ერთხელ, სამეზობლოში…
Posted: 2019/06/21 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: 20 ივნისის ღამე, მიტინგის დაშლა, ნაცმოძრაობა, პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რუსეთი, საქართველოს პარლამენტი, სერგეი გავრილოვი, ქართული ოცნება დატოვე კომენტარიერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ერთ უაღრესად ცნობილ ორგანიზაციაში პოლკოვნიკი სერგეი სერგეიჩ სერგეევი ძალიან ცდილობს მათი მეზობელი ქვეყნის სიტუაციის არევის გეგმა იმაზე უკეთ მოიფიქროს, ვიდრე მისი კოლეგები, დიდი ხანია, ასევე ცდილობენ. ჰოდა, ასეთ გეგმას იფიქრებს:
- მოცემულობა: ვიცით, რომ თბილისში ივნისის თვეში დაგემილია ჩატარდეს გეი-პრაიდი. ისიც გასაგებია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ აზრს გაგებით არ მოეკიდება. და ამ არმოკიდებიდან ცეცხლმოკიდებამდე ერთი ნაბიჯია მხოლოდ – ასანთის ანთება. ჩემი გეგმის მთავარი მიზანი სწორედ ამ მოცემულობის გამოყენება – მრავალჯერადი სანთებელათი რეალიზებული.
- ნატვრა/წინაპირობა: რა გადასარევი იქნებოდა, იმ ქვეყანაში მცხოვრებ, რომელიმე მაღალი რეპუტაციის და ცნობადობის ტრადიციულ ქართველს, ან რომელიმე პარტიას, ან ორივეს ერთად – ცნობილ ქართველს და ცნობილ პარტიას, რომ ეთავათ გეი-პრაიდის მიმართ საწინააღმდეგო კონტრაქციების დაანონსება, მერე მსუბუქად ძალადობრივი მუქარები, მერე ამ მუქარების რეალიზების მცდელობები. პრობლემა ისაა, რომ, როგორც წესი, ქართული პარტიები და ოპოზიციონერები ერთმანეთს ვერ იტანენ და ვერ იყოფენ პირველობას. თუმცა, თუ ყველა მათგანი ასეთი ქმედებების შესახებ ღონისძიებათა კოორდინირების თხოვნა-დავალებას მიიღებდა და ეცოდინებოდათ, რომ მათი მცდელობები დავიწყებული არ იქნება… ვინ იცის, ვინ იცის… და იქნებ, როგორც ძვირფასი ამხანაგი ლენინი იტყოდა: “Есть такая партия!”
- გეგმა: მოცემულობის და ნატვრის რეალიზებით იწყება დაპირისპირება, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობა და პოლიცია ეცდება გეი-პრაიდის მცირერიცხვოვან მონაწილის დაცვას, ხოლო ტრადიციონალისტი ოპოზიციონერები ეცდებიან გეებისგან ხალხის გადარჩენას და ტრადიციების დაცვას. გასაგებია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციონალისტების გვერდით დადგება, ან მორალურად მხარს დაუჭერს, ხოლო პოლიციის და ხელისუფლების იდენტიფიცირება მოხდება დასავლეთის ხელისუფლებებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და ა.შ. უნდა გავრცელდეს ხმები, რომ გეი-პარადი დასავლელი ელჩების დაჟინებითი მოთხოვნით ტარდება. ამას ქართული საზოგადოება იოლად დაიჯერებს, რადგან დასავლელ ელჩებს აზრადაც არ მოუვათ, ეს ხმები უარყონ!
- განვითარება: ყველაზე საუკეთესო ვარიანტში ხდება კონტრაქციების მონაწილეთა სერიოზული დაპირისპირება პოლიციასთან და პოლიცია აკავებს ტრადიციული ღირებულებების დამცველ სასიქადულო მოღვაწეს, რაც მის პოპულარიზაციას მრავალჯერ ზრდის!.. ქვეყანაში იწყება მასიური საპროტესტო ტალღა, რასაც აძლიერებენ ჩვენს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები და ინტერნეტ-რესურსები და ქვეყანაში მყოფი მრავალრიცხვოვანი ჩვენი ტურისტები, რომელთა დიდ ნაწილს შესაბამისი ორგანოებიდან შესაბამისი დავალება და ინსტრუქციები ექნებათ მიღებული… სასურველი იქნებოდა ისეთი ინტერვიუების მომზადება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს შორის მოსაზრებათა სიმეტრია იქნებოდა მრავალჯერ დაფიქსირებული.
- აპოგეა: ამ დროს თბილისში იწყება მართლმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობს მაიორი ამხანაგი გავრილოვი. მაიორი ამხანაგი გავრილოვი გახსნის სესიას (მოხერხდა ქართული მხარის დაყოლიება, რომ სესია პარლამენტში ჩატარდეს!), დალოცავს ქართველს ერს, გადასცემს ხატს, ისაუბრებს იმაზე, რამდენად წუხს რუსი ხალხი და მისი ხელისუფლება, რომ ქართველები მათ განუდგნენ და არ უნდათ უფროს ძმასთან დაბრუნება, და ხაზს გაუსვამს იმას, რომ ამ მძიმე ჟამს, სწორედ რუსეთი დგას მათი ტრადიციების დამცველი სასიქადულო მოქალაქისა და სასიქადულო პარტიების გვერდით და არ აძლევს უცხოეთის ხელისუფლებებს იმის უფლებას, რომ გეი-პრაიდი ჩაატარონ და ქართველი ხალხი გარყვნან! რომ მხოლოდ რუსეთის უბეში (და რუსული ძუძუების წყალობით!) გადარჩება ქართველი ხალხი.
- ფინალი: ამხანაგ მაიორ გავრილოვს ყველა ტელევიზია ართმევს ინტერვიუს, და ყველგან ისმის იმის აღტაცებული მოთხოვნა, რომ სწორედ ასეთი ბრძენი და ქართველოფილი ადამიანები (მაგ. ბრძენი დუგინი, ბრძენი ჟირინოვსკი, ბრძენი ზატულინი და სხვები) გახდნენ ისევ ქართველი ხალხის სტრატეგიული მეგობრები. ქვეყანაში იწყება ასეულების და ათასეულების ჩამოყალიბება ლოზუნგით „ერთმორწმუნე ძმებთან ერთად!“. ამის პასუხად, რუსეთის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამსმ შემდეგი 25 წლის განმავლობაში გალის რეგიონში დააბრუნოს რამდენიმე ათასი ლტოლვილი, ხოლო ცხინვალის რეგიონში – დამატებით 500! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაშინ მოხდება, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე, ევროკავშირზე, აშშ-ზე, ანაკლიაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ჯარზე, ლარზე და აზრზე! და დაიწყებს გამალებულ მუშაობს „წიგნი ფიცისა“-ს განახლებულ ვერსიაზე.
- სასურველი შედეგი: 2020-ის არჩევნებში იმარჯვებს სასიქადულო ადამიანისა და სასიქადულო პარტიების ჩვენდამი ლოიალური კონგლომერატი. საქართველო ხდება დსთ-ს, ევრაზიული კავშირის და „ოდკბ“-ს წევრი.
ეს გეგმა იმედებით აღვსილმა სერგეი სერგეიჩმა მეხუთე განყოფილებაში წარადგინა. წინაღამით ესიზმრა სამოთახიანი ბინა ოდინცოვოში და მერსედეს G550 – გარაჟში…
ერთი კვირის თავზე კი ეს წერილი მიიღო:
„ამხანაგო სერგეევ!
კარგი ინიციატივაა. გაჯილდოვებთ 2-კვირიანი საგზურით ყირიმში! შეგიძლიათ მეუღლეც თან იახლოთ.
აქვე გაცნობებთ, რომ თქვენს გეგმაში გადაწყდა ფინალი გახდეს აპოგეის ნაწილი. ხოლო ფინალისთვის გეგმას დაემატოს ახალი განშტოება, ვერსია B – რომლის მიხედვით მოხდება თავდასხმა მაიორ ამხანაგ გავრილოვზე – ან პარლამენტში, ან – მის გარეთ. ამას განახორციელებს ყოფილი მთავრობის პარტია. ამის შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყება „უმართვი“ პროცესები პარლამენტში შევარდნით და ძველი ხელისუფლების აღდგენით, რომელიც ჩვენთვის გაცილებით კომფორტული და მომგებიანი იყო. ვფიქრობთ, ეს უფრო რეალისტურია და მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას ხანგრძლივ სამოქალაქო დაპირსპირებაში ისე ნარნარად ჩაითრევს, რომ ჩვენზე არც არავინ არაფერს იფიქრებს და ჩვენთვის ლოიალური კონგლომერატის დაფინანსების ხანგრძლივი პრობლემაც არ გაგვიჩნდება. იმ „პროდასავლურ“ ხელისფლებას ისევ ამერიკელები გამოკვებავენ, ხოლო შედეგი ისევ ჩვენთვის იქნება სასარგებლო, როგორც ეს 2008 წლის მოვლენებმა დაადასტურა.
ფინალური ვერსია B-ს დაგეგმვას და კოორდინაციას განახორციელებს გენერალი მისტერ ტიმური, რომლის მითითებების განუხრელად შესრულება გევალებათ…“
„- იობ ტვაიუ მაც!“ – გაიფიქრა სერგეი სერგეიჩმა, ვმუშაობ, ღამეებს ვათენებ და … გენერალ მისტერ ტიმურს, ალბათ, ყირიმში ორკვირიანი პუწიოვკით არ მოხიბლავენ… ვინ იცის, მაიამიში ახალი აპარტამენტებიც კი იყიდოს…“
=====
სერგეი სერგეიჩს არავინ გაუმხილა, რომ ამ მომენტითვის მისი გეგმის კიდევ ერთი განშტოება არსებობდა, რომელიც პრაიდის რაიმე მიზეზით ვერჩატარების შემთხვევაში თავად პრაიდის ორგანიზებასაც გულისხმობდა… აბა, ამ ერთი პატარა „პრავალოჩკის“ გამო ხომ არ ჩავარდებოდა ასეთი ბრწყინვალე ნაქარგი…
=====
„შეთქმულების თეორიებიო“, – იტყვით თქვენ…
ეგეც გეგმის ნაწილია, რომ ბევრმა ადამიანმა შეთქმულების თეორიად მონათლოს, და რაც შეიძლება დიდხანს არ შეამჩნიოს კედელზე ჩამოკიდებული თოფი, რომელიც თავის ტრიუმფალურ მომენტს მშვიდად ელოდება…
დრამატული ენდშპილი (ქუთაისური ცარცის წრე)
Posted: 2013/03/22 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ოპერაცია "აპრილი", რეიტინგული კენჭისყრა, საკონსტიტუციო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება %(count)s კომენტარისანამ სხვა რამეს გეტყოდეთ, გულახდილად გეტყვით, რომ, ალბათ, ზოგიერთი თქვეთაგანივით, გაორებული ემოციური მდგომარეობა მაქვს – რაღაცით კმაყოფილი და ამაყიც კი ვარ და რაღაცით – გაბრაზებული და გულდაწყვეტილი.
პარლამენტის დღევანდელ ბატალიებსა და საბოლოო გადაწყვეტილებაში კარგიც ბევრი იყო:
– კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომელი მხარეა პრინციპებს გამოკიდებული ახვარი და რომელი – ქვეყნის ბედზე მოაზროვნე და გულშემატკივარი;
– დადასტურდა, რომ ნაცების დაუსრულებელი გნიასი იმაზე, ხელებს გვიწრიახებენ, გვაშინებენ, გვაშანტაჟებენ, გვირტყამენ… და ასე შემდეგ, იყო სრული სიცრუე და ისეთივე დადგმული სპექტაკლი, როგორც ჩიორამ ევროპარლამენტარის წინაშე გაითამაშა! სინამდვილეში სხდომას არ დაესწრო სწორედ ის ათიოდე ნაცპარლამენტარი, რომელთაც დიდი შანსი იყო, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის და ზუსტად ისინი რომ არ დაესწრნენ, ამის ლოგიკური მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – თუ ვინმე მათ აშინებდა კომპრომატებით და ხელებს უწრიახებდა – ეს სწორედ ნაცმოძრაობა იყო, თორემ მთავრობას რომ მოენდომებინა, შსს მშვენივრად მოახერხებდა მათ „მობილიზაციას“! ამავდროულად ის ფაქტი, რომ დღემდე ვანო მერაბიშვილის, ირმა ნადირაშვილის, ბარამიძის და სხვა მამალი ნაციონალების ოჯახის წევრები ისევ მშვიდად მუშაობენ საჯარო სამსახურში, იმის დასტურია, რომ მათ წინააღმდეგ იმ პოლიტიკური ზეწოლის 0,0001%-საც კი არ აქვს ადგილი, რასაც ისინი თავად ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპონენტების (და არა – იდუმალი სატელიტების!) მიმართ, ლამის დაუფარავად და ამაყადაც კი მთელი 10 წელი!
– ეს ნამდვილად იყო მიხეილ სააკაშვილის ვატერლოო. დღეს მან გადააბარა ის ჯადოსნური კვერთხი, რომლითაც თავის მომხრეებს არწმუნებდა, რომ, არაუგვიანეს აპრილისა, მისი ძველი მთავრობა კონსტიტუციურად დაბრუნდებოდა! ახლა აშკარაა, რომ კონსტიტუციურად ხელისუფლებაში დაბრუნება ნაცმოძრაობას 2016 წლამდე აღარ შეუძლია (მანამდე, კიდე, ან მიაწევენ და ან – არა!) და ეს ის პოზიტიური შედეგია, რომელიც ნამდვილად ღირდა რეიტინგულ კენჭისყრაზე დათანხმებად! დღეს კონსტიტუციაზე და ქართველი ხალხის ბედზე მოძალადე ნაცმოძრაობის მარშალ ბეტანკურს ეს ჯადოსნური ჯოხი ჩამოერთვა და იგი ვეღარ მოახერხებს გიორგი ვაშაძის, გოგა ხაჩიძის და სხვა ჩლუნგი პოლკოვნიკ სეზარების და ლეიტენანტ ნავოლეების დაბოლებას და აღტყინებას, რომ იმათ ფეისბუქში ნეტარი ღიმილით წერონ „იდუმალი“ კოდური სიტყვა „აპრილი“… და თავად პრეზიდენტის გამოსვლაც კენჭისყრის შემდეგ კარგად მეტყველებდა იმაზე, რომ მისი ვითომ ნასიამოვნები სიფათის უკან ძალიან ცუდად შეფარული ნერვიულობა და დაბნეულობაც კი გამოსჭვივოდა და ბოღმამაც ისე ამოხეთქა, როგორც გამარჯვებულებს, წესით, არ ჩვევიათ. – მკვახე იყო ის ყურძენიო, სთქვა მელა მიხეილმა და მთელი თავისი გულ-ღვიძლი და პოსტოქტომბრული ილუზიები ტანჯვით გაატანა ამ მორიგ სიცრუეს… მაგ „მკვახე ყურძენზე“ იმედით რაზმავდი ბატალიონად ქცეულ ლეგიონებს, სათუთო! .. – აბა, ერთი კიდე დაურეკე ადეიშვილს! მიდი, დაურეკე და დაპაიჭე 19 აპრილისთვის და ნახე, სად გაგაგზავნოს ზურამ!
– ვიცი, რომ ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრი ამოიოხრებს, მაგრამ რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ და დღეს ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერმა (უსუფაშვილი რომ კარგი პოლიტიკოსია, ამას მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ დებილი უნდა იყოს დღეს ადამიანი, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უსუფაშვილს მიაწეროს – რასაც ნაცები ინტენსიურად ცდილობენ, რომ საზოგადოებაში განხეთქილება ჩამოაგდონ), დიახ, ბიძინა ივანიშვილმა და მთელმა მისმა გუნდმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანასაც სჭირდებოდა (ამით დავიწყე არგუმენტები!), მაგრამ ამავდროულად ისიც, რასაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწონებენ. ამ პოლიტიკური პროცესის ბებიაქალი ნამდვილად იყო ამერიკულ-ევროპული დიპლომატია და ვიცი, რომ ბევრს ეს არ ეპიტნავება, მაგრამ დღეს სწორედ მათ თვალში ივანიშვილმა და ოცნებამ სერიოზული გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო სააკაშვილმა კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ ძალიან უხიაგი, დაუპროგნოზებელი, და საკუთარ ვიწრომერკანტილურ ინტერესებს გამოკიდებული ავანტიურისტია და გუნდიც შესაფერისი ჰყავს!
მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ცუდიც ბევრი იყო:
– ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა, ეჩვენებინა, რომ მათი მინიმუმ 42 დეპუტატი მართლაც შეკრული გუნდია და მზადაა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყვეს.
– თან ეს ნაციონალებმა მოახერხეს იმ საკითხზე, რომელზეც მათ მართლაც გაუჭირდათ ეთქვათ, რომ მათ რამე არგუმენტი ჰქონდათ, რატომ უნდა მიეცათ ხმა წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ახლა, როდესაც დაიწყება დებატები იმ საკითხზე, სადაც ისინი ძალიანაც არ იქნებიან შინაარსზე თანახმა, მათი წინააღმდეგობის პოტენციალი უფრო გაიზრდება.
– სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ მათ წინადადებაზე დათანხმება დღეს და არა გუშინ, იმის ნიშანია, რომ რეალობა ნაციონალებმა უკეთ შეაფასეს, თორემ სხვა შემთხვევაში უკეთესი იყო, არ დაგვეწყო ამდენი კატა-ვასია და თავიდანვე გვეთქვა, თუ გინდათ სპექტაკლი, ჯანდაბას, იყოს სპექტაკლი, მთელ ხალხს ეცოდინება, რომ ეს თქვენი ხუშტურიაო. მთელი დღის დაძაბულობის შემდეგ ფინალი აშკარად ძალიან ბევრი ჩვენთაგანისათვის ფრუსტრაციის ტოლფასი იყო.
– ნაციონალები შეეცდებიან, რომ ამ პირველ, „ნაჩუქარ“ ხმების მოცემას, მეორე მოსმენაზე უკვე სერიოზული ვაჭრობა მოაყოლონ – მოითხოვენ გარანტიებს, ამნისტიას, საქმეების შეჩერებას და ა.შ… ეს ის რეალობაა, რაზეც ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი – ამაზე დათანხმება უკვე იმის ტოლფასი იქნება, რომ ტერორისტის ნებას დაჰყვე! რამე სხვა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. უნდა გამოძიებულ იქნას, ვინ მოახდინა, იმ არგამოცხადებულ 12 დეპუტატზე ზეწოლა!
– ახლა, როცა ნაციონალებმა საკუთარი ნება მოახვიეს ოცნებას (კიდევ ერთხელ ვიმეორებ – შედეგი პოზიტიურია, მაგრამ რიგი ტაქტიკური შეცდომების გამო ეს სწორედ ასე გამოჩნდა, და არა სხვანაირად!), უკვე ის თავდაპირველი დაგეგმვა, რომ ამ კენჭისყრას მოჰყოლოდა სასამართლო რეფორმის საკითხის მეორე მოსმენა, აშკარად აღარ ჩანს მომგებიანად. მე პირადად, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხის გადადება უკეთესი იყოს.
– დაბოლოს, მთავარი – ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინდელი ფრუსტრაციის შემდეგ, როცა მათი მომხრეებში სრული დაბნეულობა იყო, დღეს მოახერხა იმ ილუზიის აღორძინება, რომ ეს სწორედ ასე იყო საჭირო, და რომ მათი ბელადი ახლა მეორე სუნთქვის, და აბსოლუტური იარაღის მოლოდინშია! მაგრამ ამაზე გაცილებით უარესია ის იმედგაცრუება, და განხეთქილებაც კი, რაც ოცნების მხარდამჭერთა შორის დღეს, სამწუხაროდ, არის. ბევრი მათგანი, ტრადიციულად, რესპუბლიკელებზე იყრის ჯავრს (რასაც ნაციონალები ახლა მთელი ძალღონით შეეცდებიან: როგორც ადრე იძახოდნენ, – ირაკლი ალასანია კარგი პოლიტიკოსიაო, ახლა უსუფაშვილის სიბრძნის ქებას დაიწყებენ ცეცხლზე ნავთის დასასახმელად), სხვები საგანელიძეს არ უწონებენ მის ზედმეტ ფამილარობას და ლამის ნაციონალების ერთობლივი ქეიფით მოხიბვლას, ბევრი ივანიშვილზეც იტყვის, რომ შეეშალა და პროცესისგან თავის შორს დაჭერით სადავეები გაუშვა და ა.შ და ა.შ.
გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის!
დღევანდელი შეცდომა ის კი არ იყო, რომ რეიტინგული კენჭისყრა ჩატარდა – მე პირადად (დიდი ეჭვების მიუხედავად), შედარებით დამშვიდებულზე მაინც ისე ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგიულად, ალბათ, ეს ბრძნული გადაწყვეტილება იყო და ამას ჩვენს მალე დავინახავთ, შეცდომა იყო გუშინდელი ვერგათვლა, რომ მოწინააღმდეგე მოახერხებდა ფეხების ჯორივით გაჩიკინებას და იმის ქადილი, რომ რეიტინგული კენჭისყრა გამორიცხული იყო…
მაგრამ რადგან შედეგი ერთმნიშვნელოვნად წამგებიანი არ არის – პირიქით, სტრატეგიულად ჩვენ მოვიგეთ, ხოლო ტაქტიკური მოგება ნაციონალებს იმის ილუზიებს დიდხანს ვერ შეუქმნის, რომ მათი მეფე უკვე სრული ბანკროტია და რომ მისი რეანიმაციის მცდელობა ისეთივე წარმატებით შეიძლება დასრულდეს, როგორც კრემლში ლენინისთვის ფეხების დათბუნვა და მიკროფონის ტუჩებთან მიტანა, ეგება ისევ გვითხრას, რა ვაკეთოთ და სად წავიდეთო!…
და ის 42 ნაციონალიც, რომელთაც დღეს „უდრეკობა“ გვიჩვენეს, მალე მიხვდებიან (უნდა მივახვედროთ), რომ დღეს მათ სააკაშვილის მონობა დაადასტურეს მხოლოდ!
და ამისთვის – მათ აზრზე მოსაყვანად – ჩვენ უნდა მოვინდომოთ. გვეყოფა მხოლოდ ივანიშვილის იმედად ყოფნა.
უბრალოდ, უნდა ვაგრძნობინოთ როგორ გვეზიზღებიან, რომ ქვეყნის უკვე საბოლოოდ გაბანძებულ პარაზიტს ერთგულებენ, – ქვეყნის ერთგულების ნაცვლად.
არავითარი აგრესია! არავითარი გინება და მუქარა! უბრალოდ მოვექცეთ ისე, თითქოს არც არსებობენ! არაა საჭირო სალამი და კეთილმეზობლობის დადასტურება! არავითარი მოკითხვები და გაღიმებები ქუჩაში შეხვედრისას! დღეს თუ საქართველოში არსებობს მე-5-ე კოლონა, ეს სწორედ ისინი არიან, რადგან მათ ქართველი ხალხის ცხოვრების გამწარება სურთ, საკუთარი ნაძარცვით ტკბობის თავისუფლების დაუძლეველი სურვილის გამო. მათი პრობლემა ჩვენ ვართ – ან უნდა შევუნდოთ, ან უნდა იგნორირება გავუკეთოთ…
ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მათ არ გავამარჯვებინოთ ისე, რომ არ ვიძალადოთ მათზე.
როგორც მოხუცმა სანტოსმა უთხრა მისი ოჯახის გამანადგურებელ მასიმოს, ჩვენც ისე უნდა ვუთხრათ ამ მორალისტ მასიმოებს:
– ახლა კი გიშვებ, როგორც ნაბიჭვარს! წადი!..
დამერწმუნეთ, ისინი ძალიან ინანებენ, რომ თავისი ბოლო შანსი – სამშობლო აერჩიათ და სააკაშვილი მარტო დაეტოვებინათ – ასე ქარაფშუტულად გაუშვეს ხელიდან!
და ამას, ალბათ, მაშინ მიხვდებიან, როცა მიშა პირველი მიატოვებთ მათ…
მე არ ვიცი, ვის რისი ილუზია აქვს, მაგრამ მე გახვრეტილ შაურს არ დავდებდი იმაზე, რომ დღევანდელი დღე ნაცმოძრაობის აღორძინების და კოჰაბიტაციური სამოთხის საწყისად იქცევა… სულაც – პირიქით… ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მას სწორი და გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის ხელოვნება კარგად ესმის. მისი ფრთხილი სტილი და თითქოს დუნე დინამიკა, როგორც ია ანთაძემ ერთხელ შენიშნა, აბსოლუტურად განსხვავებულია სააკაშვილის ცეცხლოვანი სტილის და ფეთქებადი, მაგრამ მოკლევადიანი დინამიკისაგან… მე ასე მგონია, რომ ივანიშვილის სტილი აიკიდოს ჰგავს, როცა მოწინააღმდეგეს აქტივობის შანსს აძლევ, რათა მისივე დაწყებულ ილეთზე წამოიკიდო და ძირს დააძნეყვო. ამ მხრივ, სააკაშვილის დღევანდელი შტურმი ძალიან მდიდარ შესაძლებლობებს იძლევა…
დღეს კი პარტია უკვე მერამდენედ გადაიდო. ჯერჯერობით ოცნებამ პაიკი შესწირა, მაგრამ სამაგიეროდ ენდშპილში სერიოზული პოზიციური უპირატესობა აქვს, რადგან მოწინააღმდეგის მეფე სრულიად დაუცველი და შიშველია, ხოლო მის ვითომ ერთგულ ფიგურებს გაქცევის სურვილს მხოლოდ მისდამი ძველი შიში უჩერებთ.
მაგრამ დაუცველი და შიშველი მეფისადმი შიში ძალიან სწრაფად აქროლადი რამეა, ღმერთმანი…
P. S.
დღეს მთელმა საქართველომ ქუთაისი პარლამენტის დარბაზში კიდევ იხილა ბრეხტის გენიალური „კავკასიური ცარცის წრე.“ და მაშინ, როცა ის მოხდა, რაც მოხდა, და როცა ქართულმა ოცნებამ მისეულ ვარიანტზე ქვეყნის და მომავლის სასარგებლოდ უარი თქვა, კიდევ ერთხელ ჩამესმა ნათელცხონებული რამაზ ჩხიკვაძის სიტყვები:
– ასე და ამრიგად, ყველასათვის ნათელი გახდა, თუ ვინ არის ამ ბავშვის ნამდვილი დედა!
ბეჭდის მანკიერი ხიბლი (ბლოგის ბოლო სტატიების ანალიზი)
Posted: 2013/02/16 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ალტერნატიული სტრატეგიები, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მორიელის წამალი, ნაცმოძრაობა, ნაცმოძრაობის სატელიტები, საკონსტიტუციო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტი, უგულავა, უკანასკნელი მიხუკანები, ძალაუფლების ბეჭედი, ხისტი და რბილი სტრატეგია დატოვე კომენტარირამდენიმე დღის წინ, ბევრისათვის სავსებით მოულოდნელად, ჯერ პრეზიდენტმა, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ 2013 წლის ოქტომბრისათვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი გაცილებით ადრე ამოქმედდეს.
რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი და არა ქვეყნის პრეზიდენტი ხდება საქართველოს პირველი პირი, ხოლო პრეზიდენტი დაკარგავს როგორც მინისტრთა კაბინეტის გადაყენება-დანიშვნის, ასევე პარლამენტის ერთპიროვნულად დათხოვნის უფლებასაც.
ამდენად, იმ ფონზე, როცა დეკემბერში ნაციონალურმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა უარი განაცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებების ადრე ამოქმედებაზე, ახლა ლამის თავად ნაცმოძრაობა გამოდის ასეთი ცვლილების ინიციატორად.
გასაგებია, რომ რაღაც სერიოზულად შეიცვალა არსებულ რეალობაში და შედეგად – ნაცმოძრაობის განწყობებში. ანდა, არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობამ რაღაც ახალი ინტრიგა ჩაიფიქრა და ამ ცვლილებებით ახლა საკმაოდ სერიოზული დივიდენდების მიღების იმედი აქვს. ყველაზე უფრო რეალურია, რომ ერთიც და მეორე მოსაზრებაც სიმართლე იყოს.
თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, მინდა ჩემი ბოლოდროინდელი ბლოგების ანალიზი შემოგთავაზოთ, რას ვფიქრობდი და რა დაემთხვა რეალურ განვითარებას.
2012 წლის 11 დეკემბერს გამოვაქვეყნე სტატია სათაურით „ალტერნატიული სტრატეგიები“.
https://solomonternaleli.wordpress.com/2012/12/11/ალტერნატიული-სტრატეგიებ/
სტატიის ძირითადი აზრი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად მისი „ოპოზიციონერობისა“ ხელთ ეპყრა ძალიან სერიოზული და სახიფათო ბერკეტი, რომელსაც მე ნახევრადხუმრობით „მასიური განადგურების იარაღი“ ვუწოდე. ეს იყო ის უფლება, რომ მას შეეძლო ნებისმიერ მომენტში გადაეყენებინა მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ხოლო 2013 წლის აპრილ-მაისში დაეთხოვა პარლამენტიც, თუ იგი სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე სამჯერ უარს განაცხადებდა. ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილს შეეძლო (თანახმად 2004 წელს მიღებული გაუგონრად უზურპატორული-დიქტატორული საკონსტიტუციო შესწორებისა) მის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში ჩაეტარებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები და (აქამდე ყველაზე უფრო მასიური გაყალბების შემთხვევაში!) აეღორძინებინა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობა. ჩავთვალე, რომ იმის მიხედვით, იტყოდა თუ არა ამ “მასობრივი განადგურების იარაღზე” უარს სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, ქვეყანაში განვითარება ხისტი ან რბილი სტრატეგიის გზით წავიდოდა.
აი, მოკლე ამონარიდები ამ სტატიიდან:
============================
კომპიუტერულ თამაშთა შორის ერთ-ერთი დიდი ადგილი უკავიათ ე.წ. ”სტრატეგიებს”. დღევანდელი ქართული პოლიტიკა სწორედაც რომ სტრატეგიების ომია, და, სავარაუდოდ, უახლოეს წელიწადში ორი ძირითადი ალტერნატიული სტრატეგიული განვითარებაა მოსალოდნელი.
ეს ალტერნატივებია:
ა) ხისტი სტრატეგია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ – ”მოგებულს ყველაფერი რჩება”.
და
ბ) რბილი სტრატეგია, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც – ”თანაარსებობა განიარაღების ფასად”.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იმის არჩევანი, რომელი გზით წავა განვითარება, არა – ”ქართულ ოცნებას”, არამედ, ოპოზიციაში მყოფ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის. ეს პარადოქსი კი მარტივად აიხსნება. სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უპყრია ხელთ გარკვეულწილად ”მასობრივი განადგურების იარაღი” და სწორედ იმაზე, მოისურვებს თუ არა მისი ლიდერი, რომ განიარაღების პროცესი დაიწყოს, დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად, საქართველოს პოლიტიკური განვითარება 2013 წელს ხისტი გზით წავა, თუ – კომპრომისული ვარიანტით.
…
ხისტი სტრატეგია
რამდენადაც მთელი ამ სტრატეგიის მთავარი ელემენტი სწორედ რომ სააკაშვილის ხელში აპრილისათვის გადანახული ის ჯადოსნური ჯოხია, ამიტომ მთავრობის ძირითად სტრატეგია სწორედ ამ მასობრივი განადგურების იარაღის ნეიტრალიზაცია უნდა იყოს! თუ სააკაშვილი ამ იარაღისაგან განიარეაღდება, ნაცმოძრაობის ხისტი, აგრესიული სტრატეგიის სხვა ელემენტებიც ლამის თავისთავად ნეიტრალიზდება.
სააკაშვილის განიარაღების ორი შესაძლო მეთოდი ან მის იმპიჩმენტს, ან საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე – აპრილამდე განხორციელებას გულისხმობს. იმპიჩმენტი უფრო სწორხაზოვანი ტაქტიკაა და უცხოეთში მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს, ხოლო თუ საქმე ოქტომბერში ისედაც განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე გადმოტანას შეეხება, ეს ალბათ უფრო დახვეწილი ტაქტიკა იქნება და ივანიშვილმა ახლახანს აშკარად მიანიშნა, რომ ეს ვარიანტი უფრო მისაღებად ეჩვენება.
… ჯერ ერთი, გამონაკლისის წესით, შეიძლება შეცვლილი უფლებამოსილების პრეზიდენტის არჩევნები პირველად ოქტომბრამდეც ჩატარდეს (მაგალითად 2013 წ. მარტში), ხოლო უფლებამოსილების პერიოდი 5 წელზე ნაკლები აღმოჩნდეს – 2017 წლის ოქტომბრამდე. შემდეგში კი ეს ყველაფერი რეგულარულ 5-წლიან პერიოდად ჩამოყალიბდება.
მეორე გამოსავალი კი ის იქნება, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ჩასწორებასთან ერთად ის შესწორებაც მიიღოს, რომ მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისი უკვე შემცირებული უფლებამოსილება 2013 წლის ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდეს… ჯადოსნური ჯოხის გარეშე ხომ იგი უკვე თავის საფრთხეს დაკარგავს… დასავლეთს ალბათ ძალიან ეამება ეს უკიდურესად კოჰაბიტაციური ვარიანტი (გულახდილად ვიტყვი, მე ეს სულაც არ მომწონს, თუმცა ყველაზე კომპრომისული ალბათ სწორედ ეს იქნება).
რბილი სტრატეგია
… უცნაურია, მაგრამ რბილი სტრატეგია ლამის იგივე ჯაჭვს გულისხმობს, რასაც ხისტი, ოღონდ – მოქმედი პირების გაცვლით.
რბილი სტრატეგიის ამოსავალი პუნქტი ის იქნება, რომ ნაცმოძრაობა უნდა განაირაღდეს! მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა განაცხადოს უარი მის მიერ სათუთად გადანახულ ჯადოსნურ იარაღზე და თავად მოითხოვოს პარლამენტის მიერ ახალი საკონსტიტუტციო ცვლილებების დროზე ადრე ამოქმედება! ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” აღარ ექნება იმ რეალური საფრთხის განცდა, რაც დღეს არის და, სავარაუდოდ, მისი მოქმედებაც გაცილებით ნაკლებ ხისტი გახდება:
– თუ პრეზიდენტს აღარ ექნება აპრილში მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა, მაშინ აზრს კარგავს პრეზიდენტის ნაადრევი იმპიჩმენტიც და თვითმმართველობების გადმობარებაც. მართალია, ეს უკანასკნელი პროცესი, ალბათ, მაინც გაგრძელდება (ადგილზე იქაური მოსახლეობის მხრიდან თვითთმართველობის კადრების ცვლის სურვილის გამო), მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას უკეთ შეეძლება გაემიჯნოს ამ პროცესებს და თუ ძალდატანება აშკარად არღვევს ორგანოთა საქმიანობას, პოლიციაც ალბათ მოახარხებს ამ პროცესებს საზღვარი დაუწესოს და კანონის ჩარჩოში მოაქციოს.
===================================
8 თებერვალი – ხისტი სტრატეგიის კულმინაცია?
როგორც ახლა შეიძლება უკვე გარკვევით ითქვას, სააკაშვილმა მაშინ – 2012 წლის დეკემბერში ხისტ სტრატეგიაზე წასვლა გადაწყვიტა. მას ჰქონდა იმის იმედი, რომ სხვადასხვა სტრუქტურების – სასამართლოები, ადგილობრივი თვითმმართველობები, ეროვნული ბანკი, სახ. აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა), და გარკვეულწილად – პოლიციაშიც (იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი საშუალო რგოლის) ლოიალური პირების დახმარებით საბოტაჟის აქტების განხორციელებით, უცხოეთში საელჩოების და პიარ-კომპანიების დახმარებით, ხალხში ახალი მთავრობის დაპირებების ნელი ტემპით გამოწვეული იმედგაცრუების ფონზე მოახერხებდა ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით – ქვეყნის გარეთ სერიოზული კამპანიის აგორებას დევიზით – „საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყანას ღუპავს!“, რაც სასურველი საფუძველი უნდა გამხდარიყო მარტში მთავრობის გადაყენების, ხოლო აპრილში – პარლამენტის დათხოვის გზაზე.
მაგრამ მიშას არ გაუმართლა.
პირველ რიგში, თვითმმართველობების ნაცმოძურმა “მონოლითმა” მარტის თოვლივით სწრაფად დაიწყო დნობა – ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ სერიოზული წნეხის პირობებში ხან აქ, ხან – იქ ხდებოდა საკრებულეობის შემადგენლობის ცვლილება, გამგებლების და სოფლის რწმუნებულების გადაყენება ან გადადგომის განცხადებების დაწერა. დაეცა სააკაშვილის სერიოზული ბასტიონი – ბათუმის საკრებულო, დღე-დღეზე მოსალოდნელია ქუთაისის მერის გადაყენებაც, ხოლო შორს ალბათ ის დღეც არაა, როცა თბილისის საკრებულოც ნაცმოძრაობის მიერ დაკარგული იქნება, რაც გიგი უგულავასთვის ხელ-ფეხის სერიოზულად შეკვრის ტოლფასი იქნება. ამის პარალელურად, მართალია, სასამართლოები „პირნათლად“ ასრულებდნენ კუბლაშვილის დირექტივას და ნაცმოძრაობის ყოფილ თუ ახლანდელ ლიდერებს გირაოთი ანთავისუფლებდნენ, მაგრამ ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა სიმაგრეს სერიოზული ეჭვი შეუყენა პლიტპატიმრების ამნისტიაზე საპრეზიდენტო ვეტოს ერთი ხელის მოსმით პირველივე ცდაზე დაძლევამ! კენჭისყრის შედეგებმა აშკარა გახადა, რომ ნაცმოძრაობამ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი ერთ დროს 64 კაციანი ფრაქციიდან მხოლოდ 24-ს მობილიზებაღა შეძლო, რომ მათ ხმა დადგენილების წინააღმდეგ მიეცათ!.. მართალია, ყველაზე სერიოზული წარმატება ნაცმოძრაობას საზღვარგარეთიდან თითქოსდა და მნიშვნელოვან მხარდაჭერაში და ივანიშვილისადმი კოჰაბიტაციის მოწოდებებში მდგომარეობდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტიდან საქართველოს საელჩოებში პრომიშისტური დიპკორპუსის ჩამოშლა დაიწყება და უცხოური მთავრობები და მედია სულ სხვა ტიპის ინფორმაციებს და მესიჯებს მიიღებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ხოლო თუ იმას დავაკვირდებით, რომ ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ კოჰაბიტაციისაკენ მომწოდებელ უცხოელ პოლიტიკოსთა კალიბრი შემცირდა და ვილფრედ მარტენსის, კარლ ბილდტის და ნაცმოძრაობის ევროპული პარტნიორების – ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთ სხვა აქტივისტებზე დავიდა, გასაგებია, რომ ეს წნეხიც სწრაფად იწყებდა დნობას.
სავარაუდოდ, ამ ფონზე, 2013 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა სიტუაცია, როცა “ქართული ოცნება” ძალიან მიუახლოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო 100 ხმის მოგროვების შანსს. თუ ოცნების 83 ხმას ნაცმოძრაობიდან წამოსული 11 „მაჟორიტარის“ ხმებს დავამატებთ, ეს უკვე 94 ხმაა. ხოლო თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ გარდა ამ 11 უკვე დემონსტრირებული გადმოსულისა, ნაცმოძრაობის რიგებში კიდევ 29 დეპუტატია, რომელთაც არ მოისურვეს საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ ხმის მიცემა, გამოდის, რომ „მერყევთა“ ასეთ დიდი ჯგუფში 6-7 ადამიანის პოზიციის შეცვლა საკმაოდ დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა. განსაკუთრებით, როცა “ქართულმა ოცნებამ” მოითხოვა, რომ თითოეულ დეპუტატს სახალხოდ განეცხადებინა, ემხრობოდა თუ არა 2004 წელს სააკაშვილის მიერ მიტაცებული და უზურპირებული უფლების – მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვა-დანიშვნის უფლების – შენარჩუნებას.
ამ მომენტში თბილისში ვენეციის კომისიის ხელ-ლის ჯანი ბუკიკიოს ვიზიტმა, მოლოდინის საპირისპიროდ, ნაცმოძრაობის იმედებს ჯვარი დაუსვა. ბუკიკიომ უკვე თბილისშივე, ხოლო შემდეგ – გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშიც – დაადასტურა, რომ ვენეციის კომისია 2004 წელსაც წინააღმდეგი იყო საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ასე სახიფათოდ გაზრდისა, და დღესაც მიაჩნია, რომ ამ უფლებების თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილების სახით შეკვეცა ლეგიტიმური იქნებოდა… ამ ფონზე უმცირესობის დეპუტატებზე დამიზნებული კამერების წინ მათ მიერ იმის დაფიქსირება ისინი მაინც მხარს უჭერენ პრეზიდენტის აღნიშნული დიქტატორული უფლების შენარჩუნებას, კიდევ უფრო საეჭვო გახდა. ვფიქრობ, რომ სწორედ ვენეციის კომისიის ამ წერილის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მოახერხა 100 ხმის მოგროვება.
მაგრამ 100 ხმა მაინც არასაიმედო ციფრია. ვინმე შეიძლება ვერ ჩავიდეს ქუთაისში, ვინმე შეიძლება, მართლაც ავად გახდეს, სხვამ – ავადმყოფობა მოიმიზეზოს, ზოგს შეიძლება, რაიმე ძველი კომპრომატი ამოუწიონ ძველმა ბოსებმა… ამიტომ 2013 წლის 8 თებერვლამდე არც “ქართული ოცნება” არ ჩქარობდა კენჭისყრის ჩატარებას და არც ნაცმოძრაობა იტეხდა იხტიბარს.
8 თებერვალი, ბევრი ასპექტით, რუბიკონი აღმოჩნდა.
თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ სააკაშვილმა „მელკი ჟულნიკობა“ ჩაიფიქრა, თუ პარლამენტში არ მიშვებთ, აგერ პარლამენტის კუთვნილ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვალ და თქვენ თუ არ მომისმენთ, აი, ჩემი დარდი, მე ჩემი “საპარლამენტო ვალი” მოხდილი მექნება და მეორედ თქვენთან მოსვლას აღარ ვაპირებო! – მეგონა, სწორედ ეს იყო ჯონდი ბაღათურიასგან სასირცხვილოდ გაბუნძულებული მიხეილ სააკაშვილის მთავარი ჩანაფიქრი, რომელსაც წელს გაცილებით უარესი განქიქება ელოდა, მაგრამ, მგონი, შევცდი…
სავარაუდოდ, სააკაშვილმა 8 თებერვალს დილიდანვე გადაწყვიტა, რომ ბიბლიოთეკაში არ მისულიყო! მან გაცილებით უფრო მსხვილმასშტაბიანი პროვოკაცია ჩაიფიქრა, რომლის განხორციელებაში არა მარტო ქალაქის მერს, არამედ, ვეჭვობ, პოლიტპატიმრებს მიტმასნილ სპეცპროვოკატორებსაც უნდა ეთამაშათ. ამიტომ ძალიან მაინტერესებს იმ საქმეების ობიექტურად გამოძიება, თუ ვინ მონაწილეობდა 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან მომხდარ შეხლა-შემოხლაში და რეალურად საიდან და რა მიზნებით მოხვდა ეს ხალხი იქ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მხრიდან ამდენწლიანი დამცირების და ტანჯვის საპასუხოდ გაჩენილი აღშფოთება და აგრესიაც კი ჩემთვის და ყველასთვის გასაგებია, მაგრამ თუ იქ ვინმე ისეთი ხალხის მონაწილეობა გამოიკვეთება, რომლებიც შეიძლება წინა წლებში ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობაში არიან შემჩნეული, არაა გამორიცხული, რომ საბიბლიოთეკო სისხლდენები ამ ინდვიდუალურ შეჯახებებში მონაწილე პირების საკმაოდ კარგად რეპეტირებული სპექტაკლები აღმოჩნდეს. ერთი მთავარი მიზნით, – მიხეილ სააკაშვილისათვის ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების და მთავრობის გადაყენებისთვის სათანადო ფონის შესაქმნელად.
მაგრამ 8 თებერვალს ცნობილი სიმღერის რეფრენი – „დარია თუ ავდარია – მიშა მაგარია!“ ვერ გამართლდა! მეტიც, იგი შეცვალა გრუშე ვაჩნაძის ჩემი თაობისათვის არანაკლებ ცნობილმა რეპლიკამ – „ისევ ჩაიფსი, მიხეილ?“
იმ დროს, როცა „საშინელი ძალადობის“ დაფიქსირების, ერთი კამერიდან მეორემდე ამაყად (ცხვირსახოცზე უარისმთქმელი) მოარული ჩიორა თაქთაქიშვილის სისხლმდენი ცხვირის, გიგა ნასარიძის და სერგო რატიანისთვის ჩაზილვის კადრები ვრცელდებოდა, როცა ელჩები და მთელი ნაცმოძური მედია და ექსპერტები პრეზიდენტის რეზიდენციაში გადანაცვლდნენ და ელოდნენ, როდის გამოაცხადებდა ქართული დემოკრატიის და რეფორმების ბელადი, რომ მოვიდა დრო მისი შენობის პორტალზე ამოკვეთილი „ბოროტის ძლევის“ კიდევ ერთი დადასტურება ეხილათ, როცა გავრცელდა ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო რეტრანსლატორებს „გამხეცებულმა ბრბომ“ ალყა შემოარტყა და არ უშვებდა რეზიდენციისაკენ (რაც ქვეყნის მთავარი პირისთვის სკოჩით პირის აკვრის ექვივალენტად უნდა განხილულიყო), მოკლედ, როცა ყველა ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 10-15 წუთიანი მრისხანე სიტყვის ფინალში წაიკითხავდა ბრძანებას, რომლის ძალითაც იგი ქვეყნის მთელ მთავრობას და პირველ რიგში, შსს მინისტრ ღარიბაშვილს გადააყენებდა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაატარა 2-საათიანი ლექცია თემაზე – „რა კარგები ვართ ჩვენ და რა ცუდები არიან ჩვენი ოპონენტები“, რომელსაც მოჰყვა 2-საათიანივე მონოლოგი მედიასთან (ძირითადად – პრომიშისტურ ურნალისტებთან) თემაზე – “არა, მაინც რა დალოცვილები ვართ ჩვენ და რა საშინლები – ჩვენი ოპონენტები!“… ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ აშშ ელჩი გარეთ გამოვიდა და რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ პირს (რომლებიც მე, ნებით თუ უნებლიედ, ნაცმოძრაობის წისქვილზე წყლის დამსახმელები მგონია) თხოვა – დაიშალეთ, თორემ რეზიდენციაში მყოფი ხალხი თქვენი შიშით გარეთ ვერ გამოდის და სანამ ხალხი არ იშლება, ეს ოჯახქორი არ ამთავრებს თავის ბჟუტურსო!..
არ ვიცი, რატომ ვერ გაბედა მიხეილ სააკაშვილმა თავისივე მოგონილი სცენარის ასრულება და ბოლო აკორდის აღება. ვინ აიძულა, რომ შეეცვალა კონსტიტუციური გადატრიალების მისთვის ასე ნანატრი სიუჟეტი – ისევ ამერიკის ელჩმა? თუ თავისივე მომხრეების ჯგუფმა, რომელმაც დროზე გათვალეს, რომ ხანმოკლე წარმატებას კოლოსალური და საზარელი ფინალი შეიძლებოდა მოჰყოლოდა? (არ გამოვრიცხავ, რომ სწორედაც აზდაკის სტილში – „სად არის გუბერნატორი? აი, აგერ ჰკიდია გუბერნატორი… – სად არის მოსამართლე? აი, ეგერ ქანაობს მოსამართლეც…“), მთავარი კი ისაა, რომ, ვფიქრობ, სწორედ 8 თებერვლის ღამეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად ასცდა მაგიურ ციფრ 100-ს… ეს ხალხი – ნაცმოძრაობის დეპუტატები ხომ ყოველთვის საკმაოდ მარტივი პროგრამით იმართებოდნენ – ისინი შიშზე და მუქარაზე რეაგირებენ და თუ შეხედეს, რომ შიშის და მუქარის ადრინდელი გენერატორი მოშლილია, მაშინ უბრალოდ, სხვა მხარეს იწყებენ გადახრას, რადგან ხვდებიან, რომ ახალი ბუდე უნდა ეძებონ, მოულოდნელად დაობლებულებმა თუ განთავისუფლებულებმა (ვის – როგორ…) .
რბილი ვარიანტის დასაწყისი?
ასე რომ, ჩემი ვარაუდი, რომ თუ მიშა ხისტი ვარიანტის განხორციელების იმედს დაკარგავდა, მერე თავად გადავიდოდა რბილი ვარიანტის შეთავაზებაზე, სწორედ 8 თებერვალს ასრულდა, ან – იმ საღამოსვე, ან – უფრო სავარაუდოდ, ალბათ, 11 თებერვალს, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, როცა, შეიძლება, საკუთარი საპარლამენტო ბანაკიდან გადამრბენელთა შესახებ ახალი ინფორმაციის გაჟღერებით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა სააკაშვილმა, მართალია, თავისი მორიელობაც კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა, მაგრამ თან ერთდროულად იმდენჯერ მოუხადა ბოდიში პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არ უქნია.
და მაინც, ნაცმოძრაობა რისი ნაცმოძრაობაა, თუ თუნდაც გაუარესებულ პოზიციაშიც კი თავისი ინტერესების დაცვას არ შეეცადა… არაა გამორიცხული, რომ ამ ახალ შეთავაზებაში, ისევე, როგორც სააკაშვილის ყველა სხვა „დათმობაში“, სერიოზული წყალქვეშა ქვები იყოს დამალული.
შევეცადოთ, ამ მოსალოდნელი საფრთხეების გამოთვლას. თუმცა დავით ბაქრაძის და დარჩიაშვილის განცხადების შემდეგ, გამოსათვლელიც ბევრი არაფერია.
“… ჩვენ საუბარი გვაქვს კონსტიტუციის დიდი ნაწილის დღესვე ამოქმედებაზე და არა მთლიანად. სწორედ ამაზეა საუბარი – რა ნაწილი ამოქმედდება დღეს და რა ნაწილი ოქტომბერში. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტს და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის, პრეზიდენტს და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან მიმართებაში, მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და ეს ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, აქ მიდის მოლაპარაკება. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და შესაძლებელია, მათი ამოქმედება და ძალაში მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც იგეგმებოდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გახსნის გზას სხვა საკითხების დასარეგულირებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და საზოგადოების დასამშვიდებლად.
“მათ შორის, ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად და მთლიანობაში საზოგადოების სტაბილურობის და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი ხალხისთვისაც და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო – რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და არა ის, თუ რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი, პრემიერი ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური და ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული წინადადება. მე შემიძლია დავადასტურო, რომ უმრავლესობის მხრიდანაც ამ წინადადებას გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოჰყვა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ნაწილი შეიძლება ამოქმედდეს დღესვე”, – განაცხადა ბაქრაძემ.
”…სანაცვლოდ ვითხოვთ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი დასავლური კურსის შეუცვლელობა და ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ – რაც ისედაც წერია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლებიც ახლა გვინდა, რომ ამოქმედდეს – საკონსტიტუციო კვორუმი, ნაცვლად 2/3-ისა, გახდეს 3/4. ეს გამორიცხავს როგორც ადამიანებზე ნადირობას, რომ გადაიბირონ ჩვენი დეპუტატები, ისე გამორიცხავს იმას, რომ კონსტიტუცია მარტივად შეიცვალოს”, – აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
აი, რა ჰქონიათ ჩაფიქრებული ნაცმოძრაობის ლიდერებს:
1) თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უკვე ლამის შემდგარი ფაქტი იყო, ახლა ნაცმოძრაობა შეეცდება, საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ თავად მოახდინა ქვეყნისათვის ამ საინტერესო ცვლილებების ინიცირება, ანუ შეეცდება, მოსახლეობის თვალში ქულები დაიწეროს და აქტიურ და ქვეყნის სიკეთეზე მოამაგე მოთამაშედ წარმოაჩინოს თავი. ეს მაშინ როცა, სინამდვილეში, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, მხოლოდ.
2) საინტერესოა, რატომ ითხოვს ასე დაჟინებით და გამეტებით ნაცმოძრაობა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ან პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, ან საგარეო პოლიტიკური კურსის ურყევობა? სავარაუდოდ, ამის მიზეზებია: ა) რეგიონების მოსახლეობაზე მზრუნველი ძალის იმიჯის შენარჩუნება, რათა მომავალში სწორედ რეგიონებიდან დაიწყონ მთავრობის კრიტიკის ახალი ტალღა; თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის არჩევნების მერე შემდეგი მოსალოდნელი არჩევნები სწორედ ადგილობრივი არჩევნებია. ბ) ნაცმოძრაობის მთავარი იმედია, რომ ქართული ოცნება ეკონომიკურ გაუმჯობესებას ვერ მიაღწევს და ხალხში ოცნება ფრუსტრაციით შეიცვლება. სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა ორ ფაქტორს უკავშირდება – საგარეო ინვესტიციების მოცულობის ზრდას და რუსეთის ბაზრის დაბრუნებით სოფლის მეურნეობის სწრაფ აღმავლობას. სწორედ იმის იმედი აქვს ნაცმოძრაობას, რომ კონსტიტუციაში დასავლური ვექტორის სამუდამო დაფიქსირება რუსეთს ისე გააღიზიანებს, რომ ქართული სასაოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტებისათვის რუსეთის ბაზარი აღარ გაიხსნება!
3) რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის ლიდერებისათვის პარლამენტის დათხოვნა კატასტროფულად საშიში იდეაა, სააკაშვილის, მერაბიშვილის და ბოკერიას გარდა, სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები სულაც არ (უფრო სწორად – აღარ!) ოცნებობენ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, როცა, ალბათ, მათგან მხოლოდ 10-ოდე თუ შეძლებს 4 წლიანი იმუნიტეტის შენარჩუნებას! ამიტომ ამ ნაბიჯით ისინი თავს იზღვევენ იმისგანაც, რომ საპარლამენტო არჩევნები მიშამ არ მოინდომოს და სავარაუდოდ, ცვლილებები ისეთი ფორმით შევა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხული იქნება.
4) სააკაშვილისთვის, უგულავასთვის, მერაბიშვილისთვის, კეზერაშვილისთვის, ბოკერიასთვის, ბენდუქიძისთვის, ჩოჩელისთვის, ადეიშვილისთვის და ტოპ-ლიდერშიფის იმ სხვა პირებისთვის, რომლებმაც დიდძალი ქონება დააგროვეს, ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად (თუკი პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ) თავისუფლების და ეკონომიკური ძალაუფლების შენარჩუნება რჩება. ამიტომ მათი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ნაადრევად ამოქმედების მთავარი მოთხოვნა სწორედ გარკვეული გარანტიების მოპოვება უნდა იყოს. ამას ორი ვექტორი აქვს, ერთი – რომ მართლაც უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და მეორე – ხალხის თვალში გამოაჩინონ, რომ მოახერხეს ხალხის ზურგს უკან ქართულ ოცნებასთან გარიგება! ამით ნაცმოძრაობა ხელისუფლების აქტიური კრიტიკისთვის ხელ-ფეხს გაუხსნის მათ მიერ დიდი ხნის განმავლობაში მართულ „მესამე ძალას“ – ქრისტიან-დემოკრატებს, ლეიბორისტებს, ახალ მემარჯვენეებს, ეროვნულ-დემოკრატებს – სწორედ ეს დღეს მივიწყებული პარტიები გამოვლენ ისევ ასპარეზზე და ნაცმოძრაობის ფულით ეცდებიან დემაგოგიაში თავისი უფროსი მასწავლებლების ჩანაცვლებას და ქართული ოცნების, როგორც „მეორე მიშას“ და „ახალი ნაცმოძრაობის“ ლოზუნგების დამკვიდრებას. რამდენად გამოუვათ, არ ვიცი, მაგრამ ცდას არ დააკლებენ, განსაკუთრებით, თარგამაძის ბიჭი და უკვე ისევ გამო(ჟ)ურნალისტებული ერთდროს პოლიტიკოსი და მერე ლამის მონაზონი – გრიგოლიას ქალბატონი!
მაგრამ, უფრო მნიშვნელოვნად მგონია რამდენიმე შემდეგი საკუთხი, რომელსაც ჩემი მეორე ბლოგი – „უკანასკნელი მიხუკანები“ ეხებოდა. ეს სტატია, https://solomonternaleli.wordpress.com/2013/01/11/1833/ რომელიც „ალტერნატიულ სტრატეგიებში“ დავაანონსე, მაგრამ პირველიდან ზუსტად ერთ თვეში – 11 იანვარს მოვახერხე გამომექვეყნებინა, ასახავდა იმ მომენტისათვის ნაციონალური “მჭიდის” მთავარი ტყვიების რანჟირებას. ისევ გავიმეორებ და შევეცდები ავხსნა, იქ ნახსენებ პირებთან მიმართებაში რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს ნაცმოძურ უმცირესობას:
- მიხეილ სააკაშვილი
- კოტე კუბლაშვილი
- კონსტიტუციონალისტები – დემეტრაშვილი, შარმანაშვილი, პაპუაშვილი, კახიძე
- ვანო მერაბიშვილი
- გიგი უგულავა
- გიგა ბოკერია
- თენგიზ გუნავა, ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და სხვა ბრალდებულები…
და ამ მიმართებაში უაღრესად მნიშვნელოვანი მგონია, ის, რაც დაუფარავად გააჟღერეს ნაცმოძრაობის ლიდერებმა, მათი მოთხოვნაა, რომ დაუყონებლივ ამოქმედდეს ოქტომბრიდან ასამოქმედებელი ის ცვლილება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭირო ბარიერის 2/3-დან 3/4-მდე გაზრდას გულისხმობს!
მე მგონი, ძაღლის თავი, ძირითადად მაინც, სწორედ აქ მარხია.
მართალია, 100-კაციანი საკონსტიტუციო ფრონტის ხაზი დათმეს, მაგრამ ნაცმოძრაობის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ თუ ახალ „მაჟინოს ხაზს“ უკვე 113 დეპუტატზე გაავლებენ (სწორედ ესაა 150-ის 3/4), ამას მაინც აღარ დათმობენ. ამდენად, თუ “ქართული ოცნება” ცდუნდება და ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებების ნაცმოძრაობის პირობებით ადრე ამოქმედებას, ამით შეიძლება მან გაირთულოს მოამავალში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების და, სულაც, ახალი კონსტიტუციის (Sic!) მიღების შანსი! ასე რომ, დღევანდელ კვერცხს გამოკიდებულებმა შეიძლება ხვალინდელი ქათამი ვერც ვერასოდეს ვიხილოთ და სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაკვეთილი მახინჯი კონსტიტუციით მოგვიწიოს (ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც!) ცხოვრების გაგრძელება! მე პირადად, ამ მუხლის (საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა ბარიერის გაზრდა) ახლა ამოქმედება აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებლად მეჩვენება.
ამ მუხლის ამოქმედებას უკავშირდება ნაცმოძრაობის არანაკლებ მნიშვნელოვანი იმედი – საკმაოდ სერიოზული რესურსების – ეროვნული ბანკის, სახ. აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომპანიის და პირველ რიგში – უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს (ანუ – მოსამართლეთა ლოიალურობის და კონტროლის) შენარჩუნება!
თუ საპარლამენტო უმრავლესობა 100 ხმიან საკონსტიტუციო ბარიერს დაძლევდა და პრეზიდენტს ახალი მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებას აართმევდა, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ როგორც ერთ-ერთ ბოლო სტატიაში – „მორიელის წამალი“ (https://solomonternaleli.wordpress.com/2013/02/03/მორიელის-წამალი) ვწერდი, შემდეგი, რაც დაეცემოდა, სწორედ #2 მიხუკანი – კოტე კუბლაშვილი და მისი უსამართლო სასამართლო ვერტიკალი იქნებოდა. ეს კი სააკაშვილის რეჟიმისათვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება… მთელი მათი დღევანდელი ბრავადულობა იმის ილუზიას ემყარება, რომ მათ მომხრეებს, პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, მაინც კუბლაშვილის მოსამართლეები ასამართლებენ. სწორედ ამიტომ ეხვეწება, სავარაუდოდ, სააკაშვილი გაქცეულებს, – დაბრუნდით, მაინც არაფერი სერიოზული გემუქრებათო. ჯერჯერობით მხოლოდ ორი დაბრუნდა: ახალაია, რომელიც ზის, და დონაძე, რომელიც გირაოთი გამოუშვეს. მაგრამ თუ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი რეალობად იქცა, დამერწმუნეთ, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების ვაჟკაცური „დუხი“ წამსვე აორთქლდება და საყვარელიძეც, როლანდ ახალაიაც, ღვინიაშვილიც და სხვებიც ისევე მშვენივრად წაცუხცუხდებიან გამომძიებლებთან, როგორც ჩუკენობაზე ოხუნჯ მერს მოუწია… და ასე მგონია, რომ საყოველთაო გირაობანას თამაშიც მაშინ დასრულდება და დონაძეც მწარედ ინანებს, რომ სააკაშვილის და კუბლაშვილის „გარანტიებს“ დაუჯერა…
საპარლამენტო უმცირესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო პროცესების მართვაში საკუთარი თერძების ჩართვა. ტელევიზიაში სულ უფრო გახშირდა ავთანდილ დემეტრაშვილის მივიწყებული „ფეისის“ ამოტივტივება. სავარაუდოდ, ბაქრაძის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის იქნება, რომ ისევ „მიუმხრობელი, ობიექტური და უპარტიო“ დემეტრაშვილი იყოს ქართული საკონსტიტუციო შესწორებების მამა და მარჩენალი. ეს კი რითი დამთავრდება, ადვილი წარმოსადგენია! მე პირადად, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ავთანდილ დემეტრაშვილს ან თენგიზ შარმანაშვილს რაიმე წამყვანი როლი მიენიჭოთ. ამ ადამიანების ლუსტრაცია (ისევე, როგორც ზოგადად, – სააკაშვილის მიერ ფორმირებული საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის სრული შემადგენლობისა) უკვე ვიხილეთ იმ „პროდუქტით“, რაც მათ 2010 წელს დადეს და რომელიც თავიდანვე აუტანლად ყარდა!
საპარლამენტო უმცირესობა, დახურული მოლაპარაკებების პროცესში, შეეცდება მოახდინოს როგორც წარსული წლების გახმაურებული პოლიტიკური პროცესების – (ჟვანიას, გირგვლიანის, აფრასიძეების, შარაძის მკვლელობების) ჩაფარცხვას, ასევე იმ პირების პოლიტიკური ინდულგენციის გარანტიების მიღებას, რომელთა კეთილდღეობაზე ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნაცმოძრაობის მომავალი ფინანსური მდგრადობა (მერაბიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ბენდუქიძე), ან – საგარეო-პოლიტიკური წონის შენარჩუნება (ბოკერია).
ნაციონალური მოძრაობის მარშალმა ბეტანკურმა, საკონსტიტუციო რეფორმების საკუთარ ტანზე მორგებული მოდელის ბიძინა ივანიშვილისთვის მოულოდნელად „დათმობით“ შეიძლება, ტროას ცხენზე უარესი “საჩუქარი” შეიტანოს მოწინააღმდეგის ბანაკში. ეს “ტროას ცხენი” მოიცავს იმ მანკიერ მხარეებს, რაც სააკაშვილის დაკვეთით კონსტიტუციის რეფორმაში იყო ჩადებული – საკმაოდ სუსტ პარლამენტს, ჯერ კიდევ ზოგიერთი აღმასრულებელი ძალის მქონე პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო კრიზისების გამოწვევის მცირე, მაგრამ მაინც პოტენციალს ისევ ინარჩუნებს და, რაც მთავარია, – პრემიერ-მინისტრის კატასტროფულად კონცენტრირებულ ძალაუფლებას. ამდენად, ეს საჩუქარი “ბეჭდების მბრძანებლის” ბნელი რაინდის, საურონის, ძალაუფლების ბეჭედს ჰგავს და მასავით საშიშ საფრთხეს შეიცავს – უკონტროლო ძალაუფლების პოტენციურად გამხრწნელ „თავისუფლებას“. ამ ბეჭდის მოძღვნით ნაციონალურ მოძრაობას სურს “ქართულ ოცნებას” თავისი მანკიერი გამოცდილება და იმპერატივები გადმოულოცოს, და, ვინძლო, არცთუ მთლად უსაფუძვლოდ, იმედოვნებს, რომ სწორედ ის ბეჭედი შიგნიდან დაანგრევს მის დღემდე ძლიერ კონკურენტს. ხოლო თავად ნაცმოძრაობა, ახალი გარანტიებით და ინდულგენციებით აღჭურვილი, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ბარიერით დაცული, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების შემნარჩუნებელი, და დასავლური ლობისტების ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგების მომლოდინე, მშვიდად დაელოდება თავის ჟამის ხელახალ დადგომას.
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ისეთი “საჩუქარი” არ აიღოს, რაც, ვაითუ, მისი თავისუფალი ნების ყულფი აღმოჩნდეს და ხალხთან მისი გახსნილი ურთიერთობის დასასრულის დასაწყისად შეიძლება იქცეს.
„ყველას ჰგონია, რომ ძალაუფლების ბეჭდის ფლობა მსოფლიო მბრძანებლობას ნიშნავს, მაგრამ ბეჭედს საკუთარი ძალაუფლება გააჩნია მფლობელის მიმართ…“
[https://www.youtube.com/watch?v=OZo7m-xcdAI]
ბეჭდების მბრძანებელი – ვიდეოკლიპი
წითელი ბარათი
Posted: 2013/02/06 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ბაქრაძე, დავით ბაქრაძე, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ოპერაცია "აპრილი", საკონსტიტუციო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტი, უგულავა %(count)s კომენტარიბატონებო და ქალბატონებო!
უახლოეს დღეებში პარლამენტში დაიწყება იმ საკონსტიტუციო შესწორების განხილვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წაართმევს მის მიერ უზურპირებულ უფლებას, რომ ერთმა ადამიანმა ერთპიროვნულად კიდეც დაითხოვოს მთავრობა, და კიდეც დანიშნოს თავისთვის სასურველი (თუნდაც ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელი) სატრაპები.
მინდა გთხოვოთ, კარგად გაიაზროთ, თუ რას ნიშნავს ამ საკონსტიტუციო შესწორებაზე უარის თქმა. და გავაკეთოთ დასკვნები იმაზე, რა უნდათ უმცირესობის იმ დეპუტატებს,რომლებიც, სავარაუდოდ, ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერენ ან თავს შეიკავებენ.
ამ საკონსტიტუციო შესწორებაზე უარის თქმა ან თავშეკავება ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ სულ მალე, აპრილის თვეში საქართველოს მთავრობაში ისევ დაბრუნდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, შაშკინი, თოფურიძე…
ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ ყველა ამნისტირებული ადამიანი ისევ აღმოჩნდეს ციხეებში, სადაც მათ მწამებლებად ისევ დახვდებიან – მეგის ქარდავა, მუხაძე, ჭაკუა, მასტერა, მელნიკოვი და სხვა ცოცხისრაინდები.
ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ საქართველო ისევ იქცეს მოსმენების და დასმენების ქვეყნად.
ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დაიჭერონ, როგორ გაბედეთ პროტესტის გამოხატვაო.
ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ შეჩერდეს პენსიების ზრდა და არ ამოქმედდეს საყოველთაო დაზღვევა.
ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ მოიმატოს კარტელურმა ფასებმა ბენზინზე და წამლებზე…
ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ გაძვირდეს დენი და გაზი, ხოლო ნაგავს ისევ სამუდამოდ მიაბან დენი.
ეს ნიშნავს, მათ სურთ ააღორძინონ ისევ ის სისტემა, სადაც დაშინებით, შანტაჟით, ნარკოტიკებით ცდილობდნენ ქვეყნის მართვას.
ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ დაგვაბრუნონ საყოველთაო გაყალბების, უსამართლობის და სიცრუის რეჟიმში.
ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ, ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს ვუჭერთ, იქნეს სამსახურიდან დათხოვნილი, ზოგიერთი შეიძლება – დაპატიმრებულიც.
ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ქართული სოფლის ისევ გაპარტახება და გაყიდვა ათასი ჯურის უცხოელზე, რომელთაც ქართულ მიწას 10-ჯერ უფრო იაფად მისცემენ, ვიდრე ქართველ გლეხს.
ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ საზღვარგარეთ ემიგრაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს, უცხოელთა ჩამოსახლების პარალელურად და მალე ქართველი საქართველოში უმცირესობად იქცეს.
ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ საქართველო იქცეს სააკაშვილის კლანის ბანტუსტანად.
ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ქვეყნისთვის მიცემული განვითარების შანსი დაასამარონ და ქვეყანა საბოლოოდ გააპარტახონ.
ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ დაბრუნდეს ადამიანის დამცირების, ღირსებისა და პატივის აყრის, სულში ჩაფურთხების და გაუპატიურების მწყობრი “სისტემა”.
ეს ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ მიმტანობა და ოფიციანტობა ემეტებათ ჩვენი შვილების პროფესიად, რადგან განათლებას ისე გააძვირებენ, რომ იგი აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი გახდება მათთვის, ვინც მათი ლაქია არ არის…
ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ მონათმფლობელური ნეობოლშევიკური მიშისტანი.
გასაგებია, რომ საბედნიეროდ, მათ ამის ძალიან მცირე რესურსი აქვთ. მათი რიგები ყველა დონეზე უკვე ირღვევა – მალე არა მარტო ბათუმის, არამედ თბილისის საკრებულოც უკვე აღარ იქნება ნაცმოძრაობის სანავარდო…
დღესაც სამმა ყოფილმა ნაციონალმა დატოვა ნაცმოძრაობის რიგები და ამით კიდევ უფრო მიზერული გახადა მათი ხელისუფლებაში მობრუნების შანსი.
და მაინც, სანამ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი არსებობს, და სანამ ნაციონალების ლიდერები კიდევ ბედავენ და ხალხის სახელით ცინიკურად ლაპარაკობენ, მათი შხამიანი ჩანაფიქრის სრულად იგნორირება სახიფათო ილუზია იქნებოდა.
ახლა ისინი ცდილობენ, უკანასკნელი მომგებიანი ვაჭრობა გამართონ. როგორც დავით ბაქრაძის განცხადებიდან აშკარა გახდა, თანახმა იქნებიან, რომ თავად დათმონ ეს უზურპირებული უფლება კონსტიტუციაში, ოღონდ საყოველთაო ამნისტიას, ყველაფრის მიტევებას და ყველა მითვისებული ქონების და წოდების სამუდამო შენარჩუნებას ლამობენ. აი, ესაა დღეს „ერთიანად ნაცმოსვრილი მოძრაობა“ – სამართლითა და დემოკრატიით ვაჭრობის კონტექსტში გართული, რომელიც საჯაროდ ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ობსტრუქციით და კრიზისის აჩრდილით აქეთ გვაშინებს კიდევ.
ვფიქრობ, დრო მოვიდა, რომ ყველამ ერთხელ და საბოლოოდ მკაცრად და გასაგებად ვუთხრათ ამ ორმოცამდე ტუტუცს, (მიუხედავად იმისა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან, ნაცნობები, თუ თანაკლასელები), რადგან ისინი ქვეყნის განვითარების მთავარ საფრთხედ იქცნენ:
– ბოდიში მოიხადეთ! და გატრაკებას მოეშვით, თქვე ახვრებო!
ადრესი – კეთილშობილად შერაცხულ ცხენთა სწორუპოვარ რემას
Posted: 2012/04/11 Filed under: ინტერმეცცო, წერილები და მიმართვები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, ევროკავშირის მოქალაქეები, ინსიტატუსი, კალიგულა, კეისარი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნაცმოძრაობის სატელიტები, საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პარლამენტი დატოვე კომენტარიჰეი, პატრონის მიერ გამორჩეულნო, დაღდასმულნო და ერის სამსახურში მის მიერვე გამწესებულნო!
თქვენ, რომელთაც პატრონისადმი ძაღლური ერთგულება, უძარღვო შუბლი და სამადლობელი თქარათქურის ტემპი გამოგარჩევთ!..
თქვენ, ვისაც გავაზე ამოკვეთილი გაქვთ მაგიური სიტყვები – “Partia Superior Quam Patria”, რაც გოთების ენაზე მოითარგმნება, როგორც “Partia, Partia, Uber Alles!..”
თქვენ, ვისაც უკან არ დაგიხევიათ ათას მამაცხენობაში, გაცხენებაში და სხვის მაგიერ პულტზე ხელის დაჭერაში…
თქვენ, ვისაც დაგიკრავთ ტაში და ტუში იმაზე, რასაც ვერცერთი Homo Sapiens და Homo Moralis არც იფიქრებდა და ვერც გაბედავდა…
თქვენ – გაიუს კალიგულას და ნერონ კლაუდიუსის, დომიციან ფლავიუსის და ლუციუს კომოდუსის მემკვიდრეებო – პალიკუს, წუგზარიუს, აკოს სიდედრიუს, დარჩიუს, ელდარიუს, გიგიუს, მაჭავარიუს, გოგორიუს, ლაშიუს თოდრიუს, პადოშიუს, გივიუს, რუსუდანიუს დექსუსიუს, ეკუნიუს ხერხიუს, შენც – ყოვლად გამომზეურებულო ყალმის დიდოსტატო გრეგ რიკიო – თარგამიუს დომკრატიუს… და სხვანო – კეისრის სამსახურში დამაშვრალნო და ნეტარნო, ულაყნო და ფაშატნო…
თქვენ, რომელთაც აღთქმული გაქვთ კეისრისაგან, რომ თქვენი ხორცისაგან ჩორიზო არასოდეს გაკეთდება და თქვენს ბოგაზე მუდამ ეყრება ქერი და ლარი…
– ჩვენ – ქვევით მდგომნი, რომელთაც თქვენ „თავისუფალ და ბედნიერ, გაბრწყინებულ და დამოუკიდებელ ერს“ გვიწოდებთ სხვა ხალხთა ყურთა სასმენლად და ფლოქვთა თქვენთა სასოების ნიშნად შესაერთებლად, ჩვენ, ვისი სახელითაც თქვენ მართავთ და ჭიხვინებთ, ჩვენ, ვის ხარჯზეც თქვენ ნთქავთ და განცხრომას ეძლევით…
– ჩვენ მოგმართავთ თქვენ – სახელიანნო და კეთილშობილად შერაცხულნო ინციტატუსებო!
როგორც კეისრის მაცნეებმა გვამცნეს, აგიტეხიათ უკვე თავის კანტური პირველი კანონის ახალი დეკრეტით ისევ შესაცვლელად.
არა განაღვლებთ შვილთა ხვედრი, არცა სხვისთა და აწ უკვე – არცა თქვენთა…
არა ფიქრობდეთ ერის და ქვეყნის ბედზე – არცა უწინ და მეტად უფრო – დღესა…
არა გინდოდეთ ხსოვნა შვილთა და შვილიშვილთა, არამედ – კეისრის ფოჩიანი კამფეტების წუწვნა-ლოკვა და „პროფილში“ გაბრწყინება…
გადაგიწყვეტიათ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ უფსკრულისკენ…
გადაგიწყვეტიათ, რომ ეს ქვეყანა – მამული ჩვენი და დღეს, ვაგლახ – საჯირითო თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეებისგან კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ – სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა მიერ.
არადა, ადრე დედის ძვლებს იფიცავდით ქვეყნის ცრუფიცზე… მითიურ და რეალურ მტრებს ემუქრებოდით – „სისხლს (სხვის სისხლს, რასაკვირველია!) და თავს (სხვისი შვილების თავებს, რასაკვირველია!) არ დავზოგავთ მამულის დასაცავადო“.
ახლა ატეხილხართ ახალი (ჰ)იდეით, რომელიც თრიაქის კვამლში ეწვია პატრონს და მის პროკონსულებს, მოგლანდებიათ ახალი საჯინიბოები, აბრეშუმის ჯიღები და ოქროს ნალები და დაუდგრომლად ჭიხვინებთ – პირველად ისტორიაში ყველა თანაბარი უნდა იყოს, ყველა უნდა გახდეს ჩვენი კეისარი თუ სენატორი, ყველას – სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და ვისი მოქალაქეც არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ჩვენი მამულის მართვის კეისრითბოძებული უფლებაო!
ეს ქვეყანა თქვენით არ დაწყებულა და თქვენთან ერთად არ დამთავრდება, მაღალსჩაბმულნო ინციტატუსებო კალიგულასი!
გახსოვდეთ, ხელის ამწევი ხელს აწერს და ხელისმოწერა ხშირად ბედისმოწერაა, ბედის ნებიერო თოხარიკებო!
გახსოვდეთ, სერგიუს კატალინადან სერგიუს ორჯონიკიძემდე დიდი მანძილი არცაა და თითოეული ადამიანი თავად წერს თავისი გვარის შადიმანობის ანდერძს, მარტოობის ას წელიწადს თუ შვილთაგან წყევლის ვარლამარავიძეულ ტრაქტატებს…
სანამ თითს დააჭერდეთ, კარგად დაფიქრდით, რაზე აჭერთ, და ვის უჭერთ მხარს… ჰიტლერი და სტალინი წარილტვნენ, ნაცების და კომუნისტების იმპერიები გაცამტვერდნენ და თქვენნაირ ქინძებს მით უფრო მართებთ ბედის ტრიალზე ფიქრი…
ემანდ, ისეთ რამეს არ მოაწეროთ ხელი, რომელიც თქვენი საბრალდებო დასკვნა შეიძლება გახდეს და ვაითუ თქვენი გავების ხელუხლებლობის ფირმანიც ნაცრად აქციოს…
იმაზე იფიქრეთ, როცა კეისარი ჩამოლაბორანტდება, რას ეტყვით ხალხს…
ხალხს, რომელსაც დაბოლილი კეისრის ცხენების ბედნიერი ხვიხვინის გაგონება აღარ უნდა…
——————————————————
შენიშვნები:
ჩორიზო (Chorizo) – იბერიულად მომზადებული სანელებლიანი ძეხვი. როგორც წესი, ცხენის ხორცი მასში არ გამოიყენება. ცხენის ხორცის ძეხვს ქაზი ეწოდება.
ინციტატუს (Incitatus) – იმპერატორ კალიგულას საყვარელი ცხენი, რომელსაც მან, გადმოცემით, სენატორთა გამოსარჩევი მეწამული ტოგა გადააფარა და რომის სენატში შეიყვანა, ნიშნად იმისა, რომ მისი ცხენი სენატორის უფლებებით იყო აღჭურვილი.