მოსალოდნელი მოულოდნელობები (საპრეზიდენტო არჩევნები 2018)


 

მარგველა-სალომე-2როგორც იქნა დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში რამდენიმე მიზეზის გამო შევა –

ა) როგორც პრეზიდენტის უკანასკნელი პირდაპირი არჩევნები,

ბ) არჩევნები, რომლის შემდეგ საპრეზიდენტო მმართველობა საბოლოოდ შეიცვლება საპარლამენტო რესპუბლიკით,

გ) პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, როცა 2 ტურის ჩატარება გახდა საჭირო,

დ) როდესაც საქართველომ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი.

და მაინც, ალბათ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე გამორჩეული სხვადასხვა მოულოდნელობებით, თუმცა დაკვირვებით ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მოულოდნელობათა უმრავლესობა საკმაოდ მოსალოდნელი იყო, რომ არა ტრადიციული ქართული ჰაიჰარობა – როცა გზა მხოლოდ ურმის გადაბრუნების შემდეგ ჩნდება…

 

I ტური – ოცნების ფიასკო და მოსალოდნელი „პარადოქსები“

საყოველთაო თანხმობა არსებობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ტური წააგო.

წააგო არა იმდენად რიცხვებით (ფორმალურად სალომე ზურაბიშვილმა 0.9%-ით მოუგო გრიგოლ ვაშაძეს), მაგრამ წააგო ამ თუნდაც ლამის საყაიმო ანგარიშის კატასტროფული შეუსაბამობით პოლიტიკურ ძალთა დღეს არსებულ თანაფარდობასთან: პარლამენტში ქართულ ოცნებას ეკუთვნის 114 ადგილი (76%), ხოლო ნაცმოძრაობას – მხოლოდ 6 (4%)! ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი ასევე ოცნებიდანაა, და თვითმმართველი თემების ყველა საკრებულოშიც, გარდა – ბორჯომისა, უმრავლესობა სწორედ ქართულ ოცნებას ეკუთვნის.

და ამ ფონზე, პირველი ტურში ქართული ოცნების მიერ მიღებული 615,000 ხმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2012 წლის შემდეგ. ხოლო ნაცმოძრაობის მიერ მიღებული 601,000 – ყველაზე მაღალი. და თუ ამას დავამატებთ „ევროპული საქართველოს“ 180,000 ხმას, ყოფილი ნაცმოძრაობის მხარეს სულაც 780,000 ხმაზეა უკვე საუბარი, რაც თითქმის იგივე შედეგია, რომელიც ნაცმოძრობამ 2012 წელს აჩვენა, – ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას. აშკარაა, რომ 2018 წლის პირველ ტურში ქართული ოცნების შედეგს სრულიად სამართლიანად, არა უბრალოდ, – მარცხი, არამედ – ფიასკოც კი, შეიძლება, ეწოდოს.

და მაინც, ეს, სრულიადაც არ იყო მოულოდნელი. მოულოდნელი მხოლოდ მისთვის იყო, ვინც მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს არ აკეთებდა და ბოლო მომენტამდე თავსაც და საზოგადოებასაც არწმუნებდა, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.

არის ამ მარცხში ის ზოგადი ტენდენციები და ფაქტორები, რაც თითქმის ყოველთვის მოქმედებს, მაგრამ არის ინდივიდუალური თავისებურებები და სპეციფიური მიზეზებიც.

ზოგადად, გამარჯვებულ პარტიას 4-6 წლის შემდეგ არჩევნების წაგების მაღალი შანსი აქვს. რატომ? ხალხს ყველაფერი ბეზრდება და იმედი აქვს, რომ ახალი ცოცხი უკეთ დაგვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი ფენომენალურად წარმატებული სახელისუფლებო პერიოდების შემდეგ არჩევნები წააგეს უინსტონ ჩერჩილმა და ახლახანს გარდაცვლილმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა). პირველი ვადის შემდეგ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმაც ვერ მოიგო დამაჯერებლად საპრეზიდენტო არჩევნები – მისი მაჩვენებელი 96%-დან 53.5%-მდე დაეცა, და მხოლოდ იმ 3.5%-ის წყალობით გადაურჩა მეორე ტურს. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის არნახული ზეწოლით და და მასობრივი გაყალბებით მიმდინარეობდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ეუთოს საზედამხედეველო მისიის საბოლო ანგარიშში (გამოქვეყნდა 2008 წლის 4 მარტს!) შავით თეთრზე წერია, რომ საარჩევნო უბნების 23%-ში (!) ხმის დათვლა ჩატარდა დიდი დარღვევებით და შეფასდა „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ (რომ არაფერი ვთქვათ ხმის მიცემის და სხვა დარღვევებზე), სრულიად აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაყალბებების გარეშე იმ არჩევნებს პირველივე ტურში ვერ მოიგებდა.

ახლა კი სპეციფიურ მიზეზებზე შევჩერდები, რამაც პირველ ტურში ქართული ოცნების ძალიან ცუდი შედეგი განაპირობა.

  • ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სრულად გაკრიფა არა მარტო „შუა“, არამედ მოახერხა ყველა იმ პარტიის დეზორგანიზაციაც, რომლებთან ერთად ქართული ოცნება 2012 წელს კოალიციაში იყო. ზოგიერთი ეს პარტია ქართულმა ოცნებამ ჩაყლაპა, ხოლო სხვა პარტიები – დაიშალნენ ან ძალიან დასუსტდნენ. ამას შედეგად ორი სერიოზული შედეგი მოჰყვა:
    • – ქართულ პოლიტიკური სპექტრი, გაძლიერების ნაცვლად, გაღარიბდა.
    • – ის ამომრჩეველი, რომელიც არ არის უშუალოდ ოცნების ამომრჩეველი, მაგრამ ხმას მისცემდა სხვა (ადრე ოცნებასთან კოალიციაში მყოფ) პარტიებს, შეიძლება, იმედგაცრუებული აღარ წავიდა არჩევნებზე, ანდა სულაც – ნაციონალური მოძრაობისაკენ გადაიხარა.
  • ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა დანაპირები სამართლიანობის აღდგენის (ან – უფრო სწორედ – სამართლიანობის დამკვიდრების) შესახებ. დღეს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი მანქანის საცეცები მნიშვნელოვანწილად მოკვეთილია, მაგრამ სასამართლოსა და პროკურატურის სათავეში, ოცნების საპარლამენტო და რეგიონალურ პარტიულ სტრუქტურებში – ერთ დროს ნაცმოძრაობის ცნობილი ოდიოზური პირების არსებობა სერიოზულ ეჭვს იწვევს, რომ სამართლის დამკვიდრებიდან ჯერ ისევ შორსაა. თუ ეკონომიკური სწრაფი პროგრესის მიღწევა – ისეთის, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებისათვის იქნებოდა ხელშესახები, – ნამდვილად რთული და ხანგრძლივი ამოცანაა, სამართლიანობის დამკვიდრების მხრივ არსებული მოლოდნების იმედგაცრუება უფრო მძიმე იმიჯური დარტყმა მგონია ქართული ოცნებისათვის.
  • სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეებში დაშვებული სერიოზული ხარვეზები თუ დანაშაულებრივი ქმედებები ამ შვილმკვდარი მამების მიმართ სამართლიანი გამოძიებისა და სასჯელის უკმარობის განცდას ქმნის. ეს ორი საქმე იქცა ძალიან მძიმე ტესტად ხელისუფლებისათვის, თანაც დღემდე გადაუჭრელია. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ადამიანებთან თანაგრძნობით გამსჭვალული სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათი ტკივილზე საქმის დროული და სამართლიანი გამოძიებით პასუხი, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, რომ ვერ გათვალა, როგორ „ოქროს ძარღვად“ აქცევდა სათავისოდ ამ საქმეებს ნაციონალური მოძრაობა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ზოგიერთ საქმეზე სამართლიანი განაჩენი დადგა და ასრულებაც მოხდა (ქონებრივი დანაშაულების მსხვერპლთა რესტიტუცია), ეს (მგონი, 150-მდე საქმე) მაინც მცირე დოზაა. და რაც ყველაზე სავალალოა, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ესეც კი არ მიეწოდა სწორი გზავნილის სახით. არც ვებ-გვერდი შექმნილა, არც კონფერენცია ჩატარებულა, არც რამე სატელევიზიო გადაცემა… ნაციონალური მოძრაობა ამას მშვენივრად იყენებს და საუბრობს საკუთარ „ერთეულ შეცდომებზე“ და დღევანდელი ხელისუფლების „მასობრივ დანაშაულებებზე“. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებას ყოველთვის ბოლო ამბები უკეთ ახსოვს, ეს ყველაფერი, რუსთავი2-ის პროპაგანდისტული ჰაუბიცებით და მორტირებით გამოსროლილი, მომაკვდინებელ შედეგს იძლევა, მით უფრო – რაიონებში, სადაც მოსახლეობა დიდწილად რუსთავი2-ის მენიუზეა გადართული.
  • ქართული ოცნება ვერ იქცა იდეოლოგიურად გამართულ და ორგანიზაციულად მწყობრ პარტიად. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარეს არც ჰქონდა პრიორიტეტად დასახული ეს მიზანი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ 2018 წლის გაზაფხულამდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მისმა ჩამოშორებამ და 2016-17 წლების ორივე არჩევნებში ფანტასტიკური შედეგის  მიღწევამ შექმნა  ილუზია, – „ასეც იოლად გავალთ ფონს“. რეალობა არის ის, რომ ღირსეული ოპონენტის არარსებობა, რამდენადაც აიოლებს გამარჯვებას, იმდენად, ან – მეტადაც კი, თვითდამშვიდების და მოდუნების საფუძველი ხდება. ხოლო პოლიტიკა  სისტემატურობას და ყოველდღიური რუტინული ამოცანების მეთოდურად გადაწყვეტას მოითხოვს. პოლიტიკური პარტიის შენება სკის შენებას ჰგავს – არაპროფესიონალიზმი და ჰაიჰარობა დამღუპველია.
  • ვფიქრობ, საკმაოდ თვითდამაზიანებელი იყო ოცნებისათვის პრემიერ-მინისტრის გადაყენება. მგონი, უკვე არავის ჰგონია, კვირიკაშვილი რომ თავისით გადადგა და იუნისეფის კვლევა რომ ამ საკითხში გადამწყვეტი იყო. „ფონზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიანო“, ნათქვამია, და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდის მომენტი იყო ძალიან არასახარბიელო საკადრო ცვლილებებისათვის, არამედ კიდევ უფრო მეტად ის – რა ტიპის ინფორმაციები გავრცელდა ამ ცვლილებების შემდეგ – იყო მინიშნებები არა მარტო მმართველობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების ხარვეზებზე (რაც, ალბათ, რეალობას შეესაბამებოდა), არამედ – შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, ერთ-ერთ ბანკთან ინტერესთა კონფლიქტზე, და ლამის – სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციებიის დაგეგმვაზეც კი. საბოლოოდ, მას მერე, რაც აშკარა გახდა, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკიდა წავიდა და რამე საარჩევნო აქტივობას არ გეგმავდა, ეს ყველაფერი არც გამოძიებულა, არც დადასტურებულა და არც უარყოფილა. მაგრამ, ქართულმა ოცნებამ, ნებით თუ უნებლიედ, პრემიერ-მინისტრის სასწრაფოდ მოშორებით, თითქოს დაადასტურა იმ მძიმე პროპაგანდისტულ-ფსიქოლოგიური შეტევის ვექტორების სისწორე, რასაც კვირიკაშვილის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობა იყენებდა. ასეთი კარტ-ბლანშის მიცემა ნაცმოძრაობისთვის – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე – უკვალოდ არ ჩაივლიდა. და არც ჩაიარა. საზოგადოებაში გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ოცნებამ სტაბილურობა დაკარგა. მართალია, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ გააჩინა მოლოდინი, რომ იგი სერიოზულად დაბრუნდა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა, მაგრამ ეს მოლოდინი მალე გაიფანტა. ეტყობა, ჯერ კიდევ არსებული „ჭარბი ნდობისა“ და იოლი გამარჯვების იმედის პრევალირების გამო, ივანიშვილმა პოლიტიკასთან ახლოს დგომაც საკმარისად ჩათვალა…
  • სერიოზული შეცდომა იყო საპრეზიდენტო პოსტის გამოცხადება არცთუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობად და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მნიშვნელობის დაკნინება. ფაქტობრივად, ოცნებამ თავად უთხრა ხალხს – რა გენაღვლებათ, ვისიც არ უნდა იყოს ეს ადგილი, მაინცდამაინც არც გვჭირდებაო. რაც ოცნების ამომრჩეველმა ასე გადათარგმნა – ესეიგი, სახლში უნდა დავრჩეთ, რაში გვაინტერესებს, 28 ოქტომბერს ვინ მოიგებსო…
  • სალომე ზურაბიშვილის არჩევა ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატად შეიძლება თავისთავად არ იყო შეცდომა, (თუმცა, მაინც მგონია, რომ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა არაფორმალური მმართველობის შეგრძნება. ჯობდა, საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდათ და საკუთარი პასუხისმგებლობა ჰქონოდათ), მაგრამ შეცდომა იყო ამ გადაწყვეტილების „დამოუკიდებელი კანდიდატისთვის“ მხარდაჭერად შეფუთვა. ძალიან ბევრმა, ჩემს მსგავსად, ეს თავიდანვე არ დაიჯერა (და სწორიც აღმოვჩნდით). სამაგიეროდ, თავად ოცნების პარტელიტამ დაიჯერა და საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა – მაგ. მაჟორიტარების უდიდეს ნაწილს აზრადაც არ მოსვლიათ თავიანთ რაიონებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად რამე აქციების ჩატარება, ან ელემენტარულად რაიმე სხვა ფორმით მხარდაჭერის გამოცხადება.
  • 2008 წელს ომის დაწყების თემით საარჩევნო კამპანიის დაწყება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა თავად ზურაბიშვილისთვის. რომ არა ნაცმოძრაობის გებელსური პროპგანდის საოცრად დახვეწილი მანქანა, შეიძლება, ამ ასპექტს სერიოზული, მაგრამ არა ასეთი – ლამის, კატასტროფული – ზიანი მიეყენებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ თემის ჰიპერბოლიზირებით (იმ ძალის მხრიდან, რომელთა ლიდერებს ხელისფლებაში ყოფნისას თავად ჰქონდათ ხელი მოწერილი მსგავს განცხადებებზე – თანაც ევროსაბჭოს ოფიციალურ დოკუმეტებზე!), თემის ნეგატიური გავლენა ძალიან ხანგრძლივი და ძალიან სერიოზული აღმოჩნდა­. ნაცმოძრაობამ, ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) საკუთარი წევრობის გამოყენებით, თითქმის მოახერხა საერთაშორისო ასპარეზზე იმ აზრის  გავრცელება, რომ [ნატოს და ევროკავშირის სტრუქტურებში გამოცდილების მქონე!] სალომე ზურაბიშვილი „პრორუსი კანდიდატია“, ხოლო [საბჭოთა წარსულით მოამაყე, ომის მერეც რუსული პასპორტის ვერდამთმობი!] გრიგოლ ვაშაძე – „ქართული ეროვნულობის და დამოუკიდებლობის ბურჯი და გარანტი“ (Sic!). ზურაბიშვილის ქართულის ხარვეზები აგრესიული თავდასხმების კიდევ ერთ მოწყვლად სამიზნედ იქცა და ისედაც ნაკლებად კომუნიკაბელური კანდიდატის კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და კომუნიკაციის დეფიციტი გამოიწვია… შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველად ვიხილეთ მასირებული ბულინგი კანდიდატის მიმართ, როდესაც მის პატრიოტიზმს ის დაქირავებული მიშისტებიც კი უშვერად იხსენიებდნენ, რომელთაც თავად პუტინის და კადიროვის ღონისძიებებში მონაწილეობის “მდიდარი” გამოცდილება და დაფინანსების ისტორიაც კი გააჩნდათ. დაბოლოს, ცოდვა გამხელილი სჯობს, პოლიტიკური დებატები სალომე ზურაბიშვილმა ორივე კონკურენტთან წააგო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ნაკლებად გამოცდილია ამ საქმეში, ხოლო უფრო მეტად იმიტომ, რომ დებატები ქართულად იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილი, აშკარაა, რომ აზრს ფრანგულად ან ინგლისურად აყალიბებს და მერე ახდენს მის თარგმნას. მსგავსი პრობლემები იმ ემიგრანტ ბალტიისპირელ ლიდერებსაც ჰქონდათ, ვინც უცხოეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ და უკვე შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, როგორც პოლიტიკური ლიდერები. მაგრამ მათ არ მოუწიათ ასეთ აგრესიულ ოპონენტებთან და მედიასთან პაექრობა.
  • ქართული ოცნების PR-სამსახური პირველ ტურამდე იყო ცოცხალმკვდარი, ხოლო ქართული ოცნების სოციოლოგიური სამსახური – მკვდარზე უარესი, რამეთუ მათი კვლევები მხოლოდ თვითდამშვიდების ჰიპნოზის ეფექტის მქონე აღმოჩნდა. მაგალითისთვის მოვიყვან ორ დეტალს – ის, რომ ნაცმოძრაობის 400-ლარიანი პენსიის დაპირება სრული ბლეფი იყო და ელემენტარულად საქართველოს ბიუჯეტს არაფრით შეესაბამებოდა, ისევე როგორც ვაშაძის PR-კომპანიაში რუსი პიარ-ტექნოლოგების და კერძოდ, იმ შკლიაროვის მონაწილეობა, რომელმაც საქართველოში საარჩევნო რევოლუცია დააანონსა, – ორივე ეს ამბავი ფეისბუქზე გახმაურდა – არა ოცნების ან ზურაბიშვილის PR-ჯგუფების ან საარჩევნო შტატების მიერ, არამედ უბრალოდ, დაინტერესებული და დაკვირვებული ფეისბუქ-მომხმარებლების (თუ არ ვცდები – ირა ჭელიძის და მერაბ მეტრეველის) მიერ.
  • ამ ფონზე, ის მასიური და ტოტალური უპირატესობა, რაც ბანერების და სხვა რეკლამის მხრივ, კონკურენტებთან შედარებით სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა – რეალურად იქცა ანტირეკლამად. დუხჭირ მოსახლეობაზე, არა მგონია, პოზიტიურად მოქმედებდეს საარჩევნო ბანერებში და რეკლამებში ჭარბად დახარჯული თანხების დემონსტრირება.
  • საკმაოდ დიდი აცილება ნაცმოძრაობის აგრესიულ კამპანიასა და ოცნების „ევროპულ“ კამპანიას შორის. I ტურში ოცნებას მორალური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მორალური უპირატესობით ამ კიკბოქსინგის მოგება შეუძლებელი იყო…
  • დაბოლოს, არჩევნების პირველი ტურის წინ, ოცნებამ განახორციელა რამდენიმე ძალიან მძიმე შეცდომა, რასაც ვერც კი ინატრებდა მათგან ნაცმოძრაობა:
    • – კანაფის (სამედიცინო მარიხუანის) კულტივირების და ეკონომიკური პრობლემების პანაცეად გამოცხადების თემა! ამ თემის უსწრაფესი „პოპულარიზაციით“ მკვეთრად გაღიზიანდა სამღვდელოება და საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ხოლო, თუ ვინმე ელოდა, რომ ახალგაზრდობასა და მემარჯვენე მსოფლმხედველობის ეკონომისტებში მაინც იქნებოდა ეს იდეა პოპულარული, მწარედ შეცდნენ – ამ ტიპის გადაწყვეტილებებს თუ ვინმეს დაუფასებდნენ, არა – ქართულ ოცნებას, არამედ – ისევ „გირჩს“, რომელიც დიდი ხანია, თავის იდეოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად სწორედ მაქსიმილურ კანაფიზაციას აცხადებს.
    • ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანის გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქუთაისში ვაშაძის პირველ ტურში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გამარჯვების მიზეზი მგონია.
    • რიგი, საზოგადოებაში არაპოპულარული, გადაწყვეტილებების გახმაურება სწორედ არჩევნების წინ (მაგ. ხორბლის გადამზიდავების თემა).
    • უკვე ყბადაღებული დაპირისპირება და აქტიური შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
    • როგორც ლამის ყველა არჩევნების წინ – ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა…

 

II ტური – ნაცმოძრაობის ფიასკო

II ტურის წინ ნაცმოძრაობას ჰქონდა ყველა ის უპირატესობა, რაც თითქოს მის საბოლოო წარმატებას უზრუნველყოფდა

ა) თუნდაც ბუტაფორიული, მაგრამ მაინც – კოალიციურობა, რასაც პირველი ტურის შემდეგ კიდევ ევროპული საქართველო, რესპუბლიკელები და გუბაზ-ოქრუაშვილიც დაემატნენ. მაშინ როცა ოცნების მხარეს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი დადგა გამოკვეთილად, ხოლო ლეიბორისტებმა, შენების მოძრაობამ და თავისუფალი დემოკრატებმა, უბრალოდ, ნეიტრალიტეტი არჩიეს;

ბ) I ტურში მოგროვილი ხმების უპირატესობა: 780,000 – 615,000-ის წინააღმდეგ;

გ) თავად ოცნებაში გაჩენილი მკვეთრი შეშფოთება და დაბნეულობა;

დ) პარალელები 2003 წელთან, როცა მოქკავშირის თითქოსდა მონოლითურ სახელისუფლებო გუნდში პირველი ბზარების გაჩენამ მკვეთრი არქიტექტონიკული ძვრები და ხელისუფლების სწრაფი ჩამოშლა განაპირობა. და ამ სიტუაციური დეჟავიუს განსაკუთრებულად საშიში ფენომენი – ხელისუფლების საპარლამენტი ბლოკში მაჟორიტარი დეპუტატების დიდი მასა, რომლებიც, როგორც ისტორია აჩვენებს, ყოველთვის ადვილად გადახტებიან მოწინააღმდეგის ნავში – ჩაძირვის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე.

მაგრამ მოხდა ის, რასაც ისევ მოსალოდნელი მოულოდნელობა შეიძლება ვუწოდოთ: – 0:5-ით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მატჩი 10:5 დასრულდა – უკვე ოცნების სასარგებლოდ.

მოდით, მეორე ტურში სიტუაციის მკვეთრი ცვლილების მიზეზებსაც გადავავლოთ თვალი:

  1. დამნაშავეების შეწყალების დაპირება – პირველი ტურით თავბრუდახვეულმა გრიგოლ ვაშაძემ სასწრაფოდ, ლამის პირველივე ინტერვიუში გამოაცხადა მისი არჩევის შემდეგ „პოლიტპატიმრების“ და „პოლიტბრალდებულების“ სრული რეაბილიტაცია და შეწყალება. დამატებით ჩაკითხვაზე დააზუსტა, რომ ამ სიაში შევიდოდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ცააძე და სხვები. ამით გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი მომხრეების გამხნევება სურდა, მაგრამ ის ვერ გათვალა, როგორ ანტინაცურ მობილიზებას გამოიწვევდა ასეთი პერსპექტივა საზოგადოების ფართო წრეებში – იმ ნაწილში, რომელიც პირველ ტურზე ძირითადად, თავი არ შეუწუხებია. საყურადღებო იყო ნაცკანდიდატის ამ „გულუხვ“ დაპირებაზე იუსტიციის საბჭოს წევრის ანა დოლიძის გამოხმაურება, რომელიც ოცნების მხარდამჭერად ნამდვილად ვერ ჩაითვლება: ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძეის არის პრობლემების მთელი პაკეტი, ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
  2. კამპანიაში მიშას ჩართულობა და მისი გამოუსწორებლობის დემონსტრირება. პირველი ტურის შედეგებმა ქვეყნიდან გადახვეწილი ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის არნახული აჟიტირება გამოიწვია. მას იმედი მიეცა, რომ მალე ქვეყნის პრეზიდენტად (და მთავარსარდლად!) საკუთარ პროტეჟეს იხილავდა და ოცნების ხელისუფლების ჩამოშლისთვის 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არნახულ ბერკეტებს მოიპოვებდა. ამიტომ სულ უფრო გაზარდა ის, რაც კანონით აკრძალულია კიდეც – უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა. რუსთავი2 კი, უკვე მერამდენედ, იქცა არა იმდენად ნაცმოძრაობის, არამედ – პირადად მიხეილ სააკაშვილის რუპორად. გაიზარდა მიშას აგრესიულობის კოეფიციენტი. ოცნების მალე დასაფლავების ოცნებაში შესულ მიშას „ღარიბი და ქილა ერბოს“ პერსონაჟის სინდრომი დაემართა და „გასწიეთ, ჩემო ნიშავ და ნიკორაო!“, გამეტებით იქნევდა სახრეს… ჰოდა, მაწონიც დაღვარა. რაც უფრო მეტად გავეშებული იყო მისი განცხადებები და ანთებული – თვალების ბრიალი, მით უფრო ცხადი იყო, რომ ვაშაძის გამარჯვება საქართველოში მასშტაბური დესტაბილიზაციის დასაწყისი იქნებოდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის მიერ მუქარის ტონით გაჟღერებული „უკაცრავად, გოგოო! აბა ცოტა მოდი ჭკუაზე!“ და ოცნების მიერ დაქირავებული PR-მენეჯერის „აფერისტ ებრაელად“ მოხსენიება. თუ პირველ ტურში არა მარტო გულმხურვალე ნაცმხარდამჭერები, არამედ არასამთავრობო სექტორის სერიოზული ნაწილი ღიად თუ ფარულად მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს, ახლა ეს მათთვის სულ უფრო გაძნელდა გახელებული ექს-პრეზიდენტის მიერ სექსისტურ-ეიჯისტურ-რასისტული გამონათქვამების გამო…
  3. საარჩევნო კამპანიაში ჯარის და პოლიციის ჩართვა. მიხეილ სააკაშვილი სავსებით შეგნებულად ახდენდა საზოგადოებაში იმ აზრის დათესვას, რომ ნაცმოძრაობას მყარი დასაყრდენი აქვს ძალოვან სტრუქტურებში. ამის რეალიზებისა და დემონსტრირებისთვის მათ ორი ტაქტიკა შეიმუშავეს – აქციებზე პოლიციის მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან პროვოცირების და „დაჩმორების“ პოლიტიკა (ამ მხრივ განსაკუთრებით „ჟურნალისტი“ გვარამია გამოირჩეოდა), რასაც რიგით პოლიციელებში ივანიშვილის დროინდელი ცენტურიონების ზე-სტატუსის მონატრება უნდა გამოეწვია. ხოლო მეორე მხრივ – ყოფილი პოლიციელებისა და სამხედროების ფორმაში ჩაწერილი ვიდეოჩანაწერების გავრცელება, სადაც ისინი უნდობლობას უცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ეს უკანასკნელი იყო არნახული მასშტაბის პროვოკაცია. მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც თავისი პოლიტიზირებული ავტოკრატიული რეჟიმის ზეობისას, ისევ ცდილობდა ჯარის და პოლიციის პოლიტიზირებას! ვფიქრობ, სასწრაფოდ მისაღებია ცვლილებები კანონში – რა თქმა უნდა, ნებისმიერ ყოფილ სამხედროს სრული უფლება აქვს, როგორც სხვა მოქალაქეს, თავისი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები გამოხატოს, მაგრამ – არა ჯარის ან პოლიციის მუნდირში! ხოლო მათ, ვისაც ჯარის და პოლიციის მუნდირი კანონით აცვიათ, პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვა აკრძალული უნდა ჰქონდეთ. ამას დაემატა ასევე თითიდან გამოწოვილი ინსინუაცია იმის თაობაზე, რომ ვითომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს შეიძლება ქართველი სამხედროების დადანაშაულება და ჰააგის სასამართლოს მიერ დევნა მოჰყვეს. სააკაშვილის და რუსთავი2-ის მიერ წარმოებულ ამ მასირებულ შეტევას საზოგადოების უდიდეს ნაწილზე საბოლოო ჯამში დიდი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისი განმარტებების წყალობით – უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების და PR-სამსახურების მხრიდანაც, ასევე იმ პირთა მხრიდანაც, რომელთა რეპუტაციას და კვალიფიკაციას ნაციონალები „ქოცობის“ არგუმენტით ეჭვქვეშ ვერ დააყენებდნენ – მაგ. თინა ხიდაშელის, სანდრო ბარამიძის, და სხვათა – მხრიდანაც. თუმცა, სავარაუდოდ, მაინც სწორედ ამ „ჰააგით დაშინების“ კამპანიის შედეგი იყო ის, რომ ავღანეთში ქართულ საჯარისო ნაწილებში ნაცმოძრაობის კანდიდატმა პირველი ტური კი წააგო, მაგრამ მეორე ტურში მოიგო. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი – ჯარის და პოლიციის პოლიტიზირების და არჩევნებში ჩართვის მცდელობა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ სრულიად მართებულად ნეგატიურად იქნა აღქმული, როგორც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა პირადი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის საქართველოში დესტაბილიზაციის დათესვის და სამოქალაქო დაპირისპირების  გაჩაღების ამდაგვარ ხერხებზე.
  4. სააკაშვილის და თემურ ალასანიას საუბარი – არა მგონია, გულმხურვალე ნაცფანებს დაეჯერებინოთ ბიძა-ძმიშვილის საუბრის ავთენტურობა, ან თუ დაიჯერეს, ალბათ ჩათვალეს, რომ ქართველების მიმართ ლანძღვა-გინება მათ არ შეეხებოდათ. მაგრამ დანარჩენებზე, რა თქმა უნდა, ამ საზარლად ცინიკურმა დიალოგმა, იქონია გავლენა და კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცოდი დიდი ხანია – ამ ოჯახის წევრებს საქართველო და ქართველები ფეხებზე ჰკიდიათ. მათ საქართველო და ქართველები მხოლოდ მაშინ მოწონთ, თუ ქართველები მათ აძლევენ ხმას, და არ არსებობს კრიმინალი, რომელზეც წასავლელად ისინი მზად არ არიან, თუ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცემათ. ფენომენალური იყო ამ თემაზე თემურ ალასანიას კომენტარში წამოცდენილი Lapsus lingua მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავმით უმეტეს ტელეფონით  !!!
  5. ოდიოზური ფიგურების დამატება – ნაცმოძრაობის კანდიდატმა მეორე ტურში არა მარტო ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარანტია მიიღო, არამედ – რესპუბლიკელების, ირაკლი ოქრუაშვილის და გუბაზ სანიკიძის თანადგომაც. დასახელებულ პარტიებზე ქვემოთ მოგახსენებთ, ხოლო ამ პირების შემომატებით ნაცმოძრაობამ, ვფიქრობ, ვერაფერი მოიგო. ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აშკარაა – გორში ნაციონალებმა პირველი ტური მოიგეს: 42.5% – 34.6%, მეორე ტურში კი წააგეს: 38%-62%.
  6. მიშასგან გვიანი დისტანცირება. – გრიგოლ ვაშაძემ სცადა, გამიჯნოდა მიხეილ სააკაშვილს, ის კი არადა – ნაცმოძრაობის ლიდერთა შეწყალებაზეც აღარ იღებდა ხმას. დაანონსებული 100,000-იანი მიტინგით ხელისუფლების ჩამოშლაც უკან წაიღო. მაგრამ დააგვიანდა – ჩიტი უკვე გამოფრენილი იყო. ნაციონალებს საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება და მობილიზაცია სურდათ, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ – პირველ ტურში მიძინებული ანტინაციონალი ამომრჩეველი გამოაფხიზლეს.
  7. საზოგადოების გამოფხიზლება – სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ქართულ ოცნებას არ მოუგია – მეორე ტური მოიგო ხალხმა. იმ ხალხმა, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა – ან ოცნებაზე განაწყენებული, ან ოცნებისგანვე დაიმედებული – მაინც არაფერია იქ საშენო, ცუდი მაინც ვერაფერი მოხდებაო. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლეიბორისტების, შენების მოძრაობის, გირჩის მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა, მათი ლიდერების ნეიტრალიტეტის მიუხედავად, მაინც ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მისცეს ხმა. თუმცა, ეს არ იყო მთავარი. სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთა რაოდენობა პირველიდან (615,000) მეორე ტურამდე (1,147,700) – 532,000-ზე მეტით, ანუ თითქმის 87%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლებისა (თუ მათ პირველ ტურში დავით ბაქრაძისათვის მიცემულ ხმებსაც დავამატებთ), პრაქტიკულად არ გაზრდილა – 775,000-დან 780,000-მდე (0.6%-ით). პირველი ტურის შემდეგ ბატონ იაგო კაჭკაჭიშვილს გავუზიარე ჩემი პროგნოზი, რომ თუ მეორე ტურში 10%-ზე მეტით მოხდებოდა არჩევნებზე მისული ადამიანების საერთო რიცხვის გაზრდა, მაშინ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მოგების შანსი, ხოლო 15-20%-იანი ზრდის შემთხვევაში – ეს თითქმის გარანტირებული იყო. პირველ ტურში 1,638,000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო მეორე ტურში – 1,928,000-მა. რაც 18%-იანი ზრდა იყო. და სალომე ზურაბიშვილმა, მართლაც, ძალიან დამაჯერებლად მოიგო. რამ გამოიწვია ასეთი ტექტონიკური ძვრა სულ რაღაც 1 თვეში?
  8. ოცნების ამოძრავება – პირველი ტურის შემდეგ ოცნებამ გამოიღვიძა – შექმნეს საარჩევნო შტაბები, ცეცხლი შეუნთეს მაჟორიტარებს, იქირავეს სერიოზული PR-კომპანია და დაიწყეს დაპირებების გაცემა. სრულიად აშკარა იყო, რომ სხვადასხვა მიმართულებით გადამლაშებაც ხდებოდა. მე პირადად, ასეთ მიუღებელ გადამლაშებად მეჩვენება ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მასიურად ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის და ოცნების სხვა ლიდერების პორტრეტებით – იმის მაგიერ, რომ ერთობლივი ფოტოები დაედოთ (სხვათა შორის, ბოლო ეტაპზე ზოგან ესეთი კოლაჟებიც გაჩნდა). მაგრამ იმ რეალობისაგან იმ აცდენას, რომ სალომე ზურაბიშვილი თითქოსდა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო – ეს ჩანაცვლება იმით მაინც სჯობდა, რომ მოსახლეობას ალალად უთხრა, ვის მიჰყავდა აღლუმი. მოშე კლუგჰაფტის მართლაც ძალიან აგრესიული კამპანია ნამდვილად არ იყო „ევროპული არჩევნების“ ეტალონი, მაგრამ როგორც ამბობენ à la guerre comme à la guerre და ეს არჩევნები ნამდვილად უფრო ომს ჰგავდა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მასირებული ბულინგით და ფეიკ-ინფორმაციების გავრცელებით. ასე რომ, ნაცმოძრაობის ძველი სახეების გამოჩენა ვაშაძის პორტრეტის უკან ეს პრინციპში ის იყო, რაც ვაშაძემ თავად დაანონსა.
  9. სამედიცინო მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევა. კანაფის კულტივაციის უაღრესად წინააღმდეგობრივ და წამგებიან კამპანიაზე სასწრაფოდ უარის თქმამ ხელიისუფლებას და მის კანდიდატს მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილის გაღიზიანების ჩაქრობის საშუალება მისცა.
  10. ნაძვის ხის დათმობა – ძალიან საჩოთირო ქვეტექსტი მიეცა პირველი ტურის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას, როცა ქალაქის მერიამ ზაზა სარალიძეს და თეიმურაზ მაჩალიკაშვილს ნაძვის ხის განთავსების მოტივით შეახსენა, რომ მათი პარლამენტის წინ მიმდინარე საპორტესტი აქცია უნდა დასრულებულიყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მორალურად მიუღებლად მიიჩნია შვილმკვდარი მამების პროტესტის ადგილიდან განდევნა იმ მოტივით, რომ ბავშვებისთვის იქ ნაძვის ხე უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ხელისუფლება მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და  უკან დაიხია – რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანა ნაძვის ხე…
  11. ბუტა რობაქიძის მკვლელობასა და იარაღის ფაბრიკაციის საქმეზე უზომოდ გაჭიანურებული სასამართლოს დასრულება. საზოგადოებაში ამან დიდი ხნით დაგვიანებული სამართლის ურმის როგორც იქნა გამოჩენის ეფექტი შექმნა.
  12. სოციალური ვალდებულებები – ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მოიქაჩლა თავი – ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს (დანამატებიც) და დირექტორებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სასაზღვრო პოლიციას, სოციალურად დაუცველ მოზარდებს და ბავშვიან ოჯახებს (10 ლარის ნაცვლად – 50 ლარი თვიურად), მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ დახმარება, დღემდე უბინაო საკონტრაქტო სამხედროებს გადაეცემათ ბინები და ა.შ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა სერიოზულად ასდის ამომრჩევლის მოსყიდვის სურნელი, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი ნაბიჯები პოზიტიურად აღიქმება და ძნელი სათქმელია, როდის მივაღწევთ იმ მდგომარეობას, როცა მხოლოდ იურისტები კი არა, მთელი მოსახლეობა ნეგატიურად შეხედავს ამგვარ წინასაარჩევნო სიკეთეებს.
  13. ვალების განულება – ყველაზე უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელმაც ლამის 600,000 ადამიანის მდგომარებას შეეხო, იყო 2,000 ლარამდე საკრედიტო დავალიანებების გასტუმრება საქველმოწმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. ეხლა, სადაც რამდენიმე კილო კარტოფილის და ხახვის, თუ ორკილოიანი ინდაურის ფეშქაში განიხილებოდა მოსყიდვის მცდელობად, 2,000 ლარი მოსყიდვა კი არა, არქიმოსყიდვაა, რასაკვირველია, მაგრამ ჯერ ერთი, ეს თემა მართლაც იყო დაანონსებული მაისიდან და თან, ვინ რა იცოდა, მოსასყიდი პირი ფარულ არჩევნებზე ხმას ვის მისცემდა? ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსში მკაცრად უნდა გაიწეროს ანალოგიური შემთხვევები და დაწესდეს მორატორიუმი, მაგალითად, პირველი ტურის დაწყებამდე 2 თვე, როცა მსგავსი მასშტაბური დაპირებები და ქველმოქმედებები უპირობოდ დასჯადი გახდება. თუმცა,ეს რომ მოხდეს, ამაზე პოლიტიკურ ძალთა კონსენსუსი უნდა არსებობდეს და თუ ხელისუფლებას აეკრძალება რაიმე პროგრამის განხორციელება/დაპირება, მაშინ ოპოზიციასაც უნდა აეკრძალოს მსგავსი მასშტაბის დაპირება. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს საარჩევნო აგიტაციას… მეორე სერიოზული პრობლემა ისაა, რომ თავად ოპოზიციამ ხელისუფლების ამ ქმედებებზე (2.11-2.12) იმდენად ლეგალურად განმტკიცებული ბრალდებები კი არ წარადგინა, არამედ გულწრფელად გაწიწმატდა, – ეგო, ჩვენი იდეა იყო, ჩვენ გვინდოდა მაგის დაპირებაო (ანუ, დაგვასწრეს ხალხის მოსყიდვაო!). სანამ ეს ასე იქნება, ფორმალურად დასჯადი ქმედებების პრაქტიკიდან რეალურად ამოგდება შეუძლებელი იქნება…

 

არჩევნები დამთავრდა! არჩევნები მოდის!

არჩევნები კიდეც დასრულდა და ამავდროულად – არც დასრულებულა.

ჯერ ერთი, მთავარი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ხოლო ამ ძალის დაუძინებელმა (და ორი ქვეყნის ტახტის მადევარმა) ლიდერმა ისიც კი განაცხადა, სინამდვილეში გრიგოლ ვაშაძე არის საქართველოს არჩეული პრეზიდენტიო!

ყველა ოპოზიციური ძალა ითხოვს ვადამდელ საპარლამენტ არჩევნებს და თანაც – შეცვლილი – პროპორციული წესით. სახელისუფლებო ძალის მთავარი არგუმენტი მხოლოდ ისაა, ვერ წავალთ ამაზე – სტაბილურობა დაირღვევაო…

აშკარა გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას მოჰყვა ახალი კრიზისის – სასამართლო ხელისუფლების კრიზისის გამწვავება. ის რაც არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელა, ფაქტიურად ხელისუფლებისათვის (და სახელისუფლეებო გუნდის ერთობისათვის) უფრო მეტად საშიში ბომბის დადებას ჰგავს, ვიდრე ეს ოპოზიციამ შეძლო. ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას მართავს აშკარად არაპოპულარული, დაბალრეიტინგული (კეთილსინდისიერების და სამართლიაობის კუთხით მაინც) მოსამართლეების კასტა, რომლის ძირითადი ინტერესი არის საკუთარი მარადიულობის ჩაბეტონება და ამისათვის მზად არიან საკმაოდ საჩოთირო და იურიდიულად  გაუმართლებელ ნაბიჯებზე წავიდნენ – ისარგებლონ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, წარადგინო დასამტკიცებლად საკუთარი გვარებით დაკომპლექტებული სია, რომელიც არ ვიცით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორ განიხილეს და როგორ უყარეს კენჭი და ა.შ. ხოლო როცა საკუთარ რეიტინგზე შეშფოთებული პარლამენტი ამ მარაზმში გადასულ პროცესს აჩერებს, მომენტალურად დგამენ შურისძებითი  შანტაჟის კლასიკურ აქტს – უვადოდ ირჩევენ მოსამართლედ ლევან მურუსიძეს.  და ეს ყველაფერი პრაქტიკულად წყალში ყრის იმ უდავოდ პოზიტიურ ძვრებს, რაც სასამართლო სისტემაში 2012 წლის მერე სახეზეა – ჯარიმების თანხების კოლოსალური შემცირებით და განსაკუთრებით, – გამამართლებელი  განაჩენების ასევე კოლოსალური ზრდით! აქ მახსენდება მე-4 კურსზე ყვარელში საშემოდგომოდ რთველზე წაყვანილ სამედიცინოს სტუდენტებთან მაშინდელი პრორექტორის (იდეოლოგიურ დარგში) მურმან ნ.-ის ფანტასტიური ფრაზა – „მარტო ის კი არაა მნიშვნელოვანი, რომ მსუბუქი ყოფაქცევა არ ახასიათებდეს გოგონას (!), არამედ ისე უნდა იქცეოდეს, რომ ხალხს არც გაუჩნდეს ეჭვი – მსუბუქი ყოფაქცევის შესაძლებლობაზეო!” 🙂

ყველა სადამკვირებლო ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა საზოგადოების გამოხტული პოლარიზებით და (მეორე ტურში) აგრესიული კამპანიით, ხოლო არჩევნების დროს არსებული დარღვევები ყველაზე სერიოზული იყო 2012 წლის შემდეგ. თუმცა არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია და ამას ვერ დააყენებს თუნდაც ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის ის ვიდეოკადრები, რაც ნაცმოძრაობამ მეორე ტურის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაავრცელა. 10-20 უბანზე კიდეც რომ დადასტურდეს საარჩევნო ადმიისტრაციის მხრიდან დაშვებული დარღვევები თუ დანაშაული, 3700 უბნის შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა და სავარაუდოდ, მხოლოდ იმ კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი დადგება, ვინც ამ კადრებზე ჩანს.

არჩევნების ყველაზე მკვეთრი შედეგები:

ქართული ოცნება მყარად არ პყრობს ხელისუფლების ბერკეტებს, რადგან არც არის რეალურად მწყობრი და იდეოლოგიურად თუ სტრუქტურულად გამართული პარტია. მან არჩევნები ვერ მოიგო, არამედ – არ წააგო. რადგან ხალხის გაცილებით დიდი ნაწილი გაცილებით დაუშვებლად თვლის ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის და განსაკუთრებით – სააკაშვილის დაბრუნებას, ვიდრე ის ხალხი, ვინც დაუშვებლად ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას მიიჩნევს! ასე რომ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნას ნაცმოძრაობას და სააკაშვილს უნდა უმადლოდეს.

ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ის ამას ძირითადად მიხეილ სააკაშვილს და ქართულ ოცნებას უნდა უმადლოდეს. მაგრამ იგი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში – სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“, რომელიც არის კვაზიდესტრუქციული სუბიექტი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, და რომელიც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ავტომატურად უკავშირდება ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას.

„ევროპულმა საქართველომ“ ვერ მოახერხა სერიოზულ ოპოზიციურ ალტერნატივად ჩამოყალბება. არადა, მათ ამის შანსი ჰქონდათ პირველ ტურში, და მათი დამარცხებაც კი 11%-იანი რეიტინგით – არ იყო ცუდი შედეგი. მაგრამ მათი გაერთიანება მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატთან აჩენს იმის შეგრძნებას, რომ ისინი ჯერაც ვერ გამოვიდნენ სააკაშვილის ჩრდილიდან და ამან მათ მომხრეების ნაწილი დააკარგვინა.

თბილისის მასშტაბით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“ და „გირჩმა“ – ზოგიერთ საარჩევნო ოლქებში მათმა მაჩვენებელმა 7-8%-ს გადაამეტა. მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მიღებული მაჩვენებელი 3%-სც კი ვერ უახლოვდება. თუმცა, რეგიონებში მუშაობის გაძლიერების შემთხვევაში ორივე ამ პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი 2020 საპარლამენტო არჩევნებზე.

ყველაზე უფრო წარმატებული ეს არჩევნები აღმოჩნდა არა ზემოთჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტებისათვის, არამედ იმ პოლიტიკოსისათვის, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში – იმ დროს, როცა ქართული ოცნება თავის ბექგრაუნდად და მიუღებელ, მაგრამ მაინც ერთადერთ ალტერნატივად ნაცმოძრაობის შენარჩუნებას ცდილობდა, სწორედ კოჰაბიტაციის დამგმობმა და სამართლიაობის აღდგენის ლოზუნგით მუდმივად გამომსვლელმა ირმა ინაშვილმა დაიკავა ის თავისუფალი ადგილი, რომელიც სამართლიაობის დამკვიდრებისათვის ფრონტზე მას მორიდებულად გაუნთავისუფლა ქართულმა ოცნებამ. პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულმა მრავალრიცხოვოვანმა მიტინგებმა ბათუმში და თბილისში კი იმის განცდა გააჩინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ირმა ინაშვილს შეიძლება მესამე შედეგიც კი ეჩვენებინა. მე არ მივეკუთვნები მის მომხრეთა რიგებს და ისიც კარგად მესმის, რომ 25 ნოემბერს თბილისში ლამის 100,000-იან მიტინგზე ბევრი ადამიანი არა იმდენად ინაშვილის მხარდამჭერი იყო, რამდენადაც სააკაშვილის და ნაცმოძრაობის არდაბრუნების მსურველი და მაინც, იმ აზრზე ვრჩები, რომ 2018 წლის ბოლო აკორდი სწორედ ირმა ინაშვილისთვის იყო ყველაზე მომგებიანი.

 

საფრთხეები:

ნიჰილიზმი და „მგელი! მგელით!“ გადაღლა.

ქართული ოცნების (ალბათ, უფრო, პირადად ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა), რომ ნაცმოძრაობის, როგორც ურჩხულის ჩონჩხის კარადაში შენახვა უზრუნველი მმართველობის ყველაზე კარგი გარანტია იქნებოდა,  უკვე კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. სულ უფრო აშკარაა, რომ ნაცმოძრაობა აღარ არის იმდენად სუსტი, რომ  „მსხლის“ როლი ითამაშოს, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე მობეზრდა ოცნების მმართველობა და არაა გამორიცხული, ერთხელაც „სპარინგ-პარტნიორმა“ მოულოდნელი ალიყური აწვნიოს ფავორიტს, როგორც ეს პირველ ტურში მოხდა. ხოლო დესტაბილიზაციის ისეთი დიდოსტატის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, დაუფასებლობა, ძვირად შეიძლება დაუჯდეს ოცნებას – სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია – ამაზე უკრაინელი მებრძოლების თბილისში მოვლინებაც მეტყველებს, და კიდეც რომ არ ჰქონდეს რეალურად გადატრიალების მოხდენის რესურსი, შეიძლება ის მოხდეს, რომ ქვეყანაში დაწყებული დაპირისპირება სათავისოდ რუსეთმა გამოიყენოს. რაც უფრო მეტი დრო გავა, სულ უფრო მეტი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის ინტერესები საქართველოში ერთმანეთს დაემთხვეს და მიშამ ისევ ვოვასთვის სასურველი თამაში ითამაშოს, ან – ნებით, ან – უნებლიედ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა…

სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად  – მურუსიძის ხატის დამკვიდრება.

ლევან მურუსიძეს, როგორც ადამიანს, აქვს უფლება, რომ არ იქნას განდევნილი პროფესიულად, მაგრამ თუ ლევან მურუსიძის ხატება იქნება ქართული სასამართლოს ხატება, ეს სასამართლო, მთელი რიგი სერიოზული წარმატებების მიუხედავად, ვერ დაიმკვიდრებს საზოაგადოებაში მაღალ რეპუტაციას და ადამიანებს არ ექნებათ მურუსიძის, ჩინჩალაძის, მიქაუტაძის, გვრიტიშვილის და სხვათა მიერ მართული სისტემის ნდობა. სწორედ ეს მიდგომა უნდა იქცეს, ჩემი მოკრძალებული აზრით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მთავარ ვექტორად – საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოში არ უნდა იქნან არჩეული ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართ არსებობს არგუმენტირებული ეჭვები და საფუძველი. და საერთოდ, ჯერ უნდა დადგინდეს ნორმები და პროცედურები და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს, პირების არჩევა და დანიშვნა! ის რაც იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობამ ჩაიდინა, როცა უსწრაფესად ისარგებლა მარჯვე მომენტით და საკუთარი თავები წარადგინეს სისტემის და უზენაესი სასამართლოს მარადიულ ხელმძღვანელებად, რეალურად იყო ხარაკირი! და თუ ქართულ ოცნებას და პარლამენტის ხელმძღავნელობას არ უნდა, რომ ეს მათი ხარაკირი გახდეს, აჯობებს, რომ ეს სწორედ იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ხარაკირად იქცეს.

საარჩევნო საჩუქრების აპეტიტის ზრდა

მოსახლეობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა პირველი ტურის შემდეგ სერიოზული ბენეფიტები დაარიგეს. ტაქტიკურად ეს მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ მომავალში ამას ორი სახიფათო სტრატეგიული დანაკარგი შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებისათვის – მოსახლეობას შეიძლება ჭკუაში დაუჯდეს მმართველი ძალის პირველ ტურში შეჯანჯღარება, და რაც ყველაზე არასასურველია – შეიძლება გაჩნდეს ზრდადი მოლოდინები. იმის მსგავსად, ზვიად გამსახურდიას დროს ინსტიტუებში ჩაჭრილი სტუდენტები რომ ჩარიცხეს და მერე ეს ლამის მოთხოვნად იქცა… იმედია, მთავრობა მოახერხებს მოსახლეობას განუმარტოს, რომ ვალების განულება მხოლოდ ერთჯერადი აქცია იყო – წინა ხელისუფლებების დროს არასრულყოფილი რეგულაციების შეცდომის გამოსწორების სურვილით გამოწვეული, და ახალი ვალების დამგროვებლებს არ უნდა ჰქონდეთ ახალი განულებების იმედი.

 

რა შეიძლება მოხდეს და რა არ უნდა მოხდეს:

უნდა მოხდეს სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეების უსწრაფესად და დამაჯერებლად გამოძიება. და გაჭიანურებაში დამნაშავე პირების დასჯა (მინიმუმ, თანამდებობრივი დაქვეთების სახით).

შეიძლება მმართველი გუნდი დაიშალოს – ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა სერიოზული მანიშნებელია.  თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აღარაა აუცილებლობა, ხოლო 114-დან 75-მდე (უბრალო უმრავლესობის დაკარგვამდე) ჯერ კიდევ დიდი მანძილია და, სავარაუდოდ, ეს არ მოხდება 2020-მდე.

შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარეც შეიცვალოს და საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლოს – არც ეს იქნება კატასტროფა. ხოლო კობახიძის პროფესიული ჩვევების გათვალისწინებით, იქნებ, უკეთესიც კი იყოს.

შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. თუმცა, ძალიან მეეჭვება, ეს მომავალ წელს მოხდეს. არ გამოვრიცხავ, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია ვიხილოთ – უკვე 2019 წელს. თუ ივანიშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში, ეს გააქრობს არაფორმალური მმართველობის ბრალდებებს და სახელისუფლებო გუნდის ტონუსში მოყვანას ხელს შეუწყობს. მაგრამ ისიც საკითხავია, რამდენად კარგი პოლიტიკური მენეჯერი იქნება იგი. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ პოლიტიკა ვერ იტანს შორიდან მართვას და ქართულ პოლიტიკაში – როგორც გურამ დოჩანაშვილის კლიმი იტყოდა “…ხის ჩრდილში ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი” არ ამართლებს… თუმცა ვნახოთ, ივანიშვილის ხანგრძლივვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი და ვინ იცის, ეგებ ახლა მაინც სწორი საკადრო გადაწყვეტილებები განახორციელოს.

აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მომავალი არჩევნების ბედი თბილისში არ გადაწყდება. რეგიონები და რაიონები სულ უფრო სავალალოდ ჩამორჩებიან დედაქალაქს და თუ იქ ძირეული ძვრები არ განხორციელდა დასაქმების, მოსახლეობის ადგილზე დამაგრების და პერსპექტივის გაჩენის კუთხით, თუ რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ხელი არ გაანძრიეს და საკუთარ მერკანტილური ინტერესები არ მოთოკეს, იქაური მოსახლეობა მალე, მიშას კი არა, არაა გამორიცხული ვოვასაც კი შეეკრას. ივანიშვილს და ოცნების სხვა ლიდერებს მოუწევთ მეტი აქტივობების და ფინანსების გადამისამართება, მეტი და უკეთესი რეალური თვითმმართველობის განხორციელება რეგიონებში. კალაძე რამდენადაც კარგია თბილისისთვის, იმდენად, ცუდია რეგიონებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტად ზრდის დისონანსის განცდას და მოსახლეობის თბილისისკენ მოდინების არასასურველ ტენდენციას აძლიერებს.

შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილმა სულ უფრო მეტად დაიწყოს საკუთარი დამოუკიდებლობის დადასტურება და საკუთარი და (ხელისუფლების !) რეპუტაციის, როგორც დამოუკიდებელი მმართველის აღდგენა. ამ მხრივ მას სერიოზული ნიშა აქვს – საერთაშორისო ურთიერთობები, დიასპორასთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა (არ მგონი, რომ ის დამთმობი იქნება, პირიქით), მაგრამ პირველ რიგში – საარჩევნო სისტემის დახვეწის და ამ მხრივ, პოლიტიკური სპექტრის ერთ სადისკუსიო მაგიდასთან თავმოყრის ინიციატივა.

ჩემი აზრით, არ უნდა მოხდეს ვამდამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება – ეს ახლა მხოლოდ ორ ძალას აწყობს – ნაცმოძრაობას  და პატრიოტთა ალიანსს. აჯობებს, საარჩევნო კალენდარი არ დაირღვეს. უნდა დაიხვეწოს რეგულაციები – მაგალითად, საარჩევნო პერიოდში ფინანსური და სხვა სახის რესურსების გამოყენების აკრძალვაზე, მედიის რეგულაციები (მაგალითად, ფეიკ ნიუსების და მოდელირებული ქრონიკების აკრძალვა საფრრანგეთის მსგავსად).

ამავდროულად, აუცილებელია გადაიხედოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი. არსებული მანკიერი შერეული სისტემის დატოვება შემდგომი რევოლუციური სიტუაციის და დესტაბილიზაციის ახალი შანსი იქნება და მიუღებელი მგონია. ამავდროულად, არც ისე მიამიტი ვარ, ვიფიქრო, რომ 2020-სთვის ხელისუფლება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. ალტერნატივად რამე რეგულირებული შერეული მოდელი – მაგალითად, გერმანული (ან – სახეცვლილი გერმანული), ან ესტონური მოდელი მიმაჩნია, ამაზე თავის დროზე სტატიაც დავწერე – პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ უბრალოდ – სამართლიანი?!”  მაგრამ არც მაშინ და არც ახლა ეს თემები ვერ იქცა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ყველასთვის საჭირო კონსენსუსის საკითხად. ამ თემების განხილვა დროულად უნდა დაიწყოს, და არა მაშინ, როცა – ცაიტნოტი, ან – მორიგი პოლიტიკური კრიზისი გვაიძულებს. სხვათა შორის, ქართულ ოცნებას ამ თემებზე სასაუბროდ შეუძლია არც მიიწვიოს ნაციონალური მოძრაობა – პრინციპით – თუ შენ არ ცნობ არჩევნების შედეგებს, რა აუცილებელია მე მოგიწვიო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე სასაუბროდ?

2018 წელი და 2018 წლის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდა. ჩვენ პირველად გავაცილეთ პრეზიდენტი მშვიდობიანად. პირველად მოხდა, რომ წამსვლელმა პრეზიდენტმა  ახლადარჩეულს გამმარჯვება მიულოცა და ხელისუფლება გადააბარა. ჩვენისთანა მტკივნეული და, მეტიც,  ტრაგიკული ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნისათვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილსაც, სალომე ზურაბიშვილსაც და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელმაც პოლიტიკური სიბრძნე გამოვალინა. ყველას ვულოცავ. მაგრამ ეს მშვიდობა მყიფეა და გაფრთხილება ჭირდება.

ბედნიერი ახალი 2019 წელი გაგვითენე, ღმერთო!


3 Comments on “მოსალოდნელი მოულოდნელობები (საპრეზიდენტო არჩევნები 2018)”

  1. მარინა ამბობს:

    ბრწყინვალე ანალიზია! ეხლა მხოლოდ თვალი გადავავლე და ცოტა ხანში კი, სიამოვნებით ჩავუჯდები 😊
    გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! 🎄🎆🎄

    • მარინა ამბობს:

      ერთი გაუმართავი სიტყვა გამპარვია, ვერც ვასწორებ.უნდა იყოს: ეხლა, მხოლოდ თვალი გადავავლე

    • SolomonTernaleli ამბობს:

      დიდი მადლობა მოლოცვისთვის და ასეთი შეფასებისათვის! თქვენც გილოცავთ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ 2019 წელს!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s