შეშლილის წერილები (თითქმის გოგოლის მიხედვით)
Posted: 2013/03/25 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: გოგოლი, დემოკრატია და პლუტოკრატია, ნაცმოძრაობა, ოპერაცია "აპრილი", შეშლილის წერილები 5 Comments– მაშ ასე, დავიწყოთ! თქვენი სახელი? აა, მაიკლ?!! რა სასიამოვნოა!! Go ahead, მაიკლ, დავიწყოთ…
– როგორ ვხედავ მე დღევანდელობას? ჰმ… მშვენიერი კითხვაა! სიამოვნებით გიპასუხებთ…
– ჩემს დროს, ვარდისფერ ეპოქაში – ბავშვები არ კვდებოდნენ! მხოლოდ იბადებოდნენ! ათობით, ასობით, ათასობით ბავშვი იბადებოდა ყოველდღე! მე ყოველთვის ვზრუნავდი ამაზე… ამიტომ იყო, რომ ძველი უსახური სამშობიაროები დავანგრიეთ და ახლები ავაშენეთ! დემოგრაფიული ბუმი იყო ჩემს დროს!.. 5-6 ბავშვს რომ აჩენდნენ, მერე ცოტას შეისვენებდნენ, სამსართულიან სახლს გვერდით მეორეს მიდგამდნენ, რამდენიმე ჰექტარ ვაზს ჩაყრიდნენ, ოჯახურ სასტუმროს აიშენებდნენ, ბიზნესში 1-2 მილიონს კიდე მოაგროვებდნენ და ისევ შეუდგებოდნენ ბუმობანას…
– რა შიმშილი? რის შიმშილი? ისეთი ბედნიერი იყო ხალხი – დიდი და პატარა!.. მე რომ მხედავდნენ, – 8-საუკუნოვანი სტაგნაციის შემდეგ ჩვენს აღმშენებლობის ტემპებს რომ გრძნობდნენ… – არც ჭამა ახსოვდათ და არც სმა! ხანდახან შევივლიდი ხოლმე „კათარზისში“ და წარმოგიდგენიათ?.. – ცარიელი იყო!.. მერე უცებ მოირბენდნენ ხოლმე ბედნიერი მოხუცები, ვინც იქვე ცხოვრობდა, ჩემს მიერ გარემონტებულ მთავარ პროსპექტზე 4-5-ოთახიან აპარტამენტებში!.. ჩემს სანახავად მოდიოდნენ, განა საჭმელი უნდოდათ!.. მე იქეთ ვაძალებდი – ჭამეთ, რამე გადაიღეთ-მეთქი, და ეგენი, კიდე, შემომციცინებდნენ და იღიმებოდნენ ბედნიერები… მე რომ მივირთმევდი, ეს უხაროდათ, დაიჯერებთ?..
– ჩემს დროს – ოქროს ხანაში – იყო საოცარი აღმავლობა – შემოდიოდა ინვესტიციები, მდიდრდებოდნენ ადამიანები, იკლებდა ფასები, შენდებოდა შენობები, ყველა ბედნიერი იყო – არ მინახავს არცერთი უბედური ადამიანი! არ მომსწრებია არცერთი შეცდომა, არც ჩემი – არც ჩემი გუნდის მხრიდან! ხალხს ჩვენ ვუყვარდით და გულში გვიხუტებდნენ, მუცელს გვილოცავდნენ, ჩვენს ფეხსაცმელებს ჰკოცნიდნენ, ჩვენს ნაჩუქარ 2 კილო შაქარზე და მაკარონზე ცრემლები მოსდიოდათ ბედნიერებისაგან!
– და რამდენი ადამიანი ისეთი ბედნიერიც კი იყო, რომ საკუთარ ქონებას ნებით ჩუქნიდა იმ სახელმწიფოს და იმ პარტიას, ვინც მას ღირსება დაუბრუნა! – ათასობით იყვნენ ასეთები! ვეხვეწებოდით, დაიტოვეთ, ცოტა მაინც დაიტოვეთ – 50, 40, 30, 20, 10, … 5% მაინც!.. თქვენც არ მომიკვდეთ! ბოლომდე გვატენიდნენ ამ თავის ქონებებს და ბიზნესებს! ასეთი ენთუზიაზმი იყო!..
– ზოგიერთი ბიზნესმენი ბედნიერებისაგან ხელოვნებაში გადაეშვა… იყო ერთი ასეთი მეპურე, გვარს არ დავასახელებ, ისედაც მიხვდებით, რადგან მერე იგი ჩვენი სამშობლოს პირველი პოეტად იქცა – ყველა დროის საუკეთესო ტრუბადურად! ჯერ საშუალო რანგის ბიზნესმენი იყო, მერე ჩვენ მივეხმარეთ ცოტა… აი, ჩვენი ჟანდარმერიის შეფი მიეხმარა – ისეთი კაცია, არ შეუძლია ვინმეს არ დაეხმაროს, ჰოდა, ვიღაც თავისი ხალხი შეუშვა მის ბეღელებში, რომ ჭერი გაემაგრებინათ! და ისე გაამაგრეს, რომ ეს კაცი მილიონერი გახდა, მერე – ათმილიონერი… და ბედნიერებისაგან ლექსების წერა დაიწყო… და როგორც მერე თვითონ აღწერა, ლექსს კი არ წერდა, პირიქით, ლექსი მოდიოდა მასთან და წერდა!!! ამას წერდა ლექსი!!. წარმოგიდგენიათ! ჰე-ყეეეე, ჰე-ყეე, ჰეე-ყეეეე… ჰოდა ლექსისგან დაწერილმა უკვე ასმილიონიან ქონებასაც გამოჰკრა ხელი! რა ენაღვლებოდა, ჟანდარმერია უმაგრებდა ჭერს, როგორც გითხარით!..
– იყო პირიქით შემთხვევებიც – პოეტები, მსახიობები, თავდაცვის მინისტრები, აპარატის უფროსები, უბრალო იურისტები – მიდიოდნენ ბიზნესში, იღებდნენ დაბალპროცენტიან კრედიტს, ან – სულაც გრანტებს, ფულის კეთებას იწყებდნენ… მდიდრდებოდნენ… ლაღდებოდნენ… მეორე, მესამე პირი ცოლ-შვილი მოჰყავდათ – როცა წელს მოიდგამ, ხდება ხოლმე… მიყვარს ლაღი ხალხი… მე ვიკითხო, მე – საწყალმა, თორემ … მაგრამ რას იზამ?! ზოგი ბიზნესშია ძლიერი და, სამაგიეროდ, ქვეყნის მართვის ინჩი-ბინჩი არ გაეგება, მე კი, პირიქით – მხოლოდ ქვეყნის მართვის ტალანტი მაქვს! ბიზნესში კი ისევე უბირი ვარ, როგორც საცოდავი დედაჩემი და ბიძაჩემი – მაგათ დავემსგავსე, მაგათსავით „ბესსერებრენნიკი“ ვარ, როგორც იტყვიან ისინი, ვისი ხსენებაც არ მინდა.. თუ რამე არაა გასაყიდი, ყოველ შემთხვევაში… აი, მაშინაც არ მინდა მაგ უხსენებლების ხსენება, წარმოგიდგენიათ?! ძალიან პრინციპული ვარ, ვინც მაწყენინებს, მერე იმისკენ პირს აღარ მივიქცევ… ვერავინ დამაჩოქებს…
– ახლა, ისეთი, განა რა წყენა იყო?!. არც არაფერი, – რაღაც ორიოდ რაიონი დავკარგეთ ომში! და თან, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ის ომი ჩვენ მოვიგეთ, ფაქტიურად – გავაცამტვერეთ!… ხომ გასაგებია, რომ თავად ისინი არიან დამარცხებულებიც და გულზეშემოყრილებიც! ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ და მთელმა მსოფლიომ დაინახა მათი საზარელი სახე… დაინახეს და ისე შეძრწუნდნენ, რომ დღემდე იქეთ გახედვა აღარ უნდათ!
– ჩვენ მივდიოდით ევროპისკენ! მივდიოდით კი არა, – მივჯგლინებდით! მივქროდით!.. და რომ მივაკაკუნეთ კარზე, – ვერ გაგიღებთო, გვითხრეს!!.
– იცით, რატომ? გაგეცინებათ და, – შეეშინდათ!.. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ იმ საზარელ ურჩხულს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ… თუმცა, რა იცი, იქნებ ნაწილობრივ იმიტომაც! არა!.. იმიტომ, რომ მათ ჩვენი უმაღლესი სტანდარტის დემოკრატია და თავისუფლება ვერ აიტანეს, ჩვენი საუკეთესო სასამართლოსი და სწორუპოვარი პროკურატურის ან – შეშურდათ, ან – შეეშინდათ, რომ მათი მოსახლეობაც იგივეს მოითხოვდა, ჩვენი შემყურე!.. აი, ამას ჰქვია, “ვაი დემოკრატიისაგან”, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა…
– ან როგორი სოფლის მეურნეობა გვქონდა? ფანტასტიურად წარმატებული! აქაურები უკვე ლატიფუნდიების მფლობელები გახდნენ და უცხოელ დაქირავებულ პერსონალს ამუშავებდნენ… ვეუბნებოდი, ხომ არ გინდათ დაბალპროცენტიანი კრედიტი, ან ტრაქტორები, ან სასუქი, ან რაიმე ხელშეწყობა? გაგიგონია – არაფერი უნდოდათ! შენო, ისეთი პირობები შეგვიქმენი, მეტი რაღა უნდა გვინდოდესო! თავზე გადაგვდიოდა ჭირნახული – არ ვიცოდით, სად გაგვეტანა, ან სად გაგვენადგურებინა – ჭარბწარმოების კრიზისი გვქონდა… მაგრამ იმაზეც ვიზრუნე, რომ თუ ბრაზისაგან მართლა გაანადგურებდნენ, backup-ისთვის თურქული საქონელი მუდამ იყო გამზადებული სარეზერვოდ. ეს იმისთვის, რომ ხალხი არ დაჩაგრულიყო, თუ ჩვენი ლატიფუნდისტები ფასებს ძააალიან მაღლა აწევდნენ. ვინც ვერ ერგებოდა ჩვენს აგრარულ პოლიტიკას, ჩვენმა უდიდესმა ლიბერტარიანელმა მათთვის სპეციალური სამარშრუტო გეგმა შექმნა, სად უნდა წასულიყივნენ ის კაცები და ქალები, ვისაც სოფლის მეურნეობა მოსწყინდა და თვალისათვის წყლის დალევინება და მსოფლიოს მოვლა გადაწყვიტა… ჰოდა, უვლიდნენ და უვლიდნენ მთელ მსოფლიოს, თქვენი მოწონებული! უკან არც კი ბრუნდებოდნენ, წარმოგიდგენიათ, ბედი მომეცი დ სანეხვეზე გადამაგდეო! – და ჩვენი კი, ესენი – ევროპაში გადავაგდეთ! მააშ! ძალიან მადლობელები იყვნენ! ქალები, განსაკუთრებით. ჩვენ ხომ ისინი პატრიარქალური ოჯახის ხუნდებისაგან ვიხსენით და მთელი მსოფლიო მოვატარეთ!
– და რამდენ სახლებს ვაშენებდით? ათობით, ასობით…მილიონობით სახლს, სასტუმროს, ბენზინგასამართ სადგურს (თავდაცვის მინისტრი გვყავდა ისეთი მენავთობეე… მიმიქარავს მენავთობე ქალები!) თითოეულ სასტუმროს მშენებლობაზე 20,000… ზოგან სულაც 50,000 კაცი მუშაობდა… მუშახელი გვაკლდა და ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან ჩამოგვყავდა… ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, სან-ფრანცისკოს ღარიბი კვარტლებიდანაც დაიძრა ხალხი Far and Away!.. არა, სულაც არ ვაჭარბებ! თქვენ ხომ გაგიგიათ ტრამპი? – აი, მარტო ტრამპმა ააშენა ჩვენთან 40-მდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – ფაქტიურად ყველგან, ბათუმიდან – წნორამდე! სადაა ახლა ეს სატუმროები?.. ჰმ… დაანგრიეს!.. ნუთუ არ იცით, რომ ყველაფერი დაინგრა და გაპარტახდა… ქარმა? არა ბატონო, რა ქარმა!.. ქარიშხალმა! რუსული ფულით მოსულმა ქარიშხალმა დაანგრია ჩემი სამოთხე, ჩემი გეთსიმანიის ბაღი, დაძირა ჩემი ატლანტიდა…
– ჰო, დღეს საშინელი ქარია გარეთ! სახურავები გადაგლიჯა, ათობით… ასობით… ათასობით სახლი დაინგრა ამათი უთავობის გამო… მაგრამ ეს რაა იმ მილიონობით სახლთან, რასაც უქარო ამინდშიც კი ანგრევენ… ხიდები? ხიდები სულ დაშალეს და დახერხეს… თქვენ როგორ გადმოხვედით მდინარეზე? მებორნემ გადმოგიყვანათ? – რაა?? ხიდით? უცნაურია… არცერთი ხიდი აღარ იყო დარჩენილი, ალბათ , პანტონებით ააგეს დროებით…
– ჩემს დროს ქარი კი არა, ნიავიც არ უბერავდა! ისეთი წყობა მქონდა, რომ თოვლიც საუკეთესო მოდიოდა და ბათუმში ნოემბერშიც კი დუბაიდან ჩამოდიოდა ხალხი გასარუჯად! ფაქტიურად ზონებად მქონდა დაყოფილი ქვეყანა – მესტიის ზონა – ალპური, ბათუმი (მამა ენაცვალოს!) ქობულეთი (ჯანდაბა მაგათ!) ანაკლია (ჩემი საფერფლე!) ლაზიკა (ჩემი სასულე!) ზონა – საცურაო-სადაივინგო ზონა (7X24X12X9)… სიღნაღი – სასიყვარულო ზონა… ბორჯომი – სამილსადენო ზონა… იყო კიდევ რუსთავის ზონა, გეგუთის ზონა, ქვიტირის ზონა, გლდანის განსაკუთრებული ზონა… როგორი იმედი მქონდა გლდანის ზონის… ეეხ… ყველაფერი მოსპეს და წაბილწეს…
– არც წვიმა მოდიოდა ჩემს დროს!.. ნუ ერთხელ მოწვიმა მარტო თბილისში, ცოტა წამოუშხაპუნა… კარგად არ მახსოვს, ფეხბურთზე ვიყავი იმ დღეს, პლატინის უნდა მოვლაპარაკებოდი ახალგაზრდების ოლიმპიადაზე… ბუნდოვნად მახსოვს… ერთხელ, კიდე , ჟუჟუნა წვიმა იყო ბათუმში, ცოტა დაგვისველდა ის ბრმა მომღერალი, სოფიმ ქოლგაც კი დაუჭირა სათუთს…
– ჩემს დროს არავინ ეწეოდა და არც იჩხირავდა… ახლა კი სადარბაზოები შპრიცებითაა სავსე. სადაც კი შევალ, სულ შპრიცები და შპრიცები! ჩემს დროს ახალგაზრდობა უფრო მორალური იყო, მე ვაქცევდი ამას ყურადღებას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი… ძალიან კარგად ვაქცევდი… მომენტალურად ვაქცევდი… ზუსტად იმად ვაქცევდი, რაც მდგრად ეკონომიკას და განვითარებას სჭირდებოდა… ხშირად უბრალო ოფიციანტი და მეპურე მინისტრადაც კი გადამიქცევია, მააშ! მე მიყვარდა ახალგაზრდებისათვის შანსის მიცემა! ისე ვზრუნავდი მათზე, რომ ბევრი მამა და მამაშა ვერ იზრუნებდა… მათ დაოჯახებაშიც არაერთხელ აქტიური მონაწილეობა მიმიღია… C’est la vie, mon cher, c’est la vie…
– რაა? რა ბრძანეთ?.. როგორ… არა… არა, არა, არა… ნუთუ თქვენ, არა… ნორმალური ადამიანი ბრძანდებით, ვზივართ აქ და ნორმალურად ვსაუბრობთ… არ გვეკადრება ჩვენ, ჩვენს ამ აბოლუტურად ტრანსპარენტულ დიალოგს არ ეკადრება ასეთი ინსინუაციები – რა წამება… როგორ გეკადრებათ… რა ელიტური კორუფცია… მე და კორუფცია? მე კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ნოშრევანს, მეუბნებით ამას? კარგით, რა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვრები… ძალიან გთხოვთ არ გამიფუჭოთ, ნიკა, თქვენზე ლამის ასე კარგად ჩამოყალიბებული შეხედულება… ჩვენ ხომ მოზრდილი და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები ვართ და არა რაღაც მასა, რომელსაც ჩასძახეს და სჯერათ, რომ იყო კორუფცია, იყო დაშინებული მოსამართლეები… გინდათ გაჩვენოთ, რამდენი დასავლური ჟურნალი და გაზეთი წერდა ჩვენზე, როგორც კორუფციის წინააღმდეგ #1 მებრძოლ ქვეყანაზე? – აი, ხომ ხედავთ იმ, აიმ უშველებელ შეკვრას – ეგ სულ ეგეთი სტატიებია! დაახლოებით მაგდენივეა მეორე სტოპკაშიც, სადაც ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად გვთვლიან! მესამე სტოპკაში აღარც ვიცი რაა, მაგრამ იქაც ძალიან კარგი რაღაცეები სწერია ჩვენს გამჭვირვალობაზე და განუმეორებლობაზე! ეკას გაახარებს ღმერთი, რომ ეს ყველაფერი ასე ლამაზად მოაგროვა და დამიდო, რომ ზოგიერთ ტვინგაყინულ ურწმუნო თომებს შუბლზე ავაფარო! ნუ, თქვენ არ ხართ, ტვინგაყინული, იმედი მაქვს!… არ გვინდა ეგ საუბრები… წამბეა, ტანჯვა, გვამები სახურავზე… ეს ხომ ცნობილია ყველასთვის, რომ ბლეფია, არავითარი გვამი სახურავზე არ ყოფილა!.. არავითარი დარბევა… როგორ გეკადრებათ… ვიღაცას წვიმაში ფეხი დაუცდა, წაიქცა, შუბლი ბორდიურს დაარტყა, ჩვენმა სპეცნაზელებმა სათუთად აიყვანეს, შეუხვიეს, განყოფილებაში წაიყვანეს ოქმის გასაფორმებლად და ა, ეგ იყო სულ რაც სინამდვილეში ხდებოდა, ხოლო მერე წერდნენ – ასობით ნაცემი, გვამები სახურვაზე… ეხლა, მაპატიეთ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, რომ ადამიანებს დენი ურტყამს, დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? არ უნდა ებოდიალათ სახურავებზე და დრესაც მშვენივრად იქნებოდნენ… ეგღა მაკლია ეხლა ეგეთ ბჟუტურზე სერეოზულად ვუპასუხო… ბარემ ეგეც მკითხეთ, თუ მოვკალი ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი მარჯვენა ხელი, ადამიანმა, რომელმაც მე რევოლუცია მომახდენინა – საკუთარი ხელით! ეს ხომ სისულელეა! დაიმახსოვრეთ – ეს სისულელეა და მარად სისულელე იქნება! ისევე როგორც ის, თითქოს ჩემი მეუღლე მკვდრებს აჭრიდა ორგანოებს!.. არავის არ ჯერა მაგ ბოროტი ფანტაზიების… არავის – აი, მტკიცებულებები – ეგერ დალაგებული! ან თუ გინდათ, წამყვან ევროპელ პოლიტიკოსებს ჰკითხეთ – ისინი მაინც პირუთვნელად გეტყვიან! აი, აგერ შემიძლია მოგცეთ მათი მეილები და ტელეფონები – კარლის, ვილფრედის, ეჟის, ვიტა… აი, ამათ უნდა მოუსმინოთ და არა იმ მნგრეველებს!..
– კარგით შევრიგდეთ, მესმის რომ ძნელია, ამ პროპაგანდას დაუპირისპირდე! როგორ მოსპეს მედია – როგორ გებელსური პროპაგანდის იარაღად აქციეს, რას არ აჯერებენ ხალხს! რომ თითქოს მე, მე მათ ფულს ვპარავდი! მე, რომელმაც ბიუჯეტი ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ გავზარდე, ვპარავდი ფულს ლტოლვილებს და უსახლკაროებს… რა მარაზმია, ალექს, ამაში არ გაერიოთ, ძალიან გთხოვთ, თქვენ ხომ რესპექტაბელური ჟურნალისტი ხართ და არა ვიღაც ვიგინდარა…
– ეეხ… ყველა ბედნიერი იყო… მეც როგორი ბედნიერი ვიყავი?! წარმოიდგინეთ, ავდგებოდი სისხამ დილით, ნაშუადღევს და გავფრინდებოდი ბათუმში, ჩემ ქალიშვილთან … ააა! როგორ არ მყავს,!… მყავს ქალიშვილი – სწორედ ბათუმია ჩემი ქალიშვილი… ჰა-ყააააააა-ჰა-ყააა-ჰააა-ყაააა…. არ იცოდით? კი, სხვა ქალიშვილებიც მყავს… მთელი რემა!.. გაუხედნავები… გახედნილები… ჰა-ყაააა-ჰა-ყაააააა… ჰოდა იქ, რაღაცას გავხსნიდი… ყოველთვის მოინახებოდა რამე გასახსნელი… მერე გადავფრინდებოდი ფოთში – ეგ განსაკუთრებით მიყვარდა, იქ ღრუბელ-ღრუბელ ნავარდი… რამდენი კილომეტრია? რა ვიცი, ალბათ 30, ან 100 – რა მნიშვნელობა აქვს, ფეხით ხომ არ მივდიოდი, ან ტაქსით, – თვითმფრინავს მივყავდი… ისე, მე იმდენი აეროპორტი ავაშენე, ხანდახან პილოტებს ეშლებოდათ და ფოთის მაგიერ სენაკში ან ბათუმში ჯდებოდნენ… იქაც, ფოთშიც რამეს გავხსნიდი… საავადმყოფოების გახსნა მიყვარდა – შევიდოდი, იქ კი ვიღაც ხალხი მხვდება და მიყვებიან, როგორ ოცნებობდნენ საავადმყოფოში მოხვედრაზე და ჩემს ნახვაზე, რომ მოეყოლათ, როგორ ოცნებობდნენ მთელი სიცოცხლე… ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სასიამოვნოა, როცა ხალხი ამას გიყვება… არა, ხანდახან კი მეპარებოდა ეჭვი, რომ არაფერს მეუბნებოდნენ გაჭირვებაზე, მაგრამ ამ აზრს უცებ ვიცილებდი თავიდან – სად იყო გაჭირვება? სად? ვერ მონახავდით ვერსად! ლტოლვილებიც კი სულ მღეროდნენ და იცინოდნენ! არავინ ისე საამურად ირ იცინოდა, როგორც ლტოლვილები – ბავშვები გან საკუთრებით… მერე ვერტმფრენით დავჯდებოდი რიკოთზედ – იქ გზების მინისტრი დამხვდებოდა მორიგი ინფარქტის შემდეგ – ეგეთი კაცია – მომხიბვლელი და ინფარქტიანი – უყვარდა, რომ ვეხუმრებოდი ხოლმე, გაწითლდებოდა და იცინოდა, ძალიან უყვარდა ჩემი ხუმრობა, სულ არ სწყინდა… – ჰოდა, გვირაბში მივდივართ და მიყვება, როგორ ვაჯობეთ უკვე იტალიასაც (წინაზე – შვეიცარიისთვის გვქონდა ნაჯობნი!) მერე იქ რომელიმე სუპერმარკეტს გავხსნიდი და გავიხსენებდი, როგორ ვიჯექით ოცი წელი ირანულ კიტრებზე… Lepota! ხსნი ამ სასტუმროებს, შადრევნებს, სუპერმარკეტებს, გადაგაქვს ძეგლები, მთები, და ხვდები, რომ ყველაფერი შეგიძლია!.. იცით, ეს რა გრძნობაა!?
– ერთხელ მოვინდომე და ლეგოს ქალაქი ავაშენე – მთელი ქალაქი!.. აი, ისეთი, ბავშვობიდან რომ ვოცნებობდი… ავაშენე და დედაჩემს და ბებიაჩემს მოვუყევი, აი, ის ლეგო 4308 რომ არ მიყიდეთ, ხომ მაინც მაქვს მეთქი!.. ჰა-ყააა, ჰა-ყაააააა ჰა-ყა=-ჰა-ყა-ჰა-ყა….
– ან რა იყო ჩვენი ღამეული ცხოვრება – ყოველღამე ფეიერვერკები! ფეიერვერკები! ფეიერვერკები! ხანდახან თვითმფრინავით აეროპორტს რომ მოვუახლოვდებოდი, ჩემი გვარდია ფეიერვერკების პარადს იწყებდა – ძალიან ლამაზია, ზემოდან რომ მოდიხარ და ფეიერვერკს უყურებ… ჰოდა, როცა შენთვისაა ორგანიზებული, ხომ უფრო მაგარია!.. და თუ თავად შენი დაგეგმილია?.. – ოოოო – სულ უმაგრესი! ხანდახან, ვინმე ერთგულ ჟურნალისტს, ან მინისტრს – მოკლედ, ვინც იყო გვერდით, ხელს გადავხვევდი და ვეუბნებოდი – აი, ლამაზო, ახლა აქ წითელი გასკდება, მერე იქ – ყვითელი, მერე ცოტა მარცხნივ – მწვანე, რგოლებით, და ბოლოს – ლურჯი… ვარსკვლავებით, სასახლის თავზე… ჩამოვიდოდი და შარდენიდან – სუში ბარში, სუში ბარიდან – ბუდა ბარში, ბუდა ბარიდან – სიღნაღში, სიღნაღიდან – ანაკლიაში… და თუ კიდევ გვინდოდა რაღაც ექსტრავაგანტური – სულაც ბაქოში, ან ბოდრუმში… ბოდრუმში კი, დილით რომ გამოხვალ შორტებით ან თეთრი ხალათით ხუთვარსკვალვიანი სასტუმროს ტერასაზე, გვერდით მაგარი ნაშა გიზის და ყველამ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ხარ… აი, მაგაზეა ნათქვამი – THE WORLD IS YOURS! აი, ასეთი მომენტებისთვის ღირდა არჩევნებიც, ომიც… ათასი სხვა მაიმუნობა…
– და ახლა კი… რაღაა ახლა ჩემი ცხოვრება?.. ვარ აქ გამოკეტილი. ხანდახან ქალაქს რომ დავარტყა წრეს ვერტმფრენით, ეგეც საოცნებოდ მაქვს გადაქცეული… დაცვა არ მაძლევს უფლებას, აკრძალულიაო… დაცვა თორემ – ეგ რა დაცვაა? – 100 კაცი… 100 კაცი დამიცავს მეე?..
– მიბრძანდებით? რატომ ასე მალე? დარჩენილიყავით… აგერ ალინა გადავუშვი მეზობლად კაფეტერიაში – კარგ ხინკალს და პიცას აკეთებენ, ნაცნობ გოგოსაც გადმოიპატიჟებს, ძალიან კარგი გოგონაა, გესმით, ალბათ…დავჯდეთ… კრის დე ბურგს და კუტუნიოს მოვუსმინოთ… აღმშენებელობის სადღეგრძელო დავლიოთ… ბებოც მოვა, ჩემი საყვარელი სნიკერსი დაუცხვია, მერე დავჯდეთ… home theatre მაქვს კარგი, „კომედი შოუს“ ჩავუჯდეთ… მაგათი მთელი ფილმოთეკა მაქვს, ტერაბაიტებზეა ასული…
– კარგით, რადგან არ იშლით, კი ბატონო… აი, მანდ არის კარები. ეხლავე გაგიღებენ… ძაან მძიმეა, მააშ…
– ინტერვიუს რომ დაბეჭდავთ, გამაგებინეთ. მიყვარს, ჩემს ინტერვიუს რომ ვკითხულობ, ძველი დრო მახსნებდება… დაბრუნდება ეგ დრო! სერიოზულად ვმუშაობ ამაზე, მეორეჯერ რომ მოხვალთ, მერე მომავალზე ვილაპარაკოთ…
დრამატული ენდშპილი (ქუთაისური ცარცის წრე)
Posted: 2013/03/22 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ოპერაცია "აპრილი", რეიტინგული კენჭისყრა, საკონსტიტუციო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება %(count)s კომენტარისანამ სხვა რამეს გეტყოდეთ, გულახდილად გეტყვით, რომ, ალბათ, ზოგიერთი თქვეთაგანივით, გაორებული ემოციური მდგომარეობა მაქვს – რაღაცით კმაყოფილი და ამაყიც კი ვარ და რაღაცით – გაბრაზებული და გულდაწყვეტილი.
პარლამენტის დღევანდელ ბატალიებსა და საბოლოო გადაწყვეტილებაში კარგიც ბევრი იყო:
– კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომელი მხარეა პრინციპებს გამოკიდებული ახვარი და რომელი – ქვეყნის ბედზე მოაზროვნე და გულშემატკივარი;
– დადასტურდა, რომ ნაცების დაუსრულებელი გნიასი იმაზე, ხელებს გვიწრიახებენ, გვაშინებენ, გვაშანტაჟებენ, გვირტყამენ… და ასე შემდეგ, იყო სრული სიცრუე და ისეთივე დადგმული სპექტაკლი, როგორც ჩიორამ ევროპარლამენტარის წინაშე გაითამაშა! სინამდვილეში სხდომას არ დაესწრო სწორედ ის ათიოდე ნაცპარლამენტარი, რომელთაც დიდი შანსი იყო, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის და ზუსტად ისინი რომ არ დაესწრნენ, ამის ლოგიკური მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – თუ ვინმე მათ აშინებდა კომპრომატებით და ხელებს უწრიახებდა – ეს სწორედ ნაცმოძრაობა იყო, თორემ მთავრობას რომ მოენდომებინა, შსს მშვენივრად მოახერხებდა მათ „მობილიზაციას“! ამავდროულად ის ფაქტი, რომ დღემდე ვანო მერაბიშვილის, ირმა ნადირაშვილის, ბარამიძის და სხვა მამალი ნაციონალების ოჯახის წევრები ისევ მშვიდად მუშაობენ საჯარო სამსახურში, იმის დასტურია, რომ მათ წინააღმდეგ იმ პოლიტიკური ზეწოლის 0,0001%-საც კი არ აქვს ადგილი, რასაც ისინი თავად ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპონენტების (და არა – იდუმალი სატელიტების!) მიმართ, ლამის დაუფარავად და ამაყადაც კი მთელი 10 წელი!
– ეს ნამდვილად იყო მიხეილ სააკაშვილის ვატერლოო. დღეს მან გადააბარა ის ჯადოსნური კვერთხი, რომლითაც თავის მომხრეებს არწმუნებდა, რომ, არაუგვიანეს აპრილისა, მისი ძველი მთავრობა კონსტიტუციურად დაბრუნდებოდა! ახლა აშკარაა, რომ კონსტიტუციურად ხელისუფლებაში დაბრუნება ნაცმოძრაობას 2016 წლამდე აღარ შეუძლია (მანამდე, კიდე, ან მიაწევენ და ან – არა!) და ეს ის პოზიტიური შედეგია, რომელიც ნამდვილად ღირდა რეიტინგულ კენჭისყრაზე დათანხმებად! დღეს კონსტიტუციაზე და ქართველი ხალხის ბედზე მოძალადე ნაცმოძრაობის მარშალ ბეტანკურს ეს ჯადოსნური ჯოხი ჩამოერთვა და იგი ვეღარ მოახერხებს გიორგი ვაშაძის, გოგა ხაჩიძის და სხვა ჩლუნგი პოლკოვნიკ სეზარების და ლეიტენანტ ნავოლეების დაბოლებას და აღტყინებას, რომ იმათ ფეისბუქში ნეტარი ღიმილით წერონ „იდუმალი“ კოდური სიტყვა „აპრილი“… და თავად პრეზიდენტის გამოსვლაც კენჭისყრის შემდეგ კარგად მეტყველებდა იმაზე, რომ მისი ვითომ ნასიამოვნები სიფათის უკან ძალიან ცუდად შეფარული ნერვიულობა და დაბნეულობაც კი გამოსჭვივოდა და ბოღმამაც ისე ამოხეთქა, როგორც გამარჯვებულებს, წესით, არ ჩვევიათ. – მკვახე იყო ის ყურძენიო, სთქვა მელა მიხეილმა და მთელი თავისი გულ-ღვიძლი და პოსტოქტომბრული ილუზიები ტანჯვით გაატანა ამ მორიგ სიცრუეს… მაგ „მკვახე ყურძენზე“ იმედით რაზმავდი ბატალიონად ქცეულ ლეგიონებს, სათუთო! .. – აბა, ერთი კიდე დაურეკე ადეიშვილს! მიდი, დაურეკე და დაპაიჭე 19 აპრილისთვის და ნახე, სად გაგაგზავნოს ზურამ!
– ვიცი, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრი ამოიოხრებს, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ და დღეს ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერმა (უსუფაშვილი რომ კარგი პოლიტიკოსია, ამას მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ დებილი უნდა იყოს დღეს ადამიანი, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უსუფაშვილს მიაწეროს – რასაც ნაცები ინტენსიურად ცდილობენ, რომ საზოგადოებაში განხეთქილება ჩამოაგდონ), დიახ, ბიძინა ივანიშვილმა და მთელმა მისმა გუნდმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანასაც სჭირდებოდა (ამით დავიწყე არგუმენტები!), მაგრამ ამავდროულად ისიც, რასაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწონებენ. ამ პოლიტიკური პროცესის ბებიაქალი ნამდვილად იყო ამერიკულ-ევროპული დიპლომატია და ვიცი, რომ ბევრს ეს არ ეპიტნავება, მაგრამ დღეს სწორედ მათ თვალში ივანიშვილმა და ოცნებამ სერიოზული გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო სააკაშვილმა კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ ძალიან უხიაგი, დაუპროგნოზებელი, და საკუთარ ვიწრომერკანტილურ ინტერესებს გამოკიდებული ავანტიურისტია და გუნდიც შესაფერისი ჰყავს!
მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ცუდიც ბევრი იყო:
– ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა, ეჩვენებინა, რომ მათი მინიმუმ 42 დეპუტატი მართლაც შეკრული გუნდია და მზადაა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყვეს.
– თან ეს ნაციონალებმა მოახერხეს იმ საკითხზე, რომელზეც მათ მართლაც გაუჭირდათ ეთქვათ, რომ მათ რამე არგუმენტი ჰქონდათ, რატომ უნდა მიეცათ ხმა წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ახლა, როდესაც დაიწყება დებატები იმ საკითხზე, სადაც ისინი ძალიანაც არ იქნებიან შინაარსზე თანახმა, მათი წინააღმდეგობის პოტენციალი უფრო გაიზრდება.
– სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ მათ წინადადებაზე დათანხმება დღეს და არა გუშინ, იმის ნიშანია, რომ რეალობა ნაციონალებმა უკეთ შეაფასეს, თორემ სხვა შემთხვევაში უკეთესი იყო, არ დაგვეწყო ამდენი კატა-ვასია და თავიდანვე გვეთქვა, თუ გინდათ სპექტაკლი, ჯანდაბას, იყოს სპექტაკლი, მთელ ხალხს ეცოდინება, რომ ეს თქვენი ხუშტურიაო. მთელი დღის დაძაბულობის შემდეგ ფინალი აშკარად ძალიან ბევრი ჩვენთაგანისათვის ფრუსტრაციის ტოლფასი იყო.
– ნაციონალები შეეცდებიან, რომ ამ პირველ, „ნაჩუქარ“ ხმების მოცემას, მეორე მოსმენაზე უკვე სერიოზული ვაჭრობა მოაყოლონ – მოითხოვენ გარანტიებს, ამნისტიას, საქმეების შეჩერებას და ა.შ… ეს ის რეალობაა, რაზეც ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი – ამაზე დათანხმება უკვე იმის ტოლფასი იქნება, რომ ტერორისტის ნებას დაჰყვე! რამე სხვა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. უნდა გამოძიებულ იქნას, ვინ მოახდინა, იმ არგამოცხადებულ 12 დეპუტატზე ზეწოლა!
– ახლა, როცა ნაციონალებმა საკუთარი ნება მოახვიეს ოცნებას (კიდევ ერთხელ ვიმეორებ – შედეგი პოზიტიურია, მაგრამ რიგი ტაქტიკური შეცდომების გამო ეს სწორედ ასე გამოჩნდა, და არა სხვანაირად!), უკვე ის თავდაპირველი დაგეგმვა, რომ ამ კენჭისყრას მოჰყოლოდა სასამართლო რეფორმის საკითხის მეორე მოსმენა, აშკარად აღარ ჩანს მომგებიანად. მე პირადად, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხის გადადება უკეთესი იყოს.
– დაბოლოს, მთავარი – ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინდელი ფრუსტრაციის შემდეგ, როცა მათი მომხრეებში სრული დაბნეულობა იყო, დღეს მოახერხა იმ ილუზიის აღორძინება, რომ ეს სწორედ ასე იყო საჭირო, და რომ მათი ბელადი ახლა მეორე სუნთქვის, და აბსოლუტური იარაღის მოლოდინშია! მაგრამ ამაზე გაცილებით უარესია ის იმედგაცრუება, და განხეთქილებაც კი, რაც ოცნების მხარდამჭერთა შორის დღეს, სამწუხაროდ, არის. ბევრი მათგანი, ტრადიციულად, რესპუბლიკელებზე იყრის ჯავრს (რასაც ნაციონალები ახლა მთელი ძალღონით შეეცდებიან: როგორც ადრე იძახოდნენ, – ირაკლი ალასანია კარგი პოლიტიკოსიაო, ახლა უსუფაშვილის სიბრძნის ქებას დაიწყებენ ცეცხლზე ნავთის დასასახმელად), სხვები საგანელიძეს არ უწონებენ მის ზედმეტ ფამილარობას და ლამის ნაციონალების ერთობლივი ქეიფით მოხიბვლას, ბევრი ივანიშვილზეც იტყვის, რომ შეეშალა და პროცესისგან თავის შორს დაჭერით სადავეები გაუშვა და ა.შ და ა.შ.
გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის!
დღევანდელი შეცდომა ის კი არ იყო, რომ რეიტინგული კენჭისყრა ჩატარდა – მე პირადად (დიდი ეჭვების მიუხედავად), შედარებით დამშვიდებულზე მაინც ისე ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგიულად, ალბათ, ეს ბრძნული გადაწყვეტილება იყო და ამას ჩვენს მალე დავინახავთ, შეცდომა იყო გუშინდელი ვერგათვლა, რომ მოწინააღმდეგე მოახერხებდა ფეხების ჯორივით გაჩიკინებას და იმის ქადილი, რომ რეიტინგული კენჭისყრა გამორიცხული იყო…
მაგრამ რადგან შედეგი ერთმნიშვნელოვნად წამგებიანი არ არის – პირიქით, სტრატეგიულად ჩვენ მოვიგეთ, ხოლო ტაქტიკური მოგება ნაციონალებს იმის ილუზიებს დიდხანს ვერ შეუქმნის, რომ მათი მეფე უკვე სრული ბანკროტია და რომ მისი რეანიმაციის მცდელობა ისეთივე წარმატებით შეიძლება დასრულდეს, როგორც კრემლში ლენინისთვის ფეხების დათბუნვა და მიკროფონის ტუჩებთან მიტანა, ეგება ისევ გვითხრას, რა ვაკეთოთ და სად წავიდეთო!…
და ის 42 ნაციონალიც, რომელთაც დღეს „უდრეკობა“ გვიჩვენეს, მალე მიხვდებიან (უნდა მივახვედროთ), რომ დღეს მათ სააკაშვილის მონობა დაადასტურეს მხოლოდ!
და ამისთვის – მათ აზრზე მოსაყვანად – ჩვენ უნდა მოვინდომოთ. გვეყოფა მხოლოდ ივანიშვილის იმედად ყოფნა.
უბრალოდ, უნდა ვაგრძნობინოთ როგორ გვეზიზღებიან, რომ ქვეყნის უკვე საბოლოოდ გაბანძებულ პარაზიტს ერთგულებენ, – ქვეყნის ერთგულების ნაცვლად.
არავითარი აგრესია! არავითარი გინება და მუქარა! უბრალოდ მოვექცეთ ისე, თითქოს არც არსებობენ! არაა საჭირო სალამი და კეთილმეზობლობის დადასტურება! არავითარი მოკითხვები და გაღიმებები ქუჩაში შეხვედრისას! დღეს თუ საქართველოში არსებობს მე-5-ე კოლონა, ეს სწორედ ისინი არიან, რადგან მათ ქართველი ხალხის ცხოვრების გამწარება სურთ, საკუთარი ნაძარცვით ტკბობის თავისუფლების დაუძლეველი სურვილის გამო. მათი პრობლემა ჩვენ ვართ – ან უნდა შევუნდოთ, ან უნდა იგნორირება გავუკეთოთ…
ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მათ არ გავამარჯვებინოთ ისე, რომ არ ვიძალადოთ მათზე.
როგორც მოხუცმა სანტოსმა უთხრა მისი ოჯახის გამანადგურებელ მასიმოს, ჩვენც ისე უნდა ვუთხრათ ამ მორალისტ მასიმოებს:
– ახლა კი გიშვებ, როგორც ნაბიჭვარს! წადი!..
დამერწმუნეთ, ისინი ძალიან ინანებენ, რომ თავისი ბოლო შანსი – სამშობლო აერჩიათ და სააკაშვილი მარტო დაეტოვებინათ – ასე ქარაფშუტულად გაუშვეს ხელიდან!
და ამას, ალბათ, მაშინ მიხვდებიან, როცა მიშა პირველი მიატოვებთ მათ…
მე არ ვიცი, ვის რისი ილუზია აქვს, მაგრამ მე გახვრეტილ შაურს არ დავდებდი იმაზე, რომ დღევანდელი დღე ნაცმოძრაობის აღორძინების და კოჰაბიტაციური სამოთხის საწყისად იქცევა… სულაც – პირიქით… ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მას სწორი და გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის ხელოვნება კარგად ესმის. მისი ფრთხილი სტილი და თითქოს დუნე დინამიკა, როგორც ია ანთაძემ ერთხელ შენიშნა, აბსოლუტურად განსხვავებულია სააკაშვილის ცეცხლოვანი სტილის და ფეთქებადი, მაგრამ მოკლევადიანი დინამიკისაგან… მე ასე მგონია, რომ ივანიშვილის სტილი აიკიდოს ჰგავს, როცა მოწინააღმდეგეს აქტივობის შანსს აძლევ, რათა მისივე დაწყებულ ილეთზე წამოიკიდო და ძირს დააძნეყვო. ამ მხრივ, სააკაშვილის დღევანდელი შტურმი ძალიან მდიდარ შესაძლებლობებს იძლევა…
დღეს კი პარტია უკვე მერამდენედ გადაიდო. ჯერჯერობით ოცნებამ პაიკი შესწირა, მაგრამ სამაგიეროდ ენდშპილში სერიოზული პოზიციური უპირატესობა აქვს, რადგან მოწინააღმდეგის მეფე სრულიად დაუცველი და შიშველია, ხოლო მის ვითომ ერთგულ ფიგურებს გაქცევის სურვილს მხოლოდ მისდამი ძველი შიში უჩერებთ.
მაგრამ დაუცველი და შიშველი მეფისადმი შიში ძალიან სწრაფად აქროლადი რამეა, ღმერთმანი…
P. S.
დღეს მთელმა საქართველომ ქუთაისი პარლამენტის დარბაზში კიდევ იხილა ბრეხტის გენიალური „კავკასიური ცარცის წრე.“ და მაშინ, როცა ის მოხდა, რაც მოხდა, და როცა ქართულმა ოცნებამ მისეულ ვარიანტზე ქვეყნის და მომავლის სასარგებლოდ უარი თქვა, კიდევ ერთხელ ჩამესმა ნათელცხონებული რამაზ ჩხიკვაძის სიტყვები:
– ასე და ამრიგად, ყველასათვის ნათელი გახდა, თუ ვინ არის ამ ბავშვის ნამდვილი დედა!
1 ოქტომბრიდან ათვლა ხშირად მცდარია
Posted: 2013/03/17 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, მოსმენები, ნაცმოძრაობა, ოპერაცია "აპრილი", ოქრუაშვილი დატოვე კომენტარიძალიან მიკვირს ის აჟიოტაჟი, რაც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას მოჰყვა – ახალი მთავრობის დროსაც თავდაცვის სამინისტროს კომპიტერიდან ვირუსებს მიგზავნიდნენ და მისმენდნენო!
ჯერ ერთი, ირაკლი ოქრუაშვილისგან რაც მოგვისმენია, უფრო მეტი არ დადასტურებულა.
დავიშვათ, ოქრუაშვილის ეჭვი საფუძვლიანია და მას მართლაც უსმენდნენ თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან.
აქ საინტერესო ისაა, როდის იყო ეს.
ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ამონაწერი თითქოს დათარიღებულია 11 ნოემბრით!
მე ამაში საოცრებას არ ვხედავ და მინდა მივმართო ყველას, ვინც გაოცებული კითხულობს, “…ნუთუ, 1 ოქტომბრის შემდეგ ეს შეიძლებოდა? ნუთუ, ალასანია იყო ამის ორგანიზატორი?..”
1 ოქტომბერს თავი დაანებეთ. აქ სხვა თარიღები უნდა გავიხსენოთ.
პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს შედგა!
პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი 25 ოქტომბერს დაამტკიცა!
ირაკლი ალასანიამ თავისი მოადგილეები 31 ოქტომბერს წარადგინა!
2 ნოემბერს ალასანიამ გენშტაბის უფროსად “სასწავლებლად წასული” გიგი კალანდაძის ნაცვლად გენერალი კაპანაძე წარადგინა.
მიხეილ სააკაშვილმა კაპანაძის გაგონებაზე ტლინკები ჰყარა და კალანდაძე “ტრაპიდან მოაბრუნა”. მან ისევ გააგრძელა გენშტაბის უფროსის მოვალეობის შესრულება.
7 ნოემბერს გენერალი გიგი კალანდაძე დააკავეს.
9 ნოემბერს დაკავებული გიგი კალანდაძე გირაოთი გამოუშვეს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კალანდაძეს უნდა გაგრძელებინა გენშტაბის უფროსის მოვალეობის შესრულება
12 ნოემბერს გენერალ კალანდაძეს სასამართლომ გენშტაბის უფროსის უფლებამოსილება შეუჩერა და საქართველო გენშტაბის უფროსის გარეშე ლამის 3 კვირა იყო, სანამ დეკემბერის დასაწყისში (Sic!) მინისტრმა ალასანიამ მოახერხა პრეზიდენტ სააკაშვილისაგან ირაკლი ძნელაძის კანდიდატურაზე თანხმობის მიღება…
და ვინმეს უკვირს, რომ ამ, მაპატიეთ და, დაგნარში, ის ერთი კონკრეტული კუდისტი, რომელიც მოსმენებს ახორციელებდა, ისევ ისე თავის ადგილზე იყო და გაყურსული ყავას აყოლებდა ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახის მოსმენის დროს გაკეთებულ ჩანაწერებზე და სკრინშოტებზე?..
მე პირადად, ვფიქრობ, რომ 2012 წ. 11 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი სრულად ვერ აკონტროლებდა თავდაცვის სამინისტროს. და ნურც ირაკლი ოქრუაშვილი მოიკლავს თავს იმაზე ფიქრით, რომ მას ახალი მთავრობის დროსაც უსმენდნენ და ნურც ჩვენ დავიჯერებთ ამას… თუმცა, გამოძიება, რა თქმა უნდა საჭიროა! გამორიცხული ისიც არაა, რომ ასეთი “კადრები” დღესაც ბევრ რამეს “წყვეტდნენ”!
რა გიკვირთ – აგერ, 1 ოქტომბრიდან ლამის 6 თვე გავიდა და ნახევარზე მეტ საელჩოებში ელჩები ვერ შეგვიცვლია!!! გასაკვირი იქნება, რომ ამ საელჩოებიდან დღემდე ვიღაც “მოშნირო დიპლომატები” ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ მიშას გულის გასახარად?
ვფიქრობ, სწორედ 6 თვის თავზე – 2013 წლის 2 აპრილიდან დაიწყება უფრო ენერგიული გარდაქმნები! უნდა დასრულდეს ეს ბოროტი ზღაპრების კაშჩეის გაცოცხლებაზე… მერე, ეს უაზროდ გაწეილი პოლიტიკური პანაშვიდიც დასრულდება და საქმესაც უფრო მივხედავთ… იმასაც უფრო კარგად გავაკრიტიკებთ, თუ სადმე საქმე არ კეთდება…
ისე, “თუ” სულაც ზედმეტი იყო მანდ 🙂
ვენესუელელი ბლოგერის ადრესი – 10 მიზეზი, რატომ არ მომენატრება უგო ჩავესი
Posted: 2013/03/09 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, ვენესუელა, უგო ჩავესი %(count)s კომენტარიგადავხედოთ ამ ბლოგს და შევადაროთ ჩვენს რეალობას
=================================================
აი, რას უწუნებს ვენესუელელი ბლოგერი თავის აწგარდაცვლილ პრეზიდენტს:
1. ავტორიტარიზმი – იმის სრული უუნარობა, რომ ოპონენტთან პატიოსანი დიალოგი ეწარმოებინა.
2. კანონის უზენაესობისადმი უპატივცემულობა და დაუსჯელობის კლიმატის შექმნა. კონსტიტუციის მორგება საკუთარ ტანზე და მაინც, ლამის ყოველდღიურად ამ გადაკეთებული კონსტიტუციის დარღვევაც.
3. ცარიელი დაპირებები, რომ მისი ხელისუფლება ხალხისთვის იმუშავებდა. ამ დროს 14 წლის განმავლობაში ჩავესის დროს ნაკლები საზოგადო სახლები აშენდა, ვიდრე ნებისმიერი წინა პრეზიდენტის 5-წლიანი პრეზიდენტობის დროს. ჰოსპიტლებს დღეს არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. ცარიელი პროპაგანდა – აი, ჩავესის სტილი!
4. სამთავრობო კორუფციის ფანტასტიური დონე! მთავრობაში კორუფცია მანამდეც იყო, მაგრამ ახლა მისი მასშტაბი გაიზარდა თუ მედია მილიონობით დოლარის აორთქლების შესახებ რამეს დაწერდა, ჩავესის მთავარი რეაქცია მედიაზე შეტევა იყო. მხოლოდ მაშინ ხდებოდა კორუფციის გამოძიება, თუ საქმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ეხებოდა.
5. გაშვებული შესაძლებლობები! როცა ჩავესი პრეზიდენტი გახდა, ნავთობის ფასი $9.30 იყო, ხოლო 2008 წელს – $126.33 მიაღწია!.. ამ ფულით რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა! ხოლო ჩავესმა გადაწყვიტა, იგი კორუფციულად აეთვისებინა და ამომრჩეველთა მოსასყიდად და იარაღის საყიდლად გამოეყენებინა.
6. შეტევები კერძო მეწარმეებზე და ბიზნესზე! ასობით კერძო კომპანიის პრივატიზაცია, და მრავალი ასეულის გაბანკროტების ხელშეწყობა. არა იმიტომ, რომ სოციალისტი ან კომუნისტი იყო, არამედ უნდოდა, მის მეტს არავის ჰქონოდა მოგების მიღების და ოპონირების უნარი. რაც უფრო მეტი ხალხი ხდებოდა საჯარო (და არა კერძო კომპანიების) მოსამსახურე, მით მეტის ორგანიზება შეიძლებოდა ჩავესის მხარდასაჭერად პოლიტიკურ მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად. ხოლო ოპოზიციის დამფინანსებელი კი აღარავინ რჩებოდა!
7. დაცინვა და ცინიკურობა თავისუფლების და ადამიანის უფლებების მიმართ. ჩავესმა ის 30-ზე მეტი რადიო და ტელესადგური დახურა, რომლებიც მას აკრიტიკებდა! მან აუკრძალა გაზეთებს ვალუტის ოპერაციები, რათა საბეჭდი ქაღალდი ვეღარ ეყიდათ (ვენესუელაში ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეუძლიათ ვალუტის ყიდვა სპეციალური ნებართვის გარეშე!). ადამიანები წლობით იყვნენ ციხეებში სასამართლოს გარეშე, ან მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი გაჩნდათ! ათეულ ათასობით ადამიანს, ვინაც რეფერენდუმის მოთხოვნის პეტიციაზე ხელი მოაწერა, ჯარიმები დაკისრეს და საჯარო სამსახურში მოხვედრა აუკრძალეს. ხოლო მრავალს საერთოდ პირადობის მოწმებები და პასპორტებიც კი ჩამოართვეს.
8. აბსოლუტურად ცინიკური დემაგოგია ვენესუელის სუვერენობის საკითხით მანიპულირებაში. ამერიკელები კი გააგდო, მაგრამ კუბელებს, რუსებს, ჩინელებს და ირანელებს ხელებს ულოკავდა (ავტორი უფრო მძაფრ მეტაფორას ხმარობს, რაც მკვდრის მიმართ გაუმართლებლად ჩავთვალე, ს.თ.). ახლა უკვე კუბელი ოფიცრები გასცემენ ბრძანებებს ვენესუელის არმიაში. ხოლო ჩინურმა ნავთობის კომპანიებმა მოგების მარჟა იმაზე მეტად გაზარდეს, ვიდრე ამას დასავლური კომპანიების აკეთებდნენ. და ჩავესი არასოდეს მალავდა, რომ სწორედ იმ მთავრობებთან იყო კარგად, ვინც საკუთარ ხალხს ჟლეტს
9. ჩავესის ცინკური მიდგომა ძალადობის საკითხში. მან განაცხადა, ვენესუელაში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდაო, მაგრამ, სინამდვილეში, დაუშვა ისეთი შეიარაღებული უკანონო ფორმირებები, როგორც Tupamaros, La Piedrita და FBLN, მისცა მათ იარაღი, ისივე როგორც კოლუმბიელ ბოევიკებს, რომელბიც მკვლელები და ნარკოგამსაღებლები არიან.
10. მუდმივი დაცინვა დემოკრატიის მიმართ. ჩავესის საყვარელი შეტევა ოპოზიციის მიმართ იყო, ის, რომ მათ მუდმივად „პუტჩისტებად“ მოიხსენიებდა. მაგრამ მას ავიწყდებოდა მის მიერვე ორგანიზებული პუტჩი 1992 წელს და ისიც, რომ სამხედროები მუდამ არწმუნებდნენ, კიდეც რომ წააგო არჩევნები, ოპოზიციას ჩვენ „გადავუვლით“ და მოგებული მაინც შენ დარჩებიო! საკუთარ პარტიაშიც არავითარი დემოკრატია არ ჰქონდა, თავად პირადად არჩევდა პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ მერს თუ რაიონულ ხელმძღვანელს. როცა ოპოზიციიამ 2007 წელს მოიგო რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ჩავესს კონსტიტუციის შეცვლა სურდა, მან ეს რეფერენდუმი გაუქმებულად გამოაცხადა და მაინც მოახერხა, ცალკეული პარაგრაფების ისე შეცვლა, რომ რამდენჯერაც სურდა, იმდენჯერ შეეძლო კენჭი ეყარა. ხოლო 2010 წლის არჩევნებისთვის, ისე გადააკეთა საარჩევნო სისტემა, რომ ოპოზიციას ვერ შეძლებოდა 1/3-ზე მეტი ადგილის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროპორციული სისტემით 51%-ზე მეტი ხმები მოაგროვეს! ხელისუფლების შტოებს შორის არავითარი ბალანსი არ არსებობდა. ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ინსტიტუტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა…
================================
სტატიის ავტორი ასე ამთავრებს თავის საბრალდებო დასკვნას:
– აი, ამიტომ არასოდეს მომენატრები, უგო!
____________________
Follow Pancho49 on Twitter or read his Blog.
http://ireport.cnn.com/docs/DOC-937093?hpt=hp_c2