სცილას, ქარიბდას და ჯანდაბას შორის (ნაწილი II – აშშ/ნატო/ევროკავშირი)


scylla-color
2) აშშ/ნატო/ევროკავშირი

გასაგებია, რომ საქართველოსთვის ისტორიული პერსპექტივა ევროკავშირში გაერთიანებაა, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მისი ამჟამად მთავარი სტრატეგიული მოკავშირის – აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა, და ამ ამოცანის უზრუნველსაყოფად დღემდე ყველაზე მისადაგებულ ინსტიტუტად სწორედ ნატო რჩება. ამავდროულად, ქართული სახელმწიფო მიისწრაფის საბაზრო ეკონომიკის დემოკრატიული მოდელისაკენ, რომლის ყველაზე უკეთესი რეალიზება (თუ აღმოსავლეთ ევროპის მაგალითებს გავითვალისწინებთ) ევროკავშირში გაწევრიანებით იქნებოდა მიღწევადი, რაც ქართველ პოლიტიკოსებს რუსეთის ექსპანსიონისტური მისწრაფებებისაგან და უთანაბრო, არადემოკრატიული რუსოცენტრული გაერთიანებებისაგან თავდაცვის მეორე მექანიზმად წარმოუდგენიათ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაახლოებული სტრუქტურა ერთ ძალად წარმომედგინა, თუმცა მათ შორის არის, რა თქმა უნდა, განსხვავებები და წინააღმდეგობები, ისევე როგორც იმაში, რამდენად გულით სწადიათ ან წარმოუდგენიათ მათ საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია საკუთარ სტრუქტურებში. და სწორედ ამან შეიძლება ითამაშოს სერიოზული როლი საქართველოს მომავალი ვექტორის პრაქტიკულ განხორციელებაში. არა მგონია, ამ სტატიაში დასახელებული ტრიუმვირატის შიდა განსახვავებებზე დეტალური საუბრის ადგილი იყოს. ვფიქრობ, ამჟამად, შეიძლება მათზე, როგორც გარკვეულწილად ერთმიმართულ ძალაზე საუბარი, თუმცა დისონანსურ მომენტებს გაკვრით, დასკვნით ნაწილში მაინც, შევეხები.

2.1 პოლიტიკური ინტერესები. აშშ-ის და ევროკავშირისათვის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია – რამდენადაც განლაგებულია მეტად საჭირო ენერგო- და სატრანსპორტო კორიდორების ცენტრში, და ამავე დროს – რამდენიმე მიმდინარე და მოსალოდნელი კონფლიქტის (ავღანეთი, ერაყი, სირია, ირანი) უშუალო სიახლოვეს, რაც მის ლოჯისტიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. საინტერესო ფაქტია, რომ რაც უფრო გაიზრდება დაძაბულობა აშშ/ევროკავშირსა და რუსეთს შორის, მით უფრო გაიზრდება მათი დაინტერესება საქართველოსადმი, რადგან სწორედ საქართველოს ტერიტორია (ირანის იზოლაციის პირობებში მაინც) წარმოადგენს რუსული მილსადენების ლამის ერთადერთ ალტერნატივას აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის მდიდარი ენერგორესურსების ევროპაში მისატანად, რასაც მომავალი 10-30 წელი ევროპისათვის კრიტიკული მნიშვნელობა ექნება. გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, რომელთაც განსხვავებული ისტორიული ბედი ჰქონდათ, საქართველო რჩება ლამის ყველაზე უფრო წარმატებულ მაგალითად დასავლური ტიპის დემოკრატიული საზოგადოების და ინსტიტუტების მშენებლობისა, რაც დასავლური დემოკრატიის რეპლიკაციის სიცოცხლისუნარიანობის იშვიათი ექსპერიმენტის ფორმას ატარებს და წარმატების (თუ მარცხის!) შემთხვევაში სერიოზული ფასი ექნება როგორც ამერიკის, ასევე – ევროკავშირის პოლიტიკოსებისათვის.

დაბოლოს, საქართველოს გააჩნია სერიოზული კულტურულ-ისტორიული, ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი, მულტიკულტურული და მულტირელიგიური ტოლერანტობის მდიდარი გამოცდილება, რასაც ნაკლები, მაგრამ მაინც მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ევროატლანტიკური ოჯახისათვის.

ამავდროულად, აუცილებელია სწორად გავაცნობიეროთ, რომ არც აშშ და არც ევროკავშირი არ წავლენ რუსეთთან სერიოზულ კონფლიქტზე (არამცთუ – სამხედრო, არამედ – პოლიტიკურ კონფლიქტზეც კი) მხოლოდ საქართველოს გამო. ეს უკვე დადასტურდა 2008 წელს, როცა მიუხედავად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერისა, ომიდან სულ რაღაც 2 თვეში რუსეთთან ურთიერთობები სრული ფორმატით აღდგა ისე, რომ მისგან ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულება არ მომხდარა.

2.2 ურთიერთობის ნეგატიური ასპექტები – სავარაუდოდ, ამერიკასაც გააჩნია აგენტურული ქსელი საქართველოში და მაინცდამაინც, არც იმას ერიდება, დააფიქსიროს საკუთარი გამოხატული სიმპათიები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რა თქმა უნდა, რამდენადაც დღეისათვის აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ეს შეიძლება საფრთხედ არ აღიქმებოდეს, მაგრამ წინა ხელისუფლების მაგალითმა აჩვენა, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან ზედმეტად დაახლოებამ შეიძლება ჩაანაცვლოს. იმ ფონზე, როდესაც წინა ხელისუფლება ხალხში უკვე აბსოლუტურად არაპოპულარული იყო, აშშ-ის ელჩიც (ბ-ნი ტეფტი) და პოლიტიკური ისტემბლიშმენტის სხვა წევრებიც დეგრადაციის გზაზე მდგომი ხელისუფლების გაპიარების და გუნდრუკის კმევის მცდელობებს არ ეშვებოდნენ, ანუ ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში გარე ძალის, მართალია, მოქნილ (და არა რუსულად ხისტ), მაგრამ მაინც – ჩარევას, რამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა 2008 წლის როგორც საპრეზიდენტო, ასევე – საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მიჩუმათებაში და სავარაუდოდ – თავად 2008 წლის საომარი მოქმედებების დაწყებაშიც. ანალოგიური მცდელობები არც მომავალშია სრულად გამორიცხული, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათი პრევენცია მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული საზოგადოების დემოკრატიულ და სამოქალაქო სიმწიფეზეა დამოკიდებული.
დღესდღეობით უფრო სერიოზული პრობლემა არის დისონანსი აშშ/ნატო/ევროკავშირის ლიდერების კეთილისმსურველ დაპირებებსა და რეალურ საქმეებს შორის. სწორედ ასეთი დაპირებებით თავბრუდახვეული ქართველი პოლიტიკოსების აჟიტირებულმა მოლოდინებმა შეიძლება მომავალშიც ითამაშოს მწარე როლი რეალობასთან აცდენილი ილუზიების განხორციელების მცდელობისას.
დაბოლოს, არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ მძლავრ სახელმწიფოებს შორის არსებული სხვადასხვა დაპირისპირების (ირანის ბირთვული პროგრამა, ისლამური სახელმწიფო, სირიის რეჟიმის ბედი, დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეასთან, თუ ერაყის პრობლემები…) მოგვარების მცდელობისას სწორედ სუსტი პოლიტიკური მოკავშირეების ინტერესეთა გაცვლის ხარჯზე არ მიიღწევა იმპერიათა ამბიციების შეჯერება. სამწუხაროდ, რეალური უნდა იყოს იმის განცდა, რომ აშშ/ევროკავშირისათვის საქართველო მათი გლობალური და რეგიონული პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტია ძირითადად, და არა – რეალურ პოლიტიკაში თავისთავად საინტერესო სუბიექტი.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ ნატოში შესაძლო გაერთიანების შემთხვევაში ვის დაეკისრება საქართველოს უსაფრთხოებაზე უშუალო ზრუნვის და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარების განხორციელება. გამომდინარე არსებული რეალობიდან და ლოჯისტიკური მიზანშეწონილობის თუ პოლიტიკური ამბიციებიდან, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს-ნატოს თანამშრომლობის პრაქტიკული ღერძი საქართველო-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობით იქნას წარმოდგენილი. გამომდინარე ისტორიული თუ თანამედროვე რეალიებიდან (რაზეც უფრო დაწვრილებით მომდევნო თავში შევჩერდები), არაა გამორიცხული, რომ ქართული საზოგადოებისთვის ემოციურად მაინც, ეს არ იყოს ის ვარინატი, რასაც მისი უდიდესი ნაწილი აირჩევდა ნატოს მხრიდან დახმარების სახით.
ყველაზე უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. ნატოს და ევროკავშირის ზემოთაღნიშნული სკეპსისი საქართველოს მიღების საკითხში სამ ძირითად პრობლემას უკავშირდება: ა)რუსეთის შესაძლო განაწყენება, ბ)ფინანსური ტვირთი, და გ)როგორ უნდა მიიღონ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსეთს აქვს დე-ფაქტო ოკუპირებული, რასაც თავად არ ცნობენ და რისი დაბრუნების ტვირთი და პასუხისმგებლობა, ირიბად მაინც, შეიძლება ზემოხსენებულ გაერთიანებებს დაეკისროთ, თუ საქართველო მათი სრულუფლებიანი წევრი გახდება. სავარაუდოდ, შორს არაა ის მომენტი, როცა ქართული საზოგადოება გააცნობიერებს იმას, რასაც დასავლელი პარტნიორები აქამდე ღიად არ გვეუბნებიან – რომ თუ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა მართლა ასე გულით გვწადია, უნდა დავანებოთ იმაზე ფიქრსაც კი თავი, რომ ამ მძიმე ტერიტორიული დანაკარგის დაბრუნების ტვირთს ამ ახალ ოჯახებს ავკიდებთ.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ საქართველოს ხალხი და ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება ილუზიაა და რეალურად დაფიქრდება კურსის ცვლილებაზე (მაგალითად – ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე), არაა გამორიცხული, ამან წარმოშვას გარკვეული პრობლემები დასავლეთთან ურთიერთობაში. თუმცა, ამას, სავარაუდოდ, არ ექნება ისეთი მწვავე ფორმები, რომ შეიძლებოდეს რუსეთის მხრიდან არსებულ ანალოგიურ პრობლემებთან შედარება. გარკვეულწილად, – იმის გამოც, რომ დასავლეთთან ასეთი ტიპის „გაყრის“ ინიციატორი საქართველო ნამდვილად არ იქნებოდა. უბრალოდ, მარადიულად შეღებულ კართან ატუზული ლოდინი, რაღაც ეტაპზე მაინც, შეიძლება უკვე აუტანელი გახდეს.
დაბოლოს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუ ამის საშველი დაგვადგა, შეიძლება ახლდეს პრობლემები დასავლური დემოკრატიული ნორმების სრულად დანერგვისა და ტრადიციული ორთოდოქსალური საზოგადოებისათვის რიგი ცვლილებების მიუღებლობის მხრივ. წინა ხელისუფლება ამით ოსტატურად სარგებლობდა, რომ თავისი არადემოკრატიული, არაჰუმანური არსი უმცირესობებზე ცრუ ზრუნვით და ფსევდოპროდასავლური იმიჯით შეენიღბა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი დამარცხების მიზნით საზოგადოების ფართო კონსოლიდაციაში. დღესაც, ეს ველი წარმოადგენს გარკვეულწილად დანაღმულ ველს ქართულ-დასავლურ ურთიერთობებში და სწორედ აქედან შეიძლება მოდიოდეს პრორუსული ვექტორისადმი სერიოზული ნოსტალგიაც. მაგრამ, ამ პრობლემების შეჯერება და ამ სფეროში კონსენსუსამდე მისვლა ისეთი ძნელი არ უნდა იყოს, როგორც ზემოთაღნიშნული სხვა სირთულეებისა, რამეთუ ნატოშიც და ევროკავშირშიც არიან გაერთიანებული სხვა ქვეყნებიც, სადაც მართლმადიდებლობა წამყვანი რელიგიაა. ამ მხრივ, ნამდვილად არის პოზიტიური ნიშნები როგორ ქართული სამღვდელოების უმაღლესი პირის მიერ ევროპული განვითარების ვექტორის პრიორიტეტის გაცნობიერებაში, ასევე იმ მიდგომებში, რომელიც ბოლო ხანებში ტრადიციული ღირებულებების პატივისცემისადმი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებმა დააფიქსირეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერჯერობით რუსეთის მიერ მთელი ძალით არ ხდებოდა მართლმადიდებლობის და პოლიტიკური კონსერვატიზმის დოქტრინაზე აქცენტირებული პედალირება.

2.3 ნეგატიური ისტორიული გამოცდილება: – გაცილებით უმნიშვნელო, რუსეთთან თუ თურქეთთან შედარებით.
დასავლეთთან საქართველოს ისტორიული პრეტენზიების შედარებით მწირ სიაში (მათი მხრიდან არ გვაქვს ოკუპაციის, ანექსიის ან ეთნოციდის მწარე გამოცდილება) ფიგურირებს საქართველოს დამოუკიდებლობის ორივე პერიოდში (1918-21 წწ. და 1990-წ.-დან) ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ ხანებში საქართველოს მიმართ გამოჩენილი სკეპტიკური გულგრილობა და მხარდაჭერაზე გრილი უარი. მსოფლიო რეალპოლიტიკის გაკვეთილები უცვლელად ადასტურებენ, რომ დიდი სახელმწიფოები უპირველეს ყოვლისა დაინტერესებულნი არიან გაითვალისწინონ მათი ოპონენტი დიდი სახელმწიფოების (ამ შემთხვევაში – რუსეთის) ინტერესები.
შედარებით უფრო სერიოზული შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული ეჭვები, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების სავალალო ბრავადული ავანტიურიზმის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო აშშ-ის მაშინდელი რესპუბლიკური ადმინისტრაციის მიერ სააკაშვილის ფარული წაქეზება, რამაც რუსების მიერ ოსტატურად დაგებული მახისა და სააკაშვილის ამბიციების გამო ისეთი ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა, რომ ამ უკანასკნელმა წარმოიდგინა, თითქოს ცხინვალის მხრიდან გახსნილ ცეცხლზე სერიოზული სამხედრო პასუხის შემთხვევაში რუსეთი კონფლიქტში არ ჩაერეოდა. ან, თუ ჩაერეოდა, – აშშ-ის და დასავლეთის ქმედითი დახმარება მოახდენდა რუსული აგრესიის სწრაფ ნეიტრალიზაციას.
კვამლი უცეცხლოდ არ არისო, და ასეთი ეჭვების საბაბი რამდენიმეა: სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ახდენდა თავისი საქმიანობის კოორდინირებას აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან რამდენიმე პირის მეშვეობით – გარდა ელჩ ტეფტისა და მეთიუ ბრაიზასი, ესენი იყვნენ მრჩეველი დენიელ კუნინი, რაფაელ გლუქსმანი, სენატორ მაკკეინის თანაშემწე რენდი შუნემანი. უცნაური იქნებოდა, რომ 2008 წ. 6-7 აგვისტოს ამ პირებიდან რომელიმეს ან საელჩოების სხვა წარმომადგენლებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია დაძაბულობის კერისაკენ ქართული შენაერთების და მძიმე ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ლოგიკურად ჩანს ის მოსაზრებაც, რომ ამერიკაში იმ დროს მიმდინარე საპრეზიდენტო რბოლის ფონზე რესპუბლიკელების კანდიდატის რეიტინგის აწევა მოხდა სწორედ საქართველოში საომარი დაპირისპირების ფონზე. უცნაურია, რომ ამერიკული მხრიდან ფაქტიურად არავითარი უარყოფა არ მოჰყოლია პრეზიდენტ სარკოზის სიტყვებს, რომ პრეზიდენტმა ბუშმა 8 აგვისტოს მას არ ურჩია თბილისში ჩასვლა, რადგან რუსები მხოლოდ 40 კმ-ში არიან და ჩასვლას აჯობებს, უბრალოდ დაგმო რუსების მოქმედებებიო… დაბოლოს, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის სიტყვები უკვე ომის დასრულების შემდეგ – კარგი იქნება, თუ ქართველებს “სტინგერებს” გადავცემთ და ისინი ისევე მედგრად და დიდხანს იომებენ რუსების წინააღმდეგ, როგორც თავის დროზე ავღანელები ომობდნენო…
თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, როგორ აფრთხილებდნენ იგივე მეთიუ ბრაიზაც და, განსაკუთრებით, კონდოლიზა რაისიც სააკაშვილს რუსებთან სამხედრო კონფლიქტის დაუშვებლობის შესახებ, აფრთხილებდნენ იმაზე, რომ საომარი კონფრონტაციის შემთხვევაში მას აშშ-ს იმედი არ უნდა ჰქონოდა. ეჭვი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ძალიან მყარად იყო მიბმული ამერიკელებზე და მათი წაქეზების გარეშე, თითქოსდა, ვერ გადაწყვეტდა ასეთ ავანტიურაზე წასვლას, მე პირადად, არ მგონია აქსიომა, რადგან სააკაშვილმა არაერთხელ აჩვენა, რომ მას ავანტიურებზე წასვლისას განსაკუთრებული წაქეზება არ სჭირდებოდა. ჯერ კიდევ 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მიმართულებით თრიაყანის მაღლობის აღების ავანტიურა სწორედ სააკაშვილის და ოქრუაშვილის მიერ იქნა დაგეგმილიც და განხორციელებულიც და, ჩემი აზრით, სწორედ ამ ავანტიურაში სააკაშვილის კატასტროფული და ზურაბ ჟვანიას უაღრესად დროული და გადამრჩენელი ჩარევას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამერიკელების პირველი იმედგაცრუება… სამწუხაროდ, 2005 წლის დასაწყისში ზურაბ ჟვანია უცნობ ვითარებაში დაიღუპა და ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ავანტიურების გამანეიტრალებელი რეალურად, არავინ დარჩა… აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველი პოლიტოლოგების და საზოგადოების საკმაო ნაწილი სრულიად სხვა ჭრილში ხედავს მიხეილ სააკაშვილის როლს 2008 წლის ომის წინა პერიოდის, თავად ომის, ტეროტორიების დაკარგვისა და გაფორმების მოვლენებში – და ლაპარაკობს იმაზე, რომ შეიძლება ეს თავიდანვე რუსების სასარგებლოდ დაგეგმილი ძალიზე კარგად შენიღბული ოპერაცია იყო, რის სერიოზულ საფუძვლად სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას რუსულ პოლიტიკური და უშიშროების ისტებლიშმენტთან სერიოზულ კავშირებს განიხილავენ.
რაც შეეხება ევროკავშირსა და ნატოს – ქართული საზოგადოების მზარდ ნაწილში იმედგაცრუების და გაღიზიანების საფუძველს იწვევს მათი მუდმივი მერყეობა საქართველოსათვის დაპირებულ ნატოს წევრობასა (ასევე, ევროკავშირთან რეალურად მჭიდრო ინტეგრაციასა) და იმ მწარე რეალობას შორის, რომ რუსეთისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაც და ევროკავშირთან დაახლოებაც (ასოცირებაც კი!) კატეგორიულად მიუღებელია (საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებასთან ამჟამინდელი “შეგუება” მხოლოდ უკრაინის კრიზისის “დამსახურებაა” – რუსეთს ჩვენთვის “არ სცხელა”). ამერიკელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც იზიარებენ რუსეთის გამო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისას სიფრთხილის აუცილებლობას, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ ევროპული სახელმწიფოების გარკვეული ჯგუფი (პირველ რიგში – გერმანია), რომელთათვის რუსეთის პოზიცია არქიმნიშვნელოვანია, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზულ ბარიერს. ის ფაქტი კი, რომ ამ ქვეყნების ლიდერებს (უნგრეთის ლიდერის გარდა) რუსეთის დამოკიდებულებაზე საკუთარი პოლიტიკის ასეთი მჭიდრო ბმის არსებობის აღიარებაც სერიოზულად ეჩოთირებათ, ერთი მხრივ ზრდის ილუზიის ხანგრძლივად არსებობის, ხოლო მეორე მხრივ – ამ ილუზიის საბოლოოდ დეზავუირების შემთხვევაში – ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუების და გაღიზიანების – შანსებს.

2.4 პოზიტიური ისტორიული მომენტები.
მიუხედავად ზემოთთქმულისა, სადღეისოდ სწორედ აშშ, ნატო და ევროკავშირი რჩებიან საქართველოს ყველაზე საიმედო პარტნიორებად და სტრატეგიულ მოკავშირეებად.
დაწყებული 1992 წლიდან, როდესაც საქართველომ და აშშ-მ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს, სწორედ ამერიკის ხელისუფლება იყო საქართველოში დემოკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურების, ჯარის, კანონმდებლობის, ჯანდაცვის და განათლების რეფორმების მთავარი კონსულტანტიც და დონორიც. საერთო ჯამში ამერიკის ხელისუფლებას დაახლოებით 10 მილიარდ დოლარამდე აქვს დახარჯული საქართველოს დახმარებაზე, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო მაჩვენებელია. სხვა საქმეა, რამდენად ყოველთვის სწორად და ეფექტურად ხდებოდა ამ დახმარების დაგეგმვა თუ ათვისება, მაგრამ ამ მხრივ ქართული მხარის ცოდვები, ალბათ, გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ამერიკული მხარისა.
თავის მხრივ, აშშ-ც და ნატოც უაღრესად მადლიერია საქართველოს ხელისუფლებისა ჩვენს მიერ მათი სამხედრო/სამშვიდობო, ანტიტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერის გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებაში ის ფაქტი, რომ დღემდე საქართველო მეტად ეხმარება ნატოს და სერიოზული მსხვერპლი გვაქვს გაღებული, სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ მხარდაჭერილი.
გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ თუ არა აშშ ხელისუფლების მკვეთრი მხარდამჭერი პოზიცია 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რუსული ჯარები თბილისშიც იქნებოდნენ შემოსულები და მსხვერპლიც და ნგრევაც გაცილებით სერიოზული იქნებოდა.
უეჭველად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ ხელისუფლების და პირადად აშშ მოქმედი ელჩის – რიჩარდ ნორლანდის მკვეთრი პოზიციის გარეშე, მიხეილ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, 2012 წელსაც ისევ მოახდენდა არჩევნების გაყალბებას (ეცდებოდა მაინც), მიუხედავად იმისა, რომ ამას ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება, სისხლისღვრა და დესტაბილიზაცია შეიძლებოდა მოჰყოლოდა. და უნდა ვაღიაროთ, რომ 2012 წელს მაინც, ამერიკის ხელისუფლებამ ქართველი ხალხის, და არა – საკუთარ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მკვეთრად ინტეგრირებული – მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მხარე დაიჭირა. ისიც ვთქვათ ბარემ, არაა გამორიცხული, ქართველ ხალხს და პოლიტიკურ ოპოზიციას მსგავსი ერთიანობა და თავგანწირვა 2008 წელსაც რომ ეჩვენებინათ, იქნებ მაშინაც არ მომხდარიყო დასავლეთის მიერ მიხეილ სააკაშვილის გაყალბებული არჩევნებით „ინტრონიზაცია“.

2.5. ნეგატიური პოტენციური პერსპექტივები.
მიუხედავად იმ საკმაოდ სერიოზული დამაზიანებელი ეფექტისა, რასაც დასავლური სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა – რუსული რუბლი, საფინანსო, საბანკო, ნავთობმომპოვებელი სექტორები – განიცდის, რუსეთის სერიოზული სავალუტო და სხვა რესურსების გამო ეკონომიკის სტაბილურობა შერყეულია, მაგრამ ჩამოშლამდე შორია. არ არსებობს მტკიცე წანამძღვრები არც იმისა, რომ ხსენებული სანქციები კიდევ უფრო გაძლიერდება, ან სულაც – გაგრძელდება… და არც იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა მალე ჩამოიშლება. პუტინის რეიტინგი ლამის კვლავინდებურად მაღალია, სანქციებმა ვერ მოახერხა, ჯერჯერობით მაინც რუსულ საზოგადოებაში მძლავრი საპროტესტო მუხტის გაჩენა. ამ ფონზე, სავსებით ლოგიკურია, რომ ვლადიმერ პუტინი ზამთრის გამოყენებას ეცდება აღმოსავლეთ უკრაინაზე (მათ შორის – ხარკოვზეც!) სრული სამხედრო და პოლიტიკური კონტროლის დასამყარებლად და “მალოროსიის” ახალი სახელმწიფოს ასაღიარებლად.

თუ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, მიუხედავად სიტყვით გულმხურვალე შეშფოთებისა და მხარდაჭერისა, ისევ მოჰყვა [საქმით!] უკრაინის მარტო დატოვება რუსეთის იმპერიის სულ უფრო მზარდი და დამანგრეველი აგრესიის წინაშე, რასაც უკვე 5,000-ზე მეტი მსხვერპლი და სულ უფრო მეტად დანგრეული უკრაინის ეკონომიკური პოტენციალი ახლავს თან, ვშიშობ, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება არა მარტო უკრაინისათვის, არამედ საერთოდ – მსოფლიოსათვის, სადაც ძალის სამართლის საშიშმა პრიმატმა სხვადასხვა წერტილებშიც შეიძლება აქტიურად იჩინოს თავი.

ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ხელმძღვანელობასაც უეჭველად მოუწევს განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთვის სასიცოცხლო საკითხებზე.

(გაგრძელება იქნება)


წინადადებები აფხაზებს


ვფიქრობ, დღევანდელი მომენტი დროულს ხდის რაიმე ახალი – არგაცვეთილი წინადადებებით მიმართვას აფხაზი ხალხისათვის!

აშკარაა, რომ დღეს დამთავრდა უდღეური ზღაპარი იმაზე, როგორ ყოველთვის “ზრუნავდა” რუსეთი აფხაზი ერის გადარჩენაზე და თვითგამორკვევაზე! როგორ “მნიშვნელოვანი” იყო რუსეთისათვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება! უკვე თავად აფხაზებისთვისაც აშკარა ხდება, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება იმ “დიადი გზის” დასაწყისია, რომელზეც მათ დიდი ხნის წინ გაუყენეს უბიხები! ამ გზაზე სიარულის შემთხვევაში გავა 10-20 წელი, როცა დაუფინანსებლობის თუ სხვა მიზეზთა გამო აფხაზეთში აღარ იქნება არცერთი აფხაზური სკოლა (როგორც ჩრდილოეთ ოსეთშია), აღარ იქნება აფხაზური უნივერსიტეტი, ბავშვების უმეტესობას აფხაზურიც არ ეცოდინება, და მხოლოდ ტოპონიმიკა თუ შეიძლება ვინმეს მოაგონებდეს აფხაზეთს…

ახლა მაინც უნდა მიხვდნენ აფხაზები, “დაყავი და იბატონეს” ამ მარადიულ თამაშში, რატომ აარჩია რუსულმა იმპერიამ ისინი დროებით მოკავშირეებად – უფრო მცირერიცხვოვანნი იყვნენ და იმიტომ. ახლა, როცა რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველოს უკვე გაუსწორდა, ახლა აფხაზების დამოუკიდებლობაზე ზღაპრის დასრულების და მათი თანდათან კაზაკებით ჩანაცვლების დროც მოვიდა!

სამწუხარო რეალობაა, რომ დღესაც კი – ქართველების მიმართ რუსული თუ კომუნისტური იმპერიების აპოლოგეტთა მიერ დათესილი უნდობლობა და მტრობა, რომელიც ჯერ კაცთმოძულე ავანტიურისტი ბერიას, ხოლო შემდეგ 1992 წელს ჩვენივე უგუნური და სასტიკი ქმედებების გამო გავაღვივეთ, აფხაზთა დიდ ნაწილში ისეა მტკიცედ გამჯდარი, რომ რუსეთის მხრიდან მათი ასიმილაციისა და თანდათანობითი ჩანაცვლების უკვე გამოკვეთილ გეგმასაც კი თვალს არიდებენ და ხავსს ეჭიდებიან, რომ არავითარი საფრთხე რუსეთის მხრიდან არ არსებობს…

მაინც საჭირბოროტო მგონია, ითქვას ქართული სახელმწიფოს მხრიდან, სად გადის ის შესაძლებლის ზღვარი, რაზეც ჩვენ თანახმანი ვართ… იმედი მაქვს, რომ როცა საფრთხეს უფრო უკეთ გააცნობიერებენ, მათი ის ძველი ილუზია, რომ რუსულ ოკეანეში დახრჩობა ერჩივნათ ქართულ ჭაობში ჩაძირვას (სერგეი შამბას აფორიზმი), თანდათან უფრო პრაგმატული ხედვით შეიცვლება – იმაზე, რეალურად სად უფროა აფხაზი ერის არსებობისათვის საფრთხეები და სად – გადარჩენის და განვითარების რეალური შანსი.

საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენივე საზოგადოებაში გაბატონებული ცრურწმენების გამო და წინა ავანტიურისტი ხელისუფლების ნარჩენების პროვოკატორული კურსის გათვალისწინებით, შეიძლება, ამჟამად არ გააჩნდეს სრული თავისუფლება თამამი და ექსტრაორდინარული განცხადებების და ნაბიჯების დაპირებისათვის.
მაშინ საზოგადოების – პროფესიონალი ისტორიკოსების, პოლიტოლოგების და საზოგადოების აქტიური წევრების, ვალია, წამოვაყენოთ ასეთი წინადადებები, რომელთა აქტიური განხილვა ჩვენთანაც უნდა მოხდეს და აფხაზებსაც უნდა მივცეთ დრო, რომ კარგად დაფიქრდნენ და აწონ-დაწონონ ის – რას ვპირდებით ჩვენ, და რას პირდება რუსეთის ხელისუფლება! არა მგონია, აფხაზებს, რომელთაც სიტყვით და საქმით დაამტკიცეს, რომ საკუთარ დამოუკიდებლობას უმაღლესი რანგის საკრალურ ღირებულებად თვლიან, ახლა რუსული პენსიის ფასად შეეძლოთ ამ დამოუკიდებლობის გაყიდვა…

ჩემი მხრიდან, ასეთ წინადადებების პაკეტად მიმაჩნია:

1. საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების შეთავაზება;

2. აფხაზეთში 1992-93 წლების შედეგად ლტოლვილების დაბრუნებაზე შეთანხმებისა და პროცესის დაწყების შემთხვევაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის დროებითი (10-წლიანი) შეზღუდული აღიარება, მათი უსაფრთხოების გარანტიებზე გაეროს, ევროკავშირის და რუსეთის ერთობლივი მონიტორინგით;

3. აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შემუშავება-განხორციელებაში დახმარება;

4. აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნურად ცვლილების მცდელობების არდაშვება (ქვეყანაში შეიძლება დაბრუნდნენ მხოლოდ 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი პირები და მათი უშუალო მემკვიდრეები);

5. დროებითი დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლის თავზე აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება საქართველოსთან შესაძლო ფედერაციული ან კონფედერაციული ურთიერთობის დამყარების თემაზე. იმ შემთხვევაში, თუ კონფედერაციული და ფედერაციული მოწყობის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდებიან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საბოლოოდ ცნობა – საერთაშორისო საზოგადოებისათვის ამ ცნობის აღიარების თხოვნის პარალელურად.

P.S. მიმაჩნია,რომ ჩემი, როგორც არაპროფესიონალის, ეს წინადადებები სათანადო პროფესიონალების(ისტორიკოსების, კავკასიოლოგების, იურისტებისდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მიერ) დახვეწას და შესწორებებს საჭიროებს. ფაქტიურად, მე იგი ჯერჯერობით, ძირითადად ქართული საზოგადოების სამსჯავროზე გამომაქვს.

აფხაზ-ქართული სანათესაო. 1910 წელი
აფხაზ-ქართული სანათესაო, სოხუმი, 1910 წ.აფხაზ-ქართული სანათესაო, სოხუმი, 1910 წ.

P.S. (27.11.2014)

გადავწყვიტე, რომ სხვა საინტერესო წინადადებებიც გამოვაქვეყნო ამ ნოუთში, რათა იქნებ მათ საჯარო განხილვას დავუდოთ სათავე.

ამავდროულად, ვეთანხმები ჟურნალისტის, ”სტუდია-რე”-ს დირექტორის, ბატონ მამუკა ყუფარაძის ფეისბუქის ნოუთში გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებული ამ ხელშეკრულების მოწერით არაფერი განსაკუთრებული – ანუ, იმაზე მეტი, რაც უკვე მოხდა, არ მომხდარა – https://www.facebook.com/notes/10204356877513678/?pnref=story .

რუსეთი მაინც არასოდეს აპირებდა აფხაზებისათვის დამოუკიდებლობის რეალურად მინიჭებას და თუ ახლა თანდათან ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ამან აფხაზების გამოფხიზლებაზე უნდა იმოქმედოს და ჩვენ არ უნდა გვიბიძგოს იმ სრულიად უსარგებლო და პიარულად-დემონსტრაციული ნაბიჯებისაკენ, რისკენაც ყოფილი ხელისუფლების მომხრეები ბრავადულად (და შეგნებულად!) მოგვიწოდებენ!

ახლა კი ის წინადადებები, რაც მე ვნახე და საინტერესოდ მივიჩნიე:

ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი, საქართველოში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:

1. აფხაზეთის ტერიტორია უნდა გაიყოს მდ. კელასურის გასწვრივ და მის ჩრდილოეთით მდებარე ნაწილში (კელასურიდან ფსოუმდე) გამოცხადდეს აფხაზეთის დამოუკიდებელი რეპუბლიკა, ხოლო მის სამხრეთით მდებარე ნაწილი (კელასურიდან ენგურამდე) დაუბრუნდეს საქართველოს იქ ქართველი დევნილების განსასახლებლად.

2. საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას (ფსოუდან კელასურის საზღვრებში) და მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას თხოვნით მოხდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

3. დამოუკიდებლობის აღიარებიდან და გაერო-ს წევრობიდან რამდენიმე წეილწადში ორივე სახელმწიფოში – აფხაზეთში და საქართველოში ჩატარდება რეფერენდუმები ფედერაციული მოწყობის მიზანშეწონილობაზე.

უფრო დაწვრილებით ბ-ნი ჯუმბერის მოსაზრებები შეგიძლიათ იხილოთ – http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/125797-jumber-kirvalidze-qarthulafkhazuri-shethankhmeba-kavkasiashi-rusethis-hegemoniis-dasasrulis-dasatsyisi.html?ar=A

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება:
აფხაზეთის რესპუბლიკამ – დედაქალაქით სოხუმში და საქართველოს რესპუბლიკამ – დედაქალაქით თბილისში შექმნან კონფედერაციული გაერთიანება – დედაქალაქით ქუთაისში, სადაც განთავსდება გაერთიანებული პარლამენტი და კონფედერაციის სხვა მმართველი ორგანოები.

იმედია, ქართველებს გვეყოფა საღი აზრი, რომ დროზე დავინახოთ, რა არის ჩვენთვის მისაღები და 10 წლის შემდეგ არ ვიძახოთ, ნეტა ეს წინადადება მაშინ მიგვეცა აფხაზებისთვისო, როგორც ეს სულ მოგვდის 1989 წლის შემდეგ…


სცილას, ქარიბდას და ჯანდაბას შორის… (ნაწილი I – რუსეთი)


scylla-color

წინასიტყვაობა:

მაიდნის წლისთავზე უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობა პიკს აღწევს. ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწემ სენატში მისი სახ. დეპარტამენტის მდივნის მოადგილედ კენჭისყრის დროს სავსებით შეგნებულად „გაამხილა“, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილი აქვს უკრაინისათვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება, მათ შორის, არა მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღებისა. თუ ამერიკამ მართლა დაიწყო უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდება (და თუ ეს მხოლოდ 1-2 საცდელი პარტია არ იქნა), რუსეთის მიერ დონბასის საბოლოოდ გაკონტროლება (რასაც პუტინი 2015 წ. ზამთრის ბოლოს გეგმავდა) შეიძლება არ აღმოჩნდეს სწრაფად განხორციელებადი ამოცანა. თუმცა ისიც ნათელია, რომ პუტინი ასე ადვილად უკან არ დაიხევს და არაა გამორიცხული, უკვე ღიად შეიყვანოს რუსეთის არმიის გაცილებით მრავალრიცხვოვანი ნაწილები აღმოსავლეთ უკრაინაში.
აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკისათვის მიგრაციის ახალი კანონის ერთპიროვნულად მიღებით ობამას ძალიან დაეძაბა ურთიერთობა რესპუბლიკურ კონგრესთან და ახლა უკრაინის საკითხში კონგრესთან (რომელიც დიდი ხანია ითხოვს უკრაინისათვის რეალური სამხედრო დახმარების აღმოჩენას) პოზიციის გაზიარებით შეიძლება თავისი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შერბილება სცადოს.
ფაქტი ერთია – უკრაინაში ახალი მტკიცედ პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების, ამერიკის მხრიდან სრული მხარდაჭერის, ევროკავშირის მხრიდან ეკონომიკური დახმარების შესაძლო არასაკმარისობის, ენერგომატარებლების ფასების სრული გაურკვევლობის და რუსეთის მიერ დიდი რაოდენობით შეიარაღების შეტანის გამო ეს ზამთარი უკრაინისთვის ძალიან შფოთიანი და ცხელი იქნება.
ეს ყველაფერი ჩვენთვისაც სერიოზულად ზრდის შანსებსაც და საფრთხეებსაც! საფრთხეებს – ალბათ უფრო მეტად…
ვფიქრობ, აუცილებელია მიუკერძოებელი და კრიტიკული ანალიზი იმისა, როგორი უნდა იყოს ამჟამად საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და ასევე – ახლო მომავლის ტაქტიკა. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი შეხედულებები პროფესიონალიზმს ეყრდნობა,  ეს მხოლოდ ქვეყნის ბედით დაინტერესებული მოქალაქის მოსაზრებებია, რომელთაც, იმედია, გამოხმაურება მოჰყვება.  იმდენად პოლიტიკოსების და დიპლომატების მოსაზრებები არ მაინტერესებს, რამდენადაც იმ მოაზროვნე ადამიანების, რომელთა ფიქრებს დამოუკიდებლობის და გულწრფელი ობიექტურობის მეტი ნიშანი ეტყობა… სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ისინი, ვინც პოლიტიკაში არიან, ღიად ვერ გადმოსცემენ ამ სფეროში სახელმწიფო მიმართულების ყველა მომენტს და ნიუანსს…

აქსიომა 1: საქართველო არასდროს არ ყოფილა და ვერც იქნება (მინიმუმ უახლოესი 15-30 წელი) ისეთ პოლიტიკურ სამეზობლოში, სადაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ძირითადად შიდაპოლიტიკურ ძალებსა და ვექტორებზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ ჩვენი არსებობისათვის მნიშვნელობა აქვს როგორც შიდა სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის საფუძვლის მომზადებას, ასევე იმის ხელშეწყობას, რომ ქვეყანას არ დაემუქროს არსებობის ან მშვიდობიანი განვითარებისათვის ხელშემშლელი საფრთხე, ჩვენს რეგიონში აქტიურად მოქმედი სხვადასხვა ძლიერი დაინტერესებული მოთამაშეების (Stakeholder-ების) მხრიდან, ან მათი ინტერესების საქართველოში დაჯახების შედეგად. ასეთი Stakeholder-ები ამჟამად ძირითადად სამია:

1) რუსეთი
2) აშშ/ნატო/ევროკავშირი
3) თურქეთი.

შევეცდები თითოეული მათგანის სტრატეგიული ინტერესების და საქართველოსათვის მათთან დაახლოების/ასოცირების ისტორიული გამოცდილებისა და მომავლის პერსპექტივების ობიექტური ანალიზის ჩატარებას ერთსადაიმავე ფორმატში.  მადლობელი ვიქნები, თუ კოლეგები და ოპონენტები თავის აზრსაც გაგვიზიარებენ.

1) რუსეთი
1.1 პოლიტიკური ინტერესები. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის საქართველო წარმოადგენს დროებით დაკარგულ ტერიტორიას, რომელიც მისთვის გეოსტრატეგიული მნიშვნელობით უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველოს თავის გავლენის ქვეშ დაბრუნების შემთხვევაში რუსეთი უზრუნველყოფს მისი მოკავშირის – სომხეთის უპრობლემო ლოჯისტიკურ მომარაგებას, მნიშვნელოვნად შეამცირებს შუა აზიის და აზერბაიჯანის ენერგორესურსების ევროპისათვის მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებს, განიმტკიცებს თავის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით მიღებულ სტაბილურ შემოსავლებს, მოახდენს თურქეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელოვნად ნეიტრალიზაციას, უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ წნეხს განახორციელებს აზერბაიჯანზე, განამტკიცებს თავისი, როგორც სუპერსახელმწიფოს შერყეულ რეპუტაციას, მტკივნეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს აშშ-ის და ევროკავშირის გავლენის გავრცელების შანსს კავკასიასა და შუა აზიაზე, გააძლიერებს თავის სატრანსპორტო კავშირებს ირანთან და აღმოფხვრის არა მარტო საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი სატრანსპორტო დერეფნის დაკარგვით გამოწვეულ დანაკრგებს, არამედ იმის საფრთხესაც, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარების წარმატებული სახელმწიფოს შექმნა იდეოლოგიურ პრობლემა გახდება რუსული ავტორიტარული დახურული საზოგადოების მოდელის უალტერნატივობისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში.

1.2 უკვე არსებული საფრთხეები – სავარაუდოდ, რუსეთს გააჩნია გარკვეული აგენტურული ქსელი საქართველოში და რამდენიმე პოლიტიკური ძალაც, რომლებიც საკუთარი სუსტი გავლენის გაძლიერებას მოახდენდნენ რუსული აგრესიის პირობებში (არ ვამბობ, რომ ისინი აქტიურად დაეხმარებიან რუსეთს ანექსიის შემთხვევაში, მაგრამ რუსეთს შეიძლება მათი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ანექსიის შემდეგ ქვეყანაში სატელიტი მმართველი ძალის მონახვის მიმართულებით). რაც მთავარია, რუსეთს გააჩნია სამხედრო ბაზები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე (ახალგორი, ცხინვალი, აფხაზეთი), ასევე – სომხეთში. სურვილის შემთხვევაში რუსეთის არმიას ადვილად შეუძლია მოახდინოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო, სარკინიგზო და ენერგომაგისტრალების უსწრაფესი ბლოკირება, თბილისზე პირდაპირი საარტილერიო იერიშის მიტანა, ფოთის და ბათუმის პორტების ბლოკირება! თან ეს შეუძლია გააკეთოს ამჟამად გაცილებით მცირე დამატებითი რესურსების ხარჯზე ვიდრე 2008 წელს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავისთვის საეჭვო აღარ უნდა იყოს, რომ ისინი ამაზე წასვლის გადაწყვეტილების მიღებისას დიდად არ იყოყმანებენ. გარდა ამისა, რაც უფრო ორჭოფობს დასავლეთი (ძირითადად – ევროპა) საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის რეალურად განხორციელების მიმართულებით, მით უფრო მეტად გროვდება ფრუსტრაცია ქართულ საზოგადოებაში და ის, რაც წარმოუდგენელი იყო გუშინ – აგრესორთან შესაძლო დაახლოება, – უკვე არცთუ შორეულ მომავალში შეიძლება მისაღებად გახდეს. რამეთუ დასავლეთში ინტეგრაცია სულ უფრო ემსგავსება ლამაზ ზღაპარს, რომლის სილამაზეს მისი ზღაპრულობა და არარეალურობა ძირს უთხრის. ამ ფონზე, რაც უფრო გახანგრძლივდება საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია და/ან საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა, რაც ხალხის მიგრაციას შეაჩერებდა, მით მეტი შანსი ექნება რუსეთს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში უკან შესათრევად. დაბოლოს, ყველაზე მთავარი – ზემოთჩამოთვლილი სამი იმპერიიდან ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთის იმპერია ამჟღავნებს მზადყოფნას პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალის გამოყენებისათვის, რისი დემონსტრირებაც მან უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მრავლჯერ და მრავალ წერტილში მოახდინა. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, არამცთუ აღარ ცდილობს მიღებული საგარეო-პოლიტიკური თამაშის წესების ჩარჩოების დაცვას, არამედ აქტიურად ამტკიცებს იმ თეზისს, რომ მისი შერაცხადობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს სსრკ-ს ლიდერებს ჰქონდათ. ამიტომ მისი გამოწვევა მსოფლიოსადმი ასე ჟღერს – „თუნდაც სსრკ-სთან შედარებით ნაკლები რესურსებით მე უფრო საშიში ვარ ყველასთვის, რადგან მე ომს დავიწყებ იქ, სადაც თქვენ სამხედრო ძალის პირდაპირ გამოყენებას, ბევრი მიზეზის გამო, მოერიდებით!“
და ეს სულაც არ არის ფუჭი მუქარა…

1.3 ნეგატიური ისტორიული რეალობები: რუსეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ავტოკრატიული, არადემოკრატიული მმართველობის მქონე ქვეყანა, რომლისთვისაც მე-16 საუკუნიდან დღემდე ტრადიციულია მმართველობის ერთპიროვნულ/მონარქიული ან პარტოკრატიულ/ავტოკრატიული ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ წყობას გააჩნია ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის გარეგნული ელემენტები, ეს მხოლოდ ფასადური ელემენტებია, რომელთა რეალური განვითარების პერსპექტივები მიზერულია – რუსეთი, თავისი ისტორიული გამოცდილების და თავისი გეოგრაფიულ-ინფრასტრუქტურული და დემოგრაფიული რეალობის გათვალისწინებით, ვერ დაუშვებს (სულ ცოტა მომავალი 30 წლის განმავლობაში) ჭეშმარიტად დემოკრატიული მმართველობის განვითარებას. რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არც არიან ადამიანები, რომელთაც დემოკრატიული განვითარების იმპერატივი სრულად ესმით, ან თუ არიან (მაგ. კასპაროვი, კასიანოვი), მათი გამარჯვების და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი პრაქტიკულად ნოლის ტოლია. ხოლო ის „დემოკრატიული“ ლიდერები, რომელთაც ასეთი თეორიული შანსი მაინც გააჩნიათ (მაგ, ნავალნი, ხოდორკოვსკი), მომენტალურად გადააგდებენ დემოკრატიულობის მანტიას, როგორც კი ხელისუფლებასთან ახლოს აღმოჩნდებიან, ან როგორც კი საგარეო პოლიტიკის რეალურად განხორციელებაზე ფიქრს დაიწყებენ (როგორც ეს რუსეთში სოლჟენიცინის დაბრუნების, თუ ელცინის, ან – გაიდარის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოხდა). აქედან დასკვნა, – რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი არასოდეს ყოფილა და ვერც იქნება მეტი, ვიდრე ძლევამოსილი სუზერენის დამოკიდებულება სუსტი ვასალისადმი. მეტიც, რუსეთი არასოდეს იყო და იქნება იმის მსურველი, რომ საქართველო ეკონომიკურად თვითკმარი და განვითარებული გახდეს. რუსეთის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის თავის სასარგებლოდ შეცვლა და სავარაუდოდ, იგი ამას მომავალშიც აქტიურად შეეცდება.

1.4 პოზიტიური ისტორიული მომენტები, რომლებიც არ უნდა იყოს იგნორირებული (რაც ქართველი პროევროპელების გავრცელებული შეცდომაა).
რუსეთის იმპერია ნამდვილად იყო საქართველოს ერთიანობის გარანტი, როგორც მასთან მიერთების პერიოდში (1783 წელს), ასევე მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის რიგი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისას. სწორედ რუსეთის იმპერიის მიერ მოხერხდა როგორც ირანის და სპარსეთის გავლენის განეიტრალება, ასევე მნიშვნელოვანწილად – საქართველოს დაქუცმაცებული და ერთმანეთთან მოქიშპე რეგიონების მხრიდან ქვეყნის ერთიანობისათვის დესტრუქციული ქმედებების გამორიცხვა. რომ არა რუსეთის იმპერია, არც აჭარა, არც აფხაზეთი, არც სამცხე და არც ფოთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს შემადგენლობაში არ იქნებოდა! უგუნურებაა იმის დავიწყება, რომ ამჟამად საქართველოს გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების შემომტკიცება თავის დროზე სწორედ რუსეთის იმპერიის მიერ მოხდა – რა თქმა უნდა, იმიტომ სრულიადაც არა, რომ რუსეთის მეფეები ან ბოლშევიკი მმართველები საქართველოს მომავალ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე „ზრუნავდნენ“. საქართველოს რუსეთის იმპერიის პირობებში ჰქონდა შეზღუდული, მაგრამ მაინც გარანტირებული შესაძლებლობა განევითარებინა საკუთარი კულტურა, ენა, განათლება და მეცნიერებაც კი. დაცული იქნა ქრისტიანული რელიგია. ეს ყველაფერი რომ საკამათო არ იყოს, საკმარისია ვნახოთ, რა დღეშია ის 2 მილიონამდე ქართველი, რომელთაც თურქეთის იმპერიაში ცხოვრება, ან ის მილიონამდე ქართველი, რომელთაც ირანში ცხოვრება არგუნა ბედმა – გავიხსენოთ მათი კულტურული, ენობრივი თუ სარწმუნეობრივი ”დამოუკიდებლობის” დონე, და – ამ ქვეყნებში ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ძეგლების სავალალო მდგომარეობა. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსული იმპერია გაცილებით ლოიალური და დამნდობი აღმოჩნდა ქართველების და საქართველოს მიმართ. აპელირება იმაზე, რა საშინელი ჯოჯოხეთი მოგვიწყო რუსეთმა ან 1921-24 ან 1989-2008 წლებში, არ იქნება საფუძვლიანი იმის გარეშე, თუ არ წარმოვიდგენთ, რას იზამდა თურქეთის იმპერია (ან რას იზამს თუნდაც დღეს ამ სახელმწიფოს ხელისუფლება!), თუ იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობა დამოუკიდებლობას, ან თუნდაც ავტონომიას, მოითხოვს.

დაბოლოს, როცა თურქეთის იმპერია ვახსენე, ეს შეიძლება დღევანდელობისთვის ცოტა ნაჩქარევ ტერმინად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვისაც თურქეთის ბოლო პერიოდის ისტორიული განვითარების ვექტორები ყურადღებით აქვს გააზრებული, ალბათ დამეთანხმება, რომ საქმე შეიძლება ძალიან ახლო მომავალს ეხებოდეს და მაშინ რუსეთის იმპერია შეიძლება, კვლავ ისევე საჭირო გახდეს მზარდი თურქული ექსპანსიონიზმის დასარეგულირებლად, როგორც ეს უკვე გამხდარა წარსულში. (უფრო დაწვრილებით – შესაბამისი თავის განხილვისას).

1.5. ნეგატიური პოტენციური პერსპექტივები, რომლებიც არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, რაც ქართველი პრორუსი პოლიტიკოსების გავრცელებული შეცდომაა.

ვფიქრობ, მწარედ ცდებიან არამარტო ისინი, ვინც რუსეთთან ჩვენს საერთო ისტორიულ წარსულს მხოლოდ შავი სათვალით ხედავენ, არამედ ისინიც, ვინც ჩვენი შესაძლო ისტორიული საერთო მომავლის დასანახად უმალ ვარდისფერ სათვალეს მოიმარჯვებენ ხოლმე.
რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, დუგინი იქნება ეს, ვოლოდინი თუ სურკოვი, რომ აღარაფერი ვთქვა ჟირინოვსკიზე, ვშიშობ, სრულიადაც არ აპირებს საქართველოსთვის ყველაფერ იმის დაბრუნებას, რასაც პრორუსი ქართველი პოლიტიკოსები უხვად გვპირდებიან – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაცია იქნება ეს, ნავთობზე და გაზზე დაბალი ფასები, ქართული სოფლის მეურნეობის სტაბილურობის გარანტირება, თუ ქართული კულტურის, განათლების და მეცნიერების რეინკარნაცია!
რუსეთის დღევანდელი თუ მომავალი ლიდერები არასოდეს არ და ვერ დაივიწყებენ იმას, რომ დასავლეთში საქართველოს სრული ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ქმედითი დამბლოკავი მექანიზმები სწორედ ის ბომბები აღმოჩნდა, რაც მეფის რუსეთმაც და ბოლშევიკებმაც საკმაოდ წინასწარგანზრახულად ჩადეს საქართველოს პოლიტიკურ მოწყობაში – რომ არა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომიები, რომ არა ხელოვნურად გაღვივებული შუღლი ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის, რომ არა სპეციალურად ხელშეწყობილი აზერბაიჯანული და სომხური ანკლავების არსებობა, დღეს, სავარაუდოდ, საქართველო უკვე ნატოს შემადგენლობაში იქნებოდა. სწორედ ამიტომ, და აფხაზი და ოსი სეპარატისტების მიმართ არსებული ვალდებულებების გამოც, გამორიცხულად მიმაჩნია, რომ რუსეთი, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყვის პროევროპულ და პროატლანტიკურ კურსზე და ევრაზიულ კავშირში შესვლაზე თანხმობას განაცხადებს, ამის სანაცვლოდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს იურისდიქციაში დააბრუნებს. მაქსიმუმი, რისი იმედიც რეალურად შეიძლება იყოს, იქნება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება, რომელშიც ისეთი ნიუანსები იქნება ჩადებული, რაც სრულიაც გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ერთ დღეს საქართველო გავიდეს ევრაზიული კავშირიდან და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც მასთან ერთად გავიდეს (თუნდაც – ამ რეგიონებში ცალკე რეფერენდუმის პირობით).
მეტიც, გაითვალისწინებს რა თავისი 200-წლიანი ბატონობის დროს დაშვებულ ზემოთხსენებულ შედარებით ლიბერალიზმს ქართველებთან მიმართებაში, და იმას, მაინც როგორ სერიოზულად შევეცადეთ ქართველები რუსული არწივის ბრჭყალებიდან თავის დაძვრენას, რუსეთის მოდერნიზებული იმპერია, სავარაუდოდ, გაცილებით ხისტი და „ძუნწი“ გახდება მრავალი შემდეგი მიმართულებით:
• საქართველოში, სავარაუდოდ, გამოიყოფა დაფინანსება მხოლოდ რუსულ ენაზე განთლებისათვის (როგორც საშუალო, ასევე – უმაღლეს განათლების ეტაპებზე). როგორც აფხაზეთის და ოსეთის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი შეეცდება ნაციონალური ენის, განათლების და კულტურის მაქსიმალურად შეზღუდვას და ამ მოსახლეობის უფრო სწრაფ რუსიფიკაციას, ვიდრე ეს მე-19 და მე-20 საუკუნეში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკური ბერკეტებით მოხდება და არა ცეცხლით და მახვილით, მაგრამ არა მგონია, ქართულმა კულტურამ, მათ შორის თეატრმა და კინომ, ისეთივე მხარდაჭერა მიიღოს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში ხდებოდა.
• ალბათ, მოხდება კულტურის ცენტრების, ასევე სამეცნიერო ცენტრების იმგვარად დაფინანსება, რომ ისინი მჭიდროდ იყვნენ მიბმული რუსეთის ანალოგიურ სტრუქტურებზე და დასავლურ სამეცნიერო და კულტურულ ცენტრებთან დამოუკიდებელი კავშირების ძალზე შეზღუდული შანსი ჰქონდეთ.
• საქართველოს ყველა ინფრასტრუქტურული თუ ბუნებრივი რესურსი, ადრე თუ გვიან გადავა რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ხელში. ნებისმიერი ალტერნატიული ენერგოპროექტები დაიხურება ეკონომიკური თუ ტერორისტული ბერკეტების გამოყენებით.
• რუსეთი, სავარაუდოდ, გამოიყენებს თავის ფინანსურ რესურსებს საქართველოდან ნიჭიერი ინტელექტუალების რუსეთში მიგრაციის წასახალისებლად, სამაგიეროდ, დააფინანსებს სახელმწიფო მიგრაციულ პოლიტიკას საქართველოს სოფლის და კურორტულ ზონებში რუსული ან სომხური მოსახლეობის ჩასახლების მიზნით.
• რუსეთი გამოიყენებს თავის აგენტურულ ქსელს, შანტაჟის და ფინანსურ ბერკეტებს იმისათვის, რომ ნებისმიერი პროდასავლური პარტიების დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია მოახდინოს და ძირშივე მოსპოს მომავალში ასეთი მიმართულების საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აღმოცენების ან დაფინანსების შესაძლებლობა.
• თუ ამას დავამატებთ იმას, რომ დღეისათვის ქართული ბიზნესის ჯამური პოტენციალი ახლოსაც ვერ მივა რუსული ბიზნესის ჯამურ პოტენციალთან, ზოგიერთი რეტროგრადის ოცნებებს მოსკოვისა და პეტერბურგის ქართული ბომონდის მიერ დაპყრობის შესახებ, არა მგონია, ახდენა ეწეროს. არაა გამორიცხული, სულაც პირიქით მოხდეს და „თურქულ-არაბული“ აღმაშენებლის გვერდზე „რუსული“ რუსთაველის გამზირიც მივიღოთ…

ასე რომ, საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება (ევრაზიულ კავშირში შესვლა) მხოლოდ სტაბილურობის და ომის არგამეორების პერსპექტივას თუ განამტკიცებს და არა – საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. არაა გამორიცხული, რომ ეს სტაბილურობაც მხოლოდ ილუზორული განცდა იყოს, რის შანსებსაც ქვემოთ შევეხები, რადგან თუ დასავლეთის ფრთისქვეშ გადაბარგებული საქართველო რუსეთის მიერ აღიქმებოდა მოღალატედ, ახლა უკვე ისევ რუსეთის ფრთისქვეშ დაბრუნებული საქართველო შეიძლება ანალოგიურად იქნას აღქმული ერთი მხრივ აშშ/ევროპისა და მეორე მხრივ – თურქეთის მიერ…

(გაგრძელება იქნება)


მადლობა, ნანა!


Zard-Liberty-S

წარმოიდგინეთ, რომ გვყავდა ადამიანი, რომელმაც ჩვენს თვალწინ დაწერა სიყვარულის ენციკლოპედია. არა, მარტო სიყვარულის კი არა, – სიყვარულის და მეგობრობის… და არა მარტო მეგობრობის, არამედ – ადამიანურობის, სულიერების და სიფაქიზის ენციკლოპედია… კი არ დაწერა, – გამოძერწა, დახატა, სული შთაბერა, და ეს ყველაფერი გვაჩუქა – გვაჩუქა უფასოდ, ისე, რომ წასვლაც არ დაგვჭირდეს მაღაზიაში, თუ ბიბლიოთეკაში, ან – ლიცენზიის ყიდვა… გვიანდერძა ისე, რომ ისიც კი არ დაგვავალდებულა, აი, ხომ დაგანახეთ კარგი და ცუდი რაცაა და აწი თქვენგან მხოლოდ სამაგალითო ქცევებს ველოდებიო… ძალიან ბევრი სევდა ჩააქსოვა და მაინც ისეთ საოცარ მხიარულ ხალიჩაში, რომ დაბნეულები ვართ, რადგან ამ დღეებში მუდამ ვკითხულობთ მის ნაწერებს და ვიცინით იმაზეც კი, რაც თითქოს სასაცილო ნაკლებად არის, და ცრემლი მოგვდის იმაზე, რაზეც ასე გულიანად გვიცინია ადრე… რადგან ის ჩვენთან აღარ არის.

ან იქნებ ვცდები და ახლაც ჩვენთან არის… რადგან მან ის მოახერხა, რომ ჩვენ ერთად შეგვყარა და გვასწავლა, რა კარგია ერთად ყოფნა. რომ მაშინაც კი, როცა ათობით ან ათასობით კილომეტრი გაშორებს ადამიანისაგან, თუ მას რამეს გულწრფელად მოუყვები, შენს სევდას თუ სამართლიან აღშფოთებას გაუზიარებ, გააცინებ არანორმალურად სასაცილოდ მოყოლილი მხიარული ისტორიებით, დააფიქრებ იმაზე, რანი ვართ და რატომ ვართ, და თუ უიმედობის და მარტოობის ჟამს იმედს და გაწვდილ თანაგრძნობას აჩუქებ, მაშინ ადამიანი მარტო აღარ არის, მაშინ ბევრი საშინელი შიში უკან იხევს და ხვდები, რომ ჯერ კიდევ გაქვს შანსი, შენც, მასაც, ბევრ სხვასაც და მთლიანად – ქვეყანას…

ბევრი მძიმე დღეები გადაგვიტანია. ბევრჯერ გადამიხდია მადლობა მისთვის იმ გულიანი ხარხარისათვის, მის პოსტებზე რომ მეწყებოდა. შემიძლია ვიამაყო, რომ რამდენჯერმე მისგანაც მიღებული მაქვს ასეთი მესიჯი თუ გამოხმაურება: “მადლობა, სოლომონ! მადლობა, რომ ასე მაცინებთ! დიდი მადლი გაქვთ ჩემზე! ვერ წარმოიდგენთ, როგორ მშველით!“
ყველანი ერთმანეთს ვშველოდით! გადაჭარბებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ თითქოს ვირტუალური ოსვენციმის ტყვეები ვიყავით, სადაც გაზის კამერა – არა, მაგრამ სისტემური დაშინების მანქანა, ტოტალური სიცრუის კამერა და გებელსოიდური მედია კი მართლაც ბატონობდნენ და სადაც სწორედ ამ ჩვენი ფეისბუქისა და ბლოგების ფანჯრებში დანთებული სანთლებით ვცდილობდით ერთმანეთისათვის ხმა მიგვეწვდინა და ჩვენი სიმწრითმოგვრილი ხუმრობებით ძალა მიგვეცა უკვე ლამის უსასოო გონებისათვის… ომის შემდეგი წელი ლამის არ იყო ისე საშინელი, როგორც 2010 წლის არჩევნების შემდგომი, როდესაც ლამის ყველა იმედის ნაპერწკალი ჩაქრა და როდესაც ჩვენი მატარებელი თავაწყვეტილი მიექანებოდა 1953-დან უკან – 1937-საკენ… მას კი ამ პერიოდში სხვა ყველაფერთან ერთად უსაყვარლესი ადამიანების დაკარგვაც დაემატა, ჯერ – მამა, მერე – დედა, მერე – მეუღლე…
მახსოვს, ჩემი წრეგადასული სიფრთხილის ჟამს, როცა ნანას ჯერ კიდევ არ ვიცნობდი, ფეისბუქის ინბოქსში წერილი მომწერა თხოვნით, ძალიან ბევრ ვხარხარებ ამ შენს პოსტებზე და დამიმეგობრეო… ია ანთაძეს ვკითხე, ვინ არის ეს ქალბატონი, ასე ჯიქურ რომ მთხოვს მეგობრობას-მეთქი. ეგ უმაგრესი ადამიანიაო, – იამ მითხრა და მერე, როცა დავუმეგობრდი, მივხვდი, რომ მართლაცდა უმაგრესი იყო და თან – გასაოცრად უფაქიზესი… მას რა ჭირდა ჩემთვის სათხოვი, თურმე მე უნდა შევხვეწნოდი, რომ მისი ძალიან ალალი და ცხოვრებისეული სიბრძნის და ადამიანური ურთიერთობების პრიმატზე დამყარებული ფილოსოფიის თანაზიარი გავმხდარიყავი.

მახსოვს, ერთხელ ფოტო გავაზიარე, სადაც თვალებდახუჭული ასაკოვანი ქალი სააკაშვილის ფოტოპლაკატს, როგორც წმინდანის ხატს იყო დაწაფებული და მიმთხვეული. “- ვაიმეე, ეს სად ნახეთ, სოლომონ! – შემომყვირა სტატუსზე, – მაპატიეთ, მაგრამ ამას ვერაფრით გავაზიარებ. ძალიან მეცოდება ეს მოხუცი ადამიანიო”.(მორიდებულად მისაყვედურა კიდეც, თითქოს). სწორედ მაშინ დავფიქრდი, რამდენად უფრო მკაცრი ვიყავი, რომ მხოლოდ რეჟიმის აპოლოგეტების მხილებაზე ვიყავი ორიენტირებული და ისეთი დანდობა არ ვიცოდი, როგორც მან, – როცა ამ ქალში გაჭირვებული, თუნდაც გამორჩენისთვის ან უბრალოდ ბელადომანიით დაბრმავებული, მაგრამ მაინც გაჭირვებული და თანაგრძნობის ღირსი ადამიანი დაინახა, და დასაცინად ვერაფრით გაიმეტა…

წავიდა ნანა… წავიდა ჩვენი „ზარდიკა“ და არ ვიცი, მის თუმორო(უ)ფობიაში tomorrow(ხვალინდელი დღე) იყო ფობიის ფუძე და მიზეზი, თუ tumor (ლათინურად – სიმსივნე). ისე გამოვიდა, რომ ორივე…
წავიდა ჩვენი პოლკოვნიკი აგრაფინა ვულფი, რომელიც, როგორც სამართლიანად უწოდა ზურაბ ქარუმიძემ – „ადამიანური ურთიერთობის გენერალისიმუსი“ იყო. სწორედ ამიტომ, ეს პოლკოვნიკი ძალიან ბევრ წერილებს გვწერდა, ათასობით ძაფით იყო გადაჯაჭვული ყველა ჩვენთაგანთან, მიუხედავად იმისა, ვიცნობდით თუ არა მას პირადად. და სწორედ ამიტომ იყო გასაძლისი ის ჩვენი მარტოობის წლები – რადგან სინამდვილეში არ ვიყავით მარტო, ერთად ვიყავით და მნიშვნელოვანწილად, სწორედ ნანას წყალობით, სწორედ იმ მედიუმის წყალობით, რაც ნანამ გაგვიმხილა და დაგვანახა…

და ისე, არსად არ წასულა.

ის ყოველთვის აქ იქნება, ესაა მისი სახლი, მისი ვირტუალური პლეხანოვი, მისი ყველა სამსახური მასზე შეყვარებული თანამშრომლებით, მისი მეგობრები, – თინეიჯერებიდან დაწყებული და გარდაცვლილებით დამთავრებული. ეს არის სახლი, რომელიც ნანამ ჩვენთან ერთად ააშენა, რომლის ყველაზე უშუალო დედოფალი და ყველაზე საყვარლად “პრონწკი” დიასახლისიც ის იყო… უბრალოდ, ისე მოხდა, რომ სამწუხაროდ, ახლა უნდა დაისვენოს, მაგრამ მან ხომ უკვე ამდენი გააკეთა და ასეთი ლამაზი ბლოგები და სტატუსები გვაჩუქა, ასეთი ცოცხალი ბაღი დაგვიტოვა, სადაც საითაც არ გაიხედავ, ყველგან ძვირფასი ადამიანები არიან – ახლა სევდიანები და მაინც, უცნაურად ბედნიერები -ადამიანები, რომლებიც ნანას ვიცნობდით, რომლებიც ამ ნაცნობობამ უკეთესები გაგვხადა…

მადლობა, ნანა!