ჩემი ბრძოლა – გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს(დანგრევის)თვის!


ჩემო ძვირფასო და საყვარელო ხალხო!

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლების წინ არაფერი ისე არ ამხნევებს ერის ლიდერს, როგორც საყვარელი ხალხისთვის გულის გადაშლა და იმაში კიდევ ერთხელ დარწმუნება, რომ მართლაც რჩეულია, რომ მართლაც ის გადაარჩენს თავის ქვეყანას და ისტორიაში დაიმკვიდრებს იმ საპატიო ადგილს, რომელიც ღირსეულად დაიმსახურა. ამიტომ მოგმართავთ თქვენ, ერის რჩეულ შვილებს, რეფორმატორებს და საუკეთესოებს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს.

გადამწყვეტი ბრძოლა გველოდება!

ჩვენ ვიცით, ვის ვებრძვით!

თქვენ იცით, რომ ბრძოლა ვერაგ მტერთან არაა ადვილი. მაგრამ ჩვენ უკვე გამოცდილები ვართ და ეს არის ჩვენი სიმამაცის ბაზისი. მთელმა ხალხმა იცის, რომ საქართველოს ხალხი თავს არ შეირცხვენს, არცერთ ფრონტზე და არცერთ ბრძოლაში! ჩვენ ვართ პროგრესის, დემოკრატიის და რეფორმის ლიდერები ჩვენს ქვეყანაში. ხოლო ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყანა არის პროგრესის, ბიზნესის თავისუფლების და დემოკრატიის ჩემპიონი. არ ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ არა, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ჩვენი მტრებიც კი ჩვენგან სწავლობენ – როგორ უნდა პოლიციის რეფორმა, როგორ უნდა სასამართლოს რეფორმა, როგორ უნდა ჯანდაცვის რეფორმა, როგორ უნდა არჩევნების რეფორმა (განსაკუთრებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შერჩევნების რეფორმა), როგორ უნდა ტელევიზიის რეფორმა, ბუკინისტური წიგნის გაყიდვების რეფორმა და ა.შ. ზიან ახლა იქ, ჩვენი ტანმორჩილი მტრები და ოცნებობენ, ჩვენს სინათლის ქალაქებზე და ჩვენს ბედნიერების წყაროებზე.

მაგრამ ეს ყველაფერი თავისით არ მოსულა. ნურას უკაცრავად! ამას უნდა სკურპოლუზური მუშაობა! ამას ჭირდება სწორი გათვლა და დაგეგმვა! და ამას ჭირდება ისეთი მებრძოლი პარტია და ისეთი ლიდერი, როგორიც ჩვენს ქვეყანას არგუნა ღმერთმა.

მაგრამ ჯობს, ყველაფერი დალაგებულად და გასაგებად განგიმარტოთ. ეს აუცილებელია. მე არაფერი დაფარული არ მაქვს ჩემი საყვარელი და ძვირფასი ხალხისაგან. არაფერი არ უნდა იყოს ჩემსა და ხალხს შორის საიდუმლო. ჩვენ გვქონდა გარკვეული, თუმცა მცირე შეცდომები, რაც იმის ბრალი იყო, რომ ძალიან ვცდილობდით ყველასთვის მოგვესმინა და ყველას აზრი გაგვეზიარებინა. ახლა ვისწავლეთ უფრო უკეთ მუშაობა, და აღარ გვჭირდება ყველას და ყველაფრის მოსმენა. თუმცა მოსმენა შეიძლება. რატომაც არა? რატომაც არა?! მოვუსმენთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უეჭველად გავიზიარებთ. მთავარია, დავანახოთ ვისაც საჭიროა, რომ მოვუსმინეთ. სულ ესაა. მოვუსმინოთ… ილაპარაკონ… რა, ნისკარტი მოუცვდებათ?

მაგრამ მოდით, ისევ თავიდან დავიწყოთ. რა არის მთავარი გასამარჯვებლად? რა არის გადამწყვეტი გადამწყვეტ ბრძოლაში?

ეს არის ფული. ანუ, უფრო ლამაზად რომ ვთქვათ – ფინანსები.

ჩვენი გამარჯვება, ჩვენი აყვავება და განვითარება არის დამოკიდებული ფინანსებზე. მე საბჭოთა პერიოდი მეზიზღება, მაგრამ მარქსი მიყვარს. მარქსზე უკეთესად ვერავინ მიხვდა, რა განსაზღვრავს ცნობიერებას. ცნობიერებას განსაზღვრავს ყოფიერება. გივი თარგამაძის ცნობიერებას განსაზღვრავს გივი თარგამაძის ყოფიერება და სანამ გივი თარგამაძის და ზაზა გოროზიას ყოფიერება აჯობებს და გადაწონის ლევან ბერძენიშვილის და ვახტანგ ხმალაძის ყოფიერებას, მანამდე გივი თარგამაძის და ზაზა გოროზიას ცნობიერებაც უფრო ძლიერი იქნება ამ დასახელებულ სუბიექტების ცნობიერებაზე. ამიტომ ჩემი მიზანი, მთელი ჩვენი მოძრაობის და პრეზიდენტის პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი ყოფიერების გაძლიერება, რომ ამით ჩვენი ცნობიერებაც გაძლიერებულიყო. თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჯიბეში 40 ლარიც კი არ გვქონდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, მის მერე როგორ გაძლიერდა ჩვენი ყოფიერება და ე.ი. ცნობიერებაც? ჩვენ გავიარეთ დიდი გზა და შევიძინეთ დიდი ცოდნა. და ეს ცოდნა ძალიან მარტივია! ის შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

მთელი სიმდიდრე, მთელი ქონება, მთელი ყოფიერება საქართველოში უნდა გვეკუთნოდეს ჩვენ – საქართველოს ხალხს!

ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ ყოველ გადარიცხვას, ყოველ თეთრს, ყოველ სამარშრუტო ხაზს, ყოველ ჩამოსხმულ ბოთლს, ყოველ კილოგრამ ხორცს და ყოველ გაყიდულ რვეულს!

ახლა როგორ დავიჯერო, რომ თქვენთვის სულერთია, სად იყიდით კალბასს? ჰო, ძეხვს. რომელიმე საეჭვო ფირმა „ზეიკიძეში“, თუ საქვეყნოდ ცნობილ ფირმა „ნიკორაში“, რომელსაც ჩვენი თავდაცვის მინისტრი აკონტროლებს? ან სად იყიდით ხაჭოს – რომელიმე უცნობ „ამალთეაში“, თუ – ძალიან სერიოზულ ფირმა „ეკო-ფუდში“, რომელსაც, ყველამ იცით, ვინც აკონტროლებს? ახლა ბანძელაძე მეუბნება, რომ „ამალთეა“ დაიხურაო. ეგეც მას, ვინც არ იცის, სად უნდა იყიდოს. (ყოჩაღ, ვანო!)

ანდა ავიღოთ ლატარეა. ჰო, ლოტო…

ადრე იყო უამრავი სხვადასხვა ტოტო, ლოტო, ლატარეა, მატარეა… იბნეოდა ხალხი და აღარ ყიდულობდ არც ერთს. ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ლოტო! ასე არ ჯობია?! მერე რა, რომ კეზერაშვილია ამ ლოტოს უკან? კარგი ბიზნესმენია, რაც იზრაელში წავიდა, იმდენი ინვესტორი ჩამოიყვანა და იმდენი შენობა იყიდა თბილისში, რომ მისი ძალიან მადლობელი ვარ. ჰოდა, რა? რადგან ადრე თავდაცვის მინისტრი იყო, ამიტომ არ უნდა მიგვეცა ლოტო? ისე, ალბათ, ჯარი არ უნდა მიგვეცა და ჯობდა, თავიდანვე ბიზნესები მიგვეცა.  წარმოიდგინეთ, ადრე – საბჭოთა ლატარიის დროს – მაქსიმალური მოგება იყო მანქანა. დიდი დიდი – 5,000 დოლარი. და თამაშობდა ალბათ 5,000  ბობოლა… ახლა ჯეკ პოტი არის 3,5 მილიონი და თამაშობს 3,5 მილიონი. ათი ლარი რომ აქვს ჯიბეში, ისეთი ხალხიც კი თამაშობს. გადაინახავს პურის საყიდელ 2 ლარს და თამაშობენ! აი, ეს არის პატრიოტიზმი! აი, ეს არის ნაციონალური იდეა – „ითამაშე და მოიგებ!“ ჩვენ მივეცით ხალხს იდეა! ჩვენ მივეცით ხალხს იმედი! მე ეს პირველად ამერიკაში ინდიელების რეზერვაციებში ვნახე – ყველა თამაშობს და ყველა ბედნიერია. უნდა ითამაშო და მოიგებ – 10, 20, 30 წლის მერე მაინც მოიგებ. მთავარია, პატრიოტულად ითამაშო. უნდა გწამდეს, რომ ყოველი წაგებული ლარიც კი შენი ქვეყნის მოგებაა! ეს ხომ შენი ქვეყნის ლოტოა! შენი ეროვნული ლატარეა! არადა, ადრე მარტო 5,000 დოლარი თამაშდებოდა. ჩვენ მილიონებს ვათამაშებთ და მილიონები ებმებიან ამაზე. მერე რა, რომ თუ მილიონიან ჯეკპოტს მოიგებენ, სახლში მარტო 10 ან 50 ათასს წაიღებენ! ეს ხომ მაინც მეტია, ვიდრე კომუნისტების დროინდელი „ვოლგა“! და თან ისიც ეცოდინებათ, რომ რაც მათ არ შეხვდათ მოგებულიდან, ის საქართველოს ხალხს დარჩება! განა ეს ბედნიერება არაა?

და ეს ძალიანაც კარგი, რომ ამ საქმეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმძღვანელობს. რადგან ამ ლოტოდან შემოსული ფული ბევრ რამეს ხმარდება – თავდაცვასაც! ტოტალიზატორებიც ძალიან მნიშვნელოვანია – ისინიც ჩვენს ყოფიერებას აძლიერებენ. წელს სოფლის მეურნეობაზე 30-ჯერ მეტი მოგება მოიტანა ტოტალიზატორებმა! მარტო პარლამენტარების პოკერ კლუბებმა შემოიტანა იმდენი, რამდენიც ჭიათურმანგანუმმა! აი, ეს არის ეკონომიკური რევოლუცია – ბიზნესის პოსტსაბჭოთა რეორიენტაცია. და ამას ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს ჩვენი ოპოზიციონერები გვაკრიტიკრბენ, რატომ აკეთებს ტელევიზია მსოფლიო ჩემპიონატის დროს ტოტალიზატორის რეკლამასო? აბა, ფეხბურთს რა რეკლამა უნდოდა – ისედაც ყველა მიჩერებული იყო ტელევიზორზე და ყურებს იხეთქავდნენ ამ ვუვუზელებით… ანდა რაში გვაწყობდა ფეხბურთის რეკლამა – ეგ ფული ხომ ნელსონ მანდელას ჯიბეში მიდიოდა! ჩვენ კი სწორედ ტოტალიზატორის რეკლამა გვჭირდებოდა, რადგან რაც იქ ფული შევიდა, მერე საგადასახადო შევიდა და ის ფული თითქმის მთლიანად წამოიღო. აი! ახალი აზროვნება! აი, მარქსის სიძლიერე. ამიტომაა საჭირო ბიზნესის დაარსების სიადვილე! თქვენ გგონიათ, მე ის რეიტინგები და მე-11 ადგილი მაინტერესებს?

არაა!

 ეგ რეიტინგები იმისთვისაა კარგი, რომ აქ მსხვილმა ზვიგენებმა შემოცურონ და თავისი ფული ჩადონ. როგორც მდგრადი ვერა იძახის (ძაან მომწონს ეს შეხამება – „მდგარდი ვერა“!) – ერთ ტრამპს ბევრი ტრამპები მოყვება. ტრამპების მთელი კოლონა! ჰოდა, როგორც სუფრაზე იციან – „მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა ჩვენი ნებააო!“ ბიზნესს რაც მეტი დაიწყებს, მით მეტი ფული შევა საგადასახადოში. აი, სწორედ ესაა ჩვენი ნოუ-ჰაუ!

უფრო მაგარი ჩანაფიქრებიც გვაქვს. აკო მინაშვილის და მისი სიდედრის მოფიქრებულია (გენიოსია ეგ ქალი). მალე შემოვიღებთ გადასახადს ბიზნესის დახურვაზე! თორემ ძაან აუშვეს ამ ბიზნესმენებმა. დააარსებენ ბიზნესს და მერე რომ შეხედავენ, წამგებიანიაო, უცებ მიახურავენ. ვერ მივართვით! ჩვენ იმიტომ გაგახსნევინეთ ბიზნესი, რომ ფული შემოიტანოთ ბიუჯეტში! და არა იმიტომ, რომ უცებ მიახუროთ. ჰოდა, მალე 1000-დან 100,000 მდე დოლარი რომ ექნებათ გადასახდელი ბიზნესის დახურვაზე, მერე ცოტა დაფიქრდებიან! 

კიდევ უკეთესი მოვიფიქრე. მე თვითონ მოვიფიქრე, მარტო აკოს სოიდედრის იმედზე კი არ ვართ! (სიცილი). არ გეგონოთ, რომ ტყუილად დავდივარ საზღვარგარეთ. აი, ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი წესი აქვთ, რომ მოგების გადასახადს პირველი რამდენიმე წელი არ ახდევინებენ! მე კიდე პირიქით მოვიფიქრე – ჩვენ ბიზნესს გადავახდევინებთ მოგების გადასახადას პირველივე წელს. მაშინაც კი, როცა ბიზნესი მოგებაზე ვერ გავა! რადგან, ხომ შეიძლება, რომ ეს ბიზნესმენი მაინცდამაინც არ ინდომებდეს მოგების ჩვენებას? მაგალითად, მინიმუმ 1000 ლარი აქვს ხელფასები დანიშნული და ამიტომაც არ აქვს მოგება. ჰოდა, ან ხელფასები შეამციროს, ანდა იხადოს მოგება წაგებით დამთავრებულ წელზე! აი, რა საინტერესო აზრები მოგდის თავს, როცა უცხო ქვეყნების გამოცდილებას ეცნობი.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა – არა მარტო მსხვილი ბიზნესები – ეს ჭყონიები, ნაყოფიები,  კურტანიძეები და ოქრიაშვილები უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ – საქართველოს ხალხს, არამედ საშუალო ბიზნესიც და ძალიან წვრილი ბიზნესიც! არცერთი ყუთი სიგარეტი არ უნდა იყიდებოდეს უჩვენოდ, არცერთი შეკვრა ბანანი და არცერთი პაჩკა ჟუაჩკა, ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკონტროლებდეთ! ყველაფერი ეს აძლიერებს ჩვენს ყოფიერებას! და ასუსტებს ჩვენი მოწინააღმდეგეების ყოფიერებას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სწორედ ჩვენ – საქართველოს ხალხი ვიძლევით ლიცენზიას ნებისმიერ ბიზნესსზე, რომ უჩვენოდ ვერავინ ვერ აიღებს სამარშრუტე ხაზს და ვერ გაყიდის ლობიანს ან ხაჭაპურს.

და თუ საბოლოოდ ყველა მიხვდება, და როდესაც ფართოდ გაღებული ბიზნესის კარები სათაგურის კარებივით დაიხურება, როდესაც არაფერი სხვა სამუშაო არ იქნება, გარდა იმისა, რომელსაც ჩვენ დავარიგებთ, მაშინ უკვე ჩვენი ყოფიერება იმ დონეზე იქნება, რომ ეს უმნიშვნელო ინფორმაციული გაჟონვა ჩვენს ცნობიერებას არაფერს დააკლებს.

ჰო, მართლა – ხოდორკოვსკი რუსეთშია დემოკრატი და სინდისის პატიმარი, თორემ საქართველოში რომ ყოფილიყო, მისი ადგილი სწორედაც რომ ციხეში იქნებოდა,  რადგან არაფერი არაა ისე საშიში საქართველოს ხალხისათვის, როგორც ადამიანი დიდი ყოფიერებით! ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, რადგან ეს შეიძლება ჩვენი – საქართველოს ხალხის – ცნობიერების დეგრადაციის დასაწყისი აღმოჩნდეს.

 

განათლების რეფორმა – ერთგული ადამიანის შექმნა

მაგრამ განა მარტო ფინანსები იქნება ჩვენი წარმატების იარაღი გადამწყვეტ ბრძოლაში? ნურას უკაცრავად! ჩვენი წარმატების იარაღი არის მაღალი ცნობიერება! ხოლო როგორ გამოვარჩევთ მაღალ ცნობიერებას? – სწორია, ალინა – ერთგულებით! ჩვენი გამარჯვების საწინდარია ერთგული ადამიანი! ფინანსები ამის მიღწევის სერიოზული ბერკეტია, მაგრამ ერთგულება მარტო ფინანსებით არ მიიღწევა. ამას აღზრდა ჭირდება! ჩვენ უნდა აღვზარდოთ ადამიანი, რომელიც იქნება ჩვენი ერთგული – საქართველოს ხალხის ერთგული. ძაღლივით ერთგული ხახლი გვჭირდება! მხოლოდ ასეთი ხალხით შეიძლება გამარჯვების მიღწევა. და ეს აღზრდა უნდა დავიწყოთ სკოლიდან.

ზოგიერთ თქვენგანს ალბათ დღემდე ჰგონია, რომ რეფორმირებული სკოლის მთავარი ფუნქცია განათლების მიღება უნდა იყოს. განათლება კარგია. აგერ ბებიაჩემმა ინგლისური  ბუშის მერე ისწავლა და ბაიდენს უკვე ინგლისურად ელაპარაკა. ასე რომ განათლება კარგია, მაგრამ განათლება არაა მთავარი. განათლებით ვერ დაიკვეხნის ლადო ვარძელაშვილი, მაგრამ მაგიტომ ვერ გაიკეთა კარიერა? თუ ცოლი ვერ მოიყვანა ისეთი, რომელიც ბარეორს შეშურდება?

რატომ ვაქცევთ ასეთ დიდ ყურადღებას განათლებას? იმიტომ რომ გვჭირდება ერთგული ადამიანები. ჩვენდამი ერთგულება უნდა იყოს ასპორცენტიანი. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი სკოლის რეფორმა. სწორედ სკოლიდან იწყება ერთგულების გამოწრთობა. რაც ადრე – მით უკეთესი!  პირველი წლებიდანვე უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს ბავშვი! პირველი წლებიდან უნდა ვიცოდეთ, რას ლაპარაკობენ ბავშვის ოჯახში! პირველი ნაბიჯებიდან უნდა აღვკვეთოთ ერთგულებიდან გადახრის სულ პატარა შანსი! ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ყველაფერს უნდა ვაკონტროლებდეთ! სწორედ ამას მოახერხებს მანდატურების ინსტიტუტი. მანდატურმა უნდა გააკონტროლოს მოსწავლეც და მასწავლებელიც. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი მასწავლებელი პოტენციურად ჩვენი  მოწინააღმდეგე შეიძლება გახდეს, როგორც კი თავისი მოსალოდნელი შემცირების შესახებ გაიგებს ან მიხვდება. ამიტომ სწორედ მანდატურებს უნდა დავეყრდნოთ! მოვა დრო, როცა დაწყებით კლასებში არც დაგვჭირდება მასწავლებელი. სწორედ მანდატური იქნება დაწყებითი კლასების მასწავლებელი და მხოლოდ ერთგულებას ასწავლის პატარა ბავშვებს. მეტი არცაა საჭირო. მანდატურები ერთგულებას ასწავლიან და გამოკითხავენ არა საშინაო დავალებას, არამედ ბავშვებს სახლში რას ეუბნებიან. ხოლო უცხოელები ინგლისურს ასწავლიან და იმას, რაც უცხოელ დამკვირვებლებს უნდა უთხრან. სადღაც მეოთხე კლასიდან დაიწყებენ მერე მათემატიკას (უნარ-ჩვევების დონეზე) და ისტორიას (2003 წლიდან – დღემდე). კარგი იქნება, თუ ცეკვას და სიმღერას ვასწავლით. საერთოდ, ქართველ ბავშვებს უხო ენას, ცეკვას და სიმღერას ვასწავლით, სავსებით საკმარისი იქნება! კიდევ ხელგარჯილობაც უნდა იყოს (პურის ცხობა, მაგალითად… კატერინგი – სუფრის გაწყობა, კერვა, კრუპიეს ხელობა, ბარმენობა) – ყველაფერი ეს ტურიზმის აყვავებას შეუწყობს ხელს. არაფერი ისე არ ჭირდება დღეს საქართველოს, როგორც კარგად მოცეკვავე და ინგლისურის მცოდნე ბარმენი! და ჩვენ მოვახერხებთ, რომ ყოველი მესამე ქართველი ბარმენი იყოს! ჩვენი ერთგული ბარმენი! ამ პროფესიებს არ ჭირდება უმაღლესი განათლება. წარმოიდგინეთ, რამდენი შენობა გამონთავისუფლდება ქალაქის ცენტრში!

არაფერი ისე არ გამჭირვებია, როგორც კარგი განათლების მინისტრის მოძებნა!

ვინ არ გამოვცადე და მხოლოდ შაშკინმა გამიმართლა ბოლოს!

მაგრამ იმას არავინ  კითხულობს, რატომ გამიმართლა შაშკინმა.

იმიტომ, რომ ჯერ ციხეების უფროსად ვამუშავე!

არაფერი ისე არ გავს ერთმანეთს, როგორც ციხე და სკოლა! რადგან ორივეს მიზანი – ახალი ადამიანის აღზრდაა! ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ყოველი სკოლა ციხის თარგზე იყოს გამოჭრილი. და მანდატურები იქნება ამ რეფორმის მთავარი ინოვაცია! ახლა ხომ ხვდებით, რა დროული იყო ის კამპანია, როცა ყველა სკოლაში საშინელი დანაშაულები ხდებოდა! სწორედ ამან მოგვცა მიზეზი, მანდატურების შემოღების აუცილებლობაზე დაგვეწყო ლაპარაკი. და სანამ არ შემოვიღეთ, ვერც ჩვენი და ვერც უცხოელი დემოკრატები ვერ მიხვდნენ, სინამდვილეში რა როლი ეკისრებოდა მანდატურებს!

მაშ ასე, დაიმხსოვრეთ – ყოველი ადამიანი და ორგანიზაცია, ვინც მოვა და მანდატურების შესახებ კრიტიკულ ლაპარაკს დაიწყებს,  საქართველოს ხალხის პირველი მტერია! ჩვენდამი ერთგულების აღზრდაში ვინც ხელს გვიშლის, აბა ის ვინაა? ასე რომ ვინც არ უნდა იყოს, ვინც ამის ჩიჩინს დაიწყებს, ის მტერია და მტრულად უნდა მოვექცეთ! კარგად დაიმახსოვრეთ ეს!

მეტსაც გეტყვით: იმისთვის, რომ ოჯახის შესაძლო მავნე გავლენა შევამციროთ, არაა გამორიცხული, რომ სკოლაში სასწავლო საათები კიდევ უფრო გავზარდოთ – დარჩნენ 8-9  საათამდე, რა პრობლემა? სკოლაში სწავლება 15 წლიანი გავხადოთ, ხოლო შაბათ-კვირას მანდატურები სახლებში შეუვლიან მოსწავლეებს, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას! მაშინ ვნახავ, როგორ გაბედავენ, ეს ჩვენი განათლებული მშობლები „მაესტროს“ და „კავკასიის“ ყურებას, სახლში მანდატური რომ დაუჯდება და აღმზრდელობით-გამოკითხვით საუბრებს ჩაუტარებს!

თუ,  „გამოკითხვით-აღმზრდელობითს“?

კომპიუტერები დამავიწყდა! რაც მეტ კომპიუტერს დავარიგებთ, მით მეტად გავზრდით ჩვენდამი ბავშვების სიყვარულს და ძაღლურ ერთგულებას! სწორია, რომ ჟურნალისტები უმეორებენ ბავშვებს და უჩიჩინებენ – ვინ აჩუქა კომპიუტერი! ამის მერე ვის უფრო დააფასებს პატარა? – უმუშევარ მამიკოს,  ვინც ბურთსაც ვერ ყიდულობს მისთვის, თუ შაშკინს – ვინც კომპიუტერი აჩუქა? ვინ უფრო ეყვარება? – უფულო დედა, თუ სკოლის დირექტორი, რომელსაც ყოველ კვირას თვე მაკდონალდსში დაყავს? (ეს ჩემი ახალი პროექტია, ჭყონია დააფინანსებს! არ დააფინანსებს და კარგ ტურას დაიჭერს – მაკდონალდსის გემოც კი დაავიწყდება… თუმცა სულ დამავიწყდა, ეგ მაკდონალდსს ცოცხალი თავით არ ჭამს! (სიცილი)… ვის უფრო დააფასებს, მობჟუტურე ხელოვნებს, თუ იმ პარტიას, ვინც ყოველ წელს ბანაკებში დაასვენებს და აკრძალული ხილის გასინჯვის საშუალებას მისცემს?

და იმ კომპიუტერებში, სხვათა შორის, ისეთი ჩიპები შეგვიძლია დავამონტაჟოთ, რომ სახლში რას ლაპარაკობენ, ყველაფერს გადმოგვცემს!

რა თქვა ბოკერიამ? რაო? არ შეიძლებაო?

საქართველოს ხალხის სადარაჯოზე ყველაფერი ნებადართულია!

ჰო, ბოკერიაზე გამახსენდა. ყველა მოსაწავლეს სახელმწიფოს ხარჯზე ოჯახში „ტაბულა“ გამოუწერეთ! აი, რა გვჭირდება… მე რომ შემეძლოს, ტესტირებასაც კი ჩავატარებდი იმის გამოსავლენად, ვინ როგორ ითვისებს „ტაბულას“. უფროსებს ვგულისხმობ, აბა ჩვენი გამოზრდილი ბავშვები ლადარიას რას გაუგებენ?! (სიცილი)

 

„შიში შეიქმს სიყვარულსა“ (გრიგოლ ორბელიანი)

როდესაც შევარდნაძე გაიქცა, მაშინვე მივხვდი, რატომ დამარცხდა.

ჯერ ერთი, სკოლებში პიონერხელმძღვანელები და კომკავშირის კომიტეტები რომ გაუქმდა,  მანდატურების შემოღებაზე არ იზრუნა. ამით, განათლების ძაფები გაუშვა ხელიდან.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პოლიციელების ერთგულებაზე არ იზრუნა!

ბევრი კი ყავდა ეს პოლიციელი, (ისე, ჩვენ რომ გვყავს ახლა მაგდენი მაინც არ ყავდა), მაგრამ ვერც ხელფასს უხდიდა და თან კორუმპირებულები იყვნენ. კორუმპირებული პოლიცია, ფულს რომ ხალხს ართმევდა, იმ ხალხს რამეს დაუშავებდა? იმ ხალხზე, ვისგანაც 5 ლარს ელოდებოდა, ხელს აღმართავდა? რეზინის ტყვიებს კი არა, რეზინის ხელჯოხს ვერ ახმარდი ხალხზე შევარდნაძის პოლიციელებს! სწორედ ეს იყო მისი მთავრობის აღსასრული.

როცა სკოლის მოსწავლეების ერთგულად გაზრდაზე ვლაპარაკობდი, ამაში მომავალი პოლიციელების ერთგულებასაც ვგულისხმობდი. პოლიციელი იმის პოლიციელია, რომ თუ საქართველოს ხალხს დასჭირდა, ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს – რეზინის ჯოხიც, რეზინის ტყვიაც და ნამდვილი ტყვიაც. სწორედ ნულოვან ტოლერენტულობის დევიზმა გამოაწრთო ქართული პოლიცია და შემართულ და უყოყმანო მრისხანე ძალად აქცია! ამიტომ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს და რამდენი საავადმყოფოც არ უნდა გავყიდოთ, სწორედ ეს არ უნდა დავთმოთ – ერთგული და უყოყმანოდ მზადმყოფნი პოლიცია! ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ხალხი ყველაფეს მოიკლებს და პოლიციას – მის ერთგულ დამცველ ძალას არაფერს მოაკლებს. პირიქით! ჩვენ ვზრდით პოლიციელთა რიგებს. ყველა მეტყევე, ყველა დაცვის მუშაკი, ყველა მანდატური, და ახლო მომავალში – ყველა სახლმმართველიც და აგიტატორიც პოლიციის რიგებში გაერთიანდება. საქართველო უნდა გახდეს არაკორუმპირებული პოლიციელების, მაღალანაზღაურებადი მენაგვეების და ლეკურის მოცეკვავე ბარმენების ქვეყანა! და ეს იქნება საქართველოს ხალხის სრული გაბრწყინების ქვეყანა!  ვერაფერი და ვერავინ ვერ დაუდგება წინ გონვრული ეჭვით და პოლიციის ახალი კანონით შეიარაღებულ პოლიციელს! მე პირადად ვიქნები ყველა ასეთი აქტიური და გონივრულად დაეჭვებული პოლიციელის მფარველი! მეტსაც გაგანდობთ, ხანდახან, როდესაც ჩემს მომავალზე ვფიქრობ, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრობაზე მეტად სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრობა იქნებოდა ჩემთვის კარიერის ახალი და გამართლებული ფურცელი. (პაუზა. სიჩუმე).

იმედია, მერაბიშვილი არ იქნება წინააღმდეგი ასეთ როქირებაზე! (სიცილი)

 

ნაფიცი მსაჯულკები

ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჩვენს სასამართლოზე. მეც ეს მინდა, რომ ილაპარაკონ, ჩვენს სასამართლო რეფორმაზე, მაგრამ არ მომწონს, რას და როგორ ლაპარაკობენ… პროკურორების ზედმეტი ძალაუფლება, მოსამართლეების მიერ მიღებული საეჭვო გადაწყვეტილებები… ნატოც და კატოც მეტზრე არაფერზე ლაპარაკობენ, მარტო ჩვენს სასამართლო რეფორმაზე. რა არ გავაკეთე, რამდენი ფული არ ჩავდეთ ამ რეფორმაში, ფინანსურად როგორ გავაძლიერეთ ჩვენი მომსამართლეები. რამდენი სასამართლო ავაშენეთ… რამდენი გადაცემა გავუშვით ეთერში… რეკლამები, რომ ჩვენთანაც შეიძლება მოქალაქემ მოუგოს პროცესი სახელმწიფოს. მაინც არ ჭრის…  რაღაც უფრო ეფექტურია საჭირო… დარტყმა უნდა ავიცილოთ. სხვაზე გადავიტანოთ.

კუბლაშვილებს დიდ პატივს ვცემ, უნდა აღვნიშნო ასევე ჩვენი საკანონმდებლო ბირთვის – თორდია, ზვიად კუკავა და ის მესამე რაგვარია? მოკლედ, კარგად მუშაობენ. იღწვიან. დაუფასდებათ კიდეც. ყველას უფასდება, ვინც საქართველოს ხალხის სადარაჯოზე დგას!

ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი არის ძალიან მაგარი მოგონება! სწორედ ამ იარაღზე გვაქვს ბოლო იმედი. ორი კურდღლის კი არა, სამი ჯიხვის დაჭერის საშუალებას იძლევა:

1)      ჯერ ერთი, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ განაჩენს ვერავინ დააბრალებს მოსამართლეებს! ამით დიდ დარტყმას ავიცილებთ. ვიტყვით, რომ ხალხის რჩეულებმა გადაწყვიტეს.

2)      ნაფიცი მსაჯულების ყველა მონაცემს გამოვაქვეყნებთ. ამით დამნაშავეთა სამყაროს მათკენ მივმართავთ. მომავალში რას როდის გამოვიყენებთ, მერე გამოჩნდება

3)      თუ რომელიმე ნაფიცი მსაჯული უარს იტყვის თავისი მოქალაქეობრივი უარის ასრულებაზე, ჯარიმას დავაკისრებთ და ბიუჯეტს შევავსებთ. საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება ისეთი ნაფიცი მსაჯულების პული, რომელიც საქართველოს ხალხს აწყობს, ხოლო ვინც ჯიუტობას გააგრძელებს, ეს ძვირი დაუჯდება!

ასე რომ საქართველოში ნაფიცი მსაჯულების სისტემა ფინსანსურადაც და პოლიტიკურადაც დივიდენდებს მოგვიტანს!

 

რეფორმები ეკონომიკის სადარაჯოზე!

ხათუნა კალმახელიძეც სერიოზულად მუშაობს. ოფიციალური გადასახადები დაწესდება პატიმრის ნახვაზე, გადაცემის (პერედაჩის) შეგზავნაზე, ცოლის ნახვაზე, ცოლთან შეხვედრაზე, ადვოკატთან მეორე და შემდგომ შეხვედრაზე, საჯარო ადვოკატის თავიდან აცილებაზე, კარცერში მოხვედრაზე, გასეირნებაზე უარის თქმაზე და გასეირნების ზედმეტად მოთხოვნაზე, შეგინებაზე…

გარდა ამისა, მოხდება პატიმრების გაყვანა შრომით ბეგარაზე, გაიხსნება პატიმართა ვებ-გვერდები და დაიდგმება ფასიანი კომპიუტერები ფეისბუქში გასაწევრიანებლად. ვინც არ გაწევრიანდება, კომპიუტერით სარგებლობის გადასახადის 50%-ით დაჯარიმდება ციფრული გარღვევის აღმოფხვრაზე ხელშეწყობის უგულვებელყოფისათვის. დაწესდება ციხიდან ციხეში პატიმრების როტაცია, ხოლო ვინც ამაზე უარს იტყვის, მასაც დავაჯარიმებთ… 

როგორც ხედავთ, რეზერვი ყველაგანაა!

სადაც ხათუნამ ამდენი შეძლო, ვერ ვხვდები, რატომ ვერ უნდა მოიფიქრომ რაიმე სოფლის მეურნეობის ან ჯანდაცვის მინისტრებმა? რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენი წარმატებული კერძო კლინიკები რაიმე ფონდში გავაერთიანოთ, საიდანაც გარკვეული თანხები გადაირიცხება უმწეო პაციენტების ოპერაციების დასაფინანსებლად? ეს ფული ხომ ისევ მათთან – კერძო კლინიკებთან დაბრუნდება?..  ანუ უდანაკარგო წარმოება გამოვა!..

ანდა ყურძნის მწარმოებლებმა რომ იყიდონ ღვინის გაკოტრებული ქარხნები? შემიძლია მამაჩემი დავიფიცო, რომ 30 წელი მოგების გადასახადიდან გავანთავისუფლებ! (სიცილი) ბებიაჩემსაც დავიფიცებ, მაგის სახელი უფრო კოტირდება არაბეთში (ისევ სიცილი).

კიდევ უფრო კარგი აზრი მომივიდა. ჩვენ ძალიან დიდი დიასპორა გვყავს. იცით, რომ ეჩმიაძინის ტაძარი ნაკურთხ წყალს აგზავნის მთელი მსოფლიოს სომხურ ეკლესიებში და სამაგიეროდ უდიდეს შემოწირულობებს იღებს? რატომ არ შეიძლება ჩვენმა ეკლესიამაც რაიმე მსგავსი მოიფიქროს?  ჩვენი საელჩოები და წარმომადგენლობები სიამოვნებით დაეხმარებიან ამ სერვისის აწყობაში. ალბათ მოვახერხებთ სათანადო შეთანხმების მიღწევას. ეს სერიოზული საკითხია. ჩვენ ყოველთვის მივდივართ შეხვედრაზე ეკლესიის სურვილებზე და იმედი გვაქვს, ისინიც გადმოდგამენ ნაბიჯს საქართველოს ხალხისაკენ.

ქვეყანას უჭირს. ყველამ უნდა ქამრები შემოვიჭიროთ და ერთიანი ძალით უნდა მოვნახოთ რესურსები ამ მძიმე ჟამს საქართველოს ხალხის გადასარჩენად. ეს ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხია.

 

კონსტიტუცია – უპირველეს ყოვლისა!

დაბოლოს – არავითარი ყოყმანი და გაჯანჯლება კონსტიტუციის მიღების საკითხში!

მთელი აგვისტო და სექტემბერი ვიხილავდით და კმარა!

არ შეიძლება, ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იყოს და გაუთავებლად მიდიოდეს კონსტიტუციის განხილვა. თუ ვენეციის კომისიას მართლა უნდოდა შესწორებების შეტანა, შეეძლოთ ადრე ემსჯელათ. მე რომ პეტერსონ-ბელქნაფში ვმუშაობდი, პეტერსონმა მითხრა – თუ ადვოკატს საამართლოში დააგვიანდება, იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ მოსამართლე უეჭველად დაელოდებაო. ჰოდა, ვისაც დააგვიანდა, თავის თავს დააბრალოს. ჩვენი მატარებელი კი უსასრულოდ ვერავის დაელოდება. საქართველოს ხალხს გასაფლანგი დრო არ აქვს! ახლა ჩვენი დროა და ჩვენი დრო ძვირად ფასობს!

ახლა კი წავედით, ტრამპის სასტუმროში ლიფტების შიდა დიზაინზე უნდა წავიმუშავო. ყველამ უნდა ხელები დავიკაპიწოთ და ქვეყნის აღმშენებლობაში ჩავებათ, ვისაც სად შეგვიძლია! ეს ჩვენი ქვეყანაა და არავის არ მივცემთ უფლებას, საქართველოს საქმეებში ცხვირი ჩაჰყოს! წავიდა ის დრო, როცა უსასრულოდ ჭკუას გვარიგებდნენ! ჩვენ რეფორმის ჩემპიონები ვართ! ბიზნესის თავისუფლად დაწყების ჩემპიონები ვართ! ტრამპის ინვესტიციების ჩემპიონები ვართ – და იქეთ მოგვისმინონ და ისწავლონ, როგორ უნდა საქმის კეთება, როცა მტერი სულ რაღაც 40 კილომეტრში დგას!

გაუმარჯოს საქართველოს ხალხს!

გაუმარჯოს საქართველოს ხალხის გამარჯვებას გარე და შიდა მტრებზე!

ჩვენთან არს ფული! (სიცილი)

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტი (ბედნიერი სახით):

–         როგორც უკვე გითხარით, ახლახანს დამთავრდა სახელისუფლებო პარტიის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც ამ დილით ბათუმის შერატონში დაინიშნა. სპეციალური თვითმფრინავებით თბილისიდან, ქუთაისიდან, მესტიიდან, სენაკიდან, ფოთიდან და მარნეულიდან ჩამოყვანილმა დელეგატებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება – ნაციონალურ მოძრაობას შეეცვალა სახელი და ეწოდა – პარტია საქართველოს ხალხი. თანაც, როგორც პარტიის ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა, შეთავსებით საქართველოს პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და ავიაციის მარშალმა, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ, საქართველოს ფორმულა1-ის და ფორმულა3-ის კლუბების პრეზიდენტმა, საქართველოს მდგრადი და უალტერნატივო განვითარების წარმართველმა – ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით განუცხადა, საქართველოს  ხალხი უნდა დაიწეროს ბრჭყალების („“) გარეშე.

„იმედის“ ჟურნალისტი (ბედნიერი, გაცისკროვნებული სახით):

–         ირგვლივ წარმოუდგენელი აჟიოტაჟია. დეპუტატები გამოდიან გაბადრული სახეებით, ყველა ყველას ულოცავს. არის საყოველთაო მხიარულების დღე. ასეთი ბედნიერი დღეები უმრავლოს საქართველოს!

პირველი არხის გენერალური დირექტორი (ბედნიერი, სიხარულისგან აცრემლებული, და მოზეიმე სახით):

–         არც კი ვიცი, რა გითხრათ! რამდენი რამ გადავიტანეთ და მგონი მოვიდა ჩვენი გაჭირვების დასასრული. აგერ ბოცო გვეტყვის უფრო ლამაზად. ბატონო ბოცო, შეიძლება ინტერვიუ ჩამოგართვათ?

–         (ნუგზარ ბოცო წიკლაური) თავად გენერალური დირექტორი იღებს ინტერვიუს?

–         (გენერალური დირექტორი გია ჭანტურია): ისეთი ბედნიერი დღეა და ისე აღელვებული ვარ, რომ მინდა ისტორიაში სწორედ ასე შევიდე – როგორც ერთი რიგითი ჟურნალისტი!

–         (ბოცო ბატონი) აბა, რა უნდა გითხრათ?.. ასრულდა ჩვენი ოცნება. ნაციონალური მოძრაობის სახელი უკავშირდება ნინო ბურჯანაძესაც, ზურაბ ნოღაიდელსაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც, ანზორ ბიწაძესაც… ამიტომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება რებრენდინგზე ანუ მოხდა ჩვენი პარტის რებრენდირება. ახალი რებრენდირებული ბრენდი სწორედ ისეთი ბრენდია, როგორსაც ვერც კი ვინატრებდით – საქართველოს ხალხი! – მოკლედ და კონკრეტულად…

კადრში ხვდება ბედნიერებისაგან  და ტრამპის ყურადღებისაგან აცრემლებული ნათია ბანძელაძე, მაგრამ რუსი ჟურნალისტების ძახილზე – „გასპაჟა ბანდზელადზე! გასპაჟა ბანდზელადზე!“ უკანმოუხედავად გარბის…

რუსთავი-2ის ჟურნალისტი – გამარჯვებული საქართველოს ხალხის ტელევიზიიდან –

–         და მაინც რაში გამოიხატება ამ ახალი ბრენდის უნიკალურობა?

–         (ბოცო ბატონი) გადაშალეთ კონსტიტუციის პირველი გვერდი და თავად მიხვდებით! თან ვერავინ დაგვაბრალებს, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი ჩვენი რედაქტირებითაა მიღებული.

–         გავრცელდა ხმა, რომ პრეზიდენტმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა!

–         ეს ასეა! ეს სიტყვა საქართველოს ხალხისთვის ნამდვილად ისტორიული იქნება!

–         შეგიძლიათ გვითხრათ ორიოდ სიტყვით, რას ეხებოდა სიტყვა?

–         არ შემიძლია! ის საქართველოს ხალხისთვის იყო განკუთვნილი!!!

–         უბრჭყალებოდ?

–         გამგები გაიგებს!

–         მართალია, რომ განიხილება საკითხი პრეზიდენტისათვის ახალი წოდების – „საქართველოს ხალხის მამა“ – მინიჭების შესახებ?

–         ამას მალე გაიგებთ!

———————————————————————————————–

იმ ღამეს ეძინა მხოლოდ საქართველოს! – მშვიდი და უშფოთველი ძილით…-  როგორც ილარიონ შევარდნაძეს…


451°F-მდე (ფიქრები მახო ხარბედიას ბლოგზე “ისინი იდგნენ”)


ებრძვიან. თავგამოდებით ებრძვიან…

ებრძვიან წიგნებს.

ზოგადად ცოდნას ებრძვიან.

ჯერ – აკადემიას, მერე – უნივერსიტეტს, მერე – სამეცნიერო ინსტიტუტებს, მერე -სკოლას, მერე – საბავშვო ბაღსაც მიდგებიან …

ებრძვიან ცოდნას.

რამეთუ მცოდნე კაცი ძლიერია, ხოლო უგუნური – სუსტი. მცოდნეს ადვილად ვერ დააბოლებ, რომ მიშა – აღმაშენებელია, ვანო – ხერხემალი და ვერა – მდგრადი…

განა მარტო გარემოვაჭრეობა ალაგმეს ბუკინისტების გაყრით. მათ ცოდნის მიღების ასპარეზი შეგვიზღუდეს. მართალს ამბობს მალხაზი – იქ, სადაც წიგნი იყიდება, შეჭირვებული ადამიანი წიგნს წარმოუდგენელი სიძვირის გამო ვერ იყიდის, ხოლო იქ სადაც იაფად შეეძლო ყიდვა, ვეღარ იყიდის, რადგან გამყიდველს ამოუკვეთეს ფეხი.

ბუკინისტების დიდი უმრავლესობა წიგნიერი ხალხი იყო. ჩუმი, იაფად ჩაცმული, ძვირად მოლაპარაკე, გარეგნულად თალხი და  შინაგანად მდიდარი.

ასეთი ხალხის ეშინიათ.

ეს ზუსტი ანტიპოდია იმის, რაც მათ უნდა რომ გამოკლონონ  – ხმაურიანი, მყვირალა, ძვირად და ზიზილ-პიპილოდ მორთული, წკრიალით მორატრატე და შინაგანად ფუყე. ამიტომაც – თავაწეული.

ამიტომაც ჩარეცხეს ბუკინისტები. – როგორც იდეური და კლასობრივი მტერი, რომელიც ერის წკრიალაშვილიზაციის და კულტურის ლექსენიზაციის გზაზე ერთ-ერთ მორიდებულ, მაგრამ მყარ ბარიერად იდგა.

სამსახურს რომ ვერ იშოვიან და გალოთდებიან, მერე ნაცოვიზიებს მიუსევენ და გვაჩვენებენ – შენ გაჩვენებენ, მახო – და ირონიულად შეგეკითხებიან – “ამას უმღეროდი, ტრუბადურო?”

ხანდახან მგონია, რომ უმეცარნი არიან. ნინო კალანდაძის მიერ წაკითხული წიგნების სია ძალიან მაინტერესებს, დედა შემოევლოს ჩვენი დიპლომატიის პრინცესას და ავიაბარგგადაზიდვების მტრედს. მაგრამ ხანდახან, პირიქით, მგონია, რომ ძალიან კარგად აქვთ დაზუთხული ორუელიც და ბრედბერიც. ოღონდ სულ საპირისპირო მიზეზით – როგორც მოქმედების ინსტრუქცია, როგორც – modus vivendi.

სკოლებში შეიტანეს ვიდეოკამერები და განათავსეს პოლიციელები. ეს ე.წ. მანდატურები დააკვირდებიან ჩვენს ბავშვებს. პირველ უწესო საქციელზე (თავად განსჯიან – ეთიკა ხომ ჩააბარეს, სიმონ!) საჯარიმო სამუშაოებს გამოუწერენ (ტუალეტის გახეხვა მოსულა, ნეტა?), ხოლო მეორეზე კი სამტრედიის სპეც-სკოლაში უკრავენ თავს. ანუ ზონაში გადაასახლებენ.

დილით გაუშვებ შვილს დიღმის სკოლაში და საღამოს მოგივა “პავესტკა” (რა ქვია ინგლისურად მაგ ოხერს, – მომეშველე, თანამედროვე ყივჩაღთა ათასეულის წევრო!), რომ შენი შვილი გამწესდა და უკვე გადაყვანილია სამტრედიის “სინგ-სინგში”. სადაც გექნება უფლება, რომ თვეში ორჯერ შეხვდე და გაეცნო მის იქაური განათლების ელემენტებს – მარიო ვარგას ლიოსას “ქალაქი და ძაღლების” სტილში.

თუ, რა თქმა უნდა, თავად არ მიგაყენა ამასობაში კედელთან გონივრული ეჭვით შეპყრობილმა რომელიმე ახალმა ცენტურიონმა და ვაითუ ჯიბეში ორუელის “1984” აღმოგიჩინა, ან [მტრული ეროვნების] დოსტოევსკის “ქაჯები” და ვერ მიხვდა, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის ცნობილ გამოთქმაზე ადრეა დაწერილი, რომ ის მუდამ მოთვალთვალე “დიდი ძმაც” სულაც არაა მერაბიშვილის პაროდია, პირიქით…

მაშინ, რა? “ედალტებისთვის” სად იქნება სამტრედიის გამასწორებელი? იქვე – ხონში?

ხოლო თუ სადმე მინდორში ერთად უნდათ თავი მოუყარონ ბუკინისტებს და ბიბლიოფილებს, ალბათ კამერებსაც დააყენებენ, რომ კითხვის სასიკვდილო ვირუსით შეპრობილი პირების ზუსტი აღრიცხვა ნუმერაცია მოახდინონ, ჰალეებმა. მათ ხომ ეშინიათ, რომ მათ მიერ დანერგილი ადმინისტრაციული 90-დღიურები და კარცერები მათთვის წიგნებით სავსე კარცერ-ლუქსებმა არ შეცვალონ . ისინი ხომ ისეთი თვითკმაყოფილნი არიან, როგორიცაა სიტყვა “გავძეხი”. და ამას წიგნი ემუქრება…

აქედან წიგნების დაწვამდე არც ისე შორია.

ჯერ აკრძალავენ, მერე “მეხსიერების ხვრელში” ჩაუძახებენ, მერე ზოგიერთებს სპეციალურად დაასველებენ და დააობებენ და მერე დაწვავენ კიდე. რა, ნიუ-იორკში თუ ამაყობდნენ ამით ერთ დროს, ჩვენ რამე ცუდში ხომ არ ჩამოვრჩებით ნიუ-იორკს? 

ხოლო “იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ!” (ჰაინე)

ჭიაკოკონობას რა სჯობია, ჰალე! მანდატურ, მაიტა ასანთი…