პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პასუხი მოქ. ზვიად კირტავას (სოლომონ თერნალელის) ღია წერილზე


ბატონო სოლომონ,

წლების განმავლობაში არაერთხელ ამშლია თქვენთან გაბაასების საღერღელი საზოგადო საქმეებზე, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი და რაღაცას ველოდი. ბედის ირონიაა თუ განგების ნება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თურმე ყველაზე უფრო შეუსაბამო დროსა და ვითარებას დავლოდებივარ…
მჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბებით სწორედ რომ გულდაწყვეტილი ხართ და არა გაბრაზებული. აი, მე კი, ვაღიარებ, რომ გულდაწყვეტილიცა ვარ და გაბრაზებულიც. გულდაწყვეტილობის მიზეზებზე არ და ვერ ვისაუბრებ, გაბრაზებული კი საკუთარ თავზე ვარ და მოგვიანებით გეტყვით, რატომ.

დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ რა შედეგი გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღეს: გაცილებით უარესი თავიდან ავიცილეთ; სასურველი ნაწილობრივ მივიღეთ; გვაქვს სასურველის სრულად მიღების პერსპექტივა (და არა გარანტია).
აი, აქ ვართ და ესაა რეალობა. ამ რეალობის შექმნის მიზეზებზე ბევრი საუბრობს და მეც შევეხები ზოგიერთს. თუმცა, თქვენი არ იყოს, მეც მჯერა, რომ თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მალე და მარტივად მოევლება, ვიდრე ამ პროცესში წარმოჩენილ ზოგიერთ სიღრმისეულ პრობლემას – დაწყებული საკანონმდებლო პროცესის ტექნიკური და არსობრივი ხარვეზებით და დამთავრებული ჯანსაღი კონკურენციის პირობებისადმი ტოტალური გაუცხოვებით, რაც საბჭოეთმა დაგვიტოვა…
შევეცდები საკითხებს მივყვე თქვენს ღია წერილში დასმული თანმიმდევრობით – ჯერ სამართლებრივი ამბები, მერე დანარჩენი.
საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ საკითხის სამართლებრივი მხარე სრულ წესრიგშია და ფუჭად კარგავს დროს და პროფესიულ ავტორიტეტს ყველა, ვინც ამაოდ ეძებს ფაქტებსა და არგუმენტებს პარლამენტის თუ დამსახელებელი სუბიექტების მიერ კანონის დარღვევის დასამტკიცებლად. მაგრამ კანონთან პირნათლად ყოფნა რომ ზოგადად პირნათელობის მხოლოდ აუცილებელი და არასაკმარისი პირობაა, ამაზე მხოლოდ ცოტამ თუ მიანიშნა მაუწყებლის თაობაზე დისკუსიის განმავლობაში. თქვენ იმ „ცოტადან“ ხართ (როგორც სულ იყავით თქვენი სოლომონობის ეპოქაში) და მადლობა ამისათვის! თუმცა თქვენც კი შემოგპარვიათ ეჭვები შესაძლო კანონდარღვევის თაობაზე და ამიტომ წვრილად მოგახსენებთ ყველა დასმულ კითხვაზე.

1. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა.
ყველა კანდიდატი პარლამენტს წარედგინა კანონით დადგნილ ვადებში. კომისიას კანდიდატები უნდა შეერჩია წარდგენის ვადის ამოწურვიდან (12.12.2013) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 22 დეკემბრისა). კომისიამ 2013 წლის 23 დეკემბერს წარმოადგინა 27 კანდიდატის სია (წერილი №42660). კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბრისა) განსაზღვრულმა სუბიექტებმა 6 კანდიდატურა წარმოუდგინეს საქართველოს პარლამენტს.

2. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა.
პარლამენტში ყველა წარდგინება შემოვიდა ერთ დღეს – 25 დეკემბერს. ვინაიდან კანონის მიხედვით ყველა სუბიექტს ერთდროულად ეწურებოდა ვადა და თან დაწესებული რიგითობის გამო ვიღაცა ვიღაცას უნდა დალოდებოდა, მე პირადად მივიღე საჭირო ზომები და ვთხოვე შესაბამის სუბიექტებს, რომ ეზრუნათ სხვებისთვის საკმარისი დროის დატოვებაზე. მაგრამ ეს იყო რეკომენდაცია და არა კანონით განსაზღვრული ვადების ვინმესთვის შეზღუდვა – სახალხო დამცველს შეეძლო სულ ბოლო წუთს დაესახელებინა კანდიდატი. მეორე მხრივ, ვერც აჭარის უმაღლეს საბჭოს (ან თუნდაც პარლამენტის რომელიმე 17 წევრს) მოვთხოვდით, რომ სხდომაზე შეკრებილიყვნენ და ბოლო წუთამდე დალოდებოდნენ სხვა სუბიექტის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ერთიდაიმავე კანდიდატის დასახელების შემთხვევაში უპირატესობა კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით გადაწყდებოდა და არა დოკუმენტის წარმოდგენის რიგითობით. საბოლოოდ, ამ საკითხზე არავითარი გაუგებრობა არ შექმნილა და კანონის დარღვევად ნამდვილად ვერ ჩავთვლი იმ ფაქტს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე მეტი ბუნებრივი საჯაროობა იყო კანდიდატის თაობაზე, ვიდრე სახალხო დამცველის მიერ ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილებისას.

3. თქვენ ბრძანებთ, რომ დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადები.
პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც კენჭი უყარა ისე, რომ არ დარღვეულა კანონის არც ერთი პუნქტი. კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირველ ტურში პარლამენტს კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარა საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან (2013 წლის 22 დეკემბერი) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (არაუგვიანეს 2014 წლის 13 იანვრისა). პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა 2013 წლის 27 დეკემბერს.
მეორე ტურში კანონი ადგენს კანდიდატთა წარდგენის 10 დღიან ვადას და არ ადგენს მათთვის კენჭისყრის ვადას. კანდიდატთა წარდგენის ვადის ბოლო დღეს, 6 იანვარს, სამივე სუბიექტმა, რომელთა კანდიდატებიც არ იქნენ არჩეულნი პირველ ტურში, წარმოადგინა იგივე კანდიდატები, რის შესახებაც პირადადაც მაცნობეს და მედიაშიც გაავრცელეს ინფორმაცია. ვინაიდან პარლამენტი იმყოფებოდა არდადეგებზე და ვინაიდან კენჭისყრის ვადას კანონი არ განსაზღვრავდა, პარლამენტმა აღნიშნულ კანდიდატებს კენჭი უყარა 23 იანვარს, ანუ, როგორც კი ამის საშუალება მიეცა ერთი დღით ადრე მოწვეული რიგგარეშე სესიის განმავლობაში (შედარებისთვის, წარდგენიდან მე-12 სამუშაო დღეს).

4. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე სერიოზული დარღვევაა ის, რომ არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა და რომ არ მოგისმენიათ დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი!

როგორ შეიძლება „სამი“ ნიშნავდეს „ერთსაც“…
თქვენს კითხვაზე ყველაზე მოკლე და ფორმალური პასუხი იქნებოდა თქვენთვის ერთი მარტივი კითხვის დასმა – „ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, ქალბატონი ნათელა სახოკია მეურვის თანამდებობიდან რომ გადადგეს (ვთქვათ, BBC-ის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო…), მის ადგილზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ვინ და რამდენ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს პირველ ტურში?“
მოხარული ვიქნები თუ ვინმე განსხვავებულ პასუხს გასცემს ამ კითხვას და ამით მეცნიერების ერთდროულად რამდენიმე დარგში (სამართლის, მათემატიკის, ლოგიკის, ქართული ენის და ა.შ.) შეიტანს რევოლუციურ გადატრიალებას… მაგრამ მანამდე, ვფიქრობ, პასუხი ნათელია – „საპარლამენტო უმრავლესობა, კანონის იმავე მუხლებისა და პუნქტების საფუძველზე, სადაც წერია ფრაზა „სამს საპარლამენტო უმრავლესობა“, წარადგენს ერთ კანდიდატურას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან“.
ამ, ერთი შეხედვით, „ერთ ტანკს ორზე უფრო მეტი ძალა აქვს“ სიტუაციის მიზეზი ისაა, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“, როგორც და სადაცაა იგი გამოყენებული, ნიშნავს იმას, რომ: ა) უმრავლესობას 9 ადგილიან სამეურვეო საბჭოში ენიჭება 3 ადგილიანი კვოტა; ბ) უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს 3, 2 ან 1 კანდიდატს იმის მიხედვით, თუ რამდენი ადგილია შესავსები ან ვაკანტური სამეურვეო საბჭოში კანონით მისთვის მიკუთვნებული 3 ადგილიდან; და გ) კანონის ეს ნორმა გამოიყენება სამეურვეო საბჭოს თავდაპირველი ფორმირებისთვისაც და შემდგომი ფუნქციონირებისთვისაც და ამიტომ მისი ინტერპრეტირებისას უნდა გავითვალისწინოთ როდის და რა პირობებში ვიყენებთ მას..
ეს ისე, იმის დასტურად, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“ შეიძლება ნიშნავდეს „წარუდგენს ერთს“, როგორც ზოგადად სამი შესაძლებლიდან კონკრეტულად (და ამჯერად) ერთს… აქვე შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ რადგან „სამი“ ყოფილა არა ერთი მთლიანი და განუყოფადი, არამედ სამ ერთეულად დაყოფადი და მერე ისევ შეკრებადი, მაშინ ნულიც უკვე საქმეშია (ანუ „არავის დასახელება = დასახელება არავისი“) და ამით კამათიც დაგვესრულებინა. მაგრამ ვშიშობ, ამგვარ ახსნას ბევრი ვერ გაიგებს და „ხალიჩიდან გაქცევად“ ჩამითვლის. ამიტომ გავაგრძელოთ მსჯელობა.

უფლება, ვალდებულება თუ უფლებამოსილება?
თუ უმრავლესობა (ან უმცირესობა, სახალხო დამცველი, აჭარის უმაღლესი საბჭო – კანონი და სტანდარტი ყველასთვის ერთი რომ უნდა იყოს, ამაზე ყველა ვთანხმდებით) არსებულ ვაკანსიაზე საკონკურსო კომისიის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არავის არ წარუდგენს პარლამენტს, ამით იგი არღვევს თუ არა კანონს? არ არღვევს, ისევე, როგორც არ დაარღვევდა კანონს: ა) განაცხადის შემტანი 68 მოქალაქიდან თვითეული, თუ იგი არ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში; ბ) საკონკურსო კომისია, თუ იგი არ გაუწევდა რეკომენდაციას 68-დან არც ერთ კანდიდატს; გ) პარლამენტის წევრი, თუ იგი ხმას არ მისცემდა კენჭისყრაზე გამოტანილ არც ერთ კანდიდატს. ცხადია, სრულიად სხვადასხვაა ჩამოთვლილი „რაღაცის არ გამკეთებლების“ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა შესაბამის არ თუ ვერ გაკეთებულზე, მაგრამ ისინი ერთნაირად პირნათელნი არიან კანონთან.

ვინც თვლის, რომ „არ წარდგენა კანონის დარღვევაა“, იქნებ ისიც თქვას იმ 31 პარლამენტის წევრიდან, რომელთაგან ნებისმიერ 17-ს შეეძლო არაუმრავლესობისთვის განკუთვნილი მესამე კვოტის ათვისება და კანდიდატის დასახელება, რომელმა დაარღვია კანონი და რომელმა არა. ვინც საერთოდ არ გაეკარა პროცესს, დაარღვია მან კანონი? ალბათ არა, იმიტომ რომ დანარჩენებს უიმისოდაც შეეძლოთ კანდიდატის დასახელება… ვინც სამი დღე ირბინა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად და 9-ზე მეტი ვერ მოაგროვა? ალბათ არა, მეტი რაღა ექნა… მაშინ ვინ დაარღვია კანონი? და თუ კანონის დამრღვევი არ გვყავს, როგორღა დაირღვა კანონი?

კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის, ასეც დავსვათ კითხვა: რა უნდა ექნა საკონკურსო კომისიას (რომელსაც კანონი ზუსტად ისევე კატეგორიულად ავალებს ვაკანსიაზე მინიმუმ სამჯერ მეტი კანდიდატის „წარდგენას“, როგორც მოგვიანებით დამსახელებელ სუბიექტებს), თუ 68 აპლიკანტიდან 50-ს ოქროს ასოებით ექნებოდა საბუთებში მითითებული საკუთარი პარტიული კუთვნილება? ამ შემთხვევაში კომისიას კანონის ერთი მუხლის დარღვევით უნდა შეერჩია 27 კანდიდატი, თუ კანონის მეორე მუხლის დარღვევით არ უნდა შეერჩია 27 კანდიდატი? ანუ კომისია ყველა შემთხვევაში განწირული იქნებოდა კანონის დარღვევისთვის?
შეიძლება ვინმემ თქვას, აქ ხომ ფორმალურმა მიზეზმა არ მისცა კომისიას „ვალდებულების“ შესრულების საშუალება და ამიტომ არ ჩაითვლება კანონის დარღვევადო – „რაც მათზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი იღონეს და თავს ზემოთ ძალა აღარ ეყოთ…“
დავუშვათ, რომ ასეა (თუმცა, უკვე გამოდის, რომ „რაღაც“ მიზეზით თურმე

შეიძლება „ვალდებულების“ არ შესრულება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს) და განვიხილოთ სხვა შესაძლო შემთხვევა. ვთქვათ, ფორმალური გადარჩევის შემდეგ დარჩენილი 45 კანდიდატიდან 25-მა ისეთი კონცეფცია წარმოადგინა და ისე მოიქცა გასაუბრებაზე, რომ კომისიის წევრთა ღრმა რწმენით, სინდისის კარნახით და საღი აზრით მათი საზოგადოებრივ მაუწყებლელთან ახლოს მიშვებაც კი დაუშვებელია. როგორ უნდა მოიქცეს კომისია და მისი წევრები? კანონით დაკისრებული „ვალდებულების“ გამო (მინიმუმ 27 კანდიდატის წარდგენა) უარი უნდა თქვან საღ აზრზეც, სინდისზეც, რწმენაზეც, საკუთარ რეპუტაციაზეც და როგორმე 27-მდე შეავსონ სია? ასეთ შემთხვევაში ხომ არ გამოვა, რომ თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კანონს „დაუვალებია“ ყოფილა „მოცემული 68-დან ვინმე 27-ის“ აუცილებლად შერჩევა და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი რომ ჩაბარდება ისეთი კანდიდატების გამოვლენა…

შესაძლოა გადაგღალეთ კაზუისტიკით, მაგალითებით, შედარებებითა და მოდელირებით, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება დასმული საკითხის არსში გარკვევა – კანონის ნორმა და მისი ესა თუ ის ინტერპრეტაცია ყველა გამოცდას და ტესტს უნდა უძლებდეს, ყველა შესაძლო მოცემულობაში ერთნაირი წარმატებით უნდა მუშაობდეს და არა მხოლოდ ალაგ-ალაგ, როდესაც ეს ვინმეს აწყობს.
ამ მაგალითებით მე მხოლოდ იმის დემონსტრირება მსურდა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის ფრაზები იმის შესახებ, რომ საკონკურსო კომისია ან დასახელების კვოტების მქონე სუბიექტი „წარუდგენს“ ვინმეს 1, 3 თუ 27 კანდიდატს (ან „პარლამენტი აირჩევს“) ნიშნავს მათ ექსკლუზიურ კომპეტენციას, უფლებამოსილებას, ფუნქციას, რომელიც მათ შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დამოუკიდებელი (ფორმალური დარღვევები, კანდიდატურის მოხსნა) ან მათზე დამოკიდებული (განსჯის შედეგად დაიწუნეს, ვერ შეთანხმდნენ, პოლიტიკურად ასე ჩათვალეს მიზანშეწონილად) მიზეზების გამო და ეს შეიძლება მოხდეს კანონის სრული დაცვით. მეტიც, შეძლება ამ ვერ შესრულებისთვის (კომისიამ არ შეარჩია, სახალხო დამცველმა არ წარადგინა, ან პარლამენტმა არ აირჩია სრულიად შეუსაბამო პირები) მადლობაც კი ეკუთვნოდეს ვინმეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მაგალითები არ მომყავს როგორც რეალობის შინაარსობრივი ანალოგია (კანდიდატების შესაფერისობა და ა.შ.). მაგალითები მომყავს იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ იურიდიული კონსტრუქციების შინაარსი და უფლების, მოვალეობის, კომპეტენციის და დისკრეციის ფარგლები და შეზღუდვები.

სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

სუბიექტებმა, რომლებმაც არ თუ ვერ წარადგინეს კანდიდატები, შესაძლოა ამით დაარღვიეს სხვა ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა, მაგრამ მათ არ დაურღვევით კანონი. საერთოდ, თუ გვინდა ოდესმე დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გავმიჯნოთ იგი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. განა კანონის ფარგლებში შეუძლებელია არასწორი გადაწყვეტილების მიღება?
მაგალითად, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება სამართლებრივი რეაგირება იმ შესაძლო ვითარებაზე, როდესაც 4 წლის განმავლობაში არცერთი პარლამენტის წევრი არ იყენებს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას! ამასობაში, „საკანონმდებლო ინიციატივის უფლება“ უბრალოდ უფლებაა (როგორც მოქალაქის „საკანონმდებლო წინადადების უფლება“) თუ რაღაცა უფრო მეტი? რა თქმა უნდა, ეს „უფლება“ რაღაცა უფრო მეტია – ეს უფლებამოსილებაა, კომპეტენციაა, ფუნქციაა, ძალაუფლებაა, პოლიტიკური ვალდებულებაა, პროფესიული მოვალეობაა. ამ დროს პარლამენტის წევრები არღვევენ ყველაფერს, გარდა კანონისა… ამიტომაც რეაგირება შეიძლება იყოს ყველანაირი, გარდა სამართლებრივისა…

ანტი-ჩიხური მექანიზმები.
თქვენ სწორად სვამთ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არაფერი წერია კანონში იმის თაობაზე, თუ რა მოხდება თუკი დამსახელებელმა სუბიექტებმა ვერა და ვერ მოახერხეს კანდიდატების წარდგენა. მაგრამ ეს კითხვა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ „ესე იგი 3-ის დასახელება ვალდებულებაა, რომელიც ყოველი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს“, არამედ პირიქით – საჭიროა სათანადო სამოტივაციო სისტემის შექმნა, რათა ჩიხში არ შევიდეთ.
არსებობს ანტი-ჩიხური სამართლებრივი მექანიზმები (მაგალითად, არჩევნების მეორე ტური 2 საუკეთესოს მონაწილეობით, მამაპაპური წილისყრა თანაბარი ხმების შემთხვევაში და ა.შ.). ამავე კანონში პარლამენტის მიერ მეურვის არჩევის მექანიზმში დევს ანტი-ჩიხური ფორმულა – არჩევისთვის საჭიროა 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ თუ პირველ ან მეორე ტურში კანდიდატმა ვერ მიიღო 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ მიიღო 50-ზე მეტი ხმა, ის ჩაითვლება არჩეულად. თუ ვერც 50-ზე მეტი ხმა მიიღო ვინმემ, მაშინ კონკურსი თავიდან იმართება. ამ შემთხვევაში 50 ხმიანი მეორე საფეხურის შემოღებით ჩნდება დამატებითი მოტივაციები და შანსები იმისათვის, რომ გამარჯვებული გამოვლინდეს არსებული კონკურსის ფარგლებში და არ დაგვჭირდეს ახალი კონკურსი.

უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანდიდატის ვერ (ვერ შეთანხმდნენ ფრაქციები ან პარლამენტის წევრები), ან არ (არავინ არ მოეწონათ) დასახელების შემთხვევაში კი საქმე პირდაპირ ახალ კონკურსამდე მიდის. ამასობაში, წარმდგენ კოლეგიალურ სუბიექტებს შეთანხმებისკენ მხოლოდ ზოგადი ფაქტორები და რისკები უბიძგებს (ერთი გუნდი ვართ, მაუწყებელს მეურვე სჭირდება, მთელი ეუთო ჩვენ შემოგვყურებს და სხვ.) და არა – კონკრეტული (მაგალითად, „თუ ვერ შევთანხმდით, ჩვენი კვოტა სხვას გადაეცემა“).
ანტი-ჩიხური მექანიზმები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, როდესაც საქმე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს და პროცედურებს ეხება.

5. თქვენ ბრძანებთ, რომ არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი იყო საკუთარი გადაწყვეტილებების თუ პოზიციების დასაბუთება პარლამენტის წევრთა მხრიდან.
ამ საკითხზე დეტალური კომენტარისგან თავს ვიკავებ, ვინაიდან აქ სადავოა არა სამართალებრივი ან პროცედურული საკითხები, არამედ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მოტივაციის თუ არგუმენტაციის სისწორე და დამაჯერებლობა. ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ კრიტიკულ მიდგომას და კითხვების დასმას მივესალმები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხზე კენჭისყრის ან პოზიციის გამოხატვის შემდეგაც. რაც უფრო ფართოა ხელისუფლებით აღჭურვილი პირის დისკრეცია, მიიღოს რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთი, მით მეტია მისი ვალდებულება განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.
ცხადია, ვითარება რთულდება, როდესაც კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ეხება საქმე. კიდევ უფრო რთულია კოალიციური გადაწყვეტილებები. გარდაუვალია ურთიერთკომპრომისებიც, რასაც შედეგით უკმაყოფილო მოქალაქემ შესაძლოა „პრინციპების ხარჯზე მიუღებელი პოლიტიკური ვაჭრობა“ დაარქვას და კმაყოფილმა მოქალაქემ – „პოლიტიკური სიბრძნის და შორსმჭვრეტელობის ნიმუში“.
მაგალითად, როგორი იქნებოდა რჩევა, თუ სასწორზე დაიდებოდა თვითმმართველობის კოდექსის მიღება, ერთი მხრივ, და პრინციპული მოსაზრებით ხმის მიცემა მეურვეობის უპერსპექტივო კანდიდატისთვის, მეორე მხრივ? წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქეების აზრები და რჩევები აუცილებლად გაიყოფოდა. მეტიც, გამოჩნდებოდნენ „ყველაზე ჭკვიანები“, რომლებიც იტყოდნენ, რომ არ შეიძლება ამ საკითხების სასწორზე ერთად დადება! სად „ეს“ და სად „ის“! მართლაც… მაგრამ პრობლემაც იმაშია, რომ რაც ერთისთვის არის „ის“, მეორესთვის არის „ეს“… და ასე იქნება ჯერ კიდევ მრავალჟამიერ, სანამ ღირებულებით ერთობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ერთობებს არ დაეფუძნება ჩვენი ეროვნული ერთობა.
თუმცა, მანამდე ურიგო არ იქნება, თუ მეტ პატივს ვცემთ ჩვენს „რიგით, უბრალო, საშუალო“ თანამოქალაქეს და სწორედ მას ავუხსნით ხოლმე ყველა გადაწყვეტილებას, ნაცვლად პოლიტიკურ ოპონენტებთან უაზრო პაექრობისა.

6. თქვენ ბრძანებთ, რომ საკონკურსო კომისიის მუშაობა კარგად დაიწყო და უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა.
საკონკურსო კომისიამ, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ ჩემი წინადადებით პარლამენტმა დაამტკიცა, უაღრესად შემჭიდროვებულ ვადებში თავდაუზოგავად იშრომა და თავისი პირუთვნელი დასკვნები საჯარო ვითარებაში შეიმუშავა. განვითრებული მოვლენების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო კომისიამ პროცესში მონაწილე ყველა სხვა სუბიექტზე გაცილებით უკეთ გაართვა თავი საქმეს, რისთვისაც მე კომისიის ყველა წევრს გულწრფელი მადლობა გადავუხადე. საერთო ფონზე, ბოლო ხანებში, კომისიის წევრებსაც მოუწიათ საკუთარი ხან შეშფოთების და ხან აღშფოთების გამოხატვა. მაგრამ ცდება ყველა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ პირადი ამბიცია („ჩვენი შერჩეულები როგორ დაიწუნა ვინმემ“) ალაპარაკებთ. მათმა უანგარო და კვალიფიციურმა გარჯამ მხოლოდ სანახევრო ნაყოფი გამოიღო. ამიტომ, აქვთ საფუძველი იყვნენ ნახევრად გაბრაზებულები… დარწმუნებული ვარ, მეორე ცდით წარმატებით დავასრულებთ პროცესს და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.
მე მოხარული ვიქნები, თუ კანონით დადგენილი კონსულტაციებისა და პროცედურების შემდეგ შესაძლებლობა მექნება, კომისიის იგივე შემადგენლობა შევთავაზო პარლამენტს ახალი კონკურსის ჩასატარებლად.

7. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე უფრო ამ პროცესით ჯერ გაჩენილი და შემდეგ (კვლავ) გაცრუებული იმედები გაწუხებთ…
მეც სწორედ ეს მაწუხებს, განსაკუთრებით, ამ ყველაფერში პირადად ჩემი „წვლილი“… აშკარაა, რომ კანონში ბოლო ცვლილებების შეტანის შემდეგ (20 ნოემბრიდან) პროცესს სჭირდებოდა გაცილებით უკეთესი პოლიტიკური, ორგანიზაციული და ინფორმაციული მენეჯმენტი და ეს, პირველ რიგში, თავად მე უნდა გამეკეთებინა.
კონკურსის გამოცხადების შესახებ ჩემს მიერ 27 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, როგორც აღმოჩნდა, ჩაიკარგა ვილნიუსის სამიტის და უკრაინის მოვლენების ფონზე და ეს თემა „პოლიტიკურ რადარზე“ გამოჩნდა მხოლოდ 11 დეკემბერს საღამოს, პარლამენტის მიერ 9 წევრიანი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შემდეგ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ იმ საღამოს და მეორე დილით უამრავმა ადამიანმა დამირეკა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პარლამენტმა საკონკურსო კომისია კი არა, 9-კაციანი სამეურვეო საბჭო დაამტკიცა უკვე… ამასობაში, მეორე დღეს საღამოს აპლიკაციების მიღება დამთავრდა. (სხვათა შორის, შემოსული 68 განაცხადებიდან 47 განცხადება ბოლო დღეს, 12 დეკემბერს შემოვიდა).
შეეძლო თუ არა საჭირო ინფორმაციის მიღება ყველას, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა აინტერესებდა? კონკურსის უფრო ადრე ჩატარების საკითხს პარლამენტში ნოემბრის განმავლობაში სამი მოსმენით პირდაპირ ეთერში ვიხილავდით (თან საკმაოდ ხმაურიანად); კონკურსის გამოცხადების ბრძანება პარლამენტის ბიუროს გავაცანი (რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა); ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ყველა საჭირო დეტალით და მე პირადად მინიმუმ სამ სატელევიზიო ეთერში განვაცხადე, რომ დაიწყო საკონკურსო განაცხადების მიღება. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციები მქონდა სახალხო დამცველთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, საპარლამენტო უმცირესობასთან, უმრავლესობაში შემავალ ყველა ფრაქციასთან, მედიის წარმომადგენლებთან. ასე, რომ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იყო და ყველა მსურველს შეეძლო მიეღო საჭირო ინფორმაცია. მაგრამ ეს აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო იყო მეტი პრო-აქტიურობა. ჩვენ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა კი არ უნდა გაგვეჩინა, არამედ უნდა „გვეიძულებინა“ ყველა, რომ მიეღოთ ინფორმაცია. ამასობაში, ჩემთვის ეს თემა თვეების განმავლობაში იმდენად აქტუალური იყო, რომ მისი „გაპიარების“ საჭიროება არც კი მომსვლია თავში…
ამ საკითხზე ამდენ ყურადღებას ორი მიზეზის გამო ვამახვილებ: 1. აღმოჩნდა, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით ვადების შესახებ, მართლაც არ ჰქონდა ბევრ დაინტერესებულ პირს (სრულიად განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა წრეებიდან); 2. დაინტერესებულ პირთა ფართო წრის მიერ მიღებულმა თავდაპირველმა შოკმა („ეს მნიშვნელოვანი პროცესი ასე მალულად როგორ და რატომ ჩატარდა…“) სერიოზული დაღი დაასვა შემდგომ პროცესებს.
ეს პრობლემა და მისი შესაძლო შედეგები ჩემთვის ნათელი გახდა განაცხადების მიღების დასრულებიდან 2-3 დღეში. გაჩნდა მოწოდებები ვადის გაგრძელების შესახებ; გაჩნდა კითხვები, რომელთა უბრალოდ გაჩენამაც კი პრობლემების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოიწვია. აღმოვჩნდი მძიმე დილემის წინაშე – ან დაწყებული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო და დანაკარგების მინიმალიზაციაზე მეზრუნა; ან უნდა გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ „მართალია საკონკურსო კომისიამ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე დაიწყო შემოსული განაცხადების განხილვა და შედეგები 10 დღეში უნდა წარმოადგინოს, მაგრამ მე მათ მივმართავ, შეწყვიტონ მუშაობა, ვინაიდან „ამიტომ და იმიტომ“ ვაპირებ კანონში ცვლილების ინიცირებას ვადების გაგრძელების შესახებ, რასაც პარლამენტი იანვრის დასაწყისში მიიღებს, ალბათ“…
მეორე ვერსია ერთი შეხედვითაც კი იმდენად აბსურდული ჩანს, რომ შესაძლოა არც კი დაიჯეროთ, რომ მე ამ ვერსიაზე 2 დღის განმავლობაში სერიოზულად ვფიქრობდი… მეორე მხრივ, 2 დღის განმავლობაში ამ აბსურდზე სერიოზულად ფიქრის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ვერსიის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების სიმძიმეც (ანუ, რაც დღეს აწუხებს საზოგადოებას) მაშინვე მქონდა გაცნობიერებული.
როგორც ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება, კარგი ვერსიის აღარ არსებობის გამო, ცუდს და უარესს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება – გადავწყვიტე პროცესი გაგვეგრძელებინა და დანაკარგების შემცირებაზე გვეზრუნა. შედეგად მივიღეთ 4 მეურვე 9 საჭიროდან და უამრავი კითხვა, რომელთა უდიდეს ნაწილსაც მეორე ეტაპზე შეიძლება გაეცეს დამაჯერებელი პასუხი. სხვა შემთხვევაში მივიღებდით 0 მეურვეს 9 საჭიროდან და გაცილებით მეტ კითხვას, რომელთა უდიდეს ნაწილზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნებოდა.
არადა, სულ ცოტა იყო საჭირო იმისათვის, რომ მეურვეთა საბჭოც ღირსეული ხალხით დაკომპლექტებულიყო და ამდენი უარყოფითი ემოციის ნაცვლად სიამაყის და სიხარულის განცდა დაუფლებოდა ყველას. სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინე, რომ ამ მრავალჭირნახული საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას მეტი ყურადღება, მეტი განმარტება, მეტი ინფორმირება, მეტი დელიკატურობა სჭირდებოდა.
……….
„არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, რომ თქვენთვის კარგი მინდაო“ – ამბობთ. მჯერა, ამ წუთში ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ მაგისი მჯერა. მინდა, რომ თქვენც გჯეროდეთ… ამიტომ, ვკადნიერდები და მოგმართავთ – იქნებ ერთხელ კიდევ ვცადოთ ყველამ ერთად, მალე ახალი კონკურსი გამოცხადდება…

დ. უსუფაშვილი
4 თებერვალი, 2014

========
(სოლომონ თერნალელის ღია წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს – https://solomonternaleli.wordpress.com/2014/01/29/ღია-წერილი-საქართველოს-პ/ )

Advertisements

ანონიმურობის მოკრძალებული ხიბლი


freedom af anonymity

ახლა უნდა ვთქვა ზოგი რამ, რის თქმასაც არ ვაპირებდი, მაგრამ მართლა დამღლელია ამდენი შეძახილი – ააა, თურმე გეშინოდა! ააა, თურმე, არ იყავი ცოტნე დადიანი!.. – ვითომ მე ან როდესმე გმირობის პრეტენზია გამოვთქვი, ან, ვითომ, როდესმე ის ვუთხარი რომელიმე ურნალისტს, მიშას რატომ არ ებრძვი ხმალამოღებული-მეთქი!
მე მხოლოდ ის არ მინდოდა, რომ სიმართლის მაგიერ სიცრუე შემოესაღებინათ, და თან ამ სიცრუეში 10-ჯერ და ასჯერ მეტი ფული აეღოთ, ვიდრე პატიოსანი ჟურნალისტები სიმწრით მოპოვებულ სიმართლეში იღებდნენ! თუნდაც დღეს, მზადა ვარ ნებისმიერ მათგანს ბოდიში მოვუხადო და შერიგების ხელი გავუწოდო, თუ იმას მაინც აღიარებენ, რომ იმიტომ გვაბოლებდნენ, რომ წნეხის ქვეშ იყვნენ! რომ არ უნდოდათ მშიერი ოჯახების ხილვა! ამბობენ ამასო, -დღეს მითხრა დიანა ტრაპაიძემ. ვინ ამბობს, დიანა? რამე გამომრჩა? ვინც ამბობს და ნაბიჯებსაც დგამს – ვახო სანაია იქნება თუ ეკა ხოფერია, მე მათ მიმართ არავითარი წყენა არ მაქვს და ვახოს თავად ვთხოვე დამეგობრება და უკვე დიდი ხანია, ფეისბუქზე ვმეგობრობთ და სხვებსაც დავუმეგობრდები… ოღონდ იმას ნუ მოგვიყვებიან, რომ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარ კითხვებჩაწერილი ინტერვიუები, საუზმეები, და ანბანის კოშკზე აფორთხებები სამოქალაქო გმირობის ეტალონი იყო…

ანონიმურობას კიდევ ერთი ხიბლი აქვს, რაც არაა დასამალი – ჩვენ, ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას, არ შეგვიძლია, ჯერ მაინც, ჩვენს კოლეგას პირში ვუთხრათ მისი ნაკლი. ცუდ ტონად, უზრდელობად ითვლება ეს! ცხოვრებაში ბევრი ინტრიგანი მინახავს, რომელიც მთელი სიცოცხლე ძირს უთხრის სხვებს და პირში კი არამცთუ სიმართლეს ვერ ეუბნება, არამედ სულაც დითირამბებს უმღერის. ჩვენ ეს უნდა ვისწავლოთ! ნებისმიერი ეთიკის საფუძველი სწორედ კორპორატიული ეთიკაა! ინჟინერს სწორედ ინჟინერმა უნდა მიუთითოს ნაკლზე, ექიმს – ექიმმა და ჟურნალისტს – ჟურნალისტმა. თუ ჩვენ ქოხიდან ნაგვის გატანის შიშით ვიცხოვრებთ, ნაგავში დავიხრჩობით! და მერე ხდება ის, რომ ცუდი ინჟინრის აგებულ და ჩანგრეულ ხიდზე შეიძლება ადამიანები დაიღუპონ, ცუდი ექიმის ნამკურნალები პაციენტი საავადმყოფოში მოულოდნელად იღუპება და მერე ნათესავები ლინჩის წესით ანგარიშსწორებისთვის ემზადებიან… ყველაფერს კი სჯობდა ამ უმეცარი ექიმების, ჟურნალისტების თუ ინჟინრების გამოსწორება პირში ძრახვის მეთოდით, – თანდათანობოთ გვეცადა – ჯერ შენიშვნით, მერე ჯარიმით, მერე – ლიცენზიის შეჩერებით და ბოლოს – სამსახურის დატოვებით. ამით ხომ დიდ ტრაგედიას – ადამიანის დაღუპვას გადავრჩებოდით. საქართველოში კორპორატიული ეთიკის ყლორტები აქა-იქ არსებობს, მაგრამ – ძალიან სუსტი, და ხშირად სხვათა გაღიზიანებას იწვევს, როგორც არამკითხემოამბეობა. არადა, ბოლოს თუ დაღუპული ჩვენი ახლობელია (არ მითხრათ, ურნალისტის ენით დაკოდილი არ არსებობსო – მარტო საწყალი ბუტა რობაქიძის კადრების გაუფრთხილებლად ტელევიზიით ჩვენება იყო სამაგალითო), მერე ძალიან მწარედ ვხვდებით, რა სისულელეა უმეცართა თუ უზნეოთა წაქეზებაც და თუნდაც, ხელის დაფარება… ეს პირადად გამოვცადე, როდესაც ახლო ნათესავი საავადმყოფოში გარდაიცვალა…

არ ვიცი, მოსკოვში და შვედეთში გატარებული წლების გამო, თუ ბაბუაჩემის პიროვნული თვისებების გამო, რომელიც ასევე ექიმი იყო, და უაღრესად პირდაპირი (ხშირად – კონფლიქტურობამდე პირდაპირი) ადამიანი – შემიძლია დავიტრაბახო, რომ სხვებზე ოდნავ მეტად – საშუალოსტატისტიკურ ქართველთან შედარებით მაინც – მაქვს ეს თვისებები, რომ ადამიანს პირში ვუთხრა, მაგრამ ეს ჩემი უპირატესობა გაზაფხულის თოვლივით დნება, თუ ვადარებ იმავე უნარ-ჩვევებს ჩემ შვედ, დანიელ, ამერიკელ თუ, თუნდაც, რუს კოლეგებთან.(ექიმებზე მაქვს ლაპარაკი და არა ექიმ-პოლიტიკოსებზე :).

როდესაც ანონომი ვიყავი, ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს, შევძლებდი თუ არა, იგივე სიმკვეთრით საუბარს ჩემთვის ნაცნობ ხალხზე, თუნდაც დემოკრატიულ საქართველოში, სადაც შიშის ფაქტორი აღარ იქნებოდა, და პასუხი ყოველთვის ყოყმანი იყო. ალბათ, დღეს გაცილებით მეტად შემიძლია ეს, ვიდრე 4 წლის წინ, რადგან უკანდასახევი გზა თავად მოვიჭერი. უცნაურად ჟღერს, მაგრამ სოლომონ თერნალელობა სერიოზულ მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს ზვიად კირტავას! და ამაშია ანონომურობის პარადოქსული ხიბლი ვირტუალური სიმულაკრის ნაჭუჭიდან გამოსვლის შემდეგ.

და იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც ზოგჯერ მილაპარაკებია ახლობელ ხალხთან „იანეთში“ და რომელიც ჯერ არ მინდოდა, რომ გამეხსნა, მაგრამ მართლა ძნელია ასეთი მძიმე ბრალდებების მოსმენა და „ჭრელო პეპელას“ როლში აღმოჩენა, როცა ჯერ იყო და, 4 წელი სულ იმას მიძახოდნენ, – „რატომ გარეთ არ გამოდიხარო?“ და ახლა კი მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ მთავარი კითხვა ის ყოფილა, – „რატომ ახლაც იქ არ დარჩი, სადაც იყავი?“ – ისე საინტერესოა, სანამდე უნდა დავრჩენილიყავი? ბედნიერი საქართველოს მშენებლობის ბოლო აგურის საზეიმო დადებამდე?

ჩემი სოლომონთერნალელობისა ჟამს, ძალიან ბევრ ადამიანს ვეგონე, რომ მე ნაციონალების რიგებში მყოფი სინდისგაღვიძებული ადამიანი ვიყავი, რომელსაც არც ის შეეძლო, რომ გამიჯნოდა მშობელ მონსტრს და არც ის უნდოდა, რომ ამ მონსტრის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, და რომელიც სოლომონის ხელით სისტემის რღვევას შიგნიდან აჩქარებდა. შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს იმავე იანეთში ეპარებოდა ეჭვი, რომ მე მერაბიშვილის დაახლოებული პირი ვიყავი (თავად მერაბიშვილი რომ არ ვიყავი, ამას ჩემი სტილი და ფოლოლოგიური უნარ-ჩვევები ამტკიცებდა :), მინიმუმ ერთი ადამიანს, პირიქით, მერაბიშვილის კი არა, – ადეიშვილის „კამანდიდან“ ვეგონე… აქ ისიცაა გასახსენებელი, რომ 2009 წელს გავრცელდა ხმა, თითქოს ადეიშვილი ურჩევდა სააკაშვილს არ გაეყალბებინა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, დროებით დაეთმო ხელისუფლება (ან -მინიმუმ საკონსტიტუციო უმრალესობა პარლამენტში) და ოპოზიციის დაქსაქსულობის და პოლიტიკური მმართველობის სფეროში სისუსტის, ასევე ფინანსური ინსტრუმენტების და საგარეო კავშირების გამოყენებით, 4 წლის შემდეგ (ან – ვადამდეც) თეთრ რაშზე ამხედრებული დაბრუნებულიყო!“ სწორედ დღეს მქონდა შეხვედრა უცხოელ პოლიტოლოგთან, რომელმაც გამიმხილა, რომ კავკასიის შესახებ წონიანი ექსპერტი ჩემი ბლოგის გაცნობის შემდეგ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე გიგა ბოკერია ვიყავი!
როგორ გგონიათ, ამ ეჭვებში, რომელიც დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ხელისუფლებაშიც შეიძლებოდა გავრცელებულიყო, არ იყო ჩემი ანონომური ბლოგის კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორი? როდესაც ბლოგზე “5/5 და გემი მიცურავს!..” დავდე, უცხოელმა დიპლომატმა ჩემს ფეისბუქელ მეგობარს გაუმხილა, მართლაც განიხილება ხელისუფლებაში 5 მაისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაო, თუმცა ჩემი ჰიპოთეზა მხოლოდ თოერიული ანალიზის შედეგი იყო და არა ნაცმოძრაობიდან გამოტანილი ინფორმაცია … როგორ ფიქრობთ, სწორედ მსგავსი ეჭვის დათესვით არ დაანგრია ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს, როცა მუდამ ლაპარაკობდა მერაბიშვილის კარგ მენეჯერულ უნარზე და მასთან კარგ ურთიერთობებზე, ხოლო არჩევნების წინ დასკვნით შეკრებაზე მადლობაც კი გამოუცხადა „კიდევ ერთ ადამიანს“, რომელიც არ დაასახელა!
მე შორს ვარ იმისგან, რომ შტირლიცობა დავიბრალო. და გულახდილად ვამბობ, თავგანწმირავ გმირად თავი ვერასოდეს წარმომედგინა, ყოველთვის უფრო ჭკუის და ანალიზის იმედად ვიყავი, ვიდრე მოქნეული მკლავის. ამიტომ მხიბლავდა თერაპია, სადაც შეგიძლია ცოტა მეტხანს დაფიქრდე და აწონ-დაწონო, და არა ქირურგია ან გადაუდებელი მედიცინა, სადაც წამებში უნდა იმოქმედო და ზოგჯერ – ავტომატურადაც.
ვთვლი, რომ ისე ვემსახურე ჩემ სამშობლოს, როგორც ეს შემეძლო – ცდა არ დამიკლია! კიდევ ყოველდღიურ 18-საათიან მსახურებას ვერ გავუძლებ და მინდა ეს ოთხწლიანი სუპერმარათონი, რომელიც ფანტასტიური ნერვული და გონებრივი დაძაბულობის ფასად დამიჯდა, ცოტა ხნით მაინც შევანელო… ცოტა ხნით მეტი დრო გავატარო შვილებთან და მეუღლესთან, მოხუც მშობლებთან, წავიკითხო წიგნები, რომლებიც ბევრი დამრჩა წაუკითხავი, გავაკეთო ჩემი საქმე, სადაც კარგად ვიცი, რა შემიძლია რომ გავაკეთო და ბევრი გასაკეთებელიც და პერსპექტივაც ახლა კარგია…
სხვა რა გითხრათ, რაც აქამდე არ მითქვამს…
– ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ, გამოდით, თქვენი ჭირიმე! 🙂


წინასიტყვაობა უნიღბოდ


solomon3a

დამთავრდა სოლომონ თერნალელის ინკოგნიტობის ხანა.

2013 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით ოთხწელიწადნახევრიანი ინკოგნიტო რეჟიმი დასრულდა და მწერალთა სახლში ჩემს ფეისბუქელ მეგობრებს გამოვეცხადე ჩემი ნამდვილი სახელით – მე ვარ ზვიად კირტავა, ექიმი, 54 წლის, დაბადებული ქუთაისში. “თერნალელი” კი უკავშირდება ჩემი დიდედის სოფელს – გვიშტიბს, რომელიც სოფელ თერნალთან ერთად ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს ქმნის.

მინდა მათ, ვისაც წიგნი “სოლომონის ფიქრები” (2008-2013) არ შეუძენია, შემოგთავაზოთ ამ წიგნის წინასიტყვაობა, რომელშიც მოკლედ არის გადმოცემული სოლომონ თერნალელის ისტორია.

უღრმეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა ჩემს ნაწერებს და რაღაც საერთოს ნახულობდა იმასთან, რასაც თავად ფიქრობდა და გრძნობდა, რაც მათაც ტკიოდათ და უხაროდათ, და რომლებიც ხშირად მიზიარებდნენ თავიან ემოციებს და მადლიერებას, რაც ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერა და სტიმული იყო იმ მძიმე წლებში, როცა, სამწუხაროდ, – სიცრუე, ფარისევლობა, უსამართლობა და ძალადობა იყო ხელისფლების ოთხი ქვაკუთხედი.
yda

==================================================

 

წინასიტყვაობა

 

სალამი!

 

არასოდეს ვყოფილვარ არც პოლიტოლოგი, არც – ჟურნალისტი.

თუმცა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მივხვდი, რომ პოლიტიკისაგან ჩვეულებრივი მოქალაქის შორს დგომა უნდა დამთავრდეს, როცა უზნეო პოლიტიკოსების წყალობით, ომი მოდის შენს ქვეყანაში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენი საზოგადოების მუდმივი შეცდომა არის, თითქოს, ზედმეტი პოლიტიზება, რომელიც მეყსეულად მთავრდება, როგორც კი ახალ „მესიას“ აღმოვაჩენთ. ასე მოხდა 2003 წელსაც, როდესაც რაღაც აუხსნელი სიამაყე დაგვეუფლა იმის გამო, როგორ უსისხლოდ და დემოკრატიულად მოვახდინეთ ვარდების რევოლუცია, როგორი განათლებული, პროდასავლური და დემოკრატი გუნდი მოვიდა ქვეყნის სათავეში. მერე კი სახლებში წავედით და მშვიდად დავიძინეთ, რომ გაგვეღვიძა მაშინ, როცა საქართველო მსოფლიოს წარმატებულ სახელმწიფოთა ავანგარდში იქნებოდა. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს არ ეძინა და 2-3 წელიწადში ძალაუფლების ისეთი უზურპაცია მოახდინა, ედუარდ შევარდნაძეს რომ არ დასიზმრებია. ასე რომ, 2006-2007 წლებში იმ სახელმწიფოში გავიღვიძეთ, რომელიც უკვე კლასიკური „ცხოველების ფერმა“ იყო და „1984“-დან უფრო საზარელი 1937-საკენ მიექანებოდა…

 

2008 წლის მაისის არჩევნების წინ „სიმონ დოლიძის“ ფსევდონიმით დავწერე ჩემი პირველი სტატია „ნაცმოძრაობა – ნეობოლშევიზმი ქართულად“, რომელიც ანა დოლიძის ბლოგზე განვათავსე.

 

სოლომონ თერნალელი 2009 წელს „დაიბადა“.

იმ წელს, აპრილში რადიო „თავისუფლების“ ვებ-გვერდი შეიცვალა. საიტის ძველი ვერსია  მიტოვებული რომ ვნახე, რადიო „თავისუფლების“ ქართულ ბიუროში დავრეკე და შევჩივლე, ეს რას ჰგავს-მეთქი. მითხრეს, ახალი ვებ-გვერდი გავაკეთეთ და ახლა ბლოგებსაც ვათავსებთო. ვნახე და ძალიან მომეწონა  „თავისუფლების“ განახლებული ვებ-გვერდი, განსაკუთრებით კი –  ია ანთაძის პოლიტიკური ბლოგი. ჯერ ვკითხულობდი მხოლოდ, მალე კი გავბედე და კომენტარების წერაც დავიწყე.

ბლოგზე შეიქმნა ოციოდე აქტიური კომენტატორისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც, ბლოგის ავტორის მსგავსად, საოცარი ენთუზიაზმით და პროდუქტიულობით გამოირჩეოდა. ია ყველას ბლოგერებს გვეძახდა და არა კომენტატორებს. რადიო „თავისუფლების“ ეს ბლოგი, რომელსაც „იანეთი“ შევარქვით და ლოგოც მოვუძებნეთ, იმჟამად იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის გაცვლის ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. 2009 წლის ივნისიდან იამ მოიფიქრა რუბრიკა „ინტერაქტიული დიალოგი“, სადაც ბლოგის მონაწილეები წინასწარანონსირებული სტუმრისათვის კითხვებს ვიფიქრებდით, რასაც მერე სტუმართან იას 10-წუთიანი რადიოინტერვიუ და ვებ-გვერდზე პასუხები მოჰყვებოდა. წლების განმავლობაში „იანეთის“ საკმაოდ მძიმე ორრაუნდიანი ინტერაქტივი ბევრმა პოლიტიკოსმა თუ ცნობილმა სახემ გამოსცადა თავის ტყავზე, თუმცა ნაცმოძრაობის ლიდერები არ გვანებივრებდნენ. ია ანთაძის ყოველი ახალი სტატია თუ ინტერაქტიული დიალოგი აქტიური განხილვის თემად იქცეოდა ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში. „იანეთის“  მნახველთა აქტივობა ისეთი იყო, რომ CNN-ის თუ  BBC-ის ბლოგებს შეშურდებოდათ. ზოგჯერ  ბლოგის მნახველთა რაოდენობა კვირაში 6,000-ს აჭარბებდა.

 

გამიმართლა, რომ სკოლაში ძალიან კარგი ქართულის მასწავლებელი – ქ-ნი ელიკო ნუცუბიძე მყავდა, ხოლო იას ბლოგი ნამდვილი ჟურნალისტური „ასპირანტურა“ გამოდგა, სადაც ლოზუნგი “Per Aspera ad Astram!” პირდაპირი მნიშვნელობით მოქმედებდა. ბლოგის ტემპერატურა ძალზე მაღალი იყო და დისკუსიები – უაღრესად შემტევი და დაუნდობელი. ყოველთვის ვცდილობდი, ფარად და მახვილად იუმორი გამომეყენებინა. და არასოდეს მეთქვა ის, რისიც მართლა არ მჯეროდა.

 

2009 წლის ბოლოს დავწერე ამ „ასპირანტურის“ „საკანდიდატო დისერტაცია“  თემაზე: ჰავლაბრის ტურფები: ჟურნალისტები და ურნალისტები, ანუ  –  მათზე, ვინც გატყდა და გაიყიდა, რომელიც დავით მჭედლიძის media.ge-ზე განთავსდა ახალი წლის წინ. მერე კი სხვაგანაც გადაიბეჭდა. ამ ძალიან მოცულობითი და გარკვეულწილად აგრესიული ბლოგის დაწერაზე მიბიძგა იმის დანახვამ, რომ სააკაშვილის რეჟიმი თანაბრად ეყრდნობოდა როგორც რეპრესიულ ძალოვან აპარატს, ასევე თავისი გებელსური პროპაგანდის მაღალანაზღაურებულ (ჟ)ურნალისტებს და (ს)ექსპერტებს. იმასაც მივხვდი, რომ რომ სწორედ ამ ინტელექტუალურ ელიტაზე იყო მნიშვნელოვნად დამოკიდებული სააკაშვილის „წარმატებული პოტიომკინის სოფლის“ იმიჯის სიმყარე და იმასაც, რომ კორპორაციული „ტაქტის“ გამო, ეს ციხე შიგნიდან კიდევ დიდხანს არ გატყდებოდა. სტატიას დავით გურამიშვილის სიტყვები წავუმძღვარე – „აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო? ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო? მაშინ ბევრმა არ მომიწონა ჟურნალისტებისადმი ჭარბი ცინიზმი, მაგრამ წლები რომ გავიდა და სააკაშვილის სისტემის დეჰუმანიზაციამ ახალ „მწვერვალებს“ მიაღწია, მგონი, უკვე ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ ჭირის დამალვა ვერაფერი მკურნალობაა…

 

2010 წლიდან ფეისბუქზეც გავაქტიურდი და მალე 2500 მეგობრამდე შევიძინე. სხვათა შორის, ბლოგები და ფეისბუქის პოსტები გამიზნულად განსხვავებულ სტილში იწერებოდა. სტატუსები, ძირითადად, მსუბუქი შინაარსის და სალაღობო ფორმის იყო, რომ ფეისბუქზე მეგობრებს მძიმე ფიქრები გაგვექარვებინა. ზოგი იმასაც ფიქრობდა, რომ „სოლომონ თერნალელების“ მთელი გუნდი მუშაობდა სოციალურ ქსელში, რადგან იყო პერიოდები, როცა მართლა ძალიან ბევრს ვწერდი, დღეში ზოგჯერ 12-14 სააათი „ვმუშაობდი“… იმასაც ლამის არავინ იჯერებდა, რომ ამდენს აბსოლუტურად უსასყიდლოდ ვსაქმიანობდი. გავრცელდა ჭორები იმაზე, ვინ ვიყავი სინამდვილეში. ერთი მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ნაცმოძრაობის აგენტი ვიყავი, ხოლო, მეორე მხრივ, რამდენიმე ათეული ცნობილი ოპოზიციონერი პიროვნება თუ პუბლიცისტი იყო „ეჭვმიტანილი“ სოლომონ თერნალელობაში, ზოგიერთი ისეთი სახელოვანი და სასიქადულო ადამიანი, რომ ნამდვილად მეამაყება. ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ჩემ მაგიერ ვინმეს მწარე სიტყვა მისვლია… მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ იქ არ მეძებდნენ, სადაც სინამდვილეში ვიყავი – ჩვეულებრივ ადამიანებში. ცოტამ თუ დაიჯერა, რომ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე შეიძლება დიდი ხნით, უანგაროდ და მიზანსწრაფულად დაუპირისპირდეს სისტემას, თუ ხედავს, რომ ეს სისტემა მისი ოჯახის, შვილების, ქვეყნის და სულის მოსპობას ცდილობს, ყველაფერ იმის მოსპობას, რაც მისთვის ძვირფასია. არადა, ნამდვილად არ მინდოდა, სხვაგან გადავხვეწილიყავი…

 

სამწუხაროდ, რაც უფრო შავად მიდიოდა ქვეყნის და ნაცმოძრაობის „წარმატების“ საქმეები, მით უფრო არატოლერანტულნი ხდებოდნენ სააკაშვილი და მისი პროპაგანდისტები განსხვავებული აზრის მიმართ. „იანეთში“ სტაჟიანი მიშისტების და მათი „ტროლების“ მასირებული დესტრუქციული შემოსევები სულ უფრო აძნელებდა ნაყოფიერი დისკუსიების გამართვას. 2010 წელს საკუთარი ბლოგიც წამოვიწყე http://solomonternaleli.wordpress.ge, რაც ძალიან დროული აღმოჩნდა. ბლოგის დევიზად ავირჩიე მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი სიტყვები: „თუ არ იქნა სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა!“ მართალია, იმ დროს ჩემს ყველა სტატიას ფეისბუქზე ვდებდი, მაგრამ 2011 წლის სექტემბერში მოულოდნელად ფეისბუქის ჩემი პირველი ანგარიში Solomoon Ternali დაიხურა. ადმინისტრატორის წერილით გავიგე, რომ ჩემზე საჩივრები შევიდა – რომ  რეალური პიროვნება არ ვიყავი და სანამ ჩემს პირადობის მოწმობის ასლს არ გადავუგზავნიდი, ჩემი ანგარიში დახურული იქნებოდა. გასაგები იყო, საიდან და ვისგან მოდიოდა ეს საჩივრები. ამის შემდეგ რამდენიმე თვე მხოლოდ ვორდპრესის ბლოგზე ვანთავსებდი სტატიებს, სადაც მნახველთა რაოდენობამ კატასტროფულად იმატა. თუ ადრე თვეში მხოლოდ 500-1500 მნახველი ჰყავდა ჩემს ბლოგს (რადგან უმრავლესობა ფეისბუქზე ნახულობდა), ოქტომბერში დაფიქსირებული ნახვების რაოდენობამ უკვე 10,000-ს მიაღწია და შემდეგ, 20 თვის განმავლობაში, არასოდეს ყოფილა 5,000-ზე ნაკლები. რამდენიმე სტატიას კი („ცუგცვანგის პირას“, „ლევანმაისურაძეობის მოკრძალებული ხიბლი“ და სხვ.) უკვე პირველივე დღეს 3,000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ათზე მეტი სტატია ინგლისურადაც დავწერე ან ვთარგმნე, ზოგიერთი მათგანი ცნობილი პოლიტიკოსების მიმართ (ჯონ ბასი, უილიამ ბარნსი, ჰილარი კლინტონი) ღია წერილები იყო.

 

ეს იყო ძალიან მძიმე წლები. პერიოდი, როცა აქა-იქ დაბადებული იმედი – 2009 წლის 100-დღიანი აქციებისა და 26 მაისის, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების, რვიანის თუ ექვსიანის ნდობა – ზედიზედ იმსხვრეოდა და სულ უფრო გაუტიფრებული რეჟიმი სულ უფრო მეტად უჭერდა საზოგადოებას მარწუხებს… რამდენი ბრწყინვალე ადამიანი წავიდა ისე, რომ ვერ მოესწრო საქართველოში „ციხის დემოკრატიის“ დასასრულს – რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეები, ვახუშტი კოტეტიშვილი, ბიძინა კვერნაძე, კახა კაციტაძე, ნიკო ორველაშვილი, ლევან მიქელაძე… ძალიან ძნელი იყო ამ დროს ფეისბუქზე იუმორით და ახლობლების მხარდაჭერით ოპტიმიზმის შენარჩუნება…

 

როგორღაც მოვახერხეთ და გადავრჩით, არ მიგვატოვა ბედმა… ყველანაირად რომ გაიმაგრეს ქაჯებმა ციხე, სწორედ მაშინ გამოუჩნდა ქვეყანას ლიდერი და მაშვრალი…

 

2012 წლიდან დავბრუნდი ფეისბუქზე, ახლა უკვე როგორც Simon Dolidze და ოქტომბრის არჩევნების წინ ამ სახელთან გავაერთიანე სოლომონ თერნალელის სახელიც. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღეები, როცა თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში… – „ქართული ოცნების“ მიტინგებზე ყველგან მასობრივად იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც უკვე გრძნობდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმი მალე დამთავრდებოდა! ასეც მოხდა…

 

მეხუთე წელიწადი გადის, რაც მე სოლომონ თერნალელის, თუ „ნატვრის ხიდან“ ძვირფასი ეროსის ბუმბულას ნიღაბს ვატარებ. ამ ლამის 1600 დღე-ღამის განმავლობაში, დამიწერია 280-ზე მეტი წერილი („პოსტი“), რომელიც 205,000-ჯერ უნახავთ მკითხველებს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან… ამას ერთვის ფეისბუქზე, გაზეთ „ქართულ ოცნებაში“ და ინტერნეტ მედიაში (www.For.ge) ამავე სტატიების მნახველთა, ალბათ, არანაკლები რაოდენობა…

 

შეიცვალა მთავრობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 70 წელი აპირებდა ქვეყნის მართვას და საქართველოს სინგაპურიზაციას, დღეს სულს ღაფავს. დაემხო მითი მიხეილ სააკაშვილის შეუდარებელ დემოკრატობაზე და ნაცმოძრაობის პროგრესულობაზე. მთელმა მსოფლიომ გაიგო ცოცხებით „მართვის“ ნაცმოძური მეთოდიკის შესახებ. და, ალბათ, კიდევ მეტს გაიგებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა და მასთან კოჰაბიტაციაც დასრულდება.

 

მე კი ჯერაც ისევ ორმაგ ცხოვრებას ვეწევი – მყავს ათასობით ფრენდი და მიმდევარი, რომლებიც სახეზე და პირადად არ მიცნობენ… და, მეორე მხრივ, მყავს გაცილებით ნაკლები მეგობარი და ნაცნობი, რომლებიც მიცნობენ, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ, ვინ ვიყავი ბოლო 5 წლის განმავლობაში და რა იყო ჩემი მთავარი საქმიანობა…

 

გადავწყვიტე, ჩემი ფიქრების მცირე ნაწილი – ორმოციოდე სტატია – წიგნად გამომეცა. ყველა მათგანი ჩემთვის ძვირფასია, მაგრამ განსაკუთრებით – „ჰავლაბრის ტურფები“ და „ჟამი სინანულისა“, რადგან ვფიქრობ, მხოლოდ ორი ძნელად შესაერთებელი რამ გადა­გვარჩენს – სამართალი და შერიგება.

 

იმედი მაქვს, მალე გამოვალ დღის სინათლეზე.

 

და მალე გნახავთ.

 

 

პატივისცემით და სიყვარულით,

 

სოლომონ თერნალელი

თბილისი, 2013 წლის სექტემბერი

 


2012 in review


The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2012 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

19,000 people fit into the new Barclays Center to see Jay-Z perform. This blog was viewed about 100,000 times in 2012. If it were a concert at the Barclays Center, it would take about 5 sold-out performances for that many people to see it.

Click here to see the complete report.