100 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო – კორონავირუსის გაკვეთილები


empty-san-marco-square-venice-italy-0309-exlarge-169

ჩინეთში ახალი კორონავირუსის I შემთხვევის ოფიციალური ინფორმაციიდან 100 დღე გავიდა. ამ 100 დღეში ვირუსით პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებით გახდა მსოფლიოში გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლო 100 წლის ყველაზე სერიოზული გამოწვევა, ახალი ამბების დომინანტი თემა და სრულიად შეცვალა პლანეტის დღის წესრიგი: 203 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  938,000 შემთხვევა დაფიქსირდა, 47,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით გამოწვეული (Covid-19) დაავადებით. დაავადების გავრცელების გამო დაწესდა ადამიანების გადაადგილებაზე მრავლობითი და მკვეთრი შეზღუდვები, თან არა მარტო საზღვრებს გარეთ (საერთაშორისო ტურიზმი და ავიგადაზიდვები 90%-ით შემცირებულია), არამედ საგანგებო მდგომარეობებისა და კარანტინების გამო 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ძირითადად სახლებში რჩება. სკოლები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, თეატრები, გასართობი ცენტრები, რესტორნები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დახურულია ან დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდნენ. კატასტროფულად შემცირდა ნავთობის ფასები (1 ბარელზე – 20$-მდე, პირველად – 2002 წლის სპaრსეთის ყურის კრიზისის შემდეგ), გაუქმდა 2020 წ. ოლიმპიადა, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა მსოფლიო რანგის შეჯიბრი. ყველა სახის მედიის და სოციალური ქსელების წამყვანი სიტყვა „კორონავირუსი“ გახდა, რაც მილიარდობით ადამიანის თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებში უკვე მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევადაც ყალიბდება. ყველაზე ხშირი ლოზუნგი და მოწოდება ყველა ენაზე გახდა – „დარჩი სახლში!“

ვირუსის შესახებ

რა განაპირობებს კორონავირუსის საფრთხეს:

  1. ახალი კორონავირუსის (2019-nCov) მიმართ ჯერ არ გვაქვს ვაქცინა, ან სათანადო მრავლობითი კლინიკური გამოცდებით დადასტურებული ეფექტური ანტივირუსული საშუალება.
  2. მაღალი კონტაგიოზურობა (გადადების ხარისხით) – საშუალოდ ერთ ინფიცირებულს 2-4 პირის დასნებოვნება შეუძლია. დაფიქსირებულია ე.წ. სუპერგადამტანების არსებობაც – უფრო მაღალი გადაცემის მაჩვენებლით. თანაც ვირუსის გადადება შეიძლება მოხდეს დაავადების ნიშნების გამოვლენამდეც, რაც მის იდენტიფიკაციას და კარგ ეპიდკონტროლს ართულებს.
  3. მეტალის და გლუვ ზედაპირებზე ვირუსი დიდხანს (საათების და დღეების განმავლობაში) შეიძლება დარჩეს ცოცხალი.
  4. ახალი კორონავირუსი ისეთი მაღალი სიკვდილობით არ გამოირჩევა, როგორც ბოლო წლების სხვა ახალი ვირუსული გრიპები (ფრინველის გრიპი – 50-60%, SARS – 10%, MERS – 34% ), ჩვეულებრივ სეზონურ გრიპებთან (0.1-0.3%) შედარებით 10-ჯერ უფრო მაღალია, განსაკუთრებით, – ხანშიშესულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
  5. დაავადების მძიმე შემთხვევების სწრაფი ზრდისას ზოგიერთ ქვეყანაში შეიქმნა გადაუდებელი და რეანიმაციული დახმარების სტაციონარული რესურსების დეფიციტი, რამაც გაართულა არა მარტო COVID-19-ით დაავადებულთა გადარჩენის შესაძლებლობა, არამედ სერიოზულად გააძნელა სხვა მძიმე პაციენტების დროული და ადექვატური დახმარების მომსახურების პროცესიც.

იმედისმომცემი ასპექტები:

  • კორონავირუსით დაავადებულთა 80%-ში ავადმყოფობა იოლად მიმდინარეობს. არაა გამორიცხული, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იგი ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია.
  • 15 წლამდე ბავშვებში ლეტალობა ძალიან დაბალია.
  • ვირუსის სტრუქტურის სწრაფი გაშიფვრის წყალობით დროულად შემუშავდა და მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიას მიეწოდა მისი დიაგნოსტიკური ტესტი, რაც ინფექციის მართვაში პირველი აუცილებელი ნაბიჯი იყო.
  • უკვე დაიწყო რამდენიმე ვაქცინის საცდელი ტესტირება და არაა გამორიცხული, რომ წლის ბოლომდე ვაქცინის პრაქტიკაში გამოყენება შესაძლებელი გახდეს.
  • სადღეისოდ მინიმუმ 5 ანტივირუსული პრეპარატი და მათი კომბინაცია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა COVID-19-ის დროს მათი ეფექტურობის შესახებ არ არსებობს, გამოიყენება პრაქტიკაში და, სავარაუდოდ, უკვე ზაფხულში საკმაო კლინიკური გამოცდილება შეიძლება იყოს დასკვნების გასაკეთებლად.

 

განსხვავებული ტაქტიკები და პირველი შედეგები

კორონავირუსის პანდემიაში სამი ფაზა შეიძლება გამოვყოთ – 1)ჩინეთში ეპიდემიის ფაზა, რომელიც 15 თებერვლამდე გაგრძელდა, 2)ვირუსის მზარდი გავრცელება ევროპის (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვ.) და აზიის (სამხრეთ კორეა, ირანი) ქვეყნებში (15.02-10.03), და 3)პანდემიის ფაზა (11 მარტიდან), როცა ეპიდემიის გავრცელების ცენტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა (იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი) და ირანში გადაინაცვლა, ხოლო ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში დაავადებულთა დიდი ნაწილი განიკურნა და ახალი შემთხვევები უკვე ევროპიდან ან ამერიკიდან იმპორტირებულია.

დღემდე კორონავირუსის მიმართ გამოყენებულ ტაქტიკაში პრევალირებს მიდგომა, რომელიც გულისხმობს შემოტანილი შემთხვევების სკრინინგს საზღვარზევე, ტესტირებას და დადასტურებისას – იზოლირებას, დეტალურ ეპიდკონტროლს, გაფართოებულ ტესტირებას და ყველა ინფიცირებულის კარანტინს ან მკურნალობას. აღნიშნული გამართლებულია, როცა ქვეყანაში შემთხვევების უმრავლესობა შემოტანილია გარედან. ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნები აწესებენ საზღვარზე კონტროლს, შემოსვლის/ავიარეისების შეზღუდვას, ან საზღვრების და ავიამიმოსვლის სრულ ჩაკეტვას. აუცილებელია მოსახლეობის სწორი და მუდმივი ინფორმირება, ჰიგიენის და ვირუსის გადაცემის პრევენციის  წესების მკაცრი დაცვა და სოციალური დისტანცირების მზარდი გამოყენება. ამავდროულად, ჰოსპიტალური და სხვა სამედიცინო დაწესებულებების რესურსების გაძლიერება შემთხვევათა შესაძლო სწრაფი ზრდისა და დაავადებულთა მისაღებად.

თუ იზრდება შემთხვევების შიდა გადაცემა, როცა ინფექციის წყაროს და ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა ვერ ხერხდება, მიზანშეწონილი ხდება ლოკალურად, გარკვეულ რეგიონში ან ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კარანტინის დაწესება, მოსახლეობის კონტაქტირების მინიმუმზე დაყვანა და გაცილებით ფართო ტესტირება ინფიცირებულთა დასადგენად.

მსოფლიო გამოცდილების  მიმოხილვისას მკვლევართა უმრავლესობა და თავად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სანიმუშოდ ასახელებენ სინგაპურის, ტაივანის და სამხრეთ კორეის გამოცდილებას. ამ სამივე ქვეყანას ძალიან დაეხმარა კორონავირუსების წინა ეპიდემიების (SARS, MERS) გამოცდილება და მაშინ შემუშავებული ეპიდკონტროლის დახვეწილი სისტემები.  სინგაპურის პოლიტიკური სისტემა ერთპარტიულ დომინაციას და მკაცრ კონტროლს ემყარება, ხოლო ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა ბრწყინვალეა. ქვეყანამ სასწრაფოდ შეწყვიტა ფრენები ჩინეთთან, დააწესა მკაცრი კარანტინი შემომსვლელებზე,  და ჩართო გაადგილებაზე და კონტაქტებზე ვიდეოთვალთვალის  და მობილური და GPS სისტემებით კარანტინის დარღვევის მონიტორინგი, სერიოზული ჯარიმების, ქვეყნიდან გაძევების თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის მუქარით.  ფაქტიურად იგივე გაიმეორა ტაივანმა, ცენტრალური საკოორდინაციო შტაბის შექმნით, საზღვრების სასწრაფო ჩაკეტვისა და 14-დღიანი თვითიზოლაციის დაწესებით. ორივე ქვეყანაში მოხერხდა ინფექციის გავრცელების კონტროლი, და სიკვდილიანობის მინიმალური მაჩვენებლები – 3 (სინგაპური) და 5 (ტაივანი, 24 მილიონიანი მოსახლეობით). სამხრეთ კორეამ აქცენტი ტესტების მასობრივ წარმოებასა და ტესტირებაზე, ასევე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე, დიდ მონაცემთა ბაზების (ტრანსპორტის, სამედიცინო, მობილური, საბანკო, და სხვა) ინტეგრირებაზე  გააკეთა, შექმნა ავტომობილებში drive through ტესტირების და ინფიცირებულთა საცხოვრებელ კორპუსებში კვლევების ცენტრები და ფაქტიურად, 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებდა თითოეული ინფიცირებულის ყველა პოტენციური კონტაქტის გადაადგილებას და აფრთხილებდა მათ ინფექციის შესაძლო რისკებსა და გამოკვლევების ინდივიდუალურ მოსახერხებელ ადგილების შესახებ. ამ მეთოდოლოგიის და მასობრივი ტესტირების წყალობით სამხრეთ კორეამ შეძლო თავიდან რამდენიმე დიდი და სწრაფად გაფართოებადი კლასტერის (ინფიცირებულთა დაკავშირებული ჯგუფის) კონტროლზე აყვანა და სერიოზული საკარანტინო ზონების დაწესების გარეშე მოახერხა ეპიდემიის ზვავისმაგვარი გავრცელების შეჩერება.

ევროპული ქვეყნების და აშშ მდგომარეობის შეფასებისას აშკარაა, რომ დემოკრატიულ ღია საზოგადოებებში შეზღუდვითი ღონისძიებების არაპოპულარობამ და საერთო ეკონომიკური სივრცის, არაკონტროლირებადი საზღვრების და შეუზღუდავი გადაადგილების მომხიბლავმა გამოცდილებამ, სამწუხაროდ, პანდემიის დროს სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებების დაგვიანებას შეუწყო ხელი. ხელისუფლებათა მხრიდან, რა თქმა უნდა, ხდებოდა მოსახლეობის ინფორმირება, ინფიცირებულთა კონტაქტების ტესტირება და მოწოდებები სოციალური დისტანცირებისაკენ, მაგრამ არც კოორდინაცია, არც მესიჯების ფორმა  და არც ადმინისტრაციული ზომები იყო საკმარისად მკაცრი. რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში საზღვრები არც ჩაკეტილა და არც შემომსვლელთა სკრინინგი ტარდებოდა. მაგალითად,  იტალიამ მხოლოდ 3 დღის წინ – 29 მარტს – დაიწყო საზღვრებზე ტემპერატურის კონტროლი და ნიღბების დარიგება.  მოსწავლეების და მოსამსახურეთა სახლში დარჩენა დიდხანს მხოლოდ არასავალდებულო რეკომენდაციად რჩებოდა, ხოლო როცა სრულად შევიდა ძალაში, ამის შემდეგაც  გრძელდებოდა ხალხის შეკრება მასობრივი თავშეყრის ადგილებზე. ამას დაემატა ისიც, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი) თავდაპირველად გადაწყვიტეს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის (მოხუცები, ქრონიკული დაავადებებით დაავადებულები) დაცვა თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმით, ხოლო დანარჩენი პოპულაციის დატოვება „არც თუ ისე ფატალური“ ინფექციის პირისპირ  ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტის“ თანდათან განვითარების მოლოდინში. ამის მოტივირება ხდებოდა ეკონომიკური პოტენციალისა და შემოსავლების შენარჩუნების არგუმენტით, რაც ნამდვილად არ არის უსაფუძვლო და ხელწამოსაკრავი თემა. თუმცა, როდესაც  იტალიასა, საფრანგეთსა და ესპანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზვავისებრი ზრდა მოხდა, საავადმყოფოები უმძიმესი ავადმყოფებით გადაივსო და სამედიცინო რესურსების, რეანიმაციული აპარატურის  და საწოლების უკმარისობაც კი ყოველდღე ასეულობით სიკვდილის უმძიმეს სტატისტიკაში გამოიხატა, პოლიტიკოსებმა იგრძნეს, რომ საზოგადოება არ იქნებოდა მსგავსი მიდგომის მხარდამჭერი და ისევ აღმოჩენის/იზოლირების/კონტროლის ტაქტიკას დაუბრუნდნენ.  22 მარტიდან გერმანიამ მკაცრად შეზღუდა შეკრებები და სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლა პრაქტიკულად შეჩერებულია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმაც, რომელიც კორონავირუსის გამო თავად იმყოფება იზოლაციაში, 26 მარტიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა და ქვეყანა პრაქტიკულად კარანტინშია. მოსალოდნელია მსგავსი განვითარება აშშ-ში, სადაც დედაქალაქ ვაშინგტონსა და ვირჯინიის შტატში უკვე გამოცხადდა კარანტინი 15 მილიონი მოქალაქისათვის. ვაშინგტონის მერმა გამოაცხადა 90-დღიანი პატიმრობა ან 5,000 დოლარიანი ჯარიმა მათთვის, ვინც სახლში დარჩენის მოთხოვნას დაარღვევს.

 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თუ ეკონომიკის შენარჩუნება?

როგორც წინა პანდემიების გამოცდილება, ასევე ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ეპიდემიის პირველ ფაზაში ინფექციის გამოვლენა და კონტროლი, და სოციალური დისტანცირებით ან კარანტინით ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შენელება, რათა ჯანდაცვის სამსახურები ინფექციის პიკზე მთავარი დარტყმისთვის მოემზადოს, უალტერნატივოა.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ რაც უფრო მეტად დიდხანს გვიწევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადარჩენაზე აქცენტირება და ამისთვის ადამიანების დისტანცირება, სახლში დარჩენა და სხვადასხვა ბიზნესის ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერება გამოიყენება, მით უფრო იზრდება ეკონომიკური ზარალი. თანაც სახელმწიფო შემოსავლების შემცირების პარალელურად სულ უფრო გაჭირდება შესაბამისი საკომპენსაციო პაკეტების გადახდა საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, ან მათთვის ვინც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით უმუშევარი გახდა. საკმაოდ მალე ადამიანები, განსაკუთრებით, – თვითდასაქმებული და მცირე მეწარმეები, იგრძნობენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელიც კორონავირუსით ჩვეული ცხოვრების რიტმის დარღვევის და იძულებითი იზოლაციით გამოწვეულ უარყოფით ფსიქოლოგიურ გავლენას გააძლიერებს.  ყველა ხელისუფლებას სასწრაფოდ მოუწევს ამ ეტაპისთვის ანტიკრიზისული ეკონომიკური  გეგმის მომზადება, როგორც საშინაო რესურსების ოპტიმალური გათვლით, საგადასახადო შეღავათებისა და ეკონომიკის რემოდელირების სტრატეგიით, ასევე – საერთაშორისო დახმარების მაქსიმალური მობილიზების კუთხით.

დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არის საომარი მდგომარეობის ანალოგი. თან, განსახვავებით ჩვეულებრივი ომებისაგან, ეს არის ომი, რომლის მსგავსი არამცთუ ჩვენს თაობას, ჩვენი მშობლების თაობასაც არ ახსოვთ. არის რაღაც ფატალური იმაში, რომ დღეს ყველაზე დაზიანებული ქვეყნები ევროპაში იტალია და ესპანეთია. – იტალია, სადაც მე-14 საუკუნის ვენეციაში შავი ჭირის გამო კარანტინის (40-დღიანი იზოლირების – “ქუარანტა”) პრაქტიკა შემოიღეს, და ესპანეთი, რომლის სახელითაც 1918-1919 წლების გრიპის ყველაზე საშინელი პანდემია – “ესპანური გრიპი“ ანუ „ისპანკა“ არის ცნობილი.

საომარი მდგომარეობები თავის კანონებს გვკარნახობს. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის საზოგადოებამ მისაღებად ჩათვალა პირად ცხოვრებაში ჩარევისა და ინფორმაციის კონტროლის ისეთი ზომები, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა მშვიდობიან პერიოდში. ანალოგიურად, ამჟამად არც სამხრეთ კორეის მოქალაქეებს დაუსვამთ კითხვები, რამდენად ეთიკური იყო კორონავირუსით ინფიცირებული პირების მონაცემების ინტეგრირებული კონტროლი და ამ კონტროლზე დამყარებული უსაფრთხოების ზომები, მაგალითად, მობილური აპლიკაციებით თვალყური მათი კონტაქტების აღმოსაჩენად, აუცილებელი ტესტირებისათვის და იზოლირებისათვის – რადგან ჩათვალეს, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სწორედ ინფიცირებულების, მათი კონტაქტების და მთლიანად – საზოგადოების სასიკეთოდ კეთდებოდა და სარგებელი ჭარბობდა ზიანს.

 

რამდენიმე ოპტიმისტური პროგნოზი

რამდენადაც ვირუსი უცნობია, ნებისმიერი პროგნოზი, ოპტიმისტური იქნება ის  თუ პესიმისტური, ვერ ჩაითვლება დადასტურებულად, არამედ – მხოლოდ ჰიპოთეზად.

  • ცხელი ამინდის გავლენა – სავარაუდოდ, ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა და ინფიცირების შემთხვევები დაიკლებს მაის-ივნისიდან, რაც ტიპიურია გრიპისათვის, მაგრამ არავინ იცის, რამდენად სწორი იქნება ეს კორონავირუსთან მიმართებაში. თუ ეს დადასტურდა, შეიძლება გვქონდეს ღია ფანჯარა სექტემბრის ბოლომდე და ამ პერიოდში მოხერხდეს ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლება.
  • ავსტრალიური მოდელირება – სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის დრ. პროკოპენკოს აზრით, თუ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მკაცრად დაიცავს სოციალურ დისტანცირებას, შესაძლებელი იქნება პირველი შემთხვევიდან 13-14 კვირაში კორონავირუსის ინფექციის კონტროლირება.
  • იმუნიტეტის გაძლიერება ნაცნობი ძველი ვაქცინებით, როგორიცაა ტუბერკულოზის ვაქცინა ბცჟ (BCG) ან ყბაყურა-წითელა-ყივანახველას ვაქცინა. შეიძლება, COVID-19 უფრო ნაკლებ აგრესიულად მიმდინარეობდეს პირებში, ვისაც ეს ვაქცინა აქვთ გაკეთებული. ამის დასადასტურებლად ავსტრალიაში, ნიდერლანდებსა და ბოსტონში დაგეგმილია მრავალი ათასი სამედიცინო პერსონალის ნებაყოფლობითი ვაქცინირება.
  • ინგლისელი მეცნიერების აზრით, ინფიცირებულთა 20-80%-ს საერთოდ არ უვითარდებათ რაიმე სიმპტომი და მათი ინფექცია შეიძლება თვითგამოჯანმრთელებით დასრულდეს. ამ ინფორმაციაში ოპტიმისტური ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც თუ სიკვდილობის მაჩვენებელი დაავადების სიმპტომის მქონე რეგისტირებულ პაციენტებს შორის 1-1.5% შორის მერყეობს, გამოდის, რომ 100,000 ინფიცირებულიდან მხოლოდ 200 – 1200 სიკვდილი ფიქსირდება. ხოლო თვითგამოჯანმრთელებულ პირთა იმუნიტეტის შესწავლამ შეიძლება ვირუსის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკის აღმოჩენამდე მიგვიყვანოს.

 

ტესტირება სწრაფი ტესტებით

არსებობს სამი ტიპის ტესტები – ე.წ. ოქროს სტანდარტი – PCR ტექნოლოგია, რომელსაც მოლეკულურ ან ნუკლეინის მჟავების ტესტებსაც უწოდებენ და სადაც ვირუსის გენომის ნუკლეოტიდების ანალიზი ხდება. ამ ტესტის მგრძნობელობა ყველაზე მაღალია – 98%-მდე, და ახლახანს მომზადდა ასეთი ტესტის დაჩქარებული ფორმა, რომელიც სათანადო აპარატურის შემთხვევაში 1.5 საათში შეიძლება მომზადდეს. გარდა PCR-სა, არის ვირუსის ცილების – ანტიგენის, ან მის მიმართ ანტისხეულების – დამდგენი სწრაფი ტესტები, რომლებიც 15 წუთიდან 45 წუთამდე პერიოდში შეიძლება შესრულდეს. მაგრამ ორივე ამ ტესტის მგრძნობელობა უფრო დაბალია – 80-85%, თანაც ანტიგენური ცილის რაოდენობა ინფიცირების პირველ 1-2 დღეს აღმოსაჩენად შეიძლება არასაკმარისი იყოს, ხოლო ანტისხეულების გამომუშავება ინფიცირებიდან მხოლოდ 7-10 დღის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ეს მათი გამოყენების სარგებელს საეჭვოს ხდის, რადგან მაინც მოითხოვს PCR ოქროს სტანდარტით გადამოწმებას. ამიტომ, ზოგიერთი ქვეყანა (დანია, ესტონეთი, ნიდერლანდები) დასახელებული სწრაფი ტესტების საიმედობის არასაკმარისი გარანტიების გათვალისწინებით, საჭიროდ არ თვლის ან ჯერ თავს იკავებს სწრაფი ანტიგენური ტესტების სახელმწიფო შესყიდვებისაგან.

თუმცა ერთი კონკრეტული მიზნით ანტისხეულების სწრაფი ტესტების გამოყენება ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა – ამ გზით იმ პირთა დასადგენად, ვისაც, შეიძლება, გააჩნია  გარკვეული იმუნიტეტი უსიმპტომოდ გადატანილი ინფექციის შემდეგ. ეს, პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფიცირებულთა დადგენილი რაოდენობა უკვე ათეულ ათასებს აჭარბებს (აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი). შემდეგ შეიძლებოდა ასეთი იმუნიზირებული პირების ანტისხეულების შემცველი პლაზმის გამოყენება მათი  ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტის დასადგენადაც, და იზოლირების რეჟიმიდან სამსახურში პირველ რიგში დაბრუნების აპრობირებისთვისაც. მსგავსი პროგრამის განხორციელებას და კორონავირუსის ე.წ. “იმუნიტეტის სერტიფიკატების” გაცემას აპირებს გერმანია, თუ ბრაუნშვეიგის ჰელმჰოლცის ცენტრის კვლევა ამ მიმართულებით წარმატებული აღმოჩნდება.

 

ტექნოლოგიური ინოვაციები

გაჭირვება არასასურველი და მკაცრი, მაგრამ ხშირად ეფექტური მასწავლებელია. კრიზისის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მსოფლიოში გვაქვს სერიოზული წარმატებები როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების,  ტესტირების აპარატურის თუ რეაგენტების წარმოების მკვეთრი ზრდის მხრივ, ასევე  – დიაგნოსტიკური გაიდლაინების და პროტოკოლების სწრაფად შემუშავებისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების პრაქტიკული შედეგების მხრივ. ამ ფონზე აშკარა ხდება, რომ თუ სამედიცინო დაწესებულებები მოასწრებენ დროის მოგებას და ინფექციის პიკს სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული იქნებიან, მოხდება საიზოლაციო და საკარანტინო ზონების და სივრცეების სწორად გათვლა, და სხვა ავადმყოფთა სწორი გადანაწილების დაგეგმვა, კორონავირუსის მძიმე შემთხვევების მართვაც კი შეიძლება, მათ შორის – ხანშიშესულ პირებშიც. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ როგორც პრევენციისა და ეპიდკონტროლის, ასევე მკურნალობის სქემებისა და გამოსავლის მხრივ საქართველოს გამოცდილება ხშირად მოწონებას იმსახურებს მსოფლიოში.

მსოფლიო აქტიურად ნერგავს საველე ჰოსპიტლების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მობილური ავიარაზმების გამოცდილებას. ნიუ-იორკის პორტში შემოვიდა 2,200 საწოლიანი სამხედრო გემი-ჰოსპიტალი, სადაც ეპიდემიის პიკზე ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფების გადაყვანა იგეგმება, რომ ქალაქის საავადმყოფოებში საწოლები ინფიცირებულებისთვის გამოთავისუფლდეს. ინდოეთი ცდილობს მოკლე ვადაში რამდენიმე სარკინიგზო ჰოსპიტალური ბოქსირებული ეშელონის მომზადებას.

ახალ გამოწვევებს ტექნოლოგიური გიგანტებიც სასწრაფო გადაიარაღებით პასუხობსენ. „მერსედესის“ ფორმულა-1-ის  ინჟინერების ჯგუფმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორებთან 4-დღიანი თანამშრომლობის შედეგად მოახერხა CPAP ტიპის ახალი სუნთქვის დამხმარე აპარატის შექმნა, რომელთა წარმოება მოკლე ხანებში დღეში 1000 ცალს მიაღწევს და ყველაზე მძიმე პრობლემას – სასუნთქი ვენტილატორების დეფიციტის გადაწყვეტას დაეხმარება. მტვერსასრუტების და თმის საშრობების გიგანტმა კომპანიამ „დაისონმაც“10 დღეში შექმნა ახალი სასუნთქი ვენტილატორი CoVent, რომლის სერიული წარმოების  მოცულობა 10,000-ს მიაღწევს. სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით მუშაობა დაიწყეს „ფორდმა“, „ტესლამ“ და „ჯენერალ მოტორსმაც“. ვენტილატორების შესაცვლელი დეტალების მომზადება უკვე მოხერხდა 3D პრინტერების მეშვეობით. სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ტელემედიცინის მეშვეობით თავაზობს მოსახლეობას სამედიცინო თუ ფსიქოლოგიურ დახმარებასა და კონსულტაციას, ისევე როგორც ვირუსის მკურნალობის ახალი მეთოდების და სქემების შესახებ ყოველდღიურად დაზუსტებულ ინფორმაციებს. ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების პლატფორმები გამოყენებულ იქნება იმ ანტისხეულების სამკურნალო პოტენციალის შესაფასებლად, რომელთა გამოყოფა მოხდება კორონავირუსიანი პაციენტების პლაზმიდან. მილიარდობით ადამიანის მოთხოვნილების საპასუხოდ დისტანციური სწავლების და დისტანციური მუშაობის ახალ გაფართოებულ მოდელებზე და გაადვილებულ სქემებზე მუშაობენ ცნობილი კომპანიები „ზუმი“ და „ვებექსი“.

 

მომავალი

ამჟამად ვერავინ აკეთებს დამაჯერებელ პროგნოზს შემდეგი 100 დღის თაობაზე. ის, რამდენად თანმიმდევრული იქნებიან ქვეყნების ხელისუფლებები და რამდენად პასუხისმგებელი – მოსახლეობის ქცევა საკარანტინო ზომების დასაცავად, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის მდგომარეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. ამის შემდეგ კი უკვე დგება ერთიანი ეკონომიკური მიდგომების შემუშავების საკმად რთული საკითხი. თუმცა, იმედია, იმის გაცნობიერება, რომ ეს მსოფლიოს ომია გადარჩენისთვის, ისევე ხელს შეუწყობს ლიდერების გაერთიანებას, როგორც ეს საუკეთესო ფანტასტიურ რომანებში წაგვიკითხავს და ფილმებში გვინახავს.

მომავალი 1-3 წლის განმავლობაში კი, მსოფლიოს, სავარაუდოდ, მოუწევს კორონავირუსის ციკლური ინფექციების გადატანა. ყოველ შემდეგ ჯერზე ეს სულ უფრო ადვილი იქნება – რადგან, უკვე გვექნება ვაქცინებიც, გამოცდილი სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატებიც, ტესტების და აპარატურის სათანადო რაოდენობაც, სარეზერვო სამედიცინო რესურსებიც და უფრო მომზადებული ვიქნებით (თუ საჭირო გახდა) კარანტინების, თვითიზოლაციის და სოციალური დისტანცირების და სახლიდან მუშაობის რეჟიმებისთვის…

მიჩვეული ჭირი კი გაცილებით ადვილი გადასატანია…



კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s