კორონავირუსის პანდემია – როგორ მოახერხა ზოგიერთმა აზიურმა ქვეყანამ ეპიდემიასთან გამკლავება
Posted: 2020/03/18 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: კორონავირუსი, პანდემია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, COVID-19 დატოვე კომენტარი
კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და ამ ვირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 მსოფლიოში დღის წესრიგის #1 თემაა – თავად დაავადება, რა თქმა უნდა, ისეთი ფატალური შეიძლება არ არის, როგორც შავი ჭირის, ესპანური გრიპის და სხვა პანდემიები, რამდენადაც მასობრივია მის მიმართ არსებული შიში, კარანტინით ჩაკეტილი მრავალმილიონიანი ქალაქები, რეგიონები და სახელმწიფოები, სკოლებიდან დათხოვნილი ნახევარ მილიარდამდე მოსწავლე და სტუდენტი, ლამის გაუქმებული ავიამიმოსვლა, ახალი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საფრთხე და ა.შ.
ერთი შეხედვით, სადღეისოდ (16.03.20), არც COVID-19-ით 202,000 დაავადებული და არც 8000 გარდაცვლილი (დაავადებულთა – 4%), თითქოს არ უნდა ყოფილიყო ასეთი ჰიპერბოლიზებული საფრთხის განცდის მიზეზი. გარკვეულწილად, თუ ფრინველის გრიპის და კორონავირუსების წინა ეპიდემიებს შევადარებთ, სერიოზული როლი ითამაშა ინტერნეტის გაცილებით გაზრდილმა ხელმისაწვდომობამ და სოციალურ ქსელებში აქტიურად ჩაბმულ მომხმარებელების და ონლაინ-მედიის მიერ ინფორმაციის ზვავისებრმა გავრცელებამ.
თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ საფრთხე არარეალურია და აი, რატომ:
- ვირუსი 2020 წლამდე ფაქტიურად უცნობი იყო. მის მიმართ არ არის არც ვაქცინა და არც კლინიკური გამოცდებით დადასტურებული ეფექტური ანტივირუსული საშუალება.
- ვირუსი საკმაო მაღალი კონტაგიოზურობით (გადადების ხარისხით) ხასიათდება. საშუალოდ ერთ ადამიანს 2-4 პირის დასნებოვნება შეუძლია. იშვიათად, მაგრამ მაინც დაფიქსირებულია ე.წ. სუპერგადამტანების არსებობაც – გაცილებით უფრო მაღალი გადაცემის მაჩვენებლით.
- ვირუსის გადადება შეიძლება მოხდეს დაავადების გამოვლენამდეც 1-2 დღით ადრე, რაც მის იდენტიფიკაციას და კარგ ეპიდკონტროლს ართულებს.
- მეტალის და გლუვ ზედაპირებზე ვირუსი საკმაოდ დიდხანს (საათობით ან დღეების განმავლობაშიც) შეიძლება დარჩეს ცოცხალი.
- მართალია, ვირუსი ისეთი მაღალი ლეტალობით არ გამოირჩევა, როგორც ბოლო წლების სხვა ახალი ვირუსული გრიპები (ფრინველის გრიპი – 50-60%, SARS – 10%, MERS – 34% ), მაგრამ მისი სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპებთან (0.1-0.3%) შედარებით უფრო მაღალია, განსაკუთრებით, – ხანშიშესულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
- დაბოლოს, დაავადების მძიმე ფორმების სწრაფი ზრდის შემთხვევაში ზოგიერთ ქვეყანაში შეიქმნა გადაუდებელი და რეანიმაციული დახმარების სტაციონარული რესურსების დეფიციტი, რამაც გაართულა არა მარტო COVID-19-ით დაავადებულთა გადარჩენის შესაძლებლობა, არამედ სერიოზულად გააძნელა სხვა მძიმე პაციენტების დროული და ადექვატური დახმარების მომსახურების პროცესიც.
ამავდროულად, არის იმედისმომცემი ასპექტები:
- კორონავირუსით დაავადებულთა 80%-ში ავამდყოფობა საკმაოდ იოლად მიმდინარეობს, და სავარაუდოდ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იგი ისე გადაიტანა, რომ არც გაუგია.
- 15 წლამდე ბავშვებში ლეტალობა პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა.
- ვირუსის სტრუქტურა ძალიან სწრაფად – რამდენიმე კვირაში — იქნა გაშიფრული, და დროულად შემუშავდა და მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიას მიეწოდა მისი დიაგნოსტიკური ტესტი, რაც ინფექციის მართვაში პირველი აუცილებელი ნაბიჯია.
- არის იმედისმომცემი შედეგები ვაქცინების შექმნის კუთხით, რომელთა პირველ პრეპარატებს ჩინეთში და ისრაელში უკვე აპრილში ელოდებიან, ხოლო ამერიკულმა კომპანია “მოდერნამ” მარტშივე დაიწყო ახალი ვაქცინის საცდელი ტესტირება და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლომდე ვაქცინის პრაქტიკაში გამოყენება შესაძლებელი გახდეს.
- სადღეისოდ მინიმუმ 5 ანტივირუსული პრეპარატი ან მათი კომბინაცია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დასკვნა COVID-19-ის დროს მათი ეფექტურობის შესახებ არ არსებობს, გამოიყენება პრაქტიკაში და, სავარაუდოდ, უკვე ზაფხულში საკმაო კლინიკური გამოცდილება შეიძლება იყოს დასკვნების გასაკეთებლად. (როგორც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, არის წინასწარი შეთანხმება, რომ საქართველო ამ პრეპარატებს მალე მიიღებს.)
არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაკეთდეს წარმატებების და ჩავარდნების (successes and failures) პირველი ანალიზი. ამჯერად შემოგთავაზებთ მიმოხილვას იმ ქვეყნებზე, რომლებმაც ინფექციის გავრცელების 2.5 თვის თავზე შესაშურ შედეგებს მიაღწიეს. ჯერჯერობით, ეს აზიის რეგიონის ქვეყნებია:
- ჩინეთი
- სინგაპური
- ტაივანი
- სამხრეთ კორეა
ჩინეთი
რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის წარმატებულთა სიის თავში დასახელება გაოცების მიზეზიც შეიძლება იყოს, რადგან ეპიდემიის დასაწყისი სწორედ ჩინეთში დაფიქსირდა და პირველი ხანებში ქვეყანაში მდგომარეობა უმძიმესი იყო – ყოველდღიურად 3000-4500 ახალი შემთხვევა და 100-150-მდე გარდაცვლილი. უკვე თებერვლის შუა რიცხვებში დაავადებულთა რაოდენობამ 70,000-ს მიაღწია და ეს მსოფლიოში შემთხვევათა 90%-ზე მეტი იყო. ამას თან ერთვოდა სერიოზული ეჭვები იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ლამის 1.5 თვით დააგვიანა დაავადების პირველი შემთხვევების რეგისტრაცია და დროული შეტყობინებები. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე ხდებოდა ცალკეული ექიმების მიერ გამაფრთხილებელი განგაშის ნიველირება და იგნორირება.
და მაინც, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ, ექიმებმა და მთლიანად მოსახლეობამ სასწაული მოახდინეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის აღიარებით, მნიშვნელოვანწილად დაიცვეს არა მარტო საკუთარი საზოგადოება, არამედ – მსოფლიოც.
ყველაზე მნიშველოვანი მომენტები:
- კრიზისული მდგომარობის ერთიანი მართვა და სახელმწიფო სტრუქტურების (ჯანდაცვა, ფინანსები, მომარაგება, პოლიცია/საზოგადოებრივი წესრიგი, ადგილობრივი ორგანოები) მკაცრი კოორდინაცია.
- მასობრივი კარანტინის ზონების უსწრაფესი შექმნა. სრულ კარანტინში მოექცა 60-70 მილიონი მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალებულ ჰუბეის პროვინციაში. მიუხედავად ამისა, მაღალ დონეზე ხორციელდებოდა ტვირთების მიწოდება კარანტინის ზონებში და პროდუქტების და მედიკამენტების მარაგების შევსება.
- 10 დღის ვადაში კარგად აღჭურვილი მძალავრი (1000 საწოლამდე!) საველე ჰოსპიტლების გაშლა.
- უმოკლეს დროში სადიაგნოსტიკო ტესტების, სამედიცინო აღჭურვილობის, დამცველი საშუალებების მასიური წარმოების ორგანიზება.
- სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი გმირობა.
- საზოგადოებაზე მასობრივი კონტროლის და თვალთვალის გამოცდილების და ტექნიკის გამოყენება, ახლა – ეპიდემიის კონტროლის მიზნით. (ამის აღიარება არ ნიშნავს ჩემი მხრიდან ამ მეთოდების მოწონებას, ფაქტია, რომ ეპიდემიის დროს ეს ეფექტური აღმოჩნდა).
- მოსახლეობის მაღალი პასუხისმგებლობა და პანიკის დაბალი დონე.
რა თქმა უნდა, ამ გამოცდილების გადატანა სხვა ქვეყნებისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რამდენადაც ჩინეთს გააჩნია მკაცრი ავტორიტარული მმართველობა, წარმოუდგენელი მასშტაბის რესურსები და ამ რესურსების რელოკაციის განუმეორებელი გამოცდილება. ასევე აღსანიშნავია მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან ხელისუფლების ბრძანებების სავალდებულოდ აღქმისა და პერსონალური პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი დონე, რასაც ასევე „ამაგრებდა“ ინფიცირების შემთხვევების დაფარვისა და გავრცელებისთვის ჩინეთის ხელისუფლების მიერ სასწრაფოდ შემოღებული დრაკონული ზომები (სამუდამო პატიმრობამდეც კი!). აქვე უნდა შვნიშნოთ, რომ როგორც სხვადასხვა წყაროები მოწმობენ, დაავადების პირველ ეტაპზე ე.წ. საკარანტინო ზონებში (სასტუმროებში) ავადმყოფების ნაწილი მაინც, შეიძლება, უფრო მეტად მკაცრად იზოლირებულნი იყვნენ, ვიდრე სამედიცინო პერსონალის აქტიური დახმარების ქვეშ.
შედეგი – სადღეისოდ, ჩინეთი ახალი შემთხვევების (25) მხრივ მსოფლიოში მხოლოდ 29-ე ადგილზეა. 80,000 შემთხვევიდან 67,000 (84%) გამოჯანმრთელდა და ქვეყანამ, მძიმედ დაზარალებული ეკონომიკის მიუხედავად, დაიწყო სხვა ქვეყნების დახმარება – აპარატურით, ტესტ-სისტემებით და გამოცდილი მედიკოსების გუნდების გაგზავნით.
სინგაპური
ჩინეთთან გაცხოველებული სავაჭრო და სატრანსპორტი კავშირების წყალობით, თებერვლის შუა რიცხვებიდან სინგაპური პირველ ადგილზე იყო ჩინეთს გარეთ შემთხვევების რაოდენობით (67 – 15.02,2019), მაგრამ მას შემდეგ შემთხვევებმა მხოლოდ 3.5-ჯერ მოიმატა (იმავე პერიოდში იტალიაში – 7,000-ჯერ!) და სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფიცირებულთა 45% უკვე გამოჯანმრთელდა. სადღეისოდ მხოლოდ 17 ახალი შემთხვევა იქნა რეგისტრირებული.
წარმატების მთავარი მიზეზები:
- სინგაპურის უმაღლესი დონის ჯანდაცვის სისტემა.
- შემთხვევების დადგენის და კვალის მიყოლის გამართული ეპიდკონტროლი. SARS-ის და ღორის გრიპის წინა ეპიდემიების შემდეგ სინგაპურმა შეიმუშავა ეპიდკონტროლის მაღალხარისხოვანი სისტემა, ახლა კი მოკლე დროში კორონავირუსის სეროლოგიური ტესტიც, რომელიც შემთხვევების პოტენციურ კავშირსაც ადგენს და გადაცემების ეპიდკონტროლს აადვილებს. ტესტირება ტარდებოდა პნევმონიასა და გრიპზე ეჭვის შემთხვევებში.
- სინგაპურმა პირველმა შეწყვიტა ფრენები ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან, დააწესა მკაცრი საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები და მკაცრი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც კარანტინის ან იზოლაციის რეჟიმს დაარღვევდა – მოქალაქეობის ჩამორთმევამდეც კი! დეკლარირებული იყო – „არავითარი ლოიალობა მათთან, ვინც საზოგადოებას საფრთხე შეუქმნის“. შემუშავებულ იქნა სმს-ებით და მობილური ინტერნეტით ადგილსამყოფელის დადასტურების სისტემა, რომლითაც რეგულარულად მოწმდებოდა პოტენციურ დამრღვევთა ადგილმდებარეობა.
- ჩინეთის მსგავსად, სინგაპური, პრაქტიკულად უნიტარული პოლიტიკური სისტემაა, სადაც მედია მკაცრად კონტროლდება და მოსახლეობა (5 მილიონი) ზედმიწევნით ასრულებს ხელისუფლების მოთხოვნებს. როგორც ნიუ იორკის სლოუნ კატერინგის ცენტრის ინფექციონისტმა კენტ სეპკოვიცმა აღნიშნა – სინგაპურელები გაცილებით მაღლა აყენებენ თემისა და საზოგადოების ინტერესებს, ვიდრე ინდივიდუალურ თავისუფლებებს, და ჯანდაცვის სისტემის კრიზისის დროს ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია.
- გარდა ამისა, სინგაპური მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაცაა და როცა სუპერმარკეტების დაცარიელების პირველი ტალღის შემდეგ თავად პრემიერ-მინისტრმა მიმართა მოსახლეობას სხვადასხვა ენაზე – ყველაფერი საკმარისი გვაქვს, ვირუსი SARS-თან შედარებით სულაც არაა საშიში, თვითიზოლაცია ყველაზე საუკეთესო პრევენცია, და თქვენ საქციელი განსაზღვრავს ჩვენს საბოლოო წარმატებასო, მის შემდეგ სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ იგრძნობა პანიკა.
ტაივანი
ქვეყანა-კუნძული 23 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც მხოლოდ 80 მილითაა დაშორებული ჩინეთიდან. მრავალი ტაივანელი ჩინეთში მუშაობს, ხოლო ჩინელი ტურისტების რაოდენობა დღიურად 2,000-ს აჭარბებს. და მაინც, ქვეყანამ ლამის შეუძლებელი შეძლო – მხოლოდ 59 ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილი, დაავადების სიხშირე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – 2.5 / 1 მილიონ მოსახლეობაზე. (იტალიაში – 409, ირანში – 178, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში – 75-დან – 250-მდე).
ტაივანის გამოცდილება:
- უსწრაფესი რეაქცია – უკვე 31 დეკემბერს, როდესაც ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მძიმე უცნაური ორმხრივი პნევმონიის რამდენიმე შემთხვევაზე შეტყობინება გაუგზავნა, ტაივანმა უხანიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო. მაშინ ისიც კი არ იყო ჯერ დადასტურებული, რომ ინფექცია შეიძლებოდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემულიყო. 12 იანვარს ტაივანმა, მიუხედავად პოლიტიკურად დაძაბული ურთიერთობისა, მოახერხა, რომ ჩინეთში თავისი ექსპერტების გუნდი გააგზავნა. გუნდის დაბრუნებისთანავე საავადმყოფოებში საეჭვო შემთხვევების შემოწმება და იზოლირება დაიწყეს. 21 იანვარს პირველი შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული.
- მმართველობა და კოორდინაცია. 20 იანვარს შეიქმნა ეპიდემიის მართვის ცენტრი, რომელიც ერთიან კოორდინაციას უწევდა არა მარტო ჯანდაცვას და საზღვრებს, არამედ სკოლებს, ტრანსპორტს, დეზინფექციას, ფონდების მობილიზებას და პერსონალის გადანაწილებას. ცენტრმა 124 ღონისძიება შეიმუშავა და განახორციელა.
- ავიარეისების გაუქმება. ტაივანი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 20 იანვარს უხანიდან ფრენები აკრძალა, ხოლო შემდეგ სხვა ჩინური ქალაქებიდანაც. მხოლოდ მოქალაქეებს ეძლეოდათ შინ დაბრუნების უფლება.
- აეროპორტში თერმომეტრებით კონტროლის სისტემა 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის შემდეგ დაინერგა. მოქალაქეებს შეეძლოთ ონლაინ აეტვირთათ თავისი მოგზაურობის მარშრუტი და ავადმყოფობის ნიშნები. ეს მონაცემები პირდაპირ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ხვდებოდა.
- მაღალი ინფიცირების ქვეყნებიდან ჩამოსულებზე სწრაფად დაწესდა 14-დღიანი კარანტინი – მობილური აპლიკაციებით კონტროლით და დამრღვევების მკაცრად დაჯარიმების (10,000 დოლარამდე!) სისტემით. ჯარიმები ასევე გავრცელდა სიმპტომების დაფარვაზეც.
- ქვეყანამ სასწრაფოდ გააძლიერა ნიღბების წარმოება, აკრძალა მათი ექსპორტი, და დააწესა სახელმწიფო ფასი – 16 ცენტი.
- ტესტირების სწრაფი და ენერგიული დაწყება. მასიური ტესტირება ინფიცირებულთა ირგვლივ – ნათესავებში და თემში.
- ტელევიზია და რადიო პირველივე დღეებიდანვე საათში ერთხელ გადაცემდა დაავადების სიმპტომების და გადაცემის გზების შესახებ. ინფორმაციას ხელების დაბანის, და თვითიზოლაციის მნიშვნელობაზე. ხაზგასმული იყო, რომ მოგზაურობის ისტორიაა მთავარი ფაქტორი და არა – პიროვნების ეთნიკურობა და მოქალაქეობა.
- მოსახლეობის პასუხისმგებლობის მაღალი დონე. მშობლების 95% თავად აკონტროლებდა შვილების ტემპერატურას და გადასცემდა სკოლებს. სამსახურებში დაიდგა თერმოსკანერები და თერმომეტრები. ნებისმიერი სიცხიანი არ დაიშვებოდა საზოგადოებრივ ადგილებში და ამის კონტროლში მოსახლეობაც მონაწილეობდა.
- ტაივანის მოსახლეობის 99%-ს აქვს სამედიცინო დაზღვევა და იციან, რომ საავადმყოფოებში მათ ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ. ამან უზრუნველყო მოსახლეობის შედარებით უკეთესი ადაპტაცია სტრესთან.
სამხრეთ კორეა
ეს ქვეყანა თებერვალში სავალალო გამოცდილების ნიმუშად ითვლებოდა. პირველი ინფიცირებული 29 იანვარს გამოვლინდა. შემდეგ მოხერხდა კიდევ 30 ინფიცირებულის გამოვლენა და თვითიზოლაცია/კარანტინი, მაგრამ 31-ე პაციენტმა, მისი სამედიცინო გამოკვლევის პროცესში იზოლირების რეჟიმის დარღვევის გამო, სამხრეთ კორეა ეპიდემიის კატასტროფულ კრიზისში მოისროლა – კერძოდ, რელიგიურ სექტაში, სადაც წევრებს შორის ხალხმრავალი შეხვედრების დროს ახლო კონტაქტი ხდება, ამ პაციენტის რამდენიმე შეხვედრაზე დასწრებისა და ქვეყანაში მოგზაურობის გამო ინფიცირების სუპერგავრცელება დაიწყო: 27 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ყოველდღიურად უკვე 500-დან 750-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 8 მარტს კი სამხრეთ კორეაში 7500-ზე მეტი ინფიცირებული და 60 გარდაცვლილი იყო დაფიქსირებული, ქვეყანას მყარად ეკავა კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილი და კეთდებოდა პროგნოზები, რომ 1-2 თვეში უკვე ჩინეთის სავალალო მაჩვენებლებსაც გადაასწრებდა.
რამ იმუშავა:
- ეპიდკონტროლის გამოცდილება და სტრუქტურები. აქაც წინა ეპიდემიების – კერძოდ, MERS-ის 2015 წლის გამოცდილებამ – უაღრესად დიდი როლი ითამაშა. ქვეყნის დაავადების კონტროლის სამსახურებში უკვე არსებული სტრუქტურები სრული დატვირთვით შეუდგნენ მუშაობას.
- აგრესიული (მასობრივი) ტესტირება. სამხრეთ კორეამ სწრაფად მოახერხა ტესტ-სისტემების მასშტაბური წარმოების აწყობა. დღეში 160,000 ტესტის წარმოება – მართლაც ფენომენალური შედეგი. ამის წყალობით კორეა მსოფლიოში ყველაზე მეტ ტესტს (დღიურად 15,000-მდე) ატარებდა. ტაქტიკა შემდეგია – ინფიცირების ყველა შემთხვევის (მათ შორის – უსიმპტომო შემთხვევების) აქტიური გამოვლენა, მსუბუქი შემთხვევების იზოლირება, დანარჩენების სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა. თებერვალში ტესტირების ლაბორატორიები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობდნენ.
- ტექნოლოგიური უპირატესობა. სამხრეთ კორეის წარმატების მთავარი ინსტრუმენტი განსხვავებულია – დიდ მონაცემთა მინირებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიური პლატფორმების ყველაზე თანამედროვე მოდელის გამოყენება, რაშიც სამსუნგის და სხვა მძლავრი ტექ-კომპანიების მონაწილეობა განმსაზღვრელია. ქვეყნის ყველა მოქალაქისა და უცხოელთა მონაცემებიც ინტეგრირებულია სამთავრობო, სამედიცინო, სასაზღვრო, ფინანსურ, მობილური ოპერატორების სისტემებთან. და ხდება სხვადასხვა მონაცემების ანალიზი, რეფერენსირება და გადაცემა AI სხვადასხვა აპლიკაციებთან. თუ ვინმეს აღმოაჩნდა კორონავირუსი, ხდება დიდ მონაცემთა ანალიზი, რომ სათანადო სამსახურებმა მიიღონ ინფორმაცია დაინფიცირებული პირის მოგზაურობის დეტალებზე, გადაადგილებებზე, საზოგადოებრივ თავშეყრებში მონაწილეობებზე, შესაძლო გავრცელების მიმართულებებზე. შემდეგ დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ეგზავნებათ სმს მესიჯები და შეტყობინებები. სამედიცინო დაწესებულებები აქტიურად და განმეორებით ატყობინებენ შესაძლო კონტაქტებს (push-ტექნოლოგიებით), რომ აუცილებელია ტესტირების ჩატარება. მობილური აპლიკაციების წყალობით ლაბორატორიაში ან ჰოსპიტალში მისვლისას მათ უკვე ელოდებიან, ყველაფერი კეთდება ზუსტად, დაყოვნების და რიგების შექმნის გარეშე.
- სამხრეთ კორეამ პირველმა შემოიღო drive-through ტესტირება, როდესაც პირდაპირ მანქანაშივე კეთდება ხახის და ცხვირის ნაცხის აღება, რაც ჰოსპიტალური გადაცემის შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. უახლოესი drive-through ტესტირების ადგილის შესახებ შეტყობინებას მძღოლი მობილურით იღებს. სულ კი ასეთი 43 ტესტირების ადგილი შეიქმნა. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის drive-through ცენტრების მუშაობის ამსახველი ვიდეო.
- როცა მიღებულია ინფორმაცია, რომ დაავადებული რომელიმე კორპუსში ან სასტუმროში ცხოვრობდა, იქვე ხდება დროებითი გამოკვლევის პუნქტის ორგანიზება, რომ არ მოხდეს ინფიცირებულთა ტაქსებით გადაადგილება და დაფანტვა სხვადასხვა ლაბორატორიებში და მეტ ადამიანთან კონტაქტირება. „სწრაფი, ეფექტური, დროში გათვლილი მომსახურება ადგილზე“ – აი ხელოვნური ინტელექტის ზუსტი გამოყენების ფანტასტიური ეფექტი.
- ასევე ხელოვნური ინტელექტის წყალობით ხდება სხვადასხვა პროდუქტების მარაგების შევსება და ტრანსპორტის გადანაწილება. ამის გამო, სამხრეთ კორეის სუპერმარკეტებში თითქმის არ ხდება პროდუქტის დეფიციტის წარმოქმნა.
- ხელისუფლების სწორი კომუნიკაცია, მასობრივი დეზინფექციის სამუშაოები და მოსახლეობის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა – რაც ასევე წინა ეპიდემიების გამოცდილებიდან მოდის, სერიოზულ როლს თამაშობს კორეაშიც.
განსახვავებით სხვა ქვეყნებისგან, სამხრეთ კორეას პრაქტიკულად არ ჩაუკეტია ქვეყნის რეგიონები და ქალაქები.
შედეგი სახეზეა. შემთხვევების რაოდენობა 8 მარტის შემდეგ პრაქტიკულად აღარ გაზრდილა. ახალი შემთხვევები დღეში 750-დან 75-მდე შემცირდა. სიკვდილობის მაჩვენებელი (0.9%) ერთ-ერთი ყველაზე დაბალია იმ ქვეყნებს შორის, სადაც გავრცელება მაღალი იყო. მიუხედავად ჯერ კიდევ დიდი ოდენობით არსებული აქტიური შემთხვევებისა (7000-ზე მეტი), ყველა თანხმდება, რომ სამხრეთ კორეა ინფექციასთან ბრძოლაში წარმატებულ მაგალითად უნდა შეფასდეს.
=====
ზემოთგანხილული შემთხვევები მოწმობს, რომ წარმატების უნივერსალური ტაქტიკა არ არსებობს. ქვეყნების მმართველობის, პოლიტიკური სისტემების, ეკონომიკური შესაძლებლობების, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა დონე განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, წინა გამოცდილების სწორი და დროული გააზრება, ერთიანი კოორდინაცია, ავიამიმოსვლების დროულად კონტროლი/შეზღუდვა, კვალიფიციური და მასობრივი ტესტირება და გამოვლენილთა სრულფასოვანი ეპიდკონტროლი, სოციალური დისტანცირება, ისევე როგორც მოსახლების ინფორმირებულობის, თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე, როგორც წესი, წარმატების მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
ის, რომ ამ მიმოხილვაში მხოლოდ აზიური ქვეყნები მოხვდნენ, არ ნიშნავს, რომ წარმატება მათი პოლიტიკური სისტემების დამსახურებაა. ჯერ ერთი, ამ მხრივ მათ შორისაც საკმაო გასხვავება არსებობს. სავარაუდოდ, პირველ რიგში აზიური ქვეყნების წარმატების საწინდარი კორონავირუსების წინა ეპიდემიების დროს მიღებული მდიდარი გამოცდილება იყო.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანებში რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში (ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი) გამოიკვეთა ალტერნატიული მიდგომა – მკაცრი კარანტინისა და შეზღუდვების ნაცვლად, იმის აღიარება, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს (60-70%) 1-2 წლის განმავლობაში მოუწევს კორონავირუსის გადატანა და უმრავლესობის მიერ მოხდება იმუნიტეტის (herd immunity) შემუშავება. აღნიშნული ქვეყნები გეგმავენ, მეტი აქცენტი გააკეთონ ეკონომიკის შენარჩუნებაზე, რომლის შესაძლო ხანგრძლივი კოლაფსი [გარკვეულწილად დაბალი ლეტალობის] ვირუსთან შედარებით უფრო დიდ საფრთხედ მიაჩნიათ. თუმცა, ბოლო დღეებში გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ ამ ქვეყნებმაც შეიძლება იზოლირების და კარანტინის გარკვეულ წესებს მიმართონ.
საერთაშორისო პრაქტიკა უკვე აჩვენებს, რომ კორონავირუსთან გამკლავება შესაძლებელია, თუ მოხერხდება გამოცდილების, სიფრთხილის და საყოველთაო პასუხისმგებლობის გაერთიანება. აუცილებელია მსოფლიო გამოცდილებიდან ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალურის, მისაღების და შესაძლებლის ამორჩევა, წარმატების საკუთარ ფორმულაზე მუშაობის გაგრძელება და გაუმჯობესება.
ევრ-აზიული ღიმილი
Posted: 2014/05/21 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: გაზი, გაზპრომი, ვლადიმერ პუტინი, რუსეთ-ჩინეთის კონტრაქტი, ჩინეთი დატოვე კომენტარისანამ შანხაიში პუტინის გენიალური პოლიტიკური ნაბიჯით მოხიბლულები იმის განსჯას დაიწყებდეთ, როგორ ჩაფლავდა ამერიკის და ევროპის სანქციები რუსეთის მიმართ, და როგორ მშვენივრად გამოძვრა რუსეთი – ევროპაზე, როგორც გაზის ერთადერთ სერიოზულ მყიდველზე დამოკიდებულებიდან, ჯერ შეიცადეთ…
ნამდვილად, 400 მილიარდი დოლარი ქუჩაში არ ჰყრია!
დიახ, ნამდვილად, რუსეთს/გაზპრომს ახლა აქვს დივერსიფიცირებული ბაზარი გაზის გასაყიდად და შედარებით უფრო მშვიდად შეუძლია იძინოს…
ნამდვილად, პუტინისთვის სერიოზული მარცხი იქნებოდა ჩინეთიდან ხელცარიელი დაბრუნება და თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ ჩინეთმა მშვენივრად, სულ ღიმილ-ღიმილით გადაუგრიხა ხელები რუსეთს და სასურველი 400-450 დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 350 დოლარად შეიძინა 1000 კუბომეტრი გაზი, მაგრამ სულ არობას ეს ნამდვილად სჯობს!
მაგრამ ისევე, როგორც თერაპიაში მკურნალობა მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა შედეგს და ფასს მანამდე არსებულ სხვა წამალს/მეთოდს ადარებ, ბიზნესშიც აბსოლუტური ციფრები ხშირად მცდარ შეხედულებას გვიქმნის. ყველაფერი ფარდობითია და სწორედ შედარება იძლევა ზუსტ პასუხს იმაზე, სადაა რეალური მოგება და სად – ბლეფს ქვეშ შეფარული მოდელირებული ღიმილი.
უფრო დაბალი ფასი ჩინეთს, ვიდრე ევროპას?
რუსეთმა 2013 წელს ევროპას მიჰყიდა 152 მილიარდი კუბომეტრი გაზი. გარდა ამისა, რუსეთმა თურქეთს მიჰყიდა კიდევ 10 მილიარდამდე კუბომეტრი.
ასე რომ, ორიდან ერთი გამოდის – თუ რუსეთმა ჩინეთს მართლა 350 დოლარად დაუდო კონტრაქტი ყოველ 1000 კუბომეტრზე, მაშინ იგი მხოლოდ 38 მილიარდი კუბომეტრს მიჰყიდის ჩინეთს წლიურად, ან… ან იქნებ ფასი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე 350 დოლარი?
აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს რუსული გაზის ფასი ევროპისათვის საშუალოდ 400 დოლარი იყო, ხოლოდ 2013 წელს გაზპრომი იძულებული გახდა ფასი 370 დოლარამდე დაეწია. გამოდის, ფაქტიურად, რუსეთი ჩინეთს უფრო იაფად აძლევს გაზს, ვიდრე ევროპა ყიდულობდა 2013 წელს. http://uk.reuters.com/article/2012/12/18/gazprom-europe-idUKL5E8NI1VY20121218
მაგრამ მარტო ეს არაა მნიშვნელოვანი…
გაცილებით უფრო ნაკლები მოცულობა, ვიდრე ევროპას?
თუ ფასი 350 დოლარია, როგორც ზემოთ ვთქვით (უფრო სწორედ, ბიბისი-მ იანგარიშა და თქვა, და რა უფლება მაქვს, არ ვენდო – http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/05/140521_russia_china_gas_contract.shtml) მაშინ, გამოდის, რომ წლიურად ჩინეთი ”გაზპრომისაგან” 38 მილიარდ კუბომეტრ გაზს მიიღებს. თუ რეალური ფასი, მოხდა სასწაული და – უფრო მეტია (რაზეც რუსი ექსპერტები მინიშნებას აკეთებენ), მაშინ – რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლები გამოდის!
მაგრამ თუ რუსეთმა 2013 წელს 162 მილიარდი კუბომეტრი გაყიდა და ახლა ჩინეთისგან მხოლოდ 38 მილიარდ კუბომეტრზე აქვს კონტრაქტი, გამოდის, რომ მან კიდევ 124 მილიარდი კუბომეტრის მყიდველი უნდა მოძებნოს!
ჰოდა, გასაგებია, რომ თურქეთი, და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა – ბულგარეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი (რომელთაც ალტერნატიულ წყაროებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ) – სავარაუდოდ, იგივე მოცულობებს შეუკვეთენ გაზპრომს, რასაც 2013 წელს. მაგრამ ხომ აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპელმა პარტნიორებმა უკვე იციან, რომ ერთადერთმა რეალურმა მყოდველმა გასაყიდი მოცულობის მმესამედიც კი ვერ აითვისა, რომ გაზპრომი უკვე ცუდ მდგომარეობაშია?! სავსებით გასაგებია, რატომ არ უნდა რუსეთს გაამხილოს – არც ჩინეთთან შეთანხმებული ფასი, და სიამოვნებით დამალავდა მოცულობებსაც! რადგან აშკარა ხდება ყველასთვის, რომ ახლა გაზპრომისთვის ხელის გადაწრიახება და მასთან ”პანიეჟენიეზე” თამაში საკმაოდ იოლია. სულ არ გამიკვირდება, გერმანელებმა და ფრანგებმა, სულაც 300-დოლარიან ფასზე რომ დაიწყონ ”ბაზარი”, რომელიც ახლა უკვე სულაც არ იქნება ”რიჟა”… თუ არადა, პუტინმა ახლა კიდევ სადმე უნდა იშოვოს სასწრაფოდ ახალი კლიენტები
ვადები!
მაგრამ ყველაზე საინტერესო ვადებია!
ეს ყველაფერი, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, თურმე მხოლოდ 2018 წლიდან დაიწყება! ანუ გამოდის, რომ 2015, 2016 და 2017 წელს პუტინს გასაყიდი აქვს ისევ ის წლიურად მინიმუმ 150 მილიარდი კუბომეტრი გაზი! ჰოდა, ევროპის ქვეყნებს კი სჭირდებათ ეს გაზი, მაგრამ თუ ადრე ძირითადად მხოლოდ ისინი ნერვიულობდნენ, ამერიკამ რომც მოგვაწოდოს ფიქალის გაზი, ეს 2-3 წელი ვერაფრით მოხერხდებაო, ახლა გამოდის, რომ 3-4 წელი რუსეთსაც არ ჰყავს მყიდველი!
და რატომ არ ხერხდება ნეტა 2018 წლამდე ჩინეთისთვის გაზის მიწოდების დაწყება?
მიზეზი ორია:
ა) ან ჩინეთმა აგრძნობინა რუსეთს, 2018 წლამდე მშვენივრად მაქვს ენერგეტიკული სათბობი მომარაგებული (სულ ახლახანს დადეს ძალიან დიდი კონტრაქტი ნახშირზე!) და თუ ძაან გინდა, რომ რამე ვიყიდო, კიდე უფრო დაბლა ჩამოდი ფასი, სანამ მთლად ოხრად არ დაგრჩენია ეგ საოხრეო,
ან
ბ) ინფრასტრუქტურა – მილსადენები არ არსებობს.
მთავარი მიზეზი მართლაც მეორეა. პრინციპში, რუსეთი და ჩინეთი დიდი ხანია საუბრობენ გაზის მიწოდებაზე და მაქსიმალური ციფრიც 38 მილიარდი კუბომეტრი იყო და ყველაზე ადრეული ვადაც – 2018 წელი, რადგან ლამის 3 წელი მაინცაა საჭირო, სანამ რუსეთი დასავლეთ ციმბირიდან ვლადივოსტოკამდე ახალ გაზსადენს გაიყვანს! მომავალში რუსეთი და ჩინეთი აპირებენ კონტრაქტის მოცულობა 60 მილიარდამდე გაზრადონ, მაგრამ ეს, სავარაუდოდ – კიდევ 3-4 წლის საქმეა, მინიმუმ…
ახალი გაზსადენის გაყვანა კი ძალიან დიდი ხარჯი და ძალიან დიდი საქმეა. და თუ ამოდენა საქმეს შეეჭიდები ადამიანი, გიჟი უნდა იყო, რომ ამ დროს დასავლეთ საზღვართან ომი გქონდეს ატეხილი და სანქციებით ირთულებდე ინვესატიციურ კლიმატს.
დასკვნა:
პუტინმა უდავოდ მიაღწია წარმატებას, რომ ხელცარიელი არ ჩამოვიდა შანხაიდან! მისთვის ეს საშინელი მარცხი იქნებოდა და არაა გამორიცხული, რომ ჩინეთთან კოტრაქტში რეალურად გაზის ფასი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე 350 დოლარი!
პუტინისთვის ეს კონტრაქტი ნამდვილად მხსნელი რგოლია, მაგრამ ის ნამდვილად არ წყვეტს მის ყველა პრობლემებს. მეტიც, 2015-2017 წლებისათვის მას სასწრაფოდ სჭირდება ახალი გასაღების ბაზრების მოძიება.
ახლა, როცა ევროკავშირმა და ამერიკამ იციან, რომ პუტინის ყვეაზე რთული წლები სწორედ 2015-2017-ია, სწორედ ახლა აქვთ შანსი, რომ მაქსიმალური ეფექტით განახორციელონ კოორდინირებული სანქციები და მაქსიმალური კოორდინაციით მოახერხონ ის, რომ ამ სამ წელიწადში რუსულ გაზზე დამოკიდებულება მინიმუმამდე შეამცირონ.
მაშინ რეალურია მდგოამრეობა, რომ 2015-2017 წწ. რუსეთს უფრო მეტად ენდომება გაზის გაყიდვა, ვიდრე ეს აქამდე იყო (როცა გაცილებით ძლიერ დაინტერესებული მხარე სწორედ ევროპა იყო), ხოლო 2018 წლისთვის ევროპის მოთხოვნილება რუსულ გაზზე (სასურველი მოცულობა), სავარაუდოდ იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე რუსეთისთვის გასაყიდად აუცილებელი გაზის რაოდენობა.
ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ პუტინი იღიმებოდეს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ ღიმილის უკან სერიოზული ძალისხმევა და დაძაბულობაა…