მიმდინარე მომენტის შესახებ – “სანამ ურემი გადაბრუნდება…”


Hazard warning sign by country roadside, close-up

არაფერი არ შეიცავს ისეთ დიდ საფრთხეს ადამიანისათვის, როგორც უსაზღვრო უიმედობა და უსაფუძვლო ილუზიები. სამწუხაროდ, ამ ორ დიამეტრალურად საწინააღმდეგო განწყობილებას შორის მანძილი არც ისე დიდია და ხშირად ქანქარის მოძრაობის მსგავსად ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა ადვილად ხდება.

და საზოგადოებაზეც ზუსტად ასევე ვრცელდება ეს ყველაფერი.

ქართული საზოგადოება და ხელისუფლება დღეს თავისი განვითარების ძალიან მყიფე და უცნაურ საფეხურზე დგანან. ერთი მხრივ, სახეზეა აშკარა პროგრესი და დემოკრატიული მიღწევების საკმაოდ მაღალი დონე (მედიის თავისუფლება, სასამართლოების თავისუფლება, კორუფციის დაბალი დონე, ბიზნესის დაწყების იოლი პირობები და რეგულაციები), რომლის მიხედვითაც, ჩემი აზრით, საქართველო გაცილებით უფრო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ვიდრე ევროკავშირის უკვე წევრი ზოგიერთი სახელმწიფო. მეორე მხრივ კი, როგორც არსებული ეკონომიკური პარამეტრები (მაგალითად ერთ სულზე მშპ, რაც ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია), ასევე – ეკონომიკური განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქართული საზოგადოების მარად უძღებ და ხშირად უსაფუძვლო „ოპტიმიზმს“, რომელიც უფრო მესიანურ ილუზიას ჰგავს და არა – ზრდასრული სუბიექტისთვის დამახასიათებელ რეალიზმს.

ამის შედეგად მივიღეთ პარადოქსული სიტუაცია: ერთი მხრივ, ქვეყანა გამოდის იმ საოცარი ავზღაპრიდან, რომელიც გარედან გურამ დოჩანაშვილისეულ ლამაზ-ქალაქს ჰგავდა, ხოლო შიგნიდან – სრული კამორა იყო. ხოლო, მეორე მხრივ, სულ უფრო მეტად ისმის იმედგაცრუება იმის გამო, რომ „მიწიერი სამოთხე“ ჯერ კიდევ შორსაა. სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვა, რომ „მიწიერი სამოთხის“ მიუღწევლობის გარდა, პატიოსანი კანუდოსისგანაც საკმაოდ შორს ვართ, რამეთუ მომხვეჭელობის, ნეპოტიზმის, უგერგილობის და მცონარობის დაძლევა ზოგადად ძნელია, და ქართველებისათვის – მით უფრო.

შევეცდები, მიმოვიხილო მიმდინარე მომენტის შუქ-ჩრდილები და სადაც მოვახერხებ, მდგომარეობის გამოსწორების შესაძლო გზებზე ჩემეული ხედვებიც გაგიზიაროთ.

დაპირებები და მიღწევები

ბევრი რამ შესრულდა და ბევრი რამ ვერ შესრულდა.

პირადად ჩემთვის, ის, რაც შესრულდა, არის უფრო მნიშვნელოვანი. მე იმ, ალბათ, არც ისე მრავალრიცხვოვან ადამიანთა რიგს მივეკუთვნები, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ კრიტიკას ამ ხელისუფლების სხვებთან ფარდობითობის პრინციპზე აყრდნობს ხოლმე. შეიძლება, ეს ჩემი თერაპევტობის და კლინიკურ ფარმაკოლოგიაში მიღებული ცოდნის შედეგია, რადგან კარგად მახსოვს, რომ სწორი არ არის გამოთქმა – „ეს წამალი კარგია“, სწორია გამოთქმა – „ეს წამალი უკეთესია“ ან „ეს წამალი უარესია“.

თუმცა, ხელისუფლების მიმართ ხალხის დამოკიდებულების ისტორიული რაკურსი გვასწავლის, რომ ხელისუფლება შეიძლება იყოს ან – ასატანი, ან – აუტანელი… მოქალაქის მხრიდან ხელისუფლების სიყვარული დემოკრატიული წყობილებისათვის უცხო და უცნაური ხილია, რომელსაც ასეთი წყობის მქონე ქვეყნები იმათ უთმობენ, სადაც ხელისუფლების კრიტიკა პიროვნების თავისუფლების ან სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება ხოლმე – აი, იქ უყვართ და გიჟდებიან ხელისუფლებზე, თუ უყვართ!!!

უკვე ამ ერთი მიდგომითაც კი აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლება უკვე მარტო იმით მაინცაა ასატანი, რომ იგი თავისი კრიტიკის უფლებას გვაძლევს და ამ კრიტიკის გამო ჩვენი სიცოცხლის, მუშაობის თუ აზრის გამოთქმის უფლებებს არ ზღუდავს! მადლობა მათ ამისთვის, რამეთუ სულ ახლო წარსულში ეს ასე არ იყო.

რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა:

საყოველთაო ჯანდაცვა!

კონტროლირებად მედიაზე უარის თქმა!

სასამართლოების თავისუფლება (პროკურორების სატელეფონო უფლების დასასრული)!

ბიზნესის განთავისუფლება სახელისუფლებო ტერორისაგან!

მასობრივი შეთითხნილი დაპატიმრებების და საპროცესო გარიგებების მანკიერი სისტემის დასასრული!

თავისუფალი არჩევნები!

არაპოლიტიზირებული პოლიცია (ნაცვლად ლამის გესტაპოს დონემდე მისული ზონდერბრიგადებისა)!

პოლიტპატიმრების და პატიმართა სხვა ჯგუფების ყველაზე მნიშვნელოვანი ამნისტია!

საუნივერსიტეტო სივრცის განთავისუფლება სტუდენტური თვითმმართველობის კუდ-სოდ-ზონდერებისაგან!

ციხეებში პატიმართა სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა!

უფასო წიგნები სკოლებში!

სკოლებში საარჩევნო ძალადობის ერთ-ერთ მექანიზმად გამოყენების დასასრული!

კომუნალური გადასახადების შემცირება. პენსიის მიახლოება საარსებო მინიმუმთან…

მესმის, რომ ყოფილი ხელისუფლების მომხრეებს ეს სია უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, და მეტიც – ძალიანაც არ სიამოვნებთ ამ სიის კითხვა, მაგრამ დამისახელონ რომელიმე სხვა ხელისუფლება, რომელიც მოსვლიდან 2 წელიწადში ამდენ რამეს მოახერხებდა.

თუმცა არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც დანაპირები ვერ შესრულდა – პირველ რიგში ეს ეხება სამართლიანობის აღდგენას, წართმეული ქონების დაბრუნებას, პენსიების დაპირებულ დონემდე ზრდას, კომუნალური გადასახდებს უფრო მეტად შემცირებას, განათლების რეფორმას და ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სფეროს – ბიზნესის გამოცოცხლებას, ახალი საწარმოების გახსნის ხელშეწყობას, ადამიანების დასაქმებას და მათი რეალური შემოსავლების ზრდას.

არ შეიძლება შეუსრულებელ პირობებზე საუბრებისაგან თავის არიდება. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ოპოზიციის სურვილია, რომ მუდმივად ზუსტად ამ დაპირებებზე ისაუბროს და მოსახლეობაში შექმნას განცდა, რომ ხელისუფლებას გაცილებით მეტი აქვს შეუსრულებელი დაპირება, ვიდრე შესრულებული. ხელისუფლების ამოცანა კი საპირისპიროა. მოსახლეობა კი უნდა ცდილობდეს, სწორად გაერკვეს, სად მთავრდება რეალობა და იწყება რეკლამა და ანტირეკლამა. როგორც ყველგან, ისევე საქართველოში, და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან, მედია მიდრეკილია სენსაციონალიზმისაკენ და პოზიტიური ინფორმაციის მომგებიანად გაყიდვა გაცილებით რთულია, ვიდრე შოკში ჩამგდები, სკანდალური ინფორმაციისა. ამ სიტუაციაში ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს გამოზომილი, ფაქტებზე ორიენტირებული, ობიექტური ინფორმაციით აღჭურვა და მწვავე კითხვებზე მაქსიმალურად სწორი და დროული რეაგირება. სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას ნეგატიური ინფორმაცია მეტად მიეწოდება და მისი მეტადაც სჯერა, რამეთუ ნაციონალების დროს ნეგატიური ინფორმაცია მკაცრად იფილტრებოდა, ხოლო პოზიტიური – ასმაგად და ათასმაგად ტირაჟირდებოდა და ვრცელდებოდა… სხვა რომ არაფერი, კარგად გვახსოვს უამრავჯერ გახსნილი ერთიდაიგივე ობიექტები – მე პირადად ყიფშიძის სახ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს 4 საზეიმო გახსნის მომსწრე ვარ 1 წლის განმავლობაში. და ეს სწორედ ის წელი იყო, როცა ერთ დროს ძლიერი და უმნიშვნელოვანესი რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად გაპარტახდა და მილიონობით ლარი შეიჭამა ნაცმოძრაობის დამქაშების მიერ. დღეს კი, რადგან ოცნების ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს სწორად შემუშავებული და წარმართული PR-კამპანია, და რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენელებს აკლიათ დამაჯერებელი არგუმენტაციის უნარ-ჩვევები, საზეიმო/პოზიტიურმა ინფორმაციამ მკვეთრად იკლო, ხოლო იგივე რუსთავი2 და სხვა არხებიც, რომლებსაც ნეგატიური ინფორმაცია ადრე მისხალ-მისხალ მიეწოდებოდა, ახლა ყველა საშუალებით ცდილობს, მოახდინოს ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება, რასაც ობიექტურთან ერთად საკმაოდ მრავალრიცხვოვანი სუბიექტური ფაქტორებიც განაპირობებს.

სამართლიანობის აღდგენა – დაგვიანების ბუმერანგი

სამართლიანობის აღდგენა იყო ქართული ოცნების ყველაზე მძაფრად გაჟღერებული და ხალხის მიერ ატაცებული დაპირება. რამდენადაც ყველაზე მეტად ნაციონალურმა მოძრაობამ მოსახლეობაში უსამართლობის, ზეწოლის, ქონებების წართმევის და მასობრივი ტერორის კვალი დატოვა, გასაგები მიზეზების გამო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სწორედ ამ ფრონტზე მაინც სწრაფი და ეფექტური ცვლილებების მოლოდინი ჰქონდათ. ამას კოალიციის ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის მიერ ხშირად გაჟღერებული თეზაც უმაგრებდა მხარს – ის, რომ საყოველთაო აზრით, ეკონომიკური აღმავლობის მიღწევას გაცილებით მეტრი დრო და სახსრები დაჭირდებოდა, ვიდრე სამართლიანობის აღდგენას და ისიც, რომ მოსახლეობასაც კარგად ახსოვდა, როგორ მოკლე ხანში მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ შევარდნაძის კლანის და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელების სწრაფად ნეიტრალიზაცია, ბიზნესების “ახევა” თუ პოლიციის და სხვა ძალოვანი უწყებების, ასევე – სასამართლოების მოხელეთა ძირეული წმენდა – გადახალისება.

სამწუხაროდაც და საბედნიეროდაც, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გზა აირჩია – ნელი და არა რევოლუციური ცვლილებების გზა, რომელიც ნაწილობრივ კოალიციაზე გარე ფაქტორების და კოჰაბიტაციის დაჟინებითი მოთხოვნით იყო განპირობებული, იმ პირობებში, როდესაც მთელი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის უმაღლეს პირად ისევ ნაცმოძრაობის ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი რჩებოდა. ხოლო ნაწილობრივ იმითაც, რომ კოალიციამ სრულიად შეგნებულად გადაწყვიტა, რომ გარიყულთა და ჩარეცხილთა რიცხვი ამჟამად გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო – მხოლოდ ათობით ან ასობით ადამიანი, და არა – ათასობით, ან ათეულათასობითაც კი, როგორც ეს 2003-04 წლებში ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ უკანასკნელ ხანებამდე საქართველოს ხელისუფლებაში სასამართლო, საბანკო და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ნაცმოძრაობის დროს დაწინაურებული კადრები ხელმძღვანელობენ. რომ ძალოვანი სტრუქტურების – პოლიციის და პროკურატურის ხელმძღვანელობაშიც ცვლილებები მხოლოდ პირამიდის მწვერვალზე მოხდა, და რომ ათეულ ათასობით საქმის გადახედვა ძალიან ნელი ტემპით – კუს ნაბიჯებით მიდის… ამან თითქოს შეამცირა ნაცმოძრაობის წაგების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგებში გაჩენილი პანიკა თუ არა – დაძაბულობა, მაგრამ ამაზე მეტად გამოიწვია თავად ოცნების მხარდამჭერთა რიგებში იმედგაცრუება. მართლაც, რამ უნდა იმოქმედოს უსამართლობით დაჩაგრულ ადამიანზე იმაზე უფრო დამთრგუნველად, ვიდრე იმის აღმოჩენამ, რომ მის საჩივარზე პასუხს თურმე იმავე ადამიანებისაგან უნდა ელოდოს, ვინც მისი ჩაგვრის ან – უტყვი მოწმე, ან სულაც – ინიციატორები და წარმმართველები იყვნენ?!

სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, როცა საზოგადოების აღშფოთებამ კრიტიკულ საზღვარს მიაღწია და როცა არა მარტო პროკურატურაში, არამედ უკვე პოლიციაშიც, სერიოზული წმენდა დაიწყო. მოხდა ზურაბ ვაზაგაშვილის ნაციონალების დროს მნიშვნელოვნად გაყალბებული საქმის გახსნა და ბრალდებულების – ყოფილი თუ მოქმედი ძალოვნების – დაკავება, და მერე, ლამის ერთ კვირაში – იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ინდეტიფიცირება და დაკავებაც. გამოცხადდა, რომ უახლოეს ხანებში გახსნილი იქნება ჟვანიას და აფრასიძეების საქმეებიც… საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც სამართლიაობის აღდგენის მოლოდინში იყო, – ფრთხილი იმედი, ხოლო ნაცმოძრაობის აპოლოგეტების და უსამართლობაში ეჭვმიტანილი პირების ახლობლებს სერიოზული შეშფოთება დაეტყოთ… ახლა ჯერი პროკურატურასა და სასამართლოებზეა.

კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დაწყება აქამდე, და რატომ მოხდა ეს მხოლოდ შვილმკვდარი მამის გაუგონარი მკვლელობის შემდეგ პასუხი ასეთია: პროკურატურაში საჭირო იყო სერიოზული ცვლილებები, რასაც დრო სჭირდებდა. საჭირო იყო წლების განმავლობაში წინა რეჟიმის პირობებში მეთოდურად გაყალბებული საქმეების ძირეული გადახედვა და ხშირად, ახალი ფაქტების მოძიება და ვერსიების გადახედვა. სამწუხაროდ, ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკული სიკვდილი მართლაც უძლიერესი ფაქტორი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა იგრძნეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა – რისი დასტურიც იყო ამ სიკვდილის შემდეგ რამდენიმე მაღალჩინოსნის გადაყენება, გადადგომა, თუ ბრალის წარდგენა…

თითქმის ამავე პერიოდში გაჟღერდა, რომ სამართლიანობის აღდგენის ფინანსური უზრუნველყოფისათვის ადრე ნაანგარიშები თანხა – 7 მილიარდი – ძალიან გაბერილი ყოფილა და უფრო საფუძვლიანი გათვლებით, ალბათ, 1 მილიარდი ლარი ეყოფა ამ მხრივ ხელისუფლების მხრიდან საჭირო ხარჯებს. უკვე ითქვა ისიც, რომ 2015 წლის ბიუჯეტში ამ პროცესის დასაწყები თანხები გათვალისწინებულია.

თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ წინა რეჟიმის ერთ-ერთი სერიოზული ბურჯი – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – კოტე კუბლაშვილი უკვე ყოფილი თავმჯდომარეა, მოსალოდნელია სააკაშვილის მიერ შექმნილი უსამართლო სასამართლოს ყველაზე მაღალი სტრუქტურის მაღალი ღობის მორღვევის აქტიური პროცესი, რომელიც ალბათ, კიდევ უფრო კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს ზოგადად სასამართლოების გაჯანსაღებაზე და მოსახლეობის მხრიდან ქართული სასამართლოსადმი ნდობის აღდგენაზეც.

ამ პროცესის დადასტურება იქნებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უკვე წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცება! ქალბატონ ნინო გვენეტაძის პროფესიონალიზმი და რეპუტაცია ეჭვს მხოლოდ ნაციონალებში (და მათ რუპორ ჟურნალისტებში) იწვევს, რომლებმაც სასამართლოს დამონების პროცესი სწორედ ნინო გვენეტაძის და მისი პრინციპული კოლეგების სასამართლოდან გამოძევებით დაიწყეს. იმედია, საქართველოს პარლამენტს ეყოფა იმის გააზრების უნარიც და ნებაც, რომ ეს საკითხი არ ჩააგდოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნაციონალური „სასამართლოს“ მეორე ბურჯი, კუბლაშვილის მარჯვენა ხელი – ზაზა მეიშვილი არ დატოვოს. მოვლენების ასეთი განვითარება მე პირადად სრულად დამიკარგავს იმის განცდას, რომ საქართველოს პარლამენტს ან თავისი როლი ესმის, ან რეალობის განცდა გააჩნია. ასეთი სცენარი სწორედაც რომ ნაციონალების წისქვილზე წყლის დასხმა იქნებოდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აჭარაში ეს წყალი უკვე შხუილითაა მიშვებული ნაცების წისქვილზე, ნინო გვენეტაძის დანიშვნის საკითხის პოლიტიკური შინაომების და ვაჭრობის თემად გადაქცევა, ვფიქრობ, ხელისუფლებისათვის, და სახელმწიფოსათვისაც, ახალი ცუდი პროცესების სათავე შეიძლება გახდეს.

„უნიათო მთავრობა“

დღევანდელი ხელისუფლების სუსტი წერტილი არის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რეკლამა, საკუთარი პროგრამების ადამიანებამდე მიტანის არაკოორდინირებული და გაფანტული პოლიტიკა. გასაგებია, ვაშლის რეკლამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ ვაშლის ხარისხი და გემოა! მაგრამ თუ ქვეყანაში 100,000-მდე ადამიანი ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის უპირატესობით, მათი დიდი უმრავლესობა არ ჩათვლის თავს ვალდებულად ეს ამბავი ფართოდ გააპიაროს, და გამოდის, რომ 3.5 მილიონი ადამიანის მხოლოდ 3%-ს თუ ეცოდინება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ. სავარაუდოდ, მედიის უდიდესი ნაწილისათვის ეს თემა არაა აქტუალური, რადგან სკანდალურობის ნაკლებობის გამო რეიტინგულიც არ არის. საკუთარი არხი ხელისუფლებას არ გააჩნია… კიდევ კარგი, რომ სწორედ ჯანდაცვის სფეროში სამინისტროს საკმაოდ კარგი პი-არ სამსახური და პოლიტიკა აქვს, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიდი სარგებელი მნიშვნელოვანწილად დაუფასებელია საზოგადოების მხრიდან. შესადარებლად მინდა გავიხსენო ნაციონალების ადრეულ პერიოდში ერთი იმ იშვიათ პროგრამათაგანი, რაც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მოიფიქრეს – მშობიარობის ვაუჩერები, და როგორ პირადად მონაწილეობდა მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი (რომელიც არც ქარიზმით გამოირჩეოდა და არც – პოლიტიკური ტაქტით) ამ პროგრამის რეკლამაში! თანაც ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი მეუღლე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას არ ანდო და საზღვარგარეთ წაიყვანა მოსალოგინებლად… სულაც არ მიმაჩნია, რომ ასეთი „მინისტრული კლიპშემოქმედება“ მისაბაძი იყო, პირიქით. მაგრამ იმ ერთი უკიდურესობიდან, როცა ხელისუფლება ლამის მხოლოდ რეკლამით ესაუბრებოდა ხალხს და მხოლოდ სარეკლამო რეალობა ითვლებოდა მთავარ და ერთადერთ მნიშვნელოვან რეალობად – მოხდა გადასვლა ლამის მეორე უკიდურსეობამდე, როდესაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ამბების გაპიარება და რეკლამირება აღარ ითვლება მნიშვნელოვან და საჭირო ღონისძიებად. ამის მაგალითად გამოდგება ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნა, რომელიც ცუდი არ იქნებოდა საერთო სახალხო ზეიმად ქცეულიყო… ამის მაგალითი იყო ჩინეთიდან პირველი მატარებლის გამოვლა საქართველოზე და აბრეშუმის გზის აბრეშუმის რკინიგზად გადაქცევა, რომელიც ასევე ზედმეტად მოკრძალებულად გახმაურდა…

ამის სრული საპირისპირობაა ნაციონალების მძლავრი და ორგანიზებული, მეტად კონცენტრირებული სარეკლამო-პროპაგანდისტული კომპანია, რომლის მთავარი ელემენტებს – სწორი დაგეგმვა, სხვადასხვა მოძიებული ფაქტების გაბერვა, ერთ ფოკუსში მოქცევა და ერთიან მესიჯად ჩამოყალიბება, ხოლო შემდეგ – ამ მესიჯით მოსახლეობის მასირებული დაბომბვა წარმოადგენს. მათი მთავარი მესიჯია – „უნიათო (უუნარო) ხელისუფლება“, რომლის რეზონირება საკმაოდ ძლიერ ექოდ ხდება, რადგან თითოეული მათი წევრი თუ მხარდამჭერი ზუსტად სწორედ ამ მესიჯის გახმაურებას ახდენს. ხდება „ქართული ოცნების“ როგორც რეალური შეცდომების მისხალ-მისხალ მოგროვება (სამწუხარო რეალობაა, რომ ხანდახან ასეთი მოგროვება სულაც არაა ძნელი, რადგან ოცნება ნამდვილად იძლევა მსხვილი შეცდომების დაფიქსირების შანსსაც), და მერე ერთიან ფორმატში ჩამოყალიბება. ამ პროპაგანდის სათავეში რუსთავი-2 და „ტაბულაა“, ხოლო რამდენადაც ეს ინფორმაციები საკმაოდ სისტემატურია და რეიტინგების მომტან ნეგატიურ კონტენტს შეიცავს, ისინი სხვა არხებზეც მაქსიმალურად სწრაფად არის ხოლმე ატაცებული და ტირაჟირებული. თუმცა. რა თქმა უნდა, ეს მთავარი და არა ერთადერთი მესიჯია. სხვათაშორის, საკმაოდ შეცბა ნაცმოძური პროპაგანდა ზურაბ და იური ვაზაგაშვილების მკვლელობების საქმეზე პროკურატურის ეფექტური მუშაობის შემდეგ, რადგან ეს უკვე რთულად ეტეოდა „უნიათო ხელისუფლების“ მესიჯში… არის კიდევ „სახელისუფლებო ნეპოტიზმი“, „პრემიების მოყვარული ხელისუფლება“, „დასავლური კურსიდან გადამხვევი ხელისუფლება“, „ეკონომიკის დამანგრეველი ხელისუფლება“. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ ამ მესიჯების ცალკეული ასპექტები (მაგალითად ნეპოტიზმის შემთხვევების ადრეული დაფიქსირება) ნამდვილად შეიძლებოდა ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ნიმუშად ჩათვლილიყო, რომ არა ერთი სერიოზული პრობლემა: დღეს ეს საზოგადოებრივი სამართლის სადარაჯოზე დამდგარი მამხილებლები გუშინ ნაცმოძრაობის ოღრაშობათა ქედუხრელი „გამპრავებლები“ იყვნენ, დღეს რომ ხელისუფლების ნეპოტიზმზე მუდმივად პირს ისველებენ, გუშინ სააკაშვილის კლანის საცეცებს და სააკაშვილის დედისათვის თითო-თითო ლარად გადაცემულ ქონებებს „ვერ“ იმჩნევდნენ, დღეს რომ საჯაროდ გამხდარი პრემიების და დანამატის მისხალ-მისხალ დაანგარიშების მეტი საქმე არაფერი აქვთ, ადრე საკუთარ 2-ჯერ და სამჯერ მეტ პრემიებსა და დანამატებს რატომღაც დამსახურებულად თვლიდნენ და მკაცრად დახურულ ინფორმაციად ჰქონდათ ჩარაზული…

საინტერესოა, რატომ არის მათი გადასახედიდან დღევანდელი მთავრობაუნიათო”?

  • ალბათ იმიტომ, რომ ბიზნესმენების ტერორით არ ახდენს ბიუჯეტის შევსებას?
  • ალბათ იმიტომ, რომ ვითომდა დონალდ ტრამპის 300-მილიონიანი ცრუ ინვესტიციებით (სინამდვილეში რომ იქეთ უხდიდნენ ტრამპს გასამრჯელოს) არ იწონებს თავს მსოფლიოში?
  • თუ იმიტომ, რომ მთელი მსოფლიოდან ჩამოყვანილი არქიტექტორებისათვის „ატკატებით“ არ არის დაკავებული?
  • თუ იმიტომ, რომ ქუჩაში ახალგაზრდების ჟლეტით არ ქმნის „ნულოვანი ტოლერანტობის“ და ადგილზე ლიკვიდაციის მომნუსხველ რეალობას?
  • თუ იმიტომ, რომ ნარკოტიკების და იარაღის ჩადებით არ ახდენს ოპოზიციის აქტივისტების დაშინებას?
  • თუ იმიტომ, რომ ხალხის სისხლზე პრემიებით მადააშლილი დაგეშილი ნიღბიანების ზონდერჯგუფები არ გააჩნია?
  • თუ იმიტომ, რომ პროკურორები და მოსყიდული ადვოკატები მომენტალურად არ ახდენენ ფსიქოლოგიურად დამუშავებული პატიმრებისგან საპროცესო გარიგების გამოგლეჯას?…

ნაციონალური მოძრაობა ძალიან ცდილობს, რომ „კონსტრუქციულობის“ ქურქი მოისხას – ლაპარაკობს 36 ნაბიჯზე, სტრატეგიაზე, თანამშრომლობაზე, ბიზნესის გამოცოცხლებაზე, გადასახადების შემცირებაზე, რეალური ინვესტიციების წახალისებაზე… ამ დროს იმ ყველაფერზე, რისი რეალურად „დიდოსტატებიც“ იყვნენ, იმაზე არ ლაპარაკობენ… მორცხვობენ, ეტყობა… ანდა, ლომი და კატას არაკის არ იყოს, ყველაფერს ხომ არ გაამხელენ 🙂 …

პრობლემა იმაშია, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა არსებობს, და არსებობს ისე, რომ ძველ დანაშაულებებზე არც პასუხი უგიათ და არც მოუნანიებიათ, ახლანდელი ხელისუფლების რეალურ შეცდომებზე ლაპარაკი გაძნელებულია ორი მიზეზის გამო: ა) ზოგიერთ გონიერ, მაგრამ ფრთხილ ადამიანს ეშინია, ამით ჯერ კიდევ საკმაოდ ცოცხალ ნაცმოძრაობას ხელმეორე სუნთქვა არ გაუხსნას, ბ) ზოგიერთ გონიერ, მაგრამ არანაკლებ ფრთხილ ადამიანს არ სურს, რომ მისი კრიტიკული მესიჯები ნაცმოძრაობასთან ასოცირების შთაბეჭდილებას ქმნიდეს.

ლარის კურსის შემცირება

დღევანდელობის მძიმე გამოწვევად იქცა ლარის კურსის შთამბეჭდავი ვარდნა, რომელმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში 25%-ს გადააჭარბა. ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რომელთა ერთობლიობა სულ უფრო მეტ ახალი ფაქტორს და ახალ აქტიურ მოთამაშეებს ითრევს და ფაქტია, რომ თუ თავდაპირველად ლარის კურსის შემცირება არც ისე ძლიერი იყო – დაახლოებით 12-13% ლამის 2 თვეში, ბოლო 1 თვის განმავლობაში ეს ცვლილება უფრო დაჩქარდა და ნაცების სანუკვარი ლოზუნგის „უნიათო მთავრობის“ მთავარი სამიზნე გახდა.

ლარის დასუსტების რამდენიმე, შედარებით ზედაპირზე არსებული, მიზეზი:

ა) 2014 წლიდან (განსაკუთრებით – ზაფხულიდან) გასაგები მიზეზების გამო საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა სავალუტო შემოსავლები, განსაკუთრებით – რუსეთიდან და უკრაინიდან. რუსული რუბლის სწრაფმა (2-ჯერ მეტად ვარდნამ!) დოლარის მიმართ ახლო სამეზობლოს ყველა იმ ქვეყანაზე მოახდინა დიდი გავლენა, რომლის ეკონომიკაც ან მიბმულია რუსეთზე და რუბლზე (სომხეთი, ტაჯიკეთი, ბელორუსი), ან სადაც მიგრანტთა მიერ გამომუშავებული გადარიცხვები (საქართველო, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი) მოდიოდა. თუ გავიხსენებთ, ჯერ კიდევ ნიკა გილაურმა აღიარა, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოსვლის სერიოზული წყარო (25%) სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები იყო. დღეს ეს წყარო, მისი რუსულ-უკრაინული სერიოზული ნაკადი – თითქმის განახევრებულია… ეს კი წლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დანაკლისია…

ბ) შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მართალია, 2014 წლის მე-3 კვარტალში სერიოზული ზრდა აღინიშნა, რის გამოც ჯამურად შარშან ინვესტიციები მაინც მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2012 წელს, მაგრამ ეს საკმარისი არაა და დოლარის მასის დანაკლისი ვერ აანაზღაურა.

გ) შიდა ინვესტიციების ძალიან კარგი ზრდის ფონზე 2014 წლის პირველ ნახევარში, მეორე ნახევრიდან ტემპმა იკლო. მაგრამ მთლიანობაში ინვესტირების წლიურ მოცულობაში ლარით შენატანების წილი შედარებით მეტი აღმოჩნდა.

დ) საპასპორტი რეჟიმის ცვლილებებმა, კერძოდ სრულიად მოულოდნელმა რეგულაციებმა უვიზო რეჟიმის ქვეყნების მოქალაქეებისათვის 90 დღიანი შეზღუდვის დაწესების შესახებ, ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპები შეამცირა (თუმცა მთლიანობაში ტურისტების რაოდენობა და შემოსავლებიც გაიზარდა, მაგრამ, ალბათ, სავიზო რეგულაციების გარეშე უკეთესი დინამიკა გვექნებოდა), ხოლო უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული რეგულაციების დაწესებამ შეამცირა მცირე და საშუალო მასშტაბის უცხოური ინვესტიციები.

დ) სამწუხაროდ, ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა ტენდერების ჩატარების ბიუროკრატიული არტახები. ნაცების დროს ტენდერები სრული ფორმალობა იყო, ტენდერი რომ ცხადდებოდა, რეალურად ჩაშლის შანსი 0.00% იყო – უკვე წინადღეს ყველამ იცოდა, ნაცების რომელი ერთგული ფირმა იგებდა ტენდერს და ისიც, – რა ფასად! ხოლო ახლა წინასწარდაგეგმილი ტენდერები აღარაა, რაიმე დოკუმენტაციის ხარვეზის, ან მაღალი რისკის გამო ტენდერები საკმაოდ ხშირად იშლება, და წლის ბოლოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ბევრი აუთვისებელი თანხა დაგროვდა, რომლის წლის ბოლოს ათვისება არ გამოდგა იოლი და თან ბაზარზე მომეტებული რაოდენობით ლარის გამოყრას შეუწყო ხელი. ლარის ფულადი მასის ამ ასიმეტრიამაც ხელი შეუწყო ნოემბრიდან სავალუტო ბაზრის ცვლილებას. თუმცა, ბიუჯეტის გავლენა ლარის კურსის დევალვაციაზე მაინც არ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, განსხვავებით 2013 წლისაგან, როდესაც ხელისუფლებას, 2012 წელს მომავალი საშემოსავლო გადასახადების ნაცმოძრაობის მიერ უკანონოდ წინსწრებით გადარიცხვის გამო, საგადასახადო შემოსავლები დააკლდა და იგი და დაგროვილი ნაშთებიდან გაზარდა.

ე) 2014 წელს ხელისუფლებამ დაიწყო ზრუნვა საგარეო ვალის შემცირებაზე. ვალის პროცენტების მომსახურების გამო გაცილებით მეტი სავალუტო სახსრების გაცემა გახდა საჭირო. ამ ფონზე, იმისგან განსხვავებით, რომ 2006-2012 წლებში ნაცმოძრაობის „ჯადოქრები“ ახალ-ახალი კრედიტებით ახდენდნენ ლარის კურსის სტაბილიზაციას, სამაგიეროდ კი მომავალ თაობებს სულ უფრო გაზრდილ საგარეო ვალს უტოვებდნენ კაბალად, ქართული ოცების ხელისუფლებამ სცადა უარი ეთქვა ვალის ზრდის მანკიერ ტენდენციაზე. სამწუხაროდ, საგარეო პირობები არ აღმოჩნდა ხელმშემწყობი.

ვ) სწორედ 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 775 მილიონი ღირებულების დოლარი შეიძინა და ამოიღო ბრუნვიდან, ხოლო წლის ბოლოს, როცა დოლარმა მთელს მსოფლიოში ზრდა იწყო, დიდხანს მხოლოდ აკვირდებოდა სიტუაციას და საჭირო ჩარევებს აგვიანებდა. მერეც ეს ჩარევები მცირემასშტაბიანი იყო და დოლარზე არსებულ მოთხოვნილებას ჩამორჩებოდა. სადღეისოდ ეროვნულ ბანკს გაყიდული (ბრუნვაში დაბრუნებული) აქვს 660 მილიონი დოლარი (მაინც 115 მილიონით ნაკლები, ვიდრე ამოღებული). თავის დროზე ნაცმოძრაობის მიერ დანიშნული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ლოიალობა ქვეყნისადმი (და ახალი ხელისუფლებისადმი) მეტია, თუ – ყოფილი პატრონების მიმართ, ეს ნამდვილად არაა ადვილი სათქმელი…

ვ) ყველაზე უცნაური კი იყო ის დისონანსი, რაც გაისმოდა სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან დოლარის კურსის მატების შესახებ, რომლებიც ან საერთოდ თავს არიდებდნენ სიტუაციის განმარტებას, ან ქარაგმებით ლაპარაკობდნენ, იცილებდნენ რა პასუხისმგებლობას პირადად საკუთარი მხრებიდან!

ზ) ლარის გარდა დოლარის მიმართ მსოფლიოს უმრავლესი ვალუტები გაუფასურდა. ბოლო კვირამდე ლარი გაუფასურების ტემპებით დსთ-ს და ევროკავშირის ბევრ ვალუტაზე (მაგალითად, ნორვეგიულ, შვედურ და ჩეხურ კრონაზე, პოლონურ ზლოტზე, სერბულ დინარზე და სხვებზე) უკეთ გამოიყურებოდა (http://bfm.ge/index.php?newsid=8787 ). ბოლო დღეებში დანიური კრონაც 23%-ით, ხოლო აზერბაიჯანული მანათი სულაც 35%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და დიდი შანსია, რომ 24 თებერვალს ლარის კატასტროფული ვარდნა, სწორედ ორი აზერბაჯანული ბანკის ფილალების მხრიდან თბილისში დოლარის სერიოზული რაოდენობით შესყიდვამ გამოიწვია.

თ) დაბოლოს, მთელი რიგი ექსპერტები არა მარტო თავიანთ მოლოდინებს ახმოვანებდნენ, არამედ აშკარად კატასტროფულ სცენარებს ხატავდნენ. განსაკუთრებით მძიმე შედეგის მომტანი იყო შევარდნაძის დროს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის და სააკაშვილის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აპოკალიპტური პროგნოზები, რომლებიც მხოლოდ სკანდალის და საკუთარი ორაკულობის იმიჯის განმტკიცების მიზანს ემსახურებდა. აღნიშნული სპეციალისტი მშვენივრად არის ინფორმირებული იაზე, რომ სავალუტო კურსის 20-25%-იანი ვარდნა, როცა მთელს რეგიონში ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს, და ზოგიერთი ვალუტა ლარზე უფრო მეტადაც კი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ვერ აიხსნება მხოლოდ შიდა ფაქტორებით, მაგრამ იგი მუდმივად მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, თუმცა რატომღაც ავიწყდება, რომ მთელ მსოფლიოში მისი საპარლამენტო საბიუჯეტო ზედამხედველობის დროს დამყარებული წლიური სავალუტო ინფლაციის რეკორდი – 8500% – დღესაც გინესის რეკორდებში არის დაცული!

ხელისუფლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ სწრაფი და ენერგიული ზომებია საჭირო! ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინვესტიციური პროექტების ხელშეწყობა და დაჩქარება, გადასახადების დაქვეითება (მაგალითად, ბინების გამქირავებელთა მიმართ) და შეზღდული მოცულობის კრედიტის აღება…

 

კოალიციის პოლიტიკური პრობლემები

კოალიციას ნამდვილად აქვს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები:

ა) მოსახლეობის მხრიდან ნდობის შენარჩუნების,

ბ) გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობაში დაპირებული მიღწევების კიდევ უფრო ძნელად მისაღწევადობის დაძლევის

და

გ) საკუთარი რიგების გაწმენდისა და დისციპლინის დამყარების. ეს უკანასკნელი, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აშკარაა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციაც კი,  მთლიანად უმრავლესობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმდენად ჭრელია, რომ მისი აღქმა ერთიან გუნდად ძნელდება. ადრე ამ განსხვავებებს ნაცმოძრაობის დამარცხების სურვილი, ხალხის მხრიდან მიცემული მანდატი და უკეთესი მომავლის მოლოდინი ანეიტრალებდა. ახლა კი მგონი, დაიჯერეს, რომ საქმე გაკეთებულია, რომ მათ ტახტს არაფერი ემუქრება, და რომ მართლა დადგა ოცნებების და განცხრომის დროს…

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად გამოჩნდა, რომ თვითდამშვიდება ძალიან ნაადრევი იყო და რომ პრობლემები ახალი ძალით და სიმწვავით იჩენს თავს.

აი, რამდენიმე გამწვავებული პრობლემა:

ჯოკია ბოდოკიას საქმე

აღნიშნულ საქმეზე დიდხანს შეჩერება დროის ფუჭი კარგვა მგონია. რატომღაც არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჯოკია ბოდოკია არა მერიის ზედამხედეველობის სამსახურის უფროსია, არამედ – ამ სამსახურის აპარატის უფროსი მხოლოდ, ანუ დაბალი რანგის ფუნქციონერია, რომელსაც ნამდვილად არ შეეძლო ასეთი ტიპის „სერვისის“ გაწევა და სასტუმროსთვის ნანატრი პერსპექტიული ადგილის გარანტირება. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას ფული სხვისთვის გადასაცემად სჭირდებოდა და სწორედ ის “სხვა” იქნებოდა მაღალი დონის მოხელე შესაბამისი მაღალი დონის გაყალბების მანდატით.

მაგრამ, მოდით, ჯერ ის ვიკითხოთ, ვინ გადაიხადა ეს, – საქართველოსთვის მართლაც ძალიან მაღალი – ქრთამი!

აღმოჩნდა, რომ უბრალო ქართველ ქალბატონს გადაუხდია, ვინმე ნათია მახარაშვილს, სასტუმროს აშენების მოსურნე ირანული ფირმის ნდობით აღჭურვილ პირს. არც ის ვიცით, ვინ და როდის დაპირდა ნათია მახარაშვილს 180,000 დოლარს, და არც ის, რას წარმოადგენს ეს იდუმალებით მოცული ირანული ფირმა, რომელიც ნუცუბიძის ბოლოში, ლტოვილების ბინაში ფორმალურად ჩაწერილია და ამ მისამართს იყენებს იურიდიული საბუთებში. ეს ისტორია მაგონებს მეორე იდუმალებით მოცულ აღმოსავლელ „ბიზნესმენს“ – მარკ მონემს, რომელიც თითქოს უშველებელი ფირმის წარმომადგენელი იყო, ერთ პრეს-კონეფერნციაზე გამოჩნდა და მერე აორთქლდა… ვინმეს ხელწერას ხომ არ გაგონებთ თქვენც ეს ყველაფერი? აი, ვინმე ისეთის, ჯოკია ბოდოკიასთვის ქრთამის მიცემა რომ შესაძლო მიზანს წარმოადგენდა, ალბათ, და არა – სასტუმროს აშენების მიზნის მიღწევის საშუალებას! როგორც მაფიოზი კოლომბო იტყოდა – „იგივე სიფათები და იგივე ინსტრუმენტები…“ D:D:D

სავარაუდოდ, არცა ირანელები ყოფილან… იყო ერთი ნათია მახარაშვილი, რომლის ხელით ვიღაცამ 50,000 დოლარის გადაცემა, შეიძლება, იმისთვის დაგეგმა, რომ ჯოკია ბოდოკიასთვის მოქრთამვის ამბავი „აეწია“ – პროკურატურის წინასწარ გაფრთხილებით… იქნებ არც ირანელებია, არც სასტუმრო, არც ქრთამი… და ეს მხოლოდ სათაგურში დადებული ყველი იყო… და არც ჯოკია ბოდოკია აინტერესებდათ იმ „მარკ მონემებს“ და მათ დამქოქავ მელიებს… უფრო სწორად ჯოკია ბოდოკიას მეგრული გვარ-სახელი აინტერესებდათ მხოლოდ, რომელსაც მერე ადვილად მიაბამ ქალაქის მერის მეგრულსავე გვარს და გამოაცხობ ნაზუქივით მსუქან მითს იმაზე, რომ ჯოკია სოფ. კოკიდან არის და ბავშვობა დავით ნარმანიასთან ერთად გაატარა… (სინამდვილეში ჯოკიას ვაკეში აქვს ბავშვობა გატარებული).

ასე რომ, ამ ამბავში ძალიან საინტერესოა ეს ირანული ფირმა, და კიდევ უფრო საინტერესო, ვის ხვდებოდა და ვის ესაუბრებოდა ნათია მახარაშვილი „ოპერაცია ჯოკიამდე“ გარკვეული დროის განმავლობაში…

 

აჭარის გასაჭირი

ჯოკიასგან განსხვავებით, აჭარა – ნამდვილად რეალური თავის ტკივილია. და რეალური თავის ტკივილია უკვე დიდი ხანია. იმის გამო, რომ აქ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ღრმა ფესვები დატოვა, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” გამოსწორებული პოლიტიკა და გაცილებით უკეთესი ადამიანური რესურსები, ჯერჯერობით მაინც, ვერ დაუპირისპირა. ინფორმაცია, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნებამდე, აჭარიდან მოდიოდა, შემაშფოთებელი იყო, – რამდენადაც არ ჩანდა სწორი, პატიოსანი და მართალი მხარე! ყველა მხარე, რომელიც რაღაც ძიძგილაობებში იყო ჩართული, თავის მხარეზე საბნის გადაქაჩვას ცდილობდა და, ნაციონალური მოძრაობის გულის გასახარად, არც მორალით დაიკვეხნიდა და არც – პარტიული დისციპლინით. ამას გარდა, გვახსოვს, „უფლებადამცველ“ მედეა ვასაძის ფენომენალური უფლებადამრღვევობა ადგილობრივ ჟურნალისტებთან მიმართებაში, გვახსოვს გა-VIP-ებული ქოლგადაჭერილი ავთანდილ ბერიძე, გვახსოვს მურმან დუმბაძის ნათესავებით შელესილი აჭარის მმართველი კადრები… ბატონი ხაბაძის ბევრი არაფერი მახსოვს, თუმცა, არაა გამორიცხული, მასაც არ დაეკლო ხელი ნათესავებისთვის ხელის გამართვის საშვილიშვილო საქმეში… შედეგი ძალიან ცუდია – დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა უკვე ყოფილი უმცირესობა და მასთან გარიგებული „პერებეჟჩიკები“ არიან. მურმან დუმბაძე კი გინესის რეკორდის ახალი ნომინაციას უმიზნებს, – „ყველა პარტიიდან გარიცხული პოლიტიკოსის“ ნომინაციას. სიტუაცია დრამატულ-კომიკურია, მაგრამ რამდენადაც თავად თავმჯდომარის გადასაყენებლად 2/3-ს ჯერ ახლადგამომცხვარი „უმრავლესი უმცირესობა“ ვერ აგროვებს, ახლა მაინც შეიძლება დაჯდომა და გადაწყვეტა, სად რა უნდა მოხერხდეს…

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი

„ქართული ოცნების“ კოალიციას უკვე გამოაკლდა თავისუფალი დემოკრატების მთელი გუნდი. ახლო პერსპექტივაში, ეს ორმხრივად საზიანო გადაწყვეტილებად მიმაჩნია. „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სტრუქტურები რეგიონებში ძალიან სუსტია, თუკი საერთოდ არსებობს, და არც ისაა ცხადი, რა ფინანსური რესურსებით აპირებს ალასანია მომავალი არჩევნების მოგებას. არსებობს ერთი ძალა, რომელიც სიამოვნებით შესთავაზებდა ალასანიას თავის საკმაოდ მძლავრ ინფრასტრუქტურას და საიმედოდ გადამალულ „პარტიის ოქროსაც“, მხედველობაში მყავს ან ერთიანი ნაცმოძრაობა, ან მას ფორმალურად ვითომ გამოყოფილი ახალი სტრუქტურები, (მოძრაობა „ივერია“ ნიკა რურუას თამადობით), მაგრამ ალასანიასთვის ასეთ ალიანსში გაერთიანება ძალიან წამგებიან ნაბიჯად მიმაჩნია, რომელსაც იმედი მაქვს, იგი არ გადადგამს.

მოგებული, არა მგონია, კოალიციაც იყოს. „თავისუფალი დემოკრატები“ არა მარტო თავისი პროდასავლური ორიენტაციით არიან ცნობილნი, არამედ საკმაოდ კარგი წარმომადგენლები ჰყავდათ პარლამენტში, რომელთა ხმების და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გამოკლება როგორც ვიცე-სპიკერის, ასევე – კომტეტების თავმჯდომარეების ადგილებზე საკმაო დანაკლისია. მომზადებული ხალხი მომხრეებიდან უცებ მოწინააღმდეგედ რომ გადაიქცევა, გარკვეული ხნით მაინც – ეს სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს ბადებს. და ისიც გასათვალისწინებელია, რა ძალებით მოხდა „თავისუფალი დემოკრატების“ ჩანაცვლება პარლამენტში – ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტივისტებით, რომელთა ერთგულება „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებული პრინციპებისადმი ცოტა ძნელად წარმომიდგენია, რადგან კარგად მახსოვს, სად იყვნენ და რა პოზიციებზე იდგნენ 2012 წელს. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ “კაბელების საქმის” ისედაც გაჯანჯლებული ძიება უკვე პროკურატურას იმის მსგავს ზარალს აყენებს, როგორც ლაშა ნაცვლიშვილის დროს ტრაქტორების საქმის გაჯანჯლება, მაგრამ თუ ბოლოსდაბოლოს საქმე ალასანიასადმი ბრალის წაყენებამდე მივიდა, ამას დასავლეთში მართლაც საკმაოდ ცუდი გამოხმაურება ექნება…

ამას ემატება მედიაში მაქსიმალურად მუსირებული ხმები, რომ თითქოს რესპუბლიკელებიც აპირებდნენ კოალიციის დატოვებას. რაც უკვე არა იმდენად რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ცვლილება იქნებოდა, რამდენადაც კოალიცია სამი სუბიექტის მიერ დაფუძნდა და ორი პირველი დამფუძნებლის გასვლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან კითხვებს გააჩენდა საერთაშორისო თუ შიდა ასპარეზზე. მეორე მხრივ, თავად რესპუბლიკელებისთვისაც ეს ნაბიჯი ნამდვილად არ იქნებოდა მომგებიანი, რადგან მიუხედავად პარტიული სტრუქტურების შედარებით უკეთესი ორგანიზებისა, ფინანსებთან დაკავშირებით რესპუბლიკელებიც თავისუფალი დემოკრატების დღეში აღმოჩნდებოდნენ.

მაგრამ დღეს კოალიციის ყველაზე სუსტი სუბიექტი თავად პარტია „ქართული ოცნებაა“, რომელთა ლიდერებს შორის გარკვეული პრობლემები არსებობს და ეტყობა, რომ პარტიული დისციპლინა და პრინციპებისადმი ერთგულება სერიოზულად მოიკოჭლებს. ამის ნათელი მაგალითი ზაქარია ქუცნაშვილის თვითდასახელება იყო. ნორმალურად ფუნქციონირებადი პარტიული თუ კოალიციური სტრუქტურის შემთხვევაში ასეთი მაგალითები ლამის გამორიცხულია და კარგად გამოჩნდა, რომ პარლამენტში როგორც ეს ფრაქცია, ასევე უმრავლესობა სერიოზულ სამუშაოს საჭიროებენ.

ამას ემატება მინისტრების ბოლოდროინდელი ცვლილებები, მერიაში მოსალოდნელი გადანაცვლებები და ა.შ. ცოცხალი ორგანიზმისათვის ასეთი ცვლილებები ტრაგიკული არაა, მაგრამ ისინი და მათთვის გაძლების დემონსტრირება სწორედაც რომ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ტესტი უნდა გახდეს.

ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული გადალაგება სჭირდება. თუმცა, სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს გადალაგება ყოველთვის ადამიანების და სახეების ცვლილებები უნდა იყოს. ხშირად შეიძლება, ამ ადამიანებისათვის მათი ფუნქცია-მოვალეობების ზუსტად განმარტება და მათ მიერ ამ პრინციპების აღიარება და განუხრელი დაცვა აღმოჩნდეს. ეს პარტიის ახალი აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან თუ ასეთი ცვლილებები არ განხორციელდა, და პარტიის მექანიზმები და პრინციპები არ დაიხვეწა, ამას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება ხმების დაკარგვა და პოზიციების შესუსტება მოჰყვეს. ვფიქრობ, ამ ცვლილებებს ირაკლი კობახიძის გარდა კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობაც დასჭირდება.

სხვათა შორის, გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალი დემოკრატების კოალიციიდან გასვლა შეიძლება არც გამოდგეს ცუდი ამბავი და დემოკრატიული განვითარებისთვის ახალი სტიმულიც კი აღმოჩნდეს. თუ ისინი ნაციონალური მოძრაობის საცეცებში არ აღმოჩნდებიან (რისი საფრთხე თუნდაც იმიტომაა ძალიან რეალური, რომ მუდმივად მსგავს – ოპოზიციურ – პლატფორმაზე იქნებიან და მსგავსი (კრიტიკული) განცხადებების გაკეთება მოუწევთ რაც საზოგადოებაში მათ მაინც ერთ ძალად მოსაზრებას გამოიწვევს, თუნდაც ეს ასე რომ არ იყოს), მაშინ შეიძლება მართლაც მოახერხონ დისკრედიტირებული ნაცური ოპოზიციის ნაცვლად ახალი, ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბება. მაგრამ ამისათვის საჭიროა ახლავე სწორად განსაზღვრონ სტრატეგიაც, ტაქტიკაც და ფინანსების მოპოვების შანსები და გზები. და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხიდების საბოლოოდ ჩატეხვა ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებთან და იაფფასიანი დამამცირებელი პოპულიზმი ძალიან ცუდი ტაქტიკაა და მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ პირადული სძლევს პოლიტიკურს, რაც პოლიტიკაში გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანი მიდგომაა (ეს ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილსაც და ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით, – ირაკლი ალასანიას)…

აღნიშნული განვითარება, რაოდენ გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, არც „ქართული ოცნების“ კოალიციისათვის იქნება ცუდი. გასაგებია, რომ სრულიად დისკრედიტირებული ნაცმოძრაობის ნაცვლად თავისუფალი დემოკრატების ოპოზიციაში ყოფნა უფრო ძნელიცაა, მაგრამ უფრო გამაჯანსაღებელიც, როგორც საერთოდ ნორმალური კონკურენციის ნებისმიერი შემთხვევა. რადგან რეალურ ოპონირებას მოითხოვს და მესიჯი – „აბა, თქვენ რაღა გაქვთ სალაპარაკო!..“ უკვე უფრო რეალური მესიჯებით უნდა ჩანაცვლდეს, რაც “ქართული ოცნების” რიტორიკასაც, ოპონირების ტაქტიკასაც და ზოგადად პარტიის/კოალიციის პროგრამასაც ახალ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიყვანს, და უფრო ჯანსაღი პოლიტიკის, და საზოგადოებისთვის უფრო სასარგებლო ცვლილებების საწინდარი შეიძლება აღმოჩნდეს.

საგარეო ურთიერთობების შესახებ

ალასანიას გადადგომის ისტორიაში მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო ევროპული ვექტორის ცვლილების ავტომატურად დაკავშირება საკუთარ გადადგომასთან – „ილიკო ჩიგოგიძის ღალატი სამშობლოს ღალატიაო“, ზუსტად ეს ლოზუნგი გამახსენა და დამაჯერებლობის იგივე კოეფიციენტი გააჩნდა, თუ უარესი – არა.

მაგრამ მთლიანობაში „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდის (ალბათ – თვითმმართველობის არჩევნების შემდეგი პერიოდის) განმავლობაში მართლაც არის გარკვეული მომენტები, რაც არ არის გამორიცხული, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან გარკვეული ეჭვიანობის საფუძველი გახდეს – ქართულმა მხარემ არ მიიღო დასავლეთის საკმაოდ აშკარა სურვილი, თავი დაენებებინა ნაცმოძრაობის აქტივისტების სასამართლო დევნისათვის (და სწორადაც მოიქცა, რომ არ დაანება, რადგან ვერაფრით გაამართლებდა ამ პოლიტიკურ გარიგებას ქართული საზოგადოების თვალში), ქართულმა სახელმწიფომ ბრალი წაუყენა მიხეილ სააკაშვილს (და ჩემი აზრით, ძალიან სწორადაც მოიქცა), რომელიც დასავლეთის მხრიდან რეფორმატორ დემოკრატ პოლიტიკოსად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს ძალინ დიდი იმედი ჰქონდა, რომ გარკვეული ხნით დევნილობის შემდეგ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას შეძლებდა… ქართულმა პროკურატურამ საქმე აღძრა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ სავარაუდო ფინანსური მაქინაციების გამოსაძიებლად (რამაც დასავლეთში შეიძლება მართლაც გააჩინა იმის განცდა, რომ, მათი აზრით, ნაციონალების მიმართ წარმოებული „პოლიტიკური დევნა“ ახლა თავისუფალ დემოკრატებზეც გავრცელდა); ამას დაემატა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა 3 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების მიმართ, რასაც რამდენიმე დღეში გოგა ხაინდრავას მხრიდან სწორედ ამ ორგანიზაციების მხრიდან გარკვეულ „კორუფციულ სქემებში“ შესაძლო მონაწილეობის შესახებ იყო ლაპარაკი. მართალია, არც იმის გადაჭრით თქმა შეიძლება, რომ ხაინდრავას გამოსვლა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და თავად გოგა ხაინდრავამაც აღიარა, რომ მას კითხვები სახსრების შესაძლო კორუფციულ სქემებთან უცხოეთიდან ჰქონდა და რომ საქართველოში დასახელებული ორგანიზაციების პროექტებში მოხვედრის მომენტში ამ სქემებში და ამ ორგანიზაციათა პროექტებში არაფერი კორუფციული არ იყო. მაინც, ამ ყველაფერმა, შეიძლება, გარკვეული ეჭვი გააჩინა, ხომ არ უკავშირდებოდა ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები იმას, რომ ისინი დასავლური ორგანიზაციების – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვათა საიმედო პარტნიორებად ითვლებიან… ამას ყველაფერს დაემატა საქართველოს მთავრობაში საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებები და გარკვეული შენელების პერიოდი, რაც ასეთ ცვლილებებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე.

სამწუხაროდ, სრულად არ ხდება იმ სარგებლის გამოყენება, რაც საგარეო ურთიერთობაში გამოცდილ დიპლომატებს შეუძლიათ მოიტანონ – სალომე ზურაბიშვილი იქნება ეს თუ ირაკლი მენაღარიშვილი. არ ხდება ქართული ემიგრაციის სერიოზული პოტენციალის შესახებ სერიოზული დაფიქრება, განსჯა და გამოყენების პოლიტიკის და სტრატეგიის ჩამოყალიბება. “საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავიო!” – დავწერე ეს ბლოგი 2012 წლის არჩევნების წინ და მეგონა, რომ ეს მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას სჭირდებოდა მიგრანტებისადმი დამამცირებელი დამოკიდებულების დაწუნება… დღეს სიტუაცია უკეთესი კია, მაგრამ პრობლემები მაინც სახეზეა – ორმაგი მოქალაქეობის, საკუთრების შეძენა/დაკანონების და ა.შ. ამ საკითხზე თითქოს კარგი შეხვედრა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს სალომე ზურაბიშვილთან… მაგრამ შეხვედრა შეხვედრად დარჩა და არავითარი ძვრა არ მომხდარა.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ საგარეო სამინისტროს კადრების დიდი ნაწილი ნაცმოძრაობის მიერ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კადრებია, ხოლო არჩევნების წაგების შემდეფ ნაცებმა რამდენიმე ათეული სანდო კადრი სასწრაფოდ საზღვარგარეთ საელჩოებში გაამწესეს. არ ვიცი, ყველა მათგანი ინარჩუნებს თუ არა ნაცებისადმი ლოიალობას, მაგრამ ხომ კარგად გვახსოვს, ლოიალობის “გარანტირების” როგორი მეთოდები ჰქონდათ, – ჩეზარე ბორჯიას და ჰიმლერს რომ შეშურდებოდათ, ლამის…

ჩემი საბოლოო შეფასება ისაა, რომ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილის გამო კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ყველა სტრუქტურა –  ფორმალურად თუ არაფორმალურად, ყველა მოქმედი თუ ძველი კადრის და თუ საჭიროა, დაქირავებული ლობისტების მეშვეობითაც, – აქტიურად ცდილობდეს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობათა შესაძლო გაგრილების თავიდან აცილებას. კარგი იქნება, ახლა მაინც მოხდეს უცხოურ ასპარეზზე PR კამპანიის სწორი და კოორდინირებული წარმართვა, რაც ცოტა დაგვიანებული კია, მაგრამ ჯერაც „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ ეტაპზეა… ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკას და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები 2016 წლის არჩევნებზე ისედაც საკმაოდ მოძლიერებული რესპუბლიკური პარტიის შანსებს საკმაოდ ზრდის და ამ მხრივაც დროზეა მუშაობა დასაწყები…

ქართულ-უკრაინული ურთიერთობის პრობლემები

ვერ დავეთანხმები იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ მერე რა – პრობლემა არ არის, ყველაფერი მოგვარდება!

კატეგორიულად ვერ დავეთანხმები იმათაც, ვინც აღშფოთებულია და მზად არის უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო მიტინგების ცეცხლი დაანთოს, რომ უკრაინის მთავრობა „ჭკვაზე მოიყვანოს“.

ფაქტია, ლამის უკვე საბოლოოდ ჩაძირულმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადარჩენის ძალიან სერიოზული შანსი მიიღო. – ახალი ქვეყანა, ახალი ხელისუფლება, ახალი ფული, ახალი შესაძლებლობა, დაგეგმონ მრავალმილიარდიანი ბიუჯეტები, მოახდინონ ილუზიების ტირაჟირება, “დაამარცხონ კორუფცია” იმისთვის, რომ პარალელურად აააყვავონ საკუთარი კორუფცია, დაიჭირონ ქურდები, რომ თავად მოჯდნენ ქურდებად, აღზარდონ ახალი უკრაინელები, და ათასი სხვა ვარდისფრად შეღებილი ოღრაშობები…

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ვითომდა საქართველოს მოქალაქეობას ვერ შეელია და ოფიციალურ სამთავრობო თამამდებობაზე უარი განაცხადა, სინამდვილეში ყველაზე უკეთეს პოსტს მოეჭიდა – რეფორმების არაოფიციალური ხელმძღვანელია, პოროშენკოს პირადი დესპანი, რომლის სტატუსის წინაშე ევროპის და ამერიკის ყველა მნიშვნელოვანი კარი გაიღება, რომელიც უცხოური წამყვანი ტელევიზიების მუდმივი რესპოდენტი კვლავ გახდება და რომელიც, საკუთარი თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, პასუხს არც არაფერზე აგებს! – როგორც კი შეხედავს, რომ საქმე ცუდადაა, მაშინვე შეძლებს აორთქლებას და საკუთარი რევოლუციონერობის და რეფორმატორობის უზადო ნიჭის სხვა მთავრობისთვის შეთავაზებას. ეს მაშინ, როცა მინისტრებს და მინისტრების მოადგილეებს შეიძლება უფრო სერიოზულად მოთხოვოს პასუხი უკრაინელმა ხალხმა, რომელიც სავარაუდოდ, ერთ დღეს ისევე გამოიღვიძებს, როგორც ნაცებისგან მრავალ წელს მოტყუებულმა და გათანგულმა ქართველმა ხალხმა გამოიღვიძა.

მაგრამ მანამდე, ყოველგვარი თვითდამშვიდების გარეშე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მართლაც სერიოზული შესაძლებლობა მიიღო, რომელსაც ისინი, დარწმუნებული ვარ, არა უკრაინელი ხალხის აყვავებისათვის, არამედ საქართველოში საკუთარი დაბრუნებისათვის, ეცდებიან, გამოიყენონ!

ვფიქრობ, ქართულმა სახელმწიფომ სერიოზულად დააგვიანა ნაცმოძრაობის მამხილებელი დოკუმენტების გამრავლება და გავრცელება! მართალია, პროკურატურას დრო უნდა, მაგრამ რამდენი დოკუმენტური მასალა არსებობს – თუნდაც ნინო ზურიაშვილის სტუდია „მონიტორის“ ან ნანა ლეჟავას სტუდია GNS-ის მიერ გადაღებული, ან გოგა ხაინდრავას საოცრად ექსპრესიული დოკუმენტური ფილმი – “დემოკრატიის შუქურა”, რომელთა გავრცელება უკრაინაში დღემდე მაინც რთული არ იქნებოდა? დღესაც ხომ შეიძლება სასწრაფოდ ამ ფილმებისთვის სუბტიტრების  სხვადასხვა ენაზე მომზადება და მთელ მსოფლიოში მათი ტირაჟირება? გასაგებია, რომ ადრე სჯობდა. გასაგებია, რომ ვინც სააკაშვილის გუნდის უკრაინაში ჩასახლებას ხელი შეუწყო, არც ისე მიამიტია, რომ ეს ყველაფერი არ იცოდეს, მაგრამ დასავლურ სამყაროში მედიის და საზოგადოების ინფორმირებას სერიოზული მნიშვნელობა აქვთ! აბა, გვენახებინა უკრაინული, ან პოლონური, ან უნგრული საზოგადოებისათვის და მედიისათვის „დემოკრატიის შუქურა“ და „მინისტრის მეგობარი“ და მერე გვენახა, როგორ მოახერხებდნენ სააკაშვილი, საყვარელიძე და ადეიშვილი ამ საზოგადოების დაბოლებას? ან პოროშენკო როგორი ხალისით დანიშნავდა მათ?..

ახლა კი სასწრაფოდ გამოსასწორებელია ის დიდი პოტენციური ზარალი, რასაც სააკაშვილი, და ამერიკაში მშვენივრად მოკალათებული იაკობაშვილი და ლომაია ეცდებიან მიაყენონ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი საელჩოები, და პირველ რიგში ამერიკაში ჩვენი საელჩო, ჯეროვან წინააღმდეგობას არ თუ ვერ უწევენ… ძალიან ძლიერი ლობისტური ორგანიზაცია უნდა იქნას გამოყენებული მათი პროპაგანდის წინააღმდეგ! არა ისეთი, რომელსაც ოქროთი მოვარაყებული ბლანკები ექნება, არამედ, ისეთი, რომელიც ძალას და ენერგიას არ დაზოგავს მიხეილ სააკაშვილის “კაიკაცობის” და ცრუპენტელობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად და ყოველნაირი ბინძური ინსინუაციების გასაბათილებლად.

მოკლედ, რადგან ნაციონალების უკრაინაში მეორედ მოსვლა ვერ აღვკვეთეთ, იმითაც, რომ ჩვენი გასაკეთებელი საჭიროდ ვერ გავაკეთეთ, ახლა პოროშენკოს შეგონებებს, დემარშებს და მოთხოვნებს დიდი ეფექტი არ ექნება. პირიქით, ამ სიტუაციაში ძალიანც სწორი მგონია პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი კიევში და უკრაინელი ხალხისათვის ამ მძიმე ჟამს მათ გვერდით სოლიდარობის გამოხატვა! ნუ დავიწყებთ ახლა, პოროშენკოს გვერდით არ უნდა გაევლოო … მე იქ პოროშენკოზე მეტად უკრაინელი ხალხი, მათი დაღუპული გმირები და მათი მგლოვიარე ოჯახები დავინახე! ჰოდა, იმ ხალხს ჭირდებოდა ჩვენი თანაგრძნობა, და თუ იმას გავიხსენებთ, რომ ბევრი მათგანი აფხაზეთში ჩვენს გვერდით იბრძოდა, ჩვენც გვჭირდებოდა!

მოკლედ, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობები არ უნდა გაწყდეს. პარადოქსული სიტუაცია, რომ დღეს იქ საქართველოს ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგეების მთავარი ბუდე მოეწყო, უკრაინასთან დაპირისპირების მიზეზად არ უნდა იქცეს. ამავდროულად, ძალიან სერიოზულად უნდა გაკონტროლდეს ამ “დნეპრდალეულთა” საქართველოსთან კავშირები და მათ მიერ პოტენციურად ვანდეის მოწყობის სცენარების შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს.

საზოგადოების გახლეჩა თუ გაერთიანება

მთავარი კი ეს მგონია: – საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ისევ, როგორც 2012 წელს უნდა მოახდინონ ქართული საზოგადოების ჯანსაღი ძალების გაერთიანება. ერთიანობა, ოღონდ ჯანსაღი და პატიოსანი ძალების ერთიანობა დღესაც იგივე ხარისხის ამოცანაა, რაც 2012 წელს იყო. ვინაც თავი მხოლოდ კორუფციით და უგერგილობით “გამოიჩინა”, უნდა დატოვოს კიდეც პარტია თუ კოალიციას. მაგრამ თუ ვინმეს რესპუბლიკური პარტია ზედმეტად ამბიციური ჰგონია, ან ზაქარია ქუცნაშვილი – პარტიიდან გასაშვები,  ჯერ კეთილი ინებონ და მათზე უკეთესი და მათი ჩამნაცვლებელი კადრები მოიძიოს. ქართული რეალობა ისეთია, რომ ის პარტიები და პოლიტიკოსები გვყავს, რაც გვყავს. ეგენი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებრივი გადარჩევის გზით (არჩევნებით) უნდა დავხვეწოთ ხოლმე…

საქართველოს ხელისუფლების სამივე შტომ – პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის სპიკერმა ერთმანეთთან ურთიერთობის სწორი ფორმები უნდა მონახონ და, ხალხის წინაშე მაინც, კინკლაობას თავი უნდა ანებონ! ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ დღეს ერთ ეტლში არიან შებმულები და ამ ეტლის ნატანჯ მგზავრებს – ქართულ საზოგადოებას ახალი გადაჩეხვები კი არ სჭირდება, არამედ 25-წლიანი უმძიმესი მონაკვეთის იმედიანი დასასრული.

ხოლო ამ იმედიანი დასასრულის, რომელიც ახალი გზის დასაწყისი უნდა გახდეს, მთავარი შემადგენელი ნაწილი ორი იქნება – მშვიდობა და ეკონომიკური აღმავლობა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ჩემი ნაწილობრივი, ძირითადად მორალური – სოლიდარობისა საყდრისის დამცველების და “პანორამა თბილისის” მოწინააღდეგეთა რიგი არგუმენტებისადმი, მინდა ვთხოვო, დაფიქრდნენ, ისედაც მძიმე დღეში მყოფ ლარზე ამ ეკონომიკური პროექტების შეჩერება კიდევ უფრო როგორ კატასტროფულ დარტყმას მიაყენებდა…

მთავარ საფრთხეზე – რუსული დათვის ჩვენკენ შემოტრიალებაზე ამჯერად არ მილაპარაკებია. და მაინც, აშკარაა, რომ ირგვლივ მრავალი ქარიშხალია, არა მარტო გემის ეკიპაჟზე, არამედ თითოეულ ჩვენთაგანზეცაა დამოკიდებული, ეს გემი გააღწევს, თუ ფელინის ცნობილი ლაინერივით ამაღელვებლად და ლამაზად, სიმღერით და ორკესტრის ჰანგებში – დაიღუპება…

თფუი, ეშმაკს! D:D:D

Advertisements

დეჟა ვაი!


ეხლა ვნახე “ალ ჯაზირაზე” საქართველოს ექს-ლიდერის და ვაშინგტონში თათარიახლად დაარსებული “ახალი საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, – მიხეილ შეფარდებულის ინტერვიუ, და ჩემს თავს კითხვა დავუსვი
– ეს კაცი რომ ისევ საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო, რა ვითარება გვექნებოდა დღეს ქვეყანაში?

ალბათ, აი, ასეთი:

– საქართველოს სამხედრო ძალების მინიმუმ რამდენიმე ბატალიონი ან ერთი დივიზია ეყოლებოდა გაგზავნილი უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე;
– უკრაინაში გვეყოლებოდა რამდენიმე ათეული დაღუპული და დაჭრილი, რომელთა შესახებ მხოლოდ უცხოური მედიიდან თუ გავიგებდით შემთხვევით, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს ისევ ძველებურად აიძულებდნენ, რომ მიცვალებული ღამით ჩუმად დაემარხათ.
– რუსეთის მიერ დაწესებული იქნებოდა უკმაცრესი აკრძალვა ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანაზე და დიდი ალბათობით, რამდენიმე ათასი ქართველი იქნებოდა სასწრაფოდ დეპორტირებული, ხოლო რამდენიმე ათეული – დაპატიმრებული შპიონაჟის ან ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით;
– გაძლიერდებოდა აფხაზების და ოსების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების და დაპატიმრების ფაქტები ზემოთხსენებული ბრალდებებით. არაა გამორიცხული, გორის მახლობლად რუსული სამხედრო ტექნიკის დემონსტრაციული გამოყვანის შემთხვევებიც გვეხილა;
– მოიმატებდა დე-ფაქტო საზღვრისპირა რეგიონებიდან ლტოლვილთა ნაკადი;
– შეწყვეტილი იქნებოდა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა;
– თბილისის და საქართველოს სხვა ტერიტორიის თავზე რუსული თვითმფრინავები განახორციელებდნენ დემონსტრაციულ გადაფრენებს მოსახლეობის დაშინების მიზნით;
– საქართველოში ჩავარდებოდა ტურისტული სეზონი;
– საქართველოს ნაცმთავრობა ისევ მოაწყობდა წითელი ხიდის მახლობლად კაზანტიპზე უფრო მრავალრიცხვოვან აქციას – ოჯახის წევრებისა და ქონების სახალხო-საჯარო დემონსტრირებით;
– მიხეილ სააკაშვილის ჰალსტუხების კოლექციას ისევ დაემუქრებოდა ლიკვიდაციის საფრთხე;
– მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტ ინტერვიუს მისცემდა საერთაშორისო მედიას, ვიდრე უკრაინის მთელი მთავრობა – ერთად აღებული;
– მაპს მაინც არ მოგვცემდნენ;
– ერთადერთი, უკრაინელი ხალხიც და ხელისუფლებაც ნამდვილად უფრო მადლიერი იქნებოდა ჩვენი…

რამე გამომრჩა?

misha-sardal


მიუნხენი-2? (მიმართვა 21-ე საუკუნის დემოკრატ მმართველებს)


obama-putin-faceoff1

ვფიქრობ, ამაღამ (04.03.2014) რუსული ჯარები ყირიმში სისხლიან კონფრონტაციაზე წავლენ!

მიუხედავად რუსების მიერ უკრაინელებისათვის დილის 5 საათამდე “დიდსულოვნად” მიცემული ულტიმატუმისა, მათ უკვე დაიწყეს სევასტოპოლში უკრაინის ფლოტის შტაბზე შეტევა! ნაცნობი პროვოკაციული მეთოდით – წინ გაუშვეს ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმელები და სპორტსმენები – ტიტუშკები. თუ უკრაინელები თავდასაცავად იარაღს გამოიყენებენ, რუსები მათ ჩახოცავენ, თან წინასწარ გადაიღებენ, როგორ გაიხსნა “პირველი ცეცხლი” უკრაინელების შტაბიდან! D:D:D

პუტინის აჩქარების მიზეზი ორია –
1) მას არ სურს ეუთოს სადამკვირებლო მისიის შესაძლო ჩამოსვლის შემდეგ (ამაზე უარს კი ვერ იტყვის) აკეთოს ბნელი საქმეები. ტერიტორია მანამდე უნდა “მოასუფთავოს”…

მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამეა:
2) დღეს რუსულმა საფინანსო ბაზრებმა დაახლოებით 58 მილიარდი დოლარის ზარალი ნახეს!

პუტინის ამოცანაა, დაუყონებლივ დაარწმუნოს მსოფლიო და თავად რუსებიც, რომ თავად უმაგარესია, და რომ მსოფლიო მის წინაშე უსუსურია. თუ სასწრაფოდ ამის დემონსტრირებას მოახერხებს, რუსული საფონდო ინდექსები და რუბლი მალე ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება! პუტინის ხსნა ელვისებურ გამარჯვებაშია! თან ძალიან კარგად ხვდება, რომ რაც უფრო მეტად დაიცდის, უკრაინელებიც და დასავლეთიც უკეთ მოახერხებს გეგმების დასახვას და კოორდინაციას!

ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ, როგორც დღეს გამოჩნდა, განსხვავებით ამერიკისაგან, ევროპელი ლიდერების დახმარების მაქსიმუმი მხოლოდ სოჭში G8 შეხვედრაზე წასვლის შესახებ გულდამწყდარი უარი და უკრაინისათვის 600 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფაა! მხოლოდ კანადის და დიდი ბრიტანეთის მთავრობები წავიდნენ მოსკოვიდან ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევაზე…
მართალია, უკვე მარტია, მაგრამ ჯერ კიდევ ცივა და გაზის გადაკეტვის პერსპექტივა უფრო მძიმე ალტერნატივაა, ვიდრე პუტინის მიერ ჯერ ყირიმის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დაკავება… ასეა?

იმედია, მიუნხენის მეორე სამარცხვინო შეთანხმებას არ ვიხილავთ! თუმცა, ჯერჯერობით პერსპექტივა საკმაოდ არაოპტიმისტურია… 😦

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღშფოთებულმა განაცხადა, რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის დაპყრობითი ტაქტიკის და მეთოდების გამოყენება, და ეს დაუშვებელიაო!..

ბატონებო და ქალბატონებო!

მოვიდა დრო, ანახოთ მე-19 საუკუნის უკვე მრავალჯერ ნიღაბჩამოხსნილ აგრესორს, როგორ მოსვამთ თავის ადგილზე 21-ე საუკუნის ნატიფი დიპლომატიური მეთოდებით! (და ეს შეუძლებელი მართლაც არაა!)
მაგრამ თუ ამას ვერ ანახებთ, თქვენი მჭერმეტყველების ფასი გახვრეტილი ცენტი იქნება.

რა თქმა უნდა, მშვიდობის დამყარება სჯობს ომს და სისხლისღვრას. ნამდვილად არ მივეკუთვნები იმათ, ვისაც თქვენგან მესამე მსოფლიო ომის დაწყება „ეიმედებოდა“…

მაგრამ თუ ამ მშვიდობის მისაღწევად მტაცებლისთვის რიგრიგობით თქვენი მეზობლების ბარტყების გადაყრის ტაქტიკა იგულისხმება, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი ახალი მეზობლის გაწირვა რიგში თქვენც სულ უფრო წინა პოზიციაზე გწევთ.

რადგან მტაცებლის მადა ჭამაში მოდის,!.. და მერე როგორ მოდის…

რამდენიმე დღეში ალბათ პუტინი ყირიმზე სრულ კონტროლს დაამყარებს და ცინიკური ღიმილით მსოფლიოს კიდევ ერთ სილას გააწნის…

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საბოლოო დამარცხება.
დამარცხება ის იქნება, თუ თქვენ ამას შეშფოთებით, მაგრამ მაინც ელეგანტურად შეეგუებით…

მაშინ გამოვა, ჯობდა, უკრაინელებისათვის ტყუილი იმედები არ მიგეცათ…


უკრაინული რუბიკონი


OLYMPUS DIGITAL CAMERA

ხელისუფლება სვეტებს ეყრდნობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, შემდეგი სვეტებია:
1) სამართლის ძალა
2) განათლების ძალა
3) რწმენის (იდეოლოგიის) ძალა
4) რეპრესიული (პოლიციური) ძალა
5) სამხედრო ძალა
6) ხალხის ნდობის (ერთობის) ძალა
7) ფულის (ეკონომიკის) ძალა
8) დემოკრატიის ძალა
9) გარე (საერთაშორისო) ფაქტორების ძალა.

სხვადასხვა სტრუქტურის თუ ქვეყნის ხელისუფლების სიმტკიცეს, როგორც წესი, ამ სვეტების სიმტკიცე განსაზღვრავს. ზოგიერთ ქვეყანის ხელისუფლებას მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სვეტი გააჩნია საყრდენად, სხვები – უფრო ჰარმონიულ პორტალს ქმნიან. საინტერესოა, რომ თავად დასახელებული ფაქტორები სულაც არ არიან ერთმანეთის მიმართ ჰარმონიული და შეიძლება სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვიდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ რაც უფრო სტაბილურია ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ენერგეტიკაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ან – იმპერიული ტიპის სახელმწიფოების რეპრესიული და სამხედრო ძალა, მით უფრო სუსტია იქ არსებული დემოკრატიული ფაქტორი. თუ შევადარებთ, მაგალითად ჩინეთის და ლუქსემბურგის სახელისუფლებო სვეტების არქიტექტონიკას, საკმაოდ განსხვავებული სურათი გამოვა. და არც ისე ადვილი იქნება იმის ანალიზი, ამ ორი სრულიად განსხვავებული სისტემიდან რომელია ამჟამად უფრო მდგრადი, ან – რომლის პერსპექტივაა უფრო სტაბილური. მეტიც, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ერთსა და იმავე სახელმწიფოს საყრდენი სვეტების სრულიად განსხვავებული კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ხანომკლე ისტორიის მანძილზე ხელისუფლების საყრდენი სვეტების კონფიგურაცია და სიმტკიცე აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა 1918, 1938, 1958, 1978 და 1988 წლებში. სავარაუდოდ, რაც უფრო ნაკლებია მყარი და მდგრადი სვეტების რაოდენობა, მით უფრო მოწყვლადია ასეთი ხელისუფლება, რადგან თუ ის ბოლო 1-2 სვეტიც გაიბზარა, თითქოსდა გარეგნულად მყარი სისტემა ძალიან ადვილად შეიძლება ერთიანად ჩამოიშალოს. მეტიც, ხანდახან სწორედ ის სვეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცენტრალური საყრდენი იყო, შეიძლება ისე გაიბეროს და დამძიმდეს, რომ სტრუქტურის ყველაზე მტკიცე ნაწილიდან სწორედ ყველაზე საშიშ და მოწყვლად რგოლად იქცეს, და მცირედი ბიძგის შემთხვევაში სწორედ მისგან დაიწყოს რღვევა. რამეთუ იმაზე, რაც თითქოს ძალიან ძლიერია, შესაბამისად ნდობის ყველაზე მეტი ტვირთი მოდის. მაგრამ თუ სიმტკიცის შინაგანი მექანიზმი დალპა, იგი ისევე უცებ შეიძლება გადატყდეს, როგორც გარეგნულად მძლავრი, მაგრამ შიგნიდან გამოფუტუროებული ხე. ასე მოუვიდა რომის იმპერიას, მონღოლთა ურდოს, საბჭოთა კავშირს…

უკრაინის ხელისუფლების ბოლო 10 წლის ანალიზი ნამდვილად უკრაინელი ისტორიკოსების, პოლიტიკოსების და ეკონომისტების საქმეა, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად გააცამტვერა საკუთარი ხელისუფლების სიმყარის უკანასკნელი ელემენტებიც. ეს უზარმაზარი და მძლავრი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანა კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს იმ მასშტაბურმა კორუფციამ და ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის დეფიციტმა, რაც მუდმივად ასუსტებდა თუნდაც იმ სვეტებს (მაგალითად – ეროვნული თვითშეგნების აღმავლობის და ხელისუფლებისადმი ნდობის, თუ საკმაოდ სწრაფადგანვითარებადი დემოკრატიის სვეტებს), რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს მთავარ და ძლიერ მხარეებად მოიაზრებოდა.

მაგრამ პოსტიმპერიულ სივრცეზე გაჩენილ თუ აღორძინებულ სახელმწიფოების სერიოზული პრობლემა საერთაშორისო ფაქტორების და ურთიერთდაპირისპირებული ვექტორების ძლიერი ზეწოლა და არასტაბილურობაა. გასაგები მიზეზების გამო, ჯერ კიდევ სუპერსახელმწიფოს ამბიციების მქონე ექს-იმპერიას ერთი სული აქვს, ხელახლა აღადგინოს თავისი სტატუსი და ზეგავლენა. მეორე მხრივ, ახლადგაჩენილი ქვეყანა მიმზიდველი შეიძლება იყოს სხვა ძლიერი სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო გაერთიანებებისათვის ორი მიზეზის გამო – ან რომ საკუთარი თავი გაიძლიერონ ახალი წევრის თუ სტრატეგიული მოკავშირის შემოერთებით (არაა გამორიცხული, „სტრატეგიული კავშირის“ უკან მხოლოდ ეკონომიკური კავშირი – ნედლეულის წყაროების მიწოდება ან საკუთარი პროდქუციის გასაღების ბაზრად პერსპექტივა – იყოს), ან – უფრო იმისათვის, რომ დასუსტებული იმპერიული კონკურენტის ხელახლა გაძლიერებას შეუშალონ ხელი. არც ისაა გამორიცხული, რომ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ამა თუ იმ ახლადაღორძინებული სახელმწიფოს მიმართ ახალი შესაძლო პარტნიორების ინტერესი შეიძლება გაცივდეს ან გაგრილდეს, იმის მიხედვით, თუ როგორი საკუთარი პრობლემები და წინააღმდეგობები შეხვდებათ მათ. ინტერესის ნაკლებობაც შეიძლება იყოს პრობლემა, არა მხოლოდ – ახალი ინტერესების კონფლიქტი ძველთან…

სწორედ აქედან გამომდინარე, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ხელისუფლების (ნებისმიერი, და არა კონკრეტული ხელისუფლების!) ამოცანა უნდა იყოს:
ა) არ დაუშვას შიდა სიმძლავრეების გაპარტახება (თუ იმას ვერ ახერხებს, რომ გაძლიერება მოახდინოს);
ბ) მუდმივად ზრუნავდეს საკუთარი ხალხის ნდობის რეიტინგის შენარჩუნებაზე, რისთვისაც ყველაზე ადვილია სამართლის და დემოკრატიის სვეტების განმტკიცება;
გ) მკაფიოდ მოახდინოს საკუთარი საგარეო ინტერესების დემარკაცია, ოღონდ ისე, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა ძველ პარტნიორთან/სუზერენთანაც და შეძლებისდაგვარად არ დაუშვას ამ ურთიერთობის აგრესიული ესკალაცია.

იანუკოვიჩმა პირველი და მეორე პრინციპები აბსოლუტურად უგულვებელყო, ხოლო მესამე პრინციპთან მიმართებაში ისეთი ვაჭრობა წამოიწყო, რომ ორივე მხარისთვის არასანდო პარტნიორად გამოჩნდა. ასე რომ ის მიიღო, რაც ამ დროს ხდება ხოლმე – ქვეყნის შიგნითაც და გარეთად რეიტინგის სრული დევალვაცია. საბოლოო ჯამში, დღეს ალბათ არავინ აღარ დარჩა იმის მსურველი, რომ იანუკოვიჩის შენარჩუნებაზე სერიოზულად იზრუნოს.

mezhogorie-COMB
(ფოტოებზე: იანუკოვიჩის რეზიდენცია მეჟიგორიეში. კიდევ ორი რეზიდენცია, მათ შორის ერთი ყირიმში, არანაკლები ფუფუნების ამსახველია).

ხოლო ამ ყველაფრის თავი და თავი იყო ის კორუფცია, რომლის დაფარვას იანუკოვიჩი მაინცდამაინც არც ცდილობდა. ხალხის მხრიდან გაჭირვების გაძლების უძლიერესი მაგალითები, რაც ლონდონელებმა თუ ლენინგრადელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს აჩვენეს, უკავშირდებოდა პირველ რიგში იმას, რომ ხალხს ჰქონდა იმის განცდა, რომ ხელისუფლებაც იზიარებდა გაჭირვებას. ამას ინგლისის დედა-დედოფლის ცნობილი ფრაზა მოწმობს – ბაკინჰემის სასახლის ბუხრიდანაც არ უნდა ამოდიოდეს კვამლი, მაშინ როდესაც მთელი ინგლისი გათოშილიაო. ამავდროულად, საკუთარი გაჭირვების მოთმინებით ატანის სურვილი მომენტალურად ქრება, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ ქამრები მხოლოდ მათ აქვთ შემოჭერილი, ხოლო ხელისუფალნი ქამრების მუდმივად მოშვების რეჟიმში არიან და განცხრომის ახალ-ახალ საფეხურებს იპყრობენ.

იანუკოვიჩის ხელისუფლების დასასრული ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარმოდგენილი მქონდა, თუმცა არ მეგონა, რომ იგი ასე შორს წავიდოდა, და შესაბამისად, ასე უცებ დაკარგავდა კიდეც ხელისუფლებას. იგი ნამდვილად არ არის ლუკაშენკოზე უფრო სასტიკი. და შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში ვერ მიხვდა (როგორც სტრატეგიც, იგი ნამდვილად ვერ შეედრება ლუკაშენკოს), რომ მისი ხელისუფლების არსენალში მხოლოდ ორი სვეტიღა თუ იყო დარჩენილი – რეპრესიული და რუსული ფაქტორი. ხოლო როცა ასე მცირე არჩევანი დარჩა, ყოყმანი უკვე დამღუპველი იყო. თუმცა ბოლომდე რომ მისწოლოდა, ამით საკუთარი კრახის გადავადებას მიაღწევდა ალბათ, და არა – აცილებას.

საინტერესოა, რომ არამარტო რუსი მეკავშირეებისთვისაც (რომელთათვისაც იანუკოვიჩი მხოლოდ მანამდეა საინტერესო, სანამ მას უკრაინის, ნაწილის მაინც, მათ ორბიტაში დასაბრუნებლად რაიმე შანსი აქვს), არამედ დასავლეთისთვისაც (ყოველ შემთხვევაში – ევროკავშირის ლიდერებისთვისაც) ის, რაც უკრაინაში მოხდა – სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა… ევროპელები თავიდან იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ უკრაინა ხელიდან ეცლებოდათ (სანამ პუტინმა ცხვირწინ არ გამოაცალათ ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოსაწერი ეგზემპლარი). და ის ხომ საერთოდ სიზმარია, რომ უკვე დაკარგულად შეგუებული უკრაინა, თურმე, შეიძლება მაინც დაუბრუნდეთ… თუმცა ალბათ, იმას კი კარგად ხვდებიან ახლა, რომ თუ უკრაინა დაუბრუნდათ, ეს იმდენად საჩუქარი ვეღარ იქნება, როგორც ტვირთი! განსაკუთრებით, – პირველ თვეებში და წლებში…

მაგრამ როგორც უკრაინელებისათვისაც, ისე – ჩვენთვის მით უფრო, შედარებით მეტად საინტერესო ახლა ის კი აღარ არის, რატომ მოუვიდა იანუკოვიჩის ხელისუფლებას ის, რაც მოუვიდა, არამედ ის – რა შეიძლება მოხდეს ახლა, რას იზამს რუსეთი, რა საფრთხეები და პერსპექტივები არსებობს და ჩვენ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ იქედან, რაც ხდება…

1. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მაგალითზე თავიდანვე თვლიდა (ევროკავშირისაგან და თავად იანუკოვიჩისაგან განსხვავებით), რომ თუ უკრაინა მთლიანად არ დარჩებოდათ, ნაწილის (ნაწილების!) მიერთების და ამით უკრაინული პოლიტიკური სპექტრის და მოსახლეობის შანტაჟის კარგი შანსი ექნებოდათ.

2. იანუკოვიჩის გადაყენება რამდენად სამართლებრივი მექანიზმების დაცვით მოხდა, საკითხავია. ჩვეულებრივ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ კანონი დაცული არ იყო (და მაშინაც კი, თუ დაცული იყო!), გასაგებია, რომ დასავლეთისათვის მისაღები და ლეგიტიმური ორგანო – უკვე უკრაინის პარლამენტია, სადაც რეგიონების პარტიამ თავად დათმო ძალაუფლება და სპიკერი „ბატკივშინის“ ერთ-ერთი ლიდერი ტურჩინოვი გახდა, ხოლო რუსეთისათვის – იანუკოვიჩი.

3. იმით აჟიტირება, რომ იანუკოვიჩმა დონეცკიდან რუსეთში გადასვლა ვერც თვითმფრინავით და ვერც სახმელეთო საზღვრით, უკრაინელი მესაზღვრეების პრინციპული პოზიციის გამო, ვერ მოახერხა, არ ღირს. ჯერ ერთი, ეგ ინფორმაცია რამდენად სარწმუნოა, არ ვიცით. მეორეც უკრაინა-რუსეთის ლამის 2,000 კმ-იან საზღვარზე ნამდვილად მოიძებნება ალბათ ადგილი, სადაც იანუკოვიჩი ამას შეძლებს. სხვა საქმეა, რომ რუსეთს ლტოლვილი იანუკოვიჩი არაფერში ჭირდება და მედვედევის მხრიდან მის მიმართ გახმოვანებული ზედსართავი – „ჩვარი“ ნამდვილად არ საჭიროებს ზედმეტ დაზუსტებას იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ახლა მაინც იანუკოვიჩმა, თუ არ უნდა, რომ ჩვრის სტატუსიც კი სანატრელი გაუხდეს. სავარაუდოდ, იგი შეეცდება ხარკოვში, დონბასსა და ყირიმში ვანდეა ჩამოაყალიბოს და ცენტრალურ ხელისუფლების გადაწყვეტილებების საბოტაჟი დაიწყოს. დიდი შანსია, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი, განსაკუთრებით, კიევში ფაშისტების და ბენდეროველების გამეფებაზე და რუსების მიმართ დაგეგმილ გენოციდზე რუსული პროპაგანდის მიერ საუბრებით გაჟღენთილი, ამას გაგებით მოეკიდოს. ყირიმის პარლამენტზე, სევასტოპოლის ფაქტორზე და რუსულ ფლოტზე აღარაფერს ვამბობ. თუმცა, სეპარატისტების სახელით მოქმედება არაა მაინცდამაინც მომხიბვლელი პერსპექტივა და იმედია, კიევის ახალი ხელისუფლება თავისი ხისტი ნაბიჯებით (მაგალითად – რუსულ ენასთან მიმართებაში)
არ უბიძგებს რეგიონების რუსულენოვანი დამფრთხალი მოსახლეობის და ელიტის დიდ ნაწილს აქეთკენ.

4. რამდენიმე კვირაში, როცა პოლიტიკური ვნებათღელვების გრადუსი დაიწევს, წინა პლანზე ეკონომიკური ფაქტორები გამოვა. ქვეყანა ისედაც იყო დეფოლტის საშიშროების წინ, და ახლა ამის შანსი 50%-ზე მეტია. კიევის ცენტრში გამუდმებულმა ბრძოლებმა და ხანძრებმა შეიძლება ისე დიდი ფინანსური ზიანი არ მიაყენა ქვეყანას, მაგრამ სტაბილურობის იმიჯი მნიშვნელოვანწილად შელახა. თავად მომიტინგეთა მიერ იარაღის და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებამ, მათ ნაწილს შორის აგრესიული ნაციონალიზმის პოპულარობამ და რამდენიმე საელჩოს დაკეტვამ გაცილებით სერიოზული დარტყამ შეიძლება მიაყენოს უკრაინულ ეკონომიკას, ევრობონდების სავალალო მდგომარეობას და ეროვნულ ვალუტას. მით უფრო, რომ ქვეყნის ოქროს რესურსები კატასტროფულად დაბალ დონეზეა თურმე.

5. მეტად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ამდენ ხანს ბარიკადებზე მებრძოლი უბრალო ადამიანების მასაში ახლა დაბადებული რევოლუციური წარმატებით თრობის ფენომენი. მით უფრო, რომ ამ ადამიანებმა სწორედ საკუთარი თავგანწირვით, სისხლით, გმირობით და ერთმანეთის გატანით შეძლეს წარმატების მიღწევა და არა იმდენად, – შინაური თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერების ხელმძღვანელობით თუ თანადგომით. მათთვის შეიძლება არ აღმოჩნდეს ავტორიტეტი ისინი, ვისაც დასავლეთი ასე თუ ისე იცნობს, ხოლო ვისაც ისინი უფრო ენდობიან, ე.წ. „მემარჯვენე სექტორი“, Пра́вий се́ктор, ანუ ნიუ-ბენდეროველები, თავისი მკვეთრი ნაციონალიზმით თუ ნეოფაშიზმთან სიახლოვით – არ აღმოჩნდეს მისაღები დასავლეთისათვის. რაც უფრო მალე გამოიკვეთება ახალი ლიდერები და რაც უფრო მალე მოახერხებენ ისინი დასავლეთისათვის მისაღებ ძველ ლიდერებთან საერთო ენის და კონსენსუსის გამონახვას, მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მიღწეული წარმატება განმტკიცდეს და არ დაინგრეს. ხოლო დასავლეთის დახმარება აუცილებლად დასჭირდებათ, რადგან მშიერი ქვეყანა საშინელებაა, ხოლო მშიერი პოლიცია და ჯარი -საშიში… კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან ამ მემარჯვენე სექტორის (თუ „მართალი სექტორის“) ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას სულაც არ სურს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრირება და ევროკავშირს ლამის ისეთივე საფრთხედ განიხილავს, როგორც რუსეთს…

6. დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა მოახერხოს იმის გათვლაა და გამოცხადება, რა ფინანსური დახმარება შეიძლება გაუწიოს უკრაინას. ერთი საქმეა შორიდან მოკითხვების თუ შეშფოთების გამოხატვა, და მეორე, – როცა მომავალ პარტნიორად შერაცხულ ქვეყანას უნდა მილიარდებით დაეხმარო, როცა ფული საკუთარი მოსახლეობისთვისაც არ გყოფნის…

7. პუტინის მხრიდან უკრაინის საქმეების რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მას, ევროკავშირისაგან განსხვავებით, არ დაუხევია უკან 15 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და 3 მილიარდი კიდეც გადარიცხა უკვე (რასაც ახლა ალბათ ძალიან ნანობს). მაგრამ არის ერთი სერიოზული პრობლემა – უკრაინის დახლეჩვა და მისი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ნაწილის – სამხრეთ-აღმოსავლეთის – მითვისება პუტინისთვის თითქოს უდავო პოლიტიკური წარმატება უნდა იყოს, გაცილებით უფრო შთამბეჭდავი რუსი ხალხის თვალში, ვიდრე პატარა თვალწარმტაცი აფხაზეთის და რუსებისათვის კიდევ უფრო ნაკლებმომხიბვლელი ცხნივალის რეგიონისა, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი სულაც შეიძლება არ აღმოჩნდეს პოზიტიური! საქმე იმაშია, რომ უკრაინის გახლეჩვას ძალიან სერიოზული დარტყმა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზეც. რუსეთს მოუწევს ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯის საკუთარ თავზე აღება. წარმოების დიდი ნაწილი უკრაინაში ქვეყნის დეზინტეგრაციის შემთხვევაში გარკვეული დროით შეიძლება გაჩერდეს, რაც რუსეთის თავდაცვით მრეწველობას და მანქანათმშენებლობას დააზიანებს. რუსეთის მიერ უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული სახსრების ამოღება სათუო გახდება. და თან უეჭველად დაიწყება რუსეთიდან კაპიტალის გადინების კიდევ უფრო შეუჩერებელი ზრდა. დასავლეთი საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინის გადასანსვლის მკაფიოდ დემოსტრირების ფონზე სულ უფრო მეტად დაფიქრდება, რამდენად ღირს რუსული გაზის ხიბლით რუსი დათვის მძევლად ყოფნა. პოლონეთის, ბალტიისპირეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და ბულგარეთის მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება ზეწოლა ძველ ევროპაზე, რომ მათ საკადრისი პასუხი გასცენ რუსეთს. სავარაუდოდ, რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალი, ალბათ, რამდენჯერმე მეტი იქნება, ხოლო რეცესია უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს 2008 წლის საქართველოში შემოჭრას მოჰყვა. დავამატოთ ამას ისიც, რომ სირიასა და ირანში საომარი მოქმედებების ალბათობის მკვეთრად შემცირების და ერაყიდან ჯარების გაყვანის ფონზე ამერიკისათვის რუსეთთან მოლაპარაკების აუცილებლობა მცირდება, ხოლო ტონალობა შეიძლება გამკაცრდეს. ეს კი ამ სიტუაციაში ძალიან გაართულებს რუსეთის თუნდაც ისეთი ტრადიციული მოკავშირეების პუტინისადმი ლიბერალიზმსაც კი, როგორც გერმანია და საფრანგეთია. თავისდაუნებლიედ, პუტინი შეიძლება აღმოჩნდეს იმის მსგავს სიტუაციაში, როგორც ბრეჟნევი 1980 წელს, როცა ლამის ერთ დღეში დაპყრობილი ავღანეთი და მოსკოვის ოლიმპიადის გახსნით გამოწვეული სიამაყე გედის სიმღერის პირველი აკორდები აღმოჩნდა საბჭოთა იმპერიის კრახის წინ… ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ მოსკოვი დროზე მიხვდეს, რომ მისთვის მომგებიანი უკრაინის გახლეჩვის ბლეფია მხოლოდ, ხოლო რეალური გახლეჩა უპროგნოზო განვითარების რთულ კასკადს დაუდებს სათავეს, რომელშიც დამნაშავედ რუსეთში სწორედ პუტინს ჩათვლიან და მაშინ მას უკვე საკუთარი სახელისუფლებო სვეტების სიმყარის გამოცდა მოუწევს… საკმაოდ უცნაური იქნება რუსეთის ხელისუფალთა როლი ამ როლში, როცა ისინი მუდმივად შეეცდებიან აღმოსავლეთ უკრაინის და ყირიმის რუსოფილ ხელისუფალთა დარწმუნებას იმაში, რომ მათუ გეგმები უკრაინის გახლეჩვის მიმართულებით სულაც არაა ბლეფი, ხოლო მეორე მხრივ, დასავლელი პოლიტოლოგების და ეკონომისტების დარწმუნებას იმაში, რომ ეს მხოლოდ ჭორებია და რომ რუსეთისთვის გახლეჩილი და დასუსუტებული უკრაინა აბსოლუტურად მიუღებელია… თანაც, სულ არაა გამორიცხული, რომ პუტინი ხან ერთ როლში იყოს გულწრფელი და ხანაც – მეორეში!

8. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო რამდენიმე ერთი შეხედვით პარადოქსული დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ:
– ა) უკრაინის პრობლემები ძალიან შორსაა გადაწყვეტისაგან და იანუკოვიჩის გადაყენებას, პოზიტიური მხარის გარდა, ნეგატიურიც აქვს. ნამდვილად კარგი იქნებოდა, იანუკოვიჩი ისევე წასულიყო, როგორც თავის დროზე შევარდნაძე წავიდა და საკანონმდებლო-კონსტიტუციური ვაკუუმი არ შეექმნა ქვეყანაში.
– ბ) აუცილებელია არსებული მმართველობითი ხარვეზების სასწრაფოდ გამოსწორება არჩევნების დანიშვნით და იმის გარანტირებით, რომ არჩევნები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება და მისი შედეგები სწორედ მთელ ტერიტორიაზე იქნება ლეგიტიმური. ამისათვის აუცილებელია, რომ შენარჩუნებულ იქნას (რაც შეიძლება უცვლელად!) ერთადერთი კანონიერი სტრუტურა, რაც ფუნქციონირებს – უკრაინის რადა! გამარჯვებულმა ძალებმა არ უნდა სცადონ რადაში ბალანსის ხელოვნური დარღვევა, რაც რუსალენოვანი რეგიონების მოსახლეობის შიშებს და რუსეთის გაღიზიანებას გაზრდის.
– გ) აშშ, ევროკავშირი და რუსეთი – უკრაინული პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობით (არ გამოვრიცხავდი იანუკოვიჩის მონაწილეობასაც, მისთვის გარკვეული გარანტიების მიცემის საფასურად კი მის მიერ პოსტის დატოვების სამართლებრივი პროცედურების დაცვას, თუმცა ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ) სასწრაფოდ უნდა შეთანმხდნენ ქვეყნის ინტეგრაციის და მმართველობის კანონიერი სტრუქტურების არჩევნების ჩატარების ფორმებზე და ვადებზე, ასევე – უკრაინისათვის სასწრაფო ეკონომიკური დახმარების გამოყოფის მოცულობაზე და ვადებზე.
– დ) ზემოთხსენებული გარეშე ძალები უნდა შეთანმხდნენ იმაზეც, რომ ხელს არ შეუშლიან უკრაინის განვითარებას არჩევნების შემდეგ. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა მოითხოვოს გარანტიები, რომ უკრაინა (არასოდეს ან დიდი ხნით) არ შევა ნატოში და სევასტოპოლში კვლავაც (მუდამ ან დიდი ხნით) დარჩება რუსული ფლოტის ბაზა. ამ წინადადებების განხილვის ხელაღებით უარყოფა დასავლეთის ან უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან შეცდომა იქნება. აჯობებს, ისეთი პირობებზე მოლაპარაკება, რაც მაქსიმალურად მისაღები იქნება უკრაინისათვის (მაგალითად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად ხელმოწერა და ევროკავშირში შესვლის პერსპექტივის გაცხადებულკი დადასტურება, ნატოში შესვლის და სევასტოპოლის ბაზის გასვლის გადავადება, და არა – სამუდამო დაკანონება), მაგრამ შეუნარჩუნებს სახეს რუსეთის ხელისუფლებასაც, რომელსაც შიდა ძალები ადვილად არ აპატიებენ პირში მწიფე ლეღვივით ჩასავარდნად გამზადებულ უკრაინაზე ხელის აღებას.
– ე) მაიდანზე მყოფი ადამიანები უეჭველად იმსახურებენ ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ გარანტიებს და კომპენსაციებს (განსაკუთრებით – დაღუპულთა ოჯახები) და ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია რადას დონეზე. ამავე დროს, უკეთესი იქნება, თუ ეს ადამიანები და მათი არაფორმალური (ფაქტირუი) ლიდერებიც გააცნობიერებენ, რომ ამ სიტუაციაში მაინც, როცა მათი ქვეყნის არსებობა სასწორზე დევს, ზედმეტი მაქსიმალიზმი დამღუპველი იქნება და საკუთარი პირობების ხისტად დაყენებაზე უარის თქმა მოუწევთ. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება იმას, თუ ვინ უნდა იყოს უკრაინის მმართველი ძალა არჩევნებამდე პერიოდში. აქვე მინდა ვთქვა, რომ იულია ტიმოშენკოსადმი ჩემი საკმაოდ ეჭვიანი დამოკიდებულების მიუხედავად, მისი პოლიტიკური პოტენციალის უარყოფა არ იქნება, ალბათ სწორი, თუმცა ესეც უკრაინელების გადასაწყვეტია. ტიმოშენკო თუ შეძლებს და თავის ამბიციებს დროებით მაინც მოთოკავს, მისთვისვე სასარგებლო იქნება…
– ვ) ყველა იმ ტვინგაცხელებულ პოლიტიკოსს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ უკრაინის დაშლა ის ჩიტია, რომელიც ბდღვნაც ნამდვილად ღირს ან საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, ან – უფრო დიდი ფასკუნჯის – რუსეთის დაშლის პროვოცირებისათვის, უნდა ესმოდეს, რომ მათი სურვილები ვერ დარჩება სამუდამოდ საიდუმლო და რომ უკრაინის ამ მსხვერპლშეწირვის ბინძური იდეით ისინი საკუთარ თავს მოლოტოვის და რიბენტროპის რანგში აყენებენ. და ისიც დროა გაიგონ, რომ თუ ერაყის და ავღანეთის დამორჩილება არ აღმოჩნდა არც იოლი და არც შესაძლებელი, მით უფრო შეუძლებელი იქნება ეს პროცესები ხელოვნურად რუსეთთან მიმართებაში.
იმპერიები, ისევე როგორც პატარა ქვეყნები, მაშინ იშლებიან, როცა მათი ხელისუფლება სრულად ამოწურავს მისი საყრდენი სვეტების სიმტკიცის რესურსებს.

======

P.S. აღნიშნული სტატიის დაწერა რუსულადაც ან ინგლისურადაც შეიძლებოდა, მაგრამ არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვინმე უკრაინაში ან ევროპაში მომისმენს, მაშინ როცა აქაც კი სათუოა ჩემი ფიქრების პროფესიული ფასიც და თუნდაც შინაური პოლიტიკოსების მხრიდან მოსმენის თუ არა, კამათის მზაობა მაინც 🙂

ჩემი ძირითადი სურვილი ისაა, რომ ერთად დავფიქრდეთ იმაზე, რა გამოცდას გვიმზადებს განგება. მგონი, უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ სხვათა მაგალითზე შეგვიძლია ვისწავლოთ. თუ, რა თქმა უნდა, ძველებურად არ გადავწყვეტთ, რომ მაინც საკუთარი შეცდომების დაშვება გვირჩევნია 😦


უკრაინა – ტკივილი…


KIEV

ძალიან სამწუხაროა ამ საშინელი კადრების ყურება კიევიდან.
იღუპება ხალხი… ქალაქის ცენტრში ისვრიან და ცეცხლი მეფობს…
სახეზეა სულ უფრო მეტი ძალადობა, რომლის შეჩერება პოლიტიკოსებს მგონი არც სურთ, ან აღარ შეუძლიათ (იანუკოვიჩს, მაგალითად, არ სურს, აშკარად… ხოლო კლიჩკოს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს – არ შეუძლიათ)… დასავლეთი სრულ გაუგებრობაშია იმაზე, თუ რა შეიძლება იმოქმედონ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას არ ელოდნენ (რატომ, არ ვიცი…), პუტინი გახარებული ხელებს იფშვნეტს და ემზადება სატახტო სეფე-სიტყვისათვის, როცა (სირიის შემდეგ) კიდევ ერთხელ გამოვა მშვიდობისმქმნელის დაფნის გვირგვინით დამშვენებული და ობამას, მერკელს და სხვებს მოუწოდებს, აცალონ უკრაინელებს “მშვიდობიანი ცხოვრება”…

ჩემთვის აშკარაა, რომ იმ პირებში, ვინც სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესვრის, და მეტალის ხელჯოხებს ურტყამს არიან იანუკოვიჩის მხარდამჭერი პროვოკატორები. თუმცა ბევრი მაინც, ალბათ, მათაყოლილი ევროინტეგრაციის გულწრფელი მხარდამჭერებია – ძალიან ძნელია ორი თვე ყინვაში იდგე, უყურებდე ოპოზიციის უსუსურ ნაბიჯებს, ხედავდე, რომ არაფერი იცვლება, რომ პარლამენტი უკვე მიტინგების თავისუფლებასაც კრძალავს, და ამ ფონზე ლიდერების უმოქმედობამ და საკუთარი უილაჯობის განცდამ არ გიბიძგოს “ენერგიული ქმედებებისაკენ”… 😦 მაგრამ ამით ისინი მშვენიერ საბაბს აძლევენ იანუკოვიჩს, რომ სისხლში ჩაახშოს ევრომაიდანი და ეს ყველაფერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯებით გაამართლოს.

თუმცა თავად იანუკოვიჩისათვის ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, პოლიტიკური კარიერის დასასრულიც იქნება. არა მგონია, ასე სისხლში გასვრილი მალე ხელახლა აირჩიონ! მაგრამ პუტინი სხვას მონახავს, უფრო მორჩილს, რომელსაც დასავლეთისაკენ გახედვაც კი არ მოუვა თვალში!

ალტერნატივა მხოლოდ ქვეყნის ორად გაყოფაა. და უკრაინელებმა კარგად უნდა გაიაზრონ ამ ალტერნატივის პლიუსები და მინუსები.

ჩემთვის დღევანდელ დღეს კიდევ უფრო აშკარა ხდება, რას გადავურჩით 2003 წელსაც და 2012 წელსაც!
ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ შევარდნაძესაც, და სააკაშვილსაც (რომელთაც ეყოთ ჭკუა, ვა-ბანკზე არ წასულიყვნენ და სამოქალაქო დაპირისპირებაში ხალხის ხოცვა-ჟლეტის სეზონი არ გაეხსნათ) და დასავლეთსაც, (პირველ რიგში, ამერიკის საელჩოს) რომელმაც ჩვენს შემთხვევაში უფრო აშკარა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ხალხის არჩევნის მხარდასაჭერად… აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე, აქ მგონი, განგებას უნდა ვუთხრათ მადლობა…

მაგრამ პირველ რიგში, მაინც საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ მადლობა – მთელ ხალხს, რომელმაც ყბადაღებული “ერთი ფოთლის არჩამოგდების” სტრატეგია აირჩია… დღეს სულ არ მეღიმება ამაზე… 😦

მთელი გულით თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან იმსახურებს, რომ მონობაში არ ცხოვრობდეს! რომ თავისუფალი არჩევნის უფლება ჰქონდეს! რომ ასეთ ძმათამკვლელ ომში არ ჩაებას…
ვუსურვებ მათ უფრო დაფიქრებულ ნაბიჯებს, უფრო გონიერ და პატიოსან პოლიტიკოსებს, უკეთეს ბედს და ამ ძალიან მწარე გაკვეთილიდან სწორი დასკვნების გამოტანას!

ბრძოლა არ დამთავრებულა. იგი მხოლოდ იწყება!
მაგრამ ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან უნდა გაგრძელდეს!

😦
kiev-dead


ფიქრები უკრაინაზე (2013 წლის 1-2 დეკემბერი)


Ukraine-pro

1 დეკემბერი, 20:30 –
ვფიქრობ, უკრაინაში მიმდინარე მომწიფებული რევოლუციის უკან ან არავინ არ დგას (დასავლელ ლიდერებს ვგულისმობ), ან თუ ვინმე დგას, ეს შეიძლება სულაც ვლადიმერ პუტინი იყოს!
პუტინი არ აპატიებს იანუკოვიჩს იმას, რომ მან ლამის მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, და შეეცდება, ახლა ისეთივე (ან მეტი!) სარგებელი ნახოს უკრაინაში დაწყებული არეულობიდან, როგორც 2008 წელს საქართველოში ნახა.

რა თქმა უნდა, იგი ვერ მოახერხებდა უკრაინაში ტანკების შესაყვანად ნიადაგის მომზადებას, მაგრამ ახლა, თუ იანუკოვიჩმა ხელისუფლება ვერ შეინარჩუნა (და ამაში მას, ალბათ, აღარავინ დაეხმარება), სერიოზული შანსია, რომ უკრაინა ორად გაიხლიჩოს და აღმოსავლეთ უკრაინამ რუსეთს პროტექტორატი თხოვოს.

ვლადიმერ პუტინი ერთადერთი “რიცკიანი” მოთამაშეა, რომელიც ასეთ ვა-ბანკზე შეიძლება წავიდეს!

რაც დავწერე, სულაც არ ნიშნავს, რომ იანუკოვიჩს მხარს ვუჭერ! მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში პროდასავლელი ლიდერის მოსვლას აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსული მოსახლეობა და მათი პროტექტორი რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს!
და საკითხი ასე შეიძლება დადგეს – ან უკრაინას კიდევ უფრო პრორუსი ლიდერი ეყოლება, ან ქვეყანა შეიძლება ორად გაიყოს!

1 დეკემბერი – 23:45
კიევის მილიცია არაოფიციალურად (!!!) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქში 1,6 მილიონი ადამიანი გამოსული ქუჩებში საპროტესტო მიტინგებზე! ამავე დროს იგივე მილიცია ოფიციალურად მხოლოდ 40,000 პროტესტანტის შესახებ იუწყება! ანუ, ეს აშკარა დეზინფორმაციაა, რომ საკუთარი ქვემდებები და ძალადობა გაამართლონ, ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქისაკენ ტანკები მოდის!
აი, ეს არის ბიბისის 6-7 საათის წინანდელი კადრები – სადმე იგრძნობა, რომ აქ ათობით ათასი ადამიანია? აღარ ვამბობ ასობით ათასზე და მილიონებზე? და დააკვირდით, რას ამბობს ბიბისის ჟურნალისტი, რომ მილიცია უცებ კვირას სადღაც გაქრა და არავინ უშლის ხელს ხალხს, ააგონ ბარიკადები… სპეციალურად დადგმულ პროვოკაციას ჰგავს ეს – 26 მაისის მსგავსად უნდათ გამოაცხადონ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა. სამწუხაროდ, მოლოტოვისა კოქტეილებიც იქნება და უარესიც, ალბათ… http://www.bbc.co.uk/news/world-europe-25174937

2 დეკემბერი – 00:25
თუ ტანკები მართლა მოდის კიევისაკენ, ეს იმას ამტკიცებს, რასაც ვამბობდი.
ეს რევოლუცია იმიტირებულ სპექტაკლს ჰგავს – 45 მილიონიან ქვეყანაში 3,000 კაციანი მიტინგი არ იღებს პრეზიდენტის სასახლეს, თუ ეს ყველაფერი დადგმული არაა.
მოლოტოვის კოქტეილებით “შეშინებულ იანუკოვიჩს” ტანკები შემოჰყავს ქალაქში? D:D
ბარემ ყინწვისის შეთქმულების და “ზილის” ზღაპრებიც მოჰყვნენ…

საინტერესოა, იგივე ევროპელები, რომლებიც 26 მაისის მერეც სააკაშვილის “პროგრესულობაზე” და “დემოკრატიულობაზე” გვაბოლებდნენ – ლისეკი, ბილდტი, ევროპის სახალხო პარტია და სხვები, და მიშას დადგმულ სპექტაკლებზე რომ კურცხლი სდიოდათ, ახლა როგორ აღშფოთდებიან…
D:D:D – ხალხია ცოდო… იმედია, უკრაინულ ოპოზიციას ეყოფა ჭკუა, არ აჰყვეს ამ პროვოკაციას და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს ძლიერი საპროტესტო მუხტი ლოზუნგით – “ევროპაში – იანუკოვიჩის გარეშე!”

2 დეკემბერი, 01:29

მიმაჩნია, რომ კიევში მიმდინარე პროტესტი ევროპიდან არ იმართება!

ორი ვარიანტია – ან
1)საერთოდ არც იმართება და ქაოტური მრისხანებაა, რაც სრულიად გასაგებიც იქნებოდა ასეთი ფრუსტრაციის ფონზე, როცა ერთი კვირის წინ ყველას სჯეროდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უცილობელი ფაქტი იყო, ან –
2) თუ იმართება, სწორედაც რომ პუტინისაგან იმართება!

ამ ბოლო ვერსიას ორი ქვევარიანტი აქვს –
2ა) – პუტინი ამას იანუკოვიჩის ხელით მართავს და ეს ყველაფერი იანუკოვიჩის ხელისუფლების გასამყარებლადაა, ან
2ბ) – პუტინი ამას იანუკოვიჩის გადმოსაყუდებლად, და უფრო მეტად კი – უკრაინის ორად გასახლეჩად აკეთებს, რათა “ნიღაბი” ისე ჩამოიგლიჯოს, რომ 2008 წელს გამოჩენილი სიფათი ბავშვურ ღიმილად მოეჩვენოს ყველას მსოფლიოში!

თუ ეს ასეა – ძალიან დიდ ვა-ბანკზე მიდის, მაგრამ აქამდე გამოსდიოდა, და გასაგებია, რომ ვისაც გამოსდის, იმას თავს გასდის!
ძალიან მეეჭვება, დღეს ჭკუათმყოფელ უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იანუკოვიჩის რევოლუციური გადმოგდება ჰქონდეს ერთადერთ და სსასწრაფო ნატვრად… არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინს აღმოსავლეთ უკრაინაში სპეციალური მე-5 კოლონა არ ჭირდება. იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედაც რომ პრორუსულია და ეკონომიურადაც ჭიპლარითაა მიბმული რუსეთის ეკონომიკაზე. ხოლო უკრაინის ეკონომიკის 2/3, თუ მეტი არა, სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაზე მოდის…