ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლი


freedom af anonymity

ახლა უნდა ვთქვა ზოგი რამ, რის თქმასაც არ ვაპირებდი, მაგრამ მართლა დამღლელია ამდენი შეძახილი – ააა, თურმე გეშინოდა! ააა, თურმე, არ იყავი ცოტნე დადიანი!.. – ვითომ მე ან როდესმე გმირობის პრეტენზია გამოვთქვი, ან, ვითომ, როდესმე ის ვუთხარი რომელიმე ურნალისტს, მიშას რატომ არ ებრძვი ხმალამოღებული-მეთქი!
მე მხოლოდ ის არ მინდოდა, რომ სიმართლის მაგიერ სიცრუე შემოესაღებინათ, და თან ამ სიცრუეში 10-ჯერ და ასჯერ მეტი ფული აეღოთ, ვიდრე პატიოსანი ჟურნალისტები სიმწრით მოპოვებულ სიმართლეში იღებდნენ! თუნდაც დღეს, მზადა ვარ ნებისმიერ მათგანს ბოდიში მოვუხადო და შერიგების ხელი გავუწოდო, თუ იმას მაინც აღიარებენ, რომ იმიტომ გვაბოლებდნენ, რომ წნეხის ქვეშ იყვნენ! რომ არ უნდოდათ მშიერი ოჯახების ხილვა! ამბობენ ამასო, -დღეს მითხრა დიანა ტრაპაიძემ. ვინ ამბობს, დიანა? რამე გამომრჩა? ვინც ამბობს და ნაბიჯებსაც დგამს – ვახო სანაია იქნება თუ ეკა ხოფერია, მე მათ მიმართ არავითარი წყენა არ მაქვს და ვახოს თავად ვთხოვე დამეგობრება და უკვე დიდი ხანია, ფეისბუქზე ვმეგობრობთ და სხვებსაც დავუმეგობრდები… ოღონდ იმას ნუ მოგვიყვებიან, რომ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარ კითხვებჩაწერილი ინტერვიუები, საუზმეები, და ანბანის კოშკზე აფორთხებები სამოქალაქო გმირობის ეტალონი იყო…

ანონიმურობას კიდევ ერთი ხიბლი აქვს, რაც არაა დასამალი – ჩვენ, ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას, არ შეგვიძლია, ჯერ მაინც, ჩვენს კოლეგას პირში ვუთხრათ მისი ნაკლი. ცუდ ტონად, უზრდელობად ითვლება ეს! ცხოვრებაში ბევრი ინტრიგანი მინახავს, რომელიც მთელი სიცოცხლე ძირს უთხრის სხვებს და პირში კი არამცთუ სიმართლეს ვერ ეუბნება, არამედ სულაც დითირამბებს უმღერის. ჩვენ ეს უნდა ვისწავლოთ! ნებისმიერი ეთიკის საფუძველი სწორედ კორპორატიული ეთიკაა! ინჟინერს სწორედ ინჟინერმა უნდა მიუთითოს ნაკლზე, ექიმს – ექიმმა და ჟურნალისტს – ჟურნალისტმა. თუ ჩვენ ქოხიდან ნაგვის გატანის შიშით ვიცხოვრებთ, ნაგავში დავიხრჩობით! და მერე ხდება ის, რომ ცუდი ინჟინრის აგებულ და ჩანგრეულ ხიდზე შეიძლება ადამიანები დაიღუპონ, ცუდი ექიმის ნამკურნალები პაციენტი საავადმყოფოში მოულოდნელად იღუპება და მერე ნათესავები ლინჩის წესით ანგარიშსწორებისთვის ემზადებიან… ყველაფერს კი სჯობდა ამ უმეცარი ექიმების, ჟურნალისტების თუ ინჟინრების გამოსწორება პირში ძრახვის მეთოდით, – თანდათანობოთ გვეცადა – ჯერ შენიშვნით, მერე ჯარიმით, მერე – ლიცენზიის შეჩერებით და ბოლოს – სამსახურის დატოვებით. ამით ხომ დიდ ტრაგედიას – ადამიანის დაღუპვას გადავრჩებოდით. საქართველოში კორპორატიული ეთიკის ყლორტები აქა-იქ არსებობს, მაგრამ – ძალიან სუსტი, და ხშირად სხვათა გაღიზიანებას იწვევს, როგორც არამკითხემოამბეობა. არადა, ბოლოს თუ დაღუპული ჩვენი ახლობელია (არ მითხრათ, ურნალისტის ენით დაკოდილი არ არსებობსო – მარტო საწყალი ბუტა რობაქიძის კადრების გაუფრთხილებლად ტელევიზიით ჩვენება იყო სამაგალითო), მერე ძალიან მწარედ ვხვდებით, რა სისულელეა უმეცართა თუ უზნეოთა წაქეზებაც და თუნდაც, ხელის დაფარება… ეს პირადად გამოვცადე, როდესაც ახლო ნათესავი საავადმყოფოში გარდაიცვალა…

არ ვიცი, მოსკოვში და შვედეთში გატარებული წლების გამო, თუ ბაბუაჩემის პიროვნული თვისებების გამო, რომელიც ასევე ექიმი იყო, და უაღრესად პირდაპირი (ხშირად – კონფლიქტურობამდე პირდაპირი) ადამიანი – შემიძლია დავიტრაბახო, რომ სხვებზე ოდნავ მეტად – საშუალოსტატისტიკურ ქართველთან შედარებით მაინც – მაქვს ეს თვისებები, რომ ადამიანს პირში ვუთხრა, მაგრამ ეს ჩემი უპირატესობა გაზაფხულის თოვლივით დნება, თუ ვადარებ იმავე უნარ-ჩვევებს ჩემ შვედ, დანიელ, ამერიკელ თუ, თუნდაც, რუს კოლეგებთან.(ექიმებზე მაქვს ლაპარაკი და არა ექიმ-პოლიტიკოსებზე🙂.

როდესაც ანონომი ვიყავი, ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს, შევძლებდი თუ არა, იგივე სიმკვეთრით საუბარს ჩემთვის ნაცნობ ხალხზე, თუნდაც დემოკრატიულ საქართველოში, სადაც შიშის ფაქტორი აღარ იქნებოდა, და პასუხი ყოველთვის ყოყმანი იყო. ალბათ, დღეს გაცილებით მეტად შემიძლია ეს, ვიდრე 4 წლის წინ, რადგან უკანდასახევი გზა თავად მოვიჭერი. უცნაურად ჟღერს, მაგრამ სოლომონ თერნალელობა სერიოზულ მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს ზვიად კირტავას! და ამაშია ანონომურობის პარადოქსული ხიბლი ვირტუალური სიმულაკრის ნაჭუჭიდან გამოსვლის შემდეგ.

და იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ზოგჯერ მილაპარაკებია ახლობელ ხალხთან „იანეთში“ და რომელიც ჯერ არ მინდოდა, რომ გამეხსნა, მაგრამ მართლა ძნელია ასეთი მძიმე ბრალდებების მოსმენა და „ჭრელო პეპელას“ როლში აღმოჩენა, როცა ჯერ იყო და, 4 წელი სულ იმას მიძახოდნენ, – „რატომ გარეთ არ გამოდიხარო?“ და ახლა კი მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მთავარი კითხვა ის ყოფილა, – „რატომ ახლაც იქ არ დარჩი, სადაც იყავი?“ – ისე საინტერესოა, სანამდე უნდა დავრჩენილიყავი? ბედნიერი საქართველოს მშენებლობის ბოლო აგურის საზეიმო დადებამდე?

ჩემი სოლომონთერნალელობისა ჟამს, ძალიან ბევრ ადამიანს ვეგონე, რომ მე ნაციონალების რიგებში მყოფი სინდისგაღვიძებული ადამიანი ვიყავი, რომელსაც არც ის შეეძლო, რომ გამიჯნოდა მშობელ მონსტრს და არც ის უნდოდა, რომ ამ მონსტრის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, და რომელიც სოლომონის ხელით სისტემის რღვევას შიგნიდან აჩქარებდა. შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს იმავე იანეთში ეპარებოდა ეჭვი, რომ მე მერაბიშვილის დაახლოებული პირი ვიყავი (თავად მერაბიშვილი რომ არ ვიყავი, ამას ჩემი სტილი და ფოლოლოგიური უნარ-ჩვევები ამტკიცებდა🙂, მინიმუმ ერთი ადამიანს, პირიქით, მერაბიშვილის კი არა, – ადეიშვილის „კამანდიდან“ ვეგონე… აქ ისიცაა გასახსენებელი, რომ 2009 წელს გავრცელდა ხმა, თითქოს ადეიშვილი ურჩევდა სააკაშვილს არ გაეყალბებინა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, დროებით დაეთმო ხელისუფლება (ან -მინიმუმ საკონსტიტუციო უმრალესობა პარლამენტში) და ოპოზიციის დაქსაქსულობის და პოლიტიკური მმართველობის სფეროში სისუსტის, ასევე ფინანსური ინსტრუმენტების და საგარეო კავშირების გამოყენებით, 4 წლის შემდეგ (ან – ვადამდეც) თეთრ რაშზე ამხედრებული დაბრუნებულიყო!“ სწორედ დღეს მქონდა შეხვედრა უცხოელ პოლიტოლოგთან, რომელმაც გამიმხილა, რომ კავკასიის შესახებ წონიანი ექსპერტი ჩემი ბლოგის გაცნობის შემდეგ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე გიგა ბოკერია ვიყავი!
როგორ გგონიათ, ამ ეჭვებში, რომელიც დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ხელისუფლებაშიც შეიძლებოდა გავრცელებულიყო, არ იყო ჩემი ანონომური ბლოგის კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორი? როდესაც ბლოგზე “5/5 და გემი მიცურავს!..” დავდე, უცხოელმა დიპლომატმა ჩემს ფეისბუქელ მეგობარს გაუმხილა, მართლაც განიხილება ხელისუფლებაში 5 მაისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაო, თუმცა ჩემი ჰიპოთეზა მხოლოდ თოერიული ანალიზის შედეგი იყო და არა ნაცმოძრაობიდან გამოტანილი ინფორმაცია … როგორ ფიქრობთ, სწორედ მსგავსი ეჭვის დათესვით არ დაანგრია ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს, როცა მუდამ ლაპარაკობდა მერაბიშვილის კარგ მენეჯერულ უნარზე და მასთან კარგ ურთიერთობებზე, ხოლო არჩევნების წინ დასკვნით შეკრებაზე მადლობაც კი გამოუცხადა „კიდევ ერთ ადამიანს“, რომელიც არ დაასახელა!
მე შორს ვარ იმისგან, რომ შტირლიცობა დავიბრალო. და გულახდილად ვამბობ, თავგანწმირავ გმირად თავი ვერასოდეს წარმომედგინა, ყოველთვის უფრო ჭკუის და ანალიზის იმედად ვიყავი, ვიდრე მოქნეული მკლავის. ამიტომ მხიბლავდა თერაპია, სადაც შეგიძლია ცოტა მეტხანს დაფიქრდე და აწონ-დაწონო, და არა ქირურგია ან გადაუდებელი მედიცინა, სადაც წამებში უნდა იმოქმედო და ზოგჯერ – ავტომატურადაც.
ვთვლი, რომ ისე ვემსახურე ჩემ სამშობლოს, როგორც ეს შემეძლო – ცდა არ დამიკლია! კიდევ ყოველდღიურ 18-საათიან მსახურებას ვერ გავუძლებ და მინდა ეს ოთხწლიანი სუპერმარათონი, რომელიც ფანტასტიური ნერვული და გონებრივი დაძაბულობის ფასად დამიჯდა, ცოტა ხნით მაინც შევანელო… ცოტა ხნით მეტი დრო გავატარო შვილებთან და მეუღლესთან, მოხუც მშობლებთან, წავიკითხო წიგნები, რომლებიც ბევრი დამრჩა წაუკითხავი, გავაკეთო ჩემი საქმე, სადაც კარგად ვიცი, რა შემიძლია რომ გავაკეთო და ბევრი გასაკეთებელიც და პერსპექტივაც ახლა კარგია…
სხვა რა გითხრათ, რაც აქამდე არ მითქვამს…
– ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ, გამოდით, თქვენი ჭირიმე!🙂


10 Comments on “ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლი”

  1. “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი” – არ გაგიკვირდეთ ყორნების ჩხავილი მრავალხმიანი.

  2. lika says:

    მიყვარს თქვენნაირი ადმიანები,კარგი ექიმი ჯერ სიტყვით მოარჩენს ავადმყოფს(რა ზუსტი შინაარსის მომცველი სიტყვებია ქართულ ენაში),და მერე წამლობით…

  3. Giorgi Chitaishvili says:

    ეს სოლომონ თერნალელი საინტერესო მოვლენა იყო !! მართლაც მაგალითია იმისა თუ როგორ შესძლო ერთმა უბრალო ადამიანმა სწორი PR –ით და საოცრად კარგი ანალიზის უნარით პოლიტიკოსებზე, ექსპერტებზე და ზოგიერთ შემთხვევაში რაღაც მოვლენბზეც კი გარკვეული ზეგავლენის მოხდენა. !! მართლაც საინტერესო პრეცენდენტია.

    მადლობა ზვიად კვირტავას!!!

  4. lela says:

    უდიდესი როლი შეასრულეთ, უსასტიკესი მტარვალის და ანტიქრისტე სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში, თვითოეულ იმ ქართველს რომელსაც ჯანსაღი და მართალი აზრი სჭირდებოდა ფესვივით ჩასაბღაუჭებლად მადლობის მეტი არაფერი ეთქმის თქვენდამი. ის რომ ,ვირტუალურ სამყაროს მაინც რეალური სჯობია თუნდაც უფრო ნაკლები კეთდებოდეს საქმე , ესეც ცხადია.გისურვებთ მხნეობას, ნიჭიერების რეალიზაციას, სიმართლისთვის დაუღალავ ბრძოლისუნარიანობას და ყოველივე სიკეთეს!!

  5. Author says:

    ადამიანს, რომელიც რეჟმს დაუპირისპირდა, პატარა კაცებისა არ უნდა ერიდებოდეს🙂 ქარავანი მიდის, ძაღლებმა კი, დე, იყეფონ. მთავარი ხომ ის თავდადება, მონდომება და შეუპოვრობაა, რითაც დასახულ მიზანს ერთგულად ემსახურეთ.

  6. marine says:

    ბატონო სოლომონ [ზვიად]. ერთხელ კიდევ ბოდიში, რომ ვერ ვისარგებლე თქვენი მიწვევით წიგნის პრეზენტაციაზე. მინდოდა მენახეთ და მადლობა მეთქვა გაწეული საქმისათვის და დროული გამოსვლისთვის ფსევდონიმიდან. ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი და თავისუფალი. ფსევდონიმი საკუთარი ნებით დადგმული საკანია. გილოცავთ გათავისუფლებას და მადლობა გაწეული სუპერმარათონისთვის.

    • SolomonTernaleli says:

      უღრმესი მადლობა, ქალბატონო მარინა ასეთი შეფასებისათვის – მით უფრო თქვენგან – განსაკუთრებით დასაფასებელია. მადლობა თქვენ, რომ ჩემგან განსხვავებით, ნიღბის გარეშეც მშვენივრად აკრიტიკებდით სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერ მხარეებს!

  7. mery says:

    genacvale namdvilo qartvelo

    moyvares pirsi udzraxe ,mters pirs ukanao

  8. givi gagnidze says:

    სოლომონ თერნანელის წიგნიდან ,,სოლომონის ფიქრები’’ გამომდინარე წერილმა ,,ანონიმურობის მოკრძალებილი ხიბლი’’ ძალიან დამაფიქრა. ავტორი შეეხო ისეთ საკითხებს, რომელიც ალბათ ყველას აწუხებს და ყველა დაფიქრებულა. არავი დაიბრალოს, რომ ჩვენი დიდი წინაპრის ნათქვამს ,,მოყვარეს პირში უძრახეო’’ ადვილად ანხორციელებდა. არავის უყვარს სიმართლის მოსმენა, მტკივნეულია როდესაც მოგითითებენ დაშვებულ შეცდომებზე. ასეთმა დამოკიდებულებამ ბავრჯერ მავნო და დამიძაბა ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. ანალოგიურად ასეთი რამ სხასაც მოსვლია. შედეგი-შდეგი კი ის იქნებოდა, რომ როგორც მე ალბათ სხვაც თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა. რა თქმა უნდა სტკიოდათ ქვეყანაში მიდინარე პროცესები, მაგრამ შორიდან მაყურებლის როლით დაკმაყოფილდა, რა ჩემი საქმეა-თავს ამით იმართლებდა.
    ასე რომ არ იყოს დღესაც კი, როდესაც ქვეყანაში საზოგადოების გაერთიანებისა და გამთლიანების შანსი გაჩნდა, არაფერია სათქმელი, როგორ არა. რამდენიც გინდა, მაგრამ …………….. რა, განა მოსაწონია საზოგადოების თაობებად დაყოფა, ასაკობრივი ცენზის დაწესება, გამოუცდელი ბავშვების დაწინაურება, რომლებიც შრომის წიგნაკებს თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ ხსნიან, სად არის ავტორიტეტი, გამოცდილება, ცოდნა, საქმის კეთების სურვილი, ადამიანებთან ურთიერთობის კულტურა, მაგრამ რა, ისევ: პეტრეს ეწყინება, ივანე გამიბრაზდება, შალვა დამიპირისპირდება და ვართ ყველა ჩვენთვის. ასე ცხოვრება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე აღარ შეიძლება და ბრძენი შოთას სიტყვები: ,,მოყვარეს პირში უძრახეო’’ დღეს არის ყველაზე საჭირო. მადლობა ავტორს შეძახილისა და ჩვენი დაფიქრებისათვის.
    არავინ იფიქროს, რომ მე ჩემს თავზე ვფიქრობ. არა ბატონებო, მე ძალიან კარგი სამსახური მაქვს და არაფერი არ მჭირდება. ამ ცხოვრებასთან ანგარიში გასწორებული მაქვს და სამოცდაორი წლის კაცს არავითარი ამბიციები არ მაწუხებს. უბრალოდ ვფიქრობ ხელისუფლებას ცოტა დაფიქრება სჭირდება და თუ დაფიქრდება შეცდომებსაც მიხვდება, შესაბამისად შცდომების გამოსწორების გზებსაც თვითონ იპოვის. გივი გაგნიძე


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s