დეჟა ვაი!


ეხლა ვნახე “ალ ჯაზირაზე” საქართველოს ექს-ლიდერის და ვაშინგტონში თათარიახლად დაარსებული “ახალი საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, – მიხეილ შეფარდებულის ინტერვიუ, და ჩემს თავს კითხვა დავუსვი
– ეს კაცი რომ ისევ საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო, რა ვითარება გვექნებოდა დღეს ქვეყანაში?

ალბათ, აი, ასეთი:

– საქართველოს სამხედრო ძალების მინიმუმ რამდენიმე ბატალიონი ან ერთი დივიზია ეყოლებოდა გაგზავნილი უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე;
– უკრაინაში გვეყოლებოდა რამდენიმე ათეული დაღუპული და დაჭრილი, რომელთა შესახებ მხოლოდ უცხოური მედიიდან თუ გავიგებდით შემთხვევით, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს ისევ ძველებურად აიძულებდნენ, რომ მიცვალებული ღამით ჩუმად დაემარხათ.
– რუსეთის მიერ დაწესებული იქნებოდა უკმაცრესი აკრძალვა ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანაზე და დიდი ალბათობით, რამდენიმე ათასი ქართველი იქნებოდა სასწრაფოდ დეპორტირებული, ხოლო რამდენიმე ათეული – დაპატიმრებული შპიონაჟის ან ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით;
– გაძლიერდებოდა აფხაზების და ოსების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების და დაპატიმრების ფაქტები ზემოთხსენებული ბრალდებებით. არაა გამორიცხული, გორის მახლობლად რუსული სამხედრო ტექნიკის დემონსტრაციული გამოყვანის შემთხვევებიც გვეხილა;
– მოიმატებდა დე-ფაქტო საზღვრისპირა რეგიონებიდან ლტოლვილთა ნაკადი;
– შეწყვეტილი იქნებოდა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა;
– თბილისის და საქართველოს სხვა ტერიტორიის თავზე რუსული თვითმფრინავები განახორციელებდნენ დემონსტრაციულ გადაფრენებს მოსახლეობის დაშინების მიზნით;
– საქართველოში ჩავარდებოდა ტურისტული სეზონი;
– საქართველოს ნაცმთავრობა ისევ მოაწყობდა წითელი ხიდის მახლობლად კაზანტიპზე უფრო მრავალრიცხვოვან აქციას – ოჯახის წევრებისა და ქონების სახალხო-საჯარო დემონსტრირებით;
– მიხეილ სააკაშვილის ჰალსტუხების კოლექციას ისევ დაემუქრებოდა ლიკვიდაციის საფრთხე;
– მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტ ინტერვიუს მისცემდა საერთაშორისო მედიას, ვიდრე უკრაინის მთელი მთავრობა – ერთად აღებული;
– მაპს მაინც არ მოგვცემდნენ;
– ერთადერთი, უკრაინელი ხალხიც და ხელისუფლებაც ნამდვილად უფრო მადლიერი იქნებოდა ჩვენი…

რამე გამომრჩა?

misha-sardal


მესამე მსოფლიო ღომი (ტრაგედია კომიკურ ფერებში)


პუტინ-პოროშენკო-ეშტონ-ლუკაშენკო

მოკლედ, ასეა ეს ამბავი – მთელი მსოფლიო ებრძვის აგრესორს, რომელსაც პირობითად „რუხეთი“ დავარქვათ.

ბრძოლა მიდის აღმავალი ხაზით – ჯერ იყო დაკვირვებების და გაკვირვებების კანტი-კუნტი სროლა. მერე გაძლიერდა შეშფოთებები, რომელმაც რუხეთის მიერ ღირიმის მწვანე კაცუნებით შეტევისა და რეფერენდუმული ანშლუსის ფონზე საარტილერიო ზალპის სახეც მიიღო. ზალპურმა შეშფოთებებმა გვარიანად ასიამოვნა რუხეთის პრეზიდენტი რუტინი, რომელმაც ამის საპასუხოდ მწვანე კაცუნები აღმოსავლეთ უღრაინაშიც მოთესა და მოსავალს გატრუნული დაელოდა.

ამაზე მსოფლიო სულ გადაირია და გამოაცხადა მასიური და გეომეტრიულად პროგრესირებადი სანქციები! სანქციები იმდენად მასიური იყო, რომ თავიდან მისი ადრესატების სია A4 ფორმატის გვერდის 1/8-ზე ვერ ეტეოდა. უღრაინის რაც უფრო მეტ დასახლებულ პუნქტს იკავებდნენ უნიშნო, უსახო და უსახელო მწვანე კაცუნები, მით უფრო იზრდებოდა სანქციებში ჩართული ქვეყნების რაოდენობა, რომელთა უმრავლესობის ლიდერები დილიდანვე გმობდნენ რუხეთის მოქმედებებს და გულში მჯიღს იცემდნენ, რათა საღამოსვე დაერეკათ რუტინისათვის და სამშვიდობო პროცესში აქტიური ჩართვა შეეთავაზებინათ, თან ელეგანტურად ბოდიშიც მოეხადათ მჯიღის ცემის ზედმეტი ექსპრესიულობის გამო…

უღრაინის ლიდერშიფმა უყურა ამ კატავასიას, უყურა და მიხვდა, რომ შეშფოთებებიდან აღშფოთებებამდე უსასრულო გზაზე უღრაინისაგან 1/8-ც აღარ დარჩებოდა, ამიტომ აქტიური ბრძოლის მივიწყებულ მეთოდებზე გადავიდა. იმდენად მივიწყებულზე, რომ დღეში 1 თვითმფრინავს და 2 ვერტმფრენს კარგავდა, ხოლო მწვანე კაცუნები ჰამასის მსგავსად გათხრილი გვირაბებიდან (ან სულაც ღია სასაზღვრო პუნქტიდან) ახალ-ახალ ამოუცნობ სატანკო ელემენტებს იღებდნენ… ნუ, ხომ ხვდებით, რომ მწვანე კაცუნები მწვანე ტანკების გარეშე წარმოუდგენელია, მათი სიმბიოზი კი ისეთივე სანუკვარი და გულისამაჩუყებელია, როგორც დედაზე აკრული ბემბი… არა, უფრო – როგორც იმპერიულ „სათნოებაზე“ და „მოყვასზე ზრუნვაზე“ მილესილი სეპარატიზმი…

თუმცა თანდათან მდგომარეობა შეიცვალა. რადგან გაგიკვირდებოდათ, მაგრამ როცა აქციების ადრესატთა სიებში რუხეთის ყველაზე პტივსაცემი რუხი მგლების სახელებიც დაფიქსირდა, რუტინმა თავი მოიქექა და აღიარა, რომ ღირიმში ის მწვანე კაცუნები მისი კაცუნები იყვნენ (ოღონდ, ტანკებზე არ გამოტყდა სათუთი… ტანკის ზღაპარი უფრო კარგად „პრავდება“, ეტყობა, და არც არავინ უსვამდა დასავლეთიდან ამ უხერხულ კითხვას!), მაგრამ ამავე დროს მკვეთრად გაემიჯნა აღმოსავლეთ უღრაინაში ზუსტად ისეთნაირივე მწვანე კაცუნებს და მათ არანაკლებ ანშლუსურ რეფერენდუმების მცდელობებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ კაცუნებმა გვარების გადაკეთებით მოიწყეს სარდლობები და პრეზიდენტობები და უკვე ცოტა უკლდათ, რომ აღმოსავლეთ უღრაინაში ფულის ერთეულიც გრივნას ნაცვლად გირკა გამხდარიყო, მათი ლიდერის უკვდავსაყოფად… მაგრამ იმ დროს, როცა თავად ხატზე იფიცებდნენ, რუტინი ჩვენ არაფერს გვაძლევს, ეგ გადამგდებიო, სწორედ იმ დღეებში მსოფლიოს მორიგი უღრაინული ბომბდამშენის განადგურება უპატაკეს და მალევე პირკატა ეცათ, როცა გაიგეს, რომ ეს სამგზავრო თვითმფრინავი იყო – სულაც დასავლური ქვეყნიდან, სადაც ერთ დროს რუხეთის მეფე განათლებას იღებდა და დროშაც კი წამოიღო იქედან…

მერე კი აშკარა გახდა, რომ თვითმფრინავი იმ ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს, რომელსაც აფთიაქში ნამდვილად ვერ იყიდი (თუმცა, ეშმაკმა იცის, რუხულ აფთიაქში იქნებ მოგცენ კიდეც, თავის ტკივილის ასალაგმავად)…

მალე აღმოჩნდა და გამოჩნდა, რომ თვითმფრინავის და უდანაშაულო შემთხვევითი ადამიანების დაღუპვამ ელვისებურად სწრაფად ითამაშა დასავლურ შეშფოთებებსა და აღშფოთებებს შორის არსებული უხილავი ზღვრის გადამლახავი ფაქტორის როლი. მთელი ორი კვირის განმავლობაში (!) მართლაც გაერთიანებული დასავლეთი იქამდე მივიდა, რომ სანქციების ადრესატთა სიამ უკვე ერთ გვერდს გადააჭარბა და ბატონ რუტინს თავის ქექვა ქრონიკულ ჩვევაში გადაუვიდა. მაგრამ აქ კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდი გამოიყენა.

რამდენადაც სანქციები ძირითადად მისი ჰელიტის მიმართ იყო მიმართული, ასე არ უნდაო, და თავად დაუწესა მთელ ხალხს სანქციები – თქვენ რას გვიზამთ იმისთანას, ჩვენ რომ არ გვიქნია ამათთვისო! და პირდაპირ მასობრივი კვებითი ხარაკირი გამოაცხადა – აწი, აღარაფერს ვიყიდით თქვენგან და სულ შიმშილით რომ დაიხოცება ჩვენი მოსახლეობა, მერე ნახეთ, რა მოგივათ, გულები რომ დაგეთუთქებათ და მორალი რომ ბოყინით მოგკლავთო!

გაოგნებულმა დასავლეთმა ჯერ ერთმანეთს გადახედა, ეს ალაოდ ხომ არ არისო, და რომ მიხვდნენ, არ იყო ეს ბლეფი, გაფითრდნენ და აღშოთებების ტონუსი მკვეთრად ჩამოუვიდათ შეშფოთებების დონის ქვემოთ, რამეთუ, მართალია, რუხეთის მოსახლეობას იმაზე ცოტად ნაკლებადაც ნაღვლობდნენ, ვიდრე უღრაინისას, მაგრამ იმას კი მაშინვე ზურგის ტვინით მიხვდნენ, რომ ასე თუ გაგრძელდებოდა, ყველიც ოხრად დარჩებოდათ, და ფუა-გრაც! და ფუა-გრა თუ ოხრად დაგრჩა, მერე მარტო ვიაგრა რას გიშველის 21-ე საუკუნის განათლებულ საბაზრო საზოგადოებას?!

ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ამ გარდამტეხ მომენტში უღრაინელებმა შეუტიეს, მარა რა შეუტიეს!.. თანდათან გაახსენდათ ძველი ტრადიციული ბრძოლა, და მართალია, თვითმფრინავებს ისევ ხშირად კარგავდნენ, მაგრამ სამაგიეროდ მწვანე კაცუნებს დაადეს მიტკლისფერი… და ამბოხებული აღმოსავლეთ უღრაინა შაგრენის ტყავივით შეავიწროვეს…
აყვირდა უკვე სერიოზულად შეშფოთებული და სახეწამოწითლებული ფეოლა-დასავლეთი – „ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვასო!“ და შიგადაშიგ, ოლღა ბებიასავით გამოურია – „მოაბრუნე, ილარიონ, მოსაწველია, რძე შეაწუხებსო!“, მაგრამ უღრაინის პრეზიდენტმა ილარიონის ნაცვლად, იროდიონივით გადაწყვიტა, ტემპი არ დაეკარგა და „ხვედელიძე“-ზე ხომ, საერთოდ სულ არ რეაგირებდა!

– არ გვინდოდა, ჩვენ, ეს გლახა ამბავიო! – გულწრფელად წუწუნებდნენ მისტრალების და მერსედესების მწარმოებლები, მაგრამ რუტინს რა ენაღვლებოდა, სულ რძესავით თეთრები ჰქონდა მოსხმული დედა ტერეზასავით და იძახდა, – ახია თქვენზეო. მერე როგორც იქნა მოლბა და ხრისტიანულად თავი მდაბლა დახარა – ჯანდაბას, ვინმეს ხომ უნდა შეეცოდოს ხალხი, ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს გაჭირვებულ ადამიანებზე და ჩემზე უკეთ, ხომ ვიცი, ეს არავის გამოუვა (განდიც მკვდარია, და ტერეზაცო!)

ჰოდა, იმისთანა უნივერსალური იარაღი დააძრო, ყველამ ხელი აწია – 300 სპარტელი და 300 არაგველი რა მოსატანია, 300 რძისფერი ტროას „ღრუზავიკი“ გამოიღო სახელოდან და „ჰუმანიტარიუს“ დააწერა მისტიურ სიტყვად ჩვენი დროის ჯადოქარმა. დაიძრნენ „ღრუზავიკები“ ხვნეშა-ხვნეში (თუმცა ნახევრად ცარიელები იყო, მაგრამ მაინც ხვენშდნენ ყასიდად – „ქალაქი ანარას“ გმირი „გრელკებიანი ვაშკაცივით“) და რაც უნდოდათ, ის შეიტანეს უღრაინაში, და უფრო მეტად, რაც უნდოდათ, ის გამოიტანეს – უთვალავი იარაღი და დანახშირებული მწვანე კაცუნების გვამები, რომ „ძერჟავას“ რძესავით ქათქათა რეპუტაციას ჩრდილი არ მისდგომოდა…

და ამ უნივერსალური იარაღით თვითნებურ შეჭრას (ხალხი იღუპება, და – რა დროს წესებიაო, მოუკვდა პატრონი, კამაზით შემოვარდნილა რუტინი ბატონი) მეორე დღესვე საკვირველი შედეგი მოჰყვა – მწვანე კაცუნებმა უცებ ლამის მთელი უღრაინის ჯარების ტოლი არტილერიით და ტანკებით რომ დაცხეს, ეს არაფერი. ამას ის დაემატა, რომ გულზეშემოყრილმა დასავლეთმა პირდაპირ განაცხადა ფრაუ მერხელის პირით, ძაან გვინდა უღრაინის ბედნიერება, მაგრამ მხოლოდ ისეთი, რუხეთის ბედნიერებას რომ არ ხელყოფსო… თან ყველა ძაან გვიყვარხართ, მაგრამ თავო და თავო, ხომ გაგიგონიათო… და ჩვენი ფერმერები ანერვიულდნენ, ემანდ ჩილემ და არგენტინამ არ ჩაგვანაცვლონ აგრესორ იმპერიაშიო…

უღრაინის პრეზიდენტიც ადგა და წავიდა კანოსაში (ნუ, თითქმის იქვე) თავისი ფეხით…
დანარჩენი ტექნიკის ამბავია…

ასე გადაარჩინა ჰუმანიტარულმა ტროას ცხენებმა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისაგან!

და შედეგად მივიღეთ ნელა მოთუხთუხე მესამე მსოფლიო ღომი…

= = = = = = = = = =

ეპილოგი:

ათასობით ხალხია დახოცილი – უკრაინელებიც და რუსებიც. არა მარტო სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირებიც, ამ ტრაგიკული ადამიანური მსხვერპლის გარდა, რაც მართლაც საშურია, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს, ქვეყანა სულ უფრო პარტახდება. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს სეპარატისტული ანკლავი დონბასში და ლუგანსკში რამენაირად ავტონომიურ ერთეულად დააფიქსიროს და შემდეგ ისევე მოახდინოს ნელი მოქმედების ბომბის ხელახალი აფეთქება, როგორც ეს გააკეთა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, ყირიმში… და როგორც შეიძლება, მომავალში გეგმავდეს, გააკეთოს ეს ლონდონში, პრაღაში თუ ბრონქსში, თუმცა ეს დღეს მართლაც აბსაურდული ზღაპარად ჩანს, მაგრამ სულაც არაა ზღაპარი, რომ ზუსტად იგივე თავად რუსეთს მალე გაუკეთოს ჩინეთმა ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში…

თანამედროვე დასავლური სამყარო რბილად მოქმედებს. ამაში არის პოზიტიური მომენტიც და ნეგატიურიც. თავის დროზე ჰიტლერის დაშოშმინება სერიოზული მარაზმი აღმოჩნდა. ვნახოთ, ახლა რამდენად პოზიტიური იქნება დაშოშმინების პოლიტიკა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევანი ფაქტიურად არც არის, რადგან ადამიანური სიცოცხლის ღირებულების, როგორც განუმეორებელი განზომილების მუდმივმა ზრდამ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო მიიყვანა იქამდე, რომ მხოლოდ თავდაუზოგავ ავკაცებს არ ედარდებათ არაფერი და დაუფიქრებლად მიდიან სამხედრო ავანტურაზე…

რეცეპტები არ არის… არის მწარე სარკაზმი და მარადიული დეჟავიუს განცდა… რუსეთი სულ უფრო ემსგავსება კამორას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის სურს, ხოლო რუსეთს თავისი კამორობა არ ეთმობა და მზადაა ისევ დაბრუნდეს ტოტალიტარულ იზოლაციაში, რაც მართლაც არ იქნება გამოსავალი, თუ გავიხსენებთ, რომ საზარელ 1914 წელს არანაკლებ საზარელი 1917 წელი მოჰყვა…


გამანადგურებელი არგუმენტები


kaxidze

მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა …
ეს უკვე მესამედ.

იტყვით თქვენ – არც პირველია ეგ და არც – უკანასკნელიო. და მართალიც იქნებით, სავარაუდოდ.
და მაინც ეს ბრალდება, 8.8 მილიონი ლარის გაფლანგვაზე ძალიან სერიოზული და გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს.

არა – ჩვენთვის…
– ჩვენ ხომ ვიცოდით ეს ყველაფერი, ვიცოდით, რა აუცილებელი იყო ჩვენი პრეზიდენტის დაჭიმული კისრისათვის კბენითი მასაჟები, როგორ სჭირდებოდა ქალაქის მერის ქონშეპარულ სხეულს განწმენდითი მკურნალობა და როგორ შეყვარებულია იგი სწორედ ავსტრიის სამედიცინო დაწესებულებებზე, როგორ გარდარეული შიმშილი აქვთ კრეატიულ პირებს მკერდითნახატ ხელოვნების ნიმუშებზე და რაოდენ კათარზისს განიცდის ხელისუფლების უმაღლესი პირი, როცა არამარტო თავის მინისტრს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც თვითმფრინავის ბილეთებს ფეშქეშ ჩაუკუჭავს გულიჯიბეში!..

ჩვენთვის გაცილებით სერიოზულად ჟღერს იმ 60-ზე მეტი ქუჩებში დახვრეტილი ახალგაზრდის სახელები, გაცილებით საზარელია პოლიციელების მიერ თანამდებობის უმაღლესი პირების თანამეცხედრეების ხუშტურის გამო დახოცილი, ნაცემი და დაპატიმრებული პირების ისტორიები, გაცილებით გამაოგონებელია იმის გააზრება, რომ უმაღლესი ხელისუფლება როგორ გულდასმით გეგმავდა მკლელობის ორგანიზებას, მიფუჩეჩებას, მკვლელობის სურათის გაყალბებას, თუ მკვლელების გამართლებას – მომავალი მკვლელობების მაღალ დონეზე შესასრულებლად პროფესიონალები რომ არ მოკლებოდათ… გაცილებით სულისშემძვრელია იმის ცოდნა, რომ ნიჭიერ ავაზაკთა ბანდა იყო ქვეყნის სათავეში, რომელიც მეთოდურად ახდენდა ნებისმიერი მოქალაქის შემოსავლების სკურპულოზურ აღრიცხვას, მათი შემდგომი სკურპულოზური რეკეტირებისა და ნატიფად გატყავების კეთილშობილური მიზნებით გაცისკროვნებულები…

ეს ჩვენთვის… მაგრამ რატომღაც ასე მგონია, რომ იმ უცხოელი პოლიტიკოსებისათვის, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი ჯერაც STATESMAN-ად მიაჩნიათ, სწორედ ეს ბოლო ბრალდებები იქნება სწორედაც რომ გამაოგნებელი და მათ წარმოსახვაში Misha the Beacon (მიხეილ შუქუროვანის) იმიჯში სერიოზული ბზარის წარმომქმნელი ფაქტორი…

რაღაც ვერ ვიხსენებ, რომელი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი (განსაკუთრებით კი – კორუფციასთან შეუპოვრად მებრძოლი ლიდერი!) იყო, ვისაც კბენითი მასაჟის სეანსები სახელმწიფოს ხარჯზე უქეს და უდიდეს მადლიერმა თანამოქალაქეებმა, ვისაც ფეხქვეშ დაუყარეს ძვირადღირებული ქაშმირის პალტოები და ხელით ნაკერი კოსტუმები – ალალი იყოს შენზე, ჩვენო ვარსკვლავო და ვარდოვო! ვისაც მადლობა უთხრეს იმისთვის, რომ მისი გუნდის წევრების დასასვენებლად გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბეებიდან ჩუმად იღებდა ფულს და მორცხვად ჩუმადვე ხარჯავდა… ვინც პლასტიკური ქირურგიის ნოვატორული მეთოდების ხელშეწყობაზე ომწაგებული ქვეყნის ბიუჯეტიდან უხვად ხარჯავდა ათეულ და ასეულ ათასებს, რომ მუცლის ყოველდღიური ამოყორვით გატანტალებული ფორმები აჟურში მოეყვანა…

რაო, რა სთქვა ცისიერმა ოთო კახიძემ?
– არაფერი უკანონო ამაში არ ყოფილაო?
ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელია ესე და როგორ თუ ხარჯი დაუთვალეთო? ამანო, თქვენი ბიუჯეტი 11-ჯერ გაზარდა და თქვენ, რაებსაა რომ კადრულობთ, თქვე „მელოჩნიკებოო“?..

არა, ნეტარი გოკა გაბაშვილი და დავით დარჩიაშვილი რომ მოიხმობდნენ ამ „რკინის არგუმენტს“, ეს მოსალოდნელი კი არა, უეჭველიც იყო, მაგრამ კაცი, რომელიც თანამედროვე ქართული და საერთაშორისო სამართლის და იუსტიციის ბურჯად თვლის თავს, თუ აქამდე მივიდოდა, არ მეგონა…

გამოდის, რომ ნებისმიერ პრეზიდენტს (ანუ უმაღლესი თანამდებობის პირს) – არაფერი აქვს აკრძალული? ნებისმიერი ფულადი ხარჯი საკუთარი თავისთვის, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, საკუთარი გარემოცვისთვის, საკუთარი ფავორიტებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, ან უბრალოდ ხუშტურისათვის – თურმე გამართლებული და კანონიერი ყოფილა???

35,350 ლარი გადახდილი უცხოეთში მოგზაურობების დროს ველოსიპედების დაქირავებაში?? რატომ, – მაინტერესებს… – თუ ასეთი ტრფიალია ცხოვრების ჯანსაღი წესის, და უველოსიპედოდ ვერც ბარსელონაში ძლებს და ვერც ტორონტოში, არ შეიძლება, რომ 2-3 ველოსიპედი ჩაეგდო იმ თავის თვითმფრინავში და სადაც წავიდოდა, იქ წაეღო? რა თქმა უნდა, ოთო კახიძე გაამართლებს ამას, არ იყო აკრძალული კანონითო, მაგრამ 35 ათასის მაგიერ რომ 35 მილიონი ყოფილიყო, მაშინაც მოუტრიალდებოდა ენა? სად გადის ის ზღვარი ოთო კახიძესათვის, როცა იგი იტყვის, რომ ეს არ იყო გამართლებული ხარჯი, და რომ ეს სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა ან გაფლანგვა იყო? თუ უბრალო მოქალაქეებს რამდენიმე ათეული ლარის არამიზნობრივ ხარჯვისთვის ციხეში ისტუმრებდნენ, რატომ არის კანონი დაუწერელი პრეზიდენტისათვის? თუ ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, იმის უცილობელი პირობაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 11-ჯერ, ან 111-ჯერ მეტი უნდა ხარჯოს თავის თავზე, ვიდრე ედუარდ შევარდნაძე ხარჯავდა? ან იქნებ ეს მაგიური 11 მეთერთმეტე ხარისხშია ასაყვანი, რომ გასხივოსნებული შუქურის ზღვრული ნეტარების აპოგეა გამოვთვალოთ?

მაგრამ ისე, ჭიკჭიკის ტემბრის შედარებით დაბალ ობერტონებზე და ნაკლებ რიხზე, ოდნავ დაბლა დახრილ თვალებზე, ეტყობოდა ოთო კახიძეს, რომ „ვერ იყო მატორზე“…
დღეს ოდნავ მოცოცხლებულმა კი განაცხადა, ეგრეო, გამსახურდიასაც კი უთვლიდნენ პიჯაკებსო, და საერთოდ, ბარაკ ობამამ 44 მილიონი დახარჯა თავის ვიზიტებზეო… ახლა, ობამაზე საუბრისას ურიგო არ იქნებოდა გაეხსენებინა, რამდენია ამერიკის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, რამდენია მინიმალური ხელფასი და პენსია და ამერიკის მოსახლეობის რამდენი პროცენტი ცხოვრების სიდუხჭირის ზღვარს მიღმა (მაგალითად, რამდენს აქვს დღეში 2 დოლარზე ნაკლები შემოსავალი ოჯახის თითოეულ წევრზე) და ეს ყველაფერი შეედარებინა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებლებთან, ხოლო ბოლოს იმასთან, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღმართული საპრეზიდენტო სასახლე თეთრ სახლზე უფრო დიდია, თურმე… ზვიად გამსახურდიაზე ლაპარაკისას კი პირში წყალი გამოივლოს, მასაჟისტების და საყვარლების ავიარეისებზე და საჩუქრებზე არ უხარჯავს გამსახურდიას ქვეყნის ბიუჯეტი…

იუსტიციის ყოფილი მინისტრ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის კახიძის არგუმენტები ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დასაცავად ძირითადად იმას ეხება, რომ რადგან ეს ყველაფერი – ეს სხვა ხარჯები, მათი ზომა, მათი გასაიდუმლოება – არ იყო რეგულირებული, ამიტომ კანონიც არ დარღვეულა და მხოლოდ ეთიკურად შეიძლება შევაფასოთ, – ან მოვიწონოთ ან არაო! თან იმაზეც გააკეთა აპელირება, რადგან კაცმა ბიუჯეტი ასე გაზარდა, იქნებ არ ღირს მისი მკაცრად განსჯაო! გამოდის, ბიუჯეტი თავის სახრავად გაუზრდია ექს-პრეზიდენტს, და არა – ქვეყნის სასარგებლოდ. მაგრამ, საინტერესოა, იმ დროში, როცა მიხეილ სააკაშვილი იმას აკეთებდა, რაც უნდოდა, და მაშინ, როცა მოეპრიანებოდა, როცა მისი ჯიბის პარლამენტი თვალდახუჭული ურტყამდა ბეჭედს პრეზიდენტის ნებისმიერ ხუშტურზე, როგორ წარმოუდგენია ადვოკატ კახიძეს – რამდენი ათწლეულის შემდეგ მოუვიდოდა თავში ნეტარ მიხეილს საკუთარი უფლებების დარეგულირება და საერთაშორისო ნორმებთან თუ საღ აზრთან შესაბამისობაში მოყვანა? ან თუნდაც, მინიმუმ ის, რომ იდუმალების ფარდა აეხადა მისი გაცხენების რეალური სურათისათვის?

ჩემი აზრით, იურისტ ოთო კახიძეს იურისტმა მიხეილ სააკაშვილმა აჯობა… უფრო სწორედ, როგორც პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად მიხვდა, რომ უცხოელ დამცველთა თვალში მძიმე დარტყმა მიიღო… და ეს მის ერთდღიან დუმილში და დღევანდელ გაკაპასებაში იგრძნობოდა…

ორიდან ერთი (მცირე!) პრობლემა იმაშია, რომ სააკაშვილს ასეთი ხარჯები ჰქონდა, მაგრამ მეორე, და უფრო დიდი (!), პრობლემა იმაშია, რომ სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რაოდენ უკანონო ან ამორალური იყო მისი ეს ხარჯები და ამიტომ ეს ყველაფერი მიზანდასახულად გაასაიდუმლოვა!
როცა 2009 წელს მთელმა მსოფლიომ დოქტორ დოტის დღიურებიდან შეიტყო მისი #1 კლიენტის – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ (თავად დოტი ამაყად წერდა – ცნობილი პიროვნებები კი მყოლია კლიენტებად, მაგრამ პრეზიდენტი – არასოდესო!), ამ უკანასკნელმა ის დასკვნა კი არ გამოიტანა, რომ ეს ყველაფერი სრულიად მიუღებელი იყო და ამისთვის წერტილი უნდა დაესვა, არამედ ის, რომ ეს ყველაფერი კარგად უნდა შეენიღბა და დაემალა!

ამით კი მიხეილ სააკაშვილმა, ერთი მხრივ, თითქოს აირიდა საზოგადოების გაკიცხვა თუ კრიმინალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად დღეს ვერაფრით ვერ იტყვის მიამიტად (a-la-Otto Kakihdze), რა მოხდა, რა იყო ამაში უკანონოო?.. არა, კი იტყვის, ეგ ის ჩიტი არაა, რომ რაიმეს თქმის შერცხვეს, მაგრამ ვაი, რომ უცხოელ დამცველებს გაუჭირდებათ მისი მიამიტობის ატაცება და ბანის მიცემა!

დავიჯერო, ჯონ მაკკეინი იტყვის, ალალი იყო ჩემ მიშაზე პლასტიკური ოპერაციები და მასაჟისტები, მართლა ჰქონდა სათუთი კისერი დაჭიმული 2009 წელსო?
თუ კემერონი მოუწონებს ბიუჯეტის ხარჯზე იტალიაში იახტით გრიალს?
თუ სარკოზი (უჰ, პარდონ, იმას თავისი გაჭირება ეყოფა…)…
თუ რასმუსენი იტყვის, დანიელებსაც ძალიან გვიყვარს ველოსიპედი და ველოსიპედის დაქირავებაში გადახდილ ათეულ ათასობით ევროსთვის როგორ შეიძლება სპორტმოყვარე ადამიანის გაკიცხვაო?
თუ კარლ ბილდტი გამოექომაგება, მეც მიყვარს ჩემი მინისტრთა კაბინეტის წაყვანა ტაილანდის სასტუმროებში, ვენის გასახდომ კლინიკებში და მომხიბლავი მინისტრებისთვის საჩუქრების კეთება და მათი ნათესავების განებივრება თვითმფრინავის ბილეთებითო?

– რაღაც არა მგონია…

რადგან მიშას მოწონება ერთია და დასავლელი პოლიტიკოსებისთვის საკუთარი საშინაო რეპუტაცია – სულ სხვა! და თუ პოლიტიკოსი სხვაზე გაიძახის, მერე რა, რომ ბიუჯეტი გამოხრა, მერე რა, რომ ხარჯები სპეციალურად გასაიდუმლოებული ჰქონდა, მერე რა, თუ გადასახადის გადამხდელების ხარჯზე და მათგან მალულად ნუვორიშივით ცხოვრობდა, გულაობდა და სხვებსაც აგულავებდა ჩემი მეგობარიო, – ასეთი პოლიტიკოსის დღეები ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ისევე დათვლილი იქნება პოლიტიკაში, როგორც მიხეილ სააკაშვილის თოვლივით წყლადქცეული რეპუტაცია…

საბჭოთა ეპოქის მშვენიერ კომედიაში (Sic! საბჭოთა ეპოქაზე არ მითქვამს „მშვენიერი“, ფილმზე – მხოლოდ!) „კავკასიელი ტყვე ქალი“ ფრუნზიკ მკრტჩიანის ამორალური გმირი ვლადიმერ ეტუშის არანაკლებ ამორალურ გმირს პირში მიახლის ასეთ მწარე სიმართლეს: „А ты не путай свою личную шерсть с государственной!“

https://www.youtube.com/watch?v=BVCIiRyV6nI

სწორედ ეგ აღრევა მოუვიდა ოთო კახიძეს, რომლის ლოგიკა ტავარიშჩ გამაიუნის ლოგიკამდეც კი ვერ მივიდა და იმის ანგარიში დაიწყო, რა მაფიოზური წილი ეკუთვნოდა 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტიდან დემოკრატიის შუქურობაზე თავდადებულ და სინამდვილეში კი ექს-პრემიერ ჯულიო ანდრეოტივით გასვრილ მიხეილ სააკაშვილს. ფაქტიურად, სწორედაც რომ ტავარიშჩ საახოვივით დემაგოგიური და აფერისტული დაცვა გამოუვიდა, მედიდურად რომ პასუხობს – „А я для того здесь и поставлен, товарищ Аджабраил, чтобы блюсти государственные интересы!“

გამანადგურებელი არგუმენტი იყო ოთო კახიძის სიტყვები… თვითგამანადგურებელი, ანუ…


Primum Noli Nocere! / “უპირველეს ყოვლისა – არ ავნო!” (ჰიპოკრატე) – სავალდებულო რეცეპტების შესახებ


დავიწყებ იმით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება მედიკამენტების დიდი ჯგუფისათვის რეცეპტების სავალდებულო გამოყენების შესახებ (http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2108) დადებითი და გამართლებული ნაბიჯი მგონია.
ყოველ შემთხვევაში, მას სარგებელი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ნაკლოვანი მხარე. ხოლო ნაკლოვან მხარეებს რაც შეეხება, მათი ნიველირება არაა შეუძლებელი.

ავადმყოფისათვის რეცეპტით მედიკამენტის შეძენა არის განვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი რეგულაცია, რომელიც პაციენტის უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიად განიხილება. ამერიკის თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ძალიან ბევრ მედიკამენტს – ციტოსტატიკურ, ჰორმონალურ, ნეიროტროპულ, საანესთეზიო პრეპარატებს თუ ანტიბიოტიკებს ურეცეპტოდ ვერ შეიძენ. გარდა ამისა, ზოგიერთ ამ ქვეყანაში, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში, ჩეხეთში, უნგრეთში – იმ ჯგუფის პრეპარატების მიმართ, რომელთა შეძენა შეიძლება რეცეპტითაც და ურეცეპტოდაც, მოქმედებს სერიოზული ფინანსური ბერკეტი – რეცეპტით ასეთი პრეპარატის შეძენა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე – ურეცეპტოდ.

როდესაც ადამიანი წამალს ურეცეპტოდ იძენს, რისკი ყოველთვის მეტია. მე პირადად, მაინცდამაინც არ ვემხრობი 1-წლიანი რეცეპტების შემოღებას და აი, რატომ – შეიძლება ქრონიკული დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფს აღნიშნული პრეპარატი მართლაც დაენიშნა რამდენიმე თვის წინ, მაგრამ შემდეგ მას მკურნალობის პროცესში განუვითარდა რიგი არასასურველი, ე.წ. გვერდითი მოვლენები, რის გამოც მკურნალობა ან უნდა შეწყდეს, ან დროებით შეჩერდეს მაინც. ამის შეფასება კი მხოლოდ ექიმს ხელეწიფება.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის უარყოფით მხარეს – დიახ, ნამდვილად არაკომფორტული იქნება პაციენტებისათვის დროის ხარჯვის გამო, და ზოგჯერ შეიძლება დამატებითი ხარჯიც იყოს ექიმის კონსულტაციის მიღება, მაგრამ ეგ დაახლოებით იგივეა, მავანმა რომ თქვას, მართვის კურსები რა ჯანდაბად მინდა, ზედმეტი ხარჯი და დროის კარგვაა, დავჯდები და წავიყვან მანქანას, ხომ ნანახი მაქვს, მეზობელი როგორ ატარებსო… ეკონომია ზოგჯერ სახიფათო შეიძლება იყოს და მიუხედავად იმისა, რომ წამლის ურეცეპტოდ შეძენას შეიძლება სავალალო შედეგი პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილში შეიძლება მოჰყვეს, არავინ არაა გარანტირებული, რომ სწორედ თავად არ აღმოჩნდება ამ „მცირე ნაწილში“…

მეორე და მესამე ჯგუფის მედიკამენტების ცხრილებს რომ გადავხედე, რამდენიმე ხარვეზი თვალსაჩინოა, მაგრამ ამავდროულად – ადვილად გამოსწორებადი:

1) ზოგიერთ პრეპარატს ცხრილში არ აქვს მითითებული ფარმაკოთერაპიული ჯგუფი (მაგ. სოლკოსერილი), ან ჯგუფის მაგიერ უწერია კონკრეტული აქტიური სუბსტანცია, რომელსაც იგი წარმოადგენს (მაგ. ანაპენს ფარმაკოთერაპიულ ჯგუფში უწერია „ადრენალინი“, უნდა ეწეროს – „ადრენერგული საშუალება“).

2) ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების დიდი ნაწილი მე-3 (თავისუფალ) ჯგუფშია მოხვედრილი, ხოლო საკმაოდ პოპულარული ნიმესილი – მე-2-ში, და მისი შეძენა რეცეპტით იქნება საჭირო. მოვისმინე რამდენიმე პატივსაცემი ექსპერტის აზრიც იმის თაობაზე, რომ ნიმესილის გამოყენებას შეიძლება საშიში გართულება მოჰყვეს ღვიძლის დაზიანების მხრივ. მე მგონი, ასპირინის ან ინდომეტაცინის გამოყენებას არანაკლები საშიში გართულებები შეიძლება მოჰყვეს და თუ ნიმესილი იმიტომ „დაზარალდა“, რომ ის ძალიან ფართოდ გამოიყენება თავის ტკივილის თუ სხვა ზოგადი ტკივილის დროს, ალბათ ასეც უნდა ითქვას. ამავდროულად მე ვეთანხმები იმ მიდგომას, რომ ერთიდაიმავე საშუალების საინექციო ფორმები შესაძენად მიზანშეწონილია იყოს სავალდებულო რეცეპტი, ხოლო ტაბლეტირებული ფორმა – რეცეპტის გარეშე.

3) მიმაჩნია, რომ ფართო მოხმარების ზოგიერთ პრეპარატებზე, რომლებიც მე-2 ჯგუფშია შეტანილი, გამართლებული იქნებოდა დროებით (მაგალითად, – 6 თვის ან 1 წლის ვადით) დაწესებულიყო შემდეგი ტიპის რეგულაცია, რომელიც მომხმარებლებს თანდათან შეაჩვევდა რეცეპტის გამოყენების აუცილებლობას და დადებით მხარეს – რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელს ექნებოდა 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება (ან პირიქით, პირი, რეცეპტის არქონის შემთხვევაში იძულებული იქნებოდა 10%-ით მეტი გადაეხადა). კერძოდ, ამ ტიპის პრეპარატებად მიმაჩნია – ა)ადგილობრივი მოხმარების კორტიკოსტეროიდული მალამოები; ბ) ნაზალური კორტიკოსტეროიდული სპრეი, გ) წნევის დამწევი საშუალებები (მაგალითად აგფ ინჰიბიტორები და/ან კალციუმის ანტაგონისტები), ზოგიერთი ანტიბიოტიკი (პენიცილინი, ამოქსიკლავი) და ა.შ. ასეთი დროებითი ღონისძიება უფრო ადვილად შესაგუებელს გახდიდა ახალი რეგულაციების დანერგვას – ამ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დაიხვეწებოდა როგორც ექიმისა და პაციენტის, ასევე პაციენტისა ქცევის ნორმები და პოლიტიკა უფრო ადვილად მოერგებოდა რეალობას, ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ახალი წესების მიჩვევა. ასეთი ხერხით მიღებული 10%-იანი შემოსავლები კარგი იქნებოდა მიმართულიყო სოციალურად დაუცველი ფენებისათვის აუციელებელი მედიკამენტების შესაძენად…

ფარმაცევტულ ბიზნესზე წესით რეცეპტურის შემოღებამ პოზიტიური ეფექტი უნდა იქონიოს. არ დამავიწყდება საოცარი შემთხვევა 90-იანი წლებიდან – ამერიკის საელჩოს გვერდით რაღაც აფთიაქი იყო, სადაც წამლის შესაძენად შესულს თვალში მომხვდა ჩემთვის რაღაც უცნობი პრეპარატი. დავინტერესდი და ვიკითხე, რა იყო – მითხრეს, ჩიყვის სამკურნალოდ გამოიყენებაო . ინსტრუქციას რომ გადავხედე, ელდა მეცა – ქიმიოთერაპიული საშუალება იყო, ძალიან ძლიერი ციტოსტატიკი, რომელიც სიმსივნეების (მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს) სამკურნალოდ იყო მოწოდებული და უამრავი ძალზე სახიფათო გვერდითი ეფექტი და უკუჩვენება გააჩნდა… მართალია, დღეს ჩვენი ფარმაცევტული სექტორი გაცილებით დაცულია მსგავსი სიტუაციისაგან, მაგრამ ექიმის მხრიდან დამატებითი კონტროლი შესაძლო რისკს კიდევ უფრო შეამცირებს. ხოლო ფარმაცევტულ კომპანიებს უბიძგებს საკუთარი რეკლამა კიდევ უფრო მეტად გადმოიტანონ ზოგადად საზოგადოებიდან – სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებზე. ვინც ნორმალური ბიზნესის მომხრეა, ამ შეზღუდვას აუცილებელ რეგულაციად ჩათვლის, და ვისაც სწრაფი ფული უყვარს, რა თქმა უნდა, იმის წინააღმდეგიც არ იქნებოდა, წამალს შეფუთვა და ინსტრუქციის ჩანართიც რომ არ ჭირდებოდეს – ხომ აშკარაა, რომ ასე მეტი მოგება დარჩება…

მომხმარებელი კი უფრო მეტად იქნება დაცული. სადღეისო მიდგომა, როცა პაციენტი ზოგჯერ მეზობლის ან არამედიკოსი ახლობლის რჩევით იღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის დანიშვნის შესახებ, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ასევე მიუღებლად მგონია ისიც, რომ ზოგიერთი ექიმი, რომლის კომპეტენციაში არ შედის ფარმაკოთერაპია – მაგალითად ექოსკოპიის სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, რენტგენოლოგი ან თავად ფარმაცევტი, აძლევს დანიშნულებას პაციენტს. მთელ მსოფლიოში რეცეპტი კვლავაც რჩება პაციენტების უსაფრთხოების დაცვის ქმედით მექანიზმად. ასე რომ ველოსიპედის გამოგონება ეს ნამდვილად არ არის…

ჯანდაცვის სამინისტროსთვის აუცილებელ საკითხად მიმაჩნია, რომ დაარეგულიროს პაციენტის ექიმთან ვიზიტის ხარჯების საკითხი. თორემ ზოგმა ექიმმა რეცეპტი ფულის საჭრელ მანქანად აქციოს და ყოველ მედიკამენტზე ცალ-ცალკე დაიბაროს პაციენტი გამოსაწერად, ხოლო ამ ვიზიტებს ცალკე კონსულტაციების ხასიათი (და ნიხრი!) მისცეს, რაც ავადმყოფის თუ სადაზღვევო კომპანიის ხარჯებს კატასტროფულ დარტყმას მიაყენებს. რჩევის მიცემისაგან თავს შევიკავებ (არ ვიცი, როგორ), მაგრამ ეს საკითხი გასათვალისწინებელი და მოსაწესრიგებელია… თორემ დღეს უკვე მოვისმინე, წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი, რომელმაც მინისტრად მხოლოდ ორიოდ თვე დაჰყო, როგორ მსუყედ საუბრობდა ახალი რეგულაციების “დამანგრეველ ეფექტებზე”…

P.S.
გუშინ ამ საკითხზე გაზეთ Financial-ის ჟურნალისტის მადონა გასანოვას კითხვები მომივიდა – აზრის გამოთქმას მთხოვდა. დრო ძალიან ცოტა მქონდა, და ლამის უარი ვუთხარი. მაგრამ რომ დავფიქრდი, არაა ეს ისეთი საკითხი, რომელზეც უარი უნდა მეთქვა, მით უფრო, რომ დაახლოებით 10 წელი კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის ასისტენტი ვიყავი და ეს სფერო ჩემთვის ახლობელია. მერე კი გადავწყვიტე, რომ არამარტო Financial-ის ინგლისურენოვანი აუდიტორიისათვის, არამედ საკუთარი ბლოგის მკითხველებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი აზრი.
ასე რომ, მადლობა მადონას 🙂

RX-19c-3


100 საუკეთესო ფილმი (სოლომონის ვერსია)… და in memoriam of Robin Williams :(


დღეს Gogi Gvakharia-მ 15 საუკეთესო ფილმის დასახელება შემოგვთავაზა და ნამეტანი ძნელი საქმე ყოფილა.

აი, სია, რომელზეც ბოლოს შევჯერდი და მრცხვენია, იმდენი კარგი ფილმი დავჩაგრე და გარეთ დავტოვე:

1. დიდი ქალაქის ჩირაღდნები;
2. მოქალაქე კეინი;
3. 12 განრისხებული მამაკაცი;
4. ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს;
5. გადაჯაჭვულნი;
6. ნიურნბერგის პროცესი;
7. ბრალდების მოწმე;
8. ლომი ზამთარში;
9. ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო
10. გამოღვიძებანი (Awakenings);
11. ველოსიპედის გამტაცებლები;
12. მოგზაურობა ტოკიოში (თუ “ტოკიოს ამბავი”);
13. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა;
14. ჯარისკაცის მამა;
15. მონანიება.
====
ახლა კი ისინი, რომელთაც უეჭველად დავამატებდი:

16. შინდლერის სია
17. კაბირიას ღამეები
18. ლაკომბ ლუსიენ
19. ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია
20. დედა რომა
21. კასაბლანკა
22. მიფრინავენ წეროები
23. როკო და მისი ძმები
24. ორკესტრის რეპეტიცია
25. ამარკორდი
26. შემოდგომის სონატა
27. იყო შაშვი მგალობელი
28. ლეგენდა ნარაიამაზე
29. კონფორმისტი
30. ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი
31. შიშის საფასური (The Wages of Fear, 1953, ივ მონტანი)
32. სიკვდილმისჯილი მოდის (Dead man walking)
33. მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets’ Society)
34. ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი
35. ტიტანიკი
36. საწვრთნელი დღე
37. ელაპარაკე მას
=====

დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი ფილმი მაინც გამომრჩა.

P.S. და აი, გამორჩენილებიც (თან დავნომრავ ყველას):

38. რომაული არდადეგები
39. წითელი ძახველი
40. ანდრეი რუბლიოვი
41. არაჩვეულებრივი გამოფენა
42. არ დაიდარდო!
43. ნათლია (განსაკუთრებით I და III)
44. მერვე დღე
45. ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე
46. ღამის პორტიე
47. ორნი ქალაქში
48. ნისლების სანაპირო
49. ძველი თოფი
50. ცხოვრება მშვენიერია
51. გაქცევა შოუშანკიდან
52. სასტუმრო “რუანდა”
53. კატა გავარვარებულ სახურავზე
54. კრიმინალური საკითხავი (ან – “მაკულატურა”, Pulp Fiction)
55. მეფის სიტყვა (King’s Speech)
56. დოგვილი
57. მედისონის საგრაფოს ხიდები
58. რიგითი რაიანის გადასარჩენად
59. 7 ფუნტი (თუ “7 სიცოცხლე” ზოგ გაქირავებაში)
60. უცხო – ჩვენიანებში, ჩვენი – უცხოებში
61. როგორ მოვიპაროთ მილიონი
62. ლეონი
63. სახენაიარევი კაცი (Scarface)
64. განდი
65. შემწვარი მწვანე პომიდვრები (Fried Green Tomatoes at Whistle Stop Cafe)
66. ბატკნების დუმილი
67. ჰამლეტი (კოზინცევის)
68. იღბლიანი
69. ვატერლოოს ხიდი
70. მეფისტო
71. შეყვარებული შექსპირი
72. ადამიანი-სპილო (Elephantman)
73. ვარდნა (ან – “დასასრული” – The Downfall, Der Untergang)
74. კრამერი კრამერის წინააღმდეგ
75. ქალის სურნელი
76. მეთევზე მეფე (Fisher King)
77. წვიმის კაცი (Rain man)
78. გზა ველვილისაკენ
79. შერეკილები
80. მოღალატეები (The Departed)
81. ურჩხულის მეჯლისი (Monster’s Ball)
82. სიამაყე და ცრურწმენა (Pride and Prejudice)
83. გრძნობა და მგრძნობიარობა (Sense and Sensibility)
84. ტუტსი
85. ჭირვეულის მორჯულება
86. ყველაფერი, რაც ყოველთვის გინდოდა, გცოდნოდა სექსის შესახებ (მაგრამ გეშინოდა, გეკითხა)
87. აგონია
88. დაუმთავრებელი პიესა მექანიკური პიანინოსათვის
89. მექანიკური ფორთოხალი (A Clockwork Orange)
90. ფსიქო
91. მოკალი ჯაფარა (To kill a Mocking Bird)
92. რომეო და ჯულიეტა (ძეფირელის)
93. ამადეუსი
94. ცოფიანი ხარი (Raging bull)
95. Rashomon (აკირო კუროსავასი)
97. ბინა
98. 400 დარტყმა
99. არტისტი
100. სამი ფერი: ლურჯი, წითელი, თეთრი

P.S.
რამდენიმე დღის წინ 100 საუკეთესო ფილმის ჩემეული ვერსია შევადგინე და დავდე ფეისბუქზე…

და დღეს რობინ უილიამსი გარდაიცვალა…

ისე მოხდა, რომ იმ სიაში ჩარლი ჩაპლინის მხოლოდ ერთი ფილმი შევიტანე (“დიდი ქალაქის ჩირაღდნები”), პიტერ ო’ტულის – ორი (“ლომი ზამთარში” და “როგორ მოვიპაროთ მილიონი”), ხოლო რობინ უილიამსის – ერთბაშად სამი ფილმი.
და სამივე ისეთია, რომელსაც სანიმუშოდ ვთვლი ახალგაზრდებისათვის, კერძოდ, “მკვდარი პოეტების საზოგადოებას” – ნებისმიერი სტუდენტისათვის და ლექტორისათვის, “მეთევზე მეფეს” – ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის, ხოლო “გამოღვიძებებს” (Awakenings) – ყოველთვის ვურჩევ მედიკოს სტუდენტებს…

ამ დროს, უცნაურია, ფეისბუქზე ჩემმა რამდენიმე მეგობარმა დაწერა – ნამდვილად არ იყო დიდი მსახიობიო! არ ვიცი, მე საშუალოზე დიდი ნამდვილად მგონია, თუმცა ჩაპლინს და თუნდაც ო’ტულს ალბათ მართლაც არ შეედრებოდა – უფრო ნიჭი ჰქონდა, რომ თავს გაყვარებდა და კარგ როლებშიც გაუმართლა, მართლაც…

და მაინც, იყო ერთი რამ, რაც მის თითქმის ყველა გმირს ძალიან ეტყობოდა – ლამის ჟონავდა მათი მიმიკიდან თუ საქციელიდან – ოპტიმიზმი!
და ბედის როგორი ირონიაა, რომ რობინ უილიამსმა, კაცმა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტს აცინებდა მსოფლიოს ბოლო ათეული წლების განმავლობაში და რომელიც ოპტიმიზმის რაღაც საოცარ, ლამის ეტალონურ სხივს ატარებდა, თავი მოიკლა…

როგორც ლორდი ჰასტინგსი ამბობს “რიჩარდ მესამეში” – “ჩვენ ერთმანეთის სახეებს ვცნობთ და არა – გულებს!”

ძალიან დამწყდა გული ამ ადამიანზე… თითქოს ჩემი ოპტიმიზმის ნაწილიც თან წაიღო 63 წლის ასაკში…

O Captain! my Captain! Our fearful trip is done,
The ship has weather’d every rack, the prize we sought is won,
The port is near, the bells I hear, the people all exulting,
While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring;
But O heart! heart! heart!
O the bleeding drops of red,
Where on the deck my Captain lies,
Fallen cold and dead.