სააკაშვილის პარადოქსული სვლა (ტალის რეპერტუარიდან)


პროლოგი
————–
უკანასკნელ დღეებში სავსებით მოულოდნელად გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის კიდევ ერთი კანდიდატი თბილისი მერობის პოსტზე ლევან გაჩეჩილაძე შეიძლება გახდეს. ამ საკითხს იანეთში ია ანთაძის ბლოგზე ძალიან საინტერესო განხილვა მიეძღვნა: “ნოღაიდელის ხელმოწერიდან ალასანიას დილემამდე” http://www.tavisupleba.org/content/blog/1962827.html?page=2#relatedInfoContainer

მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ, ლევან გაჩეჩილაძის შესაძლო მერობის საკითხი პირველად სწორედ … მიხეილ სააკაშვილმა გაახმოვანა! შსს გამჭვირვალე შენობაში ოპოზიციასთან პირველ სამახსოვრო შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტმა ფორუმს რეიტინგი, ხოლო ლევანს თბილისელებში პოპულარობა შეუქო…

ზოგჯერ ახალი კარგად დავიწყებული ძველია… ჩემი ქვემოთმოყვანილი მოსაზრებები საკმაოდ გამოუშუშარი თეორიაა, მაგრამ იქნებ ეს ჩემთვისაა გამოუშუშარი და თეორია, ხოლო ბატონი მიხეილი და მისი ხერხემალი იქნებ დიდი ხანია ამაზე ფიქრობენ და ნოღაიდელის გამბიტის მიტელშპილიც სწორედ ეს უნდა ყოფილიყო?

მადლობელი ვიქნები, თუ თქვენს ხედვას, კრიტიკას და არგუმენტებს გამიზიარებთ

პატივისცემით,
სოლომონ თერნალელი
——————————————————————————————————–

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი 21.02.2010 10:23

ერთი პროვოკაციული კითხვა მაქვს:

როგორ გგონიათ, თუ ოპოზიციის კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დარჩება, მიხეილ სააკაშვილს (და ვანო მერაბიშვილსაც! Sic!) არ ექნება ცდუნება, რომ სწორედ ლევან გაჩეჩილაძე იხილოს მერის პოსტზე და არა – გიგი უგულავა?

—————————————————————————————————————–

ავტორი: ია ანთაძე
21.02.2010 19:02
მესმის, რომ გაჩეჩილაძე ხელისუფლებისთვის უკეთესი კანდიდატია, ვიდრე – ალასანია. მაგრამ რატომ არის გაჩეჩილაძე მათთვის უკეთესი, ვიდრე – უგულავა – არ ვიცი. იქნებ, აგვიხსნათ, რას გულისხმობთ? მით უმეტეს, რომ “სათადარიგო” კანდიდატად გიორგი ჭანტურია მიაჩნია ყველას.

———————————————————————————————–

გააჩნია, ვისთვის – ია!

თავისუფლების ინსტიტუტისთვის და „კულტურიუგენდული“ მიშალიგენციისთვისაც უგულავა არ იქნება ცუდი ვარიანტი და წესით – წარმოუდგენლად უკეთესიც, ვიდრე გაჩეჩილაძე. ხომ წარმოგიდგენიათ, გია როინიშვილი და თეა თუთბერიძე რა აღფრთოვანებული იქნებიან გრეჩიხის არჩევით! ასევე როგორ შოკს მოჰგვრის ეს ალტერნატივა მიშავიზიების ურნალისტებს!

მაგრამ მე ჩემს კომენტარში ხაზგასმით აღვნიშნე ვისთვის მიმაჩნდა ლევან გაჩეჩილაძის მერობა მისაღებ ვარიანტად.

კონკრეტულად – მიშასთვის და ვანოსთვის!

რაც შეეხება ადეიშვილს, საერთოდ მავიწყდება ხანდახან, რომ ეს კაცი არსებობს და საკმაოდ ანგარიშგასაწევია… მაგრამ მის შესახებ იმდენივე ვიცი, რაც გერმანიის მთავარ პროკურორზე…

რატომ აქვთ გარკვეული ალერგია მიშას და ვანოს უგულავას არჩევაზე – ადვილი გასაგებია… ამით ფაქტიურად უგულავა გზას იკაფავს პრეზიდენტობისაკენ და ხალხის თვალში აშკარად უკან სწევს სააკაშვილს, რომლისგანაც განსხავებით არაადექვატური არ ეთქმის და თავისი პუტინითან ამასწინანდელი „ნიუსვიქური“ ფლირტით იმის დემონსტრირებაც მოახდინა, რომ რუსეთიც არ თვლის მას პერსონა ნონ გრატად და პოლიტიკურ გვამად. ასე რომ ყოფილიყო, მედვედევი ან პუტინი ამ ინტერვიუს მეორე დღესვე მოაყოლებდნენ „- წავიდეს, ერთი, ვის დაკარგვიაო…“ 

არ მოაყოლეს!..

მაგრამ რატომ უნდა ერჩივნოთ სააკაშვილს და მერაბიშვილს ლევან გაჩეჩილაძე ბუნჩულა და ყველაფერზე მზადმყოფნ ვითომოპოზიციონერს -გიორგი ჭანტურიას?

პირველი მიზეზი ძალიან სერიოზულია და პირდაპირ უკავშრდება იმ ფაქტს, რატომ ატარებს საერთოდ მიხეილ სააკაშვილი ამ არჩევნებს.

ხომ ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას ეს არჩევნები საშინლად არ უნდათ. არც შემოდგომაზე და არც – გაზაფხულზე.
მათი ოცნებები, რომ კრიზისი დამთავრდებოდა, ხალხს მათი მიქარვები დაავიწყდებოდა და ობამა-სარკოზი-ბრაუნი-მერკელიც ისევ გულში ჩაიკრავდნენ – აბსოლუტურად გაცამტვერდა! აშკარაა, რომ 2010 წელი ისეთივე ან უარესიც კი იქნება, როგორც 2009 იყო!

ერთადერთი მიზეზი, რატომაც მიშა ამ არჩევნებს ატარებს, არის უცხოეთის სერიოზული ზეწოლა.
უცხოეთს უნდა, რომ მან დანაპირები შეასრულოს და 2009 წლის გრანდიოზული მასშტაბის აქციების შემდეგ იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ სულ ცოტა 30% მაინც ჰყავს მხარდამჭერი… უნდოდათ, რომ 50% ყოფილიყო, მაგრამ აქ კუბლაშვილმა და ფსევდოოპოზიციამ „იმარჯვეს“. (სხვათაშორის, ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რამდენად პროდუქტიული იქნება კუბლაშვილის ეს ვირეშმაკობა! ტყუილი მანამაა კარგი, სანამ გაშიფრავენ. როცა გაშიფრავენ, მერე რეპუტაციის დანაკარგი შეიძლება გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ტყუილით მიღებული „სარგებელი“).

და წარმოიდგინეთ, რა ფანტასტიურად მომგებიანი იქნება სააკაშვილის და მერაბიშვილის პოზიცია, თუ არჩევნების გამარჯვებული… ლევან გაჩეჩილაძე გახდა!

მოსალოდნელია, რომ ამ ფაქტით ხელისუფლება მოახდენს მრავალ უბანზე, რაიონსა და რეგიონში მასობრივი გაყალბებების ნიველირებას.

– აჰა, ბატონო! მეტი რა გინდათ?! სააკაშვილის საპრეზიდენტო ოპონენტმა მერის არჩევნებში გაიმარჯვა! აი, სადამდე მიდის ჩვენი დემოკრატიის შუქურვარსკვლავობა!.. რითი ვართ დასავლურ დემოკრატიებზე ნაკლები?

დამეთანხმეთ, რომ ასეთი შედეგი დამკვირვებლებსაც შეაცბუნებთ… და მათ საბრალდებო დასკვნებს – სხვა მნიშვნელოვან გაყალბებებზე – რიხს და ჟურნალისტურ სკანდალურ პეწს დაუკარგავს!

მაგრამ არ იფიქროთ, რომ ესაა მთავარი ამ სცენარში – „ლევანი იმარჯვებს!“

მთავარი ისაა, რომ ამით ოპოზიციას აცლიან ძალიან სერიოზულ კოზირს არჩევნების მეორე დღეს ჭექა-ქუხილის გამართვისთვის. (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფრაზის ხმარება სერიოზული შეცდომა იყო უცნობის მხრიდან. ამ წინადადებას, ისევე როგორც ფრაზას “მკვდარ ქალაქზე” მიშავიზიები მთელი სამი თვე არ მოგვაშორებენ! კონტექსტით – “ჩვენ პატიოსანი არჩევნებისთვის პატიოსნად ვემზადებით, ისინი კი …!”)

ვაღიაროთ! მე, პირადად, არ მჯერა, რომ ხელისუფლება არჩევნებს არ გააყალბებს. ასევე ვფიქრობ, რომ მეც და ჩემნაირი აქამდე ცხვრები ამას უკვე აღარ შეეგუებიან. რადგან აგვისტოს ომმა აშკარად აჩვენა, რომ ჩვენი შეგუების ფასი შეიძლება ჩვენი ოჯახების არა – კარგად ყოფნა, არამედ – საერთოდ არსებობაც კი – გახდეს!

და უცებ – ასეთი შედეგი – ქალაქის მერი ოპოზიციონერია!

რას ვშვებით?
თბილისელები ვულოცავთ ერთმანეთს და კმაყოფილი მივდივართ სახლში… სანამ ნელ-ნელა არ მივხვდებით, რომ ამ ფაქტის ფონზე ხელისუფლებამ ქვეყნის 99%-ში არჩევნები ჩვეულებისამებრ გააყალბა და მასიურ საპროტესტო გამოსვლებს სწორედ ამ მარტივი – მხედრის – შეწირვით დააღწია თავი დ პარტიაც მოიგო.

როდესაც არ არსებობს ნაციონალური მასშტაბის ტელევიზია, თუ თბილისში ყველაფერი წყნარად ჩაივლის – ცალ-ცალკე რეგიონალური პრესის იმედად მყოფი რაიონები ვერც კი გაიგებენ, რა მასობრივ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. და თუ ხალხი და დამკვირვებლები ოპოზიციის პირველი სერიოზული საარჩევნო გამარჯვების შამპანურით აღნიშვნას დაუთმობენ დროს, ხელისუფლება წყნარად გაიფორმებს იმას, რომ ეს გამარჯვება ოპოზიციისთვის პირველიც იქნება და – უკანასკნელიც!

რატომ?

1) ჯერ ერთი, ლევან გაჩეჩილაძე ვერ იქნება კარგი მერი! მე მგონი, მას ეს თავადაც კარგად ესმის და მისი ყოყმანი იმით იყო განპირობებული, რომ მას რეალურად სულაც არ უნდოდა ეს პოსტი.
როდესაც პრეზიდენტად მოდიოდა და იძახდა, მოვდივარ, რომ პრეზიდენტობა გავაუქმოო, ამით ამერიკელებს კი საგონებელში აგდებდა, მაგრამ ჩვენთვის ეს არც ისე დაუჯერებელი იყო. მაგრამ იგივეს თქმა მერობაზე ძალიან არალოგიკური იქნება!

2) რომ ხელისუფლება სულაც არ აპირებს ქალაქის ოპოზიციონერ მერს, და მით უფრო, ლევან გაჩეჩილაძეს რეალური ბერკეტები მისცეს. მას გადასცემენ სიმბოლოებს – კაბინეტს, მანქანას, ბიუჯეტის შედგენის უფლებას, კონტროლს კომუნალურ სამსახურებზე და (ნაწილობრივ) ქალაქის ჯანდაცვასა და განათლებაზე. მაგრამ…

უკვე იმ დღიდან, თუ კანდიდატად ლევან გაჩეჩილაძე დასახელდება, და თუ მიშა და ვანო ამ „ოპერაცია Ы“-ზე შეთანხმდებიან, ჩვენი ძვირფასი საკანონმდებლო „მიასორუბკა“ მაშინვე დაიწყებს მერის უფლებების ისეთ ძირეულ შეკვეცას, რომ შეიძლება მის პრეროგატივად ვიცე-მერის დანიშვნაც კი აღარ დარჩეს და რეალური ბერკეტები სწორედ ვიცე-მერზე და/ან საკრებულოზე გადანაწილდეს!

სხვა ნეგატიური ეფექტებიც ბევრი იქნება:
3) ოპოზიციური ერთობა კიდევ უფრო მიუღწეველი გახდება… „ლევანმა თავისი საქმე გაინაღდა და ჩვენ გადგვაგდო!“ – ეს გახდება ფორმულა ყველა მხრიდან. რაც ყოველთვის მოსალოდნელია, როცა მოძრაობის თუ პარტიის ლიდერი რეალურად ამ მოძრაობას და პარტიას არ ეკუთვნის და ეს ხელოვნური, დროით გამოუცდელი ერთობაა.
4) მომავალში თბილისში ყოველ წარუმატებლობას ნაცმოძრაობა სწორედ ლევან გაჩეჩილაძეს შეახოცავს.
5) ლევან გაჩეჩილაძის უცხოელებთან კოორდინირებული მუშაობა ვერ აეწყობა ისე, რომ მათ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დარჩენის მაქინაციებზე თვალის ახელა უფრო მეტად მოუნდეთ, ვიდრე – 2008 წელს.
6) ალასანიას რეიტინგი ნამდვილად სერიოზულად დაზარალდება, როგორც „ლიდერისა, რომელიც ვერ გახდა ლიდერი“. ხოლო მასთან ერთად ასევე დაზარალდება რესპუბლიკელების და მემარჯვენეების, ანუ ყველაზე მეტად ასე თუ ისე ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების, იმიჯი. რაც იმის წინაპირობას შექმნის, რომ 2012-2013 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ნაცმოძრაობის რეალური ალტერნატივა მხოლოდ ორი იქნება – ლეიბორისტები და ეროვნული ფორუმი. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ არც ერთს და არც მეორეს, არ ექნება დასავლეთის ძალიან აქტიური მხარდაჭერა, რაც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით აუცილებელია საქართველოს სათავეში მოსვლის ამბიციის და/ან მოსული პარტიისათვის, მოგვწონს ჩვენს ეს, თუ – არა!

ასე რომ, მე მგონი, არც ისე დასაწუნი ვარიანტი უნდა იყოს – ხელისუფლებისთვის – ლევან გაჩეჩილაძის მერად გახდომა.

და წესით, მიუღებელი უნდა იყოს – თავად ლევან გაჩეჩილაძისთვის… ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s