არჩევნების ბოლო კვირა – აჟიოტაჟი, რეალობა და მირაჟები


 

ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ტელევიზიებში იმ საკითხზე, მოხდება თუ არა რევოლუცია, გადატრიალება, დესტაბილიზაცია, პროვოკაცია ან მინიმუმ – რაიმე ლოკალური „თაქი“.

ეს კითხვა ბოლო კვირის განმავლობაში პირველად 26 სექტემბერს გაჩნდა, როცა ნაციონალური მოძრაობის შვილობილი ორგანიზაცია – „თავისუფალი ზონა“ დატოვა რამდენიმე აქტივისტმა, მათ შორის ახალგაზრდამ, რომელიც ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაშიც კი იყო 117-ე ნომრად. როგორც მათ განაცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება იმას, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები და პირადად მიხეილ სააკაშვილი მათგან ითხოვდა 8 ოქტომბრის არჩევნების დღეს არეულობების მოწყობას და პროვოკაციული ქმედებების ინსპირირებას თუ ასეთ პროვოკაციებში მონაწილეობას. „თავისუფალი ზონის“ ყოფილმა წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ ნაცმოძრაობამ ამ მიზნებისთვის შექმნა ახალი სპეციალური ორგანიზაცია – „საქართველოს ერთგულების სახელით“.

მეორე დღეს (27.09) იუთუბზე აიტვირთა აუდიოფაილი, სადაც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის პოლიტიკური ელიტის კიდევ ოთხი ლიდერი, რომლებიც პარტიულ საარჩევნო სიაში არიან, თანმხდებიან რა იმაზე, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და რომ მეორე ადგილი და რამე კოალიციებში შესვლა, განსხვავებით გიგა ბოკერიას პოზიციისაგან, მათ არაფერს შველით, იხილავენ ქვეყანაში გადატრიალების სცენარს და საუბრობენ ამ სცენარში სხვადასხვა კომპონენტების – კარვების აქციის, მომიტინგეთა დაქირავების, შენობებში შევარდნის, სექსუალური ძალადობის და სხვა დეტალებზე. ხოლო ერთი მათგანი ამაყად აცხადებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში აქვს მიღებული მონაწილეობა და გამოცდილი კადრია.

ამას მალევე (28.09) დაემთხვა წინადღით საზეიმოდ გახსნილ აღმაშენებლის გამზირზე ფაშისტური სიმბოლიკით გამოწყობილი ქართველი ნაციონალისტების მარში, რომელთაც თურქული მაღაზიების და რესტორნების დარბევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მალევე გაანეიტრალა ეს მცდელობები და დარბევის ათიოდე მონაწილე დააკავა.

დაბოლოს, 29 სექტემბერს საკმაოდ მოულოდნელად შსს-მ გამოაცხადა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ. ამოღებული არსენალი, რომელიც სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე (ნორიოში, გორში, საგურამოში, და – კიდევ 2 ადგილზე – თბილისში) 2009-2011 წლებში იყო გადამალული,  მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია, რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი ზემოთაღწერილ მოვლენებს. აშკარაა, რომ ამ მასალების აღმოჩენა სხვადასხვა დროს ხდებოდა.

და ყველაფერ ამას ემატება როგორც თავად მიხეილ სააკაშვილის, ასევე რუსთავი2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები, რომ მათთვის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო იქნება არა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, არამედ ის, თუ რას შედეგს დადებს რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული ორგანიზაცია GFK მათ მიერ ჩატარებულ ეგზიტ-პოლში.

 

ახლა ვცადოთ გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შევეცადოთ, პასუხი გავცეთ თავში დასმულ კითხვას, – თუ ცდილობს ვინმე რამე გადატრიალებას და რამდენად შეიძლება, რომ მიზანს მიაღწიოს.

====

  1. რევოლუცია თუ ალიაქოთი?

არსებობს ხმაურიანი და ძალადობრივი განვითარების სხვადასხვა ვარიანტი, ან – სხვადასხვა ფაზა. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ ხმაური, ან სხვადასხვა პარტიის თუ კანდიდატის მომხრეთა დაპირისპირება, რაც ყოველთვის ახლავს საარჩევნო კამპანიას. დამოუკიდებელ საქართველოში  ეს არასოდეს არ გვიკვირდა, მაგრამ ცოტა მოულოდნელია, რომ წელს ასეთი შეხლა-შემოხლის მაგალითები ამერიკაშიც ვიხილეთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრებზე.

რაც შეეხება გადატრიალების ან რევოლუციის შესაძლებლობას:

გადატრიალებისთვის მიხეილ სააკაშვილს უნდა გააჩნდეს ერთგული მებრძოლი კადრები როგორც ძალოვან სტრუქტურებში (საშუალო ან მაღალ ეშელონებში), ასევე – პარტიზანული რაზმები, საკმაოდ მძლავრი შეიარაღება, საინფორმაციო მხარდაჭერა და მკვეთრი პოლიტიკური მხარდაჭერა უცხოეთის რომელიმე წამყვანი ძალიდან – ამერიკა იქნება ეს, ევროკავშირი, რუსეთი ან თურქეთი. ძლიერი საინფორმაციო რესურსის (რუსთავი2-ის) გარდა, მას სხვა დასახელებული ფაქტორები არ გააჩნია. კაკო ბობოხიძის სამხედრო გადატრიალების გამოცდილების იმედად თუ დარჩენილა მიხეილ სააკაშვილი და მართლა არაფერი ჰქონია მარაგად… ამერიკის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო იმდენად კარგია, რომ ნეტავ შეერთებულ შტატებში იყოს ამჟამად ასეო, ძალიან ცივი შხაპი იყო ნაცმოძრაობისთვის, რომლის ადეპტები გიორგი კანდელაკი და თინათინ ბოკუჩავა, ასევე – თემურ იაკობაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებენ ევროპასა და ამერიკაში იმ სურათის დასახატად, თითქოს საქართველოში საშინელი წინასარჩევნო ტერორი მძვინვარებს ოპოზიციის წინააღმდეგ.

რევოლუციურ სიტუაციას კი კიდევ უფრო მეტი ფაქტორი სჭირდება – ხალხში სათანადო განწყობების, უკმაყოფილების მაღალი მუხტის, რევოლუციისთვის ქუჩაში გამოსასვლელად და დაპირისპირებისათვის მზადყოფნის, ხელისუფლების მხრიდან ხალხის საჭიროებების სრული დაიგნორების, და სხვა ფაქტორები. რეალურად არაფერი მსგავსი ამჟამად არ არის. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ:

1.1. – საქართველოს და ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს გადატრიალებებმა და რევოლუციებმა რა ხეირი მოგვიტანა! ქართული საზოგადოება, ვფიქრობ, საკმარისად მომწიფებულია, და უკვე შორს არის აგრესიული განვითარების სცენარებიდან, რომ გადატრიალებას არ ანაცვალოს ძლივს მიღწეული სტაბილური ყოფა, რომელიც ნამდვილად არაა საკმარისი და ბევრი მოქალაქის უკმაყოფილებას, ალბათ, იწვევს, მაგრამ არა ისე, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების დასამხობად აღდგნენ.

1.2. – მიხეილ სააკაშვილის და მისი დესტრუქციული, ანტიჰუმანური გუნდის ხელისუფლებაში და მეთოდების ცხოვრებაში დაბრუნება ძალიან ბევრი ადამიანის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც რევანშმოწყურებული რეჟიმის დაბრუნება. არ ვიცი, მონანიების რა სხივი დაინახა სანდრა რულოვსმა მისი მეუღლის თვალებში, მაგრამ კარგად გვახსოვს სწორედ ამ მეუღლის მხრიდან სარკასტული ხითხითი – „ქინძი ვიყო, მანდ სისხლი დაიღვრებაო!..“ და არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საზოგადოებაში არსებობს განცდა ამ რეჟიმის წევრების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულების თაობაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, რევოლუციურმა სცენარის ამოქმედებამ შეიძლება ამ სცენარის ავტორები – ლეგალურადაც და პრაქტიკულადაც – ძალიან მძიმე პოზიციაში ჩააყენოს!

ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე რეალური, რასაც ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტაიგენოსსე შეეცდება, რომ მოახდინოს, ეს არის დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია სხვადასხვა კომპლექსური პროვოკაციების რეზონირებით, რასაც უახლოეს დღეებში, ალბათ ვნახავთ.

 

  1. თავად მცდელობა და მცდელობის ორი ვარიანტი

2.1. აჟიოტაჟის შექმნა

არაა გამორიცხული, რომ რეალურად დაგეგმილ პროვოკაციათა გარდა, ნაცმოძრაობის ტაქტიკაში დიდ როლს შეასრულებს სხვადასხვა მოდელირებები და გაყალბებები, რათა მაქსიმალურად შეიქმნას აჟიოტაჟი მოსალოდნელ რევოლუციურ კატაკლიზმებზე! არ დაგვავიწყდეს, რომ ძალების სისუსტე მათ ხმაურის სიძლიერეს აიძულებს, თანაც ეს ის ასპექტია, სადაც მათ ჯერ კიდევ შენარჩნებული აქვთ თავიანთი ყველაზე მძლავრი რესურსი – გებელსური დემაგოგიის უნარ-ჩვევები + რუსთავი2.

ამის მაგალითები დღეს უკვე მრავლად ვიხილეთ –

2.1.1 – მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ეკლესიაში ამბიონიდან მოქადაგე (მესიჯი – ქართული ეკლესიები, მინიმუმ საზღვარგარეთ – მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს!) მერე გამოირკვა, რომ ეს უკრაინული კათოლიკური ეკლესია იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა მასთან საარჩევნო შეხვედრისთვის იქირავეს და იქ არავინ სხვა არ შეუშვეს!

2.1.2 – მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე! მოდელირებული მესიჯი –  ამერიკა, მისი [გარდაცვლილი, ცოცხალი თუ მომავალი] ლიდერები და მისი დემოკრატიის სიმბოლოც მხარს უჭერს „დემოკრატიის შუქურას“! – სინამდვილეში ამერიკაში ნებისმიერი დიქტატორიც, თუ ვიზა ჩაურტყეს, მოახერხებს ვაშინგტონის მონუმენტის ფონზე ვიდეოს გადაღებას. მიხეილ სააკაშვილი თურმე რაღაც კონფერენციაზე იყო და სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ რა ისაუბრა და როგორი გამოხმაურება ჰქონდა, ამაზე დუმს. ჯონ მაკკეინთან შეხვედრის კადრებიც ყოველგვარი განცხადებების და კომენტარების გარეშე იყო რუსთავი2-ის რეპორტაჟში, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ მიშას მისთვის სასურველი მიღება ამერიკის ისტებლიშმენტში არ ჰქონდა.

2.1.3 – გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას განცხადებები იმის თაობზე, თითქოს მათ გაიგეს, რომ ივანიშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებს და თხოვენ ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, – არ დატოვოთ ქვეყანა, უბრალოდ ოპოზიციაში  გადადით, ხელს არ გახლებთ, არ დაგიჭერთო. იმასვე იძახის ვაშინგტონიდან მათი ბელადი. მოკლედ, ამაღელვებელი სიუჟეტი იყო, იმდენად სიურეალისტური, სალვადორ დალის შეშურდებოდა!

2.1.4 – დაბოლოს, „უშველებელი გარღვევა“ პროპაგანდისტულ ფონზე – ვის გაგიკვირდათ, არ ვიცი, მაგრამ მოხდა დიდი ხნის წინ უკვე აშკარა ამბავი და რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK კვლევაში ნაცმოძრაობამ ქართულ ოცნებას გადაასწრო! მართალია, ჯერ უპირატესობა მინიმალურია, და მხოლოდ 0.6% უდრის (26% vs. 25.4%),  მაგრამ დარწმუნებული ბრანდებოდეთ, დარჩენილ დღეებში კვაზი-გეომეტრიული პროგრესიით იმატებს და ეგზიტ-პოლი რომ მოვა, იქნებ სულაც 51% vs. 22% გახდეს, ვინ დაუშლით, რომ? როგორც კოსტა ჟორჟოლიანის გმირი იძახდა „დაკარგულ სამოთხეში“ – „მასპინძელს უხარია და, შენ ვინ გკითხავსო!“ ამის შეგრძნებას განსაკუთრებით აძლიერებს იმის ცოდნა, რომ თურმე GFK-ის საველე სამუშაოებს ქართული კომპანია BCG ასრულებს, როლის დამფუძნებელი ნაცმოძრაობის დეპუტატი და 2008 წელს ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი იყო, ხოლო ამჟამინდელი დირექტორი  – მისი მეუღლე ანი თარხნიშვილია! მოკლედ, ამაზე იტყვიან – “შენ დაუკარ!”-ო

2.1.5 – ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ რუსთავი2-მა და ნაცპროპაგანდის სხვა საშუალებებმა უშველებელი ცრუ-ციფრი ააზვირთეს, რომელსაც ყველა ნაცლიდერი დაჟინებით იმეორებს – ივანიშვილმა აღიარა თავის ბოლო გამოსვლაში, 30% უჭერს მხარს ნაცმოძრაობასო – ანუ, უკვე შეგუებულია მარცხსო! სინამდვილეში, ივანიშვილმა თქვა, ამომრჩეველთა 30% ჯერაც ფიქრობს, გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს, ხოლო 150-200 ათასი ადამიანი კი რჩება ნაცმოძრაობის ერთგულიო… თუ კარგად დავთვლით, 150-200,000 მაქსიმუმ მხოლოდ 10%-12%-ია პოტენციურად არჩევნებზე სავარაუდოდ მიმსვლელი 1,5-1.7 მილიონი ამომრჩევლისაგან!

ეს ყველაფერი შეიძლება დავასათაუროთ, როგორც „ბიძინა, მოვედით!“ და “Леопольд, выходи! выходи подлый трус!” კამპანია და ძირითადად, საკუთარი ერთგული მხარდამჭერების, რომელთა შორის რღვევის ნიშნები გამოჩნდა, გამხნევების ოპერაცია. რათა დააჯერონ ისინი, რომ ყველაფერი უმაღლესადაა, არჩევნები მოგებულია, თან, როგორც სააკაშვილი ამბიონიდან იძახდა, თუ რომელიმე რეგიონს აგებს ხელისუფლება, ესეიგი, მთლიანადაც წაგებული აქვთ არჩევნები! (არ ვიცი, რამდენად თუნდაც ერთ რეგიონს იგებს, მაგრამ ეს სისულელე რომელ საარჩევნო კოდექსში წაიკითხა ან რომელი ლოგიკით ასკვნის, საინტერესოა!)

 

2.2.  რეალური მცდელობა

რეალური მცდელობები სააკაშვილს ექნება და უკვე ჰქონდა.

2.2.1 – თუ გავიხსენებთ ჯერ კიდევ შარშან, რუსთავი2-ის საკუთრების საქმის სასამართლოში გარჩევის დროს მის საუბრებს ნიკა გვარამიასთან და გიგა ბოკერიასთან, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა უარყოფილი ამ პირების მიერ: სააკაშვილი ავალებდა გვარამიას, რუსთავი2-ის შენობაში „ბაევიკების“ შემოყვანას და ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, ტელევიზიაში მოსლოდნელი შეჭრის დროს თუ შვილიანი დედა დაიჭრებოდა. ამ საუბრების შემდეგ საქმეც აღიძრა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დაგეგმვის შესახებ.

2.2.2 – ამჟამინდელ საუბარში, რომელიც ასევე სავარაუდოდ, სააკაშვილის მიერაა ინიცირებული (ყოველ შემთხვევაში, სხვა სავარაუდო პირებსს საკუთარი ხმის ავთენტურობა არ ეეჭვებათ, უბრალოდ, ამბობენ, რომ ეს საუბარი დამონტაჟებულია და ისინი სხვა პერიოდსა და სხვა გადატრიალებაზე საუბრობენ…) ძალიან ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ არჩევნები წაგებული აქვთ (ამას ყველა ეთანხმება), და რომ საჭიროა რევოლუციის მოწყობა – სააკაშვილი ამბობს – ბოკერია არჩევნების წაგების მერე კოალიციებზე ფიქრობს და მე ეგ გზა არ მაწყობს, მე კაკოს იმედი მაქვს, ეგ გამოცდილიაო (ეს „კაკოც“ ომახიანად ადასტურებს, რომ მას სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა აქვს მიღებული!)

2.2.3 – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც სააკაშვილი, ასევე რუსთავი2-ის დირექტორი ნიკა გვარამია, კატეგორიულად აცხადებენ, რომ მათთვის რევოლუციის დაწყების ნიშანი იქნება ის, თუ ცესკოს შედეგები არ დაემთხვა რუსთავი2-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK-ის ეგზიტპოლის შედეგებს! იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილისთვის არჩევნების წარმატების დასტური იყო მის მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის სრული ლოიალურობა, ან – არჩევნების დღეს შუადღეზე ჯორჯ ბუშისგან მოლოცვა! ან – ეუთოს თუ სხვა უცხოელ დამკვირვებელთა წინასწარი დასკვნა! ან – ამერიკის ელჩის განცხადება! მაგრამ ახლა მისი ლეგიტიმაციის დონე ძალიან ქვევით დაეშვა და მხოლოდ საკუთარი ერთგული ტელეკომპანიის მიერ დაქირავებული GFK-ის ეგზიტპოლია მისი სანუკვარი ბილეთი! სწორედ იმ GFK-ისა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების მიერ მართული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა დაქირავებული, რომელმაც მაშინ ოპოზიციურ „ქართულ ოცნებას“ 33% დაუწერა, რაც არჩევნების რეალურ შედეგს, არა – დასაშვები 3%-ით, არამედ, – 22%-ით ჩამორჩებოდა! ამჟამადაც GFK-ის კვლევებში ნაციონალური მოძრაობა უკვე „იგებს“ და სავარაუდოდ, მისი „უპირატესობა“ პროგრესულად ან გეომეტრიულადაც კი – „გაიზრდება“. მართალია, სერგი კაპანაძე და ნაცმოძრაობის სხვა დე-იურე ლიდერები იძახიან, – ჩვენ ცესკოს შედეგებს ვენდობითო, მაგრამ ეს მხოლოდ ყასიდი განცხადებებია, რომელსაც ის და ნაცმოძრაობის სის პირველი ათეულის დანარჩენი წევრებიც მაშინვე უარყოფენ, როგორც ამის საჭიროებაზე სააკაშვილის ბრძანებას მიიღებენ.

2.2.4 – დღეს საღამოს ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, მათ შორის სოფლის ყოფილმა გამგებელმა, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს სცემეს, მათ შორის ერთ გოგონას – ლიკა დემეტრაძეს თავში ქვა ჩაარტყეს და ოცნების 3 წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეს უკვე სამეგრელოს რეგიონში სიხლიანი დაპირისპირებისთვის მზადყოფნისა და მაგალითის მიცემის ხასიათს ატარებს.

2.2.5 – ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და სიის ლიდერებს პარლამენტში მოხვედრა და კიდევ 4 წელი პოლიტიკურ აქტივობა, ალბათ, გულის სიღრმეში მაინც, დამაკმაყოფილებელ პროგრამა-მინიმუმად მიაჩნიათ, მაგრამ აბა, მიხეილ სააკაშვილს კითხეთ?! მას ეს ვარიანტი აბსოლუტურად არ აწყობს. საკუთარი ცოლის პარლამენტში ხილვაც კი ვერაფერი ბედენა იქნება მისთვის, რადგან პარლამენტარის იმუნიტეტი პარლამენტარის მეუღლეზე ვერ გავრცელდება. ასე რომ, როგორც დაუდეგარი ავანტურისტის  ტვინს ახასიათებს, სავარაუდოდ, ოდესის გუბერნატორის ფანტაზიებში ახლა მრავალი პროვოკაცია იხარშება, როგორ მოაწყოს რამე ისეთი  საქართველოში, რაც მას თეთრ ცხენზე დაბრუნების შანსს მისცემდა. მის პროვოკაციულობას საზღვარი არ აქვს და არა მარტო უბრალო მოქალაქეებს, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც და ახლობლებსაც კი დაუფიქრებლად დააყენებს საფრთხის წინაშე, ოღონდ, მინიმალური, ან სულაც ილუზორული შანსი გაუჩნდეს. სხვა საქმეა, რამდენად დააპირებენ მასთან პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლას მისი თანაგუნდელები, და რამდენად დაუფიქრებლად შეიძლება გაყვნენ ავანტიურაში უბრალო მოქალაქეები.

 

  1. წინასაარჩევნო გარემოპოზიტიური რეალობა

3.1 – ამერიკის ელჩის უაღრესად პოზიტიურ განცხადებაზე ზემოთ უკვე დავწერე.

3.2. – ასევე ძალიან პოზიტიური იყო ეუთოს სადამკვირებლო მისიის პირველი ანგარიში. თუმცა აღინიშნა ორ მთავარ კონკურენტ პარტიას შორის არსებული დაძაბულობა და ურთიერთბრალდებები.

3.3. – საქართველო უკვე აღარ არის ის ქვეყანა, სადაც არჩევნების ბედი ცესკოს ნაცმოძრაობის ერთგული თავმჯდომარის კაბინეტში საიდუმლოდ ჩაკეტილი ფაქსის აპარატზე საიდუმლოდ მოსული ფაქსებით წყდებოდა. ამავდროულად მაშინ ინტენსიურად გამოიყენებოდა ყალბი პირადობის მოწმობები, უბანზე კარუსელები, გადაღებული იყო პოლიცილების მიერ ყუთების დატაცების, ან მასიურად საარჩევნო ურნებიდან ნაგვის ურნებში ბიულეტენების ჩაცლის ფაქტები, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საუბნო კომისიებიდან სააჩევნო ურნების ნიღბინა სპეცნაზელათა მიერ გატაცების ფაქტები, კომისიის ოპოზიციონერი წევრების დაშინების და ზეწოლის ფაქტები… მეტიც, 2008 წელს ევროკავშირის მისიის ხელ-ლი პიტერ სემნები ნაცმოძრაობის წევრებმა უბანზე მოიტაცეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ სადღაც! საგულისხმოა, რომ თავად პიტერ სემნებიმ, რომელიც კარგად ხვდებდა, რა დონის ავანტიურისტებთან და კრიმინალებთან ჰქონდა საქმე, ამჯობინა, ხმა არ ამოეღო ამ ფაქტზე, რაც თავისთავად სამარცხვინოა და ხაზს უსვამს სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი სისტემის სიმახინჯეს. მეტიც, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა პირველ ტურში მხოლოდ 3.7%-ით მოიგო, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთოს საბოლოო დასკვნაში ეწერა, რომ ხმის დათვლა უბნების 19%-ზე ჩატარდა სერიოზული დარღვევებით! და იყო ან ცუდი, ან – ძალიან ცუდი! მგონი, გასაგები უნდა იყოს, რომ ეს 19% სწორედ მაშინდელი ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდა, და რომ არა ეს ფაქტი, 3.7%-იანი უპირატესობა ნამდვილად ვერ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წელს მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო!

3.4. –  ეს ყველაფერი იყო წარსულში! ახლა კი მოხერხდა ნაცმოძრაობის მიერ 50%-დან 30%-მდე ჩამოქვეითებული მაჟორიტარული ბარიერის ისევ აწევა 50%-მდე. და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად – მაჟორიტარული ოლქების გათანაბრება. ელექტრონული ID ბარათების შემოღებით მათი გაყალბების შანსი ძალიან შემცირდა, უბნებზე სიები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და უკვე ფოტოებსაც შეიცავს, რაც აქაც გაყალბების შანსს მინიმუმამდე ამცირებს. ხოლო ახლახანს ცესკომ ისიც განაცხადა, რომ ხმათა დათვლის პროცესი პირდაპირ ეთერში ლაივ-სტრიმით განხორციელდება. სწორედ ეს არის იმის წინაპირობა, რომ არჩევნები გამართულად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. და არა – ესა თუ ის წინასწარი კვლევები, ან ეგზიტ-პოლები. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ეგზიტ-პოლი არ ხდება არჩევნების საფუძველი. პირიქით, ცესკოს შედეგებთან ეგზიტ-პოლების სიახლოვე ამ ეგზიტ-პოლების სისწორეზე მეტყველებს და არა – პირუკუ, როგორც მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას სურთ, რომ იყოს.

 

  1. კითხვები ხელისუფლებასთან:

4.1 – რა ხდება ერთი წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ანტისახელისუფლებო გადატრიალების მოწყობის შესახებ? ვინ დაიკითხა, რა შედეგებია? ხომ არ იყო უპრიანი, მიხეილ სააკაშვილზე და მისი პარტიის აქტივისტებზე, რომლებიც წამდაუწუმ ოდესაში დადიან და საათებს ასწორებენ, ლეგალურად დაწყებულიყო მოსმენები და ეს საუბრები იქედან ყოფილიყო მიღებული და არა – ვიღაც უცნობი წყაროსაგან?

4.2 – რატომ მოხდა იარაღის საწყობების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ახლა გამჟღავნება? თუ ამდენი უკანონო იარაღი იყო აღმოჩენილი, ვინ დაიკითხა, თუ არის უკვე რამე ინფორმაცია და თუ ვიცით, ვისი ბრძანებით და ორგანიზებით მოეწყო ეს სამალავები?

4.3 – ვინ იდგა აღმაშენებელზე ნაციონალისტების მარშის ორგანიზების უკან? თუ დადგენილია, ვინ ახდენს ამ ჯგუფის იდეურ ხელმძღვანელობას და დაფინანსებას? თუ ფიქრობს ვინმე, რომ სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილს ძალიან ენდომებოდა ერდოღანისათვის იმის დემონსტრირება, რომ მისი წასვლის შემდეგ საქართველოში თურქ მოქალაქეებზე და ბიზნესმენებზე ნაციონალისტები “ნადირობენ”!

4.4 – თუ ნაცმოძრაობის ლიდერები არ გამოცხადდებიან დაკითხვაზე სუს-ში, როდის და როგორ მოხერხდება მათი დაკითხვა?

4.5 – რამდენი ხანი დაჭირდება ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას და თუ ეს დადასტურდა, ხოლო ამ მომენტისათვის არჩევნები დასრულებული არ იქნება, რა ღონისძიებები იქნება გატარებული, რომ სასამართლოსთვის თავის არიდება ვერ მოხერხდეს?

4.6 –  როგორ მოხერხდება სავსებით ლოგიკური ეჭვის აცილება, რომ ბოლო კვირაში მხოლოდ ნაცმოძრაობის გააქტიურება კი არა, ნაცმოძრაობის აქტივობებთან პარალელურად მომხდარი მოულოდნელი აღმოჩენები – საიდუმლო ჩანაწერები იქნება ეს, უცებ გაცხადებული იარაღის საიდუმლო საცავები, თუ კიდევ სხვა რამ, რაც შეიძლება ახლა ამოტივტივდეს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ სპეციალურად დაგროვებული მასალა არ არის, რომელიც დროულად გაჟღერების ნაცვლად არჩევნების ბოლო კვირისთვის იყო შემონახული, რათა ამომრჩევლის განწყობებზე გავლენა მოეხდინათ?

 

  1. სხვა პარტიების შესაძლო აქციები

ნაციონალური მოძრაობა არ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეიძლება არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მოუნდეს: ნინო ბურჯანაძემაც და შალვა ნათელაშვილმაც განაცხადეს, რომ მათი პარტიების რეიტინგი შეიძლება 80%-იც კი იყოს! საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ასევე აქვს გაცხადებული, რომ არჩევნებს ისინი იგებენ (მინიმუმ 30% გვაქვსო). პაატა ბურჭულაძის პარტია, მიუხედავად აქტიური რღვევითი პროცესებისა მის შიგნით, ხშირ-ხშირად გვახსენებს, რომ იგი ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც  ხალხისთვისაა მოწოდებული და ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გააჩნია. თავის ამბიციებს არ ფარავენ თავისუფალი დემოკრატებიც და ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურებული რესპუბლიკელებიც. ეს პარტიები თუ მინიმალურ გამსვლელ ხმებს მაინც მიიიღებენ, ეს უკვე 30%-ზე მეტი უნდა იყოს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ  ამ პარტიათა ლიდერების ამბიციებს, არაა გამორიცხული, რომ მათ, თუნდაც პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც კი,  მაინც გამოთქვან პროტესტი და ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ ეჭვებს შეუერთდნენ. ისიც დასაშვებია, რომ ბევრმა მათგანმა თავისი ეგზიტ-პოლი ჩაატაროს და განაცხადონ, რომ სწორედ ამ ეგზიტ-პოლს ენდობიან და არა – ცესკოს.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას რაიმე ეჭვი არ გაჩნდეს. რომ ცესკოს და ხელისუფლების კომუნიკაცია მოსახლეობასთან იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები – მობილიზებული მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად ძალზე ფრთხილად, რომ მათმა ზედმეტმა ჩარევამ  საარჩევნო პროცესის  სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩინოს.

========

 დასკვნა:

 ჩემი აზრით, მიუხედავად  მრავალფეროვან პროვოკაციათა  მოსალოდნელი მცდელობებისა, 8 ოქტომბერს პროცესი მაინც მშვიდობიანად განვითარდება, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ბოლო 25 წლის მანძილზე ბევრი გაკვეთილი აქვს მიღებული და წესით, აღარ უნდა ელოდოს რაიმე სარგებელს რევოლუციური პროცესებისაგან და ეგზალტირებული ავანტიურისტებისაგან. ანუ, დესტაბილიზაციის მცდელობები მოსახლეობაში ნოყიერ ნიადაგს ვერ ჰპოვებს

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ 8 ოქტომბერს და შემდეგ დღეებში პროცესები ისე განვითარდა, რომ ქვეყანაში აქა თუ იქ (ძირითადადსამეგრელოსა და აჭარაში) დესტაბილიზაციის მდგრადი კერები შეიქმნა, ამით უდავოდ შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა, რომელსაც ახლა აქტიურად საქართველოსთვის არ სცალია, მაგრამ არ იტყვის უარს შანსის გამოყენებაზე, თუ ასეთ შანსს მას თავად მივართმევთ ლანგარზესაკუთარი ოპონენტების მიმართ დაუნდობლობის დემონსტრირებით, და მოდელირებული პროვოკაციებით ფსევდორევოლუციური დაძაბულობის შექმნის კუთხით.

მიხეილ სააკაშვილი ამ გაფრთხილებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს, როგორც არ გაუთვალისწინებია 2008 წელს, როცა მას შინ თუ გარეთ ბევრი აფრთხილებდა. ყველას უნდა ახსოვდეს (მის მხარდამჭერებსაც, ხელისუფლებასაც და სხვა ოპონენტებსაც), რომ როცა დესტაბილიზაციის ინიციატორს მაგრად გაუჭირდება, იგი ყოველთვის მოძებნის გასაქცევს, ხოლო ჩვენ შეიძლება ეს ავანტურა გაცილებით ძვირად დაგვიჯდეს, – როგორც ეს 2008 წელს კოდორის, ახალგორის, თუ თამარაშენის მოსახლეობას დაუჯდა

misha-ukr



დატოვე კომენტარი