სიმონ დოლიძე – ნეობოლშევიზმი ქართულად
Posted: 2009/02/02 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნეობოლშევიზმი დატოვე კომენტარი[კონტექსტი: ეს სტატია 2008 წლის მაისში დაიწერა, საპარლამენტო არჩევნების წინ და მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე რამდენიმე გაზეთისათვის მიმეწოდებინა, არავის დაუბეჭდავს. მერე ანა დოლიძის ბლოგზე განვათავსე. გვარი „დოლიძეც“ მაშინ „მივითვისე“.
სტატია გავუგზავნე აშშ ელჩს ჯონ ტეფტს და სახელმწიფო დეპარტამენტს. ასევე თბილისში რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობას. რა თქმა უნდა, გამოხმაურება არ იყო. სახ.დეპისაგან მოვიდა „მორიგე“ შეტყობინება, რომ ისინი შეისწავლიან ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
მას შემდეგ იყო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ნაცმოძრაობის მანქურთებმა ისე ლამაზად გააყალბეს, რომ საზღვარგარეთ “პროგრესად” ჩათვალეს. ეტყობა, უკეთეს გაყალბებაში „პროგრესს” გულისხმობდნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შევიდა სათამაშო ერზაც-პარლამენტში, ნაწილი შევიდა (ეს წინასწარ იყო დაგეგმილი) და ამით ნაცმოძრაობას არჩევნები “გაუპრავა”.
ამას მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ნიჰილიზმი, ოპოზიციის ჩამოშორება აქტიურ ასპარეზს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტელესივრცის ტოტალური მზის დაბნელება (რაშიც მიზეზად მთავარი როლი ფეხბურთმა და ოლიმპიადამ “ითამაშა”) და საბოლოოდ – დეგრადირებული სააკაშვილის ხროვის მიერ უდიდესი ავანტიურის განხორციელება – რუსეთის მიერ გამართულ ხაფანგში შევარდნა და კიდევ უფრო მალე გამოვარდნა. ხოლო შედეგად მივიღეთ ის, რომ დავით აღმაშენებლობაზე მეოცნებე როყე “ხელისუფალი” ჰალსტუხს ღეჭავდა და კურდღელივით გარბოდა, ლოჯისტიკის ვარსკვლავმა გიგი “იგულავამ” ქართული არმიის ხარჯზე იგულავა, მთელი საქართველო აგრესიის მსხვერპლად იქცა, ასობით ჯარისკაცის დედას უსახელო ძმათა სასაფლაოზე გოდება ერგო, ათიათასობით ახალი დევნილი, რომელთაც მთავრობა ოპოზიციასთან და უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკრძალავს… დავკარგეთ ის, რაც ადრე არ დაგვიკარგავს, ამის ფასად კი გვერგო “დიდი ბედნიერების” განცდა, რომ წითელ ხიდზე წინდაუკან მორბენალი მთავრობა არ “ჩამოიშალა”, რომ თურმე “ახლა ყველაზე ახლოს ვართ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასთან”, და რომ “მთელ მსოფლიოს დავანახეთ რუსეთის სახე”!.. და ის რომ თურმე “ჩვენ გავიმარჯვეთ!..”
ეს უკვე არ არის პოლიტიკა და დაბოლებაც კი არ არის, ეს უკვე ფსიქიატრის კომპეტენციაა. და ვაი რომ, თუ ფსიქიატრმა მალე არ დაიწყო მკურნალობა, მერე ალბათ ეროვნული თვითმკვლელობის მცდელობაც შორს არაა, როგორც გერმანელებს ეს მოუვიდათ 1933-1945-ში.]
=====
დღეს ხშირად ისმის მწარე კითხვა – “რა გვეშველება?”
თავისით – ნამდვილად არაფერი გვეშველება!
ხოლო თუ მოვინდომებთ, რომ გვეშველოს, თუ ხმას ავიმაღლებთ ტირანიის და გამყალბებლების წინააღმდეგ, თუ ვამხელთ სიცრუეს და ნეო-ბოლშევიკებს, თუ დავდგებით საარჩევნო უბნებთან, რომ დავიცვათ ის ერთადერთი, რაც ამ ხელისუფლების ხელში ჯერ კიდევ შეგვრჩენია – ჩვენი ხმები, თუ ყველას დავანახებთ, რომ ჩვენი სამშობლო, რწმენა, ენა, ნამუსი და პატიოსნება საარჩევნოდ დარიგებულ ორიოდ კილო ფქვილზე, შაქარზე და ერთ კანისტრა დიზელზე არ იცვლება, მაშინ – საქართველო გაიმარჯვებს!
ნაციონალური მოძრაობა არის ჩვენი სენი!
ეს არის განგებისგან მოვლენილი სასჯელი იმისათვის, რომ ჩვენ ყოველთვის გვინდა თავისით გვეშველოს, მოვიდეს ვინმე მხსნელი და გადამრჩენელი, რომელიც ჩვენს მაგიერ იფიქრებს და ჩვენს მაგიერ გააკეთებს საქმეს, ჩვენს მაგიერ გაანთავისუფლებს აფხაზეთს და ჩვენს მაგიერ ააშენებს ბედნიერ და აყვავებულ საქართველოს… ამიტომ თუ ვინმე მოდის და ყოველივე ამას დათაფლული ღიმილით გვპირდება, ჩვენც ამის სიამოვნებით გვჯერა და აღტყინებით ვცდილობთ, ირგვლივ სხვებიც დავაჯეროთ ამაში. ვერ ვხვდებით, რომ პოლიტიკოსს არ შეიძლება ის მიაწერო, რაც უფლის ხვედრია. რომ ღმერთს უნდა მივაგოთ ღვთისა, ხოლო კეისარს – კეისრისა! კი არ უნდა გვიყვარდეს ხელისუფლება და ვუჩოქებდეთ, არამედ მუდამ კრიტიკულად ვაფასებდეთ. და თუ მაჰათმა განდიზე და ფრანკლინ დელანო რუზველტზე არ დაუწერიათ თანამემამულეებს მათ სიცოცხლეშივე სიმღერები, მკრეხელობაა ათასწლოვანი ერის შვილები ეგზალტირებულად როკავდნენ “მიშა მაგარიას!” ბღავილით.
ვერ ვხვდებით, რომ მხოლოდ უსინდისოებს შეუძლიათ დაგვპირდნენ ყველა ამქვეყნიურ ბედნიერებას, ისე, რომ ამისთვის თითქოს არაფერი მოითხოვონ. ვერ შევიგნეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და ვერ ვხედავთ, ამ არქიფო სეთურებს და მათ ასინეთებს სინამდვილეში რომ ჩვენი დამონება უნდათ. ისინი ხალხის დასანახავად დავით აღმაშენებლის საფლავთან სანთელს ანთებენ, ჩუმ-ჩუმად კი საქართველოს სიმდიდრეს უცხოელ მტაცებლებს მუქთად უნაწილებენ (რა თქმა უნდა – საკუთარი ჯიბეების გასქელების ხარჯზე).
მიხეილ სააკაშვილი არის ედუარდ შევარდნაძის იდეური შვილი და ტრადიციების მიმდევარი – ორპირი, ცბიერი კარიერისტი, რომელიც ისევე შორსაა ვითომ მის მიერ თაყვანისცემული დემოკრატიის და თავისუფლების იდეალებისაგან, როგორც მისი გამზრდელი ედუარდ-”გიორგი” – წმინდა გიორგისაგან! ამავე დროს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად აბსოლუტურად არაკონტროლირებადი მიხეილ სააკაშვილი არის უარესი და უფრო საშიში საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის, ვიდრე თავის დროზე შევარდნაძე იყო. ხოლო ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ რუსულ ბოლშევიკურ, გერმანულ ნაციონალურ-სოციალისტურ, იტალიურ ფაშისტურ პარტიებს შეიძლება შევადაროთ.
სააკაშვილი და შევარდნაძე
იმისათვის, რომ ჩემს მიერ ზემოთმოყვანილ შედარების სისწორეში დაგარწმუნოთ, რამდენიმე ასპექტს განვიხილავ:
1) მილიციის გენერალ შევარდნაძეს, მის მიერ განხორციელებულ მრავალ სისასტიკეთა მიუხედავად, არ დაურბევია ქართველი ხალხის მრავალათასიანი მშვიდობიანი მსვლელობები – არც 1978 წლის 14 აპრილს და არც – 2003 წლის ნოემბერში. “დემოკრატმა” მიხეილ სააკაშვილმა ეს ჩაიდინა პირველივე “შესაძლებლობისთანავე” – 2007 წლის 7 ნოემბერს.
2) მიხეილ სააკაშვილმა თავისი 4-წლიანი მმართველობის პერიოდში, რუსეთის აგენტის და ყველაფრის გამყიდველი კახა ბენდუქიძის დახმარებით, გაასხვისა საქართველოს 100-ჯერ უფრო მეტი სიმდიდრე, ვიდრე შევარდნაძემ ეს მოახერხა ლამის 30-წლიანი ბატონობის პერიოდში.
ბათუმის და ფოთის პორტები, საქართველოს რკინიგზა, თბილგაზი, რუსთავის მეტალურგიული, ზესტაფონის ფერო, მადნეული, თბილისის წყალი, ბათუმის აეროპორტი, საავადმყოფოები – აი არასრული სია იმისა, რაც სააკაშვილმა ქართველ ხალხს გაუყიდა. აშშ მთავრობის დამსახურებაა, რომ “ბენდუქიძე და კომპანიამ” ვერ მოახერხა გაეყიდათ ყველაზე სტრატეგიული ობიექტი – საქართველოს გაზგამანაწილებელი სისტემა. გაყიდული ობიექტების სიის გამსხვილება არჩევნებამდე დროებით შეჩერებულია და თუ ნაცები გაიმარჯვებენ, მაშინვე უსწრაფესი ტემპებით გაგრძელდება. თანაც, რაც საინტერესოა, ლომის წილი სწორედ იმ რუსეთს მიეყიდა, რომელიც ყველა უბედურების მიზეზად გვევლინება ან ცხადდება.
3) სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა თავის ხელში უკვე პირველივე წლებში მოაქცია საქართველოში ბიზნესის ყველაზე შემოსავლიანი დარგები, რაზეც შევარდნაძეს დაახლოებით 6-8 წელი დასჭირდა. შეგახსენებთ იმ საწარმოებს და დაწესებულებებს, რომელთაც სააკაშვილის ოჯახი – დედა, მამა, ბიძა და ძმები აკონტროლებენ – “მადნეული”, “ვისოლ – კანარგო”, “ბილაინ – ჯორჯია”, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი… ახლო წარსულში ამ სიაში შევიდოდა “ირაოც” და საქართველოს რკინიგზაც, მაგრამ ოქრუაშვილის მხილებებით შეფუცხუნებულმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ზოგიერთი რამ დროებით დაეთმო იმ იმედით, რომ თუ ნაცმოძრაობა არჩევნებს მოიგებს, მომავალში ყველაფერს 100-მაგად აინაზღაურებს.
4) სააკაშვილმა დახურა ბაზრები, გაჭირვებულ ხალხს აუკრძალა გარევაჭრობა, და იძულებული გახადა, ივაჭრონ მისი ახლობლების მიერ აშენებულ ფეშენებელურ ცენტრებში, სადაც მაღალი გადასახადის გამო გაჭირვებულთა 90% ვეღარ შევიდა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. სააკაშვილის მიერ წარმოებული ვითომ-და მასიური დასაქმების პროგრამა არის ყველაზე დიდი ბლეფი, რაც ამ მთავრობას მოაფიქრდა და რეალურად მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების ყიდვას წარმოადგენს, განსაკუთრებით – ახალგაზრდებში. შევარდნაძეს, ხალხის გაღატაკებაში დიდი “დამსახურების” მიუხედავად, ხალხის გაძარცვა ასეთი დრაკონული მეთოდებით არ განუხორციელებია.
5) სააკაშვილმა, რომელმაც საკუთარი კარიერული აღმასვლა კლანური კორუფციის წინააღმდეგ და სხვისი სახლების სურათების აფრიალებით დაიწყო, შექმნა იმაზე უფრო ძლიერი და მაფიოზური კლანური სისტემა, რაც შევარდნაძეს ჰქონდა. აი, დღეს ნუვორიშებად ქცეული ახალ-ნაცების შემოკლებული სია: ბეჟუაშვილები (გაზის ბიზნესი, ტელეკომპანიები “რუსთავი2″ და “მზე”), ვარშალომიძეები (აჭარის ბიზნესის ლომის წილი, ვაკის სამშენებლო ბიზნესი), მერაბიშვილი (სამცხე-საჯავახოს ბიზნესები, საგაზეთო ბიზნესი, ევროპული სკოლა), ადეიშვილი (სამშენებლო და სასტუროების ბიზნესი კახეთში), უგულავა, (სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესები თბილისში), ახალაიაები (რომელთაც თურმე 50,000 ლარიანი სახლის მეტი არაფერი ჰქონიათ, საწყლებს), გოროზიები (სამეგრელოში არსებული ბიზნესები), კუბლაშვილები (რომელთაგან ერთი ძმა მეორის დეპუტატობას “ამტკიცებს”), გიგა ბოკერია (მამამისის სამშენებლო ბიზნესით), ლადო ჭიპაშვილი (“ბლოკ-ჯორჯია”), მამა-შვილი ჯუღელები (“ბელასეტა”-ს ქსელი, თუმცა თვალის საოპერაციოდ 10,000 ლარი მამა-დეპუტატმა, როგორც “უმწეომ” ითხოვა), ძმები კოდუები (ავიაკომპანიები სხვებისათვის შეწერილი ვალებით, მშენებლობები, ჰოსპიტლები, ჟურნალ-გაზეთები), გია გეწაძე (სასტუმრო “აჭარა”), რატი სამყურაშვილი (კაზინოების ბიზნესი), ბენდუქიძე (ოოო!)… ამ სიის თავში უნდა ეწეროს პატარკაციშვილის ბიზნესის მიმთვისებელი ცნობილი ავანტიურისტი ჯოზეფ კეიც (თავის “ფოკუსნიკი” ადვოკატით ზელცერით), რომელზეც სააკაშვილი და ნაცმოძრაობა ახდენს თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილის დროებით გადაფორმებას.
6) სააკაშვილმა, რომელმაც თავის გაპრეზიდენტებისთვის მასმედია 100%-ით გამოიყენა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ფარული, მაგრამ სასტიკი ბრძოლა დაუწყო სწორედ თავისუფალ მასმედიას – გავიხსენოთ დახურული გადაცემები და არხები – “დარდუბალა”, “მე-9 არხი”, “60 წუთი”, “202″. ასევე – შალვა რამიშვილის დაპატიმრება, “კავკასიის” და “ასავალ-დასავლის” ოფისებიდან გამოძევება, “იმედის” სამთავრობო ბოიკოტი, “კავკასიის” და “იმედის” ლიცენზირების შეჩერება მოგონილი მიზეზებით და უკანა თარიღებით, “იმედის” ჟურნალისტთა წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტერორი, და ბოლოს – “იმედის” წარმოუდგენელი მასშტაბის დარბევა ავტომატიანი სპეცნაზით, ორსული ქალების ცემით და სიბნელეში ხალხის სროლისქვეშ დევნით. სააკაშვილმა “რუსთავი-2″ ერთდროს ამაყად თვითგამოცხადებული “გამარჯებული ხალხის ტელევიზიიდან” აქცია “გამარჯვებული ნაცების ჯიბის ტელევიზიად”, შეუზღუდა მაუწყებლობა (პირი აუკრა) “მაესტროს” და აპირებს დახუროს “კავკასია”, ხოლო ბოლო მონაცემებით – საზოგადოებრივი მაუწყებელიც! ამ ფონზე შევარდნაძის სხვადასხვა მედია-საშუალებების მიმართ ზოგჯერ გაღიზიანება მართლაც ლამის სანიმუშო დემოკრატიულობად აღიქმება, ბოლოსდაბოლოს იგი მუდამ იტანდა ყოველკვირა “დარდუბალას” და “ჩვენი ეზოს” სატირას.
7) საეჭვო გარემოებით მოცული მკვლელობები. თუ შევარდნაძის დროს ეს ზვიად გამსახურდიას, ჟიული შარტავას, სულიკო ხაბეიშვილის და ნუგზარ საჯაიას სიკვდილის ფაქტები იყო, სააკაშვილი აქაც ცდილობს ტოლი არ დაუდოს გამზრდელს – ზურაბ ჟვანია, ლევან სამხარაული (რომელიც თითქოს მისმა კლასელმა 10 წლის წინანდელი წყენისთვის “მოკლა” და “თავიც მოიკლა”), გურამ შარაძე, ბადრი პატარკაციშვილი…
8) საარჩევნო გაყალბებები – ამას ერთი სტატია არ ეყოფა. ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველს არჩევნების ვიდეოჩანაწერების ნახვას უკრძალავენ, ხოლო მის მიერ აღმოჩენილ დოკუმენტურ დარღვევებს “აბსურდულს” უწოდებენ, სადაც სასამართლოები არცერთ საარჩევნო საჩივარს არ იხილავენ, სადაც ცესკო-ში დაგვიანებით მიტანილ სიას მოჭიდავეთა ჭიდაობით “აპრავებენ”, და სადაც ათასობით დაფიქსირებული დარღვევით ჩატარებულ არჩევნებს “დემოკრატიის ტრიუმფს” უწოდებენ, სადაც ლევან თარხნიშვილის მასშტაბის უსინდისო თაღლითი შეუცვლელად იქცა და მეორედ “ანდობენ” ქართველი ხალხის გაბითურებას, ნამდვილად არ სჯობს იმ ქვეყანას, სადაც ნანა დევდარიანს მხოლოდ ერთი არჩევნების “დედოფლობა” ერგო პატივად.
9) ადამიანის უფლებები – რობაქიძის, გირგვლიანის და ვაზაგაშვილის დახოცვის, თაბუკაშვილის ქ. #50 სახლის დანგრევის, უნივერსიტეტიდან -აკადემიკოსების, მწერალთა სახლიდან – მწერლების და გამომცემლობა “სამშობლოდან”- ჟურნალისტების გამოძევების, ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის უმოწყალო ცემის, შალვა რამიშვილის და მერაბ რატიშვილის საქმეების “შეთითხვნის” ვერდამნახავი, 7 ნოემბრის მოძალადეების არშემფასებელი და სახალხო დამცველის 1300-გვერდიანი შემზარავი მოხსენების არწამკითხავი და არმომსმენი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და იუსტიციის თანამედროვე ქართული სისტემის მამამთავარი, რომლის ხოშზე ერთდროს საუკეთესო ხარისხის ფოლადის ლედის – ნინო ბურჯანაძის – პარლამენტი ლამის ყოველკვირეულად საქართველოს კონსტიტუციას ბოშაქალის კაბასავით ჭრის და კერავს, ნამდვილად არ იმსახურებს იმ პატივს, რომ ამ “დემოკრატ იურისტს” სტრასბურგში, ევროსაბჭოსა და ადამიანის უფლებათა დამცველი სასამართლოს არამცთუ სტაჟორის სახელი ჰქონდეს, არამედ საერთოდ ეძლეოდეს ამ შენობებში შესვლის უფლება!
შევარდნაძემ სამუდამოდ გაისვარა სისხლში ხელები “თვითმფრინავის ბიჭების” და მამა თეიმურაზ ჩიხლაძის დახვრეტით, ეროვნული მთავრობის დამხობით, სამხედრო საბჭოსთან თანამშრომლობით და საქართველოს პირველი პრეზიდენტის უმოწყალო დევნით, რომელიც ზვიად გამსახურდიას უცნობ გარემოებებში სიკვდილით დასრულდა. მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ შევარდნაძე არ იყო ერთმმართველი, მე-2 რანგის სატრაპი იყო და მითითებებს მოსკოვიდან იღებდა (თუნდაც მაშინ, როცა ვითომ არჩეული პრეზიდენტი ერქვა).
ყოველივე ზემოთთქმულით სულაც არ ვაპირებ ედუარდ შევარდნაძის პიროვნების გათეთრებას, მაგრამ სააკაშვილთან მიმართებაში ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა აშკარად მოახერხა გამზრდელის “დაჯაბნა” ყველა იმ უკეთურობებში, რაც საქართველოს ნამდვილად აყენებს არა “დემოკრატიის შუქურის” რანგში, არამედ ჯორჯ ორუელის ორ ნაწარმოებთან შედარებას იმსახურებს – “1984″ და “ცხოველების ფერმა”.
თუ ჰამლეტის ცნობილი სიტყვების პერეფრაზირებას მოვახდენთ, დღეს “საქართველო ციხეა!” თანაც ისეთი ციხე, სადაც თვითმარქვია პრეზიდენტი დროზე გაქცეულ ქართველებს უკან ეპატიჟება, მაგრამ ყველა მიხვდა უკვე, რომ “მეფე შიშველია”!
======
ბოლშევიზმი და ნეობოლშევიზმი
1903 წელს ლონდონში დამთავრებულ რუსეთის სოციალ-დემოკრატთა მე-2 ყრილობაზე თითქოს-და უმნიშვნელო რამ მოხდა – პარტია ორად გაიხლიჩა. და მიუხედავად იმისა, რომ ლენინის ფრაქციას მარტოვისაზე უმნიშვნელო უპირატესობა ჰქონდა – 28 ხმა 23-ის წინააღმდეგ (55%-45%), – მათ “ბოლშევიკები” (ანუ “უმრავლესობა”) ეწოდათ. ბოლშევიზმის შემდგომი ისტორია ნათელჰყოფს მის დამახასიათებელ თვისებებს, რომელიც ცამეტი სატანისტური “მცნების” სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს:
1) ბოლშევიზმი აღიარებს კვაზი-მილიტარისტულ იერარქიას და დისციპლინას და ყოველგვარ გადახრას პარტიის გენერალური ხაზიდან აღიქვამს როგორც ღალატს და დაუშვებელ ოპორტუნიზმს;
2) ამ მიმდინარეობას აქვს შეუვალი წესი, რომ თუნდაც 1%-ით მოპოვებული რიცხობრივი უპირატესობა იძლევა იმის უფლებას, რომ უმცირესობის სურვილები და შეხედულებები იქნას აბსოლუტურად იგნორირებული, ხოლო თავად ეს უმცირესობა – შეძლებისდაგვარად რეპრესირებული და განადგურებულიც კი.
3) ბოლშევიზმი, მეტად ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური მიმდინარეობა, განახორციელებს ცხოვრებაში პრინციპს “ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია და უნდა დაითრგუნოს!”
4) ბოლშევიზმი კადრების შერჩევისას პარტიული ერთგულებით ცვლის პროფესიონალიზმის საჭიროებას და შემოდის ისტორიული “გამოცდილებით”, რომ ქვეყნის მართვა მზარეულ ქალსაც კი შეუძლია, მთავარია იგი ერთგული მზარეული ქალი იყოს! ბოლშევიზმი ცინიკურად ანაცვლებს ასაკოვან კადრებს რევოლუციური ახალგაზრდა კადრებით, რომელთა ერთადერთი გამომრჩეველი მახასიათებელი ფანატიური ერთგულება და ფანატიური მორჩილებაა, რაც უხშირესად უცოდინრობას, არაპროფესიონალიზმს და დაბალ ინტელექტს “ეყრდნობა”.
5) ბოლშევიზმი უარყოფს წინა თაობების როლს და პოზიტიურ დამსახურებას და ისტორიულ ათვალას იწყებს თავისი საწყისიდან, შემოაქვს ახალი სიმბოლოები და ატრიბუტიკა.
6) ბოლშევიზმი ვერ ჰგუობს ვერც ერთ პარალელურ სტრუქტურას, რომელსაც მაღალი ავტორიტეტი გააჩნია. იგი თავგამოდებით ებრძვის განათლების კერებს, ხელოვნებას და, განსაკუთრებით – რელიგიას. ბოლშევიზმს აქვს ამბიცია, თავად გახდეს ახალი რელიგია. იგი აყალიბებს ახალ “კულტურას” და ახალ “განათლებას”.
7) ბოლშევიკებისათვის ეკონომიკა არის მხოლოდ პოლიტიკის განხორციელების საშუალება. ამავდროულად, ისინი კარგად აცნობიერებენ ეკონომიკური ბერკეტების მნიშვნელობას და ცდილობენ სასწრაფოდ და სამუდამოდ დაეუფლონ ამ ბერკეტებს.
8) ბოლშევიზმი შეურიგებელია თავისი ერთპარტიული ძალაუფლების დაკარგვის საფრთხესთან და თავიდანვე ან საკმაოდ მალე უარს ამბობს ყველაფერ იმაზე, რაც ამ საფრთხესთან ასოცირდება – ძალაუფლების განაწილებაზე, აღმასრულებელი და პარტიული სისტემებისაგან სასამართლო და საკანონმდებლო სისტემების განცალკევებაზე, და, რაც მთავარია – დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე. ბოლშევიზმი ან საერთოდ აუქმებს დემოკრატიულ არჩევნებს, ან ცდილობს ჩაატაროს გაყალბებული ფსევდოარჩევნები.
9) ბოლშევიზმი იყენებს პროპაგანდის არნახულ მეთოდებს – ადამიანთა ჭანჭიკებად ქცევის და სახელმწიფოსათვის გამოსაყენებელ მექანიკურ ინსტრუმენტებად გადასაქცევად.
10) ბოლშევიზმი მოითხოვს სახელმწიფო ინტერესების გამოცხადებას აუცილებელ და მუდმივ პრიორიტეტად, რომელსაც ვერ უნდა დაუპირისპირდეს ინდივიდუმის ინტერესები, ხოლო ამ უკანასკნელის უფლებები ყოველთვის უნდა მიტანილ იქნას სახელმწიფო მონსტრის სამსხვერპლოზე.
11) ბოლშევიზმი არ არსებობს პოპულიზმის გარეშე. რამდენადაც ბოლშევიკებს აქვთ დაუძლეველი სურვილი იყონ უმრავლესობა, ან ეს ასე წარმოაჩინონ, ისინი ახდენენ ხალხის მატერიალური მოთხოვნების “გახმოვანებას” და ვითომდა სახალხო ბედნიერების ლოზუნგების წამოყენებას (“მიწა – გლეხებს!”, “ფაბრიკა-ქარხნები – მუშებს!” “ძირს სიღარიბე!” და სხვ.), რომელთა რეალური განხორციელება ბოლშევიკებს მიზნად არცა აქვთ და ეს მხოლოდ ხალხის მოტყუების ენერგიული საშუალებაა.
12) ბოლშევიზმი აბსოლუტურად უარყოფს ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობის და უზენაესობის პრინციპს. ბოლშევიზმი ეყრდნობა ძალისმიერ სტრუქტურებს – საძიებო სამსახურებს, სადამსჯელო სამსახურებს, პოლიციას, უშიშროებას, პროკურატურას, ახალგაზრდათა გასამხედროებულ ჯგუფებს და არმიას. იგი აკნინებს და იმორჩილებს სასამართლოს და ადვოკატურას, შეძლებისდაგვარად ხელს უწყობს პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებში პოლიციური კარიერის რეკლამირებას. ბოლშევიზმის იდეალია ნაკლებგანათლებული, კონტროლირებადი, ეგზალტირებული მასა, რომელსაც ნებისმიერ იდეურ მოწინააღმდეგეს მიუსევს (ჰუნვეიბინები ჩინეთში).
13) ბოლშევიზმი, როგორც მიმდინარეობა, აყალიბებს მიუღწეველ მიზნებს, რომელთა მიღწევა ცხადდება სახელმწიფოს მიზნად და ამით აყალიბებს თავისი ისტორიული მისიის დაუმთავრებლობის ფსევდორეალობას. ამავე ცრუ რეალობაში მას შემოჰყავს ცრუბელადები, რომელთა კულტის ჩამოყალიბებას და კანონიზაციას იგი ახდენს მათი გაიდეალებით და სიმბოლიზირებით.
რაც შეეხება ნეო-ბოლშევიზმს, დავესესხები განმარტებას ჩემს მოგვარეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს და ბრწყინვალე პოლიტოლოგს, ქ-ნ ანა დოლიძეს:
“ნოე-ბოლშევიზმის მოდიფიცირებული ხასიათი კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი არსებობს არა სრული ტოტალიტარიზმის, არამედ ავტორიტარიზმის პირობებში, როდესაც ფორმალურად დაშვებულია შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები და ოპოზიციური გაერთიანებები.ფორმალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან ხელისუფლების ცვალებადობის და კონტროლის ყველა მექანიზმი მონოპოლიზირებულია, და მოსახლეობაში კრიტიკული აზრის გამოთქმის თვითცენზურა უკვე დამკვიდრებულია, ამ უფლებების გამოყენებას და ოპოზიციური გაერთიანებების აქტიურობას არავითარი აზრი არ აქვს. ისინი რაიმე კონკრეტულ შედეგში არ გამოიხატება.
ნეო-ბოლშევიზმის მეორე განმასხვავებელი თვისება ბოლშევიკური იდეოლოგიისაგან კერძო საკუთრების აღიარებაში მდგომარეობს. უახლესი ისტორიიდან (თუნდაც თაბუკაშვილის #50-ის ამბავი გავიხსენოთ) ცხადი გახდა, რომ კერძო საკუთრების უფლება სრულადაც არ არის ისე დაცული, როგორც ეს კაპიტალისტურ ან კიდევ კაპიტალისტურისადმი მსწრაფ ქვეყანაში სინამდვილეში იქნებოდა. უბრალოდ, კერძო საკუთრება აღიარებულია, და კიდევ უფრო “აღიარებულია” მაღალი თანამდებობის პირების სწრაფად გაზრდილი კერძო საკუთრება. ბოლოს და ბოლოს, კერძო საკუთრება კასტროს კუბაში და ლუკაშენკოს ბელარუსშიც კი არის აღიარებული.” (ანა დოლიძე. “ნეო-ბოლშევიზმის შესახებ”)
სიტყვა “ბოლშევიზმი”, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების დასახასიათებლად პირველად გამოიყენა აკაკი ასათიანმა, როდესაც 2003 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლებაში საკანონმდებლო და სასამართლო სისტემების დაკნინების და საპრეზიდენტო ხელისუფლების გაძლიერების პირველი ნიშნები გამოჩნდა. ხოლო ტერმინი “ნეო-ბოლშევიზმი” ნაცმოძრაობასთან მიმართებაში პირველად სალომე ზურაბიშვილმა იხმარა 2006 წლის 16 სექტემბერს.
ნაციონალური მოძრაობა როგორც (ნეო)ბოლშევიზმი
ახლა განვიხილოთ ზემოთჩამოყალიბებული 13 თვისება და ვნახოთ, არის თუ არა ნაცმოძრაობა ბოლშევიზმი და უფრო ზუსტად – ნეო-ბოლშევიზმი.
1) კვაზი-მილიტარისტულ იერარქია და დისციპლინა.
მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიტან, როდესაც ნაცმოძრაობის არამცთუ უბრალო წევრებს, არამედ ლიდერებსაც კი არ ეპატიათ პარტიის “გენერალური ხაზის სისწორეში” დასაბუთებული ეჭვის შეტანა – სალომე ზურაბიშვილის “გადაგდება” მას მერე, რაც მან რუსის ჯარი წარმოუდგენლად ეფექტურად გაიყვანა საქართველოდან 200-წლიანი პარპაშის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილის მოშორება მის შემდეგ, რაც მან შეკვეთილ მკვლელობებზე უარი თქვა, გუგული მაღრაძის და ლადო პაპავას “მოკვეთა” სიმართლის თქმის გამო, ელენე თევდორაძის უუფლებო ფიტულად გადაქცევა ადამიანის უფლებებზე მუდმივი დაწოლის გამო და ა.შ. და ბოლო ფაქტი – ნინო ბურჯანაძის მერამდენედ გაცუცურაკება (თუმცა კიდევ საკითხავია, თავად ბურჯანაძე რას გეგმავს და ბოლოს ვინ დარჩება გაცუცურაკებული).
2) უმცირესობის იგნორირება –
გაიხსენეთ მაია ნადირაძის ქედმაღალი განცხადებები (“ჩვენ უმრავლესობა ვართ და ჩვენ ვსაზღვრავთ”…, “ვის არ წამოუდექით ფეხზე? ნატოს არ წამოუდექით?”) ცინიზმის ფელდმარშალის გიგა ბოკერიას, მარშალ თარგამაძის, გენერალ რურუას, პოლკოვნიკ კირკიტაძის და შტურმან (თვითმფრინავთან ახლოსაა!) ნინო კალანდაძის “შეგონებები და დამოძღვრები” – ოპოზიციის უსუსურობაზე, უმცირესობის “ამპარტავნობაზე”…
3) სხვა აზრთან შეურიგებლობა –
ვერავის ვერ იტანენ, ვინც ტაშს არ უკრავს!
ვერ იტანენ და განაქიქებენ რობერტ სტურუას, სალომე ზურაბიშვილს, ჭაბუა ამირეჯიბს, კობა დავითაშვილს, ნინელი ჭანკვეტაძეს, თინა ხიდაშელს, ნონა გაფრინდაშვილს, ოთარ მეღვინეთუხუცესს, ოტია იოსელიანს, ვახუშტი კოტეტიშვილს, ლერი ხაბელოვს… კარის მეხოტბეები და კარის მელექსეები (მე-ლექსენ-ეები) ჭირდებათ და ისეთ გაცვეთილ ხრიკებზეც კი მიდიან, როგორიცაა ოპოზიციის მიტინგზე მომღერალის გადმობირება და “ჩემი გმირი გიწოდეს” მოთხოვნა “შეცდომის გამოსასყიდად”, ბაში-აჩუკის “გაცოცხლება” და კახეთში კალმასობა და ა.შ. ხოლო დასჯის მეთოდად ციხეში ჩასმას (შალვა რამიშვილი) ან მრავლისგან ერთის ცემას (კობა დავითაშვილი) ამჯობინებენ!
4) ბოლშევიკური საკადრო პოლიტიკა.
– როგორც იტყოდნენ ძველები – “აბა, ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ!..” ჰოდა, აბა ერთი თქვენ ნაციონალების “შესწორებული” საარჩევნო სია ნახეთ, ვინ არიან! თუ ბოკერიას და რურუას ინტელექტს ადვილად ვერ დაუწუნებდა კაცი, და ბაქრაძეც და მაჭავარიანიც ცინიკურ ინტელექტუალთა რანგში გადიან, ნინო კალანდაძის და ბიძინა ბრეგაძის “პროფესიონალიზმს” – ეკა ხერხეულიძის და ნუგზარ წიკლაურის, ან გიორგი ასანიძის “პროფესიონალიზმით” რომ ჩაანაცვლებ, იქ ან მართლაც ამ “ქუხნის” მზარეულის გემოვნება უნდა გასინჯო, ანდა კინტაური დაუარო, ანდა მწვრთნელს დაუძახო – “20 კილოც დაუდე, შაქროო! რეკორდზე მივდივართ, აოიეე!”. არა, რას ვერჩი გიორგი ასანიძეს, ცოტა არგუმენტირებული ლაპარაკი უჭირს, თორემ ნახევარი კილოც არ მოუპარავს, სანამ სპორტსმენი იყო. მაგრამ კაცი რომ თავისი მეცენატის პოლიტიკურ დასაფლავებაში აქტიურ როლს ითამაშებ, პოლიტიკოსობაში კახა კუკავას გაეჯიბრები და გლდანელებზე მიწერილი 70,000 მკვდარი სულის და ცაში მობორიალე თვითმფრინავ-ბანერების იმედით პოლიტიკურ სარბიელზე გამოდიხარ, ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ასეთ არასპორტულ “გმირობას” დიდი ბოლო არ უწერია? ნეტა რა წილი მისცეს ამის ფასად “ოლიმპიურ ვარსკვლავში?”
ბოლშევიკურ-კომკავშირული სული
რა იყო გია გეწაძის, დავით კირკიტაძის, ბიძინა ბრეგაძის კარიერის სათავე? – პარლამენტში შევარდნა და მაგიდებზე დავლური. და ამ “დამსახურების” გამო ამ სულითკომკავშირლების სამუდამო ტაშისმცემლებად უნდა ვიქცეთ? ნუთუ მაგიდაზე ავარდნაა დემოკრატიის არსი, რომელიც შემდგომ მრავალწლიანი პირფერობის, ბელადის განდიდების და ერის დამოძღვრის უფლებას იძლევა?
ნინო კალანდაძე – “თვითმფრინავის გოგონა”, რომლის მთავარი ღირსება ის იყო, რომ თვითმფრინავში პრეზიდენტის გვერდით იფრინა და თურმე თავისი განსწავლულობით მოხიბლა ბ-ნი მიხეილი. მერე აღმოჩნდა, რომ მთლად წესრიგში ვერა აქვს დიპლომები და მისი იურისპრუდენციაში განსწავლულობა დაახლოებით “მზე”-ზე დეტექტიურ-საპროცესო კინოფილმებს რომ აჩვენებენ და არჩევენ, იმ დონეს თუ უახლოვდება. სხვა მხრივ მისი ზოგადი ინტელექტი კი იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მგონი ექიმი მშობლები წიგნებს განგებ არ აკითხებდნენ – სათვალე არ დასჭირდესო.
დავით კირკიტაძე, რომელიც გაპარლამენტარების შემდეგ ტელევიზორში პირველი გამოჩენისას ლოგინზე სპორტულ პიჟამაში გამოწყობილი დარტს ესროდა მიზანში, ხოლო პარლამენტში გულისწორის შესაყვანად დაცვის წევრს იარაღი დაადო. ქართველებო, ჰკითხეთ სხვა ერებს, პარლამენტარი ლოგინზე წამოგორებული თუ უნდა უზიარებდეს მოსახლეობას თავის ნოტაცია-სენტენციებს? არა, სადმე მაპუტუ-მოპუტუს ტომის პარლამენტარს (ან ბელადს) ალბათ “ადიდასის” რეიტუზიც არ აცვია, მაგრამ აქეთკენ გვინდა წასვლა? ესაა “პიკასოს ბიჭები”? ამას უყურებს ჩვენი პიკასო? არა, მის მერე ბ-ნი დავითი მართლაც გამოიცვალა და პიჯაკ-ჰალსტუხიც მოირგო, მაგრამ რათ გინდა? – “მიშა-იუგენდის” რაზმები ჩამოაყალიბა და შედარებით მსუბუქ რაზბორკებზე თანატოლებისთვის მისაქსევად ჰყავდა ეგენი. უფრო სერიოზულ ამბებზე ანალოგიურ “ბოროტ”-ოცეულებს ნიკა რურუა “აზაპრავკებს”. და ეს ის ხალხია, ვინც სამშობლოს სადღეგრძელოს სვამენ, რელიგიურობაზე მუსაიფობენ, წამდაუწუმ პირჯვარს იწერენ და სადმე ხეს რომ დარგავენ (ეს ეტყობა, ცოდვის მონანიების რიტუალად მიაჩნიათ), იქვე მდგარ ბავშვს ხელს თავზე გადაუსვამენ და იტყვიან – ამათთვის ვაშენებთ ამ ქვეყანასო! არ მჯერა ეს მე და არც არავის უნდა სჯეროდეს. თუკი ის ბავშვი მათი საკუთარი შვილი არაა!
ჩვენ შვილებს ნაციონალთა ლიდერები მხოლოდ საკუთარ და უცხოელთა მსახურებად, ავღანეთის და ერაყის საზარბაზნე ხორცად, რობოტ-პოლიციელებლად, მათხოვრებად და მეძავებად მოიაზრებენ.
ამაზე მეტი მათ მხოლოდ თავიანთი შვილებისთვის ემეტებათ, რომელთაც “მაგთი” მერსედესს “მოაგებინებს”, “ჯეოსელი” – საზღვარგარეთ სწავლის სტიპენდიას უბოძებს, სამშენებლო კომპანია “თბილისი” – ბინას ვაკეში, და მამა-ნაცი ეტყვის – “ხედავ, რა ცხოვრება მოგიწყვე, შვილო?!”
და ვის ხარჯზე მოუწყობს? – ჩვენი შვილების ხარჯზე!
თაობები და ბოლშევიკები
ორად ორი ასაკოვანი ადამიანი დარჩა სამსახურში – ქ-ნი ბებია (ექიმია, მგონი) და ბატონი ბაბუა (ზოოპარკს ხელმძღვანელობს). არ მკითხოთ, ვისი ბებია-ბაბუა არიან – ვისი და ბელადის. სხვების არამცთუ ბებია-ბაბუებს, მამებსა და დედებსაც კი აღარ ამუშავებენ კარგა ხანია, და თავად სხვებსაც, ანუ არა-ნაცებს (არაკაცობას – არა-ნაცობა სჯობს ნაღდად!) მალე ყველას უკვე 50 წლის ასაკში ყოველთვიურად უფასო ბორშზე დაგვპატიჟებს ნაცმოძრაობა. და თუ ჭკვიანად ვიქნებით, შეიძლება 1 ჩაის კოვზი არაჟანიც ჩაგვირიონ შიგ! მუშაობით და პოლიტიკით კი 20-25 წლის ბავშვები დაკავდებიან. არა, კი მოინდომეს 7 ნოემბრის მერე ამ საყმაწვილო სენის შენიღბვა, ერთი-ორი პატიოსანი ასაკოვანი კაცი შემოიტყუეს მინისტრებად. მაგრამ მაინც არ გაუძლოთ დიდხანს – ორიოდ მერცხალი გაზაფხულს რომ ვერ მოიყვანს, საარჩევნო სიაც ამაზე მეტყველებს – არცერთი ცნობილი სახე!
ერთი, რასაც ვერ დაუკარგავ, რომ გულახდილი ხალხია, დიდხანს შენიღბვა არ შეუძლიათ. მალევე ის წარმოდინდებათ, რაც კოკასა შინა დგას.
5) ბოლშევიზმის სიმბოლოები და ატრიბუტიკა –
ვარდი შეგვაზიზღეს, ხალხო! ესენი ვინ ყოფილან, რომ საქართველოში ვარდი სალანძღავ სიტყვად აქციეს? – “ვარდის სუნი მცემსო”, რომ იტყვის ვინმე, ვფიქრობ, ალბათ რაიმე დალპა-მეთქი. დავით აღმაშენებელს დიდგორიდან არ დაუწყია წელთაღრიცხვა, და ამათ უნდათ მათი “შევარდნობიდან” დაიწყონ? ვარდების მოედანი მოუნდათ ქალაქის გულში და ამიტომაა, რომ სულმნათი დავითის ძეგლი ლამის გელათამდე ჩაიტანეს და ისე დადგეს, რომ კაცი ვერ მივიდეს და თაიგული ვერ დასდოს. ყველაფერი იწყება ვარდების რევოლუციიდან! ყველაფერი “გაანათა” ნაცმოძრაობის გასხივოსნებულმა 4-წლიანმა ისტორიამ! თავის დროზე საფრანგეთის და ოქტომბრის რევოლუციის მესვეურებმაც სცადეს ახალი წელთაღრიცხვა თავიანთი ამობრწყინებიდან დაეწყოთ, მაგრამ მაცხოვრის დაბადებას დიდხანს ვერ გაეჯიბრნენ. ვეჭვობ, ნაცებს გამოუვიდეთ ეგ ნომერი და ხალხს, რომელსაც ფარნავაზმა დამწერლობა მისცა და წმინდა ნინომ – ჯვარი, ჩაუნერგონ, რომ ისტორია მათთვის თურმე 2003 წლის ნოემბრიდან იწყება.
6) ბოლშევიზმი და რელიგია / ბოლშევიზმი და განათლება
ნაციონალების პრეზენტაციაზე ინგა გრიგოლიას უთქვამს – ასეთი “რელიგიურად” წარმოჩენილი ათეული არცერთ სხვა პარტიას არ ჰყოლიაო.
რელიგიის დაკნინების მცდელობა – გლდანის და ფერეთის მთის ეკლესიების დანგრევით და საეკლესიო პირების განქიქებით ისტორიაში შესულმა ნაცმოძრაობამ კიდევ ერთი შტრიხი შემატა მის მსგავსებას ბოლშევიკებთან. ხოლო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავმდაბალი ერისშვილების მიერ აშენებული სამების ტაძარი თავის დამსახურებებში ჩაიწერა, მხოლოდ ერთი რამ “დაისწავლა” საგულდაგულოდ – ყოველთვის რელიგიურ დღესასწაულებზე ეკლესიაში 10-20 წუთით “შერბენა”, უწმინდესის და უნეტარესის გვერდით დადგომა, ღიმილით იმ ოპონენტებისთვის ხელის ჩამორთმევა, ვისაც ცხვირ-პირს ულეწავს, ბიზნესს უნგრევს და არჩევნებს უყალბებს, და შეძლებისდაგვარად საეკლესიო კათედრის თავისი პოლიტიკური “ქადაგებებისა” და “მოძღვრებისათვის” გამოყენება. თუ გახსენდებათ, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რომ ეკლესიაში ტრიბუნას დგამდეს და პოლიტიკურ პიარს ეწეოდეს მიკროფონით! მიეცით ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისაო – არ გაუგიათ. ხშირ-ხშირად პირჯვრის დაწერით რომ მამულის გაყიდვის და ახალგაზრდების დახოცვის ცოდვა რომ არავის მიეტევება – არც ეს იციან.
ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში რელიგიურობის რა პოტენციალი უნდა ჰქონდეს პარტიას, რომლის ლიდერებს არასდროს არ დაუგმიათ არც 7 ნოემბერი და არც ქაშუეთის ეკლესიაში რობოტების უსახო სპეცნაზის შევარდნა და გაზის იარაღით ტაძრის წაბილწვა.
განათლება.
აკადემიის მოთხრა, უნივერსიტეტების და პროფესურის დაბეჩავება, ლომაიას, ხუბუას და და თევზაძის მიერ შეჭმული მილიონები (რომელსაც კონტროლის პალატა კინაღამ გადააყოლეს), ლოტოტრონები…
მენაგვეს და ვითომსამუშაოდ სკვერების დალაგებაზე მორეკილ სტუდენტებს რომ პროფესორზე მეტ ხელფასს დაუნიშნავს მთავრობა, ამით ხომ მხოლოდ იმას ამბობს – შეეშვით სწავლა-განათლებას და მენაგვეობა ისწავლეთო!
გია ხუბუა, გიგი თევზაძე, მანანა სანაძე (პრეზიდენტის დედის დაქალი და “ოჯახური” საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი) – ესენი არიან ჩვენი მომავალი თაობების მენტორები და წინამძღოლნი?
და საერთოდ რა განათლებაზე და სულიერებაზეა ლაპარაკი, როდესაც “ჯეობარები”, “მულატკები” და მამათმავლები გახდნენ ჩვენი ტელეეკრანის “გმირები”. როცა ახალგაზრდობას იმას ასწავლი, რომ ფულის მოპოვების საუკეთესო გზა არა სწავლა, ნიჭი და შრომისმოყვარეობაა, არამედ სახალხოდ “რუსთავი2″-ზე ბოზობა და თავხედობა, გონორი და ფორსობა, მიწოლა და თანაგუნდელის გადაგდება/დაჩმორება…
სანამ პატრიარქი არ მიუთითებს პრეზიდენტს ამის დაუშვებლობაზე, ტელევიზიის ასეთი პოლიტიკა უნდა იყოს ხალხის იაფი “დაკმაყოფილების” მეთოდი?
აფსუს, ბ-ნო ჭაბუა, როგორ არცერთ ნაცს არ წაუკითხავს არამცთუ მთლიანად “დათა თუთაშხია”… მაგრამ რა ვიცით? ვაითუ წაუკითხავთ კიდეც!
წაუკითხავთ, მაგრამ მუშნი ზარანდიობა აურჩევიათ თუთაშხობას, მუშნი ხომ თავისი სიკვდილით მოკვდა, “დაფასებული”…
7) ეკონომიკა და პოლიტიკა
მიუხედავად თავისი სიხისტისა, უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელი ეკონომიკური “ქროლების” ფონზე, ნოღაიდელის ეკონომიკური პოლიტიკა ისევე მახსენდება, როგორც შევარდნაძის მმართველობა – “რავარც არ ვარგოდა, ამას კი ჯობდა-და!” გურგენიძის მთავრობა ახდენს ერთი მხრივ იაფი კრედიტის “დარიგებას” (ეს დარიგება როგორ უნდა “დაიმსახურო”, ამაზე ლამის ინტერნეტ-რეკომენდაციები გამოვა მალე), მეორეს მხრივ კი ამ კრედიტის მიმღებ პირებს იბარებენ და ახდევინებენ “ბეგარას” არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად! ნაცმოძრაობამ მოახერხა ის, რასაც კომპარტია ვერ ახერხებდა – გაპრივატიზებული საწარმოები და რესტორნები ახალ პატრონებს ააშენებინა-ააწყობინა, გაარემონტებინა, და მერე… უკან აჩუქებინა. თანაც თუ ეს ვარდების პირველ ოთხწლეულში ნაციონალიზაციის სახით ხდებოდა, ახლა “ნაცმოძრაობიზაციის” სახით ხდება, ანუ თუ ადრე პირი ქონებას სახელმწიფოს უბრუნებდა, ახლა უბრუნებს ნაცმოძრაობის ლიდერებს ან პარტიულ “ობშჩიაკს”, რამაც მშვენივრად ჩაანაცვლა კომუნისტური მაფია. აი,სწორედ ეს არის ნეობოლშევიზმი.
8) ბოლშევიზმი და ფსევდოდემოკრატია
საკმარისია, ორი რამ აღინიშნოს აქ:
ა) სახალხო დამცველის – სოზარ სუბარის 1300-გვერდიანი ანგარიში 2007 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის დარღვევების შესახებ;
ბ) ეუთოს საბოლოო დასკვნა საქართველოში 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ (ოღონდ არა ამ დასკვნის ყბადაღებული პირველი აბზაცი, რომლის შემდეგ გოკა გაბაშვილი და გივი თარგამაძე ისე ჯიუტად არ კითხულობენ ამ დოკუმენტის დანარჩენ გვერდებს, რომ ეტყობა ვიღაცამ უთხრა, “დაგინებულიაო”! ნუგზარ წიკლაური ეტყოდა, ან – სვიმონ მასხარაშვილი, ნაცმოძრაობის მესტამბენი და მეჰისტორიენი).
მინდოდა დამეწერა, ქართული დემოკრატიის დღევანდელ დონეზე წარმოდგენის შესაქმნელად ლევან თარხნიშვილი უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, და ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება-მეთქი, მაგრამ არ უნდა ვქნათ ალბათ ეს.
შოთას, შუშანიკის, ეფრემის, შიოს, არსენის, თამარის, სულხან-საბას, ილიას, ვაჟას, ექვთიმეს, გალაკტიონის, ტიციანის, გოგლას, კირიონის, ზვიადის და მერაბის ერი ვართ. და რა ჯანდაბად მაინცდამაინც ლევან თარხნიშვილი უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენს ხატად დაიმახსოვრონ?
თუ, მაინც ვაჩვენოთ? და ვუთხრათ, რომ ეს ჩვენი – საქართველოს – ხატი კი არაა, რომ ეს იმ დაავადების ხატია, რაც შეგვეყარა და რომ მათი დახმარება იმაში კი არ გვინდა, რომ დაგვამშვიდონ – მოითმინეთ, სხვაგან უფრო უარესებიც არიან, ამას თმები მაინც აქვს დავარცხნილიო (ვაი, რომ ტვინიც ეგრევე აქვს დავარცხნილი). არამედ იმაში, რომ ასეთი ყალბისმქნელები მოვიცილოთ, რომ ყველას გავაგებინოთ, რასაც ის აკეთებს (აკეთებინებენ) – ეს საქართველოს გაუპატიურებაა! და თუ ქართველი ხალხი ამას სელჯუკებს, მონღოლებს, ყიზილბაშებს და რუსებს არ პატიობდა, ამ დავარცხნილ-დაბრიოლინებულ ფლეგმატიკ მანქურთსაც არ შეარჩენს!
9) ბოლშევიკური პროპაგანდა და მარიონეტული მედია
თავისუფლების ინსტიტუტი იქცა იმ მონსტრად, რომელიც თავის სამუშაო დოკუმენტებს და პროგრამებს ეტყობა ჰებელსის და არქიფო სეთურის რეკომენდაციებიდან იწერს.
მაგრამ მთავარი უბედურება სხვაა –
“რუსთავი2″ (გარდა “პრაიმტაიმისა”), “მზე”, “24 საათი” და ბევრი სხვა საინფორმაციო წყარო დღეს წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის ჰებელსიანურ რამიშვილ-ბოკერიულ რუპორს. სამწუხაროდ, ბევრი ჟურნალისტი და ინტელექტუალი დღეს მოსამსახურედ დაუდგა ნაციონალურ მოძრაობას და გუნდრუკს უკმევს იმას, რაც სავალალოა – მონობას, გაჩუმებას, წაყრუებას, ცუნდრუკს, არაპროფესიონალიზმს, კორუფციას, ნეპოტიზმს, ფალსიფიკაციას, ავტორიტარიზმს, პირფერობას.
10) ჭანჭიკობა
თაბუკაშვილის ქ. #50 სახლის ბინადრების ეზოში გამოტყუება და საკუთრების ბანდიტურად დანგრევა, ბინებში დატოვებულ ბავშვებთან დედების უკან ვერდაბრუნების ამბავი – როგორია, ჰა?
ან “ივერიის” ლტოლვილები – უწყლობით და უდენობით რომ გამოდენეს სასტუმროს შენობიდან. ისე, დროზე გამოვიდნენ, თორემ ცრემლსადენი გაზის გამოყენება იქ გენახათ… რა, ვერ მოიფიქრებდნენ, თუ ჭკუა დაუშლიდათ! მაგათ ჭკუა მარტო იმას უშლის, თავისით გადადგნენ…
ანდა “სამშობლოს” ჟურნალისტების “გამოხვეტა”.
ანდა იმ ავტობუსის და მარშრუტკების მძღოლები, პოლიცია რომ მოგონილი მიზეზებით მართვის მოწმობებს ართმევდა და ლურსმნებს უყრიდა გზაზე თბილისში ოპოზიციის ვერჩამოსაყვანად!
ან თავად ის პოლიციელები, რომელთაც აჩვევენ ქართველი ხალხის ცემას, ქართველი ხალხის დაცინვას, ქართველი ხალხის გინებას. ეს პოლიციელები ხომ ჩვენი ძმები და შვილები არიან, ჩვენთან ერთად რომ უნდა გულშემატკივრობდნენ თბილისის “დინამოს” და “ლელოებს”, იმ ძალადგადეპუტატებულ გიორგი ასანიძესაც! და რას გვიშვება ეს მთავრობა! უნდათ, რომ ეს ჩვენი, ხალხისგან ძლივსშეყვარებული პატრული და ძალამოცემული ჯარი ჩვენს ჯალათებად აქციონ, ჩვენი სისხლი მოსცხონ ხელებზე?! ამას უყურებთ და არ იგინებით, მშვიდქართველებო? იღიმებით კიდეც?
ჭანჭიკები გჭირდებათ, საზარბაზნე ხორცი და ცოცხები? ამად გემეტებით! ეს იყო თქვენი დაპირებული “ბედნიერება”, მთელი ემიგრაცია რომ უნდა სამშობლოში სირბილით გამოქცეულიყო და კალთები დაეკოცნა თქვენთვის? ამიტომ მოსდის ნიანგის ცრემლები ბ-ნ მიხეილს?
11) ბოლშევიკური პოპულიზმი –
ბოლო 1 წელია ლარის არარეალურ გამყარებას თან სდევს ფასების პარადოქსული ფანტასტიური ზრდა. რა წლიურ 10%-იან ინფლაციაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ბოლო წლის განმავლობაში ფასები შაქარზე 20-30%-ით, ფქვილზე/პურპროდუქტებზე – 30-50%-ით, ხოლო ზეთზე და კარაქზე 70-120%-ით გაიზარდა? და ამ ზრდამ “შეჭამა” ის ფართოდ რეკლამირებული საპენსიო ნამატი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი მონოპოლიზირებულია (ბენდუქიძემ პირველი რაც გააუქმა, ანტიმონოპოლური სამსახური იყო!), ე.ი. გამოდის, რომ ნაცმოძრაობამ ორმაგად და სამმაგად ჩაგვაბრუნებინა (თანაც არა სახელმწიფოს, არამედ თავის კერძო ჯიბეებში) ის 50-ლარიანი დახმარებაც, რაც სააკაშვილის წინასაარჩევნოდ “დაგვირიგა” და ის 68 მილიონი ლარიც, რაც ჩვენი ძვირფასი სულ-მომღიმარი და ხან-მოტირალი პრეზიდენტის უძვირფასესი სარეკლამო კამპანია დაჯდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ახლა რა დაჯდება რაიონებში ახალი საავტობუსო ქარავნობა, და მერე ამას როგორც ამოიღებენ კვლავ ჩვენი ჯიბეებიდან, ხომ წარმოგიდგენიათ. უკვე დაგეგმილია ივნისში გაზის ტარიფის სავარაუდოდ 80 თეთრამდე მომატება, რაც ალბათ საქართველოს მოსახლეობას აიძულებს უმი კარტოფილი და ლობიო მიირთვას! გათბობა საერთოდ დაივიწყეთ!.. სამაგიეროდ ნაცმოძრაობა გაზრდის პენსიას 100 დოლარამდე (ოღონდ ის 100 დოლარი მაშინ ალბათ 70 ლარი იქნება და პენსიის ლარებში გაზრდა არც კი იქნება საჭირო!)
ყოველთვის, როცა ნაცების მაჟორიტარი კანდიდატების უშველებელ სათნოღიმილიან ბილბორდებს დაინახავთ – იფიქრეთ – რამდენი ფული ამოგვიღეს ამ ბილბორდით? და იმისთვის, რომ მომავალშიც მარად ჩვენს ჯიბეში ჰქონდეთ ხელი ჩაყოფილი! რომ ვერც კი გავბედოთ მორცხვად კითხვა – “ხელს ხომ არ ამოიღებდით ბატონებო, ჩვენი ჯიბეებიდან?”
12) პოლიციური სახელმწიფო –
საქართველო შევარდნაძის დროს იყო აშკარადგამოხატული პოლიციური სახელმწიფო – თითქმის 60,000 პოლიციელით (ჯარის რაოდენობა მხოლოდ 10-15 ათასს აღწევდა). პოლიციელების შესანახად მთავრობა თითქმის მინიმუმსაც არ ხარჯავდა – მათი უმრავლესობა მოსახლეობის რეკეტით ირჩენდა თავს და ამას ყველა ლამის შეგუებული იყო. სააკაშვილმა 30,000-მდე პოლიციელი დაითხოვა და თავიდან სერიოზული ცვლილებები მოახდინა პოლიციის მომსახურების სპექტრის, ხარისხის და მოსახლეობის პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებლებში. “მადლობა პატრულს!” – ლამის ყველაზე გავრცელებულ სლოგანად იქცა. მაგრამ 2006 წლიდან დაიწყო პოლიციის რე-კორუფცია, იგი კვლავ იქცა ოპოზიციასთან და მოსახლეობასთან ანგარიშსწორების სერიოზულ ბერკეტად, პოლიციის რიგებში ისევ დაიწყო რაოდენობრივი ზრდა ხარისხის და ნდობის დაქვეითების ხარჯზე. აღვირახსნილი ძალოვნები ისევ იქცნენ ქვეყანაში კვლავ გამეფებული უსამართლობის და დაუსჯელობის სინდრომის მთავარ ნიშნულებად. ამ ფონზე საქართველოს ციხეები ისე გადაივსო პატიმრებით, რომ შენობები მალე დაინგრევა ალბათ.
მეორე მთავარი საკითხია უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების დრაკონული გაერთიანება – ეჟოვის, იაგოდას და ბერიას შემდეგ ალბათ არავის მოსვლია ასეთი მონსტრის ჩამოყალიბება, თანაც, რაც საინტერესოა, ეს აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად მოხდა. სატელეფონო მოსმენები (განსაკუთრებით მობილურ ტელეფონებზე) საქართველოში სტანდარტად იქცა – ადამიანები აღარ ენდობიან ტელეფონებს, აღარ ლაპარაკობენ მნიშვნელოვან საკითხებზე, სანამ მობილურს სხვა ოთახში არ გაიტანენ ან გამორთავენ, ხოლო ყველაზე წინდახედულნი კი საერთოდ შლიან მობილურებს!
აი რა გვიქნეს “არამზადა სეთურმა და მამაძაღლმა თაბაგარმა”!
ყველაზე საინტერესო კი მაინც ვარდებისა და ქურდების დამოკიდებულების საკითხია.
ცნობილია, რომ პოლიციურ სახელმწიფოში პოლიცია ძირითადად მოსახლეობის მიმართ სადამსჯელო ფუნქციებს ასრულებს და მისი მოჩვენებითი სიძლიერე მშვენივრად ეგუება დახვეწილ კრიმინალურ-მაფიოზურ ქსელს. მეტიც – მაფია და კორუმპირებული პოლიცია ერთმანეთის გარეშე არც არსებობს და სიამის ტყუპებივითაა გადაჯაჭვული. შევარდნაძის დროს ეს წესად იყო.
ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო კრიმინალური სტრუქტურების წინააღმდეგ გააფრთებული ბრძოლა და მასშტაბური ოპერაციები, რომელთაგან ბევრი ტრუსიან-მაიკიანი ანტურაჟით ლამის პირდაპირ ეთერში გვანახეს. შედეგად ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი მართლაც დაიჭირეს, ზოგი გაანადგურეს, ძალიან ბევრი – ქვეყნიდან გადაიხვეწა. მათი ქონებების პროპაგანდისტული ჩამორთმევები მოსახლეობაში სამართლიანობის და პოლიციის შეურყვნელობის იმიჯის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად. და იმუშავა კიდეც – ხალხმა გადაწყვიტა, რომ ქურდების ერა მთავრდებოდა.
მაგრამ 2006-07 წლებიდან აშკარა ხდება ლამის 180-გრადუსიანი შემობრუნება – ქურდების შერჩევითად განთავისუფლება და დაახლოება “პროცესების სამართავად”, რისი მაგალითებიც “იმედის” ტელერეპორტაჟებმა შემოგვინახა. ციხეებში პოლიტიკური ოპონენტების კონცენტრირების ფონზე ნაციონალური მოძრაობის მესვეურებმა 2007 წლის ბოლოს ადამიანის უფლებების კომიტეტის და შეწყალების კომისიის წევრის ელენე თევდორაძისაგან იდუმალად მოახდინეს ათობით საშიში კრიმინალის ვადამდე ადრე, ხოლო ზოგის – დაჭერიდან სულაც რამდენიმე თვეში – განთავისუფლება მარტივი მიზნით – ამ “ავტორიტეტებს” უნდა უზრუნველეყოთ პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის “პოპულარიზაცია” საარჩევნო უბნებში. ეს მაშინ, როცა ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დღემდე ციხეშია! ბატონი მიხეილი “ქურდების რისხვიდან” ქურდების დახმარებით და მათ მიერ ხელდასმულ ბაღდადელ ქურდად იქცა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ აქლემის ქურდი და ხმის ქურდი ორივე ქურდია და გასაყოფიც ძმურად გაყოფილი აქვთ!
იგივე უფრო მასშტაბურად მეორდება საპარლამენტო არჩევნების წინ. მეტიც, ზოგან საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებად თარხნიშვილის მიერ ხელდასმულნი არიან კრიმინალები და ნარკომანები, რომელთაც უნდა “გააპრავონ” ნაცების შეუცვლელობა. ნაციონალურმა მოძრაობამ თავის მრავალტანჯულ საარჩევნო სიაში წარმოადგინა ვინმე ისაკო ცქიფურიშვილი, კახეთში ლოკალური მასშტაბის მაფიოზო, 3 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებული, რომელიც ძირითადად იმითაა დაკავებული, რომ ადგილობრივ რადიო “ჰერეთს” და ჩასულ დამკვირვებლებს კამერებს უმტვრევს, აგინებს (აფსუს, სად იყო “რუსთავი2″ ან “მზე”, რომ ეს გინება დაეფიქსირებინა, მაგრამ მაგათ სად სცალიათ, ლევან გაჩეჩილაძეზე, ბერძენიშვილებსა და კობა დავითაშვილზე არიან მიყურადებულნი!) და ლიკვიდაციით ემუქრება. ჰოდა ეს ცქიფურიშვილი, რომლის მიმართ ახლაც რამდენიმე საქმეა აღძრული (რომლებიც დამთავრებით ისევე არ დამთავრდება, როგორც კობა დავითაშვილის ცემის გამოძიება), არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახე! აფერუმ, ხელობას გიქებთ, მიშა-ოსტატო! ძალიან კი შეწუხდა კარგი ოჯახიშვილი გოკა გაბაშვილი, – არ ვიცი, ვინაა, გავარკვევ და განვდევნი ამ ცქიფურიშვილს ჩვენი წმინდა სიიდანო, მაგრამ, აბა რა ვიცით, გამოიძია?
როგორც ერთი მომტირალი ავტოკრატის იმიტატორი იტყოდა “განა ეს სატირალი არ არის?”
მოკლედ, მტკიცდება ის, რომ პოლიციური სახელმწიფო ყოველთვის კრიმინალური სახელმწიფოა და მისი ანტიკრიმინალურობა ისევე ყალბია, როგორც ბესო ჯუღელის ფინანსური “უმწეობა”, ან ისაკო ცქიფურიშვილის, ბაჩო ახალაიას და სხვა ნაციონალების “დემოკრატობა”.
13) მიუღწეველი მიზნები
“საქართველო სიღარიბის გარეშე!” – მაშინ როცა სიღარიბის გარეშე არ არსებობენ არც აშშ, არც საფრანგეთი და არც ნორვეგია. თურქმენბაშიც კი ვერ მოესწრო მაგას თურქმენეთისთვის, ისე მოკვდა საცოდავი…
ეს ლოზუნგი, თურმე იგივე კომპანიას ეკუთვნის – “გრინბერგ-ქვინლან-როსნერს”, ვინც ერთი მხრივ სააკაშვილის პიარ-კომპანიას წარმართავს და მეორე მხრივ გვარწმუნებს, რომ სააკაშვილის და ნაციონალებს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს (“სამ იგრაეტ, სამ პაიოტო” – რუსები ამბობენ). ჰოდა არ გაინტერესებთ, საიდან გაუჩნდა ამ გქრ-ს ეს ლოზუნგი? ხუთოდე წლის წინ ჰონდურასისთვის მოიგონეს – “ჰონდურასი სიღარიბის გარეშე!” ახლა თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ ინტერნეტში გადაამოწმოთ, რომ ჰონდურასი დღესაც უღარიბეს ქვეყნების სიაშია, მოსახლეობის 50% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს და უმუშევრობა 30%-ს აღწევს. აი, ასე „დაამარცხა” ჰონდურასმა სიღარიბე და ასე „დაამარცხებს ნაცმოძრაობაც” – საქართველოში, თუ ამის მანდატი კიდევ მათ ვანდეთ!
”საქმე ლაპარაკის გარეშე!” – ლაპარაკის და დაგეგმვის გარეშე საქმეს მხოლოდ დილეტანტები აკეთებენ, თანაც, თუ პარლამენტში ლაპარაკის გარეშე ყოფნას აპირებენ, ასრულებულა ბ-ნი ყვარყვარეს ოცნება – მუნჯი პარლამენტი ნამდვილად მისი ოცნებაა. მაგრამ 4 წელია ლაპარაკის და დაბოლების მეტი არაფერი უკეთებიათ და დავიჯეროთ, რომ აწი დაიხარჯებიან საქმეში – მათი საქმეები რომ ძირითადად შავბნელი იქნება, ესეც ძალიან სავარაუდოა, და იქნებ ვთხოვოთ, ნურც ლაპარაკს დაგვპირდებიან და ნურც საქმეს – დაისვენონ და დაგვასვენონ!
ნაციონალთა ზემოთნახსენები პოპულისტური დაპირებების შესრულების არც რაიმე წინასწარ დასახელებული კრიტერიუმები არ არსებობს და არც – მონიტორინგის პროცესი იმაზე, რა გაკეთდა და რა სახსრებით. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ ლოზუნგების შესრულების შესახებ მხოლოდ შემსრულებელი – მთავრობა/ნაცმოძრაობა – იძლევა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არასდროს არაა იმის გარანტია, რომ საზოგადოება მორიგ “დაბოლებას” არ განიცდის. ეს ეხება ისეთ საჩვენებელ ქმედებებსაც, როგორიცაა პრეზიდენტის შეტევა რუსულ სპეცნაზზე სოფელ განმუხურთან, რომელიც ჩრდილოკორეული ეპიკური ტილოების და ჩუჩხეს ფილოსოფიის მსგავს ელემენტებს შეიცავს და აღძრავს ანალოგიებს ისეთ შთამბეჭდავ დასახელებებთან, მაგ., როგორც – “კორეელი ხალხის დიდი შვილი და უკვდავი ბელადი კიმ ირ სენი რევოლუციურ წითელ დროშას შლის სოფელ დონ-მინ-გონგთან და მტკიცე ნაბიჯით და სიმღერით წინ მიუძღვის აღფრთოვანებულ ახალგაზრდებს კომუნიზმის საბოლოო გამარჯვებისკენ!”
თავისუფალი მედიის კუნძულების შენარჩუნება – ნეო-ბოლშევიზმის სიმბოლო
საქართველოში ჯერ კიდევ გამოდის თავისუფალი გაზეთები და თბილისში ჯერ კიდევ შეიძლება უყურო “კავკასიას” და “მაესტროს” (თუმცა უკანაკნელს პირი უკვე აუკრეს, ხოლო „კავკასიას” ტექნიკურ პრობლემებს უქმნიან ანძაზე). რადიო “თავისუფლებაც” ჯერ ისევ გადაიცემა მოკლე ტალღებზე და რადიო “იმედიც” ერთადერთი გადარჩენილი ნავია ობიექტურობის ერთდროს მძლავრი არმადისგან, ნამდვილად ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ სერიოზული ოპოზიციური პარტიები, და ხანდახან “რუსთავი2″-ის და “მზის” ეთერშიც კი გავიგონებთ თინა ხიდაშელის, კახა კუკავას თუ შალვა ნათელაშვილის ერთ-ორ მკაცრ ტირადას მმართველ კლანზე. მაგრამ, როგორც ამბობენ, გამონაკლისები წესს ამტკიცებს.
ჯერ-ერთი, “იმედის” დახურვით მთავრობამ დააბრმავა და მნიშვნელოვანწილად დააყრუა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა. მათ ახლა ისეთივე სიმართლეს აყურებინებენ, როგორც საბჭოთა კავშირის მოსახლეობას ბრეჟნევის დროს – ანუ, მმართველი პარტიის „სიქველეზე”, „გამარჯვებებზე”, „მალე დამარცხებულ რუსეთზე” და „შემოერთებულ ტერიტორიებზე”.
მეორეც, როდესაც არცერთი საჩივარი არ განიხილება და ადამიანის უფლებათა დაცველის მრავალი შემაძრწუნებელი ფაქტით სავსე 1300-გვერდიან ანგარიშს არც პარლამენტი და არც იუსტიციის სამინისტრო, არც უზენაესი სასამართლო და არც პროკურატურა ჩირადაც არ აგდებს და არც კი უსმენს, აბა რისი გამოსწორების იმედი უნდა გვქონდეს?
ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა პოტიომკინის სოფლები და ზუსტად ლეკალოთი იღებს სახელმძღვანელოდ დემოკრატიის რუსულ „მოდელს” – მართული მასმედიით და ჯიბის ტელევიზიებით, დაქოქილი პროპრეზიდენტული ლაქიებით და დარეკეტებული ბიზნესმენებით. ძალიან კარგად გაიაზრეს დასავლეთზე არასამთავრობო ორგანიზაციების მაგალითის გავლენა და იმდენ “არასამთავრობო ორგანიზაციებს” გამოაცხობენ, რამდენიც არ დაგვესიზმრება – ცოლები, სიდედრები, ბიძაშვილები აბა რაში გამოადგებათ? ჰოდა, ვის რაიში დააინტერესებს ერთი-ორი სამართლიანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრი, როდესაც მრავლად იქნება “ავტორიტეტული ენ-ჯეო-ო”-ები, რომლებიც მიშას მაჭავარიანის და გივი თარგამაძის დაკრულზე იცეკვებენ, ყოველთვის მოიძებნება ახალი იაკობაშვილ-ნოდიები, რომლებიც ნებისმიერ დაკვეთილ პროცენტს “გამოიყვანენ” მინისტრობის სკამის შუქით მადააღძრულნი.
კერძო საკუთრება? კაპიტალიზმი? კარგით რა!
რუსეთს შეხედეთ, როგორ გადაეჯაჭვა პუტინის პარტია ოლიგარქებს. ანდა მალე ჩვენთან ვინმე გამოარჩევს კერძო და სახელმწიფო ბიზნესს? განა “საქართველოს ბანკი” და “სახალხო ბანკი” ნაცმოძრაობის შიდასალაროდ არ იქცნენ? განა “ცენტრ-პოინტი”, “ნატახტარი” და “თელიანი ველი” ნაცმოძრაობის სამშენებლო და აგრო-ბიზნესები არ იქნება? და ეს უნდა იყოს თავისუფალი კონკურენციის ქვეყანა? თავისუფალი კონკურენციისა იმისათვის, ვინ უფრო მეტ ფულს ჩაუკუჭავს ბენდოს და ვინ უფრო კარგ მონოპოლიას მიიღებს ნაცმოძრაობისაგან?
ოსტაპ ბენდერის ურყევი ოპტიმიზმის ერთერთი “საფუძველი” იყო სიტყვები – “ზაგრანიცა ნამ პამოჟეტ!”
“პამოჟეტ” – კიი?
მიუხედავად იმისა, რომ საკმაო ხანს უცხოეთში ვცხოვრობდი, ანდა – სწორედ ამიტომ, მე მაინცდამაინც უცხოელების იმედზე არ ვიქნებოდი, თუმცა სააკაშვილი რომ მათაც აღარ ჰგონიათ “დემოკრატიის შუქურა” და ძალიან მობეზრდათ მისი ავანტიურიზმი – ეს საზღვარგარეთ კიდევ უფრო ნათლად ჩანს.
გარდა აშკარად მოსყიდულ-ჩახუტებული ფსევდოდემოკრატი უცხოელებისა, არის მეორე – უფრო მასშტაბური სიბეცე, რაც უცხოეთს სჩვევია – ისინი ზედაპირული სტანდარტებით უდგებიან ჩვენს ყოფას და მათი დაბოლება პოტიომკინის სოფლებით, გაბრჭყვიალებული ხუხულა აეროპორტით და 20 კმ-იანი ავტობანით უფრო ადვილია.
უბედურება იმაშია, რომ ლიონ ფოიხტვანგერის დროიდან არსებობენ დემოკრატიულ ქვეყნებში ნაცხოვრები ცხვრები, რომლებიც ტირანულ სახელმწიფოში ულვაშიან და ფოლადის ბელად-მგლებთან შეხვდრისას, ამ პატივით გაწითლებულები და აღფრთოვანებულნი, იმაზე ლუღლუღებენ, რა ძვირფასი გზები, მშენებლობები, შადრევნები და კოლმეურნეობები ვიხილეთო, ხოლო ვერ ხედავენ ტირანიის იმ მიმალულ საშინელებებს, რასაც ადამიანთა ჩაგვრა, ხელისუფლების უზურპაცია, უსამართლობა, კერძო საკუთრების ხელყოფა, საყოველთაო თვალთვალი და დასმენა, და – ზოგადად – ბოლშევიკური სატრაპობა ჰქვია…
ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა გადავირჩინოთ!
ვფიქრობ მთავარი პრობლემა ამჟამად არის არჩევნების გაყალბების შეძლებისდაგვარად შემცირება (აცილებას რომ ვერ შევძლებთ, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ ჩვენი მთავრობა, ლევან თარხნიშვილი და მიშა მაჭავარიანი ზიმბაბვეს და რობერტ მუგაბეს გამყალბებლებს ბევრად სჯობიან “ხელობაში”)
უნდა ვუთხრათ და ჩავაგონოთ ყველა ხმის გამყიდველს და პირადობის მოწმობების მომგროვებელს, მარშრუტკის მძღოლსა და პოლიციელს – ხალხო, ამ დამპლურ საქციელში თანამონაწილეობის ფასად აღებული გროშებით თქვენ ზოგადად საქართველოს კი არ ყიდით, – მხოლოდ მიწას, წყალს და შენობებს კი არ უგდებთ ხელში ბენდუქიძეს და მისნაირ აფთრებს, – არამედ თქვენ ყიდით თქვენი შვილების და შვილიშვილების თავისუფლებას, მათ ბედნიერებას, მათ არჩევანს, მათ სინდისს და ნამუსს, სწირავთ მათ ნაციონალების სამუდამო ლაქიობისა და მონობისათვის, თქვენ აძლევთ ხმას იმას, რომ თქვენი შვილებიც მათი პარპაშის მსხვერპლი გახდნენ, მათმა სასამართლოებმა თქვენ მშობლებს წაართვან სახლები და ბინები, ანდა აიძულონ გაყიდონ ეს სახლები და ბინები, როცა საავადმყოფოს, ან შვილის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი მოგიწევთ, გამოგყარონ სამსახურებიდან და დასცინონ თქვენს ღირსებას!
გიღირთ ამის ფასად ის იუდას 30 ვერცხლი? ანდა წელიწადში ერთხელ – გაპუტული ინდაური?
თუ გიღირთ, ადექით და ხმამაღლა სთქვით, რომ მონა ხართ და მაძღარი მონობა არის თქვენი იდეალი. მაგრამ კარგად დაფიქრდით იმაზე, რაც ამას წინ ერთ ოპოზიციონერს უთქვამს – შვიდი ნოემბრის მერე ნაციონალური მოძრაობისთვის ქართველი კაცისგან ხმის მიცემა იგივეა, ცხრა აპრილის მერე კომუნისტურ პარტიაში რომ შესულიყავიო!
ღმერთმა უშველოს საქართველოს!
სიმონ დოლიძე,
ისტორიკოსი
2008 წ. მაისი