ერთხელ, სამეზობლოში…
Posted: 2019/06/21 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: 20 ივნისის ღამე, მიტინგის დაშლა, ნაცმოძრაობა, პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რუსეთი, საქართველოს პარლამენტი, სერგეი გავრილოვი, ქართული ოცნება დატოვე კომენტარიერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ერთ უაღრესად ცნობილ ორგანიზაციაში პოლკოვნიკი სერგეი სერგეიჩ სერგეევი ძალიან ცდილობს მათი მეზობელი ქვეყნის სიტუაციის არევის გეგმა იმაზე უკეთ მოიფიქროს, ვიდრე მისი კოლეგები, დიდი ხანია, ასევე ცდილობენ. ჰოდა, ასეთ გეგმას იფიქრებს:
- მოცემულობა: ვიცით, რომ თბილისში ივნისის თვეში დაგემილია ჩატარდეს გეი-პრაიდი. ისიც გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ აზრს გაგებით არ მოეკიდება. და ამ არმოკიდებიდან ცეცხლმოკიდებამდე ერთი ნაბიჯია მხოლოდ – ასანთის ანთება. ჩემი გეგმის მთავარი მიზანი სწორედ ამ მოცემულობის გამოყენება – მრავალჯერადი სანთებელათი რეალიზებული.
- ნატვრა/წინაპირობა: რა გადასარევი იქნებოდა, იმ ქვეყანაში მცხოვრებ, რომელიმე მაღალი რეპუტაციის და ცნობადობის ტრადიციულ ქართველს, ან რომელიმე პარტიას, ან ორივეს ერთად – ცნობილ ქართველს და ცნობილ პარტიას, რომ ეთავათ გეი-პრაიდის მიმართ საწინააღმდეგო კონტრაქციების დაანონსება, მერე მსუბუქად ძალადობრივი მუქარები, მერე ამ მუქარების რეალიზების მცდელობები. პრობლემა ისაა, რომ, როგორც წესი, ქართული პარტიები და ოპოზიციონერები ერთმანეთს ვერ იტანენ და ვერ იყოფენ პირველობას. თუმცა, თუ ყველა მათგანი ასეთი ქმედებების შესახებ ღონისძიებათა კოორდინირების თხოვნა-დავალებას მიიღებდა და ეცოდინებოდათ, რომ მათი მცდელობები დავიწყებული არ იქნება… ვინ იცის, ვინ იცის… და იქნებ, როგორც ძვირფასი ამხანაგი ლენინი იტყოდა: “Есть такая партия!”
- გეგმა: მოცემულობის და ნატვრის რეალიზებით იწყება დაპირისპირება, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობა და პოლიცია ეცდება გეი-პრაიდის მცირერიცხვოვან მონაწილის დაცვას, ხოლო ტრადიციონალისტი ოპოზიციონერები ეცდებიან გეებისგან ხალხის გადარჩენას და ტრადიციების დაცვას. გასაგებია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციონალისტების გვერდით დადგება, ან მორალურად მხარს დაუჭერს, ხოლო პოლიციის და ხელისუფლების იდენტიფიცირება მოხდება დასავლეთის ხელისუფლებებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და ა.შ. უნდა გავრცელდეს ხმები, რომ გეი-პარადი დასავლელი ელჩების დაჟინებითი მოთხოვნით ტარდება. ამას ქართული საზოგადოება იოლად დაიჯერებს, რადგან დასავლელ ელჩებს აზრადაც არ მოუვათ, ეს ხმები უარყონ!
- განვითარება: ყველაზე საუკეთესო ვარიანტში ხდება კონტრაქციების მონაწილეთა სერიოზული დაპირისპირება პოლიციასთან და პოლიცია აკავებს ტრადიციული ღირებულებების დამცველ სასიქადულო მოღვაწეს, რაც მის პოპულარიზაციას მრავალჯერ ზრდის!.. ქვეყანაში იწყება მასიური საპროტესტო ტალღა, რასაც აძლიერებენ ჩვენს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და ინტერნეტ-რესურსები და ქვეყანაში მყოფი მრავალრიცხვოვანი ჩვენი ტურისტები, რომელთა დიდ ნაწილს შესაბამისი ორგანოებიდან შესაბამისი დავალება და ინსტრუქციები ექნებათ მიღებული… სასურველი იქნებოდა ისეთი ინტერვიუების მომზადება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს შორის მოსაზრებათა სიმეტრია იქნებოდა მრავალჯერ დაფიქსირებული.
- აპოგეა: ამ დროს თბილისში იწყება მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობს მაიორი ამხანაგი გავრილოვი. მაიორი ამხანაგი გავრილოვი გახსნის სესიას (მოხერხდა ქართული მხარის დაყოლიება, რომ სესია პარლამენტში ჩატარდეს!), დალოცავს ქართველს ერს, გადასცემს ხატს, ისაუბრებს იმაზე, რამდენად წუხს რუსი ხალხი და მისი ხელისუფლება, რომ ქართველები მათ განუდგნენ და არ უნდათ უფროს ძმასთან დაბრუნება, და ხაზს გაუსვამს იმას, რომ ამ მძიმე ჟამს, სწორედ რუსეთი დგას მათი ტრადიციების დამცველი სასიქადულო მოქალაქისა და სასიქადულო პარტიების გვერდით და არ აძლევს უცხოეთის ხელისუფლებებს იმის უფლებას, რომ გეი-პრაიდი ჩაატარონ და ქართველი ხალხი გარყვნან! რომ მხოლოდ რუსეთის უბეში (და რუსული ძუძუების წყალობით!) გადარჩება ქართველი ხალხი.
- ფინალი: ამხანაგ მაიორ გავრილოვს ყველა ტელევიზია ართმევს ინტერვიუს, და ყველგან ისმის იმის აღტაცებული მოთხოვნა, რომ სწორედ ასეთი ბრძენი და ქართველოფილი ადამიანები (მაგ. ბრძენი დუგინი, ბრძენი ჟირინოვსკი, ბრძენი ზატულინი და სხვები) გახდნენ ისევ ქართველი ხალხის სტრატეგიული მეგობრები. ქვეყანაში იწყება ასეულების და ათასეულების ჩამოყალიბება ლოზუნგით „ერთმორწმუნე ძმებთან ერთად!“. ამის პასუხად, რუსეთის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამსმ შემდეგი 25 წლის განმავლობაში გალის რეგიონში დააბრუნოს რამდენიმე ათასი ლტოლვილი, ხოლო ცხინვალის რეგიონში – დამატებით 500! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაშინ მოხდება, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე, ევროკავშირზე, აშშ-ზე, ანაკლიაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ჯარზე, ლარზე და აზრზე! და დაიწყებს გამალებულ მუშაობს „წიგნი ფიცისა“-ს განახლებულ ვერსიაზე.
- სასურველი შედეგი: 2020-ის არჩევნებში იმარჯვებს სასიქადულო ადამიანისა და სასიქადულო პარტიების ჩვენდამი ლოიალური კონგლომერატი. საქართველო ხდება დსთ-ს, ევრაზიული კავშირის და „ოდკბ“-ს წევრი.
ეს გეგმა იმედებით აღვსილმა სერგეი სერგეიჩმა მეხუთე განყოფილებაში წარადგინა. წინაღამით ესიზმრა სამოთახიანი ბინა ოდინცოვოში და მერსედეს G550 – გარაჟში…
ერთი კვირის თავზე კი ეს წერილი მიიღო:
„ამხანაგო სერგეევ!
კარგი ინიციატივაა. გაჯილდოვებთ 2-კვირიანი საგზურით ყირიმში! შეგიძლიათ მეუღლეც თან იახლოთ.
აქვე გაცნობებთ, რომ თქვენს გეგმაში გადაწყდა ფინალი გახდეს აპოგეის ნაწილი. ხოლო ფინალისთვის გეგმას დაემატოს ახალი განშტოება, ვერსია B – რომლის მიხედვით მოხდება თავდასხმა მაიორ ამხანაგ გავრილოვზე – ან პარლამენტში, ან – მის გარეთ. ამას განახორციელებს ყოფილი მთავრობის პარტია. ამის შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყება „უმართვი“ პროცესები პარლამენტში შევარდნით და ძველი ხელისუფლების აღდგენით, რომელიც ჩვენთვის გაცილებით კომფორტული და მომგებიანი იყო. ვფიქრობთ, ეს უფრო რეალისტურია და მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას ხანგრძლივ სამოქალაქო დაპირსპირებაში ისე ნარნარად ჩაითრევს, რომ ჩვენზე არც არავინ არაფერს იფიქრებს და ჩვენთვის ლოიალური კონგლომერატის დაფინანსების ხანგრძლივი პრობლემაც არ გაგვიჩნდება. იმ „პროდასავლურ“ ხელისფლებას ისევ ამერიკელები გამოკვებავენ, ხოლო შედეგი ისევ ჩვენთვის იქნება სასარგებლო, როგორც ეს 2008 წლის მოვლენებმა დაადასტურა.
ფინალური ვერსია B-ს დაგეგმვას და კოორდინაციას განახორციელებს გენერალი მისტერ ტიმური, რომლის მითითებების განუხრელად შესრულება გევალებათ…“
„- იობ ტვაიუ მაც!“ – გაიფიქრა სერგეი სერგეიჩმა, ვმუშაობ, ღამეებს ვათენებ და … გენერალ მისტერ ტიმურს, ალბათ, ყირიმში ორკვირიანი პუწიოვკით არ მოხიბლავენ… ვინ იცის, მაიამიში ახალი აპარტამენტებიც კი იყიდოს…“
=====
სერგეი სერგეიჩს არავინ გაუმხილა, რომ ამ მომენტითვის მისი გეგმის კიდევ ერთი განშტოება არსებობდა, რომელიც პრაიდის რაიმე მიზეზით ვერჩატარების შემთხვევაში თავად პრაიდის ორგანიზებასაც გულისხმობდა… აბა, ამ ერთი პატარა „პრავალოჩკის“ გამო ხომ არ ჩავარდებოდა ასეთი ბრწყინვალე ნაქარგი…
=====
„შეთქმულების თეორიებიო“, – იტყვით თქვენ…
ეგეც გეგმის ნაწილია, რომ ბევრმა ადამიანმა შეთქმულების თეორიად მონათლოს, და რაც შეიძლება დიდხანს არ შეამჩნიოს კედელზე ჩამოკიდებული თოფი, რომელიც თავის ტრიუმფალურ მომენტს მშვიდად ელოდება…
მოსალოდნელი მოულოდნელობები (საპრეზიდენტო არჩევნები 2018)
Posted: 2018/12/31 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილი, იუსტიციის საბჭო, ლევან მურუსიძე, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნები, სასამართლო, სასამართლო რეფორმა, ქართული ოცნება 3 Comments
როგორც იქნა დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში რამდენიმე მიზეზის გამო შევა –
ა) როგორც პრეზიდენტის უკანასკნელი პირდაპირი არჩევნები,
ბ) არჩევნები, რომლის შემდეგ საპრეზიდენტო მმართველობა საბოლოოდ შეიცვლება საპარლამენტო რესპუბლიკით,
გ) პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, როცა 2 ტურის ჩატარება გახდა საჭირო,
დ) როდესაც საქართველომ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი.
და მაინც, ალბათ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე გამორჩეული სხვადასხვა მოულოდნელობებით, თუმცა დაკვირვებით ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მოულოდნელობათა უმრავლესობა საკმაოდ მოსალოდნელი იყო, რომ არა ტრადიციული ქართული ჰაიჰარობა – როცა გზა მხოლოდ ურმის გადაბრუნების შემდეგ ჩნდება…
I ტური – ოცნების ფიასკო და მოსალოდნელი „პარადოქსები“
საყოველთაო თანხმობა არსებობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ტური წააგო.
წააგო არა იმდენად რიცხვებით (ფორმალურად სალომე ზურაბიშვილმა 0.9%-ით მოუგო გრიგოლ ვაშაძეს), მაგრამ წააგო ამ თუნდაც ლამის საყაიმო ანგარიშის კატასტროფული შეუსაბამობით პოლიტიკურ ძალთა დღეს არსებულ თანაფარდობასთან: პარლამენტში ქართულ ოცნებას ეკუთვნის 114 ადგილი (76%), ხოლო ნაცმოძრაობას – მხოლოდ 6 (4%)! ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი ასევე ოცნებიდანაა, და თვითმმართველი თემების ყველა საკრებულოშიც, გარდა – ბორჯომისა, უმრავლესობა სწორედ ქართულ ოცნებას ეკუთვნის.
და ამ ფონზე, პირველი ტურში ქართული ოცნების მიერ მიღებული 615,000 ხმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2012 წლის შემდეგ. ხოლო ნაცმოძრაობის მიერ მიღებული 601,000 – ყველაზე მაღალი. და თუ ამას დავამატებთ „ევროპული საქართველოს“ 180,000 ხმას, ყოფილი ნაცმოძრაობის მხარეს სულაც 780,000 ხმაზეა უკვე საუბარი, რაც თითქმის იგივე შედეგია, რომელიც ნაცმოძრობამ 2012 წელს აჩვენა, – ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას. აშკარაა, რომ 2018 წლის პირველ ტურში ქართული ოცნების შედეგს სრულიად სამართლიანად, არა უბრალოდ, – მარცხი, არამედ – ფიასკოც კი, შეიძლება, ეწოდოს.
და მაინც, ეს, სრულიადაც არ იყო მოულოდნელი. მოულოდნელი მხოლოდ მისთვის იყო, ვინც მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს არ აკეთებდა და ბოლო მომენტამდე თავსაც და საზოგადოებასაც არწმუნებდა, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.
არის ამ მარცხში ის ზოგადი ტენდენციები და ფაქტორები, რაც თითქმის ყოველთვის მოქმედებს, მაგრამ არის ინდივიდუალური თავისებურებები და სპეციფიური მიზეზებიც.
ზოგადად, გამარჯვებულ პარტიას 4-6 წლის შემდეგ არჩევნების წაგების მაღალი შანსი აქვს. რატომ? ხალხს ყველაფერი ბეზრდება და იმედი აქვს, რომ ახალი ცოცხი უკეთ დაგვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი ფენომენალურად წარმატებული სახელისუფლებო პერიოდების შემდეგ არჩევნები წააგეს უინსტონ ჩერჩილმა და ახლახანს გარდაცვლილმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა). პირველი ვადის შემდეგ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმაც ვერ მოიგო დამაჯერებლად საპრეზიდენტო არჩევნები – მისი მაჩვენებელი 96%-დან 53.5%-მდე დაეცა, და მხოლოდ იმ 3.5%-ის წყალობით გადაურჩა მეორე ტურს. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის არნახული ზეწოლით და და მასობრივი გაყალბებით მიმდინარეობდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ეუთოს საზედამხედეველო მისიის საბოლო ანგარიშში (გამოქვეყნდა 2008 წლის 4 მარტს!) შავით თეთრზე წერია, რომ საარჩევნო უბნების 23%-ში (!) ხმის დათვლა ჩატარდა დიდი დარღვევებით და შეფასდა „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ (რომ არაფერი ვთქვათ ხმის მიცემის და სხვა დარღვევებზე), სრულიად აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაყალბებების გარეშე იმ არჩევნებს პირველივე ტურში ვერ მოიგებდა.
ახლა კი სპეციფიურ მიზეზებზე შევჩერდები, რამაც პირველ ტურში ქართული ოცნების ძალიან ცუდი შედეგი განაპირობა.
- ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სრულად გაკრიფა არა მარტო „შუა“, არამედ მოახერხა ყველა იმ პარტიის დეზორგანიზაციაც, რომლებთან ერთად ქართული ოცნება 2012 წელს კოალიციაში იყო. ზოგიერთი ეს პარტია ქართულმა ოცნებამ ჩაყლაპა, ხოლო სხვა პარტიები – დაიშალნენ ან ძალიან დასუსტდნენ. ამას შედეგად ორი სერიოზული შედეგი მოჰყვა:
- – ქართულ პოლიტიკური სპექტრი, გაძლიერების ნაცვლად, გაღარიბდა.
- – ის ამომრჩეველი, რომელიც არ არის უშუალოდ ოცნების ამომრჩეველი, მაგრამ ხმას მისცემდა სხვა (ადრე ოცნებასთან კოალიციაში მყოფ) პარტიებს, შეიძლება, იმედგაცრუებული აღარ წავიდა არჩევნებზე, ანდა სულაც – ნაციონალური მოძრაობისაკენ გადაიხარა.
- ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა დანაპირები სამართლიანობის აღდგენის (ან – უფრო სწორედ – სამართლიანობის დამკვიდრების) შესახებ. დღეს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი მანქანის საცეცები მნიშვნელოვანწილად მოკვეთილია, მაგრამ სასამართლოსა და პროკურატურის სათავეში, ოცნების საპარლამენტო და რეგიონალურ პარტიულ სტრუქტურებში – ერთ დროს ნაცმოძრაობის ცნობილი ოდიოზური პირების არსებობა სერიოზულ ეჭვს იწვევს, რომ სამართლის დამკვიდრებიდან ჯერ ისევ შორსაა. თუ ეკონომიკური სწრაფი პროგრესის მიღწევა – ისეთის, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებისათვის იქნებოდა ხელშესახები, – ნამდვილად რთული და ხანგრძლივი ამოცანაა, სამართლიანობის დამკვიდრების მხრივ არსებული მოლოდნების იმედგაცრუება უფრო მძიმე იმიჯური დარტყმა მგონია ქართული ოცნებისათვის.
- სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეებში დაშვებული სერიოზული ხარვეზები თუ დანაშაულებრივი ქმედებები ამ შვილმკვდარი მამების მიმართ სამართლიანი გამოძიებისა და სასჯელის უკმარობის განცდას ქმნის. ეს ორი საქმე იქცა ძალიან მძიმე ტესტად ხელისუფლებისათვის, თანაც დღემდე გადაუჭრელია. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ადამიანებთან თანაგრძნობით გამსჭვალული სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათი ტკივილზე საქმის დროული და სამართლიანი გამოძიებით პასუხი, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, რომ ვერ გათვალა, როგორ „ოქროს ძარღვად“ აქცევდა სათავისოდ ამ საქმეებს ნაციონალური მოძრაობა.
- მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ზოგიერთ საქმეზე სამართლიანი განაჩენი დადგა და ასრულებაც მოხდა (ქონებრივი დანაშაულების მსხვერპლთა რესტიტუცია), ეს (მგონი, 150-მდე საქმე) მაინც მცირე დოზაა. და რაც ყველაზე სავალალოა, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ესეც კი არ მიეწოდა სწორი გზავნილის სახით. არც ვებ-გვერდი შექმნილა, არც კონფერენცია ჩატარებულა, არც რამე სატელევიზიო გადაცემა… ნაციონალური მოძრაობა ამას მშვენივრად იყენებს და საუბრობს საკუთარ „ერთეულ შეცდომებზე“ და დღევანდელი ხელისუფლების „მასობრივ დანაშაულებებზე“. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებას ყოველთვის ბოლო ამბები უკეთ ახსოვს, ეს ყველაფერი, რუსთავი2-ის პროპაგანდისტული ჰაუბიცებით და მორტირებით გამოსროლილი, მომაკვდინებელ შედეგს იძლევა, მით უფრო – რაიონებში, სადაც მოსახლეობა დიდწილად რუსთავი2-ის მენიუზეა გადართული.
- ქართული ოცნება ვერ იქცა იდეოლოგიურად გამართულ და ორგანიზაციულად მწყობრ პარტიად. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარეს არც ჰქონდა პრიორიტეტად დასახული ეს მიზანი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ 2018 წლის გაზაფხულამდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მისმა ჩამოშორებამ და 2016-17 წლების ორივე არჩევნებში ფანტასტიკური შედეგის მიღწევამ შექმნა ილუზია, – „ასეც იოლად გავალთ ფონს“. რეალობა არის ის, რომ ღირსეული ოპონენტის არარსებობა, რამდენადაც აიოლებს გამარჯვებას, იმდენად, ან – მეტადაც კი, თვითდამშვიდების და მოდუნების საფუძველი ხდება. ხოლო პოლიტიკა სისტემატურობას და ყოველდღიური რუტინული ამოცანების მეთოდურად გადაწყვეტას მოითხოვს. პოლიტიკური პარტიის შენება სკის შენებას ჰგავს – არაპროფესიონალიზმი და ჰაიჰარობა დამღუპველია.
- ვფიქრობ, საკმაოდ თვითდამაზიანებელი იყო ოცნებისათვის პრემიერ-მინისტრის გადაყენება. მგონი, უკვე არავის ჰგონია, კვირიკაშვილი რომ თავისით გადადგა და იუნისეფის კვლევა რომ ამ საკითხში გადამწყვეტი იყო. „ფონზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიანო“, ნათქვამია, და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდის მომენტი იყო ძალიან არასახარბიელო საკადრო ცვლილებებისათვის, არამედ კიდევ უფრო მეტად ის – რა ტიპის ინფორმაციები გავრცელდა ამ ცვლილებების შემდეგ – იყო მინიშნებები არა მარტო მმართველობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების ხარვეზებზე (რაც, ალბათ, რეალობას შეესაბამებოდა), არამედ – შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, ერთ-ერთ ბანკთან ინტერესთა კონფლიქტზე, და ლამის – სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციებიის დაგეგმვაზეც კი. საბოლოოდ, მას მერე, რაც აშკარა გახდა, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკიდა წავიდა და რამე საარჩევნო აქტივობას არ გეგმავდა, ეს ყველაფერი არც გამოძიებულა, არც დადასტურებულა და არც უარყოფილა. მაგრამ, ქართულმა ოცნებამ, ნებით თუ უნებლიედ, პრემიერ-მინისტრის სასწრაფოდ მოშორებით, თითქოს დაადასტურა იმ მძიმე პროპაგანდისტულ-ფსიქოლოგიური შეტევის ვექტორების სისწორე, რასაც კვირიკაშვილის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობა იყენებდა. ასეთი კარტ-ბლანშის მიცემა ნაცმოძრაობისთვის – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე – უკვალოდ არ ჩაივლიდა. და არც ჩაიარა. საზოგადოებაში გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ოცნებამ სტაბილურობა დაკარგა. მართალია, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ გააჩინა მოლოდინი, რომ იგი სერიოზულად დაბრუნდა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა, მაგრამ ეს მოლოდინი მალე გაიფანტა. ეტყობა, ჯერ კიდევ არსებული „ჭარბი ნდობისა“ და იოლი გამარჯვების იმედის პრევალირების გამო, ივანიშვილმა პოლიტიკასთან ახლოს დგომაც საკმარისად ჩათვალა…
- სერიოზული შეცდომა იყო საპრეზიდენტო პოსტის გამოცხადება არცთუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობად და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მნიშვნელობის დაკნინება. ფაქტობრივად, ოცნებამ თავად უთხრა ხალხს – რა გენაღვლებათ, ვისიც არ უნდა იყოს ეს ადგილი, მაინცდამაინც არც გვჭირდებაო. რაც ოცნების ამომრჩეველმა ასე გადათარგმნა – ესეიგი, სახლში უნდა დავრჩეთ, რაში გვაინტერესებს, 28 ოქტომბერს ვინ მოიგებსო…
- სალომე ზურაბიშვილის არჩევა ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატად შეიძლება თავისთავად არ იყო შეცდომა, (თუმცა, მაინც მგონია, რომ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა არაფორმალური მმართველობის შეგრძნება. ჯობდა, საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდათ და საკუთარი პასუხისმგებლობა ჰქონოდათ), მაგრამ შეცდომა იყო ამ გადაწყვეტილების „დამოუკიდებელი კანდიდატისთვის“ მხარდაჭერად შეფუთვა. ძალიან ბევრმა, ჩემს მსგავსად, ეს თავიდანვე არ დაიჯერა (და სწორიც აღმოვჩნდით). სამაგიეროდ, თავად ოცნების პარტელიტამ დაიჯერა და საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა – მაგ. მაჟორიტარების უდიდეს ნაწილს აზრადაც არ მოსვლიათ თავიანთ რაიონებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად რამე აქციების ჩატარება, ან ელემენტარულად რაიმე სხვა ფორმით მხარდაჭერის გამოცხადება.
- 2008 წელს ომის დაწყების თემით საარჩევნო კამპანიის დაწყება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა თავად ზურაბიშვილისთვის. რომ არა ნაცმოძრაობის გებელსური პროპგანდის საოცრად დახვეწილი მანქანა, შეიძლება, ამ ასპექტს სერიოზული, მაგრამ არა ასეთი – ლამის, კატასტროფული – ზიანი მიეყენებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ თემის ჰიპერბოლიზირებით (იმ ძალის მხრიდან, რომელთა ლიდერებს ხელისფლებაში ყოფნისას თავად ჰქონდათ ხელი მოწერილი მსგავს განცხადებებზე – თანაც ევროსაბჭოს ოფიციალურ დოკუმეტებზე!), თემის ნეგატიური გავლენა ძალიან ხანგრძლივი და ძალიან სერიოზული აღმოჩნდა. ნაცმოძრაობამ, ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) საკუთარი წევრობის გამოყენებით, თითქმის მოახერხა საერთაშორისო ასპარეზზე იმ აზრის გავრცელება, რომ [ნატოს და ევროკავშირის სტრუქტურებში გამოცდილების მქონე!] სალომე ზურაბიშვილი „პრორუსი კანდიდატია“, ხოლო [საბჭოთა წარსულით მოამაყე, ომის მერეც რუსული პასპორტის ვერდამთმობი!] გრიგოლ ვაშაძე – „ქართული ეროვნულობის და დამოუკიდებლობის ბურჯი და გარანტი“ (Sic!). ზურაბიშვილის ქართულის ხარვეზები აგრესიული თავდასხმების კიდევ ერთ მოწყვლად სამიზნედ იქცა და ისედაც ნაკლებად კომუნიკაბელური კანდიდატის კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და კომუნიკაციის დეფიციტი გამოიწვია… შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველად ვიხილეთ მასირებული ბულინგი კანდიდატის მიმართ, როდესაც მის პატრიოტიზმს ის დაქირავებული მიშისტებიც კი უშვერად იხსენიებდნენ, რომელთაც თავად პუტინის და კადიროვის ღონისძიებებში მონაწილეობის “მდიდარი” გამოცდილება და დაფინანსების ისტორიაც კი გააჩნდათ. დაბოლოს, ცოდვა გამხელილი სჯობს, პოლიტიკური დებატები სალომე ზურაბიშვილმა ორივე კონკურენტთან წააგო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ნაკლებად გამოცდილია ამ საქმეში, ხოლო უფრო მეტად იმიტომ, რომ დებატები ქართულად იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილი, აშკარაა, რომ აზრს ფრანგულად ან ინგლისურად აყალიბებს და მერე ახდენს მის თარგმნას. მსგავსი პრობლემები იმ ემიგრანტ ბალტიისპირელ ლიდერებსაც ჰქონდათ, ვინც უცხოეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ და უკვე შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, როგორც პოლიტიკური ლიდერები. მაგრამ მათ არ მოუწიათ ასეთ აგრესიულ ოპონენტებთან და მედიასთან პაექრობა.
- ქართული ოცნების PR-სამსახური პირველ ტურამდე იყო ცოცხალმკვდარი, ხოლო ქართული ოცნების სოციოლოგიური სამსახური – მკვდარზე უარესი, რამეთუ მათი კვლევები მხოლოდ თვითდამშვიდების ჰიპნოზის ეფექტის მქონე აღმოჩნდა. მაგალითისთვის მოვიყვან ორ დეტალს – ის, რომ ნაცმოძრაობის 400-ლარიანი პენსიის დაპირება სრული ბლეფი იყო და ელემენტარულად საქართველოს ბიუჯეტს არაფრით შეესაბამებოდა, ისევე როგორც ვაშაძის PR-კომპანიაში რუსი პიარ-ტექნოლოგების და კერძოდ, იმ შკლიაროვის მონაწილეობა, რომელმაც საქართველოში საარჩევნო რევოლუცია დააანონსა, – ორივე ეს ამბავი ფეისბუქზე გახმაურდა – არა ოცნების ან ზურაბიშვილის PR-ჯგუფების ან საარჩევნო შტატების მიერ, არამედ უბრალოდ, დაინტერესებული და დაკვირვებული ფეისბუქ-მომხმარებლების (თუ არ ვცდები – ირა ჭელიძის და მერაბ მეტრეველის) მიერ.
- ამ ფონზე, ის მასიური და ტოტალური უპირატესობა, რაც ბანერების და სხვა რეკლამის მხრივ, კონკურენტებთან შედარებით სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა – რეალურად იქცა ანტირეკლამად. დუხჭირ მოსახლეობაზე, არა მგონია, პოზიტიურად მოქმედებდეს საარჩევნო ბანერებში და რეკლამებში ჭარბად დახარჯული თანხების დემონსტრირება.
- საკმაოდ დიდი აცილება ნაცმოძრაობის აგრესიულ კამპანიასა და ოცნების „ევროპულ“ კამპანიას შორის. I ტურში ოცნებას მორალური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მორალური უპირატესობით ამ კიკბოქსინგის მოგება შეუძლებელი იყო…
- დაბოლოს, არჩევნების პირველი ტურის წინ, ოცნებამ განახორციელა რამდენიმე ძალიან მძიმე შეცდომა, რასაც ვერც კი ინატრებდა მათგან ნაცმოძრაობა:
- – კანაფის (სამედიცინო მარიხუანის) კულტივირების და ეკონომიკური პრობლემების პანაცეად გამოცხადების თემა! ამ თემის უსწრაფესი „პოპულარიზაციით“ მკვეთრად გაღიზიანდა სამღვდელოება და საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ხოლო, თუ ვინმე ელოდა, რომ ახალგაზრდობასა და მემარჯვენე მსოფლმხედველობის ეკონომისტებში მაინც იქნებოდა ეს იდეა პოპულარული, მწარედ შეცდნენ – ამ ტიპის გადაწყვეტილებებს თუ ვინმეს დაუფასებდნენ, არა – ქართულ ოცნებას, არამედ – ისევ „გირჩს“, რომელიც დიდი ხანია, თავის იდეოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად სწორედ მაქსიმილურ კანაფიზაციას აცხადებს.
- ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანის გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქუთაისში ვაშაძის პირველ ტურში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გამარჯვების მიზეზი მგონია.
- რიგი, საზოგადოებაში არაპოპულარული, გადაწყვეტილებების გახმაურება სწორედ არჩევნების წინ (მაგ. ხორბლის გადამზიდავების თემა).
- უკვე ყბადაღებული დაპირისპირება და აქტიური შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
- როგორც ლამის ყველა არჩევნების წინ – ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა…
II ტური – ნაცმოძრაობის ფიასკო
II ტურის წინ ნაცმოძრაობას ჰქონდა ყველა ის უპირატესობა, რაც თითქოს მის საბოლოო წარმატებას უზრუნველყოფდა
ა) თუნდაც ბუტაფორიული, მაგრამ მაინც – კოალიციურობა, რასაც პირველი ტურის შემდეგ კიდევ ევროპული საქართველო, რესპუბლიკელები და გუბაზ-ოქრუაშვილიც დაემატნენ. მაშინ როცა ოცნების მხარეს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი დადგა გამოკვეთილად, ხოლო ლეიბორისტებმა, შენების მოძრაობამ და თავისუფალი დემოკრატებმა, უბრალოდ, ნეიტრალიტეტი არჩიეს;
ბ) I ტურში მოგროვილი ხმების უპირატესობა: 780,000 – 615,000-ის წინააღმდეგ;
გ) თავად ოცნებაში გაჩენილი მკვეთრი შეშფოთება და დაბნეულობა;
დ) პარალელები 2003 წელთან, როცა მოქკავშირის თითქოსდა მონოლითურ სახელისუფლებო გუნდში პირველი ბზარების გაჩენამ მკვეთრი არქიტექტონიკული ძვრები და ხელისუფლების სწრაფი ჩამოშლა განაპირობა. და ამ სიტუაციური დეჟავიუს განსაკუთრებულად საშიში ფენომენი – ხელისუფლების საპარლამენტი ბლოკში მაჟორიტარი დეპუტატების დიდი მასა, რომლებიც, როგორც ისტორია აჩვენებს, ყოველთვის ადვილად გადახტებიან მოწინააღმდეგის ნავში – ჩაძირვის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე.
მაგრამ მოხდა ის, რასაც ისევ მოსალოდნელი მოულოდნელობა შეიძლება ვუწოდოთ: – 0:5-ით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მატჩი 10:5 დასრულდა – უკვე ოცნების სასარგებლოდ.
მოდით, მეორე ტურში სიტუაციის მკვეთრი ცვლილების მიზეზებსაც გადავავლოთ თვალი:
- დამნაშავეების შეწყალების დაპირება – პირველი ტურით თავბრუდახვეულმა გრიგოლ ვაშაძემ სასწრაფოდ, ლამის პირველივე ინტერვიუში გამოაცხადა მისი არჩევის შემდეგ „პოლიტპატიმრების“ და „პოლიტბრალდებულების“ სრული რეაბილიტაცია და შეწყალება. დამატებით ჩაკითხვაზე დააზუსტა, რომ ამ სიაში შევიდოდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ცააძე და სხვები. ამით გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი მომხრეების გამხნევება სურდა, მაგრამ ის ვერ გათვალა, როგორ ანტინაცურ მობილიზებას გამოიწვევდა ასეთი პერსპექტივა საზოგადოების ფართო წრეებში – იმ ნაწილში, რომელიც პირველ ტურზე ძირითადად, თავი არ შეუწუხებია. საყურადღებო იყო ნაცკანდიდატის ამ „გულუხვ“ დაპირებაზე იუსტიციის საბჭოს წევრის ანა დოლიძის გამოხმაურება, რომელიც ოცნების მხარდამჭერად ნამდვილად ვერ ჩაითვლება: ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე – ის არის პრობლემების მთელი პაკეტი, ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი – ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
- კამპანიაში მიშას ჩართულობა და მისი გამოუსწორებლობის დემონსტრირება. პირველი ტურის შედეგებმა ქვეყნიდან გადახვეწილი ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის არნახული აჟიტირება გამოიწვია. მას იმედი მიეცა, რომ მალე ქვეყნის პრეზიდენტად (და მთავარსარდლად!) საკუთარ პროტეჟეს იხილავდა და ოცნების ხელისუფლების ჩამოშლისთვის 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არნახულ ბერკეტებს მოიპოვებდა. ამიტომ სულ უფრო გაზარდა ის, რაც კანონით აკრძალულია კიდეც – უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა. რუსთავი2 კი, უკვე მერამდენედ, იქცა არა იმდენად ნაცმოძრაობის, არამედ – პირადად მიხეილ სააკაშვილის რუპორად. გაიზარდა მიშას აგრესიულობის კოეფიციენტი. ოცნების მალე დასაფლავების ოცნებაში შესულ მიშას „ღარიბი და ქილა ერბოს“ პერსონაჟის სინდრომი დაემართა და „გასწიეთ, ჩემო ნიშავ და ნიკორაო!“, გამეტებით იქნევდა სახრეს… ჰოდა, მაწონიც დაღვარა. რაც უფრო მეტად გავეშებული იყო მისი განცხადებები და ანთებული – თვალების ბრიალი, მით უფრო ცხადი იყო, რომ ვაშაძის გამარჯვება საქართველოში მასშტაბური დესტაბილიზაციის დასაწყისი იქნებოდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის მიერ მუქარის ტონით გაჟღერებული „უკაცრავად, გოგოო! აბა ცოტა მოდი ჭკუაზე!“ და ოცნების მიერ დაქირავებული PR-მენეჯერის „აფერისტ ებრაელად“ მოხსენიება. თუ პირველ ტურში არა მარტო გულმხურვალე ნაცმხარდამჭერები, არამედ არასამთავრობო სექტორის სერიოზული ნაწილი ღიად თუ ფარულად მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს, ახლა ეს მათთვის სულ უფრო გაძნელდა გახელებული ექს-პრეზიდენტის მიერ სექსისტურ-ეიჯისტურ-რასისტული გამონათქვამების გამო…
- საარჩევნო კამპანიაში ჯარის და პოლიციის ჩართვა. მიხეილ სააკაშვილი სავსებით შეგნებულად ახდენდა საზოგადოებაში იმ აზრის დათესვას, რომ ნაცმოძრაობას მყარი დასაყრდენი აქვს ძალოვან სტრუქტურებში. ამის რეალიზებისა და დემონსტრირებისთვის მათ ორი ტაქტიკა შეიმუშავეს – აქციებზე პოლიციის მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან პროვოცირების და „დაჩმორების“ პოლიტიკა (ამ მხრივ განსაკუთრებით „ჟურნალისტი“ გვარამია გამოირჩეოდა), რასაც რიგით პოლიციელებში ივანიშვილის დროინდელი ცენტურიონების ზე-სტატუსის მონატრება უნდა გამოეწვია. ხოლო მეორე მხრივ – ყოფილი პოლიციელებისა და სამხედროების ფორმაში ჩაწერილი ვიდეოჩანაწერების გავრცელება, სადაც ისინი უნდობლობას უცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ეს უკანასკნელი იყო არნახული მასშტაბის პროვოკაცია. მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც თავისი პოლიტიზირებული ავტოკრატიული რეჟიმის ზეობისას, ისევ ცდილობდა ჯარის და პოლიციის პოლიტიზირებას! ვფიქრობ, სასწრაფოდ მისაღებია ცვლილებები კანონში – რა თქმა უნდა, ნებისმიერ ყოფილ სამხედროს სრული უფლება აქვს, როგორც სხვა მოქალაქეს, თავისი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები გამოხატოს, მაგრამ – არა ჯარის ან პოლიციის მუნდირში! ხოლო მათ, ვისაც ჯარის და პოლიციის მუნდირი კანონით აცვიათ, პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვა აკრძალული უნდა ჰქონდეთ. ამას დაემატა ასევე თითიდან გამოწოვილი ინსინუაცია იმის თაობაზე, რომ ვითომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს შეიძლება ქართველი სამხედროების დადანაშაულება და ჰააგის სასამართლოს მიერ დევნა მოჰყვეს. სააკაშვილის და რუსთავი2-ის მიერ წარმოებულ ამ მასირებულ შეტევას საზოგადოების უდიდეს ნაწილზე საბოლოო ჯამში დიდი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისი განმარტებების წყალობით – უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების და PR-სამსახურების მხრიდანაც, ასევე იმ პირთა მხრიდანაც, რომელთა რეპუტაციას და კვალიფიკაციას ნაციონალები „ქოცობის“ არგუმენტით ეჭვქვეშ ვერ დააყენებდნენ – მაგ. თინა ხიდაშელის, სანდრო ბარამიძის, და სხვათა – მხრიდანაც. თუმცა, სავარაუდოდ, მაინც სწორედ ამ „ჰააგით დაშინების“ კამპანიის შედეგი იყო ის, რომ ავღანეთში ქართულ საჯარისო ნაწილებში ნაცმოძრაობის კანდიდატმა პირველი ტური კი წააგო, მაგრამ მეორე ტურში მოიგო. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი – ჯარის და პოლიციის პოლიტიზირების და არჩევნებში ჩართვის მცდელობა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ სრულიად მართებულად ნეგატიურად იქნა აღქმული, როგორც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა პირადი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის საქართველოში დესტაბილიზაციის დათესვის და სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღების ამდაგვარ ხერხებზე.
- სააკაშვილის და თემურ ალასანიას საუბარი – არა მგონია, გულმხურვალე ნაცფანებს დაეჯერებინოთ ბიძა-ძმიშვილის საუბრის ავთენტურობა, ან თუ დაიჯერეს, ალბათ ჩათვალეს, რომ ქართველების მიმართ ლანძღვა-გინება მათ არ შეეხებოდათ. მაგრამ დანარჩენებზე, რა თქმა უნდა, ამ საზარლად ცინიკურმა დიალოგმა, იქონია გავლენა და კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცოდი დიდი ხანია – ამ ოჯახის წევრებს საქართველო და ქართველები ფეხებზე ჰკიდიათ. მათ საქართველო და ქართველები მხოლოდ მაშინ მოწონთ, თუ ქართველები მათ აძლევენ ხმას, და არ არსებობს კრიმინალი, რომელზეც წასავლელად ისინი მზად არ არიან, თუ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცემათ. ფენომენალური იყო ამ თემაზე თემურ ალასანიას კომენტარში წამოცდენილი Lapsus lingua – მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ, მით უმეტეს – ტელეფონითო !!!
- ოდიოზური ფიგურების დამატება – ნაცმოძრაობის კანდიდატმა მეორე ტურში არა მარტო ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარანტია მიიღო, არამედ – რესპუბლიკელების, ირაკლი ოქრუაშვილის და გუბაზ სანიკიძის თანადგომაც. დასახელებულ პარტიებზე ქვემოთ მოგახსენებთ, ხოლო ამ პირების შემომატებით ნაცმოძრაობამ, ვფიქრობ, ვერაფერი მოიგო. ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აშკარაა – გორში ნაციონალებმა პირველი ტური მოიგეს: 42.5% – 34.6%, მეორე ტურში კი წააგეს: 38%-62%.
- მიშასგან გვიანი დისტანცირება. – გრიგოლ ვაშაძემ სცადა, გამიჯნოდა მიხეილ სააკაშვილს, ის კი არადა – ნაცმოძრაობის ლიდერთა შეწყალებაზეც აღარ იღებდა ხმას. დაანონსებული 100,000-იანი მიტინგით ხელისუფლების ჩამოშლაც უკან წაიღო. მაგრამ დააგვიანდა – ჩიტი უკვე გამოფრენილი იყო. ნაციონალებს საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება და მობილიზაცია სურდათ, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ – პირველ ტურში მიძინებული ანტინაციონალი ამომრჩეველი გამოაფხიზლეს.
- საზოგადოების გამოფხიზლება – სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ქართულ ოცნებას არ მოუგია – მეორე ტური მოიგო ხალხმა. იმ ხალხმა, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა – ან ოცნებაზე განაწყენებული, ან ოცნებისგანვე დაიმედებული – მაინც არაფერია იქ საშენო, ცუდი მაინც ვერაფერი მოხდებაო. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლეიბორისტების, შენების მოძრაობის, გირჩის მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა, მათი ლიდერების ნეიტრალიტეტის მიუხედავად, მაინც ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მისცეს ხმა. თუმცა, ეს არ იყო მთავარი. სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთა რაოდენობა პირველიდან (615,000) მეორე ტურამდე (1,147,700) – 532,000-ზე მეტით, ანუ თითქმის 87%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლებისა (თუ მათ პირველ ტურში დავით ბაქრაძისათვის მიცემულ ხმებსაც დავამატებთ), პრაქტიკულად არ გაზრდილა – 775,000-დან 780,000-მდე (0.6%-ით). პირველი ტურის შემდეგ ბატონ იაგო კაჭკაჭიშვილს გავუზიარე ჩემი პროგნოზი, რომ თუ მეორე ტურში 10%-ზე მეტით მოხდებოდა არჩევნებზე მისული ადამიანების საერთო რიცხვის გაზრდა, მაშინ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მოგების შანსი, ხოლო 15-20%-იანი ზრდის შემთხვევაში – ეს თითქმის გარანტირებული იყო. პირველ ტურში 1,638,000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო მეორე ტურში – 1,928,000-მა. რაც 18%-იანი ზრდა იყო. და სალომე ზურაბიშვილმა, მართლაც, ძალიან დამაჯერებლად მოიგო. რამ გამოიწვია ასეთი ტექტონიკური ძვრა სულ რაღაც 1 თვეში?
- ოცნების ამოძრავება – პირველი ტურის შემდეგ ოცნებამ გამოიღვიძა – შექმნეს საარჩევნო შტაბები, ცეცხლი შეუნთეს მაჟორიტარებს, იქირავეს სერიოზული PR-კომპანია და დაიწყეს დაპირებების გაცემა. სრულიად აშკარა იყო, რომ სხვადასხვა მიმართულებით გადამლაშებაც ხდებოდა. მე პირადად, ასეთ მიუღებელ გადამლაშებად მეჩვენება ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მასიურად ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის და ოცნების სხვა ლიდერების პორტრეტებით – იმის მაგიერ, რომ ერთობლივი ფოტოები დაედოთ (სხვათა შორის, ბოლო ეტაპზე ზოგან ესეთი კოლაჟებიც გაჩნდა). მაგრამ იმ რეალობისაგან იმ აცდენას, რომ სალომე ზურაბიშვილი თითქოსდა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო – ეს ჩანაცვლება იმით მაინც სჯობდა, რომ მოსახლეობას ალალად უთხრა, ვის მიჰყავდა აღლუმი. მოშე კლუგჰაფტის მართლაც ძალიან აგრესიული კამპანია ნამდვილად არ იყო „ევროპული არჩევნების“ ეტალონი, მაგრამ როგორც ამბობენ à la guerre comme à la guerre და ეს არჩევნები ნამდვილად უფრო ომს ჰგავდა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მასირებული ბულინგით და ფეიკ-ინფორმაციების გავრცელებით. ასე რომ, ნაცმოძრაობის ძველი სახეების გამოჩენა ვაშაძის პორტრეტის უკან ეს პრინციპში ის იყო, რაც ვაშაძემ თავად დაანონსა.
- სამედიცინო მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევა. კანაფის კულტივაციის უაღრესად წინააღმდეგობრივ და წამგებიან კამპანიაზე სასწრაფოდ უარის თქმამ ხელიისუფლებას და მის კანდიდატს მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილის გაღიზიანების ჩაქრობის საშუალება მისცა.
- ნაძვის ხის დათმობა – ძალიან საჩოთირო ქვეტექსტი მიეცა პირველი ტურის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას, როცა ქალაქის მერიამ ზაზა სარალიძეს და თეიმურაზ მაჩალიკაშვილს ნაძვის ხის განთავსების მოტივით შეახსენა, რომ მათი პარლამენტის წინ მიმდინარე საპორტესტი აქცია უნდა დასრულებულიყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მორალურად მიუღებლად მიიჩნია შვილმკვდარი მამების პროტესტის ადგილიდან განდევნა იმ მოტივით, რომ ბავშვებისთვის იქ ნაძვის ხე უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ხელისუფლება მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და უკან დაიხია – რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანა ნაძვის ხე…
- ბუტა რობაქიძის მკვლელობასა და იარაღის ფაბრიკაციის საქმეზე უზომოდ გაჭიანურებული სასამართლოს დასრულება. საზოგადოებაში ამან დიდი ხნით დაგვიანებული სამართლის ურმის როგორც იქნა გამოჩენის ეფექტი შექმნა.
- სოციალური ვალდებულებები – ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მოიქაჩლა თავი – ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს (დანამატებიც) და დირექტორებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სასაზღვრო პოლიციას, სოციალურად დაუცველ მოზარდებს და ბავშვიან ოჯახებს (10 ლარის ნაცვლად – 50 ლარი თვიურად), მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ დახმარება, დღემდე უბინაო საკონტრაქტო სამხედროებს გადაეცემათ ბინები და ა.შ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა სერიოზულად ასდის ამომრჩევლის მოსყიდვის სურნელი, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი ნაბიჯები პოზიტიურად აღიქმება და ძნელი სათქმელია, როდის მივაღწევთ იმ მდგომარეობას, როცა მხოლოდ იურისტები კი არა, მთელი მოსახლეობა ნეგატიურად შეხედავს ამგვარ წინასაარჩევნო სიკეთეებს.
- ვალების განულება – ყველაზე უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელმაც ლამის 600,000 ადამიანის მდგომარებას შეეხო, იყო 2,000 ლარამდე საკრედიტო დავალიანებების გასტუმრება საქველმოწმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. ეხლა, სადაც რამდენიმე კილო კარტოფილის და ხახვის, თუ ორკილოიანი ინდაურის ფეშქაში განიხილებოდა მოსყიდვის მცდელობად, 2,000 ლარი მოსყიდვა კი არა, არქიმოსყიდვაა, რასაკვირველია, მაგრამ ჯერ ერთი, ეს თემა მართლაც იყო დაანონსებული მაისიდან და თან, ვინ რა იცოდა, მოსასყიდი პირი ფარულ არჩევნებზე ხმას ვის მისცემდა? ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსში მკაცრად უნდა გაიწეროს ანალოგიური შემთხვევები და დაწესდეს მორატორიუმი, მაგალითად, პირველი ტურის დაწყებამდე 2 თვე, როცა მსგავსი მასშტაბური დაპირებები და ქველმოქმედებები უპირობოდ დასჯადი გახდება. თუმცა,ეს რომ მოხდეს, ამაზე პოლიტიკურ ძალთა კონსენსუსი უნდა არსებობდეს და თუ ხელისუფლებას აეკრძალება რაიმე პროგრამის განხორციელება/დაპირება, მაშინ ოპოზიციასაც უნდა აეკრძალოს მსგავსი მასშტაბის დაპირება. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს საარჩევნო აგიტაციას… მეორე სერიოზული პრობლემა ისაა, რომ თავად ოპოზიციამ ხელისუფლების ამ ქმედებებზე (2.11-2.12) იმდენად ლეგალურად განმტკიცებული ბრალდებები კი არ წარადგინა, არამედ გულწრფელად გაწიწმატდა, – ეგო, ჩვენი იდეა იყო, ჩვენ გვინდოდა მაგის დაპირებაო (ანუ, დაგვასწრეს ხალხის მოსყიდვაო!). სანამ ეს ასე იქნება, ფორმალურად დასჯადი ქმედებების პრაქტიკიდან რეალურად ამოგდება შეუძლებელი იქნება…
არჩევნები დამთავრდა! არჩევნები მოდის!
არჩევნები კიდეც დასრულდა და ამავდროულად – არც დასრულებულა.
ჯერ ერთი, მთავარი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ხოლო ამ ძალის დაუძინებელმა (და ორი ქვეყნის ტახტის მადევარმა) ლიდერმა ისიც კი განაცხადა, სინამდვილეში გრიგოლ ვაშაძე არის საქართველოს არჩეული პრეზიდენტიო!
ყველა ოპოზიციური ძალა ითხოვს ვადამდელ საპარლამენტ არჩევნებს და თანაც – შეცვლილი – პროპორციული წესით. სახელისუფლებო ძალის მთავარი არგუმენტი მხოლოდ ისაა, ვერ წავალთ ამაზე – სტაბილურობა დაირღვევაო…
აშკარა გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას მოჰყვა ახალი კრიზისის – სასამართლო ხელისუფლების კრიზისის გამწვავება. ის რაც არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელა, ფაქტიურად ხელისუფლებისათვის (და სახელისუფლეებო გუნდის ერთობისათვის) უფრო მეტად საშიში ბომბის დადებას ჰგავს, ვიდრე ეს ოპოზიციამ შეძლო. ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას მართავს აშკარად არაპოპულარული, დაბალრეიტინგული (კეთილსინდისიერების და სამართლიაობის კუთხით მაინც) მოსამართლეების კასტა, რომლის ძირითადი ინტერესი არის საკუთარი მარადიულობის ჩაბეტონება და ამისათვის მზად არიან საკმაოდ საჩოთირო და იურიდიულად გაუმართლებელ ნაბიჯებზე წავიდნენ – ისარგებლონ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, წარადგინო დასამტკიცებლად საკუთარი გვარებით დაკომპლექტებული სია, რომელიც არ ვიცით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორ განიხილეს და როგორ უყარეს კენჭი და ა.შ. ხოლო როცა საკუთარ რეიტინგზე შეშფოთებული პარლამენტი ამ მარაზმში გადასულ პროცესს აჩერებს, მომენტალურად დგამენ შურისძებითი შანტაჟის კლასიკურ აქტს – უვადოდ ირჩევენ მოსამართლედ ლევან მურუსიძეს. და ეს ყველაფერი პრაქტიკულად წყალში ყრის იმ უდავოდ პოზიტიურ ძვრებს, რაც სასამართლო სისტემაში 2012 წლის მერე სახეზეა – ჯარიმების თანხების კოლოსალური შემცირებით და განსაკუთრებით, – გამამართლებელი განაჩენების ასევე კოლოსალური ზრდით! აქ მახსენდება მე-4 კურსზე ყვარელში საშემოდგომოდ რთველზე წაყვანილ სამედიცინოს სტუდენტებთან მაშინდელი პრორექტორის (იდეოლოგიურ დარგში) მურმან ნ.-ის ფანტასტიური ფრაზა – „მარტო ის კი არაა მნიშვნელოვანი, რომ მსუბუქი ყოფაქცევა არ ახასიათებდეს გოგონას (!), არამედ ისე უნდა იქცეოდეს, რომ ხალხს არც გაუჩნდეს ეჭვი – მსუბუქი ყოფაქცევის შესაძლებლობაზეო!” 🙂
ყველა სადამკვირებლო ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა საზოგადოების გამოხტული პოლარიზებით და (მეორე ტურში) აგრესიული კამპანიით, ხოლო არჩევნების დროს არსებული დარღვევები ყველაზე სერიოზული იყო 2012 წლის შემდეგ. თუმცა არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია და ამას ვერ დააყენებს თუნდაც ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის ის ვიდეოკადრები, რაც ნაცმოძრაობამ მეორე ტურის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაავრცელა. 10-20 უბანზე კიდეც რომ დადასტურდეს საარჩევნო ადმიისტრაციის მხრიდან დაშვებული დარღვევები თუ დანაშაული, 3700 უბნის შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა და სავარაუდოდ, მხოლოდ იმ კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი დადგება, ვინც ამ კადრებზე ჩანს.
არჩევნების ყველაზე მკვეთრი შედეგები:
ქართული ოცნება მყარად არ პყრობს ხელისუფლების ბერკეტებს, რადგან არც არის რეალურად მწყობრი და იდეოლოგიურად თუ სტრუქტურულად გამართული პარტია. მან არჩევნები ვერ მოიგო, არამედ – არ წააგო. რადგან ხალხის გაცილებით დიდი ნაწილი გაცილებით დაუშვებლად თვლის ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის და განსაკუთრებით – სააკაშვილის დაბრუნებას, ვიდრე ის ხალხი, ვინც დაუშვებლად ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას მიიჩნევს! ასე რომ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნას ნაცმოძრაობას და სააკაშვილს უნდა უმადლოდეს.
ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ის ამას ძირითადად მიხეილ სააკაშვილს და ქართულ ოცნებას უნდა უმადლოდეს. მაგრამ იგი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში – სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“, რომელიც არის კვაზიდესტრუქციული სუბიექტი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, და რომელიც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ავტომატურად უკავშირდება ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას.
„ევროპულმა საქართველომ“ ვერ მოახერხა სერიოზულ ოპოზიციურ ალტერნატივად ჩამოყალბება. არადა, მათ ამის შანსი ჰქონდათ პირველ ტურში, და მათი დამარცხებაც კი 11%-იანი რეიტინგით – არ იყო ცუდი შედეგი. მაგრამ მათი გაერთიანება მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატთან აჩენს იმის შეგრძნებას, რომ ისინი ჯერაც ვერ გამოვიდნენ სააკაშვილის ჩრდილიდან და ამან მათ მომხრეების ნაწილი დააკარგვინა.
თბილისის მასშტაბით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“ და „გირჩმა“ – ზოგიერთ საარჩევნო ოლქებში მათმა მაჩვენებელმა 7-8%-ს გადაამეტა. მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მიღებული მაჩვენებელი 3%-სც კი ვერ უახლოვდება. თუმცა, რეგიონებში მუშაობის გაძლიერების შემთხვევაში ორივე ამ პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი 2020 საპარლამენტო არჩევნებზე.
ყველაზე უფრო წარმატებული ეს არჩევნები აღმოჩნდა არა ზემოთჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტებისათვის, არამედ იმ პოლიტიკოსისათვის, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში – იმ დროს, როცა ქართული ოცნება თავის ბექგრაუნდად და მიუღებელ, მაგრამ მაინც ერთადერთ ალტერნატივად ნაცმოძრაობის შენარჩუნებას ცდილობდა, სწორედ კოჰაბიტაციის დამგმობმა და სამართლიაობის აღდგენის ლოზუნგით მუდმივად გამომსვლელმა ირმა ინაშვილმა დაიკავა ის თავისუფალი ადგილი, რომელიც სამართლიაობის დამკვიდრებისათვის ფრონტზე მას მორიდებულად გაუნთავისუფლა ქართულმა ოცნებამ. პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულმა მრავალრიცხოვოვანმა მიტინგებმა ბათუმში და თბილისში კი იმის განცდა გააჩინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ირმა ინაშვილს შეიძლება მესამე შედეგიც კი ეჩვენებინა. მე არ მივეკუთვნები მის მომხრეთა რიგებს და ისიც კარგად მესმის, რომ 25 ნოემბერს თბილისში ლამის 100,000-იან მიტინგზე ბევრი ადამიანი არა იმდენად ინაშვილის მხარდამჭერი იყო, რამდენადაც სააკაშვილის და ნაცმოძრაობის არდაბრუნების მსურველი და მაინც, იმ აზრზე ვრჩები, რომ 2018 წლის ბოლო აკორდი სწორედ ირმა ინაშვილისთვის იყო ყველაზე მომგებიანი.
საფრთხეები:
ნიჰილიზმი და „მგელი! მგელით!“ გადაღლა.
ქართული ოცნების (ალბათ, უფრო, პირადად ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა), რომ ნაცმოძრაობის, როგორც ურჩხულის ჩონჩხის კარადაში შენახვა უზრუნველი მმართველობის ყველაზე კარგი გარანტია იქნებოდა, უკვე კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. სულ უფრო აშკარაა, რომ ნაცმოძრაობა აღარ არის იმდენად სუსტი, რომ „მსხლის“ როლი ითამაშოს, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე მობეზრდა ოცნების მმართველობა და არაა გამორიცხული, ერთხელაც „სპარინგ-პარტნიორმა“ მოულოდნელი ალიყური აწვნიოს ფავორიტს, როგორც ეს პირველ ტურში მოხდა. ხოლო დესტაბილიზაციის ისეთი დიდოსტატის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, დაუფასებლობა, ძვირად შეიძლება დაუჯდეს ოცნებას – სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია – ამაზე უკრაინელი მებრძოლების თბილისში მოვლინებაც მეტყველებს, და კიდეც რომ არ ჰქონდეს რეალურად გადატრიალების მოხდენის რესურსი, შეიძლება ის მოხდეს, რომ ქვეყანაში დაწყებული დაპირისპირება სათავისოდ რუსეთმა გამოიყენოს. რაც უფრო მეტი დრო გავა, სულ უფრო მეტი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის ინტერესები საქართველოში ერთმანეთს დაემთხვეს და მიშამ ისევ ვოვასთვის სასურველი თამაში ითამაშოს, ან – ნებით, ან – უნებლიედ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა…
სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად – მურუსიძის ხატის დამკვიდრება.
ლევან მურუსიძეს, როგორც ადამიანს, აქვს უფლება, რომ არ იქნას განდევნილი პროფესიულად, მაგრამ თუ ლევან მურუსიძის ხატება იქნება ქართული სასამართლოს ხატება, ეს სასამართლო, მთელი რიგი სერიოზული წარმატებების მიუხედავად, ვერ დაიმკვიდრებს საზოაგადოებაში მაღალ რეპუტაციას და ადამიანებს არ ექნებათ მურუსიძის, ჩინჩალაძის, მიქაუტაძის, გვრიტიშვილის და სხვათა მიერ მართული სისტემის ნდობა. სწორედ ეს მიდგომა უნდა იქცეს, ჩემი მოკრძალებული აზრით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მთავარ ვექტორად – საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოში არ უნდა იქნან არჩეული ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართ არსებობს არგუმენტირებული ეჭვები და საფუძველი. და საერთოდ, ჯერ უნდა დადგინდეს ნორმები და პროცედურები და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს, პირების არჩევა და დანიშვნა! ის რაც იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობამ ჩაიდინა, როცა უსწრაფესად ისარგებლა მარჯვე მომენტით და საკუთარი თავები წარადგინეს სისტემის და უზენაესი სასამართლოს მარადიულ ხელმძღვანელებად, რეალურად იყო ხარაკირი! და თუ ქართულ ოცნებას და პარლამენტის ხელმძღავნელობას არ უნდა, რომ ეს მათი ხარაკირი გახდეს, აჯობებს, რომ ეს სწორედ იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ხარაკირად იქცეს.
საარჩევნო საჩუქრების აპეტიტის ზრდა
მოსახლეობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა პირველი ტურის შემდეგ სერიოზული ბენეფიტები დაარიგეს. ტაქტიკურად ეს მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ მომავალში ამას ორი სახიფათო სტრატეგიული დანაკარგი შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებისათვის – მოსახლეობას შეიძლება ჭკუაში დაუჯდეს მმართველი ძალის პირველ ტურში შეჯანჯღარება, და რაც ყველაზე არასასურველია – შეიძლება გაჩნდეს ზრდადი მოლოდინები. იმის მსგავსად, ზვიად გამსახურდიას დროს ინსტიტუებში ჩაჭრილი სტუდენტები რომ ჩარიცხეს და მერე ეს ლამის მოთხოვნად იქცა… იმედია, მთავრობა მოახერხებს მოსახლეობას განუმარტოს, რომ ვალების განულება მხოლოდ ერთჯერადი აქცია იყო – წინა ხელისუფლებების დროს არასრულყოფილი რეგულაციების შეცდომის გამოსწორების სურვილით გამოწვეული, და ახალი ვალების დამგროვებლებს არ უნდა ჰქონდეთ ახალი განულებების იმედი.
რა შეიძლება მოხდეს და რა არ უნდა მოხდეს:
უნდა მოხდეს სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეების უსწრაფესად და დამაჯერებლად გამოძიება. და გაჭიანურებაში დამნაშავე პირების დასჯა (მინიმუმ, თანამდებობრივი დაქვეთების სახით).
შეიძლება მმართველი გუნდი დაიშალოს – ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა სერიოზული მანიშნებელია. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აღარაა აუცილებლობა, ხოლო 114-დან 75-მდე (უბრალო უმრავლესობის დაკარგვამდე) ჯერ კიდევ დიდი მანძილია და, სავარაუდოდ, ეს არ მოხდება 2020-მდე.
შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარეც შეიცვალოს და საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლოს – არც ეს იქნება კატასტროფა. ხოლო კობახიძის პროფესიული ჩვევების გათვალისწინებით, იქნებ, უკეთესიც კი იყოს.
შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. თუმცა, ძალიან მეეჭვება, ეს მომავალ წელს მოხდეს. არ გამოვრიცხავ, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია ვიხილოთ – უკვე 2019 წელს. თუ ივანიშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში, ეს გააქრობს არაფორმალური მმართველობის ბრალდებებს და სახელისუფლებო გუნდის ტონუსში მოყვანას ხელს შეუწყობს. მაგრამ ისიც საკითხავია, რამდენად კარგი პოლიტიკური მენეჯერი იქნება იგი. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ პოლიტიკა ვერ იტანს შორიდან მართვას და ქართულ პოლიტიკაში – როგორც გურამ დოჩანაშვილის კლიმი იტყოდა “…ხის ჩრდილში ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი” არ ამართლებს… თუმცა ვნახოთ, ივანიშვილის ხანგრძლივვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი და ვინ იცის, ეგებ ახლა მაინც სწორი საკადრო გადაწყვეტილებები განახორციელოს.
აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მომავალი არჩევნების ბედი თბილისში არ გადაწყდება. რეგიონები და რაიონები სულ უფრო სავალალოდ ჩამორჩებიან დედაქალაქს და თუ იქ ძირეული ძვრები არ განხორციელდა დასაქმების, მოსახლეობის ადგილზე დამაგრების და პერსპექტივის გაჩენის კუთხით, თუ რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ხელი არ გაანძრიეს და საკუთარ მერკანტილური ინტერესები არ მოთოკეს, იქაური მოსახლეობა მალე, მიშას კი არა, არაა გამორიცხული ვოვასაც კი შეეკრას. ივანიშვილს და ოცნების სხვა ლიდერებს მოუწევთ მეტი აქტივობების და ფინანსების გადამისამართება, მეტი და უკეთესი რეალური თვითმმართველობის განხორციელება რეგიონებში. კალაძე რამდენადაც კარგია თბილისისთვის, იმდენად, ცუდია რეგიონებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტად ზრდის დისონანსის განცდას და მოსახლეობის თბილისისკენ მოდინების არასასურველ ტენდენციას აძლიერებს.
შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილმა სულ უფრო მეტად დაიწყოს საკუთარი დამოუკიდებლობის დადასტურება და საკუთარი და (ხელისუფლების !) რეპუტაციის, როგორც დამოუკიდებელი მმართველის აღდგენა. ამ მხრივ მას სერიოზული ნიშა აქვს – საერთაშორისო ურთიერთობები, დიასპორასთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა (არ მგონი, რომ ის დამთმობი იქნება, პირიქით), მაგრამ პირველ რიგში – საარჩევნო სისტემის დახვეწის და ამ მხრივ, პოლიტიკური სპექტრის ერთ სადისკუსიო მაგიდასთან თავმოყრის ინიციატივა.
ჩემი აზრით, არ უნდა მოხდეს ვამდამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება – ეს ახლა მხოლოდ ორ ძალას აწყობს – ნაცმოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს. აჯობებს, საარჩევნო კალენდარი არ დაირღვეს. უნდა დაიხვეწოს რეგულაციები – მაგალითად, საარჩევნო პერიოდში ფინანსური და სხვა სახის რესურსების გამოყენების აკრძალვაზე, მედიის რეგულაციები (მაგალითად, ფეიკ ნიუსების და მოდელირებული ქრონიკების აკრძალვა საფრრანგეთის მსგავსად).
ამავდროულად, აუცილებელია გადაიხედოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი. არსებული მანკიერი შერეული სისტემის დატოვება შემდგომი რევოლუციური სიტუაციის და დესტაბილიზაციის ახალი შანსი იქნება და მიუღებელი მგონია. ამავდროულად, არც ისე მიამიტი ვარ, ვიფიქრო, რომ 2020-სთვის ხელისუფლება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. ალტერნატივად რამე რეგულირებული შერეული მოდელი – მაგალითად, გერმანული (ან – სახეცვლილი გერმანული), ან ესტონური მოდელი მიმაჩნია, ამაზე თავის დროზე სტატიაც დავწერე – “პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ უბრალოდ – სამართლიანი?!” მაგრამ არც მაშინ და არც ახლა ეს თემები ვერ იქცა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ყველასთვის საჭირო კონსენსუსის საკითხად. ამ თემების განხილვა დროულად უნდა დაიწყოს, და არა მაშინ, როცა – ცაიტნოტი, ან – მორიგი პოლიტიკური კრიზისი გვაიძულებს. სხვათა შორის, ქართულ ოცნებას ამ თემებზე სასაუბროდ შეუძლია არც მიიწვიოს ნაციონალური მოძრაობა – პრინციპით – თუ შენ არ ცნობ არჩევნების შედეგებს, რა აუცილებელია მე მოგიწვიო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე სასაუბროდ?
2018 წელი და 2018 წლის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდა. ჩვენ პირველად გავაცილეთ პრეზიდენტი მშვიდობიანად. პირველად მოხდა, რომ წამსვლელმა პრეზიდენტმა ახლადარჩეულს გამმარჯვება მიულოცა და ხელისუფლება გადააბარა. ჩვენისთანა მტკივნეული და, მეტიც, ტრაგიკული ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნისათვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილსაც, სალომე ზურაბიშვილსაც და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელმაც პოლიტიკური სიბრძნე გამოვალინა. ყველას ვულოცავ. მაგრამ ეს მშვიდობა მყიფეა და გაფრთხილება ჭირდება.
ბედნიერი ახალი 2019 წელი გაგვითენე, ღმერთო!
არჩევნები 2016 – ასპექტები: 2. სოციოლოგიური კვლევები და ეგზიტპოლები
Posted: 2016/10/20 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: "იმედი", არჩევნები 2016, ეგზიტ-პოლები, მაესტრო, ნაცმოძრაობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, სოციოლოგიური კვლევები, ქართული ოცნება, GDS, GFK, GORBI, JPM, TNS დატოვე კომენტარი2016 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარ ნიშნად დარჩება თავისებური ბატალიები სოციოლოგიურ-სტატისტიკურ კვლევათა ავტორებს, დამკვეთებსა და მხარდამჭერებს შორის, რომელთაც, სამწუხაროდ, არა იმდენად მოსახლეობის განწყობათა სტატისტიკური შესწავლა მოახდინეს, რამდენადაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის განწყობების შესაძლო მოდელირება ან – ამ მოდელირების პრევენცია ჰქონდათ მიზნად.
ფრონტი რუსთავი2-მა გახსნა, რომელმაც მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი გერმანული კომპანია GFK დაიქირავა. რუსთავი2-ის დირექციის მიერ ყურადღება მახვილდებოდა იმ ფაქტზე, რომ წინა საპრეზიდენტო და ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ მიერ შერჩეულმა ამ კომპანიამ ცესკოს შედეგებთან მიახლოებული მაჩვენებლების პროგნოზირება გააკეთა ეგზიტ-პოლში. თუმცა არც ექსპერტებს და არც მოსახლეობას არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ GFK-მ, რომელიც მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა მოწვეული ეგზიტ-პოლის ჩასატარებლად, რეალობისაგან მეტად (22%-ით!) აცდენილი შედეგი დადო, როცა ქართულ ოცნებას და ნაცმოძრაობას თანაბარი – 33%-33% პროცენტიანი შედეგი დაუწერა, რაც ცესკოს საბოლოო შედეგისაგან არა დასაშვები 2-3%-ით, არამედ ლამის 15%-ით აღმოჩნდა განსხვავებული.
ძველი ლაფსუსის გამართლება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელ დირექციას (გია ჭანტურიას) გადააბრალა, იმათ ვერ გაიგეს და შედეგები ისე გამოაცხადეს, რომ ეგზიტ-პოლში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა რაოდენობა არ გამოაკლესო. ეს “ახსნა-განმარტება“ უბრალოდ სასაცილოა, რადგან ჯერ ერთი შალვა რამიშვილმა მალევე მოიპოვა 2012 წლის კადრები, სადაც სწორედ GFK-ის წარმომადგენელმა (და არა გია ჭანტურიამ) გამოაცხადა ეგზიტ-პოლის ზემოთდასახელებული შედეგები. თანაც, როგორც არ უნდა დათვალო – გინდათ, უარისმთქმელთა გათვალისწინებით, ან მათ გარეშე, თუ ორ პარტიას ზუსტად თანაბარი შედეგი (33%-33%) ჰქონდა, ეს შედეგები, კვლევაში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა გაბათილებით კი მოიმატებდა, მაგრამ სიმეტრიულად – 47%-47%-მდე მოიმატებდა, ხოლო ორ პარტიას შორის ცესკოს მიერ დაფიქსირებული 15%-იანი განსხვავება ჰაერიდან ვერაფრით გაჩნდებოდა! ნიკა გვარამია კია ცნობილი, როგორც ნიჭიერი, მაგრამ ეგრეთ დაბოლებას ჩვენ „არ ვჭამთ“! D:D
უფრო საინტერესო კი ის იყო, რომ რუსთავი2-მა ცოცხალი თავით არ მოინდომა იმის გამხელა, გერმანულ კომპანიას ვინ უტარებდა ადგილზე საველე სამუშაოებს. საბედნიეროდ, GFK-მ თავად არ ისურვა ზედმეტი კუკუდამალობანას თამაში და გულახდილად აღიარა, რომ ეს კომპანია ნაცმოძრაობის დეპუტატის და დეპუტატობის კანდიდატის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის – ლევან თარხნიშვილის მიერ დაფუძნებული და მისი მეუღლის – ანი თარხნიშვილის მიერ დღემდე მართული კომპანია BCG იყო. ამან, რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები, რომ GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს საზოგადოებისათვის რეალობის მოდელირების ფუნქცია უფრო შეიძლებოდა ჰქონოდა, ვიდრე რეალობის დადგენა. ამის გამჟღავნების შემდეგ, ნიჭიერთა და საზრიანთა კლუბის კიდევ ერთმა წევრმა და ნაცმოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა, სერგი კაპანაძემ ასეთი ფანტასმაგორიული ახსნა შემოგვთავაზა: ის კი არაა მთავარი, საველე სამუშაოებს ვინ ატარებსო (თარხნიშვილის ცოლი, თუ რომელი კამპანიაო)! და არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა – სამუშაოთა მთავარი შემსრულებელი GFK იქნებოდა, თუ ვინმე სხვაო! მთავარი – დამკვეთიაო!! ანუ, კვლევის ხარისხის გარანტიისთვის რუსთავი2 ყოფილა მთავარი და უმთავრესი ფაქტორი – შეუცდომლობის ვარსკვლავი და სისპეტაკის აპოთეოზი! ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, „ნიჭი“ არ მეყოფა! 🙂
სამწუხაროდ, არც იმედის მიერ დაქირავებული კომპანიის JPM-ისა და მის მიერ საველე სამუშაოებისათვის შერჩეულ GORBI-ის კვლევების მიმართ არსებობდა საზოგადოებაში მაღალი ნდობის ფაქტორი. JPM ნამდვილად არ მიეკუთვნება მსოფლიოში ანალოგიური კვლევების გრანდებს, ხოლო GORBI-ის ნაცმოძრაობასთან დაახლოებული წრეები მის მიერ პოლიტოლოგიური კვლევების სიმცირეს უწუნებდნენ. აღნიშნული ეჭვები გააძლიერა პირველი კვლევის პრეზენტაციის დროს დაშვებულმა რამდენიმე ტექნიკურმა უზუსტობამ, მაგალითად იმან, რომ კვლევის პროცენტების ჯამმა არა 100%, არამედ 101% შეადგინა. ზოგიერთი სოციოლოგი იმასაც კითხვის ქვეშ აყენებდა, რომ განსხვავებით NDI/CRRC და IRI/IPM კვლევებისაგან, JPM-ის კვლევებში ქართული ოცნების უპირატესობა ნაცმოძრაობისაგან არა 2-3%-ით გამოხატებოდა, არამედ ორმაგი, ხოლო ოქტომბერში კი – კიდევ უფრო მაღალიც – კი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყველა კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მინიმუმ 1/3-ს მაინც არ ჰქოპნდა ბოლო დღეებამდე არ ჰქონდა გაკეთებული არჩევანი, ან – არ აპირებდა მის გამხელას.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არცერთი გამოკითხვის პროგნოზი, თანაც არც არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი, არ გამართლდა. მათ შორის ის ეგზიტ-პოლიც, რომელიც 4 ტელეკომპანიის (იმედი, GDS, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი) დაკვეთით მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ TNS-მა ჩაატარა (ისევ იმავე GORBI-სთან ერთად).
არ დადასტურდა GFK-ის (ისევე როგორც NDI და IRI) კვლევებზე დაყრდნობილი მოლოდინები იმაზე, რომ ნაცმოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის სხვაობა მინიმალური იქნებოდა – ეს სხვაობა 21%-ს აჭარბებს! ისევე როგორც არ დადასტურდა TNS-ის ეგზიტ-პოლის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება 2.5-ჯერ და მეტად უფრო მაღალ შედეგს დადებდა, ვიდრე ნაცმოძრაობა (ეს სხვაობა 1.8-ჯერ მეტი იყო მხოლოდ). ახლა, ორივე ამ კომპანიის ხელმძღვანელობას ასახსნელი ექნება, როგორ მოხდა, რომ ეგზიტპოლების 1-2%-იანი სავარაუდო ცდომილების ნაცვლად ეს ცდომილება ლამის ორმაგი ციფრებითაა გამოხატული. სწორედ ამიტომ ვიყავი იმის წინააღმდეგი, რომ საზოგადოების გადასახადებით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ოთხეულში მონაწილეობა მიეღო.
და მაინც, თუ ციფრებს კარგად დავაკვირდებით და გარკვეულ ანალიზს მოვახდენთ, შეიძლება საკმაოდ საინტერესო დასკვნების გაკეთება იმაზე, სად იყო უფრო მეტი და უფრო ნაკლები სიზუსტე თუ ტენდენციურობა. და, რაც მთავარია – აწი რა ვქნათ – საბოლოოდ დავასაფლაოთ ეგზომ დისკრედიტირებული სოციოლოგიური კვლევები, თუ უბრალოდ, ის გავასწოროთ, რაც გასასწორებელია და რასაც, სამწუხაროდ ჯიუტად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ლამის ყველა – შინაურიც და უცხოელიც… – როგორ აღვადგინოთ სოციოლოგიური კვლლვების სიზუსტეც და მათდამი საზოგადოების ნდობაც.
======
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად დიდი მსგავსებისა, არჩევნებამდე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს შორის არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა: დროში, ველში, გამოკითხულთა რაოდენობაში, დათვლის შემდეგ ექსტრაპოლირების მეთოდებში და ა.შ. რაც მთავარი – კვლევას ატარებ მაშინ, როცა ხმა ჯერ არ მიუცია ამომრჩეველს. ხოლო ეგზიტ-პოლს – უკვე ბიულეტენის ურნაში ჩაგდების შემდეგ (თუმცა ეს სულაც არაა გარანტია, რომ ამომრჩეველი თავის არჩევანს პირუთვნელად გაგიმხელს). და მაინც ამ განსხვავებებზე, მირჩევნია, პროფესიონალებმა ისაუბრონ.
მე კი მოკლედ გეტყვით –
ა) მთავარი პრობლემა სწორედ სოციოლოგიურ კვლევებში იყო!
ბ) ეგზიტ-პოლების მაღალი ცდომილების პრობლემა (ნაწილობრივ მაინც) ძალიან იოლად ახსნადი მგონია.
გ) ეგზიტ-პოლებზე, დროებით, აჯობებს, უარი ვთქვათ – არაფერს მაგით არ წავაგებთ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტ ხანს მოგვიწევს ცესკოს დაველოდოთ! თუ ცესკოს კონტროლი გვსურს, აჯობებს, პარალელური დათვლის არსებული გამოცდილება გავაგრძელოთ.
დ) ხოლო სოციოლოგიურ კვლევებში კი მოგვიწევს იძულებითი ღონისძიებები გავატაროთ და “ცეცხლით და მახვილით ამოვშანთოთ” 🙂 როგორც არაპროფესიონალიზმი, ასევე და უფრო მეტადაც კი – იქ გამეფებული პოლიტიკურად მოტივირებული გაყალბება, რომლის მთავარი არეალი ის მგონია, სადაც უცხოური კომპანიები შეგნებულად არ შედიან, რათა არც თავი დაიღალონ და არც რეპუტაცია შეიბღალონ – კვლევების ველი. სწორედ ველშია ძაღლის კუდები დამარხული!
====
წარმოგიდგენთ 4 ცხრილს, სადაც GFK-ის და JPM-ის 2-2 კვლევაა ასახული. საბედნიეროდ, ეს კვლევები თითქმის დაემთხვა დროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:
როგორც თავად ხედავთ, კვლევების შედეგები (4-ვე მათგანში!) მკვეთრად აცდენილია არჩევნების საბოლოო შედეგებს. თავისთავად ეს ფაქტი გასაოცარი არ არის ორი რამის გამო – ჯერ ერთი, ეს კვლევები არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ჩატარდა და თეორიულად შეიძლებოდა, რომ ამომრჩევლების განწყობებში უკვე შემდგომ სერიოზული ცვლილებები მომხდარიყო. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს NDI-ის და IRI-ის კვლევების ავტორებმა და თანამონაწილეებმა სწორედ ახსნეს კატასტროფული ცდომილება, რომ მათ კვლევებსა და არჩევნებს შორის საკმაო დრო და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები (მაგ. ციხის კადრების გასაჯაროვება) იყო მოქცეული.
მეორე შესაძლო მიზეზი კი არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, (29-41%), რომელიც თავის არჩევანს არ ამხელდა, ან გამოკითხვის ჯერაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს ფაქტორი 2012 წელსაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობდა, მაშინ დაშინების და ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან მოსალდნელი რისკების გამო, ხოლო ამჟამად, სავარაუდოდ, ამომრჩევლის ბოლო მომენტამდე მოცდით შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტად განპირობებული.
თუ დავაკვირდებით 6 პირველ ადგილზე გასული პარტიებთან მიმართებაში ე.წ. ჯამურ ცდომილებას, ნიშანდობლივია, რომ 4-ვე კვლევა საკმაოდ აცდენილიცაა და პრაქტიკულად უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან (28-33%). მაგრამ გაცილებით საინტერესოა ორ პირველ ადგილზე გასული ლიდერების მაჩვენებლების ცდომილების შედარება ცესკოს საბოლოო შედეგებთან. თანაც ამ შემთხვევაში მათემატიკური შეკრების ნაცვლად გადავწყვიტე ერთმიმართული ცდომილებები ერთმანეთისათვის გამომეკლო, ხოლო საპირისპიროდ მიმართული – პირიქით, შემეკრიბა, ცდომილების “ტენდენციურობის” დასადგენად. და აი, რატომ:
თუ, მაგალითად, ერთსადაიმავე კლასში ორ სხვადასხვა მასწავლებელს ჩაატარებინებთ გამოცდას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ერთი მათგანი ყველა მოსწავლეს უფრო ლოიალურად და რბილად გამოცდის და უფრო მაღალ ნიშნებს დაწერს, ხოლო მეორე – პირიქით, უფრო მკაცრად მოეკიდება ყველას და ნიშნებიც უფრო დაბალი იქნება! მაგრამ თუ მოხდება, რომ რომელიმე მასწავლებელი მოსწავლეთა ერთ ჯგუფს გაცილებით რბილად გამოცდის, ხოლო დანარჩენებს – პირიქით – უფრო მკაცრად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ობიექტური არ არის და მის ამ მიკერძოებას რაღაც მიზეზი აქვს (საქართველოს სინამდვილეში, უხშირესად, ეს ნეპოტიზმი იქნება, ალბათ).
ამის ანალოგიურად, თუ გამყიდველს ასაწონი საქონლის წონაც და ფასიც ხშირად ეშლება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სასწორის და კალკულატორის გამოყენება არ იცის. მაგრამ თუ მუდმივად წონაში აკლებს და ფასს კი ყოველთვის უმატებს, აქ უკვე სულ სხვა ამბავთან გვაქვს საქმე და გამყიდველი იქნებ იმაზე „ჭკვიანიც“ აღმოჩნდეს, ვიდრე სრული შეუცდომლობის შემთხვევაში იქნებოდა. ანუ, მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, როდის და როგორ შეიძლება ცდომილება იყოს სიმეტრიული ანუ ნაკლებტნდენციური და როდის და როგორ – მიკერძოებული.
თუ დავაკვირდებით, GFK-ის ორივე კვლევაში ლიდერებს შორის ცდომილება თანაბარზომიერად არ იყო გადახრილი მეტობისკენ, ან ნაკლებობისაკენ. ამ კვლევებში ქართული ოცნების მაჩვენებელი ორივეჯერ გაცილებით უფრო აცდენილი აღმოჩნდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი. რის გამოც პარტიების ცდომილებათა ვექტორული ჯამი ძალიან მაღალი იყო: 19.8% (12.7%+7.1%) და 22.1% (23.2%-2.1%).
პრაქტიკულად იმავე პერიოდებში JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევა კი სულ სხვა სურათს იძლეოდა: ლიდერი პარტიების ცდომილებათა სხვაობა ძალიან უმნიშვნელო იყო – აგვისტოში მხოლოდ 5.5% (16.6%-11.1%), ხოლო ოქტომბერში სულაც – მხოლოდ 1.5% (14.1% -12.6%), რაც GFK ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით პირველ შემთხვევაში 3.8-ჯერ ნაკლები იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – სულაც 14.7-ჯერ უფრო ნაკლები:
აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?
ის რომ გაცილებით უფრო ნაკლებგამოცდილმა JPM-მა შეუდარებლად უკეთ – 4-15-ჯერ უფრო ზუსტად და/ან ობიექტურად – ჩაატარა კვლევა?
თეორიულად ესეც არაა გამორიცხული! თუმცა არა მგონია, ამ დასკვნის საფუძველი გვქონდეს. ჯერ ერთი ჯამური ცდომილების მაღალი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას სიზუსტეზე სერიოზულად ვისაუბროთ. საქმე მე მგონი, ველშია და ამის დადასტურების საფუძველს იძლევა ეგზიტ-პოლების შედეგების ანალოგიური შედარება:
როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ცდომილებები აქაც სერიოზული იყო, თავად ცდომილებების სხვაობები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა! ანუ, TNS (რომელიც გაცილებით უფრო გამოცდილია, ვიდრე JPM) ვერაფრით დაიკვეხნიდა GFK-ის ეგზიტ-პოლთან შედარებით. თუ GFK-ის კვლევაში ქართულ ოცნებას „დააკლდა“ თითქმის 9%, ხოლო ნაცმოძრაობას „მოემატა“ ლამის 5%, TNS-ის კვლევაში, პირიქით, ოცნების მაჩვენებელი იყო თითქმის 5%-ით მაღალი, ხოლო ნაცმოძრაობისა – -ლამის 8%-ით დაბალი, ვიდრე ცესკოს შედეგებში! შედეგი კი ისაა, რომ ორივე ეს ეგზიტ-პოლი ზუსტად თანაბრად აცდენილი აღმოჩნდა, ან უფრო ზუსტად – თანაბრად ტენდენციურიც!
ცდომილებათა ზემოთმოყვანილი დისონანსის (კვლევების დროს) და უნისონის (ეგზიტპოლების დროს) ახსნა მე მგონი შემდეგია: – საქმე ველშია!
კვლევების დროს GFK-ის კვლევის ველი გაცილებით მკვეთრად გაჯერებული შეიძლება იყოს ნაცმოძრაობის ამომრჩევლით, მაშინ როცა JPM-ის ველი, ალბათ, უფრო თანაბარია. ამის გამო, GFK ველში გაკეთებული „არჩევანი“ 4-15-ჯერ უფრო გადახრილია ერთ მხარეს (და გასაგებია, რომელ მხარესაც!), ვიდრე JPM-ის ველში იმავე პერიოდებში დაფიქსირებული არჩევანი. განსაკუთრებით ეს აშკარაა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში: – მართალია, ორივე მთავარ სუბიექტს ცდომილების გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (გასაგებიცაა – უკვე უფრო მეტი ადამიანია მზად არჩევნის გასაკეთებლად), ვიდრე შემდეგ ცესკოს საარჩევნო ურნებში, სამაგიეროდ, ეს ძალიან სიმეტრიული (ანუ – ნაკლებტენდენციური) გადახრა იყო.
ეგზიტ-პოლის დროს ველი უფრო დიდიცაა და მისი მოდელირებაც გაცილებით რთულია. თუმცა, ის, რომ ამ შემთხვეევაშიც GFK/BCG-ის ეგზიტ-პოლში მონაწილე პირების არჩევანი უფრო ნაცმოძრაობის სასარგებლოდ იყო, ხოლო TNS/GORBI-ის ეგზიტ-პოლში – ოცნების სასარგებლოდ, ეს ამომრჩეველთა განწყობითი არჩევითობით შეიძლება აიხსნას: შესაძლებელია ოცნების ამომრჩევლები, რომლებმაც ბევრჯერ მოისმინეს იმის შესახებ, რა არაობიექტურია GFK კვლევა, ნაკლებად იყვნენ განწყობილნი მისულიყვნენ ამ კომპანიისა და რუსთავი2-ის სიმბოლიკით გაწყობილ ყუთებთან, და პირიქით, – ნაცმოძრაობის ამომრჩევლები – სულაც არ აპირებდნენ TNS-ის კვლევაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, განწყობის გამო ე.წ. “ბუნებრივი გადარჩევა” მოხდა და ორივე კვლევა ტენდენციური აღმოჩნდა – ორივემ მათდამი ლოიალური ამომრჩევლების არჩევანი გვიჩვენა და არა – მთელი საზოგადოებისა…
ამერიკაში 6-7 კომპანია ატარებს არჩევნების დროს გამოკითხვებსაც და ეგზიტ-პოლებსაც. ზოგ მათგანს თავისი პარტიული პრეფერენცია ასე თუ ისე, შეიძლება ეტყობოდეს, მაგრამ ამერიკელი ამომრჩეველი არ ირჩევს „თავისი“ და „მოწინააღმდეგე“ პარტიის ეგზიტ-პოლებს და სწორედ ამიტომაც მათ შედეგებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. და ოფიციალურ შედეგებთანაც ყველა საკმაოდ ახლოს არის.
ამიტომ, სანამ ჩვენი ეგზიტ-პოლების ჩამტარებელი კომპანიებიც ისეთივე ნეიტრალურები არ იქნებიან, როგორც ამერიკაში, ხოლო ჩვენებური ამომრჩეველი – ისეთივე მიუკერძოებელი იმ საკითხში, რომელი კომპანიის ეგზიტ-პოლში მიიღოს მონაწილეობა, ეგზიტ-პოლების ჩატარება დროის და ფულის ფუჭი კარგვაა. მოვიცადოთ არჩევნების შემდგომ დილამდე და ჯერ პარალელური დათვლის შედეგები მოგვცემს ძალიან ზუსტ სურათს (ამისათვის ISFED-ის მრავალწლიანი გამოცდილებაც კმარა), ხოლო შემდეგ 24 საათში უკვე ცესკოს შედეგებიც გვეცოდინება.
აი, რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევებს, ისინი აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ საზოგადოებაში ამჟამად მათ მიმართ გაბატონებული სკეფსისისა და ირონიული უარყოფისაგან. სოციოლოგია მეცნიერებაა და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მეცნიერების აღორძინება და ნდობის დაბრუნება. ამისათვის გამოკვლევები სხვადასხვა საკითხზე უნდა ვატაროთ ხოლმე (არა მხოლოდ პოლიტიკაზე). უნდა გამოვარჩიოთ იმ კომპანიები და ის პროფესიონალები, რომელთა რეპუტაცია მათი შედეგებით არის გამყარებული და პირიქით… ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია ის, რაც ამ დარგის ერთ ჭკვიან პროფესიონალს ჯერ კიდევ 1 წლის წინ ვურჩიე – ველის და მეთოდოლოგიის მაქსიმალური გახსნა და რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ერთდროული პარალელური კვლევების ჩატარება! სწორედ 1 კვირის წინ წავიკითხე, რომ იგი ახლა თავად ითხოვს იმას, რაზედაც 1 წლის წინ უარი არ მითხრა, მაგრამ საერთოდ აღარც გამომპასუხებია. რას ვიზამთ – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…
მარტის (ა)ჩრდილები
Posted: 2015/03/25 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: 21 მარტი, გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ოპოზიცია, ქართული ოცნება დატოვე კომენტარიაი, 21 მარტიც ისტორიად იქცა.
ისევე როგორც 2012 წლის შემდგომი ნაცმოძრაობის ყველა აქცია, 21 მარტიც იქცა კლასიკურ „აურზაურად არაფრის გამო“, „გმირის აჩრდილად“ თუ ჩრდილიდან გამოვარდნის წარუმატებელ მცდელობად.
ნაცმოძრაობის ისტორია საოცარი ურთიერთგამომრიცხავი პირობების და პროცესების ერთობლიობაა. ესაა საგა გმირობაზე, რომელიც ლაჩრული მარცხის საწინდარი იყო, ესაა პოემა დემოკრატებზე, რომლებმაც გულაგი ააშენეს, ესაა ეპოსი დრაკონის (კორუფციის) შემმუსრავ მზეჭაბუკზე, რომელიც ახლოდან ნებისმიერი წინა დრაკონის (კორუფციის) ასჯერ უფრო მძიმე ვარიანტი აღმოჩნდა, ესაა ზღაპარი ქვეყნის განმანთავისუფლებელზე და აღმაღორძენებელზე, რომელმაც ქვეყანა დაანაწევრა და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები აჩუქა მტერს, ესაა უცნაური შემთხვევა, როცა ყურძნის ნაცვლად გახარებული ძაღლყურძენა სანერგედ და საჯიშედ სხვაგან წაიღეს, დაბოლოს, ესაა მედგარი მცდელობა სახელდაკარგული აჩრდილისა – ახალი ხორცი და ჩრდილი იპოვოს და სცენაზე დაბრუნდეს – ერთ მდინარეში მეორედ შემოსვლის წინასწარ განწირული დაუდგრომელი მცდელობა…
ერთ რამეს ნამდვილად ვერ დაუკარგავ ნაცმოძრაობის ლიდერებს, – ჟინი, გაუტეხელობა, მიზნისკენ ჯიუტად სიარული, – მაშინაც კი, როცა ყოველგვარი ლოგიკა მათ წინააღმდეგ არის.
საქართველოს ისტორიაში ნამდვილად პირველად ხდება, რომ დამარცხებული პარტია, რომლის წინააღმდეგ მრავალი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი არსებობს, და რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გარემოებების გამო, ძალიან მძიმე უნდა იყოს, იხტიბარს არ იტეხს და თავს ისევ „იმ თამროდ“ ასაღებს, რომლის „ჰავლაბრის ტურფობა“ დიდი ხანია, ეჭვს აღარ იწვევს. მაქსიმალიზმით შეპყრობილი ამ პარტიის ლიდერები ჯიუტად ამბობენ უარს საკუთარი დანაშაულებრივი სისტემის ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაზე, მონანიებაზე და ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების ნაცვლად რაიმე რეალური საქმიანობით ცხოვრების გაგრძელებაზე. ამის რამდენიმე მიზეზია –
- ისინი ძალიან მყარად იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი ხელისუფლება 50 თუ 70 წელი გაგრძელდებოდა და სიზმარი არ ეთმობათ,
- მათ ძალიან ბევრი კომპრომატი აქვთ უამრავ ადამიანზეც და ერთმანეთზეც, ამიტომაც ილუზიებიც და შიშებიც უფრო მყარია – რომ თუ არ აღიარებენ, ბოლოსდაბოლოს გაიმარჯვებენ, ხოლო თუ მოინანიებენ, შენდობას მაინც ვერ ეღირსებიან.
- კოჰაბიტაციის პერიოდმა და დასავლეთში გავლენიანი მფარველების არსებობამ მათ ცუდი სამსახური გაუწიათ – ირწმუნეს რა, რომ ინდულგენცია უკვე გარანტირებული აქვთ და არავითარი მონანიება არც სჭირდებათ.
- მათ გადანახული აქვთ არა მარტო კომპრომატები, არამედ საკმარისი თანხებიც, და ასევე – სანდო პირებზე გაფორმებული ბიზნესები, რომ დიდხანს გაძლონ არალეგალურად მიღებული დონაციების ხარჯზე.
და მაინც 21 მარტი აღმოჩნდა ის წყალგამყოფი, როდესაც აშკარად გამოჩნდა, რომ ნაცმოძრაობამ, მიუხედავად ძალიან ენერგიული და საკმაოდ შთამბეჭდავი კამპანიისა ამ დღის მოსამზადებლად, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს სერიოზული პლაცდარმი შექმნა უკრაინაში, სადაც იშოვეს თანამდებობები, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფული, და ამდენად, მართლაც მოახდინა საკუთარი მცირე ნაწილის სერიოზული რეანიმაცია, საქართველოში მაინც ვერ შეძლო იმის დემონსტრაცია, რომ ხალხში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გააჩნია. რაიონებიდან ხალხის მობილიზაციის მიუხედავად მხოლოდ 15,000-მდე მხარდამჭერის გამოსვლა იმ მოედანზე, რომელსაც რაიონებიდან ჩამოსვლიას გარეშეც კი თბილისელთა 150,000-იანი მარშები ახსოვს, ნამდვილად ვერაფერი წარმატება ვერ იყო! თან ეს იმის ფონზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც საკმაო განაწყენებული და იმედგაცრუებული ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ ნაცმოძრაობას ისე აქვს მოთხრილი იმიჯი, რომ მათ გვერდზე დადგომას ის ხალხიც კი არ აპირებს, რომელთაც სულაც აღარ ამოსდით მზე დღევანდელ ხელისუფლებაზე.
მიხეილ I
ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა! არა, წუთითაც ეჭვი არ შემპარვია, რომ იგი აქციაზე ვიდეოხიდით ჩაერთვებოდა (აქციაში მონაწილეობაზე ერთხელ განაცხადა საჯაროდ უარი და მაშინაც კი გულმა არ მოუთმინა და ბოლოს მაინც მივიდა და „აახია“ მიტინგი გიგი უგულავას და გიორგი ვაშაძეს), საოცარი იყო ის, – საიდან და როგორ ჩაერთო იგი!
მიხეილ სააკაშვილს ახლა კიევში აქვს ბუდე, სამსახური, პოლიტიკური აღორძინებისთვის ასაფრენი აეროდრომიც და ერთგულ თანამებრძოლთა საკმაოდ აქტიური გუნდიც! ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ისიც და მისი რაზმიც სწორედ კრეშჩატიკიდან ან კიევის დამოუკიდებლობის მოედნიდან ჩაერთვებოდნენ თბილისის ვიდეოხიდში! განა ლოგიკური არ იქნებოდა, მაიდნის მოწყობაზე მუდმივ მოლაპარაკე და მეოცნებე ნაცმოძებს სწორედაც რომ კიევიდან დაენახვებინათ თავიანთი მხარდაჭერა თანაგუნდელებისათვის?! განა ლოგიკური არ იქნებოდა, რომ ქართველ “დნეპრდალეულებს” სწორედაც რომ გუნდური თანადგომა ენახებინათ თბილისში დარჩენილი და მნიშვნელოვანწილად, მათ ბედს შემნატრი ნაცმოძებისათვის?
მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა სხვანაირად გადაწყვიტა – იგი მხოლოდ ერთი და ერთადერთი გამოჩნდა ეკრანზე! მან არა ჯერ კიდევ მძიმე დღეში მყოფი მებრძოლი ქვეყნის დედაქალაქიდან, არამედ – ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქიდან გადაწყვიტა ადრესის გაკეთება, რომ თავისი #1 ევროკავშირელობისათვის და #1 ნატოელობისათვის გაესვა ხაზი… არ დამავიწყდება, შევარდნაძის ეპოქაში ამერიკელები ჩამოვიდნენ და ერთ-ერთი ცნობილი დაწესებულების ხელმძღვანელს ესტუმრნენ. საუბრის დროს დაწესებულების დირექტორი თავის მოადგილეებთან და თანაშემწეებთან ერთად იჯდა და ესაუბრებოდა მომავალ პარტნიორებს. საუბრის შემდეგ ამერიკელებმა ჰკითხეს, ხომ შეიძლება ფოტოები გადავიღოთო. სიამოვნებითო, დათანმხდა ქართველი ხელმძღვანელი და მერე ამერიკელების გასაოცრად, მოლაპარაკების მაგიდიდან წამოდგა, თავის მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და ხაზგასმულად ერთადერთმა და განუმეორებელმა ისურვა ისტორიაში დარჩენა… ამერიკელებმა გვითხრეს, ამას არცერთი ამერიკელი ხელმძღვანელი არ გააკეთებდაო… მიხეილ სააკაშვილიც სწორედ შევარდნაძის ეპოქის და კომუნისტური თაობის ხელმძღვანელივით მოიქცა – გუნდს გაემიჯნა, ტრადიციულად “ღრუბლებს მიფარება” ამჯობინა 🙂
ვინმე იტყვის, იქნებ უკვე ბრიუსელში იყო და აბა, რა ექნა, კიევში ხომ არ დაბრუნდებოდაო? – მაგრამ ტვიტერში მის მიერვე გაკეთებული განცხადებით, სააკაშვილი შაბათს, 21 მარტს დილის 9:30-ზე (თბილისის დროით 11:30-ზე!!) ჯერ კიდევ კიევში იყო …“დედა და ბებია დამადგნენ თავზე. დედაჩემს სასწრაფოდ გავხადე ძველი ნორკის შუბა და თბილისში დავაბრუნე, და უკვე 3 საათზე მიტინგზე იდგაო!“ ჰოდა, თუ დილით კიევში იყო, რა სასწრაფო საქმე გამოუჩნდა მიხეილ სააკაშვილს, რომ დედის თბილისში გამოგზავნიდან სულ რაღაც 5 საათში უკვე ბრიუსელიდან (თან არა აეროპორტიდან, არამედ – ქალაქის ცენტრიდან, ევროპარლამენტის მიმდებარე ადგილიდან) ჩაერთო თბილისში მიმდინარე აქციაში???
– ნეტავ ის ხომ არა, რომ თუ თბილისში სისხლი დაიღვრებოდა, ბრიუსელში განთავსებულ ევროკავშირის და ნატოს შტაბ-ბინებში სასწრაფოდ განგაში აეტეხა???
მაგრამ მაინც ხომ შეიძლებოდა კიევში დატოვებული გუნდისთვისაც მოეწყოთ ჩართვა თბილისის აქციაზე, რომ ხალხს მანდატდატოვებული და მოქალაქეობაზე უარისმთქმელი პატრიოტები ეხილა და გაეხარა? შეიძლება ვინმემ თქვას, ეგებ არ უნდოდათ მაიდანის ასოციაციები გასჩენოდა თბილისში ვინმესო! ნურას უკაცრავად, მიტინგამდეც და მიტინგის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ მაგას ამტკიცებს – 21 მარტის მიტინგი მაიდანი იყო და მალე კიდევ უფრო სრულად გამაიდნდებაო!
პირველი დედა
მიტინგზე მიხეილ სააკაშვილი დედით იყო წარმოდგენილი. გიული ალასანია, რომელმაც შვილის პრეზიდენტობა ჩვეულებრივი პროფესორობით დაიწყო და 10 წელიწადში სერიოზულ ბიზნეს-ვუმენად და საქართველოს უმაღლესი განათლების კერძო სექტორის #2 მედროშედ დაასრულა, რამეთუ ამ პერიოდში 1 ლარად მისთვის გადაცემული ქონებების რაოდენობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების მისაკუთრებით და მის სახელზე გაფორმებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 14%-იანი წილით გაითქვა სახელი. 21 მარტის აქციაზე კიევიდან მოვლინებული ქ-ნი გიული ნამდვილად ოჯახის ხატება იყო და იმის განსახიერება, რომ გასაქცევი არაფერი აქვს. თუმცა, სახეზე ეწერა უკმაყოფილება. ვინ-ვინ და მან ძალიან კარგად იცის, იმ დღეს მოედანზე გამოსული ადამიანები რომ დასასრულის მანიშნებელი იყო და არა – დასაწყისისა. “ამ ორ წელში ჩემთვისაც ყველაფერი უარესობისკენ წავიდაო“ დანანებით თქვა ერთდროს ძლევამოსილმა ქ-ნმა და იქვე დაამატა, თუმცა დღეს მზიანი დღეა და ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებაო…
მიხეილ სააკაშვილმა ოსტატურად კი მოახერხა საკუთარი ქონების გადამალვა, მაგრამ ავიწყდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ნაჩუქარი სახელმწიფო ქონება და სასათბურე პირობების შექმნით სწრაფად აყვავებული კლანური ბიზნესები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკოსის კორუფციის უტყუარ ნიშნად ითვლება. ეს რომ არ ავიწყდებოდეს, დედის გამომზეურებას ისევე მოერიდებოდა, როგორც მისი პოლიტიკური ელიტის სხვა წევრები (ბოკერია, უგულავა…) ერიდებიან მათი პარპაშის დროს უცებგამდიდრებული მამების, ბიძების და მეუღლეების გამომზეურებას…
გენერალიტეტი და ჯუნიორები
მიხეილ სააკაშვილის გენერალიტეტი არასოდეს იყო ნამდვილი გენერალიტეტი. უფრო სწორედ ის გენერალიტეტი, რომელიც რეალურად არსებობდა, ახლა ან ციხეშია ან ემიგრაციაში, ხოლო ის ტყუილ-გენერლები, რომელთა რეალური ძალაუფლება მათი დე-იურე სტატუსის 10%-ს არ ცდებოდა, გაორებულ მდგომარეობაში არიან – თან ალბათ განგებას მადლობას წირავენ, რომ იმაზე პასუხისმგებლობა არ მოუწევთ, რაზეც არც იყვნენ პასუხისმგებელნი, ხოლო თან გული წყდებათ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში მოუწევთ პოლიტიკურ პენსიაზე გასვლა.
მაგრამ აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ე.წ. ჯუნიორ ნაცებს! ესენი არიან ნაცმოძრაობის ყველაზე ენერგიული და მომზადებული ფრთა, რომელთაც უშუალოდ ელიტარულ კორუფციაში მონაწილეობა ნაკლებად აქვთ მიღებული, რომელბიც ძირიტადად 2009 წლის შემდეგ ჩამოიჩიტნენ და საკმაოდ კარგად იციან, რომ მათთვის არც ეკონომიკური და არც 2008 წლის კონფლიქტში ვოლუნტარისტული ქმედებების ბრალდების წაყენება ადვილი არ იქნება. ამიტომ ისინი ახალგაზრდა გვარდიის სითამამით, დემაგოგიური არსენალის უზადო გამოყენებით და ხშირად, დღევანდელი ხელისუფლების რეალური შეცდომების და გადაცდომების საკმაოდ ეფექტური გამოყენებით ეფექტურად ინარჩუნებენ პირად (მაგრამ არა პარტიულ რეიტინგს). თავის დროზე რომ ჭკუა ეხმარათ და ნაციონალური მოძრაობის ბალასტს გამოჰყოფოდნენ, დღეს საკმაოდ სერიოზული რეპუტაცია ექნებოდათ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება დროულად ვერ მიიღეს, მიშას მიერ გამოგზავნილ ფულებზე და მიმალული ბიზნესებიდან წილებზე უარი ვერ თქვეს, სავარაუდოდ, მათზე შესაძლო კომპრომატების შიშმაც ითამაშა როლი, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათი ახალ პარტიად რეინკარნაცია დაგვიანებულია და ალბათ ბევრს ვერაფერს უშველის, თუმცა მინიმალური შანსი რჩებათ, თუ სააკაშვილის ნაცვლად ახალ ლიდერს გამოყოფენ, მაგალითად – გიგა ბოკერიას. თუმცა, ბოკერიას პიროვნული ძლიერი პოლიტიკოსის და უძლიერესი დემაგოგის პარალელურად სერიოზულად ნეგატიური ბაგაჟი აქვს და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის აბსოლუტურად მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს, თან აშკარად ხელიდან გაუშვა მიშასგან გამოყოფის და სააკაშვილის ნამსხვრევებზე საკუთარი იმიჯის აშენების მომენტი. ასე რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვების თუ შეთხზვით რაღაც ზიანის მიყენება კი შეუძლია, მაგრამ, 21 მარტის აქციამ გამოაჩინა, რომ მათთან ახლოს მისვლას არცერთი სხვა ოპოზიციური ძალა არ გაბედავს, იმდენად „კეთროვნული“ იმიჯი აქვთ, და მათ მიერ ნასროლი ბომბებით უბრალოდ სხვები იხეირებენ…
რაც შეეხება ნიკა რურუას და გრიგოლ ვაშაძის მიერ მოძრაობა „ივერიის“ დაარსებას, ეს ყველაფერი სასაცილოა, რადგან ქართული საზოგადოება მათ მიერ „ივერიის“ და ილია ჭავჭავაძის სახელთან ასოცირების მცდელობებს ნამდვილად ირონიით მოეკიდება. მთელი მათი გათვლა (ახალგაზრდა ნაცების მსგავსად) სწორედ იმაზეა, რომ იქნებ ალასანიას მათთან ალიანსი მონდომებოდა. მაგრამ, IRI-ს ბოლო კვლევის შემდეგ ამის შანსი აბსოლუტურ ნულზე უფრო დაბლა მგონია…
ნაციონალურ მოძრაობას ამ კვლევებში 14% რეიტინგი აქვთ და და ეს თითქოს ცოტა არაა. მაგრამ ფაქტია, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულფასოვან და ძალიან ორგანიზებულ კამპანიას უკვე ნახევარ წელზეა მეტია ატარებს, და თუ მაინც მხოლოდ 14% აქვს, სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელს ბევრად ვეღარ გაზრდის, როცა სხვა პარტიები ჩაებმებიან სარჩევნო მარათონში. 14% ბევრისთვის სანატრელი იქნება, მაგრამ ნაცმოძრაობის მიტინგზე გენერალიტეტი სულ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობდა და 21 მანდატი ამისთვის ცოტაა (თან 21 მანდატი ეს მაშინ იქნებოდა, თუ მაჟორიტარული წესი გაუქმდება, ხოლო დღევანდელ საარჩევნო სისტემით მხოლოდ 10-12 მანდატი თუ გამოვა). ის, რომ ნაციონალები მაჟორატორული არჩევნების მოგებას შეძლებენ, ასევე უტოპია მგონია. ერთადერთი იმედი, რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ, ეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა, მაგრამ ძალიან მეეჭვება, უმრავლესობა ამ ნაბიჯზე წავიდეს.
21 მარტით ფრთაშესხმულები
21 მარტს ფეხდაფეხ მოჰყვა IRI-ს კვლევები და როგორც მიტინგმა, ასევე ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაზე ოპტიმისტური განწყობა მეორე ეშელონის ოპოზიციას უნდა ჰქონდეს. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ IRI-ს კვლევებმა 2012 წელს განსაკუთრებული სიზუსტით ვერ გამოიჩინეს თავი. მართალია, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი შიშის ფაქტორი აღარ არსებობს, მაგრამ კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის და დაქირავებული ქართული ორგანიზაციების მიმართ უნდობლობა, სავარაუდოდ, არ გამქრალა. ჩემში პირადად, ცოტა ეჭვს იწვევს ევროკავშირის და განსაკუთრებით, ნატოს მომხრეთა საოცრად მაღალი ციფრები.
და მაინც, ამ კვლევის ხელაღებით უკუგდება ნამდვილად არ მგონია სწორი და თუ ციფრების სიზუსტეში ეჭვის მიუხედავად, ძირითად ტენდენციებს ვენდობით, მთავარი მოგებულები თავისუფალი დემოკრატები აღმოჩნდნენ – 10% ნამდვილად არაა ცუდი შედეგი, სახელისუფლებო ბლოკიდან სულ რაღაც ნახევარი წლის წინ გამოყოფილი პარტიისათვის. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ IRI-ს კვლევებში ახალი პროდასავლური ძალის მაღალი რეიტინგი გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო – არ ვიცი, ეს ველის შერჩევის გავლენაა, თუ ოცნებიდან გამოყოფილი იმ გუნდის დამსახურება, რომელთა წინა საქმიანობას ნამდვილად ახლდა პოზიტიური შეფასებები. თუ ჩავთვლით, რომ მოსახლეობას სურს რაღაც ახალი ძალის გამოჩენა, რომელსაც ამავდროულად ხელისუფლებასთან ზედმეტად დაპირისპირებულადაც არ ჩათვლის, შეიძლება თავისუფალი დემოკრატების მაჩვენებელი მხოლოდ “ახალი ცოცხის” ეფექტით არ აიხსნას. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალ დემოკრატებს რეგიონში პარტიული სტრუქტურებიც ასაწყობი აქვთ და ნაციონალებთან მათი შესაძლო მესიჯების დამთხვევაც ბევრი ეჭვის საფუძველს დაბადებს, ისევე როგორც იმის მცდელობები, რომ ირაკლი ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ერთ ქალაქში აღმოჩენას ბევრი მაშინვე მათი ფარული შეხვედრით ახსნის, როგორც ეს 21 მარტს მოხდა… თუმცა მერე ისიც გაჟღერდა, რომ სააკაშვილი იქნებ სრულიადაც არ ყოფილა ბრიუსელში და ეს ვიდეოჩართვის კადრები დამონტაჟებული იყო – ერთი იმიტომ, რომ ბრიუსელთან მისი “ჭიპლარით მიბმის” თეორია გამტკიცებულიყო და მეორე იქნებ, იმიტომ, რომ ირაკლი ალასანიას ნაცებთან შესაძლო საიდუმლო გარიგებებზე ეჭვები კიდევ უფრო მეტად აგორებულიყო… მე პირადად, მოხარული ვიქნები, თუ “ქართული ოცნება” vs ნაცმოძების დისკურსს “ოცნება vs. “თავისუფალი დემოკრატების” პაექრობა შეცვლის – ეს ნამდვილად გააუმჯობესებს პოლიტიკურ კლიმატს საქართველოში. და ხელისუფლებაც მოგებული იქნება, თუ სრულად მარგინალიზებული ნაცმოძრაობის ნაცვლად უფრო ძნელი კონკურენტი ეყოლება. და ახლა თავისუფალ დემოკრატებს უკვე აღარც ჭირდებათ აუცილელად ბლოკში გაერთიანება ვინმესთან, იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ…მთავარია, რამე ისეთი არ დაემართოთ, რომ ეს რეიტინგი მკვეთრად დაქვეითდეს.
შალვა ნათელაშვილის პოლიტარსენალი სულ უფრო სკაბრეზული ხდება, და მაინც მის მიერ მოგროვილი 6% იმის დასტურია, რომ ამ ფლანგზე მას უბრალოდ კონკურენტი არ ჰყავს, ხოლო ჯერ კიდევ ეკონომიკურად ძალიან დუხჭირ მოსახლეობას ნამდვილად სჭირდება ლეიბორისტული იდეოლოგიის პარტია.
ნინო ბურჯანაძე შეეცდება, არ შეიმჩნიოს IRI-ს მიერ მასზე ლამის მაღლა დაყენებული ლეიბორისტები და “პატრიოტთა ალიანსი” და ახალი ძალით გააჩაღოს მთავარი ოპოზიციური ძალის კვარცხლბეკიდან ნაცმოძრაობის ჩამოგდების მცდელობა. ამის რეალური შანსი მას ისევ კოალიციის შემთხვევაში ექნებოდა. ოღონდ არა ქრისტიან-დემოკრატებთან, არამედ სწორედ – პატრიოტებთან ალიანსის შემთხვევაში. ოღონდ ასეთი ბლოკი – ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, მე პირადად, წარმოუდგენელი მეჩვენება. თავად “პატრიოტთა ალიანსი” რეიტინგი მნიშვნელოვანწილად ქართული იცნების მიერ სამართლის დამკვიდრებაში სრულ შტილს უკავშირდებოდა. ვაზაგაშვილების საქმეებში სწრაფი პროგრესის დაფიქსირების, პროკურატურის და შსს მაღალჩინოსნების განთავისუფლებისა თუ დაპატიმრებების და სავარაუდოდ, ნინო გვენეტაძის დანიშვნის შემდეგ ამ პროცესის დაჩქარების ფონზე პატრიოტთა ალიანსის რეიტინგის შემდგომი მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელი მგონია.
„ქართული ოცნების“ ნაღვლიანი სიხარული
ხელისუფლებისათვის 21 მარტმა ძალიან ურთიერთსაწინაარმდეგო ემოციები მოიტანა. ან – წესით, უნდა მოეტანა…
ერთის მხრივ, ხელისუფლებამ მორალური გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობის მომხრეებს არავითარი პრობლემა არ შეუქმნა აქციაზე ჩამოსასვლელად. თუ გავიხსენებთ 2012 წელს ნაცმოძრაობის სიმწრის ნაბიჯებს და ისეთ ინოვაციებს, როგორც გზებზე შედუღებული ლურსმნების დაყრა, ავტობუსების საჯარიმო სადგომებზე გადაყვანა, მძღოლების ტერორი და სხვა იყო, აღარაფერს ვამბობ უკვე სისხლიან დაპირისპირებებზე და ზონდერბრიგადების ნაცისტურ მეთოდებზე, ოცნების ხელისუფლებამ ამას ახლა დაუპირისპირა ახალი შსს მინისტრის მხრიდან სრულიად წარმოუდგენელი კომფორტის დაპირება, რაც პირნათლად შესრულდა კიდეც! ნაცმოძრაობამ, მის მიერ ზუგდიდში დადგმული მოდელირებული პროვოკაციების მიუხედავად, ვერ შეძლო მსოფლიოსთვის დაენახებინა მათ მიმართ განხორციელებული „სასტიკი ძალადობა“, ვერ შეძლო ქართული ოცნებისათვის „მაიდნის“ ორგანიზება, ვერ შეძლო გაეჩინა ისეთი ძალადობის თეატრი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს სახლში დარჩენა უფრო მიუღებლად ჩაეთვალათ, ვიდრე ქუჩაში ნაცების გვერდით დადგომა!
სწორედ ამიტომ იყო ასე გულდაწყვეტილი ბ-ნი მიშა და ქ-ნი დედა, სწორედ ამიტომ იკურთხებოდა თეა თუთბერიძე…
რამდენიმე სხვა წარმატებაც ჰქონდა ამ დღეებში „ქართულ ოცნებას“, მათ შორის მე აღნიშვნის ღირსად მიმაჩნია მარნეულში პრეზიდენტის და პრემიერის ასე მონატრებული ჩახუტება! მე პირადად, იმედი გამიჩნდა, რომ ყმაწვილკაცური კენწალაობა უფრო ზრდასრულ და ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ დიალოგში გადავა, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის აუცილებელია – ყოველთვის მაინცდამაინც ჩახუტებას არ ვგულისხმობ და სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის პატივისცემის დემონსტრირებას (მიუხედავად განსხვავებული აზრებისა) – უეჭველად!
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული წარმატება – არა მარტო ხელისუფლებისათვის, არამედ ქვეყნისათვის, იყო ნინო გვენეტაძეს დამტკიცება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარედ! დასრულდა კოტე კუბლაშვილის ზეობის და უასამართლობის პარპაშის ხანა. თან რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დასრულდა ძალადობის, იმპიჩმენტის ან „საკუთარი სურვილით წასვლის“ მიშასეული პრაქტიკის გამოუყენებლად, როცა სააკაშვილმა ჯერ ლადო ჭანტურია, ხოლო შემდეგ საკუთარი გუნდის წევრი კოტე კემულარიაც აიძულა, ვადაზე ადრე გადამგარიყვნენ! უნდა ვაღიარო, რომ კოტე კუბლაშვილის დატოვება თავის თანამდებობაზე ყოველთვის მიმაჩნდა გაუმართლებლად, რადგან ამის შედეგი იყო სამართლის დამკვიდრების ასე გაჯანჯლება და ხალხში ახალი ხელისუფლების მიმართ ნდობის ეროზია. მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო, რომ ამ არაჩქარებით ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სერიოზული ისტორიული პრეცედენტი შექმნეს და ეს უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის!
და მაინც, მე პირადად ერთი რამის მეშინია!
რომ ხელისუფლება 21 მარტს თავის გამარჯვებად ჩათვლის!
ფრთხილად, ბატონებო – თქვენი მთავარი და უტიფარი მოწინააღმდეგის დამარცხება ავტომატურად არ ნიშნავს თქვენს გამარჯვებას!
ის, რომ ხალხის დიდი ნაწილი ნაცმოძრაობას არ უვიწყებს მათ შავბნელ წარსულს და უსამართლობას, სულაც არ ნიშნავს, რომ ამავე დიდ ნაწილს თქვენ და თქვენი საქმიანობა მოსწონს და სამაგალითოდ მიაჩნიათ!
ისინი აუტანლები იყვნენ და თქვენ თუ (ჯერ კიდევ) ასატანი ხართ, ეს არ უნდა იყოს სიხარულის, ან – მით უფრო – სიამაყის საფუძველი…
ის, რომ IRI-ის კვლევებში ოცნების 36% 2.5-ჯერ მეტია ნაციონალების მაჩვენებელზე, მთავარი არაა.
მთავარი ისაა, რომ საზოგადოების მეორე 1/4-ს გამოკვეთილი არჩევანი ჯერ არ აქვს გაკეთებული და არჩევნებამდე საით გადაიხრება, სწორედ ეს განსაზღვრავს არჩევნების ბედს!
სამწუხაროა, რომ რამდენიმე დღის წინ მარნეულში დემონსტრირებული ერთიანობის შეგრძნება წამიერად გაქრა, როგორც კი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მინისტრების დასწრება-არდასწრების საკითხის გარჩევა დაიწყო! ეტყობა, ჩემი დასკვნა, რომ ხელისუფლებამ ინსტიტუტების (და არა პიროვნებების) მიმართ მუდმივად პატივისცემის დაფიქსირების აუცილებლობა გაიაზრა და გაითავისა, რეალობისაგან შორს მყოფი ოპტიმისტური ილუზია იყო 😦
ჩემს წინა ბლოგში „მიმდინარე მომენტის შესახებ – სანამ ურემი გადაბრუნდება“ დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები ხელისუფლების ყველაზე სასწრაფო გადაუდებელ საქმეებზე, სადაც ჩემი აზრით სერიოზული ჩავარდნებია. იქნებ ვცდები, მაგრამ თუ არ ვცდები და ხელისუფლება კი ამ მიმართულებით არხეინად ყოფნას გააგრძელებს, ვშიშობ, 21 მარტის მთავარი დამარცხებული სწორედ იგი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან არაფერია ისე საშიში, როგორც მოწინააღმდეგ(ეებ)ის წინასწარდამარცხებულად შერაცხვა… თანაც ხელისუფლების მოწინააღმდეგე ერთი არაა და მთავარი მოწინააღმდეგე, იქნებ, ჯერ სულაც არ გამოჩენილა…
ეს გადაუდებელი საქმეებია:
- პარტია ქართული ოცნების უსწრაფესი და ხარისხობრივი რეორგანიზაცია – რეგიონული და რაიონული რგოლების სერიოზული ცვლილებებით.
- კოალიციის დალაგება – პრინციპიალურ საკითხებზე პრინციპიალური შეთანხმების მიღწევის, დაფიქსირების და გადაყწვეტილებათა შესრულების კონტროლის გზით.
- საგარეო მიმართულებით – სერიოზული PR-კამპანიის დაწყება, იმისათვის, რომ ევროკავშირის ფრონტზე დასახული შესაძლო სერიოზული წარმატება ვიზალიბერალიზაციის სახით იქნებ ახდენილ რეალობად იქცეს. ხოლო ამის წინააღმდეგ ამჟამად რუსები უფრო ენერგიულად იბრძვიან, თუ ნაციონალები – ძნელი სათქმელია. აქვეა – ემიგრაციის და დიასპორის მიმართულებით მტკივნეული საკითხების გადასაჭრელად მოცლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
- საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესება! მათ შორის იმ ახალგაზრდების მოზიდვაც, რომლებიც უცხოეთის სერიოზულ პოლიტიკურ თუ ბიზნეს სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებას ფლობენ.
- ხელისუფლების შტოებს შორის კინკლაობის ნაცვლად ინსტიტუტციონალური თანამშრომლობის პრიმატის აღიარება და დანერგვა.
მიმდინარე მომენტის შესახებ – “სანამ ურემი გადაბრუნდება…”
Posted: 2015/02/26 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბიძინა ივანიშვილი, მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნინო გვენეტაძე, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინა, ქართული ოცნება, ღარიბაშვილი, ჯოკია ბოდოკია დატოვე კომენტარიარაფერი არ შეიცავს ისეთ დიდ საფრთხეს ადამიანისათვის, როგორც უსაზღვრო უიმედობა და უსაფუძვლო ილუზიები. სამწუხაროდ, ამ ორ დიამეტრალურად საწინააღმდეგო განწყობილებას შორის მანძილი არც ისე დიდია და ხშირად ქანქარის მოძრაობის მსგავსად ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა ადვილად ხდება.
და საზოგადოებაზეც ზუსტად ასევე ვრცელდება ეს ყველაფერი.
ქართული საზოგადოება და ხელისუფლება დღეს თავისი განვითარების ძალიან მყიფე და უცნაურ საფეხურზე დგანან. ერთი მხრივ, სახეზეა აშკარა პროგრესი და დემოკრატიული მიღწევების საკმაოდ მაღალი დონე (მედიის თავისუფლება, სასამართლოების თავისუფლება, კორუფციის დაბალი დონე, ბიზნესის დაწყების იოლი პირობები და რეგულაციები), რომლის მიხედვითაც, ჩემი აზრით, საქართველო გაცილებით უფრო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ვიდრე ევროკავშირის უკვე წევრი ზოგიერთი სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, როგორც არსებული ეკონომიკური პარამეტრები (მაგალითად ერთ სულზე მშპ, რაც ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია), ასევე – ეკონომიკური განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართული საზოგადოების მარად უძღებ და ხშირად უსაფუძვლო „ოპტიმიზმს“, რომელიც უფრო მესიანურ ილუზიას ჰგავს და არა – ზრდასრული სუბიექტისთვის დამახასიათებელ რეალიზმს.
ამის შედეგად მივიღეთ პარადოქსული სიტუაცია: ერთი მხრივ, ქვეყანა გამოდის იმ საოცარი ავზღაპრიდან, რომელიც გარედან გურამ დოჩანაშვილისეულ ლამაზ-ქალაქს ჰგავდა, ხოლო შიგნიდან – სრული კამორა იყო. ხოლო, მეორე მხრივ, სულ უფრო მეტად ისმის იმედგაცრუება იმის გამო, რომ „მიწიერი სამოთხე“ ჯერ კიდევ შორსაა. სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვა, რომ „მიწიერი სამოთხის“ მიუღწევლობის გარდა, პატიოსანი კანუდოსისგანაც საკმაოდ შორს ვართ, რამეთუ მომხვეჭელობის, ნეპოტიზმის, უგერგილობის და მცონარობის დაძლევა ზოგადად ძნელია, და ქართველებისათვის – მით უფრო.
შევეცდები, მიმოვიხილო მიმდინარე მომენტის შუქ-ჩრდილები და სადაც მოვახერხებ, მდგომარეობის გამოსწორების შესაძლო გზებზე ჩემეული ხედვებიც გაგიზიაროთ.
დაპირებები და მიღწევები
ბევრი რამ შესრულდა და ბევრი რამ ვერ შესრულდა.
პირადად ჩემთვის, ის, რაც შესრულდა, არის უფრო მნიშვნელოვანი. მე იმ, ალბათ, არც ისე მრავალრიცხვოვან ადამიანთა რიგს მივეკუთვნები, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას ამ ხელისუფლების სხვებთან ფარდობითობის პრინციპზე აყრდნობს ხოლმე. შეიძლება, ეს ჩემი თერაპევტობის და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში მიღებული ცოდნის შედეგია, რადგან კარგად მახსოვს, რომ სწორი არ არის გამოთქმა – „ეს წამალი კარგია“, სწორია გამოთქმა – „ეს წამალი უკეთესია“ ან „ეს წამალი უარესია“.
თუმცა, ხელისუფლების მიმართ ხალხის დამოკიდებულების ისტორიული რაკურსი გვასწავლის, რომ ხელისუფლება შეიძლება იყოს ან – ასატანი, ან – აუტანელი… მოქალაქის მხრიდან ხელისუფლების სიყვარული დემოკრატიული წყობილებისათვის უცხო და უცნაური ხილია, რომელსაც ასეთი წყობის მქონე ქვეყნები იმათ უთმობენ, სადაც ხელისუფლების კრიტიკა პიროვნების თავისუფლების ან სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება ხოლმე – აი, იქ უყვართ და გიჟდებიან ხელისუფლებზე, თუ უყვართ!!!
უკვე ამ ერთი მიდგომითაც კი აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლება უკვე მარტო იმით მაინცაა ასატანი, რომ იგი თავისი კრიტიკის უფლებას გვაძლევს და ამ კრიტიკის გამო ჩვენი სიცოცხლის, მუშაობის თუ აზრის გამოთქმის უფლებებს არ ზღუდავს! მადლობა მათ ამისთვის, რამეთუ სულ ახლო წარსულში ეს ასე არ იყო.
რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა:
საყოველთაო ჯანდაცვა!
კონტროლირებად მედიაზე უარის თქმა!
სასამართლოების თავისუფლება (პროკურორების სატელეფონო უფლების დასასრული)!
ბიზნესის განთავისუფლება სახელისუფლებო ტერორისაგან!
მასობრივი შეთითხნილი დაპატიმრებების და საპროცესო გარიგებების მანკიერი სისტემის დასასრული!
თავისუფალი არჩევნები!
არაპოლიტიზირებული პოლიცია (ნაცვლად ლამის გესტაპოს დონემდე მისული ზონდერბრიგადებისა)!
პოლიტპატიმრების და პატიმართა სხვა ჯგუფების ყველაზე მნიშვნელოვანი ამნისტია!
საუნივერსიტეტო სივრცის განთავისუფლება სტუდენტური თვითმმართველობის კუდ-სოდ-ზონდერებისაგან!
ციხეებში პატიმართა სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა!
უფასო წიგნები სკოლებში!
სკოლებში საარჩევნო ძალადობის ერთ-ერთ მექანიზმად გამოყენების დასასრული!
კომუნალური გადასახადების შემცირება. პენსიის მიახლოება საარსებო მინიმუმთან…
მესმის, რომ ყოფილი ხელისუფლების მომხრეებს ეს სია უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, და მეტიც – ძალიანაც არ სიამოვნებთ ამ სიის კითხვა, მაგრამ დამისახელონ რომელიმე სხვა ხელისუფლება, რომელიც მოსვლიდან 2 წელიწადში ამდენ რამეს მოახერხებდა.
თუმცა არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც დანაპირები ვერ შესრულდა – პირველ რიგში ეს ეხება სამართლიანობის აღდგენას, წართმეული ქონების დაბრუნებას, პენსიების დაპირებულ დონემდე ზრდას, კომუნალური გადასახდებს უფრო მეტად შემცირებას, განათლების რეფორმას და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სფეროს – ბიზნესის გამოცოცხლებას, ახალი საწარმოების გახსნის ხელშეწყობას, ადამიანების დასაქმებას და მათი რეალური შემოსავლების ზრდას.
არ შეიძლება შეუსრულებელ პირობებზე საუბრებისაგან თავის არიდება. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ოპოზიციის სურვილია, რომ მუდმივად ზუსტად ამ დაპირებებზე ისაუბროს და მოსახლეობაში შექმნას განცდა, რომ ხელისუფლებას გაცილებით მეტი აქვს შეუსრულებელი დაპირება, ვიდრე შესრულებული. ხელისუფლების ამოცანა კი საპირისპიროა. მოსახლეობა კი უნდა ცდილობდეს, სწორად გაერკვეს, სად მთავრდება რეალობა და იწყება რეკლამა და ანტირეკლამა. როგორც ყველგან, ისევე საქართველოში, და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან, მედია მიდრეკილია სენსაციონალიზმისაკენ და პოზიტიური ინფორმაციის მომგებიანად გაყიდვა გაცილებით რთულია, ვიდრე შოკში ჩამგდები, სკანდალური ინფორმაციისა. ამ სიტუაციაში ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს გამოზომილი, ფაქტებზე ორიენტირებული, ობიექტური ინფორმაციით აღჭურვა და მწვავე კითხვებზე მაქსიმალურად სწორი და დროული რეაგირება. სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას ნეგატიური ინფორმაცია მეტად მიეწოდება და მისი მეტადაც სჯერა, რამეთუ ნაციონალების დროს ნეგატიური ინფორმაცია მკაცრად იფილტრებოდა, ხოლო პოზიტიური – ასმაგად და ათასმაგად ტირაჟირდებოდა და ვრცელდებოდა… სხვა რომ არაფერი, კარგად გვახსოვს უამრავჯერ გახსნილი ერთიდაიგივე ობიექტები – მე პირადად ყიფშიძის სახ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს 4 საზეიმო გახსნის მომსწრე ვარ 1 წლის განმავლობაში. და ეს სწორედ ის წელი იყო, როცა ერთ დროს ძლიერი და უმნიშვნელოვანესი რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად გაპარტახდა და მილიონობით ლარი შეიჭამა ნაცმოძრაობის დამქაშების მიერ. დღეს კი, რადგან ოცნების ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს სწორად შემუშავებული და წარმართული PR-კამპანია, და რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენელებს აკლიათ დამაჯერებელი არგუმენტაციის უნარ-ჩვევები, საზეიმო/პოზიტიურმა ინფორმაციამ მკვეთრად იკლო, ხოლო იგივე რუსთავი2 და სხვა არხებიც, რომლებსაც ნეგატიური ინფორმაცია ადრე მისხალ-მისხალ მიეწოდებოდა, ახლა ყველა საშუალებით ცდილობს, მოახდინოს ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება, რასაც ობიექტურთან ერთად საკმაოდ მრავალრიცხვოვანი სუბიექტური ფაქტორებიც განაპირობებს.
სამართლიანობის აღდგენა – დაგვიანების ბუმერანგი
სამართლიანობის აღდგენა იყო ქართული ოცნების ყველაზე მძაფრად გაჟღერებული და ხალხის მიერ ატაცებული დაპირება. რამდენადაც ყველაზე მეტად ნაციონალურმა მოძრაობამ მოსახლეობაში უსამართლობის, ზეწოლის, ქონებების წართმევის და მასობრივი ტერორის კვალი დატოვა, გასაგები მიზეზების გამო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სწორედ ამ ფრონტზე მაინც სწრაფი და ეფექტური ცვლილებების მოლოდინი ჰქონდათ. ამას კოალიციის ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის მიერ ხშირად გაჟღერებული თეზაც უმაგრებდა მხარს – ის, რომ საყოველთაო აზრით, ეკონომიკური აღმავლობის მიღწევას გაცილებით მეტრი დრო და სახსრები დაჭირდებოდა, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას და ისიც, რომ მოსახლეობასაც კარგად ახსოვდა, როგორ მოკლე ხანში მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის კლანის და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელების სწრაფად ნეიტრალიზაცია, ბიზნესების “ახევა” თუ პოლიციის და სხვა ძალოვანი უწყებების, ასევე – სასამართლოების მოხელეთა ძირეული წმენდა – გადახალისება.
სამწუხაროდაც და საბედნიეროდაც, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გზა აირჩია – ნელი და არა რევოლუციური ცვლილებების გზა, რომელიც ნაწილობრივ კოალიციაზე გარე ფაქტორების და კოჰაბიტაციის დაჟინებითი მოთხოვნით იყო განპირობებული, იმ პირობებში, როდესაც მთელი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს პირად ისევ ნაცმოძრაობის ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი რჩებოდა. ხოლო ნაწილობრივ იმითაც, რომ კოალიციამ სრულიად შეგნებულად გადაწყვიტა, რომ გარიყულთა და ჩარეცხილთა რიცხვი ამჟამად გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო – მხოლოდ ათობით ან ასობით ადამიანი, და არა – ათასობით, ან ათეულათასობითაც კი, როგორც ეს 2003-04 წლებში ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ უკანასკნელ ხანებამდე საქართველოს ხელისუფლებაში სასამართლო, საბანკო და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნაცმოძრაობის დროს დაწინაურებული კადრები ხელმძღვანელობენ. რომ ძალოვანი სტრუქტურების – პოლიციის და პროკურატურის ხელმძღვანელობაშიც ცვლილებები მხოლოდ პირამიდის მწვერვალზე მოხდა, და რომ ათეულ ათასობით საქმის გადახედვა ძალიან ნელი ტემპით – კუს ნაბიჯებით მიდის… ამან თითქოს შეამცირა ნაცმოძრაობის წაგების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგებში გაჩენილი პანიკა თუ არა – დაძაბულობა, მაგრამ ამაზე მეტად გამოიწვია თავად ოცნების მხარდამჭერთა რიგებში იმედგაცრუება. მართლაც, რამ უნდა იმოქმედოს უსამართლობით დაჩაგრულ ადამიანზე იმაზე უფრო დამთრგუნველად, ვიდრე იმის აღმოჩენამ, რომ მის საჩივარზე პასუხს თურმე იმავე ადამიანებისაგან უნდა ელოდოს, ვინც მისი ჩაგვრის ან – უტყვი მოწმე, ან სულაც – ინიციატორები და წარმმართველები იყვნენ?!
სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, როცა საზოგადოების აღშფოთებამ კრიტიკულ საზღვარს მიაღწია და როცა არა მარტო პროკურატურაში, არამედ უკვე პოლიციაშიც, სერიოზული წმენდა დაიწყო. მოხდა ზურაბ ვაზაგაშვილის ნაციონალების დროს მნიშვნელოვნად გაყალბებული საქმის გახსნა და ბრალდებულების – ყოფილი თუ მოქმედი ძალოვნების – დაკავება, და მერე, ლამის ერთ კვირაში – იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ინდეტიფიცირება და დაკავებაც. გამოცხადდა, რომ უახლოეს ხანებში გახსნილი იქნება ჟვანიას და აფრასიძეების საქმეებიც… საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სამართლიაობის აღდგენის მოლოდინში იყო, – ფრთხილი იმედი, ხოლო ნაცმოძრაობის აპოლოგეტების და უსამართლობაში ეჭვმიტანილი პირების ახლობლებს სერიოზული შეშფოთება დაეტყოთ… ახლა ჯერი პროკურატურასა და სასამართლოებზეა.
კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დაწყება აქამდე, და რატომ მოხდა ეს მხოლოდ შვილმკვდარი მამის გაუგონარი მკვლელობის შემდეგ პასუხი ასეთია: პროკურატურაში საჭირო იყო სერიოზული ცვლილებები, რასაც დრო სჭირდებდა. საჭირო იყო წლების განმავლობაში წინა რეჟიმის პირობებში მეთოდურად გაყალბებული საქმეების ძირეული გადახედვა და ხშირად, ახალი ფაქტების მოძიება და ვერსიების გადახედვა. სამწუხაროდ, ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული სიკვდილი მართლაც უძლიერესი ფაქტორი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა იგრძნეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა – რისი დასტურიც იყო ამ სიკვდილის შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსნის გადაყენება, გადადგომა, თუ ბრალის წარდგენა…
თითქმის ამავე პერიოდში გაჟღერდა, რომ სამართლიანობის აღდგენის ფინანსური უზრუნველყოფისათვის ადრე ნაანგარიშები თანხა – 7 მილიარდი – ძალიან გაბერილი ყოფილა და უფრო საფუძვლიანი გათვლებით, ალბათ, 1 მილიარდი ლარი ეყოფა ამ მხრივ ხელისუფლების მხრიდან საჭირო ხარჯებს. უკვე ითქვა ისიც, რომ 2015 წლის ბიუჯეტში ამ პროცესის დასაწყები თანხები გათვალისწინებულია.
თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ წინა რეჟიმის ერთ-ერთი სერიოზული ბურჯი – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – კოტე კუბლაშვილი უკვე ყოფილი თავმჯდომარეა, მოსალოდნელია სააკაშვილის მიერ შექმნილი უსამართლო სასამართლოს ყველაზე მაღალი სტრუქტურის მაღალი ღობის მორღვევის აქტიური პროცესი, რომელიც ალბათ, კიდევ უფრო კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს ზოგადად სასამართლოების გაჯანსაღებაზე და მოსახლეობის მხრიდან ქართული სასამართლოსადმი ნდობის აღდგენაზეც.
ამ პროცესის დადასტურება იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უკვე წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცება! ქალბატონ ნინო გვენეტაძის პროფესიონალიზმი და რეპუტაცია ეჭვს მხოლოდ ნაციონალებში (და მათ რუპორ ჟურნალისტებში) იწვევს, რომლებმაც სასამართლოს დამონების პროცესი სწორედ ნინო გვენეტაძის და მისი პრინციპული კოლეგების სასამართლოდან გამოძევებით დაიწყეს. იმედია, საქართველოს პარლამენტს ეყოფა იმის გააზრების უნარიც და ნებაც, რომ ეს საკითხი არ ჩააგდოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნაციონალური „სასამართლოს“ მეორე ბურჯი, კუბლაშვილის მარჯვენა ხელი – ზაზა მეიშვილი არ დატოვოს. მოვლენების ასეთი განვითარება მე პირადად სრულად დამიკარგავს იმის განცდას, რომ საქართველოს პარლამენტს ან თავისი როლი ესმის, ან რეალობის განცდა გააჩნია. ასეთი სცენარი სწორედაც რომ ნაციონალების წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აჭარაში ეს წყალი უკვე შხუილითაა მიშვებული ნაცების წისქვილზე, ნინო გვენეტაძის დანიშვნის საკითხის პოლიტიკური შინაომების და ვაჭრობის თემად გადაქცევა, ვფიქრობ, ხელისუფლებისათვის, და სახელმწიფოსათვისაც, ახალი ცუდი პროცესების სათავე შეიძლება გახდეს.
„უნიათო მთავრობა“
დღევანდელი ხელისუფლების სუსტი წერტილი არის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რეკლამა, საკუთარი პროგრამების ადამიანებამდე მიტანის არაკოორდინირებული და გაფანტული პოლიტიკა. გასაგებია, ვაშლის რეკლამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ვაშლის ხარისხი და გემოა! მაგრამ თუ ქვეყანაში 100,000-მდე ადამიანი ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის უპირატესობით, მათი დიდი უმრავლესობა არ ჩათვლის თავს ვალდებულად ეს ამბავი ფართოდ გააპიაროს, და გამოდის, რომ 3.5 მილიონი ადამიანის მხოლოდ 3%-ს თუ ეცოდინება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ. სავარაუდოდ, მედიის უდიდესი ნაწილისათვის ეს თემა არაა აქტუალური, რადგან სკანდალურობის ნაკლებობის გამო რეიტინგულიც არ არის. საკუთარი არხი ხელისუფლებას არ გააჩნია… კიდევ კარგი, რომ სწორედ ჯანდაცვის სფეროში სამინისტროს საკმაოდ კარგი პი-არ სამსახური და პოლიტიკა აქვს, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიდი სარგებელი მნიშვნელოვანწილად დაუფასებელია საზოგადოების მხრიდან. შესადარებლად მინდა გავიხსენო ნაციონალების ადრეულ პერიოდში ერთი იმ იშვიათ პროგრამათაგანი, რაც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მოიფიქრეს – მშობიარობის ვაუჩერები, და როგორ პირადად მონაწილეობდა მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი (რომელიც არც ქარიზმით გამოირჩეოდა და არც – პოლიტიკური ტაქტით) ამ პროგრამის რეკლამაში! თანაც ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი მეუღლე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას არ ანდო და საზღვარგარეთ წაიყვანა მოსალოგინებლად… სულაც არ მიმაჩნია, რომ ასეთი „მინისტრული კლიპშემოქმედება“ მისაბაძი იყო, პირიქით. მაგრამ იმ ერთი უკიდურესობიდან, როცა ხელისუფლება ლამის მხოლოდ რეკლამით ესაუბრებოდა ხალხს და მხოლოდ სარეკლამო რეალობა ითვლებოდა მთავარ და ერთადერთ მნიშვნელოვან რეალობად – მოხდა გადასვლა ლამის მეორე უკიდურსეობამდე, როდესაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ამბების გაპიარება და რეკლამირება აღარ ითვლება მნიშვნელოვან და საჭირო ღონისძიებად. ამის მაგალითად გამოდგება ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნა, რომელიც ცუდი არ იქნებოდა საერთო სახალხო ზეიმად ქცეულიყო… ამის მაგალითი იყო ჩინეთიდან პირველი მატარებლის გამოვლა საქართველოზე და აბრეშუმის გზის აბრეშუმის რკინიგზად გადაქცევა, რომელიც ასევე ზედმეტად მოკრძალებულად გახმაურდა…
ამის სრული საპირისპირობაა ნაციონალების მძლავრი და ორგანიზებული, მეტად კონცენტრირებული სარეკლამო-პროპაგანდისტული კომპანია, რომლის მთავარი ელემენტებს – სწორი დაგეგმვა, სხვადასხვა მოძიებული ფაქტების გაბერვა, ერთ ფოკუსში მოქცევა და ერთიან მესიჯად ჩამოყალიბება, ხოლო შემდეგ – ამ მესიჯით მოსახლეობის მასირებული დაბომბვა წარმოადგენს. მათი მთავარი მესიჯია – „უნიათო (უუნარო) ხელისუფლება“, რომლის რეზონირება საკმაოდ ძლიერ ექოდ ხდება, რადგან თითოეული მათი წევრი თუ მხარდამჭერი ზუსტად სწორედ ამ მესიჯის გახმაურებას ახდენს. ხდება „ქართული ოცნების“ როგორც რეალური შეცდომების მისხალ-მისხალ მოგროვება (სამწუხარო რეალობაა, რომ ხანდახან ასეთი მოგროვება სულაც არაა ძნელი, რადგან ოცნება ნამდვილად იძლევა მსხვილი შეცდომების დაფიქსირების შანსსაც), და მერე ერთიან ფორმატში ჩამოყალიბება. ამ პროპაგანდის სათავეში რუსთავი-2 და „ტაბულაა“, ხოლო რამდენადაც ეს ინფორმაციები საკმაოდ სისტემატურია და რეიტინგების მომტან ნეგატიურ კონტენტს შეიცავს, ისინი სხვა არხებზეც მაქსიმალურად სწრაფად არის ხოლმე ატაცებული და ტირაჟირებული. თუმცა. რა თქმა უნდა, ეს მთავარი და არა ერთადერთი მესიჯია. სხვათაშორის, საკმაოდ შეცბა ნაცმოძური პროპაგანდა ზურაბ და იური ვაზაგაშვილების მკვლელობების საქმეზე პროკურატურის ეფექტური მუშაობის შემდეგ, რადგან ეს უკვე რთულად ეტეოდა „უნიათო ხელისუფლების“ მესიჯში… არის კიდევ „სახელისუფლებო ნეპოტიზმი“, „პრემიების მოყვარული ხელისუფლება“, „დასავლური კურსიდან გადამხვევი ხელისუფლება“, „ეკონომიკის დამანგრეველი ხელისუფლება“. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ ამ მესიჯების ცალკეული ასპექტები (მაგალითად ნეპოტიზმის შემთხვევების ადრეული დაფიქსირება) ნამდვილად შეიძლებოდა ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ნიმუშად ჩათვლილიყო, რომ არა ერთი სერიოზული პრობლემა: დღეს ეს საზოგადოებრივი სამართლის სადარაჯოზე დამდგარი მამხილებლები გუშინ ნაცმოძრაობის ოღრაშობათა ქედუხრელი „გამპრავებლები“ იყვნენ, დღეს რომ ხელისუფლების ნეპოტიზმზე მუდმივად პირს ისველებენ, გუშინ სააკაშვილის კლანის საცეცებს და სააკაშვილის დედისათვის თითო-თითო ლარად გადაცემულ ქონებებს „ვერ“ იმჩნევდნენ, დღეს რომ საჯაროდ გამხდარი პრემიების და დანამატის მისხალ-მისხალ დაანგარიშების მეტი საქმე არაფერი აქვთ, ადრე საკუთარ 2-ჯერ და სამჯერ მეტ პრემიებსა და დანამატებს რატომღაც დამსახურებულად თვლიდნენ და მკაცრად დახურულ ინფორმაციად ჰქონდათ ჩარაზული…
საინტერესოა, რატომ არის მათი გადასახედიდან დღევანდელი მთავრობა “უნიათო”?
- ალბათ იმიტომ, რომ ბიზნესმენების ტერორით არ ახდენს ბიუჯეტის შევსებას?
- ალბათ იმიტომ, რომ ვითომდა დონალდ ტრამპის 300-მილიონიანი ცრუ ინვესტიციებით (სინამდვილეში რომ იქეთ უხდიდნენ ტრამპს გასამრჯელოს) არ იწონებს თავს მსოფლიოში?
- თუ იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოყვანილი არქიტექტორებისათვის „ატკატებით“ არ არის დაკავებული?
- თუ იმიტომ, რომ ქუჩაში ახალგაზრდების ჟლეტით არ ქმნის „ნულოვანი ტოლერანტობის“ და ადგილზე ლიკვიდაციის მომნუსხველ რეალობას?
- თუ იმიტომ, რომ ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით არ ახდენს ოპოზიციის აქტივისტების დაშინებას?
- თუ იმიტომ, რომ ხალხის სისხლზე პრემიებით მადააშლილი დაგეშილი ნიღბიანების ზონდერჯგუფები არ გააჩნია?
- თუ იმიტომ, რომ პროკურორები და მოსყიდული ადვოკატები მომენტალურად არ ახდენენ ფსიქოლოგიურად დამუშავებული პატიმრებისგან საპროცესო გარიგების გამოგლეჯას?…
ნაციონალური მოძრაობა ძალიან ცდილობს, რომ „კონსტრუქციულობის“ ქურქი მოისხას – ლაპარაკობს 36 ნაბიჯზე, სტრატეგიაზე, თანამშრომლობაზე, ბიზნესის გამოცოცხლებაზე, გადასახადების შემცირებაზე, რეალური ინვესტიციების წახალისებაზე… ამ დროს იმ ყველაფერზე, რისი რეალურად „დიდოსტატებიც“ იყვნენ, იმაზე არ ლაპარაკობენ… მორცხვობენ, ეტყობა… ანდა, ლომი და კატას არაკის არ იყოს, ყველაფერს ხომ არ გაამხელენ 🙂 …
პრობლემა იმაშია, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა არსებობს, და არსებობს ისე, რომ ძველ დანაშაულებებზე არც პასუხი უგიათ და არც მოუნანიებიათ, ახლანდელი ხელისუფლების რეალურ შეცდომებზე ლაპარაკი გაძნელებულია ორი მიზეზის გამო: ა) ზოგიერთ გონიერ, მაგრამ ფრთხილ ადამიანს ეშინია, ამით ჯერ კიდევ საკმაოდ ცოცხალ ნაცმოძრაობას ხელმეორე სუნთქვა არ გაუხსნას, ბ) ზოგიერთ გონიერ, მაგრამ არანაკლებ ფრთხილ ადამიანს არ სურს, რომ მისი კრიტიკული მესიჯები ნაცმოძრაობასთან ასოცირების შთაბეჭდილებას ქმნიდეს.
ლარის კურსის შემცირება
დღევანდელობის მძიმე გამოწვევად იქცა ლარის კურსის შთამბეჭდავი ვარდნა, რომელმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში 25%-ს გადააჭარბა. ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რომელთა ერთობლიობა სულ უფრო მეტ ახალი ფაქტორს და ახალ აქტიურ მოთამაშეებს ითრევს და ფაქტია, რომ თუ თავდაპირველად ლარის კურსის შემცირება არც ისე ძლიერი იყო – დაახლოებით 12-13% ლამის 2 თვეში, ბოლო 1 თვის განმავლობაში ეს ცვლილება უფრო დაჩქარდა და ნაცების სანუკვარი ლოზუნგის „უნიათო მთავრობის“ მთავარი სამიზნე გახდა.
ლარის დასუსტების რამდენიმე, შედარებით ზედაპირზე არსებული, მიზეზი:
ა) 2014 წლიდან (განსაკუთრებით – ზაფხულიდან) გასაგები მიზეზების გამო საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა სავალუტო შემოსავლები, განსაკუთრებით – რუსეთიდან და უკრაინიდან. რუსული რუბლის სწრაფმა (2-ჯერ მეტად ვარდნამ!) დოლარის მიმართ ახლო სამეზობლოს ყველა იმ ქვეყანაზე მოახდინა დიდი გავლენა, რომლის ეკონომიკაც ან მიბმულია რუსეთზე და რუბლზე (სომხეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი), ან სადაც მიგრანტთა მიერ გამომუშავებული გადარიცხვები (საქართველო, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი) მოდიოდა. თუ გავიხსენებთ, ჯერ კიდევ ნიკა გილაურმა აღიარა, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოსვლის სერიოზული წყარო (25%) სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები იყო. დღეს ეს წყარო, მისი რუსულ-უკრაინული სერიოზული ნაკადი – თითქმის განახევრებულია… ეს კი წლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დანაკლისია…
ბ) შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მართალია, 2014 წლის მე-3 კვარტალში სერიოზული ზრდა აღინიშნა, რის გამოც ჯამურად შარშან ინვესტიციები მაინც მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2012 წელს, მაგრამ ეს საკმარისი არაა და დოლარის მასის დანაკლისი ვერ აანაზღაურა.
გ) შიდა ინვესტიციების ძალიან კარგი ზრდის ფონზე 2014 წლის პირველ ნახევარში, მეორე ნახევრიდან ტემპმა იკლო. მაგრამ მთლიანობაში ინვესტირების წლიურ მოცულობაში ლარით შენატანების წილი შედარებით მეტი აღმოჩნდა.
დ) საპასპორტი რეჟიმის ცვლილებებმა, კერძოდ სრულიად მოულოდნელმა რეგულაციებმა უვიზო რეჟიმის ქვეყნების მოქალაქეებისათვის 90 დღიანი შეზღუდვის დაწესების შესახებ, ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპები შეამცირა (თუმცა მთლიანობაში ტურისტების რაოდენობა და შემოსავლებიც გაიზარდა, მაგრამ, ალბათ, სავიზო რეგულაციების გარეშე უკეთესი დინამიკა გვექნებოდა), ხოლო უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული რეგულაციების დაწესებამ შეამცირა მცირე და საშუალო მასშტაბის უცხოური ინვესტიციები.
დ) სამწუხაროდ, ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა ტენდერების ჩატარების ბიუროკრატიული არტახები. ნაცების დროს ტენდერები სრული ფორმალობა იყო, ტენდერი რომ ცხადდებოდა, რეალურად ჩაშლის შანსი 0.00% იყო – უკვე წინადღეს ყველამ იცოდა, ნაცების რომელი ერთგული ფირმა იგებდა ტენდერს და ისიც, – რა ფასად! ხოლო ახლა წინასწარდაგეგმილი ტენდერები აღარაა, რაიმე დოკუმენტაციის ხარვეზის, ან მაღალი რისკის გამო ტენდერები საკმაოდ ხშირად იშლება, და წლის ბოლოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ბევრი აუთვისებელი თანხა დაგროვდა, რომლის წლის ბოლოს ათვისება არ გამოდგა იოლი და თან ბაზარზე მომეტებული რაოდენობით ლარის გამოყრას შეუწყო ხელი. ლარის ფულადი მასის ამ ასიმეტრიამაც ხელი შეუწყო ნოემბრიდან სავალუტო ბაზრის ცვლილებას. თუმცა, ბიუჯეტის გავლენა ლარის კურსის დევალვაციაზე მაინც არ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, განსხვავებით 2013 წლისაგან, როდესაც ხელისუფლებას, 2012 წელს მომავალი საშემოსავლო გადასახადების ნაცმოძრაობის მიერ უკანონოდ წინსწრებით გადარიცხვის გამო, საგადასახადო შემოსავლები დააკლდა და იგი და დაგროვილი ნაშთებიდან გაზარდა.
ე) 2014 წელს ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა საგარეო ვალის შემცირებაზე. ვალის პროცენტების მომსახურების გამო გაცილებით მეტი სავალუტო სახსრების გაცემა გახდა საჭირო. ამ ფონზე, იმისგან განსხვავებით, რომ 2006-2012 წლებში ნაცმოძრაობის „ჯადოქრები“ ახალ-ახალი კრედიტებით ახდენდნენ ლარის კურსის სტაბილიზაციას, სამაგიეროდ კი მომავალ თაობებს სულ უფრო გაზრდილ საგარეო ვალს უტოვებდნენ კაბალად, ქართული ოცების ხელისუფლებამ სცადა უარი ეთქვა ვალის ზრდის მანკიერ ტენდენციაზე. სამწუხაროდ, საგარეო პირობები არ აღმოჩნდა ხელმშემწყობი.
ვ) სწორედ 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 775 მილიონი ღირებულების დოლარი შეიძინა და ამოიღო ბრუნვიდან, ხოლო წლის ბოლოს, როცა დოლარმა მთელს მსოფლიოში ზრდა იწყო, დიდხანს მხოლოდ აკვირდებოდა სიტუაციას და საჭირო ჩარევებს აგვიანებდა. მერეც ეს ჩარევები მცირემასშტაბიანი იყო და დოლარზე არსებულ მოთხოვნილებას ჩამორჩებოდა. სადღეისოდ ეროვნულ ბანკს გაყიდული (ბრუნვაში დაბრუნებული) აქვს 660 მილიონი დოლარი (მაინც 115 მილიონით ნაკლები, ვიდრე ამოღებული). თავის დროზე ნაცმოძრაობის მიერ დანიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ლოიალობა ქვეყნისადმი (და ახალი ხელისუფლებისადმი) მეტია, თუ – ყოფილი პატრონების მიმართ, ეს ნამდვილად არაა ადვილი სათქმელი…
ვ) ყველაზე უცნაური კი იყო ის დისონანსი, რაც გაისმოდა სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან დოლარის კურსის მატების შესახებ, რომლებიც ან საერთოდ თავს არიდებდნენ სიტუაციის განმარტებას, ან ქარაგმებით ლაპარაკობდნენ, იცილებდნენ რა პასუხისმგებლობას პირადად საკუთარი მხრებიდან!
ზ) ლარის გარდა დოლარის მიმართ მსოფლიოს უმრავლესი ვალუტები გაუფასურდა. ბოლო კვირამდე ლარი გაუფასურების ტემპებით დსთ-ს და ევროკავშირის ბევრ ვალუტაზე (მაგალითად, ნორვეგიულ, შვედურ და ჩეხურ კრონაზე, პოლონურ ზლოტზე, სერბულ დინარზე და სხვებზე) უკეთ გამოიყურებოდა (http://bfm.ge/index.php?newsid=8787 ). ბოლო დღეებში დანიური კრონაც 23%-ით, ხოლო აზერბაიჯანული მანათი სულაც 35%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და დიდი შანსია, რომ 24 თებერვალს ლარის კატასტროფული ვარდნა, სწორედ ორი აზერბაჯანული ბანკის ფილალების მხრიდან თბილისში დოლარის სერიოზული რაოდენობით შესყიდვამ გამოიწვია.
თ) დაბოლოს, მთელი რიგი ექსპერტები არა მარტო თავიანთ მოლოდინებს ახმოვანებდნენ, არამედ აშკარად კატასტროფულ სცენარებს ხატავდნენ. განსაკუთრებით მძიმე შედეგის მომტანი იყო შევარდნაძის დროს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის და სააკაშვილის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპოკალიპტური პროგნოზები, რომლებიც მხოლოდ სკანდალის და საკუთარი ორაკულობის იმიჯის განმტკიცების მიზანს ემსახურებდა. აღნიშნული სპეციალისტი მშვენივრად არის ინფორმირებული იაზე, რომ სავალუტო კურსის 20-25%-იანი ვარდნა, როცა მთელს რეგიონში ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს, და ზოგიერთი ვალუტა ლარზე უფრო მეტადაც კი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ვერ აიხსნება მხოლოდ შიდა ფაქტორებით, მაგრამ იგი მუდმივად მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, თუმცა რატომღაც ავიწყდება, რომ მთელ მსოფლიოში მისი საპარლამენტო საბიუჯეტო ზედამხედველობის დროს დამყარებული წლიური სავალუტო ინფლაციის რეკორდი – 8500% – დღესაც გინესის რეკორდებში არის დაცული!
ხელისუფლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ სწრაფი და ენერგიული ზომებია საჭირო! ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინვესტიციური პროექტების ხელშეწყობა და დაჩქარება, გადასახადების დაქვეითება (მაგალითად, ბინების გამქირავებელთა მიმართ) და შეზღდული მოცულობის კრედიტის აღება…
კოალიციის პოლიტიკური პრობლემები
კოალიციას ნამდვილად აქვს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები:
ა) მოსახლეობის მხრიდან ნდობის შენარჩუნების,
ბ) გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობაში დაპირებული მიღწევების კიდევ უფრო ძნელად მისაღწევადობის დაძლევის
და
გ) საკუთარი რიგების გაწმენდისა და დისციპლინის დამყარების. ეს უკანასკნელი, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აშკარაა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციაც კი, მთლიანად უმრავლესობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმდენად ჭრელია, რომ მისი აღქმა ერთიან გუნდად ძნელდება. ადრე ამ განსხვავებებს ნაცმოძრაობის დამარცხების სურვილი, ხალხის მხრიდან მიცემული მანდატი და უკეთესი მომავლის მოლოდინი ანეიტრალებდა. ახლა კი მგონი, დაიჯერეს, რომ საქმე გაკეთებულია, რომ მათ ტახტს არაფერი ემუქრება, და რომ მართლა დადგა ოცნებების და განცხრომის დროს…
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად გამოჩნდა, რომ თვითდამშვიდება ძალიან ნაადრევი იყო და რომ პრობლემები ახალი ძალით და სიმწვავით იჩენს თავს.
აი, რამდენიმე გამწვავებული პრობლემა:
ჯოკია ბოდოკიას საქმე
აღნიშნულ საქმეზე დიდხანს შეჩერება დროის ფუჭი კარგვა მგონია. რატომღაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჯოკია ბოდოკია არა მერიის ზედამხედეველობის სამსახურის უფროსია, არამედ – ამ სამსახურის აპარატის უფროსი მხოლოდ, ანუ დაბალი რანგის ფუნქციონერია, რომელსაც ნამდვილად არ შეეძლო ასეთი ტიპის „სერვისის“ გაწევა და სასტუმროსთვის ნანატრი პერსპექტიული ადგილის გარანტირება. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას ფული სხვისთვის გადასაცემად სჭირდებოდა და სწორედ ის “სხვა” იქნებოდა მაღალი დონის მოხელე შესაბამისი მაღალი დონის გაყალბების მანდატით.
მაგრამ, მოდით, ჯერ ის ვიკითხოთ, ვინ გადაიხადა ეს, – საქართველოსთვის მართლაც ძალიან მაღალი – ქრთამი!
აღმოჩნდა, რომ უბრალო ქართველ ქალბატონს გადაუხდია, ვინმე ნათია მახარაშვილს, სასტუმროს აშენების მოსურნე ირანული ფირმის ნდობით აღჭურვილ პირს. არც ის ვიცით, ვინ და როდის დაპირდა ნათია მახარაშვილს 180,000 დოლარს, და არც ის, რას წარმოადგენს ეს იდუმალებით მოცული ირანული ფირმა, რომელიც ნუცუბიძის ბოლოში, ლტოვილების ბინაში ფორმალურად ჩაწერილია და ამ მისამართს იყენებს იურიდიული საბუთებში. ეს ისტორია მაგონებს მეორე იდუმალებით მოცულ აღმოსავლელ „ბიზნესმენს“ – მარკ მონემს, რომელიც თითქოს უშველებელი ფირმის წარმომადგენელი იყო, ერთ პრეს-კონეფერნციაზე გამოჩნდა და მერე აორთქლდა… ვინმეს ხელწერას ხომ არ გაგონებთ თქვენც ეს ყველაფერი? აი, ვინმე ისეთის, ჯოკია ბოდოკიასთვის ქრთამის მიცემა რომ შესაძლო მიზანს წარმოადგენდა, ალბათ, და არა – სასტუმროს აშენების მიზნის მიღწევის საშუალებას! როგორც მაფიოზი კოლომბო იტყოდა – „იგივე სიფათები და იგივე ინსტრუმენტები…“ D:D:D
სავარაუდოდ, არცა ირანელები ყოფილან… იყო ერთი ნათია მახარაშვილი, რომლის ხელით ვიღაცამ 50,000 დოლარის გადაცემა, შეიძლება, იმისთვის დაგეგმა, რომ ჯოკია ბოდოკიასთვის მოქრთამვის ამბავი „აეწია“ – პროკურატურის წინასწარ გაფრთხილებით… იქნებ არც ირანელებია, არც სასტუმრო, არც ქრთამი… და ეს მხოლოდ სათაგურში დადებული ყველი იყო… და არც ჯოკია ბოდოკია აინტერესებდათ იმ „მარკ მონემებს“ და მათ დამქოქავ მელიებს… უფრო სწორად ჯოკია ბოდოკიას მეგრული გვარ-სახელი აინტერესებდათ მხოლოდ, რომელსაც მერე ადვილად მიაბამ ქალაქის მერის მეგრულსავე გვარს და გამოაცხობ ნაზუქივით მსუქან მითს იმაზე, რომ ჯოკია სოფ. კოკიდან არის და ბავშვობა დავით ნარმანიასთან ერთად გაატარა… (სინამდვილეში ჯოკიას ვაკეში აქვს ბავშვობა გატარებული).
ასე რომ, ამ ამბავში ძალიან საინტერესოა ეს ირანული ფირმა, და კიდევ უფრო საინტერესო, ვის ხვდებოდა და ვის ესაუბრებოდა ნათია მახარაშვილი „ოპერაცია ჯოკიამდე“ გარკვეული დროის განმავლობაში…
აჭარის გასაჭირი
ჯოკიასგან განსხვავებით, აჭარა – ნამდვილად რეალური თავის ტკივილია. და რეალური თავის ტკივილია უკვე დიდი ხანია. იმის გამო, რომ აქ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ღრმა ფესვები დატოვა, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” გამოსწორებული პოლიტიკა და გაცილებით უკეთესი ადამიანური რესურსები, ჯერჯერობით მაინც, ვერ დაუპირისპირა. ინფორმაცია, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე, აჭარიდან მოდიოდა, შემაშფოთებელი იყო, – რამდენადაც არ ჩანდა სწორი, პატიოსანი და მართალი მხარე! ყველა მხარე, რომელიც რაღაც ძიძგილაობებში იყო ჩართული, თავის მხარეზე საბნის გადაქაჩვას ცდილობდა და, ნაციონალური მოძრაობის გულის გასახარად, არც მორალით დაიკვეხნიდა და არც – პარტიული დისციპლინით. ამას გარდა, გვახსოვს, „უფლებადამცველ“ მედეა ვასაძის ფენომენალური უფლებადამრღვევობა ადგილობრივ ჟურნალისტებთან მიმართებაში, გვახსოვს გა-VIP-ებული ქოლგადაჭერილი ავთანდილ ბერიძე, გვახსოვს მურმან დუმბაძის ნათესავებით შელესილი აჭარის მმართველი კადრები… ბატონი ხაბაძის ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა, არაა გამორიცხული, მასაც არ დაეკლო ხელი ნათესავებისთვის ხელის გამართვის საშვილიშვილო საქმეში… შედეგი ძალიან ცუდია – დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა უკვე ყოფილი უმცირესობა და მასთან გარიგებული „პერებეჟჩიკები“ არიან. მურმან დუმბაძე კი გინესის რეკორდის ახალი ნომინაციას უმიზნებს, – „ყველა პარტიიდან გარიცხული პოლიტიკოსის“ ნომინაციას. სიტუაცია დრამატულ-კომიკურია, მაგრამ რამდენადაც თავად თავმჯდომარის გადასაყენებლად 2/3-ს ჯერ ახლადგამომცხვარი „უმრავლესი უმცირესობა“ ვერ აგროვებს, ახლა მაინც შეიძლება დაჯდომა და გადაწყვეტა, სად რა უნდა მოხერხდეს…
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი
„ქართული ოცნების“ კოალიციას უკვე გამოაკლდა თავისუფალი დემოკრატების მთელი გუნდი. ახლო პერსპექტივაში, ეს ორმხრივად საზიანო გადაწყვეტილებად მიმაჩნია. „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სტრუქტურები რეგიონებში ძალიან სუსტია, თუკი საერთოდ არსებობს, და არც ისაა ცხადი, რა ფინანსური რესურსებით აპირებს ალასანია მომავალი არჩევნების მოგებას. არსებობს ერთი ძალა, რომელიც სიამოვნებით შესთავაზებდა ალასანიას თავის საკმაოდ მძლავრ ინფრასტრუქტურას და საიმედოდ გადამალულ „პარტიის ოქროსაც“, მხედველობაში მყავს ან ერთიანი ნაცმოძრაობა, ან მას ფორმალურად ვითომ გამოყოფილი ახალი სტრუქტურები, (მოძრაობა „ივერია“ ნიკა რურუას თამადობით), მაგრამ ალასანიასთვის ასეთ ალიანსში გაერთიანება ძალიან წამგებიან ნაბიჯად მიმაჩნია, რომელსაც იმედი მაქვს, იგი არ გადადგამს.
მოგებული, არა მგონია, კოალიციაც იყოს. „თავისუფალი დემოკრატები“ არა მარტო თავისი პროდასავლური ორიენტაციით არიან ცნობილნი, არამედ საკმაოდ კარგი წარმომადგენლები ჰყავდათ პარლამენტში, რომელთა ხმების და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გამოკლება როგორც ვიცე-სპიკერის, ასევე – კომტეტების თავმჯდომარეების ადგილებზე საკმაო დანაკლისია. მომზადებული ხალხი მომხრეებიდან უცებ მოწინააღმდეგედ რომ გადაიქცევა, გარკვეული ხნით მაინც – ეს სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს ბადებს. და ისიც გასათვალისწინებელია, რა ძალებით მოხდა „თავისუფალი დემოკრატების“ ჩანაცვლება პარლამენტში – ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტივისტებით, რომელთა ერთგულება „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებული პრინციპებისადმი ცოტა ძნელად წარმომიდგენია, რადგან კარგად მახსოვს, სად იყვნენ და რა პოზიციებზე იდგნენ 2012 წელს. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ “კაბელების საქმის” ისედაც გაჯანჯლებული ძიება უკვე პროკურატურას იმის მსგავს ზარალს აყენებს, როგორც ლაშა ნაცვლიშვილის დროს ტრაქტორების საქმის გაჯანჯლება, მაგრამ თუ ბოლოსდაბოლოს საქმე ალასანიასადმი ბრალის წაყენებამდე მივიდა, ამას დასავლეთში მართლაც საკმაოდ ცუდი გამოხმაურება ექნება…
ამას ემატება მედიაში მაქსიმალურად მუსირებული ხმები, რომ თითქოს რესპუბლიკელებიც აპირებდნენ კოალიციის დატოვებას. რაც უკვე არა იმდენად რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ცვლილება იქნებოდა, რამდენადაც კოალიცია სამი სუბიექტის მიერ დაფუძნდა და ორი პირველი დამფუძნებლის გასვლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან კითხვებს გააჩენდა საერთაშორისო თუ შიდა ასპარეზზე. მეორე მხრივ, თავად რესპუბლიკელებისთვისაც ეს ნაბიჯი ნამდვილად არ იქნებოდა მომგებიანი, რადგან მიუხედავად პარტიული სტრუქტურების შედარებით უკეთესი ორგანიზებისა, ფინანსებთან დაკავშირებით რესპუბლიკელებიც თავისუფალი დემოკრატების დღეში აღმოჩნდებოდნენ.
მაგრამ დღეს კოალიციის ყველაზე სუსტი სუბიექტი თავად პარტია „ქართული ოცნებაა“, რომელთა ლიდერებს შორის გარკვეული პრობლემები არსებობს და ეტყობა, რომ პარტიული დისციპლინა და პრინციპებისადმი ერთგულება სერიოზულად მოიკოჭლებს. ამის ნათელი მაგალითი ზაქარია ქუცნაშვილის თვითდასახელება იყო. ნორმალურად ფუნქციონირებადი პარტიული თუ კოალიციური სტრუქტურის შემთხვევაში ასეთი მაგალითები ლამის გამორიცხულია და კარგად გამოჩნდა, რომ პარლამენტში როგორც ეს ფრაქცია, ასევე უმრავლესობა სერიოზულ სამუშაოს საჭიროებენ.
ამას ემატება მინისტრების ბოლოდროინდელი ცვლილებები, მერიაში მოსალოდნელი გადანაცვლებები და ა.შ. ცოცხალი ორგანიზმისათვის ასეთი ცვლილებები ტრაგიკული არაა, მაგრამ ისინი და მათთვის გაძლების დემონსტრირება სწორედაც რომ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ტესტი უნდა გახდეს.
ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული გადალაგება სჭირდება. თუმცა, სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს გადალაგება ყოველთვის ადამიანების და სახეების ცვლილებები უნდა იყოს. ხშირად შეიძლება, ამ ადამიანებისათვის მათი ფუნქცია-მოვალეობების ზუსტად განმარტება და მათ მიერ ამ პრინციპების აღიარება და განუხრელი დაცვა აღმოჩნდეს. ეს პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან თუ ასეთი ცვლილებები არ განხორციელდა, და პარტიის მექანიზმები და პრინციპები არ დაიხვეწა, ამას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ხმების დაკარგვა და პოზიციების შესუსტება მოჰყვეს. ვფიქრობ, ამ ცვლილებებს ირაკლი კობახიძის გარდა კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობაც დასჭირდება.
სხვათა შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლა შეიძლება არც გამოდგეს ცუდი ამბავი და დემოკრატიული განვითარებისთვის ახალი სტიმულიც კი აღმოჩნდეს. თუ ისინი ნაციონალური მოძრაობის საცეცებში არ აღმოჩნდებიან (რისი საფრთხე თუნდაც იმიტომაა ძალიან რეალური, რომ მუდმივად მსგავს – ოპოზიციურ – პლატფორმაზე იქნებიან და მსგავსი (კრიტიკული) განცხადებების გაკეთება მოუწევთ რაც საზოგადოებაში მათ მაინც ერთ ძალად მოსაზრებას გამოიწვევს, თუნდაც ეს ასე რომ არ იყოს), მაშინ შეიძლება მართლაც მოახერხონ დისკრედიტირებული ნაცური ოპოზიციის ნაცვლად ახალი, ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბება. მაგრამ ამისათვის საჭიროა ახლავე სწორად განსაზღვრონ სტრატეგიაც, ტაქტიკაც და ფინანსების მოპოვების შანსები და გზები. და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხიდების საბოლოოდ ჩატეხვა ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებთან და იაფფასიანი დამამცირებელი პოპულიზმი ძალიან ცუდი ტაქტიკაა და მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ პირადული სძლევს პოლიტიკურს, რაც პოლიტიკაში გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანი მიდგომაა (ეს ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილსაც და ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით, – ირაკლი ალასანიას)…
აღნიშნული განვითარება, რაოდენ გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, არც „ქართული ოცნების“ კოალიციისათვის იქნება ცუდი. გასაგებია, რომ სრულიად დისკრედიტირებული ნაცმოძრაობის ნაცვლად თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციაში ყოფნა უფრო ძნელიცაა, მაგრამ უფრო გამაჯანსაღებელიც, როგორც საერთოდ ნორმალური კონკურენციის ნებისმიერი შემთხვევა. რადგან რეალურ ოპონირებას მოითხოვს და მესიჯი – „აბა, თქვენ რაღა გაქვთ სალაპარაკო!..“ უკვე უფრო რეალური მესიჯებით უნდა ჩანაცვლდეს, რაც “ქართული ოცნების” რიტორიკასაც, ოპონირების ტაქტიკასაც და ზოგადად პარტიის/კოალიციის პროგრამასაც ახალ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს, და უფრო ჯანსაღი პოლიტიკის, და საზოგადოებისთვის უფრო სასარგებლო ცვლილებების საწინდარი შეიძლება აღმოჩნდეს.
საგარეო ურთიერთობების შესახებ
ალასანიას გადადგომის ისტორიაში მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო ევროპული ვექტორის ცვლილების ავტომატურად დაკავშირება საკუთარ გადადგომასთან – „ილიკო ჩიგოგიძის ღალატი სამშობლოს ღალატიაო“, ზუსტად ეს ლოზუნგი გამახსენა და დამაჯერებლობის იგივე კოეფიციენტი გააჩნდა, თუ უარესი – არა.
მაგრამ მთლიანობაში „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის (ალბათ – თვითმმართველობის არჩევნების შემდეგი პერიოდის) განმავლობაში მართლაც არის გარკვეული მომენტები, რაც არ არის გამორიცხული, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან გარკვეული ეჭვიანობის საფუძველი გახდეს – ქართულმა მხარემ არ მიიღო დასავლეთის საკმაოდ აშკარა სურვილი, თავი დაენებებინა ნაცმოძრაობის აქტივისტების სასამართლო დევნისათვის (და სწორადაც მოიქცა, რომ არ დაანება, რადგან ვერაფრით გაამართლებდა ამ პოლიტიკურ გარიგებას ქართული საზოგადოების თვალში), ქართულმა სახელმწიფომ ბრალი წაუყენა მიხეილ სააკაშვილს (და ჩემი აზრით, ძალიან სწორადაც მოიქცა), რომელიც დასავლეთის მხრიდან რეფორმატორ დემოკრატ პოლიტიკოსად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს ძალინ დიდი იმედი ჰქონდა, რომ გარკვეული ხნით დევნილობის შემდეგ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას შეძლებდა… ქართულმა პროკურატურამ საქმე აღძრა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ სავარაუდო ფინანსური მაქინაციების გამოსაძიებლად (რამაც დასავლეთში შეიძლება მართლაც გააჩინა იმის განცდა, რომ, მათი აზრით, ნაციონალების მიმართ წარმოებული „პოლიტიკური დევნა“ ახლა თავისუფალ დემოკრატებზეც გავრცელდა); ამას დაემატა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა 3 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების მიმართ, რასაც რამდენიმე დღეში გოგა ხაინდრავას მხრიდან სწორედ ამ ორგანიზაციების მხრიდან გარკვეულ „კორუფციულ სქემებში“ შესაძლო მონაწილეობის შესახებ იყო ლაპარაკი. მართალია, არც იმის გადაჭრით თქმა შეიძლება, რომ ხაინდრავას გამოსვლა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და თავად გოგა ხაინდრავამაც აღიარა, რომ მას კითხვები სახსრების შესაძლო კორუფციულ სქემებთან უცხოეთიდან ჰქონდა და რომ საქართველოში დასახელებული ორგანიზაციების პროექტებში მოხვედრის მომენტში ამ სქემებში და ამ ორგანიზაციათა პროექტებში არაფერი კორუფციული არ იყო. მაინც, ამ ყველაფერმა, შეიძლება, გარკვეული ეჭვი გააჩინა, ხომ არ უკავშირდებოდა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები იმას, რომ ისინი დასავლური ორგანიზაციების – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვათა საიმედო პარტნიორებად ითვლებიან… ამას ყველაფერს დაემატა საქართველოს მთავრობაში საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებები და გარკვეული შენელების პერიოდი, რაც ასეთ ცვლილებებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე.
სამწუხაროდ, სრულად არ ხდება იმ სარგებლის გამოყენება, რაც საგარეო ურთიერთობაში გამოცდილ დიპლომატებს შეუძლიათ მოიტანონ – სალომე ზურაბიშვილი იქნება ეს თუ ირაკლი მენაღარიშვილი. არ ხდება ქართული ემიგრაციის სერიოზული პოტენციალის შესახებ სერიოზული დაფიქრება, განსჯა და გამოყენების პოლიტიკის და სტრატეგიის ჩამოყალიბება. “საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავიო!” – დავწერე ეს ბლოგი 2012 წლის არჩევნების წინ და მეგონა, რომ ეს მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას სჭირდებოდა მიგრანტებისადმი დამამცირებელი დამოკიდებულების დაწუნება… დღეს სიტუაცია უკეთესი კია, მაგრამ პრობლემები მაინც სახეზეა – ორმაგი მოქალაქეობის, საკუთრების შეძენა/დაკანონების და ა.შ. ამ საკითხზე თითქოს კარგი შეხვედრა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს სალომე ზურაბიშვილთან… მაგრამ შეხვედრა შეხვედრად დარჩა და არავითარი ძვრა არ მომხდარა.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ საგარეო სამინისტროს კადრების დიდი ნაწილი ნაცმოძრაობის მიერ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრებია, ხოლო არჩევნების წაგების შემდეფ ნაცებმა რამდენიმე ათეული სანდო კადრი სასწრაფოდ საზღვარგარეთ საელჩოებში გაამწესეს. არ ვიცი, ყველა მათგანი ინარჩუნებს თუ არა ნაცებისადმი ლოიალობას, მაგრამ ხომ კარგად გვახსოვს, ლოიალობის “გარანტირების” როგორი მეთოდები ჰქონდათ, – ჩეზარე ბორჯიას და ჰიმლერს რომ შეშურდებოდათ, ლამის…
ჩემი საბოლოო შეფასება ისაა, რომ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის გამო კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურა – ფორმალურად თუ არაფორმალურად, ყველა მოქმედი თუ ძველი კადრის და თუ საჭიროა, დაქირავებული ლობისტების მეშვეობითაც, – აქტიურად ცდილობდეს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობათა შესაძლო გაგრილების თავიდან აცილებას. კარგი იქნება, ახლა მაინც მოხდეს უცხოურ ასპარეზზე PR კამპანიის სწორი და კოორდინირებული წარმართვა, რაც ცოტა დაგვიანებული კია, მაგრამ ჯერაც „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ ეტაპზეა… ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკას და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები 2016 წლის არჩევნებზე ისედაც საკმაოდ მოძლიერებული რესპუბლიკური პარტიის შანსებს საკმაოდ ზრდის და ამ მხრივაც დროზეა მუშაობა დასაწყები…
ქართულ-უკრაინული ურთიერთობის პრობლემები
ვერ დავეთანხმები იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ მერე რა – პრობლემა არ არის, ყველაფერი მოგვარდება!
კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათაც, ვინც აღშფოთებულია და მზად არის უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო მიტინგების ცეცხლი დაანთოს, რომ უკრაინის მთავრობა „ჭკვაზე მოიყვანოს“.
ფაქტია, ლამის უკვე საბოლოოდ ჩაძირულმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადარჩენის ძალიან სერიოზული შანსი მიიღო. – ახალი ქვეყანა, ახალი ხელისუფლება, ახალი ფული, ახალი შესაძლებლობა, დაგეგმონ მრავალმილიარდიანი ბიუჯეტები, მოახდინონ ილუზიების ტირაჟირება, “დაამარცხონ კორუფცია” იმისთვის, რომ პარალელურად აააყვავონ საკუთარი კორუფცია, დაიჭირონ ქურდები, რომ თავად მოჯდნენ ქურდებად, აღზარდონ ახალი უკრაინელები, და ათასი სხვა ვარდისფრად შეღებილი ოღრაშობები…
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვითომდა საქართველოს მოქალაქეობას ვერ შეელია და ოფიციალურ სამთავრობო თამამდებობაზე უარი განაცხადა, სინამდვილეში ყველაზე უკეთეს პოსტს მოეჭიდა – რეფორმების არაოფიციალური ხელმძღვანელია, პოროშენკოს პირადი დესპანი, რომლის სტატუსის წინაშე ევროპის და ამერიკის ყველა მნიშვნელოვანი კარი გაიღება, რომელიც უცხოური წამყვანი ტელევიზიების მუდმივი რესპოდენტი კვლავ გახდება და რომელიც, საკუთარი თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, პასუხს არც არაფერზე აგებს! – როგორც კი შეხედავს, რომ საქმე ცუდადაა, მაშინვე შეძლებს აორთქლებას და საკუთარი რევოლუციონერობის და რეფორმატორობის უზადო ნიჭის სხვა მთავრობისთვის შეთავაზებას. ეს მაშინ, როცა მინისტრებს და მინისტრების მოადგილეებს შეიძლება უფრო სერიოზულად მოთხოვოს პასუხი უკრაინელმა ხალხმა, რომელიც სავარაუდოდ, ერთ დღეს ისევე გამოიღვიძებს, როგორც ნაცებისგან მრავალ წელს მოტყუებულმა და გათანგულმა ქართველმა ხალხმა გამოიღვიძა.
მაგრამ მანამდე, ყოველგვარი თვითდამშვიდების გარეშე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მართლაც სერიოზული შესაძლებლობა მიიღო, რომელსაც ისინი, დარწმუნებული ვარ, არა უკრაინელი ხალხის აყვავებისათვის, არამედ საქართველოში საკუთარი დაბრუნებისათვის, ეცდებიან, გამოიყენონ!
ვფიქრობ, ქართულმა სახელმწიფომ სერიოზულად დააგვიანა ნაცმოძრაობის მამხილებელი დოკუმენტების გამრავლება და გავრცელება! მართალია, პროკურატურას დრო უნდა, მაგრამ რამდენი დოკუმენტური მასალა არსებობს – თუნდაც ნინო ზურიაშვილის სტუდია „მონიტორის“ ან ნანა ლეჟავას სტუდია GNS-ის მიერ გადაღებული, ან გოგა ხაინდრავას საოცრად ექსპრესიული დოკუმენტური ფილმი – “დემოკრატიის შუქურა”, რომელთა გავრცელება უკრაინაში დღემდე მაინც რთული არ იქნებოდა? დღესაც ხომ შეიძლება სასწრაფოდ ამ ფილმებისთვის სუბტიტრების სხვადასხვა ენაზე მომზადება და მთელ მსოფლიოში მათი ტირაჟირება? გასაგებია, რომ ადრე სჯობდა. გასაგებია, რომ ვინც სააკაშვილის გუნდის უკრაინაში ჩასახლებას ხელი შეუწყო, არც ისე მიამიტია, რომ ეს ყველაფერი არ იცოდეს, მაგრამ დასავლურ სამყაროში მედიის და საზოგადოების ინფორმირებას სერიოზული მნიშვნელობა აქვთ! აბა, გვენახებინა უკრაინული, ან პოლონური, ან უნგრული საზოგადოებისათვის და მედიისათვის „დემოკრატიის შუქურა“ და „მინისტრის მეგობარი“ და მერე გვენახა, როგორ მოახერხებდნენ სააკაშვილი, საყვარელიძე და ადეიშვილი ამ საზოგადოების დაბოლებას? ან პოროშენკო როგორი ხალისით დანიშნავდა მათ?..
ახლა კი სასწრაფოდ გამოსასწორებელია ის დიდი პოტენციური ზარალი, რასაც სააკაშვილი, და ამერიკაში მშვენივრად მოკალათებული იაკობაშვილი და ლომაია ეცდებიან მიაყენონ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი საელჩოები, და პირველ რიგში ამერიკაში ჩვენი საელჩო, ჯეროვან წინააღმდეგობას არ თუ ვერ უწევენ… ძალიან ძლიერი ლობისტური ორგანიზაცია უნდა იქნას გამოყენებული მათი პროპაგანდის წინააღმდეგ! არა ისეთი, რომელსაც ოქროთი მოვარაყებული ბლანკები ექნება, არამედ, ისეთი, რომელიც ძალას და ენერგიას არ დაზოგავს მიხეილ სააკაშვილის “კაიკაცობის” და ცრუპენტელობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და ყოველნაირი ბინძური ინსინუაციების გასაბათილებლად.
მოკლედ, რადგან ნაციონალების უკრაინაში მეორედ მოსვლა ვერ აღვკვეთეთ, იმითაც, რომ ჩვენი გასაკეთებელი საჭიროდ ვერ გავაკეთეთ, ახლა პოროშენკოს შეგონებებს, დემარშებს და მოთხოვნებს დიდი ეფექტი არ ექნება. პირიქით, ამ სიტუაციაში ძალიანც სწორი მგონია პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი კიევში და უკრაინელი ხალხისათვის ამ მძიმე ჟამს მათ გვერდით სოლიდარობის გამოხატვა! ნუ დავიწყებთ ახლა, პოროშენკოს გვერდით არ უნდა გაევლოო … მე იქ პოროშენკოზე მეტად უკრაინელი ხალხი, მათი დაღუპული გმირები და მათი მგლოვიარე ოჯახები დავინახე! ჰოდა, იმ ხალხს ჭირდებოდა ჩვენი თანაგრძნობა, და თუ იმას გავიხსენებთ, რომ ბევრი მათგანი აფხაზეთში ჩვენს გვერდით იბრძოდა, ჩვენც გვჭირდებოდა!
მოკლედ, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობები არ უნდა გაწყდეს. პარადოქსული სიტუაცია, რომ დღეს იქ საქართველოს ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგეების მთავარი ბუდე მოეწყო, უკრაინასთან დაპირისპირების მიზეზად არ უნდა იქცეს. ამავდროულად, ძალიან სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს ამ “დნეპრდალეულთა” საქართველოსთან კავშირები და მათ მიერ პოტენციურად ვანდეის მოწყობის სცენარების შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოების გახლეჩა თუ გაერთიანება
მთავარი კი ეს მგონია: – საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ისევ, როგორც 2012 წელს უნდა მოახდინონ ქართული საზოგადოების ჯანსაღი ძალების გაერთიანება. ერთიანობა, ოღონდ ჯანსაღი და პატიოსანი ძალების ერთიანობა დღესაც იგივე ხარისხის ამოცანაა, რაც 2012 წელს იყო. ვინაც თავი მხოლოდ კორუფციით და უგერგილობით “გამოიჩინა”, უნდა დატოვოს კიდეც პარტია თუ კოალიციას. მაგრამ თუ ვინმეს რესპუბლიკური პარტია ზედმეტად ამბიციური ჰგონია, ან ზაქარია ქუცნაშვილი – პარტიიდან გასაშვები, ჯერ კეთილი ინებონ და მათზე უკეთესი და მათი ჩამნაცვლებელი კადრები მოიძიოს. ქართული რეალობა ისეთია, რომ ის პარტიები და პოლიტიკოსები გვყავს, რაც გვყავს. ეგენი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებრივი გადარჩევის გზით (არჩევნებით) უნდა დავხვეწოთ ხოლმე…
საქართველოს ხელისუფლების სამივე შტომ – პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა ერთმანეთთან ურთიერთობის სწორი ფორმები უნდა მონახონ და, ხალხის წინაშე მაინც, კინკლაობას თავი უნდა ანებონ! ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ დღეს ერთ ეტლში არიან შებმულები და ამ ეტლის ნატანჯ მგზავრებს – ქართულ საზოგადოებას ახალი გადაჩეხვები კი არ სჭირდება, არამედ 25-წლიანი უმძიმესი მონაკვეთის იმედიანი დასასრული.
ხოლო ამ იმედიანი დასასრულის, რომელიც ახალი გზის დასაწყისი უნდა გახდეს, მთავარი შემადგენელი ნაწილი ორი იქნება – მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ჩემი ნაწილობრივი, ძირითადად მორალური – სოლიდარობისა საყდრისის დამცველების და “პანორამა თბილისის” მოწინააღდეგეთა რიგი არგუმენტებისადმი, მინდა ვთხოვო, დაფიქრდნენ, ისედაც მძიმე დღეში მყოფ ლარზე ამ ეკონომიკური პროექტების შეჩერება კიდევ უფრო როგორ კატასტროფულ დარტყმას მიაყენებდა…
მთავარ საფრთხეზე – რუსული დათვის ჩვენკენ შემოტრიალებაზე ამჯერად არ მილაპარაკებია. და მაინც, აშკარაა, რომ ირგვლივ მრავალი ქარიშხალია, არა მარტო გემის ეკიპაჟზე, არამედ თითოეულ ჩვენთაგანზეცაა დამოკიდებული, ეს გემი გააღწევს, თუ ფელინის ცნობილი ლაინერივით ამაღელვებლად და ლამაზად, სიმღერით და ორკესტრის ჰანგებში – დაიღუპება…
თფუი, ეშმაკს! D:D:D
ნდობა ჩვენი არსობისა
Posted: 2014/05/31 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ადგილობრივი არჩევნები, ალეკო ელისაშვილი, გულიკო ზუმბაძე, დავით ნარმანია, დამოუკიდებელი კანდიდატები, თამაზ მაყაშვილი, ნათია გუდავა, ქართული ოცნება 2 Commentsარჩევნებიდან – არჩევნებამდე
მოვიდა არჩევნები – ჩვენი ცხოვრების უკვე ჩვეული მოვლენა.
ჩვეული, თუმცა ჯერ მაინც ვერ შეჩვეული… არაგაცნობიერებული… ბევრისათვის – ჯერაც ზედმეტი… ზოგისათვის – ჯერაც – ოციოდ ლარის, თუ მომავალში კოორდინატორობის იმედით „გასხივოსნებული“ პროცესი…
არჩევნები – დრო, როცა ნებისმიერი მთავრობა უფრო ნერვიულობს და უფრო გულუხვი ხდება. არჩევნები, როცა ნებისმიერ ოპოზიციას, თუნდაც სრულიად უმაქნისს, მცონარას და უკეთურსაც კი – ბედნიერი ხილვები თუ ზმანებები უშლის საღერღელს… არჩევნები, – დრო, როდესაც პესიმიზმი და ოპტიმიზმი რიგრიგობით ეჯახება ჩვენი ოჯახის ნაპირს…
როდესმე, როცა რომელიმე მეისტორიე ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ძალიან მტკივნეულ პროცესს უფრო მეტი ობიექტურობით და ნაკლები ემოციურობით აღწერს, დარწმუნებული ვარ, ყველას მიეგება საკუთარი წილი პატივი თუ საყვედური, დიდება თუ განქიქება, სახელი თუ სირცხვილი, ტაში თუ ლაფი… და ასე მგონია, რომ მომავალ თაობებს უფრო სწორად ექნებათ გაცნობიერებული, თუ რაოდენ მძიმე დანაშაულია ადამიანებისათვის არჩევნის წართმევა და არჩევნების გაყალბება.
თუ არ არის არჩევნები, ეს მონობის გზაა. როცა ვინმე ადამიანებს თავისუფალ არჩევანს უყალბებს ან – სულაც ართმევს, მას სწორედ ამ ადამიანების დამონება სურს, რაოდენ „კეთილშობილი“ ფრაზებით არ უნდა ფარავდეს იგი თავის ამ მიზანს.
რა თქმა უნდა, დემოკრატია ბედნიერების გარანტია არ არის. მეორეს მხრივ, ყველაზე საშინელი დიქტატურის პირობებშიც კი არამარტო ცალკეული ადამიანები, არამედ მთელი ერებიც კი, ხანდახან დაუფარავ ბედნიერებას გამოხატავენ ხოლმე… თუმცა ეს ზოგჯერ გულწრფელი კი არა, მოდელირებული ემოციაა.
===================================
პოსტოქტომბრული პარადოქსი
2012 წლის 1 ოტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ (რომელიც არც მშვიდი იყო, არც – თავისუფალი, და არც – თანასწორი, მაგრამ ხალხის ნებას გაცილებით უკეთ გამოხატავდა, ვიდრე რამდენიმე წინა არჩევნები) და 2013 წლის 27 ოქტომბრის (უფრო მშვიდი და გაცილებით ნორმალური) არჩევნების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ახლა ისევ სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა.
არ ვიცი, რამდენად სერიოზულ ბარომეტრად გამოდგება ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციის“ ინტერაქტიული გამოკითხვა, მაგრამ ხელაღებით უარსაყოფი არ მგონია იყოს, რომ მონაწილეთა ლამის 85% თავის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას უარყოფს, ხოლო მთავრობას – მხოლოდ 25% ენდობა. არც NDI-ის ლუის ნავაროს და მისი ფავორიტი CRRC-ის ყბადაღებული კვლევებია „გელაპის“ თანაზომადი, მაგრამ უკეთესის არქონის პირობებში მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელი აქაც 39-42% შორის მერყეობს, თუმცა კი 3-4-ჯერ მაინც ასწრებს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის რეიტინგს.
ის, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია საჭიროდ არ თვლიან ობიექტური, მიუკერძოებელი და ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ სოციოლოგიური გამოკითხვის აუცილებლობას, მაფიქრებინებს იმას, რომ სარკის დაკიდებას და შიგ ხშირად ჩახედვას ყველა ერიდება – გასაგები მიზეზების გამო.
მაგრამ პრობლემა არა იმდენად სოციოლოგიური გამოკითხვების და ობიექტურობის გამჭვირვალედ დაფიქსირების სურვილის თვალშისაცემი დეფიციტია, როგორც ის საყოველთაო გაურკვევლობა, რაც ჩემს ირგვლივ – ჩემს ნაცნობებში და ახლობლებში იგრძნობა. ფეისბუქზე გამოკითხვა არ ჩამიტარებია, მაგრამ პირადი საუბრების შედეგად ნაცნობების დაახლოებით ნახევარზე მეტი ჩემს კითხვას უკან მიბრუნებს და ასე მპასუხობს – „არ ვიცი“… „ვერ გადავწყვიტე“… „ძალიან დაბნეული ვარ“… „კი ვაპირებ, რომ მივცე ხმა (და ასახელებენ პარტიას ან კანდიდატს), მაგრამ მერე რომ დავფიქრდები, მგონი, არ ღირს“…
უცნაურიცაა ეს… და – ერთდროულად და პარადოქსულად – გასაგებიც.
საქმე იმაშია, რომ სახელისუფლებო გუნდი, ერთი მხრივ, მთელი რიგი პარამეტრებით შეუდარებლად სჯობნის თავის მთავარ დეკლარირებულ ოპონენტს (წინა ხელისუფლებას) – „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა, ძალოვანი უწყებები აღარ არის პოლიტიზირებული და არ გამოიყენება ოპოზიციის დათრგუნვის და ანგარიშსწორების იარაღად, ბიზნესს მოეხსნა წნეხი, ციხეებში შეწყდა წამება და უკეთესი მდგომარეობაა პატიმრების უფლებების დაცვის მხრივ, განსაკუთრებით – ჯანმრთელობის დაცვის მხრივ, არჩევნებზე ნაწილობრივ მაინც აღდგა ნაციონალების მიერ გაუქმებული 50%-იანი ბარიერი, გაუმჯობესდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განსაკუთრებით, – ქირურგიული ოპერაციების საფასურის დაფარვის კუთხით, უფასო გახდა საბავშვო ბაღები, შედარებით მოითქვა სული სოფელმა, გაუმჯობესდა აგრარული პროდუქციის გასაღება (ძირითადად, – რუსეთის ბაზრის გახსნის ხარჯზე), იგრძნობა მეტი ინტერესი აგრარული ბიზნესის თუ ეკონომიკის სხვა სექტორების გააქტივების მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ა.შ.
ამავდროულად, ისიც რეალობაა, რომ მთელი რიგი დაპირებები – პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა (დამნაშავეების დასჯა , უდანაშაულოთა რეაბილიტაცია, წართმეული ქონებების დაბრუნება…) უმუშევრობის დაძლევა, საწარმოების ამოქმედება, განათლების და მეცნიერების ხელშეწყობის გაუმჯობესება, საწვავზე ფასების შემცირება, ეკოლოგიის და ქალაქდაგეგმარების მიხედვა, ხელფასების და პენსიების რეალურად მიახლოება საარსებო კალათის რეალურ დონესთან… – ჯერ კიდევ ძალიან შორსაა შესრულებისაგან.
ყველაზე სავალალო კი არის იმ ტენდენციების გამოკვეთა, რომ ყოფილი ხელისუფლების მთელი რიგი შეცდომები, გადაცდომები, და დანაშაულებიც კი, არ არის აღმოფხვრილი, და რაც უარესია, – არ იგრძნობა, რომ ამ მხრივ ხელისუფლება სასწრაფო ცვლილებების აუცილებლობას იაზრებდეს. ეს იქნება მოსმენების შესახებ კანონის, თუ ადვოკატების უფლებების გაზრდის ინიციატივების გადავადება, ხელისუფლების დაუსაბუთებელი ხარჯების პრევენციის ქმედითი ნაბიჯების, დაუსაბუთებელი პრემიების თუ ძვირადღირებული საგნებისთვის გამოყოფილი თანხების მოწესრიგების, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის, კლანურობის და ნეპოტიზმის პრევენციის ზომების დაგვიანება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვილებებისას ისეთ რეფორმატორულ ნაბიჯებზე უარის თქმა, რასაც ოპოზიციაში ყოფნისას თავადვე აუცილებლად აცხადებდნენ, წინა ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ძირითადი უფლებების დარღვევაში შემჩნეული კადრების „გადმობარება“ და „შერგება“, და სულ ბოლო „ინოვაცია“ – ის რომ ოპოზიციის უკვე პარტიულ სიებში მყოფი ადამიანები უარს ამბობენ არჩევნებში მოანწილეობაზე და სიებს ტოვებენ, რაც ამ პარტიების დისკვალიფიკაციის საფუძველი შეიძლება გახდეს… ამ საეჭვო ნაბიჯებს თუ უმოქმედობას ემატება ასევე ის პიარის სფეროშიც გამოჩენილი მოუქნელობა, უნიათობა და უგერგილობა, რაც წინა ხელისუფლების მზაკვრობაში გამოწვრთნილ და იდეოლოგიური ომისა და დემაგოგიის დიდოსტატებს საშუალებას აძლევს უტიფრად იმასლაათონ, რომ ქვეყანაში, თურმე, ყველაფერი ისევ ისე დარჩა, და რომ მათი ვალია, დააბრუნონ „აღმშენებლობა“, „პროგრესი“ და „იმედი“. ამ უნიათობისა და ძალოვან სტრუქტურებში კადრების არასწორი შერჩევის შედეგია ისიც, როგორ ბრავადულად ყელყელაობენ დემაგოგი ნაცმოყვარულები ნეპოტიზმის, ფუფუნების სიყვარულის, მერაბიშვილის უფლებების დარღვევის ყოველი კონკრეტული შემთხვევით. ერთიცაა, ცოდვა გამხელილი ჯობს – ირმა ნადირაშვილის, გია ბარამიძის თუ ოთო კახიძის ხელისუფლებისადმი ბრალდებებში ხშირად მიუღებელი სწორედ ამ პიროვნებების ოდიოზურობა და მათი ყოფილი modus Vivendi-ა, თორემ არც ნათესავების სიების გამო ცილისწამებისათვის სარჩელი შეუტანია ვინმეს, და ისიც ვერავინ აგვიხსნა, ქრონიკულად ბოლო ეტაპზე მყოფი ჟვანიას სიკვდილის საქმე რატომ ქრონიკულად არ იხსნება და რატომ არავინ იბარებს დაკითხვაზე გულში მჯიღის ამაყად მცემ, უცოდველობის ნიმბით შემოსილ გიორგი ბარამიძეს.
ყოველივე ამის გამო შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია, როცა ჩოგმბჯენში მყოფი (და ბევრის მოლოდინით, ქართული ნიურნბერგის პროცესის ღირსეული კანდიდატი) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არამცთუ თავის დაცვას ცდილობს, არამედ ძალიანაც უტევს „ქართულ ოცნებას“, რომელიც თანდათან კარგავს ხალხის ნდობას – ერთი იმით, რომ ვერ ახერხებს ათასობით ძველ დანაშაულთა დროულ და ეფექტურ გამოძიებას, უსამართლო განჩინებების გადახედვას, რაც აჩენს კითხვებს – „თუ არავის სჯიან, აბა, მაშინ რა იყო ეს ამდენი დანაშაული – უსაფუძვლო ეჭვი? თუ ისე სუსტები არიან, რომ ბრალის დამტკიცება არ შეუძლიათ?“… ხოლო მეორეს მხრივ, საუკეთესო თავდაცვად გამოყენებული ნაცმოძრაობის მხრიდან წარმოებული თავდასხმები და ბრალდებები აჩენს ეჭვს და ნიჰილიზმის ნიადაგს – „ნუთუ ესენიც ისეთები არიან?“
მწარედ კომიკურია სიტუაცია, როცა გივი თარგამაძე, რომელიც სულის ამოხდით გვემუქრებოდა და რომლის დაპირებებში 2008 წლის ომის წინ ჟანგიანი ტანკების მქონე რუსული არმიის როსტოვამდე დევნა შედიოდა – ახლა ახალ მთავრობას ბრალს სდებს ადამიანის უფლებების დარღვევებში, პოლიტიკას და თავდაცვით სტრატეგიას უწუნებს, როცა ყოფილი ზონდერები – დღეს ადვოკატების და უფლებადამცველების ქურქომოსხმულები დაუდეგრად ამხელენ ხელისუფლებას მოწმეებზე ზეწოლასა თუ მათი დაცვის მყოფების უფლებების ნებისმიერ დარღვევაში, როცა მოსმენების ინიციატორი და ფარული მოსმენების შედეგად გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებებით მოაპელირე გენპროკურორი დღეს ამ მავნე პრაქტიკის დასაგმობად წყალგარეულ ბოდიშს მხოლოდ იმიტომ იხდის, რომ მყისვე შეტევაზე გადმოვიდეს და დაგმოს თავისი პოლიტიკური ოპონენტები.
სულ უფრო მეტი ადამიანი იჯერებს, რომ ეს უაზროდ გაწელილი ცუგცვანგი იმდენად ნაციონალური მოძრაობის მითიური სიძლიერის დამსახურება კი არაა, როგორც „ქართული ოცნების“ უკვე გამჭვირვალე სურვილისა, რომ ასეთი უკეთური და ათას ცოდვებში ეჭვმიტანილი ოპოზიციის ყოლით მარადიული უპირატესობა მოიპოვოს, როგორც იმ ხიბლდაკარგულმა ლამაზმანმა, რომელიც საკუთარი მომხიბვლელობის გახანგრძლივების იოლ გზად ფონად სიმახინჯის გამოყენება აქცია… რაც ხატოვნადაა გადმოცემული გურულ ფრაზაში – „მის ვარესს ჯობია!“
თუ ეს ეჭვი სინამდვილესთან ახლოსაა, ისმება კითხვა, მაშინ „ქართული ოცნებისათვის“ ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნების გარანტიად ამ „სწორუპოვრად ვარესის“ მარადიული შენარჩუნება ხომ არ გვევლინება?
===============================
ჩემი არჩევანი
ვფიქრობ, მომავალი არჩევნები წინა ორისაგან განსხვავებით, ამოამრჩეველთა უფრო დაბალი აქტივობით იქნება განსხვავებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ამომარჩევლის დაბნეულობა მგონია.
ბევრი ადამიანი სვამს კითხვას – “რა უნდა ვქნათ?” „ვის მივცეთ ხმა?“
ძნელია არამცთუ სხვის მიერ დასმულ ასეთ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი რჩევის გაცემა, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი იმ პრინციპების ჩამოყალიბება, რომელიც სწორ არჩევნამდე მიგვიყვანს.
შევეცდები, საკუთარ პრინციპებზე მაქსიმალურად გულწრფელად გითხრათ. და არჩევანი თავად გააკეთეთ.
1) მიუხედავად იმისა, რომ მომავალში დასაშვებად და საკმაოდ მისაღებად მიმაჩნია ქართული პოლიტიკის ფარვატერში რამდენიმე საგარეო ვექტორის სრულფასოვანი კონკურენცია, მაგრამ სადღეისოდ ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ ჩემი მხრიდან იმ ძალების და კანდიდატების მხარდაჭერას, რომლებიც იმედს რუსულ ვექტორზე და კერძოდ ვლადიმერ პუტინზე აკეთებენ. მიმაჩნია, რომ რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით ეს არის სახელმწიფო, რომელიც სრულიად რეტროგრადულია და აბსოლუტურად ემიჯნება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მიღებული ნორმების დაცვას, აპირებს რუსული იმპერიის აღდგენას და ქართული სახელმწიფოს მოხრჩობას. აფხაზეთში და ოსეთში დაღუპული ჩვენი თანამემამულეების ხსოვნა, ჩვენი გაუბედურებული და გადახნული ნასოფლარები და სასაფლაოები, ნამდვილად არ მომცემს იმის უფლებას, რომ პრორუს პოლიტიკოსებს დავეხმარო იმ გეგმის ასრულებაში, რომ პუტინმა მთელი საქართველო ისევ რუსულ იმპერიაში შეათრიოს და ამაყად განაცხადოს, რომ მთელი ის პოლიტიკა – გათიშვის და ბატონობის 200-წლეულიც და, განსაკუთრებით, – ბოლო 25-წლეული, – სწორი იყო. სწორი იყო აფხაზეთის მოგლეჯაც, ცხინვალის ომიც, შინაომების პროვოცირებაც… რადგან თუ ჩვენ ყოველგვარი გარანტიების თუ ტერიტორიების დაბრუნების გარეშე რუსეთს ამას ყველაფერს მივუტევებთ, მაშინ მართლა ღირსები ვიქნებით, რომ ჟირინოვსკის და ზატულინის მსგავსი შოვინისტები მასხრად გვიგდებდნენ და ჩვენს მეფისნაცვლებად მობრუნდნენ… და თუ ეს ასე მოხდა (დაგვიფაროს ღმერთმა!) ნურავის ექნება იმედი, რომ რუსეთი ან ენას შეგვინარჩუნებს, ან – კულტურას! ამ შეცდომებს აღარ გაიმეორებს და არაა გამორიცხული, აფხაზეთში გამოცდილი მაჰაჯირობა და სხვა ერების აქ ჩამოსახლება გაცილებით ქმედითად გამოიყენოს.
2) არ ვაპირებ, ხმა მივცე იმ პოლიტიკოსებს, ვინც წლების და ათწლეულების განმავლობაში კორუფციისა და ხალხის გატყავების სათავეებთან იდგა. სავლედან პავლემდე სავალი გზა კი ყველასთვის ხსნილია, ოღონდ, მისი გავლა გულწრფელი აღიარებით და ჭეშმარიტი მონანიებით იწყება. აი, ამას კი ვერ ვატყობ მავანთ.
3) წინამდებარე არჩევნები ადგილობრივი არჩევნებია და ყველაზე გამართლებული მგონია გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ ადამიანებს მივცეთ ხმა! – არა იმათ, ვინც რომელიმე სახელოვან პარტიას ეკუთვნის, არა იმათ, ვინც რომელიმე ლიდერმა მოგვიყვანა და სამაგალითოდ დაგვისახა, არამედ იმას, ვინც ჩვენთვის ნაცნობია თავისი საქმით, თავისი პატიოსნებით, თავისი გულწრფელობით, თავისი განათლებით, თავისი მოკრძალებით, თავისი ადამიანობით!..
გავრცელებული ფრაზაა – პოლიტიკა ბინძური საქმეაო!
უნდა ვცადოთ, რაღაც დოზით მაინც ამ ბინძურ საქმეში პატიოსანი ხალხის მოყვანა! ისინი ხომ ისევე გამორჩეულნი იქნებიან ამ სიბინძურის კასრში, როგორც ნათელი კელაპტარი – უკუნეთში, როგორც თვალი პატიოსანი – ნახშირის გორაზე…
ალბათ ვინმე შემეპასუხება – ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო! მართალია, და მაინც, ყველა სოფელში თუ სახლის ჭერქვეშ არის სწორედ ერთი მერცხალი, რომელიც სხვებზე ადრე მოფრინდება ხოლმე. ვინ იცის, ჩვენმა მცდელობამ, რომ ერთი-ორი დიმიტრი გელოვანი სიცოცხლეშივე მოვნახოთ, აღმოვაჩინოთ და გამოვაჩინოთ, იქამდე მიგვიყვანოს, რომ მერე სხვებიც გამოჩნდნენ ქვეყანაში… და მაშინ პოლიტიკურ პარტიებიც მიხვდებიან, რომ ვინმე ახალი, მაგრამ უსახური არ უნდა მოიყვანონ, ანაც – ვინმე ისეთი, ვინც შორიდან ბრწყინავს ხოლმე და ახლოდან ხვდები, რომ ოქრო კი არა, ოქროსფერი უსაქმურია…
მმართველ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, მხარდაჭერას მართლაც იმსახურებენ. მე პირადად, თბილისის მერობის ყველა დანარჩენ კანდიდატზე ნამდვილად უკეთესი მგონია დავით ნარმანია. უნაკლო ადამიანი არაა, მაგრამ ვფიქრობ, იმაზე გაცილებით კარგი მერი იქნება, ვიდრე დღემდე გვყოლია დამოუკიდებლობის პერიოდში – საქმიანიცაა, პატიოსანიც, განათლებულიც და პოპულიზმისგანაც საკმარისად დისტანცირებულია. ასევე ძალიან მომწონს გულიკო ზუმბაძე – საქმიანი, პატიოსანი და პრინციპული ადამიანი
თბილისის საკრებულოში, რომელიც მედგრად დაუპირისპირდა არა მარტო „ძირძველ“, არამედ – ფერნაცვალ ნაციონალებსაც, თბილისელების ინტერესის დასაცავად…
და მაინც, არის ერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, რომ ეს სტატია არ მიმეძღვნა არც დავით ნარმანიასთვის (მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელსაც მომწონდა მინისტრობის კანდიდატად და ახლაც მხარს ვუჭერ) და არც ქ-ნ გულიკოსათვის (რომლის საკრებულოში საქმიანობა ნამდვილად სამაგალითოდ მიმაჩნია), არც იმ ზოგიერთი სხვა ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანისათვის, რომლებიც სხვა პოლიტიკურ ძალებში აღმოჩნდნენ გაერთიანებული (მაგ. გიორგი საჯაია – ნინო ბურჯანაძის ბლოკში).
მიზეზი მარტივია.
გავიმეორებ – მინდა, ამჯერად იმ ადამიანებზე გავაკეთო აქცენტი, ვინც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს! განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ არც საპრეზიდენტო არჩევნებია და არც – საპარლამენტო, როცა გინდა-არგინდა, ხშირად ისეთ ადამიანს უნდა მისცე ხმა, რომელიც მხოლოდ ტელეეკრანებზე თუ გინახავს…
ასე მგონია, რომ მოვიდა დრო, უბრალო ადამიანებმა, პოლიტიკაში დღემდე არმყოფმა ადამიანებმა აქტიურად დაიწყონ პოლიტიკაში (ადგილობრივ დონეზე მაინც!) ჩაბმა – არ დაელოდნონ იმ დროს, როცა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი იკადრებს და თავისი ფერუმარულგახუნებული პოლიტიკური იმიჯის გამოსაცოცხლებლად და მოწყალედ მიიპატიჟებს მათ თავის გუნდში. ვფიქრობ, მოვიდა დრო, რომ პატიოსანმა ადამიანებმა თავისი პატიოსნება და იმიჯი არ დააყენონ ჩრდილში.
მეორე პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიას თავისი კანონები აქვს. და დისციპლინარული კოდექსი მოითხოვს, რომ პარტიის ყველა წევრი ზემოთ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდა დაექვემდებაროს. ეს პრინციპი ზოგჯერ გამართლებულია (ძირითადად – საგარეო საქმეების და სტრატეგიული საკითხების განხილვისას), მაგრამ თუ საქმე შენს რეგიონში ასაშენებელ ჰესს, ან რაიმე მავნე წარმოებას ეხება, თუ ტყის გაჩეხვა ან ტბის დაშრობაა ზემოდან წამოსული დირექტივა, ვის უფრო ენდობა მოსახლეობა ამ საკითხის სამართლიანად და მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვეტაში – იმ ადამიანს, რომელიც პატიოსანი, მაგრამ მაინც პარტიის ერთგული ჯარისკაცია, თუ იმას, – ვისი მთავარი და ერთადერთი პრიორიტეტი მისი თანამოქალაქეების და თანაუბნელების, მისი უშუალო ამომრჩევლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა?
აქვე დავძენ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტს მოითხოვს კანდიდატებისაგან, ვიდრე მხოლოდ მათი საქმიანი თვისებები თუ პრინციპულობაა. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ადრეც და ახლაც დასახელებულთა 80-90% მაინც მოკლებულია ასეთ გამოცდილებას?! ამიტომ, თუ ადამიანი აპირებს პოლიტიკურ საქმიანობაში ძალების მოსინჯვას, სწორედ ადგილობრივი არჩევნები (მერია, გამგეობები, საკრებულოები…) არის საუკეთესო დრო და ასპარეზი.
=================
ადამიანები, რომელთაც ვენდობით
აი, ორი ადამიანი, რომელიც მე ასეთი უპარტიო – „ადამიანური არჩევნის“ ნიმუშად წარმომიდგენია:
თამაზ მაყაშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი, გორის მერობის კანდიდატი, (#17 საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერთიანობის დარბაზი“)
თამაზ მაყაშვილს არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ვიცნობ სოციალური ქსელიდან. ვიცნობ მასაც და მის მეუღლესაც. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ახლოს იცნობენ ამ ოჯახს, მათ შესანიშნავ 4 ვაჟიშვილს და იციან, როგორი ადამიანია ფიზიკოსი თამაზ მაყაშვილი. ეროვნულ მოძრაობაში 1989 წლიდან ჩაება. 2004 წლამდე იყო ედპ-ს წევრი, რომელიც თავისი სურვილით დატოვა. 2009-2013 წლებში იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ (ირაკლი ალასანიას) გორის ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით 2012 წელს შეიქმნა გორის „საზოგადოებრივი დარბაზი“, – ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია გორის სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი. სხვათა შორის, ამჟამად არჩევნებში მისი კონკურენტებიც ამ დარბაზის წევრები არიან – რადგან ეს ორგანიზაცია წამყვან როლს თამაშობს აქტიური, არაინერტული ადამიანების გაერთიანებაში. ასე რომ კარგა ხანია, ბ-ნი თამაზი საჯარო ფიგურაა და აქვს საიმისო გამოცდილება, რომ აქტიურად ჩართოს გორის საზოგადოება ქალაქის აღმშენებლობაში და პოლიტიკის განსაზღვრაში.
2009 წლის 8 აპრილს (9 აპრილს დაგეგმილი დიდი მიტინგის წინადღით) თამაზ მაყაშვილი – ახლადშექმნილი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიციელებმა მოძრაობის წესების დარღვევის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს .
აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, თამაზ მაყაშვილს შემდგომშიც არასოდეს დაუხუჭავს თვალი ხელისუფლების არასწორ ქმედებაზე. 2011 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ სცადა, ბ-ნი თამაზის პოლიტიკური ნეიტრალიზაცია მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლით მოეხდინა, და მისი მეუღლის – ია ბჟალავას – უფროსს, გორის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორს მარინა მახარაშვილს დაავალეს ქ-ნი იას სამსახურიდან განთავისუფლება. ქ-ნ იას მიმართ გაღიზიანებას, ქმრის დასჯის სურვილის გარდა, ისიც ამძაფრებდა, რომ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იგი გორის საარჩევნო კომისიის წევრი იყო და უბანზე ოპოზიციური პარტიისათვის ხმების დაკლების მცდელობის შეეწინააღმდეგა. მე-9 სკოლის დირექტორმა პოლიტიკური დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, რაც უკვე მასვე დაუჯდა სამსახურის ფასად – სკოლაში ფინანსური ინსპექცია მიავლინეს და აღმოჩენილი ხარვეზების მომიზეზებით მ. მახარაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს. ხოლო ახალმა დირექტორმა – ე. ხაჩიძემ – წინამორბედის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით – უსიტყვოდ შეასრულა ხელისუფლების დავალება და სერტიფიცირებული პედაგოგი (რაც იმ დროს გორში დიდი იშვიათობა იყო) ია ბჟალავა 2012 წლის იანვარში სამსახურიდან უმიზეზოდ (სამუშაო კონტრაქტის დასრულების საბაბით, რაც სინამდვილეში არ არსებობდა – კონტრაქტის ვადა არ იყო დასრულებული!) გაანთავისუფლა. ქ-ნმა იამ რამდენჯერმე სცადა უკანონო გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ მისმა საჩივრებმა ნაყოფი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოიღო. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ია ბჟალავა სამსახურში აღადგინა.
თამაზ მაყაშვილი ყოველთვის კორექტულად, მაგრამ პრინციპულად გამოდიოდა უსამართლობის და არასწორი ქმედების წინააღდეგ, მათ შორის მაშინაც, თუ ასეთი ქმედებები შიდაპარტიულ ხასიათს ატარებდა. ამავდროულად, ჩემი გორელი მეგობრებისაგან ვიცი, რომ ბ-ნი თამაზი, მიუხედავად მისი პრინციპულობისა, არაა კონფლიქტური პიროვნება და დაპირისპირებაზე მხოლოდ მაშინ მიდის, თუ დიალოგის და კონსენსუსის ალბათობა და შანსი ამოწურულია.
თამაზ მაყაშვილმა გადაწყვიტა არა როგორც პარტიულ დეპუტატს, არამედ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელს მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. მართლაც კარგი იქნება, რომ სადმე შეიქმნას პრეცედენტი – მრავალჯერ გახუნებული პარტიულ კანდიდატურების ფონზე საზოგადოებამ არა პარტიას, არამედ დამოუკიდებელ, ანუ – მხოლოდ ამომრჩეველზე დამოკიდებულ ადამიანს მიცეს ხმა, რომლის უკან არ დგას პოლიტიკური პარტია თუ ცენტრალური ხელისუფლება. ასეთი ადამიანი ხომ მხოლოდ საკუთარ მოსახლეობასთან იქნება ანგარიშვალდებული და არა პარტიასთან/ხელისუფლებასთან, რომელსაც შესაძლებელია სულაც სხვა პოლიტიკის განხორცილებება უნდოდეს საქართველოს მასშტაბით და ამ რეგიონის ხარჯზე მოინდომოს სხვა რეგიონის უპირატესი განვითარება. სახელისუფლებო კანდიდატი ზემოდან ასეთ მცდელობას, სავარაუდოდ, წინ ვერ ან არ აღუდგება.
თამაზ მაყაშვილის მსგავსი დამოუკიდებელი საჯარო ფიგურის მერად არჩევა გახდებოდა ჭეშმარიტი თვითმმართველობის და ჭეშმარიტად ევროპული არჩევნის საქმით რეალიზაცია, რაც ხალხს მისცემს რეალურ შანსს, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. რომ მოსახლეობამაც იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი ქალაქის ბედზე და მარად არ ელოდოს თბილისიდან მოსულ გადაწყვეტილებებს. ბატონი თამაზი ნამდვილად არ არის პოპულისტი და თავის დაპირებებში ისეთი გულუხვი არაა, როგორც ზოგიერთი ოპონენტები. სამაგიეროდ, ნებისმიერი მისი დაპირება – განსაკუთრებით ქალაქის ახალგაზრდობისთვის განათლების, აქტიური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის, გარემოვაჭრეებისათვის ადამიანური სამუშაო პირობების შექმნის და ამავდროულად მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის, ლტოლვილების და გაჭირვებულების დახმარების უფრო ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად – ხანგრძლივი ფიქრის, ამ ადამიანებთან მრავალი შეხვედრის, მათი ტკივილის გათავისების შედეგია. და თუ თამაზ მაყაშვილი უდროოდ და უსაზღვროდ არ არიგებს დაპირებებს, ეს მისი საქმისკაცობით და საკუთარი სიტყვის ფასის ცოდნით აიხსნება. იგი პოპულიზმით და ზღვარგადასული რეკლამებით არ აპირებს გორელების გულის მოგებას, მას დაპირებებით გაბერილი გორი კი არ სჭირდება, არამედ მზადაა გორს თავისი სიტყვისკაცობით და ენერგიით დაეხმაროს, და გამარჯვების შემთხვევაში სწორედ გორელებთან ერთად გადაწყვიტოს, რა და როგორ დახარჯოს, რაზე გააკეთოს ეკონომია და რას მიანიჭოს პრიორიტეტი.
ალეკო ელისაშვილი – #42 – საბურთალოს დამოუკიდებელი კანდიდატი
აბა, ამ ადამიანზე რა უნდა ვთქვა?
უფრო სწორედ, რა უნდა გითხრათ მე – საბურთალოზე 10-წლიანი ცხოვრების სტაჟის მქონე დაბადებით ქუთაისელმა, თქვენ – საბურთალოელი ალეკო ელისაშვილის ამომრჩევლებს?
ალბათ, იმით უნდა დავიწყო, რომ ამ არჩევნებში ნამდვილად გამიმართლა!
გამიმართლა, რომ ასეთი დეპუტატობის კანდიდატი მყავს და არავითარი ეჭვი იმაში, ვის უნდა მივცე ხმა, წამითაც არ გამივლია, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მასაც არ ვიცნობ (მაგრამ ასე მგონია, რომ ბევრ ჩემს ნაცნობზე კარგად, იმდენად გულწრფელია ალეკო).
ალეკო არის ადამიანი, რომელიც დაბადებულია იმისათვის, რომ თბილისს ემსახუროს! დიდი ხანია, იგი ამას ისედაც აკეთებს ძალიან უანგაროდ და ლამაზად. მაგრამ იგი ჭირდება სწორედ თბილისის საკრებულოს – არა იმიტომ, რომ საკრებულოში უფრო მეტად მოინდომებს, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. ისევე როგორც ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დაბლოკოს ის საშინელებები და მარაზმი, რაც თბილისში ბოლო ხანებია უხვად ხდებოდა და დღემდე ხდება! რომ ქალაქს სული დაუბრუნოს, სახე დაუბრუნოს და ისტორიული თბილისის ლამაზ სახეზე გადადღაბნილი მახინჯი ნაჯღაბნი და ზიზილ-პიპილო ჯინჯილები მოაშოროს…
მეტიც, ალეკო იმიტომ სჭირდება თბილისის საკრებულოს, რომ მჯერა, იგი იქნება საუკეთესო ეტალონი იმისა, როგორი უნდა იყოს ქალაქის დეპუტატი, და მის გვერდზე მყოფ კოლეგებს ძალიან გაუჭირდებათ, არამცთუ – ხელი შეუშალონ, არამედ უბრალოდ – მხარი არ აუბან ალეკოს. რადგან ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ, და გავარჩევთ შავს და თეთრს. ამდენად, ასე მგონია, რომ ალეკო ელისაშვილი საკრებულოს გაადამიანურებას და თბილისის სამსახურში მყოფი ადამიანების გუნდის (ან – ბირთვის მაინც) ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ბევრი რამ აქვს კარგი თვისება ალეკოს – პირში მთქმელია ბოლომდე! საოცრად დაუღლელია! უამრავი საქმის კეთებას ასწრებს! ძალიან სასარგებლო მოძრაობას – თბილისის ჰამქარს ჩაუყარა საფუძველი და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა ძველი თბილისის თვითმყოფადობის ხელუხლებლად შესანარჩუნებლად და ამ წადილში ჭეშმარიტი სიყვარული და თანადგომაც მოიპოვა. ფანტასტიური წიგნი უძღვნა თბილისს, რომელიც სიყვარულის წიგნია ნამდვილად! ზრდილობიანი ადამიანია, მაგრამ უკან არ დაიხევს…
ძალიან ახალგაზრდააო, – ვიღაცამ მითხრა. და უცებ გამახსენდა, რომ წინა ხელისუფლებაში – განსაკუთრებით, და ახლაც, ნამეტანი ახალგაზრდა ხალხის მოზღვავებას რამდენი უარყოფითი მოჰყვა… როგორ გავიმსჭვალეთ ეჭვით ახალგაზრდობის, – როგორც დაუღვინებლობის, აცუნდრუკების, ხეშტეობის, უკმეხობის, მედიდურობის, გულცივობის, ზედაპირულობის, დაუფიქრებლობის, თუ უცოდინრობის შესაძლო რისკ-ფაქტორების „თაიგულის“ მიმართ!
მაგრამ ალეკო სულ სხვაა! და ალეკოსნაირი დაფიქრებული, გულშემატკივარი, და ჭკვიანი ახალგაზრდები რომ მეტი გვყავდეს, ნამდვილად უფროსი თაობის არცერთი ადამიანი არ იქნებოდა ამის წინააღმდეგი. ის ხომ ისეთია, როგორ შვილსაც, როგორ ძმასაც და როგორ მამასაც ყველა ინატრებს – მართალი, შეუდრეკელი, და უაღრესად ადამიანური და თბილი.
ფეისბუქზე მის გვერდს რომ გადავავლე თვალი, ერთი სურვილი ყველაზე ხშირად დავაფიქსირე მისი მომხრეებისაგან გამოთქმული – „ნეტავ ბევრი ალეკოსნაირი გვყავდეს!“, „ნეტავ ჩვენთანაც ალეკო იყრიდეს კენჭს!“… ვიხუმრე კიდეც – დეპუტატის კლონირების სურვილის მანია გვემუქრება მეთქი. სინამდვილეში კი ძალიან კარგია, თუ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში ალეკო და სხვა დამოუკიდებელი დეპუტატები გაჩნდებიან, როგორც პოლიტიკოსის ახალი ეტალონი. ახალი modus Vivendi… მერე, იმედია, თანდათან გაქრება შავი ფრაზა იმაზე, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და იქ მხოლოდ ბინძურ ადამიანებს თუ ესაქმებათ…
კიდევ ორი რამ, რასაც არ შემიძლია, არ შევეხო – ომში იყო ალეკო რეზერვისტად და მისი დღიურები, რომელიც შარშან „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა, საოცარი ნაზავია ომის საწინააღმდეგო და სამშობლოს სიყვარულის უმძაფრესი ემოციებისა. და ძალიან გამიხარდა იმის მოსმენა, როგორ ახასიათებს ალეკოს ქართველი სამხედრო, მისი თანამებრძოლი! მართლაც ძალიან ძლიერი უნდა იყო ადამიანი, რომ ყოველგვარი გამოცდილების და მომზადების გარეშე უცებ ჯოჯოხეთში აღმოჩნდე, ნახო ასეთი უბადრუკი უთაობა, ლამის ღალატი, და მაინც არ დაკარგო სულის სიმტკიცე და ისე იქცეოდე, რომ პროფესიონალი მებრძოლის გაოცება და პატივისცემაც დაიმსახურო!
დაბოლოს, არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო, – ალეკო ჟურნალისტია. საოცარ რამეს ვიტყვი – იმედი მაქვს, მისი ეს პროფესია მალე, დროებით მაინც დასრულდება. ნუ შეცბუნდებით – ამას რომ ვამბობ, ესეიგი, არჩევნებში გამარჯვებას ვუსურვებ (მაშინ ვეღარ იჟურნალისტებს 🙂 .
მაგრამ მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ გარდა ავტორიტეტების მიმართ ყალბი პიეტეტის არქონისა, გარდა იმ პირდაპირობისა, რომელსაც იგი ყოველთვის იჩენდა პოლიტიკოსების მიმართ, და რაც უდავოდ იმის საფუძველია, რომ იგი ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აქტივისტია, ხალხის ხმაა და არა – ვინმეს ხმა, ან – რომელიმე პარტიის ხმა, ალეკოს ქართულ ჟურნალისტიკაში იშვიათ გამონაკლისად ქცეული ერთი დიდებული თვისებაც გააჩნია – მას შეუძლია ადამიანს მოუსმინოს, და აზრის გამოთქმა აცალოს!
ეს თვისება პოლიტიკაშიც ფასდაუდებელი იქნება…
=====================
ბოლოთქმა:
ჩემი პირველი ბლოგი – სიმონ დოლიძის ფსევდონიმით – 2008 წლის 21 მაისის არჩევნების წინ დაიწერა, როგორც მწარე გაფრთხილება.
მას შემდეგ არცერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რომ ბლოგი არ დამეწერა, რადგან მჯერა, რომ სწორი და სამართლიანი არჩევნების გარეშე ვერ ვისწავლით დემოკრატიას და ვერ გავაუმჯობესებთ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანების და გუნდის პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამ ორი პიროვნების გარდა კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მონდომებული არიან თავისი პატიოსნებით და საქმიანობით და პირველ რიგში, თავისი დამოუკიდებლობით ხალხს ემსახურონ და არა – ხალხი იმსახურონ. მაგალითად, როგორც გავიგე, ჩემს მშობლიურ ქუთაისშიც არის საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი – ალეკოს მსგავსად #42-ით რომ იყრის კენჭს – ნათია გუდავა.
წარმატებას ვუსურვებ მათ, რადგან ასე მჯერა, რომ სერიოზული და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი კანდიდატის წარმატება საქართველოს წარმატება იქნება – რეალური დამოკიდებლობისაკენ რთულ ბილიკზე სიარულში. რამეთუ სწორედ ხელისუფლების მაკონტროლებელი და მთავრობისათვის პასუხის მომთხოვი საზოგადოება და ხალხის მიმართ პასუხისმგებელი ხელისუფლება – არის ქვეყნის დემოკრატიისა და მასზე დაფუძნებული კეთილდღეობის მთავარი საფუძველი.
აქა ამბავი მაესტროელი ვახო სანაიას მიჭირხვნის მცდელობისა
Posted: 2014/05/20 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ადგილობრივი არჩევნები, ვახო სანაია, ვახო სანაიას რეპორტაჟი, ქართული ოცნება, ღარიბაშვილი %(count)s კომენტარიპროლოგი:
20 მაისი, 15:05
როდის იყო ვახო სანაიას ის გადაცემა, ასე სერიოზულად რომ ააღელვა მთავრობა?
მინდა ვნახო, რადგან ასაღელვებელი დღეს ნამდვილად ბევრია, მათ შორის კიტოვანის მოწოდებები პარლამენტის დაშლის საჭიროებაზე, რასაც კიტოვანზე უფრო პოპულარული პიროვნებებიც აძლევენ ბანს. ასევე ის, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემაში კითხვაზე ”ენდობით თუ არა მთავრობას?”, მხოლოდ 25%-მა დაადასტურა ასეთი ნდობა. აღარ ვამბობ არაფერს იმ სრულიად გაუმართლებელ და ფანტასმაგორიულ ხელფასებზე, რასაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წინა ხელისუფლების მიერ მოვლენილი კადრები დღესაც ამაყად იღებენ…
ჰოდა, მაინტერესებს, ამ ყველაფრის ფონზე, ასეთი რა თქვა ვახო სანაიამ, რომ ასე უეცრად მიიპყრო ხელისუფლების ყურადღება და ლამის მთავარ საფრთხედ შეფასდა.
================================
ვნახე „ვახო სანაიას რეპორტაჟი“ („იმედზე“ 18.05.14)
მოკლე რეზიუმე – სანაიას გადაცემა შეიძლება იყო მიკერძოებული, ალბათ, არ იყო მისი საუკეთესო გადაცემა, შეიძლებოდა ცოტა მეტი ელაპარაკა იმაზე, რა გაკეთდა ახალი ხელისუფლების მიერ … ან – იმაზე მაინც, რაც ვერ გაკეთდა, თუ რა ობიექტური პრობლემები იყო ამ მხრივ, შეიძლებოდა გაეკეთებინა ცოტა მეტი შედარება იმასთან, რა კეთდებოდა ამ მხრივ სააკაშვილის დროს, და ა.შ., და ა.შ…
მაგრამ, მოდით შევთანხმდეთ – ეს არის საავტორო გადაცემა და ავტორს უფლება აქვს გააკეთოს მისეული ანალიზი და შეფასებები.
ხელისუფლების მხრიდან პრობლემა მის გადაცემაზე შეიძლება და უნდა იყოს არა ის, რატომ დასვა მან ასეთი აქცენტები და რატომ ფიქრობს იგი იმას, რასაც ფიქრობს, არამედ ის, რამდენად სწორი იყო ის ფაქტები, რაც მან მოიყვანა გადაცემაში… აი, ამ მხრივ, მგონი, ბევრი სადავო არაფერია. მართალია, არა მგონია, რომ საუკეთესო ფაქტობრივი მასალა იყო რუსთავი2-ის საიდუმლო ჩანაწერები, რადგან ჯერ ერთი, მათი წარმომავლობა გამოძიების საგანია და თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავი2-მა ძალიან შერჩევით მოგვაწოდა სწორედ ის ფრაგმენტები, რაც მათ (ჩათვალეთ, რომ – ნაცმოძრაობის!) ნარატივს წაადგება, და ასე რომ ეს ნაწილი განსაკუთრებით ტენდენციურად მომეჩვენა. ასევე სათუოა ნავაროსეული რეიტინგების რეალობა და სპეციალურად ხომ არ იყო ჩაწყობილი ირაკლი ალასანიას მცირედი წინსწრება ღარიბაშვილის რეიტინგზე. ნავაროსეულ (CRRC-ის!) გამოკითხვებში – სადაც თბილისის მერობის #2 კანდიდატად „მწვანე“ გია გაჩეჩილაძეა, იმ ფონზე, რომ ლორთქიფანიძე საერთოდ კითხვარში არ შეუყვანიათ, ძალიანაც შეიძლება გონივრული ეჭვი გვეპარებოდეს, რამდენად მწვანეების ლიდერს გამოუცხადეს გამოკითხულებმა მხარდაჭერა, თუ „უცნობში“ აერიათ…
მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების რეაქცია ვახო სანაიას ამ რეპორტაჟზე იყო გაუმართლებლად მკვეთრი.
თქვენს მონა-მორჩილსაც და ბევრ სხვასაც გაცილებით გაგვიიოლდებოდა ვახო სანაიას გადაცემაში დაშვებული შეცდომების, უზუსტობების თუ მიკერძოების დადგენა თუ ანალიზი, რომ არა მთავრობიდან ეს მყისიერი საარტილერიო ზალპი, რომელიც სკკპ ცკ-ს და იმავე სააკაშვილის პრაქტიკას გვაგონებს მედიის გასახედნად. და ალბათ, მხოლოდ საპირისპირო შედეგს მოიტანს. მით უფრო, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამ “ზალპის” მთავარ მიზეზად გადაცემის ბოლო ნაწილს და ნეპოტიზმში ბრალდებებს ჩათვლის…
მე მგონი, დროა ხელისუფლება მიხვდეს, რომ თუ უნდათ, მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე ჟურნალისტებმა ილაპარაკონ, უნდა მოაწყონ ბრიფინგები – ყოველკვირეული ბრიფინგები, რაც ჯერ კიდევ შევარდნაძის მინისტრების დროს (ჯანდაცვის სამინისტროში მაინც) ჩვეულ პრაქტიკა იყო. და იქ მოჰყვნენ, რა გააკეთეს, რას აკეთებენ, როგორი წინსვლა აქვთ… რა თქმა უნდა, მოუწევთ პასუხის გაცემა საკმაოდ მკვეთრ კითხვებზეც, მაგრამ მაინც ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ხალხს დაანახო, რა კეთდება!.. გამოაქვეყნონ სტატისტიკური მასალები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებმა ჩაატარონ გასვლები ადგილებზე, უზრუნველყონ შეხვედრები სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარებთან… ოღონდ წინასწარ იმის სწავლების და დაზეპირების გარეშე, კომპიუტერით დასაჩუქრებულმა ბავშვებმა ვის უნდა გადაუხადონ მადლობა, როგორც ეს შაშკინის დროს იყო…
არის ნამდვილად პოზიტივი იმაში, რამდენმა ადამიანმა შეძლო მთავრობის დახმარებით ადრე საოცნებო ოპერაციის დაფინანსება, რამდენად უფრო მეტია დახნილ-დათესილი სავარგულები, რამდენი ადამიანი აპირებს ქალაქიდან სოფელს დაუბრუნდეს, წამოიწყოს ფერმერული საქმიანობა, ჩაყაროს ვაზი, თუ დარგოს ხეხილი… დღეს ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა იმედი, რომ იაფი კრედიტი და მთავრობის მხარდაჭერა რეალობად იქცევა და მათ ოცნებას შრომით მოპოვებული კეთილდღეობის შესახებ ასრულების შანსი გაუჩნდა… დიახ, ძალიან იშვიათად წერენ ჟურნალისტები პოზიტიურ ამბებზე, რადგან ნეგატივს და სკანდალს მეტი “გამავლობა” აქვს საზოგადოებაში… მით უფრო მაშინ, როცა მართლა არაფერი დატყობია უმუშევრობას, და როცა არარეალური აღმოჩნდა ან მონოპოლიების დამარცხების სწრაფი მოლოდინი და ან ბენზინის გაიაფება… მაგრამ ამას “გახედვნა” არ უშველის. ხალხის მხრიდან შეძახილი უფრო გამოიღებს შედეგს, ვიდრე ზემოდან დატუქსვა… საჭიროა ჟურნალისტსაც ჰქონდეს ხელისუფლების ნდობა, ხოლო მთავრობის პრეს-სამდივნოს განცხადებები “მაესტროს” გადაცემის შესახებ ისევე კონტრპროდუქტიულია ამ მხრივ, როგორც იყო სკკპ ცეკას დადგენილებები გაზეთ “იზვესტიის” შესახებ – ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე…
ხელისუფლებას დღეს ბევრი პრობლემა აქვს. მაგრამ მისი მთავარი პრობლემა არის ის შეცდომები, რომელსაც იგი უშვებს, მათ შორის საკადრო პოლიტიკაში, ხელფასების და პრემიების (ვერ)კონტროლში, და ხალხის, მათ შორის – ერთდროს გულანთებული მხარდამჭერების – თანადგომის იოლად განიავებაში… სამართლიანობის დამყარებაში გაცემული დაპირებების მივიწყებას რომ ამაზე რამე მკაფიო განაცხადის გაკეთება მაინც სჯობდა, ამაზე აღარაფერს ვამბობ…
ცუდია, თუ ამას ვერ ხვდებიან… ყველასთვის ცუდია! ჩვენთვისაც, მათთვისაც, „მაესტროსთვისაც“ და- ვახო სანაიასთვისაც. რადგან როცა მთავარ პრობლემად ვახო სანაიას გადაცემას ჩათვლი, ამ დროს ძალიან სერიოზული პრობლემები უეჭველად გვერდზე დაგრჩება…
==========================
ეპილოგი:
(20.05.14 23:15)
სადღაც შორს, ახლა ერთი მოკრძალებული და რიცკიანი კაცი ზის და რუქას ჩასცქერის.
ეს რუკა მისი აქილევსის ქუსლია.
შეგრენის ტყავივით დაპატარავებულ სამეფოს პატარა ნახევარკუნძული შესძინა და მეოთხე რომი ელანდება უკვე. ამ რომისათვის გადამწყვეტი ბრძოლა სულ მალე მოუწევს, მაგრამ ნაპოლეონისგან განსხვავებით იმდენს ხვდება, რომ ერთ ბრძოლას არ უნდა გადააყოლოს ყველაფერი. ამიტომ ძალიან ითოკავს თავს, რომ უკვე პირში ჩადებული მსუყე ლუკმა დროზე ადრე არ გადასცდეს და არ დაახრჩოს…
და მაინც, ამ პირველ ლუკმაზე მეტად მეორე ადარდებს… მეორე, რომელიც ნაწილ-ნაწილ უკვე დაღეჭილი ჰქონდა, მაგრამ ახლა ვეღარ იცლის მის საბოლოდ დასაქუცმაცებლად…
თუმცა ერთი იმედი აქვს – იქაური ხალხის იმედი, იქაური ხალხის რწმენის იმედი, იქაური ხალხის სიბრმავის იმედი, იქაური ხალხის ბედნიერ-ერობის იმედი და იმის იმედი, რომ იმ ქვეყანაში მის მრავალ ემისარზე და მოულოდნელ მოკავშირეებზე მეტად სწორედ უბრალო ადამიანებმა, ერთმანეთის გაუტანლობის, პირველკაცობის დაუძლეველი სურვილის და ამპარტავანი მიამიტობის წყალობით გაუწიონ უდიდესი დახმარება – რადგან, ემისრებისაგან და მტერ-პარტნიორებისაგან განსხვავებით, შეიძლება სრულიად უანგაროდაც და გაუთვითცნობიერებლადაც ითამაშონ სწორედ ის თამაში, რომელშიც მოგებული მხოლოდ ის იქნება – ერთი მოკრძალებული და რიცკიანი კაცი, რომელიც არც კი დააბოყინებს ამ ნანატრი ლუკმის გადაყლაპვისას…
უცნაური არჩევნები
Posted: 2013/09/10 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე, ივანიშვილის წასვლა, მარგველაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, სალომე ზურაბიშვილი, ქართული ოცნება დატოვე კომენტარი
I. ოპტიმისტური სტარტი.
ერთი წლის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა ობიექტურად სრულიად მოსალოდნელი და პოლიტიკურად სავსებით მოულოდნელი „ძლევაი საკვირველი“ მოახდინეს, თითქმის ყველა პოლიტოლოგმა – შინაურმა თუ გარეულმა – განაცხადა, რომ ამით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბედიც უკვე გაირკვა – „ქართული ოცნების“ კანდიდატი (სავარაუდოდ, მაშინ ირაკლი ალასანია ან ვახტანგ ხმალაძე სახელდებოდნენ), თითქმის ყველა ობიექტური ექსპერტის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ უფრო დამაჯერებლად მოიგებდა.
მართალია, გარკვეული ეჭვები არსებობდა იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებდა კონსტიტუციური რევანშის არცთუ უსაფუძვლო შანსს. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2013 წლის გაზაფხულზე, ნაციონალური მოძრაობის პარლამენტარებმა თავადაც მისცეს ხმა იმ საკონსტიტუციო ნორმის გაუქმებას, რომლის წყალობით პრეზიდენტს ერთდროულად პარლამენტის და მთავრობის დათხოვნაც და ერთპიროვნულად მთავრობის დანიშვნა შეეძლო, ფართოდ დაანონსებულმა და ნაცმოძებისათვის სანუკვარ-სანატრელმა ოპერაცია „აპრილმა“ ჩაილურის წყალი დალია. იმის ფონზე, როგორ „მოსვა“ ივანიშვილმა სააკაშვილიც და უგულავაც, და როგორ ჩასვეს წინასწარ პატიმრობაში ახალაიაც და მერაბიშვილიც, როგორ ნება-ნება ხდებოდა რიგრიგობით პრეზიდენტის ნებისმიერი ვეტოს დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, როგორ იშლებოდა და იფშვნებოდა ნაცმოძრაობის ფრაქცია და ადგილობრივი თვითმმართველობები, და როგორ თანდათან სუსტდებოდა სააკაშვილის უცხოელ დამცველთა მოძახილის ძალა და კოჰერენტულობა, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც 2013 წლის ზაფხულის დასაწყისში შეიქმნა იმის განცდა, რომ 2013 წლის ოქტომბერში საქართველოში „ქართული ოცნების“ ტრიუმვირატის (პრეზიდენტი-პრემიერ-მინისტრი-პარლამენტის თავ-რე) მმართველობა რეალობად იქცეოდა.
მართალია, გიორგი მარგველაშვილის დასახელებამ პრეზიდენტის პოსტზე ძალიან ბევრი დააბნია, მაგრამ მე პირადად, არ გამკვირვებია, რადგან ამ ადამიანის უნარ-ჩვევებში კარგად ჩანდა „ქართული ოცნების“ ლიდერის ხედვა იმაზე, თუ როგორი წარმოედგინა მას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, და რაც მთავარია, ეს ხედვა არცთუ შორს იდგა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში ძლევამოსილი პრეზიდენტის როლის და უფლებამოსილებების შესუსტების იმ ვექტორისაგან, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის საკონსტიტუციო რეფორმაში ჩაიდო, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, პრემიერ-მინისტრის არნახული უფლებამოსილებების შეკვეცით, კიდევ უფრო გააძლიერა.
II. შეფერხებები
მაგრამ მოვლენების განვითარების თითქოსდა მწყობრი სისტემა 2013 წლის მაისის შემდეგ თანდათან სერიოზულად შეფერხდა. ამის მიზეზები რამდენიმეა:
1) საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ძალების სრული მობილიზაცია მოახდინა დესტრუქციული პი-არ-ის თუ ქმედებების განსახორციელებლად. მიხეილ სააკაშვილის თითოეული გამოსვლა, ჟესტი, სიტყვა, თუ ღონისძიება მიმართულია ერთი კონკრეტული მიზნისაკენ – რომ მსოფლიოში შექმნას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ნეგატიური სახე. პიროვნება, რომლის რეჟიმის პირობებში მასიურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ურცხვად ლაპარაკობს გაცილებით ნაკლები სიმძიმის და სიხშირის დარღვევებზე დღევანდელ საქართველოში. მას და მის დამქაშებს არ ეპრობლემებათ ილაპარაკონ არც საქართველოს ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და პატიმრის ძალადობრივი გარდაცვალების ერთადერთ ფაქტზე, რადგან ეს ფაქტი დღევანდელი ხელისუფლების ოდნავ ნაგვიანევი, მაგრამ ობიექტური გამოძიების წყალობით დადასტურებულია, მაშინ როცა სააკაშვილის დროს ყოველწლიურად ციხეებში მრავალი პატიმრის გარდაცვალება (2007 – 92, 2008 – 90, 2009 – 90, 2010- 144, 2011 – 132, 2012 – 63, 2013 – 16!), მათ შორის მრავალი ისეთი, როცა ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები სახეზე იყო, დღესაც გამოუძიებელი რჩება, რომ არაფერი ვთქვათ პატიმართა სადისტური წამების და გაუპატიურების დადასტურებულ ფაქტებზე ნაცმოძრაობის მმართველობის დროს. მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლება უამრავ ბიზნესმენს აშინებდა და ციხეში სვამდა, ფაქტიურად ატყავებდა და ბიუჯეტში საკუთარი ქონების დათმობას, ან მუქარისქვეშ ინვესტირებას აიძულებდა, და რომელმაც 2012 წლის ბოლოს 2013 წლის მოგების გადასახადი – დაახლოებით 1 მილიარდი ლარი წინასწარ საკუთარი ხელისუფლებისათვის გადაახდევინა მეწარმეებს (რითაც იმავე ერთი მილიარდით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის 2013 წლის საბიუჯეტო შემოსავლები შეამცირა!), დღეს უტიფრად ლაპარაკობს იმაზე, რომ ინვესტირების და ეკონომიკური ზრდის ტემპები და სტატისტიკური მაჩვენებლები, თურმე, გაუარესდა!.. დღეს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ჰყავს იმაზე დიდი ცილისმწამებელი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია…
2) ხოლო ამ დროს საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, სწორედ ამ მაოხრებელ გზირთან კოჰაბიტაციის რეჟიმის ერთგული დარჩეს. აბსოლუტურად მარაზმატული ჩანს დასავლეთის მხრიდან უკვე თითქმის გამჭვირვალედ გამოჩენილი სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგეს. ევროპის სახალხო პარტია და სააკაშვილის პირადი მეგობრები თუ წარსულში დაქირავებული კონსულტანტები (კარლ ბილდტი, არიელ კოენი, კშიშტოფ ლისეკი და სხვები) ურცხვად ითხოვენ, რომ შეწყდეს ნაცმოძრაობის პოლიტიკოსების „დევნა“, და ლამის მზად არიან საქართველოში მართლმსაჯულების ასრულებაზე საერთოდ მორატორიუმი მოითხოვონ.
3) ამას დავამატოთ სასამართლოების დამოუკიდებლობის შენარჩუნების იმპერატიული სურვილი და ის გზა, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლება წავიდა, როდესაც თავისი ნებით უარი თქვა აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო ვერტიკალის მსხვრევაზე. ამის გამო, ქვეყნის უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს დღესაც იგივე ადამიანები მართავენ, ვინც ნაცმოძრაობის დროს რეჟიმის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის „გაპრავების“ და სამართლის დასაფლავების შემოქმედებად გვევლინებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის შემდეგ საზოგადოებისთვის პირველი სერიოზული იმედგაცრუება სწორედ სასამართლო რეფორმის სათავეში კუბლაშვილის და მეიშვილის დარჩენამ გამოიწვია. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ახალი ხელისუფლების მიერ მოსახლეობისათვის მიცემულ უპირველეს პირობას სწორედ სამართლის აღდგენა შეადგენდა. ახლა კი გამოდის, რომ ამ პირობის შესრულების გარანტი იგივე პირებით დაკომპლექტებული სასამართლოა, რომელიც აქამდე, ნაცმოძების მონური ერთგულების გარდა, არაფრით გამოირჩეოდა.
4) პოლიციის და პროკურატურის კადრები (საშუალო დონეს ვგულისხმობ) 80-90%-ით ასევე იმავე პირებითაა წარმოდგენილი, ვინც, ლამის ათი წელია, საზოგადოების მიმართ რეპრესიული მანქანის აქტიური წევრი თუ არა, კარგად გაზეთილი ჭანჭიკი მაინც იყო. ხშირია შემთხვევა, როცა ნაციონალური ეპოქის მსხვერპლი პირები საკუთარი უფლებების აღსადგენად საჩივარს სწორედ იმავე ადამიანებს აბარებენ, გაოგნებულნი, ვისაც ამ საჩივრებში უჩივიან.
5) საქართველოში მოსახლეობა შეჩვეულია, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებას ადგილებზე ხელისუფლებასთან ასოცირებული პირების დასრიალება და გამარჯვებულ ოპოზიციის რიგებიდან მოსული ახალი სახეების „ასრიალება“ მოჰყვება ხოლმე. მიუხედავად ნაცმოძრაობის ლიდერების აღშფოთებებისა და მათი ევროპელი მხარდამჭერების შეშფოთებებისა – ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე მასობრივი ცვლილებების შესახებ, – რაც მათ მიერ ლამის „ქართული ოცნების“ ფანატასტიური ზეწოლის შედეგად აღიქმება და პიარდება, ამ დონეზე ცვლილებები მაინცდამაინც არ ჰგავს წინა შემთხვევებში მომხდარ გადაადგილებებს. მართალია, ბევრ რაიონსა (დაახლოებით 40%) და სოფელში მოვლენები ნაცნობი სცენარით წარიმართა და ათობით ადამიანმა საოცარი სინქრონულობით დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, მაგრამ საინტერესოა, რომ ასევე ძალიან ბევრ რაიონსა და სოფელში ადგილობრივ ხელისუფლებაში, პირიქით, ახალი სახეები კი არ მოსულან, არამედ ადგილობრივმა ნაცებმა უცებ გაიძვრეს გველის პერანგი, და ცხვრის ქურქები მოისხეს! ადგილებზე, ზოგან მაინც, ნაცმოძების „გაოცნებება“ მართლაც შთამბეჭდავად მიდის. ამის მაგალითია თბილისის საკრებულოც, სადაც ყოფილი ხელისუფლების ადეპტები დღეს თავისი დახვეწილი რენეგატობის წყალობით ისევ ინარჩუნებენ ადგილებს, პრივილეგიებს, გავლენას, ხელფასს, და უკვე ანტინაცმოძური ლოზუნგებით ცდილობენ მზის ქვეშ ჩვეული ადგილის გამყარებას. ამან სერიოზულად შეარყია როგორც ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებში საკაშვილის და ნაცმოძრაობის დასაყრდენი, ასევე – ადგილობრივ მოსახლეობაში „ქართული ოცნების“ რეპუტაცია. “ოცნების” აქტივისტები, რომლებიც გურიასა და სამეგრელოში არჩევნების წინ ნაცმოძების, პოლიციის და ზონდერების მძიმე წნეხს უძლებდნენ, გაოცებულები დადგნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ ისტორიული ანალოგიისგან განსხვავებით, ადგილები და გავლენა მათ კი არ შეხვდათ, არამედ სწორედ მათ გუშინდელ მჩაგვრელებს, რომლებმაც ხელის სისწრაფის წყალობით ყვერყვარე თუთაბერივით უცებ დააძვრეს სეიფებიდან ახალი დროშები, ხოლო ძველი საგულდაგულოდ შეინახეს – „რა იცი, რა ხდება“ მოტივით.
6) დაბოლოს, პრემიერ-მინისტრის უკვე არჩევნებამდე გაცხადებული და ბოლო დროს სულ უფრო მოხშირებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავის პოსტს დატოვებს და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის თითქმის ისევე ძნელად გასაგები და დამაბნეველი აღმოჩნდა, როგორც დასავლელი პოლიტიკოსებისათვის.
ზემოთდასახელებულ თითქმის ყველა მოვლენაში (ისევე როგორც ნაცმოძრაობის მიერ ლამის 100%-ით პრივატიზირებული უმაღლესი განათლების, საავადმყოფოების, სადაზღვევო კომპანიების თუ ბიზნესის წინა ხელისუფლების ლიდერებისა და დამქაშებისათვის სწრაფი ტემპებით ჩამორთმევაზე უარის თქმაში) არ შეიძლება მხოლოდ საზოგაგადოების იმედგაცრუების მიზეზები და ნეგატიური ასპექტები დავინახოთ! პრემიერ-მინისტრის ბოლო პრეს-კონფერენციაზე ა.წ. 4 სექტემბერს ხაზი გაესვა იმას, რომ ეს ხშირად არა უღონობის ნიშანი, არამედ შეგნებული არჩევანი და სამართლიანობის უსამართლო გზით აღდგენაზე ნებელობითი უარის თქმაა!
მართლაც და, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ალბათ, არამცთუ გაგებით, არამედ ენთუზიაზმითაც კი მოეკიდებოდა არჩევნების მოგების შემდეგ ნაცმოძრაობის ლიდერების ხაზგასმულად აფიშირებულ ჩაყრას ციხეებში და რამდენიმე კვირაში მათგან სატელევიზიო აღიარებების ხილვას. უსამართლო სასამართლოს ვაი-მესვეურების გამოყრაც სასამართლოებიდან ბევრი ჩვენთაგანისათვის, სავარაუდოდ, სამართლის მიერ პურის სწრაფი და ენერგიული ჭამის დასტური გახდებოდა. და სოფლების მოსახლეობაც თავისი ნაცმოელი მამასახლისების 10-წლიანი გაზულუქებული და ცინიკური გატყავების შემდეგ სიამოვნებით მოიფშვნეტდა ხელებს დასრიალებული მესვეურების ოჯახების სიმწარის შემხედვარე…
მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უკვე ბევრჯერ ვნახეთ?..
და ეს ყველაფერი არასოდეს დასრულებულა სიმართლის გამარჯვებით.
ყველაფერი „ძირს ნიკოლოზ! მაღლა მუშა!“ ლოზუნგის მსგავსად მხოლოდ ერთი ტიპის ავტორიტარიზმის მეორეთი შეცვლით მთავრდებოდა.
ამიტომ, საკუთარ თავსაც ძალიან ხშირად ვიჭერ იმაზე, როგორ მიჭირს მოუთმენლობის და იმედგაცრუების მოთოკვა და იმის სწორად დანახვა, რომ უსამართლობა უსამართლობით თუ დაამარცხე, ეს მხოლოდ ახალი უსამართლობის დასაწყისი იქნება და არაფერი უკეთესი.
ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია – არც ყველაფრის მიტევება იქნება სწორი და არც ყველაფერზე სამართლებრივი პასუხისგების მაძიებლობა.
III. წასვლა-არწასვლის შუქ-ჩრდილები
ჯერ კიდევ ბევრი დაიწერება და ითქმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ვადამდე წასვლის გადაწყვეტილების შესახებ.
ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ნაბიჯით ქართული ხელისუფლების ლიდერი, მართლაც, მსოფლიოს აკვირვებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკაში გაკვირვება კი არა, გამარჯვებაა მთავარი. და პოლიტიკა, მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ კონსერვატიული რამ არის – ძალიან ბევრი დამწყები პოლიტიკოსი მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ შეუფასებიათ, ხოლო ზოგი აღიარებული მეტრი (ჰინდენბურგი, ჩემბერლენი) ბოლოს კატასტროფული შეცდომების ავტორებად დარჩენილან ისტორიაში.
რა თქმა უნდა, სავსებით გასაგებია ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ წავიდეს პოლიტიკიდან. ამაზე მან პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა. აი, რას სწერდა ია ანთაძე 2011 წლის დეკემბერში თავის ბლოგში „წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დაყოვნება ხანისა“:
„ჩემი აზრით, ღირსეულად წასვლის შანსი ახლა მხოლოდ მომავალ ლიდერს აქვს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიერა წინამორბედების მთავარი შეცდომა და თავისი პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამიტომ დაიწყო წასვლის ვადის განსაზღვრით – ორ-სამ წელიწადში ხელისუფლებას დავტოვებ და ოპოზიციაში გადავალო. მხოლოდ იმ ლიდერს (ივანიშვილს ან სხვას), რომელიც პირველი პირის პოსტს და ძალაუფლებას არ ჩაებღაუჭება, შეუძლია, დაუშვას და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ორ-სამ წელიწადში ქვეყნის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თამაშის ახალი წესების შემოღება ნამდვილად მოესწრება.“
პრემიერის ამ, გარკვეულად გასაგებ და საკმაოდ დიდი ხნით ადრე ანონსირებულ, სურვილს დიდი ალიაქოთი მოჰყვა, რომელშიც ისმის როგორც შეშფოთება-აღშფოთების, ასევე აღფრთოვანების ნოტები, თუმცა იმედგაცრუება და „რა გვეშველება!“ სჭარბობს.
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია:
სახლში რომ ყაჩაღები მიჭროდნენ მავანს, გაეკოჭათ ოჯახის წევრები, ეწამებინათ, სუფრა გაემართათ ამათ ზურგებზე და ღრეობა დაეწყოთ. მოსულიყო ოჯახის მეზობელი, რომელიც ამ უბედურებას არ განერიდა, ეს ყაჩაღები იქედან გაეყარა და ოჯახი გაენთავისუფლებინა.
ჰოდა, ახლა ამ ოჯახის თავმა რომ დაუჟინოს გადამრჩენ მეზობელს – არ გაბედო, შენი ჭირიმე, აქედან წასვლა, აქ უნდა დარჩე და როგორც ახლა დამიცავი, ისე უნდა დამიცვა კიდევ ოთხი წელიო (ან – მთელი სიცოცხლეო)!..
გვითხრა ამ ადამიანმა მოსვლისთანავე – mission impossible-ზე ვარ მოსული და რომ გადაგარჩენთ ქაჯებისგან, მერე წავალო… ჩვენ კი ვერ მოგვინელებია, რომ მიწიერი სამოთხის აშენებამდე არ დარჩა პოსტზე!
ყველაზე მარაზმი კი ისაა, ის ყაჩაღები და მათი მოყვრები რომ იძახიან გაწიწმატებით – ახლა მაგის წასვლა უპასუხისმგებლო გაქცევააო!!!
მოკლედ, “მოსვლა შენი ნება იყო, წასვლა ჩვენი ნებააო!” – ისეა, ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ამბავი!
– „უნდა გვიპატრონოს, აპა რავა!“ – ისმის მესიებზე შეყვარებული საზოგადოების იმპერატიული სურვილი…
თუმცა რა გასაკვირია, აქამდე ყველა მოსულის გადაგდებაზე ვიყავით ორიენტირებული და ნებით წამსვლელი ხელისუფალი შოკში გვაგდებს – “მიჩვეულს ნუ გადამაჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევო” – იმ დევიზის თანახმად…
რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს ადამიანური უფლება, წავიდეს.
გარდა იმისა, რომ უფლება აქვს, ეს ნაბიჯი ნამდვილად სერიოზულ პოტენციურ სარგებელს შეიცავს. წესით, ეჭვს არ უნდა იწვევდეს სარგებელი სერიოზული წონის და რესურსების მქონე და თავდაჯერებული ადამიანის საზოგადოებრივ სექტორში გადანაცვლების და ამ სექტორის გაძლიერებისათვის ზრუნვის პოზიტიური ხასიათი. მართლაც, ქართული პოლიტიკური სპექტრის შედარებითი განუვითარებლობა (ბალტიისპირეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით) გადაჯაჭვულია სამოქალაქო საზოგადოების შედარებით სისუსტესთან. ამიტომ პარტიების გაძლიერება უნდა მოხდეს როგორც სწორი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების რეგულაციებით, ასევე – საზოგადოებრივი სექტორის დამოუკიდებლობის მხარდაჭერით. ამ მხრივ, ივანიშვილის მოსვლამ შეიძლება ქართული საზოგადოებრივი და არასამთავრობო სექტორი უცხოური ფონდებზე მკვეთრი დამოკიდებულებიდან გამოიყვანოს, რასაც გარკვეულწილად პოზიტიური ეფექტი ექნება და, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საზოგადოების დიდი ნაწილის ენჯეო სექტორისადმი, როგორც „უცხოური გავლენის დამნერგავი ერუდირებული კასტისადმი“ დამოკიდებულების გაჯანსაღებას.
თავისი ამ ძალიან არაორდინარული ნაბიჯით ბიძინა ივანიშვილი არა მარტო ტოვებს პოლიტიკას, როგორც სფეროს, რომელიც მას აშკარად არ მოსწონს, არამედ მართლაც საფუძველს აცლის შვარცის მზეჭაბუკის დრაკონად ქცევის და მესიანიზმის მდგრად ტენდენციას ქართულ პოლიტიკაში. გავიხსენოთ 2011 წლამდე პერიოდის ქართული პოლიტიკური სპექტრი – ლამის 80% ნაციონალური მოძრაობა და მისი გაბელადებული ქურუმი, დაახლოებით 10% ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ყასიდად გაშმაგებული და სინამდვილეში სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელიდან მსუყედ ნაკვები ფსევდოოპოზიციური სატელიტები, და დაახლოებით 10% რეალური ოპოზიცური ძალები, რომლებიც მხოლოდ მედია-სივრცეში არსებობდნენ, და არა ოფიციალურ პოლიტიკურ (საპარლამენტო, სამთავრობი, ადგილობრივი თვითმმართველობის) არენაზე. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მთავარი დანაპირები – ქართული პოლიტიკიდან უსამართლო და მიზანთროპი რეჟიმის მოშორების შესახებ – პირნათლად შეასრულა. ახლა ამ რეჟიმის ნარჩენებს პოლიტიკურ სპექტრში 40%-ზე ნაკლები უჭირავთ და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, 10%-საც ჩამოცდებიან. მაგრამ თუ მოხდება დარჩენილი 90%-ის შევსება მხოლოდ ერთპარტიული და ისევ ერთ ადამიანზე აწყობილი მონოლითით, ეს ადამიანი, რაგინდ პოლიტიკის მოძულე იყოს, და ეს პარტია, სულ რომ ნარჩევი დემოკრატებით იყოს დაკომპლექტებული, სავარაუდოდ, შეიძლება, მაინც იქცეს ახალ მესიად და პოლიტიკურ მონსტრად. ამდენად, პოლიტიკური ველიდან თავისი გასვლით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდ სივრცეს ანთავისუფლებს და როგორც საკუთარი კოალიციის წევრებს – „ქართულ ოცნებას“, რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს და სხვებს, ასევე – არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებსაც, ბურთს და მოედანს უტოვებს, რაც ნებისმიერი სხვა ანალოგიური რეპუტაციის ლიდერის შემთხვევაში ნაკლებ მოსალოდნელი იქნებოდა. ამაში ნამდვილად არის ქართული პოლიტიკური სპექტრის ზრდის და განვითარების სერიოზული შანსი.
მაგრამ, არა მარტო – ზრდის და განვითარების.
როგორც წინა ქვეთავის ელემენტების განხილვის დროს, აქაც უნდა აღვნიშნო, რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს. და არ შეიძლება, მხოლოდ პროგრესულ ზრახვებზე და ევოლუციის უპირატესობაზე ვილაპარაკოთ, ისევე როგორც პირიქით. აქაც, რეალობაც არის გასათვალისწინებელი. და რეალობა ისაა, რომ როგორც არსებობს პრემიერის ადრე წასვლის სერიოზული პლიუსები, ასევე არსებობს სერიოზული კითხვები და ჩრდილები, რაც ამ წასვლას გააჩნია. და რომელთა ნიველირება ან იგნორირება გაუმართლებელი ფუფუნება შეიძლება აღმოჩნდეს:
– ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდხანს (მინიმუმ 22 წელი) იყო ერთპარტიული და ერთი კაცის სურვილებით მართული, კონსტიტუცია ჯერაც დაუხვეწავია, ინსტიტუციები – მყიფე და ჯერ კიდევ პოლიტიზირებული, ან – არცთუ კომპეტენტური კადრით დაკომპლექტებული და პოლიტიკური პლურალიზმის პირობებში მმართველობა – უცნობი ხილი.
– სამთავრობო სახელისუფლებო გუნდი, განსაკუთრებით – პარლამენტში, არ არის გამობრძმედილ თანამოაზრეთა გუნდი. იგი უფრო ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მიმართულების და შეხედულებების პოლიტიკოსების (და არცთუ-პოლიტიკოსების) ჯგუფია. პრემიერის წასვლის შემდეგ ამ ჯგუფის ერთიანობაც და ვექტორებიც საკითხავი შეიძლება გახდეს. გარკვეული აზრით, ჯობდა ეს ჯგუფები ცალკე სიებით არჩეულთა გამარჯვების შემდგომი გაერთიანებით შექმნილი კოალიცია ყოფილიყო, ვიდრე თავიდან კოალიციურად გამარჯვებული გუნდი, რომელსაც ახლა გამაერთიანებელი ლიდერი ეცლება.
– ქვეყნის საგარეო რისკები ძალიან მაღალია და არსებობს გარე ძალები, რომლებიც დიდი ხანია ერთანეთს უპირისპირდებიან საქართველოს საშინაო ფაქტორებზე და პოლიტიკურ ძალებზე გავლენის მოსაპოვებლად. თუ 1999 წლიდან ქვეყნის საგარეო ვექტორი მეტნაკლებად დასავლური იყო, დღეს რუსული ვექტორი ძლიერდება და ასეთ დროს სერიოზული ტრანსფორმაციული რისკები – ძლიერი პროდასავლელი ლიდერის გარეშე – შეიძლება გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის წასვლის გამოცხადებამ, როგორც გარე, ისე შიდა „პრორუსულ“ ძალებს შეიძლება სწრაფად და სერიოზულად გაუზარდოთ ამბიციებიც და აჟიოტაჟიც. საერთო ჯამში, მომავალში ალბათ ჩვეულებრივი ამბავი იქნება, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილნი იქნებიან “პრორუსული” ძალები, მაგრამ ამჟამად მათი ქვეყნის სათავეში უეცარი მოსვლა ნამდვილად მიუღებლად მიმაჩნია მრავალი მიზეზის გამო, რომელთა განხილვას აქ არ შევუდგები.
– მიუხედავად მთავარი დაპირების ასრულებისა, და რიგი პოზიტიური ტენდენციებისა (პენსიების და მინიმალური ხელფასის მატება, საგარეო ვალის შემცირება, გლეხებისთვის დარიგებული სერიოზული ვაუჩერები, სახელმწიფო დაზღვევის ამოქმედება, ჯანდაცვის გაპარტახების შეჩერება, კომუნალური გადასახადების მცირე, მაგრამ მაინც შემცირება, აბსურდული მეგაპროექტების გაჩერება, მედიის განთავისუფლების დაწყება, პროკურატურის და პოლიციის დეპოლიტიზაცია, ეკონომიკური რეალიზმი და ეკონომიკის ხალხისაკენ შემობრუნება) ივანიშვილის ბევრი დაპირება ჯერ შეუსრულებელია. განსაკუთრებით სავალალო დღეშია ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და განათლება. სერიოზული მრეწველობა პრაქტიკულად გაჩანაგებულია. ინვესტორები ერთ წელზე მეტია ლოდინის რეჟიმში არიან, რომლის კიდევ გახანგრძლივება მძიმე გადასატანი იქნება ისედაც გართულებულ პოზიციაში მყოფი ეკონომიკისათვის.
– ქვეყანაში სამართლის სწრაფი აღდგენის ილუზიების გაფანტვის შემდეგ და გაცილებით ლიბერალური ხელისუფლების მოსვლის ფონზე, ჯერ მცირედ, მაგრამ მაინც, გაიზარდა ინდივიდუალური წესით სამართლის პოვნის სურვილიც და მიდრეკილებებიც, რამაც სავალალო ტენდენციის ხასიათი შეიძლება მიიღოს.
– პრემიერის პასუხები იმაზე, რომ იგი უეჭველად მიიჩნევს საკუთარი გუნდის წარმატებას, მაგრამ მათი წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკაში, წინააღმდეგობრივია. ხოლო მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ უსუფაშვილმაც კი ვერ დაანახა მას ვადაზე ადრე წასვლის გადაწყვეტილების პოტენციური რისკები – არადამაჯერებელი. ჩემთვის ეს იმდენად არა უსუფაშვილის სისუსტის მანიშნებელია, როგორც იმის, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაჯერებულობა ამ შემთხვევაში მის მიერ არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობას ხელს უშლის.
– პრემიერის მიერ სხვადასხვა დროს გაჟღერებული „პოლიტიკაში მობრუნების“ ვარიანტი დაზუსტებას მოითხოვს – როდის და რა შემთხვევაში ჩათვლის იგი შესაძლებლად დაბრუნებას და როგორ მოხდება ეს? მით უფრო, თუ იგი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ოფიციალურ პოსტზე ყოფნას, ან – პოლიტიკურ პროცესებზე კულუარული გავლენის შესაძლებლობას.
– რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პოლიტიკიდან საზოგადოებრივ სექტორში წასვლა ძალიან მომგებიანი ნაბიჯია, საქართველოს რეალობაში ამის გამგები და დამფასებელი ხალხი ჯერჯერობით აშკარა უმცირესობაშია. და, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი კი ამას პასუხისმგებლობიდან წასვლის მცდელობად ჩათვლის. მით უფრო, რომ როგორც ნაციონალები, ასევე არანაციონალი ოპონენტებიც (მათი პოზიციების გაძლიერების შემთხვევაში) სწორედ ამაზე აკეთებენ, ან მომავალში გააკეთებენ, აქცენტს.
– ყველაზე ახლო პერსპექტივაში კი, შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ვადამდე ადრე წასვლის გადაწყვეტილება, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის დღეს არსებული გამოწვევებიდან, ალბათ, ყველაზე უფრო სერიოზული გამოწვევა. სამთავრობო გუნდი, ამ გამოწვევის ღირსეულად გამკლავების შემთხვევაში, მართლაც ძალიან გაძლიერდება და გაიზრდება შიდა და გარე დამკვირვებლის თვალში. მაგრამ, არ ვიქნებოდი გულწრფელი, ეს რომ გარანტირებულად, ან, თუნდაც, მაღალი შანსის მქონე ალტერნატივად შემერაცხა. ჯერჯერობით, კი, ჩემი აზრით, სწორედ პრემიერის ამ მოსალოდნელმა წასვლამ გაზარდა მნიშვნელოვნად გიორგი მარგველაშვილის კონკურენტების შანსები… თითქმის ყველა კონკურენტის, გარდა – დავით ბაქრაძისა.
IV. კანდიდატები და შანსები.
გიორგი მარგველაშვილი:
(+) აქტივი: ჭკვიანი ადამიანი, კარგი მოაზროვნე, კარგი პოლემისტი (რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე – ნინო ბურჯანაძის ბანაკის არგუმენტებს და სტილს); რამდენადაც არ ყოფილა პოლიტიკაში, მის მიმართ ყველაზე ცოტაა სერიოზული კომპრომატი ან „ბაგაჟი“; ნამდვილად ტოვებს გულწრფელი ადამიანის შთაბეჭდილებას (განსაკუთრებით, თავის საყვარელ ადამიანზე საუბრისას).
(-) პასივი: არ გააჩნია პოლიტიკური მმართველობის პირადი გამოცდილება; იმის ხაზგასმა, რომ იგი ივანიშვილის იდეების ერთგულია, უფრო სერიოზული დამხმარე ფაქტორი იქნებოდა, ივანიშვილი რომ თავად არ მიდიოდეს პოლიტიკიდან; გააჩნია დაბალი ცნობადობა რაიონებში, სადაც შედარებით კონსერვატიული მოსახლეობისათვის მისი პროდასავლური იმიჯი ზედმეტად პროდასავლური შეიძლება აღმოჩნდეს; იგრძნობა, რომ ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანიტარულ საკითხებზე გაცილებით უკეთ მსჯელობს, ხოლო ეკონომიკასა და აგრარულ სექტორზე – ნაკლებ დამაჯერებლად; განათლების სისტემის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცდუნებამ, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, დათვის სამსახური შეიძლება გაუწიოს; თითქოს ყველაზე წარმატებული მესიჯი იყო, როდესაც განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებით კოჰაბიტაციაც დასრულდებოდა, მაგრამ ეს ცოტა სხვის მოედანზე თამაშს ჰგავს, და არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ადვილად დააჯერებს ამაში.
ნინო ბურჯანაძე:
(+) აქტივი: აქტიური, ყველაზე ცნობადი პოლიტიკოსი, ყველაზე გამოცდილი (ორჯერ უკვე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას), საკუთარ შეცდომებზე სერიოზულად სწავლის უნარით, რეგიონებში კარგი ცნობადობით; სერიოზულად მომზადებული და მოსახლეობისათვის გასაგები მესიჯებით, რომელიც ზუსტად იმაზეა გათვლილი, რისი მოსმენაც დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სიამოვნებს – იქნება ეს ყბადაღებული კოჰაბიტაციის დასრულება, თუ ნაცმოძრაობის გასამართლება, როგორც დამნაშავე რეჟიმისა, თუ დასავლური ღირებულებების ზოგიერთი იმ ტენდენციებისაგან დისტანცირება, რაც ქართულ საზოგადოებაში პოპულარობით არ სარგებლობს, (კერძოდ, სექსუალური თუ რელიგიური ტოლერანტობის საზღვრების შესახებ საუბრებით იგი ხაზს უსვამს თავის „ტრადიციონალიზმს“), და პირიქით, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების სამოთხის დაპირება, რაც ასევე ადვილად „იყლაპება“ დასავლური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლის მოსახლეობისათვის რთულად აღსაქმელობის ფონზე. ბურჯანაძეს ასევე შეიძლება აქტივად ჩაეთვალოს 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლებიდან შედარებით ადამიანური პოზიციის დაფიქსირება, და 2008 წლის ომისშემდგომი პერიოდიდან დაწყებული სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ძალიან აქტიური, თანმიმდევრული და შემტევი დაპირისპირება, რომლის დროსაც (განსაკუთრებით 26 მაისის დროს და შემდეგ) მან სერიოზული ნებისყოფა და სიმტკიცე გამოავლინა. ბურჯანაძე ხშირად იმეორებს, რომ იგი ერთადერთია, ვინც ხვდებოდა პუტინს და შეუძლია პუტინთან ერთიერთობის დალაგება. ეს ადრე მხოლოდ კომპრომატი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას პრიორიტეტად თვლის და „რუსეთის აგენტობის“ გამუდმებულმა სააკაშვილისეულმა ბრალდებებმა პარადოქსულად, ანტირუსული სენტიმენტები კი არ ჩააცემენტა, არამედ ყბადაღებულად აქცია.
(-) პასივი: იგივე პოლიტიკური გამოცდილება, რომლის უდიდესი ნაწილი მას ნამდვილად ვერ ჩაეთვლება ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებად. 2008 წლის გაზაფხულამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბურჯანაძე პარლამენტის უპირობო ლიდერობაზე „არ დაამტკიცა“, სწორედ ბურჯანაძე იყო სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი ბურჯი და „რკინის ლედი“; 7 ნოემბრის და „იმედის“ დარბევის გამართლება, პატარკაციშვილის მიერ მოწყობილ პუტჩზე დღემდე აქტიური საუბრები; სიჩუმე სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ირინა ენუქიძესთან შეხვედრისგან თავის არიდება; ისევე როგორც 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების „გაპრავება“ – ბურჯანაძისთვის სერიოზული ნეგატივია. არაა გამორიცხული მისი პირადი პასუხისმგებლობის დაყენებაც 26 მაისის აქციის ორგანიზაციის დროს მოსალოდნელი მძიმე შედეგების გაუთვალისწინებლობაზე. ჩემთვის დანაშაულად, რა თქმა უნდა არა, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად შეცდომად და კონფუზად რჩება 2008 წელს წყნეთის აგარაკის სატყუარის გადაყლაპვა უკვე პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან, რაც უცნაურია, რატომ უნდა მოსვლოდა მისი გამოცდილების და ოპონენტის ცოდნის მქონე პირს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება ბურჯანაძემ სერიოზული ოპონენტობა გაუწიოს პუტინს, რომელიც სააკაშვილზე კიდევ უფრო გაქნილი პოლიტიკოსია და რომელსაც უკან სააკაშვილზე გაცილებით უფრო დახვეწილი და საშიში სისტემა უდგას. დაბოლოს, ბურჯანაძის მამის კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ისტორიები, რომლებიც ასე დიდხანს ცოცხლობენ და თავად ქ-ნ ნინოს ცხოვრების სტილი, რომელშიც 90-იანი წლებიდან ბოლო ხანებამდე ხალხისაგან დისტანცირებულ და საკუთარ „ფეშენებელურ იმიჯზე“ ზედმეტად მზრუნავ ქალბატონად უფრო აღიქმებოდა.
სალომე ზურაბიშვილი:
(+) აქტივი: სერიოზული დასავლური პოლიტიკური გამოცდილება, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის არქიტექტორის დამსახურებული იმიჯი, პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სააკაშვილის რეფორმატორულ ხელისუფლებაში და რომელიც ერთ-ერთი პირველი იმდენად აქტიურად გაემიჯნა მას, რომ მისგან ხაზგასმულად აუტანლობა დაიმსახურა. პიროვნება, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს „ქართული ოცნების“ მრავალ ცნობილ სახესთან და თავად ბიძინა ივანიშვილთან, და რომელიც მაინც არ დათანხმდა რაიმე კომპრომისულ თანამდებობას.
(-) პასივი: არ ჰყავს სერიოზული საკადრო რესურსი – პარტიული რგოლები ადგილებზე. არცთუ მაღალი ცნობადობა რაიონებში, და ის ფაქტი, რომ ბოლო წლები საქართველოდან წასული იყო. ყველაზე სერიოზული პასივი კი მისი გაურკვეველი სტატუსია – იღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ ვერა. თან რაც უფრო მცირე დრო რჩება, ეს სულ უფრო გადამწყვეტი ხდება.
დავით ბაქრაძე:
(+) აქტივი: ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობების/გამგეობების ნახევარი ნაციონალთა ხელშია, რაც არცთუ მცირე ადმინისტრაციული რესურსია, თუმცა მისი დიდი ნაწილი ბოლო დროს შესამჩნევად „გაოცნებდა“. ბაქრაძე ბურჯანაძის შემდეგ ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია, მუდმივად აქცენტს აკეთებს ნაკლებ კონფრონტაციულობაზე; მის მიმართ არ გაჟღერებულა რაიმე მნიშვნელოვან კორუფციულ სქემებში მონაწილეობის სერიოზული კომპრომატი; ბოლო დროს მისმა შეხვედრებმა სახლებიდან და ეზოებიდან სოფლების ცენტრებში გადმოინაცვლა და უკვე რამდენიმე ათეულ და ასეულ ადამიანსაც იკრებს; ყურადღებიდან გამოსატოვებელი არ არის ამერიკის მხრიდან დაფიქსირებული სურვილი, რომ ნაცმოძრაობა სრულად არ გაქრეს ქართული პოლიტიკური სპექტრიდან და რომ ამ მძიმე ამოცანისთვის ყველაზე შესაფერისად როგორც დასავლეთმა, ასევე თავად ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა სწორედ დავით ბაქრაძე დაასახელეს ე.წ. „პრაიმერების“ ყბადაღებული კამპანიის შემდეგ (და არა – შედეგად).
(-) პასივი: არასოდეს მოიაზრებოდა ნაცმოძრაობის ლიდერთა ხუთეულში, სანამ ამ ლიდერებიდან ერთი – გაქცეული ძებნილია, ერთი – დაჭერილი, ერთი – დასაჭერი და ერთი – კოჭლი (თუ გასაპუტი) იხვი არ გახდებოდა… სავარაუდოდ, არ გააჩნია თავისივე პარტიის ზედაფენის უპირობო მხარდაჭერა; ომის დროს მისი მთრთოლვარე მოწოდება ზუგდიდის დანა-ჩანგლებით დაცვის შესახებ საყოველთაო დაცინვის საგნად რჩება. და თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ცნობილი წარმომადგენელი ნინო ბურჯანაძისადმი არ იშურებს „მკვლელის“ ეპითეტებს და ნაცმოძრაობის ყველა ცოდვაზე მას უზიარებს პასუხისმგებლობას, გაუგებარია, რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული მაშინ იგივე მიდგომა ბაქრაძის მიმართაც, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო მიხეილ სააკაშვილის ერთგული ოფიცერი და არასოდეს ბოლომდე არ გამიჯვნია ნაცმოძრაობის წარსულს (თუ თურმეობითი ფორმის ნახევარბოდიშებს არ ჩავთვლით). დაბოლოს, თავად ბაქრაძის საარჩევნო კამპანია, რომელიც უფრო უდროოდ გარდაცვლილის წლისთავის კარგად და ორგანიზებულად ჩატარების კამპანიას ჰგავს, განსაკუთრებით იმის ფონზე – ადრე როგორი შუშპარა და მჩქეფარე იყო ნაცმოძრაობის საარჩევნო „ოლიმპიური მარათონები“.
დანარჩენი კანდიდატები, ჩემი აზრით, 5%-ზე ნაკლებ შედეგს აჩვენებენ. ალბათ, მათ შორის უკეთესი შანსები აქვთ კობა დავითაშვილს (განსაკუთრებით, თუ სალომე ზურაბიშვილმა ვერ მიიღო საარჩევნო რეგისტრაციის უფლება, რაც საეჭვო მგონია) და მარადიულ, მაგრამ კადრებშემოძარცულ შალვა ნათელაშვილს, რომლის კამპანიის ახალი ვარსკვლავია ამერიკასთან უვიზო რეჟიმის დაპირება! (კაცი დღეში ათჯერ ამერიკას აგინებს და იმას გვპირდება, რაც არც მიშას, არც ბიძინას, არც მარგველაშვილს და არც სალომეს მოსვლიათ თავში!).
V. შესაძლო სცენარები
ამ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის შესახებ ერთი წლის წინ ვფიქრობდი, რომ იგი იმდენად უინტერესო (წინასწარცნობილი) იქნებოდა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების ინტერესიც კი არ იქნებოდა. მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ ინტრიგა გაჩნდა. თავიდან ეს ინტრიგა მხოლოდ მეორე ადგილზე გამსვლელის სახელი იყო, უფრო სწორედ ის, მოახერხებდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის რეპუტაციის შენარჩუნებას. ახლა კი, არც ისაა გამორიცხული, რომ მეორე ტური რეალობად იქცეს, თუმცა ამის შანსი ჯერჯერობით მინიმალურია. ყოველ შემთხვევაში, წესით, სერიოზული სოციოლოგიური გამოკითხვები ამ საპრეზიდენტო კამპანიის თანმდევი უნდა ყოფილიყო. ასე კი ჯერ მაინც არ ხდება. არ მინდა დავამცირო „ქართული ოცნების“ დაკვეთით შესრულებული ცენტრ „ფსიქოპროექტის“ კვლევების მონაცემები, მაგრამ არის თავად ამ კვლევების ჩატარებაში, მეთოდოლოგიასა და ველის გაუხსნელობაში რაღაც მსგავსება NDI-ის ყბადაღებულ კვლევებთან, და როგორც ადრე ნავაროს კვლევების რეალობასთან სიახლოვის დაჯერება მიჭირდა, ახლაც გარკვეული სკეპსისი მაქვს ანალოგიური კვლევების შეუცდომლობის მიმართ. გასაგებია, რომ ამჟამად არც ნაციონალური მოძრაობის და არც ნინო ბურჯანაძის მომხრეების მიმართ არ მიმდინარეობს ისეთი რეპრესიული ქმედებები, რასაც ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა, და მაინც, არ გამიკვირდება, ადრე რძით დამწვარი ამომრჩეველი ახლა წყალსაც სულს უბერავდეს და ამჟამინდელი ოპოზიციური ძალების მხარდამჭერებს ზოჯერ არ სურდეთ ღიად თავისი სიმპათიების დაფიქსირება, როდესაც იციან, რომ კვლევა “ქართული ოცნების” დაკვეთით “ქართული ოცნებისვე” აქტიური მხარდამჭერი პიროვნების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მიერ ტარდება. რატომღაც არ მგონია, რომ დასახელებული გამოკითხვის ავტორებმა სრულად გაითვალისწინეს „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფონდის მიერ უცხოური ავტორიტეტული ორგანიზაციების -„ესომარის“ და “WAPOR”-ის დახმარებით განხორციელებული კვლევის “საზოგადოებრივი აზრის კვლევის როლის გაძლიერება საქართველოში“ შედეგები. და საერთოდ, თუ თუ წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ერთიან პრინციპებზე და ერთმანეთის შედეგების გადამოწმების შესაძლებლობაზე ვერ შევთანხმდებით, სულ იქნება უნდობლობა და ეჭვიანობა ან კვლევების შედეგების მიმართ. უცნაური იქნება, თუ ნინო ბურჯანაძე არ დადებს „თავისი“ კვლევის შედეგებს, მერე ანალოგიურად მოიქცევიან, ალბათ, სხვა კანდიდატებიც.
როცა ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ იგი კოჰაბიტაციას დაასრულებს, მას მხედველობაში აქვს ნაციონალებთან კოჰაბიტაცია. არაა გამორიცხული, რომ მას, გამარჯვების შემთხვევაში, მართლაც დაგეგმილი ჰქონდეს გაცილებით უფრო მასშტაბური „კბილი კბილის წილ“ ქმედებები, ვიდრე მთელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან ვიხილეთ. სხვათა შორის, ბურჯანაძის ადგილობრივ შტაბებში საშუალო რგოლის ნაციონალებიც ერთიანდებიან და ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, რამდენად მართლა მოხდება სამართლის აღდგენა, ისე ხომ არ გამოვა, რომ მხოლოდ ისინი აგებენ პასუხს, ვის მიმართ ქალბატონ ნინოს პირად წყენა გააჩნია, ხოლო დროულად მის კალთას დაბრუნებულებზე, პირიქით, ინდულგენცია გაიცემა?
მაგრამ, თუ მართლა ნინო ბურჯანაძე აასრულებს თავის დაპირებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დასვამს საბრალდებო სკამზე, ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად წაადგება ქართულ საზოგადოებას მასირებული ანგარიშსწორების პერიოდი. და თანაც, თუ ახლა პრეზიდენტი ნაცმოძრაობიდანაა, ხოლო ხელისუფლება „ქართული ოცნებიდან“, პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძის მოვლინება კოჰაბიტაციას გააქრობს? თუ, უბრალოდ, ერთ – „ოცნება-სააკაშვილის“ – კოჰაბიტაციას მეორე – „ოცნება-ბურჯანაძის“ – კოჰაბიტაციაში გადაიყვანს? და თუ დღევანდელი კოჰაბიტაციის ორივე მოქმედი პირი, დასავლეთის პოლიტიკური წრეების ზეგავლენით, იძულებულნი არიან გარკვეული ჩარჩოები დაიცვან, მინიმუმ, – საგარეო პოლიტიკაში, მომავალი კოჰაბიტაციის პირების საგარეო ვექტორები როცა დაპირისპირებული აღმოჩნდება, ხომ არ შეუწყობს ეს ხელს გაცილებით უფრო მძიმე დაპირისპირების აღმოცენებას, რითაც მომენტალურად ისარგებლებენ ჩვენი იმპერიული მეზობლები? და როგორ „წაადგება“ ეს ყველაფერი ისედაც ერთი წელის მოლოდინის რეჟიმში მყოფ საქართველოს ეკონომიკას და პოტენციურ ინვესტიციებს?
ნინო ბურჯანაძის ან თუნდაც სალომე ზურაბიშვილის ჰიპოთეტური პრეზიდენტობა არ იქნებოდა ძირეული ცვლილებების და სერიოზული დისბალანსის საწინდარი, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დარჩებოდა. მაგრამ იმ პირობებში, როცა ივანიშვილის წასვლა უკვე ყველას გვჯერა, მართლაც, ძნელია იმის წარმოდგენა, რამდენად მოახერხებს მომავალი (ჯერ უცნობი) პრემიერ-მინისტრი სხვა ძალის წარმომადგენელ გამოცდილ პოლიტიკოსთან ურთიერთობების დალაგებას, განსაკუთრებით, თუ ბურჯანაძის შემთხვევაში ამ ურთიერთობების უკან რუსეთის ფაქტორი იქნება. მით უფრო, – იმ რუსეთისა, რომელსაც ალბათ მალე სირიაში საკუთარ უკანასკნელ მოკავშირესთან გამომშვიდობება შეიძლება დაემუქროს და ყველანაირად შეეცდება, სადმე რევანში აიღოს. რა თქმა უნდა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძე აქტიურად შეეცდება საბანი თავისკენ გადაქაჩოს და სასწრაფოდ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, რაც ამ კონტექტში, კიდევ უფრო დაძაბავს პოლიტიკურ ჭიდილს, სერიოზულად გაართულებს მდგომარეობის შესაძლო პროგნოზირებას და ეკონომიკაც, შეიძლება, მართლა სტაგნაციაში შეიყვანოს.
როდესაც ზემოთმოყვანილ პოტენციურ სცენარზე ვლაპარაკობ, არ უნდა ჩაითვალოს, რომ მე ამის ალბათობა მაღალი მგონია. არა მგონია, ნინო ბურჯანაძემ არჩევნებში 20-30%-ზე მეტი აიღოს, იმის გათვალისწინებით, რომ მას არა მარტო პოზიტიური რეიტინგი გააჩნია, არამედ სერიოზულად მაღალი ნეგატიური რეიტინგიც უნდა ჰქონდეს (ანუ, არის საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომლისთვისაც ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის პოსტზე აბსოლუტურად მიუღებელი ფიგურაა) და, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო იკავებს იგი თავს თუნდაც ღია სოციოლოგიური კვლევების ჩატარებისაგან. და მაინც, ვიმედოვნებ „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ, რომ პოლიტიკაში და ბიზნესში ვარდისფერი ილუზიები გაცილებით საშიშია, ვიდრე, თუნდაც დაბალი ალბათობის მქონე, ცუდი სცენარის გათვლები და პრევენციები.
რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის განწყობებზე:
1) ახალაიას, მერაბიშვილის და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერების სასამართლო პროცესების შედეგებმა. მაგალითად, ჩემი აზრით, ბურჯანაძის მომხრეებისთვის საოცრად „მომგებიანი“ აღმოჩნდა ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი.
2) სირიის კონფლიქტმა და მისმა ახლო და სავარაუდო შორეულმა შედეგებმა.
3) ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ პოლიტიკაში დარჩენის ან შესაძლო დაბრუნების პირობების შესახებ.
დაბრუნებას რაც შეეხება, ბატონმა ვაჟა ბერიძემ გამოთქვა საინტერესო ვარაუდი, რომ პრემიერობიდან წამსვლელი ივანიშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი თუ მოგვევლინებოდა, ეს ბევრ კითხვას მოხსნიდა! აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ვაჟას, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტურისათვის პრემიერ-მინისტრობა და პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების ყოველდღიური მართვა გაცილებით მძიმე ხვედრია, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობა მომავალ საპარლამენტო რესპუბლიკაში. და მაინც, მიმაჩნია, რომ ივანიშვილს ახლა პრეზიდენტობის სურვილიც არ ექნება და თან ეს ახლა მართლაც ძალიან ნაგვიანები „რაზვაროტი“ შეიძლება გამოვიდეს -ასეთი განვითარება მაის-ივნისში კიდევ შეიძლებოდა და არა – ამჟამად. გავკადნიერდები და გავიმეორებ, რომ მდგომარეობის ყველაზე მისაღები თანამდებობა მაინც უშიშროების საბჭოს მდივნობა მგონია.
https://solomonternaleli.wordpress.com/2013/06/27/წასვლადარჩენის-ფენომენ/
აღნიშნული და მსგავსი პოსტები სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა დროს განსხვავებული რეჟიმით და ძალაუფლებრივი სტატუსით გამოირჩევა. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა, როგორც ადრე ვთქვი, სრულად დაუტოვებდა ბიძინა ივანიშვილსაც და ხელისუფლების დანარჩენ შტოებსაც მანევრის ძალიან დიდ თავისუფლებას და ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პროცესებზე საჭიროების შემთხვევაში გავლენის მომხდენი „კონსელეიროს“ ფუნქციების ოფიციალურად გამოყენების ველსაც.
წასვლა/დარჩენის ფენომენის შუქ-ჩრდილები
Posted: 2013/06/27 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ივანიშვილის წასვლა, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ქართული ოცნება დატოვე კომენტარი
რამდენიმე დღის წინ ესტონურ გაზეთში Pastiimes.ee გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მისი აზრით, საქართველოში შეიქმნება ისეთი პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მას საშუალებას მისცეს დანაპირები აასრულოს და პოლიტიკიდან წავიდეს. „ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ შორის საინტერესო პრეზიდენტი იქნება არჩეული. გვყავს ძალიან კარგი პარლამენტის სპიკერი. მაქვს იდეა, ვინ შეიძლება ჩემი საკუთარი ადგილი დაიკავოს. არ მინდა და ეს საქართველოს პოლიტიკისთისაც ცუდი იქნება, ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს“ – განაცხადა ივანიშვილმა. თუმცა მეორე დღეს თავად განმარტა მისი სიტყვები, რომ პოლიტიკიდან წასვლის განზრახვა არ ნიშნავს ქვეყნიდან წასვლას და მხოლოდ საზოგადოებრივ სექტორში გადასვლას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გეგმებს უკავშირდება. ამით ბიძინა ივანიშვილმა თითქოს შეასუსტა ის სერიოზული აჟიოტაჟი (და კერძოდ, ნაციონალურ მოძრაობაში ლამის დაწყებული ეგზალტაციური აღფრთოვანება), რაც მის ინტერვიუს მოჰყვა, თუმცა კითხვები დღემდე რჩება.
თავად უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადების შემდეგ გაორებული იყო. ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, ნაწილი – პირიქით, ამბობდა, რომ ეს ნაადრევია, და იმედს გამოთქვამდა, რომ პრემიერი გადაწყვეტილებას შეცვლის.
გულახდილად უნდა ვთქვა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე წერას ვერიდები. ჩემს მიერ ბლოგზე გამოქვეყნებული 250-ზე მეტი სტატიის 9/10 მის ოპონენტს, მიხეილ სააკაშვილს ეძღვნება. ივანიშვილის შესახებ კი თითქმის არ მაქვს დაწერილი ერთიც კი.
მიზეზი რამდენიმეა:
1) ბიძინა ივანიშვილისაგან დღეს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დავალებულია. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს ნაციონალები და მათგან გამოკვებილი ფსევდოოპოზიცია. სხვა დანარჩენები კი სულ უფრო მეტად ცხადად ვხედავთ, რა კოშმარისაგან გადაგვარჩინა ამ ადამიანის პოლიტიკაში მოსვლამ და მისმა სწორმა სვლებმა. აშკარაა, რომ საქართველო საააკშვილის კრიმინალური ბანდის მმართველობის პერიოდში სრული დეგრადაციის გზას ადგა. თითქოსდა, ამაზე ადვილი რა უნდა იყოს, რომ ადამიანს, რომელიც მხსნელად მიგაჩნია, სამადლობელი დითირამბები უძღვნა. გამოგიტყდებით, ეს არც მხიბლავს, არც მეხერხება და არც მგონია, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს ჭირდებოდეს. პირიქით, ჩემი აზრით, მას სწორედ ისეთი მხარდამჭერები სჭირდება, ვინც მის მხარდაჭერას უაზრო და ამორალურ განდიდებად არ აქცევენ.
2) თუმცა, ჯერჯერობით, არც კრიტიკა გამომდის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რადგან ჩემი აზრით 1 ოქტომბრის გამარჯვება ჯერაც არ გაფორმებულა. მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და მეტიც, თუ ვინმე დღეს აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების წარმატებას ათასნაირი დასაშვები თუ ბინძური მეთოდებით, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი დამნაშავე რეჟიმის ნარჩენებია.
3) ბიძინა ივანიშვილს გაცილებით ნაკლებად ვიცნობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. მიშას უკვე მოხარშულს ვცნობ. მისი მეთოდები იმდენად გაშიფრულია, რომ ხშირად წინასწარ ვხვდები, რას იზამს. ივანიშვილის ქმედებები კი უფრო ძნელად, რომ გამოვიცნო. ერთი რაც აშკარაა – სააკაშვილისაგან განსხვავებით, ივანიშვილი უფრო საფუძვლიანად ამზადებს თავის ქმედებებს, დიდხანს იცდის და ძირითადად კონტრდარტყმას ახორციელებს. გავიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი – ივანიშვილის ტაქტიკა აიკიდოს კლასიკაა, როცა მოწინააღმდეგეს მისსავე დაწყებულ თავდასხმით მოძრაობაში ხელს ისე მიაშველებ, რომ ძირს ბრაგვანი გაადინოს. ძალიან ბევრი ექსპერტის აზრით, აიკიდოს სტილი ყველაზე ხარჯ-ეფექტურია – გაცილებით ნაკლები აქტივობით ხდება იგივე შედეგის (მოწინააღმდეგის დამარცხება) მიღწევა, ვიდრე სხვა სტილის გამოყენებისას.
4) ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან ხშირად დამატებით განმარტებებს საჭიროებს. ბევრი ფიქრობს (მეც), რომ ეს არცთუ სახარბიელოა პოლიტიკოსისთვის. თან, რაც ყველაზე საინტერესოა, განმარტებებს მისი პრეს-მდივნები ან აპარატის მუშაკები კი არ აკეთებენ, (როგორც ეს დასავლეთში ხდება), არამედ – თავად ივანიშვილი. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ეს შეგნებული ტაქტიკა იყოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ აღტყინდებიან თითოეულ ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგის ადეპტები, როგორ უელავთ თვალები მოსალოდნელი გამარჯვების იმედით, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი როგორ იქცევა თითქმის ნულად, აშკარაა, რომ ხშირად მთელი ამ აჟიოტაჟის შედეგი ორია: მედიამ უამრავი დრო დახარჯა ივანიშვილზე ლაპარაკში, ხოლო ნაციონალების აჟიტირება ფრუსტრაციით მთავრდება. და არაფერი ისე მძიმედ არ აღიქმება, როგორც დამარცხება (ან თუნდაც ფრე) იქ, სადაც თითქოს უეჭველი გამარჯვება უკვე ხელში გეჭირა…
5) იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილის PR სტრატეგიაზე. ძალიან ხშირად ექსპერტები უწუნებენ ივანიშვილს იმას, რომ მან პი-არ სტრატეგია ვერ აარჩია, რომ ლობისტების ნაკლებობა დასავლეთში ძალიან სახიფათოა. უნდა ითქვას, უკანასკნელ ხანებამდე მეც ასე ვფიქრობდი, რომ რამდენიმე გამოცდილი ლობისტური და პი-არ ფირმის მომსახურება ძალიანაც საშური იქნებოდა იმ პირობებში, როცა ნაციონალური მოძრაობა ძირითადად უცხოეთში ლობისტური და PR- ბრძოლებით ცდილობს რეაბილიტაციას, მაშინ როცა საქართველოში მათი იმიჯი უკვე არავითარ რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახლა, როცა ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ საზარელი ვიდეოდოკუმენტები არსებობს, ალბათ, ნაცმოძრაობის დაქირავებულ ძვირადღირებულ პი-არ ფირმებსაც გაუჭირდებათ საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ მათი კლიენტები „დემოკრატიის ბურჯები“ და „უსამართლობის მსხვერპლნი“ არიან.
გავიხსენოთ, ვინ უჭერდა მხარს ნაცმოძრაობას და თავად სააკაშვილს 2012 წლის დასაწყისში – აშშ ადმინისტრაცია და კონგრესი, დასავლეთ ევროპის ლიდერთა უდიდესი უმრავლესობა, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ეუთო, ნატო, დასავლეთის მედიასაშუალებები, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ლიდერები. და სავარაუდოდ, მოსახლეობის 35-45%. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ გამოირკვა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მხარი არ დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნების გაყალბებას. ამის შემდეგ სააკაშვილის მხარდამჭერების რიცხვი, გამომჟღავნებულ სისტემური დარღვევების, წამების ფაქტების და საბიუჯეტო სახსრების ფლანგვის ფაქტების პარალელურად, სულ უფრო მცირდებოდა დ დღეს იმავე NDI-ის კვლევებით, უკვე 7-10%-ის დონეზეა (ხოლო ამ ბოლო კოშმარული წამების ვიდეოჩანაწერების შემდეგ შეიძლება უკვე 5%-ზე ნაკლები იყოს!). უკვე კარგა ხანია, მიშას აღარ ეხმიანებიან დასავლეთის ლიდერები. თანდათან მინავლდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წინა ხელისუფლების წევრების დაკავებით შეშფოთების ხარისხი და სიხშირე, და სადღეისოდ, როცა მისი რეჟიმის დროს მასობრივი, სისტემური დანაშაულის სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზების ფაქტები უკვე ეჭვს ნაკლებად იწვევს, სააკაშვილს ფაქტიურად ძალიან ცოტა ვინმე თუ უჭერს მხარს, მაგალითად, – ევროპის სახალხო პარტია, ჟურნალი „ეკონომისტი“ (რომელშიც ტრადიციულად მიშას მხარდამჭერი სტატიები „სარედაქციოა“, ანუ, ავტორის გვარის გარეშე იბეჭდება), ვლადიმერ ლუკაშენკო და ვალერია ნავადვორსკაია!.. დღეს, როდესაც აშშ საელჩოს პერსონალი ამბობს, რომ შოკირებულნი არიან იმ ვიდეოკადრებით, რომელთა თავის მაღალი რანგის ფუნქციონერებთან კავშირს უკვე თავად პრეზიდენტი და მისი გუნდის წვერები ვეღარ უარყოფენ, წარმოგიდგენიათ, როგორ ნანობენ თავიანთ ნაჩქარევ მხარდაჭერას ამერიკის კონგრესმენები, თუ დასავლეთევროპელი პოლიტიკოსები?! ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განცდილი მარცხი, როდესაც ევროპის უდიდესმა – სახალხო პარტიამ – EPP-მ – ნაცმოძებისათვის სასურველი საკითხის დღის წესრიგში ჩასმა ვეღარ მოახერხა, მაშინ როცა ასამბლეის თავ-რე, ბატონი მინიონი თავად არის EPP წევრი, მაგრამ არ მოისურვა სააკაშვილის სპექტაკლის თამაში, აშკარას ხდის, რომ ყოველგვარი განსაკუთრებული პი-არ-ის გარეშეც ივანიშვილმა დანაპირების ასრულება მოახერხა – სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს და მალე მთელი მსოფლიო გაიგებს, რა ამაზრზენი ფენომენი იმალებოდა სააკაშვილის ვარდისფერი დემოკრატიის ნიღაბს მიღმა…
მაგრამ მოდით, დავუბრუნდეთ ივანიშვილის განცხადებას და მასზე მედიაში გაცხადებულ რეაქციებს:
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ივანიშვილის განცხადებაში სერიოზულ რისკებს ხედავს – კერძოდ იმას, რომ ივანიშვილის კოალიცია აბსოლუტურად ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანებული, საკმაოდ განსხვავებული პარტიების და პოლიტიკოსების ნაკრებია, რომლის მომავალი – გამაერთიანებელი ე.წ. „ღერძული“ ლიდერის გარეშე ძალიან სათუოა. გარდა ამისა, თავად საზოგადოებაც ძალიან მიეჩვია ასეთი ტიპის ლიდერის არსებობას და თან იმდენხანს არსებობას, რომ მათ ჩრდილში ვიღაც ახალი თაობები და ლიდერები გამოზრდილიყვნენ. ახლა კი ლამის მოსვლისთანავე ასეთი უეცარი წასვლა ბევრს აკრთობს. ქ-ნი ხათუნა ბოლოში ფრთხილ ოპტიმიზმსაც გამოთქვამს: „თუმცა, მეორეს მხრივ, შეიძლება ძალიან კარგი პრეცედენტი იყოს და შევძლოთ ძალიან ბევრი პოლიტიკურად თანაბარი წონის პარტიებში სტაბილურობის მიღწევა, მაგრამ ამის გარანტიას დღეს ამ გადმოსახედიდან ვერ ვხედავ.“
პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ თავის ბლოგზე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა – „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მისი პოლიტიკური გამარჯვების მაუწყებელი იქნება“.
http://kalmasoba.com/analitika/544-bidzina-ivanishvilis-politikidan-tsasvla-misi-politikuri-gamarjvebis-mautsyebeli-iqneba.html
„ბიძინა ივანიშვილის შემდეგ თუ საქართველოს სახელმწიფო კვლავინდებურად ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი დარჩა, რაც ყველა უსამართლობის სათავედ გვევლინება, ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მარცხი იქნება და მისი განვლილი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სრულიად გამორიცხულია, რომ იგი პროცესებიდან გაქცევას აპირებდეს ანუ თავად გეგმავდეს და ეგუებოდეს საკუთარ მარცხს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობა წარმატებულად შეფასდება არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გატარებული წლების ხანგრძლივობით, არამედ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეძლებს სახელმწიფოში სისტემური გარდაქმნის განხორციელებას.“
ვასილ მაღლაფერიძე საკმაოდ ღიად ამბობს, თუ როგორ ხედავს იგი ივანიშვილის როლს და მის წასვლა-დარჩენას: „ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული წასვლა რისკებისგანაც დაზღვეულია, ვინაიდან სწორედ ამ ნაბიჯით იგი განუსაზღვრელი ვადით დარჩება საქართველოში ყველაზე მძიმეწონიან პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ექნება პროცესების კორექტირების მექანიზმები.“
შეიძლება ითქვას, რომ ავტორი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას: „ხელისუფლებაში ასეთი უეცარი მოსვლის და შემდეგ ძალაუფლების ნებაყოფილობით დათმობის სხვა მაგალითი პოლიტიკის ისტორიაში ძალიან ძნელად საპოვნელია და ამგვარი რამ მართლაც რომ ბევრს ძალიან გააოცებს, მათ შორის ევროპაშიც.“
თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმამდე ბ-ნი ვასილი აუცილებლად მიიჩნევს ორი პრობლემის გადაჭრას:
ა) 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის ამოქმედების პირობებში პრემიერის ინსტიტუტის საოცრად გაზრდილი უფლებამოსილების დაბალანსებას: „დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებში არ არსებობს სხვა მაგალითი, რომ უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნოდეს და მთავარი პოლიტიკური ფიგურა ხდებოდეს ვინმე ისე, რომ მას არჩევნებში მონაწილეობაც კი არ ევალებოდეს… აუცილებელია შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილების განხორციელება, თორემ შემდგომ პრემიერებს აუცილებლად გაეღვიძებათ ავტორიტარული ვნებები, რადგან თავად კონსტიტუციიდან გამომდინარე პოლიტიკური ვითარება უბიძგებთ ავტორიტარიზმისკენ.“
ბ) ხოლო მეორე პრობლემა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რაც ავტორის აზრით, ახლაც – ნაცმოძრაობის სრული დისკრედიტაციის და რეიტინგის კატასტრიფული ვარდნის პირობებში – უკვე მომწიფებულია, ხოლო ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში კი უკვე აუცილებლობად იქცევა.
====
გამოგიტყდებით, მე გაცილებით უფრო მეპრობლემება ბატონ ბიძინა ივანიშვილის „წასვლა-დარჩენის“ ფენომენი, რომელიც ნამდვილად უცხო ხილია დასავლური დემოკრატიის გამოცდილებაში და რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია (უფრო მეტი – უარყოფითი) მოჰყვება. და ამას რომ განსაკუთრებული გაშმაგებით შეეცდება საქართველოს (უფრო სწორად კი – სააკაშვილის) ე.წ. უშიშროების საბჭო და მისი მდივნის თანამეცხედრის ჟურნალის არტილერია, ამაზე „ტაბულას“ უკვე დაანონსებული ივლისის ნომერი და მის გარეკანზე გამოტანილი შექსპირის პერიფრაზი „წასვლა-არწასვლა, საკითხავი, აი, ეს არის“ მიუთითებს.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი წასვლას არ აპირებს, უბრალოდ, სურს მოახდინოს იმის რეალიზაცია, რაც თავის პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა. აპირებს, გადავიდეს სამოქალაქო სექტორში და გააძლიეროს იგი. ამაში არის სერიოზული პოზიტიური ელემენტი, მაგრამ არის სერიოზული რისკებიც.
პოზიტიური ელემენტია ის, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილის პერიოდი იმედების, იმედგაცრუების, დათრგუნვის და გამარჯვების ეტაპებისაგან შედგებოდა, ამჟამად საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილის მცდელობამ, რომ სამოქალაქო სექტორი მთლიანად გაეკონტროლებინა, სერიოზულად კი დაასუსტა არასამთავრობო ორგანიზაციები და ბევრ ხელიდანკვებად ხელოვნურ სატელიტს ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ ვინც არ გატყდა და გაძლო, ნამდვილ მებრძოლებად ჩამოყალიბდნენ. სამწუხაროა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი არასამთავრობო სექტორის დადებით როლს და პოტენციალს ვერ ხედავს და ყველას ერთ ქვაბში ხარშავს. სახიფათოა ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელის ბიჭები და გოგონები დღეს 99%-ით არასამთავრობო სექტორში გადაბარგდნენ, „სტრატეგიული“ და „ალტერნატიული“ სახელები დაირიგეს და ისეთი ოდიოზური ფიგურების მეთაურობით, როგორიც არიან ეკატერინე ტყეშელაშვილი, გია ნოდია, თეა თუთბერიძე, მიშა თავხელიძე, გიგა ნასარიძე და სხვები, ცდილობენ, „დამოუკიდებელი ThinkTank-ების იმიჯი მოირგონ. ეკა ტყეშელაშვილის “დამოუკიდებლობა” არ გაიშვა უკან კარში! გია ნოდიას და მისი სტალინის ძეგლებზე მონადირე „მალიარი“ მეუღლისა – საერთოდ!
ამ პირობებში ძალიან საინტერესო იქნება, თუ შეიქმნება საზოგადოებრივ ინიციატივათა მხარდაჭერის, ან სამოქალაქო განვითარების ფონდები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებების და სპეციალისტების მიერ გამჭვირვალედ ჩატარებული კონკურსის პირობებში გაანაწილებენ საგრანტო დაფინანსებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა დაინახოს, რომ დაფინანსება სწორედ იმ ორგანიზაციებს ერგოთ, ვინც სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და არა იმათ, სადაც ბიძინა ივანიშვილის მადიდებელი ხალხია თავშეყრილი. ვფიქრობ, ივანიშვილისთვის დიდი გამარჯვება იქნება, თუ საქართველოში ჩამოყალიბდება იმის მსგავსი სერიოზული პოლიტიკური, სოციოლოგიური, დემოგრაფიული, ეკონომიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრები როგორც დასავლეთის ქვეყნებში. იმისათვის, რომ ისინი მთლიანად ერთ წყაროზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, აუცილებელ კომპონენტად მიმაჩნია დამატებითი გრანტების მიღების მექანიზმი და შეჯიბრებითობის პრინციპის დანერგვა. სწორედ ეს ცენტრები გახდებიან დამოუკიდებელ ექსპერტთა (რეალურ და არა თვითმარქვია, ან მედიის მიერ მონათლულ ექსპერტებზე მაქვს საუბარი) სამჭედლო, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მრჩეველთა თუ პოლიტიკოსთა რიგებს შეავსებენ. ასევე, ამერიკის მსგავსად მიღებული პრაქტიკა იქნება, რომ არჩევნებში დამარცხებულ პარტიათა აქტივისტებს, სწორედ აქ შეეძლებათ გარკვეული პერიოდით მათთვის საინტერესო კვლევებში ჩაბმა, რაც გარანტირებული, რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. მე პირადად, სწორედ ამ ტიპის საზოგადოებრივი საქმიანობა მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებრივი სექტორის განვითარების ძალიან სერიოზულ მექანიზმად. პოლიტიკა პოლიტიკის გარეთ უნდა არსებობდეს. იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკოსები რეალურ მეცნიერებას ფლობდნენ, სწორედ რამდენიმე ასეთი ცენტრის არსებობაა საჭირო და გასაგებია, რომ მხოლოდ ბიზნესი ან მხოლოდ პარტიები მათ ვერ დააფინანსებენ და არც იქნება გამართლებული. აი, ზეპარტიული ინტერესების მქონე ფილანტროპი კი გაცილებით მისაღები იქნება ასეთი ფონდის მმართველად.
როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ სექტორში თავისი მომავალი გადასვლა და პროცესებზე სწორედ იქედან გავლენის მოხდენა დაანონსა, გაჩნდა ლოგიკური კითხვა: თუ ადამიანი არც პრემიერ-მინისტრი იქნება და არც პრეზიდენტი, მაშინ როგორ მოახერხებს იგი თავის ხედვების მთავრობამდე მიტანას და არა მარტო მიტანას, არამედ, როგორც ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, იმას, რომ – „… განუსაზღვრელი ვადით დარჩება საქართველოში ყველაზე მძიმეწონიან პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ექნება პროცესების კორექტირების მექანიზმები.“
გასაგებია, რომ მილიარდერის სტატუსი რეალურ ბერკეტებს აძლევს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ როგორ მოხდება ამ სტატუსის ლეგალიზაცია? განცხადების დღესვე სოციალურ ქსელებში დაიდო შეკითხვები, მოსაზრებები და ანალოგიები.
ორი მათგანი იყო: „ქართველი დენ სიაო პინი“ და „სამოქალაქო პატრიარქი“.
გასაგებია, რომ ორივე ეს შედარება საკმაოდ კრიტიკულად შეიძლება იქნას აღქმული. დენ სიაო პინმა მართლაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა კომუნისტური ჩინეთის იმ ჩინეთად გარდასაქმნელად, რომელიც მსოფლიო კაპიტალისტური ეკონომიკის მთავარ მწარმოებლად ჩამოყალიბდა და ახლა უკვე მთავარ მომხმარებლობაზეც აქვს პრეტენზიები. ჩინეთის არნახული ეკონომიკური ძლიერება ნამდვილად შეიძლება დენ სიაო პინის მემკვიდრეობად შეფასდეს. მაგრამ თუ დემოკრატიის განვითარების კუთხით მივუდგებით, დენი ნამდვილად ვერ ჩაითვლება დემოკრატად. პირიქით, მთელი მისი დოქტრინა და იდეოლოგია იმისკენ იყო მიმართული, რომ კეთილდღეობის ზრდისა და გამდიდრების კვალობაზე ჩინელები კომუნისტური პარტიის სამუდამო ერთმმართველურ დიქტატს უნდა შეგუებოდნენ. ასე რომ, თამარა ჩერგოლეიშვილის მიერ დანთხეული გესლი „დემოკრატიის ჩინური მოდელისა“ და „კომუნისტური სამოთხის დანერგვის მცდელობებზე“ ადვილი წარმოსადგენია.
დარწმუნებული ვარ, ჟურნალი „ტაბულა“ ასევე სერიოზულ შეტევას მიიტანს „სამოქალაქო პატრიარქის“ ვერსიაზე და სამოქალაქო სექტორში „თეოკრატიის“ დუბლირების, ირანული მოდელის ქართული ვერსიის შემუშავების და საბოლოო ჯამში დემოკრატიის ყლორტების და საფუძვლების ტორპედირების მცდელობაში დასდებს ბრალს პრემიერ-მინისტრს.
და მართლაც, უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან რთულად მესახება თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან მისადაგებული სუპერმრჩეველის როლი. წარმოვიდგინოთ, რომ რომ მომავალმა პრემიერ-მინისტრმა რაღაც საჩოთირო გადაწყვეტილება მიიღო, ეს შეიძლება დაბლოკოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ხოლო კრიზისის წარმოქმნისას – პრეზიდენტმა, მაგრამ უეცრად სცენაზე შემოდის პიროვნება, „მოქალაქე კეინის“ მსგავსი სახელმწიფო მრჩევლის სტატუსით და გაცილებით უფრო ეფექტურად აგვარებს ამ კრიზისს. სახელმწიფო მოგებულია ტაქტიკურად, მაგრამ სტრატეგიულ პერსპექტივაში ამან შეიძლება დაბლოკოს ნორმალური დემოკრატიული პრინციპების, მექანიზმების და ინსტიტუტების განვითარების პროცესი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული ფორმით მოხდება და ჩვენ გვეგონება, რომ პარლამენტი წყვეტს, ხოლო სინამდვილეში პარლამენტის როლი შეიძლება ისეთივე ფიქტიური იყოს, როგორ მიხეილ სააკაშვილის დროს იყო.
ასე რომ – პრობლემა არის. თან არის ამ პრობლემის გარეგნული სახე – რას იტყვის ნატო, ევროკავშირი, ეუთო, კონგრესი…
და არის პრობლემის, ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი – რომ ამან ყველაფერმა შეიძლება ინფანტილურ ეტაპზე გაყინოს ჩვენი დემოკრატიის განვითარება.
მაგრამ, მოდით საკითხს ასეთი კუთხით შევხედოთ – რა არის ეს – დემოკრატიის განვითარება და არის თუ არა დღეს საქართველოს სახელმწიფო განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც მან შეიძლება სრულად და დემოკრატიულად მართოს თავი?
ალბათ -არა! საპარლამენტო პარტიებიდან ყველაზე ახლოს ტრადიციულ პარტიასთან – თავისი ისტორიული გამოცდილებით და საკადრო რესურსებით მხოლოდ ერთია – რესპუბლიკური პარტია, რომელსაც 35 წლიანი გამოცდილების გარდა ზურგს ისიც უმაგრებს, რომ მოიხედვად სიძნელეებისა, თავისი პრინციპები და პარტიული დოქტრინა გააჩნია და ამდენხანს თავი როგორღაც მოიტანა – ძირითადად, იდეალისტების მცირე ჯგუფის წყალობით. დანარჩენი პარტიები ან ერთი ადამიანის ირგვლივ გაერთიანებულ ახლადწარმოქმნილ ჯგუფები უფრო არიან, ან – ისეთი პარტიები, რომელთაც დამოუკიდებლად მონაწილეობა არჩევნებში არასოდეს მიუღიათ. ისე, ამ მხრივ – არჩევნებში მონაწილეობით კი, მაგრამ შედეგებით – რესპუბლიკური პარტიაც ვერ დაიკვეხნის.
ის, რომ საქართველოში ნებისმიერი მმართელი პარტია არჩევნებში დამარცხებისთანავე ქრებოდა კაბადონიდან, პოლიტიკური პარტიების ბუტაფორიულობის და ასევე – პოლიტიკური პროცესის ზეანგაჟირებულობის დამსახურება იყო. აქ გასათვალისწინებელია საკმაოდ სერიოზული ეროვნული ფენომენიც – საქართველოში (პოლიტიკურ პროცესში მაინც) დამარცხებულს მაშინვე მიატოვებენ მხოლოდ! ამ მხრივ, ნამდვილად საწყენია, რომ დავით უსუფაშვილის ძალიან გონიერი ფორმულა, რომ საქართველოს პოლიტიკური პროცესისათვის ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება საჭირო იყო, ძალიან ცოტამ თუ გაიგო სწორად და უსუფაშვილს ბევრი ტალახი მოხვდა სხვადასხვა მხრიდან, იქამდეც კი, რომ ნაცმოძრაობასთან გარიგება დააბრალეს. სინამდვილეში კი აქ ძალიან მარტივი აზრი იყო ჩადებული. პარტია, რომელიც 10 წელია ქვეყანას მართავდა, რაღაც გამოცდილებას იღებს, რომელიც გადასაგდები არაა და რომელიც პოლიტიკური პარტიებით უაღრესად მწირ საქართველოს შეიძლება გამოდგომოდა. პრობლემა მხოლოდ იმაში იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობის „ლიდერშიფი“ იმდენად გახრწნილი აღმოჩნდა (80-90-იანი წლების კომპარტიაზე და მოქალაქეთა კავშირზე მეტადაც კი, რამეთუ ამ დონის ორგანიზებული, სისტემური დანაშაული და დაჭერების თუ წამების ქცევა ეკონომიკისა და პოლიტიკის მამოძრავებელ ძრავად წინა რეჟიმებს აზრად არ მოსვლიათ), ხოლო პარტიის ქვედარგოლები და პოტენციურად ნაკლებად დეგრადირებული ნაწილი – იმდენად ვერშემძლე, დროზე გამოყოფოდა განგრენოზულ თავს, რომ ალბათ დავით უსუფაშვილის ლოზუნგს დღეს თავად ბატონი დავითიც დრომოჭმულად და არარეალურად მიიჩნევს.
პარლამენტში ბევრია ბალასტი, სამინისტროების და სსიპ-ების/სააგენტოების ბირთვები ნაცმოძრაობის დროს ძირითადად პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით დანიშნული ხალხია, სასამართლოების მმართველი მწვერვალი უფრო კატასტროფულია, ვიდრე ქვედა დონე, ადგილობრივი მმართველობები სრული გაურკვევლობაა, განათლების სისტემა გასამართია, ჯანდაცვას პულსი აღარ ესინჯება… პოლიცია და ჯარი – შედარებით უფრო მოწესრიგებული ორი სტრუქტურა, სადაც იქაც საკმარისადაა ხარვეზი…
ამ პირობებში იმის იმედად ყოფნა, რომ გამოუცდელი ჭრელი პარლამენტი, ახალბედა პოლიტიკოსი პრეზიდენტი და ჯერ კიდევ უცნობი ახალი პრემიერ-მინისტრი და არსებული სახელმწიფო სტრუქტურები გარე და შიდა გამოწვევებით დახუნძლულ ქვეყანას სცილას და ქარიბდას შორისაც გაატარებენ, ბიზნესსაც ააყავავებენ, სამართლის ძიების ანგარიშსწორებაში გადაზრდის პრევენციასაც მოახერხებენ, დემოგრაფიულ კატასტროფას აგვაცილებენ ზედმეტი ოპტიმიზმი იქნება. ასეთ დროს ნამდვილად მერჩივნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღემდე დანაპირების შესრულების კარგი უნარით და პრობლემების მართვით ნამდვილად შესაშურ დონეს აჩვენებს, თუ კიდევ დარჩებოდა. მინიმუმ – ადგილობრივი მმართველობის და სავარაუდოდ – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და კონსტიტუციური რეფორმის ჩამთავრებამდე.
ხოლო, თუ მაინც პოლიტიკის დატოვების და ქვეყნის მართვაზე ზემოქმედების მქონე პირად დარჩენის კაზუსი იქნება ამოქმედებული, შემდეგი პირობები მიმაჩნია სასურველად:
1. მექანიზმები უნდა იქნას მოფიქრებული ისეთი, რომელიც არსებულ რეალობას ასახავს და არა იმას, სხვები როგორ ჩათვლიდნენ მისაღებად. თუ გადაწყვეტილების მიმღები პირი ცალკეულ შემთხვევებში ბიძინა ივანიშვილი იქნება, კარგად უნდა იქნას გაწერილი მისი სტატუსი, ამ შემთხვევების შესაძლებლობა და ასევე ის, სანამდე და რა პირობის ასრულებამდე შეიძლება გაგრძელდეს სახელმწიფო მრჩეველის მმართველობა. მე პირადად, ბიძინა ივანიშვილისთვის იდეალურ თანამდებობად სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის სტატუსი მიმაჩნია. ისეთ დალაგებულ და ხანგრძლივი დემოკრატიის მქონე ქვეყანაშიც კი, როგორიც შეერთებული შტატებია, ამ თანამდებობის მქონე პირის უფლებამოსილებები საკმაოდ მოქნილია იმის მიხედივთ, ვინ იკავებს მას და როგორია ქვეყნის მდგომარეობა. ვფიქრობ, ეს უკეთესი გამოსავალი იქნება, ვიდრე ურმის მეხუთე ბორბლის ძიება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ სექტორში გადასვლა და სამოქალაქო განვითარების ფონდის საქმიანობის გაძღოლა ცოტა გართულდება, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრას ბიძინა ივანიშვილი ჩემზე უკეთ მოაბამს თავს.
2. მიუღებლად მიმაჩნია ისეთი სიტუაცია, თუ ბიძინა ივანიშვილის გავლენა სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე იქნება ფარული და გასაიდუმლოებული. არა მგონია, რომ ვინმესთვის სასარგებლო იქნება იმის მსგავსი ილუზია, როგორსაც სააკაშვილის დროს ჰქონდა ადგილი, როცა ქვეყნის მეორე პირი ზოგჯერ პირველ ათეულშიც კი არ შედიოდა, ხოლო ქვეყნის მესამე პირს საფერფლის ენაზე ელაპარაკებოდა პრეზიდენტი. ისევე, როგორც ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის როლს მისი მოადგილე ასრულებდა…
3. აბსოლუტურად ვეთანხმები ვასილ მაღლაფერიძეს – აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შეკვეცის მხრივ. თუ ჩვენ ისეთ სუპერ-პრემიერის თანამდებობას შემოვიღებთ, როგორც ეს სააკაშვილს თავისთვის სურდა, ამით რეალურად ხელს ვუბიძგებთ, ნებისმიერ, თუნდაც ძალიან წესიერ ადამიანს, რომ იგი დიქტატორად იქცეს! სხვათაშორის, ვერ გავიზიარებ ვასილ მაღლაფერიძის ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ექნება პროცესების კორექტირების შესაძლებლობა. აჯობებს, რომ ნაცად ფორმულას – „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“ – მივსდიოთ, ანუ კონსტიტუციის რაღაც ნაწილი, კერძოდ, ის რაც პრემიერ-მინისტრის ზედმეტად გაზრდილი უფლებამოსილებების პარლამენტის სასარგებლოდ შეკვეცას ეხება, სასწრაფო წესით უეჭველად ახლავე მივიღოთ, რომ ოქტომბრისათვის, როდესაც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ელემენტების ამოქმედდება, რისკები მინიმიზირებული იყოს. მე სწორედ ეს მეჩვენება უკეთეს ვარიანტად, ვიდრე ზეძლიერი სუპერ-პრემიერის არჩევითობის შემოღება.
4. რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, არა მგონია, რომ მათი გამართვა 2013 წელს მოხერხდეს (მაშინ ისინი სააკაშვილმა უნდა დანიშნოს, რაც ლამის წარმოუდგენელად მეჩვენება, თუ სააკაშვილი ამის ფასად ინდულგენციას არ მიიღებს, რაც მე პირადად მიუღებელი მგონია). ამიტომ, ასეთი არჩევნების ჩატარებას ახლა აუცილებლად არ ვთვლი. ეკონომიურადაც და ლოგიკურადაც ეს არჩევნები რიგგარეშედ თუ ჩატარდება, აჯობებს, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დავამთხვიოთ – ამ დროს ამომრჩეველთა სიაც გასწორებული უნდა იყოს და კონსტიტუციის ძირითადი რეფორმაც – დასრულებული.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას და მის სასწრაფო და სრულ ნაწილებს, ამაზე საკმაოდ კარგად არის მოთხრობილი ვახუშტი მენაბდის ბლოგში – „რას გვასწავლის ახალი კონსტიტუციური რეფორმა“ http://blogs.liberali.ge/ge/blog/1631/115240/ –
წარმოდგენილი მაქვს, რომ ჩემს მოსაზრებებს ბევრი ხიშტით შეხვდება, ხოლო ბევრი აბუჩად აგდებით და დემოკრატიაზე მრისხანე ლექციებს წამიკითხავს – რა ეგების და რა არ ეგების.
ძვირფასო კრიტიკოსები – მიშა სააკაშვილის ეპოქაში ცხოვრობდით? – ცხოვრობდით!
გეგონათ რომ დემოკრატია იყო? – გეგონათ!
მე კი დიდი ხანია აღრ მეგონა! 2007 წლიდან მაინც.
ვიცოდი, რომ გულაგისაკენ მიგვაქანებდა ჩვენი მესაჭე. რაც უფრო მეტს გვიჩიჩინებდა იმაზე, რა გადასარევი დემოკრატია გვქონდა, თურმე, მით უფრო მეტად გამოიყენებოდა ცოცხი და ბილიარდის კიი, როგორც ნაცმოძური დემოკრატიის მთავარი „ინსტრუმენტები“, და საპროცესო გარიგება, – როგორც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი. D:D:D
ამიტომ, ნუ დამიწყებთ ლექციების კითხვას იმაზე, როგორი უნდა იყოს “ჭეშმარიტი დემოკრატია”! ჭეშმარიტი დემოკრატია, ჩემი აზრით, არ არის ალბანეთში, ბულგარეთსა და რუმინეთშიც, რომლებიც ნატოს წევრები არიან (უკანასკნელი ორი – ევროკავშირის წევრიცაა 2007 წლიდან), მეტიც – ევროკავშირის უფრო ხანდაზმულ წევრ-სახელმწიფოებშიც კი, როგორიცაა უნგრეთი და ჩეხეთი, ზოგიერთი ლიდერი და მათი მოქმედებები ძალიან შორსაა დემოკრატიისაგან, ხოლო ის, რომ ძირძველი დემოკრატიის ერთდროულად ორ ქვეყანაში – იტალიაში და საფრანგეთში ხელისუფლების ყოფილი უმაღლესი პირი ან უკვე დაჭერილია (ბერლუსკონი), ან მის მიმართ საქმეა აღძრული (სარკოზი) კორუფციაში ბრალდებით (ისევე, როგორც ჩეხეთის პრეზიდენტის კლაუსის მიმართ), იმაზე მეტყველებს, რომ იდეალური დემოკრატიისგან გადაცდომები სხვაგანც გვხვდება. მთავარია, ამან სისტემური, ორგანიზებული ხასიათი არ მიიღოს!.. როცა სახელმწიფო დანაშაულის გამოსწორებას კი არ ცდილობს, არამედ დანერგვას, გავრცელებას და შენარჩუნებას!
ნამდვილად ვერ მივიღებ იმ ხალხის კრიტიკას, რომლებიც ნაცმოძრაობის რეჟიმთან კოჰაბიტაციისაკენ მოგვიწოდებენ, თავად კი არც ის აინტერესებთ, რა სახის ტანჯვა-წამებას ახორციელებდენენ ამ რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაში ფლანგავდა ფულს პრეზიდენტი, რამდენი ადამიანის მიმართ იყო შეთითხნილი ბრალდება ფულის გამოსაძალავად… ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას იმაზე, რომ ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად მოსახლეობის 90%-ის ბაზისური უფლებები გამუდმებით ირღვეოდა, თურმე მთავარი შესაშფოთებელი ლგბტ აღლუმის ჩატარებისას მისი მონაწილეების მიმართ ძალადობა ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, სულაც არ ამართლებს ამ აღლუმის დამრბევთა ძალადობას, მაგრამ ასევე არ ამართლებს ამ ძალადობის ქვეყნის უდიდეს პრობლემად წარმომჩენთა მიკერძოებულობას.
ამიტომ, რაც უფრო მეტად გვიკითხავენ მორალს იმაზე, რა კარგია კოჰაბიტაცია მოძალადე რეჟიმთან, სულ უფრო მიმტკიცდება იმის შეგრძნება, რომ ამის დასაჯერებლად მინიმუმ ის მჭირდება, რომ ვიცოდე, ამ ადამიანებმა ნახეს ის საშინელი ვიდეოები და მაინც კოჰაბიტაცია ელანდებათ აწ და მარადის სასურველ გამოსავლად. და როდესაც იმაზე მელაპარაკებიან, რომ საქართველო ავღანეთში საკუთარ უსაფრთხოებას იცავს, რატომღაც იმაზე ვფიქრობ, რატომ უნდა ჰყავდეს საქართველოზე სამჯერ უფრო მცირე კონტინგენტი ავღანეთში 10 მილიონიან ჩეხეთს, ან – 17 მილიონიან ჰოლანდიას, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით ნატოს წევრებიც არიან და ევროკავშირისაც. მით უფრო, მაშინ, როცა ჩვენ საკუთარი ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს და ყველანაირი ლოგიკით უსაფრთხოების დასაცავად სულ არ გვჭირდება შორეულ ავღანეთში გამგზავრება…
ალბათ აჯობებს, რასაც ვაკეთებთ, ღიად ვაკეთოთ, თუნდაც გარკვეული გადახვევებით იდეალური დემოკრატიის სამარშრუტო რუქისაგან, ვიდრე იმას ვთვალთმაქცობდეთ, თითქოს ჯორჯ ვაშინგტონის ნაკვალევს მივყვებით და სინამდვილეში კი წამების უნარ-ჩვევებით გვინდოდეს დემოკრატიის ძნელი გზის სპრინტერული გარბენა ფასადური დემოკრატიით მოხიბლული უცხოური აუდიტორიის ტაშისკვრის ფონზე…
მოსალოდნელი არჩევანი, ანუ გაბლეფებული ბლეფი
Posted: 2013/05/11 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: გიგა ბოკერია, გიორგი ბარამიძე, მარგველაშვილი, მერაბიშვილი, ნაცმოძრაობა, საპრეზიდენტო არჩევნები, უგულავა, ქართული ოცნება 3 Commentsმე პირადად, აბსოლუტურად არ გამკვირვებია ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ქართულმა ოცნებამ გიორგი მარგველაშვილი აირჩია.
ამის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კი, ნუ გაგიკვირდებათ და – ნაციონალური მოძრაობაა (რომელიც „ერთიანი“ აღარ არის და „ეროვნული“ ვერც ვერასდროს გახდება, მაგრამ დაშლილიც არაა ჯერ).
მე მგონი, ნაცმოძრაობამ ერთი სერიოზული იაღლიში დაუშვა, როცა წინასწარ განაცხადა, რომ მისი ფავორიტი კონკურენტი ირაკლი ალასანია იქნებოდა.
რა თქმა უნდა, ნაცმოძებს ალასანიაზე მზე არ ამოსდით, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ იგივე კარტი გაეთამაშებინათ, რაც 1 ოქტომბრის წინ ივანიშვილმა გაითამაშა, სულ რომ აქებდა ვანო მერაბიშვილს და ამით სერიოზული „ჩორტი“ ჩამოაგდო ნაცმოძრაობაში, რომელიც მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ „ჩორტის“ აჩრდილთან ჭიდაობას გადაყვა…
ჰოდა, ახლა ბოკერიამ და „სასტავმა“ გადაწყვიტა ბლეფის გათამაშება და ააგეს ციხე-კოშკები, რომ ყველაზე ძლიერი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა, რომ ივანიშვილი არ დაუშვებს ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, რომ ალასანია ამით გაბრაზდება, რომ გაბრაზებული ალასანია დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, რომ ამაზე გაბრაზებული ივანიშვილი თავად იყრის კენჭს ოცნების კანდიდატად, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ გახლიჩავს, რომ გახლეჩილი ოცნება ხალხს აღარ მოეწონა, რომ იმედგაცრუებული ხალხი ისევ შეჩვეულ ჭირს, ანუ, ნაცმოძრაობას მიუბრუნდება…
მოკლედ „ღარიბი და ქილა ერბოს“ ეს გროტესკული რიმეიკი უსასრულოდ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, იმ კაცის გუნდის მხრიდან, რომელიც ამ ბოლო დროს ზღვის ფსკერზე მჯდარი ზვიგენების შესახებ უწყინარი, და პროქტოლოგების შესახებ ბინძური ანეგდოტების მოყოლით „გვართობს“…
ირმა ნადირაშვილი რომ ვნახე ნინო შუბლაძის გადაცემაში, ვიფიქრე, რომ მაგიდაზე რამდენიმე მურიანი თეფში არ აწყენდა ამ შოუს, ხოლო თუ ნეტარი ირმა თვალებს დახუჭავდა და თავს უკან გადააგდებდა, ახალგაზრდა ვანგას „პონტშიც“ შეიძლებოდა გასულიყო…
ნაცმოძრაობამ ერთი რამ ვერ გათვალა, ოღონდ, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური წონა, რომელიც 2010 წლის სავალალო დაქვეითების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაიზარდა, მიუხედავად ამისა, (და იმისაც, რომ ალასანია ნამდვილად არის ახლო მომავლის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკოსი) აბსოლუტურად ვერ შეედარება იმ პოლიტიკურ წონას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ვანო მერაბიშვილს გააჩნდა! „ქართული ოცნების“ წარმოდგენა, თუნდაც ალასანიას გარეშე, საკმაოდ შესაძლებელია და ეს, (რა თქმა უნდა, არასასურველი,) განვითარება, „ქართულ ოცნებას“ ვერ დაანგრევს, განსხვავებით იმისაგან, რა მოხდა ნაცმოძრაობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებით მისი უზარმაზარი გავლენის განეიტრალება სცადა.
და მაინც, სანამ ნაცმოძრაობა არ დაშლილა, სანამ მისი რამდენიმე ოდიოზური და კრიმინალი ლიდერი საბრალდებო სკამზე არ ზის, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფუფუნება იქნება იმის გარეგნული ეფექტის დაშვებაც კი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაშლის პროცესი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ნაცმოძრაობა საბოლოოდ მარტივ (და ერთურთის მაგინებელ) მამრავლებად არ დაშლილა.
მე პირადად, მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობის კრიმინალური ქმედება სასამართლოს მიერ იქნება დადასტურებული, ხოლო მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე მისი „პოლიტგენერალი“ მათ მიერ ჩადენილ სერიოზული დანაშაულთა გამო გასამართლებული იქნება, ძალიანაც კარგ ვარიანტად მიმაჩნია „ქართული ოცნების“ რამდენიმე ფრაქციად/პარტიად დაშლა. ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ უფრო საინტერესოს, კონკურენტულს, ცოცხალს და განვითარებადს გახდის, განსხვავებით, ნაცმოძური ნეობოლშევიზმისა, რომელიც საბოლოოდ ისევ მის მიერვე შექმნილ ჭაობში ჩაიხრჩო.
ხოლო ჯერჯერობით კი, ნამდვილად არ გამკვირვებია ის არჩევანი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა – შეგნებულად არ დასახელდა ისეთი აქტიური და გამოკვეთილი ლიდერი, რომლის უკან სერიოზული ძალა იდგებოდა (ასეთები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ირაკლი ალასანია და სალომე ზურაბიშვილი). არჩევანი იყო აქამდე აბსოლუტურად აპოლიტიკურ პიროვნებებს (პაატა ბურჭულაძე, გია დვალი, ნაწილობრივ – დავით მაღრაძე) და ისეთ ლიდერებს შორის, რომლებიც პოლიტიკაში კი არიან, მაგრამ მათ უკან რაიმე პოლიტიკური პარტია ან ჯგუფი არ დგას (კახა კალაძე, გიორგი მარგველაშვილი). აქაც ლოგიკური იყო, რომ არ დასახელებულიყო პოლიტიკურად გამოუცდელი პიროვნება, რომელსაც წინასაპრეზიდენტო დებატებში გაუჭირდებოდა ნაცმოძრაობის დაქოქილ დემაგოგებთან პაექრობა, ან სუფთა დეკლამატორულად (როგორც გია დვალს, ან პაატა ბურჭულაძეს), ან – პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით (როგორც, მაგ. დავით მაღრაძეს).
დარჩენილ 2 ფიგურას შორის სწორედ დებატების გამოცდილების, ფილოსოფიური „ბექგრაუნდის“, დახვეწილი იუმორის/ირონიის გათვალისწინებით, არჩევანი საბოლოოდ გიორგი მარგველაშვილზე გაკეთდა.
აქვე მინდა მოვიბოდიშო იმის გამო, რომ აქამდე არ ვახსენე ვახტანგ ხმალაძე, რომელიც პირადად ჩემთვის ყველაზე ახლოს არის იმ ტიპის სამაგალითო პრეზიდენტთან, როგორც ვაცლავ ჰაველი იყო (თუმცა ქარიზმატულობაში ჩამორჩება, ალბათ, მაგრამ წესიერებაში – ნამდვილად არაფრით, ხოლო პოლიტიკური/იურიდიული გამოცდილებით კი სჯობს კიდეც ლამის!). ბატონ ვახტანგს, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, მისავე პარტიის ლიდერმა „დაუდო კვანტი“ :). გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იმ პირობებში, როცა სადღეისოდ ქვეყანას ორი გამოკვეთილი ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ჰყავს, უმაღლეს თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის მოვლინება ძალიან სერიოზულ დისბალანსს მოიტანდა ფორმალურად 6-წევრიან კოალიციაში.
სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ თანამდებობას, თუნდაც მარტო იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სათავისოდ ჩაკეტილი არ აქვს საკადრო რესურსის ზარდახშა! არ გამიკვირდება, თუ ახლო მომავალში ქ-ნი სალომე რაიმე პრესტიჟულ პოსტს მიიღებს და ამ მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრობის გარდა მერობაც არაა გამორიცხული, სადაც მეორე კონკურენტს – თინა ხიდაშელს ზუსტად იგივე პრობლემა ეღობება, რაც ვახტანგ ხმალაძეს (თან, უფრო მეტადაც კი :).
რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, მე პირადად კანდიდატად მისი დასახელებაც კი გამიკვირდა, რადგან იგი სულ რაღაც 1 თვის წინ გახდა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და აქტიური პოლიტიკოსი, და მოსახლეობა მას ცუდად იცნობს (ან იცნობს შევარდნაძის დროიდან – უფრო უარესი…). ბატონ არმაზს სულაც არ ვაფასებ გიორგი მარგველაშვილზე ნაკლებ პოლიტიკოსად, მაგრამ ცნობადობა მაინც სერიოზული ფაქტორია.
ახლა, როცა თეთრებმა მეფის გამბიტი აირჩიეს, არადანი შავებზეა! 🙂
ნაცმოძრაობისათვის, გიორგი მარგველაშვილი, ალბათ ყველაზე ცუდი, უხერხული მეტოქეა. მას არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკოსობის ბაგაჟი, საიდანაც ნაცმოძებს და მათ ერთგულ „რუსთავ2“-ს რაიმე კომპრომატის ამოქექვა არ გაუჭირდებოდათ, მას ვერ დააბრალებენ პრორუსულობას, და მას საკმაოდ უჭრის ტვინიც და ენაც, რომ ნებისმიერ პოტენციურ კანდიდატთან კამათი არ გაუჭირდეს.
ნეცმოძებმა სწორი ქნეს, როცა საკუთარი კანდიდატის დასახელება არ იჩქარეს. წარმოიდგინეთ, რა ფიასკო იქნება მარგველაშვილთან დაპირისპირებული მერაბიშვილი! ის კი არადა, მარგველაშვილის დასახელებით დავით ბაქრაძის შანსებიც სერიოზულად შემცირდა. გიორგი ვაშაძე მე ყოველთვის მეორე კალიბრის პოლიტიკოსად მიმაჩნდა, ხოლო ბარამიძეს ისეთი „ბაგაჟი“ აქვს, რომ წესით კანდიდატად კი არა, ცისკარიშვილივით სადმე გაყურსული უნდა იმალებოდეს… ასე რომ რეალური კონკურენტი რჩება ორი – გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.
ამ ორს შორის მე უფრო რეალური ბოკერია მგონია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლო მომავალში საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსს ერთი სერიოზული მომხიბვლელობაც ექნება – იგი ხომ არჩევნებამდე იმუნიტეტის ტოლფასი იქნება. ეს კი დღეს ჰაერივით, სწორედ უგულავას, მერაბიშვილს და ბარამიძეს სჭირდებათ. ასე რომ ვნახოთ… მოლოდინისთვის დრო ბევრი არაა, ორშაბათიც გათენდება.
P.S. ხოლო რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ ირაკლი ალასანია დამოუკიდებელ კანდიდატად მოინდომებს არჩევნებზე კენჭისყრას, მე ალასანია გაცილებით უფრო ჭკუადამჯდარ პოლიტიკოსად მიმაჩნია, რომლისთვისაც დიდი პოლიტიკური კარიერა ახლა იწყება… და ვნახოთ, ვინ უფრო კარგად იცნობს მას – ირმა ნადირაშვილი, თუ თქვენი მონა-მორჩილი. თუ აღმოჩნდა, რომ ირმა მართლაც ფსაიქიქი ყოფილა, წინასწარ ვაცხადებ, რომ ჩემთვის ირაკლი ალასანია პოლიტიკურ წარსულში დარჩება.