უი-ჟამიანობის ვაი-სადღეგრძელოები (არა გრიგოლ ორბელიანისგან)


 

ეს იმ ქართველ ვაჟკაცს გაუმარჯოს, ქართველი ხალხის დასარბევად გაზის ხელყუმბარებს, რეზინის ხელჯოხს და პლასტმასის ტყვიებს რომ გადაამოწმებს, პირჯვარს გადაიწერს და ცაში ვედრებას აღავლენს: – წმინდაო გიორგი! შენ მომიმართე ხელი და გამარჯვებული და ძლევამოსილი დამაბრუნე ბრძოლის ველიდან ჩემს საყვარელ ცოლ-შვილთანო!

ეს იმ განათლების მინისტრს გაუმარჯოს, სავსე ჭიქას მზის შუქზე რომ გახედავს და დაილოცება – ”ასე მტერი დაგეცალოთო!” მერე ბოლომდე რომ გამოსცლის ჭიქას და ნაჯაფი ხელისზურგით მოიწმენდს ტუჩებიდან სკოლების დირექტორთა სისხლის ნაჟურს.

ეს იმ ეშხით სავსე პენტიანციარულ დედოფალს გაუმარჯოს, დაუღლელი და თვალცრემლიანი იების თაიგულით ხელში რომ კეცავს სოფლის სასაფლაოს ბილიკებს და მოთქვამს: ”აკაკის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო…”

ეს იმ გრიგოლ დაფანჩულს გაუმარჯოს, ომში წაგებული სამშობლოს პასპორტს რომ ემთხვევა, ომში მოგებული სამშობლოს პასპორტზე თვალცრემლიანად გამოთხოვებული და ამასღა აღმოთქვამს – ”ნეტა მას კაცსა, რომელი არღარა ცოცხალ არსო!”

ეს იმ დიდებულ ერისკაცს გაუმარჯოს, დიდი ხნის თავისმტვრევის შემდეგ რომ დაასკვნის, რომ მშობლიური ენაც ისევე მაგრად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, როგორც უცხო ენას ვასწავლით აქამდე – დაუნდობლად!

ეს იმ კულტურის მინისტრს გაუმარჯოს, კულტურული ოჯახიდან რომ არის და კულტურა უფლებას არ მისცემს კაცს შეაგინოს… ზრდილობიანად და ჯენტლმენურად რომ ისტუმრებს ყველას… იმქვეყნად!

ეს ქართველი ერის იმ უძღებ შვილს გაუმარჯოს, დუნიას რომ მიატოვებს და სამშობლოს რომ დაუბრუნდება – საბოლოდ გასაძღომად და ყველაფრის გასასყიდად! ეს მის სინდისს და ნამუსს გაუმარჯოს, მზეთუნახავივით რომ არავის უნახავს!

ეს იმ სათნო და ღვთისმოშიშ ქართველ ქალბატონს გაუმარჯოს, ასობით გაჭირვებულს რომ დაააპურებს ხმიადით და ჭიქა ღვინით – ათასობით  შეძლებულის გატყავების და გადაგდების ხარჯზე!

ეს იმ ხელ-ოვანს გაუმარჯოს, ხელფასით მინისტრი რომაა და შუაღამისას მაინც რომ დოლსა და ბუკს სცემს, ჯავრიანი!

ეს იმ ქვეყნის თავს გაუმარჯოს, თავის შეჭაღავებული თავი რომ ვერასდროს დაუვარცხნია და ქვეყნის ჯიბეს კი ისე კრეჭს და ვარცხნის, რომ ერთი ვალის გასასტუმრებლად ვადაზე ადრე მეორეს იღებს – თადარიგიანი!

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც მინისტრები  ჯერ მოიმინისტრებენ და მერე კი სწავლას შეუდგებიან – აბა, სულ დებილები ხომ არ უნდა ვიყოთო!

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ომს რომ წააგებს და დარდისაგან და ბანგისაგან გათანგული ლატარეის თამაშს რომ მიჰყოფს ხელს, ოტებული!

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც ქურდებს იმიტომ ებრძვიან, რომ თავად არიან ქურდები და სადაც ბოზს მანამდე უძახიან ”ბოზს”, სანამ გამინისტრდება.

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც ჰალსტუხის ჭამა და თვითმფრინავის ხმაზე გაქცევა მაგარ კაცს კიდევ უფრო ამაგრებს და სულაც უნაკლოდ აქცევს!

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც გაჭირვებული და შეურაცხყოფილი ქალი თავს დაიწვავს უიმედობისგან და იმის შეურაცხმყოფელი მინისტრი თაიგულს გაუგზავნის და კუბოს ფულს დადებს… ხალხი კიდე იტყვის, რა კაი გულის კაცი ყოფილა, ე ოჯახაშენებულიო!

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც უბადრუკი და ცანცარა მეფე ჯერ კალმოსნებს თავის ხოტბას აწერინებს, მეცნიერებს – ცრუ ციფრებს საოცარს… მერე ამათ რომ ოქროებს მიუთვლის, ამშეთითხნილი დაკუმენტებით გამოვა საფიხვნოს სალაყბოდ – ნახეთ, ე რა მაგრები ვყოფილვართ, ჯოვო!

ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც მგოსანს ისეთ დიდ პატივს სცემენ, რომ სიცოცხლეში მიცემული წყლის გამოყვანის პირობას სიკვდილის მერე ტალახიანი წყლის წრუპვით და ”დედა-დედა, რა კაია!-ს” ძახილით ისტუმრებენ.

ეს იმ მთავრობას გაუმარჯოს, დენის ტარიფს კოლოსალურამდე რომ აიყვანს და მერე გულუხვად 20ლარიან ვაუჩერებს რომ დაურიგებს მოსახლეობას. და იმ მოსახლეობასაც გაუმარჯოს, რომელიც აღტაცებითა და გულაჩუყებით მადლობას სწირავს ზემდგომთა, რამეთუ გასცეს საჭურჭლეი მეფურად! (სადღეგრძელო ნაბოძებია პიროვნებისაგან, მეტსახელად ”უცნაური”)

ეს იმ ქართველ ლამაზქალს გაუმარჯოს, მაგიდაზე საცეკვაოდ რომ ავა და გავის ქნევაში მდგრადად განვითარებას რომ შეისწავლის, ნიჭიერი!

ეს იმ წარბშეუხრელ ქვეყანას გაუმარჯოს, ომიდან დაბრუნებულ ხეიბრებს და საცოხვრებლიდან გამოყრილ ლტოლვილებს რომ დახმარებას შეუწყვეტს, რათა ხალხის რჩეულთ სრა-სასახლეების, საზღვარგარეთ წოწიალის, და ვარსკვლაქვეშეთ ზღვისრეთში რჩეული ჰანგების და ცეკვა-თამაშის სიამოვნება არ მოაკლოს, სათუთთ!

ეს იმ ხალხს გაუმარჯოს, სულ რომ დებილი მთავრობა ჰყავს, სულ რომ ომს აგებს, სულ რომ  ატყავებენ და სულ რომ სერიალები და ცეკვა-თამაში უნდა იხილოს, თურმე…

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, 800 წლის წინ გაყრილ არაბებს რომ უკან დააბრუნებს – ეს ქალაქი თქვენი იყო და თქვენი უნდა იყოს, მე მაინც არ მოვწონვართ აქო!

დაბოლოს, ეს იმ სასაფლაოს გაუმარჯოს, სულით კუზიანების უებარ წამლად რომ იქცევა ხოლმე…


მოდი, გავაჭრათ!..


მოდი, გავაჭრათ!

არ მივსდიოთ ჟამთა ცვლას – ტიალს!

არ დავინანოთ – არცა შვება, არცა ქეიფი!

ვეკვეთოთ მტკიცედ მტერს საზარელს, განსაცდელს – მარადს,

არ შევეპუოთ, არ შეგვატყოს საწუთრომ შიში!

მოდი, გავაჭრათ!

მოდი, გავაჭრათ!

ძმებო, ჭირსა და ლხინში –

ერთგულების და თანადგომის გვიგვრძნია გემო,

სამშობლოსათვის მოგვიწურავს ჩვენ ჭირის ოფლი,

სისხლის დაღვრის დრო მოსულა აწ…

მოდი, გავაჭრათ!

მოდი, გავაჭრათ!

უარი ვუთხრათ სოფელსა მაცდურს,

რა დროს ლხინია?! არ შეგვერგოს ლამაზის კოცნა!

თავისუფლების და მამულის გადასარჩენად

დაუნანებლად, დაუფიქრებლად,

მოდი, გავაჭრათ!

მოდი, გავაჭრათ!

მაგალითი რომ მივცეთ ჯეელთ!

ცოტნეს და შალვას წინაპრობა საქმედ რომ ჩანდეს,

სხვა ყველაფერი ხომ გაქრება – ამაოება…

ჩვენს გმირობას კი თაობები მოიგონებენ…

მოდი, გავაჭრათ!

მოდი, გავაჭრათ!

და ჩავხერგოთ ზურგის გზა თავად,

რამეთუ ფიქრად არ გაივლოს არვინ გაქცევა!

შავი მერცხალი კი დაჰყვება ალაზნის პირსა,

მაგრამ სიმღერით ხომ იმღერენ ჩვენს ვაჟკაცობას!

მოდი, გავაჭრათ!

მოდი, გავაჭრათ!

ჩვენს დედების კალთისა მადლის,

სამშობლოს ცის და მომავალის გადასარჩენად!

თუკი აქამდე ომახიანს ვიძახდით სიტყვას,

აწ საქმემ ჩვენმან რომ ბეჭედი დასვას დასტურად.

მოდი, გავაჭრათ!

მოდი, გავაჭრათ!

ჩვენს სისპეტაკეს მოვცხოთ მირონი,

გელათის, ოშკის, ილორის და სვეტიცხოველის,

ჩვენი ოცნების, ჩვენი სულის საგალობელი,

და ფიცი ჩვენი – მამულის, ენის, სარწმუნოების…

მოდი, გავაჭრათ!

”მოდი, გავაჭრათ!”?..

ასე არის??

თუ? – ლეთს მუვ ევეი?!!

თფუუიიი…