მოსალოდნელი მოულოდნელობები (საპრეზიდენტო არჩევნები 2018)


 

მარგველა-სალომე-2როგორც იქნა დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში რამდენიმე მიზეზის გამო შევა –

ა) როგორც პრეზიდენტის უკანასკნელი პირდაპირი არჩევნები,

ბ) არჩევნები, რომლის შემდეგ საპრეზიდენტო მმართველობა საბოლოოდ შეიცვლება საპარლამენტო რესპუბლიკით,

გ) პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, როცა 2 ტურის ჩატარება გახდა საჭირო,

დ) როდესაც საქართველომ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი.

და მაინც, ალბათ ეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე გამორჩეული სხვადასხვა მოულოდნელობებით, თუმცა დაკვირვებით ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მოულოდნელობათა უმრავლესობა საკმაოდ მოსალოდნელი იყო, რომ არა ტრადიციული ქართული ჰაიჰარობა – როცა გზა მხოლოდ ურმის გადაბრუნების შემდეგ ჩნდება…

 

I ტური – ოცნების ფიასკო და მოსალოდნელი „პარადოქსები“

საყოველთაო თანხმობა არსებობს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ტური წააგო.

წააგო არა იმდენად რიცხვებით (ფორმალურად სალომე ზურაბიშვილმა 0.9%-ით მოუგო გრიგოლ ვაშაძეს), მაგრამ წააგო ამ თუნდაც ლამის საყაიმო ანგარიშის კატასტროფული შეუსაბამობით პოლიტიკურ ძალთა დღეს არსებულ თანაფარდობასთან: პარლამენტში ქართულ ოცნებას ეკუთვნის 114 ადგილი (76%), ხოლო ნაცმოძრაობას – მხოლოდ 6 (4%)! ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი ასევე ოცნებიდანაა, და თვითმმართველი თემების ყველა საკრებულოშიც, გარდა – ბორჯომისა, უმრავლესობა სწორედ ქართულ ოცნებას ეკუთვნის.

და ამ ფონზე, პირველი ტურში ქართული ოცნების მიერ მიღებული 615,000 ხმა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2012 წლის შემდეგ. ხოლო ნაცმოძრაობის მიერ მიღებული 601,000 – ყველაზე მაღალი. და თუ ამას დავამატებთ „ევროპული საქართველოს“ 180,000 ხმას, ყოფილი ნაცმოძრაობის მხარეს სულაც 780,000 ხმაზეა უკვე საუბარი, რაც თითქმის იგივე შედეგია, რომელიც ნაცმოძრობამ 2012 წელს აჩვენა, – ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას. აშკარაა, რომ 2018 წლის პირველ ტურში ქართული ოცნების შედეგს სრულიად სამართლიანად, არა უბრალოდ, – მარცხი, არამედ – ფიასკოც კი, შეიძლება, ეწოდოს.

და მაინც, ეს, სრულიადაც არ იყო მოულოდნელი. მოულოდნელი მხოლოდ მისთვის იყო, ვინც მდგომარეობის კრიტიკულ ანალიზს არ აკეთებდა და ბოლო მომენტამდე თავსაც და საზოგადოებასაც არწმუნებდა, რომ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა.

არის ამ მარცხში ის ზოგადი ტენდენციები და ფაქტორები, რაც თითქმის ყოველთვის მოქმედებს, მაგრამ არის ინდივიდუალური თავისებურებები და სპეციფიური მიზეზებიც.

ზოგადად, გამარჯვებულ პარტიას 4-6 წლის შემდეგ არჩევნების წაგების მაღალი შანსი აქვს. რატომ? ხალხს ყველაფერი ბეზრდება და იმედი აქვს, რომ ახალი ცოცხი უკეთ დაგვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისი ფენომენალურად წარმატებული სახელისუფლებო პერიოდების შემდეგ არჩევნები წააგეს უინსტონ ჩერჩილმა და ახლახანს გარდაცვლილმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა). პირველი ვადის შემდეგ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმაც ვერ მოიგო დამაჯერებლად საპრეზიდენტო არჩევნები – მისი მაჩვენებელი 96%-დან 53.5%-მდე დაეცა, და მხოლოდ იმ 3.5%-ის წყალობით გადაურჩა მეორე ტურს. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის არნახული ზეწოლით და და მასობრივი გაყალბებით მიმდინარეობდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ეუთოს საზედამხედეველო მისიის საბოლო ანგარიშში (გამოქვეყნდა 2008 წლის 4 მარტს!) შავით თეთრზე წერია, რომ საარჩევნო უბნების 23%-ში (!) ხმის დათვლა ჩატარდა დიდი დარღვევებით და შეფასდა „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ (რომ არაფერი ვთქვათ ხმის მიცემის და სხვა დარღვევებზე), სრულიად აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაყალბებების გარეშე იმ არჩევნებს პირველივე ტურში ვერ მოიგებდა.

ახლა კი სპეციფიურ მიზეზებზე შევჩერდები, რამაც პირველ ტურში ქართული ოცნების ძალიან ცუდი შედეგი განაპირობა.

  • ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სრულად გაკრიფა არა მარტო „შუა“, არამედ მოახერხა ყველა იმ პარტიის დეზორგანიზაციაც, რომლებთან ერთად ქართული ოცნება 2012 წელს კოალიციაში იყო. ზოგიერთი ეს პარტია ქართულმა ოცნებამ ჩაყლაპა, ხოლო სხვა პარტიები – დაიშალნენ ან ძალიან დასუსტდნენ. ამას შედეგად ორი სერიოზული შედეგი მოჰყვა:
    • – ქართულ პოლიტიკური სპექტრი, გაძლიერების ნაცვლად, გაღარიბდა.
    • – ის ამომრჩეველი, რომელიც არ არის უშუალოდ ოცნების ამომრჩეველი, მაგრამ ხმას მისცემდა სხვა (ადრე ოცნებასთან კოალიციაში მყოფ) პარტიებს, შეიძლება, იმედგაცრუებული აღარ წავიდა არჩევნებზე, ანდა სულაც – ნაციონალური მოძრაობისაკენ გადაიხარა.
  • ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა დანაპირები სამართლიანობის აღდგენის (ან – უფრო სწორედ – სამართლიანობის დამკვიდრების) შესახებ. დღეს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ძალადობრივი მანქანის საცეცები მნიშვნელოვანწილად მოკვეთილია, მაგრამ სასამართლოსა და პროკურატურის სათავეში, ოცნების საპარლამენტო და რეგიონალურ პარტიულ სტრუქტურებში – ერთ დროს ნაცმოძრაობის ცნობილი ოდიოზური პირების არსებობა სერიოზულ ეჭვს იწვევს, რომ სამართლის დამკვიდრებიდან ჯერ ისევ შორსაა. თუ ეკონომიკური სწრაფი პროგრესის მიღწევა – ისეთის, რომელიც საზოგადოების ფართო ფენებისათვის იქნებოდა ხელშესახები, – ნამდვილად რთული და ხანგრძლივი ამოცანაა, სამართლიანობის დამკვიდრების მხრივ არსებული მოლოდნების იმედგაცრუება უფრო მძიმე იმიჯური დარტყმა მგონია ქართული ოცნებისათვის.
  • სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეებში დაშვებული სერიოზული ხარვეზები თუ დანაშაულებრივი ქმედებები ამ შვილმკვდარი მამების მიმართ სამართლიანი გამოძიებისა და სასჯელის უკმარობის განცდას ქმნის. ეს ორი საქმე იქცა ძალიან მძიმე ტესტად ხელისუფლებისათვის, თანაც დღემდე გადაუჭრელია. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ ადამიანებთან თანაგრძნობით გამსჭვალული სწორი კომუნიკაციის დამყარება და მათი ტკივილზე საქმის დროული და სამართლიანი გამოძიებით პასუხი, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, რომ ვერ გათვალა, როგორ „ოქროს ძარღვად“ აქცევდა სათავისოდ ამ საქმეებს ნაციონალური მოძრაობა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ზოგიერთ საქმეზე სამართლიანი განაჩენი დადგა და ასრულებაც მოხდა (ქონებრივი დანაშაულების მსხვერპლთა რესტიტუცია), ეს (მგონი, 150-მდე საქმე) მაინც მცირე დოზაა. და რაც ყველაზე სავალალოა, საზოგადოების უმეტეს ნაწილს ესეც კი არ მიეწოდა სწორი გზავნილის სახით. არც ვებ-გვერდი შექმნილა, არც კონფერენცია ჩატარებულა, არც რამე სატელევიზიო გადაცემა… ნაციონალური მოძრაობა ამას მშვენივრად იყენებს და საუბრობს საკუთარ „ერთეულ შეცდომებზე“ და დღევანდელი ხელისუფლების „მასობრივ დანაშაულებებზე“. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებას ყოველთვის ბოლო ამბები უკეთ ახსოვს, ეს ყველაფერი, რუსთავი2-ის პროპაგანდისტული ჰაუბიცებით და მორტირებით გამოსროლილი, მომაკვდინებელ შედეგს იძლევა, მით უფრო – რაიონებში, სადაც მოსახლეობა დიდწილად რუსთავი2-ის მენიუზეა გადართული.
  • ქართული ოცნება ვერ იქცა იდეოლოგიურად გამართულ და ორგანიზაციულად მწყობრ პარტიად. ვფიქრობ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ პარტიის თავმჯდომარეს არც ჰქონდა პრიორიტეტად დასახული ეს მიზანი. 2016 წლის არჩევნების შემდეგ 2018 წლის გაზაფხულამდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან მისმა ჩამოშორებამ და 2016-17 წლების ორივე არჩევნებში ფანტასტიკური შედეგის  მიღწევამ შექმნა  ილუზია, – „ასეც იოლად გავალთ ფონს“. რეალობა არის ის, რომ ღირსეული ოპონენტის არარსებობა, რამდენადაც აიოლებს გამარჯვებას, იმდენად, ან – მეტადაც კი, თვითდამშვიდების და მოდუნების საფუძველი ხდება. ხოლო პოლიტიკა  სისტემატურობას და ყოველდღიური რუტინული ამოცანების მეთოდურად გადაწყვეტას მოითხოვს. პოლიტიკური პარტიის შენება სკის შენებას ჰგავს – არაპროფესიონალიზმი და ჰაიჰარობა დამღუპველია.
  • ვფიქრობ, საკმაოდ თვითდამაზიანებელი იყო ოცნებისათვის პრემიერ-მინისტრის გადაყენება. მგონი, უკვე არავის ჰგონია, კვირიკაშვილი რომ თავისით გადადგა და იუნისეფის კვლევა რომ ამ საკითხში გადამწყვეტი იყო. „ფონზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიანო“, ნათქვამია, და არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდის მომენტი იყო ძალიან არასახარბიელო საკადრო ცვლილებებისათვის, არამედ კიდევ უფრო მეტად ის – რა ტიპის ინფორმაციები გავრცელდა ამ ცვლილებების შემდეგ – იყო მინიშნებები არა მარტო მმართველობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების ხარვეზებზე (რაც, ალბათ, რეალობას შეესაბამებოდა), არამედ – შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, ერთ-ერთ ბანკთან ინტერესთა კონფლიქტზე, და ლამის – სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციებიის დაგეგმვაზეც კი. საბოლოოდ, მას მერე, რაც აშკარა გახდა, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკიდა წავიდა და რამე საარჩევნო აქტივობას არ გეგმავდა, ეს ყველაფერი არც გამოძიებულა, არც დადასტურებულა და არც უარყოფილა. მაგრამ, ქართულმა ოცნებამ, ნებით თუ უნებლიედ, პრემიერ-მინისტრის სასწრაფოდ მოშორებით, თითქოს დაადასტურა იმ მძიმე პროპაგანდისტულ-ფსიქოლოგიური შეტევის ვექტორების სისწორე, რასაც კვირიკაშვილის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნაცმოძრაობა იყენებდა. ასეთი კარტ-ბლანშის მიცემა ნაცმოძრაობისთვის – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე – უკვალოდ არ ჩაივლიდა. და არც ჩაიარა. საზოგადოებაში გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ოცნებამ სტაბილურობა დაკარგა. მართალია, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ გააჩინა მოლოდინი, რომ იგი სერიოზულად დაბრუნდა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდა, მაგრამ ეს მოლოდინი მალე გაიფანტა. ეტყობა, ჯერ კიდევ არსებული „ჭარბი ნდობისა“ და იოლი გამარჯვების იმედის პრევალირების გამო, ივანიშვილმა პოლიტიკასთან ახლოს დგომაც საკმარისად ჩათვალა…
  • სერიოზული შეცდომა იყო საპრეზიდენტო პოსტის გამოცხადება არცთუ მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობად და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მნიშვნელობის დაკნინება. ფაქტობრივად, ოცნებამ თავად უთხრა ხალხს – რა გენაღვლებათ, ვისიც არ უნდა იყოს ეს ადგილი, მაინცდამაინც არც გვჭირდებაო. რაც ოცნების ამომრჩეველმა ასე გადათარგმნა – ესეიგი, სახლში უნდა დავრჩეთ, რაში გვაინტერესებს, 28 ოქტომბერს ვინ მოიგებსო…
  • სალომე ზურაბიშვილის არჩევა ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატად შეიძლება თავისთავად არ იყო შეცდომა, (თუმცა, მაინც მგონია, რომ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა არაფორმალური მმართველობის შეგრძნება. ჯობდა, საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდათ და საკუთარი პასუხისმგებლობა ჰქონოდათ), მაგრამ შეცდომა იყო ამ გადაწყვეტილების „დამოუკიდებელი კანდიდატისთვის“ მხარდაჭერად შეფუთვა. ძალიან ბევრმა, ჩემს მსგავსად, ეს თავიდანვე არ დაიჯერა (და სწორიც აღმოვჩნდით). სამაგიეროდ, თავად ოცნების პარტელიტამ დაიჯერა და საერთოდ არ ჩათვალეს საჭიროდ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა – მაგ. მაჟორიტარების უდიდეს ნაწილს აზრადაც არ მოსვლიათ თავიანთ რაიონებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად რამე აქციების ჩატარება, ან ელემენტარულად რაიმე სხვა ფორმით მხარდაჭერის გამოცხადება.
  • 2008 წელს ომის დაწყების თემით საარჩევნო კამპანიის დაწყება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება აღმოჩნდა თავად ზურაბიშვილისთვის. რომ არა ნაცმოძრაობის გებელსური პროპგანდის საოცრად დახვეწილი მანქანა, შეიძლება, ამ ასპექტს სერიოზული, მაგრამ არა ასეთი – ლამის, კატასტროფული – ზიანი მიეყენებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ თემის ჰიპერბოლიზირებით (იმ ძალის მხრიდან, რომელთა ლიდერებს ხელისფლებაში ყოფნისას თავად ჰქონდათ ხელი მოწერილი მსგავს განცხადებებზე – თანაც ევროსაბჭოს ოფიციალურ დოკუმეტებზე!), თემის ნეგატიური გავლენა ძალიან ხანგრძლივი და ძალიან სერიოზული აღმოჩნდა­. ნაცმოძრაობამ, ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) საკუთარი წევრობის გამოყენებით, თითქმის მოახერხა საერთაშორისო ასპარეზზე იმ აზრის  გავრცელება, რომ [ნატოს და ევროკავშირის სტრუქტურებში გამოცდილების მქონე!] სალომე ზურაბიშვილი „პრორუსი კანდიდატია“, ხოლო [საბჭოთა წარსულით მოამაყე, ომის მერეც რუსული პასპორტის ვერდამთმობი!] გრიგოლ ვაშაძე – „ქართული ეროვნულობის და დამოუკიდებლობის ბურჯი და გარანტი“ (Sic!). ზურაბიშვილის ქართულის ხარვეზები აგრესიული თავდასხმების კიდევ ერთ მოწყვლად სამიზნედ იქცა და ისედაც ნაკლებად კომუნიკაბელური კანდიდატის კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და კომუნიკაციის დეფიციტი გამოიწვია… შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველად ვიხილეთ მასირებული ბულინგი კანდიდატის მიმართ, როდესაც მის პატრიოტიზმს ის დაქირავებული მიშისტებიც კი უშვერად იხსენიებდნენ, რომელთაც თავად პუტინის და კადიროვის ღონისძიებებში მონაწილეობის “მდიდარი” გამოცდილება და დაფინანსების ისტორიაც კი გააჩნდათ. დაბოლოს, ცოდვა გამხელილი სჯობს, პოლიტიკური დებატები სალომე ზურაბიშვილმა ორივე კონკურენტთან წააგო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ნაკლებად გამოცდილია ამ საქმეში, ხოლო უფრო მეტად იმიტომ, რომ დებატები ქართულად იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილი, აშკარაა, რომ აზრს ფრანგულად ან ინგლისურად აყალიბებს და მერე ახდენს მის თარგმნას. მსგავსი პრობლემები იმ ემიგრანტ ბალტიისპირელ ლიდერებსაც ჰქონდათ, ვინც უცხოეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ და უკვე შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, როგორც პოლიტიკური ლიდერები. მაგრამ მათ არ მოუწიათ ასეთ აგრესიულ ოპონენტებთან და მედიასთან პაექრობა.
  • ქართული ოცნების PR-სამსახური პირველ ტურამდე იყო ცოცხალმკვდარი, ხოლო ქართული ოცნების სოციოლოგიური სამსახური – მკვდარზე უარესი, რამეთუ მათი კვლევები მხოლოდ თვითდამშვიდების ჰიპნოზის ეფექტის მქონე აღმოჩნდა. მაგალითისთვის მოვიყვან ორ დეტალს – ის, რომ ნაცმოძრაობის 400-ლარიანი პენსიის დაპირება სრული ბლეფი იყო და ელემენტარულად საქართველოს ბიუჯეტს არაფრით შეესაბამებოდა, ისევე როგორც ვაშაძის PR-კომპანიაში რუსი პიარ-ტექნოლოგების და კერძოდ, იმ შკლიაროვის მონაწილეობა, რომელმაც საქართველოში საარჩევნო რევოლუცია დააანონსა, – ორივე ეს ამბავი ფეისბუქზე გახმაურდა – არა ოცნების ან ზურაბიშვილის PR-ჯგუფების ან საარჩევნო შტატების მიერ, არამედ უბრალოდ, დაინტერესებული და დაკვირვებული ფეისბუქ-მომხმარებლების (თუ არ ვცდები – ირა ჭელიძის და მერაბ მეტრეველის) მიერ.
  • ამ ფონზე, ის მასიური და ტოტალური უპირატესობა, რაც ბანერების და სხვა რეკლამის მხრივ, კონკურენტებთან შედარებით სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა – რეალურად იქცა ანტირეკლამად. დუხჭირ მოსახლეობაზე, არა მგონია, პოზიტიურად მოქმედებდეს საარჩევნო ბანერებში და რეკლამებში ჭარბად დახარჯული თანხების დემონსტრირება.
  • საკმაოდ დიდი აცილება ნაცმოძრაობის აგრესიულ კამპანიასა და ოცნების „ევროპულ“ კამპანიას შორის. I ტურში ოცნებას მორალური უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მორალური უპირატესობით ამ კიკბოქსინგის მოგება შეუძლებელი იყო…
  • დაბოლოს, არჩევნების პირველი ტურის წინ, ოცნებამ განახორციელა რამდენიმე ძალიან მძიმე შეცდომა, რასაც ვერც კი ინატრებდა მათგან ნაცმოძრაობა:
    • – კანაფის (სამედიცინო მარიხუანის) კულტივირების და ეკონომიკური პრობლემების პანაცეად გამოცხადების თემა! ამ თემის უსწრაფესი „პოპულარიზაციით“ მკვეთრად გაღიზიანდა სამღვდელოება და საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ხოლო, თუ ვინმე ელოდა, რომ ახალგაზრდობასა და მემარჯვენე მსოფლმხედველობის ეკონომისტებში მაინც იქნებოდა ეს იდეა პოპულარული, მწარედ შეცდნენ – ამ ტიპის გადაწყვეტილებებს თუ ვინმეს დაუფასებდნენ, არა – ქართულ ოცნებას, არამედ – ისევ „გირჩს“, რომელიც დიდი ხანია, თავის იდეოლოგიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად სწორედ მაქსიმილურ კანაფიზაციას აცხადებს.
    • ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანის გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქუთაისში ვაშაძის პირველ ტურში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი გამარჯვების მიზეზი მგონია.
    • რიგი, საზოგადოებაში არაპოპულარული, გადაწყვეტილებების გახმაურება სწორედ არჩევნების წინ (მაგ. ხორბლის გადამზიდავების თემა).
    • უკვე ყბადაღებული დაპირისპირება და აქტიური შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
    • როგორც ლამის ყველა არჩევნების წინ – ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა…

 

II ტური – ნაცმოძრაობის ფიასკო

II ტურის წინ ნაცმოძრაობას ჰქონდა ყველა ის უპირატესობა, რაც თითქოს მის საბოლოო წარმატებას უზრუნველყოფდა

ა) თუნდაც ბუტაფორიული, მაგრამ მაინც – კოალიციურობა, რასაც პირველი ტურის შემდეგ კიდევ ევროპული საქართველო, რესპუბლიკელები და გუბაზ-ოქრუაშვილიც დაემატნენ. მაშინ როცა ოცნების მხარეს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი დადგა გამოკვეთილად, ხოლო ლეიბორისტებმა, შენების მოძრაობამ და თავისუფალი დემოკრატებმა, უბრალოდ, ნეიტრალიტეტი არჩიეს;

ბ) I ტურში მოგროვილი ხმების უპირატესობა: 780,000 – 615,000-ის წინააღმდეგ;

გ) თავად ოცნებაში გაჩენილი მკვეთრი შეშფოთება და დაბნეულობა;

დ) პარალელები 2003 წელთან, როცა მოქკავშირის თითქოსდა მონოლითურ სახელისუფლებო გუნდში პირველი ბზარების გაჩენამ მკვეთრი არქიტექტონიკული ძვრები და ხელისუფლების სწრაფი ჩამოშლა განაპირობა. და ამ სიტუაციური დეჟავიუს განსაკუთრებულად საშიში ფენომენი – ხელისუფლების საპარლამენტი ბლოკში მაჟორიტარი დეპუტატების დიდი მასა, რომლებიც, როგორც ისტორია აჩვენებს, ყოველთვის ადვილად გადახტებიან მოწინააღმდეგის ნავში – ჩაძირვის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე.

მაგრამ მოხდა ის, რასაც ისევ მოსალოდნელი მოულოდნელობა შეიძლება ვუწოდოთ: – 0:5-ით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ მატჩი 10:5 დასრულდა – უკვე ოცნების სასარგებლოდ.

მოდით, მეორე ტურში სიტუაციის მკვეთრი ცვლილების მიზეზებსაც გადავავლოთ თვალი:

  1. დამნაშავეების შეწყალების დაპირება – პირველი ტურით თავბრუდახვეულმა გრიგოლ ვაშაძემ სასწრაფოდ, ლამის პირველივე ინტერვიუში გამოაცხადა მისი არჩევის შემდეგ „პოლიტპატიმრების“ და „პოლიტბრალდებულების“ სრული რეაბილიტაცია და შეწყალება. დამატებით ჩაკითხვაზე დააზუსტა, რომ ამ სიაში შევიდოდნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ცააძე და სხვები. ამით გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი მომხრეების გამხნევება სურდა, მაგრამ ის ვერ გათვალა, როგორ ანტინაცურ მობილიზებას გამოიწვევდა ასეთი პერსპექტივა საზოგადოების ფართო წრეებში – იმ ნაწილში, რომელიც პირველ ტურზე ძირითადად, თავი არ შეუწუხებია. საყურადღებო იყო ნაცკანდიდატის ამ „გულუხვ“ დაპირებაზე იუსტიციის საბჭოს წევრის ანა დოლიძის გამოხმაურება, რომელიც ოცნების მხარდამჭერად ნამდვილად ვერ ჩაითვლება: ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძეის არის პრობლემების მთელი პაკეტი, ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
  2. კამპანიაში მიშას ჩართულობა და მისი გამოუსწორებლობის დემონსტრირება. პირველი ტურის შედეგებმა ქვეყნიდან გადახვეწილი ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის არნახული აჟიტირება გამოიწვია. მას იმედი მიეცა, რომ მალე ქვეყნის პრეზიდენტად (და მთავარსარდლად!) საკუთარ პროტეჟეს იხილავდა და ოცნების ხელისუფლების ჩამოშლისთვის 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე არნახულ ბერკეტებს მოიპოვებდა. ამიტომ სულ უფრო გაზარდა ის, რაც კანონით აკრძალულია კიდეც – უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა. რუსთავი2 კი, უკვე მერამდენედ, იქცა არა იმდენად ნაცმოძრაობის, არამედ – პირადად მიხეილ სააკაშვილის რუპორად. გაიზარდა მიშას აგრესიულობის კოეფიციენტი. ოცნების მალე დასაფლავების ოცნებაში შესულ მიშას „ღარიბი და ქილა ერბოს“ პერსონაჟის სინდრომი დაემართა და „გასწიეთ, ჩემო ნიშავ და ნიკორაო!“, გამეტებით იქნევდა სახრეს… ჰოდა, მაწონიც დაღვარა. რაც უფრო მეტად გავეშებული იყო მისი განცხადებები და ანთებული – თვალების ბრიალი, მით უფრო ცხადი იყო, რომ ვაშაძის გამარჯვება საქართველოში მასშტაბური დესტაბილიზაციის დასაწყისი იქნებოდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის მიერ მუქარის ტონით გაჟღერებული „უკაცრავად, გოგოო! აბა ცოტა მოდი ჭკუაზე!“ და ოცნების მიერ დაქირავებული PR-მენეჯერის „აფერისტ ებრაელად“ მოხსენიება. თუ პირველ ტურში არა მარტო გულმხურვალე ნაცმხარდამჭერები, არამედ არასამთავრობო სექტორის სერიოზული ნაწილი ღიად თუ ფარულად მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს, ახლა ეს მათთვის სულ უფრო გაძნელდა გახელებული ექს-პრეზიდენტის მიერ სექსისტურ-ეიჯისტურ-რასისტული გამონათქვამების გამო…
  3. საარჩევნო კამპანიაში ჯარის და პოლიციის ჩართვა. მიხეილ სააკაშვილი სავსებით შეგნებულად ახდენდა საზოგადოებაში იმ აზრის დათესვას, რომ ნაცმოძრაობას მყარი დასაყრდენი აქვს ძალოვან სტრუქტურებში. ამის რეალიზებისა და დემონსტრირებისთვის მათ ორი ტაქტიკა შეიმუშავეს – აქციებზე პოლიციის მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან პროვოცირების და „დაჩმორების“ პოლიტიკა (ამ მხრივ განსაკუთრებით „ჟურნალისტი“ გვარამია გამოირჩეოდა), რასაც რიგით პოლიციელებში ივანიშვილის დროინდელი ცენტურიონების ზე-სტატუსის მონატრება უნდა გამოეწვია. ხოლო მეორე მხრივ – ყოფილი პოლიციელებისა და სამხედროების ფორმაში ჩაწერილი ვიდეოჩანაწერების გავრცელება, სადაც ისინი უნდობლობას უცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილს. ეს უკანასკნელი იყო არნახული მასშტაბის პროვოკაცია. მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც თავისი პოლიტიზირებული ავტოკრატიული რეჟიმის ზეობისას, ისევ ცდილობდა ჯარის და პოლიციის პოლიტიზირებას! ვფიქრობ, სასწრაფოდ მისაღებია ცვლილებები კანონში – რა თქმა უნდა, ნებისმიერ ყოფილ სამხედროს სრული უფლება აქვს, როგორც სხვა მოქალაქეს, თავისი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები გამოხატოს, მაგრამ – არა ჯარის ან პოლიციის მუნდირში! ხოლო მათ, ვისაც ჯარის და პოლიციის მუნდირი კანონით აცვიათ, პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვა აკრძალული უნდა ჰქონდეთ. ამას დაემატა ასევე თითიდან გამოწოვილი ინსინუაცია იმის თაობაზე, რომ ვითომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჰააგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს და სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს შეიძლება ქართველი სამხედროების დადანაშაულება და ჰააგის სასამართლოს მიერ დევნა მოჰყვეს. სააკაშვილის და რუსთავი2-ის მიერ წარმოებულ ამ მასირებულ შეტევას საზოგადოების უდიდეს ნაწილზე საბოლოო ჯამში დიდი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისი განმარტებების წყალობით – უკვე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების და PR-სამსახურების მხრიდანაც, ასევე იმ პირთა მხრიდანაც, რომელთა რეპუტაციას და კვალიფიკაციას ნაციონალები „ქოცობის“ არგუმენტით ეჭვქვეშ ვერ დააყენებდნენ – მაგ. თინა ხიდაშელის, სანდრო ბარამიძის, და სხვათა – მხრიდანაც. თუმცა, სავარაუდოდ, მაინც სწორედ ამ „ჰააგით დაშინების“ კამპანიის შედეგი იყო ის, რომ ავღანეთში ქართულ საჯარისო ნაწილებში ნაცმოძრაობის კანდიდატმა პირველი ტური კი წააგო, მაგრამ მეორე ტურში მოიგო. მიუხედავად ამისა, ეს ნაბიჯი – ჯარის და პოლიციის პოლიტიზირების და არჩევნებში ჩართვის მცდელობა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ სრულიად მართებულად ნეგატიურად იქნა აღქმული, როგორც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა პირადი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით ყველაფერზე წამსვლელია, მათ შორის საქართველოში დესტაბილიზაციის დათესვის და სამოქალაქო დაპირისპირების  გაჩაღების ამდაგვარ ხერხებზე.
  4. სააკაშვილის და თემურ ალასანიას საუბარი – არა მგონია, გულმხურვალე ნაცფანებს დაეჯერებინოთ ბიძა-ძმიშვილის საუბრის ავთენტურობა, ან თუ დაიჯერეს, ალბათ ჩათვალეს, რომ ქართველების მიმართ ლანძღვა-გინება მათ არ შეეხებოდათ. მაგრამ დანარჩენებზე, რა თქმა უნდა, ამ საზარლად ცინიკურმა დიალოგმა, იქონია გავლენა და კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცოდი დიდი ხანია – ამ ოჯახის წევრებს საქართველო და ქართველები ფეხებზე ჰკიდიათ. მათ საქართველო და ქართველები მხოლოდ მაშინ მოწონთ, თუ ქართველები მათ აძლევენ ხმას, და არ არსებობს კრიმინალი, რომელზეც წასავლელად ისინი მზად არ არიან, თუ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მიეცემათ. ფენომენალური იყო ამ თემაზე თემურ ალასანიას კომენტარში წამოცდენილი Lapsus lingua მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავმით უმეტეს ტელეფონით  !!!
  5. ოდიოზური ფიგურების დამატება – ნაცმოძრაობის კანდიდატმა მეორე ტურში არა მარტო ევროპული საქართველოს მხარდაჭერის გარანტია მიიღო, არამედ – რესპუბლიკელების, ირაკლი ოქრუაშვილის და გუბაზ სანიკიძის თანადგომაც. დასახელებულ პარტიებზე ქვემოთ მოგახსენებთ, ხოლო ამ პირების შემომატებით ნაცმოძრაობამ, ვფიქრობ, ვერაფერი მოიგო. ოქრუაშვილის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აშკარაა – გორში ნაციონალებმა პირველი ტური მოიგეს: 42.5% – 34.6%, მეორე ტურში კი წააგეს: 38%-62%.
  6. მიშასგან გვიანი დისტანცირება. – გრიგოლ ვაშაძემ სცადა, გამიჯნოდა მიხეილ სააკაშვილს, ის კი არადა – ნაცმოძრაობის ლიდერთა შეწყალებაზეც აღარ იღებდა ხმას. დაანონსებული 100,000-იანი მიტინგით ხელისუფლების ჩამოშლაც უკან წაიღო. მაგრამ დააგვიანდა – ჩიტი უკვე გამოფრენილი იყო. ნაციონალებს საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება და მობილიზაცია სურდათ, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ – პირველ ტურში მიძინებული ანტინაციონალი ამომრჩეველი გამოაფხიზლეს.
  7. საზოგადოების გამოფხიზლება – სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტური ქართულ ოცნებას არ მოუგია – მეორე ტური მოიგო ხალხმა. იმ ხალხმა, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა – ან ოცნებაზე განაწყენებული, ან ოცნებისგანვე დაიმედებული – მაინც არაფერია იქ საშენო, ცუდი მაინც ვერაფერი მოხდებაო. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლეიბორისტების, შენების მოძრაობის, გირჩის მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა, მათი ლიდერების ნეიტრალიტეტის მიუხედავად, მაინც ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მისცეს ხმა. თუმცა, ეს არ იყო მთავარი. სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთა რაოდენობა პირველიდან (615,000) მეორე ტურამდე (1,147,700) – 532,000-ზე მეტით, ანუ თითქმის 87%-ით გაიზარდა. ეს მაშინ, როცა გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლებისა (თუ მათ პირველ ტურში დავით ბაქრაძისათვის მიცემულ ხმებსაც დავამატებთ), პრაქტიკულად არ გაზრდილა – 775,000-დან 780,000-მდე (0.6%-ით). პირველი ტურის შემდეგ ბატონ იაგო კაჭკაჭიშვილს გავუზიარე ჩემი პროგნოზი, რომ თუ მეორე ტურში 10%-ზე მეტით მოხდებოდა არჩევნებზე მისული ადამიანების საერთო რიცხვის გაზრდა, მაშინ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მოგების შანსი, ხოლო 15-20%-იანი ზრდის შემთხვევაში – ეს თითქმის გარანტირებული იყო. პირველ ტურში 1,638,000-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო მეორე ტურში – 1,928,000-მა. რაც 18%-იანი ზრდა იყო. და სალომე ზურაბიშვილმა, მართლაც, ძალიან დამაჯერებლად მოიგო. რამ გამოიწვია ასეთი ტექტონიკური ძვრა სულ რაღაც 1 თვეში?
  8. ოცნების ამოძრავება – პირველი ტურის შემდეგ ოცნებამ გამოიღვიძა – შექმნეს საარჩევნო შტაბები, ცეცხლი შეუნთეს მაჟორიტარებს, იქირავეს სერიოზული PR-კომპანია და დაიწყეს დაპირებების გაცემა. სრულიად აშკარა იყო, რომ სხვადასხვა მიმართულებით გადამლაშებაც ხდებოდა. მე პირადად, ასეთ მიუღებელ გადამლაშებად მეჩვენება ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის მასიურად ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის და ოცნების სხვა ლიდერების პორტრეტებით – იმის მაგიერ, რომ ერთობლივი ფოტოები დაედოთ (სხვათა შორის, ბოლო ეტაპზე ზოგან ესეთი კოლაჟებიც გაჩნდა). მაგრამ იმ რეალობისაგან იმ აცდენას, რომ სალომე ზურაბიშვილი თითქოსდა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო – ეს ჩანაცვლება იმით მაინც სჯობდა, რომ მოსახლეობას ალალად უთხრა, ვის მიჰყავდა აღლუმი. მოშე კლუგჰაფტის მართლაც ძალიან აგრესიული კამპანია ნამდვილად არ იყო „ევროპული არჩევნების“ ეტალონი, მაგრამ როგორც ამბობენ à la guerre comme à la guerre და ეს არჩევნები ნამდვილად უფრო ომს ჰგავდა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მასირებული ბულინგით და ფეიკ-ინფორმაციების გავრცელებით. ასე რომ, ნაცმოძრაობის ძველი სახეების გამოჩენა ვაშაძის პორტრეტის უკან ეს პრინციპში ის იყო, რაც ვაშაძემ თავად დაანონსა.
  9. სამედიცინო მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევა. კანაფის კულტივაციის უაღრესად წინააღმდეგობრივ და წამგებიან კამპანიაზე სასწრაფოდ უარის თქმამ ხელიისუფლებას და მის კანდიდატს მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილის გაღიზიანების ჩაქრობის საშუალება მისცა.
  10. ნაძვის ხის დათმობა – ძალიან საჩოთირო ქვეტექსტი მიეცა პირველი ტურის შემდეგ გავრცელებულ განცხადებას, როცა ქალაქის მერიამ ზაზა სარალიძეს და თეიმურაზ მაჩალიკაშვილს ნაძვის ხის განთავსების მოტივით შეახსენა, რომ მათი პარლამენტის წინ მიმდინარე საპორტესტი აქცია უნდა დასრულებულიყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მორალურად მიუღებლად მიიჩნია შვილმკვდარი მამების პროტესტის ადგილიდან განდევნა იმ მოტივით, რომ ბავშვებისთვის იქ ნაძვის ხე უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ხელისუფლება მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და  უკან დაიხია – რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანა ნაძვის ხე…
  11. ბუტა რობაქიძის მკვლელობასა და იარაღის ფაბრიკაციის საქმეზე უზომოდ გაჭიანურებული სასამართლოს დასრულება. საზოგადოებაში ამან დიდი ხნით დაგვიანებული სამართლის ურმის როგორც იქნა გამოჩენის ეფექტი შექმნა.
  12. სოციალური ვალდებულებები – ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მოიქაჩლა თავი – ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს (დანამატებიც) და დირექტორებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სასაზღვრო პოლიციას, სოციალურად დაუცველ მოზარდებს და ბავშვიან ოჯახებს (10 ლარის ნაცვლად – 50 ლარი თვიურად), მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს 1 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ დახმარება, დღემდე უბინაო საკონტრაქტო სამხედროებს გადაეცემათ ბინები და ა.შ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა სერიოზულად ასდის ამომრჩევლის მოსყიდვის სურნელი, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი ნაბიჯები პოზიტიურად აღიქმება და ძნელი სათქმელია, როდის მივაღწევთ იმ მდგომარეობას, როცა მხოლოდ იურისტები კი არა, მთელი მოსახლეობა ნეგატიურად შეხედავს ამგვარ წინასაარჩევნო სიკეთეებს.
  13. ვალების განულება – ყველაზე უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელმაც ლამის 600,000 ადამიანის მდგომარებას შეეხო, იყო 2,000 ლარამდე საკრედიტო დავალიანებების გასტუმრება საქველმოწმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. ეხლა, სადაც რამდენიმე კილო კარტოფილის და ხახვის, თუ ორკილოიანი ინდაურის ფეშქაში განიხილებოდა მოსყიდვის მცდელობად, 2,000 ლარი მოსყიდვა კი არა, არქიმოსყიდვაა, რასაკვირველია, მაგრამ ჯერ ერთი, ეს თემა მართლაც იყო დაანონსებული მაისიდან და თან, ვინ რა იცოდა, მოსასყიდი პირი ფარულ არჩევნებზე ხმას ვის მისცემდა? ვფიქრობ, საარჩევნო კოდექსში მკაცრად უნდა გაიწეროს ანალოგიური შემთხვევები და დაწესდეს მორატორიუმი, მაგალითად, პირველი ტურის დაწყებამდე 2 თვე, როცა მსგავსი მასშტაბური დაპირებები და ქველმოქმედებები უპირობოდ დასჯადი გახდება. თუმცა,ეს რომ მოხდეს, ამაზე პოლიტიკურ ძალთა კონსენსუსი უნდა არსებობდეს და თუ ხელისუფლებას აეკრძალება რაიმე პროგრამის განხორციელება/დაპირება, მაშინ ოპოზიციასაც უნდა აეკრძალოს მსგავსი მასშტაბის დაპირება. ეს კი პრაქტიკულად გამორიცხავს საარჩევნო აგიტაციას… მეორე სერიოზული პრობლემა ისაა, რომ თავად ოპოზიციამ ხელისუფლების ამ ქმედებებზე (2.11-2.12) იმდენად ლეგალურად განმტკიცებული ბრალდებები კი არ წარადგინა, არამედ გულწრფელად გაწიწმატდა, – ეგო, ჩვენი იდეა იყო, ჩვენ გვინდოდა მაგის დაპირებაო (ანუ, დაგვასწრეს ხალხის მოსყიდვაო!). სანამ ეს ასე იქნება, ფორმალურად დასჯადი ქმედებების პრაქტიკიდან რეალურად ამოგდება შეუძლებელი იქნება…

 

არჩევნები დამთავრდა! არჩევნები მოდის!

არჩევნები კიდეც დასრულდა და ამავდროულად – არც დასრულებულა.

ჯერ ერთი, მთავარი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ხოლო ამ ძალის დაუძინებელმა (და ორი ქვეყნის ტახტის მადევარმა) ლიდერმა ისიც კი განაცხადა, სინამდვილეში გრიგოლ ვაშაძე არის საქართველოს არჩეული პრეზიდენტიო!

ყველა ოპოზიციური ძალა ითხოვს ვადამდელ საპარლამენტ არჩევნებს და თანაც – შეცვლილი – პროპორციული წესით. სახელისუფლებო ძალის მთავარი არგუმენტი მხოლოდ ისაა, ვერ წავალთ ამაზე – სტაბილურობა დაირღვევაო…

აშკარა გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას მოჰყვა ახალი კრიზისის – სასამართლო ხელისუფლების კრიზისის გამწვავება. ის რაც არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელა, ფაქტიურად ხელისუფლებისათვის (და სახელისუფლეებო გუნდის ერთობისათვის) უფრო მეტად საშიში ბომბის დადებას ჰგავს, ვიდრე ეს ოპოზიციამ შეძლო. ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლებას მართავს აშკარად არაპოპულარული, დაბალრეიტინგული (კეთილსინდისიერების და სამართლიაობის კუთხით მაინც) მოსამართლეების კასტა, რომლის ძირითადი ინტერესი არის საკუთარი მარადიულობის ჩაბეტონება და ამისათვის მზად არიან საკმაოდ საჩოთირო და იურიდიულად  გაუმართლებელ ნაბიჯებზე წავიდნენ – ისარგებლონ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, წარადგინო დასამტკიცებლად საკუთარი გვარებით დაკომპლექტებული სია, რომელიც არ ვიცით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორ განიხილეს და როგორ უყარეს კენჭი და ა.შ. ხოლო როცა საკუთარ რეიტინგზე შეშფოთებული პარლამენტი ამ მარაზმში გადასულ პროცესს აჩერებს, მომენტალურად დგამენ შურისძებითი  შანტაჟის კლასიკურ აქტს – უვადოდ ირჩევენ მოსამართლედ ლევან მურუსიძეს.  და ეს ყველაფერი პრაქტიკულად წყალში ყრის იმ უდავოდ პოზიტიურ ძვრებს, რაც სასამართლო სისტემაში 2012 წლის მერე სახეზეა – ჯარიმების თანხების კოლოსალური შემცირებით და განსაკუთრებით, – გამამართლებელი  განაჩენების ასევე კოლოსალური ზრდით! აქ მახსენდება მე-4 კურსზე ყვარელში საშემოდგომოდ რთველზე წაყვანილ სამედიცინოს სტუდენტებთან მაშინდელი პრორექტორის (იდეოლოგიურ დარგში) მურმან ნ.-ის ფანტასტიური ფრაზა – „მარტო ის კი არაა მნიშვნელოვანი, რომ მსუბუქი ყოფაქცევა არ ახასიათებდეს გოგონას (!), არამედ ისე უნდა იქცეოდეს, რომ ხალხს არც გაუჩნდეს ეჭვი – მსუბუქი ყოფაქცევის შესაძლებლობაზეო!” 🙂

ყველა სადამკვირებლო ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა საზოგადოების გამოხტული პოლარიზებით და (მეორე ტურში) აგრესიული კამპანიით, ხოლო არჩევნების დროს არსებული დარღვევები ყველაზე სერიოზული იყო 2012 წლის შემდეგ. თუმცა არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია და ამას ვერ დააყენებს თუნდაც ხმის მიცემის პროცედურების დარღვევის ის ვიდეოკადრები, რაც ნაცმოძრაობამ მეორე ტურის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაავრცელა. 10-20 უბანზე კიდეც რომ დადასტურდეს საარჩევნო ადმიისტრაციის მხრიდან დაშვებული დარღვევები თუ დანაშაული, 3700 უბნის შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენდა და სავარაუდოდ, მხოლოდ იმ კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხი დადგება, ვინც ამ კადრებზე ჩანს.

არჩევნების ყველაზე მკვეთრი შედეგები:

ქართული ოცნება მყარად არ პყრობს ხელისუფლების ბერკეტებს, რადგან არც არის რეალურად მწყობრი და იდეოლოგიურად თუ სტრუქტურულად გამართული პარტია. მან არჩევნები ვერ მოიგო, არამედ – არ წააგო. რადგან ხალხის გაცილებით დიდი ნაწილი გაცილებით დაუშვებლად თვლის ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის და განსაკუთრებით – სააკაშვილის დაბრუნებას, ვიდრე ის ხალხი, ვინც დაუშვებლად ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას მიიჩნევს! ასე რომ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნას ნაცმოძრაობას და სააკაშვილს უნდა უმადლოდეს.

ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური ძალა და ის ამას ძირითადად მიხეილ სააკაშვილს და ქართულ ოცნებას უნდა უმადლოდეს. მაგრამ იგი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში – სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“, რომელიც არის კვაზიდესტრუქციული სუბიექტი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, და რომელიც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ავტომატურად უკავშირდება ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების შესაძლებლობას.

„ევროპულმა საქართველომ“ ვერ მოახერხა სერიოზულ ოპოზიციურ ალტერნატივად ჩამოყალბება. არადა, მათ ამის შანსი ჰქონდათ პირველ ტურში, და მათი დამარცხებაც კი 11%-იანი რეიტინგით – არ იყო ცუდი შედეგი. მაგრამ მათი გაერთიანება მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატთან აჩენს იმის შეგრძნებას, რომ ისინი ჯერაც ვერ გამოვიდნენ სააკაშვილის ჩრდილიდან და ამან მათ მომხრეების ნაწილი დააკარგვინა.

თბილისის მასშტაბით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“ და „გირჩმა“ – ზოგიერთ საარჩევნო ოლქებში მათმა მაჩვენებელმა 7-8%-ს გადაამეტა. მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მიღებული მაჩვენებელი 3%-სც კი ვერ უახლოვდება. თუმცა, რეგიონებში მუშაობის გაძლიერების შემთხვევაში ორივე ამ პოლიტიკურ ძალას აქვს შანსი 2020 საპარლამენტო არჩევნებზე.

ყველაზე უფრო წარმატებული ეს არჩევნები აღმოჩნდა არა ზემოთჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტებისათვის, არამედ იმ პოლიტიკოსისათვის, რომელიც არ მონაწილეობდა არჩევნებში – იმ დროს, როცა ქართული ოცნება თავის ბექგრაუნდად და მიუღებელ, მაგრამ მაინც ერთადერთ ალტერნატივად ნაცმოძრაობის შენარჩუნებას ცდილობდა, სწორედ კოჰაბიტაციის დამგმობმა და სამართლიაობის აღდგენის ლოზუნგით მუდმივად გამომსვლელმა ირმა ინაშვილმა დაიკავა ის თავისუფალი ადგილი, რომელიც სამართლიაობის დამკვიდრებისათვის ფრონტზე მას მორიდებულად გაუნთავისუფლა ქართულმა ოცნებამ. პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულმა მრავალრიცხოვოვანმა მიტინგებმა ბათუმში და თბილისში კი იმის განცდა გააჩინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ირმა ინაშვილს შეიძლება მესამე შედეგიც კი ეჩვენებინა. მე არ მივეკუთვნები მის მომხრეთა რიგებს და ისიც კარგად მესმის, რომ 25 ნოემბერს თბილისში ლამის 100,000-იან მიტინგზე ბევრი ადამიანი არა იმდენად ინაშვილის მხარდამჭერი იყო, რამდენადაც სააკაშვილის და ნაცმოძრაობის არდაბრუნების მსურველი და მაინც, იმ აზრზე ვრჩები, რომ 2018 წლის ბოლო აკორდი სწორედ ირმა ინაშვილისთვის იყო ყველაზე მომგებიანი.

 

საფრთხეები:

ნიჰილიზმი და „მგელი! მგელით!“ გადაღლა.

ქართული ოცნების (ალბათ, უფრო, პირადად ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა), რომ ნაცმოძრაობის, როგორც ურჩხულის ჩონჩხის კარადაში შენახვა უზრუნველი მმართველობის ყველაზე კარგი გარანტია იქნებოდა,  უკვე კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. სულ უფრო აშკარაა, რომ ნაცმოძრაობა აღარ არის იმდენად სუსტი, რომ  „მსხლის“ როლი ითამაშოს, ხოლო საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე მობეზრდა ოცნების მმართველობა და არაა გამორიცხული, ერთხელაც „სპარინგ-პარტნიორმა“ მოულოდნელი ალიყური აწვნიოს ფავორიტს, როგორც ეს პირველ ტურში მოხდა. ხოლო დესტაბილიზაციის ისეთი დიდოსტატის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, დაუფასებლობა, ძვირად შეიძლება დაუჯდეს ოცნებას – სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია – ამაზე უკრაინელი მებრძოლების თბილისში მოვლინებაც მეტყველებს, და კიდეც რომ არ ჰქონდეს რეალურად გადატრიალების მოხდენის რესურსი, შეიძლება ის მოხდეს, რომ ქვეყანაში დაწყებული დაპირისპირება სათავისოდ რუსეთმა გამოიყენოს. რაც უფრო მეტი დრო გავა, სულ უფრო მეტი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის ინტერესები საქართველოში ერთმანეთს დაემთხვეს და მიშამ ისევ ვოვასთვის სასურველი თამაში ითამაშოს, ან – ნებით, ან – უნებლიედ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა…

სამართლიანობის დამკვიდრების ნაცვლად  – მურუსიძის ხატის დამკვიდრება.

ლევან მურუსიძეს, როგორც ადამიანს, აქვს უფლება, რომ არ იქნას განდევნილი პროფესიულად, მაგრამ თუ ლევან მურუსიძის ხატება იქნება ქართული სასამართლოს ხატება, ეს სასამართლო, მთელი რიგი სერიოზული წარმატებების მიუხედავად, ვერ დაიმკვიდრებს საზოაგადოებაში მაღალ რეპუტაციას და ადამიანებს არ ექნებათ მურუსიძის, ჩინჩალაძის, მიქაუტაძის, გვრიტიშვილის და სხვათა მიერ მართული სისტემის ნდობა. სწორედ ეს მიდგომა უნდა იქცეს, ჩემი მოკრძალებული აზრით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მთავარ ვექტორად – საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოში არ უნდა იქნან არჩეული ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართ არსებობს არგუმენტირებული ეჭვები და საფუძველი. და საერთოდ, ჯერ უნდა დადგინდეს ნორმები და პროცედურები და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს, პირების არჩევა და დანიშვნა! ის რაც იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობამ ჩაიდინა, როცა უსწრაფესად ისარგებლა მარჯვე მომენტით და საკუთარი თავები წარადგინეს სისტემის და უზენაესი სასამართლოს მარადიულ ხელმძღვანელებად, რეალურად იყო ხარაკირი! და თუ ქართულ ოცნებას და პარლამენტის ხელმძღავნელობას არ უნდა, რომ ეს მათი ხარაკირი გახდეს, აჯობებს, რომ ეს სწორედ იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობის ხარაკირად იქცეს.

საარჩევნო საჩუქრების აპეტიტის ზრდა

მოსახლეობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა პირველი ტურის შემდეგ სერიოზული ბენეფიტები დაარიგეს. ტაქტიკურად ეს მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ მომავალში ამას ორი სახიფათო სტრატეგიული დანაკარგი შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლებისათვის – მოსახლეობას შეიძლება ჭკუაში დაუჯდეს მმართველი ძალის პირველ ტურში შეჯანჯღარება, და რაც ყველაზე არასასურველია – შეიძლება გაჩნდეს ზრდადი მოლოდინები. იმის მსგავსად, ზვიად გამსახურდიას დროს ინსტიტუებში ჩაჭრილი სტუდენტები რომ ჩარიცხეს და მერე ეს ლამის მოთხოვნად იქცა… იმედია, მთავრობა მოახერხებს მოსახლეობას განუმარტოს, რომ ვალების განულება მხოლოდ ერთჯერადი აქცია იყო – წინა ხელისუფლებების დროს არასრულყოფილი რეგულაციების შეცდომის გამოსწორების სურვილით გამოწვეული, და ახალი ვალების დამგროვებლებს არ უნდა ჰქონდეთ ახალი განულებების იმედი.

 

რა შეიძლება მოხდეს და რა არ უნდა მოხდეს:

უნდა მოხდეს სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეების უსწრაფესად და დამაჯერებლად გამოძიება. და გაჭიანურებაში დამნაშავე პირების დასჯა (მინიმუმ, თანამდებობრივი დაქვეთების სახით).

შეიძლება მმართველი გუნდი დაიშალოს – ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა სერიოზული მანიშნებელია.  თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აღარაა აუცილებლობა, ხოლო 114-დან 75-მდე (უბრალო უმრავლესობის დაკარგვამდე) ჯერ კიდევ დიდი მანძილია და, სავარაუდოდ, ეს არ მოხდება 2020-მდე.

შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარეც შეიცვალოს და საკონსტიტუციო ან უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლოს – არც ეს იქნება კატასტროფა. ხოლო კობახიძის პროფესიული ჩვევების გათვალისწინებით, იქნებ, უკეთესიც კი იყოს.

შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად. თუმცა, ძალიან მეეჭვება, ეს მომავალ წელს მოხდეს. არ გამოვრიცხავ, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია ვიხილოთ – უკვე 2019 წელს. თუ ივანიშვილი დაბრუნდება ხელისუფლებაში, ეს გააქრობს არაფორმალური მმართველობის ბრალდებებს და სახელისუფლებო გუნდის ტონუსში მოყვანას ხელს შეუწყობს. მაგრამ ისიც საკითხავია, რამდენად კარგი პოლიტიკური მენეჯერი იქნება იგი. განვლილმა პერიოდმა დაგვანახა, რომ პოლიტიკა ვერ იტანს შორიდან მართვას და ქართულ პოლიტიკაში – როგორც გურამ დოჩანაშვილის კლიმი იტყოდა “…ხის ჩრდილში ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი” არ ამართლებს… თუმცა ვნახოთ, ივანიშვილის ხანგრძლივვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი და ვინ იცის, ეგებ ახლა მაინც სწორი საკადრო გადაწყვეტილებები განახორციელოს.

აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ მომავალი არჩევნების ბედი თბილისში არ გადაწყდება. რეგიონები და რაიონები სულ უფრო სავალალოდ ჩამორჩებიან დედაქალაქს და თუ იქ ძირეული ძვრები არ განხორციელდა დასაქმების, მოსახლეობის ადგილზე დამაგრების და პერსპექტივის გაჩენის კუთხით, თუ რეგიონებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ხელი არ გაანძრიეს და საკუთარ მერკანტილური ინტერესები არ მოთოკეს, იქაური მოსახლეობა მალე, მიშას კი არა, არაა გამორიცხული ვოვასაც კი შეეკრას. ივანიშვილს და ოცნების სხვა ლიდერებს მოუწევთ მეტი აქტივობების და ფინანსების გადამისამართება, მეტი და უკეთესი რეალური თვითმმართველობის განხორციელება რეგიონებში. კალაძე რამდენადაც კარგია თბილისისთვის, იმდენად, ცუდია რეგიონებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტად ზრდის დისონანსის განცდას და მოსახლეობის თბილისისკენ მოდინების არასასურველ ტენდენციას აძლიერებს.

შესაძლებელია, სალომე ზურაბიშვილმა სულ უფრო მეტად დაიწყოს საკუთარი დამოუკიდებლობის დადასტურება და საკუთარი და (ხელისუფლების !) რეპუტაციის, როგორც დამოუკიდებელი მმართველის აღდგენა. ამ მხრივ მას სერიოზული ნიშა აქვს – საერთაშორისო ურთიერთობები, დიასპორასთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა (არ მგონი, რომ ის დამთმობი იქნება, პირიქით), მაგრამ პირველ რიგში – საარჩევნო სისტემის დახვეწის და ამ მხრივ, პოლიტიკური სპექტრის ერთ სადისკუსიო მაგიდასთან თავმოყრის ინიციატივა.

ჩემი აზრით, არ უნდა მოხდეს ვამდამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება – ეს ახლა მხოლოდ ორ ძალას აწყობს – ნაცმოძრაობას  და პატრიოტთა ალიანსს. აჯობებს, საარჩევნო კალენდარი არ დაირღვეს. უნდა დაიხვეწოს რეგულაციები – მაგალითად, საარჩევნო პერიოდში ფინანსური და სხვა სახის რესურსების გამოყენების აკრძალვაზე, მედიის რეგულაციები (მაგალითად, ფეიკ ნიუსების და მოდელირებული ქრონიკების აკრძალვა საფრრანგეთის მსგავსად).

ამავდროულად, აუცილებელია გადაიხედოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი. არსებული მანკიერი შერეული სისტემის დატოვება შემდგომი რევოლუციური სიტუაციის და დესტაბილიზაციის ახალი შანსი იქნება და მიუღებელი მგონია. ამავდროულად, არც ისე მიამიტი ვარ, ვიფიქრო, რომ 2020-სთვის ხელისუფლება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. ალტერნატივად რამე რეგულირებული შერეული მოდელი – მაგალითად, გერმანული (ან – სახეცვლილი გერმანული), ან ესტონური მოდელი მიმაჩნია, ამაზე თავის დროზე სტატიაც დავწერე – პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ უბრალოდ – სამართლიანი?!”  მაგრამ არც მაშინ და არც ახლა ეს თემები ვერ იქცა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ყველასთვის საჭირო კონსენსუსის საკითხად. ამ თემების განხილვა დროულად უნდა დაიწყოს, და არა მაშინ, როცა – ცაიტნოტი, ან – მორიგი პოლიტიკური კრიზისი გვაიძულებს. სხვათა შორის, ქართულ ოცნებას ამ თემებზე სასაუბროდ შეუძლია არც მიიწვიოს ნაციონალური მოძრაობა – პრინციპით – თუ შენ არ ცნობ არჩევნების შედეგებს, რა აუცილებელია მე მოგიწვიო საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე სასაუბროდ?

2018 წელი და 2018 წლის არჩევნები მშვიდობიანად დასრულდა. ჩვენ პირველად გავაცილეთ პრეზიდენტი მშვიდობიანად. პირველად მოხდა, რომ წამსვლელმა პრეზიდენტმა  ახლადარჩეულს გამმარჯვება მიულოცა და ხელისუფლება გადააბარა. ჩვენისთანა მტკივნეული და, მეტიც,  ტრაგიკული ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყნისათვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. მადლობას ვუხდი გიორგი მარგველაშვილსაც, სალომე ზურაბიშვილსაც და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელმაც პოლიტიკური სიბრძნე გამოვალინა. ყველას ვულოცავ. მაგრამ ეს მშვიდობა მყიფეა და გაფრთხილება ჭირდება.

ბედნიერი ახალი 2019 წელი გაგვითენე, ღმერთო!


შერჩევითი სიმართლის ლაბირინთებში


“ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს საგნები, რომლებიც ყალბია, მაგრამ მას შეუძლია გაიგოს მხოლოდ ის საგნები, რომლებიც რეალურია. რადგან თუ საგნები ყალბია, მათი გააზრება არ ნიშნავს მათ გაგებას.”

(ისააკ ნიუტონი)

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =

უახლეს ისტორიაში არც ისე ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი, სამშობლოში დამარცხების შემდეგ, მერე მეორე ქვეყნის მოქალაქე გამხდარა და იქ უცდია ოლიმპოს დაპყრობა. ქართველებს ამის მსგავსი გამოცდილება გვქონდა ედუარდ შევარდნაძის სახით, თუმცა მაშინ ისტორიული პირობები სრულიად სხვა იყო.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის სახით, თუ არ ვცდები, მართლაც მსოფლიოში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე – პირი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე საქმეში ბრალდებული და ძებნილია,  მეორე (თან, პირველისათვის სტრატეგიულ მოკავშირედ აღიარებულ – Sic!) ქვეყანაში გადაბარგდა, იქაური მოქალაქეობაც მიიღო (რაც, თანახმად კონსტიტუციისა, სამშობლოში მოქალაქეობის დაკარგვას ნიშნავს), იქ #1 რეფორმატორის გვირგვინს დაეუფლა, და თან არ მალავს, რომ თავისი ჯერ კიდევ არაუმაღლესი თანამდებობიდან ძალიან მაღალსაც უმიზნებს.

ამავდროულად, სრულიად აშკარაა (და ამას ვერც/არც მისით მოხიბლული შინაური თუ უცხოელი პირები მალავენ), რომ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მოქალაქეობაზე უართან ერთად, სულაც არ უთქვამს უარი საქართველოში ტრიუმფით დაბრუნების გეგმებზე. პირიქით, მის მიერ უკრაინაში გადაბარგება ბევრმა სწორედ იქ საქართველოში დაბრუნების პლაცდარმის მომზადებად აღიქვა. აი, სწორედ ეს დისკურსი – ერთდროულად ორ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის ჭენების სურვილი და რეალობა არის უნიკალური, რაც ჩვენი ექს-პრეზიდენტს გამოარჩევს.

სააკაშვილს, ბევრი გარემოების გამო, ხშირად ადარებდნენ კურდღელს. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინგლისური მეტსახელიც Energizer bunny – ამაზე მეტყველებს, და თავადაც უყვარდა პლეიბოის კურდღლებით მოხატული საათით თავმოწონება. ჰოდა, გასაკვირი არ იქნებოდა, ახლაც ორი კურდღლის მადევრის ასოციაცია რომ დაგვბადებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი ორი ბადით მოთევზავე ბრაკონიერს უფრო მაგონებს. თან ამ ბადეებიდან ერთი – საქვეყნოდ საჩვენებელი – ძალიანაც ლეგალურია, ხოლო მეორე – დინამიტებით და ელექტროშოკით გაძლიერებული – მისი ჩანთის ორმაგი ფსკერის ქვეშაა დამალული… მიშა, როგორც მარადიული იანუსი თავის პროდასავლელ, დემოკრატიულ, ანტიკორუფციულ იმიჯს ახლა უკრაინაში ამზეურებს, ხოლო მისი გულაგურ-გებელსური მეთოდებისა და რევოლუციური გადატრიალებების გეგმების შავ რვეულში, როგორც განგსტერი კოლომბო იტყოდა, – „ისევ ის სახეებია, და ისევ ის ინსტრუმენტები“…

ბევრი დაიწერა იმაზე, ვისი მემკვიდრეა მიშა.

საქართველოში მის თავგადაკლულ მომხრეებს (ასეთები, NDI-ის გამოკითხვის თანახმადაც კი – 13%-ზე მეტი ვერ იქნება, ხოლო არათავგადაკლული, მგონი, არც ჰყავს) სჯერათ, რომ მიშა თომას ჯეფერსონს, მარტინ ლუთერ კინგსა და რონალდ რეიგანს შორისაა სადღაც, და სწორედ მათი იდეური მემკვიდრეა. მის თავგამოდებულ კრიტიკოსებს კი საკმაო არგუმენტები გვაქვს ვამტკიცოთ, რომ მიშა თავისი ქმედებებით (და არა – ლოზუნგებით!) სადღაც მაკიაველის, კალიგულას, ბერიას და გებელსს შორისაა, და თუ გამოსვლებით და პათოსით ჰგავს ცნობილ ორატორ დემოკრატებს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად იცის, მის უცხოელ მფარველებს (რომელთაც შინაურებთან თურმე – „უცხოელ იდიოტებს“ უძახის) გაუჭირდებათ გებელსის და მაკიაველის მხარდაჭერა. ისე, ნამდვილად მგონია, რომ უცხოელ მფარველებს, სავარაუდოდ, ისევე „თავისიანად“ მიაჩნიათ მიშა, როგორც პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ არმოწონებული, მაგრამ “სასარგებლოდ” აღიარებული და მხარდაჭერილი ანასტასიო („ტაჩო“) სომოზა მიაჩნდათ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, მიშა სომოზას ბევრად უფრო გაუმჯობესებული ვერსიაა, შეიძლება ითქვას – Somoza 2.1, რომელმაც ბევრი ნამდვილად სასარგებლო რეფორმა განახორციელა და ინსტიტუციურად ქვეყანა ფეხზე დააყენა, რომელიც მშვენივრად ნიღბავს თავის საქმეებს ფსევდოდემოკრატიული პათეტიკით და რიტორიკით, რომელიც ღიად ნამდვილად არ წასულა დიდ სისხლისღვრაზე და შეფარული ტერორით, მასობრივი და გამუდმებული სისხლისგაშრობით მიაღწია საკუთარი გუნდის სრულ კონტროლსაც, და მის სამოქმედო ქვეყნებში, გარკვეულ ვადამდე მაინც, – ლამის  ჩრდილოკორეულ აღტაცებას და ლამის საბჭოურ „ადაბრიამს“-საც.

მიშას მთავარი პროფესია – იგი ბრწყინვალე, განუმეორებელი რეჟისორია! – გაცილებით უფრო ინოვაციური, ვიდრე ჯეიმს კემერონი, გაცილებით უფრო პათეტიურ-მონუმენტალური, ვიდრე  ივანე პირიევი, გაცილებით უფრო სარკასტული, ვიდრე ქვენტინ ტარანტინო, და იქნებ, უფრო ნატურალისტურიც კი, ვიდრე ნერონი. მისი დადგმული ფილმები და ეპოქალური მოდელირებები ნამდვილი შედევრებია, ერთი მნიშვნელოვანი შესწორებით – ეს ფილმები არა მარტო და არა იმდენად [ჩვენი] ხალხისთვის იდგმებოდა (უფრო – უცხოურ აუდიტორიაზე იყო გათვლილი), რამდენადაც (ნერონის მაგალითითვე) – ხალხზე (!) იდგმებოდა. და ის ადამიანები, ვინც თავიდან პარტერში აღფრთოვანებული ტაშს უკრავდნენ შადრევნების, ოპერაში დადგმული საპნის ოპერების, და ტელევიზორში რუსი ჯარისკაცის ავტომატზე მკერდმიჭერილი პრეზიდენტის ხილვისას, უკვე ისე აღფრთოვანებული კი არა, ძალიანაც დამუნჯებულები ხდებოდნენ, როცა ძალადობრივი „მასოვკის“ სცენებში მონაწილეობას აიძულებდნენ, როცა თავად უწევდათ შადრევნების მოქმედებაში მოყვანაც, ოპერის და ცხოვრების მძიმე სცენის დატრიალებაც, ფილმების/“კარწინკის“ დაფინანსებაც საკუთარი ქონების ჩუქების ფასად, თუ – მოდელირებული ომიდან ნამდვილ ომში გადაზრდილი ტრაგედიის ველიდან მოტანილი შვილების გვამების დასაფლავება… ხშირად – ჩუმად და ღამით დასაფლავებაც, რადგან სააკაშვილის თეატრში, ძველბერძნული თეატრისგან განსხვავებით, ტრაგედია იშვიათად უნდა დადგმულიყო. პლასტმასის „კარწინკის“ ძირითადი ფერი ხომ – ვარდისფერი, ხოლო ძირითადი ჰიმნი ხომ „მიშა მაგარია“ უნდა ყოფილიყო!..

ჩემი აზრით, მსოფლიო კინემატოგრაფმა ბევრი დაკარგა მიხეილ სააკაშვილის სახით, თუმცა, ეს არ უნდა იყოს ჩვენი მთავარი საფიქრებელი და მით უფრო – სადარდებელი…

===================

მოდით, დავბრუნდეთ იქ, სადაც ვართ ამჟამად.

7 ნოემბერი მოვიდა ისევ.

ის ავბედითი თარიღი, რომელიც თავს არ გვანებებს უკვე ას წელზე მეტია – ჯერ იყო და პირველი დემოკრატიული საქართველოს დასაბამად იქცა თითქოს, როცა სწორედ თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციებმა ჩვენდა მოულოდნელი დამოუკიდებლობის შანსი მოგვცა, რაც სამწუხაროდ, ძალიან მალე – სწორედ 7 ნოემბერს დაბადებულმა ანტიჰუმანურმა ძალამვე გაანადგურა. ხოლო 90 წლის შემდეგ კი უკვე თავად საქართველოში, ისევ  7 ნოემბერს, მოხდა მიხეილ სააკაშვილის – მანამდე ჯერ კიდევ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე – რეჟიმის სრული ლუსტრაცია, როდესაც ამ რეჟიმმა საკუთარი იმიჯის და რეიტინგის გადასარჩენად (და სინამდვილეში კი ნელი დაღმასვლის საწყისად) – 3-მოქმედებიანი მასობრივი ძალადობის სრულიად გამიზნული სცენარი დადგა თბილისის ქუჩებში. ამ სცენარის ავტორებმა (ერთ-ერთი მათგანი დღეს რომ თავისუფალი მედიის უკანაკსკნელ შუქურად წარმოგვიდგენს თავს) წინასწარ ჟურნალის სახით მომზადებული „სტარტერი“ – მართლაც გებელსის და ვიშნევსკის ტრადიციებში მომზადებული ფილმი-პასკვილი „ნოემბრიდან – ნოემბრამდე“ მოამზადეს [შეთითხნეს/დაამონტაჟეს], რათა მერე 7 ნოემბრის დილით დაწყებული მანევრი საღამოს მათთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ოპერაციით – ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი უკანასკნელი  დამოუკიდებელი ტელეკომპანიის – „იმედის“ შტურმით და განადგურებით დაესრულებინათ. რასაც მერე მოჰყვა ამ, ერთდროს დამოუკიდებელი, ტელევიზიიდან სხვადასხვა ჯურის მაქინატორების დახმარებით კოშმარული მოდელირებებით სახელგანთქმული გიორგიარველაძისეული „იმედის“ ჩამოყალიბების არანაკლებ დახვეწილი, მრავალთვიანი ოპერაციები.

მაგრამ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილის – ამ ვითომ დემოკრატიის „შუქურის“ და დრაკონის მსახვრალი „მზეჭაბუკის“ გადრაკონება გაცილებით ადრე დაიწყო.

=======

შემოკლებული ნაწყვეტი 2009 წლის ბოლოს დაწერილი ბლოგიდან – „ჰავლაბრის ტურფები – ჟურნალისტები და ურნალისტები: მათზე, ვინც გატყდა და გაიყიდა“ https://solomonternaleli.wordpress.com/2009/12/31/154/

სტუდიამონიტორის“ (ავტორინინო ზურიაშვილი) ძალიან მძაფრი და საინტერესო ფილმი ქართული ტელევიზიების მძიმე ბედის შესახებ http://www.ijp.ge/video_blank.php?vid=38   დოკუმენტურად აჩვენებს, რომ 2004 წელს საქართველოში იყო 12 კერძო ტელევიზია, რომელთაგან 4 მთელ საქართველოზე მაუწყებლობდა და რომელთა ნახევარი მაინც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ 4 წელიწადში ამ 12-დან 11- (ყველას, გარდა ტვკავკასიიისა“) შეეცვალა მფლობელი, ან გააუუქმდა ლიცენზია! ევროკავშირის დასაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსმიერ დაფინანსებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ტელევიზიათა მფლობელობის საკითხი მჭიდროდაა გადაჯაჭვული ამ ტელევიზიების სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ასპექტთან, ასევემათდამი ნდობის ხარისხთან.


https://irdb.wordpress.com/2009/11/24/სატელევიზიოსივრცესაქარ/

http://www.humanrights.ge/admin/editor/uploads/files/Georgian%20Media%20after%20the%20Rose%20revolution.pdf

2009 წელს კი საქართველოში მოქმედი უკვე 45 სატელევიზიო არხის მფლობელები (მიშამ ხარისხი რაოდენობით ჩაანაცვლა, რომ მედიათავისუფლების რეიტინგებში რაოდენობით გადაეხურა ხარისხობრივი დაღმასვლა), მიუხედავად კანონის მხრიდან აკრძალვისა, ზოგ შემთხვევაში, იყვნენ ხელისუფლების მოქმედი ან ახლო წარსულში აქტიური პირები, ანმათი ოჯახების წევრები, ხოლო ახმეტაშისულაც ახმეტის მუნიციპალიტეტი! გამოვლინდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და მათი ნათესავები/მეზობლები ხშირად გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლნენ ტელევიზიების მსხვილ ან საკონტროლო პაკეტებს. ერთი და იგივესაკმაოდ ბუნდოვანი წარმოშობის და ოფშორებში რეგისტრირებულიკომპანია Degson Limited, ჰოლდინგსაქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთანერთად, ფლობდა ეროვნული რანგის ტელეკომპანიებსრუსთავი-2“ დამზე“. მეორე მისტიკური ორგანიზაცია – Denial Union – ტელეკომპანიასაქართველოს“ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%- და ტელეკომპანიაევრიკის“ 51%- ფლობდა. ასევე ბუნდოვანი იყო მსხვილი არაბული საინვესტიციო კომპანიის – Rakeen-ის და ვითომდა მისი შვილობილი კომპანიის – Rakeen Georgia Holding-ის (რომელიც 2009 წლიდან ტელეკომპანიაიმედის“ 90%- ფლობდა)სამართლებრივი სტრუქტურა. 2010 წელს არაბული კომპანიის მენეჯმენტმა უარყო საქართველოში დარეგისტრირებულ ჰოლდინგთან რაიმე კავშირი, რითაც განმტკიცდა ის ეჭვები, რომ ამ ჰოლდინგის რეალური მეპატრონეები ქართველები, და სავარაუდოდ, ნაცმოძრაობასთან დაახლოებული პირები იყვნენ. http://www.civil.ge/eng/article.php?id=21950

ტელევიზიების მთავარი მეწილეები [2007 წლისთვის] იყვნენქიბარ ხალვაში, დავით ბეჟუაშვილი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიაგეომედია გრუპი”, და კომპანიამაგი სტილისდამფუძნებლები გოგი გეგეშიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ამ სიიდან ქიბარ ხალვაში ზუსტად იმ დღეს ამოვარდა, როცა მისი მეგობარი და ხელისუფლების ერთ-ერთი ბურჯი ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ხოლო 6 ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი (“რუსთავი 2″, “მზე”, “იმედი”, “ობიექტივი”, “ევროპა”, “საქართველოს ხმა”) უკვე 2008 წლიდან საკუთარი შელახული უფლებების აღდგენას მართლმსაჯულების ორგანოების დახმარებით ცდილობდა… 

როგორც ნინო ზურიაშვილი ამბობდა: „თუკი წინათ მედიამფლობელები და ჟურნალისტები ერთ მხარეს იყვნენ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, “ვარდების რევოლუციისშემდეგ მფლობელები და ხელისუფლება ერთად უპირისპირდებიან ჟურნალისტებს. ტელეკომპანიებში მფლობელთა ცვლილებებს გადაცემების დახურვა მოჰყვა, ბევრმა ჟურნალისტმა ტელევიზია დატოვა, ბევრიც ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადასვლით ინარჩუნებდა სამსახურს…“ ამის შედეგი იყო ის, რომ 2008 წელს მედია თავისუფლების მაჩვენებლის მიხედვით საქართველომ 54 ადგილით უკან დაიხია!

=============

დუმილის უპირატესობა და ნაკლი

არის რიგი კითხვები, რომელთა დასმისაგან თავს ვიკავებდი.

ანონიმურობის დაკარგვაზე მეტად ჩემი დღევანდელი თავშეკავება და მკვეთრი ბლოგერობის შეუძლებლობა დღევანდელ სამსახურს უკავშირდება – აღარც ხელისუფლების კრიტიკის შანსი მაქვს, აღარც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკაა ჩემგან მისაღები (ყოველთვის გაჩნდება ეჭვი, რომ მე ეს დამავალეს) და რაც მთავარია, ჟურნალისტების მიმართ არამცთუ 2009 წლის ბოლოს დაწერილი მართლაც საკმაოდ მწარე „ჰავლაბრის ტურფების“ მსგავსი, არამედ გაცილებით უფრო კორექტული კრიტიკაც კი, მავანმა შეიძლება ხელისუფლების მხრიდან პირის აკვრის, გაჩუმების, თუ ღმერთმა დამიფაროს, – დაშინების და ზეწოლის მცდელობადაც კი აღიქვას. აღარ ვამბობ არაფერს იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ მაქვს საკმაოდ მწარე შეკითხვები…

ამ დროს კი დაგროვდა ბევრი პრობლემა და ეს პრობლემები ავგიის თავლის მსგავსად სულ უფრო ძნელი მოსაგვარებელი გახდება, რომლის მოგვარების არც ჰერაკლესეული ძალის ნატამალი მაქვს, არც იმის ილუზია, რომ ყველაფერი სწორად მესმის და არც იმის ენთუზიაზმი, რომ ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ან სასიამოვნო საქმეების ნაცვლად მენაგვეობას მოვანდომო… თუმცა, იქნებ ის მაინც მოვახერხო, რომ ხალხის ნაწილს ავუხსნა, რას და როგორ ვხედავ… როდესაც 5 წელი ამას აკეთებ, მერე საკმაოდ ძნელია დუმილის შენარჩუნება, როდესაც ფიქრობ, რომ ყვირილი უკეთესიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო…

ამიტომ მინდა, ცოტა ხნით მაინც, ისევ სოლომონ თერნალელობა ვცადო. თითქმის დარწმუნებული ვარ, ისე აღარ გამომივა, რადგან ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ და თანაც დღეს ჩემი პოზიცია ჩემს მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის ძალიან სერიოზულ საფუძველს იძლევა… და მაინც, იმ ქვეყანაში, სადაც ნიკა გვარამიას, როგორც უკანასკნელი დამოუკიდებელი მედიის მედროშეს უსმენენ, თურმე, დავიჯერო, ნაკლებ აუდიტორიას მოვაგროვებ და ჩემი ნათქვამი უფრო არაგულწრფელი იქნება? თუ ასეც მოხდა, ბოლო-ბოლო ამას მაინც ხომ დავინახავ – რა დავკარგე და სად წავაგე…

———

ძალიან რიტორიკული ხომ არ იქნება კითხვა, რამდენად შეიძლებოდა თუნდაც 2004-2006 წლებში რუსთავი2-ის გაყიდვა და ყიდვა მომხდარიყო 200,000 ან 300,000 დოლარად? თუ არ ვცდები, მაგ დროს საბურთალოზე ვეძისის უბანში ორსართულიანი ეზოიანი სახლიც კი აღარ ღირდა  მაგდენი და ტელეკომპანია, რომელმაც საქართველოში 2003 წელს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა, და მის შემდეგ მნიშვნელოვნად იმატა – ფინანსური რესურსების და იბარტყა – ადამიანური რესურსების მხრივ, ალბათ, გაცილებით ძვირი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ისიც, რეალურად როგორი იყო კომპანიის ბალანსი, ვალები და ა.შ…

ის, რომ „აღშფოთებული და] გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ ძალიან მალე, უკვე 2004 წელსვე იქცა „გამარჯვებული [და თვითკმაყოფილი] პარტიის ტელევიზიად“, მხოლოდ მე შევნიშნე, თუ სხვებსაც ასე ფიქრობთ?

ის, რომ რუსთავი2-ის ბოლოდროინდელი მფლობელები – ძმები ყარამანიშვილები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ძმებ გრიმებზე უფრო მძიმე, და ძმებ ტავიანებზე უფრო სულისშემძვრელი სცენარის ცენტრში, ძმებ სტრუგაცკებზე უფრო ფანტასტიურად ინარჩუნებდნენ მედიისაგან მაქსიმალურ დისტანცირებას, და გაც და გაიმზე უმეტეს – იდუმალებას, უცებ რომ ხმაამოღებულებიც და ხმალამოღებულებიც ვიხილეთ – რატომღაც მაინცდამაინც კიევიდან, ეს ვითომ შემთხვევით მოხდა? თუ კიევში ოტებულ ქართველებს ისეთი ჯადოსნური ელექსირით სავსე გრაალის თასს ასმევენ, რომელიც ოთხგზის ძებნილს ისევ ლიდერად აქცევს, მასობრივ რეკეტში ეჭვმიტანილს (და ფინანსურ მაქინაციებზე აღიარებითი ჩვენების მიმცემს!) – ისევ სამართლიანობის და სამართლის გურუდ, ხოლო პირშიწყალდაგუბებულ ე.წ. მფლობელებს  – სამართლიანობისთვის მახვილალესილ უილიამ-უოლესებად?

გვარამიას ადვოკატები (მე ასე აღვიქვამ – ცალ მხარეს გვარამიას ადვოკატებია, მეორე მხარეს – ხალვაშის… აზდაკი მაკლია სრული ბედნიერებისათვის! 🙂 ) მუდამ აპელირებენ იმაზე, რომ ყარამანიშვილები არიან კეთილსინდისიერი შემძენები!

ცნობილი ლექსის პერეფრაზი რომ გავაკეთოთ, რუსთავი2-მა, 2004 წლიდან დაწყებული –

„… გამოიარა ხალვაშის ხელი,

გამოიარა ცემენტის მტვერი,

გამოიარა DEGSON-ის ხელი,

გამოიარა კეზერას ხელი,

გამოიარა ჩიქვანის ხელი,

გამოიარა გეგეშას ხელი,

გამოიარა „მაგის სტილები…“

მართლაც იმდენი ჭუჭყი და იმდენი მტვერი გამოიარა, (ხშირად ისე, რომ გადაყიდვა დასრულებული არ იყო, როცა მყიდველი უკვე გამყიდველობას ლამობდა), რომ, როცა ეს ბუღი დაჯდა, თავისუფალი მედიის მედროშის ტახტზე, კეთილსინდისიერი ყარამანიშვილების კეთილსინდისიერი ფირმანით აღჭურვილი ვიხილეთ სააკაშვილის ყოფილი “სცენარისტი”, „იმედის“ დარბევის დროს  გენპროკურორის მრისხანე მოადგილე, მერე მთავარ განმანათლებლად გამწესებული, შემდეგ კი გასანათლებლად თავად მივლინებული – კაცი-ლეგენდა. მთელი ეს გადაყიდვების ჯაჭვი, ჩემი არამოკრძალებელი აზრით, სპეციალურად მოგონილი ყალთაბანდობა იყო, სწორედ იმისთვის, რომ წლების მერე რომელიმე მიამიტადგაოცებულ ადვოკატს თვალების მიამიტი ფახულის ფონზე მიამიტად დაესვა საშინელი ძალის კითხვა, – როგორ, ამ ალალმართალ ხალხს რას ერჩით, ამათ ხომ კეთილსინდისიერად შეიძინესო?!

ახლა მე გეკითხებით თქვენ, ვის გჯერათ (მერე გკითხავთ, რის საფუძველზე გჯერათ!), რომ ვითომდა ყარამანიშვილების მიერ გამენეჯერებული ნიკა გვარამია ყარამანიშვილების ნების აღმსრულებელია? ვის გჯერათ, რომ მთელი ამ კრიზისის განმავლობაში მან ერთი რჩევა მაინც მიიღო მართლა ყარამანიშვილებისაგან? ვინ ფიქრობთ, რომ ყარამანიშვილები ან – ახლა, ან როდესმე დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დამოუკიდებელი მმართველები იქნებოდნენ, რომ არა მათი სტუდენტობის დროინდელი აწოდესელი მეგობრის დავალება, – ალბათ, ისეთი ფორმით გაკეთებული, დონ ვიტო კორლეონესგან რომ გვახსოვს? – „ისეთი წინადადება მივეცი, უარს ვერ იტყოდაო…“

რუსთავი2-ის მფლობელების ჩამონათვალში ნახსენებ პირებს ნებისმიერი ადამიანი ერთ საერთოს მოუძებნის – ეგენი მართლა ძალიან კეთილსინდისიერი ხალხია, უფრო ზუსტად – კეთილსინდისიერი მიშისტები! ერთადერთი გამოდგა „არაკეთილსინდისიერი მიშისტი“ – ქიბარ ხალვაში! სწორედ მან, ჯერჯერობით ერთადერთმა, აღიარა, 2004 წელს როგორი გარიგებით მოხვდა მასთან რუსთავი2. და მერე როგორ წაართვეს. მოხვედრის ამბავი უფრო დეტალურად გასარკვევია და მე პირადად აქიმიძის და დვალის იმედი მაქვს ამის დაზუსტებაში. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ხალვაშს არასოდეს არ განუცხადებია მასზე ზეწოლის შესახებ, ეს მტკნარი სიცრუეა და “ნიუ-იორკ ტაიმსში” 2008 წ. გამოქვეყნებული დენ ბილიფსკის და მაიკლ შვირცის ეს მასალაც ადასტურებს (ისევე როგორც მედიის მიმართ სააკაშვილის ზეწოლის სხვა მსგავს ფაქტებსაც):

http://www.nytimes.com/2008/10/07/world/europe/07georgia.html?ref=world&_r=0

მე პირადად, კარგად მახსოვს – ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებაც და ისიც, მთელი ღამის განმავლობაში როგორ იწვოდა ქიბარ ხალვაშის კუთვნილ შპს „არტის“ უშველებელ საწყობში ტონობით „არიელი“, „ტაიდი“, „პალმოლივი“ თუ სხვა სარეცხი საშუალებები. როგორ მხოლოდ მაშინ მივიდა იქ სახანძრო მანქანები, როცა გადასარჩენი აღარაფერი დარჩა! როგორ ჭიდაობით გამოყარეს მეორე დღეს ხალვაშისვე საწარმოების – „პრიზას“ და „ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი“-ს ოფისებიდან  თანამშრომლები, მათ შორის ჩემი მეზობელი ზვიადიც… როგორ გადაღებეს ამ კომპანიების სამშენებლო მანქანები, ბეტონის შემრევები და სხვა ტექნიკა რამდენიმე დღეში (თუ არ ვცდები, „რაღაცცემენტი“ დააწერეს…) – http://www.ombudsman.ge/en/news/1138-the-public-defenders-statement-regarding-putting-up-of-kibar-khalvashis-property-for-an-open-auction.page

ძალიან „კეთილსინდისიერების“ სუნი ასდიოდა ამ ამბავს! თან – ოქრუაშვილის დაჭერისა და „აღიარებითი“ ჩვენების ფონზე!…  ვინც ამას ფიქრობთ, გილოცავთ! – თქვენ მოიგეთ ჯეკპოტი და წარმატებით შეგიძლიათ დაიცვათ გვარამია და მისი კეთილსინდისიერი მფლობელები…

======

 

საზოგადოებას, ექსპერტებს და განსაკუთრებით – მედიაქსპერტებს

და რატომ მხოლოდ ხალვაში გახდა ის, ვისაც რუსთავი2-ის თემაზე საჩივარი უნდა შეეტანა?

მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ერთ რამეს ვერ წაართმევ, როგორც „კავკასიურ ცარცის წრეში“ იძახდა გურამ საღარაძის ნაცისტურჩაფხუტიანი გმირი: „ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ლა-ზა-თი-ა-ნად ვაკეთებთო!“ ჩვენი ნაცები მართლაც ლაზათიანად წვავდნენ, ლაზათიანად ართმევდნენ, ლაზათიანად აშინებდნენ, ლაზათიანად იღებდნენ ჩვენებებს, ლაზათიანად აფორმებდნენ საპროცესო გარიგებებს, ლაზათიანად არეკეტებდნენ, თუ სჭირდებოდათ, ლაზათიანად აწამებდნენ კიდეც, ხოლო ბოლოს კი ლაზათიანად ანადგურებდნენ თავიანთი მოდელირების მტკიცებულებებს… მარტო „ჯაშუშ“ სიმონ კილაძის, „ჯაშუშ“ ვახტანგ მაისაიას, „ენვერის“ ჯაშუშური ქსელის, „ჯაშუში ფოტოჟურნალისტების“ თეთრი ძაფით შეკერილი და შეთითხნილი საქმეები, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის, დავით ცინდელიანის და სერგო თეთრაძის ტრაგიკული ბედი საკმარისია იმის დასანახად, როგორი „ლაზათით“ იყო ეს ყველაფერი ორგანიზებული და მერე – კვალწაშლილი! რამდენი წელი დასჭირდა გამოძიებას და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გაამწარა კორტების სპეცოპერაციამ თუ შარდენბარიდან დაწყებულმა სახელმწიფო კრიმინალურმა მენტალიტეტმა – მათ შორის იმ, აწ კი უკვე ბედგამწარებულ ადამიანებს და მათ ოჯახებსაც ვგულისხმობ, მკვლელობის ლიცენზიები რომ დაურიგეს… 😦

და რომ არა ქიბარ ხალვაში, რუსთავი2 მუდამ სააკაშვილის უნდა იყოს?

მაინტერესებს, მედია დამცველებს და მედია ექსპერტებს, უფლებადამცველებს ვეკითხები – ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო რუსთავი2-ის რეალური მფლობელი? ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარის ვალს მიხეილ სააკაშვილი ისე არ აპატიებდა რუსთავი2-ს, რომ იქ საკუთარი ინტერესები და გავლენა  არ ჰქონოდა? ისე კი,  ხალვაშის 7 მილიონის პრეტენზია რა მოსატანია, ნახეთ, მიშას (ჰო, რა გიკვირთ, 2012 წლის ბოლომდე  ხომ მიშა იყო სახელმწიფოც, კონსტიტუციაც, კანონიც და სასამართლოც!) რამდენი აქვს ჩაჩხრიალებული სახელმწიფო ჯიბიდან რუსთავი2-სთვის!.. ჩვენში დარჩეს და, თუ ინვესტიციებს სწორად დავთვლით, უპრიანია, სწორედ მიშა იყოს აღიარებული რუსთავი2-ის ყველაზე “კეთილსინდისიერ შემძენად”! რაც მაგან ამ ტელეკომპანიის გახედვნაზე და [საკუთარ] ჭკუაზე მოყვანაზე იზრუნა, რაც მაგან რუსთავი2-ს ვალები აპატია (ყველა ჩვენგანის ხარჯზე, რა თქმა უნდა!), რა გასაკვირი იქნებოდა, თავად რომ შეეტანა საჩივარი ყარამანიშვილებზე?! აფსუს, გულჩვილობა და მოკრძალება როგორ ღუპავს ჩვენს ექს-პრეზიდენტს?!

ბევრი მედიაექსპერტი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიმართ  კრიტიკულობა იმდენად მნიშვნელოვანია, ყველაფერს ანეიტრალებს. – მერე რა, რომ რუსთავი2 ბევრს ცრუობს, მერე რა, რომ ბევრს აყალბებს, მერე რა, რომ მოდელირების ჩემპიონებად ისინი დარჩნენ, მერე რა, თუ ვინმე გრიშენკოს მიერ სხვისი გამხმარი ვენახის ანაზღაურებული „აჩეხვა“ ლამის მეორედ მოსვლად მოგვაჩვენეს, მერე რა, თუ ტრადიციულად ისე აყალბებდნენ ინგლისურიდან თარგმანს, რომ მრავალჯერ ნატოს ხელმძღვანელობის და დიპლომატების გაოცება და აღშფოთება გამოიწვიეს… – ოღონდ მათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობა არ მოგვაკლონ და ეგ ყველაფერი მცირე ნიუანსებიაო, ლამის ისეთი საბავშვო „ონავრობები“, კაცს რომ ღიმილი მოგეფინება სახეზე…

არადა, ჯერაც არ არის გამოძიებული და დასრულებული დაშინების, შანტაჟის ან სულაც მოსყიდვის ის საქმეები, რასაც მედიის მიმართ ნაციონალური ხელისუფლება 2004-2012 წლებში ახორციელებდა. ჯერაც არაა გამოძიებული „იმედის“ შტურმის ორგანიზატორები, ამ ვერაგული განზრახვის მასშტაბები, და ამ დროს დაზარალებულ ჟურნალისტთა საქმეები წლობით თაროებზეა შემოდებული. და სანამ ამაზე ფეხს ვითრევთ, სანამ ეს მივიწყებული გვაქვს საზოგადოებასაც და მედია ექსპერტებსაც, მერე ნუღარ გვიკვირს, რომ ქიბარ ხალვაშის და მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის წინ დაწყებული გარიგება და გამორიგება ისევ ქიბარ ხალვაშის საჩივლელი გახდა, რადგან თქვენ თუნდაც უსამართლო სტატუს-ქვო გაწყობთ და თქვენი პოზიცია, ძვირფასო მედიაექსპერტებო, მაპატიეთ და, სამართლებრივი კუთხიდან, მგონი, მარაზმია. და თუ მართლა ასე ფიქრობთ,  გამოდით და თქვენს სტუდენტებს ღიად უთხარით, – რომ გირჩევნიათ წართმეული სამუდამოდ წამრთმევს დარჩეს და მატყუარამ ისევ მოიტყუოს, ოღონდ კი სახელმწიფო გააკრიტიკოს. რომ თქვენი იმპერატივი სამართლიანობის აღდგენა ვერასოდეს იქნება, თქვენ კრიტიკული [ცალმხრივად კრიტიკული!!! Sic!] მედიის შესანარჩუნებლად გვარამიას კი არა, გებელსსაც დაუჭერდით მხარს – ხომ გასაგებია, რომ მაგალითად, ადენაუერის მთავრობისთვის საუკეთესო კრიტიკოსი – თქვენი ლოგიკით, – სწორედ გებელსი იქნებოდა!

მე რამე მეშლება და ეგ არ გითქვამთ? ბოდიში, მაგრამ რომ მოვახერხო და დაგანახოთ, რომ სწორედ აქეთკენ მიდის ეს მართლაც და საოცრად და განსაცვიფრებლად აშლილ-ჩაშლილი საქმე, და თქვენი უმრავლესობის კეთილი ზრახვებით მოფენილი გზა, მერე რაღას იტყვით? თვალებს ხომ არ დახუჭავთ?

თქვენ რომ ეს საკითხი გაწუხებდეთ, იმის შემდეგ მაინც, რაც დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მართავს გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ სისხლიან გეგმებზე ნიკა გვარამია წყალში პირს იგუბებს და ერთ ადგილზე არ აგზავნის მისთვის და მისი გუნდისათვის სისხლისდასაღვრელი ნეტარი სცენარის ავტორს („სტოპრო სისხლი დაიღვრება, ქინძი ვიყოო“, – სიხარულს რომ ვერ ფარავს), ამის შემდეგ უნდა მოგეთხოვათ მაინც, რომ გვარამია გადამდგარიყო. ამის შემდეგ მაინც უნდა მიმხდარიყავით, ვისი სცენარით ლუღლუღებენ “განრისხებული” ყარამანიშვილები. მაპატიეთ, თუ შორენა შავერდაშვილის გარდა, მსგავსი რამ არავისგან მომისმენია ჯერ. იმედი მაქვს, რომ გამომრჩა და ბევრმა თქვით, ან იფიქრეთ მაინც, მაგრამ, (არ ვიცი, რატომ), მოგერიდათ…

რატომღაც მგონია, რომ თქვენც და იმ ოთხ მუშკეტერსაც, კარდინალ ნიკა რიშელიეს დაცვა (აირია ქვეყანა, მაჭკატ! ან მუშკეტერებს აერიათ რამსები და ან რიშელიეები იქცნენ წმინდა სებასტიანებად!) რომ აქვთ დავალებულ-დაფინანსებული, სავარაუდოდ, – ჰერცოგ რიშელიეს ქანდაკების ქალაქიდან, სწორედ ეს გაქვთ ამოცანად დასახული – გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად – რომ ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და მათი პატრონი იყონ სამუდამოდ რუსთავი2-ის პატრონებად!

ნუთუ ესაა Rule of Law?

ან – Without Justice There Can Be No Peace!?

======

ხელისუფლებას

ახლა კი, მოდით სერიოზულად დავილაპარაკოთ იმაზე, რა ხდება და როგორ ხდება პოლიტიკურ ფრონტზე. ვის მიმართ მაქვს პრეტენზიები და როგორი. დარწმუნებული ვარ, რუსთავი2 და მისი მხარდამჭერები უახლოესი ერთი გვერდის ციტატებს მაინც საკმაოდ ხალისით გაავრცელებენ.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრეტენზიები მაქვს ხელისუფლების და სახელმწიფოსთან აფილირებული სტრუქტურების და პერსონების მიმართ. როდესაც დღეს მთელი მსოფლიო რუსთავი2-ის მიმართ წარმოებულ „პოლიტიკურ პროცესზე“ საუბრობს, აბა კარგად გაიხსენეთ, თავად ხომ არ მიეცით ამის საფუძველი? თავად ხომ არ გითქვამთ, რომ „რუსთავი2 სიცრუის მანქანაა“? მაპატიეთ, რომ პოლიტიკის და  დიპლომატიის ანბანს  გიკითხავთ, მაგრამ აღიარებული ნორმებით, არსებობს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის – „რუსთავი2 ცრუობს“ (რაღაც კონკრეტულ საკითხზე, რასაც არგუმენტიც უნდა მოჰყვეს მაშინვე!) და „რუსთავი2 სიცრუის მანქანაა“. როდესაც თქვენ და თქვენი გუნდი არ ერიდებოდით ამ ტიპის განცხადებებს, და მით უფრო, თუ ამ ტიპის განცხადებების შემდეგ მათი დასაბუთება საჭიროდ არც მიგაჩნდათ, ეს განცხადებები ჰაერში არ ქრება, არამედ მძიმე ტვირთად ილექება და საჭირო მომენტში თქვენს მიმართ ჭურვივით იქნება  ნასროლი. ისიც ხომ არ გითქვამთ, ვინმეს – „რუსთავი2 დაიხურება“? რუსთავი2-ის ჟურნალისტებს რამენაირად ხომ არ დამუქრებიხართ? არსებობს მარტივი დაუწერელი ან იქნებ დაწერილი წესიც –  მედია- და არც უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ, ან მათი ჟურნალისტების / უფლებადამცველების მიმართ უსაფუძვლო თუ ზოგადი კრიტიკა მიუღებელია. ხოლო თუ ხელისუფლებაში ხართ და დასახელებული ორგანიზაციების/პირების მიმართ ამბობთ, რომ რამეს გამოიძიებთ, რამეს დაადგენთ, სიმართლეს სახეზე ააფარებთ და სააშკარაოზე გამოიყვანთ, ჩათვალეთ, რომ უკვე საკმაოდ მოლიპულ გზაზე შედგით ფეხი – რადგან მათ თქვენი კრიტიკა ევალებათ, ხოლო თქვენგან მათი კრიტიკა კი – ზეწოლად აღიქმება! განსკუთრებით დაუშვებელია, თუ მერე თქვენს „დაპირებას“ ვერც დაადასტურებთ და არც ბოდიშს მოიხდით! გარდა იმისა, რომ ეს უკვე თქვენს წინააღმდეგ რეაქტიულ ჭურვებად იქცევა ხოლმე, ამით ხომ ამ ადამიანებს კიდევ უფრო [მიკერძოებულად] კრიტიკულს გახდით თქვენს მიმართ?

მედიის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ პასუხის მოთხოვნის და დაჩმორების საფრთხე სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილის ბატონობის დროს იყო, მაგრამ აბა გაიხსენეთ, მიშა და მისი გამოწურთნილი გვარდია ღიად, საზოგადოების წინ სიტყვით რომ თითქმის არასდროს იმუქრებოდნენ! ეს იმ დროს, როცა ბოკერია, უგულავა და მერაბიშვილი მართავდნენ ქართულ მედიას და ნიუსრუმისთვის მთავარი ამბების ჩამონათვალსაც კი (კრიტიკულ დღეებში  მაინც) სწორედ ნაცმოძრაობის ქურუმები ადგენდნენ პირადად! ეს მაშინ, სამივე მთავარი არხის რეპორტაჟი ხაშურის პოლიციის განყოფილებაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დაკავებული პირის დაკრძალვის შესახებ, არამცთუ ტყუპისცალებივით მსგავსი, არამედ ერთი ადამიანის დნმ-ივით ზუსტად ერთიდაიგივე რომ იყო!

გამოდის, რომ თქვენი ბამბაც ჩხრიალებს! იქნებ ხელისუფლებაში ყოფნის მე- 3 წლისთავზე მაინც დავასკვნათ, რომ ბამბაც სახიფათოა? ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მოქალაქეობაში დაბრუნების შემდეგ დააამკვიდრა ჟურნალისტების გაწურვის, მიჭირხვნის და ჩაანალიზების მეთოდოლოგია და, ვფიქრობ, დათვური სამსახური გაუწია ამით „ქართული ოცნების“ მთავრობას. ჯერ ერთი, მიუხედავად იმისა, რომ მას დღეს ოფიციალურად უკვე ხელისუფლის  სტატუსი აღარ აქვს, მისი მოქალაქეობა რიგით მოქალაქეობად ნამდვილად ვერ აღიქმება. თავად ამბობს, ხელისუფლება იმიტომ მისმენს, ხალხში ავტორიტეტი მაქვსო. ბევრი ამას ისე თარგმნის, რომ მას ხელისუფლებაზე გავლენა აქვს და ამაში ნამდვილად არის ლოგიკა. იქნებ იმ მხრივ მაინც გააფრთხილოს ხელისუფლების მოქმედი პირები, – რასაც მე ვიტყვი, თქვენ ავტომატურად ნუ დაიწყებთ იმის გამეორებას, რადგან ჩემი და თქვენი პასუხისმგებლობა უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებულიაო!

რამდენიმე თვის წინ, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციის მორიგი ანგარიში უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად  დაანონსებული ანგარიშის თარიღი გადაიწია, და არ გამოვრიცხავ – იმიტომ, რომ შედარებით მოკრძალებული მასშტაბის ღონისძიება შემდეგ უფრო გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისის წარმომადგენელმა ქალბატონმა (იქნებ, სპეციალურად ჩამოსულმაც) სხვა მესიჯებთან ერთად განსაკუთრებული აქცენტი იმაზე გააკეთა, ჩვენ მთელ მსოფლიოში 60-ზე მეტი განყოფილება გვაქვს და თითოეულის უფლებებს და ყველა თანამშრომლის ხელშეუხებლობას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე (ვუტრირებ!) დავიცავთო! არადა, ისეთი ქვეყნიდან არის ის დალოცვილი ქალბატონო, გაცილებით უპრიანი იქნებოდა, თავის ქვეყანაში ატარებდეს მეტ დროს და იქ იბრძოდეს მედიის და უფლებადამცველთა უფლებებისათვის! მაგრამ მისი მესმის, რადგან წინა თვეების განმავლობაში ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრების მხრიდან, თუ პარლამენტართა მხრიდანაც მართლაც ვრცელდებოდა საქართველოში მათი ოფისის წარმომადგენლის მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები და იმის დაპირებები, რომ მისი წარსული საქმიანობა და დარღვევები სააშკარაოზე იქნებოდა გამოტანილი! შედეგი? – ნოლი! არა, – მინუს 10! ადამიანურად შეიძლება მესმოდეს ბიძინა ივანიშვილის, როცა რუსთავი2-ის ჟურნალისტებს მიმართავდა – “ამიხსენით, ჩემგან რა ზეწოლა განიცადეთ, სამი წელია კი გაკრიტიკებთ, მაგრამ კონკრეტულად როდის შევზღუდე თქვენი უფლებებიო!” მაგრამ ფაქტია, მედია ძალიან რეაგირებს ამ ტიპის კრიტიკაზე, და აჯობებს,  პრეტენზიები იყოს ძალიან კონკრეტული და დასაბუთებული, ხოლო ხელისუფლების მხრიდან – განსაკუთრებით დასაბუთებული, ან – სულაც არ იყოს. ამ ბოლო დღეებში ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებებს ვხედავ, მაგრამ, ვაი რომ, ნაგვიანები მგონია.

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ერევა სასამართლოს მუშაობაში, ლოგიკური ეჭვი შეიძლება იყოს, რადგან აშკარაა, რომ რუსთავი2-ის საქმიანობა საკმაოდ ხშირად ემსახურება არა იმდენად სიმართლის დადგენას, არამედ – მოდელირებისა და აგრავაცია-სიმულაციის გზით მთავრობის დისკრედიტაციას, და ამისთვის მათ უმაღლესი პილოტაჟის კურსები აქვთ გავლილი. (აი, სხვებს მოუვუწოდებდი, არ ჰქნათ მეთქი და მე თავად წამცდა ზოგადი და არაკონკრეტული კრიტიკა! – ბოდიშს ვიხდი!). ხელისუფლების წევრებიც ადამიანებია და უცნაური იქნება, ვიფიქროთ, რომ თავიანთ განწყობაში მაინც აბსოლუტურად ნეიტრალურები არიან! თუმცა, მთავარი ისაა, რეალურად ხომ არ ხდება სასამართლოზე გავლენის მოხდენა ხელისუფლების მხრიდან. და თუ რუსთავი2-ის ადვოკატებს ამის ფაქტები აქვთ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ზემოდგომი ან სულაც სტრასბურგის სასამართლოს გამოძიების საგანი გახდება. ამავე დროს, თუ გავლენაზე ეჭვი არსებობს, უცნაურია, თუ ხელისუფლება, დავუშვათ და ამას ახერხებს, ჯერ ერთი რატომ მხოლოდ ხანდახან “ახერხებს”, რატომ “ახერხებს” ისე, რომ თავად მისი იმიჯი უფრო ზიანდება, და რატომ არის ასე განსხვავებული თავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციები? ფაქტია, რომ ბევრი პარლამენტარი – პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერის ჩათვლით, ორი დღის წინ არ მალავდა თავის უკმაყოფილებას სასამართლო პროცესის ფორმით (ზეპირი მოსმენის გარეშე!) და სრულიად მიუღებელი გაშუქებით (უფრო სწორედ – არასათანადო და ნაგვიანები გაშუქებით!), მაშინ როცა ამ პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი მართლაც ძალიან მაღალია. სწორედ ამას მოჰყვა ის, რომ საღამოს 5 საათზე გამოტანილი მოსამართლის გადაწყვეტილება არავინ არ გაახმაურა მაშინვე, არავინ არ მიიტანა ჟურნალისტებამდე ეს ამბავი, ხოლო რუსთავი2-ის საინფორმაციომ კი 23:30-ზე გამოუშვა სპეციალური ღამის ახალი [მოდელირებული?] ამბები და მთელ მსოფლიოს ამცნო, თითქოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ღამით მიიღო!! ახლა, როცა საქართველოს შესახებ ნებისმიერ კრიტიკულ ანალიზში ეს “ღამით მიღებული გადაწყვეტილება” ფიგურირებს, ამის გამოსწორება გაცილებით ძნელია… ეს განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რადგან ამას ის პარტია გვიკიჟინებს, ვინაც “ღამურა ნოტარიუსების” მთელი არმია შექმნა და ღამის პროცედურები საკუთრების ახევის მახინჯ პრაქტიკად აქცია!

ამჟამად არ შევდივარ ამ საქმისწარმოების დეტალების განხილვაში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იურიდიულ კვალიფიკაციას, და უფრო კი იმიტომ, რომ ისედაც აბურდულ-დაბურდული პროცესი კიდევ უფრო არ დავაზარალო. თანაც იყო პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის საბჭოს წევრთა განცხადებები, რომ ის ზეწოლა და თავდასხმები, რაც მოსამართლეზე და ზოგადად სასამართლოების (მათ შორის – საკონსტიტუციო სასამართლოს) მიმართ ისმის, ძალიან დააზარალებს ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას და უმჯობესია, დაველოდოთ ამ სისტემის ზემდგომი ორგანოების მხრიდან მოსამართლე ურთმელიძესთან საუბრის კონკრეტულ შედეგებს.

==================

 

არასამთავრობო სექტორს

თავად ამ სექტორში ვიყავი ლამის 15 წელი, და პირდაპირ მინდა გითხრათ, ჩემი აზრით, საკმარისი ალღო, ცოდნა და ნიჭი გაგაჩნიათ იმის გასარჩევად, რომ მიხვდეთ, აღნიშნული პროცესები ვის წისქვილზე ასხამს წყალს.

გასაგებია, რომ თქვენი საქმიანობის წესიდან და ლოგიკიდან გამომდინარე, თქვენ ყველაზე მეტად მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გევალებათ და არა – წარსულ ხელისუფლებასთან მოქმედის შედარებითი დახასიათება.

ნამდვილად გამიჭირდება ეჭვი შევიტანო ხელისუფლების მიმართ ანა ნაცვლიშვილის კრიტიკის სამართლიანობაში, როდესაც სწორედ ანა ნაცვლიშვილი იცავდა სააკაშვილის მიერ დაწყებული სოფტ-სტილის მედია ტერორის ერთ-ერთ პირველ მსხვერპლს – შალვა რამიშვილს! როგორ შეძლება დავივიწყო ქეთი ხუციშვილის, ნინო ლომჯარიას და სხვათა წვლილი სიტყვის თავისუფლების დასაცავად „ეს შენ გეხება!“, “Must Carry, Must Offer” და სხვა საპროტესტო აქციებში?! როდესაც ჩემს ნაწერებში მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიის მიტაცებაზე პირველ ოფიციალურ ანგარიშებს ვიყენებდი, ეს ხომ სწორედ Transparency International-ის, Human Rights Watch-ის, Freedom House-ის, „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ევრაზიის ფონდის ანგარიშებია… როცა ნინო ზურიაშვილის სტუდია „მონიტორის“ და ნანა ლეჟავას GNS სტუდიის ფილმები იყო სააკაშვილის რეჟიმის მხილების ლამის ერთადერთი ვიდეომტკიცებულებები, ეს ხომ სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთ მოძულეთა მიერ მწარედ მოძულებული სოროსის ფონდის სახსრებით  და პოლიტიკური დახმარებით გადაღებული ფილმებია!  ბევრმა ალბათ ისიც არ იცის, რომ ამერიკაში სააკაშვილის რეჟიმის მიმართ პირველი საკმაოდ კრიტიკული სიტყვები სწორედაც რომ სოროსის ინსტიტუტის მმართველთა საბჭოზე გაისმა, ჯერ კიდევ 2005 წლის მაისში, როდესაც იქ თავისი ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელთა საქართველოს მაშინდელ მთავრობაში მასიურად გადაბარგების ფაქტზე და ნაცმოძრაობის ხელისუფლების სხვა საშიშ, არადემოკრატიულ ტენდენციებზე ისაუბრეს…

გავბედავ და გკითხავთ, ბატონებო და ქალბატონებო: თქვენ მაქსიმალისტები ხართ, თუ ოდნავ მაინც, რეალისტები? ნაცმოძრაობას და ოცნებას შორის პარალელებს რომ ავლებთ, ჯანდაბას, ზოგ რამეში იქნებ დაგეთანხმოთ, მაგრამ ტოლობის ნიშნებამდეც რომ მიირბინეთ უკვე ზოგიერთმა,  ამის ფაქტები მართლა გაქვთ, თუ მხოლოდ წინათგრძნობებს ეყრდნობით? თუ ზოგ თქვენგანს სასურველი რეალობად ელანდება და მესამე პროდასავლური ცენტრის ჩამოყალიბების ოცნებებში ისე შორს გაიჭერით, რომ ნიკა გვარამიას ხელში დატოვებული  რუსთავი2 უკვე საკუთარი გგონიათ და ნიკა გვარამიასეული ბორდის წევრობაზე ოცნებებმა აგამჩატათ? (ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ბოლო პასაჟი ყველას არ ეხება!)…

„წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო!..“ და ვინ იქნება ეს „ქვიშანი“? ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის რუსთავი2-ში სამუდამოდ კურთხევა  ხომ არ იქნება ის „ქვიშანი“, რითაც არა მგონია, დიდხანს იამაყოთ? მათ ბორდებში ყოფნის საეჭვო სიამოვნებაზე რომ არაფერი ვთქვა!..

მეტს არაფერს გეტყვით… წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან… იმედია, შემოდგომამდე მშვიდად მივაღწევთ, ყველა – ჩვენ-ჩვენი გაკვეთილების მშვიდად, გონებით გააზრებისა და ფიქრის წყალობით და არა ისე, ემოციურ-თვალანთებულად, როგორც ეგ გვემართება ხოლმე: მე ხშირად – მიშას, და ბევრ თქვენგანს კი – ბიძინას ხსენებაზე… ისე, ბიძინა ივანიშვილი რომ არა, იქნებ დღესაც უსაფუძვლო ოცნება ყოფილიყო სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და უსისხლოდ მოცილება… (ამას რომ ვამბობ, არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა, მაგრამ უმადურობაც არ ეგების).

ჰო, მართლა, ერთმა ძალიან ლიბერალმა ადამიანმა, მედიის ბრწყინვალე პროფესიონალმა, რომელიც მშვენივრად ერკვევა წარსულ და ახლანდელ მთავრობების არსსა და რაობაში, და „ქართული ოცნების“ მედგარი კრიტიკოსია, მასთან სტუმრობისას ისეთი რამ მითხრა, რომ მეც კი გავვოგნდი (ამაზე არ მიფიქრია): არ მგონია, რომ ამის რეალური შანსი იყოს ახლა საქართველოში, თორემ თუ მიშა და ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდა, არავის ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ სწორედ იმას იზამს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე, რაც პინოჩეტმა ჰქნა  სანტიაგოს ნაციონალურ სტადიონზე – საკონცენტრაციო ბანაკად აქცევს და ყოველდღე რამდენიმე ათეულს დაგვხვრეტსო… ალბათ, არ დამიჯერებთ სიტყვაზე, მაგრამ ამ ადამიანს, მისი თანხმობის გარეშე, ვერ დავასახელებ და ისე კი ამ საუბარს სხვებიც ისმენდნენ და არავის გაგვცინებია…

დაფიქრდით იმაზე, ვინ როდის და როგორ ხეირობს… ან ვინ და როგორ იხეირებს თქვენი, იქნებ გულწრფელი, მაგრამ ვაითუ ხშირად მიამიტი ცეცხლოვანი ტირადებით. მე ბევრს ვფიქრობ ამაზე, როცა ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის და ზოგიერთი ფეისბუქის ფრენდის აზრებს და გეგმებს ვეცნობი და ლორდ ჰესტინგსის სიტყვები მახსენდება „რიჩარდ მესამიდან“:  „ჩვენ, მოკვდავნი, ერთმანეთის სახეს ვცნობთ მხოლოდ, და არა – გულებს!..“

========

 

დასავლელ დიპლომატებს

მიხეილ სააკაშვილის დადებითი მხარე იყო ის, რომ მან დემოკრატიის საფუძვლებიც იცოდა და დასავლურად საუბარიც შეეძლო.

მიხეილ სააკაშვილის ნაკლი იყო ის, რომ მას დემოკრატიის საფუძვლების და დასავლურად საუბრის მანერებიც, უხშირესად, ერთი რამისთვის სჭირდებოდა – თავისი აღმოსავლურ-აუტოკრატული მისწრაფებების შესანიღბად. არ ვიცი, რამდენად მოახერხა მან, რამე ესწავლა საქართველოში ფიასკოს შემდეგ. ვშიშობ, მხოლოდ ის, რომ თავისი ზრახვები უკეთ უნდა დაფაროს. თუმცა მისი სატელეფონო საუბრები ამის საფუძველსაც ნაკლებად იძლევა.

გასაგებია, რატომ მოგწონდათ მიხეილ სააკაშვილი – თქვენებურად საუბრობდა და ეფექტური იყო. გასაგებია, რატომ გინდათ მისი ენერგიის, ქარიზმის და ტალანტის გამოყენება უკრაინაში… ღმერთმა მოგახმაროთ! და გულწრფელად ვუსურვე გუშინაც უკრაინიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ სააკაშვილის და მისი გვარდიის ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ, ოღონდ, ყურადღებით ადევნონ თვალი, რომ კორუფციონერთა საწინააღმდეგოდ ამუშავებული მანქანა მერე ბიზნესმენთა (მათ შორის, – პატიოსან ბიზნესმენთა) საწველ მანქანად არ აქციოს, რადგან იქედან ბიზნესმენების გატყავებამდე მანქანას უკვე ძალიან მცირე მოდიფიკაცია თუ სჭირდება და მიხეილ სააკაშვილის გუნდს ამაზე ხელისწაცდენის დადასტურებული და მათ მიერვე აღიარებული მავნე მიდრეკილებები აქვს, რის გამოც საქართველოში ათეულ ათასობით საჩივარია შეტანილი წინა ხელისუფლების მხრიდან ქონების უკანონო წართმევაზე.

მაგრამ ხომ ხედავთ, რომ ეს ადამიანი თქვენი პრობლემების სათავეცაა?

ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ის თქვენს ჭკუაზე არ ივლის და თქვენს დავალებებს თავის სასარგებლოდ შეცვლის და შეატრიალებს?

ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ოდესის გუბერნატორობის პირობებში იგი საქართველოში არეულობის მოწყობაზე ოცნებას თავს არამცთუ ანებებს, არამედ უკვე სისხლის დაღვრის სცენარებზე მუშაობს?

მიხეილ სააკაშვილმა წელს რამდენჯერმე ღიად და აშკარად განაცხადა, რომ იგი და მისი პარტია საქართველოში დაბრუნდებიან და რომ ეს წელსვე – 2015 წლის შემოდგომაზე მოხდება!

ორი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით:

  1. როგორ უნდა მოხდეს ეს 2015 წელს, თუ მორიგი არჩევნები მხოლოდ 2016 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი?
  2. და იქნებ იმაზეც დაფიქრდეთ, რატომ სურს მიხეილ სააკაშვილს ასე ხაზგასმით, რომ ეს მაინცდამაინც წელს მოხდეს?

მგონი, პასუხები ძალიან მარტივია:

  1. მიხეილ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ იგი და მისი პარტია არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვა! საქმე იმაშია, რომ თუნდაც IRI-ის NDI-ოს მონაცემებით იმ დროს, როცა ქართული ოცნების რეიტინგი ლამის 2-3-ჯერ შემცირდა (ახლა არ ვაპირებ ამ საკითხის დამაჯერებლობის განხილვას), ნაცმოძრაობის რეიტინგი აბსოლუტურად არ გაზრდილა! ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ ხალხი შეიძლება იმედგაცრუებული კია „ქართული ოცნებით“, მაგრამ იგივე ხალხი მაინც არ აპირებს ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პარტია, რომელმაც მასობრივი გაყალბებებით, მედიის დაქვემდებარებით, უსამართლო სასამართლოებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნით და ამისათვის პოლიციის და ზონდერების გამოყენებით, ბიზნესის გატყავებით, ციხეების გადავსებით და პატიმრების მიმართ სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობით, და სულაც – წამებით, დაამახსოვრათ თავი.

ის, რაც თქვენ მოგწონდათ მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, იყო [ძალიან სერიოზული დაშინების] აისბერგის მომხიბვლელი წყალზედა ნაწილი. ის რაც ჩვენ ვიცოდით და თქვენც დაინახეთ 2012 წელს და შემდეგ, იყო ამ აისბერგის ამაზრზენი დაფარული ნაწილი. და სანამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს არც პასუხი უგია ამაზე და არც ბოდიში მოუხდია, სანამ ეს პარტია თავის კრიმინალ ლიდერებს არ გამიჯვნია, ილუზიაა იმაზე ფიქრიც კი, რომ ეს პარტია ხელისუფლებაში დაბრუნდება. არა მგონია, ილუზიების ტყვეობაში დარჩენა რამენაირად სასარგებლო იყოს.

2. და რატომ მაინცდამაინც ახლა – შემოდგომაზე? იქნებ საკუთარ თავს ჰკითხოთ, რამე ხომ არ ხდება შემოდგომის შემდეგ (ანუ დეკემბერში!), რაც მიხეილ სააკაშვილის ისედაც აქტიური პიროვნების კატასტროფულ მოუსვენრობას და აჩქარებას განაპირობებს?

პასუხი ზედაპირზე ძევს – დეკემბერში საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მესამე პაკეტის შესრულება უნდა მოხდეს, და ამის საფუძველზე  ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული!

მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისათვის, რომელიც მთელ თავის პროპაგანდისტულ მანქანას „ქართული ოცნების“ “პრორუსულობაზე” აგებს, ყველაზე დიდი კატასტროფა სწორედ შარშან ასოცირების ხელსეკრულებაზე საქართველოს ხელმოწერა იყო! და დღესაც, უცნაური რეალობების გამო, ვლადიმერ პუტინზე ლამის მეტად სწორედ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიოს! ეს ხომ საქართველოს ხელისუფლებაში მისი რევოლუციური მობრუნების გეგმებს საბოლოოდ დაასამარებს! ამის დასტურად ისიც გამოდგება, როგორი გააფთრებული მცდელობა განახორციელა რამდენიმე დღის წინ საქართველოს  პარლამენტში ნაცმოძრაობის ახალგაზრდა დეპუტატთა ჯგუფმა, როცა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტში ისეთი პუნქტების ჩართვა მოითხოვეს, რაც ასოცირების პროცესს ფაქტიურად გააჩერებდა. რამდენადაც ვიცი, სხდომაში მონაწილე ევროპელმა პარლამენტარებმა ნაცმოძრაობის წევრთა ამ თვითლუსტრაციით გაოცება ვერ დამალეს, – როცა დეკლარირებულად პროევროპული უმცირესობის წევრები სპეციალურად ცდილობდნენ ევროპისაკენ საქართველოს სვლის შეჩერებას. საბედნიეროდ, მათ მიმართ სხდომის თავმჯდომარისა და ევროპელი პარტნიორების შემჩნევებმა, პროცედურულ დარღვევებზე მითითებამ და სხდომის საერთო სულისკვეთებამ ეს პროვოკაციული გეგმა ჩააგდო, მაგრამ ხომ აშკარაა, რომ ეს ქარი ოდესელი პოლიტემიგრანტის დათესილია! და ის კი თავის გეგმებზე ხელს არასდროს იღებს?!.

გეგმები კი, სავარაუდოდ, ასეთია – ვიზალიბერალიზაციაზე უარის შემთხვევაში ქვეყანაში გამოსვლების დაწყების ორგანიზება, რომ ვითომ საქართველოს რუსეთისკენ სვლა შეაჩერონ და ამავდროულად – პრორუსული ორიენტაციის პარტიების მხარდამჭერებთან შეჯახების პროვოცირებით – ქვეყნის დესტაბილიზაციის ფონზე „რევოლუციური სიტუაციის“ შექმნა, ბარიკადებით, სისხლისღვრით და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი იარაღისა და საკუთარი შეიარაღებული მომხრეების ასპარეზზე გამოყვანით. იმედია, ამ გეგმების მტკიცებულებები მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის, თუმცა, სავარაუდოდ, საკმაოდ ავთენტური სამხილები არ იქნება, და სახელმწიფო გადატრიალების და შეთქმულების საქმეზე დაწყებული გამოძიება დაუსრულებელ პროცესად არ იქცევა.

და სანამ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მეორე რევოლუციის მოწყობის ჟინით, რუსთავი2-ის თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებაზე უარს არ ამბობს, თქვენი ნამდვილად სწორი მოწოდება საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის  და მედიაპლურალიზმის დასაცავად (თუკი სააკაშვილის ამ მცდელობებს ღიად არ გაემიჯნებით), ხომ ცუდად შეიძლება იქნეს აღქმული მოსახლეობის დიდ უმრავლესობაში?! როგორც – არა რუსთავი2-ის დაცვა, არამედ – მიხეილ სააკაშვილის და მისი ზონდერების ავანტურისტული გეგმების ხელშეწყობა და რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში (თუ ამაშიც ეჭვი გეპარებათ უკვე?) დესტაბილიზაციის მცდელობებში გარკვეული მონაწილეობა? ნუთუ არ გიფიქრიათ, რომ იმ მასშტაბის ავანტიურისტთან ასოცირება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, საქართველოში მაინც, თქვენს რეპუტაციას ჩრდილს აყენებს? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს უკვე ის სიტუაციია, როცა თქვენ, სულ ცოტა, ამ მცდელობებს უნდა გაემიჯნოთ, და იქნებ ბატონ სააკაშვილს ურჩიოთ მხოლოდ ერთ სკამზე დაჯდეს და ორი ქვეყნის ბედზე, ერთდროულად მაინც, არ „იზრუნოს“? სამწუხაროდ, თუნდაც დიპლომატიური ფორმით, მაგრამ საკმაოდ ნათლად, ასეთი განცხადება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ელჩისაგან მოვისმინე.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში არავის არ მიუყენებია ამერიკის და დასავლეთის, და დასავლური ღირებულებების იმიჯისთვის იმაზე მეტი დარტყმა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა და აკეთებს… ძალიან ცუდია, თუ ამას ვერ ხედავთ. თუ გსურთ, რომ ეს ასევე გაგრძელდეს, ნება თქვენია…

განა რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ისეთს, რომ თქვენ არ გიჩნდებათ სურვილი საქართველოს ხელისუფლების იანუკოვიჩთან, ხოლო საქართველოს დღევანდელობის – კიევის მაიდანთან მიშასეულ შედარებებს გაემიჯნოთ? განა დასავლეთი აღარ ვაჭრობს რუსეთთან? განა კონგრესში და თქვენს პარლამენტებში არ გყავთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც პუტინს (და იქნებ სტალინსაც) მოსაწონ პიროვნებებად თვლის? განა თქვენივე მთავრობის წევრები არ მოხვედრილან ციხეში კორუფციის, გაფლანგვის ან ძალაუფლების გადამეტების გამო? განა უცნაური არ იქნება, რომ ამის გამო ჩვენ მათ მიმართ თქვენი სასამართლოების გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ დავაყენოთ და “პოლიტიკურ დევნაზე” ვისაუბროთ?! რა თქმა უნდა, საქართველოს სასამართლო ვერ დაიკვეხნის ევროპული თუ ამერიკული სასამართლოების დარი რეპუტაციით, მაგრამ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ხომ მრავალჯერ გთხოვათ, თავად მიგეღოთ მონაწილეობა ყოფილი ხელისუფლების პირების მიმართ წარმოებულ სასამართლო პროცესებში, მოგევლინებინათ თქვენი წარმომადგენლები? თქვენ ამაზე უარი განაცხადეთ. მაგრამ ახლაც, სასამართლოს მიერ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგაც, “პოლიტიკურ პროცესებზე” და “პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე” თქვენი შეძახილები ლამის ისევე ხშირად გვესმის, როგორც გაცილებით ნაკლები დემოკრატიული მაჩვენებლების მქონე ქვეყნების ხელისუფალთა მიმართ! საქმე ისეთ ლაფსუსამდეც კი მივიდა, რომ ახლახანს რეგიონის ერთ ქვეყანაში მყოფმა ევროპარლამენტარმა იქ არსებულ უსერიოზულეს დარღვევებზე პირში წყალი დაიგუბა, ხოლო  შემდეგ ჩვენთან გამოიარა და თავზე მეხი დაგვატეხა, ვითომდა პოლიტიკურ დევნასა და შევიწროებებზე.

ჩვენი ბოლო 25 წელი მწარე გამოცდების, ახალი იმედების და ახალ იმედგაცრუებათა გრძელი ჯაჭვია.

ის, რომ ლამის ყოველი მესამე ქართველი ემიგრაციაშია წასული (რაც მხოლოდ ახლა გავიგეთ, რადგან წინა ხელისუფლებას ასეთი საკითხების გარკვევა არ სურდა!), იმაზე მეტყველებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეთა ბედი არ იყო ია-ვარდით ფენილი. ამას ხაზს უსვამს ისიც, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებული და ანექსირებულია. ჩვენ კი ავღანეთში და ერაყში, ასევე ცენტრალურ აფრიკის სამშვიდობო კონტიგენტებში და უმძიმეს ოპერაციებში მონაწილეობით ნატოს ქვეყნებს არ ვუდებთ ტოლს… მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველო და მისი მოსახლეობა მოთმინებით და მძიმე ფიქრებით დაღლილი ცდილობს, შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, რომ ევროინტეგრაციაზე ჩვენს მრავალწლიან იმედებს ბოლოსდაბოლოს ასრულება უწერია…

დრო გადის, ხელისუფლებები იცვლება, სულ უფრო მეტი ქართველი მიდის ან იბადება უცხოეთში… ჩვენთვის კარგა ხნის წინ ოდნავ შეღებული კარები კი ისევ ისე ოდნავ შეღებულია მხოლოდ… ახლახანს საგარეჯოში ჩატარებულმა არჩევნებმა უჩვენა, რომ ის ძალები, რომლებიც ჩემნაირებს შეცდომად უთვლიან ევროპისკენ 25-წლიან მოთმინებით და იმედით ცქერას, სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებენ – ამის არდანახვა შეცდომაა და ამის „ქართულ ოცნებაზე“ დაბრალება – სააკაშვილის პროპაგანდის აყოლა და სიბეცე! გაცილებით სწორი იქნება, ეგ ყველაფერი სწორედ მიხეილ სააკაშვილს და მის ერთგულ ნაციონალურ მოძრაობას დააბრალოთ, რომელსაც თქვენგან და ხალხისგან ნდობის ასეთი კრედიტი მიეცა და რომელმაც ყველაფერი ასე ჩააფლავა – კომპრომატებით და ვიდეოფაილებით სავსე კასრებში გაცვალა რეალური დემოკრატიული ფასეულობები… გაცილებით სწორი იქნება პრორუსული პარტიის ეს მაღალი მაჩვენებელი სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად კოჰაბიტაციის პროცესს დაუკავშიროთ – რადგან „ქართული ოცნების“ დაბალი რეიტინგი დღეს მნიშვნელოვანწილად სწორედ სამართლიანობის დამკვიდრების გადადებულ პროცესს უკავშირდება. ეს დამკვიდრება ვერც მოხდებოდა კუბლაშვილის უზენაესობის და მოსამართლეთა და პროკურორთა ძველი შემადგენლობის პირობებში, მაგრამ ის, რომ ამას კოჰაბიტაციის სახელი დაერქვა, მრავალ მოქალაქეს აფიქრებინებს, რომ სწორედ დასავლეთის თხოვნით მოხდა სასამართლო პროცესების გაჭიანურება/გადადება და არა – ობიექტური მიზეზების გამო… სწორედ ამ მოვლენის – სამართლიანობის დაპირების დაგვიანებაზე აკეთებს მთავარ კრიტიკას საკმაოდ მომძლავრებული „პატრიოტთა ალიანსი“ თუ სხვა ოპოზიციური ძალები, რომლებიც ნამდვილად გამოიყენებენ თქვენი მხრიდან დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას, ხოლო უფრო მეტად „სააკაშვილის მხარდამჭერი დასავლელების მიმართ“ საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანებას…  თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ სააკაშვილმა და ბოკერიამ მშვენივრად იციან, რომ მათ არამცთუ ხელისუფლებაში არჩევნებით მოსვლის, არამედ არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩენის შანსიც აღარ აქვთ. იმის შანსიც ხელიდან გაუშვა ნაცმოძრაობის შედარებით გაუსვრელმა ნაწილმა, რომ თავის კრიმინალ „ლიდერშიფთან“ გამიჯვნის წყალობით მცირერიცხვოვან პარტიად მაინც დარჩენილიყვნენ, ან რამე კოალიცია შეეკრათ – აგერ ვნახოთ, „გირჩისგან“ რა გამოვა…

რაც შეეხება პრეზიდენტის ირგვლივ ახალი დემოკრატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირების იდეებს თუ მცდელობებს, მე ძალიანაც მომეწონებოდა დემოკრატიული ძალების ახალი  სერიოზული გაერთიანების ფორმირება, როგორც ჯანსაღი, ალტერნატიული პროდასავლური ოპოზიციის შექმნის მცდელობა. მაგრამ 2016 წლის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და “თავისუფალი დემოკრატებიც”, მათდამი გარკვეული პიროვნული სიმპათიების მიუხედავად, ამისთვის არასაკმარისი რესურსის მქონე პარტიულ ძალად მგონია, იმის გათვალისწინებით, რომ მათ რეგიონებში არსებულ სტრუქტურებს რღვევა დაეტყოთ. ხოლო ცალკეული ექსპერტების თუ უფლებადამცველების ახალ პარტიაში გაერთიანება მომენტალურად ვერ იქცევა პარტიად და ამბიციების და ინტერესების შეჯიბრის და დარეგულირების მრავალი გამოცდა მოუწევს…

თუ თქვენ გსურთ, რომ პროცესები ისე გაგრძელდეს, როგორც მიდის, მაშინ გააგრძელეთ ყველაფერი ისე, როგორც აქამდე… გააგრძელეთ სწორი და ლამაზი საუბრები იმაზე, რაც ვაითუ არასასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. ოღონდ მერე ნუ გაგიკვირდებათ ეგ შედეგი. რადგან შედეგი ყოველთვის ის დგება, რაც დავიმსახურეთ – იმით, რომ სწორედ არ გავთვალეთ… იმით, რომ ვიღაცის ბადეში მოვყევით… იმით, რომ ის დავიჯერეთ, რაც გვინდოდა, დაგვეჯერებინა …

Newton1


ნაფიც მსაჯულთა ხიბლი თუ ნაკლი


Courtroom Jury Box

გიორგი ტუღუშმა კი განაცხადა, – ხელაღებით არ შეიძლება იმის თქმა, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა არ გაამართლაო, მაგრამ მე ორივე ხელის აწევით და სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩემი აზრით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში, ამჟამად მაინც, არის მიუღებელი და გაუმართლებელი!

გასაგებია, რომ გიორგი ტუღუშის კვალიფიკაცია და ცოდნა სამართლის სფეროში გაცილებით უფრო წონადია, ვიდრე არაიურისტი ბლოგერი ექიმისა. თუმცა, (ტრაბახით – არა, სხვათაშორის) შევნიშნავ, რომ წინა წლების განმავლობაში სამართალთან და უსამართლობასთან მიმართებაში, მგონი, ჩემი აზრი უფრო ახლოს იყო სიმართლესთან და რეალობასთან, ვიდრე ბატონ გიორგის რეპუტაციასთან აცდენილი მისი მსუყე მოსაზრებები, მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ და არც არავის აწამებდნენ…

ვფიქრობ, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება არაა გამართლებული, რადგან:

  • მოსახლეობაში ძალიან ცოტაა ისეთი ხალხის პროცენტული წილი, რომელსაც ელემენტარული იურიდიული განათლება (სამართლიანობის ანბანი) გააჩნია, ან რომელსაც სურვილი აქვს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ეს ანბანი ისწავლოს;
  • პატარა ქვეყანა ვართ. ჯერაც – ნათესაურ-მეგობრულ კავშირებზე და არა – სამოქალაქო ნორმებზე და სოციალურ ერთობაზე, ორიენტირებული. მოსახლეობაში ჯერ გაცილებით მაღალია ნათესავობის, კლანურობის, მეზობლობის, “კუტოკების” და სხვა არაფორმალური წრეების გავლენა, რაც არ მაძლევს იმ ილუზიური ოპტიმიზმის საფუძველს, რომ სოციალური სამართლიანობა და კანონის უზენაესობა გადაწონის. რატომღაც მგონია, რომ ნაფიცი მსაჯულების დიდ ნაწილზე ის უფრო დიდ გავლენას მოახდენს, წინა საღამოს ვინ დაურეკავს და რას ეტყვის, ოჯახში ცოლ-შვილი და სიდედრ-მამამთილი რას ფიქრობენ… 12 განრისხებული ქართველი უფრო ადვილად წარმომიდგენია, ვიდრე ამ 12 განრისხებული ქართველის მიერ საბოლოოდ კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიმავალი გზა…
  • არტისტიზმის ზედმეტად მოყვარული ხალხი ვართ – ბრაზილიელი მეკარეებივით უფრო ნახტომის სილამაზეზე ვფიქრობთ და არა იმდენად – ბურთის დაჭერაზე… 12-დან რამდენიმე მსაჯული  მაინც პროცესზე, ვაითუ, საკუთარი იმიჯით უფრო იქნეს დაკავებული, ვიდრე განსასჯელის ბედის შესახებ ობიექტური დასკვნის გამოტანით… ემოციებზე დაყრდნობით შეიძლება გააკეთოს ბევრმა არჩევანი – ნაფიც მსაჯულთა ეს ნაკლი ბევრ სამხრეთულ ქვეყანაში იჩენს თავს ხანდახან, ჩვენთან ეს იქნებ მეტადაც იქნეს…
  • საერთოდ ალბათ, კი შეიძლებოდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა გვეცადა, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს, თუ რაღაცას ახალს იგონებთ, წინასწარ რამე ექსპერიმენტს არ ჩაატარებთ? და ამ ექსპერიმენტს ყველაზე მძიმე შემთხვევით დაიწყებთ? ახალგაზრდა გამოუცდელი ქირურგისათვის პირველ ოპერაციად გულის ან ღვიძლის გადანერგვას ვინ მოიფიქრებდა?? არ ჯობდა, ამ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის ეფექტურობა ჯერ გაცილებით მარტივ და მსუბუქ საქმეებზე ყოფილიყო შემოწმებული და არა ასეთ გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე?
  • დაბოლოს, ხომ კარგად ვიცით, რა იყო საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის წინაპირობა? ხომ ვიცით, ვინ იყვნენ ამ იდეის ნოვატორები? და იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ, რატომ უნდა სდომებოდა ნაცმოძრაობას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება? ჩემი აზრით, ძალიან მარტივია ამის გამოცნობა – საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის იდეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მაშინ, როდესაც სააკაშვილის ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმა როგორც ჩვენი მოსახლეობის, ასევე უცხოელი პარტნიორებისა და ექსპერტების მიერაც მიჩნეულ იქნა უსამართლოდ! როდესაც გამამართლებელი საქმეების რაოდენობა 0.03%-ზე ნაკლები გახდა (სტალინის „ტროიკებიც“ კი განუზომლად უფრო ლმობიერები იყვნენ და ლამის 7%-ში გამოჰქონდათ გამამართლებელი გადაწყვეტილება)… როდესაც ადამიანის უფლებების კომისარი ტომას ჰამერბერგი გაოგნდა, რომ 65 წლის პენსიონერ მოხუცს, იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც სხვა მარჩენალი არ ჰყავდა, 11 ევროს ღირებულების ფიცრების მოპარვისათვის 1 წელი ციხე მიუსაჯეს… როდესაც აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მოსამართლეები პროკურატორის და მმართველი პარტიის უსიტყვო მონებად, ხოლო ადვოკატების დიდი ნაწილი – საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდებულების დამყოლიებლებად იქცნენ!.. სწორედ მაშინ მოიფიქრეს ადეიშვილმა და მისმა გუნდმა, (ახლა რომ ზოგიერთი ისევ „გამოადვოკატდა“ და დღევანდელ დღეს პროკურატორის მიერ „სასამართლოს დამონებაზე“ ჭრიჭინებს) – ეს მხსნელი რგოლი – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი!

იდეა მარტივი იყო – ნაფიცი მსაჯულებიც იმას გადაწყვეტდნენ, რასაც ნაცმოძრაობა და პროკურატურა დაავალებდათ! არ იზამდნენ ასე და, მათი აჯობებდა! ისიც ხომ გასაგებია, ვის და როგორ აირჩევდნენ/დანიშნავდნენ ნაფიც მსაჯულებად, და როგორ წინასწარ გამზადებული იქნებოდა მათი მაკომპრომეტირებელი ვიდეოფაილები! ვინც მიშიკოს და ზურიკოს იმედებს გაამართლებდა, იმას სახელი დიდება და სამსახურში წარჩინება არ აცდებოდა, ვინც ვერ ივარგებდა ან თავის არიდებას ეცდებოდა, დედაც ეტირებოდა და შვილიც!

ხოლო სასამართლოს მესვეურები – კოტიკო კუბლაშვილის თამადობით – არხეინად აისხლეტდნენ ნებისმიერ შინაურ თუ საერთაშორისო კრიტიკას: – ჩვენ რას გვერჩით, ხალხმა (ნაფიცმა მსაჯულებმა) გადაწყვიტესო! მიშა კიდე შორიდან ღიმილ-ღიმილით დაგვანახებდა, ვითომ ვენეციის კომისიის ბუკიკიოს ვითომ მოწონების SMS-ებს…

ამიტომ, აქა ვდგევარ და სხვაგვარად ვერ ვფიქრობ – საქრთველოში სამართლიანი და კვალიფიციური სასამართლოა დასანერგი და სისტემის ხელმძღვანელობამ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მის მიერ რეფორმირებული და მართული რგოლების სამართლიანობაზეც და კვალიფიკაციაზეც!

ხოლო ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დანერგვა იმ დროისათვის გადავდოთ, როცა ქართველების უმრავლესობა ქუჩაში არასწორად პარკირებული მანქანის მძღოლს, წითელ შუქნიშანზე გადამრბენს, და მანქანიდან ნაგვის ცელოფნით მსროლელ მგზავრს თავად მისცემს შენიშვნას და იმაზე არ დავიწყებთ მხოლოდ ყაყანს, რა ცუდი სისტემა გვაქვს, ან როგორი ცუდი ხელისუფლება გვყავს… ნაფიცი მსაჯულები პასუხისმგებელი მოქალაქეები უნდა იყვნენ, ძალიან პასუხისმგებლები – საკუთარი თავის, სინდისის და ქვეყნის წინაშე, და არა მხოლოდ – ოჯახის, ნათესავების და მეგობრების წინაშე! რამდენ ასეთ ადამიანს ვიცნობთ, ვის ნაფიც მსაჯულობაშიც ეჭვი არ გვეპარება? ვინც ამ საქმეში მერკანტილური თუ კარიერული მიზნით არ ჩაებმება? მე, ალბათ, – მხოლოდ ათიოდეს… და არ მგონია, მათმა უმრავლესობამ თანხმობა განაცხადოს…

P.S. თუ მაინცდამაინც ასე სანატრელი და სასურველია ეს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, მაშინ ნელ-ნელა დავიწყოთ, ყველაზე მსუბუქი საქმეებიდან… და მე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელ სტუდენტებზე ავიღებდი აქცენტს…


ბედნიერების დღე


დაღამდა. დაიძინა ქალაქმა.

დაიძინა, როგორც ვალმოხდილმა, მშრომელმა ადამიანმა.

დაიძინა, როგორც დაღლილმა – განცდებით დატვირთულმა, ნერვიულობით გათანგულმა, ადრენალინით აფეთქებულმა, ბედნიერებისგან აღრიალებულმა, დიდხანს ნანატრი და ათასშიერთხელ მოსული ზეიმით აკანკალებულმა და მერე ემოციებისგან გამოლაყებულმა, სახეზე ლაღღიმილშეყინულმა და წამიერი ექსტაზით დროებით ნეტარმა და სასოების კალთაში ჩაგორებულმა არსებამ.

დღეს ჩვენ მოვიგეთ!

დღეს ჩვენ მოვიგეთ ფეხბურთი!

დღეს ჩვენ – ქართველებმა – მოვიგეთ თამაში, რომელშიც მსოფლიოში მეცხრე ნაკრებს – ხორვატიას დავუპირისპირდით.

ჩვენ… ჩვენ კი არა – ჩვენმა ნაკრებმა, რომელთა შორის ბევრი ტრავმის, ხოლო ზოგი ვიზის პრობლემების (!) გამო არ თამაშობდა… ნაკრებმა, რომელსაც ყველანაირი ტოპმიოლერების და კუპერების მერე თითქოს შანსი არ ჰქონდა (არადა კარგები იყვნენ ტოპმიოლერიც და კუპერიც, მაგრამ ვერ მოერგნენ ამ ჩვენს ნაკრებს…) ახლა ჩვენებურის, ჩვენი ხალხის შვილის – თემურ ქეცბაიას სიბრძნის და პროფესიონალიზმის და სწორედ რომ გუნდთან მორგების წყალობით ითამაშა კარგად – ჯერ ისე არა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ უკვე ისე, რომ არ შეგრცხვებოდა… და რაც მთავარია – ბ-ო-ლ-ო-მ-დ-ე…. სისხლის და ოფლის ბოლო წვეთამდე, ბოლო წამამდე, და მოიგო სწორედ ამ ჟინით და დაუღლელობით, მოიგო იმით, რაც ხშირად ფატალურად არ გვყოფნის ხოლმე, მოიგო რწმენით – რომ შეგიძლია, მოიგო დაჟინებით, რომ ვალდებული ხარ, მოიგო ნებისყოფით, რომ უნდა გააკეთო და მოიგო სიყვარულით – თავისი ხალხის, თავისი ჩაგრული ქვეყნის, თავისი მეგობრების, თავისი შვილის, მეუღლის, მშობლების და ყველა იმ ადამიანის სიყვარულით, ვინც მათ გააბედნიერეს და ვისი გულიც ისე მოიგეს, როგორც სხვებმა -მათმა მამებმა ადრე – იმ, ჟამთასვლით ლამის მინავლული, 13 მაისის ბედნიერ, წვიმიან ღამეს!

რა ძლიერი რამეა გამარჯვება! როგორ ავმაღლდით, როგორ დაგვავიწყდა გაჭირვება, ტკივილი, ცრემლი, დამცირება, უსახსრობა, სინანული და ავადმყოფობა… როგორ დაგვედო მალამოდ ამ ბიჭების შემართება და ადრე ბორკილებით დამძიმებულებმა როგორ მსუბუქად ვიგრძენით თავი ბეჭზე ლურჯი ფრინველის ბუმბულის  შეხებისთანავე…

ჩვენ გავიმარჯვეთ! დღეს ყველა ჩვენ – ვართ გამარჯვებული!.. დღეს ჩვენ ვართ ამაყნი… დღეს ჩვენ დავამარცხეთ უბედობა და დამარცხება და დღეს ჩვენ აღვსდექით უსასობიდან – ბედნიერებამდე.

—————

მაგრამ არა ყველამ…

როცა ყველა ჩვენ ვღრიალებდით ხმისდაკარგვამდე, როცა ვხტუნავდით ბავშვებივით, როცა გვიყვარდა ყველა ირგვლივ, როცა ფეხით ვივლიდით არამცთუ მარჯანიშვილის მეტრომდე, არამედ სულაც გლდანამდე ან მცხეთამდეც კი… როცა ყველა ჩვენ ვიყავით გაბედნიერებულნი…

ერთ ოჯახში სიხარული ან არ იყო, ან იყო – ცრემლიანი.

ოჯახში, სადაც უნდა ეზეიმათ ძალიან… ბევრ ჩვენთაგანზე მეტად რომ უნდა გაეხარებინათ ამ ნანატრი გამარჯვებით, ბევრ ჩვენგანზე მეტად რომ სტკიოდათ და ეამაყებოდათ ყოველთვის ქართული ფეხბურთი …

იმ ოჯახში ახლა, როცა ჩვენ თბილ ლოგინებს უნდა მივცეთ ნერვიულობისგან დაწყვეტილი  სხეული … სწორედ იმ ოჯახში – ცარიელია ერთი ლოგინი… ცარიელია ერთი სკამი… ცარიელია ამ ოჯახის სული, რადგან ამ ოჯახს მისი სიხარული – ჩვენი სიხარული – ჩვენთვის სიხარულის მომტანი (და რამდენჯერ, თანაც!!!) კაცი – შვილი და მამა – ამოაგლიჯეს და 6 წლით ციხეში გაამწესეს… სწორედ ახლა… სამი დღის წინ…

სწორედ იმათ, ვინც ლოჟაში ტურებივით შეპარულები და მარტოდ მყოფნი ლირფ თვალებს აცეცებდნენ აქეთ-იქეთ იმ ზღვა ხალხში… სწორედ იმათ, რომელთაც ამ ხალხის ბედნიერებისთვის ხელი არ შეუშველებიათ… პირიქით, სულაც!..

გიორგი დემეტრაძე – ძალიან ჩუმი და მორიდებული, ძალიან ჩვენი… კაცი, რომელმაც 56-ჯერ ჩაიცვა საქართველოს ნაკრების ფორმა, 12 გოლი გაიტანა, თბილისის დინამოს გარდა უთამაშია ფეიენორდში, რეალ სოსიედადში,  მაკაბში, მოსკოვის ლოკომოტივში, მეტალურგში, ალანიაში…უკრაინის ჩემპიონი გახდა კიევის დინამოს შემადგენლობაში… რამდენი სიხარული გვაჩუქა ამ ადამიანმა…

და დღეს, როცა ჩვენ ბედნიერება გვაჩუქეს უკვე სხვებმა – კანკავამ, მარცვალაძემ, კობიაშვილმა, კალაძემ… განა შეიძლება ჩვენ ვიყოთ ბედნიერები, როცა გიორგი დემეტრაძე საქართველოს ავაზაკმა მთავრობამ ციხეში სწორედ 3 დღის წინ 6 წლით გამოამწყვდია?!

ნეტარი ავგუსტინე ამბობს – ”რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?”  და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს უსამართლო მთავრობა ავაზაკთა ბანდაა! და მადლობა ღმერთს, რომ ამას უკვე მთელი მსოფლიო ხვდება!

განა ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ გიორგი დემეტრაძე ამ უზნეო და გარეწარი ხელისუფლების მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პრეზიდენტისადმი შენიშვნის მიმცემი მისი მეგობრის – კახი კალაძის დასასჯელად დასაჯეს? განა ვინმემ არ იცით, რომ იმ ”მაზავშიკების” მთავარი უსტაბაში, რომელთა შორის ყოფნა გიორგი დემეტრაძეს ბრალდება, არამცთუ დაჭერილი არ არის, არამედ საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან? განა ამაზე მეტი ავაზაკობა იქნება, როცა შენს ”მაზავშიკს” ადეპუტატებ, ხოლო ხალხის საყვარელ ადამიანს, ხალხის გამაბედნიერებელ პიროვნებას, მარტო იმიტომ, რომ ის შენი კრიმინალური მაფიის წევრი არ არის, ამ ”მაზავშჩიკობის” ბრალდებით 6 წლით ციხეში სვამ? სააკაშვილის ციხეში 6 წელი ეს ხომ ლამის სასიკვდილო განაჩენია 35 წლის ახალგაზრდა კაცისთვის…

და ჩვენ – გამარჯვებისკენ გაფაციცებით მიყურადებულებს, ზეიმის თრობის თასის დაცლის მოწადინებულებს, იმის შნო არ მოგვამადლა გამჩენმა, რომ იმ ომის ”გმირი” ტროიკისთვის – 2 გუბერნატორი რუსგენერალთ მძღოლისთვის და 1 მხედართმთავარ სპრინტერისთვის – სახეში სილად გაგვეწნა სტადიონზე დაძახებული ”დე-მე-ტრა-ძე!”… აქა-იქ – კი იყო, მაგრამ ეს სკანდირება არ იყო…

რატომ ვართ ასეთები? რატომ გვავიწყდება მაშინვე, რომ სხვას გამხმარი მჭადი ენატრება, როცა ჩვენს მწვადს და ბლომანჟეს დავინახავთ?.. როგორ მოხდა, რომ ასე შევირგეთ ეს გამარჯვება (თითქოს ჩვენ რამე გავაკეთეთ ამისთვის) და დავივიწყეთ კაცი, რომელმაც ადრე მრავალი ასეთი გამარჯვება გვაჩუქა?.. განა მარტო კახი კალაძის ძმა და მეგობარია გიორგი დემეტრაძე? განა ჩვენი ძმა და მეგობარი არ იყო დემე? განა მარტო კახი უნდა წერდეს საპორტესტო წერილებს?

რას გვეტყვიან მისი შვილები? თუ ჩვენ (მე!) ისევე მოვითმენთ მის 6 წლის საპყრობილეს, როგორც აქამდე გადაგვიყლაპია (მეც!) ამ ნეობოლშევიკების მიერ მოყენებული ბევრი სხვა სიმწარე და დამცირება, დედის რძესავით შეგვერგება ვითომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება?

რა ვართ ჩვენ – ერი თუ ცხვრების ფარა, რომელიც მხოლოდ ჩუმად შეჰყურებს, როგორ მიათრევენ ერთ მათგანს სასაკლაოზე… ნუთუ ამ დროს ბოგაზე დაყრილი თივა, ახალი შოუ-კონცერტი, ან ახალი ”მაფიის ღამე” (გეგონება, ისედაც მაფიის არ იყოს დღეც, თვეც და წლებიც!)  საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ისევე სიამოვნებით ავბღავლდეთ, როგორც რომის კოლიზეუმში სხვა მონების სიკვდილის სანახაობით დამთვრალი მონები?

ჩამმწარდა ეს სიხარული…

და მინდა, რომ თქვენც ჩაგმწარდეთ…

რადგან არაფერია იმაზე უზნეობა, როგორც სხვის უბედურებაზე შალახო და არაფერია იმაზე დიდი სიბრმავე, როგორც სხვისი გატყავების დროს განცდილი სიხარული, რომ ეს ჩვენ არ ვართ…

ჯერჯერობით… არ ვართ… ჯერჯერობით…

—————–

დაღამდა. დაიძინა ქალაქმა.

დაიძინა, როგორც ვალმოხდილმა, მშრომელმა ადამიანმა.

დაიძინა, როგორც დაღლილმა – განცდებით დატვირთულმა, ნერვიულობით გათანგულმა, ადრენალინით აფეთქებულმა, ბედნიერებისგან აღრიალებულმა, დიდხანს ნანატრი და ათასში ერთხელ მოსული ზეიმით აკანკალებულმა და მერე ემოციებისგან გამოლაყებულმა, სახეზე ლაღღიმილშეყინულმა და წამიერი ექსტაზით დროებით ნეტარმა და სასოების კალთაში ჩაგორებულმა არსებამ.

ქუჩაში ხანდახან პატრულის მანქანა ახრიალებს და აკაკუნებს და მოითხოვს – ”გააჩერეთ მანქანა!..”

დღეს ჩვენ მოვიგეთ!

დღეს ჩვენ მოვიგეთ ფეხბურთი!

მაგრამ დღეს ჩვენ წავაგეთ ადამიანობა… დღეს ჩვენ გვქონდა შანსი სოლიდარობა გამოგვეხატა, მაგრამ ეტყობა, ამ მხრივ ჩვენი ნიჭი უდროოდ წასულების ტრადიციულ სადღეგრძელოს ვერ ცდება (დემე 100 წელი ჯანმრთელად ამყოფოს ღმერთმა!)… არადა დროულია, უსამართლოდ დაჭერილების სადღეგრძელო მაინც შემოვიღოთ, თუ მეტზე ვეღარ ვვარგივართ…

 

(ამას ყველაფერს პირველ რიგში საკუთარ თავს ვეუბნები, და მადლობა იმას, ვინც ამაოდ ცდილობდა სტადიონზე ”დემეტრაძის” ძახილით ხალხის სოლიდარულ ერად გადაქცევას… მათ საკუთარი ღირსება მაინც გადაარჩინეს!)