უკრაინული რუბიკონი


OLYMPUS DIGITAL CAMERA

ხელისუფლება სვეტებს ეყრდნობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, შემდეგი სვეტებია:
1) სამართლის ძალა
2) განათლების ძალა
3) რწმენის (იდეოლოგიის) ძალა
4) რეპრესიული (პოლიციური) ძალა
5) სამხედრო ძალა
6) ხალხის ნდობის (ერთობის) ძალა
7) ფულის (ეკონომიკის) ძალა
8) დემოკრატიის ძალა
9) გარე (საერთაშორისო) ფაქტორების ძალა.

სხვადასხვა სტრუქტურის თუ ქვეყნის ხელისუფლების სიმტკიცეს, როგორც წესი, ამ სვეტების სიმტკიცე განსაზღვრავს. ზოგიერთ ქვეყანის ხელისუფლებას მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სვეტი გააჩნია საყრდენად, სხვები – უფრო ჰარმონიულ პორტალს ქმნიან. საინტერესოა, რომ თავად დასახელებული ფაქტორები სულაც არ არიან ერთმანეთის მიმართ ჰარმონიული და შეიძლება სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვიდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ რაც უფრო სტაბილურია ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ენერგეტიკაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ან – იმპერიული ტიპის სახელმწიფოების რეპრესიული და სამხედრო ძალა, მით უფრო სუსტია იქ არსებული დემოკრატიული ფაქტორი. თუ შევადარებთ, მაგალითად ჩინეთის და ლუქსემბურგის სახელისუფლებო სვეტების არქიტექტონიკას, საკმაოდ განსხვავებული სურათი გამოვა. და არც ისე ადვილი იქნება იმის ანალიზი, ამ ორი სრულიად განსხვავებული სისტემიდან რომელია ამჟამად უფრო მდგრადი, ან – რომლის პერსპექტივაა უფრო სტაბილური. მეტიც, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ერთსა და იმავე სახელმწიფოს საყრდენი სვეტების სრულიად განსხვავებული კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ხანომკლე ისტორიის მანძილზე ხელისუფლების საყრდენი სვეტების კონფიგურაცია და სიმტკიცე აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა 1918, 1938, 1958, 1978 და 1988 წლებში. სავარაუდოდ, რაც უფრო ნაკლებია მყარი და მდგრადი სვეტების რაოდენობა, მით უფრო მოწყვლადია ასეთი ხელისუფლება, რადგან თუ ის ბოლო 1-2 სვეტიც გაიბზარა, თითქოსდა გარეგნულად მყარი სისტემა ძალიან ადვილად შეიძლება ერთიანად ჩამოიშალოს. მეტიც, ხანდახან სწორედ ის სვეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცენტრალური საყრდენი იყო, შეიძლება ისე გაიბეროს და დამძიმდეს, რომ სტრუქტურის ყველაზე მტკიცე ნაწილიდან სწორედ ყველაზე საშიშ და მოწყვლად რგოლად იქცეს, და მცირედი ბიძგის შემთხვევაში სწორედ მისგან დაიწყოს რღვევა. რამეთუ იმაზე, რაც თითქოს ძალიან ძლიერია, შესაბამისად ნდობის ყველაზე მეტი ტვირთი მოდის. მაგრამ თუ სიმტკიცის შინაგანი მექანიზმი დალპა, იგი ისევე უცებ შეიძლება გადატყდეს, როგორც გარეგნულად მძლავრი, მაგრამ შიგნიდან გამოფუტუროებული ხე. ასე მოუვიდა რომის იმპერიას, მონღოლთა ურდოს, საბჭოთა კავშირს…

უკრაინის ხელისუფლების ბოლო 10 წლის ანალიზი ნამდვილად უკრაინელი ისტორიკოსების, პოლიტიკოსების და ეკონომისტების საქმეა, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად გააცამტვერა საკუთარი ხელისუფლების სიმყარის უკანასკნელი ელემენტებიც. ეს უზარმაზარი და მძლავრი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანა კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს იმ მასშტაბურმა კორუფციამ და ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის დეფიციტმა, რაც მუდმივად ასუსტებდა თუნდაც იმ სვეტებს (მაგალითად – ეროვნული თვითშეგნების აღმავლობის და ხელისუფლებისადმი ნდობის, თუ საკმაოდ სწრაფადგანვითარებადი დემოკრატიის სვეტებს), რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს მთავარ და ძლიერ მხარეებად მოიაზრებოდა.

მაგრამ პოსტიმპერიულ სივრცეზე გაჩენილ თუ აღორძინებულ სახელმწიფოების სერიოზული პრობლემა საერთაშორისო ფაქტორების და ურთიერთდაპირისპირებული ვექტორების ძლიერი ზეწოლა და არასტაბილურობაა. გასაგები მიზეზების გამო, ჯერ კიდევ სუპერსახელმწიფოს ამბიციების მქონე ექს-იმპერიას ერთი სული აქვს, ხელახლა აღადგინოს თავისი სტატუსი და ზეგავლენა. მეორე მხრივ, ახლადგაჩენილი ქვეყანა მიმზიდველი შეიძლება იყოს სხვა ძლიერი სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო გაერთიანებებისათვის ორი მიზეზის გამო – ან რომ საკუთარი თავი გაიძლიერონ ახალი წევრის თუ სტრატეგიული მოკავშირის შემოერთებით (არაა გამორიცხული, „სტრატეგიული კავშირის“ უკან მხოლოდ ეკონომიკური კავშირი – ნედლეულის წყაროების მიწოდება ან საკუთარი პროდქუციის გასაღების ბაზრად პერსპექტივა – იყოს), ან – უფრო იმისათვის, რომ დასუსტებული იმპერიული კონკურენტის ხელახლა გაძლიერებას შეუშალონ ხელი. არც ისაა გამორიცხული, რომ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ამა თუ იმ ახლადაღორძინებული სახელმწიფოს მიმართ ახალი შესაძლო პარტნიორების ინტერესი შეიძლება გაცივდეს ან გაგრილდეს, იმის მიხედვით, თუ როგორი საკუთარი პრობლემები და წინააღმდეგობები შეხვდებათ მათ. ინტერესის ნაკლებობაც შეიძლება იყოს პრობლემა, არა მხოლოდ – ახალი ინტერესების კონფლიქტი ძველთან…

სწორედ აქედან გამომდინარე, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ხელისუფლების (ნებისმიერი, და არა კონკრეტული ხელისუფლების!) ამოცანა უნდა იყოს:
ა) არ დაუშვას შიდა სიმძლავრეების გაპარტახება (თუ იმას ვერ ახერხებს, რომ გაძლიერება მოახდინოს);
ბ) მუდმივად ზრუნავდეს საკუთარი ხალხის ნდობის რეიტინგის შენარჩუნებაზე, რისთვისაც ყველაზე ადვილია სამართლის და დემოკრატიის სვეტების განმტკიცება;
გ) მკაფიოდ მოახდინოს საკუთარი საგარეო ინტერესების დემარკაცია, ოღონდ ისე, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა ძველ პარტნიორთან/სუზერენთანაც და შეძლებისდაგვარად არ დაუშვას ამ ურთიერთობის აგრესიული ესკალაცია.

იანუკოვიჩმა პირველი და მეორე პრინციპები აბსოლუტურად უგულვებელყო, ხოლო მესამე პრინციპთან მიმართებაში ისეთი ვაჭრობა წამოიწყო, რომ ორივე მხარისთვის არასანდო პარტნიორად გამოჩნდა. ასე რომ ის მიიღო, რაც ამ დროს ხდება ხოლმე – ქვეყნის შიგნითაც და გარეთად რეიტინგის სრული დევალვაცია. საბოლოო ჯამში, დღეს ალბათ არავინ აღარ დარჩა იმის მსურველი, რომ იანუკოვიჩის შენარჩუნებაზე სერიოზულად იზრუნოს.

mezhogorie-COMB
(ფოტოებზე: იანუკოვიჩის რეზიდენცია მეჟიგორიეში. კიდევ ორი რეზიდენცია, მათ შორის ერთი ყირიმში, არანაკლები ფუფუნების ამსახველია).

ხოლო ამ ყველაფრის თავი და თავი იყო ის კორუფცია, რომლის დაფარვას იანუკოვიჩი მაინცდამაინც არც ცდილობდა. ხალხის მხრიდან გაჭირვების გაძლების უძლიერესი მაგალითები, რაც ლონდონელებმა თუ ლენინგრადელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს აჩვენეს, უკავშირდებოდა პირველ რიგში იმას, რომ ხალხს ჰქონდა იმის განცდა, რომ ხელისუფლებაც იზიარებდა გაჭირვებას. ამას ინგლისის დედა-დედოფლის ცნობილი ფრაზა მოწმობს – ბაკინჰემის სასახლის ბუხრიდანაც არ უნდა ამოდიოდეს კვამლი, მაშინ როდესაც მთელი ინგლისი გათოშილიაო. ამავდროულად, საკუთარი გაჭირვების მოთმინებით ატანის სურვილი მომენტალურად ქრება, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ ქამრები მხოლოდ მათ აქვთ შემოჭერილი, ხოლო ხელისუფალნი ქამრების მუდმივად მოშვების რეჟიმში არიან და განცხრომის ახალ-ახალ საფეხურებს იპყრობენ.

იანუკოვიჩის ხელისუფლების დასასრული ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარმოდგენილი მქონდა, თუმცა არ მეგონა, რომ იგი ასე შორს წავიდოდა, და შესაბამისად, ასე უცებ დაკარგავდა კიდეც ხელისუფლებას. იგი ნამდვილად არ არის ლუკაშენკოზე უფრო სასტიკი. და შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში ვერ მიხვდა (როგორც სტრატეგიც, იგი ნამდვილად ვერ შეედრება ლუკაშენკოს), რომ მისი ხელისუფლების არსენალში მხოლოდ ორი სვეტიღა თუ იყო დარჩენილი – რეპრესიული და რუსული ფაქტორი. ხოლო როცა ასე მცირე არჩევანი დარჩა, ყოყმანი უკვე დამღუპველი იყო. თუმცა ბოლომდე რომ მისწოლოდა, ამით საკუთარი კრახის გადავადებას მიაღწევდა ალბათ, და არა – აცილებას.

საინტერესოა, რომ არამარტო რუსი მეკავშირეებისთვისაც (რომელთათვისაც იანუკოვიჩი მხოლოდ მანამდეა საინტერესო, სანამ მას უკრაინის, ნაწილის მაინც, მათ ორბიტაში დასაბრუნებლად რაიმე შანსი აქვს), არამედ დასავლეთისთვისაც (ყოველ შემთხვევაში – ევროკავშირის ლიდერებისთვისაც) ის, რაც უკრაინაში მოხდა – სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა… ევროპელები თავიდან იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ უკრაინა ხელიდან ეცლებოდათ (სანამ პუტინმა ცხვირწინ არ გამოაცალათ ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოსაწერი ეგზემპლარი). და ის ხომ საერთოდ სიზმარია, რომ უკვე დაკარგულად შეგუებული უკრაინა, თურმე, შეიძლება მაინც დაუბრუნდეთ… თუმცა ალბათ, იმას კი კარგად ხვდებიან ახლა, რომ თუ უკრაინა დაუბრუნდათ, ეს იმდენად საჩუქარი ვეღარ იქნება, როგორც ტვირთი! განსაკუთრებით, – პირველ თვეებში და წლებში…

მაგრამ როგორც უკრაინელებისათვისაც, ისე – ჩვენთვის მით უფრო, შედარებით მეტად საინტერესო ახლა ის კი აღარ არის, რატომ მოუვიდა იანუკოვიჩის ხელისუფლებას ის, რაც მოუვიდა, არამედ ის – რა შეიძლება მოხდეს ახლა, რას იზამს რუსეთი, რა საფრთხეები და პერსპექტივები არსებობს და ჩვენ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ იქედან, რაც ხდება…

1. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მაგალითზე თავიდანვე თვლიდა (ევროკავშირისაგან და თავად იანუკოვიჩისაგან განსხვავებით), რომ თუ უკრაინა მთლიანად არ დარჩებოდათ, ნაწილის (ნაწილების!) მიერთების და ამით უკრაინული პოლიტიკური სპექტრის და მოსახლეობის შანტაჟის კარგი შანსი ექნებოდათ.

2. იანუკოვიჩის გადაყენება რამდენად სამართლებრივი მექანიზმების დაცვით მოხდა, საკითხავია. ჩვეულებრივ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ კანონი დაცული არ იყო (და მაშინაც კი, თუ დაცული იყო!), გასაგებია, რომ დასავლეთისათვის მისაღები და ლეგიტიმური ორგანო – უკვე უკრაინის პარლამენტია, სადაც რეგიონების პარტიამ თავად დათმო ძალაუფლება და სპიკერი „ბატკივშინის“ ერთ-ერთი ლიდერი ტურჩინოვი გახდა, ხოლო რუსეთისათვის – იანუკოვიჩი.

3. იმით აჟიტირება, რომ იანუკოვიჩმა დონეცკიდან რუსეთში გადასვლა ვერც თვითმფრინავით და ვერც სახმელეთო საზღვრით, უკრაინელი მესაზღვრეების პრინციპული პოზიციის გამო, ვერ მოახერხა, არ ღირს. ჯერ ერთი, ეგ ინფორმაცია რამდენად სარწმუნოა, არ ვიცით. მეორეც უკრაინა-რუსეთის ლამის 2,000 კმ-იან საზღვარზე ნამდვილად მოიძებნება ალბათ ადგილი, სადაც იანუკოვიჩი ამას შეძლებს. სხვა საქმეა, რომ რუსეთს ლტოლვილი იანუკოვიჩი არაფერში ჭირდება და მედვედევის მხრიდან მის მიმართ გახმოვანებული ზედსართავი – „ჩვარი“ ნამდვილად არ საჭიროებს ზედმეტ დაზუსტებას იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ახლა მაინც იანუკოვიჩმა, თუ არ უნდა, რომ ჩვრის სტატუსიც კი სანატრელი გაუხდეს. სავარაუდოდ, იგი შეეცდება ხარკოვში, დონბასსა და ყირიმში ვანდეა ჩამოაყალიბოს და ცენტრალურ ხელისუფლების გადაწყვეტილებების საბოტაჟი დაიწყოს. დიდი შანსია, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი, განსაკუთრებით, კიევში ფაშისტების და ბენდეროველების გამეფებაზე და რუსების მიმართ დაგეგმილ გენოციდზე რუსული პროპაგანდის მიერ საუბრებით გაჟღენთილი, ამას გაგებით მოეკიდოს. ყირიმის პარლამენტზე, სევასტოპოლის ფაქტორზე და რუსულ ფლოტზე აღარაფერს ვამბობ. თუმცა, სეპარატისტების სახელით მოქმედება არაა მაინცდამაინც მომხიბვლელი პერსპექტივა და იმედია, კიევის ახალი ხელისუფლება თავისი ხისტი ნაბიჯებით (მაგალითად – რუსულ ენასთან მიმართებაში)
არ უბიძგებს რეგიონების რუსულენოვანი დამფრთხალი მოსახლეობის და ელიტის დიდ ნაწილს აქეთკენ.

4. რამდენიმე კვირაში, როცა პოლიტიკური ვნებათღელვების გრადუსი დაიწევს, წინა პლანზე ეკონომიკური ფაქტორები გამოვა. ქვეყანა ისედაც იყო დეფოლტის საშიშროების წინ, და ახლა ამის შანსი 50%-ზე მეტია. კიევის ცენტრში გამუდმებულმა ბრძოლებმა და ხანძრებმა შეიძლება ისე დიდი ფინანსური ზიანი არ მიაყენა ქვეყანას, მაგრამ სტაბილურობის იმიჯი მნიშვნელოვანწილად შელახა. თავად მომიტინგეთა მიერ იარაღის და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებამ, მათ ნაწილს შორის აგრესიული ნაციონალიზმის პოპულარობამ და რამდენიმე საელჩოს დაკეტვამ გაცილებით სერიოზული დარტყამ შეიძლება მიაყენოს უკრაინულ ეკონომიკას, ევრობონდების სავალალო მდგომარეობას და ეროვნულ ვალუტას. მით უფრო, რომ ქვეყნის ოქროს რესურსები კატასტროფულად დაბალ დონეზეა თურმე.

5. მეტად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ამდენ ხანს ბარიკადებზე მებრძოლი უბრალო ადამიანების მასაში ახლა დაბადებული რევოლუციური წარმატებით თრობის ფენომენი. მით უფრო, რომ ამ ადამიანებმა სწორედ საკუთარი თავგანწირვით, სისხლით, გმირობით და ერთმანეთის გატანით შეძლეს წარმატების მიღწევა და არა იმდენად, – შინაური თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერების ხელმძღვანელობით თუ თანადგომით. მათთვის შეიძლება არ აღმოჩნდეს ავტორიტეტი ისინი, ვისაც დასავლეთი ასე თუ ისე იცნობს, ხოლო ვისაც ისინი უფრო ენდობიან, ე.წ. „მემარჯვენე სექტორი“, Пра́вий се́ктор, ანუ ნიუ-ბენდეროველები, თავისი მკვეთრი ნაციონალიზმით თუ ნეოფაშიზმთან სიახლოვით – არ აღმოჩნდეს მისაღები დასავლეთისათვის. რაც უფრო მალე გამოიკვეთება ახალი ლიდერები და რაც უფრო მალე მოახერხებენ ისინი დასავლეთისათვის მისაღებ ძველ ლიდერებთან საერთო ენის და კონსენსუსის გამონახვას, მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მიღწეული წარმატება განმტკიცდეს და არ დაინგრეს. ხოლო დასავლეთის დახმარება აუცილებლად დასჭირდებათ, რადგან მშიერი ქვეყანა საშინელებაა, ხოლო მშიერი პოლიცია და ჯარი -საშიში… კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან ამ მემარჯვენე სექტორის (თუ „მართალი სექტორის“) ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას სულაც არ სურს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრირება და ევროკავშირს ლამის ისეთივე საფრთხედ განიხილავს, როგორც რუსეთს…

6. დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა მოახერხოს იმის გათვლაა და გამოცხადება, რა ფინანსური დახმარება შეიძლება გაუწიოს უკრაინას. ერთი საქმეა შორიდან მოკითხვების თუ შეშფოთების გამოხატვა, და მეორე, – როცა მომავალ პარტნიორად შერაცხულ ქვეყანას უნდა მილიარდებით დაეხმარო, როცა ფული საკუთარი მოსახლეობისთვისაც არ გყოფნის…

7. პუტინის მხრიდან უკრაინის საქმეების რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მას, ევროკავშირისაგან განსხვავებით, არ დაუხევია უკან 15 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და 3 მილიარდი კიდეც გადარიცხა უკვე (რასაც ახლა ალბათ ძალიან ნანობს). მაგრამ არის ერთი სერიოზული პრობლემა – უკრაინის დახლეჩვა და მისი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ნაწილის – სამხრეთ-აღმოსავლეთის – მითვისება პუტინისთვის თითქოს უდავო პოლიტიკური წარმატება უნდა იყოს, გაცილებით უფრო შთამბეჭდავი რუსი ხალხის თვალში, ვიდრე პატარა თვალწარმტაცი აფხაზეთის და რუსებისათვის კიდევ უფრო ნაკლებმომხიბვლელი ცხნივალის რეგიონისა, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი სულაც შეიძლება არ აღმოჩნდეს პოზიტიური! საქმე იმაშია, რომ უკრაინის გახლეჩვას ძალიან სერიოზული დარტყმა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზეც. რუსეთს მოუწევს ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯის საკუთარ თავზე აღება. წარმოების დიდი ნაწილი უკრაინაში ქვეყნის დეზინტეგრაციის შემთხვევაში გარკვეული დროით შეიძლება გაჩერდეს, რაც რუსეთის თავდაცვით მრეწველობას და მანქანათმშენებლობას დააზიანებს. რუსეთის მიერ უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული სახსრების ამოღება სათუო გახდება. და თან უეჭველად დაიწყება რუსეთიდან კაპიტალის გადინების კიდევ უფრო შეუჩერებელი ზრდა. დასავლეთი საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინის გადასანსვლის მკაფიოდ დემოსტრირების ფონზე სულ უფრო მეტად დაფიქრდება, რამდენად ღირს რუსული გაზის ხიბლით რუსი დათვის მძევლად ყოფნა. პოლონეთის, ბალტიისპირეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და ბულგარეთის მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება ზეწოლა ძველ ევროპაზე, რომ მათ საკადრისი პასუხი გასცენ რუსეთს. სავარაუდოდ, რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალი, ალბათ, რამდენჯერმე მეტი იქნება, ხოლო რეცესია უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს 2008 წლის საქართველოში შემოჭრას მოჰყვა. დავამატოთ ამას ისიც, რომ სირიასა და ირანში საომარი მოქმედებების ალბათობის მკვეთრად შემცირების და ერაყიდან ჯარების გაყვანის ფონზე ამერიკისათვის რუსეთთან მოლაპარაკების აუცილებლობა მცირდება, ხოლო ტონალობა შეიძლება გამკაცრდეს. ეს კი ამ სიტუაციაში ძალიან გაართულებს რუსეთის თუნდაც ისეთი ტრადიციული მოკავშირეების პუტინისადმი ლიბერალიზმსაც კი, როგორც გერმანია და საფრანგეთია. თავისდაუნებლიედ, პუტინი შეიძლება აღმოჩნდეს იმის მსგავს სიტუაციაში, როგორც ბრეჟნევი 1980 წელს, როცა ლამის ერთ დღეში დაპყრობილი ავღანეთი და მოსკოვის ოლიმპიადის გახსნით გამოწვეული სიამაყე გედის სიმღერის პირველი აკორდები აღმოჩნდა საბჭოთა იმპერიის კრახის წინ… ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ მოსკოვი დროზე მიხვდეს, რომ მისთვის მომგებიანი უკრაინის გახლეჩვის ბლეფია მხოლოდ, ხოლო რეალური გახლეჩა უპროგნოზო განვითარების რთულ კასკადს დაუდებს სათავეს, რომელშიც დამნაშავედ რუსეთში სწორედ პუტინს ჩათვლიან და მაშინ მას უკვე საკუთარი სახელისუფლებო სვეტების სიმყარის გამოცდა მოუწევს… საკმაოდ უცნაური იქნება რუსეთის ხელისუფალთა როლი ამ როლში, როცა ისინი მუდმივად შეეცდებიან აღმოსავლეთ უკრაინის და ყირიმის რუსოფილ ხელისუფალთა დარწმუნებას იმაში, რომ მათუ გეგმები უკრაინის გახლეჩვის მიმართულებით სულაც არაა ბლეფი, ხოლო მეორე მხრივ, დასავლელი პოლიტოლოგების და ეკონომისტების დარწმუნებას იმაში, რომ ეს მხოლოდ ჭორებია და რომ რუსეთისთვის გახლეჩილი და დასუსუტებული უკრაინა აბსოლუტურად მიუღებელია… თანაც, სულ არაა გამორიცხული, რომ პუტინი ხან ერთ როლში იყოს გულწრფელი და ხანაც – მეორეში!

8. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო რამდენიმე ერთი შეხედვით პარადოქსული დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ:
– ა) უკრაინის პრობლემები ძალიან შორსაა გადაწყვეტისაგან და იანუკოვიჩის გადაყენებას, პოზიტიური მხარის გარდა, ნეგატიურიც აქვს. ნამდვილად კარგი იქნებოდა, იანუკოვიჩი ისევე წასულიყო, როგორც თავის დროზე შევარდნაძე წავიდა და საკანონმდებლო-კონსტიტუციური ვაკუუმი არ შეექმნა ქვეყანაში.
– ბ) აუცილებელია არსებული მმართველობითი ხარვეზების სასწრაფოდ გამოსწორება არჩევნების დანიშვნით და იმის გარანტირებით, რომ არჩევნები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება და მისი შედეგები სწორედ მთელ ტერიტორიაზე იქნება ლეგიტიმური. ამისათვის აუცილებელია, რომ შენარჩუნებულ იქნას (რაც შეიძლება უცვლელად!) ერთადერთი კანონიერი სტრუტურა, რაც ფუნქციონირებს – უკრაინის რადა! გამარჯვებულმა ძალებმა არ უნდა სცადონ რადაში ბალანსის ხელოვნური დარღვევა, რაც რუსალენოვანი რეგიონების მოსახლეობის შიშებს და რუსეთის გაღიზიანებას გაზრდის.
– გ) აშშ, ევროკავშირი და რუსეთი – უკრაინული პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობით (არ გამოვრიცხავდი იანუკოვიჩის მონაწილეობასაც, მისთვის გარკვეული გარანტიების მიცემის საფასურად კი მის მიერ პოსტის დატოვების სამართლებრივი პროცედურების დაცვას, თუმცა ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ) სასწრაფოდ უნდა შეთანმხდნენ ქვეყნის ინტეგრაციის და მმართველობის კანონიერი სტრუქტურების არჩევნების ჩატარების ფორმებზე და ვადებზე, ასევე – უკრაინისათვის სასწრაფო ეკონომიკური დახმარების გამოყოფის მოცულობაზე და ვადებზე.
– დ) ზემოთხსენებული გარეშე ძალები უნდა შეთანმხდნენ იმაზეც, რომ ხელს არ შეუშლიან უკრაინის განვითარებას არჩევნების შემდეგ. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა მოითხოვოს გარანტიები, რომ უკრაინა (არასოდეს ან დიდი ხნით) არ შევა ნატოში და სევასტოპოლში კვლავაც (მუდამ ან დიდი ხნით) დარჩება რუსული ფლოტის ბაზა. ამ წინადადებების განხილვის ხელაღებით უარყოფა დასავლეთის ან უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან შეცდომა იქნება. აჯობებს, ისეთი პირობებზე მოლაპარაკება, რაც მაქსიმალურად მისაღები იქნება უკრაინისათვის (მაგალითად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად ხელმოწერა და ევროკავშირში შესვლის პერსპექტივის გაცხადებულკი დადასტურება, ნატოში შესვლის და სევასტოპოლის ბაზის გასვლის გადავადება, და არა – სამუდამო დაკანონება), მაგრამ შეუნარჩუნებს სახეს რუსეთის ხელისუფლებასაც, რომელსაც შიდა ძალები ადვილად არ აპატიებენ პირში მწიფე ლეღვივით ჩასავარდნად გამზადებულ უკრაინაზე ხელის აღებას.
– ე) მაიდანზე მყოფი ადამიანები უეჭველად იმსახურებენ ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ გარანტიებს და კომპენსაციებს (განსაკუთრებით – დაღუპულთა ოჯახები) და ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია რადას დონეზე. ამავე დროს, უკეთესი იქნება, თუ ეს ადამიანები და მათი არაფორმალური (ფაქტირუი) ლიდერებიც გააცნობიერებენ, რომ ამ სიტუაციაში მაინც, როცა მათი ქვეყნის არსებობა სასწორზე დევს, ზედმეტი მაქსიმალიზმი დამღუპველი იქნება და საკუთარი პირობების ხისტად დაყენებაზე უარის თქმა მოუწევთ. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება იმას, თუ ვინ უნდა იყოს უკრაინის მმართველი ძალა არჩევნებამდე პერიოდში. აქვე მინდა ვთქვა, რომ იულია ტიმოშენკოსადმი ჩემი საკმაოდ ეჭვიანი დამოკიდებულების მიუხედავად, მისი პოლიტიკური პოტენციალის უარყოფა არ იქნება, ალბათ სწორი, თუმცა ესეც უკრაინელების გადასაწყვეტია. ტიმოშენკო თუ შეძლებს და თავის ამბიციებს დროებით მაინც მოთოკავს, მისთვისვე სასარგებლო იქნება…
– ვ) ყველა იმ ტვინგაცხელებულ პოლიტიკოსს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ უკრაინის დაშლა ის ჩიტია, რომელიც ბდღვნაც ნამდვილად ღირს ან საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, ან – უფრო დიდი ფასკუნჯის – რუსეთის დაშლის პროვოცირებისათვის, უნდა ესმოდეს, რომ მათი სურვილები ვერ დარჩება სამუდამოდ საიდუმლო და რომ უკრაინის ამ მსხვერპლშეწირვის ბინძური იდეით ისინი საკუთარ თავს მოლოტოვის და რიბენტროპის რანგში აყენებენ. და ისიც დროა გაიგონ, რომ თუ ერაყის და ავღანეთის დამორჩილება არ აღმოჩნდა არც იოლი და არც შესაძლებელი, მით უფრო შეუძლებელი იქნება ეს პროცესები ხელოვნურად რუსეთთან მიმართებაში.
იმპერიები, ისევე როგორც პატარა ქვეყნები, მაშინ იშლებიან, როცა მათი ხელისუფლება სრულად ამოწურავს მისი საყრდენი სვეტების სიმტკიცის რესურსებს.

======

P.S. აღნიშნული სტატიის დაწერა რუსულადაც ან ინგლისურადაც შეიძლებოდა, მაგრამ არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვინმე უკრაინაში ან ევროპაში მომისმენს, მაშინ როცა აქაც კი სათუოა ჩემი ფიქრების პროფესიული ფასიც და თუნდაც შინაური პოლიტიკოსების მხრიდან მოსმენის თუ არა, კამათის მზაობა მაინც 🙂

ჩემი ძირითადი სურვილი ისაა, რომ ერთად დავფიქრდეთ იმაზე, რა გამოცდას გვიმზადებს განგება. მგონი, უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ სხვათა მაგალითზე შეგვიძლია ვისწავლოთ. თუ, რა თქმა უნდა, ძველებურად არ გადავწყვეტთ, რომ მაინც საკუთარი შეცდომების დაშვება გვირჩევნია 😦


პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პასუხი მოქ. ზვიად კირტავას (სოლომონ თერნალელის) ღია წერილზე


ბატონო სოლომონ,

წლების განმავლობაში არაერთხელ ამშლია თქვენთან გაბაასების საღერღელი საზოგადო საქმეებზე, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი და რაღაცას ველოდი. ბედის ირონიაა თუ განგების ნება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თურმე ყველაზე უფრო შეუსაბამო დროსა და ვითარებას დავლოდებივარ…
მჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბებით სწორედ რომ გულდაწყვეტილი ხართ და არა გაბრაზებული. აი, მე კი, ვაღიარებ, რომ გულდაწყვეტილიცა ვარ და გაბრაზებულიც. გულდაწყვეტილობის მიზეზებზე არ და ვერ ვისაუბრებ, გაბრაზებული კი საკუთარ თავზე ვარ და მოგვიანებით გეტყვით, რატომ.

დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ რა შედეგი გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღეს: გაცილებით უარესი თავიდან ავიცილეთ; სასურველი ნაწილობრივ მივიღეთ; გვაქვს სასურველის სრულად მიღების პერსპექტივა (და არა გარანტია).
აი, აქ ვართ და ესაა რეალობა. ამ რეალობის შექმნის მიზეზებზე ბევრი საუბრობს და მეც შევეხები ზოგიერთს. თუმცა, თქვენი არ იყოს, მეც მჯერა, რომ თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მალე და მარტივად მოევლება, ვიდრე ამ პროცესში წარმოჩენილ ზოგიერთ სიღრმისეულ პრობლემას – დაწყებული საკანონმდებლო პროცესის ტექნიკური და არსობრივი ხარვეზებით და დამთავრებული ჯანსაღი კონკურენციის პირობებისადმი ტოტალური გაუცხოვებით, რაც საბჭოეთმა დაგვიტოვა…
შევეცდები საკითხებს მივყვე თქვენს ღია წერილში დასმული თანმიმდევრობით – ჯერ სამართლებრივი ამბები, მერე დანარჩენი.
საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ საკითხის სამართლებრივი მხარე სრულ წესრიგშია და ფუჭად კარგავს დროს და პროფესიულ ავტორიტეტს ყველა, ვინც ამაოდ ეძებს ფაქტებსა და არგუმენტებს პარლამენტის თუ დამსახელებელი სუბიექტების მიერ კანონის დარღვევის დასამტკიცებლად. მაგრამ კანონთან პირნათლად ყოფნა რომ ზოგადად პირნათელობის მხოლოდ აუცილებელი და არასაკმარისი პირობაა, ამაზე მხოლოდ ცოტამ თუ მიანიშნა მაუწყებლის თაობაზე დისკუსიის განმავლობაში. თქვენ იმ „ცოტადან“ ხართ (როგორც სულ იყავით თქვენი სოლომონობის ეპოქაში) და მადლობა ამისათვის! თუმცა თქვენც კი შემოგპარვიათ ეჭვები შესაძლო კანონდარღვევის თაობაზე და ამიტომ წვრილად მოგახსენებთ ყველა დასმულ კითხვაზე.

1. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა.
ყველა კანდიდატი პარლამენტს წარედგინა კანონით დადგნილ ვადებში. კომისიას კანდიდატები უნდა შეერჩია წარდგენის ვადის ამოწურვიდან (12.12.2013) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 22 დეკემბრისა). კომისიამ 2013 წლის 23 დეკემბერს წარმოადგინა 27 კანდიდატის სია (წერილი №42660). კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბრისა) განსაზღვრულმა სუბიექტებმა 6 კანდიდატურა წარმოუდგინეს საქართველოს პარლამენტს.

2. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა.
პარლამენტში ყველა წარდგინება შემოვიდა ერთ დღეს – 25 დეკემბერს. ვინაიდან კანონის მიხედვით ყველა სუბიექტს ერთდროულად ეწურებოდა ვადა და თან დაწესებული რიგითობის გამო ვიღაცა ვიღაცას უნდა დალოდებოდა, მე პირადად მივიღე საჭირო ზომები და ვთხოვე შესაბამის სუბიექტებს, რომ ეზრუნათ სხვებისთვის საკმარისი დროის დატოვებაზე. მაგრამ ეს იყო რეკომენდაცია და არა კანონით განსაზღვრული ვადების ვინმესთვის შეზღუდვა – სახალხო დამცველს შეეძლო სულ ბოლო წუთს დაესახელებინა კანდიდატი. მეორე მხრივ, ვერც აჭარის უმაღლეს საბჭოს (ან თუნდაც პარლამენტის რომელიმე 17 წევრს) მოვთხოვდით, რომ სხდომაზე შეკრებილიყვნენ და ბოლო წუთამდე დალოდებოდნენ სხვა სუბიექტის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ერთიდაიმავე კანდიდატის დასახელების შემთხვევაში უპირატესობა კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით გადაწყდებოდა და არა დოკუმენტის წარმოდგენის რიგითობით. საბოლოოდ, ამ საკითხზე არავითარი გაუგებრობა არ შექმნილა და კანონის დარღვევად ნამდვილად ვერ ჩავთვლი იმ ფაქტს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე მეტი ბუნებრივი საჯაროობა იყო კანდიდატის თაობაზე, ვიდრე სახალხო დამცველის მიერ ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილებისას.

3. თქვენ ბრძანებთ, რომ დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადები.
პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც კენჭი უყარა ისე, რომ არ დარღვეულა კანონის არც ერთი პუნქტი. კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირველ ტურში პარლამენტს კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარა საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან (2013 წლის 22 დეკემბერი) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (არაუგვიანეს 2014 წლის 13 იანვრისა). პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა 2013 წლის 27 დეკემბერს.
მეორე ტურში კანონი ადგენს კანდიდატთა წარდგენის 10 დღიან ვადას და არ ადგენს მათთვის კენჭისყრის ვადას. კანდიდატთა წარდგენის ვადის ბოლო დღეს, 6 იანვარს, სამივე სუბიექტმა, რომელთა კანდიდატებიც არ იქნენ არჩეულნი პირველ ტურში, წარმოადგინა იგივე კანდიდატები, რის შესახებაც პირადადაც მაცნობეს და მედიაშიც გაავრცელეს ინფორმაცია. ვინაიდან პარლამენტი იმყოფებოდა არდადეგებზე და ვინაიდან კენჭისყრის ვადას კანონი არ განსაზღვრავდა, პარლამენტმა აღნიშნულ კანდიდატებს კენჭი უყარა 23 იანვარს, ანუ, როგორც კი ამის საშუალება მიეცა ერთი დღით ადრე მოწვეული რიგგარეშე სესიის განმავლობაში (შედარებისთვის, წარდგენიდან მე-12 სამუშაო დღეს).

4. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე სერიოზული დარღვევაა ის, რომ არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა და რომ არ მოგისმენიათ დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი!

როგორ შეიძლება „სამი“ ნიშნავდეს „ერთსაც“…
თქვენს კითხვაზე ყველაზე მოკლე და ფორმალური პასუხი იქნებოდა თქვენთვის ერთი მარტივი კითხვის დასმა – „ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, ქალბატონი ნათელა სახოკია მეურვის თანამდებობიდან რომ გადადგეს (ვთქვათ, BBC-ის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო…), მის ადგილზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ვინ და რამდენ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს პირველ ტურში?“
მოხარული ვიქნები თუ ვინმე განსხვავებულ პასუხს გასცემს ამ კითხვას და ამით მეცნიერების ერთდროულად რამდენიმე დარგში (სამართლის, მათემატიკის, ლოგიკის, ქართული ენის და ა.შ.) შეიტანს რევოლუციურ გადატრიალებას… მაგრამ მანამდე, ვფიქრობ, პასუხი ნათელია – „საპარლამენტო უმრავლესობა, კანონის იმავე მუხლებისა და პუნქტების საფუძველზე, სადაც წერია ფრაზა „სამს საპარლამენტო უმრავლესობა“, წარადგენს ერთ კანდიდატურას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან“.
ამ, ერთი შეხედვით, „ერთ ტანკს ორზე უფრო მეტი ძალა აქვს“ სიტუაციის მიზეზი ისაა, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“, როგორც და სადაცაა იგი გამოყენებული, ნიშნავს იმას, რომ: ა) უმრავლესობას 9 ადგილიან სამეურვეო საბჭოში ენიჭება 3 ადგილიანი კვოტა; ბ) უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს 3, 2 ან 1 კანდიდატს იმის მიხედვით, თუ რამდენი ადგილია შესავსები ან ვაკანტური სამეურვეო საბჭოში კანონით მისთვის მიკუთვნებული 3 ადგილიდან; და გ) კანონის ეს ნორმა გამოიყენება სამეურვეო საბჭოს თავდაპირველი ფორმირებისთვისაც და შემდგომი ფუნქციონირებისთვისაც და ამიტომ მისი ინტერპრეტირებისას უნდა გავითვალისწინოთ როდის და რა პირობებში ვიყენებთ მას..
ეს ისე, იმის დასტურად, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“ შეიძლება ნიშნავდეს „წარუდგენს ერთს“, როგორც ზოგადად სამი შესაძლებლიდან კონკრეტულად (და ამჯერად) ერთს… აქვე შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ რადგან „სამი“ ყოფილა არა ერთი მთლიანი და განუყოფადი, არამედ სამ ერთეულად დაყოფადი და მერე ისევ შეკრებადი, მაშინ ნულიც უკვე საქმეშია (ანუ „არავის დასახელება = დასახელება არავისი“) და ამით კამათიც დაგვესრულებინა. მაგრამ ვშიშობ, ამგვარ ახსნას ბევრი ვერ გაიგებს და „ხალიჩიდან გაქცევად“ ჩამითვლის. ამიტომ გავაგრძელოთ მსჯელობა.

უფლება, ვალდებულება თუ უფლებამოსილება?
თუ უმრავლესობა (ან უმცირესობა, სახალხო დამცველი, აჭარის უმაღლესი საბჭო – კანონი და სტანდარტი ყველასთვის ერთი რომ უნდა იყოს, ამაზე ყველა ვთანხმდებით) არსებულ ვაკანსიაზე საკონკურსო კომისიის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არავის არ წარუდგენს პარლამენტს, ამით იგი არღვევს თუ არა კანონს? არ არღვევს, ისევე, როგორც არ დაარღვევდა კანონს: ა) განაცხადის შემტანი 68 მოქალაქიდან თვითეული, თუ იგი არ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში; ბ) საკონკურსო კომისია, თუ იგი არ გაუწევდა რეკომენდაციას 68-დან არც ერთ კანდიდატს; გ) პარლამენტის წევრი, თუ იგი ხმას არ მისცემდა კენჭისყრაზე გამოტანილ არც ერთ კანდიდატს. ცხადია, სრულიად სხვადასხვაა ჩამოთვლილი „რაღაცის არ გამკეთებლების“ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა შესაბამის არ თუ ვერ გაკეთებულზე, მაგრამ ისინი ერთნაირად პირნათელნი არიან კანონთან.

ვინც თვლის, რომ „არ წარდგენა კანონის დარღვევაა“, იქნებ ისიც თქვას იმ 31 პარლამენტის წევრიდან, რომელთაგან ნებისმიერ 17-ს შეეძლო არაუმრავლესობისთვის განკუთვნილი მესამე კვოტის ათვისება და კანდიდატის დასახელება, რომელმა დაარღვია კანონი და რომელმა არა. ვინც საერთოდ არ გაეკარა პროცესს, დაარღვია მან კანონი? ალბათ არა, იმიტომ რომ დანარჩენებს უიმისოდაც შეეძლოთ კანდიდატის დასახელება… ვინც სამი დღე ირბინა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად და 9-ზე მეტი ვერ მოაგროვა? ალბათ არა, მეტი რაღა ექნა… მაშინ ვინ დაარღვია კანონი? და თუ კანონის დამრღვევი არ გვყავს, როგორღა დაირღვა კანონი?

კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის, ასეც დავსვათ კითხვა: რა უნდა ექნა საკონკურსო კომისიას (რომელსაც კანონი ზუსტად ისევე კატეგორიულად ავალებს ვაკანსიაზე მინიმუმ სამჯერ მეტი კანდიდატის „წარდგენას“, როგორც მოგვიანებით დამსახელებელ სუბიექტებს), თუ 68 აპლიკანტიდან 50-ს ოქროს ასოებით ექნებოდა საბუთებში მითითებული საკუთარი პარტიული კუთვნილება? ამ შემთხვევაში კომისიას კანონის ერთი მუხლის დარღვევით უნდა შეერჩია 27 კანდიდატი, თუ კანონის მეორე მუხლის დარღვევით არ უნდა შეერჩია 27 კანდიდატი? ანუ კომისია ყველა შემთხვევაში განწირული იქნებოდა კანონის დარღვევისთვის?
შეიძლება ვინმემ თქვას, აქ ხომ ფორმალურმა მიზეზმა არ მისცა კომისიას „ვალდებულების“ შესრულების საშუალება და ამიტომ არ ჩაითვლება კანონის დარღვევადო – „რაც მათზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი იღონეს და თავს ზემოთ ძალა აღარ ეყოთ…“
დავუშვათ, რომ ასეა (თუმცა, უკვე გამოდის, რომ „რაღაც“ მიზეზით თურმე

შეიძლება „ვალდებულების“ არ შესრულება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს) და განვიხილოთ სხვა შესაძლო შემთხვევა. ვთქვათ, ფორმალური გადარჩევის შემდეგ დარჩენილი 45 კანდიდატიდან 25-მა ისეთი კონცეფცია წარმოადგინა და ისე მოიქცა გასაუბრებაზე, რომ კომისიის წევრთა ღრმა რწმენით, სინდისის კარნახით და საღი აზრით მათი საზოგადოებრივ მაუწყებლელთან ახლოს მიშვებაც კი დაუშვებელია. როგორ უნდა მოიქცეს კომისია და მისი წევრები? კანონით დაკისრებული „ვალდებულების“ გამო (მინიმუმ 27 კანდიდატის წარდგენა) უარი უნდა თქვან საღ აზრზეც, სინდისზეც, რწმენაზეც, საკუთარ რეპუტაციაზეც და როგორმე 27-მდე შეავსონ სია? ასეთ შემთხვევაში ხომ არ გამოვა, რომ თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კანონს „დაუვალებია“ ყოფილა „მოცემული 68-დან ვინმე 27-ის“ აუცილებლად შერჩევა და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი რომ ჩაბარდება ისეთი კანდიდატების გამოვლენა…

შესაძლოა გადაგღალეთ კაზუისტიკით, მაგალითებით, შედარებებითა და მოდელირებით, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება დასმული საკითხის არსში გარკვევა – კანონის ნორმა და მისი ესა თუ ის ინტერპრეტაცია ყველა გამოცდას და ტესტს უნდა უძლებდეს, ყველა შესაძლო მოცემულობაში ერთნაირი წარმატებით უნდა მუშაობდეს და არა მხოლოდ ალაგ-ალაგ, როდესაც ეს ვინმეს აწყობს.
ამ მაგალითებით მე მხოლოდ იმის დემონსტრირება მსურდა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის ფრაზები იმის შესახებ, რომ საკონკურსო კომისია ან დასახელების კვოტების მქონე სუბიექტი „წარუდგენს“ ვინმეს 1, 3 თუ 27 კანდიდატს (ან „პარლამენტი აირჩევს“) ნიშნავს მათ ექსკლუზიურ კომპეტენციას, უფლებამოსილებას, ფუნქციას, რომელიც მათ შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დამოუკიდებელი (ფორმალური დარღვევები, კანდიდატურის მოხსნა) ან მათზე დამოკიდებული (განსჯის შედეგად დაიწუნეს, ვერ შეთანხმდნენ, პოლიტიკურად ასე ჩათვალეს მიზანშეწონილად) მიზეზების გამო და ეს შეიძლება მოხდეს კანონის სრული დაცვით. მეტიც, შეძლება ამ ვერ შესრულებისთვის (კომისიამ არ შეარჩია, სახალხო დამცველმა არ წარადგინა, ან პარლამენტმა არ აირჩია სრულიად შეუსაბამო პირები) მადლობაც კი ეკუთვნოდეს ვინმეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მაგალითები არ მომყავს როგორც რეალობის შინაარსობრივი ანალოგია (კანდიდატების შესაფერისობა და ა.შ.). მაგალითები მომყავს იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ იურიდიული კონსტრუქციების შინაარსი და უფლების, მოვალეობის, კომპეტენციის და დისკრეციის ფარგლები და შეზღუდვები.

სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

სუბიექტებმა, რომლებმაც არ თუ ვერ წარადგინეს კანდიდატები, შესაძლოა ამით დაარღვიეს სხვა ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა, მაგრამ მათ არ დაურღვევით კანონი. საერთოდ, თუ გვინდა ოდესმე დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გავმიჯნოთ იგი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. განა კანონის ფარგლებში შეუძლებელია არასწორი გადაწყვეტილების მიღება?
მაგალითად, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება სამართლებრივი რეაგირება იმ შესაძლო ვითარებაზე, როდესაც 4 წლის განმავლობაში არცერთი პარლამენტის წევრი არ იყენებს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას! ამასობაში, „საკანონმდებლო ინიციატივის უფლება“ უბრალოდ უფლებაა (როგორც მოქალაქის „საკანონმდებლო წინადადების უფლება“) თუ რაღაცა უფრო მეტი? რა თქმა უნდა, ეს „უფლება“ რაღაცა უფრო მეტია – ეს უფლებამოსილებაა, კომპეტენციაა, ფუნქციაა, ძალაუფლებაა, პოლიტიკური ვალდებულებაა, პროფესიული მოვალეობაა. ამ დროს პარლამენტის წევრები არღვევენ ყველაფერს, გარდა კანონისა… ამიტომაც რეაგირება შეიძლება იყოს ყველანაირი, გარდა სამართლებრივისა…

ანტი-ჩიხური მექანიზმები.
თქვენ სწორად სვამთ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არაფერი წერია კანონში იმის თაობაზე, თუ რა მოხდება თუკი დამსახელებელმა სუბიექტებმა ვერა და ვერ მოახერხეს კანდიდატების წარდგენა. მაგრამ ეს კითხვა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ „ესე იგი 3-ის დასახელება ვალდებულებაა, რომელიც ყოველი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს“, არამედ პირიქით – საჭიროა სათანადო სამოტივაციო სისტემის შექმნა, რათა ჩიხში არ შევიდეთ.
არსებობს ანტი-ჩიხური სამართლებრივი მექანიზმები (მაგალითად, არჩევნების მეორე ტური 2 საუკეთესოს მონაწილეობით, მამაპაპური წილისყრა თანაბარი ხმების შემთხვევაში და ა.შ.). ამავე კანონში პარლამენტის მიერ მეურვის არჩევის მექანიზმში დევს ანტი-ჩიხური ფორმულა – არჩევისთვის საჭიროა 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ თუ პირველ ან მეორე ტურში კანდიდატმა ვერ მიიღო 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ მიიღო 50-ზე მეტი ხმა, ის ჩაითვლება არჩეულად. თუ ვერც 50-ზე მეტი ხმა მიიღო ვინმემ, მაშინ კონკურსი თავიდან იმართება. ამ შემთხვევაში 50 ხმიანი მეორე საფეხურის შემოღებით ჩნდება დამატებითი მოტივაციები და შანსები იმისათვის, რომ გამარჯვებული გამოვლინდეს არსებული კონკურსის ფარგლებში და არ დაგვჭირდეს ახალი კონკურსი.

უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანდიდატის ვერ (ვერ შეთანხმდნენ ფრაქციები ან პარლამენტის წევრები), ან არ (არავინ არ მოეწონათ) დასახელების შემთხვევაში კი საქმე პირდაპირ ახალ კონკურსამდე მიდის. ამასობაში, წარმდგენ კოლეგიალურ სუბიექტებს შეთანხმებისკენ მხოლოდ ზოგადი ფაქტორები და რისკები უბიძგებს (ერთი გუნდი ვართ, მაუწყებელს მეურვე სჭირდება, მთელი ეუთო ჩვენ შემოგვყურებს და სხვ.) და არა – კონკრეტული (მაგალითად, „თუ ვერ შევთანხმდით, ჩვენი კვოტა სხვას გადაეცემა“).
ანტი-ჩიხური მექანიზმები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, როდესაც საქმე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს და პროცედურებს ეხება.

5. თქვენ ბრძანებთ, რომ არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი იყო საკუთარი გადაწყვეტილებების თუ პოზიციების დასაბუთება პარლამენტის წევრთა მხრიდან.
ამ საკითხზე დეტალური კომენტარისგან თავს ვიკავებ, ვინაიდან აქ სადავოა არა სამართალებრივი ან პროცედურული საკითხები, არამედ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მოტივაციის თუ არგუმენტაციის სისწორე და დამაჯერებლობა. ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ კრიტიკულ მიდგომას და კითხვების დასმას მივესალმები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხზე კენჭისყრის ან პოზიციის გამოხატვის შემდეგაც. რაც უფრო ფართოა ხელისუფლებით აღჭურვილი პირის დისკრეცია, მიიღოს რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთი, მით მეტია მისი ვალდებულება განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.
ცხადია, ვითარება რთულდება, როდესაც კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ეხება საქმე. კიდევ უფრო რთულია კოალიციური გადაწყვეტილებები. გარდაუვალია ურთიერთკომპრომისებიც, რასაც შედეგით უკმაყოფილო მოქალაქემ შესაძლოა „პრინციპების ხარჯზე მიუღებელი პოლიტიკური ვაჭრობა“ დაარქვას და კმაყოფილმა მოქალაქემ – „პოლიტიკური სიბრძნის და შორსმჭვრეტელობის ნიმუში“.
მაგალითად, როგორი იქნებოდა რჩევა, თუ სასწორზე დაიდებოდა თვითმმართველობის კოდექსის მიღება, ერთი მხრივ, და პრინციპული მოსაზრებით ხმის მიცემა მეურვეობის უპერსპექტივო კანდიდატისთვის, მეორე მხრივ? წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქეების აზრები და რჩევები აუცილებლად გაიყოფოდა. მეტიც, გამოჩნდებოდნენ „ყველაზე ჭკვიანები“, რომლებიც იტყოდნენ, რომ არ შეიძლება ამ საკითხების სასწორზე ერთად დადება! სად „ეს“ და სად „ის“! მართლაც… მაგრამ პრობლემაც იმაშია, რომ რაც ერთისთვის არის „ის“, მეორესთვის არის „ეს“… და ასე იქნება ჯერ კიდევ მრავალჟამიერ, სანამ ღირებულებით ერთობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ერთობებს არ დაეფუძნება ჩვენი ეროვნული ერთობა.
თუმცა, მანამდე ურიგო არ იქნება, თუ მეტ პატივს ვცემთ ჩვენს „რიგით, უბრალო, საშუალო“ თანამოქალაქეს და სწორედ მას ავუხსნით ხოლმე ყველა გადაწყვეტილებას, ნაცვლად პოლიტიკურ ოპონენტებთან უაზრო პაექრობისა.

6. თქვენ ბრძანებთ, რომ საკონკურსო კომისიის მუშაობა კარგად დაიწყო და უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა.
საკონკურსო კომისიამ, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ ჩემი წინადადებით პარლამენტმა დაამტკიცა, უაღრესად შემჭიდროვებულ ვადებში თავდაუზოგავად იშრომა და თავისი პირუთვნელი დასკვნები საჯარო ვითარებაში შეიმუშავა. განვითრებული მოვლენების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო კომისიამ პროცესში მონაწილე ყველა სხვა სუბიექტზე გაცილებით უკეთ გაართვა თავი საქმეს, რისთვისაც მე კომისიის ყველა წევრს გულწრფელი მადლობა გადავუხადე. საერთო ფონზე, ბოლო ხანებში, კომისიის წევრებსაც მოუწიათ საკუთარი ხან შეშფოთების და ხან აღშფოთების გამოხატვა. მაგრამ ცდება ყველა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ პირადი ამბიცია („ჩვენი შერჩეულები როგორ დაიწუნა ვინმემ“) ალაპარაკებთ. მათმა უანგარო და კვალიფიციურმა გარჯამ მხოლოდ სანახევრო ნაყოფი გამოიღო. ამიტომ, აქვთ საფუძველი იყვნენ ნახევრად გაბრაზებულები… დარწმუნებული ვარ, მეორე ცდით წარმატებით დავასრულებთ პროცესს და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.
მე მოხარული ვიქნები, თუ კანონით დადგენილი კონსულტაციებისა და პროცედურების შემდეგ შესაძლებლობა მექნება, კომისიის იგივე შემადგენლობა შევთავაზო პარლამენტს ახალი კონკურსის ჩასატარებლად.

7. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე უფრო ამ პროცესით ჯერ გაჩენილი და შემდეგ (კვლავ) გაცრუებული იმედები გაწუხებთ…
მეც სწორედ ეს მაწუხებს, განსაკუთრებით, ამ ყველაფერში პირადად ჩემი „წვლილი“… აშკარაა, რომ კანონში ბოლო ცვლილებების შეტანის შემდეგ (20 ნოემბრიდან) პროცესს სჭირდებოდა გაცილებით უკეთესი პოლიტიკური, ორგანიზაციული და ინფორმაციული მენეჯმენტი და ეს, პირველ რიგში, თავად მე უნდა გამეკეთებინა.
კონკურსის გამოცხადების შესახებ ჩემს მიერ 27 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, როგორც აღმოჩნდა, ჩაიკარგა ვილნიუსის სამიტის და უკრაინის მოვლენების ფონზე და ეს თემა „პოლიტიკურ რადარზე“ გამოჩნდა მხოლოდ 11 დეკემბერს საღამოს, პარლამენტის მიერ 9 წევრიანი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შემდეგ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ იმ საღამოს და მეორე დილით უამრავმა ადამიანმა დამირეკა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პარლამენტმა საკონკურსო კომისია კი არა, 9-კაციანი სამეურვეო საბჭო დაამტკიცა უკვე… ამასობაში, მეორე დღეს საღამოს აპლიკაციების მიღება დამთავრდა. (სხვათა შორის, შემოსული 68 განაცხადებიდან 47 განცხადება ბოლო დღეს, 12 დეკემბერს შემოვიდა).
შეეძლო თუ არა საჭირო ინფორმაციის მიღება ყველას, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა აინტერესებდა? კონკურსის უფრო ადრე ჩატარების საკითხს პარლამენტში ნოემბრის განმავლობაში სამი მოსმენით პირდაპირ ეთერში ვიხილავდით (თან საკმაოდ ხმაურიანად); კონკურსის გამოცხადების ბრძანება პარლამენტის ბიუროს გავაცანი (რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა); ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ყველა საჭირო დეტალით და მე პირადად მინიმუმ სამ სატელევიზიო ეთერში განვაცხადე, რომ დაიწყო საკონკურსო განაცხადების მიღება. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციები მქონდა სახალხო დამცველთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, საპარლამენტო უმცირესობასთან, უმრავლესობაში შემავალ ყველა ფრაქციასთან, მედიის წარმომადგენლებთან. ასე, რომ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იყო და ყველა მსურველს შეეძლო მიეღო საჭირო ინფორმაცია. მაგრამ ეს აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო იყო მეტი პრო-აქტიურობა. ჩვენ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა კი არ უნდა გაგვეჩინა, არამედ უნდა „გვეიძულებინა“ ყველა, რომ მიეღოთ ინფორმაცია. ამასობაში, ჩემთვის ეს თემა თვეების განმავლობაში იმდენად აქტუალური იყო, რომ მისი „გაპიარების“ საჭიროება არც კი მომსვლია თავში…
ამ საკითხზე ამდენ ყურადღებას ორი მიზეზის გამო ვამახვილებ: 1. აღმოჩნდა, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით ვადების შესახებ, მართლაც არ ჰქონდა ბევრ დაინტერესებულ პირს (სრულიად განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა წრეებიდან); 2. დაინტერესებულ პირთა ფართო წრის მიერ მიღებულმა თავდაპირველმა შოკმა („ეს მნიშვნელოვანი პროცესი ასე მალულად როგორ და რატომ ჩატარდა…“) სერიოზული დაღი დაასვა შემდგომ პროცესებს.
ეს პრობლემა და მისი შესაძლო შედეგები ჩემთვის ნათელი გახდა განაცხადების მიღების დასრულებიდან 2-3 დღეში. გაჩნდა მოწოდებები ვადის გაგრძელების შესახებ; გაჩნდა კითხვები, რომელთა უბრალოდ გაჩენამაც კი პრობლემების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოიწვია. აღმოვჩნდი მძიმე დილემის წინაშე – ან დაწყებული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო და დანაკარგების მინიმალიზაციაზე მეზრუნა; ან უნდა გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ „მართალია საკონკურსო კომისიამ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე დაიწყო შემოსული განაცხადების განხილვა და შედეგები 10 დღეში უნდა წარმოადგინოს, მაგრამ მე მათ მივმართავ, შეწყვიტონ მუშაობა, ვინაიდან „ამიტომ და იმიტომ“ ვაპირებ კანონში ცვლილების ინიცირებას ვადების გაგრძელების შესახებ, რასაც პარლამენტი იანვრის დასაწყისში მიიღებს, ალბათ“…
მეორე ვერსია ერთი შეხედვითაც კი იმდენად აბსურდული ჩანს, რომ შესაძლოა არც კი დაიჯეროთ, რომ მე ამ ვერსიაზე 2 დღის განმავლობაში სერიოზულად ვფიქრობდი… მეორე მხრივ, 2 დღის განმავლობაში ამ აბსურდზე სერიოზულად ფიქრის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ვერსიის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების სიმძიმეც (ანუ, რაც დღეს აწუხებს საზოგადოებას) მაშინვე მქონდა გაცნობიერებული.
როგორც ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება, კარგი ვერსიის აღარ არსებობის გამო, ცუდს და უარესს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება – გადავწყვიტე პროცესი გაგვეგრძელებინა და დანაკარგების შემცირებაზე გვეზრუნა. შედეგად მივიღეთ 4 მეურვე 9 საჭიროდან და უამრავი კითხვა, რომელთა უდიდეს ნაწილსაც მეორე ეტაპზე შეიძლება გაეცეს დამაჯერებელი პასუხი. სხვა შემთხვევაში მივიღებდით 0 მეურვეს 9 საჭიროდან და გაცილებით მეტ კითხვას, რომელთა უდიდეს ნაწილზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნებოდა.
არადა, სულ ცოტა იყო საჭირო იმისათვის, რომ მეურვეთა საბჭოც ღირსეული ხალხით დაკომპლექტებულიყო და ამდენი უარყოფითი ემოციის ნაცვლად სიამაყის და სიხარულის განცდა დაუფლებოდა ყველას. სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინე, რომ ამ მრავალჭირნახული საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას მეტი ყურადღება, მეტი განმარტება, მეტი ინფორმირება, მეტი დელიკატურობა სჭირდებოდა.
……….
„არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, რომ თქვენთვის კარგი მინდაო“ – ამბობთ. მჯერა, ამ წუთში ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ მაგისი მჯერა. მინდა, რომ თქვენც გჯეროდეთ… ამიტომ, ვკადნიერდები და მოგმართავთ – იქნებ ერთხელ კიდევ ვცადოთ ყველამ ერთად, მალე ახალი კონკურსი გამოცხადდება…

დ. უსუფაშვილი
4 თებერვალი, 2014

========
(სოლომონ თერნალელის ღია წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს – https://solomonternaleli.wordpress.com/2014/01/29/ღია-წერილი-საქართველოს-პ/ )


ხერხემლის ცრემლები


26vano merabiSvili

„მინდა მე ორი კაცი… ორი გვამი მჭირდება… მომიტანეთ ეს ორი გვამი… პრემია დიდია!“
(ვ. მერაბიშვილი, 2009)

ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილს ცრემლები წამოუვიდა, როგორც საკუთარ თავს, ასევე ფეისბუქზე ჩემს ნაცნობთა უმრავლესობას შევატყვე, რომ ამ ცრემლებმა თანაგრძნობა კი არა, უფრო გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით იმით, რომ ბატონი ვანოს ოჯახზე მისგან ნახსენები 9-წლიანი გასაოცარი ზეწოლა ვერც გავიხსენეთ და ვერც დავიჯერეთ…

ცუდია, როცა თანაგრძნობა არ შეგიძლია. ჩვენთვისვე ცუდია. თითოეულ იმ ადამიანში, რომელსაც ამ სიტყვების წაკითხვისას იფიქრებს, რომ ზუსტად იგივეს განიცდის, თანდათან ხომ შეუძლებელი ხდება სულიერების თუ მიმტევებლობის ქრისტიანული დოგმის იმ ძნელადშესრულებადი მოთხოვნის შესრულება, რომ ჩვენი ოპონენტებიც და მტრებიც კი ისევე უნდა გვიყვარდეს, როგორც ჩვენი მოყვასნი. ამ ცრემლების ხილვისას უამრავი მკაცრი განცხადების ფონზე ხომ ცხადია, შორს ვართ იმის რწმენისაგან, რომ სიბრალული ამაღლებს ადამიანს, ხოლო შურისძიების თუ თუნდაც სამართლის აღსრულების ჟინი ჩვენს სულს აცარიელებს და ამძიმებს…

როდესაც 2013 წლის ივნისში სტატია – „ჟამი სინანულისა“ დავწერე და ბლოგზე განვათავსე (https://solomonternaleli.wordpress.com/2013/06/24/ჟამი-სინანულისა), მართლაც მქონდა იმის იმედი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მონანიების – კერძოდ, კი ორმხრივი მონანიების პროცესი დაიწყებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ საზოგადოების ორ პოლიტიკურად მიკერძოებულ მხარეს შორის ჩატეხილი ხიდი აღგვედგინა, დაგვედგინა, რა არის სწორი, და რა არასწორი… რა – მისატევებელი და რა – სამართლის ნორმებით გასასწორებელი… რას ეყოფოდა ბოდიში, რას – ფინანსური თუ სხვა სახის კომპენსაცია, და რა – აუცილებლად უნდა გამხდარიყო სისხლის სამართლის წესით და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამართლიანი და კანონიერი ვადით პატიმრობის საფუძველი. სხვათა შორის, ახლაც ვთვლი, რომ ამ უკანასკნელი კატეგორიის შესატყვისი პირების რიცხვი დიდი არ იქნება… არ მგონია, რომ რამდენიმე ათეულზე მეტი… ჩემს სტატიაში გახსენებული მქონდა როგორც ნიურნბერგის პროცესი (რომელზეც გასამართლებულ პირთა რაოდენობა თუნდაც ფაშიზმის საზარელი დანაშაულების შემდეგ მხოლოდ 1800 თუ იყო) და საზოგადოების დენაციფიკაციის მწყობრი სისტემა, რომელმაც გერმანული საზოგადოება იძულებული გახადა, გაცნობოდა იმ საშინელებებს, რაც საკონცენტრაციო ბანაკებში ხდებოდა და ზოგჯერ პირადადაც მონაწილეობა მიეღო ამ საშინელებათა შედეგების ლიკვიდაციაში (მაგალითად, ფაშიზმის ათეულ ათასობით დახვრეტილ მსხვერპლთა გვამების გზებისპირა მიწაყრილებიდან ამოთხრასა და გადასვენებაში). ამავე დროს ხაზი გავუსვი იმას, თუ როგორ შეძლებისდაგვარად ნაკლებმტკივნეულად დასძლია გერმანელმა ერმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატეხილი ხიდის და საზოგადოების გაერთიანების უმძიმესი ამოცანა – სწორედ იმის წყალობით, რომ სამართლის აღსრულებასთან ერთად მონანიების და მიტევებისა პროცესი სწორად იქნა წარმართული. ხაზი მინდა გავუსვა – ლაპარაკი ფაშიზმზე და ნაცმოძრაობაზე იმიტომ არ დამიწყია, რომ მათ შორის ტოლობის ნიშანს ვსვამ. არამედ იმიტომ, რომ თუნდაც იმ საოცარი მასშტაბის საშინელების შემდეგ აღორძინების და ერის გამთლიანების მექანიზმები გავიხსენოთ და ჩვენთვის საჭირო დასკვნები გავაკეთოთ – არა კოპირებით, არამედ მასშტაბების და ნიუანსების სწორი გათვალისწინებით…

მაგრამ ამ სტატიის დაწერიდან ნახევარ წელზე მეტი გავიდა და მგონი, სასურველის უკუპროცესებთან გვაქვს საქმე.

სასამართლო პროცესების 99% არც კი დაწყებულა. პროკურატურა გადატვირთულია ხელუხლებელი საჩივრებით. არამცთუ უგულავას და კეზერაშვილის, არამედ ახალაიას და მერაბიშვილის საქმეებიც კი, მგონი, შორსაა დასრულებისაგან. ნაცმოძრაობის პასუხისგებაში მიცემულ მაღალჩინოსან პირთა მიმართ რამდენჯერმე მოხდა ბრალის დამძიმება ახალი გარემოებების გამო, მაგრამ ჯერ ყოფილი მთავარი პროკურორის გადადგომის, მერე – მისი მოადგილის უცნაური გაუჩინარების, და ბოლოს უკვე მეორე მთავარი პროკურორის სკანდალური გადადგომის გამო მთელი რიგი პროცესები ისევ გაჭიანურდა ან სულაც კითხვის ქვეშ დადგა.

ამის პარალელურად, გაიზარდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ საკუთარ უდანაშაულობაზე ლაპარაკის რიტორიკა, სრული ტემპით მიმდინარეობს მათი მხარდამჭერების მობილიზება და სხვადასხვა სახის სარეკლამო თუ პიარ-აქციები. ლოზუნგებით „თავისუფლება ვანოს!“ „იძებნება სამართალი!“ (პირადად თაკო სალაყაიას ხელში დაჭერილი ბანერი ამ ლოზუნგით), „შეწყდეს პოლიტიკური დევნა!“ – წარმართული ეს კამპანია დაახლოებით ისეთივე მასშტაბური ხდება, როგორც ჩემს ბავშვობაში ანჯელა დევისის დაცვის მოძრაობა იყო.

ამ ფონზე გამოიკვეთა, რომ ნაცმოძრაობის პასუხისმგებელ პირთა მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინის პირობებში საზოგადოების მიერ განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება სხვადასხვა არხით გავრცელებული ის ინფორმაციები, რომელიც მათ ბრალეულობას საბოლოოდ, რა თქმა უნდა, არ ადასტურებს, მაგრამ მნიშვნელოვნად მაინც ამყარებს საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ ისედაც უეჭველად მიჩნეულ შეხედულებას, რომ ნაცმოძრაობის მმართველობა იყო დაფუძნებული მასიურ ტერორზე და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავ შემთხვევაზე, რომელთაც საზოგადოების ფსიქოლოგიური დაშინების ან ადამიანების ფინანსური გატყავების სისტემური ხასიათი ჰქონდათ. ადამიანები სულ უფრო მეტად გამოხატავენ დარწმუნებას იმაში, რომ ნაცმოძრაობა დამნაშავე რეჟიმი იყო და ამავდროულად – ეჭვს იმაში, რომ არსებულ ხელისუფლებას ამ რეჟიმის გასამართლება ძალუძს! ეს კი ძალიან ფეთქებსაშიში ნაზავია!

ანუ, ყველა ის კომპონენტი, რომელიც მე ზემოთხსენებულ სტატიაში აღვწერე – მთავარი დამნაშავე პირების მიმართ სამართლის დადგომა, ნაკლებდამნაშავე პირების მიერ სისტემურ დანაშაულში თუნდაც ნება-უნებლიედ ხელშეწყობის გამო მონანიება და, საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა, ხოლო საზოგადოების ადრე დაჩაგრული ფენის მიერ – მათთვის მიტევება და რეაბილიტაცია – პრაქტიკულად გაჩერებულია და ამის გამო საზოგადოების გახლეჩა არამცთუ არ შემცირებულა, არამედ, მგონი, იმ კრიტიკულ ზღვარს აღწევს, როცა შეიძლება პროცესებმა უმართავი ხასიათი მიიღოს და ამა თუ იმ ადგილზე სერიოზული კონფლიქტები წარმოშვას. არ დაგვავიწყდეს, რომ არდამადგარი სამართალი ან გადავადებული სამართლის აღსრულება ძალიან ნოყიერი ნიადაგია პირადი შურისძიებების და ანგარიშსწორების დასაწყებად, რაც ჩვენი საზოგადოებისათვის, მით უფრო – ჩასაფრებული გარეშე მტრის პირობებში, უდიდესი საფრთხის შემცველია!

ყველაფერი ამის დაწერა კი მაიძულა იმ ამბებმა და საზოგადოების კიდევ ერთხელ აფორიაქებამ, რაც მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული ვიდეომასალის ამოტივტივებამ გამოიწვია.
პირველ რიგში, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ მასალის გავრცელების წყარო და საშუალებებიც ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული, მაგრამ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც ავთენტურობის გარდა იმ კითხვას სვამს, შეიძლება თუ არა წყაროს დადგენამდე ამ მასალაზე დაყრდნობით პროკურატურის მიერ ვიდეოში აღწერილი მოვლენების შესასწავლად გამოძიების დაწყება, მოსმენის ღირსად არ ვთვლი! რადგან დამნაშავე რეჟიმების მიმართ რომ წყაროების დადგენა იყოს მთავარი მიზანი და არა – ამ მასალებით ასახული დანაშაულებების გამოძიება, ასეთი მიდგომით ამ რეჟიმთა უძლეველობა ლამის გარანტირებული იქნებოდა. და ის, ვინც საკითხს ასე სვამს (ნაცმოძრაობის აპოლოგეტების და ადვოკატების ჩათვლით), მიმაჩნია, რომ სწორედ სიმართლის მიჩქმალვით და დასამარებითაა დაინტერესებული.

ხაზი უნდა გავუსვათ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერ კიდევ დასადგენია, მასალაში ასახულ მთავარ გმირებს – ვანო მერაბიშვილს, დავით ნაირაშვილს, გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილს – არ გასჩენიათ (ყოველ შემთხვევაში – არ მოგვისმენია არც მათგან და არც საზღვარგარეთ მყოფ ზურაბ ადეიშვილის, დათა ახალაიას და ერეკლე კოდუასაგან), რომ ამ ვიდეოზე ისინი არ არიან ასახულნი, რომ მათი საუბარი გაყალბებულია, რომ მათ ეჭვი ეპარებათ თუნდაც იმაში, რომ მასალა დამონტაჟებულია. მეტიც, გამოჩნდა ხალხი, ვინც ამას ყველაფერს ადასტურებს და ამბობს, მართალია ეგ, მეც იქ ვიყავი მაგ დროსო (მაგ. გივი თარგამაძე), ან იმას – იქ არ ვიყავი, მაგრამ ზუსტად ვიციო (შოთა უტიაშვილი). ავთენტურობას ძირითადად ან ძალიან ფრთხილი ხალხი ახსენებდა, რომელთაც ეს სისხლში აქვთ გამჯდარი (ადვოკატები, ნაცმოძრაობის ნაბარტყი „ენჯეო“-ები), ან ისინი, ვინც იქ არ იყო (აკაკი ბობოხიძე) და ვინაც იჩქარა და ვანოსაც კი დაასწრო ვანოს „გაპრავება“.

ვანოსთვის დასწრების და მისი „გაპრავების“ კი მართლაც ფანტასტიური მარგალიტები იყო წარმოდგენილი, რომელიც ქართული პოლიტიკური ისტორიის ქრესტომათიაშია შესატანი.
შოთა უტიაშვილი, რომელიც 2009 წელს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო და სწორედაც რომ ევალებოდა მინისტრის ყველა გადაწყვეტილების საქმის კურსში ყოფნა, და თუ საჭირო გახდებოდა, ამ გადაწყვეტილებათა განმარტებაც თუ ანალიზიც: „არსებობდა ინფორმაცია, რომ ეს ხალხი აწარმოებდა მოლაპარაკებას აჯანყების შესახებ სხვა მეთაურებთანაც და ვანო იძლევა ბრძანებას – ის კი არა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი მოკალით, ამ ორ ადამიანზეა ლაპარაკი – კრიალაშვილზე და ოთანაძეზე. ჰქონდა თუ არა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება? – ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს იყო მიმდინარე ამბოხი, სახელმწიფოს ემუქრებოდა საფრთხე და სახელმწიფოს ვალი იყო ამის ნეიტრალიზება ნებისმიერი საშუალებით. მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნა და ნათელი იყო, რომ ამბოხება აღარ მოხდებოდა, ბრძანება შეიცვალა დაკავების ბრძანებით და მერე უკვე მიმდინარეობდა დაკავების ოპერაცია” („ნეტგაზეთი“, 30.01.2014).

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კარგად არ ახსოვს, რატომ და როგორ მოხვდა მუხროვანში, სავარაუდოდ, პრეზიდენტთან ერთადო… და რომ შემთხვევით და მოულოდნელად მოხვდა, ამის მაგალითად თავისი მდგომარეობასთან შეუსაბამო ჩაცმულობა მოიყვანა! ხოლო იმის „გასაპრავებლად“, რატომ ახსენა ვანო მერაბიშვილმა ორი გვამი – განაცხადა, ხომ ვიცით მაგის გრამატიკის ამბავი, „ორი გვამი მჭირდება“ რომ თქვა, სინამდვილეში ამას გულისხმობდა, – წადით, ის ორი მეამბოხე დამიჭირეთ, მაგრამ თუ არ დაგნებდებიან, და სროლას აგიტეხენ, მაშინ მოგიწევთ მოკლათ, და გვამები უეჭველად მომიტანეთო… (თეოლოგის მხრიდან ასეთი ფილოლოგიური განმარტება მართლაც უიშვიათესი ლოგიკის სანატრელი ნიმუშია!)

ნუგზარ წიკლაურმა ილაპარაკა იმაზე, რა საშინელ საფრეთხეს წარმოადგენდა მუხროვანის ამბოხი და მისი ორგანიზატორები – კრიალაშვილი და ოთანაძე, და მერე კი საოცარი დასკვნა გააკეთა: – „საუბარი იმაზე, თითქოს ვინმემ გასცა წინასწარ ბრძანება, რომ უპირობოდ მომხდარიყო ამ ადამიანების ლიკვიდაცია, არის უსინდისო ტყუილი. როდესაც მერაბიშვილი საუბრობს, იმ დროს საფრთხე უკვე აღარ არსებობს მუხროვანში”.

აკაკი ბობოხიძემ განაცხადა – „თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ნათქვამი, საშინელებაა ჩვენთვის და ვანო მერაბიშვილისთვის“. თუმცა შემდეგ დაუმატა – „დასადგენია რა კონტექსტშია თემაზე საუბარი. როდესაც წვრთნა მიმდინარეობს ტერორისტების განიარაღებასა და დაჭრილების გამოყვანაზე, იქ გამოიყენება მსგავსი ფრაზები, მაგალითად გვჭირდება ხუთი დაჭრილი, სამი მიცვალებული და ასე შემდეგ. მე არ ვაპირებ გავამართლო ან არ გავამართლო არავინ, რადგან დასადგენია რა ვითარებაშია ეს ჩანაწერი გადაღებული, რა კონტექსტშია გვამებზე საუბარი, რადგან სახალხოდ გვამებზე და მკვლელობის შეკვეთაზე საუბარი სრული აფსურდია, მე საერთოდ არ ვიცი რა საბრძოლო ოპერაციაზეა საუბარი. ეს კადრები პირადად ჩემთვის არაფრის მთქმელია, რადგან საბრძოლო ვარჯიშისას მსგავსი სიტყვები ხშირად მომისმენია. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ეს კადრები რამდენად შეესაბამება ორიგინალს და არ არის დამონტაჟებული, შემდეგ კი უნდა დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე. სად არის ის გვამები, რომლებიც მერაბიშვილმა შეუკვეთა, რა შეუკვეთა და ვერ მიიღო?..“ სხვათა შორის, უნებლიე lapsus lingua-დ (ქვეცნობიერ წამოცდენად) შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მუხროვანის ამბოხზე საუბრისას აკაკი ბობოხიძე წვრთნას იხსენებს, წვრთნა ხომ ძალიან ახლოსაა რეპეტიციებთან, გადაღებებთან, მოდელირებასთან!..

რადიო „თავისუფლების“ ყოფილი ჟურნალისტი და 2008 წლიდან ნაცმოძრაობის შტატიანი „გამპრავებელი“ დავით პაიჭაძე (ფეისბუქზე):
David Paitchadze: „ … რა არის აქ მაკომპრომეტირებელი? მზადდება ან იწყება ამბოხი, არის სახელმწიფო გადატრიალების ალბათობა. ფერების და ენის მოჩლექის სიტუაცია ნამდვილად არაა. ვისაც ახსოვს, მშვიდობიანად განიმუხტა ვითარება. პრეზიდენტი ავიდა და ლამის პირადად დაა…ნა ადგილზე სატანკო დანაყოფის მეთაური. ჯარისკაცების უდიდეს ნაწილს ეპატია. ოთანაძე და კრიალაშვილი (2001 წლის 25 მაისის ამბოხის მოთავენიც) მოგვიანებით არ დანებდნენ და წინააღმდეგობა გასწიეს. ოთანაძე გადარჩა, კრიალაშვილი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. გაიჩალიჩეს, პირდაპირ ვთქვათ. და რა უნდა ექნათ? შევარდნაძემ ოთანაძე ამბოხის მოწყობის შემდეგ სამხედრო ატაშედ გაუშვა უკრაინაში. იდიოტი! (შევარდნაძეს ვგულისხმობ). იმათ დანებება შეეძლოთ. მაშინ ორივე გადარჩებოდა. … როცა მერაბიშვილი ამბობს, რომ ორი გვამი მჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ჰყავს იდენტიფიცირებული შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მოთავეები და იცის, რომ საჭიროა მათი განეიტრალება. ის იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრია და რასაც აკეთებს –– მისი პირდაპირი მოვალეობაა.“

მოკლედ, ნაციონალურ მოძრაობაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა და პირველ დღეს გაცემული განმარტებების უმრავლესობა ამ ორ ვერსიას შორის დალაგდა – დიახ, ორ გვამზე იყო ლაპარაკი, რადგან როცა ამბოხია, შსს მინისტრმა ითავა და მეამობოხეების ლიდერების განადგურება ბრძანა! და ეს სწორედაც რომ ადექვატური გადაწყვეტილება იყო (ამ ვერსიას იზიარებდნენ გივი თარგამაძე, შოთა უტიაშვილი(დროებით!), ბაჩო ახალაია, ნუგზარ წიკლაური, დავით საყვარელიძე, დავით პაიჭაძე…). მეორე ვერსიით კი ვანოს უბრალოდ გრამატიკა აქვს ასეთი ძნელად გასაგები, და მის ლექსიკაში „გვამი“ ის გვამი არაა, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ან – წვრთნის დროს გამოყენებული სპეც-ტერმინოლოგიის გამო, ან – იოანე დამასკელის განმარტებების თანახმად. ანუ „გუამი“ იგივე „პიროვნებაა“. ამ ვერსიის დამცველები იყვნენ გიგი უგულავა, აკაკი ბობოხიძე და ვიდეოზე ასახული ყოფილი გენშტაბის უფროსი, ახლა კი დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშე დავით ნაირაშვილი – „სამი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა – ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი.“ ნაირაშვილს შეიძლება თავად აქვს გრამატიკულ-ანალიტიკური ასოციაციების პრობლემა, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა ესმოდეს, რომ არის მხოლოდ ერთი „რაღაცის ქნა“, რაც ცოცხალი ადამიანების მოყვანას გვამების მოტანად აქცევს!

ყველაზე საინტერესო კი მაშინ დაიწყო, როცა ვანო მერაბიშვილმა თავად გააკეთა განმარტება და, როგორც ია ანთაძემ შენიშნა, სწორედ განსაზღვრა (ან, სავარაუდოდ, ადვოკატმა ოთო კახიძემ ურჩია), რომ გვამების არაგვამობის გრამატიკულ-ლექსიკური ვერსიაც ძალიან აბდაუბდა იყო, და რომ არც ის ვერსია – მოღალატეები იყვნენ და უნდა გაგვენადგურებინა, აბა რა, ეგრე ეკუთვნოდათო, – არ იყო ისეთი არგუმენტაცია, რასაც მერაბიშვილს უცხოელები მოუწონებდნენ… ანუ, ვანომ მომენტალურად „გადააგდო“ ყველა თანაპარტიელი „გამპრავებელი“ და თქვა – სწორედაც რომ გვამებზე ვლაპარაკობდი (ანუ, არაფერი არ მეშლება გრამატიკულად და ჩემს ლექსიკაზე ლაპარაკს შეეშვითო), მაგრამ ამას როგორ გავბედავდი და თუნდაც მოღალატე ადამიანების მოკვდინების ბრძანებას როგორ გავცემდი ამხელა დემოკრატიის ურყევი ბურჯი და ხერხემალი კაციო! ეგო, კრიალაშვილის და ოთანაძის განადგურების ბრძანება კი არ იყო, არამედ უკვე სავარაუდოდ მკვდარი რუსი ინსტრუქტორების გვამებზე ვლაპარაკობდიო!

ასე აღმოჩნდა სცენაზე აქამდე სრულიად უცნობი ორი გვამი – რუსი ინსტრუქტორებისა, რომლებიც თურმე მეამბოხეებს ეხმარებოდნენ! რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ამ რუსების შესახებ თურმე შსს მინისტრმა წინასწარ არამარტო ის იცოდა, რომ ისინი ამბოხებულებს ეხმარებოდნენ, არამედ ისიც გაუგია, რომ ამბოხებულებმა კვალის დაფარვის მიზეზით ისინი დახოცეს (!) და სწორედ ამ დახოცილი რუსების გვამებს ითხოვდა თურმე გამწარებული მერაბიშვილი სასწრაფოდ და დიდი პრემიის სანაცვლოდ!..
ამ თითქოსდა ორი უმნიშვნელო ნიუანსით მერაბიშვილმა რამდენიმე კურდღელი მოკლა: ა)ქართველების მოკვლა არ მიბრძანებიაო, რუსის გვამებზეა ლაპარაკიო, “დაგვამშვიდა”; ბ) მაგრამ ისიც განჭვრიტა, რომ თუნდაც ამბოხებულთა ინსტრუქტურობაში ეჭვმიტანილი რუსების ასე – გასამართლების გარეშე ადგილზე – ლიკვიდაცია არ ჯდება მთლად საერთაშორისო სამართლის ნორმებში და რომ ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა ამ საკითხის სასწრაფო საერთაშორისო გამოძიების თაობაზე და ამიტომ რუსის გვამები თავად ამბოხებულებს აჰკიდა; გ) ისევე, როგორც იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ სად გაქრა ეს რუსის გვამები!

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ვიდეოში მერაბიშვილი ჯერ ამბობს, ფეხდაფეხ უნდა მივყვეთო. მაგრამ შემდეგ კი ორი კაცის – ორი გვამის უცილობლად მოტანის მოთხოვნას აყენებს. მერე კი ისევ მიმართულებების გაყოფაზე აძლევს სასწრაფო დავალებას დათა ახალაიას და ერეკლე კოდუას. აშკარაა, რომ ძალოვნებმა თან ვიღაცეებს უნდა მისდიონ და თან ამ დევნის შედეგად ორი გვამი უნდა მოიტანონ! რაც საკმაოდ რთულია, რადგან გვამების ძიება სხვა სახის ოპერაციას გულისხმობს, ვიდრე ცოცხალი და გაქცეული მეამბოხეების დევნა.

ორი გვამის მერაბიშვილისეულმა განმარტებამ, სავარაუდოდ, დიდი დაბნეულობა შეიტანა ნაცმოძრაობის ბანაკში. განსაკუთრებით გაწბილებულნი დარჩნენ ის პირები, რომლებმაც დილით იჩქარეს და ზემოთხსენებული ორი ვერსიიდან ერთ-ერთით „გააპრავეს“ თავისი სასიქადულო პატიმარი, რომელმაც ახლა მათ ორივე ვერსიას ხაზი გადაუსვა და აშკარაა, სულაც არ იყო მათი მადლიერი! სამაგიეროდ, მიკროფონს და კამერას მიაწყდნენ ის პირები, ვინც აქამდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ – კერძოდ, რისი-არ მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც მელიის მთავარი კუდობა იკისრა და ლოგიკურად მაშინვე აღმოცენებულ კითხვაზე – ეს ოხერი რუსის ინსტრუქტორები თუ არსებობდნენ, ამის თაობაზე რატომ არავის, არასდროს მთელი 5 წლის განმავლობაში არ გითქვამთო? იმწამსვე მხედრულად უპატაკა მედიას – კი, იყო ასეთი ინფორმაცია კონტრდაზვერვიდან, მეც, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა, ვიცოდი, ამ ორი რუსი ინსტრუქტორის შესახებო:
“იმ ღამეს ასევე იყო აჯანყების მცდელობა სასჯელაღსრულების სპეცრაზმში, რომელიც მაშინ იმყოფებოდა ორთაჭალის ბაზაზე. იქვე იყო რუსული გარეგნობის ორი ადამიანები შემჩნეული, ისინი სუაბრობდნენ რუსულად და ორგანიზებას უკეთებდნენ ამ ამბოხს ქართველებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად ვინც შემდეგ გასამართლდნენ ამ დანასაულისთვის. ეს ხალხი ასევე დაფიქსირდა მუხროვანის ბაზაზე და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამბოხებულებმა კვალის დაფარვის მიზნით მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. გავრცელებულ კადრებში, ვანო მერაბიშვილი, სწორედ ამ ორი გვამის მოძებნის ბრძანებას იძლევა, რადგან ეს იყო უტყუარი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან”, – აცხადებს “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას დიმიტრი შაშკინი. მისივე თქმით, გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ სად დამარხეს ეს ორი ადამიანი. “ჩვენი იფორმაციით, ეს მკვლელობა ჩაიდინეს თვითონ ორგანიზატორებმა კვალის დაფარვის მიზნით, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელი აღმოჩნდა გვამების ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო. არსებობენ მოწმეები, რომლებმაც ნახეს ეს ორი ადამიანი. ჩვენი ინფორმაციით, ესენი იყვნენ “გერეუს” ოფიცრები”, – აღნიშნავს შაშკინი.

შემდეგ ამას მოჰყვა შოთა უტიაშვილის უკვე შეცვლილი ჩვენება – ვანომ უკეთ იცის, ვანომ რა იგულისხმაო (!!!)… ამაზე გამახსენდა, როგორ „გაახსენდა“ პლასტმასის ტყვიების 2009 წ. 6 მაისს გამოყენების ფაქტი ბატონ შოთას, რომელიც ამას ლამის თვენახევარი მედგრად უარყოფდა და მხოლოდ მერე-ღა „გაიხსენა“, როცა მიტინგის მონაწილეს ექიმებმა თვალიდან პლასტმასის ტყვია ამოუღეს!)… და მერე კი წამოვიდა ვანოდამადასტურებელი უფრო ნაკლები კალიბრის საფანტი ყველასთვის კარგად ცნობილი გიგა ნასარიძისაგანაც.

სადღეისოდ, მუხროვანის ამბოხზე შემდეგი შეიძლება ითქვას – კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ იყო! შეიარაღებული ამბოხი, ალბათ – არა, მაგრამ იყო ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის, ან მინიმუმ გარკვეული პროტესტის დაფიქსირების სურვილი, რაც მყარი მტკიცებულებების შემთხვევაში ნამდვილად შეიძლებოდა გამხდარიყო კრიალაშვილის, ოთანაძის, ამირიძის და სხვათა მიმართ პასუხისგებაში მიცემის (მაგრამ არავითარ შემთხვევაში -ლიკვიდაციის!) საფუძველი.

მაგრამ ხელისუფლებამ თავისთვის კარგად ჩვეული სცენარი არჩია. იგი შეეცადა არა დაუმორჩილებლობის პრევენციას ან სათანადო მყარი მტკიცებულებების მოპოვებას, არამედ ერთადერთ (!) მოწმის – გია ღვალაძის ფარულად ჩაწერილ ვიდეოზე და შემდეგ ძალიან საეჭვო წესით მოპოვებულ ჩვენებებზე ააგო მითი სამხედრო შეთქმულების და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალთა განადგურების სცენარზე. როგორც ტვ „იმედის“ გადაცემა „პანორამიდან“ გახდა ცნობილი, გია ღვალაძე ახლა ლაპარაკობს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და იმაზე, რომ ჩვენებები ოჯახის მიმართ ძალადობის მუქარის შიშით მისცა. http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=23532
აქვე იგი იმასაც ამბობს, რომ საიდუმლო ვიდეოჩანაწერში ე.წ. „გენერლების შეხვედრა“ მისი ფანტაზიორობის ნაყოფი იყო და არა რეალურად არსებული შეხვედრისა, მით უფრო, რომ ამ გენერლების ნაწილი იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და ეს კუდის თანამშრომლებმაც იცოდნენ. ეს ყველაფერი, უეჭველად გამოსაძიებელია – ღვალაძის ჩვენებაც და ვიდეოც 2009-შიც დადგმული მეგონა (არ გამოვრიცხავ, რომ ვიდეოში უკვე კუდის მიერ დაშინებულ-“დავერბოვკებული” ლაპარაკობს) და დღესაც ეჭვით ვუყურებ მის მიერ საკუთარი თავის გამამართლებელ აღიარებას.

ძალიან ლოგიკურია სალომე ზურაბიშვილის ანალიზი, რომელიც იხსენებს, რომ 5 მაისს ოპოზიციას დაგეგმილი ჰქონდა თბილისში შესასვლელი გზების ბლოკირების მშვიდობიანი აქცია და რომ ხელისუფლების სურვილი იმ დღეს მუხროვანის ამბოხის ინსცენირებისა შეიძლებოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპატიმრებითაც დამთავრებულიყო. ხოლო რაც შეეხება 21 მაისს ამბოხებულთა ლიდერების ცხვარიჭამიის გზაზე ლიკვიდაციის ოპერაციას, ამას, სავარაუდოდ, ხელისუფლებისათვის ის მნიშვნელობა ექნებოდა, რომ დაეშინებინა 26 მაისისათვის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი დიდი სახალხო შეკრების მონაწილეები…
http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=14734

ასე რომ, ვანო მერაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ თემაზე სრული დუმილის და გამიჯვნის პირობებში, ღირსეულად გააგრძელა დიდი მისტიფიკატორის და მოდელირების მამამთავრის ტრადიციები და შეთხზა ზღაპარი გვამებზე, რომლებიც თურმე ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ მუხროვანის ამბოხების რუსული კვალის დასადგენად, მაგრამ რატომღაც არავინ მოიძია ამ ამბოხების თეატრალიზებული რეპეტიციიდან და ცნობილი სამხედრო მეთაურის ლიკვიდაციისა და სხვათა 20 წელზე მეტი ხნით ციხეში გამწესებიდან მთელი 5 წლის განმავლობაში… იმ ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც მთელ ქართულ ჯარზე და არა მარტო იმ მეთაურებზე – იყო ეს ბინძური ლაქა – ბრალდება რუსების მიერ ორგანიზებულ სამხედრო ამბოხში და სამშობლოს ღალატში მონაწილეობაზე… ამიტომ, როცა გიგა ბოკერიამ 31 იანვარს ინგა გრიგოლიას გადაცემაში ლამის ნახევრსაათიანი გამოსვლის დროს “ნამუსი მოწმინდა” თავის ხელისუფლებას, რომ ორი გვამი რუსი ინსტრუქტორების გვამი იყო და არა – ქართველი ამბოხებულებისო, ხოლო ამ გვამების სამწუხაროდ ვერმონახვის გამო ეს ვერსია ვერც გავაჟღერეთ საბრალდებო დასკვნაში და ამიტომაც დღემდე არავის გაგიგიათ მათ შესახებო. მხოლოდ ის დაავიწყდა ეთქვა, რატომ არ მოუხსნეს ამ ადამიანებს რუსებთან კავშირის თითიდან გამოწოვილი ვერსია.

დასკვნები:

1. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ამოცანად, მათ მიერ არჩეული ტაქტიკის თანახმად, რჩება მაქსიმალურად უარყონ მათ წინააღმდეგ არსებული ნებისმიერი სამხილი და არავითარ შემთხვევაში არ აღიარონ ის სისტემური დანაშაული, რომელიც ქვეყანაში მათი მმართველობის დროს ისეთივე ხშირი იყო, როგორც შევარდნაძის დროს – კორუფცია. ამ საყოველთაო უარყოფის შენარჩუნებით ისინი ცდილობენ, გაწელონ დრო იქამდე, როცა ქვეყანაში ნებისმიერ მომხდარ ბუნებრივ თუ არაბუნებრივ კატასტროფის თუ კრიზისის თავის სასიკეთოდ გამოყენებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდებიან. ამის გათვალისწინებით, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, საქართველოში დღეს რუსეთის ფაქტორის და რუსეთის აგრესიის ყველაზე უფრო მომლოდინე და მნატვრელი ძალა, სწორედ თითქოსდა მარად რუსეთთანდაპირისპირებული ერთიანი ნაცმოძრაობაა! ამდენად, თუ რუსეთთან ურთიერთობა ნორმალიზაციისკენ წავა, ეს მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება, ხოლო თუ რუსეთი საქართველოს მიმართ ახალი აგრესიის განხორციელებას ეცდება, ეს სწორედ ნაცმოძრაობის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის მხრიდან გაგრძელდეს ამ სანატრელი დაძაბულობის მოსახდენად პროვოკაციების მცდელობები.

2. ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ სულ უფრო მცირე დრო რჩება საზოგადოების ჯერ კიდევ არსებული მხარდაჭერის შესანარჩუნებლად. რეალობა ისეთია, რომ არც რუსეთთან ურთიერთობის რეალური გაუმჯობესებაა მოსალოდნელი (სულაც პირიქით, სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ რუსეთი ისევ გააქტიურებს ძველ პროვოკაციებს და სავარაუდოდ, ახლებსაც მოიფიქრებს ევროკავშირისაკენ საქართველოს წინსვლის ეფექტურად ჩასაშლელად!), ხოლო პენსიების და ხელფასების მატების და უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის შემოღების შემდეგ ჯერჯერობით არც სერიოზული ეკონომიკური გაუმჯობესება და ინვესტორების მოდინება თუ წარმოების გამოცოცხლება ჩანს. პირიქით, ლარის კურსის 8%-იანმა ვარდნამ მნიშვნელოვანწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა მინიმალური საარსებო კალათის გაძვირების და პენსიების და ხელფასების ზრდის ეფექტის შემცირების რეალობის წინაშე დააყენა! ამ პირობებში თუ ხელისუფლების მთავარი დანაპირებიც – სამართლის დამკვიდრება – არ იქნა რეალიზებული, სავარაუდოდ, უახლოეს წელიწადში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი 50%-ს შეიძლება ჩამოცდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნატოს ან ევროკავშირის მიმართულებით რაიმე ხელშესახები (!) პროგრესი იქნა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ასეთი პროგრესი ჯერჯერობითაც საეჭვოა, და რუსეთის მეცადინეობით კიდევ უფრო საეჭვო შეიძლება გახდეს…

3. აღნიშნულ პირობებში საქართველოს პოლიტიკური კაბადონზე არაა გამორიცხული, რომ ადრე „გაკრეფილი“ შუა სპექტრის პარტიების რეიტინგებმა მომატება დაიწყოს. სამწუხარო აქ არაფერი იქნებოდა, რომ არა მათი დიდი ნაწილის წარსულში აშკარა სატელიტური ასოცირება ყოფილ რეჟიმთან, და იმის მოლოდინი, რომ ასეთი წარსულის გარეშე მყოფი დანარჩენი პარტიების უმრავლესობაც (გარდა სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზისა, რომელიც ორგანიზაციულად ჯერ კიდევ სუსტია) უდიდესი ალბათობით რუსეთთან ალიანსზე იქნებიან ორიენტირებულები. ამ უკანასკნელის ინდიკატორები ძალიან ბევრია, – როგორც უკვე არსებული ლიდერების (ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა) განცხადებები, ასევე ის, რომ ძალიან გაიზარდა ბოლო თვეებში ანტიდასავლური მესიჯების და ინფორმაციების ზვავი, რომელიც ნამდვილად არ ტოვებს შემთხვევითობის შთაბეჭდილებას და კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული აისბერგის მწვერვალი უნდა იყოს, რომლის სრული სისრულით გამოჩენას, ალბათ, ისევ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ უნდა ველოდოთ. არაა გამორიცხული, ამ დროს ვინმე ახალიც გამოჩნდეს პოლიტიკურ სარბიელზე. მით უფრო, რომ როგორც ანდაზა ამბობს, ხშირად ახალი,ეს მხოლოდ დავიწყებული კარგად ძველია ხოლმე…

4. ყველაზე მოგებული ამ სიტუაციით რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს! რაც უფრო ცოტა დრო რჩება მის მიერ ყველა შესაძლო კოზირების ამოქმედებამდე, მით უფრო ზუსტი და გამოზომილი უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებები მათი ნეიტრალიზაციისათვის. ხოლო ძირითადი ქმედება კი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ მხარეზე საზოგადოების უდიდესი ნაწილის მობილიზება – რაც საკუთარ სიმართლეში და სამართლიანობაში, ისევე როგორც საკუთარი მიდგომების და ხედვების საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის სარგებლიანობის დანახვებაში უნდა იყოს.

5. რაც შეეხება ნაცმოძრაობის ტაქტიკას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს წარმატებული, თუ ხელისუფლება მაქსიმალურად დაუშვებს შესაძლო შეცდომებს. ნაცმოძრაობის ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლების მიერ რეიტინგის დაკარგვაც კი ვერ იქნება მათი რეიტინგის ზრდის ავტომატური გარანტია. მეტი შანსია, რომ რეიტინგი სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოემატოთ და არა – ნაცმოძრაობას… როდესაც ადამიანი იტყუება, მას წარმატების შანსი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მისი ტყუილი დაჯერებულია. ქართული საზოგადოება კი უკვე გამოვიდა სეთურის მონებისმაგვარი ფსიქოლოგიური დილეტანტიზმიდან და განმუხურის, ხურჩის, „ენვერის“, ტვ „იმედის“ დანაღმვის, და, რაც მთავარია, „მოდელირებული ქრონიკის“ შემდეგ, 2006-2012 წლებში ოპოზიციის ნებისმიერი აქტივობის ფონზე „რუსი! რუსის!“ ძახილის და კრიზისების გადაგორების მერე კი „მოღალატეობის“ და „გამყიდველობის“ მრავალი ბრალდების გამოუძიებლობის შემდეგ, მაპატიეთ და, – „არ ჭამს“ არც იმ რუსი ინსტრუქტორების გვამებს, რომლებიც მხოლოდ ხუთი წლის მერე „გაახსენდათ“ ნაცმოძრაობის ასინეთებს და არც იმას, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გულწრფელი ცრემლი ვანო მერაბიშვილის ლოყაზე მოგორავს, და ყველაზე მეტად სამართალს მისი მეუღლე ეძებს, რომლის პირად ანგარიშზე, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორების რამდენიმე ტრაგიკული თუ დრამატული შემთხვევა ირიცხება.

თქვენი არ ვიცი და მე, პირადად, ვანო მერაბიშვილის და თაკო სალაყაიას ცრემლების დაჯერების წინაპირობად მინიმუმ ერთი ნაბიჯი მიმაჩნია – მათ მიერ გარდაცვლილი ირინა ენუქიძის მიმართ სახალხოდ მოხდილი ბოდიში ერთადერთი შვილის სიკვდილში მონაწილეობისათვის…

მიტევება მხოლოდ მონანიებით იწყება, და არა – მითიური რუსი ინსტრუქტორების გვამებზე 5 წლის შემდეგ თუნდაც ლამაზად შეთხზული „ნიჭიერი“ ზღაპრებით…

=============================
P.S. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გამოცხადდა, რომ დღეს ექს-ან-პროვანსის სასამართლომ გირაოს საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გაანთავისუფლა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ნაცმოძრაობის შავი ფულის ბუხჰალტერი – დავით კეზერაშვილი. ამით სამართლის აღდგენის პროცესის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება, ხოლო ნაციონალების მხრიდან მონანიების შესაძლო სურვილის შანსი – ძალიან მიზერული… ამ გაურკვევლობასთან ერთად კი საზოგადოებაში ნიჰილიზმის და საკუთარი ძალებით სამართლის პოვნის სახიფათო კომბინაცია – კიდევ უფრო საშიში და რეალური…