არჩევნები 2016 – ასპექტები: 2. სოციოლოგიური კვლევები და ეგზიტპოლები


2016 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარ ნიშნად დარჩება თავისებური ბატალიები სოციოლოგიურ-სტატისტიკურ კვლევათა ავტორებს, დამკვეთებსა და მხარდამჭერებს შორის, რომელთაც, სამწუხაროდ, არა იმდენად მოსახლეობის განწყობათა სტატისტიკური შესწავლა მოახდინეს, რამდენადაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის განწყობების შესაძლო მოდელირება ან – ამ მოდელირების პრევენცია ჰქონდათ მიზნად.

ფრონტი რუსთავი2-მა გახსნა, რომელმაც მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი გერმანული კომპანია GFK დაიქირავა. რუსთავი2-ის დირექციის მიერ ყურადღება მახვილდებოდა იმ ფაქტზე, რომ წინა საპრეზიდენტო და ადგლობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ მიერ შერჩეულმა ამ კომპანიამ ცესკოს შედეგებთან მიახლოებული მაჩვენებლების პროგნოზირება გააკეთა ეგზიტ-პოლში. თუმცა არც ექსპერტებს და არც მოსახლეობას არ გამოპარვია ის ფაქტი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ GFK-მ, რომელიც მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იქნა მოწვეული ეგზიტ-პოლის ჩასატარებლად, რეალობისაგან მეტად  (22%-ით!)  აცდენილი შედეგი დადო, როცა ქართულ ოცნებას და ნაცმოძრაობას თანაბარი – 33%-33% პროცენტიანი შედეგი დაუწერა, რაც ცესკოს საბოლოო შედეგისაგან არა დასაშვები 2-3%-ით, არამედ ლამის 15%-ით აღმოჩნდა განსხვავებული.

ძველი ლაფსუსის გამართლება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელ დირექციას (გია ჭანტურიას) გადააბრალა, იმათ ვერ გაიგეს და შედეგები ისე გამოაცხადეს, რომ ეგზიტ-პოლში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა რაოდენობა არ გამოაკლესო. ეს “ახსნა-განმარტება“ უბრალოდ სასაცილოა, რადგან ჯერ ერთი შალვა რამიშვილმა მალევე მოიპოვა 2012 წლის კადრები, სადაც სწორედ GFK-ის წარმომადგენელმა (და არა გია ჭანტურიამ) გამოაცხადა ეგზიტ-პოლის ზემოთდასახელებული შედეგები. თანაც, როგორც არ უნდა დათვალო – გინდათ, უარისმთქმელთა გათვალისწინებით, ან მათ გარეშე, თუ ორ პარტიას ზუსტად თანაბარი შედეგი (33%-33%) ჰქონდა, ეს შედეგები, კვლევაში მონაწილეობაზე უარისმთქმელთა გაბათილებით კი მოიმატებდა, მაგრამ  სიმეტრიულად – 47%-47%-მდე მოიმატებდა, ხოლო ორ პარტიას შორის ცესკოს მიერ დაფიქსირებული 15%-იანი განსხვავება ჰაერიდან ვერაფრით გაჩნდებოდა! ნიკა გვარამია კია ცნობილი, როგორც ნიჭიერი, მაგრამ ეგრეთ დაბოლებას ჩვენ „არ ვჭამთ“! D:D

უფრო საინტერესო კი ის იყო, რომ რუსთავი2-მა ცოცხალი თავით არ მოინდომა იმის გამხელა, გერმანულ კომპანიას ვინ უტარებდა ადგილზე საველე სამუშაოებს. საბედნიეროდ, GFK-მ თავად არ ისურვა ზედმეტი კუკუდამალობანას თამაში და გულახდილად აღიარა, რომ ეს კომპანია ნაცმოძრაობის დეპუტატის და დეპუტატობის კანდიდატის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის – ლევან თარხნიშვილის მიერ დაფუძნებული და მისი მეუღლის – ანი თარხნიშვილის მიერ დღემდე მართული კომპანია BCG იყო. ამან, რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები, რომ GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს საზოგადოებისათვის რეალობის მოდელირების ფუნქცია უფრო შეიძლებოდა ჰქონოდა, ვიდრე რეალობის დადგენა. ამის გამჟღავნების შემდეგ, ნიჭიერთა და საზრიანთა კლუბის კიდევ ერთმა წევრმა და ნაცმოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა, სერგი კაპანაძემ ასეთი ფანტასმაგორიული ახსნა შემოგვთავაზა: ის კი არაა მთავარი, საველე სამუშაოებს ვინ ატარებსო (თარხნიშვილის ცოლი, თუ რომელი კამპანიაო)! და არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა – სამუშაოთა მთავარი შემსრულებელი GFK იქნებოდა, თუ ვინმე სხვაო! მთავარი – დამკვეთიაო!!  ანუ, კვლევის ხარისხის გარანტიისთვის რუსთავი2 ყოფილა მთავარი და უმთავრესი ფაქტორი – შეუცდომლობის ვარსკვლავი და სისპეტაკის აპოთეოზი! ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, „ნიჭი“ არ მეყოფა! 🙂

სამწუხაროდ, არც იმედის მიერ დაქირავებული კომპანიის JPM-ისა და მის მიერ საველე სამუშაოებისათვის შერჩეულ GORBI-ის კვლევების მიმართ არსებობდა საზოგადოებაში მაღალი ნდობის ფაქტორი. JPM ნამდვილად არ მიეკუთვნება მსოფლიოში ანალოგიური კვლევების გრანდებს, ხოლო GORBI-ის ნაცმოძრაობასთან დაახლოებული წრეები მის მიერ პოლიტოლოგიური კვლევების სიმცირეს უწუნებდნენ. აღნიშნული ეჭვები გააძლიერა პირველი კვლევის პრეზენტაციის დროს დაშვებულმა რამდენიმე ტექნიკურმა უზუსტობამ, მაგალითად იმან, რომ კვლევის პროცენტების ჯამმა არა 100%, არამედ 101% შეადგინა. ზოგიერთი სოციოლოგი იმასაც კითხვის ქვეშ აყენებდა, რომ განსხვავებით NDI/CRRC და IRI/IPM  კვლევებისაგან, JPM-ის კვლევებში ქართული ოცნების უპირატესობა ნაცმოძრაობისაგან არა 2-3%-ით გამოხატებოდა, არამედ ორმაგი, ხოლო ოქტომბერში კი – კიდევ უფრო მაღალიც – კი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყველა კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მინიმუმ 1/3-ს მაინც არ ჰქოპნდა ბოლო დღეებამდე არ ჰქონდა გაკეთებული არჩევანი, ან – არ აპირებდა მის გამხელას.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არცერთი გამოკითხვის პროგნოზი, თანაც არც არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი, არ გამართლდა. მათ შორის ის ეგზიტ-პოლიც, რომელიც 4 ტელეკომპანიის (იმედი, GDS, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი) დაკვეთით მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ TNS-მა ჩაატარა (ისევ იმავე GORBI-სთან ერთად).

არ დადასტურდა GFK-ის (ისევე როგორც NDI და IRI) კვლევებზე დაყრდნობილი მოლოდინები იმაზე, რომ ნაცმოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის სხვაობა მინიმალური იქნებოდა – ეს სხვაობა 21%-ს აჭარბებს! ისევე როგორც არ დადასტურდა TNS-ის ეგზიტ-პოლის პროგნოზი იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება 2.5-ჯერ და მეტად უფრო მაღალ შედეგს დადებდა, ვიდრე ნაცმოძრაობა (ეს სხვაობა 1.8-ჯერ მეტი იყო მხოლოდ). ახლა, ორივე ამ კომპანიის ხელმძღვანელობას ასახსნელი ექნება, როგორ მოხდა, რომ ეგზიტპოლების 1-2%-იანი სავარაუდო ცდომილების ნაცვლად ეს ცდომილება ლამის ორმაგი ციფრებითაა გამოხატული. სწორედ ამიტომ ვიყავი იმის წინააღმდეგი, რომ საზოგადოების გადასახადებით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ოთხეულში მონაწილეობა მიეღო.

და მაინც, თუ ციფრებს კარგად დავაკვირდებით და გარკვეულ ანალიზს მოვახდენთ, შეიძლება საკმაოდ საინტერესო დასკვნების გაკეთება იმაზე, სად იყო უფრო მეტი და უფრო ნაკლები სიზუსტე თუ ტენდენციურობა. და, რაც მთავარია – აწი რა ვქნათ – საბოლოოდ დავასაფლაოთ ეგზომ დისკრედიტირებული სოციოლოგიური კვლევები, თუ უბრალოდ, ის გავასწოროთ, რაც გასასწორებელია და რასაც, სამწუხაროდ  ჯიუტად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში ლამის ყველა – შინაურიც და უცხოელიც… – როგორ აღვადგინოთ სოციოლოგიური კვლლვების სიზუსტეც და მათდამი საზოგადოების ნდობაც.

======

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად დიდი მსგავსებისა, არჩევნებამდე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებსა და ეგზიტ-პოლებს შორის არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა: დროში, ველში, გამოკითხულთა რაოდენობაში, დათვლის შემდეგ ექსტრაპოლირების მეთოდებში და ა.შ. რაც მთავარი – კვლევას ატარებ მაშინ, როცა ხმა ჯერ არ მიუცია ამომრჩეველს. ხოლო ეგზიტ-პოლს – უკვე ბიულეტენის ურნაში ჩაგდების შემდეგ (თუმცა ეს სულაც არაა გარანტია, რომ ამომრჩეველი თავის არჩევანს პირუთვნელად გაგიმხელს). და მაინც ამ განსხვავებებზე, მირჩევნია, პროფესიონალებმა ისაუბრონ.

მე კი მოკლედ გეტყვით –

ა) მთავარი პრობლემა სწორედ სოციოლოგიურ კვლევებში იყო!

ბ) ეგზიტ-პოლების მაღალი ცდომილების პრობლემა (ნაწილობრივ მაინც) ძალიან იოლად ახსნადი მგონია.

გ) ეგზიტ-პოლებზე, დროებით, აჯობებს, უარი ვთქვათ – არაფერს მაგით არ წავაგებთ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტ ხანს მოგვიწევს ცესკოს დაველოდოთ! თუ ცესკოს კონტროლი გვსურს, აჯობებს, პარალელური დათვლის არსებული გამოცდილება გავაგრძელოთ.

დ) ხოლო სოციოლოგიურ კვლევებში კი მოგვიწევს იძულებითი ღონისძიებები გავატაროთ და “ცეცხლით და მახვილით ამოვშანთოთ” 🙂  როგორც არაპროფესიონალიზმი, ასევე და უფრო მეტადაც კი – იქ გამეფებული პოლიტიკურად მოტივირებული გაყალბება, რომლის მთავარი არეალი ის მგონია, სადაც უცხოური კომპანიები შეგნებულად არ შედიან, რათა არც თავი დაიღალონ და არც რეპუტაცია შეიბღალონ – კვლევების ველი. სწორედ ველშია ძაღლის კუდები დამარხული!

====

წარმოგიდგენთ 4 ცხრილს, სადაც GFK-ის და JPM-ის 2-2 კვლევაა ასახული. საბედნიეროდ, ეს კვლევები თითქმის დაემთხვა დროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:

gfk-1-aug

jpm-1-sept-geo

gfk-2-oct

jpm-2-oct-geo

როგორც თავად ხედავთ, კვლევების შედეგები (4-ვე მათგანში!) მკვეთრად აცდენილია არჩევნების საბოლოო შედეგებს. თავისთავად ეს ფაქტი გასაოცარი არ არის ორი რამის გამო – ჯერ ერთი, ეს კვლევები არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე ჩატარდა და თეორიულად შეიძლებოდა, რომ ამომრჩევლების განწყობებში უკვე შემდგომ სერიოზული ცვლილებები მომხდარიყო. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს NDI-ის  და IRI-ის კვლევების ავტორებმა და თანამონაწილეებმა სწორედ ახსნეს კატასტროფული ცდომილება, რომ მათ კვლევებსა და არჩევნებს შორის საკმაო დრო და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები (მაგ. ციხის კადრების გასაჯაროვება) იყო მოქცეული.

მეორე შესაძლო მიზეზი კი არის ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, (29-41%), რომელიც თავის არჩევანს არ ამხელდა, ან გამოკითხვის ჯერაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს ფაქტორი 2012 წელსაც ძალიან სერიოზულ როლს თამაშობდა, მაშინ დაშინების და ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან მოსალდნელი რისკების გამო, ხოლო ამჟამად,  სავარაუდოდ, ამომრჩევლის ბოლო მომენტამდე მოცდით შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მეტად განპირობებული.

თუ დავაკვირდებით 6 პირველ ადგილზე გასული პარტიებთან მიმართებაში ე.წ. ჯამურ ცდომილებას, ნიშანდობლივია, რომ 4-ვე კვლევა საკმაოდ აცდენილიცაა და პრაქტიკულად უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან (28-33%). მაგრამ გაცილებით საინტერესოა ორ პირველ ადგილზე გასული ლიდერების მაჩვენებლების ცდომილების შედარება ცესკოს საბოლოო შედეგებთან. თანაც ამ შემთხვევაში მათემატიკური შეკრების ნაცვლად გადავწყვიტე ერთმიმართული ცდომილებები ერთმანეთისათვის გამომეკლო, ხოლო საპირისპიროდ მიმართული – პირიქით, შემეკრიბა, ცდომილების “ტენდენციურობის” დასადგენად. და აი, რატომ:

თუ, მაგალითად, ერთსადაიმავე კლასში ორ სხვადასხვა მასწავლებელს ჩაატარებინებთ გამოცდას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ერთი მათგანი ყველა მოსწავლეს უფრო ლოიალურად და რბილად გამოცდის და უფრო მაღალ ნიშნებს დაწერს, ხოლო მეორე –  პირიქით, უფრო  მკაცრად მოეკიდება ყველას და ნიშნებიც უფრო დაბალი იქნება!  მაგრამ თუ  მოხდება, რომ რომელიმე მასწავლებელი მოსწავლეთა ერთ ჯგუფს გაცილებით რბილად გამოცდის, ხოლო დანარჩენებს – პირიქით – უფრო მკაცრად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ობიექტური არ არის და მის ამ მიკერძოებას რაღაც მიზეზი აქვს (საქართველოს სინამდვილეში, უხშირესად, ეს ნეპოტიზმი იქნება, ალბათ).

ამის ანალოგიურად, თუ გამყიდველს ასაწონი საქონლის წონაც და ფასიც ხშირად ეშლება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სასწორის და კალკულატორის გამოყენება არ იცის. მაგრამ თუ მუდმივად წონაში აკლებს და ფასს კი ყოველთვის უმატებს, აქ უკვე სულ სხვა ამბავთან გვაქვს საქმე და გამყიდველი იქნებ იმაზე „ჭკვიანიც“ აღმოჩნდეს, ვიდრე სრული შეუცდომლობის შემთხვევაში იქნებოდა. ანუ, მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, როდის და როგორ შეიძლება ცდომილება იყოს სიმეტრიული ანუ ნაკლებტნდენციური და როდის და როგორ – მიკერძოებული.

თუ დავაკვირდებით, GFK-ის ორივე კვლევაში ლიდერებს შორის ცდომილება თანაბარზომიერად არ იყო გადახრილი მეტობისკენ, ან ნაკლებობისაკენ. ამ კვლევებში ქართული ოცნების მაჩვენებელი ორივეჯერ გაცილებით უფრო აცდენილი აღმოჩნდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი. რის გამოც პარტიების ცდომილებათა ვექტორული ჯამი ძალიან მაღალი იყო: 19.8% (12.7%+7.1%) და 22.1% (23.2%-2.1%).

პრაქტიკულად იმავე პერიოდებში JPM-ის მიერ ჩატარებული კვლევა კი სულ სხვა სურათს იძლეოდა: ლიდერი პარტიების  ცდომილებათა სხვაობა ძალიან უმნიშვნელო იყო – აგვისტოში მხოლოდ 5.5% (16.6%-11.1%), ხოლო ოქტომბერში სულაც – მხოლოდ 1.5% (14.1% -12.6%), რაც GFK ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით პირველ შემთხვევაში  3.8-ჯერ ნაკლები იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – სულაც 14.7-ჯერ უფრო ნაკლები:

2012-polls-difference-geo

აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?

ის რომ გაცილებით უფრო ნაკლებგამოცდილმა JPM-მა შეუდარებლად უკეთ – 4-15-ჯერ უფრო ზუსტად და/ან ობიექტურად – ჩაატარა კვლევა?

თეორიულად ესეც არაა გამორიცხული! თუმცა არა მგონია, ამ დასკვნის საფუძველი გვქონდეს. ჯერ ერთი ჯამური ცდომილების მაღალი მაჩვენებელი არ გვაძლევს საშუალებას სიზუსტეზე სერიოზულად ვისაუბროთ. საქმე მე მგონი, ველშია და ამის დადასტურების საფუძველს იძლევა ეგზიტ-პოლების შედეგების ანალოგიური შედარება:

2016_exitpolls-gfk_geo

2016_exitpolls-jpm_geo2016-exit-polls-difference_geo

 

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ცდომილებები აქაც სერიოზული იყო, თავად ცდომილებების სხვაობები პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა! ანუ, TNS (რომელიც გაცილებით უფრო გამოცდილია, ვიდრე JPM) ვერაფრით დაიკვეხნიდა GFK-ის ეგზიტ-პოლთან შედარებით. თუ GFK-ის კვლევაში ქართულ ოცნებას „დააკლდა“ თითქმის 9%, ხოლო ნაცმოძრაობას „მოემატა“ ლამის 5%, TNS-ის კვლევაში, პირიქით, ოცნების მაჩვენებელი იყო თითქმის 5%-ით მაღალი, ხოლო ნაცმოძრაობისა – -ლამის 8%-ით დაბალი, ვიდრე ცესკოს შედეგებში! შედეგი კი ისაა, რომ ორივე ეს ეგზიტ-პოლი ზუსტად თანაბრად აცდენილი აღმოჩნდა, ან უფრო ზუსტად – თანაბრად ტენდენციურიც!

ცდომილებათა ზემოთმოყვანილი დისონანსის (კვლევების დროს) და უნისონის (ეგზიტპოლების დროს) ახსნა მე მგონი შემდეგია: – საქმე ველშია!

კვლევების დროს GFK-ის კვლევის ველი გაცილებით მკვეთრად გაჯერებული შეიძლება იყოს ნაცმოძრაობის ამომრჩევლით, მაშინ როცა JPM-ის ველი, ალბათ, უფრო თანაბარია. ამის გამო, GFK ველში გაკეთებული „არჩევანი“ 4-15-ჯერ უფრო გადახრილია ერთ მხარეს (და გასაგებია, რომელ მხარესაც!), ვიდრე JPM-ის ველში იმავე პერიოდებში დაფიქსირებული არჩევანი. განსაკუთრებით ეს აშკარაა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში: – მართალია, ორივე მთავარ სუბიექტს ცდომილების გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა (გასაგებიცაა – უკვე უფრო მეტი ადამიანია მზად არჩევნის გასაკეთებლად), ვიდრე შემდეგ ცესკოს საარჩევნო ურნებში, სამაგიეროდ, ეს ძალიან სიმეტრიული (ანუ – ნაკლებტენდენციური) გადახრა იყო.

ეგზიტ-პოლის დროს ველი უფრო დიდიცაა და მისი მოდელირებაც გაცილებით რთულია. თუმცა, ის, რომ ამ შემთხვეევაშიც GFK/BCG-ის ეგზიტ-პოლში მონაწილე პირების არჩევანი უფრო ნაცმოძრაობის სასარგებლოდ იყო, ხოლო TNS/GORBI-ის ეგზიტ-პოლში – ოცნების სასარგებლოდ, ეს ამომრჩეველთა განწყობითი არჩევითობით შეიძლება აიხსნას: შესაძლებელია ოცნების ამომრჩევლები, რომლებმაც ბევრჯერ მოისმინეს იმის შესახებ, რა არაობიექტურია GFK კვლევა, ნაკლებად იყვნენ განწყობილნი მისულიყვნენ ამ კომპანიისა  და რუსთავი2-ის სიმბოლიკით გაწყობილ ყუთებთან, და პირიქით, – ნაცმოძრაობის ამომრჩევლები – სულაც არ აპირებდნენ TNS-ის კვლევაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, განწყობის გამო ე.წ. “ბუნებრივი გადარჩევა” მოხდა და ორივე კვლევა ტენდენციური აღმოჩნდა – ორივემ მათდამი ლოიალური ამომრჩევლების არჩევანი გვიჩვენა და არა – მთელი საზოგადოებისა…

ამერიკაში 6-7 კომპანია ატარებს არჩევნების დროს გამოკითხვებსაც და ეგზიტ-პოლებსაც. ზოგ მათგანს თავისი პარტიული პრეფერენცია ასე თუ ისე, შეიძლება ეტყობოდეს, მაგრამ ამერიკელი ამომრჩეველი არ ირჩევს „თავისი“ და „მოწინააღმდეგე“ პარტიის ეგზიტ-პოლებს და სწორედ ამიტომაც მათ შედეგებს შორის განსხვავება უმნიშვნელოა. და ოფიციალურ შედეგებთანაც ყველა საკმაოდ ახლოს არის.

ამიტომ, სანამ ჩვენი ეგზიტ-პოლების ჩამტარებელი კომპანიებიც ისეთივე ნეიტრალურები არ იქნებიან, როგორც ამერიკაში, ხოლო ჩვენებური ამომრჩეველი – ისეთივე მიუკერძოებელი იმ საკითხში, რომელი კომპანიის ეგზიტ-პოლში მიიღოს მონაწილეობა, ეგზიტ-პოლების ჩატარება დროის და ფულის ფუჭი კარგვაა. მოვიცადოთ არჩევნების შემდგომ დილამდე და ჯერ პარალელური დათვლის შედეგები მოგვცემს ძალიან ზუსტ სურათს (ამისათვის ISFED-ის მრავალწლიანი გამოცდილებაც კმარა), ხოლო შემდეგ 24 საათში უკვე ცესკოს შედეგებიც გვეცოდინება.

აი, რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევებს, ისინი აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ საზოგადოებაში ამჟამად მათ მიმართ გაბატონებული სკეფსისისა და ირონიული უარყოფისაგან. სოციოლოგია მეცნიერებაა და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მეცნიერების აღორძინება და ნდობის დაბრუნება. ამისათვის გამოკვლევები სხვადასხვა საკითხზე უნდა ვატაროთ ხოლმე (არა მხოლოდ პოლიტიკაზე). უნდა გამოვარჩიოთ იმ კომპანიები და ის პროფესიონალები, რომელთა რეპუტაცია მათი შედეგებით არის გამყარებული და პირიქით… ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია ის, რაც ამ დარგის ერთ ჭკვიან პროფესიონალს ჯერ კიდევ 1 წლის წინ ვურჩიე – ველის და მეთოდოლოგიის მაქსიმალური გახსნა და რამდენიმე ორგანიზაციის მიერ ერთდროული პარალელური კვლევების ჩატარება! სწორედ 1 კვირის წინ წავიკითხე, რომ იგი ახლა თავად ითხოვს იმას, რაზედაც 1 წლის წინ უარი არ მითხრა, მაგრამ საერთოდ აღარც გამომპასუხებია. რას ვიზამთ –  სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…

 

Advertisements

ფიქრები 2 სექტემბრის „ღია ეთერის“ შემდეგ


ღია ეთერი

თეა სიჭინავას ახალ გადაცემაში “ღია ეთერი”, IPN-ის “თვალსაზრისში” გამოქვეყნებული ჩემი ბლოგპოსტის – “არჩევანის ზღვარზე” გამო მიმიწვიეს. გადაცემის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო, არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროის გათვალისწინებით, რატომ გვყავს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ასეთი დიდი რაოდენობა – 34%?

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ამჟამად ნამდვილად სხვა მიზეზის გამო გვყავს მრავლად, ვიდრე 2012 წელს.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ხალხს ელემენტარულად ეშინოდა საკუთარი აზრის გამხელა, რადგან ხელისუფლების არმოწონებას სერიოზული ზეწოლა შეიძლებოდა მოჰყოლოდა – ყველას გვახსოვს, სამსახურებიდან გაშვებული ადამიანები, მათ შორის მაია მიმინოშვილი, მისი ძმის ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო. ჩემს ერთ კოლეგას, ახალგაზრდა პროფესორ ქალს, მესამეჯერ რომ ჰკითხა უბნის კოორდინატორმა – ვის აძლევთ ხმასო და მესამეჯერ რომ უპასუხა, არ ვიცი, ვფიქრობ, ჯერ არ გადამიწყვეტიაო. კოორდინატორმა მკვახედ მიახალა – დროზე გადაწყვიტეთ, თქვენი შვილი ხომ წელს ამთავრებს სკოლას, და ვაითუ კარგი ნიშნები ვერ გაიტანოთო!

ახლა სხვა სიტუაციაა, შესაძლო რეპრესიის მიზეზით თავისი აზრის დაფარვის მიზეზი მოხსნილია, და ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ხალხი ხშირად აკრიტიკებს, ზოგჯერ – საკმაოდ უხეში ფორმითაც.

რაც შეეხება ორ ლიდერ პოლიტიკურ სუბიექტს – წინა ხელისუფლების საქმეებმა მის რეიტინგს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ მის მხოლოდ ძალიან თავგამოდებულ მომხრეებს არ ერიდებათ მისდამი თავისი მხარდაჭერა დააფიქსირონ.

ახალმა ხელისუფლებამ, მართალია, სერიოზულ წარმატებას მიაღწია მედიის და სასამართლოს თავისუფლების, ბიზნესზე წნეხის მოხსნის, ინვესტიციების მოზიდვის, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე სწორი დასკვნების გამოტანის მხრივ, მაგრამ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში არ იყო ხელშემწყობი, ამიტომ ეკონომიკური ზრდა, მართალია, ჩვენს მეზობლებზე უკეთესია, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებზე ეს ჯერ კიდევ ნაკლებად აისახა. უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამები ნამდვილად ძალიან პოზიტიურად იქნა აღქმული მოსახლეობის მიერ, მაგრამ წამლების ხელმისაწვდომობაც სერიოზულ პრობლემად რჩება გაჭირვებული ფენისათვის და უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაც მოითხოვს მართვის ხარვეზების გამოსწორებას. დაბოლოს, 2012 წელს გაცემული იყო ზოგიერთი ზედმეტად ოპტიმისტური დაპირებაც. ზოგს ძველი სახეების გამოჩენა არ მოეწონა გუნდში, ზოგს – არასამთავრობოთა სახეები და ახალგაზრდათა საკმაოდ მაღალი რაოდენობა. აი, ეს მგონია იმის მიზეზი, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც არ არიან საბოლოოდ ჩამოყალიბებული თავის არჩევანში.

არიან პარტიები, რომელთა ლიდერები გამოცდილები კი არიან, მაგრამ ეს გამოცდილება არაა ერთმნიშვნელოვნად მომხიბვლელი. ისეთი პარტიები და ლიდერებიც საკმაოდ გვყავს, რომელთა პოპულიზმი, შეიძლება ყურს სალბუნად ეფინება, ხოლო მათი იუმორი მოსასმენად სახალისოა, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მათ ქვეყნის მართვის ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ და მათი ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება სერიოზული პრობლემებით დასრულდეს.

ავანტურიზმიც და პოპულიზმიც გავრცელებულია და ძალიან სახიფათო საქართველოში, სადაც ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯერაც გადამრჩენლის მოლოდინშია. ვინ არიან ავანტურისტები და პოპულისტები? – გავიხსენოთ, ვინ გაგვრია ყველაზე დიდ შარში – ესაა ავანტურიზმი. და ისიც გავიხსენოთ, ვინ არის ყველაზე დიდი კრიტიკოსი, მაგრამ უკან იხევს, როცა ხელისუფლება მის ხელთ უვარდება? – ეს არის პოპულისტი. მგონი, გარკვევით დავასახელე ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ისე რომ გვარი არ მიხსენებია 🙂

რაც შეეხება ახალ პარტიებს – ბურჭულაძის „ხელისუფლება ხალხისათვის“, „გირჩი“ და ვაშაძის, როგორც თავად თქვა, „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ – მე მგონი, ჯერჯერობით მაინც მათი მოულოდნელი გაერთიანების ეფექტი ამ კონგლომერატს ხმებს უფრო მეტად დააკარგვინებს და ამომრჩეველიც დაიბნა. სხვათა შორის, JPM-GORBI-ის კვლევა მგონი, სწორედ იმ კვირას ჩატარდა, როცა ამ გაერთიანების შესახებ გამოცხადდა და კვლევაში ამ კოალიციის (თუ პარტიის) მიერ დაფიქსირებული დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ამ მოულოდნელობით აიხსნას. ისიც უეჭველია, რომ ბატონ პაატას როგორც პოლიტიკოსის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისი, როგორც მომღერლის პროფესიონალიზმს და იგი ხანდახან ცოტა დამაბნეველ განცხადებებს აკეთებს…

იმასაც ვეთანხმები, რომ ამჟამინდელი არჩევევნების სირთულეს და ამომრჩევლის გადაუწყვეტელობას განაპირობებს რეალური შანსის მქონე პარტიათა შედარებით გაზრდილი რაოდენობა. როცა ვლაპარაკობთ პოლუსების რაოდენობაზე და არჩევანის სიადვილეზე, აქ ნამდვილად უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. ყველაზე ადვილი ერთპოლუსიანი არჩევანია – მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 100% ძალიან გარკვეული და დარწმუნებულია თავის არჩევანში – თუნდაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე! 🙂

2012 წელს ორპოლუსიანი არჩევანიც არ აღმოჩნდა რთული. დარწმუნებული ვარ, რომ არა შიშის ფაქტორი, მაშინაც დიდი ხნით ადრე იცოდა ყველამ, ვისთვის უნდოდა ხმის მიცემა.

ამჟამად, ყველა გამოკვლევებით, არის 2 პარტია, ვინც ნამდვილად გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ალბათ კიდევ 2-3, რომელთაც  ბარიერის გადალახვის კარგი შანსი აქვთ (თუმცა – არაგარანტირებული!) და კიდევ 3-4, რომელთაც აქვთ შანსი, ზღვარი გადალახონ, მაგრამ ეს შანსი გარანტირებული არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახდენენ ისინი თავისი ერთგული ამომრჩევლის გარდა, მოყოყმანე 30-35% ამომრჩევლის მიმხრობას არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო თვის განმავლობაში.

საინტერესოა ის, რომ ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული საპარლამენტო არჩევნები – ახლა უკვე წინასწარ ვიცით, რომ მარტო პარლამენტს კი არ ვირჩევთ, არამედ, პარლამენტის მეშვეობით –  მთავრობასაც. 2012 წელს არ ვიცოდით, ეს გაირკვა არჩევნების შემდეგ, როცა ძალაში შევიდა ახალი – საპარლამენტო რესპუბლიკის – კონსტიტუციური მოდელი.

ამიტომ, ამომრჩევლის სიფრთხილე და ბოლომდე დაფიქრება, მე პირადად, არ მგონია ცუდი –  შეიძლება, ეს სიფრთხილე, ჩვენი ამომრჩევლის გამოცდილების (მათ შორის, მწარე გამოცდილების) მაჩვენებელიც იყოს. მით უფრო, რომ ზოგიერთ საარჩევნო სუბიექტს (მაგალითად, “ოცნებას” და რესპუბლიკურ პარტიას) თავისი პროგრამა ოფიციალურად ჯერაც არ წარმოუდგენია. ხოლო “გირჩმა” თუ წარმოადგინა, ახლა სერიოზულად დასაფიქრებელია, როგორი ჰიბრიდი იქნება “გირჩისა” და პაატა ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური პროგრამების სინთეზი? ნახევარი მილიონი შემწეობის მიმღებთა რიცხვის ერთ მილიონამდე გაზრდის ბურჭულაძისეული დაპირება ზურაბ ჯაფარიძის მიერ როგორ იქნება მხარდაჭერილი და “გაპრავებული”, ძალიან საინტერესოა.

პარტიათა საარჩევნო პროგრამები: ჩემი ოცნებაა, რომ საარჩევნო პროგრამის მიხედვით მივცე ხმა. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ საქართველოს რეალობა ჯერ კიდევ არ გვაძლევს ამის ფუფუნებას. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – პროგრამა უნდა იყოს დაწერილი არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე, იმისათვის, რომ მათი შედარება და გარჩევა შეძლოს საზოგადოებამ – არა იმდენად უბრალო მოქალაქეებმა, არამედ – კონკურენტი პარტიის ეკონომისტებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა. და დებატები სწორედ ამ პროგრამის ნიუანსებზე უნდა იმართებოდეს. სხვათა შორის, ამის დრო ჯერ კიდევ არის და სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ დებატებს.

არის კიდევ ერთი მომენტი, როცა პროგრამა იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც მისი ავტორი. და ამ ავტორის წარსული საქმეები. რომ ავიღოთ, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მათ სულ ნობელის პრემიის ლაურეატების მიერ დაწერილი უნაკლო პროგრამა რომ შემოგვთავაზონ, უკვე ერთი დანახვა მიხეილ სააკაშვილისა, და იმის დანახვა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი არის და იქნება ამ პარტიის არსიც, გულიც და სინდისიც, რომ მათი სიის მეორე ნომერი იმიტომ არის იქ, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და ნდობით აღჭურვილი პირია, ყველაფერი ეს საკმარისია, რომ (ძველი) ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ჩემთვის აზრს კარგავს. როგორც “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებშია” ნათქვამი – “ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები…” 😦

საქართველოს განვითარების ევროპული ვექტორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – არ მესმის იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც ევროპულ არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. თან ისე, რომ არც აქვთ რამე ალტერნატივა – რას მოგვცემს ეს ყბადაღებული „უბლოკო სტატუსი“! უცხო ქვეყნის ბაზები არ უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზეო! და რომ არის უკვე? რა ვუყოთ იმ უცხო ქვეყანას, დავპირდეთ, რომ მხოლოდ მისი ბაზები იქნება? აგრესორი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის აღქმა, სხვა ქვეყნების მხრიდან სათანადო გარანტიების გარეშე, როგორც ბატონმა გურამ ბერიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, ხომ იმას ნიშნავს, მობრძანდი და ბოლომდე დაგვიპყარიო? და მართლაც რომ წავიდეს საქართველო ამ „უბლოკო სტატუსზე“, რას გვპირდებიან ამის სანაცვლოდ? – რუსეთთან უვიზო მიმოსვლას? ამის ფასად აპირებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან ასოცირების დათმობას?

რაც შეეხება სხვა ასპექტებს – მე პირადად პარტიის საარჩევნო პროგრამაში ვაფასებ კვალიფიციურ რეალიზმს!ძალიან ვერიდები ისეთ დაპირებებს, რაც შორიდან ლამაზად ჩანს არარეალურია, და რომელთა შესრულება ან ბიუჯეტს დაანგრევს, ან მოსახლეობის ფენებს შორის დიდ დაპირისპირებას გააჩენს. ვფიქრობ, ამ თემაზე ყველა მეტ-ნაკლებად პოპულისტური დაპირება კვალიფიციური კრიტიკისა და საჯარო განსჯის საგანი უნდა გახდეს.

არის საარჩევნო დაპირებები, რაც ხალხისათვის მიმზიდველად ისმის. მაგალითად, პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის 10% თუ აღარ ენდობა, უნდა გადავირჩიოთ რეფერენდუმზეო! ნებისმიერი მოხელის ნდობის საკითხიც რეფერენდუმზე უნდა გადაწყდესო! აბა, რად გვინდა ეს საპარლამენტო არჩევნები და მთავრობა, თუ ყოველ კვირას ახალ-ახალ რეფერენდუმებს მოვაწყობთ? ასეთი საყოველთაო ანარქიით ხომ ეკონომიკას სრულად მოვშლით და დავბრუნდებით ანტიკური საბერძნეთის ქალაქების თვითმმართველობის ხანაში, როცა ყველა საკითხზე შეიძლება რეფერენდუმი ჩატარებულიყო! და ამას ვითომ გვაპატიებს ჩვენი ჩასაფრებული მეზობელი? არაკეთილსინდისიერი მოხელის გადასაყენებლად თუ გასასამართლებლად სხვა სამართლებრივი მექანიზმები უნდა იყოს, ბევრად მოხერხებული და იაფი, ვიდრე განუწყვეტელი რეფერენდუმებია… თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ოლქის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ, სანამ კანონმდებლობა არ შეცვლილა, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება რუსეთს დამატებით არგუმენტს აძლევს, თითქოს საქართველო ეთანხმება, რომ ეს ანექსირებული ტერიტორიები მისი განუყოფელი ნაწილი აღარ არის.

ჩვენი მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ხმა მივცეთ იმ კანდიდატს, რომლის პატიოსნება, ცოდნა, პოლიტიკური რეპუტაცია და წარსული საქმიანობა მის კონკურენტები ანალოგიურ მაჩვენებლებს სჯობს!

და იმ პარტიას, რომელიც სხვებს შედარებით სჯობს პატიოსანი, საქმეში გამოცდილი პროფესიონალების რაოდენობით და ხარისხით.

ამჯერად ვერ დავეთანხმები ლევან ლორთქიფანიძეს, რომლის სამოქალაქო აქტიურობას და მრავალ მოსაზრებას პატივს ვცემ, მათ შორის შრომის კანონმდებლობის, სოციალური პროგრამების, განათლების და ეკოლოგიის საკითხების მნიშვნელობას! მაგრამ ეს მიდგომა – რადგან ჩემთვის საინტერესო საკითხები არ მესმის პარტიათა პროგრამებში, ან ძალიან ზერელედაა გაშუქებული, – ამიტომ საერთოდ არ მივცემ არავის ჩემს ხმასო?! ძალიან არასწორი მგონია ასეთი პოზიცია! ეს იმას ნიშნავს, რომ პრინციპული ხალხი თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ნაკლებ პრინციპულები და სულაც უპრინციპოები გააკეთებენ იმ არჩევანს, რომლითაც მერე ყველას, მათ შორის ლევანსაც, მოგვიწევს ცხოვრება 4 წელი!

არაა აუცილებელი, დიმიტრი გელოვანის ძებნაში ისე დავიღალოთ, რომ ვეღარ გავაკეთოთ არჩევანი! მით უფრო, თუ ჩვენს უბანში, არ გვყავს, ან – აღარ გვყავს დიმიტრი გელოვანი.

მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი არჩევანი მაქსიმალურად ახლოს იყოს პატიოსანი პროფესიონალის სტანდარტთან, რომ ამ ჩვენი არჩევნით ჩვენი პოლიტიკოსების აღზრდაც შევძლოთ – თანდათან მოვახერხებთ ამას, თუ არჩევნებს არ გავაყალბებთ და არც გავაცდენთ და ისე მოვეკიდებით, როგორც ჩვენი სამოქალაქო ვალის მოხდის წესს! ჩვენთვის, ვისაც რევოლუციები არ გვინდოდა და არც ახლა გვინდა, სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის ის ინსტრუმენტი, რითაც ვცდილობთ, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ! ლევან ლორთქიფანიძის, მერაბ მეტრეველის და სხვათა აქტიური პოზიცია და ხელისუფლების კრიტიკა მისასალმებელია, მაგრამ არჩევნებისაგან გაზედ დადგომა არასწორი იქნება!

ჩემს წინა ბლოგში ამერიკელი პოლიტოლოგის ჯორჯ ნათანის სიტყვები მოვიტანე იმის შესახებ, რომ ცუდ ხელისუფლებას ის კარგი მოქალაქეები ირჩევენ, ვინც არჩევნებში არ მონაწილეობსო. ამიტომ 8 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ხმა მივცეთ იმ კანდიდატებს და იმ პარტიებს, ვინც ჩვენი აზრით და გონებით, უკეთესს მომავალს მოუტანს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას.

 

P.S. ამჯერად, შეგნებულად ავარიდე თავი გადაცემაში გაჟღერებულ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების განხილვას. ჯერ ერთი, აჯობებს, ამაზე ჯერ უფრო კვალიფიციურმა პირებმა გამოთქვან თავისი აზრი. თანაც, კვლევის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო წარმოდგენილი და ალბათ, აჯობებს, უფრო სრულ პრეზენტაციას დაველოდოთ.

რაც შეეხება, ზოგადად, საზოგადოებრივი აზრის კვლევების სანდოობას და იმას, ვინ ატარებს და როგორ ატარებს – მოდით, ვნახოთ 2012 წლის ანალოგიური გამოკვლევები, როდესაც საბოლოო შედეგი ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა იმისაგან, რასაც მაშინ ხელისუფლება სანდო კვლევებად აცხადებდა.. არაცმთუ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით და თვით ადრე ჩატარებული კვლევები, არამედ თავად არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტ-პოლებიც კი არ აღმოჩნდა ზუსტი – გარდა “სამართლიანი არჩევნების” ხმის პარალელური დათვლისა, რომლის რობინჰუდისდარი სიზუსტე მართლაც შესაშური იყო!

2012 polls

2012 exit-polls


ნავაროს ”ნავარი” (*)


რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოი, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს. (ლუკა 8:17)

 მინდა გკითხოთ, ძვირფასო მკითხველებო და კოლეგებო – არის რომელიმე რეპრესიული რეჟიმის მქონე ქვეყანა, სადაც დიდი დემოკრატი არ და ვერ დაბადებულა და  ვერ აღზრდილა?

არა მგონია, ვინმემ ეს გარისკოს! გაგვიგია და ვიცით აუნ სან სუ ჩი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საზარელი რეჟიმის პირობებში გაიზარდა, მაჰათმა (მოჰანდას კარამჩანდ) განდი სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის პირობებში ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი. ბრწყინვალე დემოკრატები და საოცრად მებრძოლი დემოკრატები აღიზარდნენ ირანში, ეგვიპტეში, ჩინეთში… და საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც მსოფლიოს ჰყავს სამხრეთაფრიკელი ნელსონ მანდელა! აქედან გამომდინარე, შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ დემოკრატების რაოდენობა კი მეტია დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ გამორჩეულ და სწორუპოვარ დემოკრატთა ჩამოყალიბება (მარტინ ლუთერ კინგის ჩათვლით), სულაც არ საჭიროებს მაინცდამაინც დემოკრატიულ პირობებს. სულაც – პირიქით.

ახლა საწინააღმდეგო კითხვა დავსვათ – ქვეყნის დემოკრატიულობა, დასავლურობა, საბაზრო ეკონომიკის ერთგულება გამორიცხავს, რომ  ამ ქვეყანაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც დემოკრატიაც, ადამიანის უფლებებიც,  მმართველობის ტრანსპარენტულობაც და კორუფციის მიუღებლობაც სისხლში არ ჰქონდეთ გამჯდარი?

რა თქმა უნდა, შეიძლება…

ვეიმარის რესპუბლიკა არ იყო არადემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ ჰიტლერის და სხვა კაციჭამიების ჩამოყალიბებას ვერ შეუშალა ხელი. ანდრეს ბრეივიკის სამშობლო – ნორვეგია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება… ისლამისტ ტერორისტთა დიდი ნაწილი  ევროპულ საზოგადოებებში იზრდებოდა… სწორედ ევროპისა და ამერიკის დემოკრატიულ წიაღში ჩამოყალიბდნენ ყველაზე დიდი ფინანსური  აფერისტები  –  ბერნარდ მედოფი (აშშ, უოლ სტრიტი) კენეტ ლეი (აშშ, ენრონი), ნიკ ლიისონი (დიდი ბრიტანეთი, ბერინგს ბანკი), ჯერომ კერვიელი (საფრანგეთი, სოსიეტე ჟენერალ), ბერნარდ ებერსი (აშშ, უორლდკომი)… სხვათა შორის, პოლიტიკურ სკანდალში იყო გახვეული 2008 წელს საქართველოში ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ელსი ჰესტინგსი, რომელიც ამერიკის ისტორიაში იმ იშვიათ ფედერალურ მოსამართლეთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს…

საითკენ მიმყავს?

იქეთკენ, რაც მომავალი არჩევნების დროს კრიტიკულ საკითხად შეიძლება იქცეს ის, რომ ქართული საზოგადოება ძალიან არის დამოკიდებული უცხოელთა მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე. ამიტომ სულ ვიხედებით იქეთკენ, რას იტყვის დასავლეთი? რას იტყვის ამერიკის პრეზიდენტი? რას იტყვიან დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი… საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციები… რას იტყვიან IRI  და NDI?

მაგრამ აქ ვაწყდებით სწორედ იმ პრობლემას, რასაც საზოგადოებრივ-პიროვნულ ღირებულებათა შესაძლო დისონანსს ვუწოდებდი და რაზეც 17 ივლისს ”მაესტროს” ”სუბიექტური აზრის”  ეთერში ზაზა შათირიშვილი, შალვა რამიშვილი და დიანა ტრაპაიძე საუბრობდნენ.. მართლაც, როგორც ზაზა შათირიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ ერთი მხრივ ისეთ ამერიკელ მოხელეს შორის, როგორიც ლუის ნავაროა (და უეჭველად დავამატებდი – მეტიუ ბრაიზასაც) და მეორე მხრივ – თომას ჯეფერსონსა და ჯორჯ ვაშინგტონს შორის! ის, რომ ლუის ნავარო არის ამერიკის მოქალაქე, სრულიად არ ნიშნავს, რომ იგი ამით ავტომატურად  არის ამერიკული ღირებულებების განსხეულება! ბატონი ნავარო, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ არის არც  ამერიკული ღირებულების ტოლფასი და არც – NDI-ის ავტორიტეტის ექვივალენტი. ლუის ნავარო იყო დიდი ხნის განმავლობაში ჯოზეფ ბაიდენის თანაშემწე და ამ უკანასკნელის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ლიდერი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არც ეს ნიშნავს, (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში), რომ რითაც დღეს მოქმედებს და ხელმძღვანელობს ლუის ნავარო, ეს ჯოზეფ ბაიდენის ცხოვრების კრედოს და ღირებულებების ტოლფასია. გარკვეულწილად, შეიძლება დავეთანხმოთ ამ გადაცემაში ზაზა შათირიშვილის იუმორის კიდევ ერთ ბრწყინვალე ნაკვესს: რომ მოვიდა დრო, გავავლოთ ზღვარი ორ ამერიკას შორის – “ნავაროს ამერიკასა” (არ შემიძლია არ დავამატო – “ბრაიზას ამერიკასა”) და ე.წ. დამფუძნებელი მამების – ვაშინგტონ-ჯეფერსონის ამერიკას შორის…

რატომ გახდა ასე მნიშვნელოვანი დღეს NDI  და მისი ოფისის ხელმძღვანელი?

ადრეც იყო NDI-ის ოფისი თბილისში და ქართველებმა არც ვიცოდით, ვინ იყო მისი უფროსი! სხვათა შორის, დღეს სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და არგუმენტირებული კრიტიკის ავტორი – ლინკოლნ მიტჩელი იყო ამ ოფისის ხელმძღვანელი რამდენიმე წლის წინ. შემიძლია ვთქვა, რომ NDI-ის ავტორიტეტი ემყარება სწორედ ისეთი პიროვნებების ღირსებებს, როგორიც არის ლინკოლნ მიტჩელი, ხოლო ლუის ნავარო იმ პიროვნებებს ეკუთვნის, რომლებიც ხარბად ისრუტავენ NDI-ის ავტორიტეტს, რათა საკუთარი უმსგავსოებები გაამართლონ. პროფესორ ლინკოლნ მიტჩელს არ სჭირდება თავისი პირადი ავტორიტეტის განმტკიცება მისი თბილისის NDI-ის ოფისის უფროსობით, ხოლო ლუის ნავაროს, – თუ NDI-ის, ჯო ბაიდენს და მისი СV-ის სხვა პუნქტებს ჩამოვაშორებთ, – მეეჭვება, რაიმე ფასეული ეთიკურ-მორალური უნარ-ჩვევები დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რაკურსი არსებობს, რაც, სამწუხაროდ, მე ასეთ შეხედულებას მიმტკიცებს. მოხარული ვიქნები და ბოდიშსაც საჯაროდ მოვიხდი, თუ ჩემი შეხედულებების გაბათილების საფუძველი მომეცემა..

პასუხი ზემოთდასმულ კითხვაზე ძალიან მარტივია – ლუის ნავარო და NDI-ის ოფისი დღეს კრიტიკული გახდა იმიტომ, რომ დღეს სწორედ ამ დონეზე შეიძლება გავიდეს ქართულ არჩევნებში ამერიკის ჩარევის დონე! და ეს ასე მოხდება თუ არა – ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული არა მარტო საქართველოს სრულიად სამარცხვინო და პლუტოკრატულ-ფასადურ პრეზიდენტზე, არამედ ჩვენზე – საქართველოს რიგით მოქალაქეებზეც. ისევ დავუბრუნდები ”სუბიექტური აზრის” ამ ძალიან შთამბეჭდავ გადაცემას, სადაც გაცხადდა, რომ ყოველ ქვეყანას ჰყავს ისეთი NDI-ის ოფისი, რომელსაც იგი იმსახურებს. ვაგლახ, რომ ასეა :).

ზვიად გამსახურდიას ძვირად დაუჯდა ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიცემული დახასიათება – ”გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდის”. მართალია, ამერიკა არ ჩარეულა გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებაში, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლური სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს მმართველისაგან ცნობილი დისიდენტისათვის მიცემულმა ამ დახასიათებამ მას სერიოზული პოლიტიკური ზიანი მიაყენა და მანევრის არეალი შეუზღუდა.

ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის ცდილობდა გაყალბების ისეთი მეთოდების მოგონებას, (რაშიც მას უბადლო სამსახურს უწევდნენ დღევანდელი გაყალბების მარშლებიც – მიშა მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი), რომელიც დასავლეთისთვის მისაღები ან – თვალდასახუჭავად მისაღები მაინც – იქნებოდა! მაშინაც კი, როცა საქმე მეტნაკლებად აჟურში იყო,  საქართველოს არჩევნებში დასავლეთის ჩარევის დონე იყო საშუალო და არათვალშისაცემი.

მდგომარეობა გართულდა 2003 წელს, როცა საქართველოში მოვიდა ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი, რომელმაც ამერიკის ადმინისტრაციას გაუგზავნა აწგარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მიერ დაწერილი და მანამდე და მის შემდგომ არამჭერმეტყველი ვანო მერაბიშვილის მიერ უეცრად გახმოვანებული (საინტერესოა, რომელ ენაზე??  სავარაუდოდ, ”მთვრალი” ვანო ქართულად მიედ-მოედებოდა, ხოლო თანმხლები ბარამიძე ”უთარგმნიდა”) ”მესიჯი”:

–         შევარდნაძე დაბერდა, მას აღარ აქვს რეფორმების თავი, იგი სრულად ჩაეფლო კორუფციაში, ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის და დიდი შანსია, ხელისუფლება პრორუსულ ძალებს (აბაშიძეს) გადააბაროს! ჩვენ ამას ყველაფერს შევცვლით და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ერთგულები ვიქნებით.

ამის შემდეგ ქართული არჩევნებისადმი უცხოელთა ინტერესი გაიზარდა და იმის ფონზე, რომ მომზადდა ”კმარა”, და საარჩევნო ტექნოლოგიები ”სა-კმარის” დონეზე დაიხვეწა, ამავდროულად საქართველოში გამოგზავნილი იქნა ძალზე მაღალი დონის დიპლომატი – ჯეიმს ბეიკერი. ბეიკერმა, რომელიც შევარდნაძის მეგობრად ითვლებოდა, ედუარდს ჩამოუტანა მისთვის ძალიან მწარე ფორმულა, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა – ”აწი ნუღარ გააყალბებ!” მეგობარზე გულგაცივებულმა შევარდნაძემ, რომელიც ისედაც კრიზისში იყო, რადგან გაყალბების მთავარი მემურაბეები უკვე ოპონენტთა ბანაკში იყვნენ გადაბარგებულები, მესიჯი გადააგდო და ისე აუვარდა თავში, რომ ბეიკერის და ბუშის ზარებიც კი დაიკიდა.

შედეგი ”თეთრი მელასათვის” საკმაოდ სავალალო აღმოჩნდა – მას დაუპირისპირდა მისი მმართველობით გაღიზიანებული და დაღლილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კარგად გაწვრთნილი ახალგაზრდული ორგანიზაცია, საკმაო ფული, ნაციონალური მასშტაბის ტელევიზია და რაც მთავარია, სწორედ ის საერთაშორისო ჯოხიანი კონტროლიორი, რომელმაც პირველი ოთხი ფაქტორის ფონზე სასტვენის ჩაბერას არ დაახანა და შევარდნაძეს ყვითელი ბარათი ამოუღო. ხოლო, რადგანაც ერთი ყვითელი ბილეთი თურმე უკვე იყო კიდეც მანამდე (ქუჩაში გამოსული საკმაო ოდენობით მომიტინგეები და შევარდნაძისადმი თანაგრძნობის კრიტიკულად დაბალი მასა), ეს უკვე წითელი ბარათის ტოლფასი აღმოჩნდა. ”თეთრ მელას” საკმაო ჭკუა და ჰუმანიზმი აღმოაჩნდა იმისათვის, რომ ძალა არ ეხმარა და სახლში წასულიყო. როდესაც დრო გავა, იმ რამდენიმე ნაბიჯს შორის, რომელსაც საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება შევარდნაძეს ღირსებად ჩაუთვლის (ბევრ ნაკლთან და დანაშაულთან ერთად) ეს – სახლში წყნარად და უსისხლოდ წასვლა, – ალბათ, ყველაზე დიდი იქნება.

ამის შემდეგ თითქოსდა მოვიდა დრო, რომ საქართველოში დემოკრატიის ყლორტებს – თავისუფალი მედია, მზარდი სამოქალაქო სექტორი, დამოუკიდებელი სასამართლო,  კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, სახელისუფლებო შტოების ბალანსი, ადამიანის უფლებები და კანონის (და არა ხელისუფლების!) უზენაესობა – თითქოს თვისუფლად უნდა განვითარებულიყო, რასაც პარალელურად თავისუფალი არჩევნების კონტროლის შიდა მექანიზმების გაძლიერება და გარე მექანიზმების აუცილებლობის მოხსნა უნდა მოჰყოლოდა…

მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უკუღმა წავიდა.

2007 წლის ბოლოს დაწყებულმა მძლავრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ხელისუფლების ცვლის რეალური შანსი გააჩინა. სააკაშვილის ხელისუფლებამ, კარგად გამოიყენა რა, როგორც ქართული ოპოზიციის უმწიფარობა, ასევე – საერთაშორისო საზოგადოების სრული დილეტანტიზმი დემოკრატიისა და პლუტოკრატიის გარჩევაში, გადატრიალების მოდელირების (”რუსი მოდის! რუსი მოდის!” პირველი სერიალის შემდეგ) კიდევ უფრო ფანტასტიური სვლა განახორციელა –  პრეზიდენტი გადადგა! რამაც ”გადადგომითა გადადგომის დამთრგუნავი” ეფექტი მოიტანა – გულაჩუყებულმა ჯორჯ ბუშმა (”ერთი შვილ მაინც გავზარდე, გადადგომშემძლებელიაო!”) არჩევნების დაწყებიდან სულ რაღაც 4 საათში დაურეკა მიხეილ საკაშვილს (სააკაშვილმა მოკრძალებულად სთხოვა, შენ რომ გაიღვიძებ, შეიძლება უკვე გვიან იყოს და მოდი, სანამ დაიძინებ, მანამადე დამირეკე და რამე გამამხნევებელი მითხარიო!) და მიულოცა კიდეც! დღემდე ვერ მიმხვდარვარ – რისი მილოცვა შეიძლებოდა ამ დროს? იმის, რომ იანვრის სუსხიანი დღის მიუხედავად, ხალხი დილიდან რიგებში იდგა? თუ იმის, რომ თბილისის ”მარიოტის” რესტორანში  კონცენტრირებულ დამკვირვებელთა კოჰორტა ნაცმოძრაობის ლიდერებთან ერთად წერდა საკმაოდ მონოტონურ და დამაძინებელ პირველად დასკვნებს?

ფაქტი ერთია, 2008 წელს ქართულ არჩევნებში (როგორც საპრეზიდენტოში, ასევე – საპარლამენტოში) სააკაშვილის გამარჯვების ლომის წილი – საკმაოდ უხეშ გაყალბებებთან, პოლიციის და ზონდერბრიგადების მიერ განხორციელებულ ძალადობებთან, უბნებზე ხმის მიცემის მასიურ დარღვევებთან, ცესკოს თავმჯდომარის – ლევან თარხნიშვილის  უსაზღვრო და ვირტუოზულ უსინდისობასთან და საჩივრების პროცესის სრულ იგნორირებასთან ერთად, მოდიოდა დასავლეთის ლიდრების ძალიან მაღალი რანგის მხარდაჭერაზე სააკაშვილის მიმართ. ეს იყო ტიპური “Let’s help our son of a bitch!” მარში, რომელმაც საპროტესტოდ მზადმყოფ ქართულ საზოგადოებას არცთუ ისე მორიდებით უთხრა – ”კაცო, თქვენ კი არ მოგწონთ ეს დედაძაღლი (SOB), მარა ჩვენ რომ მოგვწონსო??”

შედეგი #1), საპრეზიდენტო არჩევნებიდან ლამის 4 თვის და საპარლამენტო არჩევნებიდან 2 თვის თავზე დაწერილი ეუთოს საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის საბოლოო ანგარიშები, რომელთა პირველ აბზაცებში წერია – რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ძირითადად და მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების ნორმებს, ხოლო შემდეგ რამდენიმე გვარდზე შავით თეთრზე ეწერა – ”დედას ვფიცავართ, თუ გვესმოდეს, ეს პირველი აბზაცი ვინ და რის საფუძველზე დაწერაო!”

შედეგი #2) მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5 წლით პრეზიდენტად დარჩა და [პარლამენტში სრული საკონსტიტუციო ნავარდის და ჭრა-კერვის განუსაზღვრელი უფლება მიიღო

შედეგი #3) – მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან გამოგზავნილი სიგნალები არასწორად გაიგო, პუტინის მიერ დაგებულ ხაფანგში შლეგივით შეშლიგინდა და ცხინვალში აღლუმის ჩატარების მაგიერ, როგორც თავად თქვა, ”სულ რაღაც ორი რაიონი” დაკარგა…

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – აგვისტოს ომი და მისი კატასტროფული შედეგები, რომლის სიმძიმეს საქართველო კიდევ ძალიან დიდხანს იწვნევს, იყო თავში ძალაუფლებაავარდნილი მიხეილ სააკაშვილის და მისი ნეობოლშევიკური ვირუსით დაავადებული ნაცმოძრაობის, მათ დაპირებებზე წამოგებული ქართველი ხალხის უდარდელი ნაწილის და გაყალბებული არჩევნების ”გამპრავებელი” დასავლელი ლიდერების ”დამსახურება”! და ეს არ გადაწყვეტილა IRI-ის, NDI-ის და სხვა ასეთ, შედარებით დაბალ დონეზე… სამწუხაროდ…

ომის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა.

სააკაშვილის არსებობის ფაქტიურად ერთადერთი გამართლება დასავლეთის თვალში გახდა ის, რომ იგი ერაყსა და ავღანეთში ქართველი ვაჟკაცების სახით საზარბაზნე ხორცს უხვად (წინსწრებით!) აგზავნის, რუსეთს მხოლოდ შორიდან აგინებს და, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძე, გაყალბების ისეთ მეთოდებს მიმართავს, რომელიც დასავლეთის ლიდერებს იმის კომფორტს აძლევს, რომ საქმეში აქტიურად არ ჩაერიონ და თვალდახუჭულად შორიდან თავი დააკანტურონ. ანუ პროცესი ჩამოვიდა პრეზიდენტების და საგარეო საქმეთა მინისტრების დონიდან ეუთოს, ხოლო შემდეგ უკვე – IRI და NDI-ის დონეზე.

ამას მშვენივრად აუღო ალღო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკვე 2005-06 წლიდან დაიწყო NGO სექტორიდან და უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან ცნობილი სახეების გადმობირების კამპანია – ”ჩემი ოქრო – ჩემთან!” გაიხსენეთ, რამდენი გამოჩენილი “ენჯეოშნიკი” გახდა მიხეილ სააკაშვილის მინისტრი, პარლამენტარი, კარის (ს)ექსპერტი თუ სუპერ-ურნალისტი! ეს სია იმდენად გრძელია, რომ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე ცნობილ სახელს დავასახელებ: დიმიტრი შაშკინი (IRI), კახა ლომაია (ევრაზიის ფონდი, სოროსის ფონდი), დავით დარჩიაშვილი (სოროსის ფონდი), გიგა ბოკერია (თავისუფლების ინსტიტუტი), თემურ იაკობაშვილი (სოროსის ფონდი), ეკა ტყეშელაშვილი (IRIS-საქართველო), ბაჩო ახალაია (თავისუფლების ინსტიტუტი, სახალხო დამცველის ოფისი), გია ქავთარაძე (US AID), გივი თარგამაძე, (თავისუფლების ინსტიტუტი), ზურაბ ჭიაბერაშვილი (სამართლიანი არჩევნები) , გიორგი პაპუაშვილი (სოროსის ფონდი), გია ნოდია (კავკასიის ინსტიტუტი).

ამ ტვინების გადმოქაჩვას ორი მიზანი ჰქონდა – ის, რომ მთავრობაში მაქსიმალურად ყოფილიყო ის ხალხი, ვისი დანახვაც კი უცხოელებისათვის – დიპლომატებისა და პოლიტოლოგებისათვის – საკმარისი იქნებოდა პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. და ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაეტოვებინათ სერიოზული კადრი, რომელიც მთავრობაში არ იქნებოდა, სააკაშვილის ხელიდან არ მიიღებდა წყალობას, და ამით დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა.

ამჟამადაც, გავრცელებული ინფორმაციით, NDI-ის ოფისის ორი თანამშრომელი შეიძლება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნი სიაში ვიხილოთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი მადლიერია ნაცმოძრაობა ლუსი ნავაროს ბიჭების და გოგოების.

სააკაშვილის მდგომარეობა და მისი გამარჯვების ურყეობა სერიოზულად შეარყია 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან ძლიერი კონკურენტის – ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. თუ თავდაპირველად მისი სიძლიერე მხოლოდ შთამბეჭდავ  ფინანსურ რესურსებს და მისი ფილანტროპული საქმიანობის გამო (რაც თუმცა, ძალიან ვიწრო წრისათვის იყო მეტ-ნაკლებად ცნობილი) არნახულად მაღალ ავტორიტეტს უკავშირდებოდა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ქართული ოცნება” დიდ უპირატესობით უგებს ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რამდენიმე პარამეტრით:

ა) სამართლიანობის დაცვის ნდობით!

ბ) პარტიაში მოზიდული შთამბეჭდავი ადამიანური რესურსებით;

გ) კარგად წარმართული და მომხიბვლელი საარჩევნო კამპანიით;

დ) უსამართლოდ დაჩაგრულის მიმართ გაჩენილი ადამიანური თანაგრძნობით;

ე) საერთაშორისო ასპარეზზე გაჩენილი მზარდი ინტერესით.

ამან ისევ გააჩინა ქართულ საზოგადოებაში დაუსრულებელი ”მაოხრებელი გზირის” თავიდან მოშორების შესაძლებლობის განცდა. და ისევ, როგორც 2003 წელს, იმედი იმაზე იყო, რომ დასავლელი ლიდერები მიშას გამოუგზავნიდნენ ვინმე ბეიკერისმაგვარს (კონდოლიზა რაისი იქნებოდა შესაფერისი, თუმცა მიშამ ბოლოს რაღაც ისე შეურაცხყო კონდი, რომ ამ უკანსაკნელმა ბათუმში გემიდან გამოსვლა და ქართულ მიწაზე ფეხის დადგმა არც იკადრა), მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ მართლდება…

მიშასაც ჰქონდა იმედი, რომ 2008 წლის მსგავსად, თუ ობამა არა, ჰილარი მაინც გაუპრავებდა მოსალოდნელი გაყალბების მოსალოდნელად გაპროტესტებულ შედეგებს. ამაზრზენი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ ფოტოებმა, სადაც ბოლო ვიზიტის დროს ხან აქეთ და ხან იქეთ ტირიფივით გადაღრანჯული მიშა ჰილარის ”ვაიმე-ლა-ვუკო-ლა” როჟებს უკერავს. როგორც ჩანს, არც სააკაშვილის მოლოდინი გამართლდება და როგორც ობამა, ასევე ჰილარი კლინტონი მოერიდებიან უპატიოსნო სააკაშვილის გაპატიოსნებას…

სიტყვა ნათქვამია – ობამას მიერაც, კლინტონის მიერაც და კლინტონის მოადგილე ბარნსის მიერაც. ასევე დადასტურებულია რასმუსენის, ბაროზოს, რომპეის და სხვათა მიერ – 2012 წლის არჩევნების დემოკრატიული არჩევნები საქართველოს ხელისუფლებისათვის დემოკრატიულობის ტესტი იქნება.

მიშამ ხელისუფლება უნდა გადასცეს ფორმალურად (ანუ კანონიერად! ინგლისურში ”ფორმალური” არ ნიშანავს ”სიაფანდურს”!) და ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების შედეგად და არა – ელცინის მიერ პუტინის გაპრემიერების მემკვიდრული ვარიანტით.

და სწორედ აქ გამოდის სცენაზე მეორე ამერიკის წარმოამდგენელი ლუის ა. ნავარრო!.. რომელსაც მიხეილ სააკაშვილის და მისი ყალბისქმნელბის სცენარში სგანარელის როლი აქვს მინიჭებული. ის ძალად ექიმი უნდა იყოს და საზოგადოებას დააჯეროს ის, რასაც არცერთი ჭკუათმყოფელი უბირიც კი არ დაიჯერებს, არამცთუ – ჭკუათმყოფელი განათლებული…

არა, მარტო ნავაროს იმედზე არ იქნება მიშა და მისი გვარდია.

–         იქნება მოწვეული ”კარგ” (პრომიშისტურ) უცხოელ დამკვირვებელთა კორპუსი – სავარაუდოდ, ევროპის სახალხო პარტიის კარგად დაკერილი ბირთვი, რომელსაც ერთი შარაფ-სემინარი ბათუმში უკვე ჩაუტარეს და უმაღლეს ქართულ ჯილდოებს, და ბათუმის ”მაგნოლიაში” რენე ჰარლინის სამეზობლო ბინებსაც, ალბათ, უკვე დაჰპირდნენ. ამის პარალელურად ხელისუფლება მობილიზებულია, არ დაუშვას ”ცუდი” (ობიექტური) დამკვირვებლების მონაწილეობა და საერთოდ ისე, მოახერხოს, რომ 3000-ზე მეტი უბნიდან დამკვირვებლები მხოლოდ იმ რამდენიმე ათეულ უბანზე (სკოლებში) მიავლინოს, სადაც სკოლის დირექტორი შაშკინის მიერ სისხლდალეულ-გავამპირებულია და პერიმეტრი – მანდატურების და ზონდერების მიერ გაკონტროლებული.

–         რა თქმა უნდა დროულად – არჩევნებამდე 20 საათით ადრე გამოირთვება ყველა ის სატელევიზიო არხი, სადაც სიმართლე შეიძლება გავრცელდეს. არაა გამორიცხული დაიკეტოს პრესის გავრცელების ჯიხურები და მოსალოდნელია ”მოულოდნელად” გამოირთოს ინტერნეტი.

–        მობილიზებული იქნება ასობით ურნალისტი და ზონდერ-ჭურნალისტი, რომელთაც ნაციონალებისაგან არაკონტროლირებადი მედიის წარმომადგენლებზე გადამწყვეტი ფსიქოლოგიური შტურმის მიტანა ექნებათ დავალებული – შეიძლება – სულაც გიენების კოსტუმებში და ვუვუზელებით შეიარაღებულები ვიხილოთ.

–         უბნების ახლოს იმუშავებენ სწორედ ის სოცაგენტ-კოორდინატორ-სიდედრიონი, რომელიც შალვა რამიშვილისგან ყოფილი ასეთი კოორდინატორის რუსიკო წიკლაურის ინტერვიუში ვიხილეთ!

–         მოხდება ახალი აი-დი ბართებით მასიური გაყალბების დისტანციურ-ვირტუალური მოდელის პირველად გამოყენება.

–         გამოყენებული იქნება სხვა ცნობილი მეთოდებიც მიშას და ხათუნას არსენალიდან – კარუსელები, პატიმართა ოჯახების მიერ ნათხოვნი მეზობლები, შემოხაზული ხუთიანისათვის ფოტოს გადაღების მეთოდი, ბიულეტენებზე ბეჭდის არასწორი დასმა, საჩივრების არ მიღება და ა.შ. ა.შ.

მაგრამ ეს ყველაფერი – ამჯერად, როცა “ქართული ოცნების” მხარეს მილიონამდე ერთგული და მობილიზებული ამომრჩეველი იქნება, ძალიან ძნელი განსახორციელებელი იქნება და ამიტომ სწორედ თავისუფლების და დემოკრატიის პრინცს – ლოპე დე აგირეს – ლუის ა. ნავაროს მიენიჭება გადამწყვეტი პენალტის დარტყმის საპატიო მისია!

ლუის ნავარომ უკვე მოამზადა საზოგადოებრივი აზრი იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა სულ ცოტა, ორჯერ უფრო მაგარია ”ქართულ ოცნებაზე”.

მან უკვე განახორციელა ყურადღების გადატანის ოსტატური ფანდი (თუ – ფინტი!) – ივლისის გამოკითხვებში დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგი 11%-ით (ანუ ლამის მეოთხედით – თებერვალთან შედარებით) შემცირდა, ხოლო ქართული ოცნების რეიტინგი – 8%-ით, (ანუ თებერვალთან შედარებით ლამის ორჯერ) – 80%-ით გაიზარდა! მაგრამ ეს მხოლოდ ფანდია და მეტი არაფერი.

გადამწყვეტი პენალტის აზრი სწორედ იმაშია, რომ ეს წარმატებისაგან თავბრუდახვევა გამოიყენოს! ლუის ნავაროს ივლისის შედეგები კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე თებერვლის აბსოლუტურად კატასტროფულად დაუჯერებელი შედეგები – სწორედ იმიტომ, რომ იგი იმედს აჩენს  – იმედს იმისა, რომ ლუის ნავარო და მისი ხელქვეითი (უფრო სწორედ – სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა – ლევან თარხნიშვილი, და მისი CRRC) – წესებით ითამაშებენ!  ნურას უკაცრავად! რა დროს წესებია, როცა ბედის სასწორზე მიშას და მისი მანქურთების  მომავალი დევს!

ხომ გახსოვთ, რომ ნავაროს შედეგებში 40% რომ არ ამხელდა/არ იცოდა თავისი პოლიტიკურ სიმპათიებს! ენა არ მიტრიალდება ამ შედეგებს NDI-ის შედეგები ვუწოდო, რეალურად ხომ ეს თარხნიშვილის და მისი მარჯვენა ხელის – კობა თურმანიძის 150 გაწვრთნილი სოცექსპერტის ნამუშევარ ნაღვაწია. სწორედ იმ 150-ისა, რომლებიც, როგორც ბატონმა კობამ გვითხრა, უკვე 3-4 წელია წვრთნიან და ხვეწავენ! მკითხველისთვის ადვილი წარმოასადგენი უნდა იყოს, მიშასთვის სანუკვარი შედეგის დასადებად და შესათხზველად – 2008 წლის არჩევნების დიდი გამყალბებელი, არჩევნების გათახსირების გროსმეისტერი – ლევან თარხნიშვილი,  რაში მოამზადებდა და დახვეწდა ამ 150 სოცექსპერტს!

აბა, ისიც გაიხსენეთ, რა შედეგი დადო სწორედ იმავე დღეს ნაციონალთა სწორუპოვარმა სარეცხმა ფხვნილმა – Greenberg-Quinlan-Rossner-ს რომ უძახიან და ნაცმოძრაობის რეპუტაციაზე შავი ლაქების ამოყვანაში Procter & Gamble-ის ნებისმიერ პროდუქტს რომ სჯობნის? 57%-იანი GQR-შემოევლოსნაციონალებს! NDI-ის 36%-სა და GQR-ის 57%-ს შორის მთელი 21%-ია! ეს კი წარმოდუგენლად დიდი განსხვავებაა, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ორი კომპანია აბსოლუტურად სხვადასხვა მეთოდიკით იკვლევს და შავზე ერთი, – ”ღია ნაცრისფერს” თუ ამბობდა, მეორეს ალალად ”არიელივით” ”ქათქათა” ემეტება!

ახლა ისიც გაიხსენეთ, რა თქვა ნაცმოძრაობის ერთერთმა უუუსინდისოესმა წარმომადგენელმა (ეგენი მაგაში ტოლს არ უდებენ ერთმანეთს, ასე, რომ კონკრეტულად რომელმა გახსნა პირველად სამატყუარო ღრუ, მაგაზე არ დაგღლით!):  გქრ-მ იმიტომ დადო 57%, რომ მაგან ველი გახსნაო და ის NDI-სთვის ჯერდაფარული საუნჯე უკვე გამოაშკარავაო!

ახლა ხომ ყველაფერი გაიგეთ! როგორ შედეგს უნდა ველოდოთ საბოლოოდ?

მოკლედ NDI-ის სუ პატარა, ციცქნა ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. იმ თავისი არაუშავს 36%-დან მიშასათვის ჯანდაბას-მისაღებ 57%-მდე. მიზეზი ორი იქნება:

–         ა) რეგიონებში ვანორაგადასარევიას სეფერთელიზებული ”რეჩებით” (მეორედრომჩამოვალჯანმრთელობაზეარაფერსმალაპარაკებთ) გასხივოსნებული მომავლით თურმე მოხიბლული მოსახლეობა,  რომელიც ივლისის შუა რიცხვებიდან (ნავაროს მოლოდინით) სულ უფრო მოიხიბლება და აღფრთოვანდება მერაბიშვილით და

–         ბ) იმ ხალხის გაცხადებული არჩევანი, რომელმაც გაბედა და გაამხილა, რომ ”მიშაც უყვარს, ვანოც უყვარს, ბაჩო – ყველას ურჩევნია!”

ახლა თქვენ იტყვით, რა ამბავია 57% იმ პარტიისათვის, რომელსაც 71%-იანი უმუშევრობა იმავე NDI-ის კვლევებში უფიქსირდება, თანაც 35 წლის ახალგაზრდების ჯგუფშიო?

ეეეჰ! მაალობელი იყავით, რომ მიშა-ბიჭი გათოკეს და ისე მოაწერინეს ამ მისაღებ 57%ზე ხელი, მაგას ხომ ბასიშვილის ზონდერების მიერ აგდებული ქვებისათვის ჰქონდა თავი შეშვერილი, – 67%-ზე ნაკლებზე დამთანხმებლის რა ვთქვიო!. ასე რომ, მადლობელი იყავით, 57%-ზე დათანხმდნენ ნაციონალები და გქრ-ის მაჩვენებელი 67% რომ არააა!

არის კიდევ ერთი ნიუანსი – იმ გაუმხელელთა პროცენტი ჯერჯერობით ხომ 40%-ია, თუ აქედან 21% ნავაროულად და ალალად ნაცმოძრაობას მიეწერება, დანარჩენ 19%-ს რა ელის? ნუთუ ”ქართულ ოცნების” დაწყნარებას და მომადლიერებასაც ეცდებიან?

–         ნურას უკაცრავად! – ისმის ისევ თანამედროვეობის უტეხი შუქურას მოძახილი!

მართლა და რა მოგივიდათ? დაგავიწყდათ მინდვრის მთიბავი თარგამაძის და ვეფხვაძის დროულად დაწყებული კამპანია?

დაგავიწყდათ ”ასდუკ”-ის მთავარი გამაასდუკებელი დიუკის – ჰერცოგ კაციტაძის და მისი მეწარმეექიმლიდერის ინტერესები?

ან იმ ბაჩუკი ქარდავას რას უშვებით, ბაში აჩუკივით რომ მოთოხარიკობს და ივანიშვილს დამარცხებას უპირებს? და მის კორუფციასთანმებრძოლ ჩახ-ჩახ ჩახვაძეს?

და ისა, ადრე რომ ევერესტზე ისე უბრალოდ ადიოდა და ახლა ყველა ბორცვზე რომ პუტინის გინებას და ვუდუს ნიშნებს ტოვებს – დიდი პატრინაქტის ჰავტორი – ბიჭი პადოშა დაგავიწყდათ? – სიკვდილსაც და ახლოდან ნატყორცნ კვერცხსაც დავიწყებოდეს! ნუ ახლა იმ ”თვითონ დავითაიაზე” აღარაფერს ვიტყვი, ეგ თვითონ მიხედავს თავს. ეგ უკვე დიდი ბიჭია,  გაიზარდა!

19% ყველას, სამწუხაროდ, ვერ დააპურებს, მაგრამ ხელისუფლებას ხომ სათქმელი ექნება – მეტი რა გვექნა, ტოო? – ხო ხედავთ, რაც შეგვეძლო, გავიხადეთ და თქვენ მოგახურეთო!!

და მაინც რა არის ის, რის გამოც მე ვფიქრობ, რომ ლუის ნავარო და მის მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევები არაა ობიექტური და მიზნად ნაცმოძრაობის მომავალი უცილობელი გამარჯვების შესახებ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას და რეალობის გაყალბებას ემსახურება?

  1. ლუის ნავაროს ცოცხალი თავით არ უნდოდა, რომ გახსნილიყო იმფორმაცია იმ მეთოდებზე, როგორ ადგენენ ველს და ვინ და როგორ აგროვებს ინფორმაციას, რა კითხვებს და როგორ სვამენ და ვინ გადაწყვიტა, რომ ივლისის გამოკითხვაში არცერთი კითხვა არ ყოფილიყო არც მასთ ქერიზე, არც კონტროლის პალატაზე, ხოლო 5 კითხვა – ლაზიკაზე!
  2. ლუის ნავაროს არ უჩნდება კითხვა იმაზე, რომ თუ 40% თავის არჩევანს არ ამხელს, რამდენად თავისუფალია დანარჩენი 60%-ის პასუხები რაიმე შიშის ფაქტორისაგან.
  3. ლუის ნავარო არ გვეტყვის თუნდაც სულ მარტივ რამეს ველზე – რამდენი % იყო გამოკითხულთა შორის (და კერძოდ ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის) საჯარო სექტორში დასაქმებულები, და რამდენი – უმუშევარი
  4. ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი იმაზე, რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს კომპანია რომელიც NDI-ის მეთოდიკით კი ატარებს კვლევას, მაგრამ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და იდეური მამა 2008 წლის გაყალბებული არჩევნების მამამთავარი და მიშას მარჯვენა ხელი ლევან თარხნიშვილია.
  5. ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი, რატომ არ შეიძლება, რომ ველის ცოტა უფრო გასათამამებლად CRRCმ-აც ის მეთოდი გამოიყენოს, რაც იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოიყენა – გარკვეულად ანონიმური პასუხის მოგროვება პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ – ეს ხომ დაგვანახებს პასუხს იმაზე, რამდენად რეალურია შიშის ფაქტორი.
  6. ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება, რომ სააკაშვილის დამქაშის მიერ მონოპოლიზიებული კვლევა საერთო მეთოდიკკით რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატაროს!

სწორედ ამიტომ, მე მგონია, რომ ლუის ნავარო დღეს, სამწუხაროდ, წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს და ამდენად, არც ის იქნება გამართლებული, რომ მის მიერ მოყვანილ არასწორ ციფრებს ვენდოთ, და არც ის, რომ მისი დამხმარებით და კავკასიის კვლევის რესურს ცენტრების მიერ ჩატარებულ ოდიოზურ და ძალიან ბევრი კითხვის გამომწვევ კვლევას ან NDI-ის სტიკერი დავაკრათ, ან  ”Proudly Made in USA”, ან რამენაირად ისეთ სახელების რეპუტაცია გავავრცელოთ მასზე, როგორებიცაა სოციოლოგიის მამები ემილ დურკჰეიმი, მაქს ვებერი, ან ჰერბერტ სპენსერი. სოციოლოგიის მამები სოციოლოგიის მამებია და ლევან თარხნიშვილი და კობა თურმანიძე, მათი პროფესიონალიზმის მიუხედავად  – სულ სხვა რაღაცის მამები და მამიდები შეიძლება იყვნენ, მორალურ-ეთიკური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ხოლო ბატონ ლუის ნავაროს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში თომას ჯეფერსონის, ჯორჯ ვაშინგტონის, ბენჯამენ ფრანკლინის, ჯეიმს მედისონის და  ჯონ ადამსის მიერ დაარსებული დემოკრატიის ნავსაყუდელის წარმომადგენლობა ერგო, მინდა ვთხოვო, მიხეილ სააკაშვილის ნავში ჩამხტარის სახელზე ნუ გაცვლის ამ დიდებული ხალხის თანამემამულის და იდეების მატარებლის წოდებას  და რამდენიმე ციტატაც მინდა შევახსენო, როგორც დემოკრატს და როგორც მორწმუნე კათოლიკეს (კათოლიკეობა  ფეისბუქში აქვს თავად აღნიშნული და დემოკრატობაზე  NDI-ის თანამშრომელმა და დემოკრატიული პარტიის წევრმა, არა მგონია, უარი თქვას თავად):

For nothing is hidden that will not become evident, nor anything secret that will not be known and come to light.  (Luke 8:17)

The time is always right to do what is right.

In the End, we will remember not the words of our enemies, but the silence of our friends.

He who passively accepts evil is as much involved in it as he who helps to perpetrate it.

He who accepts evil without protesting against it is really cooperating with it.

The hottest place in Hell is reserved for those who remain neutral in times of great moral conflict.

No Lie Can Live Forever!

For whatever is hidden is meant to be disclosed, and whatever is concealed is meant to be brought out into the open. (Mark 4:22)

=================================

* – როგორც ახლა გავიგე, ტერმინი “ნავაროს ნავარი” პირველად ბატონ შოთა გლურჯიძეს გამოუყენებია. ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ბატონი შოთასადმი და ვამაყობ, რომ ამ ნიჭიერი ადამიანის ნაფიქრი მოგვიანებით, მაგრამ მეც მომივიდა თავში აზრად. 🙂


რა სარგებლობა მოაქვს აი-ერ-აის (IRI)?


ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მონაცემებით, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგში 36%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს.

“ქრისტიან-დემოკრატები” – 10%,

“ლეიბორისტები” – 8%,

“ალიანსი საქართველოსთვის” – 6%,

“მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”,  

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის”, 1-2% თითოეულს. 

კი მაგრამ, – ეს ერთად სულ არის 63-65%!  დანარჩენი რას ფიქრობს? და საერთოდ სად “გაქრა” “ეროვნული ფორუმი”?

დანარჩენმა 35%-მა, ეტყობა, „აიერაი“-ს არ გაუმხილა ხვაშიადი… ალბათ, სწორადაც მოიქცნენ…

 ხოლო ეროვნული ფორუმის მხარდმჭერთა ხმები, IRI-ის “სტაფმა”, ეტყობა,  ასევე ნაციონალურ მოძრაობას მიაწერა, რადგან ორივე ორგანიზაციის ინგლისურ დასახელებაში სიტყვა National ფიგურირებს! აი, რა ფანტასტიური გამოცდილებით და უტყუარობით ხასიათდება IRI-ის “პლატინის კვლევები” საქართველოში.

ახლა ვნახოთ, რა გვახარა ქართველი ხალხის ჯიბიდან დაფინანსებულმა ნაცმოძრაობის ტელევიზიამ, ე.წ. საზოგადოებრივმა, სინამდვილეში კი – ჭანტურიას – არხმა. ანუ, ერთ-ერთმა მიშავიზიამ.

„შედეგები ლოგიკურია. ერთი მხრივ არის ოპოზიცია, რომელიც გაურკვეველია და არაფერს აკეთებს, და მეორეს მხრივ – ხელისუფლება, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს“ – „ექსპერტი“ გია ნოდია.

– და რა არის ეს „რაღაცა“, [ბევრის] ღირსო, ბატონო ნოდიავ?

 

– „იმედის“ მოდელირებული ქრონიკა?

– მანამდე – არამოდელირებული ომი?

– ბიზნესის საყოველთაო ტერორი და სრული მოგუდვა?

– ბადრი პატარკაციშვილის საკუთრების კრიმინალური მიტაცება?

– 7 ნოემბერი? 6 მაისი? 15 ივნისი?

– გაყალბებული არჩევნები?

– მედიის მიტაცება (განსაკუთრებით – ნაციონალური ტელეარხების), გაბახება და ყველაფერზე წამსვლელი და ხელისმომწერი ურნალისტებით დაკომპლექტება?

– თბილისის ნგრევა და ყველაფრის მიტაცება? ვერეს ხეობის ეკოლოგიური კატასტროფის დაუფიქრებელი ავტორობა?

– უსამართლო სასამართლოები?

– ნულოვანი ტოლერანტულობა? დახოცილი და ავტომატდადებული ბიჭები?

– თბილისის მერიისათვის და რაიონებში გამგეობებისთვის ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ასეულ მილიონობით ლარი – არჩევნების გასაყალბებლად და ჩვენს ჯიბეებში ხელის კრიმინალური ფათურის უსასრულოდ გასაგრძელებლად?

თუ იქნებ, წელიწადში ერთხელ გიგი წერეთლის მიერ ალილოზე გაღებული ერთი კალათა ნობათი მიუსაფარ ბავშვებს და მაია ნადირაძის მიერ მის მიერ 3 წლის განმავლობაში ჩვენი ჯიბეებიდან ხელფასად ამოღებული 350 ათასი ლარიდან მოწყალებად გადმოგდებული  500 ლარი?

„ოპოზიციამ თავის დროზე ბევრი გაუნაღდებელი თამასუქი გასცა, ამიტომ მისდამი ნდობის ხარისხი შემცირდა… იძახდნენ, მთავრობას დავამთავრებთ 1 თვეში, 2 თვეში და ესენი ახლაც აქ არიან“ – ექსპერტი სოსო ცინცაძე.

„გულმავიწყო“ ბატონო სოსო, მთავრობის გაუნაღდებელი თამასუქები მიგავიწყდათ? თუ საკუთარ თვალში დირესავითაა?

 

– „აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა!“,

– „ლტოლვილების ღირსეული დაბრუნება!“

– „საქართველო სიღარიბის გარეშე!“

– „საქართველო უმუშევრობის გარეშე!“

–  „100 ახალი საავადმყოფო!“

და ამ ყველაფრის მაგიერ ის, რაც წინა აბზაცში ჩამოვთვალე!

რა ჰქნას ოპოზიციამ, რომელიც ნებისმიერი ნორმალური არჩევნის პირობებში, გაყალბების უპრეცედენტო „ინოვაციების“ არარსებობის პირობებში (მარტო პატიმრების ოჯახების დატერორება 500 ხმის შეწერით, და არჩევნების წინ მასიურად ყალბი პირადობის მოწმობების გაცემები, რად ღირს!), სავარაუდოდ, მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებსაც და საპარლამენტოსაც?!

პირველი არხის ლამაზმანებმა („ჟურნალისტები“ არასწორი ტერმინი იქნებოდა, მათ ხელფასს მორჩილ ლამაზმანობაში უხდიან – „ჰავლაბრის ტურფობაში“) აი-ერ-აის ანგაჟირებული კვლევების დასასაბუთებლად მოიყვანეს საზოგადოებრივი კვლევების ცენტრის მანამდე ჩატარებული კვლევა და მსგავსი შედეგები – პირველ ადგილზე ნაცმოძრაობა, მეორეზე – ქრისტიან-დემოკრატები. რატომღაც ამ კვლევის პროცენტები ლამაზმანმა არ გაგვიმხილა. „ამ ბოლო დროს ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც სოციოლოგიურ გამოკითხვებში თავის აზრს არ აფიქსირებს, ეს ტენდენცია ბოლო 2 წელია, სულ უფრო იზრდება, – კვლევის ავტორი ნანა სუმბაძე.

ძალიან საინტერესოა, რატომ იზრდება ეს ტენდენცია?

რატომ მალავენ ადამიანები საკუთარ აზრს, რასაც ნაცმოძრაობის ნაცოკრატიამდე არ აკეთებდნენ ამ მასშტაბით?

არ გაგიგიათ, რომ ბევრი ოპოზიციის მხარდამჭერი კარზე ნაცმოძრაობის „გამომრკვევების“ ვიზიტს ღიმილს და ამ პასუხს ახვედრებენ?! – „რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობას ვუჭერ მხარს!“ და კარს რომ დახურავენ მერე ამას მიაყოლებენ – „ჭირმა გაგწყვიტათ!“

 ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი – მოქალაქეებმა იციან, რომ გულწრფელობა და საკუთარი აზრის გამოხატვა რიგითი ადამიანისთვის უსაფრთხო არ არის

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/130149.html

როდის უნდა გავხდე ლაღი?

ნაცმოძრაობამ ამ არჩევნებზე, ეტყობა, „აი-ერ-აით“ ჩაანაცვლა სახელოვანი „გრინბერგ-ქვინლან-როსნერი“, რომელმაც წინა არჩევნებზე პრეზიდენტის გულუხვი დაკვეთა პირნათლად შეასრულა და სწორედ ის 53% შედეგი „გამოთვალა“, რომელიც ასევე გულუხვად დასაჩუქრებულმა პირ-[და სხვა ნაწილებ]-ნათელმა თარხნიშვილმა შემდეგ მონდომებით გამოძერწა!

P.S. დაბოლოს. საინტერესო დეტალი.

აი-ერ-აის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.IRI.org) საქართველოს შესახებ სექციაში დასახელებული გამოკვლევის და შედეგების შესახებ არაფერია ნათქვამი. ბოლო გამოკითხვა – თბილისის მოსახლეობისა ადგილობრივი მმართველობის შესახებ – 2010 წლის 21 იანვრითაა დატირებული და 2009 წ. ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ კვლევას ეხება.

იქნებ ეს „აი-ერ-აი“-ს კვლევაც, ისეთივე „აი-ერ-აი“-ია, როგორც ადრე ვითომ „ბლუმბერგის“ კვლევა რომ იყო და მერე რომ  სახელოვანი „გრინბერგ-ქვინლან-როსნერი“-სა აღმოჩნდა?

რა, ჩვენ მთავრობას ეგეთები უკადრებია?!!

 ჰხუმრობთ, ჰალე?

P.P.S. გურული ძიალოგი:

– აი რაია, ძამა?

– აი-რა-ია, სწორედ, – IRI!