მოდით, ვნახოთ ვენახი! (მრავალუცნობიანი ნაცნობი დრამა ფარდით, ნაგლეჯით და მოუხელთებელი სუფლიორით)
Posted: 2010/12/21 Filed under: ინტერმეცცო | Tags: ბადრი ბიწაძე, ბურჯანაძე, გაყიდული ჟურნალისტები, გაჩეჩილაძე ლევანი, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიცია, ჯაბა ხუბუა დატოვე კომენტარი(მაგდა პოპიაშვილის სტატუსის ნაკვალევზე 🙂
1. ჯურნალისტი ჯაბა (ჯეი-ჯეი) იძახის, რომ ნახა ნაგლეჯი (მერე ამბობს, რომ ეს ნაგლეჯი მას არ აქვს და ისე ეტყობა, რომ არც არასდროს უნახავს, მაგრამ ხუ ქეარზ?), რომელზეც მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების საიდუმლოა დაშიფრული ძალიან ადვილი კოდით.
2. მერე ეს ჯეი-ჯეი ართმევს (ან იღებს. წართმევა და წაგლეჯა მგონი არ ყოფილა, ”ონ სამ პრიშოლ” ვარიანტი იყო) ინტერვიუს პოლიტიკური სპექტრის სერიოზულ სუბიექტს – ქვეყნის პირველი პირის ნათესავს და ქვეყნის ერთ დროს პირველი და მეორე პირის მეუღლეს – უბიწო ბიწაძეს (უ-ბეი-ს), სადაც ის ამბობს, რომ პოლონიუსის მსგავსად ფარდის უკან ისმენდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ვაჭრობას, როდესაც მოპარული პრეზიდენტობის მშვიდად შერგების სიამოვნება იცვლებოდა სერიოზულ დივიდენდებზე. ფაქტიურად ბატონი უ-ბეი ადასტურებს, რომ მის გარდა ყველა ბიწიერია – პრეზიდენტი ყიდულობდა და კომპრომატების მოგროვებას თხოვდა, ხოლო ოპოზიციის ლიდერი ყიდდა. ანუ, ბატონი უბიწო ფარდის იქედან დაესწრო ბიწიერების კლასიკურ ნიმუშს, რომელმაც ისე დაამუნჯა, რომ სამი წელი შოკის ეფექტიდან ვერ გამოვიდა. მან რა თქმა უნდა, უარი თქვა, ასეთ მანკიერ გარიგებებში მონაწილეობაზე, რადგან სათანადო უნარ-ჩვევები და რესურსები არ გააჩნდა (ეს მის უფროსს ჰქონდა, მისი განცხადებით…).
3. ამ ამბების აქტიური მონაწილე, იუბილარი მიშა, რომელიც ამ დროს იუბილეს სკრომნად ოჯახურ წრეში აღნიშნავს და განუცხადებია, რომ არავითარი საჩუქრები, თუ მაინცდამაინც ბონიბონის კამფეტები (თურქულზე ყველაფერზე გიჟდება) და კურდღლებიანი საათები (Audemars Piguet, რამე) – იყოსო – სწორედ ეს ჩვენი სკრომნი მიშა თავისი სკრომნაია პრესს-მანანის პირით იძახის, – ჩვენ ეგ არ გვაინტერესებსო.
ანუ კაცზე ამბები ვრცელდება, რომ დღისით მზისით ქრთამის მიცემის ამბავს აბრალებენ და ის მართლა პლეიბოის ყურცქვიტასავით იძახის – ”ა ნამ ვსიო რავნო, ა ნამ ვსიო რავნოო”…
4. ამ ამბების მეორე მონაწილე – ოპოზიციის კანდიდატი, რომელიც ნაგლეჯზე სუფთა წერის დიდოსტატად დაასახელეს, ყველას საფლავში ჩაყოლით ემუქრება და ჯერ კიდე მანამ, სანამ ჟურნალისტი მარტო იდგა ასენიზატორით ხელში, აცხადებდა, ეს ამბავი უბიწოთა ოჯახიდან მოდისო…
პრინციპში, ეს ერთი მართალი გამოუვიდა.
ვნახოთ, დანარჩენ სიმართლესაც თუ დაამტკიცებს, რაც საქართველოს სასამართლოს და ექსპერტიზის ხელში ისეთი ძნელი რამეა, რომ წესით, წმინდა ნიკოლოზსაც არ უნდა გაერისკა, თუნდაც საახალწლოდ!
5. დაბოლოს, ამ ამბების დაუსწრებელი მონაწილე, ქ-ნი ნინო თატჩერი, რომელიც იძახის, ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამსო (ეს პასუხი ფსიქოლოგიურ ტესტებში კვლევის მონაწილის არაგულწრფელობის 100%-იანი დასტურია!), ინტერვიუს იძლევა, სადაც თავისი მეუღლის განცხადებების შესახებ კითხვაზე ფაქტიურად დეზავუირებას უკეთებს ამ ინტერვიუს არსებობსაც კი – თქვენ, ალაოდ ხომ არა ხართ – რა გარგლიკურკლიტოლა, რის ინტერვიუ, რა ჟურნალისტი ჯეი-ჯეი და ჩემი უბიწო მეუღლეო? არავითარი ინტერვიუ არ ყოფილაო…. ვაბშემცო…
ძაან დავიბენი, რამეთუ:
ა) თუ პრეზიდენტი ვინმეს ქრთამს თავაზობდა, თუნდაც ძალიან კეთილშობილური მიზნით, როგორადაც ითვლება პრეზიდენტად დარჩენის დაუძლეველი სურვილი, ეს არა მარტო მის იმპიჩმენტს, არამედ მის დაჭერას უნდა მოასწავებდეს. და ამ დროს, პრესს-მანანას ნეჟნი ”ნევიჟუ-ნესლიშუები” ძაან უდროოა.
ბ) თუ პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი, თუნდაც ძალიან კეთილშობილური მიზნით, – სისხლისღვრის და არეულობის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნისათვის არალეგიტიმური პრეზიდენტის მომავალში უმტკივნეულოდ მოსაცილებლად – ქრთამის აღებაზე მიდიოდა, ესეც დასაჭერი მუხლია. კაკ ნი ჟალ, მუსიე ლევან!
გ) თუ ამის ყველაფრის მხილველი და პრეზიდენტის მხრიდან კიდევ უფრო მეტ ბიწიერებაში ჩაყვინთვის შეთავაზების მოწმე (და ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანი და იურისტი) – ბატონი უბიწო ამ ყველაფერს 3 წელი მუნჯად ინახავდა, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ავტომატურად დგება და ხვალვე საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ბატონი ბიწაძე მინიმუმ მოწმის სტატუსით უნდა დაკითხოს, თუ არა – ეჭვმიტანილის, რომელსაც აღიარებითი ჩვენება უკვე მიცემული აქვს ჯურნალისტ ჯეი-ჯეისათვის.
დ) დაბოლოს, თუ ქალბატონი ნინო ამჯერადაც, ისე როგორც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, არ იტყუება და არავითარი ინტერვიუ არ ყოფილა (არცა შიოლა ყოფილა?), მაშინ ჟურნალისტი ჯეი-ჯეი, რომელმაც ჯერ უნახავი ნაგლეჯი ნახა და მერე არარსებული ინტერვიუ შეთხზა – უნდა წავიდეს ციხეში თავისი ფანტასმაგორიული ცილისწამებისათვის!
მოკლედ ციხეში უნდა ჩაჯდეს ვინმე – ან 1 (ჯეი-ჯეი), ან მეორე (უბიწო), ან სამივე (უბიწო, მეფე-მზე და გრეჩიხა)
ხოლო, თუ, – მერამდენედ უკვე, –ამ ბედნიერ ერის დაქცეულ ქვეყანაში ისევ არავინ არაფერზე პასუხი არ აგო, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ეს არამარტო ბანანის რესპუბლიკაა, არამედ დამპალი და აყროლებული გასრესილი ბანანების პლუტოკრატიაა, სადაც ჯამლეტასგან ჯონდოს დაორსულების სავალალო ფაქტი მხოლოდ ერთი პატარა, შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენაა მასიურ სიდამპლეთა ყოვლისწამლეკი ეპიდემიის ფონზე…
ჯუნგლების ქრონიკები
Posted: 2010/12/17 Filed under: ინტერმეცცო | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, იგავი, ლომი, ჯუნგლები დატოვე კომენტარი
დაბადების დღისთვის ტირანმა ლომმა თავისი ტირანული სამეფოს გაკეთილშობილება გადაწყვიტა.
მისი მორიგი 5-პუნქტიანი დეკრეტით ტყეში ასწლოვანი ხეები ამოიძირკვა და პეკინიდან გამოწერილი ხელოვნური პალმები ჩაირგო. პალმები ნეონით იყო განათებული და მათზე დაჯდომის მსურველ ჩიტებს 12- ვოლტიან დენს ურტყამდა, დასკინტლიანების თავიდან ასაცილებლად. ჩიტების უმრავლესობა არ კვდებოდა.
მეორე რაც ლომმა ბრძანა იყო ის, რომ ჩიტები და მხეცები ტყეში ჩაჩქანებით (კასკებით) უნდა გადაადგილებულიყვნენ, რათა ხეებიდან ქოქოსის და სხვა საგნების ვარდნით გამოწვეული ტრავმატიზმის შემთხვევები შემცირებულიყო. წესის დარღვევისთვის დამრღვევს პირველად 10 კურდღლით აჯარიმებდნენ, ხოლო მეორედ – ლომის სადილად ან ვახშმად აქცევდნენ, იმის თავისუფლად არჩევით – ტყემალში ჩაწვებოდა, ქინძმარში, თუ კეტჩუპში. ამავდროულად მკაცრად იყო განსაზღვრული, რომ ჩაჩქანს (კასკას) ცხოველის კისერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეფარა, რამეთუ ლომს ასეთი ცხოველის ან ფრინველის მონადირებაში სერიოზული პრობლემები არ შექმნოდა.
მესამე პუნქტი ტელევიზიების და გაზეთების მონოპოლიზაციას ეხებოდა. ყველა ასე თუ ისე თავისუფალი ტელეარხი დაიხურა და გადაეცათ ლომის ერთგულ ვეზირებს ან მათ სიდედრებს. ახალ ამბებში დარჩა მხოლოდ ორი სექცია – ა) სასიამოვნო ამბების და ბ) უსიამოვნო არაპოლიტიკური ამბების. შეიქმნა ერთი ოპოზიციური მიკროარხი, რომელიც უდაბნოში აჩვენებდა ღამის 03:00-დან 05:00-მდე და 4 ნაციონალური არხი ოპოზიციონერთა მოთხრის სეირიზაციისათვის. სხვა ქვეყნების არხების და გაზეთების გაცნობისთვის დაწესდა ჯარიმა – 200 კურდღლის ოდენობით, ხოლო ნაციონალური არხების ყურებისთვის თავის არიდებაზე – 100 კურდღლის ოდენობით.
მეოთხე პუნქტი. ცხოველებს მიეცათ უფლება, რომ არ გამოეყენებინათ ელექტროენერგია, თუ ისინი საშუალოდ გამოსაყენებელი ელექტროენერგიის 50%-ს გადაიხდიდნენ. გაცხადდა ამ ინოვაციის მსოფლიო მასშტაბით პიონერულობა და არნახულობა-გაუგონლობა.
მეხუთე, ტყეში გაიხსნა ლომის ტუალეტები, სადაც მოსაქმების ფასი ორი კურდღელით განისაზღვრა, ხოლო დათვალიერების – 0.5 კურდღლით. დაწესდა სავალდებულო ტუალეტ-დათვალიერებების მინიმუმი – კვირაში ერთჯერ.
დაბოლოს, ცალკე გამოცემული სინიდისის სპეციფიური უზენაესობის დეკრეტით შეიქმნა სინიდისის საბჭო, სადაც წევრებად ყოვლად უსინდისო ფილოსოფოსები – ტურა, აფთარი, ძლოკვი და სვავი დაამტკიცეს. მათ მთავარ ფუნქციას შეადგენდა:
– ოჯახური ძალადობის გამოკვლევა (ყველა ოჯახში დამონტაჟებული ვიდეოთვლების ყოველთვიური ანალიზით)
– სასკოლო ძალადობის გამოკვლევა (ყველა მოსწავლის და მასწავლებლის სხეულში ჩამონტაჟებული მიკროჩიპების მასალების ყოველკვირეული ანალიზით)
– ოპოზიციის მხრიდან სანდო ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური, სიტყვიერი თუ მზერითი ძალადობის ფაქტების ყოველდღიური ანალიზი
– რელიგიის მხრიდან ლიბერალური თავისუფლბების და აღვირთავისუფლებების შელახვის მცდელობებზე რეაგირება და რელიგიური ბიუჯეტის ხარჯის სისტემატური ანალიზი.
– მეფე-ლომის მიერ განხორციელებული და ჯერარგანხორციელებული ცვლილებების, მოფიქრებული და დაუფიქრებელი რეფორმების, აშენებული, დანგრეული და ასაშენებელი ობიექტების ქებათა-ქება და სინიდისის თავისუფლების გამოხატულებად დასახვა.
ამ ცვლილებებით კმაყოფილმა ლომმა 5-საათიანი ფეირვერკი, მრავალჯერად რწყევამდე მისული ნადიმი და საოპერო სამკუთხედში სამეფო გაბრწყინების ფესტივალი ბრძანა – სამაგიდო სამინისტრო მუცლის ცეკვებითა და ვირტუალური მდგრადი განვითარებების დემონსტრირებით.
337-ჯერ შეჩვენდა მეზობელი იმპერიის დაუნდობელი, ტირანული რეჟიმი არადემოკრატიულობისა და ლომის სამეფო ბედნიერებაში ხელის შეშლისათვის.
ბალახისმჭამელ და თვინიერ ცხოველებს აცნობეს საახალწლოდ ბუნაგების ნგრევის, სამსახურებიდან დათხოვის და სანადირო სეზონის გახსნის მოახლოებული ბედნიერების შესახებ…
(ჯუნგლების ქრონიკები. გაბრწყინებიდან წელი მერვე, ომის მოგებიდან და მტრისთვის ნიღბჩამოგლეჯიდან – მესამე)
რის ფასად?
Posted: 2010/12/17 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: დემოკრატია, მიღწევები, რეფორმები, სტალინი, ჰიტლერი დატოვე კომენტარიეს ადამიანი, რომელიც სკოლიდან 14 წლის ასაკში გარიცხეს და სერიოზული განათლება არ მიუღია, შემდგომში თავისი ამბიციურობის, მესიანური მენტალიტეტის, ფსიქოლოგიის, სამხედრო საქმის და პოლიტიკის საოცარი ცოდნით (ზოგიერთის აზრით – მიხვედრილობით და ფანტასტიური ალღოს წყალობით) გამოირჩეოდა, რამაც მის თავბრუდამხვევ კარიერას შეუწყო ხელი.
მან მოახერხა თავისი გაცილებით სერიოზული და განსწავლული პოლიტიკური ოპონენტების მაქსიმალურად სწრაფი ნეიტრალიზაცია. ქარიზმატული ორატორობის და პროპაგანდის დიდოსტატური უნარ-ჩვევების წყალობით, არჩევიდან ყველაზე მალე თავისი ხალხის ყველაზე პოპულარული ლიდერი გახდა. ის იყო ერის მესია.
მან მოახდინა საზოგადოებაში დედის როლის იდეალიზაცია: ”ქალის სამყარო უნდა იყოს მისი ქმარი, მისი ბავშვები, მისი ოჯახი და მისი სახლი”. დააწესა გმირი დედის ორდენი – 4 და მეტი შვილის აღზრდისათვის. ქალების სახლში გაგზავნით მოახერხა მაღალი უმუშევრობის მკვეთრი შემცირება.
მოახდინა ქვეყნის არქიტექტურის უმაგალითო შემოტრიალება და ინფრასტრუქტურის [გზების, რკინიგზის, აეროპორტების და პორტების] არნახული განვითარება.
შემოიღო სახალხო ავტომობილის კონცეფცია და ავტოწარმოებას სათავეში ჩაუყენა ბრწყინვალე გენიოსი.
მან მოახდინა ერის დისციპლინიზაცია. ჯარიმების და მკაცრი სასჯელის (ზოგ შემთხვევებში – სიკცდილით დასჯის გზითაც კი) მან მოახერხა დანაშაულის მკვეთრი შემცირება, კრიმინალური ელემენტების განადგურების და განდევნის მეშვეობით – საზოგადოებაში უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნების ზრდა. ხოლო გადასახადების ამოღების ზრდით მოახდინა ქვეყნის ბიუჯეტის და სახელმწიფოს სოციალური დაცვის (მათ შორის – საპენსიო) სისტემის განმტკიცება.
მილიტარიზაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით მოახერხა 4 წელიწადში უმუშევრობის შემცირება 6-ჯერ! მთლიანი ეროვნული პროდუქცია და ერთ სულზე შემოსავალი გაორმაგდა, ხოლო კომპანიების საერთო მოგებამ 28-ჯერ მოიმატა!
მან მიაღწია ფანტასტიურ საგარეო წარმატებებს, როდესაც მისი აღიარებული მტრებიც და კრიტიკოსებიც მასთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. ქვეყნის მილიტარიზაციის წყალობით მან მოახერხა შედარებით სუსტი ახლო მეზობლების დაშინება და უმტკივნეულო ანექსია, ხოლო ამის შემდეგ გამოჩენილი ახალი ენერგეტიკული და ინდუსტრიული რესურსების სწრაფი გამოყენებით შექმნა არმია და ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით კატასტროფული მარცხი აგემა იმ დიდ სახელმწიფოებსაც, რომლებიც თავიდან მას ანგარიშში არ აგდებდნენ.
მან მიიღო დამცირებული, განადგურებული, ტერიტორიებწართმეული ქვეყანა და სულ რაღაც 7 წელიწადში აქცია იგი მსოფლიოს უდიდეს იმპერიად, იმდეგაცრუებული და დეპრესიაში მყოფი ერი – მსოფლიოს მპყრობელად და ისტორიაში შევიდა, როგორც დაჩოქილი ქვეყნის აღმაფრენის ყველაზე დაუჯერებელი მაგალითი.
მან მოახერხა სახელმწიფოს არნახული კონტროლის აპარატის შექმნა, როდესაც თითოეული ადამიანის ფიქრი და შეხედულებები კონტროლდებოდა, ადამიანებზე პროპაგანდის უძლიერესი მანქანა ახერხებდა იმას, რომ მათ ეფიქრათ ის და ეფიქრათ ისე, როგორც ეს მანქანა ეუბნებოდა. ამავდროულად ხდებოდა რეჟიმთან შეუთავსებადი პიროვნებების იდენტიფიკაცია, დაშინება, ”გამოსწორება”, ნეიტრალიზაცია ან განადგურება.
მან შემოიღო ერის სიწმინდის თეორია, როდესაც ნებისმიერი გადახრა მის მიერ დაწესებული ნორმიდან -ანატომიური, ფიზიოლოგიური, რასობრივი, სექსუალური, რელიგიური, პოლიტიკური, ფილოსოფიური თუ მენტალური (ფსიქიატრიული დაავადებები) – იყო ამ ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფების მიმართ სახელმწიფო ტერორის გამომჟღავნების და ამ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების ნეიტრალიზაციისა ან განადგურების საფუძველი, რასაც რეჟიმის მხრიდან ჰქონდა იდეოლოგიური და სამართლებრივი გამართლება.
ერის ლიდერის პირდაპირი მითითებებით და დიზაინით 11-დან 14 მილიონამდე ადამიანი იქნა განადგურებული საკონცენტრაციო ბანაკებში. გაზის კამერებში სიკვდილის შემდეგ ადამიანებს აძრობდნენ კბილებს, ატყავებდნენ, ტყავისგან ჩანთებს და ხელთათმანებს კერავდნენ, ხოლო ცხიმს საპნად ხარშავდნენ. ქვეყნის ინტელექტუალთა 25-30%-მდე იქნა დაპატიმრებული, ექსტრადირებული ან სიკვდილით დასჯილი.
საბოლოოდ კი ”მესიის” თვითმკვლელობიდან რამდენიმე დღეში ქვეყანა დამარცხდა მსოფლიო ომში და 50 წლის განმავლობაში გახლეჩილი იყო ჯერ – 4, ხოლო შემდეგ – 2 ნაწილად. აღმოსავლეთ ტერიტორიების დაახლოებით 30% სამუდამოდ იქნა დაკარგული. ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეების 70% დროებით ან მუდმივად იქნა გატანილი ქვეყნიდან. დაახლოებით 1,5 მილიონი ქალი იქნა გაუპატიურებული მოწინააღმდეგე არმიის ჯარისკაცების მიერ. ზოგიერთი დიდი ქალაქის შენობების და ინფრასტრუქტურის 80%-მდე იქნა განადგურებული მოწინააღმდეგის მხრიდან დაბომბვების შედეგად.
ამიტომ, როდესაც რომელიმე სათნო ბავშვის სურათს ნახავთ და ბრავადული პროპაგანდისტები მოგიყვებიან მის მიერ განხორციელებული ფანტასტიური რეფორმების, არნახული ეკონომიკური წარმატებების, დაუჯერებელი მიღწევების და ხალხის მხრიდან უზომო სიყვარულის შესახებ, უეჭველად ჰკითხეთ ამ მოჭიკჭიკე მოლაღურებს:
ა) რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი?
ბ) როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი?
P.S.
1) დნმ ანალიზით დამტკიცებულია, რომ ადოლფ ჰიტლერს, ნაწილობრივ მაინც, ებრაული და აფრიკული წარმომავლობა ჰქონდა [Hall, Allan. “DNA tests reveal ‘Hitler was descended from the Jews and Africans he hated'”. dailymail.co.uk. http://www.dailymail.co.uk/news/worldnews/article-1305414/Hitler-descended-Jews-Africans-DNA-tests-reveal.html. ]
2) ბავშვობაში ჰიტლერს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამამისთან და მიწებებული იყო დედაზე.
3) არის მტკიცებულებები, რომ ჰიტლერი ნარკომანიის კონკრეტული ტიპით იყო შეპყრობილი – ამფეტამინდამოკიდებული იყო. ფიქრობენ, რომ 1942 წლიდან დაწყებულმა ამ პრობლემამ სერიოზული როლი ითამაშა იმ ხისტ სამხედრო გადაწყვეტილებებში (უკანდახევის სრული გამორიცხვა), რამაც ჰიტლერი და III რეიხი კატასტროფამდე მიიყვანა.
P.P.S.
”თუ თქვენ ხალხს ატყუებთ, და ეს ტყუილი საკმარისად დიდია, და ამ დიდ ტყუილს დიდხანს იმეორებთ და იმეორებთ, – ბოლოს და ბოლოს ხალხი ამას იჯერებს.
მაგრამ ტყუილის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სახელმწიფო იცავს ხალხს ამ ტყუილის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო შედეგებისაგან.
ამდენად, სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოიყენოს მთელი თავისი ძალები, რათა აღმოფხვრას და დათრგუნოს სხვაგვარად მოაზროვნეობა [დისიდენტობა], რადგან სიმართლე ტყუილის სასიკვდილო მტერია. და აქედან გამოდინარეობს, რომ სიმართლე სახელმწიფოს უდიდესი მტერიცაა! ”
იოზეფ გებელსი, მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრი
“If you tell a lie big enough and keep repeating it, people will eventually come to believe it. The lie can be maintained only for such time as the State can shield the people from the political, economic and/or military consequences of the lie. It thus becomes vitally important for the State to use all of its powers to repress dissent, for the truth is the mortal enemy of the lie, and thus by extension, the truth is the greatest enemy of the State.”
Joseph Goebbels, IIIrd Reich Propaganda Minister
ამ ადამიანმა ბავშვობაში ყვავილი გადაიტანა, რაც იმ დროს თითქმის ყოველთვის სიკვდილს უდრიდა. 12 წლისა ეტლით ავარიის გამო ცალი ხელით დაინვალიდდა. სემინარიაში კარგ მოსწავლედ ითვლებოდა, მაგრამ უფულობის გამო გარიცხულ იქნა, თუმცა შემდგომში პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ათეიზმის გამოიქნა გარიცხული. ნიჭი იმაშიც ეტყობოდა, რომ ახალგაზრდობაში მის მიერ დაწერილი ლექსი დაბეჭდა იმ ადამიანმა, რომელიც მაშინ ქართველი ხალხის მამად ითვლებოდა, და რომელიც შემდგომ ახალგაზრდა პოეტის მომავალმა მეგობრებმა მხეცურად მოკლეს.
ამ ადამიანმა გამოიარა საშინელი გამოცდები, და იქცა უმკაცრეს მმართველად, რომელიც ფოლადის ხელით მართავდა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას 30 წლის განმავლობაში. იმპერიის განაპირას დაბადებულმა უბრალო მეჩექმის შვილმა, რომელსაც არასრული განათლება ჰქონდა მიღებული, გაიარა გზა ბანკის მძარცველიდან და ტერორისტიდან პარტიის ლიდერამდე და სამხედრო გენერლამდე, გზიდან ჩამოიშორა მასწავლებლები და მეგობრები, შექმნა ახალი ტიპის პარტია, ახალი ტიპის რწმენა, ახალი ტიპის ადამიანები და ახალი ტიპის მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა. როგორც მისმა ყველაზე მწარე კრიტიკოსმა შემდეგ მის ნეკროლოგში მოწიწებით აღნიშნა, მან ჩაიბარა ქვეყანა, რომლის მთავარ იარაღს გუთანი წარმოადგენდა და დატოვა იგი შეიარაღებული ატომური ბომბით.
არავის არასდროს არ მოუხდენია დიდი ქვეყნის ისეთი მასშტაბის აღმასვლა სრული ქაოსიდან და გაპარტახებიდან ფანტასტიურ აღმოჩენებამდე და პროგრესამდე ტექნიკის სხვადასხვა სფეროში, როგორც მას. მას ჰქონდა ტექნოლოგიური ნიჭის მქონე პიროვნებების შენიშვნის და გამორჩევის ბრწყინვალე უნარი და საოცრად სწორად ახდენდა პრიორიტეტული ამოცანების ამოცნობას და სტრატეგიის დასახვას.
მან რკინის ხელით მოახერხა ერთმანეთთან ფანტასტიურად დაპირისპირებული ადამიანების, კლანების, ერების და ქვეყნების შედუღაბება და რაც ამ დუღაბში ვერ ჩაეტია, გულცივად ამოთხარა და მოისროლა – ადამიანებიც (მეგობრებიც და ნათესავებიც), კლანებიც (საკუთარი პარტიული მოკავშირეებიც), ერებიც და ქვეყნებიც. მას ჰქონდა თავისი ხედვა იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ეს გიგანტუტი ქვეყანა და არავინ ისე ახლოს არ მისულა თავისი ხშირად ავადმყოფური ოცნებების რეალიზაციაში, როგორც სწორედ ის.
მან მოიგო ომი, რომლის მსგავსი იშვიათად ვინმეს გადაურჩენია, არამცთუ მოუგია. ნაპოლეონის დამარცხებაზე უფრო აღმატებული გამარჯვება მოიპოვა მან, რამდენადაც მონსტრი უფრო დიდი და ცოფიანი იყო, ხოლო მის გამარჯვება – უფრო დიადი და შორსმიმავალი შედეგების მქონე. მისი ქვეყანა ომის შემდეგ მსოფლიოს ერთი მეექვსედი იყო, ხოლო მისი იმპერია – ერთი მესამედი.
მან შექმნა უფრო დიდი, ვიდრე დიდი ქვეყანა. მან შექმნა დიდი რელიგია, რომლის ქურუმად თავისი თავი აქცია. მეტიც, მისი სიკვდილის შემდეგაც კი გარკვეული დროის განმავლობაში, ის ამ რელიგიის ქურუმად რჩებოდა. მისი ფანტასტიური შედეგები ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის, სამხედრო და პოლიტიკური მონაპოვრების განვრცობაში იმდენად შთამბეჭდავია და მიღწეულია იმდენად მწირი საწყისი დონიდან, რომ კიდევ დიდხანს დარჩება ამ ქვეყნის მმართველებისთვის საოცნებო და სათაყვანებელ იდეალად, რომლის შედეგებს მიეტოლებიან და გულბოღმიანად შეშურდებათ აწმყოშიც და მომავალშიც. ვერ კი გაუტოლდებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო – იგი შეუდარებელი ასკეტი იყო, ერთი კიტელით და ორი წყვილი ჩექმით ცხოვრობდა. ამაზე კი კურშეველის და მონტე-კარლოს მოყვარულ ნაბობებს გართულება აქვთ, ”დომ პერიონიონში” ბანაობის გარეშე ცხოვრება უჭირთ სათუთებს.
ის იყო დიდი ადამიანი და … უდიდესი ტირანი.
მან გაანადგურა 10-დან 20 მილიონამდე ადამიანი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ციფრი 40 მილიონიც კი უნდა იყოს.
მან გაანადგურა თავისი ოჯახი, თავისი ახლობლები, თავისი მეგობრები და თანამებრძოლები, თავისი ერი და თავისი ქვეყანა. როდესაც უახლოესმა თანამებრძოლმა – მისივე ერის და სისხლის კაცმა, რომელმაც მასთან ერთად დაიპყრო საკუთარი პატარა ქვეყანა და სისხლმოწყურებული იმპერიის ხახაში მოისროლა – მას დახმარება და დაცვა სთხოვა, როცა მის დასაჭერად მივიდნენ, მან ცივად უპასუხა – აბა რა გითხრა, ხვალ იქნებ ჩემს დასაჭერადაც მოვიდნენო. მან თვითმკვლეობამდე მიიყვანა ცოლი და შემდეგ დაბოღმილმა ყველაფერი იღონა, რომ ყველა მის პარტიულ მეგობარს ცოლი გადასახლებაში ეხილა. საკუთარი შვილის ტყვედ ჩავარდნა ღალატის ტოლფასად ჩათვალა – არასდროს ერთი სიტყვაც კი არ შეუთვლია და ისიც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მილიონობით ადამიანი იქნა გადასახლებული და შეთითხნილი ბრალდებებით განადგურებულები – ხშირად ელემენტარული სასამართლო პროცედურული ნორმების გარეშე, ხოლო თითქმის ყოველთვის – ამ ფორმალური ნორმების ფიქტიური აღსრულების ფონზე. ყველაზე ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანები, როგორც წესი, განწირულები იყვნენ დასახვრეტად და ბოლოს მის გვერდით მხოლოდ შურიანი კარიერისტები დარჩნენ. ერთგულების მომშორებლის ბედი მარტოობაში ხროტინით სიკვდილი აღმოჩნდა.
მიუხედავად ქვეყნის შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევებისა, სისტემა, რომელიც მან შექმნა, ეკონომიკურად საჭურისი იყო, რადგან მონურ შრომას ემყარებოდა და ინიციატივის და კერძო საკუთრების წაუხალისებლობის გამო განწირული იყო საბოლოო მარცხისათვის. ამიტომაც ქვეყნებმა, რომელიც მან დაამარცხა და დაანაწევრა, უკვე 20-25 წელიწადში გადაასწრეს თავის დამმარცხებელ გიგანტს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. ახალი რელიგია ყველაზე უდღეური აღმოჩნდა ყველა რელიგიას შორის. ახალი იმპერია ხუხულასავით დაიშალა და მას დედამიწის მეექვსედის დაშლაც მოჰყვა. ახალი ადამიანის ყალბი სილუეტიც მალე აორთქლდა და ყველა ის მანკიერი თვისებები ძალუმად გამოამჟღავნა, რასაც თითქოს ის უნდა დაპირისპირებოდა.
ძალადობაზე დამყარებული იმპერიამ 70 წელი გაძლო. ყველა ის ”შედევრები”, რაც ვითომ საუკუნოდ უნდა შენახულიყო – სასაცილო და მახინჯი კარიკატურები აღმოჩნდა, ხოლო ყველა ის ნამდვილი შედევრი, რასაც იგი ებრძოდა და ანადგურებდა, ისევე როგორც ყველა მის მიერ განადგურებული მოაზროვნის და ხელოვნის სახელი დღესაც ცოცხლობს და სწორედ ეს საგანძური ითვლება იმ სასტიკი და დაუნდობელი ხანის მედლის რეალურად პოზიტიურ მხარედ.
დღეს მის პატარა სამშობლოში მისი სახელის მქრქალი აჩრდილიღა არსებობს. თითქმის ყველა მიხვდა, რომ მთელი თავისი სიცოცხლე მას თავის სამშობლოზე არც უფიქრია, ხოლო რაც უფიქრია და მოუფიქრებია, ნეტა საერთოდ არც ეფიქრა. მის მშობლიურ ქალაქში ძეგლებთან მებრძოლმა ღორმუცელა, ამბიციურმა, გრძელმა ქონდრისკაცებმა მისი ბოლო ძეგლის დამხობით სცადეს თავიანთი მინატურული რეპუტაციის ამაღლება – აქაოდა, რა მაგრები ვართ, დიქტატორის ძეგლებს ვებრძვითო!..
როგორც აკაკის ღამურას, არც მის შექმნილ იმპერიაში ერგო აღიარებული დიდება – ამოთხრიან, მერე ჩუმად განადიდებენ, მერე ისევ ამოთხრიან, მერე ისევ განადიდებენ. მაინც იქ უფრო უყვართ, და არცაა ეს გასაკვირი – იმათი იყო, იმათთვის იბრძოდა, იმათ მიუტანა ხელის გულზე თავისი მარგალიტივით ცრემლადქცეული ქვეყანა.
ამიტომ, როდესაც რომელიმე ნიჭიერი ბავშვის დაწერილ ლექსს წაიკითხავთ და ბრავადული პროპაგანდისტები მოგიყვებიან მის მიერ განხორციელებული ფანტასტიური რეფორმების, არნახული ეკონომიკური წარმატებების, მოგებული ომების, დაუჯერებელი მიღწევების და ხალხის მხრიდან უზომო სიყვარულის შესახებ, უეჭველად ჰკითხეთ ამ მოჭიკჭიკე მოლაღურებს:
ა) რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი?
ბ) როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი?
P.S.
1. ბოლო დრომდე არსებული ოფიციალური ცნობებით სტალინი დაიბადა 21 დეკემბერს – ანუ წლის ყველაზე ხანგრძლივ ღამეს. თუმცა ბოლო წლებში გამოჩენილი ზოგიერთი ავტორის მონაცემებით იგი ძველი სტილით 5 დეკემბერს (ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს) არის დაბადებული. სტალინის ალბათ ყველაზე უფრო ზუსტი ისტორიოგრაფი – სიმონ სიბაგ მონტეფიორე ამტკიცებს, რომ სტალინის დაბადების არამცთუ თარიღი, არამედ წელიც კი – 1879 – ფიქციაა, რომელიც თავად სტალინმა თავის მდივანს ყველა ოფიციალურ წყაროებში შეაცვლევინა 1925 წელს. 1920 წლამდე კი იგი თავად ყველგან 1878 წელს უთითებდა. მონტეფიორეს აზრით ყველაზე სარწმუნო თარიღია 1878 წლის 6 დეკემბერი (ანუ, ახალი სტილით 19 დეკემბერი).
2. სტალინის მშობლებს 1875 და 1876 წლებში დაბადებული ორი პირველი ვაჟი მალევე დაეღუპათ. ორივე მათგანის ნათლია ოჯახის ახლობელი, მდიდარი ვაჭარი და გორის ჩემპიონი ჭიდაობაში – იაკობ ეგნატაშვილი იყო. მესამე შვილზე ბესო ჯუღაშვილმა ეგნატაშვილს არ თხოვა ნათლობა – მაგას ცუდი ფეხი ჰქონიაო. მიუხედავად ამისა, სტალინიც და კეკეც ეგნატაშვილს ”ნათლია კობას” ეძახდნენ.
3. სხვადასხვა წყაროები ეჭვობენ, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი არ იყო სტალინის ნამდვილი მამა. ყველაზე ხშირად მკვლევარები სწორედ კობა ეგნატაშვილს მოიაზრებდნენ სტალინის მამად. გენეტიკური ანალიზი არ არსებობს.
4. ბესო ჯუღაშვილი ალკოჰოლიზმის მსხვერპლი გახდა. ოჯახური ძალადობის ხშირი ეპიზოდების გამო, სტალინს მამა არ უყვარდა და დედის დაცვას ცდილობდა. დედა სოსოს სემინარიისთვის ამზადებდა, საიდანაც მამამ იძულებით გამოიყვანა შვილი, რომელიც უნდოდა მასავით მეჩექმე გამოეყვანა და თბილისში ფეხსაცმლის ფაბრიკაშიც კი წაიყვანა 10 წლის სოსო. მაგრამ მალე ბესოს ავადმყოფობამ დარია ხელი და სოსო ისევ დაუბრუნდა სემინარიას.
5. თავის წერილებში დედისადმი სტალინი ლამის მეთოდურად იმეორებს სიტყვებს – ”ძვირფასო დედა, იცოცხლე ათასი წელი”. 1937 წლის მაისში დაწერილ ბოლო წერილშიც ეს ფრაზა მეორდება. იქვე მინიშნებულია, რომ სტალინი წამლებს აგზავნიდა. 13 მაისს კეკე გაცივებულა. ამდენად, სავარაუდოდ, წერილი მაისის ბოლოსაა დაწერილი და შეიძლება ვერც ჩამოუსწრო დედას, რომელიც 4 ივნისს გარდაიცვალა. სტალინი დასაფლავებაზე არ ჩამოსულა. დედისათვის გამოგზავნილ გვირგვინზე ასეთი წარწერა იყო ქართულ და რუსულ ენებზე: ”ძვირფას და საყვარელ დედას მისი შვილ იოსებ ჯუღაშვილისაგან (სტალინისაგან)”
P.P.S.
ხალხისთვის საკმარისია იცოდნენ, რომ არჩევნები ჩატარდა. მთავარი ისინი კი არ არაა, ვინც ხმას აძლევს – ისინი არაფერს წყვეტენ. მთავარი ისაა, ხმებს ვინ ითვლის!
It is enough that the people know there was an election. The people who cast the votes decide nothing. The people who count the votes decide everything.
იოსებ სტალინი
Joseph Stalin (Dzhughashvili)
ვავა, კოჭოია, ვავა… (ფიქრები ქართულ შიშროებაზე)
Posted: 2010/12/08 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, რუსეთი, ტერაქტები, უშიშროება დატოვე კომენტარინაწყვეტი ირაკლი სესიაშვილის ინტერვიუდან:
კითხვა: “თუ არა რუსეთს, მაშინ ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა – თვითონ ქართველ სამართალდამცავებს, თუ ვინმე სხვას?”
ი.ს.: “– ამ ვერსიას გამოვრიცხავ – საქართველოს ხელისუფლებას თუ დაუდგინდა, რომ ორგანიზება გაუწია ტერორისტულ აქტს ამერიკის საელჩოსთან, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილი ამერიკის მხრიდან სანაგვე ყუთისთვისაა გამზადებული. საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ გარისკავდა. ალბათ, სულელი უნდა იყო, რომ ასეთ რისკზე წახვიდე, რადგან, ამგვარ ვითარებაში ამერიკული მხარე გამოძიებაში აუცილებლად ჩაერთვებოდა.”
“ალბათ სულელი უნდა იყო”, მომეწონა. ძალიან მომეწონა…
სწორედ ამიტომ, ამ ვერსიას არ გამოვრიცხავდი. სულელების მეტი რაა ჩვენს მთავრობაში!
უბრალოდ, ზოგი მათგანი ამას აფიშირებას უკეთებს, ზოგი დამალვას ამჯობინებს და ზოგჯერ ახერხებენ კიდეც, ურნალისტების დახმარებით (ეს ბატონ ირაკლის არ ეხება).
მით უფრო, რომ ვერავითარი ლოგიკით ვერ იხსნება ლეიბორისტების ოფისთან აფეთქების შემდეგ ე.წ. კოჭოიას რაზმი რატომ უნდა გაქანებულიყო მუხიანში 1 საათში მაღაზიის ასაფეთქებლად.
ასევე უცნაურია, თუ ჩატარებული აფეთქებების მთავარი მიზანი გაფრთხილება და დაშინება იყო, მაშინ რატომ გამოატანეს “სუმკით” ტერორისტ არქანიას ულურსმნო ჰექსოგენის ნაღმებთან ერთად ლურსმნიანებიც, რაც მსხვერპლს თითქმის უეჭველს ხდის. ვინც არქანიას აღიარება ვნახეთ, ალბათ,ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ეს ადამიანი ისეთი “პროფესიონალია”, ამ ორი ტიპის ნაღმს შორის განსხვავებას ძნელად თუ აღმოაჩენს. კაცი რომ საელჩოს კედელს და სასაფლაოს კედელს ვერ ანსხვავებს, იმას ვინ ანდობს ასეთ ოპერაციებს, არ ვიცი.
ჩემი აზრით ამ აფეთქებების ნაწილის უკან შეიძლება მართლაც იდგნენ რუსული სპეცსამსახურები (ხიდის აფეთქება, მაგალითად, საკმაო ეჭვის საფუძველს იძლევა, ისევე როგორც სადგურის აფეთქებები), და მაიორი ბორისოვიც შეიძლება სავსებით რეალური პირია ფსბ-ში ან გრუ-ში. მაგრამ თუკი ეს ასეა, მაინც ძალიან არადამაჯერებლად მიმაჩნია იმ ამღიარებელთა აღიარებები, რომლებიც ასე სახელდახელოდ გვაჩვენეს “ვანო პიქჩერზ”-ის პროდუსერებმა.
ხოლო რუსეთის მიერ საქართველოში ამჟამად აშშ საელჩოს აფეთქების მცდელობა თუ მართლაც რუსი ოფიცრების დაგეგმილია, ასე მგონია, იმ რუს ოფიცერს სწორედ რომ თავისივე მთავრობა გადასცემს ამერიკელებს იმის მომიზეზებით, რომ იგი კონტროლიდან გამოვიდა, რათა ძლივს აწყობილი “პერეზაგრუზკა” “პერეგრუზკად” არ ექცეთ.
აი, გადასცემენ თუ არა ამერიკელებს ან დაუშვებენ თუ არა მათ გამოძიებაზე ქართველი სპეცსამსახურები, რომ კოჭოიას მოჯაჰედების დაკითხვა სიცრუის დეტექტორზე მოხდეს, ამის თაობაზე სერიოზული ეჭვები გამაჩნია.
ჩემი ვერსია (აბსოლუტურად ვაცნობიერებ, რომ დილეტანტის ვერსიაა, და ვთხოვ არადილეტანტებს, ბ-ნ კაპიტანს – ია ანთაძის ბლოგიდან, მაგალითად, შემისწორონ ან სულაც განმაქიქონ 🙂
არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიურ კრიზისში საქართველოს პი-არ-მთავრობას ბევრი მიზეზის გამო აწყობს, რომ არა მარტო საკუთარი მოსახლეობა, არამედ უცხოეთის საზოგადოებაც და თუ მოახერხა – დასავლეთის პოლიტიკოსებიც მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ჰყავდეს. “მგელი, მგელის!” ძახილი თუ დიდი ხნის განმავლობაში ეფექტის შემცირებას იწვევს, აუცილებელი ხდება მგლის იმიტაცია.
აშშ საელჩოსთან აფეთქება დროში დაემთხვა საქართველოსთვის მზის სამხრეთიდან ამოსვლის მცდელობას. ირანისკენ გაძლიერებული რევერანსების ფონზე, როცა მთავრობის ყურმოჭრილი და თავმოჭრილი პოლიტოლოგები ერთხმად ალაპარაკდნენ ირანის, როგორც დიდი მეზობლის, რესურსების უფრო მასშტაბური გამოყენების აუცილებლობაზე, დაიწყო ლაპარაკი ვიზების გაუქმებაზე, საკონსულოს გახსნაზე (რაც მალე კიდეც ასრულდა). ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ხელისარჩამომრთმევი ობამასადმი ნიშნის მოგების (teasing-ს რომ ეტყვიან ინგლისელები) ნიშანი იყო.
– ჭკვაზე მოდი, ბარაკ, ჩამომართვი ხელი და შემხვდი, თორემ აგერაა აჰმადინეჯადიო, აგზავნიდა მიშიკო სასოწარკვეთილ, მაგრამ ამაყ დეპეშებს ვაშინგტონში. ჰოდა, როცა შეხედეს, რომ თიზინგმა არ გაჭრა, მერე უფრო აქტიურ ქმედებაზე გადავიდნენ.
ბომბის აფეთქება სისულელე იქნებოდაო.
კი მაგრამ, ცხინვალის დაბომბვა გრადებით და იმის დაჯერება, რომ რუსეთი სირცხვილალეწილი გაჩუმდებოდა და არაფერს იზამდა, უფრო დიდი სისულელე არ იყო? თუ მერე დაჭკვიანდნენ? ვითომ?
როგორ ჰგონია ბატონ ირაკლის, აშშ-სათვის ადვილი იქნება იმის აღიარება, რომ ისეთ ადამიანს დაუჭირეს მხარი, რომელმაც ჯერ მათი შეთრევა სცადა მესამე მსოფლიო ომში და ახლა მათი საელჩოების კედლებზე ბომბების მონტაჟითაა გართული?
რა თქმა უნდა, ქართული მთავრობა ამას საუკეთესო სურვილებით აღჭურვილი აკეთებს – უნდათ, მერამდენედ უკვე, რუსეთს ნიღაბი ჩამოძრონ. ერთხელ უნდოდათ, რომ აგრესორის სახეზე აფარებული ნიღაბი ჩამოეძროთ და მოახერხეს. შედეგი – მსოფლიო ამ აგრესიას, დე-ფაქტო შეეგუა, დე-იურე – არა. ახლა უნდა ტერორისტის საახეზე აფარებული ნიღაბი ჩამოადღლიზონ და შედეგი ალბათ მსგავსი იქნება, რუსეთი იტყვის, მაინც მაბრალებენ და რატომაც არაო… ჰოდა, ამასაც შეეგუება მსოფლიო დე-ფაქტო…
რა თქმა უნდა, არა მგონია, რომ ამერიკამ ისე ადვილად დაიჯეროს კოჭოიას ოინბაზობები, როგორც თავის დროზე გიჟი არუთინოვის ტერორისტობა დაიჯერეს (დაიჯერეს, კი? ბუშმა დაიჯერა ალბათ, გულწრფელი კაცი იყო საწყალი და თვალებში ჩახედვით აფასებდა მტერ-მოყვარეს, თორემ კისინჯერი, ოლბრაიტი ან კლინტონი ან დაიჯერებდნენ და ან არა…) თუ იმის არ შეეშინდა მიშიკოს, რომ პუტინის მსგავსი ყველაფერზეწამსვლელი ცივსისხლიანი ცხინვალის დაბომბვის – ანუ საქვეყნოდ სახეში გაწნილი სილის სანაცვლოდ – მის განადგურებას შეეცდებოდა, ვითომ იმის უნდა შეშინებოდა, რომ გაცილებით უფრო დემოკრატიული ქვეყნის გაცილებით უფრო ლიბერალ პრეზიდენტ ობამას ამ ფარული ჟესტით – საელჩოს კედლის აფეთქებით ისე გამოიყვანდა წყობიდან, რომ მაშინვე მე-6 ფლოტს გამოაგზავნიდნენ ალი და ნინოს ქანდაკების წყობიდან გამოსაყვანად?
რაც შეეხება, იმას, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
შეიძლება ბორისოვი მართლა გეგმავდა და გეგმავს აფეთქებებს. სისულელე ის იქნებოდა, ვიფიქროთ, რომ რუსეთი გულხელდაკრეფილი ზის. და შეიძლება ერთ კი არა, 10 და 100 კოჭოიას აქვს მიღებული სხვადასხვა რანგის დავალებები. საკუთარ მოსახლეობას რომ ფეხებზე დაიკიდებ და წადი და ფოცხოში ბალახი მოძოვეო, განუცხადებ თავის მოკვლაზე გამზადებულ ადამიანს, რა გარანტია უნდა გქონდეს, რომ გალში დარჩენილი ქართველები საქართველოს მთავრობის იმედად არიან დარჩენილი. არაა გამორიცხული, რომ ბორისოვის მიერ მართლაც დაქირავებული არქანია და სხვები სულ სხვა მასშტაბის საქმეზე გასკვანჩეს ჩვენმა სწორუპოვარმა ენვერელებმა (მიკვირს ისე, რატომ 6 წელი არ შეინახეს. 6 წელიწადში კოჭოია და არქანია სერიოზულ ტერორისტებად ჩამოყალიბდებოდნენ და მათი აღიარებებიც სხვა ფასს შეიძენდა) და მერე სწორედ რომ იმის ანალოგიური მუქარით, რაც არქანიას მიერ ბორისოვზე გახმაურდა (ოჯახს ამომიწყვიტავენო), აიძულეს თავის თავზე ისიც აეღო, რაც არქანიას შეიძლება აზრად არ მოსვლია. ხოლო იარაღის და ნაღმების დალაგება და ჩალაგება – გინდა ბინაში და გინდა ბავშვის საწოლქვეშ – როგორ ხდება, ეს ხომ ვიცით და გვინახავს!
საშინელებაა ეს, რომ იმის მაგიერ, რომ ჩემი მთავრობის და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების გვერდით ვიყო ამ ძნელბედობის ჟამს, სულ ასეთი ფიქრები მომდის თავში, როგორ გვიყენებენ თავიანთი მზაკვრული გეგმების ჩვენს ტვინებში ჩასანერგად და თავისი რეჟიმის, როგორც გასაპრემიერებელი მონარქი ბრძანებს “უკვდავ პარტიად” გადასაქცევად. მე ხომ ის ადამიანი ვარ, ვინც მართლა ფიქრობდა, რომ ვარდების რევოლუციის მერე საქართველო დემოკრატიის სამაგალითო ქვეყნად ჩამოყალიბდებოდა. არადა პლუტოკრატიის და ავტოკრატიის პოტიომკინურ სოფლად იქცა, სადაც მთავრობის მთავარ ამოცანად ხალხის დამონება, გატყავება, დაშინება და სულაც ემიგრაცია გამხდარა!
უბედურება ისაა, რომ ჩემი ეჭვები სამშობლოს გამყიდველის ან გიჟის ილუზიები კი არ არის, როგორც ამას მთავრობის ხელიდან გამოკვებილი ჩემი ოპონენტები შეეცდებიან ახსნან, არამედ იმ ერთი რიგითი ქართველის დაკვირვებები და განზოგადებები, რომელიც მთელი ჩვენი ბოლო 7 წლის გამოცდილებას ემყარება – რას გვპირდებიან და რას აკეთებენ, და როგორ აკეთებენ. რა ვქნა და ვერ ვიჯერებ, რომ ეს მთავრობა ქვეყნის მთავრობაა და არა საკუთარი ჯიბის და ქვენა ინსტიქტების მონა ავაზაკთა ბანდა, რომლისთვისაც ჯარიც, პოლიციაც, სასამართლოც და უშიშროებაც მხოლოდ საკუთარი მბრძანებლობის უზრუნველყოფის მექანიზმებია და არა ქვეყნის და მოქალაქეების დაცვის და გადარჩენისა.
და რომ თუ მე პატრიოტიზმი სხვა რამ მგონია, და არა ტვინების გადამხარშველ პიონერბანაკებში “ლიდერი ყოველთვის მართალია!”-ს ბღავილი და რობერტ სტურუა და ჭაბუა ამირეჯიბი, სოზარ სუბარი და ნინელი ჭანკვეტაძე, ნონა გაფრინდაშვილი და ვახტანგ ხმალაძე მგონია ნამდვილი პატრიოტები და არა კობა ხაბაზი, ნუგზარ წიკლაური, ვერა ქობალია და ეკა ხერხეულიძე, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვცდები… მომავალი განსჯის ვინ არის პატრიოტი და ვინ პატრინოტის პატრონტაშში ჩატენილი გილზა, თან (ტვინ)ცარიელი…
ერთ რამეში მაინც არ ვცდები – ეჭვის შეტანის უფლება მაქვს!
მე მაქვს განსხვავებული აზრის უფლება!
რადგან სწორედ ეს – განსხვავებული აზრის უფლება განასხვავებს თავისუფალ ადამიანს იმ არსებისგან, რომელიც ყოველთვის ლიდერის აზრს ელოდება და ამიტომ მონაა, გინდაც ფილოსოფოსი იყოს ბექგრაუნდით და ხელფასით…
ხოლო თუ ვინმეზე კილოგრამობით დაწყობილი ნაღმები და ლამაზად დაპაკეტებული ჰექსოგენი დიდ ეფექტს ახდენს და ქართული უშიშროების საგალობლის აღვლენის სურვილს აღძრავს, ვურჩევ ჰოლივუდის ბლოკბასტერებით გაერთონ, “ვანო ფიქჩერზ”-სზე უფრო დამაჯერებელი ნამდვილად არის.
დემოკრატიის შუქურა და უსაზღვრო ნდობის გაკვეთილები ვიკილიქსურ შუქჭრილში
Posted: 2010/12/03 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბათუ ქუთელია, დიპლომატია, თემურ იაკობაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, John Tefft, Saakashvili, wikileaks დატოვე კომენტარიამ დღეებში გამოქვეყნებულ მასალებში განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენება ერთი სტატია 1 დეკემბრის «ნიუ-იორკ ტაიმსიდან», რომელშიც, ალბათ სააკაშვილის ადმინისტრაციის ვარსკვლავები ისევ რუსეთის ხელს დაინახავენ.
სტატიის სათაური – Embracing Georgia, U.S. Misread Signs of Rifts http://www.nytimes.com/2010/12/02/world/europe/02wikileaks-georgia.html – საქართველოსთან ჩახუტებულმა ამერიკამ რყევის სიგნალები სწორად ვერ შეაფასა – თარგმანი განთავსებულია გვერდზე www.foreignpress.ge
სი. ჯეი. ჩივერსის ამ სტატიაში საკმაოდ მწარედ გაკრიტიკებულია აშშ დიპლომატები, რომლებმაც 2008 წლის კონფლიქტის წინ და უშუალოდ კონფლიქტის დროს ვერ მოახერხეს ამერიკის მთავრობისათვის უტყუარი და სანდო ინფორმაციის მიწოდება ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველოში აშშ დიპლომატებს (და გავბედავ დავასკვნა – ძირითადად და პირადად – ელჩს ჯონ ტეფტს) ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყარო გააჩნდათ – მიხეილ სააკაშვილი და მისი მინისტრები.
აი, რას წერს სი.ჯეი. ჩივერსი:
«თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, ამერიკელი ოფიციალური პირებისთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მის, სამხედრო საქმეში გამოუცდელ, მრჩეველების კარი თითქმის ყოველთვის ღია იყო და მუდმივი კომუნიკაციის საშუალებაც ჰქონდათ. რადგან ამ უკანასკნელთ საბჭოთა წარსულის მოცილებასა და რუსეთის რეგიონალური გავლენისადმი დაპირისპირებაში სწორედ აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდათ.»
«…ვაშინგტონი ზედმეტად ეყრდნობოდა თავად სააკაშვილის მთავრობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მისი მოქმედებების შესახებ».
თუ «მეზობელ ქვეყნებში ამერიკელი დიპლომატები ხშირად ინარჩუნებდნენ პროფესიულ დისტანციას და კონფიდენციალურად აზუსტებდნენ საკუთარ ეჭვებს მასპინძელი ხელისუფლების გამო. ხოლო საქართველოში, როგორც სჩანს, დიპლომატებმა სკეპტიციზმი გვერდზე გადადეს და მნიშვნელოვანი სადავო მოვლენების შესახებ მხოლოდ ქართულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნენ.
2008 წლისთვის, იმ დროს, როდესაც რეგიონი ომისკენ მიექანებოდა, ამერიკელი დიპლომატები საქართველოს მთავრობის მიღმა არსებულ წყაროებს მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, დიპლომატიურ დოკუმენტებში არც კი ახსენებდნენ და ვაშინგტონს ხშირად მოვლენების ოფიციალურ ქართულ ვერსიას გადამოწმების გარეშე აწვდიდნენ. რუსულ-ქართული ომის დაწყების წინ გადაცემულმა ბოლო შეტყობინებებმა დაადასტურა, რომ საელჩო, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობოდა.»
და ვინ იყვნენ ის პირები, ვინ აშშ საელჩოს და ბატონ ელჩს არასწორი ინფორმაციით ამარაგებდნენ?
ციტატა სტატიიდან:
«თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ 7 აგვისტოს ნაშუადღევს ელჩს განუცხადა, რომ ქართული ჯარი მზადყოფნაშია, მაგრამ არ არის საბრძოლო მდგომარეობაში» – აღნიშნულია ერთ-ერთ ცნობაში იმ დროს, როდესაც საქართველოს მძიმე სამხედრო აღჭურვილობა უკვე მიემართებოდა კონფლიქტური ზონისკენ.
ქუთელიას განცხადებებმა რეალური დროის გამოცდასაც კი ვერ გაუძლო. მხოლოდ ერთ დოკუმენტში იმ რამდენიმედან, რაც საელჩოს წარმომადგენლების ადგილზე ყოფნაზე მიანიშნებს, აღნიშნულია რომ «საელჩოს დამკვირვებლებმა გზატკეცილზე» შენიშნეს 30-მდე სამთავრობო ავტობუსი, «რომელთაც ფორმიანი მამაკაცები ჩრდილოეთის მიმართულებით გადაჰყავდა».
მაგრამ საელჩომ არასწორად წაიკითხა ეს ნიშნები და ვაშინგტონს განუცხადა, რომ მიუხედავად «ბევრი ცნობისა, რომელთა თანახმად ქართველებმა დაძრეს სამხედრო აღჭურვილობა და ძალები», საელჩოს «თავდაპირველი შთაბეჭდილებით», ქართველებმა მხოლოდ «გაამკაცრეს საბრძოლო მზადყოფნა», რათა «აჩვენონ საკუთარი სიმტკიცე».
«ფაქტიურად კი, 7 აგვისტოს ღამის 11:35 საქართველო იწყებდა მძიმე საარტილერიო და სარაკეტო შეტევას ცხინვალზე, სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქზე და ამით წყვეტდა ზავს, რომელიც თავადვე სულ რაღაც 5 საათით ადრე გამოაცხადა.»
აქვე დავძენთ, რომ ბატონი ქუთელია, რომელმაც აშშ საელჩოს კარგად აუხვია თვალები და დაუმალა რეალობა, ომის შემდეგ აშშ-ში საქართველოს ელჩად იქნა გაგზავნილი. ალბათ იმისთვის, რომ ოპერაცია «ნდობით დაბრმავება» ვაშინგტონშიც გაგრძელებულიყო.
მაგრამ მარტო ბ. ქუთელია არ არის ნახსენები სი. ჯეი ჩივერსის სტატიაში.
ციტატა სტატიიდან:
«მომდევნო დილის კონფიდენციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუგზავნა ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს და განაცხადა, რომ «საქართველო ახლა აკონტროლებს სამხრეთ-ოსეთის უდიდეს ნაწილს, მათ შორის მის დედაქალაქსაც». დოკუმენტში შემდეგ ნათქვამია, რომ «სააკაშვილის თქმით, საქართველოს არ სურდა ამ ბრძოლაში ჩაბმა, მაგრამ ოსების მიერ იქნა პროვოცირებული და უნდა ეპასუხა, რათა დაეცვა საქართველოს მოქალაქეები და ტერიტორია».
იმის ნაცვლად, რომ ხაზი გაესვა არსებული გაურკვევლობისათვის, დოკუმენტი დასძენს – «ქვეყანაში არსებული [დიპლომატთა] გუნდისათვის ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება განამტკიცებს სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად ომი ქართველებს განზრახული არ ჰქონდათ». შემდეგ მასში ნათქვამია – შეტევა დაიწყო «მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოსებმა ქართულ სოფლებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს».
ამ კადნიერ განცხადებას საჯაროდ ექოსავით გაიმეორებენ ბუშის ადმინისტრაციაშიც, რომელიც მსოფლიო სცენაზე ძალიან უჭერდა მხარს საქართველოს. მაგრამ ამ ცნობების დასადასტურებლად, როგორც სჩანს ამერიკის საელჩოს 8 აგვისტოს «შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეთაურო პოსტის» გარდა, ადგილზე არც ერთი წარმომადგენელი არ ჰყავდა. დოკუმენტი არ იშველიებს საქართველოს მთავრობის გარეთ არსებული წყაროების ინფორმაციას. ამის ნაცვლად, წინა ღამის ქართული შეტევის გასამართლებლად, მოყვანილია ქართული სამთავრობო წყაროს, თემურ იაკობაშვილის სიტყვები. მან ამერიკის ელჩს უთხრა, რომ – «ოსები, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებისა, განაგრძობდნენ სროლას ქართული სოფლების მიმართულებით».
დოკუმენტი არ შეიცავდა მტკიცებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ოსების თავდასხმის შესახებ და უგულვებელყოფდა ერთადერთ დამოუკიდებელ ინფორმაციას, რომელიც ცხინვალში ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო-ს) სამხედრო დამკვირვებლებისგან მოდიოდა.
დამკვირვებლები, რომლებიც კონფლიქტური ზონის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, არ იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ გაიგეს ან შენიშნეს ოსების საარტილერიო შეტევა ცხინვალზე ქართველების მიერ განხორციელებულ შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე. პირიქით, მათ ამერიკელ ოფიცერს შეატყობინეს, რომ «ცხინვალზე ქართველების შეტევა, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, დაიწყო 7 აგვისტოს 22 საათსა და 35 წუთზე».
მაგრამ ამერიკული დიპლომატიური დოკუმენტი, ქართულ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, «ერთადერთ შესაძლებელ განმარტებად ყველა ამ მოვლენისა» აცხადებს სამხრეთ-ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის «გადაწყვეტილებას ვა-ბანკზე წასვლით საქართველოსთან კონფლიქტის სტიმულირება მოახდინოს და რუსეთის ჩარევის იმედით, საკუთარი თავი გადაირჩინოს».
მაგრამ ამ დროს ბ-ნი კოკოითი როდი იყო ის, ვისაც გადარჩენა სჭირდებოდა. 9 აგვისტოს, როდესაც საქართველოში რუსული ჯარი შეიჭრა, დიპლომატიურ შეტყობინებაში ნათქვამია: «პრეზიდენტმა სააკაშვილმა დილის სატელეფონო საუბარში ელჩს განუცხადა, რომ რუსები ცდილობენ საქართველოს ხელში ჩაგდებას და ახალი რეჟიმის დამყარებას».
ასე რომ ამერიკელი დიპლომატების ნდობით დაბრმავების ოპერაციაში ერთი სახელგანთქმული ტალეირანი – ბათუ ქუთელია, შეცვალა მეორე – მისივე სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ – უფრო წონიანმა დიპლომატმა, რომელსაც სააკაშვილის მიერ ორგანიზებული და ნაჩალიჩარი ეგზიტ პოლების წარბშეუხრელად გამოცხადების მდიდარი გამოცდილებაც გააჩნია და სწორედ ეს წარბშეუხრელობა იქცა მისი პოლიტიკური კარიერის ზეაღსვლის საფუძვლად და ათვლის წერტილად.
ვერაფერს იტყვი – ვაშინგტონში ელჩად საქართველო წარმატებით აგზავნის მხოლოდ იმ პირებს, რომელიც ამერიკელი დიპლომატების გაცურების ნიჭით გამოირჩევიან! სტრატეგიული პარტნიორობაც ასეთი უნდა!
ციტატა სტატიიდან:
«ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობა გრძელდებოდა – მათ შორის იყო მსხვერპლის გაზვიადებაც და რუსების სამხედრო ქმედებების სააკაშვილისეული დახასიათებაც.
სააკაშვილის მთავრობა საჯაროდ აცხადებდა, რომ ცხინვალის დაბომბვები გამართლებული და ზუსტი იყო, მაგრამ ამერიკულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როდესაც რუსული საარტილერიო ცეცხლი ქართულ ქალაქ გორს დაუშინეს, სააკაშვილმა სამოქალაქო მოსახლეობისათვის მძიმე შეიარაღებით თავდასხმა უკვე სხვანაირად შეაფასა. მან რუსების შეტევას «წმინდა წყლის ტერორი უწოდა».
ამ მომენტისთვის დასავლეთი და რუსეთი ვერაფერზე შეთანხმდნენ, ხოლო ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა ქართულმა არმიამ კრახი განიცადა და ბრძოლის ველიდან გაიქცა.»
მაგრამ თავი რომ დავანებოთ იმას, რა წარმატებით ახერხებდნენ აშშ-ში საქართველოს ახლანდელი და წინა ელჩები თბილისში მომუშავე ამერიკელი დიპლომატების თვალის ახვევას, ეს წერილი მაინც ომის დროს საქართველოში აშშ-ის #1 დიპლომატის – ელჩ ჯონ ტეფტისთვის სახეში ნასროლი ტალახია. რადგან სწორედ ელჩის მოვალეობაა დაბოლება სიმართლისგან გაარჩიოს. და ადგილობრივი რკინის თუ ტალახის კაცების რუპორად კი არ უნდა იქცეს, არამედ თავისი სახელმწიფოსთვის სწორი და დროული ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს იმაზე, რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც მიავლინეს. მაგრამ თუ კარგად ავწონ-დავწონით, ელჩი ჯონ ტეფტი ამერიკაზე გაცილებით ერთგულად ემსახურა ბატონ სააკაშვილს და ვაშინგტონში სწორედ იმ ზღაპრებს ჰყვებოდა – მარნეულში სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებზე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არაკორექტულობაზე და მათი მხრიდან დემოკრატიის პრინციპების დარღვევაზე, რაც მიხეილ სააკაშვილს აწყობდა. ხშირად ძნელი გასარკვევი იყო, ელჩის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული რცევებით თუ ფინანსური დახმარება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, თუ სააკაშვილის რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის განმტკიცებას და ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების სააკაშვილის პარტიის მიერ წარმატებით ათვისებას. ხოლო 2008 წელს არნახული საარჩევნო გაყალბების პირობებში იუ-ეს-აიდის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი დოლარის სამთავრობო ტელევიზიებისათვის სულელურ და არაფრისმომცემ საინფორმაციო ვიდეოკლიპებში გადახდა არაფერი იყო, თუ არა სააკაშვილის რეჟიმის სატელიტების გამოკვების პროგრამა.
«ნიუ-იორკ ტაიმსის» მიერ გამოქვეყნებული მასალები კიდევ ერთხელ სვამს კითხვებს საქართველოში მომსახურე ამერიკელი დიპლომატების პროფესიული და ეთიკური შესაბამისობის შესახებ. კარგ დიპლომატს ვერ ატყუებენ, თუ იგი თავად არ ტყუვდება, ხოლო ამერიკა წესით არაპროფესიონალი დიპლომატების შენახვის ფუფუნების უფლებას თავს არ უნდა აძლევდეს.
ხოლო იმაზე, რამდენად უანგაროდ ხდებოდა ასეთი თვალის მიხუჭვა და ბოლომდე სააკაშვილის ადეპტების ნდობა, ალბათ შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჩასატარებელი პროფესიული მოკვლევა უპასუხებს, რომელიც, თუ ალღო არ მღალატობს, ვიკილიქსის სკანდალიდან უახლოეს ხანებში ამერიკის დიპკორპუსს და მის ქართულ განშტოებას საფუძვლიანად შეარყევს.
შაყირლიქსი (ხუმრობანარევი ხუმრობა)
Posted: 2010/12/02 Filed under: ინტერმეცცო | Tags: დიპლომატია, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკა, Medvedev, Putin, Russia, wikileaks დატოვე კომენტარი– დარეკეს?
– რა თქმა უნდა.
– რაო? რა გვინდაო!
– თანასწორობა და პატივისცემაო!
– ან ერთს რომ იმსახურებდეთ, ან – მეორეს, თხოვნა რა საჭირო იქნებოდა-თქო, -ვერ უთხარი?
– ვერ ვეტყოდი… თუ გნებავთ, შეგაერთებთ.
– ეჰჰ. კარგი… დარეკე ანდერსთან და უთხარი – ამით დაიწყოს. ვერაფერს გავაწყობთ. გვჭირდებიან ეგ (პატივ)საცემები
—————————
– ახლა რაღაა?
– ახლა იმან დარეკა, მაღალმა, ფერადსაროჩქებიანმა.
– რაო, რა მინდაო?
– რა უნდა უნდოდეს?! ვერ ხვდებით?
– მაგის მეტი საფიქრებელი არ მქონდეს – მივხვდებოდი. ისე, მაგას რა უნდა, ნეტა მაგისიანები თუ ხვდებიან?
– შემხვდესო.
– გააჭირა საქმე.
– შენც შეხვდი, რა მოხდება? უარესებსაც ხვდებიან ხოლმე.
– არ მომწონს ეგ ტიპი. კიბოსავითაა. რომ შეხვდები, მერე ხელის ჩამორთმევას მოგთხოვს, მერე მაგიდასთან დაჯდომას, მერე – ფოტოსესიას, მერე – იმის დადასტურებას, რომ მაგათზე უკეთესი რეფორმატორი არავინაა, მერე ბოლოს თავისი პრობლემების მოგვარებას… ჩხუბში შევარდნისას არაფერ იკითხავს და რომ მიბეგვავენ, მერე უნდა რომ შენც შეყვე… გეგონება ჩვენი ომი და დავიდარაბა გვაკლდეს…
– ჩვენ ომში და დავიდარაბაში ხომ გვიგზავნის ხალხს. ზოგიერთ სტრატეგიულზე სამჯერ მეტს გვიგზავნის.
– რა ენაღვლება, რა?!. მაგას ოღონდ ხელი ჩამოართვი და ყველას გამოუშვებს, ნათესავების და მთავრობის მეტს.
– რა ვი, მე გითხარი და… თუ გინდა, ნუ შეხვდები.
– რას ვიფიქრებდი, ორი წელი გაძლებდა?! ჯადოს უკეთებს იმ ქვეყანას?
– რა ჯადო, ტელევიზორში სიმართლეს არ აჭაჭანებს. ხალხი დაყრუებული ყავს. არჩევნებს აყალბებს. პოლიცია გესტაპოდ აქცია, ჯარში – დედოვშჩინაა. სასამართლო ქაღალდზე არსებობს.
– და ეგაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დემოკრატი ლიდერი?!.
– მის უარესს ჯობია. ჟურნალისტებს არ კლავს და ბავშვებს, როცა იჭერენ, მალე უშვებენ.
– წმინდანი ყოფილა! 🙂
– უკეთესი არ უნდათ. ითემენენ… სანამ ითმენენ, ჩვენ რა? ჩვენ ჯარს გვიგზავნის და…
– ჯანდაბას, შევხვდები.
– ტუალეტთან ისევ?
– არა. იყოს ნორმალურად. ორი წელია ატუზული. ვნახავ, დაველაპარაკები. მაინეტრესებს, მართლა ისეთი არეკილია, როგორც მეუბნებიან? თუ შერჩა რამე ძველი დიდების ნაშთი.
– ჟურნალისტებთანაც გამოხვალ შეხვედრის მერე?
– არც იოცნებოს! და რა გარანტია აქვს, რომ თუ გამოვალ, რამეს კარგს ვიტყვი?!
– მაინც ძაან გაუხარდება. მეშინია, მართლა არ გარეკოს სიხარულით. ამ კვირას რაღაც მიტინგი უნდა მოეწყოს მაგათთან და ნერვიულობით არ იყო.
– რაზე შეატყვე? ღეჭავდა რამეს?
– -ჰა, ჰა, ჰა!
——————–
– ახლა რაღა ჯანდაბაა?
– ახლა იმან დარეკა ისევ.
– რომელმა?
– რობინმა.
– რაო?
– თუ ეგ მაგას შეხვდება, შეხვდეს, მაგრამ იმის იმედი არ გქონდეთ, რომ ჩვენც დავუყვავებთო.
– თქვენ დაყვავებული არადა, გაყვავებული კი გყავთ-თქო… ისე, საიდან გაიგო? კიდევ ჰყავთ ჩანერგილი ქალები?
– არა, კაცო! ამ გრძელის პრესსამსახურმა მთელ მსოფლიოს მოსდო! მთავრობა ზეიმობს. ოპოზიცია ტრაურშია! ხალხს გამოუცხადეს, უკვე დავიბრუნეთ ტერიტორიებიო!
– ა, უყურე შენ?!
– არ იცოდი?! მაგისთვის შენთან შეხვედრა კი არაა მთავარი. შუქურას რომ არ დაარქმევ, ამდენს კი ხვდება. მაგისთვის ისაა მთავარი, რომ თავის ხალხს უთხრას, – მხვდებიან, მელაპარაკებიანო.
– კარგი ჰო… იმათ რა თქვეს, როგორ თქვი?.. რობინმა. აჰა, ე.ი. მეორე ბეტმენი ყოფილა!
– მოკლედ, ჩვენ პასო…
– არავის უთქვამს, წამოგვყევითო. ეგ რომ ჩავესს კოცნის, ჩემზე ხომ არ ვრცელდება?!
– კარგი. მეც ესე ვუთხარი. ჩვენ ჩვენსას ვილაპარაკებთ-მეთქი. თქვენ, რაც გინდათ, ისე ჰქენითო – მიპასუხეს.
– მერე?
– არაფერი, ისევ ორი მარშრუტი გვექნება კორიდორებში დასახაზი, რომ ერთმანეთს არ შეეჯახონ.
– მეტი დარდი არ მომცა.
—————–
– დიდი ხანია, არ შემოსულხარ.
– არ იცი, როგორაა ამ დროს?
– ვიცი. ბებიას ვერ დავლაპარაკებივარ.
– დროზე თუ დაელაპარაკები, კარგია. ურჩიე, საერთოდ ნუ დაელაპარაკება ნურავის. ჟურნალისტებს კი, არა მეზობლებსაც.
– აბა! ეგ რა უთქვია?! გავგიჟდი, რომ გავიგე! რას იზამ, ყველას კი არ უმართლებს ბებიებში!
– სამაგიეროდ იმათ შვილიშვილებში არ უმართლებს!
– ხა-ხა-ხა! კარგი. ამოღერღე, რა მოხდა.
– ისევ იმან დარეკა?
– ისევ რობინმა?
– არა.
– აბა ბეტმენმა?
– არა, ეგ ლარი კინგის კაცია.
– აბა ვინ, ბეტმენის თმაშეღებილმა ძმაკაცმა?
– არა, მაგი ამ დროს ნაშებშია. არა, ისევ გრძელმა დარეკა, მაკკეინის ძმაკაცმა.
– რაო?
– შეხვედრის მერე, პატარა კუტოკით სასტუმროში ვიკრიბებით. პატარა მალჩიშნიკი გვექნება, მწვადი, ყაურმა, ჩაქაფული… ხომ არ დაგვეწვევითო…
– ვიცი მე მაგათი მალჩიშნიკი როგორ დამთავრდება.
– მეც ეგრე ვიცოდი, უარი ვუთხარი. იცი, რა მითხრა?
– რაო?
– გაგიჟდები.
– მაინც რაო?
– ოღონდ მაგან რობინს შემახვედროს სადმე მოფარებულშიო და…
– უყურე შენ! სწორი გამოუცნია აბა იმას, წინასწარ ატაშოლი რომ მისცა.
– აბა!
– მაინც რას ნიშნავს ერთი მენტალიტეტი! მე და შენ ვერც ვიფიქრებდით – ვერ თხოვნას და ვერ წინასწარ უარს!
– ეეჰ, არ გაგჭირებია, თორე, რა იცი, რას ითხოვ. მე რომ მაგათთან 300-ათასიანი მიტინგი ვნახე, მერე ვხვდები, როგორ ვულკანზე ზის.
– აბა 60 ათასზე მეტი არ ყოფილაო!
– იყო, მაგრამ ჩამოაწევინა! ბევრს იხდის… ძაან ბევრს იხდის…
– მოკლედ უთხარი. არა! არც მალჩიშნიკი. არც რამე დაპირებები. არც ჩვენი ჩართვა მორიგებებში – თავად გაიჭირვოს. ომი თუ თავად გადაწყვიტა, მშვიდობაც თავად მოაგვაროს.
– ყველაფერზე უარი ვუთხრა? ცოდვაა.
– იცი, რას დაპირდი?! გუშინ ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ყოფილა რაღაც ახალგაზრდული ოლიმპიადა. იცოდი?
– როგორ ახალგაზრდული ოლიმპიადა? მათემატიკაში?
– არა. ჩვეულებრივი სპორტული ოლიმპიადაა, ხუთი რგოლით, ცეცხლით, მედლებით. ოღონდ ჯუნიორებისთვის.
– არ ვიცოდი. როდის იმართება?
– ალბათ, ისიც ოთხ წელში ერთხელ. მოკლედ მომავალი ყოფილა 2015-ში! ჰოდა, ეგ მივცეთ!
– ანუ ვუთხრა რომ…
– იგზექთლი!
– მერე?
– რაღა მერე? მეტი რა უნდა უნდოდეს? ოლიმპიადა ექნება. ყველა იქ ჩავა. გზებს გაიყვანს, კრედიტებს აიღებს, ტურიზმი, რამე! თუ უნდა, არჩევნებს სწორედ ოლიმპიადას დაამთხვევს… მაგას რომ ვიცნობ, იმასაც გაახერხებს, რომ სულაც ტურისტებს მიაცემინებს ხმას არჩევნებში!
– ჰა-ჰა-ჰა!
– მოკლედ ეგრეა. აი, ეგ დაპირდი. და უთხარი მალჩიშნიკზე სარკოზიც დაპატიჟოს, თორემ იმას ძილი თუ გაუტყდა, ჩემს მტერს…
– აღარ შემიძლია! მძინავს ეს ოხერი. ახლა რაღაა?
– ისევ გაიგო იმან!
– კი მაგრამ, ჯერ კენჭისყრა არ ყოფილა და როგორ გაიგო! რა, ამ ბოთემ ესეც დაფქვა?
– არა. ამჯერად ჩუმად იყო. ეტყობა იმათ მაგის მთავრობაში ჰყავთ თავისი კაცი ჩანერგილი.
– ვიცი, ვინც არის.
– ყველამ იცის. ოპოზიციამაც იცის. მაგრამ, რა?..
– ანუ, რობინსაც მოუნდა ოლიმპიადა? ხომ აქვთ ერთი, სანოვა…
– არა. ვე-ემი უნდათ. თუ ვე-ჩე…
– ეგ რაღა ჯანდაბაა?
– მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
– ეგენი რომ ფეხბურთს არ თამაშობენ?
– ნუ, რასაც თამაშობენ – სოკერში…
– აღარ შემიძლია, რა… ეს მსოფლიო კრიზისი… ეს ერაყი… ეს ავღანეთი… ეს კარზაი… ეს რესპუბლიკელების შტურმი… ეს ვი-კი-ლიქ-სიიიიიიი! და მე ამ დროს კიდე უნდა ვიჯდე და ორი ეგოისტის სპორტულ ღონისძიებებს ვგეგმავდე?!!
– ძაან დაბოღმილი იყო. ჩვენო, იმენნა, მაგ გვამის შემოტანას რომ არ ვაპროტესტებთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გვაკადროთო? ისე ყვიროდა, ასიანი ბეტმენი ედგა გვერდით! ან ვე-ემი, ან – მაგანაც ოლიმპიადა დადოსო (ეგენი თურმე კუბას პირდებოდნენ იმ ოლიმპიადას, კასტროს ნდომებია ლამაზად აღსრულება!)
– ჯანდაბას მაგათი თავი… კაი, ხო… ჩაატარებენ, როო? აქვთ მაგის თავი? ფულს იშოვნიან?
– რაც მაგათ ოლიგარქები ყავთ – კაკ რაზ მოწველვის პრიჩინა ექნებათ!
– შენ რა ანა ჩეპმენივით ბაზრობ?
– დღეში 3 საათი რომ ილაპარაკებ ბეტმენ-რობინთან, შენც ანა ჩეპმენივით იბლატავებ. მოკლედ რა? ვაძლევთ?
– კი…
– კარგად დაფიქრდი?
– რა ვქნა, რა?.. სამიტს ხომ არ ჩავშლი?! ახლა უარი იმას ნიშნავს, მოატრიალებს თვითმფრინავს და …
——————-
– უფროსო! გაიღვიძეთ, უფროსო!
– რა ხდება?
– კამერონი რეკავს. აი, გამომართვი ყურმილი…
– სულ გაგიჟდით? რა დროს კამერონია?.. (ყურმილს იღებს)
– ჰაი, ჯეიმს! როგორ ხარ, ბრაზერ? რას გვიპირებ? ტიტანიკთან ერთად უნდა დაგვმარხო, თუ ავატართან? რამე ახალი ბლოკბასტერის გეგმა გაქვს? მოდი, დავილაპარაკოთ!
– …
– რაო?.. აა! დევიდი? რომელი დევიდი?
– …
– ააააა! აააააა!!!!!!!!! მაპატიემ, დევიდ, უცებ ვერ გიცანი. აქ კროსვორდებს ვავსებდი და ტიტანიკი რომ შევავსე, სწორედ იმ დროს რომ დარეკე, რაღაც სხვა ტალღაზე ვიყავი, ბრაზერ… ტო ესტ – სერ!
– …
– ”ტო ესტ” რას ნიშანავს? არა, არაფერს. ბეტმენს და რობინს ველაპარაკე დღეს და, გადმომედო ეტყობა ეს ჟარგონი… ბეტმენი და რობინი ვინაა? მაპატიე, ისევ ვერ გამოვედი ამ იმდბ-დან.. არა, არა, მღვიძავს, მღვიძავს… კი, კი.. დედოფალი როგორაა? მეუღლე, რამე? ხომ მშვიდობაა?
– …
– არაა მშვიდობა? ავღანეთი?!!!
– …
– აა! აააა!!!!!! ააააააა…. მივხვდი… ანუ, ლონდონს ჰქონდა ყველაზე მაღალი შანსი?
– …
– დევიდ, ეს ოხერი ჩემპიონატი ღირს ნერვების შლად?… ”მე მაგას ვერ მივხვდები”?.. რატომ, ვეცდები… ისე, ერთხელ ხო გქონდათ თქვენ?… შენ მაშინ დაბადებულიც არ იყავი?.. აფსუს…
– …
– არა, კარგი, რა… რა ჯარების გამოყვანა? ხომ ვთქვით, რომ თქვენ იქნებით ბოლო, ვინც ავღანეთიდან გამოვა… ნუთუ შეიძლება ფეხბურთის გამო სერიოზულმა ხალხმა სერიოზულ თემაზე…
– …
– ლულას ვკითხო? ლულას რატომ უნდა ვკითხო, მაგათაც ჰყავთ ავღანეთში ჯარები?.. ააა, ფეხბურთის გამო?…
– …
– … არა… არა… ჭორებია ეს… რა დავპირდი… ვის დავპირდი… რა უფლებით… სად ჩვენ და სად სოკერი. მითუმეტეს ვე-ემ! ბლატერი? ბლატერი სულ ეგრე ბლატაობს… და მერე თავად აწყობს ყველაფერს…
– …
– კარგი… კარგი ჯეიმს… ტო ესტ, დევიდ… ბოლო-ბოლო, თუ გაიყვან ჯარებს, მოინახება პოლიტიკოსი, რომელიც შემოიყვანს? რამდენს? რამდენს და 3 მილიონ ნახევარს! კი, კი, არ მოგჩვენებია. არა, ჩინეთი არ არის! საიდან ამდენი? ამდენი ამომრჩეველი ჰყავთ და იქედან! კი, თუ მოინდომებს, ყველა ამომრჩეველს წამოიყვანს ავღანეთში! დ მოგებულიც დარჩება! არჩევნების მოგებაც გაუადვილდება!
– …
– არა, არ იზამ ამას!.. კარგი!.. შევთანხმდით! კი, მოსულა! შენი იქნება ვე-ემი! კი, გადავითამაშებთ!
——————
– რას იზამ?
– რა უნდა ვქნა. უნდა გადავითამაშოთ.
– ასეთი რა გითხრა
– ჯულიან ასანჯი აგერ მყავს, კენსიგტონ გარდენში იმალება და თუ გინდა, რომარ გავუშვა, ვე-ემი დააბრუნეო!
– აუჰჰ?!
აბა… მოკლედ, მოიტა დაპირებების სია და მოგვიწევს გათენება… ესაა ცხოვრება? ესაა ნატო? როგორ იყო ის ლექსი – შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო?.. უკუღმა უნდა წამოვიდეთ… ე.ი. რადგან რობინს ვერ ვაძლევთ ვე-ემს, ამიტომ გრძელს შეგვიძლია დავაბრუნებინოთ ოლიმპიადა, თუ ოლიმპიადას არ ვაძლევთ…