ქოსატყუილას ზღაპრები


ამ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეესწრო ქვეყნის შუქურყოფილი მაღალი ქოსატყუილას მიერ მორიგი ფოჩიანი სატყუარების დარიგების პროცესს, რომელსაც იგი ყოველთვის მიმართავს, როდესაც დამფრთხალია. და რომელსაც ის მეყსეულად შეწყვეტს, თუ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გადაყლაპავს ამ ანკესზე წამოგებულ ჭიაყელას და მორიგი ხუთი წლით ხელს მოაწერს დამონებაზე, დაჩმორებაზე, შვილების დაჭერასა და დახვრეტაზე, ბიზნესის და ქონების წართმევაზე, სოფლების გაპარტახებაზე და ქვეყნიდან მასობრივ გარეკვაზე.

45-60 წლის ხალხს გვპირდებიან, რომ დაგვასაქმებენ! ხოლო ვინც დაგვასაქმებს, იმათ პირდებიან, რომ საშემოსავლოს არ გადაახდევინებენ!

–         და ვინ გვპირდება?? ადამიანი, ვინც 8 წელია სწორედ 45 წელს გადაცილებულებს ინტენსიურად რეცხავს, სამსახურებიდან ყრის და პერსპექტივას ნოლად უქცევს! ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც 8 წელია, თქვენი პრობლემების მთავარი სათავეა! არ გათეთრდების ყორანი! მით უფრო, როცა ფული ჰქონდა, მაშინ არ გვასაქმებდა და გვახრჩობდა და ახლა, როცა ნოლზე ზის ბიუჯეტი – ახლა დაგვასაქმებს? და საშემოსავლოები რომ  გააუქმოს, მერე ბიუჯეტი ხომ დაუცარიელდება! და თავად ხომ არ მოიკლებს არაფერს! რას მოაკლებს? – პენსიებს!! დააკვირდით, არც ფინანსთა მინისტრმა, არც პრემიერ-მინისტრმა არაფერი იციან ამ ინიციატივაზე, რომელიც ეტყობა ვირთხების სიზმრით შეშინებულს სიზმრების მინისტრმა თუ მოალანდა…

გლეხებს, რომლებსაც ვალები დაედოთ ძალად შეტენილი და ფართოდ რეკლამირებული ჰიბრიდული სიმინდის გამო, სააკაშვილმა ამინისტია გამოუცხადა – თესლის შესაძენად აღებულ ვალს აღარ გადაგახდევინებთო!

–         მაგრამ თესლთუხუცესს არ უთქვამს, წელს ნაზარალებ სიმინდს, ტყუილად გადაყრილ შრომას და ხარჯებს ვინ აუნაზღაურებს გლეხებს!

–         და გჯერათ, რომ ესენი ჰიბრიდიზაციას თავს დაანებებენ? რას ამბობთ?  მათ, ალბათ, 2-3 წლის ჩაწოლილი სათესლე მასალის გასაღებისთვის  წინასწარ სერიოზული ჰონორარი აქვთ აღებული ჰიბრიდული სიმინდის წარმოებელი კომპანიისაგან და, თუ ასეა, ვითომ ადვილად შეელევიან საკუთარ მოგებას? აგერ, ახალმა გოროზმა მინისტრმა უკვე მიიღო ჰიბრიდული სიმინდის მომავალ წელს დათესვის გაზრდილი გეგმა! ასე რომ, არ დაიჯეროთ ქოსატყუილას ზღაპრები…

სახელმწიფო სექტორში ხელფასები გაიზრდებაო!

–         ეს კი ყველაზე დიდი ზღაპარია! სახელმწიფო სექტორის დაბალ რგოლში დაგეგმილია მასშტაბური შემცირებები.  უნივერსიტეტები, საგადასახადო სამსახურები და გამგეობები ამ შემცირებებს უკვე ახალ წლამდე  დაიწყებენ! უკვე დაგეგმილია და კიდევ უფრო მალე დაიწყება (ნოდარ მელაძის, თაკო ჩხაიძის და სხვა ტერმინატორების მიერ ინიცირებული) ექიმების და მასწავლებლების 2/3-ის შემცირება თბილისში და ქალაქებში, ხოლო ლიცენზიაჩამორთმეული პირებისთვის სოფლად დასაქმების შეთავაზება… ასე რომ, თუ ვინმეს მოუმატებენ კიდეც ხელფასს, ეს მხოლოდ ერთჯერადი საახალწლო პრემია იქნება და ისიც იმის ხარჯზე, რომ მის თანამშრომლებს სწორედ რომ საახალწლოდ შეამცირებენ!

…………….

მზადდება ახალი ფოჩიანი ტყუილების შეკვრა – რომ პენსია 2012 წელს გახდება ნანატრი 100 დოლარი, რომ საქართველოში ინვესტიციები 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს და საშუალო ხელფასი 500 დოლარი გახდება, რომ მალე ევროკავშირი უვიზო რეჟიმს დაგვიწესებს, რომ ნატო უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ … მსოფლიოში პირველად ონკანში შამპანური წამოვა და ციდან – ბრილიანტების თოვლი…

===========================================================

ახლა კი მინდა შეგახსენოთ იმ ვნებიანი დაპირებების ნაკრები, რასაც ჩვენი მაღალი ქოსატყუილა ასე შთაგონებით არიგებდა წლების განმავლობაში და ჩვენც ნეტარი სახით ვყლაპავდით.

იმედია, ეს ცივი შხაპი გამოგაფხიზლებთ სირინოზის ხმით დამტკბართ:

  • გპირდებით, რომ უახლოეს 4 წელიწადში საქართველო იქნება ერთიანი,  აღორძინებული და ძლიერი ქვეყანა.

–         შედეგი: რუსეთის მიერ ჩამოგლეჯილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებულია მისი და მისი სატელიტების მიერ და დასავლეთის არავითარი შეხსენებები და შეშფოთებები ამ ფაქტს არ ცვლის.

  • საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს მოხდება ჩემი მმართველობის პირველ 4 წელიწადში!

–         ნატოოოუუუუ! სადა, აბა, ნატო? სადა, აბა, მაპი? სადა, აბა, მაპზე უკეთესი?

  • ჩვენ განვახორციელებთ იუსტიციის სისტემის ძირეულ რეფორმას და შევქმნით სამართლიანი სასამართლოს, სადაც მოქალაქის ყველა უფლებები განუხრელად იქნება დაცული!

–         აბსოლუტური მარაზმი! საქართველოს ამჟამად აქვს გაცილებით უარესი იუსტიციის სისტემა, გაცილებით უსამართლო სასამართლო, სადაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0,04%-ია და გაცილებით დაუცველი მოსახლეობა, რომლის რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე ყალბი და შეთითხნილი საქმეების გამო იძულებულია მრავალათასიან საპროცესო გარიგებებზე წავიდეს, ან ცხოვრება და ჯანმრთელობა სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკებად ქცეულ საპატიმროებში გაატაროს…

  • ქართული პოლიცია ხალხის ერთგული მსახური! (2004 წ.)

–         ქართული პოლიცია სააკაშვილმა აქცია საკუთარ მსახურად და პოლიტიკურ პოლიციად – გესტაპოდ და ნულოვანი ტოლერანტობით გათამამებული და სისხლის სუნზე დაგეშილი გახელებული მკვლელებით აავსო. მეგის ქარდავები, ”მაიმუნები”, დათა ახალაიები…  პოლიციის მიერ დახოცილი გირგვლიანის და რობაქიძის, ციხეში წამებული გოჩა არქანიას, ოფიცერ სერგო თეთრაძის და სხვა ათობით მოკლული თუ წამებული პატიმრის სახელები საკმარისია იმისთვის, რომ ბედნიერი სახით გვიყვარდეს ჩვენი შვილების ვალების ხარჯზე აშენებულ მინის პირამიდებში მოფუსფუსე პოლიცია…

  • თავისუფალი მედია! ჟურნალისტის თავისუფლების დაცვა! (2004)

            – ”იმედის” დარბევა, 11 დანგრეული და პრივატიზირებული ტელევიზია, ავლაბრის ტურფებად ქცეული ერთდროს სერიოზული ჟურნალისტები და ახალი თაობა – დონაძეები, მელაძეები, ხარაზიშვილები, ფხაკაძეები  სხვა მსხვილი თუ წვრილი ურნალისტ-პროპაგანდისტები…

  • კონკურენტული ბიზნეს გარემო!

–         ვაი, თქვენს პატრონს, ვინც ამას ამტკიცებთ და ვისაც ამის გჯერათ! საქართველოში ბიზნესი არ არსებობს, საქართველოში არსებობს მხოლოდ დაკრიშული ბოზნესი, რომელიც ნაციონალურ ბოზბანდას ეკუთვნის!

  • მიხეილ სააკაშვილი: საქართველო გამოირჩევა, როგორც ჩვენი რეგიონის ყველაზე  წარმატებული ქვეყანა.

–         ეტყობა გარე და შიდა ინვესტიციებს, ეტყობა მთლიან შიდა პროდუქტს, ეტყობა საშუალო ხელფასის დონეს, ეტყობა ექსპორტის მაჩვენებლებს, ეტყობა საგარეო ვალის ზრდას,ეტყობა დასაქმების მაჩვენებლებს… ბიზნესის იოლად დაწყებაო?? ბიზნესის იოლად წაგლეჯაზე და ახევაზე რას იტყვით?

  • საქართველო იქნება აყვავებული და განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა!

–         ისემც სახელოთი მალი-მალ მოწმენდილი ცხვირი დაგიმშვენდა!

  • საქართველოს ექნება მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების სისტემა!

–         თუ თბილისის მერის, ჯანდაცვის მინისტრის და თავად პრეზიდენტის ოჯახისთვის ხელმისაწვდომობაზე იყო ლაპარაკი, ალბათ სწორია. სხვა მხრივ კი შემიძლია გაგიმხილოთ, რომ საქართველოს აღარ აქვს სამედიცინო დახმარების სისტემა. ეს არის სამედიცინო გატყავების სისტემა, რომელშიც ორივე მხარე – ექიმი და პაციენტი წაგებულია, ხოლო მოგებული არიან ავერსი, პე-ეს-პე და მათ მიერ ნაკვები ნაცმოძრაობა და პრეზიდენტი…

  • ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში! ჩემი მმართველობის პირველ ვადაშივე!.. (2004)

”ჩემი მმართველობის პირველ ვადაშივე ვაპირებდი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში დაბრუნებას, მაგრამ კარგად ცნობილი მოვლენების გამო ეს ამოცანა გადაიდო… თუმცა პირობას გაძლევთ, …შემდეგ ზამთარს უფრო თბილი კლიმატის პირობებში გავატარებთ; ჩვენ სახლებში დავბრუნდებით. მე ამას თქვენ გპირდებით და ამის გარანტიას ვიძლევი…” (2008)

       ულვაში! ულვაში უნდა დაგვეწიწკნა! – ათიათასობით ახალი დევნილი სამხრეთ ოსეთიდან და კოდორიდან… ათასობით დამცირებული და დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან სააკაშვილის მთავრობის მიერ საარსებო და დასაქმების პირობების გარეშედ შექმნილ გეტოებში გასახლებული დევნილი!

  • ”ცხინვალის დაბრუნება უახლოესი თვეების ამოცანაა!” (2008 წ!)

–         ეტყობა, ცხინვალის და ახალგორის რუსეთისთვის გადაცემის ამოცანაში გადაეზარდა საბოლოოდ…

  • საქართველოს აქვს სრული შანსი გახდეს ნატოს წევრი 2008 წელს!”

–         არ არის მითითებული, რომელი წელთაღრიცხვით! ეტყობა მაიას კალენდრით! ან – ვერას კალენდრით!

”საქართველო სიღარიბის გარეშე!” (2008)

–         როდესაც ეს გენიალური ლოზუნგი ”შეიქმნა”, ხოლო, სინამდვილეში, როდესაც სააკაშვილის ხელიდან გამოკვებილმა გრინბერგ-ქვინლან-როსნერმა მათ მიერ ჰონდურასისთვის გამოგონილ ამ აბსოლუტურად ყალბი ლოზუნგს საქართველოში გაუკეთა copy – paste, საქართველოში 1,000,000-მდე ადამიანი იყო სიღარიბის მონაცემთა ბაზაში, ხოლო 2010 წელს მათმა რიცხვმა 1,400,000 გადააჭარბა! პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია!

  • დასაქმება, დასაქმება, დასაქმება! (2008 წ.)

–         დღეს საქართველო ცნობილია იმით, რომ მისი ეკონომიკური ზრდის ვირტუალური ინდიკატორები ისეთივე ფანტასტიურია, როგორც უმუშევრობის ზრდის რეალური ტემპი. ამიტომ ინდიკატორებს დღეში 100-ჯერ გვახსენებენ, ხოლოდ უმუშევრობის რეალური ციფრები დამალულია. ოფიციალური ციფრიც – 16% სულაც არ არის მცირე, მაგრამ კვლევები ადასტურებენ, რომ რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი ამაზე 2-3-ჯერ მეტი მაინც არის.

  • ”დარია თუ ავდარია, მიშა – მაგარია!”

–         ალბათ აჯობებდა ასე – ”გორია თუ ახალგორი, მიშა მაგარია!” ეს უფრო ცხოვრებისეული სიმართლე იქნებოდა!

  • ”ჩვენ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ სტაბილურობის პირობებში უკვე ერთ წელიწადში იყოს 100 ამერიკული დოლარი და მე, როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, ისე შევასრულებ ამასაც” (2009).

–         ეს დაპირება, უფრო სწორედ მისი მეორე ნაწილი, არის იმის უბადლო ნიმუში, როგორ უნდა აყალიბებდეს თავის დაპირებებს ნამდვილი პოლიტიკოსი, რომ მერე სიამაყით განაცხადოს, რომ მან 100%-ით სიმართლე თქვა! კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდით ამ მაოს აფორიზმის სადარ მარგალიტს:  როგორც აქამდე შევასრულე ყველა დაპირება, ისე შევასრულებ ამასაც” !!! ფენომენალურია! მიშა  (ფენომენ)ალურია!

  • საქმე ლაპარაკის ნაცვლად! (2010)

–         ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ ღირს.

ძვირფასო მეგობრებო,

ახლა ხომ ყველასთვის აშკარაა, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე!

არა, თქვენ (თუ სურვილი გხერხავთ!) შეგიძლიათ კიდევ ენდოთ!

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთსადაიმავე ორმოში მრავალჯერ ვარდებიან, ვინც ერთსადაიმავე ფოცხს მრავალჯერ ადგამს ფეხს თავის გასახეთქად, ვინც მრავალჯერ აძლევს ფულს ერთსადაიმავე აფერისტს…

თუ თქვენ გინდათ, კიდევ ერთხელ მოგატყუოთ ქოსატყუილამ, თუ თქვენ მაზოხისტები ბრძანდებით – ადით ყვითელ ავტობუსში! ადით და იყვირეთ მთელი ხმით:

”ვირი ვარ და ვყვირივარ!”-თქო…

მაგრამ ძალიან გთხოვთ, თქვენს მეზობლებს, ახლობლებს და საერთოდ – სხვებს ნუ დაუწყებთ შებმას და დაბოლებას ქოსატყუილასაგან აღებული ოცლარიანებით მოხიბლულნი…

რადგან თუ ახლო ან შორეულ მომავალში ქოსატყუილას ძველი თუ ახალი ტირანების ფინიში დაუდგა, მერწმუნეთ, ვინმეს თქვენი ”ალალი” ქმედებებიც შეიძლება გაახსენდეს და ვაითუ თქვენზე გადატყდეს ის ავადსახსენებელი ჯოხი…

მოდით ავდგეთ და ავირჩიოთ ის, ვისაც არ მოვუტყუვებივართ!

ვისაც არ გადავუდგდივართ!

ვინც ჩვენი ნაჯაფით არ გასქელებულა!

ვისაც ჩვენთვის ბინები და სამუშაო არ წაურთმევია!

ვისაც ჩვენი ძმების, მამების თუ შვილების სისხლის ფასად რა უგრიალებია!

ვინც არაფერს დაგვპირებია და ბევრად იმაზე მეტი სიკეთე გაუკეთებია, რასაც წარმოვიდგენდით!

ხოლო ქოსატყუილები…

არ ვარ წინააღმდეგი ქოსატყუილების, რომლებიც გაშიფრულნი არიან და გულზე აწერიათ – ”ქოსატყუილა ვარ”…

მაგრამ მძულს ქოსატყუილები, რომლებიც სამოთხეს დაგვპირდნენ და არ უთქვამთ, რომ იმ სამოთხეს ჩვენს ხარჯზე – მხოლოდ თავისთვის აიშენებდნენ!

ვუთხრათ სიცრუეს და ძალადობას – “არა!”


”შუა უნდა გაიკრიფოს” – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ია ანთაძესთან (21/10/11)


ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ?
მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.

დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.
პირადად თქვენი შესაძლო დეპორტის შესახებ რომ განაცხადეს, ამაზე რას იტყვით?
– ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტუქტურები არსებობს, ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს. ქვეყანა კი არა, პატარა საწარმო არ შეიძლება, რომ ასე იმართებოდეს. მათ რომ გადანაწილებული ჰქონდეთ ფუნქციები სამინისტროებზე, ასეთ უმეცრებას არ ჩაიდენდნენ. ისიც კი ვერ გათვალეს, რომ თუ ჩემ შემთხვევაში რაღაც მოსადავებელი კიდევ იყო, ჩემი მეუღლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეკითხვაც არ შეიძლება დაისვას.

ერთმა დეპუტატმა ქალბატონმა ახსენა 90 დღე და დეპორტაცია. ისიც კი არ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ერთი წელი აქვთ უვიზოდ ყოფნის უფლება. მათი უბედურება ის არის, რომ მაგ გუნდში ჭკვიანი კაცი არ ჩანს, რომ სწორად გააანალიზოს ვითარება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თქვან – ეს კაცი საშიშია სახელმწიფოსთვისო – და ჩემი დეპორტაცია გადაწყვიტონ. მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ამით მხოლოდ მდგომარეობას გაიუარესებენ.

მათ უნდათ, მთელ ქვეყანას შავი ფარდა გადააფარონ; შუქი სადაც აღწევს და ვინც რაღაცას ხედავს, ისინი დააშინონ; მეორე ნაწილი კი სიცრუის მანქანით მოატყუონ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ, ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ.

ძალიან არ მომწონს მათი არასწორი ნაბიჯები და ყველანაირად ვცდილობ, რომ აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ესენი როგორმე შევაჩეროთ, როგორმე კანონიერების ფარგლებში დავაბრუნოთ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ შიდა ტემპერატურა დავწიო, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობთ. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ.
ბიზნესმენი იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესოდ მიაჩნია და პირადი კეთილდღეობით რისკავს. პოლიტიკოსი იძულებულია, გადაწყვეტილებები სხვებთან შეათანხმოს და მის რისკებზე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაა დამოკიდებული. თუ ხელისუფალი იმას აკეთებს, რაც მას სურს, ესე იგი, ქვეყანაში ავტორიტარიზმია. ბიზნესიდან წამოღებული რა გამოცდილება გამოგადგებათ პოლიტიკაში და რამდენად ხართ მზად კომპრომისებისა და შეთანხმებებისთვის?
– სინამდვილეში, ძალიან ბევრია საერთო, განსხვავება კი – ცოტა. ჩემს კომპანიებში, სადაც 100 000 კაცი მუშაობდა, ყოველთვის 10-12 კაცთან ერთად ვიღებდი გადაწყვეტილებას. ვინც ვერ ახერხებდა ჩემს კრიტიკას, იმას ახლოს არ ვიკარებდი. არ შეიძლება, კაცმა წარმატებას მიაღწიო, თუ შენ კარნახობ ყველას, რა უნდა გააკეთოს – როგორც ჩვენი მთავრობა იქცევა.

ვინც წარმატებას მიაღწია – და მე არ ვიქნები გამონაკლისი – ის ყოველთვის მაქსიმალურ ოპონირებას მოითხოვს, რათა შეცდომა არ დაუშვას. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა დაეყრდნო ლიბერალიზმსა და დემოკრატიას.

ბიზნესმენი, რომელიც ვერ ახერხებს დემოკრატიულ მართვას, ვერ ახერხებს ოპონენტების მოსმენას და ისეთი გუნდის შექმნას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებამდე თავისუფლად გამოითქმება სხვადასხვა აზრი, ჩემი აზრით, სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის შედეგი იყო, რომ როდესაც დეფოლტი მოხდა და ბანკი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, არც ერთი თანამშრომელი ადგილიდან არ დაძრულა, თვეობით მუშაობდნენ უხელფასოდ.

ახლა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი შევადაროთ. დემოკრატია რა არის? ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბიზნესმენი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ ლიბერალი არ არის და ერთპიროვნულად მართავს. მეორე მხრივ, პოლიტიკოსიც პირადი წარმატებისთვის იღვწის, თუმცა, ცდილობს, სხვაგვარად წარმოაჩინდეს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასეა.

წარმატებისკენ სწრაფვაში პოლიტიკოსი ბიზნესმენისგან არ განსხვავდება, პირიქით, ხშირად უფრო მეტადაც აგრესიულია. ბიზნესმენი თანდათან იზრდება და თვითონ ქმნის თავის სამოქმედო არეალს, პოლიტიკოსი კი მოდის გამზადებულზე და საზოგადოებისგან უკვე შექმნილის მოხმარებას იწყებს. ნიჭიერ პოლიტიკოსს შეუძლია – და ამის მაგალითი ბევრია – რომ სახელმწიფოც განავითაროს და სკამიც შეინარჩუნოს. უნიჭო და ნაკლებად ნიჭიერი, რომელიც ორივეს ერთად ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე სკამს აყენებს და ყველაფერზე მიდის მის შესანარჩუნებლად. გააჩნია, რა დონეზე მისცემს ამის უფლებას საზოგადოება. სინამდვილეში, სხვაობა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს შორის არც თუ ისე დიდია მართვის კუთხით.
ამბობენ, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქმედურანიანი, ენერგიული მთავრობა. ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმედით შეჰყურებდა. შემდეგ ხელისუფლება სულ უფრო არაპოპულარული და მიუღებელი გახდა. თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ხელისუფლებისადმი ნდობა უნდობლობად გადააქცია?
– ქმედუნარიანი მთავრობა?! ვერ დაგეთანხმებით. რამდენიმე პროექტი მართლაც განხორციელდა. პოლიციაში მოხდა რეფორმა და ის სირცხვილიც მოვიშორეთ, როდესაც უმაღლესში ქრთამით ეწყობოდნენ. მე არ მინდა, რომ ის კარგი დავკარგო, რაც გაკეთდა. მაგრამ განათლების სისტემაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, რაზეც ახლა არ შევჩერდები. საუბედუროდ, პოლიციამაც ის ეფექტურობა მთლიანად დაკარგა, რაც თავიდან ჰქონდა – პრაქტიკულად, სათავისოდ და ხალხის დასაშინებელ მანქანად იყენებენ.

ამიტომაც, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ქმედუნარიანი მთავრობა შეიქმნა. თანამდებობის პირთა მუდმივი გადაადგილებები საბავშვო თამაშებს ჰგავს. მართლაც ქმედუნარიანი მთავრობა ცოტა სხვანაირ შედეგებს მიიღებდა. ქმედითი შექმნეს ფულის შეგროვების მექანიზმი ბიუჯეტში, რაშიც მეც მივეხმარე და რასაც შევარდნაძის მთავრობა ვერ ახერხებდა.

სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ უნდა მოკრიბოს გადასახადი. საგადასახადო სამსახურში და საბაჟოზე ფულის დიდი ნაწილი ადგილზე რჩებოდა და ნაწილდებოდა, იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტში წასულიყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. პირველ ეტაპზე ეს იყო ეფექტური, როცა ბიუჯეტს თავისი სახე მიეცა. რაღაც ინვერსტიციები შემოვიდა, მშენებლობები დაიყო, მაგრამ დიდი და სერიოზული ინვესტიცია აქ არ განხორციელებულა.

ფულის შეგროვება რომ მოახერხეს, ეს ნამდვილად უნდა ჩავუთვალოთ, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ხდება, წარმოუდგენელია. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც ფინანსთა სამინისტროში ხდება. ან რას ჰგავს სახელმწიფო ბიუჯეტი?! ფინანსთა სამინისტრო და ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ გადაიქციეს. ატარებენ კონცერტებს, უაზრო ღონისძიებებს, ეს ნონსენსია. ასეთი რამ ვერ მოხდება, მაგალითად, საფრანგეთში, რომელიც საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოა.
მაინც, რა იყო მიზეზი, რომ ნდობა უნდობლობით შეიცვალა? ყველამ თავისი გზა გაიარა ნდობიდან უნდობლობამდე. თავიდან ხომ იყო ნდობა?
– დიახ, ნდობა იყო და მეც ეიფორიაში ვიყავი. ცალ-ცალკე ვიტყვი, რა იყო უნდობლობის გაჩენის მიზეზი ჩემთვის, და რა იყო, ჩემი აზრით, იმავეს მიზეზი ხალხისთვის. ნდობამ ჩაქრობა დაიწყო მაშინ, როცა ამათ თავისი რეალური სახის ჩვენება დაიწყეს; როცა რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო სახლებს ანგრევდნენ, როდესაც დამსახურებულ ადამიანებს აბუჩად იგდებდნენ და ასე შემდეგ.

დიახ, ეიფორია ნამდვილად იყო, რომ მოვიდა დემოკრატიული მთავრობა. მეც ამ განწყობით ვიყავი. თუნდაც, იგივე მეცხრე არხი, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერ სათადარიგო არხად მქონდა. მთელმა პერსონალმა იცოდა, რომ თუ რამე მოხდებოდა, ჩვენ გამოვიწევდით წინა პლანზე თავისუფალი სიტყვის დასაცავად. როცა ეს მთავრობა მოვიდა, ვერ ვიკადრე, რომ ამ ტელევიზიას ფუნქციონირება გაეგრძელებინა. ვფიქრობდი, რომ, ასრულდა ჩვენი ოცნება და არ მინდოდა, ჩასაფრებულის როლში აღმოვჩენილიყავი. ხელისუფლებას ვაჩუქე ტელევიზია, რომლის ნაწილი “რუსთავი 2”-ს მისცეს, ნაწილი, მე მგონი, პირველ არხს გადაულოცეს.

გახსოვთ, ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ აპატიეს… ამას მოჰყვა უკანონო ნგრევა, ქონების წართმევა, კიდევ სხვა და სხვა… ხალხმა ჩემზე ადრე დაიწყო სინამდვილის გაცნობიერება.

მათ ნელ-ნელა გამოაჩინეს საკუთარი სახე. დღეს ხომ არ დაბადებულან? ყოველთვის ასეთები იყვნენ. მე, ჩემდა სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, ვინ არიან ესენი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში, მქონდა ჩემი დღის რეჟიმი, დაკავებული ვიყავი ოჯახით, არ ვხვდებოდი პოლიტიკოსებს. საერთოდ, პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო. ჩემთვის ინფორმაცია ან თავად სააკაშვილს მოჰქონდა, ან მერაბიშვილს, რომელსაც ხანდახან მიშა გამოგზავნიდა ხოლმე, როცა ჩამოსვლა არ შემეძლო. მთავრობაშიც თითქმის არავის ვიცნობდი.

არადა, თავიდან ყველანაირად გვერდში ვედექი – რჩევით, ფინანსებით. ვეუბნებოდი, ოღონდ თქვენ კორუფცია მოსპეთ და წესრიგი დაამყარეთ, რაც საჭიროა, ყველაფრით დაგეხმარებით-მეთქი. საზოგადოებას რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში, იმ თანხას, ძირითადად, მე ვიხდიდი.

დრო რომ გადიოდა, რაღაცეები მესმოდა და არ მომწონდა, მაგრამ 7 ნოემბერს უკვე ძალიან დავიძაბე და მიშას დავურეკე. მითხრა, მე მოგცემ ყველა მასალას, მერაბიშვილი ჩამოვა და ჩამოგიტანსო. ამასობაში “იმედის” ამბები დატრიალდა. ძალიან გაცეცხლებულმა დავურეკე, ჭორვილაში ვიყავი. კატეგორიულად მოვთხოვე: “შეაჩერე!” მეუბნებოდა: შენ არ იცი, რა ხდება… საშინელება ხდება… სახელმწიფო გადატრიალება ხდება… მერე აგიხსნიო.

მეორე დღეს ჩამოვედი და ვკითხე, აბა, რა მოხდა-მეთქი. რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონდათ რეალური, რითიც დამარწმუნებდნენ.

სულ მეუბნებოდა, შენთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასიაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენს ურთიერთობაზე აღარ იყო საუბარი – “სასწრაფოდ გადადექი და საზოგადოებამ შეაფასოს შენი საქციელი. პირდაპირ გეუბნები, რომ ჩემთვის მიუღებელი პრეზიდენტი ხარ”.

მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, გადავდგებიო. მერე გავიგე, რომ ამაში უცხოეთიც ყოფილა ჩარეული.

გამიხარდა, რომ გადადგა. მაგრამ ამით რაღაც პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. რადგან რჩევით დახმარებას მთხოვდა, მეც, ნაწილობრივ, ჩავერთე პროცესში. ტელევიზორის ყურება დავიწყე და ამასობაში მივხვდი, რომ არ ყოფილა საქმე ისე, მე რომ მეგონა. თურმე, თბილისელები დასანახად ვეღარ იტანდნენ.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დავინახე, რომ ამან საზოგადოების ისე განაწყენება მოახერხა, – ხმებს ვერ აგროვებს. ვუთხარი – ისე ჩანს, არჩევნებს ვერ მოიგებ-მეთქი. თავიდან იხტიბარს არ იტეხდა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამომიტყდა, მძიმედ არის საქმეო. უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ დაწყებულის გაწყვეტა და პროცესიდან გამოსვლა ვერ ვიკადრე, მაგრამ კონტაქტი შევამცირე. ძალიან შემრცხვა ჩემი თავისა ამ ყველაფრის შემდეგ. განვიცადე, რომ სწორი პოზიცია ვერ დავიჭირე დროულად. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. იმ წუთში ძალიან შეცბა და მითხრა – მტოვებო? მე კი ვუპასუხე, რას ნიშნავს, გტოვებ – ინაუგურაციის დღე გაქვს, არჩევნებს ხომ არ იწყებ-მეთქი. ასე დამთავრდა ეს ამბავი.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ნდობა იმის გამო ხომ არ დაკარგა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილს ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდა? პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას მუდმივად გაჰყავდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო ყველა ადგილობრივ არჩევით ორგანოში – უმრავლესობა; რაც სახელისუფლო პარტიას საშუალებას აძლევდა, არავისთვის გაეწია ანგარიში და თვითნებური გადაწყვეტილებები მიეღო.
– გეთანხმებით. როდესაც მე ვამბობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალ, ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას – ⅔-ს პლუს ერთი. ჩემთვის იდეალურია პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთს მათგანს არ აქვს 50%. ორპარტიული პარლამენტი არ მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ოთხიც შეიძლება იყოს, ხუთიც და მეტიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყველაზე ეფექტური იქნება სამი პარტია.

როცა პარტია სულ რამდენიმე ადამიანით არის წარმოდგენილი პარლამენტში და გუნდი არ ჰყავს, ხედვებს ვერ აყალიბებს და პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას იმიტომ ვხედავ, რომ, უფრო პატარა გუნდით არსებით სისტემურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, ვინაიდან ჩვენი და ნაციონალების ხედვები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. არადა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებელია, რომ კონსტიტუცია გავმართოთ.
როგორი იქნებოდა კარგი კონსტიტუცია თქვენთვის? რა პრეტენზია გაქვთ ამ კონსტიტუციასთან?
– ამათ ხელწერას ვხედავ – როცა უნდათ და როგორც უნდათ, ერთ ღამეში ისე გადაწერენ და მოირგებენ კონსტიტუციას, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და მიაღწიონ სინგაპურიზაციას, თუ რაღაც ასეთს… მაგათ რომ ჰკითხო, სულ ეგენი უნდა იყვნენ და იყვნენ. კარგი ის კონსტიტუცია კი არ იქნება, რომელსაც მე დავწერ, არამედ, ის, რომელზეც საზოგადოება შეთანხმდება. ასევე, უნდა შედგეს – რასაც მიშასაც ვთავაზობდი – ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა: რა უნდა გაკეთდეს დასავლეთში, აღმოსავლეთში, მთაში, ბარში… ეს გეგმა უნდა შეადგინონ პროფესიანალებმა და ის მისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის. მე კი მაქვს ჩემი წარმოდგენა, მაგრამ მარტო არაფერს გადავწყვეტ, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი წესით სურს ცხოვრება.
მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას ხსნიდა იმით, რომ ქვეყანაში სწრაფ და ეფექტიან რეფორმებს მხოლოდ ერთიანი, შეკრული გუნდი გაატარებდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები არც მთავრობაში ფერხდება და არც პარლამენტში, მაგრამ ამ რეალობამ შეიწირა დემოკრატია. ხომ არ ჯობდა, რეფორმები უფრო ნელა, დებატებისა და დისკუსიების ფონზე წარმართულიყო, რაც, მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ნერვების წყვეტის ფასად დაუჯდებოდათ, მაგრამ ასეთ რეჟიმში მუშაობა მოსახლეობას ბევრი თვითნებური გადაწყვეტილებისგან დაიცავდა? ის არგუმენტი, რაც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად ემთხვევა სააკაშვილის არგუმენტს.
– რეფორმების ექსპორტიორი ქვეყანა ვართო, რომ აცხადებდნენ, რეალურად, ორი რეფორმა გაატარეს და ორივე დიდი ხარვეზებით, რაზეც ზემოთაც გესაუბრეთ. ამის გარდა, მათ არც ერთი რეფორმა არ განუხორციელებიათ.

მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ, არც იციან და ვერც შეიძენენ ვერასდროს. რაც მოხდა, ამათ სიჩქარის გამო კი არ მოუვიდათ, არამედ – უცოდინრობით. ვერ დავწამებ, რომ არ უნდოდათ. ბევრი მეუბნებოდა, ესენი ქვეყნის დასანგრევად არიან მოსულებიო. მე ამას ვერ ვიზიარებ. ბევრ რამეს მათი უმეცრებითა და თავისებურებით ვხსნი.

ახლა თქვენ მეუბნებით, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, თქვენც იმავეს ამბობთ და რატომ უნდა დაგიჯეროთო. რამდენიც უნდა ვირტყა გულში ხელი, რა თქმა უნდა, თეორიულად ამის საფრთხე არსებობს. თუმცა, იმისთვის, რომ მენდოთ, წარსულში უნდა გავიხედოთ, ჩემი გავლილი გზა უნდა გაითვალისწინოთ – რას მივაღწიე და რა დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ.

შეიძლება, მსოფლიოში ვერ ნახოთ მაგალითი, როცა კაცს პოლიტიკა კატეგორიულად არ უნდოდა და მაინც პოლიტიკაში მოვიდა. როცა ვამბობ, რომ ევროპელები შეიძლება გავაკვირვო დემოკრატიით, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რამის გაკეთება შედარებით იოლად შეიძლება. თუმცა, მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ესე იგი, მაქვს განცდა, რომ შემიძლია, ეს მოვახერხო.
და მაინც უნდა ჩაგეძიოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ცუდად დაებედა ე.წ. “აბსოლუტური უმრავლესობის” სინდრომი. შეუძლებელია, დავივიწყოთ, რომ პარტიები ხელისუფლებაში მოდიოდნენ დიდი უმრავლესობით და დიდი ნდობით, მაგრამ მიდიოდნენ პოლიტიკური კატაკლიზმებით. მათ ადგილს იკავებდა ახალი უმრავლესობა – იმავე პერსპექტივით. თქვენ საქართველოს მოსახლეობას ჰპირდებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოხვალთ და ორ–სამ წელიწადში არსებით რეფორმებს გაატარებთ. თავად ეს უმრავლესობა ხომ არ აღმოჩნდება საფრთხე, ერთი მხრივ, თქვენთვის და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის? უკეთესი ხომ არ იქნება, რომ მოჯადოებული წრე გაირღვეს და ძალთა ბალანსზე დამყარებული პარლამენტი ჩამოყალიბდეს? თუნდაც, შეიქმნას კანონი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარს განუსაზღვრავს და კოალიციის შექმნას აიძულებს?
– ძალიან კარგი კითხვაა. ზუსტად ამას ვაპირებ, როცა კონსტიტუციურ ცვლილებებზე ვსაუბრობ. ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა შევქმნათ, რომ გამოვრიცხოთ რისკები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის იდეალური ბალანსით – ერთი მესამედით – რომ მოვიდეთ – ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. მე კი ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავ და ამის შემდეგ ხელისუფლებიდან წავალ. აქამდე ეს არ მითქვამს: ვაპირებ, გადავიდე ჩვენ მიერ შექმნილი მთავრობის ოპოზიციაში. როცა ჩემს პირველ წერილში ვთქვი, რომ ორი-სამი წლის შემდეგ წავალ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მთავრობის პირველი ოპონენტი მე ვიქნები და ყველანაირად გავაძლიერებ ოპოზიციას, რათა სათანადო კონტროლი გავუწიო ხელისუფლებას. ამის პრეცედენტი მინდა, რომ შევქმნა.
ახლა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ, რომელიც გულზე ჩამოკიდებული ლოდივით გექნებათ: გინდათ, მოხვიდეთ უმრავლესობით, რათა შექმნათ კონსტიტუცია და ქვეყნის მართვის მოდელი, რომელიც ერთპარტიულ მართვას და ავტორიტარიზმს გამორიცხავს.
– დიახ, კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ავტორიტარიზმისგან მხოლოდ კონსტიტუცია ვერ დაგვიცავს. საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. სწორედ საზოგადოების გაძლიერებას ვაპირებ, ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.
ბევრი კრიტიკა ისმის დღევანდელი მთავრობის პერსონალური შემადგენლობის მიმართ. აპირებთ თუ არა, საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაცხადოთ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შედარების საშუალება?
– ჩრდილოვან კაბინეტზე ჯერ არ მიფიქრია, მზა პასუხი არ მაქვს. ნელ-ნელა შემექმნება ხედვა, ვის რა შეუძლია და ვინ სად აჯობებს, რომ დადგეს. ზოგს არ მოსწონს ალასანია, ზოგს რესპუბლიკელები, ზოგს სხვა და ზოგს – სხვა. მაგრამ, ჩვენი საზოგადოება ეს არის. მთვარიდან ხალხს ვერ მოვიყვან. მეც ბევრს არ მოვწონვარ… უნდა გავიგოთ, რომ არჩევანი ჩვენი საზოგადოებიდან უნდა გავაკეთოთ. მეც აქედან შევარჩევ ოპტიმალურ ვარიანტს.
ბევრი დარწმუნებულია, რომ თქვენ არჩევნების მოსაგებად საკმარის ხმებს მოიზიდავთ; ასევე, ბევრი ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე არჩევნებში თქვენს მონაწილეობასაც კი ეკარგება აზრი – რადგან ნაციონალური მოძრაობა მაინც იმ შედეგს დადებს, რაც მას სჭირდება. როგორ აპირებთ, აიძულოთ ხელისუფლება, შეცვალოს საარჩევნო გარემო? თუ მიგაჩნიათ, რომ არსებულ პირობებშიც შესაძლებელია არჩევნების მოგება? საკუთარი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას თუ აპირებთ?
– გუნდის ჩამოყალიბებას აუცილებლად ვაპირებ. ცხადია, პარტიაც უნდა ჩამოვაყალიბო. მართალია, არსებობს განცდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მჯერა, რომ ეს შესაძლებელი იქნება.

ვფიქრობ, ხელისუფლება ლეგიტიმურ ჩარჩოში მოექცევა. ამის რწმენას არ ვკარგავ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს: მაგალითად, მზად ვარ პირადად დავაფინანსო ბიომეტრიული პასპორტები, რაკი მთავრობამ განაცხადა, რომ ამის ფული არ აქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ არჩევნებს არსებულ პირობებშიც მოვიგებთ, სულ რომ არაფერი შეიცვალოს.

ეს კანონმდებლობა მაშინ არის საშიში, თუკი ჩვენი და მათი შედეგი ახლოს იქნება ერთმანეთთან. ნაციონალები რეალურად მიიღებენ ათიდან ოც პროცენტამდე ხმებს. იმისათვის, რომ ამერიკამ და ევროპამ შედეგები ლეგიტიმურად ცნოს, მაქსიმუმ, ამ პროცენტის გაორმაგება შეუძლიათ და მეტი – არა. მე უკიდურეს ვარიანტს გეუბნებით, ამის მეტს ვერ შეძლებენ.
– 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა, თუ შევარდნაძე ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, ის მიიღებს რევოლუციასო. თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილს არ უნდა მივცეთ ქვეყნის მართვის გაგრძელების უფლება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. თუ იგი მაინც ვერ შეელევა ძალაუფლებას, ამ შემთხვევაში, თქვენს ლექსიკონში ხომ არ გაჩნდება სიტყვა “რევოლუცია”?
– ძალიან არ მინდა, რომ ეს სიტყვა გამოვიყენო. თუ ამ სიტყვის გამოყენება მომიხდა, ჩავთვლი, რომ ჩემი მოსვლა პოლიტიკაში მცდარი იყო. მაგრამ, მე მგონია, რომ დროულად და სწორად მოვედი და ხელისუფლების შეცვლას ყოველგვარი რევოლუციის გარეშე მოვახერხებთ. თუ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა მექანიზმით მოახერხებს, შევძლებთ მისი არალეგიტიმურობის დამტკიცებას. ის ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნებით ვერ მოვა. სიტყვა “რევოლუციის” გაგონება არ მინდა და არც სიტყვა “ქუჩის” ხსენება მინდა. ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის პირველი პრეცედენტი უნდა შევქმნათ. ეს ერთ-ერთი დიდი წარმატება იქნება.
ბევრ ადამიანს გაუკვირდა თქვენი მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზება ვანო მერაბიშვილისადმი, რომელიც ხელისუფლებას საკუთარ ხერხემლად მიაჩნია. მერაბიშვილი – ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი სხვა პირები – როგორ შეიძლება სასარგებლო და მისაღები აღმოჩნდნენ იმ საზოგადოებისთვის, რომელიც თქვენგან დღევანდელი სისტემის ძირფესვიანად შეცვლას ელოდება?
– როიტერმა ასეთი შეკითხვაც კი დამისვა, მთავრობაში თუ მოიაზრებთ მერაბიშვილსო. ცხადია, რომ არა. რა თქმა უნდა, ეს არ მქონდა მხედველობაში, როცა მერაბიშვილს მივმართე. დღევანდელი ხელისუფლების საკვანძო ფიგურები ახალ მთავრობაში არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრებიან. მათ დათვური სამსახური გაუწიეს თვითონ სააკაშვილს და დღეს რაც გვჭირს – ამაში მათი დიდი წვლილია. მერაბიშვილისადმი ჩემი მიმართვის არსი იყო ის, რომ თუ სწორად მოიქცევიან და კანონის ფარგლებში დარჩებიან არჩევნებამდე – რისი დიდი სურვილიც მაქვს – მათ მიეცემათ საშუალება, რომ, თუნდაც, პოლიტიკური პარტია შექმნან, თუნდაც, იყვნენ ბიზნესში, ან სხვა რამე მოიფიქრონ. მაგრამ ჩვენს მთავრობაში არ იქნებიან.
მალე ახლოს გაიცნობთ ქართულ სასამართლოს და მოგეცემათ შანსი, ამტკიცოთ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, სადაც შობილხართ, გაზრდილხართ და გისროლიათ ისარი… თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია დამოუკიდებელი სასამართლო. თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი იყო სასამართლო რეფორმის ავტორი. თქვენ რას გვთავაზობთ – რომ ვენდოთ თქვენს კეთილ ნებას, თუ რაიმე მექანიზმი გეგულებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად?
– არ მაქვს მზა რეცეპტი, მაგრამ მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. საქართველოში მრავლად არიან კვალიფიციური იურისტები. ზოგ მათგანს უკვე შევხვდი. თავს უფლებას არ მივცემ, რომ გადავწყვიტო, რა მექანიზმებით უნდა განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მოვკრებ სპეციალისტებს და პოლიტიკური ნების პირობებში სწორედ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს მექანიზმების შესახებ. მე არ მაქვს ამის ცოდნა, მაგრამ ვიცი, როგორ მოვთხოვო მცოდნეებს და როგორ მივიღო საუკეთესო შედეგი.
საქართველოში მეტად მტკივნეულია უკანონო პატიმრების თემა. როგორ უნდა გაიმიჯნონ ერთმანეთისგან უკანონო და კანონიერი პატიმრები? არსებულმა სასამართლომ უნდა გადახედოს მათ საქმეებს? თუ ახალი სასამართლოს ფორმირებას უნდა დაელოდონ? ან, იქნებ, რაიმე საგანგებო კომისია უნდა შეიქმნას სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად?
– ძალიან რთული კითხვა მომეცით. მზა პასუხი არ მაქვს, ვინაიდან ეს საკითხიც სპეციალისტების გადასაწყვეტია. პროცედურები მათ უნდა შეიმუშაონ. მესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ბევრი მიფიქრია. შევქმნი იმ პირობებს, რომ სპეციალისტებმა შეძლონ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. საშინელ დღეში ჩააგდეს საზოგადოება. მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ შეცდომას შეცდომა დავამატოთ. ვაცნობიერებ, რა საშინელება დამხვდება ამ კუთხითაც. საზოგადოების დიდი ნაწილი გაატარეს პირობითი სასჯელების წნეხში. ეს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანები სახლებს ყიდიან, რომ ოჯახის წევრი ციხიდან დაიხსნან. წამლის ფული აღარ რჩებათ, ხალხი გაუგონარ სიღატაკემდე მიიყვანეს. ყველაფერს ყიდიან და ქუჩაში რჩებიან. არაფერი გააჩნიათ, გარდა ვალებისა.
საქართველოს არაერთმა მოქალაქემ თავისი კუთვნილი ქონება, სხვადასხვა სახის ზეწოლის შედეგად, სახელმწიფოს აჩუქა. მათ უნდა ჰქონდეთ თუ არა იმედი, რომ საკუთარ ქონებას დაიბრუნებენ?
– მყისიერად ვერც ეს მოხდება, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ამ ხალხს არ დავეხმაროთ?! სამართლიანობა უნდა აღდგეს იმ სასამართლოს მეშვეობით, რომლის ჩამოყალიბებაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს ახალი ადამიანის, ახალი ქართველის შექმნას. თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ ეს ახალი ადამიანი? რა დამოკიდებულება გაქვთ ამ იდეის მიმართ?
– ასეთი ტერმინები, როგორიცაა “ახალი ადამიანის შექმნა” – კომკავშირული გამონათქვამების მსგავსია და ჩემთვის სრულიად მიუღებელია. საზოგადოება უნდა გარდაიქმნას. ამაზე ჩემს პირველ წერილშიც მოგახსენეთ – უახლოეს დროში უნდა შევქმნათ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების კრიტიკული მასა. საზოგადოება დაშლილია. ამათ მოახერხეს და ის მუხტი, რაც იყო, ბოლომდე გაანადგურეს. მე საზოგადოებრივ ცვლილებებზე მაქვს პრეტენზია, საზოგადოებასთან ერთად დავდგები და ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ. ახალი ტიპის ადამიანის შექმნა და ახალი ტიპის ადამიანის გამოყვანა ჩემთვის ძალიან უხერხული ტერმინებია. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს გარდაქმნა. ამ პროცესში ქართველებმა ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და შევცვალოთ.
თქვენ გაავლეთ სადემარკაციო ხაზი დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და ყველას მოუწოდეთ, რომ მკაფიოდ განსაზღვროს თავისი ადგილი. სად უტოვებთ სივრცეს დამოუკიდებელ მედიას?
– ობიექტური მედია, ვისაც უნდა ცვლილებები – არის სადემარკაციო ხაზის აქეთ. მე უფრო ტელევიზიებს ვაკვირდებოდი, რადგან ისინი ქმნიან ძირითად კლიმატს და ამჯერად მხოლოდ მათზე ვისაუბრებ. “იმედი”, “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ხაზის იქით არიან. არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა გადაჭარბებული იყო ჩემი რეაქცია “მაესტროსა” და “კავკასიის” მიმართ. აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ბატონ რამაზ საყვარელიძის მიმართ. დამოუკიდებელი მედია ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო. თუ არ იქნა დამოუკიდებელი მედია, ვერ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და პირიქით. დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ერთ-ერთი ქვეკუთხედი, რომელიც უნდა შევქმნათ.
მაგრამ სადერმაკაციო ხაზის აქეთ ყოფნა ოპოზიციონერობას ნიშნავს. ოპოზიციონერობა კი არ არის ჟურნალისტის საქმე. კეთილსინდისიერებაა მთავარი.
– მე ოპოზიციონერობისკენ არავის მოვუწოდებ. ეტყობა, თქვენც ვერ გამიგეთ, ან ჩემს ტექსტში ვერ გამოვხატე კარგად. არ მაქვს პრეტენზია ყველაფრის ცოდნაზე და შეიძლება, ტერმინები სწორად არ გამოვიყენე. მინდა, რომ, პირველ რიგში, ჟურნალისტმა აჩვენოს სინამდვილე ისეთი, როგორიც ის არის და მეორე – ის იყოს ღირებულებების მხარეს. უნდა მოახერხოს, რომ კარგი და ცუდი გაარჩიოს და თუ ორივე ცუდია, გაარჩიოს, რომელია ცუდი და რომელი – უარესი.
როგორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თქვენეული ხედვა? რომელი სფეროები მიგაჩნიათ პრიორიტეტულად?
– მე კარგად ვიცი თანამედროვე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის წამყვანი, არ არის “ორთქმავალი”. უმეტეს ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დოტაციაზეა. მაგრამ ყველა განვითარებული ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა, აუცილებლად ინარჩუნებს სოფლის მეურნეობას.

ჩვენ, ტრადიციულად, აგრარული ქვეყანა ვართ, ამიტომ, სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენთან ადვილია. თუმცა, მთავარია ის, რაზეც ვისაუბრე ჩემს წერილში და რასაც ოცნების პროექტი დავარქვი: მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ინტელექტი უნდა იყოს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ინტელექტი შენარჩუნდება საფინანსო ჯგუფებში, საბანკო სექტროში, თუ ეს სფეროები კარგად აწყობილი არ არის, ეკონომიკა არ განვითარდება. საბანკო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მაგრამ ეს სისტემა, ძირითადად, გამართულია.

ტურიზმი, თავისთავად, საინტერესოა. მაგრამ ეს ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს, სად რა გააკეთოს, კარნახით არ მოხდება. საინტერესო ქვეყანაა, საინტერესო კლიმატური პირობები გვაქვს, ჩამოვლენ, ნახავენ, გადაწყვეტენ.

მთავარი საფუძველი კანონიერებაა, ეს უნდა შეიქმნას. ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაუძახებენ და რაღაცას მოსთხოვენ. მე ვიცი, რა აფრთხობს ბიზნესმენს. აუცილებელია სტაბილური პოლიტიკა. კანონდებლობა უნდა შეიქმნას ისეთი, რომ ჩინოვნიკს არ ჰქონდეს უფლება, კანონის ზევით ბიზნესმენს რაღაც მოსთხოვოს. საქართველო პატარა ქვეყანაა და მაქვს განცდა, რომ ამას მოვახერხებ. ჩინოვნიკი ბიზნესმენს თუ არ ჩამოეხსნა, ილუზიაა, რომ ევროპელები აქ ინვესტიციას ჩადებენ.

ქართველები ზარმაცები რომ ჰგონიათ და ამბობენ, საქმის კეთება არ იციანო, სინამდვილეში, ქართველებს დიდი კულტურა გვაქვს. კულტურა კი იწვევს იმას, რომ თუ სწორად აუხსნი, უცებ იგებენ. ოღონდ, ერთი რამ არ შეგვეშალოს: ზოგიერთ ქართველს რომ მიაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვას არავის აქვს, ასე არ არის. მაგრამ ქართველს აქვს ყველაფერი ის, რაც შეიძლება სხვაგანაც ნახო. სხვაგანაც მშვენიერი ბუნებაა, მაგრამ ამ ერთი ბეწო მიწაზე თუ ყველაფერი გინახავს, სხვაგან აღარაფერი გაგაოცებს.
როგორ საგადასახადო მოწყობას უჭერთ მხარს?
– ძალიან მოკლედ გეტყვით: მთავრობამ იმდენი კვერცხი უნდა გამოართვას ქათამს, რამდენიც მის გამრავლებას არ შეაფერხებს. თუმცა, პენსიონერების რაოდენობაც უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფო სტრუქტურებსაც შენახვა უნდა. ეს ყველა ქვეყანაში მუდმივად საკამათო თემაა. ამას ვერც საქართველო გადაურჩება. შუალედური პოზიცია უნდა მოვძებნოთ. ქათამი არ უნდა დავკლათ, ანუ ბიზნესი არ უნდა წავაქციოთ. ყველაზე მძიმე იქნება ჩემი მოსვლიდან 6 თვე, მაქსიმუმ, 1 წელი. ეიფორიაში მყოფ ხალხს ეგონება, ფულს დაგვირიგებენ და ყველანი უცებ გავმდიდრდებითო. მაგრამ ასე ვერ მოხდება. სიტუაციის აწონ-დაწონვა მოგვიწევს, როგორც ოჯახში – ამდენი და ამდენი ფული გვაქვს, როგორ მოვიქცეთ? შარვალი ვიყიდოთ? თეატრში წავიდეთ? ახალი სახლის მშენებლობა დავიწყოთ?

მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი საგადასახადო სისტემა უნდა გვქონდეს, რომ არც პენსიონერები დავხოცოთ შიმშილით და ბიზნესსაც ჰქონდეს განვითარების საშუალება.
დღევანდელ ხელისუფლებას სახელმწიფოს იდეალად სინგაპური მიაჩნია. გვიამბეთ ცოტა რამ იმ საქართველოზე, რომელში ცხოვრებასაც თქვენ ჰპირდებით მოსახლეობას; მაგალითად, სახელმწიფო რა დოზით მონაწილეობს ახალგაზრდების განათლებაში? ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაში? მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაში?
– ამ სფეროებში სახელმწიფო იშვიათად და ნაკლებად უნდა ჩაერიოს; მაგრამ უნდა ჩაერიოს იქ, სადაც აუცილებელია. ამის მაგალითი იყო, როცა მიშას ვუთხარი, რომ დავეხმარებოდი სოფლის მეურნეობას. ასევე შეიძლება მოხდეს განათლებაშიც – მასაც დასჭირდეს დახმარება. სტრატეგიულ დარგებში – განათლება იქნება თუ მეცნიერება – განვითარებული სახელმწიფოები ამის კოორდინაციას ახდენენ და ჩვენთანაც ასე მოხდება. რა დოზით ჩაერევა სახელმწიფო, ამაზე პასუხის გაცემა ამჟამად რთულია. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, სპეციალისტებთან ერთად. სოფლის მეურნეობას არ შეიძლებოდა, არ დავხმარებოდით. სხვათა შორის, პირველი ორი წელიწადი მევენახეებს ვეხმარებოდი. მესამე წელიწადს მიშამ მითხრა, აღარ არის საჭიროო.
თქვენ მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თქვენი ფონდი აკადემიკოსებს ეხმარებოდა, რომლებიც უკვე ნაკლებად პროდუქტიულები არიან. ფაქტობრივად, ფონდი ადამიანებს ეხმარებოდა სიცოცხლის გადარჩენაში, მაგრამ პროგრესზე არ იყო ორიენტირებული.
– მომავალს უნდა მივცეთ დაფინანსება პირველ რიგში და ეს უნდა ავუხსნათ საზოგადოებას. მაგრამ, თქვენ აკადემიკოსები ახსენეთ და – არც დამსახურებული ადამიანები უნდა გავწიროთ შიმშილით სიკვდილისთვის. ვისაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ შეუქმნია და დღეს აღარ შეუძლიათ, მათაც უნდა მივხედოთ, ეს ჩვენი ვალია. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რომ ქველმოქმედება არ არის საუკეთესო გამოსავალი. ქვეყნისთვის საუკეთესოა სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანი თვითონ დასაქმდეს, თავისი ფული იშოვნოს. მეგობრები დავკარგე ამის გამო. თუ ეხმარები, დამოკიდებული ხდება და ვეღარ ინარჩუნებს ობიექტურობას. მძიმეა, როცა თვალებში გიყურებს კაცი იმის გამო, რომ დავალებულია. ისეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, რომ ადამიანებს ეს არ სჭირდებოდეთ. ამ გაჭირვებულ ყოფაში სხვა ვერაფერი შევძელი და იოლი გზა ვნახე. უფრო დიდი დახმარება იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ მე რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შემექმნა. ორი პროექტი მოვიფიქრე, რაზეც წერილშიც ვსაუბრობდი. პირველი არ გამომივიდა, რადგან უარი მითხრეს; მეორე პროექტის – მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იდეა მოეწონათ, ოღონდ, შენობის ნაწილში. მაშინვე მითხრეს, ცათამბჯენი ააშენეო. ძლივს დავარწმუნეთ “ჩვენი მაღალი”, რომ ეს არ შეიძლებოდა.
სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამახსენდა – უფრო ადრე უნდა მეკითხა – ტელეკომპანია მეცხრე არხი რატომ დახურეთ?
– ჩვენ გვეჭირა შუალედური პოზიცია. შეგიძლიათ, ჟურნალისტებს ჰკითხოთ. შევარდნაძის მთავრობის დროს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები იგრძნობოდა. ჩანდა, რომ რაღაც არ მოსწონდათ “რუსთავი 2”-ის, რომელიც კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას. ამიტომ, ჩვენ შუალედური პოზიცია გვეჭირა და სათადარიგო ტელევიზიის როლი გვქონდა. თუ “რუსთავი 2”-ს საფრთხე დაემუქრებოდა, წინა პლანზე გადავიდოდით. ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც, რევოლუციის მერე, ეიფორიაში მყოფმა, ვეღარ ვიკადრე, რომ სათადარიგო ტელევიზია შემენარჩუნებინა, რაც ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ნიშნავდა. ამ ვითარების შექმნაში, დღეს რაც გვაქვს, ჩემი ყველაზე დიდი ბრალეულობა და შეცდომა ტელევიზიის დახურვა იყო.
სახელმწიფოში რისი გაყიდვა მიგაჩნიათ შეუძლებლად?
– არ შეიძლება იმ ობიექტების გაყიდვა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. მგონი, ასეთი აღარაფერი დატოვეს, თუმცა, გავითვალისწინოთ, რომ, ზოგადად, სახელმწიფო საკუთრების ყველაზე არაეფექტური მმართველია.
რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ორ ქვეყანას, ფაქტობრივად, გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. დღევანდელი ხელისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მეშვეობით მოახდინოს რუსეთზე ზემოქმედება. რა არის თქვენი სტრატეგიის შინაარსი? როგორ გესახებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა?
– ძალიან რთული კითხვაა. ვაცნობიერებ, რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ გვქონდა უფრო ფართო არჩევანი გამსახურდიას მთავრობის დროს, მაგრამ შეცდომები დაუშვეს. ამას მოჰყვა ახალი შეცდომები შევარდნაძის მთავრობის დროს, მესამემ კიდევ დაამატა, თავის მხრივ. მანევრის საშუალება სულ უფრო მეტად შეგვიმცირდა.

პატარა ქვეყნების საქმე ასეა: ზოგს ამერიკის გავლენის სფეროში ასახელებენ, ზოგს – რუსეთის… ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი. ამ მხრივ საქართველო რთულ სიტუაციაშია. ჩვენი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება.

რომ გითხრათ, რომ მაქვს კონკრეტული გეგმა – როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, თანაც, როგორ მოვახერხოთ ეს უახლოეს დროში – სწორი არ ვიქნები. მე ვიცი ერთი რამ, ისტორია და დღევანდელობა დიალექტიკაში უნდა განვიხილოთ. ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა დიდი სახელმწიფოები, რომ ურთიერთობისთვის გადაეხედათ. ამერიკის და რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალა ერთმანეთის მიმართ და კიდევ შეიცვლება, ისევე, როგორც ევროპისა და რუსეთის.

ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ არ გვექნება სამართლებრივი სახელმწიფო და არ გავხდებით საინტერესო აფხაზებისთვის და ოსებისთვის, თუ საზოგადოება არ იქნება ერთიანი და ძლიერი, – შედეგს ვერ მივაღწევთ. შიდა ვითარება დიდ გავლენას ახდენს საგარეო ურთიერთობებზეც. აფხაზები კი არა, ქართველები გარბიან საქართველოდან. აქ გაჩერება არავის უნდა. ამ პირობებში, როგორ მოახერხებ, აფხაზი დაარწმუნო, ჩვენთან მოდი, ჩვენთან ჯობიაო.

მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, თუ არ დაინახეს, რომ აქ მართლაც დემოკრატიაა და კომფორტული გარემოა, თვითონ თუ არ გაუჩნდათ ცდუნება, ძალიან რთული იქნება მათთან საუბარი.

ცალკე თემაა რუსეთი. რუსეთთან დაკავშირებით ერთ-ერთი – და არა ერთადერთი – იმედი ისაა, რომ მასთან ინტერესების თანხვედრა მოხდეს. ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, მე მგონი, რუსეთსაც ყელში აქვს გაჩხერილი. თუ რუსეთი გეგმავს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის დალაგებას, წინსვლას ამ კუთხით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი ლოდივით ექნება ჩამოკიდებული. თანაც, ამას ძალიან კარგად იყენებენ მისი ოპონენტები და მუდმივად გამოიყენებენ მომავალშიც. გარდა ამისა, ეს თვითონ რუსეთის მდგრადობისთვისაც საშიშია. კავკასია ძალიან რთული რეგიონია და ამ მიმართულებით შესაძლებელია საქართველოს და რუსეთის ინტერესების თანხვედრა.
როგორ ფიქრობთ, რას ითხოვს რუსეთი საქართველოსგან, თუ არსებობს რაღაც ისეთი, რისი დათმობაც რუსეთს დააკმაყოფილებდა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ დააზარალებდა?
– მართალი მოგახსენოთ, არ ვიცი, რა არის ისეთი, რაც შეგვიძლია, დავთმოთ. დამოუკიდებლობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი. თავისუფლების გარეშე არაფერი გვინდა. ეს არც კი შეიძლება, კითხვის საგანი გახდეს. ეკონომიკიდან რამე სერიოზული, რაც რუსეთს შეიძლება აინტერესებდეს, მგონი, არაფერი დაგვრჩა.

ის, რაც მოხდა, საშინელებაა ჩვენთვის. და არც მათთვის არის მომგებიანი. იმედი მაქვს, ამას ჩემ გარეშეც მიხვდებიან და მეც შევეცდები, დავარწმუნო. ამის იმედი მაქვს ძირითადად. ასეთი სამხრეთ ოსეთი და ასეთი აფხაზეთი რუსეთისთვისაც მძიმე ტვირთია. სხვა რამ დამატებით შეთავაზებებს რუსეთისთვის მე ვერ ვხედავ. თუ რამე გამოჩნდა მომავალში, საზოგადოებას დავეკითხები.
თუ უშვებთ, რომ ისე წახვიდეთ ხელისუფლებიდან, ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღადგინოთ?
– რა თქმა უნდა. ამას ვაცნობიერებ. ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ეს ორ-სამ წელიწადში მოხდება, თუმცა, გამორიცხული არ არის.
სულ რომ არ დაიძრას პროცესი ადგილიდან?
– ამას თითქმის გამოვრიცხავ. პროცესის დაძვრას აუცილებლად მოვახერხებთ. მტკიცე განცდა მაქვს, რომ ოდესმე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიან საქართველოში დაბრუნდებიან. ეს აუცილებლად მოხდება, ისეთ ვადებში რომ მე ნამდვილად მოვესწრები.
ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
– პირველი და გადამწყვეტია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, აფხაზებისთვის და ოსებისთვის მიმზიდველი ქვეყანა; მეორე – ეს არის რუსეთთან ინტერესების თანხვედრა; მესამე – ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება და დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ამ სამი კომპონენტის ერთიანობა წარმოადგენს პრობლემის გასაღებს.
საგარეო საფრთხეებისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ გზად ხელისუფლებას ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ესახება. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს შეუძლია იპოვოს როლი, რომელიც მისაღები იქნება ამერიკისთვის, ევროპისა და რუსეთისთვის. იქნებ, უფრო მეტი გვითხრათ ამ როლის რეალურ კონტურებზე. როგორ ჯდება ამ კონტექსტში ნატო–ში გაწევრიანების თემა? ხომ არ გულისხმობს ეს როლი საქართველოს მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას?
– ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე – რომ ვთქვა, ნეიტრალიტატისთვის ვიბრძოლებ-მეთქი – ამის მოლოდინი ნუ გვექნება. იდეალური, რა თქმა უნდა, ნატო იყო ჩვენთვის და მასთან დაახლოებას კვლავაც ვეცდები.

ნატო საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართულებით ვითარება სწრაფად შეიცვლება. ის შანსი, რაც გაუშვეს ხელიდან დიდი ხნით, იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ არ დაგვიკარგავს და ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ.

რა თქმა უნდა, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენთვის და მადლიერების მეტი არაფერი შეიძლება გამოვხატოთ მის მიმართ. მომავალში უნდა ვცადოთ ამ ურთიერთობის გაღრმავება და ჩვენ უნდა ვიყოთ საინტერესო, პირველ რიგში, მათთვის. ეს ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ.

და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი მეზობელია. მას ვერავინ შეცვლის და სხვაგან ვერ გადაიტანს.
რამდენად თავსებადია ერთმანეთთან ნატო, რუსეთი, ამერიკა, ევროპა…
– გლობალური პოლიტიკის ჭრილში ნატოს და რუსეთის დაახლოება ჩვენ გარეშე მიმდინარეობს. სერიოზულმა პოლიტიკოსებმა ეს იციან. პროცესი იქით მიდის, რომ მათ ერთმანეთი საფრთხედ არ განიხილონ. მე მაქვს იმედი, რომ გლობალურ პოლიტიკაში მოხდება დაახლოებები და ხისტი პოზიციები შერბილდება. ეს ჩვენც მოგვცემს, საშუალებას, რომ უფრო იოლად ვიყოთ კომფორტული ყველასთვის და ჩვენც ვიპოვოთ ჩვენი უსაფრთხო ადგილი.
მიგაჩნიათ, თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის კარგი პარტნიორი ამერიკისთვის?
– რაღაც ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს განიხილავდა, როგორც საინტერესო პრეცედენტს რეგიონში, სადაც შეიძლებოდა დემოკრატიზაციის პროცესი დაჩქარებულიყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამერიკელებს, ქართველების მგავსად, ჰქონდათ ეიფორია, რომ მოხდა ის, რაც მათ სურდათ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სააკაშვილი საინტერესო იყო მათთვის, ისევე, როგორც ბევრი ქართველისთვის. პირდაპირ გავავლებდი პარალელს. როგორც გვიყვარდა რევოლუციის დროს და პირველ ხანებში, ისევე უყვარდათ მაშინ ამერიკელებს. მე მგონი, ის გაწბილება, რაც ქართველებმა განვიცადეთ, განიცადეს ამერიკაშიც.

რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკას საქართველოზე უარესი დემოკრატიის ქვეყნებთანაც აქვს დაბალანსებული ურთიერთობა. ამერიკელები არ გადადებენ თავს, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც ჩვენ, ქართველებს, სანატრელი გვაქვს. ამერიკას თავისი ინტერესები აქვს და უნდა მიიღოს ის, რაც სურს. ამავდროულად, ამერიკა გვეხმარებოდა და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს დახმარება.

რითია გამორჩეული მაინცდამაინც სააკაშვილი? ჩვენც მოვახერხებთ, რომ ანგარიში გავუწიოთ და ყველაზე დიდი სახელმწიფოს ინტერესები გავითვალისწინოთ. რას აკეთებს სააკაშვილი ისეთს, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ? ამერიკა ისეთივე მსხვერპლია თავისი პროექტის – სააკაშვილის – როგორც ჩვენ. დღეს მისთვის იმდენადვე საინტერესოა სააკაშვილი, რამდენადაც – ჩვენთვის.

დღეს საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. ხელისუფლებამ მოახერხა ლობისტური ჯგუფების შექმნა, ამაში უამრავ ფულს ხარჯავს და ლობისტებს ერთი დავალება აქვთ, რომ აქ დაგვაჯერონ; გარეთ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩვენს გასაკეთებლს არავინ გააკეთებს.

მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ; არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან.

ის, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა – არ არის პოლიტიკა და ამას მხოლოდ რუსეთთან ომის გამო არ ვამბობ. ომამდე მათ, ფაქტობრივად, მოახერხეს და ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს რუსეთთან, სააკაშვილის არადიპლომატიური, ემოციური, გაუაზრებელი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო საქართველოსთვის დაიკეტა რუსული ბაზარი, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ამ ბაზრისკენ გარბის. და არც ომის შემდეგ გადაუდია ვინმეს ჩვენთვის თავი. ყველა ცდილობს, რომ რუსეთს ზედმეტად არ აწყენინოს. ამათ ეს მოახერხეს. ღვინო ვეღარ გააქვთ რუსეთში და გააქვთ ჩინურ ბაზარზე. ჩინელები კიდევ ღვინოს არ სვამენ.
ესე იგი, თქვენ ბალანსს უჭერთ მხარს?
– დიახ, ჩვენ ყველასთვის საინტერესო უნდა ვიყოთ და ამით ვიპოვნოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი ცის ქვეშ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ.
ბევრი ადამიანი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ დიდ პროექტებზე და ქველმოქმედებაზე. თუმცა, ჭორ–მართალი ერთმანეთშია არეული და საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის მათ კონკრეტულ შინაარსსა და მასშტაბზე. ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხზე სრული ინფორმაცია მიაწოდოთ?
– მსოფლიო ბანკისგან აღიარებული ხუთი აუდიტორული ფირმა არსებობს. მათგან ერთ-ერთი ყოველ წელიწადს აწარმოებს ჩემი საქმიანობის აუდიტს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სრულიად ღიაა – ფულის წარმოშობა, მოძრაობა, სად მიდის და რაში იხარჯება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებული აუდიტორული ჯგუფი ამოწმებს.
თქვენ მიმართ სამგვარი დამოკიდებულება შეიმჩნევა: ბევრს გულწრფელად ეიმედებით; ამავე დროს, თქვენ წინააღმდეგ ღვარძლიანი კამპანია მიმდინარეობს და, ამის პარალელურად, თქვენი გაიდეალების ტენდენციაც შეინიშნება. როგორც წესი, ასეთ გარემოში მაამებლური გარემოცვა ლიდერსა და ხალხს შორის თანდათან გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა და მლიქვნელები გაცილებით საშიშები ხდებიან, ვიდრე აშკარა მოწინააღმდეგეები. როგორ ფიქრობთ, რამდენად გემუქრებათ ასეთი საფრთხე დღეს და, მით უმეტეს, სამომავლოდ, თუკი თქვენს დიდ ავტორიტეტს და ფინანსურ რესურსს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობაც დაემატება? ვინ და რა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საპირწონე?
– ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ. ჩემი პიროვნება, ჩემი ცხოვრების წესი უნდა იყოს ჩემი საპირწონე. ჩემი განვლილი ცხოვრების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ გამაჩნია. ჩვენს პოლიტიკოსებს რიტორიკაში ვერ ვაჯობებ. ამბობენ, თუ გინდა, კაცი გაიცნო, მიეცი მას ფული და ძალაუფლებაო. მგონია, რომ ორივე გამოცდა ჩავაბარე. ხელისუფლებაში არც ფულისთვის მოვდივარ და არც ძალაუფლებისთვის. ვინც აგრესიულად მლანძღავს, მგონია, რომ მათი უმრავლესობა მთავრობის მიერ არის დაქირავებული, ვინაიდან, არც ერთი ქართველისთვის ლანძღვის საფუძველი არ მიმიცია ჩემი ცხოვრების წესით.

ჩემს შვილებსაც იმას ვასწავლი, რომ, სულ ცოტა, შენი მეზობელი არ უნდა შეაწუხო შენი ყოფით. მე ასე ვცხოვრობ და საგინებელი რატომ უნდა ვიყო? იმის გამო, რომ ვიღაცეებმა კონკურენტად მიმიჩნიეს, მლანძღველთა მთელი ჯარი დაიქირავეს, ინტერნეტიც და ტელევიზიებიც ამით არის აჭრელებული.
მაინც მგონია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან ძლიერი ცენტრი გამოგივათ. საინტერესოა, რა დაგაბალნსებთ?
– მხოლოდ ჩემი ადამიანობა, ჩემ მიერ განვლილი ცხოვრება და ხელწერა. სხვა არგუმენტი არ მაქვს. აბა, ჩემზე უფრო ლამაზად სხვა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ.
როგორ მოახერხებთ, თავი დაიცვათ იმ მლიქვნელებისგან, ვინც თქვენსა და საზოგადოებას შორის ჩადგომას შეეცდებიან?
– მოვახერხებ, მოვახერხებ. ჩემი წარმატების საფუძველი – თუ თქვენც იზიარებთ, რომ წარმატებული ვარ ბიზნესში – ზუსტად ის არის, რომ ძალიან კარგად ვერკვევი ადამიანებში. თუ ადამიანს ცოტა რამ აკლია წარმატებისთვის, ვეხმარები, რომ სწრაფად ჩამოყალიბდეს – ეს კარგად ვიცი. ყველაზე ნაკლებად ამის მეშინია. რადგან ეს იყო ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი – კარგად ვერკვეოდი, კარგად ვაყალიბებდი და კარგად ვეხმარებოდი. რუსეთში პირველი კოლეჯი მე შევქმენი, ლექტორი ვიყავი და უამრავი კადრი გავზარდე. კადრების სამჭედლოს ეძახდნენ “როსიისკი კრედიტს”. მთელი საბანკო სექტორი უზრუნველვყავი, იმდენი ახალგაზრდა გავზარდე. ნადირობა იყო ჩემ მიერ გამოზრდილ კადრებზე.
კიდევ ერთ თემაზე მინდა ვისაუბროთ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენ გვერდით შეიძლება აღმოჩნდნენ ხვალ და ზეგ, ეჭვი გამოითქმის ხოლმე, რომ მათი მხარდაჭერა ნაყიდია. ადამიანები ამით თითქოს დაკომპლექსდნენ. ბევრი შეიძლება გულწრფელად გიჭერდეთ მხარს, მაგრამ თავი შეიკავოს დემონსტრირებისგან სწორედ იმის გამო, რომ “ნაყიდის” იარლიყი არ მიეწებოს.
– კარგი შეკითხვაა. მაქსიმალურად ვცდილობ, შეცდომები არ დავუშვა. მრჩეველთა საბჭოს შექმნა ჯერ არ დამთავრებულა და ყველა წევრთან დაკავშირებით ძალიან ვფრთხილობ. არ მინდა, საზოგადოებას იმედი გაუცრუვდეს. მგონი, შევძლებ, თუ საუკეთესო არა, ოპტიმალური ჯგუფის შეკრებას.

შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება. ნუ მომთხოვენ, რომ ყველა იდეალური იყოს. თვითონ ჩემი იდეალიზებაც ჩემივე სერიოზული პრობლემაა. სადაც მაიდეალებდნენ როგორც ყოველისშემძლეს, ამ ილუზიას სწრაფად ვუქარწყლებდი, რადგან არასდროს არავის ვპირდები იმას, რაც არ გაკეთდება.

რაც შეეხება კადრებს, პირველ რიგში, ვეცდები, რომ უმწიკვლო ადამიანები შემოვიკრიბო. მეორეც – თუ საჭირო გახდა, ცალკეულ პირებთან დაკავშირებით განმარტებებს გავაკეთებ. შემიძლია, რომ წარსული შეცდომებიც ვაპატიო, თუ რომელიმე პიროვნებას თავისი გამოცდილებით საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ერთად უნდა დავდგეთ, არავინ უნდა დარჩეს პროცესებისგან გარიყული. საზოგადოებაში ისედაც ცოტა რესურსია, ჩვენ ეს ვართ, რაც ვართ – ეს არის ჩვენი საზოგადოება და ამ რესურსით უნდა წავიდეთ წინ. ცუდიც გვაქვს და კარგიც, წარსულიც გვაქვს, აწმყოც და მომავალიც უნდა გვქონდეს.
დღევანდელი საუბრის ფონზე, არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი წერილები კონფრონტაციული იყო?
– მე ვფიქრობ, რომ პირველი ორი წერილი სწორი იყო. და რაც ვთქვი, ამის თქმა მნიშვნელოვნად და საჩქაროდ მიმაჩნდა. ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე.

შუა უნდა გაიკრიფოს.

იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება.

მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს – დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები, რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ.

ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს.

ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება. ისეთი პოლარიზება კი არა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს – ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან – არამედ ის, რომ ხალხს ჰქონდეს შავის და თეთრის გარჩევის საშუალება.
მაგრამ, ხომ არის ხალხი, ვისაც უნდა, რომ არც იქით იყოს და არც აქეთ.
– ისინი ჩუმად არიან. არ თამაშობენ და არ ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ პროცესებზე.
ესე იგი, პრობლემა გქონიათ ორპირობასთან და არა იმ ადამიანებთან, ვისაც არც იქით უნდა დგომა და არც აქეთ.
– დიახ, მათთან პრობლემა არ მაქვს. ასეთები ტელევიზიით არ გამოდიან. ეს კარგი ხალხია.

მე მოთამაშე-მოლაპარაკეებს ვამხელ, საჯაროდ რომ გამოდიან და გვატყუებენ. თორემ, ღმერთმა გაუმარჯოს იმ ადამიანებს, რომლებიც თავისთვის არიან, სულ ეჭვით გიყურებენ, პოპულარობის პიკზეც რომ იყო, მაინც იმას ამბობენ – მხარი რომ დაგიჭირო, კიდევ უნდა გამოგცადო, რას წარმოადგენო!
საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის თქვენი ოჯახის შესახებ, თუმცა, ბერა მეტად პოპულარულია. რამდენი შვილი გყავთ? ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი? სიმღერა თუ გეხერხებათ? როგორია თქვენი დამოკიდებულება ქართული სუფრის მიმართ? თამადობა თუ გიწევთ? რომელ ღვინოს სცემთ განსაკუთრებულ პატივს? ნარდი, ჭადრაკი თუ გიყვართ? რა ინტერესები აქვთ თქვენს შვილებს?
– ევროპულ ასაკში დავქორწინდი – 35 წლის ვიყავი. ვიეშმაკე და 19 წლის გოგონა მოვიყვანე ცოლად. ოთხი შვილი გვყავს. ყველაზე კარგი, რაც შემიქმნია ცხოვრებაში, ჩემი ოჯახია. მაქვს პრეტენზია, რომ თუ კარგი ოჯახი არსებობს, ჩვენი – სწორედ ასეთია. მეუღლე – ეკა ხვედელიძე – ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. დღეს ჩვენი ჯვრისწერის ოცი წლისთავია და ჩემთვის, ისევე, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

შვილები სწორ ადამიანებად გავზარდე. არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ სხვისი უბედურებით იოტისოდენა ბედნიერებას წაეტანოს. შეძლებენ თუ არა, რომ თავისი ნიჭით მხარში ამოუდგნენ ვინმე სხვას – ეს ცალკე საკითხია.

რაც შეეხება საყვარელ მწერლებს, ქართველებს გვერდს ვერ ავუვლი. ვაჟა ბუმბერაზია ჩვენთვის და ჭაბუა გვყავს ცოცხალი. კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და რადგან წიგნების შემრჩევი არ მყავდა, ყველაფერს ვკითხულობდი. დიუმა განსაკუთრებით მიყვარდა. თითქმის ზეპირად ვიცოდი. მისაღებ გამოცდებზე თემა დავწერე და ციტატები მოვიყვანე. ეგონათ, გადავიწერე. დამიბარეს და გამესაუბრნენ. მაღალი ნიშანი არ მიმიღია, ოთხიანი მივიღე იმიტომ, რომ გრამატიკული შეცდომები მქონდა. მზექალა შანიძე იყო კომისიის თავმჯდომარე და რთული თემები მოიტანეს. ჩაწვა ხალხი, ვერ დავწერეთ, “ტეხნარები” ვიყავით. ბოლოს თავისუფალი თემა შემოაგდეს და დავწერე “ჩემი საყვარელი მწერალი”.

ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მკითხველია. დიდხანს მეხვეწებოდა, ორუელის “ცხოველების ფერმა” წაუღე მიშასო. ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს წიგნი კი მართლაც გაგახსენებს ჩვენი მთავრობის ამბავს.

რადგან სიმღერაზე მკითხეთ, სიმღერა ჩემი ჰობია. კარგად ვმღეროდი. ჩემი ძმა პროფესიონალია, მამია ხატელიშვილის გუნდში მღეროდა. მამაჩემი და დედაჩემიც კარგად მღეროდნენ. ჩემს შვილებს ოთხივეს აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ.

უტა მყავს 19 წლის, ბერა – 16-ის, 14 წლის მყავს გვანცა და 6 წლის – ცოტნე. უტას კი შეეძლო, მაგრამ მუსიკოსობა არ მოინდომა. უნივერსიტეტში სწავლობს საფრანგეთში. გვანცა ძალიან კარგად ხატავს, უკრავს და მღერის. არ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკაში ჩართულიყვნენ. როგორც მე ვიყავი ნეიტრალური პოლიტიკის მიმართ, ისე იყვნენ ესენიც. მაგრამ ასე მოხდა, რომ გვანცას გარდა ყველანი ჩავერთეთ. პატარა ცოტნემაც კი ჩაიცვა მაისური “ქართული ოცნებით” და ყოველ საღამოს მახსენებს, მამიკო, შენ რატომ არ გაცვიაო.

სუფრაზეც ვთქვათ. თამადობა მიწევს, როცა სახლში სტუმრები მყავს და როცა ხასიათზე ვარ, მაგალითად, როცა ჩემს მეგობრებთან ვარ, “ქართულ ხმებთან”. მათ უყვართ ჩემი თამადობა. არავის ეწყინოს, მაგრამ, კარგი ტრადიცია ცოტა არ იყოს დავამახინჯეთ: სამი კაცი რომ შეიკრიბება და 60 სადღეგრძელოს ამბობს – არ მგონია ლამაზი. ეს უნდა ხდებოდეს იშვიათად და იმ პეწით, რაც ამშვენებს ქართულ სუფრას. კარგი ლექსი უნდა ითქვას სუფრაზე, კარგი სიმღერა, უნდა შეზარხოშდე კიდეც და არა – გატიალდე. და ეს შეზარხოშება, რაღა დაგიმალოთ, ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს ყოველდღიური ცხოვრების წესად არ უნდა იქცეს.

ქართული ღვინოები მომწონს ძალიან. ღვინოს სახლში ვაყენებ, მამაჩემის დანატოვარ ქვევრებში. ჩემი სიმამრიც მოყვარული იყო ამ საქმის. ამ ათი წლის წინ დიდი ტრაგედია გვქონდა ჩემს მეუღლეს და მე – სამი მშობელი დავმარხეთ ერთ წელიწადში.

დედა მყავს 89 წლის. ერთად ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რაც მამაჩემს ჰქონდა და მეც ძალიან მიყვარს ეს საქმე. მხოლოდ ჩემი სახლის ღვინოს მოვიხმარ, თუმცა ფრაგული ღვინოების კარგი კოლექცია მაქვს.

დედაჩემმა პოლიტიკაში ჩემი წასვლის ამბავი რომ გაიგო, ტელეფონში მითხრა, შვილო, დაწინაურებას გისურვებო. მეორეჯერ რომ დაველაპარაკე – ჩემი ყოველი დილა იმით იწყება, რომ დედას ვურეკავ და მოვიკითხავ, სადაც არ უნდა ვიყო – ვეკითხები, დედა, დაწინაურებას აღარ მისურვებ-მეთქი? ეცინება და მეუბნება, კარგი, დამანებე თავი, დაივიწყე, რაც გითხარიო.

ნარდი ძალიან მიყვარს და ჭადრაკსაც კარგად ვთამაშობ. ნარდი ჩემთვის დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა. გრძელი ნარდი მიყვარს ძალიან და “ქართულ ხმებთან” მაგარი ომი გვაქვს. ჩემპიონატებს ვატარებთ ხოლმე.
რა ნიშნავს თქვენთვის ჭორვილა? რითი ხართ სოფელში დაკავებული თავისუფალ დროს? ნადირობთ? თევზაობთ? ბოსტანს უვლით?
– არც ვნადირობ და არც ვთევზაობ. ძალიან მიყვარს ბუნება და ამას ვერაფრით ვიკადრებ. მახსოვს, 19 წლის ვიყავი, როცა მწყერზე ნადირობიდან ვბრუნდებოდი. ნახნავებიდან გვრიტი აფრინდა და ვესროლე. წაფრთხიალდა და დავარდა. მეორე, როგორც ეტყობა, მისი წყვილი იყო. იმდენი იწვალა, ჩავიდა-ამოვიდა იმის ამოსაყვანად, ჩავიდა-ამოვიდა. ისე გამიფუჭდა ხასიათი, დავაგდე ორლულიანი თოფი და მახსოვს, რომ კონდახი შუაში ამოტყდა. იმის შემდეგ თოფი ხელში აღარ ამიღია.

სხვათა შორის ბეღურები არ მიყვარს. მუდმივად ართმევენ ბუდეს მერცხლებს და ეს ვერ მიპატიებია.

ბუნება ძალიან მიტაცებს. ჩემი ჰობია – სეირნობა და ფიქრი. ჭორვილაა ჩემი სამშობლო. ყველაფერი მიყვარს მისი, სულ მესიზმრებოდა. სამი წელიწადია, გარეთ არ გავსულვარ, ისე მეძნელებოდა მისი დატოვება. უნიკალური ნერგები ჩამოვიტანე. ძალიან მიყვარს ბაღის გაშენება და სულ ჩემი ხელით ვაკეთე პარკი ჯერ ჭორვილაში, მერე ურეკში და თბილისშიც. უამრავი ნერგი მაქვს დარგული…

(გადმოტანილია გვერდიდან: http://kalmasoba.com/politika/516 )


ღია წერილი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს – ბ-ნ უილიამ ბარნსს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს


ბატონო ბარნს,

ქალბატონებო და ბატონებო,

ბოლო კვირის განმავლობაში თქვენ მიხეილ სააკაშვილის ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის მორიგი თვითლუსტრაციის მოწმე ბრძანდებით.

ბატონი მიხეილ სააკაშვილის ანგარიშზე სადღეისოდ უკვე არის:

·        2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევა, კერძო ტელევიზია „იმედის“ უკანონო დარბევა და მაუწყებლობის შეწყვეტა, ტელევიზია„კავკასიის“ მაუწყებლობის უკანონო შეჩერება,

·        ნაციონალური მედიასაშუალებების უკანონო გაკოტრება, ლიცენზიის ჩამორთმევა, მითვისება და ოფშორული კომპანიების საშუალებით კონტროლი,

·        ათეულობით ახალგაზრდის ქუჩაში ძალოვანი სტრუქტურების მიერ ლიკვიდაცია მათთვის „ნულოვანი ტოლერანტობის“  კარტ-ბლანშის მიცემით,

·        2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში მნიშვნელოვანი დარღვევების და მასობრივი გაყალბების ორგანიზება, რაც ორივე შემთხვევაში ეუთოს არჩევნებზე მონიტორინგის კომისიის ანგარიშში, სამწუხაროდ, არჩევნებიდან 2-3 თვის შემდეგ აისახა და არჩევნების შედეგზე გავლენა ვერ იქონია,

·        მეგობარი ქვეყნების და ორგანიზაციების მიერ მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად 2008 წელს რუსეთის მიერ პროვოკაციაზე არაადეკვატური პასუხი და საომარი მოქმედების დაწყება, რაც დადასტურებულია ტალიავინის საერთაშორისო კომისიის მიერ,

·        საბიუჯეტო სახსრების უკონტროლო ხარჯვა და ასეულ მილიონიანი აბსოლუტურად გაუმჭვირვალე საპრეზიდენტო და სამთავრობო ფონდების არსებობა,

·        ბიზნესის ტოტალური კონტროლი. საგადასახადო ორგანოების და პოლიციის მიერ შეთითხნილი მიზეზებით ბიზნესმენების დაკავება და დაშინების შედეგად საპროცესო გარიგებების მავნე პრაქტიკა, რომელიც 2010 წელს ბიუჯეტში 112 მილიონი ლარის მობილიზების და ამ ინოვაციის ავტორის – იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის სიამაყის საფუძველი გახდა.

·        იუსტიციის გაჭიანურებული რეფორმა, რასაც შედეგად მოჰყვა ადვოკატთა როლის დაკნინება და პროკურატურის როლის კატასტროფული ზრდა, სადღეისოდ საქართველოში სასამართლოებს ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 0.04%-ში გამოაქვთ!

·       პატიმართა რიცხვის წარმოუდგენელი ზრდის და განაჩენების არაადექვატური დამძიმების პარალელურად პატიმართა ყოფის აუტანელი პირობები და ციხეებში წამების და გარდაცვალების ისეთი შემზარავი სტატისტიკა ფიქსირდება, რომელიც მსოფლიო უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი კრიტიკის მიზეზად რჩება.

·        ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის დაუსაბუთებული ზრდა 90 დღემდე და ამ მეთოდით პოლიტიკური ოპონენტების დაკავება, ისევე, როგორც ნარკოტიკების და იარაღის ჩადების უამრავი შემთხვევები,

·        პოლიტიკური დევნის ათობით დასაბუთებული შემთხვევა, რომელთაგან რამდენიმე შემთხვევაში საქართველოს მთავრობისაგან პოლიტიკური დევნილის სტატუსი გაცემულია საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, კანადის, იტალიის და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მთავრობების მიერ,

·        ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი საქმეების წარმოუდგენელი ზრდა (2010 წელს – 2000 საქმეზე მეტი) და ყველაზე უფრო საჩვენებელი – გირგვლიანის საქმე, რომელიც საქართველოს  დღევანდელი ხელისუფლების სავიზიტო ბარათად იქცა უკანონობის და ძალადობის გამართლებისა და დაკანონების სამარცხვინო ასპარეზზე.

·        სააკაშვილის მთავრობის მეორე სამარცხვინო სავიზიტო ბარათად ქცეული 2011 წლის სისხლიანი 26 მაისი, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის უკანონოდ გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში სისხლიანი მეთოდებით დაშლას ადამიანების მსხვერპლი და ჟურნალისტებსა და საზოგადოებაზე მასობრივი ძალადობა მოჰყვა. ხოლო სააკაშვილის რეჟიმმა სისხლით მოსვრილ რუსთაველის გამზირზე მისი მორეცხვიდან რამდენიმე საათში საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავი აღლუმი ისე მიიღო, რომ ახლო-მახლო დაყრილი რამდენიმე ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანის გვამი ჯერ კიდევ არ იყო აღებული.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების და საქართველოს მთავრობის ელიტარული კორუფცია ბევრად აჭარბებს შევარდნაძის ხელისუფლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, ხოლო ხელისუფლების დანაწილება, სასამართლოს დამოკიდებულება მმართველ პარტიაზე, მედიის მიკერძოებულობა, ძალოვანი სტრუქტურების უკონტროლობა და ადამიანის უფლებების დაუცველობა სააკაშვილის დროს გაცილებით უარეს პერსპექტივას სახავს.

საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებულ იმედგაცრუებას იწვევს ის მხარდაჭერა, რაც საქართველოს პრეზიდენტს დასავლელი პარტნიორების მხრიდან გააჩნია.  „პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი“, „საქართველოს მთავრობის პროდასავლური კურსი“, „საბაზრო ეკონომიკის მხარდაჭერა“, „კონკურენტული გარემოს შექმნა“,  „#1 ქვეყანა ბიზნესის დაწყების სიიოლით“, „#1 ქვეყანა  კორუფციასთან ბრძოლაში“ – ეს ეპითეტები და ხშირ შემთხვევაში დასავლური პრესის სარეკლამო ხასიათის სტატიებიდან ამოღებული კალკები აბსოლუტურად არ ასახავს იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და  სამართლებრივ სინამდვილეს, რაც დღეს საქართველოში არის.

საქართველოს ხელისუფლება ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლებისაგან განსხვავებულ ალტერნატივას გაუჩენს.

იცის რა საკუთარი რეალური (და არა დაშინებული მოსახლეობის ღიად გამოკითხვის და სხვა ტექნიკური ხერხების წყალობით დაფიქსირებული) რეიტინგი, საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისუფალი და თანასწორი არჩევნების კატასტროფული შიში.

მიხეილ სააკაშვილმა შექმნა დანაშაულებრივი ფინანსური-პოლიტიკური სისტემა, სადაც ნებისმიერი სახელმწიფო სახსრების ლომის წილი უნაწილდება სამთავრობო პირების და მათი საახლობლო წრის მიერ ხშირად ტენდერის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურად დაფუძნებულ კომპანიებს, რომლებიც შემდეგ საარჩევნო პერიოდში უხვი ღია თუ ფარული შემოწირულობების სახით ნაციონალურ მოძრაობას ხარკს უხდიან და “ვალს” უბრუნებენ. ამის გამო, და იმის წყალობითაც, რომ საგადასახადო ორგანოებისაგან დატერორებულ ქართულ ბიზნესს აკრძალული აქვს ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტური ფსევდოოპოზიციური პარტიების გარდა სხვა პარტიების დაფინანსება, საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში არ არსებობს დაფინანსების წყაროები, რაც ოპოზიციურ სპექტრს თავისუფალი განვითარების საშუალებას მისცემდა.

სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შოკშია ჩავარდნილი რეალური ოპონენტის გაჩენის გამო.

მილიარდერი ბიზნესმენის და ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ შეცვალა ის რეალობა, სადაც ნაციონალურ მოძრაობას ფინანსური რესურსების განუზომლად მაღალი ხარისხის გამო აბსოლუტურად არათანაბარზომიერი სარეკლამო კამპანიის წარმოების საშუალება ჰქონდა და მის მიერვე მართულ ნაციონალური მასშტაბის მედიასაშუალებებს დირექტივებს აძლევდა, რომ საარჩევნო პერიოდში ისეთი ფასების ნიხრი დაეწესებინათ, რასაც ვერცერთი ოპოზიციური პარტია ვერ გადაიხდიდა.

მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ მკვახე განცხადებებით ბრავადად წარმოუდგენია, წარმოუდგენლად ეშინია ისეთი ოპონენტის, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების რეალური პოტენციალი აქვს და კონფრონტაციის გარდა რაიმეს შეთავაზება შეუძლია. ამიტომ იგი, ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები და ხელისუფლების მიერ მართული მედიასაშუალებები მომენტალურად “პრორუსულ” იარლიყს აკერებენ ბიძინა ივანიშვილს, მიუხედავად ამ უკანასკნელის განცხადებების, დეკლარირებული პოლიტიკური კურსის, პოლიტიკური პარტიის და მრჩეველთა გამოკვეთილი ბირთვის და იმ ოპოზიციური პარტიების დასავლური ორიენტაციისა, რომელთანაც ურთიერთობით დაიწყო პოლიტიკური სვლები ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობა არის აბსოლუტურ პანიკაში და დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მის არადემოკრატიულ ხასიათს, რომლისთვისაც  პოლიტიკურ ოპონენტთან ურთიერთობის ერთადერთ ფორმას მის მიმართ ცილისწამება და მისი მომხრეების, კომპანიის და ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი  წარმოადგენს:

–       მიხეილ სააკაშვილმა  ბიძინა ივანიშვილს – პროცედურების აშკარა დარღვევით, ხოლო მის მეუღლეს – აბსოლუტურად უკანონოდ – ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმიდან მეორე დღესვე გამოუცხადა და 11 ოქტომბრის ბრძანებულებით ჩამოართვა კიდეც თავის მიერვე 2004 წელს მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა.

–       ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას ივანიშვილის ბანკ „ქართუს“თანამშრომლებზე. 18 ოქტომბერს 17 საათზე საქართველოს ბანკიდან ლეგალურად თანხის გამოტანის დროს სპეცნაზის და პოლიციის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში განახორციელეს ყაჩაღური ტიპის თავდასხმა ქართუ ბანკის ინკასაციის მანქანაზე,  უკანონოდ დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ ქართუ ბანკის 6 თანამშრომელს (ორ ინკასატორს და ოთხ მოლარე ქალბატონს), ამოიღეს ბანკის კუთვნილი მანქანა და ფულადი  სახსრები. უკანონოდ დაკავებულ პირებს  თავიდან თითქოს ფულის გათეთრების მუხლი მიუყენეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი განმარტებების გაკეთების გარეშე გაანთავისუფლეს. გასაგებია, რომ ეს იყო დაშინების ოპერაცია, რომელიც ისეთ ფაქიზ სექტორში, როგორიც საბანკო ბიზნესია, მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებში გაურკვევლობის გრძნობის დათესვას და თავისუფალი ბიზნესის მიზანმიმართულ ნგრევას.

–       იმავე საღამოს, ყოველგვარი ახსნის და წერილობითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე ხელისუფლებამ იარაღი ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილის დაცვას, რაც ბიზნესმენის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლის კიდევ ერთი მცდელობაა.

–       ხელისუფლებამ იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერა ივანიშვილის პოლიტიკურ კლიპში „ქართული ოცნება“ გამოყენებული მაისურების დარიგების დროს დააკავა ბერას მეგობარი დისკ-ჯოკეი ლევან მდინარაძე, რომელსაც ნარკოტიკების შეძენის ბრალდება წაუყენა.

–       რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ უკანაონო იარაღის ამოღების მიზეზით დააკავა კახეთში რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარის რობერტ ღარიბაშვილის სიმამრია, ხოლო ღარიბაშვილის მამა წინადღით სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

–       ხელისუფლების წარმომადგენლები – პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი და სხვები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ მოქალაქეობადაკარგულ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან დეპორტაციის საფრთხე ემუქრება, ხოლო ნაციონალური არხებით, განსაკუთრებით, ერთ დროს თავისუფალ და ამჟამად სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის გიორგი არველაძის მიერ მართულ და  ომის მოდელირებებით „სახელგანთქმულ“ ტელეარხ „იმედზე“,  გადის სიუჟეტები, სადაც ხდება ლონდონში დევნილობაში გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის და ბიძინა ივანიშვილს შორის პარალელების ძიება და იმ აზრის გატარება, რომ ივანიშვილსაც პატარკაციშვილის ბედი ეწევა, რაც ბიზნესმენის და აწ უკვე პოლიტიკოსის ოჯახზე, ისევე როგორც მთელ ქართულ საზოგადოებაზე, დამატებით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ისახავს მიზნად.

ამდენად, სახეზეა პოლიტიკური დევნის კლასიკური შემთხვევა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინაშვილის მიმართ ხელისუფლება ლოიალური იყო 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, როცა მან თავისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. მანამდე იგი არავის მიაჩნდა რუს ოლიგარქად, საქართველოს მოქალაქეობისათვის შეუფერებელ და დეპორტაციის ღირს პიროვნებად და ხელისუფლება მშვენივრად ითვისებდა პოლიციის, ჯარის თუ სხვა საზოგადო სექტორში ივანიშვილის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გადაცემულ დიდ სახსრებს, ხოლო ივანიშვილის მიერ გარემონტებულ და აშენებულ ეკლესიებს, თეატრებს თუ საავადმყოფოებს ხშირად თავად ხსნიდა და ქველმოქმედის ღვაწლს ითვისებდა. თუმცა საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის მისი კეთილისმყოფელი და ვინ – მისი გამატყავებელი.

არავისათვის საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა აბსოლუტურად მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ ყველა რეკომენდაციების მიუხედავად და საწინააღმდეგოდ, საარჩევნო სისტემა შეცვალა ისე, რომ კიდევ უფრო დაასუსტა საპარლამენტო ხელისუფლება და რეალურად საპრეზიდენტო ძალაუფლების უდიდესი ნაწილი გადაულოცა პრემიერ-მინისტრს, ერთადერთი მიზნით, რომ ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2012 წელს, რეალური პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობის და სარჩევნო გარემოს სისუსტეების, ისევე როგორც საკუთარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩეს უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ანუ გაიმეოროს არა მის მიერ ხშირად მისაბაძად დასახული ჯორჯ ვაშინგტონის და შარლ დე გოლის, არამედ,  მისი მუდმივი კრიტიკის ობიექტის, – მის მიერ შაჰ-აბასად და მურვან ყრუდ შერაცხული ვლადიმერ პუტინის მაგალითი.

გასაგებია, რომ საქართველოს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლით იქმნება მეორე პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც გააჩნია მეტი მომხიბვლელობა ხალხისთვის – პროგნოზირებადობის, საზოგადოებისადმი ადამიანური დამოკიდებულების, სამართლიანობის და საბაზრო ეკონომიკის და საინვესტიციო კლიმატის რეალური განვითარების სერიოზული პერსპექტივის არსებობის გამო.

სწორედ ამიტომ, გაანალიზა რა ნაცმოძრაობის და პირადად მის წინააღმდეგ ერთიანი დემოკრატიული ფრონტის ჩამოყალიბების მისთვის კატასტროფული სიუჟეტი, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს სტარტზევე დაბლოკოს ეს პერსპექტივა და ქართველ ხალხს არ მისცეს საკუთარი პერსონის არავითარი ალტერნატივა გარდა ფესვდოოპოზიციური სატელიტი პარტიებისა, რომელთაც მისი დამარცხების შანსი, გასაგები მიზეზების გამო, არც გააჩნიათ.

მოგმართავთ თხოვნით:

–       განუმარტოთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ქართული საზოგადოების პოლიციური მეთოდებით მართვა, დაშინება და პოლიტიკური ოპონენტების ხალხის მტრებად გამოცხადება არ არის დემოკრატიის მახასიათებელი.

–       რომ მხოლოდ პიარისთვის, საზეიმო კონცერტების მოწყობასა და საკუთარი ამბიციური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო სახსრების უკონტროლო ხარჯვა არ წარმოადგენს პროდასავლური კურსის დემონსტრაციას.

–       და რომ დასავლეთის მთავრობები არ დაუჭერენ მხარს იმ ხელისუფალს, რომელიც საკუთარი ავტორიტარიზმის შენიღბვას უცხოური ლობისტური ფირმებისათვის გადახდილი მილიონებით და ავღანეთსა და ერაყში კონტრტერორისტულ ოპერაციებში გაგზავნილი ქართველი ჯარისკაცების სისხლის ფასად აპირებს.

 

გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია პოლიტიკური ნიშნით აგრესიული ზეწოლის და დევნის იმ უპრეცედენტო კამპანიაზე, რასაც მიხეილ სააკაშვილის სახელისუფლებო სტრუქტურები  ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტნიორების მიმართ ახორციელებს.

პატივისცემით,

სოლომონ თერნალელი,

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიული და ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის პირობებში იძულებული ვარ ანონიმურად გამოვხატო ჩემი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში. სახელმწიფო ტერორის ზემოთხსენებული მაგალითები არ მაძლევს იმის ილუზიას, რომ ჩემი პიროვნების და აზრების ღიად დაფიქსირების შემთხვევაში ჩემი ოჯახის და ახლობლების მიმართ არ განხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ის ხერხები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად „იმაღლებს კვალიფიკაციას“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.

https://solomonternaleli.wordpress.com/2011/10/19


დემოკრატიისფერი დიქტატურა (ნაწილი I)


დემოკრატია 2500 წელზე მეტს ითვლის.

ყველაზე მარტივად, დემოკრატია შეიძლება აიხსნას, როგორც ხალხის, ანუ მრავალთა მმართველობა.

ხალხი ირჩევს მმართველებს, რომლებიც მართავენ ქვეყანას, მაგრამ ანგარიშვალდებულები არიან ხალხის მიმართ და ხალხს აქვს უფლება ისინი გადაირჩიოს.

ხალხს ასევე უფლება აქვს შეიკრიბოს, გამოთქვას აზრი და გაიგოს ახალი ამბები, დაუსვას შეკითხვა მმართველს და მიიღოს პასუხი, გაასაჩივროს უსამართლობა და დაიცვას თავისი თავი თავისუფალ სასამართლოში, რომელიც მმართველს არ უნდა ემორჩილებოდეს, ჰყავდეს არჩეული რჩეულნი (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), რომლებიც მის ინტერესებს დაიცავენ და კანონებს მიიღებენ…

მოკლედ, სათქმელად ისეთი მარტივია ეს ყველაფერი, რომ ცრემლები მოგადგება კაცს თვალზე…

საბერძნეთსა და რომში ლამის ხუთსაუკუნოვანი არსებობის შემდეგ დემოკრატია დროებით მიიცვალა და ისევ მონარქიამ და დიქტატურამ შეცვალა, რათა 15 საუკუნის შემდეგ თანდათანობით ისევ დაბრუნებულიყო.

ამჟამად ითვლება, რომ მსოფლიოში დემოკრატია მმართველობის გაბატონებული ფორმაა და 180 ქვეყნიდან 90-მდე თავისუფალი დემოკრატიული მმართველობის რეჟიმში ცხოვრობს, 50-მდე – ნაწილობრივ დემოკრატიულია, ხოლო 40 – არადემოკრატიული.

საქართველო – მიხეილ სააკაშვილს და ეკა ხერხეულიძეს რომ ჰკითხოთ, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიის წინა ფლანგზეა… ამის შემდეგ გონიერი ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ზემოთდასახელებული სუბიექტებისათვის რაიმეს კითხვას აზრი არ აქვს.

ძველ დროში დიქტატორები ბატონობდნენ.

დიქტატურის კიდევ უფრო ცუდი ვარიანტი ტირანია იყო.

დიქტატორი კანონიერად იყო დიქტატორი. ყველაფრის უფლება კანონით ჰქონდა მინიჭებული

ტირანი უკანონო იყო. უკანონოდ მოდიოდა და უკანონოდ მართავდა. ის თავად იყო კანონი.

თუმცა ზოგიერთი დიქტატორიც აცხადებდა – კანონი მე ვარო! ანუ, ყველა კანონი მანამდე არსებობს, სანამ მე ასე მინდა, როგორც კი მოვინდომებ, ნებისმიერ კანონს გავაუქმებ და ნებისმიერ კანონის შემოვიღებო.

როდესაც დიქტატორები არსებობდნენ. ყველამ იცოდა, რომ დიქტატურის მოშორების ერთადერთი ძალა რევოლუცია იყო.

როდესაც ტირანები არსებობდნენ, ყველა ხვდებოდა, რომ ტირანის მოცილების ერთადერთი საშუალება მისი მოკვლა იყო. თან რაც უფრო სისხლიანი იყო ტირანი, მით უფრო სისხლიანად იცილებდნენ თავიდან, რომ ამით ტირანიის გამეორების საფრთხე შემცირებულიყო და ყველას ტირანს სცოდნოდა თავისი შეუზღუდავი მმართველობის ბოლო პუნქტი. მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობს…

საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოსახლეობას აქვს არჩევის უფლება.

ფაქტორი 1: ამომრჩევლები

სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს – დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს ამ უფლების გამოყენება შეზღუდული აქვს ობიექტური მიზეზების გამო – რადგან გარედან პროვოცირებული და შიგნიდან არაპრევენცირებული ეთნოკონფლიქტების და სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ასევე – სამშობლოში გაუსაძლისი საცხოვრებელი თუ პოლიტიკური პირობების გამო ისინი ემიგრაციაში ცხოვრობენ. მართალია, თეორიულად მათ აქვთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში ხმის მიცემის უფლება, მაგრამ ყველასათვის გასაგებია, რომ ამ უფლებას საზღვარგარეთ მაცხოვრებელ თანამოქალაქეთა მცირე ნაწილი თუ იყენებს.

სამაგიეროდ, საქართველოს სვებედნიერი ხელისუფლება, უცხოეთში მყოფ თანამოქალაქეებს გული რომ არ დაწყვიტოს, პრობლემის გადაწყვეტას იმით ახერხებს, რომ ამომრჩეველთა სიებში საერთოდ არ აფიქსირებს ქვეყნიდან ემიგრირებულთა უმრავლესობას. აბსოლუტურად აბსურდული სიტუაციაა, როცა ყველამ ვიცით, როგორ იზრდება ყოველ წელს საზღვარგარეთ წასული ჩვენი ახლობლების და მეზობლების რაოდენობა, როგორ იცლება სოფლები და ქალაქები, ხოლო, ამის პარალელურად, საქართველოს ამომრჩეველთა სია სულ უფრო იზრდება და უკვე არსებობს რაიონები, სადაც 18 წელზე მეტი ასაკის ამომრჩეველთა რაოდენობა იქ მაცხოვრებელთა რაოდენობას აჭარბებს!

დასკვნა – საქართველოს ამომრჩეველთა სიაში ძალიან დიდია ე.წ. მკვდარი სულების ოდენობა, რომელთა დამალვის სურვილი ხელისუფლებაში იმდენად დიდია, რომ საქართველომ უარი თქვა 2010 წელს ჩაეტარებინა მოსახლეობის მორიგი საყოველთაო აღრიცხვა, რადგან მაშინ დაფიქსირდებოდა, რომ არ შეიძლება 3,5 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობდეს იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის საერთო რაოდენობა, უკვე, ექსპერტთა აზრით, 3,5 მილიონიც კი არ არის. სავარაუდოდ, ციფრი ”3,5 მილიონი” ამომრჩეველთა რეალურ რაოდენობაზე 500,000-700,000-ით მეტია! სწორედ ეს დამალული მკვდარი სულები (რაც ამომრჩეველთა საერთო ხმების 15-20%-ია!) უზრუნველყოფენ ნაციონალურ მოძრაობის არადემოკრატიულ მოგებას არადემოკრატიულ არჩევნებში.

იმ ამომრჩეველთა მიმართ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, გამოიყენება საქართველოს ხელისუფლების მიერ აპრობირებული მეთოდები, რომლებსაც დემოკრატიასთან არაფერი საერთო აქვთ, მაგრამ ფსევდოდემოკრატიის ვარდისფერი იმიჯის შექმნას მშვენივრად ახდენენ.

ბიუჯეტიდან აღებული სახსრების ხარჯზე სახლმმართველობის პირების, უბნის ზედამხედველების და სხვა ტიპის ”აქტივისტების” დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ მაცხოვრებელთა საარჩევნო სიმპათიების ”გამოვლენა”. ამავე საქმიანობაში ჩართული არიან სკოლების მასწავლებლები. ამ ტიპის სადაზვერვო სამუშაოში აქტიურად გამოიყენება კარდაკარ ჩამოვლა და სხვადასხვა მოგონილი თუ ნამდვილი მიზეზით იმის გაგება, ვინ აძლევს ხმას ნაცმოძრაობას და ვინ იკავებს თავს. ამ მზვერავთა ბატალიონების უკანონო საბიუჯეტო დაფინანსება საარჩევნო წლებში 300-400%-ით იზრდება, განსხვავებით არასაარჩევნო წლებისაგან.

მიღებული ინფორმაციის შესაბამისად არჩევნების დღეს იმ პირების აქტიური მობილიზაცია და სხვადასხვა პროდუქტის,  სახურავი შეკეთების, ლიფტის გარემონტების, ასფალტის დაგების თუ სხვა მატერიალური სიკეთეების დაპირებით მათი სახლებიდან გამორეკვა და უბნებზე მირეკვა. უბანზე შესვლის წინ დამატებით ინსტრუქტაჟი და დაშინება, რომ უბნებზე დამონტაჟებული კამერები და ჯადოსნური საწერ-კალმები ყველა ამომრჩევლის არჩევანს დააფიქსირებს და  ნაციონალური მოძრაობის 5-იანის არშემოხაზვა მათ ძვირად დაუჯდებათ!

პატიმართა ოჯახების წევრებზე ზეწოლა, რომ მათ თავიანთ სამეზობლოში ნაციონალთა მხარდამჭერი კამპანია აწარმოონ და მოიტანონ გარკვეული ოდენობის (100-500-მდე) იმ პირთა სია და პირადი ნომრები, რომელთა მხარდაჭერაც შეიპირეს. უბნებზე ნარკომანთა და არჩევნების წინ მობილიზებულ კრიმინალურ ელემენტთა აქტივაცია, რომელთა მოვალეობაში შედის სხვა პარტიების და საარჩევნო პროცესის ზედამხედველ დამკვირვებელთა ნეიტრალიზაცია, ხოლო ზოგჯერ – ნაციონალური მოძრაობის მიმართ სიმპათიის არ მქონე იდენტიფიცირებული პირების უბნებამდე არ მიშვებაც.

უბნებზე დამკვირვებელი სხვა პარტიების წარმომადგენელთა აქტიური მოსყიდვა და დაშინების კამპანია, რომ არ მოხდეს აქტის შედგენა დარღვევათა უმეტეს ნაწილზე. ამავე დავალებას იღებენ საარჩევნო უბნის ნაციონალი თავმჯდომარეები, და უბნებზე მობილიზებული პატრული, რომელთაც ჩატარებული აქვთ ინსტრუქტაჟი საჭიროების შემთხვევაში უბნის არანაციონალ დამკვირვებელთა იზოლაციის და ამ მიზნით სპეციალური პროვოკაციების მოწყობის შესახებ.

თუ ჩავთვლით, რომ თითოეული ამ არაკანონიერი, და რიგ შემთხვევებში, ტერორისტული, მეთოდის რეალიზაციით ნაციონალური მოძრაობა დამატებით ხმათა 1-2%  აგროვებს, გამოდის, ხმების თუნდაც სწორად დათვლის შემთხვევაში (რაც ასევე ნაკლებ სავარაუდოა), ნაციონალურ მოძრაობას აქვს საკმარისი ლუფტი – 19%-28%-ის ოდენობით, რომ ნებისმიერ ორგანიზებულ მოწინააღმდეგეს მოუგოს.

ხოლო იმ შემთხვევაში, როცა საარჩევნო ბარიერი 30%-მდეა დაწეული, ხოლო ოპოზიცია გაერთიანებას ვერ ახერხებს (რაშიც ლომის წილი ასევე ნაციონალურ მოძრაობის არაკანონიერ ქმედებებს მიუძღვის), საკმარისია, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა რეალურად ხმების 10-15% მიიღოს, რომ მისი ”გამსვლელი”  მაჩვენებელი ასარჩევად სავსებით საკმარისი იქნება!

თუ ამას დავამატებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით, არჩევნების ლეგიტიმურობისათვის ამომრჩეველთა 50%-ის მონაწილეობა აუცილებელი აღარ არის, გამოდის, რომ საქართველოში მოსახლეობის 5-8%-მა შეიძლება აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც 92-95%-ის ინტერესების გამოხატველი არ იქნება.

გასაგებია, რომ ამ წესით ”რჩეულთა” ცხოვრების მიზანი ერთია – ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახურონ და თავისი საქმეებით დაიმსახურონ მმართველობის უფლების გაგრძელება, უფრო მარტივად გადაჭრან ეს ამოცანა – არ დაუშვან საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარება!

ფაქტორი 2: ამოსარჩევნი

საქართველოში ასარჩევი პიროვნება უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

იმისათვის, რომ პრეზიდენტი, პრემიერი, ან პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს, პიროვნება საქართველოში უნდა ცხოვრობდეს – საჭიროა საქართველოში ჯამურად ცხოვრების მინიმუმ 15 წლიანი და ბოლო წლების  5-წლიანი ცენზი.

თუმცა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს არ ჭირდება რაიონში მაცხოვრებლობის ცენზი.

ამოსარჩევი პირი არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან მის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

დეპუტატობის მოსურნე პირს არ უნდა ეკავოს თანამდებობა აღმასრულებელ ორგანოში.

ხალხის რჩეულ  დეპუტატს არ შეიძლება გააჩნდეს ბიზნეს ინტერესები, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამ რამდენიმე მუხლით მანიპულირების მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო წლებში ეფექტურად მოიცილა რამდენიმე კონკურენტი:

ბადრი პატარკაციშვილი – რომელსაც კიდეც რომ მოეგო საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, მაინც ვერ გახდებდა პრეზიდენტი, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ, ვახტანგ კომახიძის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით, დასტურდება, რომ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეფუძნებოდა თავად ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ყალბ ნივთმტკიცებებს, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის და ერეკლე კოდუას საუბრების ჩანაწერების მონტაჟის გზით იქნა მიღებული, დღემდე არც მიხეილ სააკაშვილს, არც მისი მთავრობის მაღალჩინოსნებს (მაგ. მთავარ ბრალმდებელს, იმ დროს გენერალურ პროკურორს ნიკა  გვარამიას, ავტორს ცნობილი საბრალდებო პასკვილისა ”ნოემბრიდან ნოემბრამდე”), არც მათ გაწვრთნილ ცერბერ-ურნალისტებს (თენგიზ გოგოტიშვილს, ლაშა ხარაზიშვილს) კვლავაც არ უთქვამთ უარი გარდაცვლილი (თუ მოკლული?) ადამიანის მიმართ ამ სიცრუის მასობრივ ტირაჟირებაზე.   

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ხელისუფლებამ ოჯახის წევრებზე ზეწოლის ფსიქოლოგიური და სავარაუდოდ მედიკამენტოზური ზეგავლენით აიძულა აღიარებითი ჩვენება მიეცა, ხოლო საქმის აღძვრის შემდეგ პირადად გააცილა აეროპორტში საზღვარგარეთ ”გასაქცევად”, რათა შემდეგ ძებნილის სტატუსით ინტერპოლისათვის გადაეცა. ირაკლი ოქრუაშვილი, მის მიერ დაარსებული პარტიის წარმატების შემთხვევაშიც კი, ვერ გახდებოდა საქართველოს პარლამენტის თუ თბილისის საკრებულოს წევრი.

სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ”გაუმართლა”, რომ სააკაშვილმა შედარებით ადვილად – ბოლო წლებში 5-წლიანი ბინადრობის ცენზის შემოღებით მოახერხა მისი  ნეიტრალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონ სალომეს მიმართაც აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე რაიმე შეთითხნილი საბაბით.

ნინო ბურჯანაძე. მართალია, ჯერ ეს არ არის გაფორმებული, მაგრამ დიდი შანსია, ხელისუფლებამ პოლიტიკური აქტივობა აუკრძალოს იმ პირებს, რომელთა ოჯახის წევრების მიმართ აღძრულია განსაკუთრებული მნიშვნელობის (სახელმწიფო გადატრიალება და სხვ) სისხლის სამართლის საქმე. ხელისუფლებას ეს ვარიანტი ჯერ არ ჭირდება, რადგან ფიქრობს, რომ 26 მაისის შემდეგ ბურჯანაძე საკმაოდ ნეიტრალიზებული ჰყავს, თუმცა თუ ბურჯანაძის რეიტინგი მომავალში გაიზრდება, მაშინ ის ამ საშუალებას დაუყონებლივ გამოიყენებს.

პარლამენტარი ვალერი გელაშვილი. 2005 წელს მას, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერს, იარაღით ე.წ. ”უცნობი შეიარაღებული ნიღბიანი პირები” დაესხნენ თავს, განაიარაღეს დაცვა, მანქანიდან გადმოათრიეს და უმოწყალოდ სცემეს, რის შემდეგ მას ლიტვაში დასჭირდა სასწრაფო ოპერაციის და მრავალკვირიანი რეაბილიტაციის ჩატარება. საქმე დღემდე გახსნილი არ არის. თუმცა, რამდენადაც ეს ეპიზოდი მოჰყვა გელაშვილის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკას, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ავტომატებით შეიარაღებული ”უცნობი პირები” პრეზიდენტის ბრძანებით მოქმედი სპეცნაზის პროფესიონალები იყვნენ. შემდეგში ვალერი გელაშვილს დააბრალეს სკოლის გადაწვა, ხოლო როდესაც ეს ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, საქართველოს პარლამენტმა, სადაც ნაციონალური მოძრაობის მკვებავი 50-მდე მსხვილი ბიზნესმენი ”მოღვაწეობს”, გელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა ბიზნესსაქმიანობის საბაბით. სადღეისოდ, ვალერი გელაშვილი, რომელიც მრავალი წელია ლიტვაში ცხოვრობს, უკვე ბინადრობის ცენზის გამოც ვერ იყრის კენჭს საქართველოს არჩევნებში.

2008 წელს, 7 ნოემბრის აქციის სასტიკად დაშლის და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევის შემდეგ, როდესაც მისდამი არნახული ერთგულებით აღსავსე ელჩ ჯონ ტეფტისაგან ინსტრუქციები მიიღო და პრეზიდენტობიდან გადადგა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე სხვა გაფრთხილებასთან ერთად განსაკუთრებული ხაზგასმით გააფრთხილა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ მიეცა საქართველოს მოქალაქეობა ამერიკაში განათლებამიღებულ და რუსეთის მოქალაქე მილიონერ ლევან ვასაძისათვის. ვასაძე, რომლის პატრიარქთან ახლო ურთიერთობა და ტრადიციული ქართული ღირებულებების თვალშისაცემი მიმდევრობა ბოლო ხანებში სულ უფრო ხშირად ჩნდება ქართულ მედიაში, მიხეილ სააკაშვილის მიერ არცთუ უსაფუძვლოდ განიხილებოდა რეალურ კონკურენტად, რომელთან საარჩევნო შეჯიბრს (თუნდა საკუთარ უსამართლო საარჩევნო მონდორზე) ბატონმა მიხეილმა ტრადიციული კვანტის დადება ამჯობინა…

დაბოლოს, ბოლო ეპიზოდი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მეთოდებით ცდილობს (და დრემდე ახერხებდა!) მიხეილ სააკაშვილი ცალ კარში თამაშს:

საფრთხე იქედან მოვიდა, საიდანაც თითქოს შანსი არ იყო! მიუხედავად მისი კარჩაკეტილი ცხოვრების წესისა და იმისა, რომ საქართველოში მას პრაქტიკუალდ არავინ იცნობს და თითზე ჩამოსათვლელ პირებს თუ უნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ყველას სჯეროდა, სააკაშვილის მიერ ”გრაფ მონტე-კრისტოდ” შერაცხული (ვაი, თუ აგიხდა მწარედ ამ პარალელის გავლება, მიშა!) მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ამბიციებისაგან აბოსლუტურად თავისუფალი იყო… ეს მაინც მოხდა…

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა, პარტიის ჩამოყალიბება, ოპოზიციური ძალების გაერთიანება და არჩევნების მოგების შემთხვევაში მიშას მიერ ნაწვალები და ავთანდილ დემეტრაშვილის მიერ მისთვის სპეციალურად გამოჩორკნილი ყოვლისშემძლე პრემიერ-მინისტრის სკამის დაკავება გადაწყვიტა…

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ხელისუფლების რამდენიმედღიანი სრული ფრუსტრაცია და ჩაშხამებული სარკოზობა მოჰყვა, რომლის შემდეგ სარკოზის მიერაც გაღიზიანებულმა (როგორ-თუ რუსეთს უფრო მაგრად არ მიაწვაო!) მიშამ ფეხებზე დაიკიდა (მისივე სიტყვები რომ გამოვიყენოთ) ”აფრიკაში ორი ომის მომგები” მამობილი ნიკოლია და აეროპორტში მისი გაცილების მაგიერ მორიგი კალიგულას ორგია მოიწყო…

”ხსნა” ისევ ფორმალობიდან გამოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილმა, თურმე 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო! რაც კანონით აკრძალულია.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს შვილობილად აკიდებული ქვეყნის პრეზიდენტისაგან ძალიან არალოგიკური ჩანდა საფრანგეთის მოქალაქეობისათვის საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის და #1 მეცენატის, მთავრობის აქამდე გულუხვი დამფინანსებლის მოქალაქეობიდან ავტომატური გარიცხვა, თანაც ისე, რომ მისთვის ახსნა-განმარტების და მოქალაქეობის არჩევის უფლება არ მიეცათ, იმდენად დიდი ჩანდა არჩევნების პირწმინდად წაგების საფრთხე,  რომ მიხეილ სააკაშვილმა, არამცთუ ბიძინა ივანიშვილს აჰყარა მის მიერვე ბოძებული მოქალაქეობა, არამედ, იმის შიშით, ემანდ ცოლს არ გადააბაროს პოლიტიკაც, პარტიაც და ფულებიცო, სასწრაფოდ დააზუსტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მეუღლე – ეკატერინე ხვედელიძეზეც  ვრცელდებოდა!!!

არაა გამორიცხული, რამდენიმე დღეში ისიც გვაცნობოს პრეზიდენტის შუბლისძარღვგაწყვეტილმა პრესსამსახურმა, რომ პრევენციულად ივანიშვილების ოჯახის ყველა წევრი, მიუხედავად ასაკისა, არის მიხეილ მაღალის მიერ გადაცემული მოქალაქეობრივ ანათემაზე და ექსორციაზე!

ისე, მანდ კი აუცდა მიზანი ჩუბინს!

ეკა ხვედელიძე საქართველოს მოქალაქეობის მიღების მომენტში უკვე იყო საფრანგეთის მოქალაქეც და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის არავითარი ფორმალური საფუძველი არ არსებობს!

თუმცა, როგორც ნაცმოძრაობის მიერ ცხოვრების დევიზად აღებული მგლის კანონი ქადაგებს: ”შენი შესანსვლა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო”!

ეშინია კაცს და სად ეცალა იმის გასარკვევად, ვინ მანამდე იყო მოქალაქე და ვინ – შემდეგ!

ეგ არკვიოს, თუ ანაკლიები და ზღვაზე ხიდები აშენოს, მუდმივად მოჩქარემ?..

რადგან მეუღლეზე ჩამოვარდა სიტყვა: საინტერესოა, რომ საქართველოს შორსმჭვრეტ პრეზიდენტს საკუთარი მეუღლისთვისაც არ უბოძებია საქართველოს მოქალაქეობა!

ყოველ შემთხვევაში, 2008 წლის არჩევნებზე საარჩევნო კაბინებიდან გამოგოგმანებული პირველი წყვილის დანახვისას მედიამ გამოარკვია, რომ იმ მომენტისათვის სანდრა რულოვსი საქართველოს მოქალაქე არ იყო და საარჩევნო კაბინაში არაფერი ესაქმებოდა! სავსებით დასაშვებია, რომ მის შემდეგ ეს მდგომარეობა ჩაასწორეს და ძველი რიცხვითაც (რეესტრთუხუცესი გრიგოლ ვაშაძე 10 სართულიან კორპუსებს ”ასახლებს” სარდაფებში და ეგ გაუჭირდება?!),მაგრამ მაინც საინტერესოა, პრეზიდენტობის 5 და ერთად ცხოვრების ლამის 15 წლის თავზე რატომ არ იყო სანდრა რულოვსი საქართველოს მოქალაქე? მე ასეთი ვარაუდი მაქვს, რომ მიშა  მასაც არ ენდობა! არადა, ქალბატონმა სანდრამ მეგრული სიმღერები კი გვარიანად აითვისა, მაგრამ ევიტა პერონის ქარიზმა, არა მგონია, ჰქონდეს და ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენება მერიის აივნიდან იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს სულისშემძვრელად უმღეროს – ”Don’t cry for me, Saqartveloooo!”…

და მაინც… და მაინც… სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, იფიქრა ალბათ, მიშამ, რომელიც სანუკვარ მოქალაქეობისმიმნიჭებელ უფლებას ჯოკერივით ინახავს…

გამოდის, რომ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში მმართველი ძალა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი რეალური პრეტენდენტი საარჩევნი მარათონის დასაწყისშივე ნებისმიერე ფორმალური თუ შეთითხნილი მიზეზით თავიდან მოიშორონ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს არ გააკეთეს – ლევან გაჩეჩილაძის მიმართ, იმით იყო განპირობებული, რომ  იმ დროს სააკაშვილს მთავარ ოპონენტად პატარკაციშვილი მიაჩნდა და ფიქრობდა, რომ გაჩეჩილაძე (ოპერაცია ”იმედის დახურვის” და ოპერაცია ”ბადრის შეთქმულების” ჩაფლავების შემთხვევაში)  სწორედ პატარკაციშვილს წაართმევდა ხმებს. ჰოდა, ეს გულარხეინობა ძალიან ძვირად დაუჯდა, გაყალბებათა და საარჩევნო უბნების 19%-ზე ეუთოს მიერ დაფიქსირებულმა ”სერიოზულმა ან ძალიან სერიოზულმა დარღვევებმა” იმის პრეცედენტი შექმნა, რომ ნაციონალური უმცირესობების დაშინებით მიღებული 100-100%-იანი შედეგებიც კი არასაკმარისი იქნებოდა იმ 53%-ის გასაპრავებლად, რაც წვეროსანმა გამპრავებელ-ექსპერტებმა ნოდიამ და იაკობაშვილმა თავისი კარიერის ეშხით ეგზიტ-პოლებში ”დაინახეს”… მაგრამ უცხოეთს ძალიან აწყობდა ნაცნობი მიშა და არ ენდობოდა უცნობ ”გრეჩიხას” და 19%-იან დარღვევებზე ისე დახუჭეს თვალი, რომ ეს დემოკრატიის გამოცანად დარჩება მარად…

ანუ – საქართველოს მოქალაქეებს – არ აქვთ უფლება მოახდინონ თავიანთი საარჩევნო უფლების რეალიზება.

ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც მოქალაქეობის ან ბინადრობის ცენზი ხელს ვერ უშლის არჩევნებში მონაწილეობას,მხოლოდ მაშინ აქვთ არჩევნებზე თავისი კანდიდატურების და პარტიების წამოყენების უფლება, თუ ეს მიშას ასე უნდა. რაც მიშას არ უნდა, ის ითვლება, რომ ქვეყანასაც არ უნდა…

 ბლოკავს რა რეალური შანსის მქონე ოპონენტებს (სანდრა რულოვსი არ მიგულისხმია), მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა ძალიან უფრთხის დიქტატორის და ერთპარტიული სისტემის იმიჯს.

ამიტომ იგი თავის ინკუბატორში აშენებს ჯიბის კანდიდატებს და ფესვდოოპოზიციურ პარტიებს, რომელთა სელექციისა და გამოკვებისათვის საკმაო თანხების დახარჯვას არ ერიდება.

გავიხსენოთ გოგი თოფაძის შემთხვევა, რომელსაც ბიზნესში სააკაშვილის საგადასახადო ორგანოებმა ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და ჯარიმები დაარიცხეს. მას ეს ყველაფერი მის შემდეგ ჩამოაწერეს, რაც თოფაძემ საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებს ბევრი არა, მაგრამ ორიოდ პროცენტი მაინც ჩამოაჭრა… სააკაშვილის და ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა…

ნიკა ივანიშვილი – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის დროს საგზაო პოლიციის უფროსი, რომელიც, რაგინდ უცნაური არ უნდა ჩანდეს, სწორედ მისმა სამუშაოდან მომხსნელმა ხელისუფლებამ ამოიღო ნაფტალინიდან 2010 წლის არჩევნების წინ და არამცთუ მერობის კანდიდატად მოგვივლინა, არამედ ისეთი ძვირადღირებული საარჩევნო კამპანია დაუფინანსა, რომ ზოგიერთ უბნებში ივანიშვილის საარჩევნო პლაკატები რიცხვით და ზომით ნაციონალურ მოძრაობისასაც კი სჯობნიდა! სავარაუდოდ, ნიკა ივანიშვილს ნაცმოძრაობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც არ დატოვებს დაუსაქმებელს და უკვე მისი სეხნიის (ოდნავ მაინც) გასანეიტრალებლად გამოიყენებს. დიდი შანსია, რომ ბიულეტენებში ერთმანეთის გვერდით მოახვედრონ, რომ იქნებ მოხუცებულ ამომრჩეველთა 1-2%-ს მაინც შეეშალოს და ბიძინას მაგიერ ნიკას მისცეს ხმა…

 დავით იაკობიძე – შევარდნაძის დროის კიდევ ერთი ნაფტალინის კავალერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რომელიც  გია (”პადოშა”) თორთლაძის პარტიის სახედ იქცა და ასევე ასეულ ათასობით დოლარის საარჩევნო პლაკატები ”აუთვისეს”. აქვე მახსენდება ისიც, როგორი პირწავარდნილი მიშისტების ბუდედ იქცა გია თორთლაძის ვაჰ, დემოკრატიული პარტია – მაია ორჯონიკიძე, ლევან ჩოლოყაშვილი… ნატიფი ”ოპოზიცინერები” არიან, გიას მზემ!

 იყო კიდევ ერთი დახვეწილი პოლიტიკოსი – დავით ვაშაძე, რომელმაც რეიგანის ასაკში გადაწყვიტა პოლიტიკოსობა, მაგრამ რეიგანისაგან ტელეეთერში უმიზეზოდ ყვირილით და გინებით გამოირჩეოდა და ყველა დანარჩენ კანდიდატზე იძახოდა, რომ ისინი ქურდები და ბადნიტები არიან… ძალიან კოლორიტული პიროვნება იყო… ვერ ვხვდები ”იმედმა” რომელიმე ტელესერიალში რატომ არ დაასაქმა!

გია ჭანტურია – შევარდნაძის მთავრობის დროს გაზის და ნავთობის კორპორაციის ძლევამოსილი თავმჯდომარე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ადრე ინტერპოლის ძებნილთა სიაში გადასცა, ხოლო 2009 წლის ბოლოს სიიდან ამოიღო და ქრისტიან-დემოკრატებს უძღვნა, როგორც დროშა და სიმბოლო… ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან აშკარა ხდება,  ამერიკის საელჩომაც კარგად იცოდა, რომ გია ჭანტურია მთავრობის მიერ იყო დაქირავებული! რაც იმას ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დროს ”დაბადებული” ქრისტიან-დემოკრატების გაძლიერება და ქართულ პოლიტარენაზე #2 ძალად წარმოჩენა, სწორედ მათი მოქანდაკის –  მიხეილ სააკაშვილის და პროდიუსერის – ვანო მერაბიშვილის გეგმებში შედის. ჭანტურიამ, თავისი კატასტროფულად პოპულისტური დევიზით – ”გაზი – 5 თეთრი! დენი -10 თეთრი! წყალი – უფასოდ!” გარკვეული პროცენტები მოიმკა, საქართველოში ადრე ჩამორთმეული ქონების ნაწილი დაიბრუნა და მშვიდად დაბრუნდა აწმშობლიურ ბაქოში, რადგან კარგად იცის, ნაცმოძრაობა ვისი ჯიშისაა და რა მორიელივით ზნე აქვს…

როგორ გახდა ალპინისტი გია თორთლაძე პოლიტიკოსი და როგორ გადაუხადეს კრედიტები… როგორ იქცა პადოშადცნობილი მთაწმინდელი ნაცმოძრაობის ”პადოშადაც” და ”სალფეთქადაც”… რა წარმონაქმნი იყო ”ის თვითონ” დავითაიას საგამოძიებო კომისია, რომელმაც აგვისტოს ომის დაწყება ეროსი კიწმარიშვილს დააბრალა და ტალიავინის კომისიისაგან 180 გრადუსით განსხვავებული და ნაცმოძრაობის იდეოლოგთა მიერ დაწერილი დასკვნები დადო… და რა ფანტასტიური კრახი იყო ზვიად გამსახურდიას სიკვდილის დამდგენი საგამოძიებო კომისია მისი შვილის მეთაურობით, რომელმაც ვითომ გამოძიების სასურველ შედეგამდე მიყვანისათვის (გამსახურდიას საქმეში მთავარი ნდობით აღჭურვილი მოწმეები კიტოვანი და იგორ გიორგაძე რომ აღმოჩნდნენ!)  მეტროლოგიის მეტრიანი ელჩობა გაიჩალიჩა… ამას ალბათ სხვები უკეთ დაწერენ… ფაქტი ერთია, ნაციონალური მოძრაობა ახერხებს დახუთოს საქართველოში ნებისმიერი სივრცე –  ბიზნესი, სასამართლო და მედია და შემდეგ, დაბეჩავებულ-გაღატაკებული მოსახლეობა და გაბითურებული პოლიტიკოსები თავისი ხელის ლოკვას მიაჩვიოს.

ხოლო ვინც ხელის ლოკვას იწყებს, შემდეგ მხოლოდ იმის მიმართ აქვს აგრესია, ვინც მისი მდგომარეობის არასახარბიელობაზე მიუთითებს ხოლმე… 

იმაზე, როგორ აკონტროლებს ნაცმოძრაობა საარჩევნო გარემოს დანარჩენ კომპონენტებს – ბიზნესს, მედიას, ძალოვნებს და სასამართლოს, ვეცდები მომავალში შევჩერდე.

თუმცა უბედურება იმაშია, რომ ეს მსოფლიოში სამწუხაროდ, არავის ანაღვლებს.

ხოლო დამონებული ხალხისთვის ქართული გაზაფხულის მოსვლას, ვაითუ, იმაზე მეტი დრო დაჭირდეს, ვიდრე არაბული გაზაფხულისას…

თუმცა, ვნახოთ…


კითხვები მიშას (საქართველოს გადამრჩენელად თვითშერაცხულს)


ბატონო მიშა!

რატომ მიეცით 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის  მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს, როდესაც იცოდით, რომ მან ფული რუსეთში იშოვა?

რატომ ჩამოართვით 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს  მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს იმის გამო, რომ ის ამავდროულად sაფრანგეთის მოქალაქეც  არის? საფრანგეთი, რომელმაც თქვენივე განცხადებით, „საქართველო იშვილა“, განა ბიძინა  ივანიშვილზე ცუდ გავლენას მოახდენდა? იქნებ საფრანგეთმა საქართველო 2011 წელს სწორედ  იმიტომ „იშვილა“, რომ მანამდე „ნაშვილები“ მოქ. ივანიშვილის მოქალაქეობით კმაყოფილი  იყო?

როდესაც თქვენ ხარჯავდით ბიძინა ივანიშვილის ფულს სახელმწიფო  ობიექტების და სამსახურების (პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს, თავად მთავრობის) დასაფინანსებლად,  რატომ არ ფიქრობდით იმაზე, სად ნაშოვნი ფული იყო ეს და რატომ გაგახსენდათ ეს მხოლოდ
მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თქვენი ოპონენტი გახდა? 8 წელი გეძინათ?

თუ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე  ბრძანებაზე არ გიყოყმანიათ, ახლა რატომ ყოყმანობთ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის  აქტზე ხელმოწერაზე? ვერ ბედავთ? სარკოზის გერიდებათ? თუ გიტყდებათ, რომ სერიოზული კონკურენტის მიმართ საკუთარი  შიში დაადასტუროთ?

რატომ უნდა გენდოთ საქართველოს მოსახლეობა თქვენ, რომელიც  მას 8 წელია უღმერთოდ ატყავებთ, ლტოლვილებს გადასახლებებს უწყობთ, გარემოვაჭრეებს ახრჩობთ,  გლეხებს აკოტრებთ, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავთ, პენსიონერებს ატყუებთ, პატიმრებს აწამებთ,
ჟურნალისტებს ამუნჯებთ, მოსამართლეებს იმონებთ, ბიზნესს კრიშავთ, მინისტრებს ურტყამთ და ქვეყანას ნაწილ-ნაწილ  ყიდით? და არ უნდა ენდოს – ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მას 8 წელია ეკლესიებს და თეატრებს  უშენებს და მეცნიერებს და კულტურის მოღვაწეებს ინახავს? იმიტომ, რომ ივანიშვილს რუსეთში  აქვს ფული ნაშოვნი? ბიძათქვენი ვისი მოქალაქეა დღემდე და ვისი კვოტით იშოვა ადგილი
გაეროში??? კახა ბენდუქიძეს სად აქვს ნაშოვნი ფული? კობა ნაყოფია სად გამდიდრდა? ბიძათქვენ  თემურის მეგობარმა ბიზნესმენ-გენერალმა გენერალოვმა სადაური ფულით იყიდა „მადნეული“?

ბატონო მიშა, ბუში რომ იდგა თავისუფლების მოედანზე და  დემოკრატიის შუქურად გნათლავდა, ძაან მაგარი იყავით და ახლა, სარკოზის ვიზიტის მერე სიმაგრის  მომატება უკვე იგრძენით, თუ ჯერ – ვერა?

სარკოზი რატომ არ გააცილეთ აეროპორტში, განა მშობელს  ეგრე უნდა ექცეოდეს ნაშვილები?

გეშინიათ?

ჰო, მართლა – ვანო სად არის? იცით, ამწუთს, ვანო სად  არის და ვის ელაპარაკება ტელეფონზე?


ცუგცვანგის პირას


თამაშების თეორიაში არის ერთი ძალიან საინტერესო სიტუაციური პოზიცია,რომელსაც ”ცუგცვანგს” უწოდებენ. ის გამოიყენება იმ სიტუაციის აღსანიშნავად, როდესაც მოთამაშის პოზიცია უკეთესი იქნებოდა,  მისი სვლა რომ არ იყოს. ანუ, ის სიამოვნებით დათმობდა თავის სვლას, რადგან მისი ნებისმიერი სვლა მის პოზიციას აუარესებს. თუ მანამდე მოსაგები პოზიცია ჰქონდა, ახლა მხოლოდ ფრეს მიაღწევს, ხოლო ფრის შესაძლებლობიდან შეიძლება წაგებამდე ჩამოქვეითდეს.

ყველაზე საინტერესო კი ორმაგი ცუგცვანგია, როცა ორივე მოთამაშის სვლა მისთვის წამგებიანია და ორივე არჩევს, რომ თავისი სვლის ჯერი დათმოს…

ქართულ პოლიტიკაში ცუგცვანგების სეზონი დაიწყო და მომენტის სიმწვავე იმაშია, რომ ჭადრაკიდან განსხვავებით, პოლიტიკაში ცუგცვანგი პატით (იძულებითი ფრით) ვერ დამთავრდება. პირიქით, მას მდგომარეობის ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თავიდანვე ვიტყვი – ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა (ძირითადად მაინც) ძალიან მომწონს.

საერთოდ, მემარცხენეების არ მწამს და მიმაჩნია, რომ კომუნისტური სოფლების შენება ადამიანების ფსიქოლოგიის ისეთ ცვლილებებს მოითხოვს, რომ დღეს უტოპიაა.

მაგრამ ვაღიარებ,  დღეს გაჩანაგებულ, ცალკე – გარეშე მტრისგან და განსაკუთრებით კი, – საზოგადოების კისერზე შემომჯდარი წურბელა კრიმინალი ხელისუფლებისაგან გაწამებულ და დაუცველ საქართველოს მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილის სახით ლამის ერთადერთი ისეთი დიდი ქველმოქმედი და მოამაგე ჰყავს, რომ ჩემი და ნებისმიერი შედარებით უკეთეს პირობებში მყოფი ადამიანისაგან იმის ქადაგება – მარადიული ქველმოქმედება დახმარების მიმღებ ხალხს აზარმაცებს და მომთხოვნელობის მადას უზრდის, იმის ნაცვლად რომ თევზაობა ისწავლონ და თავად ირჩინონ თავი-მეთქი – ალბათ, ცინიკური დემაგოგია იქნება.

დღეს საქართველოს ყველა რაიონს რომ თავისი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს, საქართველოს უზნეო ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდებოდა მისი ხრიკებით და ძალადობით გაღატაკებული მოსახლეობის ისე დამონება და დაშინება, როგორც, სამწუხაროდ, ეს არის.

1 d4 Nf6

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოეძებნება მისი კრიტიკოსები.

ბადრი პატარკაციშვილის პრეზიდენტობის ამბიციის დროს სხვებივით მეც ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, პატარკაციშვილს მხარი დაეჭირა რომელიმე პარტიისთვის და არ მიეცა მთავრობისათვის პირადად მასზე სერიოზული დარტყმის მიტანის შესაძლებლობა. და ყველაზე სერიოზული დარტყმა ფსიქოლოგიური იყო. მაკიაველის, გებელსის, ბერიას და ვიშინსკის მეთოდებზე გამოზრდილმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ძალიან გამოცდილი და გაწონასწორებული ბიზნესმენი სონი კორლეონეს მსგავსად აფექტის მდგომარეობაში ჩაეგდო და ის ეთქმევინებინა, რაც პოლიტიკურად – ყველა კონტექსტის და ისტორიული რაკურსის გათვალისწინებით – წამგებიანად ჟღერდა: უკანასკნელ ცენტამდე დავხარჯავ ჩემს ქონებას ამ ხელისუფლების ჩამოსაგდებადო!

ასე მგონია, ბიძინა ივანიშვილი 2008 წელს – ბადრი პატარკაციშვილთან ერთად თუ მის გარეშეც – ხელისუფლებისთვის გაცილებით ძლიერი ოპონენტი იქნებოდა და არა  ფინანსების გამო, არამედ იმის გამო, რომ ასეთ ფსიქოლოგიურ მახეში არ გაებმებოდა.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ ხელისუფლება მისთვისაც სერიოზულ ფსიქოლოგიურ გამოცდებს მოამზადებს და ეს გამოცდები ძალიან სწორ პრევენციას და რეაგირებას მოითხოვს. შევარდნაძის რჩევა – დაცვა გააძლიეროსო, იმ ადამიანის რჩევაა, რომელიც ამათ ზნეს კარგად იცნობს და, ამდენად, ძალიან საყურადღებოა!

მეორე შეცდომა, რაც ბადრი პატარკაციშვილს მოუვიდა, იყო ის სუსტი ორგანიზაციული ჯგუფი, რომელიც მას მხარს უმაგრებდა. რაც არ უნდა გავიმეოროთ ჭეშმარიტება, რომ ნონა გაფრინდაშვილი სუფთა და პატივსაცემი პიროვნებაა, ხოლო გიორგი თარგამაძე – ეშმაკი და მრავალჯერ გაყიდული პოლიტიკოსი, თუ გიორგი თარგამაძის დონის პოლიტიკურ ინტრიგებში გამოცდილი და პოლიტიკური ხრიკების შემფასებელი რამდენიმე პიროვნება არ გყავს გუნდში, ძალიან ძნელია სააკაშვილის გუნდს დაუპირისპირდე. რამდენადაც მწირია ნაცმოძრაობის ლიდერების ფანტაზია, თუკი საქმე ხალხისთვის სიკეთის კეთებას ეხება, იმდენად ფანტასმაგორიულად ”შემოქმედებითი” ხდებიან, როგორც კი რაიმე სიდამპლეს იგონებენ!

სამწუხაროდ, აქ კი უნდა ვაღიარო, რომ დღემდე ბიძინა ივანიშვილის ”ქართუ ჯგუფის” მიერ გაკეთებული უამრავი განცხადება მხოლოდ იმის საფუძველს მაძლევდა, სახტად დავრჩენილიყავი, რატომ უნდა ჰყოლოდა ამ მასშტაბის ფინანსისტს ასეთი სუსტი ანალიტიკოსები, რომელთა არგუმენტაცია და თავდასხმებზე პასუხები  საკმაოდ უნიათო და მოსაბეზრებელი იყო.”ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელის მერაბიშვილის აგენტობის შესახებ განცხადებებმა ნაწილობრივ გასაგები გახადა ამ უნიათობის ”მიზეზი” და იმედია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და მისი გუნდის დაკომპლექტება გაცილებით უკეთესი იქნება იმაზე, როგორც “ქართუ ჯგუფი” იყო დაკომპლექტებული, ან როგორც – ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი.

2 c4 e6

მიშასთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში  წასვლაზე უარესი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ყოფილიყო – ჰააგის ტრიბუნალის საბრალდებო დასკვნა.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ მიშა ისეთი გახდა, დანა კრიჭას არ უხსნის. არ ვიცი, დააკვირდით თუ არა, რამდენი შეცდომა დაუშვა სარკოზობაზე გამოსვლისას, როდესაც მან ჩვეულებას გადაუხვია და დაბეჭდილ ტექსტს ლამის სიტყვა-სიტყვა კითხულობდა.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილს გამომგონებლობას ვერ დაუკარგავ და დარწმუნებული ვარ, მას რამდენიმე საშუალება ექნება უკვე (რომელთაგან ზოგი – შეიძლება წლების წინ ჩაფიქრებული), როგორ უპასუხოს ამ მისთვის კატასტროფულ საფრთხეს.

3 Nf3 b6

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოდის და დაამთხვია იგი სარკოზობის აბსოლუტურად უგვან ”დღესასწაულს”. არ ვიცი, რა შთაბეჭდილება დარჩათ დასავლეთში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად სწორად შეაფასა ის, რაც თბილისში მერიის თხოვნით უქმე დღედ გამოცხადებულ 7 ოქტომბერს ხდებოდა – ბრეჟნევის რეინკარნაცია! სარკო-მზეობა და აცუნდრუკება!. უდიდეს ბლეფს, რომ საქართველო თურმე ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების საქმეში საფრანგეთმა ”იშვილა”, მხოლოდ ვაი-დიპლომატ ნინო კალანდაძის ზემოვლენილი ჩვილი თუ დაიჯერებს, რადგან არავის ისე არ დაუბლოკია საქართველოს გზა ნატოში, როგორც საფრანგეთს. და დარწმუნებული ვარ, დღეს ევროკავშირზეც ეგრე იქნება –  საპენსიოდ გამზადებული ნიკოლია სარკოზი არასდროს იზამს იმას, რაც რუსეთს სერიოზულად გაამწარებს.

ამის პარალელურად კი ადამიანმა, რომელიც დღემდე ჩრდილში იდგა, ათასობით ადამიანს ეხმარებოდა, თეატრებს და ბიბლიოთეკებს, ეკლესიებსა და მუზეუმებს აშენებდა, საქართველოს გადასარჩენად იმ რეჟიმთან დაპირისპირება გვამცნო, რომელიც აქამდე ყველა მსგავსი სითამამის გამომჩენი ან გადაასახლა, ან დაიჭირა, ან გაანადგურა.

აჯობებდა, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს მიეღო? – დიახ! დღეს უკვე გვიანია? – არა!

4 g3 Bb7

თავისუფლების მოედანზე 50,000 ადამიანი 7 ოქტომბერს იძულებით მირეკა ხელისუფლებამ… რაიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილი და გამგეობებიდან და სკოლებიდან დაბარებული ”აღმზრდელები” ჩვენი დროის ბრეჟნევიადის სპექტაკლში სტატისტებად დააყენეს…

რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომელმაც იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, ყოველგვარი იძულების გარეშე იმედმოცემული კითხულობდა ამ განცხადებას და საკუთარ ახლობლებს აცნობდა.

7 ოქტომბერს ივანიშვილმა სააკაშვილს სერიოზული ალიყური გააწნა.

ალიყურის სერიოზულობას მომენტის სწორი შერჩევა და 5,5 მილიარდი დოლარი ამყარებდა.

როდესაც სტალინს უთხრეს, რომის პაპი სსრკ-ს დაუპირისპირდაო, სტალინმა ცინიკურად იკითხა – რამდენი დივიზია ჰყავს რომის პაპსო? მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს ფულში ზომავს და მისთვის ივანიშვილის 5,5 მილიარდს დაახლოებით 100 დივიზიის წონა მაინც აქვს…

5 Bg2 Be7

სწორედ ამიტომ 7 ოქტომბრამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ივანიშვილი გაპოლიტიკოსების შესახებ მისმა პრეს-ცენტრმა განაცხადა,  პროსახელისუფლებო (ს)ექსპერტების მთავარი გამოსვლის თემა შემდეგი იყო: – რა იცით, რომ ივანიშვილი მიშას თამაშს არ თამაშობს?

მელას რაც ესიზმრებოდაო… ამაზეა ნათქვამი…

არ აუხდათ ოცნება…

6 Nc3 O-O

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მაგარმიშას ხელთათმანი ესროლა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არაფერი ისე არ უნდოდა, როგორც ბიზნესმენ გელაშვილის დასასჯელად გაგზავნილი ნიღბიანი ზონდერჯგუფის გაგზავნა, მაგრამ გარდა მაგიური 5,5 მილიარდისა, არის კიდევ ორი ფაქტორი, რაც მიშას სერიოზულად აშინებს:

ერთი ის, რომ მიშამ, კარგად იცის, როგორ მოიყვანეს და ალბათ ხვდება, როგორ წაიყვანენ…

მიშას მოყვანის დროს შევარდნაძისთვის ბევრი პიროვნების, განსაკუთრებით – აშშ ადმინისტრაციის და ჯეიმს ბეიკერის მხრიდან ”მიტოვება” მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო. შევარდნაძე, პირიქით, ელოდა, რომ მეგობარი ჯიმი ”ავარდნილ” ახალგაზრდებს ჭკუას დაარიგებდა

მიშასთვის ივანიშვილის გაპოლიტიკოსება არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა – კაცმა ამდენი იწვალა, საპრემიერო სკამი მოირგო, ქრისტიან-დემოკრატების შემდეგ აქამდე აქტიურად მებრძოლი “ახალი მემარჯვენეებიც” მშვენივრად გადაიბირა (სულ რაღაც ერთი ჭირიანი მილიონის  და რამდენიმე დამატებითი საპარლამენტო ადგილის დაპირებით), ბურჯანაძის ქმარი ძებნაში გამოაცხადა, რვიანის შემდეგ ექვსიანიც დაშალა, არც სანდრო გირგვლიანის საქმის და არც 26 მაისის რეალურად გამოძიებას არ აპირებს (სიაფანდ გამოძიებებს არ ვთვლი)… და აი, ასეთ დროს…

მიშა უდავოდ ფიქრობს – ვინ იცის, იქნებ ამერიკელებმა იცოდნენ კიდეც… თავად მან რომ არ იცოდა, ეს რისი ბრალი იყო – იმის, რომ ივანიშვილია ასეთი მოხერხებული, თუ იმის, რომ ამერიკელებმა სხვაზე დადეს ფსონი?

7 O-O d5

მეორე სერიოზული ფაქტორი, ისაა, რომ მიშა ჩაშვებულია!  შუქურა კი არა, მაგარი გაბანძებული მასტია, რომელსაც უბრალოდ იმიტომ არ უძახიან ბანძს, გამყალბებელს და კრიმინალს, რომ არ უნდათ საქართველოში კიდევ ერთხელ იხილონ გადაყენებები და არასტაბილურობა…

ჰოდა, როცა ყველამ იცის შენი ბანძობის ამბავი, უკვე შენი მრავალჯერ მოყოლილი ბანძი ზღაპრებისაც არავის ჯერა… შეიძლება ერთხელ დაუძახო მილიარდერს (მილიონერებსაც) ”რუსეთის აგენტი” და მაშინვე დაგიჯერონ, მაგრამ როცა ამას მეათედ აკეთებ!.. თან მეათედჯერვე – ზუსტად ერთნაირად:  ”არ გახსოვდა”, რომ ეს კაცი რუსეთში გამდიდრდა, სანამ შენ გაფინანსებდა, გიშენებდა ობიექტებს, და… უცებ ”გაგახსენდა”, როგორც კი განგიდგა! მისი ფულის ”პუტინური წარმომავლობის” შესახებ არ ფიქრობდი, როცა ხელს არ გიშლიდა, პირიქით… და უცებ ”გაგახსენდა”, როგორც კი   შენი ოპონენტი გახდა!

მრისხანედ გამოდიან ხელისუფლების მოსამართი თოჯინები და გულზე მჯიღის ცემით თვალებს აბრიალებენ – “რუსეთში გაკეთებული ფულით”… “არ მოვუშვებთ!..”

“ვერ იბოგინებს რუსული კაპიტალი… არ გაგივათ!..”

ბატონო ბოცო წიკლაურო და უდიდესო კანონშემოქმედო, ლაშავ თოდრიავ – კახა ბენდუქიძე, მა რა ჩემი ფეხები ”ქართველი” ბიზნესმენია?  ფული სად იშოვა ბენდუქიძემ? და დიდმა ჰოლივუდის ბაბოჩკიანმა პროდიუსერმა – კობა დე ლაურენტის-ნაყოფიამ სად მოაგროვა კაპიტალი? და საერთოდ ვინ არის რუსი ოლიგარქი გენერალოვი და ვისი ძმაკაცობით ჩაიგდო ხელში ”მადნეული”, ქართული ოქრო და ქართული სპილენძი?

ნუ ახლა, რომელიღაც საშუალოსტატისტიკური ჟუჟუნა ჯერ კიდევ შეიძლება დაკეროს ამ რუსული კაპიტალით გამძღარი ხელისუფლების მხრიდან ”რუსული კაპიტალის აუტანლობამ”,  მაგრამ უკვე დიდი უმრავლესობა ხვდება, რომ ხელისუფლება, რომლისთვისაც ფული აბსოლუტურად არ ყარს, სანამ ეს ფული მათ ჯიბეში მიჩხრიალებს, საოცრად ”აზიზი” და ”აღშფოთებული” მაშინ ხდება, თუ ფულის ნაკადმა მიმართულება იცვალა…

8 Ne5 c6

როცა 7 ოქტომბერს ივანიშვილმა პიონერული ფიცივით გამოაცხადა რუსულ და ფრანგულ პასპორტებს ჩავაბარებ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქედ დავრჩებიო, ორმა ურთიერთგამომრიცხავმა აზრმა გამიელვა თავში –

– ხომ არ ჩქარობს ჩაბარებას? (განსაკუთრებით – ფრანგული პასპორტის ჩაბარებას)

– ხომ არ დააგვიანა ჩაბარება?

მიშას ვაშამ არ დააყოვნა და მარადმოზეიმე რეესტრთუხუცესმა ვაშაძემ უკვე ”დაახლოებით 9-10 ოქტომბერს” (ეს ძალიან მომწონს, რომ ასეთ აწყობილ ქვეყანაში ვერ გაირკვა, ზუსტად როდის მოხდა ყველაზე მდიდარი ქართველის განპასპორტება და პანიკოვსკის რანგში გადაყვანა!) უპატაკა პარტიას და მთავრობას – მთავარი საფრთხე ლიკვიდირებულია, პასპორტი ანულირებულია და კენჭის ყრას კი არა, ვინმესთვის ფულის მიცემასაც ვეღარ მოახერხებს აწიო!

სვლა იმდენად ელვისებური და დამანგრეველი იყო, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო – ამ სიდამპლეთუხუცესებს სიდამპლეების ჩაფიქრების, მოფიქრების და რეალიზების ჯოჯოხეთური პოტენციალი აქვთ – ამაში მართლა მაგრები არიან!

9 cxd5 cxd5

მაგრამ ყველა მედალს აქვს თავისი მეორე მხარე!

მიშას მიერ განხორციელებულმა პასპორტის აორთქლებამ – ჩემი მოცემული იყო და მევე წაგართმევო – რამდენადაც ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნა (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ფორმალურად ვერ შეედავნენ იმაში, რომ კანონის ფორმულირება – ”საქართველოს მოქალაქე, მის მიერ მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას” ძალიან სერიოზული არგუმენტია – ასეთი ყველაფრის მკადრებელი იურისპრუდენციის სისტემის ქვეყანაში), იმდენად ისიც აშკარაა, რომ რეჟიმის ეს სვლა, თავისი ბრწყინვალების გარდა, რეჟიმის განწირული ფართხალის ნიშანიცაა… რამდენიმე ასპექტის გამო:

1) რეჟიმი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა დაგვიმალა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების ფაქტი, თორემ მაშინვე შევუწყვეტდით საქართველოს მოქალაქეობასაცო!

დავიჯერო, საქართველოს ყოვლისმცოდნე იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ყველას შემოსავლებს ელექტრონული სისტემით მისხალ-მისხალ ითვლის და მერე მდიდარ გასატყავებლებს ზუსტად იმდენს აჭრის, რომ მთლად სისხლისგან არ დაიცალონ, და რომელიც ამავე დროს ქვეყნის მოქალაქეთა აღრიცხვის ბაზის – რეესტრის – მეპატრონეცაა, არ იცის და 5 წელია ვერ იგებს / გამოეპარა, რომ მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, რომლის კაპიტალი საქართველოს წლიურ ბიუჯეტზე მეტია, სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა?

2) დავიჯერო, მილიარდერის გაფრანგება გამოეპარა პრეზიდენტ სააკაშვილის დიდ მეგობარს და ჟამთაღმწერელს, საფრანგეთის მოქალაქეს რაფაელ გლუქსმანს და მის თანამეცხედრედ აღვლენილ შსს მინისტრის მოადგილეს, უსათნოესს ეკა  ზღულაძეს?

3) დავიჯერო   საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის არცერთ სხვა პირს არ აქვს მიღებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით?

ამ ასპექტში ძალიან მაინტერესებს ბესო ჯუღელი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილი, აშშ-ში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი, ისრაელის მოქალაქის ალექსა ფრენკელის მეუღლე,  დიდი ინტეგრატორი თემურ იაკობაშვილი (გამიგია, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია).

ნუ, დიდი ორპატრიოტის –  საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ამბები – როგორ ევნო და ეწამა რუსეთის პასპორტის ჩაბარებაზე ომგადატანილი კაცი – ყველაფერი ვიცით… რეესტრს (სადაც უფროსი ასევე ვაშაძეა) ვაშაძის ორპასპორტიანობა ისევ ”გამოეპარა”.

10 Bf4 a6

ბიძინა ივანიშვილმა რუბიკონი მაშინ გადალახა, როცა 7 ოქტომბერს სააკაშვილს გამოუცხადა, მოვდივარ და დამიხვდიო!

სააკაშვილმა კი მაშინ ჰყარა წილი, როცა ივანიშვილს მოქალაქეობა გააუქმა – ამით ფაქტიურად აღიარა – ამ კაცის მომგები მე არ ვარ და ნებისმიერი მეთოდით უნდა მოვიშორო, რომ საარჩევნო ყუთებთან ამის სახელი არ გაჭაჭანდესო…

11 Rc1 b5

წილი ნაყარია და მდგომარეობა პროგრესულად და გეომეტრიული სიჩქარით დაიძაბება… საქმე იმაშია, რომ ნერონის და მილიარდერი მოქალაქის ბრძოლაში ფრე და უკანდახევა გამორიცხულია.

12 Qb3 Nc6

მიშას სიძლიერე მითიურია.

ადამიანი, რომელსაც რეალურად ქვეყნის მოსახლეობის ალბათ მეხუთედიც კი არ უჭერს მხარს, რომელმაც ქვეყანა გააღატაკა და დაშლის პროცესი გააღრმავა  და რომელსაც იმის ამბიცია აქვს, რომ აღმაშენებელია, მხოლოდ მითოსით შეიძლება იყოს მაგარი.

საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ მისმა კარის მასხრებმა მისი ლაჩრობის დამადასტურებელი ობიექტური სტიგმები – ჰალსტუხი, გაქცევა, პანიკური შიში – ფეტიშიზაციის ობიექტებად აქციეს და საჭმელი ჰალსტუხის გამოშვება დაიწყეს!

მაგრამ მითიური სიძლიერე მოჩვენებითია და მითის მუდმივი გამეორების გარეშე შეიძლება ხუხულასავით დაინგრეს. ასეთ დროს საკმარისია ხალხმა დაინახოს, რომ თურმე არსებობს ადამიანი, რომელსაც მიშასი არ ეშინია, რომ ჯერ იწყება პატარკაციშვილ-ოქრუაშვილის სინდრომი (”ნახეთ, მაგასაც როგორ მოიშორებენ!”), რომელიც მითის გაუმაგრებლობის შემთხვევაში სწორედ მითის დანგრევას იწყებს – ”ერთი უყურე! ვერ იშორებენ! მაგრები კი არა, ეშინიათ ამისი!”)

13 Nxc6 Bxc6

ასე რომ  დრო ივანიშვილზე თამაშობს. თითოეული დღე, როცა მიშა გროგშია და ხმას არ იღებს (ტურების კნავილი არ ითვლება), ხალხის ცნობიერებაში იმ საკნების პერიოდის მიშას აბრუნებს, რომელსაც სასახლის ეზოში სტაფილოებს უყრიდნენ და რომელიც თვეობით მოკვეთილი იყო თბილისიდან.

თუმცა ისიც აშკარაა, რომ თუ ივანიშვილი მხოლოდ ეპისტოლეებით განაგრძობს ხალხთან კონტაქტს, მალე ხალხს იმის ეჭვი გაუჩნდება, საერთოდ არსებობს თუ არა რაინდი და თუ არსებობს, მართლა პარიზში ხომ არაა (დამიჯერეთ, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუმცა რაინდობის სიგელები არასდროს გამომიქვეყნებია :))

14 h3 Qd7

ივანიშვილის საკმაოდ ზუსტი დარტყმები:

– სააკაშვილის სატელიტი გაყიდული ოპოზიციის ჩამოთვლა, და მკაცრად გამიჯვნა. გამოგიტყდებით, ლევან გაჩეჩილაძეზე და სობარ სუბარზე გული მწყდება, ხოლო ეროსი კიწმარიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან შესაძლო სარგებელი გადასაგდებად არ მემეტება… არ დაგიმალავთ, გამიკვირდა, თუ სააკაშვილის გვერდით მყოფებს – არამცთუ პალიკო კუბლაშვილს და მისი რანგის ოფოფების, არამედ მერაბიშვილის და ადეიშვილის მასშტაბის ბელზებელების  გამოსწორების  იმედი აქვს ივანიშვილს, ეს კიწმარიშვილი და ოქრუაშვილი რა გახდნენ ასეთუ გამოუსწორებლები? მაგრამ, იმედია, ივანიშვილს რაიმე არგუმენტები აქვს საამისოდ… ანდა, თუ არ აქვს, პოლიტიკაში ყველაფრის მოტრიალება შეიძლება,..

რაც შეეხება სატელიტებს – მართლაც მარაზმი იყო ის სიტუაცია, როცა უცხოელები ჯერ სახელისუფლებო უმრავლესობას ხვდებოდნენ და მერე იმ მასშტაბის ”ოპოზიციას”, როგორიცაა მიშმადიდებელი მაია ორჯონიკიძიანი და ლევან ჩოლოყაშვილიანი გია თორთლაძის პადოშ-დემოკრატიული პარტია; პარტია ”მე თვითონ”-ს ლიდერი თვითონ პაატა დავითაია და, განსაკუთრებით, – სულიკოსავით კორუფციის მაძიებელი და ვერმპოვნელი, ერთდროს ეროვნულ-დემოკრატიული გურამ ჩახვაძე და მისი ოფისზეშეყვარებული ბაჭუკი ქარდავა! ამ ფონზე გაცილებით სერიოზული ქრისტიან-დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენეებისაგან  ზარალიც გაცილებით სერიოზულია, რადგან სააკაშვილის იმიჯის სერიოზულად გამათეთრებელი სწორედ ეგენი არიან…  აქვე იმაში დავეთანხმები ივანიშვილს, რომ ამ პარტიებში ალბათ არის ერთეული პატიოსანი ხალხი, რომელთაც მართლა შეიძლება სჯეროდეთ, რომ გამწვანებული დავით გამყრელიძე ქუთაისიდან გაანთავისუფლებს საქართველოს, და ან რომ ”5-10-უფასო” გია (გაზი) ჭანტურია გიორგი თარგამაძემ სამერო კანდიდატად თავად გამოჩეკა და არა – მიხეილ მაჭავარიანის შეგონებით, ხოლო ინგა გრიგოლია საკუთარი ინტუიციით და ფინანსებით გაგრიალდა ლონდონში სასწავლებლად და არა – ვანო მერაბიშვილის კურთხევით… მე პირადად ახვლედიანი და ანიკაშვილი მესიმპატიურებიან… მაგდა – განსაკუთრებით :)) ადრე ფიქრია ჩიხრაძეს და მანანა ნაჭყებიასაც პატივს ვცემდი, მაგრამ ფიქრიამ ისეთი დემაგოგიის მასტერკლასი აჩვენა “მაესტროს” ეთერში, რომ ხმა ჩამივარდა…

15 Kh2 Nh5

რესპუბლიკელების და ალასანიას მოზიდვას ორი სერიოზული პლიუსი აქვს – რესპუბლიკელებს ნამდვილად ყველაზე სერიოზული ინტელექტუალური რესურსი აქვთ და ორივეს ერთად – განსაკუთრებით, ალასანიას – ამერიკულ  ისტებლიშმენტზე გასვლის გზები… სააკაშვილის მთავარი არგუმენტი და დარტყმის მთავარი მიმართულება ხომ ყოველთვის ეგ იქნება – ”ივანიშვილი – რუსული პროექტი”… ჰოდა, ახლა ”ივანიშვილი, რესპუბლიკელები და ალასანია – რუსული პროექტია!” ძაან ფანტასმაგორიულად ჟღერს და მიშას დარტყმას პირს უბლაგვებს! მიშასთვის უკეთეს შემთხვევაში ეს ”რუსულ-ამერიკულ პროექტად” შეიძლება მონათლოს. მაგრამ არის კი ”რუსულ-ამერიკული პროექტი” მიშასთვის უკეთესი შემთხვევა? თუ, პირიქით, ყველაზე საშიში ვარიანტია – დაჯდნენ ამერიკელები და რუსები და მოითათბირეს, როგორ მოეშორებინათ ყელში ამოსული ნაგიჟარი…

(სინამდვილეში მე არ მგონია, რომ ასე იყოს, მაგრამ მიშას თუ ეგონება, მით უკეთესი…)

16 Bd2 f5

რა რესურსი აქვს მიშას?

ცეცხლის გაჩენა მთაწმინდის ფერდობზე ივანიშვილის სახლის მახლობლად შემთხვევითი არ მგონია და ალბათ, ნერვული სისტემის შემოწმებაა. არაა გამორიცხული, მიშას კუდმა და სოდმა იგივე ღამით გაიმეორონ, მეტი ეფექტის მოსახდენად. რეალურ საფრთხემდე საქმე, არა მგონია, მივიდეს. უბრალოდ, მიშამ კარგად იცის, რომ მისნაირი ჩამოლაბორანტებული რეპუტაციის დროს მოწინააღმდეგის განადგურება კი არა, დაშინება უნდა სცადოს.

რამდენიმე გაცვეთილი ხერხი,რომელსაც მიშა ალბათ გამოიყენებს

–         ზეწოლა ბიზნესზე – “ქართუ ბანკის” შემოწმება საგადასახადოს მიერ;

–         ზეწოლა ოჯახზე – თვალთვალი, კუდის და სოდის მანქანების გამოჩენილად დაყენება ოქროყანის გზაზე, ივანიშვილის სახლის ზემოთ ვერტმფრენების გადაფრენები და ა.შ;

–         კომპრომატების ომი… დაწყების ნიშანი ის იქნება, რომ ხათუნა გოგორიშვილი ”ბორის ივანაშვილის” ხსენებას დაიწყებს, ხოლო მიშა საკუთარი პირით კი არა, სწორედ სატელიტ-პარტიების პირით დაიწყებს იმის მოყოლას, როგორ საშინელ დღეში აგდებდა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილს… შეიძლება ეს საპატიო მისია დავით გამყრელიძეს დაეკისროს, რადგან პატარკაციშვილს ოჯახს პირდაპირ აქვს გაცხადებული – გიორგი თარგამაძემ გვიღალატაო და მის დღევანდელ დაგესვლას ნაკლები ეფექტი ჰქონდა. არა მგონია, თარგამაძემ ის დაამტკიცოს, რომ მასზე მეტად ბიძინამ მოუკლა გული ბადრის!

–         კომპრომატების ომში ხელისუფლება აქტიურად ჩართავს ზვიადისტებს… შეიძლება ნაფტალინიდან მრავალჯერდავიწყებულ-გახსენებული მანანა არჩვაძეც კი ამოიღონ. თუ არადა, აგერ არაა თმაქოჩორა ქორი თემურ ქორიძე? კოკოც თურმე ჯერ არ წაკოკოებულა ჟენევაში სამეტროლოგიოდ… ჰოდა, იქნება იმის უსასრულო ფანტაზიები, როგორ აფინანსებდა კიტოვანს და იოსელიანს მილიარდერი ივანიშვილი!

–         ”მაესტროზეც” და ”კავკასიაზეც” გაიზრდება ზეწოლა! ”კვირის პალიტრას” განუახლებენ იმ დაუსრულებელ შემოწმებას…

–         ალბათ საჩხერესა და ჭორვილაზეც მიიტანენ შეტევას – დენს გათიშავენ, საავადმყოფოს წყალს გამოურთავენ… ეცდებიან იქაური ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყვანონ ტელევიზიაში…

17 Qd1 b4

მაგრამ ზეწოლის ეს ხერხები უკვე ნაცნობია და ძირითადად იმის განცდას გააძლიერებს, რომ მურტალოს მეთოდები დაუძველდა.

ცაიტნოტში ყოფნა და იმის გააზრება, რომ უმოქმედობა დამღუპველია, იმის საწინდარი იქნება, რომ მიშა იცანცარებს და მეტ შეცდომას დაუშვებს

18 Nb1 Bb5

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ კედელთან მიმწყვდეული ტურების და აფთრების ხროვა გამოუსვლელობისაგან ბევრ რამეზე წამსვლელია.

ყველაზე მეტად მაინც სხვა (ახლობელ) პირებზე ზეწოლას ეცდებიან. ამიტომ შევარდნაძის რჩევას – დაცვა გააძლიერეო, ალბათ ერთი დაზუსტება უნდა – ყველა იმ ადამიანის დაცვა, ვინც ბიძინასთვის ახლობელია.

ერთი რამ მინდა ვთქვა – სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ რაზეც წამსველილია, მის მიმართაც შეიძლება იგივეზე წავიდნენ… მხოლოდ მაშინ, თუ ის და მისი შანტრაბა ამას გაისიგრძეგანებს, შეიძლება  იმედი გვქონდეს, რომ სისულელეს არ ჩაიდენს! თუმცა ამის გარანტია არ არსებობს, რადგან მისი სტიქია – სწორედ სისულელეების ჩადენაა!

19 Rg1 Bd6

არ ვიცი, ღირს თუ არა ვილაპარაკო იმაზე, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია. პრინციპში უკვე ითქვა და მეც ვეთანხმები – ჟურნალისტებთან ასეთ ტონში ლაპარაკი მიუღებელია. და მე რომ ჟურნალისტებს და ურნალისტებს სერიოზულად ვანსხვავებ, მგონი, ამაში ეჭვის შეტანა ძნელია. ურნალისტები მე პირადად, აბსოლუტურად ნამუსაყრილ კასტად მიმაჩნია, რომელთაც დარწმუნებული ვარ, სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომ საზოგადოებასთან თანაცხოვრება შეძლონ…

არც სოსო ცინცაძის და რამაზ საყვარელიძის ერთ ქვაბში მოხარშვა მგონია სწორი, არც დავით აქუბარდიას ასე ქება-განქიქება და არც მაესტროს ასე ”გიყიდი-ვიყიდის” ანონსირება…

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ია ანთაძეს არაფერი სჭირს არც ჩემი დასაცავი და არც ბიძინა ივანიშვილის ხელწამოსაკრავი. ია ანთაძე ქართული ჟურნალისტიკის სინდისია, პროფესიონალიზმის დონეა და იმაში ეჭვის შეტანა, რომ ის თურმე მიშას საქმეს აკეთებს, უბრალოდ უხერხულია. რადგან მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ბატონი ბიძინა ქალბატონ იას ნაწერებს და ინტერვიუებს ცუდად იცნობს და მისი ზოგიერთი გამოსვლა მხოლოდ გადმოცემით იცის… იქნებ იმავე გაგა ჩრდილელის გადმოცემით? ია ანთაძე არასოდეს იტყოდა, მიშა სააკაშვილი პროდასავლელი, დემოკრატი  და ლიბერალიაო… ის, რომ თავად დასავლეთი განიხილავს მას ასეთად, ესაა ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობებში სერიოზული პრობლემა!

ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს არც მოლოდინი და არც სურვილი, რომ ის ყველამ მესიად აღიქვას და მისდამი კითხვები გაუქრეთ. მთავარია, რომ იასავით და ჩემსავით, ქვეყნის დიდმა უმრავლესობამ ის მიშასთან შედარებით გაცილებით უკეთესად აღიქვან და იმ ადამიანად – რომელიც სააკაშვილის ქვეყნისთვის დამღუპველ კრიმინალური ბანდის თარეშს ბოლოს მოუღებს.

20 e4 fxe4

ყველაზე რთული საკითხი, რამაც ზოგიერთი ადამიანის ძალზე ემოციური გამწარება და გაწიწმატება გამოიწვია:-მერაბიშვილისთვის, ადეიშვილისთვის და სხვა ნაკლები მასშტაბის მიშისტი კრიმინალებისთვის ნიჭიერი ორგანიზატორების წოდების მინიჭება და სათანამშრომლოდ ხელის გაწოდება.

ვაღიარებ, ჩემთვის ასეთი პოზიცია მიუღებელია!

იმასაც აქვე ვაღიარებ, დღეს, როცა მე ჩირგვში ვზივარ და ჩემი ვირტუალური მეგობრების იმაში დარწმუნებაც არ შემიძლია, რომ სულაც მერაბიშვილის აგენტი არ ვარ, და როცა მე არაფერს ვრისკავ,  – ასეთ სერიოზულ საკითხზე ადამიანს, რომელმაც ქვეყნის გადასარჩენად სერიოზულ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და ძალიან სერიოზულად სასწორზე შეაგდო თავისი და თავისი ოჯახის ბედი – მე არავითარი (!) მორალური უფლება არ მაქვს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი აზრი თავზე მოვახვიო! ის მიდის ომში და მან უნდა გადაწყვიტოს, ამ ომში ვის და როგორ დაუპირისპირდება. ფასი – სამშობლოს გადარჩენა – ძალიან მაღალია და იქნებ ძალიან სერიოზულ დათმობებზე მოგვიწიოს წასვლა, იმისთვის, რომ სამშობლო გადარჩეს და არ დაიქცეს! ამიტომ, მართალი გითხრათ, ვერ ვამართლებ ლამის ისტერიკამდე მისულ ამ შეძახილებს და მუხრუჭებს…

21 Qxh5 Rxf2

გაგა ჩრდილელი მარტო არ იქნებოდა…

თუ იყო კიდეც, დარწმუნებული ვარ ”სანიმუშო ორგანიზატორი” ვანო დღეს ახალი ჩრდილელების მოძებნითაა დაკავებული და მიშა ამაში დაუფიქრებლად ჩადებს ხალხის ძარცვით შეძენილი ქონების ძალიან დიდ პროცენტს, რომ მომავალშიც ჰქონდეს ხალხის ძარცვის შეუზღუდავი უფლება…

22 Qg5 Raf8

როდესაც ვახსენე ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებზეც რეჟიმმა შეიძლება ირიბი შეტევები მიიტანოს ივანიშვილის პოზიციების შესასუსტებლად, ალბათ აქ არც ეკლესია და მისი წინამძღოლი უნდა გამოირიცხოს…

23 Kh1 R8f5

დავით ზურაბიშვილის სიტყვები, რომელთაც 100%ით ვიზიარებ:

”რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის პერსონის, მისი საქმიანობის თუ პირველი განცხადებების მიმართ. ერთი რამ ცხადზე უცხადესია – არსებულ სიტუაციაში მისი გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე არის ხელისუფლების დაბალანსებისა და შეცვლის პრაქტიკულად ერთადერთი შანსი.

გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს აქვს პატრიოტისა და ქველმოქმედის რეპუტაცია, პლუს დიდი ფინანსური რესურსი, მას თავისუფლად შეუძლია სააკაშვილის ხელისუფლების საპირწონე ძალის ჩამოყალიბება, რაც არის ცალსახად კარგი და არა უბრალოდ კარგი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.”

24 Qe3 Bd3

ალბათ, ახლა ჩემი ქვეყნის ე.წ. ”უშიშროების საბჭო”, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის მთავარ საშიშროებად ქცეულა, თავის სატრაპებს, ვირთხებს, აფთრებს და ტურებს რაზმავს და აგულიანებს, რომ ოღონდაც რეჟიმი გადაარჩინონ და მათ მისცემენ მეტ ფულს და მეტ წარჩინებას…

ჩვენი – და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ამოცანაა, შევაგნებინოთ ამ ხალხს, რომ ისინი რეჟიმის ტურები, ვირთხები, აფთრები და სატრაპები კი არ არიან, არამედ დაბადებით არიან ჩვენი ქვეყნის შვილები, საქართველოს შვილები, და რომ მათი რეალური ბედნიერება ხალხის გატყავებაში აღებული ფული და ჯილდო კი არაა, არამედ ის, რომ მათ შვილებსაც და შვილიშვილებსაც ამ მიწაზე ბედნიერად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ,

ხოლო ეს რეჟიმი ამ შანსის დაკვლას სწორედ მათი ხელით აპირებს.


გამომზეურება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვები: ”საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის!”, რომელიც მან ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს უძღვნა, ყველას გვახსოვს.

 

შევარდნაძეს დაუფასდა და პოლიტბიუროს წევრობას გამოჰკრა ხელი ჩრდილოურ მზისქვეშეთში. მაგრამ  მერე,როცა მის შეძახილს – ”ნასტუპაეტ დიქტატურა!” – ყური არ უგდეს, სამშობლოს დაუბრუნდა იმისთვის, რომ ახალი ასტრონომიული ცვლილებები მოეხდინა პოლიტიკაში და ნელ-ნელა მზის ამოსვლის პუნქტი ჩრდილოეთიდან ჩრდილო-დასავლეთით – კოლუმბიის ფედერალურ ოლქში  გადაეტანა. 

და მაინც, გულმა უგრძნო, რომ იმ ერთხელ მიქარულისთვის მეორე არ უნდა დაემატებინა და ისე ჩაი-მწყურვალი წავიდა, ”საქართველოსთვის მზე ვაშინგტონიდან ამოდისო”, ხმამაღლა მაინც, არ უთქვამს…

 

მერე მოვიდნენ ახალგაზრდა რეფორმატორები… და ისეთი რიხით დაიწყეს ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში სამოთხის შენება (თავისთვის, რასაკვირველია!), რომ მზის ამოსვლის ცენტრიდან გადმოხედეს და… დემოკრატიის მთავარი შუქურის სიგელი უბოძეს…

 

გაანათა, მარა, რა გაანათა ამ ქვეყანაში!!!

 

ხომ ყველაზე ძვირი ელექტროდენის ქვეყანა იყო, – მაინც – ყველაზე განათებულ და სინათლის ქალაქად იქცა…

[ან, პირიქით, რადგან ყველაზე განათებულად იქცა, ამიტომაც შუქურვარსკვლავებმა დენის ტარიფი დენით ტერორად აქციეს. დენის ეკონომიას ხომ ის აკეთებს, ვინც იხდის. ხოლო, ვისაც უხდიან და ამდიდრებენ, იმას რა ენაღვლება?! ”მასპინძელს უხარია და შენ ვინ გკითხავსო?”, კოსტაია ჟორჟოლიანი რომ იძახოდა ”დაკარგულ სამოთხეში”, ისეა ზუსტად! რაც უფრო განათებულია თბილისი, მით უფრო ღატაკდება ხალხი და მით უფრო მდიდრდებიან ”რაო ეეს- თელასთან” წილში ჩამჯდარი ვითომდა ”ამერიკათუმეები”]

 

ადუღდა ცხოვრება, ავშენდით… სინათლეს ვხედავდით იქაც და უფრო მეტად სწორედ იქაც – სადაც სიბნელე იყო! იმედი გვქონდა, რომ ზეგ საღამოს სოჭს და საინგილოს  დავიბრუნებდით და ხვალ დილით – სოხუმს და როკის გვირაბს… ამას თავისთავად მოჰყვებოდა ლანგრები ზედ დაწყობილი ოშკით, ხახულით, ტრაბზონით და ნოვორასიისკით…

 

მაგრამ მერე რაღაც მოხდა…

რაღაც გაიბზარა გალაქტიკაში და მზემ ისეთი უცნაური მოძრაობები განახორციელა, ჯორდანო ბრუნო რომ გაცოცხლებულიყო, გაოცებული და შერცხვენილი თავად ისკუპებდა ჭიაკოკონაში.

 

ჯერ იყო და შუქურა დაიბზარა და იმერეთში რომ იტყვიან – ”ლამფოჩკამ პარპალი დეიწყო”… მგელზე ნადირობა აიკრძალა საქართველოში – გიგი თევზაძის თხოვნით და, სამაგიეროდ, კაცზე ულიცენზიო ნადირობის უვადო სეზონი გაიხსნა…

 

მერე იყო და დღისით მზისით ისეთი გაყალბება და უნამუსობა დაიწყო, ადრე ღამით თუ იკადრებდა ვინმე უჯიშო…

 

დაბოლოს, ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ საოცრად მოვიგეთ ომი!

ისე მწარედ მოვიგეთ, რომ მსოფლიოს მთელი პრეზიდენტობა შუქურას უთევდა ღამეს! ბიძინა კვერნაძის საოცრად ზუსტი მეტაფორა – ”ამაღამ ვინ გვითევს?” იყო ქართველების  ამ ”ძლევაი სატირალის” ზუსტი ალეგორია.

ჩვენ კი ვიდექით და გვიხაროდა, რომ სხვებისგან განსხვავებით, მოგებას ვხედავდით იქ, სადაც საჩვენო ნაცრისფერი კატაც კი არ ჭაჭანებდა…

 

ჰოდა, სწორედ ამის შემდეგ დაფიქსირდა მზის ანომალიები…

 

ჯერ იყო და მზე სამხრეთიდან – აზერბაიჯანიდან ამოვიდა. ხოლო მერე, საერთოდ, ეტყობა, Frequent Flyer-ზე მილები დააგროვა ბლომად და და ერთ კვირას რომ სტამბოლიდან ამოდიოდა,მეორე კვირას – თეირანიდან…

 

ჩრდილოეთის და დასავლეთის მზეობების მერე ძლივს მიეჩვია ქართველი ხალხი ასეთ სამხრეთულ განთიადებს და მარტო ის გვაწუხებდა, ნეტა ნატო რავაა უჩვენოდო და…

 

უცებ, ადგა მზე და ისევ აღმოსავლეთით გადასახლდა…

 

ოღონდ ”ვისოლის” გაძვირებული ავიაბენზინი იაპონიამდე არ ეყო, ეტყობა, და – სინგაპურიდან დაიწყო ამოსვლა…

ამას მოჰყვა საქართველოს პოლიტიკაში დიდ თურქობაზე უფრო ძლევამოსილი ”დიდი სინგაპურობა!”

– სად არის ყველაზე კარგი ცხოვრება? – სინგაპურში! ყველაზე თავისუფალი ბიზნესი? – სინგაპურში! ყველაზე მაგარი სოფლის მეურნეობა? – სინგაპურში! ყველაზე მდგრადი პარტია? – სინგაპურში! ყველაზე დიდი კუანი? – სინგაპურში! სად გრძნობს შუქურა თავს ყველაზე კარგად? – ნუ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სინგაპურში!!!

 

ჯერ მონელებული არ გვქონდა ის ფაქტი, რომ ევროპელები საქართველოდან იყვნენ თურმე წასულები და აღმოჩნდა, რომ ჩვენ თავად სინგაპურში ვიყავით წასასვლელები… ან, ჩვენ თუ არ წავალთ სინგაპურში, სინგაპური, როგორც ბედნიერების ნავსაყუდელი, თავად მოვა ჩვენთან – და დარჩება, როგორც სამუდამო გამიშება/გაკუანებით მზიური გაბრწყინების ნაცური ოცნების რეალიზაცია.

 

მაგრამ მზიური ანომალიები ამით არ დამთავრებულა. მეტიც! ყოველ სისხამ დილით, როდესაც ამინდი.გე-ს მიაწყდებით, აწი ის კი არ უნდა გაინტერესებდეთ, რამდენი გრადუსი იქნება დღეს, როგორც ის, – მზე საიდან ამოდის!

ეს ვექტორი ყოველდღე იცვლება! გუშინ რომ ირანიდან ამოდიოდა, დღეს ერდოღანმა გამოგვიგზავნა, ხვალ ალბათ ისევ სინგაპურული მზე დააცხუნებს, ხოლო ზეგ სულაც ჩილე ან პერუ იქნება პროგრამაში. ყველაზე საინტერესო ის ვარიანტებია, როცა ორი მზე ერთდროულად ამოდის – ევროკავშირული და სინგაპურული! ან – ამერიკული და ირანული!!! ხომ მაგარია?! გაორებული ობამურ-აჰმადინეჯადური მზე! ასევე გასაოცარია სომხურ-აზერბაიჯანული მზის მცხუნვარება – ვინ ვის აჯობებს საქართველოს გაცისკროვნებაში! უფრო სწორად, საქართველოს სწორუპოვარ ხელისუფლებას ვისი სული(ფული!) უფრო სურს და რამდენად ჩქარა იცვლება აზერბაიჯანული მზე სომხურით!

სულ იმის მოლოდინი მაქვს, როდის ამოვა საქართველოს ცაზე ყველაზე უფრო რეალური (საქართველოს მთავრობისთვის) ბელორუსიული მზე და მერე რამდენი ხანი დაჭირდება იმის გარკვევას, რომ ეს მზე სინამდვილეში რუსულია! ანუ, როდის დაამთავრებს მიხეილ სააკაშვილი 8 წლის წინ დაწყებული ჯადოსნური ჩაის სმას და მიხვდება, რომ წრე შეიკრა და მისი მზე ისევ იქედან ამოდის, საიდანაც მისი მოდელი ამოვიდა (ბიძამისის ხელით მორთმეული, ”მეჟდუ პროჩიმ”!)!

 

რაც მთავარია, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მზეთამზეობა საქართველოს ბედნიერების გარანტიაა!

 

დაიღალა ხალხი, ბატონებო! დაიღალა!

 

როგორ უნდა დაჯდეთ ისე, რომ ცალი საჯდომი ბრიუსელში გედოთ და ცალი – ინდოეთის ოკეანეში სველდებოდეს?  სად კუანობა და სად რობერტ შუმანობა? თუ ეს შუმანობა კი არა, მარტივი შამანობაა?

 

აგერ ახლა, სარკოზი ჩამოდის!

 

გასაგებია, რომ სარკოზი ისტორიული ფიგურაა და ის რომ არა, შეიძლება ჩვენი მზე ისეთი დაჩრდილული ყოფილიყო, რომ თვალი აგვერიდებინა – რა იცი, რა ოხრობა იქნებოდა ხეზე დაკიდებული…

ამიტომ სარკოზი საფრანგეთშია სარკოზი, თორემ ჩვენთვის სწორედაც რომ სარკო-მზეა!

 

ამიტომაც სამზადისი განსაკუთრებულია: თბილისში ხარაჩოები აღმართეს, თბილისის საკრებულო თავიდან გადალესეს და გადაღებეს. წმინდა გიორგი მოაპარკეტეს (ლაქს იმედია, არ წაუსვებენ), სცენა დადგეს, როგორც მითხრეს სცენასთან ახლოს ლუქს-ბიოტუალეტიც იქნება. მთელი ეს ტრიბუნა ისეთი სპეცორგმინით გადაიხურება, რომ ნებისმიერი არუთინოვის ნატყორცნ ლიმონკას კი არა, შვარცნეგერის ბაზუკას გაუძლებს. ალბათ, სარკოზის წინ ინდივიდუალური მინიტელევიზორი დამონტაჟდება, საიდანაც სარკო-მზე სამშობიაროდ გამზადებულ კარლა ბრუნის მიესიყვარულება და კარლაც უკეთ იმშობიარებს, თავისი რაინდის საყოველთაო დიდების შემყურე! მე მაგალითად, იმის მომხრეც ვარ, რომ მშობიარობა დიდ ეკრანზე ვაჩვენოთ, რათა ეს დიდი ეკრანი მთელი მსოფლიოს სააგენტოებმა პირდაპირ ეთერში აჩვენონ! ხუმრობაა? თბილისში თავისუფლების მოედანზე თავისუფლების სულის და ქანდაკების სამშობლოს პირველი პრინცი იბადება! ესეც ახალი მზის ამოსვლა იქნება ჩვენი შუქურისტანისთვის და მიშა და სანდრა მონათლავენ ბავშვს! სახელად ალბათ ნიკოლოზს დაარქმევენ! ხოლო გოგო თუ იქნება – ვერას!

 

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ სარკოზობის დღე-სასწაულს ჩვენმა ხელისუფლებამ და მისმა  ტანადმა თბილისობის დღესასწაულის გადმოტანა ”დაამთხვია”! თბილისობა ყოველთვის ოქტომბრის ბოლო კვირას იყო, მაგრამ ახლა გაახსენდათ ჩვენს ასტრონომ-მეტროლოგებს, რომ ოქტომბრის 7-ში ტემპერატურა უკეთესია და გადმოიტანეს! ეტყობა, კოკომ დაიკაკანა ჟენევიდან – მეტროლოგიის ფარშევანგმა!

თუმცა უფრო მარტივი ახსნა ისაა, რომ, ბუშობისგან განსხვავებით, სარკოზობას ნაკლებად მიეტანებოდა ხალხი! და ვაითუ სარკო-მზეობას აუდიტორია დაკლებოდა! ახლა კი, თბილისობა დილით მწვადის სუნით და ჩურჩხელებით გამოიტყუებენ სახლებიდან დედაბუდიანად და… ჰოპ!.. ისე გადაკეტავენ ქუჩებს, როგორც მორეკილ ნადირს მარეკები და სხვა რა გზა ექნება 20-ლარიან ხორცს მონატრებულ და წმინდა გიორგის სცენასთან მირეკილ ქართველობას, თუ არა ტაში უკრას იმას, ვინც ჩვენი მთავრობა ჩამოშლას გადაარჩინა და ჩვენი ”მადლი” საუკუნოდ (თფუი, ეშმაკს!) მოისხა!

 

ჰაი, დედასა!..

ოღონდ პაწა პეწი დაგვიბრუნოს და ორიოდ წუთით მსოფლიო ეკრანებზე გაგვაელვოს და, თბილისობას კი არა, შობა-ახალ წელს არ გადმოიტანდნენ 7 ოქტომბერს, როო!!

 =========== 

ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა  და ედუარდმა ლიფტიანი ტუალეტი გაუხერხა ტრიბუნის ქვეშ, მაშინ ვინმე იფიქრებდა, რომ ამ მსოფლიო რეკორდს ასე მალე მოხსნიდნენ?

 

წინ მიდის ცხოვრება!

 Here come the Suns!