შემთხვევა ვარკეთილის მეტროში: ვინ/რა არის დამნაშავე და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს?
Posted: 2018/01/30 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: ვარკეთილის მეტრო; ტრაგედია მეტროში; სახელმწიფო შესყიდვები; თბილისის მერია; დატოვე კომენტარი- პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ, საერთოდ რატომ გაკეთდა რემონტი და – რა გაკეთდა! თუ მართალია, რომ მეტროს რამდენიმე სადგურში ბეტონის თაღებზე ბზარებია გაჩენილი, ხოლო რემონტი კი შეკიდული ჭერის გამოცვლით შემოიფარგლა, ეს სირაქლემასებრი მარაზმი და მავნებლობაა. დამალული და მიმალული ბზარები უფრო საშიშია, ვიდრე ხილული. წყალში (თუ – მავანის ჯიბეში) გადაყრილ ასეულ ათასებზე რომ აღარაფერი ვთქვათ…
- ფოტოებზე ჩანს, რომ შეკიდული ჭერის მთელი უშველებელი კონსტრუქცია ერთიანად ჩამოვარდა. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭერზე თითქმის ხელუხლებლად შერჩენილია ბეტონში ჩამაგრებული საკმაოდ სქელი მავთულები, სავარაუდოდ, წყვეტა მოხდა ქვედა წერტილში, სადაც მავთულები შეკიდული ჭერის კონსტრუქციას უერთდებოდა. საინტერესოა, ხომ არ იყო ამ ადგილებში გადაბმისთვის უფრო თხელი მავთულები ან რამე სხვა უხეირო მასალა გამოყენებული – „ეკონომიის“ მიზნით.
- ალბათ, კატასტროფას ვერ ავიცილებდით, მაგრამ ზიანი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ეს უზარმაზარი კონსტრუქცია ერთმანეთზე გადაბმული რომ არ ყოფილიყო. მაშინ შეკიდული ჭერის მთელი ეს ფართობი (სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი?) ასე მთლიანად და ერთდროულად (!) არ ჩამოვარდებოდა, არამედ, მისი მხოლოდ გარკვეული ნაწილი – მაგალითად, ოციოდე კვ. მეტრი, რაც ნაკლები ადამიანის დაზიანებას გამოიწვევდა.
- აუცილებლად უნდა შემოწმდეს ყველა სხვა ის სადგური, სადაც ამ კომპანიამ რემონტი ჩაატარა – პირველ რიგში კი ის საკითხები, რასაც წინა პარაგრაფებში შევეხე.
- მსგავსი სამუშაოების რა გამოცდილება ჰქონდა სამუშაოების ჩამტარებელ კომპანიას? წინა სამუშაოები წარმატებით შეასრულა, თუ იქაც რამე სავალალო შედეგის უნდა გვეშინოდეს?
- როდესაც ასეთი დიდი კონსტრუქციის დაკიდება ხდება, მასალის და მზიდი კონსტრუქციების რამე ტესტირება არ უნდა ტარდებოდეს?
- დაბოლოს, ერთი საოცარი საკითხი, რაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის და ამ კანონის მიხედვით ჩატარებული ტენდერების ძალიან კრიტიკულ აქილევსის მყესად მიმაჩნია, არის ძირითადად ფასზე, ჩემი აზრით, გაუმართლებელი ორიენტირება. თუ ტენდერს ყოველთვის იგებს ის, ვინც ყველაზე დაბალ ფასს თავაზობს, განა გასაკვირია, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ და დაფინანსებულ სამუშაოებში ხარისხი საუკეთესო კი არა, ხშირად კარგიც კი ვერ იქნება? ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ხომ ყოველთვის ეცდება დაბალი ფასი მასალების და სამუშაოების დაბალი ხარისხით, ან დაქირავებული პერსონალის დაბალი კვალიფიკაციით და ხელფასით „აანაზღაუროს“?!!
- არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვინმეს კრიმინალური პასუხისმგებლობა დადგება, მაგრამ რამე ფორმით უეჭველად პასუხისმგებლობა უნდა დადგეს: – ა)იმ კომპანიის ხელმძღვანელობის, ვინც სამუშაოები, სავარაუდოდ, უხარისხოდ შეასრულა, ბ)იმ პირის და ორგანიზაციის, ვინც ეს სამუშაოები ასეთი ხარისხით მიიღო, და გ)იმ პირის ან ორგანიზაციის, ვინც ასეთი სამუშაო დაუკვეთა, თუკი ის ამ ფორმით საერთოდ არ იყო გამართლებული (პარაგრაფი 1). პასუხისმგებლობაში ვგულისხმობ მინიმუმ, სერიოზული ჯარიმების გადახდას, – როგორც დაზარალებულებისათვის (და არ ვგულისხმობ მხოლოდ სამედიცინო ხარჯებს, არამედ მორალურ ზიანსაც, რომელიც ამ შემთხვევაში, ვფიქრობ სამედიცინო ხარჯებზე გაცილებით მეტი შეიძლება იყოს), ასევე – ბიუჯეტის სასარგებლოდაც.
კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს, მით უფრო – გაბზარული კოკა.
კიდევ კარგად გადავრჩით, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, შემდეგ ჯერზე ტრაგედია შეიძლება უფრო მასშტაბური იქნეს!
P.S. ახლა ვნახე ვიდეო, რომელიც ვიღაცას ამ მეტროში ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში გადაუღია – თუ როგორ ირხეოდა მეტროს ეს ჭერი მატარებლის გავლის დროს. ალბათ, ეს კონსტრუქცია მყარად არ იყო დამაგრებული და მართლა “შეკიდული”/”დაკიდული” იყო… კი მაგრამ, მეტროს სადგურში (სადაც ყოველ 3-4 წუთში მატარებელი მოძრაობს და სერიოზულ რხევებს იწვევს!) ასეთი ტიპის მოქანავე კონსტრუქციის მიმაგრება შეიძლება? დილიდან მედიაში სულ “შეკიდული ჭერი” ისმოდა და მეც ისე გამოვიყენე ეს ტერმინი, არც კი მიფიქრია, რომ სინამდვილეში მართლა დაკიდებული იქნებოდა ის კონსტრუქცია. მგონი, არსად არ მინახავს მსგავსი რამ. პროექტი ვინ დაამუშავა? 😦