პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პასუხი მოქ. ზვიად კირტავას (სოლომონ თერნალელის) ღია წერილზე


ბატონო სოლომონ,

წლების განმავლობაში არაერთხელ ამშლია თქვენთან გაბაასების საღერღელი საზოგადო საქმეებზე, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი და რაღაცას ველოდი. ბედის ირონიაა თუ განგების ნება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თურმე ყველაზე უფრო შეუსაბამო დროსა და ვითარებას დავლოდებივარ…
მჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბებით სწორედ რომ გულდაწყვეტილი ხართ და არა გაბრაზებული. აი, მე კი, ვაღიარებ, რომ გულდაწყვეტილიცა ვარ და გაბრაზებულიც. გულდაწყვეტილობის მიზეზებზე არ და ვერ ვისაუბრებ, გაბრაზებული კი საკუთარ თავზე ვარ და მოგვიანებით გეტყვით, რატომ.

დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ რა შედეგი გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღეს: გაცილებით უარესი თავიდან ავიცილეთ; სასურველი ნაწილობრივ მივიღეთ; გვაქვს სასურველის სრულად მიღების პერსპექტივა (და არა გარანტია).
აი, აქ ვართ და ესაა რეალობა. ამ რეალობის შექმნის მიზეზებზე ბევრი საუბრობს და მეც შევეხები ზოგიერთს. თუმცა, თქვენი არ იყოს, მეც მჯერა, რომ თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მალე და მარტივად მოევლება, ვიდრე ამ პროცესში წარმოჩენილ ზოგიერთ სიღრმისეულ პრობლემას – დაწყებული საკანონმდებლო პროცესის ტექნიკური და არსობრივი ხარვეზებით და დამთავრებული ჯანსაღი კონკურენციის პირობებისადმი ტოტალური გაუცხოვებით, რაც საბჭოეთმა დაგვიტოვა…
შევეცდები საკითხებს მივყვე თქვენს ღია წერილში დასმული თანმიმდევრობით – ჯერ სამართლებრივი ამბები, მერე დანარჩენი.
საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ საკითხის სამართლებრივი მხარე სრულ წესრიგშია და ფუჭად კარგავს დროს და პროფესიულ ავტორიტეტს ყველა, ვინც ამაოდ ეძებს ფაქტებსა და არგუმენტებს პარლამენტის თუ დამსახელებელი სუბიექტების მიერ კანონის დარღვევის დასამტკიცებლად. მაგრამ კანონთან პირნათლად ყოფნა რომ ზოგადად პირნათელობის მხოლოდ აუცილებელი და არასაკმარისი პირობაა, ამაზე მხოლოდ ცოტამ თუ მიანიშნა მაუწყებლის თაობაზე დისკუსიის განმავლობაში. თქვენ იმ „ცოტადან“ ხართ (როგორც სულ იყავით თქვენი სოლომონობის ეპოქაში) და მადლობა ამისათვის! თუმცა თქვენც კი შემოგპარვიათ ეჭვები შესაძლო კანონდარღვევის თაობაზე და ამიტომ წვრილად მოგახსენებთ ყველა დასმულ კითხვაზე.

1. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა.
ყველა კანდიდატი პარლამენტს წარედგინა კანონით დადგნილ ვადებში. კომისიას კანდიდატები უნდა შეერჩია წარდგენის ვადის ამოწურვიდან (12.12.2013) არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 22 დეკემბრისა). კომისიამ 2013 წლის 23 დეკემბერს წარმოადგინა 27 კანდიდატის სია (წერილი №42660). კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბრისა) განსაზღვრულმა სუბიექტებმა 6 კანდიდატურა წარმოუდგინეს საქართველოს პარლამენტს.

2. თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა.
პარლამენტში ყველა წარდგინება შემოვიდა ერთ დღეს – 25 დეკემბერს. ვინაიდან კანონის მიხედვით ყველა სუბიექტს ერთდროულად ეწურებოდა ვადა და თან დაწესებული რიგითობის გამო ვიღაცა ვიღაცას უნდა დალოდებოდა, მე პირადად მივიღე საჭირო ზომები და ვთხოვე შესაბამის სუბიექტებს, რომ ეზრუნათ სხვებისთვის საკმარისი დროის დატოვებაზე. მაგრამ ეს იყო რეკომენდაცია და არა კანონით განსაზღვრული ვადების ვინმესთვის შეზღუდვა – სახალხო დამცველს შეეძლო სულ ბოლო წუთს დაესახელებინა კანდიდატი. მეორე მხრივ, ვერც აჭარის უმაღლეს საბჭოს (ან თუნდაც პარლამენტის რომელიმე 17 წევრს) მოვთხოვდით, რომ სხდომაზე შეკრებილიყვნენ და ბოლო წუთამდე დალოდებოდნენ სხვა სუბიექტის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ერთიდაიმავე კანდიდატის დასახელების შემთხვევაში უპირატესობა კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით გადაწყდებოდა და არა დოკუმენტის წარმოდგენის რიგითობით. საბოლოოდ, ამ საკითხზე არავითარი გაუგებრობა არ შექმნილა და კანონის დარღვევად ნამდვილად ვერ ჩავთვლი იმ ფაქტს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე მეტი ბუნებრივი საჯაროობა იყო კანდიდატის თაობაზე, ვიდრე სახალხო დამცველის მიერ ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილებისას.

3. თქვენ ბრძანებთ, რომ დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადები.
პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც კენჭი უყარა ისე, რომ არ დარღვეულა კანონის არც ერთი პუნქტი. კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირველ ტურში პარლამენტს კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარა საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან (2013 წლის 22 დეკემბერი) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (არაუგვიანეს 2014 წლის 13 იანვრისა). პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა 2013 წლის 27 დეკემბერს.
მეორე ტურში კანონი ადგენს კანდიდატთა წარდგენის 10 დღიან ვადას და არ ადგენს მათთვის კენჭისყრის ვადას. კანდიდატთა წარდგენის ვადის ბოლო დღეს, 6 იანვარს, სამივე სუბიექტმა, რომელთა კანდიდატებიც არ იქნენ არჩეულნი პირველ ტურში, წარმოადგინა იგივე კანდიდატები, რის შესახებაც პირადადაც მაცნობეს და მედიაშიც გაავრცელეს ინფორმაცია. ვინაიდან პარლამენტი იმყოფებოდა არდადეგებზე და ვინაიდან კენჭისყრის ვადას კანონი არ განსაზღვრავდა, პარლამენტმა აღნიშნულ კანდიდატებს კენჭი უყარა 23 იანვარს, ანუ, როგორც კი ამის საშუალება მიეცა ერთი დღით ადრე მოწვეული რიგგარეშე სესიის განმავლობაში (შედარებისთვის, წარდგენიდან მე-12 სამუშაო დღეს).

4. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე სერიოზული დარღვევაა ის, რომ არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა და რომ არ მოგისმენიათ დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი!

როგორ შეიძლება „სამი“ ნიშნავდეს „ერთსაც“…
თქვენს კითხვაზე ყველაზე მოკლე და ფორმალური პასუხი იქნებოდა თქვენთვის ერთი მარტივი კითხვის დასმა – „ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, ქალბატონი ნათელა სახოკია მეურვის თანამდებობიდან რომ გადადგეს (ვთქვათ, BBC-ის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო…), მის ადგილზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ვინ და რამდენ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს პირველ ტურში?“
მოხარული ვიქნები თუ ვინმე განსხვავებულ პასუხს გასცემს ამ კითხვას და ამით მეცნიერების ერთდროულად რამდენიმე დარგში (სამართლის, მათემატიკის, ლოგიკის, ქართული ენის და ა.შ.) შეიტანს რევოლუციურ გადატრიალებას… მაგრამ მანამდე, ვფიქრობ, პასუხი ნათელია – „საპარლამენტო უმრავლესობა, კანონის იმავე მუხლებისა და პუნქტების საფუძველზე, სადაც წერია ფრაზა „სამს საპარლამენტო უმრავლესობა“, წარადგენს ერთ კანდიდატურას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან“.
ამ, ერთი შეხედვით, „ერთ ტანკს ორზე უფრო მეტი ძალა აქვს“ სიტუაციის მიზეზი ისაა, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“, როგორც და სადაცაა იგი გამოყენებული, ნიშნავს იმას, რომ: ა) უმრავლესობას 9 ადგილიან სამეურვეო საბჭოში ენიჭება 3 ადგილიანი კვოტა; ბ) უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს 3, 2 ან 1 კანდიდატს იმის მიხედვით, თუ რამდენი ადგილია შესავსები ან ვაკანტური სამეურვეო საბჭოში კანონით მისთვის მიკუთვნებული 3 ადგილიდან; და გ) კანონის ეს ნორმა გამოიყენება სამეურვეო საბჭოს თავდაპირველი ფორმირებისთვისაც და შემდგომი ფუნქციონირებისთვისაც და ამიტომ მისი ინტერპრეტირებისას უნდა გავითვალისწინოთ როდის და რა პირობებში ვიყენებთ მას..
ეს ისე, იმის დასტურად, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“ შეიძლება ნიშნავდეს „წარუდგენს ერთს“, როგორც ზოგადად სამი შესაძლებლიდან კონკრეტულად (და ამჯერად) ერთს… აქვე შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ რადგან „სამი“ ყოფილა არა ერთი მთლიანი და განუყოფადი, არამედ სამ ერთეულად დაყოფადი და მერე ისევ შეკრებადი, მაშინ ნულიც უკვე საქმეშია (ანუ „არავის დასახელება = დასახელება არავისი“) და ამით კამათიც დაგვესრულებინა. მაგრამ ვშიშობ, ამგვარ ახსნას ბევრი ვერ გაიგებს და „ხალიჩიდან გაქცევად“ ჩამითვლის. ამიტომ გავაგრძელოთ მსჯელობა.

უფლება, ვალდებულება თუ უფლებამოსილება?
თუ უმრავლესობა (ან უმცირესობა, სახალხო დამცველი, აჭარის უმაღლესი საბჭო – კანონი და სტანდარტი ყველასთვის ერთი რომ უნდა იყოს, ამაზე ყველა ვთანხმდებით) არსებულ ვაკანსიაზე საკონკურსო კომისიის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არავის არ წარუდგენს პარლამენტს, ამით იგი არღვევს თუ არა კანონს? არ არღვევს, ისევე, როგორც არ დაარღვევდა კანონს: ა) განაცხადის შემტანი 68 მოქალაქიდან თვითეული, თუ იგი არ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში; ბ) საკონკურსო კომისია, თუ იგი არ გაუწევდა რეკომენდაციას 68-დან არც ერთ კანდიდატს; გ) პარლამენტის წევრი, თუ იგი ხმას არ მისცემდა კენჭისყრაზე გამოტანილ არც ერთ კანდიდატს. ცხადია, სრულიად სხვადასხვაა ჩამოთვლილი „რაღაცის არ გამკეთებლების“ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა შესაბამის არ თუ ვერ გაკეთებულზე, მაგრამ ისინი ერთნაირად პირნათელნი არიან კანონთან.

ვინც თვლის, რომ „არ წარდგენა კანონის დარღვევაა“, იქნებ ისიც თქვას იმ 31 პარლამენტის წევრიდან, რომელთაგან ნებისმიერ 17-ს შეეძლო არაუმრავლესობისთვის განკუთვნილი მესამე კვოტის ათვისება და კანდიდატის დასახელება, რომელმა დაარღვია კანონი და რომელმა არა. ვინც საერთოდ არ გაეკარა პროცესს, დაარღვია მან კანონი? ალბათ არა, იმიტომ რომ დანარჩენებს უიმისოდაც შეეძლოთ კანდიდატის დასახელება… ვინც სამი დღე ირბინა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად და 9-ზე მეტი ვერ მოაგროვა? ალბათ არა, მეტი რაღა ექნა… მაშინ ვინ დაარღვია კანონი? და თუ კანონის დამრღვევი არ გვყავს, როგორღა დაირღვა კანონი?

კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის, ასეც დავსვათ კითხვა: რა უნდა ექნა საკონკურსო კომისიას (რომელსაც კანონი ზუსტად ისევე კატეგორიულად ავალებს ვაკანსიაზე მინიმუმ სამჯერ მეტი კანდიდატის „წარდგენას“, როგორც მოგვიანებით დამსახელებელ სუბიექტებს), თუ 68 აპლიკანტიდან 50-ს ოქროს ასოებით ექნებოდა საბუთებში მითითებული საკუთარი პარტიული კუთვნილება? ამ შემთხვევაში კომისიას კანონის ერთი მუხლის დარღვევით უნდა შეერჩია 27 კანდიდატი, თუ კანონის მეორე მუხლის დარღვევით არ უნდა შეერჩია 27 კანდიდატი? ანუ კომისია ყველა შემთხვევაში განწირული იქნებოდა კანონის დარღვევისთვის?
შეიძლება ვინმემ თქვას, აქ ხომ ფორმალურმა მიზეზმა არ მისცა კომისიას „ვალდებულების“ შესრულების საშუალება და ამიტომ არ ჩაითვლება კანონის დარღვევადო – „რაც მათზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი იღონეს და თავს ზემოთ ძალა აღარ ეყოთ…“
დავუშვათ, რომ ასეა (თუმცა, უკვე გამოდის, რომ „რაღაც“ მიზეზით თურმე

შეიძლება „ვალდებულების“ არ შესრულება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს) და განვიხილოთ სხვა შესაძლო შემთხვევა. ვთქვათ, ფორმალური გადარჩევის შემდეგ დარჩენილი 45 კანდიდატიდან 25-მა ისეთი კონცეფცია წარმოადგინა და ისე მოიქცა გასაუბრებაზე, რომ კომისიის წევრთა ღრმა რწმენით, სინდისის კარნახით და საღი აზრით მათი საზოგადოებრივ მაუწყებლელთან ახლოს მიშვებაც კი დაუშვებელია. როგორ უნდა მოიქცეს კომისია და მისი წევრები? კანონით დაკისრებული „ვალდებულების“ გამო (მინიმუმ 27 კანდიდატის წარდგენა) უარი უნდა თქვან საღ აზრზეც, სინდისზეც, რწმენაზეც, საკუთარ რეპუტაციაზეც და როგორმე 27-მდე შეავსონ სია? ასეთ შემთხვევაში ხომ არ გამოვა, რომ თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კანონს „დაუვალებია“ ყოფილა „მოცემული 68-დან ვინმე 27-ის“ აუცილებლად შერჩევა და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი რომ ჩაბარდება ისეთი კანდიდატების გამოვლენა…

შესაძლოა გადაგღალეთ კაზუისტიკით, მაგალითებით, შედარებებითა და მოდელირებით, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება დასმული საკითხის არსში გარკვევა – კანონის ნორმა და მისი ესა თუ ის ინტერპრეტაცია ყველა გამოცდას და ტესტს უნდა უძლებდეს, ყველა შესაძლო მოცემულობაში ერთნაირი წარმატებით უნდა მუშაობდეს და არა მხოლოდ ალაგ-ალაგ, როდესაც ეს ვინმეს აწყობს.
ამ მაგალითებით მე მხოლოდ იმის დემონსტრირება მსურდა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის ფრაზები იმის შესახებ, რომ საკონკურსო კომისია ან დასახელების კვოტების მქონე სუბიექტი „წარუდგენს“ ვინმეს 1, 3 თუ 27 კანდიდატს (ან „პარლამენტი აირჩევს“) ნიშნავს მათ ექსკლუზიურ კომპეტენციას, უფლებამოსილებას, ფუნქციას, რომელიც მათ შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დამოუკიდებელი (ფორმალური დარღვევები, კანდიდატურის მოხსნა) ან მათზე დამოკიდებული (განსჯის შედეგად დაიწუნეს, ვერ შეთანხმდნენ, პოლიტიკურად ასე ჩათვალეს მიზანშეწონილად) მიზეზების გამო და ეს შეიძლება მოხდეს კანონის სრული დაცვით. მეტიც, შეძლება ამ ვერ შესრულებისთვის (კომისიამ არ შეარჩია, სახალხო დამცველმა არ წარადგინა, ან პარლამენტმა არ აირჩია სრულიად შეუსაბამო პირები) მადლობაც კი ეკუთვნოდეს ვინმეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მაგალითები არ მომყავს როგორც რეალობის შინაარსობრივი ანალოგია (კანდიდატების შესაფერისობა და ა.შ.). მაგალითები მომყავს იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ იურიდიული კონსტრუქციების შინაარსი და უფლების, მოვალეობის, კომპეტენციის და დისკრეციის ფარგლები და შეზღუდვები.

სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

სუბიექტებმა, რომლებმაც არ თუ ვერ წარადგინეს კანდიდატები, შესაძლოა ამით დაარღვიეს სხვა ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა, მაგრამ მათ არ დაურღვევით კანონი. საერთოდ, თუ გვინდა ოდესმე დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გავმიჯნოთ იგი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. განა კანონის ფარგლებში შეუძლებელია არასწორი გადაწყვეტილების მიღება?
მაგალითად, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება სამართლებრივი რეაგირება იმ შესაძლო ვითარებაზე, როდესაც 4 წლის განმავლობაში არცერთი პარლამენტის წევრი არ იყენებს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას! ამასობაში, „საკანონმდებლო ინიციატივის უფლება“ უბრალოდ უფლებაა (როგორც მოქალაქის „საკანონმდებლო წინადადების უფლება“) თუ რაღაცა უფრო მეტი? რა თქმა უნდა, ეს „უფლება“ რაღაცა უფრო მეტია – ეს უფლებამოსილებაა, კომპეტენციაა, ფუნქციაა, ძალაუფლებაა, პოლიტიკური ვალდებულებაა, პროფესიული მოვალეობაა. ამ დროს პარლამენტის წევრები არღვევენ ყველაფერს, გარდა კანონისა… ამიტომაც რეაგირება შეიძლება იყოს ყველანაირი, გარდა სამართლებრივისა…

ანტი-ჩიხური მექანიზმები.
თქვენ სწორად სვამთ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არაფერი წერია კანონში იმის თაობაზე, თუ რა მოხდება თუკი დამსახელებელმა სუბიექტებმა ვერა და ვერ მოახერხეს კანდიდატების წარდგენა. მაგრამ ეს კითხვა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ „ესე იგი 3-ის დასახელება ვალდებულებაა, რომელიც ყოველი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს“, არამედ პირიქით – საჭიროა სათანადო სამოტივაციო სისტემის შექმნა, რათა ჩიხში არ შევიდეთ.
არსებობს ანტი-ჩიხური სამართლებრივი მექანიზმები (მაგალითად, არჩევნების მეორე ტური 2 საუკეთესოს მონაწილეობით, მამაპაპური წილისყრა თანაბარი ხმების შემთხვევაში და ა.შ.). ამავე კანონში პარლამენტის მიერ მეურვის არჩევის მექანიზმში დევს ანტი-ჩიხური ფორმულა – არჩევისთვის საჭიროა 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ თუ პირველ ან მეორე ტურში კანდიდატმა ვერ მიიღო 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ მიიღო 50-ზე მეტი ხმა, ის ჩაითვლება არჩეულად. თუ ვერც 50-ზე მეტი ხმა მიიღო ვინმემ, მაშინ კონკურსი თავიდან იმართება. ამ შემთხვევაში 50 ხმიანი მეორე საფეხურის შემოღებით ჩნდება დამატებითი მოტივაციები და შანსები იმისათვის, რომ გამარჯვებული გამოვლინდეს არსებული კონკურსის ფარგლებში და არ დაგვჭირდეს ახალი კონკურსი.

უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანდიდატის ვერ (ვერ შეთანხმდნენ ფრაქციები ან პარლამენტის წევრები), ან არ (არავინ არ მოეწონათ) დასახელების შემთხვევაში კი საქმე პირდაპირ ახალ კონკურსამდე მიდის. ამასობაში, წარმდგენ კოლეგიალურ სუბიექტებს შეთანხმებისკენ მხოლოდ ზოგადი ფაქტორები და რისკები უბიძგებს (ერთი გუნდი ვართ, მაუწყებელს მეურვე სჭირდება, მთელი ეუთო ჩვენ შემოგვყურებს და სხვ.) და არა – კონკრეტული (მაგალითად, „თუ ვერ შევთანხმდით, ჩვენი კვოტა სხვას გადაეცემა“).
ანტი-ჩიხური მექანიზმები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, როდესაც საქმე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს და პროცედურებს ეხება.

5. თქვენ ბრძანებთ, რომ არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი იყო საკუთარი გადაწყვეტილებების თუ პოზიციების დასაბუთება პარლამენტის წევრთა მხრიდან.
ამ საკითხზე დეტალური კომენტარისგან თავს ვიკავებ, ვინაიდან აქ სადავოა არა სამართალებრივი ან პროცედურული საკითხები, არამედ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მოტივაციის თუ არგუმენტაციის სისწორე და დამაჯერებლობა. ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ კრიტიკულ მიდგომას და კითხვების დასმას მივესალმები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხზე კენჭისყრის ან პოზიციის გამოხატვის შემდეგაც. რაც უფრო ფართოა ხელისუფლებით აღჭურვილი პირის დისკრეცია, მიიღოს რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთი, მით მეტია მისი ვალდებულება განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.
ცხადია, ვითარება რთულდება, როდესაც კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ეხება საქმე. კიდევ უფრო რთულია კოალიციური გადაწყვეტილებები. გარდაუვალია ურთიერთკომპრომისებიც, რასაც შედეგით უკმაყოფილო მოქალაქემ შესაძლოა „პრინციპების ხარჯზე მიუღებელი პოლიტიკური ვაჭრობა“ დაარქვას და კმაყოფილმა მოქალაქემ – „პოლიტიკური სიბრძნის და შორსმჭვრეტელობის ნიმუში“.
მაგალითად, როგორი იქნებოდა რჩევა, თუ სასწორზე დაიდებოდა თვითმმართველობის კოდექსის მიღება, ერთი მხრივ, და პრინციპული მოსაზრებით ხმის მიცემა მეურვეობის უპერსპექტივო კანდიდატისთვის, მეორე მხრივ? წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქეების აზრები და რჩევები აუცილებლად გაიყოფოდა. მეტიც, გამოჩნდებოდნენ „ყველაზე ჭკვიანები“, რომლებიც იტყოდნენ, რომ არ შეიძლება ამ საკითხების სასწორზე ერთად დადება! სად „ეს“ და სად „ის“! მართლაც… მაგრამ პრობლემაც იმაშია, რომ რაც ერთისთვის არის „ის“, მეორესთვის არის „ეს“… და ასე იქნება ჯერ კიდევ მრავალჟამიერ, სანამ ღირებულებით ერთობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ერთობებს არ დაეფუძნება ჩვენი ეროვნული ერთობა.
თუმცა, მანამდე ურიგო არ იქნება, თუ მეტ პატივს ვცემთ ჩვენს „რიგით, უბრალო, საშუალო“ თანამოქალაქეს და სწორედ მას ავუხსნით ხოლმე ყველა გადაწყვეტილებას, ნაცვლად პოლიტიკურ ოპონენტებთან უაზრო პაექრობისა.

6. თქვენ ბრძანებთ, რომ საკონკურსო კომისიის მუშაობა კარგად დაიწყო და უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა.
საკონკურსო კომისიამ, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ ჩემი წინადადებით პარლამენტმა დაამტკიცა, უაღრესად შემჭიდროვებულ ვადებში თავდაუზოგავად იშრომა და თავისი პირუთვნელი დასკვნები საჯარო ვითარებაში შეიმუშავა. განვითრებული მოვლენების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო კომისიამ პროცესში მონაწილე ყველა სხვა სუბიექტზე გაცილებით უკეთ გაართვა თავი საქმეს, რისთვისაც მე კომისიის ყველა წევრს გულწრფელი მადლობა გადავუხადე. საერთო ფონზე, ბოლო ხანებში, კომისიის წევრებსაც მოუწიათ საკუთარი ხან შეშფოთების და ხან აღშფოთების გამოხატვა. მაგრამ ცდება ყველა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ პირადი ამბიცია („ჩვენი შერჩეულები როგორ დაიწუნა ვინმემ“) ალაპარაკებთ. მათმა უანგარო და კვალიფიციურმა გარჯამ მხოლოდ სანახევრო ნაყოფი გამოიღო. ამიტომ, აქვთ საფუძველი იყვნენ ნახევრად გაბრაზებულები… დარწმუნებული ვარ, მეორე ცდით წარმატებით დავასრულებთ პროცესს და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.
მე მოხარული ვიქნები, თუ კანონით დადგენილი კონსულტაციებისა და პროცედურების შემდეგ შესაძლებლობა მექნება, კომისიის იგივე შემადგენლობა შევთავაზო პარლამენტს ახალი კონკურსის ჩასატარებლად.

7. თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე უფრო ამ პროცესით ჯერ გაჩენილი და შემდეგ (კვლავ) გაცრუებული იმედები გაწუხებთ…
მეც სწორედ ეს მაწუხებს, განსაკუთრებით, ამ ყველაფერში პირადად ჩემი „წვლილი“… აშკარაა, რომ კანონში ბოლო ცვლილებების შეტანის შემდეგ (20 ნოემბრიდან) პროცესს სჭირდებოდა გაცილებით უკეთესი პოლიტიკური, ორგანიზაციული და ინფორმაციული მენეჯმენტი და ეს, პირველ რიგში, თავად მე უნდა გამეკეთებინა.
კონკურსის გამოცხადების შესახებ ჩემს მიერ 27 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, როგორც აღმოჩნდა, ჩაიკარგა ვილნიუსის სამიტის და უკრაინის მოვლენების ფონზე და ეს თემა „პოლიტიკურ რადარზე“ გამოჩნდა მხოლოდ 11 დეკემბერს საღამოს, პარლამენტის მიერ 9 წევრიანი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შემდეგ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ იმ საღამოს და მეორე დილით უამრავმა ადამიანმა დამირეკა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პარლამენტმა საკონკურსო კომისია კი არა, 9-კაციანი სამეურვეო საბჭო დაამტკიცა უკვე… ამასობაში, მეორე დღეს საღამოს აპლიკაციების მიღება დამთავრდა. (სხვათა შორის, შემოსული 68 განაცხადებიდან 47 განცხადება ბოლო დღეს, 12 დეკემბერს შემოვიდა).
შეეძლო თუ არა საჭირო ინფორმაციის მიღება ყველას, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა აინტერესებდა? კონკურსის უფრო ადრე ჩატარების საკითხს პარლამენტში ნოემბრის განმავლობაში სამი მოსმენით პირდაპირ ეთერში ვიხილავდით (თან საკმაოდ ხმაურიანად); კონკურსის გამოცხადების ბრძანება პარლამენტის ბიუროს გავაცანი (რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა); ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ყველა საჭირო დეტალით და მე პირადად მინიმუმ სამ სატელევიზიო ეთერში განვაცხადე, რომ დაიწყო საკონკურსო განაცხადების მიღება. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციები მქონდა სახალხო დამცველთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, საპარლამენტო უმცირესობასთან, უმრავლესობაში შემავალ ყველა ფრაქციასთან, მედიის წარმომადგენლებთან. ასე, რომ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იყო და ყველა მსურველს შეეძლო მიეღო საჭირო ინფორმაცია. მაგრამ ეს აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო იყო მეტი პრო-აქტიურობა. ჩვენ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა კი არ უნდა გაგვეჩინა, არამედ უნდა „გვეიძულებინა“ ყველა, რომ მიეღოთ ინფორმაცია. ამასობაში, ჩემთვის ეს თემა თვეების განმავლობაში იმდენად აქტუალური იყო, რომ მისი „გაპიარების“ საჭიროება არც კი მომსვლია თავში…
ამ საკითხზე ამდენ ყურადღებას ორი მიზეზის გამო ვამახვილებ: 1. აღმოჩნდა, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით ვადების შესახებ, მართლაც არ ჰქონდა ბევრ დაინტერესებულ პირს (სრულიად განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა წრეებიდან); 2. დაინტერესებულ პირთა ფართო წრის მიერ მიღებულმა თავდაპირველმა შოკმა („ეს მნიშვნელოვანი პროცესი ასე მალულად როგორ და რატომ ჩატარდა…“) სერიოზული დაღი დაასვა შემდგომ პროცესებს.
ეს პრობლემა და მისი შესაძლო შედეგები ჩემთვის ნათელი გახდა განაცხადების მიღების დასრულებიდან 2-3 დღეში. გაჩნდა მოწოდებები ვადის გაგრძელების შესახებ; გაჩნდა კითხვები, რომელთა უბრალოდ გაჩენამაც კი პრობლემების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოიწვია. აღმოვჩნდი მძიმე დილემის წინაშე – ან დაწყებული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო და დანაკარგების მინიმალიზაციაზე მეზრუნა; ან უნდა გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ „მართალია საკონკურსო კომისიამ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე დაიწყო შემოსული განაცხადების განხილვა და შედეგები 10 დღეში უნდა წარმოადგინოს, მაგრამ მე მათ მივმართავ, შეწყვიტონ მუშაობა, ვინაიდან „ამიტომ და იმიტომ“ ვაპირებ კანონში ცვლილების ინიცირებას ვადების გაგრძელების შესახებ, რასაც პარლამენტი იანვრის დასაწყისში მიიღებს, ალბათ“…
მეორე ვერსია ერთი შეხედვითაც კი იმდენად აბსურდული ჩანს, რომ შესაძლოა არც კი დაიჯეროთ, რომ მე ამ ვერსიაზე 2 დღის განმავლობაში სერიოზულად ვფიქრობდი… მეორე მხრივ, 2 დღის განმავლობაში ამ აბსურდზე სერიოზულად ფიქრის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ვერსიის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების სიმძიმეც (ანუ, რაც დღეს აწუხებს საზოგადოებას) მაშინვე მქონდა გაცნობიერებული.
როგორც ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება, კარგი ვერსიის აღარ არსებობის გამო, ცუდს და უარესს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება – გადავწყვიტე პროცესი გაგვეგრძელებინა და დანაკარგების შემცირებაზე გვეზრუნა. შედეგად მივიღეთ 4 მეურვე 9 საჭიროდან და უამრავი კითხვა, რომელთა უდიდეს ნაწილსაც მეორე ეტაპზე შეიძლება გაეცეს დამაჯერებელი პასუხი. სხვა შემთხვევაში მივიღებდით 0 მეურვეს 9 საჭიროდან და გაცილებით მეტ კითხვას, რომელთა უდიდეს ნაწილზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნებოდა.
არადა, სულ ცოტა იყო საჭირო იმისათვის, რომ მეურვეთა საბჭოც ღირსეული ხალხით დაკომპლექტებულიყო და ამდენი უარყოფითი ემოციის ნაცვლად სიამაყის და სიხარულის განცდა დაუფლებოდა ყველას. სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინე, რომ ამ მრავალჭირნახული საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას მეტი ყურადღება, მეტი განმარტება, მეტი ინფორმირება, მეტი დელიკატურობა სჭირდებოდა.
……….
„არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, რომ თქვენთვის კარგი მინდაო“ – ამბობთ. მჯერა, ამ წუთში ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ მაგისი მჯერა. მინდა, რომ თქვენც გჯეროდეთ… ამიტომ, ვკადნიერდები და მოგმართავთ – იქნებ ერთხელ კიდევ ვცადოთ ყველამ ერთად, მალე ახალი კონკურსი გამოცხადდება…

დ. უსუფაშვილი
4 თებერვალი, 2014

========
(სოლომონ თერნალელის ღია წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს – https://solomonternaleli.wordpress.com/2014/01/29/ღია-წერილი-საქართველოს-პ/ )

Advertisements

ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს


usufashvili
ბატონო დავით,

პირველ რიგში, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ ძალზე საშური ინიციატივისათვის, რომელიც კანონის თანახმად თქვენ თავზე იტვირთეთ – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალმიღებული კანონის თანახმად ბორდის არჩევნების ჩატარება.

აღნიშნულ საკითხზე ჩემი მოსაზრების ბლოგზე გამოქვეყნებას არ ვთვლიდი აუცილებლად, რადგან მეგონა (და ახლაც მგონია), რომ საკუთარი არარჩევით განაწყენებული კაცის პოზად ჩათვლიდა მკითხველთა უმრავლესობა. ეს დღესაც არაა გამორიცხული. მაგრამ თქვენმა გუშინდელმა განცხადებამ, რომ ეს პროცესი ჩატარდა კანონის და ყველა ნორმის დაცვით, და ამ მოსაზრების ოპონენტებისათვის მიმართვამ, რომ ღიად დაეფიქსირებინათ, რაში არ გეთანხმებიან, მაიძულა ჩემი შეხედულება გადამესინჯა და თქვენთვის ამ წერილით მომემართა.

ჩემი სუბიექტური აზრია – თუმცა გამყარებული მრავალი ანალოგიური სუბიექტური აზრით და ავტორიტეტული ორგანოების დასკვნითაც, რომ როგორც თავად შესწორებები კანონში მაუწყებლობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო, ასევე თქვენი უშუალო მონაწილეობით და ინიციატივით შერჩეული (და ერთხმად დამტკიცებული) საბჭოს კანდიდატების შემრჩევი კომისიაც მოწონებას იმსახურებენ.
სხვათა შორის, არ გამიგია რაიმე სერიოზულად დასაბუთებული კრიტიკა კომისიის მიმართ, რომელმაც საკუთარი მუშაობა წარმართა კანონის და ვადების სრული დაცვით და წარმოგიდგინათ 68-დან შერჩეული 27 კანდიდატის სიაც და გამჭვირვალე პროცესის კრიტერიუმებიც. ეს შერჩევა, ხაზს გავუსვამ, დაეყრდნო კანონის მიერ დადგენილ ნორმებს – კანდიდატთა ავტობიოგრაფიას (CV-ს), მათ მიერ მომზადებულ მაუწყებლის კონცეპტუალურ ხედვას, ასევე მათთან კომისიის გასაუბრებას. გარდა ამისა, შერჩეული კანდიდატების უფრო სრულად გაცნობის მიზნით მათთან გასაუბრებაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა მათი მონაწილეობა სპეციალურად მოწყობილ ტელედებატებშიც.
ასე რომ, კომისიის მუშაობის მიმართ პრეტენზიები არ ყოფილა, ვადები იყო დაცული, მიდგომები იყო დაყრდნობილი ობიექტურად შემუშავებულ კრიტერიუმებზე. მაგალითად, კანდიდატის ამათუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან შესაძლო კავშირის განსასაზღვარავად გამოყენებულ იქნა პარლამენტარ თინა ხიდაშელის ის განსაზღვრება, რომელიც მან გამოიყენა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას – პირი ითვლება პოლიტიკურ პარტიასთან კავშირის მქონედ, თუ იგი არის ამ პარტიის წევრი, ან წარმოადგენდა ამ პარტიას სხვადასხვა ოფიციალურ შეკრებებზე ან ღონისძიებებზე (ბოდიშს ვიხდი არაზუსტი პერიფრაზისათვის).

კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე გაისმა, რომ მრავალმა ცნობილმა ადამიანმა ან ვერ გაიგო დროულად, ან ვერ მოასწრო საბუთების შეტანა და მათ მიერ გამოთქმული იყო თხოვნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს კონკურსში საბუთების შეტანის ვადა გაეხანგრძლივებინა. სხვათა შორის, ჟურნალისტმა მადლენა მაჭარაშვილმა კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებთან ერთად მეც მომმართა კითხვით, პირადად რას ვიტყოდი ასეთ შესაძლებლობის დაშვებაზე. როგორც სხვათა უმრავლესობამ, ასევე მეც ვთქვი, რომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუმცა ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იყო (ჩემი პასუხი ქ-ნმა მადლენამ გვიან მიიღო და იგი მედიაში ვერ მოხვდა).
ბატონო დავით, თქვენ მაშინ არ დაუჭირეთ კონკურსის ვადების გაფართოებას მხარი და განაცხადეთ, რომ ვადები კანონითაა გაწერილი და კანონი უნდა იქნას დაცული. სრულად გეთანხმებით, რომ ეს უფრო სწორი იყო, ვიდრე პროცესის თუნდაც ძალიან პატივსაცემი ადამიანების სურვილზე მორგება.
მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ სამწუხაროდ, ბევრმა სხვამაც და მეც, მათ შორის, ვერ დავინახეთ პარლამენტის მხრიდან კანონის და ნორმების ერთგულება. თან, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ეს არის სწორედ ამ პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი. და ძალიან რთული იქნება მინიშნებაც კი იმაზე, რომ იგი ან მოძველებულია, ან – უკვე გადასასინჯი.

შევეცდები, ჩამოვთვალო ყველა ის დარღვევა, რომელიც, ჩემი მოკრძალებული და არაპროფესიონალური აზრით, კანონთან მიმართებაში მოხდა სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში და მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს შესაძლო შეცდომებზე მიმითითებთ ან თქვენ, ან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები:
1. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა – #26.4 („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს“). – თუმცა თანახმა ვარ, რომ ეს მცირე პროცედურული დარღვევაა.
2. არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა – სახალხო დამცველმა წარდგენა დააგვიანა, და მასზე ადრე კანდიდატი წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომ, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. #26.1 („აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო…“) – ესეც მცირე პროცედურულ დარღვევად ჩავთვალოთ.
3. ყველაზე სერიოზული დარღვევა – არ იყო დაცული პარლამენტისათვის უმცირესობის, ხოლო შემდეგ უმრავლესობის მიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა. უმცირესობამ ნაცვლად სამისა წარადგინა 2 კანდიდატი, ხოლო უმრავლესობამ – მხოლოდ 1 კანდიდატი. ამ დროს კანონი სავსებით ცალსახად განსაზღვრავს იმ რაოდენობას, რასაც უფლებმოსილი სუბიექტები პარლამენტს წარუდგენენ. ტექსტში ნათქვამია „წარუდგენს სამს“, რაც არ არის ყველაზე კატეგორიული ფორმა, მაგრამ ამავდროულად არც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ გაგებულ იქნას, როგორც „შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ სამი“. იქნებ, მე ვცდები, მაგრამ არ მომისმენია დამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმას, რომ შეუძლია წარუდგინოს ან სამი, ან ორი, ან ერთი, ან – სულაც არცერთი! – #26.1 („საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში –საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად“). აქვე დავამატებ, რომ ჩემს გაგებას, რომ ეს მოთხოვნა უმცირესობის და უმრავლესობის მიერ სწორედ 3-3 კანდიდატების დასახელების ნამდვილად აუცილებლობაა და არა დასაშვები შესაძლებლობა, შემდეგი მომენტიც ადასტურებს ირიბად: თუ ეს მხოლოდ შესაძლებლობა იქნებოდა, მაშინ, ლოგიკურად, კანონს იქვე უნდა განემარტა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა წარდგენილი სათანადო კვოტით დაშვებული რაოდენობა – მაგალითად, რა მოხდებოდა, თუ საერთოდ არავინ დააკმაყოფილებდა უმცირესობის და უმრავლესობის გემოვნებას.
4. დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადებიც, თუ არ ვცდები, როგორც პირველ, ასევე – მეორე შემთხვევაში – #26.5 – („საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს…) და #26.6 („თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა… და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი… 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს“). სხვათა შორის, ეს დარღვევა უმცირესობამაც დაუშვა და ჯანა ჯავახიშვილის კანდიდატურა მართლაც გვიან წარმოადგინა. რაც, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარი იყო, რადგან ამით თავის მიერ წარმოდგენილ ძალიან კვალიფიციურ კანდიდატს ფორმალური წინააღმდეგობა თავადვე შეუქმნეს.

როდესაც პარლამენტის წევრები ლოგიკურ წინააღმდეგობაზე უთითებენ და ამბობენ, ფრაქციაში ვერ შევთანხმდით ერთიან კანდიდატზე და როგორ უნდა წარგვედგინა კენჭისყრაზე, როცა ვიცოდით, რომ ასარჩევად საჭირო ხმებს მაინც ვერ მიიღებდაო, ეს ნონსენსია. რადგან მართალია, წარდგენა ხდება საკუთარი ქვოტიდან და საკუთარი ფრაქციის (ან ფრაქციათა ერთობლიობის) მიერ, მაგრამ არჩევა ხომ ხდება მთლიანად პარლამენტის მიერ! ასე რომ, თუ თეორიულად უმრავლესობის რომელიმე კანდიდატი აგროვებდა უმრავლესობაში, დავუშვათ, მხოლოდ 40 ხმას, მისი კანდიდატურის კენჭისყრაზე დაყენების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მას ასარჩევად საჭირო დარჩენილი ხმები (36) უმრავლესობის გარედან მიეღო და კანონის თანახმად არჩეული ყოფილიყო პირველივე ტურში. იგივე შეიძლება ითქვას უმცირესობის კანდიდატებზეც. გარდა ამისა, პირველ ტურში კანდიდატის ჩავარდნის შემთხვევაში მეორე ტურში გასამარჯვებლად ხომ საჭირო ხმათა რაოდენობა 76-დან სულაც 51-მდე ჩამოდიოდა!

საინტერესო იყო თავად პროცესზე დაკვირვება.

ა) ჯერ პარლამენტში უმრავლესობის ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მან ვერ აღმოაჩინა 27-კაციან სიაში 3-4 პირის გარდა – ცნობილი სახეები! ძალიან უცნაური განცხადებაა – როგორ უნდა მომხდარიყო სიაში „ცნობილი სახეების“ კონცენტრირება! თან რა კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ ამ „ცნობილ სახეებს“? – ხომ აშკარაა, რომ ერთი ადამიანისთვის ვიღაცები იქნებიან ცნობილნი და მეორისათვის – სხვები! ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ კანდიდატებს (მაგალითად, იაგო კაჭკაჭიშვილს, დავით მჭედლიძეს, უჩა სეთურს, გენო გელაძეს, ჯანა ჯავახიშვილს, ქეთევან კინწურაშვილს, ნინო ლომჯარიას, ნაზი ჯანეზიშვილს, გიორგი ლობჟანიძეს, მიხეილ მირზიაშვილს, ანნა ძიაპშიპას, ნინია კაკაბაძეს, ალექსანდრე ვახტანგოვს, ელისო ჯანაშიას… და, სავარაუდოდ – ყველას იმ 27-დან!) შესაბამის პროფესიულ წრეებში ძალიან კარგადაც იცნობენ! და რამდენადაც კანდიდატთა შესარჩევი პროფესიული წრეების ჩამონათვალი კანონის მიხედვით ძალიან ფართო იყო („… ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში“), გასაგებია, რომ ასეთი მრავალფეროვანი კოჰორტა ვერ იქნებოდა უნივერსალურად და თანაბრად ცნობადი ყველა პარლამენტარისათვის.

ბ) ამ განცხადებას სულ რამდენიმე კვირაში მოჰყვა სრულიად საპირისპირო განცხადება! – იმდენი ბრწყინვალე კანდიდატურა იყო იმ 27-კაციან სიაში, რომ არჩევანი ძნელი გასაკეთებელი იყოო (და გამოდის, გული რომ არავის ძალიან დაწყვეტოდა, ყველას თანაბრად (!) დაწყვიტეს გული!)

გ) გაუგებარია, როგორ უნდა მომხდარიყო პარლამენტარებისათვის კანდიდატების უფრო კარგად გაცნობა! კანონი ითვალისწინებდა ავტობიოგრაფიის, კონცეფციის, ტელევიზიით გადაცემული გასაუბრების და ტელევიზიითვე გადაცემული დებატების ხელმისაწვდომობას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის, ვისაც კი ინტერნეტზე და ტელევიზიაზე ხელი მიუწვდება. გაცნობის დამატებითი ფორმა იქნებოდა პარლამენტში კანდიდატების დაბარება და მათთან გასაუბრება, რაზეც პარლამენტმა თავად უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა კანდიდატმა (რამდენადაც ვიცი, – ალექსანდრე ვახტანგოვმა, უჩა სეთურმა, გენო გელაძემ) შესთავაზეს ასეთი გამოსავალი. ამით, მაპატიეთ და, მგონი, ძალიან უცნაური მიდგომა გამოჩნდა – არ ვიცნობთ, და არც გვინდა, რომ გავიცნოთ?

გენო გელაძის შემთხვევა განსაკუთრებით აუხსნელი და გასაოცარი იყო! ადამიანი დაასახელა კოლექტიურმა ორგანომ – აჭარის უმაღლესმა საბჭომ – იქაურმა როგორც უმრავლესობამ, ასევე -უმცირესობამ! იგი ასევე დაასახელეს აჭარის არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მას აქვს ტელევიზიის კანონმდებლობის საკითხებზე მუშაობის რამდენიმეწლიანი მდიდარი გამოცდილება. კანდიდატების შემრჩევი კომისიის მიერ მან მიიღო მაქსიმალური ქულა – 9. აჭარის უმაღლესმა საბჭომ იგი განმეორებითაც დაასახელა კანდიდატად. მისი კონცეფცია არის, ჩემი აზრით, იმდენად კარგი, რომ ძალიან მაინტერესებს, ბატონი გენოს დამწუნებელი პარლამენტარები რას უწუნებენ ამ კონცეფციას. მიუხედავად ამისა, მისი კანდიდატურა ორჯერ ისე ჩააგდეს, რომ არც მასთან შეხვედრა და გაცნობა უცდიათ და არც რაიმე კითხვებზე (თუ ასეთი კითხვები მის მიმართ არსებობდა) პასუხის მიღება. თუ გენო გელაძის მიმართ უმრავლესობას ჰქონდა ეჭვი, რომ იგი უმცირესობასთან დაკავშირებულია, რატომ არ უნდა ცდილიყვნენ ამის ისევე ღიად გარკვევას, როგორც ეს კანდიდატების შემრჩევმა კომისიამ გააკეთა ცალკეული კანდიდატების მიმართ? გენო გელაძის შემთხვევაში, პრობლემად ის კი არ მიმაჩნია, რომ იგი არ მოიწონეს, არამედ ის, რომ იგი ისე დაიწუნეს, რომ არც მას და არც ჩვენ არ განგვიმარტეს, რა იყო ამ დაწუნების ლოგიკური მიზეზი… და ამით გაჩნდა ეჭვი, რომ ლოგიკური მიზეზი არც არსებობდა, ხოლო რეალური მიზეზი გასამჟღავნებლად უხერხული იყო!…

ახლა მინდა გადავიდე იმ საკითხზე, რაზეც აპელირებას აკეთებდა უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი, და დღეს თქვენც – როგორ უნდა დაგვეძალებინა რომელიმე დეპუტატისათვის ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერა, ამით ხომ მის პიროვნული არჩევნის თავისუფლებას დავარღვევდითო!

და ვინ ითხოვს, რომ პიროვნული არჩევნის თავისუფლება უნდა დარღვეულიყო?

წარსადგენი კანდიდატურის გამოსავლენად ხომ საკმარისო იქნებოდა რეიტინგული კენჭისყრის ჩატარება! როგორ დავიჯერო, რომ 27 კანდიდატიდან (რომლებიც ბოლოსკენ ძალიან ცნობილებად და პატივცემულებადაც კი მოიხსენიებოდნენ) არ აღმოჩნდნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც სულ ცოტა 2 დეპუტატის მიერ მაინც იქნებოდნენ დასახელებულნი? და თუ ასეთები იქნებოდნენ (X, Y, ან Z), სწორედ ისინი უნდა დასახელებულიყვნენ კენჭისყრისათვის, თუკი ყველა დანარჩენი 2-ზე ნაკლებ ხმას მიიღებდა! სწორედ პროცესის ამ ელემენტზე უარის თქმა – უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან სავალდებულო რაოდენობის კანდიდატთა წარდგენა პარლამენტისათვის – იყო დარღვეული. ხოლო თუკი წარდგენილ კანდიდატებზე კონკრეტული პარლამენტარები თავს შეიკავებდნენ ან წინააღმდეგი იქნებოდნენ, ეს რა თქმა უნდა, არავის მისცემდა უფლებას მათი არჩევნის თავისუფლება შეეზღუდა!

მეტყვიან, რომ ასეთი წარდგენა და ასეთი კენჭისყრა წინასწარ განწირული და უაზრობაა?!

რატომ?
რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თუნდაც მხოლოდ ორი ხმით დასახელებული და წარდგენილი კანდიდატურებიდან რომელიმე მაინც მეორე ტურში უცებ არ „აქაჩავდა“ ხმების საჭირო რაოდენობას? განა ასე არ მოხდა, როცა პირველ ტურში ძალიან მცირე – n რაოდენობის ხმების მიმღებმა კანდიდატმა მეორე ტურში ლამის n+100 ხმა მიიღო? არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ცვლილება პარლამენტარების პიროვნული არჩევნის თავისუფლებაზე ზემოქმედებით შეიძლებოდა მომხდარიყო. უფრო იმას ვფიქრობ, რომ დეპუტატებმა რაღაც ისეთი დაინახეს ამ კანდიდატში (ან – გაიგეს!), რამაც მათი თავდაპირველი ნეგატიური განწყობა სერიოზულად შეცვალა. უბრალოდ, იმაზე მწყდება გული, რომ სხვების კანდიდატურებიც რომ დამდგარიყო კენჭისყრაზე, ან პროცესის გულშემატკივარ დიპლომატებს ცოტა ადრე რომ გაეკეთებინათ კრიტიკულ-წამაქეზებელი განცხადება, იქნებ იქაც მომხდარიყო მსგავსი შთამბეჭდავი პოზიტიური დინამიკა კანდიდატების მხარდამჭერთა რიცხვში!

სხვათა შორის, პირველი ტურის ჩავარდნის შემდეგ მეორე ტურში უფლებამოსილ სუბიექტებს თითოეულ ადგილზე არა ერთი, არამედ უკვე სამი კანდიდატის დასახელებაც შეეძლოთ! – რაც რომელიმეს არჩევნის შანსებს (თუნდაც შიდარეიტინგული კენჭისყრის შემდეგ) ალბათ გაზრდიდა – #26.7 („მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან“). თუმცა აქვე დავძენ, რომ ეს პუნქტი კანონში ცოტა გასამართია, რადგან ცალსახად არ ჩანს, რომ იგი მეორე ტურს ეხება. თუმცა იმ რიგითობის და ადგილის მიხედვით, რაც მას უკავია და შემდეგი ფრაზის გათვალისწინებით („შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა“) ლოგიკურად გასაგებია, რომ ეს სწორედ ასეა.

მაგრამ ეხლა გადავალ იმაზე, რაც მგონი, კიდევ უფრო სავალალო შეიძლება იყოს, ვიდრე ასე კარგად დაწყებული პროცესის ასე საჩოთიროდ გაჯანჯლება – ეჭვი მაქვს, რომ როდესაც პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ამ ცვლილებებს იღებდა, და მაშინაც, როდესაც ამ კომისიას ამტკიცებდა, მათ სრულად ვერ გაიაზრეს თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგი და გადაწყვეტილება ინერციით მიიღეს! და მხოლოდ მერე „აღმოაჩინეს“, რომ თურმე, ასეთი კანონით არჩევისას, რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს (სავარაუდოდ, პოლიტიკური ოპონენტისათვის მისაღები კანდიდატის გასვლა საკუთარი ქვოტიდან!), რაც უკვე აღარ მოეწონათ! და რომ თურმე მათ მიერ ერთხმად დამტკიცებულ კომისიას შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს და ისეთი კანდიდატები ჩააგდოს, რაც მერე მათ არ მოეწონათ… ეს კი ალბათ, მხოლოდ ორი ლოგიკური შესაძლო მიზეზით შეიძლება აიხსნას:

1) რომ დეკლარირებული „დამოუკიდებელი და არაპოლიტიზირებული ბორდი“ მხოლოდ დეკლარირებული სურვილი ყოფილა და არა – რეალური მიზანი.
და/ან
2) რომ პარლამენტარები კანონების მიღებისას ამ კანონების რეალიზაციის პოტენციურ შედეგებს კარგად ვერ თვლიან!!!

არაა გამორიცხული, რომ ორივე მიზეზი არსებობდეს, მაგრამ გულახდილად ვიტყვი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს საკითხისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩემთვის ის მეორე საკითხი გაცილებით უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.

განსაკუთრებით, იმ სერიოზული გამოწვევების და ინტრიგების გათვალისწინებით, რასაც, სავარაუდოდ უახლოეს ხანებში უნდა ველოდოთ!

ბატონო დავით!

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და კეთილ სურვილებს. შეიძლება სახეზე მართლაც ლამის არავინ მცნობდეს თქვენდამი რწმუნებულ ორგანოში, მაგრამ რატომღაც მაქვს იმის ამბიცია, რომ ჩემი ნაწერები მაინც შეიძლება იცოდეს პარლამენტის (უმრავლესობის) ზოგიერთმა წევრმა. ალბათ, შეგიძლიათ იმის დაჯერება, რომ პირადი „გაბრაზება“ არ მალაპარაკებს. ნამდვილად არ ვარ გაბრაზებული. გულდაწყვეტილი კი ვარ. და არა იმიტომ, რომ მე არ ამირჩიეთ (ან უფრო სწორი იქნება – „არა იმდენად იმიტომ“), არამედ იმიტომ, რომ თავიდან ძალიან კარგად დაწყებული პროცესი ისე წარიმართა, რომ საზოგადოების ნდობა დაიკარგა. სწორედ ეს მგონია ამ შემთხვევაში მთავარი დანაკარგი და არა – რომელიმე ჩვენთაგანის ამბიციები, უნარ-ჩვევები და გამოცდილება…

ისე კი, მიმაჩნია, რომ საზმაუს საბჭოს უკვე არჩეული 4 წევრი (ყველა მათგანს ვულოცავ!) ჯერ კიდევ კარგ შანსს ქმნის, რომ ეს საბჭო წინაზე ბევრად უკეთესი იყოს. მთავარია, რომ ახალი კომისიის მიერ ახალ კანდიდატთა შერჩევის პროცესი ისევ გამჭვირვალედ წარიმართოს, და რომ ეს არჩევნები დაუსრულებლად არ გაგრძელდეს (მაინტერესებს, რას იზამთ, თუ ახლა მომავალი 15 კანდიდატიდანაც არ აღმოჩნდება პარლამენტარების მოსაწონი 5 „დიმიტრი გელოვანი“? კენჭისყრაზე ისევ არავის კანდიდატურა დადგება?)

ასევე მნიშვნელოვანი მგონია, რომ პარლამენტარებს არ გაუჩნდეთ იმის ილუზია, რომ მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოქალაქეების მიერ მოწონებით იქნება აღქმული. მაშინაც კი, თუ იგი პროცედურების, ნორმების და ლოგიკის შესაბამისობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის.

წარმატებებს გისურვებთ და შეგიძლიათ, თქვენს გვერდით მიგულოთ!

არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ მე თქვენთვისაც, საქართველოს პარლამენტისთვისაც და მთავრობისთვისაც კარგი მინდა… და ამისთვის, არ მომერიდება გითხარათ – ძალიან მერკანტილური მიზეზი მაქვს: მინდა აქ დავრჩე და ვიცხოვრო წარმატებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში!

პატივისცემით,

ზვიად კირტავა (სოლომონ თერნალელი)
(ექიმი, ბლოგერი, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატი)
29.01.2014


საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციის მონახაზის შესახებ (ზვიად კირტავა / სოლომონ თერნალელი)


მეგობრებო, ზოგიერთმა თქვენთაგანმა ალბათ იცის, რომ მონაწილეობას ვიღებ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს არჩევნებში.

მადლობელი ვარ სამეურვეო საბჭოს საკონკურსო კომისიისა, რომ მათ ჩემი მოკრძალებული ღვაწლი, დოკუმენტები და გამოსვლა დადებითად შეაფასეს და როგორც ახლახანს გავიგე, 27 შერჩეულ პიროვნებაში ჩემი გვარიც არის!

მართლაც დიდ წარმატებად მიმაჩნია ეს, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ღირსეული პიროვნება იღებდა მონაწილეობას ამ კონკურსში! ახლა საბოლოო სიტყვა პარლამენტზეა, რომელიც კომისიის 9 წევრს შეარჩევს…

აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან გვიან – ფაქტიურად საკონკურსო დოკუმენტების ბოლოს დღეს – 12 დეკემბრის ნაშუადღევს გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება და სტუდენტების და რეზიდენტების გადამკიდე მხოლოდ 4 საათზე მოვხვდი კომპიუტერთან, ამიტომ ძალიან ცოტა დრო მქონდა, რომ ან ჩემი ქართული CV მომეყვანა წესრიგში და ან – კონცეფცია მომემზადებინა, უბრალოდ სიჩქარეში 16 პუნქტი ჩამოვწერე და კონკურსის ვადამდე 11 წუთით ადრე მოვასწარი ამ და მობილურზე გადაღებული დოკუმენტების (დიპლომები, შრომის წიგნაკი…) გაგზავნა პარლამენტის ელ-ფოსტაზე.

მერე, რომ ჩავუჯექი, გაცილებით ნორმალურად დავწერე კონცეფციის მონახაზი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი სრულყოფილად წარდგენის შანსი 5-7 წუთიან პრეზენტაციაზე არარეალური იყო. თუმცა ნაწილობრივ, კითხვებზე პასუხის დროსაც მომეცა ამის შანსი… არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს კონკურსი, ჩემთვის ამ 27 არჩეულში მოხვედრაც წარმატებაა, მაგრამ მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ ის, რას ვფიქრობ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუმჯობესების და ჩვენი საზოგადოების განვითარების საჭირბოროტო საკითხებზე – ერთი არატელეპროფესიონალი მოქალაქე…

====================================

გამოგიტყდებით, რომ სერიოზულად არ მიფიქრია განაცხადის შემოტანა – 12 დეკემბრამდე, როცა საბჭოს შემრჩევი კომისიის შემადგენლობა გავიგე. მაგრამ კომისიის შემადგენლობამ მაფიქრებინა, რომ არჩევანი წინა წლებისაგან განსხვავებით ახლა ნამდვილად გაცილებით სამართლიანი იქნება. ეტყობა, ბევრმა სხვამაც ასე იფიქრა, რადგან ასეთი კონკურსი – 7:1-ზე – მას მერე არ მახსოვს, რაც 70-იან წლებში სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ვაბარებდი. 🙂

აღარ დავიწყებ სათითაოდ იმ აქსიომების გამეორებას, რაც უკვე დავწერე კონცენფციის იმ პირველ ვერსიაში – 16 პუნქტისაგან რომ შედგება, და რომელიც საბუთების გაგზავნამდე დარჩენილ ცაიტნოტში სულ რაღაც 40 წუთში დავწერე. ამ პუნქტებს, რა თქმა უნდა, არ ვემიჯნები! უბრალოდ, კონცეფციის ფორმა ჩემს დაწრდგენილ დოკუმენტს არ აქვს და ისე სისტემატიზირებული არ არის, როგორც უნდა იყოს…

საერთოდ კი არ ვიცი, რამდენად სწორია თუნდაც ამ ვერსიისათვის, რომელიც უკვე მოგვიანებით შევადგინე და მინდა დღეს წარმოგიდგინოთ, კონცეფციის დარქმევა… ალბათ, უფრო მონახაზია, ან – „ხედვები“…

1) საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია მე ასე მესმის: სიახლე, სიმართლე, ობიექტურობა, ინტერაქტიულობა – საზოგადოების და ქვეყნის სამსახურში

2) ძირითადი ამოცანები ცნობილია – ინფორმირებულობა, განათლება და გართობა…

3) განმასხვავებელი ფაქტორები: თავიდან ვიფიქრე, რომ ამდენი გართობაზეორიენტირებული და მძლავრი ფინანსური რესურსის მქონე კერძო სატელევიზიო არხის პირობებში ეს „გართობა“ სულაც ხომ არ შევატოვოთ მათ ხელში- მეთქი, მაგრამ მერე ვერ „გავწირე“, რადგან გართობის გარეშე ზედმეტად დიდაქტიკური-მენტორული გამოვიდოდა, რეიტინიგის აწევაც გართულდებოდა, და ვიფიქრე, რომ სხვანაირი გართობა უნდა მოვიფიქროთ! და ასე მივედი იქამდე, რომ საზოგადოებრივი არხის პრიორიტეტი უნდა იყოს განსხვავებული, ე.წ. „გემოვნებიანი გართობა“. ხოლო აქედან მივედი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ ქვაკუთხედამდე:

3ა) საზოგადოებრივი არხის მთავარი ფუნქცია გემოვნებიანობის ხელშეწყობა, საზოგადოების განათლება და უკეთესი გემოვნების ჩამოყალიბება უნდა გახდეს!

კონკრეტულად რას ვგულისხმობ: – ძალიან უცნაური იქნება, რომ შეიკრიბოს სამეურვეო საბჭოში „9 განრისხებული პიროვნება“ და საზოგადოებას დაუწყონ ჭკუის სწავლება… გემოვნების ჩამოყალიბების კურსები გახსნან და სერტიფიკატები ბეჭდონ. მით უფრო, რომ სწორედ „ახალი ადამიანის“ აღზრდის ნეობოლშევიკურ-იმპერატიული სურვილი, ალბათ, მიგვაჩნდა, თქვენც, მეც და მრავალ სხვა კანდიდატსაც წინა ხელისუფლების სერიოზულ შეცდომად.

რა თქმა უნდა, სამეურვეო საბჭო ვერ იქნება პროკრუსტეს სარეცელი საზოგადოების გემოვნებისთვის. მიდგომა უნდა იყოს კარდინალურად განსხვავებული. საზ. მაუწყებელმა საზოგადოებას უნდა შესთავაზოს არენა სამოქალაქო დებატებისათვის სწორედ ამ მაღალი (ან, მინიმუმ – უკეთესი) გემოვნების ჩამოსაყალიბებლად!

3ბ) მეორე ქვაკუთხედი – საზოგადოების აქტიურობის წახალისება, დისპუტები/დებატები და ინტერაქტიულობა, საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა – იმის გამორკვევაშიც – რა და როგორ გვინდა, და მერე – ამ ყველაფრის გაშუქებაშიც… საზოგადოებრივ მაუწყებელი უნდა იყოს – საზოგადოებისათვის და საზოგადოება უნდა წარმოჩნდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

სწორედ თოქ-შოუს (თუმცა ეს ტერმინი ძალიან გაუფასურდა) ანუ სამოქალაქო-პროფესიული დისპუტის ტიპის დებატებში, რომელიც სასურველია არხის განახლებული და ფუნქციონალურად თანამედროვე ინტერნეტ-გვერდის და ფეისბუქის აუდიტორიის ჩართვითაც იყოს გამორჩეული, უნდა მოხდეს თანდათანობით ჩვენი დღევანდელი საზოგადოების შემღვრეული რიტორიკის, დისკუსიების ტემბრის დაწმენდა, კამათის გრადუსის დაწევა და სასურველ ნორმამდე მიყვანა… სწორედ ასეთ არენაზე თვალსაჩინოდ და თანდათან უნდა მოხდეს საზოგადოების დარწმუნება – არგუმენტის და მსჯელობის ძალით (და არა დიქტატით და კარნახით!) რა არის სწორი და რა – არასწორი, სად მთავრდება სიმართლე, გამჟღავნდეს – სად არის გულწრფელობა და პროფესიონალიზმი, და სად – ბლეფი და დემაგოგია. და აი ასე მოვახერხებთ თავად სამოქალაქო აქტივობის საშუალებით საკითხების გადაჭრის ინიცირებასაც და თავად ამ სამოქალაქო საზოგადოების აქტივაციასაც. იმედია, გემოვნების გაუმჯობესების წახალისებასაც მოვახერხებთ.

3ბ) მესამე ქვაკუთხედი – რას უნდა შეეხებოდეს დებატები? – ყველაფერს, რაც გვტკივა!

მინდა გითხრათ, რომ ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებაში ტკივილი საშინელი სტრესული ფაქტორია, მაგრამ ამავდროულად ტკივილი ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. ის არის არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი ინდიკატორი, სიგნალი, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაც არ არის წესრიგში. და მხოლოდ იმ ორგანიზმს ან იმ საზოგადოებას აქვს გადარჩენის სერიოზული შანსი, ვინც ამ სიგნალს დროულად და სწორად აფასებს და სათანადო ყურადრებას აქცევს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროფესიულ-სამოქალაქო ტიპის დებატები შეეხოს ყველაფერს, რაც გვტკივა (ან უნდა გვტკიოდეს!) – დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მიუსაფარნი, სკოლის გარეთ დარჩენილი და უდედმამო ბავშვები, სოფლის და მთიანი რეგიონების მაცხოვრებლები, პენსიონერები, მარტოხელა დედები, სხვადასხვა სახის უმცირესობები, უმუშევრები, ავადმყოფები, მიგრანტები, ტრეფიკინგის მსხვერპლნი, სტიგმატიზირებული პირები და ფენები!.. ადამიანები, ვისაც თანადგომა ჭირდება, ვისაც ჩვენი ყურადღება ჭირდება… ხალხი, ბუნება, ეკოლოგია, ისტორია, კულტურა, სოფლის მეურნეობა, ქართული ჯარი, და – ქვეყანა (საიდანაც ხალხი, სამწუხაროდ, დღემდე გარბის!)

ოღონდ ეს არ უნდა იყოს „გადაცემა გადაცემისათვის“, უნდა შევეცადოთ, რომ მათ ჰქონდეთ follow-up, როდესაც ჩვენ შევეცდებით, მსმენელს ვუამბოთ, რა ხდება იმ თემაზე, რაც განვიხილეთ 1, 3 თუ 6 თვის წინ. და ეს სიუჟეტის გამოძახილი უკვე უნდა იყოს სახელისუფლებო პირებისა კომენტარების მოსმენით და იმის განხილვით, რამდენად სწორი იყო ჩვენი მიდგომები და რამდენად თანხვედრილი და დროული – ხელისუფლების ქმედებები… სხვანაირად ჩვენი ინტერესი და ტკივილის თანაგრძნობა მხოლოდ პიარისთვის გამიზნულ ქმედებას დაემსგავსება…

4) კადრები! – მთლიანობაში, კადრების ოპტიმიზაცია არ მიმაჩნია გამოსავლად. უფრო – ტრენინგების მეშვეობით პროფესიული სტანდარტების ამაღლება. და მაინც კარგი იქნებოდა რამდენიმე ახალი სახის – წამყვანების აყვანა შტატში, ცოტა ბრენდინგი არ გვაწყენდა… კარგი იქნება, ყოველ გადაცემას ორი მორიგე წამყვანი ჰყავდეს. ვფიქრობ, კონკურენცია კარგი წამახალისებელია. ნელ-ნელა თემატიკის მეტნაკლებად „სპეციალიზიაციაც“ შეიძლება ამ თოქ-შოუებში.

5) პროფესიონალური ვექტორი (პროფესიონალთა კლუბი) – გადაცემის წამყვანი და გადაცემის ექსპერტები… გადაცემის წამყვანები ვახსენე. მაგრამ არანაკლებ და იქნებ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პროფესიონალების აზრი, რომლებიც გადაცემების თანაწამყვანის როლს ითამაშებენ. არაა აუცილებელი, რომ ყოველთვის ერთიდაიგივე ადამიანები ასრულებდნენ ამ როლს. პირიქით… ხშირად საქმის მცოდნე და ნიჭიერი ადამიანები არ არიან ძალიან ცნობილნი და საზოგადოებრივი მაუწყებლის როლია აღმოაჩინოს ასეთი ადამიანები და გამოიყვანოს თოქ-შოუების ასპარეზზე, მისცეს მათ ახალი ხედვების და პერსპექტივების წარდგენის შანსი. სხვათა შორის, დღეს კანდიდატებად წარმოდგენილი ადამიანების უმრავლესობა, ალბათ საკმაოდ კარგად შეასრულებს ამ როლს, და ამ პროფესიონალთა კლუბიდან შეიძლება შეიქმნას გარკვეული მრჩეველთა საბჭო, რომელიც სამეურვეო საბჭოსთვის საკონსულტაციო როლსაც შეასრულებდა…

თავისთავად ჭეშმარიტებაც და უკეთესი გემოვნებაც ცვლადი კატეგორიებია. თუმცა არის რაღაცეები, რაც უეჭველად მარად დარჩება ამ ორივე რანგში – რუსთაველი იქნება ეს, შექსპირი, ვივალდი თუ ბოტიჩელი… და სწორედ ამ და მსგავსი მარადიული ღირებულებების გაცნობიდან და ცოდნის და აზროვნების განვითარებით უნდა დავიწყოთ სიარული იმისაკენ, რაც ჩვენი ზეამოცანა უნდა იყოს – განათლებული, განვითარებული, კულტურული და პოტენციურად – უკეთესი საზოგადოებისაკენ, სადაც განათლება, კულტურა, რწმენა და თავისუფლება სასურველია, ერთმანეთის შემავსებელი კატეგორიები გახდეს, და არა – გამომრიცხველი…

როგორ?

6) ძირითადი ვექტორი – განათლება და კულტურა

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი – განათლება! და ჩვენი განათლება დღეს სავალალო დღეშია. ის, რომ გვყოლია რუსთაველი და გურამიშვილი, ვერაფერი სალბუნია ჩვენი განათლების დღევანდელი სიმწირის დასაფარავად. საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, თან ისე მოფიქრებული და განხორციელებული, რომ ცოდნის მიღების ინტერესს გააღვიძებს, სწორედ ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი არხის მთავარი პრიორიტეტი. აქვე უნდა დაემატოს კულტურის სფეროს საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები. არ ვარ იმის იმედზე, რომ ეს თავიდანვე მხოლოდ, და ძირითადად ქართული პროგრამები იქნება. არის საკმაოდ დიდი რესურსი BBC-ის, Discover-ის, National Geographic-ის, ARTE-ს და სხვა არხებზე და ეს უნდა გამოვიყენოთ!

ძალიან ძვირია? შევიძინოთ ცოტა უფრო ძველი პროგრამები და გადაცემები, ჩვენთვის ჯერჯერობით ესეც საკმაოდ ახალი იქნება. რა თქმა უნდა ისტორიაზე და ეროვნულ კულტურაზე ჩვენი ორიგინალური პროგრამების მომზადებაც უნდა დავიწყოთ. საინტერესო იქნება ჩვენი მუზეუმების გამოცდილების და მდიდარი მასალების აქტიურად გამოყენება. ტელევიზიის ამოცანა არაა ჩაანაცვლოს კულტურის მთელი ტრადიციული პლასტი – უნდა ვუბიძგოთ ადამიანებს (მოზარდ თაობას), რომ მათ გაეღვიძოთ ან დაუბრუნდეთ თატრებში, მუზეუმებში, გამოფენებზე სიარულის სურვილი და ტრადიცია! ამაზე უნდა დამყარდეს სწორედ ამ ტიპის ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, რაც ორმხრივ სასარგებლო იქნება.

7) დებატები რელიგიის და საზოგადოების აქტუალურ საკითხებზე.

საქართველოში გვაქვს ტელეარხები, რომელიც მთლიანად რელიგიურია. არის ისეთი არხიც, რომელიც საერთოდ არ მიიჩნევს მართლამდიდებლურ რელიგიას იმის ღირსად, რომ მას ტრიბუნა დაუთმოს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოახერხოს ისეთი ველის შექმნაც, სადაც რელიგიის, ფილოსოფიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების, თეოლოგების, ათეისტების და უბრალო ადამიანების ღირსეული და ერთმანეთის პატივისმცემელი კამათის არეალი უნდა გახდეს. და ეს კამათი არ უნდა იყოს მიმართული იმისაკენ, რომ რომელიმე მხარემ სრული გამარჯვება მოიპოვოს მეორე მხარის კაპიტულაციის ხარჯზე. დისპუტის მთავარი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივი თანაცხოვრების, ჰარმონიის შენარჩუნება, შეთანხმება იმაზე, რა არის მისაღები და მიუღებელი. სხვანაირად, მძიმე პრობლემები დაგვიდგება (უკვე გვიდგას, თუმცა ხშორად ხელოვნურად ინსპირირებულიც შეიძლება იყოს) და ამაზე თვალის დახუჭვა არავის გვარგებს. რა თქმა უნდა, ძნელი იქნება! რა თქმა უნდა სხვადასხვა არხებზე იზოლირებული არსებობა და ველის მონოპოლიზაცია თითქოს უფრო ადვილი ჩანს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს გზა საზოგადოების გათიშვაზე გადის. და როგორც კატასტროფული იყო 100%-იანი ათეისტური საზოგადოების კულტივაციის მცდელობა ბოლშევიკებისაგან, ისევე მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს 100%-იანი თეისტური საზოგადოების შექმნის მცდელობა. ამის აცილების ხერხი კი ურთიერთპატივისმცემელი მსჯელობა და განსჯაა.

8) ინფორმირებულობა ევროპელობის და ევროპული ფასეულობების კუთხით

ინფორმირებულობა ასევე უნდა ეფუძნებოდეს არა მარტო ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, არამედ დებატებით იმის გაზომვას, რამდენად კარგად მიდის ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე. ჩვენ შეგვიყვარდა საუბარი ჩვენს „ევროპელობაზე“, „ევროპული არჩევნის“ ერთადერთობაზე და არაალტერნატიულობაზე. როგორც ევროპული არჩევნის მხურვალე მხარდამჭერმა, ამავე დროს არ შემიძლია არ ვთქვა, რომ კითხვები მაქვს – არა იმდენად იმის მიმართ, რა გვინდა ჩვენ ევროპისაგან, არამედ იმაზე, რამდენად გვესმის ჩვენ ეს ყველაფერი – რა არის ევროპული არჩევანი, რა არის ევროპული ფასეულობები… იმიტომ რომ ძალიან დიდხანს, როცა ჩვენში ევროპული ფასეულობების მონოპოლისტებად თავს წარმოგვიჩენდნენ ნაციონალური მოძრაობის ფსევდოდემოკრატები, როდესაც „ნატოს“ ისეთივე მაგიურ-დოგმატური ნიმბი მიენიჭა, როგორც ადრე – „სკკპ“-ს და „კომუნიზმს“, ახლა ჩვენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ქანქარის საწინააღმდეგო მხარისკენ მოძრაობას ვხედავთ, როდესაც „დემოკრატიის“ და „ევროპელობის“, „ევროპული ფასეულობების“ ცნებებს სერიოზული დევალვაციის და შეგნებული დისკრედიტაციის მცდელობები ემუქრება. საჭიროა სწორი, და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და კრიტიკულ დებატებში ჩაბმა… სხვანაირად, სწორედ იმავე საფრთხეს შეიძლება დავეჯახოთ, როგორც კომუნიზმის მშენებლობისას, როდესაც რაც უფრო ენერგიულად გვიბიძგებდნენ იქეთ და რაც უფრო არარეალური და აცდენილი ჩანდა მიზანი და რეალობა, მით უფრო მეტად რწმუნდებოდა ყველა, რომ ეს არასწორი გზა და მიმართულება იყო. მცოდნე პროფესიონალები… ადამიანები, ვისაც საკუთარი რეპუტაცია ხელისუფლების რუპორობით არ შეულახიათ… სამართლიანი დებატები, სადაც პრორუსული, პროთურქული თუ პროამერიკული/პროევროპული ვექტორების მომხრეები საზოგადოებას დაანახებენ თავიანთ შეხედულებებს, არგუმენტებს, კონტრარგუმენტებს, და სადაც აღარ დარჩება სანავარდო ველი ნებისმიერი – ჰაიჰარად მოტანილი, უსაფუძვლო – ილუზიებისა თუ ბინძური ინსინუაციებისათვის, აი, ჩვენი საზოგადოების ინფორმირების და პოლიტიკური და განათლების ნამდვილი სკოლა…

9) სამართლიანობის აღდგენა – უნდა იყოს დებატების თუ ჟურნალისტური გამოძიების სერიოზული თემა.
ხელისუფლება ვერ მოახერხებს ამ თავის უპირველეს დანაპირებზე უარის თქმას და მოსალოდნელია, რომ მინიმუმ კიდევ ერთი წელი ეს თემა საკმაოდ „ცხელი“ დარჩეს. რა თქმა უნდა, კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს შურისძიების ჟინი და მოლოდინი. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, და არა – სამართლის თავადაღმსრულებელი მასა, უნდა გახდეს ქვეყნის დემოკრატიზაციის გარანტი, ხოლო ის პრობლემები, რაც არის, უნდა იყოს ტელევიზიის სერიოზული განხილვების თემა. მონანიების, მიტევების, კომპენსაციის და შერიგების საკითხები ძალიან სერიოზულად არის როგორც საფრთხე შემდგომი დაპირსპირებისა, ასევე იმედი და საყრდენი საზოგადოების შესაძლო გაერთიანებისა. ამავდროულად, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკა ზოგადად და თუნდაც სამართლის აღდგენა უნდა იყოს პირველი არხის წამყვანი თემა (დროის მიხედვით), ალბათ იგი მეორე არხზე უნდა იყოს, თუმცა არხების გადანაწილების ჩემეული ვერსიას ბოლოს მოგახსენებთ.

10) ურთიერთობა ხელისუფლებასთან – კრიტიკული თანამშრომლობა

აუცილებლია, რომ არსებული მთავრობა გრძნობდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ყურადღებას. სასურველი იქნებოდა, როგორც პერიოდული ბრიფინგების და მიღწევების პოპულარიზაცია, ასევე „პრეს-პრესის“ ტიპის კრიტიკული გადაცემების მომზადება. ხელისუფლება უნდა აბარებდეს ანგარიშს ხალხს! და საზოგადოებრივი არხი, რომელიც ასევე ხალხის ფულით ფინანსდება, ამ ანგარიშგების საუკეთესო ასპარეზია. ეს ანგარიშგება, ოღონდ, არ უნდა დაემსგავსოს კომპარტიის პარტიული ყრილობების ანგარიშგებებს, “одобрямс!”-ს რომ წარმოადგენდა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სრული დეგრადაციის დაწყებას წინ უძღოდა კრიტიკული აზრის, კრიტიკული მედიის, პერიოდული ანგარიშგების, ჟურნალისტებთან მთავრობის წევრთა შეხვედრების და წინსაწარდაუგეგმავ კითხვებზე პასუხის გაცემის, განსაკუთრებით კი – ჟურნალისტური გამოძიებების სრული გაქრობა ტელეეთერიდან. მსგავსი შეცდომის გამეორება დაუშვებელი იქნება და დათვურ სამსახურს გაუწევს თავად ხელისუფლებასაც, ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვათ.

11) გართობა – პრობლემები და იმედები

დაბოლოს დავუბრუნდები ისევ იმას, რითაც დავიწყე – გემოვნებიანი გართობა. დიახ, გართობა საჭიროა. გართობის გარეშე არხს მაყურებელი მოაკლდება! ხოლო რეიტინგის, მაყურებელთა რიცხვის ზრდა ჩვენი სერიოზული ამოცანა უნდა იყოს.

ჩემს შვილს ვკითხე აზრი და მითხრა, რომ თინეიჯერებისათვის დიდაქტიკური და ლექცია-დისპუტებით სავსე არხი შეიძლება მოსაწყენი (boring) იყოს. გავმეორდები და ვიტყვი:

ა) უნდა ვეცადოთ გემოვნებიანი მომხმარებლის თანდათან ჩამოყალიბებას

და

ბ)ამავდროულად, უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ ამ მომხმარებლის ინტერესებიც!

რამდენიმე ალტერნატივის ჩვენების შემდეგ უნდა გავიგოთ, რაა ის, რაც უფრო მოსწონთ და რატომ! ინტერაქტიულობა უნდა გახდეს არხის წარმატების საწინდარი! რათქმა უნდა, ბრმად არ უნდა დავემორჩილოთ იმას, რასაც მომხმარებელი ითხოვს და არ უნდა დავიდეთ მასკულტურის სტანდარტზე, მაგრამ უეჭველად რაღაც ე.წ. feedback უნდა გავითვალისწინოთ კიდეც. ცდის, შეცდომების და უკუკავშირის გამოყენების გარდა არაფერი ახალი მოფიქრებული არ არის და ვერც იქნება, უბრალოდ, უკუკავშირი ხდება სულ უფრო დახვეწილი და სწრაფი. ეს ძალიან კარგია… ფეისბუქი და ტვიტერიც უნდა გამოვიყენოთ. მედია უფრო ინტეგრირებული უნდა გავხადოთ, დროული და ეფექტური უკუკავშირისათვის, ისევე როგორც მასალების უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ტელევიზიის პარალელურად, ინტერნეტი და მობილური ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ. წარმატებული კონკურენტისგან დამარცხების თავდაღწევის ყველაზე სწორი გზა ხანდახან სწორედ მასთან ინტეგრაციაზე გადის…

გართობის გარეშე ძალიან დიდ ფენას ჩვენი საზოგადოებისა დავკარგავთ, ეს კი საზოგადოებრივი არხისათვის დაუშვებელი ფუფუნებაა. და მაინც, გარკვეულ მომენტებს უნდა შევეგუოთ. პირველი ორი წელი მაინც, არა მგონია, გვქონდეს „Voice“-ის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“, „ნიჭიერის“ და სხვა მსგავსი ძვირადღირებული გასართობი პროგრამების განხორციელების ფუფუნება. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ შედარებით მწირი რესურსების გამოყენებას. სხვადასხვა ასაკისთვის ტელევიქტორინების, ან სწორედ ამ თაობათა წარმოამდგენლების მიერ გარკვეული მოდური სიახლეების – ახალი ჰიტების, ახალი ფილმების, ახალი კონცერტების, პოპის, როკის თუ კლასიკის რეიტინგების განხილვა (თავად ახალგაზრდების მიერ!) ალბათ ასევე მიღწევადია და ახალგაზრდა თაობის მოზიდვასაც შეუწყებს ხელს. აუცილებელია უმცროსი ასაკის ბავშვების გასართობი პროგრამების შერჩევაში ბავშვთა ფსიქოლოგების ჩართვა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. ჩემი აზრით, დღევანდელი ანიმაციური ფილმები ხშირად ძალიან აგრესიულია და უარყოფითი ზეგავლენის მოტანა შეუძლია. „უმჯობესია ცოტა და კარგი!“! კარგი იქნება, ტელევიზიის ციფრული ფორმატის დანერგვის კვალობაზე საბჭო შეეცადოს, რომ ტელეგასართობი პროგრამები – ინტერაქტიულობის გამოყენებით – კომპიუტერომანიის ეფექტური კონკურენტი გახდეს.

ტექნიკური მხარეა დასახვეწი – ფეისბუქის და მობილურ აპლიკაციების გამოყენება. შეიძლება ინფორმაციების ნაწილის განთავსება ფეისბუქის გვერდზე, მოკლე კლიპების და ანონსების დაგზავნა მობილური ინტერნეტის მეშვეობით.

12) საზოგადოებრივი მაუწყებლის არხები: ჩემი აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა შეუნარჩუნდეს 3 სატელევიზიო და 3 რადიო არხი.

მე ეს ასე წარმომიდგენია:

მე-2 არხი – პოლიტიკა (ძირითადად შენარჩუნდება) + ეთნოუმცირესობების პრობლემები. იქნება ყოველსაათობრივი საინფორმაციო მოკლე გადაცემები (5 წუთი, რამდენჯერმე სრული საინფორმაციო გამოშვება), პრაიმ-ტაიმის დროს – ახალი ამბები უმცირესობების ენებზე! + პარლამენტის სხდომები, პარტიების და პოლიტიკოსების ბრიფინგები. ასევე სასურველია ეკონომიკური ბლოკების და გადაცემების მომზადება, აქვე იქნება დამატებითი პოლიტიკური თოქ-შოუ(ები)ც და დღის ბრიფინგები. უნდა ითქვას, რომ ჩემი აზრით, მეორე არხი ახლოსაა საჭირო კონდიციასთან, თუმცა სტილის და ფორმატის დახვეწა საჭიროა, ბადეც – მოსაწესრიგებელი. ამავე არხზე დილით და საღამოობით შეიძლება იქნეს ქართული ენის კურსი, ისევე როგორც, დასაშვებია – გაკვეთილები სხვადასხვა საგანში ქართულ ენაზე.


მე-3 არხი: – ძირითადი მიმართულება – რეგიონები/სოფელი + განათლება რეგიონებისათვის.
ეს არხი ძირითადად იქნება ორიენტირებული რაიონების და სოფლის მოსახლეობაზე. რეგიონების და რაიონების პრობლემების დაიჯესტი, რასაც რეგიონული მაუწყებლების მასალებზე დაყრდნობით მოამზადებენ. სწორედ ეს, და არა რადიო „თავისუფალ ევროპაზე“ კალკირებული ერზაც-გლობალური „პიკ“-ი უნდა ყოფილიყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანა.

ვფიქრობ, მე-3 არხი, ძირითადად, უნდა ახდენდეს საგანმათლებლო პროგრამების მიწოდებას იმ ხელმოკლე ოჯახებისათვის და ფენებისათვის, სადაც ბავშვების განათლების რესურსები შეზღუდულია. დასამალი არაა, რომ ჯერჯერობით სკოლებში განათლების დონე მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არასაკმარისია. სხვათაშორის, ვერ ვიტყვით, რომ თბილისში საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო განათლება მნიშვნელოვნად უკეთესია, ვიდრე რაიონებში. მაგრამ თბილისში მოსახლეობის რაღაც ნაწილი მაინც (ვფიქრობ 20-30%) ახერხებს ბავშვების მომზადებას კერძო მასწავლებლებთან, ხოლო თითქმის იმდენივე – კერძო სკოლებში დადის. სოფლის მოსახლეობა (და რაიონებისაც!) ამ შესაძლებლობას თითქმის სრულად მოკლებულია. ამიტომ, სხვადასხვა საგნებში გაკვეთილების თუ ამოცანების განხილვა/გაცნობა, საშინაო დავალებების მიცემა და იმ ტიპის ლექციების ჩატარებაც, როგორც ჩვენს ახალგაზრდობაში თამაზ კვაჭანტირაძე კითხულობდა, საკმაოდ საჭირბოროტდ მიმაჩნია. მესმის, რომ ბევრში ეს ირონიულ ღიმილს გამოიწვევს – რაღა დროს ლექციებიაო. ჯერ ერთი, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვეცადოთ, რომ სოფელში ბავშვების განათლების/მომზადების დონე ავამაღლოთ საზოგადოებრივი ტელევიზიის გამოყენებით – ეს ხომ სერიოზული სოციალური დაკვეთა იქნება! და თან, არა მარტო სოფლებში, და არა მარტო ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა საინტერესო ლექციებს, თუ მათ მაღალი რანგის პროფესიონალები მოამზადებენ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ცნობილი მეცნიერისათვის თვეში 1 ლექციის მომზადება არ იქნება ძალიან ძნელი ამოცანა და ალბათ, უმრავლესობა, ამას განსაკუთრებული ანაზღაურების გარეშეც დათანხმდება. ეს ლექციები შეიძლება შეეხებოდეს არა მარტო სკოლის საგნებს, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებს (მაგალითად C ჰეპატიტს თუ ნარკოტიკებს), ან კიდე კულტურის ისტორიას, ქართულ ფოლკლორს… შეიძლება იყოს გადაცემები ავადმყოფის მოვლის თუ ქრონიკული პაციენტების განათლების აქტუალურ საკითხებზე, ხელსაქმის და კულინარიის სფეროებში, თუ რჩევები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის – განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის და შინამეურნეობის მიმდევრებისათვის, თან თუ ეს ყველაფერი თანხლებული იქნება ფეისბუქის და მობილური აპლიკაციების დანართებით, ნელნელა, მაგრამ მაინც, ეს საზოგადოებრივი არხის პოპულარობას გაზრდის სწორედ იქ და სწორედ მათთვის, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება არსებობს რეგიონებში, სოფლებში, იქ სადაც საზოგადოებრივი არხი ფლობდა უპირატეს რეიტინგს და უნდა დაიბრუნოს.

დაბოლოს, ის წარმატებული გადაცემები, რომელთა რეტინიგის მაჩვვენებლები ზრდას დაგვანახებს, უნდა თანდათან (ნაწილობრივ მაინც) გადმოვიდეს/გამეორდეს მეორე და მესამე არხებიდან პირველ არხზეც. არაა აუცილებელი, რომ ყველა გადაცემა მეორდებოდეს. მაგრამ ეს მიდგომა, – უკეთესის დაწინაურება და წახალისება დროითაც და მატერიალურადაც – უნდა გახდეს სანიმუშო მიდგომა როგორც ჟურნალისტების, ასევე – გადაცემების კარიერული საფეხურების დაგეგმვაში. საერთოდ კი, ალბათ, პირველ არხზე თანდათან პოლიტიკის ხვედრითი წონა დაიკლებს, ხოლო განათლების, ეკოლოგიის, ურბანული პრობლემების, სოციალური ერთობის, ჯანდაცვის და განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობისა – მოიმატებს.