მსოფლიო და ირანი – ჩვენ და ირანი
Posted: 2015/08/29 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ამერიკა, გაზი, ირანი, ისლამური სახელმწიფო, კავკასია, ნავთობი, რუსეთი, საქართველო დატოვე კომენტარიირანი (მისი თავდაპირველი სახით – როგორც სპარსეთი) იყო მსოფლიოს პირველი იმპერია, წარმოშვა ტიტანური მასშტაბის ფიგურები – კიროსი, დარიოსი და ქსერქსე, და დღემდე რჩება მსოფლიო კულტურის ერთ-ერთ უდიდეს სიმბოლოდ.
სტივენ კინზერი, ჟურნალისტი
I – წინასიტყვაობის მაგიერ – ფარდის იქეთ
როდესაც ვიზრდებოდი, კაპიტალისტური სამყარო დაკეტილი იყო ჩვენთვის.
უკვე აღარ იყო რკინის ფარდა, იყო საკმაოდ აქტიური კონტაქტები დასავლეთთან, ვაჭრობაც, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს არ ვიცნობდით.
19 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიმოგზაურე პოლონეთში სტუდენტური ჯგუფის ფარგლებში. და ინსტიტუტიდან იქ რომ გავეშვით, 2 გასაუბრება გავიარეთ კომკავშირის და პარტიის რაიკომებში, სადაც ერთი ჩვენთაგანი ჩაჭრეს, რადგან არ იცოდა, ვინ იყო პოლონეთის მუშათა გაერთიანებული პარტიის მესამე მდივანი!..
სამყარო მას შემდეგ ბევრად შეიცვალა და დღეს ჩვენი შვილები ბევრ უცხოელს იცნობენ და ხვდებიან. დასავლეთთან რკინის ფარდა კარგა ხნის წინ აიწია, სამაგიეროდ, რუსეთთან გვაქვს ჩამოშვებული ჟალუზები…
აი, ირანი კი აქამდე ნამდვილი terra incognita-დ რჩება ჩვენთვის, ყოველ შემთხვევაში – მათთვის, ვინც აღმოსავლური პოლიტიკის თუ კულტურის სპეციალისტი არაა…
ბოლო 35 წლის განმავლობაში მსოფლიო ცხოვრობდა თვითიზოლირებული ირანისაგან საკმაოდ დისტანცირებულად. და ეს არ იყო მხოლოდ ანტისარაკეტო სისტემებით თავდაცვა და დიპლომატიური არხების დაჟანგვით გამოწვეული იზოლაცია… იზოლაცია არსებობდა ადამიანებს შორისაც… შემიძლია გავიხსენო რამდენიმე ირანელი, რომელთაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მოგზაურობისას – სამეცნიერო თუ კონფერენციებზე თუ საწვრთნელ ტურებზე შევხვედრივარ, მაგრამ ყველა ისინი დასავლეთში ცხოვრობდნენ – ამერიკაში, შვედეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში… მხოლოდ ბოლო 4-5 წელია, რაც საქართველოს ირანული წვრილი ბიზნესი მოაწყდა, და მხოლოდ წელს გავიგე, რომ ჩემი ახლო ნაცნობები სამოგზაუროდ ირანში წასვლას გეგმავენ. ზოგი, – ოჯახთან ერთადაც კი…
და აი, მსოფლიოს 6 წამყვან სახელმწიფოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულების შედეგად, როგორც იქნა, გამოჩნდა იმის პერსპექტივაც, რომ ირანი მსოფლიოს დაუბრუნდება და მსოფლიოც დიდი ხნის შესვენების შემდეგ ხელახლა აღმოაჩენს ირანს.
ირანი პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ძალიან ძლიერი მოთამაშეა საიმისოდ, რომ მისმა დაბრუნებამ რაიმე სერიოზული ცვლილებები არ გამოიწვიოს. ამიტომ, ეს არის დიდი პერსპექტივა და, არაა გამორიცხული, – დიდი გამოწვევაც. რადგან ყოველი პოზიტიური ძვრა რაღაცის ფასად მიიღწევა და ყოველ იმედს, შესაძლებელია, იმედგაცრუება მოჰყვეს.
შევეცადოთ, ირანის დაბრუნების, სასარგებლო და რისკის შემცველი მხარეების ანალიზი ჩავატაროთ (საქართველოს ათვლის წერტილიდან, რასაკვირველია). ამ ეტაპზე, ჩემნაირი არაპროფესიონალისთვის ისიც კი მიღწევა იქნება, თუ მოსალოდნელი პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების თუნდაც მეტნაკლებად სრულფასოვანი ჩამონათვლის შედგენას შევძლებ და დაინტერესებულ პირებს, სხვადასხვა სახის ექსპერტებს, დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს დასახელებულ საკითხებზე კიდევ ერთხელ დაფიქრებისა და სტრატეგიის შემუშავების ინტერესს გარკვეულ ბიძგს მივცემ.
II. ნავთობი და გაზი.
წავიდა ის დრო, როდესაც ირანის ძლიერება მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიებით, მსოფლიოში მისი უძლიერესი არმიის თვალუწვდენელი რიგებით (თუმცა, ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ირანის არმია მსოფლიოში 22-ე ადგილზე მაინც არის), მისი შაჰებისათვის გამოზავნილი ხარკის ოდენობით, თუ მათი ჰარამხანის ტურფათა მრავალფეროვნებით განისაზღვრებოდა. უმდიდრესი სპარსული ლიტერატურის არამცთუ გავლენა, არამედ ცნობადობაც კი, სავარაუდოდ და სავალალოდ, ამჟამად ძალიან დაბალია.
დღეს ირანის ძლევამოსილების ორი ყველაზე სერიოზული ფაქტორი შემდეგია:
- უმკაცრესი და ერთ-ერთი უძლიერესი თეოკრატიული წყობილება, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საკმაოდ სერიოზულმა გამოსვლებმაც კი ბევრი ვერაფერი დააკლო, და რომელიც მსოფლიო გავლენაზე, მსოფლიო წესრიგის შეცვლაზე და რეგიონულ დომინაციაზე სერიოზული პრეტენზიების მქონეა.
- მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ნავთობისა და, განსაკუთრებით, – გაზის რესურსები.
ირანის პრობლემა ისაა, რომ განსხვავებით 2000-2014 წლების რუსეთისაგან, აქ პოლიტიკური ვერტიკალის გაძლიერებასა და ენერგეტიკული სიმდიდრეების რეალიზებით მიღებულ შემოსავლებს შორის არამცთუ პარალელიზმი, არამედ მკაცრად უკუპროპორციული ვითარება დამყარდა – რაც უფრო ძლიერი იყო რელიგიურ-სახელისუფლებო ვერტიკალი, მით უფრო ძლიერდებოდა ირანის მიმართ დაწესებული სანქციები და ენერგომატარებლების გაყიდვით მით ნაკლები შემოსავლები შედიოდა ირანის სახელმწიფო ხაზინაში! საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ნავთობის და გაზის რეალიზაციის სრული გადაკეტვა ვერასოდეს მოხერხდა, სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი საექსპორტო შემოსავლების მკვეთრი შემცირება გახდა ის მძიმე ფაქტორი, რამაც აიძულა ირანი, ნაწილობრივ მაინც, შეესუსტებინა თავისი აგრესიული რიტორიკა, დაეშვა თავისი ბირთვული პროგრამის შენელება და შეეცვალა ამერიკის და დასავლეთის მოძულე ხისტი პრეზიდენტი აჰმადინეჯადი შედარებით უფრო ლიბერალური პრეზიდენტი რუჰანით.
სანქციების დაწესებამდე ირანი ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი იყო – 2004 წელს იგი მსოფლიო ნავთობის 5%-ზე მეტს მოიპოვებდა და ამ ექსპორტს ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 25-30 მილიარდი დოლარი შეჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ხდება ირანის დაბრუნება – ამჟამად ნავთობზე მოთხოვნილება საკმაოდ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის წარმოებას. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ბოლო 6 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალია. თუ ამას დავამატებთ, რომ ირანი, ოღონდ კი რამე გაყიდოს, და დიდი ხნის წინათ დაკარგული და სხვა ექსპორტიორების მიერ შევსებული ნიშა დაიბრუნოს, და თანახმაა მინიმალური მოგება მიიღოს თავისი ისედაც შედარებით იაფი ნავთობის გაყიდვით, – გასაგები ხდება, რომ მინიმუმ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ირანის მიერ ნავთობის, (და, ჯერჯერობით ნაკლებად, – გაზის) მიწოდება გახდება ენერგომატარებლებზე გლობალური ფასწარმოქმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამის განმსაზღვრელი ფაქტორი.
საუდის არაბეთმა, რომელმაც პოლიტიკური დივიდენდების მიღებისა, და ფიქალის გაზის, როგორც კონკურენტული ტექნოლოგიის დამუხრუჭების, მიზნით ძალიან დიდი როლი ითამაშა ნავთობის მოპოვების გაზრდაში, და ამით – ფასების კატასტროფულ ვარდნაში, ახლა კიდეც რომ მოინდომოს უკანდახევა, ამით მხოლოდ ირანისათვის (ამ უკანასკნელის მიერ უფრო კონკურენტული ფასების შემოთავაზების გამო) მოგების გაზრდას და ირანული პოლიტიკის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც იორდანიაში, ერაყსა და სირიაში მიმდინარე პროცესების გამო, კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, რომ საუდიტებისთვის მისაღები იყოს! ამდენად, სავარაუდოდ, სტატუს-ქვო – ნავთებზე ფასები სადღაც 40-50 დოლარის ფარგლებში ან ნაკლებიც კი – კიდევ 1-3 წლის განმავლობაში მაინც შენარჩუნდება ორი უმსხვილესი მწარმოებლის – საუდის არაბეთისა და ირანის პოლიტიკურ-ეკონომიკური მეტოქეობისა და ირანის მიერ ძველი სავაჭრო-საექსპორტო ნიშის აღდგენის იმპერატიული სურვილის გამო.
გაზის სექტორში ირანის ამბიციები კიდევ უფრო დიდია. იგი ხომ რუსეთის შემდეგ, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდ რესურსს ფლობს (მსოფლიო მარაგის 15%-ს). მაგრამ მიწოდების/ინფრასტრუქტურის პრობლემა აქ სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია. თუმცა, ალბათ, – დროებით. მსოფლიო, და განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან მუდმივად გაზსადენების გადაკეტვით დაშანტაჟებული დასავლეთ ევროპა, დიდი ხანია ოცნებობს ალტერნატიული გაზის მარაგებისა და გაზსადენების ამოქმედებაზე. სავარაუდოდ, ირანთან დაწყებული სავაჭრო-ეკონომიკური პროექტების დიდი წილი შეიძლება, სწორედ გაზსადენების გაყვანაზე მოვიდეს. და ისიც არაა გამორიცხული, რომ ირანმა თავად იტვირთოს თურქეთის ან საქართველოს გავლით ევროპისაკენ მიმავალი გაზსადენების ქსელის სამუშაოების დაფინანსების დიდი ნაწილი.
საქართველოს პოტენციური სარგებელი: არაა გამორიცხული, რომ ირანიდან ნავთობის ტრანსპორტირების და განსაკუთრებით, გაზსადენის გაყვანის ყველაზე ეკონომიკური მარშრუტები სწორედ საქართველოზე გავიდეს, რაც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის, ფუნქციას კიდევ უფრო გაზრდის და ჩვენი ბიუჯეტის სტაბილურობის, და ამ პროდუქტებზე შიდა მომხმარებლისთვის დაბალი ფასების უზრუნველყოფის საფუძველი შეიძლება გახდეს.
რა იქნება ამ მხრივ პოტენციური სისუსტე? გასაგებია, რომ სხვა, ალტერნატიული მარშრუტების შემომთავაზებელი ქვეყნები გულხელდაკრეფილი არ ისხდებიან. რუსეთი, განსაკუთრებით, რომელმაც იქნებ კასპიის ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის გაყვანა შესთავაზოს ირანს…არაა გამორიცხული, რომ თურქეთსაც პირდაპირი მარშრუტით ერჩიოს ირანისათვის ნავთობსადენის შეთავაზება… არის ირანიდან ერაყსა და სირიაზე გამავალი მილსადენების პროექტიც, თუმცა, ჯერჯერობით ამ ქვეყნებში ისლამური სახელმწიფოს მიერ გაჩაღებული ომის გამო ეს პერსპექტივა გართულებულია, თუმცა არა მივიწყებული.
პოტენციური შესაძლებლობები: ალტერნატიული წყაროების გამოჩენა საქართველოს მეტი დივერსიფიცირების და უფრო მოქნილი სატარიფო პოლიტიკის შანსს უჩენს. ხოლო მილსადენების გაყვანა სხვა თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარების და მოსახლეობის დასაქმების შანსს აუმჯობესებს.
პოტენციური საფრთხე: სანამ ახალი ნავთობსადენები, სარკინიგზო გადაზიდვები, თუ გაზსადენი ამოქმედდება, შეიძლება ირანის ნავთობისა და გაზის რეზერვების უტილიზაციის დაწყებამ კიდევ უფრო შეამციროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში უკვე არსებული ენერგომატარებლების ტრანსფერი საქართველოს გავლით, რაც შეამცირებს საქარველოზე გამავალი აზერბაიჯანის თუ ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებით მიღებულ დივიდენდებს. ამიტომ, სანამ ირანის ეკონომიკური გააქტივება მოხდებოდეს, მანამდე შეიძლება ყაზახეთის, აზერბაიჯანის თუ თურქმენეთის მოგება შემცირდეს, ეს კი ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.
III. ირანი, როგორც მნიშვნელოვანი ბაზარი
ირანი უდიდესი ბაზარია! თანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლო 35 წლის განმავლობაში აუთვისებელი, „ყამირი“ ბაზარი – 80 მილიონი ადამიანი, რომელთა მსყიდველობითი უნარი შეიძლება არ იყოს ძალიან მაღალი, მაგრამ მოთხოვნილებები დასავლურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებზე ძალიან დაუკმაყოფილებელია. ირანს, იმისათვის, რომ ზემოთნახსენები ნავთობი და გაზი მაქსიმალურად მალე და მაქსიმალური მოგებით გაყიდოს, უეჭველად დასჭირდება ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი წარმოების მიახლოება თანამედროვე სტანდარტებთან, რაც მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიიღწევა. ჩემთვის ძნელი სათქმელია, როგორია ირანში გზების ინფრასტრუქტურა, მაგრამ სავარაუდოდ, აქაც საკმაო მასშტაბის ახალი სამუშაოებია მოსალოდნელი. ხოლო ირანის მოსახლეობას თანამედროვე მობილური კომუნიკაციების, ელექტროტექნიკის, ავტომობილების და პირადი მოხმარების დასავლური საგნების მოთხოვნილება ექნება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ირანში იწარმოება (ავტომობილების წარმოებით ირანი აზიაში ხუთეულშიც კი შედის). სავარაუდოდ, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ყველა ამ სეგმენტში ახალი დასავლური კომპანიების გამოჩენა, ან მათ მიერ ირანულ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბება არის მოსალოდნელი. კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ირანელები აშშ-ის მიმართ ამ მხრივ საკმარის ნდობას გამოიჩენენ, და რელიგიური ლიდერები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ყველანაირად შეეცდებიან ამერიკული ზეგავლენის მაქსიმალურად შეზღუდვას ირანის საზოგადოებრივ ცნობიერებასა თუ ყოფიერებაზე. მაგრამ ევროპულ ქვეყნებს – განსაკუთრებით, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ინგლისს, ნორვეგიას – ამის სერიოზული შანსი გააჩნიათ, და მათი ლიდერები უკვე ამ მიმართულებით თავის იმედებსა და გეგმებს არც მალავენ.
საქართველოს პოტენციური სარგებელი: ჩვენი ისტორიული კავშირები და ბოლო წლებში საკმაოდ პოზიტიური ძვრები ირანთან ურთიერთობაში იმის შანსს იძლევა, რომ საქართველოც აღმოჩნდეს ჩართული ირანთან სასარგებლო ვაჭრობაში.
პოტენციური სისუსტე: სავარაუდოდ, ჩვენი მზაობა ასეთი მოულოდნელი პერსპექტივისათვის არ არის მაღალი. სამწუხაროდ, ვერც დასავლურ კომპანიებთან კოოპერირების და ერთობლივი საწარმოების შექმნის გამოცდილებით დავიკვეხნით. თანაც, ყველაზე დიდი კონკურენცია ამ სფეროში რუსეთისაგან იქნება მოსალოდნელი, რომელიც, მოსალოდნელი პოლიტიკური დანაკარგების (იხ. ქვემოთ) კომპენსირებას სწორედ ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობის (ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა, შეიარაღება, ქიმიური მრეწველობა, კასპიის ინფრასტრუქტურული პროექტები) აქტივაციის მხრივ შეეცდება.
პოტენციური შესაძლებლობები: სავაჭრო ურთიერთობის სფეროები – პირველ რიგში ეს წყლის რესურსებს ეხება – როგორც სასმელ და მინერალურ წყალს, ასევე მდინარეების, ტბების თუ მიწისქვეშა წყლების რესურსებს, რომლის მიმართ ირანის დაინტერესება, ძირითადად, ურმიის მკვდარი ტბის გაცოცხლების სურვილს უკავშირდება. თუმცა აქ აჩქარება არ გვარგებს – კარგად უნდა დავითვალოთ პოტენციური ეკოლოგიური საფრთხეები. უფრო მნიშვნელოვანი მგონია, საქართველოს ერთ დროს სერიოზული მეტალურგიული რესურსების გამოცოცხლების შანსი მილსადენებისთვის საჭირო დიდი რაოდენობით პროდუქციის წარმოებაში აქტიურად მონაწილეობისათვის, ასევე – ქიმიური მრეწველობის პროდუქციის, და – სარკინიგზო და ავტოგადაზიდვების, ბოლოს კი – საპორტო გადაზიდვების პოტენციალის შეთავაზება. ეს განსაკუთრებით ეხება ირანიდან უკრაინისაკენ, ბულგარეთისაკენ, რუმინეთისაკენ, და ასევე – პირიქით – უმოკლესი საზღვაო გზებით სხვადასხვა საექსპორტო და საიმპორტო საქონლის ტრანსპორტირებას. თუ აქამდე საქართველო აბრეშუმის გზის აღმოსავლეთ-დასავლეთის ვექტორის მთავარი ჰაბის როლის ათვისებას ცდილობდა, ახლა ეს გზაჯვარედინი შეიძლება სამხრეთ-ჩრდილოეთის არანაკლებ საინტერესო მარშრუტის დაბადების მოწმეც გახდეს, რაც საქართველოს მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდიდა!
პოტენციური საფრთხე: ირანთან ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აქტივაცია, არაა გამორიცხული, რომ გარკვეულწილად არასასიამოვნო სიურპრიზად იქნას აღქმული აზერბაიჯანში, რომელსაც რიგი პოლიტიკური და ისტორიული ასპექტების გამო, შეიძლება საუკეთესო ურთიერთობა არ ექნეს ირანთან. თანაც, შეიძლება საკუთარი ენერგომატარებლების ბიზნესის პირდაპირ კონკურენტად აღიქვას იგი. მსგავსი რამ, ნაკლები მასშტაბით, მაგრამ ეჭვიანობის მაინც საკმაოდ მაღალი ხარისხით, თურქეთზეც ითქმის. თუ ამას დავუმატებთ ირანთან სომხეთის ტრადიციულად კარგ კავშირებს, სიფრთხილეა გამოსაჩენი ჩვენი საგარეოპოლიტიკური სტრატეგიული მეზობლების (თურქეთის და აზერბაიჯანის) მხრიდან ურთიერთობის გაცივებამ მეტი ზიანი არ მოგვაყენოს, ვიდრე, ირანთან ჯერ კიდევ ბუნდოვანი პერსპექტივების რეალიზება მოიტანს.
IV. ირანი, როგორც კაპიტალის წყარო
2011 წლიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ მოულოდნელად და საკმაოდ ფართოდ გახსნა ირანთან თანამშრომლობის ჭიშკარი, თუმცა, ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე – საფუძვლიანი ეკონომიკური გათვლა: სააკაშვილს, რომლის მიმართ 2008 წლის ომის შემდეგ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშკარა გაცივება და დისტანცირება შეინიშნებოდა, ირანთან ფლირტის დემონსტრირებით ობამას ხელისუფლების გაღიზიანება სურდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ირანთან ეკონომიკური კავშირების გააქტივება სწორედ ამ მხრივ წარიმართა – საქართველოში ირანული ინვესტიციების მოსაზიდად – სოფლის მეურნეობის, საბანკო და ტურიზმის სფეროში. თუ 2010 წელს ირანელების მიერ დაფუძნებულ საწარმოთა რაოდენობა საქართველოში 100-ს არ აღემატებოდა, 2012 წელს ამ რიცხვმა უკვე 1500-ს გადააჭარბა! ამჟამად კი, როდესაც ირანის მიმართ დაწესებული ემბარგო მოიხსნა, შეიძლება ითქვას, რომ ამით ირანულ ინვესტიციებსაც მეტი გასაქანი ექნებათ და, ბუნებრივია, რომ ირანი (როგორც სახელმწიფო) და ირანელებიც (კიდევ უფრო მეტად) პირველ რიგში, ალბათ, თავის სამეზობლოში ეცდებიან თავისუფალი ფინანსური რესურსების მომგებიანად დაბანდებას.
საქართველოს პოტენციური სარგებელი: ირანის მხრიდან აქტიური საგარეო ინვესტიციები საქართველოში, ალბათ, კარგახანს ვერ გაუტოლდება ჩინეთის, ან თუნდაც თურქეთის მიერ მიმდინარე თუ დაგეგმილი ინვესტირების მასშტაბებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ამ ქვეყანაში არსებული პოტენციური ინვესტორების შესახებ, რომელთა საგარეო ინვესტირების უნარ-ჩვევები ამდენხანს საკმაოდ მკაცრად რეგულირებული იყო… არაა გამორიცხული, რომ ახლა უკვე არა მხოლოდ მცირე, არამედ საშუალო მასშტაბის ბიზნესიც დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით. ამ მხრივ პოზიტიური როლი შეიძლება თურქეთის მაგალითმა ითამაშოს, მით უფრო, რომ ისტორიულად ირანის და თურქეთის კონკურენცია საქართველოსთან დამოკიდებულებაში საყოველთაოდ ცნობილია. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში 2014 წლიდან რუსული, უკრაინული და ბოლო დროს კი ევროკავშირის მხრიდანაც სავალუტო გადმორიცხვები შემცირდა, როცა არამარტო პოსტსაბჭოთა ბაზრები და ვალუტები, არამედ ჩინეთის იუანიც ძალიან სერიოზულ რყევებს განიცდის (ახლახანს ყაზახური და ყირგიზული ვალუტების მკვეთრი დევალვაციის მაგალითიც კმარა), საქართველოსთვის ირანიდან პოტენციური სავალუტო შემოსავლები – პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინვესტიციების სახით – უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს სავალუტო-საფინანსო რისკების გადაზღვევისა და ლარის სტაბილიზაციისათვის.
პოტენციური სისუსტე, ალბათ პოლიტიკური ხასიათისა იქნება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ თავად სოფლის მოსახლეობაც ეჭვიანად მოეკიდოს ირანულ ინვესტიციებს.
პოტენციური შესაძლებლობები: ალბათ, პოლიტიკური ხასიათის ყოყმანს და ეჭვიანობას გარკვეულად შეამცირებდა ირანში მაცხოვრებელი ფერეიდნელი ქართველების აქტიური ჩაბმა ამ პროცესში – მით უფრო, თუ მათ რაიმე სახის ფინანსურ-საგადასახადო თუ პოლიტიკური შეღავათები ექნებათ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ასევე საინტერესო იქნებოდა სასწავლებლად სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, კულტურის და ხელოვნების მუშაკთა გაცვლითი ვიზიტები, გამოფენებისა და ფესტივალების ჩატარება, ერთობლივი საწარმოების, მათ შორის აგროფირმების და ტურფირმების გახსნა.
პოტენციური საფრთხე: კარგად გვახსოვს, რომ ირანელთა მიერ ბიზნეს-ინტერესების საქართველოში დაფიქსირებას აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების მხრიდან საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვა, როდესაც მათ 2013 წელს პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოში საავიაციო და საბანკო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების უკან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა, ანუ ირანის უშიშროების მძლავრი სტრუქტურის ინტერესები იდგა… ამას საბოლოოდ ირანელთა მიმართ საქართველოში უვიზო მიმისვლის რეჟიმის შეჩერებაც მოჰყვა, რამაც საკმაოდ ნაყოფიერად დაწყებული ეკონომიკური თანამშრომლობის ყლორტები ლამის გაახმო… (http://www.wsj.com/articles/SB10001424127887323864304578320754133982778)
V. ირანი, როგორც სამხედრო ძალა რადიკალურ ვაჰაბიტურ ისლამთან დაპირისპირებაში
სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ირანი აშშ-ის მიერ მთავარ სერიოზულ საფრთხედ აღიქმებოდა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება კი – ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. ირანი შეტანილი იყო ტერორიზმის პოტენციური სპონსორი ქვეყნების რიცხვში, ეკუთვნოდა იმ იშვიათ ქვეყნების რიცხვს, სადაც ამერიკის და დასავლური დემოკრატიების ქვეყნებს საელჩოები და დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნდათ. ირანის უმაღლესი ხელისუფლება და აშშ ხელისუფლება ცივი ომის ლამის გაცხელებულ ფაზაში იყვნენ…
ამჟამად მდგომარეობა – საკმაოდ, ხოლო მოლოდინები – ლამის კარდინალურად შეიცვალა. ისლამური სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების მთავარი თავის ტკივილის წარმოქმნამ და იმ დაუჯერებელმა სისასტიკემ, რომლითაც ეს ტერორზე ორიენტირებული სახელმწიფო მოქმედებს და ანადგურებს უდანაშაულო ადამიანებსა თუ ფასდაუდებელ არქიტექტურულ ძეგლებს, ირანის მიუღებლობის ფაქტორი მკვეთრად შეასუსტა. ამავდროულად წინა პრეზიდენტთან შედარებით უფრო ლიბერალური პრეზიდენტ რუჰანის მიერ ამერიკის შემაჩვენებელი განცხადებების შემცირებამ და ბირთვული პროგრამის კონტროლისა და სანქციების მოხსნის საკითხში უფრო კომპრომისულმა მიდგომამ, ისევე როგორც აშშ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იმის გააზრებამ, რომ ირანის მიმართ ვერც საომარი ოპერაცია გაამართლებს და არც სამოქალაქო პროტესტების მხარდაჭერა მოიტანს ხელისუფლების ცვლილების რეალურ შესაძლებლობას, დასავლური სახელმწიფოების ანალოგიური პოზიციის გამო, ბოლოს და ბოლოს მსოფლიო მიიყვანა ირანის მიმართ სანქციების მოხსნის საკმაოდ საკამათო და თითქოს მოულოდნელ გადაწყვეტილებამდე. და როგორც ეს არაერთხელ მომხდარა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში (მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიისა და გერმანიის აღორძინების პროცესები და მათი ურთიერთობები მათი დამარცხების მთავარ შემოქმედთან), გუშინდელი მტრები დღეს ლამის პოლიტიკურ მეკავშირეებად გვევლინებიან ორ ფრონტზე – სირიაში და ერაყში. სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამერიკასა და დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციების დაწყება. ისიც აშკარაა, რომ მხოლოდ წერტილოვანი საავიაციო დარტყმებით ისლამური სახელმწიფოს საფრთხის ნეიტრალიზაცია გამორიცხულია… ამიტომ, ცოტა მოულოდნელია, მაგრამ დასაშვებია, რომ სწორედ ირანი, მისი ლამის 700,000-იანი არმიით, საიდანაც 150,000 პროფესიონალი სამხედროა, ხოლო დანარჩენი – საკმაოდ კარგად გაწვრთნილი წვევამდელი თუ რეზერვისტი, აღმოჩნდეს ის რესურსი, რომელსაც გეოგრაფიული სიახლოვის და გამოცდილების, ასევე საკმაოდ ძლიერი სატანკო, სარაკეტო და საჰაერო ძალების აღჭურვის გამო, სავსებით ხელეწიფება ისლამური სახელმწიფოს ძალებთან სამხედრო დაპირისპირების წარმატებით დასრულება. მით უფრო, თუ დასავლური ავიაციის კოორდინირებული დახმარების იმედი ექნება… რათქმა უნდა, ეს მარტივი სულაც არ იქნება, – რომ გუშინდელი ლამის მტრები დღეს ერთად საბრძოლო ოპერაციებს ატარებდნენ, მაგრამ ეს პროცესი დაწყებულია და საერთო პოლიტიკური ინტერესების ლამის სრული თანხვედრა ამ ეტაპზე კოორდინირების ძალიან სერიოზულ წინაპირობას ჰქმნის. ასე გასინჯეთ, მიუხედავად კვლავაც აქტიური ანტიამერიკული რიტორიკისა, ირანის რელიგიური ლიდერების მხრიდანაც ისლამური სახელმწიფოს მიმართ დაპირისპირება მეტი მგონია, ვიდრე ამერიკის მიმართ…
საქართველოს პოტენციური სარგებელი: რაც არ უნდა სურვილები ჰქონდეს ირანის სამხედრო ხელმძღვანელობას ამერიკელებთან თუ ინგლისელებთან სამხედრო ამოცანების კოორდინირებისა, ამის საწინააღმდეგოდ ჯერჯერობით სერიოზული მორალურ-პოლიტიკური ფაქტორები არსებობს – ეს უეფა არ არის, სადაც ტრანსფერი შედგება თუ არა, გუშინდელი მეტოქეები დღეს უკვე თანაგუნდელები არიან, და – პირიქით. შეიძლება წარმოვიდგონოთ კი საქართველოს სამხედროების მონაწილეობა ასეთ – საკოორდინაციო – ფუნქციაში?? არ ვიცი… ამ სფეროში მე ნამდვილად ძალიან ცოტა მესმის, მაგრამ თუ ეს ზღაპრული ფანტაზია არ არის, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ასეთი მონაწილეობა არა მარტო ქართველი სამხედროების მომზადებას და რეპუტაციას, არამედ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდიდა და დამატებითი სერიოზული არგუმენტი იქნებოდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების ევროსკეპტიკოსების წინააღმდეგ…
რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს თეორიული ვარიანტი საკმაოდ მნიშვნელოვანწილად „კარტების სახლია“ და ძალიან ბევრი ფაქტორისა და ძლიერი დაინტერესებული მხარის მეცადინეობით შეიძლება არასოდეს განხორციელდეს. საფრთხეებიც და საშიშროებებიც ძალიან მაღალია. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემს ამოცანად კითხვების დასმა მიმაჩნია, მათზე პასუხი კი სპეციალისტების საქმეა.
VI. ირანის, როგორც საერთაშორისო საფრთხის შემცირება და ამ ფაქტორის შედეგები გლობალური პოლიტიკის პროცესზე
პრინციპში, ის რაც ირანთან მიმართებაში ხდება და ასევე (თუმცა უფრო მცირე მასშტაბით და რისკებით) – ის, რაც კუბასთან მიმართებაში ხდება, შეიძლება იქცეს აშშ ადმინისტრაციის მიერ ბოლო 50 წლის განმავლობაში უმთავარეს პოლიტიკურ გარღვევად (ამ სიტყვის ორივე შესაძლო მნიშვნელობით) – ან უმნიშვნელოვანეს გამარჯვებად, ან – უმწარეს ფიასკოდ! ვფიქრობ, თუ ირანთან და კუბასთან დადებულმა ხელშეკრულებებმა გაამართლა, ამერიკის ეკონომიკის ფანტასტიური კრიზისიდან ფანტასტიური წარმატებით გამოსვლასათან ერთად, ეს შეიძლება იქცეს იმის წინაპირობად, რომ არც ისე შორეულ მომავალში ამერიკის სახელოვან პრეზიდენტების ხუთეულში ბარაქ ობამაც დამკვიდრდეს, – ფრანკლინ დელანო რუზველტის მხარდამხარ, რომელმაც ჯერ განადგურებული ეკონომიკა ააღორძინა, ხოლო შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო გამარჯვების არქიტექტორი გახდა…
ვიცი, რომ ძალიან ბევრი ამას უსაფუძვლო ჰიპერბოლად ან წრეგადასულ „ობამაფილობად“ ჩამითვლის. ვეცდები ავხსნა, რატომ ვფიქრობ ასე.
სულ ახლახანს ამერიკის დიპლომატიის ცოცხალმა ლეგენდამ – ჰენრი კისინჯერმა ასეთი ფრაზა თქვა, რომელსაც ასი პროცენტით ვეთანხმები –
„Беда американских войн с конца Второй мировой войны заключалась в неспособности связать стратегию с тем, что было возможно совершить на внутригосударственном уровне. Все пять войн, в которых мы сражались с конца Второй мировой войны, начинались с большим энтузиазмом. Но в конце их мы не наблюдали торжества «ястребов». В конце концов, они оказывались в меньшинстве. Нам не следует ввязываться в международные конфликты, если в начале мы не можем представить себе их окончания и не готовы прилагать усилия, необходимые для достижения поставленной цели.“
http://inosmi.ru/world/20150821/229779825.html
The trouble with America’s wars since the end of the Second World War has been the failure to relate strategy to what is possible domestically. The five wars we’ve fought since the end of World War II were all started with great enthusiasm. But the hawks did not prevail at the end. At the end, they were in a minority. We should not engage in international conflicts if, at the beginning, we cannot describe an end, and if we’re not willing to sustain the effort needed to achieve that end.
http://www.nationalinterest.org/feature/the-interview-henry-kissinger-13615?page=3
თავი რომ დავანებოთ კორეის და ვიეტნამის კონფლიქტებს, უფრო ახლო წარსულშიც წარმოებული ავღანეთის, ერაყის და ლიბიის სამხედრო ოპერაციები ნათლად წარმოაჩენს, რომ ამერიკამ არ იცოდა, რა შედეგით დამთავრდებოდა ეს ომები, ვერ გათვალა, რა დაუჯდებოდა ისინი მატერიალურად და მორალურ-პოლიტიკური დანაკარგების სახით და რა იქნებოდა მას შემდეგ, რაც ამერიკელი ჯარისკაცები დატოვებდნენ ამ ქვეყნებს… ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მას შემდეგ, რაც რონალდ რეიგანმა და მარგარეტ თატჩერმა სსრკ-ის დაშლის საფუძვლად საბჭოთა იმპერიის ავღანური ომი მისთვის კატასტროფულ ჩამთრევ ქვიშებად გამოიყენეს, რამაც პოლიტიკურად უკვე მოფამფალებული საბჭოთა კავშირი ეკონომიკურადაც მოაოხრა, შემდეგში უკვე თავად ამერიკა განმეორებით ეგებოდა ამ ხაფანგში – იწყებდა ომს სწორი გათვლის გარეშე, მიდიოდა კატასტროფულ ეკონომიკურ ხარჯებზე და ვეღარ ახერხებდა თუნდაც იმას, რომ სახის დაკარგვის გარეშე და ადგილზე მისთვის საიმედო პარტნიორის დატოვებით გამოსულიყო ამ ქვეყნიდან. მაშინ როცა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, – ყოფილი სსრკ, ხოლო ამჟამად რეინკარნაციის სურვილით მოქმედი რუსეთი – მშვენივრად ითბობდა ხელს ამერიკის ომებზე რამდენიმე სერიოზული ფაქტორის გაძლიერებით:
ა) თესავდა დაპირისპირებას ამერიკასა და მის დასავლელ პარტნიორებს (პირველ რიგში – გერმანიასა და საფრანგეთს) შორის. იმ კონფლიქტებშიც კი, სადაც ევროპელი მოკავშირეები თავიდან მხარს უჭერდნენ ამერიკულ ინტერვენციას, საბოლოო ჯამში, ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ამ ომებიდან გამოსვლას და პასუხისმგებლობის კიდევ უფრო დამძიმებას ამერიკისათვის. ხოლო რუსეთი მუდმივად ამძაფრებდა ამ დაპირისპირებას.
ბ) ცდილობდა ახლო აღმოსავლეთში და მუსულმანურ სამყაროში მშვიდობის მტრედის მანტიით სამშვიდობო პროცესების შეუცვლელ ინიციატორად თავის დაფიქსირებას.
გ) იღებდა უზარმაზარ დივიდენდებს, სწორედ იქ და სწორედ იმიტომ, რომ ამერიკა ომობდა! ომობდა ნავთობის მოპოვების ცენტრალურ აუზში. ამის გამო ნავთობი ძვირდებოდა და შედეგად – რუსეთი მდიდრდებოდა.
ლიბიის წინააღმდეგ ომში ობამამ ის მაინც მოახერხა, რომ ავიაციის გარდა ამერიკის სახმელეთო კონტინგენტს მასში მონაწილეობა არ მიუღია! თუმცა, ლიბიის ომის შედეგებიც მაინც ვერაა საამაყო ამერიკისათვის – პროგნოზირებადი ქვეყნის ნაცვლად რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი მოსისხლე ტომები… არეულობა, შუღლი, ქაოსი, მიგრანტთა უზრმაზარი ტალღები…
სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც გადამწყვეტ მომენტში სირიაში სამხედრო ჩარევისაგან თავი შეიკავა, ობამას ადმინისტრაციამ უაღრესად სწორი ტაქტიკა განახორციელა, რაც მისი პრეზიდენტობის ბოლოსწინა წელს კუბასთან 55 წლის შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენით დასრულდა, ხოლო ირანთან 35 წლის წინ შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის იმედი გაჩნდა.
სამაგიეროდ, ამერიკის საომარი პათოსი და გაუაზრებელი შედეგების სამხედრო კონფლიქტებისა და ომების დროშა ახლა რუსეთმა აიტაცა. ჯერ ყირიმი მიიერთა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მხოლოდ ყირიმს ვერავინ მოუძებნიდა სწრაფი და მდგარდი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას და ამიტომ პუტინმა „მალოროსიის“ კარტის გათამაშება გადაწყვიტა და ჰიბრიდული ომის საკმაოდ ეფექტური ტაქტიკა კიდევ უფრო დახვეწილი სახით გამოიყენა.
საომარ ოპერაციებისაგან თავშეკავების შედეგია ის, რომ როცა ამერიკა აღარ ომობს და ეკონომიკის აღდგენით დაკავდა, დოლარი როგორც არასდროს გაძლიერდა, ნავთობი კატასტროფულად გაიაფდა, ამერიკა და დასავლეთ ევროპა ისევ მხარდამხარ დგანან რუსეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის საზღვრების გადასინჯვის მცდელობის წინააღმდეგ, ბოლო ათწლეულებში ოდნავ ლეთარგიული NATO გამოფხიზლდა და სერიოზული წვრთნების ხანა გამოაცხადა, ევროპის ქვეყნებმა თავდაცვით ბიუჯეტებს სასწრაფოდ გადახედეს და გაზარდეს, არამცთუ შვედეთი, არამედ ლამის ფინეთიც კი ნატოში შესვლაზე ალაპარაკდა, ისევე როგორც უკრაინა!.. დაბოლოს, ნავთობის ფასის კატასტროფული ვარდნას რუსული ნეოიმპერიალიზმი დასავლური პროდუქტების პროპაგანდისტული განადგურების ვიდეოკადრებით პასუხობს… როლები შეიცვალა… თუმცა, ბოლო მომენტში რუსეთმაც ხელი მოაწერა ირანთან ხელშეკრულებას და ახლა ყოველნაირად ცდილობს ეკონომიკური მოგება მაინც ნახოს ირანის ფრონტზე ამ პოლიტიკურად წაგებული თამაშიდან.
პოლიტიკური წაგება კი აშკარაა – სწორედ ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციებისათვის მხარდაჭერის, ან – ვეტოს არდადებით მაინც, ევაჭრებოდა რუსეთი დასავლეთს ბოლო 20 წლის განმავლობაში. სწორედ ავღანეთსა და ერაყში კოალიციის ჯარებისათვის ტვირთების მიწოდების სატრანსპორტო კორიდორების გამოყოფა იყო მეორე „სავაჭრო ხიდი“…
ახლა კი რა მოხდება, თუ არ იქნება არც სატრანსპორტო კორიდორებზე ხვეწნისა და არც ირანისთვის სანქცებისათვის გაგრძელება/დაწესების საკითხზე ხვეწნის აუცილებლობა? ხომ არ შემცირდება მკვეთრად დასავლეთის მხრიდან რუსეთთან შეთანხმებების მისაღწევად გასაღები მსხვერპლის მოცულობა?
და მეორეს მხრივ, თურმე, როცა ამერიკა არ ომობს და რუსეთი ომობს, როცა რუსეთი იერთებს ყირიმს თავისი იმპერიული წარსულის ლამის ანშლუსებით დასაბრუნებლად, თურმე სწორედ ეს აღმოჩნდა ევროპისათვის ყველაზე საუკეთესო გამოსაფხიზლებელი ცივი შხაპი. მინავლდა ბისმარკისეული ლოზუნგის თანახმად რუსეთთან სტრატეგიული კავშირის აუცილებლობისადმი გერმანელი კანცლერების ერთგულება. მერკელსა და პუტინს შორის შავმა კატამ გაირბინა, რადგან ის რუსეთი, რომელიც თავად არის გადასული დადგენილი საზღვრების რღვევასა და მეზობლების ჩაკბეჩა-გადაყლაპვაზე, ვეღარ და აღარ განიხილება საიმედო პარტნიორად, თუნდაც – საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ზიანის ფასადაც კი… და რაღა დროს გერმანია და საფრანგეთია, რომელმაც ასე სიმწრით ჯიბეში უკვე ჩადებული „მისტრალური“ მილიარდიც კი ამოიღო, რადგან ძალიან მიუღებლად ჩათვალა მეზობელი, ერთმორწმუნე და ერთი სისხლის მეზობლის გადამყლაპველი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება, როცა – ერთ დროს რუსეთისთვის უერთგულესი ყაზახეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტებიც კი არაფრით აღიარებენ ყირიმის მიტაცებას – ყირიმის მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატულებად…
ამ ფონზე ირანის კარტით ვაჭრობის დასასრული ნავთობზე ფასების ვარდნასთან ერთად ძალიან მძიმე დარტყმაა, რომელსაც არა მგონია, თუნდაც რუსეთის მიერ ირანში კიდევ რამდენიმე ატომური ელექტროსადგურის კონტრაქტმაც კი უშველოს. მით უფრო, ჯერ არავინ იცის, რამდენად აშენდება ეს ელექტროსადგურები, და რამდენად სწორედ და მაინცდამაინც რუსეთი იქნება მათი მშენებლობის კონტრაქტორი…
საქართველოს პოტენციური სარგებელი: ირანთან აქტიურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა ვეცადოთ ჩაბმა. ირანის გაგება ჩვენ უფრო შეგვიძლია, მათთან მრავალი საუკუნის გამოცდილების მქონეთ, თუ ამერიკელებს?
პოტენციური სისუსტე: გვახსოვს კი ირანი? გვყავს კი ირანისტები? გვაქვს კი სტრატეგია ამ მიმართულებით? ორივე თეიმურაზ მეფის, არჩილ მეფის თუ ალავერდიხან უნდილაძის შესახებ მოგონებები ვერ შეცვლის დღევანდელი ირანის შესახებ და მიმართებაში ჩვენში გაჩენილ სერიოზულ ვაკუუმს.
პოტენციური შესაძლებლობები: საქართველოს გადარჩენა ჩვენი ძველი დიპლომატიური უნარ-ჩვევების აღორძინებაშია. საქართველო გადარჩა არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნების და ვაჟკაცობის წყალობით, არამედ ქართველების მიერ ირგვლივ არსებული ძლიერი სახელმწიფოების ინტერესების ოსტატურად გამოყენების დიპლომატიის წყალობითაც… სიტუაცია თითქმის იგივეა დღესაც, მხოლოდ რამდენიმე ახალი Stakeholder-ი დაემატა, არც ჩვენს შანსებს იქნებ აუმჯობესებდეს კიდეც…
პოტენციური საფრთხე: ირანის მხრიდან დაწყებული პროცესი მხოლოდ მცირე მონაკვეთია დასავლეთის მხრიდან მასთან ურთიერთობის ნორმალიზების იმ გრძელ გზაზე, რაც ჯერ კიდევ გასავლელია. გარანტირებული არაფერია. არაა გამორიცხული, ირანის რეალური მიზანი მხოლოდ დროის მოგება იყოს. დიპლომატია ურთულესი ხელოვნებაა, სადაც რეალობა ხშირად ყალბია, ხოლო ფანტაზიები – სასურველი რეალობის მყიფე საფუძველი…
VII. ბოლოსიტყვაობა
ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, თეორიული ანალიზია, რომლის სიღრმის ილუზია მე არ მაქვს, და, ალბათ, არც მკითხველს არ უნდა ჰქონდეს. საჭიროა ამ საკითხების და ამ კითხვების დასმა სხვადასხვა კუთხიდან, საჭიროა ჭადრაკის მოთამაშის მსგავსად უამრავი შესაძლო ალტერნატივის მაქსიმალურად სწორად გააზრება და თითოეული ალტერნატივის ალბათობის კრიტიკულად გათვლა. ეს უეჭველად უნდა მოვინდომოთ და გავაკეთოთ, რადგან თუ დამოუკიდებელ ქვეყნად არსებობის პრეტენზია გვაქვს, ეს დამოუკიდებლად და საღად აზროვნების პირობებში შეიძლება მხოლოდ.
და მაინც, რაც არ უნდა მოვინდომოთ, როგორც გოეთე იტყოდა, „ეჰ, თეორია, ჩემო კარგო, უფერულია, მაგრამ ოქროს ხე სიცოცხლისა მუდამ მწვანეა“. ჩვენს გეგმებსა და სტრატეგიებში მოვლენათა რეალური განვითარება რაღაც მასშტაბით ყოველთვის შეიტანს ხოლმე ცვლილებებს. და ისიც უნდა დავიმახსოვროთ, რომ როგორც დიზრაელი იტყოდა, სტრატეგიული მეგობრები დიდი ხნით არც არსებობენ, არსებობენ მარადიული სტრატეგიული ინტერესები. და თუ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები, შაჰ აბასის მმართველობიდან ოთხი საუკუნის შემდეგ ირანისას დაემთხვევა, ხოლო რუსეთის ინტერესებს – გაცილებით ნაკლებად, ესეც არ იქნება სამუდამო კონფიგურაცია. შეიძლება გავიდეს სულ რამდენიმე ათეული წელი და მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ძალთა და პიროვნებათა მონდომებით და მოვლენათა განვითარების წყალობით ისევ დაბრუნდეს ის სიტუაცია, რომ კვლავაც რუსეთს მივაპყროთ მხსნელი მზერა, ხოლო ირანთან მდგომარეობა ისევ გამწვავდეს.
გამოსავალი მხოლოდ ერთია, დოგმებზე უარის თქმა, რეალობის კრიტიკულად შეფასება, პროფესიონალების მოსმენა, ფიქრი და მომავლის გათვლა… მხოლოდ ერთი რამ უნდა დარჩეს უცვლელი – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო უნდა გადავარჩინოთ და გავაძლიეროთ. ეს კი მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, თუ ფიქრს, შრომას, სამოქალაქო ერთიანობას და ერთმანეთისადმი თანადგომას გავაერთიანებთ, ერთმანეთისათვის ძირისგამოთხრის ამოცანას პრიორიტეტულად არ გავხდით, და თუ სამშობლოს სიყვარული სუფრის გარეთ მეტად შეგვეძლება, ვიდრე – სადღეგრძელოებსა და ზღაპრებში…