მოსალოდნელი არჩევანი, ანუ გაბლეფებული ბლეფი


მე პირადად, აბსოლუტურად არ გამკვირვებია ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ქართულმა ოცნებამ გიორგი მარგველაშვილი აირჩია.
ამის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კი, ნუ გაგიკვირდებათ და – ნაციონალური მოძრაობაა (რომელიც „ერთიანი“ აღარ არის და „ეროვნული“ ვერც ვერასდროს გახდება, მაგრამ დაშლილიც არაა ჯერ).

მე მგონი, ნაცმოძრაობამ ერთი სერიოზული იაღლიში დაუშვა, როცა წინასწარ განაცხადა, რომ მისი ფავორიტი კონკურენტი ირაკლი ალასანია იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ნაცმოძებს ალასანიაზე მზე არ ამოსდით, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ იგივე კარტი გაეთამაშებინათ, რაც 1 ოქტომბრის წინ ივანიშვილმა გაითამაშა, სულ რომ აქებდა ვანო მერაბიშვილს და ამით სერიოზული „ჩორტი“ ჩამოაგდო ნაცმოძრაობაში, რომელიც მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ „ჩორტის“ აჩრდილთან ჭიდაობას გადაყვა…
ჰოდა, ახლა ბოკერიამ და „სასტავმა“ გადაწყვიტა ბლეფის გათამაშება და ააგეს ციხე-კოშკები, რომ ყველაზე ძლიერი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა, რომ ივანიშვილი არ დაუშვებს ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, რომ ალასანია ამით გაბრაზდება, რომ გაბრაზებული ალასანია დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, რომ ამაზე გაბრაზებული ივანიშვილი თავად იყრის კენჭს ოცნების კანდიდატად, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ გახლიჩავს, რომ გახლეჩილი ოცნება ხალხს აღარ მოეწონა, რომ იმედგაცრუებული ხალხი ისევ შეჩვეულ ჭირს, ანუ, ნაცმოძრაობას მიუბრუნდება…
მოკლედ „ღარიბი და ქილა ერბოს“ ეს გროტესკული რიმეიკი უსასრულოდ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, იმ კაცის გუნდის მხრიდან, რომელიც ამ ბოლო დროს ზღვის ფსკერზე მჯდარი ზვიგენების შესახებ უწყინარი, და პროქტოლოგების შესახებ ბინძური ანეგდოტების მოყოლით „გვართობს“…
ირმა ნადირაშვილი რომ ვნახე ნინო შუბლაძის გადაცემაში, ვიფიქრე, რომ მაგიდაზე რამდენიმე მურიანი თეფში არ აწყენდა ამ შოუს, ხოლო თუ ნეტარი ირმა თვალებს დახუჭავდა და თავს უკან გადააგდებდა, ახალგაზრდა ვანგას „პონტშიც“ შეიძლებოდა გასულიყო…
ნაცმოძრაობამ ერთი რამ ვერ გათვალა, ოღონდ, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური წონა, რომელიც 2010 წლის სავალალო დაქვეითების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაიზარდა, მიუხედავად ამისა, (და იმისაც, რომ ალასანია ნამდვილად არის ახლო მომავლის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკოსი) აბსოლუტურად ვერ შეედარება იმ პოლიტიკურ წონას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ვანო მერაბიშვილს გააჩნდა! „ქართული ოცნების“ წარმოდგენა, თუნდაც ალასანიას გარეშე, საკმაოდ შესაძლებელია და ეს, (რა თქმა უნდა, არასასურველი,) განვითარება, „ქართულ ოცნებას“ ვერ დაანგრევს, განსხვავებით იმისაგან, რა მოხდა ნაცმოძრაობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებით მისი უზარმაზარი გავლენის განეიტრალება სცადა.
და მაინც, სანამ ნაცმოძრაობა არ დაშლილა, სანამ მისი რამდენიმე ოდიოზური და კრიმინალი ლიდერი საბრალდებო სკამზე არ ზის, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფუფუნება იქნება იმის გარეგნული ეფექტის დაშვებაც კი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაშლის პროცესი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ნაცმოძრაობა საბოლოოდ მარტივ (და ერთურთის მაგინებელ) მამრავლებად არ დაშლილა.
მე პირადად, მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობის კრიმინალური ქმედება სასამართლოს მიერ იქნება დადასტურებული, ხოლო მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე მისი „პოლიტგენერალი“ მათ მიერ ჩადენილ სერიოზული დანაშაულთა გამო გასამართლებული იქნება, ძალიანაც კარგ ვარიანტად მიმაჩნია „ქართული ოცნების“ რამდენიმე ფრაქციად/პარტიად დაშლა. ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ უფრო საინტერესოს, კონკურენტულს, ცოცხალს და განვითარებადს გახდის, განსხვავებით, ნაცმოძური ნეობოლშევიზმისა, რომელიც საბოლოოდ ისევ მის მიერვე შექმნილ ჭაობში ჩაიხრჩო.
ხოლო ჯერჯერობით კი, ნამდვილად არ გამკვირვებია ის არჩევანი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა – შეგნებულად არ დასახელდა ისეთი აქტიური და გამოკვეთილი ლიდერი, რომლის უკან სერიოზული ძალა იდგებოდა (ასეთები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ირაკლი ალასანია და სალომე ზურაბიშვილი). არჩევანი იყო აქამდე აბსოლუტურად აპოლიტიკურ პიროვნებებს (პაატა ბურჭულაძე, გია დვალი, ნაწილობრივ – დავით მაღრაძე) და ისეთ ლიდერებს შორის, რომლებიც პოლიტიკაში კი არიან, მაგრამ მათ უკან რაიმე პოლიტიკური პარტია ან ჯგუფი არ დგას (კახა კალაძე, გიორგი მარგველაშვილი). აქაც ლოგიკური იყო, რომ არ დასახელებულიყო პოლიტიკურად გამოუცდელი პიროვნება, რომელსაც წინასაპრეზიდენტო დებატებში გაუჭირდებოდა ნაცმოძრაობის დაქოქილ დემაგოგებთან პაექრობა, ან სუფთა დეკლამატორულად (როგორც გია დვალს, ან პაატა ბურჭულაძეს), ან – პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით (როგორც, მაგ. დავით მაღრაძეს).
დარჩენილ 2 ფიგურას შორის სწორედ დებატების გამოცდილების, ფილოსოფიური „ბექგრაუნდის“, დახვეწილი იუმორის/ირონიის გათვალისწინებით, არჩევანი საბოლოოდ გიორგი მარგველაშვილზე გაკეთდა.

აქვე მინდა მოვიბოდიშო იმის გამო, რომ აქამდე არ ვახსენე ვახტანგ ხმალაძე, რომელიც პირადად ჩემთვის ყველაზე ახლოს არის იმ ტიპის სამაგალითო პრეზიდენტთან, როგორც ვაცლავ ჰაველი იყო (თუმცა ქარიზმატულობაში ჩამორჩება, ალბათ, მაგრამ წესიერებაში – ნამდვილად არაფრით, ხოლო პოლიტიკური/იურიდიული გამოცდილებით კი სჯობს კიდეც ლამის!). ბატონ ვახტანგს, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, მისავე პარტიის ლიდერმა „დაუდო კვანტი“ :). გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იმ პირობებში, როცა სადღეისოდ ქვეყანას ორი გამოკვეთილი ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ჰყავს, უმაღლეს თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის მოვლინება ძალიან სერიოზულ დისბალანსს მოიტანდა ფორმალურად 6-წევრიან კოალიციაში.
სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ თანამდებობას, თუნდაც მარტო იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სათავისოდ ჩაკეტილი არ აქვს საკადრო რესურსის ზარდახშა! არ გამიკვირდება, თუ ახლო მომავალში ქ-ნი სალომე რაიმე პრესტიჟულ პოსტს მიიღებს და ამ მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრობის გარდა მერობაც არაა გამორიცხული, სადაც მეორე კონკურენტს – თინა ხიდაშელს ზუსტად იგივე პრობლემა ეღობება, რაც ვახტანგ ხმალაძეს (თან, უფრო მეტადაც კი :).
რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, მე პირადად კანდიდატად მისი დასახელებაც კი გამიკვირდა, რადგან იგი სულ რაღაც 1 თვის წინ გახდა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და აქტიური პოლიტიკოსი, და მოსახლეობა მას ცუდად იცნობს (ან იცნობს შევარდნაძის დროიდან – უფრო უარესი…). ბატონ არმაზს სულაც არ ვაფასებ გიორგი მარგველაშვილზე ნაკლებ პოლიტიკოსად, მაგრამ ცნობადობა მაინც სერიოზული ფაქტორია.

ახლა, როცა თეთრებმა მეფის გამბიტი აირჩიეს, არადანი შავებზეა! 🙂

ნაცმოძრაობისათვის, გიორგი მარგველაშვილი, ალბათ ყველაზე ცუდი, უხერხული მეტოქეა. მას არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკოსობის ბაგაჟი, საიდანაც ნაცმოძებს და მათ ერთგულ „რუსთავ2“-ს რაიმე კომპრომატის ამოქექვა არ გაუჭირდებოდათ, მას ვერ დააბრალებენ პრორუსულობას, და მას საკმაოდ უჭრის ტვინიც და ენაც, რომ ნებისმიერ პოტენციურ კანდიდატთან კამათი არ გაუჭირდეს.
ნეცმოძებმა სწორი ქნეს, როცა საკუთარი კანდიდატის დასახელება არ იჩქარეს. წარმოიდგინეთ, რა ფიასკო იქნება მარგველაშვილთან დაპირისპირებული მერაბიშვილი! ის კი არადა, მარგველაშვილის დასახელებით დავით ბაქრაძის შანსებიც სერიოზულად შემცირდა. გიორგი ვაშაძე მე ყოველთვის მეორე კალიბრის პოლიტიკოსად მიმაჩნდა, ხოლო ბარამიძეს ისეთი „ბაგაჟი“ აქვს, რომ წესით კანდიდატად კი არა, ცისკარიშვილივით სადმე გაყურსული უნდა იმალებოდეს… ასე რომ რეალური კონკურენტი რჩება ორი – გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.
ამ ორს შორის მე უფრო რეალური ბოკერია მგონია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლო მომავალში საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსს ერთი სერიოზული მომხიბვლელობაც ექნება – იგი ხომ არჩევნებამდე იმუნიტეტის ტოლფასი იქნება. ეს კი დღეს ჰაერივით, სწორედ უგულავას, მერაბიშვილს და ბარამიძეს სჭირდებათ. ასე რომ ვნახოთ… მოლოდინისთვის დრო ბევრი არაა, ორშაბათიც გათენდება.

P.S. ხოლო რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ ირაკლი ალასანია დამოუკიდებელ კანდიდატად მოინდომებს არჩევნებზე კენჭისყრას, მე ალასანია გაცილებით უფრო ჭკუადამჯდარ პოლიტიკოსად მიმაჩნია, რომლისთვისაც დიდი პოლიტიკური კარიერა ახლა იწყება… და ვნახოთ, ვინ უფრო კარგად იცნობს მას – ირმა ნადირაშვილი, თუ თქვენი მონა-მორჩილი. თუ აღმოჩნდა, რომ ირმა მართლაც ფსაიქიქი ყოფილა, წინასწარ ვაცხადებ, რომ ჩემთვის ირაკლი ალასანია პოლიტიკურ წარსულში დარჩება.

GIGA-MARGVELA

Advertisements

ნეონაცური ევოლუცია


misha-frustrated

19 აპრილის „ისტორიულ“ (მაგრამ არც თუ ისე – ისტერიულ) აქციას ბევრი შედეგი აქვს.
აქედან ზოგიერთი ჯერ კიდევ დაფარულია და უახლოეს 2-3 თვეში გამოჩნდება.
1. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა! (მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეს ოფიციალურად არ გამოცხადებულა). ძველი სახელი, მგონი, არავის უხსენებია, ხოლო მომავალი რებრენდინგული სახელი – „ახალი ეროვნული მოძრაობა“ ყველას სტეპლერით ჰქონდა ენაზე დაკრული. ნათლიათა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს ძველი ძირის – „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნება, რაც რებრენდინგის დროს სერიოზული ამოცანაა პარტიის ცნობადობის შესანარჩუნებლად, ამავე დროს აქცენტად მოიტანეს, რომ ეს „ახალია“ და „ზეცნობიერად“ სურთ ამით თავიანთ წარსულსაც ნაწილობრივ გაემიჯნონ, და თან ქართველ ხალხს მიმართონ ილიას სიტყვებით: „ამ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია!“. თუმცა ისევ გავიმეორებ, არაფერი არაა იმაზე ამაზრზენი და იმაზე სასაცილოც, როგორც ნაცმოძრაობის მუდმივი სურვილი „ილიელობაზე“ დადონ თავი. ქართულ პოლიტიკაში მათზე მეტი ანტი-ილიელი მარტო ერთი მახსოვს, გვარად – ბერბიჭაშვილი. თუმცა ის ბანდიტი იყო, ხოლო ანტი-ილიელი პოლიტიკოსი ნეობოლშევიკების მამა სტალინი იყო, რომელსაც ილიას სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ ასევე „შეუყვარდა“ ილია, ხოლო სინამდვილეში – ილიას სახელით მანიპულირება…
2. როგორც ეტყობა, ახალი ნათლობის მიზეზი ორია:
– უნაკლოს პარტია მიხვდა, რომ გაერთიანებული ვეღარაფრით იქნება და „სადაც არა სჯობს, გაყრა სჯობსო”, გადაწყვიტეს.
– ნაციონალები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, როცა მათ „ნაცებს“ უძახიან. სწორედ ეს უნდა იყოს სიტყვა „ეროვნულის“ არჩევის მიზეზი, და არა ის, რომ მათ ქართული ენა გვიან, მაგრამ მაინც, დააფასეს და ლევან ღვინჯილიას შეგონებებს მიუგდეს ყური. სამაგიეროდ, ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ინგლისურმა ვერსიამაც განიცადა ტრანსფორმაცია New National Movement-ად, ხოლო აქედან „ნეონაცების“ წოდებამდე ერთი ნაბიჯია. სალომე ასათიანმა უკვე შენიშნა ეს ფეისბუქზე 🙂
3. ნაციონალური მოძრაობა მიხვდა, რომ აუცილებელია ზოგიერთი ყოფილი მაღალი ფუნქციონერისაგან უფრო აშკარად დისტანცირება, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ. ეს განსაკუთრებით ცხადად გიგი უგულავას გამოსვლაში გამოჩნდა. რენეგატების სიაში მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც ახალ ეროვნულ მოძრაობას „ომერტას“ ფიცს არ მისცემს. გარდა ამისა, უკვე არის შავი სია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაემიჯნება – ახალაიები, ადეიშვილი (თუ იგი თავისი ფეისბუქის განცხადებას არ უარყოფს, თუმცა შეიძლება მაინც მოიკვეთონ, როგორც ის პირი, რომლის დანაშაულების უარყოფა გაუჭირდებათ), ქარდავები, ციხის კადრების შემდეგ მხილებული და გაქცეული ყველა პირი), სავარაუდოდ, ასევე – კალმახელიძე, არაა გამორიცხული, რომ შაშკინიც, უდესიანი…
4. ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაბედა, ანდა არ მოინდომა, ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება. რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართაც არსებობს ეჭვები. ეს ეჭვები ორი სახის შეიძლება იყოს:
– ვანოს სიწმინდეში ეპარებათ ეჭვი – რამდენად იგი ერთგული იყო ნაცმოძრაობის (მართლა ხომ არ მოქმედებდა ივანიშვილის სასარგებლოდ? ყველას გვახსოვს ივანიშვილის მიერ 1 ოქტომბრის წინ ვიღაც მითიური პიროვნებისათვის გადახდილი მადლობა!), ან რამდენად ახალაიებთან ინტრიგებს არ გადააყოლა ნაცმოძრაობის იმიჯი და მომავალი (ახალაიების და თეა თუთბერიძის ვერსია).
– შეიძლება ვანო არც ჰყავთ ლუპის ქვეშ მოქცეული, მაგრამ ეჭვობენ, რამდენად ვანოს იმიჯის (ქარიზმატულობადაკარგული) და ორატორული ნიჭის პატრონი შეძლებს პარტისათვის ახალი სულის შთაბერვას და ხალხისათვის ამ „ახალი“ ძალისაკენ გულის მობრუნებას. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთისათვის, (ვის იმედადაც მაინც რჩება ნაცმოძრაობა) ვანო მერაბიშვილი ყოველთვის საეჭვო რეპუტაციის პარტოკრატად რჩებოდა და მისი რუსეთთან თუ ლუკაშენკოსთან შესაძლო და დადასტურებული კავშირები მაინცდამაინც დიდ რენესანსს არ უქადის „ნეონაცების“ ამერიკის თუ ევროპის (განსაკუთრებით – ბალტიისპირეთის ლიდერებთან, და – ევროპის სახალხო პარტიასთან) ურთიერთობებს. ვანო დღეს ისე წავიდა მიტინგიდან, როგორც დამარცხებული, (თუმცა გადარჩენილი!) რობესპიერი. 🙂 კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა, რომ მერაბიშვილზე ჯერ არც უარი არ უთქვამთ, და მას კიდევ ექნება შანსი (მით უფრო, რომ მომავალში ფულად რესურსებს დიდი მნიშვნელობა ექნება და არაა გამორიცხული, რომ ნაცებს დღევანდელი მიტინგის შემდეგ დამფინანსებლები მოაკლდეს, ხოლო ვანო ნამდვილად არ არის ისე გაღლეტილი, რომ ნინო ჩხეიძის მდგმურის/ხიზანის სტატუსზე მეტი ვერ გაქაჩოს. 🙂
5. ნაციონალური მოძრაობის მომავალ პოლიტბიუროში აქტიურ როლს ითამაშებენ ის ახალგაზრდა/ახალი სახეები, ვინც ამ „ახალი ძალის“ არაკორუმპირებულობის და გაუსვრელობის მითი უნდა შექმნას – სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, თინათინ ბოკუჩავა… მაგრამ როგორც ვხედავთ, მათ ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც საკმარისია… რაც შეეხება სხვა ახალგაზრდა პარლამენტარებს – გიორგი ვაშაძე იქნება ეს, დათო საყვარელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი თუ თავად დავით ბაქარაძე, მათ მიმართ გარკვეული კითხვები ყოველთვის არის და იქნება კიდეც! კაკო ბობოხიძის მიერ ნასროლი ტალახი „მთავრობად ქცეული და პუტინის მიერ მართული რუსული ტროას ცხენის“ თავიდან მოშორების შესახებ, ისევე როგორც მერაბიშვილის, უგულავას და სააკაშვილის ცინიკურ-აგრესიული განცხადებები იმის თაობაზე, რომ 4 წელი ვერავინ მოიცდის და დღევანდელი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ/ჭკუა ვასწავლოთ, იმაზე, რა საშინელი მომავალი ელოდება ივანიშვილს, იმის საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ კოჰაბიტაციის თაფლობის თვე (მიუხედავად იმისა, რომ ამ თაფლში აქამდეც საკმაო კუპრი იყო) დასასრულს მიუახლოვდა და დღევანდელ „სეტყვას“ მალე ბევრი „ქვა“ დახვდება… ამ მხრივ შეიძლება ყველაზე შორსმჭვრეტელურად ნაცმოძრაობის ის გამოცდილი პარლამენტარები და ფუნქციონერები მოიქცნენ, რომლებიც მიტინგზე კი იყვნენ, მაგრამ კაკო ბობოხიძის მსგავსი სუპერგესლიანი განცხადებები არ უკეთებიათ. ფაქტია, რომ მინიმუმ 1 თვეში ისიც უნდა გამოჩნდეს, ვინ არის ნეონაცების ბირთვი. და არაა გამორიცხული, მათ პოლიტსაბჭოში სულაც ახალი სახეები ვიხილოთ, მაგალითად, რიხიანი ელენე ხოშტარია, მოაზროვნე სერგო კაპანაძე, ექსტრა კლასის დემაგოგი ნინო ლაპიაშვილი, ჯერ ნებით ჩანერგილი და მალევე ნებით ამონერგილი ნიკოლოზ ვაშაკიძე, რამდენიმე ყოფილი ელჩი (მაგალითად, მამუკა ჟღენტი, ან ვანო მაჭავარიანი, თუმცა შეიძლება დიპლომატიურმა ალღომ არ უმტყუნოთ და დაცდა ამჯობინონ) ან სულაც – წვერგაპარსული გია ნოდია (აბა, ეგ წვერით ძალიან ძველია… :)) ნაციონალების პრობლემა ისაა, რომ მათ პარტიულ ახალგაზრდულ ფრთაში გამოხატული ლიდერების ნაკლებობაა, ხოლო ელენე ხოშტარიას, სერგი კაპანაძის ან ნინო ლაპიაშვილის ღიად გადმოყვანა პარტიაში პრონაცურ არასამთავრობო სექტორს დაასუსტებს, რაც სტრატეგიულად შეიძლება წამგებიანიც კი აღმოჩნდეს – მოპარულ ფულებს სადღა გააპრავებენ მერე?
6. ნაცმოძრაობის ყველაზე დიდი პრობლემა ის მწირი ევროპული მხარდაჭერაა, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება. პარტია, რომელიც სულ უფრო მეტად ირტყამს მკერდში მჯიღს თავისი პროევროპული ორიენტაციის დასამტკიცებლად, სულ უფრო მეტად აწყდება სავალალო ფაქტს, რომ მის მიმართ დასავლეთის იმედგაცრუება იზრდება! მე პირადად არ მეგონა, რომ დღეს რომელიმე ევროპელი ლიდერით ჩვენს გაკვირვებას ვერ შეძლებდნენ – ველოდი დელეგაციებს უნგრეთიდან, ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან… ვილფრედ მარტენსის პარტიიდან სტუმარს თუ არა, 10-სიტყვიან დეპეშას მაინც ველოდით… როგორც იტყოდნენ, – „დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან“… პარტია, რომლის მხარდასაჭერად ადრე ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი მინისტრები სიტყვებს, ოფიციალურ განცხადებებს (და ვიზიტებსაც!) არ იშურებდნენ, დღეს მდუმარე იგნორირების მოწმე გახდა. და ამის სერიოზული მიზეზი ისაა, რომ სულ უფრო მეტად გამოჩნდება სინამდვილეში რა „ღირებულებებს“ ეყრდნობოდა ნაცმოძრაობის წარსული! გაუგონარი წამების, ადამიანის დამცირების, კერძო საკუთრების გამაოგნებელი ხელყოფის, მედიაზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები, ათეულ ათასობით უსამართლო განაჩენი, დოკუმენტები ბიუჯეტის თავიანთი ფუფუნებისა და დაახლოებული პირების, პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ლამაზმანების მოთაფვლის მიზნით ხარჯვის შესახებ, მრავალი უნამუსო სიცრუის დადასტურება – ეს ისაა, რაც ზოგჯერ ევროპაშიც და ამერიკაშიც შეიძლება მოხდეს (მარტო ბერლუსკონის ისტორიები რად ღირს), მაგრამ არა – ამ მასშტაბით! და თან ამაზე იქ საკუთარ პოლიტიკოსებს აგებინებენ პასუხს და აქ რატომ უნდა დააფარონ ხელი სააკაშვილის ბანდას? ვერ დააფარებენ, რომც უნდოდეთ, და შორს არ არის ის დროც, როცა ვილფრედ მარტენსსაც მოუწევს თვალების გახელა და მხრების აჩეჩვა… ამას ისიც ემატება, რომ 5- თუ თუნდაც 10,000-იანი მიტინგით შეიძლებოდა ზუგდიდში მოგეწონებინა თავი დასავლელ პოლიტიკოსებთან, ხოლო თბილისში, სადაც ჯერ კიდევ ოპოზიციური „ქართული ოცნება“ ნაცმოძების ზეწოლის მიუხედავად, 100- და 150- ათასიან მიტინგებს მართავდა, სასაცილოდ ჟღერს და ნებისმიერ დასავლელ რეალისტ პოლიტიკოსს მათგან დროულად დისტანცირების საღ აზრზე მოიყვანს. ჰოდა, ამ პრობლემის – სულ უფრო სუსტი დასავლური მხარდაჭერის – გადასაწყვეტად ნაცმოძრაობას მოუწევს მიხეილ სააკაშვილსაც გაემიჯნოს (განსაკუთრებით, მისი საიდუმლო ხარჯების განსაჯაროვების შემდეგ!). თუ სრულად არა, იმით მაინც გაემიჯნოს, რომ მისი ლიდერობა წარსულში დატოვოს და დღევანდელივით ის შთაბეჭდილება არ შექმნას, რომ პრეზიდენტობიდან წასული მიშა მაინც ნაცმოძრაობის მარადი და უცვლელი ლიდერი იქნება. დღევანდელი მიტინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია იყო დასაწყისში ტრიბუნაზე მიშას არარსებობა და „საქართველო! საქართველო!“-ს ყიჟინა, მაგრამ „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ და როგორც კი ნაცმოძრაობის ერთგული დივიზიის წევრებმა „ჩატყაული“ „დუჩე“ იხილეს, ისევ იძალა „მიშა-მიშა!“-ს დაუოკებელმა ჟინმა, რაც მათი ვითომ „ევროპული არჩევნის“ რეალურ (ჩრდილოკორეულ!) ვექტორს უსვამდა ხაზს…
7. ზემოთმოყვანილი დასავლური მიმართულების გამოსწორება მხოლოდ გიგა ბოკერიას და ზემოთდასახელებულ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს თუ შეუძლიათ, მაგრამ პირველს ჯერაც სერიოზული ნეგატიური რეიტინგი აქვს საქართველოში (როგორც ყველაზე „არაეროვნულ“ პოლიტიკოსს), ხოლო სხვებს – არასაკმარისი რენომე დასავლეთის თვალში. ბოკერიას ჩრდილში ყოფნა, ალბათ, დღევანდელი მიტინგის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ისევე, როგორც მისი მოტივირებული მეუღლის შედარებით არგამოჩენა, რომელიც ქართული საზოგადოების გაღიზიანებას საუკთესოდ ახერხებს (სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, დღეს ბოკერიას ტიპის პოლიტიკოსის რეინკარნაციის ლამის ერთადერთ გზად მისთვის ისეთი მეუღლე მესახება, რომელშიც სევდია უგრეხელიძის ბიოგრაფია იქნებოდა განსხეულებული D:D:D). ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს სასწრაფოდ მოუწევთ იმის გადაწყვეტა, ვის მიეკედლონ – ვანოს თუ გიგის. და დარწმუნებული ვარ, კონკურენტული წინადადებები ორივე მხრიდან იქნება. ისევე, როგორც ის ვარიანტი, რომ დროებით საერთოდ წავიდნენ აქაური პოლიტსცენიდან, და ქართული ემიგრაციული პოლიტცენტრის მართვა სცადონ დასაბრუნებელი პლაცდარმის მოსამზადებლად. ამაში კი ზურაბ ადეიშვილის იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. თუ საქართველოს მთავრობამ ამ უკანასკნელის საქართველოში დაბრუნებას ვერ მიაღწია… ყოველ შემთხვევაში, გიგა ბოკერია კარგა ხანს კიდევ იქნება ნაცრისფერი კარდინლობის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ფიგურა ნაცმოძრაობაში…
8. დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მიტინგის გამარჯვებული შეიძლება გიგი უგულავა იყოს – სწორი იყო ისიც, რომ ჯერ დააანონსა, არ მივალო და მერე მივიდა (აი, სააკაშვილის მსგავსმა ნაბიჯმა კი რეგიონებში ხალხი დააბნია)… ისიც, რომ ყველაზე აშკარად ამოიღო ხმა პარტიის გაწმენდის აუცილებლობის შესახებ, რაც მის მიერ ლიდერობის ამბიციებსაც უსვამს ხაზს და რეალობის შეგრძნებასაც… და ისიც, რომ მიშასგან დისტანცირებას ისე მკვეთრად არ შეეცადა, როგორც მერაბიშვილი, რომელმაც თავისი ბელადი შუა სადღეგრძელოში მიატოვა. გიგის სერიოზული შანსები გაუჩნდა დღეს, რომ მომავალში სწორედ იგი დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატად, და არა – ვანო მერაბიშვილი, რომელიც, თუ დასასახელებელი იყო, წესით, სწორედ დღეს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, დასახელებულიყო. ახლა, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალაიები საბოლოოდ გარიყა და მოიშორა, ადეიშვილი უცხოეთში იმალება, და ბოკერიას კი მიტინგზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა (ან თავად აარიდა თავი), მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ მერაბიშვილის და უგულავას ჭიდილში უნდა გამოვლინდეს. დღეს მერაბიშვილის აქამდე მაღალი შანსები შემცირდა, ხოლო უგულავასი – გაიზარდა. თუმცა ჯერ კიდევ შორია ოქტომბრამდე და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ერთი აშკარაა, დღეს გიგიმ იმითაც მოუგო ვანოს, რომ აქციაზე მობილიზებულთა მინიმუმ 2/3 სწორედ „გიგის ხალხი“ იყო – მერიის და გამგებების თანამშრომლები, გიგის მადლიერი რამდენიმე ასეული პენსიონერი, მერიის დამატებით სამსახურებში აყვანილი ნაცმოძების ახლობლები და უმუშევრად დარჩენილები, თბილისელი თინეიჯერები … ხოლო რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანა (რაც ვანოს ფრონტი იყო) აშკარად ჩავარდა… მაგრამ ერთი რამეცაა გასათვალისწინებელი, სწორედ უგულავას მიმართ შეიძლება არსებობდეს საკმაოდ ადვილი მტკიცებულებები მისი კორუმპირებულობის შესახებ, რაც მას განახლებული სასამართლოს პირობებში უფრო ადვილ სამიზნედ აქცევს, ვიდრე – მერაბიშვილს, რომელსაც შეიძლება უფრო მძიმე დანაშაულიც დაუმტკიცდეს, მაგრამ ეს არც ისე მალე იქნება…
თუმცა ახალაიების პირდაპირი სამიზნე აქამდე მერაბიშვილი იყო და ვნახოთ, გიგიზეც თუ გახსნიან კარტებს…
=====
დასკვნები: დღევანდელი აქცია, რომელშიც დაახლოებით 5,000-10,000 ადამიანი მონაწილეობდა (12,000 ძალიან გადაჭარბებული მგონია, რადგან იქ ბევრი სეირის მაყურებელიც იყო და უბრალოდ – რუსთაველზე მოსიარულე ხალხიც) ერთის მხრივ, იმაზე მეტი იყო, რასაც მე პირადად ველოდი (ჩემი მაქსიმალური მოლოდინი 3,000-5,000 კაცი იყო), მაგრამ იმაზე გაცილებით ნაკლები, რაც ნაცმოძრაობას მსოფლიოს თვალში კონკურენტულ ძალად გამოაჩენდა. ხვალ რომ კახა კუკავამ „პრორუსული არჩევნის“ მომხრეები გამოიყვანოს, არაა გამორიცხული, უფრო მეტი ადამიანის მობილიზება შეძლოს! რაც იმით კი არ აიხსნება, რომ თბილისში (ან თუნდაც – საქართველოში) პრორუსულ არჩევანს მეტი მომხრე ჰყავს, არამედ იმით, რომ დღევანდელ მიტინგს პროევროპულობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, ნაცმოძრაობის შიშველ ტანზე მხსნელი ზეწარივით შემოკრული ლოზუნგის გარდა! თუ დღეს პროევროპელობა ისეთივე მხარდაჭერილი არაა ჩვენთან, როგორც 2003 წელს იყო, ეს მხოლოდ ნაცმოძრაობის და მათთან შეკრული დასავლელი ობსკურანტი პოლიტიკოსების „დამსახურებაა“.

აქცია – ქელეხის პირობაზე – მრავალრიცხვოვანი იყო. და იყო კიდეც ერთიანი ნაცმოძრაობის ქელეხი, მათივე აღიარებით.
რამდენად ახალი ყრმის დაბადების დღედ იქცევა, ამას ვნახავთ… წიწილებს ახლა, გადატანითი და უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც, ჩვენში შემოდგომაზე ითვლიან 🙂

აქციამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ სარგებლობს ნაცმოძრაობის ელიტაში ისეთივე მხარდაჭერით, როგორც თუნდაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წაგების შემდეგ, მაგრამ – საკონსტიტუციო ცვლილებებამდე და ახალაიების გარიყვამდე – სარგებლობდა. თუმცა, „ტიტანიკის“ კაპიტანზე უკეთესი რეიტინგი რომ აქვს, თავისი გემის რამდენიმე ათასი მგზავრის თვალში, ესეც ცხადია… ვნახოთ… ჯერ აისბერგის წვერიც კი არ ჩანს კარგად…

აქცია ჩემთვის იქცა იმ ზღვრად, რომლის შემდეგ ნაცმოძრაობასთან კოჰაბიტაცია მხოლოდ მათ მიერ წარსული შეცდომების და კრიმინალის (!) აღიარების შემთხვევაში და ამ აღიარების პროპორციულად (!) შეიძლება მოხდეს! თუ, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ მისი რეიტინგის მრუდიც ისეთივე დაღმავალი გახდეს, როგორც ნაცმოძრაობის რეიტინგია 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ.

UNM office

P.S. (20.04.2013):
სააკაშვილი მიხვდა, რომ რაღაც ახლის დაწყებით მისთვის ადგილი მხოლოდ არქივის სარდაფში თუ დარჩებოდა და ამიტომ კატეგორიულად არ დაეთანხმა, ერთიანი ნაცმოძრაობის ახალი ეროვნული მოძრაობით ჩანაცვლების მცდელობას, რაც მიტინგზე მის გამოჩენამდე ყველა გამომსვლელის სიტყვაში აშკარა იყო. ხოლო ამ უკანმობრუნების გახმაურება ყველაზე მორჩილ პაიკს – დავით ბაქრაძეს დაავალა.
არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები იმასაც მიხვდნენ, რომ ეროვნული მოძრაობის სახელის მითვისებას, როგორც ადრე საქართველოს დროშა მიითვისეს, ხალხიც არ დაეთანხმებოდა (თუმცა, ის, რომ ახალ სახელზე გადასვლის დეზავუირება ასე სასწრაფოდ – რამდენიმე საათში – მოხდა, იმას მაფიქრებინებს, რომ სწორედ პირველი – მიშას – ფაქტორი იყო ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, და არა – მეორე).
„ეროვნული მოძრაობის იდეა არც “ნაციონალური მოძრაობის” სახელის შეცვლაა და არც 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაბრუნება“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 19 აპრილს, მიტინიგს დასრულებიდან რამდენიმე საათში “იმედის” გადაცემა “ღია ეთერში” განაცხადა …
და ამით ფაქტიურად ის გვითხრა, დაივიწყეთ, რაც რამდენიმე საათის წინ „გებაზრეთ“, ისევ ის „ერთიანი, ურღვევი და ურყევი“ შუბლძარღვგაწყვეტილები ვართ და რა გვჭირს ჩვენ სახელშესაცვლელი, როცა ასეთი საამაყო ისტორია გაგვაჩნიაო.

ხოლო ეს რომ ნამდვილად ასე არ იყო, და ნაცმოძრაობის ლიდერები (ოღონდ არა სააკაშვილი!) სახელის გადარქმევას ძალიანაც რომ ცდილობდნენ, სანამ მიშა ვანოს ქეიფს ჩააშხამებდა, აი, For.ge-ზე გამოქვეყნებული ლალი ზირაქიშვილის სტატიიდანაც ჩანს:
=====
ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ცნობადი სახეები „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებიან და ახალ თავისი არსით ყველასათვის წმიდათა-წმიდა, ეროვნულ მოძრაობაში ერთიანდებიან.

„მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ ეს აქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ახალი, რაღაც დიდი უნდა დავიწყოთ! და ეს დიდი არის – ახალი ეროვნული მოძრაობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რამდენად გამოუვიდათ ამ „რაღაც დიდის“ დაწყება, ძნელი სათქმელია, რადგან აქციაზე გამოჩნდა მიშა და ყველაფერი აურ-დაურია.

ვაშაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეკრებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრებოდა და აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებც არ იგეგმებოდა. მართალია, კანდიდატი არ დასახელებულა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აქციაზე გამოჩნდა და ყველაზე ხმამაღლა ეროვნულობასა და სამშობლოს გულმხურვალე სიყვარულზე სწორედ მან იყვირა.

კულუარული ინფორმაციით, მერაბიშვილი და მისი გუნდი ეროვნული მოძრაობის დაანონსებით ავტომატურად გაემიჯნებოდა ყველას, ვინც აქციაზე არ იქნებოდა. ლოგიკურად ამ გუნდში ადეიშვილ-ახალაიებთან ერთად სააკაშვილიც მოხვდებოდა, მაგრამ მისმა აქციაზე გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

როგორც ჩანს გარჩევები, განხილვები და განხეთქილებები ისევ ნაციონალთა კულუარებში გადაინაცვლებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მალე ბევრი რამ გამოაშკარავდება. ეს რაუნდი აშკარად მიშამ მოიგო და მისი აქციაზე გამოჩენისთანავე მერაბიშვილი აქციას გაეცალა.
http://www.for.ge/view.php?for_id=23017&cat=2


ბეჭდის მანკიერი ხიბლი (ბლოგის ბოლო სტატიების ანალიზი)


One-ring

რამდენიმე დღის წინ, ბევრისათვის სავსებით მოულოდნელად, ჯერ პრეზიდენტმა, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ 2013 წლის ოქტომბრისათვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი გაცილებით ადრე ამოქმედდეს.

რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი და არა ქვეყნის პრეზიდენტი ხდება საქართველოს პირველი პირი, ხოლო პრეზიდენტი დაკარგავს  როგორც მინისტრთა კაბინეტის გადაყენება-დანიშვნის, ასევე პარლამენტის ერთპიროვნულად დათხოვნის უფლებასაც.

ამდენად, იმ ფონზე, როცა დეკემბერში ნაციონალურმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა უარი განაცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებების ადრე ამოქმედებაზე, ახლა ლამის თავად ნაცმოძრაობა გამოდის ასეთი ცვლილების ინიციატორად.

გასაგებია, რომ რაღაც სერიოზულად შეიცვალა არსებულ რეალობაში და შედეგად – ნაცმოძრაობის განწყობებში. ანდა, არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობამ რაღაც ახალი ინტრიგა ჩაიფიქრა და ამ ცვლილებებით ახლა საკმაოდ სერიოზული დივიდენდების მიღების იმედი აქვს. ყველაზე უფრო რეალურია, რომ ერთიც და მეორე მოსაზრებაც სიმართლე იყოს.

თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, მინდა ჩემი ბოლოდროინდელი ბლოგების ანალიზი შემოგთავაზოთ, რას ვფიქრობდი და რა დაემთხვა რეალურ განვითარებას.

2012 წლის 11 დეკემბერს გამოვაქვეყნე სტატია სათაურით „ალტერნატიული სტრატეგიები“.

https://solomonternaleli.wordpress.com/2012/12/11/ალტერნატიული-სტრატეგიებ/

სტატიის ძირითადი აზრი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად მისი „ოპოზიციონერობისა“ ხელთ ეპყრა ძალიან სერიოზული და სახიფათო ბერკეტი, რომელსაც მე ნახევრადხუმრობით  „მასიური განადგურების იარაღი“ ვუწოდე. ეს იყო ის უფლება, რომ მას შეეძლო ნებისმიერ მომენტში გადაეყენებინა მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ხოლო 2013 წლის აპრილ-მაისში დაეთხოვა პარლამენტიც, თუ იგი სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე  სამჯერ უარს განაცხადებდა. ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილს შეეძლო (თანახმად 2004 წელს მიღებული გაუგონრად უზურპატორული-დიქტატორული საკონსტიტუციო შესწორებისა) მის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში ჩაეტარებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები და (აქამდე ყველაზე უფრო მასიური გაყალბების შემთხვევაში!) აეღორძინებინა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობა. ჩავთვალე, რომ  იმის მიხედვით, იტყოდა თუ არა ამ “მასობრივი განადგურების იარაღზე” უარს სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, ქვეყანაში განვითარება ხისტი ან რბილი სტრატეგიის გზით წავიდოდა.

აი, მოკლე ამონარიდები ამ სტატიიდან:

============================

კომპიუტერულ თამაშთა შორის ერთ-ერთი დიდი ადგილი უკავიათ ე.წ. ”სტრატეგიებს”. დღევანდელი ქართული პოლიტიკა სწორედაც რომ სტრატეგიების ომია, და, სავარაუდოდ, უახლოეს წელიწადში ორი ძირითადი ალტერნატიული სტრატეგიული განვითარებაა მოსალოდნელი.

ეს ალტერნატივებია:

) ხისტი სტრატეგია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ – ”მოგებულს ყველაფერი რჩება”.

და

) რბილი სტრატეგია, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც – ”თანაარსებობა განიარაღების ფასად”.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იმის არჩევანი, რომელი გზით წავა განვითარება, არა – ”ქართულ ოცნებას”, არამედ, ოპოზიციაში მყოფ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის. ეს პარადოქსი კი მარტივად აიხსნება. სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უპყრია ხელთ გარკვეულწილად ”მასობრივი განადგურების იარაღი” და სწორედ იმაზე, მოისურვებს თუ არა მისი ლიდერი, რომ განიარაღების პროცესი დაიწყოს, დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად, საქართველოს პოლიტიკური განვითარება 2013 წელს ხისტი გზით წავა, თუ – კომპრომისული ვარიანტით.

ხისტი სტრატეგია

რამდენადაც მთელი ამ სტრატეგიის მთავარი ელემენტი სწორედ რომ სააკაშვილის ხელში აპრილისათვის გადანახული ის ჯადოსნური ჯოხია, ამიტომ მთავრობის ძირითად სტრატეგია სწორედ ამ მასობრივი განადგურების იარაღის ნეიტრალიზაცია უნდა იყოს! თუ სააკაშვილი ამ იარაღისაგან განიარეაღდება, ნაცმოძრაობის ხისტი, აგრესიული სტრატეგიის სხვა ელემენტებიც ლამის თავისთავად ნეიტრალიზდება.

სააკაშვილის განიარაღების ორი შესაძლო მეთოდი ან მის იმპიჩმენტს, ან საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე – აპრილამდე განხორციელებას გულისხმობს. იმპიჩმენტი უფრო სწორხაზოვანი ტაქტიკაა და უცხოეთში მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს, ხოლო თუ საქმე ოქტომბერში ისედაც განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე გადმოტანას შეეხება, ეს ალბათ უფრო დახვეწილი ტაქტიკა იქნება და ივანიშვილმა ახლახანს აშკარად მიანიშნა, რომ ეს ვარიანტი უფრო მისაღებად ეჩვენება.

… ჯერ ერთი, გამონაკლისის წესით, შეიძლება შეცვლილი უფლებამოსილების პრეზიდენტის არჩევნები პირველად ოქტომბრამდეც ჩატარდეს (მაგალითად 2013 წ. მარტში), ხოლო უფლებამოსილების პერიოდი 5 წელზე ნაკლები აღმოჩნდეს – 2017 წლის ოქტომბრამდე. შემდეგში კი ეს ყველაფერი რეგულარულ 5-წლიან პერიოდად ჩამოყალიბდება.

მეორე გამოსავალი კი ის იქნება, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ჩასწორებასთან ერთად ის შესწორებაც მიიღოს, რომ მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისი უკვე შემცირებული უფლებამოსილება 2013 წლის ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდეს… ჯადოსნური ჯოხის გარეშე ხომ იგი უკვე თავის საფრთხეს დაკარგავს… დასავლეთს ალბათ ძალიან ეამება ეს უკიდურესად კოჰაბიტაციური ვარიანტი (გულახდილად ვიტყვი, მე ეს სულაც არ მომწონს, თუმცა ყველაზე კომპრომისული ალბათ სწორედ ეს იქნება).

რბილი სტრატეგია

… უცნაურია, მაგრამ რბილი სტრატეგია ლამის იგივე ჯაჭვს გულისხმობს, რასაც ხისტი, ოღონდ – მოქმედი პირების გაცვლით.

რბილი სტრატეგიის ამოსავალი პუნქტი ის იქნება, რომ ნაცმოძრაობა უნდა განაირაღდეს! მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა განაცხადოს უარი მის მიერ სათუთად გადანახულ ჯადოსნურ იარაღზე და თავად მოითხოვოს პარლამენტის მიერ ახალი საკონსტიტუტციო ცვლილებების დროზე ადრე ამოქმედება! ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” აღარ ექნება იმ რეალური საფრთხის განცდა, რაც დღეს არის და, სავარაუდოდ, მისი მოქმედებაც გაცილებით ნაკლებ ხისტი გახდება:

– თუ პრეზიდენტს აღარ ექნება აპრილში მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა, მაშინ აზრს კარგავს პრეზიდენტის ნაადრევი იმპიჩმენტიც და თვითმმართველობების გადმობარებაც. მართალია, ეს უკანასკნელი პროცესი, ალბათ, მაინც გაგრძელდება (ადგილზე იქაური მოსახლეობის მხრიდან თვითთმართველობის კადრების ცვლის სურვილის გამო), მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას უკეთ შეეძლება გაემიჯნოს ამ პროცესებს და თუ ძალდატანება აშკარად არღვევს ორგანოთა საქმიანობას, პოლიციაც ალბათ მოახარხებს ამ პროცესებს საზღვარი დაუწესოს და კანონის ჩარჩოში მოაქციოს.

===================================

8 თებერვალი – ხისტი სტრატეგიის კულმინაცია?

როგორც ახლა შეიძლება უკვე გარკვევით ითქვას, სააკაშვილმა მაშინ – 2012 წლის დეკემბერში ხისტ სტრატეგიაზე წასვლა გადაწყვიტა. მას ჰქონდა იმის იმედი, რომ სხვადასხვა სტრუქტურების – სასამართლოები, ადგილობრივი თვითმმართველობები,  ეროვნული ბანკი, სახ. აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა), და გარკვეულწილად – პოლიციაშიც (იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი საშუალო რგოლის) ლოიალური პირების დახმარებით საბოტაჟის აქტების განხორციელებით, უცხოეთში საელჩოების და პიარ-კომპანიების დახმარებით, ხალხში ახალი მთავრობის დაპირებების ნელი ტემპით გამოწვეული იმედგაცრუების ფონზე მოახერხებდა ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით – ქვეყნის გარეთ სერიოზული კამპანიის აგორებას დევიზით – „საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყანას ღუპავს!“, რაც სასურველი საფუძველი უნდა გამხდარიყო მარტში მთავრობის გადაყენების, ხოლო აპრილში – პარლამენტის დათხოვის გზაზე.

მაგრამ მიშას არ გაუმართლა.

პირველ რიგში, თვითმმართველობების ნაცმოძურმა “მონოლითმა” მარტის თოვლივით სწრაფად დაიწყო  დნობა – ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ სერიოზული წნეხის პირობებში ხან აქ, ხან – იქ ხდებოდა საკრებულეობის შემადგენლობის ცვლილება, გამგებლების და სოფლის რწმუნებულების გადაყენება ან გადადგომის განცხადებების დაწერა. დაეცა სააკაშვილის სერიოზული ბასტიონი – ბათუმის საკრებულო, დღე-დღეზე მოსალოდნელია ქუთაისის მერის გადაყენებაც, ხოლო შორს ალბათ ის დღეც არაა, როცა თბილისის საკრებულოც ნაცმოძრაობის მიერ დაკარგული იქნება, რაც გიგი უგულავასთვის ხელ-ფეხის სერიოზულად შეკვრის ტოლფასი იქნება. ამის პარალელურად, მართალია, სასამართლოები „პირნათლად“ ასრულებდნენ კუბლაშვილის დირექტივას და ნაცმოძრაობის ყოფილ თუ ახლანდელ ლიდერებს გირაოთი ანთავისუფლებდნენ, მაგრამ ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა სიმაგრეს სერიოზული ეჭვი შეუყენა პლიტპატიმრების ამნისტიაზე საპრეზიდენტო ვეტოს ერთი ხელის მოსმით პირველივე ცდაზე დაძლევამ! კენჭისყრის შედეგებმა აშკარა გახადა, რომ ნაცმოძრაობამ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი ერთ დროს 64 კაციანი ფრაქციიდან მხოლოდ 24-ს მობილიზებაღა შეძლო, რომ მათ ხმა დადგენილების წინააღმდეგ მიეცათ!.. მართალია, ყველაზე სერიოზული წარმატება ნაცმოძრაობას საზღვარგარეთიდან თითქოსდა და მნიშვნელოვან მხარდაჭერაში და ივანიშვილისადმი კოჰაბიტაციის მოწოდებებში მდგომარეობდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტიდან საქართველოს საელჩოებში პრომიშისტური დიპკორპუსის ჩამოშლა დაიწყება და უცხოური მთავრობები და მედია სულ სხვა ტიპის ინფორმაციებს და მესიჯებს მიიღებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ხოლო თუ იმას დავაკვირდებით, რომ ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ კოჰაბიტაციისაკენ მომწოდებელ უცხოელ პოლიტიკოსთა კალიბრი შემცირდა და ვილფრედ მარტენსის, კარლ ბილდტის და ნაცმოძრაობის ევროპული პარტნიორების – ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთ სხვა აქტივისტებზე დავიდა, გასაგებია, რომ ეს წნეხიც სწრაფად იწყებდა დნობას.

სავარაუდოდ, ამ ფონზე, 2013 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა სიტუაცია, როცა “ქართული ოცნება” ძალიან მიუახლოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო 100 ხმის მოგროვების შანსს. თუ ოცნების 83 ხმას ნაცმოძრაობიდან წამოსული 11 „მაჟორიტარის“ ხმებს დავამატებთ, ეს უკვე 94 ხმაა. ხოლო თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ გარდა ამ 11 უკვე დემონსტრირებული გადმოსულისა, ნაცმოძრაობის რიგებში კიდევ 29 დეპუტატია, რომელთაც არ მოისურვეს საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ ხმის მიცემა, გამოდის, რომ „მერყევთა“  ასეთ დიდი ჯგუფში 6-7 ადამიანის პოზიციის შეცვლა საკმაოდ დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა. განსაკუთრებით, როცა “ქართულმა ოცნებამ”  მოითხოვა, რომ თითოეულ დეპუტატს სახალხოდ განეცხადებინა, ემხრობოდა თუ არა 2004 წელს სააკაშვილის მიერ მიტაცებული და უზურპირებული უფლების – მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვა-დანიშვნის უფლების – შენარჩუნებას.

ამ მომენტში თბილისში ვენეციის კომისიის ხელ-ლის ჯანი ბუკიკიოს ვიზიტმა, მოლოდინის საპირისპიროდ, ნაცმოძრაობის იმედებს ჯვარი დაუსვა. ბუკიკიომ უკვე თბილისშივე, ხოლო შემდეგ – გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშიც – დაადასტურა, რომ ვენეციის კომისია 2004 წელსაც წინააღმდეგი იყო საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ასე სახიფათოდ გაზრდისა, და დღესაც მიაჩნია, რომ ამ უფლებების თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილების სახით შეკვეცა ლეგიტიმური იქნებოდა… ამ ფონზე უმცირესობის დეპუტატებზე დამიზნებული კამერების წინ მათ მიერ იმის დაფიქსირება  ისინი მაინც მხარს უჭერენ პრეზიდენტის აღნიშნული დიქტატორული უფლების შენარჩუნებას, კიდევ უფრო საეჭვო გახდა.  ვფიქრობ, რომ სწორედ ვენეციის კომისიის ამ წერილის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მოახერხა 100 ხმის მოგროვება.

მაგრამ 100 ხმა მაინც არასაიმედო ციფრია. ვინმე შეიძლება ვერ ჩავიდეს ქუთაისში, ვინმე შეიძლება, მართლაც ავად გახდეს, სხვამ – ავადმყოფობა მოიმიზეზოს, ზოგს შეიძლება, რაიმე ძველი კომპრომატი ამოუწიონ ძველმა ბოსებმა… ამიტომ 2013 წლის 8 თებერვლამდე არც “ქართული ოცნება” არ ჩქარობდა კენჭისყრის ჩატარებას და არც ნაცმოძრაობა იტეხდა იხტიბარს.

8 თებერვალი, ბევრი ასპექტით, რუბიკონი აღმოჩნდა.

თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ სააკაშვილმა „მელკი ჟულნიკობა“ ჩაიფიქრა, თუ პარლამენტში არ მიშვებთ, აგერ პარლამენტის კუთვნილ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვალ და თქვენ თუ არ მომისმენთ, აი, ჩემი დარდი, მე ჩემი “საპარლამენტო ვალი” მოხდილი მექნება და მეორედ თქვენთან მოსვლას აღარ ვაპირებო! – მეგონა, სწორედ ეს იყო ჯონდი ბაღათურიასგან სასირცხვილოდ გაბუნძულებული მიხეილ სააკაშვილის მთავარი ჩანაფიქრი, რომელსაც წელს გაცილებით უარესი განქიქება ელოდა, მაგრამ, მგონი, შევცდი…

სავარაუდოდ, სააკაშვილმა 8 თებერვალს დილიდანვე გადაწყვიტა, რომ ბიბლიოთეკაში არ მისულიყო! მან გაცილებით უფრო მსხვილმასშტაბიანი პროვოკაცია ჩაიფიქრა, რომლის განხორციელებაში არა მარტო ქალაქის მერს, არამედ, ვეჭვობ, პოლიტპატიმრებს მიტმასნილ სპეცპროვოკატორებსაც უნდა ეთამაშათ. ამიტომ ძალიან მაინტერესებს იმ საქმეების ობიექტურად გამოძიება, თუ ვინ მონაწილეობდა 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან მომხდარ შეხლა-შემოხლაში და რეალურად საიდან და რა მიზნებით მოხვდა ეს ხალხი იქ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მხრიდან  ამდენწლიანი დამცირების და ტანჯვის საპასუხოდ გაჩენილი აღშფოთება და აგრესიაც კი ჩემთვის და ყველასთვის გასაგებია, მაგრამ თუ იქ ვინმე ისეთი ხალხის მონაწილეობა გამოიკვეთება, რომლებიც შეიძლება წინა წლებში ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობაში არიან შემჩნეული, არაა გამორიცხული, რომ საბიბლიოთეკო სისხლდენები ამ ინდვიდუალურ შეჯახებებში მონაწილე პირების საკმაოდ კარგად რეპეტირებული სპექტაკლები აღმოჩნდეს. ერთი მთავარი მიზნით, – მიხეილ სააკაშვილისათვის ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების და მთავრობის გადაყენებისთვის სათანადო ფონის შესაქმნელად.

მაგრამ 8 თებერვალს ცნობილი სიმღერის რეფრენი – „დარია თუ ავდარია – მიშა მაგარია!“  ვერ გამართლდა! მეტიც, იგი შეცვალა გრუშე ვაჩნაძის ჩემი თაობისათვის არანაკლებ ცნობილმა რეპლიკამ – „ისევ ჩაიფსი, მიხეილ?“

იმ დროს, როცა „საშინელი ძალადობის“ დაფიქსირების, ერთი კამერიდან მეორემდე ამაყად (ცხვირსახოცზე უარისმთქმელი) მოარული ჩიორა თაქთაქიშვილის სისხლმდენი ცხვირის, გიგა ნასარიძის და სერგო რატიანისთვის ჩაზილვის კადრები ვრცელდებოდა, როცა ელჩები და მთელი ნაცმოძური მედია და ექსპერტები პრეზიდენტის რეზიდენციაში გადანაცვლდნენ და ელოდნენ, როდის გამოაცხადებდა ქართული დემოკრატიის და რეფორმების ბელადი, რომ  მოვიდა დრო მისი შენობის პორტალზე ამოკვეთილი „ბოროტის ძლევის“ კიდევ ერთი დადასტურება ეხილათ, როცა გავრცელდა ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო რეტრანსლატორებს „გამხეცებულმა ბრბომ“ ალყა შემოარტყა და არ უშვებდა რეზიდენციისაკენ (რაც ქვეყნის მთავარი პირისთვის სკოჩით პირის აკვრის ექვივალენტად უნდა განხილულიყო), მოკლედ, როცა ყველა ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 10-15 წუთიანი მრისხანე სიტყვის ფინალში წაიკითხავდა ბრძანებას, რომლის ძალითაც იგი ქვეყნის მთელ მთავრობას და პირველ რიგში, შსს მინისტრ ღარიბაშვილს გადააყენებდა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაატარა 2-საათიანი ლექცია თემაზე – „რა კარგები ვართ ჩვენ და რა ცუდები არიან ჩვენი ოპონენტები“, რომელსაც მოჰყვა 2-საათიანივე მონოლოგი მედიასთან (ძირითადად – პრომიშისტურ ურნალისტებთან) თემაზე – “არა, მაინც რა დალოცვილები ვართ ჩვენ და რა საშინლები – ჩვენი ოპონენტები!“… ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ აშშ ელჩი გარეთ გამოვიდა და რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ პირს (რომლებიც მე, ნებით თუ უნებლიედ, ნაცმოძრაობის წისქვილზე წყლის დამსახმელები მგონია) თხოვა – დაიშალეთ, თორემ რეზიდენციაში მყოფი ხალხი თქვენი შიშით გარეთ ვერ გამოდის და სანამ ხალხი არ იშლება, ეს ოჯახქორი არ ამთავრებს თავის ბჟუტურსო!..

არ ვიცი, რატომ ვერ გაბედა მიხეილ სააკაშვილმა თავისივე მოგონილი სცენარის ასრულება და ბოლო აკორდის აღება. ვინ აიძულა, რომ შეეცვალა კონსტიტუციური გადატრიალების მისთვის ასე ნანატრი სიუჟეტი – ისევ ამერიკის ელჩმა? თუ თავისივე მომხრეების ჯგუფმა, რომელმაც დროზე გათვალეს, რომ ხანმოკლე წარმატებას კოლოსალური და საზარელი ფინალი შეიძლებოდა მოჰყოლოდა? (არ გამოვრიცხავ, რომ სწორედაც აზდაკის სტილში – „სად არის გუბერნატორი? აი, აგერ ჰკიდია გუბერნატორი… – სად არის მოსამართლე? აი, ეგერ ქანაობს მოსამართლეც…“), მთავარი კი ისაა, რომ, ვფიქრობ, სწორედ 8 თებერვლის ღამეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად ასცდა მაგიურ ციფრ 100-ს… ეს ხალხი – ნაცმოძრაობის დეპუტატები ხომ ყოველთვის საკმაოდ მარტივი პროგრამით იმართებოდნენ – ისინი შიშზე და მუქარაზე რეაგირებენ და თუ შეხედეს, რომ შიშის და მუქარის ადრინდელი გენერატორი მოშლილია, მაშინ უბრალოდ, სხვა მხარეს იწყებენ გადახრას, რადგან ხვდებიან, რომ ახალი ბუდე უნდა ეძებონ, მოულოდნელად დაობლებულებმა თუ განთავისუფლებულებმა (ვის – როგორ…) .

რბილი ვარიანტის დასაწყისი?

ასე რომ, ჩემი ვარაუდი, რომ თუ მიშა ხისტი ვარიანტის განხორციელების იმედს დაკარგავდა, მერე თავად გადავიდოდა რბილი ვარიანტის შეთავაზებაზე, სწორედ 8 თებერვალს ასრულდა, ან – იმ საღამოსვე, ან – უფრო სავარაუდოდ, ალბათ, 11 თებერვალს, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, როცა, შეიძლება, საკუთარი საპარლამენტო ბანაკიდან გადამრბენელთა შესახებ ახალი ინფორმაციის გაჟღერებით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა სააკაშვილმა, მართალია, თავისი მორიელობაც კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა, მაგრამ თან ერთდროულად იმდენჯერ მოუხადა ბოდიში პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არ უქნია.

და მაინც, ნაცმოძრაობა რისი ნაცმოძრაობაა, თუ თუნდაც გაუარესებულ პოზიციაშიც კი თავისი ინტერესების დაცვას არ შეეცადა… არაა გამორიცხული, რომ ამ ახალ შეთავაზებაში, ისევე,  როგორც სააკაშვილის ყველა სხვა „დათმობაში“, სერიოზული წყალქვეშა ქვები იყოს დამალული.

შევეცადოთ, ამ მოსალოდნელი საფრთხეების გამოთვლას. თუმცა დავით ბაქრაძის და დარჩიაშვილის განცხადების შემდეგ, გამოსათვლელიც ბევრი არაფერია.

“… ჩვენ საუბარი გვაქვს კონსტიტუციის დიდი ნაწილის დღესვე ამოქმედებაზე და არა მთლიანად. სწორედ ამაზეა საუბარი – რა ნაწილი ამოქმედდება დღეს და რა ნაწილი ოქტომბერში. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტს და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის, პრეზიდენტს და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან მიმართებაში, მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და ეს ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, აქ მიდის მოლაპარაკება. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და შესაძლებელია, მათი ამოქმედება და ძალაში მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც იგეგმებოდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გახსნის გზას სხვა საკითხების დასარეგულირებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და საზოგადოების დასამშვიდებლად.
“მათ შორის, ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად და მთლიანობაში საზოგადოების სტაბილურობის და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი ხალხისთვისაც და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო – რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და არა ის, თუ რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი, პრემიერი ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური და ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული წინადადება. მე შემიძლია დავადასტურო, რომ უმრავლესობის მხრიდანაც ამ წინადადებას გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოჰყვა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ნაწილი შეიძლება ამოქმედდეს დღესვე”, – განაცხადა ბაქრაძემ.

”…სანაცვლოდ ვითხოვთ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი დასავლური კურსის შეუცვლელობა და ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ – რაც ისედაც წერია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლებიც ახლა გვინდა, რომ ამოქმედდეს – საკონსტიტუციო კვორუმი, ნაცვლად 2/3-ისა, გახდეს 3/4. ეს გამორიცხავს როგორც ადამიანებზე ნადირობას, რომ გადაიბირონ ჩვენი დეპუტატები, ისე გამორიცხავს იმას, რომ კონსტიტუცია მარტივად შეიცვალოს”, – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

აი, რა ჰქონიათ ჩაფიქრებული ნაცმოძრაობის ლიდერებს:

1)      თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უკვე ლამის შემდგარი ფაქტი იყო, ახლა ნაცმოძრაობა შეეცდება, საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ თავად მოახდინა ქვეყნისათვის ამ საინტერესო ცვლილებების ინიცირება, ანუ შეეცდება, მოსახლეობის თვალში ქულები დაიწეროს და აქტიურ და ქვეყნის სიკეთეზე მოამაგე მოთამაშედ წარმოაჩინოს თავი. ეს მაშინ როცა, სინამდვილეში, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, მხოლოდ.

2)      საინტერესოა, რატომ ითხოვს ასე დაჟინებით და გამეტებით ნაცმოძრაობა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ან პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, ან საგარეო პოლიტიკური კურსის ურყევობა? სავარაუდოდ, ამის მიზეზებია: ა) რეგიონების მოსახლეობაზე მზრუნველი ძალის იმიჯის შენარჩუნება, რათა მომავალში სწორედ რეგიონებიდან დაიწყონ მთავრობის კრიტიკის ახალი ტალღა; თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის არჩევნების მერე შემდეგი მოსალოდნელი არჩევნები სწორედ ადგილობრივი არჩევნებია. ბ) ნაცმოძრაობის მთავარი იმედია, რომ ქართული ოცნება ეკონომიკურ გაუმჯობესებას ვერ მიაღწევს და ხალხში ოცნება ფრუსტრაციით შეიცვლება. სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა ორ ფაქტორს უკავშირდება – საგარეო ინვესტიციების მოცულობის ზრდას და რუსეთის ბაზრის დაბრუნებით სოფლის მეურნეობის სწრაფ აღმავლობას. სწორედ იმის იმედი აქვს ნაცმოძრაობას, რომ კონსტიტუციაში დასავლური ვექტორის სამუდამო დაფიქსირება რუსეთს ისე გააღიზიანებს, რომ ქართული სასაოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტებისათვის რუსეთის ბაზარი აღარ გაიხსნება!

3)      რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის ლიდერებისათვის პარლამენტის დათხოვნა კატასტროფულად საშიში იდეაა, სააკაშვილის, მერაბიშვილის და ბოკერიას გარდა, სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები სულაც არ (უფრო სწორად – აღარ!) ოცნებობენ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, როცა, ალბათ, მათგან მხოლოდ 10-ოდე თუ შეძლებს 4 წლიანი იმუნიტეტის შენარჩუნებას! ამიტომ ამ ნაბიჯით ისინი თავს იზღვევენ იმისგანაც, რომ საპარლამენტო არჩევნები მიშამ არ მოინდომოს და სავარაუდოდ, ცვლილებები ისეთი ფორმით შევა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხული იქნება.

4)      სააკაშვილისთვის, უგულავასთვის, მერაბიშვილისთვის, კეზერაშვილისთვის, ბოკერიასთვის, ბენდუქიძისთვის, ჩოჩელისთვის, ადეიშვილისთვის და  ტოპ-ლიდერშიფის  იმ სხვა პირებისთვის, რომლებმაც დიდძალი ქონება დააგროვეს, ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად (თუკი პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ) თავისუფლების და ეკონომიკური ძალაუფლების შენარჩუნება რჩება. ამიტომ მათი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ნაადრევად ამოქმედების მთავარი მოთხოვნა სწორედ გარკვეული გარანტიების მოპოვება უნდა იყოს. ამას ორი ვექტორი აქვს, ერთი – რომ მართლაც უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და მეორე – ხალხის თვალში გამოაჩინონ, რომ მოახერხეს ხალხის ზურგს უკან ქართულ ოცნებასთან გარიგება! ამით ნაცმოძრაობა ხელისუფლების აქტიური კრიტიკისთვის ხელ-ფეხს გაუხსნის მათ მიერ დიდი ხნის განმავლობაში მართულ „მესამე ძალას“ – ქრისტიან-დემოკრატებს, ლეიბორისტებს, ახალ მემარჯვენეებს, ეროვნულ-დემოკრატებს – სწორედ ეს დღეს მივიწყებული პარტიები გამოვლენ ისევ ასპარეზზე და ნაცმოძრაობის ფულით ეცდებიან დემაგოგიაში თავისი უფროსი მასწავლებლების ჩანაცვლებას და ქართული ოცნების, როგორც „მეორე მიშას“ და „ახალი ნაცმოძრაობის“ ლოზუნგების დამკვიდრებას. რამდენად გამოუვათ, არ ვიცი, მაგრამ ცდას არ დააკლებენ, განსაკუთრებით, თარგამაძის ბიჭი და უკვე ისევ გამო(ჟ)ურნალისტებული ერთდროს პოლიტიკოსი და მერე ლამის მონაზონი – გრიგოლიას ქალბატონი!

მაგრამ, უფრო მნიშვნელოვნად მგონია რამდენიმე შემდეგი საკუთხი, რომელსაც ჩემი მეორე ბლოგი – „უკანასკნელი მიხუკანები“ ეხებოდა. ეს სტატია, https://solomonternaleli.wordpress.com/2013/01/11/1833/ რომელიც „ალტერნატიულ სტრატეგიებში“ დავაანონსე, მაგრამ პირველიდან ზუსტად ერთ თვეში – 11 იანვარს მოვახერხე გამომექვეყნებინა, ასახავდა იმ მომენტისათვის ნაციონალური “მჭიდის” მთავარი ტყვიების რანჟირებას. ისევ გავიმეორებ და შევეცდები ავხსნა, იქ ნახსენებ პირებთან მიმართებაში რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს ნაცმოძურ უმცირესობას:

  1. მიხეილ სააკაშვილი
  2. კოტე კუბლაშვილი
  3. კონსტიტუციონალისტები – დემეტრაშვილი, შარმანაშვილი, პაპუაშვილი, კახიძე
  4. ვანო მერაბიშვილი
  5. გიგი უგულავა
  6. გიგა ბოკერია
  7. თენგიზ გუნავა, ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და სხვა ბრალდებულები…

და ამ მიმართებაში უაღრესად მნიშვნელოვანი მგონია, ის, რაც დაუფარავად გააჟღერეს ნაცმოძრაობის ლიდერებმა, მათი მოთხოვნაა, რომ დაუყონებლივ ამოქმედდეს ოქტომბრიდან ასამოქმედებელი ის ცვლილება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭირო ბარიერის 2/3-დან 3/4-მდე გაზრდას გულისხმობს!

მე მგონი, ძაღლის თავი, ძირითადად მაინც, სწორედ აქ მარხია.

მართალია, 100-კაციანი საკონსტიტუციო ფრონტის ხაზი დათმეს, მაგრამ ნაცმოძრაობის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ თუ ახალ „მაჟინოს ხაზს“ უკვე 113 დეპუტატზე გაავლებენ (სწორედ ესაა 150-ის 3/4), ამას მაინც აღარ დათმობენ. ამდენად, თუ “ქართული ოცნება” ცდუნდება და ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებების  ნაცმოძრაობის პირობებით ადრე ამოქმედებას, ამით შეიძლება მან გაირთულოს მოამავალში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების და, სულაც, ახალი კონსტიტუციის (Sic!) მიღების შანსი! ასე რომ, დღევანდელ კვერცხს გამოკიდებულებმა შეიძლება ხვალინდელი ქათამი ვერც ვერასოდეს ვიხილოთ და სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაკვეთილი მახინჯი კონსტიტუციით მოგვიწიოს (ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც!) ცხოვრების გაგრძელება! მე პირადად, ამ მუხლის (საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა ბარიერის გაზრდა) ახლა ამოქმედება აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებლად მეჩვენება.

ამ მუხლის ამოქმედებას უკავშირდება ნაცმოძრაობის არანაკლებ მნიშვნელოვანი იმედი – საკმაოდ სერიოზული რესურსების – ეროვნული  ბანკის, სახ. აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომპანიის და პირველ რიგში – უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს (ანუ – მოსამართლეთა ლოიალურობის და კონტროლის) შენარჩუნება!

თუ საპარლამენტო უმრავლესობა 100 ხმიან საკონსტიტუციო ბარიერს დაძლევდა და  პრეზიდენტს ახალი მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებას აართმევდა, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ როგორც ერთ-ერთ ბოლო სტატიაში – „მორიელის წამალი“ (https://solomonternaleli.wordpress.com/2013/02/03/მორიელის-წამალი) ვწერდი, შემდეგი, რაც დაეცემოდა, სწორედ #2 მიხუკანი – კოტე კუბლაშვილი და მისი უსამართლო სასამართლო ვერტიკალი იქნებოდა. ეს კი სააკაშვილის რეჟიმისათვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება… მთელი მათი დღევანდელი ბრავადულობა იმის ილუზიას ემყარება, რომ მათ მომხრეებს, პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, მაინც კუბლაშვილის მოსამართლეები ასამართლებენ. სწორედ ამიტომ ეხვეწება, სავარაუდოდ, სააკაშვილი გაქცეულებს, – დაბრუნდით, მაინც არაფერი სერიოზული გემუქრებათო. ჯერჯერობით მხოლოდ ორი დაბრუნდა: ახალაია, რომელიც ზის, და დონაძე, რომელიც გირაოთი გამოუშვეს. მაგრამ თუ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი რეალობად იქცა, დამერწმუნეთ, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების ვაჟკაცური „დუხი“ წამსვე აორთქლდება და საყვარელიძეც, როლანდ ახალაიაც, ღვინიაშვილიც და სხვებიც ისევე მშვენივრად წაცუხცუხდებიან გამომძიებლებთან, როგორც ჩუკენობაზე ოხუნჯ მერს მოუწია… და ასე მგონია, რომ  საყოველთაო გირაობანას თამაშიც მაშინ დასრულდება და დონაძეც მწარედ ინანებს, რომ სააკაშვილის და კუბლაშვილის „გარანტიებს“ დაუჯერა…

საპარლამენტო უმცირესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო პროცესების მართვაში საკუთარი თერძების ჩართვა. ტელევიზიაში სულ უფრო გახშირდა ავთანდილ დემეტრაშვილის მივიწყებული „ფეისის“ ამოტივტივება. სავარაუდოდ, ბაქრაძის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის იქნება, რომ ისევ „მიუმხრობელი, ობიექტური და უპარტიო“ დემეტრაშვილი იყოს  ქართული საკონსტიტუციო შესწორებების მამა და მარჩენალი. ეს კი რითი დამთავრდება, ადვილი წარმოსადგენია! მე პირადად, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ავთანდილ დემეტრაშვილს ან თენგიზ შარმანაშვილს რაიმე წამყვანი როლი მიენიჭოთ. ამ ადამიანების ლუსტრაცია (ისევე, როგორც ზოგადად, – სააკაშვილის მიერ ფორმირებული საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის სრული შემადგენლობისა)  უკვე ვიხილეთ იმ „პროდუქტით“, რაც მათ 2010 წელს დადეს და რომელიც თავიდანვე აუტანლად ყარდა!

საპარლამენტო უმცირესობა, დახურული მოლაპარაკებების პროცესში, შეეცდება მოახდინოს როგორც წარსული წლების გახმაურებული პოლიტიკური პროცესების – (ჟვანიას, გირგვლიანის, აფრასიძეების, შარაძის მკვლელობების) ჩაფარცხვას, ასევე იმ პირების პოლიტიკური ინდულგენციის გარანტიების მიღებას, რომელთა კეთილდღეობაზე ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნაცმოძრაობის მომავალი ფინანსური მდგრადობა (მერაბიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ბენდუქიძე), ან – საგარეო-პოლიტიკური წონის შენარჩუნება (ბოკერია).

ნაციონალური მოძრაობის მარშალმა ბეტანკურმა, საკონსტიტუციო რეფორმების საკუთარ ტანზე მორგებული მოდელის ბიძინა ივანიშვილისთვის მოულოდნელად  „დათმობით“  შეიძლება, ტროას ცხენზე უარესი “საჩუქარი” შეიტანოს მოწინააღმდეგის ბანაკში. ეს “ტროას ცხენი” მოიცავს იმ მანკიერ მხარეებს, რაც სააკაშვილის დაკვეთით კონსტიტუციის რეფორმაში იყო ჩადებული – საკმაოდ სუსტ პარლამენტს, ჯერ კიდევ ზოგიერთი აღმასრულებელი ძალის მქონე პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო კრიზისების გამოწვევის მცირე, მაგრამ მაინც პოტენციალს  ისევ ინარჩუნებს და, რაც მთავარია, – პრემიერ-მინისტრის კატასტროფულად კონცენტრირებულ ძალაუფლებას. ამდენად, ეს საჩუქარი “ბეჭდების მბრძანებლის” ბნელი რაინდის, საურონის, ძალაუფლების ბეჭედს ჰგავს და მასავით საშიშ საფრთხეს შეიცავს – უკონტროლო ძალაუფლების პოტენციურად გამხრწნელ „თავისუფლებას“. ამ ბეჭდის მოძღვნით ნაციონალურ მოძრაობას სურს “ქართულ ოცნებას” თავისი მანკიერი გამოცდილება და იმპერატივები გადმოულოცოს, და, ვინძლო, არცთუ მთლად უსაფუძვლოდ, იმედოვნებს, რომ სწორედ ის ბეჭედი შიგნიდან დაანგრევს მის დღემდე ძლიერ კონკურენტს. ხოლო თავად ნაცმოძრაობა, ახალი გარანტიებით და ინდულგენციებით აღჭურვილი, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ბარიერით დაცული, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების შემნარჩუნებელი, და დასავლური ლობისტების ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგების მომლოდინე, მშვიდად დაელოდება თავის ჟამის ხელახალ დადგომას.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ისეთი “საჩუქარი” არ აიღოს, რაც, ვაითუ, მისი თავისუფალი ნების ყულფი აღმოჩნდეს და ხალხთან მისი გახსნილი ურთიერთობის დასასრულის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

„ყველას ჰგონია, რომ ძალაუფლების ბეჭდის ფლობა მსოფლიო მბრძანებლობას ნიშნავს, მაგრამ ბეჭედს საკუთარი ძალაუფლება გააჩნია მფლობელის მიმართ…“

[https://www.youtube.com/watch?v=OZo7m-xcdAI]

ბეჭდების მბრძანებელი – ვიდეოკლიპი


წითელი ბარათი


ბატონებო და ქალბატონებო!

უახლოეს დღეებში პარლამენტში დაიწყება იმ საკონსტიტუციო შესწორების განხილვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წაართმევს მის მიერ უზურპირებულ უფლებას, რომ ერთმა ადამიანმა ერთპიროვნულად კიდეც დაითხოვოს მთავრობა, და კიდეც დანიშნოს თავისთვის სასურველი (თუნდაც ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელი) სატრაპები.

მინდა გთხოვოთ, კარგად გაიაზროთ, თუ რას ნიშნავს ამ საკონსტიტუციო შესწორებაზე უარის თქმა. და გავაკეთოთ დასკვნები იმაზე, რა უნდათ უმცირესობის იმ დეპუტატებს,რომლებიც, სავარაუდოდ, ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერენ ან თავს შეიკავებენ.

ამ საკონსტიტუციო შესწორებაზე უარის თქმა ან თავშეკავება ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ სულ მალე, აპრილის თვეში საქართველოს მთავრობაში ისევ დაბრუნდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, შაშკინი, თოფურიძე…

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ ყველა ამნისტირებული ადამიანი ისევ აღმოჩნდეს ციხეებში, სადაც მათ მწამებლებად ისევ დახვდებიან – მეგის ქარდავა, მუხაძე, ჭაკუა, მასტერა, მელნიკოვი და სხვა ცოცხისრაინდები.

ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ საქართველო ისევ იქცეს მოსმენების და დასმენების ქვეყნად.

ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დაიჭერონ, როგორ გაბედეთ პროტესტის გამოხატვაო.

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ შეჩერდეს პენსიების ზრდა და არ ამოქმედდეს საყოველთაო დაზღვევა.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ მოიმატოს კარტელურმა ფასებმა ბენზინზე და წამლებზე…

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ გაძვირდეს დენი და გაზი, ხოლო ნაგავს ისევ სამუდამოდ მიაბან დენი.

ეს ნიშნავს, მათ სურთ ააღორძინონ ისევ ის სისტემა, სადაც დაშინებით, შანტაჟით, ნარკოტიკებით ცდილობდნენ ქვეყნის მართვას.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ დაგვაბრუნონ საყოველთაო გაყალბების, უსამართლობის და სიცრუის რეჟიმში.

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ, ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს ვუჭერთ, იქნეს სამსახურიდან დათხოვნილი, ზოგიერთი შეიძლება – დაპატიმრებულიც.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ქართული სოფლის ისევ გაპარტახება და გაყიდვა ათასი ჯურის უცხოელზე, რომელთაც ქართულ მიწას 10-ჯერ უფრო იაფად მისცემენ, ვიდრე ქართველ გლეხს.

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ საზღვარგარეთ ემიგრაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს, უცხოელთა ჩამოსახლების პარალელურად და მალე ქართველი საქართველოში უმცირესობად იქცეს.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ საქართველო იქცეს სააკაშვილის კლანის ბანტუსტანად.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ქვეყნისთვის მიცემული განვითარების შანსი დაასამარონ და ქვეყანა საბოლოოდ გააპარტახონ.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ დაბრუნდეს ადამიანის დამცირების, ღირსებისა და პატივის აყრის, სულში ჩაფურთხების და გაუპატიურების მწყობრი “სისტემა”.

ეს ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ მიმტანობა და ოფიციანტობა ემეტებათ ჩვენი შვილების პროფესიად, რადგან განათლებას ისე გააძვირებენ, რომ იგი აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი გახდება მათთვის, ვინც მათი ლაქია არ არის…

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ მონათმფლობელური ნეობოლშევიკური მიშისტანი.

გასაგებია, რომ საბედნიეროდ, მათ ამის ძალიან მცირე რესურსი აქვთ. მათი  რიგები ყველა დონეზე უკვე ირღვევა – მალე არა მარტო ბათუმის, არამედ თბილისის საკრებულოც უკვე აღარ იქნება ნაცმოძრაობის სანავარდო…

დღესაც სამმა ყოფილმა ნაციონალმა დატოვა ნაცმოძრაობის რიგები და ამით კიდევ უფრო მიზერული გახადა მათი ხელისუფლებაში მობრუნების შანსი.

და მაინც, სანამ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი არსებობს, და სანამ ნაციონალების ლიდერები კიდევ ბედავენ და ხალხის სახელით ცინიკურად ლაპარაკობენ, მათი შხამიანი ჩანაფიქრის სრულად იგნორირება სახიფათო ილუზია იქნებოდა.

ახლა ისინი ცდილობენ, უკანასკნელი მომგებიანი ვაჭრობა გამართონ. როგორც დავით ბაქრაძის განცხადებიდან აშკარა გახდა, თანახმა იქნებიან, რომ თავად დათმონ ეს უზურპირებული უფლება კონსტიტუციაში, ოღონდ საყოველთაო ამნისტიას, ყველაფრის მიტევებას და ყველა მითვისებული ქონების და წოდების სამუდამო შენარჩუნებას ლამობენ.  აი, ესაა დღეს „ერთიანად ნაცმოსვრილი მოძრაობა“ – სამართლითა და დემოკრატიით ვაჭრობის კონტექსტში გართული, რომელიც საჯაროდ ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ობსტრუქციით და კრიზისის აჩრდილით აქეთ გვაშინებს კიდევ.

ვფიქრობ, დრო მოვიდა, რომ ყველამ ერთხელ და საბოლოოდ მკაცრად და გასაგებად ვუთხრათ ამ ორმოცამდე ტუტუცს, (მიუხედავად იმისა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან, ნაცნობები, თუ თანაკლასელები), რადგან ისინი ქვეყნის განვითარების მთავარ საფრთხედ იქცნენ:

–         ბოდიში მოიხადეთ! და გატრაკებას მოეშვით, თქვე ახვრებო!

 

red card


მორიელის წამალი


miSha-brave vano deep GIGI-SMOKE

1 ოქტომბრის არჩევნებიდან გავიდა ოთხი თვე.

ქვეყანა კი ისევ აბორგებული მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს.

ერთის მხრივ, არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს თავისი დაპირებების შესრულებას, რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას, დასავლეთისათვის საქართველოში რეალური მდგომარეობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მრავალპარტიულ კოალიციაში ურთიერთობების დალაგებას და აქა-იქ ჩალაგებული ნაღმების დროულად მოძებნას და განაღმვას.

არის გარკვეული წარმატებებიც – პოლიტიპატიმრების განთავისუფლება, ამნისტიის კანონი, დენის და ნაგვის გადასახადის შემცირება, ბენზინზე და წამლებზე ფასების შემცირება, საკრედიტო განაკვეთების შემცირება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე გადასვლა თებერვლიდან…

მაგრამ არის პრეზიდენტი და მისი გუნდი – ძირითადად – თბილისის მერი, უზენაესის თავ-რე კუბლაშვილი, ყოფილი პრემიერი მერაბიშვილი და რამდენიმე გუბერნატორი, ასევე ნაცმოძრაობის ოციოდე სულით-ნაცი პარლამენტარი, ნაცური მედიასაშუალებები/ურნალისტები და (ს)ექსპერტები, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ, არცერთი მიღწევა არ შეიმჩნიონ, ყველა ნაკლი გაბერონ და გააზვიადონ, და მეტიც, მოსალოდნელი და გარდაუვალი კატასტროფის ფანტასმაგორიული სურათი დახატონ. აი, რამდენიმეც:

პრეზიდენტი გაიძახის, რომ ახალი მთავრობა აპირებს სომხეთის მსგავსად რუსეთი გაიხადოს სტრატეგიულ პარტნიორად და არა – დასავლეთი, პრეზიდენტი ბრალს დებს აღმასრულებელ ხელისუფლებას კრიმინალების და ჯაშუშების განთავისუფლებაში (ამავე დროს თავად გამოუშვა ასობით პატიმარი, რომელთა 2/3 მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის იყო გასამართლებული და ჯერ სასჯელის 1/3-იც კი არ ჰქონდა მოხდილი), ასევე ბრალს სდებს მთავრობას “პატიოსანი მოხელეების” დაპატიმრებაში (თურმე 5 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების არარსებული სამუშაოებისათვის ნაცმოძრაობის კოორდინატორებზე გაწერა და მითვისება “პატიოსნების თვალი” ყოფილა), მერაბიშვილი გაიძახის, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია შესული (რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Standard & Poor სააგენტო არ ადასტურებენ, და 2013 წელს 6,1%-იან ზრდას ვარაუდობენ), უმცირესობის პარლამენტარები იძახიან, რომ ქვეყანაში დაიწყო რელიგიური შუღლი და შეუწყნარებლობა (რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ნაცმოძრაობის და მათი დამქაშების მიერ იყო წახალისებული), რომ ქვეყანა კრიმინალმა წალეკა (თუმცა ამას მაშინ იძახოდნენ, როცა სამთავრობო ამნისტია ჯერ ძალაში არ იყო შესული და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ – შეწყალების კომისიის გვერდის ავლით – შეწყალებულები გამოუშვეს!), პრეზიდენტი მოუწოდებს, რომ გაიზარდოს ჯარში ანაზღაურება და პენსიები (მაშინ, როცა 9 წლის განმავლობაში ეს არ ახსენდებოდა! მეტიც, ავღანეთში და ერაყში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცებზე სიმართლეს მალავდნენ და მხოლოდ ახლა „გაახსენდა“, როცა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინიციატივა წამოაყენა), პრეზიდენტი მოუწოდებს ევროსაბჭოს, რომ არ დაუშვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერის გავლენის დაწესება და დაიცვას თავისუფალი მედია (თუმცა იმაზე სდუმს, რომ ამ გაკურტიზანებულ „თავისუფალ“ მედიას რა უხვად უდებდა პირში მილიონებს მისი საკუთარი იმიჯის გასაღმერთებლად! არც იმაზე ლაპარაკობს, ვისია რეალურად შარანგიებზე გაფორმებული “რუსთავი2” და ვისი იყო წლების განმავლობაში მისი ხელისბიჭის მიერ მართული „იმედი“), პრეზიდენტი ჩადის ბათუმის უსახლკარო მოსახლეობასთან და აბუნტებს მათ, ეუბნება – თქვენთვის სახლებს ვაშენებდი და ესენი ეკომიგრანტებს ასახლებენ იქო, მაგრამ მე ჩამოვალ და დაგიცავთო (ამ დროს 9 წლის განმავლობაში აშენებდა სახლებს ბათუმში და ერთი უსახლკარო არ შეუსახლებია!)… პრეზიდენტი ადიდებს თენგიზ გუნავას, რომელიც თურმე თანამედროვე საქართველოს შალვა ახალციხელია და აქამდე რატომღაც გვიმალავდა და მთელი ნაცმოძრაობის ურნალისტები ერთხმად იქცნენ გუნავისტებად, რადგან დადასტურდა, რომ გუნავას პირველი დაკავების დროს იყო პროცედურული დარღვევები… და ის კი ავიწყდებათ ამ მეხსიერებაცხონებულებს, რომ დაკავებისას ერთი პროცედურული დარღვევა კი არა, პროცედურული წამებებით და მკვლელობებით სავსე იყო ნაცმოძრაობის პარპაშის 9-წლიანი ხანა…

დადის პრეზიდენტი ევროპაში და ყველგან აძაგებს საქართველოს ახალ მთავრობას, ყველგან თვალთაგან ცრემლი სდის შეუშრობელი, რამეთუ მის მიერ აშენებული, აყვავებული, კორუფციაგანწმენდილი, გაძლიერებული, ნატოსკართანმიყვანილი ქვეყანა იღუპება… ყველას აფრთხილებს, რომ ახლანდელი მთავრობა საშინელებაა, მგრეველებია, რომ ეს არის სტიქიური უბედურება, საქართველოს ტრადიციების დარღვევა. რომ  მან პრემიერ-მინისტრზე უკეთ იცის რუსულიც კი, რუსულ პოეზიაზე რომ არაფერი თქვას (რატო ბლოკი არ დაეცემა თავში კაკალაშვილთაყვანისმცემელს!)…

საინტერესო კი ისაა, რომ მთელ ამ შხამს და ბალღამს ანტურაჟად თან ერთვის ვითომსამშვიდობოდ, სინამდვილეში კი – ყასიდად, გამოწვდილი ხელი და კოჰაბიტაციისაკენ უტიფარი მოწოდებები! თან ცნობილი რუსული ანდაზის თანაფარდობისაგან განსხვავებით, ამ ურთიერთობებში კუპრია მთელი კასრი, ხოლო თაფლი – მხოლოდ ერთი კოვზი!

და მაინც, ბოლო დღეებში იყო უკვე ისეთი განცხადებები, რომლებმაც უკვე ცხადად აქციეს ის, რაც ნებისმიერი საღადმოაზროვნე პოლიტოლოგისათვის და პირადად ჩემთვისაც (თუმცა პოლიტოლოგობის და ექსპერტობის პრეტენზია არ მაქვს) უკვე დიდი ხანია, ცხადია. მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი ოცნება არის უახლოეს თვეებში, მოქმედი მახინჯი კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო გადატრიალების მოწყობა: პარლამენტის დათხოვა და ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში სასტიკად გაყალბებული არჩევნების ჩატარება.

ამაზე ღიად მიანიშნებს ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ამ მთავრობას 4 წელი ვერ ვაცლით და უნდა დავიწყოთ აქტიური მოქმედებებიო! (იმდენად უტიფარი და ხისტად არაპოლიტიკური იყო ეს განცხადება, რომ თავად ნაცმოძრაობის მარადიულმა დამცველმა მერაბ ბასილიამაც კი ვერ შეიკავა თავი მისი კრიტიკისაგან და ღიად გაემიჯნა “პოლიტმეტრში”).

ხოლო ამის ფონზე, პრეზიდენტმა ისევ უტიფრად „სამშვიდობო ინიციატივა“ შემოაგდო -ჯანდაბას, რადგან კონსტიტუტციის შეცვლა გინდათ, შევცვალოთ, მაგრამ არა 2/3-ით, არამედ 150 დეპუტატითო! (აქაც იაფერისტა ანგლმა, ხომ შეეძლო ეთქვა 100%-თო, ვითომ არ იცის, რომ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტში 147 დეპუტატია მხოლოდ!)… აშკარაა, რომ დროის მოგებას, ან ჭკუაში მოგებას ლამობს…

საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, როგორ შაგრენის ტყავივით პატარავდება მისი ერთგული ფრაქცია პარლამენტში. საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა მსუბუქი შეშფოთებების შემდეგ შესუსტდა და ვილფრედ მარტენსის მსგავსი ძმადნაფიცებითღა შემოიფარგლა. აგერ ძმადშეგულებულმა ჯანი ბუკიკიომაც კი არ მოიკლა მიშას მხარდასაჭერად თავი და აღიარა, საკონსტიტუციო ცვლილებები არის საჭიროო. იმის ფონზე, რაც უფრო ფართოვდება პროკურატურაში ნაცმოძრაობის ყოფილ მოხელეთა მიმართ აღძრული საქმეები და რაც უფრო მასშტაბური ხდება ამ საქმეები ფინანსური მდგენელი – განსაკუთრებით საჩვენებელია ცეზარ ჩოჩელის მიმართ არსებული ბრალდებები (ბეტონის შპალების ქარხნის დანაშაულებრივ ყიდვასთან დაკავშირებით, სადაც ლაპარაკი ასეულობით მილიონის ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან აცანცვლაზეა), ვაგონშემკეთებელი ქარხნისათვის გადარიცხული 56 მილიონი ლარის ამბავი, ახლა აგერ მერი უგულავას 764 კაციანი ჩაუქ-ჩუკენობის ამბავი და ა.შ. – მით უფრო ნაკლები ენთუზიაზმი ექნებათ ნაცმოძრაობის წევრებს, რომ ბელადს პოლიტიკურ საფლავში ჩაყვნენ… მით უფრო, როცა ბელადს რაღაც გარანტიები შეიძლება ჰქონდეს, მათ კი – ბრიშტი!

ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთისათვის, მართლაც, არასასურველია მათ მიერ დიდხანს შუქურად და დემოკრატიის მზეჭაბუკად შერაცხული პრეზიდენტი, უცებ სასტიკად კორუმპირებულ, ავტორიტარ, წამებებში ხელგასვრილ და მილიარდის მომყუჩებელ, საკუთარი ჰარამხანით ამაყ და შლეგ დესპოტად გაიცნონ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მართლაც მისცეს სააკაშვილს გარანტიები, რომ დაიცავენ სასამართლო დევნისაგან… და ვინ იცის, მართლაც ვერ მოხერხდეს მისი ციხეში მოთავსება, თუმცა ბრალის წარდგენა და გასამართლება უეჭველად (თუნდაც დაუსწრებლად) უნდა მოხდეს. მაგრამ ნუთუ ვინმეს მართლაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აუკრძალავს? ჯანი ბუკიკიო საკმაოდ ნატიფი პოლიტიკოსი ყოფილა და არც მწვადი დაწვა და არც – შამფური (რითაც ძალიან გული დაწყვიტა სერგო რატიანს), მაგრამ მისი განცხადება, რომ მისი აზრით, თურმე, მიხეილ  სააკაშვილი არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვიფიქრო, ან არაგულწრფელია (და მეგობარ მიშას ეს ერთადერთი თხოვნა მაინც შეუსრულა – “თქვი, რომ არ ვაპირებო!”), ან ისევე შორსაა საქართველოს პოლიტიკის ნიუანსებისაგან, როგორც მე ვენეციის საფუძვლის გამყარების და ჩაძირვის პრევენციის სამუშაოების დაგეგმვისაგან!

ჰოდა, ძვირფასო ნაცმოძრაობის ლიდერებო – გიგი, გოგა და გოკა, ჩიორა, ეკავ, და ხათუნებო, პეტრევ და მიშავ (ჟვანია მოკლესო!? – რომ წამოგცდა), ნუგზარ და ზურა, და პატარა ბარტყებო, ჯერ რომ კიდევ ვერ მიმხვდარხართ, სად შერგეთ თავი… – იმაზე დაფიქრდით, მიშა რომ მოტყდება (უკეთეს შემთხვევაში), ან ჩასვამენ (უარეს შემთხვევაში), ან უბრალოდ ბოსტნის საფრთხობელად იქცევა (საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთანავე), მერე რას იზამთ? თუ უთქვენოდ მოგროვდა ის 100 ხმა, მერე თქვენი ხმა ხომ “პუსტა-პუსტად” იქცევა?

არსებულ ვითარებაში უახლოეს ხანებში, სავარაუდოდ, შემდეგ მოვლენებს უნდა ველოდოთ:

პარლამენტი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მიიღებს საკონსტიტუციო შესწორებას, რომლის ძალითაც მიხეილ სააკაშვილი დაკარგავს მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის გაუგონარ უფლებას! ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მადამ ტიუსოს მუზეუმის მოლაპარაკე ექსპონატად იქცევა და, ალბათ, მზეზე დიდი ხნით გამოსვლას ცოტა მაინც მოერიდება…

არაა გამორიცხული, დაახლოებით იმავე პერიოდში, პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის კანონით შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი და/ან იუსტიციის საბჭოს წესდება. ამავდროულად მოსალოდნელია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ახალი წესდების მიღებაც და “ბორდის” გადახალისებაც, რაც საზმაუს მიშისტების ტყვეობიდან დახსნის დასაწყისი იქნება…

ალბათ ამავე პერიოდში დაიწყება თბილისის მერის, ნაცმოძრაობის კიდობნის კაპიტნის – გიგი (ჯერკუალ) უგულავას სასამართლო პროცესიც, რომელიც, დამერწმუნეთ, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე „მონა იზაურას“ სერიალი…

დაბოლოს, გამომდინარე იმ სურვილების დეზავუირებიდან, რაც ბ-ნმა ლევან მაისურაძემ ახლახანს მოახდინა, ალბათ საჭიროა, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურებმა მასზე სპეციალური კონტროლი და თვალთვალი დააწესონ…

ეს კი ჩვენს უცხოელ მრჩეველებს მინდა გავუზიარო:

“სიბრძნე სიცრუისა” (ოღონდ – არა სააკაშვილისეული ოღრაშული სიცრუისა!):

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.


მერი (სიქველი არაქველზე)


კარში გაგდებდნენ იმ დილით, მერი!

მერი, იმ დილით მაგ თვალთა კვდომა,

კანცელარიის შენობის ჭერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებულსა და მოცახცახეს

გეჭირა ხელში ფურცელთ კრებული,

მაგრამ ქაღალდზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

სკამზე იჯექი, მერე წამოდექ,

ბოტოქსტუჩებით დაფქვი სათქმელი.

მაგრამ გაფიცვით გათანგულ მერთა

სხვა არის ლოცვა განსაკურნელი.

მესმოდა შენი დემაგოგია…

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა…

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს სხდომა იყო, თუ – ცოცხით გვემა?

ლიფტებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და DIVA-ს ჩეკებს ქარში კარგავდა…

იყო ობლობა და თავში ჩარტყმა,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

სხდომიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად გატარებდა? ხედვა გიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

„არმანი“ ტანზე შემოიხვიე,

თავი მიანდე ფიქრს შეუწყვეტელს…

აჰა! მერიაც! შენ გეპეისთან

ღონემიხდილი მიაწექ კედელს.

ასე მწუხარე იდექი დიდხანს

და შენს წინ შავი “მერსედესები”

აღმუილებდნენ ძრავებს ბნელხმიანს,

ვით ბედისწერის კატა-კლიზმები.

და შრიალებდა ტოტი საჯდომი

რაზე?  – ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ტრანში, რომელიც შენ არ გეღირსა, –

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: „უეცარი ჩემი იმედი

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა კომპრომატები,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვწურავდი რიყეზე ბადაგს?

ან პლეხანოვსა რად აღვადგენდი?

ვინ დააფასებს აწ ჩემსა ამაგს?“

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც გწყდებოდა გული,

და… შენ ატირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

იდეა – ბიძინა გიორგობიანისა, არანჟირება – სოლომონ თერნალელისა

09.11.2012


„უტიფართა მზე“ – დამშრალი ლაზიკა და დატბორილი თბილისი


ვინმეს ეჭვი გეპარებათ ზეციური სამოთხის მაგვარის ამქვეყნად არსებობაში?

ეჰ, რას ნიშნავს არაინფორმირებულობა?!

საკმარისია, ჩამოხვიდეთ მსოფლიოს „ყველაზე განათებული“ და „ყველაზე არაკორუმპირებული პოლიციის“ მდგრადად განვითარებადი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის (“The City That Loves You!”  და ვნებიანი ოხვრა-ჩურჩული…) აეროპორტში, და თქვენ შეგიძლიათ, დედამიწაზეც აღმოაჩინოთ სამოთხე. ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე რამაა საჭირო – უყუროთ მხოლოდ ნაციონალური მასშტაბის არხებს – საზოგადოებრივ არხს, „იმედს“, „რუსთავი-2“-ს, გაეცნოთ თბილისის მერიის ვებ-გვერდს www.Tbilisi.gov.ge   და მონუსხოთ თქვენი ცნობიერება უფასოდ გავრცელებული უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხის ჟურნალით – „თბილისური ამბები – ასე აშენდება თბილისი“…

ამ ჟურნალში ნახავთ თბილისით მოხიბლულ უცხოელ სტუმართა შთაბეჭდილებებს – ჯონ მალკოვიჩი, მონაკოს პრინცი ალბერ II… მოდიან უცხოელები… თურმე 2011 წ. 2,8 მილიონი ტურისტი ჩამოსულა, აქედან 95% – თბილისში, „ექსპერტთა გათვლით, 2012 წ. 5 მილიონი ტურისტი ჩამოვა“ (ეს ექსპერტები ვასილ ჭყოიძისა და მიშა თავხელიძის კვალიფიკაციისა და პირუთვნელობის სტანდარტის მატარებლები იქნებიან, მაგრამ who cares…), და რა გასაკვირია, რომ ტურისტს თვალს ჭრიდეს შეღებილი სახლები, მოოქროვილი შადრევნები, უკვე გარემონტებული თუ გადათხრილი ქუჩები, უამრავი რეკლამები, და ასობით რესტორანი და კაზინო, რაც მათ წარმატებული და სწრაფადგანვითარებადი ქვეყნის შთაბეჭდილებას უქმნის… მართლაც, ძველის ნგრევის და ახლის შენების ენერგია და ტემპები თუ ლიონ ფეიხტვანგერისა და  პაბლო პიკასოს მასშტაბის ხელოვნებში სტალინისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზაციას შობდა, თანამედროვე ტურისტისაგან რატომ უნდა იყოს გასაკვირი დღევანდელი თბილისით და ნაცმოძრაობის „დემოკრატი“ ლიდერებით აღფრთოვანება?!

მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ – ჩვენ, – ვინც აქ ვცხოვრობთ და ტურისტებისაკენ პირით დადგმული მოოქროვილი «ტაშტის» უკანა, დაჟანგულ და ობითდაფარულ მხარესაც მშვენივრად ვიცნობთ?

აგერ, ზემოთხსენებული ბროშურისთვის შექმნილი ის ფანტასტიური სქემა რომ ავიღოთ, სადაც შუაში რგოლზეა „ტურისტი“ აწერია, ხოლო ირგვლივ კეთილდღეობის მანიშნებელი რგოლები და ფოტოებია… მოდით, გადავავლოთ თვალი:

„სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა“!.. ტურისტებს ეჭვიც არ ეპარებათ სარეკლამო ბუკლეტის ავტორთა კეთილსინდისიერებაში… და ჩვენ, მწარე გამოცდილების მქონეებს კი, იმწამსვე გვახსენდება დედანატირები და განადგურებული სოფლის მეურნეობა, სადაც უკვე კარტოფილის 95% და პომიდორის 70% თურქეთიდან შემოგვაქვს, გვახსენდება გლეხებისთვის წართმეული საძოვრები და სათიბები, 6-ჯერ შემცირებული ღორის სულადობა, ცეზარ ჩოჩელის მიერ მონოპოლიზირებული სასაკლაოები და 8-დან 16 ლარამდე გაძვირებული ხორცი… ტურისტმა კი ეს არაფერი არ იცის! საყვარელია ტურისტი! საყვარლად მიამიტი!

მეორე რგოლზე აწერია – „მშენებლობა და საშენი მასალების ინდუსტრია“. და ტურისტები ისევ გულმოწყალედ იღიმებიან და თავებს აკანტურებენ. ჩვენ კი გვახსენდება „ცენტრ-პოინტის“ ზღაპრებით გატყავებული 6000 მენაშენე და მათგან წაგლეჯილი მილიონებით მოქველმოქმედე კდემამოსილ-ღვთისმოსავი ბანოვან-პარლამენტარი, გვახსენდება ხელისუფლების მიერ განადგურებული და მითვისებული სამშენებლო კომპანიები „არტი“ და „პრიზა“, გვახსენდება კეზერაშვილის ცოლის და ბოკერიას ცოლისდის მიერ უნებართვოდ და დილეტანტურად აშენებულ-დანგრეული რუსთავი-2-ის შენობა და იქ დაღუპული ორი ახალგაზრდა, რომელთა საქმეების გამოძიება მინისტრთა ცოლების დასაწყნარებლად სასწრაფოდ მიაფუჩეჩეს… გვახსენდება გიგა ბოკერიას მამის უეცრად აყვავებული და ტენდერწარმატებული სამშენებლო ფირმა… გვახსენდება ქუთაისში პარლამენტის ადგილზე მემორიალის სასწრაფოდ დასანგრევად ატეხილი პრეზიდენტი და ამ ატეხვას შეწირული უდანაშაულო დედა-შვილი… გვახსენდება, როგორ, რატომ და ვისთვის მიმდინარეობს „ძველი თბილისის ახალ ცხოვრებად“ მონათლული  რეაბილიტაციური პროექტები და რას „საქმიანობენ“ ძველი თბილისის რეაბილიტაციის საბაბით გიგი უგულავას მიერ შექმნილი და მისი ნათესავების (ქვისლის – გიორგი ღონიაშვილის), ახლობლების და თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ფონდები…  გვახსენდება, რომ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მშენებლობის ტენდერს ხელისუფლების ათიოდე დაახლოებული პირიდან რომელიმე იგდებს ხელში… [გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ნანა ბიგანიშვილის შესანიშნავი ჟურნალისტური გამოძიება -„გაუმჭვირვალე  რეაბილიტაცია“ http://www.youtube.com/watch?v=PMZqFMmnS8w&feature=share ]

ძნელია ამის ნახვისას მიამიტური ღიმილი შეგრჩეს სახეზე…

შემდეგი მომნუსხველი რგოლი – „რესტორნების ინდუსტრია“! რა გემრიელი და ნოყიერი რგოლია, ტურისტებში რომ მომენტალურად ნერწყვის გამოყოფას იწვევს… ინდუსტრია, რომელიც სააკაშვილის ახლობელი ძმები შარანგიების GMC ჯგუფმა, უგულავას ახლობელი მინისტრის და მისი ძმა რურუების  “Two Minutes”-მა და პარლამენტარ გეგენავას M-გრუპ-მა და “ნუგეშმა” გაინაწილეს.

ტურისტების გულისგამხარებელი მორიგი რგოლი – „სასტუმრო ინდუსტრია“! აბა, ტურისტებმა რა იციან, როგორი მეთოდებით გამოდევნეს „რედისონ ბლუდ“ ქცეული „ივერიიდან“ ლტოლვილები? როგორ დაანგრიეს ქალაქის ცენტრში თაბუკაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლი, რომლის ტერიტორიის მითვისება სახელმწიფო მოხელეებს „კემპინსკის“ ასაშენებლად და საკუთარი გამდიდრებისათვის უნდოდათ? ან როგორ მოიცვა საქართველო 2004 წლიდან დღემდე ათასობით საკუთრების მეპატრონის მიერ თავიანთი ნაკვეთების და უკვე აშენებული სასტუმროების სახელმწიფოსათვის მოულოდნელად ჩუქების არნახულმა და აუხსნელმა ეპიდემიამ (www.foreignpress.ge/?p=20535)?

საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“. საქართველო გზებს აშენებს! თუ წინა 30 წელიწადს შევადარებთ, ალბათ 100-ჯერ უფრო მეტი გზა დაიგო ახლა, მაგრამ თუ გაწეულ ხარჯებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ საქართველოში გზები არც ისე უხვად და სწრაფად შენდება, როგორც ტურისტებს შეიძლება მოეჩვენოთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთსადაიმავე გზებზე ხშირად რამდენიმე წყაროდან და ფონდიდან პარალელურად იხარჯებოდა ფული (ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრეზიდენტის ფონდი, “ქართუ ფონდი” და ა.შ.), მოსალოდნელია, რომ მიუკერძოებელი აუდიტის პირობებში ისე აღმოჩნდეს, რომ საქართველოში 1 კვ.მ გზის დაგება გაცილებიც ძვირი დამჯდარა, ვიდრე ამერიკასა თუ ინგლისში… და რომ ეს ლამაზი ბლეფიც – „საქართველო – გზების მშენებელი ქვეყანა!“ მორიგი სატყუარაა, სინამდვილეში უნდა იყოს – „საქართველოს ხელისუფლება – გზების მშენებლობებიდან მოტეხილი ფულით მსოფლიოს ჩემპიონი და გინესის რეკორდსმენია!“

სქემაში ნახსენებია „საბანკო სისტემა“ (სადაც მხოლოდ სააკაშვილისთვის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელი ბანკები ძოვენ, ხოლო „ქართუ ბანკისათვის“ სპეციალურად დრაკონული კანონები და რეგულაციები დააკმვიდრეს), „ჯანდაცვა“ (სადაც სიმბოლიურ ფასად კარის ბიზნესმენ ფარმაცევტებისათვის გადაცემული და ახლა უკვე გაფურჩქნილი დიდი ლამაზი კერძო ჰოსპიტლების ფონზე აქა-იქ სოკოსავით მომცრო 15-30 საწოლიანი ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიების კლინიკები იწონებენ თავს, ოღონდ იქ ვერავინ შედის, სიძვირის და პერსონალის ნაკლებობის/არაპროფესიონალიზმის გამო) და „ელექტრონული ტექნოლოგიები“, (რომელთა დანერგვის ძირითადი მოტივაცია საქართველოს მთავრობის მიერ ყველა მოქალაქის და კომპანიის შემოსავლების უმკაცრესი კონტროლი გამხდარა, რათა მერე ამ შემოსავლების მიხედვით მოწველონ ნაცმოძრაობის არალეგალური საარჩევნო ყულაბის შესავსებად. ახლა კი პრეზიდენტის ახალი ფანტასმაგორიული ახირება – ჰოლოგრამული 3D მინისტრები  და ვირტუალური სამთავრობო სხდომები იქნება ამ ტექნოლოგიებს ახალი, “ნაცური” გასხივოსნება).

დაბოლოს – „უსაფრთხოების სისტემა“!

„საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა! აქ მანქანებს არ იპარავენ! აქ მოქალაქეებს არ ქურდავენ და არ ძარცვავენ! აქ თქვენი საკუთრება უმაღლეს დონეზეა დაცული! მშვიდად იყავით, ქართული პოლიცია თქვენ დაგიცავთ კრიმინალებისაგან!“

მაგრამ, თუ ეს ასეა, რატომ მოხდა, რომ ECA International-ის კვლევის თანახმად, საქართველოს დედაქალაქმა 400 ქალაქიდან საცხოვრებლად ყველაზე სასურველის რანგში მხოლოდ 199-ე ადგილი დაიკავა? ამ კვლევაში ხომ უსაფრთხოების დონე ერთერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი იყო? რას ნიშნავს “უსაფრთხოების სისტემა” ქვეყანაში, სადაც მთავარი საფრთხე სწორედ პოლიტიზირებული ძალოვანი სტრუქტურებისაგან მოდის? ქვეყანაში, სადაც მიტინგების დაშლა სადამსჯელო ოპერაციებად აქციეს და მომიტინგეებს ალყაში აქცევენ, და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგაც კი უმოწყალოდ ურტყამენ? რა შეიძლება ითქვას “უსაფრთხოების სისტემაზე”, სადაც ათობით პოლიტპატიმარი და სამსახურებიდან პოლიტიკური პოზიციის გამო ასობით განთავისუფლებული ადამიანია? რამდენად უსაფრთხოა ქალაქი, სადაც მოსახლეობის ¾-ს სჯერა, რომ მას უსმენენ და სადაც მიტინგის შემდეგ მაღაზიების სახურავებზე „დენით გარდაცვლილ“ ხელფეხშეკრულ გვამებს ნახულობენ? ქვეყანა, სადაც სახალხო დამცველი გამუდმებით ლაპარაკობს ციხეებში წამების ფაქტებზე, რომლებიც მუდამ გამოუძიებელი რჩება…  ციხეები, სადაც პატიმართა რაოდენობა ბოლო 8 წელიწადში 4-ჯერ გაიზარდა და მსოფლიოში „ამ მაჩვენებლით“ ლიდერის პოზიცია დაიკავა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 140 პატიმარი (მათი უმრავლესობა – 40 წელზე უფრო ახალგაზრდა) გარდაიცვალა, ზოგჯერ იმ ვითარებაში, როცა მათ სხეულზე ძალადობის კვალია. ქვეყანა, სადაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პატიმარი “კიბიდან ვარდება” და იღუპება, ხოლო მის ოჯახს მხოლოდ 8 საათის შემდეგ ატყობინებენ… სადაც ჟურნალისტებს ხელს უშლიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში, მასალებს ართმევენ, ფიზიკურად შეურაცხყოფენ და დასაშინებლად ჯაშუშობის ბრალდებას თუ სხვა დამამცირებელ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას იყენებენ, და ყველაფერი ეს რჩება აბსოლუტურად გამოუძიებელი და დაუსჯელი!!!…  ეს არის “უსაფრთხოების სისტემა”? ეს არის ის ქვეყანა, სადაც პოლიციას თურმე შეიძლება 87%-იანი რეიტინგი ჰქონდეს? ის რეიტინგი, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების პოლიციის უფროსებს არ დაესიზმრებათ?

მაგრამ არის ამ საკითხის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც აქამდე ნაკლებად გვაწუხებდა თითქოს – ბუნებრივი კატასტროფები და საქართველოს მოქალაქეების დაცულობა.

შარშან მაისში მთელ საქართველოში კოკისპირული წვიმების გამო მოხდა სერიოზული მსხვერპლი რიკოთის უღელტეხილზე და სასწაულად გადავრჩით, რომ სპორტსმენი ბავშვებით სავსე ავტობუსი ლაფმა გააჩერა და ღვარცოფმა მდინარეში არ მოისროლა. ეკოლოგიური და ბუნებისდამცველი ორგანიზაციები საქართველის ხელისუფლების მხრიდან გამართული პოლიტიკის არარსებობაზე, ხოლო რიგი ექსპერტები – საგზაო სტრუქტურების უსაფრთხოების გეგმების არარსებობაზე ლაპარაკობდნენ. მაგრამ რაიმე გაკეთდა? – გარდაცვლილები დაასაფლავეს, გზები გაასუფთავეს, გვირაბი შეაკეთეს და პრობლემა დაივიწყეს…

რაიმე გაკვეთილი საქართველოს მთავრობამ შარშანდელი ტრაგედიიდან არ გამოიტანა. ის კი არა, „გაგვახარა“ 15 დიდი ზომის ჰესის სასწრაფოდ და გარემო უსაფრთხოების სათანადო დასკვნის გარეშე მშენებლობის მათთვის ჩვეული ავრალური დაწყებით, გასაიდუმლოებული სამუშაო გეგმით, და როგორც ყოველთვის, გარემოს დამცველი მინისტრის გამაოგნებელი უვიცობით, რომელიც ვიდეოჩანაწერში აღიარებდა, რომ ჰესების უსაფრთხოება გარანტირებული არ არის, მაგრამ სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ეს საჭირო საქმეა.! საჭიროება კი მხოლოდ ერთია, 15-ვე ჰესი თურქეთის და არა საქართველოს ინტერესებს ემსახურება. ამ უზარმაზარი რესურსების ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიის ტარიფიც კი არ დაიკლებს! ხოლო რიგ წყალუხვ რეგიონში, მაგალითად ქუთაისში, სადაც სადღეისოდ წყლის ტარიფი გაზის ფასს უტოლდება (!!!), არაა გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ წყალზე ტარიფი კიდევ უფრო გაზარდოს! განვლილ წელიწადში ასევე გამოცხადდა აბსოლუტურად ირეალური თუ სიურეალისტური საუკუნის მშენებლობის – ნახევარმილიონიანი ქალაქ ლაზიკის პროექტი, რომელიც შემდეგ ინვესტორებისაგან ქურდულად მოპარული და მთავრობის სტილში „ნიუ-ვასიუკიდ“ უნიჭოდ გადაკეთებული  პლაგიატი აღმოჩნდა… მიმდინარეობს ხეების მასიური ჩეხვა და საზღვარგარეთ უკანონო გატანა, ტყეების და წყლების გასხვისება უცხოელებზე ათეულწლიანი კონტრაქტებით… მთავრობამ მიიღო დრაკონული პროექტი, რომელიც ნებისმიერ ინვესტორს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ საქართველოს ბუნების, ფაუნის და საერთოდ ეთნოსის უპრობლემოდ განადგურების თამასუქს აძლევს!

და აი, ახალი ტრაგედია – თბილისში 12-13 მაისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ორთაჭალის დიდი ნაწილი, ასევე დიდუბის, საბურთალოს და დიღმის ტერიტორიები, სადაც მთელი ღამე მოსახლეობა პანიკაში იყო, გადაადგილება – პარალიზებული. საუბედუროდ, გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი – ოჯახი გორის რ-ნის სოფ. შავშვებიდან, რომლებიც თბილისში თავის ახლობელთან იყვნენ სტუმრად. სავარაუდოდ, მსხვერპლი და ორთაჭალის მასიური დატბორვა გამოწვია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე ხელოვნური ტბის კოლექტორის და არხების სისტემის გაუმართაობამ, როდესაც უეცრად მოვარდნილმა წყალმა ჯერ ტბის დამცლელი სარეზერვო არხი ჩახერგა ნაგვით, ხოლო შემდეგ ტბამ ჯებირები გადმოანგრია და მასიური წყალდიდობა გამოიწვია.

http://www.ambebi.ge/sazogadoeba/53299-saidan-movarda-tsyali-romelmac-orthatcalashi-ubedureba-daatriala-video.html?showadvert=1&rand=413275

უცხოური მედია – აშუქებს თბილისში სტიქიური უბედურების კადრებს (“ასოშიეთედ პრესის” მიერ გავრცელებული საინტერესო ფოტოები შაჰინ აივაზოვს ეკუთვნის, იმ ფოტორეპორტიორს, რომელიც 1 წლის წინ „ჯაშუშების საქმეზე“ შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს, მაგრამ აშშ ელჩის ჩარევის შემდეგ გაანთავისუფლეს)

http://www.thejournal.ie/five-killed-as-flooding-strikes-georgian-capital-tbilisi-449567-May2012/

 

აი, რას წერს ფეისბუქზე გიორგი ჩიქოვანი, რომლის კითხვებს ხელისუფლების მიმართ სრულად უნდა ვინაწილებდეთ და სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგად უნდა დადგინდეს, ვისი ბრალი იყო 2012 წლის 12-13 მაისის ღამის მსხვერპლი და ქალაქისათვის მიყენებული დიდძალი მატერიალური ზარალი:

=========================

George Chikovani

მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ სანიაღვრე ქსელების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჯერ კიდევ 2008 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში და დღემდე ვინ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე ქსელების მომსახურებაზე? რაც უნდა მოიცავდეს:

1. სანიაღვრე კოლექტორების და სათავე ნაგებობების შემოწმებას, გვერდმიმღებების გაწმენდას,

2. სანიაღვრე და საკონტროლო ჭების გაწმენდას,

3. დრენაჟებზე საკონტროლო ჭების გაწმენდას,

4. სათავე ნაგებობების და კიუვეტების გაწმენდას,

5. გადამაერთებელი სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების დამუშავებას მავთულით,

6. სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების გარეცხვას,

7. გატეხილი და დაზიანებული ცხაურების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების შეცვლას ახლით,

8. სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებზე დაზიანებული ჭების შეკეთებას,

9. დიდი წვიმების დროს სანიაღვრე ცხაურებზე მიტანილი ნაგვის დროულ გაწმენდას,

10. სანიაღვრე ჭებიდან დანალექი ლამის გატანას ნაგავსაყრელზე 15-20 კმ-ს მანძილზე,

11. ღია არხების გაწმენდას.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=3942471850180

==============

პასუხი, სავარაუდოდ არ იქნება!

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 12 მაისს ბათუმში ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე დიდი ხნის გაცვეთილ არღანს ატრიალებდა საქართველოს ეკონომიურ სასწაულზე, არნახულ ტემპებზე, მომხიბვლელ ქართველ ფოტომოდელ-მებაჟეებზე, 13 მაისს დღის მეორე ნახევარში თბილისში გამოჩნდა, ორთაჭალის მოსახლეობას მიუსამძიმრა, თავისი წუხილი გაანდო და პრობლემის გადაწყვეტის მისეული გეგმაც გაგვიზიარა. (მოწოდებულია “ინტერპრესნიუსის” მასალების მიხედვით)

============================================

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, თბილისის მასშტაბით უნდა დაიწყოს ყველა, ე.წ. ბარაკის აღწერა და ამის შესახებ ის უკვე ესაუბრა დედაქალაქის მერს, გიგი უგულავას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, თბილისში ხალხი ჩამოდის სოფლიდან და ხშირ შემთხვევაში ასეთ ადგილებს ქირაობს, ზოგი გირაოში დებს თავის ბინას და “ბარაკებში” ქირაობს, ზოგი ბინას კარგავს და შემდეგ ასეთ პირობებში ხვდება.
“ჩვენ უნდა აღვწეროთ ეს “ბარაკები”. უნდა გავაკეთოთ პროგრამა, თუნდაც რამდენიმე წელზე გაწერილი იმისთვის, რომ თბილისში “ბარაკები” აღარ იყოს. კი, მე მესმის, რომ ჩამოდის ხალხი, კი, მესმის, რომ სამუშაოს მაძიებელია, კი, მესმის, რომ სხვადასხვა ცხოვრების პირობები შეიძლება იყოს, მაგრამ, რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთ პირობებში არსად არავინ ცხოვრობდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მას ეშინოდა, რომ ამ ზამთარში უხვად მოსული თოვლის შემდეგ, რეგიონებში არ მომხდარიყო წყალდიდობა. “მაგრამ, მოულოდნელად პირდაპირ თბილისის ცენტრში დაგვარტყა”, – დასძინა პრეზიდენტმა.

===========================================

უყურე, შენ!! – ეშინოდა, თურმე!

ნერვიულობდა… გუდაურის და მესტიის კალთებზე დაცვის რკალით შემოსარტყული ნებივრად მოსრიალებს-თქო, ჩვენ ვფიქრობდით, და მას კი, თურმე, შიშით აცახცახებდა! რეგიონების ბედით შეშფოთებული ბათუმის და სიღნაღის რესტორნებსა და ბარებში იკლავდა თვალზე მოძალებულ რულს და ჩვენ გვეგონა, დაბოლილი იყო! სწორედ იმიტომ გარბოდა წამდაუწუმ თბილისიდან, რომ რეგიონებში ელოდა სტიქიის შემოტევას და სურდა, ისევ ისე ეპიცენტრში ყოფილიყო და ისევ ისე მიეშვირა თავისი მთრთოლვარე მკერდი საფრთხისათვის, როგორც ადრე რუსის ავტომატისათვის განმუხურში და… ამ ოხერმა სტიქიამ კი, როგორ რუსებივით მოულოდნელად და მუხანათურად სწორედ მაშინ და იქ დაარტყა, სადაც არ ელოდა! აბა, რას წარმოიდგენდა?

რას წარმოიდგენდი, მამავ და მარჩენალო? რას წარმოიდგენდი, როცა შენი თვალუწვდენელი ფანტაზიები ანაკლიიდან სოხუმისკენ მიმართულ (ერთხელ უკვე წაღებულ და მაინც აღდგენილ) ხიდზე ოცნებებს და ლაზიკის ჭაობებიდან ამოწვდენილ ულტრათანამედროვე ცათამბჯენების მაკეტებს ეთამაშება? სად გაქვთ შენ და შენსავით „ჭკუადალაგებულებს“ და „სინდისდავარცხნილებს“ იმის დრო და საშუალება, რომ კოლექტორებზე, სანიაღვრე არხებზე, ხელოვნური ტბორების ჯებირების სარემონტო სამუშაოებზე, სამაშველო სამსახურების სტარეტეგიულ განვითარებაზე და ტექნიკით მომარაგებაზე და სხვა მსგავს პროზაულ და ძნელადგასაპიარებელ ამბებზე იფიქროთ? სად გცალია შენ ამ ბარაკებში მონებივრე ურჩი მენაშენეების მდგომარეობაზე საფიქრებლად, როცა ამდენი „ჯასთ დრაივია“ ასაგები და „ჯასთ ყავები“ შესაკვეთი? რა ჰქნას შენმა მირაჟში გაჭენებულმა ცნობიერებამ, რომელსაც ჰოლოგრაფიული 3D მინისტრების კაბინეტის ფორმირება და ვირტუალური საპარლამენტო მოსმენები, ხოლო სასთუმალთან ზოგიერთი მინისტრის გამოსაძახებელი WiMax კნოპკები ელანდება? რა დროს წყალდიდობა და წვიმა იყო ამ წინასაარჩევნოდ, როცა წინა დღეს მთელ მსოფლიოს აცნობე, რომ ქართველები თურმე 4,7 მილიონი გავხდით (ნეტა რომელმა ჩიტმა მოგიტანა ეს ამბავი?! თუმცა, აბა, საარჩევნოდ დაგეგმილ 4 მილიონ ამომრჩეველს ხომ უნდა წინასწარ „გაპრავება“!) და რომ, თურმე, ქართული დემოკრატიის ყველაზე დიდი მიღწევა საზღვარზე მებაჟეებად განწესებული სუპერსექსუალური და მომხიბვლელი ქართველი გოგონებია!

მოკლედ, აქ ყველაფერი გასაგებია – არ ეცალა კაცს, ახლა მოიცალა და აგერ ნახეთ, თუ რომელიმე ბარაკი სადმე გადარჩეს! ხოლო ყველა ბარაკდანგრეულს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში რომ ბარაკთან ერთად ცხვირსაც მიუნგრევენ და კრედიტებს რომ სასწრაფოდ ააღებინებენ, რათა გადახდაუუნარო მოვალეების შავ სიაში მოხვედრილ 260,000 მონობისათვის განწირულ ადამიანსა და ოჯახებს კიდევ 30,000-50,000-ს რომ დაუმატონ, ამაში ეჭვი მხოლოდ ტურისტებს შეიძლება ეპარებოდეთ, მიამიტებს…

აი, რას ამბობს ჩვენი დემოკრატიის მეორე (ამომავალი) უტიფარი “მზე” – ქალაქის მერი გიგი უგულავა, რომელმაც სულ რაღაც 2 კვირის წინ „მსოფლიოს უდიდესი მშენებლის“, დონალდ ტრამპის აღფრთოვანება და პირისდაღებამდე მისული განცვიფრება გამოიწვია. სწორედ ის გიგი უგულავა, რომელმაც თავის ქვისლს ათეულმილიონობით ქონება დაუმტკიცა აღდგენილ აღმაშენებელზე, ხოლო თავისი თანამშრომლებისაგან უყოყმანოდ შეიძენა 1000-1000 ლარიანი კიპარისები (რომელთა რეალური ფასი მხოლოდ 30-30 ლარი იყო)… განსაცვიფრებლად კრისტალური გიგის გამონათქვამები:

===================================

თბილისის მერმა გიგი უგულავამ 13 მაისს, კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა: “ღამე ვრცელდებოდა ინფორმაცია თითქოს სამთავრობო რეზიდენციაში არსებული ტბა გასკდა. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მე თვითონ ღამე 4 საათზე ვიყავი და ვნახე, დავათვალიერე. ეს [ტბა] დახურული ტერიტორიაა დღესაც, მაგრამ იქ ამის ნიშნები არ შეინიშნებოდა. ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რომ სრულად დადგინდეს”.

==============================

რამე ხომ არ გაგახსენდათ, ჩემო კარგებო? ტურისტებს არ გაახსენდებოდათ, მაგრამ თქვენ მაინც არ გაგახსენდათ 2009 წლის 26 აპრილის საზარელი ღამე, როცა სანდრო ეულის ქუჩაზე „რუსთავი-2“-ის „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობა მთლიანად ჩამოინგრა და ორი ახალგაზრდა ოპერატორი იმსხვერპლა? გახსოვთ, როგორ ელვის სისწრაფით გაჩნდა მაშინაც ადგილზე ქალაქის მერი გიგი უგულავა და კიდევ უფრო უსწრაფესად როგორი ექსპერტული დასკვნა გააკეთა ცისკრის პირველ სხივებამდე პროფესიით თეოლოგმა და რწმენით მარკშეიდერმა გიგიმ? უგულავამ განაცხადა, რომ გაოგნებულია მომხდარით. “ეს იყო კაპიტალური შენობა, მის ერთ ნაწილში კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობდა, თუმცა არა მგონია, რომ ეს გამხდარიყო შენობის დანგრევის მიზეზი, რადგან რემონტი მზიდ კედლებს არ შეხებია”.

და მერე ხომ ყველასთვის (ტურისტების გარდა) აშკარა გახდა, რომ შენობის რემონტი ძალიანაც არაკოსმეტიკური იყო და სწორედაც რომ მზიდ კონსტრუქციებს (კერძოდ – საყრდენ კოლონებს) შეეხო, რომელთა დიდი ნაწილი აბსოლუტურად უმეცრულად მოანგრიეს, რამაც შენობის ხუხულასავით ჩამოშლა გამოიწვია… ისიც ხომ აშკარა გახდა, რომ დანგრევიდან რამდენიმე წუთში  ასეთი „ექსპერტული შეფასება“ საკუთარი თანაგუნდელების და უცებგაბიზნესვუმენებული ქალბატონების – კეზერაშვილის ცოლისა და ბოკერიას ცოლისდისთვის ალიბის შეკერვის მცდელობა იყო მხოლოდ?! აქედან გამომდინარე, რაღაც გონივრული ეჭვი მიჩნდება, რომ ორთაჭალის მოსახლეობის ის გამაუბედურებელი ტბა, ან მისკენ მიმავალი ის კოლექტორები თუ არხები შეიძლება რომელიმე სამთავრობო მაღალჩინოსანს ან მათი ოჯახის წევრს ეხება (კეზერაშვილს? ბენდუქიძეს? ბოკერიას? ადეიშვილს?) და ბატონი გიგი ისევ “პალოჩკა-ვირუჩალოჩკის” ჩვეულ როლს თამაშობს ექს-სტიქაროსნული გულმოწყალებით შეჭურვილი… და რატომ იყო უგულავასთან ერთად ღამით გამოსული ხათუნა კალმახელიძე, რა ხდება ორთაჭალის ციხეში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში? რამდენად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ თუ პატიმართა შორის მსხვერპლი იყო, ამას ჩვენი „ანგელოზი“ მინისტრი გულახდილად მოგვიყვება?..

===============================================

„ღამის 4 საათზე, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, იქაურობა უკვე დატბორილი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა, წყალსაცავიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გარე განათება გათიშა და ისინიც ვერაფერს აკეთებდნენ.“

=====================================================

ახლა ხომ ყველაფერი გასაგებია – მსხვერპლი თურმე გამოიწვია ბარაკებმა და ბარაკებში ჩასახლებულმა მოსახლეობის უცოდინრობამ… ტბის ჯებირები არ დანგრეულა… მერე იტყვიან, რომ ტბა საერთოდ არცა ყოფილა… სამაშველო სამსახურები მედგრად იბრძოდნენ (ამაში ვეთანხმები ხელისუფლებას, თუმცა ვფიქრობ, ეს ბრძოლა გაცილებით წარმატებული იქნებოდა, წინასწარ ვინმეს რისკების დათვლა და ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები რომ ჩაეტარებინა), საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ უკლებლივ ყველა ბარაკი დაანგრიოს და ხალხს სასწრაფოდ კრედიტები ააღებინოს… ხოლო ვინც კრედიტებს ვერ აიღებს, იქ დაბრუნდება, სადაც ბარაკები ბედნიერი საქართველოს იმიჯს ვერ გააუარესებს…

საქართველო უნდა იყოს ის, რასაც სამთავრობო ტელევიზიები გადმოსცემენ… მხოლოდ მაშინ გვეყოლება 5 მილიონი ბედნიერი ტურისტი, თუნდაც – 4 მილიონი პირაკრული, დამუნჯებული და დაყრუებული ქართველის ხარჯზე

============================================

ბუნებრივი კატასტროფები სხვაგანაც ხდება, გაცილებით უფრო მოწესრიგებულ ქვეყნებში. განსხვავება იმაშია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არასოდეს აღიარებს თავის პასუხისმგებლობას, არასოდეს აკეთებს რაიმეს უბედურების პრევენციისათვის, არასოდეს იკლებს სახსრებს იმ პროექტებიდან, რომელიც ან პირადად მათთვის მომგებიანია, ან მაგრად „ბრჭყვინავს“, – იმ პროექტების სასარგებლოდ, რომელიც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… და მაშინაც, კი, როდესაც უბედურება ხდება, უსინდისოდ იტყუება, იტყუება, იტყუება…

P.S. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს და ჩემი თანაგრძნობა ყველა ჩვენთაგანს, ვისაც ამ უგვანო ხელისუფლების ატანა კიდევ რამდენიმე თვე მოგვიწევსდა იმაზეც იფიქრეთ, რა მოხდება, თუ ეს უტიფრები და უცოდინრები 15 დიდ ჰესს ააშენებენ. თითოეულ ამ ჰესს ხომ კრწანისის ხელოვნურ ტბაზე 1000-ჯერ ან 10000-ჯერ უფრო დიდი წყალსაცავი ექნება…

P.P. S. როდესაც ღამენათევი და ნამთვრალევი (სავარაუდოდ) მიხეილ სააკაშვილი ტრაგედიიდან 12 საათის შემდეგ ორთაჭალაში დაზარალებულ მოსახლეობას ეწვია და მდგომარეობის გამოსასწორებლად ბარაკების უსწრაფესი აღება დასახა გეგმად, ხოლო უსახლკაროებს დროებითი თავშესაფრის გამოყოფას დაპირდა, ნამდვილად ცოტა მეგულება ადამიანი, რომელიც გამოიცნობდა, რომ ამ დროს მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს თვითმფრინავი უკვე შეკაზმული ჰქონდა და სულ რაღაც 6 საათში სლოვენიაში საქართველო-ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარფინალზე მოგვევლინებოდა თავის სამაგალითო სპორტის მინისტრთან ერთად! ის ბედნიერი და ნეტარი სახეები, რომლითაც ორივე ახალგაზრდა ნპოლიტიკოსი ფეხბურთს უცქეროდა საკმაოდ განსხვავდებოდა არამცთუ ქართველი ადამიანის იმიჯისაგან, როდესაც მის სახლში (მისთვის მმართველობაში ჩაბარებულ სახელმწიფოში!) ტრაგედია დატრიალდა და ახალგაზრდა დედის და ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედრები დაუკრძალავი იყო, არამედ ანალოგიურ სიტუაციაში ევროპელი პოლიტიკოსის იმიჯისგანაც… სწორედ ამიტომ გერმანული ტელეარხის კომენტატორმა თავი ვერ შეიკავა და თავისი გაოცება გამოთქვა – ამის სამშობლოში დღეს წყალდიდობა მოხდა, ხალხი დაიღუპა და ნეტა აქ რა უნდაო? :((((((

მართალი გითხრათ, არ მწყენია ბატონი მიხეილის საქციელი… მისგან წიხლი და ამგვარი ქცევა საწყენი არაა და თანაც რაც უფრო მეტი ადამიანი საზღვარგარეთაც გაიგებს მაგ კოკასა შიგან რა დგას, მით უკეთესი, თორემ სარეკლამო ბუკლეტების და პიარში დახარჯული მილიონების წყალობით ჯერ კიდევ დალაგებული ჰგონია ზოგიერთს საზღვარგარეთ…