ადრესი – კეთილშობილად შერაცხულ ცხენთა სწორუპოვარ რემას


ჰეი, პატრონის მიერ გამორჩეულნო, დაღდასმულნო და ერის სამსახურში მის მიერვე გამწესებულნო!

თქვენ, რომელთაც პატრონისადმი ძაღლური ერთგულება,  უძარღვო შუბლი და სამადლობელი თქარათქურის ტემპი გამოგარჩევთ!..

თქვენ, ვისაც გავაზე ამოკვეთილი გაქვთ მაგიური სიტყვები – “Partia Superior Quam Patria”, რაც გოთების ენაზე მოითარგმნება, როგორც “Partia, Partia, Uber Alles!..”

თქვენ, ვისაც უკან არ დაგიხევიათ ათას მამაცხენობაში, გაცხენებაში და სხვის მაგიერ პულტზე ხელის დაჭერაში…

თქვენ, ვისაც დაგიკრავთ ტაში და ტუში იმაზე, რასაც ვერცერთი Homo Sapiens და Homo Moralis არც იფიქრებდა და ვერც გაბედავდა…

თქვენ – გაიუს კალიგულას და ნერონ კლაუდიუსის,  დომიციან ფლავიუსის და ლუციუს კომოდუსის მემკვიდრეებო – პალიკუს, წუგზარიუს, აკოს სიდედრიუს, დარჩიუს, ელდარიუს, გიგიუს, მაჭავარიუს, გოგორიუს, ლაშიუს თოდრიუს, პადოშიუს,  გივიუს, რუსუდანიუს დექსუსიუს, ეკუნიუს ხერხიუს, შენც – ყოვლად გამომზეურებულო ყალმის დიდოსტატო გრეგ რიკიო – თარგამიუს დომკრატიუს… და სხვანო – კეისრის სამსახურში დამაშვრალნო და ნეტარნო, ულაყნო და ფაშატნო…

თქვენ, რომელთაც აღთქმული გაქვთ კეისრისაგან, რომ თქვენი ხორცისაგან ჩორიზო არასოდეს გაკეთდება და თქვენს ბოგაზე მუდამ ეყრება ქერი და ლარი…

–         ჩვენ – ქვევით მდგომნი, რომელთაც თქვენ „თავისუფალ და ბედნიერ, გაბრწყინებულ და დამოუკიდებელ ერს“ გვიწოდებთ სხვა ხალხთა ყურთა სასმენლად და ფლოქვთა თქვენთა სასოების ნიშნად  შესაერთებლად, ჩვენ, ვისი სახელითაც თქვენ მართავთ და ჭიხვინებთ, ჩვენ, ვის ხარჯზეც თქვენ ნთქავთ და განცხრომას ეძლევით…

–         ჩვენ მოგმართავთ თქვენ – სახელიანნო და კეთილშობილად შერაცხულნო ინციტატუსებო!

როგორც კეისრის მაცნეებმა გვამცნეს, აგიტეხიათ უკვე თავის კანტური პირველი კანონის ახალი დეკრეტით ისევ შესაცვლელად.

არა განაღვლებთ შვილთა ხვედრი, არცა სხვისთა და აწ უკვე – არცა თქვენთა…

არა ფიქრობდეთ ერის და ქვეყნის ბედზე – არცა უწინ და მეტად უფრო – დღესა…

არა გინდოდეთ ხსოვნა შვილთა და შვილიშვილთა, არამედ – კეისრის ფოჩიანი კამფეტების წუწვნა-ლოკვა და „პროფილში“ გაბრწყინება…

გადაგიწყვეტიათ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ უფსკრულისკენ…

გადაგიწყვეტიათ, რომ ეს ქვეყანა – მამული ჩვენი და დღეს, ვაგლახ –  საჯირითო თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეებისგან კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ – სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა მიერ.

არადა, ადრე დედის ძვლებს იფიცავდით ქვეყნის ცრუფიცზე… მითიურ და რეალურ მტრებს ემუქრებოდით – „სისხლს (სხვის სისხლს, რასაკვირველია!) და თავს (სხვისი შვილების თავებს, რასაკვირველია!) არ დავზოგავთ მამულის დასაცავადო“.

ახლა ატეხილხართ ახალი (ჰ)იდეით, რომელიც თრიაქის კვამლში ეწვია პატრონს და მის პროკონსულებს, მოგლანდებიათ ახალი საჯინიბოები, აბრეშუმის ჯიღები და ოქროს ნალები და დაუდგრომლად ჭიხვინებთ – პირველად ისტორიაში ყველა თანაბარი უნდა იყოს, ყველა უნდა გახდეს ჩვენი კეისარი თუ სენატორი, ყველას – სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და ვისი მოქალაქეც არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ჩვენი მამულის მართვის კეისრითბოძებული უფლებაო!

ეს ქვეყანა თქვენით არ დაწყებულა და თქვენთან ერთად არ დამთავრდება, მაღალსჩაბმულნო ინციტატუსებო კალიგულასი!

გახსოვდეთ, ხელის ამწევი ხელს აწერს და ხელისმოწერა ხშირად  ბედისმოწერაა, ბედის ნებიერო თოხარიკებო!

გახსოვდეთ, სერგიუს კატალინადან სერგიუს ორჯონიკიძემდე დიდი მანძილი არცაა და თითოეული ადამიანი თავად წერს თავისი გვარის შადიმანობის ანდერძს, მარტოობის ას წელიწადს თუ შვილთაგან წყევლის ვარლამარავიძეულ ტრაქტატებს…

სანამ თითს დააჭერდეთ, კარგად დაფიქრდით, რაზე აჭერთ, და ვის უჭერთ მხარს… ჰიტლერი და სტალინი წარილტვნენ, ნაცების და კომუნისტების იმპერიები გაცამტვერდნენ  და თქვენნაირ ქინძებს მით უფრო მართებთ ბედის ტრიალზე ფიქრი…

ემანდ, ისეთ რამეს არ მოაწეროთ ხელი, რომელიც თქვენი საბრალდებო დასკვნა შეიძლება გახდეს და ვაითუ თქვენი გავების ხელუხლებლობის ფირმანიც ნაცრად აქციოს…

იმაზე იფიქრეთ, როცა კეისარი ჩამოლაბორანტდება, რას ეტყვით ხალხს…

ხალხს, რომელსაც დაბოლილი კეისრის ცხენების ბედნიერი ხვიხვინის გაგონება აღარ უნდა…

——————————————————

შენიშვნები:

ჩორიზო (Chorizo) – იბერიულად მომზადებული სანელებლიანი ძეხვი. როგორც წესი, ცხენის ხორცი მასში არ გამოიყენება. ცხენის ხორცის ძეხვს ქაზი ეწოდება.

ინციტატუს (Incitatus) – იმპერატორ კალიგულას საყვარელი ცხენი, რომელსაც მან, გადმოცემით, სენატორთა გამოსარჩევი მეწამული ტოგა გადააფარა და რომის სენატში შეიყვანა, ნიშნად იმისა, რომ მისი ცხენი სენატორის უფლებებით იყო აღჭურვილი.

Advertisements

აბსურდის გენიალიზაციის მცდელობები [აბსურდის ამარა დარჩენილ ნაცმოძრაობაში და მის დეზავუირებულ სატელიტებში]


საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთ ნომინაციით შევიდა გინესის წიგნის  საპატიო გრაფაში – „პირველად მსოფლიოში“.

პირველად მსოფლიოში (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე!) საქართველოს მიშკურთხეულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი უმაღლესი რანგის პირი – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე -შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის (ევროკავშირის და, სავარაუდოდ, ასევე  – აშშ-ის) მოქალაქე, რომელიც არის დაბადებული საქართველოში, მიაღწია 21 წელს და 10 წელი მაინც იცხოვრა საქართველოში.

ეს ყველაფერი კი მოჰყვა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ხინჯად ჩაუთვალეს ის, რომ იგი ნატურალიზაციის განაცხადის შეტანის მომენტში ჯერ კიდევ იყო სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე შეტანილი ჰქონდა განაცხადი ამ მოქალაქეობის დატოვებაზე, ფორმალური და ყურით მოთრეული მიზეზით უარი უთხრეს ნატურალიზაციაზე!

სწორედ აქ არის აბსურდი.

სუპერაბსურდი!

თან ისეთი მასშტაბის სუპერაბსურდი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ჯერ არავის გაუგონია და ვერავის მოუგონია!

არა, არის შემთხვევები, რომ საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ორი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობები პარიტეტულ საფუძველზე ერთი ქვეყნიდან – მეორის, და პირიქით, არჩევნებში მონაწილეობენ, მაგრამ საქმე პასიურ საარჩევნო უფლებას ეხება და არა – სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრად, ან, მით უფრო, უმაღლესი რანგის პირად არჩევის უფლებას!

ის, რომ ნაცმოძრაობის ბონზებს კარგად ესმით, რა ნეხვშიც ჩადგეს ფეხი ივანიშვილისთვი მოქალაქეობაზე უარის თქმით, იმითაც დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის კანონის მუხლი, რომელსაც დაეყრდნო რეესტრი ამ გადაწყვეტილების მიღებისას! მეტიც, არამცთუ სააკაშვილმა არ გამოსცა განკარგულება ამ გადაწყვეტილებაზე, რაც მას კანონით ეკისრება, არამედ ამ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს არც რეესტრის უფროსი ვაშაძე. მხოლოდ მის მოადგილეს, ვინმე გიორგი გაბრიელაშვილს გაახმოვანებინეს ეს აბორტის მსხვერპლი გადაწყვეტილება…

სამაგიეროდ, ახლა მოძებნეს დიადი გამოსავალი – კონსტიტუციის ახალი ჭრა-კერვა!

„ამით ყველა ბარიერი იხსნებაო!“ – ტრადიციულად ღიმილით განაცხადა ქვეყნის ოფიციალურად მეორე პირმა და ევროპის 200-ეულის ინტელექტუალმა დავით ბაქრაძემ.

„გიჟი თავისუფალიაო!“ – ამბობენ ჩვენს ხელისუფლებაზე, უკვე არა მარტო იმერეთში…

ფორმალური მიზეზით – კანონს ვერ დავარღვევთო! – არ მისცეს მოქალაქეობა და მერე გადაწყვიტეს  ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის გადაკეთება, რაც თავისთავად მრავალი კანონის ცვლილების აუცილებლობას იწვევს! ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე იყოო და ნატურალიზაციას როგორ მოვახდენდით, დაუშვებელიაო, და ევროკავშირის ყველა საქართველოში დაბადებული მოქალაქისთვის დაუშვეს ფორმალურად საქართველოს უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლება! ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე გახდაო და იმიტომ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, ახლა კი ევროკავშირის და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ათასობით ადამიანს, ისე, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა არ ექნებათ – აძლევენ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის ლეგალურ შანსს!

ქვეშიდან გამოძრომა ჰქვია ამას!

საფრანგეთის მოქალაქე რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი და რუსეთის მოქალაქეობა რომ დაეტოვებინა, მაშინ რას იზამდით, მაშინ რუსეთის მოქალაქეებსაც მისცემდით სრულმასშტაბიან საარჩევნო უფლებასო? – ჰკითხა პალიკო კუბლაშვილს ეკა ბერიძემ „პირდაპირ საუბარში“ და მანამ არ მოეშვა, სანამ პალიკომ არ აღიარა, არ ვიციო… აქვე სხვა ძალიან სერიოზული კითხვები დასვა ჟურნალისტმა – რა დააშავეს თურქეთში მაცხოვრებელმა საქართველოში დაბადებულებმა, ან – სომხეთში ან – აზერბაიჯანშიო? თუ ის შენიშნა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ივანიშვილის მიერ საფრანგეთის საკონსულოდან მოტანილ წერილს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აპოსტილირება აკლდა და ეს ხარვეზი 3 დღეში გაასწორებინა, ის რატომ ვერ შენიშნა მაშინვე, რომ მომმართველი პირი თურმე “არასწორი გზით” მიდიოდაო? 3 თვე რატომ ალოდინეს იმის მოსასმენად, “არასწორი გზით” მოგვმართეო?

ამავე გადაცემის მეორე ნაწილში ბატონ ვასილ მაღლაფერიძის თქვა, ამ აბსურდით ხელისუფლებამ ერთ დღეს გაბედა და უარი უთხრა ივანიშვილს, თქვენი გულისთვის კანონს ვერ დავარღვევო, ხოლო 24 საათში არამცთუ “კანონი დაარღვია”, მთელი კონსტიტუციის  გადასინჯვა და გადასწორება დაიწყო, თან აბსოლუტურად უპრეცედენტო ფორმითო. ბატონი ვასიკო ფიქრობს, რომ ამით ხელისუფლებამ აშკარა გახადა საკუთარი გაფარჩაკება და რომ ეს რაუნდი ივანიშვილის წინაშე მათი საბოლოო კაპიტულაციის ტოლფასია, როცა უარი თქვეს ნოკდაუნის აღიარებაზე, მაგრამ, თავისდა უნებლიედ, აღიარეს სრული ნოკაუტი, მაგრამ მე ამ აზრს სრულად და ბოლომდე ვერ დავეთანხმები.

უფრო სწორედ, ლოგიკის ჭრილში და ფსიქოლოგიური ფენომენის გათვალისწინებით – “მიშამ გაბედა, მაგრამ მაინც შეეშინდა და ბოლოს მაინც ვერ გაბედა” – სიამოვნებით დავეთანხმებოდი, მაგრამ  ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, საკმაოდ სერიოზულად გამოხატული უნარი, რომ თავისთვის ძალიან წამგებიან ნაბიჯებშიც კი,  კრიტიკულ და კატასტროფულ სიტუაციებში აღმოჩენისას, მონახოს თავისთვის მომგებიანი პოზიციები და თითქოს დათმობების უკან შენიღბოს ის უკეთურობანი, რომელთაც თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამ შენიღბვის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად მახსოვს რეგიონული მედიისათვის დავალიანებების ჩამოწერის კამპანია, რომელიც ვითომ ყოყმანის შემდეგ ხელისუფლებამ გულმოწყალედ მიიღო და როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი 30 მილიონის უდიდესი ნაწილი შემდეგ პროსახელისუფლებო „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი არხის  დავალიანებების (და პრემიების) დაფინანსებას მოხმარდა!

ამიტომ შევეცდები, გავთვალო ის პოტენციური საფრთხეები, რითაც ხელისუფლება ამ, ერთმნიშვნელოვანად სუპერაბსურდის, უკვე „გაგენიალურობას“ შეეცდება.  და ამით იქნებ მივხვდეთ, ხომ არ არის ივანიშვილისთვის შეთავაზებული გზა, როგორც ია ანთაძემ მოსწრებულად აღნიშნა, „მაპზე უკეთესი“!

1)      ყველაზე მარტივი საფრთხე – პოლიტიკაში სრულფასოვანი ჩაბმის და საარჩევნო პროცესის დაგვიანება! ხელისუფლება ლამისაა ტყავში გაძვრეს, ისე ცდილობს, რომ ნებისმიერი თვე და კვირა, კი არა, რამდენიმე დღით მაინც გადადოს ის მომენტი, როცა ივანიშვილს სრულფასოვანი პოლიტიკური უფლებები მიეცემა. ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რამდენადაც ადვილად „დათანხმდა“ ნაციონალური უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატების ამ „ინიციატივას“ (ორივე ამ ძალას როგორ ამოდის მზე ივანიშვილის „ქართულ ოცნებაზე“, ხომ ცნობილია, და ის ფაქტი, რომ თარგამაძეს წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ პალიკო და მისი რაზმი უკვე თანახმა იყო, ძალიან მრავლისმეტყველია!), იმდენად გაჯანჯლებული იქნება თავად პროცესი. იქნება ძალიან ჩაკირკიტებული პოზიციები, მოსმენების გადადებები, პარლამენტი ქუთაისში გადავა,  და ვინ იცის, იქნებ შვებულებაშიც გავიდნენ დასიცხული დეპუტატები… მე პირადად, ასე მგონია, რომ ეს ძალიან რეალური საფრთხეა – ყველა უცხოურ ორგანიზაციას და მეგობარ სახელმწიფოებს სააკაშვილი განუცხადებს – მეტი რა გინდათ, თქვე დალოცვილებო, თქვენი ეჭვების მოსახსნელად ასეთ გაუგონარ ნაბიჯზე – კონსტიტუციის ცვლილებაზეც კი წავედით და ხომ იცით, არაა ეს ადვილი საქმეო! და იქეთ დაამუნათებენ, თქვენ რომ დაგეწყოთ კონსტიტუციის ცვლილება (გეგონება, ვინმემ დააძალა!), ხომ არ იჩქარებდით და ძაან რუდუნებით მიუდგებოთ ამ საპასუხიმგებლო საქმესო! არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე განსწავლულმა პარლამენტარმა (კობა ხაბაზის „იმედი მაქვს“ ძალიან და კიდევ მეტად გია თორთლაძის, რადგან ასეთი “ოპოზიციის” ხელის გასვრა უხდება ძაან ასეთი გასვრილი იდეების გახმოვანებას) რეფერენდუმის იდეაც კი წამოაყენოს, რაც სრულიად ლოგიკურია. აბა, ნიდერლანდებში ან საფრანგეთში ვინმე აბსურდისტებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის  ქვეყნის უმაღლეს პირებად არჩევის უფლების მინიჭება რომ გაეხმოვანებინათ, ეს ამბავი ჩაივლიდა რეფერენდუმის გარეშე? არა, ბატონო, თქვენ პალიკოები ხომ არ ბრძანდებით! ჰოდა, აბა რა გაგიკვირდათ, დამაშვრალმა პალიკომაც რომ აღაპყროს თვალების ზეცისკენ – რა ვქნათ, ბატონებო, ოპოზიციონერი დეპუტატი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი პადოშა თორთლაძე აყენებს საკითხს და როგორ არ დავნიშნოთ რეფერენდუმიო? ასე რომ – ხაფანგი #1 – დრო! ამერიკის ელჩმა აღნიშნა, უნდა იქნეს მიღწეული თანასწორი პირობები არჩევნებში მონაწილეთათვის, და ეს უნდა მოხდეს უსწრაფესად! ჩემი აზრით, ნაცმოძრაობის გათვლა არის სწორედ ის, რომ პროცესი ივნის-ივლისამდე გაჭიმოს და სწორედ ამიტომ განაცხადეს დღეს უცხოეთიდან დამკვირვებლების მოწვევის ინიცირებაზე… სიფხიზლის მოდუნებაზე თამაშობენ ჩვენი შულერები.

2)       მეორე და უფრო სერიოზული საფრთხე – მორალური ხაფანგი + სხვა სატელიტების გამოყვანა ავანსცენაზე. მართალია, ნაცმოძრაობამ ასე ადვილად „დათმო“ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმის  უფლების მიცემა, მაგრამ არ დათმო მოქალაქეობა და არა მგონია, ეს მარტო სააკაშვილის კაპრიზს (წართმეულის უკან დაბრუნება, ისიც ივანიშვილის ქადილის ფონზე – სისუსტეში არ ჩამეთვალოსო!) უკავშირდება. როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებების ეტაპი  გავლილი იქნება, ნაცმოძრაობის ხელშემწყობი პიარ-კამპანიის მთელი აქცენტი გადანაცვლდება იმაზე, როგორი სახიფათოა სხვა ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს თანამდებობზე მოსვლის პერსპექტივა! რომ ასეთი ადამიანი სხვა ქვეყნის პრეზიდენტის და კანონების მორჩილია მხოლოდ და შეიძლება გადამწყვეტ მომენტში სწორედ სხვა ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაზე მაღლა! მართალია, ნაცმოძრაობაც და პირველ რიგში ქრისტიან-დემოკრატები, როგორც ამ ინიციატივის მამები და მამინაცვლები (რომელი – ვინ, თავად გადაწყვიტეთ), ამ კამპანიის წინა ფლანგზე ვერ იქნებიან, მაგრამ აგერ არ არიან რეზერვში გადანახული მემარჯვენეები, რომელთა მხრიდან ივანიშვილზე დარტყმა არავის გაუკვირდება? აგერ არ არის პან გიმალაისკი თორთლაძე, რომელიც პატრიოტული აქტის ზეავტორია და რომლის პატრიოტული სიფრთხილე არავის გააკვირვებს? ბოლომდე მოხსნის გუდას თავს ბატონი შალვა ნათელაშვილი და კიდევ ერთხელ გააჭენებს ანტიამერიკულ და ახლა უკვე ანტიევროკავშირულ ულაყებს ბიძინა ივანიშვილისთვის დასავლეთიდან მართულობის დაბრალებით… დაბოლოს, აგერ არ არიან უძველესი პარტიის ლიდერები ბაჭუკი ქარდავა და გურამ ჩახვაძე? და თქვენ რა გგონიათ, უცხოეთში გადანახულ მანანა არჩვაძეს, ღვინოში ჩამბალ ლოთ ქობალიას და ზოგიერთ სხვა „ეროვნულს“ ვერ დააძრობს საიდუმლო რეზერვიდან მიხეილ სააკაშვილი? აქვე შეიძლება ვიხილოთ ზოგიერთი სასწრაფოდ შეწყალებული პირიც და მათ მიერ საარჩევნოდ გამომცხვარი ახალი სატელიტებიც… ისევე, როგორც ზოგიერთი ე.წ. „ოპოზიციური“ გაზეთები… სწორედ ისინი დაიწყებენ გნიასს და შექმნიან „უცხო ქვეყნებიდან მართული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ფრონტს“. კალისტრატესნაირი მამაოების იმედიც უნდა ჰქონდეს მათგან თაფლნაჭამ ხელისუფალს… თანაც თუ აქამდე რესპუბლიკელები, ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და სხვები ხშირად ახსენებდნენ  ხელისუფლებას მის მიერ თავის სასარგებლოდ კონსტიტუციის ხშირ ჭრა-კერვას, ახლა უკვე ხელისუფლება დაუბრუნებს საყვედურით ხურდას – თქვენს გამო დაგვჭირდა ასეთ მძიმე ნაბიჯზე წასვლაო!..

3)      საფრთხე მესამე – „მინი/ფსევდო-ივანიშვილების კულტივაცია“. მაქვს ინფორმაცია, რომ დიასპორასთან მუშაობის სამინისტრომ (პირადად პაპუნა დავითაიამ) უკვე მიიღო დირექტივები საზღვარგარეთ მაცხოვრებელი მეტნაკლებ შეძლებული ქართველების ნაცმოძრაობაში რეკრუტირებისათვის.  სააკაშვილს საქართველოში უკვე არ დარჩა მეტნაკლებად პოპულარული ადამიანი, რომელსაც იგი პარლამენტში წარადგენს და ეს ადამიანი არჩევნებს (მაჟორიტარულ ოლქში) მოიგებს… მაგისთვის გადაინახეს ანდრია ურუშაძეო, ითქვა… გაწიე, ერთი!.. ანდრია ურუშაძის მოგებული არჩევნების იმედზე იყოს ჩემი მტერი! თუ წინა არჩევნებზე სააკაშვილის მიერ დარაზმულმა ბიზნესმენებმა მართლაც მოახერხეს რეგიონებში და თბილისის ზოგ რაიონშიც მეტ-ნაკლებად ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვა, დღეს არც ფრიდონ თოდუა, არც თემურ კოხოძე, და ვერც, მით უფრო,  სხვა კიდევ უფრო ოდიოზური ფიგურები – რუსუდან კერვალიშვილი, მაგალითად,  მოახერხებენ არჩევნების მოგებას. ამ „ღვთისმოსავ“ ქალბატონს, საერთოდ, შეიძლება სულ ღერა-ღერა დააწიწკნონ „ისი-პარის“ სალონში სათითაოდ აფუებული თმები მის მიერ გადაგდებულმა ბინების პატრონებმა… ამიტომ, დასაშვებია, სააკაშვილმა ჩამოიყვანოს რამდენიმე ათეული უცხოელი ქართველი და მათ პარლამენტის არჩევნების მოგების ფასად მთელი ქვეყანა დაუნაწილოს. ასე რომ,  კი გვგონია, რომ თარგამაძის მიერ აწეული ეს „ტოპკა“ ინიციატივა ნაცმოძრაობამ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პრობლემის მეტნაკლებად უმტკივნეულოდ მოსაგვარებლად დაგეგმა, მაგრამ, ვინ იცის… იქნებ არც იყოს მარტო ერთ კაცზე გათვლილი! დღეს მსოფლიოში ბევრი ცნობილი ქართველია მიმოფანტული და ზოგიერთი, იქნებ, დათანხმდეს კიდეც აბსოლუტურად დისკრედიტირებული რეჟიმის „სარფიან წინადადებას“…

4)      საფრთხე #4 – „ყრმათა ღაღადი“… არ უნდა დაგვავწყდეს, რომ „ივანიშვილის აქტით“ კონსტიტუციაში საკმაოდ უგვანო შესწორება შედის – 21 წლის მოქალაქეებს ეძლევათ პარლამენტარის ადგილის დაკავების უფლება! დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობა მიაფუჩეჩებს ამ „პრეთარგამაძეული“  ინიციატივის განხილვის აუცილებლობას, რაც არ უნდა დავუშვათ! საერთოდ, რაც დრო გადის, სააკაშვილი თავადაც უფრო ემსგავსება უწლოვან ბავშვებს და სწორედ უწლოვანებზე გადის მისი ავანგარდი. თუ აქამდე 25-35 წლის ახალგაზრდები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენი, ახლა ეს თამასა კიდევ უფრო დაიწევს და 15-25 წლიან თითქმის თინეიჯერებზე გავა. დიდი შანსია, რომ მინისტრებად შაშკინის და რურუას ასაკის ხალხი უკვე ბებრებად ჩაითვალოს.  წინა პლანზე გამოვლენ ნინო ლაპიაშვილის მსგავსი ნორჩი დაქოქილები, რომელთაც მორალური ავტორიტეტად გურამ რჩეულიშვილი და ოთარ ჭილაძე კი არა, სავარაუდოდ, თამარა ჩერგოლეიშვილი მიაჩნიათ და რობოკოპივით წამში 60 ტყვია-სიტყვას ისვრიან წრეზე… თუ დღევანდელი პარლამენტის სახეები არიან პალიკო კუბლაშვილი და აკო მინაშვილი, დიდი შანსია, რომ მომავალი პარლამენტის სახე გახდეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და ზონდერჯგუფის ლიდერი ბექა ახლოური… სწორედ ახლოურების, ლაპიაშვილების და კიდევ უფრო უწლოვანთა პარლამენტს ამზადებს მიხეილ სააკაშვილი. 21-წლიანებს შორის ხომ მრავლად მოიძებნება ისეთი, ვინც გაიზარდა „ლიდერი ყოველთვის მართალია!“  სულისკვეთებით!… ია ანთაძის ბლოგზე კომენტარების წერა ახალი დაწყებული მქონდა, როცა გავიხსენე დიდი ჰუმანისტის, ბავშვებისთვის თავგანწირული გმირი მასწავლებლის და მწერლის იანუშ კორჩაკის წიგნი „მეფე მათიუშ პირველი“ და სააკაშვილის ხელისუფლებას სწორედ მორალური იმპერატივების არმქონე ბავშვების ხელისუფლების საზარელი ბედი ვუწინასწარმეტყველე… საუბედუროდ, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის…

5)      საფრთხე #5. ორმაგი საფრთხე დიპლომატიურ ფრონტზე – აქამდე, გარეგნულად „დუნე“ პოლიტიკური კამპანიის მიუხედავად,  გრადუსი და უცხოელების დაინტერესებაც საქართველოს არჩევნებით მატულობდა. ახლა, შეიძლება უცხოელებმა ჩათვალონ, რომ მიშა “მორჯულდა” (2008 წლის მაისშიც ასე ჩათვალეს კონდოლიზა რაისმა და სხვა დასავლელმა ლიდერებმა) და ნაკლები ყურადღება დაუთმონ საქართველოს საარჩევნო გარემოს. სააკაშვილი ამას უეჭველად გამოიყენებს რეგიონებში ხალხის უფრო შენიღბული, მაგრამ გაძლიერებული დაშინებისათვის და მედია-კონტროლის გასაძლიერებლად. ამ მხრივ ნიშანდობლივია ის მასიური წნეხი, რომელიც უკვე მოდის რეგიონულ მედიაზე (ძირავენ და კონკურენტი „გაუჩინეს“ გორში ტვ „თრიალეთს“, ხელში ჩაიგდეს გურიის ტელევიზია, ფაქტიურად „ობიექტივით“ ჩაანაცვლეს ბათუმში „ტვ-25“, სულ უფრო არნახულ წნეხს მიმართავენ კაბელურ არხ “გლობალ-ტვ”-სთან დაკავშირებით, უკვე 50,000-ით დააჯარიმეს მაგთი (მაშინ როცა ბილაინს და ჯეოსელს გაფრთხილება აკმარეს!) და ძალიან უნდათ რაიმე სანქციები დაუწესონ მაგთისატს… სააკაშვილმა იცის, რომ ვერაფერი ვერ უშველის, როგორც კი რეგიონებში მართალი სიტყვა (ტელევიზია!) გავა… ამიტომ, აუცილებელია ამ პროცესების მუდმივად ინტენსიური გაშუქება – სტუდია „მონიტორის“ და GNS-ის ყველა ფილმის მეყსეულად ინდა იდებოდეს სუბტიტრებით იუთუბზე და გადიოდეს ყველა დიპლომატიური და არასამთავრობო არხით. თუმცა არის მეორე, საპირისპირო საფრთხე – თუ დიპლომატებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ – ქართველებს ჩვენი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ მათი ხელებით გვინდა, ეს მათ ენთუზიაზმს გაანელებს… მზა რეცეპტები არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს. საჭიროა სცილას და ქარიბდას შორის ვირტუოზული გავლა…

6)      რადგან კონსტიტუციის ჭრა-კერვის საბაბი იგდო ხელთ, სააკაშვილი უეჭველად რაიმე  კიდევ უფრო ქონიან დუმას მიითლის! არ გაგიკვირდეთ, თუ ეს იქნება კონსტიტუციური რეფორმის კიდევ ახალი (ჯერ კიდევ მიჩუმათებული) მოდიფიცირება, რომლითაც მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრიდან ახლა უკვე პლარლამენტის თავმჯდომარეზე შეიძლება გადმოვიდეს! ეს ხომ ფორმალურად პუტინის გზის არგამეორება იქნება და სააკაშვილს უფლებას მისცემს ამტკიცოს, რომ მან ზედმიწევნით შეასრულა ობამას და დასავლელი პარტნიორების გზავნილი – არც მესამედ პრეზიდენტობა ინება, და არც პუტინის გზას გაჰყვა!.. სააკაშვილს თავად უნდოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და ამისთვის 21-წლიან ყრმათა მომიზეზება ვერ იყო მთლად გამართული არგუმენტი, ახლა კი განგებამ (“მიხვედრილი” გიორგი თარგამაძის სახით, უკვე მერამდენედ) აჩუქა შანსი, რომ თავისი საქმე (Cosa Nostra) სხვისთვის უფლებების მინიჭებით გადაფაროს! არა ნამდვილად დაუფასდება გიორგი თარგამაძეს ეს „პადაჩა“!  თუ ადრე ვინმეს ეეჭვებოდა, ვინ იქნება 2013 წელს მიშასთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი, ალბათ უკვე ბევრი ჩვენთაგანისთვის, თარგამაძის ამ სოლო გარღვევის შემდეგ, ყველაფერი ნათელია. სწორედ ეს იმედისმომცემი ახალგაზრდა (ჰ)ოპოზიციონერი, რომელსაც უწინასწარმეტყველა კიდეც სააკაშვილმა მის ადგილზე დაჯდომა, დაჯდება კიდეც. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი იტყოდა: „…იმიტომ, რომ ავტორმა ასე ინება! – და რატომ ინება? იმიტომ, რომ აღწერა!“

7)      დაბოლოს, ისევ ის პირველი არგუმენტი – დრო! ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის არმინიჭების გამო დარჩა დღეს თითქოს მივიწყებული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული საფრთხე. მას, როგორც საფრანგეთის/ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოში უვიზოდ ყოფნის დრო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დღიდან – 2011 წ. 7 ოქტომბრიდან – 360 დღით აქვს შემოსაზღვრული. თუ არჩევნები, დავუშვათ, 2012 წ. 14 ოქტომბერს დაინიშნება (მცხეთობა დღეა! – ერთ-ერთი აბსურდულად “კანდიდატი დღე”, რომელიც უკვე თქვენმა მონა-მორჩილმა, ვიწინასწარმეტყველე), მანამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი „კანონმორჩილი“ ხელისუფლება ივანიშვილს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს, რაც მის მხარდამჭერთა განწყობაზე უეჭველად იმოქმედებს!

ისე, თუ უცხოეთის მოქალაქეს პრემიერ-მინისტრად ვირჩევთ, იქნებ უვიზოდ პრემიერ-მინისტრობის უფლებაც მიგვეცა, რომ რომელიმე გაბრიელაშვილის  მოთხოვნით მერე პირდაპირ სამთავრობო სხდომიდან დეპორტი არ გაუკეთონ!

P.S. წეღან თარგამაძე ვახსენე, გიორგი…

2009 წელს გიორგი თარგამაძე რადიო “თავისუფლების” ია ანთაძის ბლოგზე ინტერაქტიულ საუბარში გვეწვია და როგორც სხვა იანეთელებისაგან, ისე ჩემგანაც მრავალი მწარე მუჯლუგუნი მოხვდა. მის მერე, შეძლებისდაგვარად თავს ვიკავებდი, და თუ  რატომ, ეს ჩემი იმ კითხვიდან გახდება თქვენთვის ცხადი, რომელიც მე იანეთში დავუსვი… საბოლოო პასუხი კი სწორედ გუშინ და სწორედ იმ „სატოპკე“ ინიციატივით მივიღე… როგორც ჩანს, წილი საბოლოოდ ნაყარია…

————————————————————————–

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი

15.11.2009

კითხვა გიორგი თარგამაძეს

როსელინის აქვს ფანტასტიური ფილმი – „გენერალი დელა როვერე“. აფერისტი და ქურდი გრიმალდი გესტაპოს დავალებით შედის ციხეში წინააღმდეგობის გმირის, გერმანელების მიერ უკვე ჩუმად დახვრეტილი გენერალ დელა როვერეს სახელით, რომ წინააღმდეგობის სხვა უცნობ ლიდერებს დაუახლოვდეს და გასცეს. მაგრამ ის საყოველთაო თაყვანისცემა და სიყვარული, რომელსაც გრიმალდი/“დელა როვერეპატიმრებისგან გრძნობს, მასში საოცარ კათარზისს ახდენს და იგი არამცთუ უარს ამბობს გესტაპოსთან თანამშრომლობაზე, არამედ აბსოლუტურად განწმენდილი მთელი ციხის აპლოდისმენტების ქვეშ უშიშრად მიდის სიკვდილის შესახვედრად...
2006-07
წლებში თქვენ ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გმირი იყავით. 2008 წლის მაისში კი პარლამენტარის სკამზე გაცვალეთ გმირობა. თქვენ, მშობლებისაგან იმ რწმენით გაზრდილს, რომ „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა – სიკვდილი სახელოვანი“, არ გენატრებათ ის დრო, როცა მთელი საქართველო გენერალ დელა როვერესავით ტაშს გიკრავდათ?

————————————————————————————

ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რა მიპასუხა გიორგი თარგამაძემ. ენას ძვალი არ აქვსო, და პოლიტიკოსის ენას – მით უფრო… ხოლო ნიჭიერი და სააკაშვილის ხელში „დავაჟკაცებული“ ფსევდოოპოზიციონერისას – საერთოდ! ფაქტი სახეზეა. დღეს სწორედ გიორგი თარგამაძე იქცა სააკაშვილის ასბოლუტურად გაფარჩაკებული და სუპერაბსურდული, სამარცხვინო ხელისუფლების „პალოჩკა-ვირუჩალოჩკად“! სწორედ მან (უკვე მერამდენედ) მოწმინდა მარადმოუწმინდავი ცხვირი მიხეილ სააკაშვილს და პასუხისმგებლობა დროებით აარიდა. და რამდენადაც გიორგის ამბიციურობაში ეჭვი არ მეპარება, სრული დარწმუნებით ვამბობ – მან ამ მხსნელი მაშველი რგოლის გადაგდებისათვის 2013 წელს პრეზიდენტად გაქაჩვის გარანტია მიიღო… (რას მიიღებს სინამდვილეში – ეს სხვა ამბავია…)

ჩვენი გრიმალდი – გრიმალდიდ დარჩა, საბოლოოდ და უკანმოუხედავად.

მისგან ციტირებული „სიკვდილი სახელოვანი“ კი – ისეთივე გაცვეთილ პროფანციად, როგორც სააკაშვილის სასახლის პორტალზე ამოკვეთილი რუსთაველის მეორე უკვდავი აფორიზმი…

აბა, შენ იცი, გიორგი! :((

როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში იტყოდნენ – „არ ააცდინო, ასუნტა!“

ხოლო თუ უფრო ეროვნულად გამოვხატავდით – „მიეცი, ამეთვისტო, მიეცი!“


კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე ”შეხვედრა სამშობლოსთან” და თემურ ჭკუასელის გამოხმაურებაზე ”კვირის პალიტრაში”


ია,

თემურ ჭკუასელმა, როგორც კარგმა მეგობარმა, სწორედ ისე წაიკითხა ეს ბლოგი, როგორც მეგობრობით მიკერძოებული ადამიანი წაიკითხავდა. მის ადგილზე, ალბათ, მეც ასეთ წერილს დავწერდი. მე ვიცი, რომ თქვენ “სამშობლოსთან შეხვედრაში” სულ სხვას გულისხმობდით, და არა იმას, იყო თუ არა ნამყოფი ბიძინა ივანიშვილი ფშავში თუ სვანეთში და იცის თუ არა მან ქართული ადათ-წესები. ან რამდენად მოსალოდნელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხში გაერევა და უბრალო ადამიანებთან საუბარს ჩვეულებრივი რიგითი ადამიანივით გააბამს. დიდად არ გამკვირვებია, რომ სწორედ ასე იქცევა.  

 

თქვენ გინდათ, ია (თუ მე სწორად გავიგე), რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი სახელით და გვარით მივიდეს ქართველებთან, გაეცნოს მათ და ჰკითხოს, რა უჭირთ და როგორ უჩანთ საქართველოს გადარჩენა.

თქვენ გინდათ, რომ იმ უამრავ კარგ მოქალაქეს, გულანთებულ პატრიოტს და სიმართლის მსახურ მოუსყიდველ ადამიანს (მაგალითად, ხარაგაულელ იზა ვეფხვაძეს ან ბათუმელ ეთერ თურაძეს), რომელთაც თქვენ – ია ანთაძე – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირი სტუმრობებიდან  და თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, იცნობთ, მიეცეს ბიძინა ივანიშვილთან უშუალოდ შეხვედრის და საუბრის საშუალება. რითაც ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მეტად გაიცნობს საქართველოს ჭირ-ვარამს და ეცოდინება, ვინ არის ჩვენში ”მარილი მიწისა”, – ის ხალხი, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება და რომლებიც არსებულმა არანორმალურმა ხელისუფლებამ ან ბატონი ტულივით (ნათელში ამყოფოს!) ჩარეცხა, ან  უნდა, ქალბატონი იზასავით მოიშოროს!  და ეს სურვილი არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი!

 

არა მგონია, თავად ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ამის მსურველი! ნებისმიერი კარგი მენეჯერის ამოცანაა, არა ის, რომ წინასწარმეტყველივით მიხვდეს, რა უნდა აკეთოს, არამედ თავის ხალხთან მუდმივი შეხვედრებით განსაზღვროს, რაა პირველი რიგის ამოცანა, და რა – მოითმენს, სად იყო შეცდომები დაშვებული და როგორ ავიცილოთ ისინი მომავალში. და ამ საქმეში, რაც უფრო სწორად აარჩევს იგი ადამიანებს – არა პირადი ერთგულების, არამედ საქმის ერთგულების,  ნიჭისა და პროფესიონალიზმის ნიშნით, და რაც უფრო მეტად შეძლებს, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი და იგივე ”რჩეულთა” თვალებით არ უყუროს ზემოდან საქმეს და ქვეყანას, მით უფრო კარგი და სწორი იქნება მისი მენეჯერობა და მმართველობა.

 

ბიძინა ივანიშვილმა სწორად დაუწუნა ქვეყნის მართვა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს, რაც მენეჯმენტის სახელმძღვანელოებშია აღწერილი და სწორედ ისე აკეთებს, როგორც მედიჩების, ბორჯიების, მაკიაველის პოსტულატები ქადაგებს…

 

მაგრამ არის ერთი ”მაგრამ”!

 

ერთია, რა არის სწორი და მეორე, როგორ  და როდის იქნება სწორი.

 

ია, თქვენი სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად მივიდეს ხალხის სახლებში, სანამ ისინი მივლენ მის ოფისებში, არის ცოტა შეუსაბამო იმ რეალობასთან, რაც სააკაშვილმა და მისმა მანქურთებმა საქართველოში შექმნეს. და პრაგმატული თვალსაზრისით, მე ვერ ვურჩევდი ბიძინა ივანიშვილს ამ ნაბიჯის ამჟამად გადადგმას.

 

კარგად უნდა ვხედავდეთ, რომ სააკაშვილი უზომოდ კომფორტული სიტუაციიდან, რომელშიც იყო ივანიშვილის გამოჩენამდე, მოხვდა უზომოდ დისკომფორტულ სიტუაციაში, როცა მისი ყოველი ქმედება თუ უმოქმედობა თანაბრად წამგებიანია მისთვის. რადგან ერთადერთი ველი, სადაც მან წესით და სამართლით უნდა მოახერხოს და მოუგოს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ხალხის წინაშე პოლიტიკური დებატები, რაზეც აბსოლუტურად დისკრედიტირებული რეჟიმი და მისი პლასტელინივით მაგარი მიშა ვერაფრით ვერ წავლენ.

 

სამაგიეროდ, მათ კარგად ახსოვთ მათგან საჩვენებლად კვარცხლბეკიდან გადმოდგებული ბელადის შეგონება – ”არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!” საჩვენებლად-მეთქი, ვამბობ, რადგან სააკაშვილის და მისი რაზმის სახით ნეობოლშევიზმს ერთგული გამგრძელებლები ჰყავს.

 

ამიტომ მე ძალიან მიჭირს დავეთანხმო ხალხში გასვლის არა იდეას, მაგრამ – ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაციის გეგმას – ამჟამად მაინც…

 

და იმაშიც ვეთანხმები ბატონ თემურ ჭკუასელს, რომ სააკაშვილის წალენჯიხიდან წამოსვლის გახსენება საკმაოდ ორაზროვან ასოციაციებს იწვევს. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციური გზა არ არის ის, რასაც უნდა ვესწრაფოდეთ.  თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების სულელური პროვოკაციების შედეგად (თუ არჩევნებს ჩვეულებისამებრ გააყალბებენ) იგი მაინც ცუდ, მაგრამ უკვე ერთადერთ გამოსავლად იქცეს. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ მაშინ, თუ მაინც ისევ რევოლუცია გვიწერია, ბიძინა ივანიშვილის ქ-ნ იზა ვეფხვაძესთან და მისნაირ ათასობით ადამიანებთან პირადი შეხვედრები კი არ გადაწყვეტს საქართველოს მომავლის მიმართულებას გზაგასაყარზე, არამედ საქართველოს მილიონობით მოქალაქისაგან (ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ) იმის გაცნობიერება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! რომ ეს რეჟიმი არასდროს გადაშენდება და პირიქით, სულ უფრო წარმატებული იქნება ჩვენს გადაშენებაში, თუ ჩვენ არ გადავაშენეთ მუბარაქის და ბენ ალის რეჟიმებივით!

 

და ”მოქალაქეობის მოპოვების” თემაც ძალიან საფრთხილოა, რამეთუ აქაც კარგ მთქმელს ფანტასტიური გამგები სჭირდება. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, არის და იქნება თავისი საქმით, საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ თავისი ერთგულებით და არა – სააკაშვილის მიერ გაცემული პასპორტით. და სანამ იმაზე ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ”მოიპოვოს”  მან საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივ ადამიანებთან შეხებით და ადამიანური ხიდების გაბმით, მე პირადად იმ ”მოღვაწეებზე” ფიქრს გავუსწრებდი, ვინც მიუხედავად თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებისა, დღეს არამცთუ საქართველოს თავისუფალი მოქალაქის სტატუსს ფლობენ, არამედ იმასაც ბედავენ, რომ ვინმეს, და მით უფრო ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვან!

 

საქართველოში უკანონობის წყვდიადი მეფობს!

 

ამას უნდა ვებრძოლოთ და ამისთვის უნდა გავერთიანდეთ. ძალიან ცუდი იქნება, თუ თქვენი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია, ია, და ბატონ თემურის არანაკლებ სწორი მეგობრული პოზიცია გაბუტვებამდე მიგვიყვანს მაშინ, როცა რეჟიმის და მისი ერთგული აფთრების გადარჩენის ძირითადი შანსი მხოლოდ ამაშია: Divide et impera!

 

http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24387106.html

http://www.kvirispalitra.ge/public/10140-gza-samshoblosaken.html

 


ღია წერილი ნაციონალური მოძრაობის მეორე ეშელონის ერზაც-პოლიტიკოსებს


ღია წერილი ნაციონალური მოძრაობის მეორე ეშელონის ერზაც-პოლიტიკოსებს:
ე. კვერნაძეს, მ. მაჭავარიანს, ხ. გოგორიშვილს, გ. წერეთელს, ფ.  თოდუას, კ. ხაბაზს, გ. ასანიძეს, შ. მალაშხიას, ა. ბობოხიძეს, რ.  კერვალიშვილს, გ.  გოგუაძეს, მ. სამადაშვილს, ნ. ჯანაშიას, ი. კენჭოშვილს, ლ. მინდელს,  კ. ოქრიაშვილს, გ. კაკალაშვილს, რ. ბჟალავას, კ. კვიციანს და სხვებს – უმცირესობის უმრავლესობას („ესენი ვინ არიან?-თ“)

=======================================

მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ თქვენ წერილს მოგწერდით.
სად – თქვენ და სად – მე?

მაგრამ არის ერთი სერიოზული საფუძველი, თქვენ და მე  თანამოქალაქეები ვართ.

ანუ თქვენ, ისევე როგორც მე, საქართველოს მოქალაქეები ბრძანდებით.

გამოგიტყდებით, არაფერი მექნებოდა საწინააღმდეგო, თქვენ რომ არ იყოთ საქართველოს მოქალაქეები. და დარწმუნებული ვარ, თქვენც ზუსტად იგივეს ფიქრობთ  ჩემს და ჩემნაირების შესახებ.

ან მე კი რა მოსატანი ვარ, როდესაც თქვენ (უფრო სწორად  – თქვენმა სათაყვანებელმა და უნაკლო პრეზიდენტმა) აჰყარეთ მოქალაქეობა საქართველოს  იმ მოქალაქეს, რომელიც მთელი 15 წელია აფინანსებდა უამრავ გაჭირვებულსა და ყველაფერს  სანუკვარს, რომელთა და რის დაფინანსებაზე თქვენ არასოდეს გიფიქრიათ, რადგან მხოლოდ საკუთარი თავი გახსოვდათ! და იმაზეც არ გიფიქრიათ, რომ ეს ადამიანი თქვენც გაფინანსებდათ.

მაგრამ მე მინდა, რომ თქვენგან განსხვავებით, არ ვწყვეტდე  იმას, ვინ არის ამ ქვეყნის მოქალაქეობის ღირსი, და ვინ – არა.

თქვენ ჩვენი მთავრობის გაგრძელება ბრძანდებით. სერიოზული  კუდი თუ შლეიფი, როგორც გენებოთ…

თუმცა სერიოზული ფუნქცია თქვენ არ გაქვთ, მხოლოდ დეკორატიული  გამწვანების როლს ასრულებთ. როცა ქვეყნის რეალურ მმართველ ბანდას სჭირდება, თქვენ წინასწარ დაწერილ როლს გაძლევენ, რომელიც თქვენ გამოთქმით უნდა წაიკითხოთ, გრძნობა და ემოცია  უნდა ჩააქსოვოთ, მტერი უნდა დაგმოთ და მაფიოზურ ბანდას ერთგულება უნდა დაუდასტუროთ.
ამისთვის თქვენ გპატიობონ ვალებს, გაძლევენ კრედიტებს, გიმტკიცებენ მიწის ნაკვეთებს და გაგებინებენ ტენდერებს. თქვენი შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ და თქვენი ოჯახის
წევრები ტელევიზიების თუ სპა სალონების ხელმძღვანელობაში იმდენ ფულს იღებენ, რაც თქვენ  არასოდეს დაგესიზმრებოდათ.

და რა ფასს იხდით ამაში, არ დაფიქრებულხართ?

თქვენ ამაში იხდით სამშობლოს ღალატით!

თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, თქვენს უბადრუკ, მოჩვენებით და დროებით კეთილდღეობას ყიდულობთ  სამშობლოს  გაყიდვის ხარჯზე.  ყიდით ყველაფერს – მიწას, საზღვრებს, ხე-ტყეს, საზღვარგარეთ  საშოვარზე გადახვეწილი ადამიანების მომავალს, ლტოლვილების იმედს, ბავშვების ბედს…
მათ შორის საკუთარი შვილებისაც, რომელსაც არ ფიქრობთ, რომ თქვენი საქციელით სამშობლოს  ართმევთ.

ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ძალიან შორსმჭვრეტელები ბრძანდებით, მაგრამ არც ისეთ ახლომხედველები მგონიხართ, რომ ვერ ხედავდეთ – ასე გაგრძელება  შეუძლებელია!

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ნებისმიერ ილუზიას აქვს  ბოლო, რომ ტყუილი რაც უფრო დიდია და დამაბრმავებელი, მით უფრო ხანმოკლეა. თქვენი ხელისუფლების  გემი უსაშველოდ იძირება და ამას ყველა დაინახავს, ბრმის გარდა.

თქვენ აღარ გაქვთ ქვეყნის სამართავი სახსრები –  ვალი კატასტროფულად იზრდება და არავითარი პერსპექტივა  არ ჩანს, რადგან  ექსპორტი იმპორტზე 5-ჯერ ნაკლებია, ინვესტიციები აღარ შემოდის, ბიზნესი  უკვე დასამარებულია, 2012 წლიდან კი საგარეო ვალების მომსახურების პროცენტის თანხა
ნახევარი მილიარდ დოლარზე  მეტი გვექნება გადასახდელი.
არავითარ ახალ სესხს ძველი ვალის გადახდების გარეშე არავინ გვაღირსებს და ილუზიაა ის,  რომ თქვენს მთავრობას ვინმე რაიმეს ასესხებს.

ერთადერთი გზა, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ფინანსები  იშოვოს, ქვეყნის  დარჩენილი ტერიტორიების გაყიდვაა.
თქვენ, რომელნიც მუდამ მოსამართი სათამაშოებივით ტიტინებთ სამშობლოს გაყიდვის საშინელ  ცოდვაზე, რატომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენი ხელმძღვანელობა ჰყიდის ქვეყანას, ხალხს და მის მომავალს? როგორც ფიქრობთ, ამ უმძიმესი დანაშაულისა და ცოდვისთვის, თუნდაც ამაზე ხელის დაფარებისათვის – თქვენ – კანონმდებლებს, არაფერი მოგეკითხებათ?

თქვენმა მთავრობამ მოახერხა, რომ 96%-იანი რეიტინგი 10%-მდე ჩამოეყვანა. თქვენ ნახევარი მილიონი დევნილის მხარდაჭერა დაკარგეთ, როდესაც  მათ არძინბაზე და კოკოითზე უარესად მოექეცით და  საცხოვრებელი ადგილებიდან ფაშისტური მეთოდებით მეთოდურად  ხელმეორედ გაყარეთ, რადგან არძინბა და კოკოითი არ იყვნენ მათი მთავრობა – ისინი რუსეთის მარიონეტები იყვნენ და თქვენ თქვენი ქმედების საკუთარი თავი მათთან ერთ დაფაზე დააყენეთ.
სააკაშვილი და სუბელიანი ლტოლვილების თანხებს ითვისებენ, მერაბიშვილი – ლტოლვილებისათვის  სახლების ასაშენებლად გამოყოფილ დახმარებას, დევნილებს ართმევენ  თავის სარჩენ უკანასკნელ საშუალებებს, უხურავენ ჯიხურებს, რესტორნებს, კაფეებს… როგორ გგონიათ, ეს შეგრჩებათ?

თქვენმა მთავრობამ მოსპო საქართველოში თავისუფალი ბიზნესის კეთების შანსი. ყველა, ვინც თავის სარჩენ ფულს შოულობს, იმის შიშის ქვეშაა, რომ მას  შეთითხნილი საბაბით ყველაფერს წაართმევენ და საპროცესო გარიგების საშუალებით მათხოვრად  აქცევენ. როგორ ფიქრობთ, ის ადამიანები, რომელთაც აწყობილი ბიზნესები დაუნგრიეს, ან  მომავალი შეპირებული ბიზნესის ილუზიებით მოხიბლულებს და ენთუზიზმით აღსავსეთ, უმძიმესი ვალების ტვირთი აჰკიდეს და სახლ-კარი გააყიდინეს, ეს ადამიანები გაპატიებენ მათი და  მათი შვილების დამონების დროებით წარმატებულ მცდელობას?

ხოლო ის გაჭირვებულები, რომლებიც ქუჩაში ვაჭრობით ახერხებდნენ ოჯახების რჩენას, თქვენმა ლიდერებმა კანონგარეშედ გამოაცხადეს და ქუჩებიდან გუდა-ნაბადი აუკრეს. მათ არ აძლევენ ვაჭრობის და არსებობის საშუალებას, სასტიკად ერეკებიან, ართმევენ უკანასაკნელ გროშებს და საქონელს… როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები, რომელთაც თქვენ ყოველგვარ სიკეთეებს და დახმარებას პირდებოდით, რომელთა ხმებით მოხვედით და რომლებიც ასე სასტიკად გადააგდეთ და შიმშილისათვის გაწირეთ – თქვენ ხმას მოგცემენ, მხარს დაგიჭერენ, გენდობიან? თუმცა თქვენმა ლიდერებმა ეს კარგად იციან და დევნილების შემდეგ ახლა ქალაქებიდან უმუშევრების გადასახლებასაც ფიქრობენ.., თქვენ კი იმაზე დაფიქრდით, რა გრძნობები გექნებოდათ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენ ყველანაირად გაგწირავდათ და საცხოვრებელი ადგილიდან გაგასახლებდათ…

თქვენმა ლიდერებმა მოახერხეს და ქვეყანა, რომელიც სურსათით თავსაც ირჩენდა და საზღვარგარეთაც გაჰქონდა, უცხოური გენმოდიფიცირებული და შხამიანი პროდუქციის მათხოვრად აქციეს. თქვენმა ლიდერებმა 4-5-ჯერ და მეტად შეამცირეს საქართველოში სათესი ფართობებიც, მოსავალიც და საქონლის და ფრინველის სულადობაც. თქვენ ვერ ხვდებით,  რომ მშიერი არსებობისაკენ მიგყავთ მთელი მოსახლეობა და რა მოხდება მაშინ, როდესაც მხოლოდ თქვენ დაგრჩებათ ნორმალური საკვების შეძენის საშუალება, ხოლო დანარჩენებს შვილებისთვის  პურის საყიდი ფულიც აღარ ექნებათ?

თქვენი ლიდერები მიზანმიმართულად აღარიბებენ და წამლავენ ხალხს. ქვეყანაში, საიდანაც ხან უკრაინაში და ხან თურქეთში საიდუმლოდ გატანილ ასობით კილოგრამი ჰეროინის პარტიებს ნახულობენ ხოლმე, მხოლოდ ნარკოტიკების მომხარებლებს იჭერენ და არა ნარკობარონებს, რადგან მთავარი ნარკობარონები ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები არიან. სწორედ ამით აიხსნება, რატომ ვერასდროს „ვერ ნახულობს“ ჩვენი „რეფორმირებული და არაკორუმპირებული პოლიცია“ და საბაჟო ამ ასობით კილოგრამიან ნარკოპარტიებს.

თქვენმა ხელისუფლებამ ააღორძინა სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური პროპაგანდა  და სკოლა სატუსაღოებად  და ადამიანების დათრგუნვის ინსტიტუტად აქცია, ხოლო სტუდენტური თვითმმართველობის შარიკოვული ორგანოების სახით ბოლშევიკური ტერორის  წლები  და კომკავშირის ყველაზე აგრესიული ფორმა დააბრუნა.

თქვენი ლიდერების წყალობით დღეს საქართველოში ავადმყოფობა ოჯახის დანგრევად იქცევა, იმდენად არახელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვა.  თქვენ შემოიღეთ ფარმაცევტული კომპანიების მონოპოლია წამლებზე, საავადმყოფოებზე, აფთიაქებზე, დაზღვევაზე – ის რაც არსად არ არის მსოფლიოში და რაც მერე თქვენს სარჩევნო ხაზინაში დახმარება-ვერმიღებული ადამიანების სისხლში გასვრილი ფულით ბრუნდება.

თქვენმა ხელისუფლებამ ციხეები სასტიკ საწამებლებად აქცია.
საკონცენტრაციო ბანაკების წესების და პენიტენციარულ სისტემაში სადისტების გამეფებით ნაცისტური გერმანიის სადამსჯელო სისტემა აღადგინეთ, რომელიც შეღებილი ფასადებით და სამვარსკვლავიანი 60-დოლარიანი სასტუმროების „შტუკატურკით“ გინდათ დემოკრატიად გაასაღოთ!
ეს არის თქვენი ნაქები „დემოკრატია“, სადაც ასობით ნაწამები და გარდაცვლილი პატიმრის საქმე გამოუძიებელი რჩება, ხოლო ბაჩო ახალაიები, მეგის ქარდავები და „მაიმუნები“ თქვენი რეჟიმის „საპატიო სახეებად“ იქცნენ.

თქვენმა მთავრობამ მოსპო ადვოკატის უფლებები, სასამართლო თავისი სიბინძურეების მოსაწმენდ ჩვრად აქცია და პროკურატურა ვიშინსკის დროინდელ „სიმაღლეზე“ აიყვანა და გააბატონა. წამებით და დაშინებით ამოგლეჯილი „აღიარებითი ჩვენებები“ ისევ იქცა “ჩვენებათა დედოფლად”, როგორც სტალინის გულაგის სისტემაში. Soft-GULAG – აი, თქვენი მოწონებული რეჟიმის ჩემეული განსაზღვრება და მოვა დრო, როცა თქვენც მოგიწევთ, ამ განსაზღვრებას დაეთანხმოთ.

თქვენმა მთავრობამ ჯარს პატივი აჰყარა და პოლიცია გესტაპოდ აქცია. საყოველთაო მოსმენების ბერიასეული მეთოდების და სამსახურის დაკარგვის და შვილების  დაჭერის შიშის დანერგვით არსებობს თქვენი პარტოკრატიული ოლიგარქია, რომელიც ზონდერების და ადამიანებისათვის ნარკოტიკების ჩამდები პოლიციელების იმედად არის დარჩენილი… არავითარი ეკონომიკური გეგმა, არავითარი პოლიტიკური გეგმა… პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფეისბუქში 300 კაცს აბოლებს, რა კარგია 4 მილიარდიანი საგარეო ვალი, და რომ შეიძლება 75,000 კაცი, „ან ცოტა მეტიც კი“ დაასაქმოს – იქ, სადაც უმუშევრობა 50%-ზე მეტია… ილუზიები, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ ევროპა და ამერიკა, რომელთაც კრიზისის აჩრდილი თავად ემუქრებათ,  საქართველოს გადასარჩენად ისევ ისვრიან 3-4 მილიარდს…

ნეტარ არიან მორწმუნენიო, ამბობენ… მაგრამ –  დებილი არამზადებიო, არავის უთქვამს!

წერილი იმიტომ არ მოგწერეთ, რომ თქვენი ფანი ვარ. უბრალოდ, თქვენზე მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც თქვენზე ნაკლებ ნამდვილად არ მიყვარს და თქვენზე მეტად მინდა, რომ გადარჩეს.

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ახლა ახლოს ხართ იმ რუბიკონთან, რომლის გადალახვის შემდეგ უკან დაბრუნებას და აქ მომავალში მშვიდად ცხოვრებას უკვე  ვეღარ შეძლებთ?

საქართველოს მთავრობამ უკვე სამჯერ მოუწყო 9 აპრილი საკუთარ ხალხს – 7 ნოემბერს, 6 მაისს და 26 მაისს… და თქვენ კიდევ პარტიულ ბილეთებს ებღაუჭებით!

საქართველოს მთავრობამ 100-მდე ადამიანის – საკუთარი  მოქალაქეების – სისხლში გაისვარა ხელი, პრეზიდენტი ამით ამაყობს და თქვენ სხვათა ჰომოფობიაზე ბედავთ ხმის ამოღებას!

საქართველოს მთავრობამ დაკარგა და ყოველდღიურად კარგავს ტერიტორიებს. საქართველო შაგრენის ტყავივით პატარავდება და მთავრობა ჩუმად არის და, პირიქით, ყველას აჩუმებს, რადგან სწორედ ამით – ქვეყნის ინტერესების ღალატით, ტერიტორიების გაჩუქებით და  სიდამპლით უნდა იშოვოს გესტაპოს გამოსაკვები სალაფავი და  თავისი პოლიტიკური არსებობის მანდატი.

თქვენ რა გინდათ?

როგორ გინდათ, რომ გააგრძელოთ ცხოვრება?

ხალხი მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ – რომ მოგვცეთ თავისუფალი არჩევნების უფლება!!!

თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ – ამდენი წლების ძარცვა-ყლეფვის შემდეგ, როცა ხაზინა ცარიელია და ყოველ ქართველს ათასობით დოლარის ვალი აჰკიდეთ, ეს  თქვენთვისაც კარგი გამოსავალი უნდა ყოფილიყო. რომ გადაგებარებინათ გაპარტახებული, ხალხისგან და ფინანსებისგან დაცლილი ქვეყანა ნორმალური არჩევნების გზით სხვა მთავრობისათვის და ამით მაინც გამოგესყიდათ თქვენი ლიდერების დანაშაულებრივ ქმედებებში ხელშეწყობა. თქვენ რომ ელემენტარულ ლოგიკას და მორალს ექვემდებარებოდეთ, ან უკვე აქედან გაქცეული უნდა იყოთ, ან ნამუსი უნდა გყოფნოდათ და ხელისუფლების ლეღვის ფოთლის როლის თამაში უნდა შეგეწყვიტათ.
მაგრამ, ეტყობა, არც ღმერთის გჯერათ და არც -დიალექტიკის.

ძაან დიდი ასოებით კი ამოტვიფრა თქვენმა მაგარ-ლიდერმა თავის სისხლზე აშენებულ სასახლეზე რუსთაველის სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები დარჩება ჭეშმარიტებად მაშინ, როცა იმ სასახლეში მისი ჭაჭანება აღარ იქნება, ყველა ბნელ საქმეს ფარდა აეხდება და ყველა დაინახავს, ვინ იყო ბოროტი და მამონას მსახური! ნიურნბერგის არა, მაგრამ დიღმის პროცესი არ აცდებათ რეჟიმის მაფიოზურ ლიდერებს.

თუ თქვენ არ მოგვცემთ თავისუფალი არჩევნების უფლებას, ამით მთელ მსოფლიოს თქვენს უზურპატორობას დაუმტკიცებთ!

უზურპატორები კი დღესაც ისე ამთავრებენ, როგორც კალიგულას და  ნერონის დროს… ჩართეთ ტელევიზორი და ნახეთ, როგორ ამთავრებენ უზურპატორები და მერე მათ როგორ ამთავრებენ. და ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ქართველი ხალხი ამაზე არ და ვერ წავა. არავინ იცოდა, თქვენი ლიდერები რაზე იყვნენ წამსვლელნი და ნურავინ დაიწყებს იმის განჭვრეტას ხალხი რისი შემძლებელია… მუბარაქზე დიდი არმია და პოლიცია ნამდვილად არ ჰყავს ეგრეთწოდებულ მაგრადწოდებულს.

მე არ მაქვს იმედი, რომ თქვენი ლიდერები ჭკუაზე მოვლენ და მუბარაქის, კადაფის და ასადის გზას არ აარჩევენ.

მე დიდად იმის იმედიც არ მაქვს, რომ თქვენ გეყოფათ გონიერება და მოქალაქეობრივი შეგნება და თვალები ახლა მაინც აგეხილებათ.

მე უფრო იმის „იმედი“ მაქვს, რომ თქვენი თანდაყოლილი ინტუიცია, რომელიც ყოველთვის სწორად გკარნახობდათ, რომ ნავი იძირებოდა, ახლაც სწორად  გიკარნახებთ იმას, რომ ჩაძირვისთვის განწირული ნავიდან გადახტომის დროა.

ნუ ჩაჰყვებით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ საფლავში.

ხელი შეუწყვეთ სამშობლოს, გადარჩეს სისხლისღვრას და ქაოსს
და შეიძინეთ მომავალ საქართველოში ცხოვრების უფლება, რომელიც არამზადათა ბანდასთან ამდენი ხნის ქვემძრომობით და ხალხის გაუბედურებაში თანამონაწილეობით კითხვის ქვეშ დააყენეთ.

არაა აუცილებელი, ღიად გამოხატოთ თქვენი პოზიცია!

ძალიან კარგი იქნება, თუ ამაზე წახვალთ, მაგრამ ასეთ ნაბიჯს მე არ და ვერ მოგთხოვთ, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე.

თქვენთვის მოიფიქრეთ გამოსავალი, სანამ გვიან არ არის, – ყველაზე მარტივი კი ის იქნება, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას  და დიპლომატებს, თუნდაც ანონიმურობის დაცვით მიაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, აქ რა ხდება.

ვისთვის რეკს ზარი?

ზარი ბევრი ადამიანისთვის რეკს დღეს საქართველოში და ეს ზარის რეკვა სულ სხვადასხვა რამეს შეიძლებოდა ეუბნებოდეს სხვადასხვა ადამიანებს. ვფიქრობ, რომ თქვენი ზარი გამაფრთხილებლად რეკს და აჯობებს, ყური მიუგდოთ!

არც თქვენი და არც ჩვენი შვილები არ იმსახურებენ უსამშობლოდ არსებობას. ამაზე იფიქრეთ.

საბოლოოდ ნუ გაღორდებით და ნუ დაბრმავდებით.

და სანამ სხვას აჰყრიდეთ საქართველოს მოქალაქეობას, იმაზე დაფიქრდით, თქვენ თავად რისთვის და რის ფასად გაქვთ ეს – “საქართველოს მოქალაქეობა”!

და არასოდეს არ გაუკეთოთ სხვას ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ!