უბედურების გაკვეთილები


თბილისი, ჩიქოვანის ქუჩის მონაკვეთი ვერეს წყალდიდობის შემდეგ (დ. ჯანიაშვილის ფოტო Google-ზე).

კიდევ ერთი გაკვეთილი… კიდევ ერთი ტრაგედია…

ტრაგედია, რომელმაც შეგვძრა. ტრაგედია, რომელიც მოსალოდნელი იყო…

მიწაში ჩაფლული სიცოცხლეები… დაუბადებელი ბავშვი… დაუქორწინებელი გოგონები… ხელი, რომელიც წყალმა მეუღლეს გამოსტაცა… უკანასკნელი ზარი საყვარელ ადამიანთან… უკანასკნელი სმს-ები… ტრაგიკულად დასრულებული მეცადინეობა… მდინარის სხვადასხვა ნაპირზე ნაპოვნი დები…

ზოოპარკი, რომელიც სასაფლაოდ იქცა… ტირილი და სიჩუმე იქ, სადაც გუშინ ჟივილ-ხივილი ისმოდა… დამხრჩვალი და დახოცილი ცხოველები… ვეფხვის მიერ მოკლული კაცი და პოლიციის მიერ დახვრეტილი ვეფხვი… განადგურებული სახლები… განადგურებული მანქანები…

კოშმარი ქალაქის ცენტრში… გზა, რომელიც ბევრისთვის ბოლო გზად იქცა… 😦

თბილისი მსოფლიო მედიის ცენტრში და კიდევ ერთხელ მწარედ განცდილი სენტენცია – No news – good news :(…

და ისევ ჩვენი ბრძენი ვაჟას სტროფები:

ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა;
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა…

ამჯერად – ძალიან შავი იყო ის ტრაგიკული ღამე…

=====

როდესაც მედიკოს სტუდენტებს დაავადების სიმპტომებზე ვესაუბრები, არასოდეს ვივიწყებ ტკივილის ფენომენის პარადოქსს: ტკივილი საშინელება შეიძლება იყოს ავამდყოფისათვის, მაგრამ ხშირად სწორედ იგია მისი ხსნის საწყისი – როდესაც არის ტკივილი, ადამიანი გრძნობს, რომ რაღაც ცუდი ხდება მის თავს და ექიმთან მიდის… ხშირად, სწორედ მაშინაა ძნელი და ნაგვიანები სიცოცხლის გადარჩენა, როცა ტკივილი არ არის, როდესაც ავი საქმე ჩუმად მზადდება…

საზოგადოებისთვის ტკივილის შეგრძნება ისეთივე მნიშვნელოვანი მომენტია, როგორც ერთი ადამიანისათვის. იმ განსხვავებით, რომ საზოგადოებას საკუთარი დაავადების აღმოჩენა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ თითოეული ინდივიდი მხოლოდ საკუთარი ტკივილით არაა დაინტერესებული, თუ შეგვიძლია, რომ სხვისი ჭირიც ვიგრძნოთ და გავიზიაროთ… თუ „ძალა ერთობაშია“ მხოლოდ სუფრაზე და ტრიბუნაზე არ გვახსოვს… უნდა მივხვდეთ, რომ იმისათვის, რომ ძალის ერთობა მოვახერხოთ, სხვისი ტკივილის გაზიარება უნდა შეგვეძლოს, უპირველეს ყოვლისა…

მაგრამ მარტო ეს არ კმარა. ადამიანად ყოფნიდან საზოგადოებად ყოფნამდე მარტო თანაგრძნობა ვერ მიგვიყვანს. ავადმყოფის მიერ მხოლოდ ტკივილის შეგრძნება და ექიმთან მისვლა ვერ იქნება განკურნების გარანტია… ტკივილი მხოლოდ სიგნალია, რომელსაც გაშიფვრა სჭირდება. უბედურების თავიდან აცილება და დანაკარგის შემცირება მხოლოდ ისეთ საზოგადოებას შეუძლია, სადაც გადაწყვეტილებები ჭკვიანი და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე პროფესიონალების აზრთა შეჯერებულ დასკვნებს ეყრდნობა და არა – ქარაფშუტულ ლოზუნგებსა და პოლიტიკანურ გაცხენებებს.

2011 წლის მარტში დავწერე ბლოგი „მოსალოდნელი უბედურება“. იაპონურ ტრაგედიაზე დავწერე – აუწერელ, საზარელ ტრაგედიაზე:

იაპონელ ხალხს დაატყდა უბედურებასაშინელი, შემაძრწუნებელი, გამაოგნებელი ტრაგედია

ვუყურებ ამ კადრებს და მიჭირს იმის წარმოდგენა, რა ხდება იქ ადგილზე. – სათამაშოებივით აცურებული უშველებელი გემები, სახლები და მანქანები, ნაფოტებივით მიმოყრილი გადამცემი ხაზების ბოძები და დიდი ხეებისტიქია, რომელიც ატომურ ელექტროსადგურებს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ანგრევს, წყლის ქვეშ დამარხული სოფლები და ქალაქები, გაუჩინარებული მატარებლები დახალხიათობითასობითათასობითალბათ, ათეულათასობითთუ მეტი არა

იაპონელთათვის დასაბამიდან მიწისძვრა ის უჩინარი მონსტრი გამხდარა, რომელიც ყოველთვის მათ სახლში ცხოვრობს და ერთადერთი გზა მის მოულოდნელ გამძვინვარებასთან გამკლავებისა, არის იმის ცოდნა რა შეიძლება დაუპირისპიროიაპონიის ათობით მთავრობები დიდი ხანია ამზადებენ ქვეყანას და ხალხს ამ უბედურებისთვისშენობების კონსტრუქციები და მასალები იხვეწება, ყოველწლიურად ტარდება ნაციონალურ მასშტაბის ერთიანი სავალდებულო წვრთნები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მიწიძვრას, რომელშიც დაწყებითი კლასების ბავშვებიც მონაწილეობენ. დეტალურად არის გაწერილი და განაწილებული ევაკუაციის გეგმები, სარეზერვო და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურები, საინფორმაციო ქსელის ალტერნატივები და .

=====

თუ მარტივად ვუპასუხებთ ძალიან რთულ კითხვას, რა იწვევს კატასტროფის დამანგრეველ შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ ეს უხშირესად ბუნებრივი ფაქტორების არახელსაყრელი განვითარება და ამ განვითარების არასწორი შეფასება (ან სულაც – შეუფასებლობა) არის. ადამიანური ფაქტორიც ხომ ამ შეუფასებლობის ნაწილია, უმეტესად… ნათქვამია, ურემი რომ გადატრიალდება, გზა მერე გამოჩნდებაო… მაგრამ ჩვენი განსაკუთრებული პრობლემა ის ბედოვლათობაა, რომ გზის გამოჩენიდან ცოტა ხანში ამ გზასაც ვივიწყებთ, ურმის გადაბრუნებასაც და ისევ ძველებურად ვაგრძელებთ იმას, რაც ბედოვლათობის წესია – სასურველი უკეთესის მოლოდინით – შესაძლო უარესის სრულ იგნორირებას…

თურმე ეს ყველაფერი ადრეც მომხდარა! თურმე გვყოლია სპეციალისტები! თურმე საკმაოდ სწორი დასკვნები და წინასწარმეტყველებები გაკეთებულა, თანაც, არა მარტო 2011 წელს, არამედ უფრო ადრეც! 70-იან წლებში ვერეს ხეობაზე მაღალ ხიმინჯებზე დაყრდნობილი გზის გაყვანის პროექტიც ყოფილა (მერე მივიწყებული), 50-იან და 30-იან წლებშიც კი საკმაოდ ბევრი დაწერილა იმ საფრთხეზე, რასაც თბილისს პატარა მდინარე ვერეს საოცარი გადარევა უქადდა და იმაზეც, რომ ამ საფრთხეების უგულვებელყოფა დაუშვებელი იყო!

და სად გაქრა მერე ეს ცოდნა? რატომ ამოვდეთ ამ ხიფათზე დაწერილი თავები და წიგნები ყურთბალიშის ქვეშ? რატომ ვიფიქრეთ, რომ რაც ცუდია, ის უკვე მოხდა და აღარ განმეორდება? და რატომ მოხდა ისე, რომ როცა ვერეზე ახალი გვირაბები გაკეთდა, მდინარის ჭალაში დიდი გამტარობის მაგისტრალი იქნა გაყვანილი, ხოლო ამ მაგისტრალის გაყოლებაზე უამრავი მაღალსართულიანი სახლის მშენებლობაზე დაიგეგმა?! მხოლოდ მოგებული არჩევნები და ბინების გაყიდვით შემოსული შემოსავლები ედგათ თვალწინ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს?

აი, რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი („ლიბერალი“, 20.06.15 – http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/126478/):

13-14 ივნისს ერთდროულად განვითარდა 8 გეოლოგიური თუ ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა: კლდეზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, მდინარეების გვერდითი ეროზია, სიღრმითი ეროზია, უხვი ატმოსფერული ნალექი წვიმის სახით, წყალმოვარდნა და დატბორვა. ამ რვა პროცესმა ერთდროულად იმუშავა, ასეთი რამ მე და არც ერთ ჩემს კოლეგას არ გვახსოვს...

ხომ გვაჩვენა ფაქტებმა უკვე, რომ არ შეიძლება მდინარის ჭალაკალაპოტში სახლებისა და სხვა ნაგებობების აშენება. ეს მდინარის კუთვნილი ტერიტორიაა. როგორც სახლს აქვს საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც მისი საკუთრებაა, ასევეა ჭალაკალაპოტიც მდინარისთვის. კალაპოტში მუდმივად მოედინება წყლის ნაკადი, ჭალას კი 10-15-20 წელიწადში ერთხელ აუცილებლად ტბორავს წყალი. ამიტომ მდინარეს თავისუფლება სჭირდება, არ შეიძლება მისი არტახებში მოქცევა. არ უნდა აითვისო ეს მდინარეები და მათი ტერიტორია.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ დღემდე, მგონი, ვერ მიაგნეს იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც 2011 წელს ვერეს ხეობაში ვაკე-საბურთალოს გზის განმტვირთავი მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო.

წინა ხელისუფლება ამაყობდა იმით, რომ მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და რეგულაციების აბსოლუტური უმრავლესობა გააუქმა! ეს მართლაც კორუფციაზე სერიოზული დარტყმა იყო, მაგრამ ეგრე ხომ სახლის სამშენებლო გეგმაც შეიძლება გააუქმო! ნებისმიერი გამოცდა თუ სერტიფიცირებაც ხომ პოტენციურად კორუფციის წყაროა, ესეიგი – გავაუქმოთ?! ნებისმიერი ექსპერტიზული გამოცდის მოთხოვნა – გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, ეკოლოგიური თუ სეისმოლოგიური – ეგეც კორუფციის საფუძვლად შეიძლება შერაცხო… – ჰოდა, ასე და ამგვარად მივედით სასტუმროებამდე, რომელშიც ხანძარსაწინააღმდეგო ზომები არაა მოთხოვნილი და ვერც დაცული იქნება (და ამის გამო ბავშვები იღუპებიან); მონუმენტის ისეთ აღებამდე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა; ტელეკომპანიის შენობაში მზიდი კოლონების ისეთ დემონტაჟამდე, რომელსაც შენობის ჩამონგრევა და ტელეოპერატორების მსხვერპლი მოჰყვა; ისეთი მრავალსართულიან შენობების აგებამდე, რომლის ზედა სართული ქარმა გადმოანგრია; ფანტასტიურ ბულვარამდე, რომელიც კვარტალში მინიმუმ ერთხელ იტბორება; “კაბრიოლეტად” მონათლულ აეროპორტამდე, რომელსაც ქარი სახურავს თმებივით უწეწავდა, ხოლო აეროპორტის ჰოლში „დაკარგული სამოთხის“ დარად მოწკაპუნეწყლიანი ვედროები და სათლები იდგა …

ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსები ინჟინრებს, გეოლოგებს, ეკოლოგებს, და სხვა სპეციალისტებს აჩუმებენ, უფრო მეტადაც კი განწირულია ხშირი კატასტროფებისათვის, ვიდრე ის ქვეყანაც კი, სადაც ეს სპეციალისტები არც ჰყავთ…

საოცრება იყო ტელევიზიით იმ მთავარი არქიტექტორის ხილვა, რომელიც, მომეჩვენა, რომ ამაყი და ბედნიერი იყო იმით, რომ ავადსახსენებელ პროექტზე მის ხელმოწერას ვერავინ ნახავს! თუმცა, ვერ ახსნა, ეს ყველაფერი მის პრინციპულობას უკავშირდებოდა, თუ მხოლოდ იმას, რომ პროექტი საერთოდ აორთქლებულია! და კითხვაზე, – თუ ამ გზის პროექტის შეთანხმება არ მომხდარა, ექსპერტიზების დასკვნები არ გინახავთ, და თავად ხელი არ მოგიწერიათ, მერე, როცა ამხელა გზის მშენებლობა დაიწყო, კითხვები არ გაგიჩნდათო? – მხოლოდ ის მოახერხა ეთქვა, – ჩემს უფროსს ვუთხარი და იმასაც გაგებული ჰქონდაო…

გასაგებია, რომ დრო იყო ისეთი, რომ არავინ არაფერს კითხულობდა… რომ იყო დრო “დიადი წინსვლისა” და რეიტინგული ნეტარებისა! და კითხვების დასმა და განხილვები კი “დიად წინსვლას” შეაფერხებდა… და ამიტომ ტემპის დაგდების პრევენცია იყო კითხვების დასმის პრევენცია!.. გასაგებია, როგორ იქოქებოდა ეს ფასადური გაბრწყინების/ამაოების ბაზარი… გაუგებარი ისაა, ამ ხალხის ნაწილი, ვისაც იქნებ კითხვის დასმას მაშინ, სავარაუდოდ, უზღუდავდნენ, დღესაც რომ არ სვამს კითხვებს… და დღესაც რომ უხერხულად ირიდებს პასუხისმგებლობას… ან იმის გამხელას, რატომ იქცეოდნენ ისე…

წინა ხელისუფლებაზე დღევანდელი ტრაგედიის ახლა დაბრალება არ იქნება სწორი – იგივე იქნება, რასაც სწორედ წინა ხელისუფლება აკეთებდა, როცა თავად იყო გამომძიებელიც და მოსამართლეც… 13 ივნისის ღამეს ძალიან ბევრი უარყოფითი ფაქტორი განვითარდა ერთდროულად და ვერცერთი ხელისუფლება ვერ აიცილებდა, ალბათ, ამ ტრაგედიას. თუმცა, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი როგორც ის, რატომ არ ტარდებოდა სათანადო ექსპერტიზები, რატომ არ უსმენდნენ ექსპერტებს, რატომ იღებდა დიად გადაწყვეტილებებს სახელისუფლებო ავტომობილის უკანა სავარძელზე მოკალათებული დუეტი – რაღაც კომპიუტერული 3D გამოსახულებით აღტყინების კვალობაზე, თუკი ამ მწვანე 3D კომპიუტერულ მაკეტს არც პროექტი ედო საფუძვლად და არც – სათანადო არგუმენტაცია. რატომ იქცა მრავალჯერ გადარეული ვერეს ჭალა იქვე გაყოლებული მაგისტრალისა და განაშენიანების პლაცდარმად ისე, რომ სპეციალისტების მოსმენა და ალტერნატივების განხილვა მხოლოდ ახლა ხდება, – გადატრიალებული ურმისა და დიდი ტრაგედიის შემდგომ…

ყველაფერს უნდა პასუხი გაეცეს… რადგან სხვანაირად, ალბათ, არც არაფერი შეიცვლება – ისევ იქნება დიადი წინსვლის იმპერატიული სურვილები, რომელსაც წინ ვერც ეკოლოგები, ვერც გეოლოგები, და ვერც ჰიდროლოგები თუ მეტეოროლოგები დაუდგებიან… უნდა განისაზღვროს, რომ „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე!“ და რომ ეს ფრაზა მხოლოდ ლიტერატურული კლასიკა არაა. ეს დემოკრატიული წესრიგის კლასიკაა, ორგანიზებულობის ანბანი… ამის გარდა სხვა გზა პირდაპირ გვირაბში მიდის – იმ გვირაბში, რომელიც უპასუხისმგებლობის მორებითაა ჩახერგილი…

ახალი ხელისუფლების მხარესაც საკმაოდ სწორი და მწვავე კითხვები ისმის – რატომ არ ხდებოდა მდინარის დონის მონიტორინგი იმ ფონზე, როცა სერიოზული ნალექი უკვე  წინა დღეებშიც იწვევდა შეტბორვებს? რამდენად დროული იყო რეაგირება წყნეთში მეწყერის ინფორმაციაზე? პირველი ზარების მიღებიდან რამდენ ხანში ამოქმედდა სამაშველო სამსახური? რატომ არ მოხდა გმირთა მოედნიდან ესტაკადის, და ვაკე-საბურთალოს გზიდან – ხილიანისკენ მიმავალი გზების დროულად გადაკეტვა? როგორ მოხდა ერთი და იგივე ვეფხვის ლეშის ორჯერ მოხვედრა სიაში, რასაც საბოლოოდ შედეგად სრულიად გაუმართლებელი მსხვერპლი მოჰყვა? სად იმიჯნება ზოოპარკის დირექტორისა და უსაფრთხოების სამსახურების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა? რატომ იქნა დახოცილი ამდენი ცხოველი – რატომ არ იყო ფართოდ გამოყენებული დასაძინებელი შპრიცები და დამჭერი ბადეები? რამდენად დროულად მიეწოდათ მოხალისეებს ნიჩბები და დამცავი სპეცსამოსი?

თუმცა, არის მაინც მნიშვნელოვანი განსხვავება ძველი და ახალი ხელისუფლების ანგარიშგების, გამჭვირვალობის და მუშაობის სტილში. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის 14 მაისის წყალდიდობა ორთაჭალაში, როდესაც არავითარი გამოძიების შედეგები, ფაქტიურად, არც გაგვიგია. ხელისუფლებას არ აინტერესებდა არავის დასკვნა და მოსაზრება. იგი თავად იყო გამომძიებელიც, ექსპერტიც, პროკურორიც და ადვოკატიც. და ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მეფე ლომი ცნობილი ქართული იგავ-არაკიდან – საკუთარ შვილებს ხომ არ დასჯიდა? საკუთარ შეცდომებს ხომ არ აღიარებდა?.. სწორედ ამიტომ, წყალდიდობა იქნებოდა ეს, თუ რუსთავი2-ის შენობის დანგრევა, ადრე თუკი რომელიმე ხელისუფალი სასწრაფოდ ჩნდებოდა ტრაგედიის ადგილზე, ძირითადი მოტივაცია კვალის წაშლა და ეჭვების (ან – კითხვების ავტორების) ძირშივე მოცელვა იყო. ხოლო ისიც ხომ გვახსოვს, პოზიტიური იმიჯის სწორუპოვარმა კეისარმა როგორ მოიფიქრა წყალდიდობით და ხალხის მსსხვერპლით გამოწვეული უგუნებობის მილანური შოპინგით განეიტრალება!

ამ ფონზე დღევანდელი ხელისუფლების – პრაქტიკულად თითოეულ მათგანის ქმედებები – ტრაგედიის ღამიდანვე ფრონტის წინა ხაზზე გამოჩენა და სამუშაოებში აქტიურად ჩაბმა – ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, რომელსაც ხალხში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანთა დიდი ნაწილი ხედავს, რომ ხელისუფლება მათ ვარამს იზიარებს, სიტყვითაც და თანადგომითაც ამხნევებს და უკვე განხორციელებული ქმედებებიც უფრო დამაიმედებელია… თუმცა კრიტიკის მოდების წერტილები ახლაც საკმარისია. კარგია, რომ ადრინდელისაგან განსხვავებით ახლა კრიტიკა ისმის. ცუდი ის კი არაა, რუსთავი-2 რომ ახლა კითხვებს სვამს, ცუდი ის იყო, რომ 10 წელი კითხვების დასმის ნაცვლად ტაშისცემით ხელები ჰქონდათ გადატყავებული…

ამავდროულად თვალშისაცემია ის ძალიან დახვეწილი პიარ-სტრატეგია, რაც ხელისუფლების ხალხის გვერდით დგომის მედიაში შესაბამის ასახვას განაპირობებს. განსაკუთრებით ეს ეხება კახა კალაძეს, რომლის თითოეული ნაბიჯის სკურპულოზური და მაღალხარისხოვანი დოკუმენტირება ხდება. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ამაში გაუმართლებელი არაფერია – დღევანდელ დღეს პოლიტიკოსის ცხოვრება მედიაში ასახვის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო ამ მხრივ ზომიერების სტანდარტი საზოგადოებამ უნდა შეიმუშავოს.

=====

და მაინც, ამ ტრაგედიის ამბის მთავარი მოქმედი გმირი არც მდინარეა და არც მეწყერი, არც ძველი და არც ახალი ხელისუფლება, არამედ ხალხი, ვინც სტიქიას არ შეეპუა, ხალხი, რომელიც გაერთიანდა, ხალხი, რომელმაც სოლიდარობის მომხიბვლელი მაგალითი გვიჩვენა – ჩვენი მაშველები, ჩვენი პატრული, ჩვენი მოხალისეები! განსაკუთრებით, – ჩვენი მოხალისეები!

რა თქმა უნდა, ყველა ქედს ვიხრით ჩვენი მაშველების – განსაკუთრებით, დაღუპული ზაზა მუზაშვილის – მამაცობის წინაშე. ასევე ფანტასტიური იყო ნათესავებთან სტუმრად ჩამოსული მაშველი ლეიტენანტის – ზვიად ინჯგიას მამაცობა, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა. ყველას სულის სიმებს შეეხო პატრულის გადარჩენილი ოქროსბიჭუნა სანდროს კისკისი. ჩვენი ვაჟკაცი პატრულების – გოგა ნეფარიძის, სანდრო არეშიძის, ირაკლი მაისურაძის, ემზარ გოგავას, სერგო სადუნიშვილის, თორნიკე ხუციშვილის და მრავალ სხვათა თავდადებამ გადაარჩინა მოულოდნელი და სასტიკი სტიქიის წინაშე უმწეოდ დარჩენილი მოსახლეობა…

მოხალისეების მოძრაობა – ეს არაჩვეულებრივი ფენომენი იყო!

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამან ფანტასტიური როლი ითამაშა მთელი თბილისის მოსახლეობის სოლიდარობის განცდაში.  თუ დასავლეთის მედიის გმირი ბეჰემოტი ბეგი და კონდიციონერზე შემომჯდარი დათვის ბელი გახდა, თბილისის მოსახლეობისთვის ამ ტრაგიკული დღეების მთავარი გმირები სწორედ მოხალისეები იყვნენ. რადგან ისინი თავისით გამოვიდნენ სცენაზე.  მათ არ ჰქონდათ ელემენტარული ცოდნა და ელემენტარული იარაღი, და მაინც იგრძნეს, რომ საჭირონი იყვნენ… პირველ დღეს ისინი კონვეირივით დაწყობილნი იდგნენ წვივებამდე ტალახში გმირთა მოედანზე, უხშირესად შრომის ყოველგვარი იარაღის გარეშე, და ზოგჯერ მუჭა-მუჭა თუ მათლაფებით გადასცემდნენ ერთმანეთს ტალახს. უსასრულოდ მძიმე და დამთრგუნველი ღამის შემდეგ ისინი მთელი დღე იღებდნენ და ანაწილებდნენ თბილისის მოსახლეობის მიერ სასწრაფოდ შეგროვებულ ტანსაცმელს და პირველადი მომხმარების ნივთებს. მათ არ გაუნელდათ ენთუზიაზმი და ბოლომდე იხარჯებოდნენ ყოველდღე. ისინი იყვნენ ჩვენი მოულოდნელი გმირები – ჩვენი შვილები, – ის გოგო-ბოჭები, ვისაც ზოგჯერ ვაკრიტიკებთ, გამოხეული ჯინსების, ტატუსა თუ ცალ მხარეს გადაპარსული თმების გამო… სწორედ ამ გოგონებმა და ყმაწვილებმა, ენთუზიაზმის და სოლიდარობის, თბილისელობის და პატრიოტიზმის ძალიან კარგი გაკვეთილი გვანახეს!

საერთოდ, სოლიდარობა იყო ამ საშინელი, მაგრამ დიდწილად მაინც ოპტიმისტური ტრაგედიისა და მასზე პასუხის მთავარი ლეიტმოტივი.

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ხელისუფლების გახსნილობამ და ხალხის გვერდით დადგომამ მოახერხა ახალგაზრდებში ამ მუხტის გაღვიძება. არა მგონია, ხელისუფალთა იქ ყოფნა ყოფილიყო მთავარი და განმსაზღვრელი ამ ფენომენში. თუმცა, ახლაც რომ უცხოურ შოპინგში გამოეჩინათ თავი მთავრობის წარმომადგენლებს, სოლიდარობას სერიოზულად შეუდგებოდა წყალი… როგორც ღიმილით უპასუხა ერთმა გამხდარმა მაშველმა ბიჭმა პრემიერ-მინისტრის შექებას და მადლობას: ჩვენ უთქვენოდ ვერაფერს გავხდებოდით, და თქვენც ვერაფერს გახდებოდით უჩვენოდო!  წინა ხელისუფლების აპოლოგეტების მწარე შური სწორედ ამ სოლიდარობამ გამოიწვია, და ყველანაირად ცდილობდნენ ერთად მობილიზებული პატრულის, მაშველების, მერიის, გამგეობებისა და წითელი ჯვრის თანამშრომლებისა და მოხალისეების ქმედებებში ისევ არაორგანიზებულობა და ყბადაღებული „უნიათობა“ გაეხადათ ქილიკის საგანი… არ გამოვიდა. არც ის გამოვიდა, რომ ცალკეული პირების მოწოდებები – („გამოცდები მოგვიხსენით“, „კარგად გვაჭამეთ“, „ფული არ გვაწყენდა“ და ასე შემდეგ) მოხალისეების ჯანსაღმა მასამ ადვილად უკუაგდო, როგორც მათი სუფთა საქმის შემბღალავი და უკადრისი.

მთავარი მაინც ისაა, რომ სწორედ ეს სოლიდარობა და ეს მოხალისეები შეიძლება იქცეს საქართველოში დემოკრატიის და დემოკრატიული საზოგადოების აშენების გზაზე სერიოზულ ნიშანსვეტად! რადგან რაც არ უნდა ილაპარაკონ მოქილიკეებმა დარღვევებზე და არაორგანიზებულობაზე (რომელიც, რა თქმა უნდა, აქა-იქ გვხვდებოდა, – თბილისი კი არა, ნიუ-იორკიც არ აღმოჩნდება ხოლმე სრულად მომზადებული სასტიკი კატასტროფებისთვის), რაც არ უნდა იფანტაზიორონ იმაზე, რომ მიშას დროს ყველაფერი გაცილებით ორგანიზებულად იქნებოდა, ამაზე არის მარტივი პასუხი – დიახ, არა მარტო მიშას დროს, არამედ სტალინის და ბერიას დროსაც! ჰიტლერის და მუსოლინის დროსაც! ფრანკოს და სალაზარის დროსაც! და კიმ სენ ირისა თუ კიმ ჩენ ირის დროსაც – ყველაფერი უფრო „ორგანიზებულად“ იქნებოდა! რადგან ძალიან ადვილია გულაგის პატიმრების „ორგანიზება“, ძალიან ადვილია საკონცენტრაციო ბანაკების და გეტოების მოსახლეთა „ორგანიზება“, ადვილია პრობაციონერებისა და მაკომპრომეტირებელი ვიდეოებით დაშინებული ადამიანების „ორგანიზება“, ადვილია იმ ხალხის „ორგანიზება“, რომელიც მეფე-მზეს, მამა-ბატონს, თუ ერთადერთ და განუმეორებელ ბელადს „უმღერის“, თუნდაც – კუჭგამხმარი და ღირსებაშელახული…

მაგრამ სულ სხვაა, როდესაც თავისუფალი ადამიანები თავისი ნებით მიდიან ერთად, მიდიან არა იმიტომ, რომ ბრძანებას ასრულებენ, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ… მიდიან იმიტომ, რომ გაჭირვებულ თანამოქალაქეებს დაეხმარონ. მიდიან, რადგან არ ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების, მხოლოდ ჯარის, მხოლოდ პატრულის და მხოლოდ მაშველების საქმეა… მიდიან იმიტომ, რომ ეს მათი საქმეა, ეს მათი ქალაქია, და ეს მათი ქვეყანაა! და გრძნობენ, რომ ტრაგედიის მასშტაბი არ იძლევა ხელისჩამოშვების უფლებას…

ასეთი წრთობის ადამიანები სულ სხვანაირად დაინტერესდებიან იმითაც, ვინ როგორ აშენებს ამ ქალაქს და ამ ქვეყანასა, ვინ როგორ ჭრის ხეებს და ამტკიცებს გზების და გვირაბების პროექტებს. ასეთი ახალგაზრდების ჩამოყალიბება არის სწორედ ჩვენი მთავარი რეიტინგის მაჩვენებელი – იმ დემოკრატიული რეიტინგისა, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორ გზაზე ვართ… რომ მიუხედავად იმისა, რაც გაიარა ჩვენმა თაობამ, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, რომელიც იყო და დღესაც არის, ჩვენი მომავალი თაობა უკეთესი, უფრო დაფიქრებული, უფრო პასუხისმგებელი იქნება. და, იმედია, მძიმე გამოცდებსაც გაუძლებს და უკეთეს ქვეყანასაც ააშენებს…

და ამ რწმენით, მიუხედავად იმ საზარელი მსხვერპლისა და იმ ტკივილისა, რაც ვნახეთ 13 ივნისის ღამიდან დღემდე, მაინც იმედით შეგვიძლია შევძახოთ მდევარ-ბედს:

– „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

სოლიდარობა


ორი მილანელი


კალა წყალდიდობა-ჩამომჯდარი

კალა წყალდიდობა-მუშებთან

ეს კაცი ქართველია. საქართველოს მოქალაქე. საქართველოში მას ყველა იცნობს, უფრო მეტად – როგორც ლეგენდარულ ფეხბურთელს. თუმცა არანაკლებად იცნობენ მილანშიც, სადაც თავისი კარიერის უმაღლეს წერტილებს მიაღწია, სადაც გახდა იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

ეს ფოტოები დღეს, 2015 წლის 14 ივნისს, თბილისისთვის შავ დილას არის გადაღებული. ამ დღეს კახა კალაძე იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო კიდეც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, თავისი ქვეყნის შვილი და დღეს უკვე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერიც – ქალაქის ცენტრში დამანგრეველი წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის გვერდით. აკეთებდა იმას, რასაც უნდა აკეთებდეს მოქალაქე, ხელისუფალი და უბრალოდ, კაცი – თავის ხალხს ეხმარებოდა…

=======

მიშა მილანში  მიშა მილანში2

ეს კაციც ქართველია. თუმცა საქართველოს მოქალაქე ფაქტიურად აღარ არის – თავისი ნებით დათმო, – სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე გაცვალა. მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, ძირითადად, – როგორც დიდ რეფორმატორს… მას საქართველოშიც კარგად ვიცნობთ, ძირითადად, როგორც მარშალ ბეტანკურს, რომელმაც კარგად დაიწყო, მაგრამ როგორც დაამთავრა, ჩვენ კი კარგად მოგვეხსენება და სხვების – არ ვიცი…

ეს ფოტოები სამი წლის და ერთი თვის წინ – 2012 წლის 14 მაისს არის გადაღებული. თბილისს მაშინაც დიდი წყალდიდობა დაატყდა და მაშინაც დაიღუპნენ ადამიანები… პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ამ ამბიდან უკვე რამდენიმე საათში თვითმფრინავში ჩაჯდა და გეზი მილანისაკენ აიღო… მას იქ სანუკვარი ნივთები ელოდებოდა – მისი საყვარელი უძვირფასესი საათები! ის იმ დღეს “მილანელი” იყო… იმ დღეს პრეზიდენტი მიშა ქართველი ხალხის გვერდით არ დამდგარა… არ უნდოდა, რომ მისი სახელი ტრაგედიასთან ყოფილიყო ასოცირებული და ამ ტრაგედიაში ხალხის თანადგომას აწეწილი ნერვების მილანური შოპინგით დაწყნარება  ამჯობინა…

მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იყო დაბადებიდან პოლიტიკოსი – სამწუხაროდ, ამ სიტყვის ძალიან ცუდი, მაკიაველური გაგებით. მაგრამ იმ ავბედით დღეს იგი ხალხისგან გაქცეული იყო…

კახა კალაძე ნამდვილად არ ყოფილა დაბადებიდან პოლიტიკოსი.

საბედნიეროდ, მას ნამდვილად აქვს შანსი ახალი ტიპის პოლიტიკოსი გახდეს, რომელიც მხოლოდ ქეიფში და კონცერტზე, აღლუმზე და კარგ ამბავში არ იქნება საკუთარი ხალხის გვერდით… რომელიც მისთვის მართლაც ძვირფას მილანში საშოპინგოდ არ წავა მაშინ, როცა მის მშობლიურ ხალხს გლოვა აქვს და 12 დაღუპულის გარდა კიდევ 24 დაკარგულს ვეძებთ…

აი, ასეთი 2 მილანელი გვყავს ჩვენ, ქართველებს…

დანარჩენი თავად განსაჯეთ…


ნაფიც მსაჯულთა ხიბლი თუ ნაკლი


Courtroom Jury Box

გიორგი ტუღუშმა კი განაცხადა, – ხელაღებით არ შეიძლება იმის თქმა, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა არ გაამართლაო, მაგრამ მე ორივე ხელის აწევით და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში, ამჟამად მაინც, არის მიუღებელი და გაუმართლებელი!

გასაგებია, რომ გიორგი ტუღუშის კვალიფიკაცია და ცოდნა სამართლის სფეროში გაცილებით უფრო წონადია, ვიდრე არაიურისტი ბლოგერი ექიმისა. თუმცა, (ტრაბახით – არა, სხვათაშორის) შევნიშნავ, რომ წინა წლების განმავლობაში სამართალთან და უსამართლობასთან მიმართებაში, მგონი, ჩემი აზრი უფრო ახლოს იყო სიმართლესთან და რეალობასთან, ვიდრე ბატონ გიორგის რეპუტაციასთან აცდენილი მისი მსუყე მოსაზრებები, მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ და არც არავის აწამებდნენ…

ვფიქრობ, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება არაა გამართლებული, რადგან:

  • მოსახლეობაში ძალიან ცოტაა ისეთი ხალხის პროცენტული წილი, რომელსაც ელემენტარული იურიდიული განათლება (სამართლიანობის ანბანი) გააჩნია, ან რომელსაც სურვილი აქვს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ეს ანბანი ისწავლოს;
  • პატარა ქვეყანა ვართ. ჯერაც – ნათესაურ-მეგობრულ კავშირებზე და არა – სამოქალაქო ნორმებზე და სოციალურ ერთობაზე, ორიენტირებული. მოსახლეობაში ჯერ გაცილებით მაღალია ნათესავობის, კლანურობის, მეზობლობის, “კუტოკების” და სხვა არაფორმალური წრეების გავლენა, რაც არ მაძლევს იმ ილუზიური ოპტიმიზმის საფუძველს, რომ სოციალური სამართლიანობა და კანონის უზენაესობა გადაწონის. რატომღაც მგონია, რომ ნაფიცი მსაჯულების დიდ ნაწილზე ის უფრო დიდ გავლენას მოახდენს, წინა საღამოს ვინ დაურეკავს და რას ეტყვის, ოჯახში ცოლ-შვილი და სიდედრ-მამამთილი რას ფიქრობენ… 12 განრისხებული ქართველი უფრო ადვილად წარმომიდგენია, ვიდრე ამ 12 განრისხებული ქართველის მიერ საბოლოოდ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიმავალი გზა…
  • არტისტიზმის ზედმეტად მოყვარული ხალხი ვართ – ბრაზილიელი მეკარეებივით უფრო ნახტომის სილამაზეზე ვფიქრობთ და არა იმდენად – ბურთის დაჭერაზე… 12-დან რამდენიმე მსაჯული  მაინც პროცესზე, ვაითუ, საკუთარი იმიჯით უფრო იქნეს დაკავებული, ვიდრე განსასჯელის ბედის შესახებ ობიექტური დასკვნის გამოტანით… ემოციებზე დაყრდნობით შეიძლება გააკეთოს ბევრმა არჩევანი – ნაფიც მსაჯულთა ეს ნაკლი ბევრ სამხრეთულ ქვეყანაში იჩენს თავს ხანდახან, ჩვენთან ეს იქნებ მეტადაც იქნეს…
  • საერთოდ ალბათ, კი შეიძლებოდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა გვეცადა, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, თუ რაღაცას ახალს იგონებთ, წინასწარ რამე ექსპერიმენტს არ ჩაატარებთ? და ამ ექსპერიმენტს ყველაზე მძიმე შემთხვევით დაიწყებთ? ახალგაზრდა გამოუცდელი ქირურგისათვის პირველ ოპერაციად გულის ან ღვიძლის გადანერგვას ვინ მოიფიქრებდა?? არ ჯობდა, ამ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ეფექტურობა ჯერ გაცილებით მარტივ და მსუბუქ საქმეებზე ყოფილიყო შემოწმებული და არა ასეთ გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე?
  • დაბოლოს, ხომ კარგად ვიცით, რა იყო საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის წინაპირობა? ხომ ვიცით, ვინ იყვნენ ამ იდეის ნოვატორები? და იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ, რატომ უნდა სდომებოდა ნაცმოძრაობას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება? ჩემი აზრით, ძალიან მარტივია ამის გამოცნობა – საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის იდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მაშინ, როდესაც სააკაშვილის ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმა როგორც ჩვენი მოსახლეობის, ასევე უცხოელი პარტნიორებისა და ექსპერტების მიერაც მიჩნეულ იქნა უსამართლოდ! როდესაც გამამართლებელი საქმეების რაოდენობა 0.03%-ზე ნაკლები გახდა (სტალინის „ტროიკებიც“ კი განუზომლად უფრო ლმობიერები იყვნენ და ლამის 7%-ში გამოჰქონდათ გამამართლებელი გადაწყვეტილება)… როდესაც ადამიანის უფლებების კომისარი ტომას ჰამერბერგი გაოგნდა, რომ 65 წლის პენსიონერ მოხუცს, იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც სხვა მარჩენალი არ ჰყავდა, 11 ევროს ღირებულების ფიცრების მოპარვისათვის 1 წელი ციხე მიუსაჯეს… როდესაც აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მოსამართლეები პროკურატორის და მმართველი პარტიის უსიტყვო მონებად, ხოლო ადვოკატების დიდი ნაწილი – საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდებულების დამყოლიებლებად იქცნენ!.. სწორედ მაშინ მოიფიქრეს ადეიშვილმა და მისმა გუნდმა, (ახლა რომ ზოგიერთი ისევ „გამოადვოკატდა“ და დღევანდელ დღეს პროკურატორის მიერ „სასამართლოს დამონებაზე“ ჭრიჭინებს) – ეს მხსნელი რგოლი – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი!

იდეა მარტივი იყო – ნაფიცი მსაჯულებიც იმას გადაწყვეტდნენ, რასაც ნაცმოძრაობა და პროკურატურა დაავალებდათ! არ იზამდნენ ასე და, მათი აჯობებდა! ისიც ხომ გასაგებია, ვის და როგორ აირჩევდნენ/დანიშნავდნენ ნაფიც მსაჯულებად, და როგორ წინასწარ გამზადებული იქნებოდა მათი მაკომპრომეტირებელი ვიდეოფაილები! ვინც მიშიკოს და ზურიკოს იმედებს გაამართლებდა, იმას სახელი დიდება და სამსახურში წარჩინება არ აცდებოდა, ვინც ვერ ივარგებდა ან თავის არიდებას ეცდებოდა, დედაც ეტირებოდა და შვილიც!

ხოლო სასამართლოს მესვეურები – კოტიკო კუბლაშვილის თამადობით – არხეინად აისხლეტდნენ ნებისმიერ შინაურ თუ საერთაშორისო კრიტიკას: – ჩვენ რას გვერჩით, ხალხმა (ნაფიცმა მსაჯულებმა) გადაწყვიტესო! მიშა კიდე შორიდან ღიმილ-ღიმილით დაგვანახებდა, ვითომ ვენეციის კომისიის ბუკიკიოს ვითომ მოწონების SMS-ებს…

ამიტომ, აქა ვდგევარ და სხვაგვარად ვერ ვფიქრობ – საქრთველოში სამართლიანი და კვალიფიციური სასამართლოა დასანერგი და სისტემის ხელმძღვანელობამ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მის მიერ რეფორმირებული და მართული რგოლების სამართლიანობაზეც და კვალიფიკაციაზეც!

ხოლო ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დანერგვა იმ დროისათვის გადავდოთ, როცა ქართველების უმრავლესობა ქუჩაში არასწორად პარკირებული მანქანის მძღოლს, წითელ შუქნიშანზე გადამრბენს, და მანქანიდან ნაგვის ცელოფნით მსროლელ მგზავრს თავად მისცემს შენიშვნას და იმაზე არ დავიწყებთ მხოლოდ ყაყანს, რა ცუდი სისტემა გვაქვს, ან როგორი ცუდი ხელისუფლება გვყავს… ნაფიცი მსაჯულები პასუხისმგებელი მოქალაქეები უნდა იყვნენ, ძალიან პასუხისმგებლები – საკუთარი თავის, სინდისის და ქვეყნის წინაშე, და არა მხოლოდ – ოჯახის, ნათესავების და მეგობრების წინაშე! რამდენ ასეთ ადამიანს ვიცნობთ, ვის ნაფიც მსაჯულობაშიც ეჭვი არ გვეპარება? ვინც ამ საქმეში მერკანტილური თუ კარიერული მიზნით არ ჩაებმება? მე, ალბათ, – მხოლოდ ათიოდეს… და არ მგონია, მათმა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადოს…

P.S. თუ მაინცდამაინც ასე სანატრელი და სასურველია ეს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, მაშინ ნელ-ნელა დავიწყოთ, ყველაზე მსუბუქი საქმეებიდან… და მე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელ სტუდენტებზე ავიღებდი აქცენტს…