პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ, უბრალოდ, – სამართლიანი?!
Posted: 2017/04/15 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: არჩევნები, საკონსტიტუციო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, საპარლამენტო არჩევნები დატოვე კომენტარი
არ ვაპირებდი აღნიშნულ საკითხზე სერიოზულ მსჯელობაში შესვლას. რადგან მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩემზე გაცილებით კვალიფიციური ადამიანებია თავმოყრილი და თუ ვენეციის კომისიის შესაძლო რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარების თაობაზე მმართველი ძალის მხრიდან წინასწარ გაცხადებულ მზაობას გავითვალისწინებთ, თითქოს, ამჯერად მაინც არ უნდა მოხდეს ის, რაც ბევრჯერ მომხდარა, როცა თითქოს უკეთესი სისტემის მიღება გვინდოდა, მაგრამ რეალურად ვერაფერიც ვერ გავაუმჯობესეთ. ხოლო, როგორც სააკაშვილის დროინდელი შესწორებებისას მოხდა, ზოგი რამ სერიოზულად გავაუარესეთ კიდეც.
საპრეზიდენტო არჩევნების წესის მიმართ გაჩენილი აჟიოტაჟი, ჩემთვის გასაგებია, თუმცა მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც საპარლამენტო არჩევნების წესზე შეთანხმება და სწორედ ამ ფრონტზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მიაჩნია უპირველეს პრიორიტეტად. რადგან თუ ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, სწორედ საპარალამენტო არჩევნები არის და იქნება ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები და სწორედ აქ არის განსაკუთრებით მიუღებელი ხარვეზებისა და შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების შანსის დატოვება.
მგონი, პოლიტიკური პარტიებიც, პრეზიდენტიც, არასამთავრობო სექტორიც, მედიაც და უცხოელი ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების პრაქტიკამ ვერ გაამართლა. ერთეული გამონაკლისების გარდა, მაჟორიტარები მუდმივად იყვნენ ხელისუფლების მორჩილი და მდუმარე უმრავლესობა და ადვილად გადადიოდნენ ხელიდან ხელში, როცა ქვეყანაში მმართველი პოლიტიკური ძალა იცვლებოდა.
და როგორც ვიცით, თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოში არჩევნები მომავალში მთლიანად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს: ბევრ ქვეყანაში ეს სწორედ ასეა და იქნებ, ჩვენთანაც გაამართლოსო. მართლაც, ეს წესი მოქმედებს ხორვატიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში (ყველგან – 5%-იანი ბარიერით), ნორვეგიასა და შვედეთში (4-4%), იტალიაში (4% – პარტიებისთვის, 10% – კოალიციებისთვის), ესპანეთსა და საბერძნეთში (3-3%), დანიაში (2%), შვეიცარიაში, ისლანდიაში და კიდევ 80-მდე ქვეყანაში.
მაგრამ, პროპორციული წესის დანერგვით არჩევნების სამართლიანობის გამოსწორების იმედი მე ნამდვილად ვერ მექნება, თუ პროპორციული სისტემა იმ მოდელით იქნება შემოღებული, რომელშიც პარტიული ბარიერი საკმაოდ მაღალ დონეზე – 5%-ზე დარჩება, ხოლო ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული და გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას დარჩება, პრინციპით „მოგებულს ყველაფერი რჩება!“
მოდით, ისევ განვიხილოთ 2008 და 2016 წლის არჩევნები – რა პრობლემები იყო მთავარი, და როგორ „გამოსწორდებოდა“ მდგომარეობა, თუ ეს არჩევნები ახლა შემოთავაზებული, ე.წ. „ნეოპროპორციული“ სისტემით ჩატარდება.
სურათი 1
2008 წელს ოთხმა პარტიამ მოახერხა საარჩევნო ბარიერის გადალახვა. პირველ ადგილზე გასულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაკლებად თანასწორი საარჩევნო გარემოსა და მრავალი დარღვევების წყალობით ძალიან მაღალი პროპორციული მაჩვენებელი – თითქმის 60% აჩვენა. მაგრამ მისი მთლიანი მანდატების რაოდენობა, იმის გამო, რომ 75 მაჟორიტარული ოლქიდან 71(!) მოიგო, საბოლოო ჯამში 119 ადგილი, ანუ მთელი მანდატების 80% მიიღო, ანუ საკუთარი პროპორციული მაჩვენებელი 20%-ით „გაიუმჯობესა“.
როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, ნეოპროპორციული სისტემა 2008 წელს გაცილებით უფრო სამართლიან შედეგს მოიტანდა.
სურათი 2
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო და მისი პროპორციული 48.7% საბოლოო ჯამში, მაჟორიტარული მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის (70 მანდატი 73-დან!) მოპოვების ხარჯზე 76,3%-მდე გაიზარდა. ანუ, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ საკუთარი პროპორციული მაჩვენებელი 27.6%-ით „გაიუმჯობესა“. ისიც საინტერესოა, რომ ამ წელს ნეოპროპორციული სისტემის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კი შემცირდებოდა 68%-მდე, მაგრამ თითქმის 20%-ით გადახრილი იქნებოდა რეალურად მიღებული პროპორციული შედეგისაგან.
სურათი 3
ახლა წარმოვიდგინოთ თეორიული ვარიანტი რომელიმე (20.. წლის) მომავალ არჩევნებში ნეოპროპორციული სისტემის გამოყენებისა. დავუშვათ, მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი და არცერთი მათგანის შედეგი არ აღემატება 25%-ს. ხოლო გამარჯვებულსა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის განსხვავება 1%-იც კი არაა. დააკვირდით, ეს უმნიშვნელო განსხვავება ნეოპროპორციული სისტემის გამოყენებისას კატასტროფულად იზრდება, როცა გამარჯვებულმა პარტიამ შეიძლება თითქმის გაასამმაგოს (23.7%-დან 67.1%-მდე!) თავისი რეალური შედეგი! დამეთანხმეთ, რომ ასეთი განაწილებისას ეს სისტემა სამართლიანად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება.
ვფიქრობ, გამოსავალი ორია:
I – თუ მაინც გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, მაშინ უნდა დარჩეს გაუნაწილებელი მანდატების განაწილების ამჟამად არსებული წესი (ან შეიძლება მისი ოდნავ მოდიფიცირება). ყველა გაუნაწილებელი მანდატის მხოლოდ პირველ ადგილზე ნგასული პარტიისთვის მინიჭება, სრულიად დაუშვებელი მგონია! თუ მაინცდამაინც, ეს კიდევ იქნებოდა შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან საარჩევნო ბარიერი ისევე დაბალი გახდებოდა, როგორც, მაგალითად, დანიაში. და შესაბამისად, გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არც ისე ბევრი იქნებოდა.
II – ან იქნებ, მაინც შეჩვეული ჭირი სჯობდეს, – დავტოვოთ შერეული სისტემა, ოღონდ, ვეცადოთ მის მოდიფიცირებას იმგვარად, რომ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას არ ჰქონდეს მთელი მაჟორიტარული მანდატების ლამის 100%-ით დასაკუთრების თუნდაც თეორიული შანსი.
ამისთვის რამდენიმე მოდელი მინდა შემოგთავაზოთ განსახილველად:
“IIა – შერეული (მაჟორიტარული წარმომადგენლობის ლიმიტით – მაქს. 2/3-ზე)
ეს თითქმის იგივე სისტემა იქნებოდა, როგორც აქამდე არსებული, თუმცა ჩამოყალიბდებოდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. ავიღოთ თბილისი, სადაც ახლა 22 თითომანდატიანი ოლქი იყო. ამის ნაცვლად შეიძლება ჩამოყალიბდეს 7 ოლქი, თითოეული მათგანი 3-3-მანდატიანი. მაგრამ პარტიებს არ ექნებოდათ ოლქში 2 კანდიდატზე მეტის დასახელების უფლება. ამდენად მაჟორიტარული მანდატების მინიმუმ 1/3 მაინც ვეღარ მოხდებოდა გამარჯვებული პარტიის ხელში. აღნიშნული სისტემა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ გაზრდიდა ისეთი პოპულარული კანდიდატების შანსებს, რომელთაც შეიძლება მცირედ წაეგოთ ოლქში პირველი ადგილი, მაგრამ მაინც მაღალი შედეგი ეჩვენებინათ. გარდა ამისა, ალბათ ასეთ შემთხვევაში, მაჟორიტარული ბარიერი შეიძლებოდა 20% ანდა 25%-მდე დაწეულიყო და მეორე ტურის საჭიროება ნაკლებად შეიქმნებოდა.
IIბ – გერმანული მოდელი („სუფთა“ გერმანული, ან „მოდიფიცირებული“ – მაქსიმალური 2/3-იანი ლიმიტით)
ამ შერეული სისტემის ვარიანტში გამარჯვებულ პარტიას შეუძლია დააკომპლექტოს თავისი საპარლამენტო წარმომადგენლობა როგორც – პროპორციული, ასევე – მაჟორიტარული სიიდან, ოღონდ ჯამში ვერ გადააჭარბებს მის მიერ პროპორციული ვარიანტით მიღებულ მაქსიმალურ პროცენტს.
სავარაუდოდ, ასეთ ვარიანტზე მმართველი ძალა ნამდვილად არ იქნება თანახმა. მაგრამ კომპრომისულ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ, რომ მაქსიმალური ლიმიტი იყოს არა პროპორციული სისტემით მიღებულ მაჩვენებელზე, არამედ, ვთქვათ, საპარლამენტო სიის 2/3-ზე. ასეთ დროს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ხელოვნურად ზედმეტად მოგებულნი არიან II-IV ადგილებზე გასული პარტიები, რომელთაც მთლიანად შეხვდებათ გადაუნაწილებელი ადგილები. ამიტომ, ალბათ, ამ მოდელის არჩევისას უპრიანი იქნებოდა დაბალი – 2% ან 3%-იანი – პროპორციული ბარიერის დაწესება.
IIგ – ესტონური მოდელი.
ეს მოდელი, მრავალი ექსპერტის აზრით, საუკეთესოა რეპრეზენტატულობის სამართლიანობის კუთხით, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე რთულიცაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი შერეულ მოდელად ითვლება, თავისი არსით, ძირითადად, უფრო მეტად მაჟორიტარულია, მრავალმანდატიან ოლქებში. არის სამი განსხვავებული სია – მაჟორიტარების, რეგიონულ-პროპორციული და საერთო-სახელმწიფოებრივი (საკომპენსაციო), რომელთა შევსება სწორედ ამ თანმიმდევრობით ხდება. ყველაზე რთული და საპატიოა მაჟორიტარული ქვოტის გადალახვა, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია. ამის შემდეგ მოდის რეგიონალურ-პროპორციული ქვოტა, რომლის ბარიერი 5%-ია, ხოლო სულ ბოლოს კომპლექტდება საკომპენსაციო (საერთო სახელმწიფო) სიები.
აღნიშნული მოდელი იმიტომაა ჩვენთვის კარგი, რომ ჩვენ ჯერაც არ გვყავს ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიები, ხოლო სწორედ ესტონური მოდელი უზრუნველყოფს მაჟორიტარული სისტემის პირობებში პოლიტიკური პარტიების მდგრადობის გაზრდას და თანდათანობით ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, ამ მოდელის პოზიტიური მხარეები გადაწონის მისი დანერგვისა და ჩატარების სირთულეებს. ველოსიპედის თავიდან გამოგონების ნაცვლად, იქნებ ამ აპრობირებული სისტემით გვესარგებლა.
===
აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ გავითავისოთ, რომ ნებისმიერი სისტემის, და, განსაკუთრებით – საარჩევნო სისტემისა და წესების – სამართლიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისა და პოლიტიკური სტაბილურობისათვის. ამიტომ ნაკლები უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვაწყობს დღეს ჩვენ და ჩვენს ფავორიტ პარტიას. რადგან თუ დღეს ისეთ მოდელს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მმართველი ძალის ლამის მარადიულობის დაცვისათვის არის გამიზნული, ამას ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს, და რადგან ვერავინ შეინარჩუნა მარადიულად ხელისუფლება, ადრე თუ გვიან ძალაუფლების დაკარგვისას ჩვენსავე ზურგზე მთელი სიმწვავით ვიგრძნობთ ჩვენ მიერვე დაკანონებული უსამართლო პრინციპების მწარე მათრახს. ამიტომ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია…
=======
ბლოგის სრულიი ვერსია იხილეთ გვერდზე liberali.ge
http://liberali.ge/articles/view/28855/proportsiuli-mazhoritaruli-shereuli-tu-ubralod–samartliani
ოჯახიდან – თემამდე და თემიდან – საზოგადოებამდე: ვის იცავს ზარი?
Posted: 2017/04/01 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ელიტა, თემი, ოჯახი, სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო სოლიდარობა, სკანდინავია, შვედეთი, ცენტრ-პოინტი დატოვე კომენტარიკარგა ხნის წინ შვედეთში, ქალაქ მალმოში მომიწია საკმაო ხნის გატარება – პოსტდოქტორულ სამეცნიერო სტაჟირების პროგრამით. ჩემი ხელმძღვანელი წარმოშობით დანიელი იყო და მასთან კოპენჰაგენშიც და აგარაკზეც ხშირად მიწევდა ყოფნა. შვედეთის სხვა ქალაქებშიც ვყოფილვარ კონფერენციებზე თუ სტუმრად სხვადასხვა ახლობელთა სახლებშიც. რამდენჯერმე ნორვეგიაშიც ვარ ნამყოფი… სულ ალბათ წელიწადნახევარი გავატარე სკანდინავიაში. ძალიან მიყვარს იქაურობა. ეს ის პერიოდი იყო (1992-99) წლები, როცა თუნდაც რამდენიმე თვით დალაგებულ ქვეყანაში მოხვედრა და საინტერესო სამუშაოზე გადართვა დიდ შვებას მაძლევდა და ენერგიას და სულიერ სიმხნევეს მმატებდა, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია, და განსაკუთრებით აუცილებელი იყო მაშინ…
მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სხვა ქვეყნებშიც ვიყავი ნამყოფი, სწორედ სკანდინავიაში ვიგრძენი, რა სერიოზული განსხვავებაა ქართულ და იქაურ (იმდროინდელ!) საზოგადოებებს შორის.
ეს განსხვავებები დღესაც იგრძნობა ოჯახის, თემის და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე.
ოჯახი:
ჩემს სტუდენტობისას არსებული მითი „შვედური ოჯახის“, როგორც ორმხრივი მულტიგამიის მაგალითზე, სრული აბსურდი აღმოჩნდა. სინამდვილეში შვედეთში ოჯახები საკმაოდ მტკიცეა, თუმცა, როგორც წესი, ოჯახური ურთიერთობის რეგისტრაცია ან საკმაოდ გვიან ხდება (ზოგჯერ უკვე მაშინ, როცა წყვილს ერთი ან მეტი ბავშვი ჰყავს), ან სულაც არასოდეს. ამას შვედეთში “Sambo” – „თანაცხოვრება“ ჰქვია და ყველა ტიპის ანკეტასა და ფორმულარში სათანადო გრაფაც კი არსებობს. ჩემი კოლეგები, რომელთაც ასეთი „სამბო“ ჰყავდათ, სწორედ ას წარმომიდგენდნენ მას გაცნობისას და არა როგორც მეუღლეს ან შეყვარებულს. სხვათაშორის, „სამბოს“ არსებობას თავისი იურიდიული ნორმები აქვს სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის მემკვიდრეობის, ქონების გაყოფის და ა.შ. თუმცა ეს არც ვიცი, და არც ვაპირებ ამის განხილვას. მთავარი ისაა, რომ სამბოს მიმართ დამოკიდებულება სრულიად არ განსხვავდება მეუღლისაგან, და მათი უმრავლესობა ერთმანეთის მიმართ უაღრესად ერთგული მგონია, საქართველოში ბევრი ოჯახი რომ ინატრებდა, ისეთ დონეზე.
მთავარი გამასხვავებელი, რაც ჩემთვის მაშინ, 90-იან წლებში, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, იყო ძალიან ფორმალიზებული ურთერთობები ოჯახის წევრებს, თუნდაც, – უახლოეს ნათესავებს, შორის. მაგალითად, მშობლები და ზრდასრული შვილები ერთმანეთს მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში და განსაზღვრულ/შეთანხმებულ დროს სტუმრობდნენ. ვიზიტის ხანგრძლივობაც კი, როგორც წესი, შეთანხმებული იყო ხოლმე. ხშირად ხდებოდა იმის წინასწარ განსაზღვრაც, ვინ რას მოიტანდა და რის ფულს გადაიხდიდა. როდესაც ჩემმა ხელმძღვანელმა დედამისის აგარაკზე მეორედ დამპატიჟა, განსაკუთრებული ხაზგასმით მითხრა, რომ მე ამისთვის თანხის გადახდა არ მომიწევდა, რადგან სწორედ ასეთი იყო დედამისის სურვილი, რადგან მასზე წინა ვიზიტის დროს კარგი შთაბეჭდილება მომიხდენია. მივხვდი, რომ ჩემი წინა ვიზიტის დროს ამისთვის შეიძლებოდა თანხაც იყო ჩემი ხელმძღვანელის მხრიდან გადახდილი, რაც მან დამიდასტურა კიდეც, ოღონდ – ეს უმნიშვნელო თანხა იყოო, ნუ წუხარო, – მითხრა.
ოჯახს გარეთ სოციუმი:
სამაგიეროდ, საოცრად გაკვირვებული დავრჩი იმით, რა დონეზე იყო თანამშრომელთა თუ, უბრალოდ, თანამოქალაქეთა მიმართ სოლიდარობა. ჩასვლისთანავე, ჩემმა ხელმძღვანელმა განყოფილების ყველა თანამშრომელს გამაცნო, ძალიან ბევრმა თავისი ტელეფონი მომცა და მითხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე შემეძლო მისთვის მიმემართა და დახმარება მეთხოვნა. და ეს მართლა არ იყო ლიტონი სიტყვები. რამდენიმე მათგანმა ოჯახშიც დამპატიჟა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, ნაცნობი იყო, თუ უცნობი, მზად იყო, მეორე ადამიანის მიმართ, დახმარების ხელი გაეწვდინა. ჩემს ცოლს ბავშვი დაჰყავდა ეტლით. ერთხელ, ქუჩის გადაკვეთისას შუქნიშანი იყო გაფუჭებული. უცნობმა ახალგაზრდა ქალმა პოლიციელის ნაცვლად იკისრა მოძრაობის მოწესრიგება, და მთელი მოძრაობა გააჩერა, რომ ბავშვებს და მოხუცებულებს გადასასვლელზე გადასვლა მოეხერხებინათ. ამასობაში, პოლიციელიც გამოცხადდა პოსტზე. ასევე გასაოცარი იყო საოცარი ნდობა პირველივე დღიდან – მომცეს ისეთი მასტერ-გასაღები, რომელიც ყველა სართული და ლიფტის კარებს აღებდა. სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებულ საუცხოო ბიბლიოთეკაში მომცეს პლასტიკური ბარათი, რომლითაც ნებისმიერ დროს (ღამითაც) შემეძლო ბიბლიოთეკაში შესვლა და ყველა წიგნით თუ ჟურნალით სარგებლობა. ასევე მქონდა ანალოგიური 24-საათიანი წვდომა კომპიუტერების ოთახზე, სადაც სტატისტიკურ დამუშავებას ვაკეთებდი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დამითმო უაღრესად ძვირადღირებული დრო, რათა მოესმინა და ჩემს კვლევებზე თავისი მოსაზრებები გადმოეცა. რა თქმა უნდა, დროის შეთანხმება და პუნქტუალობის დაცვა აუცილებელი იყო, მაგრამ უცნობი უცხოელი მკვლევარის მიმართ ასეთი ყურადღება საოცრად მამხნევებდა. როცა დავაკვირდი, მივხვდი, რომ მე სულაც არ ვიყავი გამონაკლისი და მსგავსი დახმარებით სარგებლობდნენ როგორც სხვა უცხოელი მკვლევარები (ძირითადად, აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან და სამხრეთ ამერიკიდან), ასევე – ადგილობრივი სტუდენტები და რეზიდენტებიც. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მოქალაქეები ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მეგობრულები იყვნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით დანიელები გამოირჩეოდნენ. პოლიციელი კი ნამდვილად მოქალაქეთა საუკეთესო დამხმარე იყო…
ახლა ამ ამბებიდან დიდი დრო გავიდა. ჩვენთანაც შეიცვალა ბევრი რამ, ნეპოტიზმის და კორუფციის მაშინდელი „მწვერვალები“ ნელ-ნელა დაძლეულია. სამოქალაქო საზოგადოება თანდათან ვითარდება. და მაინც ის ძველი დისონანსი მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია.
ჩვენი საზოგადოება დღესაც ოჯახზე და ახლო ნათესავებზეა ორიენტირებული. აქ ვხარჯავთ ჩვენი დროის და ენერგიის მაქსიმუმს. ჩვენი სიყვარული და თანადგომაც სწორედ ამ პერიმეტრითაა ძირითადად შემოსაზღვრული. თან თუ ადრე სანათესაო წრე უფრო ფართო იყო, ახლა, დროის დეფიციტის და სამსახურებრივი მოვალეობების ინტესიფიკაციის ფონზე, უფრო დავიწროვდა.
სამოქალაქო აქტივობები დღესაც არაა ჩვენი საზოგადოების მთავარი სატკივარი. გამოჩნდნენ, მაძალიან ცოტაა ადამიანები, რომელთაც ამისთვის ან დრო ან ენერგია გააჩნიათ და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ. არადა, უამრავი უმწვავესი პრობლემაა ირგვლივ – ძალიან მძიმე ეკოლოგიური ფონი, ნაგვის (განსაკუთრებით, – პლასტმასის) ნარჩენების კატასტროფული ზრდა, სრულიად დედანატირები ურბანული განვითარება – ჯუნგლები ქალაქში, (რისი საოცარი მაგალითიც არის ყოფილი აკადემქალაქის ტერიტორია), მანქანების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და მათ მიერ არა მარტო სავალი ნაწილის, არამედ უკვე ტროტუარების დაპყრობაც, რაიონებსა და რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების და დამაგრების პრობლემა, მთის და სასაზღვრო დასახლებების კატასტროფული დეპოპულაცია დაბოლოს – დემოგრაფიული კოლაფსი, რაც სულ უფრო მეტად გვიახლოვდება. ამ ფონზე პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრია არაპროფესიონალი, პოპულისტი მედროვე, ხოლო ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანები კი, სამწუხაროდ, ხშირად შეგნებულად თავს არიდებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას… – ამასაც თავისი ობიქტური გამართლება აქვს – ძნელია საყოველთაოზე კონცენტრირება, სანამ ოჯახის რჩენის პრობლემა მწარე გამოწვევად რჩება. ხოლო ქვეყანაში საშუალო კლასის ფორმირება კუს ნაბიჯით მიდის წინ. ნაწილობრივ გამოსავლად ის რჩება, რომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხზე მუშაობენ. მაგრამ მოდით გულახდილად ვთქვათ – ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და იქ დასაქმებული ადამიანებიც ხომ მხოლოდ იმ პირობით არიან ამ საქმით დაკავებულნი, რომ მათი მოთხოვნების შესაბამის ანაზღაურებას იღებენ… თანაც, ხშირად, მათი პროფესიონალიზმიც არაა საუკეთესო…
თითქოს გამოსავალი უნდა იყოს თემი და სათემო აქტივობები – ეს ხომ ოჯახის ინტრესების პერიმეტრის გაფართოებაც არის და თან მაინც ოჯახზე და შენს უშუალო საცხოვრებელ გარემოზე რჩები კონცენტრირებული – როგორი იქნება შენს ირგვლივ პარკი თუ სხვა რეკრეაციული სივრცე, დასუფთავება და ნაგვის გატანა, ქუჩა და მაღაზიები, საბავშვო ბაღი და სკოლა, გასართობი, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები. ეს უნდა გახდეს ჩვენი, – როგორც ოჯახის წევრის, ჩვენი, – როგორც თემის წევრამდე ზრდის ასპარეზი. და სწორედ ამ ასპარეზზე დაწინაურებული ხალხი იქცევა ხოლმე საქვეყნო პოლიტიკის აქტიურ პიროვნებებად. სხვანაირად, მართლა უცნაურია, თუნდაც სუპერგანათლებული 21 წლის ახალგაზრდის სტუდენტობიდან უცებ დიდაქტიკურ-მენტორული საუბრებით გასხივოსნებულ პოლიტიკოსად ქცევის მარშრუტი… არადა, თუ ეს გზა არ გაიარა, თუნდაც 60 წლის ასაკში რომ აირჩიო და გააპოლიტიკოსო ადამიანი, განა ეს მას შეცვლის? რამდენი კარგი სპეციალისტი გვახსოვს, პარლამენტში „შეყვანილი“ რომ დაიკარგა – ვეღარც სპეციალისტად დარჩა და ვერც პოლიტიკოსობა ისწავლა… გვინახავს ასეთი პოლიტიკოსები, და მათი „დუმილის ოქროობის“ არ გვჯერა… მანამ მაინც, სანამ ძლივს ამოღერღილი სიტყვით ისე არ შეგვაცბუნებენ, რომ ვნატრობთ, ნეტა ისევ დუმილს დაუბრუნდნენ-თქო. მეორე უკიდურესობა: ყველგან და ყელაფერზე სიტყვაალესილი ცრუმამულიშვილი პოპულისტები…
საქართველოში თემი იყო სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ იმედისმომცემი მარცვალი. საფიხვნოს ირგვლივ შემოკრებული თემი იყო ჩვენი სოფლების თუ პატარა ქალაქების ნორმალური განვითარების და სამოქალაქო აქტივისტთა წარმოჩენის კარგი ასპარეზი. სამწუხაროდ, ჯერ სოციალისტურმა რევოლუციამ და გასაბჭოებამ, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე პოლიტიკური ვექტორის ცენტრალიზაციაზე და არა თვითმმართველობებზე მიმართვამ თემის დონე დაასუსტა. სააკაშვილის დროს თემის აქტივისტების არჩევნების გამყალბებლების და პოლიტზედამხედველობის ინსტრუმენტებად ქცევამ კი თითქმის საერთოდ გაანადგურა.
სამწუხაროდ, დღემდე საკმაოდ უკვდავია დედაქალაქის და დიდი ქალაქების სივრცეში არსებული სულ სხვა „საზოგადოება“ და სულ სხვა „თემი“ – ეს არის ინტელექტუალური ელიტა, რომელიც ხელისუფლებასთან მუდმივი სიახლოვის გენერაციით ცდილობს არა სამოქალაქო აქტივობას, არამედ ამ აქტივობის ეგოცენტრულობის და ხელშეუხებლობის დაცვას. სწორედ ამ ტიპის აქტიური მოღვაწეები ხშირად მთავარ ხმას წარმოადგენენ არცთუ პოლიფონიურ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში. სწორედ მათი „პანთეონფილური“ ვნებები, და არა – წესიერი ხელოვნისთვის დიდი ხნის წინ განსაზღვრული კრედო – „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით გული“, წარმოადგენს ამ ტიპის „სათემო აქტივობების“ მნიშვნელოვან წილს.
შედეგები სავალალოა:
– არ ხდება ოჯახიდან – ქვეყნის მსახურებისკენ სწორი სამარშრუტო რუკის დაგეგმვა,
– ვერ ხდება ახალგაზრდებისათვის სწორი ორიენტირების დასახვა;
– ხშირად არ ხდება საზოგადოებაში ქვეყნის განვითარების სასიცოცხლო საკითხების დაგეგმვისა და გადაჭრისთვის ფართო და ღია განხილვების ორგანიზება, და შემდეგ არგუმენტირებული გადაწყვეტა იმ ადამიანებისა და სპეციალისტების მიერ, ვისაც ამისი უნარ-ჩვევებიც გააჩნია და პროფესიულ-ეთიკური წანამძღვრებიც.
– საკადრო პოლიტიკა (პირველ რიგში – პოლიტიკოსებთან და სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებაში) დღემდე მოიკოჭლებს და არც ხდება სწორი საკადრო პოლიტიკის შემუშავების საორგანიზაციო ფორმატის მომზადება.
და ვრჩებით ისევ იმ საზოგადოებად, სადაც ადამიანთა (საზოგადოებრაივად აქტიური პოტენციალის მქონე ადამიანთა!) დიდი ნაწილისათვის მთავარი და ლამის ერთადერთი ასპარეზი ოჯახია, ხოლო სამოქალაქო აქტივობები — მხოლოდ ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და მასთან მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული სამოქალაქო სექტორის (ანუ, ძირითადად, უცხოური გრანტებით დაფინანსებული ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების) ხელში რჩება. კატასტროფა ალბათ, ეს არ არის, რადგან ბევრი ჩვენნაირი ქვეყანა სწორედ ასეთ დღეშია, მაგრამ სანამ „ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუდნის“ და ჩვენივე ქვეყნის ბედზე ჩვენ – მთელი საზოგადოება – არ ვფიქრობთ, მანამდე დამოუკიდებლობაც ძალიან მყიფეა და ჩვენ მაინც მხოლოდ ოჯახისკაცებად (სულაც არ ვამბობ ირონიულად!) და/ან ამა-თუ იმ კლანისკაცებად ვრჩებით, რომელთა ერისკაცობამდე გასასვლელი გზა უაღრესად ბუნდოვანი და კლდოვანია…
სხვათაშორის, ხშირად კი ვიმეორებთ, რომ ხელისუფლება ხალხის არჩეული და ხალხის მსახურია, მაგრამ სანამ სამოქალაქო საზოგადოება სუსტია და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ხმას მხოლოდ 4-5 წელიწადში ერთხელ, არჩევნების მეშვეობით იღებს ხოლმე, არცაა გასაკვირი, რომ ზემოთხსენებული ლოზუნგი მხოლოდ ლამაზ ფრაზად და არაგანხორციელებულ ლოზუნგად რჩება – ხალხისთვისაც და ხელისუფლებისათვისაც…
===
უცნაურია, რომ ამ ყველაფერზე ფიქრამდე იმან მიმიყვანა, რომ ბოლო ორი დღეა მთელი ქართული საზოგადოება იმაზე ფიქრობს, გამართლებულია თუ არა ერთი ოჯახის სამი წევრის (მათ შორის – ორი ქალის, და მათ შორის, ერთი – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის) პატიმრობაში ყოფნა ეკონომიკური დანაშაულის გამო. ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ხელოვანი თუ ცნობადი სახე ამას კატეგორიულად მიუღებლად თვლის და არგუმენტად იმას ასახელებს, რომ ამით 6,000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახის ბედი არ შეიცვლება, რომ მათ მაინც არ დაუბრუნდათ დიდი ხნის წინ გადახდილი ბინების ფული, და თავად ბინების როდესმე მიღების შანსიც ნაკლებიაო…
და სწორედ ამან გამახსენა შვედეთი, დანია, ნორვეგია, ზოგადად – სკანდინავია და ის, რაც მათგან, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მაინც საკმაოდ გვაშორებს.
- სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. თუ სასამართლო კანონიერად დასაბუთებულად თვლის დანაშაულს, მგონი, არ არსებობს ნორმა, რამდენი ოჯახის წევრის დაპატიმრება შეიძლება, და რამდენის – აღარ. ეს უკვე შემდგომ შეწყალების მესვეურების სფერო მგონია.
- თეზისი იმაზე, რომ სასამართლომ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ვერ აღადგინა დაზარალებულთა უფლებები მათთვის ქონების ან თანხის დაბრუნების მხრივ, არასწორია, რადგან სასამართლოს შეიძლება არ/ვერ ჰქონდეს მსგავსი ხანგრძლივი და ტექნოლგიურად რთული პროცესის დაგეგმვს და განხორციელების შესაძლებლობა. მისი მთავარი ფუნქცია დანაშაულის და დამნაშავის დადგენა და კანონის შესაბამისად სასჯელის ზომის განსაზღვრა არის. პროკურატურამ შესთავაზა ბრალდებულებს საპროცესო გარიგება, რომელზეც მათ უარი განაცხადეს – რაც, ნურავის ეწყინება და – ლოგიკურიც ჩანს, ალბათ, 11 მილიონის გადახდა მართლაც არ შეუძლიათ და გადაწყვიტეს, რომ ციხეში 4-4 წლით ყოფნის შემდეგ გამოსვლა ურჩევნიათ, ვიდრე მათ ხელში არსებული პირადი ქონების გაყიდვა-დაგირავება და ამ ფასად თავისუფლების მოპოვება. თანაც, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვიფიქრო, რომ მრავალი გულშემატკივრის თანადგომის იმედი აქვთ, რომ სასჯელის შემსუბუქებას, ან სულაც – შეწყალებას მიაღწევენ.
- ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც აპროტესტებს ერთი ოჯახის განადგურებას, საცოდავი ასაკოვანი ჯანმრთელობაშელახული ქალების დაჭერას, ყოფილი პოლიტიკოსის დაჭერას და განსაკუთრებით აპელირებას აკეთებს იმაზე, რომ ამით მაინც ვერცერთი დაზარალებული ვერ იხეირებს, არ ფიქრობს და არ საუბრობს იმაზე, რა მძიმე ზარალი მიადგა 6,000-ზე მეტ ოჯახს, რამდენი ქალი და ასაკოვანი იყო მათ შორისაც, რამდენს შეელახა ჯანმრთელობა ქონების მოულოდნელი დაკარგვით გამოწვეული მძიმე სტრესის გამო, ან სულაც გარდაიცვალა ისე, რომ ვერ ეღირსა იმ ბინას, რაშიც ზოგმა მათგანმა მთელი თავისი ქონება ან დიდი ნაწილი ჩადო… ამაზე ნაკლებად საუბრობენ ჟურნალისტებიც. ძალიან ადამიანურია, როცა გებრალება ციხეში მოხვედრილი ადამიანი! და მაინც, განსაკუთრებით მძიმეა იმაზე ფიქრი, რომ ეს სოლიდარობა გარკვეულწილად სწორედ ის ელიტარულ-კლანურ-უბნური სოლიდარობაა, რომელსაც, დამეთანხმეთ, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ თემთან და თემურ სოლიდარობასთან საერთო ძალიან ცოტა აქვს! სავარაუდოდ, ამ სოლიდარობის 1%-იც კი არ იქნებოდა ნათქვამ-დაწერილი, საქმე რომ ვინმე პროვინციელ უბირ საქმოსანთა ოჯახს ეხებოდეს… თან ისიც ძალიან უხერხული მომენტია, როცა ბომონდი მოუწოდებს საზოგადოებას – უნდა ვაპატიოთო, მაშინ, როცა თავად მათ შორის არავინაა ამ საქმით დაზარალებული… ადვილია სხვის ხარჯზე, სხვისი ზარალის ფონზე მიმტევებელი და სულგრძელი იყო…
- დაბოლოს, ყველას ნანახი გვაქვს სხვადასხვა ხელისუფლების დროს ამ ოჯახზე, მათ ბინებსა, აგარაკებსა და ანტიკვარიატზე მომზადებული ტელეგადაცემები. სწორედ ამით განსხვავდება ქართული საზოგადოება სკანდინავიურისაგან, რომ იქ ასეთი ისტორიის და ბექგრაუნდის და ასეთი მდიდრული საკუთრების მქონე ოჯახის მიმართ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა არ მინახავს და ძალიან ძნელად წარმომიდგენია. ხოლო პირიქით, ეს რომ მართლა უცოდინარი, თავადაც არცთუ მდიდარი, და თუნდაც იმიგრანტი ოჯახის წარმომადგენელი ოჯახი ყოფილიყო, მაშინ უფრო შეიძლებოდა გარკვეული სოლიდარობის და მიტევების სურვილის გამოხატვაც იმ – სკანდინავიურ საზოგადოებში. საქმე იმაშია, რომ იქ – დემოკრატიის და სოციალური თანასწორობის ნავსაყუდელში – მაღალი საზოგადოების წევრობა, ინტელექტუალური ოჯახი და წარმომავლობა, პოლიტიკური კარიერა, რეპუტაცია და სიმდიდრე სულაც არაა ინდულგენცია, არამედ პირიქით, უფრო მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს ასეთ ადამიანებს, რადგან ითვლება, რომ მათ ასეთი ქმედების ლამის ერთადერთი შემამსუბუქებელი მთავარი საბუთი – სიდუხჭირე და გაუნათლებლობა – არ გააჩნდათ.
P.S. როდესაც შვედეთში ვიყავი, ერთ-ერთი იქაური მინისტრი პოლიციელმა სიჩქარის გადაჭარბებისათვის დააჯარიმა. მინისტრი ძალიან აღელდა და შეეკამათა პოლიციელს, ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა დარღვევის უფლება, რადგან მნიშვნელოვან სხდომაზე ეჩქარებოდა და რამე სახიფათო მდგომარეობა არ შექმნილაო… როცა ამ ამბავმა მედიის ყურადღებამდე მიაღწია, ამას საზოგადოების ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომ მინისტრი იძულებული გახდა, გადამდგარიყო… მხოლოდ ჩვენ – უცხოელ სტაჟიორებს და რეზიდენტებს დაგვენანა ეს კარგი მინისტრი, შვედებიდან კი არავის მოსვლია აზრად მისი დაცვა, რადგან ყველამ ჩათვალა, რომ მას შეეშალა – ის კი არა, სიჩქარეს რომ გადააჭარბა, არამედ ის, რომ კანონის არდამორჩილების თუნდაც მსუბუქი მცდელობა ჰქონდა…
ამ ბლოგით სულაც არ მინდა სოლიდარობა დავგმო. მე მხოლოდ ელიტარული სოლიდარობის მოკრძალებულ ხიბლზე მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება. და კიდევ ერთი რამ არ უნდა დაავიწყდეს არავის – ვინაც მიჰქარა, უპირველესაც დაზარალებულს უნდა სთხოვოს პატიება (თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება საკმარისი!!) და არა – სოლიდარობა – თავისიანებს. და ვინც არ დაზარალებულა, ისიც ნუ იჩქარებს მიტევებისკენ სახალხო მოწოდებებს, – ეს ხომ ასე ადვილია, როცა არაფერი წაგიგია… მაგრამ არის კი ეს ეთიკური?