ოჯახიდან – თემამდე და თემიდან – საზოგადოებამდე: ვის იცავს ზარი?


society

კარგა ხნის წინ შვედეთში, ქალაქ მალმოში მომიწია საკმაო ხნის გატარება – პოსტდოქტორულ სამეცნიერო სტაჟირების პროგრამით. ჩემი ხელმძღვანელი წარმოშობით დანიელი იყო და მასთან კოპენჰაგენშიც და აგარაკზეც ხშირად მიწევდა ყოფნა. შვედეთის სხვა ქალაქებშიც ვყოფილვარ კონფერენციებზე თუ სტუმრად სხვადასხვა ახლობელთა სახლებშიც. რამდენჯერმე ნორვეგიაშიც ვარ ნამყოფი… სულ ალბათ წელიწადნახევარი გავატარე სკანდინავიაში. ძალიან მიყვარს იქაურობა. ეს ის პერიოდი იყო (1992-99) წლები, როცა თუნდაც რამდენიმე თვით დალაგებულ ქვეყანაში მოხვედრა და საინტერესო სამუშაოზე გადართვა დიდ შვებას მაძლევდა და ენერგიას და სულიერ სიმხნევეს მმატებდა, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია, და განსაკუთრებით აუცილებელი  იყო მაშინ…

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სხვა ქვეყნებშიც ვიყავი ნამყოფი, სწორედ სკანდინავიაში ვიგრძენი, რა სერიოზული განსხვავებაა ქართულ და იქაურ (იმდროინდელ!) საზოგადოებებს შორის.

ეს განსხვავებები დღესაც იგრძნობა ოჯახის, თემის და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე.

ოჯახი:

ჩემს სტუდენტობისას არსებული მითი „შვედური ოჯახის“, როგორც ორმხრივი მულტიგამიის მაგალითზე, სრული აბსურდი აღმოჩნდა. სინამდვილეში შვედეთში ოჯახები საკმაოდ მტკიცეა, თუმცა, როგორც წესი, ოჯახური ურთიერთობის რეგისტრაცია ან საკმაოდ გვიან ხდება (ზოგჯერ უკვე მაშინ, როცა წყვილს ერთი ან მეტი ბავშვი ჰყავს), ან სულაც არასოდეს. ამას შვედეთში “Sambo” – „თანაცხოვრება“ ჰქვია და ყველა ტიპის ანკეტასა და ფორმულარში სათანადო გრაფაც კი არსებობს. ჩემი კოლეგები, რომელთაც ასეთი „სამბო“ ჰყავდათ, სწორედ ას წარმომიდგენდნენ მას გაცნობისას და არა როგორც მეუღლეს ან შეყვარებულს. სხვათაშორის, „სამბოს“ არსებობას თავისი იურიდიული ნორმები აქვს სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის მემკვიდრეობის, ქონების გაყოფის და ა.შ. თუმცა ეს არც ვიცი, და არც ვაპირებ ამის განხილვას. მთავარი ისაა, რომ სამბოს მიმართ დამოკიდებულება სრულიად არ განსხვავდება მეუღლისაგან, და მათი უმრავლესობა ერთმანეთის მიმართ უაღრესად ერთგული მგონია, საქართველოში ბევრი ოჯახი რომ ინატრებდა, ისეთ დონეზე.

მთავარი გამასხვავებელი, რაც ჩემთვის მაშინ, 90-იან წლებში, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, იყო ძალიან ფორმალიზებული ურთერთობები ოჯახის წევრებს, თუნდაც, – უახლოეს ნათესავებს, შორის. მაგალითად, მშობლები და ზრდასრული შვილები ერთმანეთს მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში და განსაზღვრულ/შეთანხმებულ დროს სტუმრობდნენ. ვიზიტის ხანგრძლივობაც კი, როგორც წესი, შეთანხმებული იყო ხოლმე. ხშირად ხდებოდა იმის წინასწარ განსაზღვრაც, ვინ რას მოიტანდა და რის ფულს გადაიხდიდა. როდესაც ჩემმა ხელმძღვანელმა დედამისის აგარაკზე მეორედ დამპატიჟა, განსაკუთრებული ხაზგასმით მითხრა, რომ მე ამისთვის თანხის გადახდა არ მომიწევდა, რადგან სწორედ ასეთი იყო დედამისის სურვილი, რადგან მასზე წინა ვიზიტის დროს კარგი შთაბეჭდილება მომიხდენია. მივხვდი, რომ ჩემი წინა ვიზიტის დროს ამისთვის შეიძლებოდა თანხაც იყო ჩემი ხელმძღვანელის მხრიდან გადახდილი, რაც მან დამიდასტურა კიდეც, ოღონდ – ეს უმნიშვნელო თანხა იყოო, ნუ წუხარო, – მითხრა.

 

ოჯახს გარეთ სოციუმი:

სამაგიეროდ, საოცრად გაკვირვებული დავრჩი იმით, რა დონეზე იყო თანამშრომელთა თუ, უბრალოდ, თანამოქალაქეთა მიმართ სოლიდარობა. ჩასვლისთანავე, ჩემმა ხელმძღვანელმა განყოფილების ყველა თანამშრომელს გამაცნო, ძალიან ბევრმა თავისი ტელეფონი მომცა და მითხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე შემეძლო მისთვის მიმემართა და დახმარება მეთხოვნა. და ეს მართლა არ იყო ლიტონი სიტყვები. რამდენიმე მათგანმა ოჯახშიც დამპატიჟა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, ნაცნობი იყო, თუ უცნობი, მზად იყო, მეორე ადამიანის მიმართ, დახმარების ხელი გაეწვდინა. ჩემს ცოლს ბავშვი დაჰყავდა ეტლით. ერთხელ, ქუჩის გადაკვეთისას შუქნიშანი იყო გაფუჭებული. უცნობმა ახალგაზრდა ქალმა პოლიციელის ნაცვლად იკისრა მოძრაობის მოწესრიგება, და მთელი მოძრაობა გააჩერა, რომ ბავშვებს და მოხუცებულებს გადასასვლელზე გადასვლა მოეხერხებინათ. ამასობაში, პოლიციელიც გამოცხადდა პოსტზე. ასევე გასაოცარი იყო საოცარი ნდობა პირველივე დღიდან – მომცეს ისეთი მასტერ-გასაღები, რომელიც ყველა სართული და ლიფტის კარებს აღებდა. სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებულ საუცხოო ბიბლიოთეკაში მომცეს პლასტიკური ბარათი, რომლითაც ნებისმიერ დროს (ღამითაც) შემეძლო ბიბლიოთეკაში შესვლა და ყველა წიგნით თუ ჟურნალით სარგებლობა. ასევე მქონდა ანალოგიური 24-საათიანი წვდომა კომპიუტერების ოთახზე, სადაც სტატისტიკურ დამუშავებას ვაკეთებდი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დამითმო უაღრესად ძვირადღირებული დრო, რათა მოესმინა და ჩემს კვლევებზე თავისი მოსაზრებები გადმოეცა. რა თქმა უნდა, დროის შეთანხმება და პუნქტუალობის დაცვა აუცილებელი იყო, მაგრამ უცნობი უცხოელი მკვლევარის მიმართ ასეთი ყურადღება საოცრად  მამხნევებდა. როცა დავაკვირდი, მივხვდი, რომ მე სულაც არ ვიყავი გამონაკლისი და მსგავსი დახმარებით სარგებლობდნენ როგორც სხვა უცხოელი მკვლევარები (ძირითადად, აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან და სამხრეთ ამერიკიდან), ასევე – ადგილობრივი სტუდენტები და რეზიდენტებიც. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მოქალაქეები ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მეგობრულები იყვნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით დანიელები გამოირჩეოდნენ. პოლიციელი კი ნამდვილად მოქალაქეთა საუკეთესო დამხმარე იყო…

ახლა ამ ამბებიდან დიდი დრო გავიდა. ჩვენთანაც შეიცვალა ბევრი რამ, ნეპოტიზმის და კორუფციის მაშინდელი „მწვერვალები“ ნელ-ნელა დაძლეულია. სამოქალაქო საზოგადოება თანდათან ვითარდება. და მაინც ის ძველი დისონანსი მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია.

ჩვენი საზოგადოება დღესაც ოჯახზე და ახლო ნათესავებზეა ორიენტირებული. აქ ვხარჯავთ ჩვენი დროის და ენერგიის მაქსიმუმს. ჩვენი სიყვარული და თანადგომაც სწორედ ამ პერიმეტრითაა ძირითადად შემოსაზღვრული. თან თუ ადრე სანათესაო წრე უფრო ფართო იყო, ახლა, დროის დეფიციტის და სამსახურებრივი მოვალეობების ინტესიფიკაციის ფონზე, უფრო დავიწროვდა.

სამოქალაქო აქტივობები დღესაც არაა ჩვენი საზოგადოების მთავარი სატკივარი. გამოჩნდნენ, მაძალიან ცოტაა ადამიანები, რომელთაც ამისთვის ან დრო ან ენერგია გააჩნიათ და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ. არადა, უამრავი უმწვავესი პრობლემაა ირგვლივ – ძალიან მძიმე ეკოლოგიური ფონი, ნაგვის (განსაკუთრებით, – პლასტმასის) ნარჩენების კატასტროფული ზრდა, სრულიად დედანატირები ურბანული განვითარება – ჯუნგლები ქალაქში, (რისი საოცარი მაგალითიც არის ყოფილი აკადემქალაქის ტერიტორია), მანქანების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და მათ მიერ არა მარტო სავალი ნაწილის, არამედ უკვე ტროტუარების დაპყრობაც, რაიონებსა და რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების და დამაგრების პრობლემა, მთის და სასაზღვრო დასახლებების კატასტროფული დეპოპულაცია დაბოლოს – დემოგრაფიული კოლაფსი, რაც სულ უფრო მეტად გვიახლოვდება. ამ ფონზე პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრია არაპროფესიონალი, პოპულისტი მედროვე, ხოლო ნიჭიერი და  პატიოსანი ადამიანები კი, სამწუხაროდ,  ხშირად შეგნებულად თავს არიდებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას… – ამასაც თავისი ობიქტური გამართლება აქვს – ძნელია საყოველთაოზე კონცენტრირება, სანამ ოჯახის რჩენის პრობლემა მწარე გამოწვევად რჩება. ხოლო ქვეყანაში საშუალო კლასის ფორმირება კუს ნაბიჯით მიდის წინ. ნაწილობრივ გამოსავლად ის რჩება, რომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხზე მუშაობენ. მაგრამ მოდით გულახდილად ვთქვათ – ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და იქ დასაქმებული ადამიანებიც ხომ მხოლოდ იმ პირობით არიან ამ საქმით დაკავებულნი, რომ მათი მოთხოვნების შესაბამის ანაზღაურებას იღებენ… თანაც, ხშირად, მათი პროფესიონალიზმიც არაა საუკეთესო…

თითქოს გამოსავალი უნდა იყოს თემი და სათემო აქტივობები – ეს ხომ ოჯახის ინტრესების პერიმეტრის გაფართოებაც არის და თან მაინც ოჯახზე და შენს უშუალო საცხოვრებელ გარემოზე რჩები კონცენტრირებული – როგორი იქნება შენს ირგვლივ პარკი თუ სხვა რეკრეაციული სივრცე, დასუფთავება და ნაგვის გატანა, ქუჩა და მაღაზიები, საბავშვო ბაღი და სკოლა, გასართობი, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები. ეს უნდა გახდეს ჩვენი, – როგორც ოჯახის წევრის, ჩვენი, – როგორც თემის წევრამდე ზრდის ასპარეზი. და სწორედ ამ ასპარეზზე დაწინაურებული ხალხი იქცევა ხოლმე საქვეყნო პოლიტიკის აქტიურ პიროვნებებად. სხვანაირად, მართლა უცნაურია, თუნდაც სუპერგანათლებული 21 წლის ახალგაზრდის სტუდენტობიდან უცებ დიდაქტიკურ-მენტორული საუბრებით გასხივოსნებულ პოლიტიკოსად ქცევის მარშრუტი… არადა, თუ ეს გზა არ გაიარა, თუნდაც 60 წლის ასაკში რომ აირჩიო და გააპოლიტიკოსო ადამიანი, განა ეს მას შეცვლის? რამდენი კარგი სპეციალისტი გვახსოვს, პარლამენტში „შეყვანილი“ რომ დაიკარგა – ვეღარც სპეციალისტად დარჩა და ვერც პოლიტიკოსობა ისწავლა… გვინახავს ასეთი პოლიტიკოსები, და მათი „დუმილის ოქროობის“ არ გვჯერა… მანამ მაინც, სანამ ძლივს ამოღერღილი სიტყვით ისე არ შეგვაცბუნებენ, რომ ვნატრობთ, ნეტა ისევ დუმილს დაუბრუნდნენ-თქო. მეორე უკიდურესობა: ყველგან და ყელაფერზე სიტყვაალესილი ცრუმამულიშვილი პოპულისტები…

საქართველოში თემი იყო სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ იმედისმომცემი მარცვალი. საფიხვნოს ირგვლივ შემოკრებული თემი იყო ჩვენი სოფლების თუ პატარა ქალაქების ნორმალური განვითარების და სამოქალაქო აქტივისტთა წარმოჩენის კარგი ასპარეზი. სამწუხაროდ, ჯერ სოციალისტურმა რევოლუციამ და გასაბჭოებამ, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე პოლიტიკური ვექტორის ცენტრალიზაციაზე და არა თვითმმართველობებზე მიმართვამ თემის დონე დაასუსტა. სააკაშვილის დროს თემის აქტივისტების არჩევნების გამყალბებლების და პოლიტზედამხედველობის  ინსტრუმენტებად ქცევამ კი თითქმის საერთოდ გაანადგურა.

სამწუხაროდ, დღემდე საკმაოდ უკვდავია დედაქალაქის და დიდი ქალაქების სივრცეში არსებული სულ სხვა „საზოგადოება“ და სულ სხვა „თემი“ – ეს არის ინტელექტუალური ელიტა, რომელიც ხელისუფლებასთან მუდმივი სიახლოვის გენერაციით ცდილობს არა სამოქალაქო აქტივობას, არამედ ამ აქტივობის ეგოცენტრულობის და ხელშეუხებლობის დაცვას. სწორედ ამ ტიპის აქტიური მოღვაწეები  ხშირად მთავარ ხმას წარმოადგენენ არცთუ პოლიფონიურ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში. სწორედ მათი „პანთეონფილური“ ვნებები, და არა – წესიერი ხელოვნისთვის დიდი ხნის წინ განსაზღვრული კრედო – „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით გული“, წარმოადგენს ამ ტიპის „სათემო აქტივობების“ მნიშვნელოვან წილს.

შედეგები სავალალოა:

– არ ხდება ოჯახიდან – ქვეყნის მსახურებისკენ სწორი სამარშრუტო რუკის დაგეგმვა,

– ვერ ხდება ახალგაზრდებისათვის სწორი ორიენტირების დასახვა;

– ხშირად არ ხდება საზოგადოებაში ქვეყნის განვითარების სასიცოცხლო საკითხების დაგეგმვისა და გადაჭრისთვის  ფართო და ღია განხილვების ორგანიზება, და შემდეგ არგუმენტირებული გადაწყვეტა იმ ადამიანებისა და სპეციალისტების მიერ, ვისაც ამისი უნარ-ჩვევებიც გააჩნია და პროფესიულ-ეთიკური წანამძღვრებიც.

– საკადრო პოლიტიკა (პირველ რიგში – პოლიტიკოსებთან და სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებაში) დღემდე მოიკოჭლებს და არც ხდება სწორი საკადრო პოლიტიკის შემუშავების საორგანიზაციო ფორმატის მომზადება.

და ვრჩებით ისევ იმ საზოგადოებად, სადაც ადამიანთა (საზოგადოებრაივად აქტიური პოტენციალის მქონე ადამიანთა!) დიდი ნაწილისათვის მთავარი და ლამის ერთადერთი ასპარეზი ოჯახია, ხოლო სამოქალაქო აქტივობები — მხოლოდ ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და მასთან მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული სამოქალაქო სექტორის (ანუ, ძირითადად, უცხოური გრანტებით დაფინანსებული ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების) ხელში რჩება. კატასტროფა ალბათ, ეს არ არის, რადგან ბევრი ჩვენნაირი ქვეყანა სწორედ ასეთ დღეშია, მაგრამ სანამ „ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუდნის“ და ჩვენივე ქვეყნის ბედზე ჩვენ – მთელი საზოგადოება – არ ვფიქრობთ, მანამდე დამოუკიდებლობაც ძალიან მყიფეა და ჩვენ მაინც მხოლოდ ოჯახისკაცებად (სულაც არ ვამბობ ირონიულად!)  და/ან ამა-თუ იმ კლანისკაცებად ვრჩებით, რომელთა ერისკაცობამდე გასასვლელი გზა უაღრესად ბუნდოვანი და კლდოვანია…

სხვათაშორის, ხშირად კი ვიმეორებთ, რომ ხელისუფლება ხალხის არჩეული და ხალხის მსახურია, მაგრამ სანამ სამოქალაქო საზოგადოება სუსტია და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ხმას მხოლოდ 4-5 წელიწადში ერთხელ, არჩევნების მეშვეობით იღებს ხოლმე, არცაა გასაკვირი, რომ ზემოთხსენებული ლოზუნგი მხოლოდ ლამაზ ფრაზად და არაგანხორციელებულ ლოზუნგად რჩება – ხალხისთვისაც და ხელისუფლებისათვისაც…

===

უცნაურია, რომ ამ ყველაფერზე ფიქრამდე იმან მიმიყვანა, რომ ბოლო ორი დღეა მთელი ქართული საზოგადოება იმაზე ფიქრობს, გამართლებულია თუ არა ერთი ოჯახის სამი წევრის (მათ შორის – ორი ქალის, და მათ შორის, ერთი – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის) პატიმრობაში ყოფნა ეკონომიკური დანაშაულის გამო. ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ხელოვანი თუ ცნობადი სახე ამას კატეგორიულად მიუღებლად თვლის და არგუმენტად იმას ასახელებს, რომ ამით 6,000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახის ბედი არ შეიცვლება, რომ მათ მაინც არ დაუბრუნდათ დიდი ხნის წინ გადახდილი ბინების ფული, და თავად ბინების როდესმე მიღების შანსიც ნაკლებიაო…

და სწორედ ამან გამახსენა შვედეთი, დანია, ნორვეგია, ზოგადად  – სკანდინავია და ის, რაც მათგან, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მაინც საკმაოდ გვაშორებს.

  • სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. თუ სასამართლო კანონიერად დასაბუთებულად თვლის დანაშაულს, მგონი, არ არსებობს ნორმა, რამდენი ოჯახის წევრის დაპატიმრება შეიძლება, და რამდენის – აღარ. ეს უკვე შემდგომ შეწყალების მესვეურების სფერო მგონია.
  • თეზისი იმაზე, რომ სასამართლომ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ვერ აღადგინა დაზარალებულთა უფლებები მათთვის ქონების ან თანხის დაბრუნების მხრივ, არასწორია, რადგან სასამართლოს შეიძლება არ/ვერ ჰქონდეს მსგავსი ხანგრძლივი და ტექნოლგიურად რთული პროცესის დაგეგმვს და განხორციელების შესაძლებლობა. მისი მთავარი ფუნქცია დანაშაულის და დამნაშავის დადგენა და კანონის შესაბამისად სასჯელის ზომის განსაზღვრა არის. პროკურატურამ შესთავაზა ბრალდებულებს საპროცესო გარიგება, რომელზეც მათ უარი განაცხადეს – რაც, ნურავის ეწყინება და – ლოგიკურიც ჩანს, ალბათ, 11 მილიონის გადახდა მართლაც არ შეუძლიათ და გადაწყვიტეს, რომ ციხეში 4-4 წლით ყოფნის შემდეგ გამოსვლა ურჩევნიათ, ვიდრე მათ ხელში არსებული პირადი ქონების გაყიდვა-დაგირავება და ამ ფასად თავისუფლების მოპოვება. თანაც, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვიფიქრო, რომ მრავალი გულშემატკივრის თანადგომის იმედი აქვთ, რომ სასჯელის შემსუბუქებას, ან სულაც – შეწყალებას მიაღწევენ.
  • ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც აპროტესტებს ერთი ოჯახის განადგურებას, საცოდავი ასაკოვანი ჯანმრთელობაშელახული ქალების დაჭერას, ყოფილი პოლიტიკოსის დაჭერას და განსაკუთრებით აპელირებას აკეთებს იმაზე, რომ ამით მაინც ვერცერთი დაზარალებული ვერ იხეირებს, არ ფიქრობს და არ საუბრობს იმაზე, რა მძიმე ზარალი მიადგა 6,000-ზე მეტ ოჯახს, რამდენი ქალი და ასაკოვანი იყო მათ შორისაც, რამდენს შეელახა ჯანმრთელობა ქონების მოულოდნელი დაკარგვით გამოწვეული მძიმე სტრესის გამო, ან სულაც გარდაიცვალა ისე, რომ ვერ ეღირსა იმ ბინას, რაშიც ზოგმა მათგანმა მთელი თავისი ქონება ან დიდი ნაწილი ჩადო… ამაზე ნაკლებად საუბრობენ ჟურნალისტებიც. ძალიან ადამიანურია, როცა გებრალება ციხეში მოხვედრილი ადამიანი! და მაინც, განსაკუთრებით მძიმეა იმაზე ფიქრი, რომ ეს სოლიდარობა გარკვეულწილად სწორედ ის ელიტარულ-კლანურ-უბნური სოლიდარობაა, რომელსაც, დამეთანხმეთ, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ თემთან და თემურ სოლიდარობასთან საერთო ძალიან ცოტა აქვს! სავარაუდოდ, ამ სოლიდარობის 1%-იც კი  არ იქნებოდა ნათქვამ-დაწერილი, საქმე რომ ვინმე პროვინციელ უბირ საქმოსანთა ოჯახს ეხებოდეს… თან ისიც ძალიან უხერხული მომენტია, როცა ბომონდი მოუწოდებს საზოგადოებას – უნდა ვაპატიოთო, მაშინ, როცა თავად მათ შორის არავინაა ამ საქმით დაზარალებული… ადვილია სხვის ხარჯზე, სხვისი ზარალის ფონზე მიმტევებელი და სულგრძელი იყო…
  • დაბოლოს, ყველას ნანახი გვაქვს სხვადასხვა ხელისუფლების დროს ამ ოჯახზე, მათ ბინებსა, აგარაკებსა და ანტიკვარიატზე მომზადებული ტელეგადაცემები. სწორედ ამით განსხვავდება ქართული საზოგადოება სკანდინავიურისაგან, რომ იქ ასეთი ისტორიის და ბექგრაუნდის და ასეთი მდიდრული საკუთრების მქონე ოჯახის მიმართ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა არ მინახავს და ძალიან ძნელად წარმომიდგენია. ხოლო პირიქით, ეს რომ მართლა უცოდინარი, თავადაც არცთუ მდიდარი, და თუნდაც იმიგრანტი ოჯახის წარმომადგენელი ოჯახი ყოფილიყო, მაშინ უფრო შეიძლებოდა გარკვეული სოლიდარობის და მიტევების სურვილის გამოხატვაც იმ – სკანდინავიურ საზოგადოებში. საქმე იმაშია, რომ იქ – დემოკრატიის და სოციალური თანასწორობის ნავსაყუდელში – მაღალი საზოგადოების წევრობა, ინტელექტუალური ოჯახი და წარმომავლობა, პოლიტიკური კარიერა, რეპუტაცია და სიმდიდრე სულაც არაა ინდულგენცია, არამედ პირიქით, უფრო მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს ასეთ ადამიანებს, რადგან ითვლება, რომ მათ ასეთი ქმედების ლამის ერთადერთი შემამსუბუქებელი მთავარი საბუთი – სიდუხჭირე და გაუნათლებლობა – არ გააჩნდათ.

P.S. როდესაც შვედეთში ვიყავი, ერთ-ერთი იქაური მინისტრი პოლიციელმა სიჩქარის გადაჭარბებისათვის დააჯარიმა. მინისტრი ძალიან აღელდა და შეეკამათა პოლიციელს, ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა დარღვევის უფლება, რადგან მნიშვნელოვან სხდომაზე ეჩქარებოდა და რამე სახიფათო მდგომარეობა არ შექმნილაო… როცა ამ ამბავმა მედიის ყურადღებამდე მიაღწია, ამას საზოგადოების ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომ მინისტრი იძულებული გახდა, გადამდგარიყო… მხოლოდ ჩვენ – უცხოელ სტაჟიორებს და რეზიდენტებს დაგვენანა ეს კარგი მინისტრი, შვედებიდან კი არავის მოსვლია აზრად მისი დაცვა, რადგან ყველამ ჩათვალა, რომ მას შეეშალა – ის კი არა, სიჩქარეს რომ გადააჭარბა, არამედ ის, რომ კანონის არდამორჩილების თუნდაც მსუბუქი მცდელობა ჰქონდა…

ამ ბლოგით სულაც არ მინდა სოლიდარობა დავგმო. მე მხოლოდ ელიტარული სოლიდარობის მოკრძალებულ ხიბლზე მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება. და კიდევ ერთი რამ არ უნდა დაავიწყდეს არავის – ვინაც მიჰქარა, უპირველესაც დაზარალებულს უნდა სთხოვოს პატიება (თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება საკმარისი!!)  და არა – სოლიდარობა – თავისიანებს. და ვინც არ დაზარალებულა, ისიც ნუ იჩქარებს მიტევებისკენ სახალხო მოწოდებებს, – ეს ხომ ასე ადვილია, როცა არაფერი წაგიგია… მაგრამ არის კი ეს ეთიკური?

 


ჟამი სინანულისა


Archangel Michael
რაც უფრო ახლოს ვართ ნაცმოძური კოშმარის დასასრულთან, სულ უფრო მეტს ვფიქრობ არა იმაზე, რაზეც მთელი ეს ოთხი წელი ვფიქრობდი – სამართლის აღსრულებაზე, არამედ იმაზე, რაც ადრე ლამის არც მახსოვდა – მონანიებაზე, მიტევებაზე, შენდობასა და შერიგებაზე.
არ ვიცი, რითი აიხსნება ეს.

ალბათ იმით, რომ ადრე გაცილებით უფრო პესიმისტი (ზოგჯერ -სასოწარკვეთილიც კი) ვიყავი. ახლა შემიძლია გამოგიტყდეთ, რომ 2008-2011 წლებში ძალიან მიჭირდა. არა მატერიალურად, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დალხენილი ყოფა მქონდა. უფრო იმით მიჭირდა, რომ დეპრესიასთან ახლოს ვიყავი. შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანებთან ურთიერთობამ ძალიან დიდი ძალა შემძინა. ორი რამ მეხმარებოდა, გამეძლო – ოჯახი, და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს მსგავსად აზროვნებდნენ, მამხნევებდნენ, და რომელთაც, ვატყობდი, რომ ჩემი ნაწერები შვებას აძლევდა. ხოლო მე არანაკლებ შვებას მაძლევდა მათი მხრიდან იმედის გამტკიცება. და აი, ასე – ხელიხელჩაკიდებულები მოვდიოდით და ღმერთმა არ გაგვწირა. თავდაპირველად, ძალიან ბევრს ჩემს მიერ დახატული კოშმარული მომავლის სურათი (მატარებელი, რომელიც დროში უკან მიდის, 1953-ს გასცდა და 1937-საკენ მიიჩქარის) ბევრს ჰიპერბოლიზებული ფანტაზია ეგონა. მერე კი, თითქოს როლები შეიცვალა და მე უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდი მომავალს, ვიდრე ახლა ჩემზე უფრო შეძრწუნებული თანამოაზრეები… მართლაც უცნაური იქნება ამ ოთხწლიანი ანდერგრაუნდის ეტაპების უკან გადახვევა და იმის განცდა, რა დიდი ძალაა თანაგრძნობა და ჭირის თანაზიარება…
მაგრამ ამაზე კიდევ დავწერ. ძალიან ბევრია დასაწერი, და მაინც, მგონია, რომ ეს მოითმენს.
============================================
კრიმინალური რეჟიმი და ნიურნბერგის პროცესი
ფაქტები ჯერ კიდევ დასალაგებელია, რომ სრული მოზაიკა დაიხატოს, მაგრამ მთავარი ფაბულა არა მარტო გამოიკვეთა, არამედ ეჭვს, მგონი, მხოლოდ 5% (შეურაცხად) მიშისტებში თუ იწვევს:
მოვიდნენ ახალგაზრდა რეფორმატორებად წოდებული ახალგაზრდა სუპერკარიერისტები, რომელთაც დემოკრატიის სახელით დედა უტირეს ასე თუ ისე არსებულ დემოკრატიას, სასამართლოს, მედიას. დაიჭირეს ლამის ყოველი მე-100 ადამიანი, პრობაციონერად აქციეს ლამის ყოველი მე-20-ე თუ 30-ე, უსმენდნენ ყველას, იყენებდნენ წამებას, გაუპატიურებას, ყველაფრის გაყალბებას – პირველ რიგში კი არჩევნების გაყალბებას. გაყიდეს და მიითვისეს ყველაფერი, რისი გაყიდვაც და მითვისებაც მოასწრეს. ოცნებობდნენ საქართველოს მოსახლეობის ემიგრაციაზე და უცხოელების მასობრივ ჩამოსახლებაზე და საქართველოს გადაქცევაზე მათი კლანის მიერ სამუდამოდ მართულ ბანტუსტანად, რომელსაც გარედან ფასადური დემოკრატიის ატრიბუტებით შენიღბავდნენ, პირველ რიგში – სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებების პრიმატის მოჩვენებითი პრიორიტიზაციით.

და მაინც, იმის მიუხედავად, მოვახერხებთ თუ არა ნიურნბერგის მსგავსი სასამართლო პროცესის ჩატარებას (მგონია, რომ საჭიროა, მაგრამ ვეთანხმები ქ-ნ ლია მუხაშავრიას, რომ გაგვიჭირდება. და, ალბათ, კარგი გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას ვთხოვთ ამას – რომის სტატუსთან ჩვენი მიერთების წყალობით) – აშკარაა, რომ სასამართლო სკამზე დასმულთა რაოდენობა არ იქნება დიდი.
საინტერესოა, რომ ძალიან ბევრმა ჩვენთაგანმა არ ვიცით (მეც არ ვიცოდი) ნიურნბერგის პროცესის მასშტაბები. 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე სტალინმა პირველად დასვა საკითხი, რას ფიქრობდნენ მოკავშირეები გერმანიის დამარცხების შემდეგ ფაშიზმის სამხედრო მექანიზმის – გერმანული არმიის – განადგურებაზე და თავადვე გამოთქვა აზრი – ალბათ 50,000-100,000 გერმანელი ოფიცერი უნდა დაიხვრიტოსო. რუზველტმა, რომელსაც კარგად ესმოდა რუსებისთვის გერმანელების მიერ მიყენებული კოლოსალური ადამიანური, მატერიალური ზარალი და მიწის პირისაგან აღგვილი დასახლებული პუნქტების რაოდენობა, უხერხულობის განტვირთვა ხუმრობით სცადა – ეგებ, 49,000 ვიკმაროთო. ჩერჩილს კი არ მორიდებია დაეფიქსირებინა თავისი მკვეთრად ნეგატიური პოზიცია – ოფიცრები ბრძანებას ასრულებენ და მალე საკუთარი სამშობლოს დაცვა მოუწევთ, მე მაგ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობას არ მივიღებო. ამის შემდეგ იალტასა და პოტსდამში ამ საკითხზე რამდენიმე გეგმის გადახედვის შედეგად ძირითადად ამერიკელების და ინგლისელების წინადადებებზე დაყრდნობით შემუშავდა სასამართლო პროცესის სქემა. თავად ნიურნბერგის (მთავარ) პროცესზე, რომელიც დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა, მხოლოდ 200-მდე ნაცისტი გასამართლდა, აქედან 23 მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი – ე.წ. მთავარი ტრიბუნალის მიერ. მათგან 12-ს სიკვდილი მიესაჯა (თუმცა ბორმანი ვერასოდეს ნახეს), 3 კი გაამართლეს. გარდა ამისა, იყო კიდევ ნიურნბერგის დამატებითი სასამართლოები, სადაც კიდევ 1600-მდე პირი გაასამართლეს.
მიუხედავად მთელი რიგი სერიოზული კრიტიკისა, რაც ნიურნბერგის პროცესს მოჰყვა, ის თავისი დროის ყველაზე უფრო მასშტაბურ, სამართლიან და ჰუმანურ სასამართლოდ ითვლება. შესადარებლად იმის გახსენებაც კმარა, რომ 1936-38 წლებში საბჭოთა დიდი ტერორის დროს თითქმის 700,000 ადამიანი დახვრიტეს (ყოველდღიურად – საშუალოდ 900-ს სჯიდნენ!) და პროცესების უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე დღე ან საათი გრძელდებოდა.
როდესაც ნაცმოძრაობასთან მიმართებაში ნიურნბერგს ვახსენებთ, რა თქმა უნდა, იურისტებსაც და საზოგადოების რიგით წევრებსაც ორგანიზებული სახელმწიფო კლანის მიერ ჩადენილი სისტემური და სისტემატური დანაშაულის გასამართლების ანალოგია გვაქვს მხედველობაში და არა – ამ ორი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულთა არსის და მასშტაბების ფარდობითობა. რა თქმა უნდა, ვერავითარ სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებს ნაცმოძრაობის შედარება ნაციზმთან. სავარაუდოდ, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ასეთი ტიპის სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევდა, გაცილებით მცირე იქნება, და ალბათ რამდენიმე ათეულს არ გადააჭარბებს. არ გამოვრიცხავ, რომ დამნაშავეთა უმრავლესობის მიმართ, სასამართლომ არ გამოიყენოს სასჯელის ის მაქსიმალური ზომა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, გამართლებულად ჩათვლიდა.
==========================
მცირედდამნაშავეთა არმია

მაგრამ გაცილებით უფრო დიდ პრობლემად მიმაჩნია სხვა საკითხი, რომელიც ასევე დადგა ან დადგება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამა თუ იმ ტიპის კრიმინალური რეჟიმები მოქმედებდნენ/იმოქმედებენ:
რა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი ქმედებებით ან უმოქმედობით, გაყალბებებში მონაწილეობით, ან ფალსიფიკაციებზე თვალის დახუჭვით, ცილისწამებით, თუ დაშინებების, მოსყიდვის, გადაბირების, სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევით – უშუალო სარგებლის მიღების მოტივით, ან დამნაშევე რეჟიმისათვის ხელისშეწყობის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი აქტით ჩაიდინეს კრიმინალური თუ ეთიკურ-მორალური დანაშაული, ფარავდნენ დანაშაულს, ახდენდნენ მეზობლების, თანამშრომლების დაშინებას, დასმენას, და გარკვეულწილად, რეჟიმის ქვედა დონის საცეცებს წარმოადგენდნენ?
ასეთი ადამიანების რაოდენობა, სავარაუდოდ, გასასამართლებელთა რაოდენობაზე გაცილებით მეტი იქნება. სხვადასხვა ტიპის ქმედებებთან მიმართებაში შეიძლება, საქმე ეხებოდეს ასობით ან ათასობით (ან ათეულ ათასობით?) ადამიანს – ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, ნოტარიუსებს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაკებს, მედიამუშაკებს, ადგილობრივი მმართველობებისა და სახლმმართველობის თამნამშრომლებს, დირექტორებს და პედაგოგებს, სტუდენტური თვითმმართველობის აქტივისტებს, კულტურის სფეროს წარმოამდგენლებს, ე.წ. ექსპერტებს…
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუშვებელი იქნება, ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული დევნის დაწყება. ძალიან სწორად განაცხადა ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა, იმისთვის არ ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომ მის მიერ გადავსებული ციხეები ახლა მათი მომხრეებით გადავავსოთ და საქართველოს სააკაშვილის პერიოდში დამკვიდრებული „ლიდერობა“ პატიმართა რიცხვის მხრივ, ისევ შევინარჩუნოთო.
ასევე დაუშვებელი იქნება იმის მინიმალური შანსის დატოვება, რომ რადგან არსებობს ამ ადამიანთა მიმართ გაღიზიანებული საზოგადოების დიდი ნაწილი, ამ უკანასკნელთ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ თავად შეუძლიათ აღასრულონ „მართლმსაჯულება“ კრიმინალურ რეჟიმთან დაახლოებული პირების, ხოლო ზოგჯერ – უშუალოდ საკუთარი მჩაგვრელების მიმართ. ეს განსაკუთრებით საშიშია ისეთ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არსებობს უამრავი ყვითელი თუ შავი გაზეთი, ტელევიზია თუ ინტერნეტ-მედია, რომლებიც ისეთ აბსოლუტურად მიუღებელ მეთოდებს არ თაკილობენ, როგორიცაა პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილთა მისამართების გამოქვეყნება! ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაწვიმარზე სოკოსავით მომრავლებულ ამ მედია-საშუალებების დიდი ნაწილის რეალური მფლობელების ვინაობა და დაფინანსების წყაროები უცნობია და არაა გამორიცხული, ისინი იმ ძალების ინტერესებს ახორციელებდნენ, ვისაც სურთ საქართველოში ახალი მასიური სამოქალაქო დაპირსპირების წაქეზება.

როგორია გამოსავალი?
ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს, და ჩემი ეს წერილი სწორედ იმიტომ დავწერე, რომ ამ საკითხზე ფიქრი და მსჯელობა დროულად დავიწყოთ.
===============================

მიტევების პროცესი.

როგორც რელიგიური, ასევე სამოქალაქო ეთიკის ნორმები მიტევების პროცესს სამოქალაქო ერთობის და ჯანსაღი მრევლის თუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძვლად უნდა სახავდეს.
თუ არსებობს შეცოდება/ცოდვა ან პირის დანაშაულებრივი ქმედება, ან თუნდა შეცდომა, ე.ი. არსებობს რაღაც მიყენებული ზიანი ან ტკივილი.
ზიანის ან ტკივილის მოშუშების საუკეთესო მეთოდი ორია: სამართლის აღდგენა და/ან მიტევება. სხვათაშორის, მიტევების/პატიების საწყის ეტაპად ხშირად სწორედ სამართლის აღდგენა იქცევა ხოლმე.
მაგრამ, მოდით, განვიხილოთ ის სიტუაცია, თუ სამართლის აღსრულება სასამართლო ძალით არ ხდება.
ამ შემთხვევაში მიტევების პროცესი შეიძლება იყოს ორი ტიპის – ცალმხრივი (ზოგიერთის მიერ იგი შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ქრისტესმიერი, ქრისტიანული მიტევება და ყველაზე ხშირად აქ გვახსენდება „მეორე ლოყის მიშვერის“ ფენომენი, რომელიც მე პირადად, ნაკლებმისაღებად მიმაჩნია ქართულ საზოგადოებაში) და მეორე – ორმხრივი ტიპის, რომელსაც ვემხრობი და რომელიც როგორც სამართლის სპეციალისტების (მაგ. – Randall J. Cecrle), ასევე ზოგიერთი დასავლელი თეოლოგის (მაგ. ცნობილი ამერიკელი პასტორის Marc Driscoll) მიერაც ყველაზე გამართლებულად არის მიჩნეული.
ამ პროცესში აუცილებელ ელემენტებად შეიძლება განვიხილოთ შემდეგი საფეხურები:
1. ცოდვის ან შეცდომის შეგრძნება (ეთიკური ან რელიგიური მორალის პრინციპების გათავისებიდან გამომდინარე)
2. აღიარება/აღსარების თქმა
3. მონანიება (ვისაც ზარალი მიადგა და/ან უფლის მიმართ) და იმის პირობის დადება, რომ მსგავსი ქმედებები აღარ იქნება გამეორებული
4. ზარალის ანაზღაურება / უფლის მსახურის მიერ დაკისრებული ეპიტამიის შესრულება
5. მიტევება/შერიგება

მაგრამ როცა ეს ყველაფერი თავიდან გადავიკითხე, მივხვდი, რომ რელიგიური ბილიკის მითითება შეიძლება საზოგადოებისათვის წამგებიანი აღმოჩნდეს, რამეთუ საჯარო პირი, რომელმაც თავისი სერვილანტობით, კონფორმიზმით თუ ყალბისმქმნელობით (აღარაფერს ვამბობ – ჩაგვრასა და წამებაში მონაწილეობაზე, ქონების ძალადობრივი გადაფორმების მსგავს დანაშაულში ნებით თუ უნებლიედ მონაწილეობაზე) რელიგიური მიტევების გზას დაადგება, მან შეიძლება მერე ამაყად ან თავდახრილმა გვითხრას, რომ მან უკვე მოინანია და მიტევებულია. ამის მკაფიო მაგალითები ბევრი გვინახავს ამ ბოლო დროს – მაგალითად 2010 წლის ოსტატურად გაყალბებული თვითმმართველობის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი როგორ ყურებამდე გახეული პირით და ლამის სიცილით მომყვირალი „ცოდვილი ვარ, ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ!“ შევარდა ეკლესიაში, ემთხვია კათალიკოსს-პატრიარქს, მსწრაფლ ხელი ჩამოართვა გაოგნებულ ირაკლი ალასანიას, და მერე კათედრასთან დადგა და ეკლესიაში ქადაგად დავარდა!.. ამას კი შედეგად სულ მალე 2011 წლის 26 მაისის ძალადობა მოჰყვა!.. იყო მაშინ მიხეილ სააკაშვილი „მომნანიე“? იყო იგი ღირსი, რომ ჩვენს საზოგადოებას მისთვის მიტევება ებოძებინა? მსგავსი მაგალითი იყო ისიც, როგორ განაცხადა „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ წამყვანმა – მის მერე ხშირად ეკლესიაში დავდივარო! ვშიშობ, ნაცმოძრაობის ლიდერებს და ადეპტებს მალე საყოველთაო „გაეკლესიურების ეპიდემია“ დაერევათ – აგერ უკვე გია ნოდია და დავით დარჩიაშვილი ლამის ყოველკვირეულად უფლის მიერ მოვლენილ განსაცდელზე გველაპარაკებიან და ისეთ წინადადებებს აღავლენენ („ღმერთმა დაიფაროს საქართველო, პოლიტიკური არენიდან ნაციონალური მოძრაობა გაქრეს“!), რომ სახტად დადის ერიც და ბერიც! ჰოდა, რა გამოვა, არა მარტო მედია ურნალისტები და სექსპერტები არამედ ბევრი ინტერპოლით ძებნილიც სამაგალითოდ მიიჩნევს ნეტარი იოსების (ერისკუდობაში – სოსო თოფურიძის) ქმედებას და ეკლესიიდან მოტანილ ინდულგენციის ფურცლებით მოგვიწოდებენ მათი მიტევების უპირობოდ გაზიარებას?

მე ამას ასე ვხედავ, თუმცა, შეიძლება ვცდები და გამისწორეთ:
ა) სისხლის სამართლის დანაშაულზე საეკლესიო მიტევება შემამსუბუქებელ გარემოებად ვერ ჩაითვლება, აღარ ვლაპარაკობ დანაშაულის მოხსნაზე.
ბ) თუ ადამიანს ეთიკური და პროფესიული დანაშაული ან შეცდომა აქვს ჩადენილი, და მას საზოგადოებისათვის ან საზოგადოების კონკრეტული წევრისათვის აქვს მიყენებული ზარალი, ამ ქმედების საზოგადო მონანიების და ამ ზარალის ანაზღაურების გარეშე, ასევე არ იქნება საკმარისი საეკლესიო მიტევების და ზიარების მიღება;
გ) ასევე არ იქნება საკმარისი ზიარების ფაქტი იმ ურნალისტების, (ს)ექსპერტების თუ პარტიული ადეპტებისათვის, რომელთაც შეიძლება კონკრეტული პირი არ ედავებათ ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ მათ მიერ საზოგადოებისათვის სიცრუით თუ გაყალბებებში მონაწილეობით, ან სიმართლის მრავალჯერადი დაფარვით მიყენებული ზარალი აშკარაა, და რომლებიც აპირებენ თავიანთი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას.
დ) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გ) პუნქტში აღნიშნული პირები აღარ აპირებენ თავიანთი პროფესიული ან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, ალბათ, მართლაც მისაღებია, რომ მათ რელიგიური მიტევება გამოიყენონ. თუმცა ეს საზოგადოებისათვის თუ უცნობი დარჩება, როგორ მოხდება მათთვის საზოგადოების მხრიდან მიტევება და შერიგება, ვერ ვხვდები.

თანაც, რამდენადაც საქართველო სეკულარული და მრავალეთნიკური სახელმწიფოა, რომლის მოქალაქეები სხვადასხვა აღმსარებლობის პირები შეიძლება იყვნენ, ალბათ აჯობებს, ამ შემთხვევაში, მხოლოდ, სამოქალაქო სამართლის პარალელურად სამოქალაქო მონანიების და მიტევების პროცესებს შევეხოთ.

არის კიდევ რამდენიმე სირთულე ლამის თითოეული ზემოთჩამოთვლილი საფეხურის მიმართ, რომელთა განხილვა აუცილებლად მიმაჩნია:
1. როდესაც ვლაპარაკობთ რომელიმე მომნანიე პირის მიერ შეცდომის, დანაშაულის ან ცოდვის გაცნობიერებაზე, მე პირადად ეს, ძალიან ხშირად, დაუჯერებლად მიმაჩნია. გასაგებია, რომ ზემოხსენებულ შერიგების ნაბიჯებზე ეთიკური დარღვევის თუ მცირე დანაშაულის ჩამდენ პირთა უმრავლესობა ძალიან პრაგმატული მიზეზის – შურისძიების შიშის და/ან საზოგადოებიდან გარიყვის მოლოდინის გამო წავა, და არა იმიტომ, რომ მათში მომნანიე პირმა გაიღვიძა. თუმცა, მე პირადად, ყველას მივცემდი ერთ შანსს და არ დავიწყებდი იმის საცეცხლურით ჩხრეკას, რამდენად გულწრფელნი არიან თავის მონანიებაში. (რამე კითხვები რომ არ დარჩეს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, თუნდაც მას არავითარი დანაშაული ვერ დაუმტკიცდეს, მე პირადად, გამოვრიცხავ ასეთი შანსის მიცემას, რომელიც ჩვენ მას უამრავჯერ მივეცით, მან კი უამრავჯერ გადაგვაგდო და საზარლად იძია შური თავის დროებით სისუსტეზე).
2. აღიარების აქტი, სავარაუდოდ, სასურველია მოხდეს რაიმე საზოგადოებრივად მისაღები ფორმით, ისე, რომ არსებობდეს ამ აქტის წერილობითი ან ვიდეო ფორმის დოკუმენტი.
3. მონანიების რამდენიმე ფორმა არსებობს თითქმის ყველა ენაზე. ქართველებსაც გვაქვს გრადაცია: „ბოდიშს ვიხდი“ – „მაპატიეთ“ – „მომიტევეთ“. პირველს დაახლოებით ისეთივე გაცვეთილი შინაარსი გაუჩნდა, როგორც უკვე ყბადაღებულ „პასუხისმგებლობას ვიღებ“-ს, როდესაც ტიპები ამის შემდეგ უტიფრად აცხადებენ, მე ხომ პასუხისმგებლობა ავიღე, მეტი რაღა ჯანდაბა გინდათო! პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს პასუხისგების აუცილებლობას, თუ აღებულ სფეროში დანაშაული შენი ხელქვეითის მიერ არის ჩადენილი, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარ დანაშაულზე. რაც შეეხება „ბოდიშს ვიხდი“-ს, შენ კი მოიბოდიშე, მაგრამ შენს მიერ დაზარალებულმა პირმა/საზოგადოებამ ჩაგითვალა, რომ ბოდიში მიღებულია? ხომ არ სჯობს, ამიტომ თავიდანვე „მაპატიეთ“/“მომიტევეთ“ იყოს ნათხოვნი?
4. ზარალის ანაზღაურების საინტერესო გამოცდილება – მეორე მსოფლიო ომის ანალოგიიდან გასათვალისწინებელია არა მარტო ნიურნბერგის პროცესი, არამედ დენაციფიკაციის მწყობრი სისტემა, რომელიც გულისხმობდა ნაცისტური რეჟიმის და პარტიის წევრების, ისევე როგორც საზოგადოების წევრების მხრიდან ნაციზმის დაგმობას, ნაციზმის/ფაშიზმის სიმბოლიკის განადგურებას და რაც მთავარია, გარკვეული ტიპის ქმედებებს – როგორიც იყო ადამიანების წამების და მასობრივი განადგურების დოკუმენტების სავალდებულო გაცნობა და ასევე – დაღუპული ადამიანების (ძირითადად საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების) საფლავების გათხრა, გადასვენება და წესის მიხედვით დასაფლავება. ამ სამუშაოებში, მთელი გერმანიის მაშტაბით რამდენიმე ასეულმა ათასმა გერმანელმა მიიღო მონაწილეობა. არ ვიცი, მხარს დამიჭერთ, თუ არა, წინა პარლამენტების ყველა დეპუტატს და ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ დეპუტატებს, რომლებიც ხშირად ცინიკურ კომენტარებს აკეთებდნენ სახალხო დამცველის თუ გია ცაგარეიშვილის მოხსენებებზე, ვაიძულებდი, გაცნობობდნენ როგორც ამჟამად მიმდანარე ხმაურიანი საქმის დოკუმენტებს, ასევე ადამიანების დამცირების და წამების დოკუმენტებს, და ასევე – სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებების დოკუმენტებს, ხოლო იმ ნოტარიუსებთან მიმართებაში, რომელთაც წართმეული ქონებები აქვთ გადაფორმებული ღამის საათებში, ალბათ საინტერესო იქნებოდა, ასევე ღამის საათებში, ოღონდ უკვე კამერების თანდასწრებით, იმის დაფიქსირება, როგორ მოახდენდნენ ამ ქონების უკანვე დაბრუნების იურიდიულად გაფორმებას. არ არის გამორცხული, რომ ზოგიერთი ყველაზე პირწავარდნილი ურნალისტის მიმართ რამდენიმეთვიანი გამოსაცდელი ვადაც გამართლებული იყოს, მაგალითად, საინტერესო იქნებოდა, როგორ იმუშავებდა სტაჟორად მათე კირვალიძე ტელესტუდია „მაესტროში“ (თუმცა არა მგონია, მამუკა ღლონტს მოეწონოს ეს ინოვაცია 🙂
5. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენთაგანმა, ვინც თითქოს კარგა ხანია, ვემიჯნებოდით ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის ქმედებებს, მაინც ვიგრძნოთ ჩვენი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა – ჩვენც საკმაოდ დიდხანს ვიყავით ჩუმად, საკმაოდ დიდხანს ვამართლებდით იმის მომიზეზებით, რომ არაუშავს, მერე გამოსწორდებიან, საკმაოდ დიდხნს არ გვჯეროდა, გვერდით არ დავუდექით ირინა ენუქიძეს, საკმაოდ დიდხანს სხვისი ჭირი ღობის ჩხირად მიგვაჩნდა… ახლა კი ჩვენც უნდა მოვინანიოთ. არაა გამორიცხული, პირველებმა სწორედ ჩვენ მივცეთ კიდეც მაგალითი იმათ, ვისაც უფრო მეტი აქვს მოსანანიებელი. და ამავე დროს უნდა დავპირდეთ ამ ადამიანებს, რომ ვისაც კრიმინალი არ ჩაუდენია, რომ მათ ხელს გავუწვდით და დავეხმარებით იმაში, რომ ისევ იმ ადამიანებად ქცევაში დავეხმარებით, რაც იყვნენ კიდეც სანამ ნაცმოძრაობასთან და სინდისთან გარიგებაზე არ წავიდოდნენ… მთავარია, ოღონდ მათ მოინანიონ…
გერმანელები ლამის ასმილიონიანი ერია და მათ სიბრძნედ მიმაჩნია, რომ იმ საშინელი კოშმარის გადატანის შემდეგ, როდესაც ეგონათ, რომ სამოთხეს აშენებდნენ და ბოლოს სინამდვილეში საზარელი ჯოჯოხეთი ააშენეს, როდესაც ეგონათ, რომ მსოფლიო წესრიგის დამწესებლები და წარმმართველები გახდებოდნენ და კარგა ხნით მსოფლიოს პატიმრად და გამოსასწორებელი გარედან მართული ტერიტორიის სტატუსი მიიღეს, მაინც არ დაკარგეს ადამიანობა და როგორც მონანიების – ასევე, რაც უფრო მთავარია – მიტევების უნარი! წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა გერმანია, ერთმანეთის ბრალდებებს, ანგარიშსწორებებს და შურისძიებებს რომ გადაჰყოლოდნენ! ჩემი აზრით, სწორედ ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი მონანიების ამ ნიჭმა და ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი მიტევების უნარმა, ისევე როგორც სამართალმორჩილებამ და შრომისმოყვარეობამ გადაარჩინა გერმანელი ერი, რომელიც არნახული დამარცხებიდან და დამცირებიდან მსოფლიოს წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად იქცა.

ჩვენ, რომელბივ გაცილებით მცირერიცხვოვანი ერი ვართ, ნამდვილად არ უნდა გვქონდეს ადამიანების დაკარგვის ფუფუნება და ყოველი ჩვენი მოქალაქის იტნეგრაციისათვის უნდა ვიზრუნოთ – სახელმწიფომაც და საზოგადოებამაც. ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ სამართლის აღდგენა მასიურ ანგარიშსწორებად არ ვაქციოთ და შერიგების პროცესი ამჟამად მაინც პატიოსნად და ბოლომდე მივიყვანოთ.

მინდა გითხრათ, რომ ერთ ნიჭიერ ადამიანს და ნაცმოძრაობის ძალიან ცნობად სახეს უკვე შევთავაზე ჩემი გულწრფელი დახმარება და ჩემი ხელი მანამ არის გაწვდილი, სანამ მას ამაზე უარი არ უთქვამს. თუმცა იმასაც არ დავმალავ, რომ არიან ადამიანები, რომელთა მიმართ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ვერ წარმომიდგენია. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ მათი მხრიდან მონანიების გულწრფელობა ვერ წარმომიდგენია. არა უშავს, ყველაფერი იცვლება და ვიცვლებით ჩვენც. და მსოფლიო ისტორიაში საკმაოდ მაგალითები არსებობს, მოციქულ პავლედან დაწყებული, იმის, თუ როგორ შეძლეს საკმაოდ მძიმე წარსულის მქონე ადამიანებმა არამცთუ გამოსწორება, არამედ საზოგადოებისა და მთელი მომავალი თაობებისათვის სამაგალითო ნიმუშის მიცემა.

ვფიქრობ, რომ სამართლის ქმნის პარალელურად სინანულის ჟამიც დადგა. იმაზე, თუ როგორ სწორად წარვმართავთ ამ ორივე პროცესს, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების მომავალი.

P.S. ეს არის ის ერთ-ერთი პირველი მერცხალი, რამაც ამ ბლოგის დაწერა გადამაწყვეტინა. თან მომეწონა – სხვათა მდუმარების ფონზე ნუ დავუკარგავთ დამსახურებას დავით კიკალიშვილს, და თან ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები მაქვს მეც და ფეისბუქზე ჩემს მეგობრებსაც ამ ბოდიშის მოხდის მიმართ… და სწორედ ამიტომ დავწერე ეს ბლოგი…
სხვათა შორის, დავით კიკალიშვილს წლების წინ პირადად ვიცნობდი და მასაც სიამოვნებით დავეხმარებოდი იმ მდგომარეობიდან გამოსვლაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა.

კიკალიშვილის ბოდიში

დღეს შეიძლება ჩემი აზრები ბევრს ისევე არ მოეწონოს, როგორც 2009 წლის ბოლოს დაწერილი პირველი ბლოგი – ჰავლაბრის ტურფებზე/ურნალისტებზე – არ მოეწონათ. რას ვიზამ, უნდა დავიცადო.
P.P.S. ისევ მოკლედ მინდოდა მეთქვა და ისევ ძველებურად გამომივიდა…


მკლავჭიდში დაკარგულები და შენ ტე-ს დილემა


უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 3-4 წლიანი ინტერვალით მსოფლიო ყურადღების ველში ექცევა ხოლმე (1989-90, 1992-93, 1995, 1999, 2003, 2008, 2012). ამ პერიოდში იყო ყველაზე კატასტროფული დაცემის (1992-94, 2008) და ყველაზე იმედიანი წლები (1989-90, 2003-2005, 2012). მეცნიერული ძალის მტკიცებულებად ვერ გავასაღებ, მაგრამ ჩემი საახლობლოს კოჰორტის მიხედვით ოპტიმიზმის ინდექსი შემდგნაირად ცვალებადობდა:

ამჟამად, საზოგადოებაში არის მაღალი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ, ყველაფერი თუ არა, უმრავლეს სფეროებში საქმეები უკეთესობისაკენ წავა. და ყველაზე მეტ გაუმჯობესებას ველოდებით იმ სფეროში, სადაც ყველაზე დედანატირები იყო სიტუაცია – ეს არის სამართლის და სიმართლის დამკვიდრების სფერო.

და მართლაც, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს წინათ, ალბათ, საუკეთესო დამცველი ახლა ციხეების მინისტრია, რომ რამდენიმე ასეული პატიმრის განთავისუფლება ან რეჟიმის გაუმჯობესება, და ათასობით პრობაციონერისთვის სასჯელის გაუქმება უკვე დაიწყო და ციხეებში სამედიცინო სამსახურის სერიოზულად გამოსწორებაც იგეგმება, როცა უფლებადამცველების ციხეებში შესვლა აღარ არის აუხდენელი ოცნება, როცა ყოფილი პატიმარი დაჩი ცაგურია თავად გვიყვება ნანახს იმაზე, დღეს რა დღეში არიან პატიმრები (და მე პირადად, დაჩის სიტყვებს ძალიან ვენდობი!), შეიძლება ითქვას, რომ იქ, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო – საქართველოს გარედან გალამაზებულ და შიგნიდან გაუბედურებულ და საწამებლად გადაქცეულ ციხეებში – ხელშესახები უკეთესობა უკვე არის და ეს სფერო გამოსწორების გზაზეა!

ასევე, ამ მედლის მეორე მხარეც – ანუ ვის ასამართლებენ და როგორ ასამართლებენ, მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრების რეალისტურ მოლოდინშია. თეა წულუკიანის, თინა ხიდაშელის, არჩილ კბილაშვილის, სანდრო ბარამიძის, დავით ჯანდიერის და სხვათა მოქმედების დაწყებას და შედეგებს საზოგადოება ისეთივე დაძაბული მოუთმენლობით ელის, როგორც ადრე, ცნობილი მექსიკური სერიალის Богатые тоже плачут მორიგ სერიას…

მაგრამ რაც უფრო იზრდება სამშობლოდან გადახვეწილ და დასასვენებელ წასულ, მაგრამ შორიდან კიდევ უფრო გამძაფრებულად „სამშობლოს ბედზე მეოხ“ მინისტრთა რიგები, რაც უფრო რეალური ხდება იმის აღქმა, რამდენი რამაა მოპარული და გაყალბებული და, საერთო ჯამში, მართლაც თურმე რას გადავურჩით ამათ ხელში 1 ოქტომბრის ღამეს, მით უფრო უცნაური ხდება ის გავეშების მდგომარეობა, რამაც ქართული საზოგადოება მოიცვა, რომელიც სულ უფრო ისტერიულ ხასიათს იძენს და გონების დაბინდვას ემსგავსება.

==========================================

მადლობა ხალხს!

დღემდე, მგონი, არ მითქვამს და ახლა მაინც, ალბათ უნდა დავაფიქსირო, რომ სააკაშვილის მიზანთროპულ რეჟიმზე იმ მართლაც ისტორიულ გამარჯვებაში, რომელსაც სააკაშვილი ურცხვად ცდილობს თავის ანგარიშზე ჩაიწეროს, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან წყნარი და აუღელვებელი, თავის ძალებში დაჯერებული მენეჯერის სიზუსტით მოახერხა ზუსტად ერთ წელიწადში ის, რასაც ვერავინ ახერხებდა უკვე 6 წელია – საზოგადოების კონსოლიდაცია, დარაზმვა, საუკეთესო პარტნიორების ამორჩევა და მიზანმიმართულ და ეფექტურ გუნდად შეკვრა, რისკების გათვლა და მართვა, სწორი ორიენტირების და პრიორიტეტების დასახვა და ბეწვის ხიდზე გავლა.

2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნები სრული კრახით დამთავრდა და დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელიც გაყალბების სულ უფრო რაფინირებულ მეთოდებს ხმარობდა, ჯენტლმენური მეთოდებით და რბილი თავაზიანობით მოგება გამორიცხული იყო. პირადად ჩემი, და საზოგადოების უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია არა იმდენად გაყალბების soft-ტექნოლოგიებმა, არამედ იმ თავაზიანმა ქცევამ, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობამ „გამარჯვებული“ მოძალადის გამარჯვების აღიარებაში გამოიჩინა. განსაკუთრებით მწარე იყო 2008 წელს პირწმინდად მოგებული თბილისის პირწმინდად წაგება…

მალე ალიანსიც დაიშალა.

მე პირადად ჩავთვალე, რომ სააკაშვილის ნაცმოძრაობის დაშლის ერთადერთი გზა შიდა დაპირისპირება და რომელიმე ლიდერის მიერ სააკაშვილისთვის მოწყობილი მეტნაკლებად ხავერდოვანი პუტჩი თუ იქნებოდა.

ქვეყანა სრული კატასტროფისაკენ მიექანებოდა და ქვეყნის მმართველისთვის კი დაუსრულებელი იყო “ლხინი შავი ჭირის ჟამს”.

ივანიშვილის მოსვლამ იმედი გააცოცხლა.

და მისი ყველაზე სერიოზული მიღწევა იყო ის, რომ მან ხალხი დააჯერა იმაში, რომ სწორედ ხალხს შეეძლო გამარჯვება. მისი პირველივე სიტყვები –

„მე მოვედი, რომ თქვენთან ერთად გავიმარჯვო! არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ყველანი თანამებროძოლები ვართ! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მე მწამს, რომ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას!“ –  იყო ის სიტყვები, რამაც ლამის დამბლადაცემულ საზოგადოება ფენიქსივით ფერფლიდან აღადგინა.

და მაინც, მიუხედავად მისი ამ მართლაც ფანტასტიური როლისა, გამარჯვებაში ლომის წილი არა – ბიძინა ივანიშვილს, არამედ ხალხს ეკუთვნის.

სწორედ იმედმოცემულმა ამ საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს აჩვენა თავისი სიძლიერე როგორც თავის მენეჯერს, ასევე – თავის წურბელებს. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი არჩევნები, რაც კი მინახავს. ადამიანები, –  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თუ ისინი, ვინც პირველად მივიდნენ არჩევნებზე და ისინიც, ვინც შეიძლება უკანასკნელად მივიდნენ, მოდიოდნენ იმიტომ, რომ სხვანაირად აღარ შეეძლოთ. მათ უკან მათი სამშობლო იდგა, იდგნენ მათი გაყვლეფილი ოჯახები და მათი სულ უფრო უბადრუკი მომავლის პერსპექტივის მქონე შვილები.

2012 წლის 1 ოქტომბერი იყო საქართველოს სამოქალაქო ერთობის დღე. ეს იყო დღე, როცა სოფლელები და ქალაქელები, მოხუცები და ახალგაზრდები, პროფესორები და მუშები, ქალები და კაცები, სხვადასხვა კონფესიისა და ეროვნების პირები თუ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები მოდიოდნენ თავისუფალი არჩევნის დასაფიქსირებლად. და სწორედ ამ ადამიანებმა შიშველი ხელებით და სიმამაცით დაიცვეს თავიანთი არჩევანი ხაშურში, სიღნაღში, ყვარელში, დაანახეს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, რომელიც ღირსია თავად ირჩევდეს თავის ხელისუფლებას.

ერთმა გამოუბადრუკებულმა ფილოსოფოსმა იმ დღის შემდეგ თქვა – სამწუხაროდ, საქართველოში ფულმა გაიმარჯვა დემოკრატიაზეო! ეს იყო ამ აწუბადრუკი ფილოსოფოსის მორიგი დემაგოგიური ტყუილი – სწორედ იმ დღეს ბოლო ოცწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ საქართველოში ფულმა ვერ გაიმარჯვა დემოკრატიაზე. პირიქით, სამოქალაქო ერთობამ გაიმარჯვა პიარსა და უსამართლობაზე დაფუძნებულ დიქტატურაზე. ცუდია, როცა უბირი ადამიანი ტყუის, და საზიზღარი სანახავია, როგორ ტყუის ჭკვიანი ადამიანი.

======================================

გენიალური მწერლის ბერტოლდ ბრეხტის პიესაში, ჩვენი საყვარელი რეჟისორის  ჩვენთვის საყვარელი სპექტაკლის აწგარდაცვლილი საყვარელი მსახიობის მიერ განსხეულებული გმირი ამბობს:

–         ომი დამთავრდა! მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!!

დღეს რაც ხდება საქართველოში, სულ უფრო მეტად მაბრუნებს ამ მოწოდებასთან და ლამისაა, ვისურვო, რომ აზდაკის ეს გაფრთხილება სარეკლამო ჭრების ნაცვლად ჩასვას ტელევიზიამ, რომ იქნებ ცოტა გამოვერკვეთ…

ძალიან მიჭირს ქრონოლოგიურად აღვადგინო, რას რა მოჰყვა, უბრალოდ შევეცდები ჩამოვთვალო: პატიმრების გარკვეული ნაწილის პოლიტპატიმრებად აღიარების და გათავისუფლების მოთხოვნას ხელს არ აწერს არასამთავრობო ორგანიზაციათა მცირე ჯგუფი (საია, თავისუფალი არჩევნები და სხვა), რაც მოსახლეობის გაკვირვებას და გაღიზიანებას იწვევს; მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ უფრო მზარდი გააფთრებით გმობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ სამშობლოს ინტერესების გაყიდვაში ადანაშაულებს! საქმე არ ეხება არც აკო მინაშვილის სიდედრის და არც კოკი იონათამაშვილის ნაბარტყ ენჯეოებს! არამედ სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომელთა ორგანიზებული და დაუღალავი კამპანია „ეს შენ გეხება!“ იქცა Must Carry-ის დანერგვის, თუ საარჩევნო გარემოს მეტ-ნაკლებად გაჯანსაღების საწინდრად… მოსახლეობის ამ ნაწილის მიერ ხდება აბსოლუტური ტოლობის ნიშნის დასმა „თავისუფლების ინსტიტუტსა“ და  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის, არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე რეკომენდაციას უწევს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა, თუმცა ძალიან კვალიფიციურ იურისტს თამარ გურჩიანს, რომელიც ამ პერიოდში საზღვარგარეთ არის მისიით. საზოგადოების ანტი-ენჯეო ნაწილი სასწრაფო ტემპით იწყებს ხელმოწერების მოგროვებას დიმიტრი ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად იმავე პოსტზე. ყალიბდება მხარდამჭერთა ჯგუფები სხვა კანდიდატების – გელა ნიკოლეიშვილის და ლია მუხაშავრიას მხარდასაჭერად. ყველა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ რიგებში 100-ზე მეტი ორგანიზაციია გაერთიანებული. ყალიბდება სტერეოტიპი, რომ გურჩიანი ვითომდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე იქნება კონცენტრირებული, მეორეს მხრივ ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „მამათმავლობა კრიმინალად უნდა იყოს ჩათვლილი“. ამის ფონზე ლორთქიფანიძის მხარდამჭერთა ჯგუფი აცხადებს, რომ ჯერ 60,000, ხოლო მალე უკვე 75,000 ხელმოწერა აქვთ მოგროვილი. ხოლი ენჯეო ორგანიზაციები განმეორებით უგზავნიან ხელისუფლებას შეხსენებას, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ თამარ გურჩიანი სურთ იხილონ და სხვა არავინ… ეწყობა უამრავი ტოქ-შოუ და ხმაურიანი დებატები, სადაც კანდიდატების (განსაკუთრებით გურჩიანის და ლორთქიფანიძის) მონაწილეობა ცეცხლზე კიდევ უფრო მეტ ნავთს ასხამს. მდგომარეობა იძაბება ფეისბუქზეც, სადაც მოწინააღმდეგე ბანაკები ერთმანეთს ლამის ტერორისტულ ოპერაციებს უწყობენ…

ამის ფონზე მწვავდება დაპირისპირება სხვა ფრონტებზეც – ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ როცა სოზარ სუბარმა გამოთქვა ომბუდსმენად ნინა ხატისკაცის კანდიდატურის მხარდაჭერის პოზიცია, ეს იყო უხეში ჩარევა და კონსტიტუციის დარღვევა. სოზარზე, რომელიც ბოდიშს იხდის და ემიჯნება ომბუდსმენის არჩევის პროცესს, მიდის საკმაოდ სერიოზული შეტევები ყველა მხრიდან – პატიმრები, უფლებადამცველები მას ხან მოადგილეს უწუნებენ და ხან ციხის უფროსს აბურჯანიას. ჟურნალისტი შორენა მირცხულავა მთელი ფეისბუქის გასაგონად ხმამაღლა აცხადებს, რომ ფეისბუქმა პატიმრის უფლებები ფეხებზე დაიკიდა და მას ტელეფონი გაუთიშა (თუმცა იმის აღნიშვნა „ავიწყდება“, რომ საქმე მამამისს ეხებოდა თურმე)! ისმის სულ უფრო მკაცრი მოთხოვნები სოზარის გადაყენების აუცილებლობის შესახებ! ამავე დროს ის უფლებადამცველები, რომლებიც ციხეში იყვნენ, ამბობენ, რომ პატიმრები არ არიან ნაწამები, და რომ მართლაც ადგილი აქვს ციხის პატიმრების ნაწილის მხრიდან „პალაჟენიების“ დაბრუნების აშკარა მცდელობას… სოზარი ჯერ მოადგილეს ათავისუფლებს, შემდეგ – აბურჯანიას, რითაც საზოგადოებაში მინისტრზე გამარჯვების პრეცედენტს ქმნის.

შინაგან საქმეთა მინისტრს  უწუნებენ სპეცნაზის უფროსის მოადგილედ არჩევას და ღარიბაშვილი ამ კანდიდატურას ცვლის.

აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ როცა გარკვეული კითხვები გაჩნდა ოჯახის წევრებთან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო, ბიძინა ივანიშვილის მიერ უკვე დასახელებულმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავად მოხსნა კანდიდატურა. როცა ლოტოლვილთა და გასახლების მინისტრს აღშფოთებულმა აგრესიული და არატოლერანტული გამოთქმები დაუწუნეს, მან განმარტებები გააკეთა და ბოდიში მოიხადა. ახლა  კახა კალაძეს უწუნებენ სააკაშვილის დროინდელი იუსტიციის მინისტრის და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას და კალაძე ამბობს, რომ გია ქავთარაძე თავად გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს…

საზოგადოებისთვის გასაკვირი აღმოჩნდა განათლების მინისტრის მოადგილედ ნაციონალების დროს სკოლის საკმაოდ ოდიოზური დირექტორის მინისტრის მოადგილედ დაწინაურება. მაგრამ გავრცელდა ხმა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებისაგან განსხვავებით, მარგველაშვილი თურმე თავის გადაწყვეტილებებს არ ცვლის!

მე ყველაფერი ეს მკლავჭიდს მაგონებს!

არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ ვაჟკაცური სპორტის წინააღმდეგ და დღესაც მახსენდება, როგორი მოულოდნელი სიხარული განვიცადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როცა ქართველმა ფალავნებმა სპორტის ამ, ჩვენთვის საკმაოდ  ახალ, სახეობაში მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ ერთდროული მკლავჭიდის სეანსი, რომელიც ალმოდებულ დარბაზში იმართება, დარბაზი, რომელიც სავსეა მკლავჭიდელ წყვილთა მაგიდებით, – გემის გემბანზეა, გემი კი 9 ბალიან შტორმშია მოყოლილი…

კარგია გამოღვიძება, კარგია, რომ ხალხი უკვე ყურადღებით აკვირდება მინისტრებს და მოადგილეებს, კარგია, რომ ციხეებთან აღამებენ და ათენებენ და მოთხოვნებს აყენებენ, კარგია, რომ ომბუდსმენის კანდიდატებს კითხვებს აძლევენ და ლაკმუსის ტესტებს უყენებენ… ყველაფერი ეს კარგია… პრინციპში კარგია…

მაგრამ ეს გავეშება არ მომწონს, მომკალით და… არ მომწონს, ის კატეგორიულობა და ყელში დასახრჩობად მიწოლა, რომლითაც ამ მასობრივ მკალვჭიდში დაკარგულები ერთმანეთს აწვებიან! სოზარისადმი კითხვები განა არ უნდა დაისვას, მაგრამ სოზარისადმი კითხვების დამსველები ახალაიებს რა კითხვებს უსვამდნენ? ადეიშვილის მიერ ოჯახის წევრების ბედით დატერორებულნი დღესაც რომ არაფერს ამბობენ ადეიშვილზე, სოზარზე მიწოლა რა პონტია? ხომ ვიცით, რომ სოზარს უნდა ვუთხრათ, თუ რამე შეეშალა და არაა ისეთი ადამიანი, რომ თავისას მიაწვეს და ჯიქურ დადგეს – აღიარებს, გადახედავს, შეცვლის… ყველაზე უფრო ის მაღიზიანებს, რომ ამ ცვლილებებს 100%-ით თავის მიმწოლობაზე მიითვლის უცებ ადეიშვილ-ახალაიების დროს ჩირგვში მჯდარი და ახლა სოზარ-ღარიბაშვილის პირობებში გაყარაჩოხელებული საზოგადოება და სოზარისთვის თი ირაკლისთვის მადლობის თქმაც კი დაავიწყდებათ…

და როცა ამ ენეჯეოებს ვაწვებით, გვახსენდება, რომ ასე თუ ისე, სწორედ ისინი, სწორედ საია და “სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “ჰუმან რაითსი” და მრავალი სხვები, ავად თუ კარგად, სუსტად თუ მაგრად, რაც მთავარია, ლამის განუწყვეტლივ, როგორც შეეძლოთ, ამხელდნენ სააკაშვილის რეჟიმს და იმ უსამართლობას, რაზეც ჩვენთაგან უდიდესი უმრავლესობა კრინტს ვერ ვძრავდით? რა ხდება, რომ გავიმარჯვეთ, ახლა არ მოგწონთ ჩუგოშვილი და ლომჯარია?

მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ლორთქიფანიძის აბსოლუტურ მიუღებლობაზე ლაპარაკობს ენჯეო სექტორი და თავის მხრივ ჯიქურ მოითხოვს ომბუდსმენის პოსტზე მხოლოდ საკუთარი კანდიდატის გაყვანას, რაც მათთვის 2X2=4 აქსიომა გამხდარა, ხომ არ ავიწყდება, რომ საზოგადოებისათვის ლორთქიფანიძის და ნიკოლაიშვილის პრაქტიკული საქმიანობა (ციხის ღობეებზე გადაძვრომის ჩათვლით) უფრო ცნობილიცაა და უფრო მომხიბვლელიც, ვიდრე მისთვის უცნობი გურჩიანის უნარ-ჩვევები. ნუთუ ჩვენ ჭკვიან ენჯეოეშნიკებს დაავიწყდათ ნიუტონის მესამე კანონი და ვერ ხვდებიან, რომ მათ სულ უფრო მეტ ხისტ ქმედებას ანალოგიური და უფრო მკვეთრი უკუქმედებითი სიხისტე მოჰყვება იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც უფრო ჭრელიცაა და თავისი გუშინდელი სიზარმაცე ახლა ახალი „გამოღვიძებით“ უნდა დააკომპენსიროს? ხომ არ აჯობებდა, თამარ გურჩიანს უფრო უკეთ აეხსნა, რატომ არ იყო ქვეყანაში მაშინ, როდესაც ქვეყანას მისნაირი შეუპოვარი უფლებადამცველი, მართლაც, თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავდა და ძალიან სჭირდებოდა? იქნებ სჯობდა, რომ ენჯეო სექტორს მეტი მოქნილობა გამოეჩინა და ჯერ საზოგადოების დარწმუნება ეცადა და მხოლოდ მერე – მოთხოვნების წაყენება ხელისუფლებისადმი? ან იქნებ, სულაც ორი კანდიდატი შეეთავაზებინათ ამ მოქნილობის დემონსტრირებისათვის? რაღაც „დაგეხმარე – დამინიშნეს“ ჰგავს ყველა მხრიდან სუფრის თავისკენ გადაქაჩვის ეს მცდელობები.

ნუთუ ვერ ხვდება საკმაო სტაჟის მქონე პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომ პირიდან გაფრენილი სიტყვის მოსაკლავად გულწრფელი ბოდიში უფრო უკეთესი ტყვია შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე სოციალურ ქსელებში და ლაივში ისეთი მომხრეების დარაზმვა, რომელთა მეთოდები და აგრესიულობა გარეგნულ ეფექტურობას კი მატებს მის კამპანიას, მაგრამ ნამდვილად არ მატებს სიმპათიას? პირადად გამოვცადე, რომ მის მომხრეთა კედელზე ჩემი კრიტიკული შენიშვნები გაქრა, ხოლო პირად ინბოქსში თითქმის ისეთივე „მოთხოვნები და დარწმუნებები“ მომივიდა, როგორც ნაციონალთა მხარდამჭერებისაგან მომდიოდა წლების განმავლობაში. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ნიუანსი დავაფიქსირე – ბატონი დიმიტრის მხარდამჭერები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ იგი იცავდა სექსუალური უმცირესობების უფლებებს. მაგრამ რატოღაც ამ ფაქტებზე ლაპარაკი ნაკლებადაა. შალვა რამიშვილმა, (რომლის დაპირისპირება ენჯეო სექტორის წარმომადგენლებისადმი ამ ორივე მხარის მიმართ ჩემს აღშფოთებას იწვევს)  ამის ორი მაგალითი მოიყვანა – მათ შორის, ერთი – ვიღაც ყველასთვის ნაცნობი ტრანსვესისტი „სექსოს“ დაცვა დიმიტრი მიერ, და ბოლოში დაამატა, დიმიტრი კი იცავდა ამ ხალხს, მაგრამ თავად არ სურს ამაზე საუბარი, და მე  მისი მესმისო… რა გამოვიდა? რომ ლორთქიფანიძე თავის ამ დამცველობით საქმიანობას მალავს?

მართალი გითხრათ, თავად არ მომწონს და მესმის, რომ საკმაოდ საკამათოა ის დასკვნა, სანამდეც მივედი, როცა ამ ომბუდსმენის არჩევნების უკვე აშკარად წრეგადასულ კამპანიას ვუყურებ, მაგრამ მგონია, რომ ან უნებლიედ –  საყმაწვილო სენის გამო, ან ნებით – ანგარებითი თუ გარედან შეგულიანების გამო (და ეს „გარედან შეგულიანება“ – ძალიან მრავალსუბიექტიანი შეიძლება იყოს, ცალმხრივად ნუ გამიგებთ), ჩვენმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა რეალობის შეგრძნება დაკარგეს, და მზად არიან ბავშვი წყალს გადააყოლონ. ვეცდები, განვმარტო, რას ვგულისხმობ ამაში.

ჩემთვის ბავშვი – ყველაზე მაღალი ღირებულება – არ არის ომბუდსმენი!

საშინელ მკრეხელობად ჟღერს? კი ბატონო. არა მგონია ვცდებოდე, რომ მგონი, მხოლოდ 76 ქვეყანაში (ანუ მსოფლიოს 1/3-ში) არსებობს ომბუდსმენის პოსტი და იმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ომბუდსმენი არ არის, გაცილებით უკეთ იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, ვიდრე იმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ომბუდსმენი არსებობს!  ასე რომ ომბუდსმენი პანაცეა არ არის.

მეტიც, ომბუდსმენი ზუსტად იმ ქვეყანაში და იმ ფორმაციაშია მნიშვნელოვანი, სადაც ადამიანის უფლებებს საშინლად ლახავენ და ფეხქვეშ თელავენ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ კარგი ომბუდსმენი ძალიან სჭირდებათ რუანდას, ზიმბაბვეს, ჩრდილოეთ კორეას და ირანს, თორემ ნორვეგიას და ისლანდიას ომბუდსმენი, მე რომ მკითხოთ, ნაკლებად სჭირდება (ვიცი, რომ ეს აზრი ენჯეო სექტორის მხრიდან შეიძლება მკრეხელობად შეფასდეს).

საქართველოსთვის ომბუდსმენი აუცილებელია! და საუკეთესო ომბუდსმენი საუკეთესო იქნებოდა! მაგრამ მოდით, სიმართლეს შევხედოთ, საქართველოსთვის საუკეთესო ომბუდსმენი სწორედ მაშინ იყო აუცილებელი, როცა საქართველოში მასიური ტერორი და უსამართლობა ბატონობდა! ამიტომ, როდესაც ენჯეო სექტორი და თავად თამარ გურჩიანი (უფლებადამცველობისათვი მართლაც ძალიან კვალიფიციური კანდიდატი!), ამბობს, რომ გიორგი ტუღუში თურმე კარგი ომბუდსმენი იყო და რომ მას თურმე მხოლოდ „ვოკალურობა“ აკლდა, მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ხალხის დღევანდელი დაჟინების რეალური მიზეზები მესმის! რადგან დღეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც მოვიდა, ასე მგონია, რომ გიორგი ტუღუშიც კი არაუშავს ომბუდსმენი იქნებოდა! მაშინ, როცა იგივე ტუღუში, ჩემი აზრით, არ იყო კარგი ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს რამდენიმე მიზეზის გამო:

ა) ვერ იქნებოდა კარგი ომბუდსმენი, იმიტომ რომ ზურაბ ადეიშვილის მეგობარი იყო და ამდენად არ იყო პირუთვნელი – თუ მის ანგარიშებს კრიტიკულად გადახედავთ, ნახავთ, რომ ყოველთვის პოლიციის და პენტიენციარული სისტემის (მერაბიშვილის ფრთის) ნაკლოვანებებს ააშკარავებდა მართლაც დაუნდობლად, მაშინ როცა სასამართლოს მხრიდან არსებული უსამართლობა, ის საოცარი ფაქტები, თუ რატომ იყო გამამართლებელ დასკვნათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლები – მისი ყურადღების მიღმა რჩებოდა. ეჭვი მაქვს – შეგნებულად!

ბ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, იმიტომ, რომ დასკვნებს რომ წერდა, მერე დარღვევების მიდევნება და მუდმივად ხელისუფლების გაღიზიანება, – შეხსენება, გახმაურება,  და ქოხიდან ნაგვის გატანა – მისი სტილი არ იყო.

გ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, რადგან ხმარებიდან ამოიღო ტერმინები „წამება“ და „პოლიტპატიმარი“. – თან სწორედ იმ პერიოდში, როცა საქართველოში ეს მიდგომები ლამის პრაქტიკად იქცა.

დ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, რადგან როცა პატიმრები – 700-მდე ადამიანი გწერს, რომ მათ აწამებენ, და შენ ამის დადასტურების და გახმაურების მეთოდებს ვერ ნახულობ, ეს ერთი სისუსტეა, მაგრამ უარესი, როცა ციხეში მიდიხარ და წამებასა და დაშინებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში პატიმარს სწორედ მისი მწამებელი ჯალათების თანდასწრებით ეკითხები, თუ აწამებენ. და მერე ანგარიშში წერ – „კითხვაზე, თუ აწამებენ ან აშინებენ, პატიმარი უარყოფით პასუხს იძლევა“…

მაგრამ ჩემთვის – დღევანდელ მოცემულობაში უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს სამოქალაქო ერთობა.

მე მიმაჩნია, რომ სამოქალაქო ერთობა, რომელიც 1 ოქტომბერს გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს და ანალოგიურად, მოქალაქეებმაც ქარს არ უნდა გავატაროთ.

უკვე აღშფოთებული საზოგადოებისთვის მინდა განვაცხადო, რომ ამ სამოქალაქო ერთობის მიღწევის მიზანს არ ვუყურებ, როგორც ასოცირებულს საყოველთაო დუმილთან, ყველაფერზე თავის დაკვრასთან და შალვა რამიშვილის ცნობილ პროვოკაციულ კლიპში ასახულ  „სტაბილურობასთან“. მაგრამ ასევე მიუღებლად მიმაჩნია, რომ მკლავჭიდი მოხრჩობად გადაიზარდოს. და რომ პატიმრების მშობლებმა, რომელბიც ადრე საკუთარი სისხლის და ხორცის სულაც მცირე ხნით გამოსაშვებად მეზობლებში საარჩევნოდ 100-100 ხმის მოსაგროვებლად თავის იმცირებდნენ და ჩვენი მომავლის გაყალბებაში მონაწილეობდნენ (ამაში მათ არ ვამტყუნებ!) დღეს გამარჯვებული პოზიციიდან ციხის ადმინისტრაციას პირობები უკარნახონ, ან ყველა პატიმრის სასწრაფოდ და უპირობოდ განთავისუფლების არარეალური ოცნებების დასაბუთება სცადონ.

ამიტომ, მე პირადად, საკმაოდ მოწყვლად და საკამათო გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ომბუდსმენის არჩევნებში ხმას იმ კანდიდატებს არ დავუჭერ, ვინც უკვე ნათელა აბაშვილივით გამოიჩინა თავი თოკმობმული მიშიკო აბაშვილის თავისკენ გადაქაჩვაში და ვისაც სამოქალაქო ერთობაში ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული გახლეჩის მოხდენა შეუძლიათ – არც თამარ გურჩიანს, რომელსაც არაფრით არ უნდა, რომ საზოგადოების უმრავლესობისათვის თავისი მიუღებლობა დაინახოს და ამის მიზეზი ჩემი აზრით, ისაა, რომ გურჩიანი მათთვის გეი-აღლუმების მხარდაჭერასთან ასოცირდება (და რატომ ხდება ასეთი ასოცირება, ეს თამარმა არა მარტო მოწინააღმდეგეებს უნდა ჰკითხოს, არამედ თავსაც და საკუთარ ხისტ ლექსიკასაც დააბრალოს, როდესაც მას არ უნდა ილაპარაკოს უფლებების დაცვის აუცილებლობის და განსახვავებულობის პროპაგანდის აუცილებლობას შორის შესაძლო კომპრომისზე) და – არც დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც არაფრით არ უნდა, თავის ქსენოფობიურ გამონათქვამის გამო  ბოდიში მოიხადოს და ამით საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი პერსონისადმი უკეთ განაწყოს. ასე მგონია, რომ დღეს ნებისმიერი ამ ორიდან ერთი კანდიდატის არჩევა საზოგადოებას ძალიან მკვეთრად გახლეჩს და ეს ისეთი ფასია, რომელიც მე არ მინდა გადავიხადო არცერთი ამ კანდიდატის ომბუდსმენობაში. მირჩევნია, ოდნავ ნაკლებ მებრძოლი კანდიდატი და ნაკლებ მხარდაჭერილი კანდიდატი გავიდეს და საზოგადოების არ ც ერთმა და არც მეორე ნაწილმა თავი დამარცხებულად არ იგრძნოს და მეორე ნაპირიდან გამარჯვებულთა ყიჟინაზე შურისძიების გრძნობა არ გაუჩნდეს… სამწუხაროდ, ჩემთვის დღეს ამ ორივე კანდიდატიდან ნებისმიერის წარმატება იმის შანსს უკავშირდება, რომ ამას ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს – ცენტრალური ხელისუფლების სერიოზულად დასასუსტებლად. და ეს – იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის აპრილში პრეზიდენტ-ვოლდემორტის ის მიერ პარლამენტის   დათხოვნის შანსი ჯერ კიდევ არსებობს

ხოლო ნაციონალური მოძრაობა რომ გულხელდაკრეფილი არ ზის, და საბოტაჟს ამზადებს და ახორციელებს, ამაზე ბერვი მინიშნება თუ ლამის მტკიცებულება არსებობს:

–         დევნილების კატასტროფულად გახშირებული შევარდნა სხვადასხვა საცხოვრებელი ფართის დასაკავებლად. დევმნილების მხრიდან უკვე გაიჟღერა ქალაქის მერიის რამდენიმე თანამშრომლის გვარმა, რომლებიც დევნილების შევარდნის პროცესს აგულიანებენ და კოორდინაციას უწევენ.

–         რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ძალიან სერიოზული შემთხვევა სოფელ ნიგვზიანში, როცა წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა მუსულმანი და ქრისტიანი თემის თანაცხოვრებისა, უეცრად ძალიან ხისტ არატოლერანტობაში გადაიზარდა და  იმწამსვე სცენაზე გაჩნდა რამდენიმე დღით გაუჩინარებული თვალებმოცინარი პრეზიდენტიც, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა, რომ მისი მმართველობის პირობებში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა (კიდეც გაბედავდნენ!) და ივანიშვილის მთავრობას მკაცრად მოთხოვა რეაგირება იმაზე, რაც, ჩემი აზრით, სწორედ პრეზიდენტის ფარული მცდელობების შედეგია;

–         რუსთავის მე-16 ციხეში ბუნტის მცდელობა, რომელიც წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, უფრო მეტად ჰგავდა გარედან ინსპირირებულს;

–         რეგიონებში ექიმების მასიური დათხოვნა, რომელიც სულ უფრო ახლოსაა სამედიცინო პერსნალის საყოველთაო გაფიცვასთან, და რომელიც ნამდვილად სადაზღვევო კომპანიის ინტერესებში, თითქოს, არ უნდა შედიოდეს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიის სიჯიუტე სასწრაფოდ მასიური დათხოვნები მოახდინოს, თავისი ალოგიკურობით ისევ ძველი ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ფარული შეკვეთით თუ აიხსნება.

–         ფინანსების და ქონების მასირებული გადაქაჩვა ცენტრალური დაწესებულებებიდან პრეზიდენტის რწმუნებულების ჯიბეებში და ადგილობრივი თვითმართველოს იმ ორგანოებში, რომელსაც სააკაშვილი აკონტროლებს. თბილისის მერიის მიერ ადგილობრივ უსაფრთხოების სისტემის შექმნა და სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების მითვისების მცდელობა აღებულ ვალდებულებებზე უარის უტიფრად თქმით და თბილისელებში მასიური უკმაყოფილების ინიცირება, რომლიც მიმართვის მცდელობა ივანიშვილის მთავრობისკენ აშკარაა.

ამ პირობებში ჩემი გულწრფელი სურვილი ისაა, რომ საზოგადოება ერთი უკიდურესობიდან – ადრე ყველაფერზე სიჩუმიდან, მეორეში – ახლა ყველაფერზე გადარევაში, არ გადავიდეს.

პრობლემებზე რეაგირება იმის ექვივალენტური უნდა იყოს, რასაც საფრთხე წარმოადგენს, თორემ „ახალაიებით დამწვარი სუბარს სულს უბერავდაო“, ისე მოგვდის!

============================================

ბრეხტი ვახსენე და მისი მეორე გენიალური პიესა გამახსენდა – „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“. უნდა გამოვტყდე, არ მინახავს სტურუასეული დადგმა, მაგრამ მქონდა ბედნიერება ეს სპექტაკლი მენახა მოსკოვში, ლუბიმოვის ტაგანკის თეატრში (სამწუხაროდ, უკვე ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ). ვისაც არ ახსოვს, ფაბულას შევახსენებ – პიესის გმირი, სეჩუანელი კეთილი ქალი შენ ტე, ცდილობს დაეხმაროს სიდუხჭირისაგან და ათასგვარი უბედურებებისაგან უიმედობის ტყვეობაში მყოფ გაჭირვებულებს, მაგრამ ისინი მხოლოდ სარგებლობენ მოულოდნელად გამოჩენილი კეთილსმყოფელის სიკეთით, და სულ უფრო მეტს ითხოვენ მისგან, ხოლო თავად სულ უფრო მომხარებულურ უსაქმურობასა და განცხრომაში ეფლობიან. დაღლილი და თავად გაწამებული შენ ტე იძულებული ხდება, თავისი გამოგონილი ძმის – შუი ტას იერსახით მოევლინოს მასზე გაბატონებულ თანამობინადრეებს. დის აბსოლუტური ანტიპოდი – შუი ტა მკაცრი და მომთხოვნია, იგი ყველას რკინის ხელით და ნებისყოფით იმორჩილებს და მაყურებელი საოცარი დილემის წინაშე დგება ბუნებით კეთილ შენ ტესთან ერთად, რომელსაც არ უნდა, ცინიზმის და მრისხანების ნიღბის ტარება, მაგრამ მხოლოდ ამ ნიღბის დახმარებით შეუძლია, თავადაც გადარჩეს და საზოგადოებაც გადაარჩინოს და აიძულოს, მუქთახორობას და პარაზიტობას თავი ანებოს.

ამით დავამთავრებ იმის თქმას, რასაც 3-4 გვერდზე ვაპირებდი, და როგორც ლამის ყოველთვის, ისევ გრძლად გამომივიდა.

სწორედ ბრეხტის ეს ორი პიესა მახსენდება დღეს. საზოგადოების განთავისუფლების გზა მხოლოდ საზოგადოების  გააქტიურებაზე გადის. მაგრამ საზოგადოების მშვიდობიანი გააქტიურება არანაკლებ რთული პროცესია, ვიდრე ომში თავგანწირვა. და როცა ვინმე გვეხმარება, ამან ჩვენი მოთხოვნილებების ჰიპერბოლიზაცია არ უნდა მოახდინოს. ყველას გვმართებს სიფხიზლე რეალური საფრთხეების მიმართ და საკუთარი ამბიციების რეალობასთან შეწონადობა. უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება – თანაცხოვრება, რომელიც არც მარტო დათმობით მიიღწევა, მაგრამ არც – მხოლოდ მომთხოვნელობით. სამოქალაქო ერთობა არის მრავალმხრივი კონსენსუსის ძალიან რთული და უსასრულო პროცესი…

შეცდომები დღეს ნამდვილად არის – კადრების შერჩევა და სისტემის ნოლიდან აწყობა საკმაოდ  ძნელი პროცესია და დარწმუნებული ვარ, შეცდომების გარეშე ვერასდროს ვიარსებებთ. მთავარია, შეცდომების გამოსწორების სურვილი იყოს და საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რომ ყველაფერი ფარდობითია და შედარებაში ფასდება.

================================

რაც შეეხება ომბუდსმენობას – იქნებ სხვადასხვა სფეროებში აგვერჩია ერთდროულად სხვადასხვა ომბუდსმენი?

მგონი, უმრავლესობა თანხმდება, რომ თითოეულ კანდიდატს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები და იქნებ რამდენიმე მათგანი გვყოლოდა ერთდროულად? ამის გამოცდილება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, – მაგალითად,  დიდ ბრიტანეთში,  – არის. მერე დრო გვაჩვენებს, რომელი უფრო ეფექტური იყო – ძველი უნიტარული სისტემა, თუ ახალი – პოლიომბუდსმენობა. საბოლოო ჯამში, უკვე საქმეში გამოცდილი კანდიდატების შეფასებაც (თუ უნიტარულ მოდელზე დაბრუნება მოგვიწევს) უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბრავადულ-აგრესიული საარჩევნო კამპანიების შედარება…


ჰაველი და მიშა


როდესაც ვაცლავ ჰაველის დასაფლავების კადრები ვნახე, ყველაზე უფრო უცნაურ მომენტად ჩავთვალე კუბოსთან წარბებშეჭმუხნული და სახეგაქვავებული მიხეილ სააკაშვილის ფიგურა (0:36-0:38).

წარმოვიდგინე, რა განცდები ექნებოდა, ალბათ, ერიხ ჰონეკერს, სახაროვის დასაფლავებას რომ დასწრებოდა, ან ალექსანდრე ლუკაშენკოს – მაჰათმა განდის მემორიალთან.

პრაღაში არ ჩასულა რუსეთის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი. მხოლოდ სახალხო დამცველი ვლადიმერ ლუკინი ჩავიდა, როგორც კერძო პირი. და მართალი გითხრათ, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია გაცილებით უფრო გულწრფელი მგონია, ვიდრე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა.

ვაცლავ ჰაველი იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა კომუნიზმის და საბჭოთა სოციალისტური ბანაკის დანგრევაში. და ამ მხრივ, გასაგებია, რატომ არ მიაგეს მას პატივი პუტინმა და მედვედევმა და რატომ ჩაქანდა პრაღაში მიხეილ სააკაშვილი.

მაგრამ ვაცლავ ჰაველი, განსხვავებით მრავალი სხვა ანტიკომუნისტი დისიდენტისაგან (და მათ შორის – ალექსანდრ სოლჟენიცინისა და ზვიად გამსახურდიასაგანაც) მსოფლიო ისტორიაში დარჩება, როგორც ადამიანი, რომელმაც არანაკლები როლი შეასრულა სამოქალაქო საზოგადოების როლის გაცნობიერებაში და სწორედ ასეთი საზოგადოების განვითარებისთვის ბევრი რამ მსხვერპლად გაიღო თავისი სამშობლოს ტერიტორიული ერთიანობისა თუ, განსაკუთრებით, საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების „სიმაგრის“ დათმობის ხარჯზე. და ამ მომენტის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი სჯობდა ისევე სახლში დატეულიყო, როგორც ვლადიმერ პუტინი დაეტია, რადგან ისინი – მიშა და ვოვა – ფრონტის ხაზის სწორედაც რომ მეორე მხარეს ერთად არიან – როგორც სამოქალაქო საზოგადოების დათრგუნვის, განადგურების, სამოქალაქო უფლებების განუხრელი შელახვის და საზოგადოებრივი ინსტიტუტების რღვევის პიონერები და ლიდერები. რაც არ უნდა დიდი წუხილი გამოთქვას მიხეილ სააკაშვილმა და რაც არ უნდა სამარადისო კაეშნის ნიღაბი მოარგოს თავის არსებას, მას არასოდეს არავინ განიხილავს ვაცლავ ჰაველის იდეურ მემკვიდრედ, რადგან მოჩვენებითი სევდის რამდენიმე წუთი და ჰაველის მიმართ უხვად დაღვრილი დითირამბები, ან წმინდა გიორგის ორდენი ვერ გადაწონის 7 ნოემბერს, 6 მაისს, 26 მაისს, დანგრეულ სასამართლო სისტემას, მონოპოლიზირებულ და გაბახებულ მედიას, პოლიტიზირებულ პოლიციას, დატერორებულ ბიზნესს, ხისტად ცენტრალიზებულ სახელისუფლებო ვერტიკალს და იმ დაუსრულებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც მხოლოდ ერთს ემსახურება – საკუთარი პერსონის და საკუთარი პარტიის სამარადისო მონოპოლიის გამტკიცებას და სამოქალაქო საზოგადოების ყლორტების დასაბამშივე უმოწყალოდ განადგურებას…

რამდენიმე ციტატა ვაცლავ ჰაველის ბრწყინვალე გამოსვლიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ჰაველი სხვაა, მიშა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი“.

=================================================

ჰაველის სიტყვა “ვაცლავ ჰაველის სახელობის სამოქალაქო საზოგადოების სიმპოზიუმზე”

(მაკალესტერის კოლეჯი, მინეაპოლისი/სენტ პოლი, ამერიკის შეერთებული შტატები, 1999 წლის 26 აპრილი)

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარება… ძალიან რთული პროცესია – არა მარტო ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, … არამედ იმის გამოც, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ან გულგრილია სამოქალაქო საზოგადოების აღდგენის იდეის მიმართ, ან ეწინააღმდეგება კიდეც მას. როგორც კი იგდებენ ხელში ძალაუფლებას, მაშინვე ითავისებენ სახელმწიფოს ზოგად სურვილს, არაფერი დათმოს იქიდან, რაც მოუპოვებია. პარადოქსია, მაგრამ დღეს საკმაოდ ბევრი დემოკრატი თუ ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი იცავს სახელმწიფოს გადამეტებულ ძალაუფლებას, რაც კომუნისტური ეპოქის გადმონაშთია.

კონსერვატიზმს არაფერი აქვს საერთო იდეოლოგიასთან. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს იდეოლოგიური გამართლება უპოვოს საკუთარ სურვილს, არ დაუშვას სახელმწიფო ძალაუფლების შემცირება, ისინი, ჩვეულებრივ, ასეთ რამეს ამბობენ: `ხალხმა ჩვენ აგვირჩია; მათი სურვილი იყო, რომ ჩვენ გვემართა სახელმწიფო. ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი იერიშია წარმომადგენლობით დემოკრატიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაზე. რესურსების სოციალური გადანაწილება სახელმწიფოს მოვალეობაა და ეს ფუნქცია არ უნდა დაეკისროს სხვებს. პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბების და მხარდაჭერის ნებისმიერი მცდელობა, რაც პოლიტიკურად ცენტრიდან არ კონტროლდება, საპარლამენტო დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენების ტოლფასია.

სამოქალაქო საზოგადოება წარმოშობს ჭეშმარიტ პლურალიზმს, ხოლო პლურალიზმი, ბადებს რა კონკურენციას, ქმნის ხარისხს. ამ მხრივ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკას შორის მსგავსებაა. რაც უფრო მრავალფეროვანი და დამოუკიდებელია ფართო მასებიდან წამოსული, ყველა სფეროში მოქმედი ინიციატივები, მით უფრო დიდია შანსი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამოვლინდეს ამ ინიციატივებს შორის საუკეთესო. მინდობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებისა თუ ცენტრალური პოლიტიკური ორგანოების უნარზე, მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის უკეთესი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ნიშნავს, რომ ძალაუფლება და ჭეშმარიტება გააიგივო ერთმანეთთან. ჩვენ ვიცით, ან უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა შედეგი მოჰყვება მსგავს დამოკიდებულებას. ეს რეგრესია.

რაც უფრო მრავალფეროვანი და წარმატებულია სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო მყარია შიდა პოლიტიკური სიტუაცია. ეს გასაგებიც არის. სამოქალაქო საზოგადოება იცავს მოქალაქეებს პოლიტიკური ძალაუფლების შიგნით მომხდარი ცვლილებების ზემოქმედებისგან. შედარებით დაბალ დონეებზე ის ისრუტავს ასეთი ცვლილებების შედეგებს, გადაამუშავებს მათ და აწესრიგებს კიდეც. ამ გზით ის ამსუბუქებს პოლიტიკურ ცვლილებებს ან იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები არ იყოს საბედისწერო. მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები არ უნდა აღიქმებოდეს ქარიშხლად, რომელიც ყველაფერს მიწასთან ასწორებს. მაგრამ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის საკმარისად განვითარებული, პოლიტიკურ ცენტრში აღმოცენებული ყველა პრობლემა მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ილექება, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები აღწევს ხელისუფლებამდე და ამიტომ მას (ხელისუფლებას) ისეთი საკითხების გადაწყვეტა უხდება, რომელთა მოგვარება სხვა შემთხვევაში არ მოუწევდა – და ეს იმ პრობლემების მოგვარების ხარჯზე ხდება, რომლებიც სწორედ რომ ხელისუფლების გადასაჭრელია, ვინაიდან ის არის მათზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება არა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსისგან დამცავი საუკეთესო საშუალებაა, არამედ ავტორიტარული ძალების აღზევებისგანაც გვაზღვევს – ეს ძალები ყოველთვის მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც საზოგადოებაში რაიმე ძვრები ხდება ან საზოგადოება თავს დაუცველად გრძნობს. რაც უფრო მეტი ძალაუფლება უპყრია ხელთ ცენტრალურ ხელისუფლებას, მით უფრო ხელსაყრელი პირობები ექმნება ასეთ ძალებს იმისათვის, რომ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარონ.“

გამოსვლის სრული ტექსტი:

http://tolerantoba.ge/index.php?news_id=110

Submitted on 2011/12/25 at 13:45

gio dsjdni@mail.ru   188.129.168.45

ეს პოსტი მარაზმია და მეტი არაფერი. დაბოღმილი ადამიანის პოსტია. რაო, სამსახურიდან გაგიშვეს თუ ვინმე გყავდა დამნაშავე და დაიჭირეს??

————————————————-

გიო,

თქვენ ხომ წარმოდგენა არ გაქვთ, რომ შეიძლება არც ერთი იყოს, არც მეორე და ადამიანი მაინც თქვენსავით სააკაშვილით მოხიბლული არ იყოს! თქვენ იმსახურებთ სააკაშვილის მსგავს დიქტატორს, მე – არა. დაბოღმილი თუ ვარ, მხოლოდ იმით, ქვეყანა და ხალხი რა დღეშია. და ყველა ის ადამიანი, ვინც უსამართლოდ დაიჭირეს, ჩემიანად მიმაჩნია – მაგრამ თქვენთვის ეს შეგრძნება უცნობი იქნება. თქვენ, ეტყობა, ძაან გალაღებული ბრძანდებით მიშას ხელში, ანდა საახალწლო ბიჟუტერია ყველანაირ უსამართლობას და ძალადობას წონის თქვენს ნორჩ, მაგრამ გაქვავებულ ცნობიერებაში! (სოლომონი)

———————————————————————————-

IP: 178.134.137.41, 178-134-137-41.dsl.utg.ge

E-mail: vasogab@posta.ge

Whois: http://whois.arin.net/rest/ip/178.134.137.41

Jan 1, 2012, 10:23

ჶუ, ბლინ! რამ წამაკითხა ეს სირობა ამ ახალ წელს…

————————————————————————————-

პასუხი: ბატონო ვასილ, მთელი 8 წელია, მართლაც რომ სირობების ტაშის კვრაში გაქვთ გატარებული და ეტყობა, ცნობიერება დაგებნიდათ, ან სიმართლეზე ალერგია გეწყებათ …

და ისე, მე დაგაძალეთ წაკითხვა? ჩაგერთოთ ტელევიზორი და გეყურებინათ თქვენი ბელადი ბავშვების მოფერებით ჰიტლერივით როგორ ცდილობს საკუთარი რეიტინგის ლაფიდან ამოქაჩვას. მაგრამ ეტყობა, ცდუნდით იმის გასაგებად, რა საერთო მოვუნახე ვაცლავ ჰაველს და მიშა სააკაშვილს! არადა, თქვენგან განსხვავებით, მე არ მიმტყუნა ობიექტურობის გრძნობამ და ერთი საერთო ნაღდად ვნახე!

გისურვებთ, 2012 წელს მიშმადიდებლობიდან თავისუფალ აზროვნებაში დაბრუნებულიყავით და საკუთარი სამშობლო შეგყვარებოდეთ და არა – სამშობლოს გამტყავებელი ვერანა აფერისტები.

(სოლომონი)