ვალდებულების სიმძიმე – ყირიმული გაკვეთილები


russian_soldiers.jpg.size.xxlarge.letterbox

„ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“ (ა. სენტ-ეგზიუპერი, „პატარა უფლისწული“)

ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები უკრაინაში და გასაგებია, რომ ეს პუტინის მიერ ხდება დაჩქარება – რუსეთი ხომ ყველაზე დიდხანს ემზადებოდა ამ შესაძლო სცენარებისათვის, ყველაზე ნაკლებ სჭირდება პოზიციების ვინმესთან შეჯერება (საერთოდ არავისთან, რადგან არავინ – ჩინეთი და ყაზახეთიც კი – რეალურად მხარს არ დაუჭერენ!), და ყველაზე მეტად წააგებს, თუ გაურკვევლობა დიდხანს გაგრძელდება – ყოველდღე ძალიან ძვირი უჯდებათ ვარდნისკენ წასული რუბლის და საფონდო ინდექსების შენარჩუნება!

მაგრამ ეს ობიექტური ფაქტორებია!

არის სუბიექტური ფაქტორიც, რომელიც პუტინისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია!
პუტინს მუდმივად სურს განამტკიცოს თავისი უძლეველობის მითი! 2008 წლის შემდეგ მას აღარ აქვს იმის ილუზია, რომ მსოფლიოს თავის დემოკრატობას (სუვერენულს, ტანდემურს, ევრაზიულს თუ ჯანდაბურს) დააჯერებს. უკეთეს შემთხვევაში, იცის, რომ მას მხოლოდ რაკეტების და ენერგომატარებლების გამო აიტანენ. ასე რომ, რაც უფრო მეტად დააშინებს იგი მსოფლიოს, მით უკეთესი მისთვის. აი, ქვეყნის შიგნით კი მისი რეიტინგი მისი დემოკრატობის უკუპროპორციულია. ამიტომაც, რაც უფრო მეტი იქნება დასავლეთის თუნდაც ზიზღნარევი ძრწოლა პუტინის მიმართ, მით უფრო მაღალი იქნება მისი რეიტინგი რუსეთის იმპერიაში (დავივიწყოთ, რომ რუსეთს უახლოეს დეკადაში მაინც დემოკრატიული განვითარება უწერია, ან რომ იმპერიულ სტატუსზე რომელიმე რუსი მმართველი, ნავალნი იქნება თუ კასიანოვი – გადაჭრით უარს იტყვის…)

ხოლო პუტინის ამ შიშისმომგვრელ იმიჯს საშინელი დარტყმა მიადგა 3 მარტს! არა მარტო იმით, რომ რუსეთის ეკონომიკამ ერთ დღეში 72 მილიარდი დოლარი იზარალა, არამედ იმიტომ, რომ იმ დღეს რუსეთს ულტიმატუმი გამოუცხადეს! სულაც რომ 700 მილიარდი ყოფილიყო პუტინის ზარალი იმ დღეს, მისი სტრატოსფერული ცნობიერება და ჰიპერეგო ვერაფრით აიტანდა ამ ფაქტს, რომ მას ობამამ (რეიგანი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო!) ულტიმატურად მოსთხოვა ყირიმიდან ჯარების გაყვანა. ამიტომ მან ის გააკეთა, რასაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც პუტინის ფსიქოლოგიას იცნობს, ადვილად იწინასწარმეტყველებდა – მარტის ბოლოს ყირიმის დამოუკიდებლობაზე დანიშნული რეფერენდუმი გაცილებით ადრე – 16 მარტისთვის გადმოიტანა, ხოლო ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა იმაში, ეს რეფერენდუმი რა შედეგს მოიტანს, ყირიმის პარლამენტმა უკვე დღეს ხმათა 100%-ით სთხოვა რუსეთს ყირიმის შემადგენლობაში რუსეთის შეყვანა!

გასაგებია, რომ მთელი დასავლური სამყარო გაოგნებულია! ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არალეგიტიმური გადაწყვეტილებაა, რომ უკრაინის კონსტიტუციით ასეთი გადაწყვეტილების რეფერენდუმი მარტო ყირიმში კი არა, მთელ ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს, რომ დაუშვებელია სხვის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარების შეყვანა, ახალი მთავრობის კომპლექტაცია, უკრაინის ჯარების ბლოკირება, უკრაინის მთავრობის სრული იგნორირება, ათასნაირი ტყუილების შეთხზვა უკრაინაში რუსების დევნის შესახებ და 45 მილიონიანი ქვეყნისათვის 26,000 კვ. კმ ტერიტორიის და 2 მილიონი მოსახლეობის „შეწერა“… რომ საზღვრების ურყევობა და სუვერენიტეტი, როცა საქმე დემოკრატიულად არჩეულ ქვეყანას ეხება, განუხრელად უნდა იყოს დაცული…

ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ…

ა) ყირიმი უკრაინას ხრუშჩოვმა აჩუქა და მანამდე იგი რუსეთის ტერიტორია იყო, ხოლო მანამდე – თურქეთის…
ბ) თუ ლაპარაკია უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ იანუკოვიჩის გადაყენების და ამჟამად მოქმედის მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ კითხვები არსებობს.
გ) ყველაფერი სწორი იქნებოდა, როცა საქმე საზღვრების ურყევობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება, რომ არა კოსოვოს პრეცედენტი. გასაგებია, რომ მილოშევიჩის მთავრობას დემოკრატიულს ვერაფრით დაარქმევდი, მაგრამ კოსოვო ხომ მაშინ აღიარეს, როცა მილოშევიჩი აღარ იყო, ხოლო სერბეთის მთავრობა – ძალიანაც დემოკრატიული?!
დ) დაბოლოს, ვლადიმერ პუტინისთვის დასავლეთის ყველა არგუმენტი ძალიან უსუსურია, რადგან ეს არგუმენტები არსებობდა 2008 წლის აგვისტოშიც და მიუხედავად ამისა, მან საქართველოში სრულმასშტაბიანი ანექსია განახორციელა და ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო, ხოლო დე-ფაქტო – მიიერთა! და ეს ყველაფერი, დროებით და მცირე პრობლემებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, გაუვიდა! ჰოდა, პუტინის გაგებით, რაც ერთხელ გაუვიდა, ის მეორედაც უნდა გაუვიდეს!

საინტერესო ისაა, რომ თავიდან ალბათ უკრაინისგან ყირიმის დამოუკიდებლობის ვარიანტიც განიხილებოდა, ზუსტად ისევე როგორც აფხაზეთისა, ყოველგვარი რუსეთთან მიერთების გარეშე, რაც „უხერხულობას“ ნამდვილად უქმნის რუსებს. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ აფხაზეთისაგან განსხვავებით, რუსეთს ყირიმთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, ხოლო მედვედევი როდის ააშენებს ქერჩის სრუტეზე ხიდს – უცნობია, ამიტომ პუტინმა ეს ნიღაბიც ჩამოიხსნა და ყირიმის გადაყლაპვის სურვილი ღიად გამოაცხადებინა ყირიმის პარლამენტს…
მოკლედ, ბიჭი ვარ და მოვდივარო!.. ეს იყო ულტიმატუმზე პუტინის თავხედური პასუხი…
ვნახოთ, რას უპასუხებს შეშფოთებული დასავლეთი… ფაქტია, რომ დეესკალაცია აღარ გამოვა – როცა ვინმე კედელთან მიგიმწყვდევს, მერე მობოდიშებას უკვე დეესკალაცია აღარ ჰქვია.

გამოსავალი?
კრიზისის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ უკრაინული ოპოზიციის მხრიდან იანუკოვიჩის გადაყენება არჩევნებამდე იქნებოდა ძალიან მძიმე შეცდომა. არც შევცდარვარ. სხვათა შორის მისი კიევიდან გაქცევის შემდეგაც, ალბათ, ჯერ კიდევ არ იყო გვიან მისთვის გარკვეული გარანტიების მიცემა და იმის მიღწევა, რომ ლეგიტიმურად წასულიყო. მაგრამ ეტყობა, რევოლუციურმა მართლაც არნახულმა წარმატებამ და თავდავიწყებამ, სევე, როგორც საოცარმა სისხლიანმა ტრაგედიამ, რომელსაც იანუკოვიჩს მართლაც ვერაფრით ჩამოაწერ, არ მისცათ ამის საშუალება…
ასევე ყველასთვის გასაგები იყო, რომ პუტინი ან მიიღებდა მთელ უკრაინას ფეშქეშად, ან – ყირიმის დათრევას მაინც შეეცდებოდა, თუ დარწმუნდებოდა, რომ მთელი უკრაინის დაიღლიავება არ გამოუვიდა…
ძალიან დიდი შეცდომა იყო იანუკოვიჩის გაქცევისთანავე ევრომაიდნის მიერ ხელისუფლების ისე ფორმირება, რომ აღმოსავლეთ უკრაინასთან არავითარი კონსულტაციები არ ჩაატარეს, ხოლო კიდევ უფრო მიუტევებელი – რადას ნაჩქარევი გადაწყვეტილება რუსული ენის სტატუსის გაუქმებაზე. მართალია, მერე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა ამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა და რუსული ენის სტატუსი ისევ იგივე დარჩა, მაგრამ სიტყვა ჩიტზე უსწრაფესად გაფრინდა და რუსეთს და აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას მეტი არ უნდოდათ…

უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ როგორც პუტინმა ვერ მიიღო მთელი უკრაინა, ასევე ნაკლები შანსია იმის (ამჟამად მაინც), რომ პროდასავლურმა, მაგრამ აღმოსავლეთ რეგიონების მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულმა ხელისუფლებამ მოახერხოს მთელი უკრაინის ევროკავშირისკენ და ნატოსაკენ წაყვანა (არც ეს ნატოში შესვლის დაკანონება იყო ახალი ხელისუფლების მხრიდან დიდი სიბრძნე, აჯობებდა, ეს საკითხი რეფერენდუმზე გამოეტანათ)…

მოკლედ არჩევანი ასეთია –
ა) ან უკრაინის ახალი ხელისუფლება უბრუნდება 21 თებერვლის ავადსახსენებელ შეთანხმებას (რაც იანუკოვიჩის პრეზიდენტად დაბრუნებას ნიშნავს და ახლა უკვე მეც გამორიცხული მგონია!);
ბ) ან უკრაინის ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ თანახმაა უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაუყონებლივ ხელმოწერაზე და ნატოში მისაწრაფებაზეც და ორივე ამ საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს, იმ პირობით, თუ რუსეთი უარს იტყვის ყირიმის პარლამენტის თხოვნის შესრულებაზე, მოხსნის ყველანაირ ბლოკადას და გაიყვანს ყირიმიდან ყველა იმ საჯარისო ფორმირებას, რომელიც იქ 1 თვის წინ არ იყო;
გ) ან უკრაინის ხელისუფლება ღიად და არაორაზროვნად მიმართავს ევროკავშირს და ნატოს, მიიღოს იგი თავის რიგებში ყირიმის გარეშე და ამით ფაქტიურად აღიარებს, რომ დე-ფაქტო ყირიმი უკვე დაკარგულია.

ხოლო აშშ, ევროკავშირსიდა ნატო, თუ სურთ, რომ მათ მიერ მიერ შარაგზის ყაჩაღისათვის გამოცხადებული ულტიმატუმი უსუსურ ბლეფად არ ჩაითვალოს, ვალდებულნი არიან:
ა) საქმით დაამტკიცონ ყბადაღებული სიტყვები იმაზე, რომ უკრაინას დაიცავენ! კერძოდ, – გაამკაცრონ სანქციები, არა მარტო უკრაინის ყოფილი ხელისუფლების, არამედ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართაც.
ბ) თუ საჭირო გახდება, მოახდინონ სამხედრო ძალის დემონსტრირებაც საზღვაო ხომალდების სახით;
გ) ღიად განაცხადონ, რომ, გამომდინარე არსებული ექსტრემალური მდგომარეობიდან, რუსეთის მიერ ყირიმიდან ჯარების არგაყვანის შემთხვევაში და თუკი რუსეთის დუმა დაამტკიცებს ყირიმის რუსეთისათვის მიერთებას, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სტრუქტურები დაიწყებენ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ინტეგრაციის დაჩქარებულ პროცესს, თუ ასეთი ტიპის თხოვნა გამოხატული იქნება შესაბამისი მთავრობების მიერ.

… ხოლო თუ ხვდებიან, რომ ეს მათ შესაძლებლობებს აღემატება, მაშინ აჯობებს, დროულად აღიარონ ეს, რადგან როგორც დანტემ ჯოჯოხეთში აღმოაჩინა, უმძიმესი ცოდვაა დაპირება და მინდობილის მოტყუება…
=====
Tu deviens responsable pour toujours de ce que tu as apprivoisé.
„- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელიამ, – მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი.
შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე…