც ათას ხიფათზე გადამხტარი და ნაწრთუნი ვაჰ-პროფესიონალ მოსამართლეები ვერ უსწორებენ თვალს მიშას რობოტ-პროკურორებს, იქ ნაფიცი მსაჯულები შეძლებენ სიმართლის დაცვას? ეს არის ყველაზე დამპალი ბლეფი, რაც კი ამ რეჟიმს გაუკეთებია… რომ საკუთარი მანქურთების მიერ გაბახებული და გარყვნილი სამართალი მერე ამ უბრალო მოქალაქეებს გადააბრალოს…
„პტიჩკების“ და „ბულეტების“ რაოდენობას აქვს მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა! როგორც არავინ კითხულობს – 93 გამჭვირვალე პოლიციაში რა შავბნელი საქმეები ხდება… როგორც არავინ მოიკითხავს სოკოებივით მომრავლებულ იუსტიციის სახლებში და სასახლეებში რა მაიმუნობები და სიყალბეები იგეგმება… როგორც არავის სჯერა ნაცოვიზიების საინფორმაციო დამოუკიდებლობის, ან ეროვნული მარეგულირებელი კომისიების მიუკერძოებლობის, ისეა ესეც… ეს თათარიახლად გაჩენილი საახალწლო საჩუქრებიც – საახალწლო-საარჩევნო ფეიერვერკივითაა – გამოჰკრავ, ბუთქავ, იკივლებს, იწივლებს, გაიშლება და ჩაქრება… და მერე დაგრჩება სიზმრები 18-ლარიან ხორცზე და მოგონებები 50-თეთრიან მარშრუტკებზე… სამაგიეროდ, ის „ჩაფიქსირებული“ მიღწევები უკვე ჰამურაბის სვეტივით იქნება მიშას დიდების მუზეუმში დაჩხაპნილ-უკვდავყოფილი…
ა, კიდო – სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს ფიროსმანის ნახატები „დაჭრილი ჯარისკაცი“ (2011 წ. ივნისში) და „მეარღნე“ (2011 წ. 31 დეკემბერს)
არ დაჭირდეთ, თორემ, მალე ალბათ თამარის საფლავსაც „მოიაგნებს“ და „გახსნის“ მერაბიშვილი მესტიაში… ან ახალაია – სამეგრელოში… დასწრებაზეა ყველაფერი… თუ დაჭირდათ, თავისი ლაზარეც ეყოლებათ გადანახული აღსადგენად და რომელიმე რაიონული საავადმყოფოს გახსნაზე მიშა აღადგენს კიდეც… გელათის თაფლის მერე მაგარ ჯანზეა თურმე… თავი ნაზარეველი ჰგონია… ან – „NAZARETH“-ელი… – ელი…
ჯერ სადა ხართ, გასახსნელი კიდევ ბევრია. ტყუილადაა მსოფლიოში ერთადერთი პრეზიდენტ-ატკრივალკა?
თან ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ ძირითადად 2004 წლამდე მომხდარი მკვლელობები და ძარცვა-ყაჩაღობები გაიხსნება (აბა საკუთარ გაუხსნელს ხომ არ გახსნიან ახლა!), ხოლო ამოღებების, პოვნის და მუზეუმში დაბრუნებების რიცხვი არჩევნების მოახლოების კვალობაზე სულ უფრო გაიზრდება და შეიძლება საშუალოდ დღეში იმაზე მეტი გახსნა განხორციელდეს უკვე, ვიდრე – 2010 წელს მთლიანად!
თან ეს მეზღვაურების განთავისუფლება დრაკონული კანონების მიღების შემდეგ განხორციელდა, როცა ქველმოქმედებაზე 3 წელი ციხეა უკვე გარანტირებული, (თანაც – ქველმოქმედების მიმღებზე!!), და შალვა ნათელაშვილი დღეში რამდენჯერმე საათის გუგულივით გადმოდგება და უკანასკნელ გაფრთხილებას აძლევს ივანიშვილს – 300-300 ლარი დაურიგე ყველა გაჭირვებულს, თუ არ გინდა, ლეიბორისტულად შეგრისხოთო! ჰოდა, იმ ფონზე, როცა ივანიშვილი 300 ლარსაც ვერ არიგებს, კარბელაშვილმა სუ შემოიხია და ვერას მიერ ჩულქებით გატანებული 3 მილიონი ჩაუჩხრიალა მეკობრეებს! არის ეს უმაღლესი პილოტაჟი? – რა თქმა უნდა, არის! შარშან რომ იგივე ექნათ 2 მილიონად, ექნებოდა ეფექტი? არა, ბატონო… შარშან რაში ენაღვლებოდათ? – არც არჩევნები ჰქონდა მიშას მოსაგები და, რაც მთავარია, არც ბიძინა იყო სცენაზე გამოსული…
ამიტომ, მას მერე, რაც მიშას ზურა ადეიშვილმა ზურგი მოუმაგრა დრაკონული კანონებით, მიშამ გადაიფიქრა არჩევნების ადრე გადმოტანა, ახლა უნდა ადრჩენილ 9 თვეში იმდენი ქველმოქმედება დაგვპირდეს, რაც ივანიშვილმა მთელი 15 წლის განმავლობაში აკეთა. თან ამას როგორც პრეზიდენტი განახორციელებს, და არა როგორც პარტიის ლიდერი (პარტიის ლიდერებს ხომ აუკრძალა!)
ამიტომ იმის შანსიც შემცირდა, რომ თანამდებობიდან გადადგეს და თავის თანაპარტიელების სიას ჩაუდგეს სათავეში… ძლივს ქერის ორმოში ჩავარდა, მიხეილ I ტყვეთამანთავისუფლებელი!. ის კი არა, იმის მეშინია, როგორც შენობებს ხსნის ორჯერ და სამჯერ, ეს მეზღვაურებიც არ დააბრუნოს უკან მეორე ზახოდზე!!! რავა, ჭკუა დოუშლის თუ კანონი?
მაინც, რა დიდებული საქმეა ეს არჩევნები?
როგორ ცამდე იზრდება სამართალდამცავების მარგი ქმედების კოეფიციენტი?! და როგორ ჯადოსნურად ბრუნდებიან ნახატები, რომელთა გაქრობაც კი მანამდე უცნობი იყო! არის ამაში რაღაც მისტიური, რომელიც გვაჯერებს, რომ ძალა, რომელსაც ასეთი მაგია გააჩნია, არჩევნების დღეს უცხოეთში წასულ და გარდაცვლილ ამომრჩეველთა ხმის მიცემასაც შესაძლებელს და, რაც მთავარია, დასაჯერებელს გახდის! კარგად დააკვირდით სიებს… არაა გამორიცხული, მუხიანში ლეონტი მროველი იხილოთ და ავლაბარში – ვარსქენ პიტიახში… ეგ მანდ ჩაწერილიცაა…
„არჩევნები აგვამაღლებს!“ – ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ…
შეხედეთ, აგერ, ხათუნა გოგორიშვილს ჰერბერტ ფონ კარაიანი ჩაუსახლდა სხეულში! თურმე რა ტალანტი იმალებოდა! რაში ხმარობდნენ ამ დიდებულ მაესტროს? – არჩევნების გაყალბებაში… და მერე რა უბადრუკი იყო ეს ადრინდელი გაყალბებები… წელს ნახეთ, მაესტრო ფონ გოგორიანი როგორ ზევსივით მეხს ისროდეს დირიჟორის ჯოხიდან!
ახლა, ისიც ვთქვათ, ზოგიერთი რამ ვერაფრით იქნება ამ სანტა კლაუსების და მაესტრო-„სნოუვაითების“ „გიფტ-არსენალში“…
არ არის გახსნილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, უამრავი ლაფსუსია დაფიქსირებული ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმეში, თეთრი ძაფით არის ნაკერი გურამ შარაძის მკვლელელობის ვითომ გახსნილი საქმე, პოლიციამ ვერ შეძლო გაერკვია, ვის ურეკავდნენ და აბარებდნენ ანგარიშებს ყოველ 10 წუთში სანდრო გირგვლიანის მკვლელები მკვლელობის ღამეს. კონტროლის პალატას არ უჩნდება კითხვები იმ მაღალჩინოსანთა მიმართ, ვინც მრავალმილიონიანი სახლები აიშენა ან ათეულ მილიონიანი ღირებულების ტელეკომპანიების და ბიზნეს-კომპანიების შესაძენი თანხები დააგროვა 2004-2011 წლებში, მაგრამ…
მასგრამ … „რაღაცა ხომ კეთდება?!“
————————————————————————————————-
„კიდე კარგი, აქამდე არ იყვნენ განთავისუფლებული ეს მეზღვაურებიო!“
ეს ფრაზა მე არ გამიგონია, და სავარაუდოდ, მოდელირებული უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი მოდელირების გროსმეისტერის მარგალიტისა არ იყოს – ძალიან მიახლოებული კია შესაძლო რეალობასთან… ის კი არა, კიდე უფრო მიახლოებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ, ა-ლა-მიშა:
“ეს მეზღვაურები რომ მძევლად არ აეყვანათ, ჩვენ თავად უნდა გამოგვეგონა მაგათი ტყვეობაო!”
“რიატომაც – არა?! რიატომაც – არა?!”
უზენაესი კანონმდებელი
Posted: 2012/01/05 Filed under: ინტერმეცცო | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, ზურა ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტი, საკანონმდებლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები დატოვე კომენტარიარსებობენ ქვეყნები და არსებობენ ტერიტორიები.
ქვეყნებიდან ზოგი სამეფოა (მაგალითად – დანია და შვედეთი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ არ იცის!), ზოგი – საპრეზიდენტო რესპუბლიკა (მაგალითად, საფრანგეთი და არგენტინა, მაგრამ არა – ნორვეგია ან მალაიზია, რაც არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა თემურ ალასანიამ!), ზოგი საპარლამენტო რესპუბლიკაა (მაგალითად – კანადა, ინდოეთი, ავსტრალია…), ხოლო ზოგი – ბანანის რესპუბლიკა… თანაც, როგორც ზოგ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი რეალურად აღმასრულებელ ძალაუფლებას არ ფლობს, ასევე, ზოგიერთ ბანანის რესპუბლიკაში ბანანი არ ხარობს…
საქართველო ბოლო 20 წელია ისევ დამოუკიდებელია.
თავიდანვე ჩაითვალა, რომ საქართველო, როგორც ინდივიდუალისტების ქვეყანა, განწირული იყო საპრეზიდენტო მმართველობისათვის… და მის მერე მართლაც განწირულები ვართ…
ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ მიიყვანა ბოლომდე თავისი საპრეზიდენტო ვადა, ვერცერთმა ვერ მოახერხა თავდაპირველი არანახული მხარდაჭერის შენარჩუნება. სამივეს შემთხვევაში აშკარა იყო თავიანთი დაპირებებიდან დისტანცირება და დემოკრატიული მმართველობის ლოზუნგის უკან პრივილეგირებული კლანებისა და არაკვალიფიცირებული კადრების კორუმპირებული და არაეფექტური ქსელის ჩამოყალიბება, რაც საბოლო ჯამში ხდებოდა კიდეც პრეზიდენტების დამარცხების მთავარი მიზეზი. თუმცა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგარეო ფაქტორი – გამსახურდიას შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი სამხედრო გადატრიალების, ხოლო შევარდნაძის შემთხვევაში – რბილი გადატრიალებისთვის ამერიკული ტრენინგების სახით… სააკაშვილმა ყველაზე მეტს მიღწია, ყველაზე ბევრი მოინდომა, ყველაზე მეტი დაკარგა, მაინც ყველაზე დიდხანს გაძლო და არაა გამორიცხული – ყველაზე სისხლიანად წავიდეს…
მაგრამ სააკაშვილის მმართველობაში მოხდა ის, რაც არასოდეს მანამდე ასე აშკარა არ ყოფილა – ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ მეტ-ნაკლებად უცვლელი ფორმის მუდმივი ცვლილებები დაიწყო, პარლამენტის უფლებები მუდმივად იკუმშებოდა, ხოლო პრეზიდენტის – იზრდებოდა. ამის პარალელურად დაიწყო სასამართლოში ძალაუფლების გადასვლა პროკურატურის ხელში და ადვოკატურის, როგორც სასამართლოს კომპონენტის, სრული იგნორირება. საბოლოო ჯამში უზენაესი სასამართლო რეალურად იქცა უცხოელ ექსპერტებთან თავის მოსაწონებელ ფიტულად, რომლისადმი ნდობა, თურმე, იმის პარალელურად იზრდება, როგორც იზრდება სასჯელის წარმოუდგენელი სიმკაცრე და მცირდება გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს გამოკითხვები ტარდება სწორედ სასამართლოების შენობებში, და ხშირად სწორედ იმ საცოდავი ხალხის დათრგუნული ახლობლობლები გამოხატავენ აღფრთოვანებას და მზარდ ნდობას სასამართლოსადმი, სადაც პროკურორი კარნახობს მოსამართლეს განაჩენს.
თავიდან დაიწყო სამინისტროების შემცირება და ამ პროცესს დეცენტრალიზაცია დაარქვეს. მერე კი მოხდა სამინისტროების თითქოს შემცირებული კადრების ისევ ზრდა და, რაც მთავარია, ბიუჯეტის სერიოზული ზრდა. რაიონებში გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობა და გაძლიერდა პრეზიდენტის რწმუნებულების ინსტიტუტი, თან რეგიონების და რაიონების ბიუჯეტიდან სერიოზული თანხების დახარჯვა დაიწყო საკამათო ღირებულების ხელოვნების ძვირადღირებულ ნიმუშებში, ისევე როგორც იმ კონცერტებში, რომლებზეც დასასწრებად ცენტრალური ხელისუფლების ცენტრალური გვამები და მათი თანამეცხედრეები უფასო ბილეთებს და მოსაწვევებს ღებულობდნენ ხოლმე.
ქვეყანა თავს იწონებს დემოკრატიით და ყველაზე მეტი, რაც აშენდა, – პოლიციის შენობებია! 93 პოლიციის გამჭვირვალე შენობა – 3 წელიწადში! მართალია, წელს 40-მდე საავადმყოფოც უნდა აშენდეს, მაგრამ არცერთი მათგანი სახელმწიფოს ფულით არ აშენებულა – სახელმწიფომ ეს შენობები სადაზღვევო კომპანიებს აჩუქა და მერე მათი განახლება, ან თავიდან აშენება, შეაწერა. აი, პოლიციის შენობებს კი სახელმწიფო აშენებს – როგორც დემოკრატიის მახასიათებელ მთავარ გამჭვირვალე ელემენტებს.
უცებ, საქართველოს სახელმწიფო წმინდა საპრეზიდენტო – ე.წ. ფრანგულ-ამერიკული – მოდელიდან საპარლამენტო-საპრეზიდენტო, ანუ გერმანულ მოდელზე, გადადის. პრეზიდენტი ძირითადად წარმომადგენლობითი უფლებებით შეიმოსება, ხოლო პრაქტიკულად მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრს გადააბარებს. ამ მოდელის დაფასებული ავტორის აზრით, ეს ევროპული ტიპის დე-ფაქტო საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება, მაგრამ იმ იურისტებს და კონსტიტუციონალისტებს, ვისაც წლების განმავლობაში მართლაც რომ საპარლმენტო რესპუბლიკის მოდელზე უმუშავიათ, ეჭვი არ ეპარებათ, რომ სააკაშვილის კარნახით გამოძერწილი მოდელი პარლამენტის უფლებებს კიდევ უფრო დაასუსტებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი კი იმაზე მეტი უფლებებითაც კი იქნება აღჭურვილი, რაც აქამდე პრეზიდენტს ჰქონდა. თანაც (sic!) პრეზიდენტისაგან განსხვავებით პრემიერ-მინისტრი არც 2 ვადით იქნება ლიმიტირებული, არც 3-ით და არც 4-ით! მთავარია, მოახერხოს გაყალბების კოდექსის ისე დახვეწა და მედიის, ადმინისტრაციული რესურსის, პოლიციის და სასამართლოების ისეთი კოორდინირებული, შეხმატკბილებული მუშაობა, რომ გაყალბება კარგად შეინიღბოს და!.. მოკლედ, ბევრი ვიარეთ ევროკავშირისკენ და… მივადექით სინგაპურს!
პარლამენტი რომ სავსებით უმაქნისი ბუტაფორია ხდება, ეს იქედანაც ცხადია, რომ პარლამენტი ქუთაისში გადადის, ხოლო მთავრობა თბილისში იმუშავებს. იდეაში კი პარლამენტი მთავრობას უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ ეს ხომ ახლა წარმოუდგენლად ძვირი დაჯდება! ხოლო ჩვენს მთავრობას ისე უყვარს ეკონომია (თუ ეს კონცერტებს და შადრევნებს არ ეხება…)!.. ვიღაც დათვლის, რა ჯდება ეს ქალაქათაშორის გადაადგილებები და სამთავრობო მოსმენების უფლებამოსილებას და ჯერ ოპოზიციურ ფრაქციებს შეუზღუდავენ, მინისტრების გამოძახება ძვირი ჯდებაო… მერე კი ალბათ მინისტრების რეგულარული საპარლამენტო ანგარიშებიც სულ უფრო იშვიათად ჩატარდება… რომელიმე ნიჭიერი კანონშემოქმედი – მარადმზადმყოფი ლაშა თორდია, ან დახვეწილი გია თორთლაძე, შემოიტანს საკანონმდებლო ინიციატივას, რომ მოხდეს კითხვა-პასუხის წერილობით გაცვლა ინტერნეტით ჩეტის რეჟიმში… და საერთოდ, რატომ უნდა მოცდეს მინისტრი, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად? ვინ გაიგებს, თუ ინტერაქტივში სამინისტროს მხარეს კომპიუტერთან რომელიმე რეფერენტი გაგა ან კონსულტანტი რუსკა იჯდება, ხოლო მის პასუხების წინ დაეწერება „მინისტრი“?! და მერე და მერე ქუთაისის მხარესაც ხომ შეიძლება დაიხვეწოს ტექნიკა და მთელი ფრაქციის ნაცვლად ერთი რომელიმე ელდარი ან კობა აჭერდეს ხელს ერთდროულად 5 პულტს?!. და 30-ს რომ აჭერდეს?.. ან სულაც 150-ს?!! ხოლო ამ დროს ის დანარჩენი 149 ნეტარი ან მესტიაში ისრიალებს თხილამურებით, ან ლაზიკაში დაკავდება „დაივინგით“! პროგრესი ნეტარების სამსახურში! Cost-efficiency by Misha!
წარმოიდგინეთ, რა ფანტასტიური ცხოვრება იქნება! (ხელისუფლებისთვის! ჩვენი ქვეყანა ხომ ხელისუფლებისათვის არსებობს და არა ხალხისათვის!) – ნაცმოძრაობის მთავრობა თავისთვის ისვენებს თბილისში… ან კიდე უკეთესი – ვენაში, პარიზში, ბოდრუმში, ლონდონში, ბანგკოკში… ნაცმოძრაობის პარლამენტი თავისთვის ისვენებს წყალტუბოში, ლაზიკაში, ანაკლიაში… ან – ბოდრუმში, პარიზში, ვენაში… უზენაესი სასამართლო არ არსებობს… ან ვითომ არსებობს, სინამდვილეში კი იქ გარეშე პირებს არ უშვებენ და შიგნით რესტორანია გახსნილი ან – სპა-ცენტრი საუნით და სტრიპ-ბარით! კონტროლის პალატა დღედაღამ ოპოზიციის ანგარიშებს ამოწმებს… ეროვნული ბანკი ოპოზიციური პირების ბანკებშია ჩამჯდარი უკუნითი-უკუნისამდე და ადგილზევე აყაჩაღებს, რომ საინკასაციო მანქანაზე შტურმი არ დასჭირდეს… იუსტიციის სამინისტრო ამოწმებს ეროვნული ბანკიდან მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციას იმაზე, რომელ ბიზნეს ფირმას გაეზარდა ცურები მოსაწველად და მერე გადასცემს დაზუსტებულ ოპერატიულ ინფორმაციას შსს-ს (ცურის ზუსტი განზომილებებით!), რომელიც ოპერატიულად იღებს გადაწყვეტილებას, რა მეთოდი გამოიყენონ – ნარკოტიკის ჩადება, იარაღის ჩადება, დირექტორის შვილის დაკავება, თუ უბრალოდ – ყავაზე დაპატიჟება და ტკბილი საუბარი… მედია კი მუშაობს შეუსვენებლივ, რომ სეთურის იმედი გააკეთოს და საზოგადოებაშო ტერორი დათესოს… თუმცა აქაც მოხდა ოპტიმიზაცია – ნაცოვიზიური გველეშაპის სამივე თავმა ჩინეთში და კორეაში გაუშვა კორესპოდენტები და იქ იღებენ მშენებლობებსა და ფერმებს, სტადიონებსა და აკვარიუმებს, ბანკებს და “გონკებს”…, რომელთაც მერე გვიჩვენებენ, როგორც რეპორტაჟებს ზუგდიდიდან და ოზურგეთიდან, ნორიოდან და გონიოდან, ჰერეთიდან და იმერეთიდან… მონტაჟი და მისი ჯანი! მერე რა, რომ ჩინელებით იქნება გაჯერებული, აქა-იქ ლაშა და ნოდარიკო, შიგადაშიგ პაიჭაძის ბიჭის ჰობიექტური “ნდიალოგები”, საღამოს – ტატიშვილ-ანდღულაძის დახვეწილი ჰუმორი, „ტომნი“ მაია და არტილერისტი ნანუკა… და ეგაა – ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ქატო – იქა, ფქვილი – აქა…
და ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია… ბათუმი, რომელიც ბარსელონაა და ანაკლია, რომელსაც არაფერიც არაკლია ნიცამდე… ლაზიკა, რომელმაც უკვე სოჭის ოლიმპიადა ჩაშალა და მესტია, სადაც უშბას გამოღრუტნიან და შიგნიდან ჰალოგენებს დაუყენებენ!.. გიგანტი ველოსიპედები გმირი მეფის ადგილზე და #1 გარეკილი – გმირი მეფის ხატებად…
თქვენ გგონიათ, ეს ირონიაა? ან ფანტაზიაა? მეც ეგრე ვიფიქრებდი, რომ არა ერთი სერიოზული კაცი, რომელიც არასოდეს ხუმრობს… მერაბიშვილზე იფიქრეთ? ნურას უკაცრავად, ვანო ხომ თურმე იუმორის მიხედვით არჩევს კადრებს კუდში და სოდში… არა, ზურა ადეიშვილზე ვამბობ, რომელიც #2 იდუმალი პერსონა იყო საქართველოში და ა.წ. 7 ოქტომბრიდან – ერთპიროვნული ლიდერია მაგ ნომინაციაში… ბატონი ზურა აქამდე იმით იყო ცნობილი, რომ საქართველის ბიუჯეტში მისი ფირმა ყველაზე დიდი შემომტანია – 112 მილიონი ერთ წელიწადში – ხუმრობა ხომ არაა – აი, Processual Agreement INC.-ის შენატანი ხაზინაში 2010 წელს. წელს ალბათ მოხსნიდა რეკორდს… ჰოდა, ბატონმა ზურა ადეიშვილმა 2011 წლის ყველაზე ფენომენალურ დღეს – 29 დეკემბერს (რა არ მოხდა იმ დღეს და რა არ გადაიტანა საქართველოს ბანანის რესპუბლიკამ!) პრაქტიკულად დაიწყო პროექტის „საქართველოს მენეჯმენტის ოპტიმიზაციის“ განხორციელება.
აქამდე საქართველოს უმაღლესი საკანონდებლო ორგანო პარლამენტი იყო… აქ ყველაფერი გამაზულია – არის უმრავლესობა, არის მართული ოპოზიცია, რომელიც ხანდახან ბევრს ბრახუნობს, მაგრამ საჭირო მომენტში საჭიროდ ჩუმდება (მაგალითად, როცა პრეზიდენტი ეკითხება – აბა ვინ არის კორუმპირებულიო?), არის სპიკერი, რომელშიც მომავალში სათამაშო, მაგრამ ზრდასრულ პრეზიდენტად მოიაზრება და ფეისბუქზე შარაფისმოყვარული ფანებიც ჰყავს… არის 3 დეპუტატი, რომელიც ყველა საკანონდებლო ინიციატივის ოფიციანტები არიან… არის ერთი ჩიორა, ორი ხათუნა, ერთი პადოში და ერთი მეფურნე. არის მთავრობის საპარლამენტო მდივანიც, რომელიც ისეთ წარმატებებზე ლაპარკობს, რომ გერმანიის მთავრობის მდივანი გეგონება, მაგრამ ნაცმოძრაობის ტრადიციული სენი – სიტყვა „გამჭირვალე“ ყიდის (ისევე, როგორ ინტელექტუალ სპიკერს)… მოკლედ, კონვეირი მუშაობს… წელიწადში 450 ზე მეტი კანონი დაშტამპეს, ამასთან ერთი კანონი 2-ჯერ მიიღეს, მაგრამ რას იზამ, ხდება… შტამპოვკის დროს ხდება ხოლმე… გაეპარათ…
ამას წინ კიდე ერთი უმოკლესი სიტყვა – „ამ“ გაეპარათ და ისეთი ხმაური ატყდა, რომ კორპორაცია Processual Agreement INC.-ის გენერალურმა მენეჯერმა და შეთავსებით იუსტიციის მინისტრმა ჩარევა გადაწყვიტა…
ყველაფერი გენიალური – მარტივია!
იმისთვის, რომ გაპარვა არ მოხდეს, საჭიროა რედაქტორი! ან კორექტორი მაინც! თუ მუშაობით გადაძაბულ იურისტებსა და არაიურისტებს რაიმე ისეთი ეპარებათ, რომ ამერიკის საელჩო დასვენების დღიდან საგანგებო მუშაობის რეჟიმში გადადის, ესეიგი კორექტორი მარკშეიდერივით აუცილებელი ხდება და ბატონმა ზურამ მარტივად გენიალური გადაწყვეტილება მიიღო:
ამიერიდან საპარლამენტო პროდუქციის ტექსტებზე პასუხს პარლამენტი და მისი ხაბაზები კი არ აგებენ, არამედ სპეციალური ჟურნალ-ორგანოს სპეციალისტი-კორექტორი, რომელიც სადაც საჭიროა, ამოშლის; სადაც საჭიროა, ჩაამატებს; პუნქტუაციას მიხედავს (მაგალითად, წინადადებაში „казнить нельзя помиловать“, სადაც აშკარაა, რომ ვიღაცას მძიმე გამორჩა, დაამატებს ამ მძიმეს და ყველაფერს გასაგებს გახდის); სიტყვებს გადაალაგებს, ისე, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვალოს და ა.შ… მოკლედ, სუფთა ტექნიკური სამუშაოა, რაზეც 450 კანონის მიმღები მაღალი რანგის პროფესიონალები არ უნდა მოცდნენ!!! მით უმეტეს მაშინ, როცა ქუთაისში იქნებიან ნეტარები!
წარმომიდგენია, იმ „ამ“-ის ამოშლის მერე რა მოხდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორც იაპონია ან გერმანიაა – კრიზისი დაიწყებოდა!
ხოლო ჩვენს საათივით აწყობილ „გამჭირვალე“ და პარლამენტ-/სასამართლო-/მედია-სტაბილურ სისტემაში კი ერთი შეფერხებაც არ მომხდარა! გამოვიდა აკო – საელჩოს უთხრა, თქვენ ხომ არაფერი მიგირტყიათო? აკოს გვერდით დაუდგა პალიკო, რითაც მირტყმის ვერსია არნახულად გამყარდა… ელექტრონულ ვერსიაში ელექტრონულად ჩასწორდა ის, რამაც აკო-პალიკოს „ფაქტი“ უკვე ალიბად აქცია და ბოლოს, ვინმეს რომ არ ეკითხა, რა „საკანონმდებლო მაცნე“, რის „საკანონმდებლო მაცნე“? – კონსტიტუციის მიხედვით ხომ ეს ყველაფერი პარლამენტის ხელახალ სხდომაზე უნდა გასწორებულიყოო? – თათარიახლად გამოიცა იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელმაც კონსტიტუციის დეფექტი მყისიერად აღმოფხვრა და „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორს მიანიჭა ჭრის და კერვის იგივე უფლებები, რისთვისაც პარლამენტარები მანქანას, მდივანს, ოთახს, პენსიას, ბილეთებს, ბენზინს, ლაი-ლაი ბარათებს და შეუზღუდავი ლაილაისა და უკონტროლი ლაყაფის კეისრისგან ბოძებულ უფლებებს იღებენ (კრედიტებსა და იგლესიასის ბილეთებზე რომ არაფერი ვთქვათ).
ახლა ერთი სულ ციცქნა ნიუანსი არის მოსაგვარებელი და ამერიკის საელჩოს თუ ბოდიში არ მოახდევინოს სიდედრმაგარმა აკო მინაშვილმა, აგერ ნახეთ!
“საქართველოს მთავარ პიჯაკში”, რომელსაც ადრე „საქართველოს კონსტიტუციას“ უწოდებდნენ, და რომელიც სააკაშვილის მთავრობამ მგონი უკვე 50-ჯერ გადააკეთა, წერია, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არის საქართველოს პარლამენტი, და სწორედ მას აქვს კანონების მიღების უფლება. და კანონში რაიმეს ჩამატება, ამოშლა, პუნქტუაციის ცვლილებები, ნუმერაციის შეცვლა და მით უფრო ისეთი ჭრა-კერვა, რომელიც კანონის აზრს და მნიშვნელობას ცვლის (და თუნდაც რომ არ ცვლიდეს, აოიიიიე!) არის მხოლოდ საქართველოს პარლამენტის უფლება! ხოლო „საკანონმდებლო მაცნე“ არის ჟურნალი, სადაც ეს ყველაფერი ქვეყნდება…
Damned!..
მაგრამ რადგან ახლა ბატონი ზურაბის ამ მარტივი გენიალური ჩასწორებით კონსტიტუცია უკვე მომენტალურად მოძველდა, საჭიროა რამდენიმე ანალოგიურად მარტივი ცვლილების განხორციელება მთავარ პიჯაკშიც:
- აღიარებულ იქნას, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო არის ჟურნალი „საკანონმდებლო მაცნე“, ხოლო უზენაესი საკანონმდებლო პირი – „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორი. მის შემდეგ მოდიან – რედაქტორის მოადგილე, კორექტორი, კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტი და ბუღალტერი.
- განისაზღვროს, რომ უმაღლესი „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორის, რედაქტორის მოადგილის, კორექტორის, კომპიუტერული პროგრამირების სპეციალისტის და ბუღალტრის საერთო–სახალხო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.
- მმართველი პარტია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ასახელებს თავის პარტიულ ყრილობაზე 4 უმაღლესი საკანონმდებლო პირის კანდიდატურას, ხოლო ოპოზიცია – ბუღალტრის კანდიდატურებს, რომელთაც 2013 წლამდე ირჩევს და ამტკიცებს პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ – პრემიერ–მინისტრი. სწორედ ამ პირების მიმართ არის ანგარიშვალდებული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ბუღალტერზე კი მეთვალყურეობას ახორციელებს “ოპოზიციის კონტროლის სახელმწიფო პალატა“.
- საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტექნიკურ ბიუროს და მას ევალება ჟურნალ „საკანონმდებლო მაცნეს“ დროულად მიაწოდოს განხილული კანონპროექტები და შეთანხმებული ვერსიები, რომელთა ტექსტის რედაქტირებას და დამტკიცებას საკუთარი დისკრეციის ფარგლებში განუხრელად ახორციელებს ჟურნალი „საკანონდებმლო მაცნე“.
გაუმარჯოს საქართველოს გაბრწყინებული რესპუბლიკის მაღალ, ისე–რა და ერცახე ცერეცოებს!
SUPREME LEGISLATOR – EDITOR MAXIMUS
„მიშა თავისუფალია!“ კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე „გადადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი?“
Posted: 2012/01/04 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან | Tags: არჩევნები, ვასილ მაღლაფერიძე, ია ანთაძე, კონსტიტუცია, მიშა გადადგება?, მიხეილ სააკაშვილი, საარჩევნო გარემო 5 Commentsმადლობა, ია! ჩვეულებისამებრ, ძალიან კარგი ანალიზია (http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24441051.html#relatedInfoContainer) და ახალი წლის ძალიან საინტერესო დასაწყისი ბლოგზე!
ახალ წარმატებებს და მეორე სუნთქვას ვუსურვებ “იანეთს”, ხოლო მის დიასახლისს – მრავალ სიხარულს და გამარჯვებებს!
კითხვა ნამდვილად დროულია – გადადგება თუ არა ამხ. სააკაშვილი!
მე მაინც მგონია, რომ არ გადადგება და აი, რატომ:
მიხეილ სააკაშვილი არის ისეთი მოთამაშე, რომელიც მხოლოდ მაშინ მიდის რისკზე, როცა ორი ჯოკერიდან სამივე მისია! :))
2008 წელს მისი მთავარი ჯოკერი, ჩემი მოკრძალებული აზრით, იყო აშშ ელჩი ჯონ ტეფტი, რომელიც ყველაზე უფრო მიკერძოებული ელჩი იყო, რაც კი აშშ მთავრობას საქართველოში ჰყოლია. ელჩი, რა თქმა უნდა მიკერძოებულია ყოველთვის – თავისი ქვეყნის და მთავრობის ინტერესების გამტარებელია, აი, ტეფტი კი გაცილებით მეტად მიხეილ სააკაშვილის კლანური ინტერესების გამტარებელი იყო და იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა მას მოუწევს როგორც ქართველი კანონმდებლების, ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგალითად, რატომ ახდენდა ყველა სხვა ელჩისაგან განსხვავებული ინფორმაციის გადაცემას 2008 წლის აგვისტოს ომის წინა დღეებში და კიდევ იმ კითხვებზე, რაც სააკაშვილის ჩვენებების შემდეგ გაჩნდება… მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ უეთოს მისიაში მთავარ დამკვირვებლად ამერიკელი სენატორის და ყოფილი ფედერალური მოსამართლის (რომელიც შემდეგ 150,000 დოლარის ქრთამის აღებისათვის ამ სამსახურიდან გაანთავისუფლეს) შერჩევა ტეფტის ჩარევის გარეშე არ მომხდარა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ტეფტს მიშას ერთგულებას აშშ მთავრობა და სახ დეპარტამენტში მისი უშუალო კურატორი, ასევე ცნობილი მიშისტი მეთიუ ბრაიზაც ურჩევდნენ. აშშ პრეზიდენტის სულსწრაფი მილოცვაც ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე კიდევ ერთი ნიმუშია, რა სერიოზული ჯოკერი ეჭირა ხელში დემოკრატიის შუქურყოფილს.
დღეს აშშ ელჩის პოზიცია ძირეულად განსხვავებული მგონია იმისგან, რასაც ტეფტი აკეთებდა 2007 წლის ნოემბერში, როცა სააკაშვილის გადადგომის და დაბრუნების სცენარი იწერებოდა. ჯერ ერთი, ჯონ ბასი გაცილებით უფრო პრინციპული ადამიანი ჩანს მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებში, ხოლო ახლა უკვე – საპარლამენტო თაღლითობების დაუყონებლივ კრიტიკაშიც, მეორეც – აშშ სახ. დეპარტამენტი სულ უფრო რეგულარულად ახსენებს სააკაშვილს, რომ არჩევნები მისი ტესტი იქნება და საქართველოსთან მომავალი ურთიერთობები სწორედ ამ ტესტის ჩაბარებაზე არის დამოკიდებული, და რომ აშშ ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს არცერთ პარტიას და კანდიდატს, არამედ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. და ბოლოს – არა მგონია, რომ მიშასადმი უნდობლობის დემონსტრირება პერსონალური ფაქტორებით იყოს განპირობებული. აშშ ადმინისტრაცია ვერ გაამართლებს თვალის დახუჭვას საარჩევნო დარღვევებზე საქართველოში, როცა ასე მკაცრად შეაფასა საარჩევნო დარღვევები რუსეთში. და თუ მაინც წავა ამაზე, ამით წერტილს დაუსვამს საქართველოს მოსახლეობის პოზიტიურ განწყობას ამერიკისადმი და ხელს უბიძგებს ქართულ საზოგადოებას, რომ ერთმორწმუნე რუსეთი უფრო მისაღებად აღიაროს, ვიდრე ისეთი ამერიკა, რომელიც ქართველი ხალხის პარაზიტების მხარდაჭერით არის დაკავებული.
აქედან გამომდინარე, რამდენადაც სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს ამერიკიდან მხარდაჭერის დიდი იმედი, ხოლო ევროპიდან მხარდაჭერის იმედი კიდევ უფრო მიზერულია, იმის შანსი, რომ იგი მშვიდად გადადგება და თავის ბედს სასწორზე შეაგდებს, ნაკლებია!
2. სააკაშვილს აბსოლუტურად არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ იგი ივანიშვილს შეუთანხმდება! ასე რომ 2007 წელს მოქმედი მეორე ჯოკერიც არ აქვს. ივანიშვილის საცდუნებლად მას ქვეყნის ბიუჯეტიც კი არ ეყოფა. ივანიშვილი არ ყოფილა მისი საარჩევნი შტაბის უფროსი და ლევან გაჩეჩილაძისგან განსხვავებით არ ენდობა მიშას დაპირებას, ეს ერთი მომაგებინე და შემდეგ არჩევნებს წესიერად ჩავატარებო! მიშას მთელი ტაქტიკა ახლა გათვლილია იმაზე, რომ დააშინოს ივანიშვილი და ქვეყნიდან გაქცევა აიძულოს, მაგრამ მას ეს უნდა სხვების ხელებით განახორციელოს, ხოლო თავად აბსოლუტურად ყალბი განცხადება გააკეთა ბი-ბი-სისთან, რომ თურმე ივანიშვილი მისთვის და ნაცმოძრაობისთავის კარგია, რადგან კონკურენცია პირადად მას და ნაცმოძრაობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს და აძლიერებს!!! საინტერესოა, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტს საკმარისი დრო ჰქონდა, ეს „გამაძლიერებელი კონკურენტი“ საქართველოს მოქალაქედ დაებრუნებინა, მაგრამ არაფრით სურს ამის გაკეთება. პირიქით, აბსოლუტურად დრაკონული საბანკო, საფინანსო და პოლიტიკური რეგულაციები და რეტროაქტიული კანონები მიაღებინა პარლამენტს!
3. სააკაშვილი ბოლომდე ვერ ენდობა ბაქრაძეს! ბაქრაძემ კარგად დაინახა, როგორ გამოიყენა და გადააგდო სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძე და არა მგონია, ნინოს ბედის გაზიარება სურდეს. ბაქრაძე ბურჯანაძესთან შედარებით კი თონთლო ჟელეა, მაგრამ ამ ჟელეს უკან საკმაოდ ხისტი პიროვნებებია და არავინ იცის, მიშას რა კვანტს დაუდებენ, როცა იგი უკვე რიგითი საპარლამენტო კანდიდატი იქნება. ვაი-და უცებ ისევ მოიშვას სადმე გაზის ვინტილმა, ან საბურავმა დაუშვას ტრასაზე? მერე ხომ დროებითი ბაქრაძე ხანგრძლივ მარიონეტად ტრანსფორმირდება? ამის შანსი, რა თქმა უნდა, დიდი არ არის, მაგრამ თქვენ როგორ გგონიათ, მიშას ხურვებაშეყრილი ტვინი ასეთ ვარიანტს არ ითვალისწინებს?
4. სააკაშვილი თუ პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს, მას კიდევ ერთხელ მოუწევს მრავალჯერ გადაკეთებული საკონსტიტუციო პიჯაკის ხელახლა გადაკეთება (ქვეყნის მთავარ კანონში პრემიერის ფიგურის „ჩამოლაბორანტება“ და სპიკერის „გაკეისრება“) და ეს – საახალწლო „ჭრა-კერვის“ მერე – უკვე საერთოდ მოთხრის მის რეიტინგს მსოფლიოში. თან გაითვალისწინეთ, თუ მას ეს უნდა გააკეთოს – ეს ახლავე უნდა გააკეთოს, სანამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია!
5. მთელი მსოფლიო აშშ და ჩინეთის ჩათვლით სერიოზული პოლიტიკური პერტურბაციების (მაგალითად ირანზე დარტყმის, აშშ-პაკისტანის სერიოზული დაშორების და სულაც თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების გამწვავების) მოლოდინშია. მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს ამას იმ მღვრიე წყლად აღიქვამს, რომელშიც იგი სათავისო თევზის დაჭერას შეეცდება და ამდენად ძალიან არ ენდომება ამ მომენტებს უმრავლესობის სიის პირველ ნომრად მყოფი შეხვდეს და არა – ქვეყნის ნომერ პირველ პირად. იგივე ეხება სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც თუ დაიწყო და საქართველოსაც გაჰკრა კუდი, სააკაშვილის გუნდმა (მაგალითად ბოკერიამ) დასავლეთის მხრიდან ნდობის მოსაპოვებლად სწორედ სააკაშვილის დაძირვა შეიძლება გამოიყენოს – არ დაგავიწყდეთ, ერთადერთი რეალური შანსი, რომ საქართველოს უკვე 2012 წელში გადასახდელი ვალების პროცენტების რესტრუქტურიზაცია მოუხდინონ, ეს ისაა, რომ ქვეყანაში მთავრობა შეიცვალოს. ასე რომ სააკაშვილის მიერ პუტინის კოპირება კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ 2013 წლის შემდეგ სააკაშვილი უნდა გახდეს რიგითი მოქალაქე – რა თქმა უნდა შეიძლება იყოს პარლამენტარი, ან მშენებლობის თუ კულტურის მინისტრი, მაგრამ არა ისეთი ძლევამოსილი პიროვნება, რომელსაც ჯარი, ფინანსები, პოლიცია ან სასამართლო დაემორჩილება!
ამიტომ ჩემი ვარაუდი ასეთია – მიხეილ სააკაშვილი, 2008 წლისგან განსხვავებით, ახლა არ წავა ასეთ სარისკო ნაბიჯზე (რომელიც, 2008 წელს მხოლოდ მოჩვენებით იყო „სარისკო“ და სინამდვილეში კარგად ჩაწყობილი ბლეფი იყო, რომელიც ჩელენტანოსაც კი შეშურდებოდა) და არ გადადგება.
იგი ეცდება არჩევნები დანიშნოს ვადამდე – მაგალითად 2012 წლის 5 მაისს, რაც შეიძლება შეზღუდოს ქვეყანაში უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლის შანსი, თუ დაჭირდა, წავიდეს სერიოზულ გართულებებზე დასავლეთთან, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს და სააკაშვილის გაპრემიერებას მაინც გააკრიტიკებს და მოიგოს არჩევნები სერიოზული ძალადობის წყალობით (რისთვისაც უკვე ამზადებს ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვს სამეგრელოში და ზონდერბრიგადებს შიდა ქართლში და კახეთში), რასაც დაემატება სახლმმართველობის მდედრიონის, ადმინისტრაციულოი მოსყიდვების და უბნებზე საკუთარი ამომრჩევლების მასიური მობილიზაცია და კარუსელები.
ანუ, 2012 წლის არჩევნები იქნება ყველაზე უსამართლო საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება წამსვლელია თუნდაც სამოქალაქო ომის გაჩაღებაზე ან – უფრო დახვეწილად – რუსეთის შემოჭრის იმიტაციაზე (რისი „წარმატებული“ ვერსია იმედმა უკვე დატესტა 2010 წელს) და არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერების დროებით დაკავებაზე ან სხვა პროვოკაციებზე.
მაგრამ ბოლოს ისეთი რამე უნდა ვთქვა, რაც ნებისმიერი ლოგიკური ანალიზის სარგებელს აქარწყლებს.
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა არის პარანოიდალური კრიზისის ზღვარზე და მისი არასტაბილური ფსიქიკა რას მოიმოქმედებს, ისევე ძნელი გასათვლელია, როგორც ჰიტლერის მოქმედებები 1945 წლის გაზაფხულზე. ასევ წარმოუდგენელია გათვალო მისი გუნდის წევრების ქმედებებიც, რომლებიც ჯერჯერობით ჩრდილში დარჩენას ამჯობინებენ, მაგრამ სააკაშვილისაგან განსხვავებით არანორმალური ფსიქიკა არ ახასიათებთ და სადამდე დარჩებიან ერთ ნავში არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანთან, რომელიც რეალობას სულ უფრო შორდება, ძნელი სათქმელია.
ფაქტი ერთია, მიხეილ სააკაშვილი თუ გააგრძელებს ისეთივე მოქმედებებს, როგორც 2011 წლის 10 ოქტომბრიდან ახორციელებს, ბიძინა ივანიშვილის პოპულარობას სწორედ მიხეილ სააკაშვილი გაზრდის! თუ მიშას არჩევნების მოგება უნდა, იგი უნდა დაბრუნდეს ძალადობის და შულერობის ველიდან პოლიტიკური ბრძოლის ველზე, გამოაცხადოს თავისი გეგმები (და ეს არ გადააბაროს გრიგოლ ვაშაძეს, რომლის მარიონეტობა უცხოეთისთვის აშკარაა) და მიიღოს მონაწილეობა დებატებში, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ “პრეზიდენტ-ატკრივალკა” იყოს… თუ მას ჰგონია, რომ რაიონებში მის მიერ დადგმული სპექტაკლები ძალიან მაღალი დონისაა, მინდა გავაწბილო – არც მეიერჰოლდია და არც ეიზენშტეინი, რომ მსოფლიო 8 წელი ტაშს უკრავდეს…
მიხეილ სააკაშვილი, 2011 წლის შემდეგ, უფრო არალეგიტიმური და ავტოკრატი მმართველი გახდა რეგიონში, ვიდრე მეზობელი რესპუბლიკების ლიდერები. და მას არც რუსეთის არმია ჰყავს მხარდამჭერად და არც ნავთობის და გაზის უზარმაზარი რესურსები. ასე რომ მისი ერთადერთი შანსი ქვეყანაში სერიოზულ დესტაბილიზაციაზე გადის. ხოლო დესტაბილიზაცია რომ არავის აწყობს, ეს ორჯერ ორი ოთხია.
ასე რომ, შალვა ნათელაშვილის აფორიზმის პერიფრაზი რომ გავაკეთო, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები ასეთი იქნება
Not to be or… not to be :))
„ამ“-ის ამომშლელები – კეისრის 86 ცხენი ანუ Animal Parliament
Posted: 2012/01/03 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: აკაკი მინაშვილი, აშშ საელჩო, ბიძინა ივანიშვილი, დემოკრატია და პლუტოკრატია, თეონა ხარაბაძე, კობა ხაბაზი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, პავლე კუბლაშვილი, პარლამენტი, საკანონმდებლო ინიციატივები, ჯონ ბასი დატოვე კომენტარი(გაგრძელება შარშანდელი სტატიისა „საკანონმდებლო ჭრა-კერვის მაგისტრები ვარდისფერ საქართველოში“ https://solomonternaleli.wordpress.com/2011/12/27)
აქამდე სულ ვიხსენებდი ხოლმე ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს – „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“
მაგრამ ის, რაც 2011 წლის ბოლო დღეებში ხელისუფლებამ ჩაიდინა, მარწმუნებს, რომ ეს ავაზაკთა კი არა, მაიმუნთა ბანდაა, ან – კალიგულას ცხენების რემა. მოკლედ – Animal Parliament.
კალიგულამ, როდესაც თავისი პარანოიდული და ეროტიული სიგიჟეების დიდი ნაწილი უპრობლემოდ აისრულა, მერე თავის საყვარელ ცხენს „ინსიტატუსს“ კონსულის წოდება მიანიჭა და სენატში საპატიო ადგილი მიუჩინა. გალოპის ხარისხით ცნობილი ცხენის საკანონმდებლო ინიციატივებმა, სამწუხაროდ, ვერ მოაღწია ჩვენამდე, თუმცა სავარაუდოდ, კობა ხაბაზის და გია (პადოშა) თორთლაძის ინიციატივებზე არაფრით ნაკლები არ იქნებოდა. შეიძლება ცოტა ხვიხვინის და ჭიხვინის თარგმანის პრობლემები შექმნილიყო, მაგრამ საბოლოო შედეგი, ალბათ, ისეთივე გამაოგნებელი იქნებოდა, როგორც კობა ხა-ბაზის მიერ შემოჭენებული ქაღალდის ნაგლეჯის ხილვაზე უმრავლესობის მიერ შვებით აღვლენილი „ევრიკა“…
საქართველოს ე.წ. პარლამენტს ის დაავადება შეეყარა, რასაც ქურდულ ჟარგონზე „ბესპრედელი“ ჰქვია. როდესაც ამას ქურდები ჩადიოდნენ, სხვა ქურდებიც კი, რომლებიც მეტ-ნაკლებად „ტრადიციების დამცველებად“ გვევლინებოდნენ, ცდილობდნენ თავსგასული კოლეგები გრძნობაზე მოეყვანათ.
მაგრამ დღეს ვინ და როგორ მოიყვანს გრძნობაზე თავსგასულ ე.წ. კანონმდებლებს, რომელთა ძირითად საქმიანობად სამართლის გაუპატიურება გამხდარა? საქართველოში ხომ საულ უფრო მეტად მართლდება აღმოსავლური აფორიზმი, რომ „ყველაზე მაღალი ფანრის ქვეშ ყველაზე მეტად ბნელა“! ყველაზე მოძალადე ჩვენთან არის ის, ვინც ძალადობას უნდა ებრძოდეს (შსს), ყველაზე უსამართლო ის, ვინც სამართლის აღდგენაზე უნდა მუშაობდეს – (სასამართლო), ყველაზე დაუცველი ის, ვინც სხვას უნდა იცავდეს (ადვოკატი), ყველაზე გონებაჩაკეტილი და შეზღუდული ის, ვინც სხვის განათლებაზე უნდა ზრუნავდეს (განათლების სამინისტრო) და ყველაზე უფრო ცრუ, ყრუ და მუნჯი, – ვისაც საზოგადოების სწორად ინფორმირება და თვალების ახელა ევალება (მედია).
წელს კი ამ კაფკასეულ სიას საბოლოოდ დაემატა კიდევ ერთი – ქართველი პარლამენტარები, რომელთა ძირითად საქმიანობად კანონდარღვევა და კონსტიტუციის შელახვა ქცეულა.
ერთი პერიოდი იმედი გვქონდა, რომ კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების და უბრალოდ ე.წ. common sense-ის, ანუ საღი აზრის გათელვის უფლებას ჩვენს „ინსიტატუსებს“ ვენეციის კომისია არ მისცემდა. მაგრამ მე პირადად ამის დიდი იმედი აღარ მაქვს. ეს დაახლოებით იგივეა, ჩიკატილოსნაირი სერიული დამნაშავეების წინააღმდეგ კეთილშობილ ქალთა პანსიონის შინაგანაწესის ხმამაღლა კითხვის იმედად რომ იყო – ეგება შეიგნონ თავიანთი ბოროტების დამღუპველობა, მოინანიონ და გამოსწორების გზაზე შედგომა მოუნდეთო. ეს ხომ ის ვენეციის კომისიაა, რომლის თავმჯდომარეს ჩვენი მთავარი კონსტიტუციამრყვნელი ვითომ სმს-ებს რომ უგზავნიდა ვითომ მობილურზე და მიღებული ვითომ პასუხებით თავის შუქუროვნებას რომ გვიმტკიცებდა? თქვენი ჭირიმეთ, რაა… მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი ენა ესმის, – ის ენა, კარლა დელ პონტე მილოშევიჩს რომ ელაპარაკებოდა. და ყველა სხვა დანარჩენი ვენეციური რევერანსები მისთვის მხოლოდ მანამდე იქნება საინტერესო, სანამ ისინი შუქუროვნების მითს ამაგრებენ. როგორც/თუ კი ვენეციის კომისია პრინციპულ პოზიციას დაიკავებს, სააკაშვილის დამოკიდებულება ამ ორგანოსადმი ისეთივე გახდება, როგორც ჩრდილო კორეის მმართველთა დამოკიდებულება გაეროს რეზოლუციებისადმი, ანუ – სრული იგნორი.
მოკლედ გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტის დამღუპველად ნაყოფიერი 2011 წელი.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო მრავალი შესწორება (450-ზე მეტი!), რომელთაგან უპირველესით და უმნიშვნელოვანესით – საკონსტიტუციო ცვლილებებით – გაცხადდა, რომ უახლოესი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უმაღლესი ხელისუფლება პრეზიდენტიდან გადადის პრემიერ-მინისტრის ხელში, რომელსაც 50%+1 ხმით საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს უვადოდ და რომლის უფლებები ოდნავ ჩამორჩება რომის იმპერატორისას. – კერძოდ, იმით, რომ იგი ერთდროულად პონტიფიქს მაქსიმუსი, ანუ სამღვდელოების უმაღლესი პირი არ იქნება (ისე, ხომ არ გაგაჟრჟოლათ, ძვირფასო მკითხველებო? არის კი ეს ისეთი თემა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ალმურმოდებული ცნობიერება ვერ შეეთამაშება?).
ამით საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ე.წ. საქართველოს პარლამენტის ერთადერთი დანიშნულება მიხ. სააკაშვილის ფანტაზიების რეალობად ქცევა და ამისთვის საკანონმდებლო ჩარჩოების პერიოდული გაწევ-გამოწევაა, გასაგები გახდა – მიხეილ სააკაშვილი ჯიუტად აგრძელებს სვლას მის მიერ შაჰ-აბასად შერაცხული ვლადიმერ პუტინის ნაკვალევზე. პუტინიც და მიშაც თავის იდეალებად სინგაპურის ერთპარტიულ სისტემას და მის უვადო მმართველებს – მამა-შვილ ლიი კუან იუს და ლიი ჰსიენ ლოონგს – თვლიან. პუტინმაც და მიშამაც მოახერხეს დე იურე აღმასრულებელ ხელისუფლებაში თავის მიერ დანიშნული გუბერნატორების ვერტიკალის გამაგრება და უშიშროების, შსს და პროკურატურის მიერ საზოგადოებაზე ყოვლისმომცეველი კონტროლი, ორივემ დაიმორჩილა და თავის ახლობლებს გადაუნაწილა მანამდე თავისუფალი მედია, ორივემ საკუთარი კლანის კრიშის ქვეშ სრულად მოაქცია ბიზნესი, ორივემ რეალურად გააუქმა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დემოკრატიული საფუძველი და ორივეს ხელში სასამართლო და ციხეები იქცა საზოგადოებაში შიშის და უსამართლობის დანერგვის ინსტრუმენტად. ახლა მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს ვლადიმერ პუტინის მიღწევებიდან – უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ის მარიონეტი, რომელსაც პრეზიდენტის ფიქციად ქცეულ პოსტს დაუტოვებს. და თუ გუმანი და ფეისბუქზე დაწყებული პოპულარიზების კამპანია არ მატყუებს, მხოლოდ მიშამ თუ გადაწყვიტა, ეს პირი ან მარადმღიმარი დავით ბაქრაძე იქნება, ან – მარადმდგრადი ვერა ქობალია. თუმცა სახელისუფლებო ბანაკის ორივე მეტ-ნაკლებად რუხ კარდინალს თავისი გამსვლელი პაიკებიც ჰყავთ – ნიკა გილაურის და გიგი უგულავას სახით.
ამ კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ხელისუფლების მიერ არსებული ადმინისტრაციული რესურსის, პოლიციის მიერ არჩევნების გაყალბების მდიდარი გამოცდილების და მართული სატელიტი ფსევდოოპოზიციური პარტიების მანიპულირების გზით მმართველ პარტიას არ გაუჭირდებოდა საპარლამენტო არჩევნების მოგება. ხელისუფლებამ სპეციალურად უბიძგა ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩის აქციების გამოყენებისაკენ, თან წინასწარ ჩანერგა ბურჯანაძის მოძრაობაში საკუთარი აგენტები „რუსეთთან კავშირის“ მარადიული კარტის გასათამაშებლად. 26 მაისის აქციის სისხლში ჩახრჩობას ხელისუფლებისათვის ორი საჭირო შედეგი უნდა მოეტანა – ქუჩის აქციების გამართვაზე ხალხის საბოლოოდ დაშინება და დემონსტრაციების და შეკრებების თავისუფლებაზე გადამწყვეტი საკანონმდებლო იერიშის მიტანა. თუ პირველი ამოცანა თითქმის უშედეგოდ დასრულდა, რაზეც აქციის სისხლიანი დაშლიდან ერთ კვირაში სოლიდარობის უპარტიო აქციის ხალხმრავლობა მიუთითებდა, სამაგიეროდ კალიგულას ცხენებმა პადოშა თორთლაძის თამადობით წარმატებით გაართვეს თავი მეორე ამოცანას და ზაფხულის განმავლობაში მოქალაქეთა საზოგადოებრივი შეკრების ჩარჩოები ისეთი მასშტაბით შეზღუდეს, რომ ირანის მეჯლისსაც კი შეშურდებოდა. ამით სააკაშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი გიგანტური ნაბიჯი გადადგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინააღმდეგ, რადგან საზოგადოება, სადაც პარლამენტი ცირკად არის ქცეული და სადაც ტელევიზიები მმართველი პარტიის კლოუნადის და ფსიქოტერორის არენაა, ნამდვილად აუცილებელს ხდის ქუჩის აქციებს. ის მრავალი პროტესტი, რომელიც ხელისუფლების უსამართლო და აბსოლუტურად არადემოკრატიული მეთოდებით ხორციელდებოდა ლტოლვილების, ომის ვეტერანების, გარემოვაჭრეების, „ატსტუპნიკების“, შვილმკვდარი დედების, საკუთრებაწართმეული მოქალაქეების, პატიმრებისა და მათი ახლობლების წინააღმდეგ, აუცილებლად საჭიროებს იმას, რომ ყველაფერ ამაზე პროტესტის გამოხატვის ერთადერთ საშუალებად სტრასბურგის სასამართლო არ რჩებოდეს. 2006 წელში სადისტურად ნაწამები და მოკლული სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამრთლოში სამართალს პური ბოლომდე დღესაც კი არ უჭამია! გირგვლიანის მკვლელობიდან გასული 6 წელი იყო მსოფლიოს ძალიან ნელი გამოღვიძების წლები, როცა უცხოეთში მიშათი მოხიბლულ ყველა პერსონას და ინსტიტუტს სულ უფრო უჭირდა, არ დაენახა და არ ეღიარებინა სააკაშვილის რეჟიმის ანტისახალხო, რეპრესიული და უსამართლო ხასიათი. ადრე (2008 წლის ომამდე) სააკაშვილის რეჟიმის მიმართ საერთაშორისო ნდობის მაღალი რეიტინგი მას აძლევდა საშუალებას ასიათასობით პროტესტის გამომხატველი მოქალაქე „რუსეთის ინტერესების გამტარებელი ძალების“ მიერ მოტყუებულ ადამიანთა „მცირე ჯგუფად“ გაესაღებინა, დღეს საქართველოს უკანონო და არალეგიტიმური ხელისუფლების ხსნა და იმედი ისაა, რომ ხალხმა ქუჩაში გამოსვლა ვერ გაბედოს – ვერც მაშინ, როცა მას პირს აუკრავენ და არჩევანს გაუყალბებენ. ხოლო ხელისუფლება რომ ამას ამზადებს, ეს უკვე არავის ეეჭვება.
მაგრამ 2011 წლის ოქტომბერში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა – ოპოზიციამ უცებ შეიძინა გამაერთიანებელი ლიდერიც, ფინანსებიც, პოპულარობაც და უცხოეთის მხრიდან გაცილებით მაღალი რანგის ინტერესი. და სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენიდან დაიწყო ის, რასაც რეჟიმის სრული გაშიშვლება და გამაიმუნება შეიძლება ეწოდოს. ის ადმინისტრაციული, ფინანსური, თუ საკანონმდებლო ნაბიჯები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტიულ-სანათესაო კლანი 2011 წლის ოქტომბრიდან დგამს, არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ საქმე ეხება პლუტოკრატიის სწრაფ დეგრადაციას მანიფესტირებულ ავტოკრატიულ რეჟიმამდე, რომელსაც დიქატატურამდე მხოლოდ მასიურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ მასიურად გამოყენებული ძალადობა აშორებს. ის, რომ რეჟიმი შეფიქრიანებულიც არის და შეშინებულიცაა, იმით დასტურდება, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის შესწორების საჭირო ქვორუმის დონე 2/3-დან 3/4-ზე ასწია!
2011 წლის ბოლოს 27-29 დეკემბერს განხორციელებულმა ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არის არც დემოკრატიული და არც დამოუკიდებელი სახელმწიფო. რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – საკანონმდებლო ინციატივების ექსპერტული შესწავლა, ყურადღებით აწონ-დაწონა და საჭიროების შემთხვევაში საყოველთაო განხილვა – უცხოა სააკაშვილის რეჟიმისათვის. რომ დღეს მიშას პარლამენტი წარმოადგენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის აბსოლუტურად არაპროფესიულ ორგანოს, რომელსაც პარლამენტარიზმის მხოლოდ მიახლოებითი ფორმა გააჩნია და არა – შინაარსი.
ცვლილებები, რომლებიც ვითომდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეყრდნობა, ისე იქნა დაჩქარებული წესით გადარბენილი, რომ არც ვენეციის კომისიის დასკვნა გამოუქვეყნებიათ და არც ექსპერტების, დიპლომატებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მოუსმენიათ.
მეტიც, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა თუნდაც იმ ფსევდოოპოზიციის მოსაზრებებიც, რომელიც იმიჯის შესანარჩუნებლად მაინც ეწინააღმდეგებოდა მმართველი კლანის სურვილს ამ ცვლილებებით ივანიშვილის „ქართული ოცნების“ და სხვა რეალური ოპოზიციისათვის საარსებო სივრცე კი არ შეეზღუდა, არამედ – სრულიად გაეუქმებინა.
საქართველოს ე.წ. პარლამენტმა მოსმენები სპეციალურად დანიშნა 27 და 28 დეკემბერს, როდესაც წესით საპარლამენტო სესია არც უნდა ყოფილიყო, რათა თავიდან აეცილებინა ის ერთადერთი, რასაც საქართველოს მმართველი რეჟიმი ჯერ კიდევ ერიდება – უცხოელი პოლიტიკოსების, ექსპერტების და დიპლომატების მიერ საკანონმდებლო ინიციატივების სწრაფი კრიტიკა მათი განხილვის ფაზაში. ეს საქციელი ძალიან ჰგავდა საპარლამენტო სირაქლემების მიერ ქვიშაში თავის ჩარგვის კოორდინირებულ აქციას – აქაოდა, ახალწლების მერე რამეს რომ გვისაყვედურებენ, დაბნეულად და სინანულით ჯოკონდასავით გავიღიმებთ, – აფსუს, რატომ ადრე არ ვიცოდით, ახლა რაღა უნდა ვქნათ, მიღებულ კანონს ხომ არ შევცვლითო?! (ბაბუები გიცხონდათ, ვერ შეცვლით! ტექსტს არ გადაასწორებთ უკანა რიცხვით, როო?!)
საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა, (როგორც ჩვენი ე.წ. „საკონსტიტუციო გარანტი“ გამუდმებით ამბობს – „პირველად მსოფლიოში“) სრული ლეგალური ასიმეტრია – როცა იურიდიულ პირებს აეკრძალათ პარტიების დაფინანსება, ხოლო ხელისუფლებას არ შეეზღუდა ნებისმიერი იმ პროგრამების განხორციელება, რაც რეალობაში მმართველი პარტიის დაფინანსება იქნება! ისევე როგორც არ შეიზღუდა საარჩევნო კამპანიებში გუბერნატორებისა და გამგებლების მონაწილეობა, – ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ!
საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა დრაკონული სისხლის პასუხისმგებლობა, რომელიც არა მარტო პოლიტიკურ პარტიას ან მასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აკისრებს პასუხისმგებლობას მოქალაქეთა მოსყიდვისათვის (რაც ბუნდოვანი განმარტების და არასაარჩევნო პერიოდზეც შეუზღუდავი გავრცელების გამო ქველმოქმედების ნებისმიერ აქციასაც მოიცავს), არამედ მოქალაქის მიმართაც აყენებს სერიოზული ჯარიმის ან 3 წლამდე პატიმრობის პერსპექტივასაც, ასეთი დახმარების თუ ქველმოქმედების გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიღებისათვის. და ეს ისევ იმ ასიმეტრიის პირობებში, როცა ხელისუფლებას (ანუ ფაქტიურად – მმართველ პარტიას!) მსგავსი ქმედების განხორციელებაზე არავითარი პასუხისმგებლობა – წინასაარჩევნო პერიოდშიც კი – არ ეკისრება!
საქართველოს ე.წ. პარლამენტმა დააკანონა პოლიტიკურ პარტიების მიერ გამოყენებული განცხადებების და კვლევების ავტორი იურიდიული პირების (არასამთავრობო სექტორისაც) ასევე პარტიებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული პირებისა (?!?) და მათი ოჯახის წევრებისათვის (!!) რიგი ფინანსური და უფლებრივი შეზღუდვები, რაც რეალობაში არასამთავრობო სექტორს ხელ-ფეხს უკრავს ნებისმიერი სოციალური და პოლიტიკური კვლევების ჩატარებაში და ხელისუფლების და მისი მორჩილი სასამართლოს მძევლად აქცევს. და ამავე დროს ბუნდოვანი ფორმულირებების გამო არასამთავრობო სექტორის მუშაკთა მიერ და ფიზიკური პირების მიერ არამარტო პოლიტიკური სიმპათიების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლების კატასტროფული შეზღუდვაა, რასაც ევროკავშირის და ნატოს „ასპირანტი ქვეყანა“ მხოლოდ მაშინ შეიძლება აკეთებდეს, თუ „ასპირანტურიდან“ გარიცხვის და დისერტაციის უცილობელი ჩაგდების გამო ყველა და ყველაფერი უკვე ფეხებზე ჰკიდია.
მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო 27 დეკემბერს პარლამენტში კალიგულას ცხენის განსხეულებული ვერსიის – კობა ხაბაზის – თოხარიკით შემოჭრა და კბილებით ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი იმ ტექსტის შემოჭენება, რამაც საქართველოს პარლამენტი ბრინჯაოს ხანიდან უკვე ქვის და ქვასროლიების ხანაში დააბრუნა…
მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს საპარლამენტო სანაქებო უმრავლესობის ისეთმა სიდედრცხებულმა, როგორიც აკაკი მინაშვილია, ფრთხილად ჩაიბურტყუნა, – შეუძლებელია ახალ რეგულაციებს უკუძალა მიენიჭოსო, მაგრამ, ეტყობა, სხდომის შემდეგ მინაშვილი „შეიყვანეს საქმის კურსში“, რომ ხაბაზის საქმე ამ ინიციატივის მხოლოდ საკანონმდებლო თონეში ჩაკვრა იყო, ხოლო ცომი „იმის“ მოზელილი იყო, ვინც ყველა სიტუაციას, ყველა ცომს და ყველა დომინოს ზელს უკვე 8 წელია შეუჩერებლად, რადგან ცვლილებები ისე განვითარდა, როგორც კაფკას „პროცესში“…
28 დეკემბერს, საკანონმდებლო ცვლილების ტექსტის ტექნიკურ ცვლილებად უკანონოდ კვალიფიცირებით და წინასწარ დეპუტატებისათვის დარიგების გარეშე, საქართველოს ე.წ. პარლამენტმა, უკვე მართლაც რომ მეორედ მსოფლიოში (1961 წლის შემდეგ, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა ე.წ. ვალუტჩიკების საქმეზე სსრკ უმაღლეს საბჭოს კანონში სასჯელის უმაღლესი ზომა შემოატანინა და უკვე გასამართლებული იან როკოტოვისა და ვლადისლავ ფაიბიშენკოს დახვრეტა კანონის რეტროაქტიულად /უკუძალის გამოყენებით მოხდა) მოახდინა კანონში უკუძალის მქონე ისეთი ცვლილების დაფიქსირება, რაც ამ კანონის წარსულში პოტენციური დამრღვევის მდგომარეობას ამჟამად აუარესებს.
არაფერი რომ არ ვთქვათ საქართველოს კონსტიტუციაზე, კანონში რეტროაქტიული სახის ისეთი ცვლილების შეტანა, რომელმაც შეიძლება განსასჯელის მდგომარეობა დაამძიმოს, პირდაპირ ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მე-11 მუხლის მე-2 პარაგრაფს და „საზოგადოებრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის“ მე-15 მუხლის 1 და მე-2 პარაგრაფებს. ეს შეიძლება არ იცოდნენ იმ მასშტაბის „კანონშემოქმედებმა“, როგორიც კობა ხაბაზი ან გია თორთლაძეა, მაგრამ რატომ არსებობს ე.წ. საქართველოს პარლამენტში ე.წ. იურიდიული კომიტეტი და რატომ უწერიათ მიხეილ სააკაშვილს, ძმებ კუბლაშვილებს და სხვებს სპეციალობაში – „იურისტი“?
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 28 დეკემბერს შეიტანა. „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი 29 დეკემბერს, შუადღეს გამოქვეყნდა. დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
ანუ, პარლამენტის უმრავლესობის 86-მა „ინსიტატუსმა“, რომელთაც ეჭვიც კი არ შეჰპარვიათ იმაში, რომ ყველაფერს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მათგან ითხოვს, უკვე იუპიტერის ძალა გააჩნია, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მხარი დაუჭირეს იმას, რომ მოხდეს კანონის ამოქმედებამდე მომხდარი ფინანსების უკან დაბრუნება [და ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ახევა], რაც არაფერია სხვა, თუ არა კანონისათვის რეტროაქტიული ძალის მინიჭება, რომელიც კანონქვემდებარე სუბიექტების მდგომარეობას კანონის მიღების შემდეგ ამძიმებს.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის ჩანიშვნა 27-28 დეკემბერს მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ საშობაო დღესასწაულებზე სიფხიზელმოდუნებული და უქმედ გამწესებული დიპლომატების (განსაკუთრებით, ჯონ ბასის) მიერ ამ ნეობოლშევიკური ინიციატივების დროულად შენიშვნა ვერ მომხდარიყო, ეს მაინც მოხდა. როდესაც 86 გმირმა პარლამენტარმა თავისი ხმით ერთგულება დაუდასტურა კასტროს, კიმ ირ ჩენს, ხრუშჩოვს, ვიშინსკის, კადაფის და აჰმადინეჯადს, ამერიკის საელჩომ ისე ოპერატიულად გააკეთა განცხადება, რომ თავად კეისრის კარზეც აშკარა გახდა, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯით სტრატეგიული პარტნიორის უკმაყოფილების მასშტაბი…
აშშ საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო „…გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით … ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას…“
ანუ, ეჭვები ხომ გვქონდა და კიდევ უფრო გაგვიძლიერდა… ახლა ვხედავთ, რა დონის მანიპულატორები ყოფილხართო…ხომ ისედაც უთანასწორო გქონდათ ეგ კოდექსი და ასიმეტრიული კონკურენციის პირობებიო, და ახლა მთლად უფრო უთანასწორო გახადეთო… დიპლომატიურ ენაზე ამას გაფრთხილება (ანუ ყვითელი ბარათი) ჰქვია. არა მგონია, მიხეილ სააკაშვილს ამჟამად აჰმადინეჯადთან რევერანსების კეთებამ ან ავღანეთში დამატებით ათასეულის გაგზავნამ გამოუსწოროს გამოუსწორებელი თაღლითის დამკვიდრებული იმიჯი.
წარმომიდგენია, როგორ დარბოდა ღაბაბათრთოლებული აკო მინაშვილი კუბლაშვილისა და ბაქრაძის კაბინეტებს შორის და მოთქვამდა: „ხომ ვიძახდი, არ გვინდა ეს გლახა საქმე, ხელს შემოგვიბრუნებენ-თქო…“
არადა, სააკაშვილს რომ ელემენტარული მოქნილობის ნატამალი შერჩენილი ჰქონდეს, ამ ინიციატივებს ხელს ერთი დღე მაინც არ მოაწერდა, მით უფრო, რომ არასამთავრობო სექტორმა უკვე 28 დეკემბერს გაერთიანებული, დასაბუთებული და ძალიან მკაცრი პროტესტი გამოხატა და პირდაპირ სთხოვა პრეზიდენტს, ცვლილებებზე ვეტო დაედო. მაგრამ რა ვეტო, რის ვეტო?.. ვეტო კი არა, ხელი მგონი ცარიელ ფურცელზე ჰქონდა წინასწარ მოწერილი, ისე ეჩქარებოდა ივანიშვილის მილიონების საკუთარ ჯიბეში „მიქცევა“…
ასე რომ 28 დეკემბერს ე.წ. პარლამენტმა პროცედურული ნორმების დარღვევით კენჭი უყარა ამ საკანონმდებლო ინიციატივებს ზემოთხსენებული რედაქციით, 28-ვე დეკემბერსვე პრეზიდენტმა შვებით ხელი მოაწერა, ცვლილებები გამოქვეყნებისთანავე სავალდებულო გახდა (მაშინ როცა ჩვეულებრივ, ეს 15 დღის შემდეგ ხდება ხოლმე!), და მართალია გამოქვეყნება 29 დეკემბერს მოხდა, მაგრამ 28-ის რიცხვით გააფორმეს! აბა კიდევ 24 საათს ხომ არ აჩუქებდნენ საძულველ ოპონენტებს? ის კი არა, რომ უკვე გამოქვეყნებული აქტების ნუმერაციის დარღვევა ეპრობლემებოდათ, თორემ, რომ შეძლებოდათ, გამოქვეყნების თარიღად საერთოდ 28 ოქტომბერს ჩასწერდნენ… ჭკუა დაუშლიდათ, თუ სინდისი?
ახლა კი მოვიშველიებ საკმაოდ მოზრდილ ნაწილს ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის სტატიიდან „არიფი შულერები“, რომელიც presage.tv-ზე გამოქვეყნდა:
———————————————————————————
(აშშ საელჩოს) „… ზემოთხსენებული განცხადების შემდეგ, უკვე ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განმარტება, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობამ არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები, არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს. მათივე მტკიცებით, ამერიკის საელჩო პოლიტიკურმა პარტიებმა შეიყვანეს შეცდომაში და მათაც, კანონის წყაროებთან [ანუ ხაბაზთან, პალიკოსთან, აკოსთან და პარლამენტში შეყვანილ კეისრის 86 ცხენთან – ს.თ.] არ გადაამოწმეს ინფორმაცია.
29 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, უმრავლესობის მიერ აშშ საელჩოს განცხადების გამო ჩატარებული პრესკონფერენციის პარალელურად, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონის შესაბამისი დებულებაც შეიცვალა და დღის მეორე ნახევარში, ასე ჩამოყალიბდა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში“.
„ეს არის ფაქტი ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და ხელისუფლების ექსტრემიზმისა“, – განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გამოქვეყნებული დოკუმენტის შინაარსი შეცვალა, არამედ მისი გამოქვეყნების თარიღიც.
კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები 29 დეკემბერს გამოქვეყნდა, რაც მის ძალაში შესვლასაც ნიშნავს, თუმცა, „საკანონმდებლო მაცნეში“ ცვლილებების გამოქვეყნების თარიღად 28 დეკემბერია მითითებული.
ფაქტია, რომ კანონი სწორედ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ ჩასწორდა და ამისთვის მათ, ქართული საზოგადოების მხრიდან მადლობა ეკუთვნით. ნაცები კი კატეგორიულად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ, თითქოს, აქ აშშ-ს საელჩო არაფერ შუაში იყოს. მათი ეს მცდელობა გასაგებიც არის, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას ამ ნორმების დემოკრატიულად მონათვლა სურდა და ისეთი განცხდებები კეთდებოდა, თითქოს ამით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ხდებოდა. არადა, ნორმების გამკაცრება ხელისუფლებას მხოლოდ მესამე მოსმენის წინ გაახსენდა და, ბუნებრივია, ამის შესახებ ვენეციის კომისიას ვერაფერი ეცოდინეობდა. ამასთან, ვენეციის კომისიის ისეთი შენიშვნები, რაც ხელისუფლებას არ აწყობდა, საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული. მაგალითად, გუბერნატორებისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აკრძალვის აუცილებლობა დ ასევე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის პოლიტიკაში მოინწილეობის უფლების მიცემა.
ამ რეკომენდაციებიდან და კიდევ ბევრი ასეთი რეკომენდაციიდან ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა და ამიტომ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მსოფლიო პრაქტიკაშიც კი არ არსებობს, ვენეციის კომისიის მოშველიება, სირცხვილია.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყურადღებას უკვე იმაზე ამახვილებენ, რომ უპრეცედენტო კანონი რეგლამენტის დარღვევითაც იქნა მიღებული და, წესით, ასე მიღებული კანონის ამოქმედება არ შეიძლება.“
თეონა ხარაბაძე – არიფი “შულერები” http://www.presage.tv/?m=politics&AID=8993
==============================================================================
დასკვნა: ეს არ არის სახელმწიფო, არამედ ბანანის რესპუბლიკაა, სადაც მხოლოდ ბანანის კანებია… ამ სახელმწფოს არ აქვს კონსტიტუცია, არამედ აქვს პიჯაკი, რომელსაც პიჯაკის გარანტი გარანტირებულად თავის თავზე ირგებს და სუ ფეხებზე ჰკიდია, ამ მუდმივ თერძობებში რა მასალა დაიხარჯება ან რას იტყვის ხალხი… ამ სახელმწიფოს არ ჰყავს პარლამენტი, არამედ ჰყავს მაიმუნთა პიტომნიკი, საიდანაც მინიმუმ 86 მაიმუნი წინააღმდეგი ვერ იქნება იმაზე, რომ მათ ასე მიმართონ, რადგან ოღონდ ბანანი, მივლინების თანხები, ლაი-ლაი ბარათები და ბენზინის ტალონები ჩააცეცხლე და ყველაფერზე ხელის მომწერნი არიან და ამ სახელმწიფოს ჰყავს მედია, რომელმაც ეს ტრაგიკომედია საერთოდ ვერ შენიშნა, რადგან საახალწლო გადაცემისათვის პოლიტიკოსების კურიოზების სიუჟეტების მომზადებით და საარტილერიო სიყვითლით იყო დაკავებული…
არადა, ამაზე მეტი კურიოზი და სიყვითლე, რაც ამ დღეებში ჩვენს უმაღლეს ორგანოში განვითარდა, სად გაგონილა? ყველა სიკეთესთან ერთად, პრალამენტი ორჯერ გაფარჩაკდა – ერთხელ მაშინ, როცა კეისრის ხუნტრუცს აყვა და მსოფლიოში მიუღებელი ნორმა სასწრაფოდ დააკანონა, ხოლო მეორედ მაშინ, როცა უცხო ქვეყნის საელჩოს მხრიდან სამართლიანად თავში ჩარტყმულ შალაბანზე მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანა რიცხვით „ამ“-ის ამოშლით გააკეთილშობილა და საელჩოს არასაკმარის პროფესიონალიზმსა და არასანდო წყაროების ნდობაში იქეთ დასდო ბრალი! ის სისწრაფე, რომლითაც ჩვენმა მაიმუნებმა ეს ცვლილება გააიმასქნეს მხოლოდ იმ სისწრაფეს შეიძლება შევადაროთ, რომლითაც მაიმუნი ბანანს ფცქვნის. ასე რომ, თუ სტატიის კომენტარებში კამათი იმ თემაზე წავა, პარლამენტში 86 ცხენი გვყავს თუ 86 მაკაკა, ალბათ ამ ბოლო ვერსიას მეტი მომხრე ექნება, – ხელის სისწრაფეს – ვერც აწევაში, ვერც სხვის პულტზე ხელის დაჭერასა და ვერც „იმ“-ის ამოშლაში – მიშას დეპუტა(ნკ)ებს ვერ დავუწუნებთ.
შექსპირის სიტყვების პერეფრაზი რომ მოვახდინოთ, ჩვენს სამეფოში უკვე ყველაფერი, (რაც სახელმწიფო სტრუქტურაა), დალპა. სრული სახელისუფლებო განგრენა სახეზეა და ამას ოდეკოლონის და დეზოდორის მისხურებით, თუნდაც -ფერ-უმარილის წასმით, ვერ უშველი… უბედურება იმაშია, რომ განგრენა თავიდანაა წამოსული და ეს თავი ხალხის სახელით ლაპარაკობს, რომ „მთელ მსოფლიოში ყველაზე უფრო წარმატებული და მაგარი“ თავია…