ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს


usufashvili
ბატონო დავით,

პირველ რიგში, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ ძალზე საშური ინიციატივისათვის, რომელიც კანონის თანახმად თქვენ თავზე იტვირთეთ – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალმიღებული კანონის თანახმად ბორდის არჩევნების ჩატარება.

აღნიშნულ საკითხზე ჩემი მოსაზრების ბლოგზე გამოქვეყნებას არ ვთვლიდი აუცილებლად, რადგან მეგონა (და ახლაც მგონია), რომ საკუთარი არარჩევით განაწყენებული კაცის პოზად ჩათვლიდა მკითხველთა უმრავლესობა. ეს დღესაც არაა გამორიცხული. მაგრამ თქვენმა გუშინდელმა განცხადებამ, რომ ეს პროცესი ჩატარდა კანონის და ყველა ნორმის დაცვით, და ამ მოსაზრების ოპონენტებისათვის მიმართვამ, რომ ღიად დაეფიქსირებინათ, რაში არ გეთანხმებიან, მაიძულა ჩემი შეხედულება გადამესინჯა და თქვენთვის ამ წერილით მომემართა.

ჩემი სუბიექტური აზრია – თუმცა გამყარებული მრავალი ანალოგიური სუბიექტური აზრით და ავტორიტეტული ორგანოების დასკვნითაც, რომ როგორც თავად შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო, ასევე თქვენი უშუალო მონაწილეობით და ინიციატივით შერჩეული (და ერთხმად დამტკიცებული) საბჭოს კანდიდატების შემრჩევი კომისიაც მოწონებას იმსახურებენ.
სხვათა შორის, არ გამიგია რაიმე სერიოზულად დასაბუთებული კრიტიკა კომისიის მიმართ, რომელმაც საკუთარი მუშაობა წარმართა კანონის და ვადების სრული დაცვით და წარმოგიდგინათ 68-დან შერჩეული 27 კანდიდატის სიაც და გამჭვირვალე პროცესის კრიტერიუმებიც. ეს შერჩევა, ხაზს გავუსვამ, დაეყრდნო კანონის მიერ დადგენილ ნორმებს – კანდიდატთა ავტობიოგრაფიას (CV-ს), მათ მიერ მომზადებულ მაუწყებლის კონცეპტუალურ ხედვას, ასევე მათთან კომისიის გასაუბრებას. გარდა ამისა, შერჩეული კანდიდატების უფრო სრულად გაცნობის მიზნით მათთან გასაუბრებაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა მათი მონაწილეობა სპეციალურად მოწყობილ ტელედებატებშიც.
ასე რომ, კომისიის მუშაობის მიმართ პრეტენზიები არ ყოფილა, ვადები იყო დაცული, მიდგომები იყო დაყრდნობილი ობიექტურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე. მაგალითად, კანდიდატის ამათუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან შესაძლო კავშირის განსასაზღვარავად გამოყენებულ იქნა პარლამენტარ თინა ხიდაშელის ის განსაზღვრება, რომელიც მან გამოიყენა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას – პირი ითვლება პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის მქონედ, თუ იგი არის ამ პარტიის წევრი, ან წარმოადგენდა ამ პარტიას სხვადასხვა ოფიციალურ შეკრებებზე ან ღონისძიებებზე (ბოდიშს ვიხდი არაზუსტი პერიფრაზისათვის).

კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე გაისმა, რომ მრავალმა ცნობილმა ადამიანმა ან ვერ გაიგო დროულად, ან ვერ მოასწრო საბუთების შეტანა და მათ მიერ გამოთქმული იყო თხოვნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსში საბუთების შეტანის ვადა გაეხანგრძლივებინა. სხვათა შორის, ჟურნალისტმა მადლენა მაჭარაშვილმა კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებთან ერთად მეც მომმართა კითხვით, პირადად რას ვიტყოდი ასეთ შესაძლებლობის დაშვებაზე. როგორც სხვათა უმრავლესობამ, ასევე მეც ვთქვი, რომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუმცა ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იყო (ჩემი პასუხი ქ-ნმა მადლენამ გვიან მიიღო და იგი მედიაში ვერ მოხვდა).
ბატონო დავით, თქვენ მაშინ არ დაუჭირეთ კონკურსის ვადების გაფართოებას მხარი და განაცხადეთ, რომ ვადები კანონითაა გაწერილი და კანონი უნდა იქნას დაცული. სრულად გეთანხმებით, რომ ეს უფრო სწორი იყო, ვიდრე პროცესის თუნდაც ძალიან პატივსაცემი ადამიანების სურვილზე მორგება.
მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სამწუხაროდ, ბევრმა სხვამაც და მეც, მათ შორის, ვერ დავინახეთ პარლამენტის მხრიდან კანონის და ნორმების ერთგულება. თან, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ეს არის სწორედ ამ პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი. და ძალიან რთული იქნება მინიშნებაც კი იმაზე, რომ იგი ან მოძველებულია, ან – უკვე გადასასინჯი.

შევეცდები, ჩამოვთვალო ყველა ის დარღვევა, რომელიც, ჩემი მოკრძალებული და არაპროფესიონალური აზრით, კანონთან მიმართებაში მოხდა სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში და მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს შესაძლო შეცდომებზე მიმითითებთ ან თქვენ, ან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები:
1. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა – #26.4 („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს“). – თუმცა თანახმა ვარ, რომ ეს მცირე პროცედურული დარღვევაა.
2. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა – სახალხო დამცველმა წარდგენა დააგვიანა, და მასზე ადრე კანდიდატი წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. #26.1 („აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო…“) – ესეც მცირე პროცედურულ დარღვევად ჩავთვალოთ.
3. ყველაზე სერიოზული დარღვევა – არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა. უმცირესობამ ნაცვლად სამისა წარადგინა 2 კანდიდატი, ხოლო უმრავლესობამ – მხოლოდ 1 კანდიდატი. ამ დროს კანონი სავსებით ცალსახად განსაზღვრავს იმ რაოდენობას, რასაც უფლებმოსილი სუბიექტები პარლამენტს წარუდგენენ. ტექსტში ნათქვამია „წარუდგენს სამს“, რაც არ არის ყველაზე კატეგორიული ფორმა, მაგრამ ამავდროულად არც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ გაგებულ იქნას, როგორც „შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ სამი“. იქნებ, მე ვცდები, მაგრამ არ მომისმენია დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი! – #26.1 („საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად“). აქვე დავამატებ, რომ ჩემს გაგებას, რომ ეს მოთხოვნა უმცირესობის და უმრავლესობის მიერ სწორედ 3-3 კანდიდატების დასახელების ნამდვილად აუცილებლობაა და არა დასაშვები შესაძლებლობა, შემდეგი მომენტიც ადასტურებს ირიბად: თუ ეს მხოლოდ შესაძლებლობა იქნებოდა, მაშინ, ლოგიკურად, კანონს იქვე უნდა განემარტა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა წარდგენილი სათანადო კვოტით დაშვებული რაოდენობა – მაგალითად, რა მოხდებოდა, თუ საერთოდ არავინ დააკმაყოფილებდა უმცირესობის და უმრავლესობის გემოვნებას.
4. დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადებიც, თუ არ ვცდები, როგორც პირველ, ასევე – მეორე შემთხვევაში – #26.5 – („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს…) და #26.6 („თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა… და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი… 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს“). სხვათა შორის, ეს დარღვევა უმცირესობამაც დაუშვა და ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურა მართლაც გვიან წარმოადგინა. რაც, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარი იყო, რადგან ამით თავის მიერ წარმოდგენილ ძალიან კვალიფიციურ კანდიდატს ფორმალური წინააღმდეგობა თავადვე შეუქმნეს.

როდესაც პარლამენტის წევრები ლოგიკურ წინააღმდეგობაზე უთითებენ და ამბობენ, ფრაქციაში ვერ შევთანხმდით ერთიან კანდიდატზე და როგორ უნდა წარგვედგინა კენჭისყრაზე, როცა ვიცოდით, რომ ასარჩევად საჭირო ხმებს მაინც ვერ მიიღებდაო, ეს ნონსენსია. რადგან მართალია, წარდგენა ხდება საკუთარი ქვოტიდან და საკუთარი ფრაქციის (ან ფრაქციათა ერთობლიობის) მიერ, მაგრამ არჩევა ხომ ხდება მთლიანად პარლამენტის მიერ! ასე რომ, თუ თეორიულად უმრავლესობის რომელიმე კანდიდატი აგროვებდა უმრავლესობაში, დავუშვათ, მხოლოდ 40 ხმას, მისი კანდიდატურის კენჭისყრაზე დაყენების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მას ასარჩევად საჭირო დარჩენილი ხმები (36) უმრავლესობის გარედან მიეღო და კანონის თანახმად არჩეული ყოფილიყო პირველივე ტურში. იგივე შეიძლება ითქვას უმცირესობის კანდიდატებზეც. გარდა ამისა, პირველ ტურში კანდიდატის ჩავარდნის შემთხვევაში მეორე ტურში გასამარჯვებლად ხომ საჭირო ხმათა რაოდენობა 76-დან სულაც 51-მდე ჩამოდიოდა!

საინტერესო იყო თავად პროცესზე დაკვირვება.

ა) ჯერ პარლამენტში უმრავლესობის ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მან ვერ აღმოაჩინა 27-კაციან სიაში 3-4 პირის გარდა – ცნობილი სახეები! ძალიან უცნაური განცხადებაა – როგორ უნდა მომხდარიყო სიაში „ცნობილი სახეების“ კონცენტრირება! თან რა კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ ამ „ცნობილ სახეებს“? – ხომ აშკარაა, რომ ერთი ადამიანისთვის ვიღაცები იქნებიან ცნობილნი და მეორისათვის – სხვები! ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ კანდიდატებს (მაგალითად, იაგო კაჭკაჭიშვილს, დავით მჭედლიძეს, უჩა სეთურს, გენო გელაძეს, ჯანა ჯავახიშვილს, ქეთევან კინწურაშვილს, ნინო ლომჯარიას, ნაზი ჯანეზიშვილს, გიორგი ლობჟანიძეს, მიხეილ მირზიაშვილს, ანნა ძიაპშიპას, ნინია კაკაბაძეს, ალექსანდრე ვახტანგოვს, ელისო ჯანაშიას… და, სავარაუდოდ – ყველას იმ 27-დან!) შესაბამის პროფესიულ წრეებში ძალიან კარგადაც იცნობენ! და რამდენადაც კანდიდატთა შესარჩევი პროფესიული წრეების ჩამონათვალი კანონის მიხედვით ძალიან ფართო იყო („… ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“), გასაგებია, რომ ასეთი მრავალფეროვანი კოჰორტა ვერ იქნებოდა უნივერსალურად და თანაბრად ცნობადი ყველა პარლამენტარისათვის.

ბ) ამ განცხადებას სულ რამდენიმე კვირაში მოჰყვა სრულიად საპირისპირო განცხადება! – იმდენი ბრწყინვალე კანდიდატურა იყო იმ 27-კაციან სიაში, რომ არჩევანი ძნელი გასაკეთებელი იყოო (და გამოდის, გული რომ არავის ძალიან დაწყვეტოდა, ყველას თანაბრად (!) დაწყვიტეს გული!)

გ) გაუგებარია, როგორ უნდა მომხდარიყო პარლამენტარებისათვის კანდიდატების უფრო კარგად გაცნობა! კანონი ითვალისწინებდა ავტობიოგრაფიის, კონცეფციის, ტელევიზიით გადაცემული გასაუბრების და ტელევიზიითვე გადაცემული დებატების ხელმისაწვდომობას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, ვისაც კი ინტერნეტზე და ტელევიზიაზე ხელი მიუწვდება. გაცნობის დამატებითი ფორმა იქნებოდა პარლამენტში კანდიდატების დაბარება და მათთან გასაუბრება, რაზეც პარლამენტმა თავად უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა (რამდენადაც ვიცი, – ალექსანდრე ვახტანგოვმა, უჩა სეთურმა, გენო გელაძემ) შესთავაზეს ასეთი გამოსავალი. ამით, მაპატიეთ და, მგონი, ძალიან უცნაური მიდგომა გამოჩნდა – არ ვიცნობთ, და არც გვინდა, რომ გავიცნოთ?

გენო გელაძის შემთხვევა განსაკუთრებით აუხსნელი და გასაოცარი იყო! ადამიანი დაასახელა კოლექტიურმა ორგანომ – აჭარის უმაღლესმა საბჭომ – იქაურმა როგორც უმრავლესობამ, ასევე -უმცირესობამ! იგი ასევე დაასახელეს აჭარის არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მას აქვს ტელევიზიის კანონმდებლობის საკითხებზე მუშაობის რამდენიმეწლიანი მდიდარი გამოცდილება. კანდიდატების შემრჩევი კომისიის მიერ მან მიიღო მაქსიმალური ქულა – 9. აჭარის უმაღლესმა საბჭომ იგი განმეორებითაც დაასახელა კანდიდატად. მისი კონცეფცია არის, ჩემი აზრით, იმდენად კარგი, რომ ძალიან მაინტერესებს, ბატონი გენოს დამწუნებელი პარლამენტარები რას უწუნებენ ამ კონცეფციას. მიუხედავად ამისა, მისი კანდიდატურა ორჯერ ისე ჩააგდეს, რომ არც მასთან შეხვედრა და გაცნობა უცდიათ და არც რაიმე კითხვებზე (თუ ასეთი კითხვები მის მიმართ არსებობდა) პასუხის მიღება. თუ გენო გელაძის მიმართ უმრავლესობას ჰქონდა ეჭვი, რომ იგი უმცირესობასთან დაკავშირებულია, რატომ არ უნდა ცდილიყვნენ ამის ისევე ღიად გარკვევას, როგორც ეს კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ გააკეთა ცალკეული კანდიდატების მიმართ? გენო გელაძის შემთხვევაში, პრობლემად ის კი არ მიმაჩნია, რომ იგი არ მოიწონეს, არამედ ის, რომ იგი ისე დაიწუნეს, რომ არც მას და არც ჩვენ არ განგვიმარტეს, რა იყო ამ დაწუნების ლოგიკური მიზეზი… და ამით გაჩნდა ეჭვი, რომ ლოგიკური მიზეზი არც არსებობდა, ხოლო რეალური მიზეზი გასამჟღავნებლად უხერხული იყო!…

ახლა მინდა გადავიდე იმ საკითხზე, რაზეც აპელირებას აკეთებდა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, და დღეს თქვენც – როგორ უნდა დაგვეძალებინა რომელიმე დეპუტატისათვის ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერა, ამით ხომ მის პიროვნული არჩევნის თავისუფლებას დავარღვევდითო!

და ვინ ითხოვს, რომ პიროვნული არჩევნის თავისუფლება უნდა დარღვეულიყო?

წარსადგენი კანდიდატურის გამოსავლენად ხომ საკმარისო იქნებოდა რეიტინგული კენჭისყრის ჩატარება! როგორ დავიჯერო, რომ 27 კანდიდატიდან (რომლებიც ბოლოსკენ ძალიან ცნობილებად და პატივცემულებადაც კი მოიხსენიებოდნენ) არ აღმოჩნდნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც სულ ცოტა 2 დეპუტატის მიერ მაინც იქნებოდნენ დასახელებულნი? და თუ ასეთები იქნებოდნენ (X, Y, ან Z), სწორედ ისინი უნდა დასახელებულიყვნენ კენჭისყრისათვის, თუკი ყველა დანარჩენი 2-ზე ნაკლებ ხმას მიიღებდა! სწორედ პროცესის ამ ელემენტზე უარის თქმა – უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან სავალდებულო რაოდენობის კანდიდატთა წარდგენა პარლამენტისათვის – იყო დარღვეული. ხოლო თუკი წარდგენილ კანდიდატებზე კონკრეტული პარლამენტარები თავს შეიკავებდნენ ან წინააღმდეგი იქნებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, არავის მისცემდა უფლებას მათი არჩევნის თავისუფლება შეეზღუდა!

მეტყვიან, რომ ასეთი წარდგენა და ასეთი კენჭისყრა წინასწარ განწირული და უაზრობაა?!

რატომ?
რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თუნდაც მხოლოდ ორი ხმით დასახელებული და წარდგენილი კანდიდატურებიდან რომელიმე მაინც მეორე ტურში უცებ არ „აქაჩავდა“ ხმების საჭირო რაოდენობას? განა ასე არ მოხდა, როცა პირველ ტურში ძალიან მცირე – n რაოდენობის ხმების მიმღებმა კანდიდატმა მეორე ტურში ლამის n+100 ხმა მიიღო? არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ცვლილება პარლამენტარების პიროვნული არჩევნის თავისუფლებაზე ზემოქმედებით შეიძლებოდა მომხდარიყო. უფრო იმას ვფიქრობ, რომ დეპუტატებმა რაღაც ისეთი დაინახეს ამ კანდიდატში (ან – გაიგეს!), რამაც მათი თავდაპირველი ნეგატიური განწყობა სერიოზულად შეცვალა. უბრალოდ, იმაზე მწყდება გული, რომ სხვების კანდიდატურებიც რომ დამდგარიყო კენჭისყრაზე, ან პროცესის გულშემატკივარ დიპლომატებს ცოტა ადრე რომ გაეკეთებინათ კრიტიკულ-წამაქეზებელი განცხადება, იქნებ იქაც მომხდარიყო მსგავსი შთამბეჭდავი პოზიტიური დინამიკა კანდიდატების მხარდამჭერთა რიცხვში!

სხვათა შორის, პირველი ტურის ჩავარდნის შემდეგ მეორე ტურში უფლებამოსილ სუბიექტებს თითოეულ ადგილზე არა ერთი, არამედ უკვე სამი კანდიდატის დასახელებაც შეეძლოთ! – რაც რომელიმეს არჩევნის შანსებს (თუნდაც შიდარეიტინგული კენჭისყრის შემდეგ) ალბათ გაზრდიდა – #26.7 („მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან“). თუმცა აქვე დავძენ, რომ ეს პუნქტი კანონში ცოტა გასამართია, რადგან ცალსახად არ ჩანს, რომ იგი მეორე ტურს ეხება. თუმცა იმ რიგითობის და ადგილის მიხედვით, რაც მას უკავია და შემდეგი ფრაზის გათვალისწინებით („შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა“) ლოგიკურად გასაგებია, რომ ეს სწორედ ასეა.

მაგრამ ეხლა გადავალ იმაზე, რაც მგონი, კიდევ უფრო სავალალო შეიძლება იყოს, ვიდრე ასე კარგად დაწყებული პროცესის ასე საჩოთიროდ გაჯანჯლება – ეჭვი მაქვს, რომ როდესაც პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ამ ცვლილებებს იღებდა, და მაშინაც, როდესაც ამ კომისიას ამტკიცებდა, მათ სრულად ვერ გაიაზრეს თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგი და გადაწყვეტილება ინერციით მიიღეს! და მხოლოდ მერე „აღმოაჩინეს“, რომ თურმე, ასეთი კანონით არჩევისას, რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს (სავარაუდოდ, პოლიტიკური ოპონენტისათვის მისაღები კანდიდატის გასვლა საკუთარი ქვოტიდან!), რაც უკვე აღარ მოეწონათ! და რომ თურმე მათ მიერ ერთხმად დამტკიცებულ კომისიას შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს და ისეთი კანდიდატები ჩააგდოს, რაც მერე მათ არ მოეწონათ… ეს კი ალბათ, მხოლოდ ორი ლოგიკური შესაძლო მიზეზით შეიძლება აიხსნას:

1) რომ დეკლარირებული „დამოუკიდებელი და არაპოლიტიზირებული ბორდი“ მხოლოდ დეკლარირებული სურვილი ყოფილა და არა – რეალური მიზანი.
და/ან
2) რომ პარლამენტარები კანონების მიღებისას ამ კანონების რეალიზაციის პოტენციურ შედეგებს კარგად ვერ თვლიან!!!

არაა გამორიცხული, რომ ორივე მიზეზი არსებობდეს, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს საკითხისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩემთვის ის მეორე საკითხი გაცილებით უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.

განსაკუთრებით, იმ სერიოზული გამოწვევების და ინტრიგების გათვალისწინებით, რასაც, სავარაუდოდ უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ!

ბატონო დავით!

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და კეთილ სურვილებს. შეიძლება სახეზე მართლაც ლამის არავინ მცნობდეს თქვენდამი რწმუნებულ ორგანოში, მაგრამ რატომღაც მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი ნაწერები მაინც შეიძლება იცოდეს პარლამენტის (უმრავლესობის) ზოგიერთმა წევრმა. ალბათ, შეგიძლიათ იმის დაჯერება, რომ პირადი „გაბრაზება“ არ მალაპარაკებს. ნამდვილად არ ვარ გაბრაზებული. გულდაწყვეტილი კი ვარ. და არა იმიტომ, რომ მე არ ამირჩიეთ (ან უფრო სწორი იქნება – „არა იმდენად იმიტომ“), არამედ იმიტომ, რომ თავიდან ძალიან კარგად დაწყებული პროცესი ისე წარიმართა, რომ საზოგადოების ნდობა დაიკარგა. სწორედ ეს მგონია ამ შემთხვევაში მთავარი დანაკარგი და არა – რომელიმე ჩვენთაგანის ამბიციები, უნარ-ჩვევები და გამოცდილება…

ისე კი, მიმაჩნია, რომ საზმაუს საბჭოს უკვე არჩეული 4 წევრი (ყველა მათგანს ვულოცავ!) ჯერ კიდევ კარგ შანსს ქმნის, რომ ეს საბჭო წინაზე ბევრად უკეთესი იყოს. მთავარია, რომ ახალი კომისიის მიერ ახალ კანდიდატთა შერჩევის პროცესი ისევ გამჭვირვალედ წარიმართოს, და რომ ეს არჩევნები დაუსრულებლად არ გაგრძელდეს (მაინტერესებს, რას იზამთ, თუ ახლა მომავალი 15 კანდიდატიდანაც არ აღმოჩნდება პარლამენტარების მოსაწონი 5 „დიმიტრი გელოვანი“? კენჭისყრაზე ისევ არავის კანდიდატურა დადგება?)

ასევე მნიშვნელოვანი მგონია, რომ პარლამენტარებს არ გაუჩნდეთ იმის ილუზია, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოქალაქეების მიერ მოწონებით იქნება აღქმული. მაშინაც კი, თუ იგი პროცედურების, ნორმების და ლოგიკის შესაბამისობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის.

წარმატებებს გისურვებთ და შეგიძლიათ, თქვენს გვერდით მიგულოთ!

არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ მე თქვენთვისაც, საქართველოს პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც კარგი მინდა… და ამისთვის, არ მომერიდება გითხარათ – ძალიან მერკანტილური მიზეზი მაქვს: მინდა აქ დავრჩე და ვიცხოვრო წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში!

პატივისცემით,

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)
(ექიმი, ბლოგერი, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატი)
29.01.2014


უკრაინა – ტკივილი…


KIEV

ძალიან სამწუხაროა ამ საშინელი კადრების ყურება კიევიდან.
იღუპება ხალხი… ქალაქის ცენტრში ისვრიან და ცეცხლი მეფობს…
სახეზეა სულ უფრო მეტი ძალადობა, რომლის შეჩერება პოლიტიკოსებს მგონი არც სურთ, ან აღარ შეუძლიათ (იანუკოვიჩს, მაგალითად, არ სურს, აშკარად… ხოლო კლიჩკოს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს – არ შეუძლიათ)… დასავლეთი სრულ გაუგებრობაშია იმაზე, თუ რა შეიძლება იმოქმედონ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას არ ელოდნენ (რატომ, არ ვიცი…), პუტინი გახარებული ხელებს იფშვნეტს და ემზადება სატახტო სეფე-სიტყვისათვის, როცა (სირიის შემდეგ) კიდევ ერთხელ გამოვა მშვიდობისმქმნელის დაფნის გვირგვინით დამშვენებული და ობამას, მერკელს და სხვებს მოუწოდებს, აცალონ უკრაინელებს “მშვიდობიანი ცხოვრება”…

ჩემთვის აშკარაა, რომ იმ პირებში, ვინც სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესვრის, და მეტალის ხელჯოხებს ურტყამს არიან იანუკოვიჩის მხარდამჭერი პროვოკატორები. თუმცა ბევრი მაინც, ალბათ, მათაყოლილი ევროინტეგრაციის გულწრფელი მხარდამჭერებია – ძალიან ძნელია ორი თვე ყინვაში იდგე, უყურებდე ოპოზიციის უსუსურ ნაბიჯებს, ხედავდე, რომ არაფერი იცვლება, რომ პარლამენტი უკვე მიტინგების თავისუფლებასაც კრძალავს, და ამ ფონზე ლიდერების უმოქმედობამ და საკუთარი უილაჯობის განცდამ არ გიბიძგოს “ენერგიული ქმედებებისაკენ”… 😦 მაგრამ ამით ისინი მშვენიერ საბაბს აძლევენ იანუკოვიჩს, რომ სისხლში ჩაახშოს ევრომაიდანი და ეს ყველაფერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯებით გაამართლოს.

თუმცა თავად იანუკოვიჩისათვის ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, პოლიტიკური კარიერის დასასრულიც იქნება. არა მგონია, ასე სისხლში გასვრილი მალე ხელახლა აირჩიონ! მაგრამ პუტინი სხვას მონახავს, უფრო მორჩილს, რომელსაც დასავლეთისაკენ გახედვაც კი არ მოუვა თვალში!

ალტერნატივა მხოლოდ ქვეყნის ორად გაყოფაა. და უკრაინელებმა კარგად უნდა გაიაზრონ ამ ალტერნატივის პლიუსები და მინუსები.

ჩემთვის დღევანდელ დღეს კიდევ უფრო აშკარა ხდება, რას გადავურჩით 2003 წელსაც და 2012 წელსაც!
ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ შევარდნაძესაც, და სააკაშვილსაც (რომელთაც ეყოთ ჭკუა, ვა-ბანკზე არ წასულიყვნენ და სამოქალაქო დაპირისპირებაში ხალხის ხოცვა-ჟლეტის სეზონი არ გაეხსნათ) და დასავლეთსაც, (პირველ რიგში, ამერიკის საელჩოს) რომელმაც ჩვენს შემთხვევაში უფრო აშკარა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ხალხის არჩევნის მხარდასაჭერად… აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე, აქ მგონი, განგებას უნდა ვუთხრათ მადლობა…

მაგრამ პირველ რიგში, მაინც საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ მადლობა – მთელ ხალხს, რომელმაც ყბადაღებული “ერთი ფოთლის არჩამოგდების” სტრატეგია აირჩია… დღეს სულ არ მეღიმება ამაზე… 😦

მთელი გულით თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან იმსახურებს, რომ მონობაში არ ცხოვრობდეს! რომ თავისუფალი არჩევნის უფლება ჰქონდეს! რომ ასეთ ძმათამკვლელ ომში არ ჩაებას…
ვუსურვებ მათ უფრო დაფიქრებულ ნაბიჯებს, უფრო გონიერ და პატიოსან პოლიტიკოსებს, უკეთეს ბედს და ამ ძალიან მწარე გაკვეთილიდან სწორი დასკვნების გამოტანას!

ბრძოლა არ დამთავრებულა. იგი მხოლოდ იწყება!
მაგრამ ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან უნდა გაგრძელდეს!

😦
kiev-dead


მოსაზრება სამთავრობო ავტომობილების რეგულაციების შესახებ


skoda-octavia
გამოცხადდა, რომ სამთავრობო კომისია მუშაობს იმ საკითხზე თუ როგორ უნდა იქნას დარეგულირებული სახელისუფლებო პირებისათვის მანქანების შეძენის საკითხი, რომ ეს ცალკეული პირის სურვილებზე და ფანტაზიის გაქანებაზე არ იყოს დამოკიდებული.

1) ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება შესაძენი ავტომობილების ფასის რანჟირება და მიბმა ისეთ ცვლად ინდიკატორთან, როგორც მინიმალური ხელფასის [ან – მინიმალური პენსიის] დონეა.

თუ მინიმალური ხელფასის დონეს აღვნიშნავთ MS-ით, დავუშვათ, რომ
– უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავ-რე მანქანის ზღვრული ფასი შეიძლება იყოს, დავუშვათ, – 500*MS,
– მინისტრებისა – 400*MS,
– პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ფრაქციების თავმჯდომარეების, მინისტრების მოადგილეების – 350*MS,
– პარლამენტარების – 300*MS, და ა.შ…

იტყვით, რატომ პირდაპირ ფასს არ მიუთითებო?

მართლაც, შეიძლებოდა ფასების გაწერა ლარებში (ან დოლარებში), მაგრამ მინიმალურ ხელფასსზე მიბმა იმით მიმაჩნია უკეთესად, რომ ხელისუფლებას ამ მინიმალური ხელფასის მატების სტიმული მოემატოს :).

მაგრამ, ძალიანაც რომ არ გაერთოს და ინფლაციას არ უბიძგოს, ამისათვის მინიშვნელოვანია რომ ეს დონეები სწორედაც რომ ლარში განისაზღვროს. ასე რომ, თუ მთავრობა ინფლაციას „წააქეზებს“, სინამდვილეში “წაგებული” გამოვა, რადგან ლარში განსაზღვრული ზღვრის გამო ხელისუფალთ დოლარში უფრო იაფი მანქანის შეძენა მოუწევთ.

2) აქედან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენელს შეუძლია აირჩიოს – ან ახალი და შედარებით იაფი – „სიტროენი“ თუ „შკოდა“, ან – უფრო ძვირიანი, მაგრამ მეორადი მანქანა – მაგალითად, „მერსედესი“, „ტოიოტა პრადო“, ან „ლექსუსი“ (ყველა შემთხვევაში შესაძენი მანქანის ასაკი, ალბათ არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს).

3) მაგრამ რამდენადაც უფრო ძვირიანი და მეორადი მანქანების დაზღვევის და რემონტის ხარჯები უფრო მაღალია, ისიც შეიძლება დადგინდეს, რომ ხელისუფლების პირი, რომელიც ასეთ არჩევანს აკეთებს, რემონტის 20-30%-ის თანადაფინანსებას უნდა დათანხმდეს, ხოლო ვინც ახალ მანქანას შეიძენს, მას დაზღვევის თუ რემონტის 100%-ს სახელმწიფო დაუფარავს.

4) უნდა განისაზღვროს ავტოპარკის განახლების სიხშირე – გამომდინარე უცხოური ანალოგიური ნორმატივებიდან. ამ მხრივ მიზანშეწონილია, რომ „შკოდას“, „ნისან-ტიიდას“, “ტოიოტა-ჰაილუქსის” და და სხვა შედარებით იაფი მანქანების განახლება უფრო ხშირ-ხშირად მოხდეს, ვიდრე უფრო გამძლე, მაგრამ ძვირიანი მანქანებისა (“მერსედესი”, “ტოიოტა პრადო”, ან “ლექსუსი”).

5) ავტომანქანის ახალი თანამდებობის პირისათვის გადაცემის შემთხვევაში უნდა იქნას გათვალისწინებული ამ პირის ინდივიდუალური სურვილები და მოხდეს მათი დაკმაყოფილება მიზანშეწონილობის ფარგლებში (მაგალითად, სხვადასხვა სუნის მოშორება დეოდორიზაციის წესით, ხოლო უსაფრთხოების მიზნით საჭირო გადაკეთებები – შესაბამის სერვის ცენტრებში).

6) უნდა დაწესდეს მაღალი გამავლობის მანქანების აუცილებლობის დასაბუთების ნორმები. არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე ასეთი მანქანა რეზერვში ჰყავდეს კონკრეტულ სამსახურს – პარლამენტს თუ სამინისტროს, – და არ იყოს მუდმივად რომელიმე კონკრეტულ თანამდებობის პირზე გაპიროვნებული.

7) უნდა დაწესდეს იმ მანქანების ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში გამორიცხულია, იყოს – მაგალითად, სუპერქარის ტიპის (“ფერარი”, “ლამბორჯინი”, “ბუგატი”)…

8) თუ პირი უარს ამბობს სამსახურებრივი მანქანის და მძღოლის გამოყენებაზე, და ეს დასაშვებია უსაფრთხოების კუთხითაც, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, დაზოგილი თანხის რაღაც პროცენტის (მაგალითად, 10%-ის) პრემირება აღნიშნული პიროვნებისათვის.

9) გასათვალისწინებელია ეკოლოგიური, ე.წ. “მწვანე მანქანების”, და ალტერნატულ საწვავზე მომუშავე ან ჰიბრიდული ავტომობილების გამოყენების საკითხი. ოღონდ, ისე, რომ ეს არ უკავშირდებოდეს კოლოსალურ ხარჯებს.

ჯერჯერობით, სულ ესაა… სიამოვნებით ვნახავდი საზოგადოების, ავტოსპეციალისტების, ეკონომისტების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურებებს.